ედუარდ შევარდნაძე (ტომი XIX, ნაწ. 1)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ
თარიღი: 2022
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება. საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი (1995 წლის ნოემბერი - 2003 წლის ნოემბერი) მიმართვები, ინტერვიუები (1998 წლის იანვარი-ივნისი) თბილისი 2022 ISSN 1987-5576; ISBN 978-9941-9777-3-2; სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“. იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი. რედაქტორ-შემდგენლები: ნატო გაბელაია, ემზარ ჯგერენაია, შემდგენლები: ნათია ხოტენაშვილი, თინათინ სულუხია; დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი. UDC (უაკ) 342.518 (479.22) + 929 (479.22) გ-124 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.



1 „1998 წელს ჩვენი ქვეყანა იმედიანად ხვდება, მან უკვე განვლო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ყველაზე რთული და მტკივნეული ეტაპი“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
საახალწლო მიმართვა საქართველოს მოსახლეობას

ძვირფასო თანამემამულენო!

მიიწურა 1997 წელი. ერთი წლის წინათ, საახალწლო მილოცვაში მე მოგახსენეთ, რომ წელს საქართველო კიდევ ერთ, გაბედულ ნაბიჯს გადადგამდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ურთულეს გზაზე.

ახალი წლის დამდეგს, ალბათ, უნდა გავიხსენოთ და გავიაზროთ განვლილი წელი, შევაფასოთ, რისი გაკეთება შევძელით და რისი ვერა. რას გვპირდება 1998.

უმალვე წამოიჭრება უპირველესი კითხვა - უბრალო, მარტივი, მაგრამ ყველასათვის გასაგები: გაუმჯობესდა თუ არა ჩვენი ცხოვრება ოდნავ მაინც 1997 წელს? ვიგრძენით თუ არა მცირეოდენი შვება, იმ ურთულესი ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც აღმოჩნდა საქართველო ბოლო რამდენიმე წლის ტრაგიკული მოვლენების შედეგად?

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მთლიანობაში 1997 წელი მძლავრი ნაბიჯია წინ ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე.

რაც მთავარია, შეინიშნება გაუმჯობესების, აღმავლობის მყარი ტენდენცია სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი ცხოველმყოფლობის ყველა სფეროში.

კიდევ უფრო ამაღლდა სახელმწიფოებრივი მდგრადობის, სტაბილურობის დონე.

გრძელდება აღმავლობა ეკონომიკაში:

სახეზეა წარმოების, მათ შორის, მრეწველობის 11-პროცენტიანი ზრდა, სულ მალე გამოქვეყნდება დაზუსტებული სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ცხადყოფს: ხელისუფლებამ (ცენტრალურმა და ადგილობრივმა) მნიშვნელოვანი აქციები განახორციელა დასაქმების, პრობლემების გადასაწყვეტად. მინიმალური ციფრობრივი მაჩვენებლებითაც კი 1995-1997 წლებში 300 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მომსახურების სფეროში.

თუმცა უმუშევრობა კვლავ დიდ პრობლემად რჩება ქვეყნისთვის.

სოციალურ სფეროში მიმდინარე პროცესების საილუსტრაციოდ რამდენიმე ციფრს დავასახელებ.

1995 წელს სახელმწიფომ სულ 4 მილიონ ლარამდე თანხის გამოყოფა შეძლო ლტოლვილთათვის, მომავალ წელს კი ამ მიზნით 67 მილიონი ლარი გამოიყოფა, ანუ თითქმის იმდენივე, რამდენიც - თავდაცვის ხარჯებისათვის. ეს ტენდენცია დამახასიათებელია მთლიანად სოციალური სფეროსთვის.

მომავალ წელს საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთათვის ხელფასები მთლიანობაში 20 პროცენტის ფარგლებში გაიზრდება, ასევე გაიზრდება პენსიები. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთ, მათთან გათანაბრებულ პირებს და ინვალიდებს პენსია გაეზრდებათ 35-45 ლარამდე და ეს ყველაფერი ბიუჯეტში არის გათვალისწინებული.

1997 წელს რეფორმების პირველ შედეგებს სკოლაშიც ვიმკით.

ნებაყოფლობითი ატესტაციის შედეგად გამოიკვეთა საუკეთესო მასწავლებელთა ის ბირთვი, რომელიც საგანმანათლებლო გარდაქმნის დასაყრდენი გახდება და რომლის შრომის ანაზღაურება, რაღა თქმა უნდა, მაღალი იქნება. რეფორმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში და, ეკონომიკური აღმავლობის შესაბამისად, უახლოეს წლებში სავსებით რეალური იქნება საქართველოში უფასო არა მარტო საბაზისო, არამედ საშუალო განათლების შემოღება.

აღიარებულია საქართველოს ჯანმრთელობის სისტემის წარმატებული რეფორმების პროცესი.

საფრთხე არ ემუქრება ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, ვალუტის სიმტკიცეს, ინფლაცია 6-7 პროცენტის ფარგლებშია.

1997 წელს გამტკიცდა დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს სამართლებრივ-იურიდიული საფუძველი: პარლამენტმა, რომელიც დინამიკურად, პრეზიდენტთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ნიშნით იღვწის, მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონები, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები, ამოქმედდა სახალხო დამცველის ინსტიტუტი, - ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი ხდება.

საქართველოში შეუვალია სიტყვის თავისუფლების პრინციპი. დამოუკიდებელი მასმედია სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია.

სწორედ სახელმწიფოებრივ და დემოკრატიულ ღირებულებათა ერთობლიობის გამოხატულება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ 1997 წელს - საქართველოში სამუდამოდ გაუქმდა სიკვდილით დასჯა. ამით ჩვენმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ ზნეობრივი თვალსაზრისით მზად არის იტვირთოს პასუხისმგებლობა, რომელსაც დემოკრატიული მსოფლმხედველობა აკისრებს ევროპულ ერებს. გარდა ამისა, ჩემს მიერ შეწყალებულია 2000-ზე მეტი პატიმარი და ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რათა საქართველო ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრად იქცეს. ხელმოწერილია ფუძემდებლური დოკუმენტი - ევროკავშირთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ, საქართველო გახდა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრი, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. მჯერა, მომავალ წელს ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოშიც გაწევრიანდება. საქართველო ევრაზიული ხიდის, დიდი აბრეშუმის გზის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი დასაყრდენია, ტვირთები, ტურისტთა ნაკადები, ნავთობსადენები და გაზსადენები დიდ სიკეთეს მოგვიტანს.

თუმცა, ქვეყნის ევროპულობა და ცივილიზებულობა იმითაც განისაზღვრება, რამდენადაც ახერხებს იგი ადამიანის უფლებათა დაცვის, ევროპული ჰუმანისტური ტრადიციის შეთავსებას სტაბილური დემოკრატიის მოთხოვნებთან.

დემოკრატია მტკიცე და სტაბილურ სახელმწიფოს გულისხმობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დემოკრატიის ძირითადი ღირსება აკლდება. ამიტომაც წესრიგი და დისციპლინა კვლავაც სახელმწიფოს ყოველდღიური ზრუნვის საგანი იქნება. სამართალდამცავთა თავდადების და გმირობის ფასად მონაპოვარს, ესე იგი, საზოგადოებრივ წესრიგს კიდევ უფრო განვამტკიცებთ.

გასული წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგად ის მიმაჩნია, რომ საბოლოოდ გადარჩა ქართული კულტურა, კვლავ გამოცოცხლდა ჩვენი თეატრალური დარბაზები, შემოქმედებით ძიებას აგრძელებს ერის სიამაყე - ქართული კინემატოგრაფი.

კვლავინდებურად ამბობს მისთვის ჩვეულ ბრძნულ და ძარღვიან სიტყვას ქართული მწერლობა, აღმავლობის გზაზეა ქართული მხატვრობა, მუსიკალური კულტურა, პუბლიცისტიკა.

ყველაფერს გავაკეთებთ და უკვე ვაკეთებთ კიდეც, რათა დავეხმაროთ ქართულ მეცნიერებას, რომლის აღორძინების გარეშეც შეუძლებელია მხარი გავუსწოროთ თანამედროვე ცივილიზაციას.

კვლავინდებურად მინდა დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა და მოწიწება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. საქართველოსთვის ტრადიციულ სხვა რელიგიურ კონფესიებთან ერთად იგი გასულ წელსაც ასრულებდა უაღრესად კეთილისმყოფელ როლს საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში.

* * *

ყოველივე ზემოთქმული ნამდვილად არ გვაძლევს თვითკმაყოფილების უფლებას. სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ შევძელით ყველა დაპირების შესრულება. კვლავინდებურად გადაუჭრელია რამდენიმე რთული პრობლემა ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში.

სახელმწიფომ სრულად ვერ გაანაღდა ვალდებულებები ყველა მოქალაქის წინაშე. ამასთან, მინდა განვაცხადო, მოსახლეობას არც ერთი თეთრი არ დაეკარგება. მომავალი წლის პირველ თვეებშივე მოხდება ანგარიშსწორება ყველა ოჯახთან.

თითოეული ჩვენთაგანის ფიზიკური და სულიერი ტკივილია აფხაზეთი - ჩვენი სამშობლოს მთლიანობის პრობლემა საერთოდ.

ახალი წლის დამდეგს მინდა განსაკუთრებული სიყვარულითა და განსაკუთრებული გულისტკივილითაც, მოვეფერო ჩვენს დატანჯულ თანამოძმეთ - აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილებს, რომელნიც ჯერჯერობით ვერ ხვდებიან ახალ წელს მამაპაპისეულ სახლებში.

ქვეყნის მთლიანობის აღდგენა მიგვაჩნდა და მიგვაჩნია სამკვდრო-სასიცოცხლო ამოცანად, რომლის გადაწყვეტისთვისაც არაფერს დაიშურებს ჩვენი სახელმწიფო.

ურყევად მჯერა: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა შეიძლება გადაწყდეს და გადაწყდება ქართველ, აფხაზ, ოს ხალხთა მშვიდობიანი თანაცხოვრების საუკუნოვან ტრადიციებზე დაყრდნობით.

აფხაზი და ოსი ხალხის თავისუფალი, ბედნიერი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხთან ერთად, ერთიან ფედერაციულ საწყისებზე აგებული სახელმწიფოს ფარგლებში, რომელშიც თანაბრად იქნება დაცული და გათვალისწინებული ყოველი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ეროვნებისა, როგორც ეს განსაზღვრულია უმაღლესი საერთაშორისო ნორმებით.

ჩვენი ქვეყანა საუკუნეთა განმავლობაში რელიგიური და ეთნიკური შემწყნარებლობის მაგალითი იყო. ამ ტრადიციას არასდროს ვუღალატებთ.

მინდა დამდეგი 1998 წელი მივულოცო საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს. მჯერა, ერთობლივად შევძლებთ მამაპაპეული ტრადიციების შეთავსებას თანამედროვე მსოფლიოს ჰუმანისტურ მოთხოვნებთან, - ერთიანი, დემოკრატიული, მრავალეროვნული, სახელმწიფოს ფარგლებში.

რაც მთავარია, საქართველო უკვე აღარ არის მარტო, ჩვენი სიმართლე აღიარა ცივილიზებულმა კაცობრიობამ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ეუთო, საქართველოს მეგობარი ქვეყნები, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოები, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთი, აქტიურად იღვწიან კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტისათვის.

ამჟამად კონფლიქტის ზონაში მოჩვენებითი მშვიდობა შენარჩუნებულია, მაგრამ თუ უახლოეს მომავალში არ იქნება მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ლტოლვილთა დაბრუნებაში, პოლიტიკურ მოწესრიგებაში, საქართველო იძულებული გახდება კიდევ უფრო პრინციპულად დასვას აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის ეგრეთ წოდებული „ბოსნიის ფორმატით“ განხორციელების საკითხი.

საგარეო-პოლიტიკური კურსის ერთ-ერთი პრიორიტეტია კავკასიური მიმართულება. ჩვენი რეგიონის ერთობას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. კიდევ უფრო გაძლიერდება მოძრაობა მშვიდობიანი კავკასიისათვის, რომელსაც გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი. კავკასია, უნდა იყოს არა ველური და უმოწყალო კონკურენციის, ინტერესთა დაპირისპირების, არამედ დიდი თუ მცირე სახელმწიფოების თანამშრომლობის ასპარეზი.

დამდეგი წელი მრავალი თვალსაზრისით განმსაზღვრელია საქართველოსთვის. 1998 წელს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ტემპი და მასშტაბები კიდევ უფრო გაძლიერდება, ამავე დროს, შენარჩუნდება და განმტკიცდება დადებითი ტენდენცია სახალხო მეურნეობის, კულტურის, განსაკუთრებით, მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში. ესეც საბიუჯეტო კანონით არის გარანტირებული.

გაიცა და მომავალ წელსაც გაიცემა პრეზიდენტის სტიპენდიები და გრანტები განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, კულტურაში საერთოდ, სპორტში. ეს მიმაჩნია ჩვენი ცხოვრების გაჯანსაღების სიმბოლურ მოვლენად.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომავალ წელს საბოლოოდ დასრულდება საქართველოს ეროვნული არმიის, მთლიანობაში შეიარაღებული ძალების მშენებლობის უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც ქვეყნის უშიშროებისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად იქცევა.

გაგრძელდება და ძირითადად დასრულდება თავისუფალი ეკონომიკის საფუძველთა ჩამოყალიბების პროცესი (უკვე განისაზღვრა ახალი ეკონომიკის მშენებლობის ეტაპი), განმტკიცდება ეკონომიკური ბაზისი, ზოგიერთი სასიკეთო ცვლილება ენერგეტიკაში უკვე შეიმჩნევა. გაისად კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეიძლება.

გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა დედაქალაქს. კიდევ უფრო გაძლიერდება და ნაყოფიერი გახდება რეგიონალური ინიციატივა - საქართველოს რეგიონები ერთიანი ქართული სახელმწიფოს სწრაფი და ჰარმონიული განვითარების გარანტად იქცევიან.

საქართველოს რეგიონთა შორის, გამორჩეულია აჭარა, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, თვალნათელი მაგალითი სტაბილურობისა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ აჭარა ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ბურჯი იყო და იქნება მუდამ.

1998 წელი იქნება შემდგომი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, სოციალური პროგრამების ამოქმედების, მიუსაფართა, დავრდომილთა, გაჭირვებულთა, ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახთა დახმარების ზრდის წელიწადი. ბავშვებზე, განსაკუთრებით უზედამხედველო ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება.

ყველაფერს გავაკეთებთ ეროვნული შერიგების პროცესის გასაგრძელებლად, „ღირსთა შეწყალებისა“ კვლავაც შევიწყალებთ. როცა ვლაპარაკობ ეროვნულ შერიგებაზე და გამთლიანებაზე, არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა ქვეყანაში საერთო კეთილმოსურნეობის, ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის ატმოსფეროს დამკვიდრებაზე.

პიროვნების, სიტყვის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმის პირველ წლებს თან სდევს აღვირახსნილობის, ცილისწამების, ადამიანურ ღირსებათა შელახვის მთელი ნიაღვარი. რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი არ არის.

რა მოგვიტანა დრომ, როცა „ყველა ყველას მტერი“ იყო, კარგად ვიცით.

ეს შავი ნიაღვარი უნდა დაიწრიტოს და მჯერა, დაიწრიტება კიდევაც და ქვეყანაში მართალი, ობიექტური სიტყვის უზენაესობა, კაცთმოყვარეობა და კეთილმოსურნეობა დაისადგურებს.

ამავე დროს, მტკიცე გარანტიებსაც შევქმნით, რათა ვერავინ შეძლოს ქვეყნის ჩათრევა დესტაბილიზაციის ჭაობში, დემაგოგიური ლოზუნგებით, ამბიციური მოთხოვნებით, უმეცარი რადიკალიზმითა და პოპულიზმით მოსახლეობის მოტყუება, ძმათაშორისი დაპირისპირების პროვოცირება. „სტაბილურობა ხვალინდელი წარმატების წინაპირობაა“ - ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ.

დაუნდობელი ვიქნებით კორუფციის საზარელი სენის წინააღმდეგ ბრძოლაში. მრავალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემის სათავე სწორედ ეს სენია. მის წინააღმდეგ ბრძოლის გარკვეული გამოცდილება 1997 წელს უკვე დაგვიგროვდა. ახლა მთავარია საზოგადოების მხარდაჭერით მტკიცედ და გაბედულად ვიმოქმედოთ.

მე ასე ვიტყოდი, ამოსაძირკვი უნდა ამოიძირკვოს. ეს უაღრესად მტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს თუ გვსურს დავაფუძნოთ ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი ეკონომიკა, ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობა.

1998 წელს ჩვენი ქვეყანა იმედიანად ხვდება, მან უკვე განვლო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ყველაზე რთული და მტკივნეული ეტაპი.

და აქედან გამომდინარე უმთავრესი დასკვნა: ფაქტობრივად დამთავრდა ძველი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის დემონტაჟი და საფუძველი ჩაეყარა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ სფეროებში ცხოვრების ახალ წესს, რომელიც საქართველოს თავისუფალი, ერთიანი, ჭეშმარიტად დემოკრატიული მაღალგანვითარებული ქვეყნის სტატუსამდე მიიყვანს.

მომავალ წელს საქართველო ახალ სივრცეში, ახალ რეალიებში იარსებებს ყველა თვალსაზრისით.

ჩვენ უკვე მხოლოდ წარსულში როდი ვეძებთ იდეალს, მხოლოდ წარსული როდია ჩვენთვის რწმენისა და შთაგონების წყარო. აწმყო და მომავალი არანაკლებ საფუძველს ქმნის ოპტიმისტური განწყობისათვის.

განახლების შეგრძნებას აძლიერებს ძალუმი სუნთქვა 21-ე საუკუნისა, რომელსაც ახალი საქართველო ეგებება თავისი სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორიით.

მინდა, გამარჯვება ვუსურვო სრულიად საქართველოს.

დაე, ახალი წელი ბედნიერების, მშვიდობის, სიხარულის წელი ყოფილიყოს ყოველი თქვენთაგანისათვის.

დაე, სიმყუდროვე, ხვავი და ბარაქა შემოეტანოს მას ყველა ოჯახში.

ახალ წელს გილოცავთ, ძვირფასო თანამემამულენო!
თქვენი და სრულიად საქართველოს მრავალჟამიერ!

„1998 წელს ჩვენი ქვეყანა იმედიანად ხვდება, მან უკვე განვლო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ყველაზე რთული და მტკივნეული ეტაპი“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საახალწლო მიმართვა საქართველოს მოსახლეობას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 1 იანვარი. - №1 (2701). - 1, 2 გვ.

2 „ცივილიზებული კაცობრიობა მართლაც ვერ ჰპოვებ სულიერ სიმშვიდეს მანამ, სანამ უკლებლივ ყველა ლტოლვილი არ დაუბრუნდება მშობლიურ კერას“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
5 იანვრის რადიოინტერვიუ

- დღევანდელი ინტერვიუ პირველია 1998 წელს. ინტერვიუს დავიწყებთ თქვენი საახალწლო მილოცვიდან ერთი ციტატით: „მრავალი თვალსაზრისით 1998 წელი გარდამტეხი წელი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის“. აქ, ალბათ, უწინარესად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა იგულისხმება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური ცნობით (1997 წელს ეს ცნობა ჩვენ რამდენჯერმე გადავეცით და იგი ყოველწლიურად ქვეყნდება ვაშინგტონში), საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა და პირველი ადგილი უკავია ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით. იგი ლიდერი ქვეყანაა. ამაზე იყო საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი ვიზიტის დროსაც. 1997 წლის ეკონომიკური მიღწევები და განვითარების ზრდის ტემპი, ალბათ, 1998 წელსაც იქნება შენარჩუნებული... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- მადლობელი ვარ ამ შეკითხვისათვის. ჩემი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ახალი წლის მილოცვის შემდეგ ერთ-ერთი პირველი გამოსვლა სწორედ ეკონომიკის თემასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მე საკმაოდ ვრცლად ვილაპარაკე საახალწლო მილოცვაში ამ თემაზე. აღვნიშნე ისიც, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ მართლაცდა მნიშვნელოვან მიჯნებს მიაღწია. თუ შევაჯამებთ, ორი წლის განმავლობაში მთლიანი ეროვნული პროდუქტი 20-22 პროცენტით გაიზარდა. ეს თითქმის უპრეცედენტოა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ საბაზისო მონაცემები ძალიან დაბალი იყო და ამიტომ ეს ტემპი აბსოლუტურ მოცულობაში იმდენად საგრძნობი არ არის ყველა ოჯახისათვის. მაგრამ თავისთავად ეს ტენდენცია მართლაც უნიკალური და მისასალმებელია.

დღევანდელ ინტერვიუს ეკონომიკის თემით რომ ვიწყებთ, მე ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან, როგორც იტყვიან, მთელი წელი ეკონომიკაზე ზრუნვითა და ეკონომიკური პრობლემით უნდა იყოს აღნიშნული. ეკონომიკა ჩვენი ურყევი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკური პროგრესი, ეკონომიკური აღმავლობა განსაზღვრავს და განაპირობებს, როგორც მოსახლეობის კეთილდღეობას, საზოგადოებრივ-სოციალურ ჰარმონიას, ასევე ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ძლევამოსილებას. არა ლოზუნგებზე, არა პლატფორმებზე, არა რაღაც მოწოდებებზე, დეკლარაციებსა და მიტინგებზე, არამედ სწორედ ეკონომიკაზეა დამოკიდებული თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, ესე იგი, შრომაზე. ის, თუ რას გადავუხდით პენსიონერს, მასწავლებელს, რით დავეხმარებით ლტოლვილს, და ისიც, რამდენად შევძლებთ ჯარისკაცის აღჭურვას ყველაფრით, რაც აუცილებელია ეროვნული ინტერესების დასაცავად, როგორ განვამტკიცებთ ქვეყნის სტაბილურობას, - ყველაფერი ეს დამოკიდებულია ეკონომიკაზე.

ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ ეკონომიკური რეფორმის შემდგომში გაღრმავება და განვითარება, ესე იგი, მეორე ეტაპის დაწყება და ბოლომდე მიყვანა, ხელისუფლების უმთავრეს საზრუნავად დარჩება 1998 წელსაც. მთავარია, თავიდანვე მძლავრი სტარტი ავიღოთ, რაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მოგეხსენებათ, იანვარი ამ თვალსაზრისით მძიმე თვეა, რადგან ყოველთვის ვერ ხერხდება დაგეგმილის შესრულება. ასე იყო, მაგალითად, შარშან, 1997 წლის იანვარში, როცა ზოგიერთი უწყებისა თუ რეგიონის ხელმძღვანელების უგერგილობის შედეგად დაშვებული იყო ნამდვილი ჩავარდნა, უწინარესად საბიუჯეტო შემოსავლის მოზიდვაში, რამაც ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა წლის განმავლობაში და საბოლოოდ გარკვეული დაღიც დაასვა სოციალურ სფეროში ნაკისრი ზოგიერთი ვალდებულების შესრულებას. უნდა შესრულებულიყო არა მარტო ბიუჯეტი, ყველას რომ ისე ემუშავა, როგორც საჭიროა, არამედ ის, ეგრეთ წოდებული, საპრეზიდენტო პროგრამაც, რომელიც მაქსიმალურ მიზნად დავსახეთ. მინდა მთელი სიმკაცრით გავაფრთხილო ყველა, ვისაც ეს ეხება, რომ ამგვარი რამ წლეულს აღარ უნდა განმეორდეს. მინისტრი, გამგებელი, რწმუნებული, სახელმწიფო მოხელე ყველაზე ადრე უნდა გამოვიდეს სადღესასწაულო ეიფორიიდან და საქმეს მოჰკიდოს ხელი. დღეს, 4 საათზე ჩემი ინიციატივით გაიმართება მთავრობის საგანგებო სხდომა, რომელიც სწორედ წლის პირველი თვეების - იანვრისა და თებერვლის საბიუჯეტო ვალდებულებათა უთუო შესრულებას მიეძღვნება. საუბარი იქნება ზოგადი, მაგრამ ტონის მიმცემი და განმსაზღვრელი. წლის შედეგებს ჩვენ ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ, როცა ყველაფერი შეჯამდება. ზემოთქმული მხოლოდ საბიუჯეტო სფეროს არ ეხება, თუმცა, ბიუჯეტის შესრულება მაინც უპირველესი და უმთავრესი ინდიკატორია. ბიუჯეტს ერთხელ მე ქვეყნის ეკნომიკური კონსტიტუცია ვუწოდე, რომელიც უეჭველად უპირობოდ უნდა შესრულდეს, რაც საშუალებას მოგვცემს დავფაროთ შარშანდელი დავალიანება საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა მიმართ. კვლავ და კვლავ ვიმეორებ: არავის არც ერთი თეთრი არ დაეკარგება და ახლა ახალი მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ ქვეყანაში ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

ჯერჯერობით დიდი რესურსები არა გვაქვს, მაგრამ უკვე მოვაწერე ხელი ბრძანებულებას სახელმწიფო სექტორში ხელფასების 10 პროცენტით გაზრდის თაობაზე, რაც, ბუნებრივია, გამოიწვევს ხელფასების ზრდას არასახელმწიფო, კერძო სექტორშიც. ეს ყოველთვის ჯაჭვურ რეაქციასავით არის. აგვისტო-სექტემბრისათვის ნავარაუდევია ხელფასების მომატება კიდევ 10 პროცენტით, ანუ მთლიანად წლის განმავლობაში 20 პროცენტით გადიდება. ეს ჩვენს პირობებში არცთუ ისე ცოტაა. აქვე უნდა შევნიშნო, რომ ხელფასების ზრდა ერთგვარი კომპენსაციაც იქნება, თუ ფასწარმოქმნის სფეროში თავს იჩენს რაიმე მერყეობა. მე ახლა ვერ გეტყვით, რომელ სფეროშია ეს მოსალოდნელი, მაგრამ გამორიცხული არ არის - ყველაფერი ხდება: ხან ფასები იცვლება, გადასახადების დაბეგვრის გამო მწარმოებელი იძულებულია მოუმატოს ფასს და ასე შემდეგ. ყოველივე ამის გათვალისწინებით ჩვენ ვიანგარიშეთ, რომ 20 პროცენტის მოცულობა ის თანხაა, რომელიც ყველა მოსალოდნელი ცვლილებისა და მერყეობის კომპენსაციას მოახდენს.

1998 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებულია პენსიების მომატება, მათ შორის მნიშვნელოვნად: 40-45 ლარამდე გაეზრდებათ პენსიები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ინვალიდებს. უკვე რამდენიმე წელიწადია ჩვენ ამ თემას ვუტრიალებთ და მხოლოდ ახლა გამოიძებნა ეს შესაძლებლობა. ლაპარაკია ომის მონაწილეებზე, ინვალიდებზე, აგრეთვე, მათთან გათანაბრებულ პირებზე. ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მოგვცა მომძლავრებულმა ბიუჯეტმა, გამოკვეთილმა სოციალურმა პოლიტიკამ.

როგორც უკვე ითქვა, ახალი წლიდან იმპორტირებულ ხორბალზე დაწესდება დამატებითი ღირებულების გადასახადი. იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს ღონისძიება ერთგვარად პროტექციონისტული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მწარმოებლის დაცვას, ადგილობრივი სამამულო წარმოების განვითარებას. ჩვენ შარშან დავრწმუნდით, თურმე, რამდენი შესძლებია საქართველოს მარცვლეულის წარმოებაში. ამ საკითხში გარკვეულწილად გავიზიარეთ ჩვენი პატივცემული ოპონენტების მოსაზრებანიც. ეს, რა თქმა უნდა, სრულებითაც არ არის სათაკილო, თუ მათი წინადადებანი საქვეყნო საქმეს წაადგება. თქვენ გახსოვთ გამოსვლები პარლამენტში, ძალიან ბევრი ისეთი არგუმენტირებული, რომ უნდა დავიცვათ საკუთარი მეწარმე, ადამიანი, რომელსაც ხორბალი და სიმინდი მოჰყავს.

მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხელფასები მატულობს არა მექანიკური, არაფრის მომცემი მისიით, არამედ რეალურად, რეალური წონისა და მყიდველობითი უნარის მქონე ლარით, ეროვნული ვალუტით, რომლის სიმყარეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში საფრთხე არ ემუქრება. ამგვარი ტენდენცია კვლავაც გაგრძლდება.

კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ლტოლვილებს, უწინარესად, ლტოლვილ პენსიონერებს - ჩვენი საზოგადოების ყველაზე უმწეო კატეგორიას. ნოემბერ-დეკემბერში ჩემი დავალების შესაბამისად, საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ მთელ საქართველოში დევნილი პენსიონერების, აგრეთვე, დედაქალაქის ყველა კატეგორიის პენსიონერების კუთვნილი პენსია სრულად დააფინანსა. თანხები გაცემულია დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, 14 ქალაქსა და რაიონში დაფინანსებულია ოქტომბრის საპენსიო ხარჯები, ხოლო ნოემბრის ხარჯების დაფინანსება მიმდინარეობს მცხეთაში, ხაშურში, ბორჯომში, რუსთავში, ყაზბეგში, თიანეთში, ასპინძასა და ამბროლაურში. ფოთში გაცემულია დეკემბრის თანხა. ისიც აღსანიშნავია, რომ შესაბამისი სახელმწიფო ფონდის საკუთარმა შემოსავალმა (ლაპარაკია საპენსიო ფონდზე) 98 მილიონი ლარი შეადგინა 69 მილიონის ნაცვლად.

ახალი წლის დამდეგს მთელ საქართველოში, ქალაქებსა და რაიონებში დაიდგა საპრეზიდენტო ნაძვისხეები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ლტოლვილ და ობოლ ბავშვებს. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს კამპანია. ბავშვებზე ყოველდღიური ზრუნვა უმნიშვნელოვანესი სოციალური პრიორიტეტია.

მე ზემოთ ვილაპარაკე პენსიებზე, არ შევეხე ხელფასებს, მაგრამ მხედველობაში მაქვს ის, რომ ზოგიერთი დავალიანება, ცალკეულ რაიონებში რომ გადმოგვყვა, პედაგოგების, სხვა სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, როგორც უკვე საახალწლო მიმართვაში ვთქვი, უნდა გასწორდეს და არც ერთი მოქალაქის წინაშე ვალში არ უნდა დავრჩეთ.

- წელს სრულდება 50 წელი, რაც მიღებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც თავის დროზე უაღრესად პროგრესული ნაბიჯი იყო, და ადამიანის უფლებათა დაცვის ერთგვარ კონსტიტუციას წარმოადგენს საზოგადოებისათვის. გაერომ წლევანდელი წელი ადამიანის უფლებათა დაცვის წლად გამოაცხადა...

- მე სიხარულითა და სიამაყით აღვნიშნავ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 50 წლისთავს ჩვენი ქვეყანა პირნათელი ხვდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ამ თვალსაზრისით. როგორც უკვე ვთქვი, გაუქმდა სიკვდილით დასჯა. როგორც სასჯელის ფორმა, იგი შეიცვალა სამუდამო პატიმრობით. ხელისუფლებამ შეიწყალა ათასობით მსჯავრდადებული. ეს ბრძანებულებები გამოქვეყნდა პრესაში. შეიქმნა ცივილიზებული სახელმწიფოს საკადრისი სამართლებრივი ბაზა: ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ახალი სამოქალაქო კოდექსი. უფრო ადრე - კონსტიტუციის შესაბამისი თავი, რომელიც სამაგალითოდ არის მიჩნეული. ყალიბდება ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტები. ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს, არსებული რეალიების გათვალისწინებით, იმას, რომ ადამიანის, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა საზოგადოების ცნობიერების დომინანტად იქცეს. თქვენ კარგად გახსოვთ, მაშინ მონაწილეობდით ძველი სახელმწიფო საბჭოს მუშაობაში, როცა ჩემი ინიციატივით შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი თავისი თავმჯდომარითა და მთელი სტრუქტურით. ესე იგი, ეს ჩვენი პრინციპის საკითხი იყო და არის. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს დაუკმაყოფილებლობის ობიექტური საფუძველი. ოღონდ ამ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მთელ საერთაშორისო საზოგადოებრიობას ეხება, რომელიც დაინტერესებულია გადააქციოს 1998 წელი ადამიანის უფლებათა უზენაესობის წლად. იუბილეს მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს ფასი. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ საქართველოში ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფასა და უზენაესობაზე, როდესაც შელახულია 300 ათასი ადამიანის წმიდათაწმინდა უფლება - დაბრუნდნენ და იცხოვრონ მშობლიურ სახლებში. საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია მოქმედებს. ისინი გულმოდგინედ ჩაჰკირკიტებენ ყველა სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც კი საზოგადოებრივი ჟღერადობა აქვს. ეს ძალიან კარგია და მე ამას მივესალმები, და, პირიქით, ყოველნაირად შევუწყობთ ხელს, ყოველგვარ პირობას შევუქმნით საქართველოში მუშაობისათვის. მაგრამ, რა ვქნა, არ შემიძლია გულისტკივილით არ შევნიშნო: ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საერთაშორისო ექსპერტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი ავიწყდებათ იმ 300 ათასი ადამიანის უბედურება, რომელთა უფლებები სეპარატისტებმა შელახეს, ფეხქვეშ გათელეს, რომლებიც გაძარცვეს, შეურაცხყვეს და მშობლიური სახლებიდან გამოდევნეს: მე აღარ ვლაპარაკობ დაღუპულებსა და დახვრეტილებზე.

ნუთუ მართალს ბრძანებენ ცინიკოსები, რომ ერთი ადამიანის უბედურება ტრაგედიაა, ხოლო ასიათასობით უბედურება - მხოლოდ სტატისტიკა. არ მინდა დავიჯერო ამ ცინიკური დებულების მქადაგებელთა სიმართლე. არც ერთი ადამიანის უფლება არ უნდა შეილახოს, მით უმეტეს, არ უნდა შეილახოს ასიათასობით ადამიანის უფლება. ლტოლვილთა უზარმაზარი მასა ხომ ცალკეული ადამიანებისაგან შედგება. ამ ვითარებაში ძნელია ილაპარაკო ადამიანის უფლებათა უნივერსალურობაზე, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ იჩენს პრინციპულობას ლტოლვილთა უფლებების დაცვისას. თანაც აფხაზეთიდან ლტოლვილთა შემთხვევა განსაკუთრებულია. ისინი იძულებული გახდნენ მშობლიური სახლ-კარი დაეტოვებინათ არა მხოლოდ თვით კონფლიქტის საომარ მოქმედებათა გამო, არამედ მიზანმიმართულად განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად, რაც აღიარებულია კაცობრიობის წინაშე დანაშაულად. თანამედროვე მსოფლიოში არცთუ ადვილია მოიძიო ადამიანის უფლებათა დარღვევის ისეთი აშკარა, თანაც მასობრივი შემთხვევები, როგორიც აფხაზეთში განახორციელეს სეპარატისტებმა იმდენად, რამდენადაც ეს ეთნოწმენდასთან არის დაკავშირებული. არც ერთ შემთხვევაში ამ ვითარებას არ შევურიგდებით არც მე და, რა თქმა უნდა, არც საქართველო. ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ დეკლარაციები როდია. სიტყვა საქმით აიწონება და მისი ნამდვილი ღირებულებაც საქმით ვლინდება. ამიტომ საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის წელს უფრო აქტიურ მოქმედებას მოელის საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, უწინარესად გაეროსაგან, რომლის პასუხისმგებლობაც ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულია. უნდა გითხრათ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება უშიშროების საბჭოს აძლევს საშუალებას იმოქმედოს სულ სხვანაირად, სხვა წესებით.

ამჟამად ვამზადებ სპეციალურ წერილს გაეროს გენერალური მდივნის ბატონ კოფი ანანისადმი. ვფიქრობ, გამოვაქვეყნო, აგრეთვე, საგანგებო განცხადებაც, რომლითაც მოვუწოდებ დიდ სახელმწიფოთა ლიდერებს (რა თქმა უნდა, მათ დავუგზავნი), ყველაფერი იღონონ, რათა 1998 წელი - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ნახევარსაუკუნოვანი იუბილე აღინიშნოს ლტოლვილთა უფლებების დაცვის საგანგებო აქტით, რომლის შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ გაერომ, ეუთომ, სხვა რეგიონულმა თუ უნივერსალურმა ორგანიზაციებმა.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ჩემს მოწოდებას, უწინარეს ყოვლისა, გამოეხმაურებიან რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დიდი სახელმწიფოები, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები.

ასეთი აქტის მიღება, ბუნებრივია, ერთი ხელის მოსმით არ გადაწყვეტს ლტოლვილთა პრობლემას, მაგრამ შექმნის შესაბამის განწყობილებას, შესაბამის ზნეობრივ ატმოსფეროს, კლიმატს, და, რაც მთავარია, თვით ლტოლვილებსაც დაუბრუნებს რწმენას, რომ ადამიანის უფლებათა დაცვაზე საუბარი თვალთმაქცობა არ არის. ცივილიზებული კაცობრიობა მართლაც ვერ ჰპოვებს სულიერ სიმშვიდეს მანამ, სანამ უკლებლივ ყველა ლტოლვილი არ დაუბრუნდება მშობლიურ კერას. ისინი კი, ვინც სამართლიანობის აღდგენას ეწინააღმდეგება, ვინც უნდა იყვნენ, რა ძალებსაც უნდა წარმოადგენდნენ, ან ვისი მხარდაჭერითაც უნდა სარგებლობდნენ, ვერ გაექცევიან იზოლაციას და საყოველთაო ბოიკოტს, საბოლოოდ კი სამართლიან სასჯელსაც.

- განვლილ კვირაში თქვენ ქართული მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდით და, როგორც ბრძანეთ, დაიბედეთ ჟურნალისტებთან შეხვედრა. 2 იანვარი ბედობის დღეა. ეს შეხვედრები ტრადიციად იქცევა, თუ ეპიზოდური ხასიათი ექნება მხოლოდ?..

- საახალწლო მილოცვაში მე ერთი მთავარი დასკვნა უკვე გავაკეთე: დამთავრდა ძველი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური წყობის დემონტაჟი. ეს მართლა ისტორიული მოვლენაა, თაობიდან თაობას რომ გადაეცემა და ბავშვებთან შეხვედრაზეც ვუთხარი მათ, რომ ამ მემკვიდრეობას გიტოვებთ მეთქი - ახალ სახელმწიფოს, ახალ საქართველოს. ხოლო დემოკრატიულმა აღმშენებლობამ აბსოლუტურად შეუქცევადი სახე მიიღო. რა თქმა უნდა, ეს ურთულესი პროცესი განუხორციელებელი იქნებოდა ქართული მასმედიის მონაწილეობის გარეშე. იგი არა მარტო ხატოვანი გამოთქმით, არამედ რეალურად იქცა ხელისუფლების ერთ-ერთ შტოდ. ეს ეხება პრესასაც და, რა თქმა უნდა, ეხება ტელევიზიასაც, რომელმაც, როგორც ამ შეხვედრაზე ვთქვი, ამ ურთულეს წლებში ჯოჯოხეთური სამუშაო შეასრულა. ამოცანები კიდევ უფრო იზრდება, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ვალდებულია სისტემად აქციოს ისეთი ხასიათის შეხვედრა, როგორიც საახალწლოდ გაიმართა, და, რა თქმა უნდა, არა მარტო ახალ წელთან დაკავშირებით, უფრო ხშირად უნდა იყოს საქმიანი შეხვედრები. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შეხვედრები პირადად ჩემთვის სასარგებლოდ მიმაჩნია და, ჩემი აზრით, არც თქვენთვის არის ზედმეტი.

- და ბოლოს, შეიძლება ცოტა უცნაური კითხვა. უკვე ბევრს ლაპარაკობენ თქვენს მომავალ იუბილეზე და ბევრს აინტერესებს, როგორ ხვდება მრგვალ თარიღს შევარდნაძე და როგორ აპირებს იგი ამ თარიღის აღნიშვნას, როგორ წარმოუდგენია, ასე ვთქვათ, თავისი იუბილე...

- მეც ცოტა არ იყოს, უცნაურად მინდა გიპასუხოთ, არა პირდაპირ, არამედ შემოვლითი გზით. როგორც ზემოთ ვთქვი, შარშანდელი წელი ჩვენ ცუდად დავიწყეთ ეკნომიკაში, მერე გამოვასწორეთ, მაგრამ იანვარი და თებერვალი რთული იყო. მერე გაგვიჭირდა წელში გასწორება. ჩემი გონება ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემებით არის დაკავებული. მთავარი საზრუნავი ის გახლავთ, რომ იანვარი წარმატებული თვე იყოს მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტის დარგში. მოსახლეობას უფრო მეტად, ვიდრე შარშან, ვაგრძნობინოთ სითბო და ზრუნვა. აი, იანვრის ყოველი დღის და, იქნებ სწორედ 25 იანვრის მთავარი საზრუნავი, მთავარი მიზანი.

ჩემს პიროვნებასთან დაკავშირებული ყოველგვარი პომპეზურობა, დამსახურებული, თუ დაუმსახურებელი ქება-დიდება მიუღებელია ჩემი შინაგანი ბუნებისათვის. მით უმეტეს, რომ ქვეყანას კიდევ ბევრი სატკივარი აქვს და ბევრი ჭრილობაა შეუხორცებელი.

ბევრი მეკითხება, ბევრს აინტერესებს, როგორ ვგრძნობ თავს 70 წლის ზღურბლზე. ყველას ვუპასუხებ, ვისაც აინტერესებს: - ძალიან მაგრად! ეტყობა, ადამიანის ფიზიკური და სულიერი სიმტკიცის საფუძველი ბავშვობიდან ჩვევად ქცეული შრომა, ბრძოლა და ჯოჯოხეთური დატვირთვაა, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს ეს. ბედნიერი ვარ იმით, რომ მე დღესაც იმ ინტენსიურობით, შვებულებებისა და განსაკუთრებული რეჟიმის გარეშე ვსაქმიანობ, როგორც ათი, ან ოცი წლის წინათ. რამდენ ხანს გამყვება ეს შრომის უნარი და ენერგია, იქნებ კიდევ ათი წელი, მეტი, ან ნაკლები, ყველაფერი ეს უზენაესის ნებაა და არაფერი გამორიცხული არ არის. გარწმუნებთ, რომ მე კარგად მესმის, ვისი იუბილეს აღნიშვნა სჭირდება ერს და რისგან უნდა შევიკავოთ თავი. თქვენ იცით, თუ რა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მე ჩვენი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების, ჩვენი მწერლების, კულტურის დიდ მოღვაწეთა იუბილეს, დაბადების დღეების აღნიშვნას, ჩვენი ეროვნული ინსტიტუტების იუბილეებს და ასე შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს სამიათასწლოვან იუბილეს და მრავალ სხვას. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკოსს, აქ ცოტა სხვანაირი მოსაზრება მაქვს, თუმცა პოლიტიკოსების იუბილეებშიც მიმიღია ძალიან ბევრჯერ მონაწილეობა და ბევრი „მოთაფლული“ სიტყვაც მითქვამს. პოლიტიკოსისათვის ყველაზე ღირებული იუბილე ის არის, როცა მას კეთილად მოიხსენიებენ დაკავებული პოსტიდან წასვლის შემდეგ. როდის მოხდება ეს და მოხდება თუ არა ასე, ახლა ეს ძნელი სათქმელია. დაველოდოთ, საჩქარო არაფერია.

საქინფორმი.

„ცივილიზებული კაცობრიობა მართლაც ვერ ჰპოვებს სულიერ სიმშვიდეს მანამ, სანამ უკლებლივ ყველა ლტოლვილი არ დაუბრუნდება მშობლიურ კერას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 6 იანვარი. - №4 (2704). - 1, 2 გვ.

3 „ჩვენ ევროპული სივრცის ნაწილი ვართ და ეს სივრცე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა უპირობო აღიარების თვალსაზრისით“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
12 იანვრის რადიოინტერვიუ

- განვლილ კვირას მთავრობის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი განიხილეს, მათ შორის გაგრძელდა მუშაობა კანონპროექტზე „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ“. გრძელდებოდა მსჯელობა ხორბლის დაბეგვრასა და, საერთოდ, პურთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც თქვენ აღნიშნეთ, პურის გაძვირების შემთხვევაში გაიზრდება ხელფასები. ალბათ, გარკვეულწილად საჭირო გახდება სხვა რესურსების ამოქმედებაც, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის ტემპი... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- მთავრობის სხდომაზე განხილული ყველა საკითხი აქტუალურია და საარსებო მნიშვნელობა აქვს. სათანადო დოკუმენტები გამოქვეყნდება პრესაში და მოსახლეობას ექნება მათი გაცნობის საშუალება. ერთ რამეში მინდა დავარწმუნო საზოგადოება: არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ. დაბეგვრის ახალ წესთან დაკავშირებით პურის ფასებში თუ რაღაც მერყეობა შეიმჩნევა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უდავოდ კომპენსირებული იქნება. ეს ყველა პროდუქტსა და ყველა სახეობის პროდუქციას არ შეეხება, მაგრამ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის პური და ზოგიერთი სხვა, აქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იხსნის.

ქვეყანას სოციალური პროცესების მართვის დიდი რეზერვები აქვს. ეს, უწინარესად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ჩრდილოვანი ეკონომიკის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა. მარტო დამალული შემოსავლის გადასახადების აკრეფას თუ მოვაბით თავი, შესაძლებელი გახდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის თითქმის გაორმაგება - ხელფასებისა და პენსიების უფრო დიდი მასშტაბით ზრდა, ვიდრე ეს ამჟამად ხდება. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ბოლოდროინდელი მოვლენები, როცა ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებულმა საგანგებო ღონისძიებებმა ბევრი რამ ნათელი და რეალური გახადა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და განმტკიცდეს. ყველას, ვინც აქტიურად მუშაობს და იბრძვის ბიუჯეტის შესრულებისათვის, შეუძლია პრეზიდენტის ყოველმხრივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

თავიდან უნდა მოვიშოროთ დღევანდელი ჩამორჩენის ხვალინდელი დღით კომპენსირების მავნე სინდრომი, რომელიც ასე საგრძნობი იყო შარშან, და ახლავე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. მიღწეულის განმტკიცებისა და შარშანდელი მწარე გამოცდილების თავიდან აცილებისათვის.

მრეწველობა კვლავაც ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტად რჩება; რის საფუძველსაც იძლევა ზესტაფონის ფეროშენადნობთა და ქუთაისის საავტომობილო ქარხნებში, ქიმიურ და მეტალურგიულ მრეწველობაში მომხდარი სასიკეთო ძვრები. ამ უკანასკნელს სოლიდური დაკვეთებიც გაუჩნდა ნავთობსადენების გაყვანასთან და კასპიის ნავთობის ძიებასთან დაკავშირებით. ამოქმედების რეალური პროგრამები აქვთ ისეთ სააქციო საზოგადოებებს, როგორიც არის „მაუდი“, „ლაინი“, არის ასეთი სააქციო საზოგადოება „ტამი“ და ზოგიერთი სხვა. ესე იგი იწყება მოძრაობა მსუბუქ მრეწველობაში. მოგვარდა ვითარება ქსნის მინის ტარის ქარხანაში, ძალას იკრებს ხის დასამუშავებელი მრეწველობა და სხვ. ყოველ შემთხვევაში, ამ დარგშიც გაჩნდა ზოგიერთი სიახლე.

სოფლის მეურნეობაც საკმაოდ მზარდი აქტიურობით ებმება ეკონომიკური ზრდის პროცესში, სურსათით ქვეყნის უზრუნველყოფაში. წინა რადიოინტერვიუში მე უკვე ვილაპარაკე მარცვლეულის წარმოებაში ზოგიერთი მონაცემების შესახებ. კერძოდ, მისი პროდუქცია დამკვიდრდა შიდა ბაზარზე და ახლო მომავალში საგარეო ბაზარზეც აღიდგენს და განიმტკიცებს თავის პოზიციებს, და მე ეს ღრმად მჯერა, თუკი ჩვენ ყველანი წავეხმარებით. მნიშვნელოვან წვლილს მოველით სახელმწიფო შემოსავლის მიღებაში სატრანსპორტო სისტემიდან - რკინიგზიდან, რომლის საქმიანობასაც მე ამ დღეებში ადგილზე გავეცნობი, ავტოტრანსპორტიდან, საზღვაო სანაოსნოდან, ასევე კავშირგაბმულობიდანაც, საიდანაც მართლაც საკმაოდ დიდი თანხები შემოვიდა და სადაც მრავალი ტექნიკური სიახლეა, და რომლის ახალი საკომუნიკაციო სისტემებით აღჭურვა კვლავაც მიმდინარეობს.

შარშან, იანვარ-თებერვალში, დაშვებული ჩამორჩენა გარკვეულწილად ენერგორესურსების დეფიციტმაც განაპირობა. წელს საწარმოო ობიექტებს, საფასურის გადახდის შემთხვევაში, ამ მიზეზით შეფერხებები აღარ უნდა ჰქონდეთ.

ამასთანავე კვლავ აქტუალურია ენერგორესურსების ყაირათიანად ხარჯვის პრობლემა, მისი დატაცების ფაქტების აღმოფხვრა. გამკაცრდება ელექტროენერგიის ხარჯვის ყოველდღიური კონტროლი, უნდა განხორციელდეს აღრიცხვის სრული მოწესრიგებისათვის საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები. ეს, თავის მხრივ, შექმნის საფუძველს, რომ რეალურად ავკრიფოთ დახარჯული ელექტროენერგიის საფასური და დავამყაროთ სრული წესრიგი, ურომლისოდაც უნაყოფო იქნება ენერგოკრიზისიდან თავის დაღწევის ყოველგვარი ცდა.

საქენერგოს წინასწარი მონაცემებით, შარშან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მაჩვენებელი 67 პროცენტის ფარგლებშია, მაშინ როცა 1996 წელს იყო 45 და 1995 წელს 20 პროცენტი. წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. მით უმეტეს, რომ აკრეფილ სახსრებში დიდია ეგრეთ წოდებული „ჩათვლების“ წილი და რეალური თანხების დონე ჯერ კიდევ დაბალია.

ენერგეტიკის განვითარების სამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიების განვითარების სახელმწიფო პროგრამის კონცეფციის დამტკიცება, რომელსაც მთავრობის სხდომაზე განხილული პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების პროექტი ითვალისწინებს. ეს ძალიან საინტერესო დარგია, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის ამაღლების უზარმაზარი რეზერვია. კონცეფციის დამტკიცება მძლავრი იმპულსი გახდება ქვეყანაში აღნიშნული სახეობის ენერგოპოტენციალის მასშტაბური გამოყენების და მდგრადი ენერგეტიკის სფეროში ეროვნული სტრატეგიისა და პოლიტიკის განსაზღვრისათვის. ამ პრობლემას ამ დღეებში მიეძღვნება უაღრესად მაღალავტორიტეტული საერთაშორისო კონფერენცია და ამის შემდეგ ჩვენ უნდა ვიფიქროთ უნივერსალურ სტრუქტურულ სრულყოფაზე საქართველოში ამ დარგის გასაძღოლად.

- განვლილ კვირაში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა უზბეკეთში. ჩვენ გვახსოვს, როგორ იწყებოდა „აბრეშუმის გზა“, როგორ ისხამდა ხორცს ეს იდეა, მისი აღდგენა. გვახსოვს 1996 წლის სარახსის ხელშეკრულება. და უზბეკეთში ამ შეხვედრაზე ერთგვარი გადასინჯვა იყო იმისა, თუ როგორ ხორციელდება ხელშეკრულება და რა მდგომარეობაა დღეს...

- მე ტაშკენტის შეხვედრას უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ: შეხვედრაში მონაწილეობდა ჩვენი დელეგაცია ტრანსპორტის მინისტრის ბატონ ადეიშვილის ხელმძღვანელობით, იყვნენ სხვა სპეციალისტებიც და მისი საქმიანობა უაღრესად ნაყოფიერად წარიმართა. იქ წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის კავკასიიდან, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანი, საქართველო და ზოგიერთი სხვაც.

„აბრეშუმის გზის“ ანუ სხვაგვარად ტრასეკას პროექტის, შეიძლება ითქვას, სარახსის ხელშეკრულებათა რეალიზაცია უკვე დაიწყო. რამდენიმე წლის წინათ, ასე ვთქვათ, იდეის დონეზე წამოყენებული მოსაზრებანი რეალობად იქცევა. საამაყოა, რომ საქართველო ამ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი საკვანძო ქვეყანაა.

უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი ამ სისტემის უმთავრესი ქვეყნებია. საკვანძო ქვეყანაა, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი, რომელიც უნიკალურ როლს ასრულებს. შემთხვევითი არ იყო ჩემი ვიზიტები რუმინეთსა და ბულგარეთში, ისევე როგორც იტალიაში, საბერძნეთში და ასე შემდეგ. დიდ როლს ასრულებს უკრაინა, განსაკუთრებით გამოკვეთილ როლს, და განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენს. თურქეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული ევრაზიის ხიდის განვითარებით. როგორც ადრეც აღმინიშნავს, იაპონიის მთავრობას შემუშავებული აქვს „აბრეშუმის გზის“ აღორძინების სპეციალური სამთავრობო პროგრამა. ამ ბოლო დროს გარკვეულ ინტერესს იჩენენ ჩინეთის შესაბამისი სტრუქტურები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებიც დაინტერესებული იქნებიან ასეთი ინფრასტრუქტურის განვითარებით. ეჭვი არ მეპარება, მოვა დრო და დერეფნის განვითარებაში აქტიურად ჩაებმებიან სომხეთი (თუმცა იგი ახლაც მონაწილეობს), ირანი, საბერძნეთი, იტალია, დუნაისპირა ქვეყნები და სხვები და სხვები. შემდგომში უფრო ჩრდილოეთის - ბალტიისპირა ქვეყნებსაც კი აქვთ გარკ37

ვეული ინტერესი, ასევე პოლონეთსა და სხვებს. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც აფინანსებს კიდეც და ამავე დროს თავისი ინიციატივითაც მუდმივად კვებავს ამ მიმართულებას.

ასევე მრავალჯერ მითქვამს, რომ რუსეთი იყო და კვლავაც რჩება (ეს იმიტომ, რომ არავის დავუტოვოთ სასპეკულანტოდ არავითარი თემა) სატრანზიტო გიგანტად, ხოლო აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების შემთხვევაში, იგი უშუალოდ ერთვება „დერეფანში“ და უმოკლესი გზით უკავშირდება სამხრეთის ბაზრებს. ასევე ითქმის ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შესახებაც. ასე რომ, აღორძინებულ „აბრეშუმის გზას“ მე მეგობრობისა და სტაბილურობის ხიდსაც დავარქმევდი.

- განვლილ კვირაში საინტერესო იყო აფხაზეთის პრესის დამოკიდებულება კონფლიქტის მოწესრიგების, ეგრეთ წოდებული, ბოსნიური მოდელისადმი. ეს თემა გახდა ქართველ პოლიტიკოსებს შორის მსჯელობის საგანი. ზოგი მას უკავშირებს აფხაზეთის დაყოფას ანკლავებად და მიაჩნია, რომ კონფლიქტის მოწესრიგების ძირითადი და განმსაზღვრელი მომენტი იქნება ძალისმიერი მეთოდის გამოყენება. მოწინააღმდეგეთა შორის არიან რუსეთის საგარეო უწყება, ვლადისლავ არძინბა, ბორის კაკუბავა. ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა ასეთი რამეც თქვა, ხელისუფლებამ მას ეს იდეა „მოპარაო“, მოკლედ, ამ საკითხის გამო ალიაქოთი უკვე ატყდა. თქვენ ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება პრინციპში უკვე რამდენჯერმე გამოხატეთ, მაგრამ ამ სიტუაციაში თქვენი მოსაზრება სიანტერესო იქნება...

- ალბათ, მე კიდევ უნდა დავუბრუნდე ამ საკითხს ახლაც და მომავალშიც, და ამ აჟიოტაჟთან დაკავშირებით აუცილებლად მიმაჩნია ზოგიერთი პრინციპული ხასიათის განმარტება. ეგრეთ წოდებული „ბოსნიის ვარიანტი“ ან „ბოსნიის მოდელი“ (როგორც მას უწოდებენ) სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, რომლის დებულებები (კერძოდ, მეშვიდე თავი) ითვალისწინებს მშვიდობის იძულებით მიღწევას, აუცილებლობის შემთხვევაში პოლიციური ძალების გამოყენებასაც - სამართლიანობის აღსადგენად, ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, მშვიდობის დამყარების ასეთ მეთოდს წინ უნდა უძღოდეს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებათა და აქციათა მთელი კომპლექსი. და ეს სულაც არ არის იოლი საქმე და არც მოკლე ვადაში შეიძლება ამის მიღწევა. მე მოვუწოდე ყველა ძალას: უპირველეს ყოვლისა, აფხაზთა ლიდერებს, ბატონ ვლადისლავ არძინბას, გაეროს, მეგობარ ქვეყნებს (რა თქმა უნდა, რუსეთის ჩათვლით) - აქტიური მოქმედებისათვის, თვით სამშვიდობო პროცესის დაჩქარების თვლსაზრისით, მშვიდობიანი გზით ყოველგვარი იძულების გარეშე.

თუ მოლაპარაკებათა პროცესს შედეგი არ მოაქვს, (ჯერჯერობით ეს სამწუხარო ფაქტია) უკვე ხუთი წელია, სავსებით კანონზომიერია მშვიდობის დასამყარებლად იძულების მეთოდის გამოყენება, რაც ყველაზე რელიეფურად ბოსნიაში გამოიკვეთა აბსოლუტურად კონკრეტული შედეგით. უფრო მეტიც, ბოსნიაში შეიქმნა პრეცენდენტი, როცა არა მარტო გაერომ, არამედ მთელი ევროპის უშიშროების სისტემამ, მათ შორის ნატომ აგრესიული სეპარატიზმის წინააღმდეგ გამოიყენეს მშვიდობის იძულებით დამყარების საშუალებანი.

აქ, სხვათა შორის, მარტო სამხედრო ძალის უშუალო გამოყენება როდი იგულისხმება (ზოგჯერ ასე გამარტივებულადაც ესმით ჩვენი წინადადებანი). გაეროს წესდების მეშვიდე თავი ითვალისწინებს მშვიდობიანი იძულების ღონისძიებათა, მეთოდთა მრავალფეროვან სპექტრს (მათ შორის, უკიდურეს შემთხვევაში, სამხედრო ძალების ზემოქმედებასაც), რომელთა გამოყენება დამოკიდებულია რეალურად არსებულ ვითარებაზე, კონკრეტულ რეგიონში შექმნილ პირობებზე.

მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ბოსნიაში საერთაშორისო საზოგადოებრიობამ თავისი მტკიცე ნება დაადასტურა. იგი არ შეურიგდება აგრესიული სეპარატიზმის თუნდაც დროებით გამარჯვებას.

სეპარატისტთა მოქმედება აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოებრიობის ცინიკური გამოწვევაა. ძნელია გაიხსენოთ საერთაშორისო პრაქტიკიდან თუნდაც ერთი მაგალითი, როცა მცირერიცხოვანი შეიარაღებული რეჟიმი 5 წლის განმავლობაში ასე თავხედურად და ცინიკურად უგულებელყოფდეს გაეროს არაერთ რეზოლუციას (15-მდე რეზოლუციაა მიღებული), ეუთოს რამდენიმე გადაწყვეტილებას, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შესაბამის დოკუმენტებს. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი: სასწორზე ძევს, ერთი მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებრიობის ავტორიტეტი, მეორე მხრივ კი ცალკეული ჯგუფების ამბიცია, რომელიც გაძლიერებულია დაუსჯელობის სინდრომით.

რაც შეეხება იდეის ავტორობას, თუ ამაში მედავებიან, მაშინ მე გაეროს წესდების შესაბამის თავში ჩამოყალიბებულ დებულებათა „მოპარვა“ უნდა დამაბრალონ. ნეტავ, იმდენი იდეები წამოაყენონ, რომ იყოს „მოსაპარი“, ყველა პარტიას და ყველა ლიდერს მივესალმო, ოღონდ რაღაც წამოაყენონ ისეთი, რომელიც რეალური იქნება და საქმეს წაადგება.

მე ისიც ვთქვი, რომ კონფლიქტისადმი დამოკიდებულება მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში თვისებრივად იცვლება. სხვათა შორის, ვინც მედავება ამ „მოპარვაში“ (მის გვარს არ ვასახელებ), მან ის გაიგო, რომ მე აფხაზეთის ანკლავებად დაყოფის მომხრე ვარ, ასეთი რამ ბოსნიაშიც არის. ეს სულ სხვადასხვა რამ არის. მე როგორც ვთქვი, გაეროს მეშვიდე თავია ამოსავალი წერტილი, რომლის შესაბამისად შეიძლება მრავალმხრივი, მრავალსპექტრიანი და მრავალნაირი მოქმედება. ანკლავებად დაყოფა გამორიცხულია. ბოსნიაში უბრალოდ მხედველობაშია ის, რომ ძალის ფაქტორი მოქმედებს. რისთვის და როგორ - ეს სხვა საკითხია. ბოსნიის პირობებში ის მეთოდი იყო საჭირო და აუცილებელი, ვთქვათ, ანკლავებად დაყოფა. აფხაზეთში ამის გაკეთება წარმოუდგენელია.

ევროპული უშიშროების პრინციპები შეუთავსებელია ისეთ კონფლიქტებთან, როგორიც აფხაზეთში განვითარდა, რამდენადაც არსებობს უფრო ფართო არეალზეც ხანძრის გავრცელების რეალური საფრთხე.

ევროპული უშიშროებისა და თანამშრომლობის, თანაცხოვრების პრინციპებთან შეუთავსებელია ეთნოწმენდა. ეს კი აფხაზეთის რეალობაა, რაც აღიარებულია ეუთოს ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტებზე. ნურავის დაავიწყდება სოხუმშიც და თბილისშიც, რომ ჩვენ ევროპული სივრცის ნაწილი ვართ და ეს სივრცე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა უპირობო აღიარების თვალსაზრისით.

მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ბოლო დროს გააქტიურდნენ გაერო, გენერალური მდივანი ბატონი კოფი ანანი, რომელიც სავსებით კონკრეტულად და პრინციპულად უდგება საკითხებს, აქტიურად და მიზანმიმართულად მუშაობს მისი პირადი წარმომადგენელი ლივიუ ბოტა, სულ სხვა თვისებრივ სიბრტყეზე მოქმედებენ „მეგობარი ქვეყნები“, რუსეთის დიპლომატიამ ბევრი რამ გააკეთა ჟენევის პროცესის წარმატებით დაწყებისა და განვითარებისათვის. მე ეს ადრეც მითქვამს. ასე რომ, ვალდებული ვართ ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით: მოსკოვშიც, ჟენევაშიც, ვაშინგტონშიც, „მეგობარი ქვეყნების“ დედაქალაქებშიც, სოხუმსა თუ თბილისშიც - საკუთრივ ქართულ-აფხაზური ორმხრივი დიალოგის შესაძლებლობანი არ ამოწურულა, იგი მხოლოდ დასაწყის სტადიაზეა და, როგორც ვიცი, ბატონი არძინბა და სხვებიც მომხრენი არიან, რომ ახლა ეს კონტაქტები კიდევ უფრო გაფართოვდეს. ოღონდ, ეს კონტაქტები, რა თქმა უნდა, ორმხრივი კეთილი ნებისა და კომპრომისისაკენ რეალური (არა მხოლოდ სიტყვიერი და მოჩვენებითი) სწრაფვის პირობებში უნდა განვითარდეს.

- თქვენ ახლა აგრესიულ სეპარატიზმზე საუბრობდით და თავის დროზე გვახსოვს საბჭოთა კავშირი, ვთქვათ, ინტერფრონტებს იყენებდა და ინტერფრონტები იქმნებოდა სხვადასხვა ქვეყანაში სეპარატისტული სულისკვეთების გასაღვივებლად და შესაქმნელად. როგორც ჩანს, ეს მეთოდები არც ახლა იცვლება. გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კიევშია დაგეგმილი ეგრეთ წოდებული „საბჭოთა ხალხის სრულუფლებიან წარმომადგენელთა ყრილობა“, რომელიც ითვალისწინებს საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ დეკლარაციის მიღებას. ითქვა ისიც, რომ ამ ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, ასე იყო, ასე ვთქვათ, დაყოფილი...

- თუ ნებას მომცემთ, ამ თემას დღეს არ შევეხები, რადგან ასეთი ყრილობა ჯერ არ გამართულა და არც ის დეკლარაციებია ჩემთვის ცნობილი. მართალია, კიევში ზოგიერთმა სტრუქტურამ მოახდინა გარკვეული რეაქცია, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არ არის და იქნებ შემდეგში დავუბრუნდეთ ამ საკითხს.

- განვლილი კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა. გამწვავდა დისკუსია 1944 წელს საქართველოდან გასახლებული ეგრეთ წოდებული მესხეთელი თურქების პრობლემის გამო. ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს რაღაცნაირად ეს თემა ხელოვნურად მწვავდება ამ ეტაპზე...

- თავისთავად კარგია, რომ დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ ამ დისკუსიის მთავარი ნაკლი, ჩემი აზრით, ის არის, რომ მხარეები ვერ ითვალისწინებენ მთავარ მომენტს: ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა ჯერ კიდევ არ გამოსულა კრიზისიდან, ჩვენი შესაძლებლობანი იმის საშუალებასაც კი ძნელად გვაძლევს, რომ ბოლო წლებში სტიქიური უბედურების შედეგად დანგრეული სკოლები, საბავშვო ბაღები და საავადმყოფოები აღვადგინოთ. თქვენ იცით, რამდენია ასეთი - ასობით, ათასობით სახლია რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთის რეგიონსა და ზოგიერთ სხვა რეგიონში, და წლების განმავლობაში არა გვაქვს მათი აღდგენის საშუალება. დანგრეულია საავადმყოფოები და ასე შემდეგ. ამას ემატება ასიათასობით ლტოლვილი. ამოდენა ტვირთი პატარა ქვეყნისათვის წელში გამწყვეტია. ასეთ ვითარებაში ათასობით და ათიათასობით ადამიანის დაბრუნება, დასახლება, შესაბამისად უზრუნველყოფა საქართველოს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ძალუძს, ვინაიდან ეს უზარმაზარ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ამას მთელი ჩვენი ბიუჯეტი რომ მოვახმაროთ, ალბათ, ესეც არ იქნება საკმარისი.

აქვე უნდა ითქვას: ძალიან დიდი შეცდომა იყო ოთხმოციან წლებში დაწყებული პროცესის შეწყვეტა: მაშინ ასობით ოჯახი ჩავასახლეთ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში. მე პირადად ვმონაწილეობდი იმ გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებაშიც. რა თქმა უნდა, პროცესი ჩვენ მიერვე ყოველმხრივ იყო პროგნოზირებული, უზრუნველყოფილი და, ასე ვთქვათ, მართული.

მაგალითად, სამტრედიაში (იქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, როცა იწყებოდა დასახლების მშენებლობა და შემდეგ, როცა ჩამოსახლდნენ, გაიხსნა სკოლები და ასე შემდეგ) ჩასახლებული მესხები სულ მცირე ხანში სრულიად ადაპტირებული იყვნენ საქართველოს პირობებთან. ვიმეორებ: ეს პროცესი რომ არ შეჩერებულიყო (თუ რატომ და ვისი მიზეზით შეჩერდა - სხვა საკითხია), ის კი არა და, ზოგიერთი ჩამოსახლებული და დამკვიდრებული ადამიანი კიდეც გაასახლეს, დღეს პრობლემის გადაწყვეტა უკვე სხვა დონეზე, სხვა რანგში იქნებოდა აყვანილი. ახლა, ვინც დღეს ხმაურობს, იგი მაშინ ჩუმად იყო, როცა ამ ადამიანების მიმართ ახალი რეპრესიები განახორციელეს.

სამწუხაროდ, ამჟამინდელი ვითარება (უპირველესად, ჩვენი ეკონომიკური რეალობა) არ იძლევა იმ იმედის საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში პრობლემა სრულად გადაწყდება. თუმცა ჩვენ დავიწყეთ, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჩამოყვანა, უმაღლეს სასწავლებლებში ლიმიტებია გამოყოფილი. წელს ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. 20-30 ახალგაზრდამ ჯარში შესანიშნავად იმსახურა და შესანიშნავი სკოლა გაიარა. რა თქმა უნდა, ამათ უნდა მოვეხმაროთ, რომ სადღაც დაფუძნდნენ, ფეხი მოიკიდონ, სამსახურში მოეწყონ და ასე შემდეგ. ეს მუშაობა კიდევ გაგრძელდება. ეს მხოლოდ დასაწყისია. მე ასე მინდა ვთქვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაღაც დამატებითი რესურსები მომავალ წლებში გამოიძებნოს. მიზანშეწონილი იქნებოდა, ალბათ, იმ კომისიის რანგის, ამაღლება, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს.

ქვეყანა თანდათანობით ძალას იკრებს, ერთგვარად მდიდრდება კიდეც და პრობლემის გადასაწყვეტად რეალური გზების დასახვაც შესაძლებელი ხდება - ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის, განვითარების შესაბამისად, როგორც მე არაერთხელ აღმინიშნავს, ესე იგი, ეტაპობრივად.

- „ზვიად განმათავისუფლებლის“ პარტიის ლიდერები ლეილა ცომაია, და თამილა ნიკოლაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიწყალეს და ისინი ახალ წელს საკუთარ ოჯახებში შეხვდნენ... განვლილ კვირაში სასამართლომ საკმაოდ ლმობიერი განაჩენი გამოუტანა კლარა შუკვანსაც, თუმცა თავის დროზე ეს ქალბატონი ლამის „სინდისის პატიმრად“ გამოცხადდა...

- შეიძლება არც იყოს აუცილებელი ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მაინც მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ქალბატონი ცომაია და ქალბატონი ნიკოლაძე მე შევიწყალე. ჩემი აზრით, ეს ჰუმანური და სამართლიანი გადაწყვეტილებაა. ამას სამართალდამცავ ორგანოთა ხელმძღვანელობა, შეწყალების კომისია და უშიშროების საბჭოს შესაბამისი სტრუქტურაც, და, მათ შორის, ის პოლიციელებიც იზიარებენ, რომლებიც შეურაცხყოფილი იყვნენ სიტყვიერადაც და, საერთოდ, ყოველმხრივ.

რაც შეეხება ქალბატონ კლარა შუკვანს, მის მიმართ სასამართლოს განაჩენი გამოტანილია და რახან სასამართლოს განაჩენია, აქ ჩემი კომენტარი ზედმეტად მიმაჩნია.

ისე კი, ალბათ, ძალიან დიდი ხანია, დროა, ყველა მოქალაქემ გაიგოს, რომ რწმენისათვის საქართველოში არავის ასამართლებენ და არავის სჯიან. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და დანაშაულებრივი ქმედება კი კვლავაც დაისჯება კანონის შესაბამისად და კიდევ უფრო მკაცრადაც.

- საქართველოში გენერალ ივაშოვის ვიზიტის შემდეგ, რაც, ალბათ, ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდია რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტისათვის, გასულ კვირას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე პირველად ეწვია ნატოს წევრ ქვეყანას - საბერძნეთს, სადაც საქართველო-საბერძნეთის სამხედრო თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე იყო საუბარი. ეს მით უფრო საინტერესოა მას შემდეგ, რაც ნატოს ესპანეთის სამიტზე მიღებულია ცნობილი გადაწყვეტილება - ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შექმნის შესახებ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოა, და საბერძნეთში თქვენი ვიზიტის შემდეგ...

- გენერალ ივაშოვის მეთაურობით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ბევრის თქმა არ შემიძლია. აქ მრავალი საკითხია გადასაწყვეტი. როგორც ვიცი, ზოგიერთი პრობლემის გამო მოიძებნა საერთო ენა და ეს უდავოდ მისასალმებელია. მაგრამ იმდენად სერიოზული პრობლემებია, რომ, ვთქვათ, ბატონ ივაშოვისა და ასეთ დონეზე ამ საკითხების მოგვარება რთული და ძნელია. შეიძლება ამას რამდენიმე წელი დასჭირდეს და მე მინდა ყველას მოვუწოდო: თავი შეიკავონ ზედმეტი ემოციებისა და მწვავე რეაქციებისაგან, რუსეთს ყველა ქვეყანასთან რაღაც პრობლემა აქვს და როგორც მე არაერთხელ მითქვამს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არც შეიძლებოდა ეს პრობლემები არ წამოჭრილიყო: ზოგან ეკონომიკური პრობლემებია, ზოგან - ფინანსური, საზღვრების საკითხი და სხვა მრავალი. ამიტომ უნდა დავეჩვიოთ ყველანი - ჩვენთანაც და რუსეთშიც იმას, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება მოლაპარაკების გზით, სამართლიანობის აღდგენის, სამართლიანობის დამკვიდრების გზით და ერთი პატარა ნაბიჯი ალბათ ამ თვალსაზრისით ბატონ ივაშოვის ჩამოსვლაც იყო. თქვენ იცით, რომ, როცა სასაზღვრო ინციდენტთან გვქონდა საქმე, ასე თუ ისე საბოლოო ანგარიშით მოლაპარაკებისა და გონივრული დამოკიდებულების შედეგად გადაწყდა ეს საკითხი. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ახალგაზრდების დემარშებსაც გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა.

ახლა რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის მინისტრის გახშირებულ ვიზიტებს, და კარგია, რომ ბატონი ნადიბაიძე ხშირად დადის სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში, - მე მივესალმები მის აქტიურობას სხვადასხვა ქვეყანასთან ამ სფეროში ურთიერთობის დასამყარებლად და თანამშრომლობის განსავითარებლად.

საბერძნეთში თავდაცვის მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. იგი მართლაც არ დაბრუნებულა ხელცარიელი, რისთვისაც, ჩემი მხრივ, მადლობას მოვახსენებ საბერძნეთის პრეზიდენტს, მთავრობას, პრემიერ-მინისტრს. არც დავაკონკრეტებ, რას ეხება საქმე, - ვიტყვი მხოლოდ, რომ საბერძნეთმა მნიშვნელოვანი დახმარება აღმოგვიჩინა. ჩვენთვის ახლა ერთი კატარღაც ბევრს ნიშნავს, და ჯარისკაცების ჩასაცმელი ფორმები და მრავალი სხვა.

საქართველოს ეროვნული არმიის მშენებლობა კი კვლავინდებურად სწრაფი ტემპით ვითარდება და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას ჰყავს არმია, რომელსაც რთული სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია.

- ჩვენში საკმაოდ ბევრს მსჯელობენ სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ. ვიცით, რომ 15 იანვრიდან კულტურის სამინისტროს ეგიდით იწყება კონკურსი ახალი სახელმწიფო ჰიმნის შესაქმნელად...

- ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ, უნდა გამოვთქვა აზრი. ეს პრობლემა რამდენჯერმე განვიხილეთ სპეციალური კომისიის სხდომაზე, სადაც ჩვენი საზოგადოების საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მისი გადაწყვეტა გაჭიანურდა. ამ აზრს არ ვეთანხმები.

სიმბოლიკის საკითხი ძალიან რთული პრობლემაა, რომელსაც მრავალი სხვადასხვა ასპექტი აქვს. ამდენად ხელისუფლების წინდახედულება და სიდინჯე სავსებით გამართლებულია. თუმცა არც მეტისმეტი დაყოვნება ეგების.

ფართო დისკუსიას პრესის, საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა, სპეციალისტთა მონაწილეობით ის შედეგი მოჰყვა, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უკვე იზიარებს აზრს: ჰიმნი უნდა შეიცვალოს, თუმცა კონკურსში ეს ჰიმნიც მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ გამოვაცხადებთ კონკურსს, რომელშიც კომპოზიტორებს, სპეციალისტებს, ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება უკვე საგნობრივად იმსჯელონ ახალი ჰიმნის პროექტზე. ვინმეს სუბიექტური აზრი განმსაზღვრელი ვერ იქნება - მთავარია საქართველომ მიიღოს ჰიმნი, რომელიც ეკადრება მის ისტორიას და შესანიშნავ ათასწლოვან მუსიკალურ კულტურას. უნდა შეიქმნას ჰიმნი, რომელსაც იმღერებს ყველა: სკოლის მოსწავლე იქნება თუ პრეზიდენტი, რომელსაც შეასრულებენ, დაუკრავენ, იმღერებენ ოჯახებში, სტადიონებზე და, რა თქმა უნდა, ოფიციალურ ღონისძიებებზეც.

ჰიმნი, დროშა, გერბი - სახელმწიფოებრიობის ისეთი ატრიბუტებია, რომელთა კულტი უნდა შეიქმნას ქვეყანაში. ამას კი სათანადო დონე სჭირდება. შეცდომის უფლება აღარ გვაქვს.

ვიმეორებ: საქართველო უდიდესი მხატვრული (მათ შორის, მუსიკალური) კულტურის ქვეყანაა და სახელმწიფო სიმბოლიკაც ამ კულტურის შესაბამისი და საკადრისი უნდა ჰქონდეს. დამოუკიდებლობის დღესასწაულს საქართველო, ვიმედოვნებ, ახალი ჰიმნით შეეგებება. შესაძლოა უახლოეს მომავალში გამოცხადდეს კონკურსი სახელმწიფო გერბის შესაქმნელად, რომელშიც, რა თქმა უნდა, ამჟამინდელი გერბიც მიიღებს მონაწილეობას.

შედარებით რთულია დროშის საკითხი, ესეც მინდა იცოდეს საზოგადოებამ. ამ პრობლემის გამო, ალბათ, კიდევ მოგვიწევს დავა. სჯობს არ ვიჩქაროთ და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის მისაღები სიმბოლო დავამკვიდროთ.

ახალი, დემოკრატიული საქართველოს სიმბოლიკა ეროვნული თანხმობის მძლავრი ფაქტორი უნდა გახდეს და „დიდი საზოგადოებრივი შეთანხმების“ ტვიფრს ატარებდეს.

და სწორედ ეს მიმაჩნია დროშის, გერბისა და ჰიმნის გამაერთიანებელ კეთილშობილურ მისიად.

- და ბოლო კითხვა: ოთხშაბათს თქვენ მიემგზავრებით ისრაელში, სადაც გადმოგეცემათ ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის პრემია. ფორმულირება ასეთია - მსოფლიოში დემოკრატიის დამკვიდრებაში შეტანილი წვლილისათვის. თუმცა ისრაელში სხვა შეხვედრებიც არის დაგეგმილი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებთან...

- მინდა განვმარტო, რომ, უწინარესად, ეს იქნება ჩემი სამუშაო ვიზიტი ისრაელში. მექნება საშუალება პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ვითათბიროთ ორივე მხარისათვის საინტერესო მრავალ საკითხზე. ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროს. საყურადღებოა, რომ ისრაელი თანდათან ხდება საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი - ყოველწლიურად იზრდება საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის. ამავე დროს, როგორც წეღან მოგახსენეთ, ტრასეკას პროექტი, „დიდი აბრეშუმის გზა“ და ასე შემდეგ, - ამ პროექტის რეალიზაციით ისრაელი გარკვეულწილად არის დაინტერესებული და ამ საკითხებსაც განვიხილავ.

საქართველოში ტრადიციულად ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი თანაცხოვრების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენს. ვფიქრობ, ისრაელის ხელისუფლებაც დაინტერესებულია სათანადოდ აღინიშნოს ეს უნიკალური მოვლენა ორივე სახელმწიფოს ხელშეწყობითა და აქტიური მონაწილეობით.

საქართველოს პრეზიდენტისათვის ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის პრემიის გადმოცემა (ცერემონია, როგორც მოგეხსენებათ, იერუსალიმში გაიმართება) ერთგვარად ჩვენ ხალხებს შორის საუკუნეთა განმავლობაში არსებული კეთილი ურთიერთობის სიმბოლური გამოხატულებაა, და ამდენად, პირადად ჩემთვისაც მეტად საპატიო და სასიხარულოა.

საქინფორმი.

„ჩვენ ევროპული სივრცის ნაწილი ვართ და ეს სივრცე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა უპირობო აღიარების თვალსაზრისით“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 12 იანვრის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 13 იანვარი. - №9 (2709). - 1, 2 გვ.

4 ადამიანის უფლებათა უზენაესობის პრინციპი საქართველოში უკვე რეალობად იქცა

▲ზევით დაბრუნება


მის აღმატებულებას ბატონ კოფი ა. ანანს, გაეროს გენერალურ მდივანს
თბილისი, იანვარი, 1998 წელი

თქვენო აღმატებულებავ,

მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისათვის. მივესალმები რა მასში გამოთქმულ იდეებსა და წინადადებებს, მსურს მივაპყრო თქვენი ყურადღება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის განვითარებას, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების განმტკიცების აუცილებლობას.

ეროვნული დამოუკიდებლობის პირველ წლებში გაჩაღებული სამოქალაქო ომის, კრიმინალური ბანდების თარეშის, პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი სისტემის შექმნის გზაზე.

დღეს ადამიანის უფლებათა უზენაესობის პრინციპი საქართველოში უკვე რეალობად იქცა. საქართველოს კონსტიტუციის მიღების შედეგად შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დემოკრატიული ინსტიტუტები: საკონსტიტუციო სასამართლო, სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) ინსტიტუტი და სხვ. საქართველოში გაუქმდა სიკვდილით დასჯა, რომელიც სამუდამო პატიმრობით შეიცვალა, შეწყალებულია მრავალი მსჯავრდებული. ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლებრივი რეფორმა, იქმნება ყოველი ადამიანის დაცვის სახელმწიფოებრივი სისტემა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საიუბილეო წელთან დაკავშირებით მე გამოვეცი ბრძანებულება „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 50 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებათა შესახებ“, რომლითაც ეთხოვა საქართველოს პარლამენტს 1998 წელი გამოცხადდეს „ადამიანის უფლებათა წილად“. გათვალისწინებულია მთელი წლის განმავლობაში კონფერენციების, სემინარების მოწყობა სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამთავრობო სტრუქტურებში, ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

ამავე დროს თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ისეთ მტკივნეულ საკითხს, როგორიც არის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბედი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მიუხედავად, ეს პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას.

ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა მსოფლიოში კონფლიქტების შედეგად დაზარალებულების - ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებათა დაცვის ქმედითი საერთაშორისო მექანიზმი.

ძნელია ილაპარაკო ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიტიურ მიღწევებზე, როცა ილახება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მშობლიურ მიწაზე დაბრუნებისა და მშვიდობიანად ცხოვრების ძირითადი უფლება. როგორც მოგეხსენებათ, ამ დარღვევების ტრაგიკული მაგალითია საქართველოში, მის ერთ-ერთ რეგიონში - აფხაზეთში შექმნილი ვითარება. მსოფლიომ დაგმო აფხაზეთში შეიარაღებული სეპარატისტების მიერ ძირითადად ქართველი მოსახლეობის მიმართ გატარებული ბარბაროსული დანაშაულის - ეთნიკური წმენდა-გენოციდის პოლიტიკა, რომელსაც მოჰყვა ათასობით ადამიანის, ძირითადად ბავშვების, ქალებისა და მოხუცების ფიზიკური მოსპობა, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის იძულებით განდევნა. ყოველივე ამან რეგიონში დემოგრაფიული სიტუაციის ძალისმიერი შეცვლა გამოიწვია. ყოვლად დაუშვებელია საერთაშორისო თანამეგობრობა შეეგუოს ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას.

მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციისა, დევნილთა მდგომარეობა სავალალო რჩება. აფხაზი სეპარატისტები შეგნებულად ხელს უშლიან მათ შინ დაბრუნებას.

არსებული ვითარების გაუმჯობესებისათვის, ვფიქრობთ, უნდა შეიქმნას ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებისა და მათი უფლებების აღდგენის მექანიზმი, ამასთან, ჩამოყალიბდეს მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნის თავიდან აცილების ქმედითი სისტემა.

საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივი ძალისხმევით უნდა უზრუნველყოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საცხოვრებელ ადგილებში, რათა ყველა დაწმუნდეს, რომ ეთნიკური წმენდის პოლიტიკა უპერსპექტივოა, ხოლო ის პირები, რომლებიც სჩადიან ან აქეზებენ ამგვარი საერთაშორისო დანაშაულის ჩადენას, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის ქმედითი სისტემის შექმნის ხელშეწყობისათვის მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომ 1998 წელი - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ნახევარსაუკუნოვანი იუბილე აღინიშნოს გაეროს ეგიდით ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საგანგებო აქტის მიღებით, რომლის შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა უნივერსალურმა და რეგიონალურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ.

მინდა გთხოვოთ, პირადად თქვენ უხელმძღვანელოთ ამ პროცესს.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ თანამშრომლობის გააქტიურების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საგანგებო აქტის მიღების მხარდაჭერის თხოვნით მე მივმართავ გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერებს.

იმედი მაქვს, დადებითად გამოეხმაურებით და მხარს დაუჭერთ ამ ინიციატივას.

გთხოვთ მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, ჩემი ღრმა პატივისცემის დადასტურება.

ედუარდ შევარდნაძე.

ადამიანის უფლებათა უზენაესობის პრინციპი საქართველოში უკვე რეალობად იქცა : მის აღმატებულებას ბატონ კოფი ა.ანანს, გაეროს გენერალურ მდივანს : თბილისი, იანვარი, 1998 წელი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 17 იანვარი. - №13 (2713). - 1, 3 გვ.

5 დემოკრატია, უშიშროება, თანამშრომლობა

▲ზევით დაბრუნება


ზოგადსაკაცობრიო მასშტაბის ამ ღირებულებათა ურთიერთდამოკიდებულება და პრიორიტეტულობა, დაახლოებისა და ერთობლივი აღმშენებლობისათვის მზადყოფნა გახდა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ისრაელში სამუშაო ვიზიტის უდავო დომინანტი

დაჯილდოების ცერემონია

ვიზიტის ცენტრალური მოვლენა გახდა ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის სპეციალური პრემიით ედუარდ შევარდნაძის დაჯილდოების ცერემონია, რამაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ვიზიტის ატმოსფეროს. დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობდა სასტუმრო „იერუსალიმ ჰილტონის“ ხალხით სავსე საბანკეტო დარბაზში, ისრაელის პოლიტიკური წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, ქნესეტის წევრებმა, მინისტრებმა, მეცნიერების, კულტურისა და განათლების ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა, საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა - უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის მრავლად იყვნენ საქართველოს ყოფილი მოქალაქეებიც, თავიანთ მოვალეობად ჩათვალეს დასწრებოდნენ საზეიმო საღამოს, რომელიც ისრაელის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ამ ქვეყანაში აკრედიტებული ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. 600-მდე სტუმარი ფეხზე წამოდგა და მიესალმა დარბაზში ახალი ლაურეატისა და მისი მეუღლის გამოჩენას.

ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა დოქტორმა არიკ კარმონმა თავის წარდგინებაში მოიყვანა უაღრესად საინტერესო ფაქტები და შეფასებები, რომლებიც მოწმობენ არა მარტო საქართველოს ხელმძღვანელის პიროვნების, მისი მოღვაწეობის ახლებურად წარმოდგენასა და გააზრებას, არამედ იმასაც, თუ რაოდენ კეთილმყოფელი გავლენა მოახდინა მისმა საქმიანობამ გარდაქმნის პერიოდში.

როგორც ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა განაცხადა: ედუარდ შევარდნაძეს პრემია ენიჭება იმ წვლილის გათვალისწინებით, რომელიც მან შეიტანა მსოფლიოში, ცალკეულ ქვეყანაში ან საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპებისა და ინსტიტუტების საფუძვლების განმტკიცებაში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის თავისუფლება, ძალადობის თავიდან აცილება და ტოლერანტობის გაფართოება. ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის სპეციალურ პრემიას ედუარდ შევარდნაძეს გადასცემენ არა მარტო ამჟამინდელი დამსახურებისათვის, არამედ დემოკრატიული ძალებისა და პროცესების კონსოლიდაციაზე მუდმივი ზრუნვის, დემოკრატიული იდეალების პრაქტიკულ სიბრტყეში გადატანის საქმეში შესრულებული მნიშვნელოვანი როლისათვის.

ედუარდ შევარდნაძეს საპატიო ჯილდო გადასცეს არიკ კარმონმა და ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის საპატიო თავმჯდომარემ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ შულცმა.

ბატონ ჯორჯ შულცის პათოსს მოკლებულ, მაგრამ უაღრესად გულწრფელ სიტყვაში სჭარბობდა ღრმა და ყოველმხრივი ანალიზი, დასკვნები, რაც განპირობებული იყო ორი გამოჩენილი პოლიტიკოსის ხანგრძლივი პროფესიული და ადამიანური სიახლოვით. არსებითად, მთელი ამ წლების განმავლობაში, იქნებ პირველადაც, გამოხატა მან ესოდენ სრულად თავისი დამოკიდებულება ადამიანისადმი, რომელთან ერთადაც ეწეოდა მსოფლიოს გარდაქმნისათვის პასუხისმგებლობის მძიმე ჭაპანს. „ედუარდ შევარდნაძეს ოცდაათჯერ და მეტად შევხვედრივარ, სწორედ ჩვენი ურთიერთობის შედეგია ის ნდობა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე პირველად გაუჩნდათ ერთმანეთისადმი ჩვენს ქვეყნებს. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა „ცივი ომისაგან კაცობრიობის გადარჩენაში“, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, რითაც ხელი შეუწყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საერთაშორისო დაძაბულობისა და კონფრონტაციის შენელებას, შემდეგ კი მის აღმოფხვრას, იგი შესაშური სიმტკიცით ამსხვრევდა „დისიდენტთა“ დევნის კონსერვატიულ სისტემას, ყოველდღიურ პოლიტიკურ პრაქტიკაში ამკვიდრებდა თვისებრივად ახალ მიდგომას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის პრობლემისადმი“, - განაცხადა ბატონმა შულცმა.

და ყოველივე ეს, როგორც მან აღნიშნა, კეთდებოდა და კეთდება საიმისოდ, რომ „ჩვენმა შვილიშვილებმა უკეთეს სამყაროში იცხოვრონ“. დაჯილდოების ცერემონიაზე მადლობის სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ძვირფასო ჯორჯ,
ბატონებო

დღეს დაძაბული სამუშაო დღე გვქონდა. შეხვედრები, საუბრები, მოლაპარაკებები - ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენი ასეთი ვიზიტების დროს. რაიმე მოხდა? ერთი კარგი მწერლის სიტყვები რომ მოვიშველიო - არაფერი განსაკუთრებული, „ჩვეულებრივი ცხოვრება მოხდა“. ჩვენ უკეთ გავიცანით ერთმანეთი, გაცილებით მეტად დავუახლოვდით ერთმანეთს. დიდად ვაფასებ, რომ თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დამდეთ პატივი და აქ მობრძანდით. ჩვენი დღევანდელი საუბარი, ისე, როგორც 1995 წელს, იმედთანაა დაკავშირებული. ღრმად მწამს, რომ ურთიერთგაგება, რომლის ატმოსფეროში მაშინ ისახებოდა, ხოლო ახლა გრძელდება ჩვენი დიალოგი, ხელს უწყობს სამართლიან მშვიდობის დამკვიდრებას ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში. მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის შედგა ძალიან სერიოზული საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი განვითარების საკითხებზე და თანამედროვეობის პრობლემებზე.

ახლო აღმოსავლეთი ყოველთვის იყო მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. აქეთკენ დღეს კვლავაა მომართული პლანეტის მრავალი სახელმწიფოს მზერა.

მჯერა, უძველესი ცივილიზაციის კერებში სამუდამო მშვიდობა და ხალხთა შორის თანხმობა დაისადგურებს.

ტოტალიტარული რეჟიმების ნგრევის შემდეგ სისხლიან კონფლიქტებს ვერ ასცდა კავკასიაც. თავისი მნიშვნელობით, უძველესი ისტორიითა და ბუნებრივი სიმდიდრეებით, გეოსტრატეგიული მდებარეობით კავკასია ერთა თანამეგობრობის ზრუნვის საგანია, ხოლო საქართველო აღორძინებული „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება.

მოვიდა დრო, როცა ახლო აღმოსავლეთიცა და კავკასიაც უნიკალურ წვლილს შეიტანენ მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. ამის გარანტია იქნება მშვიდობა და სტაბილურობა, ასე რომ სწყურიათ ჩვენ ხალხებს.

ახლა კი, რამდენიმე სიტყვა ძალიან პირადულზე. პრემია, რომლიც აქ მომენიჭა - უაღრესად ძვირფასია ჩემთვის. იმისათ53

ვის, რომ აგიხსნათ, რატომ - უნდა გიამბოთ ზოგი რამ საკუთარ თავზე.

ნება მიბოძეთ, ამჯერად ერთგვარი კადნიერება გამოვიჩინო, ვინაიდან იმას, რასაც ახლა ვიტყვი, - სხვა ვერავინ გეტყვით.

მე ზოგჯერ ფილმ „მონანიების“ პოლიტიკურ თანაავტორს მიწოდებენ. მოგეხსენებათ, ეს ფილმი გარდაქმნის სიმბოლოდ იქცა. ასევე შეიძლება ჩავითვალო ფილმ „პასპორტის“ თანაავტორად, ვინაიდან ასევე შევუწყვე ხელი მის გასვლას ეკრანზე.

საქმე ის გახლავთ, რომ მაშინდელი კინოჩინოვნიკების აზრით, ამ კომედიურ ფილმს, სსრ კავშირიდან ისრაელში ემიგრაციის გზაზე არსებული დაბრკოლებების შესახებ, შეეძლო აფეთქება გამოეწვია ახლო აღმოსავლეთში.

მოითხოვეს სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზა.

მე წავიკითხე სცენარი და განვაცხადე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ ჩაერევა კინოწარმოებაში.

მაგრამ, ფილმმა მართლაც გამოიწვია აფეთქება - ეს იყო ხარხარის აფეთქება. მეც ბევრი ვიცინე, როდესაც ვკითხულობდი ორი ერთი მამის შვილი ძმის, ქართველისა და ებრაელის თავგადასავალს; ერთს სურს, ემიგრანტად წავიდეს ისრაელში, მეორე - არ ურჩევს, მაგრამ საბოლოოდ თვითონ ამოყოფს თავს თელ-ავივში.

გამოგიტყდებით, ეს იყო ცრემლნარევი სიცილი. მე სულ არ მეცინებოდა 60-იან წლებში, როდესაც საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდით და მიხდებოდა მუშაობა ებრაელთა ისრაელში წასვლის საქმეებზე. ეს ხდებოდა სსრ კავშირში იმ დროს, როდესაც „ემიგრანტის“ ცნება „მტრის“ სინონიმი იყო, როდესაც წასვლის მსურველთა მიმართ უბრალო თანაგრძნობასაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელშეწყობაზე, შეიძლებოდა, დიდი უსიამოვნება მოჰყოლოდა.

მე მოვიკრიბე მთელი გამბედაობა და საჯაროდ განვაცხადე, რომ ეს არ არის სწორი, რომ ემიგრანტი მტერი არ არის...

მე ვფიქრობ, ჩემი პირადი „შინდლერის სია“ საკმაოდ ვრცელია - იმ წლებში ალია საქართველოდან ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი იყო.

ჯორჯ, შენ, რა თქმა უნდა, გეხსომება, როგორ გამაცანი ჩვენი ისრაელელი კოლეგა არენსი. ეს მოხდა პარიზში, 1989 წლის იანვარში, ჟენევის 1925 წლის ოქმის ხელმომწერი ქვეყნების კონფერენციაზე. შენ ის ელისეს სასახლეში მოიყვანე ჩემთან და მითხარი: „გაიცანი, ეს ჩემი საუკეთესო მეგობარია, მიშა რიგიდან. ამ კაცს შეგიძლია ენდო და გჯეროდეს მისი“. მოგვიანებით, იმავე წლის თებერვალში, ჩვენ ქაიროში შევხვდით ერთმანეთს. იმხანად, საბჭოთა კავშირსა და ისრაელს შორის დიალოგი იმდენად არაორდინალურ მოვლენად ჩანდა, რომ პრესამ ამ შეხვედრას სენსაციური უწოდა. მე ვცდილობდი დამემყარებინა ორმხრივი პალესტინა-ისრაელის კონტაქტები და როდესაც რეგიონის ზოგიერთი ლიდერი ამბობდა - ეს არასდროს არ მოხდებაო - გულში ვფიქრობდი: „რაც შეეხება „არასდროს“, მაგასაც ვნახავთ“. ბატონ არენსთანაც საკმაოდ მწვავე დისკუსია მქონდა ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარების საკითხებზე, მაგრამ დამშვიდობებისას მან მითხრა: „ოდესმე ჩვენ აუცილებლად დავმეგობრდებითო“.

რა თქმა უნდა, იგი საბჭოთა კავშირსა და ისრაელს გულისხმობდა, მაგრამ ჩემი სახით მის ხალხს უკვე ჰყავდა მეგობარი.

ებრაელების მიმართ კეთილი გრძნობები გამიჩნდა ჯერ კიდევ სიყმაწვილის ჟამს, როდესაც ქუთაისში ვმუშაობდი და ახლოს გავეცანი ებრაელთა თემის ცხოვრებას. შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში დავუახლოვდი საქართველოს ებრაული ინტელიგენციის შესანიშნავ წარმომადგენლებს, ფეთხაინის უბნის მკვიდრთ, რომელსაც თბილისში ქართულ იერუსალიმს ეძახდნენ. როგორც ისტორიკოსმა და ქართველმა, მე ვიცოდი, რომ ქართული ებრაელობის შორეული წინაპრები ჩემს ქვეყანაში დასახლდნენ უხსოვარი დროიდან, ტაძრის პირველი დანგრევის შემდეგ.

ეს ჩემი მესამე ჩამოსვლაა თქვენს ქვეყანაში. პირველად - ეს იყო 1995 წლის ზაფხულში - აქ ყოფნისას შევიტყვე მეგობრის დაღუპვის ამბავი, რომელიც დაქირავებულ მკვლელთა მსხვერპლი გამხდარიყო, მეორედ იმავე წლის შემოდგომაზე - მე აქ ჩამოვედი დაუვიწყარი რაბინის დაკრძალვაზე. ჩემს წინააღმდეგ მოწყობილი ტერორისტული აქტის კოშმარის შემდეგ. როდესაც ასეთ მოვლენებს ჯაჭვური რეაქციის ხასიათი ენიჭება, როდესაც ტერაქტების ჯაჭვით ცდილობენ მოაშთონ ხალხები და ქვეყნები - ჩნდება ბუნებრივი სურვილი, გაგლიჯო ეს ჯაჭვი. მერე კი, უფიქრდები იმ ნათელ წყაროს, რომელსაც ძალუძს გაფანტოს სასოწარკვეთილების წყვდიადი.

ჩვენ საერთო გოდების კედელი გვაქვს. მაგრამ, როდესაც მის წინაშე ვიდრეკთ მუხლს და უარვყოფთ მტრობისა და შუღლის გალავნებს, ჩვენ მოვალენი ვართ ამოვიყვანოთ ხსოვნისა და ერთიანობის კედელი.

ახლა, ისრაელში მესამედ ყოფნისას, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვაცხადო: ამ ახალ, 1998 წელს საქართველო ზეიმით აღნიშნავს თავის მიწაწყალზე ისრაელთა დამკვიდრების 26-საუკუნოვან წლისთავს. ჩვენს საერთო მიწა-წყალზე 26 ასწლეულია, მშვიდობიანად, მეგობრულად და თანხმობით, ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით, ერთურთის ენების, რელიგიებისა და კულტურების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით ცხოვრობენ ქართველები და ებრაელები. ჭირსა და ლხინში, სიხარულის თუ განსაცდელის ჟამს - ერთად არიან და ასე მოდის ორი ათას ექვსასი წელიწადია.

ვისურვებდი, ამ ისტორიას განეკურნოს თანამედროვეობა.

შეიძლება მითხრათ, რომ ეს შეუძლებელია. მე კი გიპასუხებთ, რომ სწორედ შეუძლებელს უნდა შეეჭიდო, რათა მიიღო სასურველი, შესაძლო შედეგი. ისე, როგორც ეს ქნეს ისრაელელებმა - საიქიოდან სააქაოს აღადგინეს თავიანთი ეროვნული სახელმწიფო, ათასწლეულების მანძილზე ნალოლიავები ოცნებით განმსჭვალულნი 50 წლის მანძილზე აშენებდნენ მას ეპოქისა და ადგილის დრამატულ ვითარებაში. გამოვდივარ რა აქ, ამ ახალი ისრაელის სახელმწიფოს ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს წელს, მინდა ვთქვა, რომ ეს არის შთამაგონებელი მაგალითი ჩვენთვის, ვინც მშობელ ქვეყანას ვაღორძინებთ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის საძირკველზე, დემოკრატიის, ტოლერანტობისა და თავისუფლების საწყისების საფუძველზე.

და, ბოლოს, - ორიოდე სიტყვა ფილმზე, რომელიც დასაწყისში ვახსენე. მისი გმირი აღთქმულ ქვეყანაში სხვისი პასპორტით ჩამოვიდა. ჩემი პასპორტი მე თან მაქვს და აქ ჩამოვედი საკუთარი ნებით. ამ ნებას შთამინერგავდა, უწინარეს ყოვლისა, მისწრაფება, შეძლებისდაგვარად ახალი წვლილი შევმატო ჩვენი ხალხების მეგობრობის განმტკიცებას, ერთურთის მხარდაჭერის სულისკვეთების გაძლიერებას, შთამინერგავდა სურვილს, მიმენიჭებინა კიდევ უფრო სოლიდური დინამიკა საქართველო-ისრაელის ურთიერთობისათვის, კვლავ მომედრიკა მუხლი ყოველი ჩვენგანის გულისთვის უძვირფასესი წმინდათა-წმინდა ადგილების, მეგობარ-ამხანაგების ხსოვნის წინაშე, აქ, სამი მსოფლიო რელიგიის სათავეებთან, ყველაფერი იმისკენ მიბიძგებს, რომ ვთქვა ეთნოსების ისტორიულ შერიგებაზე. აქ, სადაც ორი ათასი წლის უკან იესო ნაზარეველმა დაიწყო თავისი ამქვეყნიური გზა, ყველაფერი იმას ღაღადებს, რომ ბოლო უნდა მოეღოს ხალხების გაკვრას მტრობის, აგრესიისა და ძალადობის ჯვარზე. აქ, ჯვრის მონასტერში განისვენებს გენიალური რუსთაველის ნეშტი, რომელმაც ჰუმანიზმის დიდი იდეალები გვიანდერძა. აქ, თქვენს შორის, მე ვხედავ ბევრ ნაცნობ სახეს ჩემი წარსულიდან. მაგრამ, მე არ მინდა, რომ ჩვენ მხოლოდ წარსულის ხსოვნის ამარა ვიყოთ, სიძველის მცველებად გამოვდიოდეთ. გაცილებით უკეთესი ხვედრი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორც მეზობლებმა და ძმებმა - ეს ის არის, რომ ერთად ვაშენოთ მშვიდობა და ხალხთა ერთიანობა, რა დაბრკოლებებიც უნდა ეღობებოდეთ დღეს მათ ამ გზაზე.

გეპატიჟებით ყველას საქართველოში „26 საუკუნის დღესასწაულზე“ - აი, კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ვარ აქ. მეორე დიდმნიშვნელოვანი მოტივია იმ პრემიის გადმოცემა, რომელიც ძალზე ძვირფასია ჩემთვის, და უკვე, მგონი გითხარით - რატომაც.

და, ბოლოს, მინდოდა კვლავ მომენახულებინა ადამიანები, რომლებიც ასე მიყვარს და რომლებსაც ასე ვაფასებ. იმედია, ძვირფასო ჯორჯ, შენ გესმის, რომ ამას უპირველეს ყოვლისა შენზე ვამბობ. შენ ახალი ისტორიის ერთ-ერთი გმირი ხარ. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ სწორედ შენ, ჩემო მეგობარო, შენი წინასწარხედვით, გაწონასწორებულობით, ცხოვრებისეული სიბრძნით და კონტაქტების დამყარების საოცარი უნარით „ცივი ომის“ დამთავრების სათავეებთან იდექი.

ჩემთვის ეს განსაკუთრებული ჯილდოა, რადგანაც მისი პირველი კავალერი შენ ხარ და ფრიად საპატიო წოდებას შენი ხელიდან ვიღებ ამ წმინდა და კურთხეულ მიწაზე.

ბედნიერი ვარ, რომ უზენაესის ნებით, მეც და შენც წვლილი შევიტანეთ იმ ისტორიულ მონაპოვარში, რომელმაც ჩვენი პლანეტა უფრო უკეთესი გახადა, ვიდრე ის ადრე იყო.

და ისიც, რასაც მე შენ გეუბნები, ნათქვამია ამ მიწის, ამ ცისქვეშეთის ყველა ბინადარის მისამართით: იდღეგრძელეთ მშვიდობითა და ურთიერთგაგებით, შალომ თქვენ ყველას, ჩემო ძვირფასებო!

ცერემონიაზე გამოვიდა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია დღეს იყოს იმ პიროვნებებთან და პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად, ვინც თავიანთი მოღვაწეობით შეცვალეს მსოფლიოს განვითარების მიმართულება.

მან ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობა შეაფასა როგორც უაღრესად კეთილშობილური და ღრმად პატიოსანი.

- სწორედ ამ პრინციპებისადმი თქვენი ერთგულების გამო, - მიმართა მან პრეზიდენტ შევარდნაძეს, - თქვენ შეცვალეთ ყოფილი სსრ კავშირის ხალხების აზროვნება და მსოფლმხედველობა დოგმატური იდეოლოგიიდან თავისუფლების იდეოლოგიამდე, ადამიანის უფლებათა უეჭველ აღიარებამდე.

- ის, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ და ვმონაწილეობთ დემოკრატიის ასეთ აღიარებაში, - ხაზი გაუსვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, - ნიშნავს მსოფლიოს დემოკრატიის უეჭველ წარმატებას, ფანატიზმისა და დიქტატისაგან, ქაოსისა და ომისგან თავის დაღწევას. ამ საუკუნეში ჩვენ განვიცადეთ ყველა ეს საშინელება და მათკენ დაბრუნება გამორიცხული უნდა იყოს.

შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყურადღება გაამახვილა აგრესიული, მილიტარისტული მისწრაფებების მქონე დიქტატორული რეჟიმების უპერსპექტიულობაზე მიუხედავად უძლეველობის იმ ილუზიებისა, რომელთაც ეს რეჟიმები ჯერ კიდევ უქმნიან თავიანთ ხალხებს და დაასკვნა, რომ მას სჯერა მომავლისა, დემოკრატიის გამარჯვების, რადგან ქვეყნად არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ უნარი განსჭვრიტონ მომავალი ისე, როგორც ეს ხელეწიფება ედუარდ შევარდნაძეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ შევარდნაძეს წინასწარ მიულოცა იუბილე და ებრაული ტრადიციისამებრ მას 120 წლის სიცოცხლე უსურვა. დარწმუნებული ვარ, თქვა მან, მომავალი 50 წელი ისევე ნაყოფიერი იქნება, როგორც განვლილი სამოცდაათი.

ორატორთა გამოსვლები მოგონებებით შეავსო ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იცხაკ შამირმა, რომელმაც გაიხსენა 80-იანი წლების საერთაშორისო პოლიტიკური ცხოვრების საინტერესო მოვლენები.

- ძალზე ამაღელვა თქვენმა თავაზიანობამ, - კვლავ მიმართა დამსწრეთ ედუარდ შევარდნაძემ, - მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იზიარებს აქ გამოთქმულ აზრებს და ასეთ დიდ შეფასებას აძლევს ჩემს მოკრძალებულ წვლილს იმ პროცესებში, რომლებმაც ეს პლანეტა თუნდაც ნაწილობრივ მაინც შეცვალეს...

ნოდარ ბროლაძე,
იური გილდმანი,
საქინფორმის სპეც. კორ.
იერუსალიმი - თბილისი.

დემოკრატია, უშიშროება, თანამშრომლობა : დაჯილდოების ცერემონია // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 17 იანვარი. - №13 (2713). - 1, 2 გვ.

6 „საქართველო იყო და არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მომხრე“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
19 იანვრის რადიოინტერვიუ

- ინტერვიუ დავიწყოთ გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენით - ისრაელში თქვენი სამუშაო ვიზიტით. გვახსოვს, რომ ჯერ თქვენ ათენში გადმოგეცათ ონასისის სახელობის პრემია, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში - ნიქსონის პრემია და, ამჯერად, იერუსალიმში - ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის პრემია დემოკრატიის დამკვიდრებისათვის. როგორც ინსტიტუტის დირექტორმა წარდგენისას განაცხადა, პრემია ენიჭება ედუარდ შევარდნაძეს - საქართველოს პრეზიდენტს მსოფლიოში დემოკრატიისა და ახალი აზროვნების დამკვიდრებისათვის, ცივი ომის დასრულებისა და წინაპართა მიწაზე ასიათასობით ებრაელის დაბრუნებაში შეტანილი წვლილისათვის. ამ უკანასკნელს განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მთელი ამ ვიზიტის განმავლობაში. თქვენ საპასუხო სიტყვაში ასეთი ფრაზაც წარმოთქვით, რომ თქვენ საკუთარი შინდლერის სია გქონდათ. თუმცა გარდა ამ საზეიმო მიზნისა, სამუშაო ვიზიტს სხვა საქმიანი დატვირთვაც ჰქონდა. ისრაელი დაინტერესდა ცალკეული ეკონომიკური პროექტებით, მათ შორის, ენერგიაშემცველებთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები, ამ თვალსაზრისით ეს ისრაელის პირველი დაინტერესებაა საქართველოს მიმართ... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- მინდა დღევანდელი დღე - ნათლისღება მოგილოცოთ და გისურვოთ დიდი სიხარული და ბედნიერება.

ახლა რაც შეეხება საქმიან ნაწილს: საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობას მე ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ სფეროებში, მეცნიერებაში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, ვინაიდან ქართველი და ებრაელი ხალხების გულწრფელი მეგობრობისა და ურთიერთსიმპათიის ათასწლოვან ტრადიციას ეფუძნება ყოველივე ეს. ისრაელში ვიზიტი, როგორც მოსალოდნელი იყო, უაღრესად დატვირთული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. წუხელ სატელევიზიო პროგრამაში თქვენ ძალიან საინტერესოდ და კარგად ილაპარაკეთ, მაგრამ მე მაინც გავუსვამ ხაზს ზოგიერთ მომენტს. ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც სწორედ ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივას ასახავს, მართალია, ზოგადად, მაგრამ მაინც პერსპექტივას განსაზღვრავს.

პრემიერ-მინისტრთან, კაბინეტის სხვა წევრებთან, პრეზიდენტთან შეხვედრისას ვისაუბრეთ რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტის შესახებ, რომელთა დამუშავება უკვე მთავრდება. საქმე ეხება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, მანგანუმის მოპოვებას, ლითონდასამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, უფრო სწორად, დასამუშავებელი ქარხნების გამოყენებას, წყლის რესურსების რეალიზაციას - ჩამოსხმას, გატანას და ასე შემდეგ. ლაპარაკია პროექტებზე და არა საბოლოო შეთანხმებებზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ შორს არ უნდა ვიყოთ ამ შეთანხმებებისაგან. ყველა ამ პროექტისა და მათი მასშტაბურობის აღსაქმელად საკმარისია ითქვას, რომ ისრაელის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ნათან შარანსკის გაანგარიშებით, რომელსაც ქართველი სპეციალისტები ეთანხმებიან, საქართველოში მანგანუმის მარაგი შეფასებულია სამ მილიარდ დოლარად. ზოგს შეიძლება ეს ციფრი ფანტასტიკურად მოეჩვენოს, მაგრამ აქ ლაპარაკია წიაღისეულის მთელ მოცულობაზე, თუმცა ამ სიმდიდრეს, რა თქმა უნდა, ათვისება და გადამუშავება სჭირდება, რაშიც ჩვენი კოლეგები აქტიურად დაგვეხმარებიან, განსაკუთრებით კი მსოფლიო ბაზარზე გატანაში. მსოფლიო ბაზარზე გასვლა ძალიან ჭირს. ეს მოახერხა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ მაშინ, როცა მანგანუმის გარკვეული სიმჭიდროვე და სიჭარბეა მსოფლიო ბაზარზე. ამიტომაც ეს ავტორიტეტული კოლეგები ძალიან გვჭირდება ბაზარზე დამკვიდრებისათვის, რათა ჭიათურის მანგანუმი გამოვიყენოთ და ამით გადავარჩინოთ მაღაროები.

ისრაელი ინტერესს იჩენს, აგრეთვე, კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების, საერთოდ, ევრაზიის დერეფნის ფუნქციონირების საკითხებისადმი. ისრაელის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან საუბრისას შევთანხმდით, რომ ეს ორივე მხარისათვის საინტერესო თემაა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როგორც ისრაელისათვის, ასევე ჩვენთვის, და მას კვლავაც არაერთგზის დავუბრუნდებით შემდგომი თანამშრომლობის პროცესში. საქართველოსა და ისრაელის თანამშრომლობა, შეიძლება, გადაიქცეს ხიდად კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. თქვენ მოგეხსენებათ, ეს ფრაზა გამოვიყენე იქ ჩემს გამოსვლებში და ეს მართლაც ასეა.

ისრაელის პრეზიდენტმა ბატონმა ვაიცმანმა და პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ნეთანიაჰუმ დიდი კმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ზეიმით აღინიშნება ებრაული დიასპორის, მე ასე ვამბობ ხოლმე - ქართველ და ებრაელ ხალხთა საქართველოში თანაცხოვრების 26-საუკუნოვანი იუბილე. ეს არის ათვლილი ტაძრის პირველი ნგრევიდან. მათივე თქმით, ეს იქნება უნიკალური მოვლენა, რომელიც მთელი მსოფლიოს ებრაელობაში პოვებს გამოძახილს.

- დაჯილდოების ცერემონიაზე შამირმა და ინტერვიუში შარანსკიმ აღნიშნეს, რომ საქართველოდან წამოსული ებრაელები იყვნენ ის ებრაელები, რომელთაც თავიანთი მეორე სამშობლოს მიმართ არ ჰქონდათ ცუდი გრძნობები, სიძულვილით კი არ იხსენებენ იმ ქვეყანას, სადაც ცხოვრობდნენ, არამედ გულთბილი გრძნობები აკავშირებთ მასთან. ეს მართლაც უნიკალური ურთიერთობაა...

- მეც მივაქციე ყურადღება, ორივემ მართლაც ასე აღნიშნეს და განსაკუთრებით შარანსკი უსვამდა ხაზს ამას, რადგან იგი ემიგრირებული ებრაელების პარტიას წარმოადგენს, მან შექმნა ეს პარტია და შესანიშნავად იცის ყველა ჯგუფის განწყობილება. ჩვენი ებრაელობა, მე ასე ვიტყოდი, მართლაც გამორჩეულია იმ მიწისადმი სიყვარულითა და სითბოთი, სადაც დაიბადნენ და სადაც მათი მამა-პაპათა საფლავებია.

მოგეხსენებათ, მე მოვიწვიე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამ ზეიმზე, 26-საუკუნოვან იუბილეზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საერთო ეროვნულ ჟღერადობასა და მნიშვნელობას ანიჭებს. იმედი მაქვს, კვლავ გვეწვევა ასობით ჩვენი თანამემამულე (რა თქმა უნდა, მაქვს იმედი, რომ ისინი სულიერი თვალსაზრისით კვლავაც ჩვენს თანამემამულეებად რჩებიან), რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, გაიზარდნენ, იშრომეს და თავადაც ბევრი რამ შემატეს ქვეყანას, რომელმაც მათთვის სითბო და სიყვარული არ დაიშურა.

რა თქმა უნდა, ჩემთვის სასიხარულო და საპატიო იყო ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის ჯილდო. ვამაყობ, რომ ისევე როგორც ჯორჯ შულცი, ჩემი მეგობარი და პარტნიორი, ამ პრემიის ლაურეატი გავხდი.

ეს პატივი მხოლოდ ნოსტალგიურ გრძნობებს როდი აღმიძრავს. იგი გარკვეულ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს იმ საქმის გასაგრძელებლად, რომლის ერთგული ვიყავი, ვარ და დავრჩები ბოლომდე.

- მიუხედავად დაძაბული ვიზიტისა (დელეგაცია დილის 6 საათზე დაბრუნდა თბილისში), რამდენიმე საათის შემდეგ თქვენ ვაგონშემკეთებელი და ელმავალსაშენებელი ქარხნები მოინახულეთ და შეხვდით რკინიგზელებს. პრინციპში, ეს ის საწარმოებია, რომლებიც თავის დროზე (ეკონომიკაში ასეთი სიტყვა იყო მიღებული) ფლაგმანები იყვნენ...

- რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ძმობის, მეგობრობის, თანამშრომლობის ტრადიციებზე (და ეს მართლაც ასეა და უნდა გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ), თანამედროვე მსოფლიოს თვისებაა, რომ, თუ ეკონომიკურად თავადაც ძლიერი ვიქნებით, თუ მხოლოდ დახმარებას არ მოვითხოვთ და თანასწორუფლებიან პარტნიორობას შევთავაზებთ მეგობრებს, მეგობარ ქვეყნებს, მაშინ კიდევ უფრო მეტად დაგვაფასებენ და უფრო მეტადაც შეეცდებიან კონტაქტების დამყარებას სხვადასხვა სფეროში. ეს ორი საწარმო, თქვენ რომ ახსენეთ, თავიანთი პოტენციალით იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში შეასრულებდა სერიოზული ეკონომიკური ფაქტორის როლს. მით უმეტეს, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქარხნების სრული სიმძლავრით ამოქმედებას საქართველოში.

სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ამ ორ კოლექტივთან მე განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. მაშინ, მართალია, სხვა ხასიათისა - რაღაც წრეები, პოლიტწრეები ელმავალმშენებელსა და ვაგონშემკეთებელში, ყოველ კვირა მათთან ვიყავი და გულით გავიხარე, რომ შევხვდი ბევრ ჩემს მეგობარს, მუშას, ინჟინერს, სხვა სპეციალისტებს, რომლებიც ახლა უკვე გამოცოცხლებულან და თვალებიც სხვაგვარად უბრწყინავთ.

მინდა ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღვნიშნო: დრომ დაადასტურა იმ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ მივიღე. ეს სამრეწველო სიმძლავრეები ჩავრთეთ თვით რკინიგზის სამსახურის სისტემაში, რამაც შესანიშნავი შედეგი მოგვცა. მთლიანად რკინიგზაზე ვითარების განუხრელი გაუმჯობესება უკვე ყველასათვის ნათელია: სისტემატურად იზრდება ტვირთზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებლები. შარშან რკინიგზით ტვირთზიდვის მოცულობა წინა წელთან შედარებით თითქმის 1,5-ჯერ, ხოლო ტვირთბრუნვა 1,7-ჯერ გაიზარდა. მგზავრთა გადაყვანის მოცულობის ზრდასთან ერთად გაუმჯობესდა მათი მომსახურების კულტურა. სულ ცოტა ხნის წინათ ზარალიანმა სისტემამ შარშან ბიუჯეტს თითქმის 13 მილიონი ლარი შესძინა. წელს ტვირთბრუნვა, მინიმალური გაანგარიშებით, 27 პროცენტით უნდა გაიზარდოს. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება კიდეც გაორკეცდეს, რადგან „შევრონის“ ნავთობის გადატანა 4-5 მილიონ ტონამდე გაიზრდება და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს, ასევე გაიზრდება მგზავრების გადაყვანა. მისასალმებელია, რომ აღდგა მიმოსვლა თბილის-მოსკოვის, თბილის-კიევის, თბილის-ერევნის, თბილის-ბაქოს მიმართულებით და ასე შემდეგ. ამას გარდა, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო (მინდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა), რომ დღეს საქართველოს რკინიგზაზე მუშაობს 25 ათასი კაცი და მათი ხელფასები საკმაოდ მაღალია. ასევე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე 2-3 წლის წინათ შევხვდი ამ კოლექტივს და ვადარებდი მაშინდელ და ახლანდელ შეხვედრებს. მაშინ, როგორც იტყვიან, ჩაჟამებულ დარბაზში არანაკლებ ჩაჟამებული სახის ადამიანები ისხდნენ, ახლა კი ყველაფერი ბრწყინავს, ადამიანებიც სხვაგვარად გამოიყურებიან. აქვთ იმის რწმენა და იმედი (და ეს ყველაფერი მათს გამოხედვაში იგრძნობა), რომ საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი საკვანძო წარმოება იქნება დიდი აბრეშუმის გზაზე.

რკინიგზის სტაბილურმა მუშაობამ განაპირობა ელმავალმშენებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნების მუშაობის გამოცოცხლება. ორივე ქარხანაში აღინიშნება პროდუქციის მოცულობის ზრდა, შენარჩუნებულია მაღალკვალიფიციური შრომითი კოლექტივი, ჩვენი პირობებისათვის საკმაოდ მაღალია შრომის ანაზღაურება.

რაც მთავარია, ორივე ქარხანას აქვს შემდგომი აღმავლობის და ევრაზიის დერეფნის ინფრასტრუქტურის შექმნაში აქტიური ჩართვის რეალური და კარგი პერსპექტივა. ელმავალმშენებელს, ელმავლების კაპიტალური რემონტისა და მოდერნიზაციის გარდა, შესაძლებლობა აქვს გამოუშვას ყარს-ახალქალაქის გზისათვის მაგისტრალური ელმავლები. უნდა გითხრათ (უკვე შეიძლება გამოვაცხადოთ), რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს (იგი მარტის პირველ დეკადაში გაიმართება), სწორედ ყარს-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა იქნება. ამ რკინიგზას დიდი მომავალი აქვს და, ბუნებრივია, ეს ძალიან დიდ დაკვეთებს მოუტანს როგორც ერთ, ისე მეორე ქარხანასაც.

სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებაში ვაგონშემკეთებელი ქარხნის მნიშვნელობასა და როლს კი ის განაპირობებს, რომ ამ პროფილის საწარმო ერთადერთია ამიერკავკასიაში. მას საქართველოს რკინიგზის გარდა, უკვე მნიშვნელოვანი კონტრაქტები აქვს გაფორმებული აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის რკინიგზასთან, ასევე ორივე ქარხანას რუსეთის რკინიგზასთან და ასე შემდეგ. ელმავალმშენებელ ქარხანაში ახლა 1500 კაცი მუშაობს, წლის ბოლომდე კიდევ 600-700 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ვაგონშემკეთებელი ქარხანა წელს დამატებით 500-600 კაცს მიიღებს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია და, როგორც იტყვიან, ფეხდაფეხ უნდა მოვიაროთ ყველა საწარმო და ვეძებოთ რეზერვები ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ხოლო, სადაც შესაძლებელია, ძველის აღსადგენად.

განვლილ კვირაში მნიშვნელოვანი საინტერესო წინადადებანი განვიხილეთ. მაგალითად, ცნობილი ამერიკული კომპანიის „არკოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განვიხილეთ კომპანიის საინვესტიციო წინადადება შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვების შესახებ. ეს კომპანია უკვე მუშაობს რუმინეთის მიმდებარე წყლების აკვატორიაში, მუშაობს თურქეთის საზღვრებთან და ახლა ჩვენთან შემოვიდა. ამ საქმეში საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს შელფური ენერგორესურსების ათვისებას. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას სამომავლოდ განზრახული აქვს ახალი წინადადება შემოგვთავაზოს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკისა და ნავთობსადენების დაფინანსებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანია იმუშავებს ბათუმისა და ფოთის მიმდებარე წყლებში, ხოლო, რაც შეეხება აფხაზეთს, ისინი მზად არიან დაიწყონ მუშაობა აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარებისთანავე. წინასწარი მონაცემები ისეთია, რომ აფხაზეთის მიმდებარე სანაპირო წყლებიც ძალიან მდიდარია ნავთობითა და გაზით. ასე რომ, კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ეს დიდი კომპანია ამ წყლებშიც შევა.

მნიშვნელოვანი იყო იუნესკოს ეგიდით თბილისში გამართული მდგრადი განვითარების, ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენების პერსპექტივისადმი მიძღვნილი უმაღლესი დონის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის, ამერიკის, აზიის, აფრიკის სახელმწიფოთა მეცნიერები და სპეციალისტები, მთავრობათა და კერძო სტრუქტურათა წარმომადგენლები. ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი კონფერენცია ყოველწლიურად ან 2 წელიწადში ერთხელ მაინც გაიმართება და შევაჯამებთ გაწეული მუშაობის შედეგებს. დღეს ნებისმიერი ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება წარმოუდგენელია ენერგეტიკული პრობლემების კომპლექსური, სწორედ კომპლექსური გადაწყვეტის გარეშე. ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების, განვითარების პრიორიტეტულობას ბევრი მათგანისათვის მრავალი ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტი განაპირობებს, როგორიც არის ეკოლოგიური სისუფთავე, წიაღისეული საწვავის მარაგთა სიმცირე, ენერგოშემცველების დეფიციტი და მისი იმპორტის შემცირებით დაინტერესება და სხვა. საქართველოსათვის ყველა ეს პრობლემა დღეს ძალზე აქტუალურია. მინდა ისიც დავძინო, რომ ახლა მსოფლიოში იწყება მოძრაობა, კერძოდ, იაპონელებისა და ამერიკელების ინიციატივით, რომელსაც სხვა განვითარებული ქვეყნებიც შეუერთდნენ, იმისათვის, რომ შემცირდეს ნახშიროჟანგის გაზის გამოყოფა, იმდენად მძიმე სიტუაციაა შექმნილი გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ამასთანავე, ჩვენ ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა ვართ მზის, ქარის, ბიომასის, გეოთერმული წყლებისა და სხვა რესურსებით. მე აღარაფერს ვამბობ ჰიდრორესურსებზე, რომლებიც, მართლაც ამოუწურავია. გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო და საინჟინრო ინტელექტუალური პოტენციალი და ამ სფეროში საქმიანობის გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება. ამდენად, ცხადი და ბუნებრივია ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების თუნდაც ურთულესი ტექნოლოგიის ათვისებისაკენ ჩვენი განსაკუთრებული სწრაფვა. და როგორც მე ვთქვი ამ კონფერენციაზე, საქართველო შეიძლება ერთ-ერთ ლაბორატორიად თუ პოლიგონად იქცეს.

რამდენიმე სიტყვა საბიუჯეტო ვალდებულებათა შესრულების შესახებ:

საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, 1-16 იანვრის პერიოდში მის მიერ აკრეფილია 8 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, ანუ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5 მილიონი ლარით მეტი. მაგრამ მე არ მინდა, ამით თავი დაიმშვიდონ ამ დარგის მუშაკებმა, რადგან შარშანდელი იანვარ-თებერვალი და ნაწილობრივ მარტიც უმძიმესი იყო და ამან მთელი წლის განმავლობაში მძიმე დაღი დაგვასვა. საგადასახადო ინსპექციის შეფასებით, იანვრის განვლილ პერიოდში სამუშაო დღეების რაოდენობის გათვალისწინებით, აღებული ტემპი საკმარისია თვის საგეგმო დავალებათა შესასრულებლად, მაგრამ ლაპარაკი უნდა იყოს არა შესრულებაზე, არამედ მნიშვნელოვან გადაჭარბებაზე. სხვაგვარად, პენსიებისა და ხელფასების პრობლემა უბრალოდ, ვერ მოგვარდება, ყველამ უნდა ვიმუშაოთ. წლის დასაწყისიდან საგადასახადო ორგანოებმა ფინანსთა მინისტრის მიხეილ ჭკუასელის ხელმძღვანელობით შეამოწმეს 100-მდე სხვადასხვა ობიექტი, სადაც გამოვლენილ დარღვევებზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხულია 2 მილიონი ლარი. რა არის ეს 2 მილიონი ლარი? ეს არის ის, რასაც უმალავენ სახელმწიფოს, უმალავენ და ჯიბეში იდებენ იმას, რაც ეკუთვნით პენსიონერებს, ინვალიდებს, პედაგოგებს, სხვებსა და სხვებს. ამიტომ გაცილებით მეტი სიმკაცრეა საჭირო და ამაზე ჩვენ ამ დღეებში ვილაპარაკებთ რესპუბლიკურ შემაჯამებელ შეხვედრებზე. აღნიშნული შემოწმებანი გრძელდება, რაც ხელს შეუწყობს გეგმის შესრულებას.

საბაჟო დეპარტამენტმა აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტში გადარიცხა 4,5 მილიონი ლარი, რაც 1,5-ჯერ აღემატება შარშანდელი შესაბამისი პერიოდის დონეს. საბაჟო დეპარტამენტი ასევე საჭირო ღონისძიებებს ახორციელებს იანვრის გეგმების შესასრულებლად. სხვათა შორის, აქაც ბევრია კომბინაციები - ყალბად ანდა ნახევრად გაფორმებული ტვირთი იმიტომ, რომ ნაკლები გამოუვიდეთ საბაჟო გადასახადი, და ასე შემდეგ. ყველაფერ ამას ბოლო უნდა მოეღოს.

ახლა მე მინდა შევეხმიანო ლონდონელ ექსპერტთა შეფასებებს...

- ეს შეფასება გასულ კვირას გადაიცა. რადიომსმენელებს შევახსენებთ, რომ ლონდონის ეკონომიკური ინსტიტუტის ცნობით, 1998 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის 2,7 პროცენტით შემცირება საერთოდ მსოფლიოში. ამის მიზეზად, ექსპერტები აზიის ქვეყნების ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს ასახელებენ და ლიდერობა, მათი აზრით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დარჩებათ. ეკონომიკური ზრდის ტემპის განსაზღვრისას 1998 წლისათვის ექსპერტებმა ყველაზე დადებითი და შესაშური პროგნოზები რამდენიმე ქვეყანას უწინასწარმეტყველეს: ესენია: ჩინეთი, საქართველო და ანგოლა. რადგან ეკონომიკის თემაზე ვსაუბრობთ, ერთი შეკითხვაც: ითქვა, რომ იაპონელებს აქვთ ინტერესები საქართველოს მიმართ. დღეს ხელს მოაწერენ პირველ საკრედიტო ხელშეკრულებას ენერგეტიკის სფეროში - ეს არის 45 მილიონი დოლარი ლაჯანურჰესისა და ხრამჰესის რეაბილიტაციისათვის. ვიმეორებ, რომ ეს არის პირველი საკრედიტო ხელშეკრულება. აქამდე გვაძლევენ გრანტებს და, რაც მთავარია, 30 წლით გვაძლევდნენ კრედიტს და, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძალიან მისაღები საკრედიტო განაკვეთით - წელიწადში 2,5 პროცენტი. ეს სხვა ინტერესიც იქნება უკვე იაპონელ პარტნიორთან თქვენი შეხვედრის შემდეგ. მას სხვა ეკონომიკურ პროექტებზეც სურს საუბარი...

- მე უნდა გავიზიარო ძალიან მაღალი რანგის ლონდონელი ექსპერტების შეფასებანი და უნდა ვთქვა, რომ ეს შეფასებანი რეალურია. სხვათა შორის, სამწუხაროა, რომ აზიის ქვეყნებში მოსალოდნელია წარმოების დონის სერიოზული დაქვეითება, მრავალი ქვეყანა სერიოზულმა ფინანსურმა კატაკლიზმებმა მოიცვა. მაგალითად, სამხრეთ კორეა. მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრივ უზარმაზარი, უდიდესი მასშტაბის დახმარება რომ არა, შეიძლება ეს უმძიმესი შედეგით დამთავრებულიყო.

რაც შეეხება ჩინეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მიმართ გამოთქმულ პროგნოზებს, ვფიქრობ, ეს სავსებით დასაბუთებულია. საქართველოს შეუძლია არ შეანელოს ზრდის ტემპი, ყოველ შემთხვევაში, 1998-1999 წლებში და დაიმკვიდროს ადგილი სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ოჯახში. ეს პროცესი კი68

დეც დაიწყო და სწორედ იგი მიგვიყვანს საყოველთაო კეთილდღეობამდე და ყველა სოციალური პრობლემის მოგვარებამდე.

რაც შეეხება იაპონიასთან ჩვენს თანამშრომლობას, ჯერ ერთი, მინდა მადლობა გითხრათ, რომ შემახსენეთ ეს საკითხი. თქვენ იცით, იაპონიაში იმოგზაურა სახელმწიფო მინისტრმა ბატონმა ნიკო ლეკიშვილმა. ალბათ, გაიმართება ჩვენი ვიზიტი შემოდგომაზე და იაპონიასთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად და ინტენსიურად განვითარდება. ჩემი განკარგულებით შეიქმნა საქართველო-იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის საუწყებათშორისო კომისია და მისი პირველი სხდომა სწორედ დღეს გაიმართება.

ახლა, თუნდაც მცირეოდენი წარმოდგენა რომ გვქონდეს, იაპონიამ ამ წლებში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. ეს დაიწყო 1995-1997 წლებში. ახლა ჯანმრთელობის დაცვამ მიიღო რამდენიმე მილიონი დოლარის დახმარება (ლაპარაკია გრანტებზე). ეს გახლავთ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებანი, დანადგარები და ასე შემდეგ. 1997 წელს, მაგალითად, გამოიყო სათანადო თანხები და დაიწყო ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია. გამოყოფილია 7 მილიონ დოლარამდე თანხა, ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისათვის 7 მილიონი დოლარი გამოიყო და ჩამოთვლა შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ყოველივე ეს ძალიან საინტერესოა.

ზემოთ ვილაპარაკე ენერგეტიკის არატრადიციულ წყაროებზე. სათბობ-ენერგეტიკის დარგში არატრადიციული ენერგიის წყაროების გამოყენების პირველი პროექტია, კერძოდ, საბუეთის მთაზე 10 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელსაც განახორციელებს იაპონიის ერთ-ერთი ტრანსეროვნული სააუდიტო ფირმა. პროექტის სავარაუდო ღირებულება გახლავთ 10-12 მილიონი დოლარი. პროექტს დააფინანსებს იაპონიის ექსიმბანკი, უფრო სწორად, იგი გასცემს გარანტიას. ეს ძალიან საინტერესო პროექტია. მინდა იცოდეთ, რომ იაპონიის მხარე აღნიშნულ პროექტს საცდელ პროექტად მიიჩნევს და მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია სხვა პროექტების განხორციელებაც, კერძოდ, 50-100 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის აშენება იქვე, საბუეთის მთაზე. აღსანიშნავია, რომ იაპონური ფირმა „ნიტიმენი“ მოითხოვს საბუეთის მთაზე ექსკლუზიურ უფლებას, ესე იგი, დარწმუნდა, რომ ეს ძალიან საინტერესო პროექტია. ასევე ძალაში რჩება წინადადება ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქციის თაობაზე. ფირმა „იტოჩუც“ მზად არის მონაწილეობა მიიღოს სუფსის ტერმინალის მშენებლობაში და ვილაპარაკოთ კიდეც ახალი დიდი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე. დღეს ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას, რომ იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილია 45 მილიონი დოლარი. მე დავესწრები ხელმოწერის ცერემონიას. ეს თანხა - 45 მილიონი დოლარი გამოყენებული იქნება ლაჯანურჰესისა და ხრამჰესის რეაბილიტაციისათვის. ასე რომ, იაპონიასთან დაიწყო ძალიან ინტენსიური მუშაობა, იაპონია შემოდის კავკასიაში, და შემოდის ძალიან აქტიურად საქართველოში.

- გასული კვირის კიდევ ერთი მოვლენა. თქვენ აჭარას ეწვიეთ, სადაც ახალი სამშობიარო სახლი გაიხსნა, და ამას გარდა, ბევრი სხვა ობიექტიც შეემატა ქალაქს.

- ჩემი ზოგიერთი შეფასება წუხელ იყო სატელევიზიო გადაცემებში, მაგრამ კიდევ ერთხელ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ აჭარაში უმოკლეს ვადებში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ შეიცვალა. ამ თვალსაზრისით აჭარა, შეიძლება ითქვას, სამაგალითოა საქართველოს რეგიონთა შორის, და კარგი იქნება, თუ ბევრი მიბაძავს მას. შენდება სახლები, მთელი ქუჩები, ხიდები (აშენებულია 100-ზე მეტი ხიდი), სტადიონები და იქმნება სხვა ბევრი სიკეთე.

მაგრამ განსაკუთრებული სიხარული და სიამოვნება მომანიჭა იმან, რომ ბათუმში გაიხსნა სამშობიარო სახლი, რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება ყველა თვალსაზრისით. ბათუმში ყოფნისას გვითხრეს, რომ ორმა ქალბატონმა უკვე იმშობიარა იმ სახლში და ორი ბავშვი შეემატა საქართველოს - ქალ-ვაჟი. ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს ეს ოჯახები და ორივე ბავშვს დიდი მომავალი მინდა ვუსურვო.

ბათუმში, როგორც ყოველთვის, ახლაც ძალზე ამაღელვებელი შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან, ბათუმელებთან. როგორც იტყვიან, მთელი ბათუმი ქუჩებში იყო გამოფენილი - ათიათასობით ადამიანი, მე მადლიერი ვარ მათი, მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ასეთი პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტს, რითაც ერთხელ კიდევ გამოხატეს თავიანთი ერთგულება და სიყვარული სამშობლოსადმი, დედა-საქართველოსადმი, როგორც ამბობენ ხოლმე აჭარაში, და ეს დიდი ღონისძიებანი, ძირითადად, პრეზიდენტის ნაძვისხესთან (რომელიც აქამდე, ჩემს ჩასვლამდე შემოინახეს) მიმდინარეობდა.

აჭარა, ისევე როგორც საქართველოს ყველა რეგიონი, ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი, საქართველოს ძლიერებასა და აღორძინებაზე ოცნებობს, კონკრეტული საქმით უჩვენებს მაგალითს სხვებს, თუ როგორ უნდა ემსახურონ ქვეყნის აყვავებასა და აღმშენებლობას.

რა თქმა უნდა, გაიმართა ძალზე საჭირო საუბარი აჭარის ხელმძღვანელობასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონ ასლან აბაშიძესთან. განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს ამ მხარისა და სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ.

- და, ბოლო კითხვა. „ბოსნიის ფორმატი“ - აფხაზეთში კონფლიქტის შესაძლო მოგვარება კვლავ მსჯელობის საგანია და ყურადღების ცენტრში დგას. ამ წინადადების კომენტირებისას სოხუმის ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა რამდენადმე უცნაური განცხადებები გააკეთა. მათი თქმით, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებამ თავისი შესაძლებლობანი უკვე ამოწურა და მის გაგრძელებას აზრი აღარც აქვს...

- სიმართლე გითხრათ, მე თვითონ არ წამიკითხავს მათი ეს გამოსვლა და განცხადებები. მაგრამ, თუ ეს განცხადება მართლაც გამოქვეყნდა, როგორც რუსეთის ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებებმა გვაცნობეს, მე მხოლოდ გაკვირვება შემიძლია გამოვთქვა.

საქართველო იყო და არის კონფლიქტის მშიდობიანი მოწესრიგების მომხრე. ამიტომაც ვაგრძელებ მოლაპარაკებას უკვე მეხუთე წელია, მიუხედავად იმისა, რომ ხელშესახებ შედეგებს ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ, მაგრამ, თუ მათი აზრით, მოლაპარაკებას პერსპექტივა არა აქვს, თუ მართლა ასე ითქვა, თუ მოლაპარაკების პოტენციალი ამოიწურა, მაშინ გამოდის - რაღა დაგვრჩენია, ომიღა დაგვრჩენია! ჩვენ კი ომის წინააღმდეგი ვართ, მაგრამ, თუ ვინმე ომისათვის მოგვიწოდებს, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა თვითონ უნდა იკისროს. სხვათა შორის, მინდა შევახსენო ზოგიერთებს: ნურავის დაავიწყდება, რომ დღეს საქართველოში არც 1992 წელია და არც 1994. მე ქვეყნის პოტენციალი მაქვს მხედველობაში. თუმცა ემოციებს (ამას მინდა ხაზი გავუსვა) არც ერთი მხარე არ უნდა აჰყვეს. მე კვლავ ვადასტურებ, რომ სამშვიდობო ოპერაციის ფორმა აფხაზეთში შეიძლება შეიცვალოს მაშინ, როცა დიალოგი და მოლაპარაკება შედეგს აღარ მოიტანს, როცა საბოლოოდ ამაში დავრწმუნდებით. უფრო მეტიც, ზემოხსენებული განცხადების (თუ ეს განცხადება სინამდვილეს შეესაბამება) ავტორების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიალოგის შესაძლებლობა თუ ამოწურულია, მაშინ, მით უმეტეს, გარკვეული ეტაპისათვის, მართლაცდა, სამშვიდობო პროცესის ამჟამინდელი მეთოდი უნდა შევცვალოთ. ესე იგი, გავაკეთოთ ის, რაც მე ვთქვი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის რუსეთის საინფორმაციო წყაროების მიერ გადმოცემული ინფორმაცია. შეიძლება ასე არ იყო ნათქვამი. თუ ასე ითქვა, ჩემი პასუხი მაშინ, ალბათ, დროულია და, ვფიქრობ, შესაბამისიც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში დადგება იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების პოტენციალი საბოლოოდ ამოიწურება. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა ამაში საქართველოს მხარს დაუჭერს.

საქინფორმი.

„საქართველო იყო და არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მომხრე“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 19 იანვრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 21 იანვარი. - №16 (2716). - 1, 3 გვ.

7 გზა ტაძრისაკენ

▲ზევით დაბრუნება


დღეს სრულიად საქართველო აღნიშნავს მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღს - მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალების ორასი წლისთავს.

დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ერეკლე მეორის საფლავთან თავი მოიყარეს საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქრისტეს მრევლმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უწმიდესმა სამღვდელოებამ, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, მეწარმეებმა, ბიზნესმენებმა, ომისა და შრომის ვეტერანებმა, მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, ფართო საზოგადოებრიობამ, მთელმა ერმა და პატივი მიაგეს დიდ სახელმწიფო მოღვაწესა და მხედარმთავარს ერეკლე მეორეს.

მეფე ერეკლე მეორე მეტად რთული ისტორიული ფიგურაა. ფაქტობრივად, მან და მისმა შვილმა მეფე გიორგი მეთორმეტემ, რომელიც იქვე სვეტიცხოველში განისვენებს, - გაასრულეს ბაგრატიონთა მრავალსაუკუნოვანი სახელოვანი დინასტიის მეფობა საქართველოში.

ერეკლე მეორის შესახებ ფრიდრიხ დიდი ამბობდა: დასავლეთში მე ვარ, აღმოსავლეთში კი ერეკლე მეორეო.

მეფე ერეკლე მეორის მხედართმთავრული ნიჭი 80-მდე დიდ თუ მცირე ომში გამოჩნდა. იგი ჯარებს სარდლობდა არა მარტო საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, როგორც დიდი მხედართმთავარი.

ქრისტეს ჯვარი ამკობს ერეკლეს საფლავს სვეტიცხოველში და ჯვარს ჰგავს ერეკლეს მახვილი თელავში აღმართულ მის ქანდაკებაზე.

მძიმე იყო მეფე ერეკლე მეორის ჯვარი, მაგრამ მან თავისი მძიმე ჯვარი მაინც აიტანა გოლგოთაზე.

ერეკლე მეორის უდიდესი ისტორიული დამსახურებაა ის, რომ მან ქრისტიანულ სამყაროს არ მოსწყვიტა საქართველო, ერს შეუნახა მამული, ქრისტეს რჯული და დედაენა.

ერეკლე მეორის ეპოქამდე გაჩნდა ევროპულ ფილოსოფიაში „დიდი და მცირე ბოროტების“ კონცეფცია. გვიან XX საუკუნეში მხოლოდ იმეორებდნენ მას.

ისტორიაში „მცირე ბოროტებას“ უწოდებდნენ ერეკლე მეორის მიერ რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას, მის ევროპულ ორიენტაციას, მის ისტორიულ არჩევანს.

ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო და მომავალშიც იქნება.

ერეკლე მეორის მოღვაწეობა ისტორიკოსთა მიერ ბევრჯერ და სხვადასხვაგვარად შეფასებულა. ასე იქნება მომავალ საუკუნეებშიც, მაგრამ ერთი რამ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს: ისტორიული პიროვნება, ერთი მხრივ, არასოდეს არ უნდა მოვწყვიტოთ კონკრეტულ-ისტორიულ კონტექსტს, მის ეპოქას და მის საუკუნეს, მისი პერიოდის პოლიტიკურ ძალთა განლაგებას ეროვნულ და მსოფლიო ასპარეზზე და, მეორე მხრივ, პოლიტიკა მუდამ და, მაშასადამე, ერეკლე მეორის დროსაც და დღესაც, მხოლოდ შესაძლებლის ხელოვნებაა.

ერეკლე მეორეს პოსტფაქტუმ არ უნდა მოვთხოვოთ შეუძლებელი.

ერეკლე მეორის პოლიტიკაც მხოლოდ შესაძლებლის ხელოვნება იყო.

ნიკოლოზ ბარათაშვილის კლასიკურ პოემაში „ბედი ქართლისა“ ერთმანეთს უპირისპირდება ერეკლე მეორისა და მისი კანცლერის სოლომონ ლიონიძის ორიენტაცია და ეს ისტორიულ სინამდვილეს ასახავს.

მაგრამ ვინ დაიტირა ერეკლე მეორე ორასი წლის წინათ ყველაზე გულში ჩამწვდომი, უკვდავი სამგლოვიარო სიტყვით?

სწორედ მისმა ოპონენტმა სოლომონ ლიონიძემ. მისი სიტყვა ქართული მჭევრმეტყველებისა და ისტორიული აზროვნების, ერეკლე მეორის ისტორიული ღვაწლის შეფასების კლასიკური ნიმუშია.

ნიკოლოზ ბარათაშვილმა, სოლომონ დოდაშვილმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა, ვაჟა-ფშაველამ, ნიკო ნიკოლაძემ, XIX საუკუნის სხვა კორიფეებმა მაღალი შეფასება მისცეს ერეკლე მეორის ისტორიულ გზას.

როდესაც საკუთარ აზრს გამოვთქვამთ, დიდი წინაპრების აზრიც გავიხსენოთ.

კარგადაა ნათქვამი: სირცხვილი იმ გუთნისდედას, მამა-პაპის საფლავს ხნავდეს!

ყველა დიდ ისტორიულ ფიგურაში არის მარადიული და ეფემერული, უკვდავი და მოკვდავი საწყისები.

რაც მოკვდავი იყო მეფე ერეკლე მეორეში, სვეტიცხოვლის ტაძარში მარხია, რაც უკვდავი იყო, სამარადისოდ განფენილია ქართველთა სულში.

სწორედ იმან, რაც უკვდავია ერეკლე მეორეში, მიიყვანა დღეს მეფე ერეკლე მეორის წმიდა საფლავთან საქართველოს ღირსეული შვილები.

მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან გასული ორასი წელი უდიდესი ქარტეხილებით იყო აღსავსე საქართველოს ისტორიაში.

1801 წლიდან 117 წელს გაგრძელდა ცარიზმის, კოლონიალიზმის ბნელი და გრძელი ღამე.

ამ საუკუნის დასაწყისში ისევ აღდგა, ერეკლეს შემდეგ პირველად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, დაარსდა საქართველოს პირველი რესპუბლიკა, მიღებულ იქნა პირველი კონსტიტუცია.

შემდეგ ისევ დაკარგეთ დამოუკიდებლობა და 70 წელს გაგრძელდა ტოტალიტარიზმისა და დიქტატურის ეპოქა.

ამ საუკუნის 90-იან წლებში საქართველომ ისევ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

დღეს დემოკრატიულ, სუვერენულ საქართველოში, სვეტიცხოვლის ტაძარში, მეფე ერეკლე მეორის საფლავთან მთელი საქართველო თვალს ავლებს განვლილ ისტორიას.

მწარეა ისტორიის გაკვეთილები.

ჩვენ ღრმად უნდა ჩავწვდეთ ჩვენი ისტორიის არა მარტო ფაქტოლოგიას, არამედ ისტორიის სულს, ისტორიის ფილოსოფიურ საზრისსა და მიზანს.

ერეკლე მეორის მეფობას და მხედართმთავრობას ერთი მიზანი და ერთი საზრისი ჰქონდა - საქართველოს გადარჩენა.

დღეს საქართველო გადარჩენილია!

და ამას ხმამაღლა ვამბობთ სრულიად საქართველოში, ერის საღვთო სახლშიც - სვეტიცხოველში, ერის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და გმირი მეფის ერეკლე მეორის საფლავთან.

ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან განვლილი ორასი წლის მანძილზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვისა და აღდგენის მშფოთვარე ისტორია გვეუბნება, რომ, ერთი მხრივ, ერის სასიცოცხლო, აღმაშენებელი ენერგია და აღმაშენებელი სული უკვდავია და არ არის მისი მომრევი ძალა ქვეყანაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ისე უნდა წარვმართოთ ისტორიის მსვლელობა, ისე უნდა ჩავწვდეთ ისტორიის საერო და საღვთო სულს, რომ სოციალური კატასტროფები და კატაკლიზმები ავაშოროთ ერს და ქვეყანაში დავამკვიდროთ მშვიდობა, სამართლიანობა და კეთილდღეობა, ვიპოვოთ გზა ტაძრისაკენ.

მამული, ენა, სარწმუნოება! - ქართული ეკლესიის წმიდანის, დიდი ილია ჭავჭავაძის ეს დევიზი, ყველა თაობის დევიზია!

უკეთ მოვუაროთ წარსულის საფლავებს და მომავლის აკვნებს!

„ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს... ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს!“

ვაშენოთ ახალი, დემოკრატიული, სუვერენული, თავისუფალი, განუყოფელი საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გზა ტაძრისაკენ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 24 იანვარი. - №19 (2719). - 1,2 გვ.

8 ადამიანის უფლებათა დაცვა სახელმწიფოს უმაღლესი იმპერატივია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მთავრობის გაფართოებული სხდომა

[...]

სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა ქვეყნის პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

მან აღნიშნა, რომ საქართველოში კრიმინოგენური ვითარების განმუხტვის ტენდენციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. გასულმა წელმა, თქვა მან, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ის ფაქტი, რომ ქვეყნის განვითარების გზაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გაბატონებული კრიმინოგენური ბანდების თარეშის აღკვეთას და ამ ფონზე ქვეყნის განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფას. უკვე სადავო აღარ არის, რომ ყოველივე ეს მიღწეულია დიდი შრომისა და ხშირად თავგანწირვის წყალობით. ეს მართლაც ეპოქალური მნიშვნელობის ძვრები იყო, რომელთა პოლიტიკურ დასტურადაც საქართველოს ახალი კონსტიტუცია იქცა. კონსტიტუციის მიღებამ და ურყევმა პოლიტიკურმა არჩევანმა საქართველოს იმავდროულად საშუალება მისცა ისტორიული ბედუკუღმართობის გამო აუხდენელი ოცნებაც აეხდინა - ქვეყანამ რეალურად შექმნა იმის პირობები, რომ სრულიად ევროპის პროცესებში ინტეგრაციის პრეტენზია ჰქონოდა. ნებისმიერ სფეროში მცირე თუ დიდი მასშტაბის ამოცანა, კანონი და გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ განხორციელდება რეალურად და, რაც მთავარია, შედეგიანიც იქნება, თუ შეესაბამება დემოკრატიზაციის საერთო პროცესის შინაარსსა და სპეციფიკას, რომელსაც თავის მხრივ განსაზღვრავს ჩვენი გარდამავალი პერიოდის უპრეცედენტო ხასიათი - დემოკრატიზაცია „ზემოდან“ ხორციელდება. ტრადიციულ დემოკრატიულ ქვეყნებში დემოკრატიისაკენ მოძრაობა „ქვემოდან“ ხორციელდებოდა და, ამდენად, იგი საზოგადოების ბუნებრივ-ევოლუციური განვითარების შედეგი იყო. ყოველ შემთხვევაში, საბაზრო ურთიერთობანი, შესაბამისი სოციალურ-პოლიტიკური სპექტრი, ლიბერალური ღირებულებანი და დემოკრატიის სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლები წინ უსწრებდა და აადვილებდა დემოკრატიული სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური სისტემის შექმნას. ჩვენი განსხვავებული ვითარება განპირობებულია არა მარტოოდენ საპირისპირო სქემით, არამედ მისგან გამომდინარე ამოცანათა ხასიათით, მათი გადაწყვეტის თანმიმდევრობითა და სპეციფიკით.

დემოკრატიზაცია „ზემოდან“ ნიშნავს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური სისტემის გარდაქმნით საზოგადოებრივი სისტემის ძირეული ცვლილების განხორციელებას. კომუნისტური სისტემიდან ლიბერალურ-დემოკრატიულ სისტემაზე გარდამავალი პერიოდი საზოგადოებრივ ურთიერთობათა ტრანსფორმირებისათვის უთუოდ გულისხმობს ჯერ სამართლებრივი ბაზის შექმნას, შემდეგ კი მისი რეალური ამოქმედებისათვის ძალისხმევას.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს კონსტრუქციული თანამშრომლობით მიეღწიათ კონსტიტუციის მოთხოვნის შესრულებისათვის. გასული წლის ბოლოს მოხერხდა კონსტიტუციამდე მიღებული მთელი ნორმატიული მასივი შეესაბამებინათ კონსტიტუციასთან და უზრუნველეყოთ სახელმწიფო რეგისტრაცია, ასევე მიღებულ იქნა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა ორგანული კანონი.

რამდენჯერმე მითქვამს და ახლაც მინდა გავიმეორო, აღნიშნა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური სისტემის შექმნით საქართველოში დასრულდა ძველი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი. ტოტალიტარიზმს რეალურად გამოეცალა სამართლებრივი და პოლიტიკური ნიადაგი. მაგრამ ისიც ცხადია, რომ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა და სამართლებრივი პირობები თავისთავად არ ამოქმედდება. მათი პრაქტიკული რეალიზაცია დღევანდელი ეტაპის საერთო-პოლიტიკური ამოცანაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესე იგი, დემოკრატიის მატერიალიზაციისა და მოსახლეობის ფართო ფენებში მისი განვრცობის გარეშე, ეს პირობები დაკარგავს თავის მნიშვნელობასაც და დანიშნულებასაც. მოდერნიზაციის საერთო პროცესის ამ ორივე ეტაპზე სახელმწიფო, როგორც ასეთი, ინარჩუნებს დემოკრატიის კატალიზატორის ფუნქციას. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, გვინდა თუ არ გვინდა, ეს ობიექტური პირობებით განსაზღვრული რეალობაა. ეს გახლავთ პოსტკომუ78

ნისტური დემოკრატიის არსიც. ვიდრე არ მოხდება საზოგადოების სრული დემოკრატიზაცია, ვიდრე არ შეგვიქმნია ნამდვილად სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფოს ევროპული ან ამერიკული მასშტაბით მინიმალიზაციაზე, მით უმეტეს განსახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკი მარტო თეორიული შეცდომა როდია. ამ პოსტულატის ჭეშმარიტებაში უახლესი წარსულის პრაქტიკამაც დაგვარწმუნა.

როცა ხაზს ვუსვამთ სახელმწიფოს როლს, ამაში მისი ფუნქციური გაფართოება როდი იგულისხმება. პირიქით, ლაპარაკია ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ფუნქციებისაგან სრულ განთავისუფლებაზე. სახელმწიფოს შემდგომი ფუნქციური შეკვეცის ტემპი დამოკიდებული იქნება საზოგადოების რეალური დემოკრატიზაციის უნარსა და დონეზე, ესე იგი, „ქვემოდან“ დემოკრატიზაციის იმპულსებზე.

დიდი მოვლენაა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიღება, რომელიც სასამართლო რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ნაწილია - მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ სასამართლო რეფორმა მარტო საკუთრივ სასამართლოს კი არ შეეხება, არამედ იმ სახელისუფლებო თუ არასამთავრობო სტრუქტურების გარდაქმნას გულისხმობს, რომლებიც საბოლოო ანგარიშით სწრაფი, მოქნილი, ქმედითი და სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებას უნდა ემსახურებოდნენ.

ამ თვალსაზრისით ჩვენ წინაშე სერიოზული ამოცანა იდგა. ერთი მხრივ, უნდა შევლეოდით წარსულის ყველა რუდიმენტს სასამართლო სისტემაში, რომელმაც მოჭამა თავისი დრო, და, მეორე მხრივ, აუცილებელი იყო ისეთი ნორმების, პრინციპებისა თუ ინსტიტუტების შემოღება, რომელთა გარეშე საერთოდ აღარ მოიაზრება თანამედროვე სამართლებრივი ცხოვრება.

მოხერხდა თუ არა ამ მიზნის მიღწევა?

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ მოხერხდა. თუმცა სასამართლო რეფორმის პროცესი ჯერ მხოლოდ დაიწყო. შესაძლოა, იგი იდეალური არ იყოს - ადამიანის შემოქმედება ყოველთვის ტოვებს მისი შემდგომი სრულყოფის შესაძლებლობას. მაგრამ შემიძლია განვაცხადო, რომ გაცილებით მეტია მიღწეული, ვიდრე ეს აზრთა მკვეთრი დაპირისპირების პირობებში იყო შესაძლებელი. რაც მთავარია, მივიღეთ კანონი, რომელიც ნამდვილად დიდი კომპრომისის შედეგია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისუნარიანობისათვის. შენარჩუნებულია თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნების პატივისცემა, მართლმსაჯულების სადღეისო და პერსპექტიული საჭიროებანი და ქართული შემოქმედებითი სულისკვეთება. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, ამ და სხვა კანონებით საქართველოში საფუძველი ეყრება სასამართლო რეფორმის თვითმყოფად ეროვნულ მოდელს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს მთავრობის გაფართოებულ სხდომას იუსტიციის საბჭოს და უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციით საქალაქო და რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეები ესწრებიან, მინდა შევეხო სასამართლო რეფორმის პროცესში მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების საკითხებს.

6 იანვარს იუსტიციის საბჭომ სპეციალურად იმსჯელა საქართველოს რაიონებისა და ქალაქების მოსამართლეთა კონფერენციაზე მიღებული რეზოლუციის შესახებ, რომელიც ამჟამად მოქმედ მოსამართლეთა ადრეული კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხებს შეეხებოდა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ სამართლებრივი რეფორმები და, უწინარეს ყოვლისა, სასამართლო რეფორმა ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ამ რეფორმების მთავარი შედეგი კი საბჭოურ მოდელზე აგებული კანონმდებლობის შეცვლა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებითად ახალი კანონმდებლობის დამკვიდრებაა. ქვეყნის ისტორიაში ეს მართლაც უნიკალური პროცესია, რომლის საფუძველთა საფუძველი ახალი კონსტიტუციაა. სწორედ ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელმაც თანამედროვე სტანდარტების დარად განსაზღვრა სახელმწიფოს ორგანიზაციის პრინციპები, იმის მყარი სამართლებრივი საფუძველია, რომ არ შეფერხდეს რეფორმების დინამიზმი.

კონსტრუქციული და შინაარსიანი დისკუსიების შედეგად, რომლებშიც მოსამართლეებიც აქტიურად მონაწილეობდნენ, იუსტიციის საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად მოსამართლეების უფლებამოსილების შეწყვეტის შეუვალი იურიდიული და მორალური საფუძვლები არსებობს. ამასთანავე, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია კანონით გათვალისწინებული საგამოცდო ვადების გადასინჯვა. მოსამართლეთა და მოსამართლეობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობის კონკრეტული ვადები კი დაზუსტდება შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში საკითხის განხილვისა და პლენარულ სხდომაზე კანონში სათანადო ცვლილების შეტანის შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი გაიზიარებს ამ მოსაზრებას.

რეფორმა მიზნად არ ისახავს და არც შეიძლება ისახავდეს მხოლოდ „საკადრო წმენდას“, პირიქით, ძირითადი დანიშნულება სწორედ ის იქნება, რომ მოსამართლეთა კორპუსი დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური პერსონალით.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ეს იმთავითვე ცხადი პოსტულატი, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია მოსამართლეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსამართლეთა შრომის მაღალი ანაზღაურებისა და სოციალური დაცვის გარანტიათა სისტემის შექმნას. 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ასიგნებანია გათვალისწინებული.

რეფორმის განხორციელების გზაზე რეალური გახდება კონსტიტუციით დამკვიდრებული დებულება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შესახებ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭოს შექმნასა და ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სასამართლო რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის. იუსტიციის საბჭოს წინადადებით, უკვე განისაზღვრა საერთო სასამართლოების ახალი სტრუქტურა. მიმდინარე წელს შეიქმნება თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები. ამ სასამართლო ინსტანციას სერიოზული და პასუხსაგები ფუნქცია დაეკისრება მართლმსაჯულების აღსრულების სრულყოფის საქმეში.

ადამიანის უფლებათა უზენაესობის პრინციპი საქართველოში უკვე რეალობად იქცა. უწინარესად საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის მიერ უკვე შექმნილი სამართლებრივი ბაზაა ამის გარანტი და ადამიანის უფლებათა დაცვის თავდები.

ჯერ კიდევ შარშანწინ, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, მე საქართველოს პარლამენტს გავუგზავნე მიმართვა, სადაც საჯაროდ დავადასტურე, რომ მზად ვარ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების განუხრელად დაცვისათვის, და ჩამოვაყალიბე ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები. იმ დროისათვის უკვე გამოვაცხადე სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულების ფაქტობრივი მორატორიუმი და პარლამენტში უკვე დაწყებული იყო მსჯელობა სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. შარშან ივლისში გამოვიყენე ჩემი უფლებამოსილება და შევიწყალე 54 ადამიანი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ სასჯელის განსაკუთრებული ზომა - სიკვდილით დასჯა, ხოლო შემოდგომაზე პარლამენტს მივმართე საკანონმდებლო ინიციატივით სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სიკვდილით დასჯის გაუქმებას. ყველამ იცით, რა ფართო საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა საქართველოს მიერ გადადგმულ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებამ „საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“, რომელშიც გათვალისწინებული იყო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციები.

1997 წელი ბევრი პოზიტიური ცვლილებით აღინიშნა, მაგრამ ხელისუფლებას ამ მხრივ უამრავი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაწანწალა და მიუსაფარი ბავშვები, პენიტენციალური სისტემის მოწესრიგება, კორუფცია - ყველა ეს პრობლემა გადასაჭრელია და თითოეული უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციით, იმ კონვენციებით აღიარებულ ადამიანის უფლებებს, რომლებსაც საქართველო შეუერთდა.

1998 წლის 10 დეკემბერს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღების 50 წელი სრულდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეს წელი ადამიანის უფლებათა წლად გამოაცხადა. მე უკვე გამოვეცი ბრძანებულება შესაბამის საიუბილეო ღონისძიებათა შესახებ და თხოვნით მივმართე პარლამენტს, რომ 1998 წელი გამოცხადდეს „ადამიანის უფლებათა წლად“. ბრძანებულებას თან ერთვის იმ ღონისძიებათა გეგმა, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში უნდა ხორციელდებოდეს. მინდა გითხრათ, რომ ეს მარტო ზეიმი და თარიღის აღნიშვნა არ იქნება. ყველა ჩვენგანმა იგი უნდა მიიჩნიოს უდიდეს მოვალეობად. ჩვენ ადამიანის უფლებათა დაცვა უზენაეს იმპერატივად გამოვაცხადეთ. ეს განაცხადი საქმით უნდა დადასტურდეს. მე, საქართველოს პრეზიდენტი, მოვითხოვ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში სამართალდამცავმა ორგანოებმა განუხრელად დაიცვან კონსტიტუციაში გაცხადებული უფლებანი და თავისუფლებანი.

მთავრდება მუშაობა საქართველოს ეროვნული უშიშროების კონცეფციაზე, რომელზეც მუშაობამ და მის გამო აზრთა გაზიარებამ დამარწმუნა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მისმა ელიტამ ფაქტობრივად დაძლია ყველა მძიმედ გადასალახავი ბარიერი - ჩვენ ვექცევით ევროპული, დასავლური აზროვნების, ცნობიერების, მენტალიტეტის კალაპოტში და ეს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა ერი, ეროვნული, სახელმწიფოებრივი. საქართველოს ეროვნული უშიშროების კონცეფციის ამოსავალი წერტილი საქართველოს მოქალაქის, საქართველოს ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარებაა. საქართველოს შიდაპოლიტიკური სტაბილურობისა და უშიშროებისათვის უნდა ავამოქმედოთ დემოკრატიის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც, უწინარესად, ითვალისწინებს საზოგადოების დაყოფას ინდივიდებად, მოქალაქეებად და არა ეთნიკურ ერთეულებად. ეთნიკურ ეროვნულ თავისებურებათა შენარჩუნების კვალობაზე ვიწრო ეთნიკურ, პარტიკულარისტულ ცნობიერებაზე საერთო-მოქალაქეობრივი, საერთო-სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული სახელმწიფოს, ეროვნების განურჩევლად მისი ყოველი მოქალაქის უშიშროების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მე მინდა უშიშროების კონცეფციის კიდევ ერთ ასპექტზე გავამახვილო ყურადღება - როცა საუბარია არა მარტო სამხედრო მეთოდებით თავდაცვაზე, - ეს არის არა პატარა ქვეყნის იძულებითი ნაბიჯი, არამედ თანამედროვე აზროვნების დონე. საქართველოში ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საქართველოს უშიშროების კონცეფცია სწორედ ის დოკუმენტი იქნება, რომელიც მსოფლიოს თვალში კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ახალი ქართული სახელმწიფოს სიმწიფეს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და იდეალებისადმი ერთგულებას და ქვეყნის უშიშროების დასაცავად საჭირო მზადყოფნას.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა 1998 წელსაც პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება. ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკური ნება ამ მხრივ შეუვალი და უცვლელია. რაც მთავარია, უნდა დაკონკრეტდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეტაპები. ვფიქრობ, ჩვენ, პირველ რიგში უნდა შევებრძოლოთ ჩინოვნიკურ და ფინანსურ ოლიგარქიას, თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, - კორუმპირებულ და ბიუროკრატიულ კაპიტალიზმს. პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეს მოვლენა თითქმის საყოველთაო ხასიათისაა. ბიუროკრატიული და ფინანსური ოლიგარქია ურთიერთშეზრდილია იმ ყველაზე უფრო ტლანქი ფორმით, რომელიც ფართო ეკონომიკური და სოციალური მოძრაობის უმთავრესი ბორკილი ხდება. ამგვარი მდგომარეობის უარყოფა შეუძლებელია. საქართველოში „კორუფციის მატარებელი“ ზრდის შემადგენლობას და უმატებს სიჩქარეს. ხალხს ორი არჩევანი დარჩა - ან ეცადოს შეაღწიოს ამ მატარებელში, რაც ქვეყნის დაღუპვას ნიშნავს, ან წინ აღუდგეს მას.

აქვე მინდა მოკლედ შევეხო და მხარი დავუჭირო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გადასახადებისაგან თავისამრიდებელთა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებულ ღონისძიებებს. დამატებით დარიცხულმა თანხამ 2 მილიონ 700 ათას ლარს გადააჭარბა, 412 პასუხისმგებელ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, 317 მოკვლეული მასალა ქვემდებარეობით გადაიგზავნა სასამართლო ორგანოებში. ბიუჯეტში ჩარიცხულმა თანხამ 850 ათასი ლარი შეადგინა, რაც ხუთჯერ აღემატება ამ საწარმოთა მიერ მთელი განვლილი წლის მანძილზე ბიუჯეტში შეტანილი გადასახადების მოცულობას.

ქვეყნის პრეზიდენტის აზრით, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა დემოკრატიული სისტემის, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი პირობაა. როცა ამ საკითხს ვეხები, თქვა მან, სრულად ვითვალისწინებ ჩვენი საზოგადოების არა მარტო ამჟამინდელ მდგომარეობას, არამედ უახლოესი წლების მემკვიდრეობასაც. გამოვიარეთ გარდამავალი პერიოდისათვის თანდაყოლილ ღირებულებათა რადიკალური ცვლილებების პროცესი, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე არანაკლებ მტკივნეული და რთული აღმოჩნდა. დროის მცირე მონაკვეთში შევძელით ჭეშმარიტად პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრება და ეს დემოკრატიის გზაზე წინსვლის მნიშვნელოვანი წარმატებაა. ამავდროულად გამოიკვეთა დარღვეული სოციალური და იდეალური კომუნიკაციების სრულიად ახალი თვისებრიობის აღდგენის ჯერჯერობით უმნიშვნელო, მაგრამ მყარი და რეალური ტენდენციები.

პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ახალმა ყაიდამ თანდათანობით განაპირობა თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობისა და სხვა ძირეულ ღირებულებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების თავისთავად არსობრივი ტრანსფორმირება. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით აშკარაა დემოკრატიზაციის კიდევ ერთი კონკრეტული და მნიშვნელოვანი წარმატება.

მაგრამ სწორედ ამიტომ და ამ საფუძველზე, მგონი, მომწიფდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცნობიერების ის ეტაპი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ აღნიშნული პროცესის დახვეწასა და რაციონალურ რეგულირებაზე.

შეხედულებათა და ინტერესთა მრავალფეროვნების, არცთუ იშვიათ შემთხვევაში მათი დაპირისპირებულობის მიუხედავად, რაც დემოკრატიისა და პლურალიზმის აუცილებელი ნიშან-თვისებაა, ზემოაღნიშნული ღირებულებითი პრინციპები საერთო შეხების, საზოგადოებრივი კონსენსუსისა და, რაც მთავარია, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების სტაბილურობის უძირითადესი, უზენაესი იდეოლოგიური პრინციპებია. ყოველი ქვეყნის დემოკრატიული მოძრაობა ამ პრინციპთა განზოგადოებით იწყებოდა და ყოველი დემოკრატიული სისტემა მათს უპირობო დაცვასა და პრაქტიკულ რეალიზაციაზეა დამკვიდრებული. ინტერესებისა და შეხედულებების განსხვავებულობა სრულიად სხვა და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბუნებრივი და აუცილებელი მდგომარეობაა, რომელიც არ გამორიცხავს საზოგადოებრივი ერთიანობის, კონსესუსის საერთო პირობის შესაძლებლობას. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ თვით ლიბერალური ღირებულებანი არსობრივად თავისუფალია დოგმატიზმისაგან. მათი ცვალებადობა და დინამიკურობა იძლევა ცხოვრების პრაქტიკულ მოთხოვნებთან, ეროვნულ სპეციფიკასთან მისადაგების შესაძლებლობას და, მაშასადამე, მუდმივი განვითარების აუცილებლობას განაპირობებს. როდესაც შერიგებაზე ვლაპარაკობ, ცხადია, ველოდები შემხვედრ ნაბიჯებს და არა თავისი არსით ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ რეციდივებს. საქართველოში ყველა პარტიას, ახალ თუ ძველ ლიდერებს, მათი ოჯახის წევრებს აქვთ აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მათივე, და არა მარტო მათი, ამბიციურობითა და უპასუხისმგებლობით ბოლო წლებში საქართველოში დატრიალებული ტრაგედიები. მათი ფსევდოპატრიოტული, რევანშისტული იდეების რეანიმაციის ცდა ისევ ახალ ნგრევას, ახალ მსხვერპლს მოიტანს და საბოლოოდ დაასამარებს ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას. ამის უფლებას კი არავის მივცემთ.

არც საბჭოთა კავშირის რეანიმაციის სენით შეპყრობილი ვაი-პოლიტიკოსების მიზნებს უწერიათ განხორციელება - ესეც რევანშისტული იდეაა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დამოუკიდებლობას. შეუიარაღებელი თვალით ნათლად ჩანს, თუ ვისი ინტერესების დამცველად მოგვევლინნენ ისინი. დიდი ილიას ლელთ ღუნიასი არ იყოს, საქართველოში აშკარად გამოჩნდნენ ძალები, ახალი ალიანსები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ჩვენი თავი ჩვენვე არ გვეკუთვნოდეს. დიდი გამჭრიახობა არ არის საჭირო იმის მისახვედრადაც, რომ ჩვენი გათითოკაცება ხელსაყრელ პირობებს უქმნის ასეთ ძალებს, გამოიყენონ ეს სიტუაცია საქართველოს დასაშლელად და ქართული სახელმწიფოებრიობის აღმოსაფხვრელად. ვხელმძღვანელობ რა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების პრინციპით, კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას - ერთობლივად მოვინანიოთ, რაც მოხდა და დავდგეთ წვრილმან ინტერესებსა და ამბიციებზე მაღლა, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, ერთად შევიმუშაოთ ეროვნული თანხმობის კონცეფცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა ერთიანი ნების გამომხატველი კანონის ტოლფასი დოკუმენტი იქნება. XXI-ე საუკუნის გარიჟრაჟზე საქართველოს მიეცა უნიკალური შანსი განახორციელოს წინა არაერთი თაობის მრავალსაუკუნოვანი ოცნება - ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპის ინტელექტუალური სივრცის განუყოფელი ნაწილი იქნება. ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. აი იდეა, რომელმაც ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს. არავის არ ვუსურვებდი ამ იდეის განხორციელების გზაზე საწინააღმდეგო დინებით სვლას.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს ეროვნულ ინტერესთა გამოვლინებისა და დადასტურების ხელშემწყობ შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ოპონენტები შეძლებენ გააცნობიერონ თანამედროვე პოლიტიკის ობიექტური და უაღრესად მკაცრი მოთხოვნები და ზუსტად განსაზღვრონ საკუთარი დანიშნულება და შესაძლებლობანი. მჯერა, რომ მიმდინარე 1998 წელი დიდი ეროვნული თანხმობის მიღწევის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. იწყება არჩევნების ციკლი: 1998 წელი - ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების არჩევნები, 1999 წელი - პარლამენტის არჩევნები, 2000 წელი, პრეზიდენტის არჩევნები. ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა საშუალება კონსტიტუციისა და კანონის სრული დაცვით მოსინჯოს საკუთარი ძალები.

საქინფორმი.

ადამიანის უფლებათა დაცვა სახელმწიფოს უმაღლესი იმპერატივია : საქართველოს მთავრობის გაფართოებული სხდომა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 25 იანვარი. - №20 (2720). - 6 გვ.

9 ვოცნებობ ქვეყანაზე, რომელიც სხვებს ასაჩუქრებს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
ინტერვიუ „ნოვიე იზვესტიას“

ეს მასალა ლიდერის გამოდევნების რეჟიმით მზადდებოდა. შევარდნაძის სამუშაო ვიზიტი საზღვარგარეთ - თოთხმეტი საათი. ფრენასაც თუ ჩავთვლით - ოცი. დაბრუნება - დილის შვიდ საათზე. დღის პირველ საათზე - ელმავალსაშენებელი ქარხანა. ოთხ საათზე - ელექტროვაგონშემკეთებელი. შვიდზე - რკინიგზის სამმართველო. და ასე დაღამებამდე. ჩემი შანსი ინტერვიუ ჩამომერთმია საქართველოს პრეზიდენტისათვის - ნულს უტოლდებოდა.

მაგრამ ათ საათსა და ორმოც წუთზე ზარი გაისმა: ამობრძანდით მეთერთმეტე სართულზე. ნაცნობი კაბინეტი კოშკში, სადაც გვიან ღამემდე სინათლე არ ქრება. შევარდნაძე მეკითხება:

- ტემპში თუ შეგიძლიათ?

- შევეცდები. უახლოეს კვირას 70 წელი გისრულდებათ. საიდან ამდენი ძალა?

- წლინახევრის წინათ ელმავალსაშენებელი ქარხანა კვდებოდა. გარბოდნენ ოსტატები, რომლებსაც ძველი დროიდან ვიცნობდი. ახლა აქ 1500 კაცი კვლავ ელმავლებს აშენებს, არემონტებს ძველებს.

ასეთივე სურათია ელექტროვაგონშემკეთებელში. იქაც და აქაც 600 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა.

ოთხმოცდაცამეტში რკინიგზელთა გაფიცვით შემხვდნენ. მემანქანეები მოითხოვდნენ შეიარაღებულ თანხლებას და „შიშის საფასურს“, დღეს გადააქვთ ყაზახეთის ნავთობი და უზბეკური ბამბა. განახლდა მგზავრთა გადაყვანა. მიმოსვლა მოსკოვთან, ერევანთან, ბაქოსთან, კიევთან. სხვა დედაქალაქებთან, ბიუჯეტში 12 მილიონი ლარი შემოიტანეს.

ორი წლის მანძილზე მთლიანი შიდა პროდუქტის მატება 22 პროცენტია, რომელიც უმაღლესია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.

აი, ეს მაძლევს ძალას. როცა ვხედავ, რომ საქმე გამოდის, ისე ვიმუხტები, რომ ნებისმიერ დატვირთვას არად ვაგდებ.

- დიდხანს გყოფნით ეს მუხტი?

- რა თქმა უნდა.

- კენჭს იყრით თუ არა ორი ათას წელს?

- ვიცოცხლოთ და ვნახოთ.

- წინათ რომ საყვედურებს გამოთქვამდით კრემლის მოხუცებზე...

- მოხუცებზე - კი. მაგრამ ჩემი მოხუცებულობა ვერ მეწევა.

- როდემდე?

- მთავარ პრობლემათა გადაჭრამდე.

- რა პრობლემებია?

- აფხაზეთი, დევნილები, ენერგეტიკა, მაგისტრალები...

- რაზე ოცნებობთ, „სულით ხორცამდე პრაგმატიკოსი“?

- ისევ იმაზე... პრაგმატიკოსებიც ოცნებობენ, ოღონდ სხვაგვარად, ვიდრე ოცნების კოშკების მშენებლები. ჩემი „კოშკი“ საქართველოა, რომელიც არც კარგავს და არც სხვებისაგან იღებს, არამედ იძენს და ასაჩუქრებს. დასაჩუქრება მისი ოდინდელი სტატუსია. მინდა მისი აღდგენა, თუ ხორცს შეისხამს აბრეშუმის გზის იდეა - ოდინდელი ოცნება. ამაზე ჯერ კიდევ საბჭოთა დროში ვლაპარაკობდი. ვლადივოსტოკის კონფერენციაზე - საქართველო ყველასათვის საჭირო და სასარგებლო იქნება, ვისაც ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანთან ინტეგრაცია აინტერესებს.

- ... რაზეც თქვენი ოპონენტები ამბობენ, შევარდნაძის ეს „აბრეშუმის“ ახირება რუსეთის ტრანზიტს ყელში ეჩხირებაო.

- რუსეთი იყო, არის და იქნება დიდი სატრანზიტო სახელმწიფო. გახსენით აფხაზეთსა და მთავარ ქედზე გამავალი ჩაკეტილი გზები და რუსეთი შეუერთდება ამ გრანდიოზული ევრაზიის ნაკადს.

- მოდით, „ყველაზე მთავარზე“, რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მიღწევად - მწვერვალად, რითაც ამაყობთ?

- „ცივი ომის“ დამთავრება და საქართველოს გამოყვანა ყოველგვარი ნგრევის მდგომარეობიდან. ეს ჯერ კიდევ სამოთხე არ არის, მაგრამ უკვე სახელმწიფოა. არის პირდაპირი კავშირი ამ მოვლენებს შორის...

- ...და ახალი ელიტების წარმოშობას შორის, რომლებიც ექსპლოატაციას უწევენ დამოუკიდებლობას ანგარების მიზნებით. ყველგან ლაპარაკობენ სიძნელეზე - სინათლეს გრაფიკით იძლევიანო და მაფიაზე, რომელიც ენერგოკრიზისით მდიდრდება. თქვენ კი ეროვნული ენერგიის გამოღვიძებაზე ლაპარაკობთ.

- ბანდიტიზმს, კრიმინალიტეტს პოლიტიკაში ხომ ბოლო მოვუღეთ. ამასაც დავძლევთ. ეს მუდმივი ბრძოლაა - კორუფციის დაძლევა. თვით უფრო სვებედნიერი სახელმწიფოებიც კი აწყდებიან ამ ბოროტებას, ჩვენ შემთხვევაში - კვადრატში აყვანილ ბოროტებას განაწამები ქვეყანა უპირისპირდება და ფეხზე წამოდგომას ცდილობს, მაგრამ მწამს: საკმარისი იქნება ჩვენი ეროვნული ენერგია, რათა ფეხზე წამოვდგეთ, თავიდან მოვიშოროთ ეს წურბელებიც...

- ...და დამოუკიდებლობის კიდევ ერთი შედეგი - კონფლიქტები, ომები, ახალი „მესიები“, რომლებიც ხელისუფლებას, საკუთრებას, ტერიტორიებს განკარგავენ თავიანთ სასარგებლოდ, არაფერზე არ გწყდებათ გული?

- გული გწყდებათო? სხვა სიტყვა მოძებნეთ. ყველაზე მძიმე უბედურება ის არის, რომ თავიდან ვერ ავიცილეთ ომი აფხაზეთში. იყო ბრძანება - არ შესულიყვნენ სოხუმში. მარტო გაეკონტროლებინათ საარსებო მნიშვნელობის არტერიები. დაარღვიეს. კარგი იქნებოდა, მე, ამ ბრძანების ავტორს, მაშინ რეალური ძალაუფლება მქონოდა. მაგრამ არ მქონდა, არ იყო არც არმია, რომელიც პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებებს შეასრულებდა, არც ძალები, რომლებიც შეაჩერებდნენ ამ ბრძანებათა დამრღვევებს, ამასთან, მაშინ მთავარსარდალიც არა ვყოფილვარ.

- ბოლო დროს ყველაზე მეტად რამ შეგაწუხათ და რამ გაგახარათ...

- ამუშავდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა - სიხარული. ინფლაცია წლის მანძილზე 7 პროცენტს არ აღემატებოდა - სიხარული. შევუთანხმდი ჭიათურის მაღაროების აღსადგენად ინვესტიციების შესახებ - იგივე. გაიხსნა ახალი სამშობიარო სახლი ბათუმში - სიხარულის კიდევ ერთი საბაბი. ბევრი რამ იყო წუხილი... ძნელია ჩამოვთვალო, მასობრივი ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, ჟიული შარტავას დახვრეტა, რომელიც სოხუმში გავგზავნე, როგორც აფხაზთა მეგობარი, მისი ადამიანების დაღუპვა, ტერორისტთა ხელით სოლიკო ხაბეიშვილის, გია ჭანტურიას, სხვათა მკვლელობა...

- მე პირად სიხარულსა და წუხილზე გეკითხებით.

- ყველა წუხილი პირადულია.

- არ გიხსენებიათ თქვენზე თავდასხმა.

- გამონაკლისი როდი ვარ, როცა ტერორმა მოიცვა ქვეყანა.

- აქ ვინმეს უშლით ხელს?

- ეჭვი არ მეპარება.

- ვის?

- თუ ნებას მომცემთ არ გიპასუხებთ, განგების ნებაა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორიც არის.

- რაკი ამას შეეხეთ... წარსულში კომუნისტი - ათეისტი მოინათლეთ მართლმადიდებლური წესით, საბერძნეთში ვიზიტის დროს თაყვანი ეცით ათონის სიწმინდეებს. იერუსალიმში ილოცეთ ჯვრის მონასტერში, სადაც რუსთაველია დაკრძალული, არც ისე ტაქტიანი, მაგრამ გარდუვალი კითხვაა: რა არის ეს, ისევ პოლიტიკა თუ სხვა მოტივები.

- ჩემი მეგობრის ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთ რომანში გმირი ჯვარს ხსნის ეკლესიის გუმბათს და სამუდამოდ ღრანჭმოქცეული ჩამოდის მიწაზე. ცხადია, ეს სულში იმ გადახრის მეტაფორაა, რომლითაც ბევრი, მათ შორის, რა თქმა უნდა, მეც, მრავალი წელია, ვცხოვრობდით. დედაჩემი ძალიან მორწმუნე ქალი იყო. ძლიერ იტანჯებოდა ასეთი უღმერთობის გამო. მისი ტანჯვა წამომეწია იმ განსაცდელის პიკზე, რომელიც წილად მხვდა.

მაგრამ, იქნებ ღირდეს იმის თქმა, რომ იმ დროისათვის მკრეხელური დუმბაძის რომანი „კომუნისტ-ათეისტის“ ხელშეწყობის გარეშე როდი გამოვიდა, და, აგრეთვე, აბულაძის „მონანიება“ მისი მეტად მძაფრი რელიგიური მოტივით.

- თქვენი იდეალი ცხოვრებასა და პოლიტიკაში?

- ცხოვრებაში ჩემი სოფლელი ნათესავები, ბოლშევიკები, მენშევიკები, ფედერალისტები... ასეთი იყო დრო და ასეთია გურია, არ შეუძლია პოლიტიკის გარეშე. მაგრამ, როგორც ჩანს, ინსტიქტურად აშინებდათ, არ დაშლილიყო ეს, ასე ვთქვათ, მრავალპარტიული ოჯახი, ამიტომაც გამოიმუშავებდნენ კომპრომისებისა და მოთმინების გზას. პოლიტიკაში კი დავით აღმაშენებლის ასეთივე დებულება, მეფისა, რომელმაც მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ძლიერი ცენტრალიზებული ქართული სახელმწიფო შექმნა, ქრისტიანი მეფე არ ერიდებოდა არც მეჩეთში, არც სინაგოგაში, არც ზოროსასტრიულ საკურთხეველში შესვლას. სხვაგვარად არ შეიძლება საქართველოში, ძალიან ბევრია ხალხებისა და რწმენის წაკიდების ოსტატი.

- რა თვისებებს აფასებთ ყევლაზე მეტად ადამიანებში?

- ცოტა ხნის წინათ ჩემს შვილიშვილს თამუნას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთეს. მისმა მამაცობამ აღმიძრა სურვილი მიმეწერა: „შენ გამოიჩინე ხასიათი, სიცოცხლის სურვილი, ნებისყოფა, რომელიც ჩემი აზრით, ბევრის ხვედრი როდია“. მაგრამ სიმტკიცე კეთილი უნდა იყოს, „რკინისას“ უკუაგდებენ... და კიდევ ღიმილი. თავს კარგად ვგრძნობ ადამიანებთან, რომლებსაც იუმორის გრძნობა აქვთ.

- თქვენი საყვარელი ხუმრობა?

- ნებისმიერი ხუმრობა გარკვეული სიტუაციის ნაყოფია, აი, მაგალითად, სეულის ოლიმპიადის წინ რეიგანმა მითხრა: „რამდენიმე მედალი მაინც დაგვიტოვეთო“. „ეს შეიძლება განვიხილოთ მოლაპარაკების საღამოს რაუნდზე, თუ სხვა საკითხებშიც დათმობებზე წახვალთ“, - ვუპასუხე მე.

- არადა, ამბობენ, „მისტერ „დიახ“ ხართ“.

- მერე რა რომ ამბობენ? ნებისმიერი მითი ინფორმაციის დეფიციტის შედეგია. აბა, შეეკითხეთ გენშერსა და შულცს, როგორი „მისტერ „დიახ“ ვარ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ მოლაპარაკების დროს მოულოდნელად ჯორჯმა მითხრა: „ენსენს ძაღლი ანტონი ჰყავს, რომელიც იყეფება, მაგრამ არ იკბინებაო“. „როგორც კრასნოიარსკის რადიოსალოკაციო სადგური, არა?“ - გამიხარდა მე. ამერიკელები მის გაუქმებას მოითხოვდნენ, ჩვენ კი - არამც და არამც. როგორც შექსპირი ამბობს, იუმორი სიმართლის სასაცილო მხარეაო. მათ შორის, საკუთარ თავზე სიმართლისა.

- გეცინებათ თუ არა „თქვენს თავზე სიმართლის გამო?“ ეს კითხვა პრესას ეხება. როგორ ეკიდებით მას, თქვენდამი არცთუ ყოველთვის სასიამოვნო გამონათქვამებს?

- როგორც ყოველთვის, ინტერესით, ყურადღებით და პატივისცემით. საქართველოში ორასზე მეტი გაზეთი გამოდის, და ყველა როდი მაქებს, მაგრამ ერთმანეთს ვესაუბრებით უშუამავლებოდ.

ვფიქრობ, საბჭოთა დროშიც, რაღაც გავაკეთე იმისათვის, რომ პრესა ყოფილიყო საზოგადოებრივი აზრის, სახელდობრ, მისი გამომხატველი და არა „პარტიის ხელქვეითი“. ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კავშირისა და დიალოგის არხი. სხვა საქმეა, თუ ვის ხელშია ეს არხი და ვის სასარგებლოდ იყენებენ მას. რა თქმა უნდა, ყოველთვის როდი კითხულობ ხალისით, რომ „შევარდნაძემ დაშალა საბჭოთა კავშირი...“ „ამერიკის შეერთებულ შტატებს აჩუქა ნავთობიანი შელფი ბარენცის ზღვაში...“ „კავკასიას აბარებს დასავლეთს და აძევებს რუსეთს რეგიონიდან...“ და სხვა ამგვარი რამ. მაგრამ, მეორე მხრივ, ვფიქრობ: „ხედავ, თურმე, რა ტიტანი ყოფილხარ ამ ყმაწვილების თვალში?“. მეორე მხრივ კი, ეს ხომ ძალიან კარგია, რომ ყველაფერი თითქოს ხელის გულზეა: ვინ არის შემკვეთი და საიდან ქრის ქარი.

თუმცა, არც ერთ გარემოებაში შესაძლებლად არ მიმიჩნევია მეპასუხა ჩემი მისამართით გამოხდომებისათვის.

- ერთხელ ხომ უპასუხეთ, ეს კიშინიოვის სამიტის შემდეგ იყო, რომ გაისმა: აფხაზეთში რუსეთმა გადაარჩინა შევარდნაძე, იგი კი უმადურიაო...“ და კიდევ: „შევარდნაძე სოხუმიდან რუსმა მფრინავებმა გამოიყვანესო“.

- ვიცი, რისთვის უნდა ვიყო რუსეთის მადლიერი, მაგრამ ეს ბლეფია, თუნდაც ყოფილიყო, როგორც შემდეგ გვითხრეს, ელცინის ბრძანება - მის შესრულებას აშკარად არავინ არ აპირებდა. რეუტის, ამიერკავკასიაში მაშინდელი რუსეთის ჯარების სარდლის მიერ „გამოგზავნილი“ „ოთხი თვითმფრინავი“ დღესაც მოფრინავს. ბაბუშერის ნაპირთან მომდგარი სამხედრო კატარღა მაშინვე შეტრიალდა და ზღვაში გავიდა. მხოლოდ იქიდან გაისმა რამდენიმე ცალფა ავტომატის გასროლის ხმა. ჩემი დაცვის მებრძოლებსა და „სალონის“ ეკიპაჟს მარჯვედ აჩეჩებდნენ დეზინფორმაციას - შევარდნაძემ სოხუმი დატოვაო. და ისინიც სხვებთან ერთად სვანეთის უღელტეხილის გავლით შეუდგნენ გზას.

მე კი ქალაქს ვტოვებდი მის ბოლო დამცველებთან ერთად სოხუმის ავიარაზმში მიწერილი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავით. მისი ეკიპაჟი შედგებოდა კორეელის, რუსისა და ქართველისაგან. როცა თვითმფრინავმა, რომელიც, სხვათა შორის, აბსოლუტურად მზად არ ყოფილა ასეთი ფრენისათვის და არც ისე გამართული იყო, სიმაღლე აიღო, მას გაუხსნეს სანაპირო და საზენიტო არტილერიის ცეცხლი. მაგრამ ჩვენ უკვე მაღლა ვიყავით, საწვავი ბათუმამდე ძლივს გვეყო.

1993 წლის 17-28 სექტემბერს მთელ დროს ალყაშემორტყმულ სოხუმში ვიყავი მოწინავე ხაზზე და ვიცი, ვინ უტევდა მას და ვინ უშენდა რაკეტებსა და ბომბებს ადგილებში, სადაც მე ვიმყოფებოდი. ახლა კი აცხადებენ: „გადავარჩინეთ... გამოვიყვანეთ...“

კარგით, თუ ღმერთი გწამთ...

- თქვენ რაღაც მეტისმეტად დიდსულოვანი ბრძანდებით, გმადლობთ. მაგრამ ხომ არის მკითხველი, მაყურებელი, მსმენელი, რომლისთვისაც, როგორც იტყვიან, ვმუშაობთ. „ქართული კონტრაბანდული სპირტით“ სამი თვის ტვინის გალაყებამ მას შავბნელი ქვეყნის ხატი შეუქმნა, რომელიც რუსეთს საფრთხეს უქმნის. ეს საწყენი ხომ არ არის „სტრატეგიული პარტნიორობისათვის“, როგორც აცხადებენ დიდ ჩრდილოელ მეზობელთან თქვენი ქვეყნის ურთიერთობას?

- არა, რა თქმა უნდა. ჭეშმარიტება, ჯერ ერთი, ის არის, რომ, საერთაშორისო წესების თანახმად, სატრანზიტო ქვეყანა მოვალეა თავის ტერიტორიაზე გაატაროს ნებისმიერი კანონიერი ტვირთი. და, მეორე, შემოწმება და ტვირთის ბედის გადაწყვეტა საბაჟოს საქმეა და არა სასაზღვრო დაცვისა. ამ შემთხვევაშიც, საქმე გვქონდა ინტერესთა პირად, ჯგუფურ, ძალისმიერ, უწყებრივ, გეოპოლიტიკურ, და ბოლოს, ფინანსურ-მერკანტილური ინტერესების შეჯახებასთან. ძალიან გავლენიანი ჯგუფების მეტად დიდი შემოსავალი იყო ერთმანეთთან გადახლართული, და ყოველივე ეს პრესამ ასახა კიდეც. მაგრამ ჩვენი ქვეყნების რეალურად თანამთხვევი ინტერესები ისეთია, რომ არ შეიძლება ეს დამოკიდებული იყოს ცალკეული „სტოლონაჩალნიკების“ და პრესაში შეკვეთილი კამპანიების მოქმედებაზე. ჩვენ მოვაწესრიგეთ ღირსეული საშუალებებით თანაბარ ადგილას მოდელირებული პასუხისმგებლური სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემა. მე ეს შთამაგონებს, როგორც იმის თანამშრომლობის ნიმუში, რომლის ნიშნითაც, დარწმუნებული ვარ, განვითარდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობა.

ახლახანს მადლობა გადავუხადე რუს მესაზღვრეებს, რომლებიც ორი წლის მანძილზე იცავდნენ ჩვენს საზღვრებს, მაშინ ჩვენ ამისათვის მზად არ ვიყავით. ახლა, შეგვიძლია, მათ შორის, საქართველოს მიმდებარე ზღვის აკვატორიის დაცვაც, ყოველ გარემოებაში საქართველო-რუსეთის ოქმი, რომელსაც მოსკოვში მოვაწერეთ ხელი, მოწმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ ნორმალურად გადაწყვიტონ ნებისმიერი რთული საკითხი.

- თქვენ ბევრი მეტსახელი გაქვთ - შევი, ბაბუ, თეთრი მელა, ჭაღარა... ხომ არ გწყინთ?

- თეთრი მელა მეხუთე საუკუნის ქართველი სტრატეგოსის მეტსახელია, შევი ამერიკელმა ჟურნალისტებმა შემარქვეს, ბაბუ - გურულ დიალექტზე „ბაბუაა“, ჭაღარა - რუსმა მეგობრებმა დამიძახეს. ყოველი ჩემში იმას ხედავს, რის დანახვაც სურს, მე კი ჩემი საკუთარი სახელი მომწონს.

- ბოლო კითხვა: სად და როგორ აღნიშნავთ თქვენს სამოცდაათ წლისთავს?

- საიდუმლოა. ალბათ, ამ დღეს ჩემს ოჯახთან ერთად წყნარ ადგილას გავატარებ, სადაც არ იქნება საზეიმო სხდომები და სიტყვები, ადრესები და საჩუქრები იუბილარისადმი.

შუაღამეს გადაცილებული იყო, როცა პრეზიდენტის კაბინეტიდან გამოვედი, მისაღებში ლიდერთან შეხვედრის მსურველები იცდიდნენ...

ესაუბრა
თეიმურაზ მამალაძე,
„ნოვიე იზვესტია“
1998 წლის 22 იანვარი.

ვოცნებობ ქვეყანაზე, რომელიც სხვებს ასაჩუქრებს : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ „ნოვიე იზვესტიას“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] თეიმურაზ მამალაძემ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 27 იანვარი. - №21 (2721). - 1,3 გვ.

10 საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი

▲ზევით დაბრუნება


ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, სულის სიღრმემდე შემძრა საზარელმა ტრაგედიამ, რომელიც გოგნიაშვილების ოჯახს დაატყდა თავს.

რაოდენ ძნელიც უნდა იყოს ნუგეშის სიტყვის პოვნა, რაოდენ გაუსაძლისიც უნდა იყოს შვილის, მეუღლისა და მამის ტკივილი, მწამს, ბატონო გიორგი, რომ თქვენთვის ჩვეული ვაჟკაცობით შეეჭიდებით განსაცდელს.

დაე, იმ მაღალი მისიის შეგნებამ, რომელიც თქვენ გაკისრიათ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, მეგობრების თანადგომამ და სრულიად საქართველოს გულწრფელმა თანაგრძნობამ ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოთ ეს უმძიმესი ტკივილი.

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი / ედუარდ შევარდნაძე ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1998. - 29 იანვარი. - №23 (2723). - 1 გვ.

11 ბატონ ნოდარ ახალკაცის ოჯახს

▲ზევით დაბრუნება


სამძიმარი

ძალზე დამწყვიტა გული ბატონ ნოდარის გარდაცვალებამ.

ამქვეყნიდან მის წასვლასთან ერთად ქართულ ფეხბურთში ერთი დიდი ეპოქა დამთავრდა, ძალზე ლამაზი და რომანტიკული, რომელმაც არაერთი სიხარული მოუტანა საქართველოს.

სწორედ იმ წლებიდან, როცა თბილისის „დინამომ“ ბატონ ნოდარის თავკაცობით არნახულ წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე, ქართველი ერისათვის ფეხბურთი გახდა ეროვნული თვითმყოფადობის გამოხატვისა და გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება. ასე გრძელდება დღემდე და ამაში ბატონ ნოდარ ახალკაცის წვლილი განუზომელია - მისი სახელი როგორც დიდი მწვრთნელისა და ქვეყნის მოამაგისა, ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

მადლობა ბატონ ნოდარს ყოველივე ამისათვის, მადლობა 1981 წლის 13 მაისის იმ დაუვიწყარი საღამოსათვის, როცა „დინამომ“ დიუსელდორფის სტადიონზე ქართული გენის და ჯიშის ტრიუმფალური გამობრწყინებით არნახული ზეიმი მოუწყო საქართველოს. ამ ზეიმის ავტორი და დამდგმელი ნოდარ ახალკაცი იყო და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მისი მადლიერი იქნება ამისათვის.

თავს ვხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.

ნუგეშად ისღა გვრჩება, რომ ნოდარ ახალკაცის სახელი იარსებებს მანამდე, სანამ იარსებებს ქართული ფეხბურთი.

ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ ნოდარ ახალკაცის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 30 იანვარი. - №24 (2724). - 1 გვ.

12 საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სამძიმრის ბარათი გაუგზავნა ცნობილი დრამატურგის ალექსანდრე ჩხაიძის ოჯახს. ბარათში ნათქვამია: „დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა შესანიშნავი ქართველი დრამატურგი და სიკეთით სავსე პიროვნება ალექსანდრე ჩხაიძე, რომლის პიესები ორმოცი წლის მანძილზე იდგმებოდა არა მარტო საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის თეატრებში, არამედ უცხოეთშიც.

პირადად მე მასთან მრავალი წლის გულითადი ურთიერთობა მაკავშირებდა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მარტო თქვენთვის და ქართული კულტურისთვის, არამედ ჩემთვისაც“.

საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.

საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. 1998. - 1 თებერვალი. №26 (2726). - 1 გვ.

13 „აფხაზეთის პრობლემა, აფხაზეთის კონფლიქტი ამა თუ იმ ხერხით, ამა თუ იმ საშუალებით, ამა თუ იმ ძალთა ჩარევით, ამა თუ იმ კომპრომისით აუცილებლად გადაწყდება და მოწესრიგდება ორი ხალხის - ქართველთა და აფხაზთა საკეთილდღეოდ ისევე, როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტი“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2 თებერვლის რადიოინტერვიუ

- თქვენი იუბილესადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინციპში, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ჩაიარა. ერთი რადიოინტერვიუ, ასე ვთქვათ, ამ მიზეზის გამო გაცდა. მას შემდეგ, დღეს პირველი ინტერვიუა. რაიმეს ხომ არ დაამატებდით იმას, რაც ტელეეკრანიდან ბრძანეთ. სხვათა შორის, უამრავი მოლოცვა იყო, ნაწილი გამოვიყენეთ, ნაწილი - ვერა, იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- მოლოცვები ამჟამადაც გრძელდება. სამწუხაროდ, ჩემს უფლებამოსილებას აღემატება ამ პროცესის აკრძალვა ან შეზღუდვა. ვგულისხმობ მოლოცვებს, უამრავ წერილს, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და, რა თქმა უნდა, უპირველესად, საქართველოს რაიონებიდან, სოფლებიდან, ქალაქებიდან ვიღებ.

რაც ყველაზე მეტად მახარებს, უცხოეთიდან მიღებულ წერილებში გამოხატულია სიყვარული და პატივისცემა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნებისადმი, არამედ იმ ქვეყნის მიმართაც, სადაც ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ამჯერად. მე უკვე ვთქვი: საიუბილეო ღონისძიებები რომ გამომეცხადებინა (ვგულისხმობ სპეციალურ შეკრებებს, თუ სხვას), საქართველოში ბევრი ჩამოვიდოდა - როგორც ჩემი, ასევე ჩემი ქვეყნის მეგობრები. მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს ზედმეტი იქნებოდა დღევანდელ პირობებში.

მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა უნიკალური სოლიდარობა გამოგვიცხადა - რამდენიმე საათით სპეციალურად ჩამოფრინდა, რათა პირადად მოელოცა ჩემთვის. ეს უდავოდ ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო, რომელმაც ერთხელ კიდევ ცხადყო, რომ კავკასიელ ხალხთა, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის ძმობას ალტერნატივა არ გააჩნია.

დიდად ვაფასებ პრეზიდენტ ელცინის მიერ გამოჩენილ ყურადღებას - მან სპეციალური წარმომადგენლები გამოგზავნა მოლოცვათა გადმოსაცემად.

როცა დამთავრდება, შენელდება მოლოცვების ეს ტალღა, ვალდებული ვიქნები შეძლებისდაგვარად გავცე პასუხი ყველას, ხოლო სახელმწიფოთა მეთაურებს, მთავრობათა ხელმძღვანელებს, გამოჩენილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს პერსონალურადაც ვუპასუხებ.

რა თქმა უნდა, მინდა გამოვიყენო დღევანდელი დღეც, ვისარგებლო ამ შემთხვევით და საქართველოს მოქალაქეებს, იმათ, ვინც საჭიროდ ჩათვალა რაღაცნაირად, ამა თუ იმ ფორმით გამოეხატა თავისი დამოკიდებულება, უდიდეს მადლობას მოვახსენებ.

დღეს მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ამჟამად უკვე ვფიქრობ, არა იმდენად განვლილ გზაზე, ან (როგორც ბევრ წერილშია აღნიშნული) მსოფლიოს დემოკრატიულ გარდაქმნებში შეტანილ წვლილზე, რამდენადაც იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დღეს, ხვალ საქართველოს საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანებისათვის - სიმართლის, სამართლიანობის გასამარჯვებლად.

აი, ამით შემოვფარგლავ ჩემს კომენტარს ამ საკითხზე.

- ამ ორი კვირის განმავლობაში მთავრობის ორი სხდომა გაიმართა. აქედან ერთი - გაფართოებული შემადგენლობით, რომელზეც შეჯამდა 1997 წელს ეკონომიკის განვითარების შედეგები. სხვათა შორის, ამ მხრივ საინტერესოა ერთი მომენტიც - ახლა მიმდინარეობს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელზეც ძალიან საინტერესო რამ ითქვა და, რაც მთავარია, საიმედო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით. ეს ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია...

- მთავრობის გაფართოებულ სხდომებზე კომპლექსურად შევისწავლეთ და შევაჯამეთ 1997 წელს ეკონომიკაში მიღწეული, მთლიანობაში არცთუ ურიგო შედეგი. სამშაბათს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველსავე სხდომაზე დაგეგმილია ჩემი პოლიტიკური მოხსენება „ქვეყნის საგარეო და საშინაო მდგომარეობის შესახებ“. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი იქნება ეკონომიკური მიმოხილვაც, ქვეყანაში წესრიგის მდგომარეობა და ზოგიერთი სხვა საკითხი, რომლებიც დაწვრილებით იქნება ასახული. ამდენად, იქნებ სჯობდეს, დღეს ამ პრობლემებს დეტალურად არ შევეხოთ. რაც შეეხება დავოსის ფორუმს, მიუხედავად მრავალრიცხოვანი მოწვევისა, მათ შორის, ფრიად პატივცემული, მსოფლიოში ცნობილი მოღვაწეებისაგან, სამწუხაროდ, ვერც ამჯერად შევძელი ამ ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მიღება, თუმცა, სათქმელი მართლაც ძალიან ბევრია, და ბევრის მიღებაც შეიძლება ამ ფორუმისგან.

ამჯერად საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ნიკო ლეკიშვილმა იკისრა ეს მოვალეობა და, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ წარმატებითაც მიმდინარეობს მისი მუშაობა დავოსში. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პრობლემატიკა ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ფორუმის მონაწილეებს. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის გამოსვლა. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ მისი შეფასებანი და პროგნოზები, განსაკუთრებით ევრაზიის დერეფნის თუ ნავთობისა და სხვა ნედლეულის ტრანსპორტირების თაობაზე, თითქმის დეტალებამდეც კი ემთხვევა ჩვენს შეხედულებებს. აშკარად ვიგრძენი, რომ დავოსში ყურადღების ცენტრში აღმოჩნა ის იდეები, რომლებიც არაერთგზის გამოგვითქვამს პატივცემულ კოლეგებთან - ყაზახეთის, უზბეკეთის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და სხვა სახელმწიფოთა პრეზიდენტებთან საუბრისას. დავოსის ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპისა და ამერიკის ინტელექტუალურ ცენტრებში მიმდინარეობს ახალი მსოფლიოს შესატყვისი ეკონომიკური მოდელის დამუშავება, რომელსაც საფუძვლად დაედება თანასწორობის, თანამშრომლობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპები. მოხარული ვარ, რომ ამ ურთულეს პროცესში ჩვენი ქვეყნის ხმაც იმის. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ, თუ რომელიმე ქვეყანა არ დავასახელე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დაინტერესებული არ არიან ამ დერეფნის განვითარებით. ჩემი აზრით, მაგალითად, დერეფანში თავის განსაკუთრებულ ადგილს აუცილებლად იპოვის სომხეთი. თუ ჯერჯერობით არ მიმდინარეობს აქტიური დიალოგი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ჩვენი მოძმე ქვეყანა, ასე ვთქვათ, ამ სიკეთით არ ისარგებლებს. ასევე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს რუსეთისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების შემთხვევაში, მას გიგანტური საშუალებანი გამოუჩნდება (რუსეთსაც და ჩვენც, რა თქმა უნდა) იმისათვის, რომ ჩრდილოეთიდან დაიწყოს დიდი ტვირთზიდვა, დაიძრას მგზავრთა ნაკადები სამხრეთისაკენ, და არა მარტო სამხრეთ კავკასიისაკენ, არამედ, აგრეთვე, თურქეთისაკენ, ახლო და შუა აღმოსავლეთისაკენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

აი, ასეთი ფიქრებით, და ასე ვთქვათ, დასკვნებით დავამთავრებდი, საუბარს დავოსთან დაკავშირებით.

- გასულ კვირას, როგორც ყოველთვის, კვლავ დღის წესრიგში იდგა აფხაზეთის პრობლემა, კერძოდ, სამშვიდობო ოპერაციის განვითარების საკითხი. თანამეგობრობის სამიტამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. ეს სამიტი მარტში გაიმართება. ამასობაში კი მზადდება რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში. ახლახანს აქ იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ეგორ სტროევი. პრინციპში, ამ თემაზე რუსეთ-საქართველოს დიალოგი, შეიძლება ითქვას, როგორც ყოველთვის, დღესაც აქტიურად მიმდინარეობს, რამდენად შედეგიანად - ეს სხვა საკითხია. გაეროს უშიშროების საბჭოზე ამასობაში მიიღეს მორიგი რეზოლუცია, რომლითაც მანდატი გაუგრძელდა აფხაზეთში მყოფ გაეროს სამხედრო მეთვალყურეებს...

- ყველა ამ საკითხს პარლამენტის წინაშე ხვალინდელ გამოსვლაში უფრო კონკრეტულად შევეხები, თუმცა ყველა კითხვას პასუხს, ალბათ, ხვალაც ვერ გავცემ. უმთავრესი ყურადღება, რა თქმა უნდა, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტის პერსპექტივებს დაეთმობა. ეს კვლავინდებურად ჩვენი უდიდესი საზრუნავი და საფიქრალია. ერთი რამ სრული პასუხისმგებლობით უნდა ითქვას: ამას ჩვენ არ მოვეშვებით! აფხაზეთის პრობლემა, აფხაზეთის კონფლიქტი ამა თუ იმ ხერხით, ამა თუ იმ საშუალებით, ამა თუ იმ ძალთა ჩარევით, ამა თუ იმ კომპრომისით აუცილებლად გადაწყდება და მოწესრიგდება ორივე ხალხის - ქართველთა და აფხაზთა საკეთილდღეოდ ისევე, როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტი.

რაც შეეხება ბატონ სტროევის ვიზიტს, იგი საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა. ეს აღნიშნა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ხელმძღვანელობამ. ასევე სასარგებლო იყო შეხვედრები ვიცე-პრემიერთან სეროვთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამდივნოს უფროსთან ივანე კოროტჩენიასთან, რომელიც ამჟამად მომავალი სამიტის დღის წესრიგს აზუსტებს თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერთა აზრის გათვალისწინებით.

ერთი სიტყვით, მუშაობა რუსეთთან გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება. ეს ბუნებრივიც არის - რუსეთი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.

- კიდევ ერთი ასეთი კითხვა: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური მოხსენება მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. იგი შეიცავს საკმაოდ საინტერესო მონაცემებს: ავტორიტარული რეჟიმების მაგალითად დასახელებულია ჩინეთი, ნიგერია, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლიბია, სირია, ერაყი. არის ასეთი მონაცემი: ადამიანის უფლებათა საკითხი რთულია იმ ქვეყნებში, სადაც კონფლიქტებია, და ჩამოთვლილია რუანდა, ბურუნდი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ალჟირი, სუდანი, ავღანეთი კოლუმბია.

გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებში აღინიშნება პროგრესისა და რეგრესის შერეული სურათი, ნათქვამია იქ. შექებულია რუმინეთი და ბულგარეთი, სადაც, დაბრკოლებათა მიუხედავად, მკვიდრდება მართვის დემოკრატიული ფორმა. დადებითად არის შეფასებული ალბანეთი, ლიბერია და ბოსნია. ძალიან მწვავედ არის გაკრიტიკებული თურქეთი.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მოხსენებაში გამოყოფილია საქართველო, სადაც მიუხედავად იმისა, რომ, ნათქვამია მოხსენებაში, არსებობს პრობლემები ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, მაინც აღინიშნება მოქალაქეთა მიერ დემოკრატიულ ღირებულებათა შემეცნების ზრდა. და ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის აქტიურ პოზიციასთან ერთად ეს იძლევა იმედს, რომ აღიკვეთება სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები.

გაკრიტიკებულია რუსეთი რელიგიის თავისუფლების შემზღუდველი კანონის მიღებისათვის, ბელორუსია - დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, პროფკავშირების და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების დაშინების ტაქტიკისათვის, შემდეგ ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი - ძირითადად თავისუფლებათა შეზღუდვისათვის და პრეზიდენტების მიერ სამართალდამცავი ორგანოების დაქვემდებარებისათვის.

პრინციპულად ძალიან საინტერესო სურათია, და საინტერესო იქნება თქვენი აზრი, როგორ შეაფასებდით მოხსენების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს შეეხება: კვლავ გავიმეორებ, რომ საქართველო გამოყოფილია სხვა ქვეყნებისაგან და ნათქვამია, რომ, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ პრობლემათა მიუხედავად, იქ მაინც აღინიშნება მოქალაქეთა მიერ დემოკრატიულ ღირებულებათა შემეცნების ზრდა და ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის აქტიურ პოზიციასთან ერთად ეს იძლევა იმედს, რომ აღიკვეთება სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები. ასეთი მოსაზრებაა გამოთქმული...

- განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს შეეხება, ნაწილობრივ გავეცანი. ხვალ, ზეგ, ალბათ, გამოვძებნი დროს და დოკუმენტს მთლიანად გავეცნობი.

უწინარესად უნდა აღვნიშნო, რომ მოხსენების ნაწილში, რომელიც საქართველოს შეეხება (მე სწორედ ამაზე შევჩერდები), შეშფოთებაა გამოთქმული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო. მე ყველას ვთხოვ, სწორედ ამ ნაწილს მიაქციონ ყურადღება. თუ თქვენ გახსენდებათ, ბატონ კოფი ანანისადმი გაგზავნილ წერილში სწორედ ის აღვნიშნე, რომ წელს ადამიანის უფლებათა წელია - ცნობილი დეკლარაციის მიღების 50 წლისთავი და სწორედ ეს უნდა აღინიშნოს ლტოლვილთა უფლებების დაცვითა და მათი უფლებების აღდგენით. ამ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნის მიუხედავად, 250 000 იძულებით ადგილნაცვალი პირის აფხაზეთში დაბრუნების საკითხი ვერ გადაწყდა, ხოლო გალში თავის ნებით დაბრუნებული ქართველების უსაფრთხოება დაცული არ არის. სხვადასხვა ეროვნების დამნაშავეთაგან შემდგარი შეიარაღებული ბანდები აქტიურად მოქმედებენ აფხაზეთში. პარტიზანული მოძრაობის ინტენსიურობა გაზრდილია. საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს სიტუაციას ვერც აფხაზეთში, და ვერც ცხინვალის რეგიონში. კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულობანი გამოძიებული არ არის და დამნაშავე პირები დაუსჯელი არიან. და სავსებით სწორია: ჩვენ რომ ვაკონტროლებდეთ, ან ჩვენ რომ ერთობლივად ვაკეთებდეთ რაიმეს, გალში ასეთი ვითარება არ იქნებოდა. აღნიშნულია ჩემი თხოვნა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შექმნას ორგანო, რომელიც გამოიძიებს და დასჯის კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენ პირებს.

მოხსენებაში აღნიშნული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები მიწოდებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვათა მიერ. თვით მოხსენების ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში არის რამდენიმე სანდო ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც ამოწმებენ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას, მაგრამ მათი უმრავლესობა პოლიტიზებულია. ამდენად გადაცემულ ინფორმაციას ხშირად აკლია სიზუსტე, ზოგჯერ დამახინჯებულია ფაქტები. ეს იმათ სინდისზე იყოს, ვინც პოლიტიკური მიზნებისა და პოპულიზმის გამო, საკუთარი ქვეყნის სახელსა და ღირსებას არ ინდობს, მაგრამ, თავისთავად, ამაში მე საშიშს ვერაფერს ვხედავ. წავიდეს ისეთი ინფორმაცია, როგორიც თავად მიაჩნიათ და თავად ხედავენ.

მოხსენებაში გამოთქმული ბევრი შენიშვნა სავსებით მისაღებია და მათზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ცოტა მეტიც ვიცით - კიდევ სად არის დარღვევები და რა აკლია ამ თვალსაზრისით ხელისუფლების საქმიანობას. ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს. შენიშვნები ძირითადად სამართალდამცავ ორგანოთა მიმართ არის გამოთქმული და მათ ამ შენიშვნებიდან სერიოზული დასკვნები უნდა გამოიტანონ. ბევრი რამ გამოსწორდა, მაგრამ გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ათჯერ მეტია.

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მეგობრის თვალით დანახული ნაკლოვანებანი აუცილებლად გასათვალისწინებელია. დადებითი შეფასება კი სასიამოვნოა.

მართლაც, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა პიროვნების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ ადამიანის უფლებები მუდმივი თემაა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, ასევე კანონმდებელთათვისაც.

შევახსენებ ყველას: საქართველო იყო ის ქვეყანა, სადაც ანარქიის, ქაოსის, კრიმინალური ბანდების თარეშის პირობებში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო კომიტეტი - ეს პირველ ეტაპზე, შემდგომ კი მთელი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინსტიტუტები ჩამოყალიბდა ამ უფლებების დასაცავად. შეიძლება ითქვას, შეიქმნა სისტემა, რომელიც თვისებრივად მომართულია დაიცვას ადამიანის უფლებები, არ დაუშვას მათი ხელყოფა სახელმწიფო სტრუქტურებისა, თუ სხვა რომელიმე ძალთა მიერ.

გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ სანამ ასიათასობით დევნილი არ დაუბრუნდება მშობლიურ კერას, მანამ ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპთა უნივერსალურობაზე ლაპარაკი ყველასათვის უხერხული იქნება. მჯერა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ასეთ ყურადღებას უთმობენ (და სამართლიანადაც) ადამიანის უფლებათა დარღვევის ცალკეულ, თითოეულ ფაქტს, - ადრე თუ გვიან ასეთივე სიმკაცრით იტყვიან თავიანთ ავტორიტეტულ სიტყვას აფხაზეთიდან დევნილი ასიათასობით ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.

იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ვრცელი მოხსენება მექნება პარლამენტში, იქნებ დღეს შედარებით მოკლე დროით შემოვიფარგლოთ.

საქინფორმი.

„აფხაზეთის პრობლემა, აფხაზეთის კონფლიქტი ამა თუ იმ ხერხით, ამა თუ იმ საშუალებით, ამა თუ იმ ძალთა ჩარევით, ამა თუ იმ კომპრომისით აუცილებლად გადაწყდება და მოწესრიგდება ორი ხალხის - ქართველთა და აფხაზთა საკეთილდღეოდ ისევე, როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტი“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2 თებერვლის რადიოინტერვიუ / ე. შევარდნაძე; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 3 თებერვალი. - №27 (2727). - 1,2 გვ.

14 ვაშენოთ ახალი, სუვერენული, დამოუკიდებელი, განუყოფელი, დემოკრატიული საქართველო!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მოხსენება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 1998 წლის 3 თებერვალს.

ბატონო პარლამენტარებო!
ჩვენი ქვეყნის მოქალაქენო!

დღეს კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად მოხსენებით მივმართავ პარლამენტს და ხალხს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

მოხსენებამ უნდა უპასუხოს კითხვას: თუ როგორ სრულდება კონსტიტუცია, კანონმდებლობა, პრეზიდენტის ხუთწლიანი პოლიტიკური პროგრამა (2000 წლამდე), პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგია და ტაქტიკა, როგორ შენდება წლიდან წლამდე სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზრო ეკონომიკა, როგორ თანამშრომლობენ საპრეზიდენტო, აღმასრულებელი, საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლება, კონსტიტუციური სასამართლო, როგორ ხორციელდება პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური რეფორმები.

ეს არის პრეზიდენტის მეორე საერთო-სახალხო ანგარიში მას შემდეგ, რაც ამოქმედდა კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციის საფუძველზე არჩეულია საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტი.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 1997 წელი იყო კონსტიტუციური წყობილების შემდგომი განმტკიცების, მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური რეფორმების, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის უაღრესად ნაყოფიერი, დემოკრატიული ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთანგარიშგაწევის პრინციპებზე აგებული, მე ვიტყოდი, უნიკალური თანამშრომლობის წელი.

კონსტიტუციის ეფექტიანი ამოქმედება მიღწეული იყო ხელისუფლების სამივე განშტოების ერთობლივი ძალისხმევითა და თანადგომით, ხალხის მხარდაჭერით.

მინდა გამოვყო რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება.

1997 წელს მიღებულმა აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ კონსტიტუციურმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა საპრეზიდენტო, აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის, სამინისტროებისა და დეპარტამენტების საქმიანობის ახალ კარდინალურ რეფორმაციას და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა არა მარტო მიმდინარე წლის, არამედ უფრო შორეული პერსპექტივის ძირითადი ამოცანები.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საპრეზიდენტო, აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობა პარლამენტთან. რაც, უწინარესად, გამოვლინდა კანონშემოქმედებაში, აგრეთვე პოლიტიკის მთელ რიგ სხვა ასპექტებში.

გასულ წელს კანონშემოქმედებითი საქმიანობა მოიცავდა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის უმთავრეს მიმართულებებს.

კონსტიტუციის საფუძველზე 1997 წელს წარმატებით შენდებოდა საქართველოს სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. განმტკიცდა მისი საკანონმდებლო ბაზა და მატერიალური საფუძვლებიც.

ეს წელი დიდი სასამართლო რეფორმის, ხელისუფლების სამივე განშტოების სახელმწიფოებრივ, კონსტიტუციურ ურთიერთობათა პრინციპის ჩამოყალიბების საეტაპო წელი იყო.

გასულ წელს დასრულდა ეკონომიკური და სოციალური რეფორმების პირველი ეტაპი და დაიწყო რეფორმების მეორე, მე ვიტყოდი, დამამთავრებელი ეტაპი.

1997 წელს აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონშემოქმედებითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი პარლამენტთან ერთად, რა თქმა უნდა, მისი თანხმობით განისაზღვრა პრეზიდენტის გასული წლის იანვრის განკარგულებით, რომლითაც დამტკიცდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში 1997 წელს შესამუშავებელი კანონპროექტების ნუსხა.

განკარგულების თანახმად, კანონშემოქმედება მიჩნეულია სამინისტროთა და უწყებათა პრეზიდენტის სამსახურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად. სამინისტროებმა და უწყებებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების პერსპექტიული გეგმები 2000 წლამდე.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს ქვეყნის ძირითადი კანონის 106-ე მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად 1997 წლის 25 ნოემბრამდე, კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში უნდა დაემთავრებინათ კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან და კანონებთან შესაბამისობაში მოყვანა, კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანული კანონების მიღება, ან ამ სფეროში არსებული ნორმატიული აქტების მართლზომიერების დადასტურება.

ეს ამოცანა შესრულებულია. საკმარისია აღინიშნოს, რომ 1995 წლის ნოემბრიდან (ე.ი. კონსტიტუციის ამოქმედებიდან) 1997 წლის ბოლომდე მიღებულია 296 კანონი. აქედან მარტო გასულ წელს მიღებულია 183 კანონი, ანუ ბოლო ორ წელიწადში მიღებული კანონების 62 პროცენტი. მიღებულია 59 კანონი უშუალოდ კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე. მათ შორის, 16 ორგანული კანონი.

მე შეიძლება ბევრი რამ ისეთი ვთქვა, რაც თქვენთვის კარგად არის ცნობილი და უკვე განხილულიც გაქვთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გვისმენს მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქენი, ალბათ, ზოგიერთი რამის გამეორებას ვერ ავცდები.

გასულ წელს კანონმდებლობის კოდიფიცირებულ დარგებში მიღებულია 7 საკანონმდებლო აქტი, კერძოდ, სამოქალაქო, სამოქალაქო საპროცესო, სისხლის სამართლის (პირველი მოსმენით), სისხლის სამართლის საპროცესო, საზღვაო, საბაჟო და საგადასახადო კოდექსები.

1997 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადასტურდა და ძალაში შევიდა 30 საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, ხოლო პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 78 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება თუ კონვენცია.

სახელმწიფო წყობილების საფუძვლების განმტკიცებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ კანონების მიღებას, რომლებიც ადგენენ სახელმწიფო ხელისუფლების ცალკეული შტოების ფორმირებისა და საქმიანობის წესს, მათს ურთიერთმიმართებას, ურთიერთკონტროლის მექანიზმებს.

ხანგრძლივი დებატების შემდეგ პარლამენტმა მიიღო, როგორც ვთქვით, კანონი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“, რომელმაც მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები შეუქმნა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სისტემას, მათი ფორმირების წესს, სახელისუფლებო და ორგანიზაციულ საქმიანობას.

ხშირად არა მარტო ოპონენტები, არამედ პარლამენტის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ ბევრი კანონი ქაღალდზე რჩება. ამას მთლად არ ვეთანხმები, მაგრამ ამ გამონათქვამებში არის ჭეშმარიტების მარცვალი. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ჯერ თვითონ მთავრობამ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გარდაქმნან ძირფესვიანად მუშაობა ამ კანონის საფუძველზე და ყველაფერი უნდა იღონონ სხვა კანონების ეფექტიანად ამოქმედებისათვის.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონების მიღებას.

გასული წელი, წინა ანგარიშის დროს, ჩვენ გამოვაცხადეთ კორუფციასთან ბრძოლის დაწყების წლად. მიმდინარე წელს ეს ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გამწვავდეს. კორუფციასთან ბრძოლა სერიოზული და ხანგრძლივი, მრავალწლიანი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას მოითხოვს, მაგრამ გარდატეხა კორუფციასთან ბრძოლაში წელსვე უნდა შევიტანოთ. გასულ წელს კორუფციასთან ბრძოლის შედეგებით ჩვენ, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ვართ, ამასვე ადასტურებს სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, ესე იგი, ჩვენი ხალხის შეხედულება და მისი აზრი.

კორუფციასთან წარმატებით ბრძოლა მიმდინარე ეტაპზე შესაძლებელია. მე ყველას ვთხოვ აი, ამ ფაქტორს მიაქციოს ყურადღება, რადგანაც დაძლეულია კრიმინოგენული და პოლიტიკური დესტაბილიზაცია, კრიმინოგენული ოლიგარქია, შენარჩუნებულია კონსტიტუციური მდგრადობა, მიღებულია ახალი კანონები, კოდექსები, განხორციელდა ლიბერალური პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური რეფორმები, ძალას იკრებს სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო, მისი სამართალდამცავი, ძალისმიერი სტრუქტურები, ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება. კორუფციასთან ბრძოლა ამ პროცესებისაგან მოწყვეტილად კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ მასთან მჭიდრო კავშირით. პირდაპირ მინდა ვთქვა: აღნიშნულ წინაპირობათა გარეშე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგები უფრო პოპულისტური ხასიათისა იქნებოდა.

კორუფცია რყვნის სახელმწიფო აპარატს, სახელმწიფო მოხელეებს, ერის მორალს, არყევს სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლებს.

მოსახლეობის ერთი ნაწილი, როგორც სოციოლოგიური გამოკვლევები გვიჩვენებს, გაუუცხოვდა დემოკრატიულ ღირებულებებს. მაგრამ ეს საერთოდ დემოკრატიის ნაკლი კი არ არის, არამედ საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საწყისი ეტაპის სპეციფიკა, მიმდინარე პროცესის ხარვეზია, რომელიც უნდა დავძლიოთ ყველამ ერთად.

რაც უფრო ისტორიულად შეუქცევადი ხდება სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, მით უფრო გარდაუვალია კორუფციასთან ბრძოლა და მით უფრო საიმედოა ამ ბრძოლის შედეგები, რადგან თვით მომძლავრებული, ფეხზე დამდგარი სახელმწიფო გახლავთ კორუფციის დაძლევის გარანტი.

ანტიკორუფციული პოლიტიკა ვერ განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ საკადრო ცვლილებებითა და დამსჯელი ღონისძიებებით. უნდა ვებრძოლოთ კორუფციის მიზეზებს და არა მხოლოდ შედეგებს. საკითხი უფრო ყოვლისმომცველად, სისტემურად, უფრო ღრმად და ფართოდ დგას. ანტიკორუფციული პოლიტიკის მიზანია პრობლემის კომპლექსური შესწავლა და ანალიზი, კორუფციის წარმომშობი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების განსაზღვრა, ანტიკორუფციული სისტემებისა და მექანიზმის შემუშავება, ანტიკორუფციული პოლიტიკის სტრატეგიისა და ტაქტიკის სწორად ჩამოყალიბება. ამ მხრივ 1997 წელმა ბევრი რამ გვასწავლა.

ახლა, რაც შეეხება მოქმედებათა კონკრეტულ სამომავლო გეგმას. დღესდღეობით მივუახლოვდით იმ ეტაპს, როცა გაწეული მოსამზადებელი სამუშაო პრაქტიკულად უნდა განვახორციელოთ.

ვფიქრობ, ამ დღეებში გამოვცემ ბრძანებულებას - კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტს დაემორჩილება. ეს იქნება ამ ეტაპზე მცირერიცხოვანი, დაახლოებით 30-40-კაციანი ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდებიან უმაღლესი რანგის პროფესიონალები და, რაც მთავარია, შეუბღალავი ავტორიტეტისა და ბიოგრაფიის მქონე პიროვნებები.

კომისიას ექნება საკუთარი ფუნქციური სტრუქტურა და დანიშნულება, რომელიც დაეფუძნება იმ ძირეულ პრინციპებს, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. უახლოეს მომავალში დავნიშნავ ამ კომისიის ხელმძღვანელს, ალბათ, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა წრიდან. იგი თვითონ უნდა ჩაუდგეს სათავეში კომისიის დებულების შემუშავებას, რომელსაც ფართო საზოგადოებაც გაეცნობა. კომისიას ექნება სპეციალური უფლებები და ძალიან მაღალი მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა. ეს უნდა შევძლოთ. განვლილ პერიოდში მომზადდა ანტიკორუფციული პოლიტიკის სამართლებრივი ნიადაგიც, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ სულ მალე პარლამენტის წინაშე შემოვიდე წინადადებით მიღებულ კანონებში ზოგიერთი ცვლილებისა და კორექტივების შეტანის თაობაზე. იგი განპირობებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის აუცილებლობით, მათ შორის, აღნიშნული კომისიისათვის ცალკეული უფლებების დაკანონებით.

ზემოხსენებული კომისია არამც და არამც არ გამორიცხავს უკვე არსებული საპარლამენტო კომისიის საჭიროებას და სხვა სტრუქტურების მუშაობის აუცილებლობას. პირიქით, ლაპარაკია მთლიანობაში ერთი და იგივე მიზნებზე, მაგრამ გარკვეულწილად განსხვავებულ უფლებებსა და ფუნქციებზე.

კორუფცია მთელი ჩვენი საზოგადოების საერთო ტკივილია და იგი ერთობლივი ძალისხმევით უნდა აღმოვფხვრათ. ეს ერთი უმთავრესი რესურსია, თუნდაც ჩვენი ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური წინსვლისა.

კორუფციასთან ბრძოლა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლასთან.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 1996-1997 წლებში საქართველოში წარმოებულ მთლიან შიდა პროდუქტში აღურიცხავი ნაწილის ხვედრითი წილი ოფიციალური სტატისტიკის თანახმად ერთ მესამედზე მეტი იყო. ჩემი მონაცემებით კი - 45-50 პროცენტია.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1996 წელს თანამეგობრობის ქვეყნებში აღურიცხავი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 70 პროცენტი. ეს მსოფლიო ექსპერტების მონაცემებია. განვითარებულ ქვეყნებში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბი 5-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში აღურიცხავი ფულის მასა, - გთხოვთ ამ ციფრს მიაქციოთ ყურადღება, - 693 მილიონი ლარის ეკვივალენტურია. მთლიანად ქვეყანაში არსებულ ფულის მასაში 65 პროცენტი აღურიცხავია, ეს ცალკე სახელმწიფოა, ცალკე სამყაროა, რომელიც თავისი ძალიან სასტიკი, მაგრამ მკაცრად ჩამოყალიბებული კანონებით ცხოვრობს.

აღურიცხავი სასაქონლო ექსპორტი სავარაუდოა ერთი მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში.

100 ათას ტონაზე მეტი ღვინომასალები ჩრდილოვანი ექსპორტის წყაროს წარმოადგენს.

თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა იმპორტის დარგში.

საექსპერტო შეფასებით, საქონლის აღურიცხავი იმპორტის მოცულობა 1,2-ჯერ აღემატება ოფიციალურად აღრიცხულს, ხოლო ექსპორტისა - ოთხნახევარჯერ.

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში შეტანილია 104 მილიონი დოლარი ღირებულების საქონელი, ხოლო საქართველოს საბაჟოს მონაცემებით - თითქოს მხოლოდ 46 მილიონი აშშ დოლარისა.

დიახ, ეს საგანგაშო მდგომარეობაა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, საბაჟომ, ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა საგანგებო ღონისძიებები უნდა განახორციელონ ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ.

იმ სფეროში, სადაც შესაძლებელია კორუფცია, - კონსტიტუცია და კანონი არ მოქმედებს.

კორუფციასთან ბრძოლის საკითხები მწვავედ დადგა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის გასული წლის შედეგების შეჯამებისას.

კონსტიტუციისა და მოქმედი კანონების საფუძველზე დაუნდობელი, უსასტიკესი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს კორუმპირებული ელემენტების წინააღმდეგ.

არავითარი დანდობა არც ერთ მინისტრს, მოსამართლეს, პროკურორს, ბიზნესმენს, პარლამენტარს, გამგებელს, პრეზიდენტის რწმუნებულს, ნებისმიერი რანგის მოხელეს, თუ იგი კორუფციაში იქნება მხილებული, ან არ იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ.

წესრიგის დამყარება სახელმწიფო სტრუქტურების კორუმპირებული ელემენტებისაგან გაწმენდით, განთავისუფლებით უნდა დაიწყოს.

სამართლებრივი სახელმწიფო და კორუფცია შეუთავსებელია ერთმანეთთან. სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო მთელი ძალით უნდა ამოქმედდეს.

კიდევ ერთი: ბიზნესმენობას, მეწარმეობას ვერავის აუკრძალავ, ვერც ერთ მოქალაქეს, მათ შორის, ვერც ნათესავებს, ეს მტკივნეული თემაა, მე მინდა გულღიად ვისაუბრო ამის შესახებ - ვერავის - იქნება ეს პრეზიდენტის თუ პარლამენტარის ნათესავი.

ჩვენ ყოველგვარ ნორმალურ და პატიოსან ბიზნესს წავახალისებთ, განსაკუთრებით ვუპატრონებთ მცირე ბიზნესს, მაგრამ ნურავის ექნება იმედი, სხვისი სახელით კაპიტალის დაგროვებისა, ვისაც დანაშაულზე წაასწრებენ, მათ შორის, გადასახადების გადაუხდელობაშიც, დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით.

აქ მე აქტიურად მინდა დავუჭირო მხარი ახალი ფინანსთა მინისტრის მიხეილ ჭკუასელის ღონისძიებებს შემოსავლის დაფარვისა და გადასახადების ურჩ გადამხდელთა წინააღმდეგ. ვინც გადასახადს არ იხდის, იგი თავის ეროვნულ სახელმწიფოს ძარცვავს, ლუკმა პურს აცლის პენსიონერს, ინვალიდს, პედაგოგს, ექიმს, აუძლურებს ქვეყანას, მის თავდაცვისუნარიანობას. ასეთი გზით გამდიდრებული ადამიანები იმასვე აკეთებენ, რასაც კარგად ცნობილი შეიარაღებული ბანდები, ოღონდ ეშმაკურად, შემოვლითი გზით და არანაკლებ მუხანათურად.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროება, რომელიც ელის დღეს ჩვენს სახელმწიფოს, ეს არის სიტუაცია, როცა პოლიტიკური ძალაუფლება და ფინანსური კაპიტალი ისე შეიძლება შეეზარდოს ერთმანეთს, რომ საშიში გახდეს თვით დემოკრატიისა და ხალხისათვის.

სხვადასხვა გზით, უმთავრესად უკანონო საშუალებებით გამდიდრებულ ადამიანთა კასტამ თუ ხელში ჩაიგდო უკონტროლო პოლიტიკური ძალაუფლებაც, უსათუოდ გამოიყენებს მას საკუთარი ბიზნესის სასარგებლოდ, მთელი კერძო მესაკუთრეობისა, კერძო კაპიტალისა და მეწარმეთა წინააღმდეგ.

ამ ფონზე კონკურენციის კანონი ფარატინა ქაღალდად იქცევა. ეს პრაქტიკულად პოლიტიკური ხელისუფლების უზურპაციამდე მიგვიყვანს.

ინერტულობისა და პასიურობის შემთხვევაში, ასეთი საფრთხე სავსებით რეალური იქნება და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

ეს სენი, ეს საშიშროება გარდამავალი ეტაპის მრავალი სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი.

და დასკვნა:

კორუფციის აღმოფხვრა, ჩრდილოვანი ეკონომიკის გამომზეურება და სახელმწიფო აღრიცხვის სფეროში მოქცევა ეროვნული, სახელმწიფოებრივი უშიშროების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

გასულ წელს მიღებულია ორგანული კანონი „იმპიჩმენტის შესახებ“. ეს კანონი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ხელისუფლების ცალკეული შტოების ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმში, ხელს შეუწყობს კონსტიტუციისა და კანონიერების დაცვას.

გასულ წელს მნიშვნელოვანი კანონპროექტები შემუშავდა ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობის, თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცების სფეროში. უნდა აღინიშნოს, რომ სერიოზული გარდატეხა მოხდა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, პროკურატურის, სხვა სამართალდამცავი ორგანოების რეფორმაციაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. წელს უფრო დიდი ამოცანები დგას ჩვენ წინაშე.

პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტმა გასული წლის 1 ოქტომბერს დაამტკიცა „საქართველოს სამხედრო დოქტრინა“ და კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“.

არ შემიძლია არ აღვნიშნო: ქვეყანაში გამეფებული ქაოსის, ანარქიის, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა თარეშის აღკვეთის შემდეგ პრაქტიკულად ისტორიულად უმოკლეს დროში, სულ რაღაც 2-3 წელიწადში, მოხერხდა რეგულარული და მაღალპროფესიული შეიარაღებული ძალების შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს გადავწყვიტოთ ქვეყნის წინაშე მდგომი ამოცანები, იქნება ეს საზღვრების დაცვა, თუ ქვეყნის დამოუკიდებლობის და განუყოფლობის უზრუნველყოფის პრობლემები.

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო უნდა ავამაღლოთ.

საყურადღებოა ისიც, რომ „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონი მიღებულია „საქართველოს სამხედრო დოქტრინის“ დამტკიცების შემდეგ და, ბუნებრივია, იქ აისახა სამხედრო დოქტრინის ძირითადი, კონცეპტუალური დებულებები.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიღებულია ახალი საკანონმდებლო აქტები „საომარი მდგომარეობის შესახებ“ და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“, რომლებიც მიზნად ისახავს ექსტრემალურ სიტუაციაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უშიშროების, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ვითარების უსწრაფეს ნორმალიზაციას, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენას.

ეს მეტად მნიშვნელოვანი კანონებია, თუ გავითვალისწინებთ მტრული, დესტრუქციული ძალების გამოცოცხლებას ქვეყნის შიგნით და უცხოეთის შესაბამისი სტრუქტურების მოქმედების გააქტიურებას ქვეყნის გარედან დესტაბილიზაციის მიზნით.

ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივმა რეფორმამ მოითხოვა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სისტემის ახლებური გააზრება, საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობა, ამ სისტემის ეტაპობრივი რეფორმირება.

რეორგანიზაციის შედეგად დაზვერვის ფუნქცია ჩამოშორდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს და მის განსახორციელებლად ჩამოყალიბდა დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამ სტრუქტურულმა ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს, ერთი მხრივ, უშიშროების სამსახურის ფუნქციების ოპტიმიზაციას, და, მეორე მხრივ, დაზვერვის სამსახურის თანამშრომლობის გააქტიურებას სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან საერთაშორისო ორგანიზებული დამნაშავეობის, მათ შორის, ნარკობიზნესის, კონტრაბანდის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტერორიზმი საერთაშორისო მოვლენაა. მის წინააღმდეგ ყველა სახელმწიფო უნდა იბრძოდეს.

ჩვენ უნდა შევძლოთ მათთან სათანადო ურთიერთობის დამყარება და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, ჩვენი მწარე გაკვეთილებიდან გამომდინარე.

საჭიროა ტერორიზმთან ბრძოლის უსასტიკესი გამწვავება. მიზანშეწონილად მიგვაჩნია პარლამენტმა დააჩქაროს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით წარდგენილი „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც მიღებულია პირველი მოსმენით.

უშიშროების სამსახურის საქმიანობა, როგორც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში, კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ სამსახურებისათვის მინიჭებულ სპეციალურ უფლებამოსილებათა ბოროტად გამოყენება.

საქართველოში კრიმინოგენული ვითარების განმუხტვის ტენდენციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ალბათ, ამაში ყველა დამეთანხმებით. ამის დასტურია გასული წლის შედეგებიც, რაც სამართალდამცავთა, პირველ რიგში, პოლიციის თავდადების, ხშირად თავგანწირვის შედეგიცაა. 400-ზე მეტი პოლიციელი დაიღუპა ამ ბრძოლაში ბოლო ორი წლის განმავლობაში.

1997 წელს ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 13 ათასამდე დანაშაული, რაც გაცილებით ნაკლებია 1996 წელთან შედარებით.

რეგისტრირებულია 4122 მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც 169 ერთეულით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მე განსაკუთრებით გამოვყოფ საკითხს დანაშაულობათა გახსნის მდგომარეობის შესახებ. ეს მაჩვენებლები ერთ-ერთი საუკეთესოა მრავალ სახელმწიფოთა ანალოგიურ მონაცემებს შორის. გასულ წელს გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 87 პროცენტი, მათ შორის, მძიმე კატეგორიის დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელმა 86 პროცენტს მიაღწია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, გაიხსნა ქაოსისა და განუკითხაობის პერიოდში ჩადენილი 2.600-ზე მეტი სისხლის სამართლის დანაშაული. მათ შორის: 148 განზრახ მკვლელობა, 110 ადამიანის გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით, 800-მდე ყაჩაღობა და მრავალი სხვა.

გამოვლენილია მექრთამეობის, კონტრაბანდის, გადასახადებისათვის თავის არიდების, ტერორიზმის, ნარკობიზნესის, ფულადი თანხების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისებისა და დატაცების, ყალბი ვალუტის დამზადება - გასაღების და სხვა ეკონომიკურ და თანამდებობრივ დანაშაულობათა ასობით ფაქტი.

მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის გაშლის საქმეში.

ახალი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სააღსრულებო კოდექსის პროექტები შეიმუშავა იუსტიციის სამინისტრომ. აქედან სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გადაეცა პარლამენტს და იგი უკვე პირველი მოსმენით მიღებულია. თხოვნაა საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტის განხილვას.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სააღსრულებო კოდექსებს, მართალია, ისინი უკვე წარმოდგენილია მთავრობაში განსახილველად, მაგრამ საჭიროებს შემდგომ სრულყოფას. ისინი წელს წარედგინება პარლამენტს. სააღსრულებო კოდექსის მიღებამ სათანადო საკანონმდებლო ბაზა უნდა შექმნას პენიტენციალური სისტემის რეფორმისათვის.

1997 წლის 8 ნოემბერს მე საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს წარვუდგინე კანონპროექტი „სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების - სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ“. საქართველოს პარლამენტმა გასული წლის 11 ნოემბერს მიიღო ისტორიული, - ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ისტორიული, გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანაში გაუქმდა სიკვდილით დასჯა. ახლა ამოცანა ის არის, რომ ამ ისტორიულმა ჰუმანურმა აქტმა არ მოგვიტანოს ზოგიერთი უარყოფითი შედეგი. დამნაშავეობასთან ბრძოლა უნდა გაძლიერდეს, არც ერთი დანაშაული არ შეიძლება გაუხსნელი დარჩეს, პროფილაქტიკური მუშაობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, არასრულწლოვანთა შორის სახელმწიფო პროგრამების დონეზე უნდა ავიყვანოთ.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ სრულიად ახალ მოვლენას, შეიძლება დასჭირდეს სამართალდამცავი სტრუქტურების ბერკეტების სრულყოფა, ზოგიერთი კანონის და საკანონმდებლო აქტის, ასე ვთქვათ, გადასინჯვასაც, გადახედვაც. ასეთი მაგალითი მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი.

როგორც ვთქვი, გასულ წელს კანონშემოქმედებითს საქმიანობაში მიღწეული შედეგები მნიშვნელოვანწილად განპირობებულია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა შორის დამყარებული შესანიშნავი პოლიტიკური ბალანსით, ურთიერთთანამშრომლობითა და ურთიერთნდობით.

თითქმის ყველა პარლამენტარმა შეიტანა თავისი წვლილი საპრეზიდენტო, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის ურთიერთობათა სრულყოფაში, მაგრამ დღეს მე, არა სხვებისთვის საწყენად, განსაკუთრებით მინდა გამოვყო მაჟორიტარი პარლამენტარების როლი და ღვაწლი. მათ მაქსიმალურად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და წარმოადგინეს თავისი რაიონები ღირსეულად და ისინი საშუალებას გვაძლევენ უფრო უკეთ ვიგრძნოთ მაჯისცემა თითოეულ რაიონში, თითოეულ ქალაქში.

მე მინდა დღეს მათ, ისევე როგორც ყველა პარლამენტარს, დიდი მადლობა ვუთხრა პრეზიდენტისა და ხალხის სახელით.

გასულ წელს წარმატებით, ფართო მასშტაბით ხორციელდებოდა რეფორმები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, პრინციპში, დადებითად ვაფასებ ამ სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების მთელი რიგი სტრუქტურების საქმიანობას, თუმცა ნაკლოვანებები და ხარვეზები ბევრია და მათი გამოსწორება აუცილებელია.

მე მიმაჩნია, რომ გაცილებით მეტი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთიდან დევნილ 300 ათას ადამიანს. დასაბუთებული პროგრამებია შემუშავებული გალის რაიონში, კოდორის ხეობაში, ცხინვალის რეგიონში, სხვა ტერიტორიებზე სამშვიდობო, ეკონომიკური და სოციალური მისიის განხორციელებისათვის.

ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ფინანსური დახმარება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკის რეაბილიტაციისათვის.

1998 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილია 929 ათასი ლარი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლის მიღება, რაც თითქმის ორნახევარჯერ აღემატება 1997 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან, ადგილობრივი ბიუჯეტი მიიღებს 633 ათას ლარს, რაც ერთნახევარჯერ აღემატება შარშანდელ დონეს. გასავლის ნაწილში დაგეგმილია 5,5 მლნ ლარი, რაც 1997 წლის მაჩვენებლის 175 პროცენტია. წინსვლა აშკარაა.

განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება აჭარას, როგორც სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს და მთიან მხარეს. ურთიერთობანი მხოლოდ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების ორივე მხარისათვის მისაღები დაბალანსებით არ უნდა ამოიწურებოდეს.

აჭარაში უფრო ფართო მასშტაბის სახელმწიფო პროგრამები და ღონისძიებები უნდა განხორციელდეს, განსაკუთრებით, ზღვის სანაპიროზე (ნაპირსამაგრი სამუშაოები მაქვს მხედველობაში) და აჭარის მთიანეთში.

აჭარის 1998 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად საგადასახადო ბაზა 58 მლნ ლარით განისაზღვრა, აქედან ადგილობრივი ბიუჯეტი 31 მლნ ლარის ოდენობით, რაც შესაბამისად 33 პროცენტით და 20 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ ციფრებზე უფრო ვრცლადაც იყო საუბარი პრეზიდენტის მოხსენებაში ბიუჯეტის შესახებ, რომელიც პარლამენტს ჩემი დავალებით წარუდგინა ფინანსთა მინისტრმა.

ხარჯების მთლიანი მოცულობა ჩამოყალიბდა 35 მლნ ლარის დონეზე, რაც 10 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ხარჯების საპროექრტო ოდენობა (90 ლარი) 1,8-ჯერ აღემატება საშუალოდ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის მიხედვით ჩამოყალიბებულ დონეს (51 ლარი).

1998 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან აჭარის ბიუჯეტისათვის გადასაცემი ტრანსფერტის საპროექტო მოცულობა განსაზღვრულია 4 მილიონი ლარის ოდენობით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს, აგრეთვე, ამ რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საბაჟო სამსახურების მიერ მობილიზებული საბაჟო და დამატებითი ღირებულების გადასახადთა და აქციზის 40-40 პროცენტი. ჩვენ მხოლოდ აჭარის მიმართ დავუშვით ეს გამონაკლისი და სავსებით კანონზომიერად.

ამავე კანონით აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებში 1997 წელს და შემდგომი ორი წლის მანძილზე 99 პროცენტის ოდენობით ჩაირიცხება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებული სახსრებიც.

ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ერთიანი სახელმწიფოს შიგნით სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების კონსტიტუციური სტატუსის საბოლოო განსაზღვრაზე. მათ შორის, აჭარის კონსტიტუციაზეც, რა თქმა უნდა, აჭარის ხელმძღვანელობასთან ერთად, მათი მონაწილეობით და მათი ინიციატივით.

ახალი კანონების საფუძველზე კარდინალურად უნდა გარდაქმნან საქმიანობა სამხარეო ადმინისტრაციებმა, გამგებლებმა, მერიებმა, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის რეგიონული სამსახური მთელი ამ საქმიანობის ერთგვარი შტაბი უნდა იყოს.

სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაცია 1996 წლის ბოლოს ექსპერიმენტის სახით შეიქმნა ქვემო ქართლის მხარეში.

„საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონით გათვალისწინებულია მიმდინარე წელს ყველა მხარეში შეიქმნას შესაბამისი სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციები, პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდები და ასე შემდეგ. ეს არ არის დიდი თანხები, უფრო სწორად ეს თანხები სიმბოლურია, მაგრამ ისინი გარკვეულ სტიმულს აძლევენ მხარის რწმუნებულების დაინტერესებას მოსავლის მოცულობის ზრდით.

მიმდინარე წელი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ძირფესვიანი რეფორმაციის წელია.

ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის თანამედროვე ეტაპზე დღის წესრიგში დადგა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი აუცილებელი ინსტიტუტის, დაფუძნების საკითხი.

გასულ წელს მიღებულია კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, კანონით გამიჯნულია ადგილობრივი თვითმმართველობა და მმართველობა. ადგილობრივი თვითმმართველობა განხორციელება სოფელში, თემში, დაბასა და ქალაქში, ხოლო ადგილობრივი მმართველობა - რაიონებსა და იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ, მოქალაქეებმა, რომლებიც გვისმენენ, ამ დეტალებს, ამ ნიუანსებს მიაქციონ ყურადღება.

რაიონებსა და ქალაქებში, კანონის თანახმად, მოსახლეობა აირჩევს სრულფასოვან წარმომადგენლობით ორგანოებს - საკრებულოებს, რომლებსაც ფართო უფლებამოსილებანი ენიჭებათ, განსაკუთრებით, ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებისა და მმართველობის ორგანოების ქმედითი კონტროლის სფეროში.

რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მმართველობას, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, მომზადდა ცალკე კანონი, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო პირველი მოსმენით. ჩემი დაბეჯითებითი თხოვნაა, როგორმე დავაჩქაროთ ამ კანონის საბოლოო მიღება.

აუცილებელია დაჩქარდეს მუშაობა კანონპროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შესახებ“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის წევრის სტატუსის შესახებ“ კანონპროექტების მისაღებად, რათა მოესწროს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე მათი მიღება და მიმდინარე წელს სრულყოფილ საკანონმდებლო ბაზაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამართვა.

უნდა განვახორციელოთ „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარების სახელმწიფო პროგრამა“. მე ძალიან დიდ იმედს ვამყარებ ადგილობრივ ბიუჯეტებზე. ფაქტობრივად, ნამდვილად ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირება პირველად წლეულს მოხდება ადგილობრივი ინიციატივების გათვალისწინებით.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში რეალურად შეიქმნა და ამოქმედდა ხელისუფლების მესამე შტო - სასამართლო ხელისუფლება. ამ მხრივ განვლილ წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მიღებულია საკანონმდებლო აქტები სასამართლო ხელისუფლების სრულიად ახალი ინსტიტუტის - საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდა კიდეც ეს სასამართლო ორგანო და წარმატებით შეუდგა საქმიანობას.

გაიზარდა უზენაესი სასამართლოს ფუნქციები, მათ შორის, სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სხვა დარგებში. ეს უზენაესი სასამართლოსთვის ახალი ფუნქციაა.

უაღრესად ამაღლდა უზენაესი სასამართლოს ავტორიტეტი და მის მიმართ მოსახლეობის ნდობა.

სასამართლო ხელისუფლებაში რეფორმების შედეგად განხორციელდა სტრუქტურული და ინსტიტუციური გარდაქმნები. უკვე განსაზღვრულია საერთო სასამართლოების ახალი სტრუქტურა. წელს შეიქმნება ორი სააპელაციო სასამართლო თბილისსა და ქუთაისში.

საჭიროა მოსამართლეთა შრომის ანაზღაურებისა და სოციალური დაცვის გარანტიების სისტემის შექმნა. უნდა გაუმჯობესდეს კვალიფიციური კადრებით სასამართლოების დაკომპლექტება. ძალიან დიდი მისია აკისრია იუსტიციის სამინისტროს, რომელიც პასუხს აგებს კადრების მომზადების, გადამზადებისათვის. მოსამართლეთა შრომა ყველაზე უფრო მაღალ ანაზღაურებადი იქნება საქართველოში.

გვაქვს პრობლემებიც. ერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად არსებობს მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შეუვალი იურიდიული და მორალური საფუძვლები, (ვთხოვ ყველა მოსამართლეს ამას მოუსმინოს და გაითვალისწინოს), რადგანაც მოსამართლეებს დღეს უხდებათ ახალ სამართლებრივ სივრცეში საქმიანობა, ტოტალიტარულ საბჭოურ მოდელზე აგებული კანონმდებლობა შეიცვალა დამოუკიდებელი საქართველოს ახალი, დემოკრატიული კანონმდებლობით. ფაქტობრივად, სრულიად ახალ სახელმწიფოსთან, სრულიად ახალ კანონმდებლობასთან და ახალ კანონებთან გვაქვს საქმე, ამიტომ მოსამართლის კვალიფიკაციას დღეს არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უნდა დაჩქარდეს მოსამრთლეობის კანდიდატების საკვალიფიკაციო გამოცდები. გამოცდების ვადა და პროგრამები განსაზღვრეს იუსტიციის საბჭომ და პარლამენტის შესაბამისმა სტრუქტურებმა.

სასამართლო რეფორმა გულისხმობს საერთო სასამართლოების ორგანიზაციულ სრულყოფას, სამართალწარმოების პროცესის არსებითად გარდაქმნას და სამართალწარმოების პროცესთან დაკავშირებული მთელი რიგი დაწესებულებების სამართლებრივი მდგომარეობის ახლებურად გააზრებას (მხედველობაში გვაქვს პროკურატურა, გამოძიებისა და მოკვლევის ორგანოები, ადვოკატურა, სასამართლო -საექსპერტო დაწესებულებები და ა.შ.).

ხანგრძლივი განხილვისა და პოლემიკის შემდეგ უკვე მიღებულია სრულიად ორიგინალური და თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესატყვისი კანონები „საერთო სასამართლოების შესახებ“, „პროკურატურის შესახებ“, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“. წელს მისაღებია სხვა კანონებიც.

შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - იუსტიციის საბჭო. იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებლობას განაპირობებს ის, რომ იგი თანაბარი პროპორციით დაკომპლექტებულია ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებისაგან.

საქართველოს კონსტიტუციამ ახლებურად განსაზღვრა პროკურატურის ადგილი სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში, მისი უფლებამოსილების ფარგლები და ფუნქციები. საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით მიღებულ „პროკურატურის შესახებ“ კანონით პროკურატურას უკვე აღარ ექნება ყოვლისმომცველი ზედამხედველობის ფუნქცია, გაუქმდა საპროკურორო ზედამხედველობა სასამართლოში საქმეთა განხილვის კანონიერებაზე. პროკურორი საერთო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გამოდის, როგორც მხარე და სარგებლობს დაცვის ტოლფასი უფლებით. ამავე დროს პროკურატურა განახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას, ზედამხედველობას მოკვლევასა და სასჯელის მოხდაზე და მხარს დაუჭერს სახელმწიფო ბრალდებას. დაზუსტდა პროკურატურის ორგანოების ფუნქციები წინასწარი გამოძიების სტადიაზე და საგამოძიებო ორგანოების მიმართ.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ მიხედვით, რომელიც ამოქმედდება მიმდინარე წლის მაისიდან, სამართალწარმოება განხორციელდება სრულიად ახალი, დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.

საერთო სასამართლოების რეფორმირება ახალი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე მიმდინარე წელს განხორციელდება. ამით დასრულდება ხელისუფლების სრულფასოვანი მესამე შტოს ჩამოყალიბების პროცესი. და, აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა:

სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებისა და სასამართლოს და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებით საბოლოოდ დამთავრდა ერთი სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის, ერთი სოციალური წყობის შეცვლა მეორე სოციალური წყობით, დამთავრდება სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლების ჩამოყალიბება. საბოლოოდ და შეუქცევადად დასრულდება ტოტალიტარული წყობის ნაშთების დემონტაჟი და ახალი დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების ფორმირება, და ეს იქნება სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მრავალათასწლოვან ისტორიაში.

შეიქმნა და მოქმედებს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტის შექმნის შემდეგ დამთავრდა ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სტრუქტურების შექმნა. შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურა უშიშროების საბჭოში, ყველა ეს გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა. პიროვნების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვა პრინციპის საკითხია ახალი დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოსთვის.

გასული წელი, როგორც ვთქვით, ეკონომიკური რეფორმების პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებისა და მეორე ეტაპის დაწყების წელი გახლდათ.

გასულ წელს პრეზიდენტის განკარგულებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა მოემზადებინა მთელი რიგი ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტები, როგორიცაა „საგადასახადო კოდექსი“, „საბაჟო კოდექსი“, საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, კანონპროექტები „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“, „საბაჟო ტარიფების შესახებ“, „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ და მრავალი სხვა.

საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტს წარედგინა ეკონომიკური პროფილის ორ ათეულზე მეტი კანონპროექტი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც მოგახსენეთ, მიღებულია.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის საფუძველია საბიუჯეტო სისტემა, მისი შემდგომი განმტკიცება.

როგორ შესრულდა გასული წლის ბიუჯეტი და როგორია დინამიკა?

თუ 1995 წელს საბიუჯეტო შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ შეადგენდა 7,5 პროცენტს, 1996 წელს 9,9 პროცენტს, 1997 წელს ამ მაჩვენებელმა 11,5 პროცენტი შეადგინა.

საბიუჯეტო პოლიტიკის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების ამსახველი ინდიკატორები მიუთითებენ სახელმწიფოს მიერ გაღებულ წვლილზე მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. თუ 1995 წელს შემოსავალმა ერთ სულზე შეადგინა 52 ლარი, 1996 წელს იგი 95 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 1997 წლის ბოლოს 137 ლარს შეადგენს. პარალელურად მატულობს ერთ სულ მოსახლეზე გაწეული საბიუჯეტო ხარჯების დონეც. 1995 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 87 ლარს შეადგენდა, 1996 წელს იგი 145 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 1997 წელს 179 ლარს მიაღწია.

მიუხედავად ზემოაღნიშნული დადებითი ტენდენციებისა და წინა წლებთან შედარებით საბიუჯეტო შემოსავლის აშკარა ზრდისა, საკუთრივ 1997 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული შემოსავლის გეგმა, სამწუხაროდ, ვერ შესრულდა. იგი მხოლოდ 90 პროცენტით შესრულდა.

ამან, ბუნებრივია, პრობლემები შექმნა ხარჯების დაფინანსების საქმეშიც.

1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 881 მლნ ლარს, ხარჯების ფაქტიურმა მოცულობამ 806 მლნ ლარს მიაღწია და გეგმური მოცულობის 90 პროცენტზე ოდნავ მეტია.

ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული საშემოსავლო ნაწილი, პრეზიდენტის ბრძანებულებით და ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული - სავსებით რეალურად შესრულდებოდა, რომ არა კორუფცია, რომ არა დამალული შემოსავლები და ის ნეგატიური მოვლენები, რომელთა შესახებაც მე ზემოთ მოგახსენეთ.

ყოველივე აღნიშნულის შედეგად, დავალიანება, წინასწარი მონაცემებით, 40 მილიონ ლარს აღწევს. ამასთან დაკავშირებით, მიღებულია პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება, რომლის თანახმად გათვალისწინებულია არსებულ დავალიანებათა უპირობო დაფარვა 1998 წლის განმავლობაში, მათ შორის, ინდექსირებულისაც. მე მინდა ინდექსაციებთან დაკავშირებით ვთქვა, რომ პოსტსოციალისტური სახელმწიფოების უმრავლესობამ ეს ვერ გაბედა - ხელი მოეკიდა ამ პრობლემისათვის. ჩვენ დავიწყეთ, მართალია, ეს სიმბოლური ნაბიჯებია, მაგრამ დავიწყეთ მუშაობა. მე უნდა მოვთხოვო სამინისტროებს, განსაკუთრებით, ფინანსთა სამინისტროს, რომ ის დავალიანება, რომელიც გადმოვიდა გასული წლიდან, ყოველ მიზეზგარეშე იქნეს ანაზღაურებული.

წელს პირველად საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად და „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონის სრული დაცვით მიღებულია „საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“ და მომავალში საერთოდ ვადების დარღვევაზე ლაპარაკი აღარ უნდა იყოს. ესეც დემოკრატიის, სახელმწიფოებრივი წესრიგის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა.

1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც ცნობილია, შემოსავალი შეადგენს 761 მლნ ლარს, რაც 31 პროცენტით აღემატება 1997 წლის მონაცემებს. გასავალი შეადგენს 939 მლნ ლარს, რაც 16 პროცენტით აღემატება 1997 წლის დონეს. 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 177 მლნ ლარია, რაც 22 პროცენტით ნაკლებია 1997 წლის შესაბამისი მაჩვენებლისა. დეფიციტის მთლიანი ოდენობის 90 მლნ ლარი (51 პროცენტი) დაფინანსების შიდა წყაროებიდან დაიფარება, მათ შორის, 54,0 მლნ ლარი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფ ხუთწლიან კრედიტს, 32,0 მლნ ლარი - ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები სახაზინო ვალდებულებების განთავსების გზით მობილიზებული სახსრებია, ხოლო 4,0 მლნ ლარი - სხვა შიდა წყაროებია. ამასთან, დაფინანსების საგარეო წყაროებიდან დეფიციტის დასაფარავად მიიმართება 87,0 მლნ ლარი შეღავათიანი კრედიტების სახით.

1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სოციალური ორიენტაციით.

გასულ 1997 წელს კიდევ უფრო დაიხვეწა საბიუჯეტო პროცესის სამართლებრივი ბაზა. აუცილებელი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს კანონში „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“.

საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით შარშან პარლამენტმა მიიღო „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“.

კოდექსში ახლებურადაა გაანალიზებული ისეთი ფუნდამენტური საგადასახადო კანონები (კოდექსი შედგება 14 ძირითადი საგადასახადო კანონისაგან), როგორიც არის „კანონები საშემოსავლო გადასახადის შესახებ“, „მოგების გადასახადის შესახებ“, „დამატებითი ღირებულების გადასახადის შესახებ“, „აქციზის გადასახადის შესახებ“, „ქონების გადასახადის შესახებ“ და ა.შ.

მთავრობამ, ფინანსთა სამინისტრომ, საგადასახადო სამსახურმა ყველაფერი უნდა იღონონ ამ კოდექსის მოთხოვნების შესასრულებლად.

ვინც შემოსავლებს უმალავს სახელმწიფოს და გადასახადებს არ უხდის ქვეყანას - ის საშიში დამნაშავეა და კანონის საფუძველზე უნდა დაისაჯოს. თავისუფალი მეწარმეობა იმიტომ კი არ დავაკანონეთ, რომ ჩრდილოვანმა ეკონომიკამ კანონიერი ეკონომიკის სახელმწიფო და კერძო სექტორი დაჩრდილოს. კანონიერ მეწარმეს ჩვენ ხელს ვუწყობთ, არალეგალურ მეწარმეს კანონით ვდევნით. ეს გასაგები ლოგიკაა და აქ დემაგოგიისათვის ადგილი არ რჩება.

1997 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა საბაჟო პოლიტიკის განხორციელების მწყობრი საკანონმდებლო ბაზა. გასული წელი იყო ამ მხრივ გარდატეხის წელი. მიღებულია, საბაჟო კოდექსი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის შეკვრა, ეკონომიკური საზღვრების დაცვა, ექსპორტ-იმპორტის კონტროლი, კონტრაბანდასთან ბრძოლა, საერთო საბაჟო პოლიტიკის განხორციელება და, რაც მთავარია, სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალური ნაწილის უზრუნველყოფა.

ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემუშავების დროს სწორად დაისვა საკითხი: არსებობს და დაცულია თუ არა საქართველოს ეკონომიკური საზღვრები? ეკონომიკური საზღვრები არსებობს, მაგრამ სათანადოდ დაცული არ არის.

აღსანიშნავია, რომ საბაჟო სისტემას მიენიჭა სამართალდამცავი ორგანოს სტატუსი და მოკვლევის უფლება, რაც ხელს შეუწყობს კონტრაბანდისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ამასთანავე, მიღებულია კანონები „საბაჟო ტარიფების შესახებ“ და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“.

საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობათა სრულყოფილი სამართლებრივი რეგულირებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებასა და ამოქმედებას. მან ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში კერძო საკუთრების, მეწარმეობის თავისუფლების, ადამიანის ქონებრივი და პირადი უფლებების დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

მოვითხოვ, მთავრობამ, ფინანსთა სამინისტრომ, საბაჟო სამსახურმა მკვეთრად გარდაქმნან მუშაობა ამ კანონების საფუძველზე.

ჩვენ საზღვაო ქვეყანა ვართ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ გასულ წელს საქართველოს კანონშემოქმედების ისტორიაში პირველად მიღებულ იქნა და ამოქმედდა „საქართველოს საზღვაო კოდექსი“.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მიღებით საქართველოში დაიწყო ახალი ეტაპი სამეწარმეო საქმიანობაში, კერძო ბიზნესის განვითარებაში გამოჩნდა მრავალი საწარმოს რეაბილიტაციისა და განვითარების პერსპექტივები.

ორი წელია მოქმედებს კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ძირითადი სამართლებრივი ბაზაა კერძო სექტორის განვითარებისათვის. ამ კანონს 1997 წელს შეემატა საქართველოს კანონი „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“. ამ კანონის მიღებამ დაადასტურა სახელმწიფოს თანადგომა კერძო სექტორისადმი, მისი განვითარებისა და აღორძინებისადმი.

სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, ანალიზისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრა კანონმა „სტატისტიკის შესახებ“.

მთავრობამ, სტატისტიკის სამსახურმა ძირფესვიანად უნდა გარდაქმნან მუშაობა ამ კანონის საფუძველზე.

როგორია დღეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენციები და მიმართულებანი?

გასულ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური მოცულობა 11,3 პროცენტით გადიდდა, ხოლო სახელმწიფო და ტერიტორიული ბიუჯეტების საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავალმა 740 მლნ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 1,5-ჯერ მეტია.

1997 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 7,3 პროცენტი შეადგინა, 1996 წლის 13,5 პროცენტის ნაცვლად.

რეფორმების პირველ ეტაპზე ეკონომიკის თანამიმდევრული აღორძინების ტენდენციების ჩამოყალიბებაში, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა 1994 წლის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით დამტკიცებული მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზაციამ.

ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზების მთავარი მიღწევები იყო: ინფლაციური პროცესების მართვა; ეროვნული ვალუტის შემოღება; სახელმწიფო საკუთრების ტრანსფორმაცია და კერძო მესაკუთრეთა დიდი ფენის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც, კერძო სექტორის ხვედრითმა წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 1997 წლისათვის 75 პროცენტი შეადგინა; სასოფლო-სამეურნეო მიწებზე კერძო საკუთრების დაკანონება, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ მიწებზე კერძო მოიჯარეთა ფენის ჩამოყალიბება; პურის ფასების ლიბერალიზაცია, პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის დემონოპოლიზაცია და ამ სფეროში კონკურენტული გარემოს შექმნა; საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატა კვოტირების, საექსპორტო და საიმპორტო კონტრაქტების რეგისტაციის, საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმებით, არასატარიფო ბარიერებისა და შეზღუდვების, ექსპორტისა და იმპორტის ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქონლის ნომენკლატურის მკვეთრად შემცირებით; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით, საგადასახადო შემოსავლის არსებითი ზრდით. 1997 წლის სახელმწიფო შემოსავლის მიღწეულმა დონემ მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 11,5 პროცენტი შეადგინა, ნაცვლად 1996 წლის 9,9 პროცენტისა.

ჩამოყალიბდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მყარი ტენდენცია, რაც იმით გამოიხატა, რომ ეკონომიკაში დასაქმებულია ნომინალური საშუალო თვიური ხელფასი 1997 წელს 2,1-ჯერ გადიდდა წინა წელთან შედარებით და ამავე პერიოდში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებული შემოსავლის მქონე ოჯახების წილი 15 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 1997 წლის სექტემბერში ქვეყანაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 70 ლარი შეადგინა.

ამ დადებით ტენდენციებზე რომ მოგახსენებთ, სულაც იმიტომ არა, რომ რაღაც თვითკმაყოფილება გამოვხატო. ეს ძალიან მცირეა, აბსოლუტურ მოცულობაში უმნიშვნელოა, ხშირად საარსებო მინიმუმსაც ვერ პასუხობს, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომელმაც მიიღო შეუქცევადი ხასიათი. ესე იგი, ჩვენ ყველას და ჩვენს მოსახლეობას აქვს საფუძველი, იმედიანად იყოს განწყობილი, თუკი ყველანი ერთად განვამტკიცებთ ჩვენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

ამავე დროს რეფორმებმა ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყვეს მოსახლეობის ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად ამაღლება. ეს ჩვენი ერთი ყველაზე დიდი სატკივარია. ჯერ კიდევ ჩამორჩენაა ცალკეული ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, მწვავე სოციალური პრობლემები გვაქვს. კვლავ არასრულად ვიყენებთ ქვეყნის საწარმოო, განსაკუთრებით სამრეწველო პოტენციალს. ამჟამად შემუშავებულია 1997 წლის ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითადი მიმართულებები“, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული პრობლემების გადაჭრას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას, რეფორმების პროცესის შეუქცევადობას, გაღრმავებას და დამთავრების ფაზაში გადაყვანას.

როგორია რეფორმების მეორე ეტაპის მიჯნები და ამოცანები 1998-2000 წლებში?

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის თანახმად საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები 2000 წლამდე ასეთ სურათს გვაძლევს: ეს ახალი მონაცემები თითქმის ემთხვევა საპრეზიდენტო პროგრამას.

2000 წლამდე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მახასიათებელია თანდათანობითი და სტაბილური განვითარება, რაც მთლიანობაში ქვეყანაში შექმნილი დოვლათის ყოველწლიურად 10-12 პროცენტიანი ზრდით გამოიხატება და, რომელიც უზრუნველყოფს საუკუნის ბოლოსათვის 10-11 მლრდ ლარის ღირებულების მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებას.

შედარებით მაღალი (15-17 პროცენტის ფარგლებში) იქნება სამრეწველო წარმოების მოცულობის ზრდის საშუალო წლიური ტემპი და ამ პირობებში სავარაუდოა 2000 წლისათვის 2.8-3 მილიარდი ლარის ღირებულების სამრეწველო პროდუქციის წარმოება დამატებულ ღირებულებაზე გადასახადისა და აქციზის ჩათვლით.

ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ გადაწყვეტილია, ამ დღეებში ჩვენ შევიკრიბოთ, საფუძველი ამისთვის მომზადებულია, და განვსაზღვროთ საქართველოს მრეწველობის აღმავლობის მრავალწლიანი პროგრამა.

2000 წლისათვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოცულობა სავარაუდოა 3-3,5 მლრდ ლარის დონეზე. ამ პირობებში მისი საშუალო წლიური ზრდის ტემპი 105-107 პროცენტის ფარგლებში იქნება.

საკმაოდ მაღალია კაპიტალურ დაბანდებათა საერთო მოცულობის საშუალო წლიური ზრდის ტემპი (130-135 პროცენტის ფარგლებში), მაგრამ მიუხედავად ამისა, 2000 წლისათვის მათი საერთო ნომინალური მოცულობა დაფინანსების ყველა წყაროს მიხედვით 515-560 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულების მხოლოდ 5 პროცენტზე ცოტა მეტია.

2000 წლისათვის ყველა სახეობის ტრანსპორტის ტვირთბრუნვის მაჩვენებელი მიაღწევს 20-21 მლრდ ტონა კილომეტრს, ხოლო მგზავრთა ბრუნვისა 5-5,5 მლრდ მგზავრ-კილომეტრს, რაც შესაბამისად 4-ჯერ და 32,5 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

2000 წლამდე ზრდის მაღალი ტემპები იქნება შენარჩუნებული არამატერიალური წარმოების სფეროს დარგების მიხედვითაც, კერძოდ, 1998-2000 წლებში. ვაჭრობის მოცულობა აგრარული ბაზრების ჩათვლით, 30-40 პროცენტით გაიზრდება და 2000 წლისათვის 1,8-2 მილიარდ ლარს მიაღწევს, ხოლო ანალოგიური პარამეტრები მოსახლეობის ფასიანი მომსახურების მიხედვით შესაბამისად 35-45 პროცენტით გაიზრდება და 370-410 მილიონ ლარს მიაღწევს. ყოველნაირად უნდა შევუწყოთ ხელი იმპორტთან შედარებით ექსპორტის 8-9 პროცენტული პუნქტით ყოველწლიურ წინმსწრებ ზრდას.

გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ზრდა მთლიანი იმპორტის 2,5 თვიდან (170 მლნ აშშ დოლარი) 1997 წელს, სამ თვემდე - 1998-99 წლებში. ეს მიზნები მიღწეულ უნდა იქნეს ოპტიმალური ფინანსური პოლიტიკის განხორციელებით, ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმებით და ა.შ.

საგადასახადო შემოსავლის ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2000 წლისთვის 15-16 პროცენტამდე გაიზრდება და გავდივართ მსოფლიო მაჩვენებლების საშუალო დონეზე.

უმუშევრობა შრომითი რესურსების, ვიმეორებ, უმუშევრობა შრომითი რესურსების 5 პროცენტის დონეზე იქნება.

ასეთია რეფორმების მეორე ეტაპის ძირითადი სავარაუდო, საპროგნოზო პარამეტრები.

1998 წლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, როგორც მოგახსენეთ, სამრეწველო წარმოების რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაძლიერება და ამ საკითხებში სახელმწიფო პროგრამა ჩამოყალიბდება.

1997 წელს აღრიცხული 3399 სამრეწველო საწარმოდან არ მუშაობდა 1242, ანუ საერთო რიცხვის 36,7 პროცენტი, მათ შორის, 623-ს, ანუ საერთო რიცხვის 18,3 პროცენტს საერთოდ არ უმუშავია წლის დასაწყისიდან. ამ მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა თითქმის ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღონ მთავრობამ, მრეწველობის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, ეკონომიკურმა საბჭომ, სამხარეო ადმინისტრაციებმა, მერებმა და გამგებლებმა, რათა წელს დავასრულოთ და განვახორციელოთ მრეწველობის განვითარების სრულფასოვანი კონცეფციის დამუშავება. ამ დღეებში მრეწველობაში არსებული უზარმაზარი რეზერვების ამოქმედებას მიეძღვნება სპეციალური შეკრება ჩემი მონაწილეობით.

აგრარული რეფორმის, უწინარეს ყოვლისა, მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემისა და საერთაშორისო დახმარებათა საფუძველზე ინვესტიციური გარემოს ჩამოყალიბების დასაწყისის კვალობაზე სოფლად ეკონომიკური გამოცოცხლების მასშტაბები უფრო შესამჩნევია.

სოფლად 1997 წელს წარმოებულია 896 ათასი ტონა მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურები (მათ შორის 290 ათასი ტონა ხორბალი), რაც შარშანდელ მაჩვენებელს 290 ათასი ტონით, ანუ 37 პროცენტით აღემატება.

ეს შედეგი საქართველოს ისტორიაში სარეკორდოდ უნდა ჩაითვალოს.

უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მრავალწლიან კულტურებს. 1990 წელთან შედარებით თითქმის განახევრდა ხეხილის ბაღები. ფაქტობრივად შეწყდა ხეხილის სარგავი მასალების წარმოება, ეს დაუშვებელია. აღარ ფუნქციონირებს საკონსერვო ქარხნები, გაძნელდა ხილის რეალიზაცია დსთ სივრცეში.

გასულ წელს წარმოებულია 250-270 ათასი ტონა ხილი, ნაცვლად 1990 წლის 590 ათასი ტონისა.

ანალოგიური მდგომარეობაა მეჩაიეობაშიც. წელს მოიკრიფა მხოლოდ 35 ათას ტონამდე ხარისხოვანი ჩაის ფოთოლი. ეს მაშინ, როდესაც ჩაის პროდუქცია მინიმუმ 3-ჯერ უნდა გაიზარდოს, რომ ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

არადამაკმაყოფილებელია მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინების ტემპი. თუმცა შარშან მევენახეობასაც და მევენახეებსაც შევაშველეთ ხელი. ჯერჯერობით კრედიტები დაბრუნებული არ არის. გვჯერა, რომ თავის სიტყვას შეასრულებენ, განსაკუთრებით კახელები. საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს მეციტრუსეობას.

დღეს უკვე პრობლემა აღარ არის ციტრუსის ნაყოფის გასაღება, ესე იგი, ბაზარზე უკვე გავედით, ეს არის უკრაინა, რუსეთი, მხედველობაში მყავს ბიზნესმენები და ფერმერები, რომლებიც, ასე ვთქვათ, მოქნილად და ოპერატიულად მოქმედებენ. საჭიროა გააქტიურდეს მუშაობა ამ ჩვენთვის წამყვანი დარგების კრიზისიდან გამოსაყვანად.

ბევრი რამ არის გასაკეთებელი გადამმუშავებელი მრეწველობის რეაბილიტაციისათვის, რის უმთავრეს პირობად ტრადიციული ბაზრების დაბრუნებისა და ახალთა ძიების მიმართულებით მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება უნდა მივიჩნიოთ. ღვინის, ჩაის, ციტრუსების, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების წარმოება უპირატესად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

აღდგა ძველი ბაზრები. ახლა მთავარია, ჩვენი წარმოების დონე შევუსაბამოთ ამ მოთხოვნებს მანამ, სანამ სხვები დაიკავებენ ამ ბაზრებს. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში თქვენი დახმარებითა და თქვენი მხარდაჭერით, პირველად გავითვალისწინეთ ასიგნებანი კრიზისიდან ჩაის მეურნეობის გამოსაყვანად. ეს ბევრი არ არის, მაგრამ წელს დასაწყისისათვის უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ბოლო პერიოდში მაქსიმალურად იქნა გამოყენებული საპარტნიორო ფონდის სახსრები და ეს ტექნოლოგია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ ძალიან კარგად აითვისა. ევროკავშირის დახმარებით ამოქმედდა გლეხთა საკრედიტო კავშირები, მაგრამ ინვესტიციათა საერთო მოცულობაში სოფლის მეურნეობის დარგებში რეგისტრირებული ინვესტიციები მხოლოდ 5,5 პროცენტს შეადგენს. უფრო აქტიურად უნდა შემოვბრუნდეთ სოფლისკენ. ალბათ ამის პირობები 1999 წლისათვის იქნება.

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის №96 განკარგულების შესასრულებლად საქართველოს სამშენებლო კომპლექსში ისეთ საკითხებს დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, როგორიც ურბანიზაციის სტრატეგია და ქალაქების განვითარების უზრუნველყოფა, საბინაო პოლიტიკა და ბინათმშენებლობა, სტიქიური უბედურებებისა და საომარი კონფლიქტების შედეგების შერბილება, სამართლებრივი ბაზა და საგარეო თანამშრომლობაა.

დღეს, როცა სამშენებლო კომპლექსზე ვლაპარაკობთ, ხშირად უკვირთ კიდეც. მაგრამ, უკვე დაიწყო მშენებლობა სოფლებშიც, ქალაქებშიც და ყოველწლიურად ეს თანხები იზრდება. ამიტომ ეს მართვადი პროცესი უნდა გახდეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს: გათვალისწინებულია სტიქიით დაზარალებულთა დახმარება, რაც ჩართულია ბიუჯეტში, დახმარება სამეგრელოს რეგიონში შეიარაღებულ ფორმირებათა მიერ გამოწვეული ნგრევის შედეგების ლიკვიდაციისათვის. ეს რთული იყო, მაგრამ პარლამენტმა მაინც მოახერხა ამ პრობლემების გადაწყვეტა.

მშენებლობის დარგში ეკონომიკური რეფორმების მეორე ეტაპი ითვალისწინებს: 1. საწარმოთა დაჩქარებულ პრივატიზებას; 2. დარგის დემონოპოლიზაციისა და კონკურენციის განვითარების ღონისძიებათა გატარებას.

სულ უფრო აქტუალური ხდება ენერგეტიკის წინაშე მდგომი პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა.

დარგის მდგომარეობის გაუმჯობესებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ახლად ამოქმედებულმა კანონმა ელექტროენერგეტიკის შესახებ. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, სიმძლავრეები შეიქმნა, ამოქმედდა ეს მეცხრე ბლოკი, რომლის გარეშეც დღეს წარმოუდგენელია საქართველოს ენერგეტიკა. მოხერხდა რამდენიმე ელექტროსადგურის რეაბილიტაცია. ჩვენ კიდევ გვაძლევენ სერიოზულ გრძელვადიან კრედიტებს, კერძოდ, გერმანელები გვეხმარებიან იმისათვის, რომ წელს დავიწყოთ და წელსვე ზამთრისთვის დავამთავროთ მეათე ბლოკის მშენებლობა. ეს 300 მეგავატის სიმძლავრეა. ესე იგი სიმძლავრეების თვალსაზრისით განსაკუთრებული პრობლემები დღეს საქართველოში არ არის და ელექტროენერგიის მიღება ჩვენ სხვა ქვეყნებიდანაც შეგვიძლია.

არის ერთი პრობლემა, რომელსაც ყველამ ერთად უნდა მოვკიდოთ ხელი. ენერგეტიკული კრიზისის საბოლოოდ დაძლევა მოკლე დროში შეიძლება მხოლოდ იმ პირობით, თუ ამოვიღებთ თანხებს, რომელიც დახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურებაზე იქნება გაანგარიშებული. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოვალთ ენერგოკრიზისიდან, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა. თუ ჩვენ შევძელით, რომ 1998 წელი გარდატეხის წელი იყოს ამ თვალსაზრისით, მომავალი წლის ზამთარი სავსებით ნორმალური იქნება საქართველოსათვის. მაგრამ ეს არის აუცილებელი პირობა. ბოლოს და ბოლოს მე იმის მომხრეც ვარ და მოვუწოდებ მინისტრებსა და სხვებს, ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებს, აღვრიცხოთ ის მოქალაქეები, რომელთაც მართლა არ შეუძლიათ გადაიხადონ. მაგრამ იმან, ვისაც შეუძლია, გადაიხადოს - ეს იქნება მეწარმე, ფერმერი, კომერსანტი, მოქალაქე თუ სხვა, მათ უნდა გადაიხადონ, სახელმწიფოს წინაშე ვალი უნდა მოიხადონ. ამ შემთხვევაში ჩვენ ენერგეტიკული კრიზისიდან გამოვალთ.

ამავე დროს აუცილებელია, მივაღწიოთ ენერგეტიკის სხვა ქვედარგების, ნახშირისა და ნავთობმომპოვებელი მრეწველობის რეაბილიტაციას, ამ დარგების ღრმა რეფორმირებას, არატრადიციულ წყაროთა გამოყენებას.

ამ ბოლო დროს ბევრი რამ კეთდება ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული დარგის - ტრანსპორტის პოტენციურ შესაძლებლობათა გამოყენებისათვის, რაშიც ხელს გვიწყობს საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესება ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნით, მსოფლიო ბანკის, ევრობანკის დახმარებები და კრედიტები.

მსოფლიო ბანკის „ტრანსპორტის რეაბილიტაციის“ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 3 წლის ნაცვლად, 2 წელიწადში შესრულდება. მსოფლიო ბანკი ამჟამად ამუშავებს 1998-2000 წლების სპეციალურ პროგრამებს ახალი კრედიტების გამოყოფის თაობაზე, რომელთა სავარაუდო თანხა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

მკვეთრად უნდა გარდაიქმნას ავტოტრანსპორტის, რკინიგზის, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის საქმიანობა.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ ახალმიღებული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელება იმ მსხვილ სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია და შემდგომ გონიერების ფარგლებში პრივატიზება, რომლებიც დღეს არ ფუნქციონირებენ.

ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის თვალსაზრისით ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე გამოიკვეთა იმ პრიორიტეტული დარგების უპირველესი განვითარების საჭიროება, რომლებიც ხელს შეუწყობენ: ა) ენერგეტიკული კრიზისის დაძლევას; ბ) სასურსათო პროგრამების განხორციელებას; გ) კომუნიკაციების განვითარებას; დ) შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას და უმუშევრობის დონის შემცირებას; ე) საექსპორტო პროდუქციის წარმოების გაფართოებას. მუშაობა უნდა გაააქტიუროს საინვესტიციო საბჭომ.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების გაღრმავების პერიოდში კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგის განვითარების სტრატეგია განისაზღვრება ამ დარგის ძირითადი სფეროების - ელექტროკავშირის, ფოსტის, რადიომაუწყებლობის, ტელევიზიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, კოსმოსური ტექნიკის განვითარების ტენდენციებით. კავშირგაბმულობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად იქცევა.

რეფორმების პირველ ეტაპზე კომუნალური მეურნეობის სისტემას რეფორმები ფაქტობრივად არ შეხებია. ამდენად მეორე ეტაპზე გამიზნულია რეფორმების დაჩქარებული განხორციელება, ამ სფეროში, კერძოდ: 1. თანამედროვე საბაზრო პირობების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა; 2. კომუნალური მომსახურების ფუნქციების დეცენტრალიზაცია და მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის გადაცემა; 3. საბინაო-საექსპლოატაციო სამსახურების ბაზაზე ახალი სტრუქტურების შექმნა, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე მოემსახურება მოსახლეობას და დაინერგება მომსახურების სხვა ალტერნატიული მეთოდები.

როგორიც უნდა იყოს მიზეზები, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სათბობ-ენერგეტიკულ სექტორში, კომუნალურ მეურნეობაში წესრიგი ვერ დავამყარეთ. მოსახლეობას სათანადოდ ვერ ვაწვდით გაზს, ელექტროენერგიას იმ შემთხვევაშიც, როცა მათ გადახდა შეუძლიათ, ცხელ წყალს. ვერ ვუწევთ სხვა სახის კომუნალურ მომსახურებას.

განხორციელებულ ღონისძიებათა მიუხედავად, ადამიანები ძირითადად ცხოვრობენ ცივ ბინებში, ლიფტებჩანგრეულ სახლებში, ხშირად ნაგვით სავსე ეზოებში.

ქალაქის მერიამ თბილისში, სათანადო სამინისტროებმა და უწყებებმა ქვეყანაში, მუნიციპალურმა ხელისუფლებამ ადგილებზე გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღონ. პასუხი მოეთხოვება ყველას. ეს დრო დადგა.

საპროგრამო პერიოდში გარემოს დაცვის ძირითად ამოცანად ნავარაუდევია გარემოდაცვითი საქმინობის ინტეგრირება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. სამინისტრო ძალიან საინტერესოდ ამუშავდა. რაც მთავარია, მან აითვისა ის ურთულესი ტექნოლოგია, რასაც ჰქვია საერთაშორისო, საფინანსო და გარემოსდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობა. ამის შედეგად უკვე მივიღეთ პირველი ინვესტიციები, პირველი კრედიტები და ახლა ჩვენი გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას გაცილებით უფრო იმედიანად ვუყურებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის პროგრამაში მოხვდა შავი ზღვის გაჯანსაღებისა და მისი გარემოს დაცვის პროგრამა. ვფიქრობ, რომ ეს პირველი წელია. მართალია, თანხა ბევრი არ არის, სულ 3 მილიონი დოლარი, მაგრამ ეს უკვე მოგვცემს საშუალებას, რომ წელს სერიოზულად შევუდგეთ ნაპირსამაგრებელი სამუშაოების შესრულებას, მათ შორის, აჭარაში და ფოთის მიმდებარე ტერიტორიებზე.

დემოგრაფიული პოლიტიკის უპირველესი და ძირითადი მიმართულება გახდება: შობადობის შემცირების შეწყვეტა; სიკვდილიანობის ზრდის შეჩერება; 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის არსებული დონის მინიმუმამდე შემცირება; არარაციონალური შიგა და გარე მიგრაციის შეწყვეტა და ა.შ.

წინა წლებთან შედარებით 6 პუნქტით შემცირდა ყოველ ათას მცხოვრებზე ქორწინების მაჩვენებელი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ახლგაზრდა ოჯახებისადმი სახელმწიფო თანადგომის პოლიტიკის გატარებას, საქმით და არა სიტყვით. მომავალ წელს უნდა შევეცადოთ ეს ბიუჯეტში აისახოს, განსაკუთრებით რაიონულ და საქალაქო ბიუჯეტებში.

საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საქმეში საგრძნობი ფინანსური წყარო გახდება გაეროს სისტემაში შემავალ სხვადასხვა საერთაშორისო სპეციალიზებულ სახელმწიფოებრივ თუ არასახელმწიფოებრივ ორგანიზაციათა მიერ დემოგრაფიული საქმიანობისათვის გამოყოფილი ფონდების სახსრები.

ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს სოცილურ პოლიტიკას.

რეფორმის I ეტაპის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის რეალური შემოსავალი. თუ რეფორმის საწყის ეტაპზე (1994 წლის სექტემბერი) შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის მხოლოდ 0,5 პროცენტს შეადგენდა, დღეისათვის ეს თანაფარდობა უდრის 16,7 პროცენტს. მნიშვნელოვნად გაიზარდა საშუალო ხელფასის თანაფარდობა საარსებო მინიმუმთან, და ძალიან კარგია, რომ პარლამენტმა კანონით განსაზღვრა მოსახლეობის საარსებო მინიმუმი. საბიუჯეტო სფეროში (39 ლარი) იგი შეადგენს 43,4 პროცენტს, ეროვნულ მეურნეობაში მთლიანად (63,7 ლარი) 70,9 პროცენტს, ხოლო კერძო სექტორში (ეს უკვე საყურადღებოა) საშუალო ხელფასი თითქმის გაუთანაბრდა საარსებო მინიმუმს. აქ სატრაბახო ბევრი არაფერია, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჯანსაღ ტენდენციებზეა ლაპარაკი.

საბიუჯეტო სექტორში საშუალო ხელფასი 1997 წლის დასაწყისში გაიზარდა 15 პროცენტით, წლის მეორე ნახევარში - 20 პროცენტით, ხოლო ცალკეული კატეგორიის მუშაკთა ხელფასები თითქმის 100 პროცენტით. მიმდინარე წელს პირველი იანვრიდან ხელფასებმა, პენსიებმა, დახმარებებმა 10 პროცენტით მოიმატა. მატება იქნება მეორე ნახევარშიც. ახლა ცოტა ძნელი სათქმელია, შეიძლება იყოს 10-15 პროცენტი, შეიძლება ცოტა მეტიც.

ეროვნულ მეურნეობაში რეალური ხელფასი თთქმის 2-ჯერ გაიზარდა.

1994 წელს ერთ სულ მოსახლეზე ვაწარმოებდით 400 დოლარის პროდუქციას. 1997 წელს ამ მაჩვენებელმა 1000 დოლარს მიაღწია. ეს აბსოლუტური სიზუსტით ასახავს იმ პროცესებს, რომლებიც ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარეობს.

მოსახლეობის შემოსავლის რეგულირების მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, პარლამენტმა მიიღო კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“. იგი ითვალისწინებს შრომის ანაზღაურებისა და სხვა სოციალური გასაცემლების კორექტირებას საარსებო მინიმუმის ცვლილებათა შესაბამისად, რაც გამორიცხავს მოსახლეობის შემოსავლის შემცირებას.

მინიმალური ხელფასი მუშაკთა სოციალური დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, ამასთანავე, იგი მოსახლეობის გადახდისუნარიანი მოთხოვნის ფორმირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამდენად, დროულად მიგვაჩნია ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესება. კანონპროექტი „მინიმალური ხელფასის შესახებ“ მზად არის და პარლამენტმა ის უნდა მიიღოს.

სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარი შეფასებით - ეს ციფრი ხშირად დავას იწვევს, მე არ შემიძლია არ გამოვაქვეყნო ის, რაც არსებობს სტატისტიკაში. დღეს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო რიცხვი 2 მლნ 200 ათასს აღემატება, რაც 200 ათასით (9,7 პროცენტით) სჭარბობს 1996 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ახლა დავაზუსტებთ, რაშია საქმე. გასულ წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „დასაქმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რის საფუძველზეც გაჩნდა სრულიად ახალი ცნება - თვითდასაქმებული. ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა დაახლოებით 60 პროცენტი თვითდასაქმებულია. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში 80 პროცენტი. დასაქმებულთა ჩამონათვალში შეტანილია სამუშაო ასაკის ის პირებიც, რომელთაც აქვთ (ფულადი ან ნატურის სახით) შემოსავალი ერთ ჰექტარამდე და მეტი მიწის ნაკვეთიდან. ეს მიწის რეფორმის პირდაპირი შედეგია.

ამჟამად საქართველოში 944 ათასი პენსიონერია. ეს ცოტა არ არის ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც ჩვენა ვართ.

პრეზიდენტის ბრძანებულებამ „მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ და „სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემის რეფორმის შესახებ“ მოაწესრიგა სოციალური პოლიტიკის ბევრი საკითხი და მაინც ბევრი პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი.

დღეს პენსიების დაფინანსებაში სერიოზულ შეფერხებებს ქმნის წინა წლების დავალიანებანი. ეს არის 12 მილიონი ლარი. 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ამ ვალის დასაფარავად მხოლოდ 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ საკითხების გადაწყვეტისათვის და გამოვნახოთ რესურსები მათ მოსაგვარებლად.

პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად ამოქმედდა სოციალურ დახმარებათა სისტემა. ქვეყანაში ამგვარი დახმარება დაენიშნა 100 ათასზე მეტ ოჯახს, ხოლო 5000-მდე ოჯახმა ერთდროული დახმარება მიიღო.

აუცილებლად უნდა შესრულდეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება „საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა დედების სოციალური დაცვის ღონისძიებათა შესახებ“ განსაკუთრებით რეგიონების მასშტაბით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მიმართულება შესაბამისად აისახება რაიონულ, საქალაქო და სათემო ბიუჯეტებში.

სახელმწფო ბიუჯეტში 8,5 მლნ ლარია გამოყოფილი ინვალიდთა სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციისათვის. მე აქ უნდა აღვნიშნო განსაკუთრებული აქტიურობა და ინიციატივა ბატონ ზურაბ ჟვანიასი და ზოგიერთი სხვა ხელმძღვანელებისა და პარლამენტარებისა. სწორედ ამის წყალობით მოხერხდა ჩვენს ბიუჯეტში ასახულიყო ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი დაფინანსება.

1998 წლის ბიუჯეტში ჩვენ შევძელით ომის მონაწილეების, ომის ინვალიდებისა და მათთან გათანაბრებული ფენების პენსიების 35-45 ლარამდე გაზრდა. თქვენ მოგეხსენებათ, ეს ოფიცერთა და გენერალთა შემადგენლობას ეხებოდა, ახლა კი ეხება ყველა კატეგორიას და მათთან გათანაბრებულებს. როგორც იტყვიან, სინდისის ქეჯნა ცოტათი შერბილდა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აფხაზეთში საომარი მოქმედების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების შრომით საქმიანობაში ჩაბმას.

დღეს ლტოლვილებზე და დევნილ პირებზე იმდენს ვხარჯავთ, რამდენსაც თავდაცვაზე. ბიუჯეტში ამ მიზნით 67 მლნ. ლარია გამოყოფილი, 1996 წელს გახლდათ - 36 მილიონი, 1997 წელს - 53 მილიონი. მეტის გაკეთება სახელმწიფოს, ფაქტობრივად არ შეუძლია.

2 მილიონი ლარი გამოიყო 1998 წელს ბიუჯეტში აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ლტოლვილებს ვთხოვ, მიაქციონ ამას ყურადღება, ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ ეკონომიკის, ოჯახების, სოფლების, დასახლებული პუნქტების რეაბილიტაციისათვის.

ეს, როგორც გითხარით, დიდი თანხა არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მაქსიმუმია იმისა, რისი გაკეთებაც შეიძლება.

სოციალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაა ხალხის ჯანმრთელობის დაცვა.

შემუშავებულია ჯანდაცვის ძირითადი სტრატეგია.

ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებათა დაფინანსებას 1998 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხმარდება 53 მლნ ლარი, რაც 1997 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს 2-ჯერ და მეტად აღემატება. სახელმწიფო ხარჯები ჯანდაცვის სფეროში 1998 წელს შეადგენს ცენტრალური ბიუჯეტის გასავლის მთლიანი თანხის 5,5 პროცენტს.

ჯანდაცვის სფეროში რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს. მთავარი ყურადღება ეთმობა დაავადების მკურნალობასა და პროფილაქტიკას, საოჯახო მედიცინის შემოღებას და სხვ.

წელს 300 ათასი მოქალაქე მიიღებს პოლისით უფასო სამედიცინო დახმარებას.

გასულ წელს ბრძოლებში დაინვალიდებულ, დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრებსა და ბავშვობიდან ინვალიდებზე გაიცა 65000 ლარის ღირებულების მედიკამენტები.

ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა განაგრძოს რეფორმირებული კურსი და კარდინალურად გარდაქმნას მუშაობა ახალი პირობების შესაბამისად. არავითარი საფუძველი თვითკმაყოფილებისათვის არ არსებობს.

მთავარი ამოცანა ის არის, რომ სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს ქვეყნის მთელი ღარიბი მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ლტოლვილთა და დევნილთათვის.

ცნობილია, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მოითხოვს ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების გადიდებას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, სოციალური პოლიტიკის სრულყოფას. ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო: მოთხოვნა სავსებით კანონიერი და გასაგებია, ამავე დროს, უნდა ისიც განვმარტო, რომ ჩვენ იმასაც კი ვაკეთებთ, რისი გაკეთებაც დღეს არის შესაძლებელი. თუ დასაშვებ ზღვარს გადავაბიჯებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სათანადო რესურსებით არ არის უზრუნველყოფილი, დავუბრუნდებით ინფლაციურ აფეთქებებს, ვალუტის გაუფასურებას და დავკარგავთ პერსპექტივას. ეს ყველა ოპონენტს ეხება, როცა ვინმე მოსახლეობას ქუჩისკენ, საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდებს, პირველ რიგში, მე მათ ვთხოვ, წყაროზე მიუთითონ, რა წყაროთი, რის საშუალებით შეიძლება ეს გაკეთდეს. მიუთითონ ისეთ წყაროზე, რომლის გამოყენებაც უკუღმა არ დაატრიალებს ქვეყნის გაჯანსაღების, მოქალაქეთა ცხოვრების პირობების თანდათანობითი, ლოგიკური თანამიმდევრობით, მუდმივად გაუმჯობესების ჩარხს.

საჭიროა სპორტის, ტურიზმის, კურორტების ქსელის, სერვისის განვითარება უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით მსოფლიო სტანდარტების დონეზე.

ქართველ სპორტსმენთა მიღწევები მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ჩვენ გვაქვს დიდი სპორტული ტრადიციების ქვეყნის სახელი. უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ეს იმიჯი.

განსაკუთრებული თემაა ტურიზმი. ამ დღეებში გაიმართება დიდი შეკრება ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ტურიზმი ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო გახდება.

რამდენიმე სიტყვა კულტურის შესახებ.

ქართული კულტურა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში.

საქართველოს სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რეალური შესაძლებლობის ფარგლებში, იმისათვის, რომ მწერლობა, მუსიკა, თეატრი, კინო, მხატვრობა, არქიტექტურა, ლიტერატურა და ხელოვნება, საერთოდ, მატერიალური და სულიერი კულტურა აღორძინდეს და კვლავაც ემსახუროს ერის სულიერი ცხოვრების წინსვლას.

აქ არიან დეპუტატები ძველი პარლამენტიდან, განსაკუთრებით ბატონი ვახტანგ გოგუაძე დამიდასტურებს, როცა იწყებოდა საქართველოში მოძრაობა ქართული კულტურის გადარჩენისათვის, ჩვენ ვიწყებდით მას ყოველგვარი სახსრების გარეშე. დღეს მე გაბედულად შემიძლია განვაცხადო:

ჩვენ ვიხსენით ქართული კულტურა. დღეს ქართული კულტურის აღორძინება დგას დღის წესრიგში. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ ქართული კულტურა გადარჩენილია. და იმათი სულიერი გადარჩენა, დგას დღის წესრიგში, ვინც ამ კულტურის შემქმნელი და მატარებელია. აქ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ ენას - სახელმწიფო ენას, ქართული ცივილიზაციისა და კულტურის უმთავრეს ელემენტს. გასულ წელს ვერ მოესწრო „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტის სათანადოდ მომზადება და პარლამენტში წარდგენა. ამას მე ვაღიარებ. ეს წელს უნდა გავაკეთოთ ყოველმიზეზ გარეშე. ამავე დროს, ცნობილია ის საგანგებო ღონისძიებები, სახელმწიფო ენის სწავლებას რომ უკავშირდება და სათანადოდ აისახა ქვეყნის ბიუჯეტში. რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მადლობელი ვარ არაქართველი მოსახლეობისა, რომელსაც სურს, რომ მის მშობლიურ ენასთან ერთად, მომავალი თაობები სახელმწიფო ენასაც ფლობდნენ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის უკეთეს პირობებს შეუქმნის მათ.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში უნდა სრულვყოთ პოლიტიკა კულტურის, განათლების, მეცნიერების დარგში.

ქართული კულტურა მარტო დედაქალაქში როდი ვითარდება. კულტურის კერები ძლიერდება საქართველოს ქალაქებსა და მხარეებში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამას ყურადღებას აქცევს.

განსაკუთრებით გამოიკვეთა ბათუმისა, და საერთოდ, აჭარის, როგორც ქართული კულტურის განვითარების ერთ-ერთი ცენტრის, ფუნქცია.

ასეთივე პროცესები მიმდინარეობს ქუთაისსა და იმერეთის მხარეში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთში, გურიაში.

უდიდეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს, რომ შევინარჩუნეთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი უნივერსიტეტები, სკოლები, თეატრები, გაზეთები, კულტურის სხვა კერები.

მადლობა ყველას, ვინც ამას შეუწყო ხელი.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მალე აღორძინდება მეცნიერებისა და კულტურის კერები სოხუმსა და ცხინვალში. როგორც აფხაზური, ოსური, ისე, რა თქმა უნდა, ქართული.

ქართულ ხელოვნებაში „ახალი ტალღის“ მოსვლა ამტკიცებს იმას, რომ ქართული კინო და თეატრი, ქართული მხატვრობა, საშემსრულებლო ხელოვნება მხოლოდ გუშინდელი დღით არ ცოცხლობს, რომ ქართული კულტურა არამხოლოდ გადარჩა, არამედ ახალ სიტყვასაც ამბობს და ახლა მას ფაქიზი მოვლა და პატრონობა სჭირდება.

კულტურის სფეროს 1998 წელს გამოეყო 36 მლნ. ლარი, 5,5 მლნ. ლარით მეტი, 18 პროცენტით მეტი, ვიდრე გასულ წელს, ეს იოლი საქმე არ იყო. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ მომავალში შევძლებთ მეტის გაკეთებას.

მსოფლიო ბანკმა, რომლის შესახებაც ადრეც მითქვამს, პირველად თავის პრაქტიკაში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად გამოყო 5 მლნ. აშშ დოლარი, თავის პრაქტიკაში - პირველად, მხოლოდ საქართველოსათვის.

მეტად სასიხარულო ფაქტია, რომ გამოვიდა ქართული ეროვნული ენციკლოპედიის პირველი ტომი.

მთავრობამ, კულტურის სამინისტრომ ყველაფერი უნდა იღონონ ამ რთულ პირობებში ქართული კულტურის შემდგომი წინსვლისათვის. ერთადერთი, რასაც ვერ მივხედეთ, რაც ყველაზე მეტად საგრძნობია, ეს არის წიგნის პრობლემა, წიგნების გამოცემისა და შესაბამისი ჰონორარების ანაზღაურების პრობლემა. მე მივმართავ ბატონ მიხეილ ჭკუასელსა და სხვებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია წიგნთან და წიგნიერებასთან. წიგნიერება წიგნის გარეშე არ იქნება.

უნდა ვიზრუნოთ საქართველოში მცხოვრები ხალხების კულტურის, ენის, განათლების, სკოლების, თეატრის, პრესის, რადიოს, ტელევიზიის განვითარებისათვის. სხვა ეროვნების სკოლებისათვის ორიგინალური სახელმძღვანელოების მომზადებაზე, შექმნასა და გამოცემაზე. ჩვენ ახლა უფრო მეტად შემოტანილი სახელმძღვანელოებით ვსარგებლობთ.

განათლების სფეროში რეფორმის მეორე ეტაპი უკეთ უნდა განხორციელდეს, ვიდრე პირველი. პირველი ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ აუცილებლად გასავლელი.

პირველი რიგის ამოცანაა განათლების სისტემის დაწესებულებთა ფინანსური და რესურსული უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზის შემუშავება და დანერგვა.

მთავრობამ, განათლების სამინისტრომ (თ. კვაჭანტირაძე) უნდა მიაღწიონ იმას, რომ ქართული უნივერსიტეტები, ინსტიტუტები, კოლეჯები, ლიცეუმები, სკოლები, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები ევროპული და მსოფლიო სტანდარტების დონეზე საქმიანობდნენ.

ბიუჯეტიდან განათლების სფეროს წელს 45 მლნ. ლარი გამოეყო. ცოტაა ეს, შარშანდელი დონეა მხოლოდ და ფაქტობრივად ზრდა არ არის. იმედი გვაქვს, რომ მომავალში დაფინანსება გაიზრდება.

უნდა ვიზრუნოთ პედაგოგებზე, ლექტორებზე, დოცენტებზე, პროფესორებზე, აკადემიკოსებზე. ისინი ძერწავენ და ქმნიან ხვალინდელი საქართველოს ინტელექტუალურ და მორალურ სახეს.

რეფორმების შედეგად უმაღლესი კატეგორიის პედაგოგებს პროფესორის ხელფასი დაენიშნათ. პროფესორის ხელფასი რაღაც ასტრონომიული არ არის, მაგრამ რაღაც ორიენტაციაა, ეს თავისთავად ბევრს ნიშნავს. საგრძნობლად მოემატათ ხელფასები პირველი და მეორე კატეგორიის მასწავლებლებს. ატესტაცია გაიარა 60 პროცენტზე მეტმა პედაგოგმა. აქ ბევრი იყო დავა და კამათი, მაინც სწორი გზით ვიარეთ. და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა - სკოლაში გამოიკვეთა მაღალპროფესიონალ პედაგოგთა ის ბირთვი, რომელიც ჩვენს სკოლას გაბედულად შეიყვანს XXI საუკუნეში, თუმცა კვლავ და კვლავ გასაკეთებელი ბევრია.

კატეგორიულად მოვითხოვ ფინანსთა სამინისტროსგან, ადგილობრივი მმართველობისგან, ბოლო მოეღოს პედაგოგებისათვის ხელფასების დაგვიანებით გაცემის მავნე და საშიშ პრაქტიკას. რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა ეხება ყველა სფეროს და არა მარტო პედაგოგებს.

საჭიროა განათლების სისტემის ორიენტაცია შრომის ბაზარზე, სისტემის ადაპტაცია საბაზრო ეკონომიკის რეალობასთან.

რეფორმებმა განაახლეს განათლების შინაარსი, შეიქმნა ახალი პროგრამები, სასწავლო გეგმები.

შემუშავდა საუნივერსიტეტო განათლების კონცეფცია. თბილისის უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გადავიდნენ ორსაფეხურიან სისტემაზე: შეიქმნა ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. 15 უმაღლესი სასწავლებლისათვის შეიქმნა 21 ახალი სახელმძღვანელო, საშუალო სკოლებმა მიიღეს 36 ახალი სახელმძღვანელო.

დღეს საქართველოში ქართული სკოლების გარდა ფუნქციონირებს 89 რუსული, 133 სომხური, 155 აზერბაიჯანული, 4 ოსური სკოლა და ა.შ. მათთვის შეიქმნა 21 ახალი სახელმძღვანელო. ეს, რასაც ახლა მოგახსენებთ, არა მარტო ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხია ამ ხალხების წინაშე, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში - ჩვენი მოქალაქეები არიან, არამედ ჩვენი სიამაყის საგანი. მე არ ვიცი, იქნებ ბევრმა სახელმწიფომ, ვერც შეძლოს ასეთი ციფრები დაასახელოს, მხედველობაში მაქვს მრავალეროვნული სახელმწიფოები. ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ და ეს მოსახლეობაც ამას სათანადოდ დააფასებს.

პროფტექნიკურ სასწავლებლებში შეიცვალა 200 პროფესიაში მოქმედი სასწავლო გეგმები. გაჩნდა ახალი სპეციალობები: კომერსანტი, ფერმერი და ა.შ. ბატონო თამაზ, ამ საკითხს კიდევ უნდა დავუბრუნდეთ.

წელს განათლების სისტემაში რეფორმები უფრო ინტენსიურად უნდა განხორციელდეს.

ერთ-ერთი უპირველესი და უმწვავესი პრობლემა მეცხრე კლასს ზემოთ სკოლის გარეთ დარჩენილი მოსწავლეები გახლავთ. 1996-97 წლებში ცხრა კლასი დაამთავრა 58 ათასმა მოსწავლემ, მეათე კლასში სწავლა გააგრძელა 37600-მა, პროფესიულ სასწავლებლებში - 4900-მა, საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში - 5200-მა, საერთოდ, განათლების დაწესებულების მიღმა დარჩა 10 ათასი ბავშვი. ამ ციფრს წელს, გაზაფხულზე კიდევ დაემატება დაახლოებით ამდენივე. ეს კი მხოლოდ განათლების პრობლემა არაა. ამაზე სერიოზული ღონისძიებების დასახვა გვმართებს განათლების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, მთავრობას. მოვითხოვ, ერთ თვეში, თვენახევარში წარმოადგინონ შესაბამისი წინადადებები. დღეს ვერავინ ვერ მეტყვის ეს ბავშვები სად არიან დავასაქმეთ თუ ვერ დავასაქმეთ, ჩავაბით რაღაც საქმიანობაში თუ ვერა.

უახლოეს წლებში, როგორც კი ეკონომიკური საშუალება მოგვეცემა, მეათე-მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში სწავლის თანხა ყველა ბავშვს, ვისაც სწავლა სურს და შეუძლია, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს. ამას ყოველ მიზეზგარეშე უნდა მივაღწიოთ 2000 წლისათვის. ანტიკორუფციული პროგრამის და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელება მოგვცემს ამის საშუალებას.

ესაა ჩვენი უპირველესი ამოცანა და უპირველესი საზრუნავი.

უნდა გადაიჭრას მიუსაფარი და უპოვარი ბავშვების პრობლემა. საქართველო არ შეიძლება შეეგუოს იმას, რომ ბავშვები ვაგზლებში ათევენ ღამეს და იქ მათხოვრობით შოულობენ ლუკმა-პურს. სადაც ეს ხდება, პირდაპირ ვამბობ ამ რაიონში გამგებელი, მერი არ არის.

საქართველოს მეცნიერება, ეროვნულ მეცნიერებათა აკადემია, დარგობრივი აკადემიები, საქართველოს სამეცნიერო სკოლები მსოფლიოშია ცნობილი.

მეცნიერების სფეროსათვის 1998 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილია 18 მლნ. ლარი, ეს 21 პროცენტით მეტია გასულ წელთან შედარებით.

საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა, განათლების სამინისტრომ, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა, ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ, ცენტრალურმა და მუცინიპალურმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში საბოლოოდ გადავარჩინოთ ქართული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განსაკუთრებით ფუნდამენტური კერები, რომლითაც ასე სახელგანთქმული იყო და ჯერ კიდევ არის საქართველო. თუ ეს არ გავაკეთეთ, არც თანამედროვეობა და არც მომავალი ჩვენ ამას არ გვაპატიებს.

ქართული მეცნიერება ნგრევისა და მეცნიერული თუ ეკონომიკური კავშირების წყვეტის პერიოდში დიდი განსაცდელის წინ დადგა, ბევრი დარგობრივი თუ საკავშირო დაქვემდებარების სამეცნიერო ინსტიტუტი - უფუნქციოდ, ამდენად დაფინანსების გარეშე დარჩა. ფაქტობრივად, მაღალკვალიფიციური და მაღალინტელექტუალური მეცნიერები ქუჩაში, ზოგიერთი კი საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ.

გრანტულ სისტემაზე გადასვლა მეცნიერების დაფინანსებაში, რომელიც შარშან განხორციელდა, სწორედ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს მიესადაგება და მეცნიერების მართვაში რეფორმის დასაწყისის მომზადებად უნდა ჩაითვალოს. კარგა ხანია, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მეცნიერების განვითარების კონცეფციის პროექტზე. და სწორედ ამ კონცეფციამ უნდა დაუდოს საფუძველი ჩვენი ქართული მეცნიერების რეფორმირებას.

მეცნიერებაში იმ დარგებსა და მიმართულებებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება როგორც არის ქვეყნის კულტურა და წარსული. მხედველობაში მაქვს - საქართველოს ისტორია, ქართული კულტურა, ლიტერატურა, ქართული ხელოვნება, ქართული ენის, ქართული დამწერლობის, ქართული ხელნაწერების კვლევა, შესწავლა და სხვ.

თავისუფალმა ქვეყანამ მეცნიერების ის დარგები უნდა განავითაროს, რომელნიც გადაუდებლად სჭირდება ამ ქვეყნის ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, ქვეყნის უსაფრთხოებას.

ქვეყანამ, რომელსაც ჩვენსავით დიდი სამეცნიერო პოტენციალი აქვს, უნდა საგანგებოდ იზრუნოს იმ სამეცნიერო სკოლებზე, ინსტიტუტებზე, განყოფილებებზე, ლაბორატორიებზე თუ ცალკეულ მეცნიერებზე, რომელნიც თავისი მეცნიერული მიღწევებითა და პოტენციალით მსოფლიო დონეზე დგანან. და ეს არ უნდა იყოს ზოგადი მოწოდება.

და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი: ჩვენმა ქვეყანამ თავისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი უნდა იღონოს ახლი მეცნიერული კადრების აღზრდა-განვითარებისათვის, ნიჭიერი ახალგაზრდობის ჩვენთან თუ უცხოეთში საგანგებო განსწავლით, რათა შევინარჩუნოთ ქართული მეცნიერების მაღალი დონე. მე არ მადარდებს ის ამბავი, რომ ბევრი ახალგაზრდა საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი ოფიციალურად, ზოგი - არაოფიციალურად, ზოგი მშობლების დახმარებით. 90-95 პროცენტი დაუბრუნდება საქართველოს, უდიდესი გამოცდილებით, ძალიან საინტერესო ცოდნით, ეს ახალი ტალღა მოვა საქართველოში.

ჩვენ უნდა მივესალმოთ ამ პროცესს, როცა მსოფლიოს უდიდეს საგანმანათლებლო ცენტრებში განათლებას იღებენ ჩვენი ახალგაზრდები.

საქართველომ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა უნდა მისცეს თავის მეცნიერულ ელიტას.

აქ დანახარჯი ასმაგად დაუბრუნდება ქვეყანას.

დღეს პირველი რიგის ამოცანაა საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პრიორიტეტული მიმართულებების დადგენა.

მზად ვარ და თითოეული ჩვენგანი მზად არის ემსახუროს საქართველოს მეცნიერების განვითარების ინტერესებს.

მეცნიერების, კულტურის, განათლების, სპორტის სფეროში დაარსდა ნიჭიერი, შემოქმედებითი ახლგაზრდობის სტიმულირებისათვის პრეზიდენტის გრანტები, პრემიები, სტიპენდიები. ეს გარკვეულ დადებით შედეგებს აუცილებლად მოგვცემს. დასაფასებელია ამ იდეის ავტორებიც და მხარდამჭერნიც პარლამენტის სახით.

პარლამენტმა, საპრეზიდენტო აღმასრულებელმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ ინტელიგენციის პრობლემები. უნდა განხორციელდეს შესაბამისი პოლიტიკა.

მნიშვნელოვანი სამუშაოები უნდა განხორციელდეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, ქვეყნის მეტროლოგიის, სტანდარტიზაციის და სერტიფიკაციის სისტემის განვითარების საქმეში.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის სრულყოფა და მისი ეფექტიანი განხორციელება - ხელისუფლების მოღვაწეობის პრიორიტეტული მიმართულებაა.

გასულ წელს ინტენსიურად მიმდინარეობდა და წელს გასრულდება მუშაობა საგარეო პოლიტიკის კონცეფციაზე.

როგორი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გასულ წელს?

1998 წელს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობას.

ევროპულ ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის საბოლოო მიზანია ევროპის კავშირში თავდაპირველად ასოცირებული წევრის სტატუსის მიღება, შემდეგ კი გაწევრიანება, აგრეთვე, ევროპის საბჭოში სრულუფლებიანი წევრობა, ხოლო ეუთოში - ავტორიტეტის შემდგომი ამაღლება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ:

- დაიწყო პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან; ჩვენ ევროკავშირთან ხელმოწერილი გვაქვს დიდი ხელშეკრულება.

- ევროპის საბჭოში საქართველოს ამჟამად მოწვეული სტუმრის სტატუსი გააჩნია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის აქტიური მონაწილე გახდა;

- მომზადდა ევროპის საბჭოს იურისტთა მოხსენება. ჩამოვა სპეციალური დელეგაცია, იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდება.

- საქართველომ მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს მე-2 სამიტის მუშაობაში, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად;

- ნაყოფიერად იმუშავა საქართველოს წარმომადგენლობამ ეუთოში. იგი სულ უფრო აქტიურად ებმება ამ ორგანიზაციის საქმიანობაში. გასულ წელს ვენის მისიამ მონაწილეობა მიიღო ეუთოს ისეთი ფუძემდებლური დოკუმენტების სრულყოფაში, როგორიცაა „ევროპის უსაფრთხოების ქარტიის სახელმძღვანელო პრინციპები“, „ქცევის კოდექსი“. მისიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ლისაბონის ფორუმის მომზადებაში. ლისაბონში მწვავედ დაისვა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საკითხი. დაგმეს სეპარატიზმი და ქართველთა გენოციდი აფხაზეთში.

მიმდინარე წელი გარდატეხის წელი უნდა გახდეს აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგებაში. ეს ეხება არა მარტო 300 ათასი ლტოლვილი და დევნილი საქართველოს მოქალაქის ბედს, არამედ საქართველოს ისტორიულ ბედს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციური იურისდიქციის აღდგენას. ამასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულება.

გაჩნდა მოლაპარაკების ახალი ფორმები ჟენევის პროცესის სახით, რაც ფაქტიურად პროცესის ინტერნაციონალიზაციას მოასწავებს, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით.

1. ეს სულაც არ ნიშნავს რუსეთის როლის შესუსტებას. მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარების, ხალხის დაბრუნების და სტატუსის განსაზღვრის კლასიკური მაგალითი შეიძლება გახდეს რუსეთისა და დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს რეგიონში მშვიდობის დასაბრუნებლად.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აშშ და ევროკავშირი, მზად არიან გაიღონ სათანადო თანხები, მოსახლეობის დაბრუნების შემთხვევაში მხარის რეაბილიტაციისათვის.

რუსეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს რკინიგზების, საგზაო მაგისტრალების აღდგენაში, მთელი ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

2. სირთულეებისა და სიძნელეების მიუხედავად, ქართულ-აფხაზური დიალოგი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არ უნდა გვიკვირდეს, თუ კიდევ დიდია გაუცხოების და უნდობლობის ფაქტორი. ეს ორივე მხარეს ეხება.

3. შერიგების პროცესის დაჩქარება არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც. გასათვალისწინებელია, რომ თებერვალ-მარტში გადასაწყვეტი იქნება სამშვიდობო ძალების ბედი. სამწუხაროდ, კიშინიოვის გადაწყვეტილებები შეუსრულებელია.

4. ჩემს მიერ ამას წინათ წამოყენებულ ბოსნიის ვარიანტს, სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცა. სინამდვილეში ლაპარაკია იმაზე, რომ თუ მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის შესაძლებლობანი ამოიწურება, ბუნებრივია, მშვიდობისათვის იძულების ვარიანტი დადგება დღის წესრიგში. ლაპარაკია პრინციპზე და არა ბოსნიის ვარიანტის ზუსტ გამეორებაზე. საერთოდ კი მინდა, ამ პრობლემასთან დაკავშირებით ჩემი აზრი ჩამოვაყალიბო უფრო ფართო გაგებით. იქმნება პარადოქსული სიტუაცია, როცა პლანეტის ყველა სახელმწიფო აღიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მის წესდებას, მონაწილეობს მის საქმიანობაში. ამავე დროს, უშიშროების საბჭოს, მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტის, რეზოლუციები უმრავლეს შემთხვევაში, შეუსრულებელი რჩება (მაგალითად გამოდგება 14 რეზოლუცია აფხაზეთზე).

„ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ, შეიქმნა სრულიად ახალი ვითარება უშიშროების საბჭოს ეფექტურობის ამაღლებისათვის. ვფიქრობ, ამ მთავარი სამშვიდობო ინსტრუმენტის იგნორირებას ბოლო უნდა მოეღოს. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებანი სავალდებულო უნდა იყოს ყველასათვის, სახელმწიფოებისა თუ ადამიანთა ცალკეული ჯგუფებისათვის, რომლებმაც ძალაუფლება ძალით მოიპოვეს, ან ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

ჩვენ უნდა გვეყოს გამბედაობა და პოლიტიკური ნება, არ დავუშვათ უშიშროების საბჭოს რეზოლუციათა იგნორირება, თუნდაც ეს იძულების მეთოდებთან იყოს დაკავშირებული, როგორც ეს თვით გაეროს წესდებაშია გათვალისწინებული.

აი, რატომ მივესალმები ყოველგვარ აქციას უშიშროების საბჭოს ნების უპირობო განხორციელებასთან დაკავშირებით.

ახლა მიმდინარეობს დაძაბული მუშაობა ევროპული უსაფრთხოების პრინციპების ჩამოსაყალიბებლად. ამ დოკუმენტში უსაფრთხოების კომპონენტი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი იქნება.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრინციპულად ჩამოყალიბდეს ერთა მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური წესები, კოდექსი, ხოლო ამ წესების ყოველგვარი იგნორირება, უმცირესობათა უფლებების შელახვა თუ აგრესიული სეპარატიზმის, აგრესიული ნაციონალიზმის თავაწყვეტილობას სახელმწიფოთა რღვევისა და ქაოსისაკენ მივყევართ, უნდა დაისაჯოს და ეს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას.

მსოფლიო და ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურები შეთანხმებულად და კოორდინირებულად უნდა მოქმედებდნენ.

როცა თანამედროვეობის ამ უმწვავეს საკითხებს ვაყენებთ, მე, რა თქმა უნდა, მარტო საკუთარი ქვეყნის ტკივილები როდი მაქვს მხედველობაში. სრულიად თავისუფალი მოქალაქეც რომ ვიყო, ასევე ვიტყოდი.

ასევე ვიტყოდი, აგრეთვე, იმის შესახებ, რომ უნდა რეალურად ამოქმედდეს ის საერთაშორისო თუ ევროპული ტრიბუნალები, რომლებმაც, ბოსნიის მსგავსად, გაბედულად და სამართლიანად განსაჯონ ისინი, ვინც საერთაშორისო ნორმებს, ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავენ და უშიშროების საბჭოს კატეგორიულ რეზოლუციებს ფარატინა ქაღალდად თვლიან.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა მომწიფდა ასეთი რთული, მაგრამ პრინციპული და სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ყველაფერი ეს მოხდება.

რაც შეეხება ჩვენს კონფლიქტებს, მშვიდობიანი მოწესრიგების რესურსი ამოწურული არ არის, დავაჩქაროთ შერიგების პროცესი, აღვადგინოთ სამართლიანობა ყველა მხარის, ყველა ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, სწრაფად მოვიშუშოთ ჭრილობები და ტკივილები, ვეძებოთ გამართლებული კომპრომისების გზები. აქ, საკითხის ასეთნაირად დაყენებაში მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობა ჩვენთანაა და მზადაა მხარი დაგვიჭიროს მორალურად, პოლიტიკურად, მატერიალურად. ნუ გავუშვებთ ამ შესაძლებლობას ხელიდან.

ეს ეხება ორივე მხარეს - აფხაზურ მხარეს და ეს გვეხება ჩვენ. ასეთი უნიკალური შანსი ახლა არსებობს, კიდევ ვიმეორებ: მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, უშიშროების საბჭოს მუდმივი ოთხი წევრი ხუთიდან ჩართული არის აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში. ეს პროცესი უკვე დაიძრა, დაიწყო და მისი შეჩერება შეუძლებელია.

როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, არსებობს სერიოზული რესურსები ქართველთა და ოსთა შერიგების პროცესის დასაჩქარებლად. აქ უდავოდ დიდი როლი შეასრულა რუსეთის ხელმძღვანელობამ, სამშვიდობო ძალებმა, ჩრდილო ოსეთ-ალანიის წარმომადგენლებმა. უდავოდ მისასალმებელია ლუდვიგ ჩიბიროვის და მისი თანამოაზრეების მზადყოფნა ორმხრივი დიალოგის განვითარებისთვის; განსაკუთრებით აღვნიშნავ უწყებათა და ტერიტორიული ერთეულების ერთობლივ ღონისძიებებს, პარლამენტართა კავშირებს, ფაქტიურად განახლდა ცხოვრება იმ სოფლებში და დასახლებულ პუნქტებში, სადაც ქართველები და ოსები ადრე ერთად საქმიანობდნენ, ერთად ცხოვრობდნენ.

რა თქმა უნდა, მთავარი გასაკეთებელი საქმეები წინაა, ხალხი დასაბრუნებელია, გადასაწყვეტია სტატუსის საკითხი, გვეხმაურებიან ეუთოს წარმომადგენლები. ეს მნიშვნელოვანია.

თუ ორივე მხარის კეთილი ნება იქნება, სასურველ მიზნამდე იქნებ შორს აღარ იყოს. ყველა საშუალება არსებობს იმისათვის, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტი დაპირისპირებულ მხარეთა ღირსეული შერიგების პირველი მერცხალი იყოს, კავკასიაში და უფრო ფართო გაგებითაც. ჩვენ ყველას გვინდა, ეს სისხლიანი ლაქა ქართველთა და ოსთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის და ძმობის ისტორიაში რაც შეიძლება ჩქარა წაიშალოს.

გასულ წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში დიდი ადგილი დაეთმო რეგიონული თანამშრომლობის პოლიტიკის პრობლემებს.

- მიმდინარეობდა ურთიერთობების გაღრმავება ბისეკთან და ძალისხმევის კოორდინაცია სუამის დაჯგუფების ქვეყნებთან. ბისეკის ფარგლებში განსაკუთრებით აღსანიშნავია, თურქეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ბალკანეთის ქვეყნების აქტიურობა.

- დასრულდა ბისეკის წესდების შემუშავება, რომელსაც მომავალი სამიტი დაამტკიცებს. ამით საფუძველი ჩაეყრება ბისეკის საერთაშორისო რეგიონულ ორგანიზაციად ტრანსფორმირების პროცესს. ამ იდეის ერთ-ერთი ავტორი საქართველო გახლდათ.

- სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეს ემსახურებოდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტები სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ ქვეყნების პრეზიდენტების ვიზიტები საქართველოში, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, გარდატეხა შეიტანეს ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის განვითარებაში, ახალი ეტაპი შექმნეს.

დაიწყო რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოში. ამასთანავე, გრძელდებოდა მუშაობა ცნობილ ინიციატივაზე „მშვიდობიანი კავკასია“.

1998 წელს „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეების რეალურად განხორციელება დაიწყება.

აღმასრულებელი ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გასულ წელს ქვეყნის თავდაცვითუნარიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საგარეო-პოლიტიკურ ასპექტებს.

- აქტიურად ვითარდებოდა ურთიერთობები ნატოსთან, გაღრმავდა თანამშრომლობა მის ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა ახლადშექმნილი ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველო გახლავთ.

- საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ნატოს მადრიდის უმაღლესი დონის შეხვედრაში. შედგა ნატოს გენერალური მდივნის ხ. სოლანას ვიზიტი საქართველოში და ეს ვიზიტი წელს შეიძლება განმეორდეს.

- საქართველომ მოახდინა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების ვენის საფლანგო დოკუმენტის რატიფიკაცია და განაგრძობს ამ ხელშეკრულების ადაპტაციაზე მუშაობას.

- მნიშვნელოვნად გაღრმავდა ორმხრივი სამხედრო-პოლიტიკური კავშირები. დღეს ჩვენი პარტნიორები არიან რუსეთი, აშშ, ინგლისი, გერმანია, თურქეთი, უკრაინა, საბერძნეთი, უზბეკეთი და სხვა მრავალი სახელმწიფო.

- პარტნიორების დახმარება უფრო კონკრეტული და პრაქტიკული გახდა. მივიღეთ სამხედრო-საზღვაო კატარღები, სხვა საბრძოლო საშუალებები, რომელთა მეშვეობით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ სრულყოფილი კონტროლისათვის ჩვენი საზღვაო აკვატორიისა.

საქართველოს საგარეო პოლიტიკაში დიდი ადგილი ეჭირა ურთიერთობებს დსთ წევრ ქვეყნებთან.

- დსთ სახელმწიფოსთან ურთიერთობა ძირითადად ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზით ვითარდებოდა, და ეს კარგია. (აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, მოლდოვეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები).

თანამეგობრობის ბევრ ქვეყანასთან ჩვენ მართლაცდა უნიკალური ურთიერთობები გვაქვს დამყარებული და თანამეგობრობის ერთ-ერთი უმთავრესი როლი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ურთიერთობის განვითარებას ხელი შეუწყოს და ოპტიმალური პირობები შეუქმნას.

- გასული წლის მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახეს, რომ თანამეგობრობის, როგორც რეგიონული ორგანიზაციის შემდგომი არსებობისა და განვითარებისათვის, აუცილებელია მის სივრცეში ინტეგრაციული პროცესების ხელახალი გააზრება, თანამეგობრობის ქვეყნების სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გზას ალტერნატივა არა აქვს და ინტეგრაციული პროცესის სხვაგვარად წარმართვას აღარავინ დაეთანხმება.

- რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკის, ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების სფეროში კვლავაც რჩებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად. ამ მხრივ, მიუხედავად გაწეული მუშაობისა, კვლავაც მრავალი გადაუჭრელი საკითხია. ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული კონფლიქტები აფხაზეთში, ცხინვალის ზონაში, ადგილი ჰქონდა სასაზღვრო კონფლიქტს დარიალის ხეობაში, ვფიქრობ, რუსეთი გაიზიარებს ჩვენს სამართლიან თხოვნებს საქართველოდან სამხედრო ტექნიკის გატანის, საზღვაო ფლოტის ხარჯების ანაზღაურების აუცილებლობის შესახებ. და ეს ცოტა არ არის, ეს გაცილებით მეტია (ხუთჯერ და ათჯერ მეტია), ვიდრე რუსეთის ვალი, რომელიც ჩვენ გვმართებს.

რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თანამეგობრობის მრავალ ქვეყანას. ეს არ უნდა გვიკვირდეს: ტოტალიტარული სახელმწიფოს ბაზაზე, პოსტსაბჭოურ სივრცეში 15 სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ისტორიული, მაგრამ საკმაოდ მტკივნეული პროცესია.

რუსეთთან სწორი, დაბალანსებული, აწონილ-დაწონილი პოლიტიკის გატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ფაქტორის იგნორირება ისევე დაუშვებელია, როგორც საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უგულებელყოფა. მსოფლიო და ევროპული პროცესები კანონზომიერი მიმართულებით ვითარდებიან, ჩვენც და რუსეთიც ამ პროცესების განუყოფელი ნაწილები ვართ და ვიქნებით.

საკუთარი ღირსების, დამოუკიდებლობის შენარჩუნებით ჩვენ ავაშენებთ ახალ ურთიერთობებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან.

ასეთია ჩვენი გენერალური კურსი ამ საკითხში.

ეს ისტორიული პროცესია, რომელიც თავისი შინაგანი ლოგიკით ვითარდება და აქ აჩქარება და სუბიექტივიზმი დაუშვებელია.

საგარეო პოლიტიკაში ბევრი რამ გაკეთდა საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს სრულუფლებიან წევრად ინტეგრაციის თვალსაზრისით.

- გასულ წელს გრძელდებოდა გაწონასწორებული, კეთილმეზობლური და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების პოლიტიკა ყველა სახელმწიფოსთან.

- შედგა უმაღლესი დონის მრავალრიცხოვანი ვიზიტები, რის შედეგადაც ხელი მოვაწერეთ 240-ზე მეტ ხელშეკრულებას, ლაპარაკია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებზე.

- გარღვევა მოხდა საქართველოს ურთიერთობებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, უწინარესად ეს ეხება ისრაელს, არაბული სამყაროს ქვეყნებს.

საგარეო პოლიტიკის სრულყოფას უთუოდ შეუწყობს ხელს საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ნორმებთან და პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა.

- შემუშავების პროცესშია „კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ“, „კანონი საქართველოში უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შესახებ“.

- გრძელდებოდა მუშაობა საქართველოს დიპლომატიური სამსახურის გასაფართოებლად.

- დაიწყეს ფუნქციონირება საელჩოებმა შვეიცარიასა და უზბეკეთში. მიღებულია გადაწყვეტილება საელჩოების შექმნაზე ისრაელში, ეგვიპტესა და ჩინეთში, აგრეთვე, გენერალური საკონსულოს გახსნაზე ჩეხეთის რესპუბლიკაში. შეიქმნა მისიები ევროპის საბჭოსთან, ევროკავშირთან და ნატოსთან.

ყველა ამ მიმართულებით მიმდინარე წელს უფრო ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა.

საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას საგარეო ვაჭრობის განვითარება წარმოადგენს. გასულ წელს საქართველო საგარეო ვაჭრობაში ჩართული იყო 93 ქვეყანასთან, 1996 წელს კი 82 ქვეყანასთან. ფართოვდება ვაჭრობის გეოგრაფია. გასულ წელს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1,3-ჯერ და 1 მლრდ 108 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა. ექსპორტირებული იყო 250 მლნ ამერიკული დოლარის პროდუქცია. ზრდა არის, მაგრამ იმპორტი კვლავ გამსწრები ტემპით ვითარდება.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკაში 1995-97 წლებში მომხდარი დადებითი ძვრების მიუხედავად, აღრიცხული ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო ჯერჯერობით კვლავ იზრდება.

ამავე დროს სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ექსპორტისა და იმპორტის აღრიცხვის მდგომარეობა და მათ შორის ჩამოყალიბებული თანაფარდობა ვერ ასახავს რეალურ სურათს. ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული „სარკისებური მეთოდით“ ჩატარებული დაკვირვებები (რაც გულისხმობს ჩვენი და პარტნიორი ქვეყნების საბაჟოებზე დაფიქსირებული მონაცემების ერთმანეთთან შეჯერებას), რომელმაც უჩვენა, რომ რიგ ქვეყნებთან, სადაც ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, აღნიშნული მეთოდით დაკვირვება საპირისპიროს უჩვენებს. მოტანილი ფაქტი მიუთითებს ექსპორტისა და იმპორტის აღრიცხვის სფეროში არსებულ ნაკლოვანებებზე, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა აღმოიფხვრას.

ამავე დროს შესამჩნევია დადებითი ტენდენციებიც: გაიზარდა საქონელბრუნვის მოცულობა, მოხდა საგარეო ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია, გაფართოვდა საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია.

დასრულდა მუშაობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის აუცილებელ დოკუმენტზე „საქართველოს საგარეო ვაჭრობის მემორანდუმი“.

დაიწყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მორიგი ეტაპი, რაც მოიცავს წინასწარ ორმხრივ კონსულტაციებს ორგანიზაციის წამყვან წევრ სახელმწიფოებთან.

მე არ გამოვრიცხავ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც გავხდებით. მაშინ თავისთავად იხსნება ბევრი პრობლემა, რაც თანამეგობრობის ქვეყნების ეგრეთ წოდებულ საბაჟო კავშირთან არის დაკავშირებული. ამიტომ ეს პრინციპული საკითხია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მუშაობის ტემპები დაჩქარდეს ამ მიმართულებით.

საქართველოში 1996 წლის მაისიდან 1997 წლის ბოლომდე რეგისტრირებულია 161 საზღვარგარეთული ინვესტიცია. ამის წარმოდგენა არ შეიძლებოდა ორიოდე წლის წინათ. მათი საერთო მოცულობა 135,0 მლნ ამერიკული დოლარია. საქართველოში კაპიტალი დააბანდა მსოფლიოს 36 ქვეყნის ინვესტორმა.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან დღეისათვის საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულია პირდაპირი ინვესტიციებით შექმნილი 19 საწარმო. გარდა ამისა, საქართველოში თავისი წარმომადგენლობები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს 29 კომპანიას. უნდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არა მარტო დიდ და ფასდაუდებელ პირდაპირ დახმარებას გვიწევენ, არამედ საინვენსტიციო პოლიტიკაშიც განსაკუთრებულ აქტივობას იჩენენ. ჩვენ ამას მივესალმებით.

იგივე ითქმის თურქეთზე, გერმანიაზე, საფრანგეთზე და სხვა ქვეყნებზეც.

გამოცოცხლდნენ რუსეთის ბიზნესმენები და ესეც მისასალმებელია.

სრულიად უნიკალური ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება უკრაინასთან და, რა თქმა უნდა, ჩვენს უახლოეს მეზობლებთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.

ცნობილია, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს მათი დაზღვევა. საქართველოში კერძო ინვესტორების დასაზღვევად მზად არიან გფრ-ის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის სადაზღვევო კომპანიები.

პრეზიდენტთან შეიქმნა საინვესტიციო საბჭო, რომელმაც მუშაობა დაიწყო საკმაოდ აქტიურად.

ჩვენ ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.

ყოველწლიურად 80 მლნ-მდე ამერიკულ დოლარს ვიღებთ ჩვენ ჩვენი ეროვნული ვალუტის, ლარის სიმყარის, მდგომარეობის შენარჩუნებისათვის.

მსოფლიო ბანკი განსაკუთრებულ პოლიტიკას ატარებს, ახლა უკვე მსოფლიო ბანკი საინვესტიციო საქმიანობაზე გადადის. ეს ეხება თითქმის ყველა სფეროს - ნავთობს, გზებს, ნავსადგურებს, ჯანმრთელობას, განათლებას, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას და მრავალ სხვა სფეროს. დაიწყო მიზნობრივი დაფინანსებები. კერძოდ, მსოფლიო ბანკის მონაწილეობა ბორჯომის პროექტის დაფინანსებაში და ზოგიერთ სხვა კონკრეტულ პროექტებში. ჩვენ კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას. მე მოვიწვიე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი საქართველოში და ვფიქრობ, რომ იგი ამ წლის შემოდგომაზე აუცილებლად ჩამობრძანდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან დაკმაყოფილდა მსოფლიო ბანკის მოთხოვნა საწარმოთა პრივატიზაციის ნულოვანი ვარიანტის შესახებ, რაც სტრუქტურული გარდაქმნების მე-2 კრედიტის (60 მლნ დოლარი), აგრეთვე, მისი ტექნიკური დახმარების კრედიტის (5 მლნ დოლარი) გამოყოფის საწინდარი გახდა.

და კიდევ, ძალიან საყურადღებო ფაქტი: მსოფლიო ბანკმა გამოყო 1 მილიონ 400 ათასი დოლარი დიდი ნავთობის საქართველოზე გამავალი მარშრუტის შესასწავლად. თქვენ იცით, რომ მსოფლიო ბანკი ის ორგანიზაციაა, ის საფინანსო ცენტრია, რომელიც შემთხვევით გადაწყვეტილებებს არ იღებს. და რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს რაღაცის მანიშნებელია, მე მგონი, კარგი ფაქტია.

ევრობანკი უდიდეს დახმარებას გვიწევს ევროკავშირთან ერთად. არაერთი მშენებლობა დააფინანსა ევრობანკმა. ევრობანკი აფინანსებს მრავალი ჩვენი ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროგრამას. თითქმის გადაწყვეტილია საკითხი 50 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე ენგურჰესის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ეს გადაუდებელი, აუცილებელი სამუშაოა და სასიხარულოა, რომ ევროპამ გაიგო, რომ ენგურჰესის გადარჩენა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და მისი სიმძლავრეების გაზრდა და დაცვა არა მარტო საქართველოს საქმეა, არამედ ევროპის მრავალი ქვეყნისა.

დიდია გაეროს განვითარების პროგრამის როლი საქართველოს საინსტიტუციო გაძლიერების საქმეში. აქ შეგვიძლია გამოვყოთ საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება. მისასალმებელია, რომ გაეროს განვითარების პროგრამამ გამოყო ფინანსები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. მართალია, ეს თანხა ბევრი არ არის, სულ 2 მილიონია, მაგრამ ამ სახსრების ათვისება დაიწყება, როგორც კი ხალხი შეუდგება მასობრივად დაბრუნებას და კონფლიქტის მოგვარება დამამთავრებელ ფაზაში შევა.

აქტიურად ვითარდებოდა კონტაქტები გაეროს სპეციალიზებულ ეკონომიკურ, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. ეს, პირდაპირ უნდა გითხრათ, უნიკალური ურთიერთობაა, ეს არის ფაო, იფადი, და აქ ჩვენს სამინისტროს საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს. მე ამაში თვითონ დავრწმუნდი, როცა შევხვდი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელობას. შემუშავდა და განხორციელების სტადიაშია რამდენიმე პროგრამა აგროსამრეწველო სფეროში. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში საქართველომ ევროპის რეგიონის თავმჯდომარეობა მიიღო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი დიდი აღიარება იყო ასეთი დიდი მასშტაბის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ქვეყანაში წარმატებით მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების შედეგად გაიზარდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივებით. მიმდინარე წლისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 100 მლნ დოლარზე მეტი, ხოლო იაპონიამ თითქმის 70 მლნ დოლარის დახმარების პროგრამები დაგეგმეს საქართველოში. აქედან იაპონიის 70 მლნ დოლარი - ეს არის გრძელვადიანი, ფაქტობრივად ნაჩუქარი ფული. ის მოხმარდება ძირითადად ჩვენი ელექტროსადგურების რეაბილიტაციას, ლაპარაკია ორ ელექტროსადგურზე.

დიდი პრობლემაა საქართველო და ევრაზიის დერეფანი, დიდი აბრეშუმის გზა.

ევროპა-აზიის შემაერთებელ სტრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს „დიდ აბრეშუმის გზას“, რომელიც სათავეს იღებს ჩინეთის აღმოსავლეთ ნავსადგურებიდან, ცენტრალური აზიის გავლით მიემართება ევროპისაკენ და 8000 კმ-ით ამცირებს სუეცის არხის გავლით საზღვაო მარშრუტებს. წარმოიდგინეთ, რამდენად მაღალია ეფექტიანობა! აქედან მოდის ევროპის, იაპონიისა და ჩინეთის განსაკუთრებული დაინტერესება აბრეშუმის გზის აღორძინებით. მე კვლავ შეგახსენებთ, რომ იაპონიამ სპეციალური სამთავრობო პროგრამა შეიმუშავა აბრეშუმის გზის აღორძინების ხელშესაწყობად.

მე გამოვედი ინიციატივით ახალი აბრეშუმის გზის სამიტის ჩატარების შესახებ.

ასეთივე ინიციატივა წამოაყენა ჰ. ალიევმა.

„დიდი აბრეშუმის გზას“ დიდი პერსპექტივა აქვს.

ბრიუსელში გამართულმა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 სახელმწიფოს კონფერენციამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ხელმოწერილი იქნა ცნობილი ბრიუსელის დეკლარაცია, რომლითაც გამოხატულია ამ სახელმწიფოთა და ევროკავშირის ნება, განხორციელდეს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფორმირება და ამ მიზნით მასშტაბური ტექნიკური დახმარების სპეციალური რეგიონული პროექტი.

საქართველო ერთ-ერთ ცენტრალურ ქვეყნად არის აღიარებული აბრეშუმის გზის განვითარების თვალსაზრისით.

ევროკავშირი ტექნიკური დახმარების ამ რეგიონულ პროექტს მჭიდროდ აკავშირებს მის გლობალურ სტრატეგიასთან, ამ ქვეყნების დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტიების შექმნასთან. ევროკავშირს სურს: მხარი დაუჭიროს ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ეკონომიკების ეფექტიანი დაკავშირება ევროპულ და მსოფლიო ბაზართან, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა თუ სამხრეთის მიმართულებით ალტერნატიული სატრანსპორტო კომუნიკაციის საშუალებით;

- ხელი შეეწყოს სახელმწიფოთა რეგიონული თანამშრომლობისა და კოოპერირების განვითარებას:

- გაიზარდოს ევრაზიის დერეფნის პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობა, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე, კერძო საინვესტიციო რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით;

- განხორციელდეს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის დაკავშირება ტრანსევროპულ სატრანსპორტო კომუნიკაციებთან.

ევრაზიის დერეფნის პროექტი მოითხოვს საქართველოს მთელი სატრანსპორტო სისტემის, რკინიგზის, საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ნავსადგურების სპეციალური სატერმინალო კომპლექსების განვითარებას, ტექნიკურ გადაიარაღებასა და რესტრუქტურიზაციას, ავიაციის განვითარებას. ამას წინათ ბათუმში ბატონ ასლან აბაშიძესთან ერთად სპეციალურად განვიხილეთ ბათუმის ნავსადგურის განვითარების საკითხები. ამ დღეებში ვაპირებ გამოვძებნო დრო და ჩავიდე ფოთში.

ჩვენ ნათლად უნდა წარმოვიდგინოთ ამ ნავსადგურის განვითარების 10-15-წლიანი პროგრამა, ისევე, როგორც, ბათუმისა, ეს ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა. მისი ნავსადგურები არა მარტო სიმბოლური საზღვაო ჭიშკრებია, არამედ ჩვენი ფინანსური, ეკონომიკური შემოსავლების დიდი წყაროა.

ჩვენი ქვეყანა ჰელსინკში 1997 წლის ივნისში გამართულმა პან-ევროპულმა სატრანსპორტო კონფერენციამ ოფიციალურად ჩართო პან-ევროპულ სატრანსპორტო არეალში, იმავდროულად საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს მიანიჭა პრიორიტეტი და საფუძველი დაუდო საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში დამატებითი კრედიტების, ინვესტიციების და გრანტების მოზიდვის საშუალებებს.

1997 წელს საქართველო სრულუფლებიანად გაწევრიანდა ევროპის ტრანსპორტის კონფერენციაში, რისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი გახდა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროპული ქვეყნის სტატუსის მინიჭება.

დიდი მოცულობის სამუშაოები განხორციელდება საქართველოს სატრანსპორტო სისტემის რეაბილიტაციისათვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით მათი კრედიტებითა და გრანტებით. მაგალითად: საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის მცირე მოცულობის კრედიტით დაიწყო (6 მლნ აშშ დოლარი), ხორციელდება ახალი წითელი ხიდის მშენებლობა ევროგაერთიანების გრანტით (2,5 მლნ აშშ დოლარი), რკინიგზის რეაბილიტაცია (2 მლნ აშშ დოლარი), თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქცია (12 მლნ აშშ დოლარი). გამოეყო ევროკავშირის გრანტი 5 მლნ ეკიუს რაოდენობით ფოთის ნავსადგურში სარკინიგზო-საბორნე ტერმინალის მშენებლობისათვის და სხვ. უკვე დაწყებულია ტრანსპორტის სექტორის რეაბილიტაციის მსოფლიო ბანკის კრედიტი - 2-ის მზადება, რომლის რეალიზცია 1998-2000 წლებშია ნავარაუდევი და იგი 35 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ევრობანკის მიერ დაგეგმილია 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფა რკინიგზის რეაბილიტაციისათვის და ა.შ.

პრაქტიკულად დაიწყო ფუნქციონირება ტრანსკავკასიურმა ევრაზიულმა სატრანსპორტო დერეფანმა. მე კვლავ შეგახსენებთ რაც არაერთხელ მითქვამს. ჩვენ, 1993 წლის დამდეგს დავიწყეთ საუბარი ევრაზიის დერეფანზე, აბრეშუმის გზის აღორძინების აუცილებლობაზე. დღეს ეს უკვე რეალობაა. დერეფნის გავლით წარმოებს ყაზახეთის ნავთობისა და უზბეკეთის ბამბის საცდელი ექსპორტი. ამოქმედდა საბორნე მიმოსვლის მარშრუტები ფოთიდან და ბათუმიდან შავი ზღვის სხვა ნავსადგურებამდე. ევრობანკის დაფინანსებით სუფსაში დაიწყო სარკინიგზო საბორნე ტერმინალის მშენებლობა. მთელი ეს სისტემა კიდევ უფრო მეტად განვითარდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ შავი ზღვის გარემოს დაცვას, მისი ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას.

დაიწყო რკინიგზით კასპიის ნავთობის ტრანსპორტირება; ბაქო-სუფსის მილსადენის აღდგენა და სუფსის ტერმინალის მშენებლობა. ამრიგად, საფუძველი ჩაეყარა კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების დასავლეთის ვარიანტის რეალიზაციას, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ.

საგარეო ვალის პრობლემებზე არ შევჩერდები იმის გათვალისწინებით, რომ ბატონ ჭკუასელის მოხსენებაში ბიუჯეტის შესახებ საკმაოდ დეტალურად იყო გადმოცემული, მაგრამ ერთი რამ მინდა დავაზუსტო პარლამენტისა და მოსახლეობის საყურადღებოდ. ჩვენი ვალი ციფრებში გამოხატული საკმაოდ დიდია - მილიარდ ნახევარს შეადგენს. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მილიონნახევარში ნახევარზე მეტი არის ის შეღავათიანი კრედიტები, რომლებიც გამოყოფილია მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მთელი რიგი მეგობარი ქვეყნების მიერ, მაშინ ნათელი გახდება, რომ ის თანხა, რაც გადახდილია, უახლოესი წლების განმავლობაში, არც ისე ბევრია.

მე იმასაც ვითვალისწინებ, რომ ჩვენ მრავალ ქვეყანასთან მივაღწიეთ შეთანხმებას ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ.

მე მინდა მივმართო ფინანსთა სამინისტროს, რომ ჩვენ სისტემატურად უნდა ვიმუშაოთ ვალების პრობლემაზე, საქართველოში ვალების დაგროვების ეპოქა დამთავრდა. ჩვენ ამ ვალებს ვიღებდით მაშინ, როცა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა.

თურქმენეთის ყველა ვალი რთული პოზიციაა, ეს არის დაახლოებით 350 მილიონი დოლარი. მაგრამ ეს იმის საზღაურია, რომელიც ჩვენ დავხარჯეთ 1991-92-93-94 წლებში, როცა არავითარი სახსარი ქვეყანას არ გააჩნდა.

ეს იყო კრიზისის, ქაოსის წლები.

ახლა მოვიდა დრო, ეს ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან მოვაგვაროთ და მოვაწესრიგოთ.

დღეს მსოფლიომ გაიგო, რომ არ შეიძლება იყოს გათიშული, გაყოფილი მსოფლიო აყვავებულ ქვეყნებად და განუვითარებელ ქვეყნებად. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულია ის დახმარება, რომელსაც განვითარებული ქვეყნები იღებენ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში სულ სხვა დამოკიდებულება იქნება, იმ ვალების მიმართ, რომლებიც განვითარებულმა ქვეყნებმა აიღეს თავის დროზე.

შეიძლება ეს ვალები არც ისეთი დიდი ტვირთი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისათვის, როგორც ეს ზოგიერთ ექსპერტს წარმოუდგენია.

ფინანსური დახმარება (357 მლნ აშშ დოლარი) საბანკო სისტემის საშუალებით გრანტებისა და შეღავათიანი კრედიტების სახით გადაეცა ეროვნულ მეურნეობას სხვადასხვა სექტორებისათვის ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და მზა ნაწარმის შესაძენად. კერძოდ, ამგვარი დახმარება გაიცა ევროგაერთიანების (177 მლნ აშშ დოლარი), მსოფლიო ბანკის (53 მლნ აშშ დოლარი), ევრობანკის (16 მლნ აშშ დოლარი), ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და სხვათა მიერ.

საქართველოს სახელმწიფო საგარეო დავალიანებებიდან ჯერჯერობით არ არის დასრულებული თურქეთის, ჩინეთისა და ევროკავშირის დავალიანების რესტრუქტურირების პროცესი. ამ მიმართულებით საჭიროა აქტიური მუშაობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ წარმოექმნა ახალი საგარეო ვალდებულებები, რაც დაკავშირებულია ქვეყნის სუვერენიტეტის მომსახურებასთან.

საგარეო ვალების დასაფარავად პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრივ საჭიროა საგანგებო ზომების მიღება. როცა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებაზე და მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, უნდა აღვნიშნოთ იუნესკო, რომლის უანგარო და მიზანმიმართულ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის ხელის შეწყობა, ამ პროცესის აქტიური წარმართვა წარმოადგენს ჩვენს საერთო მოვალეობას.

სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება გულისხმობს, უპირველესად, კონსტიტუციის და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, სამოქალაქო საზოგადოების მუდმივ, პერმანენტულ, ხშირად ოპოზიციურ დიალოგს ხელისუფლების სამივე შტოსთან, ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების ურთიერთობათა სრულყოფას და განვითარებას.

არ შემიძლია, ამასთან დაკავშირებით, არ ვთქვა რამდენიმე სიტყვა.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პოლიტიკურ პარტიებთან აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობის სტრატეგიასა და ტაქტიკას, არ ვიცი, როგორ გამოგვდის ეს, შეიძლება, ყოველთვის თანმიმდევრულად არა, მაგრამ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიისა და ტაქტიკის დახვეწას, ყველა პარტიისადმი დიფერენცირებულ მიდგომას, მემარცხენე, მემარჯვენე, ცენტრისტულ პარტიებთან მუშაობას, მომავლის პროგნოზირებას, პოლიტიკური კომპრომისის, ტოლერანტობისა და კონსენსუსის ხელოვნების სრულყოფას. ეს ეროვნული შერიგების პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური პარტია ამ პროცესში აქტიურად ჩაებმება, რადგანაც ეს არის უმაღლესი ზეპარტიული მიზანი.

გასულ წელს შემდგომი სრულყოფა განიცადა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების სამართლებრივმა რეგულირებამ. პოლიტიკური პარტიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამოქალაქო საზოგადოებაში, პარლამენტში, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და, თავისუფალი, დემოკრატიული, ღია სამოქალაქო საზოგადოების აუცილებელ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ნაწილს წარმოადგენენ. კანონმა ახლებურად განსაზღვრა პოლიტიკური პარტიების შექმნისა და რეგისტრაციის წესები, მისი საქმიანობის ორგანიზაციული საკითხები, პარტიის ქონებრივი და საფინანსო უფლებები, ლიკვიდაციის საფუძვლები და სხვ. ეს კანონი ხელს შეუწყობს დემოკრატიის შემდგომ სრულყოფას საქართველოში.

ამავე დროს მე ძალიან მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგებს, მათ შორის, ოპონენტებსაც მივმართო: უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში განხეთქილების ჩამოგდებით დაინტერესებულია ცალკეული ქვეყნების გარკვეული წრეები. არავისთვის ეს საიდუმლო არ არის, მიაქციეთ ყურადღება პუბლიკაციებს, ხანდახან ადამიანი მდგომარეობიდან გამოდიხარ, როცა მათ ეცნობი. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა დაიცვან პოლიტიკური პროვოკაციებისაგან. პროვოკაციები უნდა ააცილონ სამოქალაქო საზოგადოებასაც.

უცხოეთის სპეცსამსახურების ხელიც ურევია ქართულ ეკლესიაში და, მაშასადამე, ქართველ ერში განხეთქილების ჩამოგდების არაერთ მცდელობაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო დროს (მათ შორის, დევნილებში).

მე მგონი, ყველა უნდა ვმუშაობდეთ იმისთვის, რომ დევნილთა ეს დიდი მასა ერთიანი, მთლიანი, განუყოფელი იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დაბრუნებისთვის. სხვა შემთხვევაში განმეორდება ის, რაც მოხდა აფხაზეთში ომის დროს ან ომის წინა პერიოდში.

სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა გულისხმობს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ პროფკავშირებთან ყოველდღიურ თანამშრომლობას. და ჩვენ ამას ვცდილობთ.

სამოქალაქო საზოგადოება წარმოუდგენელია თავისუფალი პრესის, რადიოს, ტელევიზიის, - დამოუკიდებელი მასმედიის არსებობისა და განვითარების გარეშე. ეს ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია, მთავარი მაჩვენებელია სამოქალაქო საზოგადოებისა.

ხშირად საყვედურობენ პრესას, ტელევიზიას, რომ ისინი მხოლოდ ცხოვრების ჩრდილოვან მხარეს წარმოსახავენ.

მე კი მინდა ვთქვა, რომ პრესა და ტელევიზია, ისევე როგორც პუბლიცისტიკა, ლიტერატურა, კინემატოგრაფი ვერ იქნება. უფრო ლამაზი, უფრო მიმზიდველი, ვიდრე თვით ცხოვრებაა.

ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ საქმე დაიძრა, ქვეყანა აღმშენებლობის გზაზეა. იმ ადამიანებს, რომელთაც გაუსაძლისს გაუძლეს, თუნდაც მორალური, სულიერი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ. ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. სუსხთან ერთად ადამიანური სითბო და კეთილი სიტყვა ახალი ცხოვრების, ახალი სახელმწიფოს თანამგზავრი უნდა გახდეს. შეძლებისდაგვარად ვეხმარებით პრესას, რადიოს, ტელევიზიას.

ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ თავისუფალი პრესის, რადიოსა და ტელვიზიის გარეშე არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, არ არსებობს დემოკრატია.

ჩვენ მასმედიის ხელშეწყობით, ხანდახან დაფინანსებით დემოკრატიის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას ვაფინანსებთ და ვაშენებთ მათ დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის. ჩვენ პირად ანგარიშსწორებასა და ოპოზიციის დევნაზე მაღლა ვდგავართ.

ხელისუფლებისა და მასმედიის ურთიერთობას აწესრიგებს მხოლოდ კანონი და პრესის, რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტთა და პუბლიცისტთა ეთიკური კოდექსი.

მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული დემოკრატიული იდეების, ეროვნული დემოკრატიული მსოფლმხედველობის ფორმირების, ერის განვითარებისა და სხვა ერებთან მისი ურთიერთობის ფილოსოფიის საკითხებზე. ამ დარგში უპირველესი როლი არა იმდენად სახელმწიფომ, არამედ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეასრულოს. საჭიროა ამ პროცესში მეცნიერებათა აკადემიის, სხვა სამეცნიერო ცენტრების, შემოქმედებითი ინტელიგენციის უფრო აქტიურად ჩართვა. ეს უზარმაზარი პოტენციალი ჩვენ ჯერჯერობით სრულად გამოყენებული არა გვაქვს ამ უმაღლესი მიზნის მისაღწევად.

სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარეშე, მით უმეტეს ისეთ მრავალეროვნულ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა.

საპრეზიდენტო ხელისუფლება, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება, უშიშროების საბჭო, სამხარეო ადმინისტრაციები, მუნიციპალური ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებენ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დასაცავად, მათი ენებისა და კულტურის განვითარებისათვის, მათი პოლიტიკური ინტერესების ხორცშესხმისათვის. შეიქმნა ინსტიტუტი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში.

დიდი წვლილი შეაქვთ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში თავისუფალი მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღემატება.

სამოქალაქო, მაშასადამე, დემოკრატიული საზოგადოება წარმოუდგენელია ომისა და შრომის ვეტერანთა, ქალთა, ახალგაზრდული პოლიტიკური, სპორტული და სხვა ორგანიზაციებისა და მოძრაობების გარეშე. ამიტომ ასეთ მოძრაობებსა და ასოციაციებს მუდამ შეუწყობს ხელს როგორც საპრეზიდენტო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება.

რაც უფრო ღრმად არის განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, მით უფრო ღრმად არის განვითარებული დემოკრატია.

1998-2000 წლები უნდა გამოცხადდეს საქართველოში ღია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის განსაკუთრებული ხელშეწყობის წლებად და ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს მთელი ხალხი და ხელისუფლების სამივე შტო.

გასული წელი იყო საერო და სასულიერო ხელისუფლებათა ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და სრულყოფის წელი.

ერმა და ქვეყანამ ზეიმით აღნიშნა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების ოცი წელი. ამ თარიღთან დაკავშირებით ილია II დაჯილდოვდა დავით აღმაშენებლის ორდენით. მე ვფიქრობ, ეს იყო არა მარტო პრეზიდენტის, არამედ მთელი საქართველოს ნება.

განსაკუთრებული ყურადღება, უპირველესად, საპრეზიდენტო, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, უნდა მიაქციოს სხვა რელიგიებს.

რელიგიური შემწყნარებლობა, ტოლერანტობა, ყოველთვის იყო ის თვისება, რითაც ამაყობდა ჩვენი ხალხი.

ვუთმობთ რა განსაკუთრებულ ყურადღებას, განსაკუთრებულ ადგილს კონსტიტუციის შესაბამისად მართლმადიდებლურ ეკლესიას, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთან მოქმედებს ისლამი, ჩვენთან არიან გრიგორიანელები, მორწმუნე ებრაელები, არიან კათოლიკები და სხვა რელიგიებისა და კონფესიების წარმომადგენლები.

მე, მაგალითად, დაგეგმილი მაქვს, უახლოეს ხანებში შევხვდე ამ კონფესიათა წარმომადგენლებს. ასეთი შეხვედრები კანონზომიერ ხასიათს უნდა ატარებდეს.

აქედანვე უნდა ვემზადოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისათვის.

1998 წელს უნდა აღინიშნოს საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 2600 წლისთავი - საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისათვის მზადების პროგრამით. ეს მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური მოვლენა იქნება.

მიმდინარე წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებია. 1998 წელს - პარლამენტის არჩევნები, 2000 წელს პრეზიდენტის არჩევნები. რატომ შეგახსენებთ ამას?

იმიტომ, რომ არჩევნებიდან საქართველოს სახელმწიფო კიდევ უფრო განმტკიცებული, კიდევ უფრო შეკავშირებული, კიდევ უფრო მონოლითური უნდა გამოვიდეს.

ასეთია ყველა პარტიის, ყველა პოლიტიკური მიმდინარეობის ამოცანა.

ამიტომ კანონზომიერად და მიზანმიმართულად უნდა ვემზადოთ ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებისათვის.

და ბოლოს, ჩვენ ორი საუკუნის - XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე ვიმყოფებით. ასეთი რამ საუკუნეში და ათასწლეულში ერთხელ ხდება. ვიყოთ ღირსი ამ უნიკალური ისტორიული ეპოქისა, რომელშიც ისტორიულმა ბედმა და განგებამ გვარგუნა შრომა და მოღვაწეობა. გავამთლიანოთ - და დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება, - ერის გაბზარული ცნობიერება, აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ასეთია ჩვენი მიზანი.

ვაშენოთ ახალი, სუვერენული, დამოუკიდებელი, განუყოფელი, დემოკრატიული საქართველო!

ვაშენოთ ახალი, სუვერენული, დამოუკიდებელი, განუყოფელი, დემოკრატიული საქართველო! // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 4 თებერვალი. - №28 (2728). - 1,2,3,4,5,6 გვ.

15 საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი ლეილა ერაძის ოჯახს

▲ზევით დაბრუნება


უდიდესი მწუხარებით შევიტყვე ქალბატონ ლეილას გარდაცვალების სამწუხარო ამბავი. ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა. მის რიგებს გამოაკლდა ნიჭიერი მწერალი და მთარგმნელი, შესანიშნავი მეცნიერი და ინტელიგენტი, ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წევრი. მისი ნათელი ხსოვნა მარად რჩება მისი ახლობლებისა და მეგობრების გულში.

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი ლეილა ერაძის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 5 თებერვალი. - №29 (2729). - 1 გვ.

16 საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ლევონ ტერ-პეტროსიანმა ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

მჯერა, მოძმე სომხეთი ღირსეულად გამოვა შექმნილი რთული ვითარებიდან და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კავკასიურ მოძრაობაში მშვიდობისა და ხალხთა შორის თანხმობისათვის, რომლის წარმატებითაც მთელი მსოფლიოა დაინტერესებული.

5 თებერვალი, 1998 წელი.

კომენტარი : საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 6 თებერვალი. - №30 (2730). - 1 გვ.

17 ბატონ იოსებ ხარატიშვილს

▲ზევით დაბრუნება


ბატონო იოსებ,

გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ იუბილეს - დაბადების 75 წლისთავს.

დიდია თქვენი დამსახურება ქვეყნის სამშენებლო კომპლექსის განვითარებაში, სადაც დარგის რიგითი მუშაკიდან მაღალ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნისას წარმოჩინდა თქვენი განსაკუთრებული ორგანიზაციული ნიჭი, მაღალი პროფესიონალიზმი. თქვენს შრომით საქმიანობაში ყოველთვის ხელმძღვანელობდით უცილობელი ჭეშმარიტებით - ყველგან და ყოველთვის უპირველესად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს მიიჩნევდით, რითაც მაღალი ავტორიტეტი დაიმსახურეთ კოლეგებსა და თანამემამულეთა შორის. დიდადაა დასაფასებელი თქვენი ღვაწლი ქართველ მშენებელთა არაერთი თაობის პროფესიულ აღზრდაში.

თქვენ მიერ გავლილი შრომითი გზა სამშობლოსა და ხალხის სამსახურის ღირსეული მაგალითია, რადგან მას ყოველთვის თან სდევდა ჭეშმარიტი ფასეულობანი - მაღალი ზნეობა, საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულება და საქმისადმი თავდადება.

მოწოდებით მშენებელმა ღრმა კვალი დატოვეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დადგმული ძეგლების - შენობების სახით.

სასიხარულოა, რომ თქვენ ჩვეული ენერგიით აქტიურად მოღვაწეობთ საქართველოს პარლამენტში და ნაყოფიერად თანამშრომლობთ ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად.

გილოცავთ ღირსების ორდენით დაჯილდოებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, პირად ბედნიერებას და ნაყოფიერ მოღვაწეობას.

ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ იოსებ ხარატიშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 8 თებერვალი. - №32 (2732). - 1 გვ.

18 „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არა აქვს და, ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
9 თებერვლის რადიოინტერვიუ

- როგორც ყოველთვის, დღევანდელ ინტერვიუს ეკონომიკის თემით დავიწყებთ. განვლილი ეკონომიკური კვირა დელეგაციების სიხშირით გამოირჩეოდა. გამოვყოფდი ნიდერლანდის დელეგაციას, „ამოკოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრას, თემები იყო ინვესტიციების მოზიდვა, ნავთობი, ევრაზიის დერეფანი და ასე შემდეგ, ისევ და ისევ ტრადიციული..., - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- ორიოდე სიტყვით პარლამენტის სხდომაზე ჩემი გამოსვლა უნდა გავიხსენო, რომელშიც საკმაოდ ფართოდ და საფუძვლიანად იყო გაშუქებული ქვეყნის საშინაო, საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის პრობლემები. ის, რაც ითქვა, ფაქტობრივად დამახასიათებელია დემოკრატიული და რეფორმატორული აღმშენებლობის გზაზე მყოფი ქვეყნის გარდამავალი ეტაპისათვის. აქ, კერძოდ, რა თქმა უნდა, წამყვანი თემა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებია, და არა მარტო ეკონომიკური, არამედ სამართლებრივი რეფორმა, საკანონმდებლო ბაზის მომზადება და სხვა მრავალი. ეს მოხსენება, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. ვისაც აინტერესებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, ასე ვთქვათ, კომპლექსური გააზრება, საჭიროა ცოტათი კიდეც დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას სხვადასხვა თემის განმარტებითა და კონსულტაციებით. ეს მაინც პროფესიონალების მიერ მომზადებული მასალაა, რომელსაც სჭირდება ასეთი განმარტება ტელევიზიისა და პრესის მეშვეობით. მე ახლა გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ძალიან უკმაყოფილო ვარ კანცელარიის საქმიანობით, სადაც ჩვენ გვყავს სპეციალისტები, კონსულტანტები და ასე შემდეგ, რომელთაც თავიანთ მოვალეობად უნდა მიაჩნდეთ იმუშაონ ასეთი განმარტებითი თვალსაზრისით. ძალიან უკმაყოფილო ვარ სამინისტროებით. მაგალითად, ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც, როგორც იტყვიან, ჩართული უნდა იყოს ეთერში და მუშაობდეს, ჯერ ერთი, იმისათვის, რომ განუმარტოს მოსახლეობას რას მივაღწიეთ, და მეორეც, - რასაც ვერ მივაღწიეთ, რატომ და რის გაკეთება შეიძლება. იგივე უნდა ითქვას ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, მრეწველობის სამინისტროებისა და სხვების შესახებ.

უნდა ვთქვა, რომ თავის სიმაღლეზე ვერც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური აღმოჩნდა, რომელიც ასეთ დროს ორგანიზატორი უნდა იყოს. ორი და სამი თვის შემდეგ ეს სამუშაო არავის აღარ დასჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, სად ვიმყოფებით დღეს, როგორი პერსპექტივა აქვს, ან აქვს თუ არა პერსპექტივა ქვეყანას. აქ ძალიან ბევრი რამის განმარტება შეიძლებოდა. ეს, ასე ვთქვათ, ზოგადი კრიტიკული შენიშვნაა...

ახლა, რაც შეეხება განვლილ კვირას. ეს კვირაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დონის შეხვედრებით, რომელთაგან რამდენიმე შეხვედრა ენერგოსექტორის პრობლემებს უკავშირდება.

ელექტროენერგეტიკაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებისა და შემდგომი განვითარების საკითხებზე იყო მსჯელობა ევრობანკის ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ბატონ ანანდა ქოვინდასამისთან შეხვედრისას. ამჟამად, ბანკი მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიც არის ენგურჰესის ჰიდროტექნიკური კომპლექსის რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ვწვალობთ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილიყო. პროექტის დასაფინანსებლად ევროკავშირისაგან უკვე მიღებულია პრინციპული თანხმობა 9 მილიონი დოლარი გრანტის გამოყოფის თაობაზე, ევრობანკი კი რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსებისათვის მოგვცემს კრედიტს 40 მილიონი დოლარის ოდენობით.

პარტნიორობის საგულისხმო პერსპექტივას გვისახავს ისეთი სოლიდური რეგიონული პროექტი, როგორიცაა ამიერკავკასიის ენერგეტიკული სატრანზიტო დერეფანი. კერძოდ, საქმე ეხება „აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებას; მნიშვნელოვანია ევრობანკთან თანამშრომლობა ენერგოსექტორის ფინანსური გაუმჯობესების მიმართულებითაც, რაც უშუალოდ უკავშირდება დარგში რეფორმებისა და პრივატიზების დაჩქარებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქენერგოს წინასწარი მონაცემებით, იანვარში არასასურველი მდგომარეობაა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის თვალსაზრისით, რაზეც განსაკუთრებული საუბარი გვექნება მომავალი კვირის რადიოინტერვიუში; ამ თემას ვერ მოვეშვებით, რამდენიც უნდა ვიშოვოთ კრედიტი, რამდენიც უნდა იყოს გრანტი და რამდენი დახმარებაც უნდა მივიღოთ. კრიზისიდან ენერგეტიკის საბოლოოდ გამოსვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ანაზღაურდება მოხმარებული ელექტროენერგია.

ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების, ნავთობსადენებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ჩვენი გამოცდილება მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორია უდიდესი ამერიკული ნავთობკორპორაციის „ამოკოსათვის“ (ეს მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტია) საქართველოში, კერძოდ, სუფსის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში თავისი კაპიტალის დასაბანდებლად. პრეზიდენტთან „ამოკო ევრაზიის“ ხელმძღვანელობის შეხვედრისას, დიდი ნავთობის ბაქო-სუფსის მარშრუტის ამოქმედებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის გარდა, გამოიკვეთა პარტიონორობის მრავალმხრივი განვითარების სხვა პერსპექტივებიც.

ნიდერლანდის სამეფოს თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრთან ბატონ იან პრონკისთან შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ეს სახელმწიფო მზად არის კვლავაც მხარში ამოუდგეს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. და მართლაც, ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ეს სახელმწიფო 1994 წლიდან მოყოლებული, როცა ეს თანამშრომლობა დაიწყო. თავდაპირველად ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება ძალიან დიდი მოცულობით, ასევე ფინანსური და ტექნიკური დახმარება. შარშან და შარშანწინ, მარტო საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად ნიდერლანდისაგან თითქმის 10 მილიონი დოლარი მივიღეთ. ამგვარი დახმარების მიღება შესაძლებელია წლეულსაც. ნიდერლანდის მთავრობა დახმარებას გაგვიწევს სამართლებრივი რეფორმის, ეკოლოგიური პროგრამების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში. ნავარაუდევია, გალისა და ცხინვალის რეგიონებში სარეაბილიტაციო სამუშაოების, იძულებით ადგილნაცვალ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პროექტების, აგრეთვე, არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსება და სხვ. ახლა მე შემთხვევით არ ვამახვილებ ყურადღებას ნიდერლანდზე, - ეს ქვეყანა თავისი მოსახლეობის რაოდენობითა და სხვა პარამეტრებითაც ძალიან უახლოვდება საქართველოს. იგი ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული ქვეყანაა მსოფლიოში - ცხოვრების უმაღლესი დონითა და თითოეული მოქალაქის მიერ შექმნილი პროდუქტის მოცულობით, რაოდენობით, შრომის ნაყოფიერებით და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, მსოფლიოს ხუთეულში ირიცხება. ესე იგი, პატარა ქვეყნებსაც შეუძლიათ უზარმაზარ წარმატებებს მიაღწიონ.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარებისათვის, ტვირთის გამტარუნარიანობის გადიდებისათვის მნიშვნელოვანია საკონტეინერო ტერმინალების ქსელის მშენებლობა. პროექტის განხორციელების ინვესტირებას გვთავაზობს სატრანსპორტო კომპანია „სი-ლენდი“, რომელთანაც თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო შარშან ამერიკაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს. კომპანიის ხელმძღვანელობის პრეზიდენტთან ახლანდელი შეხვედრისას საუბარი შეეხო პროექტის რეალიზების რამდენიმე ვარიანტს. აქ ძირითადად საკონტეინერო ტვირთზიდვაზეა ლაპარაკი და დღეს საკონტეინერო ტვირთზიდვის გარეშე ამაზე საუბარი უკვე არასერიოზულია. სწორედ ეს საკითხები საკმაოდ საფუძვლიანად და სერიოზულად განვიხილეთ.

ახლა პირველი მონაცემები პირველი თვეებისა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილთან დაკავშირებით.

საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან მის მიერ აკრეფილია და ბიუჯეტში ჩაირიცხა 19,5 მილიონი ლარი. საბაჟო დეპარტამენტის ცნობით კი, ამ პერიოდში საბანკო სისტემამ ბიუჯეტში გადარიცხა 15 მილიონი ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია, საგადასახადო და საბანკო სამსახურებს მართებთ გააძლიერონ მუშაობა დამატებითი რეზერვების ასამოქმედებლად თებერვლისა და პირველი კვარტალის დავალებათა უთუო შესრულებისათვის, რადგან წლის მომდევნო პერიოდის საგეგმო დავალებანი გაცილებით დაძაბულია.

აი, ამით შემოვიფარგლოთ ეკონომიკური საკითხების განხილვისას.

- განვლილი კვირის ყურადღების ცენტრში კვლავ მეზობელ სომხეთში მიმდინარე მოვლენები იყო. პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და ამ გადადგომას დათანხმდნენ. ექსპერტთა შეფასება აბსოლუტურად განსხვავებულია. ზოგი ამბობს, რომ სათავეში მოვიდა ომის პარტია და არის ისეთი მოსაზრებანი, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა სომხეთში. საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი ექსპერტი კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებას უკავშირებს ყოველივე ამას. და, ალბათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ის არის, რომ ყველაფერი ეს სომხებმა უსისხლოდ მოახერხეს. ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი - არც ერევნის ქუჩებში ყოფილა რაიმე დაძაბულობა, მიტინგები, მღელვარება, რომ აღარაფერი ვთქვათ, საბედნიეროდ, სისხლისღვრაზე...

- სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არა აქვს და, ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს. ამ აზრს ყველა გონიერი კავკასიელი და არა მარტო კავკასიელი პოლიტიკოსი იზიარებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ჩვენი რეგიონის სახელმწიფოში მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებას ცდილობენ. ესეც ფაქტია.

კონფლიქტურ სიტუაციათა მოწესრიგების, მათი მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტის პროცესის გაჭიანურება საერთოდ თანამედროვე მსოფლიოსა და ცალკეული ქვეყნების განვითარების კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. ხოლო არასტაბილურობის ახალ კერათა შექმნა-აღმოცენება, მათთვისვე იქნება მომაკვდინებელი, ვინც ამგვარ მეთოდებს თავისი, ასე ვთქვათ, კავკასიური პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცევს.

პოლიტიკის ქვაკუთხედად თანამშრომლობა უნდა გადავაქციოთ და არა ფართომასშტაბიან პროვოკაციათა, ანუ „მართვადი ქაოსის“ (ახლა ეს ძალიან მიღებულია) დოქტრინა. ეს მე არაერთგზის მითქვამს. იძულებული ვარ კვლავაც გავიმეორო.

დავუბრუნდები პარლამენტში გამოთქმულ აზრს: გაეროს უშიშროების საბჭოს თუ ეუთოს გადაწყვეტილებანი უპირობოდ უნდა სრულდებოდეს! რომელ რეგიონსაც უნდა შეეხებოდეს ისინი - იქნება ეს სამხრეთ კავკასია თუ პლანეტის ნებისმიერი სხვა რეგიონი. მსოფლიო თანამეგობრობას უფლება აქვს გამოიყენოს იძულების ფორმები და მეთოდები, თუ აგრესიული ძალები ჯიუტად და თავხედურად უგულებელყოფენ მის ნებას.

რაც შეეხება სომხეთ-საქართველოს ურთიერთობას. მე ამასთან დაკავშირებით უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი და ისიც მინდა ვთქვა, რომ მივესალმები საქართველოს ტელევიზიის ინიციატივას - თქვენმა ჯგუფმა მოინახულა ერევანი, შეხვდა იქ წამყვან პოლიტიკურ მოღვაწეებს და ამ გადაცემას წუხელ დიდი ყურადღებით მოვუსმინე. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო არა მარტო, ვთქვათ, რიგითი მსმენელისათვის, არამედ ჩემთვისაც, ბევრ ისეთ ნიუანსს გაესვა ხაზი, რომელთაც მეტი სინათლე შეაქვთ იქ მიმდინარე პროცესებში.

მაგრამ მე მეორე მხარეს მინდა შევეხო.

წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს ქვეყნებში მხარდაჭერა ჰპოვოს ანტისომხურმა ან ანტიქართულმა მოძრაობამ. ეს ისტორიის, თვით ცხოვრების ლოგიკას ეწინააღმდეგება. ვინც უნდა გახდეს სომხეთის პრეზიდენტი ან ვის ხელშიც უნდა აღმოჩნდეს ფაქტობრივი ძალაუფლება, იგი ვერ ხელყოფს ორი მეზობელი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებულ, ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობას. და იგივე ითქმის საქართველოზე. მომავალში, ვინც უნდა მოვიდეს საქართველოში, იგი ანტისომხურ პოლიტიკას ვერ განახორციელებს. ეს ტრადიცია შესისხლხორცებული გვაქვს ქართველებსაც და სომხებსაც. მან დაუწერელი კანონის სახეც მიიღო საუკუნეთა განმავლობაში. ყველას მოვუწოდებ (ყოველ შემთხვევაში საქართველოში) თავი შეიკავონ არაკორექტული, და, მით უმეტეს, არაკვალიფიციური კომენტარებისაგან იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს, ეს ქვეყნის შინაური საქმეა, შინაური პრობლემაა და იგი ისე უნდა გადაწყდეს, როგორც იმ ქვეყნის ხალხს მიაჩნია საჭიროდ.

ახლა, ნავთობსადენებთან, გაზსადენებთან, თუ ტვირთზიდვასთან, ზოგადად აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით:

აქაც კანონზომიერებათა კომპლექსი გადაწყვეტს ყველაფერს. ეს გახლავთ - ქვეყნის სტაბილურობა, ფინანსური და ეკონომიკური ეფექტიანობა, პარტნიორებთან ურთიერთობაში პირგაუტეხლობა, სანდოობა.

საქართველო შეეცდება ყველა ამ მოთხოვნას უპასუხოს. ამავე დროს, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ახლო თუ შორეულ ქვეყნებთან, მრავალ კომპანიასთან, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების, სხვადასხვა კონცერნების წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელებთან. პირველი ასეთი შეხვედრები უკვე გაიმართა.

რაც უფრო დაჩქარდება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარება, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, მით უფრო ფართო და მნიშვნელოვანი იქნება ქართულ-ოსური ურთიერთობის მასშტაბი ამ მიმართულებითაც.

- თქვენ ახლა აბრეშუმის გზა ახსენეთ და, ალბათ, როცა ეკონომიკაზე შეგეკითხეთ, ესეც მაშინ უნდა მეკითხა. მაგრამ, თქვენი ნებართვით, ახლა გაგაცნობთ. განვლილ კვირაში მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი საინტერესო თემა იყო - იმსჯელეს საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხებზე. ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის პრიორიტეტული დარგია და ბიუჯეტის ერთ-ერთი შემავსებელი ნაწილი გახდება უფრო სამომავლოდ, ვიდრე ახლა.

- ვფიქრობ, თქვენ სწორად მოიქეცით, ეს საკითხი ცალკე თემად რომ გამოვყავით.

საქართველოში ტურიზმის აღორძინება დღის წესრიგში დადგა ქვეყნის სტაბილურობის გარანტიათა შექმნისთანავე. მოგეხსენებათ, რა მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს ეს ორი მოვლენა - ტურიზმი, დასვენების ინდუსტრია და სტაბილურობა.

ქაოსითა და ბანდების თარეშით მოცულ ქვეყანაში, რასაკვირველია, არავინ ისურვებს დასვენებას. არც იყო მსურველი. მაგრამ შარშან უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები და უკვე 120-130 ათასი ტურისტი ეწვია საქართველოს, ეს, რაც აღრიცხულია. თანაც, რაც ყველაზე ნიშანდობლივი და სასიხარულოა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კერძო სექტორმა უზრუნველყო ყველაფრით, რაც სრულფასოვანი დასვენებისათვის არის აუცილებელი. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, მხოლოდ პირველი მერცხალია. ბევრი რამ გაკეთდა თბილისსა და სხვა რეგიონებშიც.

საქართველოში კერძო ინიციატივის საფუძველზე იქმნება მძლავრი ინფრასტუქტურა. ამ სხდომაზე დავრწმუნდით ამაში. დამოუკიდებელმა მეწარმეებმა სწრაფად აითვისეს საკურორტო ბიზნესის ორგანიზაციის ხელოვნება. თუმცა, არც სახელმწიფო რჩება განზე. შექმნილია მთავრობის კომისია (მე სწორედ ამ სხდომაზე გამოვაცხადე), რომელიც კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა უწყების მუშაობას, რათა ამ დარგში კერძო ინიციატივას, ბიზნესმენს მიეცეს მეტი გასაქანი. შედეგიც აშკარაა: მთელი დატვირთვით მუშაობს ბაკურიანის, გუდაურის, უწერის, რა თქმა უნდა, აჭარის დასასვენებელი სახლები (განსაკუთრებით ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში), პანსიონატები, ტურისტული სასტუმროები და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ კერძო ბინებსა და კერძო მფლობელებზე.

თუმცა, გასაკეთებელი განუზომლად მეტია და ამაზე ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა. საქართველოს უდიდესი საკურორტო, ტურისტული პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში თანამედროვე დონის შესაბამისი რეკლამისა და ინფრასტრუქტურის შექმნისთანავე, საქართველოში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩამოვა. ეს მცირე შემოსავალი როდია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ, მაგალითად, ესპანეთის, ევროპის სხვა ქვეყნების ბიუჯეტში ტურიზმი შემოსავლის ერთ-ერთ წამყვან წყაროდ მიაჩნიათ და მართლაც ასეც არის. ამას წინათ, მე ისრაელში დავინტერესდი (ისრაელი დაახლოებით ჩვენი მასშტაბის ქვეყანაა მოსახლეობითაც და ტერიტორიითაც - ცოტა ნაკლები) და 4,5 მილიარდზე მეტი დოლარი შემოდის ტურიზმისაგან ყოველწლიურად ისრაელში. ეს ჩვენთვის კარგი მაგალითია.

მთავარია, მეწარმე თავიდანვე, როგორც იტყვიან, არ დავახრჩოთ, ხელი შევუწყოთ, იქნებ რამდენიმეწლიან საგადასახადო შეღავათზეც ვიფიქროთ, ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ინვესტიციატევადი დარგია, სამაგიეროდ, მოზიდული კაპიტალიც ძალიან სწრაფად იძლევა მოგებას, თითქმის იმავე წელს.

რაღა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარება, დასაქმების პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება იქნება არა მარტო ქალაქებში, არამედ რაიონებსა და სოფლებშიც, და განსაკუთრებით, მთის რეგიონებში. ეს პროექტი „დიდი აბრეშუმის გზის“ თუ „ევრაზიის ხიდის“ იდეისაგან განყენებულად არ უნდა განვიხილოთ. ისინი ავსებენ და განაპირობებენ კიდეც ერთმანეთს. საქართველოს გადაქცევა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდად, უეჭველად გააძლიერებს ინტერესს ქართული კულტურის, ისტორიის, საერთოდ, ქართული ფენომენის მიმართ.

ამრიგად, ტურიზმის განვითარება, „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების ერთ-ერთი კეთილისმყოფელი შედეგი გახდება. აქვე ვიტყვი, რომ სწორედ ამ პრობლემატიკის კომპლექსურ კვლევას მიეძღვნება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც თბილისში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის პატრონატით და მისი უშუალო მეურვეობით. მე პირადად მივიღებ მონაწილეობას დისკუსიაში, რათა კიდევ უფრო აქტიურად მივაპყრო როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი რეგიონის, ევროპისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება იმ პრობლემებს, რომელთა განხილვა, მოგეხსენებათ, იაპონიაში იწყება ანალოგიურ კონფერენციაზე. ასე, რომ საქართველო, აიტაცებს ამ ესტაფეტას, და, ვფიქრობ, წარმატებითაც.

- განვლილი პოლიტიკური კვირის მთავარი, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტის პოლიტიკური მოხსენება, რომელშიც განხილული იყო სხვადასხვა თემა - კორუფციასთან ბრძოლა და ჩრდილოვანი ეკონომიკა, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ტენდენციები, კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. მოკლედ, მოხსენებაში განხილული იყო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ყველა თემა. განსაკუთრებული ყურადღება კორუფციასთან ბრძოლას დაეთმო. იყო საუბარი სპეციალური საპრეზიდენტო ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ. კიდევ ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო: თქვენ ბრძანეთ, რომ უცხოეთი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს. ამ დახმარებისა და თანადგომის ერთ-ერთი ნიმუში იყო სენატორ ბერდის გამოსვლა თქვენი დაბადების დღესთან დაკავშირებით. ეს არ იყო, დავუშვათ, პიროვნული მომენტი. ეს იყო იმ რეფორმების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომლებსაც შევარდნაძე საქართველოში ახორციელებს...

- ამ ბოლო თემასთან დაკავშირებით, ორიოდე სიტყვას ვიტყვი. აუღელვებლად, რა თქმა უნდა, ვერ წავიკითხავდი იმას, რასაც სენატორი ბერდი ამბობს სენატის სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში. ფაქტობრივად, ეს არის სენატის დამოკიდებულება იმ პროცესის მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და, კერძოდ, პირადად საქართველოს პრეზიდენტის მიმართაც. თუ არ ვცდები, ეს სიტყვა გამოქვეყნდა, ტელევიზიაშიც დაეთმო ამას ყურადღება, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იქნებ კიდევ ღირდეს შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ შორიდანაც კი ჩვენ მეტი იმედის თვალით და უფრო საიმედოდ გვიყურებენ.

ახლა ძირითადი თემა, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, მოტივი ასეთი გადაწყვეტილებისა, ის არის, რომ ვიმოქმედოთ გაბედულად, შეიქმნას შესაბამისი კომისია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ამ მოტივებზე მე უკვე ვილაპარაკე. ამის თაობაზე კვლავაც ბევრს ვისაუბრებ და ისიც უნდა გითხრათ, რომ სატელევიზიო გადაცემაშიც (მე მივაქციე ყურადღება) საკმაოდ კარგად იყო განმარტებული ჩვენი ერთ-ერთი კონსულტანტის, ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ცალკე აღებული ეს თემა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ თემაზე საუბარი მქონდა ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ მოხსენების იმ თავში, რომელიც ასე დავასათაურე: „დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის გარდამავალი ეტაპის თავისებურებები და პრობლემები“. და საერთოდ, ალბათ, მოხსენების სათაურიც ასეთი არის.

თანამედროვე ეტაპზე ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია კორუფციის დაძლევა. არაერთგზის მოვსინჯეთ და საბოლოოდაც დავრწმუნდით, რაოდენ ფართო მასშტაბები აქვს ამ სენს და რამდენად ძნელია მის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს სენი მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნისთვის როდია დამახასიათებელი, მას ხშირად უფრო ღრმა ინსტიტუციური და სოციალური ფესვები აქვს, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია.

ამჟამად აქტუალურად მიმაჩნია, ადამიანთა ისეთი ჯგუფის შეკრება (ამაზე ჩვენ ვმუშაობთ), რომელიც მისი თითოეული წევრის ზნეობრივი სისპეტაკის, შეურყეველი ავტორიტეტის გამო, საყოველთაო ნდობით იქნება გარემოცული და მიიღებს შესაბამის მანდატს დაუნდობელი პრინციპული ბრძოლა გააჩაღოს სახელმწიფოსა თუ ხელისუფლების ყველა სტრუქტურაში კორუფციის აღმოსაფხვრელად.

ერთხელ უკვე ვთქვი: ეს არის მანკი, სიმსივნე, რომელიც, რაოდენ მტკვნეულიც უნდა იყოს ორგანიზმისათვის, გახურებული შანთით უნდა ამოიწვას - სხვა გზა არ არის, სხვაგვარად ორგანიზმი დაიღუპება.

ყოველდღიურად მიმდინარეობს კონსულტაციები კანდიდატურათა შესარჩევად. საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს უშიშროების საბჭო, რის შემდეგაც ხელს მოვაწერ ბრძანებულებას. ამთავითვე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით, შექმნილმა ანტიკორუფციულმა კომისიამ უნდა იმუშაოს არსებულ სისტემებთან კოორდინირებულად, პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, პრეზიდენტის უშუალო ხელმძღვანელობითა და კონტროლით.

მე ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებდი თვალს, როგორ იქნებოდა მოსახლეობის რეაგირება ამ კონკრეტულ წინადადებაზე. ზოგიერთი ამას სკეპტიკურად უყურებს - ისევ ახალი კომისია, რომელიც შეიძლება კვლავ კორუფციის რაღაც ახალ ბუდედ იქცეს, ეს საქმეს ვერ უშველის... მაგრამ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი იმედიანად არის განწყობილი ჩემს მიერ ჩამოთვლილი ელემენტების გამო: ჯერ ერთი, აქ უნდა იყვნენ ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები, მეორე - მოუსყიდველი და მაღალი რეპუტაციის სანდო ხალხი და მესამე - ეს უნდა იყოს ძალიან მაღალანაზღაურებადი სამუშაო, დიდი ხელფასი უნდა ჰქონდეთ და ჩვენ უნდა გვქონდეს მორალური უფლება, მათ მოვთხოვოთ იმუშაონ მხოლოდ და მხოლოდ სინდისის კარნახით და სამშობლოს ინტერესებისათვის.

- ეკონომიკური კეთილდღეობა ყველაფრის განმსაზღვრელია. 70-იან წლებში, როცა კომუნისტების ხანა იყო, გვახსოვს გარედან ზემოქმედება, პრინციპში, მეტი იყო საქართველოზე. თქვენი ინიციატივით დაინიშნა მთიან რეგიონებში რეგულარული საჰაერო რეისები. დღეს ხელშემშლელი ამ მხრივ, არავინ არის, და, ალბათ, უპირველესად ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ეს ჭირდა. და, აი, შაბათს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, აღდგა საჰაერო რეისები პირიქითა საქართველოსთან, და ის ხალხი, რომელიც მოწყვეტილი იყო ქვეყანას, პრინციპში მოწყვეტილი აღარ იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის დიდი ინიციატივით მიმდინარეობდა ეს პროცესი...

- თქვენ მართალი ხართ. თავის დროზე გიგანტური სამუშაო შესრულდა იმისათვის, რომ მოწყვეტილ მთის რეგიონებთან კავშირი დაგვემყარებინა. მე მახსოვს თუშეთში მიმავალი გზის მშენებლობა, რომელშიც მაშინ მთელი საქართველო მონაწილეობდა. და ეს გზა რომ არა, იქ ახლა არც ერთი ოჯახი აღარ იქნებოდა. ასე იყო სხვა მიმართულებითაც - ეს ეხება ხევსურეთს და საქართველოს ცენტრებისაგან, ბარისაგან მოწყვეტილ რეგიონებს.

ახლა შვეულმფრენების რეისების აღდგენა მიმაჩნია იმის უთვალსაჩინოეს მაგალითად, რომ დღეს ხელისუფლებას უკვე შეუძლია ბევრი ასეთი მომწიფებული პრობლემა გადაწყვიტოს და იქ ხალხის დამკვიდრებას და მთაში მოსახლეობის ახალი ჯგუფების გადასვლას შეუწყოს ხელი.

მივესალმები ბატონ ზურაბის ინიციატივას. სწორედ მისი წყალობით, ბიუჯეტში სათანადო მუხლი, სათანადო თანხები იქნა გათვალისწინებული და კარგია, რომ თვითონ მოინახულა, თვითონ შეეხმიანა თუშეთისა და ზოგიერთ მთიან რეგიონს. ეს კურსი კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება, კიდევ უფრო მეტად საგრძნობი გახდება და მომავალი წლის ბიუჯეტი უფრო გულუხვი იქნება მთიანი რეგიონების მიმართ.

- გასულ კვირას გაიმართა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 80 წლის იუბილეს მოსამზადებელი კომისიის სხდომა. თქვენ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ საქართველოს მეცნიერების უპირველესი ტაძრის იუბილეს და ვთქვით, რომ იგი განსაკუთრებულ გარემოში, განსაკუთრებულ სიტუაციაში და განსაკუთრებულ ვითარებაში აღინიშნება...

- მე ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. ამ სხდომაზეც ვთქვი, რომ იუბილე, რა თქმა უნდა, არ არის და არც იქნება მხოლოდ ფორმალური ღონისძიება, ასე ვთქვათ, იუბილე იუბილესათვის. იუბილემ უნდა ცხადყოს, დაადასტუროს, რამდენად არის მზად ქართული მეცნიერება, საუნივერსიტეტო განათლება თავისი პატრიოტული სულისკვეთებით, პროფესიონალიზმითა და მაღალი ინტელექტით იმისათვის, რომ კვლავაც ღირსეული წვლილი შეიტანოს ქართული ცივილიზაციის განვითარებაში თვისებრივად ახალ, დამოუკიდებლობის ეტაპზე.

ჩვენი ეროვნული მეცნიერება მსოფლიოს სამეცნიერო ნაკადის განუყოფელი ნაწილია და ამ თვალსაზრისით, იგი საკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენსაც წარმოადგენს. რეფორმები აქაც მიმდინარეობს და კვლავაც გაგრძელდება, და უნივერსიტეტი რეფორმების ძალიან კარგი მაგალითია.

იუბილე მიღწეულის შეფასების, სამომავლო გეგმების დასახვის შესანიშნავი საშუალებაა. საქართველოს სამეცნიერო სკოლები ახალ მიჯნასთან იმყოფებიან და უეჭველად შეძლებენ მის გადალახვას ყოველი ჩვენგანის შეძლებისდაგვარი, შესაბამისი დახმარებითა და მხარდაჭერით. თანამედროვე, განვითარებული მეცნიერების გარეშე არ არსებობს ცივილიზებული ერი. ეს ყველამ კარგად უნდა გავიცნობიეროთ. რა თქმა უნდა, არც ის არ არის შემთხვევითი, რომ ჩემი ბრძანებულებით უნივერსიტეტს სრულიად განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭა. აქვე უნდა ვთქვა, რომ ასეთი სტატუსი სხვა უმაღლეს სასწავლებლებზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, არ გავრცელდება. ეს უნივერსიტეტი უნივერსიტეტია თავისი განსაკუთრებული დანიშნულებით ქართველი ხალხის ისტორიაში.

- გარკვეული და გასაგები მიზეზების გამო, კონფლიქტის ზონაში - აფხაზეთში სამშვიდობო ძალების საქმიანობა კვლავ ყურადღების ცენტრშია. მიდგომა ორგვარია: პირველი, ერთმნიშვნელოვანი - დატოვონ ტერიტორია და გავიდნენ, მეორე კი უფრო ფრთხილი და მოზომილი მიდგომაა - რა მოხდება, თუკი სამშვიდობო ძალები გავლენ კონფლიქტის ზონიდან. ხომ არ გამოიწვევს ეს სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას, მით უმეტეს, რომ ჩანაცვლების მექანიზმი ჯერ რეალურად არ ამუშავებულა. პრინციპში, ასეთი ფრთხილი მიდგომა უფრო იმ რეგიონიდან მოდის, სადაც ეს სამშვიდობო ძალები დგანან.

- ჩვენ ვუახლოვდებით რთულ მიჯნას. მარტის შუა რიცხვებში, აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების დარჩენისა თუ არდარჩენის საკითხი უნდა გადაწყდეს.

მინდა რადიომსმენელმა იცოდეს და ძალიან ყურადღებით მოუსმინოს იმას, რასაც ახლა ვიტყვი: უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები უშიშროების საბჭოს იმ წევრებთან, რომლებიც „მეგობრების“ ჯგუფს შეადგენენ, აგრეთვე, ამ ჯგუფში ჩართულ გერმანიასთან. ვთათბირობთ თანამეგობრობის ცალკეულ ქვეყნებთანაც, გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ლივიუ ბოტასთან. შეიძლება დღეს კიდევაც შევხვდე მას ისევე, როგორც ამას წინათ მქონდა მასთან დიალოგი. ეს საკითხი რუსეთის შესაბამის ხელმძღვანელობასთან მუდმივი განხილვის საგანია.

რახან ჩვენ დავთანხმდით კონფლიქტის მოგვარების სრულ ინტერნაციონალიზაციას, არ შეიძლება ანგარიში არ გავუწიოთ მათს პოზიციას, ესე იგი, იმ ქვეყნების პოზიციას, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ. ამიტომაც, ამ კონსულტაციებს დიდი მნიშვნელობა ექნება. მათ გარეშე, ესე იგი, ამ ქვეყნების გარეშე შეუძლებელია გადაწყდეს სამშვიდობო ძალების დღევანდელი კონტინგენტის ჩანაცვლების საკითხი, ხოლო თუ ჩანაცვლების პრობლემა ამ მოგვარდება, შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა (ამ მოსახლეობის აზრი, თქვენ ამას გაუსვით ხაზი, არათუ ანგარიშგასაწევი, არამედ, გადამწყვეტიც უნდა იყოს). არ შეიძლება არ ვიფიქროთ ქვეყნის ელექტროენერგიით მკვებავ ძირითად არტერიაზე - ენგურჰესზე, რომლის კონტროლი მთლიანად მეორე მხარის ხელში აღმოჩნდება, რასაც უძიმესი შედეგები მოჰყვება.

აქტიური დიალოგი მიმდინარეობს აფხაზ ხელმძღვანელებთანაც. ამ დღეებში მინისტრების ჯგუფი ბატონ ნიკო ლეკიშვილის ხელმძღვანელობით კვლავ ჩავა სოხუმში. შემდეგ მათს წარმომადგენლებს მივიღებთ თბილისში. ერთი სიტყვით, მთელი ეს, როგორც იტყვიან, „სამზარეულო“ ამუშავებულია, მათ შორის, ორმხრივი დიალოგიც, რომლის შესახებაც არა ერთხელ გვილაპარაკია წინა წლებში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ რამდენიმე კვირა დაგვჭირდება.

- და, ბოლოს, კიდევ ერთი შეკითხვა იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. იაპონიის ქალაქ ნაგანოში, გასულ კვირას დაიწყო ზამთრის ოლიმპიური ასპარეზობა, რომელშიც მონაწილეობენ ქართველი სპორტსმენებიც, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს წარმომადგენლები...

- მრავალი სახელმწიფოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრებმა, იმპერატორებმა და მეფეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება და, როგორც მრავალი ჩემი კოლეგა, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, მივესალმები ოლიმპიური ასპარეზობის გახსნას და გამოვთქვამ იმედს, რომ ეს მსოფლიოს სპორტული ასპარეზობა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს პლანეტაზე ოლიმპიზმის უკვდავი იდეების განმტკიცებაში.

საქართველოს დელეგაცია ამ ასპარეზობაზე, სამწუხაროდ, არ არის ძალიან მრავალრიცხოვანი. სიმბოლურად ვართ წარმოდგენილი, მაგრამ მხოლოდ ერთი სპორტსმენიც რომ იყოს, მაინც სასიხარულოა, ოლიმპიადაში, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, მონაწილეობა.

ვუსურვებ, ჩვენი სპორტსმენების პატარა ჯგუფს, ღირსეულად ეასპარეზოთ თავიანთი სამშობლოს სასახელოდ. ქართველი ხალხის სპორტულ გენიას, არაერთგზის გაუბრწყინავს მთელი მსოფლიოს დასანახად და მჯერა, კვლავაც გაიბრწყინებს - უკვე დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყნის სასახელოდ. წინ ბევრი, ბევრი მსოფლიო, ევროპული თუ რეგიონული მასშტაბის შეჯიბრებანი გველის.

საქინფორმი.

„სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არა აქვს და, ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 10 თებერვალი. - №33 (2733). - 1,2 გვ.

19 ჩვენი სიძლიერე, საქართველოს მომავალი მის ერთიანობაშია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე
1998 წლის 10 თებერვალს

მინდა მოგესალმოთ ყველას, ვინც ამ დარბაზში ბრძანდებით, და უწინარეს ყოვლისა, გთხოვთ, პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას.

ჩემი დღევანდელი გამოსვლა შესაძლოა, არ იყოს სისტემაში მოყვანილი, ერთგვარად სახელდახელოა, და, ალბათ, ეს გასაგებიც არის. იმას, რაც დაგეგმილი არ იყო, ვერც პრეზიდენტი გაითვალისწინებდა. ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანი მაინც ის გახლავთ, რომ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, ვუთხრათ: ხელისუფლება არსებობს, პრეზიდენტი მწყობრშია, და მუშაობა, საქმიანობა, ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის კიდევ უფრო მტკიცედ, უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება.

წუხელ ძალიან მოკლედ, რამდენიმე წუთით მივმართე საქართველოს მოქალაქეებს, - მქონდა ამის ბედნიერება. დღეს ცოტა უფრო დეტალურად ვისაუბრებ. მაგრამ, ვიდრე საქმეზე გადავიდოდე, მინდა ყველა თქვენგანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს გულწრფელი მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისათვის, თანადგომისა და მოქალაქეობრივი ვალის ესოდენ მაღალი გათვითცნობიერებისათვის.

არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლიერების სიტყვებით არ მივმართო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც განუწყვეტლივ რეკავენ, გზავნიან დეპეშებს, რომლებშიც გამოთქმულია არა მარტო პირადი მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, არამედ, აგრეთვე, დიდი სიმპათიები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისადმი. ჩვენი დიდი მონაპოვარია, რომ ლაპარაკობენ არა ერთ კაცზე, არამედ ქვეყანაზე, ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც იმსახურებენ მსოფლიო საზოგადოებრიობის მხარდაჭერას.

ასევე, არ შემიძლია მადლიერების სიტყვებით არ მივმართო როგორც ჩვენს, ისე უცხოურ პრესას, ტელევიზიას. მოგეხსენებათ, გუშინ და დღეს, მთელი მსოფლიოს სატელევიზიო პროგრამები, ისევე როგორც პრესის ფურცლები, გარკვეულწილად დათმობილი აქვს საქართველოში მომხდარ ფაქტს. ეს არის, თუ შეიძლება ითქვას, ერთგვარი ცდა, დაინახონ შუქიც და ჩრდილიც. მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტელევიზიას, ჩვენს პრესას, ყველას, ვინც შეეცადა, რამდენადაც ეს შეიძლებოდა, ობიექტურად, სამართლიანად აესახა წუხანდელი ღამის მოვლენები.

როგორც გითხარით, ჩემს გამოსვლას არ ექნება პოლიტიკური მოხსენების ხასიათი. ასეთი მოხსენება მე წარვუდგინე ქვეყანასა და პარლამენტს. მასში ჩამოყალიბებულია დღევანდელობის ჩემეული ხედვა, გარდამავალი ეტაპის, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის სირთულეები, სიძნელეები, პრობლემები და ისიც, თუ რა გავაკეთეთ.

შეიძლება, ჩემი დღევანდელი გამოსვლა ცოტა უფრო პირადული ხასიათისაც იყოს.

თუ წუხანდელ მოვლენას ჩვენს მიერ განვლილი 90-იანი წლებისაგან მოწყვეტით განვიხილავთ, მაშინ, შესაძლოა, სხვადასხვანაირ დასკვნებამდე მივიდეთ. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ გავიხსენოთ არათუ საქართველოს გუშინდელი დღე, არამედ მისი წარსულიც, - მისი აღზევება, თუ დაცემა-დაქუცმაცება და ყოველივე, რაც ჩვენი ხალხის თავზე დატრიალებულა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის 3-ათასწლოვან ისტორიაში.

როცა ვმსჯელობთ ამ ფაქტზე, არ უნდა დავივიწყოთ, თუ რა საძირკველზე დავიწყეთ დღევანდელი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. უფრო სწორად - საძირკველი არ იყო. ვერავის დავაბრალებთ ამას. ჩვენ თვითონ დავანგრიეთ და დავარბიეთ ის, რაც შეიძლებოდა საფუძვლად გამომდგარიყო.

პირდაპირ გეტყვით, რაც არაერთხელ მითქვამს. მე შემეძლო, როცა დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, გამომეცხადებინა: - „მზად ვარ ავიღო მთელი ხელისუფლება, ქვეყანა ვმართო, როგორც დიქტატორმა“, და მიმეღო ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა, დამემყარებინა ავტოკრატიული რეჟიმი. ეს არ გავაკეთე. მაშინ, ბევრი ჩემი მეგობარი, კოლეგა, ზოგიერთი თანამოაზრე, გულშემატკივარი მოდიოდა და მეუბნებოდა, - „ეს ერთადერთი გზაა, სხვა მხრივ, საქართველოს საშველი არ არის“. ხშირად პინოჩეტს მისახელებდნენ, - „გახსოვს, რა გააკეთა პინოჩეტმა? არეული, დანგრეული ქვეყნისაგან აყვავებული სახელმწიფო შექმნა“.

ნურავის დაავიწყდება - პინოჩეტს აყვავებული სახელმწიფოსკენ მიმავალი გზა რომ აერჩია, ალიენდე უნდა მოეკლა და ის ხალხი გაენადგურებინა, ვისაც დემოკრატიისაკენ მიჰყავდა ქვეყანა.

ამიტომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული წინააღმდეგობებისა, მე მოვახდინე არჩევანი, დემოკრატიის, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების სასარგებლოდ, და - არა მარტო საქართველოში.

ეს არჩევანი მოვახდინე უკვე 80-იან წლებში, ცოტა უფრო ადრეც. მე იმ ტრიბუნებთან ვიდექი, სადაც უნდა მდგარიყო ჭეშმარიტი დემოკრატი. ეს მოსკოველებს კარგად ახსოვთ და იმათ, ვინც ალმაცერად უყურებს საქართველოს, ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი იყო რუსეთში ჭეშმარიტად დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი. მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი დემოკრატიული რეფორმების მოძრაობის შექმნისა, რომელმაც ჩემთან ერთად ორი დღით ადრე იწინასწარმეტყველა 19 აგვისტოს პუტჩი. ასე რომ, ეს ძველი არჩევანია და ემყარება იმის რწმენას, რომ მხოლოდ დემოკრატიას, მხოლოდ დემოკრატიულ გზას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ჭეშმარიტი, ღირებული დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მხოლოდ ეს გზა ჩაგვაყენებს ჩვენ იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც ქმნიან მსოფლიოს ცივილიზაციას. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ.

ახლა - ასეთი კითხვის შესახებ: მაინც, რას ერჩიან შევარდნაძეს? რა დააშავა ასეთი?

ლაპარაკი არ არის მარტო ამ ბოლო ორ ტერორისტულ აქტზე. მრავალი, ამ დარბაზში მყოფი, ჩემთან ერთად იყო სოხუმში და, ალბათ, გაიხსენებენ „გრადის“ სეტყვას, დღე და ღამ რომ გვატყდებოდა თავს იმ პატარა სახლში, სადაც ღამეს ვათევდი, ვინ ისროდა - თქვენ კარგად იცით, ვინ უმიზნებდა, ესეც მოგეხსენებათ. როცა განთიადიდან სოხუმში მივფრინავდი შვეულმფრენით, 100-პროცენტიანი გარანტია იყო იმისა, რომ ვერტმფრენი წყალში ჩავარდნილიყო და ჩაძირულიყო. ვინ გააკეთა ეს, თქვენ კარგად მიხვდებით.

შეგახსენებთ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის გამოსვლას რუსეთის უმაღლეს საბჭოში, რომელმაც მაშინ, როგორც, ალბათ, თვითონ მიაჩნდა, სენსაციური განცხადება გააკეთა: „სამი დღის შემდეგ სოხუმი დაეცემა“. რა თქმა უნდა, ძალზე კარგად ვიცოდი, ვინ, რა ძალები მოადგა სოხუმს. ეს იყო რეგულარული ჯარები, არა მარტო დაქირავებული და - არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები.

ასეთივე სეტყვა დაგვატყდა თავს სოხუმიდან გამოსვლის ბოლო წუთებში. ახლა ამბობენ, თითქოს ჩვენს გამოსაყვანად რაღაც თვითმფრინავები და გემები გამოგზავნეს. მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ვიდექი სანაპიროზე, აეროპორტის რაიონში, ...და, რომ არა ის, შემთხვევით შემორჩენილი ეკიპაჟი, რომელსაც საწვავი მხოლოდ ბათუმამდე ეყო, ალბათ, საკითხი იქვე გადაწყდებოდა.

რატომ ხდება ეს? მე აღარ ვლაპარაკობ 29 აგვისტოზე, წუხანდელ მოვლენაზე. მაინც, რა დააშავა ამ კაცმა ასეთი, რატომ უნდათ, იძიონ შური. მინდა, ჩემმა ხალხმა ეს იცოდეს და, თუ დამნაშავე ვარ, მითხრას: - „დამნაშავე ხარ და უნდა გადადგე, წახვიდე“. მოგეხსენებათ, გადადგომის გამოცდილება მაქვს...

მე დავაშავე ის, რომ ავირჩიე გზა, რომელსაც ტოტალიტარული სახელმწიფოს ნგრევა ჰქვია. ეს გზა ათასებისათვის, მილიონებისათვის მიუღებელი იყო. მაგრამ, არ ვნანობ, რომ ეს გზა ავირჩიე.

მე ავირჩიე საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა. ავირჩიე ეს გზა ჩემს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად, ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის გზა, კომპრომისების, დათმობის ხარჯზეც, მაგრამ მაინც, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზა. მე ავირჩიე ეს გზა, რათა საქართველო გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი და, მჯერა, მომავალში აყვავებული ქვეყანა, რომელსაც ანგარიშს გაუწევენ არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში.

ვიღაცის ინტერესები შეილახა. ახლა ბევრს ლაპარაკობენ, „ნავთობსადენები რომ არ წამოგვეწყო, მაშინ შეტაკება არ მოხდებოდა. რომ არ წამოგვეყენებინა „აბრეშუმის გზის“ იდეა, მშვიდად და კარგად ვიქნებოდით. ევრაზიის დერეფანი, „ტრასეკა“ რომ არ ყოფილიყოო“ და ა.შ.

ეს ერთი კაცის მონაგონი არ არის. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ინტერესები. ეს საქართველოს კეთილდღეობის წყაროა. ჩვენ არც ნერვებმა უნდა გვიღალატოს და არც მუხლები უნდა აგვიკანკალდეს მაშინ, როცა შეგვებრძოლებიან. შეგვებრძოლებიან, რადგან ვიღაცის ინტერესი ილახება და ვიღაცას პირდაპირ ვეუბნებით: - „ვიცხოვროთ მეგობრულად, მეზობლურად, მაგრამ არის კანონზომიერება, რომელსაც ვეღარ გადაუხვევთ, რომლის იგნორირება ვეღარ მოხდება. დღეს სხვა მსოფლიოა“.

კიდევ: რატომ ებრძვიან შევარდნაძეს? არის ბერლინის კედელი, არის ავღანეთი, არის ევროპის გათავისუფლება... მეუხერხულება ლაპარაკი, მაგრამ, ალბათ, ისევ მე უნდა ვთქვა... ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაკეთებულ განცხადებაში ითქვა, - „ამ კაცმა შეცვალა მსოფლიო“, მაგრამ ამ შეცვლილ მსოფლიოში ყველას ინტერესები ხომ არ არის დაცული? მთელი კლანების, მთელი კლასების, მთელი ფენების ინტერესი შეილახა არა ერთ, არამედ რამდენიმე ქვეყანაში, ჩვენზე ასჯერ და ათასჯერ დიდ ქვეყნებში.

ამიტომაც, ვიღაცას ძალიან სჭირდება დასაჯოს საქართველოს პრეზიდენტი. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობისაგან გაქცევა არ შეიძლება. მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი, მხოლოდ ერთხელ მივეცი საკუთარ თავს უფლება, გამეკეთებინა განცხადება გადადგომის შესახებ. ეს იყო მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფის შემდეგ. ამის გარდა, ერთი დღე, ერთი საათი, ერთი წუთი ჩემი ხალხისთვის არ მიღალატია და არც ვუღალატებ, სანამ სული მიდგას, სანამ შრომა, სანამ ბრძოლა, სანამ აზროვნება შემიძლია.

არის თუ არა ჩვენი მდგომარეობა უიმედო? დღეს უკვე სხვა საქართველოა. ერთი-ორი წლის შემდეგ კიდევ სხვანი ვიქნებით - მართლაც საკუთარი თავის პატრონი. არავის ნებაზე არ ვიქნებით დამოკიდებული. მჯერა, რომ ჩვენ წინ მივდივართ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში.

კმაყოფილი ვართ? რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილი. გაჭირვებულია ხალხი? რა თქმა უნდა. მაგრამ, ბატონმა ზურაბმა ბრძანა პარლამენტში, რომ ის გაჭირვებული ხალხიც კი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს, და 8 თუ 9 ლარის იმედზეა, დღეს ისიც არ დათმობს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. 2-3 წლის შემდეგ კი სხვა ქვეყანა, ცხოვრების სხვა პირობები იქნება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

მინდა ყველას მოვუწოდო: დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნისათვის ყველაზე საშიში მოვლენაა რადიკალიზმი, იქნება იგი მარჯვნიდან, თუ მარცხნიდან, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. საქართველოში არ უნდა აღმოცენდეს და ვერ უნდა მოიკიდოს ფეხი ისეთმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ილაშქრებს, რომელიც მხოლოდ თანამდებობისა და პირადი კეთილდღეობისათვის საკუთარი ხალხის დამოუკიდებლობის ხარჯზე ვაჭრობს ვიღაცასთან.

ვფიქრობ, ამ საკითხში ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ, ისინიც, ვინც ხელისუფლების სათავეშია, და ისინიც, ვინც ოპოზიციაშია. ეს არის რადიკალიზმის საფრთხე, ანუ ბოლშევიზმის საფრთხე. მე ათეულობით წლების განმავლობაში ჩემს გონებაში, ჩემს გულსა და სულში, საკუთარ თავთან ბრძოლაში დავრწმუნდი, რომ ბოლშევიზმი არის „შავი ჭირი“ კაცობრიობის ისტორიაში და თუ ვინმე ფიქრობს ისევ ამ „შავი ჭირისკენ“ შეაბრუნოს ქვეყანა, ის საკუთარი ხალხის მტერია, რა გვარისაც უნდა იყოს და როგორი დამსახურებაც უნდა ჰქონდეს.

ისმის მოთხოვნა - „წავაცალოთ ყველას თავები!“ „გავუსწოროთ ყველას ანგარიში!“ იქნებ, ვცდები, მაგრამ დღესაც მინდა მთელი გაბედულებით ვთქვა: მართალი ვიყავი, როცა 1992 წელს, სამოქალაქო ომის დროს, შეწყალების მანიფესტი გამოვაქვეყნე რესპუბლიკის მოედანზე. შესაძლოა, იმ ომის მონაწილეებს ბევრად არ წაადგათ, ჭკუა ვერ ისწავლეს, მაგრამ მათ ზურგს უკან ათეულ ათასები და ასეულ ათასები იდგნენ. სწორედ მათზე იმუშავა მანიფესტმა. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები შერიგებისაკენ.

ახლაც შერიგების პლატფორმა წარმოვადგინე. ხშირად მეკითხებიან, - „სად არის ეს შერიგება?“ შერიგება პროცესია. ის არც ერთ დღეში მოხდება, არც ერთ თვეში და, შესაძლოა, წლებიც დასჭირდეს. მაგრამ ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის, მე სუფთა სინდისით გავუწოდე ყველას ხელი: „გადავდოთ პიროვნული გვერდზე, პოლიტიკური ბრძოლა - პოლიტიკურ ბრძოლად, პლურალიზმი - პლურალიზმად, მაგრამ როცა ქვეყნის ინტერესების საკითხი წყდება, ჩვენ, ყველა ერთად უნდა ვიყოთ, როგორც ერთი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები, მიუხედავად ეროვნებისა და სარწმუნოებისა“.

ამ მხრივ, ჩვენ გავიარეთ გარკვეული გზა, გარკვეული სკოლა, მეამაყება, რომ შარშან 2500 ადამიანი შევიწყალე. მეუბნებიან, რომ არც ერთ მათგანს, ჯერჯერობით, რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია. ბედნიერი ვარ, რომ 2500 ადამიანის ოჯახში სიხარული შევიტანე. ესეც შერიგების ელემენტია.

ბედნიერი ვარ იმით, რომ 52 სიკვდილმისჯილი ადამიანი შევიწყალე, მათ შორის, ჩემი პირადი მტრები, ვინც მესროდა, ვინც მებრძოდა, ისინიც, ვინც ზურგში დანა ჩაგვარტყა. ბედნიერი ვარ იმით, რომ პარლამენტმა ერთსულოვნად დამიჭირა მხარი და საქართველომ გააუქმა სიკვდილით დასჯა.

კიდევ და კიდევ მივმართავ ჩემს თანამემამულეებს: ჩვენ ავირჩიეთ კურსი, რომელსაც არ გადავუხვევთ. ეს არის დემოკრატიის, ეს არის შერიგების, ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივი თანხმობის კურსი და ყველა ჩვენგანის აზროვნებასა და გონებაში უნდა ჩაიჭედოს - საქართველო ერთიანი იქნება, თუ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები და სხვები, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს, იქნებიან ერთიანი შემადგენელი ნაწილი ერთიანი საქართველოსი. მაშინ ჩვენ გაცილებით იოლად დავიბრუნებთ აფხაზეთს. მთელი საქართველოს გასაგებად ვამბობ: ჩვენ შევრიგდებით, მიუხედავად დაღვრილი სისხლისა და უბედურებისა. ამ ორ ხალხს სხვა გზა არ აქვს - ერთად უნდა იცხოვროს. შევრიგდებით ქართველები და ოსები. ცოტა ჩვენც უნდა დავთმოთ, ცოტა - მათ და ეს ტკივილები მოვიშუშოთ.

ჩვენ უდავოდ ბედნიერი ვართ იმით, რომ უამრავი მეგობარი შევიძინეთ მსოფლიოში. ჩვენ ანგარიშს გვიწევენ, გვეთათბირებიან, მხარში გვიდგანან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში. მხარში გვიდგანან ჭეშმარიტი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენებაში. ნუ გავაუფასურებთ და ნურც დავივიწყებთ ამას, მხარდაჭერისათვის ერთხელ კიდევ მადლობა შევუთვალოთ ჩვენს მეგობრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

დღეს ცოტა ნაადრევია წუხანდელის საბოლოო განსჯა. რთული მოვლენა იყო. ვერ გეტყვით, ვინ არის უშუალო მონაწილეები - ეს გამოძიების საქმეა, მაგრამ მე გუშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ: თავისი მასშტაბით, შესრულების დონით, ხარისხით, პროფესიონალიზმით ასეთი აქტი მხოლოდ საერთაშორისო ტერორიზმის ძალების დონეზე შეიძლება განხორციელდეს. მაგრამ ეს ძალები ძალზე დიდია, ჩვენ კი ცოტანი და, ჯერჯერობით, უძლური ვართ იმისათვის, რომ მათ შევეჭიდოთ. ყოველივე ეს ისეთ სფეროებშია დაგეგმილი, რომ მიუახლოვდე, კიდევ დრო არის საჭირო.

მეგობრებო, ძალიან არ მინდა, რომ ამ ფონზე, საყოველთაო ეჭვიანობის, დასმენების, ჩასაფრებების განწყობილებამ დაისადგუროს. თქვენ იცით, ასეთი პერიოდი ძალზე ძვირად დაუჯდა საქართველოს - ასიათასობით ადამიანი დახვრიტეს, გაჟლიტეს. ჩასაფრება და „დანოსი“ საშინელი მოვლენაა. საქართველოში მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს.

თუ საზოგადოებაში ნდობის საფუძველი დაიკარგება, სახელმწიფო ვერ აშენდება. როგორც უნდა გამაკრიტიკონ, გნებავთ, პარლამენტში, გნებავთ, საზოგადოებაში, სოფლებში, რაიონებში და ა.შ. მე, როგორც იტყვიან, ბოლო ამოსუნთქვამდე ვენდობი ჩემს ხალხს, ვენდობი ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ. ნუ მეტყვით, რომ გულუბრყვილო ვარ, - „გიორგაძეს რომ ენდე, ხომ ხედავ, ვინ აღმოჩნდა“. ცხოვრება ურთულესი მოვლენაა და ნურავინ დაიტრაბახებს, რომ მას შეუძლია მოღალატეობისა და ერთგულების დიაგნოზის დასმა. თვით ცხოვრება გაარკვევს ამას. ჩვენ ვქმნით ისეთ სახელმწიფოს, რომელმაც ყოველივე ეს უნდა გამორიცხოს. ამიტომ, არ მინდა, რომ მთელი ჩვენი აღშფოთებისა და შეშფოთების ტალღამ გადაუაროს სამართალდამცავ ორგანოებს. არავის ვიცავ. ჩემზე უკეთ, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, სად რა ნაკლია. მაგრამ მე ისიც ვიცი, რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი - არა. არც იმის გარანტია მაქვს, რომ შეცვლის შემთხვევაში ახალი ხელმძღვანელი უკეთესი იქნება. ამიტომაც, ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. ამას გეუბნებათ კაცი, რომელმაც გადაიტანა წუხანდელი უბედურება, 29 აგვისტო... მჯეროდა და ბოლომდე მჯერა, რომ ადამიანთა შორის ურთიერთობაში მხოლოდ ნდობა გაიმარჯვებს და სახელმწიფო მხოლოდ ნდობის საფუძველზე შეიძლება აშენდეს. დე, იყოს ურთიერთკრიტიკა, კამათი, მხოლოდ ნუ იქნება ხელაღებითი შეფასებები. ამან, შეიძლება ძალზე მძიმე შედეგები მოგვიტანოს.

რამდენიმე კაცმა ისიც მითხრა: - „შენ რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონცეფციის ახალი ვარიანტი წარმოადგინე, შედეგიც მიიღეო“. დღეს საქვეყნოდ ვაცხადებ: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კურსიდან არ გადავუხვევთ და ამ სენისაგან საქართველოს განვკურნავთ. ამას ყველა ერთად გავაკეთებთ, მაგრამ ისევ და ისევ ეს არ უნდა იყოს ჩასაფრებისა და „დანოსების“ კამპანია. ეს უნდა იყოს პროფესიონალების, ქვეყნის ერთგული და პატიოსანი ადამიანების ბრძოლა ქვეყნის სიწმინდისა და ინტერესებისათვის. საქართველო და მისი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, პარლამენტთან და სხვებთან ერთად, იბრძოლებენ იმისათვის, რომ კორუფცია არ გადაიქცეს მართლაც ავთვისებიან სიმსივნედ, რომლის განკურნება მერე შეუძლებელი იქნება. არ მინდა მომავალ თაობებს დავუტოვო ის, რასაც შემდეგ ისინი ვერ დაძლევენ. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

მინდა ხმა მივაწვდინო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, ბიზნესმენებს, ბანკირებს... წუხელ, პირველმა ბატონმა ჰეიდარ ალიევმა დამირეკა, იყო სხვა ზარებიც. ამ დილით სულეიმან დემირელმა დარეკა, დარეკეს შეერთებული შტატებიდან, სხვა ქვეყნებიდან. მე მათ განვუცხადე, რომ საქართველო, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, მთელი სიმტკიცით მიდის სტაბილურობის გზით, და თქვენ უნდა გქონდეთ იმედი, რომ შედარებით პატარა საქართველო თქვენი საიმედო პარტნიორი იქნება. გჯეროდეთ, რომ ჩარხს, რომელიც წაღმა დატრიალდა, უკუღმა ვერავინ დაატრიალებს.

როგორც ძველ დროში ამბობდნენ, - არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენ ძალზე კარგად ვიცით, რა გვინდა, რა მიზანი გვაქვს. ძალიან კარგად ვიცით გზები, რომლებითაც უნდა ვიაროთ. ძალიან კარგად ვხედავთ იმ ეკლებსაც, რომლებიც ამ გზაზეა. ამიტომაც, როგორი მასშტაბითაც უნდა ყოფილიყო წუხანდელი აფეთქება, ჩვენს სიტყვას შეგიძლიათ ენდოთ.

კვლავაც მინდა განვაცხადო ჩვენი საზღვარგარეთელი მეზობლებისა და მეგობრების საყურადღებოდ: ჩვენი ქვეყანა მთელი თავისი წარსულით, უდიდესი გამოცდილებით, უდიდესი სიმდიდრით - თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, თავისი უდიდესი კულტურით, მეცნიერული პოტენციალით ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მხარში ამოგიდგეთ, როგორც ღირსეული, დემოკრატიული ქვეყანა, მჯერა, რომ ეს ასე იქნება.

სამართალდამცავი ორგანოები ყოველგვარი შენიშვნის გარეშე რომ არ დარჩნენ, ორიოდე სიტყვა მაინც უნდა ვთქვა. ვიცი, თქვენ ძალიან ნერვიულობთ, განიცდით. სხვათა შორის, ბევრი თქვენგანი მაფრთხილებდა, რომ რაღაც არის მოსალოდნელი და ზომები უნდა მივიღოთ. კატეგორიულად მოვითხოვ: თუ არსებობს პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, არსებობს თავდადება და სიყვარული საკუთარი ქვეყნისა - ტერაქტი უნდა გაიხსნას. ეს არის საქართველოს პრესტიჟის, მისი ავტორიტეტის საქმე. მე შემიძლია მხოლოდ მხარი დაგიჭიროთ და მოგეხმაროთ. ამიტომ მივმართავ ყველას: სანამ ეს ურთულესი მუშაობა მიმდინარეობს, ისედაც განერვიულებულ ადამიანებს კალაპოტიდან ნუ ამოაგდებთ.

და ბოლოს, ვუბრუნდები იმ აზრს, რომელიც უკვე გამოვთქვი: ჩვენი სიძლიერე, საქართველოს მომავალი მის ერთიანობაშია. დაიწყო გამთლიანების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ჩვენთან არიან და, თუ ჩვენი შინაგანი არასტაბილურობით, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით ამ ისტორიულ პროცესს შევაჩერებთ, ღმერთმა იცის, კიდევ როდის მოესწრებიან მას მომავალი თაობები. გავუფრთხილდეთ ამ ისტორიულ პროცესს. ყველამ ერთად ვიშრომოთ, ვიზრუნოთ ჩვენი საყვარელი, ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს ერთიანობისათვის, მთლიანობისა და კეთილდღეობისათვის.

ჩვენი სიძლიერე, საქართველოს მომავალი მის ერთიანობაშია : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე 1998 წლის 10 თებერვალს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 13 თებერვალი. - №36 (2736). - 1, 2 გვ.

20 ედუარდ შევარდნაძე: „ქედს ვიხრი თქვენი თავდადებისა და გმირობის წინაშე“

▲ზევით დაბრუნება


ვიცით კი ვინმემ ამქვეყნად, რა არის გმირობა, ან მოიძებნება კი სადმე ამ ცნების ზუსტი და სრულყოფილი განმარტება? რა არის იგი - უკვე მომხდარი ფაქტი, ანუ ხილული მაგალითი თავგანწირვისა, თუ მუდმივი და შეგნებული მზადყოფნა მისთვის, იმ ერთადერთი წამისათვის, რომელიც, ალბათ, ბედისწერად გექცევა, მაგრამ იმავდროულად, უკვდავების ბინადრად გაქცევს. ეს მზადყოფნა ხომ გაცნობიერებული მოლოდინია საბედისწერო გამოცდის და, ამდენად, უკვე გმირობის ტოლფასია. ამიტომაც, ვინ იცის, იქნებ კახა შევარდენიძე და დათო კოკაური, და დაცვის მებრძოლები იმ წუთიდან არიან გმირები, როდესაც თავიანთი ცხოვრებისა და მომავლის არჩევანი გააკეთეს; იქნებ, იმ წუთიდან, როცა პირველი სამკვდრო-სასიცოცხლო განსაცდელის შემდეგაც არ დაფრთხნენ და არ უღალატეს არჩეულ გზას... იქნებ, უკვე მაშინ გახდა კახა შევარდენიძე გმირი, როდესაც 29 აგვისტოს დანთებული ხანძრიდან გამოიხსნა სახელმწიფოს მეთაური და თავისი ვალი აღსრულებულად არ ჩათვალა, კვლავ მის გვერდით დადგა, ანუ იმ გზაზე სიარული ამჯობინა, რომელზეც (უკვე თავისი გამოცდილებით იცოდა) ყოველ ნაბიჯზე განსაცდელს უნდა დალოდებოდა. ეს განსაცდელი, უფრო სწორად კი, მეორე დიდი გამოცდის ჟამი 9 თებერვალს დადგა და... საქართველოს პრეზიდენტის სიცოცხლის მეორედ გადარჩენა კახამ უკვე მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის ფასად შეძლო.

14 თებერვალს საქართველო გამოეთხოვა თავისი ქვეყნისა და პრეზიდენტის უერთგულეს ვაჟკაცებს, საქართველოს პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროს ოფიცერს, უფროს ლეიტენანტ კახა შევარდენიძესა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლ ოფიცერს, უმცროს ლეიტენანტ დავით კოკაურს. თბილისის ოფიცერთა სახლში ათასობით ადამიანი მიეახლა და პატივი მიაგო სამაგალითო მამულიშვილებს. დაღუპულთა ოჯახების წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, სახელმწიფო მინისტრმა ნიკო ლეკიშვილმა.

გაიმართა სამგლოვიარო მიტინგი, რომელზეც სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზაზა მაზმიშვილმა, სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის განყოფილების უფროსმა, უფროსმა ლეიტენანტმა დავით ლეჟავამ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა სიმონ ნოზაძემ, დათო კოკაურის მშობლიური სოფლის ვარიანის საშუალო სკოლის პედაგოგმა თინათინ ქებაძემ.

მიტინგზე სამგლოვიარო სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- მე არ მაქვს უფლება, არ მოგმართოთ თქვენ, ჩემს შვილებს, ჩემს თანამებრძოლებს, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი კი არა, თავისი სამშობლო დაიცვეს და თავი შესწირეს ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას. მე მინდა ვუთხრა ჩემს ბიჭებს: თქვენ შეუერთდით სახელოვანი ახალგაზრდების, ჩვენი თანამემამულეების იმ არმიას, რომელიც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირა. ისინი და თქვენ, ორივე, ამ საუკუნის გმირები ხართ. მე თქვენს მშობლებთან, ახლობლებთან ერთად დამწუხრებული ვარ, რადგანაც გარდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა, არის კიდევ პრეზიდენტის პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის, მათ შორის, ჩემი ბიჭების, სიცოცხლეზე, მათ არსებობაზე.

და - ერთი რამ: არ შემიძლია არ ვთქვა, რომ დღეს საქართველო მარტო არ არის. ალბათ, არ დარჩენილა მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, რომლის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფოს მეთაურს, საზოგადო მოღვაწეებს, ჩემს მეგობრებს არ გამოეგზავნოთ წერილები, დეპეშები. ბევრი მათგანი ტელეფონით დამიკავშირდა და თავისი განცდები გამიზიარა. და, როგორც წესი, ყველა მათგანი იწყებდა სამძიმრის სიტყვებით თქვენს დაღუპვასთან, იმ სევდასა და მწუხარებასთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენი ოჯახები განიცდიან. თქვენ მსოფლიომ გაგიცნოთ, რადგან ვაჟკაცები და გმირები იყავით.

მე ვუერთდები ამ საერთო ტკივილს, საერთო მწუხარებას და ქედს ვიხრი თქვენი თავდადებისა და თქვენი გმირობის წინაშე, თქვენი ოჯახების, აღმზრდელების წინაშე, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

დაღუპულთა სულების მოსახსენებლად პარაკლისი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

მაია ალუდაური.

ედუარდ შევარდნაძე: „ქედს ვიხრი თქვენი თავდადებისა და გმირობის წინაშე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 15 თებერვალი. - №38 (2738). - 1,4 გვ.

21 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამემამულეებისადმი მიმართვის გამო

▲ზევით დაბრუნება


საქართველოსთვის გადამწყვეტ ჟამს, ქართული მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დიდმა კერამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ყოველ ჩვენგანს მიმართა მნიშვნელოვანი წინადადებით და შეახსენა, თუ რა დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადარჩენისა და მისი აღმშენებლობის პროცესის სწორად წარმართვის საქმეში.

ეს მიმართვა გამოხატავს საქართველოს ამ სახელოვანი უმაღლესი სასწავლებლის იმედს ქვეყნის მომავალზე, ზრუნავს მის აწმყოზე, მოგვიწოდებს ერთიანობისა და გონივრული მოქმედებისაკენ, რათა ღირსეულად შევხვდეთ მესამე ათასწლეულს, გავხდეთ თანამებრძოლნი ქვეყნის გადარჩენაში, თანამოაზრეები მისთვის სასიკეთო საქმეთა აღსრულებაში.

თუ ჩვენ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა საქვეყნო ინტერესებს დავაყენებთ, თუ საზოგადოება გამთლიანდება ამ მიმართვის სულით, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს ყოველი მოქალაქე - ყველა ეროვნების წარმომადგენელი, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალაქი და სოფელი, ერი და ბერი, მაშინ, დარწმუნებული ვარ, საქართველო ოცდამეერთე საუკუნეში ერთიან, ძლიერ, მდიდარ, მაღალზნეობრივ, სიყვარულზე და სიკეთეზე დამყარებული ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანა იქნება.

ჩვენი ქვეყნის წარსული და მომავალი, ჩვენი დიდი წინაპრების აჩრდილები, ჩვენი ხალხის საუკუნოვანი მისწრაფებანი, მიზნები და იმედები სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს.

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამემამულეებისადმი მიმართვის გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 17 თებერვალი. - №39 (2739). - 1 გვ.

22 „სიყვარული უნდა მეფობდეს საქართველოში - ეს ქვეყანა ხომ სიყვარულისთვის, შრომისთვის, შემოქმედებისთვის, სიმღერისთვის, სილამაზისთვის არის შექმნილი“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
16 თებერვლის რადიოინტერვიუ

- საზოგადოების ყურადღების ცენტრში (და არა მარტო საქართველოში), რა თქმა უნდა, კვლავ 9 თებერვალს პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი, უფრო სწორად, სამხედრო ოპერაციაა. ამაზე ბევრი რამ ითქვა, და არა მარტო საქართველოში. იყო როგორც ცნობილი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეების უამრავი გამოხმაურება, ასევე, სხვათა შორის, თქვენს ფოსტაში მიღებული რიგითი მოქალაქეების - ამერიკელების, იაპონელების, ბრიტანელების, ჩეხების, გერმანელების, აბსოლუტურად უცნობი ადამიანების უაღრესად გულთბილი წერილები. როგორც შევიტყვეთ, ამ ტერორისტული აქტის რამდენიმე მონაწილე უკვე დაკავებულია. დამკვეთთა ვინაობაც, პრინციპში, ცნობილია. თქვენ, რასაკვირველია, ამ მხრივაც საქართველოში ყველაზე ინფორმირებული პიროვნება ბრძანდებით. ისიც გასაგებია, რომ ყველა ინფორმაციას ბოლომდე ვერ გაამჟღავნებთ ამ კონკრეტულ ეტაპზე. მაგრამ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის ამჟამად ცნობილია, მაინც რა გახდა იმის ძირითადი მიზეზი, რომ 9 თებერვალს, ფაქტობრივად, განხორციელდა ტერორისტული აქტი კი არა, არამედ რაღაცნაირი ცინიზმითა და თავხედობით გამორჩეული სამხედრო ოპერაცია... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული ორშაბათის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- ჩემი პასუხი შეიძლება ცოტა ზოგადი იყოს, მერე შევეცდები დავაკონკრეტო. უპირველესად მინდა შევნიშნო, რომ რაღაც საზარელი დამთხვევის შედეგად, ციფრი 9, რომელსაც ქართულ ცნობიერებაში, ქართულ ტრადიციაში მხოლოდ ნათელი, საკრალური მნიშვნელობა აქვს, - ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სამწუხაროდ, ახალ შინაარსს იძენს... 9 მარტი, 9 აპრილი, 9 თებერვალი, - ალბათ, ესეც გარკვეული ნიშანია, ესეც განგების, ასე ვთქვათ, ნებაა და მინიშნება იმისა, რომ რაღაც ძალა, კეთილშობილი, საქართველოს მფარველი ძალა ებრძვის ხოლმე მომხდურ ბოროტებას ამ დღეს და ჩვენც მოგვიწოდებს, უფრო მეტად მივაპყროთ თვალი ისტორიას, ჩვენს ტრადიციებს, მამა-პაპათა გამოცდილებას, ავსა და კარგს, რაც დამახასიათებელი იყო ჩვენი ცხოვრებისათვის, უფრო სწორად, ჩვენი ისტორიისათვის.

იმას, რაც 9 თებერვალს მოხდა, მე მოკლედ ასე დავახასიათებდი: ეს არის ბრძოლა ძველსა და ახალს შორის. ეს არის „მარად გუშინდელთა“ (მოგეხსენებათ, არსებობს ასეთი ტერმინი ევროპულ ლიტერატურაში) ბრძოლა იმ ძალებთან, რომლებიც ხვალინდელი საქართველოსათვის, ახალი საქართველოსათვის იღვწიან.

იცით, მე ამ ძალებში, პროგრესულ ძალებში, მხოლოდ პრეზიდენტის პარტიას, ჩემს მხარდამჭერებს როდი ვგულისხმობ, - ვგულისხმობ კონსტრუქციულ ოპოზიციასაც - განურჩევლად მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს, თუნდაც ძალიან მწვავედ და ზოგჯერ მწარედაც რომ აკრიტიკებენ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას, მაგრამ ის, რასაც 9 თებერვალს შევეჯახეთ, რამაც ქვეყნის სტაბილურობა ეჭვქვეშ დააყენა და ორი ანგელოზივით ჭაბუკის სიცოცხლე წაგლიჯა საქართველოს, - ეს სულ სხვა ძალაა, სულ სხვა მოვლენაა, რომლის სიბნელეს და დაუნდობლობას ყოველთვის როდი ვაცნობიერებთ. შეიძლება მეც ვერ ვაცნობიერებდე ზოგჯერ, ვინაიდან, მომიტევეთ, არსებობს ისეთი რამ, რაც ნორმალური ადამიანისათვის აბსოლუტურად გაუგებარი და დაუჯერებელია.

მე, თუ გახსოვთ, დიდ დარბაზში ჩვენს აქტივთან შეხვედრის დროს ვილაპარაკე იმ საფრთხეზე, რომელიც დაკავშირებულია ბოლშევიზმთან, ესე იგი, მემარცხენე საფრთხესთან, უფრო სწორად, რადიკალიზმის საფრთხესთან საქართველოში, და ყველა ქვეყანაში რადიკალიზმი საშიში მოვლენაა. მაგრამ მე ვთქვი ისიც, რომ არა მარტო მარცხნიდან შეიძლება იყოს რადიკალიზმი, მემარცხენე მოძრაობა, არამედ მემარჯვენე რადიკალიზმი, და ის, რომ ამ ტერორისტულ თუ სამხედრო ოპერაციაში ისევ და ისევ ეგრეთ წოდებული ზვიადისტების რომელიღაც ფრთამ გაიელვა და გამოჩნდნენ ისინი, იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ ეს რადიკალიზმია, რომელმაც ამდენი ტკივილი, ამდენი უბედურება მოუტანა საქართველოს, და კიდევ და კიდევ ეს საფრთხე რჩება.

XX საუკუნეს ზოგჯერ „ტერორის საუკუნეს“ უწოდებენ. სამწუხაროდ, ასეთი ბარბაროსული აქციები ბევრ ქვეყანაში განხორციელებულა და ამჯერადაც ხდება. განსაკუთრებით რეფორმების ეპოქაში, როდესაც იცვლება და ირყევა ის ძველი, ძირმომპალი საფუძველი, რომელსაც ეყრდნობოდა სახელმწიფო, საზოგადოება თუ საზოგადოებრივი ცნობიერება.

მახსენდება საფრანგეთის დიდი პრეზიდენტი, დიდი რეფორმატორი შარლ დე გოლი, რომლის წინააღმდეგ რამდენჯერმე განხორციელდა ტერორისტული აქტი.

ერთი მათგანი (ერთ-ერთი ასეთი დივერსიული აქცია) გაჭრილი ვაშლივით ჰგავს იმას, რაც თბილისში მოხდა 9 თებერვალს, - ტერორისტები პარიზის ცენტრში თავს დაესხნენ პრეზიდენტის ესკორტს. საბედნიეროდ, მაშინ დე გოლი გადარჩა, თორემ არავინ უწყის (ამას თვით ფრანგები აღიარებენ), როგორ განვითარდებოდა მოვლენები ამ ქვეყანაში. ჩვენს თვალწინვე ტერორისტმა სიცოცხლეს გამოასალმა ისრაელის დიდი შვილი, თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დიდი მებრძოლი და მეომარი იცხაკ რაბინი. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბობოქრობს აღშფოთების საკაცობრიო ტალღა, მაინც ვერ ხერხდება ამგვარი საზარელი ექსცესების გამორიცხვა. მით უმეტეს, შეუძლებელი იქნებოდა ეს ჩვენს პირობებში, რადგან სულ ახლახან გამოვედით სრული ქაოსისა და ნგრევის ფაზიდან და უმალვე დავადექით გზას, რომელიც, სამწუხაროდ და სავალალოდ, მიუღებელი გზაა ქართული საზოგადოების ძველი (ასე ვთქვათ) კომპლექსებით დაავადებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისათვის. რა თქმა უნდა, იგი არ არის უმრავლესობა, შეიძლება იყო 5-10 პროცენტის ფარგლებში, მაგრამ ეს ფენა განსაკუთრებით აგრესიულია, განსაკუთრებით აქტიურია, დაუნდობელია, განსაკუთრებით შეურიგებელია, ფანატიკური სიძულვილით არის შეპყრობილი და მასთან, როგორც იტყვიან, არაფერი ჭრის - არც მიტევება, არც პატიება, არც ამნისტია, არც შერიგებისათვის მოწოდება.

აქვე მინდა კიდევ ერთ ასპექტს გავუსვა ხაზი: ჩვენი რეგიონი - კავკასია უკვე მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, საქართველოს ლიდერთან, ისევე, როგორც სხვა კავკასიელ ლიდერებთან, ძალიან ბევრი რამაა დაკავშირებული. ჩვენ ერთობლივად ვქმნით კავკასიისა და საქართველოს ახალ ფუნქციას. რატომ მოუწყვეს შეთქმულება ჰეიდარ ალიევს და თანაც არაერთხელ? ესეც დამაფიქრებელია. აქ უამრავი ფაქტორია: ნავთობსადენები, გაზსადენები, სხვა სახეობის კომუნიკაციები, კავკასიურ სახელმწიფოთა თვალსაჩინო ეკონომიკური პოტენციალი და სხვა. ამდენად, ბუნებრივია, თუ აღმოვჩნდით როგორც ჩვენი მეგობრების, კეთილმოსურნეების, ასევე, ავისმზრახველთა ყურადღების ცენტრში.

მაგრამ, მიუხედავად სიტუაციის დრამატიზმისა, ისტორიულად ყოველთვის ასე ხდებოდა - ქვეყანა გამოდიოდა განსაცდელიდან კიდევ უფრო შეკრული, მობილიზებული, რწმენით აღვსილი. ასე იყო 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის შემდეგ. ეს თქვენ კარგად გახსოვთ, ამჯერადაც, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს, ტერორისტები დაისჯებიან. დაისჯებიან კანონის შესაბამისად, კანონის მთელი სიმკაცრით.

მოგეხსენებათ, წინა ტერაქტის ზოგიერთი, ასე ვთქვათ, „გმირი“ უკვე ზის განსასჯელის სკამზე, იმათ გარდა, ვინც მეზობელმა ქვეყანამ შეიფარა. არც 9 თებერვლის საზარელი, სისხლიანი დანაშაულის ორგანიზატორებსა და დამნაშავეებს ასცდებათ სამართლიანი სასჯელი. ჩემი აზრით, სწორად მოვიქეცი, როდესაც არ ავყევი ემოციას (არა მხოლოდ და არა იმდენად ჩემს ემოციას ვგულისხმობ) და ნდობა გამოვუცხადე საქართველოს სამართალდამცავ ორგანოთა ხელმძღვანელებს - უშიშროების, შინაგან საქმეთა მინისტრებს, გენერალურ პროკურორს, დაზვერვას.

- რაც შეეხება სამართალდამცველებს, იმთავითვე ძალიან მძიმე იყო რეაქცია და დამოკიდებულება მათ მიმართ, ვგულისხმობ როგორც საზოგადოების, ისე, განსაკუთრებით, პარლამენტართა, დამოკიდებულებას. იყო გაღიზიანება იმის გამო, რომ ამ ფაქტის შესახებ ისინი არ იყვნენ ინფორმირებული, წინასწარ არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდათ და, ფაქტობრივად, ტერორისტული აქტის - სამხედრო ოპერაციის დროს თქვენი პირადი დაცვა მარტოდმარტო აღმოჩნდა ტერორისტთა წინააღმდეგ გარკვეული, დიდი პერიოდის განმავლობაში და მარტოდმარტომ მიიღო ეს დარტყმაც. რაც შეეხება ზოგადად იმის შესახებ საუბარს, რომ შეიძლებოდა ტერორისტული აქტი განხორციელებულიყო პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამ ბოლო ხანს კავკასიაში მიმდინარე პროცესებს თუ გადავხედავთ, ყველა ნორმალური ადამიანი შეიძლებოდა მისულიყო ამ ლოგიკურ დასკვნამდე. კონკრეტიზაცია არ მომხდარა. ასეთი იყო საზოგადოებისა და, ვიმეორებ, განსაკუთრებით, პარლამენტართა დამოკიდებულება.

- მე კარგად მესმის კოლეგების, რომლებიც აღშფოთებას ვერ მალავდნენ მთელი იმ ღამის განმავლობაში, შემდეგ მეორე დღეს გაგრძელდა ეს დებატები და საზოგადოების წევრთა უმრავლესობაშიც სწორედ ასეთი განწყობილება იყო: თუ პრეზიდენტია დაუცველი, მაშინ ქვეყანაც დაუცველია და მოქალაქეებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთო. მე, როცა ეს უწყებები ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, დაცვასაც ვგულისხმობ. ეს დაცვა რომ არ ყოფილიყო, მაშინ ზედმეტი იქნებოდა ლაპარაკი სიცოცხლის შენარჩუნებასა და გადარჩენაზე. მაგრამ, ამავე დროს, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე დღის დაძაბული, უძილო ღამეების, ქედჩაუხრელი მუშაობის შედეგად, მათ შეძლეს 9 თებერვლის დანაშაულის ფაქტობრივი გახსნა. როგორც ზემოთ ვთქვი, რამდენიმე, ეგრეთ წოდებული „გმირი“ უკვე დაკავებულია, მათ შორის, მთავარი მოქმედი პირები. ამოღებულია ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი, დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებანი და ა.შ. ალბათ, ძალიან სასურველია, ტელევიზიამ აჩვენოს ეს. თუ არ უჩვენებია (შეიძლება კიდევაც იყო ნაჩვენები), ყველაფერი უნდა ვაჩვენოთ, ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს.

დამნაშავეთა გვარებს, რა თქმა უნდა, ახლა არ ვასახელებ, ალბათ, ეს იმ ადამიანებმა უნდა გააკეთონ, ვისაც გამოძიება და ოპერატიული მუშაობა ევალება. მხოლოდ ერთს ვიტყვი უდიდესი გულისტკივილით: ეს ისევ ის ხალხია, ვინც ჩვენ არაერთხელ შევიწყალეთ; ვისაც არაერთგზის ვაპატიეთ, მაგრამ მაინც არ მოეშვნენ მუხთლობას, ვინც ზურგში დანა ჩაგვცა აფხაზეთის ომის დროს, ვინც უკვე რამდენიმე წელია იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად და ამ მიზნით თვით ქვეყნის უბოროტეს მტერთან ალიანსსაც არ ერიდება - სხვისი ფულით, სხვისი იარაღით და სხვისი ჭკუით.

მათ ამჯერადაც განზრახული ჰქონდათ ქვეყანაში ქაოსის, არასტაბილურობის, ანგარიშსწორების ატმოსფეროს დამკვიდრება - სიძულვილის გამეფება საქართველოში. მე ჩემთვის გამოვთვალე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია და მე არა მაქვს უფლება ჩემი ფიქრები ახლა საჯაროდ გამოვაცხადო. იქნებ, მოვიდეს დრო და გაირკვეს - რა უნდა მომხდარიყო, რა უნდა ყოფილიყო, რისი იმედი ჰქონდათ და ვისი იმედი ჰქონდათ, ბოლოს და ბოლოს, თუკი პრეზიდენტი ამ ქვეყნიდან წავიდოდა. მაგრამ ყველა ორგულისა და ბოღმიანი ცვედანის გულის გასახეთქად - არც პრეზიდენტი შედრკა, არც პარლამენტი და არც ჩვენი ხალხი.

გულგატეხილობის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ქვეყნის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. კიდევ უფრო დაჩქარდება რეფორმები, უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა კონსტრუქციულ ძალასთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მთელი მსოფლიო, ყველა კეთილი ნების ადამიანი ჩვენთანაა. თქვენს შეკითხვაში ეს აზრი გამოსჭვიოდა. და ეს მართლაც ასეა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა ყველას - სახელმწიფოთა მეთაურებს, პოლიტიკოსებს, უბრალოდ, კეთილ ადამიანებს - ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა, თუნდაც მხოლოდ სიტყვით, დეპეშით, მაგრამ რა შეიძლება იყოს კეთილ სიტყვაზე უფრო ძლიერი? საოცარია ეს - პოლიტიკოსი რომ პოლიტიკოსს უთანაგრძნობს, ეს გასაგებია, მაგრამ რა ამოძრავებს ათასობით ადამიანს, რომლებიც ამ სადღაც გადაკარგულ პატარა ქვეყანაში რა ხდება, ყველაფერს ყურადღებას აქცევს და, როგორც გითხარით, ათასობით დეპეშასა და წერილს გზავნის.

- სხვათა შორის, ჟურნალისტთა წერილებიც იყო. ალბათ, ზოგიერთი მათგანი მოდის თქვენთან ინტერვიუს ჩამოსართმევად, არის თქვენთან ნამყოფი და უშუალოდ შეგხვედრიათ. ამ ადამიანების საინტერესო ხელმოწერები იყო, პირდაპირ აწერდნენ სახელებს, განსაკუთრებით ამერიკელებისა: თქვენი მეგობარი... და მარტო სახელი.

- ბევრია ასეთი და თუ ახლა არ მოიცლით, ალბათ, ისტორიას გამოადგება ანალიზისათვის.

ჩვენ მართალი ვართ ღმერთის, ხალხისა და საკუთარი სინდისის წინაშე. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ:

როგორც პრეზიდენტი, რადაც უნდა დამიჯდეს, არ დავუშვებ ქვეყანაში იჭვნეულობის, „კუდიანებზე ნადირობის“, დევნის ატმოსფეროს დამკვიდრებას. არც ერთი უდანაშაულო არ უნდა დაისაჯოს მხოლოდ რწმენის, მხოლოდ პოლიტიკური პოზიციისათვის. აუცილებლად გაგრძელდება ეროვნული შერიგების პროცესი - ჩვენ ვურიგდებით და კვლავაც შევურიგდებით ყველას, ვისაც სურს შერიგება. სხვათა შორის, ეს ეხება აფხაზებსაც, ოსებსაც. თქვენ ამჩნევთ, რომ ამ ბოლო დროს გამოიკვეთა რაღაც გარკვეული ტენდენცია. მე ამ ტენდენციას და ყველა შერიგების მსურველს მივესალმები. სხვა რაღა ვთქვა? ცალმხრივად შერიგება?! შერიგება ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, ცალმხრივად შერიგება არ შეიძლება, ეს ორმხრივი პროცესია.

ერთხელ კიდევ მოვუწოდებ ყველას სიმშვიდის, თანადგომისა და სიყვარულისათვის, სიყვარული უნდა მეფობდეს საქართველოში - ეს ქვეყანა ხომ სიყვარულისთვის, შრომისთვის, შემოქმედებისთვის, სიმღერისთვის, სილამაზისთვის არის შექმნილი. შეუთავსებელია სიძულვილი, ზიზღი, ბოღმა საქართველოსთან. საქართველოში მხოლოდ სიყვარული და სიკეთე გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, ვერ იზეიმებს ბოროტება ჩვენს ქვეყანაში, რადგან იმდენი წლები და იმდენი უბედურება გადავიტანეთ, რომ, ვფიქრობ, ყველა თაობამ გამოიტანა დასკვნები და ამ მადლიან მიწაზე ბოროტებას გაცილებით ნაკლები ძალა აქვს, ვიდრე სიკეთეს, მით უმეტეს ახლა.

ჩვენი პარტნიორების, თანამემამულეებისა და უცხოელი ინვესტორების საყურადღებოდ მინდა განვაცხადო: 9 თებერვლის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო სტაბილური, მდგრადი, საიმედო ქვეყანაა. წინასწარი გამოკვლევები ადასტურებს, რომ დღეს პრეზიდენტის კურსს მოსახლეობის 88 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. ეს არის ჩვენი სტაბილურობის, საიმედო პარტნიორობის გარანტია, მინდა ეს ყველა პარტნიორმა იცოდეს.

ნავთობსადენების, გაზსადენების, ტვირთზიდვის, მგზავრთა და ტურისტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფების გადაყვანის საკითხს, დაწყებულ საქმეს და შედგენილ პროექტებს ვეღარაფერი შეაჩერებს, ვეღარაფერი შეაფერხებს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ქვეყანასთან, ყველა კომპანიასთან და უსაფრთხოების გარანტიებიც მივცეთ ყველას მთელი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით. დარწმუნებული ვარ, ასეთ მიდგომაში აფხაზებიც და ოსებიც ჩვენთან არიან, რადგანაც ეს ყველაფერი მათს ინტერესებსაც შეესაბამება. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას (მე ამ თემას ძალიან მოკლედ გამოვყოფდი), ჩვენ კვ209

ლავ პრინციპულ პოზიციას ვადგავართ და კვლავაც დავრჩებით. ჩვენს, დიდ მეზობელს საჯაროდ ვეუბნებით: ვითანამშრომლოთ, ვიმეზობლოთ, აღვადგინოთ უკეთესი ტრადიციები, რაიც ჩვენი ხალხებისათვის საუკუნეთა განმავლობაში იყო დამახასიათებელი, უკუვაგდოთ ძველი და დრომოჭმული უსამართლო, ათწლეულებმა რომ დაგვიტოვეს. ჩვენ შეგვიძლია მეგობრობა, მაგრამ მეგობრობა თანასწორთან ურთიერთობაა. მხოლოდ ამ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული თქვენი ინტერესები კავკასიაშიც და, ალბათ, სხვა რეგიონებშიც. დარწმუნებული ვარ, სხვა ლიდერებიც ასე იტყვიან. ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნების არასტაბილურობას ესწრაფვიან, თავშესაფარს თქვენთან ვერ უნდა პოულობდნენ.

ამ თემაზე მე მეტად აღარ შევჩერდები.

- მიუხედავად იმისა, რაც 9 თებერვალს მოხდა, მეორე დღიდანვე, ფაქტობრივად, ქვეყანამ, მისმა უმაღლესმა ხელისუფლებამ ნორმალურად განაგრძო ფუნქციონირება. გასულ კვირას გაიმართა საინვესტიციო საბჭოს სხდომა, ვგულისხმობ შეხვედრებს, მოლაპარაკებას...

- საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც ჩემი თავმჯდომარეობით გაიმართა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რაოდენ დიდი პერსპექტივა ისახება საქართველოს წინაშე. ჩვენ ორი-სამი წლის წინათ თითო-ოროლა პროექტზე თუ შეგვეძლო ლაპარაკი. დღეს უკვე სულ სხვა ხარისხი და დონეა.

რა თქმა უნდა, არცთუ შემთხვევითი იყო სწორედ ამ დღეეში ნავთობის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიის პრეზიდენტის დევიდ პრიჩარდის სტუმრობა საქართველოში. ეს გარკვეულ დემონსტრაციადაც კი შეიძლება აღვიქვათ. თავის მხრივ, საქართველო მზად არის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კვლავაც ითანამშრომლოს კომპანიასთან კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების საკითხებში. ბოლოდროინდელ მოვლენათა მიუხედავად, თანამშრომლობის განვითარება არ შეფერხდება და დიდი ნავთობის „დასავლეთის“ მარშრუტი კვლავაც ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად დარჩება (მე ამაში დარწმუნებული ვარ), რასაც სხვა უპირატესობებთან ერთად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უზარმაზარი გასაღების ბაზარიც განაპირობებს. მე მხედველობაში მაქვს, ასევე, თურქეთის უზარმაზარი ბაზარი და, ალბათ, დაუშვებელი უსამართლობა იქნებოდა, რომ თურქეთის ბაზარი არ იყოს გათვალისწინებული.

რაც შეეხება საკუთრივ საინვესტიციო პროექტებს, ამჟამად რამდენიმე ასეთი პროექტი უკვე გამოვიდა განხილვის სტადიიდან. იწყება მათი რეალური განხორციელება, მხოლოდ იაპონური გრანტებით შექმნილი მცირე საწარმოები 8 ათასამდე კაცს დაასაქმებენ საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის ყველა მხარეში.

სასურსათო უზრუნველყოფის სტრუქტურული პროგრამა, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, ოთხწლიანი პერიოდისათვის იყო გამიზნული და საერთო ანგარიშით 60 მილიონი ეკიუს ინვესტირებას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ნაწილი ხელფასებსა და პენსიებზე დაიხარჯა იმის გამო, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი არ შესრულდა. ეს პროექტი უკვე ხორციელდება. და არის კონკრეტული რაიონები, სოფლები, სადაც უკვე ფაქტობრივი შედეგებია მიღწეული. კვლავინდებურად აქტუალურია დედაქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის და სხვა მუნიციპალური პროგრამები, ძალიან სერიოზული ინვესტიციებია ენერგეტიკის სფეროში, რომელთაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. აქვე განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მსოფლიო ბანკის „კულტურული მემკვიდრეობისა და ინოვაციის შესახებ“ პროექტის მნიშვნელობა. ჩვენ ეს გუშინ ძალიან დეტალურად განვიხილეთ. შეიძლება ითქვას, ეს უპრეცედენტო აქციაა მსოფლიო ბანკის მხრივ. იგი სწორედ საქართველოსათვის, ქართული კულტურის დასახმარებლად განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ საქმეში იმთავითვე ჩაერთო ევროპის საბჭო, რაც ფინანსურ დახმარებასთან ერთად ჩვენთვის პოლიტიკურ მხარდაჭერასაც ნიშნავს. გუშინ ამ სხდომაზე ვთქვი, რომ აქ არა მარტო ძეგლების გადარჩენაზე, არამედ კულტურის სხვა მიმართულებათა, ვთქვათ, ისეთ უნიკალურ მიმართულებათა გადარჩენაზეა ლაპარაკი, რომელთაც მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება. მაგრამ, ამავე დროს ლაპარაკია პროფესიათა გადარჩენაზე. ეს გახლავთ ცნობილი რესტავრატორების სკოლა (რომელიც ჩემს დროს, ძველ დროში შეიქმნა), სადაც მოვამზადეთ უმაღლესი რანგის, უმაღლესი პროფესიის რესტავრატორები, არქიტექტორები, დამპროექტებლები, სხვები და სხვები. გაჩნდა წყარო, რომ ამ ხალხმა იმუშაოს და ხელფასი მიიღოს.

ყველა ეს პროექტი, შეთანხმება იმდენად არის რადიომსმენელისათვის, ჩვენი საზოგადოებისათვის საინტერესო, რამდენადაც უდავოდ გულისხმობს და განაპირობებს ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტაბილურობისათვის საჭირო საფუძვლის შექმნას. აქ წვრილმანი საკითხი არ არსებობს. ყველაფერი მნიშვნელოვანია - დაწყებული მცირე საწარმოთი, სადაც თუნდაც სამი-ოთხი ადამიანი მუშაობს და გრანდიოზული ნავთობსადენით დამთავრებული. ერთობლიობაში კი გრძელდება პროცესი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა უნდა განამტკიცოს. რაც უნდა ეცადოს მავანი, ამ პროცესს ვერ შეაფერხებს. მეზობელ ქვეყანაში მოარულ გამოთქმას მოვიშველიებ - ისე ვერ იხილავს დესტაბილიზაციას საქართველოში, როგორც საკუთარ ყურებს. ქართული რეფორმაცია გაგრძელდება და წარმატებით დაგვირგვინდება.

და ბოლოს, მინდა გულისტკივილი და შეშფოთება გამოვთქვა სტიქიური მოვლენების გამო, რომელთა შედეგად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ფოთში რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები.

რას ვიზამთ, ეს სტიქიაა და მის წინაშე ხშირად უძლურნი ვართ, თუმცა ყველაფერს ვიღონებთ დაზარალებულთა დასახმარებლად და გადასარჩენად.

საქინფორმი.

„სიყვარული უნდა მეფობდეს საქართველოში - ეს ქვეყანა ხომ სიყვარულისთვის, შრომისთვის, შემოქმედებისთვის, სიმღერისთვის, სილამაზისთვის არის შექმნილი“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 16 თებერვლის რადიოინტერვიუ / ე. შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 17 თებერვალი. - №39 (2739). - 1,2 გვ.

23 საქართველოს მშენებლობას ვერანაირი ძალა ვერ შეაფერხებს

▲ზევით დაბრუნება


20 თებერვალს სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე მოღვაწეთათვის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც გამოეხმაურა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

- ჩვენი ისტორია გვაფრთხილებს: ხალხმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც გადაწყვიტეს დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობა, სიფხიზლე არასოდეს არ უნდა მოადუნონ. მე არ ვარ ის კაცი, რომელსაც დღე და ღამე მტერი ელანდება. პირიქით, მინდა მტერშიც დავინახო სიკეთის პატარა ნაპერწკალი, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს მტრები შიგნითაც ჰყავს და გარეთაც. და, თუ შიგნით ისინი უკვე დიდ ძალას აღარ წარმოადგენენ, ქვეყნის გარეთ ეს საკმაოდ დიდი ძალაა. ამიტომაც ვაფასებ განსაკუთრებულად, რომ ჩვენი გენი კვლავაც მოქმედებს და გვაძლევს სტიმულს იმისათვის, რომ მივბაძოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, რომლებმაც საქართველო არაერთხელ ააღორძინეს ფერფლიდან და სამშობლოს წინაშე ვალი მოიხადეს. არც ისე დიდი დროა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ დავდგეთ ფეხზე.

ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამ ბოლო წლებში ჩვენი მტრების ყველა მცდელობამ, ზიანი მოეტანათ საქართველოსთვის, საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა. ის, ვინც ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი გააჩაღა, ღმერთმა დასაჯა. იმ ომმა დაგვანგრია, მაგრამ მიწასთან ვერ გაგვასწორა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა. შემდეგაც მრავალი ასეთი მცდელობა იყო გარედანაც და შიგნიდანაც. სწორედ კონსტიტუციის ხელმოწერის დროს გაისმა აფეთქების ხმა. ეს იყო საქართველოს მტრების კიდევ ერთი გამოხმაურება, რომელიც არ შერჩათ და არც შერჩებათ, რადგანაც ეს არ არის ერთი კაცის მტრობა. ეს ქვეყნის წინაშე მუხანათობაა. იგივე მოხდა ახლაც, 9 თებერვალს. მართალია, დღეს სხვა საქართველოა, ვიდრე 1995 წლის 29 აგვისტოს, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ არა ვართ ისე ძლიერნი, რომ თუნდაც იმ ერთი კაცის წასვლამ მძიმე კვალი არ დატოვოს. ცოტა ხანი კიდევ გვინდა. სწორედ ამიტომ ჩქარობენ.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ძალა ქვეყნის შიგნით მცირეა, მაგრამ ძალიან აქტიური, აგრესიული და დაუნდობელი. მისი შეფასებით, 9 თებერვალს განხორცილდა არა ტერაქტი, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია. რა მოუტანა ამან საქართველოს? პატარა ქვეყანამ, რომელიც ურთულეს პირობებში დაადგა თავისუფლებისა და დემოკრატიის გზას, კიდევ ერთხელ გაიელვა მსოფლიოს ცაზე. მსოფლიომ დაგვიფასა, რომ ჩვენ ცდუნებას არ ავყევით და სწორედ ეს გზა ავირჩიეთ. პირველი ტერაქტის შემდეგ და, განსაკუთრებით, ახლა, მთელი მსოფლიო შეძრულია არა იმიტომ, რომ უსაქართველოდ პლანეტა დაიღუპება, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა მიდის სამართლიანობის, დემოკრატიის, ჰუმანური საზოგადოების მშენებლობის გზით და მსოფლიოს უნდა, რომ ჩვენი ეს ბრძოლა წარმატებით დამთავრდეს.

ამიტომაც 9 თებერვლის ტერაქტის შემდეგ პლანეტის ყველა სერიოზული სახელმწიფოდან მოვიდა თანადგომისა და მხარდაჭერის სიგნალი, რაც, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, უზარმაზარი მხარდაჭერაა.

- ის, რაც ზუგდიდში მოხდა, 9 თებერვლის ტერაქტის გაგრძელებაა. ასე შეაფასა ეს ფაქტი მთელმა მსოფლიომ.

ანგარიში როგორია?

თუ 9 თებერვალი მათთვის წარმატებით დამთავრდებოდა, დაიწყებოდა ისევ სამოქალაქო ომი, არეულობა, გამოიკვეთებოდა ზოგიერთთა ამბიციები ხელისუფლებაში მოსვლისა და საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის. ზუგდიდში განხორციელებული აქცია ამის უბადრუკი მცდელობა იყო, რადგან, მის შემსრულებლებს იმედი ჰქონდათ, რომ სამეგრელო დაუდგებოდათ გვერდზე. არაერთხელ მითქვამს: არ განმეორდება ის, რაც მოხდა. ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ სამეგრელოში გვქონდა, ხელისუფლების პრობლემები იყო და არა ამ უძვირფასესი, ჩვენი მართლაც თვალმარგალიტი კუთხის მცხოვრები ხალხისა. ერთი მუჭა ბოროტმოქმედები, რომლებმაც ხელი აღმართეს უცხოელ დამკვირვებლებსა და მშვიდობიან ოჯახზე, ვარაუდობდნენ, რომ აღდგებოდა მთელი სამეგრელო, დაიწყებოდა სამოქალაქო ომი. სამეგრელო მართლაც დადგა ფეხზე, მაგრამ დადგა ქვეყნისა და პრეზიდენტის დასაცავად. აი, ამიტომაც ყოველთვის მწამდა, რომ თუ ჩვენ მართალი ვიქნებით ჩვენი ხალხის წინაშე, საქართველოში იქნება ეს, თუ ნებისმიერ სხვა კუთხეში, ჩვენ გვექნება ჩვენი მოქალაქეების მუდმივი მხარდაჭერა და სიყვარული, მიუხედავად იმისა, ქართველია, სომეხია, აზერბაიჯანელი, რუსი, აფხაზი, ოსი თუ სხვა ეროვნების. სხვათა შორის, 9 თებერვალს შეეხმიანენ მოაზროვნე ადამიანები აფხაზეთიდან, ოსეთიდან. მწამს, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვიცხოვრებთ. ყველა რეგიონის ხალხის მიმართ სულგრძელი, ადამიანური, ბრძნული დამოკიდებულება არის ის საფუძველი, რომელზეც აშენდება ახალი, დამოუკიდებელი საქართველო, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდით. ეს ოცნება უკვე რეალობაა, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

- ყველას გვსურს, რომ ეს ოპერაცია ნორმალურად დამთავრდეს, არავინ დაიღუპოს, გაეროს დამკვირვებლები ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ ჩვენს საქმეს, ქართველთა და აფხაზთა შერიგების საქმეს ემსახურონ. ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, მაგრამ არ ვაპირებთ უარის თქმას ძირითად პრინციპებზე.

მსურს მივმართო მათ, ვინც ეს ჩაიდინა - მათ შორის, არიან ისინიც, ვინც 9 თებერვლის თავდასხმაში მონაწილეობდა. საქართველოში, როგორც ვთქვი, ჩარხი უკუღმა აღარ დატრიალდება. მსოფლიოს საზოგადოებრიობა კვლავ საქართველოს გვერდით დადგა. ამიტომ, უნდა გაიგონ, რომ საქართველოს მტრობა არ დამთავრდება მათთვის კარგი შედეგით. ყოველი ასეთი აქცია საქართველოს წინააღმდეგ კიდევ უფრო შეაკავშირებს ჩვენს ხალხს. ვერავინ შეაფერხებს დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.

საქართველოს მშენებლობას ვერანაირი ძალა ვერ შეაფერხებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 21 თებერვალი. - №43 (2743). - 1,2 გვ.

24 „საქართველოს ინტერესები განუყოფელია მსოფლიო საზოგადოებრიობის ინტერესებისაგან - ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის მორალური, ზნეობრივი კოდექსი საკაცობრიო ღირებულებათა, კაცობრიობის ეთიკური სისტემის ნაწილია“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
23 თებერვლის რადიოინტერვიუ

- დღევანდელ ინტერვიუს, რა თქმა უნდა, 19 თებერვალს ზუგდიდში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ საუბრით დავიწყებთ, რომელიც 9 თებერვლის ტერორისტული აქტის გაგრძელებად მიიჩნევა. ამჯერად, ტერორისტებმა გაეროს მეთვალყურეებზე აღმართეს ხელი. ჩვენი მოსახლეობა ყოველდღიურად ადევნებს თვალს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ჩვენმა რადიომსმენელებმა იციან, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ, ეუთომ თავიანთ განცხადებებში დაგმეს ეს ფაქტი და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს მძევალთა უსაფრთხოებისათვის, მათი განთავისუფლებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში მცხოვრებ ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდა ფრთხილად იყვნენ. პრინციპში, მხოლოდ ოფიციალური მოსკოვი დუმს, თუ არ ჩავთვლით იმ კარგად აწყობილ საინფორმაციო პოლიტიკას, რომელიც ხშირად იგრძნობოდა ტელეგადაცემებში. ისევ წამოიწია ეგრეთ წოდებულმა „მეგრულმა“ თემამ, თანაც ძალიან უხეშად და მარტივად გაკეთებულმა, კვლავ და კვლავ, რასაკვირველია, სპეკულაციის მიზნით. და, რაც მთავარია, თავად სამეგრელოში, ზუგდიდში სიმშვიდეა, მოსახლეობა არ აჰყვა ამ პროვოკაციას. და კიდევ, ამასთან დაკავშირებით მთავრობის გუშინდელი განცხადება ტერორისტების მიმართ ზედმეტ ლოიალობად ხომ არ აღიქმება? თქვენ დიალოგის შესახებ საუბრობდით და ვისთან უნდა გაიმართოს ეს დიალოგი? ის პიროვნებანი, როგორც ცნობილია, საქართველოში არ ჩამოდიან და არც უახლოეს მომავალში აპირებენ ჩამოსვლას... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- უპირველეს ყოვლისა, უნდა განვაცხადო, რომ 9 თებერვლის ტერორისტულმა აქტმა, ისევე, როგორც საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთა დატყვევებამ (ეს, რასაკვირველია, მოვლენათა ერთი ჯაჭვია), ვერ შეარყია საქართველოს სახელმწიფოებრივი სისტემა და ვერ მოშალა სახელმწიფოებრივი მექანიზმი.

ყველა სტრუქტურა ნორმალურად ფუნქციონირებს. ვითარება ზუგდიდის რაიონში ადგილობრივი და ცენტრალური სამართალდამცავი ორგანოების სრულ კონტროლს ექვემდებარება. არის სათანადო რეზერვებიც, თუ მეორე მხრიდან რაიმე მოხდა. იქ ძირითადად ადგილობრივი ძალებია ჩართული, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამინისტროს რამდენიმე სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფიც გაიგზავნა ადგილზე. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ასეთ დროს, მზად არიან თავდაცვის სამინისტროს და სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტის შესაბამისი ქვედანაყოფები.

ამდენად, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ფართომასშტაბიანი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, რომლის პირველი „აქტი“ 9 თებერვალს უნდა განხორციელებულიყო, ჩაიშალა და კრახით დასრულდა. ჩაიშალა (ვიმეორებ) ღვთის ნებით და იმ სულმნათი ჭაბუკების ვაჟკაცობით, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს, და იმ ადამიანების თანადგომით, რომლებიც გვერდით დაუდგნენ პრეზიდენტს მძიმე განსაცდელის ჟამს. თბილისის ტერორისტული აქტით, ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უცხოელ მეთვალყურეთა მძევლად აყვანით, ეგრეთ წოდებულმა „ზვიადისტებმა“ მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში კი საქართველოს უჩვენეს, რასაც წარმოადგენენ სინამდვილეში, როგორც იტყვიან, ყველგან საბოლოოდ მოიჭრეს თავი, ყველას დაუმტკიცეს, რომ არავითარი განსხვავება არ არის საქართველოში თავის დროზე მოთარეშე ბანდებსა (რომლებმაც 1995 წლის აგვისტოს ტერორისტული აქტი განახორციელეს) და ექსპრეზიდენტის დღევანდელ მომხრეთა შორის, რომლებიც ასეთი ფორმით გამოხატავდნენ თავიანთ რწმენას.

რა თქმა უნდა, ამ ფართომასშტაბიან გეგმას სხვადასხვა ვარიაცია ჰქონდა. სწორედ ერთ-ერთი მათგანის განხორციელება სცადეს სამეგრელოში. ჩანაფიქრი მზაკვრულია, მაგრამ არცთუ გონებამახვილური. ეტყობა, უკვე ძალზე პრიმიტიული სპეცსამსახურები ჰყავთ, თუ ფიქრობენ, რომ სამეგრელოში, ან საქართველოს რომელიმე კუთხეში, რომელიმე რეგიონში ამ გზით, ამ ხერხით შეძლებენ ქვეყნისათვის პრობლემის შექმნას. თუმცა, რაკი სხვა გზა, სხვა საშუალება აღარ დარჩათ „მართვადი ქაოსის“ მექანიზმების ასამოქმედებლად (მე კვლავ და კვლავ ვუბრუნდები ამ საზარელ დოქტრინას, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა ჩვენს ერსა და ჩვენს ქვეყანას), ესეც სცადეს, სამეგრელოშიც სცადეს წყლის ამღვრევა. არაფერი გამოუვათ, აქაც სრული კრახი ელით.

ამდენად, დაბეჯითებით ვთხოვ ზოგიერთს, ვინც ახლა ბევრს ლაპარაკობს ამ თემაზე, ნუ გადაიქცევა უსულო და ბრმა საყვირად მტრის ხელში. ეს პროვოკაცია ამაზეც არის გათვლილი. იგი იმ ადამიანთა შესაძლო რეაქციასაც ითვალისწინებდა, რომლებსაც ოღონდ ხელისუფლების საწინააღმდეგო არგუმენტი ჩააწვეთე და ქვეყნის უზენაეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც არად დაგიდევთ.

ბევრ მათგანს სამეგრელოსთან საერთოდ არაფერი აკავშირებს - არც კი იცის, ვინ არის გიორგი ჭყონდიდელი, არც დუტუ მეგრელის პატარა შედევრი უსწავლია ბავშვობაში და ახლა ჩვენ გვარიგებს ჭკუას, ჩვენ გვასწავლის, რა არის სამეგრელო.

მომიტევეთ, მაგრამ მე ეს მათზე გაცილებით უკეთ ვიცი და არაერთხელ მითქვამს: სამეგრელო არის ქართველთა ერთიანობის ხერხემალი, სამეგრელოა ჩვენი სამშობლოს ძლიერების, რწმენის ქვაკუთხედი, ჩვენი თვალის სინათლე და ჩვენი სიამაყე. რა თქმა უნდა, მე ასეთ სიტყვებს მოვძებნი ყველა მხარის მიმართ, რადგან ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მიწა-წყალია და ჩვენი სიყვარულია.

რამდენიმე დღის წინათ ვთქვი (თუმცა, არც ამის თქმა იყო ადვილი), რომ ის, რაც რამდენიმე წლის წინათ მოხდა სამეგრელოში, უფრო ხელისუფლების პრობლემა იყო და არა ამ მართლაც ღვთივკურთხეული მხარისა, სადაც იშვა „ქართველთა ღვთაებრივი ერთობის“ კეთილშობილური რწმენა და იდეა.

ასე რომ, ტყუილად აღრჭიალებენ ახლა კბილებს ზოგიერთ ქვეყანაში და ტყუილად ადევნებენ გაფაციცებით თვალს, თუ რა მოხდება სამეგრელოში. უეჭველად გაუცრუვდებათ ეს იმედიც.

რაც შეეხება იმ ჯგუფს, რომელიც ახლა უმწეო ადამიანთა ზურგს უკან იმალება (მხედველობაში მყავს ჯიხაშკარში მყოფი ჯგუფი), მათ უნდა გაიცნობიერონ, რომ გარიყული აღმოჩნდნენ როგორც ქართველი, ისე მსოფლიო საზოგადოებისაგან. საქართველოს ინტერესები განუყოფელია მსოფლიო საზოგადოებრიობის ინტერესებისაგან - ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის მორალური, ზნეობრივი კოდექსი საკაცობრიო ღირებულებათა, კაცობრიობის ეთიკური სისტემის ნაწილია. ამდენად, ბუნებრივია, რომ მსოფლიოს რეაქცია ამ მოვლენაზე აბსოლუტურად დაემთხვა საქართველოში შექმნილ განწყობილებას.

წუხელ ტელევიზიით გადაიცა საქართველოს მთავრობის განცხადება, რომელსაც უშიშროების საბჭოში მიღებული დოკუმენტი დაედო საფუძვლად.

ამჯერად მხოლოდ რამდენიმე კონცეფციურ დებულებაზე შევაჩერებ მსმენელის ყურადღებას. უბრალოდ, განმარტებისათვის: უპირველეს ყოვლისა, უეჭველი და უდავოა, რომ გაეროს მოთხოვნა უნდა შესრულდეს! უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება კანონია ყველა ქვეყნისათვის. მძევლები უპირობოდ და უვნებლად უნდა განთავისუფლდნენ.

ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებთან დიალოგის თაობაზე კი ერთი რამ უნდა ითქვას (მე წუხელ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე ვილაპარაკე ამის შესახებ): 1992 წლიდან (გახსოვთ, ალბათ, აგვისტოს ცნობილი მანიფესტი) ხელისუფლებამ (არ დავმალავ, პირადად ჩემი ინიციატივით) არაერთგზის გამოთქვა დიალოგის სურვილი, შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა და ხელიც გაუწოდა შესარიგებლად მოწინააღმდეგეებს. საერთოდ, სხვადასხვა დროს სამი ათასამდე მსჯავრდადებული შევიწყალეთ, მათ შორის 52 სიკვდილმისჯილი. მსჯავრდადებულთაგან ბევრი ეგრეთ წოდებული „ზვიადისტი“ იყო, რომლებიც იარაღით ხელში გვებრძოდა.

მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს სწორი სტრატეგია, სწორი ნაბიჯი იყო - ძალიან ბევრი იმათგანი, ვინც შევიწყალეთ, ვისაც ვაპატიეთ, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, ოჯახებს დაუბრუნდა, შვილებს დაუბრუნდა, საქმეს მოჰკიდა ხელი. სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ ისევ ძველი რწმენა ჰქონდეს, ძველ შეხედულებებს იზიარებდეს, მაგრამ ეს დანაშაული არ არის: გწამს და გწამდეს - რა ვქნა ახლა? მხოლოდ რწმენისათვის არავინ ისჯება.

მაგრამ ჩვენ მტკიცედ გვწამდა გვწამს: მხოლოდ დემოკრატიული გზით, მხოლოდ შერიგებით, მხოლოდ ადამიანის უფლებათა, სიტყვისა და რწმენის თავისუფლების პატივისცემით, განსხვავებული აზრისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებით შეიძლება ჭეშმარიტად ბედნიერი, თავისუფალი ქვეყნის აშენება.

არასოდეს ყოფილა საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს პრეზიდენტი ისე ძლიერი, როგორც დღეს (რა თქმა უნდა, ბოლო წლები მაქვს მხედველობაში). ეს, რასაკვირველია, ქვეყნის გაძლიერების გამოხატულება და ამ პროცესების ანარეკლია. რაკი ამით იქმნებოდა წინაპირობა ისევ და ისევ იმ სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემათა გადასაჭრელად, რომლებიც ყველას გვაწუხებს და ყველას ერთნაირად უნდა გვაწუხებდეს, - სწორედ ამისათვის სცადეს კვლავ უკუღმა შეეტრიალებინათ ჩარხი.

ამრიგად, პრინციპებზე უარის თქმა გამორიცხულია. მაგრამ მთავრობა კვლავ მზად არის დაიწყოს დიალოგი ზვიად გამსახურდიას მომხრეთა წარმომადგენლებთან. ოღონდ ჯერ თავად გაარკვიონ ერთმანეთში ვინ ვის წარმოადგენს, თორემ, თუ ასე უძახეს ერთმანეთს „მოღალატეები“, ჩვენც გაგვიჭირდება გავერკვეთ ვისთან გვაქვს საქმე და ვისთან ვილაპარაკოთ საერთოდ.

ოღონდ ის, რაც ამჟამად ჯიხაშკარში ხდება, სულ სხვა მოვლენაა. ტერორისტებთან მოლაპარაკების ერთადერთი საგანი, კიდევ და კიდევ ვიმეორებ, უნდა იყოს და იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში ჩამოყალიბებულ დებულებათა შესრულება.

კონკრეტული ვადების განსაზღვრა დაევალებათ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს. მათ უნდა შეიმუშაონ შესაბამისი გეგმა, გააცნონ იგი ტერორისტული აქტის მონაწილეებსა და საზოგადოებრიობას. ერთს კი ვიტყვი, რომ მოთმინებას გარკვეული მიჯნა და გარკვეული ზღვარი აქვს, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

მინდა ერთხელ კიდევ გამოვთქვა მადლიერება ყველა იმ სახელმწიფო მოღვაწისა თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები უბრალო ადამიანების მიმართ, ვინც მხარში ამოუდგა საქართველოს ამ განსაცდელის ჟამს. მადლობას მოვახსენებ, რა თქმა უნდა, გაეროს უშიშროების საბჭოს, უწინარესად, მუდმივ წევრ ქვეყანათა ელჩებს, რომლებიც საგანგებოდ შეიკრიბნენ და განიხილეს საქართველოს პატარა სოფელ ჯიხაშკარში შექმნილი ვითარება. სასიამოვნოა, რომ ამ ელჩებს შორის იყო რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც. მათი ყურად220

ღება და თანადგომა უდავოდ დაგვეხმარა განსაცდელიდან კიდევ უფრო მტკიცედ შეკრულნი და გაერთიანებულნი გამოვსულიყავით.

ჩვენ უკვე ახალ ქვეყანაში, ახალ საქართველოში ვცხოვრობთ. ჩვენი სამშობლო დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელსაც, რასაკვირველია, შესწევს უნარი დაიცვას ჩვენი მონაპოვარი.

დემოკრატიას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება (მე უკვე ხშირად ვიმეორებ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, მაგრამ ეს საჭიროა). დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ისინიც, ვისაც, სამწუხაროდ, სოციალურად ჯერ კიდევ უჭირს, და ძალიანაც უჭირს. სხვადასხვა შეხედულებათა მქონე ადამიანები, უეჭველად გაერთიანდებიან და ერთგულად დაიცავენ უზენაეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ იდეალებს.

როდესაც „შერიგებაზე“ ვლაპარაკობ, პიროვნულ შერიგებას როდი ვგულისხმობ, - მე არ მოვითხოვ მაინცდამაინც შემირიგდნენ, არც მე ვარ ვალდებული, გინდა თუ არა, აუცილებლად ვიღაცას შევურიგდე. ქვეყანას უნდა შევურიგდეთ და ქვეყნის მიმართ უნდა ვიყოთ ლოიალურად და პატრიოტულად განწყობილი. ქვეყანას შევურიგდეთ, საქვეყნო ინტერესებს შევურიგდეთ და მაშინ, უეჭველად, ყველანი მართალნი ვიქნებით ღვთის, ერისა და საკუთარი სინდისის წინაშე.

- ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც საქართველოში კომუნისტური წყობილება იყო. და მაინც, განსაკუთრებით, ალბათ, 60-70-იანი წლები ლიტერატურაში, კინოში გამორჩეული იყო იმით, რომ ქართველი მოღვაწეები მაინც ახერხებდნენ იმ უზარმაზარი ეროვნული მუხტის შენარჩუნებას, რასაც ეროვნულ-პატრიოტული მუხტი ჰქვია. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის აქცევდა ყურადღებას ინტელიგენციასთან ურთიერთობას იმ პერიოდში, და, რასაკვირველია, ეს დღესაც გრძელდება. გასულ კვირას თქვენ რამდენიმე ათეულ ადამიანს პირადად გადაეცით ღირსების ორდენები და სხვა ჯილდოები...

- კაცობრიობის ისტორია, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის მწარე გამოცდილებაც გვასწავლის: ერის უბედურება მაშინ იწყება, როცა იგი საკუთარ წარჩინებულთ, ერის ნაღებსა და ინტელექტუალურ ელიტას აღარ უგდებს ყურს. ეს მანკი რომ არ გვახასიათებდეს ქართველობას, მე-20 საუკუნეში ბევრ უბედურებას ავიცილებდით თავიდან, მათ შორის, ბოლო ათწლეულის საზარელ ეროვნულ ტრაგედიასაც.

ბედნიერი ვარ და ვამაყობ იმით, რომ წინა ეპოქაშიც და ამჟამადაც ყველაფერს ვაკეთებდი და ვაკეთებ ქართველი ინტელიგენციის, ქართველ წარჩინებულთა, ქართული ელიტის (თუ შეიძლება ასე ითქვას - ან რატომაც არ შეიძლება ითქვას) დასახმარებლად, მისთვის შრომისა და შემოქმედების საუკეთესო პირობების შესაქმნელად იმ ვითარებაშიც, როცა ძნელი იყო ლაპარაკი ეროვნულობის შესახებ, რომელიმე სოციალური ფენისათვის, ვთქვათ, ინტელიგენციისათვის განსაკუთრებული პირობების შექმნაზე.

როდესაც ვამბობ „ინტელიგენცია“, „ჩვენი ერის წარჩინებული ნაწილი“, - ვგულისხმობ არა მარტო შემოქმედ ან სამეცნიერო ინტელიგენციას, არამედ სხვებსაც, თუნდაც სახელმწიფო მოხელეებსაც, ინტელიგენტ მოხელეებს, ჩვენს სპორტულ ელიტასაც და სხვებსა და სხვებს, ან თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებსაც ძველ დროში მნიშვნელოვანი თანამდებობებიც კი ეკავათ, მრეწველობისა თუ სოფლის მეურნეობის დარგებს ხელმძღვანელობდნენ და პატიოსნად ემსახურებოდნენ ქვეყანას. რა თქმა უნდა, მე დღევანდელი მოღვაწეებიც მყავს მხედველობაში.

საქვეყნო ამაგი და პატიოსანი შრომა არავის არ უნდა დაეკარგოს. ეს მხოლოდ „აბსტრაქტული ჰუმანიზმის“ პრინციპი როდია - სამართლიანობის დაცვა იმ ადამიანთა მიმართ, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში იღვაწეს, იშრომეს, გამარჯვებებიც მოიპოვეს მრავალი მიმართულებით, საქვეყნო, სახელმწიფოებრივი პრინციპის საქმეა და თაობათა ცვლის პროცესში მემკვიდრეობითობასაც გულისხმობს: იმას, ვინც ხანმოთეული, ღვაწლმოსილი ადამიანების მამულიშვილურ საქმეს განაგრძობს, უეჭველად უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ პატიოსანი შრომა, ქვეყნის სასარგებლოდ გაწეული ღვაწლი არ დაეკარგება.

- დამეთანხმებით, ალბათ, რომ სულ რაღაც ორი კვირის, ან ათი დღის შუალედში ორი ტერორისტული აქტი საკმაოდ ბევრია ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. ამდენად, დღევანდელი ინტერვიუ ჯიხაშკარის მოვლენებით დავიწყეთ და არა ტრადიციულად ეკონომიკის თემით. გასულ კვირას ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. გამოვყოფდი თქვენი თავმჯდომარეობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომას, რომელზეც ეკონომიკური გარდაქმნების სამეცნიერო უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.

- ეკონომიკური რეფორმების პროცესში მეცნიერების როლს ახლებური და ძალზე სერიოზული გააზრება სჭირდება. სწორედ ეს იყო ქვაკუთხედი ჩვენი საკითხებისა, რომლებიც განვიხილეთ. საქართველოში ახალი ეკონომიკური სისტემა, ახალი წყობა ყალიბდება, რომელიც ახალ მსოფლიო წყობას შეესაბამება. ამდენად აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მატერიალური და ინტელექტუალური რესურსების პოტენციალის სრულად და ეფექტიანად გამოყენების კონცეფციის შემუშავება.

21-ე საუკუნე ახალი ტექნოლოგიების, ახალი სამეცნიერო იდეების საუკუნე იქნება. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვამაყობ იმით, რომ საქართველოს დიდი ინტელექტუალური რესურსი აქვს და ეს ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ამდენად, ჩვენს პატარა ქვეყანასაც ძალუძს ღირსეული სიტყვის თქმა იმ ეპოქაში, როდესაც ძირითადი პროდუქცია, ძირითადი საექსპორტო სიმდიდრე სწორედ მეცნიერების მიღწევები გახდება. ოღონდ ამისათვის საჭიროა შესაბამისი პირობების შექმნა და სახელმწიფო პროგრამების დამუშავება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა საქართველოს მინერალურ-რესურსული პოლიტიკის კონცეფცია. ჩვენ ამ საკითხზე პირველად ვიმსჯელეთ. სხვადასხვა დონეზე დაწვრილებით განვიხილეთ ეს დოკუმენტი, რომელიც საფუძლად უნდა დაედოს ამ სფეროში მუშაობის შემდგომ გაგრძელებას. ჩვენი მინერალური რესურსების სიმდიდრე განისაზღვრება სახელმწიფო ბალანსზე აღრიცხული წიაღისეულის 450 დაძიებული საბადოს მარაგით, რომლის საერთო ღირებულება, დაახლოებითი შეფასებით, რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს გახლავთ ენერგორესურსები, სხვადასხვა დანიშნულების ქვები, ქვიშა, ძვირფასი, ფერადი და სხვა იშვიათი ლითონები; თერმული, სასმელი მტკნარი და მინერალური წყლები და სხვა მრავალი. ამ მხრივ, ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ვართ.

დღეს არსებული ვითარებისა და შექმნილი პირობების გათვალისწინებით, რეალურად უნდა წარმოვიდგინოთ და განვსაზღვროთ, თუ როგორც ვაპირებთ ამ სიმდიდრის გამოყენებას. მინერალურ-რესურსული პოლიტიკა საფუძვლად უნდა დაედოს სასარგებლო წიაღისეულის შემსწავლელი, მომპოვებელი და მომხმარებელი დარგების კომპლექსურ განვითარებას, მრეწველობის ახალი ქვედარგების შექმნას.

უნდა გამოიკვეთოს პირველი რიგის, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივის ამოცანები, რომლებიც მჭიდროდ დაუკავშირდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებს, უწინარესად, ინდიკატური გეგმის ორიენტირებს, გაითვალისწინებს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემებს, მომავალში მათს საბიუჯეტო შემოსავალს და სხვა.

საჭიროა შეიქმნას მძლავრი, ყოვლისმომცველი საინფორმაციო ბაზა ჩვენში არსებული რესურსების შესახებ. იგი ხელმისაწვდომი და საინტერესო უნდა იყოს ყველა უცხოელი ინვესტორისათვის, რომელთა გარეშე ამ სიმდიდრის ათვისება არარეალურია.

მიცემულია შესაბამისი დავალება. ამ სამუშაოს წარმართვისა და კოორდინაციისათვის შეიქმნება სპეციალური კომისია.

სხდომაზე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მეცნიერებისა და სამეცნიერო დამუშავებათა განვითარების კონცეფციის განხილვის შედეგადაც. ამ სფეროს განსაკუთრებული ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია და საზრუნავია. მეცნიერება დღეს მნიშვნელოვან მწარმოებელ ძალას წარმოადგენს, ისევე, როგორც ყოველთვის, იგი უდიდესი სამომავლო რეზერვია და მისი პროდუქცია მომავალ საუკუნეში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება მსოფლიო ბაზარზე.

გარკვეული საფუძველი ამ მიმართულებით მუშაობის გასაგრძელებლად უკვე შექმნილია. კონცეფციის საბოლოო კონდიციამდე მისაყვანად კომისიამ (რომელშიც ჩართულია მეცნიერთა, ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენელთა ფართო წრე) მუშაობისას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმოს კონცეფციის ხორცშესხმისათვის საჭირო გარანტიების განსაზღვრას. ამისათვის მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, უცხოეთის ქვეყნებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებთან.

მე დიდ პატივად მიმაჩნია, რომ ასეთი კომისიის ხელმძღვანელობა მიანდეს საქართველოს პრეზიდენტს.

- და, ბოლო შეკითხვა. გუშინ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის მესამე ყრილობა გაიმართა. როგორ შეაფასებდით მის მუშაობას განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე!

- გუშინ ბევრი ვილაპარაკე ყრილობაზე, მაგრამ მაინც, ალბათ, ზოგიერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას.

მოქალაქეთა კავშირის ყრილობასთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი ელემენტი უნდა გამოიყოს. უპირველეს ყოვლისა, ნამდვილად გამახარა იმ ფაქტმა, რომ ყველა გამოსვლაში (არა მარტო პარტიის ლიდერთა, არამედ რიგით წევრთა გამოსვლებში), ბოლოდროინდელი მოვლენების მიუხედავად, აშკარად იგრძნობოდა ოპტიმიზმი და საკუთარი ძალების რწმენა. როგორც მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარემ, მეც დავადასტურე, რომ ეს ოპტიმიზმი სავსებით გამართლებული და საფუძვლიანია.

პარტიის წარმატება, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო დაპირებათა შესრულების დონით განისაზღვრება. თვალის ერთი გადავლებით შევადაროთ, რა იყო საქართველოში 1994 წელს და რა არის დღეს. იმის თქმა როდი მსურს, რომ ეს მხოლოდ მოქალაქეთა კავშირის დამსახურებაა, სხვა კონსტრუქციულ პოლიტიკურ ძალთა წვლილიც ძალიან დიდია, მაგრამ ამ პარტიამ იკისრა პასუხისმგებლობა, გაიმარჯვა არჩევნებში და მიზანსწრაფულად ახორციელებს პროგრამას, რომელიც უმჭიდროესად არის გადაჭდობილი ქვეყნის უზენაეს ინტერესებთან. ფაქტობრივად, იგი ამ ინტერესების გამოხატულებაა.

კვლავ და კვლავ ვრწმუნდები, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ბევრი ეჭვობდა, იცით, ისეთი აზრიც გამოითქმებოდა, რომ პრეზიდენტმა არ უნდა შექმნას პარტია, უნდა დადგეს პარტიულ ცხოვრებაზე მაღლა და ასე შემდეგ. მაგრამ, მე მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია: რეფორმათა წარმატების უზრუნველსაყოფად აუცილებელია არსებობდეს თანამოაზრეთა გუნდი - მტკიცედ შეკრული, თუ გნებავთ, ანთებული ერთი იდეით, ერთი რწმენით, ერთიანი მსოფლმხედველობით, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს კონსტრუქციულ თანამშრომლობას ყველა პარტიასთან, ყველა პოლიტიკურ ძალასთან. ეს რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, იმითაც დასტურდება, რომ სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური მოდელის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ და პარლამენტმა დაამტკიცა 1995 წელს, პრეზიდენტი, როგორც პარტიის ლიდერი, უფრო ქმედითს ბერკეტებს, მექანიზმებს ფლობს პრეზიდენტის პროგრამათა განსახორციელებლად.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო უმრავლესობის როლი, რომლის ბირთვს მოქალაქეთა კავშირის ფრაქცია შეადგენს. პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთობა არცთუ უპრობლემოდ, მაგრამ მთლიანობაში კონსტრუქციულად ვითარდება, და ეს კულტურაც, როგორც გუშინ ვთქვი, ასე თუ ისე ყალიბდება. ეს არა მარტო პოლიტიკური პროცესის, არამედ თვით სახელმწიფოებრივი სტაბილურობის გარანტიაც არის. მოქალაქეთა კავშირი, მე ვიტყოდი, ორი უმთავრესი საზოგადოებრივი ფენომენის გაერთიანების უნიკალური მაგალითია. ჩვენს პარტიაში შერწყმულია როგორც საქართველოს ინტელექტუალური ელიტის, ხანმოთეულ, ღვაწლმოსილ ადამიანთა გამოცდილება და სიდინჯე, ისე ჩვენი შესანიშნავი, მართლაცდა შესანიშნავი ახალგაზრდობის შემართება, გარდაქმნის, განახლების დაუოკებელი წყურვილი.

მოქალაქეთა კავშირი ძლიერი, პერსპექტიული პარტიაა. ბუნებრივია, იგი საყოველთაო ყურადღებასაც იპყრობს. აქ მხოლოდ კეთილმოსურნეთა ყურადღებას როდი ვგულისხმობ. არიან მოტმასნილებიც, მედროვეებიც. მათგან უნდა გავთავისუფლდეთ. უნდა დაიწყოს და განვითარდეს თვითწმენდის პროცესი. პარტიაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს: მოქალაქეთა კავშირის წევრობა უწინარესად დიდი პასუხისმგებლობაა, დაუღალავი შრომაა ქართული რეფორმაციის გასაგრძელებლად და წარმატებით დასაგვირგვინებლად. ალბათ, ასეთივე აზრის არიან სხვა პარტიები თავიანთ მოძრაობასთან დაკავშირებით.

ყრილობამ დამარწმუნა, რომ მოქალაქეთა კავშირი უკვე ჩამოყალიბდა როგორც დასავლური ტიპის პარტია. ოღონდ, ჩვენს პირობებში, რაკი მხოლოდ ახლა ვაფუძნებთ დემოკრატიულ ქართულ სახელმწიფოს, ფაქტობრივად, ჩვენ შევქმენით სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პარტია და ამჯერად ყველა პირობა არსებობს, რათა გამართლდეს ჯერ კიდევ პირველ ყრილობაზე წარმოთქმული ჩემი სიტყვები: მოქალაქეთა კავშირი იკისრებს პასუხისმგებლობას, მოვა ხელისუფლებაში და ძალიან დიდხანს დარჩება ქვეყნის სათავეში. არ მინდა ვთქვა, სამუდამოდ დარჩება-მეთქი, რათა ვინმემ არადემოკრატიულობაში არ ჩამითვალოს. თუმცა, ყველაფერს, როგორც იტყვიან, მისი უდიდებულესობა ამომრჩევლის ნება გადაწყვეტს.

ახლა, სულ ორიოდე სიტყვა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ეს საკმაოდ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად უკეთესი ენერგეტიკული უზრუნველყოფისა, იანვარში აღინიშნა მრეწველობის ტემპის სერიოზული შენელება.

მინდა ვთქვა, რომ მრეწველობის სამინისტრო, სხვა დარგობრივი სტრუქტურები მოუქნელად მუშაობენ, სცოდავენ რეგიონული, რაიონული, საქალაქო ხელმძღვანელებიც.

ჩვენი შემდეგი შეხვედრისას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებს და კონკრეტული მინიშნებანიც იქნება.

მანამდე კი მოვუწოდებ ყველას, დიდსა და პატარას, ყველაფერი ვიღონოთ ეკონომიკური ზრდის იმ მაღალი მაჩვენებლების შესანარჩუნებლად, რომლებსაც ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ.

საქინფორმი.

„საქართველოს ინტერესები განუყოფელია მსოფლიო საზოგადოებრიობის ინტერესებისაგან - ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის მორალური, ზნეობრივი კოდექსი საკაცობრიო ღირებულებათა, კაცობრიობის ეთიკური სისტემის ნაწილია“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 24 თებერვალი. - №45 (2745). - 1,2 გვ.

25 „ჩვენი მთავარი ამოცანა გაეროს მეთვალყურეების, უცხოეთის მოქალაქეების შედარებით უმტკივნეულო გათავისუფლება იყო, რაც მსხვერპლის გარეშე უნდა მომხდარიყო“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს მთავრობის სხდომაზე 1998 წლის 26 თებერვალს

იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ ბოლო ხანებში განვითარდა საქართველოში, მე უკვე გამოვთქვი ჩემი შეხედულებები და აღვნიშნე, რომ არც იმის მომხრე ვარ, რომ მომხდარის დრამატიზება მოხდეს და ქვეყანა პანიკამ მოიცვას, მაგრამ არც მისი გაუბრალოება შეიძლება.

სამწუხაროდ, არაკეთილმოსურნეები საქართველოს ქვეყნის გარეთაც ჰყავს და შიგნითაც. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მოხდა სწორედ გარე ძალების კონცენტრირება, გაერთიანება სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ შინაგან ძალებთან.

ყოველივე ამან გამოხატულება ჰპოვა 9 თებერვლის ტერორისტულ აქტსა და იმ მოვლენებში, რომლებიც ზუგდიდის რაიონში განვითარდა.

სამწუხაროდ, ჩვენ, ქვეყნის მშენებელნი, გადასაწყვეტ პრობლემებზე ვერ ვახერხებთ ისე სწრაფად კონცენტრირებას, როგორც ამას ბოროტი ძალები ახერხებენ. ეს ერთგვარი ისტორიული კანონზომიერებაა. მათ სხვა მიზანი, გარდა მშენებლობის პროცესის ხელის შეშლისა, არ გააჩნიათ. სხვათა შორის, ამ მიზნით გაერთიანებას ძალიან იოლად ახერხებენ სრულიად საწინააღმდეგო მიმართულების ძალები. რა განსხვავებაა, ტერორისტული აქტის ორგანიზატორები უშიშროებისა და „მხედრიონის“ ძალები არიან, თუ რადიკალები, ეგრეთ წოდებული, ზვიადისტური მოძრაობიდან? განსხვავება დიდი არ არის. მთავარია, რომ მიზანი ერთი აქვთ - დაანგრიონ, დაარბიონ სახელმწიფო და ხელი შეუშალონ მის აღმშენებლობას იმისათვის, რომ თავისი ამბიციები დაიკმაყოფილონ, ან ვიღაცაზე შური იძიონ.

რა თქმა უნდა, 9 თებერვალს ტერორისტული აქტის ძირითადი ამოცანა პრეზიდენტის ლიკვიდაცია იყო. როგორც ჩანს, მის ორგანიზატორებს სხვა ღონისძიებები დაგეგმილი არ ჰქონდათ, და არ ითვალისწინებდნენ, რა მოხდებოდა, თუ ამ მიზანს ვერ მიაღწევდნენ. მთავარი იყო, რომ პრეზიდენტის ლიკვიდაციის ფონზე შეიქმნებოდა ქაოსი, რომლის დროსაც ვიღაცა თავის მიზნებს განახორციელებდა. მიაღწევდნენ განუკითხაობის სიტუაციის შექმნას, უწინარეს ყოვლისა, დედაქალაქში. მაგრამ, დედაქალაქი თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა და მისი განწყობილება გამოვლინდა მოქმედებაში სახელმწიფოსა და პრეზიდენტის გადასარჩენად და მხარდასაჭერად. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა პარლამენტს, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მოქალაქეებს.

ახლა არ არის იმის გარჩევის დრო, თუ რა ნაკლი იყო სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მუშაობაში. ამას უფრო დაწყნარებული, დამშვიდებული განხილვა სჭირდება. არც თანამდებობიდან მასობრივ დათხოვნებს ვაპირებ. ნაკლოვანებებზე თავის დროზე ითქმება და ეს სისტემები, ასე ვთქვათ, სათანადო კონდიციამდე იქნება მიყვანილი.

ტერორისტთა შემდგომი მოქმედების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ სამეგრელოსი, ფიქრობდნენ, რომ შეძლებდნენ სამეგრელო აეზვირთებინათ და შეექმნათ არასტაბილურობის მძლავრი კერა.

ტერორისტული აქტიდან სულ რაღაც ათიოდე წუთის შემდეგ მე ქვეყანას, მოსახლეობას, ყველა მოქალაქეს მივმართე მოწოდებით, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და ცხოვრების ნორმალური რიტმი, ეს რიტმი არ დარღვეულა.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ავისმზრახველები, ბოროტი ადამიანები შეცდნენ სამეგრელოში არსებული სიტუაციის შეფასებაში. იმას, რასაც ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება, პარლამენტი და პრეზიდენტი აკეთებენ ყველა რეგიონსა და, მათ შორის, სამეგრელოსათვის, გარკვეული შედეგები მოჰყვა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ იქ ფსიქოლოგიურად და სხვა მხრივაც ძალიან დაძაბული ატმოსფერო იყო, არც ერთი ოჯახი ტერორისტების დასაცავად არ გამოსულა.

მინდა დღეს თბილისელებსაც, სამეგრელოსაც და სრულიად საქართველოს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ამ სერიოზული განსაცდელის დღეებში ყველა თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა.

რა მიზანს ისახავდნენ უცხოელ მეთვალყურეთა გატაცების აქციის ორგანიზატორები? რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი, ერთის მხრივ, აურზაურის გამოწვევა იყო - ელოდნენ გარკვეულ რეაქციას, მხარდაჭერას, - და, მეორე მხრივ, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, კომპრომეტირება, მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირება, რომ საქართველოში მოჩვენებითი სტაბილურობაა და ის არ არის საიმედო პარტნიორი. ასეთი ბოროტი ჩანაფიქრი იყო საფუძველი იმ ბარბაროსული აქციისა, რომელიც ზუგდიდში განახორციელეს.

ჩვენი მიზანი თავიდანვე, რა თქმა უნდა, პოლიციის, უშიშროების სათანადო ძალების, სპეციალური ქვედანაყოფების კონცენტრირება იყო. ეს ამოცანა შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებმა დრულად გადაწყვიტეს. ყველა სხვა ამოცანაც დროულად და საკმაოდ მაღალ დონეზე განისაზღვრა. თავის ფუნქციას ასრულებდნენ შეიარაღებული ძალებიც - საჭიროების შემთხვევაში, მათაც თავისი სიტყვა უნდა ეთქვათ.

ჩვენი მთავარი ამოცანა გაეროს მეთვალყურეების, უცხოეთის მოქალაქეების შედარებით უმტკივნეულო გათავისუფლება იყო, რაც მსხვერპლის გარეშე უნდა მომხდარიყო. ოჯახში, სადაც ისინი აფარებდნენ თავს, ავადმყოფი მოხუცებული ქალი, პატარა ბავშვი, ოჯახის დიასახლისი იმყოფებოდნენ. მძევალთა გათავისუფლების ოპერაციის განხორციელება აუცილებლად იქნებოდა დაკავშირებული გარკვეულ მსხვერპლთან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ, შესაძლოა, სროლის დროს დაშავებულიყვნენ მეთვალყურეებიც და ჩვენი სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და პოლიციის წარმომადგენლები.

ჩვენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდი იყო. მოგეხსენებათ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო სპეციალური განცხადება, რომელშიც მძევალთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების კატეგორიული მოთხოვნა იყო ჩამოყალიბებული. გარდა ამისა, გვიკავშირდებოდნენ ნიუ-იორკიდან, დამიკავშირდნენ შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ჩეხეთის პრეზიდენტი, მივიღე ძალზე ამაღელვებელი დეპეშა ურუგვაის პრეზიდენტისგან. ბუნებრივია, ისინი გამოთქვამდნენ ღრმა რწმენას, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებდით, რათა არ დაგვეშვა ამ ახალგაზრდების სიცოცხლის ხელყოფა.

ამიტომ, უშიშროებას, პოლიციას, შინაგან ჯარებს პირველი რიგის ამოცანად განვუსაზღვრე: ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე გავათავისუფლოთ მძევლები. ეს ხალხი ჯანმრთელი და საღსალამათი უნდა დავაბრუნოთ თავიანთ სამშობლოსა თუ სამსახურში.

ჩვენთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ გათავისუფლების რამდენიმე სქემა შემუშავდა და ძალებიც საჭიროზე მეტი იყო. მათ შორის იყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმები, ის ახალგაზრდები, რომლებმაც თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ ასეთი ხასიათის ოპერაციების მიმართულებით გაიარეს მომზადება. ვიმეორებ, ოპერაციის განხორციელება შეიძლებოდა, მაგრამ მას აუცილებლად მოჰყვებოდა მსხვერპლი.

მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ მე ავკრძალე იარაღის გამოყენება, თუ, რასაკვირველია, განსაკუთრებული სიტუაცია არ შეიქმნებოდა. ჩემი ამოცანა იყო, გაგვეთავისუფლებინა მძევლები, თუნდაც გარკვეული კომპრომისის ფასად, თუნდაც, როგორც ამბობენ, დერეფნის მიცემის ფასად, რადგანაც ერთი ბანდიტით მეტი იქნება, თუ ნაკლები, შესაძლოა, იმდენად მნიშვნელოვანი არ იყოს საქართველოს ავტორიტეტისათვის, რამდენადაც უმსხვერპლოდ ჩატარებული ოპერაცია, უცხოელი მოქალაქეების უმსხვერპლოდ გათავისუფლება და ოჯახის დაცვა.

მე სინდისმა არ მომცა იმის უფლება, რომ სამეგრელოში კვლავ იარაღის გამოყენების ნებართვა მიმეცა, რადგანაც მახსოვს ცეცხლწაკიდებული წალენჯიხა, ზუგდიდის რაიონის სოფლები, ის უბედურება, რაც ამ კუთხემ გადაიტანა. სხვა შემთხვევაშიც, სხვა კუთხეში რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი, ასევე მოვიქცეოდი, მიმაჩნია, რომ ყველა თვალსაზრისით - ზნეობრივად, მორალურად, სახელმწიფოებრივად - მართალი ვიყავი.

რამდენიმე პირმა, რომელიც ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა, ისარგებლა ამ მდგომარეობით (შეიძლება ძალიანაც ვერ შევუშალეთ ხელი) და მოახერხა წასვლა, გაქცევა. სამაგიეროდ, ხალხი გადავარჩინეთ, მსხვერპლი არ არის, რეგიონში შენარჩუნებულია სიმშვიდე.

მიმაჩნია, რომ ძირითადი ამოცანა შესრულებულია, - უცხოელები გათავისუფლებულები არიან. ამჟამად ოთხივე მეთვალყურე თავიანთ შტაბ-ბინაში იმყოფება.

ამ შემთხვევას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ ქვეყნებს, რომლებიც თანხმდებიან დამკვირვებლები, სამშვიდობო ძალები გაგზავნონ სხვა რეგიონებში, უნდა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ ამ ადამიანების სიცოცხლეს არავინ ხელყოფს. ამ მხრივ, საქართველომ თავისი მისია პატიოსნად და კეთილსინდისიერად შეასრულა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მივიღებთ.

ჩემი პოზიციაა, რომ საჭიროა კომპრომისები, მათ შორის, ჩვენს მიმართ ანტაგონისტურად განწყობილ ძალებთან. საჭიროა ჩვენი კურსის, შერიგების კურსის შენარჩუნება. მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე მე ვილაპარაკე შერიგების ხელოვნებაზე, მაგრამ, ამავე დროს, ჩემი ერთგვარი მოწოდება იმის თაობაზე, რომ საქართველოში არ უნდა დაისადგუროს ეჭვიანობის, დასმენების, ჩასაფრებების განწყობილებამ, სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განუკითხაობას შევეგუებით. ეს გამორიცხულია. ჩემი მოწოდება ისე არავინ გაიგოს, თითქოს მუხლები გვიკანკალებს და დამნაშავეობის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებთ. პირიქით, ვიბრძოლებთ კიდევ უფრო მეტი, გაათკეცებული ენერგიით, ვიდრე აქამდე.

ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის შექმნა ძალზე საშიშია. დღეს საქართველოს მრავალ მოქალაქეს აშფოთებს ამ სინდრომის დამკვიდრების საკითხი. ეს არ მოხდება, რადგან გვაქვს სათანადო ძალები იმისათვის, რომ დანაშაული აღიკვეთოს, დამნაშავეები დაისაჯონ, რომ ქვეყანაში წესრიგი იყოს, იქნება კიდეც.

ერთი პროცესი მიმდინარეობს. უნდა ჩატარდეს გამოძიება, რომელიც კიდევ ბევრ რამეს გაარკვევს, მათ შორის, იმასაც, ვინ დგას ამ ამბების უკან, და, დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა სრულ სიმართლეს გაიგებს.

უკეთესი პირობები უნდა შევუქმნათ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს. როგორი რთული პირობებიც უნდა გვქონდეს, უშიშროების სისტემა, პოლიცია და სხვა სამართალდამცავი სამსახურები უნდა შევაიარაღოთ იმ თანამედროვე საშუალებებით, რომლებიც აუცილებელია ქვეყნისა და დემოკრატიის დასაცავად. უძარღვო, უთავბოლო და შეუიარაღებელი სამართალდამცავი ორგანოები ვერც წესრიგს, ვერც მოქალაქეებს და ვერც პრეზიდენტს დაიცავენ.

მთელი ამ დროის განმავლობაში გამუდმებით ისმის ზარები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, პრეზიდენტებისაგან, პრემიერ-მინისტრებისაგან. მოდის დეპეშები, წერილები, მათ შორის, ისეთი ადამიანებისგანაც, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით უნახავთ, ან მხოლოდ გადმოცემით იციან მის შესახებ. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა თანადგომისათვის.

იმის წყალობით, რომ ქვეყანა სტაბილურია, საქართველო ღირსეულად გამოვიდა განსაცდელიდან. მისი ავტორიტეტი კი არ დაეცა, არამედ კიდევ უფრო ამაღლდა.

გუშინ მივიღე მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტის „მაკდონალდსის“ წარმომადგენლები, რომლებმაც გვითხრეს, რომ სპეციალურად ჩამოვიდნენ ჩვენთან შესახვედრად. მათ სურთ გადაიღონ ფილმი საქართველოს, როგორც სტაბილური ქვეყნის, შესახებ და აჩვენონ იგი ჩიკაგოში, უდიდეს ფორუმზე, რომელშიც 15 ათასი საქმიანი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

გუშინ თბილისში იყო უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, რომელსაც „აბრეშუმის გზასთან“, გაზისა და ნავთობსადენებთან დაკავშირებული საკითხები მიჰყავს, გუშინწინ ბატონი ზურაბ ჟვანია ტაშკენტში შეხვდა უზბეკეთის პრეზიდენტს. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ აინტერესებთ უზბეკეთის ტვირთების ძირითადი ნაწილის, ბამბისა და სხვა პროდუქციის საქართველოს გავლით ევროპაში გატანა. ასევე, საქართველოს რკინიგზის მეშვეობით სურთ იმ პროდუქციის მიღება, რომელიც დასავლეთიდან ეგზავნებათ. ისინი აცხადებენ, რომ ენდობიან საქართველოს რკინიგზას, რადგან მასთან თანამშრომლობის ორი წლის განმავლობაში თუნდაც მცირე დანაკლისის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.

ასეთივე საუბრები გვქონდა თურქეთის წარმომადგენლებთან.

აქ იმყოფებოდნენ ნავთობის გიგანტი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც გვპირდებიან, რომ ერთ წელიწადში ჩვენ შეიძლება ძალზე სერიოზული რესურსი მივიღოთ.

ამ დღეებში ველოდებით იაპონიის ცნობილ ფირმებს, ამერიკელ ბიზნესმენებს და სხვებს.

ასე რომ, საქართველო თავისი ავტორიტეტისა და საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით, არ დაზარალებულა. დაზარალდნენ ისევ ის ადამიანები, ვინც ეს უბედურება მოაწყო, ვინც საქართველოს საწინააღმდეგო აქციები ჩაიფიქრა.

მჯერა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ასე ღირსეულად გაუძლო განსაცდელს, კიდევ უფრო დაჩქარდება აფხაზეთთან შერიგების პროცესი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია კონტაქტები, ორმხრივი ურთიერთობა. რამდენიმე დღის წინათ სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილი იმყოფებოდა სოხუმში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა, რადგან იქ ძალზე საჭირო საუბარი გაიმართა. არ გამოვრიცხავ, რომ დსთ წევრი ქვეყნების მეთაურთა უმაღლესი დონის შეხვედრამდე მეც წავალ გარკვეულ კონტაქტებზე. დარწმუნებული ვარ, დაბრუნების პროცესი დაიწყება.

სხვათა შორის, აქ მომხდარი ამბები აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც არანაკლებ განიცადეს, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში. მათ გამოხატეს კიდეც თავიანთი დამოკიდებულება, დაგვიდასტურეს, რომ ყოველივე ისე მიიღეს, როგორც საკუთარი ტკივილი და საკუთარი უბედურება. მაშასადამე, მწიფდება ის მომენტი, რომელსაც ჩვენ ასე ველოლიავებით. უნდა განვითარდეს შერიგების პროცესი, რათა უახლოეს პერიოდში ხალხი დაბრუნდეს და აღდგეს საქართველოს იურისდიქცია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება.

კვლავაც გაგრძელდება პოლიტიკური შერიგების კურსი. არ ვნანობ, რომ გუშინ შევხვდი ექსპრეზიდენტის მომხრეთა ერთ-ერთი ფრთის წარმომადგენლებს.

საქართველოში მკვიდრდება ის განწყობილება და სულისკვეთება, რომ განსხვავებული აზრისათვის ადამიანები არ დაისჯებიან, და არათუ არ დაისჯებიან, არამედ გზაც თავისუფალი აქვთ, თუკი იარაღს არ აიღებენ ხელში და აკრძალული ილეთებით არ ებრძვიან კანონიერ და სამართლიან ხელისუფლებას. ამასთან, კიდევ ვიმეორებ, ამ მეთოდებს საქართველო აღარ მოითმენს. ეს აღარ მოხდება. უნდა დამკვიდრდეს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც არსებობს აზრის გამოთქმისა და პიროვნების ყოველგვარი თავისუფლება, გარდა ისეთი მოქმედებისა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დემოკრატიას.

მინდა თბილისიდან შევუთვალო ჩვენს უცხოელ მეგობრებს, კოლეგებს, პარტნიორებს: დიახ, საქართველო სტაბილური ქვეყანაა. ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აქ დასაყრდენს ვერავითარი დესტრუქციული ძალა ვერ იპოვის. ამის დასტურად თუნდაც მარტო ის კმარა, რომ არც თბილისში, არც სამეგრელოში, არც დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში, ერთი ლტოლვილიც კი არ გამოსულა ქუჩაში თუნდაც რეპლიკით ხელისუფლების წინააღმდეგ.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

ჩვენთვის ცნობილია, რომ 12 ახალგაზრდა საკუთარი ნებით ჩაბარდა პოლიციას. თუ გაირკვა, რომ მათ უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ უმძიმეს დანაშაულში, ხელისუფლების დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება. მე ვთხოვ ბატონებს ბაბილაშვილს, თარგამაძეს, გახოკიძეს, სხვებს, მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე უფრო სწორი იქნება ასეთ სიტუაციაში.

არ გამოვრიცხავ, რომ მრავალი შეცდომა იყო დაშვებული, ბევრი რამ ისე არ გაკეთდა, როგორც საჭიროა, მაგრამ ვიმეორებ: ჩვენ კიდევ ერთხელ დავარწმუნეთ მთელი მსოფლიო, რომ სტაბილური ქვეყანა ვართ და ყველა საფუძველი გვაქვს, კიდევ უფრო ავამაღლოთ საქართველოს როლი და ავტორიტეტი რეგიონშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

მე კვლავ მივმართავ ჩემი ქვეყნის მოსახლეობას და მოვუწოდებ მეტი სიმშვიდისაკენ. ჩვენ ყველაზე მეტად ეკონომიკის აღმავლობა, მტკიცე საფინანსო ბაზა და ამ საფუძველზე სახელმწიფოს გაძლიერება გვჭირდება.

ამ გზით მივდივართ, ამ გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს.

(გამოსვლა ქვეყნდება მცირეოდენი შემოკლებით).

„ჩვენი მთავარი ამოცანა გაეროს მეთვალყურეების, უცხოეთის მოქალაქეების შედარებით უმტკივნეულო გათავისუფლება იყო, რაც მსხვერპლის გარეშე უნდა მომხდარიყო“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს მთავრობის სხდომაზე 1998 წლის 26 თებერვალს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 27 თებერვალი. - №48 (2748). - 1,2 გვ.

26 ჩვენი დროის უდიდესი მსახიობი

▲ზევით დაბრუნება


რამაზ ჩხიკვაძეს

ჩემო რამაზ, წერილი, რომელსაც ახლა გწერ, მხოლოდ მცირედს გამოხატავს იმისას, რაც შენზე უნდა ვთქვა, როგორც შენმა ერთგულმა მაყურებელმა, შენმა მეგობარმა და საქართველოს პრეზიდენტმა.

ვერაფერს ახალს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ შენ ჩვენი დროის უდიდესი მსახიობი ხარ, ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე და ჩვენი ხალხის თავგამოდებული და დაუღალავი მსახური.

მე არასოდეს დამავიწყდება შენი როლები თეატრსა და კინოში ისევე, როგორც არ დამავიწყდება ის, რომ, როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა, შენ სწორედ იქ დადექი, სადაც უნდა დამდგარიყო გონიერი, გამბედავი და ქვეყნის ტკივილით გულშეძრული მოქალაქე.

შენი სასცენო მოღვაწეობა ბედნიერად შეერწყა ქართული თეატრის ორი რეფორმატორის - მიხეილ თუმანიშვილისა და რობერტ სტურუას მოღვაწეობას, შვიდკაცას მოღვაწეობას, სხვა დიდი ქართველი მსახიობების მოღვაწეობას.

სწორედ ამიტომ შენ მარტო დიდი ხელოვანი კი არა ხარ, შენ ბედნიერი ხელოვანიც ხარ - შენი რეჟისორებით, შენი სცენური პარტნიორებით, შენი მაყურებლით.

უდიდესია შენი და შენი თაობის როლი, არა მარტო რუსთაველის თეატრისა და ქართული თეატრის აღმავლობაში, არამედ საზოგადოებრივი აზრის განახლებაშიც.

შენ ამბობ განუმეორებელ სიტყვას სცენაზეც და ცხოვრებაშიც, სიტყვას, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა და კიდევ ბევრს გვპირდება.

სიყვარულითა და პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი, 1998 წლის 24 თებერვალი.

ჩვენი დროის უდიდესი მსახიობი : მილოცვა რამაზ ჩხიკვაძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 28 თებერვალი. - №49 (2749). - 1 გვ.

27 ედუარდ შევარდნაძე: ვცდილობდი დავრჩენილიყავი იმ ადამიანად, რაიც სინამდვილეში ვარ

▲ზევით დაბრუნება


- თქვენი საყვარელი გამოთქმა ან აფორიზმი.

- „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი!“

- ადამიანის რა თვისებებს აფასებთ ყველაზე მეტად?

- პატიოსნებას (ფართო გაგებით).

- რას ვერ აპატიებდით ყველაზე ახლო მეგობარსაც კი?

- სულდამბლობას, უპირობას.

- ბედისწერისა თუ გჯერათ?

- მჯერა.

- რითი აფასებთ მამაკაცს?

- რაინდობით.

- ქალს?

- კდემამოსილებით, ოჯახისათვის თავგანწირვით.

- ერთი ნახვით შეყვარებისა თუ გწამთ?

- მწამს, მე თვითონ გავხდი „მსხვერპლი“.

- თქვენი დამოკიდებულება ქორწინებისადმი...

- უაღრესად სერიოზული, რომანტიკულ-სახელმწიფოებრივი.

- რა არის ბედნიერება?

- დასახული მიზნის აღსრულება.

- ბედნიერი ყოფილხარ?

- მრავალჯერ.

- უბედურება რაღაა?

- იმედების მსხვრევა.

- სიკვდილის ყველას ეშინია, თქვენი დამოკიდებულება სიკვდილთან.

- ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მათ შორის სიკვდილისთვისაც.

- ღმერთისადმი თქვენი დამოკიდებულება.

- ვიწამე (მადლობა უფალს, რომ ასე მოხდა).

- რომელ ისტორიულ ეპოქაში ისურვებდით ცხოვრებას.

- იმაში, რომელშიც ვიცხოვრე და მომელის ცხოვრება.

- როგორ აფასებთ ჩვენს დროს?

- კაცობრიობის ისტორიაში როგორც ყველაზე საინტერესოს.

- რა არის ის ერთადერთი, რითაც ისურვებდით კაცობრიობის გაკეთილშობილებას?

- მოთმინება, კეთილი ნება.

- თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი.

- მრავალი გმირი მიყვარს, ერთს ვერავის გამოვყოფ.

- თქვენი ხასიათის ყველაზე მთავარი და დამახასიათებელი ნიშანი.

- შრომის კულტი.

- რის შეცვლას ცდილობდით საკუთარ ხასიათში?

- ვცდილობდი დავრჩენილიყავი იმ ადამიანად, რაიც სინამდვილეში ვარ.

- ვინ არის ის, ვინც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე?

- ცხოვრება, მისი „უდიდებულესობა“.

ედუარდ შევარდნაძე: ვცდილობდი დავრჩენილიყავი იმ ადამიანად, რაიც სინამდვილეში ვარ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 28 თებერვალი. - №49 (2749). - 2 გვ.

28 „შერიგებას და კომპრომისებს თანამედროვე მსოფლიოში ალტერნატივა არა აქვს, ხოლო ძალის კომპონენტი ერთ-ერთ ელემენტად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ამ მაგისტრალურ გზას ბარიერებისაგან ათავისუფლებს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2 მარტის რადიოინტერვიუ

- დღევანდელ ინტერვიუს, რა თქმა უნდა, გასული კვირის მოვლენების მთავარი მოვლენის ანალიზით დავიწყებთ. საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ დასრულდა ესებუას ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებული ოპერაცია. ტერორისტების დიდმა ნაწილმა იარაღი ჩააბარა და თავადაც ჩაბარდა. ალბათ, დღეს უკვე შეიძლება გარკვეულ შედეგებზე ლაპარაკი და გარკვეული ანალიზის გაკეთება. და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მომენტი: რას ნიშნავს თქვენი შეხვედრა ნემო ბურჭულაძესთან, იყო ეს დათმობა თუ აუცილებლობით ნაკარნახევი ნაბიჯი? - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ შეკითხვაზე პასუხით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- ალბათ, შეუძლებელია თებერვლის მოვლენები განვიხილოთ იმ საერთო პროცესისაგან მოწყვეტით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს: კლასიკური ტოტალიტარული სისტემა იცვლება ასევე კლასიკური (თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოსათვის არატრადიციული) დემოკრატიული სისტემით, დემოკრატიული მმართველობით. უნდა გავითვალისწინოთ, აგრეთვე, ახლო წარსულისა თუ შედარებით შორეული ისტორიული გამოცდილებაც.

პერიოდი 1988-89 წლებიდან მოყოლებული (და მე ეს არაერთხელ მითქვამს) გამოირჩეოდა განსაკუთრებული რადიკალიზმით (ამავე დროს რადიკალთა განსაკუთრებული დილეტანტიზმითა და არაკომპეტენტურობით), განსაკუთრებული სისასტიკით, სამოქალაქო ომებით, სისხლიანი კონფლიქტებით. ჩვენდა სავალალოდ, პოლიტიკური პროცესი XX საუკუნის მიწურულს საქართველოში განვითარდა შეურიგებელი ანტაგონიზმის, დაპირისპირების, ურთიერთსიძულვილის აფეთქების ვითარებაში. თუმცა, არც იმის დავიწყება იქნებოდა სწორი, რომ ეს ფენომენი ზოგადად დამახასიათებელია საქართველოს ისტორიისათვის მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. განა უცხოა ჩვენთვის დაქუცმაცება, შინაომები, მტრის კარზე სირბილი, სოციალურ ფენათა დაპირისპირება, რეპრესიები, სისასტიკე და ასე შემდეგ. ამრიგად, ნურავინ იტყვის, რომ დღეს ისეთი რამ ხდება, რაც ადრე არასდროს მომხდარა. მაგრამ ჩვენი მიზანი ამ ისტორიული მანკისაგან გათავისუფლება უნდა იყოს. ამიტომაც ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, დემოკრატიულ სისტემას. სხვათა შორის, დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთი ღირსება ისიც არის (თუ, რა თქმა უნდა, დემოკრატია დაცულია), რომ იგი ბევრ ასეთ ისტორიულ მანკს ალბობს და კურნავს. ყოველ შემთხვევაში, ნეგატიურ პოტენციალს დემოკრატიის პირობებში უფრო ნაკლებად აქვს გამჟღავნების შანსი, ვიდრე პოზიტიურს.

და, მაინც, მიმაჩნია, რომ 1998 წლის თებერვალში, ყველაფრის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფოებრიობამ დიდი გამარჯვება მოიპოვა. არ ვაჭარბებ - ძალიან ძნელი იყო წონასწორობის, სტაბილურობის შენარჩუნება მაშინ, როცა ერთბაშად აფეთქდა (აგვიფეთქეს) პოლიტიკური ნაღმი და თვით ახალშექმნილ დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობასაც კი, საფრთხე შეუქმნეს. მაგრამ, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა ერმა, ჩვენმა საზოგადოებამ გაუძლეს ამ განსაცდელს. როგორც ჩანს, მივხვდით და ვისწავლეთ, რომ სტაბილურობა საქართველოსათვის დღევანდელ პირობებში საკვანძო ცნებაა და საერთო-სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდეალია. დესტრუქციულმა ძალებმა, პროვოკატორებმა ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. პირიქით, ეს მოვლენები საზოგადოების მაკონსოლიდირებელ ფაქტორებადაც კი იქცა. ყველა კონსტრუქციული ძალა ხედავს და აღიარებს შეკავშირების, თანადგომის აუცილებლობას.

რაც თებერვალში მოხდა, გაკვეთილი უნდა იყოს ყველასათვის, იმათ ვგულისხმობ, ვისაც ამოძრავებს დაუოკებელი ამბიცია, უპატიოსნო გზებით ხელისუფლებისაკენ ლტოლვის ამბიცია უცხო ძალის, გარეშე ძალის დახმარებითა და ხელშეწყობითაც კი. არა აქვს მნიშვნელობა, ვის, რომელი და როგორი შეფერილობის მოღვაწეს ღრღნის ეს ამბიცია.

ვინც უნდა იყვნენ ისინი, რომელ რეგიონს, რაიონსა თუ ქალაქს უნდა წარმოადგენდნენ, იძულებული გახდებიან შეურიგდნენ იმ აზრს, რომ დაუშვებელია ხელისუფლებისაკენ ლტოლვა არაკონსტიტუციური მეთოდებით, ქვეყნის უზენაესი ინტერესების, მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიული არჩევანის გაუთვალისწინებლად. ყველას უნდა გვეყოს ვაჟკაცობა, რომ თვალი გავუსწოროთ ასეთ ფაქტებს, ასეთ გამოვლინებებს და ყოველივეს თავისი სახელი დავარქვათ.

უფლება არა მაქვს კვლავ და კვლავ არ აღვნიშნო დედაქალაქის, სამეგრელოს როლი ამ ტრაგიკული მოვლენების დროს, რის შესახებაც უკვე ბევრი ვილაპარაკე ამ დღეებში. აღსანიშნავია, აგრეთვე, პარლამენტართა ერთსულოვნება (განურჩევლად მათი პოლიტიკური მრწამსისა). განსაკუთრებით გამოვყოფდი საქართველოს ტელევიზიას, გაზეთების დიდ უმრავლესობას. სწორედ ტელევიზიამ მომცა საშუალება ტერორისტული აქტიდან ათიოდე წუთის შემდეგ დავლაპარაკებოდი თითოეულ ოჯახს, დამემშვიდებინა თითოეული მოქალაქე, დამედასტურებინა, რომ პრეზიდენტი მწყობრშია, იგი ვერ წააქციეს და ყველაფერს იღონებს სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

საერთოდ, მასმედიამ ამ დღეებში უაღრესად დადებითი როლი შეასრულა, რითაც ნამდვილად დაადასტურა, რომ იგი ერთ-ერთი უმძლავრესი დემოკრატიული ინსტიტუტია, ჩვენი დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ბურჯია. მე არაფერს ვამბობ გამონაკლისზე, მე საერთო ტენდენციაზე ვლაპარაკობ.

საბოლოოდ, თავიანთი სიტყვა თქვეს და მოვალეობაც შეასრულეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, ძალისმიერმა სტრუქტურებმა. ნაკლოვანებებზე ახლა არ ვილაპარაკებ, ალბათ, ცალკე გვექნება საუბარი. ძალისმიერმა სტრუქტურებმა უდავოდ თქვეს თავიანთი სიტყვა. იყო გმირობისა და თავგანწირვის ფაქტებიც, თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ. საქართველომ სტაბილურობა შეინარჩუნა. ახლა იმ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ბრძანეთ. რაღაც მოულოდნელი აქ არაფერი არ ყოფილა. მე მხედველობაში მყავს ბურჭულაძე და ის ჯგუფი, აგრეთვე ისინიც, ვინც ბატონი ნემო ბურჭულაძე გამოგზავნა. ეს ჩემი იმ კურსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც შერიგებას, საერთო-ეროვნულ და სახელმწიფოებრივ თანხმობას ითვალისწინებს. ეს ერთი, და, მეორე: მოსახლეობისათვის, და არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც, ცნობილი გახდა საიდან მოდიოდა ავტორობა, უფრო სწორად, ვისი იდეა გახლდათ და ვის უსმენდნენ ტერორისტები. ვფიქრობ, ხელისუფლებას ამ შეხვედრით არაფერი არ დაუკარგავს. მე იმასაც ვიტყოდი, რომ კვლავაც და კვლავაც შერიგების კურსის მომხრე ვიქნებით. ამასთან კვლავ ვადასტურებ არაერთგზის ნათქვამს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ალბათ, ჩვენი პოლიტიკისათვის: შერიგებას და კომპრომისებს თანამედროვე მსოფლიოში (ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო ასპარეზზეც) ალტერნატივა არა აქვს, ხოლო ძალის კომპონენტი ერთ-ერთ ელემენტად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ამ მაგისტრალურ გზას ბარიერებისაგან ათავისუფლებს.

ყველას გასაგონად იმასაც ვიტყვი, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც გადაგვახვევინებს არჩეული გზიდან. ამას ხედავენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი უცხოელი პარტნიორები და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ბოლო დღეებში იმატა სტუმართა ნაკადმა ჩვენს ქვეყანაში. გრძელდება კონსულტაციები ნავთობის კომპანია „ფრონტერასთან“, რომელმაც ძალიან საინტერესო პროექტები მოამზადა საქართველოს ნავთობ-საბადოთა ათვისებასთან დაკავშირებით, დაგეგმილია ჩემი შეხვედრა ბატონ რიჩარდ მაცკესთან - კომპანია „შევრონის“ პრეზიდენტთან, თურქეთში მიმდინარეობს საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება დიდი ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტების თაობაზე, შეიკრიბნენ ხუთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები. უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა თურქეთის პრემიერ-მინისტრი მესუთ ილმაზი. დელეგაციაში შედიან თითქმის ყველა წამყვანი სამინისტროს მესვეურნი, მათ შორის ტრანსპორტის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ფინანსებისა და ასე შემდეგ. მასთან ერთად ჩამოვა თურქეთის ბიზნესმენთა ძალიან დიდი და ავტორიტეტული ჯგუფი.

საქართველოსთან თანამშრომლობის სერიოზული გეგმები აქვს კერძო ბიზნესის ხელშემწყობ ისეთ უდიდეს საერთაშორისო ორგანიზაციას, როგორიცაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, რომელიც აპირებს გახსნას ჩვენთან მუდმივი წარმომადგენლობა. საქართველოსათვის გამიზნული სპეციალური პროგრამის განხორციელება დიდად შეუწყობს ხელს მთელი რიგი მცირე და მსხვილმასშტაბიანი პროექტების დაფინანსების პრობლემის გადაწყვეტას. გათვალისწინებულია ნინოწმინდაში ნავთობის მოპოვების სამუშაოთა ინვესტირება. „თი-ბი-სი“ ბანკისათვის საკრედიტო ხაზის გახსნა, მიკრო და მცირე საწარმოთა მომსახურე ბანკის შექმნა და სხვა. წინასწარი ვარაუდით, მიმდინარე წლის ივნისისათვის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ჩვენში დაბანდებული ინვესტიციები 45 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.

დადასტურდა „ტრასეკასა“ და „აბრეშუმის გზის“ პროექტების განხორციელებაში საქართველოს, როგორც საკვანძო ქვეყნის მნიშვნელობა. ბოდიშს ვუხდი მსმენელს, თუ ზედმეტად დეტალურ ინფორმაციას ვაწვდი ახლა, მაგრამ ამას, ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, რაც მოხდა. თვით კომპანია „ფრონტერა რისორსი“ საქართველოში ენერგორესურსების ათვისების სამუშაოთა გაფართოებასა და ინვესტიციათა მოცულობის 10 მილიონ დოლარამდე გაზრდას აპირებს. საინტერესო შედეგით დაბრუნდა ბატონი მერაბ ადეიშვილი - ჩვენი ტრანსპორტის მინისტრი ჩინეთიდან, სადაც ვიზიტად იმყოფებოდა. იაპონია ხომ ჩართულია თავისი დიდი სახელმწიფოებრივი და სამთავრობო პროგრამით, ახლა უკვე ჩინეთის რიგი დადგა და იგი მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ დიდი „აბრეშუმის გზის“ განვითარებაში. მინისტრი უფრო დეტალურად ილაპარაკებს პრესკონფერენციაზე და, ვფიქრობ, თქვენც დაუთმობთ ტრიბუნას, რათა შეეხმიანოს ჩვენს ტელემაყურებელსა და რადიომსმენელს. ჩინელებმა გამოგვიცხადეს პოლიტიკური მხარდაჭერა და უშუალო მონაწილეობის მიღებასაც აპირებენ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც მათ აქვთ კავკასიასთან, ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობაში.

მადლიერებით უნდა აღვნიშნო ჩვენი დიდი მეგობრის ჰეიდარ ალიევის თანადგომა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იაპონიაში ყოფნისას კიდევ ერთხელ საქვეყნოდ დაადასტურა, რომ დიდი ნავთობის ტრანსპორტირებისათვის ბაქო-ჯეიხანის მარშრუტი (საქართველოს გავლით) პრიორიტეტულად რჩება. მან ეს კიდევ უფრო კატეგორიულად გამოთქვა.

აქვე მინდა დავძინო: ნავთობსადენი „საჯილდაო თოკი“ არ არის, ყველა თავისკენ რომ ექაჩებოდეს. აქ მთავარია რაციონალური გათვლა, ეკონომიკური ანგარიში, თუნდაც ნდობა ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობის მიმართ და რწმენა იმისა, რომ ხვალ ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში რომელიმე სალდაფონი გენერალი არ მოვა და ნავთობსადენს ზემოქმედების ბერკეტად არ გამოიყენებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და დისკუსიათა მონაწილეებმა ეს უნდა გაითვალისწინონ. აფხაზეთის, ყარაბაღის, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგება, ლტოლვილთა სწრაფი დაბრუნება ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების არეალს, მის მოცულობას გააფართოებს. მთელი ჩვენი უნიკალური რეგიონი აყვავების გზას დაადგება, თუკი კონფლიქტები დროულად მოგვარდება.

ნავთობსადენის სიკეთით ყველა ისარგებლებს - არა მარტო სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები და თურქეთი, არამედ, აგრეთვე უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები. კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება ევრაზიის ხიდის მშენებლობა. დიდი აბრეშუმის გზის აღდგენა მხოლოდ კეთილშობილი იდეა როდია - მისი ხორცშესხმით უკვე უდიდესი სახელმწიფოები არიან დაინტერესებული. ამერიკის კონგრესში დაიწყო მოსმენა ევრაზიის დერეფნის პრობლემატიკასთან დაკავშირებით და ამ მოსმენაში, როგორც გადმომცეს, ყველაზე გავლენიანი კონგრესმენები თუ სენატორები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს მეგობრებიც, რომელთა მხარდაჭერასაც ამ დღეებში ასე ნათლად ვგრძნობდით.

ეს კეთილშობილური პროექტი არავის ინტერესების წინააღმდეგ არ არის მიმართული. ახლა ამას უფრო დეტალურად შევეხები იმიტომ,რომ ბევრი ამ ტერორისტულ აქტებს, ამ ბოლო დროს რომ მოხდა საქართველოში, სწორედ იმით ხსნის, რომ, აი, მიმდინარეობს დავა, ბრძოლა ნავთობსადენისათვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, მე მაინც არ გავჩერდები, ჩემს არგუმენტებს ყოველთვის მოვიტან იმისათვის, რომ მსოფლიომ იცოდეს ეს. რა თქმა უნდა, იგი არ ეწინააღმდეგება არც რუსეთის კანონიერ, ვიმეორებ, კანონიერ ინტერესებს. ლაპარაკია პარალელურ გზაზე, პარალელურ პროექტზე და მხოლოდ ამ თვალსაზრისით შეიძლება ჩაითვალოს იგი ალტერნატიულად. რუსეთს უდიდესი სატრანზიტო ფუნქცია აკისრია ევრაზიის კონტინენტზე და ბევრი არაფერი დააკლდება, თუ მისი ტრანზიტული შესაძლებლობებით სხვა ქვეყნებიც ისარგებლებენ, მით უმეტეს, როგორც ადრე აღმინიშნავს, რუსეთის ტვირთნაკადები შეუერთდება აბრეშუმის გზის მაგისტრალებს, ხოლო რუსული კაპიტალი თავის ადგილს იპოვის საუკუნის პროექტების განხორციელებაში. ვფიქრობ, ყველა ქვეყანაში მიხვდებიან, რომ ენერგიაშემცველების ტრანსპორტირების პრობლემის შესწავლასა და გადაწყვეტას ცივი გონება, რეალური გაანგარიშება სჭრიდება და არა ულტიმატუმები.

- თქვენ ახლა ნავთობის თემაზე საუბრობდით. გასულ კვირას მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სახელმწიფო მინისტრის ბატონ ნიკო ლეკიშვილისა და აჭარის დელეგაციის სტუმრობა სოხუმში. ბატონ ნიკო ლეკიშვილის სტუმრობის დროს ნავთობის თემასაც შეეხნენ...

- მე კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ამგვარი შეხვედრები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არ გამოვრიცხავ უფრო მაღალი დონის შეხვედრასაც უახლოეს მომავალში. მიმდინარეობს ჟენევის პროცესი და აფხაზურ მხარესთან ორმხრივმა კონტაქტებმა ტრადიციული ხასიათი მიიღო. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დიალოგი გაფართოვდება და გაღრმავდება. კერძოდ, გაიმართება აფხაზთა ხელმძღვანელების შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან. რატომ არ უნდა გაიმართოს, მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ზონისა და ზოგიერთი სხვა რეგიონის ხელმძღვანელებთან შეხვედრა? სწორედ ამ კონტექსტით განვიხილავ აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ გორგილაძის სტუმრობას სოხუმში. მინდა რადიომსმენელებმა იცოდნენ, რომ ბატონი გორგილაძე პროფესიონალი დიპლომატია, საკმაო გამოცდილებაც აქვს და ძალიან საჭიროც. მისი გარკვეული მონაწილეობა ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პროცესში ნამდვილად სასარგებლო იქნება. ბუნებრივია, ეს საკითხი წინასწარ იყო შეთანხმებული ჩემსა და ბატონ ასლან აბაშიძეს შორის. რაც შეეხება ნავთობსადენს, ან ნავთობსაძიებო, ვიმეორებ, ნავთობსაძიებო სამუშაოებს, ამქვეყნად შეუძლებელი თითქმის არაფერია (რა თქმა უნდა, კონფლიქტის მოგვარების პირობებში).

- თქვენ წინა რადიოინტერვიუში ძალიან სერიოზული ყურადღება დაუთმეთ მრეწველობის თემას. პრინციპში, შემდეგ გამოსვლებშიც გამოჩნდა, რომ ამ დარგში შექმნილი ვითარება არასახარბიელოა...

- როგორც მოსალოდნელი იყო (მე, პირადად, ამას არ გამოვრიცხავდი), იანვარი მრეწველობისათვის მართლაც მძიმე აღმოჩნდა. თუმცა, თებერვალში მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და იმის წინაპირობაც არსებობს, რომ მარტში გარდატეხა მოხდება, რათა წლიური პროგრამის შესრულება არ შეფერხდეს.

შექმნილი მდგომარეობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი რუსთავის სამრეწველო კომპლექსში წარმოქმნილი სირთულეებია, რომლებსაც როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები აქვს. ყველა მათგანი დაწვრილებით განვიხილეთ მთავრობის სხდომაზე და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. რაც მთავარია, უახლოეს დღეებში გამოსწორდება ენერგეტიკაში შექმნილი ვითარება, თუმცა, მავანი ნუ ცდილობს ყველაფერი ენერგეტიკას, ბუნებრივი აირისა თუ ელექტროენერგიის მიუწოდებლობას დააბრალოს. მარტო ეს მიზეზი არ არის.

უკვე აღდგა, ან ამ დღეებში აღდგება ბუნებრივი გაზის მიწოდება ბევრ საწარმოში, რომლებიც ამის გამო იყო გაჩერებული. საერთოდ კი, პრივატიზებულ, ბევრ შემთხვევაში აქციონერებულ საწარმოთა მუშაობის საკითხს სერიოზული შესწავლა სჭირდება და, ალბათ, კანონმდებელმაც აქ თავისი სიტყვა უნდა თქვას, რათა პრივატიზებული საწარმოს გაჩერება მესაკუთრისათვის მიუღებელი და დაუშვებელი იყოს.

როგორც ცნობილია, მებამბეობის ქვედარგის საწარმოთა უმრავლესობა გაჩერებულია ნედლეულის უქონლობის გამო. ამჟამად უზბეკეთთან მიღწეულია შეთანხმება 2 ათასი ტონა ბამბის ბოჭკოს კვოტის შენარჩუნებისა და პირდაპირი გზით მისი შესყიდვის ნებართვის თაობაზე. განვილ კვირაში უზბეკეთის დელეგაციასთან ერთად გაფორმდა ოქმი, რომლითაც გადაწყდა, რომ უზბეკეთისა და საქართველოს მთავრობებმა იმუშაონ ურთიერთმისაწოდებელი საქონლის გაცვლის ნორმატიული აქტების შესადგენად იმ ვარაუდით, რომ ტრადიციული საქონლის (ჩაი, ბამბა, ლითონი, ქიმიური, მანქანათმშენებლობის ნაწარმი, „ბორჯომი“ და სხვა) შეძენა უზბეკეთისა და საქართველოს ბაზარზე ხელსაყრელი იყოს ორივე ქვეყნის ბიზნესმენებისათვის. პრეზიდენტთან დელეგაციის შეხვედრისას განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა შემდგომი ინტენსიფიკაციის საკითხები. მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობათა გაღრმავება მანქანათმშენებლობის, მრეწველობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში, მეცნიერებასა და კულტურაში. ჩვენი ნავსადგურების მეშვეობით შარშან გადაზიდულია (სხვათა შორის, ეს საინტერესო ციფრია) უზბეკეთის 285 ათასი ტონა ტვირთი, წელს ნავარაუდევია 800 ათასი ტონის, აქედან 180 ათასი ტონა ბამბის გადაზიდვა. „ტრასეკასა“ და „აბრეშუმის გზის“ პროექტებზე მუშაობაში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს სარაქსის ხელშეკრულებასთან უზბეკეთის შეერთებაც.

სერიოზულ ყურადღებას იპყრობს ენერგეტიკაში შექმნილი ვითარება, განსაკუთრებით დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის „შეძახილი“, როგორც იტყვიან, არ უნდა სჭირდებოდეთ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, წყალტუბოში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ტყიბულში, ქვემო ქართლში, ამბროლაურში, რათა შარშანდელი დონე მაინც შეინარჩუნონ. არადა, ადმინისტრაციული ზომები ფუჭია, თუ საბოლოოდ არ გადაწყდა განმანაწილებელი ქსელის პრივატიზების პრობლემა, - ეს პროცესიც უნდა დაჩქარდეს, და ესეც არაერთხელ ითქვა.

წარმატებით მიმდინარეობს საგაზაფხულო ხვნა-თესვა. პროგნოზით მოსახნავი და დასათესია 530 ათასი ჰექტარი. 26 თებერვლის მონაცემებით, მოიხნა და დაითესა 175 ათასი ჰექტარი, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 45 ათასი ჰექტარით აღემატება. აღვნიშნავ და მივესალმები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციისათვის შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოთა შექმნას. პირველი ასეთი საწარმო კასპში შეიქმნა და უეჭველად დადებითი შედეგიც ექნება.

საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, განვლილ კვირაში ბიუჯეტში ჩაირიცხა 11 მილიონი ლარი, ანუ თითქმის იმდენივე, რამდენიც თებერვლის პირველ 20 დღეში.

წინასწარი მონაცემებით, თებერვლის ბიუჯეტის მოსალოდნელი შემოსავალი 23 მილიონ ლარს მიაღწევს. თებერვლის საგადასახადო შემოსავალი 6 მილიონ 700 ათასი ლარით ანუ თითქმის ერთ-ნახევარჯერ აღემატება იანვრის დონეს. ამრიგად, ორი თვის სავარაუდო შემოსავალი 39 მილიონ ლარს მიაღწევს.

საგადასახადო ინსპექციის შეფასებით, ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თბილისის ორგანიზაციებმა, აჭარამ, იმერეთმა, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებმა, მცხეთის, გორის, გარდაბნის რაიონებმა და სხვა.

საბაჟო დეპარტამენტის წინასწარი მონაცემებით, თებერვალში საბაჟო სისტემაში მობილიზებულია 15 მილიონამდე ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, რაც, აგრეთვე, ერთ-ნახევარჯერ აღემატება შარშან თებერვალში მიღწეულ დონეს და 8 პროცენტით - წლევანდელ იანვრის მაჩვენებელს.

ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის მოცულობამ (და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია), წინასწარი მონაცემებით, თებერვალში შეადგინა 29 მილიონი ლარი, რაც თვიური გეგმის თითქმის 94 პროცენტია. ჩვენ ასეთი მონაცემები ჯერჯერობით არ გვქონია, ლაპარაკია ცენტრალურ ბიუჯეტზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის შესრულების მაჩვენებლი 60 პროცენტით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.

ასე დაწვრილებით მოგახსენებთ ამ ციფრობრივ მონაცემებს, რათა ერთხელ კიდევ გავუსვა ხაზი: თებერვლის მოვლენები დასრულდა, ასე ვთქვათ, ზამთარიც გასრულდა, გაზაფხულის პირველი დღეც დადგა და ცხოვრება გრძელდება ისევე, როგორც გრძელდება საქართველოს წინსვლა და განვითარება.

- ხვალ 3 მარტია - ეს დღე დედის დღედ აღინიშნება საქართველოში, დედისა, რომელშიც ყველაზე მეტად აისახება ქვეყნის ლხინიცა და ჭირიც...

- ალბათ, ესეც ძალიან სიმბოლურია, რომ დედის დღით საბოლოოდ ვშორდებით ზამთარს, იმ მოვლენებს, წლევანდელი ზამთრისათვის რომ იყო დამახასიათებელი. უპირველესად, მინდა მივულოცო ეს დღე ყველა დედას და სრულიად საქართველოს.

ყველაფრის საფუძველსა და საწყისს დედა წარმოადგენს. ამ დღეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ვამბობთ ქართველები (ეს ახლა ყველამ იცის, მაგრამ არასდროს არ გაცვდება ეს სიტყვები) - დედასამშობლო, დედამიწა, დედაენა, გუთნისდედა და სხვა...

დედობა უდიდესი ნიჭია. უდიდესი სათნოებაა, დედის სიყვარულზე დგას ეს სამყარო და ჩვენი ქვეყანაც.

მინდა, ამავე დროს, სამძიმარი ვუთხრა ყველა დედას, ვინც შვილი დაკარგა სამოქალაქო ომის დროს, სხვადასხვა კონფლიქტებში - ვგულისხმობ აფხაზებსაც, ოსებსაც - ჩვენ ხომ ყველანი იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც „ვეფხისა და მოყმის“ საკაცობრიო მნიშვნელობის ხალხური შედევრი შეიქმნა.

ერთხელ კიდევ ვუსამძიმრებ იმ ვაჟკაცების მშობელთ, რომელთა გმირობისა და თავგანწირვის ფასადაც დააღწია საქართველომ თავი თებერვლის განსაცდელს.

მადლობას მოვახსენებ ყველა დედას, ვინც ბოლო წლების გაჭირვებას უძლებდა და უძლებს. მაინც აჩენს და ზრდის შვილებს, პირნათლად იხდის დედობის ვალს. ქედს ვიხრი მრავალშვილიანი დედების წინაშე, მოვუწოდებ მთელ საზოგადოებას, ყველა სახელმწიფოებრივ სტრუქტურას, განსაკუთრებით დაეხმარონ და მაქსიმალური მზრუნველობა გაუწიონ მათ. დედაშვილობის უკეთილშობილეს ფენომენს ყოველმხრივი ყურადღება სჭირდება - იგია ოჯახის საძირკველი, ოჯახი კი - მთელი საზოგადოებისა და ქვეყნისა. ისე როგორც ყველა ქართველი, შევთხოვ ღვთისმშობელს, ქართლის დედას კვლავაც არ მოაკლოს ზრუნვა თავის ქვეყანას.

- ამ დღეებში გამოქვეყნდა თქვენი მიმართვა მოსახლეობისადმი ტყის განაშენიანებასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, ეს უპრეცედენტო აქტია. თუმცა, ალბათ, პრობლემის სიმწვავით არის განპირობებული...

- ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომლის ერთ-ერთი ღირსება მართლაც უნიკალური ბუნებრივი გარემოა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახან ასეთი დრამატული მოვლენები გადავიტანეთ, საჭიროდ ჩავთვალე მიმემართა საქართველოს მოსახლეობისათვის, მე ამას პირადი წერილი დავარქვი - საქართველოს ტერიტორიაზე გამწვანების-გატყევების სამუშაოთა შესახებ. მინდა, ამ წერილს ყველა ოჯახი და ყველა მოქალაქე გაეცნოს.

ვაჟა-ფშაველას სამშობლოში ბუნებრივი გარემოსადმი ასეთი დამოკიდებულება არავის უნდა უკვირდეს და არც რაიმე კამპანიად უნდა აღიქმებოდეს. ამჟამად შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს ბუნება, უპირველესად ტყე, გაჩანაგებას გადაურჩა, გადავარჩინეთ გაჩანაგებას, თუმცა ამის მსურველი ბევრი იყო. ახლა კი ლაპარაკი უნდა იყოს საუკეთესო ტრადიციათა აღდგენაზე. დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო გამოვა ამ სილამაზის საბოლოოდ გადარჩენისათვის, გამდიდრებისათვის. თითოეულმა მოქალაქემ რომ თითო ხე დარგოს და ახაროს, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წარმტაცი გახდება. ვიმედოვნებ, ჩემს წერილს ტყის განაშენიანებასთან დაკავშირებით ყველა მოქალაქე გაეცნობა. შესაბამისი უწყებები მას მიაწვდიან სკოლებს, საგანმანათლებო დაწესებულებებს. არავითარი კამპანია და აგიტაცია არ არის საჭირო - მშობლიური ქვეყნის სიყვარულით თითოეული გააკეთებს იმას, რაც შეუძლია. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

- და ბოლოს, ასეთი შეკითხვა: ამას წინათ მოსკოვის „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული იყო სტატია, რომელიც შემდეგ ქართულმა პრესამაც გადმობეჭდა. იქ ნათქვამია, რომ შევარდნაძე ავადმყოფობის გამო იძულებული იქნება გადადგესო. პრინციპში, ალბათ, თქვენი ჯანმრთელობის განმტკიცების მიზნით ხდება ეს გახშირებული ტერორისტული აქტები, ეტყობა, ძალიან ზრუნავენ ამაზე...

- რა თქმა უნდა, რუსეთის, ისევე როგორც ყველა ქვეყნის პრესას, შეძლებისდაგვარად, თვალს ვადევნებ. მრავალი პუბლიკაცია საინტერესოა, ზოგი რამ საგულისხმოცაა. თუმცა, მაინც ბევრია მონაჭორი, ზღაპარი, ზოგჯერ კი აშკარა ინსინუაცია, რასაც ხშირად „საინფორმაციო დივერსიას“ უწოდებენ ხოლმე.

რაც შეეხება პროგნოზს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩემი გადადგომის შესახებ, - კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა, ასე გამოვთქვამდი მე, გულის გასახეთქად (ვისაც ჩემი ჯანმრთელობა აინტერესებს სწორედ ამ თვალსაზრისით), რომ თავს ვგრძნობ ძალიან მაგრად.

საქართველოში იტყვიან ხოლმე, ჩვენი გორისააო. მე არასდროს მავიწყდება და ახლაც ვიცი, ვისი გორისა ვარ - ჩემი ხალხის გორისა ვარ და დანებება არ მჩვევია და არც აწი დავეჩვევი.

გაზეთს (რომელსაც მე პატივს ვცემ და რომელიც თქვენ ახსენეთ) და წერილის ავტორსაც ვურჩევდი: იქნებ სჯობდეს, ჯერ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე იფიქრონ და მერე „მოიცალონ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის!

საქინფორმი.

„შერიგებას და კომპრომისებს თანამედროვე მსოფლიოში ალტერნატივა არა აქვს, ხოლო ძალის კომპონენტი ერთ-ერთ ელემენტად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ამ მაგისტრალურ გზას ბარიერებისაგან ათავისუფლებს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 3 მარტი. - №51 (2751). - 1,2 გვ.

29 ღიმილიანი კაცი 123-ე ჯიხურიდან

▲ზევით დაბრუნება


ამ სათაურით ჩვენმა გაზეთმა 28 თებერვალს გამოაქვეყნა ნათელა ფაილოძის წერილი „მაცნეს“ 123-ე საგაზეთო ჯიხურის გამყიდველზე ელიზბარ დავითაშვილზე.

საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა ამ პუბლიკაციას, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

ძალიან კარგია, რომ ასეთი ადამიანი „შევნიშნეთ“, „საქართველოს რესპუბლიკას“ ვუსურვებ პატარა თუ დიდ საქმეთა ენთუზიასტები მხედველობიდან არც მომავალში გამორჩეს...

ელიზბარ დავითაშვილს კი მადლობას ვუცხადებ ძალიან საჭირო და კეთილსინდისიერი შრომისათვის.

ედუარდ შევარდნაძე.
1998 წლის 2 მარტი.

ღიმილიანი კაცი 123-ე ჯიხურიდან / ედუარდ შევარდნაძე ; // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 3 მარტი. - №51 (2751). - 1 გვ.

30 საქართველოს პრეზიდენტის წერილი მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ტერიტორიაზე გამწვანება-გატყევების სამუშაოთა შესახებ

კიდევ ორიოდე წელი, კიდევ ორიოდე გაზაფხული და XXI საუკუნეც დადგება. იწურება მეოცე საუკუნე და მეორე ათასწლეული ქრისტეს აქეთ. ისტორიული გადასახედიდან კარგად ჩანს ჩვენი ისტორია, რომელიც გვეუბნება, თუ რა დიდი ადგილი ეჭირა ბუნებას, ტყეს, ბაღებს, ვენახებს, ხეხილს ქართველი ერის ცხოვრებაში.

ქართველი კაცი პანთეისტი, ბუნების გამაღმერთებელი იყო მიწყივ დაბადებით.

მსოფლიოს პოეტები შემთხვევით არ ადარებდნენ საქართველოს სამოთხის ბაღს.

ტყის და ბუნების დაცვა - მამულის დაცვაა, ერის საარსებო სივრცის დაცვაა.

არსებობს ტყის დაცვის მამაპაპური, ეროვნული, ისტორიული ტრადიციები. საჭიროა მათი აღორძინება.

კარზე მოგვადგა 1998 წლის გაზაფხული, იმედისა და განახლების მაუწყებელი, იღვიძებს ბუნება.

ქართველი კაცი ტყეს ყოველთვის იმედის თვალით შეჰყურებდა. ამასთან იცოდა რომ ტყისაგან მარტო სიკეთით კი არ უნდა ესარგებლა, არამედ სათუთად უნდა გაფრთხილებოდა მასაზრდოებელ და მაცოცხლებელ დედაბუნებას.

საქართველოს მტრები შემოსევების დროს ანადგურებდნენ არა მარტო მოსახლეობასა და ქართული კულტურის ძეგლებს, არამედ ტყეებს, ვენახს, ხეხილს, საცხოვრებელ გარემოს.

საქართველოში ოდითგანვე არსებობდა ბუნების, ხეების საღმრთო კულტი, ბუნებისადმი, ტყისადმი წმიდა დამოკიდებულების ტრადიციები. ქართველი კაცი ოდითგან თუ ერთ ხეს მოჭრიდა, ორს - დარგავდა, რომ მისი ბაღნარი სამშობლო უდაბნოდ არ გადაქცეულიყო.

ჩავიხედოთ ჩვენს სულიერი კულტურის სიღრმეებში, გადავავლოთ თვალი ჩვენი მატერიალური კულტურის სათავეებს.

ცნობილია მუხის კულტი საქართველოში. აქედან - მუხის კულტიდან მოდის დავით აღმაშენებლის სულიერი მამის ჭყონდიდელის - „დიდმუხელის“ სახელწოდება.

ბრწყინვალე ქართულ სიმღერაში „მუმლი მუხასაო“, მუხა საქართველოს სიმბოლოა, მუმლი - მტერია.

ბუნებასთან, საკულტო ხეებთან, საღვთო ტყესთან იყო შეზრდილი ქართული სული და ცხოვრების რიტუალი.

ვაზის ჯვრით მოდის საქართველოში წმინდა ნინო.

ბუნების კულტის სიკეთე თან ახლავს ქართველი კაცის ცხოვრებას დაბადებიდან უკანასკნელ დღემდე. ნოდარ დუმბაძე ამბობდა: ერთი ხისგან აკვანიც გაითლება და კუბოც.

საქართველოს უდიდესი ტაძრის სახელი - ძელი ცხოველი, სვეტი ცხოველი - სიცოცხლის ბიბლიურ ხეს და ქრისტიანულ სასწაულს უკავშირდება.

ქართველი კაცისთვის ხე მარტოოდენ შეშა არასოდეს ყოფილა, ის მუდამ იყო უკვდავების ხე, ნატვრის ხე, „ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“, ესე იგი, ფილოსოფიური ხე, ჭეშმარიტების ხე.

ქართველი გლეხი, ბუნების მესაიდუმლე - მითთა ჟამიდან ამბობდა: ხეში წყალი ჩადგაო, გაზაფხული დადგაო. ხე აძლევდა გუთნისდედას და მწყემსს გაზაფხულის მოსვლის ნიშანს.

ადამიანმა ცხოვრების მანძილზე ერთი ხე მაინც უნდა დარგოსო, - ამბობს ხალხური სიბრძნე.

ხე ნაყოფით იცნობაო, - ამბობს ქრისტეს სახარება.

ისტორიაში არსებობს გენეალოგიური ხის ცნება, მითოლოგიაში არსებობს მსოფლიო ხის ცნება.

თუ ასე გავაცნობიერებთ ბუნების, ტყის, ხის ფილოსოფიას, თუ ამ იდეებით აღვზრდით ახალგაზრდობას, ტყის ბოროტი გამკაფავი ცოტა გვეყოლება საქართველოში, ტყის მომვლელი და შემნახავი, - ბევრი. ხეების დარგვა არა მარტო ტყის გაშენება, არამედ ადამიანის აღზრდაცაა, ბუნებისადმი მის დამოკიდებულებაში გარდატეხის შეტანაა. ტყეში უნდა ვეძებოთ უკვდავების ხე, ნატვრის ხე და არა მხოლოდ შეშა და ნადირი.

ეს ყველაფერი ეხება სულიერი კულტურის ისტორიას, მითოსს, ფილოსოფიას, მაგრამ ეს იმაზეც მეტყველებს, სულიერ ღირებულებათა იერარქიაში, ცხოვრების ფილოსოფიაში თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანი ბუნებას, ტყეს, ხეს. ის აღმერთებდა მათ.

ეს დამოკიდებულება გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე დაიკარგა. საჭიროა ძველი ტრადიციების აღდგენა, ახლის შექმნა.

გასულ წლებში ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ენერგოკრიზისმა, განუკითხაობამ, უკონტროლობამ, უკანონობამ, კორუფციამ, ხე-ტყის დამნაშავეობრივმა ექსპორტმა, ჩრდილოვანმა ეკონომიკამ განადგურების პირას მიიყვანა მთელი სატყეო ფონდი, მაგრამ განსაკუთრებით დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტყეები.

ჩვენდა სავალალოდ მზაკვრულმა ხელმა არც ქალაქებში დაინდო სკვერები, ბაღები, პარკები. თვით ფარნაოზის ტყე გაიჩეხა.

დიდი ზიანი მოუტანა ტყეს, ბაღებს, ნაკრძალებს, ქარსაცავ ზოლებს სამოქალაქო ომმა, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა, სოციალურმა ქაოსმა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოს ტყე გადარჩენილია.

ბიბლიაში წერია: ბოროტი ნაყოფის გამომღები ხე უნდა მოიჭრასო.

საქართველოში კი, პირიქით, სიკეთის ხეს ჭრიდნენ ბოროტი ძალები.

შექმნილი მდგომარეობა გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს, რადგანაც გამორიცხული არ არის გააქტიურდეს ეროზირებული, მეწყერული და წყალმარეგულირებელი უნარის მოშლის პროცესები.

საშიშროება გლობალურია, ამიტომ უნდა გაერთიანდეს ცენტრალური ხელისუფლების, შესაბამისი სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ავტონომიური ფორმირებების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურათა ძალისხმევა.

ტყეების აღდგენა ეროვნულ, საერთო სახალხო საქმედ უნდა იქცეს.

დღეს ბუნების დაცვა საყოველთაო, საკაცობრიო პრობლემაა, მსოფლიო ეკოლოგიური ბალანსის დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია - კავკასიის ტყეებიდან, ფარნაოზის ქართული ტყიდან ბრაზილიიის სელვამდე, ამაზონამდე, რომელსაც „კაცობრიობის ფილტვებს“ უწოდებს თანამედროვეობა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მსოფლიოს ეკოლოგიური სისტემის ნაწილი ვართ და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ საქართველოსთვის, რაც იმავე დროს მსოფლიოსთვის გაწეული სამსახური იქნება.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საერთაშორისო სივრცეში, სადაც იქმნება ახალი მეცნიერება პოლიტეკოლოგია, როგორც ეკოლოგიური პოლიტიკის მეცნიერული საფუძველი. მეამაყება, რომ პოლიტეკოლოგია, როგორც ტერმინი, ერთ-ერთმა პირველმა გამოვიყენე.

საქართველოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როდესაც ქვეყანა დაადგა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ახალ, დამოუკიდებელ აღმშენებლობის გზას, უაღრესად დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი, მათ შორის ტყის რესურსების მართვა-რეგულირებას იმ ვარაუდით, რომ პირველ რიგში შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მთლიანად ქვეყნის, კავკასიისა და სხვა რეგიონების ეკოლოგიური სტაბილურობა.

გამწვანება-გატყევების ერთთვიურები საქართველოში წელს ტარდება ახალ პირობებში, როცა უკვე განხორციელებულია მიწის რეფორმა, როცა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქემ, ყველა ოჯახმა სოფლად თუ ქალაქად მიიღო მიწის ნაკვეთი და თვითდასაქმდა მის კუთვნილ მიწაზე. იმედი გვაქვს იმ მიწის ნაკვეთებზე მალე აშრიალდება ამ გაზაფხულზე დარგული ხეები, ხეხილი, ბაღჩა-ბაღები, ვენახი...

თბილისი ვაზის ქალაქად უნდა იქცეს. დედაქალაქში არის საქართველოს ყველა მხარის, ქალაქის, დიდი სოფლების სახელობის ქუჩები. მოდით ამ ქუჩებზე ყოველ გაზაფხულზე გავაშენოთ სხვა მცენარეები.

ამ საქმეში თუ ჩართო საქართველოს ყველა რეგიონი, თბილისი ვაზის სამოთხეს დაემსგავსება. ეს დააახლოებს რეგიონებს და დედაქალაქს. რამდენი ასეთი ღონისძიების მოფიქრება და ხორცშესხმა შეიძლება.

საპრეზიდენტო, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გასულ წლებში საქართველოში გამწვანება-გატყევების ერთთვიურის ჩატარებით მიღებული შედეგები დადებითად შეაფასა და მიზანშეწონილად სცნო მიმდინარე წლის გაზაფხულ-შემოდგომაზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ დარგში არსებული ტრადიციების აღორძინება და განვითარება.

სწორედ ამ საჭირბოროტო საკითხებს მიეძღვნა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 თებერვლის №11 განკარგულება „საქართველოს ტერიტორიაზე 1998 წელს გამწვანება-გატყევების ერთთვიურის მოწყობის შესახებ“, დევიზით: „დედაბუნებას - ახალი სიცოცხლე“.

აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების პერიოდში სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ბუნების დაცვის, სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის, ეკოლოგიის, განათლების სამინისტროებმა, მიწის კადასტრის, სახელმწიფო ნაკრძალების და სხვა დაინტერესებულმა უწყებებმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწუნებულებმა მხარეებში, ქალაქის მერიებმა და რაიონის გამგეობებმა, რომელთაც მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებას, ფართოდ უნდა ჩააბან ამ საქმეში ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობა, ფერმერები, ბიზნესმენები, სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობა.

ეს ჩვენი ეროვნული ღირსების საქმეა.

გამწვანება-გატყევების სამუშაოები დაიწყება მიმდინარე წლის მარტის თვის ბოლოდან და რეგიონების ბუნებრივ კლიმატური პირობების გათვალისწინებით მაისის თვის შუა რიცხვებამდე გასტანს.

მიმდინარე წლის გაზაფხულ-შემოდგომაზე გათვალისწინებულია სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე გაშენდეს 500 ჰექტარი ახალი ტყე, როგორც ღია და სარეკონსტრუქციო, ისე დასახლებული ადგილების სიახლოვეს უკანონო ჭრებით დაზიანებულ ფართობებზე, ხოლო გასულ წლებში გაშენებული ნარგაობების შევსება ჩატარდება 2000 ჰექტარ ფართობზე, სადაც სულ დაირგვება 5 მილიონზე მეტი ნერგი.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კაკალნაყოფიანთა და სხვა ნაყოფმომცემი (კაკალი, თხილი, წაბლი, ტყემალი, პანტა, ბროწეული), აგრეთვე მერქნიანი სახეობების გაშენებას, როგორც სამრეწველო პლანტაციებად, ისე ხეივნებად გზების გასწვრივ.

ჩვენი ეროვნული და საერთაშორისო ტრასები, რომლებიც ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის, დიდი აბრეშუმის გზის ნაწილია - ბაღნარებად უნდა ვაქციოთ. აბრეშუმის გზას თუთის ხეები მოუხდება. ეს სიმბოლურიც იქნება და სასარგებლოც. ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი ისე უნდა გავამწვანოთ, რომ მეოცე და დამდეგი XXI საუკუნის ყველა მარკო პოლოს აღტაცების შეძახილი წამოსცდეს.

ჩვენი ბუნება ეროვნული განძია და მას ქვეყნის აღმშენებლობაში დიდი პერსპექტივა აქვს, მისი დაცვა სახელმწიფო საქმეა, სამოქალაქო საზოგადოების საქმეა.

აყვავებულ ბაღს უნდა დავამსგავსოთ საქართველოს ყველა ოჯახის ეზო და კარი, ყველა სოფელი, ყველა ქალაქი, მთელი ჩვენი ქვეყანა.

გამწვანების ერთთვიური საქართველოს ქალაქების, სოფლების, დაბების ყოველმხრივი კეთილმოწყობის სახელმწიფო და მუნიციპალური მრავალწლიანი პროგრამების შემადგენელ კომპონენტად უნდა ვაქციოთ.

მთავრობამ, სამინისტროებმა, ავტონომიურმა წარმონაქმნებმა, სამხარეო ადმინისტრაციებმა, გამგებლებმა, მერებმა უნდა გამოძებნონ სახსრები და რესურსები, რომ აღვადგინოთ და შევაკეთოთ ყველა დანგრეული და დაზიანებული შენობა, საცხოვრებელი სახლი, სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით დავასუფთაოთ ყველა ეზო, ქუჩა, კვარტალი, უბანი, გავწმინდოთ ისინი ნაგავისაგან ისე, როგორც ეს მაღალი საყოფაცხოვრებო კულტურის ხალხს ეკადრება.

საყოფაცხოვრებო კულტურა ევროპულ და მსოფლიო სტანდარტებამდე უნდა ავიყვანოთ. ასეთია ჩვენი ამოცანა.

მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ბუნების აღორძინებას ყველამ მოჰკიდოს ხელი, რადგან საქართველოც და მისი უნიკალური სიმდიდრე - ტყე ხალხს, თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის, მეტიც - ტყე თითოეული ჩვენგანის, თქვენი შვილებისა და შთამომავლობის სიცოცხლის წყაროა.

ქართველს ხალხს არამცთუ უყვარს ტყე და ბუნება, არამედ მისი სული ბუნების დიდი მესაიდუმლეა. საკმარისია გავიხსენოთ ქართული მთის ფოლკლორული შედევრები მინდიაზე, რომელთა საფუძველზე დიდმა ვაჟა-ფშაველამ შექმნა გენიალური პოემა. მინდიას, მოგეხსენებათ, ესმის ბუნების ენა, ხეების ენა, ფრინველთა ენა. ასეთი ფოლკლორული თუ ლიტერატურული პერსონაჟის შემქმნელ ხალხს არ შეიძლება არ უყვარდეს ტყე და ბუნება და არ შეიძლება არ ზრუნავდეს მათზე.

დიდი რუსთაველი ბრძანებს: ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლადო. დღეს ჩვენ სწორედ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, და „მართალი სამართლის ქმნამ“ არა მხოლოდ ახალი ხეები და ტყეები უნდა გაგვაშენებინოს, არამედ ხმელი ხეებიც ნედლად უნდა აქციოს, როგორც რუსთაველი ბრძანებს „ვეფხისტყაოსანში“.

უნდა აყვავდეს ვაჟას „ხმელი წიფელი“. ვაჟას ამ მხატვრულ სახეში, ამ მეტაფორაში, ამ სიმბოლოში დიდი პოეტური და ფილოსოფიური სიბრძნეა ჩაქსოვილი.

ეს ყველაფერი მშვენიერი და ამაღლებულია, მაგრამ რუსთაველი იმასაც ბრძანებს: არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისაო.

შექმნაა მთავარი. ამიტომ უნდა შევქმნათ ახალი ეკოლოგიური გარემო, გავაშენოთ ახალი ტყეები, ახალი ბაღები, ახალი ხეივნები.

სილამაზე იხსნის სამყაროსო, ბრძანა ერთმა დიდმა მოაზროვნემ. ბუნებაზე უფრო ლამაზი რა უნდა იყოს!

ჩვენ ყველანი ბუნების შვილები ვართ!

დედაბუნებას - ახალი სიცოცხლე!

ყველანი ერისა და ბუნების სამსახურში!

ედუარდ შევარდნაძე.
1998 წლის 28 თებერვალი.

საქართველოს პრეზიდენტის წერილი მოსახლეობისადმი : საქართველოს ტერიტორიაზე გამწვანება-გატყევების სამუშაოთა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 3 მარტი. - №51 (2751). - 1,3 გვ.

31 „არ შეიძლება ჭეშმარიტება იყოს ორი და სამი, ჭეშმარიტება ღმერთივით ერთია, ერთიანია და განუყოფელი“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
9 მარტის რადიოინტერვიუ

- 7 მარტს ექვსი წელი შესრულდა, რაც თქვენ საქართველოში დაბრუნდით. ამ ხნის მანძილზე ქვეყანაში მოხდა ძალიან ბევრი რამ, შეიძლება ითქვას, ისტორიული მნიშვნელობის ცვლილებები. ამას აღნიშნავენ როგორც ჩვენში, ასევე, განსაკუთრებით უცხოეთში. უმთავრესი მიზანი, რომელიც იმთავითვე გამოჩნდა შევარდნაძის პოლიტიკაში, იყო შერიგების კურსი ქვეყნის შიგნით. თებერვლის მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, ეს თემა კვლავ აქტუალურია საქართველოში. ერთ-ერთ ინტერვიუში მე გკითხეთ, რომ კი არსებობს პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელიც შერიგების კურსს გააგრძელებს, მაგრამ არსებობს პიროვნება ედუარდ შევარდნაძე, რომლისთვის ძალიან ძნელი და მძიმე გადასატანი იქნებოდა ის, რაც 9 თებერვალსა და 19 თებერვალს მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, თქვენ გაგწირეს. თებერვლის მოვლენებიდან გამომდინარე, ხომ არ არის მოსალონდელი, რომ ამ კურსში პრეზიდენტი შევარდნაძე რაიმე ცვლილებებს შეიტანს? - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ კითხვაზე პასუხით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- როდესაც მე ჩემი მეგობრების, თანამოაზრეების, ქართველი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლებისა და ფართო საზოგადოებრიობის თხოვნით და საკუთარი მტკიცე გადაწყვეტილებით 1992 წელს დავბრუნდი საქართველოში, ჩემს სამშობლოში, აქ შეურიგებელი, საყოველთაო უნდობლობის ატმოსფერო იყო გამეფებული.

ყველას გვახსოვს ის საზარელი პერიოდი, როცა თითქოს ჰაერიც კი გაჟღენთილი იყო სიძულვილით, შხამით, ბოღმით, მძვინვარე ფანატიზმით. სამწუხაროდ, ამ დროს საქართველოში რეალურად არსებობდნენ ძალები, რომელთა შერიგებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთელი ჯანსაღი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალების უპირველეს ამოცანად მე სწორედ შერიგება მივიჩნიე. მათთან ერთად განვსაზღვრე ეს კურსი - შერიგების კურსი, რომელსაც დღემდე განუხრელად ვახორციელებდი და ვახორცილებ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, რათა შერიგებოდა ძმა - ძმას, შვილი - მამას, სოფელი - ქალაქს, კუთხე - კუთხეს და ასე შემდეგ. აღარ გავაგრძელებ, ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს, - როგორ მოუწოდებდნენ ხალხს არა სიყვარულის, არა თანადგომისათვის, არამედ სიძულვილისათვის, ვიმეორებ, ფანატიკური, შეურიგებელი მძვინვარე სიძულვილისათვის.

ახალ ეპოქაშიც და იმ ძველ ეპოქაშიც, როგორც შემეძლო, ყველგან და ყოველთვის ვამბობდი, ვაფრთხილებდი საზოგადოებას იმ საფრთხის გამო, რომელსაც შეიცავს ამა თუ იმ პოლიტიკური ელფერის რადიკალიზმი, შეურიგებლობა, ფუნდამენტალიზმი. ეს ძალზე საშიში მოვლენებია.

არა ტრადიციონალიზმი, არა კონსერვატიზმი, არამედ სწორედ ფუნდამენტალიზმი, და ნურავის ნუ ჰგონია, რომ ფუნდამენტალიზმის საფრთხე სადღაც ცხრა მთას იქით არის და არა - ჩვენში, ფუნდამენტალიზმი, რომელსაც არ სურს და იქნებ არც ძალუძს შეურიგდეს ახალ რეალიებს, დროის, ეპოქის მოთხოვნას. სწორედ ამ რადიკალ-ფუნდამენტალისტებმა მოუტანეს ჩვენს ქვეყანას 1988-89 წლებიდან მოყოლებული ყველა ის უბედურება, ჩვენმა პატარა ერმა რომ გადაიტანა.

საშინელი და საზარელია უმეცართა რადიკალიზმი. მისი ერთ-ერთი ძირითადი თვისება ის გახლავთ, რომ გარკვეულ ეტაპზე, გარკვეულ პირობებში უეჭველად გამოვლინდება ღია, შეუნიღბავი აგრესიით, ძალადობით, განსხვავებული აზრის ძალით დათრგუნვის სურვილით.

ეს თვისებები ახასიათებდა და ახასიათებს ექსპრეზიდენტის მომხრეთა მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებული აგრესიულობითა და სისასტიკით რომ გამოირჩევა.

არ მინდა ვთქვა, რომ ექსპრეზიდენტის მიმდევართა შორის არ არიან პატრიოტები, სახელმწიფოსათვის გულშემატკივარი ადამიანები, რომელთაც მართლა უყვართ სამშობლო და მათთვის არ არის უცხო სულიერი, ზნეობრივი ლტოლვა სიმართლისაკენ, როგორც მათ ესმით ეს სიმართლე. მაგრამ ისინიც დამეთანხმებიან და უნდა დამეთანხმონ, რომ არ შეიძლება ჭეშმარიტება იყოს ორი და სამი, ჭეშმარიტება ღმერთივით ერთია, ერთიანია და განუყოფელი.

ზვიადისტთა პოლიტიკური სექტის წარმომადგენლებმა უნდა აღიარონ: ექსპრეზიდენტის მომხრე ტერორისტთა მოქმედებას, ტერორისტულ აქტებს არანაირი გამართლება არა აქვს. ასეთი მოქმედება საბოლოოდ აშიშვლებს მათს კაცთმოძულეობას, ამდენად, რადიკალური ნაწილი, ისინი, ვინც ძალადობას მიმართავს, თვით ზვიადისტებმა უნდა მოკვეთონ და მოიკვეთონ, ხოლო რწმენისათვის, ამა თუ იმ პიროვნების თაყვანისცემისათვის ჩვენ არავის ვსჯით, არავის ვდევნით და ჩვენ შეგვიძლია მათთან ვითანამშრომლოთ.

ისტორიული კანონზომიერება, გნებავთ, ერთგვარი პარადოქსაციაა, რომ რადიკალური ფუნდამენტალიზმი, რომელიც თითქოსდა ეროვნული დროშით გამოდის ასპარეზზე, ქვეყნისა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის იწყებს ბრძოლას, ამ ბრძოლის პროცესში არ ითვალისწინებს რეალიებს, პიროვნულ მისწრაფებებს, თითოეული ადამიანის უფლებას. საბოლოოდ კი უეჭველად გადაეშვება სისხლიან ექსტრემიზმში და, რაც მთავარია, ბრმა იარაღად იქცევა გარეშე ძალის ხელში იმავე სამშობლოს, იმავე ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის ბედნიერებისა და თავისუფლებისათვის იწყებდა ბრძოლას. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის გაკვეთილიცაა.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, მათ შორის, ექსპრეზიდენტის მომხრეებმაც (ყველანი ხომ საქართველოს მოქალაქეები ვართ): ის მოძრაობა, რომელიც თავის წიაღში შობს ტერორიზმს, იმთავითვე არაჯანსაღი, თავისი არსით ტოტალიტარული მოძრაობაა. შეუძლებელია ტერორიზმი წარმოიშვას დემოკრატიული მოძრაობის წიაღში. ამდენად, არ არის მოულოდნელი, რომ ტერორისტული მიმდინარეობანი უკიდურეს შემთხვევაში ავლენს თავს.

საქართველოში არსებობს არა მარტო მემარჯვენე რადიკალიზმი და, როგორც მისი განაყოფი, მემარჯვენე ფუნდამენტალიზმი, არსებობს, აგრეთვე, მემარცხენე რადიკალიზმი, რომელიც უარყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას და ფაქტობრივად მოითხოვს იმპერიის აღდგენას, აშკარად ქადაგებს სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას.

მათ გასაგონადაც უნდა ვთქვა: თუ დროულად არ მოეგებიან გონს, დროულად არ გაიცნობიერებენ რადიკალიზმის საშიშროებას, მაშინ მემარცხენე რადიკალიზმიდანაც ისევე წარმოიშობა ფუნდამენტალიზმი და ტერორიზმი, როგორც მემარჯვენე რადიკალიზმიდან იშვა.

ჩვენ ყველა ძალასთან თანამშრომლობის, დიალოგის მომხრენი ვართ, მაგრამ მხოლოდ კონსტიტუციის საფუძველზე. კონსტიტუცია საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სტაბილურობის უპირველესი პირობა და საფუძველია. ის, ვინც ამ საფუძველს არყევს, ვინც დამოუკიდებლობაზე უარის თქმას მოითხოვს, ფაქტობრივად, მთელ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის მომავალს უპირისპირდება. ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ქვეყნის ორგული და დუშმანი ხდება. ასეთია ლოგიკის ძალა. ეს მეორე უკიდურესობაც ასევე შეიძლება გამოვლინდეს ტერორიზმითა და სისხლისღვრით.

ნებისმიერი სახის რადიკალიზმი და ფუნდამენტალიზმი საქართველოში, მით უმეტეს, დღევანდელ საქართველოში, სამოქალაქო ომისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. და არა მხოლოდ ვთხოვ ყველას, ყურად იღონ ჩემი თხოვნა და გაფრთხილება, არამედ კვლავაც ვადასტურებ, რომ არ დავუშვებ საქართველოში ტერორისტთა თარეშსა და ქვეყნის სტაბილურობის ხელყოფას. ამისათვის გამოვიყენებ კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, მათ შორის, ძალასაც, როგორც ეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება.

ის, ვინც ხელს აღმართავს უმწეო მოქალაქეებზე, უცხოელ მეთვალყურეებზე, თავისი ქვეყნის დაუფარავი, დაუნდობელი მტერია, სამშობლოს მოღალატე და გამყიდველია.

ეს არ ნიშნავს შერიგებაზე უარის თქმას. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით კონსტიტუციის საფუძველზე შევრიგებულიყავით, ან თუნდაც, ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, მოვრიგებულიყავით საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ამის სურვილი ჰქონდა. მაგრამ რადიკალებიც უნდა მიხვდნენ, რომ აუცილებელია გაემიჯნონ ფუნდამენტალიზმს, ტერორიზმს, - წინააღმდეგ შემთხვევაში მათთან ერთად იქნებიან ჩათრეული სისხლიან ჭაობში.

თუ ამ მიმდინარეობებში, ვგულისხმობ, მემარცხენე და მემარჯვენე რადიკალებს, არიან პატიოსანი ადამიანები, ისინი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაემიჯნონ ფუნდამენტალისტებსა და ტერორისტებს, იპოვონ თავიანთი ადგილი საზოგადოებაში, თუნდაც, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ლანდშაფტზე, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, შესთავაზონ საზოგადოებას, ამომრჩევლებს პოზიტიური პროგრამა, ჩაებან სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, ქართული სახელმწიფოს განმტკიცების პროცესებში. სხვა გამოსავალი არ არსებობს, სხვა გზა არ არის - მხოლოდ კონსტიტუცია და კანონიერებაა. შეურიგებელ რადიკალიზმს კი ფუნდამენტალიზმისაკენ, ტერორიზმისაკენ, საბოლოოდ - სისხლიანი ანარქიისა და სამოქალაქო ომისაკენ მივყავართ.

აქვე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოვახსენო ქვეყნის მთელ მოსახლეობას, განსაკუთრებით, დედაქალაქის, სამეგრელოს მკვიდრთ, რომლებმაც უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ესოდენი სიდინჯე და სიბრძნე გამოიჩინეს, მხარი დაუჭირეს პრეზიდენტს, ხელისუფლებას, კონსტიტუციურობასა და კანონიერებას.

- განვლილი კვირის კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც ზუსტად უკავშირდება იმ თემას, რომელსაც ახლა შეეხეთ, კერძოდ, თქვენ საუბრობდით იმ რადიკალების შესახებ, ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ რომ გამოდიან. ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საიმედო გარანტი მისი ეკონომიკური ძლიერებაა. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, საქართველოს ეკონომიკური ძლიერება მეტწილად უკავშირდება იმ თემას, რომელსაც ნავთობის თემა ჰქვია. გასულ კვირაში „ხუთეულის“ სტამბოლის შეხვედრა გაიმართა. ყაზახეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და მიიღეს დეკლარაცია კასპიის აუზიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ენერგიაშემცველების (უპირველესად, კასპიის შელფის დიდი ნავთობის) ტრანსპორტირების შესახებ. პრინციპში, არ ვიცი, ბატონო პრეზიდენტო, პირველი შეკითხვის ძირითადი საფუძველი რას ემყარებოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ რადიკალების ასეთი გააქტიურება შეინიშნება ნავთობის თემის გააქტიურების პარალელურად, ალბათ, ძალიან ბევრი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა. ესე იგი, გააქტიურდა ნავთობის თემა, უკვე მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებანი საქართველოსთან დაკავშირებით, პარალელურად აქტიურდებიან რადიკალური ძალები...

- სხვათა შორის, ამ რადიკალიზმთან დაკავშირებით მე ამ ორი დღის წინათ წავიკითხე: აფხაზ სეპარატისტთა ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, გაფრთხილების წერილს უგზავნის ყველა კომპანიას, ყველა ფირმას, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობენ, რომ არ შეიძლება ენდონ საქართველოს და არ შეიძლება შეასრულონ ის პროგრამები, რომლებიც ორმხრივი ვალდებულებებით არის განსაზღვრული. სხვათა შორის, ის ადამიანები, რომლებიც ტერორისტული აქტის ხელმძღვანელები და სულისჩამდგმელები არიან, მათ შორის ქართველები, ზუგდიდში მეთვალყურეები რომ გაიტაცეს, ასევე თბილისში რაც ჩაიდინეს, სწორედ ისინი კვლავ უნდობლობის ატმოსფეროს შექმნას ცდილობენ საქართველოს მიმართ. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათს მიზნებს ახდენა არ უწერია. და სწორედ ასეთ ფონზე სტამბოლის შეხვედრას ძალიან დიდი და პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

უპირველესად უნდა შევნიშნო, რომ ამ დეკლარაციამ ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში (მხედველობაში მაქვს სტამბოლის დეკლარაცია) აშკარად არაადეკვატური რეაქცია გამოიწვია, რაც უსაფუძვლოც არის და, ცოტა არ იყოს, უცნაურიც. არ შეიძლება XX საუკუნის მიწურულს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ჯგუფს აუკრძალო შეიკრიბოს და იმსჯელოს აქტუალურ ეკონომიკურ პრობლემებზე. ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი, და თუ ეს აზრები ერთმანეთს დაემთხვა, მაშასადამე, მათი ინტერესებიც ემთხვევა ერთმანეთს. ასეთია რეალობა.

როგორც ცნობილია, შემდეგი შეხვედრა იმავე შემადგენლობით ანუ „ხუთეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, თბილისში გაიმართება. მე მაღალ შეფასებას ვაძლევ სტამბოლის შეხვედრას და არ გამოვრიცხავ თბილისის შეხვედრაში სხვა დაინტერესებული ქვეყნების მონაწილეობასაც. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ სხვებიც მოვიწვიოთ, ოღონდ, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ინიციატივას „ხუთეულის“ სხვა ქვეყნებიც დაეთანხმებიან.

სტამბოლის დეკლარაცია იმ გეოპოლიტიკური კონცეფციის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც უკვე ექვსი წელია აქტიურად ვანვითარებთ და ვამდიდრებთ ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად. ეს გახლავთ დიდი აბრეშუმის გზის აღორძინება, ევრაზიის ხიდის, ევრაზიის დერეფნის შექმნა, რა თქმა უნდა, უწინარესად, საქართველოს საკეთილდღეოდ და გასაძლიერებლად, ასევე იმ სახელმწიფოების საკეთილდღეოდ, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ. თუმცა ჩვენი ქვეყნის ინტერესები ემთხვევა რეგიონის სხვა სახელმწიფოთა ინტერესებს და სწორედ ეს ქმნის რეგიონული კოოპერაციის პირობებს.

ამავე სტრატეგიული გეგმის კომპონენტია შეთანხმება ნავთობკომპანია „შევრონთან“, და დღეს მინდა მოკლედ შევეხო ამას, რადგან გასულ კვირას თბილისში დაიდო კონტრაქტი. ლაპარაკია კიდევ ერთი, სრულიად ახალი ნავთობსადენის მშენებლობაზე აზერბაიჯანის დაბა ალი-ბაირამლიდან ხაშურამდე. ამ ნავთობსადენის საშუალებით შესაძლებელი გახდება ყაზახეთიდან ექსპორტირებული ნავთობის ოდენობა 5-6, შესაძლოა 7 ან 8 მილიონ ტონამდე გაიზარდოს წელიწადში. მოგეხსენებათ, რომ ხაშურიდან ბათუმამდე ახლა არსებობს ნავთობსადენი.

თენგიზის საბადოდან ევროპაში ნავთობის მიწოდება ძირითადად რუსეთის გავლით მოხდება და ამას არავინ ხდის სადავოდ. მოგეხსენებათ, ნავთობსადენიც შენდება თენგიზის საბადოებიდან ნოვოროსიისკამდე, მაგრამ რაკი „შევრონმა“ გამოთქვა სურვილი ნავთობის გარკვეული ნაწილი საქართველოს გავლითაც გაიტანოს ევროპაში, ჩვენ, რასაკვირველია, უარს არ ვიტყოდით, ანკი, ვინ იტყოდა ამაზე უარს? მოხარული ვარ, რომ ალი-ბაირამლი-ხაშურის ნავთობსადენის ამოქმედების შემდეგ კიდევ ერთი ხაზი გაივლის კასპიის სანაპიროდან ბათუმამდე. აჭარაში, ასევე, სხვა ქალაქებში შეიქმნება ასობით სამუშაო ადგილი, რაც დიდად წაადგება როგორც ბათუმის, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მთლიანად საქართველოს ბიუჯეტს.

- გასულ კვირას თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გქონდათ სატელეფონო საუბარი. ინფორმაცია ამის შესახებ უკვე გავრცელდა. მაგრამ, ალბათ, არის ბევრი საინტერესო დეტალი, რომელთა შესახებ არაფერი თქმულა...

- განსაკუთრებით ახალს, ალბათ, ვერაფერს ვიტყვი. სასიამოვნოა ამის შეგნება, რომ (როგორც საუბრისას დადასტურდა) საქართველოს პრობლემები, ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება კვლავაც ამერიკის ადმინისტრაციის ყურადღების არეალშია. ამერიკელებს, ეტყობა, არც ერთი ნიუანსი არ გამოპარვიათ იმ მოვლენებიდან, ამ ბოლო დროს რომ განვითარდა საქართველოში.

პრეზიდენტმა კლინტონმა ჩემთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავინდებურად გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავების კურსს, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ეკონომიკურადაც დაეხმარება საქართველოს. პრეზიდენტმა კლინტონმა პირადად თავისი, აგრეთვე, მეუღლისა და მთელი ამერიკელი ხალხის სახელით არა მარტო მწუხარება გამოთქვა 9 თებერვალს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, არამედ, აგრეთვე კმაყოფილებითა და მადლიერებით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარებიდან უსისხლო, უმსხვერპლო და, როგორც თვითონ თქვა, ბრძნული გამოსავალი იპოვა.

- რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ ამ ბოლო დროს პრესაში და, არა მარტო პრესაში, გავრცელებული მოსაზრებანი საქართველოს პრეზიდენტზე მოსალოდნელი ტერორისტული აქტის შესახებ? პრინციპში, ძალიან საინტერესო ვითარება იქმნება, როცა პრესაში წერენ ამას, როცა პრესაში ჩნდება მოსაზრებანი, რომ ზოგიერთი სამინისტრო, ძალისმიერი სტრუქტურა ადასტურებს ამ ეჭვებს და აქ თითქოს ჩერდება ყველაფერი. და, აი, ამ ფონზე, თქვენ 19 მარტს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მოსკოვის უმაღლესი დონის სამიტში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაემგზავროთ იმ ქალაქში, სადაც ტერორისტები ცხოვრობენ და სადაც ტერორისტებს მფარველობენ...

- მე ბოლოდან დავიწყებდი პასუხს. ჩემი გამგზავრების საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია. იძულებული ვარ, დავეთანხმო ამ აზრს - გარკვეული გაფრთხილებისა და შეშფოთების შესახებ, ამას მართლაც აქვს საფუძველი. ბოლო ტერორისტული აქტის ორგანიზატორთა კვალი ნამდვილად რუსეთში იკარგება. და მაინც, მე არ ვჩქარობ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. სამიტამდე კიდევ ბევრი რამ გაირკვევა. ამ საკითხზე იმსჯელებს ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭო და პრეზიდენტიც მხოლოდ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით გადადგამს ამა თუ იმ ნაბიჯს ქვეყნის ინტერესებისა და სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით.

აქვე აღვნიშნავ, რომ უდავოდ სასარგებლო იყო როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, აგრეთვე, მთავრობის წარმომადგენელთა შეკრება მოსკოვში. ჩვენმა დელეგაციამ ორივე სხდომაზე დააყენა აფხაზეთის საკითხი და საკმაოდ მწვავედაც. მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული. ბევრი რამ, შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ დოკუმენტზე.

რაც შეეხება ჭორებს ტერორისტული აქტის განმეორების შესაძლებლობის შესახებ, მე მოვითხოვ (უკვე მოვითხოვე), რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა შეამოწმონ ის არხები და წყაროები, რომელთა მეშვეობითაც ვრცელდება ასეთი ვერსიები, ჭორები. არც ერთი სიგნალი არ უნდა დარჩეს შეუმოწმებელი. საფუძვლიან სიგნალებს შემოწმება სჭირდება, ჭორებისა და არაჯანსაღ განწყობილებათა დამკვიდრებაზე გაანგარიშებულ ვერსიათა ავტორები უნდა გამოვავლინოთ და პასუხიც ვაგებინოთ.

- გასულ კვირას გაიმართა ენის სახელმწიფო კომისიის სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი უძღვებოდა. მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დადგინდა ზოგიერთი ლიტერატურული ნორმა და განხილულია კანონპროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ“.

- საქართველოში დედაენისადმი განსაკუთრებული ყურადღება უკვე სახელმწიფოებრივი ტრადიციაა. მოგეხსენებათ, 1978 წელს დედაენის სახელმწიფოებრივი სტატუსის გადასარჩენად ბეწვის ხიდზე, ან შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას, დანის პირზე გავიარეთ ყველამ.

ქართული ენისათვის ზრუნვა გამოიხატება არა მარტო დეკლარაციებით, არამედ კონკრეტული საქმითა და კონკრეტული გადაწყვეტილებებით.

დედაენის სახელმწიფოებრივი ფუნქციის შემდგომი განმტკიცება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. მით უმეტეს, XX საუკუნის დამლევს, როდესაც ენის ფუნქციური არეალი სულ უფრო ფართოვდება. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოში კომპიუტერიც, ასე ვთქვათ, ქართულად ამეტყველდეს. კომპიუტერთან მუშაობისათვის ქართულის ცოდნაც საკმარისი უნდა იყოს და ამით ჩვენი დედაენა მსოფლიო მნიშვნელობის ენებს არ ჩამოუვარდებოდეს.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რუსულის, ინგლისურის, ფრანგულის, გერმანულის, ესპანურის, სხვა საერთაშორისო ენების უგულებელყოფას, ისევე როგორც ქართულის სახელმწიფოებრივი სტატუსისა და ფუნქციის განმტკიცება არ გულისხმობს საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ენების დაკნინებას, მათს დაჩაგვრასა და გამოდევნას. პირიქით, ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ ენების შესწავლისა და განვითარებისათვის. ენობრივი შემწყნარებლობაც საქართველოს ერთ-ერთი კეთილშობილი ტრადიციაა, რომელსაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.

- გასული კვირის, ასე ვთქვათ, სენსაციათა შორის იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეევის განცხადება საქართველოდან რუსეთის ბაზების გატანის თაობაზე. პრინციპში, როგორც გვახსოვს, იმ სიტუაციაში გერმანიიდან როგორ გავიდა რუსეთის ჯარი, როცა ერაყში მიმდინარე მოვლენებს რუსეთი თავისი პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს, ასეთი დემარშის ტიპის განცხადებები ცოტა უცნაურად, ალოგიკურად ჟღერს...

- ჩემი აზრით, მარშალი სერგეევი ჩამოვა თბილისში და მაშინ, ალბათ, უფრო მეტი საშუალება გვექნება დაწვრილებით ვისაუბროთ იმ ვალდებულებათა შესახებ, რომლებიც მხარეებმა იკისრეს 1996 წელს, როცა ხელი მოაწერეს დოკუმენტს „სამხედრო ბაზების თაობაზე“.

ალბათ, დადგა დრო გაირკვეს, ვინ იყო ამ ვალდებულებათა ერთგული და ვინ - არა, რა შესრულდა და რა არ შესრულებულა. რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას ეხება, იგი ცოტა მოულოდნელია და მას ორი შესაძლო მოტივით ვხსნი:

ან რუსეთს არა აქვს საშუალება გადაიხადოს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბაზებით სარგებლობის და აქედან უკანონოდ გატანილი სამხედრო ტექნიკის საფასური მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად (ეს კი რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს), ან ბატონი სერგეევი ზედმეტად არის დარწმუნებული, რომ ჯარების გაყვანის მუქარით შეგვაშინებს და საქართველოც მუხლებში ჩაუვარდება თხოვნით, ეს ჯარები არ გაიყვანოო.

პირველი არგუმენტი, პირველი მოტივი (ბაზებით სარგებლობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით) სავსებით გასაგებია, მეორე კი, ალბათ, ასე უნდა ვთქვა, გულუბრყვილოა, ძალიან გულუბრყვილო.

თუმცა, მე მაინც იმის მომხრე ვარ, რომ ასეთი მწვავე და აქტუალური საკითხები წყდებოდეს ცივი გონებით, ურთიერთპატივისცემისა და ინტერესთა გათვალისწინების ვითარებაში.

- ეს განცხადება იმითაც იყო საინტერესო, რომ სტამბოლის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე რუსულ მასმედიაში გაკეთდა განცხადებები, რომ, თუ ვინმეს სურს კავკასიიდან რუსეთის განდევნა, ჩვენ ხელთ კიდევ არის გარკვეული ბერკეტები, რომლებიც შეგვიძლია ავამოქმედოთო. ძალიან საინტერესო იყო ამ კონტექსტით ეს განცხადება...

- ასეთი ბერკეტები, სამწუხაროდ არსებობს. მაგრამ ბერკეტების გამოყენებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მიმართ შანტაჟი, რა თქმა უნდა, ცივილიზებული მეთოდი არ არის და დემოკრატიულ ქვეყანას არ ეკადრება.

- კავკასიის ხალხთაგან რომელიმე ხალხის მიმართ საქართველოს თუ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, ეს ყოველთვის ჰქონდა ინგუშებთან. ინგუშეთის პრეზიდენტად კვლავ აუშევი აირჩიეს...

- მე მივულოცე ბატონ რუსლან აუშევს ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა. ჩვენს ხალხებს მართლაც ძმური და ნათესაური ურთიერთობა ჰქონდათ საუკუნეების განმავლობაში. პირადად ბატონ აუშევს ძალიან კარგად ვიცნობ, მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს ჯერ კიდევ ავღანეთის მოვლენების დროიდან.

ერთხელ კიდევ გულწრფელად ვულოცავ. იგი თავისი ერის ღირსეული შვილია, ვუსურვებ წარმატებით ეღვაწოს მოძმე ინგუში ხალხისა და მთელი კავკასიის საკეთილდღეოდ.

- გუშინ 8 მარტი იყო. აზრთა სხვაობის მიუხედავად, ზოგი კომუნისტურ დღესასწაულს უწოდებს, ზოგი ისევ საბჭოთა დღესასწაულს, იგი საქართველოში მაინც აღინიშნა.

- მე ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, რომ ეს დღე აღინიშნებოდეს. ალბათ, მომავალში, უფრო ფართოდაც. ყველა ქალს საქართველოში სიმშვიდესა და ბედნიერებას ვუსურვებ. თუ ეს „საბჭოური“ დღესასწაულია, როგორც ზოგიერთს ჰგონია (თუმცა ნამდვილად არ არის ასე), დაე იყოს საბჭოური. ყველაფრის უარყოფით კი აბსურდამდე არ უნდა მივიდეთ.

- ტრადიციულად ინტერვიუს ეკონომიკის თემით იწყებთ ხოლმე. მაგრამ ამჯერად ეკონომიკური მიმოხილვა, ალბათ, ბოლო კითხვა იქნება...

- ამჯერად მოკლედ შევეხები მხოლოდ ძირითად ტენდენციებს: როგორც წინა ინტერვიუში ვივარაუდე, იანვარ-თებერვალში ქვეყნის სამრეწველო კომპლექსში შექმნილი სირთულეების შემდეგ, მარტის დამდეგიდან მთელ რიგ საწარმოებში შეიმჩნევა გარკვეული გამოცოცხლება და ეს ტენდენცია სულ უფრო გაძლიერდება.

მარტი საბიუჯეტო შემოსავლის ტემპის ზრდითაც აღინიშნა. კერძოდ, საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, თვის პირველ კვირაში მის მიერ მობილიზებულია 3,5 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, რაც 600 ათასი ლარით, ანუ 20 პროცენტით აღემატება თებერვლის შესაბამის მაჩვენებელს.

სულ წლის დასაწყისიდან აკრეფილი საბიუჯეტო შემოსავალი 43 მილიონ ლარს აღწევს. აქედან ცენტრალურმა ბიუჯეტმა მიიღო თითქმის 22 მილიონი ლარი, რაც 7,5 მილიონი ლარით, ანუ 1,5-ჯერ აღემატება შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ რადიომსმენელთა გასაგონად, რომ ეს ის ბაზაა, რომლის საფუძველზეც ბოლოს და ბოლოს უნდა აღმოიფხვრას ხელფასების, პენსიების, დახმარების დაგვიანებით გაცემის ფაქტები და შემთხვევები. ამ მხრივ შესაბამისი უწყებების, შესაბამისი რეგიონების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იქნება ძალიან მკაცრი, მომთხოვნი და ასეთ ფაქტებს აღარ შევურიგდებით.

გრძელდება აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირთან „პარტნიორობის და თანამშრომლობის“ ხელშეკრულების დადების შემდეგ ჩვენი ქვეყანა თანამიმდევრულად იღვწის ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან დაახლოებისათვის. ევროკავშირი აქტიურად გვეხმარება ევრაზიის საკომუნიკაციო სისტემის ახალ მიმართულებათა მშენებლობაში, მონაწილეობს კონფლიქტების შედეგად დაზარალებული რაიონების სარეაბილიტაციო პროგრამებში, რომელთა განხორციელებაც ამ კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. ტასისის დახმარების პროგრამა კი წელს 14 მილიონი ეკიუდან 16 მილიონამდე გაიზრდება.

მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აღმშენებლობის საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ბატონ კლაუს კლაუბიტთან. ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში დღემდე ამ ორგანიზაციამ საქართველოს გამოუყო 140 მილიონი გერმანული მარკა.

გერმანელები გვპირდებიან დახმარებას თბილისის მე-10 ენერგობლოკის აღსადგენად. და ეს იქნება ძალიან დიდი მოვლენა ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის. მე-10 ენერგობლოკის სარეაბილიტაციო სამუშაოთა დამთავრებას მიმდინარე წლის დეკემბრისათვის გვპირდებიან. განვლილი ზამთრის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, ზედმეტად მიმაჩნია იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს საქართველოსათვის. მე ვიტყოდი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება გაისად ნორმალური გამოზამთრებისათვის.

საქინფორმი.

„არ შეიძლება ჭეშმარიტება იყოს ორი და სამი, ჭეშმარიტება ღმერთივით ერთია, ერთიანია და განუყოფელი“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 10 მარტი. - №56 (2756). - 1,2 გვ.

32 ნოდარ წულეისკირისა და საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიწერ-მოწერა

▲ზევით დაბრუნება


ყოფილ ბორჩალოს მაზრაში, სოფელ წერაქვში თავის დროზე გაიზარდა კახეთიდან ოჯახით გადასახლებული მწერალი და საზოგადო მოღვაწე იოსებ იმედაშვილი. ამავე სოფლის ახლოს, სოფელ სიონში დაიბადა და გაიზარდა დიდი ქართველი პროზაიკოსი მიხეილ ჯავახიშვილი, შემდეგ ამ ორი მწერლის ახლო ურთიერთობა გარკვეულწილად სწორედ ამ ორი ქართული ოაზისიდან წარმომავლობამაც განაპირობა.

დღეს ამ სოფელში მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმია და ქართული საშუალო სკოლა, რომლის ამოქმედებას ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში ცდილობდა იოსებ იმედაშვილი. სკოლა 1978-79 სასწავლო წელს ხელახლა გაიხსნა. შემდეგ იგი დახურვის ზღვარზე მეტ-ნაკლები წარმატებით ფუნქციონირებდა. წერაქვის სკოლას განსაკუთრებით გაუჭირდა ოთხმოცდაათიან წლებში, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე ახალი დირექტორის, მწერალ ნოდარ წულეისკირის ხელში, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, იგი არათუ გადარჩა, არამედ საკმაოდ მომძლავრდა კიდეც. ახლა იქ ორმოცდაშვიდი მოსწავლე და ოცი მასწავლებელია.

სწორედ ყოველივე ამას უკავშირდება სკოლის დირექტორის ნოდარ წულეისკირისა და საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიწერ-მოწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

ბატონო პრეზიდენტო!

მოგილოცავთ სამოცდაათ წლისთავს!

გწირავთ უღრმეს მადლობას ჩვენი სკოლის - სოფელ წერაქვის საშუალო სკოლის აღდგენა-აღორძინებისათვის.

წლების განმავლობაში სკოლას არ ჰყავდა პედაგოგები, ამის გამო გაუქმდა კიდეც საშუალო სკოლა.

ჩვენი თხოვნის პასუხად, თქვენი დავალებით, წერაქვში ჩამობრძანდნენ ირაკლი ანდრიაძე, რამაზ ნიკოლაძე, იური კირკიტაძე, ადგილობრივი სამხარეო ხელმძღვანელობა ლევან მამალაძის მეთაურობით.

ირაკლი ანდრიაძემ და რამაზ ნიკოლაძემ შეისწავლეს, თავისი თვალით ნახეს ჩვენი გასაჭირი, უმალ მოგვიგვარეს ათეულ წლობით დაგროვილი ნაკლოვანებანი: სკოლა შეგვიკეთეს, მოგვამარაგეს საჭირო სასკოლო ინვენტარით, ავეჯით, საწვავით.

რაც მთავარია, დაგვინიშნეს მიკროავტობუსი და ამით გადაგვიწყვიტეს პედაგოგების საკითხიც: მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ინგლისური ენის პედაგოგები ჩამოგვყვავს თბილისიდან. ამ მიკროავტობუსმა სული ჩაუდგა სოფელსაც, ვინაიდან სხვა კავშირი წერაქვს - ერთადერთ ქართულ სოფელს ამ კუთხეში, - დანარჩენ საქართველოსთან არა აქვს.

მივარდნილ, მიყრუებულ წერაქვში პედაგოგების დასამაგრებლად მარტო ტრანსპორტი არ კმაროდა, აქაც თქვენი თანამშრომლები ამოგვიდგნენ მხარში. ბატონ კობა იმედაშვილის წყალობით სოროსის გრანტი დაენიშნა მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის მასწავლებლებს.

განსაკუთრებით დიდი მადლიერების გრძნობა დაგვეუფლა, როცა ქვემო ქართლის სამხარეო ხელმძღვანელობის, ბატონების ლევან მამალაძის, შოთა მაისაშვილის და დავით გეგელაშვილის ჩვენდამი აგრეთვე გამორჩეული ყურადღების შედეგად მივიღეთ დამატებითი ხელფასი თქვენს მიერ გამოყოფილი, ქართული ენის სწავლების გასაძლიერებლად.

თქვენმა ბრძანებულებამ (№106, 1997 წ. 17 თებერვალი) იხსნა არაერთი ქართული კერა ჩაქრობისაგან ქვემო ქართლის უქართველებო უდაბნოში, რისთვისაც არამარტო წერაქველები გიხდიან მოწიწებით და პატივისცემით მადლობას.

თუ ასე გაგრძელდა, თუ არ შეფერხდა კარგად წამოწყებული საქმე, შედეგიც არ დააყოვნებს.

პედაგოგიური კოლექტივის სახელით,
ნოდარ წულეისკირი,
სკოლის დირექტორი,
მწერალი.
1998 წლის თებერვალი.

ბატონო ნოდარ,

მადლობელი ვარ მოლოცვისათვის, მახარებს წერაქვის სკოლის წარმატებები, განსაკუთრებით ვაფასებ თქვენ ღვაწლს (უთქვენოდ ხომ არაფერი არ გაკეთდებოდა).

არ დავმალავ, წერაქვის აღდგენის პირველ წლებთან ბევრი რამ მაკავშირებს, ეხლა სახელმწიფო მოსულიერდა და შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ.

მივესალმები თქვენ შესანიშნავ თანამებრძოლებს, მოსწავლეებს, იმედი მაქვს შეგხვდებით.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 1 მარტი.

ნაბიჯი : ნოდარ წულეისკირისა და საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიწერ-მოწერა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 12 მარტი. - №58 (2758). - 1 გვ.

33 საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საჭირო კლიმატი ჩამოყალიბდა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ბატონებო,

უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ საქართველო-თურქეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს და გამოვთქვა იმედი, რომ დღევანდელი შეხვედრები სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირურთიერთობის შემდგომ გაფართოებას.

ეკონომიკის აღმავლობასთან ერთად, დღევანდელი საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საუკეთესო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც ქვეყანაში სტაბილურობის და მშვიდობიანი განვითარების გარანტიას წარმოადგენს.

მიღწეულ წარმატებებს, საქართველოს ხელისუფლების და მთელი ხალხის ძალისხმევასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების და საზღვარგარეთის განვითარებული სახელმწიფოების დახმარებას უნდა ვუმადლოდეთ. ფინანსურ, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ თანადგომაში თავისი მნიშვნელოვანი და მეგობრული წვლილი თურქეთმაც შეიტანა. თურქეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დახმარების ხელი გამოუწოდა და მხარში ამოუდგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე და დემოკრატიული გარდაქმნების დაწყების პირველსავე ეტაპზე. ეს მხარდაჭერა დღესაც გრძელდება. საქართველოსათვის ძალზე მძიმე 1993 წელს, თურქეთის რესპუბლიკისაგან მივიღეთ 50 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის კრედიტი, რომელსაც ჩვენთვის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ბოლო პერიოდის მოვლენებიდან განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მთელმა საქართველომ თურქეთის მხრიდან კეთილი ნების და მეგობრობის გამოხატულებად მიიღო ის თანადგომა, რომელიც თურქეთმა გაგვიწია აზერბაიჯანის ნავთობის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების საკითხში.

საქართველოში მიზანმიმართული ეკონომიკური რეფორმების და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პირველი შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. დაძლეულია ჰიპერინფლაცია და მიღწეულია ფინანსური სტაბილიზაცია. ყოველთვიური ინფლაციის ტემპი, რომელიც 1994 წელს 66 პროცენტს შეადგენდა, 1995 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 3 პროცენტამდე შემცირდა, რამაც საშუალება მოგვცა 1995 წლის სექტემბერში შემოღებულიყო ეროვნული ვალუტა - ლარი, რომლის გაცვლითი კურსი, ამერიკულ დოლართან შეფარდებით, საკმაოდ სტაბილურია. აღსანიშნავია, რომ ნაცვლად პროგნოზირებული 29 პროცენტისა, 1996 წელს ინფლაციის ტემპმა მხოლოდ 13,5 პროცენტი შეადგინა. 1997 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 7,5 პროცენტი იყო.

1995 წელს დაიწყო ეროვნული ეკონომიკის აღმავლობის პროცესი. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1995 წელს 2,4 პროცენტით, 1996 წელს 11 პროცენტით, ხოლო 1997 წელს, წინა წელთან შედარებით, 11,3 პროცენტით გაიზარდა.

1995 წლიდან მოყოლებული, მიღწეულია ბიუჯეტის დაბალანსებულობა, ყოველწლიურად მცირდება მისი დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. სახელმწიფო და ტერიტორიული ბიუჯეტის შემოსავალი წინა წლის მაჩვენებელზე 1,5-ჯერ მეტია. მიმდინარე პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკს მუდმივად აქვს უცხოური ვალუტის საჭირო რეზერვები.

ცნობილია, რომ საერთაშორისო ბაზარში ინტეგრაცია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაჭრობის დეცენტრალიზაციის და ლიბერალიზაციის დონეზე. ამ მხრივ მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელებულია შემდეგი კონკრეტული ღონისძიებები: გაუქმდა კვოტირება, საექსპორტო და საიმპორტო კონტრაქტების რეგისტაცია, ფაქტობრივად მოხსნილია არასატარიფო ბარიერები და შეზღუდვები, ექსპორტის და იმპორტის ლიცენზირებას ექვემდებარება მხოლოდ ძალზე შეზღუდული ნომენკლატურის საქონელი, გაუქმებულია საექსპორტო საბაჟო გადასახადი.

ეს ყოველივე აისახა საგარეო ვაჭრობის ინტენსიფიკაციაში: გაფართოვდა საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია. 1997 წელს საქართველო საგარეო ვაჭრობის ოპერაციებს 86 ქვეყანასთან ახორციელებდა. საქართველოსათვის თურქეთი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. იგი 1997 წელს საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა სიაში მე-2 იყო. საკმაოდ მრავალდარგობრივია ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბალანსი. საქართველო-თურქეთი ერთმანეთს აწვდიან მეტალურგიის, ქიმიური, ნავთობგადამამუშავებელი, ხე-ტყის, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის პროდუქციას. მაგრამ პოტენციური შესაძლებლობანი ბევრად მეტია და მათი გამოყენებისათვის ორივე ქვეყნის მეწარმეებმა უნდა იზრუნონ.

საგარეო ვაჭრობის საკითხებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა ევროკავშირის ქვეყნები, ჩეხეთი, სლოვაკია, შვეიცარია, კანადა, იაპონია საქართველოს მიანიჭეს პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემის (GSP) ბენეფიციარის სტატუსი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ქვეყნების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქციის იმპორტი იბეგრება შემცირებული ტარიფით.

1996 წლის 26 ივნისს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) საქართველოს მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად.

წარმატებით მიმდინარეობს პრივატიზაციის პროცესი. ე.წ „მცირე პრივატიზაცია“ დასასრულს უახლოვდება. პრივატიზებულია 10.500-მდე ობიექტი. ბევრი რამ გაკეთდა საშუალო და დიდი საწარმოების პრივატიზაციის (ე.წ. „მასობრივი პრივატიზაცია) მიმართულებითაც. დღეისათვის დაფუძნებულია 1072 სააქციო საზოგადოება. უცხოელ ინვესტორთა მიერ საბარათო აუქციონებზე შესყიდულ იქნა რეალიზებული აქციების 20 პროცენტი. ეკონომიკური რეფორმების მიმდინარე ეტაპის მნიშვნელოვან ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი ტალღა, რომელიც საშუალო და მსხვილი საწარმოების ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონებზე გაყიდვას ითვალისწინებს.

საქართველოს საბანკო სფერო, ორიარუსიანი სახით, სამართლებრივ საფუძველზე, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ფუნქციონირებს. საბანკო რეფორმის დროს სრულად გაითვალისწინეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები. ბოლო პერიოდში იმდენად გაიზარდა საქართველოს კომერციული ბანკების საიმედოობა, რომ მსოფლიო ბანკი, განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკი, ევროკავშირი, სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და გერმანიის მთავრობა თავის პროექტებს საქართველოს კომერციული ბანკების საშუალებით ახორციელებენ.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია ეკონომიკის სფეროში ურთიერთობათა მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი კანონები, რომელთა დამუშავებაში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის უცხოელი ექსპერტები. მაგალითად: კანონები სამეწარმეო საქმიანობის, ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, იჯარის, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების, გირავნობის, მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის, რეკლამის შესახებ და ა.შ. 1997 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი და ისეთი მნიშვნელოვანი კანონი, როგორიცაა კანონი ელექტროენერგეტიკის შესახებ.

ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ თურქეთთან, ამ უძველესი და უდიდესი ტრადიციების მქონე სახელმწიფოსთან, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. ახალი დატვირთვა შეიძინა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობამ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში. საქართველო დიდად აფასებს თურქეთის როლს რეგიონული პროექტების მხარდაჭერასა და განვითარებაში.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა თავისი არსებობის ხუთწლინახევრის მანძილზე სწრაფად ვითარდება და მსოფლიოში სათანადო ავტორიტეტით სარგებლობს. მან უკვე თანამშრომლობის მრავალი მიმართულება მოიცვა. მსხვილი რეგიონული პროექტების შემუშავებისათვის, ექსპერტების დონეზე ინტენსიური მუშაობა წარმოებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, სტატისტიკა, მეცნიერება. ამასთან, მიმდინარეობს ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებთან დაკავშირებული საკითხების ჰარმონიზაცია. მუშავდება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, საქმიანი წრეების წარმომადგენლების შავი ზღვის ქვეყნებში შეუფერხებელი მიმოსვლის შესახებ მრავალმხრივი ხელშეკრულებების პროექტები. განხილვის სტადიაშია შავი ზღვის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის საკითხი.

ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის ამოცანა, ყოველთვის იყო და არის უცხოელ ინვესტორთათვის საქმიანობის საუკეთესო პირობების შექმნა. მე პირადად, ვარ ჩემს ქვეყანაში საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე და გარწმუნებთ, რომ ხელს შევუწყობ თქვენს მიერ წამოწყებული პროექტების წარმატებით განხორციელებას. საქართველოს კანონმდებლობით უცხოური ინვესტიციები მთლიანად და უპირობოდაა დაცული, გამორიცხულია მათი ყოველგვარი დისკრიმინაცია. უცხოელი ინვესტორები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ინვესტიციების მოცულობას და დაბანდების მიმართულებებს, გარანტირებული აქვთ მიღებული მოგებისა და სხვა ფულადი სახსრების, აგრეთვე, მათ საკუთრებაში მყოფი ქონების საზღვარგარეთ დაუყოვნებელი და შეუფერხებელი რეპატრიაციის უფლება. ახლადშექმნილი საწარმოები სარგებლობენ მთელი რიგი საგადასახადო შეღავათებით.

ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, ჩამოყალიბდა და წარმატებით მოქმედებს ბევრი ერთობლივი საწარმო, ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროსა და დარგში. 1996-97 წლებში თავისი კაპიტალი საქართველოში დააბანდა საზღვარგარეთის 37 სახელმწიფოს ფირმებმა. საქართველოში ცალკეული პროექტების დაზღვევა დაიწყეს ისეთმა მსხვილმა სადაზღვევო კომპანიებმა, როგორიცაა „ჰერმესი“ (გერმანია), „კოფასი“ (საფრანგეთი) და „ოპიკი“ (აშშ). საქართველოში პროექტების დასაზღვევად მზად არის, აგრეთვე, „საჩე“ (იტალია). ანალოგიური საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა იაპონიის მთავრობამ.

აღსანიშნავია თურქეთთან საინვესტიციო თანამშრომლობა. საქართველოში მოქმედებს თურქეთის ფირმებთან შექმნილი ერთობლივი საწარმოები კავშირგაბმულობის, კვების მრეწველობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში.

გასულ წელს მნიშვნელოვნად გააქტიურდა ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ურთიერთობა. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ სულეიმან დემირელის (14-15 ივლისი), ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო მინისტრის ქალბატონ ილმაზის (10-12 ივნისი) და თურქეთის უცხოურ ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (3-4 სექტემბერი) ოფიციალური ვიზიტების დროს გაიმართა სამუშაო შეხვედრები თურქეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. დელეგაციების შემადგენლობაში შემავალ თურქ ბიზნესმენებს შეხვდა საქართველოს მხარის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს 250-მდე მეწარმე. თბილისში მოეწყო თურქეთის ნაწარმის ფართომასშტაბიანი გამოფენა-გაყიდვა. დამყარდა საქმიანი ურთიერთობა და კონტაქტები, რომლებიც დღესაც გრძელდება და რომელთა მიზანია პრაქტიკული შედეგების მიღება.

შარშან, ივლისში შეიქმნა საქართველო-თურქეთის ბიზნეს საბჭო, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის თვალსაზრისით. მაგრამ მათაც ბევრი აქტიურობა და ყველა შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენება მართებთ.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის კომპანიებმა დაიწყეს ერთობლივი მსხვილი პროექტების განხორციელება. ამის მაგალითებია რუსთავის მეტალურგიული კომბინატისა და თურქული ფირმა „ნიუკასლ ოვერსის“ თანამშრომლობა, ნავთობის ტრანსპორტირების დარგში ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს თურქულ ფირმებთან და თურქულ-აზერბაიჯანულ კომპანიასთან „თექფენ-აქსფენი“. კავშირგაბმულობის სფეროში საქართველოსა და თურქულ კომპანიებს უკვე მრავალწლიანი მჭიდრო კავშირები აქვთ. მათ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტიც განახორციელეს. მისასალმებელია, რომ ასეთი მაგალითები სხვაც გვაქვს. მასშტაბური თანამშრომლობა ვითარდება ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროებშიც.

ამასთან, მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩვენ მეზობელი სახელმწიფოები ვართ და ერთობლივად მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენს ქვეყნებს ეკონომიკის სფეროში ურთიერთობის საკმაოდ მდიდარი სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზა აქვს. ჯერ კიდევ 1992 წელს ხელმოწერილია შეთანხმება ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ. საქმიანი წრეებისათვის ამ შეთანხმებას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. იგი სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს ნებისმიერი სახის კაპიტალდაბანდებისათვის. გარდა აღნიშნულისა, არსებობს სამთავრობათშორისო შეთანხმებები ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის, ტელეკომუნიკაციის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, საბაჟო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ და სხვა. ამდენად, ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ ბიზნესისათვის გზა ხსნილია. თანადგომას არც მომავალში მოგაკლებთ. საჭიროა ერთმანეთის შესაძლებლობათა ყოველმხრივი შესწავლა და ეფექტიანი პროექტების განხორციელების გზების ერთობლივი ძიება. ბიზნესმენთა დღევანდელი შეხვედრებიც ამ მიზანს ემსახურება და ამითვე არის განპირობებული მათი დიდი მნიშვნელობა.

დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები და ერთობლივი საქმიანობის გააქტურება.

გმადლობთ.

საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საჭირო კლიმატი ჩამოყალიბდა : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 15 მარტი. - №61 (2761). - 1, 4 გვ.

34 „საქართველო ხდება ნავთობსადენების, გაზსადენების, მაგისტრალური საავტომობილო გზების უმნიშვნელოვანესი საკვანძო სახელმწიფო - ევრაზიის ხიდის ერთ-ერთი საყრდენი“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
16 მარტის რადიოინტერვიუ

- დღევანდელ ინტერვიუს ალბათ ყველაზე აქტუალური თემით დავიწყებთ - ახლოვდება 19 მარტის მოსკოვის სამიტი. თუმცა, ელცინის ავადმყოფობის გარდა, არსებობს სხვა ფაქტორიც, რომელიც საეჭვოს ხდის, გაიმართება თუ არა საერთოდ ეს სამიტი. კერძოდ, არის აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადება იმის შესახებ, რომ ალიევი არ მიიღებს მონაწილეობას ამ სამიტში. მაგრამ ჯერჯერობით ბაქოდან არ არის მიღებული გარკვეული ინფორმაცია. პარალელურად გაისმის მოწოდებანი საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომ არ გაემგზავროს მოსკოვში, თუნდაც იმიტომ, რომ იქ პოულობენ თავშესაფარს ტერორისტები და 9 თებერვლის ამბებიც ჩვენთვის გუშინდელი დღეა. შაბათს ეროვნული უშიშროების საბჭომ იმსჯელა, მაგრამ გადაწყვეტილება ამის შესახებ არ გამოქვეყნებულა... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- ძალიან კარგად მესმის და სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე საზოგადოებაში არ არის აზრთა ერთიანობა. გამოითქმის განსხვავებული და ხშირად საპირისპირო შეხედულებანიც. ყველა ამ მოსაზრებისა და შეხედულების გათვალისწინებით, საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

ეს გადაწყვეტილება, ალბათ, დღეს საღამოს გამოქვეყნდება ოფიციალურად. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები ზოგიერთი ასპექტის დასაზუსტებლად. კერძოდ, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, სათანადო სამსახურებს დაევალათ, მოსკოვში ჩემი შესაძლო გამგზავრების შემთხვევაში, დააზუსტონ პრეზიდენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები. ჩემი აზრით, აქ კიდევ რაიმე დამატებითი რისკი უკვე გაუმართლებელია.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ დავეთანხმო ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრთა იმ აზრს, რომ მოსკოვში პრეზიდენტის უსაფრთხოება ყოველმხრივ უზრუნველყოფილი და გარანტირებული არ არის, ყოველ შემთხვევაში, არ შეიძლება ასე ჩაითვალოს, თუმცა, კაცმა რომ თქვას, უფრო საშიშ ვითარებაშიც ვყოფილვარ და ცეცხლმოკიდებულ ქალაქშიც ჩავფრენილვარ, - საქმე ამაში არ არის. მთავარია, თავად ვიზიტი რამდენად შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს. გარდა ამისა, ეს პრინციპული საკითხიც არის, რომელიც ქვეყნის, ერის ღირსებას ეხება.

როგორც უშიშროების საბჭოს შაბათის სხდომაზე აღინიშნა, რუსეთის შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული ორი ტერორისტული აქტის ორგანიზატორებმა და სხვა უმძიმეს დანაშაულთათვის ძებნილმა პირებმა სწორედ აქ იპოვონ მყუდრო თავშესაფარი.

ყველაზე საკვირველი და საწყენი ის გახლავთ, რომ რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას ოფიციალურად დღემდე არ გამოუთქვამს თავისი აზრი, არ დაუდასტურებია საკუთარი პოზიცია ტერორისტთა ამ ჯგუფის მიმართ. არა მგონია, რუსეთის ხელმძღვანელობას ხელს აძლევდეს ზოგიერთ ძალთა მცდელობა, დაუმკვიდრონ რუსეთს „ტერორისტთა მფარველი ქვეყნის“ იმიჯი. გულწრფელად გეტყვით: მე არ მინდა, რომ მოსკოვმა, რომელიც მრავალი ჩვენგანისათვის საყვარელი ქალაქია და ბოლო დროს ყველას გასახარად ასე დამშვენდა და გალამაზდა, ამა თუ იმ პროვოკატორ ტერორისტთა მოქმედების ან მათი მფარველების უზნეობის შედეგად „მსოფლიოს ტერორისტული დედაქალაქის“ სახელი შეიძინოს.

ზემოთქმულის მიუხედავად, ვფიქრობ, სამიტში ჩემი მონაწილეობა მაინც სასარგებლო იქნება, თუნდაც იმისათვის, რომ ერთხელ კიდევ განვიხილოთ აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები, ერთხელ კიდევ ვცადოთ მკვდარი წერტილიდან ამ პრობლემის დაძვრა. სახელმწიფოს მეთაურთა საბჭო, ალბათ, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ, თუ წარსულის მწარე გამოცდილებას გავითვალისწინებთ, სამწუხაროდ, უნდა დავასკვნათ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ვერ გახდა ისეთი ორგანიზაცია, რომლის გადაწყვეტილებაც რეალურად სრულდებოდეს. აკი, სეპარატისტთა ლიდერებიც აცხადებენ, რომ თანამეგობრობის დადგენილება მათთვის ფარატინა ქაღალდია და არაფერს ნიშნავს. თუმცა, ჩვენ მაინც ჩვენი უნდა ვცადოთ.

მეორე მოტივი, რომლის გამოც მე მაინც იმ აზრამდე მივდივარ, რომ საქართველოს დელეგაციამ, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა, მონაწილეობა უნდა მიიღოს მოსკოვის შეხვედრაში, გახლავთ ჩემი უღრმესი პატივისცემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა პრეზიდენტებისადმი.

არ მინდა, მოსკოვში ჩაუსვლელობით პრეზიდენტთა ურთიერთობას თუნდაც იოტისოდენა ჩრდილი მიადგეს. ჩემთვის ხომ ყოველთვის განსაკუთრებით საგულისხმო და საინტერესოა საუბარი პატივცემულ კოლეგებთან, ჩემს მეგობრებთან, თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურებთან. მათთან შეხვედრა და თუნდაც მცირე ხნით გასაუბრება ჩემს პიროვნულ მოვალეობად მიმაჩნია, რა თქმა უნდა, უწინარესად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

არაერთგზის მითქვამს, საქართველო არ უნდა მოსწყდეს იმ პროცესებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რომ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს გამოთქმა შედარებითია. პირიქით, უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად. ჩვენ, უმრავლეს ქვეყნებსა და უმრავლეს პრეზიდენტებს, ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის სწორედ ამ თვალსაზრისით.

ყოველივე ამის საფუძველზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობის უარყოფითი დამოკიდებულობის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, მივიღო მონაწილეობა ამ სამიტში. როგორც გითხარით, დღის ბოლოს გამოვაცხადებ საბოლოოდ. ნახევრად ხუმრობით გეტყვით: თუნდაც იმიტომ, რომ მოსკოვში ზოგიერთმა თავად ნახოს - საქართველოს პრეზიდენტი მწყობრშია, თავსაც შესანიშნავად გრძნობს და კვლავინდებურად მზად არის შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ანუ დაიცვას ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები ყოველგვარი ხელყოფისაგან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი შეწუხებული იყო, ვაითუ ავად არის შევარდნაძე და გადადგესო...

- და, მიუხედავად ამისა, იქნება თუ არა გარანტირებული თქვენი უსაფრთხოება? ამას დაწვრილებით იმიტომ გეკითხებით, რომ თუნდაც დღევანდელ გაზეთებს რომ გადაავლოს თვალი კაცმა, ძალიან ბევრი მასალის სათაურში გამოტანილია რამდენიმე ფრაზა კვლავ მოსალოდნელ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით და ნათქვამია, რომ ამის შესახებ არსებობს რაღაც ინფორმაციები და ქართულ პრესაშიც პირდაპირ არის მითითებული, სად შეიძლება მოხდეს ეს, დასახელებულია მოსკოვიც...

- მე ვახსენე ზოგიერთი ტექნიკური მომენტი, ტექნიკური საკითხები, რომლებიც უნდა დამუშავდეს და შევისწავლოთ. ამ მხრივ, რაც შეეხება თბილისს, აქ უსაფრთხოება გარანტირებულია. მოსკოვს რაც შეეხება, არა მგონია, მოსკოვში ვერ შეძლონ ყველა პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა, თუმცა თეორიული საშიშროება და საფრთხე არსებობს.

- განვლილი კვირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრის მესუთ ილმაზის ვიზიტი საქართველოში. თურქეთი ის ქვეყანაა, რომელთანაც ძალიან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს საქართველოს, ის ქვეყანაა, რომელიც უმძიმეს სიტუაციებში საქართველოს მეგობარ ქვეყნად ითვლებოდა და გვახსოვს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სამშობლოში თქვენი დაბრუნების შემდეგ იმ მძიმე პერიოდშიც კი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ დემირელის ვიზიტი იყო ჩვენს ქვეყანაში. ნავთობსადენის საკითხზე იყო საუბარი, აღნიშნავენ იმასაც, რომ ორივე მხარეს გადაწყვეტილად მიაჩნია ეს საკითხი. მიღწეულია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება ეკონომიკური თუ კულტურული თანამშრომლობის სფეროში. მაგრამ მაინც საერთო შთაბეჭდილება ისეთია, რომ ამ გართულებული ფონის პირობებში - იგივე რუსეთთან და 14 მარტს აფხაზეთში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით (ამ უკანასკნელს მოგვიანებით კიდევ დავუბრუნდებით), თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს სხვა უფრო მეტი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა...

- ბატონ მესუთ ილმაზის ვიზიტი, როგორც მოსალოდნელი იყო, უაღრესად მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, შედეგიანი აღმოჩნდა. ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარება აღმავლობის გზას ადგას ყველა სფეროში: პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერებისა თუ კულტურის სფეროებში.

პრემიერთან შეხვედრისას საბოლოოდ შევთანხმდით, რომ აპრილში გამოცხადდება ტენდერი ყარს-ახალქალაქ-თბილის-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე. საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს საქართველოსა და მთელი კავკასიისათვის, აგრეთვე, ცენტრალური აზიისათვის.

გარდა ამისა, თურქეთი დაგვეხმარება ახალქალაქ-თბილისის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციაში და სამცხე-ჯავახეთში, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე კიდევ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიც გაიხსნება შესაბამისი საბაჟო თუ სხვა ინფრასტრუქტურით, რითაც განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობაც არის დაინტერესებული.

მიღწეულია, აგრეთვე, შეთანხმება ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის თაობაზე, რის შემდეგაც იგი მართლაც საერთაშორისო აეროპორტი გახდება. სამთავრობათშორისო ხელშეკრულება უახლოეს ხანში მომზადდება და ხელს მოვაწერთ.

ვისაუბრეთ მდინარე ჭოროხზე ელექტროსადგურების მშენებლობის ეკოლოგიურ ასპექტებზეც (თქვენ იცით, ეს ძალიან აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისათვის) და შევეხეთ იმასაც, თუ როგორ უნდა გამოირიცხოს შესაძლო უარყოფითი შედეგები საქართველოსა და, კერძოდ, აჭარის შავი ზღვისპირეთისათვის.

მოვილაპარაკეთ საქართველოში ბანკის გახსნისა და თურქეთის ავიაკომპანიის ფუნქციონირების თაობაზე. ეს პროცედურა, ფაქტობრივად, უკვე დამთავრდა, ესე იგი გაიხსნა ეს დაწესებულებები. ვისაუბრეთ ელექტროსადგურების მშენებლობის პერსპექტივაზე, მათ შორის ფარავნის ტბაზე ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.

რაც შეეხება ნავთობსადენს: თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ხდება ნავთობსადენების, გაზსადენების, მაგისტრალური საავტომობილო გზების უმნიშვნელოვანესი საკვანძო სახელმწიფო - ევრაზიის ხიდის ერთ-ერთი საყრდენი. ჩვენ ამას უეჭველად მივაღწევთ ყველა ჩვენი მეგობრისა და კეთილმსურველის მხარდაჭერით.

შორს აღარ არის ის დრო, როცა საქართველო ისევე მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, როგორც ზოგიერთი სხვა არცთუ დიდი ქვეყანა, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოს ყურადღებას ინტერესთა გადაკვეთა განაპირობებს - ვგულისხმობ დიდი სახელმწიფოების ინტერესებს, რომლებიც კი არ დაუპირისპირდება, არამედ მშვიდობიანად შეერწყმება ერთმანეთს კავკასიასა და საქართველოში.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თურქეთთან საქართველოს აქტიური თანამშრომლობა არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ბღალავს. მესუთ ილმაზთან საუბრისას დაწვრილებით ვიმსჯელეთ, თუ როგორ, რა ფორმით გავითვალისწინოთ რეგიონის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის ინტერესები. ბატონი ილმაზი უყოყმანოდ დაეთანხმა ჩემს შეხედულებას, რომ რუსეთთან თანამშრომლობას უდიდესი პერსპექტივა აქვს. მაგალითად, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება რუსეთიდან თურქეთში ან პირიქით, და არა მარტო თურქეთში, - ტვირთის მიწოდება ყველაზე იაფი ტრანსპორტით - რკინიგზით. ამრიგად, ყარს-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის სიკეთით რუსეთიც ისარგებლებს. ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოწესრიგების შემდეგ განუზომლად გაიაფდება და გაიოლდება საავტომობილო მიმოსვლაც.

საერთოდ კი, საქართველო ამჟამად თავის ადგილს ეძებს თანამედროვე მსოფლიოში. ბედნიერი ვარ, რომ ერმა გააცნობიერა ჩვენი დიდი მამულიშვილის, შესანიშნავი მწერლის ბატონ ჭაბუას ნათქვამი. მე მას ახლა დავესესხები: ერს სჭირდება მსოფლიო ისტორიული მისია. ეს მისი სიტყვებია.

საქართველო ამჟამად იმკვიდრებს გეოპოლიტიკურ ფუნქციას. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი. ამავე დროს, ასეთი სწრაფვა ნებისმიერი ერის წმიდათაწმიდა, ხელშეუხებელი უფლებაა და ამ უფლებას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს.

- საერთაშორისო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, 14 მარტს აფხაზეთში მაინც გაიმართა ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნები. თუმცა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი გამოდევნილია და თავად აფხაზეთში დღეს მცხოვრებთა დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია...

- რაც შეეხება არჩევნებს აფხაზეთში... ამ საკითხზე ვრცელი კომენტარი, ალბათ, აუცილებელი არ არის. არც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა, ვინაიდან ეს აქცია ერთმნიშვნელოვნად დაგმეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ. თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა ბევრი ქვეყნის საგარეო უწყებამ, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. დარწმუნებული ვარ, მოსკოვის სამიტიც ასევე უარყოფითად შეაფასებს ამ ეგრეთ წოდებულ „არჩევნებს“.

თუ ეს მართლაც „დემოკრატიის ზეიმია“, მაშინ რით აიხსნება ასეთი ერთსულოვნება? ან იქნებ აფხაზეთში დღეს გაბატონებული რეჟიმის მესვეურებს მიაჩნიათ, რომ მათი ხელისუფლება უფრო დემოკრატიულია, ვიდრე მსოფლიო და ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ მათ უკეთ ესმით, რა არის ადამიანის უფლებები.

ერთობ უცნაური წარმოდგენა ჰქონიათ დემოკრატიაზე. არადა, სინამდვილეში, რა შეიძლება დემოკრატიასთან საერთო ჰქონდეს არჩევნებს იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი განიდევნა ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შედეგად! ტყუილად ჰგონიათ სეპარატისტებს, რომ ასეთი აქციებით მათთვის რაიმე სასარგებლოს მიაღწევენ. უფრო პირიქით, და დასკვნა ასეთია: არჩევნები, რა თქმა უნდა, უკანონოა.

- კიდევ ერთი არჩევნების თემა - ამჯერად კანონიერისა. დღეს სომხეთში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, სომეხმა ერმა თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს...

- დიახ, დღეს არის არჩევნები. ბუნებრივია, ჩემი მხრივ ყოველგვარი პროგნოზი უადგილო და უტაქტო იქნებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ შორის რომ დარჩეს, მაქვს საკუთარი შეხედულება და პროგნოზიც იმის თაობაზე, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, მაგრამ არ გეტყვით...

თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარია ურღვევი იყოს ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ხალხებს. სათანადო გარანტიები ბოლო წლების მანძილზე უკვე შევქმენით. განურჩევლად იმისა, ვინ გახდება პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, ამ კეთილშობილ ტრადიციას არაფერი დაემუქრება.

ამავე დროს, ვუსურვებ სომეხ ხალხს, გაეკეთებინოს არჩევანი, რომლის შედეგადაც შეუქცევადი გახდება მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრება, თანამშრომლობის გააქტიურება, კონფლიქტების დროულად მოწესრიგება თვით სომეხი ერისა და კავკასიაში მცხოვრები ყველა ხალხის საკეთილდღეოდ.

- რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის სხდომათა ტრანსლაცია პირველი არხიდან შეიძლება სხვა არხზე გადაიტანონ. ამ ინფორმაციას განსხვავებული რეაქცია მოჰყვა, კერძოდ, მძაფრი იყო ტელეკომპანია „კავკასიის“ რეაქცია. ითქვა ისიც, რომ ეს არის პრესის თავისუფლების საწინააღმდეგო აქცია და მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ...

- ჩემი აზრით, ამ საკითხს, ამ მოსაზრების ჩამოყალიბებას სავსებით უსაფუძვლო აჟიოტაჟი მოჰყვა. რამდენადმე განვმარტავ კიდეც, რატომ მიმაჩნია ასე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ ერთი, პრინციპული მნიშვნელობის მოსაზრება მინდა გამოვთქვა: პარლამენტის სხდომათა პირდაპირი ტელეტრანსლაცია ქვეყნის უპირველესი სატელევიზიო არხით არ არის ბუნებრივი.

ვერავინ დამისახელებს თუნდაც ერთ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ასეთი რამ ხდება. იყო დრო (რამდენიმე წლის წინათ), როცა ეს აუცილებელი ჩანდა და მეც საპარლამენტო დებატების პირდაპირი ტელეგადაცემის უპირველეს მხარდამჭერთა შორის ვიყავი, რათა დემოკრატიული სულისკვეთება დამკვიდრებულიყო ქვეყანაში და საკანონმდებლო ორგანოსაც შესაბამისი ცენზი მოეპოვებინა.

მაგრამ ეს პერიოდი უკვე განვვლეთ: ქართული დემოკრატიული სისტემა დღეს რეალობაა და ისეთი ხერხები, როგორიცაა საპარლამენტო დებატების პირველი არხით ტელეტრანსლაცია, ჩემი აზრით, საჭირო აღარ არის. ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებას აღარაფერი უშლის ხელს - არსებობს უამრავი დამოუკიდებელი გაზეთი, თავისუფალი რადიო თუ სატელევიზიო არხები.

მიუხედავად ამისა, თუ საზოგადოების მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ არ არის საკმარისი პირდაპირი რადიოტრანსლაცია (სწორედ ასეთი ფორმაა მიღებული ბევრ ქვეყანაში) და აუცილებელია საპარლამენტო დებატების ტელევიზიით გადაცემა, დაე, იყოს ასე.

მაგრამ პირადად მე ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია ამისათვის ქვეყნის მთავარი სატელევიზიო არხის გამოყენება. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ძალისხმევამ (რა თქმა უნდა, ჩემი მონაწილეობითაც) ნაყოფი გამოიღო და იწყება საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის (ჯერჯერობით მარტო პირველ არხზეა ლაპარაკი) რეტრანსლაცია კოსმოსური თანამგზავრის მეშვეობით.

ამიერიდან საქართველოს სატელევიზიო გადაცემათა მიღების საშუალება ექნებათ არა მარტო ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) მცხოვრებ მოქალაქეებს, არამედ თურქეთის, ირანის, ისრაელის, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების, ჩვენი უახლოესი მეზობლების - აზერბაიჯანის, სომხეთის მოსახლეობას, ჩრდილოეთ კავკასიის, ნაწილობრივ ევროპის მცხოვრებლებსაც - ვისაც კი ამისი სურვილი ექნება.

არა მგონია, საპარლამენტო-იურიდიული დისკუსია, რომელიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვეულებრივ სახელისუფლებო, დემოკრატიულ (ასე ვთქვათ) რუტინად არის მიჩნეული, ყველაზე საინტერესო იყოს იმათ შორის, რაც კი შეიძლება საქართველომ შესთავაზოს მილიონობით ტელემაყურებელს და განსაკუთრებით საზღვარგარეთ დაინტერესებულ ადამიანებს.

ამიტომ, პირველი არხით დღის საათებში უნდა დაიწყოს საქართველოს კულტურის, ისტორიის, თანამედროვეობის შესახებ მომზადებული გადაცემები, რა თქმა უნდა, თანამედროვე პოლიტიკის საკითხებზეც, შესაძლოა უცხო ენებზეც, რათა უშუალოდ მივაწვდინოთ ხმა როგორც ჩვენს მეგობრებს, ისე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსაც. მეგობრებს რომ ვამბობ, ჩვენი თანამოქალაქეები მყავს მხედველობაში.

ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით, დავეთანხმე წინადადებას, რომ პარლამენტის სხდომების ტელეტრანსლაცია გადატანილ იქნეს მეორე არხზე, და ამის გამო პრინციპული შეთანხმება მქონდა ბატონ ზურაბ ჟვანიასთან და ზოგიერთ სხვა დეპუტატებთანაც. ტელეკომპანია „კავკასიას“ კი, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ინიციატივით, დაეთმობა ის არხი, რომლითაც საღამოს საათებში მიმდინარეობს რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის (РТР) გადაცემების ტრანსლაცია. მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო არხია, იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სარეტრანსლაციო-სარელეო საშუალებებით და ყველაფრით, რაც აუცილებელია ამისათვის.

ამდენად, ტყუილად ღელავენ ამ ტელეკომპანიის გულშემატკივარნი, არავინ აპირებს შეზღუდოს მისი აუდიტორია. - საქართველოს ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლებისა არ ეშინია. პი290

რიქით, ჩვენ უკვე შევქმენით ისეთი სისტემა, რომელსაც სიტყვის თავისუფლება მხოლოდ განამტკიცებს.

იმედი მაქვს, პარლამენტი გაგებით შეხვდება ასეთ გადაწყვეტილებას.

- და, ბოლო კითხვა, ეკონომიკური თემატიკა. ორშაბათის ინტერვიუები ტრადიციულად ეკონომიკური მიმოხილვით იწყება ხოლმე. მარტი იანვარ-თებერვალთან შედარებით გარკვეული წინსვლით გამოირჩევა. გასულ კვირას მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც თქვენ გააკრიტიკეთ ზოგიერთი უწყება ზოზინისა და ბოლომდე შეუსწავლელი გადაწყვეტილებების მიღებისათვის. და კიდევ ერთი მომენტი ეკონომიკასთან დაკავშირებით. გასულ კვირას სტიქიამ დააზიანა აჭარის ერთი ნაწილი...

- მარტის შუა რიცხვებისათვის ის შემაშფოთებელი ტენდენცია, წლის დასაწყისში რომ იგრძნობოდა, განსაკუთრებით მრეწველობაში, ნაწილობრივ მაინც დაძლეულია. ამუშავდა რამდენიმე მძლავრი საწარმო და წარმოება კვლავინდებურად იწყებს ზრდას.

იზრდება საბიუჯეტო შემოსავალიც. ამას თითქოს შევეჩვიეთ, ზოგი უკვე ანგარიშგასაწევ არგუმენტადაც კი აღარ თვლის, მაგრამ ბევრი მაჩვენებელი, საქართველოში ბუნებრივად რომ ითვლება (მაგალითად, ინფლაციის დაბალი დონე, საბიუჯეტო შემოსავლის ზრდა ერთ-ნახევარჯერ და უფრო მეტად, წარმოების ზრდის მაღალი ტემპი და სხვა), ზოგიერთი დიდი პოტენციალის მქონე პოსტსაბჭოური ქვეყნისთვისაც კი, ასე ვთქვათ, მიუწვდომელია.

რაც შეეხება ერთგვარ აურზაურს, რომელიც საერთოდ (არა მარტო ჩვენში) თან ახლავს ხოლმე პრივატიზაციას, საბაზრო რეფორმათა გაღრმავების პროცესს, - ჩვენი პრინციპული მიდგომა ის არის, რომ თვის ეს პროცესი (საწარმოთა განსახელმწიფოებრიობას ვგულისხმობ) უალტერნატივო და ქვეყნისათვის აუცილებელია.

წარმოების საშუალებას რეალური პატრონი უნდა გამოუჩნდეს, კერძო ინიციატივა უნდა გამოთავისუფლდეს - კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, რომ სწორედ ეს არის პროგრესის უმთავრესი პირობა და გარანტია. ბოლო უნდა მოეღოს მონოპოლიზმს - რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელსაც „ბუნებრივ მონოპოლიას“ უწოდებენ. მით უმეტეს, გამორიცხული უნდა იყოს სახელმწიფოს მოხელეთა მიერ ამა თუ იმ სფეროს მონოპოლიზება, ესე იგი, ბიზნესში ჩართვა, თუ იგი მოხელეა, და შემდეგ მონოპოლიზება მთელი სფეროსი. ამ პრინციპის უგულებელყოფა საეჭვოს გახდის ქვეყნის ავტორიტეტს, პრესტიჟს, სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

ეს ისეთი საკითხებია, რომლებიც თავისთავად უნდა ამოიწუროს რეფორმათა გაღრმავების პარალელურად. ამჟამად საქართველოში რადიკალური ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის პროგრამა მკაცრად არის განსაზღვრული და დეტალურად დამუშავებული. ამდენად, პრინციპულად მოვითხოვ, რომ თითოეულმა უწყებამ უფრო აქტიურად, ამავე დროს ობიექტურად და მიუკერძოებლად იმოქმედოს, რათა რეფორმების წარმატებით დასრულებისას სუბიექტურობის მცირე ელემენტიც კი არ გაჩნდეს.

გასულ კვირას ჩემი დავალებით სახელმწიფო მინისტრმა ნიკო ლეკიშვილმა მოაწყო თათბირი უწყებების, სამინისტროების ხელმძღვანელთა, რწმუნებულთა მონაწილეობით, რომელზეც დაწვრილებით განიხილეს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, აგრეთვე, საგადასახადო საკითხები. იმსჯელეს ელექტროენერგიის საფასურის გადახდის საქმეში შექმნილ შეფერხებათა დაძლევის ამოცანებზე.

განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს ისეთი საკითხები, რომლებზე მსჯელობაც სულ ცოტა ხნის წინათ რაღაც არაბუნებრივადაც გვეჩვენებოდა, - მაგალითად, სოფლების, ქალაქების, ჩვენი საცხოვრებელი ადგილების, ეზოების განაშენიანება, მცენარეების დარგვა-გამწვანება, კეთილმოწყობა - სანიტარული წესრიგის დამყარება. და ყველაფერი ის, რასაც ევროპელები საყოფაცხოვრებო ანუ ყოფითს კულტურას უწოდებენ.

ეს წვრილმანი არავის ეგონოს - ყოფითი კულტურით ერის, საზოგადოების ზოგადი, მათ შორის სახელმწიფოებრივი კულტურაც განისაზღვრება. სამწუხაროდ, ამ მხრივაც ძალიან ბევრი ნაკლი გვაქვს, რომელიც უნდა გამოვასწოროთ. თქვენ, ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ თბილისელებმა დაიწყეს ეს მასობრივი მოძრაობა და ბევრ ქუჩას, ეზოებსაც ეტყობა სერიოზული დამოკიდებულება, რომელსაც დღეს მერია იჩენს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ საკითხზე გამოქვეყნდა ჩემი სპეციალური წერილი მოსახლეობისადმი და, ფაქტობრივად, მივმართე მთელს სახელმწიფოს, მთელს ქვეყანას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თემას, წერილში გამოთქმულ იდეებს, რომლებიც დაკავშირებულია კეთილმოწყობასთან, გამწვანებასთან, სანიტარიულ წესრიგთან და ასე შემდეგ, აიტაცებს მთელი ჩვენი საზოგადოება და, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია. მერწმუნეთ, იგი ძალზე მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისათვის, მისი ავტორიტეტისათვის.

იმედი მაქვს, სწორად გამიგებენ და საზოგადოების შესაბამისი რეაქციაც არ დააყოვნებს.

ახლა, როგორ მიმდინარეობს ბიუჯეტის შევსება. მარტის პირველ ნახევარში საგადასახადო ინსპექციის მიერ აკრეფილია თითქმის 8 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი. ეს მილიონ-ნახევარით, ანუ 26 პროცენტით აღემატება თებერვლის შესაბამის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საგადასახადო ინსპექციამ ურჩ გადამხდელებს ბიუჯეტში ჩაარიცხვინა ორი მილიონი ლარი ვადაგადაცილებული დავალიანება და, უნდა გითხრათ, რომ ეს ღონისძიებები თვით ფინანსთა მინისტრის ინიციატივით განხორციელდა. სულ წლის დამდეგიდან საგადასახადო ინსპექციის მიერ ბიუჯეტში მობილიზებულია 47 მილიონი ლარი.

მარტში საბაჟო დეპარტამენტმა ბიუჯეტში ჩარიცხა თითქმის 6 მილიონი ლარი, რაც მილიონ-ნახევარი ლარით აღემატება წინა თვის შესაბამის დონეს.

ამავე დროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის მიერ მარტში ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები შესაბამისად გეგმის მხოლოდ 18 და 25 პროცენტს შეადგენს. ეს ავალდებულებს ამ სამსახურებს, ფინანსთა სამინისტროს, პირადად მინისტრს მკვეთრად გაააქტიურონ მუშაობა საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზაციისათვის, რათა შესრულდეს არა მარტო მარტის, არამედ მთლიანად პირველი კვარტალის დავალებანი, რის შედეგადაც უნდა დავძლიოთ ყოველგვარი დაბრკოლებები და ყოველგვარი გაუგებრობა ხელფასების, პენსიებისა და დახმარების გაცემაში და ასე შემდეგ.

ახლა რამდენიმე სიტყვა მეწყერიანობაზე აჭარის მთიანეთში, კერძოდ, ხულოს რაიონში. სერიოზულად დაზიანდა სოფელი ხიხაძირი და ზოგიერთი სხვა დასახლებული პუნქტები. სულ 60-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა, ბევრი მათგანი საერთოდ უბინაოდ დარჩა, თუმცა მსხვერპლი არ არის. ჩემი განკარგულებით (ჯერჯერობით მეტი საშუალება არა გვაქვს), თითოეული ოჯახისათვის გამოიყო დახმარება 3-5 ათასი ლარის ოდენობით. სათანადო ღონისძიებებს განახორციელებენ საგზაო და სხვა დეპარტამენტები, სამინისტროები და უწყებები. ასეთი განკარგულებები უკვე გაცემულია. მინდა ვაცნობო მოსახლეობას, რომ მარტო არ არის და საქართველო მას კვლავაც დაეხმარება ამ გაჭირვების ჟამს.

საქინფორმი.

„საქართველო ხდება ნავთობსადენების, გაზსადენების, მაგისტრალური საავტომობილო გზების უმნიშვნელოვანესი საკვანძო სახელმწიფო - ევრაზიის ხიდის ერთ-ერთი საყრდენი“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 17 მარტი. - №62 (2762). - 1,2 გვ.

35 მზე თავისუფლებისა

▲ზევით დაბრუნება


ერევნის ვარუჟანის სახელობის საშუალო
სკოლის მოსწავლეებს

ერევნის ვარუჟანის სახელობის ძველი, კეთილი ტრადიციებით ცნობილ საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების შესწავლისათვის სპეციალური საგნის დასაფუძნებლად ჩემს მიერ შემოთავაზებულმა სახელმძღვანელოებმა, ჩვენმა ამ მცირე ნობათმა თქვენში ასეთი თბილი გამოხმაურება რომ ჰპოვა, მეც ძალზე გამახარა.

რა იცის კაცმა, იქნებ, ამ სკოლაში სომხური ქრისტიანობის გარიჟრაჟზე მოღვაწე „წმინდა მთარგმნელებად“ წოდებულ ეპოქალურ მამათა შორეული მემკვიდრეც გაიზარდოს! ჩვენ განა ერთმანეთის ისტორიას არ ვავსებდით ყოველთვის! სომხურმა ისტორიოგრაფიამ განა ცოტა რამ გადაგვირჩინა!..

ამ სკოლაში 400-500 ბავშვი რომ ეზიარება ქართული კულტურის ასეთ მნიშვნელოვან დარგებს, ეს კიდევ ერთი საწინდარია ჩვენი ურთიერთობის განმტკიცებისა.

ჩვენში ძველთაგანვე დამკვიდრებულ არმენოლოგიას როგორც თქვენი ყურადღება არასოდეს მოკლებია, ჩვენის მხრივ, ჩვენც ყოველგვარი დახმარებისათვის მზად ვართ.

ჩვენს წმიდა ხნულში, თუმცა არცთუ იშვიათად, ხელუკუღმა ღვარძლის თესლიც უსვრიათ ჩვენს საერთო მტრებს, ჩვენ ჩვენი კეთილი სვრელი მაინც ბოლომდე უნდა გავიტანოთ.

ბავშვები არიან ჩვენი მომავლის ცისკრის შემღებნი, რაც, მოგეხსენებათ, თავისუფლების მზის მობრძანების მაუწყებელია...

მზით გევლოთ, ბავშვებო, თქვენ, თქვენთან ერთად თქვენს მასწავლებლებს და, საზოგადოდ, ჩვენს ძირძველ მეზობელ ერებს.

ედუარდ შევარდნაძე.

მზე თავისუფლებისა / ერევნის ვარუჟანის სახელობის საშუალო სკოლის მოსწავლეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 20 მარტი. - №68 (2768). - 1 გვ.

36 ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების სიტყვა გაუტეხელია და იგი კანონის ტოლფასია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
23 მარტის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას, როგორც იქნა, ნაწილობრივ დასრულდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული პერიპეტიები - პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული ბანკის საბჭო. სხვა ყველაფერთან ერთად, ეროვნული ბანკის ნორმალური ფუნქციონირება ლარის კანონიერ სტატუსსაც განამტკიცებს. როგორც მოგეხსენებათ, ზოგიერთ რაიონში ლართან ერთად სხვა ვალუტაც არის მიმოქცევაში, ეკონომიკის თემასთან დაკავშირებით, ალბათ, საინტერესო იყო მრეწველობის სამინისტროში და, საერთოდ, მრეწველობაში მიმდინარე პროცესებიც... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგნოზი გამართლდა, დამატებითს ღონისძიებებს შედეგი მოჰყვა და წლის დამდეგს ქვეყნის სამრეწველო კომპლექსში შექმნილ სიძნელეთა შემდეგ თანდათან იკვეთება სამრეწველო წარმოების მოცულობის ზრდის ტენდენცია. მოქმედ საწარმოთა საქმიანობის გააქტიურებასთან ერთად ამ ტენდენციას მნიშვნელოვნად განაპირობებს ახალ სიმძლავრეთა ამოქმედებაც. თვენახევრის განმავლობაში ამუშავდა 23 საწარმო. მარტის პირველ ნახევარში წარმოებულია 24 მილიონი ლარის პროდუქცია, რაც თითქმის 25 პროცენტით აღემატება თებერვლის შესაბამის მაჩვენებელს. მთლიანად მრეწველობის სამინისტროს სისტემაში 3-ჯერ და მეტად გაიზარდა სამრეწველო წარმოების მოცულობა თვის პირველ დეკადასთან შედარებით. ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით აჭარის საწარმოებს, რუსთავის ქიმიურ კომბინატს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. მარტში მთლიანად მრეწველობის სამინისტროს სისტემაში მოსალოდნელია თითქმის 14 მილიონი ლარის პროდუქციის წარმოება ანუ 44 პროცენტით მეტის, ვიდრე მთლიანად პირველ ორ თვეში. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგები ჯერჯერობით მიღწეულია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის უმოქმედობისა და სააქციო საზოგადოებების „მადნეულის“, „ჭიათურმანგანუმის“ შეფერხებით მუშაობის პირობებში, რომელთა მთელი დატვირთვით ამუშავება, რისი წინაპირობებიც უკვე იქმნება, კიდევ უფრო განამტკიცებს არსებულ დადებითს ტენდენციებს.

განსაკუთრებით მინდა შევეხო რეზერვების პრობლემას საბიუჯეტო სახსრების მობილიზაციასთან დაკავშირებით. მართალი არ იქნებოდა გვეთქვა, თითქოს ჩვენ რეზერვებზე არ გვიმუშავია. ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა ლადო პაპავამ (მინდა მივესალმო მის ინიციატივას) უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო გამოკვლევა ჩრდილოვანი ეკონომიკის ამჟამინდელი მოცულობის თაობაზე. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკვანძო საკითხია. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 40 პროცენტი, როგორც იტყვიან, ჩრდილშია მოქცეული, და არ მონაწილეობს ბიუჯეტის ფორმირებაში. შეიძლება ვინმემ თქვას: კაცი რაღაც ორიოდე ლარს შოულობს და იმასაც ედავებიანო... ეს სწორი არ არის და არც სამართლიანია. საქართველოში ფიზიკურ პირზე კალენდარული წლის განმავლობაში 3 ათას ლარამდე შემოსავალი საერთოდ არ იბეგრება. ეს არის დაუბეგრავი მინიმუმი, ამაზე არა მაქვს საუბარი. საქმე ეხება გაცილებით დიდ თანხებს, დიდ შემოსავალს, სახელმწიფო აღრიცხვაში რომ არ ხვდება.

ყოვლად დაუშვებელია ისეთი ვითარება, როდესაც ზოგიერთ რაიონში (ეკონომიკური სამსახური უახლოეს მომავალში მომაწვდის დაზუსტებულ მონაცემებს ამ რაიონების შესახებ) ათობით საწარმო საერთოდ აღურიცხავად მუშაობს. თითქოს სადღაც მთვარეზე ან ნეიტრალურ ტერიტორიაზე იყოს ეს საწარმოები.

პირდაპირ ვიტყვი: პრეზიდენტი ულმობელი უნდა იყოს და კიდეც იქნება, და უმკაცრესი ზომებიც უნდა მიიღოს იმ რაიონების ხელმძღვანელთა მიმართ, და იმ სათანადო ფინანსურ სტრუქტურათა მიმართაც, სადაც ასეთი რამ ხდება. მაგრამ ისიც უნდა ითქვას გულისტკივილით, რომ საგადასახადო კულტურა სახელმწიფოებრივი კულტურის ნაწილია. ეს საზოგადო პრობლემაა და ერის სახელმწიფოებრივ მენტალიტეტს უკავშირდება. როცა ჩვენ ხშირად ვამბობთ და სიამაყითაც, რომ სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ტრადიცია გვაქვს, ეს ტრადიცია, უწინარესად, სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობითაც უნდა გამოვლინდეს.

ძალზე შემაშფოთებელი ტენდენცია იკვეთება ეროვნული ვალუტის გავრცელების არეალთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ვისაც ეგების, ამ მიმართულებით ყურადღება მოადუნა. ამიტომაც ლარის მოქმედების არეალი ნელ-ნელა დავიწროვდა. შედეგად საბანკო სისტემას გვერდს უვლის ასობით მილიონი ლარი, დოლარი, რომელიც სწორედ ამ სისტემაში უნდა ექცეოდეს და ლარის განმტკიცებას უწყობდეს ხელს.

1995 წელს აღებული ტემპი რომ არ დაგვეკარგა, ახლა კომერციული ბანკების დეპოზიტზე დიდი თანხა იქნებოდა დაგროვილი. იმედი მაქვს, ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, უპირველესად, სწორედ ამ პრობლემათა გადაჭრას მიაქცევს ყურადღებას. თავისთავად ქვეყნის მთავარი ბანკის საბჭოს დამტკიცება ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემად მიმაჩნია. დღესვე ვაპირებ შევხვდე საბჭოს წევრებს, ეროვნული ბანკის კოლექტივს და გავმართო კრიტიკული მსჯელობა ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე.

რასაკვირველია, ავირჩევთ ბანკის პრეზიდენტს. იგი გახლავთ ახალგაზრდა კაცი (ყოველ შემთხვევაში, ჩემი რეკომენდაცია ასეთია და პარლამენტმა ეს იცოდა) ბატონი ირაკლი მანაგაძე, რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც დაეკისრება დიდ უფლებებთან ერთად. ვულოცავ აგრეთვე ქალბატონ ნუნუ ოვსიანიკოვას მოხელეთა ქონების აღრიცხვის ბიუროს თავმჯდომარედ დამტკიცებას. ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ეს პოსტი ძალზე სერიოზულია. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ოვსიანიკოვა ამ საპატიო მოვალეობას თავს გაართმევს. იგი კვალიფიციური, კარგი მეცნიერია, შესანიშნავი ოჯახის შვილი, პატრიოტი და ადმინისტრაციული საქმიანობის, კერძოდ, სახელმწიფო კანცელარიაში მოღვაწეობის კარგი სკოლაც გაიარა.

- გასულ კვირას 9 თებერვლის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პიროვნება გურამ აბსანძე - საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რუსეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. სხვა ყველაფერთან ერთად, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ იგი ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა და მასთან ერთად დაკავებული იყვნენ ეგრეთ წოდებული „ზვიადისტების“ ბანაკის წარმომადგენლები. და როცა საერთოდ შერიგების პოლიტიკაზეა ლაპარაკი და თქვენ არაერთხელ განგიცხადებიათ ეს, რამდენად გაგრძელდება ეს თემა და მიმართულება ქართულ საშინაო პოლიტიკაში?

- შერიგების პოლიტიკა საქართველოში დღეს ან გუშინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ (უკვე მერამდენჯერ მინდა შევახსენო რადიომსმენელს) 1992 წლის ივლისში რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა, მე პირადად წავიკითხე შერიგების მანიფესტი და კიდეც გავაფრთხილე ყველა: საქართველო ჰგავს (ეს ჩემი სიტყვებია, ახლა რომ ვიმეორებ) ამოსაფრქვევად გამზადებულ ვულკანს. დროა, გონს მოვეგოთ და საზარელი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ-მეთქი. მაშინ პასუხისგებისაგან განთავისუფლდა ასობით ადამიანი. მომდევნო წლებშიც ამნისტირებული იყო რამდენიმე ასეული მსჯავრდადებული, რომელთაც უმძიმესი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. ბევრი მათგანი, შეიძლება ითქვას, სიტყვის პატრონი აღმოჩნდა, დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. ექს-პრეზიდენტის ზოგიერთი მომხრე და თანამოაზრე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ იმდროინდელ მოვლენებში, მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციაში ან ბიზნესს ეწევა, ექიმია თუ პედაგოგი. რწმენისათვის ჩვენ არავის ვდევნით. ყველას თავისი გზა აქვს ჭეშმარიტებისაკენ, ოღონდ ჭეშმარიტება ერთიანი და განუყოფელია.

როდესაც შერიგებაზე ვლაპარაკობ, მარტო ერთ რომელიმე დაჯგუფებას როდი ვგულისხმობ. მახსენდება, თუნდაც ეგრეთ წოდებული საგზაო პოლიცია, რომელსაც იმდენი კრიმინალი მიეტმასნა (ეს რამდენიმე ათასი შეიარაღებული კაცი იყო), რომ იძულებული გავხდით ეს ფორმირება საერთოდ დაგვეშალა. მისი წევრები გაგებით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ახლა კი ბევრი მათგანი და აბსოლუტური უმრავლესობა, ყველა, კვლავ სახელმწიფო სამსახურში არიან, - თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ სხვა ფორმირებათა შემადგენლობაში. ზოგიერთი, უბრალოდ, საკუთარ ოჯახში საქმიანობს.

ან, თუნდაც, მაშველთა კორპუსი, იგივე „მხედრიონი“. მცირე ნაწილის გარდა, რომლის საქმესაც ახლა იხილავს უზენაესი სასამართლო, არც იგი დაპირისპირებია სახელმწიფო ინტერესებს და ყველამ თავისი ადგილი იპოვა საზოგადოებაში, ქვეყნისა და საკუთარი ოჯახის სასიკეთოდ შრომობს. როგორც იტყვიან, ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

რაც შეეხება ზვიადისტური დაჯგუფების რადიკალურ ფრთას, ისინი, მათი მოსისხლე „მხედრიონის“ ანალოგიური ფრთის მსგავსად, სრულ დეგრადაციასა და გადაგვარებამდე მივიდნენ და ტერორიზმის ჭაობში ჩაეფლნენ. აქ მხოლოდ კანონი შეიძლება იყოს განმსჯელი და კანონმა უნდა თქვას საბოლოო სიტყვა.

ტერორიზმი კაცობრიობის ყველაზე საშიში სენია და მას კანონის მთელი სიმკაცრით უნდა ვუმკურნალოთ, რათა მეტასტაზების გავრცელება ვერ შეძლოს. ყველა დანარჩენს, ვისაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია, გავიმეორებ, ვისაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია, კვლავ და კვლავ ვეუბნები: შერიგება ორმხრივი პროცესია. ხელისუფლება დღეს ძლიერია, როგორც არასდროს. მიუხედავად ამისა, მან გამოიჩინა კეთილი ნება და გამოგიწოდათ ხელი შესარიგებლად. სანამ გვიან არ არის, გონს მოეგეთ, დაუბრუნდით ნორმალურ, ადამიანურ ცხოვრებას. ჩემი მხრივ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ხელისუფლება თავისი სიტყვის ერთგული იქნება. ჩვენ არ დავარღვევთ პირობას, რომელიც დავდეთ თუნდაც ჯიხაშკარის მოვლენათა მონაწილეებთან მოლაპარაკებისას. ეს დაუშვებელი იქნებოდა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების სიტყვა გაუტეხელია და იგი კანონის ტოლფასია.

- განვლილი კვირის კიდევ ერთი მოვლენა. ბოსნია-ჰერცოგოვინაში მყოფი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი რუსული იარაღის, ასე ვთქვათ, რეკლამირებას შეეცადა და დაინტერესდა, გახვრეტს თუ არა ყუმბარმტყორცნი ჯავშნიან „მერსედესს“. გასაგებია, რომელი „მერსედესიც“ იგულისხმება, - 9 თებერვალს ყურბარმტყორცნმა ბოლომდე რომ ვერ გახვრიტა. სხვათა შორის, ასეთი დამთხვევა მოხდა იმ დღეს, როცა ეს ინფორმაცია გადაიცა, - ზუსტად 40 დღე იყო გასული იმ ბიჭების დაღუპვიდან, რომლებიც 9 თებერვლის ტერორისტულ აქტს შეეწირნენ...

- თქვენ წეღან კითხვაში აბსანძე ახსენეთ, მე განგებ არ გავუსვი ხაზი ამ თემას. ეს პიროვნება ჩამოყვანილია, მას ძველი ცოდვებიც ბევრი აქვს და, როგორც ამბობენ, ახალიც. როცა ყველაფერი გაირკვევა, მე უფრო საგნობრივად გიპასუხებთ.

რაც შეეხება თქვენს ბოლო შეკითხვას, უწინარესად, მინდა ვთხოვო თანამემამულეთ: მეტისმეტი ტრაგიზმითა და შეშფოთებით ნუ აღიქვამენ ამ განცხადებას, რადგანაც სხვადასხვა გაზეთებში გაჩნდა სათანადო რეაგირება, სათანადო პასუხები, ზოგან კარიკატურები და ასე შემდეგ. მე მხოლოდ ერთს დავძენ. არ შეიძლება ტერორისტული აქტი, რომელსაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა, ბოლოს და ბოლოს, ორი სიცოცხლითა და ჯან-ღონით აღსავსე ჭაბუკი დაიღუპა, ცინიკური ხუმრობის საგნად აქციო. ეს არ ეპატიება არც პოლიტიკოსს და, მით უმეტეს, არც დიპლომატს.

- სამშაბათს თბილისში რუსეთის ვიცე-პრემიერის ივანე რიბკინის ვიზიტს ელიან, რომელიც ელცინის ბრძანებით კურირებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობას, თანამდებობიდან ახლახანს განთავისუფლებული ვალერი სეროვის ნაცვლად...

- მიმაჩნია, რომ ივანე რიბკინთან შეხვედრა სასარგებლო იქნება, მით უმეტეს, რომ მას მე დიდი ხანია ვიცნობ, პატივს ვცემ, საუბარი შეეხება არა მარტო თანამეგობრობის პრობლემებს, არამედ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტებსაც და ეს ძალიან დროულია, თუ დაგვიანებული არა. სავსებით ვეთანხმები უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას, რომელმაც მართებულად შენიშნა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის განმტკიცების საფუძველი რუსეთი გახლავთო. შესაბამისად ამ ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოწესრიგებაც ასევე აქტუალურია. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თანამეგობრობის მომავალი სწორედ რუსეთთან ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული, ივანე რიბკინთან შეხვედრისას ვისაუბრებთ, თუ როგორ ვითარდება ინტეგრაციული პროცესები როგორც თანამეგობრობაში, ასევე, განსაკუთრებით, რა პრობლემები გვაწუხებს რუსეთთან ურთიერთობაში, რა არის მოსაგვარებელი, რა არის გადაუდებელი და რა არის ისეთი, რომლის გადადებაც ჯერჯერობით შეიძლება.

- გასულ კვირას ვლადისლავ არძინბამ მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკების და მხარეების ხელმძღვანელთა თავყრილობაში. რაც უფრო საინტერესოა, რუსეთის ვიცე-პრემიერმა რამაზან აბდულატიპოვმა ამაში საძრახისი ვერაფერი დაინახა...

- მე მინდა ბატონ აბდულატიპოვს, ცნობილ მოღვაწეს, შევახსენო, რომ იგი წარმოადგენს ქვეყანას, რომლის პრეზიდენტმა ბატონმა ბორის ელცინმა 1995 წლის 10 თებერვალს ალმაათაში თანამეგობრობის წევრი სხვა სახელმწიფოების პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების შესახებ“, რომელშიც შევიდა სპეციალური მუხლი. მე მხოლოდ ამ მუხლის ნაწილს მოვიყვან ციტატად: „სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ მხარი არ დაუჭირონ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სეპარატისტულ მოძრაობებს და სეპარატისტულ რეჟიმებს, არ დაამყარონ მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის კავშირები, არ გაუწიონ ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო და სხვა სახის დახმარება“. როგორც ჩანს, ბევრს ეს მემორანდუმი ფარატინა ქაღალდი ჰგონია. ამიტომაც გახდა შესაძლებელი ბატონ არძინბას მონაწილეობა ზემოთ ნახსენებ შეხვედრაში საქართველოს ხელისუფლებასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. მაშასადამე, ხელს აწერენ ერთს, რეალურად კი სხვა კეთდება. შეიძლება გვითხრან, რომ საქართველოშიც ხომ ჩამოდიან და ჩამოდიან ისე, რომ არ იღებენ ნებართვას რუსეთისაგან. ჯერ ერთი, თუ ეს ხდება, ხშირად ხდება ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, და იმათი გვარები საკმაოდ კარგად არის ცნობილი, ვინც საქართველოს ხელისუფლების ნების წინააღმდეგ ჩამოვიდა აფხაზეთში თუ საქართველოს სხვა რეგიონში. მეორეც: ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოპატიჟებით ჩამოვიდნენ საქართველოში, არც ერთი მათგანი არ ჩამოსულა რუსეთის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად. ასე რომ, ჩვენ ვიცავთ ალმა-ათის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს, და აგრეთვე იმ პრინციპებს, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას აწესრიგებენ.

- ალბათ, ამის შედეგია ისიც, რომ არძინბა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების სამიტში მონაწილეობის მიღების უფლებას ითხოვს, როგორც, ვთქვათ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენელი და არგუმენტად მოჰყავს ხალხთა თანასწორობის პრინციპი. მახსენდება თქვენი ცნობილი დებულება ეგრეთ წოდებული ერთა თვითგამორკვევის უფლების შესახებ, რომელიც იმ ქვეყნების დამოუკიდებლობის ხარჯზე ხდება, სადაც ეს ერები ცხოვრობენ...

- ამ მოთხოვნას, რომელსაც თქვენ ახლა ხაზი გაუსვით, მე ყურადღება მივაქციე არა მარტო იმიტომ, რომ იგი სერიოზული განსჯის საგანი შეიძლება გახდეს, - ესე იგი, ლაპარაკია იმაზე, რომ არძინბა მოითხოვს მონაწილეობა მიიღოს სამიტის მუშაობაში. უბრალოდ აქ ერთხელ კიდევ გამოიკვეთა თითქოსდა მივიწყებული ტენდენცია. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრები საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არიან. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამდენად იგი არ არის და არც იქნება, ვერც ვერასოდეს იქნება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. თანამეგობრობის სამიტზე კი იკრიბებიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები და მათი მეთაურები, პრეზიდენტები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს.

სხვათა შორის, როცა პრეზიდენტები იკრიბებიან პირველ სხდომაზე, გარდა პრეზიდენტისა არავინ არ ესწრება, თვით პრემიერ-მინისტრებიც კი.

რაც შეეხება არძინბას, ცოტა არ იყოს, უცერემონიო განცხადებებს, რომ იგი არ შეასრულებს სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს გადაწყვეტილებებს, რომ ეს გადაწყვეტილებები აფხაზეთისათვის ფარატინა ქაღალდია და ასე შემდეგ, აქ გასაკვირი არაფერია და არც უჩვეულო, გაეროს უშიშროების საბჭომ, მაგალითად, უკვე თხუთმეტამდე რეზოლუცია მიიღო აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების თაობაზე, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შესრულებულა. ესეც ფარატინა ქაღალდებია მათთვის. არა მგონია, რომ ასეთი დამოკიდებულება საერთაშორისო თუ რეგიონული ორგანიზაციების მიმართ მათს წისქვილზე ასხამდეს წყალს. მით უმეტეს დამაფიქრებელია იმავე ვლადისლავ არძინბას ბოლოდროინდელი მინიშნებანი, თითქოს ეს პრობლემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და რუსეთის მეშვეობით ვერ გადაწყდება. როგორც ამ დილით მომახსენეს ინფორმაცია, ეს სიტყვები სწორედ მას ეკუთვნის.

ამის საპასუხოდ მე ვიტყოდი: საჭიროა უფრო მეტად განვავითაროთ ორმხრივი დიალოგი, სახალხო დიპლომატია საზოგადოების ფართო სპექტრისა და პირველი პირების მონაწილეობითაც კი. მე, მაგალითად, ასეთ შეხვედრებს არასდროს გავურბოდი და, მით უმეტეს, თანახმა ვიქნები დღესაც, თუკი იგი რაიმე შედეგს მოიტანს.

- ახლახან მოსკოვიდან დაბრუნდა საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალი გენერალი ჩხეიძე. როგორც იგი გვაუწყებს, მოსკოვში რუსეთის სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელთან ბორდიუჟასთან მოლაპარაკებისას მიღწეულია შეთანხმება, რომ პირველი ივლისიდან საქართველო თავად დაიცავს საზღვაო აკვატორიას...

- საზღვაო აკვატორიის ერთობლივი დაცვის თაობაზე რაიმე კონკრეტული ხელშეკრულება დღემდე არ არსებობს (მე მინდა ეს დავაზუსტო, ყველამ არ იცის). საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობდა ასეთი ხელშეკრულება საზღვაო აკვატორიის შესახებ და ფოთის ნავსადგურის დაცვასთან დაკავშირებით. საქართველოს არ ჰყავდა საზღვაო ფლოტი და არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, ქვეყანამ ვერ მიიღო კუთვნილი წილი შავი ზღვის ფლოტიდან. რუსეთის მესაზღვრეები, რომლებიც დღემდე აკონტროლებდნენ საქართველოს სანაპიროს, უმეტესწილად მადლობას იმსახურებენ, თუმცა ჩვენი ურთიერთობა, კარგად მოგეხსენებათ, უპრობლემო არც ამ სფეროში ყოფილა. ის, რომ პირველი ივლისიდან საქართველო თავად დაიცავს საზღვაო აკვატორიას, იმით არის განპირობებული, რომ ამჟამად ჩვენ უკვე გვაქვს ამის საშუალება. ჩვენი მეგობრებისა თუ მოკავშირეების დახმარებით, უბრალოდ, კეთილისმსურველ სახელმწიფოთა დახმარებით ჩამოყალიბდა შესაბამისი ტექნიკური ბაზა, გვაქვს ჯერ მინიმალური, მაგრამ მაინც საკმაო რაოდენობის სანაოსნო საშუალებები, გემები თუ კატარღები, საჭირო მოწყობილობა, რათა საქართველომ შეძლოს შეასრულოს ნებისმიერი სრულფასოვანი სახელმწიფოს უპირველესი სუვერენული უფლება-მოვალეობანი, თავად დაიცვას საკუთარი საზღვრები. ეს ეხება არა მარტო საზღვაო, არამედ უახლოეს მომავალში სახმელეთო საზღვარსაც. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ვიჩქაროთ. როგორც გითხარით, ეს იქნება ეტაპობრივი, ნაბიჯ-ნაბიჯ, კანონზომიერი გადასვლა ახალ მდგომარეობაზე.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ თემაზე რუსეთთან მოლაპარაკება, წინა წლებისაგან განსხვავებით, ძალიან კონსტრუქციულად მიმდინარეობს. ამდენად, საკითხი გადაწყდება მშვიდ ვითარებაში, ურთიერთპატივისცემაზე აგებული დიალოგის შედეგად, როგორც ზემოთ ვთქვი, ეტაპობრივად, ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესთა გათვალისწინებით.

სხვათა შორის, ისიც მინდა ვთქვა, რომ რუსეთი დარწმუნებული უნდა იყოს: ჩვენ რომ დავდგებით ჩვენს საზღვარზე და საქართველო თავის საზღვარს დაიცავს, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარიც დაცული იქნება. ჩვენ სამოკავშირეო სტრატეგიული ურთიერთობის ერთგული ვიყავით და მომავალშიც ერთგული დავრჩებით.

- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს, მნიშვნელოვანი თანხები გამოყო საქართველოსათვის, რას მოხმარდება ეს თანხები?

- ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დამთავრების შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენს თხოვნას ძალიან დადებითი რეაქცია მოჰყვა. მიღებულია კონგრესის, ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და, როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე წელს 90 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოს დასახმარებლად. როგორც მაშინ ჩამოსვლისთანავე ვთქვი, ეს არის ინვესტიციები იმ კურსის განსახორციელებლად და გასამარჯვებლად, რომელსაც საქართველო ადგას. ეს არის დემოკრატიული აღმშენებლობის კურსი, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების კურსი.

ამ დღეებში შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, თუ როგორ განაწილდეს ეს თანხა. ამ სახსრების ძირითადი ნაწილი მიზნობრივია, პერსპექტიული პრობლემების მოგვარებისათვის არის გათვალისწინებული და ამ შემთხვევაში დამფინანსებელ მხარეს გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს. ნაწილი მოხმარდება ლტოლვილებს, შეიძლება ძალიან დიდი ნაწილი არა, მაგრამ ნაწილი მაინც მოხმარდება ლტოლვილებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ლტოლვილებისათვის გათვალისწინებული თანხა, რომლებიც დაბრუნდებიან და საკუთარი მეურნეობის რეაბილიტაცია დასჭირდებათ. მოხდება საბაჟო სამსახურების სრული რეაბილიტაცია. ეს უზარმაზარი, უდიდესი საქმეა, რამაც შეიძლება ერთნახევარ-ორჯერ გაგვიზარდოს შემოსავალი, სრული კომპიუტერიზაცია და თანამედროვე დონეზე საქმიანობა, სასაზღვრო ზონების მოწესრიგება, სამომავლო კანონპროექტების შედგენა და სხვა მრავალი. ამ დღეებში ყოველივე ამას გამოვაქვეყნებთ, რაც მთავარია, მომავალი და შემდგომი წლების პროგრამები გაანგარიშებული იქნება წელს დამუშვებული პროექტების განსახორციელებლად.

მოგეხსენებათ, დაგეგმილია ბატონ ზურაბ ჟვანიას ვიზიტი ვაშინგტონში, შეხვედრები კონგრესსა და ადმინისტრაციაში, ვფიქრობ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსათვის დახმარების პროგრამის გაგრძელებას, მისი მოცულობისა და შედეგიანობის ზრდას.

- და, ბოლო კითხვა, გასულ კვირას რატომღაც მსჯელობის საგანი გახდა აჭარის ავტონომიური სტატუსის საკითხი...

- არ ვიცი, ვინ დააყენა ეს საკითხი და საიდან წამოვიდა, ვინ არის ავტორი. ერთი რამ კი მინდა ვთქვა: არც ძველ დროში, არც ახალში, აჭარის ავტონომიის გაუქმება, პირადად მე, თავში არც გამივლია და, მე მგონი, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ასეთი აზრი არ დაბადებია. აჭარაში ხანდახან, ძველ დროში, კი გაიელვებდა ხოლმე ასეთი აზრი. გაფართოებასა და განმტკიცებაზე კი ბევრი რამ მითქვამს და ზოგი რამ კიდევაც გამიკეთებია.

ახლა, რაც შეეხება, ცალკეულ ხელმძღვანელთა სატელევიზიო თუ საგაზეთო გამოსვლებს. აჭარის თემა იმდენად სათუთად და საპასუხისმგებლოდ მიმაჩნია, რომ დაუშვებლად ვთვლი დებატებს, ყოველ შემთხვევაში, ჩემს დონეზე, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის, პრესის მეშვეობით. ძალიან სათუთი თემაა, ისტორიულად სათუთი. ოცჯერ მაინც გახლდით ბათუმში ისე, რომ საპასუხო ვიზიტები არ მომითხოვია. მზად ვარ კიდევ ოცჯერ ჩავიდე. ეს ჩემი სამშობლოა, ჩემი ქვეყნის ნაწილია და ვალდებული ვარ ოცჯერ კიდევ ჩავიდე და აჭარას დაველაპარაკო პირისპირ. მის ხელმძღვანელობასაც და ერთად მოვაგვაროთ ძმათა შორის, მამასა (თუ გნებავთ, ასეც ვიტყოდი, უკვე მაქვს ამის უფლება ასაკის გამო) და შვილებს შორის მოსაგვარებელი საკითხები.

ინტერვიუს ბოლოს ნატო ონიანმა ბატონ პრეზიდენტს მიულოცა შვილიშვილის - პატარა გოგონას დაბადება.

საქინფორმი.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების სიტყვა გაუტეხელია და იგი კანონის ტოლფასია / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 24 მარტი. - №71 (2771). - 1,2 გვ.

37 „საქართველოს ხელისუფლება ღირსეულ პატივს მიაგებს 31 მარტის რეფერენდუმს და უყოყმანოდ აღიარებს მის უდიდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
30 მარტის რადიოინტერვიუ

- ინტერვიუს ეკონომიკის თემით დავიწყებთ. მთავრობის სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის პირველი ეტაპის შედეგები განიხილეს. უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე - რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის შესრულების მიმდინარეობა. გარდა ამისა, გასულ კვირას ამუშავდა კასპის ცემენტის ქარხანა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- განვლილ კვირაში მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმირების პირველი ეტაპის შედეგები. ყველა მოქალაქემ იცის, თუ რაოდენ რთულ პირობებში დაიწყო რეფორმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და, ბუნებრივია, უნდა შეგვეჯამებინა გაწეული მუშაობის შედეგები. ამ ეტაპზე ძირითადად დასრულდა ჯანმრთელობის დაცვის თვისებრივად ახალი მოდელის ასამოქმედებლად საჭირო სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური წინამძღვრების მომზადების პროცესი. ამასთანავე, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შემდგომი ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ სფეროში სახელმწიფო ვალდებულებების უცილობელი შესრულებისათვის დამატებით უნდა გადაწყდეს მთელი რიგი საკითხები.

ფინანსური უზრუნველყოფის გადაუდებელ ამოცანებთან ერთად ყურადღება უნდა დაეთმოს დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად გაწეული სამედიცინო მომსახურების დონეს, უწყებრივი პროგრამების შემუშავების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობისა და მისი კოორდინაციის საკითხებს და სხვა; ესე იგი, ფაქტობრივად, უკვე ლაპარაკია ჯანმრთელობის დაცვის იმ ახალი მოდელის სრულ ამოქმედებაზე, რომელიც ჩვენ მიზნად დავისახეთ, როცა რეფორმას ვიწყებდით. უნდა გითხრათ, რომ პირველი შედეგები იმედის მომცემია და უახლოეს ერთ-ორ წელიწადში ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა მსოფლიო სტანდარტებს თუ არ გაუთანაბრდება, მიუახლოვდება მაინც.

პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სხომაზე განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობა. სასურველია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ რომელ პროექტებზე ვმსჯელობთ, როცა ამ საბჭოს სხდომებს ვმართავთ.

დიდი ბრიტანეთის „ნოუ ჰაუ ფონდის“ პროექტები ხორციელდება სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, ენერგეტიკის, ეკონომიკის, ფინანსებისა და სხვა სფეროებში. ფონდის სამომავლო პროექტებში აისახება ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს პროგრამების ორიენტაციის შეცვლას მოსახლეობის ღარიბი ფენების მხარდასაჭერად. ეს კი მისასალმებელია.

გაეროს განვითარების პროგრამის შესაბამისად, აფხაზეთის კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციის სტრატეგიული მხარდაჭერის პროექტის განხორციელება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების კიდევ ერთი ცდაა. აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის შემდეგ ეს პროგრამა ხელს შეუწყობს კოორდინირებულ თანამშრომლობას ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელებაში. მოგეხსენებათ, აფხაზეთის რეაბილიტაციისათვის, განსაკუთრებით ლტოლვილთა დაბრუნების შემთხვევაში და დაბრუნების შემდეგ, ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარებიდან 20 მილიონი დოლარია გადადებული, ასევე ევროგაერთიანებიდან და ასე შემდეგ. თუ პროცესი დაიწყება, რეაბილიტაციის პრობლემები სერიოზულ სიძნელეებს აღარ გამოიწვევს.

მეორე პროექტი გარემოს დაცვის ფონდის შესახებ, მეტად წაადგება ეკოსისტემის დაცვას კავკასიის არიდულ ზონაში, რაც, თავის მხრივ, აქ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის განვითარების წინაპირობასაც შექმნის;

აღმოსავლეთ ევროპასთან ნიდერლანდის თანამშრომლობის ფარგლებში ამ ქვეყნის მთავრობამ მიმდინარე წლისათვის საქართველოს გრანტის სახით გამოუყო 3 მილიონი გულდენი. პროექტები განხორციელდება სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, ტრანსპორტის სფეროებში. უნდა აღინიშნოს, რომ წლის ბოლოს ნავარაუდევია განისაზღვროს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შემდგომი მიმართულებანი და ახალ დახმარებათა შესაძლებლობანი 1999 წლისათვის;

საქმიანობისა და დახმარების ფართო სპექტრს მოიცავს „ტასისთან“ თანამშრომლობის ოთხწლიანი ინდიკატური პროგრამის მეორე ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ბიუჯეტი 14 მილიონ ეკიუს შეადგენს. ამ პროგრამისათვის ევროკომისიამ კიდევ დამატებით გამოყო 2 მილიონი ეკიუ, რომლის გამოყენება ნავარაუდევია ტურიზმის (ეს განსაკუთრებით მისასალმებელია) და ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურის განვითარების პროექტის დასაფინანსებლად. თქვენ იცით, რომ ჩვენ სერიოზულად დავიწყეთ ტურიზმის განვითარებაზე ფიქრი, მუშაობა, შეიქმნა კონცეფცია და გვყავს ამ დარგის განახლებული ხელმძღვანელობაც.

სხდომაზე განვიხილეთ ასევე ევროკავშირ - „ტასისის“ აგრობიზნესის სასწავლო და საკონსულტაციო ცენტრების პროექტი, რომლის მიზანია რეგიონულ დონეზე ფერმერთა, მცირე და საშუალო აგრომეწარმეთა მომსახურება.

საინტერესო ერთობლივ პროექტს გვთავაზობენ გერმანული ფირმა „სიმენს/ნიქსდორფი“ და გერმანიის მთავრობა. ეს პროექტი მოწონებულია პრეზიდენტის ბრძანებულებით მიწის მართვის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ. ამ პროექტის ღირებულება, რომელიც მიწის ნაკვეთების კადასტრისა და რეგისტრაციის სისტემის შექმნას ითვალისწინებს, 55 მილიონ გერმანულ მარკას შეადგენს. პროექტის მართვის მიზნით შეიქმნება გერმანია-საქართველოს ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მიწის რეფორმის შემდეგ მიწის კადასტრის პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესია და სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარების საფუძველია.

მეჩაიეობის დარგის რეაბილიტაციისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს გამოყოფილი 3 მილიონი ლარი (ამ თანხის გამოყოფა საკმაოდ რთულ პირობებში მოხერხდა) ტენდერის მეშვეობით გაუნაწილდა რაიონებს და უკვე იყენებენ გადაბარვის, გასხვლისა და სხვა სამუშაოებისათვის. სავარაუდოდ, წლის ბოლოსათვის დარგი მხოლოდ ამ დახმარების ფარგლებში დაახლოებით 4-5 მილიონ ლარს გადაურიცხავს ბიუჯეტს, თანხების გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება. გუშინ მე სპეციალურად მოვიწვიე ბატონი ჭკუასელი, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამ თანხების გაცემა დაიწყოს სწორედ ახლა, როცა ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული საგაზაფხულო სამუშაოები.

გაიმართა პირველი შეხვედრა ეროვნული ბანკის ახალ ხელმძღვანელობასთან. მოგეხსენებათ, ბანკის პრეზიდენტად დავნიშნეთ ბატონი მანაგაძე, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს. განსაკუთრებული ვალდებულებანი ეკისრება ქვეყნის ცენტრალურ ბანკს ახლა, როდესაც დღის წესრიგში დგება რეფორმების ახალი ეტაპის პრობლემათა წარმატებით გადაწყვეტის, მათ შორის, კომერციული ბანკების განვითარების ახალი ამოცანები. ქმედითი საბანკო სისტემის ჩამოყალიბების პროცესის ეფექტიანად გაგრძელებით და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ბანკმა კვლავაც განუხრელად უნდა უზრუნველყოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ინფლაციური პროცესების მიზანმიმართულ რეგულირებასა და უცხოური თუ შიდა საინვესტიციო-საკრედიტო რესურსების მოზიდვაში. საიმედო საბანკო ქსელის ჩამოყალიბება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მყარი საფუძველი უნდა გახდეს.

განვლილ კვირაში, ფაქტობრივად, გაორმაგდა საგადასახადო ინსპექციის მიერ აკრეფილი საბიუჯეტო შემოსავლის მოცულობა და 11,5 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღეისათვის მის მიერ მარტში აკრეფილია 26 მილიონი ლარი, რაც 3 მილიონით აღემატება თებერვალში აკრეფილ შემოსავალს. პირველ კვარტალში საგადასახადო ინსპექციამ გეგმის შესაბამისად ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს 70 მილიონი ლარი. ამისათვის კი თვის დარჩენილ ორ დღეში კიდევ აუცილებლად უნდა აკრიფოს 4 მილიონამდე ლარი თანხა, რათა თავიდან ავიცილოთ ხელფასის, პენსიის, დახმარების დაგვიანებით გაცემა.

განსაკუთრებული ძალისხმევა მართებს საბაჟო დეპარტამენტს, რომელსაც 27 მარტისათვის ბიუჯეტში გადარიცხული ჰქონდა 14 მილიონამდე ლარი. მართალია, ეს თითქმის 2 მილიონი ლარით აღემატება წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს, მაგრამ ეს ტემპი საკმარისი არ არის გეგმის შესასრულებლად.

თქვენ ახსენეთ კასპის ქარხანა და უნდა გითხრათ, რომ იგი გამონაკლისი არ არის. საქართველოში ახლა ათობით ახალი საწარმო ამუშავდა და ასობით ახალი საწარმო შეიქმნა. მართალია, ეს პატარა საწარმოებია, მაგრამ დასაქმებისა და ანაზღაურების პრობლემებს ისინი თავს ძალიან კარგად ართმევენ. კასპის ქარხანა საიმედოდ ამუშავდა. ასევე ამოქმედდა რუსთავის „აზოტი“, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში კარგი მდგომარეობაა, შესაბამისად ეს გავლენას ახდენს ჭიათურაზეც. ქუთაისის ავტოქარხანაშიც საიმედო ძვრებია და ასე შემდეგ. ვფიქრობ, 10 აპრილიდან უნდა ამუშავდნენ მეტალურგები და აქ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ამ ქარხანაში მიმდინარე დადებითს ძვრებზე.

- 31 მარტი რეფერენდუმის დღეა. 7 წელი სრულდება რეფერენდუმის მოწყობიდან. ყოფილმა პრეზიდენტმა, ალბათ, სხვადასხვა მიზეზის გამო, შეიძლება მისტიკური მომენტების გათვალისწინებით, რეფერენდუმი საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია. აქედან გამომდინარე, გარკვეული ძალები ამ რეფერენდუმს, როგორც ჩანს, საკუთარ დღესასწაულად, საკუთარ დღეს მიიჩნევენ. არადა, ეს დამოუკიდებლობის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, და ეს იყო დღე, როდესაც საქართველომ კითხვას - სურს თუ არა დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს, ერთმნიშვნელოვნად უპასუხა - დიახ!

- მე მიმაჩნია, რომ 31 მარტის რეფერენდუმი საქართველოსათვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო და არის. ამ რეფერენდუმმა შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იურიდიული საფუძველი.

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ და ასევე აბსოლუტურმა უმრავლესობამ (98 პროცენტზე მეტმა) მისცა ხმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხალხმა გამოხატა თავისი მტკიცე ნება: ახლად დააფუძნოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ათასწლოვანი ისტორიული ტრადიცია აქვს.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 31 მარტის რეფერენდუმი მოეწყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, ანუ რეფერენდუმმა შექმნა არა მარტო დამოუკიდებლობის, არამედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უაღრესად მძლავრი იურიდიული არგუმენტიც.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, შემთხვევითი არ არის, რომ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი შეტანილია საქართველოს კონსტიტუციაში - იგი ქვეყნის ძირითადი კანონის პირველივე ფუძემდებლურ დებულებად იქცა.

ჩვენ ამ რეფერენდუმის ისტორიული მნიშვნელობის აღიარებისა არც გვეშინია და არც უნდა გვეშინოდეს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა - როგორც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა, ასევე მისმა მოწინააღმდეგეებმაც. ამ საკითხში საქართველოს ყველა მოქალაქე ერთსულოვანი იყო. სამწუხაროდ, ეს ერთიანობა დროებითი აღმოჩნდა. რატომ, რის გამო ან რა შეცდომათა მიზეზით, - ეს სხვა საკითხია და ამაზე სხვა დროს უნდა ვისაუბროთ.

ამდენად, საქართველოს ხელისუფლება ღირსეულ პატივს მიაგებს 31 მარტის რეფერენდუმს და უყოყმანოდ აღიარებს მის უდიდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. შესაძლოა, პარლამენტთან ერთად ვიმსჯელოთ შესაბამის სახელმწიფოებრივ ღონისძიებებზე, რომლებიც სამომავლოდ ტრადიციად გადაიქცევა. ჩემთვის, მაგალითად, ცნობილია, რომ დედაქალაქი მრავალ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს, გუშინ ბატონი ბადრი შოშიტაიშვილი მელაპარაკა ამის შესახებ. სასურველია, ამას სხვა რეგიონებმაც აუბან მხარი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 31 მარტის რეფერენდუმი ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის. ეს ნამდვილად გამარჯვება იყო. ხოლო, თუ იმდროინდელმა ხელისუფლებამ ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, ესეც უნდა დაფასდეს. ჩვენი პრინციპია, ვიყოთ სამართლიანი, უწინარეს ყოვლისა, ვიყოთ სამართლიანი ბოლომდე. ისტორია კი უცდომელი მსაჯულია და ყველაფერს განსჯის.

- გასულ კვირას ანტიკორუფციულმა კომისიამ სათბობ-ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობა განიხილა. პრინციპში, შეიძლება ითქვას, ეს თემა გასულ კვირას ქართულ მასმედიაში ერთგვარ სენსაციურ თემადაც კი იქცა...

- მე შეიძლება სხვა კუთხიდან დავიწყო. და მინდა ვთქვა, რომ ვნახე ტელერეპორტაჟი საპარლამენტო კომისიის სხდომიდან. უნდა გითხრათ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ ცალმხრივად გაშუქებულიყო ის პროცესები, ენერგეტიკაში რომ მიმდინარეობს, ანდა შეიძლება, უბრალოდ, ასე გამოუვიდათ.

იმის თქმა, რომ ენერგეტიკაში ბოლო წლების მანძილზე თითი თითზე არავის დაუკარებია, არაფერი გაკეთებულა, უაზრობა და უცოდინრობაა, უბრალოდ, არაკომპეტენტურობაა.

ახლა მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო: გადახდის პრობლემა რომ მოვაგვაროთ, ენერგოკრიზისი შეიძლება დაძლეულად ჩაითვალოს. მაგალითად, ახლა ხანდახან ამბობენ, ქალაქი ბათუმი განათებულია ლამის 24 საათის განმავლობაში. სხვა ქალაქები რატომ არ არის ასე? იმიტომ, რომ ბათუმი 100 პროცენტით იხდის იმას, რასაც ხარჯავს. იგივე შეიძლება ითქვას თბილისზე, თუკი მივაღწევთ იმას, რომ გადაიხადონ ის, რასაც მოიხმარენ მოსახლეობა და მეწარმეები. იგივე შეიძლება ითქვას ქუთაისსა და საერთოდ, მთელ ქვეყანაზე. დღეს ჩვენ შეგვიძლია დაძლეულად ჩავთვალოთ ენერგოკრიზისი, თუკი მოგვარდება გადახდის საკითხი. აქ, ალბათ, არის სამინისტროს ცოდვებიც ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვედით ენერგეტიკული იზოლაციიდან, ეს იყო ურთულესი ამოცანა და ამას რამდენიმე წელი დასჭირდა, აღვადგინეთ კავკასიონის მაღალი ძაბვის ხაზი. ესე იგი, შევედით პარალელში რუსეთთან, ასევე აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, გადავარჩინეთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ენგურჰესი - კატასტროფა იყო მოსალოდნელი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ უზარმაზარი რეგიონისთვისაც. წყალუხვობის პირობებში, რაც თითქმის წარმოუდგენელი იყო, 2-3 თვით გავაჩერეთ ენგურჰესი და განვახორციელეთ უდიდესი კაპიტალური და სარემონტო სამუშაოები, პრაქტიკულად, მთლიანად აღვადგინეთ თბილსრესი, საიმედოდ ამუშავდა მეცხრე ბლოკი. პირველ თვეებში იგი მოიკოჭლებდა, მაგრამ მიმდინარე ზამთარში ჩვენ მხოლოდ ერთხელ გვქონდა ამ ბლოკის გაჩერების შემთხვევა, ისიც ერთი თუ ორი დღით, და მერე არავითარი დაბრკოლება აღარ ყოფილა. ეს ბლოკი, როგორც მოგეხსენებათ, 300 მეგავატი სიმძლავრისაა. წლის ბოლოს გავუშვებთ მეათე ბლოკსაც - ეს ყველაფერი ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით და მათი ინვესტიციებით ხდება. ესეც 300 მეგავატი სიმძლავრისა, ესე იგი, ისეთ დონეს ვაღწევთ, რომ ენგურჰესი და ზოგიერთი პარალელური სისტემაც რომ გაჩერდეს და გამოგვეცალოს, ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩება. გარემონტდა და განახლდა რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური (მე ახლა არ ჩამოვთვლი ყველას), აქტიურად ვმუშაობთ უცხოელ ინვესტორებთან, განხორციელდა დარგის რესტრუქტურიზაცია, ესეც ძალიან რთული პროცესი იყო.

ნაკლიც ბევრია, და ესეც სავსებით სამართლიანად ითქვა ამ კომისიის სხდომაზე.

დოკუმენტი, რომელიც მიიღო საპარლამენტო კომისიამ, გადაეგზავნა პროკურატურას, სხვა კომპეტენტურ ორგანოებს სათანადო რეაგირებისათვის. რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც იმსჯელებს ამ საკითხზე. ენერგეტიკა ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების სფერო იყო ყოველთვის. ამ დარგში შექმნილ ვითარებაზე დიდად არის და იქნება დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკის, მთლიანად ქვეყნის მომავალი. და სულაც არ იყო შემთხვევითი, ამ სამი თუ ოთხი წლის წინათ, როცა მოქალაქეთა კავშირმა გადაწყვიტა შეფობა ეკისრა მთლიანად ენერგეტიკის მდგომარეობისა და მისი განვითარებისათვის. თვითკრიტიკულად უნდა ვთქვა, ეს ვერაფერი შეფობაა. ამდენად გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, უნდა იყოს, ჯერ ერთი, კანონიერი, აგრეთვე, სამართლიანი და მიზანშეწონილიც. ვერავინ უარყოფს რომ, ვთქვათ, ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისით მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, დადებითი ძვრები შესამჩნევია დარგის რეფორმირების მხრივაც, - თუმცა ეს რთული საკითხია, ძალზე რთული პრობლემაა, - ამდენად, ფრთხილი, გეგმაზომიერი მიდგომაა საჭირო.

აქედან გამომდინარე ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ერთი მხრივ (კანონის შესაბამისად), როგორც არაერთგზის მითქვამს „მხურვალე შანთით“ ამოწვავს კორუფციას ამ დარგში - ენერგეტიკაში და ასეთი ფაქტები არსებობს, მეორე მხრივ კი, არ დააფრთხობს ინვესტორს, არ შეანელებს რეფორმას და არ მოიტანს დამანგრეველ შედეგს ეკონომიკის საბაზისო დარგისათვის.

ძნელია, რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიგნება და შემუშავება. ეს ურთულესი კომპლექსური პრობლემაა, მაგრამ პრეზიდენტი ვალდებულია, სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიაგნოს.

- ისევ მთავრობის სხდომას დავუბრუნდეთ: განიხილეს კანონპროექტი „საკრებულოების არჩევნების შესახებ“. შეიძლება ითქვას, ქვეყანა ემზადება ადგილობრივი არჩევნებისათვის...

- საკრებულოების არჩევნებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფუძნებით საქართველოში საბოლოოდ მთავრდება არა მარტო ძველი სისტემის დემონტაჟი, არამედ ახალი სისტემის ფორმირებაც. თვითმმართველობის დემოკრატიული ინსტიტუტით განიმსჭვალება სახელმწიფოებრივი სტრუქტურა თავიდან ბოლომდე: უმაღლესი ხელისუფლებით, პრეზიდენტით, პარლამენტით დაწყებული და სოფლის, დაბის, თემის, ქალაქის, რაიონის თვითმმართველობის ორგანოებით დამთავრებული. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, გადამწყვეტი ნაბიჯი, თუ შეიძლება ასე ითქვას, დემოკრატიის სიღრმისეული განვითარების გზაზე, რაც უეჭველად მოიტანს სასიკეთო შედეგს როგორც პოლიტიკური კულტურის ამაღლების, სახელმწიფოს წინაშე თითოეული ოჯახის, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის, ასევე პირიქით - თითოეული მოქალაქის წინაშე სახელმწიფო სისტემის ანაგარიშვალდებულების ზრდის თვალსაზრისით. საბოლოოდ კი ეს რეფორმაც (ისევე როგორც ყოველი რეფორმა ზოგადად) მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლების, წარმოების ზრდის, კერძო ინიციატივის უკეთ გამოვლენის და საბიუჯეტო შემოსავლის, სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

სასამართლო და ადგილობრივ მმართველობათა და თვითმმართველობათა რეფორმირებით, როგორც ზემოთ ვთქვი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მთავრდება ძველი სისტემის სრული დემონტაჟი და მისკენ მიბრუნების სურვილი ან ყოველგვარი ცდა, რასაც ამ დღეებში ჰქონდა ადგილი, ყოველგვარ რეალობას და ყოველგვარ პერსპექტივას, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. ასეთი ადამიანები უიმედო ფანტაზიორები არიან.

- გასულ კვირას რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს და შემდეგ სხვა წყაროებითაც დადასტურდა ასეთი ინფორმაცია, რომ გრძელდება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების კონსულტაციები აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისა და სამშვიდობო ოპერაციის ახალი მანდატის თაობაზე. ამ პროცესში რუსეთიც აქტიურად მონაწილეობს. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეს არის თვისებრივად ახალი დოკუმენტი და იგი სწორედ განიხილება? აქვე ერთი ფაქტიც: ხვალ სოხუმში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართება...

- მართლაც, ამჟამად „გამოკითხვის წესით“ მიმდინარეობს მუშაობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ლიდერების პოზიციის დასადგენად იმ წინადადებებისა და იმ დოკუმენტის გამო, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ კიშინიოვის სამიტზე წარვადგინეთ განსახილველად და, ფაქტობრივად, იქ მიღებული იყო. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის რაღაც თვისებრივად ახალი დოკუმენტი, - უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, რომ იხვეწება და ღრმავდება კიშინიოვში შეთანხმებული და თითქმის ყველა დელეგაციის (მათ შორის რუსეთის დელეგაციის) მიერ მოწონებული გადაწყვეტილების დებულებანი. სამწუხაროდ, როგორც ჩვენს საზოგადოებას მოეხსენება, რუსეთის პრეზიდენტს დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა დახურულ და ღია სხდომებზეც მან ამ დოკუმენტს ხმა მისცა. ვიმედოვნებ, თანამეგობრობის სამდივნოს ძალზე აქტიური მუშაობა ამჯერად ნაყოფს გამოიღებს და ჩვენს წინადადებებზე გამოკვეთილი პასუხიც უახლოეს ხანში გვეცოდინება. აპრილის სამიტზე კი საქართველოს დელეგაცია მწვავედ და პრინციპულად დასვამს საკითხს, რათა სიტყვიერმა განცხადებებმა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის“ შესახებ რეალური გამოხატულება და განხორციელება პოვოს.

ამასთან მე ყოველმხრივ ვუჭერ მხარს ქართულ-აფხაზური დიალოგის განვითარებას, ეს დიალოგი თანდათანობით ვითარდება, მაგრამ რეზერვები ძალიან დიდია. ამ მხრივ შესაძლებელია სრულიად ახალ ეტაპს ჩავუყაროთ საფუძველი. ასევე მინდა მივესალმო ლუდვიგ ჩიბიროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი მზად არის დაიწყოს ამ რეგიონის - სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსის პრობლემების განხილვა საქართველოს ხელმძღვანელობასთან. მეც ამისათვის პრაქტიკულად მზად ვარ და არა მარტო მე, არამედ ჩემი კოლეგებიც. რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს, ხვალ უნდა გაიმართოს მისი სხდომა. მე მგონი, ყველა მონაწილე დაესწრება. ჩვენგან ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე და შესაბამისი დელეგაცია იქნება წარმოდგენილი. იმედი მაქვს, რომ ეს გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში.

- გასულ კვირას გრძელდებოდა აჟიოტაჟი აჭარის თემაზე. ერთი მხრივ, იყო საუბარი იმაზე, თითქოს ვიღაც აპირებდეს აჭარის ავტონომიის გაუქმებას. მეორე მხრივ, იმის შესახებ, თითქოს აჭარაში აპირებდნენ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომლის თანახმადაც ადგილობრივი კონსტიტუცია ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა დადგება...

- წინა რადიოინტერვიუში ამ საკითხებთან დაკავშირებით მე ჩემი პოზიცია უკვე გამოვხატე და საკმაოდ ნათლადაც ჩამოვაყალიბე. არ ვიცი, მივიდა თუ არა ეს ბათუმამდე. კვლავაც გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლებაში არ არის ადამიანი, არ არის კაცი, ვისაც აზრად მოსვლოდეს ან აზრად მოუვა აჭარის ავტონომიის გაუქმება. ამ თემაზე ფიქრიც კი გამორიცხულია!

ხოლო, თუ ვინმემ ასეთი განცხადება (ან რაიმე მსგავსი) მართლაც გააკეთა, და, მე მგონი, პარლამენტში ჰქონდა ამას ადგილი, დაუფიქრებელ გამოთქმას, ვინც უნდა იყოს, რომელი პარტიის წევრიც უნდა იყოს იგი, მე მთელი ქვეყნის, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვარ და თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მხრივ განვაცხადო: პირადად ვუხდი ბოდიშს ჩემს აჭარას, ჩვენს სისხლსა და ხორცს. აჭარის ყველა მოქალაქესა და მის ხელმძღვანელობას. მათ წინაშე ქედის მოხრა და ბოდიშის მოხდა სულაც არ მიმაჩია სამარცხვინოდ ჩემთვის, ან აჭარისათვის. ბოდიში არ შელახავს არც პრეზიდენტის და არც აჭარის ღირსებას. ჩვენ ერთი ღირსება გვაქვს. ამ აზრს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოს ერთიანი ღირსება აქვს და ეს ყველას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

რაც შეეხება ჭორებს, თითქოს აჭარაში აპირებდნენ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დაარღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ავტონომიის კანონს მიანიჭებს უპირატესობას ქვეყნის კანონთან შედარებით, მე ეს არ მჯერა, ეს, ალბათ, ჭორია.

მტკიცედ მწამს: აჭარა ამას არ იკადრებს და დედა-სამშობლოს, როგორც იტვიან, ზურგში დანას არ ჩასცემს. ეს გამორიცხულია. ალბათ, აქ რაღაც გაუგებრობაა და იგი უახლოეს ხანში გაირკვევა - ჩვენი საერთო სამშობლოსადმი პასუხისმგებლობით აღსავსე, კეთილმოსურნე დიალოგის პროცესში. ეს დიალოგი ერთი დღითაც არ უნდა შეწყდეს.

- მთავარი უპირატესობა საქართველოსათვის, პრინციპში ამ ბოლო წლებში, გნებავთ ინვესტორებისათვის, გნებავთ საერთოდ პოლიტიკოსებისათვის, სტაბილურობა იყო. ხომ არ ემუქრება ამ სტაბილურ ფონს, ადრეული მოვლენებიდან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული 9 თებერვლის შემდეგ?

- თებერვლის ცნობილმა მოვლენებმა ქვეყნის სტაბილურობა ვერ შეარყია და ამაში, ალბათ, ყველა მოქალაქე დამეთანხმება. წესრიგი კიდევ უფრო განმტკიცდა, კიდევ უფრო ამაღლდა მოსახლეობის ჯანსაღი პოლიტიკური აქტიურობა. სტაბილურობის თვალსაზრისით, სახელმწიფო კიდევ უფრო საიმედოდ გამოიყურება დღეს.

9 თებერვალმა ერთხელ კიდევ დაანახა ყველას, ვინ არის ქვეყნის ჭეშმარიტი ჭირისუფალი, მისი პატრიოტი და ვის სურს, საქართველო ისევ ქაოსისა და ანარქიის მორევში გადაჩეხოს. მათს მიზნებს, პირდაპირ ვაცხადებ, აღსრულება არ უწერია. ეს უკვე მერამდენედ მოეცარათ ხელი. და, თუ კიდევ შეეცდებიან, სრული კრახით და სრული მარცხით დამთავრდება მათი ყოველგვარი ცდა. დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს, ამაში დარწმუნებული უნდა ვიყოთ. რადიკალებისა და ტერორისტების სისასტიკის, მუხანათობის მიუხედავად, ამ წლების განმავლობაში ჩვენ არ გავბოროტებულვართ და არ გვიღალატია ეროვნული თანხმობისა და შერიგების პრინციპებისათვის, ჯერ კიდევ 1992 წლის ზაფხულში რომ ჩამოვაყალიბე და დღესაც აქტუალურია. ვფიქრობ, ის პლატფორმა, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე წავიკითხე, დღესაც სავსებით გამოდგება ჩვენი ერთობლივი მუშაობისა და შერიგებისათვის.

ამავე დროს, ყველას ვაფრთხილებ, ეროვნული თანხმობის კურსი ხელისუფლების სიძლიერეზე, მის მორალურ-ზნეობრივ სიჯანსაღეზე მიუთითებს და არა ჩვენს სისუსტეზე. თუ ჩვენსკენ ერთ ნაბიჯს გადმოდგამენ, ჩვენ ორჯერ მეტს გავაკეთებთ, მაგრამ არა მუქარითა და ულტიმატუმებით, არამედ ცივილიზებული დიალოგის გზით, ისეთი დიალოგისა, რომელიც თანამემამულეთა და თანამოქალაქეთა ურთიერთობას შეეფერება.

ბუნტისთავები, ბანდიტები, ქვეყნის ავის მოსურნენი პირად ამბიციებს რომ სამშობლოს ინტერესებს ანაცვლებენ, კვლავაც იქნებიან მხილებულნი, კვლავაც დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით, მათ სრული იზოლირება და საერთო-სახალხო ზიზღი და დაგმობა ელით.

- ანტიკორუფციული საქმიანობის ფონზე, თუ სხვა თემებზე საუბრისას ამ ბოლო ხანს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პრეზიდენტისა თუ სხვა უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთა ნათესავებზე, ბიზნესში მათს მონაწილეობაზე და ასე შემდეგ. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ყველაფერი ძალიან მიზანმიმართულად კეთდება, რადგან დღეს მართლა აღარ არის ის დრო, როცა ნათესაობის გამო ვინმე ვინმეს ხელს დააფარებს. ეს წმინდა ფინანსური ინტერესია...

- მადლობელი ვარ, რომ თქვენ ეს კითხვა დასვით. მე კარგა ხანია ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ვალდებულიც ვარ ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა ვთქვა. კორუფცია და პრეზიდენტის, სხვა ხელმძღვანელთა ნათესავების თემა რთული საკითხია ჩვენს დროში, და არა მარტო ჩვენს დროში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება და სათანადო მექანიზმის, მისი დებულების შექმნა მთავრდება.

ვფიქრობ, ეფექტიანი ინსტიტუტი ჩამოყალიბდება, რომელიც დაგვეხმარება განვკურნოთ ქვეყანა ამ მძიმე სენისაგან.

რაც შეეხება კორუფციაში ეჭვმიტანილ ნათესავებს, მე ადრეც მითქვამს: არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი მოახერხებს თავისი ნათესავების (განსაკუთრებით ვისაც ფართო წრე ჰყავს) გაკონტროლებას. პრაქტიკულად, ეს შეუძლებელია. ამისათვის არც დროა საკმარისი და არც შესაბამისი ინსტიტუტები და ინსტრუმენტები. გარდა ამისა, დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტს უფლება არა აქვს აუკრძალოს ადამიანებს, თუნდაც ნათესავებს, ახლობლებს და მეგობრებს, აირჩიონ პროფესია, მათ შორის ბიზნესი, რომელიც ასევე პროფესიის ერთ-ერთი სახეობა გახლავთ.

მე ასეთი პრინციპის მომხრე ვარ: სასტიკად უნდა აგონ პასუხი იმ სახელმწიფო მოხელეებმა, რომლებიც პრეზიდენტის ან სხვა ხელმძღვანელ მოღვაწეთა ნათესავებსა ან მეგობრებზე უკანონო შეღავათებს ავრცელებენ, ან მათ ბიზნესში სასათბურე პირობებს უქმნიან. პირდაპირ უნდა ვთქვა: ისინი ამას აკეთებენ ანგარებით, თავისი ანგარიშით, ცდილობენ საკუთარი ინტერესებისათვის ამოეფარონ ისეთ ფარს, როგორიც არის, ვთქვათ, პრეზიდენტის სახელი ან რომელიმე ხელმძღვანელი მუშაკის გვარი, რათა საკუთარი ცოდვები დამალონ და თავად ისარგებლონ ამით.

სამართალდამცავებმა, ანტიკორუფციულმა სტრუქტურებმა უნდა დაიცვან პრეზიდენტი არა მარტო ტერორისტული აქტებისა და თავდასხმებისაგან, არამედ ნათესავებისა თუ ახლობლების, ნაცნობების მხრივ კომპრომეტირებისაგან, რადგან პრეზიდენტი სახელმწიფო სიმბოლო, მისი უშიშროების გარანტია და ამ საკითხებზე ზრუნვა ყველა სახელმწიფო ორგანოს ამოცანაა.

ხოლო, თუ პრეზიდენტი ვინმეს, ნათესავს, მეგობარს, ნაცნობს უკანონოდ იცავს, ამისათვის არსებობს კონსტიტუციური მექანიზმი და ქვეყნის ინტერესებისათვის ამ მექანიზმის ამოქმედებასაც არ უნდა მოვერიდოთ და ეს უნდა გავაკეთოთ.

საქინფორმი.

„საქართველოს ხელისუფლება ღირსეულ პატივს მიაგებს 31 მარტის რეფერენდუმს და უყოყმანოდ აღიარებს მის უდიდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 31 მარტი. - №77 (2777). - 1,2 გვ.

38 31 მარტი საქართველოს ერთიანობის, საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის ერთიანობის საოცარი დემონსტრაცია იყო

▲ზევით დაბრუნება


31 მარტს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დედაქალაქის მერიამ გამართა საზეიმო მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით. მიღებაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც, უწინარეს ყოვლისა, მიულოცა საქართველოს უახლესი ისტორიის ღირსშესანიშნავი თარიღი.

- საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე მომხდარი ფაქტია, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა, - ქვეყანა აღიარებულია, დამოუკიდებელია, მას აქვს თავისი კურსი, ორიენტრირები და ვეღარაფერი ისტორიის ჩარხს უკუღმა ვეღარ დააბრუნებს.

ახლა, როცა ქვეყანა შედარებით ფეხზე დადგა, ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი მისი გამთლიანება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მჯერა, და არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, რომ ეს დრო შორს აღარ არის, ისტორიას აქვს თავისი კანონზომიერება, რომლის დარღვევას არავის აპატიებენ - არც მცირე და არც დიდ ხალხებს, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის, მთელი სახელმწიფოს, მისი ყველა მოქალაქის ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებაა. ეს მიზანია ერთიანი და დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი სახელმწიფო, აყვავებული საქართველო.

ჩვენი კურსი შერიგებისაკენ, ეროვნული თანხმობისაკენ კარგა ხანია განსაზღვრულია. დღესაც ძალაშია 1992 წლის ზაფხულში ჩემს მიერ გამოქვეყნებული მანიფესტი. ყველა პრინციპი, რომლებიც ერის გამთლიანებასა და გაერთიანებას სჭირდება, იმ პლატფორმაში ლაკონურად და კარგადაა ჩამოყალიბებული. ეს მოთხოვნა დღესაც ძალაშია.

თუ დღეს ჩვენ განსაკუთრებული სითბოთი და პასუხისმგებლობით აღვნიშნავთ რეფერენდუმის დღეს და მეც აქ, თქვენთან ერთად ვიმყოფები, მიზანი ის არის, რომ ერთხელ კიდევ გავიხსენოთ 31 მარტი - საქართველოს ერთიანობის, საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის ერთიანობის საოცარი დემონსტრაცია. არ ვიცი, არის თუ არა მსგავსი სხვა მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როცა მთელი ერი ასეთი ერთსულოვანი იყო და მას სწორედ დამოუკიდებლობის, თავისუფლების, თავისუფალი განვითარების იდეა ამოძრავებდა.

მინდა დღეს მადლობა ვუთხრა ყველას, რომელ პოლიტიკურ მიმდინარეობასაც უნდა ეკუთვნოდეს, ვინც რეფერენდუმის მომზადებას, ჩატარებას და მის ასეთ დიდ წარმატებას შეუწყო ხელი. ამით მათ ხელი შეუწყეს არა მარტო ქართველი ხალხისა და საქართველოს მოქალაქეთა ნების გამოხატვას, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის სამართლებრივი ბაზის მომზადებასაც, მსოფლიოში მის აღიარებასაც. ამიტომაც მივმართავ ყველას, მათ შორის, იმ ადამიანების სულებსაც, რომლებიც ჩვენს შორის უკვე აღარ არიან და რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ დიდ საქმეში, ამ ისტორიული დღის მომზადებასა და განხორციელებაში.

ისტორია არავის აპატიებს ცალკეულ ღირსეულ პიროვნებათა, ან ქვეყნის განვითარებაში ამა თუ იმ ეტაპის ამოგდებას და უგულებელყოფას. როგორი მძიმეც უნდა იყოს და რა შეცდომებითაც უნდა ხასიათდებოდეს. მე დღეს არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ქართველი ხალხის ამ დიდი ზეიმის, რომელიც ისტორიაში შევა როგორც ოქროს ფურცელი, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო ქვეყნის მაშინდელი ხელმძღვანელი ზვიად გამსახურდია.

არ არის ლაპარაკი იმაზე, თუ ვინ რა შეცდომა დაუშვა. ეს სხვა დროს გაირჩევა, ყველაფრის დრო მოვა ჩვენ თუ არა, მომავალი თაობები გააკეთებენ ამას. მაგრამ ჩვენ სამართლიანი უნდა ვიყოთ. ის, რა სიკეთეც დათესა ადამიანმა, ის დროშა, რომელიც ამ პიროვნებამ მაშინ აღმართა, სიმართლის დროშა იყო, იმ დღეს ყოველ შემთხვევაში, და მომავალშიც, ამიტომაც, ვახსენებ რა მის სახელს, მე ვახსენებ ყველას, ვინც იბრძოდა ამ დღისათვის.

ზოგიერთს მაშინ პარტიული მანდატი და საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტი ჯერ კიდევ ჯიბეში ედო, მაგრამ მაინც ყველა გაერთიანდა - ისინიც, ვინც დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა ეროვნული ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის, და ისინიც, ვინც მაშინ გამოფხიზლდა და დაინახა, რომ ერთიანობა და დამოუკიდებლობა შესაძლებელია.

ეს იყო უნიკალური მოვლენა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 98-მა პროცენტმა - ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, რუსებმა, ებრაელებმა, ქურთებმა, ყველამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

იმ ხალხს და იმ დღეს გაუმარჯოს.

საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური-საქინფორმი.

31 მარტი საქართველოს ერთიანობის, საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის ერთიანობის საოცარი დემონსტრაცია იყო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 1 აპრილი. - №78 (2778). - 1,2 გვ.

39 ღიმილიანი დღის მადლი

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

კარლო საკანდელიძის დაბადების სამოცდაათ წლისთავზე

ბატონო კარლო, როგორც შევიტყვე პირველ აპრილს დაბადებულხართ, სამოცდაათი წლის წინათ. ეტყობა, იმ ღიმილიანი დღის მადლი დღემდე გამოგყვათ. ეს ღიმილი ხომ თქვენს ყველა როლში იგრძნობა, რომელიც ადამიანური სითბოთი გამოირჩევა. ისიც მინდა გითხრათ, რომ თქვენი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი ყოველთვის ახსოვს მაყურებელს და მახსოვს მეც.

ყოველივე კარგს გისურვებთ სცენაზეც და ჩვენს ძნელ ყოველდღიურობაშიც.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

ღიმილიანი დღის მადლი : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 3 აპრილი. - №80 (2780). - 1 გვ.

40 გივი კარტოზიას ოჯახს

▲ზევით დაბრუნება


დიდი გულისტკივილით ვიზიარებ თქვენს ღრმა მწუხარებას ბატონ გივის გარდაცვალების გამო. ბატონი გივის, შესანიშნავი სპორტსმენისა და მოქალაქის წასვლა ამ ქვეყნიდან აუნაზღაურებელი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის. იგი დააკლდა არა მარტო თავის ოჯახსა და ახლობლებს, იგი დააკლდა თითოეულ ჩვენთაგანს.

გივი კარტოზია ყოველთვის დიდი სიყვარულით იყო გარემოსილი. იმ დროს ხომ მსოფლიო ჩვენი სპორტსმენებისა თუ ხელოვნების მოღვაწეთა მეშვეობით იცნობდა საქართველოს. გივი კარტოზიას კი მათ შორის გამორჩეული ადგილი ეკავა, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მსოფლიოს სამგზის ჩემპოიონს. სწორედ ამიტომაც უწოდებდნენ ლეგენდარულ ფალავანს.

მიიღეთ ჩემი გულწრფელი და ღრმა სამძიმარი ჩვენი სასიქადულო სპორტსმენის, მსოფლიო მნიშვნელობის მოჭიდავის, აღიარებული პიროვნების გარდაცვალების გამო.

ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა.

ე. შევარდნაძე.

გივი კარტოზიას ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 7 აპრილი. - №83 (2783). - 1,2 გვ.

41 „სამართლიანობის უზენაესობა უნდა იყოს ის ლამპარი, რომელიც გზას გვინათებს და მომავალშიც გაგვინათებს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
6 აპრილის რადიოინტერვიუ

- 31 მარტს საქართველომ მემორანდუმის მეშვიდე წლისთავი იზეიმა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამოსვლისას თქვენ ბევრისათვის სენსაციური განცხადება გააკეთეთ - ვგულისხმობ გამსახურდიასთან დაკავშირებულ ფრაგმენტს. 1992 წელს, მაშინ, როცა ამაზე ლაპარაკი თითქოს ნაადრევი ჩანდა, ხელისუფლებამ შერიგების პროცესი დაიწყო. ხომ არ ნიშნავს ეს ბოლო მოვლენები (ვგულისხმობ გუშინდელ მოვლენებს) იმას, რომ მარცხი განიცადა ან შეიძლება მარცხი განიცადოს შერიგების პროცესმა საქართველოში? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- როგორც იცით, შერიგების პროცესი გუშინ არ დაწყებულა და 31 მარტით არ თარიღდება. მე 1992 წლის ზაფხულში ჩამოვაყალიბე ის პლატფორმა, როგორც არაერთხელ მითქვამს, რომელიც დღესაც აქტუალურია და რომელსაც ყურადღება კვლავ სჭირდება და კვლავ ბევრი დებულება გამოგვადგება. სხვათა შორის, ამ პროცესმა ბევრ ადამიანს გააგებინა (რომელ მხარეს იყო, დღეს ამაზე არ არის ლაპარაკი), რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთი დიდი სახელმწიფოებრივი საქმე ვაკეთოთ. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ჩვენ ახლა გარდამავალი სახელმწიფოს სიძნელეებს ვაწყდებით.

ყველაფერი, რაც ტრადიციული, დემოკრატიული ქვეყნებისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენთან ლამის ეროვნული ტრაგედიის რანგშია აყვანილი. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია, მე ასე მგონია, ახალი პოლიტიკური კულტურა ახალ ურთიერთობას დაამკვიდრებს. ხელისუფლებაში ახალგაზრდობის შემოსვლასთან ერთად ახალმა სიომ უნდა დაბეროს და მეტი სიჯანსაღე მოგვიტანოს. საერთოდ, ყველა მოქალაქის ძალისხმევა ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. ეს არის ჩვენი იდეოლოგია, ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ალფა და ომეგა. ვინც საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის ფორმირებას ხელს უშლის, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ თავისი პრაქტიკული საქმეებით გამოდის, ვინც უნდა იყოს იგი, რომელი ძალის წარმომადგენელიც, მათ, დღეს, ასე გაბედულად ვიტყოდი, - ღმერთი დასჯის. ისევე, როგორც სუვერენული ქვეყნის მშენებლებს (და ეს უკვე მითქვამს მე) უფალი კვლავ დაიფარავს და საქართველოსაც კვლავ დაიფარავს. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. სახელმწიფო მოღვაწემაც, მეწარმემ თუ პენსიონერმა, ლიდერებმა თუ რიგითმა ადამიანებმა.

31 მარტს მე ჭეშმარიტების, ისტორიული ფაქტების მნიშვნელობაზე ვილაპარაკე. ისტორიიდან ვერ ამოშლი ვერც დადებითს და ვერც უარყოფითს მოვლენებს, ეს შეიძლება მხოლოდ დროებით მოხდეს. სამართლიანობის უზენაესობა უნდა იყოს ის ლამპარი, რომელიც გზას გვინათებს და მომავალშიც გაგვინათებს. პიროვნების, მოღვაწის ცხოვრებაში ცალკეული დადებითი მომენტები ვერ მიჩქმალავს ვერც ნეგატიურს და ვერც ჩრდილოვანს. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ისტორიულ მოვლენათა და მოღვაწეთა შეფასება უნდა ხდებოდეს სამეცნიერო ლაბორატორიებში, პოლიტიკურ წრეებში და არა ქუჩებში და მოედნებზე მეგაფონების თანხლებით. აი, ამ კულტურას, ამ დონეს უნდა მივაღწიოთ და გარწმუნებთ, არავის არაფერი დააკლდება, კეისარს კეისრისა მიეზღვება. ჩვენი იმ უბედურების მიზეზებზე, ბოლო ათწლეულში რომ გადავიტანეთ, ბევრი მწარე სიმართლე ითქმება და ეს იქნება ჩვენი ისტორიის შემადგენელი ნაწილიც. მე მგონი, სწორედ ამ პრინციპებით (ალბათ, ასე გამიგეს) ვხელმძღვანელობდი, როდესაც ის ერთი ფრაზა წარმოვთქვი: ისტორიიდან არ უნდა ამოვარდეს და შეუფასებელი არ უნდა დარჩეს არც ერთი ეტაპი და არც ერთი პიროვნება, რომელსაც ხალხის ბედი აბარია.

ჩვენი შერიგების პოლიტიკა არც ფარსია და არც პრინციპებით ვაჭრობა. ვინც რეალურად ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იღვწის (საქმით და არა დემაგოგიური წივილ-კივილით), ჩვენი თანამებრძოლია და, პოლიტიკურ შეხედულებათა სხვადასხვაობის მიუხედავად, თანამშრომლობასა და ურთიერთობაში შეგვიძლია მხოლოდ წინ ვიაროთ ერთად, ერთიანი სამშობლოს საკეთილდღეოდ. ვიმეორებ, ჩვენი სხვადასხვა მრწამსისა და პოლიტიკურ შეხედულებათა განსხვავების მიუხედავად.

- გუშინ, შეიძლება ითქვას, სამეგრელოს მოსახლეობისთვის სცადეს დაენახვებინათ, თუ რა შედეგით დასრულდება ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და შერიგების პროცესი. მხედველობაში მაქვს გუშინდელი მოვლენები, რომელთა გამო საქართველოში გუშინ, ალბათ, ყველა ნორმალურ ადამიანს მძიმე ღამე ჰქონდა, თუნდაც იქედან გამომდინარე, რაც ეკრანიდან ვნახეთ და რა ინფორმაციაც მივიღეთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სამეგრელო რაღაც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და რაღაც განსაკუთრებული დარტყმის ქვეშაა მოქცეული...

- თქვენ მძიმე ღამე ახსენეთ. მე არ მყავს მხედველობაში დაზარალებულები, მათი ოჯახის წევრები და სხვები. მაგრამ, თუ ვინმეს ჰქონდა მძიმე ღამე, ეს, ალბათ, საქართველოს პრეზიდენტზეც ითქმება.

ახლა არსებითად კითხვასთან დაკავშირებით. ის, რაც სამეგრელოში დატრიალდა, 9 და 19 თებერვლის ტერორისტული აქტების გაგრძელებაა. თავისთავად ცხადია, ახალი, მხეცური დანაშაული გაანგარიშებულია შერიგების კურსის ჩასაშლელად და ასეთი არაერთხელ მომხდარა ამ ბოლო წლების განმავლობაში. ორი ადამიანი, რომლებიც ჩვენ დავინდეთ და 19 თებერვლის ტერორისტული აქტის შემდეგ, ესე იგი, უცხოელთა გატაცების შემდეგ მათი იზოლირება არ მომხდარა, დაიღუპა. დიდად სამწუხაროა, რომ არის მსხვერპლი მოსახლეობაში. სულ დაიღუპა ხუთი კაცი, დაჭრილია რამდენიმე. ბოროტმოქმედები ცნობილი არიან სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სათანადო ზომებს იღებენ მათი დაკავებისა და იზოლირებისათვის. ამავე დროს, მომხდარი ტრაგედია ნათლად ასახავს იმ ღრმა წინააღმდეგობებს (და, ვთხოვ რადიომსმენელებს, მიაქციონ ამას ყურადღება და ყველამ გამოიტანოს დასკვნა), ეგრეთ წოდებულ ზვიადისტთა რადიკალურ, ვიმეორებ, რადიკალურ დაჯგუფებებში რომ არსებობს, რომლებიც, როგორც ამას წინათ ვთქვი, ფაქტობრივად, ტერორისტებად გადაგვარდნენ. როგორც იტყვიან, ბოლო არ უჩანს მათ გაბოროტებას, ანგარიშსწორების საკუთარი კანონების დამკვიდრებას, მათი რიგები ყოველდღე მცირდება, მაგრამ ჯერ კიდევ იმდენი არიან, რომ ბევრი, ასე ვთქვათ, უსიამოვნების მიყენება შეუძლიათ ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისათვის.

რაც შეეხება სამეგრელოს. მოგეხსენებათ, 9 თებერვლის ტერორისტული აქტი დედაქალაქში, მის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა ისევე, როგორც 1995 წლის 29 აგვისტოს თავდასხმა და იმ თავდასხმაში სულაც არ იყვნენ წამყვანი სამეგრელოს, ან რომელიმე კუთხის წარმომადგენლები (ეს, ასე ვთქვათ, ინტერნაციონალური ჯგუფი იყო საქართველოს ვითარებაში).

ის, რაც ამ დღეებში მოხდა სამეგრელოში, შეიძლება მომხდარიყო ნებისმიერ რეგიონსა და ნებისმიერ ქვეყანაში.

გაიხსენეთ, ამას წინათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვების ამოხოცვა. თუ არ ვცდები 14 ბავშვი დაიღუპა. გაიხსენეთ ბუდიონოვსკი თუ ყიზლარი, და სხვა მრავალი. ამ დღეებში უკრაინაში 60-ზე მეტი მეშახტე გამოესალმა სიცოცხლეს. ჩვენი ხალხი და მისი პრეზიდენტი ყველას თანაუგრძნობენ და ყველას სატკივარს იზიარებენ.

სამეგრელოში, რა თქმა უნდა, არის თავისებურებანი წინა წლების ცნობილი მოვლენების ფონზე, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რაზეა ლაპარაკი და რა გადაიტანა ამ კუთხემ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეშელონის ვაი-ხელმძღვანელთა და ვაი-წარმომადგენელთა წყალობით.

მიუხედავად მომხდარისა, მე მაინც ვაცხადებ, რომ სამეგრელოში დაიწყო ცხოვრება, დაიწყო მუშაობა, ხალხმა დაიწყო საქმიანობა, ძალიან ბევრი რამ მოწესრიგდა, ბევრი რამ გაკეთდა, და ამ პროცესების შეჩერება შეუძლებელია, ვინც უნდა მოისურვოს ეს. ჩვენში ბევრია სხვადასხვა კოზირის გათამაშების „დიდოსტატი“, ნურავინ შეეცდება მძიმე ჭრილობაზე მარილის დაყრას. სამეგრელო კარგად ხედავს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა სისხლისღვრის თავიდან აცილებისათვის. ბიჭები, რომლებიც ტერორისტულ აქტში - უცხოელთა გატაცებაში მონაწილეობდნენ, დავინდეთ, შემოვირიგეთ და შემოვირიგეთ არა პერსონალურად, ვთქვათ, მათი ინტერესისათვის (რა თქმა უნდა, ამასაც ვგულისხმობდით), შემოვირიგეთ იმიტომ, რომ ასეთი იყო სამეგრელოში ხალხის განწყობილება, სამწუხაროდ, ვიღაც პროვოკატორმა და მკვლელმა ბოროტად ისარგებლა ჩვენი სიკეთით. მე ახლაც მიმაჩნია, რომ იმ ბიჭების შემორიგება ხელისუფლების სწორი ნაბიჯი იყო. ასობით და ათასობით მათი თანატოლი, მათი ოჯახები კარგად ხედავენ ამას და, ვფიქრობ, ამაში ეჭვი არ ეპარებათ.

სიმართლე გითხრათ, საქართველოში საერთოდ მიცვალებულის დაკრძალვა განსაკუთრებული მოვლენაა, განსაკუთრებით მწარე, ტკივილიანი, ტირილიანი, ცრემლებიანი მოვლენაა, მაგრამ ყველაზე მეტად ეს სამეგრელოშია გამოკვეთილი და გამოხატული. და, როცა დილით მივიღე ცნობები, რომ იქ საკმაოდ ბევრი ხალხი შეიკრიბებოდა, არ იყო გასაკვირი, ჩვენმა პრესამაც, ჩვენმა საყვარელმა ტელევიზიამაც ამას ძალიან შეუწყო ხელი, რომ სწორედ ეს ტერორისტი (ახლა მიცვალებულზე ძნელია ლაპარაკი), ლამის ეროვნულ გმირად დაეხატათ, ამან, ბუნებრივია, გამოიწვია ხალხის სიმრავლე დაკრძალვის ცერემონიაზე. მე გუშინ გავაფრთხილე ბატონი კახა თარგამაძე, რომ იქ პოლიციის სიჭარბე არ ყოფილიყო არავითარ შემთხვევაში, რადგან ამას შეეძლო გაეღიზიანებინა ხალხი, კერძოდ, დაზარალებულები, მათი მშობლები, მეგობრები, ნათესავები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვათ იქ იარაღიანი ხალხის მისვლა. იგი სადღაც შორს, რეზერვში უნდა ყოფილიყო.

სამწუხაროდ, იქ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. იმდენად მოულოდნელად, რომ პოლიციაც უძლური იყო რაიმე ზომები მიეღო. სამწუხაროდ, ხდება ასეთი ამბები. დარწმუნებული ვარ, დამნაშავენი მოიძებნებიან და სათანადო პასუხს აგებენ თავიანთი კუთხის და, კერძოდ, იმ მიცვალებულის ოჯახისა და მიცვალებულის სულის წინაშე.

- გასულ კვირას თქვენ აჭარის დეპუტაციას, ფრაქცია „აღორძინების“ წევრებს შეხვდით. შეხვედრის შემდეგ, ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, მაინც მწირი იყო. რას დაუმატებდით, რადგან შეხვედრა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა...

- ბევრს არაფერს დავუმატებ იმიტომ, რომ გარკვეული ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებმაც მიაწოდეს პრესასა და ტელევიზიას. ბატონი ვახტანგ აბაშიძეც შეხვდა თქვენს კოლეგებს და მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. ვიტყვი იმას, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო - დაახლოებით სამ-ოთხ საათს გრძელდებოდა და გვიან დამთავრდა.

„აღორძინების“ ფრაქციასთან შეხვედრამ, ჩემი აზრით, ძალიან კონსტრუქციულად და კარგად ჩაიარა. ეს იყო დროული და საჭირო დიალოგი. მინდა ისიც გითხრათ, რომ ეს ფრაქცია არ არის გამონაკლისი და პარლამენტართა ცალკეულ ჯგუფებთან არც ეს შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი.

არანაკლებ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, მაგალითად, მაჟორიტარ დეპუტატებს. მათთან ორჯერ შეხვედრამ საშუალება მოგვცა, ბევრი რამ გაგვერკვია. ზოგი საკითხი მოგვარდა, ზოგიც შემდგომ გადაწყდება. მაჟორიტარებთან შეხვედრის ინიციატორები იყვნენ კანცელარიის მუშაკები, ბატონი ბადრი ხატიძე, მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლები, ინიციატორები იყვნენ, თუ არ ვცდები, ამ ფრაქციიდანაც და ყველაზე მეტად ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელმაც რამდენჯერმე მინახულა იმისათვის, რომ ასეთი შეხვედრა შემდგარიყო.

„აღორძინებასთან“ შეხვედრა აბსოლუტურად გულწრფელი იყო. მადლობელი ვარ დეპუტაციისა და ყველა დამსწრესი, ვინც იქ იყო, იმისათვის, რომ ერთსულოვნად გამოხატეს საქართველოს პრეზიდენტის კურსის მხარდაჭერა წარსულშიც და დღესაც. ეს ხაზგასმით აღინიშნა ყველა გამოსვლაში.

ჩემი შთაბეჭდილება ასეთია (მაინც უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა): გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს, თუ ყველა ჩვენგანი მოისურვებს, მრავალი პრობლემა, რომლებიც დღეს აღიზიანებს ხალხს აჭარასა თუ თბილისში, ძალიან იოლად შეიძლება მოგვარდეს. მე ახლა არ ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მილიარდობით თანხა გამოვყოთ. ამ სფეროში გარკვეულწილად შეზღუდული ვართ, მაგრამ აქაც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ჩვენ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, მათ შორის, ჩამოსახლებულ აჭარელ მოსახლეობაზე, მათს მდგომარეობაზე და ბევრ სხვა საკითხზეც. უმთავრესი მაინც ის არის, რომ ჩამოყალიბდეს ცივილიზებული დიალოგის კულტურა და როგორმე ყველანი (განსაკუთრებით ჩვენს დედაქალაქში, დედაქალაქის ცალკეული გამოცემებისა თუ ცალკეულ პიროვნებათა გამონათქვამები მაქვს მხედველობაში) უნდა განთავისუფლდეს ცინიზმისა და სკანდალური ფაქტების რაღაც გაფეტიშებისაგან. მე, მაგალითად, ამ შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან გულახდილად, აბსოლუტურად გულახდილად, აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში განვიხილოთ ყველაზე ძნელი პრობლემა და ძნელი საკითხი. აი, ეს, როგორც ზემოთ ვთქვი, სწორედ ეს კულტურა უნდა დავნერგოთ.

და, კიდევ რა: ჩვენ, ქართველები შედარებით მცირერიცხოვანი ხალხი ვართ და უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის დაზოგვა, რაც ძალიან საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანა, რომელსაც ვაშენებთ, ისეთი ავაშენოთ, როგორიც ჩვენს თაობას, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს შეეფერება.

- და ბოლო შეკითხვა: გასული ეკონომიკური კვირის შედეგები. გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც განსახილველად გამოტანილი იყო საყურადღებო საკითხები. ალბათ, უკვე შეიძლება პირველი კვარტალის ფინანსურ შედეგებზე საუბარი...

- გაკვრით, ალბათ, შეიძლება. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ახალი ეტაპის ძირითად მიმართულებათა შესახებ შარშან ოქტომბერში პრეზიდენტის ბრძანებულების მიღებიდან არცთუ ისე დიდი დროა გასული, მაგრამ ამ მოკლე პერიოდშიც კი ნათლად გამოიკვეთა სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროში რეფორმირების გაღრმავებისა და დაჩქარების სასიკეთო ტენდენცია. გუშინდელი სიმწარის მიუხედავად, ამაზე რომ არ ვილაპარაკო, არ ვიქნები მართალი და სწორი. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღნიშნული ბრძანებულებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის საკითხის განხილვისას.

რეფორმების გზაზე მიღწეული გარკვეული ძვრები, რაც დადასტურებულია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების მიერ, გვაძლევს საშუალებას ყოველგვარი ანტირეფორმისტული აზროვნების რეციდივებს დავუპირისპიროთ რეფორმების უფრო მძლავრი ტემპი. მე შემთხვევით არაფერს არ ვამბობ, კერძოდ, არ ვახსენებ ანტირეფორმისტულ ძალებსაც, რომლებიც ცდილობენ გააქტიურებას. თუ საწყის ეტაპზე მიღწეულია გარკვეული სტაბილიზაცია, საქვეყნოდ აღიარებული წარმატებები ფართომასშტაბიანი გარდაქმნების გზაზე, ახალი ეტაპი გადამწყვეტი უნდა გავხადოთ სიღატაკის დაძლევის, კრიზისიდან საბოლოოდ გამოსვლის პროცესის დასრულების თვალსაზრისით.

მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს ყველა დარგსა და სფეროში განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც მთავარი მიზნის გადაწყვეტის რეალურ წყაროდ და საშუალებად უნდა იქცეს, როგორც წესი, სოციალური ხარჯებისა და სოციალური სფეროს დაფინანსებისას პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ სწორედ ამ სფეროებს.

დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს რადიკალური გარდაქმნები საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფის საქმეში. მინდა ეს ყველა პენსიონერმა იცოდეს. თანმიმდევრულად, არსებულ შესაძლებლობათა ფარგლებში ხორციელდება ხელფასების მოწესრიგების ღონისძიებები. ამოქმედდა სოციალური (საოჯახო) დახმარების სისტემა. და ამას გრძნობს ათიათასობით ოჯახი, მზადდება დასაქმების სახელმწიფო და რეგიონული პროგრამები და სხვა. ამასთანავე, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ხელფასებისა და პენსიების დაგვიანებით გაცემის ფაქტების აღმოფხვრას. მე ვაცხადებ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომ ასეთ ფაქტებს არ შევურგიდები. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ყოველთვიურად, ვამბობ ქვეყნის გასაგონად, მოვისმენ ფინანსთა მინისტრისა და სხვა შესაბამისი მინისტრების ინფორმაციებს და არავის არაფერი ეპატიება, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის გამო არ მოხდა პატარა დაბრკოლება, თუ რაღაც შემთხვევა არის, ამას ხალხი გაგვიგებს.

რეფორმირების თემას ეხმიანებოდა საბჭოს სხდომაზე ანტიინფლაციური პოლიტიკის სრულყოფის საკითხის განხილვაც. სწორი და გაბედული ფულად-საკრედიტო, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის განხორციელებით ჩვენ უკან მოვიტოვეთ ჰიპერინფლაციისა და მწვავე ეკონომიკური კრიზისის მძიმე პერიოდი. და მე არ შემიძლია აქ არ ვახსენო ნოდარ ჯავახიშვილი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ამ ეტაპზე და პერსპექტივაში ანტიინფლაციური პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის ძირითადი საფუძველი, რასაკვირველია, კვლავაც წარმოების აღმავლობა და ინვესტიციების შემდგომი გადიდებაა. ეს პროცესი უნდა უზრუნველყოს საბანკო სისტემის შემდგომმა სრულყოფამ, შიდა რესურსების მობილიზების გააქტიურებამ, უწინარესად, საბანკო სისტემაში, მის გარეთ მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის მოზიდვამ და ამის შედეგად საკრედიტო რესურსების ზრდამ (მე არაერთხელ მითქვამს, რომ 600-700 მილიონი ლარი ბრუნავს საქართველოში საბანკო სისტემის გარეთ. ეს რომ საბანკო სისტემაში იყოს, ჩვენ უკვე ძალიან სერიოზულად ვიქნებოდით ფეხზე დამდგარი), მთელი რიგი სხვა რეზერვების უფრო სრულად ამოქმედებამ. ამასთანავე, როგორც საკითხის საფუძვლიანი განხილვა ცხადყოფს, დღეისათვის რაიმე ძირეული ცვლილებების, არსებითი კორექტივების შეტანა ფისკალური პოლიტიკისა და ინფლაციური პროცესების მართვის მეთოდებში საჭირო არ არის.

მოსახლეობის სოციალურ პრობლემათა გადაწყვეტაში, კერძოდ, საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფისა და შემდგომი განვითარების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს „არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მიღება, რომლის პროექტიც მოწონებულია მთავრობის სხდომაზე. მოქალაქეთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფა განხორციელდება სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად და ხელს შეუწყობს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის დამახასიათებელ ცივილიზებულ ურთიერთობათა განვითარებას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებსა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ასეთი კანონი პირველად ჩვენთან მომზადდა. ხოლო პოსტსოციალისტურ სივრცეზე თუ ვილაპარაკებთ, საერთოდ, იგი მხოლოდ უნგრეთში მოქმედებს. მე შევთავაზე ჩემს კოლეგებს, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ჩვენ მოვიწონეთ გამოქვეყნდეს და იგი ყველა პენსიონერმა ან მომავალმა პენსიონერმა უნდა წაიკითხოს და დაამუშაოს.

მისასალმებელია, რომ ამ ბოლო ხანს სულ უფრო გახშირდა საქართველოში უცხოური ფირმების წარმომადგენლობათა გახსნა და არ შემიძლია ერთი შემთხვევა განსაკუთრებით არ აღვნიშნო: კორეის ავტოგიგანტის, კომპანია „ჰიუნდაი მოტორსის“ წარმომადგენლობის - „ვილიამა მოტორსის“ გახსნა თბილისში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართველი მომხმარებლებისათვის ამ კომპანიის საკმაოდ მაღალხარისხოვანი ტექნიკური აღჭურვილობის სატრანსპორტო საშუალებების შეძენას. ეს არის სხვადასხვა სახისა და დანიშნულების სატვირთო და სპეციალური მანქანები, სამშენებლო, საგზაო და სანავსადგურო ტექნიკა. სამგზავრო მიკროავტობუსები, ავტობუსები. საინტერესოა კომპანიის საქმიანობა სასტუმროებისა და ელექტროსადგურების მშენებლობის, სატვირთო კონტეინერების, ელექტროტექნიკური პროდუქციის წარმოებაში და სხვა. მომავალში კომპანია ვარაუდობს თავის წარმომადგენლობათა ქსელის გაფართოებას, კერძოდ, ოფისის გახსნას ბათუმში.

საგადასახადო ინსპექციამ დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შედეგად მარტის ბოლო დღეებში შეძლო არსებული რეზერვების მობილიზება და უზრუნველყო არა მარტო თვის, არამედ კვარტალის საბიუჯეტო შემოსავლის საგეგმო დავალებათა შესრულება, და როგორც ადრე ვთქვი, აქ დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ჭკუასელს, რომელმაც აქტიურად დაიწყო ეს საქმიანობა ისევე, როგორც ბატონმა ოლეგ ნიკოლეიშვილმა. წინასწარი მონაცემებით, მარტში მის მიერ აკრეფილი შემოსავალი 31 მილიონ ლარს აღემატება, ეს კი 8 მილიონი ლარით, ანუ 35 პროცენტით მეტია თებერვლის მაჩვენებელზე. მთლიანად პირველ კვარტალში საგადასახადო ინსპექციამ 71 მილიონ ლარზე მეტი აკრიფა.

საბაჟო დეპარტამენტმა მარტში ბიუჯეტში გადარიცხა 18 მილიონამდე ლარი, სულ კი პირველ კვარტალში - 46 მილიონზე მეტი ლარი, რაც თითქმის ერთნახევარჯერ აღემატება შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ იმან, რაც მოხდა თბილისში, - ტერორისტული აქტი, მერე - ზუგდიდში და ასე შემდეგ, საკმაოდ სერიოზული გავლენა მოახდინა როგორც ინვესტორების შემოსვლაზე, ისე ტვირთნაკადების ზრდაზეც. მიუხედავად ამისა, მაინც ერთნახევარჯერ გაიზარდა საბაჟო შემოსავალი შარშანდელთან შედარებით. ამასთანავე სისტემაში ჯერ კიდევ ბევრი გამოუყენებელი რეზერვია, რაც აფერხებს გეგმების შესრულებას. ამ მხრივ, საბაჟო დეპარტამენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ნავთობპროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი სასმელების იმპორტის დაბეგვრის გაუმჯობესების ამოცანებს.

და კიდევ ერთი, ახლა გაჩაღებულია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ვერ შევეხები, მინდა მხოლოდ ერთი რამ განვაცხადო: ჩემს მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში პარლამენტმა გაითვალიწინა 3 მილიონი ლარი სუბსიდია ჩაის კულტურის აღორძინებისათვის, უფრო სწორად, აღდგენისათვის. უნდა გითხრათ, რომ სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთის მხარეში და ყველგან, სადაც ჩაის კულტურა მოჰყავთ, გაიშალა არნახული, მე ვიტყოდი, არნახული მოძრაობა ჩაის გადასარჩენად.

გუშინ მე ვესაუბრე ბატონ ჭკუასელს და მივეცი მას კატეგორიული დავალება, რომ მოსახლეობისათვის დაპირებული ეს სამი მილიონი ლარი უნდა მივიდეს დანიშნულების ადგილზე, უნდა მიიღოს ყველამ, ვისთანაც სათანადო კონტრაქტი გვქონდა გაფორმებული და სათანადო პირობები გვქონდა ჩამოყალიბებული. მე მინდა მეჩაიეებს, დასავლეთ საქართველოს იმ რეგიონებს, რომლებიც ჩამოვთვალე, ყველას შევუთვალო, რომ ჩვენი პირობა არ დაირღვევა და იგი შესრულებული იქნება.

და, ბოლოს, ერთგვარი დასკვნის სახით:

როგორიც უნდა იყოს სტაბილიზაციის ტენდენციები, რასაც, როგორც უკვე ვთქვი, მთელი მსოფლიო აღიარებს, თვითდამშვიდების და მიღწეული ტკბობის უფლება არა გვაქვს, და თუ ეს ავადმყოფობა შემოგვეპარა, იგი დამღუპველია.

ჩვენ კიდევ უფრო მკაცრი და მომთხოვნი ვიქნებით ხელმძღვანელობის ყველა რგოლის, ყველა პიროვნების მიმართ. ალბათ, ზოგიერთი კანონის გამკაცრებაც მოგვიხდება. ურჩ გადამხდელებსაც ჭკუა უნდა ვასწავლოთ. ჩრდილოვანი ეკონომიკა მზის შუქზე უნდა გამოვიტანოთ, და ეს ჩრდილოვანი ეკონომიკა არც მეტი, არც ნაკლები, 45 პროცენტია იმისა, რასაც ჩვენ საბიუჯეტო შემოსავალს ვუწოდებთ. ქურდ-ბაცაცებსა და კორუმპირებულებს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მივუზღოთ.

სხვათა შორის, ასეთ მოსაზრებას იზიარებს ბევრი პარლამენტარი, განსაკუთრებით ანტიკორუფციული კომისიის წარმომადგენლები. ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს ყველა პატიოსანი მოქალაქე.

ჩვენ უკვე დავამთავრეთ პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული კომისიის დებულების შემუშავება, როგორც იტყვიან, პირველი წაკითხვა უშიშროების საბჭოში მოხდა. თუ პარლამენტი გაიზიარებს ჩვენს შეხედულებებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი პატიოსანი საქართველო ჩაებმება. მე ამაში დარწმუნებული ვარ. პრეზიდენტს კი ამ ბრძოლაში რეალური ბერკეტები ექნება და ეს ბერკეტები დასაცავად კი არ იქნება გამოყენებული, არამედ ყველაზე უფრო მსხვილი, კორუმპირებული ადამიანების, მოხელეებისა თუ თანამდებობის პირების სამხილებლად.

ასე რომ, მრავალი უსიამოვნო მოვლენის მიუხედავად, მე მაინც ვიტყვი: საქართველო სწორი გზით მიდის და იგი აუცილებლად მივა დასახულ მიზნამდე. და, ვამთავრებ: - ჩვენთან არს ღმერთი!

საქინფორმი.

„სამართლიანობის უზენაესობა უნდა იყოს ის ლამპარი, რომელიც გზას გვინათებს და მომავალშიც გაგვინათებს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 7 აპრილი. - №83 (2783). - 1,2 გვ.

42 შევარდნაძემ სიკვდილი დაჯაბნა

▲ზევით დაბრუნება


კავკასიის პატარა რესპუბლიკის პრეზიდენტი კვლავ სასწაულებრივად გადაურჩა ტერორისტულ აქტს. „ის რაც არ გკლავთ, უფრო გაძლიერებთ“ - ედუარდ შევარდნაძემ სავსებით გაითავისა ნიცშეს ეს ნათქვამი. მან პირველად მიიღო „პარი მატჩის“ რეპორტიორები. 70 წლის კაცი, რომელიც გორბაჩოვის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ, სასწაულებსაც ჩვეული ყოფილა: 1993 წელს ნასროლი რაკეტები ასცდა, 1995-ში საშინელ ხიფათს დააღწია თავი. ბოლოს, 9 თებერვალს კი ყუმბარმტყორცნების წვიმამაც ვერაფერი დააკლო. ამ ბოლო ტერორისტულ აქტს, ალბათ, ნავთობის სუნი ასდის. როგორც ჩანს რუსეთი არაფერზე უკან არ იხევს, ოღონდ კი ხელი შეუშალოს ახალი ნავთობსადენის პროექტს, რომლის თანახმადაც ნავთობსადენმა საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს და კასპიის 27 მილიარდი ტონა ნავთობი გაატაროს.

ედუარდ შევარდნაძე: მას შემდეგ, რაც ღმერთი ვიწამე, მგონი, მმფარველობს კიდეც.

- რა იგრძენით 9 თებერვალს, როცა ყუმბარმტყორცნებით შემოგიტიეს?

- ასეთ გარემოებაში ვერც შიში და ვერც მრისხანება ვერ არის კარგი მრჩეველი. მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნება თუ გიშველის, ხოლო თუ სიკვდილი გარდუვალია, სჯობს, უშფოთველად შეხვდე.

- არც გაოცდით?

- არც თავდასხმისას, არც შემდეგ. პოლიტიკოსი ყოველთვის უნდა იყოს ავისა თუ კარგის მოლოდინში, განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ ხშირია ტრაგედიები.

- საქართველოში თქვენი დაბრუნების შემდეგ რამდენჯერმე სცადეს პირადად თქვენი მოშორება?

- არ ვიცი. ეს ხშირად ხდებოდა. განსაკუთრებით, აფხაზეთში (მხარე, რომელიც საქართველოს გამოეყო), მაგრამ დათვლა არავის უფიქრია. სამაგიეროდ, ის კი ვიცი, რომ ჩემს გადასარჩენად ყოველთვის სხვები იხოცებოდნენ. ახლაც ჩემი ორი მცველი მოკლეს. ერთმა მათგანმა ჯერ კიდევ 1995 წლის აგვისტოს ტერორისტული აქტისას გადამარჩინა (მანქანის ჩაჭედილი კარი გამოგლიჯა). ძალზე ვწუხვარ. შესანიშნავი ყმაწვილები იყვნენ. ერთს ცოლ-შვილი დარჩა. მათ ოჯახებს ვალს ვერასოდეს გადავუხდი. სანამ ცოცხალი ვიქნები, ყოველთვის დავეხმარები.

- ბოლო თავდასხმამ ვერაფერი დაგაკლოთ? რუსული გაზეთები ეჭვობენ, რომ საკმაოდ დაზარალდით.

- თქვენ როგორ ფიქრობთ?

- მშვენივრად გამოიყურებით, მაგრამ ხომ შეიძლება, რაიმე გაწუხებდეთ?

- არაფერი. 1995 წლის აგვისტოს ტერორისტული აქტის შემდეგ ამგვარი ეჭვი გაგვიჩნდა. ექიმები შიშობდნენ, რომ აფეთქების გამონაბოლქვს შეეძლო გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა სისხლის მიმოქცევის სისტემებისათვის, განსაკუთრებით, ტვინში. გამოიკვლიეს აშშ-ში. სპეციალისტების დასკვნით, 40 წლის ადამიანის ტვინის ქერქი მქონია, რაც ეჭვადაც არ ვიცოდი. ძალზე კი მესიამოვნა. ამჯერად, საფუძვლიანი გამოკვლევების საჭიროებაც არ ყოფილა.

- ტერორისტული აქტის შემდეგ მაშინვე რუსეთი დაადანაშაულეთ. რატომ?

- იმიტომ, რომ ეს „კომანდოსი“ უთუოდ სხვა ქვეყანაში იყო მომზადებულ-ნავარჯიშევი. თვით ოპერაციაც საზღვარგარეთიდან იმართებოდა. ის მეტად დახვეწილი საკომუნიკაციო საშუალებები, რომლებიც მათ ჰქონდათ, ჩვენში არ არის. ჰქონდათ, აგრეთვე, სატელიტური ტელეფონიც. ჩემი თავდაპირველი მოსაზრებები შემდგომ გამოძიებამაც დაადასტურა.

- ჩვეულებისამებრ, რუსეთს გულისხმობთ, მაგრამ ხმამაღლა არასდროს ამბობთ მის სახელს. შესაძლოა, საბჭოთა დიპლომატიის ხელმძღვანელი რომ ბრძანდებოდით, სწორედ იმიტომ ექცევით მოსკოვს ესოდენ დიპლომატიურად...

- მე გამომძიებელი არა ვარ.

- რაკი, სახელდობრ, კრემლის დადანაშაულება არ გსურთ, ნება მომეცით, მე თვითონ დავაზუსტო თქვენი ნაფიქრალი. თქვენი მომხრეები ამბობენ, რომ რუსეთი ცუდი თვალით უყურებს ინგლისურ-ამერიკული კონცერნის პროექტს კასპიის ადრეული ნავთობის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებასთან დაკავშირებით და უპირატესობას ანიჭებს სათადარიგო ვარიანტს - მცირე ნავთობსადენის, სახელდობრ, მის ტერიტორიზე გავლას, რის გამოც რეგიონში დესტაბილიზაციას ცდილობს...

- ასეთ შემთხვევაში, ბუმერანგის ეფექტის უნდა ეშინოდეს. ნავთობის გატარება ერთდროულად რუსეთის ტერიტორიაზეც შეიძლება და საქართველოსაზეც. მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ბუნებრივია, კომპანიებს ალტერნატიული ვარიანტიც აქვთ. იგივე უნდა ითქვას გადამუშავებული ნავთობის შესახებაც. საქართველოს კი ოდითგანვე საქარავნო გზის ფუნქცია ეკისრა.

- ახლა, როგორც, არასდროს, ჩანს, რომ თქვენი განადგურება შეუძლებელია, - მართლმადიდებლური წესით ნათლობის შემდეგ, ალბათ, ღმერთი გფარველობთ, რადგან საგანგებო მისია დაგაკისრათ...

- ხანდახან მეც ასე ვფიქრობ, მაშ, როგორ უნდა აიხსნას, თუ არა უფლის ნებით, რომ წინ მივიწევთ, მაშინ, როცა თეორიულად საქართველოს გადარჩენის არანაირი შანსი არ იყო? შემთხვევითობა არაფერ შუაშია. როცა ვლოცულობ, ღმერთს მხოლოდ ჩემი გადარჩენისთვის კი არ ვწირავ მადლობას, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის.

- საშიში ხომ არ არის, რომ საქართველოს ბედი მხოლოდ ერთი კაცის სიცოცხლეზეა დამოკიდებული?

- თუ ჩემი როლი გადამწყვეტია, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ჩვენი განვითარების გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით. მოგვიანებით, როცა სამართლებრივ სახელმწიფოდ ვიქცევით და დემოკრატიაც განმტკიცდება, ქვეყნის ბედი მხოლოდ ჩემზე აღარ იქნება დამოკიდებული. ჩვენ ხომ ახლახან გამოვედით ტოტალური სისტემიდან, ხალხს კი ვიღაცის უნდა სჯეროდეს. ისიც ბუნებრივია, რომ ეს კაცი ხალხის ერთ ნაწილს უყვარდეს, მეორეს კი სძულდეს.

- ქვეყანაში, სადაც სისხლის აღება ტრადიციაა, სადაც თქვენს მთავარ მტრებს -ზვიადისტებს და „მხედრიონს“ გაუსწორდით, მუდამდღე მცველებით გარშემორტყმულმა ხომ არ უნდა იცხოვროთ?

- ყველაფერი, რაც კი გამიკეთებია, დიდი ხნის ნაფიქრალი და გააზრებულია. როცა მოქმედებაზე გადასვლა გადავწყვიტე, წინასწარ ვიცოდი, რომ ამას მოჰყვებოდა მძაფრი რეაქციები და შურისძიებაც კი.

- ხომ არ ნანობთ, რომ 1992 წელს საქართველოში დაბრუნდით? ხომ შეგეძლოთ მოსკოვში კომფორტულად გეცხოვრათ, გეკითხათ ლექციები და უამრავი ფული გეშოვათ?

- არა, არაფერს ვნანობ, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, თუკი ამ პირობებში ბედნიერებაზე შეიძლება ლაპარაკი. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს ხალხთან ერთად ვარ ამ დროს, მისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდში. ბედნიერი ვარ, რომ ყველაზე საშინელ დარტყმებს გავუძელი.

- უფრო ბედნიერი, ვიდრე, როცა საბჭოთა დიპლომატიის მეთაური იყავით და, მსოფლიოს ხელახლა გადაკეთებაში მონაწილეობდით?

- მართალია, ის პერიოდიც საოცარი იყო, მაგარამ დღევანდელი ბედნიერება უფრო ხელშესახებია. ვგრძნობ, რომ ვემსახურები ჩემს ხალხს, მის მიზნებს. თვით მცირეოდენი წინსვლაც კი სიხარულით მავსებს. თუმცა, კარგად მესმის, რომ მიღწეული შედეგების შედარებაც კი არ შეიძლება მსოფლიო მასშტაბის იმ დიდ ძვრებთან, რომლებიც მაშინ მოხდა, როცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი.

- არც თქვენი მეუღლე და ოჯახი ნანობს რამეს?

- არა მგონია, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი თანამოაზრენი არიან. ყველანაირ გაჭირვებას ჩემთან ერთად იტანენ და შეძლებისდაგვარად მეხმარებიან. ორივე ჩემს გვერდითაა, ერთგულად მიჭერენ მხარს და მამახნევებენ.

- მათი გახიზვნის სურვილი ხომ არ გაგჩენიათ?

- მართალი გითხრათ, არა. მხოლოდ ჩემი ვაჟია პარიზში, იუნესკოში მუშაობს. როცა მოსკოვში ვცხოვრობდი, ჩემი ქალიშვილი მაშინაც თბილისში იყო. საშინელი პერიოდი გამოიარა, უძნელეს პირობებში მოუხდა ცხოვრება. მაგრამ ძლიერი პიროვნებაა. მუშაობს საქართველოს ტელევიზიაში.

- ამბობენ, როცა 70-იან წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყავით, ბევრი რამ გააკეთეთ ქართველი კინემატოგრაფისტების მოსკოვის ცენზურისგან დასაცავად. ნუთუ ამას კინოს სიყვარულით აკეთებდით?

- არა, ეს ასე არ არის. იმ დროს მეგონა, მათი მფარველობა სწორედ ჩემი მოვალეობა იყო. საბჭოთა პერიოდის ყველაზე დიდ დისიდენტებს შორის ქართველი ხელოვანნიც იყვნენ. შეიქმნა შესანიშნავი ფილმები. აბულაძის „მონანიება“ კლასიკად იქცა. სამწუხაროდ, ფილმის დამთავრების შემდეგ მისი ჩვენება ვერ შევძელით. ზოგჯერ მითქვამს კიდეც, რომ მაშინ ისეთივე დიპლომატიის გამოჩენა დამჭირდა, როგორისაც უფრო მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე.

- ამ ხნის განმავლობაში ხომ არ დაეუფლეთ სახის გამომეტყველების მარჯვედ ცვლის ხელოვნებას - ხან სერიოზული იერი გაქვთ, ხან კი მხიარული...

- ეს თამაში არ არის. ვაღიარებ, რომ ადრე, იყო შემთხვევები, როცა სიმულაციის ხელოვნებისთვის მიმიმართავს, მაგრამ მიმიკით, ეს არასოდეს გამჟღავნებულა.

- არავინ იცის, ანგარიშიანი უფრო ხართ თუ ემოციური.

- ორივე ხომ განუყოფელია!.. უემოციო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკოსი ვალდებულია გრძნობები დათრგუნოს. სიტუაციის გათვლაც აუცილებელია, ოღონდ, სამწუხაროდ, მიზანში ყოველთვის ვერ მოახვედრებ, გაუთვალისწინებელ მოვლენას ხშირად შეაქვს შესწორებები პროგრამაში, ისევე, როგორც ტერორისტული აქტის შემთხვევაში.

- ალბათ მომავლის განჭვრეტა კავკასიაში უფრო ძნელი იქნება!

- დიახ, უფრო ძნელია. აქაურ ხალხს ძარღვებში სისხლი უდუღს. უცბად იფეთქებენ, მეორე დღეს კი ისევ ცხრებიან. გარდამავალ ეტაპზე მყოფი ჩვენნაირი ახალფეხადგმული სახელმწიფოსთვის მოქმედ პირთა სპონტანურობა ისეთ როლს თამაშობს, მისი სათანადოდ შეუფასებლობა არ შეიძლება.

- ამგვარი „ეროვნული ხასიათი“ ღამეებს თეთრად ხომ არ გათევინებთ?

- ასეც ხდება ხოლმე... მაგრამ ბოლო დროს კარგად ვარ. როგორც შევამჩნიე, ყოველი ტერორისტული აქტის შემდეგ უკეთ მძინავს (იცინის).

- თქვენ ამტკიცებთ, რომ ტერორისტული აქტები ძალ-ღონეს გმატებთ...

- ეს ხატოვანი თქმაა, თორემ ხელი რომ არ მოცარვოდათ, ვერაფერი სანახავი ვიქნებოდი. მაგრამ რაკი ყველაფერი კარგად დამთავრდა, ამან ენერგია შემმატა. ასევე ემართება მოსახლეობასაც. გადატანილი განსაცდელის შემდეგ სიძნელეებს უკეთ უმკლავდება.

- ეს მოსახლეობა კვლავ მოკლებულია გათბობას და ხშირად შუქსაც. როგორ ახერხებთ თქვენი პოლიტიკის გამართლებას თუნდაც უფრო ასაკოვანი ხალხის წინაშე, ვინც სულ სხვა საქართველოს იცნობდა, მთელ საბჭოთა კავშირში ყველაზე მდიდარ და ცხოვრების მაღალი დონით გამორჩეულ ქვეყანას?

- ქართველებს უარესი ცხოვრებაც ახსოვთ: ეს იყო 1992-1994 წლები, როცა სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. შემდეგ არჩევანი ერთად გავაკეთეთ. მე მათ ავუხსენი, რომ არსებობდა განვითარების ორი გზა: ერთი მხრივ, რეფორმები და დემოკრატიული მშენებლობა, რაც უამრავ მეგობარს გაგვიჩენდა, სახელდობრ, დასავლეთში. მეორე მხრივ, ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსკენ გზას მოგვიჭრიდა. მათაც გააკეთეს არჩევანი.

- თქვენ საბჭოთა ადამიანების იმ თაობას ეკუთვნით, ვინც გასულ 5 მარტს აღნიშნა გარდაცვალების 45-ე წლისთავი კიდევ ერთი სახელოვანი ქართველისა. თქვენც აღტაცებული იყავით იოსებ სტალინით?

- ყმაწვილობაში უსტალინოდ სიცოცხლე ვერ წარმომედგინა. ფაშისტურ არმიაზე გამარჯვების შემდეგ, მილიონობით ადამიანი ფიქრობდა ჩემსავით. საჭირო გახდა, ზოგიერთ ჩემს კოლეგასავით, მეც „გადამეხარშა“ ეს უსაზღვრო თაყვანისცემა. ყველაზე ძნელი რევოლუციები სწორედ აზროვნებაში ხდება. გორბაჩოვმა და მე, კიდევ რამდენიმე ადამიანმა, სწორედ ასეთი რევოლუცია გადავიტანეთ.

- რომელი მონაპოვრით ამაყობთ ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკის პრეზიდენტობის პერიოდში?

- უპირველესად იმით, რომ აურაცხელი დაბრკოლების მიუხედავად, დავიწყეთ სამართლებრივი სახელმწიფოს ნამდვილი ცივილიზებული საზოგადოების მშენებლობა. რეფორმებიც უკვე იძლევა პირველ შედეგებს.

- უკანასკნელ ტერორისტულ აქტს მიზნისთვის რომ მიეღწია, საქართველოს მონაპოვარი საფრთხეში აღმოჩნდებოდა?

- ამ კითხვაზე პასუხი ადვილი არ არის. პირადად მე, მიმაჩნია, რომ უკვე არსებობენ ჯანსაღი ძალები და, რაც არ უნდა მოხდეს, კონსოლიდაცია ნამდვილად შესაძლებელია. ჩემი თანამემამულეების უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის ისე ძლიერი, რომ შევარდნაძის გარეშე დარჩეს.

- მოკლედ, „ისტორიული“ მისია გქონიათ, რომ ცოცხალი გადარჩით.

- გარკვეული დროით, კი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მანდატის ბოლომდე (იცინის).

ფრანგული ჟურნალი
„პარი-მატჩი“, №2547.

შევარდნაძემ სიკვდილი დაჯაბნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 9 აპრილი. - №85 (2785). - 1,3 გვ.

43 „14 აპრილი განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში... ეს იყო ჩვენი ხალხის საოცარი ერთსულოვნების, წინააღმდეგობათა და საშიშროებათა გონივრული დაძლევის, გადალახვის დღე, მშობლიური ენის მიმართ, ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქალაქის თავგანწირვისათვის მზადყოფნის დღე“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
13 აპრილის რადიოინტერვიუ

- დღევანდელ ინტერვიუს ტრადიციულად ეკონომიკის თემით დავიწყებთ. გასულ კვირას გაიმართა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა მსოფლიო ბანკის საქართველოს დეპარტამენტის დირექტორთან ჯუდი ოკონორთან, გერმანელ დეპუტატებთან, რომლებიც საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობით არიან დაინტერესებული. მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, შეიქმნას ანტიმონოპოლიური საბჭო, მნიშვნელოვანი ღონისძიებანი ხორციელდება ეროვნული მეწარმეობის დასაცავად. კიდევ, ალბათ, საინტერესოა ერთი ტენდენციაც - იზრდება საშემოსავლო გადასახადები... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- ბოდიში უნდა მოვიხადო იმისათვის, რომ რამდენადმე ვრცელი იქნება ეს ინფორმაცია, რადგან ბევრი საინტერესო საკითხია და მინდა რადიომსმენელმა ყურადღება მიაქციოს.

მსოფლიო ბანკის საქართველოს დეპარტამენტის დირექტორთან ქალბატონ ჯუდი ო'კონორთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მსოფლიო ბანკში შემუშავებულ ენერგეტიკულ პროექტს, რომელიც თბილსრესის მე-10 ენეგრობლოკის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ლაპარაკი მე-10 ენერგობლოკზე და არა მარტო ლაპარაკი, არამედ რეალური მუშაობაც და, ცუდი არ იქნებოდა, საქართველოს ტელევიზიის რომელიმე პროგრამას ეჩვენებინა, თუ რა ხდება მეათე ბლოკზე. მეც მინდა ამ დღეებში იქ წასვლა, და თუ წავალ, ტელევიზიაც უდავოდ გამომყვება... გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ისტორიული მიჯნა, იგულისხმება მეათე ბლოკის დამთავრება, რის შედეგადაც საქართველოს საბაზრო მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე ძირითადად, ვიმეორებ, ძირითადად დაკმაყოფილდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად გაუქმდება გრაფიკი, თუმცა ყოველ შემთხვევაში, გადახდისუნარიანი მოთხოვნილება ასი პროცენტით დაკმაყოფილდება.

სხავათა შორის, ამასთან დაკავშირებით მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ბათუმელთა გამოცდილებაზე, რომლებმაც მოაგვარეს მრიცხველების საკითხი, პრობლემაც და პრაქტიკულად თითქმის ასპროცენტიანი გადახდის მიჯნას მიაღწიეს. ვფიქრობ, მათ უკვე დიდი პრეტენზიები აღარა აქვთ ელექტროენერგიით ქალაქის მომარაგებასთან დაკავშირებით. ასევეა ზოგიერთ სხვა ქალაქშიც, მაგრამ ძალიან „კუს ნაბიჯებით“ მიდიან. განსაკუთრებით უნდა დაჩქარდეს ეს საქმიანობა დედაქალაქში, ვგულისხმობ თელასის პრივატიზაციას, რაოდენ წინააღმდეგობრივიც უნდა იყოს, ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ.

მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო 12 მილიონი დოლარი ტრანსპორტის პროექტის განსახორციელებლად, რაც წელს ზაფხულში დასრულდება, სოფლის მეურნეობის განვითარების მეორე პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 46 მილიონი დოლარია. მე ამ ციფრებს, იცით, რატომ ვასახელებ? ორი-სამი წლის წინათ ამაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის - 46 მილიონი დოლარი?! მაშინ ყველა ჩვენი პარტნიორი ამ თანხას გადაყრილად ჩათვლიდა. დღეს კი მათ მიაჩნიათ, რომ ეს პერსპექტიული ინვესტიციებია და სავსებით რეალურია მათი მიღება.

მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციებსა და სესხს კერძო სექტორისათვის. სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პროექტის განსახორციელებლად 3 მილიონი დოლარია გამოყოფილი და ეს მხოლოდ დასაწყისია. მსოფლიო ბანკი თავის პროგრამებში დიდ ყურადღებას უთმობს სიღატაკის დაძლევის ღონისძიებებს. ეს ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი პარტნიორების უმთავრესი საზრუნავია. ბანკი გვეხმარება, აგრეთვე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გადასახადების აკრეფის მექანიზ მის დახვეწისათვის საჭირო პროექტების შემუშავებაში. აქვე უნდა ვთქვა, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მდგომარეობა (მე წეღან ბათუმზე ვილაპარაკე და ახლა საერთოდ ქვეყანაზე ვლაპარაკობ) შედარებით გაუმჯობესდა. მარტში შესაბამისმა მაჩვენებელმა თითქმის 74 პროცენტი შეადგინა, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა, მაგრამ საერთოდ ვითარება კვლავ რთულია, საჭიროა ძალისხმევის რადიკალურად გააქტიურება, რათა წლის ბოლომდე სულ ცოტა 85 პროცენტის დონეს მაინც მივაღწიოთ. მაშინ უკვე შეგვეძლება რეალურად ვილაპარაკოთ სათანადო რესურსების შექმნაზე - იქნება ეს მაზუთი, გაზი თუ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის მიღება.

გერმანიის ბუნდესტაგის ეკონომიკური კომისიიის თავმჯდომარესთან ბატონ ფრიდჰელმ ოსტთან შეხვედრისას, რომელშიც ამ ქვეყნის კომპანიათა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიას შორის ურთერთობის შემდგომი გაღრმავების საკითხებს. ჩემი აზრით, ახლა გერმანელები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ამ საკითხების მიმართ. ამჟამად უკვე ლაპარაკია არა მხოლოდ დახმარებაზე, არამედ თანასწორუფლებიან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, კერძოდ ინვესტიციათა მოზიდვით კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე. კარგი პერსპექტივაა ევრაზიის დერეფნის დუნაი-რაინის პროექტთან დასაკავშირებლად.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას ანტიმონოპოლიური საბჭოს შექმნის თაობაზე, ამ ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს და უფრო ეფექტიანი გახადოს ანტიმონოპოლიური სამსახურის პრაქტიკული საქმიანობა. ამის საჭიროება და აუცილებლობა სხდომაზე თვალნათლივ ცხადყო საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული ღვინოების წარმოების საკითხის განხილვამაც. ეს უაღრესად რთული და ფაქიზი პრობლემაა: ერთი მხრივ, უნდა დავიცვათ ქართული პროდუქციის პრესტიჟი, მისი ხარისხობრივი დონე, მეორე მხრივ კი არ დავარღვიოთ ჯანსაღი, თავისუფალი კონკურენციის კანონები. სხვათა შორის, დაასახელეს ასეთი ფაქტი, რომ ჩვენთან გაცემული ექსკლუზიური ლიცენზიის საფუძველზე ბულგარეთსა და მოლდოვაში ჩამოასხეს 5 მილიონი ბოთლი „ხვანჭკარა“. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა არის ეს? ჩვენთან საერთოდ 5 ურემი ხვანჭკარა მოდის და 5 მილიონი ბოთლი „ხვანჭკარა“?! ეს აბსოლუტურად ფალსიფიცირებული პროდუქციაა და ლახავს ჩვენს პრესტიჟსა და ავტორიტეტს.

მეწარმეებთან შარშანდელი შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა სახელმწიფოსთან მათი პარტნიორული ურთიერთობის გასაძლიერებლად. მომზადდა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. მიღებულია კანონი საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ (და ეს ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ბევრ მეწარმეს, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ აამოქმედეს თავიანთი ორგანიზაცია, თავიანთი საწარმო, ანდა აქვთ რაღაც სხვა პრობლემები), რაც ხელს შეუწყობს პრივატიზებულ საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებას. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს უცხო ქვეყნებთან და საერთაშორისო სტრუქტურებთან დადებულ ხელშეკრულებებში მეწარმეთა ინტერესების გათვალისწინებას. მთავრობისათვის კვლავაც პრიორიტეტული იქნება სახელმწიფოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარების, მაკროეკონომიკური პროცესების რეგულირების, კორუფციასთან ბრძოლის მეშვეობით ბიზნესმენთა ხელშეწყობა, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებისათვის ზრუნვა და კონკრეტულ ატმოსფეროში მისი წარმართვა და კონსტრუქციული პირობების შექმნა.

მე ამ თემას იმიტომ შევეხე (ეს არაერთხელ აღნიშნულა), რომ დღეს მეწარმეები და საწარმოთა, სავაჭრო ობიექტთა მფლობელები ძირითადი ძალაა. ბიუჯეტის შემოსავლის 82 პროცენტი უკვე ამ ადამიანებზე მოდის, ეს იგი, ისინი ქვეყნის ხერხემალი გახდნენ. ამიტომ მეწარმეებთან მუშაობას მე, როგორც პრეზიდენტი, ასევე ჩემი კოლეგები განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, რათა მათ ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ცნობით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუმცა უღმერთო, სასტიკი გვალვებია. რაიონები მომარაგებულია დიზელის საწვავით, არის საკმარისი თესლი, სასუქები, მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებები. ოპერატიული მონაცემებით, უკვე მოხნულია 260 ათასი ჰექტარი, ანუ შარშანდელზე 64 ათასით მეტი. დათესილია 43 ათასი ჰექტარი, რაც ასევე სჭარბობს შარშანდელ მაჩვენებელს 13 ათასი ჰექტარით.

სულ უფრო იკრებს ძალას მრეწველობაც - წლის დასაწყისში ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო დაშვებული „ჩავარდნის“ მიუხედავად, უკვე მივუახლოვდით შარშანდელ დონეს, წლის პირველი ნახევრის შედეგით კი, სავარაუდოდ, კვლავ გვექნება ზრდის მაჩვენებელი და სერიოზული ზრდის მაჩვენებელი.

ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რას ვეყრდნობი, რა არგუმენტები მაქვს მხედველობაში, როცა მრეწველობის სერიოზულ ზრდაზე ვლაპარაკობ. გაჩნდა იმის პერსპექტივა, რომ აპრილში ამუშავდნენ რუსთავის მეტალურგები. ამუშავდა კასპის ცემენტის ქარხანა. ვფიქრობ, ამუშავდება რუსთავის ცემენტის ქარხანაც არასრული დატვირთვით, მაგრამ მუშაობს რუსთავის „აზოტი“. მადნეულშიც დაიწყო საინტერესო ძვრები, და, რაც მთავარია, გამოჩნდნენ ინვესტორები ჭიათურისათვის, თანაც ტრადიციული ინვესტორები, ეს ისინი არიან, ვინც თავის დროზე თანამშრომლობდა ურალიდან ჭიათურასთან, გაჰქონდათ როგორც მზა პროდუქცია, ისე კონცეტრატებიც. ჩემი აზრით, უახლოეს 2-3 კვირაში ჭიათურა უნდა ამუშავდეს შედარებით სრული დატვირთვით. ეს ძალიან დიდი პრობლემის გადაწყვეტა იქნება. მე ვაპირებ ცოტა მოგვიანებით ჩავიდე ჭიათურაში და ადგილზე განვიხილო ეს საკითხები.

საინტერესო პერსპექტივა გამოიკვეთა, ასევე, ტყიბულთან დაკავშირებით. ტყიბული ჩვენ თითქმის მიტოვებული გვქონდა და თითქმის უპერსპექტივო საბადოდ მიგვაჩნდა იქაური ქვანახშირის საბადოები. ახლა ისევ ჩვენი მეგობრების, ჩვენი კოლეგების ინიციატივის წყალობით მოიძებნენ ინვესტორთა ჯგუფი და ბანკირებიც, რომლებიც ცდილობენ დააფინანსონ თბოელექტროსადგურის მშენებლობა ტყიბულის ქვანახშირის ბაზაზე. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ ეს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამას დავუმატებდი ქსნის მინის ტარის ქარხანას. უახლოეს დღეებში, როგორც მეუბნებიან, ამუშავდება აგარის შაქრის კომბინატი. სამწუხაროდ, ჩვენმა გაუთავებელმა პრეტენზიებმა ინვესტორის მიმართ, 6 თვეს მოგვაცდინა და ჩვენს ბაზარზე შაქარი გააძვირა. 6 თვის განმავლობაში ამ ქარხანაში არაფერი გაკეთებულა. მადლობა ღმერთს, რომ უზენაესმა სასამართლომ წერტილი დაუსვა ამ საქმეს.

და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ორიოდე სიტყვა ბიუჯეტის შემოსავლის მდგომარეობის შესახებ. საგადასახადო ინსპექციამ აპრილში შემოიტანა თითქმის 7 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, ანუ 800 ათასი ლარით მეტი მარტის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. წლის დამდეგიდან სულ აკრეფილია 77 მილიონ 500 ათასი ლარი, რაც 12 მილიონ 500 ათასი ლარით აღემატება შარშანდელი შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ასევე გარკვეული ძვრებია უკეთესობისაკენ საბაჟო სამსახურშიც, და, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამსახური გადაწყვეტს მის წინაშე დასახულ ამოცანებს.

- გასულ კვირას ყურადღების ცენტრში იყო ივანე რიბკინის ვიზიტი. იგი თბილისს აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის შემდეგ ეწვია. ამ ვიზიტების შედეგების შეჯამებისას რიბკინმა კმაყოფილება გამოთქვა. მინდა გკითხოთ, რამდენად კმაყოფილია საქართველოს პრეზიდენტი და რამ გამოიწვია მისი თანხმობა, რომ მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტში. და კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: რიბკინმა აეროპორტშივე უარყო ცნობები საქართველოს ანტირუსული განწყობილების თაობაზე, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამგვარი განცხადება-გაფრთხილება, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისა და მოქალაქეთა კავშირის მიმართ უკვე არსებობდა. სხვათა შორის, ახლა არ მინდა შევადარო, მაგრამ სწორედ ასეთი ფორმულირებით - ანტირუსული განწყობილებით იყო მოტივირებული ჯარის შემოყვანა საქართველოში 9 აპრილს...

- მე დიდი სიამოვნებით შევხვდი ივანე რიბკინს, დიდი ხანია ვიცნობ მას, იგი ერთ-ერთი განათლებული პოლიტიკური მოღვაწეა, მრავალი წიგნის ავტორიც არის და განსაკუთრებული გულთბილი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. ეს იყო საინტერესო და საჭირო საუბარი. მე არ ვიცი ახლა ახალი მთავრობა როგორი შემადგენლობით იქნება, მაგრამ რიბკინს ახლა, ყოველ შემთხვევაში, თანამეგობრობასთან დაკავშირებული ისეთი უბნები ჩააბარეს, რომ, ალბათ, შეინარჩუნებს თავის პოსტს. როგორც გითხარით, იგი არის მოაზროვნე კაცი, რომელსაც კარგად ესმის რუსეთისა და საქართველოს ჯანსაღ ურთიერთობათა მნიშვნელობა, რა არის რუსეთისათვის საქართველო და, პირიქით, რა არის რუსეთი საქართველოსათვის. ჩვენ თითქმის ყველა პრობლემა განვიხილეთ, და მე მინდა ესეც მოისმინოს რადიომსმენელმა, მათ შორის, საქართველოში კონფლიქტების მოგვარების გზები, საშუალებები და ტემპი. რუსეთის პოზიცია კვლავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პრინციპებს ეფუძნება. რუსეთი ასევე პოზიტიურად აფასებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა სახელმწიფოების, მათ შორის, უკრაინის მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში. ეს სერიოზული გარდატეხაა რუსეთის დამოკიდებულებაში, კერძოდ, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით.

არ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ლტოლვილების დაბრუნების დაჩქარებისა და ამ პროცესის დაწყების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების, ცალკეული ქვეყნების, მათ შორის, რუსეთისა და საქართველოს საშუალებათა მობილიზაციისათვის კონფლიქტის ზონების რეაბილიტაციის მიზნით. ეს შეეხება, მე ამას მინდა გავუსვა ხაზი, რა თქმა უნდა, უწინარესად, ადამიანებს, რომელთაც სახლ-კარი გადაუწვეს და რომლებიც დაბრუნდებიან, ისინი მიიღებენ პირველ დახმარებას, მაგრამ, ამავე დროს, ეს შეეხება იმ მოსახლეობასაც, რომელიც იქ ცხოვრობს და რომელსაც დღეს არანაკლებ უჭირს, შეეხება ყველას - ქართველებს, აფხაზებს, სომხებსა და სხვებს. მე ადრეც მითქვამს, სხვათა შორის, ამერიკელებს იმ 100 მილიონი დოლარი დახმარებიდან, რომელიც მათ გამოუყვეს, 20 მილიონი დოლარი სწორედ რეაბილიტაციისათვის აქვთ გადადებული.

ასევე დაემთხვა ჩვენი შეხედულებანი ორმხრივი დიალოგის (ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური) ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

ახლა ვსწავლობთ საკითხს ჩემი და ლუდვიგ ჩიბიროვის, აგრეთვე, ჩემი და ვლადისლავ არძინბას შეხვედრების ორგანიზაციის თაობაზე. ვმუშაობთ დოკუმენტზე. უშედეგო შეხვედრა არც ერთი მხარისათვის არ არის მისაღები.

დეტალურად განვიხილეთ სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, ესეც ძალიან სერიოზული პრობლემაა და ბევრი რამ არის გასარკვევი, მათ შორის, იმ ტექნიკისა და ფასეულობათა საკითხი, რომელთა სამართალმემკვიდრე საქართველო იყო და რომელიც ჩვენი ქვეყნიდან გაზიდეს თავის დროზე. მთელი ეს უზარმაზარი ტექნიკა - თვითმფრინავები, ტანკები, ჯავშნიანი მანქანები, ჩვეულებრივი მსუბუქი იარაღი და მრავალი სხვა. თქვენ იცით, რომ საქართველო სავსე იყო ამ იარაღით, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. ეს ყველაფერი გაიტანეს საქართველოდან, გარდა მცირე გამონაკლისისა. რუსეთიც, სამართლიანობა მოითხოვს გითხრათ, დიდძალ თანხებს ხარჯავს სამშვიდობო ოპერაციებისათვის (ეს ძალიან ძვირადღირებული ოპერაციაა) და საზღვრის დაცვისთვისაც, ჩვენ არც ერთი კაპიკი არ შეგვიტანია ჯერჯერობით ამის საფასურად. შევთანხმდით, რომ აუცილებელია რუსეთის თავდაცვის მინისტრის ჩამოსვლა. ჩემი აზრით, ამის დროც მოვიდა.

ივანე რიბკინის ვიზიტს უნდა მოჰყვეს ეკონომიკურ ურთიერთობათა გამოცოცხლება, რითაც ორივე სახელმწიფო ერთნაირად არის დაინტერესებული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი უწყებები (მხედველობაში მაქვს ზოგიერთი სამინისტრო და მათი ხელმძღვანელები) ზოზინობენ, არ ჩქარობენ და ეს ეხება არა მარტო რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც. მაგალითად, ჩვენ გვაქვს დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები ყაზახეთთან, თურქმენეთთან, უზბეკეთთან, უკრაინასთან, სხვა სახელმწიფოებთან და ეს უზარმაზარი პოტენციალი გამოუყენებელია. ჩვენი ბრალიცაა, რომ ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არ მოქმედებს.

და კიდევ ერთი: ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების რეგიონებს შორის ურთიერთობის განვითარებას მხოლოდ იმ პირობით, ვიმეორებ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველა, ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი აქცია შესაბამის ცენტრებთან იქნება შეთანხმებული. ის, რაც მოხდა როსტოვში, როცა ბატონი არძინბა მიიწვიეს ისე, რომ საქართველომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, მსგავსი რამ არასოდეს უნდა განმეორდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიმოქმედებთ კისლოვოდსკის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად. სხვაგვარად ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში სრულ სამართლებრივ ქაოსთან გვექნება საქმე. კატეგორიულად უნდა ვთქვათ უარი ჩვენც და რუსეთმაც ისეთ პრაქტიკაზე, როცა რომელიმე მხარე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს მეორეს, სხვადასხვა სამსახურებს - იქნება ეს სპეციალური თუ არასპეციალური სამსახური, მნიშვნელობა არა აქვს, გამომდინარეობს ეს სამთავრობო სტრუქტურებიდან თუ თავისუფლად მონავარდე და უკონტროლო შეიარაღებული ფორმირებებიდან. გამგები, მე ვფიქრობ, ყველაფერს გამიგებს. და, სხვათა შორის, ორივე იმ დასკვნამდე მივედით, რომ საქართველო დაინტერესებულია რუსეთის სტაბილურობით, ისევე, როგორც რუსეთი არანაკლებ არის დაინტერესებული საქართველოს სტაბილურობით.

როგორც ზემოთ ვთქვი, ეს შეხვედრა საინტერესო მოვლენად მიმაჩნია და ამიტომაც დავუთმე ასეთი ყურადღება.

დასასრულ მინდა განვაცხადო: ნურავინ იფშვნეტს ხელს სიამოვნებით იმის მოლოდინში, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა გაუარესდება და ვიღაცა ამღვრეულ წყალში ღლავს დაიჭერს. დროებითი გაუგებრობანი თითქმის ყველა სახელმწიფოსათვის არის დამახასიათებელი და აქაც არაჩვეულებრივი არაფერი ხდება. ამიტომაც ყველამ თავისი სურვილი მოთოკოს და საქართველოს საკეთილდღეოდ იფიქროს და იღვაწოს. მე ვიცი მაგათი „დიდი ხელოვნება“ და ამღვრეული წყალიც რომ იყოს, ღლავს ვერ დაიჭერენ. ჩვენ ვიცხოვრებთ, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც კეთილი მეზობლები და ერთმანეთის ინტერესებსაც გავითვალისწინებთ.

რუსეთთან ჩვენი კარგი ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში არ შელახავს რომელიმე მესამე ქვეყნის ინტერესებს, პირიქით, ამ მხრივ საერთო ურთიერთგაგებისათვის საქართველოს ბევრი რამ სასარგებლოს გაკეთება შეუძლია.

რაც შეეხება სამიტს, მე დღევანდელ პირობებში გამართლებულად და აუცილებლადაც მიმაჩნია მოსკოვის შეხვედრაში მონაწილეობა. ვფიქრობ, მოსახლეობაც ასეა განწყობილი. ბევრი რამ არის სათქმელი და გადასაწყვეტიც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, განსაკუთრებით ორმხრივ ურთიერთობათა სრულყოფისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით.

- გასული კვირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო 9 აპრილი. წინა დღეს, 8 აპრილს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციაში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც სხვადასხვა მხარის წარმომადგენლები მოვიდნენ, არ მოვიდნენ მხოლოდ რადიკალურად შეურიგებლები. და, მიუხედავად იმისა, რაც თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ, ვგულისხმობ დიდი ეროვნული შერიგების კურსს, თუნდაც 31 მარტს თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებას, ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, თქვენი კურსის ზოგიერთი მხარდამჭერისათვის, ვთქვათ, მისაღებიც არ იყო, 9 აპრილს „ზვიადისტთა“ შეურიგებელი ნაწილი ისევ მოვიდა მიტინგებზე ჩვეული შეძახილებით, ჩვეულ ამპლუაში...

- მე სავსებით გულწრფელად მინდა მივესალმო ჟურნალისტთა ფედერაციაში გამართულ ღონისძიებას, მის მონაწილეებს და გამოვთქვამ რწმენას, რომ ეს აქცია ეპიზოდად არ დარჩება და გამონაკლისი არ იქნება, მას აუცილებლად ექნება გაგრძელება, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტ ინიციატივას გამოიჩენენ და ასეთი შეხვედრები უფრო ხშირად გაიმართება.

ახლა სხვა მხარის შესახებ. როდესაც თავისუფლება, კერძოდ, პიროვნების თავისუფლება და წესრიგი წინააღმდეგობრივ მოვლენებად იქცევა, აუცილებლად დაზარალდება საზოგადოება, დემოკრატიული პროცესები შეჩერდება.

დემოკრატიული საზოგადოება წესრიგსა და დისციპლინას გულისხმობს. წესრიგისა და დისციპლინის გარეშე არ არსებობს არავითარი დემოკრატია. რუსთაველის პროსპექტზე თარეში (მე ასე დავარქმევდი ამას), რომელი პოლიტიკური დაჯგუფების ინიციატივითაც უნდა ხდებოდეს ეს, დღევანდელ საზოგადოებაში ანაქრონიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს. ზოგიერთი ვერ გამოსულა ოთხმოციანი წლების დასასრულისა და 90-იანის დასწყისის პერიპეტიებიდან, ვერ განთავისუფლებულა მაშინდელი ჩვეულებებისაგან.

ჩვენ რამდენიმე წელია შერიგების პოლიტიკას ვადგავართ, ასობით და ათასობით „განდგომილი“, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემოვირიგეთ. ისინი შრომობენ, ოჯახებს დაუბრუნდნენ, ქვეყნის სასარგებლოდ საქმიანობენ. მადლობის მეტი რა გვეთქმის, ჩვენ ერთი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ვართ.

მაგრამ ისეთებიც არიან, ულტიმატუმის ენით რომ გველაპარაკებიან, ვითომ დღევანდელი ხელისუფლება ხალხის მიერ კი არ იყოს არჩეული, არამედ ვიღაც გადამთიელს დაენიშნოს, კოსმოსის რომელიღაც პლანეტიდან იყოს ჩამოვარდნილი. ასეც ხდება, მე მათ დიალოგისათვის, საერთო-ეროვნული თანხმობისათვის მოვუწოდებ, ზოგიერთი კი ყუმბარმტყორცნებსა და ავტომატებს მესვრის პრეზიდენტის ლიკვიდაციის მიზნით. მხოლოდ განგებას უნდა ვუმადლოდე, ავისმზრახველებმა თავიანთი შავი გეგმები რომ ვერ აღასრულეს.

ადრეც ვთქვი, რომ ბევრი დაჯგუფება იმ ცნობილი მოძრაობიდან ტერორისტულ დაჯგუფებად გადაიქცა, და ტერორისტული არ არის მარტო ყუმბარმტყორცნებისა და ავტომატების გამოყენება. ხანდახან ტერორი ის არის, რაც ხდება ცენტრალურ პროსპექტებზე. მე კატეგორიულად მოვთხოვე ქალაქის ხელმძღვანელობას, სამართალდამცავ ორგანოებს, უშიშროების საბჭოს შეიმუშაონ კონსტიტუცისა (კონსტიტუცია იძლევა ამის უფლებასა და საშუალებას) და კანონის შესაბამისი ინსტრუქციები, რომლებიც გამორიცხავს ასიათასობით თბილისელის სიმყუდროვის დარღვევას და არც მიტინგებისა და დემონსტრაციების უფლებებს შელახავს. ასეთი ადგილები საქართველოში, თბილისში, ცენტრშიც მოიძებნება, მაგრამ არა რუსთაველსა და დავით აღმაშენებლის პროსპექტებზე, სადაც არის უზარმაზარი სატრანსპორტო კვანძები და მცირე გაუგებრობაც კი იწვევს მოძრაობის შეჩერებას და ბევრ სხვა ტკივილს. ყველაფრი უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში, ვიმეორებ კანონის ფარგლებში, ხოლო როცა კანონი ირღვევა, პოლიციამ თავისი საქმე უნდა აკეთოს ისე, როგორც ეს არაერთხელ გინახავთ თქვენც და არაერთხელ მინახავს მე უცხოეთის დემოკრატიული ქვეყნების ტელეეკრანებიდან. თქვენ კარგად იცით, როგორ მოქმედებს პოლიცია ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში, როცა კანონი ირღვევა.

მარტო თბილისს არ ვგულისხმობ, წესრიგი ყველგან და ყველაფერში უნდა დამყარდეს.

საერთოდ, უნდა ვერიდოთ, როგორც ზემოთ ვთქვი, რუსთაველის, დავით აღმაშენებელის პროსპექტების გადატვირთვას სხვადასხვა სახელმწიფოებრივი, ვიმეორებ, ამჯერად სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი მასობრივი ღონისძიებებით. მე, მაგალითად, ვუბრძანე თავდაცვის მინისტრს, რომ 26 მაისის სამხედრო აღლუმი რუსთაველზე კი არ გაიმართოს, არამედ სანაპიროზე, და ვისაც აინტერსებს, რას წარმოადგენს დღევანდელი არმია, დარწმუნებული ვარ, როგორმე მიაღწევს სანაპირომდე და ნახავს რა არის ეს აღლუმი.

ხოლო, თუ რომელიმე საყოველთაო-სახალხო ზეიმი, მაგალითად, თბილისობა მთელ ქალაქში გაიმართება, ეს უნდა იყოს დედაქალაქის მოსახლეობის თანხმობით და უეჭველად მისი მონაწილეობით.

როცა ადამიანის უფლებათა დაცვაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს არც ინდივიდი, ეს საკვანძო საკითხია, და არც მთელი მოსახლეობა ერთად აღებული, და აქ არ არის არავითარი წინააღმდეგობა.

- გასულ კვირას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი ატყდა ენერგეტიკის მინისტრთან დაკავშირებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი მალე დატოვებს თანამდებობას და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ დარგს საარსებო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქვეყნის ეკონომიკისათვის, საერთოდ ჩვენი ცხოვრებისათვის, ამ თემას, ალბათ, აუცილებელად უნდა შეეხოთ...

- იცით, რა მინდა გითხრათ? აჟიოტაჟებისათვის მსოფლიო კონკურსი რომ ცხადდებოდეს, დარწმუნებული ვარ, ჩვენ პირველობას არავის დავუთმობდით, საქართველო პირველ ადგილზე იქნებოდა.

მოკლედ მოგახსენებთ. უახლოეს დღეებში მე შევხვდები საპარლამენტო უმრავლესობას (ეს შეიძლება დღესაც მოხდეს) და კიდევ ერთხელ პრინციპულად ვიმსჯელებთ ამ პრობლემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ვიმეორებ: პრობლემა ურთულესია, ბევრი რამ გაკეთდა, მითქვამს და კვლავაც ვამბობ, ენერგეტიკის სფეროში ბევრი რამ გააკეთა თავად დავით ზუბიტაშვილმა, საკუთარი ინიციატივითაც, და ჩვენ სამართლიანი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ხალისი არ დავუკარგოთ ადამიანს, რომელიც ახლა მოვა ამ სამუშაოზე, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ეს პრეზიდენტსაც ეხება, ზუბიტაშვილსაც, მთელ მთავრობასაც და მთელ სახელმწიფოს. უმრავლესობასთან შეხვედრისას შევეცდები განვიხილო ახალი კანდიდატურაც. რა თქმა უნდა, შეხვედრები გაიმართება სხვა ფრაქციათა წარმომადგენლებთანაც, წინასწარ მოვსინჯავთ, რამდენად მისაღები იქნება ეს კანდიდატურა. ჯერჯერობით არ გეტყვით ვისზეა ლაპარაკი.

რაც შეეხება დავით ზუბიტაშვილს, მან თავად, თავისი ინიციატივით კატეგორიულად ითხოვა თანამდებობიდან გადადგომა და საკმაოდ არგუმენტირებულადაც დაასაბუთა ამ ნაბიჯის აუცილებლობა. მე მისი თხოვნა დავაკმაყოფილე. შეიძლებოდა ეს სხვანაირადაც გაკეთებულიყო, პროკურატურა, რამდენიმე თვის განმავლობაში განახორციელებდა გამოძიებას, შემდეგ ექსპერტებს მოვიწვევდით, შინაურსა თუ უცხოელს და ასე შემდეგ, მაგრამ ბატონმა დავითმა კატეგორიულად განაცხადა, იმ სხდომის შემდეგ თანამდებობაზე არ დავრჩებიო, და კიდევაც გადადგა.

ენერგეტიკას მარტო მინისტრი არ პატრონობს. თქვენ იცით, არსებობს საპრეზიდენტო პროგრამა, რომელიც, ასე თუ ისე, სრულდება და მე დარწმუნებული ვარ, იგი შესრულდება.

- გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა. ზურაბ ჟვანიას წარმატებული და მნიშვნელოვანი შედეგების მქონე ვიზიტი ჰქონდა...

- თქვენ უკვე შეაფასეთ და მე ამას დავადასტურებ. ბატონ ზურაბის ვიზიტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აქაც, ჩვენშიც, საქართველოში, ვინც ნახა და წაიკითხა ეს მასალები, და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. იქ ნათლად ხედავენ, რომ საქართველოში ბევრია ახალგაზრდა მოღვაწე, რომლებიც XXI საუკუნის სტანდარტებსა და მოთხოვნებს შეესაბამებიან. და ეს ძალიან დიდი საზომია, სხვათა შორის, მათთვის, როცა ქვეყნებზე ლაპარაკობენ.

ამასთან მისი ვიზიტის დროს ბევრი პრაქტიკული მნიშვნელობის პრობლემაც გადაწყდა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, რომელმაც ბოლო წლებში ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი დახმარება გაგვიწია და ეს დახმარება აისახა ქვეყნის ბიუჯეტში, პენსიებში, ხელფასებსა და სხვადასხვა პროგრამებში. ამ სიკეთით (მე ამ აზრს, რასაც ახლა მოგახსენებთ, მინდა ხაზი გავუსვა) ისევე, როგორც მსოფლიო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის დახმარებით ყველა რეგიონი თანაბრად სარგებლობს. სავალუტო ფონდის კრედიტები, მაგალითად, ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენდა (თქვენ ეს გახსოვთ, 1995 წელს ნახევარს შეადგენდა), ახლა გაცილებით ნაკლებია, მაგრამ მაინც საგრძნობია, თითქმის მესამედია. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა ანგარიში უნდა ჩააბარონ მოსახლეობას ამ დახმარებათა განაწილების შესახებ. თუ სადმე რაიმე უსამართლობაა დაშვებული, ზომები დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ. თუმცა, არა მგონია, რომ რაიმე დიდი უსამართლობა იყოს. ყველაფერი, როგორც გითხარით, პენსიებში, ხელფასებში და გარკვეულ ინვესტიციებშია განივთებული.

ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ბატონ ზურაბის ვიზიტის დროს აქტუალური იყო თემატიკა გამოყოფილი სახსრების გამოყენების, უცხოური ინვესტიციებისა და ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრის შესახებ. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის. როგორც ადრე ვთქვი, შემუშავებულია ახალი ანტიკორუფციული სტრუქტურის დებულება და პარლამენტთან ერთად მოგვიხდება სათანადო მუშაობის შესრულება.

- გასულ კვირას პარლამენტმა მეორე წაკითხვით მთელი რიგი სერიოზული შესწორებანი შეიტანა საგადასახადო კოდექსში, მათ შორის, ბენზინის ფასების გადიდების შესახებ...

- თუკი პარლამენტი მიიღებს და დაამტკიცებს კანონპროექტს, რომელიც მეორე წაკითხვით არის მიღებული და მათ შორის ბენზინის ახალ ფასებთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვეულებრივ მოვლენად უნდა ჩაითვალოს. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ამ სახეობის საწვავის, ისევე, როგორც მაზუთის, ზოგიერთი სხვა სახეობის საწვავის არანორმალურად დაბალ ფასებს ვინარჩუნებდით. თქვენ გახსოვთ პირველი წლები - 1993-94 წლები, როდესაც ნატურალურ გადასახადს ვაწესებდით, ვთქვათ, 100 კილოგრამი შემოიტანა, 10 კილოგრამი უნდა დაეტოვებინა. მერე გადავედით ფიქსირებულ გადასახადზე, მერე კიდევ უფრო დაბალ ფასებზე. ახლა ჩვენ მთელ ამ უზარმაზარ სივრცეში ბენზინის ყველაზე დაბალი ფასები გვაქვს და ძალიან შორსა ვართ მსოფლიო ფასებისაგან. ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება უკვე შეუძლებელია.

საქართველოს გზები დანგრეულია. თქვენ იცით კარგად, ხშირად მოგზაურობთ. მე მარტო ცენტრალური გზები არა მაქვს მხედველობაში, თუმცა ცენტრალურიც საშინელ მდგომარეობაშია. კიდევ ახალი გზებია საჭირო, შენდება ახალი გადასასვლელები სხვადახვა ქვეყანასთან. ეს დამატებითი შემოსავალია. ამიტომ დღეს საქართველოსათვის გზებია ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და მთავარი პრობლემა. ასეთ ქვეყანაში არც ინვესტორი შემოვა. სხვათა შორის, მე რამდენჯერაც მისაუბრია ინვესტორთან, პირველი ეს არის: გვერდები დანგრეული მაქვსო. არა მარტო გვერდები... მაგრამ გვერდებზე ჩივის კაცი, ისეთი გზები გაქვთო. უპირველესად ბევრი ხიდია აღსადგენი. საქართველო ხიდების ქვეყანაა, თავის დროზე ჩვენ ამ მხრივ უზარმაზარ სამუშაოს ვასრულებდით. შემდეგ, ჩვენში ახლა ძალიან ინტენსიურად ვითარდება ტურიზმი. ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკი გზების გარეშე წარმოუდგენელია. ამისათვის ნორმალური გზებია საჭირო. შესავსებია ბიუჯეტი. სხვადასხვა წყაროები ჯერჯერობით ჩვენ არა გვაქვს. ახლა ვუპასუხებ თქვენს კითხვას: ჩემი აზრით, ბენზინის ფასების ზრდის შედეგად შემოსული სახსრების ნახევარი გზების აღდგენა-კეთილმოწყობას უნდა მოხმარდეს, ეს საკმაოდ დიდი თანხებია, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენ ახლა ავტომფლობელებს ვართმევთ საბაჟო გადასასვლელებზე და ასე შემდეგ, ორჯერ და სამჯერ მეტია, ხოლო მეორე ნახევარი ბიუჯეტმა მიიღოს. მაშინ საბოლოოდ მოეღება ბოლო პენსიებისა და ხელფასების დაგვიანებით გაცემას, რადგან ბიუჯეტში გაჩნდება შემოსავლის საკმაოდ დიდი წყარო. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მანქანათა მფლობელები, ასე თუ ისე, მაინც შედარებით უკეთესად ცხოვრობენ, ერთგვარად გადანაწილდება მოსახლეობის საშემოსავლო პოტენციალიც და ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ესე იგი, პენსიონერები, ინვალიდები და სხვები გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებენ. და არც ისინი დაზარალდებიან. ახლა ისინი მაინც იხდიან, მაგრამ იხდიან დიდი დარღვევებით. აქ კი ყველაფერი იქნება ცენტრალიზირებული და ყოველგვარი დარღვევა გამორიცხულია.

სამომხმარებლო და სხვა ფასებზე ეს აქცია დიდ გავლენას არ მოახდენს. ჩემი გამოანგარიშებით, ასევე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების გამოანგარიშებით, იანვარში ჩვენ ხელფასები 10 პროცენტით გავზარდეთ. მე მაშინ იმას ვგულისხმობდი, რომ შეიძლება ბენზინის ფასი შეიცვალოს და ამან ერთგვარი გავლენა მოახდინოს სამომხმარებლო ფასებზე, და სწორედ წინმსწრები მატებით წავედით. კიდევ მეტი ზრდა იქნება სექტემბერში. ვფიქრობთ, 10-15 პროცენტამდე ავალთ. ასე რომ, მოსახლეობის დანაკარგები სრულად იქნება კომპენსირებული.

ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბენზინის ფასის დადგენილი დონე მსოფლიო ფასების ფარგლებშია, ეს კი საერთაშორისო ორგანიზაციების კატეგორიული მოთხოვნა გახლდათ - მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი მოითხოვდა, რომ ჩვენ გაგვეთანაბრებინა ჩვენთან ბენზინის ფასები მსოფლიო ფასებთან.

- და, ბოლო შეკითხვა. ხვალ 14 აპრილია, დღე, როცა საქართველომ მაშინ, როცა ჩვენში საბჭოთა რეჟიმი მძვინვარებდა, იმ საზარელ წარსულში, 1956-ისა და 1989 წლისაგან განსხვავებით, ყოველგვარი დანაკარგების გარეშე საკუთარი ძალებით შეძლო თავისი ეროვნული ღირსების დაცვა.

- 14 აპრილი განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. მე არა მარტო უახლესი ისტორია მაქვს მხედველობაში. ეს იყო ჩვენი ხალხის საოცარი ერთსულოვნების, წინააღმდეგობათა (და ამას განსაკუთრებით აღვნიშნავ) და საშიშროებათა გონივრული დაძლევის, გადალახვის დღე, მშობლიური ენის მიმართ, ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქალაქის თავგანწირვისათვის მზადყოფნის დღე.

წინასწარ გილოცავთ ყველას ხვალინდელ დღეს, ჩვენი ერის გამარჯვების ოცი წლისთავს, ბრწყინვალე გამარჯვების დღეს, მე ასე ვიტყოდი, გამარჯვებისა, რომელიც ისე მოვიპოვეთ ყველამ ერთად, რომ არავის არაფერი გაკაწვრია და ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა თბილისში. სხვათა შორის, ასეთივე დიდი დემონსტრაციები და მიტინგები გაიმართა სოხუმში, გაგრაში, ბათუმში თავისთავად, და იქაც ასე მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა. და, რაც მთავარია, ჩვენი მშობლიური ენისა და ჩვენი ხალხის სასარგებლოდ.

გუშინ საქართველოს ტელევიზიამ ჩაწერა ჩემი მოგონებები (უკვე გადავდივარ მოგონებებზე), და ზოგიერთი მოსაზრებანიც ამ დღესთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, მოსახლეობა მოისმენს იმას, რის თქმაც ამ დღეებში მსურს ჩემი ხალხისათვის.

საქინფორმი.

„14 აპრილი განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში... ეს იყო ჩვენი ხალხის საოცარი ერთსულოვნების, წინააღმდეგობათა და საშიშროებათა გონივრული დაძლევის, გადალახვის დღე, მშობლიური ენის მიმართ, ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქალაქის თავგანწირვისათვის მზადყოფნის დღე“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 13 აპრილის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 14 აპრილი. - №88 (2788). - 1,2 გვ.

44 მღელვარე და მაძიებელი სული

▲ზევით დაბრუნება


უღალატო კაცის ღალატი

მოულოდნელად გარდაიცვალა უღალატო კაცი, გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, თანამოაზრე და თანამებრძოლი გურამ ფანჯიკიძე.

ტკივილებით სავსე ამ ჩვენს ძნელ დროში ეს საქვეყნო ტკივილი ჩემი პირადი ტკივილიცაა, რადგან ჩვენ ბევრი რამ გვქონდა ერთად გაკეთებული, მაგრამ უფრო ბევრი გასაკეთებლი. ახალი საქართველოს მშენებლობაში ხომ მას, როგორც მწერალს, როგორც პუბლიცისტს, როგორც საზოგადო მოღვაწეს, და ბოლოს, როგორც ჯარისკაცს, უშურველად შეჰქონდა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი.

ჯერ კიდევ ყოფილ საბჭოთა კავშირში, მან, ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა მოძალებული უკანონობისა და კორუფციის წინააღმდეგ.

ერთეულებს თუ შეეძლოთ მაშინ სიმართლის თქმა და ბრძოლა.

მან ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა საბჭოთა კავშირში ერების ასიმილაციის წინააღმდეგაც და არგუმენტირებულად წარმოაჩინა საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის საშიშროებანი.

არც ამის თქმა იყო ადვილი.

მანვე, თავისი რომანითა თუ წერილებით, შთამბეჭდავად დაგვანახა „ბუნების აკრძალვათა“ დარღვევისა და ღვთის ნებაში ჩარევის კატასტროფული შედეგები.

ყველაზე ძნელ წლებში გურამმა დაშლას გადაარჩინა მწერალთა კავშირი, ხოლო ბევრი მწერალი - შიმშილით დაღუპვას.

იგი, გაბედული მებრძოლი, სოხუმში ავტომატით ბოლომდე იდგა ჩემს გვერდით და სრულად გაიზიარა დამარცხების სიმწარე და ლტოლვილთა ფიზიკური თუ სულიერი ტკივილები, თუმცა არც იმის იმედი დაუკარგავს, რომ საქართველო კვლავ გამთლიანდებოდა.

ფიზიკური თუ სულიერი სიძლიერის განსახიერება იყო გურამი, მუდამ ბრძოლისთვის შემართული, გამოკვეთილი ლიდერი და უღალატო პიროვნება.

მას თავად უღალატა გულმა.

მისი სიკვდილი საოცრად ჰგავდა თავად მას. იგი არ შეიძლებოდა ლოგინში მომკვდარიყო - ზღვასთან ბრძოლაში გათავდა.

ეს იყო უღალატო კაცის ღალატი, რადგან მის დასაწერსა და მის გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს, მის ადგილს სხვა ვერავინ დაიკავებს.

როცა ასეთი ადამიანები ამ ქვეყნიდან მიდიან, ყოველი ჩვენგანის სულში თითქოს რაღაც სიმი წყდება, რომელიც შემდეგ მოგონებების ექოდ გახმიანდება ხოლმე.

მე ვუთანაგრძნობ ქართველ ხალხს, ვუთანაგრძნობ ქართულ მწერლობას, ვუთანაგრძნობ მწერლის ოჯახს და მის უპირველეს მეგობარსა და სამაგალითო მეუღლეს, ქალბატონ დალის.

დარჩა ტკივილი, რომელსაც უნდა გავუძლოთ და ხსოვნა, რომელიც მუდმივი იქნება.

ედუარდ შევარდნაძე.
წიგნიდან „გურამ ფანჯიკიძე - მაძიებელი სული“.

მღელვარე და მაძიებელი სული : უღალატო კაცის ღალატი : გურამ ფანჯიკიძე - 65 // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 22 აპრილი. - №94 (2794). - 1 გვ.

45 „საქართველოს პარლამენტი დღეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტაბილურობისა და დემოკრატიულ რეფორმათა შეუქცევადობის ერთ-ერთი გარანტია“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
20 აპრილის რადიოინტერვიუ

- მართლმადიდებელმა საქართველომ მთელ მართლმადიდებელ სამყაროსთან ერთად ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. როგორც ყოველთვის, ტრადიციულად აღდგომის მეორე დღე ჩვენთან მიცვალებულთა, დაღუპულ წინაპართა ხსოვნის დღედ აღინიშნება. აქვე მინდა დიდად სამწუხარო ინფორმაციით დავასრულო ეს კითხვა. გუშინ აჭარაში სტიქიამ კიდევ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემებზე საუბარით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- მე მქონდა საშუალება, მომელოცა ჩვენი ხალხისათვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, უპირველესად, საქვეყნო დარდს გამოვხატავ, რადგან არ შემიძლია არ ვიზიარებდე იმ მამულიშვილთა ახლობლების, ოჯახების ტკივილს, რომლებმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამშობლოს ბედნიერებასა და თავისუფლებას, ეროვნული ღირსების დაცვას შესწირეს თავი. ისინი სრულიად საქართველოს მიცვალებულნი არიან და მთელი ერია მათი ჭირისუფალი.

მინდა მოვიხსენიო იმათი სული, ვინც მეორე მსოფლიო ომში, პროგრესული კაცობრიობის მხარეს იბრძოდა ადამიანთა მოდგმის ყველაზე შავბნელი და უმოწყალო მტრის - ფაშიზმის წინააღმდეგ. მათი ხსენება თითოეული ჩვენგანის წმინდა ვალია, ისინი ხომ დაიღუპნენ სამშობლოსათვის ისევე, როგორც მთელი კაცობრიობისათვის, - ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა დიდი, ძალიან დიდი სისხლი გაიღო ნაცისტების მიერ დანთებული ხანძრის ჩასაქრობად.

განსაკუთრებულად ვუსამძიმრებ თანამემამულეთ და ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც ბედის უკუღმართობით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოს თავსდატეხილ უბედურებათა შედეგად, დაკარგეს შვილები, მშობლები, დედმამიშვილები, ახლობლები.

ვახსენოთ ის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებასა და ერთიანობას. მიუხედავად იმისა, რომ მათი ოცნება ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ ჯერ არ არის ბოლომდე აღსრულებული, როგორც იტყვიან, „დაბლა ხალხი და მაღლა ღმერთი“ ხედავს მათ ღვაწლს, არასდროს დაივიწყებს მას და არც შეურაცხყოფს იმ იდეალების ღალატით, რომელთაც გმირებმა შესწირეს თავი. დღევანდელი და მომავალი თაობები ყველაფერს იღონებენ სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა სანუკვარი მიზნის მისაღწევად - საქართველოს გასამთლიანებლად, - არა შეცდომების განმეორებითა და ახალი სისხლისღვრის გზით, არამედ მშვიდობიანად, შეთანხმებით, შერიგებითა და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ, ორმხრივი კეთილი ნებით. სხვანაირად შერიგება არ მოხდება.

ბრწყინვალე აღდგომის მეორე დღეს, როგორც ქრისტიანს, მტკიცედ მჯერა და მწამს, გმირთა სულები ნათელშია, სამშობლოსათვის წამებულნი სასუფეველში ნეტარებენ, ხოლო ხსოვნა მათი დედამიწაზეც უკვდავია.

აი, ამ განწყობილებით უნდა შევეგებოთ მთელი ერი, მთელი საზოგადოება, სულიად საქართველო ხსოვნის დღეს. ეს დიდებული, ათასწლოვანი ტრადიციაა, რომელიც ერის სულიერ ფესვებს უკავშირდება. ბედნიერი ვარ, რომ იმ ეპოქაშიც კი, როცა სახელმწიფო სასტიკად სდევნიდა რელიგიურ რწმენას, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ მოგვეძებნა ფორმა (ხსოვნის დღის სახით), რათა ეს დიდებული, წმინდა ტრადიცია შეგვენარჩუნებინა. ალბათ, ყველას ახსოვს, - მაშინაც კი გავდიოდით აღდგომის მეორე დღეს საფლავებზე, ამ მოვლენას სათანადოდ აშუქებდა ტელევიზია (იმდროინდელი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ თავისუფალი), პრესა და ასე შემდეგ. ესეც, ალბათ, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვმოქმედებდით (დიდ ილიას დავესესხები) „დროის ჩარხის შესაბამისად“.

ახლა, რაც ეეხება აჭარის ტკივილს, რომლის შესახებაც მე გუშინ მელაპარაკა ბატონი ასლან აბაშიძე. რა თქმა უნდა, მე ამ დღეს განსაკუთრებული გრძნობებით გამოვხატავ ჩემს სატკივარს.

ვიზიარებ იმ ოჯახების მწუხარებას, რომლებიც დაზარალდნენ, რომლებმაც ოჯახის წევრი დაკარგეს. მინდა დავარწმუნო აჭარა, რომ ეს ტკივილი მე გულთან მივიტანე, თანავუგრძნობ როგორც აჭარას, მის ხელმძღვანელობას, ასევე იმ რაიონებისა და სოფლების თავკაცებს, სადაც ეს უბედურება დატიალდა.

დღეს, ფაქტობრივად, უქმე დღეა, მაგრამ ჩვენ მაინც ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ხელმძღვანელობამ ამასთან დაკავშირებით.

- სხვათა შორის, ახლა თქვენ წინაპრებზე ლაპარაკობდით და ერთ-ერთი წინაპარი, რომლის ნეშტის გადმოსვენებაზე დღეს საზოგადოებაში განსხვავებული აზრი და პოზიციაა, გახლავთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. გასულ კვირას თქვენ ინტერვიუში ნოე ჟორდანიას ნეშტის გადმოსვენებასაც შეეხეთ. უნდა ითქვას, ძალიან ბევრი ცნობილი ქართველი განისვენებს უცხოეთში, მაგრამ, ამ კერძო შემთხვევაში, საქმე პრეზიდენტებს ეხება...

- ამ თემასთან დაკავშირებით მე უკვე გამოვთქვი ჩემი, როგორც პრეზიდენტისა და მოქალაქის აზრი, მიზანშეწონილად მიმაჩნია, კვლავაც გავიმეორო: ეროვნულ მოღვაწეთა სამშობლოში გადმოსვენება დიდებული, საშვილიშვილო, უაღრესად ზნეობრივი საქმეა. თუმცა ბევრი დავობს ამის შესახებ. მაგალითად, თავის დროზე მე მქონდა იდეა გადმოგვესვენებინა ნეშტი ვახტანგ მეექვსისა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის შუა გზაზე განისვენებს. მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის, მეცნიერებიც არ დამეთანხმნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ისტორიის შემადგენელი ნაწილია, რომ სწორედ იქ არის მისი საფლავი. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, სწორედ მე გახლდით ინიციატორი ჩემს მეგობართან, სულმნათ რეზო თაბუკაშვილთან ერთად, სამშობლოში გადმოგვესვენებინა მიხეილ თამარაშვილის ნეშტი. ამ საკითხზე იყო საზოგადოების ერთსულოვნება. „დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო!“... - ეს მხოლოდ პოეტური ნატვრა როდია. ეს გარკვეული ზნეობრივი, მოქალაქეობრივი დომინანტიცაა. ამდენად, ყველანი ვალდებული ვართ, აღვასრულოთ თანამემამულეთა უკანასკნელი ნება.

რაც შეეხება პოლიტიკურ მოღვაწეებს, ჩემი აზრით, ეს პრინციპი ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს დაცული, განურჩევლად იმისა, როგორია მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, ანუ ერთგვაროვანია აზრი, თუ მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივი.

ამ თვალსაზრისით, ალბათ, კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტის შესაბამისი სოციოლოგიური სამსახური შეისწავლიდა საზოგადოებრივ აზრს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უწინარესად, ოჯახის ნება უნდა იყოს გადამწყვეტი არგუმენტი და ამაზე მე ადრეც ვილაპარაკე.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის, ფაქტობრივად, პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას, აგრეთვე, ექსპრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენების საკითხი, როგორც ზემოთ ვთქვი, უწინარესად, ოჯახებმა უნდა გადაწყვიტონ. სახელმწიფომ კი შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრთა თანხმობის შემდეგ ითავოს ეს საქმე, შესაბამისად უზრუნველყოს იგი. გამოყოს საჭირო ფინანსური სახსრები და საერთოდ, ორგანიზაცია გაუწიოს ამას.

მაგრამ პრინციპული თვალსაზრისით, აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. საკითხის დასმა აბსოლუტურად ბუნებრივი და სამართლიანია, და მე ვეთანხმები ყველას (მათ შორის ბატონ ასლან აბაშიძეს, რომელმაც ამას წინათ გამოთქვა ასეთი აზრი), რომ საკითხი უნდა გადაწყდეს - ეს თითოეული ჩვენგანის, მთელი საზოგადოების ვალია.

ასეთია ჩემი დამოკიდებულება. ამ თემას, ალბათ, მე აღარ დავუბრუნდები, არ დავუბრუნდები, რადგან მესამედ წამოვჭერი ეს საკითხი და ჩემი აზრი ჩამოვაყალიბე.

- რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ პოზიციებსა და დაპირისპირებას, იქნებ ეს პროცესი დაიწყოს 1991-92 წლების მოვლენების შეფასებით. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ძალიან ხშირად სწორედ ამ მოვლენებს მიიჩნევენ ათვლის წერტილად და საფუძვლადაც კი უდებენ იმ პროცესს, რომელსაც, გნებავთ, შერიგების, გნებავთ, თანხმობის პროცესი ჰქვია და ამ თემაზე საუბარს ამ მოვლენების შეფასებით იწყებენ...

- ჩემი აზრით, არც აქ არსებობს რაიმე განსაკუთრებული წინააღმდეგობა, ოღონდ ყველამ, მათ შორის იმათაც, ვინც მწვავედ აყენებს ამ საკითხს, უნდა გავაცნობიეროთ: როგორც უნდა ვეცადოთ, არ გამოვა, შეუძლებელი იქნება (მე ამას ვხედავ, ძალიან ობიექტურად მინდა შევხედო) მოვლენათა შეფასება განყენებულად, ამ პროცესებისაგან მოწყვეტით, რომლებიც 1988 წლიდან განვითარდა საქართველოში.

ეს საქართველოს ისტორიის ნაწილია. ესე იგი, უნდა დაიწეროს ბოლო წლების საქართველოს უახლესი ისტორია. ეს შეიძლება იყოს 1988-დან, ან 1985-დან დაწყებული. ეს განუყოფელი ნაწილი გახლავთ ამ ისტორიისა და ამიტომ მე მხარს ვუჭერ წინადადებას, რომ შეიქმნას (ძალიან ფართო წარმომადგენლობით), ვთქვათ, მეცნიერებათა აკადემიის, ისტორიის ინსტიტუტის ავტორიტეტული კომისია, რომელშიც შევლენ ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, იურისტები, თუნდაც - კრიმინალისტ-ექსპერტები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ამ მოვლენების, ამ პროცესების შესასწავლად და შესაფასებლად.

შესაძლოა კომისიამ სწორედ 1991-92 წლების მიჯნაზე მომხდარი ფაქტებით დაიწყოს, მაგრამ სულერთია, ვერ შეძლებს მის შესწავლას, მით უმეტეს, მთლიანად შეფასებას იმ პროცესების მოწყვეტით, რომლებზეც ვლაპარაკობ. კარგი იქნება, თუ ამ თემაზე საქართველოს პარლამენტიც იმსჯელებს.

გულწრფელად ვიტყვი იმასაც, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი მასშტაბის მოვლენისა და პროცესის შეფასება „ცხელ გულზე“, ისტორიული დისტანციის გარეშე, თითქმის შეუძლებელია. ეს პირადად ჩემი დასკვნა არ გახლავთ - იგი ისტორიის გაკვეთილია, მაგრამ, მეორე მხრივ, საკითხის შესწავლის დაწყება ერთობ საშური სქმეა, ვინაიდან ჯერ კიდევ (ასე ვთქვათ, „მწყობრშია“) იმ მოვლენათა ბევრი მონაწილე თუ თვითმხილველი, ამდენად, ქართული ისტორიოგრაფიაც და მთელი საზოგადოებაც უბრალოდ ვალდებული არიან დროულად შეაგროვონ ეს ძვირფასი მასალა და, თუ მოხერხდა, დაე, ახლავე შეაფასონ, თუ არადა, მომავალ თაობებს გადაულოცონ პირუთვნელი მსჯავრის გამოსატანად.

და კიდევ ერთი რამ - სახელმწიფოს ვერდიქტი, სახელმწიფოს ნებართვა სულაც არ არის აუცილებელი ამ სამუშაოს დასაწყებად. ბოლოს და ბოლოს, არსებობს დამოუკიდებელი პრესა, თავისუფალი მასმედია. არავინ ზღუდავს სამეცნიერო გამომცემლობითს საქმეს - კი, ბატონო, ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ, ვიკამათოთ, მაგრამ, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს საკითხი სახელმწიფოებრივ დონეზე იყოს განხილული და გადაწყვეტილი, ამისთვისაც ყოველმხრივ მზად გახლავართ. პრეზიდენტი პირადად იზრუნებს შესაბამისი საორგანიზაციო ბაზის მომზადებისათვის, დაფინანსებისათვის და მზად ვარ შესაბამისი ბრძანებულებაც გამოვაქვეყნო.

- გასულ კვირას მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც ცენტრალური ადგილი დაეთმო პენსიების გაცემასთან დაკავშირებულ სირთულეებს...

- ძალიან მკაფიოდ, ყველას გასაგონად უნდა აღვნიშნო, რომ შესაბამის უწყებებს ცოტა დრო დარჩათ ამ სფეროში შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. პენსიების, ხელფასების, სხვა სახის გასაცემლების დროულ დარიგების გამო შექმნილი დაბრკოლებები ისევ და ისევ კორუფციის პრობლემას უკავშირდება. ეს ფული სადღაც ტრიალებს და მხოლოდ პრეზიდენტის, ან თავად მოსახლეობის „მკვახე შეძახილის“ შემდეგ გამოჩნდება ხოლმე რეზერვები.

იძულებული ვარ, კვლავ და კვლავ გავიმეორო: საქართველო თუ კორუფციისაგან არ გათავისუფლდა, ეს სიმსივნე თუ არ მოიკვეთა და ამოიწვა, - მომავალში კიდევ უფრო დიდ სირთულეებს წავაწყდებით, უბრალოდ ხალხი, ერი გაირყვნება, - არა მხოლოდ პენსიებთან და ხელფასებთან დაკავშირებით. თუმცა ყველაზე მტკივნეულად სწორედ სოციალური სფერო რეაგირებს საზოგადოებისა და სახელმწიფოებრივი მექნიზმის ამ მანკიერებაზე - ვგულისხმობ კორუფციას.

ამდენად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამისი მძლავრი და უფლებამოსილი კომისიის შექმნა. ცოტა დაგვიანდა ამ საკითხის გადაწყვეტა, ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა, მაგრამ კომისია აუცილებლად შეიქმნება, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება და სულ მალე დარწმუნდება ყველა, რომ პრეზიდენტის გაფრთხილება ლიტონი სიტყვები არ არის. დაგვიანების მიზეზს მაინც შევეხები - საქმე ის გახლავთ, რომ სამართლებრივად ასეთი კომისიის შექმნას (რათა კონსტიტუცია და კანონი არ დაირღვეს) შესაბამისი მოსამზადებელი საქმიანობა სჭირდება, თუმცა მაისში ეს სამუშაო, ალბათ, დასრულდება და კომისია საბოლოოდ ჩამოყალიბდება, რის შემდეგაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას პირადად პრეზიდენტი ჩაუდგება სათავეში. საქართველოში, ვფიქრობ, ცუდად არ იციან და ახსოვთ, რას ნიშნავს ეს. მაშინ მაინც ბევრი რამ გაკეთდა. ახლაც, ალბათ, ისე ვიმოქმედებთ, როგორც საჭირო იქნება. სხვათა შორის, ხშირად გაიგონებთ ხოლმე ასეთ ფრაზას - აბა, რა აკეთონ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, უშიშროების სამინისტრომ? ყველას ეყოფა საქმე, მათ შორის, იმ ანტიკორუფციულ კომისიასაც, რომელიც პარლამენტში საქმიანობს და რომელმაც, ყოველ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი გამოაფხიზლა.

- თუ შეიძლება შეაჯამეთ გასული ეკონომიკური კვირა, მნიშვნელოვანი მომენტი იყო კიდევ დერინერის კაშხალის მშენებლობასთან დაკავშირებული ამბები და პერიპეტიები, რომლებიც მასმედიის გასაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა...

- განვლილ კვირაში ძალიან პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა შეხვედრას ევროპის საბჭოს დელეგაციის მომხსენებლებთან - ბატონებთან ტერი დევიდსთან და ზლოტ ნემეტთან. ევროპის საბჭოს წევრად საქართველოს მიღებას, საზოგადოებრივ-პოლიტიკურთან ერთად, უაღრესად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით, ეს ორმხრივი ინტერესის საგანსაც წარმოადგენს, რაც უშუალოდ უწყობს ხელს ევროპასთან ჩვენს დაახლოებას. ამიტომ ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურაში ჩვენი მიღებისათვის შასასწავლ საკითხთა შორის ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ევროსაბჭოს ექსპერტთა აზრით, საქართველოში ყველაფერი კეთდება ამ მიმართულებითაც და ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება, მათი აზრით, უახლოეს ხანში დადებითად უნდა გადაწყდეს. ეს იმის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იქნება, რომ ევროპა მხარს უჭერს დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის ეკონომიკურ გარდაქმნებსაც.

ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაციას მინდა შევეხო და ამ პრივატიზაციის პროგრამით ჩვენი ქვეყნის ფინანსური მრჩევლის სტატუსი, ტენდერში გამარჯვების შედეგად, მოიპოვა კონსორციუმმა „მერილ ლინჩმა“. „მერილ ლინჩი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტრატეგიული კონსულტანტი და ფასიანი ქაღალდების განმკარგველია. სხვა მრავალი სფეროებიდან, რომლებშიც იგი აქტიურად და წარმატებით საქმიანობს, მას განსაკუთრებული გამოცდილება აქვს სათბობ-ენერგეტიკის დარგში. კონსორციუმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ აპრილის ბოლოსათვის წარმოდგენილი იქნება ჩვენი ენერგოკომპანიების ეტაპობრივი პრივატიზების სტრატეგიული გეგმა, რომელსაც მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ. ეს ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაციის ისეთი გეგმები იქნება, რომლებიც უთუოდ გულისხმობს სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას და ენერგეტიკულ სიმძლავრეთა ზრდას.

პრივატიზების პროცესი დაიწყება განმანაწილებელი ქსელების საწარმოებიდან. პრიორიტეტული მიდგომა დასჭირდება „თელასს“. გამოსავალი მხოლოდ ეს არის. მისი პრივატიზების მოსამზადებელი სამუშაოს პირველმა ეტაპმა გამოავლინა, რომ აუცილებლად გადასაწყვეტია მნიშვნელოვანი საკითხები, რის გარეშეც გაძნელდება სერიოზული ინვესტორის დაინტერესება. კერძოდ, „თელასი“ უნდა ჩამოყალიბდეს სააქციო საზოგადოებად და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისაგან უნდა მიიღოს ოფიციალური ლიცენზია, მოაგვაროს ვალების საკითხი, რა თქმა უნდა, მთავრობასთან ერთად და სხვა. განმანაწილებელი ქსელების პრივატიზება მთლიანად 8 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტით გათვალისწინებული დანარჩენი დრო კი დაეთმობა გენერაციის სფეროს ობიექტებს: ამ ღონისძიებებმა უნდა განაპირობოს ენერგეტიკაში სრული წესრიგის დამყარება. ეს გზა გაიარეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჩვენზე წინ არიან რეფორმების თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოების დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ფონ ოთერგრავენი.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკათან ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების სახით, საქართველოს სულ მიღებული აქვს 198 მილიონი მარკა. წლეულს, მაისში მოსალოდნელია გერმანიის მთავრობისაგან ახალი მნიშვნელოვანი დახმარების მიღებაც, კერძოდ, ლაპარაკია მეათე ბლოკის მშენებლობის დაჩქარებაზე. ამ ურთიერთობის რეალიზაციაში ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტის როლს ასრულებს გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებაც. იგი თანამშრომლობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და თავისი საქმიანობით წარმოადგენს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, კერძო სექტორის ხელშემწყობ საინვესტიციო-საკონსულტაციო ორგანიზაციას. საქართველოსთან ამ საზოგადოების თანამშრომლობა 1996 წლიდან გააქტიურდა და ჩვენ მთელ სკოლას გავდივართ ასეთ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.

მისასალმებელია საზოგადოების გადაწყვეტილება „თი-ბი-სი“ ბანკისათვის, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ყოველგვარი სამთავრობო გარანტიების გარეშე, 3 მილიონი გერმანული მარკის საკრედიტო ხაზის გახსნის თაობაზე, ეს საქართველოს, კერძო საფინანსო სექტორში ამ საზოგადოების მონაწილეობის პირველი ფაქტია და მისი მნიშვნელობა, ჩვენი საფინანსო სექტორის განვითარებასთან ერთად, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებითაც განისაზღვრება.

ახლა, რაც შეეეხება სხვა საკითხებს: კარდინალურად უნდა გაუმჯობესდეს განათლების, მეცნიერებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროების ღონისძიებათა დაფინანსების მდგომარეობა წელსაც და მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენისას. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებსა და რაიონებს წელს გადასაცემი ტრანსფერტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მიღებული აქვთ, ნელი ტემპით მიმდინარეობს მათი გადარიცხვა ზოგიერთ რეგიონსა და ქალაქში. სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ხაზით ხარჯების დაფინანსებას აძნელებს, ასევე ზოგიერთი ტერიტორიული ერთეულების მიხედვით სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის შეუსრულებლობა. ეს უკვე მათი ბრალია და პენსიონერებმაც და იმათაც, ვინც ხელფასს გვიან იღებს, უნდა მოსთხოვონ ამ ხელმძღვანელებს. ეს ეხება ჩოხატაურს, წყალტუბოს, ზესტაფონსაც ნაწილობრივ. ნინოწმინდასაც, მარნეულსაც და სხვა. ამიტომ ამ კვირაში საკითხის უფრო დეტალურ განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული და ადგილობრივი მართვის ორგანოების ხელმძღვანელებიც.

საკუთარი საგადასახადო შემოსავლის გადიდებისათვის ზრუნვას და მუშაობის გააქტიურებას გვავალდებულებს ჩვენს მიერ მიღებული და დამტკიცებული რეფორმების ახალი ეტაპის პროგრამა, რომელშიც უმთავრესი პრიორიტეტი სოციალური პროგრამების გადაწყვეტას მივაკუთვნეთ. ამიტომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა თავის უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა იზრუნოს საბიუჯეტო შემოსავლის ზრდაზე. უწინარესად, ეს, რასაკვირველია, ეხებათ ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო სამსახურებს. აქ მინდა რამდენიმე ციფრი დავასახელო: 1-17 აპრილამდე საგადასახადო ინსპექციის მიერ აკრეფილია 14 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო შემოსავალი. ეს თითქმის 11 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა თვის შესაბამის პერიოდში: წლის დამდეგიდან საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტში ჩარიცხა 85 მილიონ ლარზე მეტი, რაც 18,5 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს.

იგივე ითქმის საბაჟო დეპარტამენტზეც, რომელმაც აპრილის აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტში გადარიცხა თითქმის 10 მილიონი ლარი, ანუ მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2 მილიონით მეტი, ხოლო წლის დამდეგიდან მის მიერ აკრეფილია სულ 58 მილიონი ლარი, თითქმის ერთნახევარჯერ მეტი, ვიდრე შარშანდელ შესაბამის პერიოდში.

დღევანდელ ეტაპზე მნიშვნელოვანია შემოსავლის მაქსიმალურად სრულად მიღება ისეთი წყაროებიდან, როგორიც გახლავთ პრივატიზაციის პროცესი. ეს კი თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც ქონების მართვის სამინისტროს, ისე იმ სამინისტროებსა და უწყებებს, რომელთა დაქვემდებარებაშიც დღეს საპრივატიზაციო ობიექტებია.

ახლა, რაც შეეხება იმ კითხვას, რომელიც თქვენ დასვით: მდინარე ჭოროხზე დერინერის კაშხალის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებულ თათბირზე აღინიშნა, რომ თურქეთის მხარე გაგებით ეკიდება ჩვენს პოზიციას მშენებლობის შედეგად შავი ზღვის სანაპირო ზოლში შესაძლო ნეგატიური ეკოლოგიური პროცესების წარმოქმნის გამო და მზად არის ყოველმხრივ გამოიკვლიოს პრობლემა. ამდენად, აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკება და კონსულტაციები ორივე მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მოსამზადებლად, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობის პირობებში მიმდინარეობს. ამ თემაზე კონსულტაციები კვლავაც უნდა გაგრძელდეს. თქვენ იცით, რომ პირველი ტური გაიმართა ანკარაში. იქ იყვნენ ქალბატონი ჩხობაძე, ბატონი ჩხენკელი და სხვა სპეციალისტები. მეორე ტური უნდა გაიმართოს ბათუმში ამ დღეებში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ აჭარის ხელმძღვანელობა მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიის მუშაობაში. ჩვენ შეგვიძლია იმ მდგომარეობის გამოყენებით, რომ მართლაცდა უნიკალურია ჩვენი მეზობლური ურთიერთობა თურქეთთან, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არც საქართველოს დააზიანებს და თურქეთისთვისაც, ასე ვთქვათ, ხელსაყრელი იქნება. ერთი რამ მინდა განვუმარტო იმათ, ვინც რაღაც განსაკუთრებული ფორმით გამოხატავს პროტესტს ამ მოვლენასთან დაკავშირებით. არსებობს რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია, რომლებიც ზღუდავს ამა თუ იმ ქვეყნის ჰიდრორესურსების შესაძლებლობის გამოყენებას მაშინ, როცა ესა თუ ის პროექტი ლახავს სხვა ქვეყნის ინტერესებს. თურქეთი არც ერთ კონვენციასთან არ არის შეერთებული. ამრიგად, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი რესურსი, რესურსი იმისა, რომ მოვილაპარაკოთ, გახლავთ ამ ქვეყანასთან ჩვენი კეთილმეზობლური და მართლაც უნიკალური ურთიერთობა. ჩემი აზრით, ამას მივაღწევთ. სხვა მხრივ, რაღაც ულტიმატუმები და სხვა არავითარ შედეგს არ მოგვიტანს, რადგან თურქეთს შეუძლია ჩვენ არ გვკითხოს და ისე ააშენოს ის კაშხალი და კაშხალების მთელი კასკადი.

- გასულ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ვგულისხმობ ცნობილი ამერიკელი სენატორის სემ ბრაუნბეკის სტუმრობას საქართველოში. ეს არ არის შემთხვევითი სტუმრობა და მისი შემთხვევითი ვიზიტი. ჩვენ გვახსოვს სენატორის გამოსვლები. განსაკუთრებით 9 თებერვლის ტერორისტული აქტის შემდეგ, სადაც, თითქოს, შიგნიდან დანახული იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები, იმდენად პროფესიულ დონეზე გახლდათ ეს ყველაფერი გაკეთებული...

- სემ ბრაუნბეკი ძალიან საპატიო სტუმარია და მე ასე ვიტყოდი: ახლად შეძენილი დიდი მეგობარია და იგი მაკვირვებს კიდეც იმ პრობლემების ღრმა ცოდნით, საქართველოსათვის რომ არის დამახასიათებელი, და არა მარტო საქართველოსათვის, არამედ, აგრეთვე ცენტრალური აზიისათვის, სამხრეთ კავკასიისათვის და ასე შემდეგ. საინტერესოა მისი გამოთქმა, რომ მან ევრაზიის დერეფანს თავისუფლების დერეფანი უწოდა. ესე იგი, მას მიაჩნია, რომ, თუ ეს დერეფანი ამუშავდება, რა თქმა უნდა, მხედველობაშია ნავთობსადენები, გაზსადენები და სხვა, ეს ამ ქვეყნების თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გარკვეული გარანტიებია.

სემ ბრაუნბეკი გახლავთ ავტორი კანონპროექტისა „დიდი აბრეშუმის გზის“ მხარდაჭერის შესახებ. ეს კანონპროექტი მან შეიტანა სენატში განსახილველად. ზოგადად, ბატონი ბრაუნბეკი ამ იდეის (ევრაზიის დერეფნის, ევრაზიის ხიდის) ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული და ერთგული პროპაგანდისტია. ჩვენ ხანგრძლივი საუბრები გვქონია, კვლავაც გვექნება და ვიმედოვნებთ, რომ სემ ბრაუნბეკი, ისევე როგორც სხვა ამერიკელი სენატორები მხარს დაუჭერს სიტყვის, იდეის საქმედ გადაქცევას, ანუ ევრაზიის დერეფნის პროექტის განხორციელებას.

ეს იდეა მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსათვის, კავკასიისათვის, ან ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის, ჩინეთისათვის, იაპონიისათვის, ევროპის სახელმწიფოებისათვის, ბალკანეთის სახელმწიფოებისათვის, კერძოდ, უკრაინისათვის, არამედ მას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკისათვისაც. ამერიკის შეერთებული შტატები (ამაში გასაკვირი არაფერია) ევრაზიული სახელმწიფოა იმ აზრით, რომ უამრავ მძლავრ ამერიკულ კომპანიას, კონცერნს, ფირმას სწორედ ევრაზიაში აქვს დაბანდებული უდიდესი კაპიტალი. ეს ათობით მილიარდი დოლარია.

ევრაზიის დერეფნის პროექტის განხორციელება დიდ სარგებლობას მოუტანს იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით წინა პლანზე არ არიან. მაგალითად, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მოძმე სომხეთისათვის, ხოლო აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების შემდეგ უზარმაზარი ტვირთნაკადი დაიძვრება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ საქართველოს ტერიტორიის გავლით. მათ შორის, რკინიგზით, რაც შესაძლებელი გახდება საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებისთანავე - ეს კი სულაც არ არის შორეული მომავლის საქმე.

ამდენად „ევრაზიის ხიდი“ კეთილისმყოფელი იქნება რუსეთისთვისაც, რომლის ეკონომიკას ახალი მაგისტრალები და არხები სჭირდება. ახლებურ დატვირთვას შეიძენს ჩვენი ქვეყნის სხვა მაგისტრალებიც, მაგალითად, ისტორიული საქართველოს სამხედრო გზა, აგრეთვე, როკის უღელტეხილი - ეგრეთ წოდებული ტრანსკავკასიური მაგისტრალი, - ეს კი ცხინვალის რეგიონის ეკონომიკურ აღორძინებაშიც დაგვეხმარება ორი მოძმე ხალხის საკეთილდღეოდ.

ამდენად, ევრაზიის დერეფანი არა მხოლოდ ეკონომიკური პროექტია. საბოლოოდ იგი ჩვენი სამშობლოს გაერთიანებასა და გაძლიერებასაც ემსახურება.

- გასულ კვირას საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაკეთდა პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით, იქამდე კი, ვთქვათ, რომ ბოიკოტის გამოცხადებაც მოითხოვეს...

- მე, ალბათ, ვალდებული ვარ, ვუპასუხო ამ კითხვას და უყურადღებოდ არ დავტოვო ზოგიერთი მოვლენა, პარლამენტში რომ იჩინა თავი.

მე მთავრობის სხდომაზეც ვთქვი და კვლავ უნდა გავიმეორო, რომ საქართველოს პარლამენტი (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) დღეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტაბილურობისა და დემოკრატიულ რეფორმათა შეუქცევადობის ერთ-ერთი გარანტია. ასეა იგი დღეს მსოფლიოში აღიარებული. იგი უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტია, რომლის დისკრედიტაცია და პარალიზება, არა მგონია, ქვეყნის სასიკეთო საქმე იყოს. საკანონმდებლო ორგანომ განვლილი ორწლინახევრის მანძილზე სამასზე მეტი აქტი მიიღო. მსოფლიოში არ არსებობს რომელიმე ქვეყანა, რომელსაც ასეთი მოცულობის სამუშაო შეესრულებინოს. მათ შორის არის ისეთი ფუნდამენტური აქტები, როგორიცაა სამოქალაქო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, საგადასახადო კოდექსი და სხვა მრავალი. სამუშაო და გასაკეთებელი კვალავაც ბევრია და არ უნდა მოვცდეთ, იმდენი რამ გვაქვს გასაკეთებელი.

წინააღმდეგობა, დისკუსია, თუნდაც ცხარე კამათი და დებატები პარლამენტში ჩვეულებრივი მოვლენაა. შეიძლება ითქვას, აზრთა დაუპირისპირებლად დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ვერც შეძლებს ნორმალურად მუშაობას, მაგრამ ყველას უნდა ეყოს გონიერება და წინდახედულობა, რომ საერთოდ, პარლამენტის ავტორიტეტი დაუფიქრებელი დემარშებით არ შელახოს.

ძალზე მნიშვნელოვანია პარლამენტის წვლილი საქართველოს ახალი, დადებითი და ნათელი საერთაშორისო ხატის, საერთაშორისო იმიჯის შექმნაშიც. ამას ყველანი თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, თორემ კეთილგანწყობის აღდგენა შემდეგ უფრო ძნელი იქნება.

ისიც უნდა ვთქვა ყველას საყურადღებოდ, რომ საპარლამენტო კულტურა, რომელიც დიახაც გულისხმობს დისკუსიას, იმავდროულად გამორიცხავს ულტიმატუმებს, დიქტატს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს დიქტატი, - იქნება ეს უმრავლესობა თუ უმცირესობა.

ხანდახან გაიგონებთ, გაიმართოს ვადამდელი არჩევნებიო. ამის თაობაზე მე ასე ვიტყოდი: არა მგონია, ამ არჩევნებმა იმათ წისქვილზე დაასხას წყალი, ვინც მის გამართვას მოითხოვს. ეს თუ მოქალაქეთა კავშირის საზიანოდ მიაჩნიათ, მე პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი შანსი აქვს არჩევნებში წარმატებისა ამ ორგანიზაციას. ამაში მე დარწმუნებული ვარ, ვიცნობ ძალიან კარგად ამ ორგანიზაციის შესაძლებლობებს. მის მხარდამჭერთა რიცხვი სულაც არ შემცირებულა. უფრო პირიქით მოხდა. ისიც საკითხავია, თუ რა იწვევს ეგზომ, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო ნევროზულობას ამ არჩევნებთან დაკავშირებით? - ის ხომ არა, რომ სწორედ თავად არ არიან დარწმუნებული წარმატებაში, ან არ სჯერათ, თუ შეძლებენ პოზიციათა შენარჩუნებას? რიგგარეშე არჩევნებით „მოქალქეთა კავშირს“ ვერავინ შეაშინებს. თუმცა, არსებობს კონსტიტუცია, საარჩევნო კანონი, რომელიც (ხაზს ვუსვამ) ამ კონსტიტუციის ბაზაზეა შემუშავებული. განსაზღვრულია არჩევნების ვადა და თუ გვინდა ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა გვერქვას, ეს ვადები უნდა დავიცვათ. საბოლოო სიტყვას კი ამომრჩევლები იტყვიან - მაშინ გამოჩნდება, ვინ რა ილუზიის ტყვეობაში იმყოფებოდა.

ზემოთ თქმული სულაც არ ნიშნავს, თითქოს ოპონენტებს არ ჰქონდეთ ნებისმიერი საკითხის დასმის უფლება. კი, ბატონო, ვიმსჯელოთ. მე იმასაც ვიტყოდი, რომ იქნებ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ცალკეული ფრაქციები აყენებენ, შეიქმნას რაღაც შემთანხმებელი, ძალიან ავტორიტეტული კომისია, რომელიც ხელს მოჰკიდებს ამ პრობლემათა შესწავლას, და შეიძლება ეს ამ მდგომარეობიდან გამოსავალიც იყოს. მჯერა, რომ ყველა ფრაქციას, ყველა პარტიას ეყოფა წინდახედულობა, ეყოფა სიბრძნე და ქვეყანას არასტაბილურობისაკენ არ უბიძგებენ.

საქინფორმი.

„საქართველოს პარლამენტი დღეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტაბილურობისა და დემოკრატიულ რეფორმათა შეუქცევადობის ერთ-ერთი გარანტია“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 20 აპრილის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 22 აპრილი. - №94 (2794). - 1,2 გვ.

46 ქალთა ღვაწლი დაუფასებელია

▲ზევით დაბრუნება


როგორც ვიუწყებოდით, 24 აპრილს თბილისში გაიმართა პირველი ეროვნული კონფერენცია „ქალი და საზოგადოება“.

კონფერენცია გახსნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ქალთა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ რუსუდან ბერიძემ.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაზა შენგელიამ შეკრებილთ გააცნო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმება კონფერენციის მონაწილეებისადმი. მისალმებაში ნათქვამია:

„ძვირფასო ქალბატონებო

ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი და საპატიოა, მივესალმო ქალთა ორგანიზაციებს, საქართველოში ახლადფეხადგმულ ქალთა მოძრაობას და ყველა მანდილოსანს, რომელთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე უფრო აქტიურ გამოჩენას ქვეყნისათვის მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია.

საქართველო ყოველთვის ამაყობდა ქალისადმი თაყვანისცემის მდიდარი ტრადიციებით. ქართველი ქალები მუდამ თავს სწირავდნენ სარწმუნოებასა და სამშობლო ქვეყნის სიდიადეს. მათ განსაკუთრებული როლი შეასრულეს საქართველოს გადასარჩენად. ქალთა ცხოვრება საუკუნეების მანძილზე მაგალითი იყო ყველა ჩვენგანისათვის.

დღეს ახალი მნიშვნელობა ენიჭება ქალთა მოძრაობას და საერთოდ, ყველა იმ პრობლემას, რომლებიც ქალს უკავშირდება. გენდერული პოლიტიკა სქესთა შორის თანასწორუფლებიანობას გულისხმობს და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენში სწორედ დღეს გახდა აქტუალური. ტოტალიტარიზმის ნგრევასა და დემოკრატიულ გარდაქმნებს ყველგან, მთელ მსოფლიოში ქალთა მოძრაობები თან ახლავს, რომელთა ღვაწლიც ფასდაუდებელია ახალი აზროვნების, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისა და და მთელი ჩვენი პლანეტის ახალი არქიტექტურის საქმეში.

წარმოუდგენელია დემოკრატიული სახელმწიფო, თუკი იქ ადამიანის დისკრიმინაციის რაიმე ფორმა, მათ შორის სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია იარსებებს.

საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა უკვე აირჩია და ამ პროცესს უკან ვერავინ შეაბრუნებს. ასეთი იყო ჩვენი არჩევანი.

მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა სხვა, მრავალ სირთულესთან ერთად გენდერულ პრობლემებსაც თავს გაართმევს. ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისათვის მინდა მადლობა მოვახსენო გაეროს განვითარების პროგრამას და მის პროექტს „ქალები განვითარების პროცესში“, მთლიანად ქალთა მოძრაობას. მინდა წარმატება და წინსვლა ვუსურვო მათ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში“.

[...]

ნინო გაბრიაძე,
რიტა დოლიძე.

ქალთა ღვაწლი დაუფასებელია // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 26 აპრილი. - №98 (2798). - 2 გვ.

47 დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუ როგორ ძალუძს თანამშრომლობას რეალურად შეამციროს გარემოზე ტექნოგენური გავლენის ზიანი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმება დერინერის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გახსნის ცერემონიაზე 1998 წლის 26 აპრილს

ბატონებო,

მადლობელი ვარ ჩემი მეგობრის პრეზიდენტ დემირელისა, რომელმაც მომიწვია და საშუალება მოგვცა მე და ჩემი დელეგაციის წევრებს თქვენთან ერთად ვიზეიმოთ ეს დღე. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობარს პრეზიდენტს ალიევს. მისი აქ ყოფნა სიხარულს მატებს დღევანდელ ზეიმს და ხაზს უსვამს ამ მოვლენის მნიშვნელობას.

მივესალმები დერინერის ჰიდროელექტროსადგურის დამპროექტებლებსა და ინჟინრებს, მუშებს, ეკოლოგებს, ყველას, ვინც თავისი შრომითა და ცოდნით სახე უნდა უცვალოს ჭოროხის ხეობას და მოძმე თურქი ხალხის სამსახურში ჩააყენოს მისი ბუნებრივი სიმდიდრეები.

დერინერის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმების ტესტის გამოქვეყნების დროს დაშვებულია უზუსტობა. ტექსტის პირველი და მეორე აბზაცი უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:

[მადლობელი ვარ, ჩემი დიდი მეგობრის პრეზიდენტ დემირელისა, რომელმაც მომიწვია და საშუალება მოგვცა მე და ჩემი დელეგაციის წევრებს თქვენთან ერთად ვიზეიმოთ ეს დღე. ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით, რომლის შემადგენლობაშიც არის თქვენი უახლოესი მეზობელი, აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე, ყველა ჩვენგანის სახელით მხურვალედ მოგესალმებით. გულწრფელად მივესალმები ჩემს მეგობარს ჰეიდარ ალიევს და მადლობელი ვარ მის გამოსვლაში თბილი სიტყვებისათვის, საქართველოს ერთგულებისათვის, მივესალმები პრემიერ-მინისტრს ბატონ ილმაზს, ყველა თქვენგანს.

მივესალმები დერინერის ჰიდროელექტროსადგურის დამპროექტებლებსა და ინჟინრებს, მუშებს, ეკოლოგებს, ყველას, ვინც თავისი შრომითა და ცოდნით სახე უნდა უცვალოს ჭოროხის ხეობას და მოძმე თურქი ხალხის სამსახურში ჩააყენოს მისი ბუნებრივი სიმდიდრეები.]

ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა არასდროს ყოფილა მარტივი, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებამ და კაცობრიობის მზარდმა მოთხოვნილებებმა ეს ურთიერთობანი კიდევ უფრო გაართულა და დაძაბა. ამიტომაც, შემთხვევითი როდია, რომ სწორედ ჩვენი საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიშვა ეკოლოგიური ცნობიერება. ადამიანმა გაიაზრა, რომ პლანეტა სასრულოა და მისი სიმდიდრეების ფლანგვამ კაცობრიობა შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს. მეორე მხრივ, იმისათვის, რომ ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს, მან არ შეიძლება არ ისარგებლოს პლანეტის რესურსებით, რადგან, კაცთა მოდგმის არსებობის ერთადერთი წყარო თავად დედაბუნებაა. ეს განსაკუთრებით ეხება ენერგიის მოპოვებას, ურომლისოდაც არათუ კაცობრიობის წინსვლა, არამედ დღეს, უბრალოდ, მისი ფიზიკური არსებობაც კი წარმოუდგენელია. პირველქმნილი სახით ბუნებრივი სიმდიდრეების შენარჩუნება მხოლოდ კარგად დაცულ ნაკრძალში თუა შესაძლებელი. სხვაგან ტექნოგენური ფაქტორების ზეგავლენა გარდუვალია. ამგვარი ზეგავლენა ერთგვაროვნად არასდროს აღიქმება, რადგან არც ერთ მოკვდავს არ ძალუძს გააუმჯობესოს უზენაესის ქმნილება. და მაინც, შეიძლება ბუნებაზე მავნე ტექნოგენური ზეგავლენა მინიმუმამდე შევამციროთ. ამის საშუალებას იძლევა თანამშრომლობა. განსაკუთრებით, თუ ლაპარაკია თანამშრომლობაზე ორ კეთილ მეზობელსა და ორ მოძმე ხალხს შორის. ვიცი, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მრავალი წლის წინათ დაიგეგმა. მაგრამ, მაშინ ის მხოლოდ არსებული, ხელოვნურად შექმნილი კონფრონტაციის კიდევ უფრო გამწვავებას თუ შეუწყობდა ხელს და გაუთავებელი დავის საგნად იქცეოდა. ჩვენ ხომ ბარიერის სხვადასხვა მხარეს ვიდექით. დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუ როგორ ძალუძს თანამშრომლობას რეალურად შეამციროს გარემოზე ტექნოგენური გავლენის ზიანი. დარწმუნებული ვარ, დერინერის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობა გადაიქცევა სახელმწიფოებს შორის ურთიერთპატივისცემისა და პასუხისმგებლობის გაზიარების, ეკოლოგიური უსაფრთხოების დარგში ერთობლივი ძალისხმევის მაგალითად, რაც სრულად უპასუხებს რიო-დე-ჟანეიროს ეკოლოგიური სამიტის სულისკვეთებას.

და, მეორეც, ჩვენი დამოუკიდებელი თანაცხოვრების რამდენიმე წლის მანძილზე უკვე მერამდენედ შეგვიძლია დავარწმუნოთ ყველა, რომ გულახდილი და ძმური ურთიერთობა აქარწყლებს ყოველგვარ ეჭვს. მეგობრებთან რა გვაქვს დასამალი და ვიტყვი, რომ ჩვენი საზოგადოებრიობის გარკვეული ნაწილი ერთგვარი სიფრთხილით მოეკიდა კაშხლის მშენებლობას. ამაში გასაკვირი არაფერია - ჩვენ მოგვყვება სიფრთხილე იმ დროიდან, როცა ადამიანთა ვიწრო ჯგუფს შეეძლო დახურულ კარს მიღმა დაეგეგმა გრანდიოზული პროექტები და ამას, ზოგჯერ, უმოწყალოდ ეწირებოდა ქალაქებისა და სოფლების, ბუნებრივი და ისტორიული სიმდიდრეების ბედი.

მაგრამ, დღეს ის დღეა, როდესაც წაგებული არავინ არ უნდა დარჩეს. ვიცი, რომ მოძმე თურქეთის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს სწორედ ასე მოხდეს და ამ მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს ქართველ სპეციალისტებთან.

ჩვენ მივესალმებით ჩვენი დიდი მეზობლისა და საიმედო მეგობრის - თურქეთის კიდევ ერთ წარმატებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მის ენერგეტიკულ უზრუნველყოფას და მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი წარმატებაცაა, ვინაიდან, უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობანი გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ - ის, რაც კარგია თურქეთისათვის, კარგია საქართველოსთვისაც და პირიქით.

დერინერის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის განამტკიცებს, როგორც კასპიის ენერგოშემცველების დასავლეთის მარშრუტის, ასევე ევრაზიის დერეფნის ჩრდილოეთ - სამხრეთის მიმართულების ინფრასტრუქტურას და საგრძნობლად წასწევს წინ რეგიონის სახელმწიფოთა საერთო გეგმებს. ეს მიმართულება კი სულ უფრო აქტუალური ხდება და იმედი მაქვს, რომ შორს აღარ არის ის დღე, როცა ჩვენი ყველა მეზობელი აქტიურად ჩაერთვება ტრანსკავკასიური დერეფნის - ტრანსკავკასიური დიდი მილსადენის ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობაში, თავის განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს მისი მოქმედების არეალის გაფართოებაში და სრულად ისარგებლებს მისი სიკეთით.

რეგიონის სამი სახელმწიფოს პრეზიდენტების ერთად ყოფნა აქ იმას მოწმობს, რომ სულ უფრო ყალიბდება რეგიონული სოლიდარობის პრინციპი. დღეს თითოეული ჩვენგანი თანაბარ პასუხისმგებლობას გრძნობს ჩვენს საერთო სახლში მიმდინარე ყველა მოვლენაზე. მიგვაჩნია, რომ რეგიონული, ან თუნდაც, სუბრეგიონული თანამშრომლობისა და სოლიდარობის შეგრძნების გარეშე ამაო იქნება ჩვენი დიდი და ძლიერი მეგობრების ცდა - ხელი შეუწყონ შავი და კასპიის ზღვების აუზებში სამართლიანი მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებას, ეკონომიკურ აყვავებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ გამოვთქვა მადლიერება თურქეთის ინიციატივს გამო, რომელმაც ამას წინათ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუყარა თავი და ამით მძლავრი ბიძგი მისცა რეგიონული თანამშრომლობის პრინციპების განმტკიცებას ევრაზიის დერეფნის ამ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში.

ვისურვებდი, რომ ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივი პასუხისმგებლობის ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს და რომელმაც არაერთი სიკეთე მოუტანა ჩვენს ხალხებს, ყველასათვის მისაბაძ ნიმუშად იქცეს.

გმადლობთ.

დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუ როგორ ძალუძს თანამშრომლობას რეალურად შეამციროს გარემოზე ტექნოგენური გავლენის ზიანი : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმება დერინერის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გახსნის ცერემონიაზე 1998 წლის 26 აპრილს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 28 აპრილი. - №99 (2799). - 1,3 გვ.

48 „ხელისუფლებამ ურყევად გამოხატა თავისი პოლიტიკური ნება ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ეს ბრძოლა კატეგორიული და უკომპრომისო იქნება“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
27 აპრილის რადიოინტერვიუ

- დღევანდელ ინტერვიუს ეკონომიკის თემით დავიწყებთ. გასულ კვირაში გაიმართა მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელზეც შეჯამდა სამიტის შედეგები. სხვათა შორის, ზოგიერთ სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული. მინდა გამოვყო ერთი მომენტი: ერთხელ კიდევ ვისაუბროთ ჩვენი და არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ მძიმე მოვლენაზე, როგორიც არის კორუფცია. თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ბიზნესს ეწევიან, ბოლოს და ბოლოს, უნდა გააკეთონ არჩევანი ამ ორი სფეროდან - ან ხელისუფლება, ან ბიზნესი. როგორ გგონიათ, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფო, რომელსაც მისგან დამოუკიდებელი სხვა პოლიტიკური სირთულეებიც აქვს, შეძლებს ამის დაძლევას? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევადნაძემ თავის ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ბოდიშს ვიხდი, რომ დღეს დავაგვიანე თქვენთან შეხვედრა გასაგები მიზეზების გამო - გვიან ჩამოვფრინდი უცხოეთიდან.

ეხლა დაწვრილებით უნდა ვილაპარაკო თქვენს კითხვასთან დაკავშირებით.

მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელზეც მიმდინარე წლის პირველი სამი თვის შედეგები შევაჯამეთ, საკმაოდ ფართოდ გააშუქა საქართველოს მასმედიამ. თანაც, არა მარტო ოფიციოზმა, არამედ დამოუკიდებელმა პრესამ და ტელევიზიამაც. ეს ძალიან მახარებს, ძალიან დადებით მოვლენად და იმის დასტურად მიმაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდა ჟურნალისტიკა თანდათან ფეხზე დგება და სერიოზულ თემებს ეძებს და პოულობს.

ახლა, რაც შეეხება პირველი კვარტალის შედეგებს. ეს მონაცემები ღირსია იმისა, რომ გავიმეორო, წლის პირველ სამ თვეში (ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ყველამ მიაქციოს ყურადღება) შენარჩუნებულია წინსვლის ტენდენცია და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შარშანდელ სამ თვესთან შედარებით 11,2 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის დონე პირველ კვარტალში (ე.ი. სამი თვის შედეგებით) მხოლოდ 1,4 პროცენტია, პრაქტიკულად, სტაბილურია ლარის კურსი, 5 პროცენტით გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი და მან 2 მილიონ 300 ათასს მიაღწია. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა. სტატისტიკოსთა გაანგარიშებით, ვიმეორებ, მათი გაანგარიშებით, და ეს გაანგარიშება აღებულია თითოეული რაიონიდან, თითოეული სოფლიდან, თითოეული საწარმოდან, 1995 წლიდან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. თვითდასაქმებულთა ჩათვლით (ამას მე ხაზს ვუსვამ) 650-700 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ხალხს სამუშაო მიეცა, თუმცა, სამწუხაროდ, ანაზღაურება ძალიან დაბალია. რა თქმა უნდა, ეს ძალზე მტკივნეული პროცესია. იცვლება დასაქმებულთა სოციალური სტრუქტურა - ყველა ვეღარ შრომობს იმ სპეციალობით, რომელიც ძველ ეპოქაში ჰქონდა. მაგრამ ამას ვერ გავექცევით, - ეს გარდაუვალი პროცესია: დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკას სხვა სოციალური სტრუქტურა ექნება მომავალში. ბუნებრივია, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, გაიზრდება მრეწველობაში მომუშავეთა რიცხვი და მომუშავეთა ხელფასებიც გაცილებით მაღალი იქნება. მთავარია, ადამიანმა შეძლოს სპეციალობის შეცვლა ამ სტრუქტურის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შესაბამისად და უმუშევარი არ დარჩეს. სხვათა შორის, მე უმუშევრობის პრობლემაზეც, იმაზეც ვილაპარაკე, თუ როგორ უნდა აღვრიცხოთ და როგორ უნდა ავუნაზღაუროთ გასამრჯელო იმათ, ვისაც მუშაობა უნდა.

პირველ კვარტალში საგრძნობი ზრდით ხასიათდება ეკონომიკის ყველა სექტორი და დარგი, გარკვეული ჩამორჩენა იყო მრეწველობაში, თუმცა მარტში აქაც შეიმჩნევა გარკვეული ზრდა, რაც აპრილის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა. სამრეწველო პროდუქციის მოცულობის ზრდაში გარდატეხა უნდა შეიტანოს ისეთი გიგანტის ამოქმედებამ, როგორიც არის სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“. აინთო ღუმელი, გამოჩნდნენ ინვესტორები, ახლა ვერ გეტყვით, თუ რა დონეზეა ინვესტორების პროცესი, მაგრამ, როგორც ვიცი, თანხების მოძიება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. ასევე შეიძლება ითქვას ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და სხვა მრავალზე.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბიუჯეტის გასავლის დაცული მუხლების დაფინანსების გაუმჯობესებისათვის გარკვეული ღონისძიებანი განხორციელდა. გაიცა მარტისა და აპრილის პირველი ნახევრის ხელფასები, მიმდინარეობს ტრანსფერებისა და პენსიების მიხედვით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა. სამწუხაროდ, ამას ხანგრძლივი ისტორია აქვს. მაგრამ მდგომარეობა მაინც კრიტიკული და საგანგაშოა. შექმნილ სიტუაციას მკაცრი შეფასება მიეცა მთავრობის 22 აპრილის სხდომაზე, რამაც უნდა დაარწმუნოს ხელისუფლების ყველა დონის წარმომადგენლები, რომ პრეზიდენტი ამ საკითხში იქნება - მე არ მეუხერხულება ამ სიტყვის ხმარება - უმოწყალო. არავითარი გამართლება არა აქვს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში, რომელსაც რეფორმატორული იმიჯი დაუმკვიდრდა, თვეების განმავლობაში ფერხდება პედაგოგთა, პენსიონერთა და სხვათა ხელფასების, პენსიებისა და დახმარების გაცემა. შესაბამის ორგანოებს დაევალათ მაქსიმუმ ორი თვის ვადაში გადაწყვიტონ წარმოქმნილი პრობლემები. ხელისუფლება არ გადაუხვევს მოსახლეობის შემოსავლის თანმიმდევრული მატების დასახულ კურსს. მაგრამ, თუ ეს პროცესი უზრუნველყოფილი არ იქნება შესაბამისი შემოსავლის უპირატესი ზრდის ტემპით, ამ სფეროში არსებული სიძნელეები კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს კი ყოვლად შეუწყნარებელია. ამიტომ ბიუჯეტის დაგეგმილი შემოსავლის მისაღებად ხელისუფლების ცენტრალურ რგოლთან ერთად საჭიროა გაძლიერდეს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების როლიც. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირების პარალელურად მათი პასუხისმგებლობა თანდათანობით გაიზრდება.

პირველ კვარტალში გაიზარდა ბიუჯეტის შემოსავალი, მაგრამ მიღწეული, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში. მეორე კვარტალში საჭიროა განხორციელდეს მთელი რიგი ღონისძიებანი, რადგან ბიუჯეტში ჩასარიცხია 185 მილიონი ლარი ანუ პირველი კვარტლის ფაქტობრივ დონეზე 1,6-ჯერ მეტი.

საგადასახადო ინსპექციის მიერ 24 აპრილისათვის წლის დამდეგიდან აკრეფილია 89 მილიონი ლარი, რაც 28 პროცენტით აღემატება შარშანდელ შესაბამის დონეს. საბაჟო სისტემამ კი ამავე პერიოდში აკრიფა 14,5 მილიონი ლარი, ანუ წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტი. მაგრამ როგორც ითქვა, შემოსავლის მობილიზაციის ტემპი ორივე სამსახურმა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს და ამავე დროს მეტად უნდა ვიფიქროთ ისეთ არასაბიუჯეტო შემოსავალზე, როგორიც არის შემოსავალი პრივატიზაციიდან, და ეს არცთუ ისე ცოტა იქნება.

ხელისუფლებამ ურყევად გამოხატა თავისი პოლიტიკური ნება ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ბრძოლა კატეგორიული და უკომპრომისო იქნება. თქვენ მოგეხსენებათ, მე მივესალმე ბატონ ლადო პაპავას იმ ანალიზს, რომელიც მან წარმოუდგინა მთავრობის სხდომის მონაწილეებს, მაგრამ ანალიზი - ანალიზად და საქმე - საქმედ.

ხელისუფლებამ ურყევად გამოხატა, როგორც გითხარით, თავისი ნება, როგორ უნდა ვებრძოლოთ თანმიმდევრულად და შეუპოვრად ამ ავადმყოფობას.

ამ მხრივ, უდავოდ, მისასალმებელია ზოგიერთი აქ გამოთქმული მოსაზრება. სხვათა შორის, ბევრი ამბობდა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ასეთი ანალიზი ამ სფეროში ჩახედვის, კორუფციის სოციალურ-ეკონომიკური საფუძველების განზოგადების პირველი ცდაა ჩვენს ქვეყანაში ამ მანკიერი მოვლენის განვითარების მიზეზებისა და პირობების შესასწავლად. მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებათა კომპლექსის ჩამოსაყალიბებლად შესრულებულია მეტად საინტერესო და სერიოზული სამუშაო, რომელიც შემდგომ გაგრძელებასა და დახვეწას მოითხოვს. ძალაში რჩება ჩემი ის მოთხოვნა და შეპირება, რომელზეც იყო საუბარი, - შეიქმნება პრეზიდენტთან არსებული სპეციალური ანტიკორუფციული კომიტეტი ან კომისია (როგორც პარლამენტი გადაწყვეტს და დაგვიჭერს მხარს), რომელსაც ძალიან დიდი უფლებები ექნება. ჩემი აზრით, ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მძლავრი ბერკეტი იქნება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, კერძოდ, საგადასახადო სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას. იმედია, პარლამენტი დააჩქარებს შესაბამისი კანონების მიღებას. მოსაწესრიგებელია სამეურნეო სუბიექტებს შორის ანგარიშსწორებისა და ფულის მიმოქცევის სფეროში არსებული მდგომარეობა. ასევე გადაუდებელი ამოცანაა აღრიცხვის მოწესრიგება და კონტროლის დონისა და ხარისხის ამაღლება.

თქვენ, ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე საკმაოდ მძიმე საუბარი იყო საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით და თქვენ ეს თემაც ახსენეთ: ძალიან საინტერესოა, რამდენად შეთავსებადია, რამდენად ხერხდება სახელმწიფო მოხელის მდგომარეობისა და მისი, როგორც ბიზნესმენის, მოვალეობის შეთავსება. ეს შეუთავსებელია. ჩვენ გვირჩევნია ხელფასები მოვუმატოთ სახელმწიფო მოხელეებს, ისინი ხელფასებით იყვნენ გარანტირებული, ვიდრე ის, რომ ზოგიერთი მათგანი რაღაც მეთვალყურეთა საბჭოს წევრი იყოს და ამ ფორმით მოგებისა თუ სხვა შემოსავლის გარკვეულ წილში მონაწილეობდეს, ანდა, საერთოდ, ამა თუ იმ საქმიანობის, ამა თუ იმ სფეროში, სამეურნეო საქმიანობის წილში იყოს. თუ ბიზნესმენობა გინდა, წაბრძანდი და იმუშავე, თავისთავად ეს ძალიან საინტერესო სფეროა, მაგრამ მოხელეობასთან შეთავსება - ეს შეუძლებელია.

ძალიან საინტერესო იყო მეჩაიეობის რეაბილიტაციის საკითხებისადმი მიძღვნილ სპეციალურ თათბირზე განხილული საკითხები. და მე ვთქვი, რომ ეს არის სტრატეგიული დარგი საქართველოს აღორძინების პროცესში.

მაგრამ პრეზიდენტის ფონდიდან ახლად შექმნილი სააქციო საზოგადოებისათვის გაიცა მილიონი ლარი (ეს ცოტაა. შედარებით არაფერი არ არის, მაგრამ მაინც დაიწყო), წელს კი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტმა 3 მილიონი ლარი გამოიყო სახელმწიფო სუფსიდიის სახით. დარგში თანდათან იკვეთება აღმავლობის ტენდენცია - შარშან საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდა 15 ათასი ტონა ქართული ჩაი, წელს ექსპლუატაციისათვის აღდგება 22 ათას ჰექტარზე მეტი ჩაის პლანტაცია. მე გუშინაც, გუშინწინაც აჭარაში მითხრეს ცალკეულმა რწმუნებულებმა, გამგებლებმა, მეჩაიეობის რაიონებს ვეღარ იცნობთო. ყველა პლანტაციაშია გასული, ყველა მუშაობს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სიტყვა არ გავტეხოთ და გამოყოფილი 3 მილიონი მოსახლეობამ მიიღოს. ძალიან ბევრ მეჩაიეობის რაიონს გაუჭირდა, გაუჭირდა გურიას, სხვათა შორის აჭარასაც, ნავსადგურის შემოსავალი იმდენი არ არის, რომ ბათუმსაც ეყოს და ყველა რაიონსაც. მთავრობის სხდომაზე მე ასეთი მაგალითი მოვიყვანე: რა უნდა აკეთოს ჩაქვში მცხოვრებმა? ან უნდა გადასახლდეს სადღაც, ან კი, სად უნდა გადასახლდეს, ან ჩაი უნდა კრიფოს და ჩაის კულტურა უნდა აღვადგინოთ. ასეა გურიაში, ლაითურში. მაგალითად, ნასაკირალში რამდენიმე ასეული ოჯახი აჭარიდან არის ჩასახლებული. როგორ უნდა იცხოვროს ამ ხალხმა? ზოგი გაიქცევა, ანდა, ზოგი საერთოდ უნდა გადასახლდეს, ან რაღაც უბედურება დატრიალდება იქ, ხომ? მარტო ჩაია და მეტი არაფერი. ასეა ლაითური და ასეა სხვა მეურნეობები. წალენჯიხის რაიონი აიღეთ (ეს მაგალითიც მოვიყვანე), წალენჯიხელებს, რა აქვთ სხვა (ცოტა ხე-ტყეა, რომელიც მათ იქ შეშად ყოფნით), სხვა მათ არაფერი არ გააჩნიათ. მთელი რაიონის ძირითად შემოსავალი ჩაის კულტურაა. ამიტომ ჩაის კულტურის აღდგენა - ეს დაახლოებით 40 ათასი ოჯახის სამუშაოა, და არა - პიროვნების, და ეს ის ოჯახებია, რომელთაც დღეს არსებობის სხვა წყარო არა აქვთ და მე კიდეც ვთქვი, რომ, რადაც უნდა დაგვიჯდეს, გაისად ბიუჯეტში უნდა გამოვძებნოთ 10 მილიონი ლარი. წელს 3 მილიონზეა ლაპარაკი, გაისად 10 მილიონი უნდა გამოინახოს და იქნებ გალის რაიონისთვისაც რაღაც თანხები გამოვყოთ, რათა აქ ხელი შევუწყოთ ჩაის რეაბილიტაციას. თუ ღმერთმა ქნა და შერიგების პროცესი კარგად წარიმართა, უნდა დავეხმაროთ გულრიფშსაც და სხვა რაიონებსაც სახელმწიფო სუბსიდიებით.

მიუხედავად ამისა, მეჩაიეობაში ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაა და ასეთი საგანგებო ზომები იქნება საჭირო.

როგორც აღინიშნა, იმედის მომცემია მმართველი და ინვესტორი, რომელიც გამოუჩნდა „ჭიათურმანგანუმს“. ეს არის სააქციო საზოგადოება „ასოციაცია ინდუსტრია“, რომელიც საკმაოდ საიმედო ინვესტორი გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შეხედულება ასეთია. ეს დადასტურდა მის ხელმძღავნელობასთან შეხვედრისას. „ჭიათურმანგანუმის“ რეაბილიტაციის პროგრამა ითვალისწინებს პირველ წელიწადს (ბატონო ჭიათურელებო, მე გთხოვთ, მიაქციოთ ამას ყურადღება) 100 ათასი ტონა მანგანუმის წარმოებას, რაც მესამე წელს 300 ათას ტონამდე გაიზრდება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მანგანუმი მიეწოდება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. „ინდუსტრია“, ესე იგი, ეს სააქციო საზოგადოება, 2000 წლამდე დაფარავს „ჭიათურმანგანუმის“ ვალებს (ეს გახლავთ, თუ არ ვცდები, 50 მილიონამდე ლარი). ამასთანავე იგი აპირებს 10 წლის განმავლობაში 30 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირებას. ამ მაღაროების თანდათანობით აღდგენას და სიღრმისეულ ექსპლუატაციას, სახსრები მოხმარდება პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვას, ახალი საწარმოების შექმნას და სხვა. დასაქმდება 2100 კაცი - 2100 მაღაროელი მიიღებს სამუშაოს. ამას მოჰყვება მთელი ინფრასტუქტურის განვითარება - გზები, იქ გრანიტის წარმოება და სხვა მრავალი, რაც ტრადიციულია ამ რაიონისათვის.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ჩვენი კონტაქტი. ახლა შეიძლება მკითხოს რადიომსმენელმა - რად გინდა ასეთი დეტალები, თუ მუშაობთ, აკეთეთ თქვენ-თქვენი საქმე და როცა საქმე გამოჩნდება, დავიწყებთ ჩვენ მუშაობას... მაგრამ, მთავარია, იცოდეს მოსახლეობამ, რომ ეს გენერალური კურსი, რომელიც პრეზიდენტმა განსაზღვრა, მხოლოდ სიტყვა კი არა, ჩვენი ყოველდღიური სამუშაოა. იქ ჭიათურას ეშველა, იქ - ზესტაფონს, იქ რუსთავი ამუშავდა, ამოქმედა ცემენტის ქარხნები და სხვა მრავალი. სოფლის მეურნეობაზე უკვე გითხარით და ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერსოა საფრანგეთის მაგალითი. გერმანიაზე აღარ ვლაპარაკობ, რადგან მათთან ერთობლივი საქმიანობის დიდი პრაქტიკა გვაქვს. უკვე მეორედ ჩამოვიდა საფრანგეთის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა დელეგაციის სპეციალური ჯგუფი. ფრანგ მეწარმეებს, რომლებიც ამჟამად აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნის ლუდისა და ღვინის წარმოებაში (ლუდის ქარხანა, რომელიც საკმაოდ სწრაფად შენდება, ვფიქრობთ, ივნისში გამოუშვებს პირველ პროდუქციას და სექტემბრისათვის მთელი სიმძლავრით ამუშავდება. ბატონი თოფაძე გახლავთ მათი პარტნიორი, კარგად მუშაობენ), სურვილი აქვთ გააფართოვონ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობანი. ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ამავე ფირმამ, რომელიც აქ თანამშრომლობს, იყიდა 10 ათას ტონამდე შავი ყურძენი კახეთის რაიონებში და მზად არის კვლავაც გააფორმოს კონტრაქტები მევენახეობის განვითარებისათვის. ვიზიტის დროს ხელმოწერილ კონკრეტულ ხელშეკრულებათა განხორციელება მეტად წაადგება თბილისის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას. აქ საკითხების მთელი კომპლექსია. ფრანგებს ხელსაყრელად მიაჩნიათ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სფეროში კაპიტალის დაბანდება, რაშიც მცირე და საშუალო საწარმოებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უდიდესი ფრანგული ფირმა „აკორი“. ადგილობრივ წარმოებას ხელს შეუწყობს საფრანგეთში ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი, რითიც თავად დაინტერესდნენ და არგუმენტირებულად მესაუბრნენ ამის შესახებ. ქართველი კოლეგებისათვის სასარგებლოა საბანკო სფეროში საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება, ასევე მომავალი ბიზნესმენებისათვის ერთობლივი სპეციალური ინსტიტუტის დაარსება. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ფრანგებს ძალიან მოსწონთ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია - ბოსტნეული, პამიდორი და სხვა. გვეკითხებიან, როგორ ახერხებთ, რომ ეკოლოგიურად ასე სუფთააო. მე ვუპასუხე, რომ ვახერხებთ, რადგან არ გვაქვს სასუქები და შესაწამლი მასალა, და ამიტომაც აბსოლუტურად სუფთაა. ასეა ხორციც, რძეც და სხვა პროდუქტებიც. ამიტომ ფასი ცოტა მეტი უნდა გადაიხადოთ-მეთქი. თუმცა საფრანგეთშიც ეკოლოგიურ სისუფთავეს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. სხვათა შორის, პირველად ამ ფირმებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული ინტერესი „ტრასეკის“ პროექტის განვითარების მიმართ.

აი, ასეთი იყო წინა კვირის ეკონომიკური პრობლემები, რომლებზეც ვმუშაობდით და, რა თქმა უნდა, ყველაფერი აქ ვერ ჩამოვთვალე.

- ჩემი შემდეგი კითხვა ცოტა გრძელი იქნება, რადგან, მინდა გთხოვოთ, შეეხოთ რამდენიმე საკითხს. გუშინ თქვენ ბათუმიდან თურქეთს გაემგზავრეთ, სადაც დერინერის კაშხალის მშენებლობის გახსნას დაესწარით, რამდენად გაითვალისწინა მეზობელმა და მეგობარმა თურქეთმა საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები - ეს ერთი თემაა. ამავე შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მიღებულია ერთობლივი განცხადება და ასე შემდეგ. კონფლიქტის თემა განიხილეთ თქვენ, ალიევმა და დემირელმა, განიხილეთ, აგრეთვე, ნავთობისა და გაზის თემა. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი მომენტი: ალიევმა ერთხელ კიდევ დაადასტურა გასულ კვირას თავისი პოზიცია, როცა თურქეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ნავთობის ტრანსპორტირების დასავლეთის მარშრუტს, რომ ახლა ჯერი თურქეთზეა. და კიდევ ერთი მომენტი: თურქეთში ვიზიტამდე თქვენ ბათუმში ბრძანდებოდით, გაიმართა თქვენი საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ბატონ ასლან აბაშიძესთან და, ალბათ, იმ საკითხსაც შეეხეთ, რომელიც ამას წინათ პრესკონფერენციაზე გაისმა, - უმძიმესი ბრალდება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ - გემების გაყიდვასთან დაკავშირებულ თემას ვგულისხმობ...

- კითხვა გრძელია და არც პასუხი იქნება მოკლე. მე აჭარით დავიწყებ. აჭარაში შეხვედრა დაიგეგმა თურქეთში ჩემს ვიზიტთან დაკავშირებით, და აქვე მინდა დავაზუსტო: არაფერს საკვირველს ბათუმში ხშირ ჩასვლასთან, ხშირ კონტაქტებთან დაკავშირებით არ ვხედავ და ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. ჩვენი საუბრები მართლაც ხანგრძლივია და არა მარტო საუბრები. ჩვენ ვმუშაობთ, დავდივართ, ვათვალიერებთ და ღვთის წყალობით ბევრი რა იქმნება, ბევრი რამ შენდება ისეთი, რომელიც არ შეიძლება არ ნახოს საქართველოს პრეზიდენტმა.

და რას მინდა კიდევ მივაქციო ჩემი მეგობრების, თანამოაზრეებისა, თუ ოპონენტების ყურადღება. იმას, რაც არაერთხელ მითქვამს: აჭარა ავტონომიური, სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია და ყურადღებაც შესაბამისი უნდა გამოვიჩინოთ. ასლან აბაშიძე ჩემთან ერთად იყო თურქეთში დერინერის კაშხალის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე და ჩვენ ერთობლივად ვიზრუნეთ ამ დიდი მშენებლობის გარემოზე, განსაკუთრებით შავიზღვისპირეთზე, აჭარის სანაპიროებზე ნეგატიური გავლენის გამოსარიცხავად. უნდა გითხრათ რომ ამ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ქალბატონი ნინო ჩხობაძე, ბატონი მერაბ ჩხენკელი, სხვა დიდი სპეციალისტები და მათ შორის ოპონენტებიც, რომლებიც ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ არც ჩვენს სპეციალისტებს და არც თურქებს, და მთელი ორი კვირა მიმდინარეობდა ეს მუშაობა. მოლაპარაკება, მე ვიტყოდი, ძალიან წარმატებით წარიმართა. შეხვედრებს წინ უძღოდა ექსპერტთა ხანგრძლივი მუშაობა იმ შემადგენლობით, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. უნდა ითქვას, რომ თურქეთის მხარე იჩენს მაქსიმალურ ყურადღებას, ამჟღავნებს სურვილს და არც მალავენ, რომ არ დარჩეს არც ერთი გაურკვეველი და გადაუწყვეტელი საკითხი ეკოლოგიასთან დაკავშირებით.

თქვენ იცით, რომ არის გარკვეული პრობლემები (და ახლა მე ვაგრძელებ აჭარის თემას) პარლამენტში „აღორძინების“ ფრაქციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რომ რაღაც ხელშეკრულებებს მოვაწერეთ ხელი ან შევთანხმდით. ეს იყო კონსულტაციები. წუხელ სატელევიზიო ინტერვიუში მე განვაცხადე, რომ საპარლამენტო ურთიერთობაში საჭიროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური წინდახედულობა, სიდინჯე და სიბრძნე. მე ჭკუას არ ვარიგებ პარლამენტარებს, უბრალოდ, ჩემი სურვილია ასეთი: არ არსებობს გადაუწყვეტელი და მოუგვარებელი პრობლემები. ზოგიერთ საკითხს დრო დასჭირდება, ზოგიერთს დამატებით შესწავლა, ზოგიერთი ოპერატიულადაც შეიძლება მოგვარდეს. ემოციებისა და გრძნობების აყოლა ყველაზე ცუდი გზაა პრობლემათა მოსაგვარებლად. ბევრ რამეს დრო მკურნალობს, დრო შველის. და ისიც ვთქვათ, რომ თუ „აღორძინება“ დარჩება პარლამენტში და ყველაფერში არ მიიღებს მონაწილეობას, ესაც ჩვეულებრივი მოვლენაა. არის ასეთი ფორმა სხვადასხვა პარლამენტში, სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყანაში. იყო დრო, როცა „აღორძინება“ და „მოქალაქენი“ ერთ ფრაქციას, უმრავლესობას წარმოადგენდნენ. შემდეგ გაიყვნენ. რამდენი დეპუტატი გამოეყო მოქალაქეთა კავშირს და ამ კავშირის სიებით არჩეული დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან. ზოგიერთმა პარტია შექმნა, დააარსა და დღეს ლიდერები არიან და ასე შემდეგ.

კიდევ ერთელ მოვუწოდებ პოლიტიკოსებსა თუ არაპოლიტიკოსებს, ყველას, ვისაც ტრიბუნას უთმობენ ხოლმე, შვიდჯერ გაზომონ და ერთხელ გაჭრან. ეს ძველისძველი ქართული სიბრძნეა და არა მარტო ქართული, და ჩვენ ამას უნდა ვუერთგულოთ.

მოთმინების ხელოვნებასაც უნდა დავეუფლოთ ყველანი საქართველოში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ახლა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით. მაგალითად დავასახელებდი სწორედ იმ ფაქტს, რომელიც თქვენ ახსენეთ, და იმ ხმაურს, გემების გაყიდვასთან დაკავშირებით რომ ატეხეს. სხვათა შორის ისე არ თქმულა, როგორც დაიწერა, ცოტა სხვაგვარად დაიბეჭდა, როგორც მე დავრწმუნდი ბათუმში. როგორც ცნობილია, დაიწერა რამდენიმე მართლაცდა ჩემთვის გულსატკენი და შეურაცხმყოფელი ფრაზა. მე შევეცადე მომეთოკა ჩემი ნერვები და, ვფიქრობ, სწორადაც მოვიქეცი. გემებთან დაკავშირებულ ისტორიაში მეც და, სხვათა შორის, ოთარ ფაცაციაც, როგორც იტყვიან, ქრისტესავით წმინდა ვართ. მე მართლაც გამოვეცი დიდი ბრძანებულება, საკმაოდ სქელტანიანი სამოქალაქო საზღვაო ფლოტის მდგომარეობისა და მისი გაჯანსაღების ღონისძიებათა შესახებ. გადაგვარებისა და გადაშენების გზაზე იდგა ეს ფლოტი. მიუხედავად იმისა, რომ იქ ასლან აბაშიძე და სხვები ბევრს ცდილობდნენ. საჭირო იყო კარდინალური ღონისძიებები. ეს არის 5-6 გვერდიანი სოლიდური დოკუმენტი, რომლის ერთი მუხლი უფლებას აძლევს სანაოსნო ხელმძღვანელობას გაყიდოს გაცვეთილი, დრომოჭმული გემები და ის თანხა, ნაწილი მაინც, მოახმაროს ახალი გემების შეძენას.

ეს ბრძანებულება შემობრუნების წერტილია სანაოსნოს საქმიანობაში. კომპლექსურ ღონისძიებათა შედეგად ფლოტი გადარჩა და ფეხზე დადგა. მე წინა ინტერვიუში ვთქვი, რომ ეს ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვებაა. რა საჭიროა ისტერიული ღრიალი, როცა მართალი ხარ! მე საქვეყნოდ განვაცხადე, რომ დაინიშნოს, გნებავთ, საპროკურორო, გნებავთ, ჟურნალისტური გამოძიება (შეიძლება თქვენთანაც გამოჩნდეს ვინმე ამის მსურველი) და დავადგინოთ ვინ რა გაყიდა და ვინ რა იშოვა, და ვინ რა გააკეთა ამ საქმესთან დაკავშირებით.

მე თავს კი არ ვიქებ, მინდა უბრალოდ, ხაზი გავუსვა იმას, რომ, როცა ადამიანი მართალია, მას შეუძლია მშვიდად იყოს და დაწყნარებულ ვითარებაში დავადგინოთ ჭეშმარიტება. ამის საშუალებები დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს და სხვათა შორის დიდ როლს ასრულებს თავისუფალი პრესა, რომელშიც ზოგჯერ ტყუილსაც წერენ, მაგრამ ბევრი სიმართლეც არის, და არის საშუალება, გაარკვიონ ყველაფერი ავიც და კარგიც.

ბატონი ვახტანგ აბაშიძე გვესწრება ახლა და მინდა ვთხოვო მას რადიომსმენელების თანდასწრებით, რომ ყველა ის ბრძანებულება, რომლებიც მივიღე, განსაკუთრებით ის დიდი ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში და მოსახლეობამ წაიკითხოს, რა იყო იქ გათვალისწინებული, რა არის იქ საეჭვო და დასაძრახი.

ახლა ისევ დავუბრუნდეთ თურქეთში ვიზიტს. სამი პრეზიდენტის განცხადება გამოქვეყნებულია, პრესაში დღეს დაიბეჭდება, ჩვენი ნება გამოხატულია, ამ განცხადების მთავარი არსი ის არის, რომ მხარს ვუჭერთ ეგრეთ წოდებული ნავთობისა და გაზის ტრანსკავკასიულ მიმართულებას, ესე იგი, დასავლეთის მიმართულებას, როგორც ჩვენ შევეჩვიეთ ამას, მათ შორის ბაქო-ჯეიჰანის პროექტსაც, მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი კავკასიის იდეებს, მზად ვართ სხვა ქვეყნებთან ერთად ვიბრძოლოთ კავკასიური კონფლიქტების მოსაგვარებლად, იქნება ეს ყარაბაღის კონფლიქტი, აფხაზეთისა, თუ ქართულ-ოსური კონფლიქტები. ეს რეგიონი ერთიანი ორგანიზმი ვართ და ჩვენთვის იმას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი კონფლიქტი გაჭიანურდება. სანამ ეს ხანძარი არსებობს, ჩვენ მშვიდად ცხოვრება, არ შეგვიძლია. ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვაქვს იმისათვის, რომ მართლაც გავაერთიანოთ ყველა სახელმწიფომ ჩვენი ძალისხმევა და მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი რეგიონი მაღალგანვითარებული და აყვავებული ქვეყნების თანამეგობრად იქცეს. მე მჯერა, მოვა ეს დრო, მოვა სამართლიანობისა და საყოველთაო კეთილდღეობის დრო.

- გასულ კვირას კვლავ გრძელდებოდა ცნობილი აქცია აფხაზეთთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ აქციის შესახებ საკმაოდ მძაფრი განცხადება გააკეთა ისევ ანტირუსული განწყობილების თაობაზე. სხვათა შორის, ჟურნალისტებმა თბილისის აეროპორტში რიბკინს უპირველესად, სწორედ ეს ჰკითხეს. მან ძალიან გაიკვირვა და თქვა, ამის შესახებ ვინმემ რაიმე თქვა, არის ასეთი განწყობილება საქართველოში, მე არ შემიმჩნევიაო...

- ჩემი პასუხი მოკლეა, რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, მე არ ვარ ვალდებული ჩემი რანგით სხვადასხვა ქვეყნების ცალკეულ უწყებებს გავცე პასუხი, თუნდაც იგი რუსეთის უწყება იყოს. არის შესაბამისი სამინისტრო საქართველოში, რომელიც ალბათ, მზად იქნება სათანადო რეაგირებისათვის.

- საერთოდ პრეზიდენტს ყოველთვის თავისი დაცვა ჰყავს. ესკორტს არ ვგულისხმობ. ჩვენ გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში როგორ დაფრინავს პრეზიდენტის თვითმფრინავი, როგორც დაჰყვება მას ჰაერში თანმხლები თვითმფრინავები, რომლებიც პრეზიდენტის უსაფრთხოებას იცავენ. ამ საკითხისადმი თქვენმა არასათანადო დამოკიდებულებამ (მაპატიეთ როგორც პრეზიდენტმა და ასაკით უფროსმა) 29 აგვისტო გახადა შესაძლებელი. მხედველობაში მაქვს ის, რომ თქვენ მაშინ ჯავშნიან მანქანაში არ იჯექით და 9 თებერვალს თუ რამემ გადაგარჩინათ, ყველაფერთან ერთად ეს იყო ჯავშნიანი მანქანა. ბოლოს და ბოლოს, როცა უკვე მუქარა თუ საშიშროება რეალურზე რეალური გახდა, მიიღეს ცნობილი გადაწყვეტილება (ჩვენ ეს გადავეცით ტელევიზიითაც) და ვიცოდით, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავს ჰაერში გააცილებდა ორი თვითმფრინავი. გუშინ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ არ შესრულებულა თქვენი დაცვის ელემენტალური მოთხოვნებიც კი და ეს თვითმფრინავები გუშინ თქვენთან ერთად ჰაერში არ დაფრინავდა, ანუ თვითმფრინავში თქვენთან მყოფი ადამიანების უსაფრთხოებაც კი არ იყო გარანტირებული, და ეს დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრთან გენერალ ნადიბაიძესთან. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით...

- ბატონ ვარდიკო ნადიბაიძესთან დაკავშირებით: თქვენ მძიმე კითხვას მისვამთ, რომელზეც პასუხის გაცემა, როგორც იტყვიან, ჩემთვის ნახევარი სიცოცხლის ფასია.

ცნობილი ტერორისტული აქტების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დაევალა, როგორც ეს მრავალ ქვეყანაში ხდება, კერძოდ, აზერბაიჯანში, ჩვენ მისი გამოცდილება სპეციალურად შევისწავლეთ, გამოეყო ორი საბრძოლო თვითმფრინავი გარკვეულ მანძილზე, თუ არ ვცდები ორ თუ სამ ათას მეტრ სიმაღლეზე, პრეზიდენტის სპეციალური თვითმფრინავის გაცილებისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ თვითმფრინავის დაზიანება დედამიწიდან სხვადასხვა იარაღით, იქნება ეს ტინგერები თუ სხვადასხვა ცეცხლსასროლი საშუალებები.

ბატონმა ნადიბაიძემ უხეშად დაარღვია ყოველგვარი წესი, საქართველოს საბრძოლო თვითმფრინავები განალაგა უცხო ქვეყნის ბაზაზე, სხვა ქვეყნის სამხედროთა მეთვალყურეობის ქვეშ და აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავის დაშვებისას საბრძოლო ამოცანა ვერ შესრულდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავების მწყობრიდან გამოსვლის გამო. მწყობრიდან გამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სხვა ბაზაზე აღმოჩნდა, ყველა წესი არ იყო დაცული და ვიღაცამ მოახერხა თვითმფრინავის ძრავაში ჩაეყარა ქვიშა და რაღაცეები, და იგი რომ აფრენილიყო, მომენტალურად აფეთქდებოდა და ათასი უბედურება იყო მოსალოდნელი...

- დავაზუსტოთ. თვითონ თვითმფრინავს არავითარი მექნიკური დაზიანება არ ჰქონია?

- არა! ვიღაცამ ჩაყარა ქვიშა ძრავასა თუ სხვა ნაწილში და როცა ამუშავდებოდა, აფეთქდებოდა.

არა ვარ ბოროტი მეხსიერების კაცი, მაგრამ მინდა გავიხსენო 9 თებერვლის ფაქტიც, 9 თებერვალს თბილისთან განლაგებული სატანკო ბატალიონის საბრძოლო მანქანები ზეთისგან იყო დაცლილი. სპეციალურად გამოუშვეს ზეთი, ყველა ტანკი დაცლილი იყო სპეციალურად. ესე იგი, საჭირო რომ ყოფილიყო, 15-20 ტანკი თბილისში შემოსულიყო პრეზიდენტის დაღუპვის შემთხვევაში, ეს შეუძლებელი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ტერორისტის ძმა არის ამ სატანკო ბატალიონის მეთაური. ამაზე ძალიან მძიმე და მწარე საუბარი გვქონდა უშიშროების საბჭოზე, კომისიაც გამოიყო და გამოძიებაც მიმდინარეობს.

მიუხედავად ბატონ ნადიბაიძის დიდი დამსახურებისა და მე ვთქვი, რომ თითქმის მან შექმნა არმია, და რაც გვაქვს, მისი დამსახურებაა, მე დღეს, ალბათ, უშიშროების საბჭოს შევკრებ და მივიღებ გადაწყვეტილებას ბატონ ვარდიკო ნადიბაიძის თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე - თავდაცვის მინისტრობიდან მისი განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა, მაგრამ მე არ მაქვს უფლება გაუთავებლად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დავღუპო სხვები. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ იმ თვითმფრინავს რაიმე მოსვლოდა. მე შეგუებული ვარ იმ აზრს, რომ შეიძლება რაიმე მომივიდეს, როგორც ერთ ადამიანს, მაგრამ ჩემთან ხომ 60 კაცი იჯდა. 60 ოჯახი იყო წარმოდგენილი, ფაქტობრივად. მე რა უფლება მაქვს, ვინმეს ვაპატიო შეცდომა, მაშინ, როცა სხვა ადამიანთა ბედი მაბარია. ვითომ ის არ არის საკმარისი, რომ ორი ოჯახი დაინგრა და ორი ადამიანი დაიღუპა 9 თებერვლის ტერორისტული აქტის დროს და 29 აგვისტოს კიდევ რამდენი უბედურება იყო.

როგორც ვთქვი, პრეზიდენტს შეუძლია საკუთარი სიცოცხლე არ დაზოგოს, მაგრამ მას არავითარი უფლება არა აქვს აშკარა საფრთხის წინაშე დააყენოს თვითმფრინავში მყოფი ათობით ადამიანის, მათი ოჯახების სიცოცხლე. ამიტომაც მივდივარ მე ასეთ უკიდურეს გადაწყვეტილებამდე. მიმძიმს, ძალიან მიმძიმს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.

- სხვათა შორის, აქ ერთი მომენტიც უნდა გაგახსენოთ: ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა წერილი, რომ შევარდნაძე არ ზრდის თავის შემცვლელს, ქვეყნის ბედი მასზეა დამოკიდებული, და დავუშვათ, 9 თებერვლის ტერორისტული აქტის ორგანიზატორთათვის იგი დადებითი შედეგით დამთავრებულიყო, პრეზიდენტს რომ რაიმე მოსვლოდა, რა უნდა ექნა ქვეყანას? დაახლოებით ასეთი იყო. ძირითადი ბრალდება თქვენს მიმართ ის არის, რომ „ტახტის მემკვიდრეს“ არ ზრდით...

- ეს კითხვა ასე რომ დავსვათ - შევარდნაძე ხედავს თუ არა თავის შემცვლელს, მე რაღაცნაირად ვეტყოდი, გვარს არ დავასახელებდი, ვეტყოდი: ან ვხედავ, ან ვერ ვხედავ. მაგრამ, ფაქტობრივად, ეს საკითხი კონსტიტუციური პრობლემაა, როგორც თქვენ თქვით, მე ხომ მონარქი არა ვარ, რომ დავასახელო ჩემი მემკვიდრე, ავაბრძანო ტახტზე და ჩავაბარო ტახტი.

სხვა მხრივ კი მე ვთხოვ ჩემს ოპონენტებს, რომლებიც მედავებიან, გაიხედ-გამოიხედეთ, რამდენი ახალგაზრდა გამოვიდა დიდ ასპარეზზე, ზოგი სწრაფად იზრდება, ზოგიც უფრო ნელა, ზოგი შეცდომას უშვებს, ზოგი ნაკლებად ცდება,ზოგი უშეცდომოდ მუშაობს. მე, როგორც დღევანდელმა პრეზიდენტმა, ხელი უნდა შევუწყო მომავალ პოლიტიკურ მოღვაწეთა პლეადის ფორმირებას. ხოლო სხვა დანარჩენი, მათ შორის პრეზიდენტის, ვთქვათ, დაღუპვის შემთხვევაშიც კი, კონსტიტუციაში გათვალისწინებული და დაკანონებულია. ასე რომ, უსაფუძვლოდ ნუ მედავებიან. სადავო ისედაც ბევრია და უსაფუძვლოდ არ ღირს დავა.

- და, ბოლოს კიდევ ერთი შეკითხვა. 29 აპრილს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი გაიმართება. არის თუ არა საბოლოოდ გადაწყვეტილი თქვენი მონაწილეობა ამ სამიტის მუშაობაში, რადგან თქვენ ახსენეთ თურქეთში თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი. ყველამ ვიცით, რომ მოსკოვში იგორ გიორგაძეა, შესანიშნავად გრძნობს, ალბათ, თავს თანამოაზრეებთან ერთად და, აქედან გამომდინარეც გეკითხებით ამას.

- მე ადრეც განვაცხადე, რომ ძალიან სასარგებლოდ და საჭიროდ მიმაჩნია მივიღო მონაწილეობა სამიტის მუშაობაში. დღეს, ნაშუადღევს, შეიკრიბება უშიშროების საბჭო და თუ დავრწმუნდებით, რომ პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების უსაფრთხოება აქაც და მოსკოვშიც გარანტირებულია, ვიზიტი გაიმართება. წინასწარ ვიტყვი, რომ სამიტის მუშაობაში, როგორც მოგახსენეთ, მონაწილეობა სასურველია, მაგრამ არა ყველასა და ყველაფრის ფასად, როცა მე მოსკოვში უსაფრთხოების პრობლემებზე (მე ამაზე ძალიან მიჭირს ლაპარაკი) უნდა ვთქვა, რომ მხედველობაში მყავს იგორ გიორგაძე, ძმანი მისნი და მფარველნი მათნი.

აი, ეს ფაქტორი არსებობს და ამას რომ ანგარიში არ გავუწიო, და ამიტომ მე დღეს ჩემს კოლეგებს უნდა მოვეთათბირო და დღის ბოლოს საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ. ხვალინდელი დღე კიდევ რეზერვში მაქვს.

საქინფორმი.

„ხელისუფლებამ ურყევად გამოხატა თავისი პოლიტიკური ნება ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ეს ბრძოლა კატეგორიული და უკომპრომისო იქნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 27 აპრილის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 28 აპრილი. - №99 (2799). - 1,2 გვ.

49 30 აპრილს ისრაელის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 50 წლისთავია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე:

„ებრაელთა საქართველოში დამკვიდრების 26-საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნა მნიშვნელოვნად სცილდება ერთი ქვეყნის - საქართველოს ფარგლებს და ორი ხალხის, ქართველობისა და ებრაელობის ურთიერთობას.

ეს დღევანდელობის პოლიტიკაა, რომელიც ისტორიული ტრადიციებიდან არის ამოზრდილი და თანამედროვე თუ მომავალი საქართველოს ინტერესებითაა ნაკარნახევი. ამდენად, ეს დღესასწაული უნდა მოეწყოს მაქსიმალურად მაღალ დონეზე. ისე, როგორც დღეს შეგვიძლია... თანაც ეს დღესასწაული უნდა იყოს არა ეპიზოდი, არამედ ახალი ეპოქის დასაწყისი ისრაელ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში.“

30 აპრილს ისრაელის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 50 წლისთავია : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 30 აპრილი. - №101 (2801). - 3 გვ.

50 ედუარდ შევარდნაძე: „თანამეგობრობას ექნება მომავალი იმ შემთხვევაში, თუ არ დაუპირისპირდება პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ევროპასა და მსოფლიოში“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თვითმფრინავის სალონში ჟურნალისტებთან შესახვედრად რომ გამოვიდა, პირველი შეკითხვა იყო - კმაყოფილი თუ ხართ სამიტის შედეგებით?

ასეთი მარტივი, ყოფითს დონეზე შეკითხვა თუ დაუსვი პრეზიდენტს (აშკარა ლაფსუსი, არაპროფესიული), იმის პროფესიონალიზმი მაინც უნდა გეყოს, საპასუხო რეაქციას მოთმინებით შეხვდე.

- კმაყოფილი ადამიანი ჯერ არ მინახავს, - იხუმრა ედუარდ შევარდნაძემ და გაიცინა.

- მაგრამ, მე მგონი, არის საფუძველი გაცილებით მეტი კმაყოფილებისა, ვიდრე მოველოდი.

ჯერ ერთი, - მიღებულია დოკუმენტი აფხაზეთის თაობაზე.1 თავისთავად დოკუმენტი მნიშვნელოვანია. და მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში - როგორც მე ვთხოვე და ბორის ელცინმა უბრძანა. იგი სპეციალურად გაერკვევა საკონტროლო ზონაში არსებული მდგომარეობით - რა არის, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაფართოვდეს ეს ზონა და უსაფრთხოება როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ეს პირველი პრაქტიკული შედეგია ამ დოკუმენტიდან გამომდინარე.

არის ზოგიერთი ახალი მომენტი ამ დოკუმენტში. თანამეგობრობის პრეზიდენტები რომ შეეგუებიან აზრს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში მონაწილეობენ შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და სხვები, თავისთავად ეს, მე მგონი, ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრს ნიშნავს ისიც, რომ მიესალმებიან უკრაინის მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში. უკრაინას თვისი სიტყვა უკან არ წაუღია. აი, ახლაც, გამოფრენის წინ შევხვდი პრეზიდენტ კუჩმას, ვისაუბრეთ ცოტა ხანს. მან თქვა, რომ ისინი მუშაობენ ამ საკითხზე, მის პრაქტიკულ განხორციელებაზე, და, კარგი იქნება, თუ თქვენი სპეციალისტები ჩამოვლენ ამ საქმის ბოლომდე მისაყვანადო.

შემდეგ: თითქმის უცვლელად მიიღეს საკონტროლო ზონის გაფართოების ის ვარიანტი, რომელზეც შევთანხმდით კიშინიოვის სამიტზე. ესე იგი, მისი გაფართოება ღალიძგამდე და, შესაბამისად, ძალების გადანაწილება-გადაჯგუფება. ასევე, დაცვითი ღონისძიებების გაძლიერება.

მაგრამ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ქაღალდია, დოკუმენტია, მაგრამ დოკუმენტსაც აქვს მნიშვნელობა. ვგულისხმობ, რომ ცოტა ხანში გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს ჩვენი პრობლემა და თანამეგობრობის მხარდაჭერას, ასეთი ხასიათის დოკუმენტის მიღებას გარკვეული მნიშვნელობა აქვს, გარკვეულ ბიძგს აძლევს უშიშროების საბჭოს, რათა მისი გადაწყვეტილება იყოს მკაცრი და ობიექტური.

მე არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინის ინიციატივა, იყოს სტიმულის მიმცემი სხვა ქვეყნებისათვის, რომლებსაც, როგორც ამბობენ, აქვთ სურვილი სამშვიდობო ოპერაციებში ჩართვის, - ასახელებენ შვედეთს, ბანგლადეშს, ზოგიერთ სხვა ქვეყანას, თითქოს ამერიკელებიც იხილავენ ამ საკითხს, და ამ მხრივაც მხარდაჭერის ეს ტენდენცია მნიშვნელოვანია.

შემდეგ: თანამეგობრობასთან დამაკავშირებელი საკითხები.

ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც დღეს არ ვიჩქარეთ. თავისთავად ბევრი რამ არის საინტერესო ნურსულთან ნაზარბაევის წინადადებებში2, ძალიან ბევრი. მაგრამ დღეს ლაპარაკი ერთიან ეკონომიკურ სივრცეზე ყოფილი საბჭოთა კავშირის უზარმაზარ ტერიტორიაზე, მთელი თავისი მოთხოვნებით იმდენად რთულია, რომ განუხორციელებელია. მე საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ ხუთეულის საბაჟო კავშირის პერსპექტივასაც3.

სხვათა შორის, ნაზარბაევის დოკუმენტში იყო ასეთი ფრაზაც, რომელმაც ბიძგი მომცა ზოგიერთი მოსაზრება გამომეთქვა პრეზიდენტების საბჭოს დახურულ სხდომაზე: პრაქტიკაში იქნება შემოღებული კონსულტაციები სახელმწიფოებს შორის საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანება, ევროკავშირთან დამოკიდებულება და სხვა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ვისაც მეტი ხმა და ძალა აქვს, ის გაიტანს თავისას. ჩვენ კი გვსურს, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მივიღოთ.

განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა თანამეგობრების სახელმწფოთაშორის ფორუმის4 საკითხი, რომელიც თავისთავად ახალი არ არის. მე ვთქვი, რომ არ შეიძლება ვილაპარაკოთ თანამეგობრობის ახალ მოდელზე, თუ ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ იურისტები, სამართალმცოდნეები, ეკონომისტები, სახელმწიფო მშენებლობის სპეციალისტები და სხვები და სხვები, რადგან შეიძლება ისეთი დოკუმენტი მივიღოთ, რომლის შედეგებმა წლების შემდეგ შესაძლებელია უარყოფითად იჩინოს თავი. ამიტომ აუცილებელი გახდა ფორუმის გადაწევა იქით, ივლისისათვის, არ გამოვრიცხავ, რომ უფრო მოგვიანებითაც გაიმართოს.

მიმაჩნია, საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება გამოიძებნა, როდესაც ბორის ბერეზოვსკი დაინიშნა დსთ სამდივნოს ხელმძღვანელად.

პლენარულ სხდომაზე მის შესახებ ვთქვი, რომ იგი მოქნილი გონების კაცია, მეცნიერია, დიდი ბიზნესმენი, ძალიან კარგად იცის ეკონომიკა, ის პროცესები, რომლებიც ევროპისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის არის დამახასიათებელი, და ასე შემდეგ.

თუ მიაქციეთ ყურადღება, პრესკონფერენციაზე გამოვთქვი ერთი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი შეხედულება: თანამეგობრობას ექნება მომავალი იმ შემთხვევაში, თუ არ დაუპირისპირდება პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ევროპისა და მსოფლიო ეკონომიკაში, პოლიტიკაში, თუ შეძლებს ჩაეწეროს ამ პროცესებში. თუ დაუპირისპირდა, თუ წინ აღუდგა, მაშინ არაფერი გამოვა, რადგან ეს იქნება ძველი საბჭოთა კავშირი ძალიან ცუდი შესრულებით - ისევ კარჩაკეტილობა, და არა მარტო პოლიტიკური კარჩაკეტილობა, არამედ ტექნოლოგიურიც და ყოველგვარიც. ეს ფაქტობრივად, შეუძლებელიც არის, იმდენი ინვესტიცია შემოვიდა, ვთქვათ, იმავე ყაზახეთში, რუსეთში, უზბეკეთში, კასპიის აუზის ქვეყნებში, რომ კარის ჩაკეტვა წარმოუდგენელია. განსახილველ დოკუმენტებში, სამწუხაროდ, იყო მინიშნება იმაზე, რომ ჩვენ ჩვენი თანამეგობრობა შევქმნათ, ხოლო ურთიერთობები სხვა კავშირებთან, გაერთიანებებთან და ქვეყნებთან კონსულტაციების საფუძველზე დავამყაროთ.

ჩემი წინადადება, რომელზეც მოგახსენეთ, ჩვენს მოქმედებას წითელ ხაზად უნდა გაჰყვეს, მთავარი უნდა იყოს: ჩვენ თანამეგობრობაში ვითანამშრომლებთ მაშინ, თუ იგი იქნება წინაპირობა ევროკავშირში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩვენი შესვლისა და არავითარ წინააღმდეგობას ამასთან დაკავშირებით არ შეგვიქმნის.

სამიტის დოკუმენტებზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი არ მიუღიათ, გადადეს, ისევე, როგორც დეკლარაცია, რომელიც ზოგადი და არაფრის მომცემი არ იყო.

ედუარდ შევარდნაძემ სწორ ნაბიჯად მიიჩნია 2000 წლამდე, რეკონსტრუქციისა და გარდაქმნის ამ პერიოდში ბორის ელცინის დსთ ქვეყნების პრეზიდენტთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა.

- ჩემს წერილში, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, - რომელიც ელცინს გავუგზავნე, იყო დსთ სტრუქტურების ხელმძღვანელობაში როტაციის პრინციპის დამკვიდრება. დახურულ სხდომაზე მან ეს გაიხსენა კიდეც. მაგრამ როდესაც ლაპარაკია პრეზიდენტთა საბჭოს თავმჯდომარეობაზე, ჯერჯერობით ეს გამონაკლისი უნდა დავუშვათ, მაგრამ ყველა სხვა - პრემიერ მინისტრების, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ასე შემდეგ მინისტრების საბჭოების ხელმძღვანელობაში სწორედ ეს პრინციპი დაინერგება და პირველი ასეთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - უზბეკეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სულთანოვი მთავრობის თავმჯდომარეთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა 6 თვის ვადით.

ასე რომ, თანდათანობით, საერთო ძალისხმევით, თანამეგობრობა ემსგავსება დემოკრატიულ წარმონაქმნს.

ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი სავაჭრო სივრცის, არა ეკონომიკური სივრცის, არამედ სავაჭრო სივრცის ორგანიზება. ეს ძალიან ბევრს გვაძლევს, რადგან ნიშნავს თავისუფლად შესვლას რუსეთის, უკრაინის, ცენტრალური აზიის ქვეყნების ბაზრებზე; ბუნებრივია, ისინიც ჩვეთან შემოვლენ. ჩვენ ამისთვის დიდი ხანია ვიღვწით.

ბაზრის პრობლემა ჩვენთვის ნომერი პირველი პრობლემაა - ეს ეხება ჩაის, ციტრუსებს, მანქანათმშენებლობას და საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა დარგსა და სფეროს.

მქონდა ხანმოკლე საუბრები პრეზიდენტებთან და ყველაფერი დამთავრდა მეგობრული შეხვედრით მიღებათა სახლში, რომელსაც მე არ დავესწარი.

„პრაიმ ნიუსის“ შეკითხვას - ხომ არ შეიძლება ნავთობსადენის პრობლემა გახდეს განხეთქილების საგანი თანამეგობრობის ქვეყნებს შორის, ედუარდ შევარდაძემ უპასუხა:

- არა მგონია. ასეთი კითხვა იყოს პრესკონფერენციის დროსაც. არა მგონია, დავიწყოთ ომი საქართველოსა და რუსეთს შორის ამ ნიადაგზე.

ნავთობპროდუქტების მარშრუტების საკითხს წყვეტენ ის კომპანიები და ის სახელმწიფოები, რომლებშიც ასეთი კომპანიების უმრავლესობა არის თავმოყრილი - ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, საფრანგეთი ნაწილობრივ, ზოგიერთი სხვა ქვეყანა. ისინი კი კეთილგანწყობილი არიან ჩვენი მარშრუტის სასარგებლოდ. შეიძლება რამე შეიცვალოს, ღმერთმა იცის, რა მოხდება, მაგრამ, ვფიქრობ საქართველოზე ნავთობსადენი გაივლის. რუსეთი თავის ადგილს იპოვის. მას შეუძლია ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა, მშენებლობაში, ექსპლოატაციაში, ისევე, როგორც სომხეთს, დავიწყება იმისა, რომ სომხეთი ჩვენი მეზობელია და დაინტერესებულია კარგი ურთიერთობის განვითარებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

როგორც იცით, წუხელ შევხვდი პრეზიდენტ ქოჩარიანს. კარგი შეხვედრა იყო. ახალგაზრდა კაცია, ენერგიით სავსე და, მე მგონი, სურვილიც დიდი აქვს, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა დაამყაროს.

„საქართველოს რესპუბლიკის“ შეკითხვაზე ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შესახებ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა:

- მე მგონი, ყოველმხრივ მომწიფდა ეს საკითხი, თვითონ მოსახლეობაში - ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ოსეთის ახლანდელი ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად და პოზიტიურად არის განწყობილი შერიგების სასარგებლოდ, თუმცა წინა ხელმძღვანე404

ლიც ამ პოზიციაზე იდგა. ახალი უფრო აქტიური კაცია. მოვილაპარაკეთ, რომ მაისის შუა რიცხვებში შევხვდებით ერთმანეთს. მე მგონი, მანამდე ჩიბიროვსაც შევხვდები.

რაც შეეხება აფხაზეთთან კონტაქტებს, ეს ცალკე საკითხია. ვფიქრობ, ეს პრობლემაც დაიძრება ადგილიდან.

ახლახან აფხაზეთის დელეგაცია საპასუხოდ იყო ჩასული აჭარაში. სხვათა შორის, მე ბიძგი მივეცი ამას. თავის დროზე მკითხა ასლან აბაშიძემ - რას იტყვით, ჩვენი ხალხი რომ ჩავიდესო აფხაზეთში. მე მივესალმე. რაც უფრო მეტ რეგიონს ექნება ურთიერთობა აფხაზეთთან, რაც უფრო მეტი იქნება კონტაქტები, მით უკეთესია. ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში შერიგების სასარგებლოდ მუშაობს.

ვერ გეტყვით, რომ დღევანდელმა შეხვედრამ გადატრიალება მოახდინა კარგი გაგებით, მაგრამ უკან გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად არ არის და წინ - კი.

არმაზ სანებლიძე,
„სრ“ სპეც. კორ.
მოსკოვი - თბილისი.

ედუარდ შევარდნაძე: „თანამეგობრობას ექნება მომავალი იმ შემთხვევაში, თუ არ დაუპირისპირდება პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ევროპასა და მსოფლიოში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 30 აპრილი. - №101 (2801). - 1,2 გვ.

___________________

1. „აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“.

2. ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პროგრამა „ათი ნაბიჯი უბრალო ადამიანისაკენ“, რომელიც მან დსთ პრეზიდენტების სამიტს წარუდგინა.

3. ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ხელშეკრულება საბაჟო კავშირის შესახებ.

4. ფორუმს ორი მთავარი პრობლემის გადაჭრა ეკისრება: დსთ სტრუქტურის შეცვლა და ერთიანი სავაჭრო სივრცის შექმნა.

51 „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა უნდა გადაიქცეს წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის შეუვალობის მნიშვნელოვან ფაქტორად“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
4 მაისის რადიოინტერვიუ

- რადიოინტერვიუს დავიწყებთ გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენით - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უმაღლესი დონის სამიტით, რომლის მუშაობაშიც თქვენ მონაწილეობდით. რა შედეგი მოჰყვა სამიტს აფხაზეთთან დაკავშირებით. და, კიდევ ერთი მომენტი: რამდენად შეუწყობს ხელს ჩვენში მიმდინარე პროცესებს ბერეზოვსკის დანიშვნით დაწყებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეკონსტრუქციის იდეა. ეს თემა ძალიან აქტუალური იყო ბოლო სამიტზე. განსაკუთრებით კიშინიოვის სამიტის შემდეგ... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- მე რამდენადმე უფრო ვრცელი მიმოხილვა დამჭირდება, რადგანაც ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მოსკოვის შეხვედრა თანამეგობრობის ისტორიაში.

იმ წინააღმდეგობრივი გზის მიუხედავად, რომელიც ამ რეგიონულმა ორგანიზაციამ გაიარა, დღეს მისი არსებობის, ფუნქციონირებისა და თვით მიზანშეწონილობის საკითხისადმი საზოგადოებრივი აზრიცა და პოლიტიკოსთა შეხედულებანიც ამა თუ იმ ქვეყანაში რადიკალურად იცვლება.

მე, მაგალითად, თანამეგობრობა წარმომიდგენია, როგორც მსოფლიო და ევროპული ინტეგრაციული პროცესების ნაწილი, უფრო მეტიც, - ამ ინტეგრაციული პროცესების განმსაზღვრელი ერთ-ერთი რგოლი. რაც მთავარია, ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არ უნდა იყოს ჩაკეტილი, არ უნდა ესწრაფვოდეს იზოლაციას, შემოსაზღვრულობასა და შეზღუდულობას. ეს დამღუპველი იქნებოდა - იმაზე უარესი იქნებოდა, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც ამ თვალსაზრისით საკონცენტრაციო ბანაკს წააგავდა. ამდენად იზოლაცია, ყოველგვარი იზოლირება თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, მეცნიერულ, საინფორმაციო დეგრადაციასა და ჩამორჩენას გამოიწვევდა.

ჩემი შეხედულებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა უნდა იყოს გახსნილი, თავისუფალი ორგანიზაცია, რომელმაც უნდა გაუადვილოს წევრ ქვეყნებს სახელმწიფოებრივი, ასე ვთქვათ, თვითდამკვიდრება, ერთობლივი ძალისხმევით პრობლემების გადაწყვეტა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, ფართო, მრავალმხრივი თანამშრომლობა და კოოპერაცია, ისევე, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება. საბოლოოდ (მე ეს არაერთგზის მითქვამს), იგი უნდა გადაიქცეს წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის შეუვალობის მნიშვნელოვან ფაქტორად. ამ შემთხვევაში, ამ პირობით საქართველო მიესალმება თანამეგობრობას და ყოველმხრივ შეუწყობს ხელს მის განვითარებას. სხვათა შორის, ჩვენი გაწევრიანების პირველი დღეებიდანვე ჩვენი კურსი და ჩვენი ხაზი ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში სწორედ ასეთი იყო.

ამდენად, არ არის შემთხვევითი, რომ მოსკოვის სამიტზე სწორედ პრაქტიკული მნიშვნელობის პრობლემები განვიხილეთ. ნაკლები დრო დავუთმეთ ასე ვთქვათ, თეორიულ დისკუსიებს, - თუმცა ესეც საჭიროა, რა თქმა უნდა, უამისოდ, ალბათ, ძნელია საბოლოო კონდიციამდე მისვლა. გაიმართება ფორუმი, რომელზეც ვიმსჯელებთ კონცეპტუალურ საკითხებზე. სხვათა შორის, ჩვენი კანცელარიის თანამშრომლებმა, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან, ახლავე უნდა იფიქრონ ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაზე, რომლებიც ამ ფორუმის მოსამზადებლად იმუშავებენ. ამჯერად კი ვისაუბრებთ ისეთ პრობლემაზე, როგორიც არის, მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი (ეს მოსკოვის სამიტის ერთ-ერთი მთვარი თემა იყო). თავისუფალი ვაჭრობის სივრცე - ეს უაღრესად სასარგებლო იქნებოდა, კერძოდ, ჩვენი ქვეყნისათვის.

მოგეხსენებათ, ჩვენთვის კვლავინდებურად საჭირბოროტო პრობლემაა ჩვენი პროდუქციის ბაზრის მოპოვება, გნებავთ, დაბრუნება ბაზრისა, რომელიც, სამწუხაროდ, ნაწილობრივ დავკარგეთ. ოღონდ, რასაკვირველია, ვგულისხმობთ არა მარტო რუსეთის ბაზარს, არამედ უკრაინის, ცენტრალური აზიის, სხვა ქვეყნების ბაზრებსაც და ასე შემდეგ. ნუ დავივიწყებთ, რომ თანამეგობრობა მხოლოდ რუსეთი არ არის, თუმცა მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია და პასუხიმგებლობაც ძალიან დიდია. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ნურსულთან ნაზარბაევის წინადადებათა დიდი ნაწილი, რომლებიც მან წარმოადგინა განსახილველად, სწორედ თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებთან და სხვა მრავალ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, და, უდავოდ, მოწონებას იმსახურებდა, ბევრ რამეში კიდეც დავეთანხმე.

თანამეგობრობის ძალზე მნიშვნელოვან, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციად მიმაჩნია კონფლიქტების მოწესრიგება და მათი სამართლიანი გადაწყვეტა. არაერთგზის მითქვამს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც არ ძალუძს სამართლიანი მშვიდობა დაამყაროს კონფლიქტის ზონებში, არავის არ სჭირდება და საბოლოოდ ასეთი თანამეგობრობა დაშლისათვის არის განწირული. ასევე დაუშვებელია არამეგობრული, არაკეთილმეზობლური დამოკიდებულება ერთმანეთის ინტერესებისადმი, მხოლოდ საკუთრი ინტერესების გათვალისწინება, პრიორიტეტულობისა და მონოპოლიზმისადმი მისწრაფება. მე ასე მგონია, რომ ყველა სახელმწიფოს წარმატება და გაძლიერება ჭეშმარიტ სიხარულს უნდა იწვევდეს თითოეულ წევრ სახელმწიფოში.

მაგალითად, თუ მეგობრები ვართ, თუ კეთილი მეზობლები ვართ, თანამეგობრობის წევრები და თანაბარუფლებიანი, მაშინ სხვადასხვა ჯურის სეპარატიზმსაც არ უნდა აღვივებდე და, სხვათა შორის, არც იმას უნდა ცდილობდე, რომ ყველა კომუნიკაციამ, ყველა გაზსადენმა, ყველა ნავთობსადენმა, ყველა საჰაერო ტრასამ, ყველა სატელეფონო არხმა მაინცდამაინც შენს ტერიტორიაზე გაიაროს. სხვა ქვეყნების მისწრაფებას კი, მცირედი მოგება ნახონ საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებით, - მტრობად და დივერსიად არ უნდა აღიქვამდე. სიტყვა „დივერსია“ შემთხვევით არ მიხსენებია. ასე რომ, კომუნიკაცია, ნავთობსადენი და გაზსადენი უნდა გადიოდეს და გაივლის კიდეც იმ გზით, იმ მარშრუტით, რომელიც ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი და ხელსაყრელია. მე იძულებული ვარ ამასთან დაკავშირებით ვთქვა რამდენიმე სიტყვა, რადგან ბევრი კითხვა შემოდის, რომ გამოითქვას რაღაც მოსაზრებები.

თავისთავად, თანამეგობრობის გაძლიერებით, ეკონომიკური, სამეცნიერო კავშირურთიერთობის განვითარებით გაფართოვდება პიროვნულ მისწრაფებათა დაკმაყოფილების ასპარეზიც - ეს უმთავრესი საკითხია: არ უნდა არსებობდეს რაიმე ბარიერი იმისათვის, რომ ადამიანებმა თავისუფლად დაამყარონ კონტაქტები, იმოგზაურონ, გაგრძელდეს კულტურული მემკვიდრეობის გაცვლის შესანიშნავი ტრადიცია, ხელოვნების მუშაკთა და მეცნიერთა კონტაქტები და ასე შემდეგ. კვლავ და კვლავ ვიმეორებ - კარჩაკეტილობა დაუშვებელია, ინტეგრაციული პროცესი თანამეგობრობის სივრცეში უნდა მიედინებოდეს იმ კალაპოტით, რომელშიც ვითარდება ანალოგიური პროცესები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთის საკითხის განხილვა სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომაზე. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ თანამეგობრობის წევრმა ქვეყნებმა უკვე მოიწონეს საქართველოს დოკუმენტი, - ეს საკითხი მაინც განვიხილეთ საბჭოს სხდომაზე და ხაზგასმით აღინიშნა მისი მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთელი თანამეგობრობისთვისაც. თვით დოკუმენტი კი, ფაქტობრივად, შეიცავს ყველა იმ დებულებას, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ კოლეგებს განსახილველად. ეს გახლავთ, უწინარესად, გალის რაიონის საკითხის გადაწყვეტა, გალში დაბრუნება, ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნა საერთაშორისო ორგანიზაციათა მონაწილეობითა და მათი კონტროლით, სამშვიდობო ძალების დისლოკაციის ძირითადი ხაზის გადაადგილება მდინარე ენგურიდან ღალიძგამდე, ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა დაბრუნების ასპარეზად ამ დოკუმენტით გამოცხადებულია არა მარტო გალის რაიონი, არამედ მთელი აფხაზეთის ტერიტორია - ფსოუდან ენგურამდე. თქვენ გახსოვთ, ადრე რამდენადმე სხვა ფორმულირებანი იყო. ამჯერად სავსებით გარკვევით ითქვა, პირველ რიგში, გალის რაიონი, საბოლოოდ კი მთელი ტერიტორია ფსოუმდე. გარდა ამისა, სახელმწიფოთა მეთაურების საბჭო მიესალმა უკრაინის ინიციატივას, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებაში, აგრეთვე მეგობარი ქვეყნების დიპლომატიურ თუ სხვა სახის ძალისხმევას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, - ფაქტობრივად, თანამეგობრობამ აღიარა: აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის პასუხისმგებელია არა მარტო რუსეთი, არამედ მსოფლიოს სხვა მძლავრი დემოკრატიული ქვეყნებიც. თუმცა რუსეთს ყოველთვის ექნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ხმა.

არ დავფარავ: გარკვეული სკეპტიციზმი ნამდვილად არსებობს ამ დოკუმენტის აღსრულებასთან დაკავშირებით. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენსავე გერგილიანობასა და ინიციატივობაზე. სამწუხაროდ, შესაბამისი სტრუქტურები ყოველთვის როდი ამჟღავნებენ ამ თვისებებს. დასახვეწია სათანადო მექანიზმიც. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების დაჩქარებისა და ხელშეწყობისათვის შეიქმნას სპეციალური ორგანოც, რომელსაც ექნება საგანგებო უფლებამოსილება და ფართო შესაძლებლობანი (საქართველო, ჩვენი სტრუქტურები მაქვს მხედველობაში). ეს ორგანო უფლებამოსილი იქნება როგორც პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის მიერ. შესაძლოა, მან ერთგვარი „ინტელექტუალური ცენტრის“ ფუნქციაც შეასრულოს (როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია) და ახალ ინიციატივათა, ახალ იდეათა გენერატორიც გახდეს.

- ყოველ შემთხვევაში, ეს დოკუმენტი წინა დოკუმენტებისაგან მაინც განსხვავებული იყო და ბევრი რამ აქ პირველად აღინიშნა. თავისთავად დოკუმენტი ბევრი რამით არის მნიშვნელოვანი. დავუშვათ, იგივე ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით, მაგალითად, თქვენ უკვე ბრძანეთ ღალიძგადან ფსოუმდე უკვე საზღვრის აღდგენაზეაო ლაპარაკი, ლტოლვილების შეყვანაზე... განსხვავებული დოკუმენტია თავისთავად...

- გეთანხმებით და სწორედ ამიტომ ვაყენებთ საკითხს, რომ უნდა შეიქმნას რაღაც ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, ისეთი, რომელიც იმუშავებს ამ დებულების გაფართოებაზე, დაკონკრეტებაზე, მათს შესრულებაზე, მეორე მხარესთან შეთანხმებაზე. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და ერთი ან ორი ჩასვლით, ერთი ან ორი შეხვედრით ასეთი პრობლემები არ მოგვარდება. ამიტომაც ვამბობ, რომ რაღაც განსაკუთრებული ნდობით და განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი სტრუქტურა დაგვჭირდება.

სამშვიდობო პროცესები საქართველოში გრძელდება - მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაცია. ხელისუფლება ნაყოფიერად თანამშრომლობს და ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას. საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები გამოვძებნეთ გალის რაიონის რეაბილიტაციისათვის, რათა ეს რაიონი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში ჩართულიყო. გათვალისწინებულია სახსრები ბიუჯეტში, ხოლო ლტოლვილთა დაბრუნების კვალობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს მეგობარი ქვეყნები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია გამოგვიყოფენ მნიშვნელოვან სახსრებს, რომლებიც მოხმარდება არა მარტო ლტოლვილებს (ვიმეორებ, ყველამ და, თუ აფხაზეთში ვინმე მისმენს, მიაქციოს ამას ყურადღება), არა მარტო ლტოლვილებს, არამედ აფხაზეთში ჩარჩენილ მოსახლეობასაც - აფხაზებს, რუსებს, სომხებს და ასე შემდეგ. ამდენად, ორივე კონფლიქტურ ზონაში ბევრად გაუმჯობესდება ვითარება, თუ დაიწყება და განვითარდება შერიგების პროცესი. ცხინვალის რეგიონში იგი უკვე დაიწყო, იმედი მაქვს, დაიწყება აფხაზეთშიც. მე კვლავ და კვლავ ვადასტურებ, რომ ვიყავი და ვარ ორმხრივი კონტაქტების მომხრე. აქვე აღვნიშნავ, რომ თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭო მიესალმება ამას. არ უნდა შევანელოთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით. ამიტომაც მივესალმე კონტაქტებს აფხაზეთისა და აჭარის წარმომადგენელთა შორის. შეიძლება გაიმართოს სხვა რეგიონების ხელმძღვანელთა შეხვედრებიც, ეს შერიგებისათვის საერთო მოძრაობის შემადგენელი და ხელშემწყობი ნაწილი გახდება.

და ბოლოს, რათა ამოვწუროთ თანამეგობრობის თემა: ბორის ბერეზოვსკის დანიშვნის თაობაზე მე უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი. მიმაჩნია, რომ დღევანდელ პირობებში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი ახალი ყაიდის, თუ გნებავთ, ახალი მენტალიტეტის მოღვაწე უნდა იყოს, რომელსაც კარგად ესმის ეკონომიკური ფაქტორების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში. მეწარმეობას, ბიზნესს იცნობს, კაპიტალს, ინვესტიციებს, ორმხრივი და მრავალმხრივი ხელსაყრელი პროექტების განხორციელებას ამ თვალსაზრისით და ამ ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ბორის ბერეზოვსკი, როგორც უდავოდ ნიჭიერი მოღვაწე, მეცნიერი, წარმატებული ბიზნესმენი (და, სხვათა შორის, მდიდარი კაცი) მსოფლიო ისტებლიშმენტისათვის კარგად ცნობილი პიროვნება, შეძლებს აღმოჩნდეს ის კაცი, რომელიც თავს გაართმევს ამ მეტად რთულ ამოცანას თანამეგობრობის წევრი ყველა ქვეყნისა და ყველა ერის საკეთილდღეოდ. ყოველ შემთხვევაში, მანდატი, რომელიც ჩვენ მას მივანიჭეთ, საკმაოდ ფართო და მრავლისმომცველია.

ასეთია ჩემი წინასწარი შთაბეჭდილებანი.

- მოსკოვში თქვენ შეხვდით სომხეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს. ამ შეხვედრის შემდეგ მცირე ბრიფინგი გაიმართა. თქვენ ასეთი ფრაზა თქვით: ჩვენ განვავითარეთ ის და სულ ცოტა რაღაც შევმატეთ იმას, რაც საუკუნეთა მანძილზე კეთდებოდა ჩვენი ხალხების ურთიერთობაში. ქოჩარიანმა ასეთი რამ თქვა: არის უამრავი საკითხი, რომელთა შესახებაც შეიძლება მსჯელობა, უამრავი საშუალება კიდევ უფრო დაახლოებისათვის. და დასძინა, რომ არანაირი პრობლემა მას საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის დროს არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ჰქონია. საქართველოში ვიზიტად იყო სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე არუთინიანი. ალბათ, ეს შეხვედრებიც ჩვენი რეგიონული ურთიერთობის კონტექსტით უნდა განვიხილოთ...

- თქვენ მოგეხსენებათ ჩვენი განსაკუთრებით გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულება თითქმის ყველა მეზობელთან, მხედველობაში მყავს აზერბაიჯანიც, თურქეთიც, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები, კავკასიის ხალხები და სხვანი და სხვანი. ამავე დროს, მე მივესალმები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის განვითარების ყოველგვარ ცდებს. თუ რამდენად სასარგებლოა ამგვარი კონტაქტები, ბატონ ხოსროვ არუთინიანისა და სომხეთის ეროვნული კრების დელეგაციის ვიზიტმაც დაადასტურა. უმთავრესი შედეგი მაინც ის გახლავთ, რომ ხაზგასმით აღინიშნა „მშვიდობიანი კავკასიის“ კონცეფციის რეალური განხორციელების აუცილებლობა, და ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო ამ დელეგაციისაგან. ბატონ არუთინიანთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტის დროს, რომლებიც არსებობს, თუ მომავალში წარმოიშობა, „კავკასიური დიალოგის“ ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ ყოველმიზეზგარეშე, კერძოდ, კონფლიქტის მოგვარებაშიც. ასეთივე პათოსით წარიმართა ჩემი შეხვედრა სომხეთის ახალ პრეზიდენტთან რობერტ ქოჩარიანთან. უნდა გითხრათ, რომ მე მასთან მუდმივი კონტაქტები მაქვს, თითქმის ყოველდღიური სატელეფონო კავშირი და ბევრ საკითხს ვაგვარებთ. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები კეთილისმყოფელ ზეგავლენას მოახდენს კავკასიაში მშვიდობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ატმოსფეროს დამკვიდრების თვალსაზრისით.

- გასულ კვირას კვლავ აქტუალური იყო ევრაზიის დერეფნის თემა. ლუქსემბურგში ევროკავშირის საბჭოს სხდომამ მიიღო დეკლარაცია კასპიის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების შესახებ, გრძელდებოდა ცენტრალური აზიის წიაღისეულ სიმდიდრეთა დასავლეთში ტრანსპორტირების მარშრუტების შესახებ დისკუსიები. თურქმენეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ ქვეყანამ 700 ათასი დოლარი გამოყო ტრანსკასპიის გაზსადენის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად. სავარაუდოდ, გაზსადენმა კასპიის ფსკერზე უნდა გაიაროს, შემდეგ აზერბაიჯანზე, საქართველოზე და ამ გზით მოხვდეს ევროპაში. ამ პროექტს, ამ იდეას, რასაკვირველია, ბევრი უჭერს მხარს და თუნდაც ამ ინფორმაციის შემდეგ კიდევ ბევრი დაუჭერს მხარს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ იგივე რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელმა უკვე გამოთქვა შეშფოთება ამ პროექტთან დაკავშირებით და მათი ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის კასპიის ზღვის ეკოლოგიას. ცნობილია, რომ ამ თემაზე რუსეთი დიდი ხანია მუშაობს. ბუნებრივად ისმის კითხვა: რამდენად გულწრფელია ეს არგუმენტი და თუკი ეს ასეა (ალბათ, ასე არ იქნება, რადგან ამდენი ქვეყანაა ჩართული ამ პროექტში), მართლაც რომ ასე იყოს, არის თუ არა ნაკარნახევი ეს ეკოლოგიური ინტერესებით, საერთოდ არსებობს თუ არა ეს არგუმენტი?

- მე მივესალმები ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას - აქტიურად დაუჭიროს მხარი კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისებას და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სწორედ იმ საკომუნიკაციო პროექტებს, რომლებიც ამჟამად იხვეწება. საბჭოს მიაჩნია, რომ კასპიის ნავთობისა და გაზის საექსპორტო მარშრუტების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია როგორც რეგიონის მომავალი კეთილდღეობისა და უშიშროებისათვის, ასევე, საერთაშორისო ბაზრებისა და უცხოეთის კომპანიებისათვის, რომლებიც ინვესტიციებს დააბანდებენ ამ რესურსების საექსპლოატაციოდ. ამიტომ მრავალმხრივი მარშრუტების მილსადენების მშენებლობა სავსებით ლოგიკურიც არის და სასურველიც. უცხოელმა ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ ყველა ფაქტორი - პოლიტიკური, გეოგრაფიული და ფინანსური იმისათვის, რომ მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებანი მილსადენების მარშრუტების თაობაზე. საბჭოს სჯერა, რომ ამ გადაწყვეტილებებისა და კონკრეტული მარშრუტების შემუშავებისას დაინტერესებული კომპანიები იხელმძღვანელებენ ძირითადად კომერციული პრინციპებით. საბჭოს, ასევე, მნიშვნელოვნად მიაჩნია რეგიონში არსებული მილსადენების ქსელის რეაბილიტაცია. როგორც ხედავთ, თითქმის ასი პროცენტით ემთხვევა ევროკავშირის შეხედულებანი საქართველოს შეხედულებებს სატრანზიტო პრობლემებთან დაკავშირებით.

ვიცი, რომ ამ დეკლარაციაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. ვფიქრობ, დადგა დრო, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების, აგრეთვე, იაპონიის მხარდაჭერის გათვალისწინებით, მოეწყოს „ტრასეკას“ პროექტის მონაწილე ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრა. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნები რომ ჩამოვთვალე, ვგულისხმობ რუსეთსაც და სხვა ქვეყნებსაც. ახლა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებზე გავამახვილე ყურადღება. უახლოეს ხანში უნდა მოხდეს ეს. ამ დღეებში მე ბაქოში შევხვდები აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბატონ ჰეიდარ ალიევს და უეჭველად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის საჭირო ამ ფორუმის ორგანიზებისათვის. შესაძლოა, იგი გაიმართოს ბაქოში, ასეთი მოსაზრება თავად ჰეიდარ ალიევმა გამოთქვა. ან სხვა შემთხვევაში, თუ იქ რაიმე პრობლემა იქნება, ჩვენც მზად ვართ ვუმასპინძლოთ ასეთ ფორუმს. ეს იქნება დაახლოებით 15 ქვეყნის მეთაური, თუ მეტი არა.

რაც შეეხება ბატონ საფარმურად ნიაზოვის ვიზიტს, ვინაიდან ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ქვეყნდება (მხედველობაში მაქვს ორმხრივი შეთანხმება და სხვა), შემოვიფარგლები მხოლოდ იმის კომენტარით, რაც საყოველთაოდ ცნობილია: დიალოგი ტრანსკასპიის გაზსადენის თაობაზე უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, საქართველო ამ პროექტს მხარს უჭერს, ვინაიდან ჩვენი ქვეყნისათვის იგი უაღრესად ხელსაყრელი და მისაღებია.

ამავე დროს, მე ცოტა არ იყოს გამაკვირვა კიდევ რუსეთის ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებამ, რომ გაზსადენი კასპიის ფსკერზე საფრთხეს შეუქმნის ზღვის ეკოლოგიას. რა თქმა უნდა, ამ შეშფოთებას შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, მაგრამ ასევე საფუძვლიანია შეშფოთება რუსეთიდან თურქეთში შავი ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანის გამო. ამიტომ, ეს საკითხი მშვიდ ვითარებაში, ექსპერტთა, მეცნიერთა დონეზე უნდა გადაწყდეს. ორმაგი სტანდარტები კი არავის არ გამოადგება.

- გასულ კვირას ორი ახლად დანიშნული მინისტრი შეუდგა მუშაობას. თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი თემურ გიორგაძე...

- ვინც თვალყურს ადევნებდა მოვლენებს, კერძოდ, ბატონების თევზაძისა და გიორგაძის მოღვაწეობას, უეჭველად შენიშნავდა, რომ ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს მათ სამსახურებრივ ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. და კიდევ და კიდევ უნდა შევეხმიანო ჩემს ზოგიერთ ოპონენტს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტს არ გააჩნია კურსი და, კერძოდ, საკადრო პოლიტიკის კურსი. არ არსებობს რაღაც უნივერსალური მიღწევები, მაგრამ კურსი არსებობს და ამის შედეგები აშკარაა. მაგალითად, შეიძლება ითქვას, უნიკალურია გზა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, თანამიმდევრულად განვლო დავით თევზაძემ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. მე იგი დიდი ხანია შევნიშნე, დავაფასე კიდეც მისი ნიჭი, თავდადება, ადამიანური თვისებები, და ამიტომ ყველაფერი ვიღონე იმისათვის, რომ მას სამხედრო კვალიფიკაცია აემაღლებინა ამერიკისა და დასავლეთის ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლებში, შეეძინა თეორიული ცოდნა, ხოლო ვაჟკაცობა (როგორც პირადად დავრწმუნდი ცნობილი მოვლენების დროს) დავით თევზაძეს არ აკლდა. ასევე შემიძლია ვთქვა თემურ გიორგაძის შესახებაც. ეს რთული უბანია, რომელიც მას ჩავაბარეთ, ძალიან პასუხისმგებელი საქმეა. ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის ხერხემალია და დარწმუნებული ვარ, რომ იგი თავს გაართმევს ამ ძალიან დიდ და საპატიო ამოცანას, აგრეთვე, ვპირდები ყოველმხრივ დახმარებას. ამ განცხადების საფუძველს მაძლევს ის, რომ მან ძალიან კარგი სკოლა გაიარა, ძველიც და ახალიც, და იცის, რას მოითხოვენ მისგან.

ამრიგად, საკმაოდ რთული საკადრო გადაწყვეტილებანი მივიღეთ, თუმცა, საერთოდ, მაინც კმაყოფილი ვარ, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არის კურსი, არის სტრატეგია, რომელიც საშუალებას აძლევს პრეზიდენტს გადაწყვიტოს ურთულესი სახელმწიფოებრივი პრობლემები, და გადაწყვიტოს მაშინ, როცა ისინი მომწიფდება და არა ისე, როგორც ზოგიერთი მოითხოვს, - მასობრივად დაფერთხეთ ყველა და ქუჩიდან მოიყვანეთო ხალხი.

- სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო გავრცელებული ასეთი ხუმრობა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას სახლის მახლობლად რაღაც ჯიხურს ანგრევდნენ. რატომ ანგრევთო, ჰკითხეს, ახალი უნდა ავაშენოთო. ჯერ ახალი ააშენეთ და მერე დაანგრიეთო. ეს მოარულ ხუმრობად დადიოდა...

- იყო, იყო ასეთი ხუმრობა.

- გასულ კვირას „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა მიმართვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორისადმი, სადაც უწმინდესს სთხოვდნენ წმინდა სინოდის კრებაზე განეხილათ ცოტნე დადიანის წმინდანად შერაცხვის საკითხი...

- მე მივაქციე ამ მასალას ყურადღება და როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ჩემს საპატიო და სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია ჩვენი შესანიშნავი მამულიშვილის, სამშობლოსათვის თავდადებული პატრიოტის ცოტნე დადიანის სახელის უკვდავყოფა. ამიტომ ფოთის იმდროინდელი მერის, ნუგზარ ნადარაიას წინადადების საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება ფოთში ცოტნე დადიანის ძეგლის დადგმის შესახებ. ეს იდეა ბრწყინვალედ განახორციელა კიდეც ჩვენი დროის შესანიშნავმა ხელოვანმა ელგუჯა ამაშუკელმა.

რაც შეეხება ცოტნე დადიანის წმინდანად შერაცხვას, ამ საკითხზე შემიძლია გამოვთქვა აზრი არა როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც ქართველმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანმა. მიმაჩნია, რომ ცოტნე დადიანის საეკლესიო წმინდანად შერაცხვა საქართველოს უკვდავი შვილის ზნეობრივი გმირობის სამართლიანი აღიარება იქნებოდა.

ცოტნე დადიანი ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ზნეობრივი ძლევამოსილების ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი და უბრწყინვალესი სიმბოლოა.

ამდენად, სურვილი კეთილშობილურია, მაგრამ გადაწყვეტილება ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წინადადებითა და ლოცვა-კურთხევით.

- როგორ შეაფასებდით საერთოდ განვლილ ეკონომიკურ კვირას? კვლავ მწვავედ იდგა პენსიებისა და ხელფასების გაცემის საკითხი, ზოგიერთ რეგიონში ამან განსაკუთრებით კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. შეიმჩნეოდა ინვესტიციათა ზრდა, მრეწველობაც, შეიძლება ითქვას, წლის დასაწყისში დაკარგულ ტემპს ნელ-ნელა იკრებს...

- უნდა გითხრათ, რომ მდგომარეობა თანდათან სწორდება, ყოველ შემთხვევაში, დედაქალაქში, მთელ რიგ წამყვან ადმინისტრაციულ ცენტრებში და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც პენსიებისა და ხელფასების დროულად გაუცემლობა იმასთან არის დაკავშირებული, რომ სათანადოდ ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას ცენტრალური და დარგობრივი სტრუქტურები, რომლებიც მოწოდებული არიან, იმუშაონ ამ საკითხებზე. არაერთგზის გაფრთხილებისა და მოთხოვნის მიუხედავად, და ნუ ჰგონიათ, რომ გაფრთხილება, ასე ვთქვათ, იქნება უსაზღვრო, მოვა დრო, როცა ასეთ თანამდებობის პირებს პასუხი მოეკითხებათ. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, ნამდვილად არ მინდა, გული ვატკინო ახალგაზრდა მოღვაწეებს, რომლებმაც ჩაიბარეს ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო სამსახური და ზოგიერთი სხვა, ასევე, რაიონებში, ქალაქებში ასრულებენ გამგებელთა და მერების მოვალეობას, ეს ზოგიერთ რწმუნებულსაც ეხება, მაგრამ პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ ჩვენთვის მთავარი არ არის მუშაობის სტილი. მთავარი შედეგია და დღეს ჩვენ ისეთ ექსტრემალურ პირობებში ვცხოვრობთ, განსაკუთრებით ამ სფეროსთან - ხელფასებთან, პენსიებთან და დახმარებასთან დაკავშირებით, რომ აქ ძალიან მოკლე დროში, 5-6 თვეში უნდა გაიაროს ადამიანმა ის გზა, რომელსაც სხვა ქვეყნებში 6 და 7 წელიწადში გადიან. ამიტომ მთავარია შედეგი და ამ შედეგის მიხედვით იქნება მოთხოვნაც. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ამ თვალსაზრისით ვითარება საბოლოოდ გამოსწორდება. როგორც გითხარით, ნაწილობრივ გამოსწორდა და სათანადო სამსახურები შეძლებენ საბიუჯეტო სახსრების მოზიდვას პროგნოზით გათვალისწინებული ოდენობით და გამოჩნდება სხვა არასაბიუჯეტო შემოსავალიც. აქაც არსებობს კარგი რესურსი, კარგი რეზერვი და ყველა სამინისტრომ, განსაკუთრებით ქონების მართვის სამინისტრომ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანას არასაბიუჯეტო შემოსავლის ზრდაში.

ამ კვირის მოვლენებიდან გამოვყოფდი საინვესტიციო საბჭოს სხდომას. მე ცოტას ვლაპარაკობ ამ საბჭოზე, მაგრამ იგი ძალიან საინტერესო ინსტიტუტად გადაიქცა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სტრუქტურამ ნამდვილად გაამართლა თავისი დანიშნულება: ფაქტობრივად, საბჭოს სხდომაზე განვიხილავთ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს. ამრიგად, ჩამოყალიბდა ერთგვარი საინფორმაციო ბანკი, რომელიც გვეხმარება განვავითაროთ და გავაფართოოთ, გავაღრმაოთ საინვესტიციო სივრცე. ეს სამუშაო შესრულდა დიდი შვიდეულის ქვეყნების დახმარების განმახორციელებელ ჯგუფთან თანამშრომლობით. ამავე დროს, ასეთი კონტროლი, მიმოხილვის ასეთი სისტემა გვეხმარება იმაში, რომ საინვესტიციო პროექტებს ჩამოვაცილოთ ის მიტმასნილი ადამიანები, რომლებიც დიდად უშლიან ხელს ჩვენში ეკონომიკის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას.

საბჭომ განიხილა გაეროს განვითარების რამდენიმე პროექტი, მათ შორის საჰაერო ტრანსპორტის რეორგანიზაციის შესახებ, მიგრაციის მართვის ერთიანი სისტემის შექმნის თაობაზე. უაღრესად საინტერესო და საჭირო პროექტია.

გერმანიის მთავრობის მიერ, ფინანსური დახმარების ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რესურსების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისათვის გამოყოფილია 5 მილიონი გერმანული მარკის მოცულობის გრანტი. ამ, შეიძლება ითქვას, კეთილშობილურ პროექტს, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი აფინანსებს, მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. გერმანელები გვეხმარებიან საქართველოს ტყის, ჩვენი ქვეყნის ბუნების გადარჩენაში - ეს ზრუნვა ჩვენც დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიცნობიეროს, რომ ტყის არაგეგმაზომიერი ჭრა, ნებსით თუ უნებლიეთ, იმ პროექტების ჩაშლას განაპირობებს, რომლებითაც ცივილიზებული მსოფლიო ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს ბუნებრივი გარემოს გადარჩენაში. საქართველოს ბუნება, ჩვენი გარემო საერთო მონაპოვრად ითვლება და ეს ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ.

ვიმსჯელეთ აგრეთვე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დაფუძნების შესახებ. ესეც ძალიან დიდი საქმეა, შეიძლება ითქვას, ისტორიული საქმეა. ევროკავშირის - ტასისის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ცენტრი არაკომერციული, არაპოლიტიკური ორგანიზაციაა. კავკასიის ქვეყნების მთავრობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, იგი ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას. პროგრამის რეალიზაციის ვადა 12 თვეა. ევროკავშირმა 375 ათასი ეკიუ გამოყო ამ ცენტრის შექმნისათვის. გაისად ნავარაუდევია ცენტრის დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდა;

მსოფლიო ბანკის მუნიციპალური განვითარების (ვფიქრობ, ესეც ყველა რადიომსმენელისათვის საყურადღებო საკითხია) პროექტის ხაზით უკვე დასრულებულია ფინანსური და ადმინისტრაციული რეაბილიტაციის გეგმების შემუშავება თბილისში, ბათუმში, გორსა და თელავში. ეს სამუშაოები გრძელდება რუსთავის, ამბროლაურის, ყაზბეგის, ახალციხის, ფოთის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. მათ განზრახული აქვთ წყალმომარაგების, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკული სისტემის სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ეს არის მუნიციპალური პროექტების დასაწყისი და უნდა ველოდოთ, რომ მომავალ წლებში ასეთი დახმარების გეოგრაფია, კერძოდ, სოციალური დახმარება, გაფართოვდება და სხვა რეგიონებსაც მოიცავს.

რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავალს, აპრილში საგადასახადო ინსპექციამ, წინასწარი მონაცემებით, აკრიფა 28 მილიონი ლარი, რაც 11 მილიონით, ანუ 1,7-ჯერ აღემატება შარშანდელი აპრილის მაჩვენებელს. საგადასახადო ინსპექციის შეფასებით, შემოსავლის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აჭარამ, სადაც საგადასახადო შემოსავლის სახით მიღებულია თითქმის 2 მილიონი ლარი. ეს გეგმას თითქმის 20 პროცენტით სჭარბობს. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დამალული შემოსავლისა და ურჩ გადამხდელთა გამოსავლენად. აპრილში მარტო ოპერატიულმა სამმართველომ ურჩ გადამხდელებს (მიაქციეთ ყურადღება, რა ზიანს გვაყენებენ ისინი) ბიუჯეტში ჩაარიცხვინა 2 მილიონ ლარზე მეტი თანხა.

სულ წლის დასაწყისიდან საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტში ჩარიცხა 98 მილიონი ლარი, რაც 28 პროცენტით აღემატება შარშანდელ დონეს.

აპრილში მუშაობა გაააქტიურა საბაჟო დეპარტამენტმაც. განვლილ თვეში მან ბიუჯეტში გადარიცხა 21 მილიონამდე ლარი შემოსავალი, რაც 1,6-ჯერ სჭარბობს შარშანდელ აპრილის მაჩვენებელს და 17 პროცენტით აღემატება მარტის დონეს. წლის დამდეგიდან საბაჟოს მიერ ბიუჯეტში უკვე მობილიზებულია 67 მილიონი ლარი.

ასე რომ, არც ისე საგანგაშო მონაცემებია, თუმცა იმისათვის, რომ საბოლოოდ გადავწყვიტოთ პენსიების, ხელფასებისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვა ხარჯების საკითხები, ტემპი და მუშაობის მასშტაბი უნდა გავზარდოთ.

- გუშინ ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების მსოფლიო დღე იყო. ამასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა და მიულოცა ჟურნალისტებს ეს დღე. პრესა, ალბათ, ის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, რომელიც თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ და ამ შემთხვევაში თქვენს სიტყვებს ვიმეორებ - ახალი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობას უწყობს ხელს.

- მე ცოტა დავაგვიანე. ეს გუშინ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ გუშინ ტრიბუნა არ მომცეს და ვერ შევძელი ისე გამომეთქვა, როგორც საჭირო იყო. გეთანხმებით, რომ, თუ ამ ბოლო დროს რაღაც დემოკრატიულ მონაპოვრებზე შეიძლება ლაპარაკი, სხვა მონაპოვრებთან ერთად ერთ-ერთი უპირველესი ალბათ ის არის, რომ ჩვენთან ნამდვილად არსებობს თავისუფალი პრესა და ეს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენს საზღვარგარეთელ სტუმრებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს არაერთხელ აღუნიშნავთ.

ქართული პრესა, ნაკლოვანებებისა და ყველა სირთულის მიუხედავად, მე კიდევ ვიმეორებ, ჩვენი დემოკრატიის ყველაზე თვალსაჩინო მონაპოვრად მიმაჩნია, რომელსაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. სახელმწიფო, თავის მხრივ, ყველაფერს იღონებს, რათა გაფართოვდეს, გაძლიერდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჩვენ შეზღუდული ვართ, მაგრამ ნელ-ნელა ამის საშუალებები უნდა გამოიძებნოს. უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ აღიზარდოს მაღალკვალიფიციური კადრები აქაც, ჩვენთანაც და ბევრი ნიჭიერი ჟურნალისტი საზღვარგარეთ უნდა გავგზავნოთ და ქართული ბეჭდვითი სიტყვა ნამდვილად ახალ სიმაღლეზე უნდა ავიყვანოთ. ყველაფერი ეს ხელისუფლების მოვალეობაა და ყველაფერი ეს კარგად მესმის.

ბეჭდვითი სიტყვა, ზოგადად, ადამიანთა მოდგმის, საკაცობრიო გენიის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო გამოვლინებაა.

ახლა, თუ სურვილზე ვილაპარაკებთ, მე მინდა ვიხილო ჩვენი გაზეთები კიდევ უფრო მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული, თავისუფალი (ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ, რაც, ასე ვთქვათ, ერთგვარად აკნინებს ჩვენი პრესის მნიშვნელობას), თავისუფალი ცილისწამებისა და უსაფუძვლო იაფფასიანი სენსაციებისაგან. გაზეთები არ შეიძლება თავისუფალი იყოს სენსაციებისაგან. რა თქმა უნდა, სენსაცია სენსაციაა და გაზეთმა ეს უნდა ასახოს, მაგრამ როცა უსაფუძვლო და იაფფასიანია, ეს მხოლოდ ვნებს გაზეთის ავტორიტეტსა და მის იმიჯს.

მჯერა, რომ ეს დღეც შორს არ არის, მისი მოახლოების დაჩქარება კი სავსებით შესაძლებელია და ქართული პრესა ალბათ ერთ-ერთი სამაგალითო გახდება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ახალი დემოკრატიის გზას დაადგნენ.

საქინფორმი.

„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა უნდა გადაიქცეს წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის შეუვალობის მნიშვნელოვან ფაქტორად“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 4 მაისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 5 მაისი. - №106 (2806). - 1,2 გვ.

52 დიდი აბრეშუმის გზა - სამართლიანი მშვიდობის, პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური აღმავლობის გზა

▲ზევით დაბრუნება


თბილისი მასპინძლობს ტრასეკას სამუშაო
ჯგუფების მეხუთე კონფერენციას

ორი დღის მანძილზე საქართველოს დედაქალაქში იმუშავებს ტრასეკას სამუშაო ჯგუფების მეხუთე კონფერენცია. მისი გახსნის საზეიმო ცერემონია მოეწყო სასტუმრო „შერატონ-მეტეხი-პალასის“ კონფერენცდარბაზში 5 მაისს დილით. ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, სახელმწიფო მინისტრი ნიკოლოზ ლეკიშვილი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, მოლდოვის, მონღოლეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უკრაინის, უზბეკეთის, საქართველოს მთავრობათა დელეგაციები და ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. ისინი შეაჯამებენ ტრასეკას პროექტის განხორციელებისთვის მუშაობის შედეგებს, განიხილავენ ახალ წინადადებებს, რომლებიც ეხება 1998-1999 წლების ტრასეკას საინვესტიციო და ტექნიკურ პროექტებს, სერიოზული განხილვის საგანი იქნება ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის რკინიგზის, საავტომობილო მაგისტრალებისა და ნავსადგურების განვითარებასთან დაკავშირებული საკთხები.

ფორუმი გახსნა საქართველოს ტრანსპორტის მინისტრმა მერაბ ადეიშვილმა, მან სიტყვა მისცა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს - ტრასეკას ერთ-ერთ ინიციატორს, რომელიც კვლავაც არის ამ პროექტის პოლიტიკური სულისჩამდგმელი და დიდი პირადი წვლილი შეაქვს მისი განხორციელების საქმეში.

მიმართა რა კონფერენციის მონაწილეებს, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:

ბატონო თვმჯდომარევ,
პატივცემულო დელეგაციების ხელმძღვანელებო,
ბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო ტრასეკას მონაწილე ქვეყნების ტრანსპორტის სფეროს ხელმძღვანელებს და უმაღლესი რანგის ექსპერტებს ჩვენს დედაქალაქში, თბილისში. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში, რომელიც ამჯერად, მასპინძლობს ტრასეკას ექსპერტთა რიგით მეხუთე სამუშაო შეხვედრას.

სიამოვნებით მივესალმები ტრასეკას პროგრამის ახალ წევრებს, უკრაინასა და მონღოლეთს. ამ ქვეყნების ჩართვა აბრეშუმის გზის აღორძინების პროგრამაში ადასტურებს, რომ ტრასეკას მომავალი აქვს და იგი კიდევ უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება. მივესალმები ჩინეთისა და მოლდოვას დელეგაციებს, რომლებიც დღევანდელ კონფერენციაზე მეთვალყურის სტატუსით არიან წარმოდგენილი და კმაყოფილებით აღვნიშნავ მათ დაინტერესებას ტრასეკას პროექტით. მივესალმები საერთშორისო სატრანსპორტო, საფინანსო და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი - მსოფლიო ბანკს. ევრობანკს, რომელთაც ტრასეკასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვთ და აქტიურად მოღვაწეობენ დერეფნის პროექტის განხორციელებაში. მოგესალმებით ყველას, ვინც აქტიურ გეგმებს სახავთ ამ პროგრამის ფარგლებში. სიამოვნებით მივესალმები იაპონიის საფინანსო ორგანიზაციების მზარდ ინტერესს დერეფნის მიმართ. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით მოგესალმებით ყველას, ვინც პირველად ბრძანდებით საქართველოში და ვინც უკვე მრავალჯერ გვესტუმრა.

სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინათ ტრასეკას პროექტი აუხდენელი ოცნების სფეროს უფრო განეკუთვნებოდა, ვიდრე სინამდვილეს. დღეს იგი მუშაობს. განსაკუთრებული პატივისცემითა და განსაკუთრებული დაფასებით მინდა მივესალმო მის სულისჩამდგმელს და ამ ფორუმის ორგანიზატორს - ევროკავშირსა და მის დელეგაციას ამ დარბაზში.

ევროკავშირის აღმოსავლური პოლიტიკა, რომელიც ამიერკავკასიის ქვეყნებთან დაკავშირებით საკვები პროდუქტებით დახმარების პროგრამებით იწყებოდა, დღეს მათი და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური და პოლიტიკური უშიშროების ერთ-ერთ სერიოზულ საყრდენს წარმოადგენს. დიდი აბრეშუმის გზის აღორძინება, რომლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ტრასეკას პროექტი, იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა სახავდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები გრძელვადიან, ეკონომიკური კეთილდღეობისა და სტაბილურობის მისაღწევად მიმართულ მიზანს და როგორ უნდა იღვწოდნენ მისი გეგმაზომიერი განხორციელებისათვის.

ამასთან ერთად, ტრასეკას პროექტი იმის მაგალითიცაა, თუ რა ძალუძს ერთი დიდი მიზნით რეგიონის სახელმწიფოთა გაერთიანებას. ხომ ცხადია, რომ ვერც ევროკავშირის ძალისხმევა, ვერც მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოთა დაინტერესება ვერ გამოიღებდა სასურველ ნაყოფს, რომ არა საერთო მიზნით გაერთიანებული ქვეყნების მტკიცე განზრახვა, თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ დღევანდელ მსოფლიოში, რომ არა გაცნობიერება იმისა, რომ ყოველი ჩვენგანი თანაბრად აგებს პასუხს ჩვენს საერთო სახლში მიმდინარე ყველა მოვლენაზე. მე მივესალმები იმას, რომ რეგიონული, ან თუნდაც სუბრეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობისა და სოლიდარობის შეგრძნება საბოლოოდ დამკვიდრდა და ეს გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც წარმატებით დააგვირგვინებს ჩვენი დიდი და ძლიერი მეგობრების ცდას - ხელი შეუწყონ შავი და კასპიის ზღვის აუზებში სამართლიანი მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებას, ეკონომიკურ აყვავებას. ჩვენ ასევე მივესალმებით იმას, თუკი რეგიონის მომიჯნავე სახელმწიფოებიც განიმსჭვალებიან ამ სულისკვეთებით. მეზობელს მეზობლის წარმატება უნდა ახარებდეს. მეზობელში მარტო კონკურენტს არ უნდა ხედავდეს, მხოლოდ ამ გზით მივალთ საერთო კეთილდღეობამდე.

ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის გასწვრივ თავმოყრილია დედამიწის მნიშვნელოვანი ბუნებრივი, მატერიალური თუ ადამიანური რესურსები. მათი გონივრული გამოყენება უდიდეს სარგებლობას მოუტანს არა მარტო რეგიონის ხალხებს, არამედ მათაც, ვინც უშუალოდ წილს დაიდებს ამ რესურსების ათვისებაში. ვგულისხმობ უცხოურ კომპანიებს, რომელთა მოღვაწეობა უკვე სახეს უცვლის კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთელ დარგებს, ქმნის სამუშაო ადგილებს. ბუნებრივია, რომ რესურსების სიკეთითაც, უპირველეს ყოვლისა, ისარგებლებს ის, ვინც თავიდანვე აქტიურად ჩაერთვება მათ ღია და პატიოსან ათვისებასა თუ გამოყენებაში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მივესალმებით ყველა ქვეყნის კომპანიების მონაწილეობას ამ დიდ პროექტებში. დასანანი იქნება, თუკი ბეც პოლიტიკოსთა ამბიციებს შეეწირება რომელიმე ბიზნესის შესაძლებლობანი, თანაბარი პარტნიორობა გასწიოს რეგიონში და, შესაბამისად, თანაბრად ისარგებლოს მისი ყველა სიკეთით. როცა ამას ვამბობ, არა მარტო დერეფნის დასავლეთ-აღმოსავლეთის შემადგენელ ნაწილს ვგულისხმობ, არამედ, ჩრდილოეთ-სამხრეთისასაც, რომელსაც არანაკლები პერსპექტივები აქვს.

ტრასეკას პროექტის შესაძლებლობებზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ 1996 წელს წინა წელთან შედარებით ტვირთბრუნვა ტრასეკას დერეფანში 20 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უკვე 1997 წელს წინა წელთან შედარებით - კიდევ 30 პროცენტით. ტვირთბრუნვის ზრდას შესაბამისად ინფრასტრუქტურის განვითარება ესაჭიროება. ამ მიზნით ევროკავშირმა უკვე გამოყო 15 მილიონი ეკიუ სარკინიგზო ბორანის ტერმინალის მშენებლობისათვის ფოთის ნავსადგურში და ილიჩოვსკის ნავსადგურის აღსადგენად. ეს პროექტი მიმდინარე წლის დამლევისთვის დასრულდება, რაც, ფაქტობრივად, საშუალებას მოგვცემს პირდაპირი ტექნოლოგიური სარკინიგზო კავშირი დამყარდეს შავი ზღვის აუზის ნავსადგურებთან. არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო ევრობანკის მეშვეობით საქართველოს რკინიგზის აღორძინებისათვის დაგეგმილი პროექტის განხორციელება, ისევე, როგორც მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ტრანსპორტის სამინისტროს რესტრუქტურიზაციის პროექტისა. მე ახლა საქართველოზე ვლაპარაკობ, მაგრამ, ეს, ფაქტობრივად, ეხება ყველა ქვეყანას.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ, ამ დარბაზში, ტრასეკა-ბისეკის ქვეყნების ტრანსპორტთა მინისტრების კონფერენციამ, რომლის მონაწილეებისადმი მისალმების პატივი მე მხვდა წილად, გამოთქვა განზრახვა ხელი შეეწყო ამ დერეფნის ინტეგრირებისათვის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელებში. და აი, დღეს უკვე ამ კონფერენციამ კონკრეტული შედეგი მოიტანა და ჩვენ ამას მივესალმებით. ჰელსინკის მესამე პანევროპულმა სატრანსპორტო კონფერენციამ ოფიციალურად შეიტანა საკუთარ რუკაზე ტრასეკას დერეფანი და საფუძველი დაუდო ოთხი პანევროპული სატრანსპორტო არეალის ე.წ. პეტრას შექმნას, მათ შორის შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს და მზად ვართ ვუმასპინძლოთ პეტრას პირველ შეხვედრას თბილისში ივნისის დამლევს. ველით ამ ინიციატივაზე მოწვეული ქვეყნებისა და ევროკომისიის საბოლოო დასტურს.

იმავე კონფერენციაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დასახული ამოცანების სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას ტრანსპორტის მინისტრთა კომიტეტი ან კონფერენცია. ჩვენი აზრით, დღეს ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს და საჭიროა მისი რეალური განხორციელება. ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილე ამ იდეას მხარს დაუჭერს.

თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, 1997 წლის სექტემბერში პატივი მქონდა პრეზიდენტ ალიევთან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით გამოვსულიყავი ინიციატივით - მოგვეწვია ტრასეკას დერეფნის მონაწილე სახელმწიფოთა მეთაურების უმაღლესი დონის შეხვედრა, რათა განგვეხილა ტრასეკას პროექტის სამომავლო განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებები. ამ სამიტზე, რომელიც, ალბათ, უახლოეს მომავალში გაიმართება, დაგეგმილია მრავალმხრივი სატრანსპორტო ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც, ფაქტობრივად, სარახსის ცნობილი შეთნხმების მოდერნიზებული და ფართომასშტაბიანი ვარიანტი იქნება. ეს ხელშეკრულება, რომელსაც მე „ახალი აბრეშუმის გზის ხელშეკრულებას“ ვუწოდებდი, გახსნის ფართო და მეტად შეღავათიან შესაძლებლობებს სატრანზიტო ტვირთზიდვისათვის ტრასეკას დერეფანში, მძლავრ იმპულსს მისცემს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას, კულტურული კავშირურთიერთობის გაფართოებასა და გაღრმავებას ჩვენს ქვეყნებს შორის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გაერთიანებული ძალისხმევა, რომლის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია თქვენი სამუშაო შეხვედრა, ნაყოფიერი იქნება და მსურს გულწრფელად გისურვოთ წარმატება თქვენს საქმიანობაში.

მეხუთე კონფერენციის მუშაობის პირველ დღეს გამოვიდნენ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მერაბ ადეიშვილი, ევროპის კომისიის განყოფილების ხელმძღვანელი კიის ვიტებროდი. ტრასეკას პროექტის განხორციელების ანალიზი წარმოადგინეს პროექტის მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელებმა.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ტრასეკას მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების: შავი ზღვის ეკონომიკური კავშირის, ევრობანკის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირისა და რკინიგზის საერთაშორისო კავშირის პრეზენტაცია.

მრგვალ მაგიდასთნ გაიმართა დისკუსია საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ მრავალმხრივი შეთანხმების საკითხზე. საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს ახალი პროექტები, რომლებიც წამოყენებულია ტრასეკას საერთო პროგრამის კონტექსტით. კონფერენცია მუშაობას განაგრძობს.

საქინფორმი.

დიდი აბრეშუმის გზა - სამართლიანი მშვიდობის, პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური აღმავლობის გზა : თბილისი მასპინძლობს ტრასეკას სამუშაო ჯგუფების მეხუთე კონფერენციას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 6 მაისი. - №107 (2807). - 1,2 გვ.

53 შედეგის პრიორიტეტი: პრეზიდენტი მხარს უჭერს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მთავრობის 6 მაისის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნის ბიუჯეტების 1998 წლის ოთხი თვის შესრულების წინასწარი შედეგებიც განიხილეს.

მომხსენებელი ფინანსთა მინისტრი მიხეილ ჭკუასელი იყო, მოხსენება - პროფესიული, კონკრეტულობითა და მთავარი ტენდენციების გამოკვეთით, პრინციპული შეფასებებით.

ამ წერილში ლაპარაკი მაინც სხვა თემაზე იქნება, ლაპარაკი იქნება უმთავრეს და უმწვავეს პრობლემაზე - სახელმწიფო ბიუჯეტი და ადამიანი, ამ სახელმწიფოს მოქალაქე: ემსახურება თუ არა მის ინტერესებს, მოთხოვნებს, ბოლოს და ბოლოს - კონსტიტუციური უფლებების დაცვას სახელმწიფო როგორც დამქირავებელი (გნებავთ, შრომითი მომწყობი), როგორც ხაზინა, რომელმაც უნდა გასცეს ხელფასები, უდიდესი უმრავლესობისთვის ეს ერთადერთი წყარო არსებობისა? ამ ჭრილში საკითხის განხილვის ინიციატორი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო.

სწორედ ამ ხელფასების, უწინარესად - პედაგოგებისათვის, პენსიონერებისათვის პენსიების დროზე გაცემა (დავალიანებათა დაფარვით) საკითხთა საკითხია ქვეყნის ფისკალური (და არა მარტო) პოლიტიკის განმახორციელებელთათვის.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 10 მაისამდე 5 მილიონი ლარი იქნება მიმართული პენსიების დავალიანებათა დასაფარავად და 22 მილიონიდან 17 (აქაც დავალიანება იგულისხმება) ამ დროისათვის გაისტუმრებენ; 25 მაისისათვის ტრანში იქნება მიცემული, ივნის-ივლისში ყველაფერი საბოლოოდ გასწორდება.

არ ჩანს ურიგო პერსპექტივა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი შენიშნავს, რომ პენსიონერისათვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ყოფით დონეზე, რეალობაში - ტრაგედიაა, როდესაც ადამიანი იმ რამდენიმე ლარსაც, სახელმწიფო რომ გაიღებს, თვეობით ელოდება - რითი ირჩინოს თავი?

ამიტომ:

- დაპირება, რომელიც ძალიან მაღალი ტრიბუნიდან იქნა მიცემული პენსიებთან, პედაგოგების ხელფასებთან, ჯანმრთელობის ფონდთან, ლტოლვილების დახმარებასთან დაკავშირებით და სხვა, უახლოესი ორი თვის განმავლობაში უნდა შესრულდეს, ამას ემატება პედაგოგთა საშვებულებო ხელფასები, რომლებიც არანაკლებ მწვავედ დადგება დღის წესრიგში, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

მაგრამ სახსრები, მოგეხსენებათ ჰაერიდან არ კეთდება, მთავრობამ უნდა გამონახოს, მოძებნოს, მოიზიდოს. ესე იგი, გააკეთოს ის, რაც ვერ გააკეთეს ამ საქმესთან დაკავშირებული სამინისტროების ხელმძღვანელებმა.

ყველა და ყველაფერი, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ მისი ამოღებაც (გადასახადებზეა ლაპარაკი - ა.ს.) შეიძლება კანონიერი გზით, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის, უნდა ამოვიღოთ.

და ეს საკუთარი მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პოლიტიკის რანგში აიყვანა პრეზიდენტმა.

კი იყო ეს ამოცანის განსაზღვრა ფინანსთა, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროებისათვის, საგადასახადო და საბაჟო სამსახურებისათვის, მაგრამ - არა მხოლოდ. ეს კატეგორიული მოთხოვნა მკაცრი ორგღონისძიების პერსპექტივით გამაგრდა:

- თუ ჩვენ სიტყვას ვერ შევასრულებთ, არ მინდა ვინმეს ნერვები ავუშალო, მაგრამ გადაწყვეტილებები იქნება ძალიან მწარე.

არ იყო ეს ემოციურ ტალღას აყოლა, რეაქცია მომენტზე. თუ პრეზიდენტის 4 მაისის (ორშაბათის) რადოინტერვიუს გავიხსენებთ, იმ საკადრო ცვლილებებსაც, რომლებიც ამ დღეებში განხორციელდა, დავრწმუნდებით, რომ ეს უკვე პოლიტიკაა - პოლიტიკა საქმის, ხალხის სასარგებლოდ, ისიც ვთქვათ, - პიროვნულად დიდ ტკივილებთან დაკავშირებული პოლიტიკა.

ამ რადიოინტერვიუში კი ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: „ნუ ჰგონიათ, რომ გაფრთხილება, ასე ვთქვათ, იქნება უსაზღვრო, მოვა დრო, როდესაც ასეთი თანამდებობის პირებს პასუხი მოეკითხებათ. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, ნამდვილად არ მინდა, გული ვატკინო ახალგაზრდა მოღვაწეებს, რომლებმაც ჩაიბარეს ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო სამსახური და ზოგიერთი სხვა, ასევე, რაიონებში, ქალაქებში ასრულებენ გამგებელთა და მერების მოვალეობას, ეს ზოგიერთ რწმუნებულსაც ეხება, მაგრამ პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ ჩვენთვის მთავარი არ არის მუშაობის სტილი, მთავარი შედეგია“.

ჩანს, პრეზიდენტი მზად არის უმკაცრესი (და უკიდურესი?) ღონისძიებების განსახორციელებლად ხალხის სასარგებლოდ, თუნდაც თავისი გუნდის წევრების თანამდებობიდან გათავისუფლების ფასად.

ეს იოლად გადასადგმელი ნაბიჯი არ არის, ცხადია, მაგრამ საქმიანობის შედეგი (თუ მისი არქონა) აიძულებს პრეზიდენტს იყოს მკაცრი.

ამიტომ:

- პრეზიდენტი უკან არ დაიხევს, როდესაც გადაწყვეტილება მისაღებია... ჩემთვის ძალიან მძიმე იყო თავდაცვის მინისტრის გათავისუფლება, მაგრამ გავათავისუფლეთ. გუშინ ბატონმა კახა თარგამაძემ მიიღო მისთვის (და, სხვათა შორის, ჩემთვისაც) ძალიან მძიმე გადაწყვეტილება თავისი მოადგილეების სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე. მე არ მინდა, ეს იყოს სისტემა ჩვენი მუშაობის, მაგრამ თუ ვხედავთ, რომ ადამიანი, პიროვნება თავის პოსტზე მოვალეობას ვერ ასრულებს, მან თავისი ადგილი უნდა დათმოს. დაიკავებს კი ის, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია.

ყველაფრიდან ჩანდა, რომ ასეთი გამკაცრებული მოთხოვნა პრეზიდენტს ერთ-ერთ რეზერვად მიაჩნია იმ პრობლემის გადასაწყვეტად, რომელზეც ვსაუბრობთ. მაგრამ რეზერვები, ცხადია, ამით არ ამოიწურება. ფინანსური რეზერვების 20-25 პროცენტი თუ ამოვიღეთ, ყველა პრობლემა მოიხსნება, ვალები დაიფარება, ხელფასები და პენსიები დაუგვიანებლად გაიცემა, - ასეთია მისი აზრი.

რა რეზერვები იგულისხმა პრეზიდენტმა?

უპირველესად, ეს არის ეროვნული ვალუტის განმტკიცება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს ერთადერთი საგადასახადო საშუალება. რაიც, სამწუხაროდ, ყველამ დაივიწყა. საქართველოში უკვე მილიარდამდე დოლარი ბრუნავს ბანკებსა და გადამცვლელი პუნქტების გარეშე.

მთავრობა მზადაა მიიღოს ყველა საჭირო ღონისძიება ამ პრობლემის გადასაწყვეტად, მაგრამ წინადადებები, პრეზიდენტის თქმით, უნდა მოდიოდეს იმ შტაბიდან, რომელსაც წარმოადგენს ფინანსთა, ეკონომიკის და ის სამინისტროები, რომლებიც ეკონომიკის საკითხებით არის დაკავებული.

შემდეგ: უზარმაზარი სახსრები, რომლებიც ბანკებს გარეთ ბრუნავს, სერიოზული რესურსია, მათ შორის, საკრედიტო რესურსიც. მაგრამ აქაც საქმე ლაპარაკის იქით არ წასულა.

და ასე შემდეგ.

ამიტომ:

მე არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ გავაკეთო ორგანიზაციული დასკვნები, - კვლავ ხაზი გაუსვა ედუარდ შევარდნაძემ, - ვინც უნდა იყოს, რა რანგისაც უნდა იყოს - მინისტრი, რწმუნებული, გამგებელი, ქალაქის მერი თუ სხვა, ვინც ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, უნდა შეეგუოს, რომ გადაწყვეტილება იქნება სასტიკი. სხვა უფლება ჩვენ არა გვაქვს.

ერთ ნიუანსიურ (თუ სპეციფიკურ?) საკითხშიც დაიცვა მცირეშემოსავლიანი მოსახლეობა პრეზიდენტმა. როდესაც დაისვა საკითხი, ასე ვთქვათ, ინფლაციის „სადავეების მიშვების“ შესახებ (მაპატიეთ ასეთი არაპროფესიული განსაზღვრა), პრეზიდენტმა ფინანსისტთა პოზიციას მხარი არ დაუჭირა და მათს „საერთაშორისო გამოცდილების“ არგუმენტებს ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაცია დაუპირისპირა:

- ჩვენთან საშუალო ხელფასი 500 და 600 ლარი რომ იყოს, მაშინ შევეგუებოდით ინფლაციის 5-10 პროცენტით გაზრდას. ოჯახები არ დაინგრეოდა. მაგრამ, როდესაც ადამიანი 11 ლარს იღებს და ჩვენ კი ვლაპარაკობთ, რომ ინფლაცია გავზარდოთ, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმაზე, რომ ამ პიროვნებამ გარკვეული კომპენსაცია მიიღოს.

ამის საშუალება კი დღეს არ არსებობს. შეიძლება ხვალ იყოს.

ამიტომ:

- ჩვენ შეიძლება სექტემბერში კვლავ დავეხმაროთ ხალხს (იგულისხმება ხელფასების მომატება - ა.ს.), მაშინ მანევრირება ხელფასების მატებისა და ინფლაციის დონეთა შორის რეალური იქნება. ხელოვნური ჩარევა კი ისეთ შედეგებამდე მიგვიყვანს, რომლებსაც თავს ვერ გავართმევთ, რადგან პროცესები უმართავი გახდება.

პრეზიდენტმა სერიოზული შენიშვნები მისცა სამინისტროებს, რომლებიც „ძალიან დინჯად ირჯებიან“. პირველი მათ შორის მრეწველობის სამინისტრო დაასახელა, ასევე, - ტრანსპორტის სამინისტრო, რომელიც განვითარების პერსპექტივაში, შეიძლება ითქვას, მთლიანად „ტრასეკას“ პროექტს „ჩამოეკიდა“.

- ნურავის ჰგონია, - დააცხრო ჩვენი ეროვნული მაქსიმალიზმი ედუარდ შევარდნაძემ, - რომ საქართველო მსოფლიოს ცენტრია და მას გვერდს ვერავინ აუვლის. რუსეთმა, იაპონიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა მოილაპარაკეს ააშენონ ტრანსაზიაევროპული მაგისტრალი, რომელიც ძალიან იაფი იქნება. მართალია, ეს მალე არ განხორციელდება, მაგრამ მანამდე ჩვენ უნდა მოვასწროთ ფეხზე დავაყენოთ მთელი სისტემა - რკინიგზა, ჩვენი ნავსადგურები, ავტოგზები, მომსახურება და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ტვირთბრუნვასთან და მგზავრთა გადაყვანასთან.

ეს საუბარი მოჰყვა გადაზიდვათა ტარიფების ზომიერი რეგულირების საკითხის განხილვას.

პრეზიდენტი შეეხო ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების ურთიერთობის, აღრიცხვის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის სისტემების პრივატიზაციის, ომის ინვალიდთა, ვეტერანთა, მათთან გათანაბრებული პირების პენსიების საკითხების მოწესრიგებას, სხვა პრობლემებს, რომლებზეც საქინფორმის ხვალინდელ ანგარიშში იქნება უთუოდ საუბარი.

და კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პრეზიდენტის დავალებების შესრულებას ეხება.

პრეზიდენტმა შარშან მიიღო გადაწყვეტილება რუსთაველის თეატრის გამაგრების (ფაქტობრივად გადარჩენის) სამუშაოებისათვის 500 ათასი ლარის გამოყოფის შესახებ. გადაწყვეტილება გადაწყვეტილებად დარჩა, ანუ ვალი - ვალად, და დღეს უკვე თეატრალური ინსტიტუტის, ოპერის თეატრის ავარიულობა მწვავე რეალობად იქცა.

ასეთი ვალი ბევრი გაქვთო, - მიმართა ედუარდ შევარდნაძემ ფინანსთა მინისტრს, - ვალები გაქვთ კანცელარიის, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის, სამინისტროების...

ან ბიუჯეტი ბიუჯეტს უნდა დაემსგავსოს, ან უნდა ვაღიაროთ, რომ ვადგავართ სხვა გზას, რომელიც 92-93 წლებამდე მიგვიყვანს.

ამიტომ:

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მომავალში მთავრობის სხდომები უნდა იწყებოდეს ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების განხილვით და მთავრდებოდეს გადაწყვეტილების მიღებით.

რა გადაწყვეტილებაზეა ლაპარაკი, თქვენ უკვე იცით...

არმაზ სანებლიძე.

შედეგის პრიორიტეტი: პრეზიდენტი მხარს უჭერს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 7 მაისი. - №108 (2808). - 1,2 გვ.

54 „თქვენ მილიონობით თაყვანისმცემელი გყავთ“

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ქალბატონ ლიანა ისაკაძეს სამშობლოს ჯილდო მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. მისალოც ბარათში ნათქვამია:

„ქალბატონო ლიანა, მინდა გამოვხატო თქვენდამი უღრმესი პატივისცემა დამოუკიდებელი საქართველოს ორდენით თქვენ დაჯილდოებასთან დაკავშირებით. თქვენ ხომ მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი გყავთ, მიგულეთ მეც მათთან ერთად.

ედუარდ შევარდნაძე“.

„თქვენ მილიონობით თაყვანისმცემელი გყავთ“ : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 8 მაისი. - №109 (2809). - 1 გვ.

55 კაცობრიობის, ცივილიზაციის გადარჩენის დიდი ზეიმი

▲ზევით დაბრუნება


მთელ მსოფლიოსთან ერთად აღნიშნა 9 მაისს საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვების 53-ე წლისთავი. ამ დღეს დილიდანვე შეიკრიბნენ თბილისის ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები.

უკვე ხანდაზმულები, გაჭაღარავებული მამაკაცები და ქალები, რომლებმაც თავიანთი მხრებით გადაიტანეს მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე სისხლისმღვრელი ომის სიმძიმე და იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან, შეიკრიბნენ აქ, რათა გაიხსენონ მაშინდელი, უკვე შორეული წლები, პატივი მიაგონ ბრძოლის ველზე დაღუპულ განმათავისუფლებელ მეომართა ხსოვნას.

აქ მოვიდნენ საქართველოს ხელმძღვანელები, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების მეთაურები, საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობა, თავდაცვის მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტის დავით თევზაძის მეთაურობით, ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, რათა მიულოცონ ვეტერანებს, გაიხსენონ მეორე მსოფლიო ომის ცნობილი და უცნობი გმირები.

ჟღერს საზეიმო მუსიკა სამხედრო სასულიერო ორკესტრის შესრულებით. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მიდიან საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილი. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აწყობენ გვირგვინებს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და ქვეყნის მთავრობის სახელით.

შეკრებილებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დაღუპული გმირების ხსოვნას.

დამსწრეთ სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს - გამარჯვების დღესასწაულს. როგორი ცვლილებებიც უნდა მოხდეს მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე, 9 მაისი ყოველთვის დარჩება, როგორც კაცობრიობის, ცივილიზაციის გადარჩენის დიდი ზეიმი. ყველა თქვენგანს გულწრფელად მივესალმები. ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად აქ მოვედი, რათა ყველა თაობის სახელით მადლიერების სიტყვებით მოგმართოთ, მადლობა გითხრათ იმისათვის, რაც თქვენ გააკეთეთ, იმისათვის, რომ თქვენ და თქვენმა თანამებრძოლებმა იხსენით პროგრესული კაცობრიობა. მინდა დღეს ყველამ გავიხსენოთ ის თქვენი თანამებრძოლები, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში. საქართველოში კი ასეთი სამასი ათასამდე კაცია. ეს იყო ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი. ასევე მინდა პატივი მივაგო იმ ადამიანებს, რომლებიც აღარ არიან ჩვენს შორის - ომის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ წავიდნენ ამ ქვეყნიდან.

მინდა მივესალმო თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, მივესალმო აფხაზეთის ომის მონაწილეებს, ავღანეთის ომის მონაწილეებს, ყველას, ვინც სამშობლოსათვის თავი დადო. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო იმათი სახელები, სიცოცხლე რომ შესწირეს სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ისიც მინდა ვთქვა, რომ თქვენ მაშინ იცავდით საერთოდ, ზოგადად, კაცობრიობას, მსოფლიო ცივილიზაციას, მაშინდელ საბჭოთა კავშირს, იმ ხალხებს, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ ერთ ქვეყანაში და თქვენ მაშინ იცავდით საქართველოს, თქვენს მშობლიურ მიწას, მის ყოველ მტკაველს. და თუ მაშინ საქართველოს იმ საშინელმა ქარიშხალმა არ გადაუარა, ამაში უდიდესია თქვენი დამსახურება. მადლობას მოგახსენებთ ამისათვის. და იმაში, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებლობის გზას ადგას, აშენებს თავისუფალ სამშობლოს, დემოკრატიულ სახელმწიფოს, დიდი, გადამწყვეტი წვლილი თქვენ მიგიძღვით. ყველაფრისათვის მადლობას მოგახსენებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა პარლამენტმა და ხელისუფლებამ ცოტაოდენი რამ იღონეს იმისათვის, რომ ვეტერანებს შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქონ ცხოვრების პირობები - მე მხედველობაში მყავს ყველა ვეტერანი - გენერალი, ოფიცერი, ჯარისკაცი, ინვალიდი, სხვები და სხვები, ჩვენ მაინც დიდ ვალში ვართ თქვენს წინაშე. რაც უფრო უკეთ აეწყობა ჩვენი ცხოვრება, რაც უფრო მეტ დოვლათს შექმნის ჩვენი ხალხი, მით უკეთესად იცხოვრებენ ჩვენი ვეტერანები.

გისურვებთ ყველას სიხარულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ჩვენი ქვეყნის აყვავებას.

საქინფორმი.

კაცობრიობის, ცივილიზაციის გადარჩენის დიდი ზეიმი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 10-11 მაისი. - №111-112 (2812). - 1,3 გვ.

56 სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს

▲ზევით დაბრუნება


მისალმება

ქალბატონებო და ბატონებო,

ნება მიბოძეთ, ორიოდე სიტყვით მოგილოცოთ ეს ტკივილიანი შესანიშნავი იუბილე და მივულოცო იგი თქვენს მაყურებელს, რომელიც ბევრია არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში.

ამ შესანიშნავ ზეიმს უდიდესი ტკივილი ახლავს, რადგან იგი, ყველა წესითა და კანონით, სოხუმში უნდა იმართებოდეს, თქვენი უპირველესი მაყურებლის, თქვენი თანამოქალაქეების თანდასწრებით, მათი აღტაცებული და სიყვარულიანი მზერის ქვეშ.

მე მჯერა, რომ ეს დღეც მალე დადგება, რადგან არ შეიძლება სამართლიანობამ, კაცთმოყვარეობამ და მიმტევებლობამ არ გაიმარჯვოს უსამართლობაზე, კაცთმძულვარებასა და შეურიგებლობაზე.

დიდი მადლობა თქვენ გაძლების უდიდესი მაგალითისათვის, დიდი მადლობა ჭირთათმენისათვის, დიდი მადლობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ერთგულებისათვის, დიდი მადლობა შესანიშნავი ხელოვნებისათვის.

მოკრძალებით,
თქვენი ერთგული მაყურებელი
ედუარდ შევარდნაძე.

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს : მისალმება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 12 მაისი. - №113 (2813). - 1,2 გვ.

57 „როგორც ქართველებში, ასევე აფხაზებშიც სულ უფრო მტკიცდება რწმენა, რომ გარდაუვალია მათი ერთობლივი თანაცხოვრება, ხოლო ჭრილობებსა და ტკივილებს ორივე ხალხი მხოლოდ ერთად ცხოვრების პირობებში მოიშუშებს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
11 მაისის რადიოინტერვიუ

- დღევანდელ ინტერვიუს დავიწყებთ საინტერესო მომენტით, რომელიც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა ურთიერთობის გაგრძელება იყო. 9 მაისის გამარჯვების დღესასწაულიდან თქვენ ქართულ დელეგაციასთან ერთად პირდაპირ აზერბაიჯანში გაემგზავრეთ ჰეიდარ ალიევის დაბადების დღესთან დაკავშირებით. ბაქოში გაიხსნა გიორგი ჯაფარიძის მიერ შესრულებული ძეგლი, რომელიც ქართველმა ერმა საჩუქრად უძღვნა აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ხალხს. მაგრამ იქ, ალბათ, მარტო საზეიმო ცერემონია არ ყოფილა და არც მხოლოდ ამით ამოწურულა თქვენი ვიზიტი აზერბაიჯანში. თუმცა ის, რაც ვნახეთ, უაღრესად შთამბეჭდავი და ლამაზი იყო... - ჟურნალის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- აზერბაიჯანში სტუმრობა, რა თქმა უნდა, უწინარესად დაკავშირებული იყო ჩემი დიდი მეგობრის, ჩემი ძმის ჰეიდარ ალიევის დაბადების დღესთან და მე ყოველმხრივ ვალდებული ვიყავი, რომ ვწვეოდი და ჩემი სათქმელი, მეთქვა მისთვის. ამასთანავე, გაიმართა ძალზე საფუძვლიანი და სერიოზული საუბარი ჩვენი ორი ქვეყნის უკვე არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების შესახებ. კვლავ განვიხილეთ ის პროგრამები და კონკრეტული პროექტები, რომლებიც კარგა ხნის წინათ შევიმუშავეთ ერთობლივი ძალისხმევით. დავასკვენით, რომ ამ პროგრამათა უმრავლესობა დამატებით ხორციელდება, ეს კი ხელს უწყობს ერთა შორის ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის განვითარებას, კულტურათა დიალოგს, ადამიანთა შორის ურთიერთობას და ასე შემდეგ.

ეს ქვეყანა - ჩვენი მოძმე აზერბაიჯანი - უახლოეს წლებში, დარწმუნებული ვარ, უმდიდრეს სახელმწიფოდ გადაიქცევა. ნავთობის ექსპორტს უკვე კიდეც მოაქვს ხელშესახები შედეგები ეკონომიკის აღმავლობის თვალსაზრისით. ამდენად, მომავალი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზა ახლავე უნდა განვამტკიცოთ, მითუმეტეს , რომ იმავე პერიოდის შემდეგ არც საქართველო იქნება ღარიბი და ღატაკი ქვეყანა, მხოლოდ სხვაზე დამოკიდებული სახელმწიფო. ამდენად, რეზერვები ამ სფეროში დიდია და აქვე მინდა გამოვთქვა გარკვეული შენიშვნა ჩვენი საგარეო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური უწყებების მიმართ, რომლებიც სათანადოდ ვერ იყენებენ ყველა რეზერვს სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობის მოწესრიგებისას. მე მარტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის სამინისტრო როდი მყავს მხედველობაში. დღეს ყველა უწყების, ყველა სამინისტროს, მათ შორის მრეწველობის, ეკონომიკის სამინისტროების, სხვებისა და სხვების საქმიანობაში საგარეო ურთიერთობას უნდა ჰქონდეს, ასე ვთქვათ, ლომის წილი დათმობილი, იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის უცხოეთთან ურთიერთობა. მაგალითად, მარტო აზერბაიჯანთან როდია აუცილებელი და გარდაუვალი ამ პრინციპით მუშაობა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ რუსეთთან ურთიერთობის რადიკალურად გარდაქმნაზე. უნდა გაუმჯობესდეს ეს ურთიერთობა, რათა იგი დაეფუძნოს თანასწორუფლებიანობის, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის პრინციპებს და არა კონფრონტაციას ან დიქტატს, ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას. შევეცდები, უახლოეს ხანში გამოვძებნო დრო, რათა საფუძვლიანად განვიხილოთ სომხეთის ახალ პრეზიდენტთან ბატონ რობერტ ქოჩარიანთან უფრო ხანგრძლივი და, მე ვიტყოდი, ფუნდამენტური შეხვედრის მომზადების საკითხი იმ პრობლემათა განსახილველად, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობის ინტენსიფიკაციას ეხება და კავკასიური პრობლემატიკის ნაწილსაც წარმოადგენს. ასევე ბევრი, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო უკრაინასთან, სადაც ჩვენი თანამშრომლობის შესანიშნავი საფუძველი შეიქმნა, ასევე ბალკანეთის ქვეყნებთან, რა თქმა უნდა, თურქეთთან და სხვებთან და სხვებთან, რასაკვირველია, ვგულისხმობ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს.

მე ბაქოში ვთქვი და აქაც ხაზს გავუსვამ იმას, რომ მშვიდობის გარეშე კავკასიას მომავალი არა აქვს. ალბათ, დადგა დრო, ვიფიქროთ ამ მხრივ ინტენსიურ კონტაქტებზეც, მხედველობაში მყავს სამი სახელმწიფო. უახლოეს მომავალში გაიხსნება ცნობილი „წითელი ხიდი“, რომლის მშენებლობასაც ევროკავშირი აფინანსებს და საოცრად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ეს საკმაოდ გრანდიოზული მშენებლობაა. იგი იქნება დიდი მოვლენა როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ცხოვრებაშიც. ალბათ, ბევრს ახსოვს, რა პროცესები იყო დაკავშირებული წარსულში ამ ხიდთან, როგორ ვცდილობდით მე და ჩემი კოლეგები სამმხრივი დიალოგის განვითარებას ჯერ კიდევ იმ ეპოქაში, როდესაც დამოუკიდებელი პოლიტიკური აზროვნების ყოველგვარი გამოვლინება, ვთქვათ პირდაპირ, საკმაოდ მკაცრად ისჯებოდა. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ ეჭვსა და უნდობლობას ბადებდა, რაც იმ ეპოქაში უკვე ამა თუ იმ ხელმძღვანელის სერიოზულ ნაკლად შეიძლებოდა მიეჩნიათ. ასე რომ, ზოგი რამ დადებითი, პოზიტიური წარსულიდანაც უნდა გადმოვიღოთ, თუ იგი სამომავლო ურთიერთობათა მშენებლობისათვის გამოგვადგება. მე ამ თემას სწორედ იმასთან დაკავშირებით შევეხე, რომ სამმხრივი კონტაქტები სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის გარდაუვალია, აუცილებელია სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა წარმომადგენლობით, კერძოდ, შეიძლება, არ გამოვრიცხავ, უმაღლეს დონეზეც. ამ აზრსაც თანდათანობით უნდა შევეჩვიოთ.

- 9 მაისს საქართველომ სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთდ ფაშიზმზე გამარჯვების 53-ე წლისთავი იზეიმა. ამ ომს - მეორე მსოფლიო ომს 300 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე შეეწირა. სამწუხაროდ, ვეტერანთა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება, თხელდება მათი რიგები. 9 მაისს თქვენ ვეტერანებს გამარჯვების პარკში შეხვდით და მიულოცეთ ეს დღე. მანამდე ბატონ გიორგი ციციშვილს ესაუბრეთ. კეთდება თუ არა რამე კონკრეტული იმისათვის, რომ ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს, რომ ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ 9 მაისს არ გვახსენდებოდეს...

- სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე ყველა ვეტერანს შევხვედროდი და ყველას შევხმიანებოდი. თუმცა სურვილი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მქონდა. მინდოდა გავსაუბრებოდი ჩვენი საზოგადოების, მე ვიტყოდი, ყველაზე დასაფასებელ წევრებს, ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს სახელით შეიტანეს წვლილი ფაშიზმის დამარცხებასა და კაცობრიობის ხსნაში. გამარჯვების პარკში მივულოცე მათ ეს დღე. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ, ალბათ, ფინანსთა სამინისტრომ კულტურის სამინისტროსთან, ქალაქის მერიასთან და სხვა უწყებებთან ერთად უნდა მოიფიქროს გამარჯვების სახელობის - ვაკის პარკის კეთილმოწყობისთვის საჭირო ღონისძიებათა მთელი კომპლექსი. შეგახსენებთ, მემორიალი, რომელიც თავის დროზე შეიქმნა ამ პარკში, და, ჩემი აზრით, ხელოვნების კარგი ნიმუშია, ეკუთვნის ბატონ გიორგი ოჩიაურს, ამიტომ ამ შემთხვევაში მხარდაჭერა სჭირდება, რათა მემორიალურმა კომპლექსმა მიიღოს დასრულებული სახე, როგორც ცნობილ მხატვარს ჰქონდა ჩაფიქრებული.

გულწრფელად გეტყვით, ვეტერანთა შეხვედრაზე ამჯერად შედარებით უფრო პირნათელი მივედი, რადგან დანაპირები ასე თუ ისე შევასრულე. მართალია, იმ მასშტაბით არა, როგორც გვინდოდა, მაგრამ მაინც შევასრულეთ. განვლილ პერიოდში გამოიძებნა საშუალებები, რა თქმა უნდა, პარლამენტის შესაბამისი ძალისხმევითა და ფინანსთა სამინისტროს წინადადებათა წყალობით, პრეზიდენტის მონაწილეობით, რათა გაგვეზარდა ომის ვეტერანთა პენსიები სამხედრო წოდების მიხედვით - 40-დან 45-ლარამდე, ზოგ შემთხვევაში, უფრო მეტადაც. ამჟამად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ასევე უზრუნველვყოთ შედარებით მაღალი პენსიით ყველა კატეგორიის პენსიონერი. მომავალი წლის ბიუჯეტში ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს სახელმწიფოს, თუ წელს კარგად გავივლით სამეურნეო ცხოვრების საფეხურებს, რათა დავეხმაროთ ყველა უმწეოს, დავრდომილსა და ინვალიდს, და საერთოდ დავძლიოთ სიღატაკის პრობლემა. ოღონდ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტია დიფერენცირების საკითხი. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: ყველა პენსიონერს ერთნაირად არ უჭირს, ზოგიერთისთვის ის ათი ლარი უკანსკნელი სარჩოა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა გაცილებით დიდი შემოსავალი აქვს სხვადასხვა წყაროდან. ეს უაღრესად სერიოზული საკითხია. მას შესწავლა და შესაბამისად დამუშავება სჭირდება. არის მიწერები, მკვდარი სულები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აკლდება იმ ადამიანებს, რომელთაც თითოეული თეთრი სჭირდებათ და მათთვის ეს სულაც არ არის მეორეხარისხოვანი.

ასევე გადასაწყვეტია ლტოლვილებზე განსაკუთრებული ზრუნვის პრობლემა. ესეც მომავალი წლის ბიუჯეტის ამოცანაა. აქაც კონკრეტულ ციფრებთან უნდა გვქონდეს საქმე. ასე რომ, მომავალი წლის ბიუჯეტზე უკვე დაიწყო მუშაობა, მაგრამ ბიუჯეტს მთელი ქვეყანა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ყველა მხარე თუ რაიონი უნდა ადგენდეს, მით უმეტს, რომ მომავალი წლიდან ადგილობრივი ბიუჯეტები განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩვენს ცხოვრებაში. ყველა, ვისაც ეს ევალება და ხელეწიფება, უნდა ეძებდეს ბიუჯეტის შევსების წყაროებს - პრეზიდენტის სტრუქტურებით დაწყებული და სოფლის გამგებლებით დამთავრებული. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ბიუჯეტი რეალურიც და ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისიც. ამასთანავე, ჩვენი ზრუნვა ადამიანებზე, განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე, უსაფუძვლო რომ არ იყოს და ლიტონ სიტყვებად რომ არ დარჩეს, ბიუჯეტში უნდა გამოიძებნოს თანხები ინვესტირების რაღაც ფონდების შესაქმნელად, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს იქნება უცხოური გრანტები, ან ჩვენი საკუთარი წყაროები, შემოსავალი. თუკი შევძლებთ ეკონომიკის განვითარებისათვის რაღაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ბიუჯეტის ნამდვილ სოციალურ მიმართულებაზე.

- თქვენ ახლა ლაპარაკობდით სწორედ ბიუჯეტზე. ეკონომიკის თემაზე. რაკი ამ სფეროს შეეხეთ, რით იყო მაინც გამორჩეული გასული ეკონომიკური კვირა?

- მე კვლავ ბიუჯეტის თემით დავიწყებ პასუხს: საბიუჯეტო შემოსავლის ზრდის მნიშვნელოვანი წყაროა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის რაციონალური გამოყენება და სწორედ ამ თემაზე მინდოდა დღეს განსაკუთრებით მესაუბრა. საქართველო სწორედ ამიტომ მონაწილეობს ევრაზიის სატრანსპორტო პროექტების, მათ შორის „ტრასეკას“ პროექტის განხორციელებაში. ბაქოში ყოფნისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ მომწიფდა ვითარება, რათა კავკასიაში (შესაძლებელია ბაქოში) გაიმართოს „ტრასეკას“ ქვეყნების უმაღლესი დონის სამიტი. ამ პროექტს უკვე შეუერთდა 15 ქვეყანა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ გამოთქვა ანალოგიური სურვილი. თქვენ გახსოვთ, ალბათ, მე ამაზე ვისაუბრე: ჩვენ, ორმა პრეზიდენტმა ცალ-ცალკე ყველა ქვეყნის ხელმძღვანელს, მათს პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს დავუგზავნეთ წერილები ასეთი სამიტის მიზანშეწონილობის შესახებ. ამჯერად იგი, ალბათ, ბაქოში უნდა გაიმართოს, რადგან იქ უკეთესი პირობებია. მომავალში კი ასეთი ღონისძიებები საქართველოსა და თბილისისათვის ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. მოგეხსენებათ, იზრდება „ტრასეკასადმი“ ამერიკის შეერთებული შტატების (განსაკუთრებით კონგრესში. იქ სპეციალური მოხსენება დევს „ტრასეკას“ პროექტში ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობის თაობაზე), იაპონიის, ჩინეთის ინტერესი. აღარაფერს ვამბობ ევროპის ქვეყნებზე - ეს ისედაც ცხადია. რაც უფრო დაჩქარდება ასეთი პროექტების განხორციელება, მით უფრო მეტი შემოსავალი იქნება ბიუჯეტში. დარწმუნებული ვარ, რუსეთი, ჩრდილოეთის სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან პროექტს, რომელიც არა მარტო აღმოსავლეთ-დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებითაც იმუშავებს და ამ მიმართულებას მოემსახურება.

პროექტის განხორციელებას უკვე მოაქვს პრაქტიკული შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის. მაგალითად, გასულ წელთან შედარებით 30 პროცენტით გაიზარდა ტვირთზიდვა საქართველოს გზებზე და შესაბამისად ბიუჯეტის შემოსავალიც ასევე 30-35 პროცენტით გადიდდა. მგზავრთა გადაყვანას ახლა არ ვეხები. მაჩვენებელი უფო მაღალიც იქნებოდა, თუ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები იმუშავებენ თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე. ხშირად ჭირს ტვირთნაკადის ფიქსირება (ვინაიდან შესაბამისი სამსახური არ არის სათანადოდ მოდერნიზირებული და აღჭურვილი), მაგრამ არსებობს სუბიექტური მიზეზებიც. ასე რომ, სატრანზიტო პერსპექტივათა თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქვეყნად რჩება ევროპისა და აზიის გზასაყარზე.

რაკი დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები მჭიდროდაა გადაჯაჭვული, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო: საქართველოს (ისევე, როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს) შეუვალი უფლებაა, ისარგებლოს თავისი სატრანზიტო პოტენციალით, ესე იგი, თავისი გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური მდებარეობით მოსახლეობისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ის, ვისაც ეს უფლება საეჭვოდ მიაჩნია, შუასაუკუნეობრივი სტერეოტიპებით აზროვნებს, - ამჟამად კი მესამე ათასწლეულის მიჯნაზე ვდგავართ. შეუძლებელია, მაგალითად, ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს რუსეთის შესაძლებლობანი ამ თვალსაზრისით. მე, სხვათა შორის, ამ თემაზე ბაქოში გამოსვლისას საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე.

ამ შემთხვევაში რუსეთს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ გარკვეული წრეები რუსეთში საკმაოდ ნერვიულობენ იმის გამო, რომ ევრაზიის დერეფანი ვითარდება. სანერვიულო არაფერია. რუსეთი უზარმაზარი სატრანზიტო ქვეყანაა, სატრანზიტო გიგანტია, მე ვიტყოდი, და ეს სიმდიდრე (როგორც საქართველოში ამბობენ ხოლმე) ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს რუსეთსა და რუს ხალხს. მაგრამ საქართველოსაც ხომ აქვს უფლება იმოქმედოს საკუთარი ინტერესების შესაბამისად? რატომ უნდა შეიზღუდოს თანამშრომლობა ევრაზიული ღერძის ქვეყნებთან იმის გამო, რომ ეს ვიღაცას გაუხარდება ან ეწყინება, ან ვიღაცა კონკურენტად ჩაგვთვლის. კიდევ ერთხელ მივმართავ რუსეთის ხელისუფლებას, ჩაერთოს მუშაობაში „ტრასეკას“ პროექტის განსახორციელებლად. ბაქოც და თბილისიც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით უმასპინძლებენ რუსეთის პრეზიდენტს, თუკი იგი მიიღებს მონაწილეობას „ტრასეკას“ სამიტში. ამ ვეება ქვეყნის ჩაბმა „ევრაზიის პროექტში“ მხოლოდ მომგებიანი იქნება როგორც რუსეთისათვის, ასევე კავკასიისა და სხვა ქვეყნებისთვისაც. როგორც ზემოთ ვთქვი, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალი ტვირთნაკადისათვის შესაძლოა არანაკლებ მომგებიანი და სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე აღმოსავლეთ-დასავლეთისა.

რაც შეეხება გასული კვირის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ამჯერად მინდა ვთქვა, რომ დადებითი ტენდენცია შეინიშნება როგორც საგადასახადო ინსპექციის, ასევე საბაჟო სამსახურის მუშაობაში. თქვენ გახსოვთ, გასულ კვირას ცოტა გავკენწლე ეს სამსახურები, მაგრამ არა ისე, რომ მუშაობის ხალისი დაკარგოდათ. მაისის დამდეგი საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზების მაღალი ტემპით აღინიშნა. ეს სასიხარულოა. ოპერატიული მონაცემებით, თვის პირველ რვა დღეში საგადასახადო ინსპექციამ 4 მილიონ 300 ათასი ლარი აკრიფა, რაც თითქმის ერთნახევარჯერ აღემატება შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს, მაისის შემოსავლის ჩათვლით კი წლის დამდეგიდან საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტში ჩარიცხა 101 მილიონი ლარი, ანუ შარშანდელ შესაბამის დონეზე 21 მილიონით მეტი.

საბაჟო დეპარტამენტის სისტემიდან (ეს სასიხარულო მოვლენაა) მაისის განვლილ პერიოდში ბიუჯეტში აღრიცხულია თითქმის 5 მილიონი ლარი, რაც 2 მილიონით, ანუ (მიაქციეთ ყურადღება), 1.7-ჯერ აღემატება აპრილის შესაბამის მაჩვენებელს. წლის დამდეგიდან საბაჟომ ბიუჯეტში უკვე შეიტანა 71 მილიონი ლარი.

ყოველივე ეს უაღრესად მისასალმებელია და ქებას ამ შემთხვევაში მთლიანად ფინანსთა სამინისტროც, ფინანსთა მინისტრიც, ადგილებზე შესაბამისი ხელმძღვანელები - რწმუნებულები და გამგებლებიც იმსახურებენ. თუმცა საგეგმო დავალებათა შესასრულებლად კვლავ დიდი და სერიოზული ძალისხმევაა საჭირო. ხარვეზები აქაც დიდია - მათი ამოქმედება კი საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად ავამაღლოთ ცხოვრების დონე. მე უკვე ვთქვი, რომ ხელფასების დაგვიანებით გაცემაზე ლაპარაკი უნდა დამთავრდეს და ეს პრობლემა - ხელფასები, პენსიები, დახმარება და სხვა ადამიანებმა დროულად უნდა მიიღონ. და, ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელი ამ მხრივ გარდატეხის წელი იქნება. ახლოვდება პედაგოგთა არდადეგების დრო და ამასთან დაკავშირებითაც საკმაოდ დიდი თანხები იქნება საჭირო. ასე რომ, ფინანსთა სამინისტროს მთელ სისტემას, ადგილობრივ ხელმძღვანელებს ძალიან დიდი მუშაობის შესრულება მოუწევთ.

ძალიან მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი და აუცილებელი იყო პარლამენტის გადაწყვეტილება ნავთობპროდუქტების დაბეგვრის თაობაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩემი წარდგინებით იქნა მიღებული. გაიზარდა სააქციზო გადასახადი, შესაბამისად გაძვირდა ბენზინი რამდენიმე თეთრით, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული შედეგები (როგორც ზოგიერთები გვიწინასწარმეტყველებენ) ამას არ მოჰყოლია. პირველი დაკვირვება ასეთია: ბენზინის გაძვირებას, რა თქმა უნდა, მოჰყვა ფასების ინდექსის ზრდა, მე ვიტყოდი, უმნიშვნელო, სამომხმარებლო ბაზარზე, სასურსათო პროდუქციაზე, მაგრამ პროგნოზით გათვალისწინებულზე გაცილებით ნაკლები მასშტაბით. ჯერ-ჯერობით ეს ზრდა სავსებით თავსდება იანვარში განხორციელებული ხელფასების ათპროცენტიანი მატების ჩარჩოებში. სექტემბერში კი, როგორც შევპირდი მოსახლეობას, გვინდა გამოვძებნოთ დამატებითი სახსრები ხელფასების, პენსიებისა და დახმარების გასადიდებლად. ამდენად, მოსახლეობა ბენზინის გაძვირების გამო არაფერს დაკარგავს.

ნავთობპროდუქტების დაბეგვრის შედეგად მიღებული შემოსავალით ბიუჯეტის შევსება კი საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ და მსოფლიო სტანდარტებს შევუსაბამოთ საქართველოს გზები, რაც, სხვათა შორის, აუცილებელი პირობაა „ტრასეკას“ პროექტით გათვალისწინებული სისტემის ამოქმედებისათვის. გარდა ამისა, ამ სახსრების ნახევარი, როგორც წინა გამოსვლისას ვთქვი, მოხმარდება ისევ მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსებას, ანუ ხელფასების, პენსიების მომატებას და ასე შემდეგ.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო დროს შესუსტდა პრეზიდენტის უშუალო კონტაქტი მოსახლეობასთან, და ამას შემთხვევით არ ვამბობ. თუმცა ამ ხარვეზს უახლოეს მომავალში გამოვასწორებ საწარმოთა ხელმძღვანელებთან, რაიონებისა და მხარეების მოსახლეობის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გააქტიურებით. პრეზიდენტი უკეთ უნდა იცნობდეს მდგომარეობას ადგილებზე, ვინაიდან ჩნდება გარკვეული ეჭვი, რომ ინფორმაცია ხშირად ვერ აღწევს ჩემამდე. უახლოეს დღეებში დავიწყებ, ასე ვთქვათ, ამ ნაკლის გამოსწორებას.

ეკონომიკურ თემატიკაზე საუბარი სრული არ იქნება, თუ არ ვიტყვი, რომ ხელისუფლება განსაკუთრებული სიმკაცრით იბრძოლებს დამალული შემოსავლისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ, რომელიც ასევე დიდი კორუფციის წყაროა. ეს ლიტონი სიტყვები არავის ეგონოს. უახლოეს მომავალში საგნობრივად ვისაუბრებთ კანონის გამკაცრებაზეც და შესაბამისი კონტროლის განსაკუთრებულ ღონისძიებაზეც.

ამასთანავე ისიც მინდა გაცნობოთ, რომ დამთავრდა მუშაობა კანონპროექტზე, მთავრობის სხდომაზე შევიტანეთ, სხდომამ იმსჯელა და, ვფიქრობ, ამ კვირაში მოვახერხებ საპრეზიდენტო ინიციატივით პარლამენტში შეტანას მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა და დაწესების შესახებ. იქნება გარკვეული ზღუდე, რომლის დაბლა ჩამოსვლის უფლება არ ექნებათ არც კერძო მფლობელს და არც კერძო ორგანიზაციებს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ დიდი და სერიოზული მონაპოვარი იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის.

- ბოლო დროს კვლავ გამოიკვეთა, წამოტივტივდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „პოლიტპატიმართა“ თემა - საერთოდ პერიოდულად ხდება ხოლმე ეს. პრინციპში, თქვენ არასოდეს გაურბოდით ამ თემაზე საუბარს. და მაინც, რადგან გაისმის ეს კითხვა, არიან თუ არა დღეს პოლიტპატიმრები საქართველოში?

- ამ კითხვას (არიან თუ არა პოლიტპატიმრები საქართველოში) პასუხი უნდა გაეცეს ფაქტებზე, დოკუმენტურ მასალაზე და არა ემოციებზე დაყრდნობით, არა იმის მიხედვით, ვის რა აძლევს ხელს, ქვეყანაში როგორი სიტუაციის შექმნა. ბოლო დროს მე რამდენიმეჯერ ვესაუბრე ქალბატონ რუსუდან ბერიძეს, რომელიც ძალიან აქტიურად საქმიანობს ჩვენთან ეროვნული უშიშროების საბჭოში, კურირებს ამ საკითხებს, აგრეთვე, სახალხო დამცველს ბატონ დავით სალარიძეს, რომელმაც ასევე აქტიურად დაიწყო მუშაობა, ქალბატონ ელენე თევდორაძეს, რომლის აქტიურობა საკმაოდ ცნობილია, და სხვა საპარლამენტო კომიტეტებისა და ქვეკომიტეტების წარმომადგენლებს, რომლებიც ძალზედ სერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს ისევე, როგორც პოლიტიკური პარტიები და ჩვენი უცხოელი სტუმრები.

მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, საჯაროდ ვაცხადებ: არა მაქვს სურვილი ვიყო არათუ პრეზიდენტი, არამედ მოქალაქე იმ ქვეყნისა, სადაც არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, სადაც ეს შესაძლებელია, სადაც დასაშვებია ადამიანის დაპატიმრება და გასამართლება პოლიტიკური მრწამსისათვის. ეს ჭირი ჩვენ კარგა ხანია მოვიხადეთ. საქართველომ ეს ეტაპი განვლო და უკან დაბრუნება ყოვლად შეუძლებელია.

მე შევთავაზე ყველა დაინტერესებულ მხარეს, დამიჭირონ მხარი მე, როგორც პრეზიდენტს, რათა თბილისში გაიმართოს ნებისმიერი დონისა და შემადგენლობის, ოღონდ კომპეტენტური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს თუნდაც ყველაზე დემოკრატიული ქვეყნების ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველები, ექსპერტები, კრიმინალისტები, მათ შორის ადვოკატები, გამომძიებლები თვით საქართველოდან, მოსამართლეები, რომლებმაც განაჩენი გამოიტანეს, და ასე შემდეგ.

ავიღოთ საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური აქტები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და საერთაშორისო დემოკრატიული პრაქტიკის გათვალისწინებით (ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია) დავადგინოთ, ბოლოს და ბოლოს, არიან თუ არა პოლიტპატიმრები საქართველოში.

ჩემ ხელთ არსებული მონაცემებით, საქართველოში არ არის არც ერთი პოლიტპატიმარი, ანუ არავინ დაუპატიმრებიათ და გაუსამართლებიათ პოლიტიკური მრწამსის გამო. ოღონდ ერთია, გქონდეს მრწამსი, რომელიც, ვთქვათ, არ ეთანხმება ამ ხელისუფლებას, ამ წყობას, და მეორეა - ამ მრწამსზე დაყრდნობით, მასზე აპელირებით სჩადიოდე სისხლის სამართლის დანაშაულს - მკვლელობას, სახელმწიფო ქონების დატაცებას, დივერსიას, ტერორისტულ აქტებს და ასე შემდეგ. მე მზად ვარ, დაუყოვნებლივ გამოვიყენო შეწყალების კონსტიტუციური უფლება ნებისმიერი პიროვნების მიმართ, თუ აღმოჩნდა, რომ იგი მხოლოდ თავისი მრწამსისათვის არის რეპრესირებული. მაგრამ კრიმინალი, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი, მკვლელი, ტერორისტი პოლიტპატიმრად ვერ ჩაითვლება მისი პოლიტიკური შეხედულების, მსოფლმხედველობისა და რწმენის მიუხედავად.

- და, ბოლო კითხვა. გუშინ საქართველოს ტელევიზიით გადაიცა სიუჟეტი, რომელიც ბევრმა შენიშნა და ბევრმა მიაქცია ყურადღება - სიუჟეტი გალის რაიონში სახალხო ზეიმის შესახებ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ბოლო პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე, კარგი გაგებით, ცოტა უცნაურადაც კი გამოიყურებოდა...

- მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვნახე პროგრამის ეს ნაწილი და ასეთი კომენტარი მინდა შევთავაზო ჩვენს რადიომსმენელებსა და ტელემაყურებლებს, რომლებიც ხშირად ისმენენ ჩემი საუბრების მიმოხილვებს.

ის, რაც გალის რაიონში ხდება (მხედველობაში მაქვს მოსახლეობის სტიქიური დაბრუნება), ვერავითარი ძალის ზემოქმედებით და ვერავითარი რეპრესიებით ვერ შეჩერდება. დღეს თუ არა ხვალ ყველა დევნილი, როგორც იტყვიან, თავის კერიას დაუბრუნდება. შეხედეთ, მაგალითად, რა ხდება სამხრეთ ოსეთში (ნუ გვაღიზიანებს ეს გამოთქმა), იქაური ხელმძღვანელები არათუ ხელს უშლიან, ყოველმხრივ აძლევენ სტიმულს როგორც ოსების, ასევე ქართველების დაბრუნებას. შეიძლება ყველაფერი ერთად არ გამოდის, მაგრამ ბევრი რამ უკვე გაკეთდა და ყინული დაიძრა. ცენტრალური ხელისუფლებაც, საერთაშორისო ორგანიზაციები, მეზობელი რაიონები, განსაკუთრებით შიდა ქართლი, რაჭა-ლეჩხუმის ზონა და სხვები, ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის ხელმძღვანელობაც ძალ-ღონეს არ იშურებენ სამართლიანობის აღსადგენად და მოსახლეობის დასაბრუნებლად. მომწიფდა ქართულ-ოსური კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარების პრობლემა. ამ დღეებში გვესტუმრება ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ძასოხოვი - სპეციალურად ამ თემასთან დაკავშირებით. შემდეგ, ალბათ, გარდაუვალი იქნება ჩემი და ლუდვიგ ჩიბიროვის შეხვედრა. ხაზი უნდა გავუსვა რუსეთის ხელმძღვანელობის, დიპლომატების აქტიურ როლს ქართველთა და ოსთა შერიგებაში, მე ეს არაერთხელ მითქვამს. ასეთი პროცესები გარდაუვალი იქნება აფხაზეთისთვისაც, დარწმუნებული ვარ, გარდაუვალი იქნება. ეთნიკური წმენდის შედეგები რაც შეიძლება მალე უნდა დავძლიოთ და მას შემდეგ, რაც დავძლევთ ამ შედეგებს, მერე ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ, ვინ იყო მართალი და ვინ იყო მტყუანი. ისტორია ყველას და ყველაფერს განსჯის და თავის ადგილს მიუჩენს. ვფიქრობ, დადგა ჩემი და ვლადისლავ არძინბას შეხვედრის დრო. და მე მზად ვარ ამისათვის, როცა თვითონ ჩათვლის საჭიროდ. მანამდე კი ვაცხადებ, რომ ლტოლვილთა დაბრუნებისა და პოლიტიკური მოწესრიგების შემთხვევაში აფხაზეთი სულ მოკლე ხანში აყვავებულ და ძალიან მდიდარ მხარედ გადაიქცევა. სულ მოკლე ხანში, ვიდრე საქართველოს რომელიმე სხვა რეგიონი. ამის გარანტია არის, გარანტიებს გვაძლევენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობრები, ამერიკელები, გერმანელები, სხვადასხვა ქვეყნები.

თუ როგორ წარმომიდგენია აფხაზეთის სტატუსი, თუ ასეთი გამოთქმა სწორი იქნება, ასიმეტრიული ფედერაციული სახელმწიფოს პირობებში, შევეცდები ამ დღეებში საბოლოოდ ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულებები იმის დამატებით, რაც უკვე მითქვამს. ყველას ექნება საშუალება დარწმუნდეს, თუ რა პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა აფხაზეთის ადგილის განსაზღვრას და მისი ქალაქებისა და რაიონების, სოფლების სწრაფ რეაბილიტაციას, ყოველი ოჯახის კეთილდღეობას.

იმასაც დავძენ (და ვთხოვ ყველას, ამას მიაქციონ ყურადღება - ქართველებსაც აფხაზებსაც), რომ როგორც ქართველებში, ასევე აფხაზებშიც სულ უფრო მტკიცდება რწმენა, რომ გარდაუვალია მათი ერთობლივი თანაცხოვრება, ხოლო ჭრილობებსა და ტკივილებს ორივე ხალხი მხოლოდ ერთად ცხოვრების პირობებში მოიშუშებს. რაც უფრო დაცილებული ვიქნებით, მდგომარეობა მით უფრო მწვავე იქნება და ეს ტკივილები კიდევ უფრო მეტ ნეგატიურ შედეგებს მოგვიტანს.

საქინფორმი.

„როგორც ქართველებში, ასევე აფხაზებშიც სულ უფრო მტკიცდება რწმენა, რომ გარდაუვალია მათი ერთობლივი თანაცხოვრება, ხოლო ჭრილობებსა და ტკივილებს ორივე ხალხი მხოლოდ ერთად ცხოვრების პირობებში მოიშუშებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 12 მაისი. - №113 (2813). - 1,2 გვ.

58 საქართველოს საერთაშორისო საზოგადოება „ცოდნის“ ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ძვირფასო მეგობრებო! გულითადად მოგესალმებით საქართველოს საერთაშორისო საზოგადოება „ცოდნის“ ნახევარსაუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის მონაწილეებს.

თავისი არსებობის მანძილზე „ცოდნა“ არ იყო ერთგვაროვანი ორგანიზაცია, მაგრამ მან კომუნისტური იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად მაინც შეძლო პოპულარიზაცია გაეწია ქართული კულტურისთვის, ლიტერატურისთვის, მეცნიერებისთვის, დღეს ჩვენთვის მისაღებია და გასაგრძელებელი ისეთი მეცნიერებისა და მოღვაწეების გზა, რომლებიც თავის საუკეთესო ლექციებში აგრძელებდნენ დიდი ილიას, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გზას. იმ ტრადიციულ ტენდენციას, რომელსაც უნდა ჩავეფიქრებინეთ კითხვაზე: „რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი უნდა ვიყვნეთ“.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს საზოგადოება „ცოდნამ“ გაუძლო დროის გამოცდას და კვლავ გააგრძელა ქვეყნისათვის უაღრესად სასარგებლო, კეთილშობილური საქმე და იმედია ახლა უფრო, ვიდრე ოდესმე, გაგრძელდება ზემოხსენებული ტრადიცია.

იმედია ამ თქვენს მცდელობაში თქვენს გვერდით მთელი საზოგადოება დადგება.

სწორედ ამიტომ წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში ქვეყნისა და ჩვენი შთამომავლების სასიკეთოდ.

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს საერთაშორისო საზოგადოება „ცოდნის“ ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს მონაწილეებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 17-18 მაისი. - №118-119 (2819). - 1 გვ.

59 „სამშვიდობო ძალებმა უნდა დააჩქარონ მოსკოვის სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება, რის იმედიც მე მაქვს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
18 მაისის რადიოინტერვიუ

- ინტერვიუს ბიუჯეტის თემით დავიწყებთ. გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა ხმების უმრავლესობით დაამტკიცა 1997 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. მიუხედავად იმისა, რომ, ვიმეორებ, იგი ხმათა უმრავლესობით მიიღეს, მაინც საინტერესოა თქვენი შეფასება - რამდენად კმაყოფილია პრეზიდენტი 1997 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგებით? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე პასუხით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- პარლამენტმა დაამტკიცა, მაგრამ საგულისხმოა, რომ არასაკმარისად შეაფასა მთავრობის საქმიანობა ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. თუმცა ოპოზიცია მოითხოვდა, რომ შეფასება ყოფილიყო უფრო მკაცრი - არადამაკმაყოფილებელი.

პარლამენტში მიმდინარე დებატებს 1997 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებასთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად, თვალყურს ვადევნებდი. უპირველესად მინდა დიდი მადლობა მოვახსენო პარლამენტს, თითოეულ დეპუტატს - ყველას, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათი უმრავლესობა მაინც გაგებით შეხვდა ბიუჯეტის შესრულების დროს წარმოქმნილ სირთულეებსა და ნაკლოვანებებს.

არაერთგზის მითქვამს, რომ ბიუჯეტი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების ძალიან ზუსტი, შეიძლება ითქვას, სარკისებური ანარეკლია. აქ მხოლოდ ეკონომიკურ პროცესებს როდი ვგულისხმობ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ნამდვილად შესაძლებელი იყო როგორც ბიუჯეტის, აგრეთვე საპრეზიდენტო პროგრამის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ასი პროცენტით შესრულება, სრულად განაღდება და, თუ ეს ვერ მოხერხდა, ამის უმთავრესი მიზეზი ისევ და ისევ ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემაა. დამალული გადასახადები უძიმეს ტვირთად აწევს საქართველოს ეკონომიკას. ვგულისხმობ იმ შემოსავალს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, ვინაიდან, მოგახსენებთ, არსებობს დაუბეგრავი მინიმუმიც. მეორე, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია კორუფციის საზოგადო მანკი, რაც ასევე არაერთხელ მითქვამს.

ბოლოს და ბოლოს, კორუფციის წყარო ყველა ქვეყანაში, სადაც კორუფცია არსებობს, ერთადერთია - სახელმწიფო ხაზინა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახელმწიფოს ჯიბე, სადაც ზოგიერთი ნამუსგარეცხილი მოხელე თუ ბიზნესმენი, მეწარმე დაუზარელად და თავხედურად აფათურებს ხელს, მაგრამ ამას ბოლო მოეღება. სულ მალე პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, რომლის შესაბამისად შეიქმნება, როგორც ადრე მითქვამს, სპეციალური ანტიკორუფციული კომისია აღმასრულებელ ხელისუფლებაში პრეზიდენტთან და რომელსაც უშუალოდ უხელმძღვანელებს პრეზიდენტი. მას საგამოძიებო უფლება და ფუნქციაც ექნება. მე არ მინდა დავაკნინო ანალოგიური საპარლამენტო კომისიის მნიშვნელობა. მან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ საკანონმდებლო ხელისუფლების ბუნებიდან, ხელისუფლებათა გაყოფის ფუძემდებლური საკონსტიტუციო დებულებიდან გამომდინარე, მას სხვა უფლებამოსილება ჰქონდა. საპრეზიდენტო კომისია კი გამოსაძიებელსაც გამოიძიებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს. რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული საპრეზიდენტო კომისიის შექმნას პარლამენტის მხარდაჭერა დასჭირდება და ამან კანონის ძალა უნდა მიიღოს.

საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთ მომენტს მინდა გავუსვა ხაზი: მიუხედავად იმისა, რომ 1997 წლის ბიუჯეტი 100 პროცენტით ვერ შესრულდა, უპირველესად და უმთავრესად საგულისხმოა ის ტენდენცია, რომელიც ეკონომიკური განვითარების შინაარსს გამოხატავს. სულ რამდენიმე ციფრობრივ მაჩვენებელს მოვიტან: 1997 წელს, 1996 წელთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური მოცულობა 11,3 პროცენტით გაიზარდა. 1997 წლის საერთო ნაერთი (სახელმწიფო და ტერიტორიული) ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავალმა 740 მილიონ ლარს მიაღწია, რაც ერთ-ნახევარჯერ აღემატება წინა წლის შედეგებს. ქვეყნის ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასია 64 ლარი. აქედან საბიუჯეტო სექტორში 39 ლარი იყო, ანუ 1996 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე შესაბამისად ორჯერ - პირველი კატეგორია და მეორე - 1,7-ჯერ მეტი. წლიური ინფლაცია 1997 წელს 7,3 პროცენტის ფარგლებში იყო და აი, ეს არის იმ შეუსრულებელი ბიუჯეტის, ასე ვთქვათ, ძირითადი მაჩვენებლები, ძირითადი ტენდენცია. ესე იგი, თავისთავად, ტენდენციები ჯანსაღია.

საერთო შემოსავლის ზრდა (1996 წელთან შედარებით) 62 პროცენტს შეადგენს.

საგადასახადო შემოსავალი გაიზარდა 64 პროცენტით, არასაგადასახადო შემოსავალი კი 108 პროცენტით.

და კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ციფრობრივი მაჩვენებელი: საბიუჯეტო შემოსავალმა 1996 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 8,5 პროცენტი შეადგინა, 1997 წელს კი - 11 პროცენტი!

ახლა ავიღოთ შემოსავალი ერთ სულზე - ეს მონაცემი უკვე ცხოვრების დონის ზრდის მაჩვენებელია და არა, ასე ვთქვათ, მარტო განყენებული, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესი.

1996 წელს - 95 ლარი და 40 თეთრი, 1997 წელს კი - 136 ლარი და 90 თეთრი. ზრდა 43 პროცენტია.

ამავე დროს, საგადასახადო შემოსავალი ერთ სულზე 1996 წელს 55 ლარი და 70 თეთრი იყო, 1997 წელს კი - 89 ლარი და 80 თეთრი.

ხარჯები და დაკრედიტება ერთ სულ მოსახლეზე: 1996 წელს -145 ლარი და 50 თეთრი, 1997 წელს კი - 179 ლარი.

და ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქვეყნის განვითარების, მისი, თუ შეიძლება ითქვას, ცივილიზებულობის, კეთილდღეობის დონე: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 1995 წელს შეადგენდა 706 ლარს, 1996 წელს - 966 ლარს, (მხედველობაში მაქვს ერთ სულზე შემოსავალი), 1997 წელს - 1190 ლარს (ზრდა 23 პროცენტია) და 1998 წელს დაგეგმილი გვაქვს 1494 ლარი ანუ 25 პროცენტით მეტი. დარწმუნებული ვარ, 1500-ს გადააჭარბებს.

ახლა მე ვთხოვ ყველა ოპონენტს - მემარჯვენეები არიან ისინი თუ მემარცხენეები, - აიღონ პოსტსაბჭოური, გნებავთ პოსტსოციალისტური ქვეყნების ანალოგიური მონაცემები, შეადარონ და გულზე ხელის დადებით (სამშობლოს წარმატება ხომ უნდა გაუხარდეთ) თქვან: განა ბევრია ქვეყანა, რომელმაც ასე მოკლე დროში ანალოგიურ წარმატებას მიაღწია? და, თანაც, გაითვალისწინონ, რომ თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, იმ ქვეყნებში არც სამოქალაქო ომი ყოფილა, არც სეპარატისტებთან შეიარაღებული კონფლიქტები, არც სახელმწიფო გადატრიალებანი, კრიმინალური ბანდების თარეში და ასე შემდეგ.

სრულებითაც არ მინდა იმის თქმა, თითქოს ეს ყოველივე მხოლოდ ხელისუფლების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, თვით ჩვენმა ბრძენმა და სულგრძელმა, უსაზღვროდ ნიჭიერმა და შრომისმოყვარე ხალხმა გამოამჟღავნა თავისი საუკეთესო თვისებები, უდიდესი პოტენციალი. თუმცა ამ პოტენციალის გამოსამჟღავნებლადაც შესაბამისი პირობების შექმნა იყო საჭირო.

1997 წელს (ესეც, ალბათ, სერიოზული მიღწევაა) გამოვძებნეთ საშუალება, რათა გაგვეზარდა ხელფასები, დავხმარებოდით პენსიონერებს, ომის ინვალიდებს, მნიშვნელოვანი სახსრები გამოიყო ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, კულტურის, სპორტის განვითარებისათვის. თანდათანობით ვითარდება და ღრმავდება ყველაზე რთული - განათლების სისტემის რეფორმა.

და, დავუბრუნდეთ 1998 წელს.

ყველა ეს ტენდენცია არათუ შენარჩუნებულია, არამედ ზრდის ტემპი მატულობს კიდეც. საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, მის მიერ მაისის პირველ ნახევარში აკრეფილია 12 მილიონ 700 ათასი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, რაც 20 პროცენტით აღემატება აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელს. განვლილ ოთხთვენახევარში კი საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტში გადარიცხა 108 მილიონ 500 ათასი ლარი, რაც 10 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე მთლიანად შარშანდელ 5 თვეში. ჩვენ კიდევ 10 სამუშაო დღე გვაქვს წინ.

საბაჟო დეპარტამენტმა მაისის 15 დღეში ბიუჯეტში გადარიცხა 8 მილიონ 700 ათასი ლარი, რაც 14 პროცენტით აღემატება აპრილის პირველი ნახევრის დონეს. წლის დასაწყისიდან საბაჟოს მიერ ბიუჯეტში მობილიზებულია 75 მილიონი ლარი, ანუ შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით 44 პროცენტით მეტი. ესე იგი, ერთ ადგილს კი არ ვტკეპნით, არამედ წინ მივდივართ და საკმაოდ სწრაფი ტემპითაც.

ყველა ეს ტენდენცია 1999 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად გავითვალისწინოთ მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხები.

სხვათა შორის, საქართველოს ბოლოდროინდელი ეკონომიკური განვითარება კიდევ ერთ ფენომენს ქმნის: ჩვენ მოვახერხეთ პროგრესირებადი ტენდენციის შეთავსება მოსახლეობის სოციალურ დაცვასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში, ყველა ქვეყნისათვის, რომელმაც განვითარების ანალოგიური გზა გაიარა, ეს ურთულესი ამოცანა იყო. ესეც უძვირფასეს მონაპოვრად მიმაჩნია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. 1999 წლის ბიუჯეტის პოტენციური შესაძლებლობა, ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო დიდი იქნება. ესე იგი, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება - ხელფასების, პენსიების, დახმარებების თანხების გადიდებით, გაცილებით მეტი იქნება.

- გასულ კვირას რადიოინტერვიუში თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან მალე ეწვეოდით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს თუნდაც იმიტომ, რომ ხშირად პრეზიდენტამდე ვერ აღწევს ყველა ინფორმაცია. გასულ კვირაში თქვენ უკვე ეწვიეთ ორ რეგიონს - ბრძანდებოდით იმერეთში, შემდეგ ფოთში, მოინახულეთ სუფსის ტერმინალი. მინდა რამდენიმე ფრაზა გავიხსენო თქვენი გამოსვლებიდან. თქვენ ბრძანეთ: „საქართველომ შეიძინა ახალი ფუნქცია“... შემდეგ - „სტაბილურობამ, იმან, რომ ტვირთის გატარება ვისწავლეთ, გადამწყვეტი როლი შეასრულა დასავლეთის მიმართულების აღიარებისას“ (ლაპარაკია ნავთობზე), „თურმე საქართველოში საქმის გაკეთება შეიძლება“. „საქართველო იცვლება უკეთესობისაკენ და ქვეყანას დიდი მომავალი აქვს, თუ ჩვენ თავად არ ავურევთ“. „არის მიღწევები, მაგრამ უნდა დაჩქარდეს ტემპი“, შემდეგ „ვიღაცას სურს შექმნას სამეგრელოს პრობლემა“... „შიმშილისა და სიცივის მიუხედავად საქართველოში არც ერთი თეატრი არ დახურულა, გაიხსნა ათზე მეტი“... და ბოლოს, „ნუ გაწუხებთ საარჩევნო ციებ-ცხელება“... „მაქსიმუმ ორ-სამ წელიწადში საქართველო სხვა ქვეყანა იქნება“. და, მაინც, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასეთი რამ განაცხადეთ, ხომ არ არის ეს ყველაფერი წინასაარჩევნო მარათონის დასაწყისი?

- კითხვა რთულია, ვრცელი, და ჩემი პასუხიც ცოტა ვრცელი იქნება.

პრეზიდენტს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქვეყნის გულისცემა უნდა ესმოდეს, ან სხვაგვარადაც ამბობენ, მაჯაზე უნდა ედოს ხელი. ვერავითარი, თუნდაც ყველაზე სრული და ობიექტური ინფორმაცია (თუმცა ზოგჯერ ამის პრობლემაც ჩნდება) ვერ შეცვლის პრეზიდენტის უშუალო შთაბეჭდილებას მოსახლეობასთან, ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ.

მოკლედ გაგიზიარებთ ამ შთაბეჭდილებებს. დავიწყოთ ქუთაისით. მე უფრო მეტად მინდა აქცენტი იმ დადებითს ძვრებზე გადავიტანო, რომლებიც შევნიშნე და მინდა ჩვენმა მოსახლეობამაც იცოდეს, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ იმედი გვქონდეს: თუ კარგად ვიმუშავებთ, შედეგსაც ყველგან მივაღწევთ.

იმერეთში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბევრი ექსპერიმენტი განხორციელდა, კერძოდ, ქუთაისში მრავალი სიახლე იყო. ზოგიერთი მათგანი კამათს იწვევდა. განსხვავებული აზრიც გამოითქმებოდა. მაგრამ გასულ კვირას თვალნათლივ დავრწმუნდი, რომ ქუთაისელებმა, იმერეთის მხარის ხელმძღვანელობამ მაინც სწორი გზა აირჩიეს - ეს დრომ დაადასტურა. ზოგიერთი რამ შეიძლება არ გამართლდა, მაგრამ მე ძირითად შინაარს ვგულისხმობ.

ძალზე მნიშვნელოვანი ძვრებია მიღწეული მრეწველობაში და ამას განსაკუთრებით მოვესალმები.

ამუშავდა საავტომობილო ქარხანა, გამოჩნდნენ ინვესტორები, დაიწყო რესტრუქტურიზაცია. შეიქმნა ერთობლივი საწარმო იტალიელებთან. სწორედ რესტრუქტურიზაციამ მოგვცა ამის საშუალება. რაც ყველაზე საინტერესოა, ქარხანა ითვისებს შიდა ბაზარს - პროდუქცია იყიდება არ მარტო იტალიაში, ირანში, უზბეკეთში, თურქმენეთში (ეს გეოგრაფიაც საინტერესოა), არამედ, უპირველესად, სწორედ საქართველოში, და თურმე საქართველოშიც საჭირო ყოფილა საავტომობილო ქარხნის ნაწარმის, და შეიძლება ისეთი ნაწარმის დამზადება, რომელიც ჩვენში მოიხმარება. ეს ხუმრობა საქმე არ არის. იცით, მანქანათმშენებლობა ნებისმიერი ქვეყნის სიამაყეა და მისი განვითარების განმსაზღვრელი.

ქარხანაში 1500-1800 მუშა-მოსამსახურე შრომობს. საკმაოდ მაღალი ხელფასებიც აქვთ. შესანიშნავი პერსპექტივა არსებობს წარმოების შემდგომი განვითარებისათვის. მაშასადამე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას: საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი გიგანტი გადარჩენილია. იგი იმუშავებს ახალ პირობებში, ახალ საბაზრო პრინციპებზე და მომავალი საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთ ბურჯადაც გადაიქცევა.

მოვინახულე ელექტრომექანიკური ქარხანა (ამ ქარხნის კოლექტივთან მე ძველისძველი მეგობრობა მაკავშირებს), რომელსაც, აგრეთვე, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. განსაკუთრებით ახალი ტექნოლოგიების, ეგრეთ წოდებული ნოუ-ჰაუს მოზიდვის თვალსაზრისით. გარკვეულწილად ამაღელვებელი იყო შეხვედრა სოხუმის „ორგტექნიკის“ კოლექტივთან. ეს შესანიშნავი სპეციალისტები, უმაღლესი კვალიფიკაციის მუშები, ინჟინრები ქუთაისელთა დახმარებით აგრძელებენ მუშაობას და ბრწყინვალე შედეგებსაც აღწევენ - მნიშვნელოვანი თანხები შეაქვთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სრულიად საქართველოს ბიუჯეტში.

ქუთაისში ყოფნისას პირადად ვესწრებოდი ჩინელი მეგობრების მიერ ჩვენი ფერმერებისათვის გამოგზავნილი ტრაქტორების უფასოდ, ხაზს ვუსვამ - უფასოდ დარიგებას. ეს სიმდიდრე არათუ დაიკარგება, არამედ ათგზის და ასგზის დაუბრუნდება ქვეყანას პროდუქციის სახით. სხვათა შორის, ბედნიერი ვიყავი, რომ ქუთაისში ტრაქტორების გამოფენაზე შევხვდი ჩემს ძველ მეგობარსა და შესანიშნავ ქართველ მწერალს ოტია იოსელიანს, რომელსაც აქვს უბრწყინვალესი შინამეურნეობა. უბრწყინვალესი, ნამდვილი ფერმერია და აქვს უმაღლესი დონის საფერმერო მეურნეობა. ჩემს თავს უფლება მივეცი და ხელისუფლების სახელით ერთი ტრაქტორი მასაც ვაჩუქე. ვიცი, რომ ეს არ დაიკარგება.

ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე პატარა საწარმოებმა. მაგალითად, თითქოსდა დაუჯერებელია, რომ იმერეთში ერთ პატარა საწარმოში, სადღაც 16 კაცი მუშაობს, წელს მილიონ ხუთასი ათასი ლარის პროდუქცია იქმნება. ძირითადად ეს არის სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელსაც იყენებენ თბილისის მეტროპოლიტენი და სხვა საწარმოები. თავად ეძებენ, თუ ვის რა სჭირდება და აი, ეს პატარა საწარმო მოერგო ქვეყნის მოთხოვნილებებს. საბედნიეროდ, ასეთი საწარმო ბევრია ქუთაისში და საერთოდ იმერეთში, ისევე, როგორც თბილისში, მაგრამ თბილისის შესახებ შემდეგ ინტერვიუში ვილაპარაკებ.

კიდევ უფრო მეტი: იმერეთში არის საამქრო, რომელიც ეწევა სასმელი წყლის ექსპორტს. ნურავინ გაიკვირვებს - მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში წყალი ლამის ბენზინის ფასს უტოლდება. 10 მილიონ ბოთლს უკვე ასხამენ, ეს არის ლეჩხუმიდან ჩამოტანილი წყალი და აპირებენ მილების გამოყვანას. სულ მალე 100 მილიონს ჩამოასხამენ, - აი, რა შეუძლია მარიფათს (თუ ეს სიტყვა გამოდგება), ნიჭს და, რა თქმა უნდა, შრომას. გასულ კვირას დიდი კონსტანტინეს, კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე იყო, მას დავესესხები: შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად, ეს ადამიანები შრომობენ და შედეგსაც აღწევენ - ყოველგვარი საგადასახადო პრივილეგიისა და ყოველგვარი სხვადასხვა ფორმის „პროტექციის“ გარეშე.

განსაკუთრებული სიხარული მომგვარა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მონახულებამ. აქ დუღს ცხოვრება! იქმნება პროდუქცია. ათასობით ადამიანია დასაქმებული, 3 ათასზე მეტი კაცი მუშაობს. ეს ქარხნის, მთელი რაიონის, მხარის ხელმძღვანელობის მართლაც დიდ სიქველედ და დამსახურებად მიმაჩნია. ჩვენ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც შევცვალეთ საკუთრების ფორმა და მივიღეთ ამ ქარხნის შესახებ პრინციპული გადაწყვეტილება.

ძალიან დიდი პერსპექტივაა ჭიათურაში. ამჟამად განიხილება რამდენიმე პროექტი, რომლებიც იაპონელემა ბიზნესმენებმა, აგრეთვე, ისრაელის ფირმებმა შეიმუშავეს. აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში მსოფლიო ბანკიც. ლაპარაკია არა უბრალოდ ეკონომიკის რომელიმე სეგმენტის განვითარებაზე, არამედ მთლიანად - ჭიათურა-ზესტაფონ-ტყიბულის უნიკალური სამრეწველო კომპლექსის აღორძინებაზე. პროექტი ითვალისწინებს (თუმცა მას ჯერ კიდევ დამტკიცება და შეთანხმება დასჭირდება) 200 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობას ტყიბულის ნახშირის ბაზაზე.

ქუთაისში, იმერეთში ბევრი რამ კეთდება მოსახლეობის სოციალური დაცვის თვალსაზრისითაც. გაუმჯობესდა საავადმყოფოთა დაფინანსება. მოქმედებს ექსპერიმენტული სკოლები, კულტურის კერები, სამეცნიერო დაწესებულებები.

თუმცა, ზემოთქმულის მიუხედავად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეზერვები ძალიან ბევრია. სწორედ პრობლემებზე, ნაკლოვანებებზე, პოტენციალის სრულად გამოყენების გზებზე ვისაუბრეთ ქუთაისში და ამდენად დღეს ამ ნაკლოვანებებს არ შევეხები, რადგან მისი ნაწილი ტრანსლირებული იყო საქართველოს ტელევიზიით და ბევრს ჰქონდა საშუალება მოესმინა ეს.

შევხვდი ხონში (ეს განსაკუთრებით მინდა გამოვყო) რამდენიმე წლის წინათ ჩამოსახლებულ აჭარის მთიანეთის მოსახლეობას. მათ ბევრი პრობლემა აწუხებთ. აქ 200-მდე ოჯახია, ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახები. თქვენ იცით, ეს ყოფილი კოლონიის ბაზაზე მოხდა 1988 წელს. უახლოეს მომავალში გამოვცემ სპეციალურ ბრძანებულებას, რომელშიც ყველა ეს საკითხი იქნება გათვალისწინებული. შეიქმნება მთავრობის კომისიაც, განსაკუთრებით მტკივნეულია წყლის პრობლემა. მე ამ ბრძანებულებას არ დაველოდე და უკვე გავეცი განკარგულება და თანხებიც გამოვძებნე. თუმცა არა მგონია, იმ მაღალმთიან მხარეში ეს პრობლემა ადრევე არ გადაწყვეტილიყო, თუკი მოინდომებდნენ. იქ არის ათობით ოჯახი, რომლებიც, ფაქტობრივად, წვიმის წყალს აგროვებენ და წვიმის წყალს სვამენ. ეს ყოვლად შეუწყნარებელია. სხვათა შორის, ამ უყურადღებობის შედეგია, რომ რამდენიმე ათეული ოჯახი ხონის ამ დასახლებიდან უკან დაბრუნდა აჭარის მთიანეთში.

შევხვდი აგრეთვე 1983 წელს ჩემი ინიციატივით სამტრედია-წყალტუბოს საზღვარზე ჩამოსახლებულ მესხებს. მაშინ მათ კაპიტალური სახლები ავუშენეთ. სამწუხაროდ, სკოლის სრულფასოვან ამოქმედებას ვერა და ვერ დაადგა საშველი, სკოლაც მაშინ ავავშენეთ. რომ შევედით, ქარი ქროდა და ამ ფარღალალა შენობის შემხედვარე კაცს გული აგიტირდება. სირთულეების მიუხედავად, ისინი, ვინც იქ არის და თითქმის ყველა დარჩა, ჩვეული გულმოდგინებით შრომობენ. მოსავალი მოჰყავთ. საქონელს ამრავლებენ, უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავთ. ბევრმა ახალგაზრდა მესხმა, იმ ოჯახების შვილებმა იმსახურეს ქართულ არმიაში და ახლა უმაღლეს სასწავლებლებში შესვლისათვის ემზადებიან. - აი, ასე მესახება ამ უმწვავესი პრობლემის ეტაპობრივი, თანდათანობითი გადაწყვეტა საქართველოსათვის დამატებითი სახელმწიფოებრივი პრობლემების შეუქმნელად - ეკონომიკური აღმავლობის პარალელურად.

დარწმუნებული ვარ, ისინი საქართველოს ღისეული მოქალაქეები იქნებიან.

სპეციალურ განკარგულებას ვამზადებთ, აგრეთვე, იმ სამტრედიელთა დასახმარებლად, რომელთაც 1993 წელს ლოთი ქობალიას მომხრე ბოევიკებმა დაუნგრიეს სახლ-კარი. ეს თითქმის ასამდე ოჯახია. მათაც ვესაუბრე და 1999 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული ისევე, როგორც იმათთვის, ვისაც საქართველოს სხვა რაიონებში, კერძოდ, სამეგრელოში დაენგრათ და დაეწვათ სახლები. ზოგიერთი რამ დარჩელში უკვე კეთდება კიდეც და ეს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის.

ახლა თქვენ შემახსენეთ, რაც იქ ვთქვი, - საქართველოს ახალ ფუნქციაზე და, განსაკუთრებით ეს ახალი ფუნქცია გამოიკვეთა ფოთში სტუმრობისას. პირდაპირ ვიტყვი: ფოთიდან და სუფსიდან მე ფრთაშესხმული (თუ არ არის ეს ძალიან გადაჭარბებული ნათქვამი) დავბრუნდი, სუფსის ტერმინალები (იქ მთელი ჯგუფია), დარწმუნებული ვარ, საქართველოს სიამაყედ, ჩვენი ქვეყნის მაღალი პოტენციალის მაჩვენებელად გადაიქცევა. მშენებარე ტერმინალები თანამედროვე ტექნოლოგიის უმაღლეს მოთხოვნათა შესაბამისად შენდება. რაც მთავარია, გამოირიცხა ეკოლოგიური საფრთხე - სპეციალურად ვიახლე ქალბატონი ნინო ჩხობაძე, სხვა სპეციალისტები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები. დასაქმებულია 1800 მუშა-მოსამსახურე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა (80-მდე პროცენტი) საქართველოს მოქალაქეა. ეს ზოგიერთი დემაგოგის გასაგონად, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მხოლოდ უცხოელი მუშები შრომობენ იქ... ხელფასებიც ძალიან მაღალია.

მუშებს შექმნილი აქვთ შესანიშნავი საყოფაცხოვრებო პირობები. როგორც გითხარით, მაღალია ხელფასები, თითქმის ყველა სახლი მოვინახულე, სადაც ისინი ცხოვრობენ. არაჩვეულებრივი პირობები აქვთ. სხვათა შორის, იგივე ითქმის საერთოდ მილსადენის მშენებლობის მთელ ტრასაზე. უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ამ მშენებლობას აფინანსებენ, ყველაფერს ფაქიზად ეკიდებიან. განსაკუთრებით ეკოლოგიას, თითოეულ ძირ ხეს, თითოეულ მოსახლესთან გაფორმებულო ჰქონდათ სპეციალური კონტრაქტი, ყველას, ვინც იქიდან გადაასახლეს, საკმაოდ კარგად აუნაზღაურეს. და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს არქეოლოგებს გაუჩნდათ სამუშაო - ამ ტრასის გაყოლებაზე ბევრი რამ აღმოჩნდა ისეთი, რომელთა გათხრებისათვის ძალზე დიდი თანხები იქნებოდა საჭირო. მე მაჩვენეს გამოფენა, რომელმაც დაადასტურა, რომ მთელი ეს უზარმაზარი ტრასა ძალიან საინტერესოა არქეოლოგებისათვის.

ჩვენი ფოთი კი მე უბრალოდ ვეღარ ვიცანი. ქალაქი სულ რაღაც ერთ წელიწადში, წელიწადნახევარში საოცრად შეიცვალა (მე მგონი, თქვენც დარწმუნდით ამაში), - გალამაზდა, მოწესრიგდა, გაქათქათდა. სიცოცხლითა და ხალისით აივსო. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩავიდეს და საკუთარი თვალით ნახოს. ამუშავდა საწარმოები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამუქებული და ჩაბნელებული იყო. ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა.

გულწრფელად ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან მახარებს ამ ახალგაზრდა კაცის - ფოთის მერის ვანიკო ზოდელავას წარმატება. თუმცა იგი ისეთი ოჯახის, ისეთი დედის შვილია (ცხონებულ ქალბატონ ნინო ჟვანიას მთელი საქართველო კარგად იცნობდა და პატივს სცემდა) ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ იგი გაამართლებდა პრეზიდენტის ნდობას და თავს გაართმევდა სამუშაოს ამ ურთულეს, სახელმწიფოებრივად ერთ-ერთ ყველაზე პასუხსაგებ უბანზე, სადაც მე გავგზავნე.

კარგი შთაბეჭდილება დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან - ბატონ ბონდო ჯიქიასთან, სხვა მოღვაწეებთან შეხვედრამ. სამეგრელოს ყველა რაიონში დაწყებულია სერიოზული მოძრაობა, მოსახლეობა შრომობს. ძალიან დიდი საქმე გააკეთა ცნობილმა დადგენილებამ, რომლითაც დავეხმარეთ მეჩაიეებს, კერძოდ, გამოყოფილია სუბსიდიები მეჩაიეებისათვის, ჩაის პლანტაციების გაჯანსაღებისათვის. ჩინებულად მუშაობს გაეროს სასურსათო პროგრამა - მარტოოდენ სურსათს კი არ არიგებენ, არამედ ქმნიან ეკონომიკურ სტიმულებს ისევ და ისევ ჩაის პლანტაციების აღსადგენად.

ყოველივე ეს უაღრესად კეთილი ნიშანია. სამეგრელოში, როგორც დავრწმუნდი, დუღს ცხოვრება და ამას უეჭველად ხედავენ აფხაზეთში, სადაც ჯერ-ჯერობით ყველაფერი ჩამკვდარია და ეს საუცხოო მაგალითია ჩვენი ქვეყნის გასაერთიანებლად.

აქვე არ შემიძლია არ გამოვთქვა აღშფოთება ზოგიერთი წამქეზებელ-წამსისინებელის გამო - მათ წინააღმდეგ წერილი გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკაში“ „ცხრა მთავრობის პრესმდივანთა“ პროვოკაციული ქმედების შესახებ, რომლებიც კვლავ სპეკულაციურად, ბოროტად ცდილობენ ეგრეთ წოდებული „სამეგრელოს თემის“ აგორებას. არ შემიძლია თავი შევიკავო და ამ, უკაცრაული პასუხია, „მოღვაწეებს“ არ ვკითხო: თქვენ ოჯახაშენებულებო, ოცი ყუმბარა მესროლეს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ პირველმა ვთქვი, სამეგრელო აქ არაფერ შუაშია, - ეს ისეთივე ნაძირალების ნამოქმედარია, რომლებმაც 1995 წლის 29 აგვისტოს აფეთქება მომიწყვეს-მეთქი (სხვათა შორის, იმ აფეთქებაში სამეგრელოს მკვიდრნი საერთოდ არ გარეულან). თქვენ კი რამ დაგბოღმათ ასე, რამ აგავსოთ ბოღმით, რამ გაგამწარათ, რომ საქართველოს დედაბოძის (მე ასე ვიტყოდი, არაერთხელ უკვე ვიხმარე ეს ტერმინი) - სამეგრელოს მოშლა განგიზრახავთ. ტყუილად დაშვრებით! მხოლოდ თავს შეირცხვენთ, საბოლოოდ და სამუდამოდ! სამეგრელო ჩვენი ქვეყნის ხერხემალი იყო და იქნება მარადის. რამდენიმე ტერორისტი არ წარმოადგენს სამეგრელოს ისევე, როგორც არც ის ყაჩაღები წარმოადგენდნენ სრულიად საქართველოს, ვინც იქ სოფლის მცხოვრებთ ძარცვავდა ჩვენი საერთო ეროვნული ტრაგედიის დროს.

- ელემენტარული გათვლა იყო, მე მგონი, როგორც თავის დროზე შავი ზღვის სანაპირო სჭირდებოდათ და ამიტომ გაჩნდა სეპარატიზმი აფხაზეთში, რათა შავ ზღვაზე გასასვლელი ჰქონოდათ, სამეგრელო კი აფხაზეთის მოსაზღვრე რეგიონია, ეს ხომ ელემენტარულია, რომ საქართველოს ყველა რეგიონიდან სამეგრელოში მოიყრიდნენ თავს ბანდფორმირებანი...

- თქვენც კარგად გახსოვთ, რა ვთქვი მე, როცა აფხაზეთიდან გამოვედი და თქვენ იცით, როგორი იყო ჩემი განწყობილება და სულიერი განცდები სოხუმის დაკარგვის შემდეგ. მაშინ მე განვაცხადე, რომ სამეგრელოში გართულებულმა მდგომარეობამ გაგვწყვიტა წელში, გაწყვიტა წელში საქართველო-მეთქი, ვინც გაართულა, ესეც უკვე არა ერთხელ და არა ორჯერ ითქვა.

რაც შეეხება თქვენს კითხვას წინასაარჩევნო მარათონთან დაკავშირებით, ჩემთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო პრეზიდენტად არჩევის და „მოქალაქეთა“ გამარჯვების მეორე დღესვე. მისი პრინციპები ჩამოყალიბებულია სიტყვაში ინაუგურაციასთან დაკავშირებით. არც ერთი დღით და არც ერთი საათით ტემპი არ შემინელებია. არც შევანელებ. უფრო სწრაფი წინსვლისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესების საფუძველი უკვე გვაქვს. სერიოზული საფუძველი და სერიოზული ფუნდამენტი, აი, ეს არის ჩემი წინასაარჩევნო მზადების კრედო და კიდევ იმასაც დავძენ: როგორადაც უნდა გახურდეს და გადახურდეს, თუ გნებავთ, საარჩევნო კამპანიები, მე ვერავინ მომწყვეტს იმ ცოცხალ, პრაქტიკულ საქმიანობას, რომელსაც სახელმწიფოებრიობის მშენებლობა და ქვეყნის გამთლიანება ჰქვია.

და კიდევ ერთი შენიშვნა. თქვენს კითხვაში იყო ეს - კულტურა შემახსენეთ. მართლაც ასეა. დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში ამ წლების მანძილზე არც ერთი თეატრი არ დახურულა, არც ერთი სკოლა, სადაც კი საჭირო იყო მისი შენარჩუნება, არ დახურულა. ახალი კი ბევრი აშენდა, ბევრი შეიქმნა. 15-ზე მეტი ახალი თეატრი გაიხსნა და ასე შემდეგ. მე ვერ გეტყვით, რომ ყველა დალხინებულია, მაგრამ ტენდენცია ისეთია, რომ დიდ იმედებს გვაძლევს.

- თქვენ საკმაოდ იშვიათად უკეთებთ ხოლმე კომენტარს პუბლიკაციებს. მაგრამ გასულ კვირაში რამდენიმე საყურადღებო პუბლიკაცია მოექცა ალბათ ჩვენი მკითხველის ყურადღების ცენტრში. იგორ გიორგაძის ინტერვიუ იყო გაზეთ „ზავტრაში“. მისი პუბლიკაციები, უნდა ითქვას, „საჭირო მომენტში“ გამოჩნდება ხოლმე, როცა ეს აუცილებელია. და ახლაც ასე მოხდა. ამას დაემთხვა, აგრეთვე, სალმან რადუევის განცხადება, რომ იგი მზად არის, ქმედითი დახმარება გაუწიოს ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს - ექსპრეზიდენტის მომხრეებს არსებული ხელისუფლების დამხობაში, შემდეგ იყო ბატონ ნოდარ ნათაძის წერილების მთელი ახალი სერია...

- მე ბატონ ნოდარით დავიწყებ. იგი ძალიან უხვად წერს. უხვად აქვეყნებს სხვადასხვა წერილებსა და სტატიებს. და, სიმართლე გითხრათ, მის წერილებს იშვიათად თუ შევავლებ თვალს. ვიცი, რომ იქ არ არის არგუმენტები, არის შიშველი, დაუსაბუთებელი და უსუსური ბრალდებები, ამიტომაც არ მინდა დავხარჯო დრო ამ თემაზე საუბარზე, ისევე, როგორც წაკითხვაზე.

რაც შეეხება იგორ გიორგაძის მორიგ პასკვილს, რა თქმა უნდა, მე მას გავეცანი. სხვათა შორის, პუბლიკაციიდან ჩანს (ვთხოვ რადიომსმენელებს მიაქციონ ამ ფრაზას ყურადღება), რამდენად „ძნელია“ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისათვის მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენა. ასე რომ, ამ საერთაშორისო ტერორისტს საკმაოდ თბილად და კარგად ინახავენ რუსეთში. რისთვის - ძნელი მისახვედრი არ არის. არც თვით გიორგაძის მოტივაციაა რთული ასახსნელი - მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, მგონი არაერთხელ. ჩაეშალა პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმა და ამიტომაც ანთხევს ბოღმას. რას ვიზამთ, ასეთებიც ჩნდებიან ქვეყანაზე. თუ რუსეთი გააგრძელებს მის მფარველობას, ადრე თუ გვიან, ღმერთი ხომ მაინც გამოიტანს განაჩენს. და, იცით, რა მინდა კიდევ გითხრათ: იგორ გიორგაძე, როგორც მითხრეს, საქართველოს კომპარტიის წევრი გახდა. ეს მისი წერილი (წერილი კი არა, ჟურნალისტთან გასაუბრება, რომელშიც ბევრი აზრი ჟურნალისტისაა), რომელიც მე წავიკითხე, ეს უკვე არის წერილი საქართველოს კომპარტიის ლიდერისა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჰპირდება, რომ დაამხობენ ამ ხელისუფლებას. ვნახოთ, როგორ დაამხობენ, სხვათა შორის (თქვენ, ალბათ, შემდეგ გექნებათ ეს შეკითხვა, მაგრამ მინდა ცოტა დავასწრო). ამას წინათ იყო ბატონ რადუევის განცხადება ამ შეიარაღებულ ამბებთან დაკავშირებით. მე რამდენჯერმე წავიკითხე ეს განცხადება, ისიც, რა თქმა უნდა, მოსკოვის გაზეთში გამოქვეყნდა, და დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადებაც, ეს წერილიც ინსპირირებულია თქვენთვის კარგად ცნობილი ძალების მიერ. მეამაყება, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელებთან, მის პრეზიდენტთან, მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობა დავამყარეთ და ვცდილობთ აღვადგინოთ ტრადიციული მეგობრობა, ტრადიციული კეთილი მეზობლობა და ჩვენ ამას მივაღწევთ, ასე რომ, რადუევის განცხადებაში ბევრი რამ საეჭვოა და, ასე ვთქვათ, ჩასაფიქრებელი მაინც არის.

- გასულ კვირას თბილისში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა, - ვგულისხმობ ძასოხოვის და ბერეზოვსკის ვიზიტებს. პირველის ინტერვიუებში განსაკუთრებული ოპტიმიზმი იგრძნობოდა. ჩვენ საშუალება გვქონდა გავსაუბრებოდით მას თბილისში ჩამოსვლამდე. იქაც ასე იყო. შემდეგ თბილისში გამართულმა პრესკონფერენციამ დაგვარწმუნა, რომ კონფლიქტი მალე მოგვარდება. შემდეგ - ბერეზოვსკის მრავალმხრივ საყურადღებო ვიზიტი, მან დაახლოებით ასეთი რამ თქვა: აფხაზეთის პრობლემა ძალიან მალე უნდა გადაწყდეს. ასე სურს პრეზიდენტ შევარდნაძეს, ასეთია მისი ნება და ეს მართლაც ასე უნდა მოხდეს...

- ბატონ ალექსანდრე ძასოხოვთან დიალოგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. რაც მთავარია, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ იგი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, მშვიდობიანად და სამართლიანად გადაწყდეს პრობლემა ორი მოძმე ხალხის - ოსი და ქართველი ხალხების საკეთილდღეოდ. ჩვენი აზრები ყველა განხილულ საკითხში ერთმანეთს დაემთხვა. შევთანხმდით, რომ პრობლემის გადაწყვეტა ამჟამად უკვე მომწიფდა, რა თქმა უნდა, ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე. საგულისხმოა, რომ ამის შემდეგ ბატონი ძასოხოვი ცხინვალში შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერს. დღეს ალბათ გაიმართება ჩემი და ბატონ ლუდვიგ ჩიბიროვის სატელეფონო საუბარი. მე მგონი, მოვილაპარაკებთ შეხვედრის ადგილისა და თარიღის თაობაზე. შერიგებას, ლტოლვილთა დაბრუნებას, ერთობლივ თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია.

საინტერესო იყო საუბარი ბორის ბერეზოვსკისთან. იგი იზიარებს ჩემს შეხედულებას, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს მომავალი (რაც მე არაერთგზის მითქვამს), თუ იგი წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ანუ სუვერენიტეტის ურღვევობის მნიშვნელოვან ფაქტორად გადაიქცევა. ამდენად, თანამეგობრობის განმტკიცება კონფლიქტების შეწყვეტითა და სამართლიანი მშვიდობის დამყარებით უნდა დავიწყოთ, რაც არ გულისხმობს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას.

არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს ხანში ბატონი ბერეზოვსკი შეიძლება შეხვდეს აფხაზეთის ხელმძღვანელებსა და სხვა დაინტერსებულ პირებს ამ კონფლიქტის მოგვარების მიზნით.

- მიუხედავად არაერთი საწინააღმდეგო განცხადებისა, მოსამართლეთა გამოცდები გაიმართა და გაიმართა ყოველგვარი ექსცესების გარეშე. როგორც, ალბათ, მოსალოდნელი იყო, ყოველგვარი წესისა და რიგის დაცვით...

- მე მინდა მივესალმო ამ მოვლენას. იგი იუსტიციის საბჭომ, მისმა წევრებმა მოამზადეს და, რაც მთავარია, საქართველოს დემოკრატიული მშენებლობის გზაზე კიდევ ერთ სერიოზულ ნაბიჯად მიმაჩნია. პოსტსაბჭოურ სივრცეში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი რეფორმის, სიღრმისეული რეფორმის განხორციელება გაბედა. იყო, მართალია, რეფორმები ბალტიისპირეთში დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში, მაგრამ ისინი უფრო სხვა მასშტაბისაა. დარწმუნებული ვარ, შედეგი უაღრესად სასიკეთო იქნება, ყოველ შემთხვევაში, იურისტს, რომელიც გაიმარჯვებს ამ კონკურსში, ჩააბარებს საკმაოდ რთულ გამოცდას, შეუძლია თქვას, რომ იგი ჭეშმარიტად მაღალკვალიფიციური მოსამართლეა და, ამდენად, აქვს ზნეობრივი და იურიდიული უფლება, გადაწყვიტოს ადამიანის ბედი და ურთულესი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან, ქონებრივ და სხვა მრავალ საკითხთან.

- და, ბოლოს, გასულ კვირას, აფხაზეთის პარლამენტმა (ვგულისხმობ სეპარატისტულ ხელისუფლებას) გააკეთა განცხადება. ისინი უკვე ითხოვენ რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას. როგორ აფასებთ ამას და რატომ მოხდა ეს სწორედ ამ ეტაპზე?

- მე მოკლედ გიპასუხებთ. ეს განცხადება მოწმობს, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებმა დაიწყეს თავიანთი ელემენტარული მოვალეობის შესრულება - არ დაუშვან საკონტროლო ზონაში დამსჯელი ექსპედიციები. მიუხედავად სხვადასხვა განცხადებებისა, რომლებიც, ჩემი აზრით, ფორმალური ხასიათისაა, სამშვიდობო ძალებმა უნდა დააჩქარონ მოსკოვის სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება, რის იმედიც მე მაქვს.

საქინფორმი.

„სამშვიდობო ძალებმა უნდა დააჩქარონ მოსკოვის სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება, რის იმედიც მე მაქვს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 18 მაისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 19 მაისი. - №120 (2820). - 1,2 გვ.

60 „უკვე საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი რეგიონის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების პროცესში“

▲ზევით დაბრუნება


კავკასიოლოგთა მე-2 საერთაშორისო
კონფერენციის მონაწილეებს

გულითადად მოგესალმებით საერთაშორისო კონფერენციის „მშვიდობიანი კავკასია“-ს მონაწილეებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე მეორედ მართავს ფართო პროფილის კავკასიოლოგიურ კონფერენციას. თუ მეორე ფორუმის მონაწილეთა შემადგენლობითა და წარმომადგენლობით ვიმსჯელებთ, იგი თანდათანობით სულ უფრო პოპულარული ხდება სამეცნიერო წრეებში.

განსაკუთრებული სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტი გულისხმიერად მოეკიდა პირველი კონფერენციის მონაწილეთა რეკომენდაციებს და კავკასიოლოგთა ახალ თავყრილობას ახალი ჟურნალის „კავკაზიკას“ დაარსებითა და მისი პირველი და მეორე ნომრების გამოცემით შეეგება.

უძველეს ცივილიზაციათა სამშობლო კავკასია თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე სულ უფრო და უფრო რელიეფურად იკვეთება. უკვე საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი რეგიონის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების პროცესში.

კავკასია ხალხთა ენათა, კულტურათა სიმრავლით საოცრად მრავალფეროვანია, მაგრამ მენტალიტეტით, ტრადიციებით, ეროვნულ ხასიათთა ზოგადი ნიშნებით, საერთო ღირებულებებისადმი დამოკიდებულებით ასევე საოცრად ერთიანია და ჰარმონიული.

კავკასიას სრული უფლება და საფუძველი აქვს, რათა ერთიან, ბედნიერ მომავალზე იოცნებოს.

ოცნების განსახორციელებლად კი მას მხოლოდ მშვიდობა და ისტორიის ბედუკუღმართობის, გარეშე ძალთა ქმედების შედეგად კავკასიელ ხალხთა ურთიერთობაში წარმოშობილი ბზარის გამთლიანება ესაჭიროება.

არ არის შემთხვევითი, უფრო მეტიც, ფრიად ნიშანდობლივი მოვლენაა, რომ კავკასიელ ხალხთა ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარის ივანე ჯავახიშვილის იუბილეს უნივერსიტეტმა კავკასიოლოგთა პირველი კონფერენცია მიუძღვნა. მეორე სამეცნიერო კონფერენცია კი უნივერსიტეტის საიუბილეო დღეებში იმართება. კონფერენციის თემაა „მშვიდობიანი კავკასია“ - ანუ კავკასიელ ხალხთა თანამშრომლობისა და თანაცხოვრების დედააზრი.

ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს მეცნიერულ წარმატებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, რაც მთავარია, მშვიდობას კავკასიასა და მთელს მსოფლიოში.

ედუარდ შევარდნაძე.

„უკვე საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი რეგიონის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების პროცესში“ : კავკასიოლოგთა მე-2 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 23 მაისი. - №124 (2824). - 1 გვ.

61 ჰანს-დიტრიხ გენშერი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

▲ზევით დაბრუნება


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე, რომელსაც ფართო საერთაშორისო რეზონანსი სდევს, კიდევ ერთი სასიამოვნო მოვლენით აღინიშნა. 23 მაისს უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე თანამედროვეობის ერთ-ერთ უთვალსაჩინოეს პოლიტიკურ მოღვაწეს, საქართველოს დიდ მეგობარს ჰანს-დიტრიხ გენშერს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა და გადაეცა წოდების დამადასტურებელი მოწმობა.

უნივერსიტეტის რექტორმა როინ მეტრეველმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა გენშერის, როგორც თანამედროვე მსოფლიოს მშვიდობის უდიდესი მებრძოლის დამსახურება. ის ეკუთვნის იმ ადამიანის რიცხვს, რომლებიც ისტორიას ქმნიან, განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა და აღნიშნა, რომ მათ შორის, ვისაც განვითარების გზაზე დამდგარი საქართველო მადლიერებით მოიხსენიებს, უწინარეს ყოვლისა, არიან გერმანელი ხალხი და პირადად ჰანს-დიტრიხ გენშერი.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, საერთაშორისო საზოგადოების „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ პრეზიდენტი ნანული შევარდნაძე, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ნორბერტ ბაასი, გერმანიიდან ჩამოსული სტუმრები. საპატიო სტუმარს მიესალმნენ აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე, კათედრის გამგე მანანა პაიჭაძე, სტუდენტი თეა ლალიაშვილი, გენშერის ფონდის სტიპენდიატი დოცენტი დავით ტურავა.

სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე საპატიო სტუმარს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. მან, კერძოდ, განაცხადა:

„ძვირფასო მეგობარო ჰანს-დიტრიხ,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. აქ 1992 წლის აპრილიდან არ ყოფილხართ. მაშინ ქვეყანა ნანგრევებად იყო ქცეული. ჩვენს ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველის პროსპექტზე ახალი ევროპის არქიტექტორი ბერლინის კედლის ნამუსრევს დაინახავდა. ჩემს ქვეყანას ძვირად დაუჯდა მისი დანგრევა.

ახლა მინდა გიამბოთ ერთი ეპიზოდი. იმ წელიწადს, თებერვალში, ჩვენ ვენაში შევხვდით ერთმანეთს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისაგან თანამემამულენი სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდნენ. ვიცოდი, პირადად მე ეს კარგს არაფერს მიქადდა. მაგრამ გადაწყვეტილება მწიფდებოდა და მხარდაჭერაღა მაკლდა.

უკვე გაერთიანებული გერმანიის ვიცეკანცლერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა: „ყოველი პოლიტიკოსის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც იგი სამშობლოს მოწოდებას უნდა გამოეხმაუროსო“. თან დასძინა: „თუკი მივიღებთ აშკარა სიგნალს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა გადაგიწყვეტიათ, მაშინ სამშობლოში ცარიელი ხელით არ გაგიშვებთო“.

როგორც იცით, ავად თუ კარგად, მე დავბრუნდი. თვე-ნახევრის შემდეგ კი გენშერი საქართველოში ჩამოვიდა. სხვები ჯერ მხოლოდ ჭოჭმანობდნენ, დაემყარებინათ თუ არა ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობა და რა ფორმატით, ის კი თვითონ ჩამოვიდა, ჩამოიყვანა ელჩი, გახსნა თავისი ქვეყნის საელჩო საქართველოში და იქვე განაცხადა, რომ ჩამოიტანა გრძელვადიანი კრედიტი მშიერი და დანგრეული საქართველოსათვის - 70 მილიონი ეკიუ.

მაშინ ჩვენ სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ვიყავით. გენშერის ჩამოსვლით იზოლაცია გავარღვიეთ. საქართველო მიიღეს ეუთოში, გაეროსა და თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ჩვენთან მოუხშირეს სიარულს ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო და ევროპის ბანკების დესპანებმა. ისინი ჩამოდიოდნენ და ჩამოჰქონდათ საქართველოს განვითარებისა და მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტები.

გთხოვთ, გაიხსენოთ ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპი. ქვეყანა გაბრუებული იყო ყურთასმენის წამღები სროლისაგან და ვერაფერს ხედავდა თვალსმომდგარი ცრემლების გამო. იგი ცხოვრობდა სიცივესა და უკუნეთში, შეიარაღებული ბანდების პარპაშის პირობებში. ერთი კონფლიქტი ბობოქრობდა, მეორე ის-ის იყო, ჩაღდებოდა. ყველა საერთაშორისო კრიტერიუმის მიხედვით ჩვენი დახმარება სახსრების ქარს გატანებას ნიშნავდა. მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდნენ: „ნუ გეშინიათ, ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენ მხარში ამოგიდგებით. თქვენ კვლავ გაიმართებით წელში“. ამ მხრივ პირველი გენშერი იყო.

ძვირფასო მეგობარო, კიდევ ერთხელ ვიტყვი:

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ეს ჯერ კიდევ ვერ არის ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ და მთელი თაობები შევნატრით, მაგრამ უკვე სულ სხვაა. ქვეყანა იცვლება, მაგრამ არ იცვლება ჩვენი დამოკიდებულება თქვენდამი. თუმცა, მთლად ასე არ არის - ურთიერთობამაც განიცადა მეტამორფოზა. იმიტომ, რომ ამ წლებში ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდით, რაოდენ დიდი მეგობრად მოგვევლინეთ თქვენ - პირადად მე და ჩემს ხალხს.

ჩაიბარეთ ძალიან მოკლედ ჩვენი ანგარიში.

ჩვენ გავწმინდეთ ქვეყანა ნანგრევებისაგან და ჩავყარეთ ახალი საძირკველი. შევქმენით დემოკრატიული სისტემა, რომელიც მოქმედებს. განვახორციელეთ რეფორმები. გავაცოცხლეთ ეკონომიკა. საქართველომ თავისი ადგილი იპოვა თანამედროვე მსოფლიოში. დღეს იგი ერთ-ერთი საკვანძო რგოლია იმ დიად გზაზე, ხალხებს რომ აკავშირებს ერთმანეთთან - მხედველობაში მაქვს დიდი აბრეშუმის გზა. მინდა, ვირწმუნო, რომ ამ სახით იგი კიდევ უფრო მეტად გამოადგება მსოფლიოს. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ მისი მაინტეგრირებელი როლი კვლავაც გაძლიერდება მისი სოციალურ-ეკონომიკური ზრდისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კვალობაზე.

თქვენი ქვეყანა საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის შემადგენლობაში შედის. უდიდესია მისი ჭეშმარიტად ფასდაუდებელი წვლილი ჩვენს აღორძინებაში, განვითარებაში, და ჭეშმარიტად უბადლო და სწორუპოვარია იმპულსი, თქვენ რომ მიანიჭეთ ამ განვითარებას.

ჩვენ იმდენი რამ გვაკავშირებს, რომ დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო თქვენზე.

გერმანიის ერთიანობის აღსადგენად ჩვენ ვმუშაობდით „2 პლუს 4“ ფორმულით, მაგრამ შევარდნაძეს და გენშერს ჰქონდათ სულ სხვა არითმეტიკა „1 პლუს 1“ - ადამიანური გულისხმიერებისა და ურთიერთგაგების განტოლებაა. ბრესტში, მემორიალურ დაფასთან, სადაც ჩემი ძმის სახელია ამოკვეთილი (ჩვენ ერთად მოვინახულეთ ეს საფლავი), თქვენს თვალში ცრემლი შევნიშნე. მე იგი მივაწერე არა გერმანულ სენტიმენტალობას, არამედ ეპოქის მთავარი გაკვეთილის სულისშემძვრელ გაცნობიერებას. თუ ორ კაცს შეუძლია ასე გაუგოს ერთმანეთს, მაშინ ეს ხალხებსაც ხელეწიფებათ. მაგრამ რამდენიც უნდა ვილაპარაკო თქვენზე - მაინც ვერ ამოვწურავ გენშერის თემას იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი პერიოდის ერთ-ერთი წამყვანი და მთავარი თემა.

ჩვენი შეხვედრის დროს თქვენ მითხარით: „ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ომისშემდგომ ევროპაში იმის წყალობით, რომ ჰელსინკის აქტის პრინციპებს ვიცავდითო“. ტოტალიტარიზმის, ევროპის გათიშულობის დაძლევა, ახალი სახელმწიფოების შექმნა - ყოველივე ეს როდი ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს: პირიქით - მთლიანად შეესაბამება. პრაქტიკულად, პოლიტიკოსი გენშერი მიზნისკენ მიდიოდა თავისი პოლიტიკური ფილოსოფიის კალაპოტით. დიდია მისი წვლილი თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების განვითარებაში. გენშერისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭება კიდევ ერთი აღიარებაა მისი სწორუპოვარი ღვაწლისა ამ დარგში.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ბრძანა, ეს საზეიმო აქტი სრულდება საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარეობს დევიზით „მშვიდობიანი კავკასიისათვის“. ამით მის ორგანიზატორებს სურდათ, ხაზგასმით წარმოეჩინათ ამ რეგიონის მნიშვნელობაც ევროპის უშიშროებისათვის და ევროპის ფაქტორის მნიშვნელობაც მშვიდობიანი კავკასიის მშენებლობისათვის. იმ მომენტში, როდესაც ევროპის იდეა ზეობს, ჩვენთვის, ძვირფასო მეგობარო, მთავარია, გამოვხატოთ ჩვენი საერთო მისწრაფება კავკასიის იდეის, კავკასიის მშვიდობისა და ხალხთა ერთიანობის იდეის რეალიზაციისადმი.

რამდენიმე დღეში ჩვენ ზეიმით აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 80 წლისთავს. თავის დროზე ეს მოვლენა მოხდა ვითარებაში, რომელიც საქართველოს უქადდა მსოფლიო რუკიდან სრული გაქრობისა და პირისაგან მიწისა აღგვის საფრთხეს. დამოუკიდებლობის გამოცხადებამ იხსნა საქართველო ამ საფრთხისაგან იმ ეპოქაში: მისმა დამფუძნებელმა მამებმა ყურად იღეს თავიანთი გერმანელი მეგობრების რჩევა-დარიგება. მხოლოდ ასე შეძლებდნენ, რაღაც ეღონათ ქვეყნებისათვის, რომელსაც ბრესტის ზავის ზვარაკის ხვედრი ჰქონდა გამზადებული. მათ ყველაფერი გააკეთეს, რისი გაკეთებაც შეეძლოთ.

მოვლენათა შემდგომი განვითარება მსოფლიოსა და თვით გერმანიაში ვერ უწყობდა ხელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამკვიდრებას. ევროპა და ერთა ლიგა უძლურნი აღმოჩნდნენ ზვავად წამოსული წითელი ბორბლის წინაშე. ამ ბორბალმა ქვეშ მოიყოლა ამიერკავკასიის დემოკრატიები და მიწასთან გაასწორა ისინი.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხაზი გავუსვა: რა მანძილიც უნდა გვაშორებდეს - ჩვენ განუყოფელნი ვართ ევროპისაგან. ახალი საუკუნის ზღურბლზე მსოფლიო კიდევ უფრო ერთიანი და ურთიერთდამოკიდებულია, ვიდრე მიმავალი საუკუნის 20-იან წლებში იყო.

თქვენი ჩამობრძანება და დღევანდელი აქტი მაძლევენ საბაბს, კვლავ გავიმეორო ეს.

მე მრავლად მაქვს სხვა საბაბიც, ბევრი რამ გითხრათ. მაგრამ გავუწიოთ ანგარიში აუდიტორიის მოთმინებას. ჩვენ კიდევ შევხვდებით და ვილაპარაკებთ, როგორც წინათ გვილაპარაკია - პირისპირ, მოლაპარაკების მაგიდასთან და ოჯახურ სუფრასთან, ჩემსა და თქვენს ოჯახებში. ახლა კი, აი რას ვიტყვი. ჩვენი სტუმარი მრავალი ჯილდოსა და წოდების მფლობელია. იგი ისეთი სერიოზული პრემიის ლაურეატიცაა, როგორიც არის იმანუილ კანტის სახელობის პრემია, რადგან გენშერი პოლიტიკაში ზნეობრივი იმპერატივის იდეის სერიოზული მიმდევარი, გამტარებელი და ერთ-ერთი ავტორია. იგი, სხვა ჯილდოებთან ერთად, დაჯილდოებულია ქალაქ ვენის მხიარული ავგუსტინის ორდენით, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გონებამახვილი ადამიანია. გენშერი არის არა მარტო ახალი ევროპის პროექტის თანაავტორი, არამედ საკუთარ თავზე ბრწყინვალე ანეგდოტების ავტორიც. სერიოზულ პოლიტიკას გონებამახვილი ადამიანები ქმნიან. თუ მას პირქუში ტიპები აყალიბებენ, პოლიტიკაც პირქუში გამოდის.

გენშერის პოლიტიკა ცხოველმყოფელი პოლიტიკაა. ამის გამო მას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების საპატიო ხარისხები აქვს მინიჭებული. ახლა გენშერი თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორიც გახდა. ვულოცავ მას, რადგან ძალზე საპატიოა, იყო თბილისის უნივერსიტეტის დოქტორი.

თბილისის უნივერსიტეტსაც ვულოცავ, რადგან ძალზე საპატიოა დაარსების 80 წლის იუბილესათვის შეიძინო ასეთი დოქტორი.

დოქტორი გენშერი ამ წოდებას ჩვენს სიყვარულთან, პატივისცემასთან და მადლიერებასთან ერთად იღებს“.

ჰანს-დიტრიხ გენშერი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 24-25 მაისი. - №125-126 (2826). - 1,3,4 გვ.

62 „ვერავითარი შეიარაღებული ძალა მოსახლეობის დაბრუნებას ვერ შეაჩერებს“

▲ზევით დაბრუნება


23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თავისი პოზიცია გამოხატა გალის რაიონში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, კერძოდ, განაცხადა:

„აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდა შედარებით ნაკლებად შეეხო გალის რაიონს, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ქართული მოსახლეობა დარჩა. ბოლო გართულებები დაკავშირებულია იმ დამსჯელი ექსპედიციების შემოსვლასთან, რომლებიც სეპარატისტულმა რეჟიმმა გამოგზავნა. ასეთი დამსჯელი ოპერაციები მათ არაერთხელ ჩაუტარებიათ და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ მოსახლეობამ ისწავლა ბრძოლა თავდამსხმელების წინააღმდეგ. იმასაც უნდა შეეგუოს ყველა, რომ პარტიზანული მოძრაობა აფხაზეთში რეალობაა.

მიუხედავად ამ ბოლო დღეებში მომხდარი შეტაკებებისა, ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების კურსი სწორია, მაგრამ, ამავე დროს, როგორც კი შეგვიძლია, მხარი უნდა დავუჭიროთ გალის მოსახლეობას - მატერიალურად, ფინანსურად, უნდა დავიცვათ მათი უსაფრთხოება.

ვფიქრობ, რომ აფხაზთა ლიდერი, რომელსაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ტელეფონით ესაუბრა, დათანხმდა იმას, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი, დაიწყოს გალში შეყვანილი დამატებითი ძალების ეტაპობრივი გაყვანა, უსაფრთხოების გარანტიებით დაუყოვნებლივ დაბრუნდეს ის მოსახლეობა, რომელიც გუშინ იძულებული გახდა დაეტოვებინა გალის რაიონი.

საკმაოდ დადებითი როლი შეასრულა ჩემმა სატელეფონო საუბარმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან მარშალ სერგეევთან. მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს: ვერავითარი შეიარაღებული ძალა მოსახლეობის დაბრუნებას ვერ შეაჩერებს. ეს შეუქცევადი პროცესია.

მე გამოვთქვი მზადყოფნა შევხვდე ვლადისლავ არძინბას იმ პირობით, რომ შეხვედრა იქნება მომზადებული, ამისათვის მე უკვე დავნიშნე სპეციალური წარმომადგენელი.

კონფლიქტი, რომელიც ამ დღეებში მოხდა გალის რაიონში, არ შეესაბამება არც აფხაზებისა და არც ქართველების ინტერესს. იგი სხვა ძალების მიერ არის ინსპირირებული და, ბოლოს და ბოლოს, მოვიდა დრო, ქართველებმა და აფხაზებმა ეს გავიგოთ.

დღეს გალის რაიონში შედარებით სიწყნარეა. ჩვენ განსაკუთრებულ დახმარებას ვუწევთ იმ მოსახლეობას, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა გალის რაიონი. ამ მიზნით შეიქმნა სამთავრობო კომისია. ყველაფერი, რაც აუცილებელია, გაიგზავნა ზუგდიდსა და წალენჯიხაში“.

საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.

„ვერავითარი შეიარაღებული ძალა მოსახლეობის დაბრუნებას ვერ შეაჩერებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 24-25 მაისი. - №125-126 (2826). - 1,2 გვ.

63 „უნივერსიტეტი განახლების სიმბოლოა. იგი მომავალი 21-ე საუკუნისკენაა მიმართული და უკვე იმ სულისკვეთებით ცხოვრობს, რომლითაც იცხოვრებს საქართველო მესამე ათასწლეულში“

▲ზევით დაბრუნება


ღრმად პატივცემულო სტუმრებო, ბატონებო,

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოს „თეთრ ტაძარში“, როგორც ამ შენობას ქართველმა ახალგაზრდებმა უწოდეს, რათა აღვნიშნოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლისთავი.

უნივერსიტეტი ყველა ეპოქაში, ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა და ასრულებს. არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი უნივერსალური უმაღლესი განათლების ყველაზე სრულყოფილი კერაა.

უნივერსიტეტი ერის სულიერების ერთ-ერთი უმძლავრესი ბურჯიცაა. იგი სათუთად იცავს და ინახავს ეროვნული საზრისის, ეროვნულ მისწრაფებათა ყველაზე კეთილშობილ ნიმუშებს.

უნივერსიტეტი ეროვნული ინტელექტის მწვერვალია. იმავდროულად, იგი განასახიერებს მემკვიდრეობითობას სახელმწიფოებრივი, ჰუმანისტური იდეალებისათვის ბრძოლაში. უნივერსიტეტი მუდამ მომავლისაკენ, განახლებისაკენ არის მიმართული, იგი პროგრესსა და წინსვლას განასახიერებს, მით უმეტეს აქ, ამ შესანიშნავი სამეცნიერო ტაძრის კედლებში, „გაუდიამუსის“ ჰიმნი უდიდესი ოპტიმიზმის, მომავლისადმი რწმენის შემცველია. საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ბუნებიდან გამომდინარე - ნათელი მომავლისადმი რწმენის გარეშე არსებობა არ ძალუძს. რწმენად ქცეულ იმედს კი სწორედ უნივერსიტეტი განასახიერებს.

ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალია. უნივერსიტეტი ამ ყოვლისშემძლე ძალასაც განასახიერებს. მაგრამ რაც ყველაზე მეტად ძვირფასია ყოველი ჩვენთაგანისთვის, თბილისის უნივერსიტეტი ჯერ კიდევ იმ ეპოქაში, როცა უზარმაზარი სახელმწიფოს ტოტალიტარული მანქანა ყოველგვარ განსხვავებულ აზრს სდევნიდა, იყო ახალი აზროვნების, ინტელექტუალური და იმავდროულად ზნეობრივი რევოლუციის უმძლავრესი, ერთ-ერთი უმთავრესი კერა.

უნივერსიტეტი განახლების სიმბოლოა. იგი მომავალი 21-ე საუკუნისკენაა მიმართული და უკვე იმ სულისკვეთებით ცხოვრობს, რომლითაც იცხოვრებს საქართველო მესამე ათასწლეულში.

მე მინდა, უდიდესი პატივისცემით, ამთავითვე მივესალმო ჩვენი უნივერსიტეტის შესანიშნავ პროფესორ-მასწავლებლებს. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თაობა, რომელიც ამჟამად შრომობს და ასწავლის თბილისის უნივერსიტეტში, ღირსეულად აგრძელებს ქართველი ერის მოძღვართ-მოძღვართა, უნივერსიტეტის დიდ დამფუძნებელთა მამულიშვილურ საქმეს, წმინდად ინახავს იდეალებს, რომელთაც ისინი სიცოცხლის უშურველად ემსახურებოდნენ და გადასცემს მათ მომავალ თაობას, რითაც ქართული ცივილიზაციის ინტელექტუალური ხაზის უწყვეტობას უზრუნველყოფს.

თქვენ, პატივცემულო მეგობრებო, განასახიერებთ ჩვენი ერის გონიერებას, მის სიბრძნესა და სიდინჯეს, ზნეობრივ აღმატებულობასა და სამშობლო ქვეყნისადმი უშრეტ სიყვარულს. რომ არა ეს ერთგულება, რომ არა უნივერსიტეტის პედაგოგიური, სამეცნიერო კოლექტივის თავგანწირვა და პასუხისმგებლობა, - ვაითუ იმ საზარელ წლებში დაგვეკარგა ჩვენი საუნჯე, სამეცნიერო კერა, რომელიც მომავალი, თავისუფალი და ბედნიერი საქართველოს საფუძველს ქმნის.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, მინდა დიდი მადლობა მოგახსნოთ ყველას ამ სულგრძელობისა და ჭირთათმენისათვის. გაჭირვების მიუხედავად, ხელისუფლება აკეთებს და კვლავაც ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს უნივერსიტეტს, შეუქმნას საკადრისი სამუშაო პირობები ქართველ მეცნიერებს. ამ თვალსაზრისით გავაკეთებთ იმაზე მეტს, რაც შეუძლია ქვეყანას, რომელიც ახლა, ჩვენს თვალწინ დგება ფეხზე.

მე მივესალმები ჩვენს შესანიშნავ ახალგაზრდობას, ერის ძალას, მჩქეფარე ეროვნული ენერგიის უმთავრეს მატარებელს. ურყევად მჯერა მისი ნიჭის და შემართებისა. ბიუჯეტის შესაძლებლობათა გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ნიჭიერ ახალგაზრდათა სტიმულირებისათვის. მოვიზიდეთ გრანტები, სტიპენდიები, განსაკუთრებით წარჩინებული ახალგაზრდები მივავლინეთ საზღვარგარეთ და ა.შ.

ეს კურსი კვლავ გაგრძელდება. მომავალში კიდევ უფრო მძლავრი ფინანსური ბაზა გვექნება. სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც ისარგებლებენ პრეზიდენტის მხარდამჭერითა და სტიპენდიებისა და გრანტების სახით და დახმარებით, კიდევ უფრო გაიზრდება.

უნივერსიტეტზე ზრუნვა ნებისმიერი ხელისუფლების უმთავრესი სახელმწიფოებრივი მოვალეობა უნდა იყოს. მით უმეტეს, საქართველოში, ქვეყანაში, სადაც აზრსა და სიტყვას განსაკუთრებული, ზოჯერ დამანგრეველი, უფრო ხშირად კი აღმაშენებელი და გამამთლიანებელი ძალა აქვს.

ახალი მსოფლიო წესრიგი, ახალი პლანეტა ხომ უპირველესად ახალი აზროვნების შედეგია, ანუ ეს სწორედ ინტელექტუალური და ზნეობრივი პრობლემაა. ბევრმა ჩვენგანმა შეძლო საკუთარ თავში მოძველებულ, მიჩვეულ სტერეოტიპთა დაძლევა, მათგან გათავისუფლება. ეს ურთულესი პროცესია, რომელიც ყველამ გავიარეთ, რათა ახალ ეპოქაში მოღვაწეობის მორალური უფლება და შესაძლებლობა გვქონოდა. უნივერსიტეტი აქაც პირველი იყო. მისი პირველობა და აღმატებულობა იმით განისაზღვრება, რომ XX საუკუნეში ააღორძინა გელათისა და იყალთოს სული, შექმნა თანამედროვე კავკასიაში უმაღლესი განათლების საწყისი, იქცა ქართული სამეცნიერო სკოლების, მეცნიერებათა აკადემიის, მრავალრიცხოვანი უმაღლესი სასწავლებლის მშობლად და, რაც მთავარია, იმ ბურჯად, რომელიც ეროვნული ინტერესების, ეროვნული მეცნიერებისა და განათლების, თვით ეროვნულობის ურყევობას უზრუნველყოფს.

ამავე დროს, ისიც უნდა ითქვას, რომ უნივერსიტეტი, უმძლავრესი დემოკრატიული ინსტიტუტია. კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა: ინტელექტი, განათლება, მეცნიერება შეუთავსებელია ტოტალიტარიზმთან. საუნივერსიტეტო სულისკვეთება იმთავითვე დემოკრატიულია. დემოკრატიული ქვეყანა კი ვერ დააწესებს რაღაც ერთიან სააზროვნო შტამპს, დემოკრატია იმთავითვე გულისხმობს თვისუფალი აზროვნების პრიორიტეტს. რაოდენ სასიხარულოა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ეს სულისკვეთება ყოველთვის იყო, უსასტიკესი რეპრესიების დროსაც კი. განსხვავებული აზრისადმი პატივისცემა ჭეშმარიტი ინტელექტის უპირველესი თვისებაა და პირიქით, მისდამი შეუწყნარებლობა ინტელექტუალური და ზნეობრივი სიმწირის გამოვლინებაა.

ჩემთვის საამაყოა, რომ თბილისის უნივერსიტეტი ზნეობისა და ინტელექტის ერთიანობის, მათი განუყოფლობის განსახიერება იყო ყოველთვის და იქნება კვლავაც.

არ არის შემთხვევითი უნივერსიტეტის იუბილეს აღნიშვნა 25 მაისს - ჩვენი ქვეყნის უდიდესი სახელმწიფოებრივი დღესასწაულის წინა დღეს. უნივერსიტეტის დამფუძნებლები დამოუკიდებელი საქართველოს წინასწარმეტყველნი იყვნენ. ისინი ნათლად აცნობიერებდნენ უნივერსალური საგანმანათლებლო კერის მნიშვნელობას სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში. დღეს სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას: რომ არა უნივერსიტეტი, საქართველო სულიერად არ იქნებოდა მზად სახელმწიფოებრივი აღდგენისათვის.

უნივერსიტეტში ხდება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ კონცეფციათა გამომუშავება - ამ თვალსაზრისით, იგი ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის უმტკიცესი ბალავარი იყო და არის.

მთელი საქართველოს სახელით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უნივერსიტეტს ქვეყნის გამთლიანებაში შეტანილი წვლილისათვის - თქვენ შეიფარეთ სოხუმის უნივერსიტეტი და ისე უპატრონეთ, მოეფერეთ მას, როგორც მამა უნდა ზრუნავდეს შვილზე, ძმა იღწვოდეს და იხარჯებოდეს ძმისთვის. იოტისოდენი ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უდავოდ აღდგება, ქვეყანა გამთლიანდება. დღეს თბილისის უნივერსიტეტის ფრთებქვეშ შეფარებული კერა აფხაზეთში ქართული სულისა - დაუბრუნდება მშობლიურ სოხუმს და თბილისის უნივერსიტეტი ამის შემდეგაც იტყვის ღირსეულ სიტყვას, ისევე, როგორც ყოველთვის 80 წლის განმავლობაში.

ამასთან დაკავშირებით, მინდა შევეხო გალის რაიონში მომხდარ მოვლენებს.

მინდა წინასწარ გითხრათ, რომ ეს იყო შორსგამიზნული ავანტურა, დიდ სისხლისმღვრელ ომში საქართველოს ჩათრევის ცდა. გალში შემოვიდა 800 ბოევიკი, დამსჯელი ექსპედიცია, რომელიც შეესია სხვადასხვა სოფლებს. გალის რაიონის მოსახლეობის სიბრძნის გამოხატულებაა, რომ იქ თავის დროზე, ჩვენი დახმარებითაც, შეიქმნა პარტიზანული რაზმები, სახალხო ლაშქრის ჩანასახები. სწორედ ამ პარტიზანულმა რაზმებმა და სახალხო ლაშქარმა შეუნარჩუნა სიცოცხლე თითქმის ყველას, ვინც იქ ცხოვრობდა და ვინც ზუგდიდისაკენ დაიძრა. ეს გახლავთ, არც მეტი, არც ნაკლები, 30 ათასი კაცი. პარტიზანული რაზმები და სახალხო ლაშქარი გახდა საიმედო ზურგი იმისათვის, რომ ეს ხალხი სახიფათო ზონიდან უვნებლად გამოსულიყო. ჩვენ მათ ვეხმარებით და დავეხმარებით.

მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ჩვენ უარი თქვით გალის რაიონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების შეყვანაზე, რადგან ეს მოასწავებდა დიდი, ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომის დაწყებას. ჩვენ კარგად წარმოვიდგინეთ, რა ძალები იქნებოდა მეორე მხარეს, - არა მარტო და არა იმდენად აფხაზები, რამდენადაც ისევე, როგორც წინათ, იმ მძიმე წლებში, ბოევიკები და ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს მტრები არიან და რომელთა მთავარი მიზანია საქართველო არ იყოს სტაბილური ქვეყანა, რათა მათ თავიანთი მიზნები აღასრულონ.

ვფიქრობ, ჩვენ სწორად მოვიქეცით, როდესაც ბრძოლების დროს სოხუმში, არძინბასთან შესახვედრად, მივავლინეთ პრეზიდენტის პირადი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი ვაჟა ლორთქიფანიძე. ამ შეხვედრაზე, რომელიც გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ. სამი ელემენტი მინდა შეგახსენოთ ამ შეთანხმებიდან:

1. გალის რაიონიდან გამოყვანილ იქნება ყველა შეიარაღებული ძალა, აფხაზური იქნება თუ ჩვენი;

2. ყველა ლტოლვილი, რომელიც ამ დღეებში გავიდა გალის რაიონიდან, უახლოეს დღეებში დაბრუნდება თავის სახლ-კარში;

3. შეიარაღებული ძალების გაყვანისა და ხალხის დაბრუნების პროცესი განხორციელდება მკაცრი საერთაშორისო კონტროლით.

ვფიქრობ, ეს ერთადერთი გონივრული გამოსავალია მდგომარეობიდან. ხუთი თითივით ვიცნობ საქართველოს ეკონომიკას, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, და ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია დღეს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგვეძლო ჩავბმულიყავით იმ ომში, რომელიც ათასობით და ათიათასობით ქართველი, აფხაზი და სხვა ახალგაზრდის სიცოცხლეს შეიწირავდა.

მჯერა, რომ გაიმარჯვებს ჩვენი იდეა, ჩვენი მიზანი, შედგება ნამდვილი ქართულ-აფხაზური დიალოგი ისევე, როგორც განვითარდა ქართულ-ოსური დიალოგი, როცა ხალხმა გაუსწრო პოლიტიკოსებს და, ფაქტობრივად, თავად დაიწყო გაერთიანება.

ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი და მთელი ქართული საზოგადოებრიობა მხარს დაგვიჭერს იმაში, რომ არ დავუშვით დიდი ომის გაჩაღება, დიდი სისხლისღვრა, და ამით გადავარჩინეთ ადამიანები. მათ გვერდში ამოვუდგებით და დავეხმარებით სახსრებით, მასალებით, ყველაფრით, რაც აუცილებელია ოჯახების აღსადგენად.

ჩვენ ბევრი ღონისძიება გვქონდა დაგეგმილი 26 მაისისთვის, მათ შორის, საზეიმო აღლუმი და მიღება. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ, იმ პირობებში, როცა ათასობით ოჯახი გამოდევნილია თავისი კუთხიდან, თავისი რაიონიდან, უარი უნდა ვთქვათ ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებებზე, მათ შორის, აღლუმზე.

ამდენად, დღეს ყველაფერი თქვენს დღესასწაულშია კონცენტრირებული - უნივერსიტეტის დღესასწაულიც, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 80 წლისთავიც და საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეც.

80 წელი ისტორიისათვის არცთუ დიდი დროა. საქართველოსათვის კი უკანასკნელი რვა ათწლეული რადიკალური გარდაქმნებით აღინიშნა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ არაერთგზის შეიცვალა სტატუსი, როგორც სახელმწიფომ: ჯერ დამოუკიდებლობის აღდგენა (ამ შესანიშნავ თარიღს უნივერსიტეტის იუბილესთან ერთად ყველა ვზეიმობთ), შემდეგ ანექსია და სხვა სახელმწიფოს ნაწილად ქცევა, და ბოლოს, დამოუკიდებლობის აღდგენა, მსოფლიო თანამეგობრობაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრება. უნივერსიტეტი ამ მოვლენათა უშუალო მონაწილეა. იგი ორგანულად იყო ჩართული საქართველოს დრამატიზმით აღსავსე ახალ ისტორიაში, თუმცა, ამასთანავე, მას გამოარჩევდა აღმავლობის არსებითად თანმიმდევრული ხაზი, - იგი ასაკთან ერთად ყოველმხრივ იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტენდენციები მძლავრობდა ქვეყანაში, - ნგრევის თუ შენების, ლიბერალიზმისა თუ დიქტატურის. უნივერსიტეტი ყოველთვის ბრწყინვალედ ასრულებდა უმთავრეს ფუნქციას - ქმნიდა ქართული სამეცნიერო აზრის შედევრებს.

ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ უნივერსიტეტის პროფესურის წინა თაობების შექმნილი დიდი სამეცნიერო სკოლებით, ივანე ჯავახიშვილის, ნიკოლოზ მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, დიმიტრი უზნაძის, ივანე ბერიტაშვილის, კორნელი კეკელიძის, გიორგი ჩუბინაშვილის, აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის, არნოლდ ჩიქობავას, გრიგოლ წერეთლის, სიმონ ყაუხჩიშვილის, გიორგი წერეთლის, შალვა ნუცუბიძის და სხვა მრავალი საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერის ღვაწლით არა მხოლოდ ქართული, არამედ საკაცობრიო მეცნიერების წინაშე.

არანაკლებ სიხარულია ისიც, რომ დღეს უნივერსიტეტში მრავალი, მსოფლიო დონის მეცნიერი მოღვაწეობს. მათი ნუსხის ერთ გამოსვლაში მოქცევა, საბედნიეროდ, შეუძლებელია. დღეს თბილისის უნივერსიტეტში ყველა, ტრადიციულად საუნივერსიტეტო დარგი უმაღლესი მსოფლიო სტანდარტების დონეზეა წარმოდგენილი. იყო დრო, როდესაც ჩვენში მოწიწებას იწვევდა იმის აღნიშვნა, რომ ძველი თაობის ესა თუ ის პროფესორი თავის დროზე ევროპის აღიარებული უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. დღეს კი სავსებით ბუნებრივ მოვლენად მიგვაჩნია ჩვენს უნივერსიტეტში მომზადებულ მეცნიერთა სისტემატური მიწვევა ლექციებისა და მოხსენებების წასაკითხად მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო ცენტრებში, მათი არჩევა საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისა და აკადემიების საპატიო დოქტორებად და წევრებად, თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა მსოფლიოს მრავალ ცნობილ უნივერსიტეტთან, ქართველ მეცნიერთა მრავალრიცხოვანი პუბლიკაციები უცხოეთში. დარწმუნებული ვარ, ეს სიმდიდრე და სიკეთე კიდევ უფრო გამრავლდება.

უნივერსიტეტის როლი და უდიდესი პასუხისმგებლობა ერისა და ქვეყნის წინაშე განსაკუთრებით უკანასკნელ, საქართველოსათვის გარდამტეხ, მაგრამ ამასთანავე, უმძიმეს წლებში გამოვლინდა. მაშინ, როცა ნგრევის, დაღმასვლის სტიქია მეუფებდა ჩვენს ქვეყანაში, - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა არამც თუ შეძლო მიღწეული დონისა და ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შენარჩუნება, არამედ სათავეში ჩაუდგა საუნივერსიტეტო, საგანმანათლებლო რეფორმას საქრთველოში.

ფაქტობრივად, სწორედ უნივერსიტეტმა შესთავაზა ქვეყანას მოდელი, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი უნდა წარმართულიყო, მანვე შექმნა საამისოდ აუცილებელი, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საფუძველი, რის შემდეგაც დაიწყო რეფორმის წარმატებით განხორციელება. ამ დიდი ეპოქალური მნიშვნელობის საქმეში უდიდესია თითოეული თქვენგანის, განსაკუთრებით, ბატონ როინ მეტრეველის როლი, რისთვისაც მადლობას გიხდით.

სირთულეების მიუხედავად, უნივერსიტეტში ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა ახალი კათედრები, ინსტიტუტები, ფაკულტეტები, უნივერსიტეტის ფილიალები. სწორედ უნივერსიტეტში მოინახა შესაძლებლობა, დაწყებულიყო ფართომასშტაბიანი პროგრამის: „სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის“ განხორციელება, რის შედეგადაც ქართულ ენაზე მომზადებული და სათანადოდ აპრობირებული არც ერთი სახელმძღვანელო არ რჩება გამოცემის გარეშე. სისტემატურად ეწყობა საერთაშორისო კონფერენციები. უნივერსიტეტი კვლავ რჩება კავკასიოლოგიის სფეროში, ამას განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი, უმნიშვნელოვანეს ცენტრად, რისი დასტურიცაა გუშინ დამთავრებული კავკასიოლოგთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია, და ახალი ჟურნალის „კაუკასიკას“ დაფუძნება. ეს და კიდევ მრავალი რამ, რაზეც დღეს, ალბათ, უნივერსიტეტის რექტორი და სხვები გაამახვილებენ ყურადღებას თავიანთ მოხსენებებში, ნათელჰყოფს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, როგორც კი საქართველომ ოდნავ მოითქვა სული, ოფიციალური სახე მიმეცა იმისათვის, რაც ქართული საზოგადოების ცნობიერებაში არასდროს იწვევდა ეჭვს - სპეციალური ბრძანებულებით ჩვენს უნივერსიტეტს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭა.

უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წელს აღვნიშნავთ ისეთ ვითარებაში, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე. ქართული საზოგადოება ქედს იხრის თავისი უმთავრესი უმაღლესი სასწავლებლის წინაშე. სრული რწმენით, რომ უკვე გადავლახეთ მიჯნა, რომლის შემდეგ სავსებით უეჭველი გახდა: ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ვეღარავინ ხელყოფს.

საქართველოს მომავალი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განათლებული იქნება ჩვენი საზოგადოება, შესაბამისად, რამდენად შესძლებს იგი, აუბას ფეხი თანამედროვე ცივილიზაციის განვითარების რიტმს. ამ დარბაზში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მრავალმა რექტორმა, ცნობილმა მეცნიერმა მოიყარა თავი. ეს ფაქტი დასტურია იმისა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი საქართველოსთვის მსოფლიოსთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი ხიდია. მინდა პატივისცემით მივესალმო საიუბილეო ღონისძიებებზე ჩამოსულ სტუმრებს. მწამს, ჩვენი ცოდნის ტაძარი, ისევე როგორც მთელი საქართველო, ელვარებას შემატებს 21-ე საუკუნეს, როგორც საკაცობრიო მეცნიერების ერთი უდიდესი და ღირსეული კერა.

გისურვებთ სამეცნიერო წარმატებებს, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, სრულიად საქართველოს სადიდებლად და გასამარჯვებლად.

გმადლობთ!

„უნივერსიტეტი განახლების სიმბოლოა. იგი მომავალი 21-ე საუკუნისკენაა მიმართული და უკვე იმ სულისკვეთებით ცხოვრობს, რომლითაც იცხოვრებს საქართველო მესამე ათასწლეულში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 26 მაისი. - №127 (2827). - 1,4 გვ.

64 „დაუჯერებელია, წარმოუდგენელია, მეოცე საუკუნის დამლევს კაცობრიობა შეურიგდეს ადამიანის უფლებათა ასე მასობრივად ფეხქვეშ გათელვას“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
25 მაისის რადიოინტერვიუ

ამ ბოლო კვირაში მკვეთრად გაუარესდა და გამწვავდა ვითარება გალში, სადაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედება ეგრეთ წოდებულ აფხაზურ მილიციასა და ადგილობრივი მოსახლეობის პარტიზანულ რაზმებს შორის. ვითარება იმდენად გართულდა და დაიძაბა, რომ გასულ კვირას გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს ორი სხდომა, გუშინ ვაჟა ლორთქიფანიძე შეხვდა ვლადისლავ არძინბას და მოლაპარაკება საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი იყო. ალბათ, ისიც უნდა ითქვას, შემთხვევითი არ ყოფილა, რომ სწორედ ამ დღეს - გუშინ მოლაპარაკების პარალელურად მოხდა საბრძოლო მოქმედების ესკალაცია გალში. შემთხვევითი არ არის, რომ რუსულ პრესაში, როგორც ყოველთვის, ძალიან ხშირად არაობიექტურად შუქდება გალში მიმდინარე მოვლენები. და, ერთი რამ, რაც შეიძლება სუბიექტურად ითქვას: ამ მოვლენებმა თითქოს 1992 წლის დღეებში დაგვაბრუნა, როცა აფხაზეთში საომარი მოქმედება მიმდინარეობდა. ისევ ისეთი დაძაბულობა, ისევ აფხაზეთისაკენ და, კონკრეტულად, გალის რაიონისაკენ მიპყრობილი მთელი საქართველოს ყურადღება... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- უპირველესად მინდა დამდეგი დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის 80 წლისთავი მივულოცო ჩემს ხალხს, სრულიად საქართველოს. როგორი რთულიც უნდა იყოს ვითარება, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა ჩვენი უდიდესი მონაპოვარია, რომელიც უბრძოლველად არავის არასდროს მოუპოვებია. ამას, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ვამბობ.

არც ის არის შემთხვევითი, რომ თქვენთვის კარგად ცნობილმა ძალებმა სწორედ ამ დღეებში სცადეს ეთნიკური წმენდის მორიგი ტალღის აგორება აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში, სადაც ძირითადად ქართული მოსახლეობა ცხოვრობს. ამჯერად, ყველა კეთილგონიერი ადამიანისათვის, ვისაც სამართლიანობის შეგრძნება და სინდისი არ დაუკარგავს, ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რა ხდება, ვინ არის მომხდური, ვინ ცდილობს აყაროს მოსახლეობა საკუთარი მიწა-წყლიდან, მამაპაპისეული ეზო-კარიდან და ვინ იცავს თავს, საკუთარ ოჯახს მომხდური ბოევიკებისაგან.

ყველასათვის ნათელია, რომ ის, რაც გალის რაიონში მოხდა, არის დამსჯელი ოპერაცია ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. ასეთი ოპერაცია თუ ექსპედიცია სოხუმის ხელისუფლებას არაერთგზის მოუწყვია უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, თქვენ ეს კარგად გახსოვთ, მაგრამ ამჯერად იგი განსაკუთრებული მასშტაბით გამოირჩეოდა.

მოგეხსენებათ, 20 მაისს გალის რაიონს შემოესია (საბოლოოდ ეს ციფრი დაზუსტებულია, ჩვენი მონაცემებით, სათანადო სტრუქტურების მიერ) 800-ზე მეტი ბოევიკი. შეიქმნა ათიათასობით მოქალაქის ფიზიკური განადგურების აშკარა საფრთხე. მათი უმრავლესობა არიან ქალები, ბავშვები, უმწეო მოხუცები და სხვა. მე დაუყოვნებლივ მივმართე მაშინ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას - ეს გახლდათ ღამის 3 საათი, რათა ამ ქვეყნის სამშვიდობო ძალებს მიეღოთ საჭირო ზომები მოსალოდნელი ტრაგედიის თავიდან აცილებისათვის (ჩვენ ვიცოდით, რაც იგეგმებოდა იმ დღეებში), შეესრულებინათ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და არ დაეშვათ ბოევიკთა შემოჭრა უსაფრთხოების ზონაში. მარშალ სერგეევის (მე ეს უნდა ვთქვა, სამართლიანობა მოითხოვს) კატეგორიული ბრძანების მიუხედავად, სამშვიდობო ძალებმა ვერ აღკვეთეს ან არ აღკვეთეს საკონტროლო ზონაში ბოევიკთა მასობრივი შემოსვლა, რასაც მშვიდობისმყოფელთა მანდატი ითვალისწინებს. დამსჯელი რაზმები თავს დაესხნენ სოფლებს პრიმორსკის, სალხინოს, სიდას, ხუმუშკურს, ბარღებს, რეფო-ეწრის მოსახლეობას, რომლის უმრავლესობა მასობრივად დაიძრა ზუგდიდის რაიონისა და წალენჯიხისაკენ. დღეისათვის დევნილთა რაოდენობამ 30 ათასს მიაღწია.

ეთნიკური წმენდის შედეგი უფრო ტრაგიკული იქნებოდა, რომ არა ადგილობრივი მოსახლეობის თავდაცვითი რაზმები, პარტიზანები, რომლებმაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მომხდურთ და, ფაქტობრივად, ვიმეორებ, ფაქტობრივად, გადაარჩინეს ქართული სოფლების უმწეო მცხოვრებნი მასობრივ განადგურებას, მისცეს მათ გამოსვლის საშუალება.

- სურათი ისეთია, რომ დაგეგმილი იყო დამსჯელი ოპერაცია მოსახლეობის წინააღმდეგ. ხშირად ასეთი რამეც ისმის, რომ ერთადერთი შედეგი, რაც ბოლო ხანებშია მიღწეული, იყო გალში ჩვენი მოსახლეობის დაბრუნება. მოსახლეობა სტიქიურად ბრუნდებოდა გალში, ცხოვრობდა იქ, და ასე თუ ისე, ამ გაჭირვებული ყოფის მიუხედავად, იდგა იქ და ინარჩუნებდა თავის არსებობასაც, და მიმაჩნია, რომ თავისი ქვეყნის ღირსებასაც იცავდა. ამასობაში მოხდა ის, რომ ამ დამსჯელი ოპერაციების შედეგად, პირველ რიგში, სწორედ იმ მოსახლეობის გამოყვანა იყო ერთ-ერთი უარყოფითი და მძიმე შედეგი, რომელიც მოჰყვა ყოველივე ამას. ესე იგი, ეს დამსჯელი ოპერაციები იყო მიმართული მოსახლეობის წინააღმდეგ, რათა აფხაზებს გამოეყარათ იქიდან ქართველები?

- ამ შემოსევის ოფიციალური მოტივი, ოფიცილური საბაბი გახლდათ დივერსიული აქტების, დივერსანტების წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ. მაგრამ, ფაქტობრივად, ჩემი აზრით, ეს იყო ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება.

- ესე იგი საბაბი იყო, თითქოს სახალხო რაზმელებისაგან გაწმენდა სურდათ და სინამდვილეში კი მოსახლეობის გამოყრა და, ფაქტობრივად, მათი იქ ამოხოცვა...

- ფაქტობრივად, მოსახლეობის გამოყრა. ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა პარტიზანებისა და სახალხო ლაშქრის (მე ასე დავარქმევდი) ნამდვილად, ჭეშმარიტად სახალხო ლაშქრის სასახელოდ, რომ მათ მოახერხეს საიმედო ზურგი შეექმნათ მოსახლეობისათვის გალის რაიონიდან, ესე იგი, ყველაზე საშიში ზონებიდან გამოსასვლელად.

23 მაისისათვის მოხერხდა გალის რაიონის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა. სამწუხაროდ, როცა ჩემი პირადი წარმომადგენელი ვაჟა ლორთქიფანიძე წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მოსალაპარაკებლად მიფრინავდა სოხუმში, 24 მაისს, დილის 10 საათზე ბოევიკებმა კვლავ წამოიწყეს საომარი მოქმედება, ამჯერად უკვე არტილერიის, მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენებით შეუტიეს გალის რაიონის სოფლებს - ხუმუშკურსა და ქვემო ბარღებს, ცეცხლი დაუშინეს მშვიდობიან მოსახლეობას და მრავალი სახლი დაწვეს. გალის რაიონის მოსახლეობა სახალხო დამცველებთან ერთად, როგორც უკვე ვთქვი, აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა მათ.

გუშინ ეროვნული უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ მიმართა სოხუმის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედება და დაიწყონ მოლაპარაკება.

კონფლიქტის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის ქართული მხარე მზად არის დაუყოვნებლივ დაამყაროს კონტაქტი სამშვიდობო ძალების სარდალთან. და ასეთი კონტაქტები კიდევაც განახორციელეს რამდენჯერმე ჩვენი თავდაცვის მინისტრმა და სხვებმა.

ამავე დროს, ვინაიდან კონფლიქტმა გალის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საშიში ხასიათი მიიღო და საფრთხე შეექმნა ათიათასობით მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებას, საქართველოს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს დაევალათ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციათა შესაძლებლობანი კონფლიქტის ლოკალიზაციისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გალში დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩვენ უწინარეს ყოვლისა, მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთხელ ჩემი სახელითაც, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი უფლებების გამოყენებით, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფს, მათს წარმომადგენლებს საქართველოში, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას. ჩვენ ვწერდით და ვამბობდით: ჯერ კიდევ არ არის გვიან, მივიღოთ ქმედითი და გადამწყვეტი ზომები, რათა არ დავუშვათ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. ამისათვის აფხაზურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს დამსჯელი რაზმები გალის რაიონიდან და შეწყვიტოს შეტევა ქართული სოფლების წინააღმდეგ. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრებათ რუსეთის შესაბამის სტრუქტურებს, ვინაიდან სწორედ ამ ქვეყნის სამშვიდობო ძალები იმყოფებიან ამჟამად კონფლიქტის ზონაში და მანდატის შესაბამისად, როგორც ზემოთ ვთქვი, ვალდებული არიან არ დაუშვან უსაფრთხოების ზონაში გარედან დამსჯელი რაზმების შესვლა, რომელი მხარეც უნდა იყოს ეს. უნდა ვთქვა, რომ ამ სტრუქტურათა ბევრმა წარმომადგენელმა გარკვეული თანადგომა გამოგვიცხადა. ესეც უნდა აღინიშნოს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

რაც შეეხება პარტიზანულ მოძრაობას (მე კვლავ ვუბრუნდები ამ თემას) ადგილობრივი მოსახლეობის თავდაცვითს რაზმებს, ყველანი უნდა შევურიგდეთ იმას, რომ ისინი რეალურად არსებობენ, ვინაიდან გამოხატავენ ადგილობრივი მოსახლეობის, თითოეული ადამიანის წმიდათაწმიდა უფლებას - იცხოვრონ მშობლიურ მიწაზე, დაიცვან საკუთარი სახლ-კარი. რაც უფრო მეტ სისასტიკეს გამოიჩენენ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ, მით უფრო გაძლიერდებიან პარტიზანული რაზმები, მით უფრო მეტი იქნება წინააღმდეგობა.

მე ველი, რომ ზემოხსენებული საერთაშორისო ორგანიზაციები ხმას აიმაღლებენ და დაგმობენ ეთნიკური წმენდის პოლიტიკას. დაუჯერებელია, წარმოუდგენელია, მეოცე საუკუნის დამლევს კაცობრიობა შეურიგდეს ადამიანის უფლებათა ასე მასობრივად ფეხქვეშ გათელვას.

- თუ ადრე, 1992-93 წლებში ქართული მოსახლეობაც იყო და კიდევ რაღაც თავის მართლების მინიმალურ საშუალებებს ეძებდნენ აფხაზი სეპარატისტები, ახლა, ფაქტობრივად, ერთი რაღაც მოხდა მსოფლიოს თვალწინ - პარტიზანების ბრძოლის საბაბით და პარტიზანებთან ბრძოლას ეს ნამდვილად არ ჰგავდა, სხვა საკითხია ის, თუ როგორ უნდა ებრძოდნენ ისინი პარტიზანებს და აქვთ თუ არა იმის მორალური უფლება, რომ გამოყარეს მოსახლეობა. ფაქტობრივად, კიდევ ერთი ეთნიკური წმენდა მოხდა, რითაც აჩვენეს მთელ მსოფლიოს, როგორადაც სურთ ლტოლვილების უკან დაბრუნება, როგორადაც სურთ, რომ კონფლიქტი მოგვარდეს და, ალბათ, რუსეთმაც ცხადყო მთელი მსოფლიოს წინაშე, რამდენად ძალუძს და სურს მას მოაწესრიგოს ეს კონფლიქტი და რამდენად ასრულებს საკუთარ სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებსაც...

- თქვენ მართალი ხართ. მე უკვე განვაცხადე ერთხელ, რომ ეს იყო ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება და მისი გამოხატულება. მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ ის ძალები, რომლებიც (ამჯერად განსაკუთრებით მინდა შევეხო რუსეთს), სწორედ რუსეთში მხარს უჭერენ აგრესიულ სეპარატიზმს, დროზე მოეგებიან გონს და ყურადღებას მიაქცევენ, თუ რა მოვლენები და რა პროცესების განვითარება იწყება მათსავე ქვეყანაში ამგვარი პოლიტიკის შედეგად.

- თქვენ დაღესტნისა და ჩეჩნეთის მოვლენებს გულისხმობთ ახლა?

- ყველა მოვლენას, რომლებიც აწუხებს დღეს, სხვათა შორის, რუსეთს და გვაწუხებს ჩვენც, და გული გვტკივა.

რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ და მერამდენედ მივმართავ აფხაზეთის ხელმძღვანელობას: შეწყვიტოს გენოციდისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკა ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ, გაითვალისწინოს, რომ საქართველო აფხაზეთის დაკარგვას არ შეურიგდება, ეს გამორიცხულია. ამიტომ დროულად, სანამ გვიან არ არის, შევხვდეთ და გამოვძებნოთ რეალური კომპრომისი. ოღონდ კომპრომისი უნდა იყოს სწორედ რეალური და არა მოჩვენებითი. საქართველოს ხელისუფლება ასეთი კომპრომისისათვის მზად არის. ჩვენ აფხაზეთს, როგორც იცით, ვთავაზობთ, ყველაზე მაღალ სტატუსს, როგორიც კი ცნობილია მსოფლიო პრაქტიკაში ფედერაციული სახელმწიფოს სტრუქტურისათვის, და, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ლტოლვილთა რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხო დაბრუნებას.

მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ ვაჟა ლორთქიფანიძე შეხვდა ვლადისლავ არძინბას. საუბარი იყო რთული, ხანგრძლივი, თუ არ ვცდები, 7-8 საათი გაგრძელდა. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე შეეცადა გამოეძებნა გამოსავალი ჩიხიდან, რომელიც კატასტროფის მომასწავებელია. პრინციპში მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის, სათანადო შერეული და საერთაშორისო კონტროლის პირობებში შეიარაღებული ძალების გაყვანის, ამ დღეებში გალის რაიონიდან გამოსული მოსახლეობის უსაფრთხო, მშვიდობიანი დაბრუნების შესახებ, რაც ჩემი და ვლადისლავ არძინბას შეხვედრის აუცილებელი პირობაა.

- თუ შეიძლება დავაზუსტოთ. ლაპარაკია იმ მოსახლეობაზე, რომელიც ახლა, ამ ბოლო დღეებში გამოვიდა?

- იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლა გამოვიდნენ და, როგორც გითხარით, 30-40 ათასი კაცია, მათს უკან დაბრუნებაზე, სწრაფად და უსაფრთხო დაბრუნებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეობით.

- ალბათ, იქ საზღვარიც იქნება, რომელიც დაიცავს ამ მოსახლეობას, ისევ იმ აფხაზი ბოევიკების შემოსევისაგან...

- ბუნებრივია!

მოსახლეობის დაბრუნების პროცესს, როგორც ვთქვი, მეთვალყურეობას გაუწევენ საერთაშორისო ორგანიზაციები. აქვე მინდა მადლობა მოვახსენო ზუგდიდელებს, წალენჯიხელებს, უწინარესად, მთელ სამეგრელოს და მთელ საქართველოს, რადგან ამ პროცესში, ახლა, მთელი საქართველოა ჩართული, გალის რაიონიდან დევნილთა შეფარებისა და მათთვის საჭირო დახმარების გაწევისათვის. ეს მართლაც სულისშემძვრელი იყო, როგორ დადგა ფეხზე გუშინ ყველა რაიონი და ყველა სოფელი ამ ადამიანების დასახმარებლად.

მინდა დავარწმუნო სამურზაყანოელნი, რომ საქართველოს ყველა მცხოვრები იზრუნებს მათზე, ისე, როგორც საკუთრ ოჯახზე, საკუთარ შვილებზე, ხოლო ხელისუფლება ყველაფერს იღონებს სამართლიანობის აღდგენისა და მშობლიურ სოფლებში მათი დაბრუნებისათვის.

როგორც ზემოთ ვთქვი, პირველი დახმარება მათ გაეწიათ. ამ დღეებში პრეზიდენტი თავისი ფონდიდან გამოყოფს საჭირო სახსრებს მათს დასახმარებლად, და მჯერა, რომ ეს საკმაოდ სერიოზული თანხები და მნიშვნელოვანი დახმარება იქნება. დახმარება გაეწევა იმათაც, ვინც, სერიოზული საფრთხის მიუხედავად, მშობლიური სოფელი არ მიატოვა და ბოლომდე მოიხადა ვალი თავისი ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვიზრუნებთ იმ ოჯახებზე, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. ეს ეხება პარტიზანებსაც და სახალხო ლაშქრის მებრძოლებსაც.

ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარებიდან (ეს საკმაოდ დიდი თანხაა - 100 მილიონამდე დოლარი) გარკვეული თანხები გამიზნულია (ასევე არის კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება) აფხაზეთში დაბრუნებულთა დასახმარებლად. სავსებით ბუნებრივია, რომ ეს თანხებიც იქნება გამოყენებული, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრების თანხმობით.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ, იმას, რაც აფხაზეთში მოხდა, მკაცრი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. აფხაზ ბოევიკთა დამსჯელი რაზმების ბოლო შემოსევა არის რეაქცია, - ამას მინდა გავუსვა ხაზი, - თანამეგობრობის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ამას თვითონაც არ უარყოფენ აფხაზეთის ხელმძღვანელები. იგი ნიშნავს ამავე დროს უშიშროების საბჭოს 15 რეზოლუციის, ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტების ისტორიული გადაწყვეტილებების სრულ უგულებელყოფას.

ამავე დროს, აფხაზ სეპარატისტთა მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული - ქართველთა და სხვა ეროვნებათა ეთნოწმენდა და გენოციდი - დღემდე დაუსჯელია, რაც საერთაშორისო თუ რეგიონული ორგანიზაციების გარკვეულ სისუსტეზე მიუთითებს. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ დაუსჯელობის სინდრომი ახალ ბოროტმოქმედებათა და ახალი კონფლიქტების წყაროა. ასეც მოხდა სინამდვილეში.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო ინფორმაციით, სამშვიდობო ძალებმა ვერ შეასრულეს ან არ შეასრულეს მარშალ სერგეევის ბრძანება და ვერ აღკვეთეს საკონტროლო ზონაში ბოევიკთა მრავალრიცხოვანი რაზმების, აგრეთვე, ტექნიკის, მათ შორის ჯავშნიანი მანქანებისა და არტილერიის, კერძოდ, შორსმსროლელი არტილერიის შემოყვანა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ეროვნული უშიშროების საბჭომ, რომელიც თითქმის ყოველდღიურად იკრიბებოდა და რომელიც გუშინაც შეიკრიბა, დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ძალისმიერ სტრუქტურებს, ყველაფერი იღონონ (მხედველობაშია როგორც დიპლომატიური, ისე სხვა ღონისძიებანი) გალის რაიონში სამართლიანობის აღსადგენად და მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად. ბევრი რამ ამ დავალებათაგან უკვე შესრულდა და იქ დარჩენილი მოსახლეობის უზრუნველსაყოფად ამ დილით უკვე გაკეთდა.

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე გაგრაში ჩაფრინდებიან შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოსაწერად.

მინდა მოსახლეობამ ყველაფერი აწონ-დაწონოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. გულახდილად გეტყვით: ჩვენ რეგულარული შეიარაღებული ძალები ბრძოლაში არ ჩაგვირთავს. და ეს გავაკეთეთ შეგნებულად, თუმცა, პარტიზანებს და სახალხო ლაშქარს ყოველგვარი შესაძლო დახმარება გავუწიეთ, რაც კი შეგვეძლო. რეგულარული ჯარის საქმეში ჩართვა (მე ვიცი, ეს მძიმე მოსასმენია, მაგრამ არ შემიძლია, სიმართლეს გავექცე) ავტომატურად მიგვიყვანდა დიდმასშტაბიან სამხედრო შეტაკებამდე. და თქვენ ძველი გამოცდილებით იცით, მეორე მხარს რა ძალებიც ჩაებმებოდნენ ახალ ომში.

ვიმეორებ, მე არ შემეძლო დამეშვა ახალი ომის დაწყება, ეს იქნებოდა ათასობით და ათასობით ქართველი და აფხაზი ახალგაზრდის სიცოცხლის ფასი. ეს იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკის ახალი გაჩანაგება, რომელიც ეს-ესაა იწყებს ფეხზე დადგომას. ახალი ომი მოასწავებდა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის, მისი იმიჯის ძირფესვიან შერყევას, ხოლო მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე, რომელსაც გვიწევენ ჩვენი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველო ძნელად თუ მიაღწევს სასურველ მიზანს.

ჩემი, როგორც პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის მოჩვენებითი, დროებითი ავტორიტეტისათვის, ისე, როგორც თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებისათვის, მომგებიანი იქნებოდა შეიარაღებული ბრძოლის გაგრძელება. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება წარსულის მძიმე გაკვეთილი. მე საკუთარი ხუთი თითივით ვიცი, რა შეუძლია დღეს ქვეყანას და მის შეიარაღებულ ძალებს. ეს ხომ ნიშნავდა, საბოლოოდ გადაგვესვა ხაზი ქართველთა და აფხაზთა შერიგების პროცესისათვის, რაც უნდა დაიწყოს.

ნუ გვეშინია ამ სიტყვის, როგორი მწარეც უნდა იყოს დღევანდელი რეალობა და დღევანდელი სინამდვილე. ხომ დაიწყო ქართველებისა და ოსების შერიგების პროცესი და მჯერა, იგი შეუქცევადი გახდება. ასევე მოხდება ქართველებსა და აფხაზებს შორის. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამისათვის.

პირდაპირ გეტყვით: მე ჩემს კოლეგებთან ერთად უნდა გამეკეთებინა არჩევანი - ძნელი და მტანჯველი ფიქრების შემდეგ - ან ომის დაწყება, კვლავ სისხლი და კვლავ ნგრევა, ან მთელი პასუხისმგებლობის აღება და, თუ ჩემი ხალხი ვერ გამიგებს, საკუთარი ბედის სასწორზე დადება. თუ ხალხი იტყვის, რომ ჩემი გადაწყვეტილება მცდარია, დაე, იყოს ნება ღვთისა, პრეზიდენტებად არ იბადებიან და ეს სავარძელი სამუდამოდ არავისთვის მიუკუთვნებიათ.

მჯერა, რომ ამ ურთულეს გარემოებაში მიღებულია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - ხალხი გადარჩა! მოსახლეობა გადარჩა, ცეცხლი შეწყდება! მოლაპარაკებასა და შერიგებას გზა გაეხსნა. გალელი ლტოლვილები დაბრუნდებიან ამ უახლოეს დღეებში. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ვლადისლავ არძინბა მზად არის კომპრომისისათვის. ეს მან გუშინ დაადასტურა. თუ დათქმულ პირობებს ორივე მხარე შეასრულებს, მწვანე შუქი აინთება უფრო დიდი კომპრომისისათვის, საბოლოო მშვიდობისათვის და აფხაზთა და ქართველთა ტრადიციული მეგობრობისა და ტრადიციული ძმობის აღდგენისათვის. მე ეს მჯეროდა, მჯერა და სიცოცხლის ბოლომდე, როგორც იტყვიან, ამ პრინციპის ერთგული ვიქნები.

ძვირფასო თანამემამულენო, მეგობრებო! მე გაგიზიარეთ წუხანდელი უძილო ღამის შემდეგ ჩემი ნაფიქრ-ნააზრევი, განაჩენი კი თქვენ გამოიტანეთ.

ახლა, როგორი მძიმეც უნდა იყოს ჩვენი განცდები სამურზაყანოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, უფლება არა მაქვს კიდევ ერთხელ არ მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, რომელიც ხვალ აღინიშნება. სწორედ ამ იდეამ, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებმა, რეალურ კონტურებს რომ იძენს, უნდა მოგვცეს ძალა, ენერგია, გამძლეობა, თავდადებისა და თავგანწირვის უნარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დასაცავად.

ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის დაარსების 80 წლისთავს. იმ რესპუბლიკას ოციან წლებში უცხო ქვეყანაში აგორებულმა წითელმა ბორბალმა გადაუარა და მიწასთან გაასწორა. ახლაც არიან ძალები, რომლებიც წარსულისაკენ გვიბიძგებენ, მაგრამ მათს ზრახვებს ასრულება არ უწერიათ. ამის გარანტიაა ქართველი ხალხის, საქართველოს ყველა მოქალაქის მტკიცე გადაწყვეტილება, აგრეთვე, საერთაშორისო მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი, რომელიც მან დემოკრატიული აღმშენებლობისა და რეფორმების გზით მოიპოვა.

ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და ხალხი სამართლიან საქმეს ვემსახურებით, მსოფლიო ცივილიზაციის მწვერვალებისაკენ მივილტვით, ხალხის კეთილდღეობისა და სახელმწიფოს აყვავებისათვის ვიღვწით.

ჩვენ ახალი აზროვნების ადამიანები ვართ და ამ ახალმა აზროვნებამ ოცდამეერთე საუკუნეში უნდა გაგვინათოს გზა.

ჩვენს ხალხს ათასი უბედურება გადაუტანია, ათასჯერ გაგვიმარჯვია და ათასჯერ დავმარცხებულვართ, დანაწევრებულიც ვყოფილვართ და არაერთხელ დამოუკიდებლობაც დაგვიკარგავს. მაგრამ ეს იყო წარსულში. ახლა სხვა მსოფლიოა, სხვა ეპოქა, დგება ერთიანობისა და ერთ მუშტად შეკვრის ხანა.

მიუხედავად ექსტრემალური სიტუაციისა, ან იქნებ, სწორედ ამიტომ, მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღეს სრულდება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების 80 წლისთავი. თავს ვალდებულად ვრაცხ, ვეახლო ჩვენი ერის სულიერების ტაძარს და მთელი ქვეყნის სახელით პატივი მივაგო მსოფლიოში სახელგანთქმულ უნივერსიტეტს, მის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ხელმძღვანელებს. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ერის საუკეთსო თვისებებს - მის გონიერებას, სულიერებას, ზნეობრივ ძალას გამოხატავს.

შექმნილი მდგომარეობის გამო ჩვენ მრავალ საზეიმო ღონისძიებაზე ვთქვით უარი, ვფიქრობ, ამას კარგად გამიგებენ ჩემი თანამემამულენი. ალბათ, არ არის ახლა საზეიმო მიღებების მოწყობის დრო. ათიათასობით უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი, გენოციდის მსხვერპლთა ოჯახები და სხვა მოქალაქეები ვერ გაგვიგებენ, საკუთრი გულიც ხომ ამასვე მეუბნება.

მინდა ყველამ კარგად გააცნობიეროს, რასაც ახლა ვიტყვი: მიუხედავად გენოციდისა, მიუხედავად ყველა სიძნელის და ტკივილისა, ახლა რომ უნდა გადავიტანოთ, საქართველო დღეს ის აღარ არის, რაც 1993 წელს იყო. ეს ყველამ გაიგოს - მტერმაც და მოყვარემაც.

- და, ბოლოს, ასეთი კითხვა შემაჯამებელი სახით: თქვენ ინტერვიუში აღნიშნეთ, „ნუ დაგვავიწყდება წარსულის მძიმე გაკვეთილი“. გაკვეთილი კი მართლაც მძიმე იყო და ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რა ძალები ჩაერთვნენ მაშინ, რა ძალები იბრძოდნენ აფხაზების უკან. თქვენ ასეთი რამეც ბრძანეთ: რეგულარული ჯარის შესაძლებლობანი პრეზიდენტისათვის კარგად იყო ცნობილიო. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ არა აფხაზებთან დაკავშირებით და გასაგებია, კიდევ რა ძალა დაუდგება, ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა იქ. გუშინ გალიდან გამოდევნილმა მოსახლეობამ თავდაცვის მინისტრს ასეთი რამ ჰკითხა: იმედს გვაძლევთო და დავით თევზაძემ უპასუხა, რომ ყველაზე ცუდი კაცი ამ ქვეყანაზე იმედისმომცემი კაციაო. მე საქმეს გავაკეთებ, იმედის მოცემა არ შემიძლია, გპირდებით, რაც შემიძლია, ყველაფერს ვიღონებო. და, მაინც, ამ შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ თქვენს პირდაპირ ზის არა ჟურნალისტი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი და გეკითხებათ იმას, რაც დღეს ყველა მოქალაქეს აწუხებს. თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს სთხოვეთ გაგიგონ თქვენი მძიმე გადაწყვეტილება. და, აი, კითხვა, რომელიც ტრიალებს: დაგვიბრუნდება თუ არა აფხაზეთი?

- მე სულაც არ მიმაჩნია ზოგად და ფარატინა ფრაზებად, რაც არაერთხელ მითქვამს: ისტორიული სამართლიანობა არ შეიძლება არ აღდგეს. აფხაზეთი დაბრუნდება. იქნებ, რაც ახლა გავაკეთეთ ჩვენ, ეს ყველაზე რეალური და ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იყო იმისათვის, რომ აფხაზეთი დაბრუნდეს და აფხაზეთში დავბრუნდეთ, იმისათვის, რომ აფხაზეთის სტატუსი განისაზღვროს ღირსეულად, იმისათვის, რომ აფხაზთა უფლებები იყოს გარანტირებული და იმისათვის, რომ დაბრუნებული ადამიანების უსაფრთხოება და მათი უფლებებიც ხელშეუხებელი იყოს. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა და ამ ღრმა რწმენით ვმოქმედებდით მე და ჩემი კოლეგები, რომლებმაც წუხელ გათენებისას ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.

საქინფორმი.

„დაუჯერებელია, წარმოუდგენელია, მეოცე საუკუნის დამლევს კაცობრიობა შეურიგდეს ადამიანის უფლებათა ასე მასობრივად ფეხქვეშ გათელვას“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 მაისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 26 მაისი. - №127 (2827). - 1,2 გვ.

65 ქართული კულტურის გამორჩეული პოპულარიზატორი

▲ზევით დაბრუნება


ბატონო ადრიანო ალპაგო-ნოველოს

ძვირფასო ბატონო ადრიანო,

მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ მრავალმხრივი და უანგარო მოღვაწეობისათვის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი კულტურის საკეთილდღეოდ.

საქართველოს იმ მრავალ მეგობარს შორის, ვინც ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართული კულტურის პროპაგანდას უცხოეთში, ერთ-ერთი გამორჩეული თქვენც ბრძანდებით. ქართველ კოლეგებთან ერთად თქვენს მიერ დაარსებულმა ქართული ხელოვნების სიმპოზიუმებმა, თქვენმა შესანიშნავმა ნაშრომებმა ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ, თქვენმა უზადო ფოტოხელოვნებამ არა მარტო უცხოელებს შეუქმნა სწორი წარმოდგენა ქართულ კულტურაზე, მის უნიკალურ და გამორჩეულ ხასიათზე, არამედ ჩვენც, ქართველებსაც დაგვეხმარა სხვა თვალით შეგვეხედა ჩვენივე ეროვნული საგანძურისთვის.

თქვენ იმ წლებშიც ჩვენთან იყავით, როცა ძალზე გვიჭირდა. ჯერჯერობით არც ახლა გვილხინს, მაგრამ მაინც ჩვენთან ხართ. მინდა მადლობა გითხრათ ამისათვის პირადად თქვენ და იტალიელ ხალხსაც, რომლის თანადგომა ძალზე ბევრს ნიშნავს საქართველოსათვის.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

ქართული კულტურის გამორჩეული პოპულარიზატორი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 27 მაისი. - №128 (2828). - 1 გვ.

66 ქართული ჯარის აღმშენებლობის მამულიშვილური საქმე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის პირად შემადგენლობას

ბატონებო, 28 მაისი ღირსშესანიშნავი თარიღია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. ხუთი წლის წინათ აღსრულდა ქართველ მამულიშვილთა საუკუნოვანი ოცნება - დაარსდა უმაღლესი პროფესიული სამხედრო სასწავლებელი - გაერთიანებული სამხედრო აკადემია.

ქვეყანაში გამეფებული ეკონომიკური და პოლიტიკური ქაოსის პირობებში თავდაცვის სამინისტროსა და აკადემიის ხელმძღვანელობამ მოახერხა სასწავლო-მატერიალური ბაზის შექმნა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზება, მნიშვნელოვანი სამეცნიერო პედაგოგიური და სამეთაურო კადრების თავმოყრა, მხედრული აღზრდის პრიორიტეტების განსაზღვრა. მიღწეული წარმატებების მთავარი მიზეზი და საფუძველია ის ენთუზიაზმი, რომელიც მისმა პედაგოგიურმა და სამეთაურო კოლექტივმა გამოავლინა.

აკადემიის პირადმა შემადგენლობამ ღირსეულად გაართვა თავი დაკისრებულ დიდ მისიას. 1997 წლის ივლისში, არსებობის მეოთხე წლისთავზე, საქართველოს სამხედრო ძალებში გზა დაულოცა ქართველ ოფიცერთა პირველ გამოშვებას. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე.

დღითი დღე იზრდება აკადემიის ავტორიტეტი როგორც ჩვენ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. პირველმა კურსდამთავრებულებმა თავიანთი მომზადების დონით მოკლე ხანში დაიმსახურეს მეთაურთა და ხელქვეითთა პატივისცემა. აკადემიის ავტორიტეტზე მეტყველებს მისი საქმიანი კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო სასწავლებლებთან.

მივესალმები გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მთელ პირად შემადგენლობას, ვულოცავ მას ქართული უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის დაარსების ხუთი წლისთავს. მჯერა, გაერთიანებული სამხედრო აკადემიის კოლექტივი კვლავაც არ დაიშურებს ძალასა და ენერგიას ოფიცერთა მომავალი თაობის აღზრდისათვის, რითაც ღირსეულ წვლილს შეიტანს ქართული ჯარის აღმშენებლობის მამულიშვილურ საქმეში.

საქართველოს პრეზიდენტი,
სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი,
ედუარდ შევარდნაძე.

ქართული ჯარის აღმშენებლობის მამულიშვილური საქმე : საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის პირად შემადგენლობას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 29 მაისი. - №130 (2830). - 1 გვ.

67 „მე ვეკითხები ჩემს თავს: ბოლოს და ბოლოს, არსებობს თუ არა ქართული, ჩვენი სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი? და ვუპასუხებ - არსებობს! საუკუნეების სუნთქვა აფორიაქებს ჩვენს სულს, ძალას გვაძლევს, შთაგვაგონებს, არავის არ დავნებდეთ, არავის არ დავემონოთ“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
1 ივნისის რადიოინტერვიუ

გასული კვირის ყურადღების ცენტრში, რასაკვირველია, გალში მიმდინარე პროცესები აღმოჩნდა. მინდა ერთი თვალის გადავლებით აღვიდგინოთ გასული კვირის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძირითადი მოვლენები. გალს დღეს მთელი საქართველო ეხმარება, თუმცა, რა თქმა უნდა, დევნილებს მაინც ძალიან მძიმე პირობები აქვთ. პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა სარიშვილმა გააკეთა ასეთი განცხადება (ყველა კარგად ხვდება, ვინ ვისი დავალებით ლაპარაკობს), რომ საქართველოში მოსალოდნელია რუსული აგენტურის განსაკუთრებული გააქტიურება საქართველოსათვის შავი ზღვისპირეთის ჩამოცილების მიზნით. თბილისში ოპოზიციურ პარტიათა ერთი ნაწილი ზედიზედ მართავს პრესკონფერენციებს და გალის მოვლენებში ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებას ადანაშაულებს, მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას. საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებას უწონებენ თავშეკავებას და გონივრულ მოქმედებას. ისევ წინა პლანზე დგას ნავთობის თემა. გასულ კვირას რუსეთის სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ გამოაცხადა, რომ, თურმე ნავთობის ჩრდილოეთის მიმართულებით ტრანსპორტირება გაცილებით უფრო პრიორიტეტული ყოფილა. პარლამენტის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ასეთი საინტერესო ფრაზა თქვა: ქართული პოლიტიკის მთავარ ინსტიქტად დღეს თვითგანადგურების ინსტიქტი იქცა. ეს, ალბათ, კვირის ფრაზა იყო. საქართველოს მთავრობის წევრები დღეს ზუგდიდში იმყოფებიან და ლტოლვილებს ეხმარებიან. და ბოლოს, ყველაფრის შემაჯამებელი ერთი ინფორმაცია. ჩვენ გვახსოვს, 26 მაისამდე ორი თუ სამი თვის განმავლობაში ტრიალებდა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელი იყო საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმა და ახალი ტერორისტული აქტი, რომ ეს უნდა მომხდარიყო 26 მაისს და საშიში იყო შევარდნაძის ყოფნა სამხედრო აღლუმზე, და ასე შემდეგ. ეს მესამე ტერორისტული აქტი მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ ხომ არ იყო მიმართული? - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- მადლობელი ვარ თქვენი შეკითხვისათვის, რომელშიც, სხვათა შორის, ბევრი პასუხიც იყო, მაგრამ მე მაინც შევეცდები ცოტა უფრო ვრცლად შევეხო თემებს, რომლებიც თქვენ წამოჭერით.

მე კვლავ და კვლავ უნდა გავიმეორო: გალის მოვლენები შედეგია ღრმად ჩაფიქრებული პროვოკაციისა. იგი ინსპირირებულია იმ ძალების მიერ, რომელთაც მოსვენებას არ აძლევს საქართველოს სტაბილურობა, მისი მომავლის კონტურების ნათლად გამოკვეთა, ქართველთა და აფხაზთა შერიგების პერსპექტივები, მათ შორის ორმხრივი დიალოგის განვითარება. არ გაჭრა 29 აგვისტოს და 9 თებერვლის ტერორისტულმა აქტებმა - ვცადოთ მოვაწყოთ „სიურპრიზი“ (როგორც ბევრი ლაპარაკობდა 26 მაისამდე, ან 26 მაისისათვის). საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი კურსის შეცვლა და ხელმძღვანელობაში გარკვეული ძალებისათვის მისაღები, მათი ყურმოჭრილი მონების მოყვანა - ასეთი იყო ჩანაფიქრი, ასეთი იყო მიზანი. მათი ვარაუდით, აგორდებოდნენ საქართველოს ცალკეული რეგიონები, დაიწყებოდა მასობრივი გამოსვლები, საქმეში ჩაებმებოდნენ პოლიტიკური ავანტიურისტები და მედროვენი, რომელთა ნაკლებობა საქართველოში ნამდვილად არ არის და არც არასოდეს ყოფილა. რა თქმა უნდა, მიაჩნდათ, რომ ლტოლვილთა შორის ბევრი აღმოჩნდებოდა ისეთი, ვინც თავისი დღევანდელი მძიმე მდგომარეობის გამოსახატავად რადიკალურ ფორმებს გამოიყენებდა. მხედველობაში ჰქონდათ სხვა „რეზერვებიც“, რაშიც დღევანდელი ხელისუფლების აშკარა თუ ფარულ პოზიციას გულისხმობდნენ.

დოკუმენტურად, სათანადო ტექნიკური საშუალებებით აღნუსხულია, ვინ დაიწყო შეტევა ქართულ სოფლებზე, როდის, რომელ საათებში შემოვიდნენ შეიარაღებული ძალები საკონტროლო ზონაში და რა რაოდენობით.

ქართული მხარე არ შეიძლებოდა ყოფილიყო შეიარაღებული შეტაკების ინიციატორი. თუ ასეთი ვარიანტის შესაძლებლობას დავუშვებთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში რეალურად არსებულ შეიარაღებულ ძალებს თავს მოვუყრიდით ან ზონაში, ან ზონასთან ახლოს. საბრძოლო ოპერაციებში მათი ჩაბმა დიდ კავკასიურ კონფლიქტამდე მიგვიყვანდა. დღეს ამაზე თითქმის აღარავინ დავობს.

ის რაზმები, პირველ რიგში, პოლიციელები, რომლებიც ბრძოლაში ჩაებნენ, მათთან ერთად იბრძოდნენ მოხალისეები, თუ გნებავთ, დავარქვათ მათ პარტიზანები, ეს იყო იმის მინიმუმი, რისი ყოლაც ჩვენ შეგვეძლო საკონტროლო ზონაში. მესახელება, რომ ბიჭებმა იბრძოლეს გმირულად, თავგანწირვით. მათ წინაშე ორი ამოცანა იდგა.

პირველი: ფიზიკური განადგურებისაგან გადაერჩინათ ადგილობრივი მოსახლეობა და გზა გაეხსნათ მათთვის ენგურის მეორე ნაპირზე გადმოსასვლელად. ეს ამოცანა ჩვენმა მცირერიცხოვანმა რაზმებმა მინიმალური დანაკარგებით შეასრულეს. ათიათასობით სამურზაყანოელი ფიზიკურად გადარჩა, თუმცა იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ საკუთარი სახლ-კარი.

მეორე: ვიმეორებ და კვლავ გავიმეორებ: ჩვენ არ შეგვეძლო ჩავბმულიყავით ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებაში. ამისთვის კი ყველაფერი კეთდებოდა. ეს იქნებოდა ქვეყნის დაღუპვის დასაწყისი. მე ვერ გეტყვით, არის თუ არა საქართველოში მოქალაქე, რომელიც დიდი ომის დაწყებას დაუჭერდა მხარს.

სწორედ ამ მოსაზრებით ვხელმძღვანელობდით, როცა გაგრაში ირაკლი მენაღარიშვილმა, კახა თარგამაძემ და ვაჟა ლორთქიფანიძემ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის ძალითაც შეწყდა ცეცხლი, საკონტროლო ზონიდან გაიყვანეს შეიარაღებული ძალები. შეთანხმების შესაბამისად, უნდა დაიწყოს მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნება.

გამბედაობა უნდა გვეყოს და უნდა ვთქვათ: გალის შეტაკებები დიდ ომში რომ არ გადაიზარდა, აფხაზთა დამსახურებაც არის. ისინი გამოერკვნენ, მიხვდნენ, რომ ეს იყო ორივე ხალხის - ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ მიმართული ავანტიურა.

ადამიანთა ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, ახლა შეიძლება ათასობით ვარიანტი აღმოაჩინონ, მაგრამ ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, ამ მოვლენით დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პიროვნებებს მთელ მსოფლიოში, რომ ქვეყნის გადარჩენის, მშვიდობიანი განვითარებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გაგრძელების სხვა რეალური გზა არ არსებობდა.

საბოლოო გადაწყვეტილება მოსახლეობის გადარჩენისა და ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებაში ჩაბმის დაუშვებლობის შესახებ მივიღე მე ჩემს კოლეგებთან მოთათბირების შემდეგ და პასუხსაც მე ვაგებ დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე. სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მოქმედებას ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების თავიდან აცილებისათვის მისცეს მაღალი შეფასება ევროსაბჭოს ხელმძღვანელობამ, მრავალმა სხვა ევროპულმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა მოღვაწეებმა.

მადლობელი ვარ მთელი საქართველოსი, ყველასი, ვინც გულთან მიიტანა გალელი მოსახლეობის ტკივილი, ქვეყნის პრეზიდენტის თხოვნა და არ დაიშურა ბოლო ლუკმა პურიც კი და იქნებ ერთადერთი პერანგიც დევნილთა დასახმარებლად.

ოპერატიულად მოქმედებს სახელმწიფო კომისია ბატონ ნიკო ლეკიშვილისა და პრეზიდენტის რწმუნებულის ბონდო ჯიქიას ხელმძღვანელობით. აქტიურად მუშაობენ მხარეები, რეგიონები, სამინისტროები, დეპარტამენტები, ცალკეული დეპუტატები, რომლებიც გვეხმარებიან მდგომარეობის სტაბილიზაციაში.

რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად და მერამდენედ სამეგრელოს მოსახლეობა შეწუხდა, მაგრამ მთელი მხარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სამეგრელოში გაგვიგეს, გაიგეს შექმნილი მდგომარეობა და დადგნენ იქ, სადაც ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები უნდა დამდგარიყვნენ. მადლობა მათ, მადლობა მთელ საქართველოს. არ შემიძლია არ აღვნიშნო საქართველოს პარლამენტის მიერ ამ პრობლემის სიღრმისეული, პრინციპული და ობიექტური განხილვა. გარდა ცალკეული გამონაკლისებისა, პარლამენტართა დიდმა უმრავლესობამ სწორედ სახელმწიფოებრივი და ხალხის ინტერესები დააყენეს წინა პლანზე, და არა ემოციები და პირადი ამბიციები. საფუძვლიანი და ფართო, დამაჯერებელი არგუმენტაციით გამოირჩეოდა პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას საბოლოო გამოსვლა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მე არ დავასახელებ ოპოზიციურად განწყობილ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქმედების დონემდე ამაღლდნენ და არ აჰყვნენ იაფფასიანი ავტორიტეტის მოხვეჭის ცდუნებას. ვფიქრობ, ხალხი ყველას დამსახურებისამებრ მიუზღავს.

მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ კონტაქტები გვაქვს თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც გვეხმარებიან და კვლავაც დაგვეხმარებიან.

სამწუხაროა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ ვერავითარი ზომები ვერ მიიღო სამიტის ცნობილ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად. პირიქით, სწორედ სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭომაც დაუჭირა მხარი, დაიწყო ცნობილი მოვლენები გალის საკონტროლო ზონაში, სადაც ეს დაუშვებელია. სწორედ ასეთი უსუსურობა და უმოქმედობა აყენებს დღის წესრიგში ამ ორგანიზაციის ყოფნა-არყოფნის პრობლემას, რაზეც ხშირად კამათობენ.

მიღებულ ბრძანებათა მიუხედავად, სამშვიდობო ძალების მოქმედება, გაუბედავი და ხშირად ორმაგ თამაშზე გაანგარიშებული იყო. სავსებით სწორად ისმის კითხვა, რატომ არ ასრულებენ ისინი თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა მანდატით მინიჭებულ თავიანთ ფუნქციას, და განსაკუთრებით საკონტროლო ზონაში? აქ ბევრი რამ გვაქვს საფიქრელი და საკითხის ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ბევრი უნდა ვიფიქროთ. თუ ეს ძალები არ იქნებიან, მაშინ როგორ უნდა მოხდეს ჩანაცვლება ან ვისი ჩანაცვლება უნდა მოხდეს.

ყველაზე მწვავე პრობლემა მოსახლეობის დაბრუნების საკითხია. გაგრის შეთანხმების სპეციალური მუხლი შეიარაღებული ძალების გაყვანის შემდეგ, ლტოლვილთა დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითვალისწინებს. მე მქონდა სატელეფონო საუბარი ვლადისლავ არძინბასთან, რომლის აზრით, შეთანხმება უპირობოდ ყოველმიზეზგარეშე უნდა შესრულდეს. მაგრამ აქაც ძალიან ბევრი, თუ ყველაფერი არა, ისევ სამშვიდობო ძალებზე იქნება დამოკიდებული. საერთაშორისო მეთვალყურეებთან ერთად, სამთავრობო ძალებს ეძლევათ შანსი დაუმტკიცონ მრავალტანჯულ გალელებს, რომ ისინი მათს კანონიერ უფლებებს ამჯერად მაინც დაიცავენ. როგორც ვიცი, ვლადისლავ არძინბამ თავისი პირადი წარმომადგენელი გაგზავნა ამ რაიონში მიღწეული შეთანხმების შესრულების გასაკონტროლებლად. სხვათაშორის, ერთობლივ კომისიებში მონაწილეობენ ჩვენი, ადგილობრივი მოსახლეობის ცალკეული წარმომადგენლებიც. სწორედ ეს - გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნება იქნება სასინჯი ქვა აფხაზებთან, რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობისათვის.

ამ დღეებში მოსკოვში იწყება ქართულ და აფხაზურ მხარეთა მოლაპარაკება, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩემი და ვლადისლავ არძინბას შეხვედრის ძირითადი თემები და შესაძლო შეთანხმებათა სქემა და შესაძლო თარიღიც.

მე მივიღე გადაწყვეტილება ლტოლვილებისათვის პირველი გადაუდებელი ფულადი დახმარების გაწევის შესახებ. დაბრუნების შემდეგ ყველაფერს ვიღონებთ, რათა დავეხმაროთ მათ სახლებისა და კარ-მიდამოთა აღდგენა-რეაბილიტაციაში. ჩვენი უცხოელი მეგობრები, უწინარესად ამერიკელები, ევროკავშირიც სერიოზულ დახმარებას გვიწევენ. გამოვძებნით საკუთარ რესურსებსაც. ამისათვის არაფერს არ დავიშურებთ.

ამ ბოლო წლებში დრამატიზმამდე გართულებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობა მოითხოვს უაღრესად სერიოზულ, ღრმა ანალიზსა და დასკვნებს. ორივე მხარე თავს უნდა იკავებდეს გამაღიზიანებელი და გამომწვევი აქციებისაგან. მაგრამ, იქნებ, ეს არ იყოს მთავარი საკითხი, ჩემი აზრით, ყოვლად გაუმართლებელი იყო გალის რაიონში მრავალრიცხოვან ადამიანთა მონაწილეობით რაღაც მარულის მსგავსის გამართვა და დროშების უთავბოლო ფრიალი. იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო, იქნებ ეცადათ, რამდენიმე აფხაზი, თუნდაც იმავე გალის რაიონის სოფლებიდან, სადაც ისინი ცხოვრობენ, თუ არა მონაწილისა, დამსწრის როლში მაინც მოეწვიათ. იქნებ, როგორც ზემოთ ვთქვი, ამაზე ლაპარაკი არც ღირდეს, და ორგანიზატორებს არაფერი ცუდი არ ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ ერთ-ერთ გამაღიზიანებელ და ბიძგის მიმცემ აქციად, შესაძლოა ესეც იქცა. კარგად უნდა დავიმახსოვროთ: ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, თავისი დრო და თავისი მიზანი.

ახლა ყველამ ერთად გაცილებით მეტი უნდა ვიფიქროთ ქართველთა და აფხაზთა შორის ურთიერთობის დამყარებაზე (და არა მარტო პოლიტიკურ დონეზე). ვფიქრობ, ორივე მხარე დარწმუნდა იმაში, რომ ქართველებისა და აფხაზების მტრობა, შეტაკებანი და სისხლისღვრა სულ სხვა ძალების ინტერესშია. ასე იყო ისტორიულად, ასეა დღესაც. მომავალშიც გვექნება სიძნელეები. მე პირადად მზად ვარ ვითანამშრომლო აფხაზების ყველა ხელმძღვანელთან, ყველა აფხაზთან ორი ხალხის შერიგების ინტერესებისათვის. ეს არის ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ერთ-ერთი უმთავრესი მისია, ამოცანა. ვეცდები, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო. ვეცდები, ყველა ადამიანი თავის კერას დაუბრუნდეს, - ქართველიც, აფხაზიც, სომეხიც, ებრაელიც, ბერძენიც... ჩვენ გვექნება რესურსები იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს ამ მხარის მთლიანი რეაბილიტაცია, ეს რეალური შესაძლებლობანი და პერსპექტივაა. მხოლოდ, მოდით, ერთად ვიფიქროთ და ერთად ვიზრუნოთ ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური კონფლიქტების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებისათვის. თავისი წვლილის შეტანა ყველა ხელმძღვანელსა და ყველა მოქალაქეს შეუძლია.

ამ მხრივ საყურადღებო იყო აჭარისა და აფხაზეთის დელეგაციათა შეხვედრები ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს სხვა რეგიონებიც მზად არიან ჩაერთონ ორი ხალხის შერიგების ეპოქალური მნიშვნელობის პროცესში.

ქართველებისა და ოსების შერიგება სწორედ მოსახლეობის დონეზე დაიწყო, ერთად ცხოვრების შესანიშნავი ტრადიციების აღდგენით, ერთმანეთის ლხინისა და ჭირის გაზიარებით, აქედან გამომდინარე ხელმძღვანელებიც უფრო გაბედულად ვმოქმედებთ. მე, მაგალითად, დიდი იმედით ველოდები ლუდვიგ ჩიბიროვთან შეხვედრას ივნისის პირველ დეკადაში, ისევე როგორც ჩემს კონტაქტებსა და პირად შეხვედრებს ვლადისლავ არძინბასთან და აფხაზთა სხვა ხელმძღვანელებთან.

მე არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვადასტურებ: ქართველებისა და აფხაზების, ქართველებისა და ოსების შერიგებას ალტერნატივა არა აქვს. ალტერნატივა მხოლოდ ომები და სისხლისღვრაა. პრობლემის მოგვარების მშვიდობიანი ვარიანტის მჯეროდა და მჯერა, ვერც ვერავინ გადამარწმუნებს.

სხვათა შორის, ამას წინათ შევხვდი შემოქმედებითს და სამეცნიერო ოლიმპიადებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს. შესანიშნავი, ანგელოზი ახალგაზრდები იყვნენ, დაახლოებით 70 ახალგაზრდა, და მე ვუთხარი მათ: ვერ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომ თქვენ საზარბაზნე ხორცად ქცეულიყავით, ვერ მივიღე და არც მქონდა ამის უფლება. ალბათ, საქართველოს ყველა მოქალქემ მხარი უნდა დაუჭიროს ამ ჩემს გადაწყვეტილებას.

დღეს არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო. დემოკრატიულ სახელმწიფოთა დიდი ისტორია გვასწავლის - ქვეყანას თუ უჭირს, სახელმწიფოს თუ სჭირდება, პოლიტიკური ამბიციები მეორე პლანზე გადადის.

მე ჩემს ხალხთან ერთად ავირჩიე დემოკრატიული განვითარების გზა, თუმცა გაბედულად და პირდაპირ ვიტყვი, თავისუფლად შემეძლო, ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებაც. ნურავინ ისარგებლებს დემოკრატიის „სისუსტეებით“, დემოკრატია წვალებით, ტკივილებით იბადება, ავტოკრატული რეჟიმი მომენტალურად, თითქმის ავტომატურად იმკვიდრებს ადგილს.

ახლა რამდენიმე სიტყვა პრობლემებზე, რომლებსაც ცხოვრება ჩვენ წინაშე აყენებს. მე მინდა ვთხოვო ყველას, გადახედეთ ქართულ პრესას, გადახედეთ ჟურნალებს, გაზეთებს, სატელევიზიო პროგრამებს, განსაკუთრებით თავისუფალ ტელეარხებს. ძირითადად ისინი მართლაც პირუთვნელი, საღი და ჯანსაღი, სახელმწიფოებრივი ინტერესების პოზიციებიდან გამომდინარე ბევრ საჭიროსა და სასარგებლოს გვთავაზობენ, სასარგებლოს ასახავენ და სიმართლეს ამბობენ. მაგრამ ზოგიერთი გაზეთი სავსეა ბოღმით, სავსეა ღვარძლით, ანგარიშსწორების სურვილით, ყოველ შემთხვევაში, ანგარიშსწორების ტრიბუნად არის ქცეული. პრესა თავისუფალია, მაგრამ არა უპასუხისმგებლო. პრესა, რომელიც არ ფიქრობს ქვეყნის რეალურ მომავალზე, დღევანდელსა და ხვალინდელზე, ძნელად თუ დაიმკვიდრებს ადგილს საზოგადოებაში. ნუ შეგეშინდებათ, არც ცენზურის შემოღებას ვაპირებთ და არც საგანგებო მდგომარეობას. უბრალოდ, ვიფიქროთ ერთად. მე გთავაზობთ, შევხვდეთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ, ვიკამათოთ. მე შევეცდები, განვმარტო ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა არსი.

მე ვეკითხები ჩემს თავს: ბოლოს და ბოლოს, არსებობს თუ არა ქართული, ჩვენი სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი და პასუხისმგებლობა? და ვუპასუხებ - არსებობს! საუკუნეების სუნთქვა აფორიაქებს ჩვენ სულს, ძალას გვაძლევს, შთაგვაგონებს, არავის არ დავნებდეთ, არავის არ დავემონოთ. ოღონდ შინაურს, შინაურს მოვუაროთ, შინაურთან მტრობაც ხომ ბოლო წლების დამახასიათებელი მოვლენაა.

დავიმახსოვროთ, ხელისუფლების შეცვლა - პოლიტიკის, კურსის შეცვლას ნიშნავს. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენი კურსი ჩამოყალიბებულია: ვიცხოვროთ ყველასთან, ყველა მეზობელთან და შორეულთან თანხმობით, მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია მსოფლიო და ევროპულ ცივილიზაციაში. განა ამას არ ესწრაფვის რუსეთი? განა ამისაკენ არ ილტვიან უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყნები? ეს ხომ საერთო-საკაცობრიო მოძრაობაა!

გაზეთებში ამომიკითხავს, ქვეყანა იღუპებაო. ბოლო ხანს, როცა დაიწყო აღმავლობა, გაჩნდა ზრდის პირველი ყლორტები, როცა ოდნავ სული მოვითქვით, როცა გადავრჩით და მსოფლიოს დიდ მაგისტრალებზე გავდივართ, ახალი დიდი ფუნქცია შევიძინეთ, სატრანსპორტო დერეფნის, აბრეშუმის გზის ერთ-ერთი ცენტრალური და საკვანძო ქვეყანა ვხდებით, რაღა ახლა აღმოაჩინეს, რომ ქვეყანა იღუპება?! ბევრს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ რასაც მივაღწიეთ, იმას გავუფრთხილდეთ. პოლიტიკანები და ავანტურისტები ყველა დროისა და ყველა ეპოქის თანამგზავრები იყვნენ. ჩვენც აგვეკიდნენ. მე მზად ვარ ვიბრძოლო არა მარტო ქვეყნის კეთილდღეობისათვის, მისი ერთიანობის, გამთლიანების, აღდგენისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ დეზინფორმატორები, დემაგოგები, პოპულისტები ვამხილო და მზის სინათლეზე გამოვიყვანო. გთხოვთ თქვენც ყველას, კარგად ჩახედეთ თვალებში ასეთ ადამიანებს და იქ ამოიკითხავთ, ვის რა სურს, ვინ ვის ნებას ასრულებს.

თქვენ კარგად იცით, რომ ჩემს ოპონენტებს იშვიათად თუ ვუპასუხებ. ახლა ეს წესი უნდა დავარღვიო და ერთ კაცს დავასახელებ. ბატონმა კაკო ასათიანმა (იქნებ, რეკლამასაც ვუკეთებ, მას) ამას წინათ ჩემი გადადგომა მოითხოვა. მინდა დავრწმუნდე, ვის ნებას გამოხატავს, ძალიან რბილად რომ ვთქვა, ნახევრად გაკოტრებული პარტიის ნახევრად გაკოტრებული ლიდერი? ვინ სურს პრეზიდენტად? პრეზიდენტი ხომ სიმბოლური ფიგურა არ არის. იგი ქვეყნის აღმშენებლობისა და უსაფრთხოების გარანტია, ხალხის მიერ არჩეული და ხალხის მიერ განსაზღვრული. იქნებ თვითონ ბატონმა კაკომ იკისროს ეს ტვირთი. თუ იმის იმედი აქვს, რომ სხვა პრეზიდენტის ხელში უკეთ გაშლის ფრთებს, ვფიქრობ, ცდება, მას უკვე ჰქონდა საშუალება ზვიად გამსახურდიას დროს გაფურჩქნულიყო. როგორ გაიფურჩქნა და რა გამოვიდა აქედან, ყველამ კარგად ვიცით.

რა თქმა უნდა, მე კაკო ასათიანის მოთხოვნით არ გადავდგები, არც იმ გმირთა მოთხოვნით, რომლებიც ახლა წითელ-ყვითელი თუ სხვა შეფერილობის კომუნისტებად ასაღებენ თავს. ჩემი დღევანდელი მოვალეობა მაკისრებს ვიზრუნო იმაზე, თუ რა იქნება ხვალინდელი საქართველო დღევანდელი პრეზიდენტის გარეშე. ნუ ავყვებით დროებითს ცდუნებებს, ნურც სხვადასხვა ძალთა მიერ უხვად მოწოდებულ ალაფს დავეწაფებით. ვიფიქროთ საქართველოზე, მის აწმყოსა და მომავალზე. შემომთავაზეთ იმაზე უკეთესი პერსპექტივა, იმაზე უკეთესი პროგრამა, იმაზე უკეთესი პოლიტიკა, რომელიც მე შევთავაზე ხალხს, თუნდაც წინასაარჩევნო გამოსვლების დროს, და მზად ვარ თქვენს ნებას დავემორჩილო, მაგრამ მაჩვენეთ თქვენი ნაფიქრალ-ნააზრევი, ქაღალდზე გადატანილი. მე მგონი , ასეთს ვერ შევხვდებით.

თავის მართლება არ მჭირდება. იქ, იმპერიის ოლიმპზე ყოფნისას (იქნებ, ამას დღეს პირველად ვამბობდე) მე ჩემი ქვეყნის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს ინტერესებს ვემსახურებოდი. საქართველოსა და სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობა, უკეთესობაზე გაანგარიშებული ტექტონური ძვრები ჩვენს პლანეტაზე თავისთავად არ მომხდარა. სხვები, მსოფლიო მასშტაბის მოღვაწეები უფრო მეტს ლაპარაკობენ ამის შესახებ, თუნდაც ჩემს წვლილზე იმ გარდაქმნებში, ვიდრე მე, ბოლოს და ბოლოს, ვინ ხართ თქვენ, გაუთავებლად მოწამლულ ისრებს რომ მესვრით, მითხარით, მიამბეთ თქვენს ღვაწლსა და დამსახურებაზე, არა მსოფლიოს მასშტაბით, არამედ თუნდაც ერთი პატარა სოფლის მაგალითზე.

მე ჩემს ხალხს, ჩემს ამომრჩეველს მივმართავ, მხოლოდ ისინი არიან უმაღლესი მსაჯულნი და არა ასათიანები ან მისთანანი. თქვენ, ამომრჩევლებმა, ჩემმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოთ ქვეყნის ბედი: ვიყოთ დამოუკიდებელი თუ არ ვიყოთ? აი, ეს კითხვა არის ყველა პრობლემის გასაღები. გალის დრამატული მოვლენების მიუხედავად, მე მაინც უნდა ვთქვა, იქნებ, ზოგი რამ კიდეც გავიმეორო:

საქართველო დღეს ერთ-ერთი აღიარებული ქვეყანაა თავისი რეფორმებით, განვითარების ძლიერი დასაწყისით, იგი მსოფლიო გზაჯვარედინების ერთ-ერთ საკვანძო სახელმწიფოდ არის ცნობილი, ქართული დემოკრატია უმთავრესი მონაპოვარია ჩვენი თანაცხოვრების ბოლო ტრაგიკულ წლებში, ეკონომიკური გამოცოცხლებაც. კულტურის, მეცნიერების შენარჩუნება-გადარჩენაც თავისით არ მოსულა. დრამატულ მოვლენებსაც ვერ ავცდით, მაგრამ გვეყო ძალა და ხალხის მხარდაჭერა ყველაზე უარესი ვარიანტების თავიდან ასაცილებლად. დღეს გაცილებით მეტია სინათლე და სიცხადე, ვიდრე თუნდაც 2-3 წლის წინათ რომ იყო. ყველამ, ყველამ ვიფიქროთ და ვიზრუნოთ დემოკრატიულ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ და, რა თქმა უნდა, გამთლიანებულ სახელმწიფოზე. ასეთ მომავალს ფუნდამენტი უკვე ჩაყრილი აქვს. ასეთ პრინციპებზე მდგომ ყველა ძალასთან ვითანამშრომლებთ, ყველას მხარში ამოვიყენებთ და მხარში ამოვუდგებით. დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის განვითარების ასეთი შანსი საქართველოს არც ჰქონია და არც ექნება.

მე მოგიწოდებთ: ვიბრძოლოთ ყველამ, ვისაც გულით უყვარს ჩვენი ნატანჯი და ნაწამები ქვეყანა, გავერთიანდეთ მისი ნათელი მომავლისა და უკეთესი მერმისისათვის ბრძოლაში.

აი, ეს მინდოდა მეთქვა.

- ახლა, ალბათ, ყველა რადიომსმენელი ყურადღებით გისმენდათ, და ძალიან მარტივი და ზედაპირულია თითქოს ყველაფერი, რაც ხდება. ეს მიზეზებიც ნათელია. გალის მიზეზებიც ძალიან იოლად იკითხება და უკვე მერამდენედ ხდება ასე. ალბათ, მოსახლეობის დიდი ნაწილიც ყველაფერს ხვდება. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი წესებით მიდის თამაში. ყველაფერი ეს იმისათვის ხომ არ არის გაანგარიშებული, რომ ხალხს მობეზრდება დამოუკიდებელი ცხოვრება და მოვა ხელისუფლებაში ის ძალა, რომლის დავალებითაც დღეს ლაპარაკობენ, ანუ ხომ არ მოხდება ისე, რომ საქართველო ისევ დაკარგავს იმ ფუნქციას, რომელსაც ახლა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იძენს. გასაგებია, რომ (თქვენ ახლა ლაპარაკობდით ამაზე) ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში თანამშრომლობა თუ იგივე „აბრეშუმის გზა“, სხვათა შორის, სტამბოლის 28 მაისის შეხვედრა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ამ ამბების გამო ვერ წახვედით, თუმცა ძირითადი მომხსენებელი საქართველო უნდა ყოფილიყო, ყველაფერი ეს ერთად აღებული, ვიმეორებ, ეს ფუნქცია, რომელსაც საქართველო ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იძენს, რა თქმა უნდა, გათვლილია იმისათვის, რომ ეს ფუნქცია არ არსებობდეს. აქედან გამომდინარე, გალში ამ ოპერაციის ჩაშლა, ის, რომ ქართველები და აფხაზები, ამდენი უბედურების მიუხედავად, მაინც ცდილობენ უშუალოდ დაელაპარაკონ ერთმანეთს მესამე და მეოთხე ძალის გარეშე, ის, რომ ვიმეორებ „აბრეშუმის გზა“ უკვე რეალობა გახდა, ხომ არ გამოიწვევს ყველაფერი ეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებას? ახლა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, გაკეთდება თუ არა მათი მხრივ განცხადებები, ხალხის აზრიც და იგივე პოლიტიკოსების აზრიც დღეს საქართველოში მაინც ამ ერთი მიმართულებით მიედინება და უფრო დიდ კატაკლიზმებს ხომ არ უნდა ველოდეთ მომავალში?

- შევეცდები თანამიმდევრულად გიპასუხოთ.

რაც შეეხება სტამბოლში ჩემს ჩაუსვლელობას, რა თქმა უნდა, მე, შეიძლება ითქვას, ბევრი დავკარგე. წაუსვლელობის მიზეზი სავსებით გასაგებია, მაგრამ მე მაინც მივიღე მონაწილეობა კონფერენციის მუშაობაში. გავგზავნე ჩემი ნახევარსაათიანი გამოსვლის სატელევიზიო ჩანაწერი, რომელიც მოასმენინეს და აჩვენეს დარბაზს. ეს იყო კიდევ ერთი აღიარება ჩვენი ქვეყნისა, რომელიც ამ საერთაშორისო ღონისძიებაზე ძირითადი მომხსენებელი გახლდათ. როგორც ვიცი (ვერ გეტყვით, მოახერხებს თუ არა ტელევიზია ყოველივე ამის ჩვენებას), რეაქცია გაცილებით მეტი იყო, ვიდრე იქნებოდა მაშინ, იქ, კონფერენციაზე რომ ვყოფილიყავი.

ახლა მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ რუსეთთან დაკავშირებით.

მე არაერთხელ ვაღიარე, რუსეთთან პარტნიორული, სტრატეგიული თანამშრომლობის აუცილებლობა. ეს სულაც არ არის ლიტონი სიტყვები და ზოგადი ფრაზები. უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებებს მოვაწერეთ ხელი მე და ბატონმა ელცინმა. მათი მნიშვნელობა მაინც დიდია, „დუმა“ სხვადასხვა მიზეზთა მოშველიებით არ აპირებს მათს, განსაკუთრებით დიდი ხელშეკრულების რატიფიკაციას. ვეკითხები ყველა ჩემს ოპონენტს აქაც და იქაც: მეტი რის გაკეთება შეიძლებოდა? რუსეთს ჩვენ დავუთმეთ სამხედრო ბაზები, საპასუხოდ კი საქართველოდან მილიარდობით დოლარის სამხედრო ტექნიკა და გემები გაიტანეს.

მე კვლავ ჩემს პოზიციებზე ვრჩები. ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა ჩვენს დიდ მეზობელთან, რადგან გვაქვს საერთო ინტერესები. მაგრამ ეს არ იქნება შეთანხმება ვინმეს ან რომელიმე ხალხის წინააღმდეგ.

მე რუსეთის ხელმძღვანელობის საყურადღებოდ მინდა ვთქვა: ისინი, ვინც დღეს საქართველოში გულის ფიცარს ინგრევს რუსეთისადმი ერთგულების ფიცით, სანდო ხალხი არ არის. ბევრმა მათგანმა უკვე ბევრი პარტია და ბევრი მოძრაობა მოსინჯა, მოიარა. ისინი ხელმოცარული, ან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები არიან. იქნებ ღირდეს იმითაც დაინტერესდეთ, თუ ვის ეფიცებიან, რა ძალებს ეკერებიან რუსეთში ჩემი დღევანდელი ოპონენტები?

რუსეთის ისტორიული დამსახურება და, კერძოდ, პრეზიდენტ ელცინისა ის არის, რომ მან თითქმის პირველმა გამოაცხადა თავისი ქვეყნის სუვერენულობა და დამოუკიდებლობა. ეს იყო დიდი გმირობა თვით რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების მიმართ. ეს რომ არა, საეჭვოა, სხვა ქვეყნები დამოუკიდებელი გამხდარიყვნენ. ქართველებს ისტორიული მეხსიერება არ ღალატობდა, არც ღალატობს და არც უღალატებს და ჩვენ ეს სამომავლოდაც გვემახსოვრება.

ახლა, რაც თქვენ ახსენეთ, ნავთობის თემა, სატრანზიტო ტვირთზიდვა და სხვა. რა თქმა უნდა, ნავთობსადენის პრობლემა არსებობს. აქ საკმაოდ დიდი ძალებია ჩართული. არსებობს ცალკეულ სახელმწიფოთა გარკვეული დაინტერესება იმით, რომ მხოლოდ მათ ჰქონდეთ პრიორიტეტი. ძვირია თუ იაფი, ამას არ ანგარიშობენ, აქ გარკვეული სტრატეგიული ინტერესებია. ჩემი აზრით, სანამ ბრძოლა შეიძლება, საქართველომ უნდა იბრძოლოს თავისი ადგილისათვის ამ გეოგრაფიულ სივრცეში და დარწმუნებული ვარ, იგი თავის მისიას, თავის ფუნქციას არ დაკარგავს, შეასრულებს.

- და, ბოლოს, ერთი შეკითხვა. დღეს პირველი ივნისია - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც ამქვეყნად ყველა ბავშვისათვის ერთნაირად ბედნიერად უნდა თენდებოდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, დევნილი, ლტოლვილი ბავშვებისთვისაც...

- ჩვენი ქვეყნის ბავშვებს, მათს მშობლებს, მასწავლებლებს და აღმზრდელებს ვულოცავთ დღევანდელ დღეს. ჩემო პატარებო, მინდა ყველა თქვენგანი ჩავიკრა გულში და ჩემი უსაზღვრო სიყვარული და იმედები გამოვხატო.

ქვეყნის მომძლავრების კვალობაზე თქვენი სწავლის, აღზრდის, ფიზიკური თუ სულიერი განვითარებისათვის ზრუნვა სულ უფრო მეტი და მეტი იქნება. გაცილებით მეტად დავეხმარებით ლტოლვილ ბავშვებს, ტკივილებსა და განცდებს შევუმსუბუქებთ.

ახლა მიმდინარეობს ქვეყნის ბიუჯეტის შედგენა, მთავრობის სხდომაზე პროექტის განხილვისას მე მოვითხოვე ბიუჯეტში აისახოს, როგორც განსაკუთრებული პრობლემა, განსაკუთრებუ515

ლი მუხლი უპატრონო და მაწანწალა ბავშვებისათვის ზრუნვის საკითხი. დავეხმარებით ბავშვთა სახლებს, უნდა დავაფინანსოთ, დიახ, უნდა დავაფინანსოთ ის ოჯახებიც, რომლებიც უპატრონო და უზედამხედველო ბავშვებს იშვილებენ ან მოსავლელად აიყვანენ. ძველი ლოზუნგი - ყველაფერი ბავშვებისათვის! - არ მოძველებულა და არც მოძველდება.

საქინფორმი.

„მე ვეკითხები ჩემს თავს: ბოლოს და ბოლოს, არსებობს თუ არა ქართული, ჩვენი სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი? და ვუპასუხებ - არსებობს! საუკუნეების სუნთქვა აფორიაქებს ჩვენს სულს, ძალას გვაძლევს, შთაგვაგონებს, არავის არ დავნებდეთ, არავის არ დავემონოთ“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1 ივნისის რადიოინტერვიუ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 2 ივნისი. - №134 (2834). - 1,2 გვ.

68 დიდი აბრეშუმის გზა ევრაზიული იდეის მატერიალური ხორცშესხმაა, მისი თვალსაჩინო ხატი და სიმბოლოა

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის სიტყვა კონფერენციაზე „მსოფლიოს გზაჯვარედინები“ სტამბოლი. 1998 წლის 28 მაისი

ბატონებო,

ღრმა სინანულს გამოვთქვამ იმის გამო, რომ ზოგიერთი ექსტრემალური ღონისძიებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრები სტამბოლის კონფერენციას: „მსოფლოს გზაჯვარედინებზე“; ეს ჩემი საყვარელი თემაა და კონკრეტული წვლილიც შემიტანია ბევრი იდეის განხორციელებაში.

ექსტრემალურ სიტუაციაში მე ვგულისხმობ ქართველთა ეთნოწმენდის ექსპედიციების განახლებას აფხაზეთში, თუმცა, მიღებული ზომების შედეგად ხალხი გადავარჩინეთ, საუბედუროდ, ლტოლვილთა 300-ათასიან არმიას კიდევ 30 ათასი კაცი შეემატა.

ჩვენი რწმენა ურყევია, მშვიდობიანი მოწესრიგების გზა ერთადერთია, ჩვენთანაა მთელი მსოფლიო და მჯერა, უახლოეს დროში მოვიშუშებთ ტკივილებს.

ახლა კონფლიქტი ლოკალიზებულია, მხარეებმა დიალოგი გამართეს, მოსახლეობას დავაბრუნებთ, ჩვენი მეგობრების ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, მათ მოვეხმარებით დამწვარი სახლების აღდგენაში, კარმიდამოს, გზების რეაბილიტაციაში.

აქვე მინდა დავძინო, რომ ამ გართულებას არ შეუცვლია ქვეყნის, როგორც სტაბილური და სწრაფად განვითარებადი სახელმწიფოს სახე. თითოეულ თქვენგანს შეუძლია ჩამობრძანდეს და თავისი თვალით იხილოს ოქროს საწმისის ქვეყნის დღევანდელობა.

ახლა კი ნება მიბოძეთ, დავიწყო ადგილითა და დროით, ჩვენი შეხვედრის ადგილითა და დროით.

ადგილი სტამბოლი, თურქეთი; აზიისა და ევროპის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის, ცივილიზაციების, ხალხების, კულტურების შეხვედრის ადგილი.

და კიდევ, დავსძენ - ინტერესებისაც: გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, სხვაგვარი, თანხვედრილი ინტერესებისა და ხშირად საპირისპიროსიც.

პირველი კონფლიქტი მითოლოგიამ დააფიქსირა - კონფლიქტი ოქროს საწმისის გამო. ოქროს საწმისი - ეს კოლხეთია, ჩემი ქვეყანაა - ჩემი საქართველო, მე კოლხეთის მკვიდრი ვარ და მის ოქროს საწმისზე ვილაპარაკებ. მაგრამ არა მარტო მასზე.

ახლა, რაც შეეხება შეხვედრის დროს. ეს არის ათასწლეულის მიწურული, რომელიც ცივი ომის დასასრულს დაემთხვა. მასაც აქვს თავისი მითოლოგია. ომი დამთავრდა, მითები კი დარჩა. შევეცდები, გავფანტო ისინი.

ჩვენი კონფერენციის ორგანიზატორებმა მას „მსოფლიოს გზაჯვარედინები“ უწოდეს. მართლაც, ეს არის მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი გზაჯვარედინების რეგიონი, სადაც ისტორიულად, ინტერესების შეჯახებას ოდითგან მძიმე ავარიები მოსდევდა. მე მოგახსენებთ გზაჯვარედინებისადმი კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარე ომებსა და სახელმწიფოთა კატასტროფებზე.

ძნელია, გამოდიოდე ინტენსიური მოძრაობის გზაჯვარედინზე, უნებლიედ გიჩნდება კითხვა, ვინ აწესრიგებს მოძრაობას ამ გზაზე და ხომ არ არის მოსალოდნელი ავარიები.

თქვენთვის ეს არ უნდა იყოს რიტორიკული კითხვა. ფულს აბანდებენ ეკონომიკაში, ხოლო ეკონომიკა პოლიტიკაზეა დამოკიდებული. რა პოლიტიკური რისკი შეიძლება სდევდეს „მსოფლიოს გზაჯვარედინებში“ კაპიტალის დაბანდებას?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თვალი უნდა მოვავლოთ „ცივი ომის“ შემდეგ ჩამოყალიბებულ სამყაროს.

მთლიანად, მე ასეთ სურათს ვხედავ.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მსოფლიოში ტექტონური ძვრები მოხდა. ბერლინის კედლის მსხვრევამ, ტოტალიტარული სისტემებისა და ბიპოლარული სამყაროს ნგრევამ გაგვითავისუფლეს მსოფლიო სივრცე ძალების ახლებური გამოყენებისათვის. გაგვეხსნა საქმიანობის სფეროები და ზონები, რომელსაც აქამდე „ცივი ომი“ გვიკეტავდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესების მონაწილე გახლავართ.

შესაძლოა, „ისტორიის აღსასრული“ გაზვიადებული იყოს. მაგრამ, ისტორია, რომელსაც ნიშანსვეტებად ჰქონდა ომები და შეტაკებანი, ნამდვილად მიუახლოვდა დასასრულს. უფრო სწორი იქნებოდა, გველაპარაკა ისტორიის, უახლესი ისტორიის დასაწყისზე. მსოფლიო, რომელიც საბოლოოდ მივიღეთ, გაცილებით უფრო ძნელად განსაჭვრეტია, ვიდრე წინანდელი.

მაგრამ ძველი, გაქვავებული და ტლანქი სამყაროსაგან განსხვავებით, ახალი უფრო პლასტიკურია და ამიტომ უფრო მეტად დაჰყვება საერთაშორისო პოლიტიკის ძალისხმევას. მისი შეთანხმება-შესატყვისება ახალი აგრესიებისა და კონფლიქტების დაძლევის მიზნით - ძნელი, მაგრამ სავსებით რეალური ამოცანაა. მაგალითები გვაქვს და მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ.

ამბობენ, კაცობრიობა ჭკუას არ სწავლობსო. მე სულ სხვა შეფასებას ვიხმარდი. თუმცა, ძალზე ნელა, მაგრამ იგი მაინც სძლევს თავის მანკიერებებს, აი, თუნდაც ერთი მაგალითი - აქამდე არნახული ლიბერალური დემოკრატიის რეჟიმების გავრცელება. უმცირესობაში დარჩენილი დესპოტებისაგან განსხვავებით, იგი მოქალაქეებს ანიჭებს მაქსიმალური რაოდენობის ხელმისაწვდომ ალტერნატივებს საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.

ასეთი არჩევანის თავისუფლება - თავისუფლების არჩევანია.

კიდევ ერთი გაკვეთილი, რომელიც ბოლოს და ბოლოს, გაიცნობიერა კაცობრიობამ - ეს არის ძალისმიერი გადაწყვეტილების უშედეგობის მზარდი გაგება. დღეს „რბილი“ მიზიდულობის ძალა სულ უფრო ხშირად სდევნის პრაქტიკიდან „ხისტ“ იძულების პრაქტიკას.

იცვლება ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის. ტრადიციული მენტალურობა მას განიხილავდა, როგორც „დიდ თამაშს“, სადაც ერთნი გამარჯვებას აღწევენ მეორეთა დამარცხების და განადგურების ხარჯზე. ამჟამად სჭარბობს საერთო გამარჯვებისათვის შემართული ერთი გუნდის მოდელი. ამის საუკეთესო მაგალითია ევროპის კავშირი. იგი ფართო ევრაზიულ მოედანზე „თამაშობს“ და თავის პოტენციალს იყენებს თავისუფლებისა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების განვითარების შესაძლებლობად.

რა თქმა უნდა, ძველი მენტალურობა პოზიციებს არ თმობს. იგი მხოლოდ მტვერს აცლის სამყაროს „გავლენის სფეროებად“ დანაწილების ყავლგასულ იდეოლოგიებს, და ცდილობს, სული შთაბეროს მათი ძალისმიერი დამკვიდრების დოქტრინებს. დღეს ბევრს დაობენ იმის შესახებ, თუ რამდენპოლუსიანია ჩვენი სამყარო.

ცნობილია, რომ სიტყვა წარმოშობს რეალობას. ამ ტერმინის ხშირმა ხმარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს „იალტის სულისკვეთების“ აღორძინებას.

მოდი, ვილაპარკოთ უკეთესი მერმისისაკენ მოძრაობის მრავალპოლუსიან სტრატეგიაზე. მისი მთავარი გეზი - ევრაზიის კონტინენტია.

სწორედ აქ მოხდა უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე მნიშნელოვანი ძვრები. სწორედ მის რუკაზე გაჩნდა მეტი წილი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ხოლო, იმათ, ვინც ფორმალურად ირიცხებოდა დამოუკიდებელთა შორის, რეალური თავისუფლება შეიძინეს.

შესაძლოა, „ევრაზიოცენტრისტობა“ დამწამონ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანწილად სწორედ ევრაზია განსაზღვრავს კაცობრიობის ტონუსს XXI საუკუნეში. სწორედ აქ არის თავმოყრილი უმეტესი ადამიანური და მატერიალური რესურსები, ენერგიის წყაროები და ენერგოშემცველთა მარაგი.

„მსოფლიოს გზაჯვარედინები“ - მარჯვე მეტაფორაა, იმიტომ, რომ მომავლისაკენ მიმავალი ყველა გზა სწორედ აქ იყრის თავს. ყველა კონტინენტს, ძირითადად, მერიდიანული მიმართულება აქვს, ევრაზია კი ნახევარ დედამიწას ეკვრის აღმოსავლეთიდან დასავლეთით. და ეს გარსშემოკვრა სასიკეთოა.

ევრაზიის უკიდეგანო მასივში უხსოვარი დროიდან თანაარსებობენ სხვადასხვა ცივილიზაციები. ზოგი ფუტუროლოგი მათ გარდაუვალ შეჯახებას უწინასწარმეტყველებს. ოდესღაც მე გამოვთქვი ვარაუდი კონტინენტის ხალხებისა და ქვეყნების გამაერთიანებელი ევრაზიული იდეის არსებობის შესახებ. ეკონომიკური გაცვლის საჭიროება აიძულებდა მათ, ეძებნათ ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო გზები ურთიერთისადმი. მათგან უძველესი იყო დიდი აბრეშუმის გზა.

დიდი აბრეშუმის გზა ევრაზიული იდეის მატერიალური ხორცშესხმაა, მისი თვალსაჩინო ხატი და სიმბოლოა.

ამ გზით იმოგზაურა მარკო პოლომ, შემდეგ კი ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა. დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა და გრანდიოზულმა პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა დახურეს დიდი აბრეშუმის გზა.

მოდით, კვლავ გავხსნათ ეს გზა.

ტრანსევრაზიული ექსპრესი მზად არის გავიდეს დროის გენერალურ მაგისტრალზე. ეს მაგისტრალი იქმნება. 20 მილიარდი დოლარი გონივრული საფასურია იმ მარშრუტის გასავლელად, რომელიც აურაცხელი სიმდიდრის კონტინენტს გადაჰკვეთს.

იგი მრავალ სიკეთეს აღგვითქვამს, კერძოდ, ეს გახლავთ:

კონტინენტის სახელმწიფოების ინტერესების თანხვედრა ინფრასტრუქტურების, სამილსადენო სისტემებისა და სატრანსპორტო მაგისტრალების შექმნასა და ინტეგრაციაში. ასეთი ინტერესების ერთიანობა რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფაქტორია. დამატებითი ფაქტორია დიდი სახელმწიფოების დაინტერესება კომუნიკაციების ნორმალური მუშაობით.

სტაბილურობა და ეკონომიკური პროგრესი - დემოკრატიის წინსვლისა და საბაზრო რეფორმების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ევრაზიის სახელმწიფოები რეალურ დამოუკიდებლობას იძენენ და ახალი მსოფლწესრიგის საიმედო რგოლად იქცევიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვევლინებიან მსოფლსამეურნეო ურთიერთობის ნორმალური განვითარების გარანტად.

ეს თქვენი ინტერესიც არის. თქვენი ბიზნესია. თქვენივე ინვესტიციების შესაფერისი. იმიტომ, რომ იგი უშუალო მოგებას მოგიტანთ.

უწინარეს ყოვლისა, იგი უკავშირდება ნახშირწყალბადოვანი ნედლეულის წყაროების ხელმისაწვდომობას, დამუშავება-გადამუშავებასა და გამოტანას. საქმე ეხება კავკასიის, კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებს. პროექტები თქვენ წარმოდგნილი გაქვთ: რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თუქმენეთის ნავთობი და გაზი, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ოქრო და მრავალი სხვა სიმდიდრე, თურქეთისა და მისი მეზობლების ენერგოსისტემები, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოს ნავსადგურები, უდიდესი სიგრძის რკინიგზები და ავტომაგისტრალები. 160 მილიარდი დოლარის ღირებულების XXI საუკუნის უზარმაზარი ნავთობგაზის კლონდაიკის ინფრასტრუქტურა, რომლის სავარაუდო მოგება 936 მილიარდს შეადგენს.

ამერიკის ელდორადოს კოლუმბების შთამომავალთ არ სჭირდებათ ოქროს ძარღვის გზის მნიშვნელობის ახსნა. კასპიის ოქროს ჰორიზონტების მთავარი პრობლემაა მათი მისაწვდომობა და მსოფლიო ბაზრებზე გასვლა, ენერგოშემცველებისა და რეგიონის სხვა პროდუქტების მოხმარების ადგილებში ტრანსპორტირების გზები და საშუალებანი. ეს პრობლემა წყდება ისეთი „გუნდების“ ერთობლივი ძალისხმევით, როგორიც არის ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აშშ ვაჭრობისა და განვითარების სააგენტო და სხვები. ტასისის პროგრამის ფარგლებში ევროპის კავშირმა შექმნა „ინოგეიტის“ სპეციალური პროგრამა, რომლის მიზანია მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების შესაძლო ვარიანტების გამოვლენა და მათი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შესწავლა. პარალელურად მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და მისი მოდერნიზაციის შესაძლებლობის კვლევა. მაგალითი - ამ კონფერენციის მთავარი ორგანიზატორის მონაწილეობა თურქმენული გაზის ტრანსპორტირების შესაძლებლობათა კვლევაში. პრობლემის გადასაჭრელად პარტნიორული ძალისხმევის გაერთიანებით დაინტერესდნენ მსოფლიოს უდიდესი კომპანიები. ბუნებრივია, ძალზე დიდია რეგიონის ქვეყნების - სიმდიდრეთა მთავარი მფლობელების ინტერესი. ასეთი მრავალმხრივი თანამშრომლობის საუკეთესო ბაზაა ალტერნატიული მრავალვარიანტიანი მილსადენების სისტემა, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს და აწონასწორებს რეგიონის ყველა ქვეყნის, მათი ტრანსნაციონალური პარტნიორებისა და პროდუქციის პოტენციური მსოფლიო მომხმარებლების ინტერესებს.

აი, აქ კი, კლონდაიკთან შედარება, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლებს, იმიტომ, რომ ასეთი თანამშრომლობა ვერ იგუებს „ოქროს ციებ-ცხელებას“ მისი ხარჯებითა და მსხვერპლითურთ.

„აბრეშუმის გზის სტრატეგია“ ითვალისწინებს ისეთ დახმარებას სამხრეთი კავკასიისა და ცენტრალური აზიისადმი, რომელიც სტიმულს ანიჭებს რეგიონის სახელმწიფოების დემოკრატიზაციას და დამოუკიდებლობის დამკვიდრებას. ასეთი გახლავთ აშშ კონგრესში შეტანილი სენატორ სემ ბრაუნბეკის და მისი კოლეგების კანონპროექტი. მისი მიზანმიმართულება ემთხვევა ევროკავშირის პროექტებს. „სტრატეგიის“ ერთ-ერთი პროექტანტი, სენატორი ჰეიგელი, ამჟამად ამ დარბაზში იმყოფება. ვსარგებლობ შემთხვევით და მისი სახით მივესალმები თანამედროვეობის აბრეშუმის გზის ყველა „სტრატეგოსსა“ და მშენებელს, იაპონიის, ჩინეთისა და სხვა იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, ააშენონ XXI საუკუნის ეს დიადი ჰაივეი. მაგალითად, იაპონიის მთავრობამ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებისა.

აი, მაგალითი საერთო გამარჯვებისაკენ მიმსწრაფი „ერთიანი გუნდის“ თანამოქმედებისა. ასეთი „თამაშის“ მოდელი აუქმებს და ისტორიის არქივში აბარებს XIX საუკუნის „დიდი თამაშის“ წესებს, როდესაც ორი მტაცებელი იმპერია ერთმანეთს უღრენდა, რათა ხელიდან არ გაეშვა კონტროლი ცენტრალური აზიის, ინდოეთის სუბკონტინენტის ამ სტრატეგიული კარიბჭისადმი.

დრო შეიცვალა. ღრენა დასრულდა. იმიტომ, რომ იმპერიები აღარ არსებობენ. მაგრამ, დარჩა ფანტომური ტკივილი, რომელიც დროდადრო თავს გვახსენებს ხოლმე.

ჩემი ქვეყნის ისტორიული სტრატეგია დღესაც რუსეთთან პარტნიორობაზეა ორიენტირებული. ეს დიდი სახელმწიფო ევრაზიას ეკვრის აღმოსავლეთიდან დასავლეთით და ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ეს გარშემოკვრა, წარსულში არცთუ იშვითად, სასტიკი, მაგრამ ზოგჯერ სასიკეთოც, რომელიც თან გვბორკავდა და თან მსოფლიო ისტორიისა და კულტურის მდინარებაში გვრთავდა, - შესუსტდა და დამთავრდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მაგრამ მიზიდულობა დარჩა, საერთო ბედის, კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის და ერთიანი ეკონომიკური ინტერესების მიზიდულობა. და არც ერთი ჩვენგანი, ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა არც ერთი ლიდერთაგანი, საღ ჭკუაზე მყოფი, ისტორიული მეხსიერებისა და პოლიტიკური პრაგმატიზმის მქონე, არ იზრახავს ძველის ნაცვლად ახლა ვინმე სხვას ჩაეკონოს გულში. უბრალოდ, ჩვენ გვინდა, გამოვიყენოთ თავისუფლების ყოველი შანსი საკუთარი სახელმწიფოებისა და ხალხების გასავითარებლად, მათი დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. დასახმარებლად გამოწვდილ არც ერთ ხელს, მათ შორის, „მოსკოვის ხელს“, ჩვენ არ უკუვაგდებთ, პირიქით, მაგრად შევაგებებთ ჩვენს მარჯვენას, - გაცილებით უფრო მაგრად, ვიდრე თავისუფლობისა და იძულების დროს.

მაგრამ ამპუტირებული იმპერიული ფუნქციის ფანტომური ტკივილი იმპერიის ზოგიერთ მომხრეს აიძულებს, ატეხოს ერთი ვაი-უშველებელი რუსეთის ინტერესის შელახვის გამო, რუსეთის ყოფილი სამხრეთი პერიფერიიდან გამოდევნის გამო.

ჩემი კონტრარგუმენტი: ამ პერიფერიის აყვავება და სტაბილურობა სიკეთეა თვით რუსეთისათვის. სიკეთეა მისი საქმიანი სამყაროსათვის, რომელსაც მიენიჭა დიდებული შესაძლებლობა ხელსაყრელი თანამონაწილეობისა ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაში. სიკეთეა ეთნიკური რუსებისა და რუსულენოვანი მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ეს გიგანტური მშენებლობა მისცემს ახალ სამუშაო ადგილებს და მაღალ ხელფასებს. გარდა ამისა, ამჟამად, კონფლიქტებით გადაკეტილი მაგისტრალების გახსნა უშუალოდ ჩართავს რუსეთის გიგანტურ სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალს დიდი აბრეშუმის გზის სატრანსპორტო ქსელში, მისი აღმოსავლეთ-დასავლეთის გეზი არ არის ერთადერთი. მისი სტრატეგია მიზნად ისახავს გადაზიდვის განუხრელ ზრდას სამხრეთიდან ჩრდილოეთით და ჩრდილოეთიდან სამხრეთით, იქ, სადაც რუსეთის სატრანსპორტო-სატრანზიტო და ენერგომომპოვებელი როლი გადამწყვეტი გახდება.

მთელი ძალებისა და საშუალებების კოოპერაცია აბრეშუმის გზის ინტენსიური და მაღალმომგებიანი ექსპლუატაციის წინამძღვარია.

ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მცირედი მონაკვეთია ამ გზისა. მცირედი, მაგრამ - საკვანძო. შემთხვევითი არ გახლავთ ის გარემოება, რომ მის გამო საუკუნეების მანძილზე თავს აკლავდნენ ერთმანეთს ძლიერნი ამა ქვეყნისანი. სწორედ ეს გახლდათ მისი ისტორიული მისია - ყოფილიყო ყველა დროის ყველაზე მოკლე სავაჭრო და სამხედრო გზებზე კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარე ბრძოლის ველი. ამჟამად, იგი იძენს ახალ ისტორიულ ფუნქციას - ხდება აზიისა და ევროპის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შემაკავშირებელი, საიმედო, პოლიტიკურად უსაფრთხო და ეკონომიკურად ყველაზე ეფექტიანი რგოლი.

თავის ამ ახალ ფუნქციას საქართველო განასახიერებს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება ამიერკავკასიის სამი და ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოს, უკრაინისა და მონღოლეთის გაერთიანებული ძალისხმევით, და ჩინეთის, მოლდავეთისა და სხვა ქვეყნების დაინტერესებული მონაწილეობით. ჩვენთვის, სენატორ ბრაუნბეკის სიტყვით რომ ვთქვათ, ეს არის კეთილი იმედის, ხოლო პოტენციური მოსარგებლეებისათვის - სწრაფი წარმატების დერეფანი.

თავად განსაჯეთ, ცენტრალური აზიის შუა წერტილიდან საქართველოს ტერიტორიის, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გავლით ევროპის შუა წერტილამდე მისასვლელი გზა ყველა სხვა გზაზე უფრო მოკლე და სწრაფია. ეს დერეფანი, რომლის სიგრძე სულ 2950 კილომეტრს შეადგენს, აღიჭურვება ყოველივე იმით, რაც ნორმალური ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. იქმნება მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემები, უმჯობესდება რკინიგზებისა და გზატკეცილების ინფრასტრუქტურა. ნავსადგურებში შენდება ახალი ტერმინალები. მიმდინარეობს ძველი ტერმინალების მოდერნიზაცია. მოქმედებს ამიერკავკასიის კონტეინერული ლოგისტიკ-ექსპრესი. სასიკეთო საინვესტიციო კლიმატის შექმნის მიზნით იხვეწება კანონმდებლობა ბიზნესისა და გადასახადის სფეროში. ჩვენი გადასახადები უცხოურ ინვესტიციებზე საკმაოდ დაბალია, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო დაიკლებს. გრძელდება საბაჟო სამსახურის მოდერნიზება და გამარტივება. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორში. ქვეყანაში შემოდის საზღვარგარეთის, მათ შორის, რუსეთის დიდი კაპიტალი. ტრანსფორმირდება სასამართლო სისტემა. მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ჩვენ ვახორციელებთ კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეფორმას. ქვეყანაში ხორციელდება საერთაშორისო-სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო ბანკის მიერ შემუშავებული „სტრუქტურული გარდაქმნების დაფინანსების გაფართოებული მექანიზმის“ და სტრუქტურული რეფორმების დაკრედიტების პროგრამები.

მე უკვე ყურში ჩამესმის ჩემი ოპოზიციის ხმები, რომ ეს გამოსვლა პოლიტბიუროსათვის წარდგენილ ანგარიშს უფრო ჰგავს, მაგრამ, ასეთი ანგარიშის ჩაბარებას პოლიტბიურო ნამდვილად არ მომიწონებდა.

თავს არ ვიქებ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ვამაყობ ასეთი შედეგებით. ექვსი წლის წინათ საქართველოს ყველაზე უარესი სასტარტო პირობები ჰქონდა ყველა ახალ სახელმწიფოს შორის. ორი ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი, ენერგობლოკადები, შეიარაღებული ბანდების თარეში, სამოქალაქო ომი, არაკომპეტენტური მმართველობა, საერთაშორისო იზოლაცია, გარეშე და შინაური ტერორიზმი - ამ ჯოჯოხეთური ანტიუტოპიის პირობებში კარგახსნილი სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა ყოვლად უნუგეშო ფანტასტიკურ უტოპიად გამოიყურებოდა, მაგრამ მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პოლიტიკას, როგორც შესაძლებლის ხელოვნებას, შეუძლია მიაღწიოს და მოვალეც არის მიაღწიოს შეუძლებელს, აკი, ჩვენც მივაღწიეთ.

სამი წელიწადია ზედიზედ, ჩვენში იზრდება მთლიანი შინაგანი პროდუქტი, საშუალოდ, 11 პროცენტით წელიწადში. მყარი ეროვნული ვალუტა ლარი - ფულის საფინანსო რეფორმის პირმშო - სტაბილურია ზომიერი ინფლაციის წინაშე, რომელიც წელიწადში 6-7 პროცენტს არ აღემატება. ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული კონსტიტუცია, გავმართეთ პრეზიდენტისა და პარლამენტის ღია თავისუფალი არჩევნები და გავიყვანეთ ქვეყანა თავისუფალი განვითარების სივრცეში, ეს, ჯერ კიდევ არ არის „ქართული სასწაული“, მაგრამ ჩვენ იმედიანად მივიწევთ მისკენ ჩვენი მეგობრების, უწინარეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიოს და ევროპის საფინანსო ცენტრების დახმარებითა და მხარდაჭერით, რომლის როლიც ჩვენს ტრანსფორმაციაში გადამწყვეტი გახდა. არა ტერორის, კონფლიქტებისა და ინტრიგების ექსპორტმა, არამედ თანაგრძნობისა და თანამონაწილეობის ექსპორტმა განგვაწყო ამ ქვეყნისადმი უდიდესი და დაუვიწყარი მადლიერებით. ხოლო, რაც შეეხება განვითარების დინამიკას, იგი უზრუნველყო თავისუფლებამ, სიტყვისა და აზროვნების თავისუფლებამ, პოლიტიკური არჩევანის თავისუფლებამ.

თავისუფლება ხომ უფართოესი ხელმისაწვდომი ალტერნატივებისაგან შედგება. საკმარისია, დაჰკარგო თუნდაც ერთი, რომ თავისუფლება განზე დაგრჩება.

ჩვენ არ გვინდა, ხელიდან გავუშვათ დიდი აბრეშუმის გზის ალტერნატივა, ეს არის ჩვენი შანსი, იმედი და მთავარი გზა მომავლისაკენ.

ჩვენ არა გვაქვს ენერგოშემცველები, რომლებითაც ასე მდიდარნი არიან კასპიისპირეთის სახელმწიფოები. თუმცა, ძიება გრძელდება. და არცთუ - წარუმატებლად. ჩვენ მრავლად გვაქვს კარგი ღვინო, რომელსაც არ ვაზავებთ წყლით, უხვად რომ გვაწვდიან მთის წყაროები. ჩვენი ჰიდრორესურსები - იაფი და ეკოლოგიურად ხალასი ენერგიის წყარო - ჯერჯერობით მხოლოდ 12 პროცენტით გამოიყენება, მაგრამ ჩვენ განზრახული გვაქვს გავხდეთ და გავხდებით კიდეც, ბევრი თქვენგანის მონაწილეობით, მისი დიდი ექსპორტიორები.

ჩვენ არა გვაქვს ნახშირწყალბადოვანი ენერგოშემცველები, მაგრამ გვაქვს ეროვნული ენერგია, გვყავს გამრჯე, გერგილიანი ხალხი, გვყვანან მაღალი კლასის მეცნიერები, ინჟინრები და მუშები, გვაქვს თანდაყოლილი ტოლერანტობა, - ეთნიკური და რელიგიური, ამ შემოდგომაზე აღვნიშნავთ იუბილეს - საქართველოს მიწა-წყალზე ებრაელთა დამკვიდრების 26 საუკუნის იუბილეს. ისინი აქ დასახლდნენ ტაძრის პირველი ნგრევის შემდეგ. დღეს ჩვენთან და სხვა იმ ხალხებთან ერთად, რომელთა წარმომადგენლებმაც ღრმად გაიდგეს ფესვი ჩვენს მიწაში, ისინი აშენებენ ჩვენი საერთო მამულის ტაძარს.

ჩემმა ცხონებულმა მეგობარმა, კინორეჟისორმა თენგიზ აბულაძემ თავის ფილმში - „მონანიებაში“ თქვა, რომ მხოლოდ სწორ გზას მივყავართ ტაძრისაკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტაძრის გზა სწორედ დიდი აბრეშუმის გზა არის.

ბატონებო,

„ცივი ომის“ წლებში მე რეკლამას ვუწევდი „ვარსკვლავურ მშვიდობას“, როგორც „ვარსკვლავური ომების“ ალტერნატივას. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ მედისონავენიუელი პროფესიონალების ქება დავიმსახურე. ახლა მე რეკლამას ვუწევ საქართველოს, მის რეგიონელ მეზობლებს და მთელ რეგიონს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ თქვენგან არ მოველი ქებას. უფრო ზუსტად, მოველი არა ქებას, არამედ მხარდაჭერასა და დახმარებას, რომელიც გახდება კაცობრიობის ისტორიაში დიდი წვლილი მშვიდობის, აყვავებისა და სტაბილურობის საქმეში.

მჯერა, მოლოდინი გამიმართლდება.

მჯერა, რომ ათასწლეულების გასაყარზე „მსოფლიოს გზაჯვარედინები“ ყოველი ჩვენგანისათვის გახდება ქვეყნად უკეთესი მერმისის დამკვიდრების ძალისხმევის სასიკეთო გაერთიანების უსაფრთხო გზაჯვარედინი.

გმადლობთ.

დიდი აბრეშუმის გზა ევრაზიული იდეის მატერიალური ხორცშესხმაა, მისი თვალსაჩინო ხატი და სიმბოლოა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 4 ივნისი. - №136 (2836). - 1,3 გვ.

69 არნოლდ ჩიქობავა - ქართული ენის ქურუმი

▲ზევით დაბრუნება


რაც უფრო ახლოვდება ოცდამეერთე საუკუნე, მით უფრო ხშირად ვიხედებით უკან, მეოცე საუკუნის მოვლენებისა და პიროვნებებისაკენ, ვიხსენებთ, ვცდილობთ, მიუდგომლად შევაფასოთ შორეული თუ უახლოესი მოვლენები, რათა ახლა უკვე თავისუფლად, ყოველგვარი უტოპიური თეორიებისა და თავსმოხვეული სქემების გარეშე ითქვას, როგორ ვცხოვრობდით ამ რთულსა და ხშირად ტრაგიკულ, მაგრამ მაინც საინტერესო და, რაც მთავარია, საქართველოსთვის თავისუფლების მომტან საუკუნეში.

ადამიანსა, და ერს ხომ მით უფრო, ყოველთვის სჭირდება წარსულის შეფასება, რათა ავს ავი უწოდოს და კარგს კარგი, რათა მართალი იყოს თავისი თავის, სხვებისა თუ ღვთის წინაშე და წინ გადადგას ნაბიჯი.

ამ თვალსაზრისით, ბევრი გვაქვს მოსაძიებელი, გამოსაქვეყნებელი, შესაფასებელი და გასაანალიზებელი.

არა მხოლოდ უკანასკნელი პერიოდის მოვლენები და პიროვნებებია შეუფასებელი, არამედ მთლიანად მეოცე საუკუნის ის მოვლენები და პიროვნებანი, რომელთაც შექმნეს ეს საუკუნე.

ეტყობა, დადგა დრო, შეფასდეს ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ბოლო ათწლეულის მოვლენები, არამედ მეოცე საუკუნის საქართველოს ის ყოველი დღე და წამი, რომელთა ხასიათი განსაზღვრა არა მხოლოდ მსოფლიოში, რუსეთსა და კავკასიაში მიმდინარე ობიექტურმა მოვლენებმა, არამედ სუბიექტურმაც.

ეს საუკუნე მდიდარია მოვლენებითაც და პიროვნებებითაც, მათ შორის ქართველებით, რომელთაც ადამიანური საქმიანობის სხვადასხვა სფეროს დიდი კვალი დააჩნიეს და კარგა ხნით განსაზღვრეს კიდეც მისი განვითარების ხასიათი.

ამჯერად მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა დიდ მეცნიერსა და გამორჩეულ პიროვნებაზე, რომელმაც საქართველოში დაბადებულ ორ დიდ პიროვნებასთან ერთად კარგა ხნით განსაზღვრა საბჭოთა კავშირში ზოგადი ენათმეცნიერების (და მნიშვნელოვნად სხვა „მეცნიერებების“) განვითარების გზები ყველა თავისი დადებითი თუ უარყოფითი შედეგებით.

აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა მყავს მხედველობაში და საქართველოში დაბადებული მეორე დიდი მეცნიერი, აკადემიკოსი ნიკო მარი, რომელთა პაექრობა გასცილდა მეცნიერული პაექრობის ფარგლებს და საქართველოში დაბადებული მესამე დიდი პიროვნების იოსებ სტალინის ჩარევით სახელმწიფო მასშტაბის მოვლენად იქცა.

თუ საქმეს ვიწრო მეცნიერული კუთხით მივუდგებით, ამ სამეულიდან ორი, მესამეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დიდი მეცნიერი და არაორდინალური პიროვნება გახლდათ, დიდად განათლებული და დიდად ნიჭიერი და მათი ნააზრევისა თუ მათი სახელების გარშემო დავა დღესაც მიდის, თუმცაღა, სამწუხაროდ, ისევ ძველი, არასასურველი პრინციპით: „ან“... „ან“.

ასეთი მიდგომა არაა მართებული.

არც მეცნიერება და არც ხელოვნება სპორტი არაა, სადაც პირველი ადგილი მხოლოდ ერთს ეკუთვნის.

ნიკო მარი და არნოლდ ჩიქობავა უდიდესი მეცნიერები იყვნენ თავისი მნიშვნელოვანი აღმოჩენებითა და შეცდომებით. მეცნიერებისათვის ერთიც ანგარიშგასაწევია და მეორეც. უბრალოდ, უნდა შეგვეძლოს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე შევაფასოთ ორივეს წვლილი, როგორც ზოგადად ენათმეცნიერებაში, ისე კონკრეტულად, ქართული კულტურის კვლევაში.

მე პირადად ვიცნობდი ბატონ არნოლდს, ჩვენ ერთმანეთთან თანამშრომლობის ბევრი წელი გვაკავშირებდა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, მისი ცხოვრების ჩემთვის, ისევე როგორც მთელი საქართველოსთვის, ქვეყნისა და მეცნიერების უანგარო მსახურების იშვიათი მაგალითი იყო.

მეგრელი გლეხიკაცივით უაღრესად კორექტული, ღვთით ბოძებული ნიჭით გამორჩეული, თავდაუზოგავად მშრომელი, მიზანმიმართული, ქვეყნისა და საქმის ერთგული, სამაგალითოდ პატიოსანი, შორსგამხედი და სამართლიანი - ასეთად ჩამრჩა იგი მეხსიერებაში. ჩემის აზრით, იგი ქართველი კაცის ჭეშმარიტი ეტალონი გახლდათ.

ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ თავისი გამორჩეული თვისებებით არნოლდ ჩიქობავა გამონაკლისი სულაც არ იყო იმ დიდ ქართველთა პლეადაში, ახლად დაარსებულმა თბილისის უნივერსიტეტმა რომ მისცა ქვეყანას. ეს იყვნენ უნივერსიტეტის პირველი სტუდენტები, პირველი ასპირანტები და პირველი პროფესორები მეცნიერების სხვადასხვა დარგში, ჩვენი გონიერი და გამრჯე გლეხის შვილები, აზნაურიშვილები თუ თავადიშვილები, რომელთაც ქართული მეცნიერება ერთბაშად აიყვანეს მსოფლიო დონეზე.

ამ პერიოდის კულტურული აფეთქება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი მიზეზებისა და შედეგების საგანგებო კვლევა უდავოდ ღირს, რადგან თავისუფლების ჰაერმა მაშინ საარაკო იმპულსი მისცა ჩვენი ერის ნიჭს. თბილისის უნივერსიტეტის მაშინდელმა პროფესურამ და მათმა სტუდენტებმა ხომ ათწლეულების მანძილზე განსაზღვრეს ჩვენი სამეცნიერო და საგანმანათლებლო დონე.

ეს კი მსოფლიო დონე გახლდათ.

ამ ინტელექტუალურ ელიტაში არნოლდ ჩიქობავას წამყვანი ადგილი ეჭირა.

ისიც მინდა ვთქვა, რომ არნოლდ ჩიქობავას მეცნიერული თუ მოქალაქეობრივი ინტერესები მარტო საქართველოს მასშტაბით და ქართული ინტერესებით არ იყო შემოფარგლული, რადგან იგი უნიკალური მეცნიერი და კიდევ უფრო უნიკალური პიროვნება იყო, რომელმაც დაიპყრო კავკასია ომებისა და შეტაკებების გარეშე.

დღეს, როდესაც სახელმწიფოს მთელი მცდელობა იქითკენ არის მიმართული, რომ ერთა შორის ჩატეხილი ხიდები აღადგინოს, ადამიანური ტკივილები მოაშუშოს და კავკასიური მთლიანობის იდეა რეალობად აქციოს, დიდი მეცნიერის არნოლდ ჩიქობავას მაგალითი შესასწავლია, რათა მივბაძოთ მას ჩვენი შეძლებისა და შესაძლებლობების ფარგლებში.

მან უდიდესი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ კავკასიის „არა მარტო ენათმეცნიერების, არამედ საზოგადოდ მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე“ (პროფ. აფთი თიმაევი. ჩეჩნეთ-ინგუშეთი).

ყოველივე ამას მან მიაღწია არა მარტო თავისი შრომებით, არამედ იმ თავისი მოწაფეებითაც, რომელნიც მრავლად ჰყავდა საქართველოსა თუ ჩრდილოეთ კავკასიაში და რომელთაც ასეთივე პათოსით გააგრძელეს მოღვაწეობა თავისი მოძღვარის გარდაცვალების შემდეგ.

ახლა, როდესაც ქვემეხები ისევ ცდილობენ ლაპარაკს და ადამიანთა ხმის ჩახშობას, სწორედ მათ უნდა თქვან თავისი სიტყვა.

რადგან ახლა ჩვენ კავკასიურ სახლს რომ ვაშენებთ, სწორედ იმ ბალავარზე ვაშენებთ, რომელიც არნოლდ ჩიქობავამ ამოიყვანა ქართულ-კავკასიური მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის საფუძველზე.

ბოლოსდაბოლოს მას უყვარდა არა მხოლოდ თავისი საქმე, არამედ ის ხალხიც, ვის ენასაც იკვლევდა, ვისაც კადრს უზრდიდა, ვისაც მეცნიერებას უქმნიდა.

იგი მარტო თავისი ნიჭით და ცოდნით კი არ იყო ძლიერი, არამედ ამ სიყვარულითაც.

სწორედ ეს სიყვარული გვაკლია დღეს და ეს სიყვარული უნდა ვისწავლოთ მისგან, რათა საქართველო კვლავ იქცეს კავკასიის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურულ ცენტრად, სიყვარულისა და მშვიდობის ქვეყნად.

1950 წელს დაიწყო გამოსვლა დიდმა ქართულმა მრავალტომეულმა „ქართული ენის განმარტებითმა ლექსიკონმა“. ეს იყო დიდი და საშვილიშვილო საქმე, რომელიც არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით წამოიწყეს და განასრულეს არანაკლებ დიდმა ქართველმა ენათმეცნიერებმა.

ბატონ არნოლდის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ უკუფენს ენისა და - ენის მეშვეობით - კულტურის მდგომარეობას; ამდენად, იგი ეპოქის დოკუმენტია“, მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის დოკუმენტი.

ამ ლექსიკონის თაობაზე დიდი უცხოელი ქართველოლოგი ჰანს ფოქტი წერდა: „ იგი დაიჭერს ფრიად მნიშვნელოვან ადგილს ჩვენი დროის ერთენოვან ლექსიკონებს შორის, ეს არის ძეგლი, აღმართული მისი ენისა და მისი ძველი, ათასხუთასწლოვანი ლიტერატურის სადიდებლად და საამაყოა მათთვის, ვინც ჩაიფიქრა ეს სასიქადულო საქმე და ვინც განახორციელა იგი“.

სავსებით სამართლიანად წერდა ამ ლექსიკონის თაობაზე ასევე დიდი მეცნიერი აკაკი შანიძე - „ყველაზე დიდი საქმე, რაც არნოლდ ჩიქობავას სამეცნიერო მოღვაწეობას ამშვენებს, ეს არის მისი მეთაურობით წამოწყებული რვატომიანი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, რომელიც დიდი შენაძენია ქართული ენათმეცნიერებისა და ქართველი ერისა.“

ორმოცდაათი წლის წინ გამოიცა ამ ლექსიკონის პირველი ტომი და, ეტყობა, დადგა მისი ხელახალი გამოცემის დრო. არნოლდ ჩიქობავასადმი ყველაზე დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება სწორედ ეს იქნებოდა.

ასევე, როგორც ჩვენი დიდი ენათმეცნიერების უმთავრესი საქმის ლოგიკური გაგრძელება იქნება, თუ ამ ლექსიკონის საფუძველზე ქართული ენის ყოველი ასპექტის მეცნიერული კომპლექსური კვლევის დიდ გეგმას დავისახავთ და განვახორციელებთ.

ჩვენი დიდი წინაპრები ჩვენგან მეტს არაფერს მოითხოვენ. ეს მათთვის ყველა ძეგლზე მაღალი ძეგლი იქნებოდა.

ქართული ენისადმი უერთგულესი მსახურება არნოლდ ჩიქობავასათვის მხოლოდ დიდი მეცნიერების სამსახურში არ გამოიხატებოდა, არც დიდ პედაგოგობაში, არც დიდ მოქალაქეობაში, რაღაც სხვას, განსაკუთრებულს ითხოვდა მისი რწმენა. ალბათ, სწორედ რწმენა, რადგან მისი წინადადება, ქართული ენის დღის დაარსების თაობაზე, სცილდებოდა მეცნიერებას და უკვე რიტუალურ ქმედებას ითვალისწინებდა.

თავის ერთ-ერთ წერილში არნოლდ ჩიქობავამ მეტად მნიშვნელოვანი და დღეგრძელი იდეა წამოჭრა: „განა ბუნებრივი არ იქნებოდა, გვქონოდა ქართული ენის დღე, იმ ენის დღე, ურომლისოდაც რუსთაველის, ილიას, აკაკის, ვაჟას ზარები... არ იგუგუნებდნენ?“

სწორედ ამიტომ, ენის დღის სადღესასწაულო რიტუალში ჩვენ არნოლდ ჩიქობავასაც მივაგებთ უდიდეს პატივს - ქართული ენის ქურუმსა და თაობათა აღმზრდელს ამ ენის სიყვარულითა და პატივისცემით.

რაკიღა სიტყვამ მოიტანა, რაკიღა მისი აღზრდილები დღესაც მის მაგალითს ერთგულად მისდევენ, უნდა ვთქვა, რომ არნოლდ ჩიქობავას მათთან განსაკუთრებული და, ამავე დროს, ქართული ტრადიციებით ნაკარნახევი ფაქიზი დამოკიდებულება ჰქონდა. ფრთხილად, თავმომწონე ახალგაზრდის თავმოყვარეობის შეულახავად ეხმარებოდა თავის სტუდენტებსა და ასპირანტებს, და ამავე დროს, მათვე უკომპრომისოდ წვრთნიდა. აქ მან შეღავათის მიცემა არ იცოდა. „ჩვენ უნდა აღვზარდოთ ისეთი ახალგაზრდობა, რომელიც მოვა არა იმისათვის, რომ იმსახუროს მეცნიერებაში, არამედ იმისათვის, რომ ემსახუროს მეცნიერებას“... - წერდა იგი.

მეცნიერებასა და მის მსახურებაზე არნოლდ ჩიქობავას კი თავისი პრინციპული აზრი ჰქონდა, რომელიც იქნებ სულაც არ იყო მისი აღმოჩენა, მაგრამ როგორც კაცი და როგორც მეცნიერი, იგი სიცოცხლის ბოლომდე ამ პრინციპების შესაბამისად ცხოვრობდა: „ჭეშმარიტებას ვინც ეძებს, ჭეშმარიტების უკომპრომისო დამცველიც უნდა იყოს“ და „მეცნიერი შეიძლება შეცდეს, ეს სამწუხარო იქნება, მაგრამ არ შეიძლება, შეუწყნარებელია, მეცნიერი ტყუოდეს, ეს სამარცხვინო იქნებოდა, ამით კავშირი მეცნიერებასთან სამუდამოდ გაწყდებოდა“...

არნოლდ ჩიქობავამ, სენაკის ბაზრის სოფელ საჩიქობაოში დაბადებულმა გლეხის ბიჭმა, შორს გაუთქვა სახელი არა მარტო თავის სოფელსა და კუთხეს, არა მარტო მთლიან საქართველოს, არამედ ჩრდილო კავკასიის იმ ხალხებსაც, რომელთა ენებიც მან თანამედროვე ენათმეცნიერების არეალში მოაქცია და ბევრ რამესაც თავად დაარქვა სახელი.

ასეთი ადამიანები ყოველთვის სჭირდება ერს საამაყოდ და სამაგალითოდ.

თბილისი. 2.06.98

არნოლდ ჩიქობავა - ქართული ენის ქურუმი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 4 ივნისი. - №136 (2836). - 1,5 გვ.

70 ახალი მსოფლიო მოწყობისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

▲ზევით დაბრუნება


გუშინ იალტაში მუშაობა დაამთავრა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტმა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

ტრადიციისამებრ - ინტერვიუ პრეზიდენტთან თვითმფრინავის სალონში.

„საქართველოს რესპუბლიკა“: - 50-ზე მეტი წლის წინათ ყირიმის კონფერენციაზე, იალტაში ზესახელმწიფოების ლიდერებმა სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ომისშემდგომი მსოფლიოს მოწყობის შესახებ. სამწუხაროდ, ეს იდეა არ განხორციელდა. დღეს, იალტაში ხელმოწერილი დოკუმენტები შეიძლება თუ არა განვიხილოთ, როგორც მეოცე საუკუნის ბოლოს ახალი მსოფლიოს მოწყობის ერთი სერიოზული შემადგენელი ნაწილი?

- მე მგონი სწორედ ასე უნდა განვიხილოთ. მართალია, აქ ერთ რეგიონზეა ლაპარაკი, მაგრამ ამ მასშტაბშიც გარკვეულ სტანდარტებამდე მივდივართ. ეს იმას ნიშნავს, ქვეყნების, რომლებმაც „ბისეკის“ წესდებას და დეკლარაციას მოაწერეს ხელი, მოძრაობას, ინტეგრირებას მსოფლიო სტრუქტურებისა და ევროპული სტრუქტურებისაკენ მათ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს სწორედ ახალი მსოფლიოს მოწყობისაკენ.

რაც შეეხება მაშინდელ იალტას, მე და ბულგარეთის პრეზიდენტი მიგვიყვანეს ლივადიის სასახლეში. ვნახეთ ის ისტორიული დარბაზი, სადაც ის ისტორიული კონფერენცია გაიმართა. მე წილად მხვდა სტალინის სავარძელი, ის ჩერჩილის სავარძელში ჩაჯდა, მესამე არავინ იყო, რუზველტის ადგილი რომ დაეკავებინა.

„ბისეკის“ ეს სამიტი თავისთავად დიდი მოვლენაა შავი ზღვისპირა ქვეყნების თანამშრომლობის, ურთიერთობის ახალ ეტაპზე, ახალ ხარისხში აყვანის თვალსაზრისით.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ შემავალი ბევრი ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრიც არის და, ამავე დროს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობისაც. ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ ცალკეულ ქვეყნებსა და ჯგუფებს შორის კონკურენციიდან გადავდივართ უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე.

თქვენ მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა გამოსვლას წითელ ხაზად მიჰყვებოდა აზრი, რომ ამ აუზის ქვეყნების ეკონომიკური განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული კონფლიქტების მოგვარებასთან და მოწესრიგებასთან. ამ თვალსაზრისითაც იალტის სამიტი ახალი ეტაპია და ახალ სტადიაზეც შეიძლება ლაპარაკი.

„მოამბე“: - 1996 წელს თქვენ განაცხადეთ, რომ „ბისეკი“ განზე დგას მსოფლიო მნიშვნელობის პროცესებისაგან. დღეს როგორი პერსპექტივა ისახება ამ თვალსაზრისით?

- „ბისეკის“ მიზანი, უწინარეს ყოვლისა, როგორც წესდებაში და დეკლარაციაში ჩაიწერა, ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. მაგრამ ეკონომიკური განვითარება არ მოხდება, თუ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ჭერი არ ექნება ამ მიმართულებით მოძრაობას. ჩემმა შეხვედრებმა, შევხვდი კი ყველა პრეზიდენტს მუშაობის პროცესში და ცალ-ცალკე, დაადასტურა, რომ არის ძალიან დიდი სურვილი და პოლიტიკური ნება იმისა, რომ ამ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს. ყველა დარწმუნებულია, რომ კავკასიას, კასპიისპირეთს, შავი ზღვისპირეთს აქვს უზარმაზარი მომავალი თავისი რესურსებით, ინტელექტუალური პოტენციალით, წარსულით თუ აწმყოთი, ოღონდ ეს მომავალი იქნება გარანტირებული მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებში. მე ვფიქრობ, რომ ამას დაპირისპირებული მხარეებიც კი იგებენ უკვე.

მაგალითად, ჩემი აზრით, საინტერესო იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა, სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, შემდეგ - ჩემი საუბარი მათთან, იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს გარკვეული როლი შეუძლია შეასრულოს ამ ქვეყნების დაახლოება-დაკავშირებაში.

განვიხილეთ ისეთი საკითხიც, როგორიცაა „ტრასეკას“ ქვეყნების ფართომასშტაბიანი კონფერენცია, სამიტის გამართვა ბაქოში. მე არ გამოვრიცხავ, რომ იქ სომხეთის ძალიან მაღალი რანგის დელეგაცია ჩავიდეს და, შეიძლება, ეს ბევრი და დიდი ცვლილების დასაწყისი იყოს.

იმ შეხვედრებიდან, რომლებიც იალტაში მქონდა, ყველა მნიშვნელოვანი იყო თავისთავად.

პრეზიდენტ დემირელთან შეხვედრის დროს ჩვენ დავადასტურეთ, რომ ორივე ქვეყანა კვლავ ჩვეული ენერგიით გააგრძელებს ზრუნვას მაგისტრალების მშენებლობისა და განვითარებისათვის, მათ შორის, რკინიგზის მაგისტრალის. მას ეჭვიც არ ეპარება, რომ დიდი ნავთობი აუცილებლად საქართველოზე გაივლის.

ძალიან საინტერესო იყო საუბარი პრეზიდენტ კუჩმასთან. იგი დიდად არის დაინტერესებული შავი ზღვისა და კასპიისპირა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებით. საქართველო აქაც საკვანძო ქვეყნად წარმოგვიდგება.

რაც შეეხება ბულგარეთის, რუმინეთის პრეზიდენტებთან საუბარს, უნდა გითხრათ, რომ ივლისის პირველ რიცხვებში საქართველოში სტუმრად ჩამოვა რუმინეთის პრეზიდენტი და ძალიან ბევრი სერიოზული საკითხი გვექნება გადასაწყვეტი.

ჩემი და ჰეიდარ ალიევის შეხვედრა ტრადიციულია. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი თანამშრომლობის კურსი როგორც გაზსადენების, ასევე ნავთობსადენების მშენებლობისა და განვითარების საქმეში.

ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია ჩემი საუბარი სომხეთის პრეზიდენტთან რობერტ კოჩარიანთან.

რაღაც პატარ-პატარა გაუგებრობებს აქვს ადგილი - ხან ჩვენთან, ხან იქ გამოვა რომელიმე მოღვაწე, ეჭვქვეშ დააყენებს ჩვენი ორი ხალხის ურყევ მეგობრობას... ჩვენ ორთავე შევთანხმდით, რომ არც ერთი პრეზიდენტი და არც მეორე არ აჰყვება არავითარ პროვოკაციულ გამოსვლას, რომ ჩვენი ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არის ზოგიერთი დეტალი, რომელსაც მოგვარება სჭირდება: თქვენ იცით, რომ ძირითადი ტვირთები სომხეთში საქართველოდან მიდის. მათ აქვთ პრობლემები ტარიფებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ჩვენ თუ გადავხედავთ ტარიფებს, ტვირთების რაოდენობა შეიძლება გაორმაგდეს და გასამკეცდეს და გაცილებით მეტი შემოსავალიც მივიღოთ.

ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა სერგეი კირიენკოზე. ჯერჯერობით იგი ღრმად არ არის ჩახედული ჩვენს კონფლიქტებში, მაგრამ დამეთანხმა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. იგი მზად არის, როგორც კი ცოტას მოიცლის, საქმის კურსში შევა, ჩამოვიდეს საქართველოში.

მან დამიდასტურა, რომ სოხუმშია დაბადებული და ქართულ სკოლაში სწავლობდა. თუმცა არ მიკითხავს - იცის თუ არა ქართული. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა - საქმიანი, ნორმალური და კეთილი ახალგაზრდა კაცია, რომელიც განწყობილია პრობლემების გადასაჭრელად.

პრეზიდენტებთან შეხვედრებზე საუბრისას ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა ლეონიდ კუჩმას განსაკუთრებული სითბო და ყურადღება საქართველოს პრეზიდენტისა და დელეგაციის, მეგობრული გრძნობა ქართველი ხალხის მიმართ. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ედუარდ შევარდნაძე ერთადერთი, იყო ვინც აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპამდე გამოაცილა.

„საქართველოს რესპუბლიკა“: - გალის თემას ხომ არ შეხებიხართ?

- გალის თემა თითქმის ყველა საუბრის დროს იყო. მე დამახვედრეს კუჩმას გამოსვლა გაზეთში, მისი სპეციალური განცხადება გალში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით. მან კატეგორიულად განაცხადა, რომ მხარს უჭერდა და მხარს უჭერს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინა ყოველთვის მზად არის ჩაერთოს გაეროს ეგიდით მიმდინარე პროცესებში.

მან თვითონ გამოიჩინა ინიციატივა და მთხოვა, უფრო აქტიურად ვთხოვოთ გაეროს უკრაინის ჩართვის შესახებ სამშვიდობო პროცესში, სამშვიდობო ძალებში მონაწილეობაში. ეს პერსპექტივა საკმაოდ კარგად ჩანს: თუ სამშვიდობო ძალები მომავალშიც დარჩებიან, ისინი, ალბათ, უფრო კოლექტიური ძალები იქნება - არა მარტო რუსეთის მონაწილეობით, არამედ თანამეგობრობის ქვეყნებისა და, შეიძლება, უფრო შორეული ქვეყნებიდანაც.

ყველას აინტერესებდა, რა მოხდა გალში, ყველას მიაჩნია, ბევრმა თავისი ინიციატივით აღნიშნა ჩემთან საუბრისას, რომ საქართველოს გადაწყვეტილება - არ ჩართულიყო დიდ საომარ ოპერაციებში, იყო ერთადერთი სწორი, ბრძნული გადაწყვეტილება, რაც შეესაბამება ყველა ამ ქვეყნის კერძო ინტერესებს. ყველა დარწმუნებულია, რომ მშვიდობიანი მოგვარების გზა ერთადერთი და სწორია. თანდათანობით ყველა ქვეყანა ჩაერთვება პროცესში, რომელიც ჩვენი მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.

მოსკოვის მოლაპარაკება, როგორც ვიცი, არც თუ წარუმატებლად მიმდინარეობს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არა მაქვს, მაგრამ ზოგიერთ საკმაოდ რთულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. დარჩენილია კიდევ ბევრი სამუშაო. დაბრუნებისთანავე მეც ჩავერთვები. მოსალოდნელია ჩემი და არძინბას შეხვედრა, უწინარეს ყოვლისა, იმისათვის, რომ ლტოლვილთა ბოლო ტალღის საკითხები მოვაგვაროთ. თუ უსაფრთხო დაბრუნების საკითხი გადაწყდა, ჩვენი მეგობრების დახმარებით გამოვძებნით დაახლოებით 5-6 მილიონის საშუალებას ამ ხალხის დასახმარებლად სახლების აღდგენაში, კარ-მიდამოს მოწესრიგებაში და ასე შემდეგ.

უნდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად მუშაობს ბერეზოვსკი, იგი თბილისსა და სოხუმში იყო, ახლა მოსკოვშია და ორივე მხარეს ცალ-ცალკე ხვდება. დარწმუნებულია, რომ გარკვეული შედეგი იქნება.

ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა ის მოვლენები, რომლებიც ამ დღენახევარში მოხდა.

არმაზ სანებლიძე
„სრ“ სპეც. კორ.
იალტა-თბილისი.

ახალი მსოფლიო მოწყობისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 6 ივნისი. - №138 (2838). - 1,2 გვ.

71 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების 1998 წლის 5 ივნისის იალტის შეხვედრაზე

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო კოლეგებო,
ბატონებო,

დღეს ჩვენ გვმასპინძლობს უკრაინა - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის - ბისეკის ერთ-ერთი დამაარსებელი. ჩემი ქვეყნისა და პირადად ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი საგულისხმო საბაბი, გამოვხატო ჩვენი სიყვარული და პატივისცემა, აგრეთვე, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ კუჩმასა და მის კოლეგებს გულითადობისა და სტუმართმოყვარეობის, ჭეშმარიტად უკრაინული ატმოსფეროსათვის, ჩვენი შეხვედრის საუცხოო ორგანიზაციისათვის.

ეს შეხვედრა, რომელიც სათვალავით მეოთხეა, გარკვეულწილად შეიძლება პირველად ჩაითვალოს, ვიანიდან დღეიდან ბისეკი თავისი ისტორიის ახალ ფაზაში შედის.

ნება მიბოძეთ, ორიოდ სიტყვა ვთქვა მის დასაწყისზე.

ექვსი წლის წინათ, სტამბოლში ჩვენს პირველ შეხვედრაზე, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ბატონი სულეიმან დემირელი, ჩემი გამოსვლა დავასრულე ჰელასა და ფრიქსის ლეგენდით. ისინი ხსნას ეძებდნენ კოლხეთში, ანუ საქართველოში. „ახლა საქართველო, - ვთქვი მაშინ, - თავად ეძებს ხსნას შავი ზღვის კავშირში“.

ჩემთვის ის დილა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ ცნობის მიღებით დაიწყო, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ კი, დაგომისში, პრეზიდენტ ელცინთან ერთად ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე მოგვიხდა მუშაობა.

მარტო საქართველო როდი გზავნიდა SOS სიგნალებს. კონფლიქტებსა და კრიზისს მოეცვა შავი ზღვის ათეულის მრავალი მონაწილე ქვეყანა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენი რეგიონი პირველ ადგილზე იყო მთელ მსოფლიოში.

როდესაც ძველ ტექსტებს ვფურცლავთ და გარდასულ ამბებს ვიხსენებთ, ამას თავშესაქცევად როდი ვაკეთებთ. მიზანი წმინდა პრაქტიკულია - შევაჯამოთ შედეგი და გამოვიტანოთ დასკვნა. აქ ჩამოსვლის წინ, სტამბოლის, ბუქარესტისა და მოსკოვის სამიტებზე გამოთქმული იდეებისა და წინადადებების ინვენტარიზაცია მოვახდინე. ისინი ძირითადად, ეხებოდა იმ საჭირბოროტო პრობლემებს, რომლებსაც მთლიანად რეგიონის ქვეყნები აწყდებოდნენ: ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ვაჭრობას, საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობას, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლას, ტერორიზმს, სხვადასხვა ქვეყნის მიერ ტერორისტთა შეფარებას. ბევრი რამ ითქვა ალიანსის საქმიანობის კოორდინაციასა და ევროკავშირთან, დსთ-სთან, ეკო-სთან, სხვა ორგანიზაციებთან მის ურთერთობაზე. ჩვენ ვაკრიტიკებდით ბისეკს რეგიონში მიმდინარე მოვლენების დინამიკისაგან ჩამორჩენისათვის, მასშტაბური, მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო და ენერგოგამტარი პროექტების რეალიზაციაში არასაკმარისად აქტიური მონაწილეობისათვის. ამოცანად დაისახა ბისეკის ტრანსფორმაცია სრულფასოვან საერთაშორისო რეგიონულ ორგანიზაციად.

ეს ამოცანა თითქმის გადაწყვეტილია. დღეს ჩვენ ამ მოვლენას დავაფიქსირებთ იალტის დეკლარაციის ხელმოწერით და ჩვენი ორგანიზაციის წესდების დამტკიცებით.

ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ზოგიერთი მიღწევით და ვუჩვენოთ ზოგი რამ მსოფლიოს, როგორც გაკვეთილი და მაგალითი.

ბისეკი არის პირველი რეგიონული ალიანსი, რომელიც ცივი ომის დამთავრების შემდეგ წარმოიშვა. ბიპოლარული სამყაროს მსხვრევას ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულებაში შემავალი გუშინდელი ანტაგონისტებისათვის არ დაუტოვებია სხვა ალტერნატივა, გარდა ახალი მსოფლწესრიგის გზების ერთობლივი ძიებისა. ბისეკის ჩამოყალიბებამ ცხადყო, რომ ეს შესაძლებელი ყოფილა.

შემდეგი გაკვეთილია თვით პროცესის ხასიათი. იგი ისევე ბუნებრივი იყო, როგორც ხის ზრდა-განვითარება, რომელიც ყოველ გაზაფხულზე იმატებს წლიურ რგოლებს. ხელოვნურად არავის არ დაუჩქარებია ეს პროცესი - მას განსაზღვრავდა ინტერესების ორმხრივი მიზიდულობა, მონაწილე ქვეყნების შინაგანი მოთხოვნილებანი, მისწრაფება, განესაზღვრათ თავიანთი ადგილი რეგიონსა და მსოფლიოში.

ბისეკი სულაც არ არის კარჩაკეტილი ვიწრორეგიონული ალიანსი. გეოგრაფიულადაც კი იგი ვრცელდება კარპატებიდან კურილის კუნძულებამდე და, გადის რა რუსეთიდან წყნარ ოკეანეში, ხოლო ბალკანეთიდან და კავკასიიდან - ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში, მით უფრო სჭირდება მაკოორდინებელი კონტაქტი ევროკავშირთან, დსთ-სთან და ევრაზიის სხვა გაერთიანებებთან. წინათ ასეთი კონტაქტი არ ყოფილა. ახლა, ვგონებ, წარმოიშვა, მაგრამ იგი განვითარებას მოითხოვს.

ახალი მსოფლწესრიგის არქიტექტურაში წამყვანი ელემენტები უშიშროება და ინტეგრაცია არის. ამ მეორე ელემენტში უმთავრესია მსოფლიო ვაჭრობა, რომლის ზონამ შეიძლება მოიცვას და უნდა მოიცვას კავკასია, ცენტრალური აზია, შავიზღვა-კასპიისა და წყნაროკეანის რეგიონები მათი გასვლით ევროპაში, ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მას უნდა მიჰყვეს მეორე, უფრო ფართო და დაჯერებული. ამ ნაბიჯს უკვე აქვს საყრდენი და საფუძველი - ახალი აბრეშუმის გზის პროექტი, რომელიც თვალდათვალ ხორციელდება.

გუშინწინ გახლდით ახალი ხიდის გახსნაზე, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბევრ სხვა ქვეყანას აკავშირებს. ძველს, მეთორმეტე საუკუნიდან წითელ ხიდად ცნობილს, ახალი ფუნქცია მიენიჭა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო კორიდორის (ტრასეკა) პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება. ტრასეკა აბრეშუმის გზის საკვანძო რგოლია. გზა სიცოცხლეაო, უთქვამთ ძველებს. ახალი სიცოცხლეა, დავსძენთ ჩვენი მხრივ. ახალი სახელმწიფოების მიერ არჩეულმა დამოუკიდებელი განვითარების გზამ მოითხოვა რეალური გზა დამოუკიდებლობისაკენ, და მათ იპოვეს ეს გზა. არა სხვების ხარჯზე და სხვების წინააღმდეგ, არამედ მაინტეგრირებელი მაგისტრალის ერთობლივი გაყვანით. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი ალიანსი დიდხანს იყო არა ამ გზაზე, არამედ გზისპირზე. ორი ზღვის რეგიონის საერთაშორისო ყურადღების ფოკუსში მოხვედრამ აიძულა ბისეკი გასულიყო ძირითად ტრასაზე და მთელი რიგი პერსპექტიული ინიციატივებით ჩაბმულიყო მუშაობაში. მაგრამ, ამ წყებაში კვლავინდებურად გვაკლია მთავარი კომპონენტი - ეკონომიკური თანამშრომლობის უსაფრთხოების პოლიტიკური უზრუნველყოფის მექანიზმი, ვინაიდან, უსაფრთხოება და კონფლიქტები დღესაც არის ის სცილა და ქარიბდა, რომელმაც შეიძლება ჩაძირონ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ხომალდი.

და არც ეს გახლავთ რიტორიკა, არამედ სიგნალი განგაშისა, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი.

ორი კვირის წინათ უდიდესი ძალისხმევის ფასად შევძელით აღგვეკვეთა ძალადობის ესკალაცია ჩვენს ქვეყანაში. ტერორიზმი და კონფლიქტები დამოკლეს მახვილად დაეკიდა თავზე იმ სამუშაოთა მთელ კომპლექსს, ნავთობის დამუშავებასთან და მრავალვარიანტიანი მილსადენებით ტრანსპორტირებასთან რომ არის დაკავშირებული. გარკვეული ძალები იყენებენ ძველ და აჩაღებენ ახალ კონფლიქტებს ამ პროექტის ჩასაშლელად. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ კონფლიქტოგენური ზონების დემილიტარიზაციისა და ამ ზონებში ალიანსის ქვეყნების ძალებით მშვიდობის შენარჩუნების საშუალებანი. შავიზღვისპირა-კასპიის თანამეგობრობის შემადგელობაც კი გვიბიძგებს უფრო აქტიური პოლიტიკური თანამოქმედებისაკენ რეგიონში ძირგამომთხრელი მოქმედების ექსცესებზე, უფრო ოპერატიული პოლიტიკური გამოხმაურებისკენ. თუ ჩვენ ვიზრუნეთ ბუნებრივი და ტექნოგენური წარმოშობის კატასტროფების თავიდან აცილებისათვის, მაშინ მით უმეტეს უნდა შევიმუშაოთ კონფლიქტური გენეტიკის კატასტროფების საწინააღმდეგო საშუალებათა კომპლექსი. ასეთი ზონები, დემილიტარიზაციის პარალელურად, უნდა ჩავაბათ ერთობლივი პროგრამების განხორციელებაში, ვიზრუნოთ ეკონომიკური პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისათვის.

ბატონებო,

ჩვენი შეხვედრის ადგილი აღვივებს ისტორიულ მეხსიერებას და თანამედროვეობის შეგრძნებისაკენ მოგვიწოდებს. ოდესღაც აქ ყალიბდებოდა მსოფლიო კლიმატი, რომელსაც „იალტის სულისკვეთება“ ეწოდა. იგი ცივ ომთან ერთად ჩაბარდა წარსულს და უკეთესი სამყაროს შესაქმნელად ჩვენ დაგვიტოვა სივრცე შეთანხმებული თანამშრომლობის ატმოსფეროს ფორმირებისათვის. ვფიქრობ, ასე ვმოქმედებდით და ვმოქმედებთ - იმ იალტის სულისკვეთებით, სადაც დღეს ვზეიმობთ შავი ზღვის თანამშრომლობის ახალი სრულფასოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის დაბადებას. მენდეთ, არც ეს არის რიტორიკა, არამედ გამოხატულება ჩვენი საერთო სიხარულის და მტკიცე გადაწყვეტილებისა, არ დავჯერდეთ მიღწეულს.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების 1998 წლის 5 ივნისის იალტის შეხვედრაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 7-8 ივნისი. - №139-140 (2840). - 1,3 გვ.

72 გალის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ოჯახებს

▲ზევით დაბრუნება


სამძიმარი

გალის რაიონში დატრიალებული უბედურება ქართველთა წინააღმდეგ წარმოებილი გენოციდი გაგრძელება იყო. ამ აქციის ორგანიზატორების სურვილი იყო საბოლოოდ ამოეძირკვათ ქართული ფესვი აფხაზეთის მიწიდან, მაგრამ მათ ბოროტ განზრახვას წინააღმდეგობა გაუწიეს სამურზაყანოელმა პატრიოტებმა.

ქედს ვხრი იმ გმირების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ასობით ადამიანი გადაარჩინეს და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს.

ედუარდ შევარდნაძე.
1998 წლის 7 ივნისი.

გალის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ოჯახებს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 9 ივნისი. - №141 (2841). - 1 გვ.

73 „რაც უფრო მაღალი იქნება ეკონომიკური განვითარების ტემპი, რაც უფრო გაფართოვდება მისი მასშტაბი, მით უფრო დაჩქარდება ხალხის კეთილდღეობის დონის ამაღლება, მით უფრო სწრაფად განმტკიცდება სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, მით უფრო ადრე დავბრუნდებით აფხაზეთში...“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
8 ივნისის რადიოინტერვიუ

- დღევანდელ რადიოინტერვიუს, ალბათ, კვლავ ეკონომიკის თემით დავიწყებთ, რადგან ბოლოდროინდელი, ხშირად ტრაგიკული მოვლენების ფონზე იგი თითქოს ყურადღების მიღმა დარჩა და მეორე პლანზე გადაინაცვლა. მით უმეტეს, რომ გასულ კვირაში საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს, ამ შემთხვევაში ევროპის კავშირმა, ვგულისხმობ ვან დე ბროკის სტუმრობას საქართველოში სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა თავისი არსებობის საკმაოდ მძიმე დღეებს განიცდის... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- საქართველოში ამ ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების მიუხედავად საგარეო და საშინაო ეკონომიკური ცხოვრება ჩვეული რიტმით მიმდინარეობს.

უფრო მეტიც: განვლილ კვირაში იგი გარკვეული გააქტიურებითაც კი გამოირჩეოდა. გრძელდება საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესში საქართველოს ჩართვის კურსი, რასაც იალტის სამიტში ჩვენი მონაწილეობაც ცხადყოფს. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საერთაშორისო რეგიონალურ ეკონომიკურ ორგანიზაციად ტრანსფორმირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი, მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ამასთანავე, ახლად მიღებული წესდება წევრი ქვეყნების განსხვავებული ეკონომიკური პირობებისა და ინტერესების შესაბამისად ითვალისწინებს თანამშრომლობის ისეთ განვითარებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება და არ ზღუდავს მათს ინტეგრაციას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

წარმატებით გრძელდება ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების პროცესიც. თანადგომა და სოლიდარობა, რომელსაც ევროსტრუქტურები უწევენ საქართველოს, დადასტურდა საგარეო ურთიერთობის საკითხებში ევროკომისართან ბატონ ჰანს ვან დენ ბროკთან შეხვედრისას. პოსტკონფლიქტურ სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობისათვის ადრე გამოყოფილ თანხებს ევროკავშირმა გალიდან ლტოლვილებისათვის კიდევ 200 ათასი ეკიუ დაუმატა. სახსრების გამოყოფის ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

ეკონომიკურ გარდაქმნათა გზაზე საქართველოს წარმატებები, მისი, როგორც რეგიონის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყნის როლი, ევროკავშირს აძლევს საფუძველს განავითაროს ჩვენდამი დახმარებისა და პარტნიორობის არებული კურსი. აღსანიშნავია ტასისის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც მომავალში სასურველია ინვესტიციების მოზიდვაზე იქნეს ორიენტირებული. გადაწყვეტილია დამატებითი სახსრების გამოყოფა საპარტნიორო ფონდიდან. ვარაუდობენ ასევე სურსათით უზრუნველყოფის პროგრამის გაზრდასა და 1989-90 წლებში დამატებით ფინანსურ დახმარებას, კერძოდ, ევროკავშირისადმი ჩვენი დავალიანების რესტრუქტურიზაციისათვის სპეციალური პროგრამის ფარგლებში.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ევროკავშირის უდიდესი როლი „ტრასეკას“ პროექტის მხარდაჭერაში, მათ შორის, კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ხანდახან, სხვათა შორის, გაიგონებთ ასეთ საუბარს, მოვეშვათ, ბატონო, ამ გზაჯვარედინებს, ამ სატრანსპორტო მარშრუტებს, მოვეშვათ ნავთობსადენებს, გაზსადენებს და ასე შემდეგ. ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვეშვებით. ეს როლი თვით უზენაესმა მიანიჭა საქართველოს და მან უნდა შეასრულოს იგი.

- მახსოვს, ძალიან დიდ ხნის წინათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი გამოსვლისას თქვენ ბრძანეთ, ისტორიამ საქართველო გეოპოლიტიკურ ჯვარს აცვაო. თავისი მდებარეობის გამო ხდებოდა ეს და ამის გამო იყო საქართველო ყოველთვის მძიმე ვითარებაში, იგივე მომენტი შეიძლება გამოიყენოს ქვეყანამ საკუთარი ეკონომიკის გაძლიერებისა თუ პოლიტიკური სტაბილურობისათვის...

- აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით. ახლაც არის ძველის რეციდივები - კარგიც და ცუდიც.

ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი „ტრასეკას“ სახელობის ხიდის მშენებლობა, რომლის დათვალიერებისას ბატონმა ვან დენ ბროკმა მაღალი შეფასება მისცა სამუშაოთა მიმდინარეობის ტემპს. დიდი ნავთობის ტრანსპორტირებისა და ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის საკითხებთან კონტექსტით ძალზე აქტუალურია ევროკავშირის პროგრამა, „ინოგეიტში“ ჩვენი მონაწილეობა, რომელიც რეგიონში მილსადენების განვითარებას ითვალისწინებს.

ლტოლვილთა დახმარების, ევრაზიის დერეფნის ამოქმედების და ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების თემები დომინირებდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის პესპექტივების განხილვისას კიდევ ორ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. მე უბრალოდ შევახსენებ ამას რადიომსმენელს, რადგან ყველა ვერ ადევნებს თვალს გაზეთს. ეს იყო შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარ მრჩეველთან ენერგეტიკის საკითხებში ბატონ იან კალიცკისთან და ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრებთან, რომელსაც სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი ბატონი სტივენ სესტანოვიჩი ხელმძღვანელობდა. საქართველოსადმი ამერიკის დახმარება, რომელსაც საარსებო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ყოველწლიურად იზრდება, წელს მისი მოცულობა 97,5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. აქედან რეფორმების მხარდაჭერისათვის გამიზნულია 21 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო ჰუმანიტარული დახმარება 16 მილიონ დოლარს აღემატება. მნიშვნელოვანია ამერიკელთა მონაწილეობა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამებშიც. საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გალიდან ლტოლვილთათვის გამოიყოს 5 მილიონი დოლარის ფინანსური, სხვა მნიშვნელოვანი დამატებითი დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება, - ლაპარაკია რეაბილიტაციის პირობებში.

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ახლახან მოუწოდა ქვეყნის საფინანსო ორგანიზაციებს მხარი დაუჭირონ ევრაზიის დერეფნის პროექტს და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ სფეროსათვის გათვალისწინებულ პროექტებში.

თქვენ მოგეხსენებათ, ალბათ, რომ მე მრავალ წამყვან სენატორსა და წამყვან კონგრესმენს სპეციალური წერილები გავუგზავნე იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს აბრეშუმის გზა და რატომ უნდა იყოს იგი მნიშვნელოვანი დღევანდელი მსოფლიოსათვის, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. ვფიქრობ, ყველაფერი ეს მუშაობს.

საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემებით ტვირთზიდვის, კერძოდ, ნავთობისა და გაზის ტრანზიტის, ასევე, ენერგეტიკის სფეროში ჩვენთან თანამშრომლობის ეკონომიკურ ეფექტიანობასა და ხელსაყრელობას ცხადყოფს ისეთ მსხვილ ამერიკულ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობის შედეგები და პერსპექტივები, როგორიც არის „შევრონი“, „სი-ლენდი“, „ენრონი“, „მაკოილი“, „არკო“, „ფრონტერა რისორზი“ და სხვა. ამერიკულმა კაპიტალმა ენერგორესურსების ტრანსპორტირებასთან ერთად შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს დასავლეთ საქართველოს რეგიონში ნავთობმრეწველობის განვითარებასა და ასევე ენერგო- რესურსების მოძიება-მოპოვებაში. ჯერ, ალბათ, ნაადრევია ვთქვა, მაგრამ ცალკეული კომპანიები, რომლებიც უკვე მუშაობენ საქართველოს ტერიტორიაზე და ნავთობსაძიებო სამუშაობს ასრულებენ, ასტრონომიულ მონაცემებს გვაწვდიან. ლაპარაკია საკუთარ ნავთობზე, განსაკუთრებით დედოფლისწყაროს რაიონში, ზოგიერთ სხვა რეგიონში. ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი მონაცემებია, თანაც გვპირდებიან, მათი მუშაობის მეთოდები და ბურღვის ტექნოლოგია ისეთია, რომ საკმაოდ სწრაფად ხდება ნავთობის მოპოვება და ამოღება.

კვლავ გრძელდება, მინდა ეს იცოდეთ, ძვირფასო მეგობრებო, გერმანიის, იაპონიის, იტალიის, თურქეთის, საბერძნეთის, ნიდერლანდის და სხვა მრავალი ქვეყნის აქტიური დახმარების კურსი. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, დიდ იმედებს გვისახავს.

სტრუქტული გარდაქმნების გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის მესამე წლის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა პროგრამის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიებები. იგი განსაზღვრავს ჩვენს სადღეისო ამოცანებს საფინანსო-საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის, საბიუჯეტო სახსრების მობილიზაციის სამუშაოების გაატიურების, ექსპორტის ლიბერალიზაციის, კრედიტორებთან ურთიერთობის მოგვარების, პრივატიზაციის პროცესის, კერძოდ, ენერგეტიკაში მისი დაჩქარების სფეროში.

ზემოთ აღნიშნული განსაკუთრებით შეეხება საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზაციის საქმეში ძალისხმევის გაძლიერებას. ესე იგი, რაც უფრო მეტი იქნება ჩვენს მიერ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გასაძლიერებლად მობილიზებული თანხები, მით უფრო მეტად მოისურვებენ საერთაშორისო ორგანიზაციები დაგვეხმარონ და მხარი დაგვიჭირონ. საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, ივნისის პირველ 5 დღეში მის მიერ აკრეფილია თითქმის სამ მილიონ-ნახევარი ლარი, რაც 600 ათასი ლარით აღემატება წინა თვის შესაბამის მაჩვენებელს. წლის დამდეგიდან კი, საგადასახადო ინსპექციის ხაზით ბიუჯეტში მობილიზებულია 131 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი, 31 მილიონ ლარზე მეტი შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საბაჟო დეპარტამენტმა თვის განვლილ პერიოდში ბიუჯეტში გადარიცხა 2 მილიონზე მეტი ლარი, მთლიანად წლის დამდეგიდან კი 86 მილიონი ლარი, ანუ შარშანდელთან შედარებით თითქმის ერთ-ნახევარჯერ მეტი. ამასთანავე, ივნისში ორივე სამსახურმა არსებითი ყურადღება უნდა მიაქციოს ცენტრალური ბიუჯეტის შევსების დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას. მივმართავ ყველას, შესაბამის სტრუქტურებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს - ცენტრალური ბიუჯეტის საკითხი მართლაცდა ცენტრალური ამოცანა უნდა იყოს.

ეკონომიკის საკითხებზე ყურადღების განსაკუთრებით გამახვილება იმანაც განაპირობა, რომ, როგორც გამოცდილებამ ცხადყო, ეკონომიკური წინსვლა ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვისუნარიანობის უმთავრესი პირობაა. მე, ალბათ, ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ გარდამავალი ეტაპის ქვეყანაში ამაზე მუდმივად უნდა იყოს საუბარი და ზრუნვაც მუდმივი უნდა იყოს.

რაც უფრო მაღალი იქნება ეკონომიკური განვითარების ტემპი, რაც უფრო გაფართოვდება მისი მასშტაბი, მით უფრო დაჩქარდება ხალხის კეთილდღეობის დონის ამაღლება, მით უფრო სწრაფად განმტკიცდება სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, მით უფრო ადრე დავბრუნდებით აფხაზეთში, მჯერა, ეს ასეა, უფრო მეტად დავეხმარებით ჩვენს ტანჯულ თანამოძმეებს, თანამემამულეთ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.

- ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ლაპარაკობენ ფრაქცია „აღორძინების“ ყრილობაზე, რომელიც აჭარაში უნდა გაიმართოს. ამას წინათ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ფრიდონ ხალვაშის წერილი დაიბეჭდა. მას ასეთი მოსაზრება ჰქონდა, რომ ეს ყრილობა იქნება ქვეყნის ერთიანობის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი...

- მე მივაქციე ყურადღება ბატონი ფრიდონის ამ წერილს და, როგორც მთელ მის შემოქმედებას, ასეთ პუბლიცისტურ გამოსვლებსაც უყურადღებოდ არ ვტოვებ.

„აღორძინების“ ყრილობას მე სპეციალური მიმართვა-მისალმება გავუგზავნე. ეჭვი არ მეპარება, რომ აჭარის ეს ძირითადი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ზოგიერთი სხვა პარტიაც ემხრობა, სწორედ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც განამტკიცებს ქვეყნის სტაბილურობასა და ერთიანობას.

აჭარაში მნიშვნელოვანი სასიკეთო ძვრები მოხდა, და მე ეს არერთგზის აღმინიშნავს იქაც და აქაც. აშკარაა მოძრაობა აღორძინებისაკენ. ამ თვალსაზრისით აჭარა საქართველოს სხვა რეგიონთა შორის, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე გარდაქმნათა წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. რა თქმა უნდა, დიდია ამაში „აღორძინების“ ლიდერის ბატონ ასლან აბაშიძის წვლილიც. ვფიქრობ, „აღორძინების“ ყრილობა დასახავს გზებს საიმისოდ, რომ აჭარა მუდამ ერთიანი და ძლიერი საქართველოს ავანგარდში იდგეს.

- ამ ბოლო ხანს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, გაიმართება თუ არა თქვენი შეხვედრა ლუდვიგ ჩიბიროვთან, მით უმეტეს, რომ ამაზე ადრეც იყო ლაპარაკი და ძალიან დიდი ინტერესით ელიან ამას...

- ლუდვიგ ჩიბიროვთან ჩემი შეხვედრა საკმაოდ დიდი ხნის წინათ დაიგეგმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ეს შეხვედრა ძალიან საჭიროა. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, და ეს, ალბათ, დღეს გაირკვევა, გალისა და საერთოდ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებაა, რომელიც ჩემს მუდმივ ჩართვასა და მონაწილეობას მოითხოვს. დღეს დღის ბოლომდე გაირკვევა, შეიძლება უფრო ადრეც, მოვახერხებთ თუ არა მე და ლუდვიგ ჩიბიროვი შეხვედრას. შესაძლებელია, იგი რამდენიმე დღით გადაიდოს, ვნახოთ. როგორც ვთქვი, დღის ბოლომდე ამას გავარკვევთ და სამუშაო კონტაქტებით, სატელეფონო კავშირით დავადგენთ, თუ ახლა ვერ მოხერხდა, როდის შეიძლება ჩვენი შეხვედრის გამართვა.

აქ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ქართველებისა და ოსების შერიგების პროცესი უკვე დაწყებულია, იგი გრძელდება, ღრმავდება, ვითარდება სხვადასხვა დონეზე. ქართველებიცა და ოსებიც მას უკვე თანაცხოვრების შესანიშნავ ტრადიციათა აღორძინების აუცილებელ პირობად მიიჩნევენ, და მე გულწრფელად მივესალმები ამ პროცესს.

- ისევ აფხაზეთის თემას დავუბრუნდეთ. გასულ კვირაში ორჯერ გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, ეს იშვიათად ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში დაძაბული ფონია. რა თქმა უნდა, მისი მთავარი თემა გალში მიმდინარე მოვლენები იყო. ამასობაში მოსკოვში მიმდინარეობს ვაჟა ლორთქიფანიძისა და ანრი ჯერგენიას შეხვედრები. ბერეზოვსკიც განაგრძობდა თავის ვოიაჟებს თბილისსა და სოხუმს შორის. ტელევიზიით მოვისმინეთ არძინბას ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია. და აი, თქვენი შეხვედრები ყირიმში პასტუხოვთან და კირიენკოსთან, თქვენი კომენტარი დღევანდელი სიტუაციის შესახებ და გაიმართება თუ არა და როდის გაიმართება თქვენი შეხვედრა ვლადისლავ არძინბასთან, რადგან ამ ბოლო ხანს პრესასა თუ ტელევიზიაში ეს თემა ფიგურირებს...

- მინდა გითხრათ, რომ 20 მაისიდან მოყოლებული უშიშროების საბჭო თითქმის განუწყვეტელი რეჟიმით მუშაობს. თუ არ ვიკრიბებით, მუდმივად ვეთათბირებით ერთმანეთს ან ცალკე ჯგუფებთან, ან ინდივიდუალური შეხვედრების დროს, სატელეფონო კავშირით, და ასე შემდეგ.

ახლა იძულებული ვარ, ზოგიერთი რამ გავიმეორო, რაც არერთხელ მითქვამს, მაგრამ ეტყობა გამეორება აუცილებელი ელემენტია იმისათვის, რომ ყველა ყოველთვის ვერ ასწრებს ყველაფრის მოსმენას და წაკითხვას. და მინდა ჩემი დღევანდელი გამოსვლის შემდეგ ყოველგვარ სპეკულირებას, ქულების დაგროვებას, რასაც ზოგიერთი არ თაკილობს, ბოლოს და ბოლოს მოეღოს ბოლო და გაჭირვებული ადამიანების ფონზე ნუ ცდილობენ რაღაც ავტორიტეტის მოხვეჭას.

დოკუმენტურად არის დადასტურებული, ვთქვი და კვლავ ვიმეორებ, მათ შორის, სათანადო სპეციალური ტექნიკის მეშვეობითაც, თუ როგორ დაიწყეს შემოსევა ბოევიკებმა გალის რაიონის უსაფრთხოების ზონაში, და უნდა გითხრათ, რომ, ჩვენი მონაცემებით, აქ 60-70 პროცენტი არა აფხაზი, არამედ უცხოეთიდან შემოსული ბოევიკები იყვნენ, და სწორედ ამ ზონაში, რომელსაც რუსეთის სამშვიდობო ძალები აკონტროლებენ. დაიწყო ქართული სოფლების აწიოკება, სახლების გადაწვა, უდანაშაულო ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა.

ამ აგრესიის პირველი მსხვერპლი გალის რაიონის სოფელი სიდა გახდა. თუმცა, ადგილობრივმა მოსახლეობამ მოძალადეებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია. გასაგებია, რომ საქართველო ვერ დარჩებოდა გულგრილი და გულხელდაკრეფილი: სეპარატისტთა მიზანი სავსებით ცხადი იყო: გაენადგურებინათ სამურზაყანოს მოსახლეობა, დაესრულებინათ ეთნიკური წმენდის პროცესი. ამიტომ 20 მაისიდან შესაბამისმა სტრუქტურებმა, ბრძანების თანახმად, განახორციელეს რეგიონში არსებული რაზმების მობილიზაცია. მათ შეუერთდნენ უფრო განცალკევებული რაზმები, ცალკეული ჯგუფებიც, რომელთა წინაშე, როგორც არაერთგზის აღმინიშნავს, ორი ამოცანა დაისახა. მე ამას იმიტომ ვიმეორებ, რომ ზოგიერთს არადა არ სურს სწორად გაიგოს და აღიქვას ის, რაც თვალნათელი და ფაქტია.

ზემოხსენებული შეზღუდული შეიარაღებული რაზმების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენელთა ამოცანა გახლდათ, არ დაეშვათ მოსახლეობის მასობრივი გაჟლეტა, მიეცათ მშვიდობიანი მცხოვრებლებისათვის სამშვიდობოს გამოსვლის საშუალება.

დიდად სამწუხაროდ (იძულებული ვარ ესეც გავიმეორო) სამშვიდობო ძალებმა, რომელთა ცხვირწინ, უსაფრთხოების ზონაში მიმდინარეობდა უმწეო ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა, სახლების გადაწვა, ძარცვა, მკვლელობა და წამება, - არა თუ არავითარი ზომები არ მიიღეს ძალადობის აღსაკვეთად, მხარეთა დასაშორიშორებლად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა ძველი და ახალი მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, არამედ ამ მანდატისა და ყველა შეთანხმების უხეში დარღვევით, უსაფრთხოების ზონაში შემოუშვეს სეპარატისტთა სამხედრო ტექნიკა (ესეც დაფიქსირებულია), თუმცა საქართველოს შინაგანი ჯარების სამხედრო ტექნიკის შესვლას აქტიურად წინ აღუდგნენ. ამრიგად, სამშვიდობო ძალები არათუ თავიანთ მოვალეობასა და მანდატს ასრულებდნენ, არამედ აუხსნელ, გაუგებარ და საკმაოდ, ასე ვთქვათ, საეჭვო მანევრებსაც ახორციელებდნენ.

ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებათა თავიდან აცილება და იმავდროულად უმწეო მოსახლეობის გადარჩენა შესაძლებელი იყო მხოლოდ იქ რეალურად არსებულ ძალებზე დაყრდნობით. ქართველი ახალგაზრდების, მეომრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოსახლეობა ფიზიკური განადგურებისაგან იხსნეს, თითქმის 40 ათასი კაცი გადაარჩინეს ფიზიკურ მოსპობას. ახლა ზოგიერთი ამაზე აღარ ფიქრობს, თუმცა საფრთხე სავსებით რეალური იყო - გავიხსენოთ, რა მოხდა გაგრასა და სოხუმში, სხვა რაიონებში, რა ველური სისასტიკე გამოიჩინეს ბოევიკებმა იქ ჩარჩენილი ქართული მოსახლეობის მიმართ.

რა თქმა უნდა, ხშირად სიცოცხლის შენარჩუნებაც კი დიდი ვერაფერი ნუგეშია იმ ადამიანისათვის, ვინც ყველაფერი დაკარგა. მოსახლეობა უკიდურესად დაზარალდა. მრავალი სახლი დაინგრა, დაიწვა, რაც მთავარია, ბევრს ახლობელი დაეღუპა, მაგრამ 35-40 ათასი კაცი, როგორც ზემოთ ვთქვი, მაინც გამოვიდა ამ ჯოჯოხეთიდან. დღეს მათ მთელი საქართველო ეხმარება. ეხმარებიან ჩვენი მეგობრებიც. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც აღვნიშნე 5 მილიარდი დოლარი გამოყო დანგრეული სახლებისა და ეზო-კარმიდამოს აღსადგენად. ასევე გვეხმარებიან სხვა მეგობარი ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები. ისიც უნდა ვთქვა, რომ აღარც საქართველოა ისეთ მდგომარეობაში - მხოლოდ ხელგაწვდილი იყოს და არ შეეძლოს საკუთარი მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა. ტრაგედიის პირველ დღეებში, მე მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ თვით ჩვენს სახელმწიფოსაც აქვს ცოტ-ცოტა რესურსები, რათა ასეთ ექსტრემალურ პირობებში თვითონვე იმოქმედოს თავისი რესურსებით.

ვიცი, ზოგიერთისათვის მიუღებელიც იქნება ასეთი არგუმენტი (თუმცა ისინი უმრავლესობას ნამდვილად არ წარმოადგენენ), მაგრამ უკვე შეიძლება დარწმუნებით ითქვას, მაისის დამლევს საქართველომ თავიდან აიცილა ძალიან მზაკვრულად და ოსტატურად ჩაფიქრებული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი ქვეყნის ჩათრევას დიდ კავკასიურ ომში, აქედან გამომდინარე მთელი შედეგებით და საბოლოოდ ამით დამთავრდებოდა ლაპარაკი საქართველოს პესპექტივაზე, მის გეოპოლიტიკურ უპირატესობებზე და ასე შემდეგ.

მართალია, მომხდურებმა, აგრესორებმა, რომლებიც 26 მაისისათვის (როგორც თვითონ ამბობდნენ, სხვათა შორის, თბილისშიც ამბობდნენ ამას) სიურპრიზს უმზადებდნენ საქართველოს, შეძლეს ჩაეშხამებინათ ჩვენთვის დამოუკიდებლობის დღესასწაული, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ლოკალური ამოცანის გადაწყვეტა: თავიდან ავიცილეთ ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც წყალში გადაგვიყრიდა ყველაფერს, რასაც 1993 წლის შემდეგ მივაღწიეთ. აგრესორთა მოქმედება კი მთელმა მსოფლიომ დაგმო და ისიც ყველამ დაინახა, ვინ როგორ ასრულებს სამშვიდობო მისიას. სხვათა შორის, თუ რუსეთს, რომელსაც კვლავინდებურად აქვს ზესახელმწიფოს სტატუსის პრეტენზია და სურს აქტიურ როლს ასრულებდეს რეგიონული კონფლიქტების გადაწყვეტაში, იგი, როგორც პირუთვნელი მშვიდობისმყოფლის პრესტიჟს უფრო მეტად უნდა გაფრთხილებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

მე, იცით, რა მინდა ვთქვა? ახლა გალის მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ სასწორზე დევს არამარტო აფხაზეთის ბედი ან ლტოლვილთა დაბრუნების პრობლემა, არამედ, პირდაპირ ვიტყვი, რუსეთის, როგორც შუამავალი ქვეყნის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთელი რიგი სტრუქტურების, ასე ვთქვათ, ავტორიტეტი და მათი სახელი, მათი წონა მთელ მსოფლიოში.

ახლა რაც შეეხება დღეს შექმნილ ვითარებას. მოგეხსენებათ, 25 მაისს გაგრაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და გალის რაიონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის, მოსახლეობის დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ, დიახ, დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ - მესამე პუნქტი. პირველი ორი პუნქტი შესრულდა, მაგრამ შეთანხმების მესამე პუნქტი კვლავაც შეუსრულებელია. ბატონ არძინბას წარმომადგენლები მოსკოვში არ თანხმდებიან ელემენტარულ მოთხოვნებს, რომლებსაც ქართული მხარე აყენებს. სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება მოსკოვში ვაჟა ლორთქიფანიძესა და ანრი ჯერგენიას შორის. მოლაპარაკებაში ჩაერთნენ რუსი დიპლომატებიც. აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში ბორის ბერეზოვსკი. უნდა გითხრათ, რომ ლორთქიფანიძემ და ჯერგენიამ თითქმის მიაღწიეს სასურველ შედეგს, თითქმის მისაღები დოკუმენტი იყო, უშიშროების საბჭოს სხდომაზე რომ გადმოგვცეს, საჭირო იყო მხოლოდ მცირეოდენი შესწორებანი და იგი მისაღები დოკუმენტი იქნებოდა. მაგრამ შემდეგ მიიღეს ახალი ინსტრუქცია, არ ვიცი, აფხაზეთში შემუშავებული ინსტრუქციაა, თუ სხვა ძალების მიერ, რომელმაც, ფაქტობრივად, უკუღმა დაატრიალა წისქვილის ქვა.

მიუხედავად ამისა, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც ამჟამად გვთავაზობენ ხელმოსაწერად, საქართველოსათვის კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან არ უზრუნველყოფს ლტოლვილთა დაუყოვნებლივ და უსაფრთხო დაბრუნებას და სათანადო გარანტიების შექმნას. თუმცა მუშაობა გრძელდება, მოლაპარაკება ჯერ არ დამთავრებულა. კვლავინდებურად რჩება შანსი, ამიტომ უშიშროების საბჭომ შაბათს მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყო მოსკოვში და მოლაპარაკება გაემართა უშუალოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ამ ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებთან. საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტისაგან მიიღო სათანადო ინტრუქციები, დირექტივები, განსაზღვრა მისი მანდატი. გუშინ, გვიან ღამით ირაკლი მენაღარიშვილი შეხვდა ევგენი პრომაკოვს. შეხვედრები ამ დილითაც გაგრძელდება. უნდა ვთქვა, რომ თითქოს მეტი ურთიერთგაგებაა მიღწეული. ყოველ შემთხვევაში, ევგენი პრიმაკოვმა გუშინ აღიარა, რომ სამიტის მოთხოვნილებანი ძალაში რჩება, მაგრამ 30-40 ათასი კაცის დაბრუნება ცალკე თემად უნდა იყოს განხილული და მათი უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით ასევე ცალკე საგანგებო ზომები უნდა მიიღონ როგორც სამშვიდობო ძალებმა, ასევე სხვა ძალებმაც, და სასტიკი კონტროლი უნდა დაუწესდეს ამ პროცესის განხორციელებას. ასე რომ, წუხანდელი შეხვედრა არცთუ ისე უშედეგო იყო. თუ საჭირო გახდება, ირაკლი მენაღარიშვილი კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება რუსეთის დედაქალაქში. რუსეთის დედაქალაქზე რომ ვლაპარაკობ, ეს არის ჯერჯერობით მშვიდობიანი დაბრუნების ყველაზე მოკლე გზა. მას მიღებული აქვს დავალება ბოლომდე მიიყვანოს თავის საქმე, ყოველნაირად სცადოს, ყველა საშუალება ამოწუროს, რათა შესრულდეს გაგრის შეთანხმება, აგრეთვე, შესრულდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს აპრილის გადაწყვეტილება.

მე გულახდილად უნდა მოგახსენოთ, და, ალბათ, ამით ჩვენი ხალხის გულისთქმასაც გამოვხატავ: ზოგადად, რუსეთის საშუამავლო მისიის ავტორიტეტი სერიოზულად შეირყა. ამჯერად ძალიან ტაქტიანად ვლაპარაკობ. როგორც ვთქვი, უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს და ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს სამშვიდობო ძალების მოქმედება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ დღეებში სარდალი კორობკო ჩამოვა თბილისში, აქამდე მან ვერაფრით ვერ მოახერხა ეს, თორემ იგი ვალდებული იყო ჩამოსულიყო, და ჩვენ ამ საკითხზე სერიოზული საუბარი გვექნება ისევე, როგორც სხვა სამხედროებთან.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება სეპარატისტთათვის, და არა მარტო მათთვის, ფარატინა ქაღალდია და სხვა არაფერი. რას ვიზამთ, ეტყობა, მართლაც ასე აღიქვამენ თანამეგობრობას იქ, სადაც ბევრს ლაპარაკობენ თანამეგობრობის განმტკიცებასა და განვითარებაზე. ბევრ პოლიტიკოსს აქაც და რუსეთშიც მიაჩნია, რომ გალის და საერთოდ აფხაზეთის საკითხის მოგვარება თანამეგობრობის სასინჯი ქვა გახლავთ. ვფიქრობ, ამას თანდათანობით იგებენ და უწინარესად მინდა აღვნიშნო აქ ახალი მოღვაწის - ბატონ ბერეზოვსკის აქტიური ჩართვა, რომელიც არა მარტო რუსეთის, არამედ, აგრეთვე, თანამეგობრობის სახელით მოქმედებს და ზოგიერთ საინტერესო ცვლილებებსაც მიაღწია მხარეთა პოზიციაში.

მე ამჯერად თავს ვიკავებ რადიკალური შეფასებებისაგან, რადგან მოლაპარაკება მიმდინარეობს და წუხანდელი შეხვედრა გარკვეულ იმედებს ბადებს ისევე, როგორც უკვე ვთქვი, ბორის ბერეზოვსკის მიზანმიმართული აქტიურობა.

შესანიშნავად ვიცი, რა მძიმე მდგომარეობაში არიან ლტოლვილები, განსაკუთრებით, ქართველები, ბავშვები, მოხუცები, მაგრამ კვლავ აღვნიშნავ, რომ მათს დასახმარებლად ყველაფერი კეთდება. შესაბამისი განკარგულება უკვე გაცემულია, შესაბამისი თანხებიც გამოიყო, ნაწილობრივ გადაწყდა კიდეც ადამიანთა განთავსების პრობლემა, გამოიძებნა სურსათის რესურსი, საწვავი. ეს არც ისე იოლი საქმე იყო, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი გაგვეკეთებინა, თუმცა იმის მინიმალურია,რისი გაკეთებაც უნდა შევძლოთ. უნდა გითხრათ, რომ ამ პროცესში ძალიან აქტიურად ჩაებნენ საქართველოს ბიზნესმენები. მადლობა მინდა მოვახსენო ყოველ მათგანს. ახლა საქართველოში არ არიან ისეთი მდიდარი ბიზნესმენები, რომ რაღაც ზედმეტი სახსრები ჰქონდეს ვინმეს, მაგრამ ყველამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ როგორმე დახმარებოდა ამ ხალხს.

ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, ჩემს გულისტკივილს საზღვარი არა აქვს. ერთადერთი, რაც მანუგეშებს, მოსახლეობა ფიზიკურად გადარჩა, მაშასადამე, იმედიც არ გადაწურულა. შემთხვევით არ ვილაპარაკე დაწვრილებით ინტერვიუს დასაწყისში ეკონომიკურ პროცესებზე, ეკონომიკურ აღმავლობაზე. დარწმუნებული ვარ, იმ გამოცდილ, სატანისებრ გაქნილ პროვოკატორებს, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ მაისში განხორციელებული პროვოკაცია ჩაიფიქრეს, - სწორედ ეს არ აძლევდათ მოსვენებას, ეს უხეთქავდათ გულს: ქვეყანა სტაბილური განვითარების გზას დაადგა, მოშენდა, მომძლავრდა, სამომავლო პერსპექტივას მიაგნო, საზოგადოება უიმედობისაგან განთავისუფლდა ნაწილობრივ მაინც, ნიჰილიზმი ასე თუ ისე დაძლევის სტადიაშია, შვებით ამოისუნთქა მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის იდეალთა განუყოფლობა იწამა, სახელმწიფომ გეოპოლიტიკური ფუნქცია შეიძინა. სულ მალე ეს ყოველივე შეუქცევადი გახდება - აი, ამიტომ გვებრძვიან, ამიტომ ვძულვართ, ამიტომ მოაწყვეს ჯერ 9 თებერვალი, შემდეგ სამურზაყანოს გენოციდი, რათა ჩაუკლან ჩვენს მრავალტანჯულ, მაგრამ ღირსეულ ერს მომავლის იმედი, ეროვნული სახელმწიფოებრივი პერსპექტივის რწმენა. ეს ძალები ხელისუფლებას კი არ ებრძვიან, ისინი საქართველოს ებრძვიან, ქვეყნის განადგურება, დაჩიავება, დამორჩილება და დამონება აქვთ განზრახული. მაგრამ ვერ შეძლებენ, ვერ მოესწრებიან ამას. ამის გარანტიაა ჩვენი ხალხის სიბრძნე, გამბედაობა, ასე ძალუმად რომ გამოვლინდა თებერვალშიც და მაისშიც. კვლავაც ყველაფერს ვიღონებთ, რაც შესაძლებელია. დღეს საქართველო უკვე სხვა ქვეყანაა, სხვა სახელმწიფოა, სხვანაირად არის აღიარებული მთელ მსოფლიოში. მას უდიდესი პოტენციალი აქვს. მთავარია, სულით არ დავეცეთ, მთავარია, დამოუკიდებლობის, ანუ ეროვნული ღირსებისათვის ბრძოლა არ შევწყვიტოთ და ყველამ ერთად, ყველა ერის წარმომადგენლებმა ერთობლივად გადავიტანოთ ეს დიდი ტკივილი. კიდევ ერთხელ მივმართავ გულწრფელი მადლიერების სიტყვით სრულიად საქართველოს, მთელ მოსახლეობას, უპირველესად, ჩემს სამეგრელოს, ყველას, ვინც მხარში ამოუდგა დატანჯულ ადამიანებს და ტკივილი შეუმსუბუქა. დახმარება კიდევ უფრო მეტი იქნება. დაბრუნებაც აუცილებლად მოხდება, მაგრამ მოხდება მხოლოდ იმ პირობით, იმ პირობებში, როცა თითოეული ადამიანის ღირსება, სიცოცხლე და ქონება უეჭველად იქნება დაცული. ჩვენ თავად აღარ მივცემთ ადამიანებს უფლებას, გაუმართლებელი რისკი გაწიონ.

ახლა ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა... რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასურველი იყო, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მოჰყვება შედეგი. არ ვაპირებ შეხვედრას მხოლოდ იმისათვის, რომ ვიღაცას საშუალება მივცე რაღაც დააფიქსიროს და შერცხვენილ „მშვიდობისმყოფელს ნამუსი მოსწმინდოს“. შეხვედრა - მხოლოდ შედეგიანი. ვფიქრობ, ბატონ არძინბასაც ამ შეხვედრის მნიშვნელობა ასე ესმის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან სატელეფონო საუბრისას სწორედ ეს დაადასტურა.

შეხვედრამ ადამიანებს იმედი არ უნდა გაუცრუოს. ვგულისხმობ აფხაზებსაც და ქართველებსაც. ჯერჯერობით კი ის დოკუმენტები, რომლებსაც გვთავაზობენ, ძალიან შორს არის რეალური და სერიოზული კომპრომისისაგან. საქართველოს დასათმობი არაფერი დარჩა - მივადექით ზღვარს, რომლის უკან აღარ დავიხევთ. ამდენად, ყველაფერი უკვე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად არის მზად აფხაზური მხარე ჩაებას ლტოლვილთა დაუყოვნებლივ და უსაფრთხო დაბრუნების პროცესში, და ჩაებას მოლაპარაკებაში აფხაზეთის სტატუსის საბოლოო და ღირსეულად განსაზღვრისათვის.

- ძალიან მარტივად გასაგებია, გალში რაც მოხდა, - ეს იყო ფართომასშტაბიანი პროვოკაცია და ამასთან დაკავშირებით თქვენ ყირიმშიც ბრძანეთ, რომ საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა ის, რაც ამდენი ხანი უკეთებია ქვეყანას. იქამდე იყო 9 თებერვალი, ამასობაში არიან გარკვეული ძალები, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. ყველა ადამიანს თუ პოლიტიკურ ძალას აქვს სრული უფლება დააყენოს, დავუშვათ, ის მოთხოვნა, რაც მას სურს, მათ შორის, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა. მაგრამ აქ, ალბათ, სულ სხვა მომენტზეა ლაპარაკი, როცა ეს პროცესები, თუ შეიძლება ითქვას, ზედმეტად მართვადია, იმდენად აშკარაა და კარგად ჩანს. ხშირად ადარებენ საქართველოს დღევანდელ სიტუაციას 1918-21 წლების მოვლენებს და ამბობენ, როგორ მოხდა თავდასხმა საქართველოზე, როგორ განახორციელა აგრესია უცხო ქვეყანამ, გასაგებია, იქ რუსეთი იყო და აი, შედეგები. რატომღაც მგონია, რომ დღეს ხელისუფლებამ აღარ უნდა დაუშვას ის, რაც უკვე მოხდა, დღეს ხელისუფლებამ აღარ უნდა დაუშვას უცხო ქვეყნის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რაც, ალბათ, კიდევ რამდენიმე საუკუნით დააკარგვინებს საქართველოს დამოუკიდებლობას, თუ საბოლოოდ არა და ყველაფერს, რაც ამდენი ხნის მანძილზე ასეთი წამებით, წვალებით, შიმშილითა და სიცივით გააკეთა ჩვენმა ხალხმა, ხაზს გადაუსვამს.

- სანამ თქვენს კითხვაზე გიპასუხებთ, წეღანდელი კითხვიდან და პასუხიდან მე ერთი მომენტი გამოვტოვე: იალტაში მე ყველა პრეზიდენტს, ყველა პრემიერ-მინისტრს შევხვდი, მაგრამ ამჯერად ორიოდე სიტყვას ვიტყოდი ბატონ კირიენკოსთან შეხვედრაზე. ეს იყო ძალიან ხანმოკლე შეხვედრა, მაგრამ ძალიან საინტერესო. მე მას შევთავაზე, რომ იმდენი პრობლემა დაგროვდა რუსეთსა და საქართველოს შორის, პრეზიდენტი ელცინი ძალიან დაკავებულია, მას ამის საშუალება არ ექნება, და აუცილებელი იქნება ახალი პრემიერი, ახალი თვალთახედვით, შექმნილი მდგომარეობის ახალი შეფასებით ჩამოვიდეს საქართველოში და ერთად მოვილაპარაკოთ, როგორ ვიცხოვროთ ერთად და როგორ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობა.

ახლა უშუალოდ თქვენს ბოლო შეკითხვაზე.

საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. პრეზიდენტს შეიძლება ჰყავდეს და კიდეც უნდა ჰყავდეს ოპოზიცია, ოპონენტები. დემოკრატია გამორიცხავს როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის დიქტატს. ყველა უნდა დაემორჩილოს კონსტიტუციას. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია ერთია, ხოლო მეხუთე კოლონა (მე ძალიან მძულს ამ სიტყვის ხმარება, როცა საქართველოზეა საუბარი, მაგრამ იძულებული ვარ ახლა გამოვიყენო ეს გამოთქმა) - ეს სულ სხვა მოვლენაა. სხვათა შორის, მეხუთე კოლონა მარტო ჩვენი დროის მოვლენა არ არის, იგი კარგად არის ცნობილი მთელი მსოფლიოსათვის და საქართველოსთვისაც მრავალათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში. მაშინ, როცა ქვეყანა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, როცა ახალშობილი ბავშვივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ დამოუკიდებლობას, ასეთი მოთხოვნის წამოყენება ცალკეული ორგანიზაციებისა თუ პიროვნებების მიერ, სხვა არაფერია, თუ არა თვით მოსახლეობის, ამომრჩეველთა თუ ხალხის ნების ხელყოფა. ამომრჩეველმა (მე ახლა შეგახსენებთ) ორჯერ გამოხატა თავისი ნება დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მახსოვს 1992 წლის 11 ოქტომბერი. ხალხი ტყვიების ზუზუნში, სიცოცხლის რისკის ფასადაც კი მიდიოდა საარჩევნო უბნებში, რათა თავისი უპირველესი მოქალქეობრივი უფლება და ვალდებულება აღესრულებინა, და თქვენ იცით, იმ არჩევნების შედეგი - მაშინ აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი კენჭისყრით. შემდეგ ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, 1995 წლის 5 ნოემბერს კიდევ ერთი არჩევნები გაიმართა. აქაც მოსახლეობის ნება ნათლად გამომჟღავნდა და მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცით, ვისაც დაუჭირა მხარი.

მე ყველას გასაგონად ვიტყვი: თუ ლაპარაკია პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ძალით ხელყოფაზე, - ამას არც საქართველო დაუშვებს და არც პრეზიდენტი. ერთხელ, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე უკვე ვიწვნიეთ, რას ნიშნავს ეს და რა შედეგები მოჰყვა ამას აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და სხვაგანაც - სამოქალაქო ომი, ძმათაკვლა, ხოცვა- ჟლეტა, ნგრევა, ქაოსი. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის ეს გუშინდელი დღეა. ხომ არ მოვიდა დრო, ავ წერას ატანილმა პოლიტიკანებმაც შეიგნონ და პროვოკაციებს თავი დაანებონ.

ჩემი ფუნქცია - დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სრულფასოვანი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება - მე არ მომიწურავს. საერთოდ კი მათაც ძალიან კარგად უწყიან: არ არის ედუარდ შევარდნაძე ის პიროვნება, ვინმემ შეაშინოს და სხვის ნებას მორჩილად დაჰყვეს. ასე რომ, ტყუილად ნუ დაშვრებით, ბატონებო.

საბედნიეროდ, დღეს უკვე გვაქვს დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც ყველაფერი განსაზღვრა. კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა ქვეყნის ღალატია. მე არავისგან არასდროს მომითხოვია მორჩილება - კონსტიტუციას დავემორჩილოთ ყველანი, ეს არის ჩვენი უმაღლესი კანონი. არც მათს სიყვარულსა და ერთგულებას ვეძებ - ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული აზრი.

ასე რომ, ექნებათ საშუალება, როცა დაიწყება საარჩევნო კამპანია, თავიანთი ემოციები, ამბიციები თუ ვნებები - მაშინ გამოამჟღავნონ. მე, სხვათა შორის, არ ვაძლევ საშუალებას ჩემს პრესსამსახურს და საერთოდ პრესას, ტელევიზიას, გამოაქვეყნონ ის უამრავი წერილი, რომლებიც ახლა მოდის საქართველოდან. არ მინდა თქვან, შევარდნაძე ახლა ძველ დროს იმეორებს, როცა მოსახლეობაში ორგანიზაციას უკეთებდნენ წერილების შედგენას და მათს გაგზავნას ცენტრში. არ მინდა, იმის მსგავსი რამ გამეორდეს, მაგრამ რომ ვკითხულობ, უცრემლოდ ვერ წაიკითხავ, აი, ის ნამდვილი ადამიანი, ბევრი ადამიანი, რომლებიც ხანდახან შიმშილობენ კიდეც, ისინიც კი ხედავენ, რომ დღეს სტაბილურობის შერყევა არ შეიძლება, დღეს ეს მოთხოვნები მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ წამოაყენონ, რომელთაც არ სურთ ერთიანი, მთლიანი და ძლიერი საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ასეთი სახელმწიფო.

საქინფორმი.

„რაც უფრო მაღალი იქნება ეკონომიკური განვითარების ტემპი, რაც უფრო გაფართოვდება მისი მასშტაბი, მით უფრო დაჩქარდება ხალხის კეთილდღეობის დონის ამაღლება, მით უფრო სწრაფად განმტკიცდება სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, მით უფრო ადრე დავბრუნდებით აფხაზეთში...“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 8 ივნისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 9 ივნისი. - №141 (2841). - 1,2 გვ.

74 ედუარდ შევარდნაძე: „თანამეგობრობის რეკონსტრუქცია შეუძლებელია, თუ კონფლიქტები არ აილაგმა“

▲ზევით დაბრუნება


ამ ინტერვიუს ასეთი წინაისტორია აქვს: იგი მაისის ბოლო დეკადისათვის იგეგმებოდა, მაგრამ გალის ამბებმა დაუმსხვრიეს სამუშაო გრაფიკი ჩემს მოსაუბრეს. ექვსმა უძილო ღამემ, როდესაც ქვეყნის ბედი წყდებოდა (თან, უკვე მერამდენედ) ხელი ააღებინა მას ყველა დასახულ საქმეზე, მათ შორის სტამბოლის საერთაშორისო კონფერენციის წვევაზე. მაგრამ, შევარდნაძე დათანხმდა, მიემართა მონაწილეებისათვის თანამგზავრული კავშირის სისტემით.

მე გადავწყვიტე, მენახა, როგორ კეთდება ეს, - ტელეკავშირის ტექნიკა უფრო სრულქმნილად და სათნოდ გამოიყურება, ვინემ ომის იძულების ტექნოლოგია. შევარდნაძე ლაპარაკობდა იმ ექსტრემალურ გარემოებებზე, რომლებმაც არ მისცეს საშუალება, მონაწილეობა მიეღო კონფერენციაში: „აფხაზეთში ეთნიკური წმენდა განახლდაო. მე კი მესმოდა, როგორ ჭრიალებდა ისტორიის ბორბალი და მაინც არ ეფლობოდა ლაფში, თავს რომ გვასხამს ტანჯულ ადამიანთა უბედობა. ლტოლვილთა გაგულისებულმა შეძახილებმა ჩაახშვეს თანამეგობრობის მერმისის დაგეგმილი თემა. მაგრამ, ტელეკავშირის სეანსი დამთავრდა და შევარდნაძემაც მიხმო.

- ბატონო პრეზიდენტო, „ნოვიე იზვესტიის“ რედაქცია გთხოვთ, გვითხრათ, რას ფიქრობთ თანამეგობრობის ახლანდელ მდგომარეობაზე და აქვს თუ არა მას მომავალი, თუმცა, გალის ამბებმა ეს თემა, მგონი, უკანა პლანზე გადასწიეს.

- პირიქით, წინა, შეიძლება ითქვას - ცეცხლის ხაზზე გადმოიტანეს.

- კრიტიკის ხაზზე?..

- 20-26 მაისის პერიოდში გალის რაიონის სოფლებიდან კვლავ გამოდევნეს ათიათასობით მშვიდობიანი მცხოვრები, დაუწვეს მათ სახლები. ასე რომ, „ცეცხლი“ ფიგურალური გამოთქმა არ გახლავთ. სახლებთან ერთად გალში სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებაც ჩაინაცრა.

- მე ვიყავი თქვენს პრესკონფერენციაზე, მოსკოვში რომ გაიმართა, თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრის დამთავრებისას. იგრძნობოდა, რომ თქვენ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი. ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს გალის რაიონში ქართველ-აფხაზთა შერეული ადმინისტრაციის შექმნას და მშვიდობისმყოფელთა პასუხისმგებლობის ზონის გაფართოებას. მაგრამ, გადაწყვეტილების მიღების მომენტშივე აშკარა იყო, რომ უფრო იოლია მისი ხელმოწერა, ვიდრე - შესრულება. წინა დღით სოხუმმა გვაგრძნობინა, რომ აფხაზთა მხარის აზრის უგულებელყოფა, მას აძლევს უფლებას, უგულებელყოს სახელმწიფოების მეთაურთა გადაწყვეტილება აფხაზეთის თაობაზე. მაშ, რას ეფუძნებოდა თქვენი ოპტიმიზმი?

- ნებისმიერი გადაწყვეტილების ხელმოწერა უფრო ადვილია, ვიდრე შესრულება. მაგრამ, დოკუმენტის ხელმოწერა - ეს არის არა ფორმალური აქტი, არამედ დამოწმება მზადყოფნისა, იმოქმედო მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეასრულო იგი. საამისოდ არ არის საკმარისი მარტოოდენ ნება. აუცილებელია სპეციალური მექანიზმი. აი, თანამეგობრობის უფრო მთავარ ხარვეზთაგანი - არ არსებობს მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მექანიზმი. რაც შეეხება ჩემს ოპტიმიზმს, იგი ემყარება იმ პრობლემათა მთელ კომპლექსს, რომლებიც თანამეგობრობის მოდერნიზაციასთან არის დაკავშირებული. სამიტზე ცხადი გახდა, რომ დეკლარაციები, ბოლოს და ბოლოს, გამოხატავენ ზრახვებს, ხოლო ზრახვები - გადაწყვეტილებას. და არა მარტო თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურებისა და ხალხებისას. გაჩნდა რეალური მაინტეგრირებელი ძალა, რომელიც სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, შეიქმნას ეკონომიკური თანამშრომლობისა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, - მეწარმეთა კლასი. საქმიანი ადამიანების თანამეგობრობა, რომლებსაც ევიწროვებათ ეროვნულ-სახელმწიფო საზღვრები და რომლებსაც სივრცე და გაქანება სჭირდებათ, სჭირდებათ მსხვილი კაპიტალი, რომელიც მზად არის სტაბილურად შეასხას ხორცი არა მარტო იდეებს, არამედ დიდ სახსრებსაც. აფხაზეთისნაირი კონფლიქტები კი დაბრკოლებაა მის გზაზე.

- მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება დარჩა ქაღალდზე, რომელიც, როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩაინაცრა. პასუხი დაუყოვნებლივი და არაორაზროვანი იყო. ერთი თვეც არ გასულა, რაც გალში შევიდნენ მსხვილი შეიარაღებული ფორმირებანი, და დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფების ლიკვიდაციის საბაბით განახორციელეს გადაბუგული მიწის ტაქტიკა. ძალიან მეეჭვება, რომ ამ მიწაზე განახლებული თანამეგობრობის იდეამ იხაროს.

- სწორი ბრძანებაა, შეეცადნენ იდეა სწორედ ამ ერთ გოჯ მიწაზე გადაექელათ. მაგრამ მოდით, ფართოდ შევხედოთ საქმეს. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული დამსჯელი ოპერაციის სცენარი ითვალისწინებდა მოვლენების შემდეგ განვითარებას: ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას; მის თანდათანობით განდევნას მეზობელ ზუგდიდის რაიონში, სადაც ისედაც დაგროვდა ლტოლვილთა კრიზისული მასა. მას ემატება ახალ დევნილთა სასოწარკვეთა და მასაც ფეთქდება. ეს რეგიონია სამეგრელო, საქართველოს ხერხემალი. ჯერ კიდევ 20-იანი წლების დასაწყისში შეეცადნენ სამეგრელო აფხაზეთთან ერთად მოეთოკათ და სხვა მხრივ ექნევინებინათ პირი. არქივებმა შემოგვინახეს საიდუმლო რეკომენდაციები ცენტრისადმი, „აფხაზეთის გარდა, ყურადღება მიაქციეთ ვრცელ ტერიტორიას მდინარე რიონის მახლობლად, რომლის შესართავშიც არის გათვალისწინებული დიდი ნავსადგურის მშენებლობა“. ეს გახლავთ ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნავსადგური ფოთი და აქვე მახლობლად შენდება არანაკლებ მნიშვნელოვანი ობიექტები და კომუნიკაციები. შეგახსენებთ, რომ ეს რეგიონი კვლავ იქცა პროვოკაციების ასპარეზად 1992-1993 წლებში. პროვოკაციებისა, პირდაპირ რომ უკავშირდება აფხაზეთის კონფლიქტს. წლევანდელი თებერვლის ტერაქტები ისევ და ისევ ისახავდნენ ერთ მიზანს - მხარის აფეთქებას. ახლა - ძალადობის ახალი ტალღა ააგორეს. ვარაუდობდნენ, რომ გამოუვალი მდგომარეობა გვაიძულებდა გალის რაიონში შეგვეყვანა რეგულარული ჯარები. ამას კი, შედეგად მოჰყვებოდა ფართო მასშტაბის საომარი მოქმედება, რომელიც გარდაუვალად გადაიზრდებოდა ომად. მოჰყვებოდა ყოველივე იმის კრახი, რასაც წვითა და დაგვით მივაღწიეთ. კავკასიაში შექმნილ ვითარებასთან კომბინაციით - ეს იქნებოდა სრულიად კავკასიის ნგრევა. ჯვარი დაესმებოდა ყველა აქაური კონფლიქტის მოგვარებას, ენერგომატარებელთა ექსპლოატაციას, ტრანსპორტირების საერთაშორისო პროექტებს. ჯვარი დაესმებოდა თანამეგობრობის ფარგლებში ეკონომიკური ინტეგრაციის იდეას და თვით თანამეგობრობას.

გამოგიტყდებით, ძალიან გაგვიჭირდა გაგვეძლო მოზღვავებულ გარემოებათა ზეწოლისათვის, მაგრამ - გავუძელით. ჩავშალეთ ეს სცენარი, თუმცა, შემზარავ ფასად.

- ვინ არის მისი ავტორი? ყველას პირზე აკერია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებები, მაგრამ არავინ არ ასახელებს კონკრეტულ გვარებს თუ შეთქმულთა სინდიკატის სახელწოდებას.

- უფრო სწორი იქნებოდა, გველაპარაკა თანაავტორებზე, რომელთა ინტერესები ერთ მიზანს ემთხვევა. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში. თვით სეპარატისტების გარდა, მასში ფიგურირებდნენ ჩრდილოკავკასიელი კონფედერანტები, დნესტრისპირეთის ამბების მონაწილენი, მაშინდელი რუსეთის უმაღლესი საბჭოს გვარიანი ნაწილი, მისი გენშტაბისა და სამხედრო დაზვერვის გავლენიანი წრეები, მომიჯნავე ქვეყნებიდან მოსული დაქირავებულნი, საკუთრივ რუსი „მშვიდობისმყოფელნი“, აფხაზეთში დისლოცირებული ნაწილების მეთაურები. თანაავტორობის თემის ვარიაციებზე ნებისმიერი კითხვა რიტორიკული იქნება. ვინ აფარებს კალთას გიორგაძის ყაიდის საერთაშორისო ტერორისტებს, სრულიად აშკარად რომ აცხადებენ „ამ რეჟიმის“ დამხობის განზრახვას? ვინ აძლევს სიტყვას საპარლამენტო მოსმენის დროს კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ლიდერებს, კონფედერაციისა, რომელიც, რამდენადაც ვიცი, ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული რუსეთში, ანუ კანონგარეშეა, მაგრამ ამავე დროს, „სპეცმეურვეობით“ სწყალობენ? ვინ იმუქრება „არ დავუშვებთო“ „დიდი“ კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების დასავლურ მიმართულებას? ვინ სცემს ლახვარს საქართველო-რუსეთის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაციას? არ არის ძნელი, უპასუხო ამ კითხვებს, მაგრამ მთავარი არც ეს არის. თუკი რუსეთს სჭირდება თანამეგობრობა, ხოლო თანამეგობრობას, - რუსეთი, რაც უცილობელია, ასევე აშკარაა ცდებიც, ძირი გამოუთხარონ მას თანამეგობრობის ზოგიერთი სახელმწიფოს ძირგამოთხრის გზით. გალის რაიონიც ამ „სერიიდან“ გახლავთ.

- ...სერიიდან, რომელიც შეიარაღებულ ქართველთა მონაწილეობით არის „დადგმული“. ენგურსგაღმა მათ დივერსანტ-ტერორისტებს უწოდებენ. გამოღმა - პარტიზანებს. მაგრამ, განა მათ განაწყვეს სოხუმი მშვიდობიან გალელთა ეგზეკუციისათვის?

- მათ იხსნეს გალელები ამოჟუჟვისაგან. არც პარტიზანული მოძრაობა იყო და არც მისი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, სანამ ხალხს არ გადაუწურეს იმედი, რომ ღირსეულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდებოდნენ მიტოვებულ კერას. ეს მოძრაობა იყო ბუნებრივი რეაქცია მოლაპარაკების ხელოვნურ გაჭიანურებაზე, ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის მანიპულირებასა და მშვიდობისმყოფელთა უუნარობაზე, დაეცვათ დევნილები. მათ არ დატოვეს ეგზეკუციის საჯიჯგნად ის ხალხი, ვინც შეთანხმებათა ავტორიტეტი იწამა. ათას ხუთასი კაცი დაიღუპა ეგრეთ წოდებულ უსაფრთხოების ზონაში მშვიდობისმყოფელთა მანდატის მთელი მოქმედების დროს. დაშინებისა და უმოქმედობის კომბინირებული მეთოდით მართვა - აი, რამ აიძულა ადამიანები „გადივერსანტებულიყვნენ“. ბუნებრივია, რომ ისინი მოიპოვებდნენ მხარდაჭერის ფართო სოციალურ ნიადაგს. დასაგმობია ეთნიკური წმენდა, „საქართველოს ტერიტორიიდან შეგზავნილი ბანდფორმირებების ლიკვიდაციის“ ალმით რომ განხორციელდა.

- მაგრამ, ახლა ისინი გამოყვანილი არიან გალის რაიონიდან. მშვიდობიან მცხოვრებთ კი მშობლიური კერის ნახანძრალის ნახვასაც არ აღირსებენ.

- ნახანძრალსაც ნახავენ და იმ ნახანძრალზე ახალ სახლებსაც დადგამენ. ამის თაობაზე გვაქვს მორიგებაც და სახსრებიც, რაც მთავარია, გვაქვს მშვიდობის ნება. არ ვიცი, როგორ გაიჟღერებს ეს სიტყვები, მაგრამ, პირადად მე, მწამს: ქართველები და აფხაზები თანდათან დარწმუნდებიან იმაში, რომ არა ვიღაც სხვა, არამედ სწორედ ისინი არიან თანხმობისა და მშვიდობის დამკვიდრების მთავარი გმირები და შემოქმედები. სწორედ ასე მესახება მოვლენათა განვითრება. ჩვენ „განწესებული გვაქვს“ მშვიდობა და ერთობლივი ცხოვრება ამ მიწა-წყალზე. ვფიქრობ, ჩვენს დიალოგს, დაკარგული ნდობის აღდგენას მოყვება ორი ხალხის შერიგება.

- ჯერჯერობით, ეს ძნელი დასაჯერებელია, ისევე, როგორც „ხელშემწყობი მხარეების“ შესაძლებლობა. მაგრამ, საგულისხმოა, რომ ჩვენ დახმარებისათვის მივმართეთ გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს, მაგრამ არა - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას! ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თქვენ საბოლოოდ ჩაიქნიეთ ხელი თანამეგობრობაზე, როგორც ეფექტიან საერთაშორისო ორგანიზაციაზე - მგონი, სწორედ ასე დაახასიათეთ აპრილის სამიტის შემდეგ განახლებული დსთ?

- განახლებამდე ჯერ ბევრი უკლია. სახელმწიფოთაშორის ფორუმს ჯერ კიდევ შესამუშავებელი აქვს ახალი პროექტი. დღესდღეობით თანამეგობრობაში არ არის სტრუქტურა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მსგავსად შეძლებდა ოპერატიულად გამოხმაურებოდა მონაწილე სახელმწიფოების შესაბამის მიმართვებს. საბჭოსა და კოლექტიური უშიშროების ძალებს ჯერჯერობით არ გააჩნიათ სათანადო პოტენციალი. კონფლიქტური სიტუაციების კომიტეტის იდეა შეიძლება განხორციელდეს, ოღონდ - მასში წარმოდგენილი სახელმწიფოების თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, შემოთავაზებული სახით მას მივიღებთ.

- მაშ, რა მიგაჩნიათ მისაღებად?

- მდგომარეობა, რომლის დროსაც აღარ იარსებებს ეთნიკური წმენდისა და დსთ გადაწყვეტილებების სისტემატური დარღვევისათვის დაუსჯელობის სინდრომი. ვითარება, როდესაც დამრღვევს ეცოდინება, რომ დარღვევას სანქციები მოჰყვება.

- მშვიდობის იძულება ბოსნიური ყაიდით? მას ხომ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მშვიდობის ხელშეწყობას არ გასვლია ყავლი, ამტკიცებენ ისინი. ამ რამდენიმე დღის წინათ რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მშვიდობისმყოფელნი „თანაბრად არიან დაშორებულნი“ ორივე მოშუღლე მხარეს.

- ეს არ არის სწორი. „თანაბარი დაშორება“ არ ყოფილა. ამ ბოლო დრომდე სოხუმში მშვიდობისმყოფლებს ქებით იხსენიებდნენ. მაგრამ, 20 მაისს დაუსჯელად გადაუქელეს მანდატი, როდესაც შეიყვანეს მძიმე საბრძოლო ტექნიკა, რომელიც უსაფრთხოების ზონაში არ უნდა ყოფილიყო.

- ამდენი პრეტენზია გაქვთ „სტრატეგიულ პარტნიორთან“?

- ეს პრეტენზიები კი არ არის, თანასწორუფლებიანობის სურვილია. რუსეთს თავისი პრობლემებიც ეყოფა - და ჩვენ, მით უფრო მეტი უფლება გვაქვს, მოვითხოვოთ ჩვენი პრობლემების გაგება. სეპარატიზმის პრობლემაზე ბევრი რამ ითქვა. ავიღოთ მეორე - კომუნიკაციების პრობლემა. ამ ცოტა ხნის წინათ რუსეთში საკუთარი გამოცდილებით იწვნიეს, რა ყოფილა მაგისტრალების ბლოკადა და რა დესტაბილიზაციას უქმნის იგი ქვეყანას. რაღაც ამდაგვარი გადავიტანეთ ჩვენც 1992 წელს. მართალია, მაშინ არა მეშახტეებმა, არამედ შეიარაღებულმა ბანდებმა გადაკეტეს საქართველოს მთავარი მაგისტრალი. მისი დაცვის მოკრძალებული ცდა აგრესიად დააკვალიფიცირეს და გამოიყენეს აფხაზეთში კონფლიქტის გასაჩაღებლად, რომელმაც თვით რუსეთსაც მოუტანა ვნება. ახლა, ჩვენს სურვილს, ვიქონიოთ ალტერნატიული მაგისტრალი, რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ხრიკად ასაღებენ.

თქვენ მოისმინეთ ჩემი ტელემიმართვა „მსოფლიოს გზაჯვარედინების“ კონფერენციისადმი. შეგიძლიათ, ციტატად მოიყვანოთ ის ადგილი, სადაც რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობ.

- თქვენ იმ ფანტომურ ტკივილებზე ბრძანებთ, ამპუტირებული იმპერიული ფუნქციის ერთგულ მიმდევრებს რომ აყვირებს, რუსეთს მისი სამხრეთი პერიფერიიდან სდევნიანო?

- არა, მეორეზე მოგახსენებთ, გავიმეორებ: „ჩემი ქვეყნის ისტორიული სტრატეგია დღესაც რუსეთთან პარტნიორობაზეა ორიენტირებული. ეს დიდი სახელმწიფო ევრაზიას ეკვრის აღმოსავლეთიდან დასავლეთით და ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ეს გარსშემოკვრა, წარსულში არცთუ იშვიათად, სასტიკი, მაგრამ, ზოგჯერ სასიკეთოც, რომელიც თან გვბორკავდა და თან მსოფლიო ისტორიისა და კულტურის მდინარებაში გვრთავდა, - შესუსტდა და დამთავრდა საბჭოთა კავშირის შემდეგ. მაგრამ მიზიდულობა დარჩა, საერთო ბედის, კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის და ერთიანი ეკონომიკური ინტერესების მიზიდულობა“.

სწორედ ეს მიზიდულობაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ბუნებრივი საფუძველი.

- ესე იგი, თქვენ გგონიათ, თანამეგობრობას აქვს მომავალი?

- აქვს - თუ შესრულდა სამი ურთიერთდაკავშირებული პირობა. პირველი: თანამეგობრობა არის არა მუხრუჭი, არამედ ფაქტორი და გარანტი მასში შემავალი სახელმწიფოების დამოუკიდებელი განვითარებისა. მეორე: თანამეგობრობა - ეს არის თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობის თავისუფალი სივრცე. და, მესამე: თანამეგობრობა - ეს არის გადაულახავი ზღუდე კონფლიქტების გზაზე, მათი პროფილაქტიკისა და მოგვარების ქმედითი ინსტრუმენტი, უამისოდ თანამეგობრობის რეკონსტრუქცია შეუძლებელია.

თეიმურაზ მამალაძე
გაზ. „ნოვიე იზვესტია“,
1998 წლის 3 ივნისი.

ედუარდ შევარდნაძე: „თანამეგობრობის რეკონსტრუქცია შეუძლებელია, თუ კონფლიქტები არ აილაგმა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 10 ივნისი. - №142 (2842). - 1,2 გვ.

75 შექმნილი ექსტრემალური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო პერსპექტივას არ ჰკარგავს, პირიქით, ნდობის ელემენტი კიდევ უფრო გაიზარდა

▲ზევით დაბრუნება


[...]

ახლა კი საქართველოს პრეზიდენტის ის შემაჯამებელი სიტყვა, რომელზეც ზემოთ გითხარით:

ედუარდ შევარდნაძემ თქვა:

- როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა წარმომადგენლებმა ირაკლი მენაღარიშვილმა, ვაჟა ლორთქიფანიძემ და კახა თარგამაძემ 25 მაისს გაგრაში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც სამი ელემენტისაგან შედგებოდა: პირველი, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს მოთხოვნა პატიოსნად შევასრულეთ; გარკვეული სირთულეების მიუხედავად, აფხაზურმა მხარემაც შეასრულა ეს ვალდებულება. მეორე ელემენტი იყო შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან, იგივე საკონტროლო ზონიდან. ესეც ძირითადად შესრულდა ორივე მხარის მიერ - ლაპარაკია შეიარაღებული ძალების გაყვანაზე. შეიძლება ერთეულები დარჩნენ, მაგრამ ორგანიზებული ძალები იქ აღარ არის. მესამე პუნქტი გულისხმობდა ლტოლვილთა დაუყოვნებლივი დაბრუნების პროცესის დაწყებას. და სწორედ ეს პრობლემა არის მოსკოვში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების განხილვის საგანი. აქ მონაწილეობენ ბატონი მენაღარიშვილი და ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე.

წუხელ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოვუსმინეთ ირაკლი მენაღარიშვილს და დღეს იგი კვლავ გაფრინდა მოსკოვში იმისთვის, რომ ჩვენი საბოლოო შეხედულებები ჩამოაყალიბოს მოლაპარაკების პროცესში.

სამწუხაროდ, შეთანხმება ლტოლვილთა დაბრუნების თაობაზე ჯერჯერობით ჭიანურდება. ჭიანურდება სხვადასხვა მოტივით. ერთი, რომ მიუღებელია ვადები, რომელთაც აფხაზური მხარე გვთავაზობს, და, მეორე, დაბრუნების ერთ-ერთ პირობად წამოყენებული არის სასაზღვრო რეჟიმის შერბილება - საზღვრის გახსნა მდინარე ფსოუზე. ამის მიღება შეუძლებელია, რადგან ფსოუზე საზღვრის გახსნა, მოძრაობის აღდგენა, მატარებლების მოძრაობისაც, თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტის გადაწყვეტილებით დაკავშირებულია მთლიანად გალის რაიონში (და არა მარტო საკონტროლო ზონაში) მოსახლეობის დაბრუნებასთან. როდესაც მოსახლეობა დაბრუნდება და შეიქმნება შერეული ადმინისტრაცია, მაშინ განიხილება საკითხი საზღვრის გახსნის შესახებ, რაც საქართველოსა და რუსეთის პრეროგატივაა, რამდენადაც საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის არის.

პრინციპულად აფხაზები დაბრუნების წინააღმდეგი არ არიან, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, - მაგრამ მათ ისეთი პირობები წამოაყენეს, რაც გვაიძულებს ასეთ ვარიანტზე ჯერჯერობით უარი ვთქვათ.

წუხელ ბატონმა მენაღარიშვილმა უშიშროების საბჭოსაგან, პრეზიდენტისგან შესაბამისი ინსტრუქციები მიიღო: მან კატეგორიულად უნდა მოითხოვოს, რომ გაგრის შეთანხმების მესამე პუნქტი უპირობოდ შესრულდეს.

უნდა მოგახსენოთ, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატები და სხვები იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ გალში განხორციელდა ეთნიკური წმენდა აქედან გამომდინარე მთელი შედეგებით. და თუ ლტოლვილებს დაბრუნების საშუალებას არ მისცემენ, ისინი ამ საკითხს აუცილებლად დააყენებენ გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე. ეთნიკური წმენდა, მოგეხსენებათ, ისჯება, უშიშროების საბჭოს ჯერჯერობით ასეთი შეფასება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებისათვის არ მიუცია.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად საკმაოდ კონსტრუქციულ პოზიციაზე დგანან. როდემდე გაგრძელდება ასე, ცოტა ძნელი სათქმელია. მე მგონი, არ უნდა შეიცვალოს, რადგან ასეთი მოსაზრებები გამოთქვეს პრიმაკოვმა, პასტუხოვმა, ბერეზოვსკიმ და სხვებმაც, ვინც ჩართულია მოლაპარაკების პროცესში.

მდგომარეობა დღის ბოლოსათვის, ან ხვალისათვის საბოლოოდ გაირკვევა.

როგორც იცით, დღის წესრიგში დგას ჩემი და ვლადისლავ არძინბას შეხვედრა. მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ ამ შეხვედრის შედეგად ხელს არ მოვაწერთ დოკუმენტს, მაშინ მხოლოდ შეხვედრას აზრი არ აქვს.

ვფიქრობ, ამაში ჩვენი საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თუ მომზადდება ისეთი დოკუმენტი, რომელიც წინააღმდეგობაში არ იქნება თანამეგობრობის სამიტის გადაწყვეტილებებთან, მაშინ დღესვე, ან ხვალვე მზადა ვარ შევხვდე არძინბას და ხელი მოვაწერო ისეთ დოკუმენტს, რომელიც ღირსეული და მისაღები იქნება როგორც აფხაზებისთვის, ასევე ქართველებისთვის, განსაკუთრებით, იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ყოველ დღე შინ დაბრუნებას ელოდება.

ვთქვათ, ვერ შევთანხმდით, რა უნდა გავაკეთოთ?

თანამეგობრობის დოკუმენტები ითვალისწინებს - ხაზი გაუსვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, სასწრაფოდ შეიკრიბონ თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურები და განიხილონ შექმნილი მდგომარეობა. ამას წინ უნდა უსწრებდეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება.

ეს ერთი.

შეიძლება, ეს საჭირო არ გახდეს. შეიძლება, შეთანხმება დღეს, ან ხვალ მოიძებნოს.

მეორე.

არ არის გამორიცხული, რომ მოვითხოვოთ გაეროს უშიშროების საბჭოს ასევე ოპერატიულად შეკრება, შექმნილი მდგომარეობის შეფასება და სათანადო ღონისძიებების განხორციელება გალში მომხდარ აქციებთან დაკავშირებით.

გალში მოსახლეობის მდგომარეობა რომ შეაფასა, პრეზიდენტმა თქვა:

- ქვეყანას რაც შეეძლო, ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს, ყველაფერი გააკეთა. კიდევ ერთხელ მივმართავ მადლიერების სიტყვებით ყველას, ყველა თქვენთაგანს, მოსახლეობას, განსაკუთრებით, სამეგრელოს, რომელმაც უდიდესი ტვირთი იკისრა. ის რესურსები, რომლებიც გაგვაჩნია, მთლიანად მიმართულია ლტოლვილთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

დაიწყო დახმარებების გაცემა. თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო. ბატონმა მიხეილ ჭკუასელმა სათანადო ზომები მიიღო, იყო ადგილზე. ტექნოლოგია დახმარებების გაცემისა დამუშავებულია და ამოქმედდა.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროკავშირმა, გაერომ, ზოგიერთმა სხვამ, უკვე დაიწყეს პროდუქტების დარიგება მოსახლეობისათვის.

მაგრამ ეს ყველაფერი დროებითი ღონისძიებებია. დახმარება, რა თქმა უნდა, შემდეგშიც გაგრძელდება. მაგრამ ჩვენი მიზანი ამ პრობლემის პოლიტიკური მოწესრიგება არის.

მე შევუთვალე არძინბას და მოლაპარაკების მონაწილეებს, რომ როგორც კი გადაწყდება გაგრის შეთანხმებათა შესაბამისად გალის რაიონში მოსახლეობის დაბრუნება, ჩვენ ვიწყებთ ფართომასშტაბიან მოლაპარაკებას აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე და მოსახლეობის ორგანიზებულად დაბრუნების თაობაზე მთლიანად აფხაზეთში.

სიტყვის დასასრულს ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში ბევრია მსურველი, სხვადასხვა მიზნით გაათამაშოს ეს საკითხი. მისი აზრით, ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა პრობლემისადმი.

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დღესაც, ისევე, როგორც წინათ, მსოფლიო თანამეგობრობა სოლიდარობას უცხადებს საქართველოს, არც ერთი პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო საქართველოს სივრცეში, არ გადადებულა, მუშაობა ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს. ადრეული ნავთობის მილსადენის მშენებლობა კი უფრო დაჩქარებულად ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ცოტა გაძვირდა. ამასწინათ ბაქოში ამ საკითხთან დაკავშირებით შეკრებილმა 400 ინვესტორმა პრეზიდენტ ალიევის მონაწილეობით დაადასტურეს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს დასავლეთის მიმართულება იმ ვარაუდით, რომ მან ორ-სამჯერ მეტი ნავთობი გაატაროს.

საქართველო მონაწილეობს ყველა პროექტში, რომლებიც დაკავშირებულია დიდი ნავთობის, გაზის ტრანსპორტირებასთან და სხვა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ხაზი გაუსვა, რომ შექმნილი ექსტრემალური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო პერსპექტივას არ ჰკარგავს, ხოლო ნდობის ელემენტი კიდევ უფრო გაიზარდა. ამას ადასტურებს პრეზიდენტის ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაზრდილი ფოსტა საზღვარგარეთიდან, თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს მოწმობს, რომ ცალკეული გამოხდომების მიუხედავად, ქვეყანა ერთსულოვანია, ოპოზიციაც

იზიარებს იმ იდეას, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი დღეს უნდა იყოს წინა პლანზე. ამიტომაც მადლიერების სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თითოეულ მათგანს.

არმაზ სანებლიძე.

შექმნილი ექსტრემალური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო პერსპექტივას არ ჰკარგავს, პირიქით, ნდობის ელემენტი კიდევ უფრო გაიზარდა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 11 ივნისი. - №143 (2843). - 1,2 გვ.

76 „ერთობა და მხოლოდ ერთობაა ის ძალა, რომელიც ქვეყანას საბოლოო მიზნამდე, სამართლიანობის აღდგენამდე, აფხაზეთში დაბრუნებამდე და ჭეშმარიტ აღორძინებამდე მიიყვანს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
15 ივნისის რადიოინტერვიუ

- დღევანდელ რადიოინტერვიუს აფხაზეთის თემით დავიწყებთ. გასულ კვირას მოსკოვში კვლავ გრძელდებოდა ლორთქიფანიძე-ჯერგენიას მოლაპარაკება. გარკვეული ხნის შემდეგ ამ მოლაპარაკებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილიც ჩაერთო. და მაინც, მოლაპარაკების შედეგების შესახებ განსხვავებული მოსაზრებანი ვრცელდება. ამასობაში კი, მიუხედავად იმისა, რომ გალს მთელი საქართველო ეხმარება, გალიდან დევნილებს მაინც ძალიან უჭირთ... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- დღევანდელი უმთავრესი ტკივილი მართლაც გალში დატრიალებული ტრაგედიაა. მე იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ გავიმეორო: ამ ავანტიურის მიზანი გახლდათ ქართველთა ეთნიკური წმენდა და გენოციდი, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს, კერძოდ, აფხაზების ჩათრევა მსხვილმასშტაბიან საომარ მოქმედებაში, რომელიც შემდეგ, უეჭველად, დიდ ომში გადაიზრდებოდა.

ეს მზაკვრული გეგმები ჩვენთვის ცოტა ადრეც გახდა ცნობილი, და ამას მოჰყვა ის შესაბამისი ღონისძიებანი, რომლებიც შემდეგ განხორციელდა.

მე ვიტყოდი, რომ გაკეთდა იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, მერამდენედ ვამბობ ამას, მაგრამ ძალიან ხშირად ჩნდება სხვადასხვა ვერსია, რომლებსაც არავითარი საფუძველი არა აქვს. მე ვამბობ იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. მიღებული ზომების შედეგად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიზიკურად გადარჩა, თუმცა მათ სულიერ ტანჯვას, რა თქმა უნდა, საზღვარი არა აქვს.

და მეორე, ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ იმისათვის, რომ ჩაგვეშალა დიდი ომის პროვოცირების ცდები. ვფიქრობ, აფხაზმა ხელმძღვანელებმაც გაიგეს, რომ ეს დამღუპველი იქნებოდა ორივე ხალხისათვის.

მე უკვე ვილაპარაკე იმაზე, თუ რა კეთდება გალელთა მძიმე ხვედრის შესამსუბუქებლად. ახლა მხოლოდ შემსუბუქებაზე შეიძლება ლაპარაკი. მინდა მივმართო მათ: ძვირფასო გალელებო, და აგრეთვე მივმართო ზუგდიდელებსაც და წალენჯიხელებსაც, დამერწმუნეთ, ჩემი სულიერი მოთხოვნილებაა თქვენთან ერთად ვიყო და მთელი თქვენი ტანჯვა-წამება გავიზიარო. მაგრამ დღეს უმთავრესი ამოცანაა მუშაობა მშობლიურ სახლ-კარში თქვენი დაბრუნებისათვის. მე უფლება არა მაქვს თქვენთან ხელცარიელი ჩამოვიდე. მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარეობს, როგორც იტყვიან, 24-საათიანი პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად.

თქვენ უკვე ახსენეთ ვაჟა ლორთქიფანიძის მოლაპარაკება, ირაკლი მენაღარიშვილის შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, პრიმაკოვთან, თანამეგობრობის ქვეყნების მუდმივი სამდივნოს ხელმძღვანელებთან, პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლებთან და სხვებთან და სხვებთან, ასევე, ჩვენი მეგობარი ქვეყნების სხვადასხვა რანგის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. ჯერჯერობით შემიძლია გაცნობოთ, რომ გალის მოვლენების შეფასებისას მკვეთრად გამოკვეთილი პოზიცია, ყველაზე რადიკალური პოზიცია გამოხატა რუსეთის ხელმძღვანელობამ, იქ ერთაზროვნად მიაჩნიათ, რომ, თუ მდგომარეობა სასწრაფოდ არ გამოსწორდება, იმას, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, სამშვიდობო ძალების მონაწილეობითაც, უნდა მიეცეს როგორც გენოციდისა და ეთნოწმენდის შეფასება. ეს პირველი შემთხვევაა, რომ რუსეთმა ასეთი განაცხადი გააკეთა. თქვენთვის, ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ, თუ ასეთი შეფასება გაიზიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უშიშროების საბჭომ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას - მოჰყვება ძალისმიერი შედეგები.

რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს თავმჯდომარეა, გაეგზავნა, მე ასე ვიტყოდი, გავუგზავნე მიმართვა თანამეგობრობის სახელმწიფოთა პრეზიდენტების საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ, რომელსაც, ალბათ, წინ უნდა უძღოდეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება. როგორც გითხარით, რუსეთის პრეზიდენტის სამსახურებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თანამეგობრობის აღმასრულებელ სამდივნოს, კერძოდ, ბორის ბერეზოვსკის, თანამეგობრობის ქვეყნების პრეზიდენტთა უმრავლესობას (ვისთანაც ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს) მიაჩნიათ, რომ საჭიროა სასწრაფო, გადაუდებელი ზომების მიღება ხალხის უსაფრთხო დაბრუნებისათვის, თანამეგობრობის სამიტის, მხედველობაში მაქვს მიმდინარე წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებები, განუხრელი შესრულება. მინდა დავაზუსტო, რომ ცნობილია თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს: თუ რომელიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა, მაშინ სახელმწიფოთა მეთაურები სასწრაფოდ უნდა შეიკრიბონ და შექმნილი მდგომარეობა განიხილონ. თუ საქმე აქამდე მივიდა, ვფიქრობ, ასეთი შეხვედრა გაიმართება და იგი სულაც არ იქნება ფორმალური.

დიდი მუშაობა მიმდინარეობს გაეროს უშიშროების საბჭოსთან და, ჩემი აზრით, რეაქცია არ დააგვიანებს. მე შევხვდები „მეგობარი ქვეყნების“ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, რომლებიც თავიანთი მთავრობების პოზიციებს ჩამოაყალიბებენ და გამაცნობენ. ისინი, სხვათა შორის, მზად არიან გაემგზავრონ აფხაზეთშიც და განახორციელონ სხვა განსაკუთრებული ღონისძიებანი, რათა დაეხმარონ საქართველოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში.

ბუნებრივია, საჭირო ზომებს ვიღებთ ყველა. საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან სათანადო დახმარების (იქნება ეს მატერიალური, ფინანსური თუ სხვა) მისაღებად და მისი მოცულობის გასადიდებლად, ხარისხობრივი მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. ეს მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ყოველივე ეს სულაც არ არის მეორეხარისხოვანი და იშვიათად თუ მოახერხებდა რომელიმე ქვეყანა, ასე მოკლე დროში, სულ რამდენიმე დღეში, მთელი ეს უზარმაზარი მექანიზმი - საკუთარი რესურსებით, უცხოური რესურსებით და სხვა, ასე თუ ისე, ჩაეყენებინა ამ ტანჯული ხალხის სამსახურში.

ახლა ცოტა სხვა თემა, სხვა კი არა, უფრო სწორად ამის გაგრძელება. გულახდილად გეტყვით, ასეთ ფონზე ძალზე ძნელია ვილაპარაკო ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრაზე, ძალიან მიჭირს ეს მორალურად, ადამიანურად, ფსიქოლოგიურად. მაგრამ, თუ მის პოზიციაში პროგრესის გარანტიები იქნება, შეხვედრა აუცილებლად გაიმართება, რაოდენ ძნელიც უნდა იყოს მისთვისაც და ჩემთვისაც. ეჭვი არ მეპარება, აფხაზებმაც და ქართველებმაც ბოლოს და ბოლოს გაიგეს, რომ ფსიქოლოგიური წნეხის მთელი სიმძიმის მიუხედავად, ორი ხალხის შერიგების პრობლემა, უწინარესად, მათი მოსაგვარებელი და მათი გადასაწყვეტია.

მინდა გჯეროდეთ, მე გალელებს მივმართავ, რომ ხელისუფლება შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც გააკეთებს ამ მძიმე მდგომარეობის განმუხტვისათვის. თქვენ იცით, რომ თქვენთან ერთად იქ თითქმის მუდმივად არის სახელმწიფო მინისტრი ბატონი ნიკო ლეკიშვილი, არიან სხვა მინისტრები, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის ხელმძღვანელები, სხვები და სხვები. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სიმძიმე იკისრეს ბატონმა ბონდო ჯიქიამ და მისმა ადმინისტრაციამ, წალენჯიხის, ზუგდიდის ხელმძღვანელობებმა, ქალაქების, რაიონების, თემების ხელმძღვანელებმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველას დიდ მადლობას მოვახსენებ. მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ გამოცდების წინ თითქმის ყველა სკოლა დაიცალა, ყველა საბავშვო ბაღი დაიცალა, რათა ლტოლვილებს დროებითი თავშესაფარი მაინც მიეღოთ.

ჩვენი ყურადღების ცენტრში კვლავაც იქნება დევნილი მოსახლეობის მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები. მნიშვნელოვანი თანხები გამოყვეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, მრავალმა სხვა საერთაშორისო, ფინანსურმა და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა. მინდა გითხრათ, რომ ამერიკელების დახმარება, რომელიც რეაბილიტაციისათვის იყო გათვალისწინებული, თავისთავად რჩება. ეს დამატებითი სახსრების გამოყოფაზეა ლაპარაკი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდი, დირექტორთა საბჭო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ბატონი კამდესიუ, რომელსაც მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ და დიდი ხანია ვიცნობ, ამ დღეებში დადებითად გადაწყვეტენ საქართველოსათვის მორიგი ტრანშის გამოყოფის საკითხს (ეს საკმაოდ დიდი თანხაა), რაც სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება და დიდად დაგვეხმარება ხელფასების, პენსიების, დახმარების გაცემის პრობლემის მოგვარებაში, ეროვნული ბანკის, ასე ვთქვათ, ხელუხლებელი რეზერვის სათანადო დონეზე შენარჩუნებაში.

რა არის დღეს ყველაზე მეტად საჭირო და აუცილებელი?

ნურავინ შეეცდება, გამოიყენოს შექმნილი სიძნელეები პირადი პარტიული თუ კლანური ინტერესებისათვის. ათასნაირი პროვოკატორები, ათასნაირი პანიკიორები, ჭორების გამავრცელებლები გამოჩნდნენ და გამოვიდნენ დღეს ასპარეზზე. კიდევ კარგი, რომ ხალხი საკმაოდ სწრაფად ახერხებს მათს გაცნობას. ასეთ დროს, როცა ქვეყანას უჭირს, როცა ქვეყანა ერთიანი უნდა იყოს, მთელი ჯანსაღი ძალები გაერთიანებული უნდა იყვნენ. ეგრეთ წოდებული, საპროტესტო დემარშები, მათ შორის, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ახალი ქაოსისა და ანარქიისაკენ ვუბიძგებთ. ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ (მე ამას წინათ ვახსენე მეხუთე კოლონის მსგავსი) იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომლებმაც მთელი ეს, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთი მოაწყვეს. ბრძენი კაცები, და ასეთები ჩვენში ბევრია, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწენი, პოლიტიკური ძალები, მათი ლიდერები, ქვეყნის მოქალაქენი, რომელთაც მრავალი განსაცდელი გამოიარეს, სანამ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონტურებს გამოკვეთდნენ, მაქვს იმედი, არავის მისცემენ უფლებას ქარს გაატანონ ჩვენი მონაპოვარი, ამასთანავე, სამშობლოს გაძლიერების, გამთლიანების უნიკალური პერსპექტივა, აღორძინების პერსპექტივა.

ერთობა და მხოლოდ ერთობაა ის ძალა, რომელიც ქვეყანას საბოლოო მიზნამდე, სამართლიანობის აღდგენამდე, აფხაზეთში დაბრუნებამდე და ჭეშმარიტ აღორძინებამდე მიიყვანს.

აქვე მინდა განვაცხადო ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება, რომ არავის მივცემ უფლებას ხელყოს ქვეყნის სტაბილურობა, დაამსხვრიოს იმ იმედის ყლორტები, რომელთაც ყველანი თვალნათლივ ვხედავთ და რომელთაც საქართველო გაერთიანების, გამთლიანებისა და აყვავებისაკენ მიჰყავს.

ქვეყნის დამოუკიდებლობა, ნუ დაგვავიწყდება ეს ელემენტარული ჭეშმარიტება, საუკუნეთა განმავლობაში თაობათა ნაოცნებარი უმაღლესი ღირებულებაა. თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ მოპოვებულს და მაშინ დროებით დაკარგულსაც ძალიან სწრაფად დავიბრუნებთ.

- თქვენ ახლა გალიდან დევნილ მოსახლეობაზე საუბრობდით. ვიცით, რომ დევნილი მოსახლეობის ბავშვები ბორჯომში მიჰყავთ დასასვენებლად. ესეც ერთგვარი დახმარებაა, რომელსაც ხელისუფლება მათ მიმართ იჩენს. ასევე, დღეს ურეკში იწყება აქცია „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეით თქვენი ინიციატივით...

- რაც შეეხება ურეკის აქციას, მე უკვე გამოვეხმაურე ამ მოვლენას სპეციალური მიმართვით. დღეს ურეკში ძალიან კარგ ტრადიციას ეყრება საფუძველი: საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ, ინვალიდთა დეპარტამენტმა (სხვათა შორის, უნდა გითხრათ გუშინ ძალზე გულთბილი, საოცრად გულთბილი, უშუალო შეხვედრა მქონდა ინვალიდებთან. მართლაც, რამდენი შეძლეს მათ, გარკვეულად ჩვენი ხელშეწყობითაც, მაგრამ ძირითადად მაინც დიდი ნებისყოფისა და საოცარი ბრძოლის შედეგად) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, უფრო სწორად სხვადასხვა სტრუქტურის მხარდაჭერით ურეკში მიიწვია კავკასიის რეგიონის კონფლიქტურ ზონებში საომარი მოქმედების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ოჯახების წევრები, მეუღლეები, შვილები - სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამემამულენი.

ურეკში ორი კვირის განმავლობაში - 30 ივნისამდე ისინი გაივლიან სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს. საქართველოს მოქალაქეებთან (ქართველებთან, რუსებთან, აფხაზებთან, ოსებთან) ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა შვილები და მშობლები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთის, კავკასიის რეგიონებიდან - ჩრდილოეთ ოსეთიდან, ინგუშეთიდან, ჩეჩნეთიდან და ასე შემდეგ. ისინი ერთად დაისვენებენ, ერთმანეთს შეხვდებიან, ერთმანეთის ტკივილს შეიგრძნობენ. ასეთი ურთიერთობა კი გაალღობს უნდობლობას, გააუფერულებს ეგრეთ წოდებულ „მტრის ხატს“. ასე რომ, მე მივესალმები ამ მართლაც კეთილშობილურ ინიციატივას და ყველაფერს ვიღონებ, რათა ეს ტრადიცია განმტკიცდეს, განვითარდეს და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ ინიციატივის სიკეთით მომავალ წლებში.

ასევე მინდა გულწრფელი მადლობა მოვახსენო ყველას, განსაკუთრებით, ბორჯომის რაიონის და სამცხე-ჯავახეთის ხელმძღვანელობას, ყველა ინიციატორს, ვინც ორგანიზაცია გაუწია გალიდან დევნილი ბავშვებისა და დედების დასვენებას ბორჯომის ხეობაში. აქ ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა, ყველა სამინისტრო, ჯანმრთელობის დაცვის, ფინანსთა, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების და მრავალი სხვა სამინისტრო, თვით ჩვენი კანცელარია და სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობენ. ძალიან აქტიურად მონაწილეობენ ბიზნესმენებიც, და, უნდა გითხრათ, ძირითადი ტვირთი სწორედ ბიზნესმენებმა იკისრეს. სხვათა შორის, გალელ ბავშვებთან ერთად იქნებიან ცხინვალის რეგიონის ბავშვებიც, ბორჯომში სულ თავს მოიყრის 1500 კაცი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ბოლომდე უპატრონებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ თავის შვილებს და, როგორც იტყვიან, უკანასკნელ ლუკმასაც კი არ დაიშურებს იმისათვის, რომ მათ ეს მძიმე მდგომარეობა შეუმსუბუქოს.

- გასულ კვირას საქართველოს პარლამენტი დატოვა ორმა პარტიამ - საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ და ლეიბორისტებმა. როგორც განაცხადეს მათმა ლიდერებმა ვახტანგ რჩეულიშვილმა და შალვა ნათელაშვილმა, ისინი არ დაესწრებიან პარლამენტის პლენარულ სხდომებს, სანამ არ დააკმაყოფილებენ მათს მოთხოვნებს. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით...

- მე დასაწყისში უკვე მოგახსენეთ ჩემი პრინციპული დამოკიდებულება ასეთი დემარშებისა და ასეთი აქციებისადმი, მით უმეტეს, როცა ეს ხელისუფლების უმაღლეს დონეზე ხდება. ჩემი ზოგადი დასკვნა ასეთია: როგორც ჩანს, ჩვენი (ქართული) დემოკრატია კვლავაც ახალგაზრდა, ჯერ ბოლომდე მოუმწიფებელია. პოლიტიკური კულტურის დონეც, კვლავინდებურად, არც თუ მაღალია და სწორედ ეს ქმნის ამგვარი უსიამოვნო ექსცესების საფუძველს.

არა მგონია, რომ იმ ჯგუფებმა თუ დაჯგუფებებმა, რომელთაც ამ დღეებში გადაწყვიტეს მონაწილეობა აღარ მიიღონ პლენარულ სხდომებში (თუმცა, რამდენადაც ვიცი, დეპუტატის მანდატზე უარი არ უთქვამთ), რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვონ ამგვარი მოქმედებით. მხოლოდ პარლამენტში გამართული თუნდაც ცხარე დისკუსიის, პოლემიკის, დებატების მეშვეობით, პრესისა და ტელევიზიის საშუალებით არის შესაძლებელი აქტიური და წარმატებული პოლიტიკური საქმიანობა, ბოლოს და ბოლოს, ამომრჩევლებთან მუშაობით და საქმიანობით. საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და საზოგადოებრივი სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ქვეყნის დემოკრატიულობის საზომია პრეზიდენტთან და მის საქმიანობასთან ერთად.

დაუშვებელია პარლამენტის შეცვლა რაღაც ჯგუფური თუ კლანური სტრუქტურებით. ეს უკვე მხოლოდ „საყმაწვილო სენი“ აღარ არის, როგორც ამას სოციალისტური იდეოლოგიისა და მსოფლმხედველობის ერთი მამამთავარი ამბობდა.

როგორც პრეზიდენტი, მე მზად ვარ შევხვდე თითოეულ ოპოზიციონერს, ყურადღებით მოვისმინო და შესაძლოა გავიზიარო კიდეც მათი აზრი ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. დიალოგზე უარი არასდროს მითქვამს - ეს ჩემი პრინციპია. მით უმეტეს, რომ მე ძალიან ხშირად ვხვდები ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილს. იგი რომ შემხვედროდა, მე როგორც მეგობარი, როგორც ადამიანი, რომელიც ვიცნობ მას ამდენი ხანია - წინა პარლამენტიდან და მანამდეც, და ერთად ვიბრძოდით ძალიან რთულ პერიოდში, სხვა რჩევას მივცემდი, შეიძლება გაეზიარებინა, შეიძლება - არა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილთანაც არაერთგზის მქონია კონტაქტები, არაერთგზის შევხვედრივართ, ერთად ვმუშაობდით კონსტიტუციაზე, და გვაქვს საფუძველი, რომ ერთმანეთს რაღაც ვუთხრათ. მოკლედ, ეს დემარში, ცოტა არ იყოს, ძალიან ტაქტიანად თუ ვიტყვი, გაუგებარია.

ამრიგად, სამწუხაროა, რაც მოხდა, დიდი გულისტკივილით აღვიქვი მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს რაღაც კატასტროფა სულაც არ არის - პარლამენტი, რა თქმა უნდა, მუშაობას გააგრძელებს. თითოეული დეპუტატის წმიდათაწმინდა უფლებაა აირჩიოს მოღვაწეობის ფორმა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მისი ამომრჩეველი მიიღებს. სხვათა შორის, მინდა კიდევ გითხრათ ყველას, მათ შორის, ამ დეპუტატების ამომრჩევლებსაც: პარლამენტში საქმიანობის შეწყვეტა, უწინარესად იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ხმების შემწეობითაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვდით თქვენ, ძვირფასო მეგობრებო.

- ინტერვიუს ბოლო კითხვა: განვლილი ეკონომიკური კვირის შედეგები...

- უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე სიტყვით შევეხები ბიზნესმენებთან შეხვედრას, რომელიც გასულ კვირას გაიმართა. ეს იყო ძალიან საჭირო, გულახდილი და, ვიტყოდი, ძირითადად კეთილგანწყობილი საუბარი. თუმცა, არაერთი სამართლიანი შენიშვნა გამოითქვა, ზოგიერთი საყვედურიც პრეზიდენტის მიმართ, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის ცალკეული სტრუქტურებისა და სხვების მისამართით. მრავალი პრობლემის ოპერატიულად გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია. მით უმეტეს, რომ ასეთი კარგი ტრადიცია უკვე კიდევაც გვაქვს: წინა შეხვედრის დროს წარმოშობილ საკითხთაგან ბევრი რამ გაირკვა, ხელისუფლებამ კი დანაპირები, მთლიანად თუ არა, მნიშვნელოვანწილად მაინც შეასრულა. მხედველობაში მაქვს გადამხდელთა პირველი ყრილობა, რომელიც მუსიკალურ ცენტრში გაიმართა დაახლოებით ერთი წლის წინათ. სხვათა შორის, მე ჩამოვთვალე, თუ რამდენი რამ გააკეთა პარლამენტმა ამ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტთან ერთად.

ეს ტრადიცია გაგრძელდება და კვლავაც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას საქართველოში და არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, კერძოდ, საერთაშორისო ფინანსურ ცენტრებთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.

საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა, რათა შეექმნა ქართველი ბიზნესმენებისათვის უპირატესი ხელშეწყობის პირობები, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის, ვითარდება, უსწრაფესად იცვლება. ჩვენ კი, ხშირად ცალკეული ბიუროკრატიული სტრუქტურები ჩამოვრჩებით ხოლმე ცხოვრებას. ამიტომ აქ ბევრი რამ არის საფიქრალი და გასაკეთებელი. ყველაზე მეტად საშიში და შეუწყნარებელი ის იქნებოდა, რომ ამ სწრაფად განვითარებადი პროცესისათვის ფეხი ვერ აგვეწყო. მე ვიტყოდი, არათუ „ფეხი უნდა ავუწყოთ“, არამედ ბევრ რამეს კიდეც დავასწროთ და წარმატებისათვის საჭირო საფუძველიც შევამზადოთ.

უახლოეს მომავალში გამოვა ჩემი განკარგულება, რომლითაც ბიზნესმენთა სპეციალური ჯგუფი შეიქმნება პრეზიდენტთან, ალბათ, 10 კაცის შემადგენლობით. იგი ოპერატიულად განიხილავს პრობლემურ საკითხებს. ასეთივე ჯგუფები იქმნება პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც მე გუშინ ვესაუბრე ბატონ ზურაბს, სახელმწიფო მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან, საგარეო ვაჭრობისა და ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, თითქმის ყველასთან და ადგილობრივ ხელმძღვანელებთანაც. სხვათა შორის, ფინანსთა სამინისტროში, როგორც გუშინ მაცნობეს, ქმნიან სპეციალურ დეპარტამენტს, რომელმაც უნდა შეისწავლოს ბიზნესმენებთან მუშაობის პრაქტიკა და სათანადო ზომები მიიღოს იმისათვის, რომ საგადასახადო კოდექსში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს, თუკი ეს ცვლილებები მომწიფებულია.

რა თქმა უნდა, საკონსულტაციო ჯგუფების შექმნა ძალიან კარგი და სასარგებლო საქმეა, მაგრამ მთავარია, ჩამოყალიბდეს სისტემა, რომელსაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, თვითრეგულირებისა და თვითსრულყოფის თვისება ექნება. არ უნდა ველოდოთ ყრილობებს, აქტივებს, სხვა ასეთივე ღონისძიებებს - ბიზნესთან თანამოქმედების თანამედროვე მექანიზმი თავად შექმნის პრობლემათა სწრაფი გადაწყვეტის პირობებს. ბიზნესმენს, რომელსაც მილიონობით ლარი შეაქვს ბიუჯეტში, ბიუროკრატიული კიბის გაუვლელად, უშუალოდ უნდა შეეძლოს კონტაქტის დამყარება ნებისმიერ მინისტრთან და პრეზიდენტთანაც, თუ ეს აუცილებელი გახდა.

აქ კიდევ ერთ თემას უნდა შევეხო. ესეც ძველი თემაა, რამდენჯერმე მილაპარაკია ამაზე, მაგრამ, ალბათ, საჭიროა ისევ გავიმეორო, თუ ჩვენ გვინდა, საქართველოში დაფუძნდეს ნორმალური საბაზრო ეკონომიკა, უნდა შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება ბიზნესისა და ბიზნესმენებისადმი. შეგახსენებთ გერმანიის მაგალითს: როგორი გენიალური პიროვნებებიც უნდა ყოფილიყვნენ ადენაუერი და ერჰარდი (მე სპეციალურად მაქვს შესწავლილი გერმანიის განვითარების ის ეტაპი), ისინი ვერ მიაღწევდნენ წარმატებას, რომ არ შეექმნათ განსაკუთრებული განწყობილება გერმანულ საზოგადოებაში მეწარმისა და ბიზნესმენის მიმართ. გერმანელი ბიზნესმენი, მეწარმე, ფატობრივად ცენტრალური ფიგურა გახდა. ასე უნდა იყოს საქართველოშიც, თუ გვინდა საბოლოოდ დავძლიოთ კრიზისი და ავაშენოთ ჭეშმარიტად თავისუფალი ეკონომიკა.

აი, მაგალითად, არ შემიძლია ამას კიდევ ერთხელ არ გავუსვა ხაზი: ავიღოთ ცნობილი ფირმა „კოკა-კოლა“, რომელიც ასე გახმაურებულია, ცნობილი და პოპულარულია საქართველოში. უფრო სწორად, იგი კოლოსალური ამერიკული ფირმის ფილიალი გახლავთ, რომელსაც, ჩემი აზრით, შესანიშნავი ბიზნესმენი თემურ ჭყონია ხელმძღვანელობს. სულ რაღაც სამი წელია, რაც ეს ფირმა ფუნქციონირებს, სამი წელია, რაც ნამდვილად სრული სიმძლავრით ამუშავდა, და უკვე 15 მილიონი ლარი შეიტანა ბიუჯეტში. მე არ ვიცი დამისახელებენ თუ არა სხვა, ერთეულების გარდა, სახელმწიფო, ან სხვა საწარმოს, რომელთაც ასეთი წილი აქვს შეტანილი სახელმწიფო ბიუჯეტში. თანაც, სახელმწიფოს ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს არც მშენებლობაზე, არც კეთილმოწყობაზე, არც წყალგაყვანილობასა და, საერთოდ, არაფერზე. ხშირად გაიგონებ, რომ, აი ამ ფირმამ კრედიტი აიღო და ჯერ არ დაუბრუნებიაო. კი, ბატონო, აიღო თურქული კრედიტი (თუ არ ვცდები, 5 მილიონზეა ლაპარაკი), შექმნა, აღჭურვა საწარმო და 15 მილიონი შემატა სახელმწიფოს. ის კრედიტიც ნაწილობრივ უკვე დაფარა და, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მთლიანად გაისტუმრებს ვალებს დადგენილ ვადებში იმიტომ, რომ იმ ვალების რესტრუქტურიზაცია მოხდა და ეს ჭყონიას ვალსაც ეხება. ნამდვილად გული გეტკინება, როდესაც ასეთ ბიზნესმენზე არაკეთილისმოსურნე სტატიას წაიკითხავ ზოგიერთ გაზეთში. უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ბატონი ჭყონია მე იმიტომ დავასახელე, რომ იგი გამოვიდა, რაღაც გაზეთი ეჭირა ხელში და საშინელი გულისტკივილით ლაპარაკობდა, რა დავაშავე, ბოლოს და ბოლოს, ხომ შემეძლო საერთოდ არაფერი არ გამეკეთებინა, ან სხვა რამესთვის მომეკიდა ხელი, ნუთუ ეს 15 მილიონი ქვეყანას არ სჭირდებოდა, ჩემი ნიჭი, გონება, ყველაფერი, რაც გამაჩნია, ხომ ამას მოვახმარე და ისევ ქვეყნის სამსახურში ვიმყოფებიო.

ჩვენ აუცილებლად უნდა დავძლიოთ საზოგადოებაში ძველებური აზროვნების, ძველებური მენტალიტეტის რეციდივები. ყველამ უნდა შევიგნოთ: დღეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის 80 პროცენტი კერძო სექტორზე, კერძო მეწარმეებზე მოდის. აქედან ვიხდით პენსიებს, მასწავლებელთა ხელფასებს, ამ თანხებით ვაშენებთ არმიას, ვამაგრებთ საზღვრებს, ვაფინანსებთ დიპლომატიურ მისიებს, ვინახავთ პოლიციას და სხვა მრავალი. ამიტომ ბიზნესმენებს მეტი ყურადღებითა და პატივისცემით უნდა მოვეპყრათ, ეს იქნება დიდი ბიზნესმენი, თუ მცირე და საშუალო. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამაში მხარს დაგვიჭერს. რა თქმა უნდა, როცა მხარდაჭერაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მყავს ის ბიზნესმენი, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს, ხოლო ვინც კანონს არღვევს, მის მიმართ დანდობა არ უნდა იყოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც მინდა ყურადღება მივაქციო: გასულ კვირას გაიმართა საინვესტიციო საბჭოს მორიგი სხდომა.

არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ინვესტიციათა მასშტაბი საქართველოში დღითი დღე იზრდება. ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, საბერძნეთი, რუსეთი, სხვა განვითარებული ქვეყნები სულ უფრო დიდ თანხებს აბანდებენ ჩვენს ეკონომიკაში. შესანიშნავად მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის პროგრამები, ძალიან ბევრი რამ კეთდება სოფლის მეურნეობის დარგში. საკრედიტო კავშირები, რომლებზეც ჩვენ ვილაპარაკეთ. ბევრი რამ გაკეთდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, სხვა ქალქებისა და რეგიონებისათვის. შეიძლება ითქვას, თბილისის მეტროპოლიტენი სწორედ ამ პროგრამებმა გადაარჩინეს. საარსებო მნიშვნელობის პროექტი მუშავდება თბილისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის. ყველაფერი ეს უცხოური დახმარება და ინვესტიციებია, ანდა გრძელვადიანი, 40-45-წლიანი კრედიტები.

ამავე დროს, უცხოურ ინვესტიციებს მეტი ყურადღება და ზოგიერთ შემთხვევაში დაცვაც სჭირდება. მე აქ არ ვახსენე ენერგეტიკა. ჩვენ რაც გავაკეთეთ, რასაც ვაკეთებთ და გავაკეთებთ ენერგეტიკაში და თუ გამოვედით ენერგოკრიზისიდან და, დარწმუნებული ვარ, გამოვალთ, ეს სწორედ უცხოური ინვესტიციების წყალობით იქნება.

ამას იმიტომ შეგახსენებთ, თქვენ ყველაფერი ძალიან კარგად გესმით, რომ ზოგიერთისათვის ხელწამოსაკრავია ეს დახმარება, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის დახმარება, ჩვენთან მათი თანამშრომლობა. ხანდახან ისეთი საწინააღმდეგო არგუმენტსაც დაასახელებენ, რომელიც უბრალოდ საწყენი და შეურაცხმყოფელია ამ ადამიანებისათვის. თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი არსებობა, ვთქვათ, ამერიკის დახმარების გარეშე. მარცვალი, მე ერთხელ დავასახელე, ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი დახმარება გაუწია ამ ქვეყანამ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა. წელს, სხვათა შორის, 100 მილიონი დოლარია გამოყოფილი და ამ საინვესტიციო საბჭოზე გავარჩიეთ, სად რა უნდა დაიხარჯოს და ვთხოვე პრესისა და ტელევიზიის წამომადგენლებს ყველაფერი ეს აუწყონ მოქალაქეებს. ყველამ უნდა იცოდეს, რისთვის იხარჯება ეს უცხოური დახმარებანი.

ანდა, ეს უკვე მოსაბეზრებელი ლაპარაკი იმაზე, რომ რას მოიგებს საქართველო იმით, რომ სატრანზიტო ქვეყანა გახდება, რატომ ეჭიდავება ვიღაცას იმისათვის, რომ აქ ნავთობსადენმა გაიაროს, ან რატომ უნდა ედავებოდეს რომელიმე ქვეყანას იმისთვის, რომ იგი გაზსადენების საკვანძო ქვეყანა იყოს, დიდი აბრეშუმის გზის საკვანძო ქვეყანა გახდეს და ასე შემდეგ. მე მათ მინდა ვუთხრა, რომ საქართველო დღევანდელობით არ შეიძლება ცხოვრობდეს. ჩვენ ხვალინდელ თაობაზე, მომავალ თაობაზეც უნდა ვზრუნავდეთ, ხვალინდელ დღეზე უნდა ვზრუნავდეთ. ეს საქართველოს მომავალია, მისი დამოუკიდებლობის საფუძველია.

ამ კონკრეტულ თემას ცოტა ვრცელი საუბარი მოვაყოლე, მაგრამ, ალბათ, ესეც აუცილებელია, ესეც საჭიროა. ოპონენტებს პასუხი უნდა გავცეთ, ეს ხალხი ან საქმეში არ არის ჩახედული ანდა ქვეყნისათვის სიკეთე არ უნდა. რაც უფრო ცუდად იქნება საქმე, მით უკეთესი იქნება მისთვის. ასეთებიც არიან ჩვენში. და არა მარტო ჩვენში, ალბათ, ყველა ქვეყანაში არის ეს მოვლენა.

უცხო ინვესტიციებს მეტი ყურადღება და ზოგიერთ შემთხვევაში დაცვა, სწორედ დაცვა სჭირდება, და ჩვენ კანონი შევქმენით ამისათვის. ახლა არ მინდა დაწვრილებით ვისაუბრო ზეგნის ღვინის ქარხანასთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ. სხვათა შორის, ამაზე სტატია დაიწერა „ნიუ-იორკ ტაიმსში“. როგორ გააცურეს თითქოს ეს უცხოელი ინვესტორი, რომელმაც შეისყიდა სასამართლოს მიერ გაკოტრებულად მიჩნეული ღვინის ქარხანა, შეისყიდა ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელ ფასად და ძალიან დიდ ინვესტიციებს ჰპირდებოდა იმ რეგიონს მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის და ასე შემდეგ. ამის შემდეგ არაერთხელ გადაისინჯა ეს განაჩენი და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ, თურმე ქარხანა გაკოტრებული არ ყოფილა. იმ კაცმა კი ინვესტიცია დააბანდა. მე ერთს ვიტყვი მხოლოდ: ის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ან ვალდებულია იღებდეს გადაწყვეტილებებს უცხოელ თუ საკუთარ ინვესტორებთან დაკავშირებით, მეტი პასუხისმგებლობა მართებს, რათა ზიანი არ მიაყენოს ქვეყნის საინვესტიციო პრესტიჟს და ინვესტორებში არ დამკვიდრდეს აზრი, რომ საქართველოსთან საქმის დაჭერა არ შეიძლება. აი, ასეთებიც არიან - მიტმასნილები. ჯერ არ ჩამოსულა ბიზნესმენი და უკვე უკავშირდებიან, ჩემი წილი როგორი იქნებაო, ვითომ მას დიდი რამე გააჩნდეს, ან ქონება და ან ფული. ამიტომ ქვეყნის საინვესტიციო ავტორიტეტს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, არავინ მოითხოვს, რომ უცხოელ ინვესტორს განსაკუთრებული პრივილეგიური მდგომარეობა შევუქმნათ, მაგრამ იგი უეჭველად უნდა იყოს თანაბარ პირობებში. სხვაგვარად ინვესტორთა ნდობას ვერ მოვიპოვებთ. აი, ლუდის აღორძინება რომ უნდა დაიწყოს საქართველოში, რომელიც მთელ კავკასიას მოეხმარება. მარტო ის არ კმარა, რასაც ახლა ბატონი თოფაძე აკეთებს და კარგ და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს მსოფლიო სტანდარტების დონეზე, მაგრამ ის სიმძლავრეები არ კმარა. აი, მოიძებნა ფრანგი ბიზნესმენი, ძალიან დიდი ინვესტორი, რომელიც მასთან პარტნიორობით გიგანტს აშენებს. განა შეიძლება ასეთი ინვესტორის დაკარგვა? განა შეიძლება რაღაც წვრილმანი ინტერესებისათვის სახელმწიფოს ზიანი მიადგეს?

გასულ კვირას განვიხილეთ რამდენიმე საინტერესო წინადადება ზესტაფონ-ჭიათურის (ესეც ძალიან საინტერესო საკითხია) კომპლექსის აღორძინების პროექტის შესახებ. ქართულ მხარესთან ერთობლივად აქტიურად მუშაობს ისრაელის, იაპონიისა და სამხრეთ აფრიკის მსხვილი კომპანიებისაგან შემდგარი კონსორციუმი. ამას მე განსაკუთრებით ჭიათურელებისა და ზესტაფონელების საყურადღებოდ და იმ რეგიონისა და მთელი საქართველოს საყურადღებოდ ვამბობ. კონსორციუმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დადებთი შეფასება მიეცა პროექტით გათვალისწინებულ პერსპექტივებს, მათ შორის მანგანუმის მოპოვების ორიენტირებს. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 275 მილიონი დოლარია. იგი ითვალისწინებს რეგიონში ბუნებრივ გაზზე მომუშავე 200 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობას. ამასთანავე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურის მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება საშუალებას მოგვცემს მკვეთრად გავზარდოთ პროდუქციის წარმოების მოცულობა. კერძოდ, ფეროშენადნობთა ქარხნის სიმძლავრე გაიზრდება წელიწადში 260 მილიონი ამერიკული დოლარის პროდუქციის წარმოებამდე, რომელზეც უკვე დიდი მოთხოვნაა საერთაშორისო ბაზარზე.

ასევე ძალიან საინტერესოა ავსტრიის საფინანსო ორგანიზაციის „ევროინვერსტმენტ ბენკინგის“ ჩანაფიქრი. იგი მსოფლიოს მსხვილი ბანკების კაპიტალის მოზიდვით აპირებს ტყიბულის ქვანახშირის საწარმოს აღორძინებას და მის საფუძველზე 150 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობას. თქვენ იცით, რა უიმედო მდგომარეობაში არიან დღეს ტყიბულის შახტები და მეშახტეები. ლაპარაკია თბოელექტროსადგურისათვის წლიურად 400-450 ათასი ტონა ქვანახშირის მოპოვებაზე. ეს კი მეშახტეთა დასაქმებასთან ერთდ რეგიონის ელექტრო და თბოენერგიით მომარაგებას, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ნიშნავს.

ოთხშაბათს (უკაცრავად, რომ გამიგრძელდა ეკონომიკის თემაზე საუბარი, მაგრამ ალბათ, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება) მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ რეფორმების ახალი ეტაპი ისეთ პრიორიტეტულ ამოცანათა წარმატებით რეალიზაციის საკითხები, როგორიც არის ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის ფორმირება და განვითარება. კერძოდ, მოწონებულ იქნა კანონპროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ (მე იმ დღეს ვთქვი, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ შემოიტანა), რომლის მიღებაც სამართლებრივ საფუძველს შექმნის ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში წარმოქმნილ ურთიერთობათა სახელმწიფო რეგულირებისათვის.

ამ პრინციპების განხორციელების, აგრეთვე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის ფორმირების ხელშეწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ასევე, აქციათა რეესტრის წარმოების დროებითი დებულება, რომელიც დამტკიცდება პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დროულად შესამუშავებელია ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციის ლიცენზირების წესი. და, საერთოდ, რადგან ლიცენზირება ვახსენე, მე მინდა იცოდეს ყველა ბიზნესმენმა, დამწყებმაც და სტაჟიანმაც, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც ლიცენზირების პრობლემას შეისწავლის. აქ დიდი ბოროტებანი ხდება და ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღვადგინოთ სახელმწიფო წესრიგი.

და, ბოლოს რამდენიმე სიტყვა საბიუჯეტო შემოსავლის შესახებ, როგორც ყოველთვის, ტრადიციულად, ჩვენ ყველა ინტერვიუში ვცდილობთ შევეხოთ ამ თემას, ვინაიდან სწორედ ამ საკითხზეა დამოკიდებული სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, ლტოლვილებისათვის დახმარების გაწევა და ასე შემდეგ.

საგადასახადო ინსპექციის ცნობით, გასულ კვირაში კვლავ იმატა მის მიერ აკრეფილმა საბიუჯეტო შემოსავალმა და თითქმის 5 მილიონი ლარი შეადგინა. უნდა გითხრათ, რომ ბატონმა ნიკოლაიშვილმა ძალიან საქმიანად და სერიოზულად დაიწყო მუშაობა. ეს მილიონ ხუთასი ათასი ლარით სჭარბობს წინა კვირის შემოსავალს, ხოლო სულ ივნისის განვლილ პერიოდში მობილიზებულია 8 მილიონ 100 ათასი ლარი, რაც მილიონი ლარით აღემატება მაისის შესაბამის მაჩვენებელს. წლის დამდეგიდან საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტში ჩაირიცხა 136 მილიონი ლარი, შარშანდელზე 32 მილიონი ლარით მეტი.

საბაჟო დეპარტამენტმა ივნისის განვლილ პერიოდში ბიუჯეტში გადარიცხა 4 მილიონ 600 ათასი ლარი, სულ წლის დასაწყისიდან კი 89 მილიონ 300 ათასი ლარი, რაც 38 პროცენტით სჭარბობს შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს. უნდა გითხრათ, რომ ამ დეპარტამენტის ფორმირება და ამ შემოსავლის ასეთი, მე ვიტყოდი, ასტრონომიული ზრდა (მართალია, აბსოლუტური ციფრი არ არის ისეთი, მაგრამ ფაქტობრივად ნულიდან დაიწყეს) უდავოდ დაკავშირებულია თენგიზ აბულაძის სახელთან, თუმცა მას კიდევ ძალიან დიდი რეზერვები აქვს და ეს შესანიშნავად იცის. ამასთან, როგორც არერთხელ თქმულა, აუცილებელია კიდევ ერთხელ დაჩქარდეს შემოსავლის მობილიზების ტემპი, რათა ქვეყანაში დღეს შექმნილ მძიმე სიტუაციაშიც კი ხელისუფლებამ შეძლოს შეასრულოს მოსახლეობისათვის მიცემული პირობა ხელფასების, პენსიების, დახმარების დროულად გაცემის შესახებ. დავალიანებაზე ამ ზაფხულს ლაპარაკი აღარ უნდა იყოს.

მინდა ისიც გაცნობოთ, რომ მთავრდება მუშაობა ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებისათვის, კორუფციისა და გამომძალველობის წინააღმდეგ საგანგებო ზომების შესამუშავებლად.

საქინფორმი.

„ერთობა და მხოლოდ ერთობაა ის ძალა, რომელიც ქვეყანას საბოლოო მიზნამდე, სამართლიანობის აღდგენამდე, აფხაზეთში დაბრუნებამდე და ჭეშმარიტ აღორძინებამდე მიიყვანს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 15 ივნისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 16 ივნისი. - №148 (2848). - 1,2 გვ.

77 ედუარდ შევარდნაძე: სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმების მეორე ეტაპს სთავაზობს ქვეყანას და კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისკენ მოგვიწოდებს

▲ზევით დაბრუნება


ჩვენს ცხოვრებას ნამდვილად სჭირდება დადებითი ენერგია, ჩვენ გვჭირდება, თორემ ისეთი სიამოვნებით გვანებივრებს პრესა უარყოფითი ემოციების ზოგჯერ რეალურ, ზოგჯერ ხელოვნურად შექმნილ ტალღებში, რომ თუ ასე გაგრძელდა, მალე მაზოხისტებად ვიქცევით ყველა.

დადებითი ენერგიის ერთ დოზას მოგაწვდით, რომელიც მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დაიბადა, როდესაც განიხილებოდა საკითხი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლ „რუსთავისათვის“ აკადემიური ანსამბლის წოდების მინიჭების შესახებ.

ეს არ იყო კანცელარიული დაფიქსირება თუნდაც ძალიან საინტერესო საკითხის. ქართული ხელოვნების ელიტის მონაწილეობამ განხილვაში, თავად საკითხის არაორდინალობამ განსაზღვრა ის მაღალი რეგისტრი, რომლითაც გუშინდელი სხდომა დაიწყო. გიგა ლორთქიფანიძის, ჯემალ ჭკუასელის, ჯანსუღ კახიძის, ანზორ ერქომაიშვილის გამოსვლებმა, პრეზიდენტის შემაჯამებელმა სიტყვამ ქართული ხელოვნების ზეიმი დაბადა, რადგან გაცხადდა ხალხური შემოქმედების, ეროვნული სულის ზეიმი და მოხდა ის, რაც არასოდეს მომხდარა მთავრობის სხდომების პრაქტიკაში - მთავრობამ, მოწვეულმა საზოგადოებამ ტაშით, აპლოდისმენტებით, მაშასადამე, გულწრფელი სიხარულით აღნიშნა ღირსეული ანსამბლისათვის ღირსეული წოდების მინიჭება.

მთავრობის გუშინდელი სხდომა ფრიად დატვირთული იყო პრობლემური საკითხებით (თუნდაც - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის შექმნის შესახებ“, „საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოსა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, „გალის რაიონიდან დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ“, „თელასის პრივატიზაციის შესახებ“ და ასე შემდეგ), მაგრამ, მოდით, ხვალისთვის გადავდოთ მათზე საუბარი, მით უფრო, რომ ვრცელი ანგარიშის მოწოდებას საქინფორმი გვპირდება.

გადავდოთ, რადგან საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ სხდომის დასასრულს გაკეთებული განცხადება ქვეყნის ცხოვრებაში, გნებავთ, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში ახალი ეტაპის დაწყების მანიშნებელი იყო.

მართალია, ჯერ ანალიტიკური ფიქრისა და განსჯის დონეზე, ფიქრითა და განსჯით იწყება დიდი საქმე, საჯაროდ გამოტანილი აზრით.

ამ განცხადებისთვის ბიძგის მიმცემი, როგორც გაირკვა, იყო პრეზიდენტის შეხვედრები ბიზნესმენებთან, ცალკეულ სამინისტროთა ხელმძღვანელებთან, პრეზიდენტის რწმუნებულებთან, აპარატთან, შეხვედრები ადგილებზე, და როგორც სავსებით ბუნებრივი (პრეზიდენტის აქცენტია) - სატელევიზიო პროგრამები, პრესის პუბლიკაციები, როდესაც სრულად დაიხატა დღევანდელი ვითარების რეალური სურათი.

- ეტყობა, სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, - განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, - არ ვამბობ, რომ დღეს და ხვალ გადაწყვეტილება მივიღოთ, მაგრამ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ აღმასრულებელი ხელისუფლების შემდგომ სრულყოფაზე. მხედველობაში მაქვს ფორმაც და მისი საქმიანობის არსებითი მხარეც.

ბოლო წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში, ალბათ, ყველანი დამეთანხმებით, დაგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება, დადებითიც და უარყოფითიც. ჩვენ ვიმუშავეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის გარეშე, როცა მოქმედებდა სახელმწიფო მეთაურის სტრუქტურა და მინისტრთა კაბინეტი; პრეზიდენტის ინსტიტუტის პირობებში, როდესაც ფუნქციონირებდა მინისტრთა კაბინეტით.

ყველა სისტემას და, განსაკუთრებით, მართვის სისტემას სჭირდება სრულყოფა. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის სახელმწიფო განვითარების გარდამავალ ეტაპზე. ზოგიერთ ქვეყანაში ზოგჯერ წელიწადში ორჯერაც კი იცვლება სისტემა.

პრეზიდენტის აზრით, შეიძლება ვიმსჯელოთ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის რამდენიმე ვარიანტზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე უნდა იფიქრონ მთავრობის წევრებმაც და მთელმა საზოგადოებრიობამაც.

პრეზიდენტი საზოგადოებას განსჯისკენ მოუწოდებს.

- იქნებ ღირდეს, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - დღის წესრიგში დადგეს მინისტრთა კაბინეტის შექმნის საკითხი. ეს მოსაზრება გამოიკვეთა ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს, მხედველობაში მყავს ისინი, ვისაც ყოველდღიურად სჭირდებათ ოპერატიული საკითხების გადაწყვეტა.

აქ ძალიან ბევრია დადებითიც და უარყოფითიც, და ამ მოსაზრებას აქტიურად განიხილავენ ბიზნესმენები, მეწარმეები, ეკონომიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტები, მთელი ჩვენი საზოგადოება.

არის ასეთი საკითხიც: საჭიროა გაუმჯობესდეს არა მარტო კონტროლი, არამედ კოორდინაციის საქმეც. პირველ რიგში, ეს ეხება ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, მაგრამ არა მარტო მათ.

აუცილებელია ამაღლდეს მთელი ჩვენი საქმიანობის ოპერატიულობა, გაუმჯობესდეს მიღებულ გადაწყვეტილებათა, ბრძანებულებათა ეფექტიანობა.

ამ საკითხზე საუბრისას პრეზიდენტმა, როგორც უარყოფითი მაგალითი, დაასახელა მნიშვნელოვანი ბრძანებულება, რომელიც გადამხდელთა კავშირის პირველ ყრილობაზე წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად იყო მიმართული, და რომლის ძირითადი დებულება და მოთხოვნები შეუსრულებელი დარჩა. მიმაჩნია, რომ ეს სერიოზული ჩავარდნაა და ასეთ ფაქტებს გამარტივებულად თუ შევხედავთ, სწორი არ ვიქნებით, განაცხადა მან.

- ნუ დაგვავიწყდება, რომ ის, რაც ქვეყნის რეფორმების დასაწყის ეტაპზე მიუღწევლად მიგვაჩნდა, უკვე განვლილი ეტაპია და დღეს სულ სხვა ამოცანები გვაქვს გადასაწყვეტი.

ამიტომაც ვლაპარაკობთ სწორედ რეფორმათა მეორე ეტაპზე, რომელიც არანაკლებ რთულია და, შეიძლება, უფრო რთულიც, იმასთან შედარებით, რომელიც უკვე გავიარეთ.

ეს საქმეც უკეთეს კოორდინაციასა და მართვას მოითხოვს.

სამწუხაროდ, მართვის დღევანდელმა სისტემამ ვერ დაძლია ბიუროკრატიზმი, ვერ შეძლო მისი გადალახვა. ბიუროკრატიზმის უკან კი აუცილებლად დგას ჩრდილოვანი ეკონომიკა და ზღვარს გადასული, სხვა სიტყვას ვერ მოვძებნი, კორუფცია, რომელიც საქართველოში, როგორც იტყვიან, გაფურჩქვნის სტადიაშია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ვნებს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს, მის იმიჯს, ხელს უშლის ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას.

კიდევ ერთი პრობლემა. ეს არის ავტონომიურ, ან მასთან გათანაბრებულ წარმონაქმნთა წარმომადგენლობა. მხედველობაში მაქვს კონსტიტუცია, რომელიც იმ თავების დამატებით, რომლებიც ახლა არ არის, შევა ძალაში, შეიძლება ეს იყოს ავტონომია, ან რაღაც სხვა, მაგრამ აუცილებლად სახელმწიფო საწყისებზე აგებული ფორმირება, მათი წარმომადგენლობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

ეროვნულ უმცირესობათა მონაწილეობა რეალური მართვის პროცესში. ჯერჯერობით ამ საქმეში ამ მხრივ მოწოდებებიდან აქტიურ მუშაობაზე ვერ გადავედით. შეიძლება ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. დავიწყებთ მუშაობას მაშინ, როცა უკვე გვიან იქნება.

ცალკეული რეგიონების, თუნდაც ცალკეულ პოლიტიკურ ძალთა ინტერესების უკეთესად გათვალისწინება ხელისუფლების ფორმირებისას, თუ კაბინეტი შეიცვლება, მინისტრთა საბჭოს ფორმირებისას და ასე შემდეგ.

მე არავის ვპირდები პორტფელების დარიგებას. ეს ცალკე საკითხია, ცალკე უნდა განვიხილოთ, მაგრამ, საერთოდ, ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში უფრო მეტად უნდა ვფიქრობდეთ ხელისუფლებასა და მმართველობაში იმ პოლიტიკური ძალების მოზიდვაზე, რომლებიც რეალურ ძალას წარმოადგენენ.

ამ თვალსაზრისით მინისტრთა კაბინეტის შექმნა ბევრ პრობლემას მოხსნიდა და უფრო მეტ სივრცეს მოგვცემდა საქმიანობისათვის, მუშაობაში მანევრირებისათვის.

პრეზიდენტმა ილაპარაკა შესაძლო ნეგატიურ შედეგებზეც და მათ შორის, უწინარეს ყოვლისა, აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის შექმნა მიგვიყვანს მართვის კიდევ უფრო მრავალსაფეხურიან სტრუქტურამდე.

- გადაწყვეტილებათა მიღება დროში შეიძლება კიდევ უფრო გაიწელოს, თუ სწორად არ ავაგებთ მთელ სისტემას, - ხაზი გაუსვა ედუარდ შევარდნაძემ. - საჭირო იქნება საპრეზიდენტო კონტროლის გაძლიერება. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საშუალება უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს ბრძანებულებათა შესრულებას, კანონების აღსრულებას და ასე შემდეგ, და ყოველდღიური საკითხებით იმდენად დაკავებული არ უნდა იყოს. უნდა გაძლიერდეს საპრეზიდენტო კონტროლის აპარატი, მაგრამ არა მრავალრიცხოვნობის, არამედ მაღალკვალიფიციური მოხელეების მოზიდვისა და შენარჩუნების ხარჯზე.

ამით პრეზიდენტი გათავისუფლდება ყოველდღიური, შედარებით უმნიშვნელო საკითხებისაგან. სიმართლე გითხრათ, ჩემი სამუშაო დროის ორი მესამედი, თუ მეტი არა, სწორედ ასეთ საკითხებს მიაქვს. გაიზრდება მისი მაორგანიზებელი და მაკონტროლებელი ფუნქციები. მას საშუალება ექნება, მოახდინოს ყურადღების კონცენტრირება ქვეყნის განვითარების ძირეულ საკითხებზე, ეფექტიან საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბევრი რამის გაკეთებას ვერ ასწრებენ აღმასრულებელ სტრუქტურებში არა იმიტომ, რომ პასიურები არიან, არამედ იმიტომ, რომ ბევრ რამეს, რისი გაკეთებაც პრეზიდენტს შეუძლია, სხვა ვერ გააკეთებს, რესურსები კი არის - ბლოკადა, რომელშიც საქართველო იყო მოქცეული, გარღვეულია და პერსპექტივაც ძალიან დიდია.

- ამავე დროს, - თქვა პრეზიდენტმა, - ნუ დაგვავიწყდება, რომ მრავალსაფეხურიანი სისტემა თავისთავად ბადებს, წარმოქმნის ახალ ბარიერებს, ხშირად ხელოვნურსაც. ასეთ პირობებში, პრეზიდენტის განცხადებით, ჩნდება ნეგატიური მოვლენები, რაც წინა მინისტრთა კაბინეტის მოღვაწეობამაც დაადასტურა. ამიტომ, დაასკვნა ედუარდ შევარდნაძემ, ფორმა თავისთავად არ არის ხსნა. ქვეყანას უნდა შევთავაზოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც მას სჭირდება და გამოადგება, პირველ რიგში, ეკონომიკას, ასევე, - სხვა სფეროებს.

- უმთავრესი პრობლემა კი ის არის, რომ ყველაფერი ეს მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც დაკავშირებული იქნება ქვეყნის მოსახლეობის და პარლამენტის დიდ ნებასთან.

კონსტიტუციის ხელის ხლება თავისთავად დასაფიქრებელი პრობლემაა. თქვენ იცით, როგორი დებატები გაიმართება მხარდაჭერისაც, საწინააღმდეგოც, მაგრამ, თუ პრობლემა მომწიფდა, სჯობს დავაყენოთ დღის წესრიგში და მივიდეთ ეროვნულ და სამოქალაქო კონსენსუსამდე. სულაც არ ვგულისხმობ, რომ პარლამენტი და პრეზიდენტი ჩაიკეტონ და დახურულ კარს მიღმა გადაწყვეტილება მიიღონ. ასეთი რამ შეუძლებელია და არც მოხდება.

საჭიროა საჯაროობა. ყველა უნდა დაგვეხმაროს - პრესა, რომელიც მხარს გვიჭერს, რომელიც არ გვიჭერს - რათა გაიმართოს საერთო-სახალხო დისკუსია ხელისუფლების, პირველ რიგში, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების სრულყოფის თაობაზე.

ყოველგვარი რეორგანიზაცია, რეკონსტრუქცია, რომელიც უნდა განვახორციელოთ, - განაცხადა პრეზიდენტმა, - ჩვენს პირობებში დაკარგავს აზრს, თუ კორუფცია არ დავძლიეთ.

გაჩნდება ახალი ინსტიტუტები ვიცეპრემიერების. მჯერა, მოვძებნით წესიერ ხალხს, მაგრამ ხანდახან წესიერი ხალხიც სცოდავს ხოლმე, იმდენად დიდია დაწოლა სხვადასხვა სფეროებიდან და არხებიდან.

ამ მოვლენების დასაძლევად უნდა შეიქმნას ქმედითი მექანიზმი. სამთავრობო თუ სახელისუფლებო სტრუქტურების სრულყოფის აუცილებელ პირობად მიმაჩნია გადამწყვეტი დარტყმის მიყენება კორუფციისათვის.

ხალხმა, მოსახლეობამ, ყველა მოქალაქემ უნდა დაიჯეროს, რომ კორუფციის დამარცხება შესაძლებელია აქტიური და შედეგიანი ბრძოლით.

მხედველობაში მაქვს არა მარტო კორუმპირებულთა მხილება, არამედ მთელი ამ ურთულესი კომპლექსის კოორდინაცია.

ჩვენ დღეს არავის უნდობლობას არ ვუცხადებთ - არც შინაგან საქმეთა, არც უშიშროების სამინისტროებს, არც პროკურატურას. ძალიან გულუბრყვილო მიდგომა იქნებოდა, რომ შევქმნათ რაღაც 15-20 კაციანი აპარატი, თუნდაც უმაღლესი ხელფასის მქონე სპეციალისტებით და მოვახდინოთ რევოლუცია. მიმაჩნია, რომ აქ შეიძლება შეისწავლონ და განიხილონ მხოლოდ ერთეული საქმეები, მაგრამ სამაგალითოდ ბოლომდე მიყვანილი. პრეზიდენტის ამ ინსტიტუტის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს კოორდინაცია იმ ღონისძიებებისა, რომლებსაც ახორციელებენ სამართალდამცავი ორგანოები.

თქვენთვის ცნობილია კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შევიტანე ამ საკითხთან დაკავშირებით და რომელსაც ყველა ერთსულოვნად არ მიესალმა, პირიქით, ბევრმა კატეგორიული პროტესტიც გამოთქვა. ისიც კი თქვეს, რომ შევარდნაძეს ახალი „ჩეკას“ შექმნა სურს, რომ ეს არის დამსჯელი სტრუქტურა და სხვა. მესმის, იმდენად მძიმე ათწლეულები გავიარეთ, რომ ასეთ ეჭვებსაც შეიძლება საფუძველი ჰქონდეს.

მაგრამ თუ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდატეხის შეტანა არ დავიწყეთ, სხვანაირად, ათი მინისტრთა კაბინეტიც რომ შევქმნათ, ვერ აღვადგენთ რწმენას აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ და, თუნდაც, საკანონმდებლო სტრუქტურების მიმართ.

პრეზიდენტმა ამ სფეროში პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, მოსალოდნელი უმძიმესი მუშაობის სრული შეგნებით, რადგან არის უგანვითარებულესი ქვეყნები, რომლებმაც ვერ დაძლიეს კორუფციის სენი. პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ ახლა არ იწყება მასობრივი დათხოვნის (მინისტრებზეა ლაპარაკი) კამპანია, რომ ჯერ მხოლოდ განხილვის სტადიაა.

მაგრამ ის, მომდევნო სტადიაც დადგება.

ნდობა, პატიოსნება და კოორდინაცია ძალისხმევისა მიაჩნია პრეზიდენტს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საფუძვლად.

პრეზიდენტი მუშაობას იწყებს თავის რწმუნებულებთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან შეხვედრებით. იმაშიც დარწმუნებულია, რომ ის, რაზეც მან ილაპარაკა, გარკვეული სპეკულაციის თემაც გახდება, მაგრამ ადამიანს, როგორც მან თქვა, განსაკუთრებით, ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი ჩრდილის არ უნდა ეშინოდეს. თუ იგი მშვიდ და წყნარ ძილზე ფიქრობს, მაშინ საქმე წინ ვერ წაიწევს.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა განსაკუთრებით ფრთხილი და სათუთი მიდგომის აუცილებლობას საკონსტიტუციო საკითხებისადმი, რომლებსაც შეეხება ზემოთ აღნიშნული ცვლილებები. კორექტივები შეეხება საგადასახადო კოდექსსაც, რომელიც ძალიან მწვავე კრიტიკის საგანია. ბიზნესმენებმა, რომლებსაც პრეზიდენტი შეხვდა, ალტერნატიული პროექტიც კი შეიმუშავეს.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს პროექტი შეიძლება ბევრად სჯობს არსებულს, შეიძლება გულუბრყვილო მომენტებიც იყოს. მაგრამ ყველაფერ ამას შესწავლა და გაანალიზება სჭირდება, და, როგორც ჩანს, მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგი, ცხადია, დასაბუთებული ცვლილებებისა, პრეზიდენტი წინააღმდეგი არ არის.

ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის სხდომის მონაწილეებს აცნობა, რომ მისი შეხვედრა ლუდვიგ ჩიბიროვთან ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტ ძასოხოვისა და რუსი დიპლომატების მონაწილეობით 20 ივნისს გაიმართება. ამ შეხვედრაზე, ბუნებრივია, ყველა საკითხი ვერ გადაწყდება, მაგრამ, როგორც ედუარდ შევარდნაძემ თქვა, მთავარია, შედგება საუბარი იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ერთად ცხოვრება. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სამინისტროთა და უწყებათა ხელმძღვანელებს, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ეკონომიკური კავშირების აღსადგენად და ასამუშავებლად. ამ საფუძველზე შესაძლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ფიქრი უკვე რეალობაა.

ედუარდ შევარდნაძე შეეხო ისეთ მწვავე პრობლემებს, როგორიც არის გალელებისა და ჩვენი საერთო სატკივარი და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხი. აფხაზეთის კონფლიქტის მოსაწესრიგებელი საქმიანობა, პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებით გააქტიურდა გალის ტრაგედიის შემდეგ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის საგანგაშო წერილის შემდეგ, რომლითაც მან ბორის ელცინს მიმართა, დღის წესრიგში დადგა დსთ სახელმწიფოთა მეთაურების საგანგებო შეხვედრა. ბევრმა პრეზიდენტმა უკვე დაუჭირა მხარი ედუარდ შევარდნაძეს, მიიჩნია, რომ ეს შეხვედრა შეიძლება მართლაც შედეგიანი იყოს, თუმცა მისაღები გადაწყვეტილების პროექტი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ პოზიტიური შედეგის საფუძველი, უნდა ვივარაუდოთ, რეალურია, რადგან ამ საქმეში აქტიურად და დადებითად არიან ჩაბმული რუსეთის დიპლომატიისა და დსთ აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელები, საქართველოს მეგობარი ქვეყნები.

სოხუმში ჩავლენ ბერეზოვსკი, პასტუხოვი და ვაჟა ლორთქიფანიძე, რომლებიც არძინბასთან ერთად განიხილავენ თანამეგობრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების შესრულებას და გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას და პოზიციას.

- გულახდილად მინდა გითხრათ, - თქვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, - ამ ბოლო დღეებში თავს ვარიდებდი და გავურბოდი ვლადისლავ არძინბასთან საუბარს. ადამიანურად ჩემთვის ეს იყო ძალიან ძნელი. ისევე, როგორც ყველა თქვენთაგანმა, მეც განვიცადე ისეთი ძლიერი სულიერი სტრესი გალის ტრაგედიის გამო, რომ ამის შემდეგ იოლი არ იყო დავლაპარაკებოდი იმ ადამიანს, რომელზეც, ალბათ, ბევრი იყო დამოკიდებული. მე არ მინდა მას დავაბრალო ყველაფერი, შეიძლება, სხვა შეცდომებიც იყო დაშვებული, მაგრამ ეს ცალკე მსჯელობის საგანია.

ამ დილით შედგა ჩვენი საუბარი. მან დაადასტურა, რომ ის ეთანხმება ჩემს მიერ არაერთხელ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საბოლოოდ მთელი ეს კომპლექსი პრობლემებისა უნდა გადაწყვიტოს ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა. მაგრამ, ამავე დროს, იგნორირება იმისა, რასაც ახლა ვაკეთებთ, შეუძლებელია: ჩვენ გვყვავს მოკავშირეები დ ისინი უნდა მონაწილეობდნენ ამ პროცესში.

ამიტომ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე ერთი დღით ადრე ჩაფრინდება სოხუმში. გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ვლადისლავ არძინბასთან, იმ პირებთან, რომლებსაც ის მისცემს რწმუნებას. შემდეგ მოსკოველი სტუმრებიც შეუერთდებიან და საბოლოო პროექტამდე შეიძლება მივიდეს საქმე.

დღევანდელი საუბრიდან ვიგრძენი, რომ იგი განწყობილია, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ამ ბოლო ტალღის შედეგები. ვერ გეტყვით, რამდენად შესრულდება ეს, რადგან ოთხჯერ თუ ხუთჯერ მოვაწერეთ ხელი ერთობლივ დოკუმენტებს, და როგორ შესრულდა, თქვენთვის ცნობილია.

მაგრამ პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ შედეგი მაინც მოჰყვება. შედეგი საიმისო, რომ შედგეს ედუარდ შევარდნაძისა და ვლადისლავ არძინბას შეხვედრა. ამ პროცესის დაჩქარება მიაჩნია საჭიროდ პრეზიდენტ შევარდნაძეს. დღეს გაცილებით მეტია საკითხების მოგვარების პერსპექტივა, ვიდრე გუშინ იყო. დღეს, ორივე მხარეს უჭირს, დიდი ტრაგედია ტრიალებს, და თანდათან იქმნება ატმოსფერო ჩვენი უდიდესი ტკივილის მოსაშუშებლად.

კიდევ ერთი ცდა, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ბოლოს და ბოლოს იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რომელსაც ყველა ველოდებით.

კიდევ ერთი დოზა დადებითი ენერგიის, რომელიც ასე გვჭირდება ყველას.

არმაზ სანებლიძე.

ედუარდ შევარდნაძე სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმების მეორე ეტაპს სთავაზობს ქვეყანას და კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისკენ მოგვიწოდებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 18 ივნისი. - №150 (2850). - 1,2 გვ.

78 „აჭარის ბრძენი საზოგადოება, თვალსაჩინო, შესანიშნავი ქართველი მოღვაწეები, რომლებიც ამ უძველეს ქართულ მიწაზე ცხოვრობენ, შემოქმედებითად შრომობენ - ქართველი ერის სიამაყეს წარმოადგენენ“

▲ზევით დაბრუნება


დღეს სრულიად საქართველოს ყურადღება ბათუმში გახსნილი ყრილობისკენაა მიპყრობილი. ყველაფერი, რაც ხდება აჭარაში, - ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთ უკეთილშობილეს, ძირძველ მხარეში, - საყოველთაო ინტერესს იწვევს. ყველას გვახარებს აჭარის წარმატება, აღორძინებისა და აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ამ რეგიონში განსაკუთრებით სწრაფად და წარმატებით მიმდინარეობს. ამაში, მთელი ქვეყნის დემოკრატიულ ძალებთან ერთად, ძალზე დიდია „აღორძინების პარტიისა და მისი ლიდერის, ბატონ ასლან აბაშიძის წვლილი. „აღორძინება“ კვლავაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული საერთო ქართული საქმის წარმატებით განვითარებისა და დაგვირგვინებისათვის მიმდინარე ბრძოლაში. აჭარის ბრძენი საზოგადოება, თვალსაჩინო, შესანიშნავი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ამ უძველეს ქართულ მიწაზე ცხოვრობენ, შემოქმედებითად შრომობენ - ქართველი ერის სიამაყეს წარმოადგენენ.

ვუსურვებ „აღორძინების“ ყრილობას წარმატებას, ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც განამტკიცებენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, გაახარებენ ყველა მოყვარეს, საქართველოს ყველა კეთილის მსურველს და მომავალი, გარდაუვალი საერთო გამარჯვების რწმენით აღავსებენ საქართველოს შვილებს.

ე. შევარდნაძე.

აჭარის ბრძენი საზოგადოება, თვალსაჩინო, შესანიშნავი ქართველი მოღვაწეები, რომლებიც ამ უძველეს ქართულ მიწაზე ცხოვრობენ, შემოქმედებითად შრომობენ - ქართველი ერის სიამაყეს წარმოადგენენ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 23 ივნისი. - №155 (2855). - 1 გვ.

79 „სწორედ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგება, მოგვარება შეიძლება გახდეს ჩვენს დროში პოლიტიკურ მოღვაწეთა ძალისხმევისა და მათი კეთილი ნების შესაბამისად კონფლიქტის დაძლევის, ხალხთა, ადამიანთა შერიგების კლასიკური მაგალითი“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
22 ივნისის რადიოინტერვიუ

დღევანდელ რადიოინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვანი თემით დავიწყებთ - ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების გრძელ მარათონში გასულ კვირას მორიგი შეხვედრა გაიმართა. ვაჟა ლორთქიფანიძე და ბორის ბერეზოვსკი აფხაზთა ლიდერს შეხვდნენ. შეიძლება თუ არა დღეს ლაპარაკი რაიმე კონკრეტულ შედეგზე? და, ალბათ, ძირითადი, რასაც ამ შეხვედრის შემდეგ ელიან, ეს გახლავთ თქვენი შეხვედრა ვლადისლავ არძინბასთან. კვლავ აქტუალურია თუ არა ეს? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ბატონების ვაჟა ლორთქიფანიძის, ბორის ბერეზოვსკისა და ბორის პასტუხოვის საუბრები აფხაზთა ლიდერებთან საკმაოდ იმედისმომცემად მიმაჩნია. თუმცა, ყველა ფორმულირება დოკუმენტში, რომელსაც შესაძლოა ხელი მოვაწეროთ, ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის შეთანხმებული. მუშაობა გრძელდება და კვლავაც უნდა გაგრძელდეს. მოლაპარაკების შედეგებსა და საერთო ტონალობას თუ გავითვალისწინებთ, დღის წესრიგიდან ვერ მოვხსნით ჩემი და ვლადისლავ არძინბას შეხვედრას, რომლის დროსაც უნდა დაზუსტდეს მხარეთა შეხედულებანი ლტოლვილთა დაბრუნების მასშტაბის, აგრეთვე, რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე შეზღუდვების გაუქმების შესახებ.

დღეიდან დაიწყება კიდევ უფრო ინტენსიური კონსულტაციები და, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში საქართველოს ხელისუფლება საბოლოოდ ჩამოაყალიბებს შეხედულებას იმის თობაზე, თუ რამდენად საფუძვლიანად მიგვაჩნია ჩვენ ის, რაზედაც სოხუმში შეთანხმდნენ და, რა არის კიდევ დამაბრკოლებელი ამ გზაზე.

რა თქმა უნდა, უმთავრესი სატკივარი ლტოლვილთა პრობლემაა. გუშინ მე დავბრუნდი ბორჯომიდან, სადაც ლუდვიგ ჩიბიროვთნ შეხვედრის შემდეგ, „კომპოზიტორთა სახლში“ განსახლებული ლტოლვილები მოვინახულე - სამასამდე ბავშვი და ზოგიერთი მათგანის მშობლები, ძირითადად, გალის რაიონიდან. ძნელია აუღელვებლად ილაპარაკო იმ ატმოსფეროს შესახებ, რომელიც იქ სუფევდა, მაგრამ იმედს არავინ კარგავს. მე ამ ბავშვების თვალებში კოლხეთისა და სრულიად საქართველოს ნათელი მომავალი დავინახე. ვფიქრობ, ყოველი მათგანი უკვე ხედავს და გრძნობს, რამდენს აკეთებს დედასამშობლო ლტოლვილთა დასახმარებლად, გადასარჩენად. უკანასკნელ რესურსებს, როგორც იტყვიან, უკანასკნელ ლუკმას მოვიკლებთ და მათ, რამდენადაც შეგვიძლია, ამ ტკივილებს შევუმსუბუქებთ. უახლოეს დღეებში აბასთუმანში ავიყვანთ და ვუმკურნალებთ ტუბერკულოზით დაავადებულ ლტოლვილებს.

ამრიგად, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო გალელებს: თქვენ მარტონი არა ხართ, მთელი საქართველო თქვენთან არის. იგი უკვე ზრუნავს არა მარტო თქვენს დაბრუნებაზე, არამედ, აგრეთვე, თქვენი კარ-მიდამოს, სახლს-კარის მოწყობასა და მეურნეობის რეაბილიტაციაზე.

აქვე, მინდა ერთი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ. ვლადისლავ არძინბასთან უკანასკნელ ხანს რამდენჯერმე ვისაუბრე ტელეფონით და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მეორე მხარეც განიცდის იმას, რაც მაისში მოხდა. არც შეიძლება, რომ ნორმალური ადამიანი არ განიცდიდეს ამას. მან ასე თქვა პირდაპირ, რომ შემზარავს ხოლმე, რასაც მეუბნებიან: ენგურის მეორე მხარეს დგანან ადამიანები, ასობით და ათასობით, უყურებენ თავიანთ სახლებსა და კარ-მიდამოს, ზოგი იწვის, ზოგი - გადარჩა, იქა აქვთ ქონება და ასე შემდეგ. ასეთი საუბარი, უნდა ითქვას, ჩვენ შორის აქამდე არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომში შეხვედრისას ლუდვიგ ჩიბიროვმა შემოგვთავაზა შეხვედრის მოწყობა ცხინვალში. საკმაოდ საინტერესო წინადადებაა. ზოგიერთი ნიუანსის გათვალისწინებით, ვლადისლავ არძინბასთან ჩემი შეხვედრა ცხინვალში შესაძლოა სავსებით მიზანშეწონილი იყოს. თუმცა, ეს შეიძლება არძინბასათვის ამჯერად არ იყოს მისაღები. მაშინ სხვა ვარიანტიც ბევრია და პრობლემა არ იქნება გადაუჭრელი. ამჯერად არ დავაზუსტებ, რა ნიუანსები მაქვს მხედველობაში, - ვიტყვი მხოლოდ, რომ ისინი საგარეო პოლიტიკის სფეროს განეკუთვნება.

- თქვენ ბორჯომის შეხვედრა ახსენეთ. პრესკონფერენციაზე საინტერესო განცხადებები გაკეთდა. მე მხედველობაში მაქვს ლუდვიგ ჩიბიროვთან თქვენი შეხვედრა, რომელშიც ძასოხოვიც მონაწილეობდა, კერძოდ, თქვენი, ჩიბიროვისა და ძასოხოვის ოპტიმისტური განცხადებები...

- ალბათ, უკვე აღარც არის საჭირო ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბატონ ლუდვიგ ჩიბიროვთან საუბარმა კონსტრუქციულ, კეთილმოსურნე ატმოსფეროში ჩაიარა, ვინაიდან ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სხვათა შორის, დასკვნითს დოკუმენტში, ანუ ერთობლივ განცხადებაში უკვე ლაპარაკია პოსტკონფლიქტურ, ანუ კონფლიქტის შემდგომ მოწესრიგებაზე. იგულისხმება, რომ კონფლიქტი შეწყვეტილია და მხარეები ეძებენ გზებს დასაახლოებლად. დაწყებულია ქართველთა და ოსთა შერიგების ფართომასშტაბიანი, ყოვლისმომცველი პროცესი. ამ პროცესის უმთავრესი მონაპოვარი გახლავთ ნდობა - როგორც უბრალო ადამიანების, აგრეთვე, ლიდერთა დონეზე. ნდობა დიადი და კეთილშობილი ცნებაა. ნდობის ატმოსფეროში ყველა საკითხის მოგვარება შეიძლება.

ცხინვალსა და მის გარეუბნებში უკვე დაბრუნდა ასობით ქართული ოჯახი. ოსი ლტოლვილებიც უბრუნდებიან თავიანთ სახლ-კარს ცხინვალში, ცალკეულ რაიონებში, მათ შორის, საქართველოს შიდა რაიონებში, მიტოვებულ გუჯარეთის ხეობაში 150-მდე კაცი დაბრუნდა, ასევე, თბილისში, ქართლის სხვადასხვა რაიონებშიც. მე ვიცი, რომ ბაკურიანში თავიანთ სახლ-კარს დაუბრუნდნენ ოსები და ასე შემდეგ.

ბატონ ლუდვიგ ჩიბიროვთან ბორჯომის შეხვედრამ კიდევ უფრო აამაღლა ნდობის კოეფიციენტი. ამას უდავოდ ხელს უწყობენ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი ძასოხოვი. ასევე უნდა აღინიშნოს რუსეთის წარმომადგენლების - დიპლომატების, მათ შორის, პასტუხოვისა და სხვა მაღალი რანგის მოხელეების აქტიურობა და კონსტრუქციული წვლილი ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მე იქ უკვე ვილაპარაკე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დადებითს როლზე, იმ დახმარებაზე, რომელსაც გვიწევენ ჩვენი მეგობრები და საერთაშორისო ორგანიზაციები ცხინვალისა და, საერთოდ, მთელი ამ რეგიონის რეაბილიტაციაში, მაგრამ ეს საქმის მხოლოდ დასაწყისია. ასევე ვილაპარაკე იმ დადებითს როლზე, რომელიც იქ განლაგებულმა სამშვიდობო ძალებმა შეასრულეს სხვა სამშვიდობო ძალებისაგან განსხვავებით.

ერთი რამ გავითვალისწინოთ ხოლმე, როცა პოლიტიკოსები ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობენ, ყოველთვის გულისხმობენ, რომ მათ უკან რაღაც ძალებია, რომელთა დაძლევას კიდევ დრო სჭირდება, კიდევ არის სიძნელეები და სირთულეები. ჩვენი საუბარი, მისი შინაარსი და ის ატმოსფერო, როგორც პრესკონფერენციაზე განვაცხადე, ძირითადი მონაპოვარი სწორედ ეს ნდობის ატმოსფეროა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სულ სხვა პროცესები დაიწყო, რომელთაც, რა თქმა უნდა, თვალყურის დევნება უნდა. გადაუწყვეტელ საკითხებს დროულად უნდა მოვუაროთ და მივხედოთ, არ უნდა დავაგროვოთ. ჩვენმა საუბრებმა, რომელმაც ორ-საათნახევარს გასტანა, დაადასტურა, რომ ჩვენ მიერ ნაკისრი ბევრი ვალდებულებიდან, ისევე როგორც რუსეთის მხრივ ნაკისრი ვალდებულებებიდან, ბევრი რამ შეუსრულებელია და ყველაფერი ეს რაღაც პოლიტიკურ პრობლემებთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ, უბრალოდ, შესრულების დისციპლინასთან და საშემსრულებლო პასუხისმგებლობასთან.

ძირითადი დასკვნა, რომელიც ბორჯომის შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარეობს, ასეთია: ქართველთა და ოსთა შერიგება (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მწამს) შეუქცევადი პროცესია, თუმცა საბოლოო შედეგების მისაღწევად ორივე ხალხმა ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაიაროს. გარდაუვალია ორმხრივი კომპრომისი, ქვეყნის შესაძლებლობათა სრული გამოყენება ქართველ და ოს ლტოლვილთა დაბრუნებისა და მათი კეთილმოწყობის უზრუნველსაყოფად. ამ დახმარებას ჩვენ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს როდი ვუწევთ, ისინი ჩვენი ძმები არიან, ვეხმარებით მათ, ვეხმარებით ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს. ჩემი აზრი ასეთია: იგი ოსია თუ ქართველი, ვინც იქ ცხოვრობს, ყველას სჭირდება მხარდაჭერა. ამ პროცესში ყველა სამინისტრომ, უწყებამ, რეგიონმა თავისი ადგილი უნდა იპოვოს.

იმასაც ვიტყვი, რომ სწორედ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგება, მოგვარება შეიძლება გახდეს ჩვენს დროში პოლიტიკურ მოღვაწეთა ძალისხმევისა და მათი კეთილი ნების შესაბამისად კონფლიქტის დაძლევის, ხალხთა, ადამიანთა შერიგების კლასიკური მაგალითი.

და კიდევ ერთი: ბორჯომში ვფიქრობდი, რა ძვირად უჯდებათ ქვეყანას, ხალხს, თითოეულ ადამიანს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთა დანაშაულებრივი მოქმედება და ყოვლად გაუმართლებელ და მცდარ გადაწყვეტილებათა მიღება. რამდენი ტანჯვა, სისხლი, რამდენი უძილო ღამე, რამდენი რესურსი შეიძლებოდა დახარჯულიყო არა დანგრეულის აღდგენისათვის, არამედ არსებულის განვითარებისათვის. ბოლო ათწლეული ამ თვალსაზრისით მართლაც მწარე, ისტორიული გაკვეთილია.

ანდა, თუნდაც, რატომ უნდა იყოს ახლა ლაპარაკი გუჯარეთის ხეობაში, ბაკურიანში დაბრუნებაზე, თბილისში დაბრუნებაზე და სხვა... ეს ხომ პოლიტიკად ჩამოყალიბდა: გავაძევოთ ოსები სქართველოდან, და არ შეიძლება არ დავსჯილიყავით იმ პოლიტიკისათვის, რომელიც მაშინ ხორციელდებოდა საქართველოში. სამწუხაროდ, ჩვენც დავისაჯეთ და ოსებიც...

- ახლა თქვენ აფხაზეთის კონფლიქტსა და ქართულ-ოსურ ურთიერთობაზე ისაუბრეთ. გასაგებია, რომ უკვე გამოიკვეთა რაღაც გარკვეული ძვრები. თქვენ ადრეც გილაპარაკიათ იმაზე, რომ ქართულ-ოსურ კონფლიქტში პოლიტიკოსებს, ასე ვთქვათ, ხალხმა გაასწროო. ალბათ, უკვე რაღაც მოწესრიგებისაკენ მიდის აფხაზეთის კონფლიქტიც, არა? ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენ ასე ფიქრობთ... და ერთი ასეთი შეკითხვა გასული კვირის მოვლენებიდან: გუშინ ბათუმში მუშაობა დაიწყო დემოკრატიული აღორძინების კავშირის ყრილობამ...

- ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნია, როცა პოლიტიკური მოძრაობა, პოლიტიკური პარტია იკრიბება, ყრილობას მართავს, რომელშიც ის პარტიებიც მონაწილეობენ, ასე თუ ისე რომ თანაუგრძნობენ, ანდა თანამშრომლობის სურვილი აქვთ.

სიმართლე გითხრათ, ვერ მოვასწარი გამეცნო შედეგები, თუმცა ამაზე ლაპარაკი, ალბათ, ჯერ ადრეა. ყრილობა, როგორც მითხრეს გუშინ, მუშაობას განაგრძობდა. მინდა უმთავრესად ხაზი გავუსვა იმას, რომ გუშინწინ ვესაუბრე ბატონ ასლან აბაშიძეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს სატელეფონო საუბარში ყრილობის მიმდინარეობის პრობლემები, ან ყრილობისათვის მზადყოფნის პრობლემები არ განგვიხილავს. სხვა საკითხებზე გვქონდა მსჯელობა. რაც შეეხება თავად ყრილობას, ჩემი სურვილი უკვე გამოვთქვი მისალმებაში და, ვფიქრობ, საკმაოდ გასაგებად ვთქვი ის, რაც უნდა ეთქვა საქართველოს პრეზიდენტს. როგორიც უნდა იყოს ცალკეული გამოსვლები თუ გადაწყვეტილებები, აჭარას ღირსეული ადგილი უკავია ჩვენი ხალხის ისტორიულ მოძრაობაში თავისუფალი და ძლიერი სამშობლოს ასაშენებლად. ეს არაერთხელ თქმულა და, ალბათ, კვლავაც ხშირად ითქმება.

- და ბოლოს, გასული ეკონომიკური კვირის შედეგები...

- მე ყოველთვის ვცდილობ, რადიომსმენელთა, ფართო საზოგადოებრიობის ყურადღება მივაპყრო სწორედ ძირითად ტენდენციებს, უმთავრეს ეკონომიკურ პროცესებს და ძალიან ვთხოვ, ვისაც სურვილი აქვს, მოუსმინოს ჩემს რადიოშეხვედრებს, რადიოინტერვიუებს, ნუ უგულებელყოფთ. ხანდახან მოსაწყენად ჟღერს ხოლმე ფრაზები, როცა ეკონომიკის თემაზე ვიწყებთ მსჯელობას. ამ თვალსაზრისით ყოველი კვირა თავისებურია და მრავალფეროვნებაც თავისთავად სასიკეთო ნიშნად მიმაჩნია.

აი, მაგალითად, გასულ კვირას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საქართველოსთვის ტრადიციული დარგის - ტურიზმის განვითარებას. ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი ბაზისი და პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს. ამ სფეროს, კერძოდ, სასტუმროების ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე იყო მსჯელობა ამერიკელ ბიზნესმენთან, ყოფილ კონგრესმენთან ბატონ ჯონ კინლანთან და ამერიკის საკონსულტაციო კომპანიის „არტურ კონსალტინგ ინტერნეიშნლის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ტურიზმის პრობლემებს, როგორც იტყვიან, კარგა ხანს ვუტრიალეთ და ჩვენი მუშაობა დამთავრდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემით „საქართველოში ტურიზმის განვითარების შესახებ“. ახლა რასაც მოგახსენებთ, ამ ბრძანებულების შინაარსისა და იქ განსაზღვრული ამოცანების ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია.

მაისში სტამბოლის საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო გზაჯვარედინი“ (ასე ერქვა იმ კონფერენციას), ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობისა და განვითრების სააგენტოსა და ჩვენს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით საქართველოში ტურიზმის განვითარების კონცეფციის შესამუშავებლად გამოიყო 400.000 ამერიკული დოლარი მოცულობის გრანტი. ამ გრანტის რეალიზაციისათვის შეირჩა აღნიშნული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც წარმატებით მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოში ამ სახეობის ტურიზმის განვითრების შესაძლებლობათა შესწავლის საფუძველზე, კომპანია გლობალურ კონცეფციასთან ერთად შეიმუშავებს სასტუმროების შექმნისა და განვითარების ბიზნეს-გეგმას. ამერიკელების მიერ შედგენილი პროექტის თანახმად, თავდაპირველად, 30 მილიონი დოლარი ინვესტიციების მოზიდვით, ნავარაუდევია თბილისში, ბორჯომ-ბაკურიანში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში აშენდეს ევროპული დონის სასტუმროები, ხოლო სვანეთსა და სხვა მთიან რეგიონებში სამთო მინი-სასტუმროები, რასაც არსებითი წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალის ათვისებასა და გამოყენებაში.

ამასთან დაკავშირებით, მინდა მივესალმო იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავად იჩენენ ინიციატივას. ასეთი პატარ-პატარა, 10-15-ადგილიანი სასტუმროები თბილისში უკვე ათობითაა. ამისათვის იყენებენ კერძო ბინებს, და საკმაოდ მაღალი დონისა და მაღალი ხარისხისაა.

სამწუხაროდ, მე ვერ მოვინახულე ბაკურიანში ასეთი სასტუმროები. მითხრეს, რომ იქ რამდენიმე ათეული სასტუმროა, რომლებიც კომფორტითა და პირობებით, თუნდაც ფასით, სავსებით ხელმისაწვდომი და სავსებით მისაღებია მაღალი რანგის ტურიზმისათვის.

კიდევ ერთი საინტერესო საკითხი მოსახლეობისათვის, კერძოდ, რადიომსმენელთათვის. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ აღმასრულებელი სტრუქტურის, სახელმწიფო მართვის სისტემის შემდგომი სრულყოფის მიზანშეწონილობის თაობაზე. ერთხელ კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ ეს განპირობებულია დღეს ობიექტურად არსებული რეალობით, ჩვენი სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებისა და რეფორმების ახალი ეტაპის მოთხოვნებით. მის აუცილებლობას ცხადყოფს მეწარმეებთან, ბიზნესმენებთან, სამინისტრო-უწყებების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრებიც, უბრალოდ, მოქალაქეების მოსაზრებათა მოსმენა. აღმასრულებელი ხელისუფლების ახალმა სტრუქტურამ უნდა გადალახოს ის ბარიერები და სიძნელეები, რომელთა დაძლევის ეფექტიანობის დონე მმართველობის დღევანდელი სისტემის პირობებში საკმარისი არ არის. უწინარესად, ეს გახლავთ მომეტებული ბიუროკრატიზმი, რომელსაც თან სდევს ჩრდილოვანი ეკონომიკის, კორუფციის (ჩემი აზრით, ეს საკითხთა საკითხია, წინა ჩემს გამოსვლაში მთავრობის სხდომაზე ვიპალარაკე ამის შესახებ) და სხვა უარყოფითი მოვლენები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაც უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. სახელმწიფო მართვის მისაღები სისტემების განხილვისას არჩევანი ისეთ ვარიანტზე უნდა შეჩერდეს, რომელიც გაცილებით მოქნილი იქნება და იქ გაცილებით მაღალ დონეზე, შეხამებულად იმუშავებს ოპერატიულობის, კონტროლისა და კოორდინაციის ფუნქციის განმახორციელებელი ბერკეტები. ამიტომ, თუ ეს იქნება მინისტრთა კაბინეტი, მაშინ უნდა შემუშავდეს მისთვის დამახასიათებელი მართვის მრავალსაფეხურიანობის თანმდევი უარყოფითი ეფექტების მაკომპენსირებელი მექანიზმები, და ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია. ახალმა სტრუქტურამ უნდა უზრუნველყოს ამასთანავე სახელმწიფო მართვის პროცესში ავტონომიური წარმონაქმნების, რეგიონების, ეროვნული უმცირესობების, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ინტერესების უფრო სრულად გათვალისწინება. დღეს უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამაზე - უფრო მრავალფეროვანი იყოს წარმომადგენლობა ხელისუფლებაში. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საჭირო იქნება შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რასაც ერთგვარი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. სწორედ ასეთი მიდგომებით, საჯაროობის პრინციპებზე დაყრდნობით გახდება შესაძლებელი სწორი და ობიექტური საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

ზემოაღნიშნულთან ერთად მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთაგან ორი საკითხი ენერგეტიკის სფეროს უკავშირდება. მინდა, ესეც იცოდეს რადიომსმენელმა.

ადგილობრივი ნავთობისა და გაზის რესურსების სრულად გამოყენება ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელვანი წყარო შეიძლება გახდეს. ამ სფეროში ჩვენში შექმნილია და უკვე მუშაობს 6 ერთობლივი საწარმო, კარგი პერსპექტივები აქვს ამერიკულ კომპანიებთან „ფრონტერა რისორსისთნ“, „რამკოსთან“, კანადის კომპანია „კანარგოსთან“ და სხვებთან თანამშრომლობას. მე ახლა არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ, „ფრონტერას“ (მე ასე ვუწოდებ შემოკლებით) მონაცემები ისეთია, რომ რაღაც ასტრონომიულ ციფრებთან გვაქვს საქმე და შეძლება გაისად ჩვენ დიდ ნავთობზე გვქონდეს საუბარი. მაგრამ არ ვასახელებ ციფრებს, უბრალოდ, სიფრთხილის გამო. აქ ყოველთვის შეიძლება რაღაც უზუსტობას ჰქონდეს ადგილი, თუმცა ისინი გვარწმუნებენ, რომ ეს მონაცემები ათასჯერაა შემოწმებული. პარტნიორობას გვთავაზობს ბევრი სხვა კომპანიაც. დღეს ძალზე მნიშვნელოვანია ნავთობისა და გაზის მოპოვების ტემპის დაჩქარება, რაც განსაკუთრებით შეეხება შვეიცარიის ნავთობკომპანიის მიერ შექმნილ საწარმოს „იორის ველს“, აქ, სამწუხაროდ, ყველა შესაძლებლობა არ არის გამოყენებული, ისე კი აქ ნავთობიცა და გაზიც საკმაო რაოდენობით არის. უნდა დაჩქარდეს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებაც, რაც აუცილებელია ამ სფეროში წარმოქმნილ ურთიერთობათა მოსაგვარებლად. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმინეთ ენერგეტიკის მინისტრის ბატონ გიორგაძის ინფორმაცია და გვქონდა საუბარი ამ კომპანიებთანაც.

„თელასის“ პრივატიზაცია - ეს ძალიან აქტუალური საკითხია, თბილისში ყველა მოქალაქეს აინტერესებს ეს. ამ პროცესის მომზადების მიმდინარეობის განხილვამ გვიჩვენა, რომ ამ საკითხებში ჩვენს ფინანსურ მრჩეველთან „მერილ ლინჩის“ კონსორციუმთან ერთად შესრულებულია მნიშვნელოვანი სამუშაოები. „თელასი“ ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოებად. „თელასის“ პრივატიზება სამაგალითო უნდა გახდეს მთლიანად ელექტროენერგიის განმანაწილებელი ქსელების წარმატებული პრივატიზაციისათვის; მაგრამ ერთ რამეს კი უნდა გაუწიოს ყველა მოქალაქემ ანგარიში. პრივატიზებული „თელასი“ ელექტროენერგიას უფასოდ არავის მიაწვდის.

ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საწინდარი უნდა გახდეს საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განვითარების კრედიტის თაობაზე ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის პროექტის განხორციელება. მთავრობის სხდომაზე მოიწონეს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი ამ პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის შექმნის შესახებ;

გალიდან დევნილთა დასახმარებლად (ისევ მთავრობის სხდომაზეა ლაპარაკი) გაწეულ ღონისძიებებს, მათ შორის, სურსათით უზრუნველყოფის საქმეში, დაემატა მთავრობის სხდომაზე მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება. კერძოდ, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ნება დაერთო (ეს ბაკურ გულუას წინადადებაა), იტალიის მთავრობის მიერ ჰუმანიტარული დახმარებით მოწოდებული სურსათის მონეტიზაციით მიღებული თანხით შეიძინოს 50 ტონა მაკარონი, ზოგიერთი სხვა პროდუქტი და, ცხადია, უფასოდ დაურიგოს დევნილებს.

მინდა ასევე მათ ვაცნობო, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამატებით გამოყოფილია 300.000 ლარი, რათა დახმარებამ უმოკლეს ვადაში მიაღწიოს თითოეულ დევნილამდე.

და, კიდევ ორი-სამი საკითხი. გრძელდება ჩაის მწვანე ფოთლის კრეფა. წინათ ამ თემაზე ყოველდღე ვლაპარაკობდით, შემდეგ რამდენიმე წელია შეწყდა ეს საუბარი. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ოპერატიული მონაცემებით, უკვე მოკრეფილია და გადასამუშავებლად ჩაბარდა 17 ათას ტონაზე მეტი ჩაის ფოთოლი, რაც 8.500 ტონით აღემატება შარშანდელი ამავე პერიოდის მაჩვენებელს. შარშანდელზე უკეთესი მაჩვენებელია ჩაის მწარმოებელ თითქმის ყველა რეგიონში - აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია აქ სახელმწიფოს მიერ მეჩაიეობის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების როლი. მეჩაიეობაში დაწყებული აღმავლობა დაკავშირებულია ამ მიზნით პარლამენტის მიერ გამოყოფილი 3 მილიონ ლართან (თუმცა ეს არ იყო დიდი თანხა), რომელმაც გამოაცოცხლა ეს უმნიშვნელოვანესი დარგი.

იწყება „ალოობა-98“. წლევანდელი მოსავლისათვის დაითესა 203 ათასი ჰექტარი თავთავიანი მარცვლეული კულტურები, მაგრამ გვალვისა და შტორმული ქარების შედეგად, მოსავლის ასაღებად შენარჩუნებულია მხოლოდ 163 ათასი ჰექტარი. ახლა ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ აღნიშნულ ფართობზე ნავარაუდევი 250 ათასი ტონა, მარცვლეული, როგორც მინიმუმი, უდანაკარგოდ ავიღოთ და დავაბინავოთ. სხვა ღონისძიებებთან ერთდ, დასაჩქარებელია, აგრეთვე, სამუშაოდ კომბაინების მომზადების ტემპი, განსაკუთრებით დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, ყვარლის, გარდაბნის, დმანისისა და ახალციხის რაიონებში. თქვენ იცით ის საგადასახადო შეღავათები, ხორბლის წარმოებისათვის რომ დავაწესეთ. ეს შეღავათები, ვფიქრობ, წელსაც და მომავალშიც სერიოზული სტიმული იქნება საქართველოში მარცვლეულის წარმოებისათვის.

საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, ივნისის განვლილ პერიოდში მან ბიუჯეტში გადარიცხა 11 მილიონამდე ლარი. წლის დასაწყისიდან საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტში ჩარიცხა 139 მილიონი ლარი, ანუ შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე 1,3-ჯერ მეტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი და მთელი ქვეყანა შესაბამისი სამსახურებისგან კიდევ უფრო მეტს მოელის, მით უმეტეს, ქვეყანაში დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.

საგადასახადო ინსპექციის შეფასებით, გამოირჩევიან ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეები, ხოლო კახეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში გეგმების, განსაკუთრებით კი ცენტრალური ბიუჯეტის გეგმის შესასრულებლად საჭიროა მუშაობის გააქტიურება.

საბაჟო დეპარტამენტმა ივნისის დამდეგს ბიუჯეტში გადარიცხა თითქმის 7,5 მილიონი ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 92 მილიონი ლარი, ანუ შარშანდელზე 35 პროცენტით მეტი. ამ დეპარტამენტსაც მართებს მეტი ყურადღება დაუთმოს ცენტრალური ბიუჯეტის საგეგმო პარამეტრების შესრულებას.

და, ბოლოს, რამდენადმე ზოგადი საკითხი, მაგრამ მაინც მინდა მივმართო რადიომსმენელებს.

ბოლო წლებისათვის დამახასიათებელი დრამატული მოვლენების მიუხედავად, ქვეყანა საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, ეკონომიკური გარდაქმნები პირველმნიშვნელოვან შედეგებს გვაძლევს (დღეს ჩემს გამოსვლაში ზოგიერთი მაგალითი უკვე დავასახელე), რეფორმების ყველაზე რთული პროცესები უკვე გადავიტანეთ, ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში მოხდა ეს ცვლილებები. სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ურთულესი ეტაპები გავიარეთ. გაცილებით უფრო საიმედოდ გამოიყურება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, გალის მოვლენების მიუხედავად (მე ამაზეც მქონდა ზემოთ საუბარი), რასაც ყველა მხარეს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, არსებითი კომპრომისებისთვის მზადყოფნა დასჭირდება. რაც მტრობით, თუ გნებავთ, პოლიტიკოსთა და პოლიტიკანთა უმეცრებით დაინგრა, უცებ ვერ აღდგება და უცებ ვერ აშენდება. საჭიროა საყოველთაო მზადყოფნა ურთიერთმიტევებისათვის, საუკეთესო ისტორიული ტრადიციების აღორძინებისათვის. შურისძიების, სამაგიეროს მიზღვის ეპოქები, საერთოდ, ისტორიას ჩაბარდა, უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადავდგათ ურთიერთთანხმობისა და ურთიერთგაგების გზაზე. ყოველივე ეს არა მარტო ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგს და პრაქტიკულ საქმიანობას ეხება, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ ძალთა თანამშრომლობას სამშობლოს უმაღლესი ინტერესებისთვის, სავარძლების მოპოვებისათვის ბრძოლა, ადამიანებში მოუთმენლობის, გაუტანლობის, ღვარძლისა და უიმედობის გაღვივება დამოუკიდებელი, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე დამატებითს სიძნელეებს წარმოშობს, ძნელად გადასალახავ ჯებირებს აღმართავს, რომელთა დაძლევაზე იხარჯება უდიდესი ენერგია, ადამიანური რესურსების შესაძლებლობანი და ასე შემდეგ.

მინდა ჩემს თანამემამულეებს, თანამოქალაქეებს მივმართო: ნუ დაგვავიწყდება, რა იყო საქართველო სულ 2-3 წლის წინათ, გავიხსენოთ ის საშინელებანი და კოშმარული დღეები და წლები, რომლებიც გამოვიარეთ. ნურც ის დაგვავიწყდება, რა მასშტაბი მიიღო ქვეყნის ნგრევის, ძარცვის პროცესებმა. სახელმწიფოთა მშენებლობის ისტორიაში ყველაზე რთული გარდამავლი ეტაპებია. ჩვენც ასეთ გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით და მივიწევთ წინ, არც ისე შორსაა უღელტეხილი, რომელიც უნდა დავძლიოთ. ჩემი გამოცდილების, სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის ფორმირების ისტორიის ცოდნა მაძლევს საფუძველს განვაცხადო: უიმედობას და სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ. ჩვენს სამშობლოს დიდი და ნათელი მომავალი აქვს. ამაში უკვე არავის, არც ერთ უცხოელ ექსპერტს არ ეპარება ეჭვი, არაფერს ვამბობ ჩემს შეხედულებებზე. საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველას, ვინც ასეთი ქვეყნის მშენებლობაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფეხებში გვებლანდება, ძნელად სავალ გზაზე ეკლებს გვიდებს, ნუ ვენდობით დემაგოგებსა და პოპულისტებს, ისიც დავინახოთ და დავაფასოთ, რასაც მივაღწიეთ და კიდევ უფრო დიდი შემართებით და შეუპოვრობით ვიბრძოლოთ არსებული მანკიერების დასაძლევად. გვჯეროდეს ჩვენი მომავლისა, რწმენას ნუ დავკარგავთ. ჩემი წინადადებები ქვეყნის მართვის გაუმჯობესება-სრულყოფის შესახებ, სწორედ ნაკლოვანებათა და მანკიერებათა დაძლევას, ახალი ძალების მოზიდვას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის დონის ამაღლებას, ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველყოფას გულისხმობს.

საქინფორმი.

„სწორედ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგება, მოგვარება შეიძლება გახდეს ჩვენს დროში პოლიტიკურ მოღვაწეთა ძალისხმევისა და მათი კეთილი ნების შესაბამისად კონფლიქტის დაძლევის, ხალხთა, ადამიანთა შერიგების კლასიკური მაგალითი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 23 ივნისი. - №155 (2855). - 1,2 გვ.

80 „მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს“...

▲ზევით დაბრუნება


26 ივნისს შესრულდა საუკუნე, რაც უგზო-უკვლოდ დაიკარგა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი ივანე მაჩაბელი. ასი წელი ელოდა მთაწმინდა თავის უკვდავ ბინადარს.

ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თავმჯდომარეობით შეიქმნა სამთავრობო-საიუბილეო სპეციალური კომისია. მისი გადაწყვეტილებით, 26 ივნისს ივანე მაჩაბლის ნეშტმა, რომელიც დაკარგვამდე ცოტა ხნით ადრე მისთვის გაკეთებული ოპერაციის დროს ამოჭრილი ნეკნების ნაწილებისაგან შედგება, სამუდამო სასუფეველი ჰპოვა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მთაწმინდის პანთეონში ივანე მაჩაბლის ნეშტის დავანებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სხვა ოფიციალური პირები.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. აჟღერდა ქართული საგალობლები.

სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- დღეს შევიკრიბეთ, რათა ქედი მოვიხაროთ ჩვენი დიდი თანამემამულის, დიდი მოღვაწის, მწერლის, გენიალური მთარგმნელის, ბრწყინვალე პუბლიცისტის, იმ ადამიანის წინაშე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის, მისი საბანკო სისტემის ევროპულ ყაიდაზე მოწყობისათვის ზრუნავდა და დიდ ილია ჭავჭავაძესთან, სხვა თანამებრძოლებთან ერთად ბევრი რამ გააკეთა.

მართლაც რომ ტრაგიკულია მისი ბედი, მისი ცხოვრება და დასასრულიც ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ტრაგიკულ ეტაპს გვაგონებს.

ახალგაზრდობის წლებში დიდი სურვილი მქონდა ზოგიერთ ჩემს კოლეგასთან ერთად მომეძია მასალები და ჩემთვის მაინც შემექმნა წარმოდგენა, თუ რა მოხდა ივანე მაჩაბლის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ, ალბათ, მე-19 საუკუნის და არა მარტო მე-19 საუკუნის ეს ეროვნული უბედურება სამუდამოდ ბურუსით მოცული დარჩება. ჩემი დასკვნა იყო და ასეთია დღესაც: ჩვენი ქვეყნის დიდი შვილი ინტრიგებისა და ცილისწამების მსხვერპლი გახდა.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით წმინდა მთაზე, აქ განისვენებენ ივანე მაჩაბლის თანამებრძოლები, თანამოაზრენი, მე-19, მე-20 საუკუნეების დიდი მოღვაწენი. ჩვენ უდიდეს ვალში ვართ მათ წინაშე, ისინი იმის ღირსნი არიან, რომ საქართველო მოფენილი იყოს მათი ძეგლებით. სამწუხაროდ, ჯერ ამას ვერ ვახერხებთ. მაგრამ ჩვენი სინდისი საქართველოს დიდი ადამიანების წინაშე მაინც სუფთაა, რადგან ჩვენ ვაშენებთ იმ ძეგლს, რომელიც მათი ნაოცნებარი, მათი ნაფიქრი იყო და, გარკვეული აზრით, მათი ნაღვაწიც. დღევანდელი საქართველოს თაობები ბედნიერი არიან იმით, რომ ქმნიან ხელთუქმნელ ძეგლებს. მათ შორის, ჩვენი დიდი მოღვაწეებისა, რომელსაც ჰქვია დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო. ჩვენ უკვე ნათლად ვხედავთ მის კონტურებს. და, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებრიობის დიდი უმრავლესობა ამაყობს, რომ შთამომავლობას გადასცემს სწორედ ამ უდიდეს და სანუკვარ მემკვიდრეობას.

დღეს მე ამ დიდი მამების საფლავებთან უნდა ვთქვა და მოვუწოდო ჩვენს ხალხს ერთიანობისა და მთლიანობისათვის, მოვუწოდო და ვუთხრა, რომ ნუ დაგვავიწყდება, რა არის მთავარი და არსებითი ჩვენთვის. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ზოგიერთი უცხო ქვეყანაში ცხოვრობს, ის დიდი და სანუკვარი, რომელზეც ჩვენი წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში ოცნებობდნენ, თითქოს მეორე პლანზე გადავიდა.

შემთხვევით როდი ვახსენე წეღან, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, დიდი ივანე მაჩაბელი ცილისწამებისა და ინტრიგების მსხვერპლი გახდა. დღეს ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ცილისწამებამ და ინტრიგებმა არ დაანგრიოს ის საძირკველი, რომელიც ჩვენ უკვე ამოვიყვანეთ და, რომელსაც თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო ჰქვია. ვფიქრობ, არც ერთი ჩვენგანისა და მომავალი თაობისათვის არ არის იმაზე უფრო ძვირფასი რამ, ვიდრე ქვეყნის დამოუკიდებლობა. მინდა სწორედ აი აქ, ამ წმინდა მიწაზე თაყვანი ვცე და პატივი მივაგო იმათ, ვინც ამ წმიდათაწმიდა მიზანს ემსახურებოდა, და მოვუწოდო ყველას გაერთიანებისათვის, თუ გვსურს ქვეყნის გამთლიანება.

კურთხეულ იყოს ეს მიწა, კურთხეულ იყოს ივანე მაჩაბლის სახელი, სული მისი და საქმე მისი.

სიტყვები წარმოთქვეს, აგრეთვე, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თამაზ წივწივაძემ, ივანე მაჩაბლის შთამომავალმა მარინე ჩერქეზიშვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ივანე მაჩაბლის საზოგადოების სულისჩამდგმელმა და დიდი მამულიშვილის საიუბილეო ღონისძიებათა ორგანიზატორმა გურამ შარაძემ.

მთავრობის საიუბილეო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობა „მერანი“ გამოსცემს ივანე მაჩაბლის თხზულებათა რვატომეულს, რომელიც რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მომზადდა; თბილისის მერიის ძალისხმევით, წელს კოსტავას ქუჩაზე №40 სახლში გაიხსნება ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი, ხოლო მის მშობლიურ სოფელ თამარაშენში, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, აღდგება ბარბაროსულად გადამწვარი მწერლის ისტორიული სახლი.

საქინფორმი.

„მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს“... // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 27 ივნისი. - №159 (2859). - 1,2 გვ.

81 ადამიანებს უნდა სწამდეთ, რომ მათ მომავალი აქვთ, რომ სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები, რომლებიც დღეს გადაუწყვეტლად გვეჩვენება, მუდმივი მოვლენა არ არის

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს სოციალურ ინვესტიციათა ფონდის პრეზენტაციაზე 1998 წლის 26 ივნისს

მივესალმები დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, უწინარესად, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომელთა გარეშე ეს შეხვედრა დღეს არ შედგებოდა. დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგშია საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის პრეზენტაცია, მისი წარდგენა ჩვენი საზოგადოებრიობისათვის. იმის გათვალიწინებით, რომ მოსახლეობისათვის ეს ახალი მოვლენაა და სასურველია საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის სოციალური ინვესტიციების ფონდი, თავს უფლებას მივცემ, ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდე ამ საკითხზე.

ქვეყანაში მიღწეული გარკვეული წარმატებები რეფორმების სფეროში, ეკონომიკური განვითარების დარგში, სახელმწიფო მშენებლობაში შედეგია იმ ეკონომიკური გარდაქმნებისა, რომლებიც საქართველოში 1994 წლის გაზაფხულზე ცნობილი ანტიკრიზისული პროგრამით დაიწყო და რომელთა განხორციელებაში გადამწყვეტი მხარდაჭერა გაგვიწიეს მსოფლიო თანამეგობრობამ, საერთაშორისო საფინანსო ცენტრებმა, ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, ნიდერლანდმა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, საფრანგეთმა, თურქეთმა და სხვა მრავალმა მეგობარმა ქვეყანამ. ანტიკრიზისული პროგრამის მთავარი მიღწევები იყო კატასტროფული ინფლაციის პროცესების მართვა (ხანდახან არც კი გვჯერა, რომ ინფლაციამ იმ ეტაპზე 2800 პროცენტს მიაღწია), ეროვნული ვალუტის შემოღება, სახელმწიფო საკუთრების ტრანსფორმირება, კერძო მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბება, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე კერძო საკუთრების დაკანონება, მოიჯარეთა ფენის შექმნა, პურის ფასების ლიბერალიზაცია და ჩვენი ხალხისათვის ამ ყველაზე მგრძნობიარე სფეროში კონკურენტული გარემოს შექმნა, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატა კვოტირების, საექსპორტო და საიმპორტო კონტრაქტების რეგისტრაციის, საექსპორტო გადასახადის გაუქმებით, არასატარიფო ბარიერებისა და შეზღუდვების, ექსპორტისა და იმპორტის ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქონლის ნომენკლატურის მკვეთრად შემცირებით (თუმცა, ამ მიმართულებით გასაკეთებელი კვლავაც ძალიან ბევრი გვაქვს), სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესება, საგადასახადო შემოსავლის არსებითი ზრდა.

ამავე დროს ფაქტია, რომ რეფორმებმა ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყვეს მოსახლეობის ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ამაღლება, ჯერ კიდევ უაღრესად მწვავეა მოსახლეობის სოციალური პრობლემები. ამ პრობლემების გადაწყვეტას ისახავს მიზნად 1997 წელს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნად რეფორმების განხორციელების ახალ ეტაპს, უფრო სწორად, რეფორმების დამამთავრებელ ფაზაში გადაყვანას.

ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითად ორიენტირად განსაზღვრულია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, განსაკუთრებით, რადაც უნდა დაგვიჯდეს, სიღატაკის დაძლევა, რაც უზრუნველყოფილი იქნება წარმოების რეაბილიტაციითა და დასაქმების გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელებით, მოსახლეობის შემოსავლის რეალური ზრდით, შრომის ანაზღაურების სისტემის რეგულირებით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, შრომის ანაზღაურების სისტემის სრულყოფით, ერთიანი სატარიფო განაკვეთის საფუძველზე შრომის სირთულისა და კვალიფიკაციის დონეებს შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინებით და რაც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია, კორუფციის დაძლევით.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოსახლეობის შემოსავლის ფორმირებაში სახელმწიფოს ეკონომიკური როლის შენარჩუნების კვალობაზე განხორციელდება ღონისძიებები სოციალური ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილის კერძო სექტორისათვის გადაცემის ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად, განსაკუთრებით, კერძო სექტორის როლის ასამაღლებლად, სოციალური დაზღვევის - უმუშევართა საპენსიო, ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა სისტემების ჩამოყალიბებისათვის.

არსებული საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა გარდაიქმნება ორსაფეხურიან სისტემად, სადაც პირველი საფეხური უზრუნველყოფს მინიმალურ საპენსიო შემწეობას, ხოლო მეორე - ინდივიდუალური სავალდებულო, ან ნებაყოფლობითი საპენსიო შენატანების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებას. ყველაზე ღარიბი პენსიონერების ხელშესაწყობად განხორციელდება მისამართული საოჯახო დახმარების პროგრამები.

დასაწყის ეტაპზეა და თანდათან დაიხვეწება დასაქმების ფონდის ფინანსების მართვის სისტემა, რომლის საფუძველზე უმთავრესი ყურადღება მიეპყრობა უმუშევართათვის შემწეობის გაცემას, მოხდება მისი დიფერენციაცია შრომის სტაჟსა და შრომის ანაზღაურებაზე დამოკიდებულების თვალსაზრისით. განხორციელდება ღონისძიებები დასაქმების ფონდის მიერ აქტიური სოციალური პოლიტიკის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მუშაკთა გადამზადების ხარჯების ეფექტიანობის ასამაღლებლად. საქართველოს ხელისუფლებამ ვალდებულება იკისრა 2000 წლისათვის 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ. ვფიქრობ, იმ პერიოდისათვის ჩვენ სუფთა სინდისით ჩავაბარებთ მოსახლეობას ანგარიშს, რომ ეს ვალდებულება შესრულებულია.

მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო პარამეტრების გაუმჯობესების, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების, სიღატაკის დაძლევის, უმუშევრობის დონის შემცირებისა და ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირების მიზნით 2000 წლისათვის მიღწეული იქნება: ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური ზრდა 8-10 პროცენტის ფარგლებში; საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესების მიზნით ექსპორტის 8-9 პროცენტიანი წინმსწრები ზრდა იმპორტთან შედარებით - ეს საკმაოდ მძლავრი ნაბიჯია იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი შეფარდება ექსპორტსა და იმპორტს შორის თითქმის კატასტროფულია; მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ საგადასახადო შემოსავლის ხვედრითი წილის გადიდება 15-16 პროცენტის ფარგლებში, რაც უკვე სტაბილურ ბიუჯეტს, სტაბილურ შემოსავალს ნიშნავს; ინფლაციის დონის მიზანშეწონილი რეგულირება ერთნიშნა ციფრის ფარგლებში.

უზრუნველყოფილი იქნება შრომის ბაზრის რეგულირების ეფექტიანი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება, აქტიური სოციალური პოლიტიკის განხორციელებისათვის საფუძვლების შექმნა, სამუშაო ძალის დასაქმებაში კერძო სექტორის როლის გაძლიერება; კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ძირეული გარდაქმნა და სხვა მრავალი.

დღეს საქართველოში მიღწეული ეკონომიკური რეფორმების შედეგებზე საუბარი შეუძლებელია იმ დიდი მხარდაჭერის გარეშე, რომელიც ქვეყანას აქვს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან. ამ მხრივ, აღსანიშნავია, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყნების - ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდის, იაპონიის, თურქეთის, ზოგიერთი სხვა ქვეყნის, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, უწინარესად, რასაკვირველია, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის უდიდესი დახმარება. რომ არა მათი თანადგომა, საქართველო დღეს სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა და დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობაზე საუბარი მხოლოდ განყენებული ფრაზების დონეზე დარჩებოდა.

თუ დემოკრატიული და ეკონომიკური გარდაქმნების საწყის ეტაპზე ფინანსურ მხარდაჭერას ძირითადად ჰუმანური დახმარების სახე ჰქონდა, ამჟამად საერთაშორისო თანამეგობრობის ძირითადი აქცენტი გადატანილია განვითრების პროგრამებზე, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამჟამად საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტიციების ინექციის წყაროა იმ ტექნიკურ დახმარებასთან ერთად, რასაც ამ ორგანიზაციის ექსპერტები გვაწვდიან რეკომენდაციების სახით.

მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციასთან ერთად ეს პროგრამები ხელს უწყობენ დარგობრივი თუ სექტორული გარდაქმნისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასთან ერთად დემოკრატიისა და დეცენტრალიზაციის პროცესს უწყობს ხელს. სწრაფი ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობა სწორედ სტრუქტურული სრულყოფა, სტრუქტურული გარდაქმნები, ამ საქმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანაა.

ამ მხრივ მსოფლიო ბანკის ეგიდით საქართველოში მიმდინარე პროექტებს შორის აღსანიშნავია საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის პროექტი, რომელიც წლეულს, 5 ივნისს, გამოცხადდა ეფექტიანად. ამ ფაქტს წინ უძღოდა ინტენსიური და საინტერესო მოსამზადებელი პერიოდი.

საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდი შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულებით. ეს არის საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პირველი ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობას იმ მცირემასშტაბიანი ობიექტების აღდგენის გზით, რომლებიც უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეირჩევა თემების საერთო კრებებზე განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კომუნალური მომსახურების, მეორადი გზების, სასმელი და სარწყავი წყლის, ბუნების დაცვისა და ეკოლოგიის სფეროებში. შემთხვევით არ ვუსვამ ხაზს იმას, რომ სწორედ მოსახლეობა მიიღებს აქტიურ და გადამწყვეტ მონაწილეობას ამ პროექტების შერჩევა-დაკანონებაში. ამით ყველა, ვინც მონაწილეობს ამ სერიოზულ საქმეში, გაივლის იმ სკოლას, რომელსაც ჰქვია ქვეყნის მართვასა და გამგებლობაში ყველა მოქალაქის მონაწილეობა.

გარდა ამისა, ფონდის ძირითადი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ობიექტების არჩევის, რეაბილიტაციის, შემდგომი ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის საქმეში, მოსახლეობაში მესაკუთრის ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მათი მობილიზება - თავად გადაჭრან სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემები და ხელი შეუწყონ დეცენტრალიზაციის პროცესს. თუ ეს ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ჩვენ გვაქვს ჩაფიქრებული, საბოლოოდ დაიძლევა ძველი მენტალიტეტი, რომელიც ასე მძიმე ტვირთად გამოგვყვა წინა წყობიდან, როცა ყველაფერზე და ყველას წინაშე სახელმწიფოს უნდა ეგო პასუხი და მოსახლეობის კეთილდღეობაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფოზე იყო დამოკიდებული.

საქართველოში მოქმედი სხვა პროექტებისაგან განსხვავებით, ფონდის საქმიანობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ობიექტს ირჩევს არა ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება, დარგობრივი სამინისტრო თუ უწყება, არამედ ადგილობრივი მოსახლეობა თემის ღია საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეგროვებული პეტიციების საფუძველზე, რაც, რასაკვირველია, შეთანხმებული უნდა იყოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ფონდი აფინანსებს თითოეული პროექტის ღირებულების 75-80 პროცენტს. ეს ძალზე პრინციპული საკითხია და მსურს ყველას კარგად ესმოდეს ამ დებულების მნიშვნელობა. პროექტის ღირებულების 20-25 პროცენტი წილის სახით შემოაქვს უშუალოდ მოსახლეობას. მოსახლეობა ქმნის ნებაყოფლობით ასოციაციებს და ფონდებს ობიექტების შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით (მხედველობაშია წყლის მომხმარებელთა ასოციაცია, გაზის ექსპლოატაციის ფონდი, მშობელთა და მასწავლებელთა კომიტეტები და სხვა მრავალი).

ფონდი ხელს უწყობს კერძო მცირე ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში, და დროებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ცხადდება ტენდერები კერძო სამშენებლო ორგანიზაციებს შორის ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა კერძო სამშენებლო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს შესაბამისი სამუშაოების წარმოების სახელმწიფო ლიცენზია. მსურს გაცნობოთ ისიც, რომ ლიცენზირების პროცესი გამარტივდება. მე ძალიან კარგად წარმომიდგენია რა სიძნელეებს აწყდება მეწარმე, მათ შორის, მშენებლებიც, მრავალსაფეხურიანი ლიცენზირების და ბიუროკრატიული სისტემის გამო, რომელიც, სამწუხაროდ, ამ სფეროშია დამკვიდრებული. ტენდერები გამოცხადდება მასობრივი ინფორმაციის ცენტრალური და ადგილობრივი საშუალებებით.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ ფონდთან და მას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

მსოფლიოში ამჟამად არსებული 50-ზე მეტი ანალოგიური ფონდის გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკის შეთანხმების საფუძველზე ფონდის საქმიანობა გაიყო ორ ეტაპად. პირველი, საცდელი ეტაპი დაფინანსებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისადმი „გადავარჩინოთ ბავშვები“ მიცემული გრანტით, რომელსაც ადმინისტრირებას უწევდა ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ფონდი“. ტექნიკური დახმარების მიზნით ფონდმა გრანტი მიიღო იაპონიის მთავრობიდანაც. საცდელი ეტაპის ძირითადი მიზანი იყო ფონდის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის, ჩამოყალიბება, მისი ინსტიტუციური ბაზის მომზადება, ძირითადი ეტაპისათვის ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოსა და სოციალური რუკის შექმნა და წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში - თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში საცდელი მიკროპროექტების განხორციელება.

როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და მსოფლიო ბანკის კონტროლის ჯგუფმა საცდელ ეტაპს მაღალი შეფასება მისცეს. იგი წარმატებულად ჩაითვალა საქართველოს მხრიდანაც. დასრულდა საცდელი პროგრამით გათვალისწინებული 9 მიკროპროექტის რეაბილიტაცია თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში. მათ შორის, აღსანიშნავია თბილისის გლდანის რაიონის გონებადაქვეითებული და უდედმამო ბავშვების სკოლა-ინტერნატის, აბასთუმნის სასმელი წყლის, ადიგენის რაიონის ჭეჭლა-მოხის გზისა და ხიდის და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც მაღალი შეფასება მისცა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექორმა ჯუდი ოკონორმა ობიექტების ადგილზე დათვალიერებისას. შეიქმნა ფონდის სოციალური რუკა, რომლის საფუძველზეც მოხდება რეგიონებისა და რაიონების მიხედვით მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტის ათვისება ოთხი წლის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე წლის 30 აპრილის ბრძანებულებით ფონდი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ჩამოყალიბდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ 20 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის კრედიტი დაამტკიცა 1997 წლის 6 დეკემბერს, ხოლო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის პროექტის შესახებ განვითარების საკრედიტო ხელშეკრულება ხელმოწერილია 1998 წლის 21 იანვარს.

საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია მიმდინარე წლის 12 მაისს. საქართველოს სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის შესაბამისად დადებულია ხელშეკრულება ფონდსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის. პროექტის მოქმედების ვადაა 4 წელიწადი - 1998-2001 წლები.

ფონდს დაგეგმილი აქვს წელიწადში საშუალოდ შექმნას 100 ობიექტი, რომელთა საშუალო ღირებულება იქნება 50 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ფარგლებში. დღეისათვის, თავისი საქმიანობის ამ ეტაპზე, ამერიკული გრანტისა და მსოფლიო ბაკნის ავანსის თანხებით ფონდმა დაასრულა 12 მიკროპროექტის რეაბილიტაცია. სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში მიმდინარეობს 11 მიკროპროექტის რეაბილიტაცია. ამჟამად ფონდის საინვესტიციო პორტფელიდან სატენდეროდ მზად არის 15 ობიექტი სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. მათ შორის აღსანიშნავია შატილის მიკროჰესის რეაბილიტაცია, მცხეთის საავადმყოფოს, საქართველოს საპატრიარქოს თბილისის უპოვართა კლინიკის, ნინოწმინდის სასმელი წყლით უზრუნველყოფის, საბავშვო ქალაქ „მზიურის“ კულტურის კლუბის მშენებლობა, ასევე სასმელი და ტექნიკური წყლის, სკოლების, პოლიკლინიკებისა და სხვა რეაბილიტაციის პროექტები. ამჟამად მიმდინარეობს 116 ობიექტის წინასატენდერო შეფასება თბილისის ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში, სამცხე ჯავახეთის ყველა რაიონში ბორჯომის ჩათვლით, მცხეთა-მთიანეთში, სიღნაღის რაიონში. ამ დროისათვის ფონდში უკვე შემოსულია 292 წინადადება. წინასწარი სამუშაოები დაწყებულია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კახეთში, კერძოდ, სიღნაღის რაიონში.

მსოფლიო ბანკის მონაწილეობით ფონდის მიერ შექმნილი სოციოლოგიური რუკის მიხედვით, წლეულს, დაგეგმილია ფონდის საქმიანობის დაწყება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (წალენჯიხა, სენაკი, მესტია), ზემო იმერეთში (საჩხერე, ჭიათურა, ტყიბული - ყველამ კარგად იცით, თუ რამდენად მძიმე პირობებში ცხოვრობენ იქ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე მაღაროებში მუშაობდნენ), გურიაში, კერძოდ ჩოხატაურში, მთიანი აჭარის რაიონებში, თბილისის ნაძალადევისა და გლდანის რაიონებში. მსოფლიო ბანკისაგან მიღებულია პრინციპული თანხმობა კოდორის ხეობაში საქმიანობის დაწყებაზე, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია მრავალი მოსაზრების გამო.

მსურს მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც დაგვთანხმდნენ, რომ დაიწყოს ასეთი სამუშაოები სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის ზონაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის მოწესრიგების, პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციისათვის. მწამს, რომ მომავალში ჩვენ ვიფიქრებთ აფხაზეთის ცალკეულ რაიონებსა და ქალაქებზეც. სულ ახლახან ფონდის წარმომადგენელი დაბრუნდა კოდორის ხეობიდან (მადლობას მოვახსენებ მას ამ მივლინებისათვის), სადაც ის ახლდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ახლადდანიშნულ რწმუნებულს საქმიანობის გეგმების განსაზღვრის მიზნით. ეს მხარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სრულიად საქართველოსათვის და ეს ყურადღება დიდად არის დასაფასებელი.

დასახული მიზნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, მსოფლიო ბანკის სხვა პროექტებთან ერთად ფონდის საქმიანობა უნდა განვიხილოთ როგორც საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ მხრივ კი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფონდის საქმიანობის თითოეულ ეტაპზე მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და აქტიურ თანამშრომლობას ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან, გამგეობებთან, განსაკუთრებით ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უშუალო მომხმარებელთან - ადგილობრივ მოსახლეობასთან.

მე ასე დეტალურად შევჩერდი ცალკეულ ობიექტებზე, ცალკეულ რეგიონებზე, რაიონებზე, ქალაქებსა და სოფლებზე, რათა ადამიანებს სწამდეთ, რომ მათ მომავალი აქვთ, რომ სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები, რომლებიც დღეს გადაუწყვეტლად გვეჩვენება, მუდმივი მოვლენა არ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ: ჩვენთან არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროკავშირი, ჩვენი მეგობარი ქვეყნები, უდიდესი ფონდები, რომლებთანაც ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება, და ის დიდი გამოცდილება, რომელიც სხვა ქვეყნებმა შეიძინეს ამ სფეროში მრავალი ათეული წლის განმავლობაში, საქართველოს საკუთრება უნდა გახდეს. საქართველომ უნდა ისწავლოს ამგვარი ფონდების შექმნა, ფორმირება, გამოყენება და თითოეულმა მოქალაქემ მართვის გარკვეული სკოლა უნდა გაიაროს.

მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ წარმატებას.

ადამიანებს უნდა სწამდეთ, რომ მათ მომავალი აქვთ, რომ სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები, რომლებიც დღეს გადაუწყვეტლად გვეჩვენება, მუდმივი მოვლენა არ არის : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს სოციალურ ინვესტიციათა ფონდის პრეზენტაციაზე 1998 წლის 26 ივნისს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 28-29 ივნისი. - №160-161 (2861). - 1,3,4 გვ.

82 „მოდის ბრწყინვალე, შესანიშნავი თაობა, რომელსაც ყველა თვალსაზრისით ძალუძს შეასრულოს დიდი ეროვნული მისია“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
29 ივნისის რადიოინტერვიუ

დღევანდელ რადიოინტერვიუს ეკონომიკის თემით დავიწყებ, მით უმეტეს, რომ გასულ კვირას ბევრი საინტერესო შეხვედრა იყო: ჩამოვიდა მსოფლიო ბანკის დელეგაცია, გუშინ თქვენ შეხვდით „დაიმლერ-ბენცის“ წარმომადგენლებს, კახეთის რეგიონს ეწვივნენ „ფრონტერა რისორსის“ დელეგაციის წევრები და მრავალი სხვა. ეკონომიკა ის სფეროა, რომლის გარეშეც საქართველოში უმცირეს სტაბილურობაზეც კი არ შეიძლება ლაპარაკი, მათ შორის პოლიტიკურზე... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- მე არაერთგზის მითქვამს, რომ ეკონომიკა ყველაფრის და ყველა სახელმწიფოს საფუძველია.

შეიძლება, როგორც იტყვიან, მეორედ მოსვლამდე ვიკამათოთ იმაზე, რამდენად მართალი იყო გამოთქმა: „ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას“ (თქვენ მიხვდებით, ვისი გამოთქმაც იყო), მაგრამ პრაქტიკული პოლიტიკა გვიჩვნებს, რომ ეკონომიკურ პროცესთა დინამიკაზე მთლიანად ქვეყნის, სახელმწიფოს სტაბილური განვითარებაა დამოკიდებული - ყველა თვალსაზრისით, ვგულისხმობ ყველა ინსტიტუტს, მათ შორის, დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც. 6 წლის წინათ საქართველოში ახლად დაბრუნებულმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განვაცხადე (და, სხვათა შორის, მაშინ ზოგიერთმა სწორად ვერ გამიგო), რომ დემოკრატიული სისტემა შეუძლებელია არსებობდეს ეკონომიკური პროგრესისა და კეთილდღეობის გარეშე. მართლაც, დავაკვირდეთ - მსოფლიოს ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნები, დემოკრატიული სახელმწიფოები, ყოველი მათგანი, იმავდროულად ეკონომიკური კეთილდღეობის უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. ამრიგად, ეკონომიკის თემა ჩვენთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისათვის, რომელიც დემოკრატიულ სისტემას აშენებს, ნამდვილად პრიორიტეტულია და კარგა ხანს ასე იქნება.

განვლილ კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობითს დელეგაციასთან, რომელსაც ქალბატონი ჯუდი ოკონორი ხელმძღვანელობდა. იგი მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენელია და საქართველოსა და სომხეთის სექტორს ხელმძღვანელობს. განვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების საკვანძო საკითხები, მსოფლიო ბანკის პროექტების განხორციელება ეკონომიკისა და სოციალური სფეროს პრიორიტეტულ დარგებში - ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტზე, ტელესაკომუნიკაციო სექტორსა და ჯანმრთელობის დაცვაში. მნიშვნელოვანია სოციალური ინვესტიციების ფონდის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვისა და სხვა პროექტები, ასევე, უნდა აღინიშნოს ფინანსური სექტორის დახმარების პროექტი, რომელზეც მუშაობაც ოქტომბერში გაგრძელდება ბანკის საფინანსო მისიის ჩამოსვლისას.

სამომავლო თანამშრომლობის თვალსაზრისით ძალზე სასარგებლო იქნება მსოფლიო ბანკის თანადგომა აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციის, აგრეთვე, მისი დახმარება ეკონომიკის მართვისა და საჯარო სამსახურის რეფორმირების დროს. არსებითია ტრანსპორტის რეაბილიტაციის მეორე პროგრამის შემუშავება და დამტკიცება. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სოფლის მეურნეობის განვითარების მეორე პროექტზეც, რომლის სავარაუდო ღირებულება 30-40 მილიონი დოლარია, და ამჯერად უფრო მეტად ეს სახსრები მელიორაციისა და მორწყვის პრობლემებზე იქნება კონცენტრირებული, დაგეგმილია ბანკის დახმარება განათლების სექტორის რეფორმირებაში და სხვა.

განსაკუთრებული დაინტერესებითა და დაწვრილებით განვიხილეთ სადღეისოდ ჩვენთვის ისეთი საჭირბოროტო საკითხები, როგორიც არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ საკითხს საგანგებოდ შევეხები ეკონომიკური მიმოხილვის ბოლოს.

რაც შეეხება კონკრეტულ, უკვე შემუშავებულ პროგრამებს, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოციალური ინვესტიციების ფონდის პროექტს. მე ვილაპარაკე ამ პროექტის, ინვესტიციების ფონდის მნიშვნელობაზე ამ შეხვედრის დროს, მაგრამ რადიომსმენელთა საყურადღებოდ კიდევ ერთხელ შევეხები. განვლილ კვირას ფონდის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის, სავლუტო ფონდის, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამინისტროების, უწყებების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებმა.

ამ ფონდის საქმიანობა მიზნად ისახავს სოციალური ინფრასტრუქტურის (ეს გახლავთ ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კომუნალური მომსახურება, მეორადი გზები, სასმელი და სარწყავი წყალმომარაგება, ეკოლოგია), მცირე ობიექტების რეაბილიტაციას, რაც აგრეთვე, ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითრებას და სამუშაო ადგილების შექმნას. ისიც აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო ობიექტების შერჩევა ხდება უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თემის საერთო კრებაზე, როცა სოფლებზეა ლაპარაკი.

სოციალური ინვესტიციების ფონდმა, დაფუძნებიდან ორი წლის განმავლობაში, (ჩვენთან მუშაობის სულ ორი წლის პრაქტიკა აქვს) წარმატებით განვლო თავდაპირველი საცდელი ეტაპი, რომლის პროგრამით, ორგანიზაციულ ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო 9 მიკროპროექტის განხორციელება თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში. ამ ეტაპზე მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 20 მილიონი დოლარი კრედიტით უნდა განხორციელდეს 4-წლიანი (1998-2001 წლები) პროექტი. ყოველწლიურად, ვიმეორებ, ყოველწლიურად გათვალისწინებულია 100 ობიექტის რეაბილიტაცია ან შექმნა, რომელთაგან თითოეულს 50 ათასამდე დოლარი მოხმარდება. 12 ასეთი მიკროპროექი, იმავე სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში უკვე დასრულებულია. აჟამად მიმდინარეობს 11 ობიექტის რეაბილიტაცია, სატენდეროდ კი მზად არის კიდევ 15 ობიექტი. დაგეგმილია სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთში, ზემო იმერეთში, გურიაში, მთიან აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და კახეთში. მიღებულია მსოფლიო ბანკის თანხმობა კოდორის ხეობასა და სამხრეთ ოსეთში ანალოგიური სამუშაოს შესრულებაზე. ეს და სხვა პროექტებიც, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ, უდავოდ სერიოზულ წვლილს შეიტანს ქართულ-ოსური კონფლიქტის საბოლოო მოგვარებაში.

მე ასე დაწვრილებით მსოფლიო ბანკის საქმიანობაზე იმიტომ მოგახსენებთ, რომ იცით, ამ ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ, რად გვინდა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ეს ურთიერთობა, გვახრჩობენ, გვძარცვავენ, გვიმონებენ, ხმარებაშია „დოლარის იმპერიალიზმი“ და ა.შ. ნამდვილად არ მეგონა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში მას შემდეგ, რაც ამდენი რამ შეიცვალა, კიდევ მომიხდებოდა ლაპარაკი „ამერიკისა და დასავლეთის იმპერიალიზმზე“. ეს უბრალოდ, მე მგონია, სირცხვილია, უბრალოდ უცოდინარობა და ჩვენი უვიცობაა. გძარცვავენ და გიმონებენ კი არა, გეხმარებიან ქვეყნის ფეხზე დადგომაში, ოღონდ, რასაკვირველია, შესაბამის გარანტიებსაც მოითხოვენ, რომ თანხა არ დაეკარგებათ და წყალში გადაყრილი არ იქნება. კრედიტი, დახმარება გარანტიის გარეშე არ არსებობს. ჩვენში კი ზოგიერთს უნდა (ეტყობა, წარსული დროიდან ახსოვს, ასე ვთქვათ, ტკბილ მოგონებად) - კრედიტი აიღოს, მოიხმაროს, პასუხი კი არაფერზე აგოს. ასე არ გამოვა. დამოუკიდებლობასთან ერთად იმასაც უნდა მივეჩვიოთ, რომ უფასოდ, გარანტიების გარეშე არავინ არაფერს მოგვცემს. თუ რამეს გვეხმარებიან (მე მარტო კრედიტები არა მაქვს მხედველობაში, მაგალითად, ამერიკის დახმარება 100 მილიონი დოლარის ოდენობით თითქმის ყოველწლიურად და ასე შემდეგ), მათ უნდა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ ამას შედეგი ექნება და აუცილებლად ექნება სწორედ ის შედეგი, რომელსაც ქვეყანა ისახავს მიზნად და რომელსაც მსოფლიო სტანდარტები ჰქვია. აბა, დავაკვირდეთ, რამდენი უდიდესი შესაძლებლობის ქვეყანა ამყარებს იმედებს მათთან თანამშრომლობაზე, რამდენი განვითარებული სახელმწიფოც კი გამოვიდა კრიზისიდან საერთაშორისო საფინანსო ცენტრების დახმარებითა და ხელშეწყობით. აი, თუნდაც აზიის ისეთ უმაღლეს დონეზე განვითარებული ქვეყნები, როგორიც არის კორეა, ინდონეზია, მალაიზია და სხვები და სხვები. იქ იფეთქა ისეთმა კრიზისმა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობა რომ არა, ეს ქვეყნები ახლა სრულ ფინანსურ და ეკონომიკურ კატასტროფაში იქნებოდნენ და, ბუნებრივია, სოციალური აფეთქება მოხდებოდა და სხვა.

ახლა სხვა სიახლეთა შესახებ:

განვლილ კვირაში გაიმართა კიდევ ერთი პრეზენტაცია.

საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი საწარმოს „საწვავით მომსახურების კომპანიის“ ამოქმედებით დასრულდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკორპორაციის „ბრიტიშ პეტროლიუმის“ საინვესტიციო პროგრამის საწყისი ეტაპი. კომპანია, რომელიც აღჭურვილია საწვავით თვითმფრინავების გასამართი უახლესი მოწყობილობითა და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიით, შეუფერხებლად მოემსახურება თბილისის აეროპორტში ჩამოსულ თვითმფრინავებს. მოგეხსენებათ, ეს მოძრაობა თბილისში ჩვენი ქვეყნის გავლით, თბილისის აეროდრომის გამოყენება სულ უფრო ინტენსიური გახდება როგორც საკუთარი თვითმფრინავებით, ასევე ახლა აქ დაფრინავს მრავალი ქვეყნის თვითმფრინავები და ეს თავისთავად ქვეყნისათვის ბევრს ნიშნავს. ეს ჩვენი ავიახაზების განვითარებისა და აეროდრომების სისტემის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ენერგოსისტემის კომპანიების პრივატიზების სტრატეგიის დამტკიცებას. ამჯერად სწორედ სტრატეგიაზე იყო საუბარი. ეს დოკუმენტი მომზადდა ისაფის პროგრამისა და სტრუქტურული გარდაქმნის მეორე კრედიტის ღონისძიებების, ასევე რეფორმების ახალი ეტაპით განსაზღვრული პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის შესაბამისად. ასობით მილიონი დოლარის გამოძებნა, რომელიც ელექტროენერგეტიკული სექტორის, კერძოდ, ენერგიის გადაცემის, გენერაციისა და განაწილების ინვესტირებას სჭირდება, შეუძლებელია პრივატიზების გარეშე. სწორედ პრივატიზების ღონისძიებების განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს კრიზისიდან დარგის საბოლოოდ გამოყვანა, ამ სფეროში რაციონალური სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ელექტროენერგეტიკის ბაზრის ფორმირების ხელშეწყობა, საფინანსო დისციპლინისა და მომხმარებლის მომსახურების გაუმჯობესება, რაზეც განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, ამასთან, ამ პროცესში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ვიმეორებ, უნდა გავითვალისწინოთ სისტემებში მომუშავეთა რეალური ინტერესები ამ პრივატიზაციასთან დაკავშირებით.

დარგის პრივატიზების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრულია განმანაწილებელი კომპანიების ბაზაზე დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებათა აქციების საკონტროლო პაკეტის პრივატიზაცია კონკურსის წესით. მიზანშეწონილია ამჟამად მოქმედი 66 განმანაწილებელი კომპანიის გამსხვილება, რომელთაგან დღეისათვის ყველაზე მსხვილი - „თელასი“, როგორც ადრე აღინიშნა, უკვე მზად არის საპრივატიზაციოდ და ტენდერი, გამოცხადებული თუ არ არის, ამ დღეებში გამოცხადდება და მსოფლიოს ძალიან დიდი ფირმები მიიღებენ მონაწილეობას მასში.

მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ პრეზიდენტის ბრძანებულების კიდევ ერთი პროექტი, რომელიც შეეხება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ შექმნას. ცენტრმა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე - გამოგონებაზე, სამრეწველო ნიმუშზე, სასაქონლო ნიშანზე და სხვა, - უფლებების მოპოვების სამართლებრივი უზრუნველყოფით ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებასა და სრულყოფას.

მინდა რადიომსმენელთა განსაკუთრებული ყურადღება მივაპყრო კომპანია „დაიმლერ-ბენცის“ დირექტორატის წარმომადგენლებთან, მათ შორის, დოქტორ კლაუს მანგოლთან შეხვედრას, ვინაიდან დიდად სასიხარულო და საამაყოა, როდესაც ქვეყანას შესწევს ძალა ითანამშრომლოს მსოფლიოს გიგანტებთან ეგრეთ წოდებული „მაღალი ტექნოლოგიების“ დარგში.

ერთი წლის წინათ ფირმა „საქართველოს პოლიტექნიკურ ინტელექტსა“ და გერმანულ „დაიმლერ-ბენცს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ახალი კოსმოსური სატელეკომუნიკაციო ანტენების შექმნის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. პირველ ეტაპზე მიღწეულ შედეგებს მაღალი შეფასება მისცა შემკვეთმა - ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ. ოფიციალურ ექსპერტთა აზრით, კოსმოსური ტექნიკის დარგში ქართულ ფირმასთან თანამშრომლობა სასარგებლო აღმოჩნდა ევროპული კომპანიებისათვის. სხვათა შორის, უნდა შეგახსენოთ, როგორ იწყებოდა ეს სამუშაოები თბილისში ოთხმოციან - 1981-1982 წლებში. ეს იყო მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტური ლაბორატორია თეიმურაზ ლოლაძის ხელმძღვანელობით. მე რამდენჯერმე მოვინახულე და მაშინ ეს ბავშვები ადგენდნენ კოსმოსური ანტენების თავისებურ სქემებსა და გეგმებს, დღეს იგი უკვე, ხედავთ, მსოფლიოს გიგანტებთან თანამშრომლობს და თვითონ დამოუკიდებელი ინსტიტუტია ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგლებში და ასე ეწოდება: კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი. უნდა გითხრათ, რომ აქ მომუშავე ადამიანები, რომლებსაც ძალიან მაღალი ინტელექტი აქვთ, ნამდვილი გმირებიც არიან, რადგან შეინარჩუნეს (ეს საგურამოშია) და არაფერი არ დაკარგულა იმ საშინელ და შავბნელ წლებში, ჩვენ რომ გამოვიარეთ. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთობლივი საწარმოს შესაქმნელად, რომელიც არა მარტო აწარმოებს, არამედ მსოფლიო ბაზარზეც გაიტანს ნაწარმს. ეს „პირველი მერცხალია“ - საგრძნობი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალი, ტექნიკური ინტელიგენციის საერთო დონე უეჭველად მოგვცემს საშუალებას, თანასწორუფლებიანად ვითანამშრომლოთ მსოფლიოს უდიდეს კონცერნებთან, რომლებიც XXI საუკუნის ტექნოლოგიას ქმნიან.

რამდენიმე სიტყვა ბიუჯეტის თაობაზე:

საგადასახადო ინსპექციის წინასწარი შეფასებით, მის მიერ ივნისში აკრეფილი საბიუჯეტო შემოსავალი 30 მილიონ ლარს გადააჭარბებს. წლის პირველ ნახევარში კი საგადასახადო ინსპექციის ხაზით მობილიზებული იქნება 158 მილიონამდე ლარი, რაც 30 მილიონი ლარით, ანუ თითქმის 25 პროცენტით აღემატება შარშანდელი ექვსი თვის მაჩვენებელს. ამასთან, ზრდის აღნიშნული ტემპის მიუხედავად, ივნისის სავარაუდო შემოსავალი საკმარისი არ არის საპროგნოზო დავალებათა შესასრულებლად, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ახმეტის, მარნეულის, ზესტაფონის, ოზურგეთის რაიონებმა. გადამწყვეტი ზომების მიღება მართებთ ასევე სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის საწარმოებს, კახეთის ღვინის ქარხნებს, საავიაციო გაერთიანებებს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, რკინიგზის დეპარტამენტს, თბილისის აბრეშუმის გაერთიანება „ცისარტყელას“ და სხვა მრავალს, როგორც ჩვენ ვამბობთ, მსხვილ გადამხდელებს - ასეთი ინსტიტუტი არსებობს. თვის დარჩენილ ორ დღეში აღნიშნული საწარმოების და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებმა მაქსიმალურად უნდა იზრუნონ ბიუჯეტთან დროული და სრული ანგარიშსწორებისათვის.

საბაჟო დეპარტამენტმა ივნისში უკვე გადარიცხა ბიუჯეტში 11 მილიონზე მეტი ლარი, ეს კი 96 მილიონი ლარია მიმდინარე ნახევარ წელიწადში და თითქმის 1,5-ჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით.

ახლა რამდენიმე სიტყვით, შევეხები ჩვენი საზოგადოებისათვის ძალზე მტკივნეულ თემას - კორუფციას, მაგრამ მანამდე შევნიშნავ: ის ფაქტი, რომ ეს თემა ასე მწვავედ, ასე პრინციპულად განიხილება, თავისთავად დადებით მოვლენად მიმაჩნია. მაშასადამე, საზოგადოება არ ურიგდება მანკს და ხელისუფლებისგანაც მოითხოვს ძალისხმევის გააქტიურებას.

როგორც მოგახსენეთ, მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემებს. ჩემი აზრით, თუ სახელმწიფოებრივი მშენებლობის რომელიმე სფეროში მდგომარეობა შეიძლება შევაფასოთ როგორც „საგანგაშო“ (ხშირად იყენებენ ხოლმე ასეთ შეფასებას საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ), - ეს, უწინარესად, ეხება სწორედ კორუფციის აღმოფხვრის პროცესს, რომელიც ჯერჯერობით არცთუ წარმატებით ვითარდება და ეს უნდა ვაღიაროთ! ეს უნდა აღიაროს, უპირველესად, თავად ხელისუფლებამ.

კორუფციის დაძლევის გარეშე ჩვენ სრულფასოვან, დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ვერასდროს ვერ ავაშენებთ. კორუფციის აღმოფხვრა საშუალებას მოგვცემს მკვეთრად გავზარდოთ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ზოგიერთმა ხელისუფლების საწინააღმდეგოდაც კი გამოიყენა ეს ციფრი, მაგრამ ჩვენ სიმართლის თქმისა არ გვეშინია: ეკონომიკის სამინისტროს გამოანგარიშებით (შესაბამისი სამეცნიერო ცენტრების დახმარებით მოხდა ამ გაანგარიშებათა შედგენა, რასაც თითქმის ემთხვევა მსოფლიო ბანკის გაანგარიშებანი და მათი შეფასებანი), საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე 40-45 პროცენტი გახლავთ. ეს არის უზარმაზარი რეზერვი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, სოციალურად დაუცველი ფენების ცხოვრების დონის ასამაღლებლად, რომლის ამოძრავება და ჩვენს რესურსებში ჩართვა არ მოითხოვს რაღაც ინვესტიციებს, განსაკუთრებულ კაპიტალდაბანდებებს.

არავითარი გამართლება ამას არა აქვს. ჩვენ არ ვაპირებთ, ეს იმით ავხსნათ, რომ კორუფცია საზოგადოებრივი, სოციალური, სახელმწიფოებრივი პრობლემაა და არა პოლიტიკური, რომ იგი მრავალი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნისათვის არის დამახასიათებელი. უნდა გვეყოს გამბედაობა, ვთქვათ სრული სიმართლე - კორუფცია და კლანურობა დაღუპავს საქართველოს. ყველაფერთან ერთად, ეს მანკი შელახავს ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს. კორუმპირებულ ერთან და, როგორც ხშირად ამბობენ, „ბანანის რესპუბლიკასთან“ სტრატეგიული თვალსაზრისით, არავინ ითანამშრომლებს, ვინაიდან ასეთი ქვეყანა ვერ ჩაითვლება საიმედო პარტნიორად. ჩვენ სწორედ ახლა გვეძლევა საშუალება ასე მწვავედ ვილაპარაკოთ ამაზე. ჩვენ ეს არ შეგვეძლო 2-3 წლის წინათ. სხვა პრობლემები, სხვა ამოცანები იყო და მაშინ ამ საკითხის ასე პრინციპულად დაყენება ცოტა ნაადრევიც გამოვიდოდა. ახლა გვაქვს სათანადო ძალა და ყველა შესაბამისი პირობა იმისათვის, რომ სწორედ ასე პრინციპულად დავაყენოთ ეს საკითხი და ვიბრძოლოთ კიდეც ამ სენის დაძლევისათვის.

ამდენად, კიდევ უფრო მტკიცდება აზრი, რომ აუცილებელია ჩამოყალიბდეს ინსტიტუტი, რომელიც არსებულ კორუმპირებულ სისტემაში, ასე ვთქვათ, „უცხო სხეულივით“ იქნება და ამოშანთავს კორუფციის სიმსივნეს. საზოგადოებისათვის ცნობილია ჩემი წინადადება პრეზიდენტთან სპეციალური ანტიკორუფცული კომისიის შექმნის თაობაზე. მე ვიცი, რაოდენ სკეპტიკურია ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება ამ ახალ კომისიებთან, მათ შორის ანტიკორუფციულ კომისიათან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე საშიში უძრაობაა, როცა არ ვეძებთ, არ ვპოულობთ შესაბამის საშუალებებს ასეთი მანკიერების დასაძლევად. ეს ინსტიტუტი (მე მხედველობაში მაქვს დღევანდელი ვითარება და უახლოესი წლები) მხოლოდ იმ პირობით აღმოჩნდება ქმედითი, თუ იგი ჩამოყალიბდება სწორედ პრეზიდენტთან და შესაბამისი უფლებამოსილებითაც იქნება აღჭურვილი. უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალიტები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ეს ორგანო შესაბამის ბერკეტებსაც უნდა ფლობდეს. სხვაგვარად არაფერი გამოვა. რა თქმა უნდა, არც სწრაფად მოხდება კორუფციის დაძლევა, მაგრამ 2-3 წელიწადში სავსებით შეიძლება გარდატეხა შევიტანოთ ამ ბრძოლაში, ძირითადად გავასუფთაოთ სახელისუფლებო სისტემა, მისი ყველა ეშელონი კორუმპირებული ელემენტებისაგან.

ეს არის ხელისუფლების უპირველესი პოლიტიკური პრიორიტეტი და მე ამის გაკეთების ძალა, პირდაპირ გეტყვით, შემწევს ჯერჯერობით. მაგრამ რა მაეჭვებს ამასთან დაკავშირებით? ხომ არ მოხდება ისე, რომ ისინი, ვინც დღეს გვიკიჟინებს, „ხელისუფლება კორუფციამ გახრწნაო“, თავად ატეხენ, ასე ვთქვათ, ისტერიულ ყვირილს „ახალი 37 წლის შესახებ“, როგორც კი ხელისუფლება და პრეზიდენტი მკაცრ ზომებს მიიღებენ. თუმცა, ვერც ეს შეგვაჩერებს. სხვათა შორის, მე სულაც არ ვაპირებ, რომ რაღაც რეპრესიის გზა უნდა იყოს მთავარი. აქ მთავარია საჯაროობა, მთავარია არაფერი იყოს დაფარული, დამალული და, სადაც აუცილებელი და გარდაუვალია, იქ კანონმა უნდა იმოქმედოს და სათანადოდ უნდა დაისაჯოს ის, ვინც ხელს უშლის ქვეყანას წინსვლაში.

კორუფციის დაძლევა საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების წინაპირობა გახდება საზოგადოებრივი ცხოველმყოფელობის ყველა სფეროში, გააჯანსაღებს სულიერ ატმოსფეროს, ხელს შეუწყობს კულტურის, მეცნიერების, საერთოდ სულიერების განვითარებას. ამის გარეშე ვერც დემოკრატიული წესწყობილება შეიქმნება და ვერც სამოქალაქო საზოგადოება ამ სიტყვის სრული გაგებით.

უკვე წარმომიდგენია ოპონენტთა საპასუხო არგუმენტები - უეჭველად იტყვიან: ხედავთ, თავად პრეზიდენტი აღიარებს კორუფციის არსებობას და ა.შ. მაგრამ, რაკი ჩვენ თავად გვყოფნის ძალა, გამბედაობა, ვაღიაროთ ნაკლი, მოვუწოდოთ საზოგადოებას, ერთად ვებრძოლოთ ამ მანკიერებას, და, მაშასადამე, შედეგსაც მივაღწევთ. კვლავ მოვუწოდებ ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნისათვის, მათ შორის მასმედიას, განსაკუთრებით მასმედიას, განსაკუთრებით თავისუფალ პრესას, ტელევიზიას - ერთად ვიბრძოლოთ ამ საშინელი მანკის წინააღმდეგ. ყველა ჟურნალისტს, ვინც ეგრეთ წოდებულ „ჟურნალისტურ გამოძიებას“ წამოიწყებს და ფაქტებს გამოამზეურებს (ვისაც უნდა ეხებოდეს ეს გამოძიება), - პირადად მე ვპირდები მხარდაჭერას და თანადგომას. ვიმეორებ, საზოგადოებრივი აზრის შექმნის გარეშე (ასეთი აზრი კი არ შეიქმნება საინფორმაციო საშუალებათა გარეშე), ჩვენ ამ სენს ვერ დავძლევთ.

- გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაასრულა, მაგრამ გაიმართება კიდევ ერთი რიგგარეშე სესია, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. მინისტრთა კაბინეტის თემა პრინციპში აქტიურად განიხილება პოლიტიკურ კულუარებშიც. რას ნიშნავს ეს, ვთქვათ, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტებას, საპარლამენტო კრიზისის სიმძიმის ცენტრის მინისტრთა კაბინეტზე გადატანას თუ კიდევ სხვა რამეს? რამდენად ნორმალურია ამ ეტაპზე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და ხომ არ მოჰყვება ამას რაღაც ჯაჭვური რეაქცია და, საერთოდ, რას მოიგებს ყოველივე ამისაგან ამომრჩეველი?

- ამ თემაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ რაკი საზოგადოება სულ უფრო დიდ ინტერესს ამჟღავნებს, საჭიროდ მიმაჩნია რამდენიმე განმარტება: ვიმეორებ, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, კანონი მიღებული არ არის და ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც საერთო-სახალხო განხილვის საგანი უნდა გახდეს. მაგრამ ჯერჯერობით პროექტიც არ არის დამთავრებული და საბოლოო სახე მას არ მიუღია. მე ცოტა ადრე გამოვიტანე განსჯისათვის, რათა ყველაფერი გავითვალისწინოთ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას.

სრულებით არ არის გასაკვირი, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა. ყველაფერი ვითარდება ამქვეყნად და კონსტიტუციური სრულყოფის პროცესიც უნდა იყოს, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, უწყვეტი. ავიღოთ თუნდაც საფრანგეთის მაგალითი: ამ ქვეყნის კონსტიტუცია არათუ კოსმეტიკურად, ძირეულად, არსებითად შეიცვალა დე გოლის ინიციატივით, მისი წამოწყება იყო სწორედ ეს. ასევე შემიძლია სხვა ქვეყნების კონსტიტუციებზეც ვილაპარაკო.

რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაში საქმე არ ეხება კონსტიტუციური საფუძვლების რევიზიას, მაგრამ გარკვეული სიღრმის რეფორმა მართლაც მომწიფდა და აუცილებელი გახდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის - ფართო პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ამ საკონსტიტუციო შესწორებათა მიზანი ის გახლავთ, რომ თვით ხელისუფლება, ყველა დონეზე უფრო ქმედითი და ეფექტიანი გახდეს, და არა ის, რომ ახალი, ბიუროკრატიული ბარიერები ჩამოვაყალიბოთ და ავაშენოთ.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა პოზიტიური ძვრები შეიძლება მოჰყვეს მინისტრთა კაბინეტის შექმნას, ისევე, როგორც ვაცნობიერებთ ნეგატიური შედეგების საშიშროებასაც: უპირველეს ყოვლისა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ახალი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების შექმნას თან უნდა სდევდეს კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურება. სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას საზოგადოება უწინარესად, და მართალიც არის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სწორედ პოზიტიური პოტენციალი ამოქმედდეს და არ ჩამოყალიბდეს ახალი კორუმპირებული მონსტრი. თუმცა, ჩვენ ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს, - არავის ეგონოს, რომ სპონტანურად, ღრმა გააზრების გარეშე ვაპირებთ ამ ნაბიჯების გადადგმას, - კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ 1996 წელს ვისაუბრეთ ერთ-ერთ ინტერვიუში, თუ გახსოვთ, თუმცა კონსტიტუცია სულ ერთი წლის მიღებული იყო. რაც მთავარია, არ უნდა დავუშვათ კლანურობის გაძლიერება ხელისუფლებაში, ახალი კლანების ჩამოყალიბება. პირიქით, ძველი კლანებიც უნდა მოვშალოთ, თუკი არსებობს, ასევე მოიშლება ყველა ხელოვნური ბარიერი, რომლებიც აღმართულია ბიზნესის, მეწარმეობის განვითრების გზაზე. ამით გაძლიერდება ხელისუფლების ავტორიტეტი და გავლენა რეგიონებშიც.

კონსტიტუციური რეფორმა (თუმცა რეფორმა ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, ჯერ, ალბათ, რეფორმაზე საუბარი ნაადრევია) არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ძირეული პრინციპებისადმი. უმთავრესი მიზანია, ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი პარლამენტი და ძლიერი პრეზიდენტი (მე ვუპასუხებ თქვენს შეკითხვას ამასთან დაკავშირებით), აგრეთვე, უნდა განისაზღვროს თანამშრომლობის, ურთიერთდაბალანსების, დემოკრატიული თანამოქმედების სათანადო წესები და შევქმნათ სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცების უკეთესი პირობები. როგორც მოგეხსენებათ, სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერის, ერთიანობის, მთლიანობის უმთავრესი და უპირველესი გარანტი სწორედ პრეზიდენტი გახლავთ თავისი ხელისუფლებით, თავისი ძალაუფლებით და ყველა სტრუქტურით.

როცა მზად ვიქნებით, ასე ვთქვათ, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, პრეზიდენტი ისარგებლებს თავისი პრეროგატივით, თავისი უფლებით და მოიწვევს პარლამენტის საგანგებო, გნებავთ, რიგგარეშე სესიას, რათა საკანონმდებლო ორგანომ იმსჯელოს ამ საკითხებზე და მიიღოს გადაწყვეტილება. თუ მივედით მანამდე. ახლა მიმდინარეობს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, შავი სამუშაო, კამერალური მუშაობა იმისათვის, რომ მთელ ამ შესწორებათა ტექსტს მივცეთ ის სახე, რომელიც აუცილებელია.

- საზოგადოებას აინტერესებს, იქნება ეს მხოლოდ სტრუქტურული ცვლილება, დარჩებიან მინისტრები თავიანთ პოსტებზე, შეიქმნება თვისებრივად ახალი კაბინეტი? როგორ მოხდება ეს ყველაფერი? არის თუ არა მოსალოდნელი პერსონალების ცვლილება?

- ყველაფერი იქნება შეფასებული, ყველა ადამიანის ბედი გადაწყდება იმის მიხედვით, ვინ როგორ უძღვება თავის საქმეს, დაკისრებულ მოვალეობებს, როგორია მისი პროფესიონალიზმი, როგორია მისი ზნეობრივი თვისებები და როგორია მისი ავტორიტეტი მოსახლეობაში. მე ამას არ ვმალავ, პირდაპირ ვამბობ: არავის არ დაეკარგება ნაშრომი, ის, რაც გაუკეთებია, და არავის არ ემუქრება საფრთხე - წესიერ, პატიოსან და შემოქმედებითად მომუშავე მინისტრს თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

- ახლა პარლამენტის თემაზე ვსაუბრობთ და ისევ განვაგრძოთ ეს თემა - გასულ კვირას გამოცხადდა, რომ პარლამენტი დროებით დატოვა ფრაქცია „აღორძინებამ“. ბათუმში გამართულ ყრილობაზე ფრაქციამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება...

- როგორც ვიცი, „აღორძინება“ გამონაკლისი არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ამ 10-15 დღის წინათ ასეთი განცხადება პარლამენტში კიდევ ორმა ჯგუფმა გააკეთა. ჩემამდე მოსული ინფორმაცია ასეთია: ისინი ბრუნდებიან პარლამენტში. „აღორძინების“ უფლებაა გავიდეს პარლამენტიდან, შეიძლება ეს იყოს დროებითი მოვლენა, შეიძლება სხვა მიზნები ჰქონდეს, მაგრამ არ არსებობს კანონი, რომელიც ამას კრძალავდეს, თუმცა ამაზე მე ძალიან დიდი გულისტკივილით ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, როგორი პოზიციაც უნდა ჰქონოდა „აღორძინების“ დეპუტაციას საქართველოს პარლამენტში, ხელისუფლების მხარდამჭერი თუ მისი საწინააღმდეგო, ეს დეპუტატთა საკმაოდ კვალიფიციური ჯგუფია და მას თავისი წვლილი შეჰქონდა საპარლამენტო ცხოვრებაში.

ამასთან დაკავშირებით მინდა შევეხო ისეთ თემას, როგორიც არის ამ ბოლო დროს, არა მარტო ამ ყრილობასთნ, არამედ სხვა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული დიდი აჟიოტაჟი, როგორც ეს ჩვენთვის დამახასიათებელია დიდი თუ პატარა მოვლენის გამო.

ჩემი, როგორც პრეზიდენტის მიზანია ქვეყანას ავაცილო უნაყოფო, უმიზნო დებატები, რაზეც ძალიან ბევრი დრო იკარგება: ყველა საკითხის გაუმართლებელი პოლიტიზირება და მთელი ყურადღების კონცენტრირება ისეთ საკითხებზე, რომლებიც სულაც არ არის პრიორიტეტული. ვერაფერს ვხედავ ტრაგიკულს იმაში, რომ ესა თუ ის პარტია დაუკავშირდეს სხვა პარტიას, - თუნდაც იმას, რომელთანაც თითქოს (მსოფლმხედველობრივად) საერთო არაფერი აქვს, ან შეურიგდეს ყოფილ მოწინააღმდეგეს. თუ 1998 წლის ნოემბრის ცნობილი აქციის ორგანიზატორებს შესაძლებლად მიაჩნიათ თანამშრომლობა იმათთან, ვინც საბჭოთა კავშირის აღდგენას მოითხოვს, - ესეც მათი საქმეა. სხვათა შორის, ამ მოთხოვნებში თუ რამ ანტიკონსტიტუციურია, ეს უკვე პროკურორმა და სხვებმა უნდა გაარჩიონ და ყველაფერი, რაც ხელყოფს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, მის თავისუფლებას, რაც ასე ძვირად არის მოპოვებული საქართველოში, ვფიქრობ, არ შეიძლება კონსტიტუციურად ჩაითვალოს, მაგრამ ეს უკვე იურისტების საქმეა.

ჩვენი მთავარი პრინციპი ის გახლავთ (მე მინდა ეს განვმარტო), რომ არ შევუწყოთ ხელი (ნებსით თუ უნებლიეთ) ისეთ დაჯგუფებათა ჩამოყალიბებას, რომელთა მიზანი არ არის ქვეყნის გაძლიერება და მისი დამოუკიდებლობის განმტკიცება. ამიტომ ვცდილობთ, არ დავახურდავოთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყურადღება ამა თუ იმ, თუნდაც აშკარად პროვოკაციულ განცხადებებზეც კი, არ ჩავეფლოთ ინტრიგების, ცილისწამების, ინსინუაციების ჭაობში. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ტრადიციონალიზმს, როგორც მოძღვრებას, როგორც პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ დოქტრინას, მაგრამ იგი არ უნდა ნიშნავდეს შუასაუკუნეობრივ ბნელეთში დაბრუნებას.

პრეზიდენტის მოვალეობაა არ დაუშვას შეურიგებელი დაპირისპირება და ამ მიზნით ზოგჯერ აშკარა პროვოკაციაც მოითმინოს. მაგრამ, გარკვეულ დრომდე. ახლა, სწორედ ასეთი დაპირისპირებისაკენ გვიბიძგებენ სხვადასხვა ფორმითა და საბაბით. თუ მიაქციეთ ყურადღება, საბაბი არა და არ ილევა. თუმცა, როცა ეძებ საბაბს, იგი ყოველთვის მოიძებნება ხოლმე.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ამაზე ყურადღება, დრო და ძალა იმდენად არ უნდა ხარჯოს და ფლანგოს და მან უნდა მოახდინოს ძალისხმევის კონცენტრირება ეკონომიკური განვითარების, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების, კორუფციის დაძლევის, უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობის საკითხებზე. ამაში უნდა ვპოულობდეთ სიამოვნებას და არა იმაში, თუ ვინ-ვის უფრო მწარედ გალანძღავს და ვინ რაში დასწამებს ცილს.

ახლა ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებითაც. ცილისმწამებელთან ბრძოლა, ჩემი აზრით, აქტუალური პრობლემაა და შემთხვევით არ ვახსენე პროკურატურა, იურისტები და სამართალდამცავი ორგანოები. მოვითხოვ სამართალ-დამცავი სტრუქტურებისაგან დაიცვან ადამიანები. კიდევ ბევრმა არ იცის, რა არის ცილისწამება ადამიანისათვის, მათ შორის ხელმძღვანელებისათვის, ჭორების, ცილისწამების, უსაფუძვლო ლანძღვა-გინებისა და ადამიანურ ღირსებათა შელახვისაგან. ეს პრობლემაც, ეს ამოცანაც უკვე ცხოვრებამ მოიტანა და, ვფიქრობ, რომ თანდათანობით, არა დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმით, მაგრამ თანდათანობით უნდა მივიდეთ ისეთი ატმოსფეროს შექმნამდე, როცა ცილისწამება გამოირიცხება. სხვათა შორის, ამას წინათ, ივანე მაჩაბელთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მთაწმინდაზე ვთქვი, რომ თავის დროზე მაინტერესებდა, დოკუმენტებს ვეცნობოდი, დიდად საყურადღებო ვერაფერი ვნახე, მაგრამ საერთო შთაბეჭდილება ასეთი იყო, რომ ივანე მაჩაბელი სწორედ ამ ინტრიგებისა და ცილისწამების მსხვერპლი გახდა, და არა მარტო ივანე მაჩაბელი. რამდენია ასეთი ჩვენს ისტორიასა და სხვა ქვეყნების ისტორიაში. ამიტომ ეს არ არის უწყინარი მოვლენა. მაგრამ ბრძოლა უნდა იყოს კანონის ფარგლებში და კანონმა უნდა აგებინოს პასუხი ყველას, ცილისმწამებლებს, რა დონეზეც უნდა საქმიანობდეს და მუშაობდეს ესა თუ ის პიროვნება.

- სამშაბათს მოსკოვში განახლდება ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება, შეიძლება თუ არა ითქვას უკვე ამ ეტაპზე, რომ მხარეები ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი მოაწერონ დოკუმენტს, ვგულისხმობ გალში ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ, რადგან ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული სირთულეები...

- მინდა, ასე გიპასუხოთ: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მოლაპარაკების პროცესში მართლაც მიღწეულია გარკვეული პროგრესი, გარკვეული ურთიერთგაგება, თუმცა საბოლოო შედეგზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ ბოლო ეტაპებზე ძალიან ნათლად გამოიკვეთა ორმხრივი დიალოგი, ქართულ-აფხაზური დიალოგი და ბევრი რამ სწორედ ამ დიალოგის პროცესში გაირკვა. აქ ისიც მინდა ვახსენო, რომ ჩემსა და არძინბას შორის სატელეფონო საუბრები, სატელეფონო კავშირი იშვიათობა არ არის და ამ ინსტიტუტსაც შესაბამისად ვიყენებთ. მაგრამ მე მაინც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ასეთ დოკუმენტებზე ხელმოწერის მწარე გამოცდილება გვაქვს. ამიტომ ტყუილად ელის ზოგიერთი, რომ ხელს მოვაწერთ ნებისმიერ შეთანხმებას, თუ არ იქნება მისი შესრულების, როგორც იტყვიან, ასპროცენტიანი გარნტია. ამას მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდებით, თუ მოსახლეობის დაბრუნება აბსოლუტურად იქნება უზრუნველყოფილი, და ამ დაბრუნების დროს ყოველმხრივ იქნება დაცული მათი უფლებები და მათი აბსოლუტური უსაფრთხოება. სამწუხაროდ, რუსეთის ზოგიერთმა გაზეთმა (და ეს პირველად არ ხდება), უკვე გამოაქვეყნა დოკუმენტის პროექტი, რომელიც ჯერჯერობით არავისთან არ არის შეთანხმებული და ხელმოსაწერად გამზადებული. იგი შეიძლება მიიღონ, შეიძლება არ მიიღონ, ანდა შეიძლება სრულიად გადაკეთდეს და სულ სხვა მუხლები აღმოჩნდეს. მაგრამ იგი სწორედ პროექტია და ჯერ, როგორც გითხარით, საბოლოოდ არ არის შეთანხმებული, ვინაიდან არ იძლევა იმის რწმენას, რომ ლტოლვილთა დაბრუნებას აღარ მოჰყვება გენოციდისა და ეთნიკური წმენდის კიდევ ახალი ტალღა. გვეყო, რაც მოხდა. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ იმ ადამიანთა დაბრუნებაზე, რომლებიც ენგურის ნაპირიდან ადევნებენ თვალს საკუთარი სახლ-კარის გადაწვას, 2 ათასამდე საუცხოო სახლია გადამწვარ-გადაბუგული, პირუტყვის მასობრივად გარეკვას, მასობრივ ძარცვას, მაროდიორობას და ა.შ. თუ ვერ დავრწმუნდებით იმაში, რომ დევნილ მოქალაქეებს ექნებათ სრული საშუალება დაბრუნდნენ მშობლიურ კუთხეში და იცხოვრონ მუდმივი შიშისა და შანტაჟის გარეშე. აქვე მინდა საზოგადოების ყურადღება მივაქციო ერთ გარემოებას: გალში მაისის დამლევს განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ამა თუ იმ კუთხის (ვთხოვ, რადიომსმენელებს, მიაქციონ ყურადღება ამ ტერმინს) კარტის გათამაშებას მარტო ჩვენში კი არ ცდილობს ბევრი, მომიტევეთ და, ნამუსგარეცხილი პოლიტიკანი, არამედ ქვეყნის გარედანაც ძლიერია შემოტევა, და შესაბამის სიმპტომებსა და ნიუანსებს არ ჩამოვთვლი - ისედაც ყველასათვის ცნობილია. მაგრამ მათი გათვალისწინების გარეშე, გალის მოვლენებს ობიექტურ შეფასებას ვერ მივცემთ. მე უნდა ვთქვა, რომ ეს „კარტის თამაში“, ვითომდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის თავისებურებებს რომ ეყრდნობა და ამის გამოყენება უნდათ, აბსოლუტურად უპერსპექტივო თამაშია. ეს ძველისძველი ისტორიაა, ძველისძველი დროიდან მოჰყვება, სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობისათვის დამახასიათებელია და საკმაოდ დიდი იმუნიტეტია ქართველ ხალხში გამომუშავებული იმისა, რომ ამ ინტრიგებს და ინსინუაციებს არ აჰყვნენ.

რაც შეეხება მოსკოვის შეხვედრას, მოლაპარაკება გრძელდება. მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთის როლი ამჯერად პოზიტიური იქნება. სხვათა შორის, ეს გამოიკვეთა, როცა მე აქ შევხვდი ბატონ პასტუხოვს, განსაკუთრებით, ბატონ ბერეზოვსკის და სხვებს. და მე ვიგრძენი, რომ არის სურვილი, სერიოზული ნაბიჯები გადავდგათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. აქვე განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ საქართველოს მეგობრებს, გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ევროპის უშიშროების სტრუქტურებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ჩვენთან ერთად ამ ურთულესი კონფლიქტის შესაწყვეტად და მოსაგვარებლად. დარწმუნებული ვარ, შეიძლება კიდევ დრო იყოს საჭირო, მაგრამ სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს. არ შეიძლება სხვანაირად, იმდენი ძალა და საზოგადოებრივი აზრია მობილიზებული. გალის მოვლენებმა გაამწარა მოსახლეობა, გაამწარა საქართველო, მაგრამ საქართველოს ავტორიტეტი და მისი პრესტიჟი მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში კიდევ უფრო ამაღლდა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ჩვენ არ ჩავებით ფართომასშტაბიან სომარ მოქმედებაში. თქვენ მიაქცევდით ყურადღებას ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, რუსეთის საზოგადოებრიობაშიც, ევროპაშიც, ცალკეულ ქვეყნებში ეს არაერთხელ ითქვა. უმთავრესი ჩანაფიქრი სწორედ ფართომასშტაბიან ომში ჩაბმა იყო. გარდა აფხაზებისა, იქ მონაწილეობდნენ დიდი ჯგუფები სხვა ქვეყნებიდან შემოსული ბოევიკებისა, რომლებიც წამყვან ძალას წარმოადგენდნენ. ესე იგი, ჩაფიქრებული იყო, რომ ჩვენ ისევ სისხლისმღვრელი ომი გაგვეჩაღებინა და ეს უკვე იქნებოდა კავკასიის დიდი ომი.

- ბათუმში იმყოფებოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი მესუთ ილმაზი, რომელსაც დახვდნენ სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილი და აჭარის ხელმძღვანელობა. ილმაზმა მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა აფხაზეთთან დაკავშირებით და თქვა, რომ თურქეთი სავსებით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას...

- ეს იყო საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმებული სამუშაო ვიზიტი. ბატონ მესუთ ილმაზის სტუმრობა ერთხელ კიდევ ადასტურებს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ ნამდვილ კეთილმეზობლურ და პარტნიორულ ურთიერთობას, ნამდვილად მეგობრულ კავშირს. სხვათა შორის, ბევრ საინტერესო გამონათქვამთან ერთად მე განსაკუთრებით ერთ ფრაზას მივაქციე ყურადღება, თუ არ ვცდები, თქვენს პირველი არხის გადაცემებში წუხელ იყო ამაზე საუბარი. ეს ფრაზა გახლავთ: როცა ილმაზს ჰკითხეს, როგორ აფასებს იგი საქართველოს სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, მან უპასუხა, რომ თურქეთი ამ საკითხს განიხილავს ისევე, როგორც საკუთარი ქვეყნის სტაბილურობასა და მთლიანობას. და მე მიმაჩნია, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრის ასეთი განცხადება, როცა იგი ფაქტობრივად ერთ დაფაზე აყენებს თურქეთის ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების განხორციელებასა და საქართველოს სტაბილურობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ და ეს ძალიან კარგი მაგალითია მავანთათვის, რომელთა ჭკუა და გონება იქითკენ არის მიმართული, რომ როგორმე დაამკვიდრონ უნდობლობის ატმოსფერო, პროვოკაციულად გამოიწვიონ დაძაბულობა და დესტაბილიზაცია. ეს ყველას ეხება - შინაურსაც და გარეულსაც. ეს პირდაპირი პასუხია იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სწორედ ამ „კარტის გათამაშების“ დიდი იმედები აქვთ და სწორედ ამაზე აგებენ მთელ თავიანთ პოლიტიკას - შინაურები თუ გარეშენი.

- გასულ კვირას თქვენ შეხვდით ახალგაზრდებს. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ამით რაღაც ტრადიციას ეყრება საფუძველი და ეს არ იქნება მხოლოდ ერთჯერადი შეხვედრა...

- ვატყობ, მიგრძელდება ჩემი დღევანდელი საუბარი, მაგრამ, რას ვიზამთ, ასეა ჩვენი ცხოვრება. ამ კითხვას კი მაინც სიამოვნებით უნდა ვუპასუხო. ახალგაზრდობასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჩემი პოლიტიკური პრინციპია. ეს ჩემი ტაქტიკაც არის და სტრატეგიაც, და ჩემი რწმენაც - ქვეყნის მომავალი სწორედ იმაზე არის დამოკიდებული, როგორ ახერხებს ხელისუფლება ახალგაზრდობასთან საერთო ენის გამონახვას. ამჟამად პრეზიდენტთან, მათივე წინადადებით, იქმნება ახალგაზრდულ პრობლემათა კვლევის საბჭო ან ახალგაზრდულ პრობლემათა საბჭო, სახელწოდებას თვითონ შეარჩევენ. სხვათა შორის, მე ეს ორგანო წარმომიდგენია, როგორც დეპოლიტიზებული ინსტიტუტი, დეპოლიტიზებული საბჭო, რომელიც ახალგაზრდობის პრობლემების გადაწყვეტაში დაგვეხმარება. საბჭოში შევლენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები - მათ ახალგაზრდული ასაკი გააერთიანებთ. ისინი არიან მეცნიერები, ბიზნესმენები, სხვადასხვა ჟანრის ხელოვნების წარმომადგენლები, სპორტსმენები. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რაკი ხელთ მაქვს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობა, მივულოცო ქართველ სპორტსმენებს 1998 წლის პირველ ნახევარში მიღწეული დიდი წარმატებები. თქვენ გახსოვთ, როგორ განიცადა საქართველომ ოლიმპიადაზე წარუმატებლობის ამბები. მაგრამ მას შემდეგ უიმედობას არ მიეცა ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი სპორტსმენები და აი, რამდენად შთამბეჭდავია ეს მონაცემები: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, თასების გათამაშებაზე მათ მოიპოვეს 60 მედალი. აქედან - 22 ოქროს, 18 ვერცხლისა და 20 ბრინჯაოს მედალი. დარწმუნებული ვარ, როცა ჩვენ შეგვეძლება შევუქმნათ მათ პირობები, საქართველო ერთ-ერთი სპორტული ქვეყანა იქნება თავისი დიდი და შთამბეჭდავი მაჩვენებლებით.

არანაკლებ შთამბეჭდავია ახალგაზრდობის წარმატებები სხვა სფეროებშიც. ასობით ჩვენი თანამემამულე სწავლობს საზღვარგარეთ - ამერიკის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. ფაქტობრივად, ეს ქვეყნის მომავალი ელიტაა, მომავალი ქართული ისტებლიშმენტი, რომელიც 21-ე საუკუნეში იტვირთებს პასუხისმგებლობას საქართველოს ბედისათვის. სხვათა შორის, არ არის სწორი სკეპტიკური პროგნოზები, რომ წავიდნენ იქ, სწავლობენ, შემდეგ შეიძლება მუშაობა დაიწყონ და მერე აღარ დაბრუნდებიან. ეს გამორიცხულია. შეიძლება რაღაც 5 პროცენტი ან დაოჯახდეს ან რაიმე სხვა მომენტი იყოს ისეთი, მაგრამ ამ ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა დაუბრუნდება თავის სამშობლოს და ეს დიდი დასაყრდენი იქნება მომავალში ქვეყნის პროგრესისათვის ბრძოლაში. შეხვედრამ ჩემზე შესანიშნავი შთბეჭდილება დატოვა, გადაუჭარბებლად ვიტყვი, მოდის ბრწყინვალე, შესანიშნავი თაობა, რომელსაც ყველა თვალსაზრისით ძალუძს შეასრულოს დიდი ეროვნული მისია, რადგან იგი ჯანსაღი თაობაა, რომელმაც თავისუფლების პირობებში შეიცნო სამყარო, და ამდენად მის მიერ დამკვიდრებული ცხოვრების წესიც, დარწმუნებული ვარ, ჯანსაღი იქნება.

- საქართველოში ჩამოდის რუმინეთის პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ, ეს საპასუხო ვიზიტია. ჩვენ გვახსოვს თქვენი ვიზიტი რუმინეთში, რომლის დროსაც ბევრ საინტერესო პროექტს ჩეყარა საფუძველი.

- ჩემი ხალხის სახელით, მინდა მივესალმო ბატონ ემილ კონსტანტინესკუს - დიდი ქვეყნისა და დიდი პოტენციალის ევროპული სახელმწიფოს პრეზიდენტს. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სტიმული გახდება. უფრო სწორად, გააგრძელებს და გააღრმავებს როგორც იტყვიან, კეთილად დაწყებულ საქმეს. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო პრეზიდენტთა ურთიერთობაში დამკვიდრებული, ერთმანეთის პატივისცემით განმსჭვალული განწყობილება, რასაც, რასაკვირველია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბატონი კონსტანტინესკუს ვიზიტიც, დარწმუნებული ვარ, ასეთი სულისკვეთებით ჩაივლის.

ჩვენი საუბრების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, მე ვიტყოდი, იქნება დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებაში, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში ორი სახელმწიფოს უნიკალურ შესაძლებლობათა უკეთ გამოყენება ჩვენი ხალხებისა და მსოფლიო თანამეგობრობის საკეთილდღეოდ.

საქინფორმი.

„მოდის ბრწყინვალე, შესანიშნავი თაობა, რომელსაც ყველა თვალსაზრისით ძალუძს შეასრულოს დიდი ეროვნული მისია“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 29 ივნისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 30 ივნისი. - №162 (2862). - 1,2,3 გვ.

83 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აბაშიძე ასლან

აბაშიძე ვახტანგ

აბდულატიპოვი რამაზან

აბულაძე თენგიზ

აბსანძე გურამ

ადეიშვილი მერაბ

ადენაუერი კონრად

ალპაგო-ნოველო ადრიანო

ალუდაური მაია

ალიევი ჰეიდარ

ალიენდე სალვადორ

ასათიანი აკაკი (კაკო)

აუშევი რუსლან

ამაშუკელი ელგუჯა

ამირეჯიბი ჭაბუა

ანანი კოფი

ანდრიაძე ირაკლი

არუთინიანი ხოსროვ

არენსი მოშე

არძინბა ვლადისლავ

ახალკაცი ნოდარ

ახვლედიანი გიორგი

ბაბილაშვილი ჯამლეთ

ბაასი ნორბერ

ბაგრატიონთა დინასტია

ბარათაშვილი ნიკოლოზ

ბერიძე რუსუდან

ბერიტაშვილი ივანე

ბერდი რობერტ

ბერეზოვსკი ბორის

ბურჭულაძე ნემო

ბორდიუჟა ნიკოლაი

ბოტა ლივიუ

ბრაუნბეკი სემ

ბროლაძე ნოდარ

გაბრიაძე ნინო

გამსახურდია ზვიად

გამსახურდია კონსტანტინე

გახოკიძე ჯემალ

გიორგაძე იგორ

გიორგი მეთორმეტე

გიორგაძე თეიმურაზ (თემურ)

გილდმანი იური

გოგებაშვილი იაკობ

გოგნიაშვილი გოგა

გოგუაძე ვახტანგ

გორბაჩოვი მიხეილ

გორგილაძე ავთანდილ

გეგელაშვილი დავით

გენერალი ჩხეიძე

გენშერი ჰანს-დიტრიხ

გულუა ბაკურ

დადიანი ცოტნე

დავითაშვილი ელიზბარ

დე გოლი შარლ

დევიდ ტერი

დემირელი სულეიმან

დოდაშვილი სოლომონ

დოლიძე რიტა

დუმბაძე ნოდარ

დუტუ მეგრელი

ელცინი ბორის

ერეკლე მეორე

ერაძე ლეილა

ერქომაიშვილი ანზორ

ერჰარდი ლუდვიგ

ვაიცმანი ხაიმ

ვან დენ ბროკი ჰანს

ვარუჟანი დანიელ

ვაჟა-ფშაველა

ვახტანგ მეექვსე

ვიტებროდი კიის

ვეკუა ილია

ზოდელავა ვანიკო

ზუბიტაშვილი დავით

თამარაშვილი მიხეილ

თაბუკაშვილი რეზო

თარგამაძე კახა

თევდორაძე ელენე

თევზაძე დავით

თიმაევი აფთი

თოფაძე გოგი

თუმანიშვილი მიხეილ (მიშა)

ილია II

ილმაზი მესუთ

იმედაშვილი იოსებ

იმედაშვილი კობა

ისაკაძე ლიანა

ივაშოვი ლეონიდ

იოსელიანი ოტია

იესო ნაზარეველი

კამდესიუ მიშელ

კანტი იმანუილ

კარმონი არიკ

კარტოზია გივი

კაკუბავა ბორის

კალიცკი იან

კახიძე ჯანსუღ

კეკელიძე კორნელი

კინლანი ჯონ

კირკიტაძე იური

კირიენკო სერგეი

კუჩმა ლეონიდ

კოლუმბი ქრისტეფორე

კონსტანტინესკუ ემილ

კოკაური დათო

კორობკო სერგეი

კოროტჩენია ივანე

კლაუბიტ კლაუს

კლინტონი ბილ

ლალიაშვილი თეა

ლეკიშვილი ნიკოლოზ (ნიკო)

ლეჟავა დავით

ლიონიძე სოლომონ

ლორთქიფანიძე გიგა

ლორთქიფანიძე ვაჟა

ლოლაძე თეიმურაზ

მაისაშვილი შოთა

მამალაძე თეიმურაზ

მამალაძე ლევან

მანაგაძე ირაკლ

მანგოლ კლაუს

მარი ნიკო

მარკო პოლო

მაზმიშვილი ზაზა

მაჩაბელი ივანე

მაცკე რიჩარდ

მენაღარიშვილი ირაკლი

მეტრეველი როინ

მუსხელიშვილი ნიკოლოზ

ნადარაია ნუგზარ

ნადიბაიძე ვარდიკო

ნათაძე ნოდარ

ნათელაშვილი შალვა

ნაზარბაევი ნურსულთან

ნეთანიაჰუ ბენიამინ

ნემეტ ზლოტ

ნიაზოვი საფარმურად

ნიკოლაძე ნიკო

ნიკოლაძე თამილა

ნიკოლაძე რამაზ

ნიკოლეიშვილი ოლეგ

ნიქსონი რიჩარდ

ნიცშე ფრიდრიხ

ნოზაძე სიმონ

ნუცუბიძე შალვა

ოთერგრავენი ფონ

ოკონორი ჯუდი

ონიანი ნატო

ოსტთან ფრიდჰელმ

ოვსიანიკოვა ნუნუ

ოჩიაური გიორგი

პაიჭაძე მანანა

პასტუხოვი ბორის

პაპავა ლადო

პინოჩეტი ავგუსტო

პრონკი იან

პრიმაკოვი ევგენი

პრიჩარდიჟი დევიდ

ჟორდანია ნოე

ჟვანია ზურაბ

ჟვანია ნინო

რაბინი იცხაკ

რადუევი სალმან

რიბკინი ივანე

რეიგანი რონალდ

რუზველტი ფრანკლინ დელანო

რჩეულიშვილი ვახტანგ

სააკაშვილი მიხეილ

სანებლიძე არმაზ

სალარიძე დავით

საკანდელიძე კარლო

სოლანა ხავიერ

სესტანოვიჩი სტივენ

სერგეევი იგორ

სეროვი ვალერი

სულთანოვი ალიშერ

სტალინი იოსებ

სტროევი ეგორი

სტურუა რობერტ

ტერ-პეტროსიანი ლევონ

ტურავა დავით

უზნაძე დიმიტრი

ფაილოძე ნათელა

ფანჯიკიძე გურამ

ფაცაცია ოთარ

ფოქტი ჰანს

ფრიდრიხ დიდი

ქებაძე თინათინ

ქობალია ლოთი

ქოვინდასა ანანდა

ქოჩარიანი რობერტ

ყაუხჩიშვილი სიმონ

შამირი იცხაკ

შანიძე აკაკი

შარანსკი ნათან

შარაძე გურამ

შარტავა ჟიული

შევარდენიძე კახა

შევარდნაძე ნანული

შენგელია ზაზა

შექსპირი უილიამ

შოთა რუსთაველი

შოშიტაიშვილი ბადრი

შუკვანი კლარა

შულცი ჯორჯ

ჩერჩილი უინსტონ

ჩერქეზიშვილი მარინე

ჩიბიროვი ლუდვიგ

ჩიქობავა არნოლდ

ჩუბინაშვილი გიორგი

ჩხაიძე ალექსანდრე

ცომაია ლეილა

ციციშვილი გიორგი

ძასოხოვი ალექსანდრე

წერეთელი აკაკი

წულეისკირი ნოდარ

წივწივაძე თამაზ

წმინდა ნინო

ჭავჭავაძე ილია

ჭანტურია გიორგი (გია)

ჭკუასელი მიხეილ

ჭკუასელი ჯემალ

ჭყონდიდელი გიორგი

ჭყონია თემურ

ხაბეიშვილი სოლიკო

ხარატიშვილი იოსებ

ხატიძე ბადრი

ჯავახიშვილი ივანე

ჯავახიშვილი ნოდარ

ჯავახიშვილი მიხეილ

ჯაფარიძე გიორგი

ჯაფარიძე ოთარ

ჯერგენია ანრი

ჯიქია ბონდო

ჰეიგელი ჩაკ

84 ადგილთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აბასთუმანი 600

ადიგენი 621

ამაზონი

ამბროლაური

ავღანეთი

აზერბაიჯანი

აზია

ათენი

ათონის მთა

ალბანეთი

ალანია

ალი-ბაირამლი

ალმაათა

ალჟირი

არაბული სამყაროს ქვეყნები

ახალქალაქი

ახალციხე

ახლო აღმოსავლეთი

ახმეტა

აფხაზეთი

აფრიკა

ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკა, აშშ

ანგოლა

ანკარა

აჭარა

ბაკურიანი

ბალკანეთი

ბალტიისპირა ქვეყნები, ბალტიის ქვეყნები

ბანგლადეში

ბარღები

ბათუმი

ბაქო

ბელორუსია

ბერლინი

ბოსნია

ბოსნია-ჰერცოგოვინა

ბორჯომი

ბორჩალოს მაზრა

ბრაზილია

ბრიუსელი

ბრესტი

ბუდაპეშტი

ბუდიონოვსკი

ბურუნდი

ბულგარეთი

გაგრა

გარდაბნი

გალი

გერმანია

გოლგოთა

გორი

გუდაური

გულრიფში

გურია

გლდანი

დარიალის ხეობა

დარჩელი

დედოფლისწყარო

დიდი ბრიტანეთი

დიუსელდორფი

დმანისი

დუნაისპირა ქვეყნები

ეგვიპტე

ერაყი

ერევანი

ევროპა

ესპანეთი

ელისეს სასახლე

ვარიანი

ვაშინგტონი

ვენა

ვლადივოსტოკი

ზესტაფონი

ზუგდიდი

თამარაშენი

თელავი

თელ-ავივი

თიანეთი

თურქმენეთი

თურქეთი

თუშეთი

იალტა

იაპონია

იერუსალიმი

იმერეთი

ინგლისი

ინგუშეთი

ინდონეზია

ირანი

ისრაელი

იტალია

კანადა

კასპი

კახეთი

კავკასია

კიევი

კიშინიოვი

კოდორის ხეობა

კოლუმბია

კორეა

კონგო

კუბა

ლაითური

ლეჩხუმი

ლიბია

ლივადია

ლისაბონი

ლუქსემბურგი

მადრიდი

მალაიზია

მარნეული

მესხეთ-ჯავახეთი

მესტია

მოლდოვა, მოლდოვეთი, მოლდავეთი

მონღოლეთი

მოსკოვი

მთიანეთი

მცხეთა

მცხეთა-მთიანეთი

ნაგანო

ნასაკირალი

ნიგერია

ნინოწმინდა

ნიდერლანდი, ნიდერლანდები

ნიუ-იორკი

ნოვოროსიისკი

ნორვეგია

ოზურგეთი

ოსეთი

ოსეთ-ალანია

პალესტინა

პალესტინა-ისრაელი

პარიზი

პოლონეთი

ჟენევა

რაჭა

რაჭა-ლეჩხუმი

რიო-დე-ჟანეირო

როსტოვი

რეფო-ეწერი

რუანდა

რუსეთი

რუსეთ-საქართველო

რუსთავი

რუსთაველის პროსპექტი

რუმინეთი

საბერძნეთი

საბუეთის მთა

საგარეჯო

საგურამო

სალხინო

საფრანგეთი

სამეგრელო

სამეგრელო-ზემო სვანეთი

სამტრედია

სამტრედია-წყალტუბო

სამცხე-ჯავახეთი

სამხრეთ კორეა

საჩიქობაო

საჩხერე

სენაკი

სიდა

სიონი

სირია

სლოვაკია

სვანეთი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

სომხეთი

სოხუმი

სუდანი

სუფსა

სუფსის ტერმინალი

სტამბოლი

ტაშკენტი

ტაჯიკეთი

ტყიბული

უზბეკეთი

უკრაინა

უნგრეთი

ურალი

ურეკი

ურუგვაი

უწერა

ფარავნის ტბა

ფოთი

ფსოუ

ქაირო

ქართლი

ქვემო ქართლი

ქუთაისი

ღალიძგა

ყაზახეთი

ყაზბეგი

ყარაბაღი

ყარს-ახალქალაქი

ყირგიზეთი

ყირიმი

ყიზლარი

შავი ზღვა

შატილი

შიდა ქართლი

შვეიცარია

შვედეთი

ჩაქვი

ჩეხეთი

ჩეჩნეთი

ჩეჩნეთ-ინგუშეთი

ჩიკაგოში

ჩინეთი

ჩოხატაური

ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ ოსეთი

ჩხოროწყუ

ცენტრალური აზიის ქვეყნები

ცხინვალი

წალენჯიხა

წერაქვი

წითელი ხიდი

წყალტუბო

ჭიათურა

ჭოროხის ხეობა

ჭეჭლა-მოხის გზა

ხაშური

ხევსურეთი

ხიხაძირი

ხონი

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები

ხულო

ხუმუშკური

ჯვრის მონასტერი

ჯიხაშკარი

ჰელსინკი

85 საგნობრივი საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


9 აპრილის ტრაგედია

„აბრეშუმის გზა“

„აგვისტოს პუტჩი“

ათონის სიწმინდეები

აფხაზეთის კონფლიქტი, აფხაზეთის ომი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

ბერლინის კედელი

ბიბლია

ბისეკი

„ბოსნიის ფორმატი“

ბოლშევიკები

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო

გოლგოლთის გზა

დუნაი-რაინის პროექტი

დერინერის კაშხალი, დერინერის ჰიდროელექტროსადგური

„ევრაზიის ხიდი“

ეთნიკური წმენდა, ეთნოწმენდა

ევრაზიის დერეფანი

ევრობანკი

ევროკავშირი

ეუთო

ზვიადისტები

იუნესკო

იმანუილ კანტის პრემია

იმპორტი

კასპიის ოქრო

კისლოვოდსკის დეკლარაცია

კიშინიოვის სამიტი

კოლონიალიზმი

ლაჯანურჰესი

ლეიბორისტები

ლისაბონის სამიტი, ლისაბონის ფორუმი

მეორე მსოფლიო ომი

მენშევიკები

მსოფლიო ბანკი

მხედრიონი

ნატო

ნიქსონის პრემია

ონასისის სახელობის პრემია

ჟენევის პროცესი

საგადასახადო ინსპექცია

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

საქპატენტი

სახარება

სახალხო დამცველის ინსტიტუტი

სამოქალაქო ომი

სარახსის ხელშეკრულება, სარაქსის ხელშეკრულება

სეულის ოლიმპიადა

სოროსის გრანტი

სუამი

სსრ კავშირი, საბჭოთა კავშირში

ტერორისტული აქტი

ტრასეკას პროექტი

ფედერალისტები

ფრანგული ჟურნალი „პარი-მატჩი“

ქართულ-ოსური კონფლიქტი

ქრისტიანობა

ყარაბაღის კონფლიქტი

შატილის მიკროჰესი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ცარიზმი

ცივი ომი

ძველი აღთქმა

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

ხრამჰესი

ჯიხაშკარის მოვლენები

ჰელსინკის აქტი