![]() |
ლექსები |
![]() |
1 ეს გაზაფხული |
▲ზევით დაბრუნება |
ღამე
სანამ დღე ბრწყინავს გამჭვირვალე და მოცინარი
და მზის სიცილით ნაშუქია მიწის პროფილი,
მე ვხედავ ცხადად ნათელ სიზმრებს, როგორც მძინარი,
და ჩემის ხილვით და სიზმრებით ვარ კმაყოფილი.
მიწა იცინის თოვლის მთებით და ჩანჩქერებით,
თვალს ელანდება ამ მთის იქით სხვა მთა, სხვა ველი.
იწვის ყვავილი ვით სანთელი სხივ-შეჩერებით,
და ჩემს გულშიაც სანთელივით იწვის ყვავილი.
მაგრამ როდესაც მზეს დასჭრიან ცის ქიმერები
და თეთრ ღრუბელზე დაიღვრება სისხლი წითელი,
გულში ჩაქრება მოელვარე სხივთა ფერები
და კვლავ კანკალით დაიკვნესებს ხმა უწინდელი...
ღრუბელზე ჩრდილი ვერ მოასწრებს ცივ სისხლის ათლას,
მიწა უეცრად უფსკრულისკენ გადაბრუნდება.
გამწყრალი ზეცა შემოიხევს მტრედისფერ ატლასს
და ცის სიღრმეში ჩონჩხთა ძვლები აწკარუნდება.
მღვრიე ჰაერში გაიქროლებს შავი მხედარი,
შემკრთალ ქვეყანას ციდან შავად დაეღირება.
და, ვით საფლავში ჩაშვებული მეფის ცხედარი,
მიწა თანდათან შავ უფსკრულში ჩაიძირება.
![]() |
2 მწუხრის ფსალმუნი |
▲ზევით დაბრუნება |
მწუხრის ფსალმუნი
ღვთიურის ცეცხლით მოსილი სახე ღამემ ჩამიქრო შუქი ზეცისა,
მიწას გავექეც, ცამ არ მიმიღო,
გაჰქრა ნისლივით ჟამი ყრმობისა,
უსამკაულო, შემოძარცული,
ვიხილე ერთხელ გზად მიმავალმა...
მას შემდეგ ვძებნე და ვერსად ვნახე
ღვთიურის ცეცხლით მოსილი სახე,
და სევდის კუბოთ გულში დავმარხე,
რადგან ვერ ჰპოვა მტირალმა თვალმა
ღვთიურის ცეცხლით მოსილი სახე,
ერთხელ რომ ვნახე გზად მიმავალმა.
გზა გადამიტყდა მთაზე აჭრილი. -
შორით მომესმა წყევა მხეცისა.
ღამემ ჩამიქრო შუქი ზეცისა,
ჩრდილი შავ ფრთისა, მთად ნაკეცისა,
წინ მომეფარა ჩემსკენ დახრილი...
ღამემ ჩამიქრო შუქი ზეცისა,
გზა გადამიტყდა მთაზე აჭრილი.
საწუთროს მსჯავრით წუნდადებული.
ჩემი მფარველი არავინ იყო:
მიწას გავექეც, ცამ არ მიმიღო,
და შუაღამის სევდამ მიმიხმო
გმირი,დილითვე დამარცხებული.
მიწას გავექეც, ცამ არ მიმიღო,
საწუთროს მსჯავრით წუნდადებული.
აწ მომავლისგან აღარას ველი.
გულში მარხია ფერფლი გრძნობისა.
გაჰქრა ნისლივით ჟამი ყრმობისა,
ცად აღვავლინე სიტყვა გმობისა,
ვით ღაღადისი უკანასკნელი.
გაჰქრა ნისლივით ჟამი ყრმობისა
და მომავლისგან აღარას ველი.
შიშით გავსცქერი ცის დასავალსა,
ჩრდილით ვიმოსვი, ვით მზე ჩასული,
უსამკაულო, შემოძარცული;
და უნუგეშო ჩემი წარსული
ეკლით მიქარგავს მე გზას სავალსა...
უსამკაულო, შემოძარცული
შიშით გავსცქერი ცის დასავალსა.
მარტი, 1915
![]() |
3 სულ ეული |
▲ზევით დაბრუნება |
სულ ეული
სული ეული, უთვისტომო, კრული, წყეული,
მან დაივიწყა, ვით წარსული, თვისი სხეული,
ფრთადაშვებული ლანდად დაჰქრის მიუსაფარი.
მის მქუხარ გრძნობას შავად ჰბურავს შავ ფიქრთ ფაფარი,
გულის სიმებზე შავ გველებად შემოხვეული,
და მის მქრალ თვალებს ესიზმრება ნავი მსხვრეული.
მზე არ უნათებს მას სავალ გზას, ფერფლად ქცეული.
დიდი ხანია მან ჩააქრო თვისი ლამპარი.
ქვეყნის ბინდივით დაჰქრის, დაჰქრის ფრთაშერხეული
სული ეული.
წყევით აავსო უარყოფილ ლოცვის ტაძარი.
მის სმენას იპყრობს მხოლოდ რღვევის ხმა შესაზარი,
მის თვალს აჩერებს მხოლოდ ხმალი სისხლდაფრქვეული.
ვით ქვეყნის ცოდვა, დაჰქრის, დაჰქრის გზადაბნეული
სული ეული.
ნოემბერი, 1916
![]() |
4 კავშირი |
▲ზევით დაბრუნება |
კავშირი
მე ჩემი ფიქრი, ჩემი ნაღველი,
შენი ოცნების ქსელში გავხვიე.
შენი ოცნების ქსელში გავხვიე.
ცრემლი, კაეშნის გამომსახველი,
შვების სხივებად გადმოვაფრქვიე.
ღამე მეძახდა — შენ მიმიზიდე,
მსხვერპლი შევწირე სხივოსან დღესა.
შენის ღიმილით ნაქსოვი რიდე
გადავაფარე შავ ფიქრთა ტყესა.
თვალი დავლოცე შენი მნახველი,
შენი სახელი ცად ავაკმიე,
და ჩემი ფიქრი, ჩემი ნაღველი
შენ ჩემი სული, ქნარად ქცეული,
დაუმორჩილე შენს გულისთქმასა.
შენის თითებით ნაზად რხეული
სიმი ციურსა გამოსცემს ხმასა.
კურთხეულ იყოს წამი მზიური
ნათესავ სულთა შეერთებისა,
როს კაეშანი ამქვეყნიური
სიმთა წკრიალით ცას შეეთვისა!
როს ჩემი სევდა, შხამად ნთხეული
შენ ჩააწვეთე მკვესავ რითმასა,
და ჩემი სული, ქნარად ქცეული,
დაუმორჩილე შენს გულისთქმასა!..
აპრილი, 1915
![]() |
5 ზამბახების ფოთლებში |
▲ზევით დაბრუნება |
ზამბახების ფოთლებში მე შენ გეძებ,
შენთან ერთად მსურს ვუცქირო უნისლო ცას.
ვით სინაზე თეთრ ზამბახის, მზის ჩასვლის ჟამს თავდახრილის,
ჩემი ფიქრი ვით ვადარო შენს უცოდველ ტკბილ ოცნებას? —
— მე შენთან ვარ, შენი ფიქრის ყვავილებში ჩაკმეული,
მე ვარ ჩრდილი შენი ფიქრის, — რად მიმალავ სულის ლოცვას?
შორით მათრობს შენი სახე, თვალთა შუქი, თმის ჩანჩქერი,
ვით პეპელას — ყვავილებში ჩაკმეული ოქროს მტვერი.
და ჰა, ხედავ? მეც გავქვავდი, ვით ეს ჩუმი მთათა ზღუდე,
და უაზრო სტრიქონები კიდევ უფრო გავამრუდე!
მაგონდება შენს სიტყვებში ჩანაწვეთი ცრემლის ჟღერა, —
იწვის გრძნობა დამწყვდეული, გული შხამით დაიფერა.
ვით სინათლე თეთრ ფოთლებში შუქად ჩამდგარ მთვარის ჩრდილის,—
სათუთია ჩემი გრძნობა სულის წიაღს ჩაქარგული,
უფრო ნაზი, ვინემ ღამის თეთრი ცვარი შუქ-ასხმული.
მწარე ცრემლით ვასაზრდოებ მე ჩემს სევდით მოცულს ვნებას.
მხოლოდ შენთან დაისვენებს ავად მყოფი ჩემი სული.
მაგრამ, ვაგლახ! ვეღარ გპოვე უჩინარი, მიმალული!..
— ვით ეს ჩუმი სტრიქონები, შენს სიტყვებში დამწყვდეული,
— ვით ზამბახის თეთრ ფოთლებში ჩაქარგული ღამის ცვარი,
— შენს ოცნებას ვასაზრდოებ შენთან მყოფი, უჩინარი...
იანვარი, 1915