![]() |
ედუარდ შევარდნაძე (ტომი XXI, ნაწ. 2) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ |
თარიღი: 2022 |
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება. საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები: საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი (1995 წლის ნოემბერი - 2003 წლის ნოემბერი), მიმართვები, ინტერვიუები (2000 წლის ივლისი-დეკემბერი) თბილისი 2022 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-9777-6-3 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენლები: ნატო გაბელაია, ემზარ ჯგერენაია შემდგენლები: ნათია ხოტენაშვილი, თინათინ სულუხია დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი UDC (უაკ) 342.518 (479.22) + 929 (479.22) გ-124 |
![]() |
1 ობოლა ციმაკურიძისა და ლაშა ლაშხის ოჯახებს |
▲back to top |
სამძიმარი
მწუხარებით შევიტყვე ორი შესანიშნავი ახალგაზრდის ობოლა ციმაკურიძისა და ლაშა ლაშხის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი.
ლაშა ობოლას გადარჩენის ცდისას დაიღუპა, გულმა ვერ გაუძლო მეგობრის დაღუპვის ტკივილს.
ამ ტრაგედიამ ცხადად წარმოაჩინა ქართული, მამაკაცური, უღალატო მეგობრობის სიმშვენიერე.
ეს ორი ახალგაზრდა ჩვენი საზოგადოების გამორჩეული პიროვნებანი იყვნენ თავიანთი ნიჭითა და გარჯით, მაგრამ მათ მაინც წინ ელოდათ უფრო დიდი წარმატებები სცენასა თუ მეცნიერულ საქმიანობაში.
ვწერ ამ სიტყვებს და ახლაც ყურში ჩამესმის ობოლას იმიტაციით ჩვენი პოლიტიკოსების ხმები, ვხედავ ტრაგიკულ სურათსაც - მდინარის პირას სასოწარკვეთილ ახალგაზრდას...
რა უნდა გითხრათ, მართლაც გაუსაძლისი ტკივილია, რომელიც არასოდეს ჩაგიცხრებათ, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გაუძლოთ, თუნდაც მათი არდავიწყებისათვის.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ობოლა ციმაკურიძისა და ლაშა ლაშხის ოჯახებს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 1 ივლისი. - №175 (3576). - 1 გვ.
![]() |
2 ძვირფასო ქალბატონო მზია, შატილელებო, ჩემო ხევსურებო! |
▲back to top |
სამძიმარი
ძვირფასო ქალბატონო მზია,
შატილელებო,
ჩემო ხევსურებო!
შემძრა იმ საზარელმა და ტრაგიკულმა შემთხვევამ, რომელმაც შეიწირა ხევსურეთის ჭეშმარიტი ქომაგი ირაკლი ჭინჭარაული. საქართველოს მთიანეთმა და სრულიად საქართველომ დაკარგა ღირსეული შვილი, ქვეყნისათვის თავდადებული, მაღალპროფესიონალი, შატილისა და მთლიანად პირიქითა ხევსურეთის აღდგენა-აღორძინების ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი.
მე კარგად მახსოვს და ვიცნობდი ირაკლი ჭინჭარაულს, მის ოჯახს. ახალდაქორწინებულებმა შატილობის დღესასწაულზე შემომფიცეს, რომ არასოდეს მიატოვებდნენ შატილს და იბრძოლებდნენ მისი აღორძინებისათვის.
ეს მათ პირნათლად შეასრულეს.
ღრმა სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონ მზიას და მის ქალიშვილებს ნათიას, ხათუნასა და თინიკოს.
დიდად ვწუხვარ, რომ ვერ ვესწრები ირაკლის დაკრძალვას. მისი სახელი მარადჟამს დარჩება მთიელთა ხსოვნაში.
ღრმა პატივისცემით და თანაგრძნობით,
ედუარდ შევარდნაძე.
ძვირფასო ქალბატონო მზია, შატილელებო, ჩემო ხევსურებო! : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 2-3 ივლისი. - №176-177 (3578). - 1 გვ.
![]() |
3 „შთამომავლობა არ გვაპატიებს, თუ ასე იოლად შევურიგდებით პროგრესისა და სახელმწიფო აღმავლობის იმ პირველი, მაცოცხლებელი ყლორტების ჭკნობას, რომელთაც მთელი ერი ასეთი რუდუნებით უვლიდა ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
3 ივლისის რადიოინტერვიუ
- რადიოინტერვიუს დღეს ეკონომიკის თემით დავიწყებთ. რას გამოჰყოფდით გასული კვირის მოვლენებიდან და შეიძლება თუ არა საუბარი ეკონომიკაში დადებით, მყარ ტენდეციებზე? - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- მე მგონი, ჩვენი საუბრისას ერთ-ერთი ღირსება უდავოდ ის არის, რომ არასდროს დაგვიმალავს ნაკლოვანებანი, არ გვიცდია სირთულეთა მიჩქმალვა და ყოველთვის გულწრფელად ვლაპარაკობდით პრობლემებსა თუ ერთგვარ შემაშფოთებელ ტენდენციებზე, კერძოდ, ეკონომიკის სფეროშიც.
მაგრამ, როდესაც არსებობს დადებითი ინფორმაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა ჭეშმარიტ პატრიოტსა და ქვეყნის გულშემატკივარს გაახარებს, ესეც, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ.
მით უმეტეს, რომ სათქმელი ნამდვილად არის. ყველაზე ავტორიტეტული ეროვნული და უცხოური ინსტიტუტების მონაცემებით, მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტი დაახლოებით 74, იმპორტი კი მხოლოდ 6 პროცენტით გაიზარდა.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, ვინაიდან მცირდება ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო სალდო და შორს აღარ არის ის დრო (ყოველ შემთხვევაში, ეს უკვე სავსებით რეალურია), როდესაც ექსპორტი გაუთანაბრდება იმპორტს და მომავალში კიდევაც გადააჭარბებს.
მე ვთხოვე ყველა ჩემს პატივცემულ ოპონენტს, იმათ, ვინც გვაკრიტიკებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის გამო, გაითვალისწინოს:
სავაჭო სალდოს გაუმჯობესება მნიშვნელოვანწილად იმ ტენდენციათა შედეგიც არის, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებამ რომ განაპირობა, ეს საქართველოს სავაჭრო სივრცე გაფართოვდა და იგი ყოველდღიურად ფართოვდება.
სასიხარულოა, რომ მატულობს იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს. რამდენიმე წლის წინათ ჩვენ დადებითი ბალანსი არც ერთ სახელმწიფოსთან არ გვქონდა. შარშანდელთან შედარებით ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ გაიზარდა: 9-დან 25 სახელმწიფომდე.
განვლილ პერიოდში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ბრუნვამ დაახლოებით 54 მილიონი დოლარი შეადგინა. აქდან 12 მილიონი დოლარი ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა. მაშასადამე, ქვეყნის სტრატეგიული სავალუტო რეზერვი არათუ მცირდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა კიდეც.
წლის დამლევისათვის ინფლაციის დონე, ჩემი ვარაუდით, სულ 6-7 პროცენტის ფარგლებში იქნება, რაც მრავალი განვითარებული ქვეყნისთვისაც კი მისაღებია და ზოგი ამას ვერც აღწევს.
განუხრელად იზრდება, აგრეთვე, საბანკო სისტემის დეპოზიტები, „საკრედიტო პორტფელი“ და კაპიტალი.
სტაბილურია სამომხმარებლო ფასების ინდექსი.
მრეწველობის მთლიანი პროდუქციის წარმოება, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,4 პროცენტით გაიზარდა. ეს ყველაფერი ხომ წინსვლაა.
ბოლო მონაცემებით, დამაიმედებელი მდგომარეობაა, აგრეთვე, საბიუჯეტო შემოსავლის თვალსაზრისითაც. ამ წლის განმავლობაში პირველი თვეა, როცა გარკვეული გარდატეხა მოხდა და, ჩემი აზრით, უდავოდ ნაყოფი გამოიღო ახალი სამინისტროს შექმნამ და ამ სისტემაში დაწყებულმა რეფორმებმა.
საგადასახადო შემოსავლებმა 66 მილიონ ლარს მიაღწია. ასეთი ოდენობა, თვიური შემოსავლის თვალსაზრისით, საქართველოსათვის უმაგალითოა განვლილი წლების მანძილზე.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ივნისში საბაჟო დეპარტამენტმაც მიაღწია გარდატეხას, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკმარისი მაინც არ არის.
საბოლოოდ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას ეგრეთ წოდებული ჩათვლების მანკიერი პრაქტიკა. თუ ასეთ დაუსაბუთებელ ფაქტებს წავაწყდებით, ძალიან მძიმე საუბარი გვექნება.
ამ სფეროში რეფორმები კვლავ გაგრძელდება და მომავალ თვეებში კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს უნდა ველოდოთ.
მაგრამ მთლიანობაში საბიუჯეტო კრიზისი არ დამთავრებულა.
მეტად რთული ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტის სეკვესტრთან დაკავშირებით. ეს პროცესი კი, როგორც უნდა მოვინდომოთ, უმტკივნეულოდ ვერ იქნება. ჩვენ ხელს ვერ ვახლებთ მხოლოდ ეგრეთ წოდებულ დაცულ მუხლებს.
ამავე დროს ისიც თვალნათელია, რომ დაიწყო სერიოზული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მხილებულია კონტრაბანდისტთა რამდენიმე ჯგუფი (მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები ყურადღებას მიაქცევდნენ ბატონ კახა თარგამაძის ვრცელ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. მომავალ მთავრობის სხდომაზე კი მოვისმენთ უშიშროების მინისტრის მოხსენებას და ასე შემდეგ. ყველა მინისტრი ვალდებულია ჩაგვაბაროს ანგარიში, რომელთაც კანონის შესაბამისად ჩამოერთვათ პროდუქცია და სატრანსპორტო საშუალებანი, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა. მაგალითად, მინიმუმამდე შემცირდა შაქრის ფხვნილის კონტრაბანდა, რომელსაც წალეკილი ჰქონდა მთელი საქართველო და ჩვენი აგარის ქარხანა გაჩერებული იყო და, შესაბამისად, იმ ქარხნიდან ვერ ვიღებდით შემოსავალს. მას შემდეგ, რაც დაიწყო ბრძოლა შაქრის კონტრაბანდის წინააღმდეგ, აგარის ქარხანა ამუშავდა და ახლა დამატებითი ნედლეული შემოაქვთ, რათა საქართველოს მოთხოვნილება ძირითადად საკუთარი შაქრის წარმოებით დაკმაყოფილდეს, და საბიუჯეტო შემოსავალიც, რა თქმა უნდა გაიზარდოს.
მე ვაზუსტებ: ეს ქვეყნის ეკონომიკური ვითარებისა და მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის გაჯანსაღებისათვის ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია.
როგორც შევპირდი საზოგადოებას, რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება შესაბამისი დირექტივები, ნორმატიული აქტები, ასე ვთქვათ, შეჯამებული კომპლექსური და კონკრეტული პროგრამები, კორუფციასთან ბრძოლის სხვადასხვა მიმართულებას რომ ეხება.
მოკლედ შევეხები რამდენიმე საინტერესო ეკონომიკურ მოვლენას. ნავთობკომპანიის „ბიპი ამოკოს“ პრეზიდენტთან ბატონ დევიდ ვუდვურდთან შეხვედრისას საბოლოოდ დავადასტურეთ შეთანხმება ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის კონკრეტულ მარშუტთან დაკავშირებით. პირველი სამუშაოები სექტემბერში დაიწყება და იმთავითვე უდიდეს სიკეთეს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას. მე დავასახელე ციფრები: რამდენი კაცი იმუშავებს და რამდენი კაცი დასაქმდება.
სულ მალე დაიწყება მუშაობა ბაქო-სუფსის (უკვე წარმატებით მოქმედი ნავთობსადენის) გამტარუნარიანობის გასადიდებლად.
რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელებისას უდიდესი ყურადღება უნდა დაეთმოს გარემოს დაცვის საკითხებს. ეს ჩვენი ურყევი, პრინციპული პოზიციაა. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს გარემოს დაცვის სამინისტრო მთელი თავისი სპეციალისტებით, ექსპერტებით, ამ ბოლო დროს ვთხოვეთ და ძალიან აქტიურად ჩაებნენ ამ საქმეში მეცნიერებათა აკადემია და მისი ინსტიტუტები... უნდა ითქვას, ეს საკითხი მართლაც კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს და იზიარებენ ჩვენს შეშფოთებას სულ მცირე შემთხვევის გამოც კი. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ამ თვალსაზრისით მთლიანად გადაწყდა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომლებიც წამოვჭერი ამ შეხვედრებზე, რომელსაც გია ჭანტურიაც ესწრებოდა, მათ შორის ბევრი ძალზე ძვირადღირებული და ტექნიკურად ძნელად განსახორციელებელი.
მოვილაპარაკეთ, აგრეთვე, ძველი მილსადენის (თქვენ იცით, რომ ძველი მილსადენების მთელი სისტემაა საქართველოში) გაწმენდის თაობაზე, ახლა ეს უმთავრესი ამოცანაა და აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე ამ პროექტსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
ასევე, საკმაოდ რეალურია აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ გაზის საბადოდან საქართველოსათვის ბუნებრივი გაზის მოწოდების პროექტი და მისი შემდგომი ტრანსპორტირება თურქეთში.
დიდი გაზსადენის მშენებლობა 2002, უკიდურეს შემთხვევაში 2003 წელს დასრულდება. იგი თავდაპირველად 5 მილიარდ კუბურ მეტრ, შემდგომში კი 16 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს ყოველწლიურად თავისი შემოსავლითა და ყველა სხვა სიკეთის გათვალისწინებით.
გასულ კვირას ბაქოში წარმატებით დასრულდა ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეთა მოლაპარაკება, რომელშიც საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა და „საქართველოს გაზის“ საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი ალეკო გოცირიძე მონაწილეობდნენ. მიღწეულია ორივე მხარისათვის ხელსაყრელი შეთანხმება. დოკუმენტურად დადასტურდა, რომ მომავალ ზამთარს აზერბაიჯანი საქართველოს მოაწვდის საჭირო რაოდენობის საწვავს, ბუნებრივ გაზს, სწორედ იგი მაქვს უწინარესად მხედველობაში, შესაძლოა, ეს იყოს მინიმალურად აუცილებელი ოდენობა ან რამდენადმე უფრო მეტიც.
გარდა ამისა, ხელმოწერილია მემორანდუმი საქართველოს ტერიტორიის გავლით 500-კილოვატიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის თაობაზე, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ენერგეტიკულ სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში და სოლიდურ შემოსავალსაც მოგვიტანს.
როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ, პირადად პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა, საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინა, რისთვისაც მადლობას ვუძღვნი ჩემს მეგობარსა და პატივცემულ კოლეგას.
- როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე, საზოგადოებაშიც სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა თქვენს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს არანაირ დესტაბილიზაციას ქვეყანაში. დასტურდება თუ არა ინფორმაცია, რომ ასეთ მოვლენებს აქვს ადგილი და კიდევ: თქვენ ეკონომიკაზე საუბრობდით და რა როლი განეკუთვნება სოციალურ ფონსა და სოციალური შუღლის გაღვივებას, რისი ნიშნებიც ახლა უკვე ჩანს ამ კონტექსტით?
- მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი ამომწურავ ინფორმაციას ფლობს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. მიზეზებზე უკვე ბევრი ვილაპარაკე და, ალბათ, გამეორება აუცილებელი არ არის. რომ ვთქვა, არავითარი მოძრაობა არ არის, სადღაც ვიღაცა იარაღს არ აჟღარუნებს, ან არ აგროვებს-მეთქი, ტყუილი იქნება. ვიცით ყველაფერი: სად რა არის, რა ხდება და როცა საჭირო იქნება, ზომებსაც მივიღებთ. ეს უყურადღებოდ არ რჩება. ფაქტობრივად, ჩვენ ვიცით, სად რა ხდება. მაგრამ, როდის უნდა იყოს მიღებული ზომები, ამას, ალბათ, დროის შერჩევა სჭირდება. ჯერჯერობით მაინც იმის იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ პროფილაქტიკას შედეგები მოაქვს. ჩვენ არ გვინდა, რომ ზედმეტი მსხვერპლი იყოს და უფრო მეტ ადამიანს აღეკვეთოს თავისუფლება.
რაც მთავარია, ხელისუფლება საზოგადოებას არაფერს არ უმალავს. ჩვენ გულწრფელად წარმოვაჩენთ რეალობას, ვინაიდან საზოგადოება უეჭველად სწორად გაგვიგებს და მართებულ დასკვნებსაც გამოიტანს.
ბოლო დროს ძალზე ბევრ წერილს ვიღებ იმათგან, ვისაც გული შესტკივა ქვეყნისათვის (ზოგიერთი პირადი წერილი პრესაშიც არის გამოქვეყნებული), მძიმედ განიცდიან ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის წარმოქმნილ პრობლემებს.
ყოველივეს მწერენ გულახდილად, გულწრფელად და პირუთვნელად მოითხოვენ ჩემგან მკაცრი ზომების მიღებას.
განა თვით ეს წერილები არ არის ჭეშმარიტად საზოგადოებრივი აზრი, როდესაც ადამიანი არა ანონიმურად, არამედ გულახდილად, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაღალი შეგნებით, ზოგჯერ მწვავედ და კრიტიკულად მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა რადიკალური ნაბიჯები გადადგას ვითარების გამოსასწორებლად. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოების არსებობის ყველაზე ნათელი გამოხატულება.
მე შემთხვევით როდი ვთქვი, რომ საპრეზიდენტო პროგრამის განხორციელება უკვე რეალურად დაიწყო, განსაკუთრებით, ეკონომიკისა და სოციალური სფეროსაკენ 180 გრადუსით შემობრუნების თვალსაზრისით, მაგრამ კორუფციის, ფალსიფიკაციისა და სხვა დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ისევე, როგორც ბიზნესის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.
მდგომარეობა ერთი წლის, წელიწად-ნახევრის განმავლობაში შესამჩნევად გაუმჯობესდა, სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრები შემოვიდა, არა მარტო რამდენიმე სახის ბიზნესის დაბეგვრით (ვთქვათ, სიგარეტი, ნავთობპროდუქტები და სხვა, ეს არ უნდა იყოს ძირითადი და მთავარი, თუმცა ყველა უნდა ვაიძულოთ გადაიხადოს, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს ზემოქმედების საშუალება), არამედ მთლიანად ეკონომიკური სივრცის გაფართოვების შედეგად. მომავალი წლიდან საქართველოში მოპოვებული ნავთობის ოდენობაც სერიოზულად მოიმატებს, რაც განამტკიცებს ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტს.
რაც შეეხება დესტაბილიზაციას, არა მარტო ხელისუფლება, არამედ მოსახლეობასაც შესანიშნავად ესმის (ისევე, როგორც ესმის ყველა კეთილგონიერ ადამიანს), რომ არეულობით, გზების გადაკეტვით, ანტისამთავრობო გამოსვლებით, ვითარების დაძაბვით, კანონისადმი დაუმორჩილებლობით, ქაოსური მოვლენების პროვოცირებით, არათუ არაფერი გამოვა სასიკეთო, არამედ, საბოლოო ანგარიშით, ვერავინ ვერაფერს მოიგებს, ქვეყანა კვლავ ქაოსისა და ანარქიის ჭაობში ჩაეფლობა. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს, ვიმეორებ, ყველამ უნდა შეიგნოს, ანუ ხალხი, მშვიდობიანი მოსახლეობა, ხომ წააგებს და წააგებს, და ეს იქნება დრამატული წაგება და ტრაგიკული მოვლენა, მაგრამ ისინიც წააგებენ, ვინც ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ცდილობს. როგორიც უნდა იყოს რაღაც შეკავშირება, ჩახუტება სხვადასხვა რჯულისა და სხვადასხვა მოძრაობისა, ეს არ არის საქმის გამოსავალი და ასეთ განწყობილებებს საქართველოში არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია.
ყოველივე ეს ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ და რაც მივიღეთ, ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით.
ათი წლის წინანდელ საზარელ მოვლენებს, თითქოს, რა შეიძლება ახასიათებდეს დადებითი, მაგრამ მას შემდეგ ხალხი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მხოლოდ თავად არის საკუთარი ბედის განმგებელი და ბატონ-პატრონი, ამიტომ თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდეს სტაბილურობას, რათა კვლავ არ აღმოვჩნდეთ ნგრევის, ყაჩაღობისა და „ყველა - ყველას წინააღმდეგ“ ომის ავადმოსაგონარ ეპოქაში.
ერთხელ კიდევ გაჩანაგებას და კიდევ ერთხელ დანგრევას ეს ქვეყანა ნამდვილად ვეღარ გადაიტანს და ნამდვილად ვეღარ გაუძლებს.
მით უმეტეს, შთამომავლობა არ გვაპატიებს, თუ ასე იოლად შევურიგდებით პროგრესისა და სახელმწიფო აღმავლობის იმ პირველი, მაცოცხლებელი ყლორტის ჭკნობას, რომელთაც მთელი ერი ასეთი რუდუნებით უვლიდა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში.
ამიტომ ადამიანი, თუ იგი მოქალაქეობრივი შეგნებითაა განმსჭვალული, არასდროს აღმართავს ხელს საკუთარი დამოუკიდებელი სამშობლოს წინააღმდეგ.
ხოლო ცალკეული ვაიპოლიტიკოსები, ინტრიგანები, დაბოღმილი და, როგორც დიდი ილია იტყოდა, „გულქეციანი“ პროვოკატორები, - ყველა დროისა და ყველა ეპოქის საქართველოში იყვნენ.
ყოველთვის დიდი ზიანი კი მიაყენეს ქვეყანას, მაგრამ საბოლოოდ ვერ გაიმარჯვეს - ეს რომ „მოეხერხებინათ“, საქართველოც აღარ იქნებოდა საერთოდ.
კვლავინდებურად ქართული მასმედიის, ჟურნალისტთა კორპუსის სიღრმისეული პატრიოტიზმის იმედი მაქვს.
ჟურნალისტთა დიდი ნაწილი, მართალია, მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას არსებული ნაკლოვანებებისათვის, მაგრამ დადებითს ტენდეციებსაც ბევრი მათგანი შენიშნავს და კიდეც აღნიშნავს. აქვე ისიც მინდა შევნიშნო, რომ მოსახლეობას მობეზრდა გაუთავებელი „წინასწარმეტყველებანი“ (რა თქმა უნდა, დიდ ბრჭყალებში) მოსალოდნელი არეულობის, საშემოდგომო ქაოსის, ანტისამთავრობო კრიზისის თაობაზე, ამ საქმეში კი ცალკეული პოლიტიკოსები და პოლიტიკანები, რა თქმა უნდა, გამოირჩევიან.
პრესა თავისუფალია, წერა ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ, როცა საკითხი ქვეყნის ყოფნა-არყოფნას ეხება, პასუხისმგებლობაც არ უნდა გვავიწყებდეს არა მარტო დღევანდელ ტკივილებს, არამედ სამშობლოს მომავალსაც უნდა ვხედავდეთ და ვამჩნევდეთ.
აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ზოგიერთებისაგან განსხვავებით, მე სრულებითაც არ მიმაჩნია დამარცხებულად და დასრულებულად საქართველოს ეროვნული მოძრაობა. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, ესმის თუ არ ესმის, გაეგება რაიმე თუ არ გაეგება, ყველა ლაპარაკობს.
არ მინდა დავასახელო, ერთ ახალგაზრდას ვუსმენდი ერთ-ერთ ტელეპროგრამაში და პირდაპირ შემზარა უცოდინარობამ, არა იმან, რომ ცუდ ამბებს ლაპარაკობდა, არამედ, უბრალოდ უცოდინარობამ, არ იცის, რა ხდება ქვეყანაში და რას წარმოადგენს საქართველო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. უმძიმეს წლებში ერთ-ერთ შეკრებაზე გამოსვლისას ვთქვი: მას შემდეგ, რაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოპოვებულია, ეროვნული მოძრაობა ის არის, როცა სიცივით გათოშილი მასწავლებელი შედის საკლასო ოთახში, რათა ბავშვს დედაენა ასწავლოს; ეროვნული მოძრაობაა, აგრეთვე, წარმატებული ბიზნესი, რომელიც ქვეყნის ხაზინას ამდიდრებს, ეროვნული მოძრაობა კეთილსინდისიერი შრომა და მოღვაწეობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ეს არის კულტურის დაცვა და განვითარება, მეცნიერების წინსვლა, ყველაფერი, რაც სამშობლოს ინტერესებს შეესაბამება.
ჩვენში, საბედნიეროდ, უამრავია სამშობლოს ჭეშმარიტი გულშემატკივარი ადამიანი და მოქალაქე.
ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, - რატომ არ შეიძლება (რა თქმა უნდა, განახლებული ფორმით და არა საბჭოური ფორმით), აღინიშნოს ყველა დარგში წარმატებული, დაუღალავი მშრომელის ღვაწლი. მათ შორის ბიზნესმენებისაც, ვინაიდან პატიოსანი ბიზნესი ხომ უდიდეს ნიჭსა და შრომისმოყვარეობას მოითხოვს.
ალბათ, უპრიანია შეიქმნას კომისია, რომელიც მოიფიქრებს წახალისების ფორმებს - სათანადოდ დააფასებს, მორალურად გაამხნევებს იმათ, ვინც უჩუმრად, უხმაუროდ, რეკლამებისა და „პოლიტიკური გნიასის“ გარეშე ემსახურება სამშობლოს - ახალ, დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს. რატომ არ უნდა იყოს, მაგალითად, ასეთი წახალისების ფორმა პედაგოგებისათვის, მსახიობებისათვის, რეჟისორებისა და იმ ადამიანებისათვის, რომლებზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკე.
- მასმედიაში კიდევ ერთმა ინფორმაციამ გაჟონა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის 3000-წლოვანი იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დაახლოებით ერთი წლით, წელიწადნახევრით გადაიდება. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
- საქართველოს მოქალაქეები უდიდესი შეგნებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ეკიდებიან შექმნილ სირთულეებს, ითმენენ სოციალურ გაჭირვებას, სიდუხჭირეს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ამავე დროს, მე მგონია, ყოველმხრივ გამართლებული იქნება, თუ ისეთი ნათელი, დიდი ეროვნული დღესასწაული, როგორიც სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი იუბილეა, მაშინ გაიმართება, როცა ძირითადად გადავჭრით არსებულ საბიუჯეტო და სოციალურ პრობლემებს. მით უმეტეს, რომ ეს შორეული მომავლის საქმე არ არის.
ადამიანს უნდა ეზეიმებოდეს.
მთელი საზოგადოების სულიერი სიჯანსაღისთვისაც საზიანო იქნებოდა ეზეიმა მაშინ, როდესაც ბევრ ჩვენს თანამოძმეს ასე უჭირს და ასეთ სიდუხჭირეშია. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა დღევანდელ პირობებში.
მით უმეტეს, რომ ამ ბრწყინვალე იუბილეს საქართველო სულ რაღაც ერთი ან ორი წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სიხალისით და სიხარულით აღნიშნავს ისევე, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ 800 წლისთავს.
- გასულ კვირას თქვენ თურქეთის ახალი პრეზიდენტის აჰმად ნეჯდეთ სეზერის წერილი გადმოგეცათ. ორ მეზობელ ქვეყანას შორის დამოკიდებულება ყოველთვის საკმაოდ გულთბილი იყო, განსაკუთრებით სულეიმან დემირელის დროს. როგორ განვითარდა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა სამომავლოდ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი შეიცვალა და ახალი პრეზიდენტი მოვიდა?
- მე მივიღე თურქეთის ახალი პრეზიდენტის წერილი, რომელშიც ძალზე საყურადღებო მოსაზრებანია გამოთქმული თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებისა და კავკასიაში, მთელ რეგიონში, სტაბილურობის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. იგი ადასტურებს, რომ მეზობელი და მეგობარი თურქეთის ახალი პრეზიდენტი განამტკიცებს და განავითარებს ათათურქისა და პრეზიდენტ დემირელის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რომლის არსი დიდმა ათათურქმა, როგორც თქვენ მოგეხსენებათ, ასე ჩამოყალიბდა: „თურქეთი დაინტერესებულია საქართველოს სახით აღმოსავლეთით ჰყავდეს ძლიერი და საიმედო მეზობელი“.
იმავდროულად მივიღე ბატონ აჰმედ ნეჯდეთ სეზერის ოფიციალური მიწვევა თურქეთში. რასაც უეჭველად გამოვეხმაურები, ალბათ, უკვე მიმდინარე წელს, ვინაიდან თურქეთთან ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანია;
- გასულ კვირას სამხრეთ კავკასიის კიდევ ორი სახელმწიფო - აზერბაიჯანი და სომხეთი ევრო საბჭოს წევრები გახდნენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ამ პროცესში სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები, გასაგებია, როგორ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები, ერთმანეთს ძალიან ეხმარებოდნენ...
- ევროსაბჭოში აზერბაიჯანისა და სომხეთის მიღებას მე გულითადად მივესალმები. მისალოცი დეპეშებიც გავუგზავე ჰეიდარ ალიევს და რობერტ ქოჩარიანს. და ისიც მინდა ვთქვა, მეამაყება, რომ საქართველოს დელეგაციამ ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით ყოველმხრივ შეუწყო ხელი საკითხის დადებითად გადაწყვეტას. ახლა რეალური ევროპული სივრცე კიდევ უფრო გაფართოვდა, მე სამხრეთი კავკასია მაქვს მხედველობაში. რაც ჩვენს რეგიონში სტაბილურობისათვის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რა თქმა უნდა მე ვგულისხმობ იმასაც, რომ გააქტიურდებიან სწორედ სტაბილურობისათვის ხელშეწყობის თვალსაზრისით ჩვენი მეზობელი რუსეთი და სხვა ჩვენი მეგობრები.
- და, ბოლოს. ქვეყანაში შექმნილი საკმაოდ რთული ფონის მიუხედავად, პრეზიდენტი სპექტაკლებსაც ესწრება. თქვენ გუშინ რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლი „კაცია-ადამიანი?!“ ნახეთ.
- სამწუხაროდ, დრო მართლა სასტიკად შეზღუდულია. მრავალი საინტერესო რამ ხდება ჩვენი კულტურის სფეროში. ვერ ვახერხებ ყველა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას, სპექტაკლების ნახვას და ასე შემდეგ. მაგრამ, მე, უბრალოდ ადამიანური უფლება არა მაქვს არ დავესწრო რობერტ სტურუას სპექტაკლებს.
უკვე მრავალი წელია რობერტ სტურუას შემოქმედებას ვადევნებ თვალს. მისი ყოველი სპექტაკლი, როგორც იტყვიან ჩემ თვალწინ იშვა, დაიდგა. აღტაცებას და სიხარულს ვერ ვფარავდი ჩვენი დროის ამ სრულიად უნიკალური შემოქმედის მიერ შექმნილი შედევრების გამო.
ასე იყო გუშინაც. უდავოდ დიდი გამარჯვებაა. ამოუწურავია რობერტ სტურუა, ისევე, როგორც თვით ქართული სული და, თუ გნებავთ, თვით დიდი ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა.
საქინფორმი.
„შთამომავლობა არ გვაპატიებს, თუ ასე იოლად შევურიგდებით პროგრესისა და სახელმწიფო აღმავლობის იმ პირველი, მაცოცხლებელი ყლორტების ჭკნობას, რომელთაც მთელი ერი ასეთი რუდუნებით უვლიდა ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 4 ივლისი. - №178 (3579). - 1,2 გვ.
![]() |
4 ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს მაშინ მივეცით თავშესაფარი, როდესაც ისინი იღუპებოდნენ, და მჯერა, რომ ისინი თავიანთ სამშობლოში დაბრუნდებიან, როგორც საქართველოს მეგობრები |
▲back to top |
საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ კორესპონდენტის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან
- როგორ შეაფასებთ სიტუაციას კავკასიის რეგიონში ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით? კერძოდ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ რეგიონზე ჩეჩნეთში საომარმა მოქმედებებმა?
- ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად კავკასიაში ვითარება სტაბილურია, განსაკუთრებით, ჩეჩნეთის ომის ფონზე; კონფლიქტები ბოლომდე მოუწესრიგებელია; ეს ფაქტორიც ერთგვარად დაძაბულობას იწვევს. ამავე დროს, არის დადებითი ტენდენციებიც. სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობა ვითარდება, მიმდინარეობს მუდმივი დიალოგი, მათ შორის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკება, რომელმაც სისტემური ხასიათი მიიღო. რაც შეეხება საქართველოში არსებულ კონფლიქტებს, მათში მონაწილე მხარეებს შორის დიალოგი მუდმივი ხასიათისაა. მე შედარებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ალბათ, შორს არ არის ის დრო, როცა მთლიანად კავკასის და, კერძოდ, სამხრეთ კავკასია მყარი სტაბილურობის ქვეყნები იქნებიან.
- მას შემდეგ, რაც რუსეთი სამხედრო კამპანიას აწარმოებს ჩეჩნეთში, ხშირად გაისმის ბრალდებები საქართველოს მისამართით, განსაკუთრებით, რუსეთის სამხედრო წრეების წარმომადგენლებისაგან. ისინი ამბობენ, რომ ჩეჩნები თავიანთ შეიარაღებას საქართველოდან იღებენ და, ამასთანავე, ჩეჩენი მებრძოლები საქართველოს ტერიტორიას სატრანზიტო გზად იყენებენ. როგორია თქვენი რეაქცია ასეთი ბრალდებების მიმართ?
- არაერთხელ მითქვამს, რომ ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენები და ყველაფერი, რაც მოხდა იქ პირველი და მეორე ომის დროს, აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის გაგრძელებაა. აფხაზეთის ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, შეიძლება, ჩეჩნეთის ომიც თავიდან ყოფილიყო აცილებული.
რაც შეეხება ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესების ფონზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. თუ დანაშაულად მიგვაჩნია 6-7 ათასი ადამიანის, კერძოდ, ქალების, ბავშვების, მოხუცების, დაჭრილების მიღება, რომლებსაც გაყინვისა და დაღუპვის საშიშროება ემუქრებოდათ, მაშინ შეიძლება ბრალი დაგვდონ, მაგრამ ამას ყველა ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფო გააკეთებდა. ბრალდებები საქართველოდან ჩეჩნებისათვის იარაღის მიწოდებასა და საქართველოში რაღაც სამხედრო ბაზების არსებობაზე, ცხადია, უსაფუძვლოა. სამწუხაროდ, ბოლო დრომდე რუსეთ-საქართველოს ჩეჩნეთის მონაკვეთი რუსეთის მხრიდან სასაზღვრო ძალებით არ იყო უზრუნველყოფილი. ამჯერად რუსეთმა ეს პრობლემა გადაწყვიტა და საზღვარი დაცულია. ახლა, ვფიქრობ, სალაპარაკოც არაფერია. მით უმეტეს, რომ ეუთოს გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე თვეა, ტარდება საზღვრის მონიტორინგი და იარაღის გატანის თუ გაყიდვის და შემდეგ ჩეჩნეთში გამოყენების არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. აი, ასეთია მდგომარეობა. აქვე უნდა ვთქვა, რომ მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ძალიან გულახდილი, გულწრფელი საუბარი გაიმართა. აღნიშნული საკითხების განხილვისას შევთანხმდით, რომ ორი სახელმწიფო ერთმანეთს დაეხმარება, რათა რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს კონფლიქტი ჩეჩნეთში. ლტოლვილთა ძალიან დიდ ნაწილს სურვილი აქვს, დაბრუნდეს თავის სამშობლოში - ჩეჩნეთში. საერთაშორისო ძალისხმევით, რუსეთთან მოლაპარაკებით ხელი უნდა შევუწყოთ მათ ამ საკითხში.
- რუსეთის სამხედრო წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი დღემდე აგრძელებს ასეთი ბრალდებების წამოყენებას. თქვენი აზრით, ვის აძლევს ხელს?
- მათ, ვისაც სძულს საქართველო. ასეთნი არა მარტო ამ ხმებს, არამედ სხვა ხმებსაც ავრცელებენ. რუსეთში არის ერთი ნაწილი ადამიანებისა, რომელთა მიზანია, ხელი შეუშალონ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალურად და კარგად განვითარებას.
ჩვენ კარგი მაგალითებიც გვაქვს. ყოველგვარი პრობლემის გარეშე შესანიშნავად თანამშრომლობენ რუსეთისა და საქართველოს მესაზღვრეთა სარდლები, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრები და სხვები.
- თქვენი აზრით, რამდენად წარმატებით ართმევს თავს საქართველოს ხელისუფლება ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას და რამდენად აკონტროლებს ვითარებას პანკისის ხეობაში?
- ლტოლვილების პრობლემის მოგვარება, ცხადია, გვიჭირს. ეს საკითხი საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყდება, როდესაც ისინი თავიანთ სახლ-კარს დაუბრუნდებიან. წარმოიდგინეთ, დღეისათვის საქართველოში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 300 ათასი ლტოლვილი უნდა შევინახოთ, ვარჩინოთ. რა თქმა უნდა, ეს მინიმუმიც არ არის იმისა, რაც ადამიანად სჭირდება, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ, არ ვაგრძნობინოთ ამ ხალხს, რომ თავის მშობლიურ კუთხეს არის მოწყვეტილი.
რაც შეეხება ლტოლვილებს, რომლებიც ახლა პანკისის ხეობაში იმყოფებიან, უნდა აღინიშნოს, რომ ხმები მათგან მოსალოდნელი არასტაბილურობის, საქართველოს მიმართ მტრული მოქმედების შესახებ, გადაჭარბებულია, ჩვენ იმ ხალხთან კონტაქტი გვაქვს, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, ეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ეს ხალხი საქართველოს მტრად წარმოვადგინოთ. ჩვენ მათ თავშესაფარი მაშინ მივეცით, როდესაც ისინი იღუპებოდნენ, და მჯერა, რომ ისინი თავიანთ სამშობლოში დაბრუნდებიან, როგორც საქართველოს მეგობრები.
- მიღწეულია თუ არა საბოლოოდ შეთანხმება ამ საკითხებთან დაკავშირებით ორ სახელმწიფოს - რუსეთსა და საქართველოს შორის?
- არ იქნება სწორი, თუ ვიტყვი, რომ ის დახმარება, რომელსაც ლტოლვილები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა ქვეყნებისაგან იღებენ, საკმარისია. ცხადია, არ არის საკმარისი. ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისისა და ჩვენი შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, დახმარება, რა თქმა უნდა, მინიმალურია, ისევე, როგორც აფხაზეთიდან გამოდევნილი ლტოლვილების მიმართ გაწეული დახმარება არ არის საკმარისი. ვფიქრობ, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რომ არსებობდეს ასეთი კეთების ნება.
რაც შეეხება შეთანხმებას საქართველოსა და რუსეთს შორის ლტოლვილების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ამგვარი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვში შეხვედრისას ვუთხარი, რომ ლტოლვილებს შორის დაბრუნების მსურველები არიან. ბატონ პუტინს შევთავაზე ჯგუფის შექმნა, რომელიც გამოარჩევს იმ ხალხს, ვისი დაბრუნებაც საწყის ეტაპზე შესაძლებელია. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ საკითხის განხილვა კვლავ გაგრძელდება.
- თქვენ ამ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ლიდერი ბრძანდებით, ამდენად, ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება ჩეჩნეთის პრობლემის საბოლოო მოწესრიგების შესახებ. ხომ არ არის ამ კონფლიქტის გავრცელების საშიშროება? თქვენი აზრით, უნდა აწარმოოს თუ არა დიალოგი რუსეთმა მასხადოვთან და უნდა შეასრულოს თუ არა თავისი როლი საქართველომ მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესში?
- ჩეჩნეთის კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგება დაკავშირებული იქნება მოლაპარაკების პროცესთან. შეიძლება ამას გარკვეული დრო კიდევ დასჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ საკითხის გადაწყვეტა მოსახლეობას, ჩეჩნებსა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის დიალოგის გარეშე წამოუდგენელია. როდის მოხდება ეს, მე ვერ განვსაზღვრავ. ისიც ძნელი სათქმელია, რომელ ხელმძღვანელთან იქნება მოლაპარაკება - ბატონ მასხადოვთან თუ სხვებთან. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ამ საკითხზე არ გვისაუბრია. რაც შეეხება საქართელოს ან სხვა სახელმწიფოების როლს მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესში, რუსეთი მტკივნეულად განიცდის, როცა სხვა სახელმწიფოები აცხადებენ მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღონ კონფლიქტის მოწესრიგებაში. რუსეთს მიაჩნია, რომ ეს არის მისი ქვეყნის საშინაო საქმე და ამ საკითხში სხვა ჯერჯერობით არ უნდა ჩაერიოს, თუმცა ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე ჩადიან, მოინახულებენ ცალკეულ რაიონებს, ქალაქებს, ხვდებიან ადამიანებს, მაგრამ შერიგების პროცესში არ მონაწილეობენ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ხელისუფლება თვითონ მივა იმ დასკვნამდე, როდის დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი და ვისთან. ამ ეტაპზე საქართველოს ძალიან დიდ აქტიურობას გამოვრიცხავ. თუ ჩვენ საჭირონი ვიქნებით, რა თქმა უნდა, მზად ვართ.
რაც შეეხება ჩეჩნეთის კონფლიქტის გავრცელებას რეგიონზე, მართალია, თეორიული შესაძლებლობის გამორიცხვა ძნელია, მაგრამ, არ მგონია, პირდაპირი საფრთხე ემუქრებოდეს. ეს არც რუსეთისთვის არის ხელსაყრელი, არც ჩეჩნეთისათვის და არც სამხრეთ კავკასიის რომელიმე ქვეყნისა და, საერთოდ, რეგიონისათვის. ერთადერთი, რაც ძალიან ნათლად ჩანს, ეს არის ზიანი, რომელიც არა მარტო ჩეჩნეთის, არამედ ჩვენი მთიანი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას ადგება. საზღვრისა თუ შესაბამისი სამხედრო ნაწილების გაძლიერება ბიუჯეტს ხარჯად აწვება და ამიტომ ჩვენ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ომი.
- თქვენ უახლოეს მომავალში დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებით. რა შეხვედრებია დაგეგმილი და რას ელით ამ ვიზიტისაგან?
- ისე მოხდა, რომ ბრიტანეთის ახალ ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან, ურთიერთობა არ მქონია. საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ კუკის თბილისში ვიზიტისას შევთანხმდით, რომ სასურველი იქნებოდა ჩემი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან პირადი ურთიერთობის დამყარებას. მიმაჩნია, რომ მომავალში დიდი ბრიტანეთის როლი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს სამხრეთ კავკასიის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში. პრემიერ-მინისტრთან ჩემი შეხვედრისას გაიმართება საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეუწყოს დიდმა ბრიტანეთმა ხელი სამხრეთ კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ინტეგრირებას ევროპულ სტრუქტურებში. განიხილება, აგრეთვე, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის ცალკეული პროექტები. მოგეხსენებათ, კასპიის ზღვაში, ყაზახეთში სამუშაოებს აწარმოებენ დიდი ბრიტანეთის ნავთობკომპანიები, რომლებიც საქართველოს განიხილავენ, როგორც ენერგოშემცველების ტრანსპორტირებისათვის პარტნიორ ქვეყანას. ჩემი შეხვედრები დაეთმობა ამ და მრავალ სხვა ასპექტში თანამშრომლობის საკითხებს.
2000 წლის 3 ივლისი.
ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს მაშინ მივეცით თავშესაფარი, როდესაც ისინი იღუპებოდნენ, და მჯერა, რომ ისინი თავიანთ სამშობლოში დაბრუნდებიან, როგორც საქართველოს მეგობრები // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 6 ივლისი. - №180 (3581). - 1,2 გვ.
![]() |
5 კიდევ ერთხელ ხაზგასმითა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: დღეს არ არსებობს საქართველოს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი განვითარების სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე კორუფციის დაძლევაა. ამ სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტას უნდა დაექვემდებაროს ყველა სხვა საკითხი |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
განცხადება 2000 წლის 11 ივლისი
ძვირფასო თანამემამულენო, დღეს თქვენი ყურადღება უნდა მივაპყრო საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან და უფრო მეტად ვიტყოდი - სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემას.
გუშინ ხელი მოვაწერე ბრძანებულებას „ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემუშავების შესახებ“, რომლის ძალითაც შეიქმნა უმაღლესი რანგის, სპეციალური უფლებამოსილი ჯგუფი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ბატონ ლადო ჭანტურიას ხელმძღვანელობით.
ამ ჯგუფმა უნდა შეიმუშავოს მრავალეტაპობრივი, მრავალგანზომილებიანი ანტიკორუფციული პროგრამა, რომელიც უახლოეს წლებში განსახორციელებელ, კარდინალურ, ძალზე რადიკალურ ღონისძიებებსა და შესაბამის პოლიტიკას დაედება საფუძვლად.
დრო და ვითარება უკვე მართლაც აღარ ითმენს, საზოგადოება ჩვენგან კატეგორიულად მოითხოვს გადამჭრელი ღონისძიებების განხორციელებას.
ამთავითვე უნდა აღვნიშნო:
ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი. წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5 პროცენტი შეადგინა, სამრეწველო პროდუქციისამ კი - 11 პროცენტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. განუხრელად იზრდება ექსპორტი და, რაც მთავარია, ივნისში, პირველად 1998 წლიდან, მოხდა გარდატეხა საგადასახადო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისითაც.
ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა უეჭველად გამოვა საბიუჯეტო და ფინანსური კრიზისიდან, გადაწყდება ხელფასებისა და პენსიების, სხვა სახის გასაცემლების თუ სარგოების, სოციალური დახმარებების პრობლემა.
მაგრამ ეს წარმატება დროებითი იქნება და ქვეყანა წელში ვერ გაიმართება, თუ მტკიცე საყრდენად არ შევაშველეთ მკაფიო, ნათელი, კონკრეტული და ქმედითი ანტიკორუფციული პროგრამა.
ამ საზოგადო მანკს ვუწოდე „ავთვისებიანი სიმსივნე“ ქართლი სახელმწიფოს სხეულზე, რომლის ამოწევა შესაძლებელია მხოლოდ მტკივნეული, რთული, მაგრამ აუცილებელი ზომებით.
ობიექტურობა და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში კორუფციის „სივრცობრივი შეზღუდვისა“ და ანტიკორუფციული ბაზის შესაქმნელად.
რაც მთავარია, ჩამოყალიბდა საჭირო საკანონმდებლო სისტემა. შემუშავებული და მიღებულია თანამედროვეობის შესაბამისი და ეროვნული სპეციფიკის ამსახველი სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსები. საერთო სასამართლოებმა და უზენაესმა სასამართლომ ახალი საკანონმდებლო საფუძველი შეიძინეს.
მიღებულია კანონთა მთელი რიგი, რომელთა ვექტორი საზოგადოებაში კორუფციული მოვლენებისა და პროცესების წინააღმდეგ არის მიმართული. მათ შორის, კანონი „ლიცენზირების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, რომლის საფუძველზეც თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ ფართო მასშტაბიანი სამუშაო შეასრულა.
განხორციელდა სასამართლო რეფორმა, პენიტენციალური სისტემა დაექვემდებარა იუსტიციის სამინისტროს.
სამი წლის განმავლობაში ისეთი დანაშაულისათვის, როგორიც არის მექრთამეობა, თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო ქონების დატაცება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი ათასამდე პირი. ექვსასი უკვე მსჯავრდებულია.
ეს ციფრები თითქმის ბრძოლის ინტენსიურობაზე მეტყველებს, მაგრამ განხორციელებული ღონისძიებანი აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა.
ამასთან, გასათვალისწინებელია სამართალდამცავი სტრუქტურების არცთუ დახვეწილი სისტემა და თანამშრომელთა მძიმე მატერიალური და ფინანსური მდგომარეობა, მწირი ტექნიკური ბაზა.
ამის მიუხედავად, მე მჯერა, რომ კომპლექსური პროგრამის შემუშავების პროცესში და განსაკუთრებით მისი დამტკიცების შემდეგ, კანონდამცველი ორგანოები, რომელთა რეფორმირებისა და გაჯანსაღების პრობლემებზე ამჟამად ძალიან ბევრს ვფიქრობთ, კორუფციასთან ბრძოლის ტემპსა და სიმწვავეს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ისინი არ უნდა დაელოდონ პროგრამის შემუშავებას, არამედ დაუყოვნებლივ გააძლიერონ ძალისხმევა სათანადო ფონის შესაქმნელად.
ამჟამად, დაინტერესებულმა უწყებებმა შემოგვთავაზეს ანტიკორუფციული პროგრამის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. ბევრი რამ საინტერესოა ადგილობრივ ადმინისტრაციათა, საკრებულოთა და, რა თქმა უნდა, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წინადადებები.
მაგრამ სპეციალურ ბრძანებულებას ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემუშავების შესახებ, რომელსაც, როგორც მოგახსენეთ, გუშინ მოვაწერე ხელი, განსაკუთრებული ფუნქცია და შინაარსობრივი დატვირთვა აქვს.
ამდენად, მიზანშეწონილად მივიჩნევ პირადად გამოვაქვეყნო რამდენიმე არსებითი მოსაზრება.
პირველი კონცეპტუალური თეზისი ის გახლავთ, რომ თავისი მასშტაბითა და ხასიათით კორუფციამ იმ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რომელიც საეჭვოდ აქცევს თითქმის ყველა სახელმწიფოებრივი ინიციატივისა და სამთავრობო პროგრამის განხორციელებას.
სამწუხაროდ, კორუფციის მაღალმა დონემ სერიოზულად შეარყია არა მარტო ხელისუფლების, არამედ თვით საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ავტორიტეტიც. ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტების განხორციელება უშვალოდ დაუკავშირდა კორუფციის დაძლევის აუცილებლობას.
მე არ გავურბივარ და საჯაროდ ვკისრულობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას შექმნილი ვითარებისათვის.
მაგრამ ნურავინ დაივიწყებს, რომ პრეზიდენტს შეუძლია მხოლოდ ის, რაც შეუძლია საზოგადოებასა და სახელმწიფოს.
სამოქალაქო ომისა და სისხლიანი კონფლიქტების დასრულებიდან დღემდე, ცალკეულ საკითხებში მიხდებოდა დათმობებზე წასვლა - სხვა, უფრო მნიშვნელოვან და იმ მომენტისათვის პრიორიტეტულ ღონისძიებათა გადასარჩენად.
ჩემი მმართველობის უკანასკნელი 8 წელი მივუძღვენი თითქოსდა სასიკვდილოდ ავადმყოფი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შედარებით გაჯანსაღებას, ფეხზე დაყენებას, ფაქტობრივად, მის შექმნას.
ამიტომ, იძულებული ვიყავი, გამეკეთებინა მძიმე არჩევანი, თუ რა პრობლემები უნდა მოგვეგვარებინა უწინარესად და როგორ გამოგვეყენებინა ყველაზე შედეგიანად, მიზანშეწონილად ჩვენს ხელთ არსებული მეტად მწირი რესურსი.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმითა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: დღეს არ არსებობს საქართველოს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი განვითარების სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე კორუფციის დაძლევაა.
ამ სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტას უნდა დაექვემდებაროს ყველა სხვა საკითხი.
მეორე: ქვეყანაში არსებული კორუფციული ფენომენის ხანგრძლივი და დეტალური ანალიზი საშუალებას მაძლევს დავასკვნა, რომ, მიუხედავად ცალკეულ პროგრამათა მართებულობისა, დღემდე შემუშავებულ ანტიკორუფციულ ღონისძიებებს სასურველი შედეგი იმიტომ არ მოჰყვა, რომ ლოკალური ხასიათის პროგრამები ვერ ქმნიდა პრობლემის მოგვარების ერთიანი სახელმწიფოებრივი მექანიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, სახელმწიფოებრივი მასშტაბის პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი აღმოჩნდა ცალკეულ თუ ერთეულ ღონისძიებათა ფარგლებში. თვით სასამართლო რეფორმაც კი, რომელიც, თავისთავად, საკმაოდ ქმედითი ანტიკორუფციული ღონისძიებაა, ამ მხრივ საკმარისი აშკარად არ არის.
უეჭველია დასკვნა, რომ სახელმწიფოებრივად მასშტაბური პრობლემის გადაჭრა ასევე სახელმწიფოებრივი, კომპლექსური და მრავალეტაპობრივი პროგრამის შემუშავება ესჭიროება.
თავის მხრივ, ეს პროგრამა განმტკიცებული და ზურგგამაგრებული უნდა იყოს თანმიმდევრულ ღონისძიებათა სისტემით, ფინანსებით, სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორებითა და საზოგადოებრივი მხარდაჭერით.
მესამე: ქვეყნის სახელმწიფოებრივ საჭესთან ყოფნის მრავალი წლის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ მოუმზადებელ ღონისძიებებს მხოლოდ და მხოლოდ კამპანიური, გარეგანი, ზერელე, ზედაპირული და დროებითი შედეგის მოტანა ძალუძს.
ზოგიერთ შემთხვევაში კი პოპულისტურ სულსწრაფობას შეიძლება პირიქით, პრობლემის უკიდურესი გამწვავებაც კი მოჰყვეს.
ანუ, ნაცვლად უმძიმესი სენის განკურნებისა, უკუშედეგი მივიღეთ.
სწორედ ამიტომ ვიჩენდი განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
ამიტომაც მიმაჩნია აუცილებლად და შესაძლებლად რადიკალური ღონისძიებების მიღება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა კომპლექსური ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების ერთიანი სახელმწიფოებრივი პროგრამა და მისი აღსრულების სათანადო მექანიზმი.
ანტიკორუფციული სამსახურის ფორმალურად დაარსებით და რამდენიმე ოდიოზური კორუმპირებული მოხელის დაპატიმრებით შეიძლება წინასაარჩევნოდ მეტი ქულა „ჩამეწერა“, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ კორუფციას ვერ დავამარცხებდით, ხოლო ასეთი პოპულისტური დემარშით პრობლემას უფრო გავართულებდით.
მეოთხე: ანტიკორუფციული პროგრამის შემუშავება, ყოველივე იმის გათვალისწინებით, რის თაობაზეც უკვე მოგახსენეთ, იქნება საბოლოო ნაბიჯი ჩემი ცხოვრების უმთავრესი მიზნის განსაზორციელებლად: საქართველოში კორუფციის სამუდამოდ გასანადგურებლად.
დარწმუნებული ვარ, ამ წყლულის ამოშანთვის შემდეგ ქართული სახელმწიფოებრივი სხეული ჭეშმარიტად უკვდავად იქცევა, ანუ ქართველი ერი, ჩვენი ხალხი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების უსაზღვრო და უსასრულო პერსპექტივას მოიპოვებს.
საჯაროდ ვაცხადებ, რომ ანტიკორუფციული პროგრამის დებულებები, რომელთაც პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფი შემომთავაზებს, მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ჩემი პოლიტიკის ქვაკუთხედად იქცევა.
იმავე დებულებებით და რეკომენდაციებით განისაზღვრება სპეციალური ანტიკორუფციული სამსახურის თუ ანტიკორუფციული კომიტეტის ფუნქციური დანიშნულება და უფლებამოსილება.
ასეთი ორგანოს შექმნის მიზანშეწონილობა დღეს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის თემაა.
მეხუთე: როგორც პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფების წევრებმა (აქვე შევნიშნავ: ჯგუფის წევრთა რაოდენობა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს), ისე მოწვეულმა სპეციალისტებმაც (მათ შორის, მხედველობაში ვიყოლიებთ უცხოელ ექსპერტებსაც), უნდა შეძლონ საყოველთაო ნდობის მოპოვება და პროგრამისათვის აუცილებელი ავტორიტეტის შექმნაც საზოგადოებაში.
ეს ჯგუფი ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნება ყოველგვარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. იგი განახორციელებს ზეპარტიულ, საერთო-სახელმწიფოებრივ მისიას და ითანამშრომლებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისთვისაც კორუფცია ეროვნული შეურაცხყოფის, ეროვნული ღირსების შელახვის, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საფრთხის წყაროა და არა - ცხოვრების წესი.
მეექვსე: სრულად ვაცნობიერებ დასახული ამოცანის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას.
მე მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება.
ჩემი პოლიტიკური ნება ურყევია.
მივმართავ, უწინარეს ყოვლისა, თანამოაზრეებს, თანამებრძოლებს, მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს: მათგან კატეგორიულად მოვითხოვ, სრული პასუხისმგებლობითა და გაგებით მოეკიდონ პრეზიდენტის ნებას.
ანტიკორუფციული პოლიტიკის ულმობელი მახვილი, უწინარეს ყოვლისა, წარიმართება სწორედ იმ უკეთურ მოხელეთა, მოღვაწეთა მიმართ, ვისაც ჩემთან სამსახურებრივი, პარტიული თუ ნათესაური კავშირის გამოყენება განუზრახავს პირადი, ანგარებითი ინტერესებისათვის, საკუთარი კეთილდღეობისათვის და არა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის განსამტკიცებლად.
მეშვიდე: მჯერა და მტკიცედ მწამს, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებები საქართველოს მოქალაქეთა, მთელი ქართული საზოგადოების სრულ მხარდაჭერას ჰპოვებს.
თითოეულ ჩვენგანს, ამავე დროს, დიდი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გამომჟღავნებაც მართებს.
ამ ურთულესი და იქნებ უკომპრომისო, უმოწყალო ბრძოლის პროცესში საზოგადოებისა და ხელისუფლების უპირველეს პრინციპად უნდა ვაქციოთ სამართლისა და კანონის უზენაესობა, კატეგორიულად გამოვრიცხოთ და ძირშივე აღვკვეთოთ ურთიერთანგარიშწორების, შანტაჟისა და სამოქალაქო დაპირისპირების ნებისმიერი ცდა.
განსაკუთრებულ, ფასდაუდებელ მნიშვნელობას ვანიჭებ პრესის, უპირველესად, ტელევიზიის, საერთოდ, მასმედიის მხარდაჭერასა და პრინციპულობას.
ქართული მედია ჩვენი დემოკრატიის თვალსაჩინო მონაპოვარია. მას არაერთგზის გამოუმჟღავნებია ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი, პატრიოტული დამოკიდებულება საქვეყნო საქმის მიმართ და ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულებაც მრავალგზის დაუდასტურებია.
ამჯერად კიდევ უფრო მეტი პატრიოტიზმი და პასუხისმგებლობა გვმართებს.
სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში სიტყვისა და ქმედების ერთიანობა უნდა იქცეს ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის, თითოეული მოქალაქის მამულიშვილობის უმთავრეს საზომად და საფუძვლად.
ამასთან ერთად, როგორც პროგრამის შემუშავების, ასევე მისი განხორციელების პერიოდში პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის ვერც ერთი უწყება, რომელიც კანონის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი და ვალდებულია, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ.
აქვე დავძენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რეპრესიულ ღონისძიებებთან ერთად, რა თქმა უნდა, გულისხმობს პროფილაქტიკის მთელი სისტემის შემუშავებას, ეკონომიკური ბერკეტებისა და მექანიზმის აქტიურად გამოყენებას, ეკონომიკის სფეროში კრიმინალური ბაზის შემდგომ შეზღუდვასა და შევიწროვებას.
იოტისოდენი ეჭვი არ მეპარება, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც თვით საზოგადოებამ შეიგნო და შეისისხლხორცა ამ მანკის განადგურების აუცილებლობა, ერთობლივი ნებითა და საერთო-ეროვნული ძალისხმევით საქართველო აუცილებლად შეძლებს კორუფციის სამარცხვინო და საშიში სენისაგან განკურნებას.
ჩვენი თაობა ამით მოიპოვებს უფლებასა და ღირსებას, ამაყად თავაწეულმა გაუსწოროს თვალი მომავალ თაობას და სამუდამოდ დაამკვიდროს ჯანსაღი, პატიოსანი, დემოკრატიული, სამართლებრივი ცხოვრების წესი საქართველოში.
ასეთია ჩემი ურყევი გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებას მთელს ჩემს ძალას, უნარსა და გამოცდილებას მოვახმარ.
აქვე, ნება მიბოძეთ გამოვაქვეყნო, აგრეთვე ხსენებული ბრძანებულება „ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემუშავების შესახებ“:
საქართველოში კორუფციის მასშტაბისა და მასთან ბრძოლის სირთულეთა გათვალისწინებით, ცალკეულ ანტიკორუფციულ ღონისძიებათა ეფექტიანობის ასამაღლებლად:
საქართველოს პრეზიდენტთან შეიქმნას ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ლადო ჭანტურია - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჯგუფის ხელმძღვანელი;
დავით უსუფაშვილი - იურისტი, ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი;
გია ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი;
სულხან მოლაშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
ლევან ძნელაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ნანა დევდარიანი - საქართველოს სახალხო დამცველი;
გია მეფარიშვილი - პარლამენტის წევრი;
სამუშაო ჯგუფმა 2000 წლის 20 სექტემბრამდე წარმოადგინოს პროგრამის ძირითადი მიმართულებები, საკვანძო კომპონენტები და იმ ღონისძიებათა გეგმა, რომელთა განხორციელება შესაძლებელია უკვე პროგრამის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენამდე.
ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის სრული ვარიანტი შემუშავდეს და გამოქვეყნდეს 2000 წლის შემოდგომაზევე.
ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის მომზადებისას ჯგუფმა:
თავი მოუყაროს, გააანალიზოს და შეაჯეროს საქართველოში კორუფციის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციები, სამთავრობო სტრუქტურებში შემუშავებული პროგრამები, კერძო ინიციატივებზე დაფუძნებული გამოკვლევები და მოსაზრებები;
უზრუნველყოს პროგრამისათვის ეროვნული კონსენსუსის ხასიათის მინიჭება, ყველა დაინტერესებულ პიროვნებასთან და პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფთან დიალოგის გამართვით;
შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი პროგრამის შექმნაში მოსახლეობის ფართო ფენების ჩაბმისა და მოქალაქეების წინადადებათა და მოსაზრებათა გასათვალისწინებლად;
მოიძიოს, გააანალიზოს და გამოიყენოს უცხო ქვეყნებისა და წამყვანი საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება კორუფციის პრობლემებთან დაკავშირებით;
გამოკვეთოს ანტიკორუფციული სისტემის ცალკეული რგოლები, მოახდინოს მათი სისტემური აღწერა (საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა, პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკური საფუძველი, ზნეობრივი, მორალური და ფსიქოლოგიური წინამძღვრები და სხვ.) და მათ შორის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გარკვევა;
შესაბამისად, ჩამოაყალიბოს პრიორიტეტების სისტემა;
დაამუშაოს ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის განხორციელების პოლიტიკური, ფინანსური, ინსტიტუციური, საკანონმდებლო და საკადრო უზრუნველყოფის სქემები;
გააანალიზოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და შეიმუშაოს საკანონმდებლო ცვლილებების კომპლექსური პროგრამა იმ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უწყობს კორუფციული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ან ხელს უშლის კორუფციასთან შედეგიან ბრძოლას.
შეისწავლოს ცალკეული ეროვნული ტრადიციების მიმართება ქვეყანაში გამეფებულ კორუფციულ ურთიერთობებთან და შეიმუშაოს შესაბამისი ღონისძიებები;
მოახდინოს პროგრამის განხორციელების ცალკეულ დაბრკოლებების პროგნოზირება და დასახოს მათი თავიდან აცილების გზები;
განახორციელოს პროგრამის ცალკეული ღონისძიებებით ყველაზე უფრო მეტად დაზარალებული სოციალური ჯგუფებისა და რეგიონების პროგნოზირება და დაგეგმოს სოციალური დაცვის სათანადო ღონისძიებები;
მოიძიოს და მოიწვიოს შესაბამისი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები კონკრეტული პრობლემების დასამუშავებლად, იმის გათვალისწინებით, რომ შეძლებისდაგვარად ყოველ კონკრეტულ ამოცანაზე დამოუკიდებლად იმუშაოს რამდენიმე სპეციალისტმა;
დაამუშაოს ექსპერტ-სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი მასალები, დაგეგმოს ცალკეული მიმართულებებით კონკრეტული ღონისძიებები და მოაქციოს ისინი ერთიანი ანტიკორუფციული პროგრამის ეტაპების ჩარჩოებში;
შეიმუშაოს პროგრამის მსვლელობის მონიტორინგისა და ცვალებად გარემოზე ადეკვატური რეაგირების მექანიზმები;
მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი ინიციატივითაც, ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს კონკრეტული რეკომენდაციები მიმდინარე ანტიკორუფციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით;
ყველა სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანომ დაუბრკოლებლად და დროულად მიაწოდოს ჯგუფს გამოთხოვნილი ინფორმაცია;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურ თანადგომასა და მზადყოფნას გამოხატავენ ჯგუფისათის საჭირო დახმარების გასაწევად, მათ შორის, ფინანსურისაც;
ჯგუფმა შექმნიდან ერთ კვირაში შეიმუშაოს თავისი საქმიანობის რეგლამენტი;
ცნობად ვიღებ, რომ პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აპარატში შემუშავებულია კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებათა პროექტი, რომელიც გადაეცემა ჯგუფს რეკომენდაციების შემუშავების პროცესში გამოსაყენებლად;
ჯგუფის აღმასრულებელმა მდივანმა განახორციელოს ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმითა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: დღეს არ არსებობს საქართველოს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი განვითარების სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე კორუფციის დაძლევაა. // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 12 ივლისი. - №186 (3587). - 1,2 გვ.
![]() |
6 საქართველოს ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი |
▲back to top |
2000 წლის 11 ივლისი
დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა 9 ივლისს ზესტაფონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
„ჩემი დამოკიდებულება ამ ფაქტთან დაკავშირებით აბსოლუტურად ზუსტად გამოხატა ბატონმა ზურაბ ჟვანიამ. მე დავუმატებდი: ყველა ადამიანის წასვლა ამ ქვეყნიდან, რა თქმა უნდა, დანაკლისია. მეც ღრმა სინანულს გამოვთქვამ და ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. მეორე მხრივ, არ შეიძლება გაუთავებლად ფეხქვეშ ვთელავდეთ კანონს, კანონის უზენაესობას უგულებელვყოფდეთ. შერიგების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ასე დაბეჯითებით და სისტემატურად ვახორციელებთ ჯერ კიდევ 1992 წლიდან, საზოგადოების გამთლიანებას, სახელმწიფოს განმტკიცებას უნდა წაადგეს. როცა ადამიანები ხელისუფლებისა და საზოგადოების სულგრძელობას უსასრულოდ ბოროტად იყენებენ, ბუნებრივია, აუცილებლად დაისჯებიან. რომელი ნორმალურად მოაზროვნე მოქალაქე წარმოიდგენს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოები შეეგუებიან პოლიციის მძევლად აყვანას და ყოველივე იმას, რაც ზესტაფონში, დიდად სამწუხაროდ, მოხდა. ზესტაფონის შემთხვევა მწარე გაკვეთილია ყველასათვის, ვინც ახალგაზრდა სახელმწიფოს და მის კანონებს აბუჩად აიგდებს. მე კვლავაც მოვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისაგან იმოქმედონ კანონის, კონსტიტუციის ჩარჩოებში. მართალია ადამიანი და მისი ინტერესები უნდა დავიცვათ, ამავე დროს, ყველას, ვინც საფუძველს ურყევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, პასუხი ვაგებინოთ კანონის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ანარქია და ქაოსი გარდაუვალია. ჩვენ უკვე გავიარეთ ომებისა, არასტაბილურობის შავბნელი წლები და არავის მიეცემა უფლება უკან დაატრიალოს ისტორიის ჩარხი. დავსძენ იმასაც, რომ შერიგებისა და საზოგადოებრივი თანხმობის პოლიტიკა კვლავაც გაგრძელდება, მხოლოდ უფრო მეტი პასუხისმგებლობით, წინდახედულობითა და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას ბევრი ელოდა და ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმაზე, ვის ანდობდით მის ხელმძღვანელობას. ის ფაქტი, რომ ამ პროგრამის შექმნის ხელმძღვანელობა ლადო ჭანტურიას ჩააბარეთ, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შემოდგომაზე, როცა ეს სამსახური შეიქმნება, მას ავტომატურად კვლავ ლადო ჭანტურია უხელმძღვანელებს? თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ უშიშროების საბჭოში მომზადებულია პროექტი ამ პროგრამის შესახებ, ხომ არ ნიშნავს, რომ გავა სწორედ ეს და არა სხვა პროექტები, რომლებიც პარალელურად მუშავდება?
ედუარდ შევარდნაძე: ბატონი ლადოს დანიშვნა პროგრამის შემმუშავებელი კომისიის ხელმძღვანელად არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის შემდგომში უხელმძღვანელებს იმ სამსახურსაც, რომელიც შეიქმნება. ეს გამორიცხულად მიმაჩნია. ის არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და უხელმძღვანელოს ამ ღონისძიებების შემუშავებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აღმასრულებელ სტრუქტურებში იმყოფებოდეს. მეორეც, პროგრამა, რომელიც უშიშროების საბჭოში შევიმუშავეთ, მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე მასალა იქნება ამ ჯგუფებისათვის. ჯგუფი შედგება აბსოლიტურად დამოუკიდებელი ადამიანებისაგან. ვფიქრობ, მათი ავტორიტეტი საზოგადოებაში და მსოფლმხედველობა იძლევა იმის გარანტიას, რომ მივიღებთ სრულყოფილ პროექტს, რომელზეც გავლენას ვერაფერი მოახდენს.
რაც შეეხება სამსახურის ხელმძღვანელს, ჯერჯერობით ფორმაც არ არის გადაწყვეტილი. ეს ჯგუფი ამაზეც იფიქრებს, როგორ გადაწყდეს ეს საკითხი ორგანიზაციულად.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: რამდენად რეალურია ვერსია ამ თანამდებობაზე ედპ-ის ლიდერის დანიშვნის შესახებ?
ედუარდ შევარდნაძე: არავითარი ვარიანტი ჯერჯერობით არ გამაჩნია, მაგრამ გაგიმხელთ ჩემს ჩანაფიქრს. პიროვნება, რომელიც უხელმძღვანელებს ამ კომიტეტს, არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ეს ჩემი მოსაზრებაა და არა ბრძანებულება ან დაკანონებული შეხედულება, მაგრამ სანამ ამ საკითხს გადავწყვეტდეთ, თავად კომიტეტის შექმნის საკითხი უნდა გადაწყდეს. ამას კი დრო უნდა.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: რატომ არ შევიდა ამ ჯგუფში ჟურნალისტი? ალბათ, ცუდი არ იქნებოდა.
ედუარდ შევარდნაძე: ჩემი შეხედულებით, ყველა ჟურნალისტი ამ ჯგუფის წევრია. ვერავითარი ანტიკორუფციული პროგრამა ვერ შესრულდება, თუ მასმედია არ იქნება მისი შესრულების აქტიური მონაწილე.
აფხაზეთის ტელევიზია: დღეს სოხუმში მუშაობას იწყებს საკოორდინაციო საბჭო. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მასზე განიხილონ გუდაუთის სამხედრო ბაზის სამშვიდობო ძალებისათვის გადაცემის საკითხი?
ედუარდ შევარდნაძე: ეს საკითხი არ შეიძლება განხილულ იქნეს სოხუმში. აკრძალვით ვერავის აუკრძალავ თავისი აზრის გამოთქმასა, მაგრამ ვერავითარ გადაწყვეტილებას და დოკუმენტს ამ ფორმატის შეხვედრა ვერ მიიღებს. დიალოგი ამ თემაზე შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს შორის. მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება არიან უფლებამოსილი მიიღონ გადაწყვეტილება სტამბოლის ხელშეკრულებათა შესახებ. რაც შეეხება აფხაზთა ხელმძღვანელებს, მათ შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი აზრი, მაგრამ ამას რაიმე მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღებისთვის არ ექნება. რაც შეეხება გუდაუთის ბაზის გადაცემის საკითხს, ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ახლა მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს.
სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: თქვენ განაცხადეთ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მიმართული იქნება თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებიც ბოროტად იყენებენ ნათესაურ კავშირებს. რას გულისხმობდით ან გაქვთ თუ არა კონკრეტული ინფორმაცია ასეთ პირთა შესახებ?
ედუარდ შევარდნაძე: მე განვაცხადე, რომ, უწინარეს ყოვლისა, მივმართავ ჩემს გარემოცვას, არა მარტო ნათესავებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ჩემთან, აგრეთვე, პარლამენტში, გაითვალისწინონ, რომ იწყება პრინციპული და შეურიგებელი ბრძოლა. მათ, ვისაც პრეზიდენტთან სიახლოვე ან მისი თანამებრძოლობა სჭირდება იმისათვის, რომ ხელი მოითბოს და სახელმწიფოს ხარჯზე უკანონოდ გამდიდრდეს, უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოსაგან დანდობა არ ექნება. პირადად პრეზიდენტი ვერ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს, მაგრამ ხელი აქვს გახსნილი ყველა სამართალდამცავ სტრუქტურას, მათ შორის, იმასაც, რომელიც შეიქმნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ, უწინარესად, უნდა მოსთხოვონ იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტთან ერთად მუშაობენ, ან მის ნათესაურ წრეში არიან.
ჟურნალი „პოლიტიკა“: როგორ გესახებათ პროფილაქტიკური ღონისძიებები მაშინ, როდესაც თანხები დიდი ხანია დატაცებულია და ახლა მათი დაკანონება მიმდინარეობს? თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი პოლიტიკური ნება ურყევია. რას ანიჭებთ უპირატესობას - ეკონომიკურ აღმავლობას, კორუფციასთან ბრძოლას, საზოგადოების პოლიტიკურ და მორალურ გაჯანსაღებას, თუ ეს ყველაფერი ერთად იქნება გამოხატული, რადგანაც ეს ადამიანები, რომლებიც ახალი პროგრამით გათვალისწინებულ ნუსხაში მოხვდებიან, უფრო სისხლის სამართლის კოდექსის კატეგორიით შეფასდებიან.
ედუარდ შევარდნაძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი და ერთადერთი ყველაზე აქტუალური ამოცანა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის. ამასთან ერთად, თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ აღმავლობას, და მას ვერ მივაღწევთ, როცა კორუფცია იფურჩქნება, მაშინ ძალიან ძნელი იქნება კორუფციის დაძლევა. ამიტომ ეს ორი კომპონენტი ჩემთვის განუყოფელია.
რუსეთის ტელევიზია: უკავშირებთ თუ არა ზესტაფონში მომხდარ ინციდენტს იმ გართულებებს, რომლებიც, როგორც ამბობენ, შეიძლება მოხდეს სექტემბერში. განიხილებოდა თუ არა პუტინთან შეხვედრაზე ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საკითხები?
ედუარდ შევარდნაძე: ზესტაფონის ტრაგედია, ჩემი აზრით, არ უკავშირდება სხვა გარკვეულ მოძრაობებს. ის ადამიანები, რომლებიც ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ, არ არიან დაკავშირებული ამ მოძრაობებთან. ეს ცალკე უკანონო შეიარაღებული ჯგუფია. მე არ ვაპირებ იმ მოსაზრებების განხილვას, რომლებიც ხშირად იბეჭდება პრესაში. არ ვიზიარებ აზრს იმის შესახებ, რომ შემოდგომაზე საქართველოში დესტაბილიზაციის ტალღა აგორდება. ჩვენს ხალხს კარგად ესმის, რომ დესტაბილიზაციისა და მასობრივი გამოსვლების გზით შეუძლებელია სოციალური პრობლემების გადაწყვეტა და ეკონომიკის აღორძინება. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინთან ჩემს საუბარს, ბუნებრივია, ჩვენ განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და არა მარტო განვიხილეთ, შესაბამისი დოკუმენტიც მივიღეთ.
გაზეთი „მერიდიანი“: ანტიკორუფციული პროგრამის შემუშავება, რათქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ კონკრეტულ ფაქტებზე თუ კონკრეტული რეაგირება არ მოხდა, მის შედეგზე საუბარი ზედმეტი იქნება. გაზეთ „მერიდიანში“ ბოლო ორი თვის მანძილზე ქვეყნდება თანამდებობის პირთა აურაცხელი ქონების მამხილებელი მასალები. მამხილებელი იმიტომ, რომ ზედმეტი ლაპარაკი იმაზე, თითქოს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში თანამდებობის პირებმა მილიონობით ლარის ქონება პატიოსანი შრომით დააგროვეს. განა ასეთ ფაქტებზე რეაგირებას ანტიკორუფციული პროგრამის შემუშავება სჭირდება?
ედუარდ შევარდნაძე: სჭირდება, რადგან აუცილებელია შეიქმნას კანონი, რომლის საფუძველზე ჩატარდება გამოძიება, ესა თუ ის სახლი მისმა პატრონმა შრომითი შემოსავლებით და წესიერი გზით დაგროვილი ფულით ააშენა თუ მოიპარა, და, თუ მოიპარა, ვის მოპარა. ჭეშმარიტების დადგენის გარეშე ვერავის ხელს ვერ ახლებ. ამიტომაც შემთხვევით არ დავსვი ეს საკითხი კომისიის წევრთა წინაშეც ეს ამოცანა დასახულია მთელი სიცხადით - შეიქმნას კანონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავერკვეთ. ეს არ არის საბჭოთა ხელისუფლების წლები, როცა რაიკომის მდივანი გადაწყვეტდა და შემდეგ ადამიანს სახლს ჩამოართმევდნენ. აქ ყველაფერი უნდა იყოს დაკანონებული.
„დილის გაზეთი“: 24 ივნისს აჭარის უზენაესმა საბჭომ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია. თუ გაეცანით ამ დოკუმენტს და რა კომენტარს გაუკეთებთ?
ედუარდ შევარდნაძე: ამ საკითხზე მუშაობს იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც უნდა წარმოადგინოს სათანადო დასკვნა პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან ერთად. როგორც მე ვიცი, შეიძლება არის ზოგიერთი გადახრა, მაგრამ არა ისეთი სერიოზული, რომ დიდი პანიკის საფუძველს გვაძლევდეს. თუ საჭირო გახდება ჩარევა, ეს მოხდება იმ კომისიის მეშვეობით, რომელიც, ფაქტობრივად, შექმნილია აჭარის კონსტიტუციასთან დაკავშირებით.
„საქართველოს რადიო“: თუ ახალი კომისიის წევრები ვერ გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას ან რომელიმე მათგანი თავად აღმოჩნდება კორუფციაში ჩართული, რა ღონისძიებები განხორციელდება მათ მიმართ? რა ფულადი ანაზღაურება ექნება კომისიის წევრებს?
ედუარდ შევარდნაძე: ჯერ ერთი, დარწმუნებული ვარ, ეს ის ხალხია, რომელიც თავის სინდისსა და ქვეყანას არ უღალატებს. მაგრამ, თუ რაღაც სასწაული მოხდა და ვიღაცამ უღალატა ამ წმინდა საქმეს, პრეზიდენტს, რომელიც ქმნის კომისიას და ამტკიცებს მის წევრებს, მას უნდა ჰქონდეს უფლება, გარკვეული შესწორება შეიტანოს. რაც შეეხება ანაზღაურებას, დამატებით ანაზღაურებას, მაგალითად, ბატონი ლადო ჭანტურია არ მიიღებს. ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა და უნდა დაკმაყოფილდეს იმ ანაზღაურებით, რაც აქვს. ასევე, ქალბატონი ნანა დევდარიანი. ზოგიერთ წევრს მუდმივი გასამრჯელო არ გააჩნია. საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან, თუკი ეს კომისია მუშაობას დაიწყებს, ასეთ სპეციალისტებს დაუნიშნონ ხელფასი. მე ვფიქრობ, ექსპერტების მოწვევაზე იქნება საუბარი და ჩვენი მეგობრები მათი პრობლემის გადაწყვეტაშიც დაგვეხმარებიან.
ტელეკომპანია „ნტვ“: როგორც ითქვა, ზესტაფონის ოპერაციის შესახებ ძალოვნებმა პრეზიდენტი საქმის კურსში არ ჩააყენეს. იყო თუ არა გათვლილი პოლიტიკურად, რა შედეგი შეიძლებოდა მოეტანა ელიავას ლიკვიდაციას? თუ მიგაჩნიათ, რომ ის არ იყო იმ რანგის პოლიტიკური ფიგურა, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლებელი იქნებოდა დასავლეთ საქართველოში მღელვარების დაწყება?
ედუარდ შევარდნაძე: მე ინფორმაცია მივიღე მას შემდეგ, რაც ეს ჯგუფი დააკავეს, მან კი მძევლად აიყვანა სამხარეო და რაიონული პოლიციის ხელმძღვანელები. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ძალზე საგანგაშო იყო და მე მუდმივად ვინტერესდებოდი და ვიღებდი შესაბამის ინფორმაციას მოვლენათა განვითარების შესახებ. რაც შეეხება უშვალო ჩარევას, მე, ასე ვთქვათ, არ ვარ ვალდებული ვერკვეოდე იმ გეგმებში, რომლებსაც შეიმუშავებენ სამართალდამცავი ორგანოები და ძალოვანი სტრუქტურები. ისინი თავად შეიმუშავებენ და განახორციელებენ ამ გეგმებს. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ არ დაუშვიათ რაიმე გადახვევა კანონიდან, ანუ მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში. რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს, - როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მათ, ვინც მსგავს ოპერაციას ახორციელებენ, იციან თავიანთი ამოცანა და ვალდებული არიან შეასრულონ იგი. ვფიქრობ, პოლიტიკური შედეგი არ უნდა იყოს იმის არაადექვატური, რაც მოხდა.
გაზეთი „რეზონანსი“: კახა თარგამაძემ განაცხადა, რომ თქვენი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ იფიქრებს ქვეყნის პრეზიდენტობაზე. პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატთა შორის ასახელებენ თქვენს შვილს, პაატა შევარდნაძეს, საუბრობენ ზურაბ ჟვანიაზეც. აპირებთ თუ არა დაასახელოთ თქვენი მემკვიდრე და, თქვენი აზრით, ვინ შეძლებს თქვენი საქმის გაგრძელებას?
ედუარდ შევარდნაძე: რაც შეეხება პაატას, ეტყობა, თქვენც და ისინიც, ვინც ამის შესახებ წერენ, ძალიან ცუდად მიცნობენ. ჩემთვის ასეთი მემკვიდრეობა მიუღებელია, თუ ჩემზე რაიმე იქნება დამოკიდებული. პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა. რაც შეეხება კახა თარგამაძეს, ის საკმაოდ შეშფოთებულია ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით.
რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას, მას ძალიან მაღალი პოსტი უკავია. კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ თუ მოქმედი პრეზიდენტი შრომისუუნარო გახდა, თუმცა ეს არ მოხდება, მისი მოვალეობა არჩევნების ჩატარებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს. ასეთი პერსპექტივა ბატონ ზურაბს აქვს. არ მომთხოვოთ თითოეულის ცალ-ცალკე დახასიათება. პაატა გამორიცხეთ, დანარჩენებზე, ვნახოთ, როგორ იქნება საქმე. 4 წელი და 8 თვეა დარჩენილი. ცოტა ადრე ხომ არ დავიწყეთ ლაპარაკი პოსტშევარდნაძისეულ ეპოქაზე? ჯერ ეს ეპოქა დავამთავროთ როგორმე და მერე ვნახოთ.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: ხომ არ მიგაჩნიათ საჭიროდ, რომ ანტიკორუფციულ პროგრამაში გათვალისწინებულ იქნეს იმის გარკვევა, სად წავიდა მოსახლეობის მიერ შემნახველ სალაროებში შეტანილი თანხები?
ედუარდ შევარდნაძე: ეს იქნება კომპლექსური პროგრამა, რომელშიც ასეთი საკითხიც უნდა იყოს გათვალისწინებული თუ არა არის საკმარისი არსებული სამართლებრივი ბაზა, უნდა შეიქმნას კანონები, მათ შორის, ასეთ საკითხთან დაკავშირებითაც.
საქართველოს ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 2000 წლის 11 ივლისი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 12 ივლისი. - №186 (3587). - 2 გვ.
![]() |
7 „ქრისტეს რჯულზე მოქცევამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ქართული კულტურის განვითარებასა და ქართული სულიერების გაძლიერებაში“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე 2000 წლის 13 ივლისს
თქვენო უწმინდესობავ,
ქალბატონებო და ბატონებო,
წელს, მთელი მსოფლიო, აღმსარებლობის მიუხედავად, აღნიშნავს კაცობრიობის უდიდეს თარიღს, ქრისტეშობას, - მსოფლიო ცივილიზაციის ახალი ეტაპის საწყისს.
წლევანდელი ზეიმით ვიწყებთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლოვან იუბილეს.
ამჟამინდელი სოციალური ვითარება არ გვაძლევს საშუალებას, რათა წელსვე შევძინოთ მას საკადრისად ამაღლებული მასშტაბი.
ადამიანს უნდა ეზეიმებოდეს! საზოგადოების სათნოება ყოველი გაჭირვებული თანამოძმისადმი თანალმობით გამოიხატება.
ქართული სახელმწიფოს რეალური მდგომარეობა, მოქალაქის სოციალური დაცულობის ხარისხი სრულად უნდა შეესაბამებოდეს იმ ნათელ სიხარულსა და სიამაყეს, რასაც ეს დიდებული იუბილე მოიცავს.
მომავალ წელიწადს და შემდგომშიც, ჩვენ შევეცდებით უფრო ფართო ჟღერადობა, საერთაშორისო მნიშვნელობაც შევძინოთ ამ დღესასწაულს.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000-წლოვან იუბილეს დაამშვენებს, ბრწყინვალებასა და ელვარებას შემატებს გენიალური შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსნის“ 800 წლისთავის აღნიშვნა.
წელს კი, საქართველო, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ზეიმობს ქრისტეშობის 2000 წელს და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.
რა თქმა უნდა, ქრისტეშობამდე საქართველოს ჰქონდა სახელმწიფო და უდიდესი კულტურაც, მაგრამ ქრისტეს რჯულზე მოქცევამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ქართული კულტურის განვითარებასა და ქართული სულიერების გაძლიერებაში.
ყოველივე იმდენად ორგანულად დაუკავშირდა ერთმანეთს, რომ ათეიზმის ეპოქაშიც ქართველობა ქრისტიანობის ძირითადი პოსტულატებით სულდგმულობდა, ხოლო, როცა ამ გზას ასცდებოდა, ცოდვის ნაყოფსაც იმკიდა.
ჩვენი დღევანდელი ყოფითი გაჭირვების ერთი უმთავრესი მიზეზი ხომ ისიც გახლავთ, რომ დავივიწყეთ ღვთისკენ სავალი გზა და ბნელში ხელის ცეცებით დავდიოდით. ხშირად ახლაც ვივიწყებთ ამ გზას.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობის ამაღლებული მოთხოვნები ქართულ მწერლობასა და ხელოვნებაში, მეცნიერებაში, აგრეთვე, ჩვენს რეალურ ყოფაში, ღიად თუ ფარულად, ყოველთვის იჩენდა ხოლმე თავს და წვრთვნიდა ჩვენს სულს.
ამასთან დაკავშირებით, ჩემი უახლოესი მეგობრის ნოდარ დუმბაძის პროზას გავიხსენებთ, აგრეთვე - გალაკტიონის, ირაკლი აბაშიძისა და ანა კალანდაძის პოეზიას და, საერთოდ, იმ ქართულ მწერლობას, რომელმაც საყვარელი, უმაღლესი გაგებით, ადამიანთა ურთიერთობის საფუძვლად აქცია.
დიდი უბედურებანი უნდა გადაეტანა ხალხს, რათა საუკუნეების განმავლობაში ეროვნული სულის უცილობელ თვისებად ქცეული უმთავრესი ცნება ქრისტიანობისა - სიყვარული გაეხსენებინა, აღედგინა და მიბრუნებოდა დიდი წიგნის უკამათო ჭეშმარიტებას.
„წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ“.
ეს სიტყვები უნდა იქცეს არა მხოლოდ მორწმუნე ადამიანის ძირითად პოსტულატად, არამედ სახელმწიფო ცნობიერების უმთავრეს მახასიათებლადაც.
სიყვარული მართლაც უმაღლესი არს.
სწორედ ამას ეყრდნობა ჩვენი მრავალგზის ძალისხმევა ადამიანებთან, ქვეყნებთან, მოწინააღმდეგეებთანაც კი დიალოგის, საერთო ენის გამოძებნის და ადამიანური თანაარსებობისა.
ყოველ ჩვენთაგანზე და, ამდენად, სახელმწიფოზეც, რელიგია დიდ გავლენას ახდენს და როდესაც საქართველო, ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა, ეზიარა ქრისტეს მადლს, ეს იყო მისი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი მომენტი, ეს იყო მიჯნა, რომლის შემდეგაც ქართველმა ერმა ახლებური ცხოვრება დაიწყო - ცხოვრება ქრისტეს მადლში - ქრისტესათვის ღვაწება და არცთუ იშვიათად, მისთვის მარტვილობაც.
ჩვენი ზნეობრივი იდეალი, ერის მამა ილია მართალი, ზუსტად და ლაკონურად ბრძანებდა: „ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებრივი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან, პოლიტიკური ქვითკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილების გასაერთიანებლად და შემოსაკრებლად“.
ქრისტიანობის გამაერთიანებელი როლი იმ მრავლისმთქმელ სიტყვებშიც ჩანს, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ რომ ბრძანებს გიორგი მერჩულე - „ქართულად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითაი ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.
თითქმის ათასი წლის განმავლობაში ეს სიბრძნე დაიწურა და ჩამოყალიბდა გენიალურ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ფორმულად: „ენას, მამული, სარწმუნოება“.
ქართველი ერისა და ქართლი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ქრისტიანობამ, მართლმადიდებლობამ უდიდესი როლი შეასრულა.
ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იქადაგეს საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. ღვთისა და წმინდა ნინოს შეწევნით, იგი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მეოთხე საუკუნეში.
ამჟამად, ჩვენს თვალწინ, მეოცე საუკუნის დამლევს, ჩვენმა თანამემამულეებმა, სასულიერო და საერო პირებმა ის გზა განვლეს, რომლითაც წმინდა ნინომ მოიხილა საქართველო.
ფეხით იარა წმინდა ნინომ ამ გზაზე - უამინდობას და მტრულ გარემოში, მაგრამ მან, სულით ძლიერმა, ღვთის შეწევნით დაამარცხა უმეცრებაც, მტრებიც, სიცივეც, შიმშილიც.
როგორც ჩანს, ჩვენ მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა ვიაროთ წმინდა ნინოს გზით, არამედ სიმბოლურადაც.
უპირველეს ყოვლისა კი, თავად ჩვენს სულში უნდა განვვლოთ ეს გზა - გზა უფალთან მიახლოებისა. რაც ძნელია, მაგრამ აუცილებელია ქვეყნისათვის, ერისათვის და ყოველი ჩვენგანისთვისაც.
უდავოა რწმენის როლი საკაცობრიო მორალურ ღირებულებათა ჩამოყალიბებაში.
„არა იქურდო“, „არა ჰკლა“, „პატივი ეცი მოყვასსა შენსა“ - ეს შეგონებანი ფილოსოფოსთა კამათის შედეგი კი არა, სწორედ ღვთისაგან ნაკარნახევი მცნებებია მოსესათვის. მათ შემდგომში მაცხოვარმა ახალი შინაარსი შესძინა.
უდიდესია ეკლესიის წვლილი პატრიოტული შეგნების ჩამოყალიბებაში.
საქართველოს ეკლესია სწორედ ამ მორალური და ეროვნული კატეგორიების სადარაჯოზე დგას და ასეც აღიქვამს მას მრევლი.
საუკუნეთა განმავლობაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ერთგულად იცავდა სამშობლოს ინტერესებს, ღვთის შეწევნითა და სულიერი მამების ზნეობრივი ძალით, აგრეთვე მრევლის გულმხურვალე მხარდაჭერით. ქართულ მართმადიდებელ ეკლესიას 17 საუკუნე უმაგრებს ზურგს. დღესაც მის კალთას ეფარება მრავალი ქართველი. საჭეთმპყრობელი კი ჩვენი ეკლესიისა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე - ღირსეული გამგრძელებელია რწმენისა და ქვეყნისათვის თავშეწირულ ქართველ წმინდა მამათა ღვაწლისა.
თქვენო აღმატებულებავ, მრევლთან ერთად გილოცავ ამ თარიღს და იმედი მაქვს, რომ ღვთისა და თქვენი შეწევნით საქართველო დაამტკიცებს აწ უკვე აღდგენილ, საუკუნეების წინათ დაკარგულ სახელმწიფოებრიობას და ღვთიურ სიყვარულზე დაფუძნებულ ქვეყანას ააშენებს ჩვენს დიდ წინაპართა, ამჟამინდელ თაობათა და შთამომავლობის საკეთილდღეოდ.
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ ისტორიულ და წმინდა საქმეში!
„ქრისტეს რჯულზე მოქცევამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ქართული კულტურის განვითარებასა და ქართული სულიერების გაძლიერებაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 14 ივლისი. - №188 (3589). - 1,2 გვ.
![]() |
8 სამხედრო ძალები და თავდაცვის სისტემა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი და სახელმწიფო ორგანიზმის მთლიანი ქსოვილის შემადგენელი ნაწილია |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2000 წლის
კურსდამთავრებულების მიღების დროს
ბატონო გენერლებო და ოფიცრებო!
პატივცემულო სტუმრებო!
დღევანდელი ჩვენი შეხვედრის საზეიმო განწყობას კიდევ უფრო მეტად მისი ტრადიციულობა განამტკიცებს. ჩვენ იმ ტრადიციათა ფუძემდებლები ვართ, რომელსაც მომავალი თაობა აიტაცებს და განავითარებს.
ისტორია კი განსაკუთრებით საპატიო ადგილს მიაკუთვნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ მშენებლებს.
ხუთიოდე წლის წინათ თითქმის ცარიელ ადგილზე დავიწყეთ არმიის მშენებლობა. ერთდროულად გვიწევდა მრავალი რთული, სრულიად ახალი პრობლემებისა და ამოცანის გადაჭრა.
ერთადერთი, რასაც იმ პერიოდში ვფლობდით, იყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის საყოველთაო-სახალხო ნება.
ერის ნება გვმატებდა ძალასა და სიმტკიცეს.
დღეს საქართველოს უკვე ჰყავს თანამედროვე ტიპის, ბრძოლისუნარიანი არმია, შემუშავდა საქართველოს სამხედრო უსაფრთხოებისა და არმიის ფორმირების სტრატეგიული კონცეფცია.
მთლიანობაში კი შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს შემდგომი ძირეული გარდაქმნების პირობა, ჩამოყალიბდა სამხედრო სტრატეგიული ორიენტაცია.
პირველი მიღწევები და ჩვენი მიზნების სიცხადე მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან აქტიური და ქმედითი მხარდაჭერის პირობად იქცა.
საქართველო არასდროს დაივიწყებს ჩვენი უცხოელი მეგობრების გულისხმიერებასა და თანადგომას.
თანამედროვე ქართულ არმიაში ყველაზე ზუსტად აისახება ჩვენი სამხედრო პოლიტიკის მართებულობა და სამომავლო პერსპექტივაც. ამ ფონზე სრულებით უსაგნო და გაუმართლებელია ლაჩრული პესიმიზმი და უიმედობა, რასაც ეროვნული ნიჰილიზმი უდევს საფუძვლად.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი განვითარება არ არის და არც შეიძლება იყოს უპრობლემო. ქვეყნის თავდაცვითი სისტემა და სამხედო ძალები უაღრესად რთული ფენომენია, მაგრამ ამ სისტემის მოძრაობა-განვითარებაში დაცულია საერთო სტრატეგიული მიმართულება და ტაქტიკური ვექტორი.
ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა შეიარაღებული ძალების შემდგომ რეფორმირებაზე. ამ პროცესში გარკვეული პრობლემებიც აუცილებლად წარმოიშვება, სხვადასხვა ხასიათის კორექტივებიც დაგვჭირდება, მაგრამ ამის გამო, ეჭვქვეშ ვერც გარდაქმნათა მიზანშეწონილობას დავაყენებთ და ვერც უკვე მიღწეულის მნიშვნელობას.
სამხედრო ძალები და თავდაცვის სისტემა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ორგანიზმის მთლიანი ქსოვილის შემადგენელი ნაწილია და თითოეული მათგანის ცვალებადობა სხვა დანარჩენთა განვითარებაზე უშუალო ზეგავლენას ახდენს.
მაგრამ, მიუხედავად საერთო მდგომარეობის სიმძიმისა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნის ძირითადი ღერძი და არსებითი პარამეტრები შენარჩუნებულია.
ჩემთვის კარგად არის ცნობილი არმიაში არსებული პრობლემებიც, რომელთა შორის განსაკუთრებით მწვავეა სამხედროების სოციალური და ყოფითი მდგომარეობა. ხელისუფლება ყველაფერს იღონებს ფინანსურ-ეკონომიკური სიძნელეების უმოკლეს დროში დაძლევისათვის. სხვა გზა არ გაგვაჩნია. ეს ამოცანა ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდალის განსაკუთრებული და მუდმივი ზრუნვის საგანია.
საპრეზიდენტო პროგრამის თანახმად ქვეყანა შეძლებს ეკონომიკური სირთულეების დაძლევას, ხოლო ჩვენს სამხედროებს უთუოდ შეექმნებათ მათი უმაღლესი ვალდებულებისა და თავდაუზოგავი ძალისხმევის შესაბამისი, ღირსეული პირობები.
ეპოქალური ცვლილებები ყოველთვის იწვევს დროებით სიდუხჭირეს და დიდ სიძნელეებს.
ამ ჭეშმარიტებასთან ერთად ისტორია იმასაც ადასტურებს, რომ სწორედ ამგვარი ცვლილებებით გამოწვეულ უმძიმეს პირობებში ვლინდებოდა და იბადებოდა საქვეყნო პატრიოტიზმი, ენთუზიაზმი და საზოგადოებრივი ძალების მაქსიმალური მობილიზება.
თქვენს რიგებში მრავლადაა საქვეყნო ინტერესებით გამსჭვალული საკმაოდ გამოცდილი და განათლებული სამხედრო პირი.
არიან ახალწვეულნიც, რომელთა ენერგია და გულწრფელი პატრიოტიზმი ჩვენი მომავლის საწინდარია.
რეფორმის არსი, სტრუქტურულ ტრანსფორმაციასთან ერთად მდგომარეობს დემოკრატიულ გარდაქმნათა გაღრმავებაში, - იმ ღირებულებათა დამკვიდრებასა და განვითარებაში, რომელთა დაცვა სწორედ არმიისა და სამხედრო ძალების უშუალო და უპირველესი ფუნქციაა.
მხოლოდ ამ ამოცანათა გადაწყვეტით შევძლებთ თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესატყვისი თავდაცვისა და უშიშროების სისტემის შექმნას.
რეფორმების შემდგომი წარმატება მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული პროფესიული, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. ამ თვალსაზრისით, აკადემიის დამსახურება განვლილმა წლებმა უკვე მთლიანად დაადასტურა.
ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუძღვნი აკადემიის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს პატრიოტული და პროფესიული ღვაწლისათვის, თქვენ აღზრდისათვის.
ბატონო ლეიტენანტებო!
მადლობა მინდა გადაგიხადოთ პროფესიული მოწოდებისა და სწავლის პროცესში გამომჟღავნებული მუყაითობისათვის, თავდადებისათვის.
მით უმეტეს, რომ თქვენს მიერ შეძენილი ცოდნა და თქვენი არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.
თქვენ უშუალოდ მოგიწევთ უაღრესად რთულ და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობა. თითოეული თქვენგანის შრომასა და მხედრულ შემართებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი სამშობლოს ხვალინდელი დღე.
მჯერა, წლევანდელი კურსდამთავრებულები ღირსეულ წვლილს შეიტანენ საერთო საქვეყნო საქმეში - საქართველოს სამხედრო ძლევამოსილების განმტკიცებაში.
აკადემიამ თქვენი სახით 121 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მოუმზადა ქვეყანას, რომელთაგან ოთხი წარჩინებულია. კურსდამთავრებულთა შორის 16 მესაზღვრე და 12 შინაგანი ჯარების ოფიცერია.
მინდა კიდევ ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო უწყებათა ხელმძღვანელებს - განსაკუთრებული ყურადღება და გულისხმიერება გამოიჩინონ მათ დასაქმებაში.
უკვე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, აკადემიის კურსდამთავრებულებს ერთობლივად დიდ თანამემამულეთა სახელებს ვანიჭებთ.
შარშანდელ კურსანტებს ცოტნე დადიანის სახელი მივაკუთვნეთ.
ჩემი განკარგულებით წლევანდელ კურსდამთავრებულებს მიენიჭათ დიმიტრი ამილახვარის სახელი.
ამ პიროვნების სამხედრო ნიჭის ხორცშესხმა, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ მოხერხდა. დიმიტრი ამილახვარს ფრანგმა ერმა დაუფასა დიდი ამაგი და ღვაწლი ქვეყნის წინაშე და 1956 წელს სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის 143-ე გამოშვებას მიანიჭა მისი სახელი. მე თავად გახლდით ამ აკადემიაში და დავრწმუნდი, როგორი პატივისცემით სარგებლობს ჩვენი თანამემამულე.
მეორე მსოფლიო ომის დროს დიმიტრი ამილახვარმა არაერთხელ გამოიჩინა თავი როგორც მხედართმთავარმა და მამაცმა მეომარმა. დიმიტრი ამილახვარის უნარიანი ხელმძღვანელობით წარმოებულმა არიერგარდულმა ბრძოლებმა სრული განადგურებისაგან იხსნეს საფრანგეთის არმიის ძირითადი ძალები, რაც თავის მემუარებში აღწერილი აქვს თვით საფრანგეთის პრეზიდენტს, გენერალ შარლ დე გოლს.
საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ დიმიტრი ამილახვარი გადავიდა დიდ ბრიტანეთში და შეუერთდა გენერალ დე გოლის მომხრეებს.
იმედია, თითოეული თქვენგანი საქმეთა და მხედრული მამაცობით მიაგებს პატივს ჩვენი სახელოვანი მამულიშვილის ხსოვნას.
მჯერა, თქვენ იქნებით თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი, გაერთიანებული საქართველოს სიმტკიცისა და უსაფრთხოების ღირსეული დამცველნი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ დღევანდელ დღეს თითოეულ თქვენთაგანს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს დავით თევზაძეს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ოფიცრებს, დიმიტრი ამილახვარისა სახელობის კურსდამთავრებულებს, მათ მშობლებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!
სამხედრო ძალები და თავდაცვის სისტემა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი და სახელმწიფო ორგანიზმის მთლიანი ქსოვილის შემადგენელი ნაწილია // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 16-17 ივლისი. - №190-191 (3592). - 1, 3 გვ.
![]() |
9 „შერიგების პროცესი სერიოზული პრობლემაა, იგი შეუქცევადია, ვინაიდან უშუალოდ გამომდინარეობს უმაღლესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და სავსებით შეესაბამება საზოგადოების მოთხოვნებს“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
17 ივლისის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას უშიშროების სპეცრაზმმა განახორციელა ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელსაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. თქვენი აზრით, ხომ არ შეაჩერებს ეს ფაქტი შერიგების პროცესს, რომლის ინიციატორი, ჯერ კიდევ 1992 წლიდან მოყოლებული, თქვენ ბრძანდებით! - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ზესტაფონში მომხდარ შემთხვევას მართლაც ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვა.
მე უკვე გამოვთქვი და კვლავ ვადასტურებ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებისადმი.
„გამარჯვებულად“ და „წარმატებულად“ თავს ვერავინ იგრძნობს. მათ შორის, არც ისინი, ვინც ეს ოპერაცია განახორციელა, თუმცა ისიც უეჭველია, რომ ოპერაციის შედეგად მძევლები განთავისუფლდნენ.
მინდა შეგახსენოთ, ამ რამდენიმე წლის წინათ რა განუკითხაობა სუფევდა მთავრობის წარმომადგენელთა და სამართალდამცავთა მძევლად აყვანასთან დაკავშირებით, რა უმძიმესი შედეგები მოჰყვა თავის დროზე ამ მეტად საშიში მოვლენის განვითარებას.
ძალზე სამწუხაროა, რომ ძალის გამოყენება აუცილებელი გახდა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი შედეგიც საჯაროდ გამოცხადდება.
რაც შეეხება შერიგების პროცესს, ეს ძალიან სერიოზული კითხვაა, სერიოზული პრობლემაა. ჩემი აზრით, იგი შეუქცევადია, ვინაიდან უშუალოდ გამომდინარეობს უმაღლესი ეროვ60
ნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და სავსებით შეესაბამება საზოგადოების მოთხოვნებს.
ეს პროცესიც სწორედ საზოგადოებიდან წამოსული იმპულსების შედეგია, ვინაიდან ჩვენმა ხალხმა, ყოველმა მოქალაქემ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აგოს პასუხი 1988-1993 წლების საზარელი ეროვნული ტრაგედიისათვის, რომელმაც უმძიმესი და უმწვავესი ჭრილობა დაგვიტოვა. ჩვენი ამოცანაა (და, თუ გნებავთ, ჩვენი მისიაც არი) ამ ჭრილობის შეძლებისდაგვარად სწრაფად მოშუშება.
1992 წელს, საქართველოში დაბრუნებისთანავე, გადავდგი პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით.
ყველას კარგად ახსოვს შერიგების მანიფესტი, შესაბამისად შეწყალების აქტი, რომელთა თანახმად, 24 ივნისს განთავისუფლდნენ სახელმწიფო ობიექტებზე, კერძოდ, ტელევიზიაზე შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზატორები და მონაწილენი, შემდგომ, თითქმის ყოველწლიურად ვიღებდით ასეთ გადაწყვეტილებებს, რასაც 1998 წლის ოქტომბრის შეიარაღებულმა ავანტიურამაც კი ვერ შეუშალა ხელი. გახსოვთ, ალბათ, რომ ამ ფაქტის 80-ზე მეტ მონაწილეს შეეცვალა აღმკვეთი ღონისძიება.
დიახ, ჩვენ თანმიმდევრულად ვიყავით, მაგრამ შესანიშნავად გვესმოდა ერის გამთლიანების აუცილებლობა. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება.
სწორედ ამ უზენაესი ღირებულებისათვის პასუხისმგებლობის შეგნებით იყო განმსჭვალული საქართველოს პარლამენტის აპრილის დადგენილებაც პარლამენტში ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით.
ამჟამად პროცესი კვლავ გრძელდება და გაგრძელდება კიდეც უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და სკრუპულოზურობით.
აქ შეცდომა დაუშვებელია, ვინაიდან იგი შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ქვეყანას, არანაკლებ ძვირადაც კი, ვიდრე სამოქალაქო დაპირისპირება და ანტაგონიზმი.
მე თანხმობა განვაცხადე, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ბატონი ნუგზარ საჯაია, როცა საჭირო იქნება, უშუალოდ ჩაერთოს პარლამენტის ეროვნული შერიგების კომისიის მუშაობაში. ასევე, სასარგებლო იქნებოდა, ჩემი აზრით, ქალბატონ რუსუდან ბერიძის მონაწილეობაც, მაგრამ ეს უკვე თავად პარლამენტის გადასაწყვეტია. ალბათ, ომბუდსმენის ქალბატონ ნანა დევდარიანის მონაწილეობაც, ასევე, სასარგებლო იქნებოდა. ყოველივე ეს პარლამენტში უნდა მოიფიქრონ და გადაწყვიტონ.
ვფიქრობ, მარალკვალიფიციური, კომპეტენტური ექსპერტებისა და სპეციალისტების დახმარება სასიკეთოდ წაადგება საქმეს.
ამავე დროს, მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადო, რომ შერიგება უეჭველად გულისხმობს საქართველოს მოქმედი კონსტიტუციისა და კანონების უსიტყვო აღიარებას. ჩვენ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და სხვაგვარად მოაზროვნეებს არათუ უფლება, არამედ სრული შესაძლებლობაც აქვთ ლეგალური, კანონიერი, კონსტიტუციური მეთოდებით იბრძოლონ თავიანთ შეხედულებათა განსახორციელებლად.
- თქვენს ინიციატივას ანტიკორუფციულ პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოება და მოქალაქეები გასულ კვირას გაეცნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მთავარმა კოორდინატორმა, საგანგებო დავალებათა ელჩმა სტივენ სესტანოვიჩმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მაღალი შეფასება მისცა და მიესალმა მას. როგორც მან თქვა, თუ ბიუჯეტი შესრულდა და გააქტიურდა ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, საქართველო კვლავ მოექცევა მნიშვნელოვან საერთაშორისო დახმარებათა არეალში. მან რუსეთის სამხედრო ბაზების თაობაზეც ილაპარაკა, და ესეც არანაკლებ საინტერესო თემაა. რაც შეეხება ბიუჯეტს, გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო იგი, ქართველი ეკონომისტები კი ცნობილი პოლონელი რეფორმატორის ლეშეკ ბალცეროვიჩის რეკომენდაციებს ელოდებიან...
- ორიოდე სიტყვა კორუფციასთან დაკავშირებით.
კორუფციასა და კონტრაბანდასთან ბრძოლაში მთავარია არ შევანელოთ ტემპი და უზრუნველვყოთ რაც შეიძლება მეტი საჯაროობა, კონკრეტულ დამნაშავეთა მხილება და მათი დასჯა. თუ ვინმე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მოდუნდება და არსებულ სიძნელეებს შეუშინდება, ძალიან ცდება. სანამ საგანგებო კომისია რეკომენდაციათა პაკეტს შემოგვთავაზებს, შეტევა არათუ შესუსტდება, არამედ პირიქით, ყოველდღიურად გაძლიერდება. ამ განცხადების მიზანი ის არის, რომ ყველამ, ვინც სახელმწიფოს კუთვნილ სახსრებს ფლანგავს, ხალხს სისხლს სწოვს, ნებაყოფლობით შეწყვიტოს დანაშაულებრივი ქმედება და მოიქცეს ასე მანამ, სანამ გვიან არ არის.
რაც შეეხება ბიუჯეტს:
მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს მართლაც ახალი ბიუჯეტია, თუმცა მნიშვნელოვნად შეკვეცილი, და ყველა დარწმუნდა იმაში, რომ სხვა გამოსავალი არ იყო.
იგი პრეზიდენტთან ერთად, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით შეიმუშავა ახალმა ეკონომიკურმა გუნდმა, ამ მიმართულებით განსაკუთრებით გამოვყოფდი ბატონ გია არსენიშვილის ძალისხმევას, აღსანიშნავია, აგრეთვე, ახალი ფინანსთა მინისტრისა და მისი გუნდის ყველა წევრის მუშაობა.
ახალი ბიუჯეტი ფისკალური კრიზისის დაძლევის დასაწყისია.
ეს კიდევ ერთი შანსია, რათა საერთაშორისო საზოგადოებას და, უწინარესად, საკუთარ ხალხს დავუმტკიცოთ, რომ ხელისუფლებას რეალურად შესწევს ძალა გადალახოს ურთულესი მიჯნა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებანი.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელება და ახალი პროგრამის ერთობლივი შემუშავება. ჩვენ არჩევანი არა გვაქვს, სხვა ვარიანტი არ არსებობს.
მინდა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რას ნიშნავს ეს კონკრეტულად, ასე ვთქვათ, თუნდაც ციფრობრივი გამოხატულებით.
მიაქციეთ ყურადღება:
იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრამდე შევინარჩუნებთ იცნბისსა და ივლისში მიღწეულ თვალსაჩინო დადებითს ტენდეციებს (გადასახადების აკრეფის თვალსაზრისით და ეს შემდეგაც გაგრძელდება), უკვე წლის დამლევამდე მხოლოდ მსოფლიო ბანკისაგან მივიღებთ თითქმის ასი მილიონი დოლარის გრძელვადიან, შეღავათიან კრედიტს, ფაქტობრივად, ეს დახმარებაა. კვლავ ამოქმედდება ევროკავშირის პროგრამა, აქაც რამდენიმე ათეულ მილიონზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან, უახლოესი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ქვეყანა მიიღებს დაახლოებით 150-200 მილიონ დოლარს. ეს, ფაქტობრივად, კრიზისული ფაზიდან საბოლოოდ გამოსვლა იქნება.
ჩვენი მეგობრები, რომლებიც გულწრფელად, ყოველგვარი ანგარების გარეშე გვეხმარებიან, რადგან სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული, რომ საქართველოს სახით სამხრეთ კავკასიაში ჰყავდეთ სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფო, ასევე გულწრფელად გვეუბნებიან:
თქვენ უნდა შეძლოთ იმის დემონსტრირება, რომ დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს ძალუძს, გადაწყვიტოს ეს პრობლემები, როგორც ზემოთ ვთქვით, დაამარცხოს კორუფცია, კონტრაბანდა, ფალსიფიკაცია, გაზარდოს შემოსავალი.
ასეთ შემთხვევაში, განმტკიცდება ნდობა და თანადგომაც მეტი გვექნება.
მაგალითად, რაკი რეფორმები ამჟამად გადამწყვეტ ფაზაში შედის, ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია უმაღლესი რანგის სპეციალისტთა მაღალკვალიფიციური რჩევა-რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ შეძენილ გამოცდილებასთან ერთად.
გასულ კვირას ამერიკის პრეზიდენტის დავალებით, ელჩმა ბატონ სტივენ სესტანოვიჩმა მაცნობა, რომ ამერიკის ადმინისტრაციის თხოვნით, სახელგანთქმული პოლონელი რეფორმატორი, მსოფლიოში ცნობილი და მსოფლიო დონის მეცნიერი ბატონი ლეშეკ ბალცეროვიჩი თანახმაა, დახმარება გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტს რეფორმათა კურსის უფრო ქმედითად განხორციელებასა და ზოგიერთი კორექტივის შეტანაში.
პროფესორ ბალცეროვიჩთან ერთად იმუშავებენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილი ექსპერტები.
რასაკვირველია, ბევრს ნიშნავს ის, რომ ამ საკმაოდ ძვირადღირებული ღონისძიების ხარჯებს ამერიკის მთავრობა გაიღებს. მაგრამ მთავარი მაინც საქართველოსადმი (და, ალბათ, პრეზიდენტისადმი) ნდობის ფაქტორია. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარება მომავალ წელს თითქმის (ყველაფერთან ერთად რომ შევაჯამოთ) 120 მილიონ დოლარს მიაღწევს.
საქართველო რომ უპერსპექტივო ქვეყანა იყოს, ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას რომ მომავალი არ გააჩნდეს, - საეჭვოა, ლეშეკ ბალცეროვიჩს თავისი შეუბღალავი სამეცნიერო და პრაქტიკული რეპუტაცია საქართველოსთან დაეკავშირებინა. მაგრამ ხედავენ ჩვენი მეგობრები, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, სწორი კურსი გვაქვს არჩეული. გვჭირდება მეტი სახელმწიფოებრივი ნება, მეტი გაბედულება და მეტი სიმტკიცე, რასაც უეჭველად გამოვამჟღავნებთ. აქ იმდენად პიროვნულ ნებაზე არ არის ლაპარაკი, რამდენადაც საზოგადოების მხარდაჭერაზე, რის გარეშეც პრეზიდენტი უძლურია. თუმცა საზოგადოებაც უკვე ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს ჩვენგან რადიკალური ზომების მიღებას. რაც უფრო რადიკალური იქნება ეს ზომები, რაც უფრო სწრაფად განვითარდება მოვლენები, რომლებზეც მე ახლა ვილაპარაკე, მით უფრო ჩქარა დამთავრდება ეს საბიუჯეტო კრიზისი და ხალხი დაიწყებს ნორმალურ ცხოვრებას.
ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ეყოლება უმაღლესი რანგის მრჩეველი ნავთობისა და გაზის საკითხებში. ამ ხარჯებსაც ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები გაიღებენ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია იმ დიდი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, რომლებიც მოსახლეობისათვის უკვე კარგად არის ცნობილი და, ამავე დროს, ჩვენ სერიოზული რჩევა გვჭირდება საკუთარი ნავთობისა და გაზის საბადოების ექსპლოატაციასთან დაკავშირებით.
როგორც მოგახსენეთ, ივნისსა და ივლისში საბიუჯეტო შემოსავლის ზრდის ტენდენცია აშკარად გამოიკვეთა.
ამასთან, ჩემი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათის, სახელმწიფო გადასახადებიდან ანარიცხების მანამდე მოქმედი გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების აღდგენის შესახებ.
ეს კანონი ჯერ კიდევ სამი წლის წინათ შემუშავდა ჩემი განკარგულების შესაბამისად. გახსოვთ, მაშინ ჩემი სტუმრობა აჭარაში, ბათუმში და სწორედ მაშინ შევთანხმდით იმ სისტემის თაობაზე, რომელიც ახლა აღდგა, და რომელიც, ჩემი აზრით, სავსებით შეესაბამება აჭარის ავტონომიის სტატუსს.
არსებითად შეიცვლება ქალაქ თბილისის ეკონომიკური ნორმატივებიც, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს 17 მილიონ 500 ათასი ლარით გაზრდის, - ესეც აუცილებელია დედაქალაქის უდიდესი სახელმწიფოებრივი ფუნქციისა და დამატებითი ხარჯების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვარ, ასეთი სტიმულის შემდეგ დედაქალაქის შესატანი ცენტრალურ ბიუჯეტში კიდევ უფრო გაიზრდება. მე მჯერა იმის, რასაც ამასთან დაკავშირებით ქალაქის მერი ვანო ზოდელავა აცხადებს.
განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ჩემი შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელთან. კერძოდ, ბატონი პიტერ ვოიკე მყავს მხედველობაში.
ეს კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია. მისი მიზანია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების განვითარების მხარდაჭერა და კერძო სექტორის გაძლიერება.
საფინანსო კორპორაციის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტორებისათვის. იგი საქართველოში ერთდროულად ცხრა ძალიან მნიშვლელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 88 მილიონ დოლარს აღემატება.
სხვათა შორის, აქ მახსენდება ზოგიერთი მოქალაქისა და პოლიტიკური მოღვაწის არცთუ უსაფუძვლო შენიშვნები და მოთხოვნები: სად მიდის ეს კრედიტები, სად იკარგება, სად ორთქლდება და ასე შემდეგ. ერთხელაც უნდა გამოვაქვეყნოთ ყველა იმ კრედიტისა და დახმარების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველომ ამ ბოლო წლებში მიიღო და რომელთა მისამართიც ყველამ უნდა იცოდოს. კონკრეტულად ეს ცხრა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელთა განსახორციელებლად საფინანსო კორპორაციისაგან საქართველომ 88 მილიონი დოლარი მიიღო. ეს გახლავთ ბორჯომის პროექტი, ქსნის მინის ტარის ქარხნის პროექტი (ეს ქარხანა შესანიშნავად მუშაობს და დიდი შენატანიც შეაქვს როგორც ქალაქ მცხეთის, ისე ქვეყნის ბიუჯეტში), ნინოწმინდის ნავთობის ველის განვითარება (თქვენ იცით, რაოდენ დიდი ინტენსიურობით მიმდინარეობს ახლა ეს სამუშაოები), კერძოდ, ჰორიზონტალური ბურღვა და სხვა, საფინანსო სექტორში კორპორაციას განსაზღვრული აქვს სამი მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზის გახსნა საქართველოს სააქციო-კომერციული ბანკებისათვის, რომელიც ძირითადად მცირე ბიზნესის განვითარებას მოხმარდება. აქტიურად მკვიდრდება ისეთი საკრედიტო ფორმა, როგორიც არის „იპოთეკა“, მიკროსაფინანსო ბანკი და სხვა. ყველაფერი ეს ამ კორპორაციის მეშვეობით ხდება.
და, ბოლოს. გასულ კვირას მე შევხვდი გერმანიის „კომერცბანკის“ ხელმძღვანელებს ბატონებს იენსენსა და ნორსს. ეს ბანკი აქტიურად გვეხმარება, რათა მაქსიმალურად მეტი მოცულობით მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიცია ტელეკომუნიკაციათა სფეროში და შევიმუშაოთ ტენდერის ყველაზე ხელსაყრელი პირობები. მოგეხსენებათ, ჩვენს ტელეკომუნიკაციათა სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეკონსტრუქცია და, რა თქმა, უნდა, ეს შეუძლებელია ძალიან დიდი თანხების გარეშე. ვფიქრობ, ამ თანხებიდან ძალიან დიდი რაოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტსაც მოხმარდება.
თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და, საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობა გახლავთ.
- გუშინ თქვენ შეხვდით ევროპის ყველაზე პრესტიჟული ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს. ისინი დიდ ინტერესს იჩენენ „კავკასიური სტაბილურობის პაქტის“ იდეისადმი და კონკრეტული პროექტებიც კი შეიმუშავეს, რომლებიც შემდგომ საერთო-ევროპულ დონეზე განიხილება. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ეს შეხვედრა ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის გაძლიერების მომასწავლებელია?
- ამ შეხვედრამ ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა, ბუნებრივია, არის სადავო საკითხები და ამის თაობაზე ჩემი აზრიც გამოვთქვი.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობდა თურქეთის საკმაოდ მაღალი დონის დელეგაცია. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი დემირელი „კავკასიური სტაბილურობის პაქტის“ იდეის ერთ-ერთი ავტორია. მან მთხოვა კიდეც, მცირე ხნის წინათ სატელეფონო საუბრისას, არ მიმეტოვებინა ეს პროექტი და როგორც მოქმედ პრეზიდენტს, ყველაფერი მეღონა მის განსახორციელებლად, ყოველ შემთხვევაში, იმ დონეზე დასამუშავებლად, რომ იგი რეალურად გამოიყურებოდეს.
რასაკვირველია, ჯერ მხოლოდ სამუშაო მასალა არსებობს, მაგრამ ევროპაში განვითარებული პროცესები ნამდვილად ადასტურებს „კავკასიური სტაბილურობის პაქტის“ შემუშავების აუცილებლობას.
შესაძლოა, მას საფუძვლად დაედოს ბალკანეთის ცნობილი პრეცედენტი. ბალკანეთის „უშიშროების პაქტი“ შემუშავდა და, როგორც ვიცი, ჩემი ინფორმაციით, ეს ინსტიტუტი საკმაოდ საინტერესოდ და კარგად მუშაობს ევროკავშირის, ეუთოსა და სხვა ევროპული სტრუქტურების მონაწილეობით.
ჩვენთვის ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტულია დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ინტერესები, რომლებიც, საბედნიეროდ, სავსებით ემთხვევა საერთო-ევროპული დემოკრატიული განვითარების ვექტორს. ბუნებრივია, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება კონფლიქტების მოგვარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა (სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებზეა ლაპარაკი) და, ბუნებრივია, ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში ეროვნულ უმცირესობათა უფლებების უფრო გამოკვეთილად ასახვა და მრავალი სხვა. სხვათა შორის ლაპარაკია იმაზე, რომ საკმაოდ დიდი თანხები უნდა მოიძიონ ახლა იმ ტერიტორიათა აღდგენისა და რეაბილიტაციისათვის, საიდანაც ასობით და ათასობით ადამიანია გამოდევნილი.
„კავკასიური სტაბილურობის პაქტი“ ცარიელ ადგილზე არ შექმნილა და არც შეიქმნებოდა. ბევრი რამ გაკეთდა რეგიონებში „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეების რეალიზაციისათის, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჰეიდარ ალიევისა და რობერტ ქოჩარიანის ინიციატივებს, და, ასევე, უკვალოდ არ ჩაუვლია ცნობილ კისლოვოდსკის დეკლარაციას.
- „კავკასიური სტაბილურობის“ თუ სხვა ინიციატივათა ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგება იქნება. გასულ კვირას ამ მხრივ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართა, ვგულისხმობ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბატონ გიორგი არსენიშვილისა და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის ბატონ მალხაზ კაკაბაძის ვიზიტს სოხუმში. როგორ აფასებთ ამ მოლაპარაკების შედეგებს?
- მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოღვაწე მეტისმეტად მწვავედ გამოეხმაურა ამ შეხვედრას, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით სახელმწიფო მინისტრი და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისა და ქართულ-აფხაზური თანხმობის აუცილებლობის გათვალისწინებით მოქმედებდნენ. ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ, აუცილებელი იყო, ახალ სახელმწიფო მინისტრისა და ახალ განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრს, რომლებიც ძირითადად კონკრეტულ პრობლემებზე იმუშავებენ, დაემყარებინათ პირადი კონტაქტები აფხაზთა ხელმძღვანელებთან და, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ კარგად მოხერხდა და კარგ ატმოსფეროში მიმდინარეობდა.
როგორც ვთქვი, ამჯერად დიალოგი მართლაც განსხვავებულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა, და ეს არის მთავარი.
როგორც ჩანს, თანდათან მწიფდება რამდენიმე გადაწყვეტილება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შედეგიანი შეხვედრა გაიმართოს ჩემსა და ვლადისლავ არძინბას შორის.
კვლავ ვადასტურებ, რომ ასეთ შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ იგი მნიშვნელოვან მოვლენად გადაიქცევა კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის თვალსაზრისით.
ამასთანავე, მე გამოვყოფდი მეორე შეხვედრას, რომელიც ვენაში გაიმართა და რომელშიც ორივე მხარის ძალიან ავტორიტეტული წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მოქალაქეთა დონეზე.
ამ შეხვედრის დეტალები, გასაგები მიზეზის გამო, ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის, მაგრამ შემდეგში გახდება ცნობილი. ბევრი რამ მართლაც ძალზე საინტერესო და დამაიმედებელი იყო. და, აი, ამ დონის - საშუალო დონისა და რიგითი მოქალაქეების დონის შეხვედრებმა სისტემატური ხასიათი უნდა მიიღოს და ეს არ უნდა იყოს გამონაკლისი.
მეორე მხარესაც მწიფდება იმის შეგნება, მე ამას ნათლად ვხედავ, რომ აუცილებელია გონივრული კომპრომისი და შეთანხმება ორივე ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ერთიანი საქართველოს ფარგლებში.
- დღეს თქვენ ოფიციალურ ვიზიტად ეწვევით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებულ სამეფოს. ეს თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფოს მეთაურის მეორე ვიზიტია ბრიტანეთში. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ვიზიტს?
- საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დიდ ბრიტანეთში უაღრესად, მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ იგი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება. ევროპაში და, კერძოდ, იქაც ბევრი რამ შეიცვალა და ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისაკენ დიდ ბრიტანეთთან ჩვენს ურთიერთობაში.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად არ ვთანამშრომლობდით ლონდონთან. პირიქით, ჩვენი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა და ახალი შინაარსიც შეიძინა, რისი დადასტურებაც გახლდათ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის რობინ კუკის ძალზე ნაყოფიერი ვიზიტი ამ ცოტა ხნის წინათ თბილისში.
ბრიტანეთის მძლავრი კომპანიები წარმატებით მუშაობენ ჩვენს რეგიონში უდიდესი პროექტების განსახორციელებლად, ძირითადად, ლაპარაკია ნავთობსა და გაზზე.
დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები ლონდონის სიტიში, საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან, მათ შორის „ბი-პი“ ამოკოს ხელმძღვანელობასთან, ფრონტერასთან და ა. შ. შეხვედრა გაიმართა, აგრეთვე, ევროპის ბანკშიც.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა მის უდიდებულესობასთან ელისაბედ მეორესთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ენტონ ბლერთან.
ენტონ ბლერმა დიდი ევროპული პოლიტიკის ასპარეზზე გამოსვლისთანავე მოიპოვა ღირსეული ავტორიტეტი ურთულესი საკითხისადმი საკმაოდ ნოვატორული და საფუძვლიანი მიდგომით.
ამიტომ, ვფიქრობ, ეს შეხვედრაც საინტერესო უნდა იყოს.
„შერიგების პროცესი სერიოზული პრობლემაა, იგი შეუქცევადია, ვინაიდან უშუალოდ გამომდინარეობს უმაღლესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და სავსებით შეესაბამება საზოგადოების მოთხოვნებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 18 ივლისი. - №192 (3593). - 1,2 გვ.
![]() |
10 „ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო და არის უცხოელ ინვესტორთათვის საქმიანობის საუკეთესო პირობების შექმნა“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
ლორდ-კლაივ მარტინის მიერ გამართულ სადილზე
ლონდონი, 2000 წლის 18 ივლისი
ბატონო ლორდ - მერო,
ქალბატონებო და ბატონებო!
ნება მიბოძეთ მოგესალმოთ და საქართველოს დელეგაციის სახელით უღრმესი მადლობა მოგახსენოთ მშვენიერი სტუმართმოყვარეობისათვის. ყოველი ჩამოსვლა ლონდონში ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა, რადგან ცოტა დედაქალაქი თუ მოიძებნება მსოფლიოში, რომლის ჰაერიც კი ასე გაჟღენთილი იყოს ამგვარი დიადი ისტორიისა და დემოკრატიის სულით. ჩვენი ქვეყნის სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მიუხედავად, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საქართველო ახალგაზრდა სახელმწიფოა. დემოკრატიას ჩვენ ახლა ვაშენებთ.
მადლობას მოგახსენებთ იმისათვისაც, რომ თქვენ მასპინძლობთ შეხვედრას, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებას, საქართველოს შემდგომ დაახლოებას მსოფლიო ბაზართან, მის ინტეგრაციას შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემაში.
ბრიტანული საქმიანი წრეების ასეთ წარმომადგენლობითს აუდიტორიას ბოლოს ხუთი წლის წინათ შევხვდი. მაშინ მე მხოლოდ გეგმებზე შემეძლო საუბარი, რადგან ის-ის იყო იწყებოდა იმ გლობალური მასშტაბის პროექტების განხორციელება, რომლებმაც დღეს სახე უცვალეს ევრაზიის უზარმაზარ რეგიონს, ახალი ფუნქცია შესძინეს საქართველოს. მათ მრავალი სიძნელე ახლდა თან. საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დარწმუნებულიყო, რომ სამხრეთ კავკასია არსებული პრობლემების მიუხედავად, სტაბილური რეგიონია და, რომ პროექტის განხორციელებაში ჩადებულ შრომასა და ინვესტიციებს არაფერი დაემუქრება, რომ აბრეშუმის გზის სამხრეთ კავკასიის მონაკვეთი უსაფრთხო იქნება.
ეს ადვილი საქმე ნამდვილად არ იყო. საქართველოს მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც თავისი შავი ზღვის სანაპიროთი უთუოდ ამ გზის საკვანძო რგოლია. ოთხმოცდაათიანი წლის დამდეგს ქვეყანას პრაქტიკულად მთლიანად ჰქონდა დაკარგული სახელმწიფოებრიობა და იმ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელსაც თქვენი თანამემამულე ფილოსოფოსი თომას ჰობსი ბუნებრივს უწოდებდა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, უმართავს უწოდებდა. როცა ამ თემას ვეხები, ვერ ვფარავ აღფრთოვანებას იმ ფაქტით, რომ ჩვენმა საზოგადოებამ შეძლო ყოველგვარი „რკინის მუშტისა“ და თავისუფლებათა შეუზღუდავად, სხვადასხვა დონის არჩევნებისა და საყოველთაოდ მიღებული დემოკრატიული პროცედურების საშუალებით გამოსულიყო ქაოსის მდგომარეობიდან და შეექმნა სიცოცხლისუნარიანი, სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფო.
რაც უფრო რწმუნდებოდა გარე სამყარო, რომ კავკასიაში სტაბილურობის პროცესი შეუქცევადი იყო, მით უფრო მეტი მონაწილე ერთვებოდა დიდი აბრეშუმის გზის პროექტში. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის, „ტრასეკას“ და „ინოგეიტის“ პროგრამებს, სხვა ძალისმევათა შორის აღნიშვნის ღირსია სენატორ ბრაუნბეკის „აბრეშუმის გზის სტრატეგიის“ აქტი და იაპონიის მთავრობის მიერ დამუშავებული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ამ ეკონომიკური გიგანტის მონაწილეობას ახალი აბრეშუმის გზის პროექტში. და მაინც მიმაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის, როგორც უსაფრთხო სატრანზიტო ტერიტორიის, ნამდვილ აღიარებად იქცა 1995 წლის ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კავკასიის ადრეული ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთის მარშუტით განხორციელდება და ამ მიზნით აშენდება ახალი ბაქო-სუფსის მილსადენი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებამ ახალი განზომილება შესძინა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის კონცეფციას. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ბაქო-სუფსის ნავთობსადენი შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ამ პროექტს რომ ახორციელებდნენ, ვფიქრობ, პარტნიორები გვამოწმებდნენ კიდეც. ახლა ჩვენი უნარი და შესაძლებლობანი აღარავის ეჭვს აღარ იწვევს. მილსადენის და მას72
თან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის მონაწილეთა შორის 80 პროცენტს ადგილობრივი კადრები შეადგენდნენ, სრული გამჭვირვალობის პირობებში მიმდინარეობდა. იგი ვადებში და ყველა ნორმის, მათ შორის, ფინანსური ნორმების სრული დაცვით განხორციელდა.
სულ ცოტა ხნის წინათ ხელი მოვაწერეთ და სამი ქვეყნების - აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტების მიერ უკვე რატიფიცირებულია ხელშეკრულება ძირითადი საექსპორტო მილსადენის მშენებლობის შესახებ, რომელიც ბაქოდან თბილისის გავლით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის ჯეიჰანის ნავსადგურის მიმართულებით ყოველწლიურად 50 მილიონ ტონა ნავთობს გაატარებს. დამეთანხმებით, რომ ამ გრანდიოზული პროექტის მნიშვნელობა სცილდება მოსალოდნელ დიდ ეკონომიკურ ეფექტს. სამი მეზობელი ქვეყნის დამაკავშირებელი ნავთობსადენი უფრო ინტენსიურს გახდის რეგიონულ თანამშრომლობას, რომელიც საბოლოოდ უნდა იქცეს პრობლემათა მოგვარების მთავარ და ყველაზე ეფექტიან მექანიზმად. თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, რომ კასპის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში აღმოაჩინეს ბუნებრივი გაზის ახალი დიდი საბადო. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება აზერბაიჯანის გაზის თურქეთში საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ, თუმცა, ნაწილობრივ შეფერხდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის თაობაზე, მაგრამ, ვფიქრობ, მისი განხორციელების ალბათობა მაინც საკმაოდ მაღალი რჩება.
მართალია, თქვენი ყურადღება უფრო მილსადენზე გავამახვილე, მაგრამ ახალი აბრეშუმის გზა, რომლის ტვირთნაკადებში ძველი დროისაგან განსხვავებით, აბრეშუმი შესაძლოა საერთოდ აღარ ფიგურირებდეს, მაგრამ მოიცავს ყველა სახეობის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემას, მათ შორის კოსმოსურ კავშირსაც. „ახალი დიდი აბრეშუმის გზის“ ხორცშესხმაში გადამწყვეტი როლი მიუძღვის ევროპის კავშირს. სწორედ მან, ჯერ კიდევ 1993 წელს ითავა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო საკომუნიკაციო დერეფნის იდეის დაფინანსება და ინსტიტუციური უზრუნველყოფა. სწორედ მან შექმნა პროექტები „ტრასეკა“ და „ინოგეიტი“, რომლებიც „ახალი დიდი აბრეშუმის ხერხემლად იქცნენ და მანვე დააინტერესა მსოფლიო იმ უდიდესი პერსპექტივით, რომელიც ევრაზიის რეგიონისათვის გადაიშალა.
ამ თემაზე ასე დაწვრილებით იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ქვეყნის სტაბილურობა და აყვავება დიდწილად სწორედ ამ პროექტების წარმატებაზეა დამოკიდებული. ის ფაქტი, რომ საქართველო აღიარებულია როგორც ევროპისა და აზიის შემაერთებელი ერთ-ერთი მთავარი საკვანძო სახელმწიფო, უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს, უცხოეთის ქვეყნებისა და დიდი ინვესტორების მიერ საქართველოს მიმართ შემუშავებულ საინვესტიციო პოლიტიკას, ქვეყანაში ცალკეული მიმართულების, მათ შორის სრულიად ახალი დარგების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველოში 1994 წელს შემუშავდა ანტიკრიზისული პროგრამა და დაიწყო ფართომასშტაბიანი ეკონომიკური რეფორმა. მან ეკონომიკის ყველა სფერო მოიცვა. შემდეგ, მოკლე დროში მკვეთრად გამოსწორდა სიტუაცია. შარშან ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა.
1995 წლიდან დღემდე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ზრდის საშუალო ტემპი დაახლოებით 6-7 პროცენტის ფარგლებშია. ქვეყანაში მიღებულია 700-მდე კანონი, მათ შორის კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის“ შესახებ. ფუნქციონირება დაიწყო საფონდო ბირჟამ. დასრულდა სასამართლო რეფორმა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებითა და ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის წყალობით ინფლაციური პროცესები მართვადი გახდა. მსოფლიო კრიზისისა და განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ რუსეთში საფინანსო კრიზისის მიუხედავად, არ შერყეულა ეროვნული ვალურის - ლარის სტაბილურობა. დაიწყო საპენსიო რეფორმა. საქართველოს შიდა სასოფლო-სამეურნეო ბაზარი ძირითადად გაჯერებულია ადგილობრივი პროდუქციით, ვითარდება ტვირთზიდვის მოცულობა. მიზანმიმართული საპრივატიზაციო პოლიტიკის შედეგად სადღეისოდ ბიუჯეტში შენატანების თითქმის 80 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის. რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპია სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი ტალღა, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს შეეხება, როგორიცაა ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი. მუდმივად მიმდინარეობს კანონმდებლობის სრულყოფილება. პარლამენტსა და მთავრობაში მუშაობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ექსპერტებთან ერთად უფრო ხელსაყრელს ხდიან გარემოს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისათვის.
ვაჭრობის დეცენტრალიზაციისა და ლიბერალიზაციის მიზნით მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით განხორციელდა კონკრეტული ღონისძიებები: გაუქმნდა კვოტირება, საექსპორტო საბაჟო გადასახადები. საექსპორტო და საიმპორტო კონტრაქტების რეგისტრაცია, ფაქტობრივად მოხსნილია არასატარიფო ბარიერები და შეზღუდვები, ექსპორტის და იმპორტის ლიცენზირებას ექვემდებარება მხოლოდ ძალზე შეზღუდული ნომენკლატურის საქონელი. ევროკავშირის მთელმა რიგმა ქვეყნებმა და იაპონიამ საქართველოს მიანიჭა პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემის (შ) ბენეფიციარის სტატუსი.
ბოლო ხუთი წლის მანძილზე დიდი ბრიტანეთი უცვლელადაა წარმოდგენილი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ ათეულში. მართალია, თქვენს ქვეყანასთან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, მისი აბსოლუტური მნიშვნელობა განუხრელად კლებულობს, რაც საქართველოს ექსპორტს ზრდის ზოგადი ტენდენციის კიდევ ერთი კონკრეტული გამოვლენაა.
გვაქვს პრობლემებიც. მათგან, ყველაზე სერიოზული, ვფიქრობ, სახელმწიფო აპარატში ფეხმოკიდებული კორუფციაა. სწორედ კორუფციისა და კონტრაბანდის გამო ბოლო სამი წლის მანძილზე შეგვექმნა ბიუჯეტის შევსების პრობლემა. მართალია, შემოსავლის აკრეფის თვალსაზრისით უკვე გამოჩნდა დადებითი ტენდეცია, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. რამდენიმე დღის წინათ ჩემი განკარგულებით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც სექტემბერში წარმოადგენს კორუფციასთან ბრძოლის ფართომასშტაბიან პროგრამას.
ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო და არის უცხოელ ინვესტორთათვის საქმიანობის საუკეთესო პირობების შექმნა. მე პირადად ვარ საქართველოში საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე და გარწმუნებთ, რომ ხელს შევუწყობ თქვენი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მიერ წამოწყებული პროექტების განხორციელებას. ჩვენი კანონმდებლობით უცხოური ინვესტიციები მთლიანად და უპირობოდაა დაცული. უცხოელი ინვესტორები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ინვესტიციების მოცულობას და დაბანდების მიმართულებას, გარანტირებული აქვთ მიღებული მოგებისა და სხვა ფულადი სახსრების, მათს საკუთრებაში მყოფი ქონების საზღვარგარეთ დაუყოვნებელი და შეუფერხებელი რეპატრაციის გამარტივებული პროცედურა. ხელი გვაქვს მოწერილი 23 ქვეყანასთან შეთანხმებებზე ინვესტიციების ურთიერთხელშეწყობისა და დაცვის შესახებ, რომელთა შორისაა დიდი ბრიტანეთიც.
1996 წლის აპრილში ხელი მოვაწერეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. დღეისათვის ევროკავშირი და მასში შემავალი სახელმწიფოები საქართველოს მიიჩნევენ არა როგორც დახმარების მიმღებ, არამედ, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორ სახელმწიფოს. 1995-1996 წლებში საქართველოში მთლიანად, ბაქო-სუფსის მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით, შემოსულია მილიარდ 570 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია, რომელიც, ძირითადად, დაბანდებული არის ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მრეწველობისა და სხვა დარგებში. საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია დიდი ბრიტანეთიც - საქართველოში მისი პირდაპირი ინვესტიციები სახით 1995-1999 წლებში შემოსულია 94 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მეორე მაჩვენებელია ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ინვესტიციები, ძირითადად განხორციელებულია ვაჭრობის, გადამმუშავებელი მრეწველობის, ნავთობმოპოვებისა და ნავთობის ტრანსპორტირების სფეროებში. საქართველოში თავიანთი ინვესტიციები დააბანდეს და მუშაობა დაიწყეს ისეთმა ცნობილმა ბრიტანულმა კომპანიებმა, როგორებიცაა „ბრიტიშ პეტროლეუმი“, „რამკო“, „ჯეი-ქეი-ექსი“, „ბრიტიშ ეარვეიზი“ და სხვები.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო უაღრესად მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენი მდინარეების სიმძლავრეთა 10 პროცენტიც კი არ არის ათვისებული. იზრდება უცხოეთის საქმიანი წრეების დაინტერესება - განახორციელონ კაპიტალის ინვესტირება საქართველოს მომპოვებელ წარმოებაში. საზღვარგარეთის წამყვან ფირმებთან ერთად მიმდინარეობს ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოფლის მეურნეობას და კვების მრეწველობას. საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა, რის შესახებაც, სხვათა შორის, საკმაოდ კარგადაა მოთხრობილი ლონდონის ვინოპოლისში. ქვეყანა ძალზე მდიდარია მტკნარი, მინერალური და სამკურნალო წყლებით. ულამაზესი ბუნებისა და უძველესი ისტორიული ბუნებისა და უძველესი ისტორიული ძეგლების წყალობით არსებობს ტურიზმის განვითარების დიდი შესაძლებლობანი. საკმარისია ითქვას, რომ ოთხმოციანი წლების დამლევს საქართველოში ყოველწლიურად 6 მილიონამდე ტურისტი ჩამოდიოდა.
და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს, მის ყველა მონაწილეს. იმედი მაქვს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ჩემს ქვეყანას ბრიტანული ინვესტორებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
გმადლობთ.
„ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო და არის უცხოელ ინვესტორთათვის საქმიანობის საუკეთესო პირობების შექმნა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 19 ივლისი. - №193 (3594). - 1,2 გვ.
![]() |
11 „მივიღე მტკიცე და ურყევი გადაწყვეტილება - კორუფციის მანკი, მისი ყოველგვარი გამოვლინება, მათ შორის, კონტრაბანდა და ფალსიფიკაცია, ცეცხლითა და მახვილით უნდა ამოიშანთოს“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
24 ივლისის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ ინტერვიუს, რასაკვირველია, დიდ ბრიტანეთში თქვენი ვიზიტით დავიწყებთ. გასულ კვირას დიდი შვიდეულის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში - დიდ ბრიტანეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტი გაიმართა. თქვენ შეხვდით ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დედოფალს, რომელმაც უცხოელთათვის განკუთვნილი უმაღლესი ჯილდო გადმოგცათ. გქონდათ შეხვედრები საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. და არის ჩვენს პრესაში ასეთი განწყობაც, თითქოს ინგლისელებმა შევარდნაძე გულცივად მიიღეს..., - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- თქვენ საკმაოდ დეტალურად ისაუბრეთ წუხელ ამ ვიზიტის შესახებ, მაგრამ, ალბათ, ზოგიერთ საკითხს მაინც უნდა მივაპყროთ ჩვენი რადიომსმენელის ყურადღება.
იყო თუ არა შემთხვევითი ეს ვიზიტი დიდ ბრიტანეთში? რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ იყო ჩვენი არჩევანი, რადგან გადავწყვიტეთ, ერთ-ერთ პირველ ვიზიტად ახალი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში სწორედ დიდ ბრიტანეთს ვწვეოდით.
უპირველეს ყოვლისა, განვლილი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობა იმდენად განვითარდა, რომ გარკვეულწილად კიდევაც გასცდა 1995 წელს (პირველი ვიზიტის დროს) შემუშავებულ სახელშეკრულებო ჩარჩოებს.
ამ გარემოებას ლონდონშიც კარგად აცნობიერებენ, რისი დასტურიც გახლავთ საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის რობინ კუკის სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში, რომლის დროსაც მომზადდა დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საფუძველი.
ამ ვიზიტის ეკონომიკური ასპექტი მართლაც თვალსაჩინოა. საქართველოს დელეგაციას (კერძოდ, მინისტრებსა და უწყებათა ხელმძღვანელებს) მიეცათ შესანიშნავი საშუალება, ბრიტანეთის ბიზნეს-წრეებისათის ლონდონის „სიტიში“ მიეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და აქ არსებული კლიმატის შესახებ. ასეთი შესაძლებლობა მეც მომეცა ბიზნესმენთა დიდ ჯგუფთან შეხვედრისას. დაწვრილებით ვისაუბრეთ ისეთ პერსპექტიულ დარგებზე, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება და ტრანსპორტირება, მსხვილი საწარმოების მოდერნიზაცია...
„ბიჰი-ამოკოს“ კომპანიის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტის განხორციელების შედეგად რეალური გახდა სხვა, უფრო გაბედული და მასშტაბური პროექტებიც, როგორიც არის, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.
ასევე სავსებით რეალურია საქართელოს გავლით აზერბაიჯანიდან ბუნებრივი იმპორტი და ტრანზიტი თურქეთში.
კომპანია დაინტერესებულია საქართელოში ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების მშენებლობითა და რეკონსტრუქციით. ეს საკითხიც უშუალოდ უკავშირდება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის წარმატებულ და სტაბილურ ფუნქციონირებას.
შესანიშნავი პროექტი წარმოადგინა „ფრონტერას“ ხელმძღვანელმა ბატონმა სტივ ნიკანდროსმა, რომელიც სპეციალურად ჩამოფრინდა ლონდონში ჰიუსტონიდან. კერძოდ, ნაგულისხმევია კახეთში აღმოჩენილი დიდძალი ნავთობის ტრანსპორტირებისათვის ახალ საშუალებათა მოძიება. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით რკინიგზა (მით უმეტეს დღევანდელ ეტაპზე და მომავალშიც) შეუცვლელია, მაგრამ „ფრონტერა“ სერიოზულად ფიქრობს არსებული მილსადენების რეკონსტრუქციაზე, რათა მათი მეშვეობით უფრო სწრაფად და დიდი მოცულობით, თანაც იაფად, გაიტანოს ნედლი ნავთობი მსოფლიოს ბაზრებზე. სულაც არ არის გასაკვირი, თუ „ფრონტერა“ ასეთ გეგმებს ამუშავებს, ვინაიდან აქ იგულისხმება გრძელვადიანი და არა მოკლევადიანი პროექტები: მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ტარიბანის ველზე, საერთოდ შირაქში, მაგრამ განსაკუთრებით ტარიბანის ველზე, ნავთობის მარაგი შეადგენს ასობით მილიონ, ესე იგი, მილიარდამდე ბარელს. ეს მარტო მთავარ საბადოში.
გარდა ამისა, ისევე როგორც „ბიჰი-ამოკო“, „ფრონტერაც“ აპირებს ჩვენს ქვეყანაში ნავთობგადასამუშავებელ სიმძლავრეთა მოქმედებასა და გაძლიერებას, რათა ნედლი ნავთობი ადგილზევე გადაამუშაონ და მზა პროდუქცია საქართელოშივე მიიღონ. უფრო სწორად, ეს იყო ჩემი პირველი მოთხოვნა, როცა მათ შევხვდი და, როცა დავრწმუნდით რომ აქ დიდი ნავთობია, მათ შევთავაზე ასეთი პროექტი: უპირველეს ყოვლისა, უნდა დაკმაყოფილდეს საქართელოს მოთხოვნილება, საქართველოს ბაზარი და შეიქმნას საქართველოში იმდენი ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრე, რამდენიც საჭირო იქნება.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ამ პროექტებს და მზად არის გამოყოს გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები (მაგალითად, ლაპარაკია 50-60 მილიონ დოლარზე მარტო „ფრონტერასათვის“).
ეს საკითხები ლონდონში დაწვრილებით განვიხილეთ ევრობანკის პრეზიდენტთან ბატონ ჟან ლამერთან შეხვედრისას.
მასთან საუბარი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. მით უმეტეს, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევრობანკთან ძალზე წარმატებულად ვითარდება. მაგალითად, ინვესტორებთან შეხვედრისას მე ვთქვი, რომ ამჟამად მხოლოდ ეს ბანკი საქართველოში 14 პროექტს ახორციელებს, და მთლიანად ინვესტიციები, ამ ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტებით შეადგენს 168 მილიონ ევროს (საერთო ღირებულება).
ამრიგად, ევრობანკი ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია და, საერთოდ, იგი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბანკია. მე ამჯერად არ ვგულისხმობ უკვე განხორციელებულ პროექტებს. მაგალითად, ნინოწმინდის პროექტს, საქართველოს სააქციო-კომერციული ბანკებისათვის გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას და სხვა მრავალს. ჩვენი რამდენიმე ბანკი აქტიურად თანამშრომლობს ევრობანკთან, მათ შორის, გაერთიანებულ ქართულ ბანკში ევრობანკს თავისი წილი აქვს და ამით ამ ბანკის სტაბილურობასა და მის განვითარებას უწყობს ხელს.
ახალი ნავთობგადამმუშავებელი სიმძლავრეების შექმნაში ეს ბანკიც გვეხმარება.
აქვე შევნიშნავ მავანთა საყურადღებოდ: საქართველო აუცილებლად გახდება მძლავრი ნავთობქიმიური მრეწველობის ქვეყანა, რისი შესაბამისი საფუძველიც არსებობდა და რის ჩამოყალიბებაშიც თავის დროზე მეც გარკვეული წვლილი მიმიძღვის. კი არ ვიკვეხნი, ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ ამ დარგის აღორძინება და ახალ დონეზე აყვანა შესაძლებელი გახდა სწორედ „დიდი აბრეშუმის გზის“, ევრაზიის დერეფნის, დიდი ნავთობსადენისა და გაზსადენების იდეათა განხორციელების შედეგად. ასე რომ, ეს იდეები „საქარავნო გზას“ კი არ გულისხმობდა (როგორც ზოგიერთი ბოროტად ქილიკობს), არამედ საქართველოში წარმოებისა და მრეწველობის აღორძინებას ისახავდა და ისახავს მიზნად.
როგორც მოველოდი, ძალზე საინტერესო იყო შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან.
ჩემი შთაბეჭდილება, პირველი შეხვედრის შემდეგ, ადასტურებს ადრე გამოთქმულ ვარაუდს, რომ პრემიერი ბლერი ახალი გენერაციის პოლიტიკოსია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მრავალი ურთულესი პრობლემისადმი ნოვატორული და ორიგინალური მიდგომა.
მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ ჩრდილოეთ ირლანდიასთან და შოტლანდიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებანი, როდესაც იგი არ მოერიდა ძალიან რთული კომპრომისების გზით მიეღწია დაძაბულობის შენელებისათვის. მას დიდი გეგმები აქვს ქვეყნის მმართელობაში უაღრესად მნიშვნელოვან ცვლილებათა განხორციელების თვალსაზრისითაც. მოგეხსენებათ, ინგლისელები კონსერვატიულად განწყობილი ხალხია და იქ რეფორმებზე ლაპარაკი რამდენადმე სარისკოც არის.
რა თქმა უნდა, ჩემთვის ღირსსახსოვარია საუბარი მის უდიდებულესობასთან ელისაბედ მეორესთან.
ეს არ იყო ჩვენი პირველი შეხვედრა.
ამჯერადაც, მისმა უდიდებულესობამ საკმაოდ დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩემს მიმართ, ჩემი მეუღლის მიმართ, საერთოდ საქართველოსა და ჩვენი რეგიონისადმი.
საუბარმა დაგეგმილზე მეტ ხანს გასტანა.
არა მარტო საკუთარი, არამედ ჩემი ხალხისა და ქვეყნის სახელით მადლობა მოვახსენე ელისაბედ მეორეს, ასევე, პრემიერ-მინისტრს „წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის დიდი ჯვრის ორდენით“ ჩემი დაჯილდოებისათვის.
ეს არა მარტო პიროვნული, არამედ სახელმწიფოებრივი წარმატებაც არის, მით უმეტეს, რომ წმინდა გიორგი ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მფარველია.
ორდენს, რომელიც ინგლისელების გარდა თანამედროვეობის სულ რამდენიმე პოლიტიკოსს მიენიჭა, თან ახლავს „სერის“ წოდება და რაინდის ღირსება.
ყოველივეს ვუძღვნი ჩემს ხალხს და სრული რწმენით ვაცხადებ, რომ კვლავაც არაერთი ასეთი წარმატებული მოვლენის მომსწრენი ვიქნებით უახლოეს წლებში.
თქვენ დიდი შვიდეული ახსენეთ. მე არ გავარჩევ შვიდეულის დღის წესრიგს, ეს ცალკე საუბრის საგანია.
როგორც თქვენ იცით, ერთ-ერთი თემა გახლდათ ვალების ჩამოწერის, ვალების პატიების საკითხი.
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით ვერ იქნება მიღებული, რადგან ეს ურთულესი პრობლემაა, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მომზადდეს ნიადაგი (და ეს შეიძლება მოხდეს არც ისე შორეულ მომავალში), რომ, მთლიანად თუ არა, ვალების სამი მეოთხედი მაინც ჩამოიწეროს. თქვენ იცით, როგორ ვართ ამით დაინტერესებული. სხვათა შორის, ტონი ბლერთან საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ის იყო, რომ მან უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და მთელი მსოფლიო მას მხარს დაუჭერს ამ დიდი და კეთილშობილი საქმის წამოწყებაში
- კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, თქვენი ჯილდო გულისხმობს, რომ ამიერიდან თქვენ როგორც დიდგვაროვან ინგლისელს მოგიხსენიებენ. როგორც ვიცი, თავის დროზე ჩერჩილს მიანიჭეს ეს ჯილდო და კიდევ რამდენიმე ცნობილ ადამიანს ინგლისში. ამ ჯილდოს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ანიჭებდნენ ხოლმე გამორჩეულ პიროვნებებს და ტრადიციულად ძალიან საინტერესო რიტუალი სრულდება.
- ალბათ, რამდენიმე ადამიანზე, რამდენიმე უცხოელ მოღვაწეზეა ლაპარაკი.
- გუშინ კოსმოსურ ორბიტაზე პირველი ქართული თანამგზავრული სისტემის - რეფლექტორის წარმატებული გაყვანისა და გამოცდის ერთი წელი შესრულდა. კოსმოსური ტექნოლოგიები, შესაბამისი საქვეყნო პერსპექტივა ყოველთვის თქვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ბრძანდებოდით. როგორია დღეს ამ მხრივ საქართველოს პოზიციები მსოფლიოს ტექნოლოგიურ ასპარეზზე და რა მიმართულებით არის კონცენტრირებული ქვეყნის პოტენციალი?
- 1999 წლის 23 ივლისი, მართლაც, ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მეცნიერების ისტორიაში.
ამ დღეს პირველად გავიდა ორბიტაზე ქართლი კოსმოსური სისტემა. ქართველმა საინჟინრო ინტელექტმა თავისი სრულფასოვნება და პროგრესულობა დაადასტურა. ეს არ ყოფილა შემთხვევითი წარმატება. იგი წლების განმავლობაში ამ ურთლესი პრობლემისადმი სწორი და მიზანშეწონილი სახელმწიფოებრივი მიდგომის პირდაპირი შედეგი გახლდათ.
რამდენიმე ათეული წლის წინათ მხარი დავუჭირე ნიჭიერი ახალგაზრდების, სტუდენტების ჯგუფს, რომლებმაც ყველას გაგვიმართლეს იმედი.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილი, აგრეთვე, მისი კოლეგები, მათი ნიჭი, შრომისუნარიანობა და პატრიოტიზმი. ანუ, თუ ერთი სიტყვით გამოვხატავთ, ჭეშმარიტი ინტელიგენტურობა ამ საქვეყნო გამარჯვების ერთ-ერთ უმთავრეს გარანტად იქცა. სხვათა შორის, ამ პატრიოტიზმში ძალიან ბევრმა უნდა მიბაძოს ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილს, რადგანაც ამ ბოლო ხანს ვატყობ, რომ პატრიოტიზმის გრძნობას ძალიან ბევრი ღალატობს, მე არ ვამბობ თაობების მიხედვით. რამდენადმე სკეპტიკური განწყობილება იგრძნობა ისეთი ფენომენისადმი, როგორიც არის სამშობლო, როგორიც არის საქართველო, როგორიცაა მისი დღევანდელობა და მისი მომავალი დამოუკიდებლობა, ის ორიგინალური, განსაკუთრებული გზა, რომლისთვისაც მთელი მსოფლიო პატივს სცემს საქართველოს.
დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორბიტული რეფლექტორის შექმნაში საქართველოს პრიორიტეტი ერთხმად არის აღიარებული მსოფლიოს ინტელექტუალურ და სამეწარმეო წრეებში.
ამჟამად თანამედროვე სატელეკომუნიკაციო კოსმოსური სისტემისათვის აუცილებელ უმთავრეს ინსტრუმენტს, დიდი ზომის კოსმოსურ რეფლექტორულ ანტენას მსოფლიო ბაზარს სთავაზობს ორი ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო.
რაც შეეხება პრაქტიკულ შედეგს, აქ სამი მიმართულება არსებობს: წელს რომში ხელი მოაწერეს იტალიის, საქართველოსა და რუსეთის კომპანიათა შეთანხმებას სატელეკომუნიკაციო კოსმოსური თანამგზავრების შექმნაში თანამშრომლობის შესახებ და, სხვათა შორის, ბაზად აღებულია საგურამოს ცნობილი კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი, გამოსაცდელი ექსპერიმენტული ბაზა, რომელმაც ამდენი წლის გამოცდას გაუძლო.
რამდენიმე თვის შემდეგ უმაღლესი ტექნოლოგიის შემცველი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავა. იტალიის კომპანია „ალენია აეროსპაცია“, რომლის პრეზიდენტს სექტემბერში შეხვდები, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან წინადადებებსაც გვთავაზობს, რის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ.
მეორე მიმართულებაა „დიდი აბრეშუმის გზის“ კოსმოსური სატელეკომუნიკაციო სისტემის შექმნა. ამ იდეის ერთ-ერთი ავტორი, რა თქმა უნდა, მეც გახლავართ ჩემს კოლეგებთან ერთად, და მას უკვე განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნებში (განსაკუთრებით, აკადემიკოს საგდეევის, აშშ) ცნობილი ჯგუფები, რომელიც ორჯერ იყო საქართველოში და ასევე მოინახულა ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი და სხვა სახელმწიფოები.
მესამე მიმართულება არანაკლებ მნიშვნელოვანია. იგი ითვალისწინებს ქართველი მეცნიერების მონაწილეობას საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის პროცესში. ამ თვალსაზრისითაც ქართველმა მეცნიერებმა, თავისი ქვეყნის პატრიოტებმა და ჭეშმარიტმა მამულიშვილებმა, უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთეს და მოვა დრო, როდესაც საზოგადოება ყველაფერს შეიტყობა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს განუხრელი აღმასვლისა და გაძლიერების საწინდარია.
- გასულ კვირას, ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ, თქვენ უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად სამი საათის განმავლობაში მსჯელობდით კონტრაბანდის, გადასახადების, კორუფციის შესახებ. როგორ სრულდება ამ თვალსაზრისით ადრე მიღებული გადაწყვეტილება?
- ჩვენ უკვე მეორედ ვიმსჯელეთ ამ პრობლემის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე. რატომ უშიშროების სხდომაზე? იმიტომ, რომ სწორედ ეს - კორუფცია, კონტრაბანდა და გადასახადების გადაუხდელობა უთხრის ძირს ეროვნულ უშიშროებას.
მსჯელობამ დაადასტურა, რომ არჩვენების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები, ჩემი გადაწყვეტილებები და მთელი ძალისხმევა (კორუფციის წინააღმდეგ) არის არა კონიუნქტურა, არამედ სამკვდრო-სასიცოცხლო, საქვეყნო აუცილებლობა. ეს გახლავთ პრეზიდენტის ნება, განვიკურნოთ ამ უმძიმესი სენისაგან.
პირველი შედეგებიც უკვე თვალსაჩინოა.
ძალას იკრებს და მოქმედებას იწყებს ცნობილი კანონი (რომელიც პარლამენტმა ჩემი ინიციატივით მიიღო და მადლობა კანონმდებლებს ამისათვის) „კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის“ დამატებითი ღონისძიებების შესახებ.
იგი ითვალისწინებს არა მარტო კონტრაბანდული საქონლის, არამედ იმ სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება კონტრაბანდა და ხდება ტრანსპორტირება. ეს მკაცრი ღონისძიება იყო, მაგრამ მან უკვე მოგვცა შედეგი, ვინაიდან კონტრაბანდისტებმა იგრძნეს კანონის სუსხი და დარწმუნდნენ კიდეც, რომ სახელმწიფოს შესწევს კანონის აღსრულების ძალა და უნარი.
რამდენიმე დღის შემდეგ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ბატონი ვანო ჩხარტიშვილი წარმოადგენს მოხსენებას ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბისა და მისი ლეგალიზების შესაძლო საშუალებათა შესახებ. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა სამეცნიერო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით და, თუ იგი ამ კონდიციის შესაბამისი იქნება, დიდად დაეხმარება იმ კომისიას, რომელიც ჩემი ბრძანებულებით შეიქმნა.
სამართალდამცავმა ორგანოებმაც უდავოდ გააძლიერეს ბრძოლა კანონდარღვევათა წინააღმდეგ.
მაგალითად, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მაცნობეს, სულ მალე აღმოიფხვრება ისეთი საზარელი დანაშაული, როგორიც არის ჰუმანიტარული დახმარებისათვის გათვალისწინებული საკანონმდებლო შეღავათების ანგარებით გამოყენება.
უკვე მხილებულია თბილისის საქველმოქმედო ფონდი „ფიქალი“, არასამეწარმეო ორგანიზაცია „აფაზეთის ხსნის“ ფონდი (წარმოგიდგენიათ? სახელწოდება როგორაა და საქმე როგორი?), დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების „აღორძინების ჰუმანიტარული ფონდის“ ამიერკავკასიის განყოფილების ხელმძღვანელობა, თბილისის საქველმოქმედო ფონდი „საპიენსი“, თბილისის საერთაშორისო ფონდი „მეცენატი“ და სხვა. აქ მილიონობით, ვიმეორებ, მილიონობით მიტაცებულ თანხებზეა ლაპარაკი, თანაც ჰუმანიტარული დახმარების, ფალსიფიცირებული დოკუმენტების გამოყენებით.
არსებობს უამრავი ფაქტი, რომლებიც სულ მალე გამომზეურდება. საზოგადოება შეიტყობს იმათ სახელებს და „საგმირო საქმეებს“, ვინც ქვეყნის გაჭირვებითა და უბედურებით სარგებლობს ჯიბის გასასქელებლად.
ამ დილით წავიკითხე შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული მასალა იმის შესახებ, თუ რა ბინძური მეთოდებით ითვისებენ საბაჟოს თანამშრომლები საგზაო ფონდის გადასახადებს. მეთოდი ასეთია: სატვირთო მანქანების რეკვიზიტების ნაცვლად აჩვენებენ მსუბუქი ავტომანქანების რეკვიზიტებს, მოგეხსენებათ, სატვირთო მანქანებზე გადასახადი 3-ჯერ მეტია, ვიდრე მსუბუქ ავტომობილებზე. მარტო 6 მანქანის (თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა კომბინაცია ტრაიალებს მთელ საქართველოში) დოკუმენტების გაყალბებით მიითვისეს თანხა 4000-მდე ლარის ოდენობით. ეს წვეთია ზღვაში. უნდა აღინიშნოს წესრიგის დამყარებაში საბაჟო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელობის აქტივობაც.
მინდა ვთხოვო პრეზიდენტის პრესსამსახურს, „საქართველოს რესპუბლიკას“, „სვობოდნაია გრუზიას“, სხვა გაზეთებს, ტელეპროგრამებს, გამოაქვეყნონ ცხელ-ცხელი მასალები გამოვლენილ დანაშაულთა შესახებ. ალბათ, სხვა გაზეთებიცა და სხვა ტელეპროგრამებიც გამოიყენებენ ამ მასალებს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორ სრულდება პრეზიდენტის ბრძანებულება, და უნდა იცოდეს დღეს და არა ორი სამი წლის შემდეგ.
აქ ყოველგვარი უკან დახევა გამორიცხულია.
თუ ვინმეს ჩვენი ლმობიერება სისუსტის გამოვლინება ეგონა, სულ მალე დარწმუნდება, რა შეუძლიათ საზოგადოებას, სახელმწიფოსა და თვით პრეზიდენტს, როდესაც მათი მოთმინების ფიალა აივსება და როდესაც პრობლემა გადაწყვეტისათვის მომზადდება.
რამდენიმე დღის წინათ სატელევიზიო გამოსვლისას თანამემამულეებს მოვახსენე, რომ მივიღე მტკიცე და ურყევი გადაწყვეტილება - კორუფციის მანკი, მისი ყოველგვარი გამოვლინება, მათ შორის, კონტრაბანდა და ფალსიფიკაცია, ცეცხლითა და მახვილით უნდა ამოიშანთოს.
სხვათა შორის, აქვე უნდა შევნიშნო: ცნობილ ბრძანებულებას ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფის შექმნის შესახებ საზღვარგარეთაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამჯამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რეზო ადამია (მათი ვიზიტი, უნდა გითხრათ, წარმატებით მიმდინარეობს), რომლებიც მატყობინებენ, რომ ჩემი ინიციატივა ადეკვატურად აღიქვეს როგორც თეთრ სახლში, ასევე, კონგრესში და მზად არიან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველგვარი, კერძოდ, ფინანსური დახმარებაც კი გაგვიწიონ.
ვსარგებლობ ამ შემთხვევით და მივმართავ ყველას, ვისთვისაც კონტრაბანდა, შემოსავლის დამალვა და გადასახადისათვის თავის არიდება, ესე იგი, სახელმწიფოს ძარცვა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ხელი აიღოს დანაშაულზე! ვიმეორებ, ხელი აიღოს დანაშაულზე, ეს თქვენი წყალობით გაჩნდნენ ქვეყანაში უხელფასო პედაგოგები, პენსიამიუღებელი მოქალაქეები, თქვენი მიზეზით არ სრულდება ბიუჯეტი, იტანჯება ხალხი, თქვენ კი მდიდრდებით. დაიმახსოვრეთ, ამ უმძიმეს დანაშაულს არ გაპატიებთ! თანაც არც დიდმასშტაბიანი რეპრესიებია მისაღები ჩვენი საზოგადოებისათვის. ყოველი ადამიანის თავისუფლების აღკვეცა ტრაგედიაა ოჯახისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. მაშ, გონს მოეგეთ და იმოქმედეთ ისე, რომ კანონი არ დაარღვიოთ, თქვენ თქვენი მიიღოთ, სახელმწიფოს კი გადაუხადოთ ის, რაც კანონით იქნება გათვალისწინებული. სხვა შემთხვევაში დანდობა არ იქნება. ერთხელ კიდევ გაფრთხილებთ და ერთხელ კიდევ მოგმართავთ.
- გადასახადების გადაუხდელობისა და კორუფციის გარდა, რასაკვირველია, ჩვენს ეკონომიკაზე, ალბათ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ის არნახული გვალვა, ბოლო წლების მანძილზე რომ დაატყდა თავს საქართველოს. იმედოვნებთ თუ არა, რომ უცხოელი მეგობრები დაგვეხმარებიან...
- წლევანდელი გვალვა, განსაკუთრებით კახეთსა და ზოგიერთ სხვა რაიონებში, ეკოლოგების აზრით, მართლაც, უმაგალითოდ მკაცრია. უახლოეს დღეებში მე აუცილებლად ჩავალ კახეთში სპეციალისტებთან ერთად. არ გამოვრიცხავ, რომ მეგობარი ქვეყნების ელჩებსაც, ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ვთხოვო წამობრძანება, რათა უშუალოდ შევისწავლოთ ვითარება.
მოსალოდნელია, იგი შეფასდეს როგორც ეკოლოგიური კატასტროფა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა უმოწყალო სტიქიის შედეგი, შეძლებისდაგვარად, ნაკლებად მტკივნეული იყოს მოსახლეობისათვის.
საამისოდ მოვიძიებთ როგორც საკუთარ მწირ რესურსებს, ასევე, უცხოურ დახმარებას.
ამჟამად სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და ადგილობრივ მმართველობათა უმთავრესი საზრუნავი სათესლე მასალით ფერმერთა უზრუნველყოფა უნდა იყოს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი უცხოელი მეგობრებიც დაგვეხმარებიან. შესაძლოა მივმართოთ ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.
- გასულ კვირას გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მოუწოდა აფხაზეთის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტისათვის. ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ გაეროში ძირითადად დასრულდა მუშაობა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური სტატუსის პრინციპებზე. როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?
- მე, საერთოდ, ყოველ შემთხვევაში, ძირითადად უკვე ვიცნობ იმ პრინციპულ დებულებებს, რომლებიც, შესაძლოა საფუძვლად დაედოს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის მომავალ მოდელს.
ეს პრინციპები უეჭველად გახდება მხარეთა შორის მოლაპარაკების საგანი. ისინი ითვალისწინებს განვლილი წლების გამოცდილებას, გაეროსა და ეუთოს ფუძემდებლურ დოკუმენტებს, სხვა რეგიონებში უკვე მიღწეულ შეთანხმებებს და ასე შემდეგ.
როგორც კი ამ პრინციპის საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი დოკუმენტი, მე მზად ვარ, სოხუმში განვაგრძო მოლაპარაკება კონკრეტულ საკითხებზე. თქვენ იცით, რომ ბატონი არძინბა დიდი ხანია მეპატიჟება იქ ჩასასვლელად და შესაძლოა, კიდეც მივიღო საბოლოოდ გადაწყვეტილება აფხაზების ხელმძღვანელობასთან ერთად.
ასეთია ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.
- რუსეთი რამდენად დაუჭერს მხარს ამ პოზიციას? რადგან არსებობს ინფორმაცია, ვთქვათ იგივე გაეროში, რომ რუსეთის წარმომადგენლობა გარკვეულწილად აფერხებს კიდეც ამ საკითხზე მუშაობას.
- რაკი ეჭვი არ მეპარება რუსეთის პრეზიდენტის ბატონ ვლადიმერ პუტინის განცხადებებში (კერძოდ, პირადი შეხვედრების დროსაც), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ. ამდენად ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა მხარი არ დაუჭიროს იმ პრინციპებს, რომლებიც ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ძალიან მაღალი სტატუსით განსაზღვრას ითვალისწინებს.
რუსეთი სისხლხორცეულად უნდა იყოს დაინტერესებული მეზობელი სახელმწიფოების ერთიანობით, სტაბილურობითა და თავისი სამხრეთის საზღვრების უშიშროებით. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს ეხება.
ეს გარემოება უეჭველად განსაზღვრავს რუსეთის პოზიციას აფხაზეთის პრობლემის მიმართაც. თუ ასე არ მოხდა, რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ძალიან დიდი და სერიოზული შეცდომა იქნება.
„მივიღე მტკიცე და ურყევი გადაწყვეტილება - კორუფციის მანკი, მისი ყოველგვარი გამოვლინება, მათ შორის, კონტრაბანდა და ფალსიფიკაცია, ცეცხლითა და მახვილით უნდა ამოიშანთოს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 25 ივლისი. - №199 (3600). - 1,2 გვ.
![]() |
12 საქართველოში კორუფციის გავრცელების არეალი და მისი დონე აბსოლუტურად შეუთავსებელია ჩვენს ინტერესებთან და დიდ ზიანს აყენებს სახელმწიფოს |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი
2000 წლის 24 ივლისი
საინფორმაციო სააგენტო „ელიზი-ნიუსი“: ცნობილი გახდა, რომ ჩვენში კორუფციის პროცენტული მაჩვენებელი 8,5 ერთეულით განისაზღვრა. ამ ციფრმა დიდი აზრთა სხვაობა გამოიწვია - ფიქრობენ, რომ ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. თქვენ რა კომენტარს გაუკეთებდით ამ მაჩვენებელს?
ედუარდ შევარდნაძე: კორუფციის დონის გამოკვლევას სხვადასხვა ჯგუფები აწარმოებენ და მონაცემებიც სხვადასხვაა. ზოგი მეტს ამბობს, ზოგი - ნაკლებს, ახლა ჩვენ საგანგებოდ ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან, სპეციალისტებთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად. გვინდა დავადგინოთ საბოლოო მაჩვენებელი. დიდ მნიშნელობას პროცენტულ მაჩვენებელს კი არ ვანიჭებ, არამედ იმას, რომ კორუფციის გავრცელების არეალი და მისი დონე აბსოლუტურად შეუთავსებელია ჩვენს ინტერესებთან და დიდ ზიანს აყენებს სახელმწიფოს.
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“: 23 ივლისი დაუკავშირდა ორბიტაზე პირველი ქართული რეფლექტორული ანტენის გაშვებას. რამდენი წლის ოცნება აგისრულდათ თქვენ ამ ქართული რეფლექტორული ანტენის კოსმოსში გაყვანით?
ედუარდ შევარდნაძე: არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ჯგუფთან და ბატონ ელგუჯა მეძმარიაშილთან ურთიერთობა მაქვს 1981 წლიდან, როდესაც სტუდენტურ ლაბორატორიაში სრულიად ახალგაზრდა, უწვერულვაშო ბიჭები შეუდგნენ ამ უაღრესად საინტერესო და გაბედული იდეის რეალიზაციას. მას შემდეგ მე მათთან კავშირი არ გამიწყვეტია. ჩემი გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ჩემს ურთიერთობას ელგუჯა მეძმარიაშვილთან, მე მას ვენდობოდი და ვენდობი. მადლობა ღმერთს, რომ არ გავწბილდი.
„იტარ-ტასი“: თქვენ არაერთხელ განგიცხადებიათ, რომ აფხაზეთში გამართული პრეზიდენტის არჩევნები უკანონოა. თქვენ თქვით ისიც, რომ არძინბამ შეიძლება თავი იმპერატორადაც გამოაცხადოს, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლებაო. ამასთან დაკავშირებით, რა კომენტარს გაუკეთებდით იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო მინისტრმა გიორგი არსენიშვილმა სოხუმში რამდენჯერმე სახალხოდ უწოდა არძინბას აფხაზეთის პრეზიდენტი, რამაც სოხუმის ხელისუფლების დიდი სიხარული გამოიწვია. არის ეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციის ცვლილება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორც გამოუცდელი გიორგი არსენიშვილის უნებლიე შეცდომა?
ედუარდ შევარდნაძე: მე პრინციპულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რა ფორმით მივმართავთ ვლადისლავ არძინბას. ჩემთვის იგი არის პარტნიორი მოლაპარაკებაში. ვფიქრობ, როგორც ქართველების, ასევე აფხაზების ინტერესებშია, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ორი ხალხის შერიგებას. მე განვაცხადე, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში მზადდება ძალზე სოლიდური დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. არ ვიცი, როგორი რეაქცია ექნება არძინბას ამ დოკუმენტზე, თუმცა ამით მოლაპარაკებათა პროცესის გააქტიურებისათვის კარგი საფუძველი იქნება.
საკითხი, თუ როგორ მივმართავთ ჩვენ ერთმანეთს, არც თუ ისე არსებითი მნიშვნელობისაა. მთავარია, მივაღწიოთ ძირითადი პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას - ხალხის დაბრუნებას და პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას.
„პრაიმ-ნიუსი“: ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება საქართველოს ხელისუფლებაში სერიოზული კრიზისის შესახებ, რომელიც მან დაუკავშირა ზურაბ ჟვანიას წინააღმდეგ მანანა არჩვაძის მიერ გამოთქმულ განცხადებას. სააკაშვილის თქმით, ასეთი პირები სამართალდამცავი ორგანოების მიერ იმართებიან და ეს იმ ერთიანი გეგმის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული პირების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
როგორ ფიქრობთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პროკურატურის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლა, თუ მართლაც იყენებენ სამართალდამცავები თავიანთ უფლებამოსილებას საკუთარი მიზნებისა თუ ინტერესების განსახორციელებლად?
ედუარდ შევარდნაძე: ვწუხვარ, რომ ქალბატონ მანანას ვერ მოვუსმინე, არ მქონდა დრო. შეიძლება საჭიროც იყო, რომ მომესმინა. ამიტომ ის ფრაზა, რომელსაც შემდგომში ბატონმა მიხეილმა მიაქცია ყურადღება, ჩემამდე არ მოსულა. რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს და სახელისუფლო კრიზისს, ასეთი კრიზისი საქართველოში არ არსებობს. რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რატომ არ დაიწყო ძიება, დევნა ამა თუ იმ სამართალდამცავმა სტრუქტურამ, ამას კიდევ შესწავლა უნდა. სხვათა შორის, ყველა მოქალაქეს შეუძლია, თავისი ინიციატივით ასეთი საქმე აღძრას, იჩივლოს სასამართლოში და დაიცვას იმ ადამიანების ღირსება, რომელიც შეურაცხყვეს. ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. თუ ქალბატონმა მანანამ მართლაც იკადრა და შეურაცხყო ბატონი ზურაბ ჟვანია, მაშინ ბატონ მიხეილს თვითონაც შეეძლო არ გადაებარებინა ეს საქმე სამართალდამცავი ორგანოებისათვის.
რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის გაძლიერება. რამდენად აუცილებლად მიგაჩნიათ ამ ეტაპზე ამგვარი ღონისძიებები და განახორციელებს თუ არა ანლოგიურ ღონისძიებებს ქართული მხარე?
ედუარდ შევარდნაძე: მიმაჩნია, რომ რუსეთი სავსებით სწორად იქცევა. მართალია, დაგვიანებით, მაგრამ საზღვრის დაცვის გაძლიერების დამატებითი ზომები უეჭველად გამართლებულია. ასეთსავე ზომებს ვიღებთ ჩვენი მხრიდანაც. თუმცა რუსეთის შესაძლებლობების შედარება ჩვენს რესურსებთან არ იქნება ობიექტური.
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ევროპის უშიშროების სტრუქტურების გადაწყვეტილებას, გააძლიერონ და გაზარდონ მეთვალყურეთა რაოდენობა, რომლებიც კონტროლს გაუწევენ ამ მონაკვეთზე ვითარებას და წესრიგს.
„საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი“: კონკრეტულად რა შედეგებს ელით საგადასახადო სფეროში საგანგებო ლეგიონისაგან და როდისთვის?
ედუარდ შევარდნაძე: საგანგებო ლეგიონის შექმნას, ალბათ, გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ეს პროცესი დროში არ უნდა გაიწელოს. ლეგიონი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიქმნას. ჩვენ ამ საკითხის შესახებ უშიშროების საბჭოზე ვითათბირეთ, მინისტრს მიხეილ მაჭავარიანს მიეცა დავალება, რაც შეიძლება სწრაფად განახორციელოს ამ სისტემის რეფორმა. ეს საკმაოდ დიდი ძალაა - სამასზე მეტი პოლიციელი ჩაირიცხება მომავალ ლეგიონში. თუ მივაღწევთ იმას, რომ ყველა პოლიციელი ნორმალურად შეასრულებს თავის ფუნქციას ამ სისტემაში, მაშინ უშიშროების სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვები გამოთავისუფლდებიან იმ საქმისაგან, რომელიც მათთვის არ არის დამახასიათებელი და რაც ხშირად არის დაკავშირებული ბევრ გაუგებრობასთან.
„აფხაზეთის ტელევიზია“: 11 ივნისს სოხუმში ხელმოწერილი ოქმის პირველმა პუნქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მასში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცემიან ის პირები, რომელთა თუნდაც პოლიტიკურად დასაბუთებულ განცხადებაში იქნება მოწოდება აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების შესახებ. საქართველო ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, იტოვებს თუ არა უფლებას, თუკი სამშვიდობო პოლიტიკური მოწესრიგების პროცესი საბოლოოდ ჩიხში შევიდა, თავისი ტერიტორია ძალისმიერი მეთოდით დაიბრუნოს? დიდ ბრიტანეთში ყოფნისას თქვენ განაცხადეთ, რომ აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკება დამთავრდა. რა იგულისხმეთ ამ ფრაზით?
ედუარდ შევარდნაძე: ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისათვის, შერიგების და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების კურსი მთავარი და განმსაზღვრელია. თუ ეს ასე, მაშინ ჩვენთვის ომის პროპაგანდა, საკითხის ძალისმიერი გზით მოგვარება მიუღებელია. მეორე, ვინც ემზადება, თუნდაც ძალით დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორია, ის არ ხმაურობს და ნაკლებად საუბრობს მზადყოფნის შესახებ. სერიოზული ხალხი ასეთ გეგმებზე აშკარად, სახალხოდ და საჯაროდ არ ხმაურობს. ამისათვის არსებობს სათანადო სტრუქტურები, რომლებიც რაღაცისათვის, შეიძლება, ემზადებოდნენ, მაგრამ ამის შესახებ არავინ არ უნდა იცოდეს. ამიტომ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რაც დოკუმენტში ჩაიწერა. ეს არის ოქმი და არა ხელშეკრულება. იქ ჩაიწერა, რომ ომის პროპაგანდა დაისჯება როგორც ერთი, ასევე მეორე მხრივ.
რაც შეეხება სტატუსს, მე განვაცხადე, რომ მიმდინარეობს მუშაობა სტატუსის პროექტზე, ასეთი მუშაობა დამთავრდა, მაგრამ ეს გახლავთ პროექტი. როცა პროექტი მზად იქნება და გაეროს უშიშროების საბჭო მას რეკომენდაცია მისცემს, ეს გახდება საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ და აფხაზებმა ამ პროექტის საფუძველზე ვაწარმოოთ მოლაპარაკება და შედეგს მივაღწიოთ.
რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: მიიღება თუ არა დამატებითი ზომები ელიავას დაკრძალვასთან დაკავშირებით და არსებობს თუ არა ამის გამო დასავლეთ საქართველოში შეშფოთების საფუძველი?
ედუარდ შევარდნაძე: უწინარესად, მე საჯაროდ და სახალხოდ გამოვხატე სამძიმარი მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. მეორეც, მიმაჩნია, რომ ამ პიროვნების დასაფლავების საკითხი ოჯახის გადასაწყვეტია და არა - პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობებისა. ადამიანისა და ღმერთის მიერ დაწესებულია - როცა ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან, მას გარკვეული წესის დაცვით ასაფლავებენ, მიწას მიაბარებენ და სული წავა იქ, სადაც უნდა წავიდეს. ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობის მიერ დაწესებული წესის უგულებელყოფა, ალბათ, გამართლებული არ უნდა იყოს. მინდა შევპირდე ოჯახსაც და ყველას, ვინც ამ საკითხით არის დაიტერესებული, რომ გამოძიება, იმ პირების მიმართ, ვინც ბატონ ელიავასთან იმყოფებოდნენ, და მონაწილეობდნენ, ჩატარდება აბსოლუტურად ობიექტურად. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს.
გაზეთი „სეგოდნია“: თვეზე მეტი გავიდა დსთ-ს ბოლო სამიტის შემდეგ, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ. მოსალოდნელი იყო, რომ პროჩეჩნური პოლიტიკის თაობაზე საქართველოს მიმართ წაყენებული ბრალდებები სხვა სიბრტყეში გადავიდოდა. ბოლო დღეებში დასახელდა ორი კონკრეტული მისამართი საქართველოში ჩეჩნეთის მხარდაჭერის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი განცხადება სერგეი იასტრჟემბსკის ეკუთვნის და შეეხება ჩეჩნეთის ტერორიზმის ცენტრს „კავკასიის სახლს“. ამას ემატება, განცხადება 34 მილიონი დოლარის შესახებ, რომელსაც უსამა ბენ ლადენი ტერორისტებს უგზავნის და რომელიც ჩეჩენ ტერორისტებს საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით მიეწოდება.
ედუარდ შევარდნაძე: ბატონ იასტრჟემბსკის პირადად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ხშირად შეჰყავთ შეცდომაში. ამ საკითხით, ალბათ, სპეციალური ორგანოები არიან დაკავებული. თქვენ მიერ დასახელებული არც ერთი ინფორმაცია საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს, არც საქართველო და არც აზერბაიჯანი არ არიან დაინტერესებული ტერორიზმის წახალისებით, სადაც უნდა იყოს ეს - რუსეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის თუ სხვა რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
„საავტორო გაზეთი“: თქვენ მიმართეთ საინფორმაციო საშუალებებს, გამოაქვეყნონ მასალები კორუფციის შესახებ. ვფიქრობ, ამ დარბაზშიც და მის გარეთაც არის უამრავი ჟურნალისტი, რომლებიც წლების განმავლობაში მართლაც აქვეყნებდნენ ამგვარ მწვავე მასალებს. როგორ აპირებს უშუალოდ პრეზიდენტი, მისი პრესსამსახური და ძალოვანი სტრუქტურები იმ ჟურნალისტების დაცვას, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ?
ედუარდ შევარდნაძე: კანონი იცავს ჟურნალისტსაც და ყველა მოქალაქეს, თუ საქმე არა გვაქვს ცილისწამებასთან.
საქართველოში კორუფციის გავრცელების არეალი და მისი დონე აბსოლუტურად შეუთავსებელია ჩვენს ინტერესებთან და დიდ ზიანს აყენებს სახელმწიფოს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 25 ივლისი. - №199 (3600). - 1,3 გვ.
![]() |
13 აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ცოტნე,
გულითადად გილოცავთ დაბადების 80 წლის იუბილეს. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება მადლიერების სიტყვები გითხრათ საქართველოსა და უცხოეთში აღიარებულ ბრწყინვალე პროფესიონალსა და ღვაწლმოსილ ადამიანს.
თქვენი საამაყო მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნისა და ერის სასიკეთოდ, დაუღალავი შრომა, პროფესიისადმი თავდავიწყებული სიყვარული მისაბაძ მაგალითად არის ქცეული თქვენი მოსწავლეებისათვის.
დარწმუნებული ვარ, და ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩვენი დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა, რომ თქვენ კიდევ ბევრ სიკეთეს მოუტანთ ჩვენს ხალხს, რომლის სამსახურსაც მთელი ცხოვრება მიუძღვენით. თქვენ შესაშური შემართებით დღესაც აგრძელებთ ნაყოფიერ მოქმედებით მოღვაწეობას, ეს ხომ თქვენი ცხოვრების წესია.
თქვენი პიროვნების დასახასიათებლად ის ფაქტიც კმარა, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ამ მძიმე ფინანსურ პირობებში, ჩვეული თავმდაბლობით უარი განაცხადეთ იუბილის გადახდაზე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თავდადებული მოღვაწეობისათვის საქართველოს საკეთილდღეოდ.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
26.07.2000 წელი
აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 27 ივლისი. - №201 (3602). - 1 გვ.
![]() |
14 „ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის ინტერესები უმაღლესია და მე ყველასაგან საქვეყნო პრობლემებისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
31 ივლისის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე 2001 წლის ბიუჯეტის განხილვისას თქვენ ბრძანეთ, რომ საბიუჯეტო კრიზისი საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ ეს განცხადება გაკეთდა ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის თაობაზე ბრძანებულების ხელმოწერის პარალელურად, რაც, თავის მხრივ, უშუალოდ უკავშირდება ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემუშავების პროცესს. რამდენად მართებულია ასეთი ვარაუდი და რამდენად უკავშირდება ერთმანეთს ეს საკითხები? ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- 2001 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის წინასწარი განხილვისას კოლეგებთან შევთანხმდით, რომ ეს უნდა იყოს, როგორც ჩვენ დავარქვით, „ძლიერი ბიუჯეტი“ - არსებობს ასეთი ტერმინი ეკონომიკურ მეცნიერებაში.
„ძლიერი ბიუჯეტი“ ნიშნავს ფინანსურად გაწონასწორებულ, დეტალურად გაანგარიშებულ და მიზანშეწონილ, ანუ დარგობრივად, პრიორიტეტების შესაბამისად მიზანმიმართულ ბიუჯეტს.
სავსებით ბუნებრივია, თუ 2001 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა მიმდინარეობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზების კონტექსტით, ეს უდიდესი რესურსია და თუ მას გამოვიყენებთ, მიუხედავად გვალვისა, მომავალი წლის ბიუჯეტი არათუ შესრულდება არამედ ერთგვარ რეზერვსაც შევქმნით ცალკეული დარგების, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესის განვითარებისათვის. მკვეთრად გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და სწორედ ეს გახლავთ საპრეზიდენტო პროგრამის იმ დებულების არსი, რომელიც მოგვიწოდებს, 180 გრადუსით შემოვბრუნდეთ ეკონომიკისაკენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა გასულ კვირას, მთავრობის თათბირზე, საკმაოდ კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური მოხსენება წარმოადგინა ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზების პრობლემებზე.
რა თქმა უნდა, აქ რაიმე სასწაულს არ უნდა ველოდეთ, ვინაიდან საქმე გვაქვს ურთულეს, კერძოდ, სოციალური შინაარსის შემცველ პრობლემებთან, მაგრამ კონკრეტული და მკაფიო პროგრამის შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია ჩრდილოვანი ეკონომიკის სეგმენტის თანდათანობით შეზღუდვა, შემდგომ კი მისი მთლიანად მოსპობა.
რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენ არ ვაპირებთ დაველოდოთ ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის დასრულებას. ამჟამად სახელმწიფო სტრუქტურები ყოველ ღონეს ხმარობენ კონტრაბანდის, ფალსიფიკაციისა და კორუფციის სხვა გამოვლინებათა აღმოსაფხვრელად.
მათს ძალისხმევას პირველი შედეგები უკვე მოჰყვა. ამ თვალსაზრისით ეჭვს აღარ იწვევს საბიუჯეტო შემოსავლის ივლისის გეგმის შესრულება. მადლობა ეთქმის საგადასახადო შემოსავლების მინისტრს, მთლიანად სამინისტროს, შესაბამისი დეპარტამენტების თავკაცებს, ადგილობრივ მმართველობათა ხელმძღვანელებს და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მინისტრს, რომელიც ყოველდღიურად ადევნებს თვალს ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას.
რადგან ამ საკითხს შევეხე, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ აუცილებელია ყოველდღიურად გაძლიერდეს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ეს ქვეყნისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა (ამ გამოთქმას პირველად არ ვხმარობ) და ამით უნდა ვხელმძღვანელობდეთ ყველანი. კიდევ ერთხელ საქვეყნოდ უნდა განვაცხადო, რომ მე და ჩემს მეუღლეს არც ერთი ნათესავის, მეგობრების ან ნაცნობების ბიზნესთან არავითარი საერთო არა გვაქვს და მთელი ეს ხმაური ეგრეთ წოდებული სანათესაოს შესახებ გამომდინარეობს იმ ადამიანების მერკანტელური ინტერესებიდან, რომელთაც ეგრეთ წოდებული სანათესაოს შესახებ ეგრეთ წოდებული „ჭერი“ სჭირდებათ, ან ჩვენი გარემოცვის სინდისგარეცხილ ადამიანთა საქციელიდან, რომელთაც სურთ პრეზიდენტის სახელით შეინიღბონ.
საქართველოს პრეზიდენტის ნება, როგორც ადრე ვთქვი, ურყევია, კანონისა და ხალხის რისხვა კი არავის არ ასცდება, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა, წარმომავლობისა და ნაცნობ-მეგობართა წრის „ყოვლისშემძლეობისა“.
ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის ინტერესები უმაღლესია და მე ყველასაგან საქვეყნო პრობლემებისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ.
თუ ამ პრინციპებს საქმედ ვაქცევთ, იქნება ბიუჯეტიც და გვექნება ნორმალური ცხოვრებაც.
- გასულ კვირას, საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე თქვენ განაცხადეთ, რომ ინვესტიციების, ისევე როგორც სხვადასხვა კრედიტების ხარჯვის მიზანმიმართულება საზოგადოების, განსაკუთრებით მასმედიის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ხშირად კითხულობენ: სად წავიდა ამდენი კრედიტი? და, როგორც წესი, ამ კითხვას ხელისუფლებისადმი უნდობლობის გასაღვივებლად იყენებენ...
- მართალი ბრძანდებით. იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინათ, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება პრეზიდენტთან სპეციალური „საინვესტიციო საბჭოს“ შექმნის შესახებ, სწორედ იმ მიზანს ვისახავდი, რომ ინვესტიციები, მათი ათვისება და განხორციელება რაც შეიძლება უფრო მეტად ტრანსპარენტული და გამჭვირვალე ყოფილიყო.
კვლავაც მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს, დაესწრონ საინვესტიციო საბჭოს სხდომებს, რომლებზეც მინისტრებისა და ინვესტორების მონაწილეობით თითქმის ყველა მნიშვნელოვან პროექტს განვიხილავთ და თავად დარწმუნდნენ, რომ ამ პროექტებმა საქართველოს უაღრესად დიდი სარგებლობა მოუტანა.
შესაძლებელია მოეწყოს ჟურნალისტური გამოძიებანიც: ჟურნალისტებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა მოითხოვონ სათანადო მასალები და თუ კითხვები გაუჩნდებათ, საინვესტიციო საბჭოზე ვიმსჯელოთ სათანადო უწყებათა ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებელთა მონაწილეობით.
რაც შეეხება კითხვას: „სად წავიდა ეს ამდენი კრედიტი, ამდენი გრანტი და ასე შემდეგ“, - მე საათობით შემიძლია ვისაუბრო და ჩამოვთვალო, რამდენი რამ აშენდა სწორედ ასეთი საინვესტიციო კრედიტებისა და გრანტების მეშვეობით საქართველოში. თუმცა, პირველ წლებში იყო განუკითხაობა და იყო დიდი მფლანგველობა.
მაგალითად, დავასახელებ თუნდაც იმ პროექტს, რომელიც საინვესტიციო საბჭოს ბოლო სხდომაზე განვიხილეთ. ეს არის საქართველოს მუნიციპალური განვითარების საინვესტიციო პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება.
მხოლოდ ამ პროექტის (მიაქციეთ ყურადღება, მხოლოდ ამ პროექტს) საშუალებით გახდა შესაძლებელი შიდა საქალაქო გზების რეაბილიტაცია თბილისში, ბათუმსა და რუსთავში, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება გორში, ფოთში, რუსთავსა და თელავში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებული კომუნალური სისტემის რეაბილიტაცია, საქალაქო ელექტროტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესება, თბილისის მეტროლოპიტენის ელექტრომომარაგების ტელემართვის სისტემისათვის მოწყობილობის შეძენა (ამის გარეშე უკვე დანგრევის პირას იყო მისული მეტროპოლიტენი), ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩის რეკონსტრუქცია და ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა, რომელიც დაიცავს მდინარე ჭოროხს, და შავი ზღვის სანაპიროს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საავადმყოფოების რეაბილიტაცია ყაზბეგსა და ოზურგეთში და მთელ რიგ სხვა რაიონებში, ასევე ამბროლაურში მიწისძვრის შედეგად დანგრეული პირველი საშუალო სკოლის აღდგენა, უფრო სწორად, ახლის აშენება.
და ეს ყოველივე მხოლოდ ერთი პროექტით.
მე აქვე მინდა შევნიშნო, რომ გარკვეული პრობლემები ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არის ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში, მაგრამ რომ არ არსებობდეს ნდობა ისეთი სოლიდური ინვესტორების მხრივ, როგორიცაა, მაგალითად, მსოფლიო ბანკი, ალბათ, არ გვექნებოდა საშუალება საინვესტიციო საბჭოს თითქმის ყველა სხდომაზე ახალ-ახალი წინადადებანი მოგვესმინა. ასეთი სხდომა თითქმის ყოველთვიურად იმართება ჩემი მონაწილეობით.
იმავდროულად, საქართველომაც უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება წილობრივი (დაახლოებით 20 პროცენტის ფარგლებში) დაფინანსების შესახებ. ესეც საკმაოდ დიდი რეზერვია, რომელსაც ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენებთ. თუ ჩვენ 20-პროცენტიან მონაწილეობას უზრუნველვყოფთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საინვესტიციო თანხები შეიძლება გაორმაგდეს და გასამკეცდეს კიდევაც. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდია საინვესტიციო პროექტებსა და გრანტებში ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იაპონიის, ნიდერლანდის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, მე უკვე ვთქვი - მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, ევრობანკის, გაეროს განვითარების სააგენტოს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა მონაწილეობა, და ჩვენ მხოლოდ მადლობა გვეთქმის მათ მიმართ.
- საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია საპენსიო უზრუნველყოფის ახალი სისტემის პრინციპების განხილვამ, შეიძლება თუ არა, რომ მათი ნაწილი რამდენიმე მათგანი მაინც გამოქვეყნდეს?
- ჩემი აზრით, ამ თემაზე საჭირო იქნება საგანგებო დისკუსია ტელევიზიისა და პრესის მეშვეობით. არსებითად კი, მე ვიტყოდი, რომ საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან შემოგვრჩა, საერთოდ აღარ შეესაბამება დღევანდელობის მოთხოვნებს. ამ სფეროში რადიკალური რეფორმის განხორციელება უკვე გარდაუვალია. სახელმწიფო კანცელარიაში, ისევე როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დიდი ხანია ამზადებენ შესაბამის პროექტს, რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთავრობის სხდომაზე პირველი მოსმენით ოფიციალურად უკვე განვიხილეთ და კიდევაც მოვიწონეთ.
პროექტის შემუშავებაში დიდი წვლილი შეიტანეს ბატონებმა ავთანდილ ჯორბენაძემ და თედო ისაკაძემ და სხვებმა და სხვებმა - სპეციალისტებმა და ექსპერტებმა.
ეს პროექტი ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც უეჭველად ადასტურებს, რომ საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა არათუ მძიმე ტვირთად არ უნდა აწვებოდეს ქვეყნის ბიუჯეტს, არამედ, სავსებით შესაძლებელია, რომ იგი გახდეს მომგებიანი და საინვესტიციო დარგი, თუ დაეფუძნება სოლიდარობისა და დაგროვების პრინციპს.
ამ პრინციპების შესაბამისად, საზოგადოების თითოეული წევრი, ყოველი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება არა სიმბოლური, არამედ სოლიდური პენსიით რომლის ოდენობა უშუალოდ ფონდებში განისაზღვრება შესაბამის ფონდებში წილობრივი შენატანის რაოდენობის მიხედვით.
ასეთი პრინციპი მოქმედებს მთელ მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში, განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენც უნდა ვიზრუნოთ მის დასამკვიდრებლად. უნდა გითხრათ, რომ მსოფლიოს ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორიც არის, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, საპენსიო და სადაზღვევო ფონდები ყველაზე ძლიერი და ყველაზე მძლავრი ფონდებია თავიანთი შესაძლებლობებით. ასე რომ, რეფორმა დღის წესრიგში დადგა,
- გუშინ თქვენ კახეთში ბრძანდებოდით. წინა ინტერვიუშიც არაერთხელ შეეხეთ იქ შექმნილ სიტუაციას. კახეთში საშინელი, მართლაც არნახული გვალვაა, რის გამოც იგი, ფაქტობრივად, სტიქიური უბედურების ზონად იქცა. შეიძლება თუ არა დღეს გარკვეულად ითქვას რაიმე საიმედო და თუ ველით დახმარებას?
- ჩვენში ამბობდნენ და ახლაც ამბობენ, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო.
ის, რაც ამჟამად კახეთში ხდება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მართლაცდა რაღაც ეროვნული უბედურების მსგავსია.
კახეთი საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის საფუძველია. ტყუილად როდი ვუწოდებთ მას „ეროვნულ ბეღელს“. გული მომიკვდა, როცა გუშინ (და არა მარტო მე, ყველას, ვინც მახლდა) ამ დალოცვილი მიწა-წყლის ყანებსა და ზვრებს გადავხედე. გადამწვარი, გადახრუკული და განადგურებულია ყველაფერი, ვენახიც კი, აღარაფერს ვამბობ მზესუმზირასა თუ თავთავიან კულტურებზე. ვენახი შეიძლება რამდენიმე რაიონში გადარჩეს. რაც შეეხება სიღნაღსა და დედოფლისწყაროს, აქ ვენახის გადარჩენა ძალიან პრობლემატურია.
მაგრამ ამ დარტყმასაც უნდა გავუძლოთ. ეს გაჭირვებაც უნდა გადავიტანოთ. დიდ მადლობას მოვახსენებ მეგობარი ქვეყნების ელჩებს, რომლებიც კახეთში იმყოფებოდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს დღეებში მივმართავ ევროკავშირს, აგრეთვე, საფრანგეთის პრეზიდენტს, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელ თავმჯდომარეს. იმედი მაქვს, თავის სიტყვას იტყვიან ამერიკელი მეგობრები და სხვადასხვა ქვეყნები. ვფიქრობ, ჩვენი მეგობრები გაჭირვებაში არ მიგვატოვებენ. აუცილებელია საკუთარი რეზერვების ძიებაც. დიდი მნიშვნელობა ექნება ქალაქების, ისევე როგორც სხვა რეგიონების დახმარებას. კახეთს არაერთგზის გადაურჩენია საქართველო და დღეს ჩვენი ქვეყნის ყველა მხარე ვალდებულია, რაღაც მოიკლოს კახეთის დასახმარებლად. თუმცა, ვიმეორებ, ჩვენი მეგობრების დახმარების გარეშე, ალბათ, ვერ გადაწყდება ვერც სათესლე მასალის შეგროვების საკითხი, ვერც ხალხის გამოკვების და ვერც მეცხოველეობის გადარჩენის პრობლემა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარებიან. დღეს უკვე შედგება წერილების ტექსტი და გაიგზავნება იმ ქვეყნებში, რომელთა დახმარების იმედიც გვაქვს.
- გასულ კვირას საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ბათუმში გამართულმა „მოქალაქეთა კავშირისა“ და „აღორძინების“ პარტიის ლიდერთა შეხვედრამ. როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?
- მე ვიტყოდი, გასაკვირი ის კი არ არის, რომ ასეთი შეხვედრა გაიმართა, საკვირველი ისაა, დღემდე რომ ვერ მოხერხდა ასეთი დიალოგის ორგანიზება. პარტიებს შორის პოლიტიკური პაექრობა და აზრთა ჭიდილი სავსებით ნორმალური მოვლენაა, მაგრამ ამან ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებში თანამშრომლობას, უზენაესი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
მე მადლობელი ვარ აჭარის ლიდერის ბატონ ასლან აბაშიძისა, რომელმაც პირადად მიიღო მონაწილეობა ამ დიალოგში. ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება როგორც აჭარის, ასევე სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ.
- გასულ კვირას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამ კვლავ იმსჯელა აფხაზეთის თემაზე...
- უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია, სამწუხაროდ, კონფლიქტის მოწესრიგებაში გარდატეხას ვერ შეიტანს, მაგრამ მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ დაიწყო სერიოზული დისკუსია ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის შესაძლო მოდელის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედება მხარეებს შორის შემდგომ შეთანხმებებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლაპარაკია ცენტრსა და სოხუმს შორის ფუნქციათა გამიჯვნის პრინციპებზე. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი ვერ მიიღეს რუსეთის დელეგაციის ნეგატიური დამოკიდებულების გამო, რომელსაც, როგორც იქ ითქვა, არ აღმოაჩნდა ცენტრის ინსტრუქციები. უფრო დეტალურად ამ საკითხზე რადიოთი და ტელემაყურებლის წინაშე გამოვლენ განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ბატონი მალხაზ კაკაბაძე და მისი ზოგიერთი სხვა კოლეგა. ეს შეიძლება დღესვე მოხდეს და თვალი ვადევნოთ სატელევიზიო და რადიოგადაცემებს.
- და, ბოლოს, ასეთი კითხვა: გასულ კვირას მოსკოვში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართა საქართველოდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე. შეიძლება თუ არა საუბარი რაიმე დადებითს ძვრებზე?
- რაც შეეხება საქართველოდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ მოსკოვის მოლაპარაკების ბოლო რაუნდს, უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპისათვის ეს საკმაოდ წარმატებული დასაწყისია და სავსებით ნორმალური გადაწყვეტილებებიც არის მიღებული. ამ საკითხზეც დეტალურად ისაუბრებს ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი. მე მხოლოდ იმას დავძენდი, რომ რუსეთის დელეგაციამ საკმაოდ კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა და იგი ისევე, როგორც საქართველოს წარმომადგენლები, ხელმძღვანელობდა ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის ვითარების შექმნის ინტერესებით. ღმერთმა ქნას, მომავალშიც ასე გაგრძელდეს. მე პირადად მინდა ვთქვა: თუ ჩვენ რუსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად უმტკივნეულოდ გადავწყვიტეთ საქართველოდან რუსეთის ბაზების, რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის საკითხი, ეს უდიდესი სტიმული იქნება იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობამ მიიღოს სრულიად სხვა ხასიათი, სრულიად სხვა შინაარსი. გაცილებით მეტი იქნება ნდობა, იქნება უკეთესი ურთიერთობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა მეცნიერებაში, კულტურაში და ცხოვრების ყველა სხვა სფეროში.
საქინფორმი.
„ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის ინტერესები უმაღლესია და მე ყველასაგან საქვეყნო პრობლემებისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 31 ივლისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 1 აგვისტო. - №206 (3607). - 1,2 გვ.
![]() |
15 საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დაარსების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დაარსების 150 წლის იუბილეს გილოცავთ.
ეს დღე საზეიმოა არა მარტო ამ საზოგადოების წევრთათვის, არამედ მთელი საქართველოსათვის, რადგან გეოგრაფიული საზოგადოება ქართველი ერისათვის უძველესი და უძვირფასესი ტრადიციების მქონეა.
განვლილი 150 წლის განმავლობაში თქვენი საზოგადოების თაოსნობით მრავალი ეროვნული მნიშვნელობის საქმე გაკეთდა.
ამ უძველეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კერას უდიდესი წვლილი მიუძღვის გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავებასა და, საერთოდ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ათვისების ურთულესი პროცესის მოწესრიგებაში, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის საქმეში, მასწავლებლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის კვალიფიკაციის ამაღლებაში.
ეს თარიღი, სხვა თარიღებთან ერთად, კიდევ ერთხელ შეახსენებს მსოფლიოს, რომ გეოგრაფიული მეცნიერების განვითარების ისტორიაში საქართველოს თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს.
გილოცავთ საიუბილეო თარიღს და ვიმედოვნებ, რომ სახელოვან წინაპართა ტრადიციების მყარ საძირკველზე დაფუძნებული საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება კვლავ გააგრძელებს თავის საქმიანობას მშობლიური ქვეყნისა და ჩვენი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დაარსების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 2 აგვისტო. - №207 (3608). - 1 გვ.
![]() |
16 უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს |
▲back to top |
თქვენო უწმიდესობავ,
სრულიად საქართველოს სახელით დიდსა და წმიდა დღეს გილოცავთ - ელია თეზბიტელის, ილია მართლის, სალომე ქართველისა და თქვენი ანგელოსის დღეს.
ღმერთმა მათი მადლი არ მოგაკლოთ არც თქვენ და არც თქვენს სამწყსოს, მთლიან და ერთიან საქართველოს.
თქვენ XX საუკუნის საქართველოს დიდი მოღვაწე ბრძანდებით და XXI საუკუნეში საქართველო თქვენი სულიერი წინამძღოლობით რომ შედის, ეს დიდ იმედსა და სიხარულს ბადებს ჩვენს გულებში.
თქვენი ლოცვა-კურთხევის თხოვნით.
ედუარდ-გიორგი შევარდნაძე.
უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 4 აგვისტო. - №209 (3610). - 1 გვ.
![]() |
17 ქალბატონ ლიანა ისაკაძეს |
▲back to top |
ქალბატონო ლიანა,
დაგვიანებით მივიღე თქვენი წერილი, რაც მისმა გერმანულიდან თარგმნამ გამოიწვია.
რა თქმა უნდა, ვღებულობ თქვენს და ბატონ უვე ბერკემერის წინადადებას. დარწმუნებული ვარ, როგორც საქართველოს კამერული ორკესტრის, ისე თქვენი გამოსვლა ფესტივალის ცენტრალურ მოვლენად იქცევა.
დიდი ხანია თქვენთვის აღარ მომისმენია, რაც ძალიან მაკლია.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ქალბატონ ლიანა ისაკაძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 6-7 აგვისტო. - №211-212 (3613). - 2 გვ.
![]() |
18 ბატონ უვე ბერკემერს |
▲back to top |
მივიღე თქვენი წერილი, რომელშიც მთხოვთ ჩემს თავზე ავიღო დიტცენბახის მუსიკალური ფესტივალის პატრონაჟი.
დიდ მადლობას მოგახსენებთ წინადადებისათვის და ამ წერილით თანხმობას გიცხადებთ.
თქვენს ფესტივალს ვუსურვებ დიდ შემოქმედებით აღმოჩენებსა და მაყურებლის გულწრფელ ტაშს, რომელსაც მეც ვუერთდები.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ უვე ბერკემერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 6-7 აგვისტო. - №211-212 (3613). - 2 გვ.
![]() |
19 ვახუშტი კოტეტიშვილს |
▲back to top |
მილოცვა
ჩემო ვახუშტი,
სულით ახალგაზრდა კაცს 65 წელს გილოცავთ, როგორც ღვთის საჩუქარს, რადგან ბევრ ჭირთამთმენი და ჭირგამოვლილი ამ წლებს საოცარი სილამაზით ატარებ.
დიდი ვახტანგ კოტეტიშვილის ღირსეული შვილი სანაქებოდ აგრძელებ მამისა და, საერთოდ, კოტეტიშვილების, ქვეყნისა და მშვენიერების ერთგულად მსახურების ტრადიციას.
შენ დიდი ღვაწლი დასდე ქართულ მთარგმნელობით ლიტერატურას, ქართულ ხალხურ პოეზიას, ხარ შესანიშნავი პედაგოგი და ბოლოს და ბოლოს, გამორჩეული თამადა. შენ მართლაც, პოეტური ხიბლი შემატე ჩვენს ყოველდღიურ ძნელ ყოფას.
მადლობა ამ ყოველივესათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავ, რა თქმა უნდა, ნანულისთან ერთად.
ედუარდ შევარდნაძე.
ვახუშტი კოტეტიშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 8 აგვისტო. - №213 (3614). - 1 გვ.
![]() |
20 „საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა რუსეთის უშიშროებას ზიანს არ უქადის, პირიქით, კიდევ უფრო განმტკიცდება ნდობის ფაქტორი ორ სახელმწიფოს შორის, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, შეიძლება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ახალი ეპოქის საწყისადაც კი იქცეს“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
7 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- საქართველოს ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა. რამდენად მყარია ეს ტენდენციები და ადასტურებს თუ არა გასული კვირის მონაცემები მათს შეუქცევადობას. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, შაბათს დასრულდა კონსულტაციები საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის შესახებ. საერთოდ, ამ კანდიდატურათა გამო დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. რა გადაწყვეტილება მიიღო საბოლოოდ პრეზიდენტმა? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საბიუჯეტო სფეროში ბოლოდროინდელი სასიკეთო ტენდენცია შემთხვევითი, ან მხოლოდ გარეშე ფაქტორებზე დამოკიდებული მოვლენა არ არის. იგი, უწინარესად, იმ ღონისძიებათა დადებითი შედეგებიდან გამომდინარეობს, ამ ბოლო დროს რომ განხორციელდა ქვეყანაში კორუფციის, განსაკუთრებით, კონტრაბანდისა და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აქ ხარჯების შემცირებაც იგულისხმება.
აქვე შევნიშნავ: დადგა დრო, კონტრაბანდა და ფალსიფიკაცია აღიქვათ როგორც კორუფციის ორი განუყოფელი კომპონენტი. ასეთ აღქმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი მართლშეგნების დონის ასამაღლებლად.
გასულ კვირას შემოსავლის ზრდა კვლავ განუხრელად გრძელდებოდა. ივლისის მონაცემებით, საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ ბიუჯეტის სასარგებლოდ აკრიფა 67 მილიონ 200 ათასი ლარი. ანუ დაგეგმილ ოდენობას 3 მილიონი ლარით კიდევაც გადააჭარბა.
შესანიშნავად იმუშავეს სამინისტროს თანამშრომლებმა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქვემო ქართლში. მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მხარეებში. რასაკვირველია, აქ ძალიან დიდია ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურებაც. ასევე ითქმის ქუთაისში, ჭიათურაში, რუსთავში, გურჯაანში, წალენჯიხაში, ლანჩხუთში, ახალგორში და საქართველოს ბევრ სხვა რაიონში თუ ქალაქში მიღწეულ წარმატებებზე. უკეთესობისაკენ მიდის საქმე ახალქალაქშიც, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩამორჩებოდა.
გვაქვს მონაცემები იმათ შესახებაც, ვინც ამჯერად თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა ვიმეორებ, მთლიანობაში ივლისი წარმატებით დასრულდა და ასეთივე წარმატებით დაიწყო აგვისტოც.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობა და აქვე არ შეიძლება არ ითქვას, რომ დადებითი შედეგი მოჰყვა ინგლისის კომპანიის „აი-ტი-ესის“ მუშაობის გააქტიურებასაც.
როგორც ჩანს კომპანიის ხელმძღვანელობამ ყურად იღო ის მწვავე და არცთუ უსაფუძვლო კრიტიკა, რომელიც ამ კომპანიის მიმართ გაისმოდა. ასე, რომ კრიტიკა ზოგჯერ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც სასარგებლოა.
მე კვლავ ვადასტურებ ჩემს ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერასა და თანადგომას საგადასახადო შემოსავლების მინისტრისადმი, რომელიც ამჟამად ურთულეს რეფორმას ახორციელებს. გასულ კვირას გაიმართა თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციების მოხელეთა შესარჩევი რთული კონკურსის პირველი ეტაპი - რთული გამოცდა. საკმაოდ რთული და დაძაბული კონკურსი საშუალებას მისცემს სამინისტროს შეარჩიოს კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრები იმის გათვალისწინებით, რომ ხელფასები საბაჟო და საგადასახადო სამსახურებში რამდენჯერმე გაიზრდება. ლაპარაკი იქნება ხელფასების დონეზე იმისდა მიხედვით, თუ რამდენი აკრიფეს და შემოიტანეს საბაჟო გადასახადები. ანაზღაურება მართლაც სამაგალითო იქნება. კიდევ უფრო მიძლიერდება რწმენა, რომ ასეთი თანამებრძოლების მეშვეობით აუცილებლად შევძლებთ მასშტაბური კორუფციის დამარცხებას სახელისუფლებო სტრუქტურებშიც და საზოგადოებაშიც. რაც საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი დებულებაა.
საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელად, ჩემი გადაწყვეტილებით და სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, დაინიშნა ბატონი გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც დღემდე სახელმწიფო მინისტრის ბატონი გიორგი არსენიშვილის მოადგილე გახლდათ და სწორედ ეკონომიკის სფეროს კურირებდა. გიორგი გაჩეჩილაძე არის განათლებული, ახალგაზრდობის მიუხედავად საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე პიროვნება, კრისტალურად პატიოსანი და უმწიკვლო რეპუტაციის მოღვაწე, რომლის პატრიოტიზმისა და ვაჟკაცობის მოწმე პირადად ვიყავი ბრძოლის ველზე აფხაზეთში. ამასთანავე სამართლიანი იქნება აღინიშნოს დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის უდავო დამსახურებაც. მადლობას ვუხდი კობა ნარჩემაშვილს იმისათვის, რაც მან მოკლე დროის განმავლობაში გააკეთა. ჩვენ იგი დავაბრუნეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო საქმის ხელმძღვანელად სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მისეული გამოცდილებისა და სხვა მონაცემების გათვალისწინებით.
- გასულ კვირას საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იუშჩენკო. თქვენ ხშირად გითქვამთ, რომ საქართველოს ყოველმხრივი, მათ შორის, ეკონომიკური განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას ძლიერ პარტნიორთან. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტის შედეგებს.
- საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებს შორის უკრაინა მართლაც გამორჩეულია.
შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყანასთან, როგორც სხვა სახელმწიფოებთან თავის დროზე ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება არა მარტო „მეგობრობის“ შესახებ, არამედ ურთიერთდახმარების ელემენტის გათვალისწინებითაც, რაც საკმაოდ იშვიათია (უფრო ზუსტად, განსაკუთრებული მოვლენაა) დიპლომატიურ პრაქტიკასა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში.
ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე, უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ხელმოწერილია 102 ორმხრივი დოკუმენტი. სხვა ასეთი სახელმწიფო არ არსებობს რაოდენობისა და ხარისხის თვალსაზრისით, მხოლოდ უკრაინასთან არის გათვალისწინებული ურთიერთდახმარების ეს კომპონენტი. ანუ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა სოლიდურ, სამართლებრივ ბაზას ეფუძნება.
მით უფრო გულსატკენია, რომ ზოგიერთი უწყების ხელმძღვანელი (და ეს თითქმის ყველა სამინისტროს ეხება) სრულყოფილად ვერ იყენებს ამ უდიდეს პოტენციალს. შორეულ ქვეყნებში მივლინებები ურჩევნიათ მეზობელ მოძმე უკრაინაში ჩასვლასა და კონკრეტული, ურთიერთხელსაყრელი კონტრაქტების გაფორმებას.
არადა, უკრაინის ბაზარს შეუძლია აითვისოს საქართველოს როგორც სასოფლო სამეურნეო, ასევე სამრეწველო პროდუქცია. ეკონომიკათა „თავსებადობასა“ და „შესაბამისობას“ კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ყოველ შემთხვევაში, განვითარების ამ ეტაპზე.
თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ მიმართულებით ზოგიერთი რამ მაინც გაკეთდა, მაგალითად, გასულ წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა თითქმის გაორმაგდა და 2000 წლის პირველ ექვს თვეში 30 მილიონ დოლარს მიაღწია.
ბატონ ვიქტორ იუშჩენკოსთან მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ პრინციპულ შეთანხმებას სატრანზიტო ტარიფების გაფორმების პროცედურათა გამარტივების ანუ ევრაზიის დერეფნის ჩვენი კომპონენტის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების შესახებ. ეს შეთანხმებანი ხელს შეუწყობს ტვირთნაკადების 2-ჯერ მაინც გაზრდას.
უდიდესი პრობლემაა ფალსიფიკაცია. უკრაინასთან გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, მაგრამ კვლავ და კვლავ ვიმეორებ (ამჯერად არა მარტო მინისტრების, არამედ ბიზნესმენების საგულისხმოდ): ყველა ხელშეკრულებას გერგილიანი და მარიფათიანი გამოყენება სჭირდება.
ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტი პირადად ვერ იმუშავებს ყველა კონტრაქტზე, მით უმეტეს, კერძო კონტრაქტებზე. პრეზიდენტი ქმნის გარემოს, რომელშიც შესაძლებელია მუშაობა და კონკრეტული და რეალური შედეგის მიღწევა. ასეთი გარემო შექმნილია, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, უკრაინის ბაზარზე კვლავინდებურად იყიდება ფალსიფიცირებული, თანაც სხვა სახელმწიფოში ქართული მარკით გამოშვებული პროდუქცია, ნაცვლად ნამდვილი, საქართველოში წარმოებული, ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა პროდუქციისა, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნილებაა. რაც შეეხება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის სხვა მიმართულებებს. მე ვიტყოდი, რომ პოლიტიკურ, სამხედრო-ტექნიკურ და უშიშროების სფეროებში უკრაინასთან თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოებრივი სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. უკრაინის დაინტერესება სამხრეთ კავკასიით არც არის გასაკვირი. არაერთგზის მითქვამს და კვლავ ვადასტურებ ამ დიდ სლავურ სახელმწიფოს (უმდიდრესი კულტურითა და გმირული ისტორიით) შეუძლია უნიკალური როლი შეასრულოს ევროპის უშიშროებისა და თანმშრომლობის, ახალი არქიტექტურის შემუშავების პროცესში.
ფასდაუდებელია უკრაინელი ხალხის წვლილი რა თქმა უნდა, რუს ხალხთან და სხვა ხალხებთან ერთად. ევროპის ისტორიაში, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომში, თანამედროვე მსოფლიო სავსებით განსაკუთრებულ ფუნქციას ანიჭებს ამ მძლავრ სახელმწიფოს, რომელიც ევროპის ცენტრში მდებარეობს.
მას ნამდვილად აქვს უნარი და შესაძლებლობა კონსტრუქციული თანამოქმედების საფუძველზე განავითაროს თანამშრომლობა არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის, არამედ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან და და ამით სისხლხორცეულად არის დაინტერესებული.
უკრაინის შესაძლებლობანი ამ თვალსაზრისით მართლაცდა ამოუწურავია. ვფიქრობ, ბატონ ლეონიდ კუჩმასთან იალტაში მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრისას, გვექნება საშუალება განვიხილოთ ეს საკითხები ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.
- სამწუხაროდ, საბოლოოდ დადასტურდა ის ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აფხაზეთის სტატუსის განხილვისას რუსეთის დელეგაციამ საკმაოდ არამეგობრული პოზიცია დაიკავა. მაგრამ როგორია თავად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის პოზიცია?
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბატონმა კოფი ანანმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ სამშვიდობო ოპერაციები (მე გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, ეს პრინციპულად განსხვავდება იმისაგან, რასაც წინათ ამბობდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მათ შორის, თავად გენერალური მდივანი კოფი ანანიც) უნდა ხორციელდებოდეს გარკვეულ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ამ ოპერაციათა განხორციელებას აზრი არა აქვს. რადგან სამშვიდობო მისიას. თუ იგი რეალურ ძალას არ ეყრდნობა, შედეგი არ მოაქვს და სხვათა შორის. თქვენ გახსოვთ, რომ ეს მეც არაერთხელ განმიცხადებია). მე მივაქციე ყურადღება გაეროს გენერალური მდივნის კიდევ ერთ, ჩემი აზრით, ძალზე საყურადღებო განცხადებას. ბატონმა კოფი ანანმა აღნიშნა, რომ ისტორიას უნდა ჩაბარდეს ის დრო, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრები საკუთარ ,,ალიბის'' უზრუნველყოფდნენ ისეთი რეზოლუციების მიღებით, რომელთა განხორციელება იმთავითვე შეუძლებელი იყო, ესე იგი, ფორმალური რეზოლუციებით. აფხაზეთთან დაკავშირებით მიღებულია 17 თუ 18 რეზოლუცია, რომლებსაც, ფაქტობრივად, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით. საქმე იქით მიდის, რომ გაერო უფრო ქმედუნარიანი უნდა გახდეს. ვფიქრობ, ამის შესახებ სერიოზული საუბარი იქნება ნიუ-იორკში.
ვფიქრობ, საკმაოდ ღრმააზრიანი და დროული განცხადებებია. მე აუცილებლად შევხვდები გენერალურ მდივანს სექტემბერში, როცა „ათასწლეულის სამიტში“ მივიღებ მონაწილეობას, თუ რა თქმა უნდა, მანამდე არაფერი შეიცვალა. ამასთანავე, მექნება საშუალება გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატო ჩემი ქვეყნის პოზიცია ამ საკითხის მიმართ: ფუჭი და უშედეგო სამშვიდობო ოპერაციები თანამედროვე მსოფლიოსათვის ძალზე არასასურველ პროცედურებს ქმნის და აფერხებს გლობალური უშიშროების ახლებური სისტემის შემუშავებას, რაც, ახალი ათასწლეულის გამოწვევათა გათვალისწინებით, საშიში და ავისმომასწავებელია ეს ამას არ ნიშნავს, თითქოს ჩვენ ძალას ვანიჭებდეთ უპირატესობას, მაგალითად, აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისას, მაგრამ „ძალაში“ ვგულისხმობთ არა მარტო სამხედრო კომპონენტს, არამედ პრინციპული, თანმიმდევრული, პასუხისმგებლობით აღსავსე პოზიციის მორალურ ძალასაც.
ამას ვაცხადებ იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩართულია აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში.
- გასულ კვირას დაიწყო რუსეთის სამხედრო ბაზებიდან ტექნიკის გატანის პროცესი, რაც, პრინციპში, ნიშნავს ამ ბაზების თანდათანობით გაუქმებას. თქვენი აზრით, ხომ არ გამოიწვევს ეს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას?
- ჩვენი წინა შეხვედრის დროს მე გაკვრით ვილაპარაკე ამ თემაზე, მაგრამ, რადგან პროცესი დაიწყო, კვლავ საჭირო იქნება რამდენიმე კომენტარი.
ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა (თუ ლაპარაკის თანასწორუფლებიან, კეთილგანწყობილ ურთიერთობაზე) აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ინტერესთა თანხვედრისა და კანონიერ ინტერესთა ორმხრივად გააზრების პრინციპებს. ვფიქრობ, ამ დებულებას ეჭქვეშ ვერავინ დააყენებს. იგი ჭეშმარიტია მაშინაც, როცა დიდ და პატარა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა იგულისხმება. ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე გამოსვლისას მე ვთქვი, რომ საქართველო მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც დაგვეხმარება უმწვავეს პრობლემათა გადაწყვეტაში. მათ შორის რასაკვირველია, უპირველესად აფხაზეთის პრობლემას ვგულისხმობდი და ვგულისხმობ.
კარგად გეხსომებათ, რა უმწვავესი კრიტიკა (ეს ძალიან რბილად ნათქვამია) დამატყდა თავს, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანების შესახებ. ასეთივე კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარეს, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთისა და საქართველოს შორის გაფორმებულიყო ხელშეკრულება გამოსავალი და ასე უნდა მოვქცეულიყავით. მაგრამ ამ ხელშეკრულებაზე საკუთარი ხელით გავაკეთე შემდეგი მინაწერი მე უბრალოდ შევახსენებ რადიომსმენელს). „ეს დოკუმენტი ძალაში შევა და რატიფიცირებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაგვეხმარება აფხაზეთის კონფლიქტის სამართლიან გადაწყვეტაში და ეს კონფლიქტი მოგვარდება“. რატომ მაინცდამაინც რუსეთი? საქართველოში ყველა გაგვცემს პასუხს ამ კითხვაზე თუმცა, მე დავიმოწმებ რუსეთის პირველ პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს, რომელმაც 1994 წლის 3 თებერვალს, თბილისში ყოფნისას, სავსებით გულწრფელად განაცხადა, რომ რუსეთი არ იხსნის პასუხისმგებლობას იმისათვის, რაც მოხდა აფხაზეთში.
მას შემდეგ გავიდა 6 წელი მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება არ იყო რატიფიცირებული, საქართველო პირნათლად ასრულებდა იმ დებულებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც ვიკისრეთ. ასევე ცალმხრივად ვასრულებდით „მეგობრებისა და კეთილმეზობლობის შესახებ“ დიდი ხელშეკრულების დებულებებს, რომლის რატიფიცირებაზე რუსეთმა პრაქტიკულად უარი განაცხადა. ანუ დრო საკმარისზე მეტი იყო და ჯერ კიდევ არის, მაგრამ დღეს ვუახლოვდებით ახალ ეტაპს. რუსეთის სამხედრო ბაზები შეიძლება მთლიანად გავიდეს საქართველოდან და ეს ისევ და ისევ ორმხრივი ურთიერთობის დონესა და ურთიერთსარგებლიანობაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში კი, თუ რუსეთის ჯარები საერთოდ დატოვებენ საქართველოს (და ეს ასეც მოხდება, მე დარწმუნებული ვარ), - ეს სულაც არ ნიშნავს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დაძაბვას, გაუარესებას, მით უმეტეს, ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციული მეგობრობის მოშლას. ყველას შევახსენებ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში (თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში) რუსეთს არა აქვს სამხედრო ბაზები, ამ ქვეყნებში არ არის განლაგებული რუსეთის სამხედრო კონტინენტი, მიუხედავად ამისა, ეს სრულებითაც არ უშლის ხელს რუსეთს, ჰქონდეს მათთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა.
რუსეთის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არასდროს არავისთან (მათ შორის, არც საქართველოსთან) არ დასვამს საკითხს ისეთი ფორმით, რომ, აი, „თუ გინდათ ვიმეგობროთ, დააკანონეთო ჩვენი ბაზები თქვენს ტერიტორიაზე“ ამას არ გააკეთებენ. პირიქით, პრეზიდენტმა პუტინმა მოსკოვში ჩემთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს საკითხი მშვიდ ვითარებაში ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე უნდა გადაწყდეს. საქართველოში არსებული რუსეთის ბაზებიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა, როგორც თქვენ ბრძანეთ, უკვე დაიწყო. დაიწყო ნორმალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. ეს პროცესი შემდგომშიც სწორედ ამგვარ, მშვიდ ფონზე უნდა წარიმართოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: დეტალურად ვიცნობ პრობლემას და სავსებით ვეთანხმები გენერალ მანილოვის განცხადებას (მე ხშირად არ ვიხსენიებ გენერალ მანილოვს, რადგან ხანდახან შეუმოწმებელ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას, ამ შემთხვევაში მას ვეთანხმები), რომ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა რუსეთის უშიშროებას ზიანს არ უქადის, პირიქით, კიდევ უფრო განმტკიცდება (ეს ჩემი სიტყვები გახლავთ) ნდობის ფაქტორი ორ სახელმწიფოს შორის, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, შეიძლება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ახალი ეპოქის საწყისადაც კი იქცნენ.
- გასულ კვირას ანრი ჯგერენაიას შეხვდით და ესაუბრეთ, ხომ არ იყო ლაპარაკი კონკრეტულ საკითხებსა და კონკრეტულ თემებზე?
- ანრი ჯგერენაიასთან შეხვედრისას რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე არ გვისაუბრია, არ მიგვიღია ასეთი გადაწყვეტილებები უფრო მეტად, იმ პრობლემაზე ვსაუბრობდით, თუ რა გზებით შეიძლება ნდობის უფრო მაღალი დონის მიღწევა, მოლაპარაკების, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტექნოლოგიის სრულყოფა და საერთოდ პროცესის დაჩქარება. მე მიმაჩნია, რომ მისი ვიზიტი უდავოდ წაადგება საქმეს.
ყოველივე იმის ფონზე, რის შესახებაც თქვენ ისაუბრეთ, იგივე რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა, აფხაზეთის პრობლემა და ასე შემდეგ, ამ ბოლო დროს აშკარა თავდასხმაა პრესაში პირადად თქვენზე, თქვენ გიწინასწარმეტყველებენ ხან ფიზიკურ განადგურებას, ხან დაპატიმრებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ კი ჯერჯერობით არ რეაგირებთ რატომ? ეს მით უფრო საინტერესოა იმ ფონზე, როცა აშკარად წერენ და ლაპარაკობენ რაღაც ახალ ტერაქტებზე და საერთოდ, ხომ არ გგონიათ, რომ ყოველივე ამას გეგმაზომიერი ხასიათი აქვს და არა შემთხვევითი?
რამდენიმე დღის წინათ ერთ გაზეთში ასეთი სათაური იყო, შევარდნაძეს სამ დღეში დააპატიმრებენო. დამრჩა სულ რაღაც ნახევარი დღე, ამიტომ გამოვიყენებ ამ თავისუფლებას და აუცილებლად პასუხს გავცემ თქვენს კითხვას. მე არ მინდა გადავაჭარბო, ასე თუ ისე ვიცნობ ამ სიტუაციებს დედამიწის ზურგზე არც ისე ბევრია პრეზიდენტი, რომელიც ამდენ ყურადღებას უთმობდეს პრესასთან ურთიერთობას ასე ხშირად ხვდებოდეს მასმედიას, ესოდენ გულახდილი და კეთილგანწყობილი იყოს ჟურნალისტების მიმართ. მე რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მარტო ჩვენს ყოველკვირეულ რადიოინტერვიუს. გარდა ამისა, ყოველ ორ კვირაში იმართება ბრიფინგები, შეხვედრები, ინტერვიუები და სხვა.
ამას არც დამადლებით ვამბობ და არც ნიშნის მოგებით. მართლაც გულწრფელად მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქართული პრესა ქართული დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმტკიცეს ბურჯად უნდა იქცეს. ჩემი მხრივ, საამისოდ რისი გაკეთებაც კი შემეძლო, თითქოს ყველაფერი გავაკეთე რა თქმა უნდა, არ ვაპირებ რაიმე კომენტარის კონკრეტულ გამოხდომათა გამო. ერთი მაგალითი მოვიყვანე, ეს არის და ეს. საკუთარი ღირსებებისათვის ეს უკადრის საქციელად მიმაჩნია.
ზოგიერთებს უბრალოდ ზრდილობა არა აქვთ. წაიკითხავ სტატიას თუ ინტერვიუს და უმალვე ხვდები, ესა თუ ის ჟურნალისტი ან მისი რესპოდენტი რა ოჯახშია აღზრდილი. აქ კრიტიკაზე როდი მაქვს საუბარი. პრეზიდენტი შეიძლება თუნდაც ძალიან მწვავედ გააკრიტიკო, მაგრამ როდესაც შეურაცხოფას აყენებ, ამით, ალბათ, საკუთარ ხალხსა და ქვეყანასაც შეურაცხყოფ, რამდენადაც პრეზიდენტი ასე თუ ისე საყოველთაოდ ხალხის მიერ არის არჩეული.
რაც შეეხება მაინცდამაინც ამ გაუთავებელ ისტერიას, რაღაც მოსალოდნელ „აფეთქებათა“ შესახებ: ასეთი ჟურნალისტების, აგრეთვე ზოგიერთი პოლიტიკანის გასაგონად უნდა ვთქვა: როგორც ჩანს, მათი (ვიხმარ ამ სიტყვას) ამჩატება ელემენტარულად თვალსაწიერის სიმარტივითა და ინტელექტის (მაპატიონ, მაგრამ) ერთგვარი სიმწირით არის განპირობებული. პანიკურ, ზოგჯერ პროვოკაციულ - „წინასწარმეტყველებათა“ საწყისი ის ილუზიაა, თითქოს ხელისუფლებას არ ეყოფა ან ნებისყოფა, ან პრობლემათა ხედვის უნარი, რათა ყველა - „გამოწვევა“ შესაბამისად უპასუხოს.
ვერავის დავაძალებ, წაიკითხონ საპრეზიდენტო პროგრამა თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ ეს პროგრამა ძალიან ბევრ კითხვას სცემს პასუხს. მათ შორის იგი იმასაც ნათელყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებას (და, უპირველეს ყოვლისა (პრეზიდენტს) აქვს ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს როგორც ხანმოკლე ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, რომელსაც რა თქმა უნდა, თან ახლავს გარკვეული ტაქტიკური გეგმების ერთობლიობა. მათი განხორციელება კი საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ არა მარტო ნებისმიერი საფრთხე და პროვოკაცია, არამედ წარმატებითაც დავასრულოთ ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი. არაფერი არარეალური საპრეზიდენტო პროგრამაში გათვალისწინებული არ არის.
ხოლო, როდესაც დღევანდელი საქართველოს მატიანე შეიქმნება, ისტორიკოსი აუცილებლად კეთილი სიტყვით მოიხსენიებს პრესის იმ საშუალებებსა და იმ ჟურნალისტებს, რომლებიც კონსტრუქციული პოზიციით, თუნდაც კრიტიკული პოზიციით, თუნდაც კრიტიკული გამოსვლებით, მაგრამ კეთილგანწყობით ეხმარებოდნენ ხელისუფლება ზოგადსახელმწიფოებრივი, საერთო-ინტერესების განხორციელებაში.
ადეკვატური იქნება დამოკიდებულება სხვების მიმართაც.
ამ თვალსაზრისით ყველამ გაითვალისწინოს დაახლოებით ასე 100-120 წლის წინანდელი ქართული პრესის, ხშირ შემთხვევაში, ძალიან მწარე მაგალითები: ზოგიერთებს არც მაშინ სურდათ ქვეყნის ჭეშმარიტი ინტერესებისა და პერსპექტივის აღქმა. შთამომავლობის დამოკიდებულებაც შესაბამისია. ასე, რომ მე ვთხოვ ქართველ ჟურნალისტებს, რომელთაგან ბევრი ჭეშმარიტი პროფესიონალი და სამშობლოს მოამაგეა. ნუ დაივიწყებენ, რომ ისინი ისტორიის აქტიური სუბიექტები არიან. გარკვეული აზრით მათი სიტყვა და ფრაზა საუკუნეებს შემორჩება (სიტყვას კი უდიდესი ძალა აქვს). ამიტომ, ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტ ჟამს ყველანი ამ ისტორიული პასუხისმგებლობის ღირსნი უნდა იყვნენ.
სხვას არაფერს ვიტყვი თქვენი სავსებით გამართლებული საკითხის პასუხად. ვინაიდან, დიდი წინაპრის თქმისა არ იყოს, „ზოგიერთი ავყია თავად იცემს თავს“.
- და ბოლოს, ეკონომიკის თემით დავასრულოთ დღევანდელი ინტერვიუ. თქვენ ილაპარაკეთ ეკონომიკის სტაბილურობაზე, მაგრამ მაინც, თუნდაც გვალვა, საქართველოში თუ ბევრი სხვა გასაჭირი დამატებითს პრობლემებს ქმნის...
- უნდა გითხრათ, რომ არავისზე ნაკლებად არ ვიცი მოსახლეობის გასაჭირი. უმძიმესია გვალვის შედეგები კახეთში, ჯავახეთში და საერთოდ, თითქმის მთელ საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა, რომ როგორმე გადავლახოთ ეს ურთულესი სიძნელე. ასე მოულოდნელად რომ დაგვატყდა თავს. არის, აგრეთვე, პენსიებისა და ხელფასების პრობლემები.
გვალვის შედეგების დასაძლევად მინდა ვაუწყო რადიომსმენელებს, აუცილებლად დაგვეხმარებიან. მე პირადი წერილები გავუგზავნე მეგობარი ქვეყნების ხელმძღვანელებს, მათ შორის, ბატონ კლინტონს, ბატონ შირაკს, რომლის ქვეყანაც - საფრანგეთი ახლა ევროკავშირის ხელმძღვანელად ითვლება, თვით ევროკავშირის ხელმძღვანელობას, სხვადასხვა ქვეყნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ დახმარებას მივიღებთ.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ახლა იტალიაში იმყოფება ამავე მიზნით, რათა იქ ეძებოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.
ეშველება პენსიებსაც და ეშველება ხელფასებსაც, მაგრამ არის სხვა სახის მოთხოვნები, რომლებსაც ხელისუფლების მიმართ ულტიმატუმის ხასიათი აქვს. მინდა გავაფრთხილო ის ძალები, რომლებიც ამ მეთოდით ცდილობენ გამოიყენონ მოსახლეობის პრობლემები, სირთულეები, სიძნელეები. ცალკეულ ადამიანთა განწყობილებანი და ელაპარაკონ მთავრობას დიქტატის ენით. დიალოგს მივესალმები, დიქტატი მიუღებელია და ამას არასდროს არ დავთანხმდები.
„საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა რუსეთის უშიშროებას ზიანს არ უქადის, პირიქით, კიდევ უფრო განმტკიცდება ნდობის ფაქტორი ორ სახელმწიფოს შორის, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, შეიძლება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ახალი ეპოქის საწყისადაც კი იქცეს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 7 აგვისტოს რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 8 აგვისტო. - №213 (3614). - 1,2 გვ.
![]() |
21 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი |
▲back to top |
2000 წელი, 7 აგვისტო.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“: რას იტყოდით საბაჟო დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარის შესახებ?
ედუარდ შევარდნაძე: საბაჟოს ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც აქამდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა ეკონომიკის საკითხებში. გიორგი გაჩეჩილაძე პროფესიით ეკონომისტია, თავის დროზე აფხაზეთში იბრძოდა, მან კარგი განათლება მიიღო საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას და რაც მთავარია, ეკონომიკის განვითარების კანონებს, არის უმწიკვლო და მოუსყიდველი პიროვნება. ცხადია, განიხილებოდა სხვა კანდიდატურებიც, მაგრამ როგორც შემოსავლების მინისტრის, ასევე სახელმწიფო მინისტრისა და ჩვენი არჩევანიც გაჩერდა გიორგი გაჩეჩილაძის კანდიდატურაზე.
საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“: არის თუ არა რაიმე ახალი ინფორმაცია პანკისის ხეობაში გატაცებულებთან დაკავშირებით? და რა ზომებს იღებენ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მძევალთა განთავისუფლებისათვის?
ედუარდ შევარდნაძე: ყველა ზომა მიიღება. ჩართულია ყველა უწყება - უშიშროების ორგანოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძალზე აქტიურად მუშაობს კახეთის მხარის ადმინისტრაცია, რაიონის ხელმძღვანელობა. აღსანიშნავია ადგილობრივი მოსახლეობისა და იმ ლტოლვილების განსაკუთრებული აქტიურობა და აღშფოთება, რომლებიც ჩვენ ჩეჩნეთიდან მივიღეთ. ჩემი მონაცემებით, შედეგს უახლოეს დღეებში მივიღებთ.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“: როგორ შეფასებას მისცემთ სიტუაციას პანკისის ხეობაში, სადაც ჩეჩნეთიდან დევნილთა დიდი რაოდენობაა თავმოყრილი, აქვს თუ არა რაიმე კავშირი გატაცების ფაქტს ჩეჩენ ლტოლვილებთან.
ედუარდ შევარდნაძე: ვფიქრობ ეს ინციდენტი ამ რეგიონში სტაბილურობაზე გავლენას ვერ მოახდენს იმდენად რამდენადაც თავად მთელი მოსახლეობა ადგილობრივიც და დროებით ჩასახლებულიც აღშფოთებული არიან და მიაჩნიათ, რომ ეს მათი შეურაცხყოფაა და ყველაფერს იღონებენ, რათა რაც შეიძლება მალე გადაწყდეს საკითხი. გატაცების ფაქტის გამო რეგიონის სტაბილურობას საფრთხე არ დაემუქრება.
„აფხაზეთის ტელევიზია“: როგორ აფასებთ აფხაზეთში ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივას. ხომ არ დაიწყება ეს პროცესი დევნილთა დაბრუნებამდე. ეკონომიკური ურთიერთობა ალბათ მთელ აფხაზეთს მოიცავს და მაშინ რატომ არის საუბარი დევნილთა დაბრუნებაზე მხოლოდ გალის რაიონში?
ედუარდ შევარდნაძე: ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ურთიერთობა აფხაზეთის რეგიონთან, რაიონებთან არ არსებობს. ამასთანავე ფაქტია, რომ გალის რაიონში რამდენიმე ათეული ათასი კაცი და ათასობით ოჯახი დაბრუნდა სტიქიურად, მათ თავისი მეურნეობა აქვთ. მოჰყავთ მოსავალი. ზოგს ადგილზე ყიდიან და ზოგიც გადმოაქვთ ზუგდიდის ბაზარზე თუ ამას ჰქვია ეკონომიკური ურთიერთობა, მიმაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვაგვარად ძნელი იქნებოდა არსებობა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ლაპარაკი გალის რაიონზე, თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ დოკუმენტს, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს მთავრობას, რომ ლაპარაკი იყოს მარტო გალის რაიონზე. ლაპარაკია ლტოლვილთა დაუყოვნებლივ და უსაფრთხო დაბრუნებაზე პირველ რიგში გალის რაიონში და ვფიქრობ, ეს სავსებით გასაგებია. გალის რაიონი სავსებით ყველაზე ახლოა ჩვენთან, ყველაზე მეტი მოსახლეობა სწორედ გალის რაიონიდან არის ზუგდიდში, წალენჯიხასა და სხვა მიმდებარე რაიონში და ამიტომ სწორედ გალის რაიონზე უნდა იყოს უპირველესად ლაპარაკი და შემდეგ ყველა ლტოლვილი უნდა დაბრუნდეს.
„საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი“: საქართველოში მოქმედი საგადასახადო სისტემის გამო ზოგიერთი უცხოელი ინვესტორი ბოლო დროს უკმაყოფილებას გამოთქვამს, ხომ არ აპირებს ხელისუფლება ამ მხრივ რაიმე ნაბიჯების გადადგმას?
ედუარდ შევარდნაძე: საგადასახადო სისტემის არასრულყოფილებაზე ჩვენთანაც ბევრს საუბრობენ დეპუტატებიც, პოლიტიკოსებიც, მეწარმეებიც.
როგორც ვიცი, კოდექსის სრულყოფისათვის პარლამენტში საკმაოდ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ამავე დროს მივეცი თანხმობა ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს, რათა საქართველოს პრეზიდენტთან შეიქმნას ბიზნესმენთა და პოლიტიკოსთა არამრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელიც რეალურად იმუშავებს საგადასახადო კოდექსის სრულყოფაზე. ასეთი თანხმობა მიღებულია, ჯგუფის წინასწარი მონახაზები უკვე არსებობს, ვფიქრობ, იქნება ათი-თხუთმეტკაციანი ჯგუფი, სადაც ბიზნესმენებთან იქნებიან მეცნიერებიც, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე პროცესებს კარგად იცნობენ. ასე რომ, მუშაობა დაიწყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ძალიან სერიოზული ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რომ შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა, ისეთი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და საერთოდ, ეკონომიკის განვითარებას.
საინფორმაციო სააგენტო „იტარ ტასი“: გუშინ ანრი ჯერგენიამ განაცხადა, რომ ის ძალზე კმაყოფილია თქვენთან შეხვედრით. ბოლო ხანს ბატონი არძინბაც ძალიან გულთბილად საუბრობს თქვენს შესახებ და მოლაპარაკებების თაობაზე კმაყოფილებას გამოთქვამს. ამასთან დაკავშირებით, ხომ არ მზადდება რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც აფხაზი სეპარატისტებისათვის რაღაცის სანაცვლოდ დათმობას ითვალისწინებს?
ედუარდ შევარდნაძე: როცა არძინბა ან ანრი ჯერგენია მე მაკრიტიკებენ, მიგაჩნიათ, რომ ეს ნორმალურია. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ შეიძლებოდა საუბარი ნორმალურ ატმოსფეროზე, რომელიც მომავალში უფლებას მოგვცემს, განვიხილოთ ლტოლვილებთან დაკავშირებული მტკივნეული საკითხები.
ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში არასოდეს წავსულვარ დათმობაზე, განსხვავებით კომპრომისისაგან, რომელიც ითვალისწინებს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის და საერთოდ, მრავალი სახელმწიფოს ინტერესებს.
რუსეთის ტელეკოპანია „ტვ 6“: პანკისის ხეობაში წითელი ჯვრის წარმომადგენელთა გატაცება ხომ არ შეიძლება მივიჩნიოთ პროვოკაციად. მომავალში ასეთ რთულ რაიონში გამგზავრებისას უცხოეთის წარმომადგენელებისათვის ხომ არ გამოიყოფა დაცვა?
ედუარდ შევარდნაძე: ისინი გაფრთხილებული იყვნენ, აქ გამგზავრებამდე სავალდებულო იყო, რომ პოლიცია საქმის კურსში ჩაეყენებინათ, მაგრამ მათ გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. მინდა ვურჩიო ყველას, ვინც ასეთი სასარგებლო საქმიანობით - ქველმოქმედებით არის დაკავებული, აუცილებელია, უშიშროების დამატებითი გარანტიების მისაღებად მივმართოთ პოლიციის რაიონულ განყოფილებას. ეს არა იმიტომ, რომ მოსახლეობას არ ვენდობით, არამედ ყოველგვარი უსიამოვნების გამოსარიცხად. იყო თუ არა ეს ფაქტი პროვოკაცია, მიმაჩნია, რომ მძევლის აყვანა ყველა შემთხვევაში პროვოკაციაა.
გაზეთი ახალი „თაობა“: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ დღეებში ნიკო ლეკიშვილი ბათუმში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილისაგან განსხვავებით, ის უპრობლემოდ მიიღო ასლან აბაშიძემ. თუმცა ნიკო ლეკიშვილი ამ ვიზიტის შესახებ არაფერს ამბობს. რა კომენტარს გაუკეთებდით ამ ფაქტს?
ედუარდ შევარდნაძე: ბატონი ასლან აბაშიძის ნებაა, ვის როდის მიიღებს, როდის აქ ეს თავისუფალი დრო და როდის - არა. ის, რომ მას გაუჭიანურდა მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის მიღება, უცნაურობა არ გახლავთ, ფრაქციის წევრები დადიოდნენ ქალაქში, ბევრი რამ ნახეს, დაათვალიერეს, მათ შორის მოქალაქეთა კავშირის რეგიონული ორგანიზაციის წევრებსაც შეხვდნენ. იმუშავეს ღამის თერთმეტ საათამდე, შემდეგ შეხვდნენ ბატონ ასლანს და როგორც ვიცი, ორივე წყაროსაგან, ეს საუბარი საკმაოდ კარგად და კონსტრუქციულად წარიმართა. ბატონი ასლანი არის საქართველოს ერთი ნაწილის - აჭარის ლიდერი და მასთან შეხვედრა ყველა ადამიანს შეუძლია, იქნება ეს ჩემი მომხრე თუ მოწინააღმდეგე და არავითარი უცნაურობა ეს არ გახლავთ.
საქართვლოს პერეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 8 აგვისტო. - №213 (3614). - 1,3 გვ.
![]() |
22 ცოტნე დადიანის მაგალითი |
▲back to top |
თორმეტ აგვისტოს საქართველო სიამაყით და მადლიერებით იხსენებს დიდ წინაპარს, ქართული რაინდული სულის ჭეშმარიტ გამოხატულებას, ცოტნე დადიანს.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ისტორიული პიროვნების მისაბაძი მაგალითი მხოლოდ წიგნებს კი არ შემორჩა, არამედ ხალხის ცოცხალ მეხსიერებასაც, როგორც მუდმივი სიამაყისა და მიბაძვის მაგალითი, როგორც ქართული ხასიათის მკაფიო გამოვლენა.
ცოტნე დადიანი, საქართველოს წინაშე დიდად დამსახურებული გვარის ის საუკეთესო წარმომადგენელია, რომელიც მისმა ბედმა და საარაკო საქციელმა მხოლოდ სიყვარულით და თუნდაც სიამაყით გახსენებისათვის კი არ გამოარჩია, არამედ ყოველნაირად და ყოველწამიერად ჩვენს გვერდით, ჩვენსავე ძნელ ცხოვრებაში, მაგალითად არსებობისათვის.
თუ გინდა ჭეშმარიტი ქართველი იყო, ასეთი ამაღლებული და თავგანწირული გმირობით მარტო აღტაცება კი არ უნდა შეგეძლოს, არამედ მსგავსი საქციელის გამეორებაც.
დიდი წარსული ჩვენთვის მხოლოდ სიამაყისა და კეთილად გახსენების საგანი კი არაა და არც მხოლოდ აწყმოსა და მომავლის განმაპირობებელი მუდმივი სიდიადე, არამედ თავად ჩვენი, ქართველების ხასიათის განმსაზღვრელიცა და გამომხატველიც.
ესაა ის მთავარი, რაც მუდამ უნდა გვახსოვდეს და რის მიხედვითაც მუდამ უნდა ვიცხოვროთ.
ედუარდ შევარდნაძე.
ცოტნე დადიანის მაგალითი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 12 აგვისტო. - №217 (3616). - 1 გვ.
![]() |
23 ჩემო ქისტებო, საქართველოს სტუმრებო! |
▲back to top |
მიმართვა
გადავწყვიტე, მოგმართოთ ამ მოკლე ბარათით. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ვიყავი ხეობაში და ახლაც თვალწინ მიდგას ის შეხვედრა, რომელიც მე და ჩემს სტუმრებს მოუწყვეთ.
თქვენ კარგად გესმით მიზეზები თქვენი საქართველოში ჩამოსახლებისა. მას შემდეგ ვცხოვრობთ ერთად, როგორც მონათესავე ხალხები, ერთი ქვეყნის მოქალაქენი, ერთი ცის ქვეშ. ბევრი რამ კარგი გვიკეთებია, ბევრ განსაცდელსაც ერთად შევბრძოლებივართ. ამ ბოლო თვეებში რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით. საქართველომ შეასრულა თავისი მისია როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.
შემახურა და შემაძრწუნა ბოლო დღეების მოვლენებმა. არც საქართველო და არც მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ამის ღირსი არ ვართ. მე არ მინდა მივმართო რეპრესიულ ზომებს, სისხლი დაიღვრება, შედეგები მძიმე იქნება. მე ერთხელ კიდევ მივდივარ დათმობაზე, ჩვენი ძმობისა და მეგობრობის განმტკიცების მიზნით.
გთხოვთ, მიიღოთ ყველა ზომა, რათა მძევლები (წარმოგიდგენიათ, რომ ისინი ქალები არიან?) დროზე გაათავისუფლოთ. მე თქვენი სახელით შევპირდი მსოფლიოს პრობლემის მოგვარებას. იმედი მაქვს.
თქვენი ედუარდ შევარდნაძე.
ჩემო ქისტებო, საქართველოს სტუმრებო! // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 15 აგვისტო. - №220 (3621). - 1 გვ.
![]() |
24 „საქართველოს ავტორიტეტი და წონა მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ მაღალია“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი
2000 წლის 14 აგვისტო
ტელეკომპანია „რტრ“: რას ითხოვდნენ პანკისის ხეობაში წითელი ჯვრის თანამშრომელთა გამტაცებლები, ვინ იყვნენ ისინი და შესრულდა თუ არა მათი მოთხოვნები?
ედუარდ შევარდნაძე: მიმდინარეობდა ჩვეულებრივი მოლაპარაკება, მუშაობდნენ შუამავლები, მათ შორის, ძირითადად ხეობაში მცხოვრები ავტორიტეტები. ამ მოლაპარაკების შედეგად და ჩემი აზრით, უმთავრესად ადგილობრივი მოსახლეობის გავლენით, მიღებულ იქნა ეს გონივრული და ჭკვიანური გადაწყვეტილება. ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საქმეა.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, პროგრამა „მოამბე“: არსებობს მოსაზრება, თავის დროზე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები რომ არ შესულიყვნენ აფხაზეთში, ომს თავიდან ავიცილებდით. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და უახლოეს მომავალში ხომ არ გაქვთ დაგეგმილი რაიმე ღონისძიება, თუნდაც, შეხვედრა არძინბასთან?
ედუარდ შევარდნაძე: რა თქმა უნდა, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - ის არ ყოფილა არც დაგეგმილი და არც ჩაფიქრებული. შემონახულია დოკუმენტები, მათ შორის, რუკები, ასევე, ჩემი გამოსვლა სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე, სადაც ითქვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მაგისტრალების მასობრივი ძარცვა და ეს უნდა აღიკვეთოს, საქართველო ვალდებულია წესრიგი დაამყაროს რკინიგზაზე. ციფრიც კი მახსოვს - ერთი წლის განმავლობაში მაშინდელი 11 მილიარდი მანეთის ქონება დაიტაცეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიგზავნოს ჯარები წესრიგის დასამყარებლად. ამავე დროს, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც არაერთხელ მითქვამს - არავითარი სამხედრო დავალება მათ არ ჰქონიათ. ერთადერთი დავალება იყო ის, რომ გაეცილებინათ ვაგონები. ამავე დროს, დაგეგმილი იყო სამი პუნქტის შექმნა - ერთი სამტრედიაში და თითოც - სოხუმთან და ლესელიძესთან ახლოს, ოღონდ არადასახლებულ პუნქტებში. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი სიტყვები - ჯარებს დასახლებულ პუქტებში შესვლა ეკრძალებათ. ჩვენ, რომ მიზნად გვქონოდა ომი და სისხლისღვრა, რა თქმა უნდა ასეთი მითითება არ იქნებოდა არ იქნებოდა სამწუხაროდ, ეს მითითება არ შესრულდა, ალბათ, იმიტომ, რომ ქვეყანას მაშინ ჯარი პრაქტიკულად არ ჰყავდა, ის არ იყო ორგანიზებული, დისციპლინირებული. ასევე, ბევრი ცოდვა ადევთ კისერზე იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს მითითება არ შეასრულეს. ეს აქცია არ ნიშნავდა აფხაზეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას, მით უმეტეს, რომ არსებობდა წინასწარი შეთანხმება არძინბასთან - ერთად უნდა გაგვეხორციელებინა ეს ღონისძიება. სამწუხაროდ, ის პირები, რომლებიც უნდა ჩასულიყვნენ მასთან მოლაპარაკებაზე, არ ჩავიდნენ, ან ჩავიდნენ დაგვიანებით, მეორე-მესამე დღეს, როცა უკვე სისხლი დაიღვარა და ძალიან ძნელი იყო ყველაფრის შეჩერება. ამით დაიწყო ეს ყველაფერი და განვითარდა ასე ტრაგიკულად.
გაიმართება თუ არა არძინბასთან შეხვედრა? შეხვედრას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ გვექნება კონკრეტული, თუნდაც მცირე შედეგი. ამის შესახებ ვუთხარით კიდეც ანრი ჯერგენიას, რომელიც ამას წინათ იმყოფებოდა თბილისში. ჩვენს შორის კარგი საუბარი გაიმართა. ისინიც მუშაობენ და ჩვენც იმაზე, თუ რა კონკრეტული შედეგის მიღება შეიძლება ასეთ ფონზე, როცა ყველაფერი ჯერ მზად არ არის.
აფხაზეთის რადიო: თქვენი მოღვაწეობის უმთავრესი პრიორიტეტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. უნდა ვიგულისხმოთ თუ არა, რომ შესაძლებელია შეიცვალოს ხელისუფლების მიდგომა კონფლიქტის მოწესრიგებისადმი, უფრო ზუსტად, ის მეთოდები, რომლებსაც დღეს მიმართავს ხელისუფლება. მხედველობაში მაქვს კოფი ანანის ბოლოდროინდელი განცხადება.
ედუარდ შევარდნაძე: ჯერჯერობით, ალბათ, მოსალოდნელია შეიცვალოს მხოლოდ იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც მოხდება საერთაშორისო პოლიტიკაში მე შემთხვევით არ მოვიტანე ციტატები კოფი ანანის განცხადებიდან. ეს ძალიან ყურადსაღები და საგულისხმო განცხადებებია და არა მგონია, რომ შემთხვევით იყოს გამოქვეყნებული, მით უმეტეს, რომ მისი ახლანდელი გამოსვლა წინ უძღვის საიუბილეო სესიას, რომელიც უნდა გაიმართოს სექტემბერში. დარწმუნებული ვარ, რომ იმ გამოსვლაშიც ის ამ პოზიციას გამოხატავს. ამგვარად, რამდენადაც შეიცვლება საერთაშორისო პოლიტიკა და საზოგადოებრიობის დამოკიდებულება ეთნოწმენდისა და ეთნოკონფლიქტებისადმი და ალბათ, აუცილებლად შეიცვლება გამკაცრების თვალსაზრისით, მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები საქართველოს პოლიტიკაშიც.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“: თქვენ განაცხადეთ, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის და ქონების მართვის მინისტრებს მთავრობის სხდომაზე გარკვეულ შეკითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა. ხომ არ დააკონკრეტებდით, რას გულისხმობდით?
ედუარდ შევარდნაძე: სახელმწიფოს აქვს თავისი საწარმოები და გარკვეული წილი ძალიან ბევრ პრივატიზებულ ორგანიზაციასა და საწარმოში. კანონი მიუთითებს, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს თავისი წილი იმ მოგებიდან, რასაც იღებენ ეს საწარმოები. ზოგი საწარმო გაკოტრებულია და ეს არ შეუძლია, ზოგიც გაკოტრების გზაზეა და მათ შესახებ უნდა მივიღოთ კანონი, ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ მოგებას, ვალდებული არიან სათანადო წილი სახელმწიფოს მისცენ. მე არ მაქვს მხედველობაში ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის რკინიგზა, რომელსაც ძალიან დიდი მოგება აქვს და 50 მილიონ ლარს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში, ამავე დროს, იტოვებს იმ თანხებს, რომლებიც აუცილებელია რკინიგზის განვითარებისათვის. თქვენ იცით, რომ ეს იყო დანგრეული ორგანიზაცია, დღეს კი საქართველოს რკინიგზა კონკურენტუნარიანი დარგია და ერთ-ერთი მთავარი შემაერთებელი კვანძია ევროპასა და აზიას შორის. ის მთლიანად სახელმწიფოს დაუხმარებლად მუშაობს. აი, ამ საკითხებზე მოგვიხდება სერიოზული საუბარი მთავრობის სხდომაზე გავერკვიოთ, ვინ არ იხდის სწორად და რატომ ვერ მართავს ამ სერიოზულ პრობლემას ქონების მართვის სამინისტრო.
გაზეთი „თუთარჩელა“: ივნისში ზუგდიდში საკუთარ სახლში დაცხრილეს გალიდან ლტოლვილი ვახტანგ შონია. მეორე დღესვე ეს მკვლელობა რატომღაც ყაჩაღობად შეფასდა. ჟურნალისტთა ჯგუფი მაშინვე შეუდგა იმის შესწავლას, თუ როგორ და რა ვითარებაში მოკლეს შონია და აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო დეტალები იმის დასადასტურებლად, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. ჩვენი მუშაობის შესახებ ცნობილია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ ამ საქმის „ჩაფარცხვა“. ამიტომ გვინდა გთხოვოთ, რომ პირად კონტროლზე ავიყვანოთ ეს გამოძიება. ჩვენ პირადად თქვენ მოგაწვდით ჩვენს მიერ მოკვლეულ მასალებს. თქვენი კონტროლი გარკვეულ ძალებს არ მისცემთ საქმის გამრუდების საშუალებას, რაც უკვე დაწყებულია.
ედუარდ შევარდნაძე: მე გამოძიების არც უფლება მაქვს, არც დრო და არც საშუალება. გამომიგზავნეთ ეს მასალები. გპირდებით, რომ იქნება ჩემს კონტროლზე და ყოველ ორ დღეში შევამოწმებ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება.
პროგრამა „მოამბე“: ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეომრებმა, რომლებიც ციხეებში იხდიან სასჯელს, გამოაცხადეს ერთდღიანი გამაფრთხილებელი შიმშილობა და ითხოვენ თქვენი 20 აპრილის განკარგულების აღსრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 15 სექტემბრიდან მასობრივ აქციებს აპირებენ. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?
ედუარდ შევარდნაძე: ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. გავერკვევი და შემდეგ გიპასუხებთ.
„გაზეთი მენორა“: იასირ არაფატმა განაცხადა, რომ ცალმხრივად გამოაცხადებს პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და იერუსალიმს - მის დედაქალაქად. ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობს ედუარდ შევარდნაძე იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, თუ პალესტინის ავტონომიის ლიდერი ყურად არ იღებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის მოსაზრებებს?
ედუარდ შევარდნაძე: მე მგონია, ჯერჯერობით საქმე არ არის იქამდე მისული, რომ არავითარი პერსპექტივა არ ჩანდეს. არაფატის განცხადება იმის შესახებ, რომ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქია, საკითხის გადაწყვეტას არ ნიშნავს. ეს უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მე გამახსენდა ბილ კლინტონის გამოსვლა იმის შესახებ, რომ ის არათუ არ იზიარებს განცხადებას, რომ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქია, არამედ ამერიკის საელჩოც, რომელიც იქ არის განთავსებული, დარჩება იერუსალიმში. თავისთავად, როდესაც ასეთი სახელმწიფოა დაინტერესებული სისხლხორცეულად ამ პრობლემის მოგვარებით და შუამავლობს კიდეც ორ ქვეყანას შორის, არ მგონია, რომ რაიმე მოულოდნელი მოხდეს. ჯერჯერობით, თუ არ ვცდები, ეს ყველაფერი უფრო რიტორიკის დონეზეა.
ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია: როგორ მიმდინარეობს „ტრასეკას“ პროექტის განხორციელება და როგორ აფასებთ პროექტში სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობას?
ედუარდ შევარდნაძე: თქვენ იცით, რომ საქართველო დიდხანს ემზადებოდა „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების პროექტისათვის. ახლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება ჩინეთში, სადაც კარგად ახსოვთ 1993 წელი, როცა მე გავუზიარე ეს იდეა. დღეს ეს უკვე პროექტი აღარ არის - ეს უკვე მოქმედი საკმაოდ ეფექტიანი სისტემაა, რომელშიც ოფიციალურად 14 სახელმწიფოა ჩართული. შექმნილია სპეციალური სამდივნო, რომლის ოფისი მდებარეობს ბაქოში. მდივნად საქართველოს წარმომადგენელია არჩეული. მიმდინარეობს დიდი მუშაობა მთელი ამ სისტემის განვითარებისათვის. ყველა სახელმწიფოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, არავითარი გაუგებრობა და უთანხმოება ჩვენს შორის არ არსებობს. ერთადერთი ის არის, რომ გვაქვს ძალიან ბევრი იდეა იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არსებობს მიწის ქვევით თუ კოსმოსში, ვგულისხმობ კოსმოსურ კომუნიკაციებს და მათი რეალიზაციისათვის არ გვაქვს საკმარისი ასიგნებები. ჩვენ, სახელმწიფოთა მეთაურები, ალბათ, ნიუ-იორკში აუცილებლად შევხვდებით და ვიმსჯელებთ, როგორ გამოვძებნოთ ფინანსირების წყაროები.
ტელეკომპანია „ნტვ“: როგორც ცნობილია, კომპანია „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ ვოთერსმა“ მოსკოვში აფეთქების დროს დაშავებული რამდენიმე ადამიანის ლიკანში მკურნალობა შესთავაზა მოსკოვის ხელისუფლებას. იქიდან გამომდინარე, რომ „ლიკანი“ სახელმწიფოს საკუთრებაა, ხომ არ ნიშნავს, რომ კერძო კომპანია და სახელმწიფო ერთობლივად განახორციელებენ ამ ჰუმანიტარულ აქციას?
ედუარდ შევარდნაძე: იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ 7-8 ადამიანი, რომლებსაც მართლაც მძიმე მდგომარეობა აქვთ, ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე.
პროგრამა „ალიონი“: როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის შემსწავლელმა კომისიამ დასვა საკითხი კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის სერგო ესაკიას და რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის აკაკი ჩხაიძის თანამდებობასთან შეუთავსებლობის შესახებ. რამდენიმე დღის წინათ, როდესაც ჩხაიძემ კომისიის სხდომა მიატოვა, კომისიამ მოგმართათ შესაბამისი ზომების მიღების თხოვნით. როგორია თქვენი კომენტარი პირველ დოკუმენტებთან და ბოლო დადგენილებასთან დაკავშირებით?
ედუარდ შევარდნაძე: სანამ დოკუმენტებს არ მივიღებ, ძალიან ძნელია რაიმე კომენტარი გავაკეთო, მე უკვე ვილაპარაკე რკინიგზის მიმართ წაყენებული ბრალდებების შესახებ. სხვათა შორის, თუ არ ვცდები, ეს წელიწადში რკინიგზის მეშვიდე თუ მერვე შემოწმებაა და რაიმე სერიოზული დარღვევები თითქოს არ იყო შენიშნული. რაც შეეხება მეორე საკითხს ბატონ ესაკიას შესახებ, აქაც ცალმხრივი ინფორმაციით არავითარი გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია. კომიტეტის აზრი ჩემთვის სავალდებულო არ არის. ანგარიშგასაწევია, მაგრამ არა - სავალდებულო. მე დიდ პატივს ვსცემ დავით გამყრელიძეს, ვიცნობ დაახლოებით 7 წელიწადია და ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენია, მაგრამ რამდენად წარმატებული პარლამენტარია, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ამას დრო სჭირდება დრო კი მეც მაქვს და მასაც.
„იტარ-ტასი“: თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ აუცილებელია გაეროს რეფორმა. სექტემბერში თქვენ სიტყვით გამოხვალთ გაეროს გენერალურ ანსაბლეაზე. როგორ წარმოგიდგენიათ გაეროს რეფორმა და კერძოდ, რუსეთის როლი გაეროს საქმიანობაში?
ედუარდ შევარდნაძე: როდესაც გაეროს რეფორმების აუცილებლობაზე ვლაპარაკობდი, ვგულისხმობდი, უწინარეს ყოვლისა, უშიშროების საბჭოს გაფართოებას. ჯერ კიდევ 1992 წელს გამოვთქვი მოსაზრება, რომ საბჭოს წევრებად აერჩიათ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და იაპონია. შემდეგ ამ თემას აღარ დავბრუნებივარ, თუმცა ხშირად ვიმეორებდი ჩემს მოსაზრებას რეფორმის შესახებ. ახლა სხვადასხვა აზრი არსებობს. ახლა არ ვარ მზად პასუხისათვის, იმიტომ, რომ არ მაქვს ინფორმაცია როგორი არგუმენტები არსებობს. გერმანია და იაპონია ის სახელმწიფოებია, რომლებსაც გადამწყვეტი როლი ენიჭებათ თანამედროვე მსოფლიოში როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხებში. დღეისათვის კი სწორედ ფინანსური საკითხები წყვეტს თანამედროვე მსოფლიოში სტაბილურობის პრობლემას, მათ შორის, განსაკუთრებით, ისეთი ურთულესი პრობლემის დაძლევაში, როგორიც არის სიღატაკე. მილიონობით ადამიანი შიმშილობს, ამიტომ საჭიროა, რომ ასეთი ძლიერი სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესურსები, ჩაერთონ უშიშროების საბჭოში და გახდნენ სტაბილურობის გარანტები ცალკეულ რაგიონებსა და მთლიანად მსოფლიოში. რაც შეეხება რუსეთს, ის უშიშროების საბჭოს წევრია და ღირსეულად უკავია ეს ადგილი. მიმაჩნია, რომ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციაში გარკვეული კორექტივების შეტანის შემდეგ იგი შეძლებდა უფრო აქტიური და შესამჩნევი როლის შესრულებას უშიშროების საბჭოში. რუსეთის გარეშე უშიშროების საბჭო ვერც წარმომიდგენია.
„როიტერი“: უკვე მეოთხე შემთხვევა მოხდა როდესაც საქართველოში, მოიტაცეს უცხოური კომპანიის თანამშრომლები. როგორ გგონიათ, რამდენად ნეგატიურად იმოქმედებს ეს საქართველოს იმიჯზე.
ედუარდ შევარდნაძე: ყოველი ასეთი შემთხვევა იმოქმედებს ნებისმიერი ქვეყნის იმიჯზე. ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, ის არის, რომ საქართველო არ არის გამონაკლისი და ასეთი ფაქტები დამახასიათებელია ძალიან ბევრი ქვეყნისათვის. ბუნებრივია, მათს ავტორიტეტზე ეს მოქმედებს, აფრთხობს ხალხს, მათ შორის, ტურისტებს, და ა.შ.
გუშინ იყო შემთხვევა სვანეთში - გერმანელ ტურისტთა ჯგუფი ბრუნდებოდა სამი მანქანით და ერთ-ერთ მანქანას ჩასაფრებულებმა ცეცხლი გაუხსნეს. საბედნიეროდ, წინა შემთხვევის გაკვეთილიდან გამომდინარე, პოლიცია მზად იყო. თითოეულ მანქანაში იყვნენ პოლიციელები, რომლებმაც საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ყველაფერი ნორმალურად დამთავრდა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი გახმაურდება გერმანიაში, სადაც არის უდიდესი ინტერესი საქართველოსადმი. სვანეთი არის მარგალიტი მსოფლიო ტურიზმისა და ალპინიზმისათვის, მთასვლელებისათვის. რატომ უნდა წამოსულიყო იაპონიიდან ასაკოვანი ხალხი სვანეთის სანახავად? იმიტომ, რომ ეს მართლაც ბუნების უნიკალური მოვლენაა. ასევეა გერმანიაში - იქ უდიდესი ინტერესია სვანეთის მიმართ. მე უნდა მივმართო სვანებს, ისევე, როგორც პანკისის ხეობელებს მივმართე. სვანების გარდა იქ წესრიგს ვერავინ დაამყარებს, დივიზიაც რომ შევიყვანოთ. სვანებმა უნდა გაიგონ, რომ ტურიზმი და მგზავრები, რომლებიც იქ შედიან ბუნების იმ სასწაულის გასაცნობად, არის სიმდიდრის წყარო. თუ იქ გზასაც გავიყვანთ და მასობრივი ტურიზმი განვითარდება, სვანეთი 2-3 წელიწადში აყვავდება. ამიტომ თვითონ უნდა მოინდომონ. ყველაზე უკეთ სვანებს შეუძლიათ მოუარონ თავიანთ კუთხეს. ჩვენ კი დავეხმარებით.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა მიწასთან გასწორებული საქართველოს ავტორიტეტი. არ არის ასე. თითოეულმა ამ ფაქტმა იმოქმედა, მაგრამ ამავე დროს არის სხვა რეზერვებიც. ჯერჯერობით ეს ყველაფერი მუშაობს და საქართველოს ავტორიტეტი და წონა მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ მაღალია თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ მძევალთა გათავისუფლების პრობლემა წარმატებულად და საკმაოდ მაღალპროფესიულ დონეზე გადავწყვიტეთ.
საქართველოს ავტორიტეტი და წონა მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ მაღალია // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 15 აგვისტო. - №220 (3621). - 1,3 გვ.
![]() |
25 „რეფორმატორული კურსი უცვლელია და მას ალტერნატივა არა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მიზანია ავაშენოთ ახალი, დემოკრატიული, თავისუფალი, ეკონომიკურად განვითარებული და სოციალურად სტაბილური ქართული სახელმწიფო“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
14 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა ცნობილი პოლონელი ეკონომისტი ლეშეკ ბალცეროვიჩი. ბევრის აზრით, „პრეზიდენტის მთავარ ეკონომიკურ მრჩევლად“ მისი დანიშვნა საქართველოს რეფორმათა ახალი ეტაპის დაწყებას მოასწავებს. მით უმეტეს, რომ ეს მოვლენა დაემთხვა ახალი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისს. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ეს მოსაზრება? გარდა ამისა, რაკი ეკონომიკურ თემას შევეხეთ, რას გამოჰყოფდით ამ თვალსაზრისით გასულ კვირას და, რაც ყველაზე მეტად აღელვებს საზოგადოებას, როგორია მეგობარი ქვეყნების გამოხმაურება თქვენს მიმართვაზე არნახულ გვალვასთან დაკავშირებით? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- რა თქმა უნდა, ლეშეკ ბალცეროვიჩის ჩამოსვლა საქართველოში შემთხვევითი ან სიმბოლური მოვლენა არ არის.
არც ის მოსაზრებაა საფუძველს მოკლებული, რომ უკვე მაის-ივნისიდან ჩვენ დავიწყეთ მუშაობა საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი კარის დებულებათა განსახორციელებლად.
ეს გახლავთ „ეკონომიკისაკენ 180 გრადუსით შემობრუნება“. ეს დებულება თავისთავად გულისხმობს რეფორმათა გაღრმავებას და შემდგომ განვითარებას. ეს შემობრუნება კი რეფორმათა გაღრმავების ბაზაზე უნდა მოხდეს.
საერთოდ, რეფორმა, რასაკვირველია, სასრული პროცესი არ არის - ეკონომიკური სისტემის სრულყოფა თვით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი პერმანენტულად გრძელდება. მაგრამ საქართველოში დაწყებულმა რეფორმამ მესამე ეტაპზე, როდესაც იგი შექმნილი დოვლათის სამართლიანი გადანაწილების ქმედითი სისტემით დაგვირგვინდება, ხელშესახები შედეგი უნდა მოგვცეს.
ამის ყველა წინაპირობა რეალურად არსებობს.
აქვე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ ბოლო დროს ფრიად „რეკლამირებულ“ მოსაზრებებსა და დისკუსიებს, ეგრეთ წოდებული „რეფორმატორებისა და ანტირეფორმატორების“ შესახებ.
თანაც, კაცმა ვერ გაიგო, ჩვენს პირობებში რა განსხვავებაა მათ შორის. ან, ბოლოს და ბოლოს, ვინ არიან ეს „რეფორმატორები“ და ვინ არიან „ანტირეფორმატორები“.
ჯერჯერობით ვერ გავარკვიე, ამ მოსაზრებათა ავტორები პირადად მე რომელ კატეგორიას მიმაკუთვნებენ.
ეს ნახევრად ხუმრობით, თორემ, საქართველოში ვისაც ჭკუა მოეკითხება, ყველას ახსოვს, როგორ და როდის დაიწყო რეფორმა, - 1994 წელს, რამდენად ღრმა და კონცეპტუალურად უზრუნველყოფილი იყო იგი და მას ეწოდებოდა სახელმწიფოებრივი ანტიკრიზისული პროგრამა და სწორედ ეს იყო პირველი ნაბიჯი ნამდვილი რეფორმების გზაზე.
აღარაფერს ვამბობ ადრინდელ ეპოქასა და ბევრისათვის გამაოგნებლად გაბედულ სამოცდაათიანი წლების ეგრეთ წოდებულ „ექსპერიმენტებზე“, რაც სინამდვილეში რეფორმატორული გამოვლინება იყო და, ფაქტობრივად, სწორედ მაშინ ეყრებოდა, ელემენტარულად მაინც, რაღაც საფუძვლები საბაზრო ეკონომიკასა და ბევრ სხვა მოვლენას.
- იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ამას მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანებით არ ხვდებოდა და ამას სჭირდებოდა რაღაც, ასე ვთქვათ, კამუფლირება, რაღაც ექსპერიმენტის სახელის დარქმევა, რომ უფრო მძაფრი წინააღმდეგობა არ მოჰყოლოდა...
- მაშინ ამ ექსპერიმენტებს ეს სახელი სწორედ იმიტომ დავარქვით, რომ ბევრი რამისათვის გამართლება მოგვეძებნა.
საერთოდ, ხელოვნურად ნუ შევქმნით ისეთ წინააღმდეგობებს, რომელთაც არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნიათ. მით უმეტეს, ერთბაშად ნუ მოვიშორებთ, ნუ ვაწყენინებთ იმათ, ვისაც ზოგიერთი, ასე ვთქვათ, „რეფორმატორს“ უწოდებს, ზოგიერთი - „კონსერვატორს“ და ასე შემდეგ.
ეგრეთ წოდებულ „კონსერვატორს“ შეიძლება ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ პატივი უნდა სცე, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, კონსერვატიულად განწყობილი ადამიანის სიფრთხილე, წინდახედულობა რეფორმათა ამა თუ იმ გამოვლინების მიმართ, სასარგებლოც არის ქვეყნისათვის და, საერთოდ, რეფორმატორული კურსისთვისაც.
არსებითი ხასიათისაა კითხვა: რამდენად მომწიფებულია ესა თუ ის პრობლემა, რამდენად მზად არის ქვეყანა და საზოგადოება ამა თუ იმ სისტემის რეფორმირებისათვის, რამდენად რადიკალური უნდა იყოს რეფორმა და ასე შემდეგ.
რეფორმა - რეფორმისათვის არ დაგვიწყია.
ვგულისხმობ საკუთარ ძალისხმევას და თანამოაზრეთა გუნდს, რომელიც აქტიურად მუშაობდა მთელი ამ წლების განმავლობაში.
რეფორმატორული კურსი უცვლელია და მას ალტერნატივა არა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მიზანია ავაშენოთ ახალი, დემოკრატიული, თავისუფალი, ეკონომიკურად განვითარებული და სოციალურად სტაბილური ქართული სახელმწიფო.
ამდენად, „რეფორმატორულია“ ყველაფერი, რასაც მიზნისაკენ მივყავართ. ზოგ შემთხვევაში კი სიდინჯე და თავდაჭერილობა მიზანთან უფრო გვაახლოებს.
ლეშეკ ბალცეროვიჩის მოწვევაც ამ სიახლეთა გამოვლინებაა. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს ჩვენ არ ვენდობოდეთ ქართველ ექსპერტებს, ქართველ სპეციალისტებს, მაგრამ ნურავის ეწყინება, თუ ყველას შევახსენებ ისეთ კატეგორიებს, როგორიც არის კვალიფიკაციის დონე, გამოცდილება, განვლილი გზა, საერთაშორისო ავტორიტეტი და სხვა. ყოველივე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბალცეროვიჩი მთელი მსოფლიოსათვის, ასე ვთქვათ, „ნიშანდობლივი“ ფიგურაა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის, კერძოდ, საერთაშორისო საინვესტიციო ასპარეზზე ავტორიტეტისა და გავლენის ზრდის თვალსაზრისით.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩი წარმატებული ლიბერალური რეფორმისა და ეკონომიკის მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის დიდი ერჰარდის პრემიით არის დაჯილდოებული.
სწორედ ამ ფაქტორებს ვითვალისწინებდი, როდესაც პირადად ვთხოვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბატონ ბილ კლინტონს, გადაეწყვიტა საქართველოს პრეზიდენტისათვის სწორედ ამ რანგის მრჩევლის დანიშვნის საკითხი. სათანადო გადაწყვეტილებამაც არ დააყოვნა. ასევე ოპერატიულად გადაწყდა ნავთობისა და გაზის საკითხებში სტრატეგიული მრჩევლის დანიშვნის საკითხიც. ამ ფუნქციას უმაღლესი კვალიფიკაციისა და უდიდესი გამოცდილების მქონე მოღვაწე, ბატონი ედვარდ ჩოუ შეასრულებს.
ვსარგებლობ შემთხვევით, და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამ დახმარებისათვის. მით უმეტეს, რომ მთელ ხარჯებს, ამ საკმაოდ მრავალრიცხოვანი რაზმის საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გაიღებს.
ბუნებრივია, ბატონი ბალცეროვიჩი მუდმივად საქართველოში ვერ იმუშავებს. ამის არც არანაირი აუცილებლობაა, მაგრამ იგი შექმნის მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა ჯგუფს და გარკვეული პერიოდულობით თბილისში პირადად უხელმძღვანელებს სპეციალურ სამუშაო კონფერენციებსა და შეხვედრებს. არ გამოვრიცხავ მის მონაწილეობას მთავრობის სხდომებშიც.
გარდა ამისა, მას პირდაპირი კავშირი ექნება ჩემთან.
ლეშეკ ბალცეროვიჩის სიტყვას განსაკუთრებული წონა აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებშიც.
ორივე სტრატეგიულ მრჩეველთან პირველივე შეხვედრებმა დამარწმუნა, რომ ჩვენ სავსებით სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილება მივიღეთ. აქ არ არის ლაპარაკი „რეფორმათა ახალი კურსის შემუშავებაზე“, დაწყებული საქმის თავდაყირა დაყენებაზე.
ასეთი კურსი, როგორც მოგეხსენებათ, და როგორც ზემოთ ვთქვი, კოლეგებთან ერთად ექვსი წლის წინათ შევიმუშავეთ და თანამიმდევრულადაც ვახორციელებთ.
მაგრამ, მას შემდეგ მსოფლიოსა და ჩვენს სამშობლოშიც ბევრი რამ კარდინალურად შეიცვალა. ამიტომ აუცილებელი ხდება არა რეფორმათა შეჩერება (როგორც ზოგიერთს ეჩვენება თუ „ელანდება“), არამედ პირიქით - დაჩქარება, გაღრმავება და შემდგომი გონივრული განვითარება.
მე ასეთ გამოთქმასაც მოვიშველიებდი: „მეორე სუნთქვა“.
„მეორე სუნთქვა“ (როგორც სპორტსმენები იტყვიან ხოლმე) შეიძლება „გაეხსნას“ უბრალო ადამიანსაც, პრეზიდენტსაც და ქვეყანასაც - მხოლოდ რეფორმათა და გარდაქმნათა პროცესში.
გასაკეთებელი კი მართლაც ბევრია: უნდა დავძლიოთ კორუფცია ადმინისტრაციულ სისტემაში და წარმატებით დავასრულოთ სასამართლოს რეფორმირების პროცესი ისევე, როგორც, საგადასახადო სისტემის რეფორმა, და ამ რეფორმებმა ნაყოფი უნდა გამოიღოს. მთავარი ეს არის.
ძირეული ცვლილებანი და განახლება უახლოეს მომავალში იმ დარგებსაც შეეხება, რომელთაც ნაკლებად „ვაწუხებდით“ (თუ ასე ვიტყვით).
მათ შორისაა მეტალურგია, მანქანათმშენებლობის დიდი საწარმოები, ჩვენი პორტების ნავმისადგომები, კომუნიკაციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა.
აქვე ერთგვარი გულისტკივილით უნდა შევნიშნო, რომ ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ვიყენებთ ქვეყანაში არსებულ რეზერვებს.
მაგალითად, ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი უმდიდრესი წყარო შეიძლებოდა გამხდარიყო სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი საწარმოები ან სახელმწიფოს „წილი“ პრივატიზებულ საწარმოებში. სამწუხაროდ, ამ „წილიდან“ მიღებული შემოსავალი წელიწადში რაღაც 250 ათას ლარს არ აღემატება.
ეს ყოვლად დაუშვებელია! ამ მდგომარეობას უკვე ვეღარ შევეგუებით. ყველა კოლეგას პატივს ვცემ, მაგრამ, მაგალითად, ქონების მართვის მინისტრს მთავრობის მომავალ სხდომაზე მოუწევს გაგვცეს პასუხი მისთვის არცთუ იოლ კითხვებზე: რატომ არ დაადგა საშველი ამ პრობლემას, რატომ ვერ ვიყენებთ პოტენციალს მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გახსოვთ, მთავრობის სხდომამ ეს საკითხი რამდენჯერმე განიხილა და სათანადო გეგმაც შემუშავდა.
იმავე სხდომისათვის სერიოზულად უნდა მოემზადოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროც.
დღევანდელ ინტერვიუში არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ საწარმოებმა, რომლებიც კარგად და გამართულად მუშაობენ, ეს მოგება თავის დარგში არ დააბანდონ. რა თქმა უნდა, ისინი სხვაგვარად ვერ განვითარდებიან. მაგალითად, რკინიგზა, რომელსაც საკმაოდ დიდი თანხა შეაქვს ბიუჯეტში. ვთქვათ, წელს 40-45 მილიონი ლარი იქნება შეტანილი ბიუჯეტში. ამას გარდა, მას აქვს მოგება და ეს მოგება აძლევს საშუალებას განავითაროს თავისი სისტემა, გახდეს კონკურენტუნარიანი და განავითაროს მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, კულტურის, სპორტისა და სხვა ობიექტები. ამას ვერ ავუკრძალავთ და ჩვენც უნდა განვახორციელოთ სწორი პოლიტიკა. ასეთ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ სტიმული, რომ მოგების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, დარჩებათ და თვითონვე გამოიყენებენ.
დღევანდელ ინტერვიუში იძულებული ვარ კიდევ ერთ ძალზე მგრძნობიარე თემას შევეხო. მიჭირს ამ საკითხზე საუბარი. შესანიშნავად მესმის, რომ აქ საქმე ადამიანის ბედს ეხება. მაგრამ, როგორც არაერთგზის მოგახსენეთ, არის ჟამი შეწყალებისა და არის ჟამი სიმკაცრის გამოჩენისა, როდესაც სხვა გზა აღარ ჩანს, ხოლო ხვეწნას, მუდარასა და შეგონებას შედეგი არ მოაქვს.
ბოლო დროს კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის პროცესში ბევრი რამ მართლაც გაკეთდა. ათობითა და ასობით ძალიან დიდი მასშტაბის საქმეებია გამოტანილი მზის სინათლეზე.
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს შინაგან საქმეთა, უშიშროების მინისტრების დიდი ძალისხმევა, აგრეთვე, გენერალური პროკურორისა და, განსაკუთრებით, კონტროლის პალატის თავმჯდომარის საქმიანობა.
ბევრი დამნაშავე გამოვლინდა. შესაბამისმა ორგანოებმა ამხილეს და სამართალში მისცეს კონტრაბანდისტები, ფალსიფიკატორები, გამფლანგველები, მექრთამეები, სხვადასხვა რჯულისა და მასშტაბის სახელმწიფო ქონების თავხედურად მიმტაცებლები.
მაგრამ შემდეგ (მხედველობაში მაქვს პირველი დღეები, როცა სანქცია უნდა ფორმდებოდეს) ხდება ძალიან უცნაური რამ: სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები იღებენ გადაწყვეტილებას ბრალდებულისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ, და, ფაქტობრივად, სახელმწიფოს აღარა აქვს საშუალება გააგრძელოს მუშაობა იმ თანხების სრული ოდენობით გამოვლენისა და დაბრუნებისათვის, მათ რეალურად რომ მიიტაცეს. საწყისი მასალები კი, რომელთა საფუძველზეც არიან პასუხისგებაში მიცემული, მხოლოდ წვეთია ზღვაში ნაძარცვის მთელ მოცულობასთან შედარებით. ძალიან ძნელია შეედავო მოსამართლეს, მე არც ვედავები, მას აქვს ამის უფლება, ქვემოთ კიდევ შევეხები ამას, მაგრამ, როცა ეს მასობრივ ხასიათს იღებს, ეს ძალიან მძიმე მოვლენაა.
- გამოდის, რომ მთელი სამართალდამცავი სტრუქტურა სულ ტყუილუბრალოდ მუშაობს...
- დიახ, ყველაფერი წყალში იყრება.
არ მინდა დღეს კონკრეტული მაგალითები დავასახელო, მაგრამ ყველა შემთხვევაში სასამართლო, როგორც შემდგომ აგვიხსნეს, ხელმძღვანელობდა, ასე ვთქვათ, „ჰუმანური“ მოსაზრებებით.
კეთილი და პატიოსანი. არც ერთ ჩვენგანს არ უხარია ადამიანის დაპატიმრება, რაოდენ დამნაშავეც უნდა იყოს იგი. მით უმეტეს, ეს ხომ მხოლოდ მისი პიროვნული ტრაგედია არ არის. ეს ოჯახის ტრაგედიაცაა, მაგრამ ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, უნდა შევთანხმდეთ: ან ვებრძვით კორუფციას, ან ყველა განცხადება მორიგ დეკლარაციად დარჩება. კორუფციის აღმოფხვრა კი სიმკაცრის, ზოგჯერ (უკიდურესი სიმკაცრისაც კი) ულმობელი ზომების გარეშე შეუძლებელი იქნება.
თუ პრეზიდენტს და, კერძოდ, ყველა უწყებას - სამართალდამცავი იქნება თუ სასამართლო ხელისუფლება, ამ საკითხში საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება, საქვეყნო ბრძოლის მოგება ძალიან გაგვიჭირდება. ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში.
მე ვთხოვ, ეს განსაკუთრებით იმათ გაითვალისწინონ, ვინც ბოლო დროს ხშირად იყენებს საზოგადოებრივ ტრიბუნას, რათა პრეზიდენტს უსაყვედუროს „უმოქმედობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
ასე არ შეიძლება. ყველა მოთხოვნასა თუ საყვედურს, თან კონკრეტული, პრინციპული პოზიცია უნდა ახლდეს.
ზოგადად ლაპარაკი ადვილია, კონკრეტული ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა კი უფრო რთული.
მე ვერ ვუკარნახებ სასამართლოს, რა უნდა გააკეთოს, როდის რა გადაწყვეტილება მიიღოს. ეს მთლიანად მისი პრეროგატივაა, იგი დამოუკიდებელი წარმონაქმნია, ასეა განსაზღვრული ჩვენი კონსტიტუციითა და ჩვენი კანონებით.
სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, იმას, რომ ამ ბოლო დროს ბატონი ლადო ჭანტურია ქვეყანაში არ იმყოფება, გარკვეული უარყოფითი შედეგი მოჰყვა.
ვფიქრობ, ბატონი ლადო დაბრუნებისთანავე ჩაიხედავს ამ საქმეებში. ამავე დროს საჭირო იქნება, უფრო აქტიურად ამოქმედდეს იუსტიციის საბჭო და სასამართლოს დისციპლინური კოლეგია, რომელიც უზენაეს სასამართლოში ფუნქციონირებს. მათ მომავალში ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ და ამ სფეროში წესრიგის დამყარება არც ისე ძნელია.
და, ბოლოს, გვალვის შესახებ. უკვე უეჭველია, რომ წლევანდელმა ეკოლოგიურმა კატასტროფამ (სხვაგვარად ამას ვერ შევაფასებ), აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა ქვეყნის სოფლის მეურნეობას.
დიდი შეღავათი ვერ იქნება, რომ საქართველო არ არის გამონაკლისი: ასეთივე მდგომარეობაა ყველა მეზობელ სახელმწიფოში. მაგალითად, ირანში. ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფაა, რადგან ორ-სამ მილიონამდე კაცი მოსავლის განადგურების შედეგად ულუკმაპუროდ დარჩა და ნამდვილი შიმშილობაა მთელ ქვეყანაში.
ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სატკივარი გვტკივა.
მე უკვე მივმართე საგანგებო წერილით (თქვენ იცით ეს, ამას წინათ გამოვაცხადე) საფრანგეთის პრეზიდენტს ბატონ ჟაკ შირაკს, წელს საფრანგეთი თავმჯდომარეობს ევროკავშირს, აგრეთვე, თვით ევროკომისიის ხელმძღვანელს ბატონ რომანო პროდის, ისევ და ისევ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, მის პრეზიდენტს, გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს და მრავალ სხვას, ვისაც კი ვიცნობ და ვისაც დახმარების გაწევა შეუძლია.
პირველი გამოხმაურება, ასე ვთქვათ, დამაიმედებელია: მაგალითად, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, საგანგებოდ დაეხმაროს რუსეთს (რუსეთსაც კი დასჭირდა დახმარება, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა), უკრაინას, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. ეს არ არის იმ ოდენობის დახმარება, რამდენიც გვჭირდება, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადაიდგა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რასაკვირველია, შიდა რესურსების მობილიზებასაც.
რას ვიზამთ, ასეთი ყოფილა ჩვენი ერის ბედი - მუდმივად უნდა ვებრძოლოთ სირთულეებს.
ასე იყო ისტორიულად. „ჭირსა შიგან“ ვიმაგრეთ და კვლავაც შეუპოვრად უნდა შევხვდეთ განსაცდელს. დღეს უკვე გვაქვს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და მოვა დრო, როდესაც საქართველოს ბიუჯეტს ექნება სპეციალური ფონდი (წლიდან წლამდე ხელუხლებელი) ასეთი საგანგებო შემთხვევებისათვის. ახლა, სამწუხაროდ, ასეთი ფონდი არ გაგვაჩნია.
არც იმის დავიწყება შეიძლება, რაც წარსულში გაკეთდა სასიკეთო.
მაგალითად, ვალდებულად ვრაცხ თავს, მადლობა ვუთხრა კოლეგებს, რომლებთანაც ერთად სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში დღედაღამ ვზრუნავდით, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე დასავლეთშიც, უპირველესად, კახეთში, სარწყავი სისტემების - არხების შექმნისა და მოვლა-პატრონობისათვის. გული მოგიკვდება, ახლა რომ ნახავ, რა სისტემები დაიტაცეს, დაანგრიეს და დაარბიეს. ეს რომ შეგვენარჩუნებინა, ფაქტობრივად, კახეთში გვალვას როგორმე მოვერეოდით და დავძლევდით. ამიტომ საქართველოს მიწების მელიორაციისა და გასარწყავების შესახებ, მსოფლიო ბანკის პროგრამის შემუშავება და დაპროექტების პროცესი ყოველ მიზეზგარეშე უნდა დაჩქარდეს და რაც შეიძლება ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ თითოეული დოლარი.
ისევ არცთუ იოლ დღევანდელობას ვუბრუნდები: უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ბონდო ჯიქიას მხოლოდ ზარისათვის, მხოლოდ დარეკვისათვის.
მან დამირეკა ამას წინათ და მითხრა, რომ უდიდესი გაჭირვებისა და მრავალი სირთულის, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ზარალის მიუხედავად, სამეგრელო მზად არის, თუნდაც სიმბოლურად თავისი მოსავალი (ლაპარაკია სიმინდის მოსავალზე) უწილადოს კახეთს, ძირითადად, ეს სათესლე მასალაა, უწილადოს ჯავახეთს და სხვა რეგიონებს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაა თვით სამეგრელოში, ამდენი ლტოლვილი, ამდენი გაჭირვებული ადამიანი და ისინი მაინც ფიქრობენ, რომ ცოტათი მაინც შეაშველონ ხელი სხვა რეგიონებს, რომლებსაც წელს უფრო გაუჭირდათ.
ამ ინიციატივით გამოდის სამეგრელო (მისთვის ჩვეული, მართლაც ღვთით მინიჭებული კეთილშობილებითა და მაღალი სულიერებით) იმ დროს, როდესაც თავად უამრავი სატკივარი აქვს.
მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტი და გავლენა, ჩვენი მეგობრების კეთილგანწყობა. დარწმუნებული ვარ, ერთ მუშტად შეკრული საქართველო (თუ ამას მოვახერხებთ) გაუმკლავდება ბუნების უსამართლობასა და სისასტიკეს.
რა თქმა უნდა, ამ დღეებში შეიქმნება სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც შეიმუშავებს საგანგებო ღონისძიებებს ეკოლოგიური კრიზისის დასაძლევად.
არც ერთ ოჯახს არ მივატოვებთ, ყველას დავეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მეგობრები ჩვენთან არიან, და სწორედ ეს არის ქართული პოლიტიკის უდიდესი მონაპოვარი ამ წლების განმავლობაში. ალბათ, შემდგომ ვილაპარაკებ ამის შესახებ. საზრუნავი გაგვიჩნდება წყალსაცავებში წყლის ნაკლებლობის გამო. ბუნებრივია, ეს ენერგომომარაგებასაც დაეტყობა და აქ კიდევ საგანგებო ზომების მიღება იქნება საჭირო.
აქვე ვადასტურებ, რომ გრძელდება სასიკეთო ტენდენცია და განვითარება სამრეწველო სექტორში. საერთოდ ფართოვდება საგადასახადო ბაზა და საბიუჯეტო სტრუქტურებმაც თავიანთი მისია უნდა შეასრულონ. და, სხვათა შორის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ძალიან ბევრი სასიკეთო და სასარგებლო საქმე გააკეთა.
აგვისტო ტრადიციულად მძიმე თვეა, ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში მივმართავ საგანგებო დავალებითა და თხოვნით ბატონ მიხეილ ჩიკვილაძეს, ბატონ გიორგი გაჩეჩილაძეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მინისტრს მიხეილ მაჭავარიანს - ბატონ გიორგი არსენიშვილის ხელმძღვანელობით აუცილებლად შეასრულონ აგვისტოს დავალება. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სამომავლოდ.
ეს არის ამჟამად მათი „ბრძოლის ველი“ და პატრიოტული მოვალეობა-სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ, ეს უნდა შეასრულონ.
- გასულ კვირას პანკისის ხეობაში დატყვევებული მძევლები გაათავისუფლეს, რაც, უდავოდ, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მთელი ეს ოპერაცია ყოველგვარი გართულების გარეშე განხორციელდა. მძევალთა გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სამართალდამცველებმა. თუმცა იქამდე იყო თქვენი წერილი, რომელიც ხეობის ყველა მოქალაქემ გულისხმიერებით აღიქვა...
- ეს ძალიან გახმაურებული ფაქტია და ამიტომ ღირს რამდენიმე სიტყვა ითქვას.
ამთავითვე დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ყველა უწყებას, რომლებიც ამ ძალზე რთულ პროცესში მონაწილეობდნენ.
უპირველეს ყოვლისა, უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და სხვებს.
საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოს ნამდვილად ჰყავს ცივილიზებული სპეცსამსახური, რომელსაც კანონის საფუძველზე, კონსტიტუციის ფარგლებში, მკაცრი საზოგადოებრივი კონტროლის პირობებში ძალუძს დაიცვას მოქალაქეთა და მთელი საზოგადოების კანონიერი ინტერესები. მით უმეტეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ქვეყნის ღირსებას.
საფრანგეთისა და იტალიის ელჩებმა (როგორც ცნობილია, სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ დატყვევებულნი) გადმომცეს თავიანთი სახელმწიფოების მეთაურთა წერილები - შესაბამისი თხოვნით, და, ვფიქრობ, საქართველომ პირნათლად შეასრულა თავისი მოვალეობა.
განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო და მადლობაც ვუთხრა ჩვენს თანამოძმეებს, თანამემამულეებს - პანკისის ხეობის მოსახლეობას, ქისტებსაც და სტუმრებსაც, ქარათველებსაც და ოსებსაც, ყველას, ვინც იქ ცხოვრობს, უწინარესად ვგულისხმობ ჩეჩენ ლტოლვილებსაც, რომლებმაც დიდი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და შეგნება გამოავლინეს.
შეიძლება, ყველამ არ იცის, რომ მე პირადი წერილით მივმართე პანკისის ხეობის მოსახლეობას და ვთხოვე, დაგვხმარებოდნენ ამ ურთულესი პრობლემის გადაწყვეტაში.
როგორც მითხრეს, შემდგომ ეს წერილი გაუმრავლებიათ და ყველა ოჯახისათვის დაურიგებიათ. პასუხად, მთელი ხეობა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი ფეხზე დამდგარა.
სწორედ მათი და, აგრეთვე, შუამავალთა დახმარებით და მკაცრი მოთხოვნით წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება, რომელსაც ხელისუფლებასთან აწარმოებდნენ გამტაცებლები.
მძევლები გათავისუფლდნენ. თანაც აუცილებელი არ გახდა რაიმე სპეციალური ოპერაციის ჩატარება.
რომ არა მოსახლეობის თანადგომა, მისი მხარდაჭერა და ხალხის შესაძლო რისხვაც (რაც იგრძნეს იმათ, ვისაც უნდა ეგრძნო), იქნებ ვითარება კიდეც გართულებულიყო.
ამასთან დაკავშირებით მე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება გასული წლის ოქტომბერში, როდესაც უარი ვთქვით, გაგვეტარებინა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარები.
როცა ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებდით, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებდით, რათა თავიდან აგვეცილებინა საქართველოს ჩათრევა დიდ კავკასიურ ომში (და ეს სავსებით რეალური იყო), რომელიც, დარწმუნებული ვარ, მოიცავდა არა მხოლოდ და არა იმდენად პანკისის ხეობას, არამედ მთიანეთს სრულად და მთელ აღმოსავლეთ საქართველოსაც კი, უწინარესად, კახეთს.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ კავკასიაში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და ყოველ გადაწყვეტილებას, ყოველ ნაბიჯს, საერთო-კავკასიური (კერძოდ, ისტორიული) რეზონანსიც აქვს. ჩვენ, რუსეთის მეგობრებს, ძალიან გვინდა, რომ მალე, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს კონფლიქტი ჩეჩნეთში, რადგან საკუთარი გამოცდილებით ვიცით, აგერ უკვე რამდენიმე წელია, რას ნიშნავს კონფლიქტი საკუთარ ქვეყანაში, მხედველობაში მაქვს უწინარეს ყოვლისა, აფხაზეთი.
- რამდენიმე დღეში თქვენ გაემგზავრებით ყირიმში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ინიციატივით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს, ასე ვთქვათ, „არაფორმალურ“ სამიტში მიიღებთ მონაწილეობას. რა გეგმებით მიდის ჩვენი დელეგაცია ყირიმში?
- პრეზიდენტების შეხვედრა (ფორმალურია იგი თუ არაფორმალური, „ჰალსტუხებით“ იმართება თუ „უჰალსტუხოდ“) სინამდვილეში ყოველთვის საქმიანია და კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტას ისახავს მიზნად.
იალტაში ყოფნისას ვგეგმავთ რამდენიმე საქმიან შეხვედრას, კერძოდ, აუცილებლად პრეზიდენტ პუტინთან, აგრეთვე აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან და, რა თქმა უნდა, მასპინძელთან, უკრაინის პრეზიდენტთან ბატონ კუჩმასთან, ასევე, სხვა ჩემს კოლეგებთან, რომლებიც იალტაში ჩამოვლენ.
ვისაუბრებთ „ორმხრივად საინტერესო საკითხებზე“. ამჯერად ამ დიპლომატიური ფორმულირებით შემოვიფარგლები. თუმცა ვიტყვი: ერთ რამეზე აუცილებლად იქნება საუბარი. ახლა ყველა ქვეყანას გაუჭირდა, განსაკუთრებით, გვალვის გამო სათესლე მასალასთან დაკავშირებით და, მე ყოველ შემთხვევაში, შევიტან წინადადებას, რაღაც მცირე ფონდი მაინც შეიქმნას, რათა ცოტ-ცოტა დახმარება მაინც გაუწიონ თანამეგობრობის სახელმწიფოებმა გაჭირვებულ ქვეყნებს.
- დღეს 14 აგვისტოა. თქვენ წეღან აფხაზეთი ახსენეთ. რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში სისხლისმღვრელი ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა...
- ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი.
არათუ საათის, არამედ წუთის სიზუსტით მახსოვს ყველაფერი, რაც ხდებოდა და რაც იმ დღეებში მოხდა: ყოველი სიტყვა, ყოველი განცხადება, ყოველი სხდომა, რა თქმა უნდა, იმდროინდელი საზარელი ვითარების ფონზე. ისტორიის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მის მწარე გაკვეთილებზე უნდა ვისწავლოთ. ეს ეხება არა მარტო ქართულ მხარეს, არამედ აფხაზებსაც. ორმხრივი, რთული, მაგრამ აუცილებელი კომპრომისის გარეშე შეიძლება გაწყდეს ურთიერთნდობის ის ძაფიც, რომელიც განვლილ წლებში, ასე თუ ისე, შევქმენით. ეს კი ტრაგიკულ შედეგებს მოუტანს როგორც მთელ საქართველოს, ასევე აფხაზეთსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ წლებში მოხდა უზარმაზარი ძვრა: მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, აქტიურად გვიჭერს მხარს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომხრეა, რაც, უდავოდ, აფხაზთა საარსებო ინტერესებსაც შეესაბამება.
საქინფორმი.
„რეფორმატორული კურსი უცვლელია და მას ალტერნატივა არა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მიზანია ავაშენოთ ახალი, დემოკრატიული, თავისუფალი, ეკონომიკურად განვითარებული და სოციალურად სტაბილური ქართული სახელმწიფო“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 14 აგვისტოს რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 15 აგვისტო. - №220 (3621). - 1,2 გვ.
![]() |
26 ედუარდ შევარდნაძე: ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ მუშაობს |
▲back to top |
კარგ მთქმელს ნამდვილად უნდა კარგი გამგონი, მაგრამ გამგონს უსათუოდ უნდა ჰქონდეს ყური, რომელიც „ერთში შეუშვი და მეორეში გამოუშვის“ ტრადიციით არ ექნება გახედნილი.
მე რომ მკითხოთ, ამ თვალსაზრისით, უწინარეს ყოვლისა, ნებისმიერი დარგის თავკაცად წამოყენებულ სახელმწიფო მოხელის კანდიდატურას შევამოწმებდი. დავანებოთ თავი იმას, რომ წინასწარ არც იმის ცოდნა გვაწყენდა, თუ როგორი პრინციპების ადამიანია შერჩეული კანდიდატად: კეთილდღეობის სურვილით თანამდებობას დახარბებული, თუ, პასუხისმგებლობით გაჟღენთილი ასაწევი ტვირთის წინასწარ კარგად ამწონ-დამწონი?
თუნდაც იმიტომ შევამოწმებდი, რომ უკვე უდავოა, ვიღაცას თანამდებობა ჯერ კიდევ საკუთარი კეთილდღეობის ბაზად მიაჩანია... მერე კი იმის აღიარება , რომ არ ივარგა, ჯიბე გაისქელა, შეჭამა, შეხრა თუ გაასხვისა, წახდენილ საქმეს არაფერს შველის...
არადა, ჰყვავის ის ქვეყანა, რომელშიც კარგ მთქმელს კარგი გამგონი ჰყავს. ეს კი ჩვენს წელთაღრიცხვამდე იცოდნენ ადამიანებმა.
რა ხდება დღეს? მიყურისძირებული რჩება საქართველოს პრეზიდენტის მიერ არა მარტო მთავრობის სხდომაზე გაცემული დავალებები, არამედ კონტროლზე აყვანილი, მისივე ბრძანებულებებით, განკარგულებებით, საოქმო გადაწყეტილებათა და რეზოლუციებით გათვალისწინებული საკითხები...
ამიტომაც იყო, წინა მთავრობის სხდომაზე რომ თქვა, სახელმწიფოს მეთაურმა:
ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. მე თქვენ უნდა მოგისმინოთ, ალბათ, მაგრამ არანაკლებ უნდა მომისმინოთ, ალბათ თქვენც და უნდა შეასრულოთ ის განკარგულება, რომელსაც იძლევა საქართველოს პრეზიდენტი.
ურთიერთპატივისცემას გაუსვა ხაზი ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც უსათუოდ არის პასუხისმგებლობის საფუძველი. პასუხისმგებლობის საზომი კი თითოეული ჩვენგანის საქმიანობის შედეგია. სად რა შედეგი გვაქვს ეს ქვეყანას კარგად ეტყობა...
ეს, როგორც ზემოთ ვთქვი, წინა სხდომაზე იყო, იმის წინ და კიდევ სხვა დროს საქართველოს პრეზიდენტმა ისიც თქვა, ხალხი ჩემგან რკინის ხელს მოითხოვსო... კიდევ ისიც, თუ საკითხი მომწიფდა, რა გინდ მწარე გადაწყვეტილებაც უნდა იყოს მისაღები, ხელი არ ამიკანკალდებაო... თუმცა ყველაფერ ამაზე წინ იგი ყველა სფეროში თავდადებულ, ხელებდაკაპიწებულ შრომასა და გამჭვირვალე, პატიოსან საქმიანობას მოითხოვდა.
ერთი სიტყვით, ამბობდა სახელმწიფოს თავკაცი და გამგონს უნდა გაეგონა...
მთავრობის გუშინდელ სხდომაზე კი საქართველოს პრეზიდენტმა მაგიდას უკვე მუშტი დაჰკრა და ეს ქონების მართვის მინისტრის მიხეილ უკლებას მიერ დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტების პრივატიზების შესახებ“ გამოტანას მოჰყვა.
მართალია, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ არავითარი საფუძველი არა აქვს ეჭვი შეიტანოს მიხეილ უკლებას წესიერებასა და პატიოსნებაში, მაგრამ სამინისტროში დაბალი კვალიფიკაცია სახეზეა. ჩანს ვერ შეიკრა ისეთი კოლექტივი, რომელიც ქვეყანაში ისეთ ურთულეს პროცესს წარმართავდა, როგორიც სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობაა. ამის თქმის საფუძველს აძლევს ის, რომ ამ სფეროში არის ზოგიერთი აბსოლუტურად გაუმართლებელი წინადადებები, ოპერაციები, რამაც სერიოზული ზიანი მოუტანა სახელმწიფოს. ყოველ შემთხვევაში, არის ძალიან დიდი გაუგებრობა და ეს კერძოდ, მადნეულთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. მართალია, თვითონ მადნეული, სადაც სპილენძის კონცენტრანტს ვიღებთ, ამ ბოლო დროს შედარებით ნორმალურად ამუშავდა, მაგრამ მისი მომავალი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, ამიტომაც ასეთი დიდი სიმდიდრის ასეთი ღიად დატოვება სწორად არ მიაჩნია სახელმწიფოს მეთაურს.
კიდევ უფრო დიდი გაუგებრობები კვარციტს დაუკავშირა ედუარდ შევარდნაძემ, რადგან ის, რაც მას რამდენჯერმე საკითხის ირგვლივ აქვს მოსმენილი, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ამ პროცესს წესიერად არავინ არ მართავს, არადა არის სამინისტრო, რომელსაც თავისი ფუნქციები აქვს, ჰყავს ხელმძღვანელობა რომელმაც დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. მთავრობაში კი მხოლოდ მაშინ უნდა შევიდეს, როცა ეს აუცილებელია, გარდაუვალია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხებია, - ასე მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს, რომლის დასკვნით ქონების მართვის სამინისტრო ჯერჯერობით ასე ვერ მუშაობს.
საქართველოს პრეზიდენტი ეჭვობს, რომ აქ არის „გლენკორთან“ დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები, ალბათ, ადგილობრივი კლანები, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი უნდა ირკვეოდეს სამინისტროში, კოლეგებთან ერთად. შეიძლება ზოგიერთი რამ სამართალდამცავებთან ერთადაც. ერთი სიტყვით, საეჭვო საკითხები უნდა იყოს გარკვეული და ნათელი.
უნდა გითხრათ, რომ თუ კვარციტის საქმეს ვერ მივხედავთ, ჩემი მონაცემებით საკმაოდ დიდი ქონება ოქრო უკვე გატანილია ქვეყნიდან, განიავებულია და კიდევ უფრო უარესი პერსპექტივა გველოდება, არადა ეს იყო ჩვენი უდიდესი კაპიტალი, სამწუხაროდ, ამ კაპიტალს ისე ვერ მივუდექით, როგორც საჭირო იყო. ასე მკაცრად უსვამს ხაზს ამ სავალალო რეალობას საქართველოს პრეზიდენტი.
სახელმწიფოს მეთაურმა კვლავ გაიხსენა არაერთხელ ნათქვამი, რომ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ მუშაობს. მათ შორის ისინი, რომელთა მიმართ ჯერჯერობით პრეტენზია არ არის, ამიტომაც მან ასეთი წინადადება წამოაყენა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ შექმნას კომისია და მთავრობის თხოვნის შესაბამისად შეისწავლოს. როგორ დაიწყო მუშაობა ქონების მართვის სამინისტრომ, როგორ გაგრძელდა, როგორი პრაქტიკა დააგროვა სად არის ბოროტმოქმედების ნიშნები, თუ საჭირო იქნება, იგი უფლებამოსილებას მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა სამინისტროს საქმიანობის ყველა ასპექტზე შეიქნას ნათელი წარმოდგენა.
მინდა გითხრათ, რომ ეს სამინისტრო გამონაკლისი არ იქნება. ჩვენ დავუბრუნდებით სხვა სამინისტროებს, ცალკეულ უწყებებს, ქალაქებს, რაიონებს. განსაკუთრებით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რადგან ბოლომდე უნდა გავერკვეთ, რას აკეთებს თითოეული ჩვენგანი იმისათვის, რომ ამ სენისაგან განიკურნოს ქვეყანა მთავრობის წინაშე ყველა სათანადო ანგარიშით უნდა წარსდგეს, მაგრამ ამ ანგარიშს აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს კვალიფიციური, სერიოზული შემოწმება, სერიოზული ექსპერტიზა. შეიძლება არ არის ბოროტება, არის შეცდომა, მაგრამ არავინ არის დაზღვეული იმისაგან, რომ ასეთ დიდ საქმეებში, დიდი ობიექტების პრივატიზაციის დროს დაშვებული იყოს არა მარტო შეცდომები, არამედ ბოროტმოქმედებაც, - ასეთი იყო საქართველოს პრეზიდენტის შემაჯამებელი სიტყვის ბოლო ფრაზა, რომელმაც მეორე საკითხის, უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების შესახებ, განხილვის შემდეგაც კატეგორიულად განაცხადა, რომ ეს პენსიები, ღატაკი ოჯახებისადმი დახმარებები და სხვა, ისეთი სფეროებია, ტყუილად ნუ ვირწმუნებთ, რომ არავინ ეცდება ხელის მოთბობას. ამ ბოლო დროს ამგვარი მაგალითების მოწმე ზოგიერთ რაიონსა თუ ქალაქში უკვე გავხდით. გაიხსნა ისეთი საქმეები, რომლებზეც წარმოდგენა არ გვქონდა, ამიტომაც არ გამორიცხავს რომ ასეთი ოჯახების დახმარებასა და ბავშვთა დახმარებების საქმეშიც საავკაცოდ წასცდეს ვინმეს ხელი სახელმწიფო პოლიტიკის ამ ერთ-ერთ უმთავრეს სფეროში, მაქსიმალურ გამჭვირვალობას მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტი.
ედუარდ შევარდნაძე: ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ მუშაობს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 17 აგვისტო. - №222 (3623). - 1,2 გვ.
![]() |
27 მხნედ იდექით საქართველოს საკეთილდღეოდ! |
▲back to top |
ჩემო მეგობრებო, თუშებო, უნდა მაპატიოთ მოუცლელობის გამო მთაში ამოუსვლელობა. დამიჯერეთ, მთელი გულით და სულით თქვენს გვერდით ვარ, ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ულამაზეს კუთხეს და ხალხს, რადგან მწამს, მთის სიწმინდეს, სიდიადეს და სილამაზეს დიდი როლი მიუძღვის ჩემი ხალხის ისტორიული თავისთავადობის შენარჩუნებაში.
ახალი საქართველოს მშენებლობის გზაზე მთამ თავისი განსაკუთრებული სიტყვა უნდა თქვას. საამისოდ მას ტურიზმის განვითარების განსაკუთრებული პოტენციალი და, საერთოდ, ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი სიმდიდრე აქვს. მსოფლიომ უნდა ნახოს ეს ღვთის ბოძებული სილამაზე. მოვლა-პატრონობა სჭირდება მთას, და ჩვენც, მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად ვფიქრობთ სერიოზული პროექტების განხორციელებაზე. ამის ნათელი დადასტურებაა თუშეთის ეროვნული პარკის შექმნის იდეა, რომელიც სულ მალე რეალობად იქცევა. მწყემსის დღე და განსაკუთრებით გასული წელი, ჩემთვის თილისმასავითაა და მასზე ფიქრი ყოველთვის არაჩვეულებრივი სითბოთი მავსებს.
დებო, ძმებო და შვილებო, გჯეროდეთ უკეთესი მერმისის და, როგორც არაერთხელ, დღესაც ამაყად და მხნედ იდექით საქართველოს საკეთილდღეოდ.
დიდი სიყვარულით,
თქვენი ედუარდ შევარდნაძე.
მხნედ იდექით საქართველოს საკეთილდღეოდ! ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 17 აგვისტო. - №222 (3623). - 1 გვ.
![]() |
28 „მთელი საქართველოს, მთელი ჩვენი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა გულისტკივილს ბარენცის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
21 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას იალტაში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრა. თქვენ იქ რამდენიმე შეხვედრა გქონდათ, შეხვდით რუსეთის პრეზიდენტს პუტინს, რომელთანაც ერთად განიხილეთ რუსეთთან დადებული იმ ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ახალი დოკუმენტით შეცვლის საკითხი, რომლის რატიფიცირება რუსებმა ჯერჯერობით ვერ მოახდინეს. ამას გარდა, მოსალოდნელი იყო, რომ იალტაში განიხილავდნენ გვალვით დაზარალებული ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის საკითხსაც. რადგან რუსეთი ვახსენეთ, კიდევ ერთ თემასაც შევეხოთ: გასულ კვირას მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებდა თვალს ტრაგედიას, წყალქვეშა ნავს „კურსკს“ რომ შეემთხვა, სხვათა შორის, პარალელს ჩერნობილის აფეთქებასთან ავლებდნენ, თუმცა ჩერნობილის ტრაგედიას საკმაოდ დიდი დრო გვაშორებს... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემებზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- უწინარეს ყოვლისა, მთელი საქართველოსა და მთელი ჩვენი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა გულისტკივილს ბარენცის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
მაინც ვიტოვებთ იმედს და შევთხოვთ უფალს, რომ რუსი და უცხოელი სპეციალისტები შეძლებენ წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის თუნდაც ნაწილის გადარჩენას. იგი ხომ სრულიად ახალგაზრდა მეზღვაურებისაგან შედგება.
მე მქონდა საშუალება, იალტაში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას გადამეცა მისთვის ჩვენი ხალხის გულისტკივილი და თანაგრძნობა.
ალბათ, ამ შემთხვევაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერებმა მართლაც გამოავლინეს სოლიდარობა. ჩვენ ერთხმად ვთქვით უარი სამიტისათვის დაგეგმილ სხვადასხვა პროგრამაზე. მხედველობაში მაქვს ფოლკლორული ფესტივალის დასკვნითს კონცერტზე დასწრება, საგანგებო სხდომა და სხვა მრავალი, ვინაიდან ეს უადგილოდ მივიჩნიეთ იმ დროს, როდესაც ათეულობით ჭაბუკის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ანდა უკვე განწირული იყვნენ.
იალტაში ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთმანეთისათვის გაგვეზიარებინა შეხედულებანი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, გლობალიზაციის პრობლემებზე. გლობალიზაციის პრობლემა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელზეც გვინდოდა არაფორმალური მსჯელობა.
ამჯერად, სახელმწიფოს მეთაურთა საბჭომ დაამტკიცა მხოლოდ ერთი დოკუმენტი, რომლითაც გამოვხატეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და ძირითადი პრინციპების მხარდაჭერა მომავალ საიუბილეო სესიასთან დაკავშირებით.
საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, იალტაში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე ორმხრივ შეხვედრებს, რის საშუალებასაც დრო იძლეოდა.
რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას განვიხილეთ ამ ქვეყნის სამხედრო ბაზებისა და სამხედრო ტექნიკის საქართველოდან გატანასთან დაკავშირებული საკითხები.
მე იქ კმაყოფილება გამოვთქვი იმის გამო, რომ ეს პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და ამ ასპექტით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უახლოვდება იმ მოდელს, იმ სტანდარტებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობისათვის რომ არის დამახასიათებელი. მოგეხსენებათ, თითქმის არც ერთ ქვეყანაში არა აქვს რუსეთს სამხედრო ბაზები, მაგრამ ეს სრულებითაც არ უშლის ხელს თანამშრომლობის განვითარებას, კერძოდ, სამხედრო სფეროშიც.
კვლავაც მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ სამხედრო ბაზების გაუქმებისა და გატანის შედეგად დაიწყება სრულიად ახალი ეტაპი, შეიძლება ითქვას, ახალი ეპოქა ორ მეგობარ ხალხს შორის უფრო დიდი ურთიერთნდობისა და ერთმანეთის ინტერესების ორმხრივი გათვალისწინების საფუძველზე.
კვლავ გავიმეორე ჩემი წინადადება, რომ იმ წლების განმავლობაში, როდესაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, სამწუხაროდ, აჭიანურებდა „კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“ დიდი ხელშეკრულების რატიფიცირებას, ამ ხელშეკრულების ზოგიერთი დებულება უკვე მოძველდა.
ექვსი წელი არც ისე მცირე ვადაა ცალმხრივად რატიფიცირებული და ცალმხრივად მოქმედი დოკუმენტისათვის.
ამიტომ, კოლეგას შევთავაზე, დავიწყოთ ფიქრი ახალ ყოვლისმომცველ ხელშეკრულებაზე, ესე იგი, დიდი ხელშეკრულების ახალ ვარიანტზე.
მე პრეზიდენტი პუტინი მოვიწვიე საქართველოში და, თუ იგი ეწვევა ჩვენს ქვეყანას, შეიძლება მოხდეს პარაფირება ახალი ხელშეკრულებისა, რომელიც ამჟამინდელ რეალიებს უფრო სრულად გაითვალისწინებს.
არ დაგიმალავთ, რომ საუბრისას გამოვხატე ჩემი უკიდურესი განცვიფრება იმ ძალზე უცნაური პოზიციის გამო, რუსეთის დელეგაციამ რომ დაიკავა უშიშროების საბჭოში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით ზოგადი სარეკომენდაციო პრინციპების ჩამოყალიბების დროს და ამ პრინციპების განხილვისას.
მაგრამ სრულიად მოულოდნელად, რუსეთის დელეგაციამ გაეროში (მხედველობაში მაქვს ამ ქვეყნის წარმომადგენლობა) ეს პროექტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ჩააგდო“.
პრეზიდენტი პუტინი თავადაც განცვიფრდა. მან იქვე დაავალა თანაშემწეს გაერკვია, რატომ არ დაუჭირა მხარი რუსეთის წარმომადგენლობამ პროექტს მაშინ, როდესაც (მისი თქმით), „რუსეთი ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ და არათუ ცნობს, არამედ დაინტერესებულიც არის, რაც შეიძლება მალე აღდგეს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
იმავდროულად, ბატონი ვლადიმერ პუტინი არ არის წინააღმდეგი, რომ შემდგომში გაფართოვდეს სამშვიდობო ოპერაცია, იგულისხმება ახალი ქვეყნების ჩართვა ამ პროცესში. მაგალითად, ამჟამად აქტიური განხილვისა და გადაწყვეტის სტადიაშია უკრაინის სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა აფხაზეთში, რაზეც პრეზიდენტმა კუჩმამ, ფაქტობრივად, უკვე განაცხადა პრინციპული თანხმობა.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, როგორც ყოველთვის, ძალზე საინტერესო და ნაყოფიერი იყო შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან. იგი კვლავინდებურად დიდი ინტერესით ეკიდება როგორც საბორნე გადასასვლელების, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი სტრატეგიული წყალქვეშა მაგისტრალის პროექტს.
იგი სრულად არის ინფორმირებული საქართველოში ეკოლოგიური კატასტროფის თაობაზე და საკუთარი ინიციატივით განაცხადა, რომ უკრაინა გარკვეული ოდენობის სათესლე მასალას მოაწვდის საქართველოს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოსავალს მოიწევს უკრაინა, და შეეცდება, მაქსიმალურად დაგვეხმაროს.
ასევე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს საქართველოს სათესლე მასალით ან მარცვლეულით.
უნდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ არა გვაქვს უფრო დიდი საზრუნავი, ვიდრე ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების დაძლევა. ამიტომ, ყველა ჩვენი საერთაშორისო კონტაქტი, ყოველგვარი ურთიერთობა ჩვენს მეგობრებთან, მეზობლებთან და სხვებთან და სხვებთან, იმასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომ, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით დავაღწიოთ თავი ამ ურთულეს და უძნელეს კრიზისს.
მე ისიც მინდა გითხრათ, რომ, როგორც ადრე ვთქვი, შემდგომ იმ ნათქვამს ზოგიერთი რამ კიდევ დაემატა, წერილი გავუგზავნე ევროკავშირის ხელმძღვანელობას, მის ახლანდელ თავმჯდომარეს ბატონ ჟაკ შირაკს და ვთხოვე, გაგვიწიონ განსაკუთრებული დახმარება. ასეთივე წერილები გავუგზავნე ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს, ასევე იაპონიის პრემიერ-მინისტრსაც.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობრები გაითვალისწინებენ ჩვენს განსაკუთრებულ, საგანგებო მდგომარეობას და დახმარების ხელს გამოგვიწვდიან.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა დაადასტურა თავისი ვალდებულება - ბაქო-თბილის-ჯეიჰანის მარშრუტით ყოველწლიურად გაატაროს მინიმუმ 20 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი. თანაც, ყაზახეთი მზად არის, 10 მილიონ ტონამდე გაზარდოს საქართველოს რკინიგზით გადატვირთული ნავთობის ოდენობა. ეს მით უმეტეს აქტუალურია მას შემდეგ, რაც ნავთობითა და გაზით ისედაც ფანტასტიკურად მდიდარ ყაზახეთში ახალი საბადოები აღმოაჩინეს. არც კი მიმაჩნია საჭიროდ იმის განმარტება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ნავსადგურების განვითარებისათვის, ან საბიუჯეტო შემოსავლის თვალსაზრისით.
ამასთანავე, ყაზახეთი მზად არის, საქართველოს შავიზღვისპირეთში ახალი ტერმინალი ააშენოს, შექმნას შავ ზღვაზე საკუთარი ფლოტი და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს განსახილველია და ბევრი რამ მისასალმებელი.
ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს რკინიგზის მნიშვნელობა. რაც ჩვენ ამ 2-3 წელიწადში გავაკეთეთ, ამან მოგვცა საშუალება, რომ, ფაქტობრივად, ნულით დაწყებული რკინიგზა წელს გადაიტანს 12 მილიონამდე ტონა ნავთობს, თუ ამას დაემატება კიდევ 10 მილიონი ტონა ყაზახეთის ნავთობი, ასევე, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ნავთობი, ეს იმას ნიშნავს, რომ რკინიგზიდან საქართველოს საბიუჯეტო შემოსავალი არათუ გაორმაგდება, არამედ გასამკეცდება და კიდევ უფრო მეტადაც გაიზრდება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსათვის შესაძლო დახმარების გაწევის თაობაზე. უპირველესად, საქმე ეხება დიზელის საწვავს, ანუ აზერბაიჯანელი მეგობრები მზად არიან, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გამოგვიწოდონ დახმარების ხელი.
ჰეიდარ ალიევთან აგრეთვე ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელების დაჩქარების აუცილებლობაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ნიუ-იორკში „ათასწლეულის სამიტის“ დროს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით (მხედველობაში მაქვს პროექტის მონაწილე ქვეყნები და მათი წარმომადგენლები) და საბოლოოდ დავაზუსტებთ მშენებლობის დაწყების ვადებს, ასევე სხვა საკითხებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილია სუუამის წევრი ქვეყნების ექსპერტების, შესაძლოა, ლიდერთა შეხვედრაც. ამ ორგანიზაციას სერიოზული პოტენციალი აქვს, რასაც კვლავინდებურად ვითვალისწინებთ, უფრო მეტიც, ამჯერად შევთანხმდით ჩვენს კოლეგებთან, რომ მეტი ადგილი დავუთმოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ორგანიზაციას.
სწორედ ამ კონტექსტით წარიმართა საუბარი მოლდოვის პრეზიდენტთან პეტრე ლუჩინსკისთან. ჩვენ მსგავსი პრობლემები გვაქვს, მათ შორის, სამშვიდობო ოპერაციებთან დაკავშირებით. ამდენად არ არის შემთხვევითი ორ ქვეყანას შორის პოზიციათა თანხვედრაც და ინტერესების ერთიანობაც.
ძალზე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან ბატონ რობერტ ქოჩარიანთან. ამ ბოლო დროს ასეთი შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა. აქვე უნდა შევნიშნო, რომ მე სპეციალური წერილით მივმართე ევროკავშირს (და ამ წერილს უკვე შეუერთდა უკრაინის პრეზიდენტი ბატონი ლეონიდ კუჩმაც) ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინიციატივა გამოვიჩინე და პირველმა მე გავგზავნე ბაქო-თბილისი-ფოთი-ბათუმისა და თბილისი-ერევნის საავტომობილო მაგისტრალების თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად რეკონსტრუქციამშენებლობის თაობაზე. პირველი გამოხმაურება პოზიტიურია, რაც ამ პროექტის წარმატებით განხორციელების წინაპირობას ქმნის. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ჩვენ შევძელით მსოფლიო სტანდარტების საავტომობილო მაგისტრალების მშენებლობა და ეს სამი ქვეყანა დიდი რაოდენობის საავტომობილო ტრანსპორტით დავუკავშირეთ ერთმანეთს და ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ბუნებრივია, გაიზრდება ადამიანთა ნაკადი, გაიზრდება ტვირთბრუნვა და გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავალი.
და, ბოლოს, კიდევ ერთი უაღრესად სასარგებლო და საქართველოსათვის ხელსაყრელი პროექტის შესახებ: არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში სენსაციური ჟღერადობა შეიძინოს ახალმა გადაწყვეტილებებმა „დიდ გაზსადენთან“ დაკავშირებით. ჯერჯერობით დეტალებზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ, როგორც ჩანს, თუ მარკ ტვენს დავესესხებით, „ხმები ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებული აღმოჩნდა“. ლაპარაკია კასპიის ზღვის ქვეშ გაზის მილების გაყვანაზე და შემდგომ თურქმენეთიდან საქართველოს გავლით, თურქეთისათვის მიწოდებაზე. ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცხადება თურქმენეთმა გააკეთა. ხვალ-ზეგ ბატონი გიორგი არსენიშვილი და ჩვენი საკმაოდ დიდი დელეგაცია აშხაბადში გაემგზავრებიან, და, დარწმუნებული ვარ, იქ ბევრ საინტერესო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შესანიშნავად ესმით, რა დატვირთვა აქვს ამ პროექტს - გაზსადენს, იმასთან ერთად, რასაც აზერბაიჯანი აპირებს შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოს ენერგოსისტემის განვითარებისა და თურქმენეთისადმი ვალის პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით. ჩვენი დელეგაცია ამ საკითხზე თურქმენეთში აუცილებლად ისაუბრებს.
- გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე თქვენ ქონების მართვის სამინისტროს საქმიანობა გააკრიტიკეთ და საერთოდ ისაუბრეთ ქონების მართვის სამინისტროს პრივატიზაციის პროცესში წარმოშობილ პრობლემათა შესახებ. თუმცა ჟურნალისტები კიდევ სხვა განცხადებებსაც ელოდნენ. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ მთავრობის სხდომები ჟურნალისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მწვავე საკითხების განხილვის გამო...
- ესე იგი, „შებრაწულ“ ფაქტებზეა ლაპარაკი? სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სწორ, მიზანშეწონილ გადაწყვეტილებებზე დიდწილად არის დამოკიდებული უდიდეს საწარმოთა ფუნქციონირება, იქ დასაქმებული უამრავი ადამიანის ბედი და ფინანსურად რთულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოს შემოსავალიც, ანუ ბიუჯეტის შევსება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ სფეროში წარმოშობილ ყველა პრობლემას, რომელთაც სათანადო შეფასება უნდა მიეცეს და უნდა გაირკვეს - გამოწვეულია ეს პრობლემები ობიექტური ფაქტორებით, დაბალი კვალიფიკაციით თუ სხვა რაიმე მიზეზებით, მათ შორის, ანგარებით და სხვ.
მთავრობის სხდომამ იმსჯელა ამ საკითხებზე და სთხოვა კონტროლის პალატას, რომლის ახალმა თავმჯდომარემ და მისმა კოლეგებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს მუშაობა, საფუძვლიანად შეისწავლოს (საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების ჩართვით) განსაკუთრებით თვალშისაცემი წარუმატებელი პრივატიზაციის ობიექტების კანონიერება.
ხაზგასმით ვიტყვი, რომ ამ თემას არაფერი აქვს საერთო ზოგადად ქვეყანაში პრივატიზების შედეგების რევიზიასთან. თავისთავად ეს პროცესი უნდა განხორციელებულიყო.
რაკი მთავრობის სხდომას შევეხე, ვიმსჯელეთ, აგრეთვე, მინდა მიაქციოს ყურადღება რადიომსმენელმა, უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების ახალ პროგრამაზე, რომელიც ფულად დახმარებას ითვალისწინებს ყველაზე უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის. იგულისხმება შრომისუუნარო პენსიონერთა და დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახები, რომელთაც არ ჰყავთ კანონით გათვალისწინებული მარჩენალი. ამჟამად საქართველოში, სტატისტიკური მონაცემებით, 48 600 ასეთი ოჯახია. ერთსულიან ოჯახზე დამატებითი დახმარების თანხა თვეში 20 ლარს შეადგენს, ანუ პენსიასთან ერთად 34 ლარს. ხოლო 2 და მეტსულიანი ოჯახებისათვის, პენსიასთან ერთად დახმარების თანხა 45-46 ლარის ფარგლებში იქნება ყოველთვიურად. რა თქმა უნდა, ეს მინიმალური თანხაა, ბევრი არ არის, მაგრამ იმას, რაც იყო, გაცილებით სჯობს, და ყველაზე დაუცველ ფენას რაღაც მცირე შეღავათს მაინც მივცემთ.
ამავე სხდომას თბილისის მერმა გააცნო ინფორმაცია დედაქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რეფორმისა და მმართველობითი სისტემის ორგანიზაციული სრულყოფის შესახებ. მე მივესალმები ბატონ ვანო ზოდელავას ამ მოსაზრებებს, ამ პროექტის შემუშავებას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ თბილისის შემდგომი განვითარებისათვის ასეთი რეფორმის განხორციელება ნამდვილად აუცილებელია. მე შევპირდი კიდეც, რომ ძალიან აქტიურ მონაწილეობას მივიღებ მთელ ამ პროცესში როგორც მომზადების, ასევე განხილვის დროს.
ორიოდე სიტყვა ბიუჯეტის შემოსავლის შესახებ. საგადასახადო დეპარტამენტის მეშვეობით, წინასწარი მონაცემებით, წლის დამდეგიდან ბიუჯეტში სულ მობილიზებულია 275 მილიონი ლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32 მილიონით აღემატება. კიდევ ერთხელ მივმართავ თხოვნით საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, ამ წუთში ველაპარაკე ბატონ მიხეილ მაჭავარიანს. იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ვთხოვე, რომ არამც და არამც არ დაუშვას აგვისტოს გეგმის შეუსრულებლობა. მჯერა, რომ ამას ყველანი ერთად, ადგილობრივი ხელმძღვანელები და სამინისტრო შეძლებენ.
- მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა, ვგულისხმობ თქვენს განცხადებას სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, განცხადებას, რომელიც პრესამ სკანდალურად მონათლა...
- ეს ძალიან მწვავე თემა გახდა, მე ვუსმენდი რადიო და ტელეპროგრამებს და ვხედავ, რომ ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი, მცირე ნაწილი პირდაპირ ყალყზე დგას, როგორც იტყვიან, და ახლა შევეცდები განვმარტო: როდესაც გამოვაქვეყნე განცხადება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ხაზგასმით აღვნიშნე და ყველა გავაფრთხილე: კორუფციის აღმოფხვრა შეუძლებელია მტკივნეულ ღონისძიებათა გარეშე.
კაზინოები, ბანქო, რულეტი და ასე შემდეგ, თითქმის მთელ მსოფლიოში აღიარებულია, ეგრეთ წოდებული, არალეგალური თუ „შავი ფულის“ გაკეთილშობილების, „გარეცხვის“ ყველაზე ხელსაყრელ საშუალებად, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებში, სადაც არა აქვთ საშუალება, ყველა ეს ობიექტი ისე გააკონტროლონ, როგორც საჭიროა. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ორატორმა ბრძანა ერთ-ერთ ტელეპროგრამაში, საქართველოში ფული არ არის და როგორ უნდა „გაირეცხოსო“. და არ ითვალისწინებენ, რომ „შავი ფულის გარეცხვა“ ხდება სწორედ განვითარებადს ქვეყნებში, ისეთ სახელმწიფოებში, როგორიც საქართველო და ზოგიერთი სხვა ქვეყანაა.
ამიტომ კაზინოების გაუქმება საქართველოში დროის მოთხოვნაა. უკეთესი იქნებოდა, თავის დროზე საერთოდ არ დავთანხმებულიყავით მათს გახსნას. თურქეთმა და აზერბაიჯანმა ეს ნაბიჯი კარგა ხნის წინათ გადადგეს და ამას წინათ უკვე ვთქვი ეს. ამის შემდეგ საქართველო უკანონო ფინანსური ოპერაციების ასპარეზად იქცა და ზოგიერთებმა (პენსიონერებსა და, რა თქმა უნდა, სოციალურად გაჭირვებულებს არ ვგულისხმობ) გვარიანადაც მოითბეს ხელი. ბიუჯეტმა კი მხოლოდ დაკარგა. ზოგიერთი, საკმაოდ შეძლებული კაცი კიდეც გაკოტრდა.
სწორედ კაზინოებში ტრიალებს, სხვა მრავალ ცოდვასთან ერთად, უკანონოდ ნაშოვნი, მათ შორის ნაძარცვი და კორუმპირებულთა მიერ ქრთამად აღებული ფული.
ჩემმა გამოსვლამ ბევრი, როგორც იტყვიან, შეაძრწუნა: არიქა, ქვეყანა მომგებიან საქმეს კარგავსო. მაგრამ ამ ლოგიკით (თუ მხოლოდ შემოსავალს ვიგულისხმებთ) სხვა, უფრო მომგებიან დაწესებულებათა დაკანონებაც შეიძლება მოითხოვონ. ამას ჩვენ არ ავყვებით და არც გავაკეთებთ. მგონი მიმიხვდით, რაზეა ლაპარაკი.
ასე აბსურდამდე მივალთ.
ან, კიდევ, გვემუქრებიან, რომ კაზინოები სარდაფებში, მიწისქვეშეთში გადაინაცვლებენ. მაგრამ სამართლისა და კანონის დამცავი ორგანოები სწორედ იმისათვის არსებობს, რომ უკანონობა აღიკვეთოს.
ახლა, სხვა არგუმენტები რომ ამოწურეს, ზოგიერთები იმასაც აცხადებენ, თურმე საქართველოში „შავი ფულის“ მასა საერთოდ არ არსებობს.
არადა, სწორედ ეს ხალხი ყვირის ყველაზე მეტს „ტოტალურ კორუფციაზე“ და ამასთან ავიწყდებათ, რომ კორუფციას თან სდევს არალეგალური, იგივე „შავი ფულის“ მასა.
ამ პრობლემას კიდევ ერთი ასპექტი აქვს: საქართველო პრაქტიკულად უკვე გადაიქცა მნიშვნელოვან სატრანზიტო სახელმწიფოდ. მომავალში ეს ფუნქცია კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. ბუნებრივია, ბევრ სიკეთესთან ერთად ეს მოვლენა ზოგიერთ თავსატეხსაც გაგვიჩენს. „დიდ ტრანზიტს“ მოჰყვება ადამიანთა დიდი ნაკადები, რასაც თან ახლავს ყალბი ფულის (თუ შავი ფულის), ნარკოტიკებისა და იარაღის რეალიზაციის შედეგად მოხვეჭილი თანხების ლეგალიზაციის მსურველთა შემოღწევა ქვეყანაში. მათ იმედი აქვთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საკმაოდ მტკიცე და მძლავრი არ არის იმისათვის, რომ ამ ნაკადს გაუმკლავდეს. ამიტომ, ამთავითვე უნდა ვიფიქროთ ამ მოსალოდნელ დიდ მოვლენაზე.
ამდენად, ახალი ეპოქის გამოწვევათა პასუხად ყოველმხრივ უნდა ვიყოთ მზად. სხვა მრავალ ღონისძიებათა შორის ვგულისხმობ ჩემს წინადადებებსაც, კონკრეტულად, კაზინოების თაობაზე.
აქვე დავაზუსტებ: არავინ ებრძვის საქართველოში ლატარიებს, სხვა სახეობათა სათამაშო ბიზნესს, რომელთა შემოსავალი უნდა მოხმარდეს ქართული სპორტის, ხელოვნების, ტელევიზიის განვითარებას, წიგნების გამოცემას, ისევე, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება ეს და, სხვათა შორის, ამ საკითხს უკვე რამდენიმე წელია ძალიან აქტიურად აყენებენ, განსაკუთრებით, ჩვენი სპორტსმენები.
რაც შეეხება შემოსავალს, ქვეყანა ბევრს არაფერს დაკარგავს. კაზინოებიდან ბიუჯეტში შემოსული გადასახადები ისედაც სიმბოლური იყო.
ამავე დროს, სასურველია, ეს პროცესი რაც შეიძლება ნაკლებ მტკივნეულად წარიმართოს და მე ვთხოვ რადიომსმენელს, მიაქციოს ყურადღება ამ აზრს.
ყველა მეპატრონეს უნდა მიეცეს დრო შესაბამისი შენობის, ნაგებობისა თუ სათავსოს, ასე ვთქვათ, პროფილის შესაცვლელად.
კაზინოების ნაცვლად შეიძლება შეიქმნას სხვა დაწესებულებები, მაგალითად, მაღაზიები, რესტორნები, კაფეები, სპორტული დარბაზები ან სხვა, - რაც ნებავთ. შესაძლოა, ვიფიქროთ ამ ახალი საწარმოებისათვის დროებითს საგადასახადო შეღავათებზეც, მიზნობრივ მიკროკრედიტებზე უმთავრესად იმისათვის, რომ დაუსაქმებელი არავინ დარჩეს.
ასე რომ, ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა. იგი ეფუძნება (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) არა ემოციას, არამედ რაციონალურ გათვლას. ამიტომ, როგორი წინააღმდეგობაც უნდა შემხვდეს, მე ამ წინადადებას საკანონმდებლო ინიციატივის სახით შევიტან პარლამენტში და ვიბრძოლებ კიდეც სათანადო საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს გულშემატკივარნი მხარს დამიჭერენ.
- ამ ბოლო ხანს ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია უმრავლესობის ლიდერის პოსტიდან ნიკო ლეკიშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ... როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?
- ამ საკითხში გარკვევა აუცილებელი იყო და კარგია, რომ ეს შეკითხვა დამისვით.
სხვათა შორის, ბატონმა ნიკომ თავისი მოსაზრება არა დაბეჯითებით, არამედ საკმაოდ ფრთხილი ფორმულირებით გამოხატა (როგორც ეს მისთვის ჩვეულია), ვინაიდან ეს საკითხი მას ჩემთან არ შეუთანხმებია.
ჩემი აზრით, ნიკო ლეკიშვილის წასვლა ამ თანამდებობიდან - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტიდან, შეცდომა იქნებოდა.
მიმაჩნია, რომ, ისეთი თვისებების, ბუნებისა და გამოცდილების ლიდერი, როგორიც ბატონი ნიკო ლეკიშვილია, აუცილებლად სჭირდება უმრავლესობას, ისევე, როგორც სხვა პარტიებთან ურთიერთობის საკითხებში და ასე შემდეგ, რაც ძალიან კარგად გამოსდის ბატონ ნიკოს.
მე კოლეგიურად და მეგობრულად, ვურჩევ მას, ნუ აჩქარდება და განაგრძოს თავისი საქმიანობა უმრავლესობის ლიდერის პოსტზე. მით უმეტეს, რომ ამ დღეებში პარლამენტი განაახლებს მუშაობას.
- კიდევ ერთი თემა: რას ნიშნავს ლევან გაჩეჩილაძის შეყვანა პრეზიდენტის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში? სხვათა შორის, ამ თემაზე რაღაც სხვა მომენტებთან ერთად, ისევ ალაპარაკდნენ პრეზიდენტის საკადრო პოლიტიკისათვის ჩვეულებრივ, ეგრეთ წოდებულ, „დაბალანსების“ პოლიტიკაზე, რაც ერთ-ერთ ბრალდებადაც წაუყენეს საქართველოს პრეზიდენტს...
- სხვათა შორის, მე არ მეგონა, თუ ამ საბჭოში, რომელიც ჩემთან შეიქმნა, ბატონი ლევანის შეყვანა ვინმეს გაუკვირდებოდა. ეს წარმატებული ბიზნესმენია, მოაზროვნე კაცია. ძალიან გაბედულად მოქმედებს და სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია. რა ვუყოთ, რომ რაღაც განცხადებას მოაწერა ხელი და სხვა ჯგუფში აღმოჩნდა, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს.
რაც შეეხება იმას, რომ შევარდნაძე ახორციელებს „დაბალანსების პოლიტიკას“, ეს ყველა გაზეთშია როგორც, ასე ვთქვათ, სერიოზული შენიშვნა ჩემს მიმართ.
ამ „მძიმე ბრალდებას“ მე, ჩემი მხრივ, კიდევ ერთს დავუმატებ: ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი, შევარდნაძე ფლობს „ძალაუფლებისა და ხელისუფლების ტექნოლოგიას“. აქ, თითქოს, მართლაც რაიმე დაუშვებელი იყოს. არადა, ეს, ეგრეთ წოდებული, „ტექნოლოგია“ სხვა არაფერია, თუ არა იგივე პოლიტიკის ხელოვნება.
ვაი იმ პოლიტიკოსს (და ვაი იმ ქვეყანას), რომელიც ამ ხელოვნებას არ ფლობს: თავსაც დაიღუპავს და ქვეყანასაც.
რაც შეეხება „დაბალანსებას“.
ეს ცნება მე მესმის (ამას ჩემი ახალგაზრდა კოლეგების, ჟურნალისტების საყურადღებოდ ვლაპარაკობ, ხშირად ამბობენ ხოლმე - აი, შევარდნაძემ ისევ „დაბალანსების პოლიტიკას“ მიმართაო), როგორც დემოკრატიულ, პლურალისტურ ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის პირობებში, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისა და კომპრომისების ხელოვნება, რაც დემოკრატიული ქვეყნისათვის სავსებით ბუნებრივია. გაიხსენეთ, მაგალითად, ბატონი კლინტონი, რომელიც წარმოადგენს „დემოკრატებს“. კონგრესში მას უმრავლესობა არ ჰყოლია და არ ჰყავს. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის მინისტრად (ეს სამინისტრო კი ნახევარი სახელმწიფოა) რესპუბლიკელი ბატონი კოუენი დაენიშნა. ეს არ არის „ბალანსირების პოლიტიკა“? და ეს განა მარტო ამერიკისათვის ან მარტო საქართველოსათვის არის დამახასიათებელი? ამგვარი „დაბალანსების“ ალტერნატივა შეიძლება მხოლოდ სამოქალაქო ომი იყოს. ოღონდ „დაბალანსება“ სულაც არ ნიშნავს უპრინციპობას, ამას ხაზს ვუსვამ. არა ყოველგვარი „დაბალანსება“, არამედ ქვეყნის ინტერესებისა და პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით.
ისე არ გამიგოთ, თითქოს ჟურნალისტებს ვუსაყვედურებდე. არა. ეს, უბრალოდ, შენიშვნაა, თუ ისინი მამათრახებენ, მე უბრალოდ შენიშვნას ვაძლევ. ზოგიერთებს შეიძლება პოზიტიური მოტივიც ჰქონდეთ შინაარსობრივად, მაგრამ ამგვარი გულუბრყვილობა თუ გამოუცდელობა, პოლიტიკის ელემენტარულ საკითხებში გაუთვითცნობიერება აქ მაინც მჟღავნდება.
- გასულ კვირას ყურადღების ცენტრში ასევე იყო პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში...
- მაყურებელმა და მკითხველმა სრული ინფორმაცია მიიღეს ამ ვიზიტის შესახებ. და, სიმართლე გითხრათ, პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ჩინეთში ზურაბ ჟვანიას ვიზიტის შედეგებით. მიმაჩნია, რომ ეს იყო შედეგიანი სტუმრობა დიდ ქვეყანაში, დიდ ჩინეთში. მე გულწრფელად მახარებს ჩვენი ახალგაზრდა კოლეგების, ახალგაზრდა ლიდერების წარმატებული საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ქვეყნის განვითარების უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის და, რაც, უდავოდ, მეტი ეფექტიანობით უნდა გამოვიყენოთ.
საქმე როგორ არის, იცით? ძალიან ბევრი იდეა იბადება ხოლმე, ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი განიხილება ამ შეხვედრებისა და დიალოგის დროს და მერე ამას ვივიწყებთ, ბოლომდე არ მიგვყავს ხოლმე საქმე. უნდა ვისწავლოთ, მე მივმართავ ზოგიერთ ახალგაზრდა ლიდერს (ბატონ ზურაბს ეს არ ეხება, იგი კარგად იყენებს მიღწეულ შეთანხმებებს სარეალიზაციოდ), არაფერი არ უნდა დაიკარგოს, ერთი დეტალიც კი. თუ რაღაცის მიღება შეიძლება შენი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების სასარგებლოდ, ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული. ასე რომ, უაღრესად დადებითად ვაფასებ პარლამენტის თავმჯდომარის მოგზაურობას.
- და ბოლოს, გუშინ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა კარგი და სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელეს იმასთან დაკავშირებით, რომ გატაცებული 14 წლის ბორის გვიჩიანი გათავისუფლებულია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება...
- არ დაგიმალავთ, ამ ფაქტმა ძალზე შემაშფოთა. სიმართლე გითხრათ, იალტაში რომ გახლდით, ეს ბავშვი მედგა თვალწინ. გუშინ გვიან ღამით დამირეკა ბატონმა კახა თარგამაძემ და, სიმართლე გითხრათ, შვებით ამოვისუნთქე. ამ დილით მელაპარაკა რაიონის გამგებელი ბატონი ჯაფარიძე. ისიც შესანიშნავ გუნებაზეა, კარგ ხასიათზეა ისევე, როგორც ყველა მესტიელი ამ შემთხვევაში. გულწრფელი მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ უსიამოვნო ინციდენტის დროულად განმუხტვასა და მძიმე შედეგების თავიდან აცილებაში. ეს ეხება მოსახლეობას, სამართალდამცავებს, ეს ეხება არა მარტო მესტიელებს, არამედ კოდორის ხეობის მოსახლეობასაც, ხელმძღვანელებს, მათ შორის ემზარ კვიციანსაც, მესტიის გამგებელს, მე იგი უკვე ვახსენე, ბატონ ბონდო ჯიქიას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა, და კიდევ სხვებსა და სხვებს.
საქინფორმი
„მთელი საქართველოს, მთელი ჩვენი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა გულისტკივილს ბარენცის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 21 აგვისტოს რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 22 აგვისტო. - №227 (3628). - 1 გვ.
![]() |
29 ზაალ გელდიაშვილის დაბადების 85 წლის იუბილეზე |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ზაალ,
გულითადად გილოცავთ ღირსეულ იუბილეს - დაბადების 85 წლისთავს.
თქვენს მიერ განვლილი ცხოვრების გზა სამაგალითო და მისაბაძია ქართველი კაცისათვის, იგი ჩვენი სამშობლოს, ქართველი ერის ერთგულებისა და სიყვარულის, მისი უანგარო მსახურების ნათელი მაგალითია.
სიბრძნე და გაწონასწორებული ხასიათი, მაღალი ერუდიცია და პროფესიის უსაზღვრო სიყვარული მუდამ ედო საფუძვლად თქვენს დაუცხრომელ მოღვაწეობას საქართველოს ეროვნული მეურნეობის განვითარებისათვის.
მუდამ გამოირჩეოდით ადამიანებთან თქვენი ურთიერთობის და კაცთმოყვარეობის განსაკუთრებული უნარით მრავალრიცხოვან მეგობართა და თანამოსაქმეთა შორის, სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ სამეურნეო ორგანოებში ხელმძღვანელად მუშაობისას.
მიიღეთ ჩემი გულითადი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ზაალ გელდიაშვილის დაბადების 85 წლის იუბილეზე : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 22 აგვისტო. - №227 (3628). - 1 გვ.
![]() |
30 სვანეთს საქართველოს წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვის |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი
2000 წლის 21 აგვისტო.
შეკითხვა - სვანეთში განვითარებული მოვლენების გამო ხომ არ აპირებთ ზომების გამკაცრებას. გამოითქვა მოსაზრებაც, რომ იქ უნდა განხორციელდეს პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა. ხომ არ დგება სამართალდამცველების საკადრო ცვლილებების საკითხი.
ედუარდ შევარდნაძე: - არის ზოგიერთი რამ, რაც შეშფოთებას იწვევს, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რომ მსგავსი მოვლენები სხვა რეგიონებში არ ყოფილა. მახსოვს, მაგალითად, 1994 წელს გურიაში ადამიანი გარეთ ვერ გამოდიოდა, მხოლოდ ბანდიტები თარეშობდნენ. ჩვენ შევძელით იქ წესრიგის დამყარება. სვანეთში არ არის ძნელი ნამდვილი წესრიგის დამყარება, ოღონდ ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო. ამ დილით ვესაუბრე გამგებელს, ზოგიერთ სხვა სპეციალისტს, ამ კუთხის შვილებს, არ გამოვრიცხავ, რომ წესრიგთან დაკავშირებით ყურადღება ხელისუფლების მხრიდან მეტი იქნება. რაც შეეხება საპრეზიდენტო მმართველობას, ეს მხოლოდ უბედურებას მოგვიტანს და სხვა არაფერს. ამის აუცილებლობა სვანეთში არ არის. იქ არის ერთი პრობლემური ოჯახი. მახსოვს, ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც კი, ეს კაცი ტყედ იყო გავარდნილი, აფრასიძეა გვარად. ახლა მას შვილები და შვილიშვილები ჰყავს, მაგრამ არა და არ გამოდის ტყიდან, იქ აქვს სახლი და ყაჩაღად ითვლება. ვეხვეწებით, გამოდი, არ დაგიჭერთ, მაგრამ არ შვრება, არ გამოდის, ისევ ტყეშია. აი, ეს ერთი ოჯახია განსაკუთრებული. დანარჩენებთან პრობლემები არა გვაქვს. იქ ოპერაციის ჩატარება დაკავშირებული იქნება სისხლისღვრასთან.
მე სვანებს ამ დღეებში შევეხმიანები. მინდა, აქვე ზომიერებისკენ მოვუწოდო ზოგიერთ გაზეთს. ნუ დავიწყებთ იმის მტკიცებას, თითქოს სვანეთი „ავადმყოფია“ და სხვა. ისეთი რაღაცეები წავიკითხე, რომ ძალიან ავღელდი. ასე შეიძლება სხვა კუთხეებზეც დაიწეროს. საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, რაღაც შემთხვევები ყოველთვის ხდება. რაღაც შემთხვევა ახმეტაშიც მოხდა. რა თქმა უნდა, კრიტიკული წერილები უნდა დაიწეროს, მაგრამ არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი. სვანეთი არ იმსახურებს შეურაცხყოფას. ამ კუთხეს საქართველოს წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვის, ყველაზე გრძელ საზღვარს სწორედ სვანეთი იცავს, თანაც საიმედოდ, ერთი გაუგებრობა არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. დიდი ღვაწლი აქვთ კულტურის, ხელოვნების უძვირფასესი ძეგლების შემონახვის თვალსაზრისითაც. ნუ დავივიწყებთ იმას, რაც სვანეთს გაუკეთებია საქართველოსათვის.
შეკითხვა: - გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსურ ლეგიონს სამთავრობო დაცვა შეუერთდა. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია.
ედუარდ შევარდნაძე: - არა. და ეს არც შეიძლება მოხდეს. ეს უბედურება იქნება.
სააგენტო „როიტერი“: - ბარენცის ზღვის ტრაგედიამ მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება მიიპყრო. როგორ შეაფასებთ რუსეთის ხელმძღვანელთა მოქმედებას, რომელთა მითითებით ინფორმაცია მომხდარის შესახებ მხოლოდ ორი დღის შემდეგ გავიდა საინფორმაციო საშუალებებში. ხომ არ გაგონებთ ეს იმ დროს, როცა ინფორმაცია მსგავსი ტრაგედიების შესახებ საგულდაგულოდ იმალებოდა. ჩერნობილის ავარიის შესახებ არაფერი თქვეს და სამი დღის შემდეგ ხალხი სადღესასწაულო დემონსტრაციაზე გამოიყვანეს. როგორ აფასებთ თქვენი კოლეგის ქმედებას, რომელიც უკვე კრიტიკის საგნად იქცა.
ედუარდ შევარდნაძე: - გულახდილად რომ გითხრათ, ასეთ რთულ სიტუაციაში ძნელია ვინმეს გაკრიტიკება. იალტაში ყველა პრეზიდენტმა გამოთქვა თანაგრძნობა მომხდარის გამო. რაც შეეხება ინორმაციის დაგვიანებით გავრცელებას, არ გამოვრიცხავ, რომ თვით პრეზიდენტიც არ იყო დროულად ინფორმირებული. თუმცა მისთვის ეს შეკითხვა არ დამისვია, ვგულისხმობ, რომ სამხედროებს სჩვევიათ ასეთი თავდაჯერებულობა. ახლაც იფიქრეს, რომ არის ახალი ნავი, ყველაფერი რიგზეა და მცირე გაუმართაობა შეიძლება გამოსწორდეს. ვფიქრობ, სწორედ ამდაგვარი რაღაც მოხდა და პრეზიდენტს დროულად არ შეატყობინეს. რაც შეეხება ზოგადად ინფორმაციის მიწოდებას მასმედიისთვის, ვფიქრობ, გარკვეული ჩვევა ამოქმედდა. ჩვენ უცებ ვერ ვთავისუფლდებით ძველი სტერეოტიპებისაგან, ძველი ჩვევებისაგან. საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთ ამბებზე საერთოდ არ წერდნენ. ჩვეულებრივ სტიქიურ უბედურებებზეც კი არაფერს ამბობდნენ. მახსოვს, როცა სომხეთში სტიქიური უბედურება დატრიალდა, მე და გორბაჩოვი ნიუ-იორკში ვიმყოფებოდით. მოთათბირების შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა პრესის წინაშე და თხოვნით მიმართა მსოფლიო საზოგადოებას, დახმარებოდნენ დაზარალებულებს. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში. იგივე მოხდა ჩერნობილის ავარიის დროს. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობამ მაშინვე შეიტყო, შეიქმნა პოლიტბიუროს წევრებისაგან შემდგარი კომისია, რომელშიც მეც შევდიოდი. მახსოვს, ლიგაჩოვი ხელმძღვანელობდა ამ კომისიას. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ძალიან დახვეწილმა და გონიერმა დიპლომატებმა, კომისიის სხდომაზე წასვლის წინ მთხოვეს, წამომეჭრა საკითხი, რომ არ დაგვემალა მომხდარი ამბავი და ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაგვევრცელებინა, რადგან მეორე-მესამე დღეს მაინც ყველაფერი ცნობილი გახდებოდა. მართლაც, დღენახევრის შემდეგ შვედებმა აღმოაჩინეს პირველი სიმპტომები და განაცხადეს ამის შესახებ.
მე მაშინ წამოვაყენე წინადადება, არ დაგვემალა მომხდარი და აღვნიშნე, რომ თუ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, კრიტიკის საბაბი არავის აღარ ექნებოდა. სამწუხაროდ, მხარდამჭერი არავინ აღმომაჩნდა. ასე რომ, ეს ტრადიცია არსებობდა და, შესაძლოა, ამ ტრადიციამ ამჯერადაც იჩინა თავი.
„როიტერი“: - გარდა იმისა, რომ ინფორმაცია გვიან გადაიცა, რუსეთის ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ დასავლეთს დახმარებისთვის გვიან მიმართეს. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ოდესმე რუსეთი თავი დააღწიოს დასავლეთის და საერთაშორისო საზოგადოების მტრად აღქმის ტრადიციას?
ედუარდ შევარდნაძე: - ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ამჟამად ისე უყურებს დასავლეთს, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალა მსოფლიო, მათ შორის, შეიცვალა რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების ურთიერთობა. თუმცა ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა მაინც ჭირს. ვფიქრობ, ეს ძალიან მწარე და სავალალო გაკვეთილია, ეს გაკვეთილია როგორც რუსეთისათვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც.
„პრაიმ-ნიუსი“: - ერთ თვეში სამხრეთ ოსეთში ზეიმობენ დამოუკიდებლობის გამოცხადების ათ წლისთავს. ამასთან, ქართული მხარე მათ არანაირ სტატუსს არ სთავაზობს. ინფორმაციის თანახმად, პუტინთან შეხვედრისას შეეხეთ ოსეთის თემასაც. იყო თუ არა საუბარი სტატუსის თაობაზე?
ედუარდ შევარდნაძე: - პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემა იყო აფხაზეთი, მათ შორის, პროექტი აფხაზეთის სტატუსის თაობაზე, რომელიც შემუშავდა უშიშროების საბჭოზე და ჩავარდა იმის გამო, რომ რუსეთმა ხმა არ მისცა და სხვა მიზეზების გამო, გაიმართა საუბარი ქართულ-ოსური კონფლიქტის დაძლევის აუცილებლობაზე. სხვათა შორის, აღინიშნა, რომ აქ გაცილებით ნაკლებია წინააღმდეგობები. ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის პრეზიდენტი ძასოხოვი თვითონ არის დაინტერესებული და ხელს უწყობს სამშვიდობო პროცესის დაჩქარებას. შესაძლებელია, სწორედ ამით დაიწყოს გარდატეხა კავკასიის კონფლიქტების მოგვარებაში. რა თქმა უნდა, პუტინი დამეთანხმა, თვითონაც მონდომებულია, მზად არის მატერიალური დახმარებაც გაუწიოს დაბრუნებულ მოსახლეობას, ქართველებსაც, ოსებსაც. რაც შეეხება სტატუსს, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. არც მიმაჩნია სწორად, რომ ჯერ რუსეთთან მოვილაპარაკოთ და მერე დავიწყოთ საუბარი ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს მეზობელ ოსებთან. ჩვენ იმდენად გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს, რომ საუბარი არ უნდა გაგვიჭირდეს.
„ინტერფაქსი“: - თქვენ განაცხადეთ, რომ იალტაში პუტინთან შეხვედრისას განიხილეთ საქართველოში რუსეთის ბაზების შესახებ საკითხი. ხომ არ წამოჭრილა რუსეთის ბაზების საბოლოო გაყვანის საკითხი და ხომ არ განხილულა ვადები?
ედუარდ შევარდნაძე: - იალტის შეხვედრაზე ითქვა, რომ სტამბოლის შეთანხმებები უნდა შესრულდეს. შესაძლოა, გარკვეული კორექტივები იყოს შესატანი. ვლადიმერ პუტინი შეშფოთებით საუბრობდა იმის თაობაზე, რომ თუ მშვიდობისმყოფელები რჩებიან აფხაზეთში, მათ მდგომარეობას გუდაუთის ბაზის ლიკვიდაცია გაართულებს, რადგან ამ ბაზის მეშვეობით იღებენ ტექნიკასაც, საკვებსაც და ასე შემდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით. რაც შეეხება სხვა ბაზებს, მას არ გამოუთქვამს არანაირი ეჭვი. უფრო მეტიც, ითქვა, რომ ამ ბაზების გაყვანის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დაიწყება ახალი ეტაპი, ახალი ეპოქა.
გაზეთი „რეზონანსი“: - უჭერთ თუ არა მხარს ერთიანი საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნის იდეას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებისა და პროკურატურისაგან ამ ფუნქციის გამოცალკევებას. როდის დადგება ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში?
ედუარდ შევარდნაძე: - დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან სხვა რეფორმები გვაქვს ბოლომდე მისაყვანი, კერძოდ, სასამართლო რეფორმა ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული. საერთოდ, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმებს დიდი წინდახედულობა სჭირდება. თუ ყველაფერი კარგად არ იქნება გათვლილი, შედეგები შეიძლება მძიმეც კი იყოს. მე პირადად, ბევრს ვფიქრობ ამის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით.
„რეზონანსი“: - რას გვეტყვით ანტიკორუფციული ჯგუფის შესახებ?
ედუარდ შევარდნაძე: - ლადო ჭანტურია დაბრუნდა, მუშაობენ, შედეგები ჯერჯერობით არ ვიცი, იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ მოსაზრებები უკვე ჩამოყალიბებული აქვთ, განხილვაც მალე დაიწყება.
ტელეკომპანია „ნტვ“: - პუტინს თქვენ ან თანამეგობრობის ქვეყნებიდან რომელიმე თქვენმა კოლეგამ ხომ არ ურჩიეთ დასვენება შეეწყვიტა და დაბრუნებულიყო მოსკოვში, რადგან იალტამდე ასეთი გადაწყვეტილება არ ყოფილა, იალტაში კი პუტინმა შეწყვიტა სამიტი და მოსკოვს გაემგზავრა?
ედუარდ შევარდნაძე: - არა, იგი ჩამოვიდა გადაწყვეტილებით - შეგვხვედროდა, განეხორციელებინა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, და იმავე საღამოს განგვიცხადა, რომ მოსკოვში მიფრინავდა. ეს არავის უკარნახია. ჩვენ ყველანი გაგებით მოვეკიდეთ მის გადაწყვეტილებას.
გაზეთი „ალია“: - იალტის არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ ის ყოვლისმომცველი ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ჯერაც არ მიუღია, მოძველდა და პუტინთან სხვა დოკუმენტზე გქონდათ საუბარი. რით იქნება განსხვავებული ძველი და ახალი დოკუმენტები?
ედუარდ შევარდნაძე: - მე წამოვაყენე ვარიანტი. დრო გადის. უკვე რამდენიმე წელიწადი, 4-5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ამ ხელშეკრულებას. საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირად ხდება, რომ ხელშეკრულებები ძველდება და დიდ ხელშეკრულებებსაც თავიდან აფორმებენ. ამიტომ მე პუტინს ასეთი ვარიანტი შევთავაზე - თუ სახელმწიფო სათათბიროში კიდევ გაჭიანურდება პროცესი, მაშინ მის რატიფიცირებას აზრი აღარ ექნება. ისიც ვუთხარი, რომ მაშინ აჯობებს, თბილისში ჩამოვიდეს, საექსპერტო ჯგუფები შეიქმნას და ახალი ხელშეკრულება მოვამზადოთ ახალი მომენტების გათვალისწინებით. მას განსაკუთრებული არც წინააღმდეგობა გაუწევია, არც პირდაპირი თანხმობა მოუცია. მითხრა, მოვიფიქრებ და შეგატყობინებთო.
ტელეკომპანია „მე-9 არხი“: - სოხუმი უარს აცხადებს აფხაზეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებაზე. რატომ ჩაიშალა 20 აგვისტოს მოლაპარაკება?
ედუარდ შევარდნაძე: - მოლაპარაკება არ ჩაშლილა. მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ. საკითხებიც განიხილეს.
ჩვენს დელეგაციას თავისი პროექტი ჰქონდა ჩატანილი და, სხვათა შორის, ვიცოდი, რომ ისინი ამ პროექტს ამჯერად არ მიიღებდნენ. მერე მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ კომპრომისისათვის მიეღწიათ. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
„მე-9 არხი“: - ხომ არ უკავშირდება ეს გაუგებრობა სოხუმში მიმდინარე არეულობას?
ედუარდ შევარდნაძე: - მე მგონი, არა. შეიძლება, ეს არეულობა ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, მაგრამ თვით ეს მოლაპარაკება ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობდა. იყო მცირედი გაუგებრობა დელეგაციების შემადგენლობასთან დაკავშირებით, მაგრამ მოლაპარაკების შემდეგ ჩვეულებრივი მუშაობა გაგრძელდა.
„იბერია-სპექტრი“: - მინდა ბიუჯეტს დავუბრუნდე. ახალ, შემცირებულ ბიუჯეტში იგივე თანხა აქვს დატოვებული ზოგიერთ გაზეთს. შეიძლება თუ არა, რომ დღეს არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ შეარჩიოს მისთვის ხელსაყრელად მოაზროვნე პრესის ჯგუფი და იგი დააფინანსოს? ყველა გაზეთი საკუთარი ხარჯით უნდა არსებობდეს. ეს პრინციპი დამკვიდრებულია მთელ მსოფლიოში და ეს პრინციპი მოქმედებს ჩვენთანაც, გამონაკლისების გარდა. წინადადება შემომაქვს, რომ ყველა გაზეთი ერთნაირ საწყისზე არსებობდეს.
ედუარდ შევარდნაძე: - შეიძლება, თქვენს მსჯელობაში ბევრი რამ საყურადღებოა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისეთ გაზეთებში, როგორიცაა „საქართველოს რესპუბლიკა“, „სვობოდნაია გრუზია“, სომხური და აზერბაიჯანული გაზეთები, ასეა დამკვიდრებული, რომ პრეზიდენტის ყველა საყურადღებო ბრძანებულება მეორე დღესვე იბეჭდება, ასევე - ნორმატიული აქტები, ცვლილებები კანონებში და სხვა. თუ თქვენ გადაათვალიერებთ „საქართველოს რესპუბლიკას“, ნახავთ, რომ ნახევარზე მეტი მასალა ოფიციალურია. თქვენ ამას ვერ გააკეთებთ და ვერც მოგთხოვთ. ამიტომ უნდა არსებობდეს ისეთი გაზეთები, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობა გაეცნობა ახალ კანონებს, ცვლილებებს. ამის გარდა პატარ-პატარა შეღავათები გავუწიეთ ისეთ ჟურნალებს, როგორიცაა „დილა“. ეს მცირე თანხებია და მე ამ დახმარების შენარჩუნების მომხრე ვარ. თქვენ მეტი თავისუფლება გაქვთ, ისინი კი შედარებით შეზღუდულები არიან.
გაზეთი „კულტურა“: - ახლოვდება მერაბ მამარდაშვილის ხსოვნის ორი თარიღი. მოსკოვში ამისათვის აქტიურად ემზადებიან. 25 სექტემბერს მისი 70 წლისთავია, ხოლო ნოემბერში მისი გარდაცვალებიდან 10 წელი სრულდება. იგეგმება თუ არა რაიმე ღონისძიებები და რა ბედი ეწევა ერნესტ ნეიზვესტნის მიერ შექმნილ სკულპტურას, რომელიც თქვენი დიდი ძალისხმევით ჩამოიტანეს ამერიკიდან, მაგრამ ორი წელია საწყობში ინახება?
ედუარდ შევარდნაძე: - ძალიან განვიცდი ამ ფაქტს. მე სისხლხორცეულად ვარ დაინტერესებული დავეხმარო ნეიზვესტნის ამ საქმის დასრულებაში. ვფიქრობ, 10 ნოემბრისათვის შევძლებთ ამის გაკეთებას. ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული, ფული კი, სამწუხაროდ, ცოტაა. მაგრამ სახსრები უნდა გამოინახოს და ეს ჩანაფიქრიც უნდა განხორციელდეს. მე მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მერაბ მამარდაშვილი ჩემი საკმაოდ ახლობელი კაცი იყო. კარგად ვიცი, რა ღირებულებას წარმოადგენს იგი ქართული ფილოსოფიური აზროვნებისათვის, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ვიცი, რომ მოსკოვში მას ბევრი მეგობარი ჰყავდა და ისიც ვიცი, რომ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მისი ქანდაკების აქ აღმართვას, მოსკოვის მერი მზადაა იგი მოსკოვში დადგას. მაგრამ, იმედი მაქვს, ეს არ მოხდება.
„საქართველოს რადიო“: - გასულ კვირას თქვენმა განცხადებამ კაზინოების დახურვის თაობაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და, განსაკუთრებით, მასმედიაში. კაზინოების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ეს დიდ თანხებს დააკლებს ბიუჯეტს. როგორ ფიქრობთ, ასეა ეს თუ არა?
ედუარდ შევარდნაძე: - ამ დილით ვთქვი, რომ ჯობდა თავის დროზე არ მიგვეცა უფლება. მაგრამ მაშინ ჩვენს ირგვლივ, თურქეთშიც, აზერბაიჯანშიც, ყველგან იყო კაზინოები. ახლა საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა. თურქეთში ისინი აღარ არის. არადა იქ ბევრი ხალხი თამაშობდა და ბევრი ფულიც აქვთ. ასევეა აზერბაიჯანშიც. ახლა მთელი დატვირთვა საქართველოზე მოდის. ძალიან მაწუხებს უკანონო გზით ნაშოვნი ფულის განაღდება. მართალია, ერთ-ერთ გადაცემაში თქვეს, რომელ ფულზეა საუბარი, ფული საქართველოში საერთოდ არ არისო. მაგრამ ეს ასე როდია. უკანონო ფულის განაღდება, როგორც წესი, განვითარებად ქვეყნებში ხდება. ისეთში, როგორიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ ვართ. ჩვენს ირგვლივ ისეთი ატმოსფეროა, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. ამ დღეებში დამთავრდება კანონპროექტი, მე მას პარლამენტში შევიტან და ვიბრძოლებ, რომ მიიღონ იგი.
ამავე დროს, მინდა განგიმარტოთ, რომ საუბარი არ არის საერთოდ სათამაშო ბიზნესზე. მე ვთქვი, რომ შეიძლება იყოს ლატარიები, სხვა ათასნაირი შემოსავლიანი სათამაშოები. სხვათა შორის, სპორტსმენები აყენებენ წინადადებას, დაარსდეს ლატარია სპორტის განვითარებისათვის. ისინი მიმტკიცებდნენ, ეს დიდი თანხებია, რომლებიც სპორტს წაადგებაო. სხვა თანხები უნდა მოხმარდეს კულტურას, წიგნის გამოცემას და სხვა. ახალ მდგომარეობაზე გადასვლა, რა თქმა უნდა, ძნელი იქნება. შენობები მზად არის და მიმდინარეობს მათი ექსპლუატაცია.
მე დღეს უკვე ვთქვი, რომ კაზინოები უცებ არ უნდა დაიხუროს. ამ ხალხს ოთხი ან ხუთი თვის ვადა უნდა მიეცეს. გადასახადების დონე უნდა დარჩეს ისეთივე, როგორც დღეს არის, თუმცა, წესით, მეტს უნდა იხდიდნენ. არ გამოვრიცხავ, მიზნობრივი კრედიტების გამოძებნასაც, რათა შეიცვალოს მათი პროფილი და უმუშევარი არავინ დარჩეს. თუ ამ სამუშაოს გეგმაზომიერად ჩავატარებთ, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის. არგუმენტი არც ისაა, რომ ეს ძალიან შემოსავლიანი საქმეა და არც ის, რომ ბიზნესი სარდაფებში გადაინაცვლებს. ჩავლენ და იქაც მიაგნებენ და დაისჯებიან.
საქართველო არაფერს არ დაკარგავს. ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვხდებით უზარმაზარი დატვირთვით. ლაპარაკია დიდი მაგისტრალების მშენებლობაზე ბაქოდან ფოთამდე და ბათუმამდე. ერევნიდან თბილისამდე და ასე შემდეგ. ეს იქნება ასიათასობით მანქანა და ადამიანი, არის საფრთხე, რომ ნარკობიზნესიდან ნაშოვნი ფულის აქ განაღდება მოინდომონ. ჯერ კიდევ გვიან არ არის და ძალიან გთხოვთ, მხარი დამიჭიროთ.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური-საქინფორმი.
სვანეთს საქართველოს წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვის : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 22 აგვისტო. - №227 (3628). - 1,3 გვ.
![]() |
31 „სვანეთი ისტორიულად იყო და კვლავაც რჩება საქართველოს მოურღვეველ ციხე-სიმაგრედ, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დამცველ ლომგულ მენაპირე-მეციხოვნეთა ბუდედ“ |
▲back to top |
ჩემო სვანებო!
თქვენთან ერთად უდიდესი მღელვარებით ვადევნებდი თვალს მოვლენათა ბოლოდროინდელ განვითარებას. საბედნიეროდ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით, უმოკლეს ვადებში მოხერხდა გატაცებული ჭაბუკის გათავისუფლება, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენმა სისხლმა და ხორცმა - კოდორის ხეობის, აგრეთვე, ზუგდიდის მოსახლეობამ.
სწორედ ერთობლივი ძალისხმევით, სვანთათვის დამახასიათებელი სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით შევძელით თავიდან აგვეცილებინა მძიმე განსაცდელი.
ბოლო დროს, ჩემს შეშფოთებას იწვევს ავყიათა „უხიაგი როშვა“ სვანეთისა და სვანების შესახებ. მათ დემოკრატია „ბოროტებისა და ბოროტი სიტყვის“ თავისუფლება ჰგონიათ.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სახელმწიფოებრივ და მორალურ ვალდებულებად მივიჩნევ კიდევ ერთხელ, მთელი ქვეყნის სახელით, ქედი მოვიხარო ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი უმტკიცესი ბურჯის - სვანეთის წინაშე.
სვანეთი ისტორიულად იყო და კვლავაც რჩება საქართველოს მოურღვეველ ციხე-სიმაგრედ, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დამცველ ლომგულ მენაპირე-მეციხოვნეთა ბუდედ.
სვანეთი არა მხოლოდ ენით აუწერელი სილამაზით, კავკასიონის მწვერვალთა გოროზი მშვენიერებით, არამედ ძველი ქართული კულტურის უბრწყინვალესი ნიმუშებით, ქართულ ადათ-წესთა სიწმინდით, საქართველოს ერთ-ერთი თვალმარგალიტია.
ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს და ყოველთვის სათანადოდ დააფასებს ქვეყნის წინაშე სვანთა ისტორიულ დამსახურებას: შორეულ წარსულშიც და თანამედროვე ეპოქაშიც თქვენ საქართველოსათვის ბრძოლის ურთულეს მონაკვეთზე იმყოფებოდით.
არ მოიძევება თუნდაც ერთი გონიერი, პატრიოტი ადამიანი, ვინც სათანადოდ არ აფასებდეს სვანეთსა და სვანებს, - ამ კეთილშობილი მხარისა და „სადროშოს“ დიდ მამულიშვილურ ღვაწლს, ფასდაუდებელ დამსახურებას, მუხლჩაუხრელ შრომასა და სიქველეს.
თავის მხრივ, დედა-სამშობლო ყველაფერს გააკეთებს, რათა ერთგულ და თავდადებულ შვილებს მოეფეროს, ცხოვრებისა და შემოქმედების ღირსეული პირობები შეუქმნას.
კიდევ ერთხელ მოგესალმები ჩემო საყვარელო სვანეთო. საქართველოს ძალავ და იმედო, ეროვნული შთაგონებისა და სიამაყის უშრეტო წყაროვ.
გისურვებ აყვავებასა და აღმავლობას, საუკეთესო ქართველთა-სვანთა ერთგულებითა და ძალისხმევით, „სვანური“ ბრძოლითა და შრომით, - ჩვენი სამშობლოს, საქართველოს საკეთილდღეოდ.
თქვენი,
ედუარდ შევარდნაძე.
„სვანეთი ისტორიულად იყო და კვლავაც რჩება საქართველოს მოურღვეველ ციხე-სიმაგრედ, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დამცველ ლომგულ მენაპირე-მეციხოვნეთა ბუდედ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 23 აგვისტო. - №228 (3629). - 1 გვ.
![]() |
32 მის აღმატებულებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ვ. ვ. პუტინს |
▲back to top |
პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ,
წყალქვეშა ნავის „კურსკის“ ეკიპაჟის დაღუპვის შესახებ ტრაგიკულმა ცნობამ თავზარი დაგვცა.
ქართველი ხალხის სახელით და პირადად მე გულწრფელად გითანაგრძნობთ თქვენ და ყველა თქვენს თანამემამულეს და ვიზიარებთ ამ ჭეშმარიტად საყოველთაო-სახალხო მწუხარებას.
გთხოვთ, ჩვენი გულწრფელი სამძიმარი გადასცეთ, აგრეთვე, დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს.
ედუარდ შევარდნაძე.
მის აღმატებულებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ვ. ვ. პუტინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 23 აგვისტო. - №228 (3629). - 1 გვ.
![]() |
33 ბატონ დიმიტრი ჯაიანს |
▲back to top |
მილოცვა
ჩემო დიმა,
დიდი ქართულ-აფხაზური ტკივილის ფონზე შენს საიუბილეო თარიღს შეიძლება თან არ სდევდეს სათანადო სილაღე. ეს, ბუნებრივია, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინა გვაქვს.
შენ დიდი ღვაწლი მიგიძღვის უმძიმეს პირობებში აფხაზეთის მკვიდრ ქართველთა „სულიერების ტაძრის“, დევნილი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის გადარჩენაში როგორც მის დირექტორს, სამხატვრო ხელმძღვანელსა და მსახიობს, ამითაც საქართველოს კულტურულ სივრცეში გამორჩეული მოღვაწის ადგილი დაიმკვიდრე.
მე ასევე დიდად ვაფასებ შენს მეომრულ შემართებას, რომელიც ნასაზრდოებია ჩვენი სამშობლოს დამცველი სახელოვანი წინაპრების, მათ შორის კრწანისის ველზე მებრძოლი „მსახიობთა უფროსის“ მაჩაბელის გმირობით.
შენი საოცარი სულის სიძლიერე, ეროვნული და მოქალაქეობრივი მეობა ვერ შეარყია ქვეყანაზე გადავლილმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, სოციალურმა და სხვა მეხთატეხებმა. ამის დასტურია შენი მისაბაძი უდრეკი ერთგულება ჩვენი სამშობლოს, მისი ისტორიის, აწმყოსა და ერთიანი საქართველოს ნათელი მომავლისადმი, შენი მოღვაწეობა პარლამენტში.
ხვალინდელი დღის მტკიცე რწმენით გილოცავ დაბადების სამოც წლისთავს შესანიშნავ მოქალაქეს, თეატრის ღირსეულ თავკაცს, ცნობილ მსახიობს, აქტიურ პარლამენტარს, მეომარსა და ჭეშმარიტ მამულიშვილს.
უღრმესი პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ დიმიტრი ჯაიანს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 24 აგვისტო. - №229 (3630). - 1 გვ.
![]() |
34 გიორგი დანელიას დაბადების 70 წლისთავზე |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო გია,
დაბადების დღეს გილოცავთ დიდ კინორეჟისორს, რომელმაც ძნელ საბჭოთა სინამდვილეში თავისი ფილმებით ადამიანობის ნათელი შემოიტანა.
ჩვენთვის, საქართველოსთვის, თქვენ ის ქართველი კაცი ხართ, რომელმაც რუსულ ხელოვნებაში კიდევ ერთხელ დაამკვიდრა ქართული თემები, მოვლენათა ქართული ხედვა და ქართული ხიბლი, ხოლო რუსი ხალხისათვის, ალბათ, ის დიდი ხელოვანი, რომელმაც რუსული ხასიათის ყველა სიკეთე შესანიშნავად წარმოაჩინა.
თქვენს პიროვნებასა და თქვენს ხელოვნებაში, ჩემი აზრით, სასიკეთოდ გადაიკვეთა ქართული და რუსული კულტურების გზები და წარმოჩინდა ქართული და რუსული ეთნოსების ორგანული სიახლოვე...
როდესაც თქვენს ფილმებს უკრავენ ტაშს საქართველოში, მე ვიცი, რომ ტაშს უკრავენ რუსი კაცის ღირსებასაც, ხოლო, როდესაც მათ ტაშს უკრავენ რუსეთში, ვიცი, ტაშს უკრავენ ქართველი კაცის ღირსებასაც.
ამ ტაშს მე და ჩემი მეუღლე ნანულიც ვუერთდებით.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
გიორგი დანელიას დაბადების 70 წლისთავზე : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 25 აგვისტო. - №230 (3631). - 1 გვ.
![]() |
35 ედუარდ შევარდნაძე: დღეს მე მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, ყველა მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, განურჩევლად შეხედულების თუ რწმენის სხვაობისა - გავერთიანდეთ საქართველოს კონსტიტუციის ნათელ იდეალთა განსახორციელებლად |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს კონსტიტუციის მიღების ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი პრესკონფერენციის გახსნაზე
თბილისი, 2000 წლის 24 აგვისტო
ბატონო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარევ,
ბატონებო,
დღეს შესრულდა ხუთი წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, რომელიც აგრეთვე ფაქტობრივად ასრულებდა „ეროვნული დამფუძნებელი კრების“ ფუნქციას, ხმათა დიდი უმრავლესობით, ხანგრძლივი, მწვავე, შეიძლება ითქვას, ბობოქარი და პრინციპული დებატების შემდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. ეს დღე სავსებით განსაკუთრებულია საქართველოს ისტორიაში. იგი უკვე უმნიშვნელოვანეს ჟამტეხილად და სამუდამოდ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის დიდ ქრონოლოგიურ ნიშანსვეტთა შორის.
საქართველოს კონსტიტუციამ კი, რომელიც ძალაში შევიდა 1995 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგთა დამტკიცებასთანავე, უკვე დაადასტურა თავისი მნიშვნელობა, სიცოცხლისუნარიანობა, ცხოველმყოფელობა და შეიძლება ითქვას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ძლევამოსილება. ამ თვალსაზრისით კონსტიტუცია საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების უბრწყინვალეს ძეგლად იქცა. ქართული ისტორიული ტრადიციის შესაბამისად, „ძეგლისდება“ ყოველთვის ნიშნავდა „დიდ საზოგადოებრივ შეთანხმებას“, გამომდინარე სხვადასხვა ეპოქის უზენაესი ეროვნული ინტერესებიდან. იგი უეჭველად გულისხმობდა დაპირისპირების შეწყვეტას, საქვეყნო საქმეში ერთსულოვნებას, პატრიოტულ თანადგომასა და ერთობლივ ძალისხმევას.
ამ აზრით, საქართველოს კონსტიტუცია ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხთა „ძეგლისდებით გადაწყვეტის“ იმ თვალსაჩინო ტრადიციას აგრძელებს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ქართული სახელმწიფოს დიდმა მეფე-მოამაგეებმა: დავით აღმაშენებელმა და გიორგი ბრწყინვალემ.
მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის განსაკუთრებულობა იმითაა განპირობებული, რომ ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის შესანიშნავ ტრადიციებთან ერთად, მან სრულად მოიცვა ახალი ეპოქის დემოკრატიული გამოცდილება, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა, ჰუმანიზმისა და ადამიანის უფლებათა აღმატებულობის საკაცობრიო (მათ შორის, ქართული ეროვნული) ღირებულებანი.
აქვე ჩემს მიერ ხაზგასმულ დებულებათა შორის პირველ რიგში მინდა შევეხო:
ჩვენ თანამედროვეობის გლობალურ პროცესებში ვართ ჩაბმული. დიდი სიდუხჭირის მიუხედავად, რომელსაც დროებითი ხასიათი აქვს სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, ხოლო როგორც არაერთხელ თქმულა, პიროვნების თავისუფლება, ადამიანის უფლებები უზენაესობის რანგშია აყვანილი.
ამავე დროს, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ერთ ელემენტარულ ჭეშმარიტებას. არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე, მეტსაც ვიტყვი, საერთო საზოგადოებრივი და პიროვნული პასუხისმგებლობა თავისუფლების საფუძველია. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს რღვევა და ქაოსი გარდაუვალია.
და აქვე მინდა ვთქვა, რომ კონსტიტუცია იმ ზნეობრივი ნორმების კონცენტრირებულია იმ ზნეობრივი ნორმების კონცენტრირებული გამოხატულებაა, რომლებიც ათასწლეულებში იქმნებოდა ჩვენი ხალხის გენიით.
თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს ამ დიდ მემკვიდრეობას - ყველა თავისუფალი მოქალაქის ვალია, სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა გახდეს საქართველოს სავიზიტო ბარათი საერთაშორისო თანამეგობრობაში.
როცა კონსტიტუციონალიზმისა და საქართველოს კონსტიტუციის თაობაზე ვმსჯელობთ, უეჭველად უნდა მივიჩნიოთ ის დებულება, რომ კონსტიტუციის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დემოკრატიული, თავისთავადი და ინტელექტუალურად თავისუფალი იყო თვით მისი შემუშავებისა და მიღების პროცესი. ეს საარსებოდ აუცილებელია, რათა ქვეყნის ძირითადმა კანონმა მართლაც შეასრულოს კონსტიტუციის უზოგადესი, უმთავრესი ფუნქცია: იქცეს დიდ საზოგადოებრივ შეთანხმებად და ფუნდამენტურ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საკითხებში გააერთიანოს ყველა ეთნიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ფენის წარმომადგენლები, - განურჩევლად ენის, წარმომავლობის, სქესის, სოციალური სტატუსის, რელიგიური რწმენის თუ პოლიტიკური შეხედულებისა.
კაცობრიობის ისტორიამ დაამტკიცა, ისევე, როგორც ადასტურებს დღევანდელობაც: რაგინდ დემოკრატიულიც უნდა იყოს კონსტიტუცია გარეგნულად, რაოდენ ლამაზ და მომხიბვლელ დებულებებსა და იურიდიულ ფორმებს უნდა შეიცავდეს, იგი ვერ შეძლებს უმთავრესი სახელმწიფოებრივი ფუნქციის სრულყოფილად შესრულებას, თუ არ ეფუძნება საზოგადოების შინაგანი, თვისებრივი, ნებაყოფლობითი შეთანხმების, - საერთო მიზნების არსობრივად გაზიარების პრინციპს. ამ თვალსაზრისით, საქართველოს კონსტიტუცია, შეიძლება ითქვას, უნაკლო დოკუმენტია, რომელსაც რაიმე ზეგავლენისა და ძალდატანების იოტისოდენა ჩრდილიც კი არ სდევს თან.
მე ვამაყობ, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაურმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შევქმენი ყველა პირობა, რათა საქართველოს კონსტიტუცია ამ მხრივ მართლაც სამაგალითო და საუკეთესო საკაცობრიო გამოცდილების შესაბამისი ყოფილიყო.
სამი წლის განმავლობაში, შესანიშნავი ქართველი იურისტები, საზოგადო მოღვაწენი, ქართული კულტურისა და მეცნიერების უთვალსაჩინოესი წარმომადგენლები დინჯად, უდიდესი გულისყურითა და უმაღლესი პასუხისმგებლობით მუშაობდნენ საქართველოს კონსტიტუციის პროექტზე, რომლის დამტკიცება, შეიძლება ითქვას, საარსებოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის - იმ დროს შეჩერებული სამოქალაქო ომის დაპირისპირებისა და განცდილი საზარელი ეროვნული ტრაგედიის გათვალისწინებით.
კონსტიტუციის მიღების ხუთი წლისთავზე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სრულიად საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ ვუძღვნი დიდ მადლობას ყველას, ვინც შრომობდა კონსტიტუციის პროექტის შესამუშვებლად, მისი ძირითადი დებულებებისა და ფუნდამენტური პრინციპების ჩამოსაყალიბებლად.
მათ შორის, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომელთა რჩევა და თანადგომა მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ალბათ, მთელ საზოგადოებას ახსოვს შემდგომი დებატები პარლამენტში, როდესაც გამოწვლილვით განიხილებოდა თითოეული დებულება, ყოველი სიტყვა. მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის მაქსიმალურად გათვალისწინების პირობით.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უმრავლესობას შეეძლო ამა თუ თუ იმ მუხლზე „მექანიკური კენჭისყრით“ მიეღო გადაწყვეტილება - ჩვენ მაინც ვამჯობინებდით საკითხის გადადებას, კიდევ ერთხელ გულდაგულ შესწავლას, ჩვენს პატივცემულ ოპონენტებთან ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ოცდაათამდე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციის წევრებთან ხანგრძლივი კონსულტაციების გამართვას, კომპრომისების ძიებასა და მიგნებას, რათა არ დაგვერღვია თანხმობისა და ურთიერთპატივისცემის ის ძვირფასი ატმოსფერო, ის სულისკვეთება საერთო თანაბარი პასუხისმგებლობისა, რაც თან სდევდა კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების პროცესს.
როგორც სახელმწიფოს მეთაური და კონსტიტუციური წყობის ერთ-ერთი გარანტი, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ იმდროინდელი უმრავლესობის წევრებს: მათმა სიდინჯემ და სიბრძნემ დიდად განაპირობეს საბოლოო საერთო ეროვნული გამარჯვება. ასევე, პატივცემულ კოლეგებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთა აქტიურმა, თუნდაც მწვავედ კრიტიკულმა დამოკიდებულებამ, მაგრამ საბოლოოდ მაინც კონსტრუქციულმა განწყობამ შექმნა პირობები საიმისოდ, რომ კონსტიტუცია ყოფილიყო „ჯანსაღად შობილი“ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ფენომენი და განეპირობებინა უმთავრესი: მშვიდობა და თანხმობა საქართველოში, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი, საარსებოდ აუცილებელი პირობა.
რაც შეეხება ქვეყნის ძირითადი კანონის თვისებრიობას, - იგი ორ უმთავრეს იდეას ეფუძნება: საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და პიროვნების თავისუფლებას. ალბათ, უფრო გამართლებული იქნება, თუ მათ ერთიან და განუყოფელ მთლიანობაში განვიხილავთ, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი განვითარების უმთავრესი მამოძრავებელი იდეა და წმიდათა წმიდა მიზანია, რომელიც ქართველმა ერმა, საქართველოს მთელმა მოსახლეობამ დაადასტურა და დაამტკიცა 1991 წლის 31 მარტის დიდ ეროვნულ რეფერენდუმზე. ხოლო თვით დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს დანიშნულება, მისი ცხოველმყოფელობის არსი უეჭველად ის გახლავთ, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს, ცალკეულ პიროვნებას თავისუფალი და ბედნიერი განვითარების, ნიჭისა და უნარის სრული გამოვლენის საშუალება შეუქმნას. საქართველოს კონსტიტუციამ (და ეს მისი უმთავრესი ღირსებაა) სრულყოფილად შეძლო ამ ორი დიდი იდეალის ჰარმონიული შერწყმა, - მათი მთლიანობის უზრუნველყოფა.
კონსტიტუციის შინაარსისა და სულისკვეთების შესაბამისად, საქართველო უნდა იყოს და უეჭველად იქნება კიდეც) ლაღი, თავისუფალი და ბედნიერი ქვეყანა, რომლის დამოუკიდებელი განვითარება თითოეული პიროვნების თავისუფალი განვითარების პირობად იქცევა. ისევე, როგორც პირიქით: ქვეყნის ყოველი მოქალაქე საკუთარი თავისუფლების, ბედნიერებისა და სრულფასოვანი განვითარების უზრუნველსაყოფად, - თვალისჩინივით გაუფრთხილდება ეროვნულ სახელმწიფოებრიობას. საქართველოს კონსტიტუციამ დააფუძნა ადამიანისა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის ძლიერი, შეუვალი ინსტიტუტები; შექმნა სათანადო გარანტიათა მთელი სისტემა; მკაფიოდ და მკვეთრად გამიჯნა ერთმანეთისაგან საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება; აღიარა სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთ უმთავრეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ღირებულებად; კონსტიტუციურად დაადასტურა საკუთრების ხელშეუხებლობა.
კონსტიტუციითვე განისაზღვრა ისეთი უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ორგანოების არსებობა და მათი უზენაესი უფლებამოსილება, როგორიცაა კონსტიტუციური სასამართლო და სახალხო დამცველი.
კონსტიტუციამ შექმნა პირობა, რათა დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ახალი სისტემა ჩამოყალიბებულიყო.
საქართველოს კონსტიტუციამ უდიდესი როლი შეასრულა მარტო საშინაო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში (რისი გამოხატულებაც გახდა ქვეყნისათვის საარსებოდ აუცილებელი ლიბერალური ეკონომიკური რეფორმა), არამედ საგარეო-პოლიტიკური კურსის წარმატებით განხორციელებაშიც: ქართულმა სახელმწიფომ, რომელიც სამართლისა და თავისუფლების პრინციპებს დაეფუძნა, მცირე ხნის განმავლობაში მრავალი ძლიერი და გავლენიანი მეგობარი შეიძინა მთელ მსოფლიოში, უკვე გაწევრიანდა და აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სახელმწიფოს ძირითადმა კანონმა შექმნა მყარი პირობა სამოქალაქო თანხმობისა და ყველა სოციალური ფენის ინტერესთა გათვალისწინებისათვის. მან არა მარტო გამიჯნა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, არამედ დააფუძნა მათი კონსტრუქციული ურთიერთმოქმედებისათვის აუცილებელი და გარკვეული აზრით მაიძულებელი იურიდიული ინსტიტუტებიც. კომპეტენციათა და უფლებამოსილებათა მკაცრი განცალკევება; შეკავება-გაწონასწორების ცივილიზებულ, საყოველთაოდ აღიარებულ და აპრობირებულ მექანიზმთა მოქმედება განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოებრივი შენობის კიდევ ერთი საყრდენი პრინციპის ურღვევობას: ძლიერი პარლამენტისა და ძლიერი პრეზიდენტის არსებობას! საქართველოს თავისებურებების, ჩვენი ისტორიის მწარე გაკვეთილების გათვალისწინებით, ეს არის (მე გადაუჭარბებლად ვიტყვი), სახელმწიფოებრივი და საზოგადო სტაბილურობის ყოფნა-არყოფნის პირობა.
საქართველოს სჭირდება ძლიერი პრეზიდენტი, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების, მათი მართვის ქმედითი კანონიერი ბერკეტებითა და მექანიზმებით და იმავდროულად, ძლიერი პარლამენტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიულ კურსსა და პრინციპებს როგორც საშინაო, ისე საგარეო სფეროში. კონსტიტუციის ერთ-ერთი უშესანიშნავესი, ყოველმხრივ სრულყოფილი, იურიდიულად ნატიფი და გამართული დებულების შინაარსის შესაბამისად, ხალხის არც ერთ ნაწილს არა აქვს უფლება მიითვისოს ერის ხელმწიფება. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს სუვერენიტეტის ერთადერთ მატარებელს, ერთადერთ სუვერენს - საქართველოს ხალხს, როგორც ხელისუფლებისა და ძალაუფლების წყაროს.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია სულ ხუთი წელია ფუნქციონირებს, მან უკვე შექმნა უძვირფასესი ტრადიცია, რომელსაც სათუთად უნდა გაუფრთხილდეთ. კონსტიტუციამ დაადასტურა, რომ სრულად ასახავს ერის, ნაციის ხელმწიფებას, ზუსტად გამოხატავს მის საუკუნოვან მისწრაფებებსა და იდეალებს. საქართველოს პრეზიდენტი კი უნდა განასახიერებდეს მათ ერთობლიობას, იყოს ქვეყნისა და ერის ტერიტორიული თუ ეთნიკური ურღვევობის, კანონიერებისა და კონსტიტუციურობის უმტკიცესი ბალავარი. ამჯერად, უკვე როგორც მხოლოდ პრეზიდენტმა, არამედ მოქმედმა პოლიტიკოსმა და სახელმწიფო მოღვაწემ, უნდა ვთხოვო ყველა პატივცემულ კოლეგას: ნუ გაგვიტაცებს კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანით თანადროული პრობლემების იოლად გადაწყვეტის ილუზია და ამ მოტივით, ამ მისწრაფებით ნუ ხელვყოფთ ძვირფას ტრადიციას კონსტიტუციის ხელშეუხებლობისა, რომელიც უკვე გაითავისა ჩვენმა ხალხმა. დაე, იგი შეისისხლხორცოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, მთელმა საზოგადოებამ.
დაე, იქცეს კონსტიტუცია იმ მართლაც ურღვევ დედაბოძად, რომელსაც კრიზისულ ვითარებაში დაენდობა საქართველო.
ვერანაირი თანადროული მოსაზრებები თუ საჭიროებანი ვერ გაამართლებენ ამ უმტკიცესი საყრდენის შერყევას, მისი ურღვევობისა და უზენაესობის რწმენის მოშლას.
ეს არ არის რაიმე პოლიტიკური მოსაზრებით განპირობებული მოწოდება და გადაწყვეტილება: დღეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჩააბარა მანდატი 9 აპრილის არჩევნების შედეგად, - ძლიერი და უფლებამოსილია როგორც არასდროს.
მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მარტო დღევანდელობაზე, არამედ ხვალინდელ დღეზე, მომავალ თაობაზე, იმ საქართველოზე, რომელსაც ყველანი ერთად ვაშენებთ და საფუძველს ვუყრით.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანას მე მხარს დავუჭერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას მოითხოვს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობა. ეს დღე კი აუცილებლად დადგება. იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის შემუშავების პროცესი კანონმდებელმა მიზანშეწონილად მიიჩნია, არ განესაზღვრა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, რათა ეს პროცესი მოლაპარაკებათა შედეგად დასრულებულიყო - ქვეყნის ძირითადი კანონი შეიცავს იურიდიულ მექანიზმებსა და სისტემებს, - ამ პრობლემის გადაწყვეტისათვის დამოუკიდებელი დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში.
ეს პროცესი უკვე დაწყებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებით, რასაც ჩვენ მივესალმებით და იმედს გამოვთქვათ, რომ კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით შევძლებთ შევიმუშაოთ ისეთი ფორმულა, რომელიც მისაღები იქნება სხვა ავტონომიებისა და რეგიონებისათვისაც.
ბოლოს, მე კვლავ ვუბრუნდები იმ მღელვარე დღეებს, როცა უდიდესი ძალისხმევის შედეგად საქართველოს პარლამენტმა, ახალი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ქვეყნის კონსტიტუცია!
ეს იყო საყოველთაო სიხარული, საერთო გამარჯვების შეგრძნება, რომლის „ჩაშხამება“ ამაოდ სცადეს გარეშე ძალთაგან მართულმა ავისმოსურნეებმა, - აფეთქებითა და ტერორით. მათ შესანიშნავად იგრძნეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ დოკუმენტს, მაგრამ ღვთის შეწევნით ვერ შეძლეს ავი განზრახვის აღსრულება, საქართველოს აღორძინებისა და აღმავლობის მაცოცხლებელი ყლორტის მოჭრა. თუმცა, ჩვენ შურს არ ვიძიებთ, ვმოქმედებთ ეროვნული შერიგების ინტერესებით.
ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება: რომ არ ყოფილიყო 1995 წლის კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციის საფუძველზე გამართული დემოკრატიული არჩევნები - არ იქნებოდა არც ამჟამინდელი და არც ხვალინდელი საქართველო.
დღეს მე მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, ყველა მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, განურჩევლად შეხედულების თუ რწმენის სხვაობისა - გავერთიანდეთ საქართველოს კონსტიტუციის ნათელ იდეალთა განსახორციელებლად.
ედუარდ შევარდნაძე: დღეს მე მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, ყველა მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, განურჩევლად შეხედულების თუ რწმენის სხვაობისა - გავერთიანდეთ საქართველოს კონსტიტუციის ნათელ იდეალთა განსახორციელებლად : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს კონსტიტუციის მიღების ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი პრესკონფერენციის გახსნაზე : თბილისი, 2000 წლის 24 აგვისტო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 25 აგვისტო. - №230 (3631). - 1,3 გვ.
![]() |
36 „რაოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ძვრებიც უნდა მოხდეს საქართველოში, უცვლელად უნდა შევინარჩუნოთ ის საფუძველი, რომელსაც საუკუნეთა და ათასწლეულთა განმავლობაში ეყრდნობოდა ქართული სახელმწიფო“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
28 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- უწინარეს ყოვლისა, გილოცავთ დღევანდელ დღეს მარიამობას, მართლმადიდებელი სამყაროს ერთ-ერთ უბრწყინვალეს ქრისტიანულ დღესასწაულს, - ამ დღესასწაულის მოლოცვით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტ ნატო ონიანთან.
- მარიამობას ვულოცავ საქართველოს ყველა მართლმადიდებელ მოქალაქეს, პირველ რიგში, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, გილოცავთ თქვენ და რა თქმა უნდა ვულოცავ სრულიად საქართველოსაც იმ უდიდესი წვლილის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიტანა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.
ღვთისმშობელი ყოველთვის მფარველობდა საქართველოს განამტკიცებდა ჩვენი ხალხის რწმენასა და სულიერებას.
რაოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეკონომიკური თუ სოციალური ძვრებიც უნდა მოხდეს საქართველოში, უცვლელად უნდა შევინარჩუნოთ ის საფუძველი, რომელსაც საუკუნეთა და ათასწლეულთა განმავლობაში ეყრდნობოდა ქართული სახელმწიფო.
ამ თვალსაზრისით საქართველოს ქრისტიანული დღესასწაულები ყველა მოქალაქეს აერთიანებს - განურჩევლად მათი კონფესიური კუთვნილებისა.
ამიტომაც, ვულოცავ მარიამობის დღესასწაულს სრულიად საქართველოს, უწინარეს ყოვლისა, ყველა ქალს, ყველა დედას და გამოვთქვამ რწმენას, რომ ღვთისმშობელი კვლავაც დაიფარავს და განსაცდელისაგან დაიხსნის მის წილხვედრ ქვეყანას.
- მთავრობის სხდომაზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ილაპარაკა ჩვენი ეკონომიკისათვის უკვე დამახასიათებლ „პოსტკრიზისული პერიოდის“ მაჩვენებლებზე და კიდევ რა ძირითად ტენდენციებზე შეიძლება საუბარი ეკონომიკის სფეროში?
- ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ შეაჯამა წლის პირველი ნახევრის შედეგები. ამ მონაცემების ანალიზი ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მართლაც დადებითი ტენდენციები და უკვე ნამდვილად შეიძლება ლაპარაკი „პოსტკრიზისულ პერიოდზე“.
მე კვლავ ვიმეორებ: 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოსტკრიზისული ბიუჯეტი იქნება.
კვლავ მატულობს მთლიანი შიდა პროდუქტი: შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით იგი 2,8 პროცენტით გაიზარდა.
2000 წლის პირველ ნახევარში წარმოებულია თითქმის სამი მილიარდი ლარის ღირებულების მთლიანი შიდა პროდუქტი.
რა თქმა უნდა, უმძიმესმა გვალვამ ამ სასიკეთო ტენდენციას თავისი კვალი დაამჩნია, მაგრამ ზრდისა და განვითარების ინერცია ახლა საქართველოში იმდენად ძლიერია, რომ სტიქიურმა უბედურებამაც ვერ შეძლო მისი შეჩერება და უკუქცევა. მრეწველობაში ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა, ტრანსპორტის სფეროში - 7,6, კავშირგაბმულობაში - 21 პროცენტი, ვაჭრობაში 11,5 პროცენტი, და მიაქციეთ ყურადღება - მომსახურების სფეროში (კერძოდ, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში) ზრდა თითქმის 19 პროცენტია, რაც, უეჭველად იმას ნიშნავს, რომ მართლდება ჩვენი პროგნოზი საქართველოში ტურისტთა ნაკადის განუხრელ ზრდასთან დაკავშირებით. სავალუტო ბაზარი კვლავინდებურად სტაბილურია, ისევე როგორც სამომხმარებლო ფასები. ლარზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ეროვნული ბანკი უკვე რეგულარულად ყიდულობს დოლარს და ზრდის სავალუტო რეზერვს. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს ფულადი მასის ზრდას მიმოქცევაში, რაც უაღრესად სასარგებლო მოვლენაა, ოღონდ იმ პირობით, თუ იწვევს ინფლაციურ პროცესებს, - არადა, ნამდვილად არ იწვევს, როგორც ამას პრაქტიკულად ხედავთ თქვენ. ექსპერტებს ძალზე ნიშანდობლივად მიაჩნიათ ის გარემოება, რომ ბენზინის ფასების არნახული მატების მიუხედავად (ეს მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებს უკავშირდება, წლის განმავლობაში 300-400 პროცენტით გაიზარდა ფასები), ამან თითქმის არ მოახდინა გავლენა მრავალი სახეობის პროდუქციისა და მომსახურების ფასზე. ინფლაციის ამ ფაქტორის მიუხედავად იგი კვლავ დასაშვებ დონეზე დაბალია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ დიდი „სიმტკიცის რეზერვი“ აქვს. ამასთანავე ეკონომიკის სამინისტრო, ასევე სხვა სამინისტროები და უწყებები, არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ განვლილი პერიოდის შედეგების შეჯამებით. ამჟამად უმთავრესია ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი პროგრამის დაკონკრეტება და შესაბამისი ტაქტიკური სქემების შემუშავება. ყველა დარგისა და სფეროს მიმართულებით მომზადებულმა მასალებმა კი თავი უნდა მოიყაროს ერთ პროგრამაში და პრიორიტეტული უნდა იყოს სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ეს საპრეზიდენტო პროგრამის უმთავრესი დებულებაა, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში უნდა შევუდგეთ.
სიღატაკის დაძლევის თვალსაზრისით, როგორც უკვე აღვნიშნე წინა ინტერვიუში, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შრომისუუნარო პენსიონერთა დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის პროგრამას (ამას იმიტომ ვიმეორებ, რომ ყურადღება მიაქციონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მაშინ ვერ მოისმინეს). შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოში 48.600 ასეთი ოჯახია აღრიცხული. ერთსულიან ოჯახზე დამატებითი დახმარების თანხა თვეში შეადგენს 20 ლარს, ანუ პენსიასთან ერთად, 34 ლარს, ხოლო 2 და მეტსულიანი ოჯახებისათვის ეს თანხა პენსიასთან ერთად ყოველთვიურად 45-46 ლარს მიაღწევს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა იაპონია-საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარესთან ბატონ კოჯი იოსავასთან. იაპონელი მეგობრები მრავალმხრივ გვეხმარებიან, კერძოდ უახლეს ტექნოლოგიათა დანერგვაშიც. შემუშავებულია პროექტი რომელიც ითვალისწინებს საქართველოს 81 რაიონში კომპიუტერული კვანძების შექმნასა და მათს გაერთიანებას საერთო-სახელმწიფოებრივ გლობალურ კომპიუტერულ ქსელში.
ამ სისტემას პირდაპირ დაუკავშირდებიან საბაჟო და სატრანსპორტო კონტროლის პუნქტებში არსებული კომპიუტერული კვანძები. აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის უშიშროების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სამინისტროთა რაიონულ განყოფილებაში მოქმედი ქსელები. ეს უკვე სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია! ანუ პროექტის განხორციელებით იაპონია გვეხმარება სახელმწიფოებრივი მექანიზმის ფუნქციონირებისათვის ძალზე საჭირო და სასარგებლო საქმიანობაში - ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. პროექტის ღირებულება 60 მილიონი ამერიკული დოლარია. ამ თანხის ნაწილს იაპონიის მთავრობა გამოყოფს გრანტების სახით, ნაწილს კი ძალზე შეღავათიანი, 40-წლიანი კრედიტის სახით, რა თქმა უნდა ეტაპობრივად.
გარდა ამისა, იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა 2001 წლის 17 იანვარს დაგეგმილი საყოველთაო აღწერის ჩასატარებლად საქართველოს საჩუქრად გამოუყოს ერთი მილიონი დოლარის გრანტი.
და ეს იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც იაპონია გვიწევს ამას ვამბობ იმათ გასაგონად, ვინც დღემდე ჭმუნავს და წუხს, - „რამდენი დაიხარჯა იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროსო“. არადა, ის ვიზიტი საქვეყნო საქმეს სჭირდებოდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდა და არა ვინმეს სურვილიდან, ემოგზაურა „ამომავალი მზის ქვეყანაში“. მოგეხსენებათ, მე იქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, სანამ საქართველოში დავბრუნდებოდი.
პრეზიდენტის ვიზიტის დროს დახარჯულმა თანხამ ასმაგი (თუ მეტი არა) უკუგება მოგვცა იმ დახმარების სახით, რომელსაც ეს დიდი და ძლიერი ქვეყანა გვიწევს და კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ მის ხელმძღვანელობას, მის მთავრობას და იაპონელ ხალხს ამისათვის.
ტრადიციულად, რამდენიმე სიტყვა საბიუჯეტო შემოსავლის შესახებ: ამ სფეროში გარდატეხა უკვე ნამდვილად მოხდა. ყველანი ვხედავთ, რომ საქმე კეთდება და შემოსავალი თვალნათლივ მატულობს. ოღონდ აგვისტოს გეგმა აუცილებლად უნდა შესრულდეს. ამას უდიდესი, არა მარტო ეკონომიკური და ფისკალური, არამედ ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან ჯერ ერთი, აგვისტო ტრადიციულად მძიმე თვეა და მეორეც: რეფორმამ, რომელიც სამინისტროში განხორციელდა კერძოდ, საკადრო ცვლილებებმა, გამოცდებმა, ტესტირებამ თანამშრომელთა როტაციამ დაუყონებლივ უნდა გამოიღოს ნაყოფი.
სამუშაოდან დათხოვნილთა შორის ბევრი ეგრეთ წოდებული, ტიტულოვანიც მოხვდა, ესე იგი, ის ადამიანები, რომელთაც ვერ ჩააბარეს გამოცდა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ რეფორმის წარმატებით დაინტერესებულია მთელი ქვეყანა - დაინტერესებულია პრეზიდენტი და მიღწეულ შედეგებს, რა თქმა უნდა, არ დავთმობ, მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, კანონიერების ფარგლებში მოქმედება.
ბიუჯეტის შევსების კვალობაზე ყველა პირობა არსებობს საიმისოდ, რომ პირველი სექტემბრისათვის პედაგოგებმა წინასწარ მიიღონ სექტემბრის ხელფასი.
ყველაფერს ვიღონებ საიმისოდ, რომ პედაგოგთა ხელფასები დროულად გაიცეს წლის დამლევამდე, ხოლო მომავალ წელს აუცილებლად დავიწყებთ ადრინდელ დავალიანებათა დაფარვას. და ეს ეხება არა მარტო პედაგოგებს, არამედ ყველა სხვა მიმართულებას, ყველა სხვა სამსახურს.
და კვლავ დავუბრუნდები კორუფციის თემას - ნურავის ჰგონია, თითქოს აქ რაიმე კონიუნქტურა იყო და „დროებითი ლოზუნგებისაგან“ შედგებოდა. კორუფციის აღმოფხვრა მართლაც საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხია. რამდენიც უნდა იქილიკონ ამ საკითხზე, რომელი სატელევიზიო პროგრამაც უნდა იყოს და რომელი გაზეთიც, სულ ერთია, ჩვენ დავადექით ამ კურსს და მას არ გადავუხვევთ, თუ მათ ძალიან სიამოვნებთ ეს ქილიკობა, იქილიკონ, სანამ არ დაიღლებიან, არ მოსწყინდებათ და სანამ ხალხს თავად არ მოსწყინდება ტყუილების მოსმენა. ჩვენ არ ველოდებით შესაბამისი პროგრამის დასრულებას, რომელზეც ჩემ მიერ შექმნილი ჯგუფი უკვე კარგა ხანია მუშაობს. ბრძოლა უკვე დაიწყო იგი სულ უფრო უკომპრომისო ხასიათს იღებს. უახლოეს მომავალში საზოგადოება, დარწმუნებული ვარ შეიტყობს ფართომასშტაბიან საქმეთა დეტალებს და ძალიან ბევრს მოუწევს აგოს პასუხი საზოგადოების წინაშე.
მე ვიცი, რომ აქტიურად ემზადებიან ამისათვის სასამართლო სისტემა, უზენაესი სასამართლო, და ისინი უეჭველად იტყვიან თავიანთ ღირსეულ სიტყვას, რა თქმა უნდა, კანონიერების ფარგლებში, აგრეთვე კონტროლის პალატა, რომელმაც ბევრი საინტერესო ღონისძიება განახორციელა ადგილობრივ და ცენტრალურ სტრუქტურებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და უშიშროების სამინისტრო. რეზერვები ძალიან ბევრია. მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, ვინც ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარა, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთმინების ფიალა აივსო: გონს მოეგონ, თავი ანებონ კონტრაბანდას, ფალსიფიკაციას, გადასახადების დამალვას, ამოძვრნენ კორუფციის ჭაობიდან, სანამ გვიან არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის რისხვა არ ასცდებათ. ზოგიერთებმა კანონის სიმკაცრე და სუსხი უკვე კიდეც იგრძნეს.
დღესაც არ შემიძლია გვერდი ავუარო ეკოლოგიურ კატასტროფას, საშინელ გვალვას, მართლა არნახულს, რომელმაც უდიდესი ზიანი მოგვაყენა.
მადლობა ღვთისმშობელს, ბოლოდროინდელმა წვიმებმა, ალბათ, ძირითადად, მაინც გადაგვირჩინა ვენახი (თუმცა, დანაკარგი აქაც ძალიან დიდია), მაგრამ თავიანთი კულტურები სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა.
როგორც იცით, სათანადო თხოვნით მივმართე მეგობარ ქვეყნებს, ვისაც ამის საშუალება აქვს, დაგვეხმარონ სტიქიური უბედურების შედეგების დაძლევაში. წინა ინტერვიუში უკვე მოგახსენეთ, რომ მათი რეაქცია დადებითია. დარწმუნებული ვარ საქართველოს კვლავ გამოუწვდიან დახმარების ხელს. მაგალითად, მივიღე გაეროს გენერალური მდივნის საპასუხო წერილი, რომელიც დამაიმედებელია. ბევრს გვპირდება და მე მინდა, რომ ეს წერილი კიდეც დაიბეჭდოს, რათა მოსახლეობა გაეცნოს. აქ არა მარტო კოფი ანანი, არამედ ჩემი სხვა კოლეგებიც ასევე საიმედო სიგნალებს იძლევიან. (იბეჭდება გაზეთის დღევანდელ ნომერში პირველ-მეორე გვერდებზე. - რედ).
რა თქმა უნდა, ეკოლოგიური კატასტროფა უარყოფითად იმოქმედებს წყალსაცავების შეხებაზე. ბევრ მათგანში წყლის დონე უპრეცედენტოდ დაბალია, მაგალითად, ჟინვალში მიუხედავად ამისა, გამოზამთრება გაცილებით უკეთ უნდა შევძლოთ, ვიდრე წინა წლებში. - ამის რეზერვები გვაქვს.
- გასულ კვირას, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პროგრამა წარმოადგინა. როგორი იქნება თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით?
- კომენტარი კი ასეთია: მოსახლეობის დასაქმება და უმუშევრობის აღმოფხვრა საქართველოსათვის ისევე როგორც უკლებლივ ყველა პოსტსაბჭოური და პოსტსაბჭოური ქვეყნისათვის, უმწვავესი პრობლემაა. მე აღარ ვლაპარაკობ აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაზე, სადაც უმუშევრობა მართლაც უკურნებელ სენად იქცა და მილიონობით ადამიანი იღუპება. ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა განვლილ წლებში - თავისთავად, გაჩერებული და დანგრეული ეკონომიკის ამოძრავებამ (1994 წლიდან მოყოლებული), სამოქალაქო ომის პერიოდში გაძარცვული და გაჩანაგებული დარგების თანდათანობით აღორძინებამ, დაზუსტებული მონაცემებით, განვლილ 5 წელიწადში საშუალება მოგვცა შეგვექმნა ან აღგვედგინა დაახლოებით 700-800 ათასი სამუშაო ადგილი. ამაზე ვსაუბრობდი ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.
აქ არ ვგულისხმობ მიწის განსახელმწიფოებრიობას, კერძო საკუთრებაში მიწის ნაკვეთების გადაცემას, მაგრამ ვგულისხმობ თვითდასაქმებულობასაც.
ეკონომიკური ფორმაციის შეცვლა მოითხოვს სტრუქტურულ ტრანსფორმაციას, რასაც ყველგან ძალზე მტკივნეული სოციალური შედეგი ახლავს. ამ სირთულეებს თავიდან ვერაფრით ავიცილებდით, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, შეიქმნას პირობები და სათანადო მატერიალური რესურსები, რათა მოქალაქემ შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი სპეციალობების შეძენა სათანადო საინვესტიციო ფონდით სარგებლობა და სხვა.
ჩვენ აქტიურად დავეხმარებით მცირე ბიზნესს, რადგან მას შესანიშნავი საშუალება აქვს მოიცვას შესაბამისი სოციალური სეგმენტი და შეარბილოს დაძაბულობა. ამის მაგალითები საქართველოში უკვე უხვადაა და დარწმუნებული ვარ, მომავალი წლის ბიუჯეტში გარკვეული თანხები ამ მიზნით გამოიყოფა. ყველაზე საყურადღებო დარგი მოსახლეობის მასობრივი დასაქმებისა და საბიუჯეტო შემოსავლის სწრაფი ზრდისათვის ტურიზმია. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ მივიყვანეთ წამოწყებული საქმეები. გასაკეთებელი ბევრი გვაქვს. მათ შორის საკანონმდებლო თვალსაზრისისათვისაც. ინვესტორები, რომლებიც მზად არიან სერიოზული ინვესტიციები დააბანდონ საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის. დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ გარკვეული შეღავათი ექნებათ, განსაკუთრებით პირველ წლებში. და ეს შეღავათი ათმაგად აუნაზღაურდებათ იმავე წელს, და შესაძლოა, იმავე თვეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმ სახელმწიფო სტრუქტურათა მოქნილ, მობილურ, კვალიფიციურ მუშაობას, რომელთა ვალია იზრუნონ უმუშევართა დასაქმებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.
ბევრი რამ შეუძლიათ გააკეთონ ამ სფეროში კერძო სტრუქტურებსაც. სწრაფად უნდა განვავითაროთ სადაზღვევო სისტემა, გუშინ ჩვენ ძალიან საქმიანი საუბარი გვქონდა ბატონ ავთანდილ ჯორბენაძესთან და მის სხვა კოლეგებთან ამ თემასთან დაკავშირებით. ასევე სწრაფად უნდა დამთავრდეს მუშაობა საპენსიო უზრუნველყოფის ახალ კონცეფციაზე და ჩვენი მოსახლეობა ამ ახალი კონცეფციის შედეგებს უახლოეს წლებში შეიგრძნობს.
ამრიგად, ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ პრობლემის სიმწვავეს და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო ამ ადამიანებს ბედის ანაბარა არ მიატოვებს.
- საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია „მოქალაქეთა კავშირის“ მთავარი საბჭოს სხდომამ. შეიძლება თუ არა უკვე დღეს ითქვას, რომ მმართველ პარტიაში განხეთქილების საფრთხე ამოიწურა?
ამასთან დაკავშირებით გიპასუხებთ, რომ მინდა დავაწყნარო გულშემატკივრებიც და ოპონენტებიც (მე მათ „მოწინააღმდეგეებს“ არ ვუწოდებ, ვინაიდან ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ), რომ მათი მღელვარება დიდწილად უსაფუძვლოა. ისევე, როგორც ნაჩქარევია პროგნოზები მოქალაქეთა კავშირში რაღაც დიდი განხეთქილების შესახებ.
სულაც არ გვეშინია იმის აღიარება, რომ მმართველ პარტიასა და მოძრაობაში ყოველთვის მიმდინარეობდა და კვლავაც გრძელდება შიდაპარტიული დისკუსია ქვეყნის განვითარების პრინციპულ საკითხებზე, მაგრამ ამაში გასაკვირი და უჩვეულო არაფერია: „მოქალაქეთა კავშირი“ დემოკრატიული ორგანიზაციაა, სადაც პრინციპული გადაწყვეტილება აზრთა თავისუფალ ჭიდილში იბადება. სხვაგვარად, მოაზროვნეთა პატივისცემის ურყევი პირობით.
ამავე დროს, მტკიცდება შიდაპარტიული დისციპლინაც ანუ, მას შემდეგ, რაც პარტია ფართო დისკუსიის შედეგად გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის წევრები, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებენ. თუ ეს არ სურთ, მათ შეუძლიათ გავიდნენ პარტიიდან.
მე მივესალმები ბატონ ნიკო ლეკიშვილის ნაბიჯს, რომელმაც საბოლოოდ მაინც არ მიიჩნია ზოგიერთი გარეშე ფაქტორი იმის საფუძვლად, რომ არ გაეგრძელებინა ნაყოფიერი და სასარგებლო საქმიანობა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე. ასე, რომ დისკუსია პარტიაში სავსებით ჯანსაღი მოვლენაა.
„მოქალაქეთა კავშირის“ ძალაზე მეტყველებს, თუ მას არ აშინებს საზოგადოების ჩართვა ამ დისკუსიებში.
- და, ბოლოს: ერთი კვირის შემდეგ თქვენ მიემგზავრებით ნიუ-იორკში, სადაც გაიმართება გაეროს „ათსწლეულის სამიტი“, შეიძლება ითქვას, დასკვნითი ღონისძიება მე-20 საუკუნესა და მეორე ათასწლეულში.
- ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვემზადებით ამ ღონისძიებისათვის და ყველაფერს ვიღონებთ, რათა საქართველო ღირსეულად წარსდგეს ფორუმზე, რომელშიც თანამედროვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
შეიძლება ითქვას, სექტემბრის დამდეგს ნიუ-იორკში შეიკრიბება კაცობრიობის ელიტა.
გენერალურმა მდივანმა ბატონმა კოფი ანანმა უკვე გამოაქვეყნა და ყველა ქვეყნის მეთაურებს გაუგზავნა ძალზე მნიშვნელოვანი, სქელტანიანი ნაშრომი, რომელშიც აღწერილია ამჟამად პლანეტაზე არსებული ვითარება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ დემოგრაფიული თვალსაზრისით.
არ დაგიმალავთ, რომ გარკვეული აზრით, შემაძრწუნებელი სურათია. ანუ „მილენიუმ სამიტი“, როგორც მას უწოდებენ, იქნება არა „ცერემონიალური“ ღონისძიება, არამედ უმწვავესი დიალოგი, დისკუსია, ქართულად თუ ვიტყვით, „სჯა-ბაასი“ კაცობრიობის ბედზე 21-ე საუკუნესა და მესამე ათასწლეულში. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თუ წინასწარ შთაბეჭდილებაზე ვილაპარაკებთ, რომ კაცობრიობამ ვერ გამოიყენა ის ეფექტი, რომლის მიღებაც შეეძლო მას ცივი ომის დამთავრების შემდეგ. კერძოდ მხედველობაში მაქვს განიარაღებისათვის დიდი მოძრაობა. ყველაფერი ეს, რაც ათეულ და ასეულ მილიარდებს შეადგენს, შეიძლებოდა მოხმარებოდა იმ ქვეყნებსა და იმ ხალხებს, რომელთაც ძალიან უჭირთ.
ქართველი ერის, საქართველოს ხმა უკვე ისმის, მსოფლიო პოლიფონიაში და ნიუ-იორკის ათასწლეულის სამიტზეც, ვფიქრობ, მკაფიოდ გაიჟღერებს.
ჩვენს ქვეყანას დღეს ამის უნარიც შესწევს, ისტორიული უფლებაც აქვს და გარკვეული გამოცდილებაც შეიძინა.
საქინფორმი.
„რაოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ძვრებიც უნდა მოხდეს საქართველოში, უცვლელად უნდა შევინარჩუნოთ ის საფუძველი, რომელსაც საუკუნეთა და ათასწლეულთა განმავლობაში ეყრდნობოდა ქართული სახელმწიფო“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 28 აგვისტოს რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 30 აგვისტო. - №234 (3635). - 1,2 გვ.
![]() |
37 „ჩვენ არათუ ვალდებული ვართ, არამედ შეგვიძლია კიდეც ჩვენი ხალხების ისტორიულ გამოცდილებასა და კულტურაზე დაყრდნობით, შევქმნათ მშვიდობიანი, ბედნიერი განვითარების მტკიცე გარანტიები მესამე ათასწლეულსა და ოცდამეერთე საუკუნეში“ |
▲back to top |
„ათასწლეულის სამიტის“ წინ
[...]
ქალბატონებო და ბატონებო,
ღირსშესანიშნავად და მრავლისმაუწყებლადაც კი მიმაჩნია ის ფაქტი, რომ შევიკრიბეთ, რათა ვისაუბროთ კულტურის, ტოლერანტობისა და გლობალური დიალოგის შესახებ „ათასწლეულის სამიტის“ დროს, როცა კაცობრიობამ სრულიად ახალ ეპოქაში შეაბიჯა.
ჩვენი განსახილველი პრობლემები არანაკლებ აქტუალურია დღეს, ვიდრე ათასი წლის წინათ. შეიძლება დავგმოთ არსებული რეალობა, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, უნდა ვაღიაროთ იგი და შევიმუშავოთ თავად დიალოგის კონცეფცია.
ამ თვალსაზრისით დიდად ვაფასებ შეხვედრის ინიციატორთა და ორგანიზატორთა - იუნესკოს გენერალური დირექტორის ბატონ კოიშირო მაცურასა და მისი აღმატებულების პრეზიდენტ ჰათამის ძალისხმევას, რომლებიც მეტად ზუსტად ჩასწვდნენ მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟის გლობალურ დილემას: როცა სწავლულნი სწორედ ახალ ათასწლეულში ინტერნეტისა და ადამიანის გენომის საბოლოო გამოვლენის ეპოქაში „ცივილიზაციათა ომს“ გვიწინასწარმეტყველებენ, უნებლიეთ გვებადება კითხვა: ნუთუ კაცობრიობის მიერ განვლილი რამდენიმე ათასწლეული არ მისცემს მას საშუალებას გამოიყენოს დაგროვილი გამოცდილება, რათა ნამდვილად შეისხას ხორცი საყოველთაო ოცნებამ მშვიდობიანი თანაარსებობისა და კულტურათა ურთიერთგამდიდრების შესახებ: ახალმა ტექნოლოგიებმა კი ხელი შეუწყოს მხოლოდ ურთიერთგამდიდრების და არა ამა თუ იმ კულტურის „დასაბამიერი კნინობის“ კაცთმოძულე თეორიების განვითარებას.
ისტორიამ ცხადყო, რომ არ არსებობს კნინი ცივილიზაციები: ადამიანები თავისი ბუნებით მოაზროვნე და მგრძნობიარე არსებაა - მიდრეკილია ყველა რელიგიისა და ცივილიზაციისადმი - საერთო სიკეთისა და სამართლიანობის იდეალებისადმი.
მე მრავალეროვნულობის, მრავალკონფესიურობისა და ბრძნული ტოლერანტობის დიდი ტრადიციის მქონე პატარა ქვეყნის წარმომადგენელი ვარ.
საქართველოს მთელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა ეპოქა, რომ ქრისტიანული, მართლმადიდებლური კულტურის მქონე ჩვენი ქვეყანა არ ზიარებოდა სხვა ჰუმანისტურ კულტურებსაც, მათ შორის დიდ ისლამურ კულტურას.
საქართველოს მუსლიმანები თავს მუდამ გრძნობდნენ თანასწორუფლებიან მოქალაქეებად, ისევე როგორც ისრაელის შვილნი.
ამ თვალსაზრისით ცნებები და ტრადიციები, შემდგომში „მოქალაქეობრიობის“ და „თანასწორუფლებიანობის“ ღირებულებათა საფუძვლად რომ იქცა, დასაბამიდანვე ახასიათებს საქართველოს, ქვეყანას, რომელმაც შეითვისა და თავისი ეროვნული კულტურა გაამდიდრა ირანული, თურქული, ბიზანტიური, რუსული და ევროპული ცივილიზაციების დიადი ჰუმანისტური იდეალებით.
ეს არა მარტო კულტურული, არამედ სახელმწიფოებრივი ტრადიციაცაა, ჩვენთვის ბუნებრივ პრიორიტეტად რომ იქცა.
ამავე დროს, საქართველო გახლავთ არა ომისა და შუღლის, არამედ კულტურათა გამდიდრების მაგალითი, რომელსაც ეროვნული კულტურის დაქვეითება კი არა, აყვავება მოჰყვა.
ჩვენმა ხალხმა არათუ შეძლო შეენარჩუნებინა ეროვნული თავისთავადობა კულტურული პლურალიზმის დახმარებით (და არა ხელის შეშლით), არამედ ეროვნული ქართული ეთნოკულტურა ახალი ფერებით ააელვარა და ახლებურად ააჟღერა.
ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ იმას შორის, რომ გსურდეს შეინარჩუნო სანუკვარი, თვადაპირველი ეროვნული „ეგო“ და ბუნებრივად ესწრაფვოდე ეზიარო სხვა კულტურას. სწორედ ამით განსახიერდება დღეს „არჩევანის“ იდეალი როგორც არა უარყოფა, არამედ გამდიდრება და განვითარება.
როგორც საქართველოს პრეზიდენტი, თავს უფლებამოსილად მივიჩნევ, შემოგთავაზოთ, რომ მრგვალი მაგიდის შემდეგი სხდომა სწორედ თბილისში გაიმართოს. არ დაგიმალავთ, რომ ჩემი სამშობლოს დედაქალაქი ამგვარი შეხვედრების მოწყობის და იქ იმ მუდმივმოქმედი საერთაშორისო სტრუქტურის შტაბ-ბინის დაარსების ღირსეულ ადგილადაც კი მიმაჩნია, რომელიც შეძლებს სისტემაში მოაქციოს და კოორდინაცია გაუწიოს ჩვენს საერთო ძალისხმევას.
სავსებით შეგნებული მაქვს, რომ პოლიტიკოსი, კულტურაზე რომ საუბრობს, შეიძლება კოორდინატების და ლოგიკური სქემების პოლიტიკურ სისტემაზეც გადავიდეს.
იქნებ სინამდვილეში არსებობს კიდეც კოორდინატების საერთო სისტემა, რომელსაც დაინახავ და გაიაზრებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უპირობოდ აღიარებენ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა პრიორიტეტს, კონკრეტული შინაარსით გაამდიდრებ ისეთ ცნებებს, როგორიცაა „პოლიტიკური კულტურა“ და „კულტურული პოლიტიკა“, კულტურის მნიშვნელის უცვლელობის პირობით. სწორედ ამას ვგულისხმობდით, როცა ვგულისხმობდით „ახალი სამყაროსათვის ახალი აზროვნების“ კონცეფციას.
5 წლის წინათ, თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „კულტურათა დიალოგისათვის“, მე ვთქვი, რომ სწორედ პოლიტიკოსი უნდა გახდეს საკვანძო ფიგურა კულტურათა დიალოგში და თავად პოლიტიკა უნდა იყოს მათი ურთიერთობის საშუალება და ინსტრუმენტი.
ამავე დროს, „პოლიტიკა, როგორც კულტურათა დიალოგში შემაკავშირებელი რგოლი, მით უფრო მტკიცეა, რაც უფრო მეტად ეყრდნობა იგი მათ“, - ვთქვი მაშინ მე.
განვლილმა წლებმა კიდევ უფრო განმიმტკიცა ის აზრი, რომ ქსენოფობიის, ეთნიკური წმენდისა და შეუწყნარებლობის დამანგრეველ გამოვლინებათა აღსაკვეთად, არა უბრალოდ კულტურათა დიალოგის განსავითარებლად, არამედ მათი ურთიერთქმედების სისტემის შესამუშავებლად, უთუოდ უნდა შევქმნათ „გეოკულტურის“ და „გეოპოლიტიკის“ ახალი რეალიების შესაბამისი მსოფლიო არქიტექტურა.
მას საფუძვლად უნდა დაედოს უკულტურობის, და, მაშასადამე, აგრესიული სეპარატიზმისა და ეთნიკური სიძულვილის აღმაშფოთებელ გამოვლინებათა წინააღმდეგ სოლიდარობის პრინციპი.
იმედი მაქვს, ჩვენი დიალოგი ამ გლობალური პროცესის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება - ჩვენ არათუ ვალდებული ვართ, არამედ შეგვიძლია კიდეც, ჩვენი ხალხების ისტორიულ გამოცდილებასა და კულტურაზე დაყრდნობით, შევქმნათ მშვიდობიანი, ბედნიერი განვითარების მტკიცე გარანტიები მესამე ათასწლეულსა და ოცდამეერთე საუკუნეში, რომელიც, როგორც ვიმედოვნებთ, ადამიანთა და ცივილიზაციათა სოლიდარობის ეპოქად იქცევა.
„ჩვენ არათუ ვალდებული ვართ, არამედ შეგვიძლია კიდეც ჩვენი ხალხების ისტორიულ გამოცდილებასა და კულტურაზე დაყრდნობით, შევქმნათ მშვიდობიანი, ბედნიერი განვითარების მტკიცე გარანტიები მესამე ათასწლეულსა და ოცდამეერთე საუკუნეში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 6 სექტემბერი. - №241 (3642). - 1,2 გვ.
![]() |
38 „იმედი ვიქონიოთ, რომ დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოები კიდევ უფრო გაძლიერდებიან და ყველანი ერთად შევქმნით მშვიდობისა და კეთილდღეობის უმთავრეს გარანტიას - ახალ გაეროს, ახალ უშიშროების საბჭოს“ |
▲back to top |
[...]
ბატონო თავმჯდომარევ,
ბატონო გენერალურო მდივანო,
კოლეგებო,
ბატონებო და ქალბატონებო,
არ შემიძლია არ აღვნიშნო გენერალური მდივნის მოხსენების ყოვლისმომცველი ხასიათი. ეს მართლაც ათასწლეულის ღირსი დოკუმენტია.
ამასთან, მსურს გაგიზიაროთ ზოგიერთი ჩემი გულისტკივილი და ნააზრევი. როგორც მოგეხსენებათ, მე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომის - ცივი ომის დამთავრების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლავართ.
გახსოვთ, ორად გახლეჩილი მსოფლიო, კლასობრივი და იდეოლოგიური კედლებით გაყოფილი დასავლეთი და აღმოსავლეთი, ბირთვული ომის შესაძლებლობასთან დაკავშირებული კოშმარები.
მეც და ჩემი თანამოაზრენიც დარწმუნებული ვიყავით: დამთავრდება ცივი ომი და პლანეტა გადარჩება, ბოლო მოეღება გოდებას კაცობრიობის აღსასრულზე. ეს იყო უნიკალური შემთხვევა ისტორიაში - მსოფლიო ომი უსისხლოდ დამთავრდა.
არ დაგიმალავთ ჩემს ერთგვარ იმედგაცრუებას, რის საფუძველსაც მაძლევს დღევანდელი რეალური ცხოვრება და გენერალური მდივნის ობიექტური და სამართლიანი მოხსენება.
განიარაღების პრობლემა ჯერაც არ არის გადაწყვეტილი, თუმცა პროგრესის დასაწყისიც თვალსაჩინოა.
მოუგვარებელი კონფლიქტები სახელმწიფოთა შიგნით ხვალ შეიძლება მძვინვარე ხანძრებად იქცეს.
ციფრები მშიერი და ავადმყოფობით განწირულ ადამიანთა, წერა-კითხვის უცოდინართა შესახებ ნორმალური ადამიანის წარმოდგენებს სცდება.
იმ გლობალური ძვრების ფონზე, რაც მსოფლიოში მოხდა, ჩემმა ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია. მერე რა გამოვიდა? ერთმა მუჭა სეპარატისტებმა, გარეშე უცხო ძალებზე დაყრდნობით, გახლიჩეს საქართველო, ათასობით უდანაშაულო ადამიანი დახვრიტეს. უკვე წელიწადია, რაც 300.000 ჩემი თანამემამულე მშობლიური კერებიდან გამოდევნილი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილის პირასაა, თუმცა მეგობრები ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან გვეხმარებიან. მადლობა მათ.
უშიშროების საბჭომ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით 23 რეზოლუცია მიიღო. მერე შედეგი? არავითარი.
უშიშროების საბჭომ ისიც ვერ მოახერხა, რომ აფხაზეთიდან ეთნიკური ნიშნის მიხედვით მოსახლეობის გამოდევნის სათანადო კვალიფიკაცია მიეცა.
ბოლო ქართველი, ვინც აფხაზეთიდან გამოვიდა; მე ვიყავი, ყველაფერი ვიცი, ვის აძლევდა ხელს სეპარატისტების წარმატება. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: რომ არა სეპარატისტთა გამარჯვება აფხაზეთში, არ იქნებოდა ჩეჩნეთის ტრაგედიაც.
ცივი ომის დამთავრებისას ბევრს ვსაუბრობდით ახალ მსოფლიოზე, ახალ წესრიგზე. გავიდა 10 წელი. ჯერ კიდევ შორს არის ნანატრი ახალი წესრიგი. ან რა გარანტიაა, რომ შესრულდება ის, რასაც გენერალური მდივანი გვთავაზობს? მე პირადად, ბუნებით ოპტიმისტ კაცს, მაქვს საფუძველი სკეპტიციზმისათვის, ადრე ვლაპარაკობდით ორ პოლუსიან მსოფლიოზე, ზოგიერთები თვლიან, რომ ახლაც ასეა. მაშ, კისრულობს იმ პასუხისმგებლობას, რომლის მოგვარებაც სახელმწიფოებს, თუნდაც სუვერენულს, არ შეუძლია?
რამდენ გონივრულ და რაციონალურ მოსაზრებას აღმოაჩენთ წარმოდგენილ მოხსენებაში, მაგრამ რამდენი მათგანი მოითხოვს მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციათა და გაერთიანებათა რადიკალურ გარდაქმნას? შევძლებთ კი?
ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა ვალების პრობლემაა. მადლობა პრეზიდენტ კლინტონს, სხვა ლიდერებს გამოჩენილი ინიციატივებისათვის. ვისთვის არაა ცნობილი, რომ, რაც მეტი ვალი დაგროვდება მსოფლიოში, გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება მოშიმშილეთა და დაავადებულთა რიცხვი.
ეს არ არის პოპულისტური მოწოდება „საუკუნის დამლევს“ ან შემდეგი საუკუნის დამდეგს უნდა ავხსნათ ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს ვალების ბორკილი. ეს იქნებოდა ცივ ომზე გამარჯვების ტოლფასი გარღვევა, ხოლო მის ინიციატორებს და მონაწილეებს თანამედროვეობის გმირებად შერაცხენ.
არავითარი „ახალი ფინანსური არქიტექტურა“ არ იქნება, თუ ვალები არ ჩამოიწერა.
უჭირს ახლა ბევრ ახალ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს. საქართველოში, მაგალითად, დემოკრატიული ღირებულებები კი დავაფუძნეთ, მოვიპოვოთ თავისუფლება ქვეყნისა და პიროვნებისთვის, ადამიანის უფლებათა უზენაესობაზეც არავინ დაობს, მაგრამ ხალხის კეთილდღეობას ვერ მივუახლოვდით, ვერც კორუფცია და ჩრდილოვანი ეკონომიკა დავძლიეთ ბოლომდე. დროა საჭირო! მივმართავ განვითარებული ქვეყნების ლიდერებს, რამდენი ათეული წელი მოანდომეთ იმ გზის გავლას, თანამედროვე სტანდარტებამდე რომ მიგიყვანათ?
განვითარება და დემოკრატიულ ქვეყნებში მატერიალური კეთილდღეობის პროცესის გაჭიანურება თვით დემოკრატიულ ღირებულებებს დააყენებს კითხვის ქვეშ. იმედგაცრუებულ ადამიანებს ვეღარ აიძულებ მარტო იდეალებით ისულდგმულონ.
ჩემს ქვეყანაში ამბობენ: გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო. ცოტათი რომ მოვმძლავრდით და მოვსულიერდით, ეკოლოგიურმა კატასტროფამ მოსავალი გაგვინადგურა. ისევ მეგობრების იმედი გვაქვს. ჩემი აზრით, უკვე აღარაა საეჭვო, რომ გლობალური დათბობა რეალობად იქცა. ვიცით კი ყველაფერი, თუ რა ელოდება ჩვენს პლანეტას? როგორი იქნება სხვა ეკოლოგიური კატასტროფები? ან სინამდვილეში რა მოჰყვება გლობალურ დათბობას დიდი მასშტაბითა და დიდ სივრცეში?
ამიტომაც, ვფიქრობ, მსოფლიოს ეკოლოგიური უსაფრთხოების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, უშიშროების საბჭოს პირდაპირი ზრუნვის საგანი უნდა იყოს, ისევე, როგორც გარკვეულ მართვას უნდა ექვემდებარებოდეს მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რესურსები და შესაძლებლობანი მკვეთრად უნდა გაიზარდოს და, რა თქმა უნდა, ასევე მკვეთრად უნდა გაიზარდოს თითოეული სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობაც.
ყოველივე, რაზეც ვლაპარაკობთ, მოწმობს იმას, რომ მომავალი ათასწლეულის პრობლემების გადაჭრა ცალკეულ სახელმწიფოებს, თუნდაც გიგანტებს, არ ძალუძთ. საჭიროა შემკრავი, შემკრები ძალა, რომელსაც დიდი უფლება-მოვალეობანი ექნება. საჭიროა გაეროს, უშიშროების საბჭოს ძირეული რეორგანიზაცია ახალი ათასწლეულის მოთხოვნათა შესაბამისად. აუცილებელია უშიშროების საბჭოს გაფართოვება. მახსოვს, 1992 წლის სესიაზე დავაყენე საკითხი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში გერმანიისა და იაპონიის შეყვანის შესახებ, ახლაც არ მესმის, რატომ არ გადაწყდა ეს საკითხი. ახალ ეტაპზე ახალი პრიორიტეტებიც გამოჩნდნენ, აქაც მოიძებნება გონივრული გადაწყვეტილება. ჩემი ღრმა რწმენით, საჭიროა შეიზღუდოს ვეტოს უფლება, გარწმუნებთ, ამით ცა არ ჩამოინგრევა. გაეროს წესდებასაც სჭირდება ახლებური გააზრება ახალ აღმოჩენათა და ახალ კატასტროფულ საფრთხეთა გათვალისწინებით. უფრო მკაფიოდ, უფრო ნათლად უნდა გამოიკვეთოს უშიშროების საბჭოს როლი, მისი ფუნქციები. მას უნდა ჰქონდეს „სახანძრო მანქანების“ (ვხმარობ გენერალური მდივნის გამოთქმას) საკმაო რაოდენობა ხანძრების ჩასაქრობად, პლანეტაზე სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის. ვუერთდები გენერალური მდივნის პოზიციას საერთაშორისო სასამართლოს შესახებ, მხოლოდ საჭიროა პრობლემის გადაჭრას ახალი ათასწლეული არ დასჭირდეს.
უფრო შეთანხმებული და სინქრონული უნდა იყოს გაეროსთან, მისი უშიშროების საბჭოსთან ისეთი მძლავრი რეგიონალური ორგანიზაციების ურთიერთობა, როგორიცაა ვეროკავშირი და ეუთო.
ვერც სახელმწიფოთა ჯგუფი, ვერც სახელმწიფოები ცალ-ცალკე აღებული ვერ შეძლებენ კაცობრიობის წინაშე მდგომი პრობლემების გადაწყვეტას, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის, როგორც ბუნების უმაღლესი ქმნილების, მისი გვირგვინის გადარჩენას, მით უმეტეს, ანაქრონიზმად გამოიყურება ცალკეულ სახელმწიფოთა გავლენის სფეროების შენარჩუნების, აღდგენისა და გაფართოების, ძველისაკენ დაბრუნების სურვილი.
და მაინც, იმედი ვიქონიოთ, რომ დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოები კიდევ უფრო გაძლიერდებიან და ყველანი ერთად შევქმნით მშვიდობისა და კეთილდღეობის უმთავრეს გარანტიას - ახალ გაეროს, ახალ უშიშროების საბჭოს.
დღევანდელობის ყოვლისმომცველ ტენდენციათა შორის ყველაზე ხშირად გლობალიზაციას მოიხსენიებენ. ამ თემას გენერალური მდივნის ანგარიშშიც დიდი ყურადღება ეთმობა, ამიტომაც საჭიროდ მივიჩნევ ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩემი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ.
გლობალიზაციის პროცესს წარსულშიც და დღესაც ძლიერი ინტერესები ამოძრავებდა. მაგრამ თუ წარსულში მას აფერხებდა მრავალი სახის იმპერიული თუ ბლოკური დაპირისპირება და მაღალი ტექნოლოგიების არარსებობა, დღეს ვერც პოლიტიკურად და ვერც ტექნოლოგიურად გლობალიზაციას წინ ვერაფერი დაუდგება. მისგან ხელოვნურად იზოლირება დამღუპველია. ისტორიამ ამის არაერთი გაკვეთილი გვასწავლა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ პროცესს არათუ ხელის შეშლა, არამედ ხელშეწყობა ესაჭიროება იმ მიმართულებით, რომ მან ყველა მოიცვას და მთელი კაცობრიობის სამსახურში ჩადგეს.
მე, როგორც წარმომადგენელს მცირე ერისა, რომლის უნიკალური კულტურა ათასწლეულებს მოიცავს, ბუნებრივია, უნდა მაღელვებდეს გლობალიზაციის ერთი ასპექტი - კულტურათა ჰომოგენიზაციის საშიშროება. ჩემი აზრით, პოლიტიკა ამ საკითხებში უნდა ეყრდნობოდეს არა ბარიერების აღმართვას, არამედ საკუთარი კულტურის მაქსიმალურ ხელშეწყობას. ქართული კულტურა, ისე როგორც მრავალი სხვა, მარად იძენდა და ითავისებდა უცხო კულტურათა ელემენტებს - მდიდრდებოდა და მაინც თავისთავადი რჩებოდა. ეჭვი არ მეპარება, ასე იქნება მომავალშიც.
ახლა, რაც შეეხება ჰომოგენიზაციას იმ ღირებულებათა თვალსაზრისით, რომლებსაც ეფუძნება დემოკრატიის, პლურალიზმისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. მსოფლიოს ერთიანობა ამ საკითხების მიმართ არა მარტო მისასალმებელი, არამედ აუცილებელიცაა, თუკი გვსურს წარმატებით შევეჭიდოთ აწმყოსა და მერმისის ურთულეს გამოწვევებს. ამ საკთხებში ერთიანი ღირებულებრივი ბაზის ჩამოყალიბება არ უნდა მოვნათლოთ „ვესტერნიზაციად“ როგორც უახლოესმა ისტორიამ დაგვანახა, ღირებულებათა ეს კრებული მყარი განვითარების აუცილებელი ატრიბუტია ისე როგორც, ვთქვათ, ელექტროენერგია ან სხვა მისდაგვარი. არა მგონია დღეს ელექტროენერგიის განოყენებისას ვინმე ფიქრდებოდეს იმაზე, თუ საიდან გავრცელდა იგი მთელს პლანეტაზე - დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან.
ვფიქრობ, საერთოდ, დღევანდელ ურთულეს გამოწვევათა წინაშე სულ უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ ერთიანობაზე, და არა გამყოფ ხაზებზე. ბოლო ათასწლეულების ისტორიამ დაგვარწმუნა, რომ, როცა შეთანხმებულად ვმოქმედებთ, სასწაულების მოხდენა შეგვიძლია.
„იმედი ვიქონიოთ, რომ დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოები კიდევ უფრო გაძლიერდებიან და ყველანი ერთად შევქმნით მშვიდობისა და კეთილდღეობის უმთავრეს გარანტიას - ახალ გაეროს, ახალ უშიშროების საბჭოს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 8 სექტემბერი. - №243 (3644). - 1,2 გვ.
![]() |
39 ნოდარ გაბუნიას ოჯახს |
▲back to top |
სამძიმარი
დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა ბატონი ნოდარი - შესანიშნავი კომპოზიტორი, შესანიშნავი პედაგოგი, შესანიშნავი ადამიანი.
ვიცოდი, რომ მძიმედ იყო ავად, მაგრამ მაინც ვერ შევეგუე ამ მოსალოდნელ უბედურებას.
ჩვენ წლების მანძილზე ახლო და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა და ეს დანაკლისი მხოლოდ ქვეყნის დანაკლისი კი არ არის, არამედ ჩემი პირადი ტკივილი და დანაკლისია.
ასეთები ჩვენს გარშემო ბევრნი არ არიან, თუმცა, იმედად ის რჩება, რომ მან თავის მოწაფეებს ასწავლა ის, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი პროფესიონალი და ნამდვილი ადამიანი.
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი და ჩემი მეუღლის სამძიმარი ამ მართლაც აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო.
ედუარდ შევარდნაძე.
ნოდარ გაბუნიას ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 8 სექტემბერი. - №243 (3644). - 1 გვ.
![]() |
40 ედუარდ შევარდნაძე: ერთი ადამიანის საზრუნავი კაცობრიობის საზრუნავი ხდება |
▲back to top |
ამ დროს თბილისში თენდება, 9 სექტემბრის დილის 5 საათია. თქვენ იტყვით, რომ ატლანტიკის თავზე თბილისის დროით ლაპარაკი, გეოგრაფიული ჭეშმარიტების თვალსაზრისით, ცოტა უხერხულია.
რა მოგახსენოთ?!
ნიუ-იორკის დროით საღამოს 9 საათია 8 სექტემბრის. ევროპაში ეს-ესაა შუაღამეს გადასცდა და ხვალე დაიწყო.
საათების სარტყელთა ამ მრავალგანზომილებიან სივრცეში რომ არ დავიკარგოთ, თბილისის დროზე შევჩერდეთ, რადგან სწორედ საქართველოს აქცენტით ლაპარაკობს XXI საუკუნის მსოფლიოს პრობლემებზე ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ბრიფინგი ჟურნალისტებისათვის ამჯერად თვითმფრინავის პრეზიდენტის სალონში გაიმართა:
- გაამართლა თუ არა გაეროს სამიტმა თავისი მაღალი სახელწოდება „ათასწლეულის სამიტისა“?
- არ შეიძლება ითქვას, რომ არ გაამართლა. ეს მართლაც იყო გარკვეული შეჯამება ყველაფერი იმისა, რაც ამ საუკუნეში, ამ ათასწლეულში გაკეთდა - კაცობრიობამ გაიარა ეს გზა.
მაგრამ მე იმასაც ვერ ვიტყვი, რომ იგი იდეალურ დონეზე იყო მომზადებული - არა ორგანიზაციულად - ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ მე ისე წარმომედგინა, რომ „ათასწლეულის სამიტი“ უფრო უკეთ მომზადებას მოითხოვდა, სახელმწიფოთა უფრო მეტ მონაწილეობას.
მაგალითად, რატომ არ უნდა ჰქონოდა საქართველოს საშუალება ორი-სამი წლის განმავლობაში ეფიქრა და ემუშავა ამ საკითხზე? იმიტომ კი არა, რომ ჩვენ განსაკუთრებული ინტელექტის ხალხი ვართ, - ყველა სახელმწიფოს აზრი საინტერესო იყო, განვითარებულის თუ განვითარებადის. ძირითადად, წარმოდგენილი იყო ექსპერტების მიერ შემუშავებული დოკუმენტები. თუმცა, ესეც საინტერესო იყო...
ძირითად დოკუმენტში - გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მოხსენებაში ბევრი ძალიან საინტერესო აზრია ჩამოყალიბებული. იგი მიუთითებს, რომ მსოფლიო მართლაც ახალია, კაცობრიობამ მიაღწია პრინციპულად ახალ დონეს. მთავარი დასკვნა, რომელიც კაცობრიობამ გამოიტანა და ამ სამიტზეც გამოიკვეთა, შემდეგია: მდიდრები მუდამ მდიდრები ვერ იქნებიან, თუ მათ გვერდით მილიარდობით ადამიანი იშიმშილებს. იმ ციფრებმა, რომლებიც სამიტზე დაასახელეს, რომლებიც სამიტის დოკუმენტებშია მითითებული (განსაკუთრებით, აფრიკის კონტინენტზე, განვითარებად ქვეყნებში), არ შეიძლება არ შეგზაროს.
ეს თემა, ეს ტკივილი, უფრო ზუსტად, ეს გლობალური პრობლემა, ედუარდ შევარდნაძეს ათასწლეულის სამიტიდან არ გამოჰყოლია. აქაური „ემოციური ღელვის“ შედეგად არ გაჩენილა.
ეს მისი თემაა და მისი ტკივილი - წარსულ დროშიც და ამ ეპოქაშიც: შევარდნაძის გამოსვლებს თუნდაც გაეროში (თუნდაც ეუთოსა და სხვა სამიტებზე და სხვაგან და სხვაგან) წითელ ზოლად გასდევს დაუმშეველი მსოფლიოსკენ მისწრაფების აუცილებლობის თემა.
სოციალურად სამართლიანი საზოგადოების აშენება საქართველოს პრეზიდენტის პროგრამის მთავარ ქვაკუთხედთაგანია.
მიაქციეთ ყურადღება - არა ერთ, ცალკე აღებულ სახელმწიფოში, არამედ საერთო სამართლიანობის კონტექსტში (სოციალურ სამართლიანობაზე ვამბობ), რომელიც ყველა სხვა შემთხვევაში უტოპიაა. ის, რომ ეს პრობლემა კვლავ წამოიჭრა (და მკვეთრადაც აჟღერდა) სამიტის პლენარულ სხდომებზე (და არა მარტო აქ), ბევრად იყო განპირობებული საკითხის ისტორიით, რომელზეც ეს-ესაა ვისაუბრეთ, და, რა თქმა უნდა, მსოფლიო რეალობით. თანაც, არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ ფორმაში.
დავუგდოთ ყური პრეზიდენტს:
- გადასაჭრელ საკითხად განისაზღვრა ვალების საკითხი, და მეც ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ ვალების ბორკილებისაგან უნდა გავათავისუფლოთ ღარიბი, ღატაკი და განვითარებადი ქვეყნები. ეს უნდა მოხდეს ან ამ საუკუნის დამთავრებამდე ან მომავალი საუკუნის დასაწყისში. უფრო შორს გადაწევა აღარ შეიძლება, რადგან კატასტროფული იქნება ასეთი გაჭიანურება მოვალე ქვეყნებისათვის.
ეს აზრი, სხვათა შორის, ბევრმა გაიმეორა.
ათასწლეულის სამიტზე - მოხსენებაშიც და გამოსვლებშიც - აშკარად იგრძნობოდა, რომ ბოლოს და ბოლოს კაცობრიობამ გაიგო არსებული ვითარების სოციალური სიმწვავე.
კაცობრიობამ გაიგო, რომ დაუშვებელია განათლება, მეცნიერება უმაღლეს დონეზე იყოს ცალკეულ ქვეყნებში. და, ამავე დროს, იყოს მილიარდობით წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი.
ხვალ და ზეგ ასეთ კონტრასტს მსოფლიო ვეღარ მოითმენს.
მომდევნო შეკითხვა (ჩართული შეკითხვა „ალიასი“) გაეროს რეორგანიზაციას შეეხო.
ედუარდ შევარდნაძეს ასეთი რეორგანიზაცია პრინციპულად აუცილებელ და გადაუდებელ საქმედ მიაჩნია, მაგრამ გაეროს უზარმაზარი, ტრადიციული ბიუროკრატიული ინერცია ყოველგვარ სიახლეს ძნელად მიიღებს.
- მე უკვე ვთქვი, - უპასუხა პრეზიდენტმა ამ კითხვას, - სამიტმა წააგო იმით, რომ არ გაიმართა წინასწარი კონსულტაციები სახელმწიფოთა მეთაურებთან.
მე, მაგალითად, სულ სხვა კუთხით დავაყენებდი ამ საკითხს. 1992 წლიდან დაწყებული (და უფრო ადრეც) ყველა ჩემს გამოსვლაში ხაზს ვუსვამდი გაეროს რეფორმირების აუცილებლობას, უშიშროების საბჭოს გაფართოებას, ვეტოს უფლების შეზღუდვის საკითხებს.
რას ნიშნავს ვეტოს უფლება, განვიხილოთ ერთ კონკრეტულ მაგალითზე: ცოტა ხნის წინათ შემუშავდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მოდელი, განიხილეს უშიშროების საბჭოზე და რუსეთმა მისი მიღებისგან თავი შეიკავა. ეს არის მოდელი, დისკუსიის თემა და რატომ უნდა შეეკავებინა თავი?
ბოროტად გამოიყენა თავისი უფლება და იმიტომ. მიმაჩნია, რომ ვეტოს უფლება უნდა შეიზღუდოს. არ შეიძლება ისეთი სამოქმედო რეჟიმის შენარჩუნება, როდესაც ერთ სახელმწიფოს არ სურს, კაცობრიობამ კი შეიძლება ამის გამო ბევრი რამ დაკარგოს. ლაპარაკი უნდა იყოს ახალ უშიშროების საბჭოზე.
ჩემი გამოსვლის დასასრულს გენერალური მდივნის სიტყვები მოვიშველიე: უშიშროების საბჭოს უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი სახანძრო მანქანა, რათა მსოფლიოს ყველა კუთხეში კონფლიქტების ხანძარი ჩანასახშივე ჩააქროს. მე მართლა ბედნიერი ვარ იმით, რომ სამიტზე გაიჟღერა, დოკუმენტებშიც აისახა პოზიცია, რომლითაც სახელმწიფოთა შიგნით არსებული კონფლიქტები მარტო ამ სახელმწიფოთა მოსაგვარებელი არ არის.
რამდენი ხანია, ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში მსოფლიო უნდა ჩაერიოს. სხვა შემთხვევაში, პატარა კონფლიქტი შეიძლება დიდ ხანძრად გადაიქცეს.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ მხოლოდ ნათქვამია. რამდენი სახანძრო მანქანა მოიძებნება, მოისურვებს თუ არა ყველა სახელმწიფო ჩაერთოს ამ მოძრაობაში, ეს ცალკე საკითხია. უმრავლესობა ჩემი კოლეგებისა, ვისაც გაეროს რეორგანიზაციის საკითხებზე ვესაუბრე, აგრეთვე, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იზიარებენ იმ აზრს, რომ გვჭირდება ეფექტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია.
პრეზიდენტი შევარდნაძე ამ საკითხთან დაკავშირებით შეეხო ორპოლუსიანი მსოფლიოს მრავალპოლუსიანად გადაქცევის საკითხს, რომელსაც რუსეთის ყოფილი ხელმძღვანელობა აყენებდა. კრიტიკულად შეეხო: ორპოლუსიანი - ორი პოლუსის დაპირისპირება და კონფლიქტები; მრავალპოლუსიანი - ყველაფერი ეს მრავალგზის გამრავლებული. მისი აზრით, მსოფლიო პროცესები, განსაკუთრებით, უსაფრთხოება - თუნდაც სასურსათო უსაფრთხოება (რომელსაც მან თავის სიტყვაში გაუსვა ხაზი) და კონფლიქტების მოგვარება ინტერნაციონალიზებული უნდა იყოს, ზოგადსაკაცობრიო საქმე, ზოგადსაკაცობრიო ამოცანა უნდა იყოს. ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრიბუნებიდან გამოსვლებშიც და პირად საუბრებშიც ეს თემები ფრიად აქტუალურად ჟღერდა, განსაკუთრებით პატარა ქვეყნების წარმომადგენლებისგან, ვისაც ასეთი საფრთხე უშუალოდ ემუქრება.
- ჩემთვის რომ ეკითხათ და ამ სამიტისთვის მოსამზადებელი მუშაობა ორი-სამი წლის წინათ დაგვეწყო არა ექსპერტების დონეზე, არამედ - სახელმწიფოთა მეთაურების მონაწილეობით, ეს შეკრება მართლაც ათასწლეულის სამიტი იქნებოდა, ბევრი სენისაგან განკურნავდა კაცობრიობას.
აი, ამის იმედი ჯერ კიდევ არა მაქვს.
ძალიან ჭკვიანური იყო კოფი ანანის მოხსენება, ძალიან მიმზიდველი, შესანიშნავი, იდეალებამდე აყვანილი იდეებით და მათი რეალიზაციის გზებით. მაგრამ ეს გზები ისე ფრთხილად არის ნაჩვენები, რომ არც შესრულდეს, მას ბრალს არავინ დასდებს.
აი ასეთი გულახდილი (კრიტიკულად გულახდილი) იყო პრეზიდენტის პასუხი „საქართველოს რესპუბლიკის“ შეკითხვაზე - გაამართლა თუ არა ათასწლეულის სამიტმა?
შეკითხვას (პრაიმ-ნიუსი) „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტის პერსპექტივის შესახებ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ასე უპასუხა:
- „დიდი აბრეშუმის გზა“ თავისი პროექტებით, და არა მარტო პროექტებით, ხვალინდელი დღით, მომავლით უკვე კოსმოსში ავიდა: მის განვითარებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით ჩინეთამდე და იაპონიამდე უკვე კოსმოსი დასჭირდა - ლაპარაკია ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე.
სამიტის ფარგლებში საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა დავძლიოთ ის რადიკალური განსხვავება, რომელიც ინფორმაციული უზრუნველყოფის საქმეში არის მაღალგანვითარებულ ქვეყნებსა და ღარიბ და ჩამორჩენილ ქვეყნებს შორის, უნდა ამოვავსოთ ის უფსკრული, რომელიც მათ შორის არსებობს. სხვა შემთხვევაში, ეს განსხვავება (ისევე, როგორც სიღატაკე), უფრო დიდი კატასტროფის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ის, რაც ჩვენ დღეს დავიწყეთ, არის ძალიან დიდი მოძრაობა - კაცობრიობის მასშტაბის, მსოფლიო მასშტაბის - ინფორმაციის, კოსმოსის სფეროში თანამედროვე მიღწევები დაემორჩილოს იმას, რაც ადამიანს სჭირდება.
და კვლავ: ვალების პატიების ჭრილში საქართველოსთვის დახმარების პერსპექტივა. ეს თემა ჟურნალისტებს რომ განსაკუთრებით აინტერესებთ, დადასტურდა იმითაც, რომ ბრიფინგის დასაწყისში „საქართველოს რესპუბლიკის“ მიერ დასმული ეს შეკითხვა ახლა სხვამ („ალიამ“?) გაიმეორა. ამ თემით ზოგი გაზეთი სპეკულირებს კიდეც (შვილებს და შვილიშვილებს ვუტოვებთ გადასახდელად, ვაკაბალებთ ჩვენს მომავალს და ასე შემდეგ). ერთმა ტელეარხმა ეძება, ეძება და იპოვა ამერიკელი, რომელიც ეკრანიდან ამტკიცებდა, აშშ პრეზიდენტის არჩევნებში ვინც გინდა გაიმარჯვოს, არავინ საქართველოს აღარ დაეხმარებაო, გადაწყვეტით ვიციო.
ამ თემას ჩვენი გაზეთი კიდევ დაუბრუნდება ნიუ-იორკში ამერიკელებთან საუბრებით. ახლა კი პრეზიდენტს მოვუსმინოთ:
- ასამბლეის არც ერთ სხდომაზე ისე მწვავედ არ დამდგარა ვალების საკითხი, როგორც ახლა. ბევრი რამ ითქვა საინტერესო და გადაწყვეტილებები, მე მგონი, კონკრეტული და პერსპექტიულია. არ შეიძლება ვალებით დაახრჩონ საქართველო და არა მარტო საქართველო - მაშინ მთელი აფრიკა, ნახევარი აზია უნდა ამოჟლიტო. ამის აბსურდულობა გაიგო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპამ. უახლოეს წლებში ვალების პატიების საკითხი უნდა გადაწყდეს. სწორედ ამიტომ ვთქვი მე, რომ ღარიბი, ღატაკი და განვითარებადი ქვეყნები უნდა გავათავისუფლოთ იმ ბორკილებისაგან, რომლებსაც ვალები ჰქვია.
რაც შეეხება ახალ კონკრეტულ დახმარებებს.
ჩემს გამოსვლაში განვაცხადე, რომ ჩვენ არა მარტო გვიჭირს, არამედ იმედგაცრუებაა ხალხშიც და მეც, გარკვეულად, იმედი გამიცრუვდა, რადგან არ შესრულდა ის, რაც ჩვენ ცივი ომის დამთავრების დროს გვქონდა ჩაფიქრებული.
დიდად გვიჭერენ მხარს ამერიკელები. დღეს მქონდა შეხვედრა ქალბატონ ოლბრაიტთან, რომელმაც აშშ პრეზიდენტის სახელით გადმომცა, შეიძლება არცთუ დიდი თანხა, მაგრამ დამატებით იმისა, რასაც ჩვენ ვიღებთ - 2,5 მილიონი დოლარი. ეს გათვალისწინებული იქნება იმ, ყველაზე გაჭირვებული 900 ათასი ადამიანისათვის მარცვლის, საწვავის შესაძენად, ვინც მოსავალი ვერ მოიწია. ასევე - განვითარების სააგენტო, რომელმაც თითქმის მთლიანად გადაწყვიტა თესლით მომარაგების საკითხი საქართველოში. ასევე - სასურსათო პროგრამა, რომელმაც ათეულ ათასობით გაჭირვებული ოჯახისათვის კიდევ ორი წლით გააგრძელა დახმარების პროგრამა, მანამდე, საქართველო ფეხზე დადგება.
ასეთია ერთი შედეგი ამ სამიტისა.
ადამიანებმა გაიგეს, რომ არ შეიძლება მსოფლიოში იყოს ერთი მართლაც ბედნიერი სახელმწიფო ან სახელმწიფოთა ჯგუფი ღარიბ და უპოვარ სახელმწიფოთა გარემოცვაში.
მე ამოვიკითხე სამიტის დოკუმენტებში, რომლებსაც ჯერჯერობით კანონის ძალა არა აქვს, რომ ერთი ადამიანის საზრუნავი კაცობრიობის საზრუნავი ხდება.
ერთი ადამიანის საზრუნავი, კაცობრიობის საზრუნავი ხდება. მიაქციეთ ამას ყურადღება, რადგან ეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აღიარების ახალ ხარისხში აყვანაა, ანუ - კიდევ უფრო გაფართოება. მაგრამ შევარდნაძის რეალისტური ოპტიმიზმი თავდავიწყებულ უეჭველობას არ ნიშნავს, პირიქით, საკმაოდ ზომიერია და დაეჭვების ელემენტსაც არ უგულებელყოფს:
- თუ ეს მიდგომა არ იქნება რეალიზებული, - თქვა მან, - ყველაფერი, რაზეც ვილაპარაკეთ, შეიძლება ქაღალდზე დარჩეს. გუშინ კლინტონთან მიღებაზე ვიყავი, საერთო მიღებაზე. ცოტა ხანს ზოგიერთ საკითხზე ვისაუბრეთ. თქვენ იცით, რომ მან წერილი მომწერა - აუცილებლად დაგეხმარებით, საქართველოს დავეხმარებიო. წუხელ, როცა როგორც მეგობრები ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მითხრა, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში - რესპუბლიკელები თუ დემოკრატები, აშშ საქართველოს მაინც დაეხმარება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისათვის თქვენ იქეცით სტრატეგიულ მოკავშირედ, იმ ქვეყნად, რომლის გარეშე ის უზარმაზარი რეგიონი აღარ წარმოგვიდგენია.
და კიდევ ერთხელ გაიმეორა ადრე ნათქვამი: - სანამ აქა ვარ, გამომიყენეთ.
- ექნება თუ არა მხარდაჭერა იმ პროექტებს, რომლებიც ახლა ხორციელდება საქართველოში?
- ჩემის აზრით, არსებობს რეალური შანსი, რომ ყველა პროექტი, რომლებიც ახლა ხორციელდება საქართველოში, ბოლომდე იქნება მიყვანილი. მაგრამ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რახან ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, მისი ცალკეული ელემენტები სადავო არ გახდება.
ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბატონ ჰათამისთან. მან შემომთავაზა: ჩვენ დიდი რაოდენობით გვაქვს ნავთობი და კიდევ უფრო მეტი - გაზი. ჩვენ გვინდა, თქვა მან, ჩვენი გაზი და ნავთობი გავიყვანოთ საქართველოს ნავსადგურებისაკენ, შემდეგ - ევროპაში, დაგვიჭერთ თუ არა მხარსო. ესე იგი, ბატონ ნიაზოვის ამასწინანდელ წინადადებას (ყაზახეთის დიდი ნავთობის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ. - ა.ს.) კონკურენტი გაუჩნდა.
ასეთ შემთხვევაში საქართველოს უკვე შეუძლია თამაშის თავისი წესები უკარნახოს დაინტერესებულ მხარეებს. წარმოგედგინათ ასეთი რამ სულ ცოტა ხნის წინათ?
ალბათ, არა.
და ესეც ერთ-ერთი შედეგია ნიუ-იორკის სექტემბრის სამიტის.
სეიდ მუჰამედ ჰათამის შესახებ საუბრისას ედუარდ შევარდნაძემ იგი დაახასიათა როგორც მეტად საინტერესო პიროვნება, რომელიც რეალურად შეებრძოლა ფუნდამენტალიზმს ჯერ მარტო, შემდეგ ახალგაზრდობაც აჰყვა.
- იუნესკოს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე „ცივილიზაციათა დიალოგი“, სადაც მომხსენებელი ჰათამი იყო, მე ახალი ირანი აღმოვაჩინე, ახალი შეხედულებებით. რა თქმა უნდა, ისლამს ეფუძნება. მაგრამ თუ დიალოგი გვსურს, ისლამში უნდა დავინახოთ ის პროგრესული, რომელიც გარკვეულად არის მასში წარმოდგენილი.
პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ მოწოდებულმა ცნობამ, რომ პრეზიდენტმა ჰათამიმ იგი ირანში მიიწვია, ჟურნალისტებში, განსაკუთრებით, ქალებში დიდი გამოცოცხლება გამოიწვია - ჩვენ თუ წაგვიყვანთო?
ამაზე ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა, რომ ჰათამის ქალებიც, ვაჟებიც ახლდნენ და შესანიშნავად გამოიყურებიან.
შეხვდა თუ არა პუტინს შევარდნაძე?
არა. წინასწარ მოილაპარაკეს, რომ ამ სამიტზე ერთმანეთს არ შეხვდებიან.
იგორ ივანოვს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც ეკა ხოფერია („რუსთავი-2“) გაეროს დერეფნებში შემთხვევით გადაეყარა და ინტერვიუ ჩამოართვა, მიაჩნია, რომ ბიშკეკის ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლის დრამატიზება ხდება.
ედუარდ შევარდნაძე კი ფიქრობს, რომ რუსეთის პოლიტიკის ორმაგი და სამმაგი სტანდარტები დსთ ქვეყნების მიმართ და ბიშკეკის ხელშეკრულებიდან მისი გამოსვლა სერიოზული შეცდომაა და, სავსებით შესაძლებელია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაშლის მიზეზი თუ არა, ბიძგი გახდეს; ნიშანი რომ არის, უეჭველია. ევროპამ მიაღწია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის აბსოლუტურად თავისუფალია გადაადგილება. რუსეთი პირიქით იქცევა და ეს ვერ ჯდება სტრატეგიულ მოკავშირეთა ურთიერთობის მცნებაში, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი მოკავშირეობა მარტო დეკლარაციული განცხადება არ არის.
მადლენ ოლბრაიტთან საუბრის დროს თუ შეეხნენ იეღოვას მოწმეთა საკითხს?
შეეხნენ. ედუარდ შევარდნაძემ აუხსნა სახელმწიფო მდივანს, რომ იეღოველთა შემოსვლა შემოჭრის სახით მოხდა, რამაც შეაშფოთა ეკლესიაც და მართლმადიდებელი მრევლი. ყველა საკითხი რელიგიათა შორის ურთიერთობის, სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის მოგვარდება მაშინ, როდესაც საქართველოს ექნება კანონი რელიგიის შესახებ.
ხომ არ გადაინაცვლა აქცენტებმა დსთ-დან სუუამისკენ?
სუუამის ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრები კიევის მომავალი შეხვედრიდან (ლეონიდ კუჩმას წინადადება) მოყოლებული დამოუკიდებელ ხასიათს მიიღებს და არ მოეწყობა სხვადასხვა სამიტების დროს.
ძალიან საინტერესო, მოვლენითი ფაქტი: რუმინეთის პრეზიდენტმა განუცხადა პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეუერთდეს სუუამის ალიანსს!
მრავალმხრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტია: აქცენტები ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ინაცვლებს.
საქართველოს გააქტიურება სუუამის ფარგლებში გარკვეული დემარშიც არის ბიშკეკის ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლის წინააღმდეგ.
არმაზ სანებლიძე,
„სრ“ სპეც. კორ.
ნიუ-იორკი - თბილისი.
ედუარდ შევარდნაძე: ერთი ადამიანის საზრუნავი კაცობრიობის საზრუნავი ხდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 10-11 სექტემბერი. - №245-246 (3647). - 1,2,3 გვ.
![]() |
41 ნინო რამიშვილის გარდაცვალების გამო |
▲back to top |
გარდაიცვალა ნინო რამიშვილი - მსოფლიო მნიშვნელობის დიდი ქართველი ხელოვანი. დასრულდა ეპოქა, რომელმაც ქართული ნაციონალური ბალეტი შექმნა, ეპოქა, რომლის სათავესთან ილიკო სუხიშვილი და თავად ნინო რამიშვილი იდგნენ. ახლა უკვე ხელოვნების ისტორიკოსებმა უნდა იმსჯელონ და იდავონ იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მანამდე, ვინ იყო მათს გვერდით, ვინ იქნება მათს შემდეგ და როგორ გაგრძელდება მათი ტრადიციები.
ჩემთვის და ქართველი კაცისთვის სუხიშვილისა და რამიშვილის ანსამბლი არასდროს ყოფილა მხოლოდ ცეკვა - ეს იყო ქართული ნიჭის, ქართული ტრადიციის, ქართული ღირსების, ქართული კდემამოსილების უმშვენიერესი და მკაფიო გამოხატულება ცეკვაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახლაც აგრძელებს სიცოცხლეს მათსავე ანსამბლში მათივე შვილის ხელმძღვანელობით და იმ ანსამბლებში, რომელთაც სათავეში სუხიშვილისა და რამიშვილის მოსწავლეები უდგანან, მაგრამ ხიბლი ამ ორი დიდი ხელოვანისა, მაინც სხვა იყო - ერთადერთი და განუმეორებელი.
ქალბატონი ნინო ის ბედნიერი ადამიანია, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და მიბაძვის საგნად. საერთოდ, სუხიშვილების ანსამბლმა ჯერ კიდევ ძნელ საბჭოთა პერიოდში მსოფლიოს დაანახა, რომ სილამაზე და მშვენიერება მართლაც უკვდავია და რომ არსებობს ისეთი ხალხი, როგორიც ქართველებია, ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, რომელიც გადარჩა ისტორიაში მიუხედავად დიდი განსაცდელისა და ამ გადარჩენაში ხელოვნებას, სილამაზესა და მშვენიერებასაც ჰქონდა შეტანილი თავისი წვლილი.
ნინო რამიშვილს ცეკვით შეეძლო ეთქვა ყველაფერი თავის ქვეყანასა და ხალხზე და თქვა კიდეც.
და როცა ლაპარაკობენ ადამიანის უკვდავ სულზე, ეტყობა, სწორედ ესეც იგულისხმება - რამდენად ცოცხლობს იგი თავის საქმეში, თავის მემკვიდრეებში, მისით აღტაცებული ადამიანების ხსოვნაში.
ნინო რამიშვილმა დროს აჯობა. მან დაამარცხა დრო პირობითადაც და შემოქმედებითადაც, რადგან ქართული სული, რომელსაც იგი ავლენდა და რომელსაც ემსახურებოდა, უკვდავია და მარადიული.
ედუარდ შევარდნაძე.
ნინო რამიშვილის გარდაცვალების გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 12 სექტემბერი. - №247 (3648). - 1გვ.
![]() |
42 „ეს იყო ათასწლეულის საკადრისი სამიტი - მწარე სიმართლით, პირუთვნელობით, გენერირებულ იდეათა დონითა და მასშტაბით“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
11 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- ბატონო პრეზიდენტო, შაბათს თქვენ დაბრუნდით ნიუ-იორკიდან, სადაც მონაწილეობდით ათასწლეულის სამიტში და, ბუნებრივია, უპრიანი იქნება ჩვენი საუბრის ამ თემით დაწყება. გამგზავრების წინ იმედი გამოთქვით, რომ სამიტს „არ ექნება ცერემონიის ხასიათი, იგი გახდება მნიშვნელოვანი დიალოგი და დისკუსია კაცობრიობის შესახებ 21-საუკუნესა და მესამე ათასწლეულში“. გამართლდა თუ არა თქვენი იმედი? ამავე დროს, გაიმართა სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიება თუ შეხვედრა. როგორია თქვენი შთაბეჭდილება? - ჟურნალისტ ციური ბაჯელაძის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ათასწლეულის სამიტი, ანუ „მილენიუმ სამიტი“, როგორც მას უწოდებდნენ, იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კაცობრიობის და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც, რომ, ალბათ, უპრიანია მთელი ქართული საზოგადოებრიობა ჩაერთოს ამ გრანდიოზული მოვლენის შედეგთა შეფასებაში.
შედეგები კი მართლაც თვალსაჩინოა.
მე ვიტყოდი, რომ ეს იყო ათასწლეულის საკადრისი სამიტი - მწარე სიმართლით, პირუთვნელობით, გენერირებულ იდეათა დონითა და მასშტაბით, აგრეთვე, იმ კონკრეტული გადაწყვეტილებებით, რომლებიც მსოფლიოს პოლიტიკურმა და ინტელექტუალურმა ელიტამ მიიღო ფორუმზე.
ეს ნათლად აისახა საბოლოო დეკლარაციასა და სხვა დოკუმენტებში, რომელთაგან მე გამოვყოფდი გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ძალზე ღრმა, პრობლემურ, შინაარსიან და კვალიფიციურ მოხსენებას.
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა ღირსეულად მონაწილეობდა ამ ფორუმში და იმ იდეათაგან, რომლებიც დასკვნით „საკაცობრიო მესიჯში“, ანუ სამიტის მთავარ მოწოდებასა თუ „შეტყობინებაში“ აისახა - ბევრი საქართველოს პრაქტიკული და ინტელექტუალური გამოცდილებითაცაა დადასტურებული და აპრობირებული.
მართლაც მეამაყება, რომ დღეს მსოფლიოს მრავალი ლიდერი საუბრობს იმ პრობლემებზე (გაეროს რეფორმირება, უშიშროების საბჭოს გაფართოება, ვალების პრობლემის რადიკალური გადაწყვეტა), რომლებიც საქართველომ მწვავედ დააყენა განვლილი წლების განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც და სხვა ფორუმებზეც, განსაკუთრებით, 1992 წლის შემდეგ, თუმცა მანამდეც ბევრი საგულისხმო რამ იყო ნათქვამი.
„ზეპური საზოგადოება“, რომელიც ათასწლეულის სამიტზე შეიკრიბა, საბოლოოდ შეთანხმდა: ახალ ათასწლეულში კაცობრიობას ხანგრძლივად არ უნდა გადაჰყვეს ის შავი ლაქები, რომლებიც დღემდე შეურაცხყოფდა ადამიანის ღირსებას: კონფლიქტები, ადამიანისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობა, პლანეტის ეკოლოგიური გენოციდი, საზარელი უთანასწორობა - სიღატაკე, შიმშილი, უფსკრული, რომელიც იქმნება კაცობრიობის უღარიბეს და უმდიდრეს ნაწილებს შორის, უთანასწორობა განათლებისა და ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. აქ არ ვგულისხმობდით მხოლოდ ტოტალიტარიზმს და ზოგიერთი რეჟიმის ანტიდემოკრატიულობას, მაგრამ როგორ შეიძლება კაცობრიობამ მოითმინოს, როდესაც პლანეტაზე ორ მილიარდამდე ადამიანს საერთოდ არასოდეს არ უსარგებლია ტელეფონით. ტელეფონი შეიძლება არ იყოს კეთილდღეობის მაჩვენებელი, თუმცა ეს გარკვეულად მაინც ასახავს ადამიანების ცხოვრების დონეს.
ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება. მე აუცილებლად მექნება ვრცელი საუბარი სამიტის შედეგებზე და მაშინ საზოგადოებას უფრო დეტალურად მოვახსენებ ჩემს შთაბეჭდილებებს.
სამიტზე გამოკვეთილად ითქვა, რომ კონფლიქტები აღარ არის ერთი რომელიმე ცალკე აღებული ქვეყნის პრობლემა, მათ შორის, ის კონფლიქტები, რომლებიც თვით ქვეყნის შიგნით ხდება. საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია იკისროს პასუხისმგებლობა კონფლიქტების არა მარტო მშვიდობიანი, არამედ სამართლიანი გადაწყვეტისთვისაც.
ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ სწორედ ათასწლეულის სამიტის მსვლელობისას, ნიუ-იორკში, იუნესკოს ეგიდით გაიმართა კონფერენცია, რომელიც ცივილიზაციათა დიალოგისა და კულტურათა თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა.
ამ ღონისძიებებზე გამოსვლისას, ჩემი ქვეყნის სახელით ვთქვი, რომ საქართველოსათვის სრულებითაც არ არის აქტუალური მეცნიერული კონცეფცია, უფრო სწორედ, ზოგიერთ მეცნიერთა კონცეფცია „ცივილიზაციათა გარდაუვალი ომის“ თაობაზე, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფოებრივი კულტურა ათასწლეულებს ითვლის, ხოლო ამ კულტურის ფარგლებში ჩამოყალიბდა ეთნოსთა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაცხოვრების, მათი თანამშრომლობის შესანიშნავი ტრადიცია.
ქართულ-ოსური კონფლიქტი და კონფლიქტი აფხაზეთში სულაც არ ასახავს საქართველოში დამკვიდრებულ ტრადიციებს. ეს იყო გარედან ინსპირირებული კონფლიქტები. ამიტომ ეს საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი.
ჩვენ მზად ვართ ეს ტრადიცია ყველას გავუზიაროთ. ამიტომ მე შევთავაზე კოლეგებს თბილისში დაფუძნდეს შესაბამისი ინსტიტუტი. შეიძლება ეს იყოს იუნესკოს ბაზაზე შექმნილი გარკვეული სტრუქტურის შტაბ-ბინაც.
სავსებით ღირსეულია და ბუნებრივი იქნება, თუ ანალოგიური კონფერენცია უმაღლეს დონეზე თბილისში გაიმართება. საქართველოს უკვე აქვს ამგვარი ფორუმების ორგანიზების შესაძლებლობაც და გამოცდილებაც. თქვენ გახსოვთ ამ 4-5 წლის წინათ გამართული შთამბეჭდავი კონფერენცია კულტურათა დიალოგის შესახებ და ბევრი რამ, რაც ნიუ-იორკში ითქვა, დაემთხვა თბილისში ნათქვამს. რის შემდეგაც ეს ორგანო პლანეტაზე სამართლიანი მშვიდობის დამყარებისა და შენარჩუნების ქმედით მექანიზმად იქცევა.
აქვე ვიტყვი, რომ, ჩვენი წარმოდგენით, ყოველგვარი საუბარი „მრავალპოლუსიან მსოფლიოზე“ კონფრონტაციული ლოგიკის გამოვლინებაა. თქვენ იცით, საიდან მოდის ეს, ასე ვთქვათ, თეორია.
ერთადერთი პოლუსი მსოფლიოში უნდა იყოს საერთოსაკაცობრიო ფასეულობათა პრიორიტეტი, რომელსაც უნდა განასახიერებდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ყველა სახელმწიფოს ძალისხმევაც აქეთ უნდა იყოს მიმართული.
ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია გაიმართა „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების თაობაზე. შემუშავებულია „სილქსატის“ პროექტი, რომელიც „აბრეშუმის გზისა“ და ევრაზიის დერეფნის კოსმოსურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას ითვალისწინებს.
დავუმატოთ ამას ოპტიკურბოჭკოვანი ქსელების განვითარების პერსპექტივა, რაც უკვე დაწყებულია, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზეც. თვალნათელი ხდება, რომ ეს იდეა და ეს პროექტი (ყველა სხვა ღირსებასთან ერთად) ტექნოლოგიურადაც მესამე ათასწლეულის შესაბამისია.
იყო ძალზე საგულისხმო ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ასევე ხანგრძლივი შეხვედრა და დეტალური საუბარი სახელმწიფო მდივანთან.
ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, უეჭველად გამოყოფენ დამატებით დახმარებას გვალვის შედეგების დასაძლევად, განსაკუთრებით, მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელიც უშუალოდ მიწასთან არის დაკავშირებული და უმაგალითო გვალვამ დააზარალა. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ საქართველოსათვის მარცვლის შესაძენად დამატებით გამოიყოს 2 მილიონ 400 ათასი დოლარი.
საინტერესო იყო საუბარი ირანის პრეზიდენტთან, რომელსაც პირველად შევხვდი. ჩემი პირველი შეხვედრა გაიმართა თურქეთის პრეზიდენტთანაც. ალბათ, ამ ქვეყანაში უახლოეს მომავალში შედგება ჩემი ვიზიტი. თქვენ იცით ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა პრეზიდენტ დემირელთან. შევთანხმდით, რომ უკვე არსებული ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. სულეიმან დემირელი უკვე იყო თბილისში და ახლა ჩემი ჯერია.
საინტერესო შეხვედრები მქონდა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ირლანდიის პრემიერთან, იყო შეხვედრები სასურსათო პროგრამის, განვითარების სააგენტოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა ხელმძღვანელობა სათესლე და სასურსათო მარცვლეულით დახმარებას გვპირდება. ყველა შეხვედრის ჩამოთვლა ძნელია - ეს არის ათასობით სახელმწიფო მოღვაწე, პრეზიდენტები და პრემიერები.
აფხაზეთის თაობაზე დაწვრილებით ვისაუბრეთ გაეროს გენერალურ მდივანთან ცალკე შეხვედრისას და შევთანხმდით, რომ პრობლემის გადაწყვეტა უნდა დაჩქარდეს. ჩვენი წინა შეხვედრისას იგი ასეთი კატეგორიული არ იყო. ახლა მეთანხმება, რომ მოვიდა ამ კონფლიქტის მოწესრიგების დრო, ხოლო გაერომ ამ პროცესში ღირსეული როლი უნდა შეასრულოს. გენერალურმა მდივანმა გაიზიარა ჩემი შეშფოთება ერთიან საქართველოში აფხაზეთის სტატუსის მოდელის განსაზღვრის თაობაზე უშიშროების საბჭოს დოკუმენტის ჩაგდებასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ეს კარგი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია და წარმოადგენს კარგ საფუძველს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებისათვის. ვიმეორებ, ეს არის საფუძველი მოლაპარაკებისა, და არა გადაწყვეტილება. ვერ გეტყვით, გაუგებრობით მოხდა თუ შეგნებულად, რომ რუსეთმა თავი შეიკავა და ვეტოს უფლების წყალობით ეს დოკუმენტი არ იქნა მიღებული.
ათასწლეულის სამიტის მსვლელობისას კიდევ ერთხელ დადასტურდა სუუამის სიცოცხლისუნარიანობაც. უფრო მეტი, რუმინეთმა გამოთქვა სურვილი, შეუერთდეს ამ გაერთიანებას. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
ამგვარად, ღონისძიებათა მრავალფეროვნებაც ადასტურებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა ან ჩვეულებრივი სესია. ვფიქრობ, საქართველოს დელეგაციამ თავისი ძირითადი ამოცანის შესრულება შეძლო და ჩვენი ქვეყნის ხმაც, მე მგონი, საკმაოდ მკაფიოდ ისმოდა მსოფლიო პოლიფონიაში.
- ბოლო ხანს განსაკუთრებით გამწვავდა დისკუსია საგზაო და სოციალური ფონდების შემდგომ ბედზე. არსებობს აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა: მიზანშეწონილია თუ არა ამ ფონდების შენარჩუნება. როგორია თქვენი პოზიცია და კიდევ რას გამოჰყოფდით გასული კვირის ეკონომიკური მოვლენებიდან?
- ამ პრობლემას მე საკმაოდ კარგად ვიცნობ და ის, რასაც ვიტყვი, ღრმად გააზრებული პოზიციაა: ვფიქრობ, ამ საკითხში მეტი სიფრთხილე გვამრთებს.
საგზაო და სოციალური ფონდების თემა ძალიან სერიოზული საკითხია და მისი გადაწყვეტა ღრმა, ყოველმხრივი ანალიზის გარეშე არ შეიძლება, როცა ბიუჯეტის პირველ ვარიანტს ვიხილავდით, მაშინ ეს საკითხი ასე მწვავედ არ დასმულა; ახლა, გარკვეული დროის შემდეგ, საჭიროდ მივიჩნიე ჩემი აზრი ჩამოვაყალიბო.
მთავარია, არ შევცდეთ, თორემ შეცდომის გამოსწორება შემდგომში კიდევ უფრო ძვირი დაჯდება.
ჯერ ერთი, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს გზები უმძიმეს წლებში თუ გადარჩა, ეს დიდწილად სწორედ საგზაო ფონდის სამსახურებაა. გზები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ გეოპოლიტიკური ფუნქციისა და პერსპექტივების გათვალისწინებით, რომელიც უკვე რეალური ხდება. ცუდი ხარისხის გზები ხელს უშლის საქართველოს განვითარებას, განსაკუთრებით, ტურიზმის განვითარებას. ამიტომ საგზაო პრობლემა საქართველოს პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლის ერთი უმთავრესი თემა გახლავთ. არსებობს გზების განვითარების საპრეზიდენტო პროგრამაც, რომელსაც არც პარლამენტი უარყოფს.
საერთოდ, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ასეთი დაპირისპირება: გზები შევინარჩუნოთ თუ პენსიები გავცეთ. დღეს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას გვაძლევს ორივე პრობლემა წარმატებით გადავჭრათ.
ასე რომ, კეთილი ვინებოთ და საბიუჯეტო გეგმები შევასრულოთ წლეულსაც და გაისადაც, თორემ უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ახლავე ვემზადებით მომავალ წელს ბიუჯეტის შეუსრულებლობისათვის. ასეთი განწყობით კი ბიუჯეტი შეიძლება მართლაც არ შესრულდეს.
მით უმეტეს, სიფრთხილე გვმართებს სოციალურ ფონდთან დაკავშირებით. მე ყველას შევახსენებ, რომ ფონდების საკითხი გამოკვეთილად ფიგურირებდა ჩემს საპრეზიდენტო პროგრამაში.
ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს: ფონდების არსებობა ხელს უწყობს (თუნდაც ირიბად) ინვესტორების მოზიდვას შესაბამის სფეროებში, ვინაიდან უცხოელი ინვესტორი ხედავს, რომ ეს მიმართულებები პრიორიტეტულია ქვეყნისათვის და მას ურჩევნია არა სახელმწიფოსთან, არამედ პირდაპირ ფონდთან და მის ხელმძღვანელობასთან ჰქონდეს ურთიერთობა. ასეთი ფონდები მსოფლიოში ძალიან ბევრია და ისინი მილიარდებს, ტრილიონებს ითვლიან. ჩვენ ბევრი რამის მიღება შეგვიძლია, თუ ასეთი ფონდები ავტომატურად იარსებებს.
ამიტომ, მე ვთხოვ ყველას, ვინც ჩართულია ამ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ, სანამ პარლამენტი შეუდგება ბიუჯეტის განხილვას, და მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება. ოღონდ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს არგუმენტირებული და არა ემოციური.
რაკი ბიუჯეტის საკითხებს შევეხე, აქვე უნდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო თავს ართმევს დაკისრებულ ვალდებულებას და - წარმატებითაც. გარკვეული გადაჭარბებითაც კი შესრულდა აგვისტოს გეგმა - ბიუჯეტში შევიდა 65 მილიონ 9000 ათასი ლარი. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აგვისტოში (მოგეხსენებათ, ეს ძალზე რთული თვეა ამ თვალსაზრისით) საბაჟო დეპარტამენტმა შეძლო საბიუჯეტო შემოსავლების გეგმის შესრულება. სულ მობილიზებულია 27 მილიონ 700 ათასი ლარი, რაც მიმდინარე წლის, უფრო მეტიც, საბაჟო სამსახურის არსებობის მანძილზე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ წარმატებაში უდიდესია საქართველოს რეგიონების, განსაკუთრებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წვლილი
ეს ტემპი არ უნდა მოდუნდეს, ვინაიდან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან სრულფასოვანი თანამშრომლობის განახლების თვალსაზრისით სექტემბერი და ოქტომბერი გადამწყვეტი იქნება. იმედი მაქვს, რომ ორივე სამსახური და თვით სამინისტროს ხელმძღვანელობა განახლებული კოლექტივით, ყველაფერს იღონებენ,რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქცია შეასრულოს ამ დარგში.
- დიდი რეზონანსი გამოიწვია „ახალი მოძრაობის“ შექმნამ, რომელშიც მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო სიით პარლამენტში შესული დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ სიახლისადმი?
- საქართველოს გაკვირვება ახალი მოძრაობებით ძნელია. ყოველდღე რაღაც იქმნება და რაღაც იშლება. როგორც მოგეხსენებათ, ახლახან დავბრუნდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არ მქონდა საშუალება გავცნობოდი ამ სიახლეს. თუმცა, თავისთავად, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა ჩვეულებრივი მოვლენაა დემოკრატიულ ქვეყანაში. მით უმეტეს, თუ ამ მოძრაობაში პატივსაცემი და ავტორიტეტული ხალხი მოიყრის თავს. მთავარია მიზანი ნებისმიერი დემოკრატიული გაერთიანებისა უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის განმტკიცება, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. იმდენად, რამდენადაც ახალი მოძრაობა ამ პრინციპებს იზიარებს, მე არ გამიჭირდება მასთან, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პარტიასთან თანამშრომლობა. თუმცა დაწვრილებით კომენტარისაგან ამჟამად მაინც თავს შევიკავებდი.
ჩემი ვარაუდით, დეპუტატების ეს ჯგუფი მაინც უმრავლესობასთან იქნება დაკავშირებული, რა თქმა უნდა, თუკი ისინი პრეზიდენტს უჭერენ მხარს. როგორც მითხრეს, პრეზიდენტს მხარს უჭერენ იმაში, რომ უმრავლესობასთან უნდა იყვნენ.
- მთელი საქართველო დაამწუხრა დიდი ნინო რამიშივლის გარდაცვალებამ...
- გუშინ მოკლე ინტერვიუ მივეცი საქართველოს ტელევიზიას. „საქართველოს რესპუბლიკის“ ხვალინდელ ნომერში დაიბეჭდება ჩემი წერილი, რომელიც ქალბატონი ნინოს ხსოვნას ეძღვნება. ახლა კი ვიტყვი, რომ ქალბატონი ნინოს გარდაცვალებით ქართული კულტურის კიდევ ერთი ტიტანი წავიდა მიწიერი საქართველოდან.
ჩემთვის, ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ეს ძალიან დიდი ტკივილი და აუნაზღაურებელი დანაკლისია.
სანუგეშოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ილიკო სუხიშვილს და ნინო რამიშვილს დარჩათ ისეთი მემკვიდრე, როგორიცაა თენგიზ სუხიშვილი, რომელიც შესანიშნავი ქორეოგრაფია, და, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად განაგრძობს მშობლების დიდ ეროვნულ საქმეს.
„ეს იყო ათასწლეულის საკადრისი სამიტი - მწარე სიმართლით, პირუთვნელობით, გენერირებულ იდეათა დონითა და მასშტაბით“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 11 სექტემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 12 სექტემბერი. - №247 (3648). - 1,2 გვ.
![]() |
43 ბატონ თენგიზ ღვინიაშვილს დაბადების 75 წლის იუბილეზე |
▲back to top |
ბატონო თენგიზ,
დაბადების დღეს გილოცავთ შესანიშნავ ხელოვანსა და პედაგოგს.
თქვენ და თქვენი მეუღლე, ქალბატონი თათული, თქვენი თაობის ძნელი ბედის სამაგალითო განსახიერება ხართ, როგორც ჭირთათმენით, ისე სიცოცხლის სიხარულის მუდმივი განცდით. იქნებ ამიტომაც თქვენთან ყოველ შეხვედრას დიდი სიამოვნებით ვიგონებ.
ახლახანს გიორგი ლეონიძის შესანიშნავი ძეგლით გაგვახარეთ. ეს ძეგლი მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ თქვენი თანაავტორი თქვენივე ვაჟია. მე მიხარია, ეს მემკვიდრეობითობა და იმედი მაქვს, რომ ისიც ღირსეულად გააგრძელებს თქვენს საქმეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ახალ შემოქმედებით წარმატებებს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ თენგიზ ღვინიაშვილს დაბადების 75 წლის იუბილეზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 13 სექტემბერი. - №248 (3649). - 1გვ.
![]() |
44 „დღეს სასწავლო წელი სრული მასშტაბით განახლდა... გისურვებთ წარმატებებს სწავლაში, ცოდნის დაუფლებაში ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს საკეთილდღეოდ და საბედნიეროდ“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
18 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- დღეს, წვიმიანი, ნამდვილი შემოდგომის ამინდის მიუხედავად, საზეიმო განწყობილებაა საქართველოს უდიდესი ნაწილის საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც დაიწყო ახალი სასწავლო წელი. რას ეტყოდით ჩვენს მოსწავლე ახალგაზრდობას, სტუდენტებს, პედაგოგთა უზარმაზარ არმიას? - ჟურნალისტის ციური ბაჯელიძის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- მე ძალიან მოკლედ მოგახსენებთ იმიტომ, რომ ზოგიერთ რეგიონში სწავლა უკვე დაიწყო.
დღეს სასწავლო წელი სრული მასშტაბით განახლდა, ყველა სკოლა, სასწავლებელი, საბავშვო ბაღი, ყველა ოჯახი და ყველა ქუჩა გამოცოცხლდა და გამხიარულდა.
ვულოცავ მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ბებიებსაც და ბაბუებსაც ამ ლამაზ დღეს. გისურვებთ წარმატებებს სწავლაში, ცოდნის დაუფლებაში ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს საკეთილდღეოდ და საბედნიეროდ.
- გასულ კვირას სიდნეიში გაიხსნა ოლიმპიური ასპარეზობა, რომელშიც ქართველი ოლიმპიელებიც მონაწილეობენ. რას ეტყოდით მათ?
- მე მინდა, საგანგებოდ მივმართო ქართველ ოლიმპიელებს:
მართალია, წასვლის წინ აქ შევიკრიბეთ, შევხვდით და ჩემი სურვილებიც გადავეცი, მაგრამ ამჯერად, მინდა ხმა საქართველოდან მივაწვდინო.
თქვენ უნდა იცოდეთ და გრძნობდეთ, რომ ამჟამად მთელი საქართველო რწმენითა და იმედით შემოგცქერით.
გვჯერა, ყველაფერს იღონებთ იმისათვის, რომ ჩვენი სამშობლო ღირსეულად წარმოჩნდეს ამ დიდ მსოფლიო ფორუმზე.
შესანიშნავად გვესმის, რომ შერკინება მოგიწევთ თანამედროვე სპორტულ გიგანტებთან და უძლიერეს ათლეტებთან.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანას არა აქვს შესაძლებლობა, იმდენივე თანხა გამოყოს სპორტის განვითარებისათვის და სპორტსმენებისათვის, რამდენიც აყვავებულ და მდიდარ სახელმწიფოებს. ამ თვალსაზრისით თქვენი ბრძოლა გარკვეულწილად უთანასწოროც იქნება, მაგრამ ქართველებს ხომ უთანასწორო ბრძოლაშიც მრავალგზის მოგვიპოვებია გამარჯვება!
თქვენ ამ ვაჟკაცური და სულიერი ტრადიციის მემკვიდრენი და მატარებელნი ხართ.
არის, აგრეთვე, გამარჯვება ზნეობრივი: მოგიწოდებთ, რაც მთავარია, იბრძოლოთ ვაჟკაცურად, პატიოსნად, ღირსეულად, სპორტული ასპარეზობის ყველა დაწერილი თუ დაუწერელი კანონის დაცვით, იმის სრული შეგნებით, რომ ოლიმპიურ ასპარეზობაში დამოუკიდებელი საქართველოს მონაწილეობა თავისთავად დიდი ეროვნული გამარჯვებაა.
მწამს, ძალ-ღონეს არ დაიშურებთ, რათა გაახაროთ მშობელი ერი.
- გასული კვირის საინტერესო მოვლენად მსოფლიოში ოლიმპიური ასპარეზობის გახსნა იქცა. თუმცა, საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იუნესკოს გენერალური დირექტორის კოიშირო მაცუურას ვიზიტი. ამავე დროს, თქვენ, კოლეგებთან ერთად, საბიუჯეტო პროცესის კონტექსტით განიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრამა. გარდა ამისა, საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალთა შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი შელტონი. როგორ შეაფასებდით ამ მოვლენებს?
- მე დავიწყებდი ეკონომიკური პრიორიტეტებით. არაერთგზის მითქვამს, რომ ეკონომიკა ყველაფრის თავი და თავია. მათ შორის, თანამედროვე სპორტულ ასპარეზზე წარმატებისაც.
გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ 2001 წელს სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალი. ბუნებრივია, მხოლოდ „ჩამონათვალი“, ვინაიდან წარმოდგენილია 953 მილიონი ლარის ღირებულების 172 პროგრამა.
რა თქმა უნდა, დეტალური ანალიზის შემდეგ პროგრამათა რაოდენობა, ისევე, როგორც თანხების მოცულობა, შემცირდება, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი დადებით მოვლენად მიმაჩნია, ვინაიდან იგი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად იზრდება ეკონომიკური აქტიურობა, პერსპექტიული მიმართულებაც მრავლად არის.
საბოლოოდ, ალბათ, ყურადღებას შევაჩერებთ დაახლოებით 135 პროგრამაზე, რომელთა რეალიზაციას 476 მილიონ 700 ათასი ლარი სჭირდება. აქედან 303 მილიონი ლარი სოციალურ პროგრამათა დაფინანსებას მოხმარდება, ვინაიდან ეს ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, რაც კიდეც აისახა საპრეზიდენტო პროგრამაში.
თუმცა, წარმოდგენილი პროგრამები მოიცავს საზოგადოებრივი საქმიანობის პრაქტიკულად ყველა დარგს - განათლებას, ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ უზრუნველყოფას, ლტოლვილთა შემწეობას, უშიშროებას, თავდაცვას, მართლწესრიგს, სამეცნიერო-კვლევითსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, ინფრასტრუქტურას, ინვესტიციებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ეს გახლავთ პირველი რიგის პროგრამები. მაგრამ ყველა პროგრამა მხოლოდ ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება. ამიტომ, უმთავრესი ამოცანაა, მოიძებნოს ბიუჯეტგარეშე დაფინანსების წყაროები. აქ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მინისტრებისა და უწყებათა ხელმძღვანელების პროფესიონალიზმზე, შრომისუნარიანობაზე, გამჭრიახობაზე, როგორც იტყვიან, შნოსა და მარიფათზე.
პრეზიდენტს ბევრი რამ შეუძლია, ვაკეთებ კიდეც, ოღონდ წარმოუდგენელია ცალკეულ ინვესტორთა თუ ბიუჯეტგარეშე დაფინანსების ცალკეულ წყაროთა მოძიებისა და მოწვევისათვის პასუხისმგებელი პრეზიდენტი იყოს.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგიერთი დღემდე ვერ მიმხვდარა, თუ რა მოეთხოვება მინისტრს, უწყების ხელმძღვანელს, რეგიონის წინამძღოლს თანამედროვე ეტაპზე: მოეთხოვება, უპირველეს ყოვლისა, ინიციატივა და ახალი იდეები, თორემ კაბინეტში ჯდომა და ქაღალდების ქექვა ყველას ეხერხება. ჩვენ შევდივართ უაღრესად რთულ პერიოდში, როცა მრავალი საკითხის გადასაწყვეტად უმძიმესი, თავდაუზოგავი შრომა გველის.
ძალიან დიდი მისია დაეკისრება პარლამენტსაც.
კონკრეტულად, მიზნობრივ პროგრამებთან დაკავშირებით აუცილებელია დაჩქარდეს შესაბამისი კანონპროექტების მომზადება, რომლებშიც სხვა საკითხებთან ერთად განისაზღვრება მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შესაბამისი მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმი.
ბევრი რამ უნდა გაკეთდეს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღება-გაუმჯობესებისათვის. მინდა გაცნობოთ, რომ ანტიკორუფციულ სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა ამ დღეებში დამთავრდება. ბრძოლა, კი, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო. ძალიან ბევრი რამ მოსახლეობამ შეიტყო იმ სატელევიზიო პროგრამებიდანაც, რომლებმაც გამოიჩინეს ინტერესი ამ სფეროსადმი. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პირველი არხის გადაცემა, რომელშიც შემაშფოთებელი ფაქტები დასახელდა გრანტებთან დაკავშირებით. უკვე გავეცი განკარგულება, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია და მოსახლეობას უშუალოდ უნდა გავაცნოთ, რა გრანტები მიიღო საქართველომ წლების განმავლობაში, რას მოხმარდა ყველაფერი ეს, რამდენი დაგროვდა და რამდენი არ დაგროვილა. ასე რომ, პრაქტიკულად, ბრძოლა უკვე დაიწყო. მე არ ვლაპარაკობ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სხვების შესახებ, მათ ათობით, ასობით საქმე აქვთ აღძრული, მიმდინარეობს კვლევა-ძიება. დარწმუნებული ვარ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებიც შესაბამისად აისახება ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში, თითოეული თქვენგანის საოჯახო შემოსავალში.
და, რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, მინდა განვაცხადო, რომ პრივატიზაციის შედეგები არ გადაისინჯება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მეწარმე შეშფოთებულია. თუნდაც იყოს დაშვებული რაღაც შეცდომა, ან უზუსტობა, ახლა შეიძლება სჯობდეს, ადამიანებს ხელი არ შევუშალოთ, თუკი წარმოება გამართულად მუშაობს, ქმნის პროდუქციას და გადასახადსაც იხდის. უბრალოდ, დაისჯება ის, ვისაც სახელმწიფო ქონება უკანონოდ აქვს მიტაცებული, ამას დაადასტურებს გამოძიება და, შესაბამისად, სასამართლო გამოიტანს განაჩენს.
პარასკევს მე მოვიწვიე მთავრობის წევრთა სამუშაო თათბირი, რომელიც მთლიანად 2001 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიეძღვნა. მთავარი დასკვნა ის არის, რომ ცენტრალურ ბიუჯეტში შემოსავლის გაზრდისა და შესაბამისი მიმართულების დაფინანსებისათვის აუცილებელია ეფექტიანი და ქმედითი ღონისძიებების განხორციელება. აქ, ასე ვთქვათ, „პირველი ვიოლინოს“ პარტია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, რომლის საქმიანობა უკვე გამოირჩევა მიზანმიმართულობით. წარმატებით მიმდინარეობს სამსახურების რეფორმირება, რაც სამაგალითო გახდება ბევრი უწყებისათვის.
ამასთანავე, აუცილებელია ახალი რეზერვების, ახალი წყაროების გამონახვა და გამოყენება. მე პატივს ვცემ ფინანსთა მინისტრს. ახალგაზრდა, ენერგიული, პატიოსანი, შეუპოვარი და ინიციატივიანი კაცია, თუმცა, ვერ გავიზიარე მისი წინადადება საგზაო და სოციალური ფონდების გაუქმების თაობაზე.
მესმის, რომ მინისტრის ბატონ ზურაბ ნოღაიდელის მოტივი სავსებით კეთილშობილური იყო, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, შევინარჩუნოთ ინსტიტუციური რეფორმის ის დონე, რომელსაც მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, ბატონი ზურაბი მისთვის ჩვეული პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდება ამ საკითხს და უახლოეს ხანში, ალბათ, ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტს იმ მოსაზრებათა გათვალისწინებით, კოლეგებმა რომ გამოთქვეს თათბირზე. ალბათ, კიდევ ბევრი უძილო ღამე ექნებათ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს და მინისტრს, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს, ბიუჯეტის პროექტი კონდიციამდე უნდა მივიყვანოთ.
აქვე საგანგებოდ უნდა აღვნიშნო საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ძალისხმევა. ამის თაობაზე გაკვრით უკვე მოგახსენეთ, მაგრამ ციფრებიც მრავლისმეტყველია: თქვენ იცით, რომ ზაფხულის თვეებში საგადასახადო შემოსავლის გეგმა ძალიან კარგად შესრულდა და ახლა მნიშვნელოვანია, რა მოხდება სექტემბერში. სექტემბრის განვლილ პერიოდში საგადასახადო შემოსავლის სახით მობილიზებულია 18 მილიონი ლარი. აქედან ცენტრალურ ბიუჯეტში 12 მილიონ 700 ათასი ლარი. მაშასადამე, სექტემბერი სამინისტრომ და ორივე დეპარტამენტმა კარგად დაიწყეს. სულ რვა თვის განმავლობაში კი აკრეფილია 568 მილიონ 900 ათასი ლარი, აქედან სახელმწიფო ფონდებში -112 მილიონ 600 ათასი ლარი. რა თქმა უნდა, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ წელს და საერთოდ გასულ თვეში.
რაც შეეხება იუნესკოს, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას. ამ უნივერსალურ ორგანიზაციასთან საქართველომ ბოლო წლებში მრავალმხრივი, და, მე ვიტყოდი, უნიკალური, შინაარსიანი ურთიერთობა დაამყარა.
ბატონი კოიშირო მაცუურა შესანიშნავად იცნობს „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტს, იცის მისი ისტორიაც და მიაჩნია, რომ მისი სათავე იაპონიაში დაიწყო. ამ საკითხზე ცოტა ვიდავეთ კიდეც, მე ვიცი, რომ ჩინეთიდან დაიწყო, თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა. მან თავად წამოჭრა ეს თემა ჩვენი შეხვედრისას. საგანგებო ყურადღება დავუთმეთ საქართველოში განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და ინტერნეტიზაციის სფეროთა განვითარებას, ასევე სკოლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს კომპიუტერიზაციას, აგრეთვე, განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიის ათვისებას. მოგეხსენებათ, ამ თვალსაზრისით იუნესკოს განსაკუთრებული შესაძლებლობანი აქვს და საქართველოსთვის უკვე შემუშავებულია მზისა და ქარის ენერგიათა გამოყენების რამდენიმე საინტერესო პროექტი.
ეს ორგანიზაცია კვლავაც დაეხმარება საქართველოს, რათა ერთად დავიცვათ და კაცობრიობას შევუნარჩუნოთ კულტურისა და ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუშები, ჩვენს ხალხს ათასწლეულთა განმავლობაში რომ შეუქმნია. ჩემი აზრით, ძალზე გამართლებული ღონისძიება გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გენერალურ დირექტორს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს.
სასარგებლოდ მიმაჩნია ჩვენს ქვეყანაში გენერალ შელტონის ვიზიტი.
ყველას შევახსენებ - შარშან, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ჩემი გამოსვლის ძირითად თეზისს: ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც დაგვეხმარება საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ნორმალურად ვითარდება. ამერიკელები დიდ დახმარებას გვიწევენ საზღვრების, მათ შორის, საზღვაო აკვატორიის დაცვასა და სამხედრო კადრების მომზადებაში. ასეთი დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნება საფუძვლიანი სამხედრო რეფორმის განხორციელება, რომლის პროექტსაც ამჟამად ვამზადებთ და არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხზე სათათბიროდ უახლოეს დღეებში საგანგებოდ მოვიწვევ შეიარაღებული ძალების გენერალიტეტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და სხვა სპეციალისტებს.
იმავდროულად, გენერალ შელტონის ვიზიტი სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვითანამშრომლებთ სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთთან, რასაკვირველია, ორმხრივ ინტერესთა საფუძველზე და აქ დიდი რეზერვებია გამოუყენებელი.
პირადად მე ვისურვებდი, რომ ამ ბაზაზე რუსეთთანაც ისეთივე ხელსაყრელი და სასარგებლო სამხედრო თანამშრომლობა გვქონდეს, როგორც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და მეგობრებთან.
გასულ კვირას გენერალი ტროშევიც იმყოფებოდა თბილისში. ესეც დადებითი მოვლენაა.
ჩვენ არ გაგვიუქმებია რუსეთის თავდაცვის მინისტრის მარშალ სერგეევის მოპატიჟება - ეწვიოს საქართველოს.
მომავალ ორშაბათს ნატოს გენერალური მდივანი სამდღიან ვიზიტად გვესტუმრება. ჩრდილოატლანტიკურ კავშირთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ჯერჯერობით სიმბოლური სამხედრო წვრთნითა და ერთობლივი სამეცნიერო გამოკვლევებით გამოიხატება.
საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქცია შეიძინა. ჩვენი ქვეყანა ევრაზიის დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო გახდა. ამიტომ, ნურავის აკვირვებს სხვა სახელმწიფოთა ინტერესი და ყურადღება საქართველოს სტაბილურობისა და უშიშროების საკითხებისადმი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისადმი.
- ჩვენი დღევანდელი საუბარი ახალი სასწავლო წლით დავიწყეთ, რომლის დაგვიანება უჩვეულოდ ცხელმა ზაფხულმა, უწყლობამ და გვალვამ განაპირობა, გვალვამ, რომელმაც სერიოზულად დააზარალა სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით, კახეთის რეგიონი. რა კეთდება გვალვის მძიმე შედეგების დასაძლევად?
- ეს ძალიან აქტუალური თემაა, რომელიც მთელ ქვეყანას აწუხებს. გვალვის შედეგების დაძლევას, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მინდა რადიომსმენელს მოვახსენო, რომ ყველაფერს ვიღონებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა უწინარესად დაზარალებული რაიონები უზრუნველვყოთ სათესლე მასალით, აგრეთვე, დავაგროვოთ რესურსები იმ ოჯახების გამოსაკვებად, რომლებმაც მთლიანად დაკარგეს მოსავალი. 700 ათასზე მეტ მოქალაქეს სჭირდება გადაუდებელი დახმარება და ჩვენ ამას შევძლებთ, აუცილებლად შევძლებთ. მოგეხსენებათ, ნიუ-იორკში ჩემი ვიზიტისას ამერიკის მთავრობამ გამოყო რამდენიმე მილიონი დოლარი ქვეყნისათვის სასწრაფო დახმარების გასაწევად. ამავე დროს, ისინი გვეუბნებიან, რომ მარცვლეული შედარებით ხელსაყრელ ფასებში შეიძლება შევიძინოთ ამერიკის ბაზარზე, და ეს ყველაფერი დაურიგდება მოსახლეობას. თაღლითობის გამორიცხვის მიზნით, მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების დარიგებაში თვით ამერიკელებიც მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისი მუშაობა სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა უიმედო.
სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად წყალსაცავების დაცარიელება მაწუხებს, რაც მძიმე მოვლენაა ჩვენი ენერგეტიკისათვის. თუმცა, გარემონტებული ბლოკები გადაეცა საექსპლოატაციოდ, რაც სერიოზული რეზერვია, მაგრამ, სამწუხაროდ, წყალსაცავებს აღარ ეშველება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემოდგომაზე მოსულმა წვიმებმა ისინი შეავსოს, მაგრამ გამოსავალს, ალბათ, აქაც მოვძებნით.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური-საქინფორმი.
„დღეს სასწავლო წელი სრული მასშტაბით განახლდა... გისურვებთ წარმატებებს სწავლაში, ცოდნის დაუფლებაში ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს საკეთილდღეოდ და საბედნიეროდ“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 18 სექტემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 19 სექტემბერი. - №253 (3654). - 1,2 გვ.
![]() |
45 ორიოდე სიტყვა გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენის ათი წლისთავთან დაკავშირებით |
▲back to top |
ათი წლის წინათ დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენა დიდად სცილდებოდა საკუთრივ აკადემიის მნიშვნელობას. ყოველივე ამით ქვეყნის სულიერი და პოლიტიკური ორიენტირებიც გაცხადდა, ჩვენს დიდ წინაპრებთან კავშირის კიდევ ერთი ძაფი აღდგა. კიდევ ერთხელ ითქვა, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.
ამ ხნის მანძილზე გელათის სასულიერო აკადემიამ და მის ბაზაზე შექმნილმა ქუთაისის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარიამ და სასწავლებელმა მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს სულიერების ამ დიდი კერის სრულად აღსადგენად და ასამოქმედებლად.
მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ გელათის სასულიერო აკადემიამ დაიბრუნოს ძველი ფუნქცია და ავტორიტეტი მსოფლიო ასპარეზზე.
ქართული სახელმწიფო კვლავაც დაეხმარება სულიერების, თეოლოგიისა და განათლების ამ დიდ კერას და იმედი მაქვს, აქ აღიზრდებიან და იმოღვაწებენ ის დიდი ქართველები, რომელნიც წინაპართა მსგავსად თავის ისტორიულ როლს შეასრულებენ ერის სულიერი აღორძინებისა და რელიგიური განსწავლის დიდ საქმეში.
ედუარდ შევარდნაძე.
ორიოდე სიტყვა გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენის ათი წლისთავთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 20 სექტემბერი. - №254 (3655). - 1 გვ.
![]() |
46 ჯუმბერ ლომინაძის დაბადების 70 წლის იუბილეზე |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ჯუმბერ,
დიდი კმაყოფილებით გილოცავთ დაბადების დღეს იმ საერთაშორისო კონფერენციის დღეებში, რომელიც თქვენს პატივსაცემად იმართება ბორჯომში, მხედველობაში მაქვს საერთაშორისო კონფერენცია „პლაზმურ ასტროფიზიკაში“.
თქვენ იმდენად რთულ სფეროში მოღვაწეობთ, რომ ჩვეულებრივი ადამიანური ყოფიდან, ჩვეულებრივი ადამიანებისაგან განზე უნდა იდგეთ, მაგრამ თავად ხართ ისეთი, რომ განზე დგომა არ შეგიძლიათ, ამიტომ ყველგან ხართ და ყოველთვის.
მე მოხიბლული ვარ თქვენი და აწ გარდაცვლილი თქვენი მეუღლის, ქალბატონი ლიას საოცარი სიყვარულის ისტორიით. მოხიბლული ვარ თქვენი ფოტოხელოვნებით, თქვენი საზოგადოებრივი მოღვაწეობითა და, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი ფოკუსებითაც.
მე ყოველთვის მხიბლავს თქვენი და თქვენნაირ ადამიანთა მუდმივი სწრაფვა - იყვნენ ახალგაზრდებთან და მუდამ იყვნენ სულით ახალგაზრდები.
სწორედ ამიტომაა, რომ თქვენ სამაგალითო პედაგოგი ხართ, თეორიული ასტროფიზიკის ძლიერი სკოლის შემქმნელი, ცაში წარმატებით ეძებთ დედამიწაზე დაკარგულ ჭეშმარიტებას და, რამდენადაც ვიცი, ნახულობთ კიდეც.
სწორედ ამ სამეცნიერო მოღვაწეობისა და სამაგალითო პატიოსნების გამო თქვენ მისაღები აღმოჩნდით საზოგადოების ყველა ფენისათვის იმ რთულ საქმეში, რასაც არჩევნების ჩატარება ჰქვია.
რა გითხრათ, კიდევ ბევრია კეთილად სათქმელი, მაგრამ ჟანრს თავისი კანონები აქვს. მე იძულებული ვარ აქ დავასრულო, მოგილოცოთ დაბადების დღე და კარგად ყოფნა გისურვოთ თქვენს დიდ ოჯახსა და დიდ საქმეებთან ერთად.
ედუარდ შევარდნაძე.
P.S. როგორც ქალბატონი ნანული მკარნახობს, იგი ყოველ სიტყვას სრულად ეთანხმება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს.
ე. შ.
ჯუმბერ ლომინაძის დაბადების 70 წლის იუბილეზე : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 20 სექტემბერი. - №254 (3655). - 1 გვ.
![]() |
47 პლაზმურ ასტროფიზიკაში ბორჯომის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს |
▲back to top |
ქალბატონებო და ბატონებო,
მივესალმები საქართველოში იმ კონფერენციის ჩატარებას, რომელიც უკვე საერთაშორისო ტრადიციად იქცა, მაგრამ წელს, ამ კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი, გარკვეული თვალსაზრისით, მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში პლაზმური ასტროფიზიკისა და ზოგადად პლაზმის ფიზიკის დარგში მიღებულ შედეგებს შეაჯამებს. ამასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, აქ იქნება მსჯელობა მომავალი გეგმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებაც და იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ კონფერენციაზე მხოლოდ ციურ სხეულებზე კი არ იქნება საუბარი, არამედ იმ ახალგაზრდა ვარსკვლავებზეც, რომლებიც ბორჯომის კონფერენციაზე გამოჩნდებიან.
გარდა მეცნიერული დანიშნულებისა, ბორჯომის ამ კონფერენციას, ვფიქრობ, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტიც აქვს. იგი ეძღვნება გამოჩენილი მეცნიერისა და არაორდინარული პიროვნების ჯუმბერ ლომინაძის დაბადების 70 წლისთავს. იგი რომ ჭკვიანი კაცი და გამორჩეული პიროვნებაა იქიდანაც ჩანს, რომ თავის დაბადების დღეს ასეთ ადამიანებს მოუყარა თავი და ასეთი მეცნიერული ღონისძიება მოაწყო.
მე ვულოცავ მას და ყოველ თქვენგანს ამ კონფერენციის დაწყებას.
დარწმუნებული ვარ, ბორჯომში ყოფნა დაგამახსოვრდებათ არა მარტო შესანიშნავი ბუნებითა და თქვენი საკადრისი მასპინძლობით, არამედ იმ არაჩვეულებრივი იდეებითაც, რომლებიც აქ გამოითქმება და, იმედი მაქვს, პლაზმური ასტროფიზიკის განვითარებაში ეს კონფერენცია თავის კვალს დატოვებს.
გისურვებთ წარმატებულ მუშაობასა და იმ ვარსკვლავების მოწყვეტას, რომელზეც ყოველი ჩვენგანი ბავშვობიდან ოცნებობს.
ედუარდ შევარდნაძე.
პლაზმურ ასტროფიზიკაში ბორჯომის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 20 სექტემბერი. - №254 (3655) - 2გვ.
![]() |
48 საბერძნეთისა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა და ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთ თვალსაჩინო მოვლენად იქცევა |
▲back to top |
ქალბატონებო და ბატონებო,
გულითადად მოგესალმებით და საჭიროდ ვთვლი გითხრათ, რომ ქართული მეცნიერებისათვის დიდი პატივია ელინისტიკის დარგში ესოდენ მნიშვნელოვანი კონფერენციის თბილისში გამართვა, ეჭვი არ მეპარება, იგი საბერძნეთისა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა და ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთ თვალსაჩინო მოვლენად იქცევა.
დღეს, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო სახელმწიფო დამკვიდრებას იწყებს ევროპულსა და მსოფლიო თანამეგობრობაში, საბერძნეთის თანადგომას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ თანადგომის გამოხატულებაა საბერძნეთის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების ბატონ კონსტანტინოს სტეფანოპულოსის ვიზიტი საქართველოში, ჩემი საბერძნეთში ყოფნის დაუვიწყარი დღეები, იქ გამართული ოფიციალური შეხვედრები, ქართული დელეგაციის საგანგებო პატივით მიღება, და ჩემი მოკრძალებული ღვაწლის ალექსანდრე ონასისის მაღალი პრემიით აღნიშვნა.
ჩვენ მუდამ ვგრძნობთ საბერძნეთის მუდმივ მზაობას დაგვეხმაროს და თავად ჩვენც ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს საბერძნეთსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას. და აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ბერძნულ-ქართული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიას თავისი ხანგრძლივობითა და ინტენსივობით, ალბათ, ცოტა თუ მოეძებნება ანალოგი მსოფლიოში. ამ ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი ფურცელია ლტოლვილ პონტოელ ბერძენთა საქართველოში დამკვიდრება და აქ მათი გამორჩეული მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელთანაც დაკავშირებულია ქართული მეცნიერების კორიფეების ელინისტების გრიგოლ წერეთლისა და სიმონ ყაუხჩიშვილის მოღვაწეობა, წარმატებით აგრძელებს შუა საუკუნეების ქართული მეცნიერებისა და განათლების ცნობილი კერების ტრადიციებს ბერძნული კულტურისა და ენის შესწავლის სფეროში. სულ ახლა კი, დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირების მძიმე წლებში, მან გამონახა შესაძლებლობა ბერძნულ მხარესთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით შეექმნა ამ დარგის სპეციალური სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც დღევანდელ საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის დარგში წამყვან ცენტრს წარმოადგენს. ეს იმის საწინდარი გახლავთ, რომ საქართველოში კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიექცევა დარგს, რომელსაც ქალბატონებო და ბატონებო თქვენ წარმოადგენთ, რომ ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ოცდამეერთე საუკუნეში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ კონფერენციის მონაწილეებს და წარმატებები გისურვოთ თქვენი უძველესი დარგის სადიდებლად და საკეთილდღეოდ.
ედუარდ შევარდნაძე,
საქართველოს პრეზიდენტი.
საბერძნეთისა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა და ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთ თვალსაჩინო მოვლენად იქცევა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 21 სექტემბერი. - №255 (3656). - 2გვ.
![]() |
49 ნოდარ გურაბანიძის დაბადების 70 წლისთავზე |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ნოდარ,
დაბადების დღეს გილოცავთ, მეტად მნიშვნელოვან თარიღს.
ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ეს ჩვენი ურთიერთობა მუდამ კმაყოფილებას მანიჭებს.
მე ყოველთვის ყურადღებით ვეკიდები თქვენს აზრს თეატრალურ ხელოვნებაზე, რადგან ჭეშმარიტი პროფესიონალი ბრძანდებით.
ორმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ თქვენ არ შეგენიშნოთ, არ შეგეფასებინოთ და არ განგესაზღვროთ მისი ადგილი ქართულ კულტურულ ცხოვრებაში.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე ქართული თეატრის ისტორია თქვენი წერილებისა და წიგნების გარეშე წარმოუდგენელია.
ისიც ვიცი, რომ თქვენ ახალგაზრდებს გადასცემთ არა მხოლოდ თქვენს ცოდნას, არამედ პირადი მაგალითით იმასაც ასწავლით, თუ როგორ უნდა იყოს ადამიანი მუდამ ახალგაზრდა.
ყოველივე კარგს გისურვებთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ნოდარ გურაბანიძის დაბადების 70 წლისთავზე : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 21 სექტემბერი. - №255 (3656). - 1 გვ.
![]() |
50 ედუარდ შევარდნაძე: რელიგიათა, კონფესიათა თანაარსებობა საყოველთაოდ კეთილდღეობის, სტაბილურობის მისაღწევად |
▲back to top |
ქრისტეშობის 2000 წლისთავისადმი მიძღვნილი გელათის
მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო სესიაზე
21 სექტემბერს წაკითხული მოხსენება
უპირველეს ყოვლისა, ორიოდე სიტყვით უნდა ვთქვა, რატომ ავირჩიე მოხსენებისათვის ეს კონკრეტული თემა და არა სხვა.
კომუნისტური წარსულიდან ბევრ ჩვენგანს საკმაოდ მკაფიოდ და, ალბათ, სულაც - მტკივნეულად, ახსოვს - რა გამანადგურებელ შედეგებამდე მიიყვანა კომუნისტური იდეოლოგიის აგრესიულმა ათეიზმმა და ნებისმიერი რელიგიის მიმართ შეურიგებელმა ვეებერთელა საბჭთა იმპერია, უღმრთო საზოგადოება და უიმედო ადამიანი და რა სიმახინჯედ იქცა მოკვდავ ბელადთა გაუკვდავებისა და გაღმერთების, იშვიათად გულწრფელი, უფრო ხშირად კი ფარისევლური, მცდელობანი. იმ ძნელ რეალობაში ადამიანები იძულებულნი იყვნენ შეენიღბათ თავისი რელიგიურობა, მეტიც, ტრაგიკული გაორებით შეგუებოდნენ რელიგიასთან იმ ბარბაროსულ ბრძოლას, რაც ათასობით ღვთისმსახურის დევნასა და საკულტო ნაგებობების თუ ნივთების განადგურებასა და წაბილწვაში ვლინდებოდა.
ძნელი და სამარცხვინო დრო იყო.
ამ მკრეხელობასა და ამ სირცხვილს ჩვენი საზოგადოება და ბევრი ჩვენგანი, როგორც დიდ ცოდვას, თან ატარებს და მისი შენდობისთვის მუდამ უნდა ვიოხოთ.
მაგრამ ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვა მხოლოდ ის კი არ არის, როდესაც პოლიტიკური სისტემა და მისი იდეოლოგია უპირისპირდება რელიგიურ გრძნობასა და ღვთის რწმენას, არამედ ისიც, და არანაკლებ ისიც, როდესაც რელიგიური ადამიანები, ადამიანთა რელიგიური ჯგუფები, რწმენის სხვადასხვაობის გამო უპირისპირდებიან ერთმანეთს, როცა დაპირისპირება სცილდება თეოლოგიურ დავას და საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის საშიშ და შეურიგებელ კონფრონტაციაში გადადის.
ყოველივე ამას არც ღმერთთან, არც რწმენასთან, არც მოყვასის სიყვარულთან და არც მიტევებასთან არაფერი საერთო არა აქვს. ღვთის სახელს ამოფარებული ჩვეულებრივი კრიმინალური ქმედებაა, ოღონდ ფარისევლური და, ამდენად, უფრო ამაზრზენი.
ერთ-ერთი დიდი საფრთხე ჩვენი ახალი სახელმწიფოსათვის სწორედ ეს გახლავთ და თემის არჩევანიც სწორედ მისმა სიმწვავემ და აქტიურობამ განაპირობა.
მსოფლიო ისტორიამ იცის მსგავსი, ოღონდ სხვადასხვა მასშტაბის დაპირისპირების ტრაგიკული მაგალითი - რელიგიური შიდა თუ გარე ომები, ადამიანთა დიდი მსხვერპლით, საზოგადოების დაშლითა და სახელმწიფოთა დანგრევით, სამწუხაროდ, ყოველივე ეს მეტ-ნაკლები სიმძაფრით და მასშტაბით ХХ საუკუნის მსოფლიოშიც გრძელდება და მას არც ჭეშმარიტ რწმენასთან აქვს არავითარი კავშირი, არც თანამედროვე ცივილიზაციასთან და არც მსოფლიო დემოკრატიზაციის შეუქცევად პროცესთან.
ოცდამეერთე საუკუნე, ჰანტინგტონის ცნობილი თეორიის მიხედვით, „ცივილიზაციათა კონფლიქტსაც“ გვპირდება, როცა ერთმანეთს დაუპირისპირდება ცივილიზაციები და აქ საწყისად სწორედ რელიგიური დაპირისპირება იქნება.
ყოველივე ამის დაშვება არ შეიძლება.
ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოს ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ აღიარა ქვეყნებისა და ხალხების თანაცხოვრებისა და თანაარსებობის პრინციპები, რომელთა შორის ერთ-ერთი ძირითადი ადგილი სინდისის თავისუფლებას უჭირავს.
და მაინც, ამ აღიარების გვერდით ყველაზე უფრო განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, რელიგიური შეურიგებლობის, რელიგიური შეუთავსებლობის ფაქტორი ხშირად მოვლენათა ტრაგიკულ განვითარებას იწვევს.
რატომ ხდება ასე?
რა კვებას შეურიგებლობის ამ სისხლისმსმელ ურჩხულს?
რა ვერ ახორცებს რელიგიური შეუთავსებლობის მუდამ სისხლმდინარე ჭრილობას?
ეს სულაც არ არის რიტორიკული შეკითხვები და მათ მხოლოდ თეოლოგები ვერ გასცემენ პასუხს. პასუხები კი, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში აუცილებლად გასაცემია.
მაგრამ მთავარზე მთავარი მაინც ისაა, რომ საზოგადოებაში ყოველთვის არიან ადამიანები, რომელთა ფსიქიკაც თავისუფალია ტოტალიტარიზმისაგან, რომელნიც მართლა ადგანან ღვთისკენ სავალ გზას, რომელნიც ღმერთმა აირჩია და რომელთა სულიც სავსეა ღვთის ნათელით. მათ ყოველთვის ეყოფათ მოთმინება, რომ გაიგონ სხვისი, პატივი სცენ სხვას და არ დაარღვიონ სხვისი სულიერი საზღვრები.
უპირველესი მაგალითი ამისა სამყაროს მასშტაბით მაცხოვარია, ჩვენთან კი, ჩვენი დიდი წინაპრები, დიდი ქართველობა.
საქართველოს რჯულთშემწყნარებლობის უნიკალური ტრადიციით შეუძლია შესაბამისი მაგალითი მისცეს როგორც თავის თავს, ისე მსოფლიოს.
ჩვენში არასდროს არ ყოფილა სხვა რჯულის მიმდევართა რბევა და თუკი დღეს ვინმე თავის თავს უფლებას აძლევს დაარბიოს სხვა რწმენის ადამიანები, მისთვის ამის უფლება სახელმწიფოს არ მიუცია, ეს ქართული ტრადიციების, ქართული ხასიათის საწინააღმდეგო, ხშირად ჩვენი მტრების მიერ დაკვეთილი პროვოკაციული ქმედებაა.
ათასჯერ თქმული და ათასჯერ მოგვიწონებია თავი იმით, რომ საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე ჩვენში ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობდნენ მართლმადიდებლები და იუდაველები, მაჰმადიანები და ცეცხთაყვანისმცემლები. ნუ დაგავიწყდება ისიც, რომ მართლმადიდებელი რუსეთიდან რელიგიური მიზეზით დევნილმა დუხობორებმა სწორედ საქართველოში მოძებნეს მშვიდი ნავთსაყუდებელი, დღესაც გრძელდება ეს მშვიდობიანი თანაარსებობა საქართველოს ერთგული და ღირსეული შვილებისა და სწორედ ამიტომ დემოკრატიულ საქართველოში ჩვენს თვალწინ მიმდინარე პროცესები და რელიგიური ანტაგონიზმის ცალკეული გამოვლენანი უთუოდ უნდა იქცეს ჩვენი, როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების ფიქრისა და განსჯის და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების საგნად.
რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ათეისტური იმპერიის დაშლამ უფრო გაამძაფრა სხვადასხვა რელიგიებს შორის და სხვადასხვა რწმენის მქონე ადამიანთა შორის არსებული წინააღმდეგობანი, რადგან რელიგიასთან ერთბაშად ნაზიარები უღვთო ადამიანები შინაგანად ისევ ტოტალიტარული ფსიქიკის პატრონებად დარჩნენ და ახალა უკვე ღვთის სახელით იწყეს სხვათა გმობა. მათ გააგრძელეს ათეისტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი შეურიგებლობა სოციალური ტრაგედიების წარმომშობი ლოგიკით - „ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია!“ და რევოლუციაში თუ კლასთა ბრძოლაში ვერდახარჯული უარყოფითი ენერგია რწმენის სფეროში იმ მოყვასის წინააღმდეგ წარმართეს, ვისი სიყვარულიც ღვთისმოსაობის უპირველესი ნიშანი და პირობაა.
ხომ ფაქტია, რომ საბჭოთა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის უცხო იყო ის რელიგიური გრძნობა, რომელიც ჭეშმარიტ მორწმუნეს ახასიათებს. მართლმადიდებლობა, კათოლიკობა თუ მუსლიმანობა მათთვის, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ტრადიციის ან კულტურის ერთ-ერთ მახასიათებლად რჩებოდა და მეტი არაფერი. ათეიზმიდან თეიზმისაკენ მკვეთრად შემობრუნებამ ადამიანები დააყენა დიდი სულიერი სიცარიელის შევსების აუცილებლობის წინაშე, კომუნისტური იდეოლოგიისგან გამოთავისუფლებული სივრცე ისევ ღვთის რწმენით უნდა აღვსებულიყო და ღმერთთან „ახალი მისვლა“, თუკი შეიძლება ასე თქვას, როგორც საზოგადოებისთვის, ისე პიროვნებისთვის, საკმაოდ ძნელი და მტკივნეული აღმოჩნდა.
სხვადასხვა მიზეზთა გამო, საზოგადოების ამა თუ იმ პიროვნებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა იმის ცოდნა, რომ მათი წინაპრები ტრადიციულად ამა თუ იმ აღმსარებლობის მიმდევარნი იყვნენ. მათ სურთ თავისუფალნი იყვნენ რწმენის არჩევანში არა მარტო თანამედროვეთაგან, არამედ წინაპართაგანაც. კანონი მათ აძლევს ასეთი არჩევნის უფლებას, თუ მათ არჩევანს სხვისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის ზიანი არ მოაქვს.
დღევანდელი საქართველო, მსოფლიოს მიმართ გახსნილი და, გარკვეულწილად, დაუცველიც, ამ მხრივ დიდი არჩევანის საშუალებას იძლევა. მაგრამ დიდი არჩევანის საშუალებასთან ერთად აქ დიდი კონკურენციაცაა, რადგან, როგორც ითქვა, უეცრად გახსნილი საზღვრებით საქართველო პირისპირ აღმოჩნდა მსოფლიოს დიდი რელიგიების თუ ამა თუ იმ სექტის წინაშე, პირისპირ და დაუცველიც.
საქართველოს, ისე როგორც მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეს, ბევრი მისიონერი მოედო, რომელნიც უვიც, რწმენაში მერყევ თუ მაძიებელ ადამიანებს თავის მრწამს ახვევენ თავზე.
ერთი შეხედვით, პიროვნების სულიერი არჩევანი თითქოს საკმაოდ დიდია და შეუზღუდავი, მაგრამ ეს ყოველივე ეროვნული ცნობიერების დაშლის საფრთხესაც შეიცავს, რადგან ერის სული ყოველ ჩვენგანშია განფენილი და, შესაბამისად, ჩვენს, წარმოდგენებში, ჩვენს რწმენასა და კულტურაში ჰპოვებს ასახვას თავისი მთლიანობითა თუ ინდივიდუალური მრავალფეროვნებით.
რელიგია, რელიგიური შეხედულებანი აქ უდიდეს როლს თამაშობს.
მართალია, ქრისტიანობა ზეეროვნული მოვლენაა, მაგრამ საუკუნეთა მანძილზე ქრისტეს რწმენის ერთგულებამ, მისთვის წამებამ და მისი მცნებების შესაბამისად ცხოვრებამ, ქართველობის ეროვნული ხასიათის ჩამოყალიბებაზე უდავოდ დიდი გავლენა იქონია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
რაზეც ახლა ვმსჯელობთ, ეს ყოველივე, დროულად არის შესასწავლი და შესაბამისი დასკვნებიც გასაკეთებელი. იაფფასიანი საგაზეთო განცხადებები თუ პოპულისტური ქმედებანი აქ საქმეს მხოლოდ ვნებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ მართლა რელიგიურნი ვართ, შესაბამისად უნდა გავისარჯოთ კიდეც და ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მარტო ჩვენ კი არ ვაფასებთ ერთმანეთს, არამედ სხვებიც გვაფასებენ, გარედან მაცქერალნიც, და მხოლოდ ჩვენს პიროვნულ ავტორიტეტზე ნუკი ვიფიქრებთ, ქვეყნის ავტორიტეტზეც ვიფიქროთ.
ეს პრობლემა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, თავის ზოგად ასპექტში მსოფლიო პრობლემა გახლავთ და რჯულთშემწყნარებლობის ამ ტრადიციულ ოაზისში, საქართველოში, ბოლოხანს საკმაოდ ხშირად ჩვენი თვალისთვის და ჩვენი ყურისთვის მეტად შეუფერებლად იჩენს თავს.
თუ ტრადიციულმა რელიგიებმა საუკუნეთა მანძილზე, ერთმანეთთან ურთიერთობისას მეტნაკლებად გამონახეს მშვიდობიანი ენა, საზოგადოების ერთი ნაწილის მკვეთრ რეაქციას იწვევს თავად ამა თუ იმ რელიგიის წიაღში აღმოცენებული ესა თუ ის მიმართულება, სექტა თუ ეკლესიის წიაღს გარეთ ცალკეულ პიროვნებათა ქადაგებას აყოლილი საზოგადოების ჩამოყალიბება.
ხშირ შემთხვევაში ყოველივე ეს საზოგადოების არა მხოლოდ სულიერ ცხოვრებაში, არამედ საერო ცხოვრებაშიც იწვევს კონფლიქტებს, შფოთს, ადამიანთა დაპირისპირებას და საფრთხის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ინსტიტუტის მშვიდობიან ფუნქციონირებას, ადამიანთა მშვიდობიან თანაარსებობას, ანგრევს იმ სიყვარულს, რაც ღვთის რწმენის საფუძველთა საფუძველია ნებისმიერ რელიგიაში.
აქ ისმის კითხვა - არის კი უსაზღვრო, ანუ შეუზღუდავი პიროვნების რწმენის თავისუფლება, ისევე, როგორც პიროვნების თავისუფლება?
ეტყობა, პიროვნებისა თუ საზოგადოების რწმენის ესა თუ ის ასპექტი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, სწორედ ასე უნდა შეფასდეს: მოაქვს თუ არა ამა თუ იმ პიროვნების თუ საზოგადოების ერთი ნაწილის რწმენას ვნება სხვისთვის, სხვა პიროვნებისა თუ საზოგადოების ჯგუფისთვის, სახელმწიფოსთვის, ერისა და ქვეყნისთვის?
მოკლედ, ყოველი ჩვენთაგანის თავისუფლება სინდისის სფეროში ისევე, როგორც ზოგადად თავისუფლება, ჩვენსავე ინდივიდუალურ საზღვრებშია განფენილი და დაცული სახელმწიფოს მიერ, მაგრამ როგორც კი ადამიანი სხვის უფლებებსა თუ საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს ხელყოფს, კანონმა არ უნდა მისცეს მას ამის საშუალება და შეზღუდოს იგი, რადგან ყოველი ჩვენგანის თავისუფლება ჩვენივე მსგავსის თავისუფლების საზღვართან მთავრდება.
ამ მიმართულებით დიდი საკანონმდებლო სამუშაოებია ჩასატარებელი. ბევრი რამ აქამდეც უნდა გაკეთებულიყო.
რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ რელიგია შორს დგას პოლიტიკისაგან, საკმარისია რწმენათა დაპირისპირებამ ადამიანთა თუ ხალხთა შორის შეურიგებელი და დაპირისპირების ფორმა მიიღოს, რომ იგი დიდი და საშიში პოლიტიკური ვნებათაღელვის საფუძველი გახდება.
ამიტომ ცალკეული სახელმწიფოები და, საერთოდ, მსოფლიო თანამეგობრობა მაქსიმალური სიფრთხილით უნდა ადევნებდეს თვალს ყოველივეს, რათა ამ სფეროში არ წარმოიქმნას კრიტიკული სიტუაცია და საზოგადოების სტაბილურობის მიზნით გამოიყენოს პროპაგანდისა და ახსნა-განმარტების ყველა საშუალება, რათა სარწმუნოებისა და მორწმუნე ადამიანის მიმართ შეიქმნას ტოლერანტობის ატმოსფერო. ამასთან ერთად, მან, სახელმწიფომ, საფუძველშივე უნდა აღკვეთოს ყველა ცდა იმისა, რომ სარწმუნოებრივი განსხვავებულობა ვერავინ ვერ გამოიყენოს შუღლისა და მტრობის გასაღვივებლად.
სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყოველი მისი მოქალაქე მიიყვანოს იმის სრულ გაცნობიერებამდე, რომ სინდისის თავისუფლების სფეროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და იუნესკოს მიერ მიღებული მოთხოვნების ხელყოფა არა მხოლოდ არაადამიანურობაა, არამედ იგი ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობისათვის შეიძლება სავალალოც აღმოჩნდეს. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ დაუშვას ქვეყანაში ისეთი რელიგიური დაჯგუფებებისა და სექტების თვითნებობა, რომლებიც თავის საქმიანობას პიროვნების, საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართავენ, ან, საკუთარ რწმენასა თუ მოძღვრებას ამოფარებულნი, ფაქტობრივად, დანაშაულს სჩადიან.
ყოველივე ეს უნდა იქცეს არა მხოლოდ კანონმდებელთა და კანონდამცველთა ყურადღების საგნად, არ მხოლოდ პოლიტიკოსთა მსჯელობის საგნად, არამედ ღვთისმსახურთა და თეოლოგთა მსჯელობის, ქადაგებისა და მისიონერული მოღვაწეობის საგნადაც, რომ ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაბნეული სული უმწეო კრავივით არ დაიკარგოს.
კომუნისტურ ურწმუნოებას თავდაღწეული ადამიანების სულში დღეს მხოლოდ დიდი სიმშვიდე და დიდი სიხარული კი არ სუფევს, იქ დიდი დაბნეულობა და შეშფოთებაც იგრძნობა, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებისა და ეკონომიკური გაჭირვების გამო. სწორედ აქაა საჭირო ჭეშმარიტი მოძღვრის დროზე გაწვდილი ხელი, რომ სიბნელეში ხელის ცეცებით მავალს გზა გაუნათოს და ჭეშმარიტ რწმენას აზიაროს, იმ რწმენას, რომელსაც სხვისთვისაც მოაქვს შვება, იმედი და სიყვარული.
რელიგიური გრძნობა, ჩემი აზრით, ხაზგასმით პიროვნული გრძნობა გახლავთ, ყოველი ჩვენთაგანიც ღვთისკენ ხომ მხოლოდ თავისი სავალი გზებით მიდის, რომელიც ხშირად დახლართულია, წინააღმდეგობრივი და ტანჯვაში გამოტარებული. გარდა ამისა, ღვთის ასეთი თუ ისეთი აღქმა, ანუ სხვადასხვაგვარი რელიგიური ხედვა, განპირობებულია პიროვნების აღზრდითა და მისი ოჯახური თუ საზოგადოებრივი გარემოთი, ეროვნული ტრადიციითა და კულტურით, მორწმუნის ფსიქოლოგიით, მისი განსწავლულობით, მისი შინაგანი მზაობით ეზიაროს ღვთიურ ჭეშმარიტებას და ა.შ., მაგრამ საბოლოოდ მაინც, ღვთისკენ სავალ გზაზე ყოველ ჩვენგანს თავად ღმერთი ირჩევს და ეს, ალბათ, ყველა ზემოაღნიშნულ პირობაზე მეტს ნიშნავს, რადგან მხოლოდ ღმერთია ერთადერთი და შეუმცდარი, დროული და ყოვლისმხედი.
ამიტომ, ვიმეორებ, არავის, მათ შორის, სახელმწიფოსაც, არ აქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, განსაჯოს, რაოდენ ჭეშმარიტია მორწმუნის რწმენა, არ აქვს უფლება განსაჯოს მისი ქმედება, თუ მას ზიანი არ მოაქვს სხვა ადამიანისათვის, სხვა ცოცხალი არსებისათვის, საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსთვის, ერისა და ქვეყნისათვის.
მე, პირადად მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ძალიან გვიან მიბრუნებული ღვთის წიაღში. ჩემი ერის კულტურა და ისტორია ქრისტეს რწმენის აღიარების შემდეგ ამ რწმენასთან არის დაკავშირებული. სწორედ მაცხოვარმა და ღვთისმშობელმა გადაარჩინა ჩემი ერი მრავალ განსაცდელს, სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა ჩვენი თანამედროვე კულტურის საძირკველი, მაგრამ, საქართველოში არც მხოლოდ ქრისტიანები ცხოვრობენ და არც მხოლოდ მართმადიდებელნი და ჩვენ ერთმანეთის რწმენას ჩვენი დიდი წინაპრების მსგავსად პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ საერთო სამშობლოს, საქართველოს სადიდებლად - ჩვენ ხომ ერთი ქვეყნის, საქართველოს ერთგული შვილები ვართ. სხვათა შორის, ამ ერთიანობის განცდის გასაღვივებლად და განსამტკიცებლად ძალზე მნიშვნელოვანია ქრისტეშობის 2000 წლისთავზე ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ორგანიზებული მსვლელობანი ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს გზებზე.
მსგავსი ღონისძიებანი კვლავაც უნდა გაიმართოს.
ესაა რელიგიური ქადაგებისა და ერის მთლიანობის პროპაგანდის შესანიშნავი საშუალება, მაგრამ არა ერთადერთი, და რაც უფრო ხშირი იქნება მოსახლეობასთან ასეთი სულიერი ურთიერთობა, მით უფრო მოიგებს ქვეყანა, მით უფრო ახლოს იქნება ჭეშმარიტებასთან ყოველი ჩვენგანის არჩევანი და ცხოვრებისეული ნაბიჯი.
ადამიანმა თავისუფალი არჩევანი რომ გააკეთოს, უნდა იცოდეს, იგი თავისუფალი უნდა იყოს თავისი უვიცობისაგან, დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მას საკმარისი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს განსჯისათვის. სწორედ ამიტომ ჭეშმარიტი მრწამსის აღიარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს რელიგიურ განათლებას.
რა დასამალია და ჩვენ, უმეტესობას, ამ თვალსაზრისით, ხომ დიდი ხარვეზები გვაქვს.
არა მხოლოდ მორწმუნემ, არამედ ნებისმიერმა განათლებულმა ადამიანმა, თუნდაც ათეისტმა, უნდა იცოდეს, რაში მდგომარეობს ამა თუ იმ რელიგიის არსი, რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან, რას წარმოადგენენ სექტები, სექტანტები და ა. შ.
საზოგადოების რელიგიური განათლება დღეს უაღრესად აქტუალური და მწვავე პრობლემაა. ჩვენი საზოგადოებისა და საქართველოს განათლების სამინისტროს თავის მხრივ, და ტრადიციულ კონფესიათა სამსახურებს თავის მხრივ, აქ ძალზე ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, მაგრამ მე არ მინდა მათ რამე ვუკარნახო. თავის საქმე მათ უკეთ იციან.
საქართველოში ახლა იზრდება თაობები, რომელნიც ყმაწვილობიდანვე რელიგიურნი იქნებიან, უფრო ტოლერანტულნი, სიყვარულით უფრო სავსე, თავის რწმენაში ურყევნი და სხვისი რწმენის პატივისმცემელნი, რელიგიურად უფრო განათლებულნი, ბოლოს და ბოლოს...
და ისინი იმდენად იქნებიან თავის რწმენაში მტკიცენი, რამდენადაც ამას ჩვენი ეკლესია შეძლებს. საქართველოს ხვალინდელი სული დღევანდელი მოძღვრების რწმენის, ცოდნისა და მოყვასის სიყვარულის სიმაღლეზე, მათ მისიონერულ მოღვაწეობაზე იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე.
მე ვლაპარაკობ ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს მოქალაქეებზე, თავისუფალი ქვეყნისა და თავისუფალი საზოგადოების თავისუფალ მოქალაქეებზე, რომელნიც თავად გააკეთებენ პიროვნულ და საქვეყნო არჩევანს...
მოვლენათა ლოგიკით ვიცი, როგორ იქნება ეს არჩევანი, მაგრამ იმაშიც მინდა ვიყო დარწმუნებული რომ ისინი თავისუფალი არჩევანის უფლებასა და საშუალებას თავის თანამოქალაქეებსაც მისცემენ. ამ არჩევანმა მათში ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული უნდა განამტკიცოს, სიმშვიდე და სულიერი სიმდიდრე უნდა მოუტანოს საზოგადოებას, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს, იმ საქართველოს კანონიერ მემკვიდრეს, სადაც რჯულშემწყნარებლობა საუკუნეთა მანძილზე ერთი ძირითადი მახასიათებელი იყო ხალხისა და ქვეყნისა, ის სჯულთშემწყნარებლობა, რომელსაც არავისთვის და არსად ჯერ ვნება არ მოუტანია.
ედუარდ შევარდნაძე: რელიგიათა, კონფესიათა თანაარსებობა საყოველთაოდ კეთილდღეობის, სტაბილურობის მისაღწევად // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 22 სექტემბერი. - №256 (3657). - 1,2,3 გვ.
![]() |
51 ორიოდე სიტყვა გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენის ათი წლისთავთან დაკავშირებით |
▲back to top |
ათი წლის წინათ დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი - გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენა დიდად სცილდებოდა საკუთრივ აკადემიის მნიშვნელობას. ყოველივე ამით ქვეყნის სულიერი და პოლიტიკური ორიენტირებაც გაცხადდა, ჩვენს დიდ წინაპრებთან კავშირის კიდევ ერთი ძაფი აღდგა. კიდევ ერთხელ ითქვა, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.
ამ ხნის მანძილზე გელათის სასულიერო აკადემიამ და მის ბაზაზე შექმნილმა ქუთაისის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარიამ და სასწავლებელმა მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს სულიერების ამ დიდი კერის სრულად აღსადგენად და ასამოქმედებლად.
მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ გელათის სასულიერო აკადემიამ დაიბრუნოს ძველი ფუნქცია და ავტორიტეტი მსოფლიო ასპარეზზე.
ქართული სახელმწიფო კვლავაც დაეხმარება სულიერების, თეოლოგიისა და განათლების ამ დიდ კერას და იმედი მაქვს, აქ აღიზრდებიან და იმოღვაწებენ ის დიდი ქართველები, რომელნიც წინაპართა მსგავსად თავის ისტორიულ როლს შეასრულებენ ერის სულიერი აღორძინებისა და რელიგიური განსწავლის დიდ საქმეში.
ედუარდ შევარდნაძე.
ორიოდე სიტყვა გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენის ათი წლისთავთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 22 სექტემბერი. - №256 (3657). - 1 გვ.
![]() |
52 ოთარ მამფორიას ოჯახს |
▲back to top |
სამძიმარი
დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შესანიშნავი პოეტისა და დრამატურგის, გამორჩეული პიროვნების ბატონ ოთარის გარდაცვალების ამბავი.
მას ჰქონდა ის მკვეთრად გამორჩეული თვისებანი, რაც არა მარტო მის სიტყვას, არა მარტო მის საუბარს, არამედ მის სილუეტსაც კი განუმეორებელსა და საოცრად ქართულ ხასიათს ანიჭებდა.
ქართულ მწერლობასა და ქართულ სინამდვილეს დააკლდა ერთი მნიშვნელოვანი ფერი, ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა.
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი.
ედუარდ შევარდნაძე.
ოთარ მამფორიას ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 23 სექტემბერი. - №257 (3658). - 1 გვ.
![]() |
53 ქალბატონ ტერეზა და ბატონ ქრისტეფორე კირკიტაძეებს |
▲back to top |
მილოცვა
ქალბატონო ტერეზა,
ბატონო ქრისტეფორე,
გულითადად მოგესალმებით და უდიდესი პატივისცემით მოგიკითხავთ.
მინდა დიდი მადლობა გითხრათ იმ მუდმივი ზრუნვისათვის, რომელსაც თქვენ ავლენდით და ავლენთ ყოველივე ქართულისა და მთლიანად საქართველოსადმი.
ბუნებრივია და კანონზომიერი, რომ თქვენ საქართველოში უყვარხართ და დიდად გაფასებენ.
დიდ მადლობას მოგახსენებთ ბანკეტზე მოწვევისათვის და თუ შევძლებ მეუღლესთან ერთად გეწვევით, ხოლო თუ ვერა, ჩემი ქრონიკული მოუცლელობის ბრალი იქნება.
ბატონო ქრისტეფორე, ასევე ვსარგებლობ შემთხვევით და წარმატებას ვუსურვებ გერმანულ-ქართული ერთობლივი თანამშრომლობის საზოგადოებას, რომლის ვიცე-პრეზიდენტი თქვენ ბრძანდებით, ხოლო საპატიო პრეზიდენტები - დიტრიხ გენშერი, ოსკარ ლაფონტენი და თქვენი მონა მორჩილი.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ქალბატონ ტერეზა და ბატონ ქრისტეფორე კირკიტაძეებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 23 სექტემბერი. - №257 (3658) - 1 გვ.
![]() |
54 „ქვეყანას, რომელიც აღმავალ ტალღაზე იმყოფება და საკუთარი ისტორიის, ასევე, მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლობასაც სრულად აცნობიერებს, - უეჭველად ნათელი და ბედნიერი მომავალი აქვს მთელ კაცობრიობასთან ერთად“ |
▲back to top |
როგორც ვიტყობინებოდით, 22 სექტემბერს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა მოხსენება, რომელშიც მიმოიხილა გაეროს ათასწლეულის სამიტის შედეგები.
გთავაზობთ ამ მოხსენებას.
ძვირფასო მეგობრებო,
ბატონებო,
მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ დათანხმდით, მობრძანებულიყავით ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე.
ათასწლეულის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია კაცობრიობის ისტორიაში, მით უმეტეს, სამომავლო გეგმებსა და პროგრამებს ეხება. მე ბევრი ვიფიქრე, სად უნდა ჩამომეყალიბებინა ანგარიში. ასეთი არჩევანი გავაკეთე - გადავწყვიტე, შევხვდე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს. მე თქვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად ამირჩიეთ და, მინდა, მარტო საპატიო დოქტორი ვიყო, წელიწადში რამდენჯერმე, ალბათ, უნდა შევეხმიანოთ ერთმანეთს.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, და ეს სავსებით კანონზომიერია, უნივერსიტეტის აზრი, უნივერსიტეტის შეფასება იმ მოვლენებისა, რომელზეც ათასწლეულის სამიტზე იყო საუბარი. ვინაიდან ჩვენი ერის თეთრი ტაძარი ათწლეულების განმავლობაში საქართველოს როგორც ზნეობრივი, ასევე, ინტელექტუალური პოტენციალის შემკრები კერაა. ამდენად, უპირველეს ყოვლისა, სწორედ აქ, ამ კედლებში უნდა მოხდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ძირითადი მოვლენების განხილვა.
ეს იყო უპრეცედენტო თავყრილობა მეოცე საუკუნის ისტორიაში, როდესაც 160-მდე სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის ხელმძღვანელი შეიკრიბა, რათა შეეჯამებინა მიწურული საუკუნის მოვლენები, ის პროცესები, რომლებიც ამ საუკუნეში განვითარდა ჩვენს პლანეტაზე და გამოემუშავებინა ერთიანი პოზიცია, ერთიანი ხედვა და საერთო კონცეფცია კაცობრიობის სამომავლო პერსპექტივისა ოცდამეერთე საუკუნისა და მესამე ათასწლეულში.
მეოცე საუკუნე საქართველოსათვის, ისევე როგორც მთელი კაცობრიობისათვის უმძიმეს განსაცდელთა და, იმავდროულად, დიდ მიღწევათა ეპოქა აღმოჩნდა. ტოტალიტარულმა რეჟიმმა, გლობალური განვითარების სტრატეგიული გეზიდან გადახვევამ, ეროვნულ ინტერესთა უგულებელყოფამ, ძალმომრეობამ საქართველოს უდიდესი ზარალი მიაყენა. აუნაზღაურებელია ქართველი ხალხის, ქართული ინტელიგენციის დანაკლისი.
ამ საუკუნეში საქართველომ აღიდგინა და კვლავ დაკარგა ეროვნული სახელმწიფოებრიობა, მაგრამ საერთო-ეროვნული ძალისხმევით, საუკუნის დამლევს, მეორედ მოვიპოვეთ შანსი დავამკვიდროთ ჩვენი სამშობლო საერთაშორისო ასპარეზზე, ვითარცა თანასწორი და ღირსეული. როგორც დიდი პოეტი და მამულიშვილი ბრძანებდა „დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის“.
ცივი ომის დასრულებამ, გლობალური დაპირისპირების შეწყვეტამ და ახალი წესრიგის დამკვიდრებამ შესაძლებლად აქცია ტოტალიტარული რეჟიმების შედარებით უმტკივნეულოდ მოშლა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოქმნა. საქართველომ სწორედ ამ პროცესში მოიპოვა დამოუკიდებლობა. გულახდილად გეტყვით, ბედნიერი ვარ, რომ ბედმა მარგუნა მონაწილეობა მიმეღო იმ გარდაქმნებში, იმ გრანდიოზულ პროცესებში, რასაც საარსებო მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვისაც. მაგრამ სიამაყის ეს განცდა სრულყოფილი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დამკვიდრდება მსოფლიოში ახალი აზროვნება ახალი საუკუნის და ახალი ათასწლეულის შესაბამისად, და რაც მთავარია, საქართველო შეძლებს სრულად ისარგებლოს ამ პროცესთა კეთილისმყოფელი შედეგებით.
მეოცე საუკუნე ჩვენი სამშობლოსათვის იყო ეროვნული საზრისისა და ხედვის სრულქმნის, დიდი ილია ჭავჭავაძის მამულიშვილურ იდეათა საბოლოო განხორციელების, საერთო-ეროვნულ ინტერესთა გათავისების, დამოუკიდებლობისა და ეროვნულობისათვის ბრძოლის ხანა.
თავისუფლებისათვის ბრძოლას მრავალი გულმხურვალე, ღირსეული მამულიშვილი შეეწირა. ათასწლეულთა მრისხანე ჟამტეხილზე განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს მათი ღვაწლი და მათი ანდერძი.
მე განსაკუთრებით გამოვყოფ ამ პროცესში ქართულ ინტელიგენციას, რომელსაც ქართველი ერის, „სულიერი არისტოკრატია“ ვუწოდე სავსებით გამართლებულად, ვინაიდან იგი ჩვენი ერისა და სამშობლოს უპირველესი და უერთგულესი ჭირისუფალი იყო მთელი ამ მრისხანე ეპოქის განმავლობაში და, თუ გადარჩა საქართველო, თუ მან მოიპოვა დამოუკიდებლობა, უპირველეს ყოვლისა, ეს სწორედ მისი დამსახურებაა.
მეოცე საუკუნე მთელი კაცობრიობისათვისაც, შეიძლება ითქვას, გარდამტეხი მნიშვნელობისა აღმოჩნდა.
განვლილ ასწლეულში მსოფლიომ გადაიტანა რამდენიმე სისხლიანი რევოლუცია, ორი მსოფლიო ომი და არანაკლებ დამანგრეველი ცივი ომი.
საუკუნე სრულდება იმ ვითარებაში, როდესაც დაინგრა ერთა და პიროვნებათა გამყოფი კედლები. მიუხედავად ამისა, „ათასწლეულის შეკრებამ“, რომელიც გაეროს ეგიდით გაიმართა ნიუ-იორკში, ყველას თვალნათლივ გვიჩვენა, რომ ბრძოლა კაცობრიობის გადასარჩენად ჯერ არ დასრულებულა.
მაშასადამე, არ დასრულებულა ბრძოლა საქართველოსთვისაც, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა საკაცობრიო გაერთიანების განუყოფელი ნაწილია, იგი არსებობს იმ ტკივილებითა და პრობლემებით, გამარჯვებისა და დამარცხების იმ განცდით, რაც თვისებრივია მთელი პლანეტისათვის.
ჩვენთვის კი, უპირველეს ყოვლისა, საგულისხმოა სწორედ საქართველოს ადგილი, ჩვენი ქვეყნის ბედი, მისი მომავალი და, შესაბამისად, საქართველოს ფუნქცია, მისი წვლილი საკაცობრიო ძალისხმევაში.
ეს პრობლემატიკა მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს დღევანდელობას, დღევანდელ ჩვენს საზრუნავს და საფიქრალს, რაც ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე, ჩვენი ინიციატივით, ყოველთვის ფიგურირებდა ამ ბოლო წლების განმავლობაში.
მოგეხსენებათ, დიდი პოლიტიკა მცირე ნაბიჯებით იქსოვება.
აუცილებელია საქართველოს როლის, უფრო მეტსაც ვიტყოდი, - რეგიონსა და მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ღირსეული დანიშნულების, საქართველოს მისიის სწორი გააზრება, საკაცობრიო ინტერესებთან, პლანეტის განვითარების ძირითად ვექტორთან საქართველოს ეროვნულ ინტერესთა თანხვედრის გათავისება.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფართო საზოგადო მსჯელობა ამ საკითხებზე აუცილებლად მიმაჩნია, გარდაუვალია.
ყველას შესანიშნავად გვესმის, რომ ამჟამად საქართველოში მრავალმხრივ რთული მდგომარეობაა, მაგრამ ერთ პრობლემას განსაკუთრებით მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება. ბევრ მოაზროვნე ადამიანს ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება (შეიძლება იგი გარკვეულწილად ემოციურიც იყოს) და უჩნდება შესაბამისი კითხვაც: საზოგადოების ერთ ნაწილს ხომ არ შეეპარა ერთგვარი გულგრილობა საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის იდეისადმი? ხომ არ მოდუნდა ჩვენში ის ძარღვი, ის კეთილშობილი სულისკვეთება, რომელმაც მოუპოვა საქართველოს ნანატრი, ნაოცნებარი სახელმწიფოებრიობა, რისთვისაც თავგანწირულ მამულიშვილთა ათეულობით თაობა იბრძოდა სისხლიან საუკუნეთა განმავლობაში? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს სულისკვეთება, ეს ეროვნული ძარღვი, არამც და არამც არ მოდუნებულა. არავითარი საფუძველი ასეთი ეჭვისათვის არ არსებობს. ისევე, როგორც თქვენ, ხშირი კონტაქტი მაქვს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობასთან, ჩვენს ხვალინდელ დღესთან და მტკიცედ მჯერა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობისათვის შრომისა და ბრძოლის აუცილებლობას იგი სრულად აცნობიერებს.
თვით უმძიმესი განსაცდელის ჟამსაც კი, როდესაც ქართველი ერის ფიზიკური არსებობა იდო ბედისწერის სასწორზე, ეს სულისკვეთება არ შესუსტებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო უბრალოდ ვერ მოაღწევდა იმ საუკუნემდე, რომელსაც ამჟამად ვეგებებით მთელ კაცობრიობასთან ერთად.
ამ ერთგვარ გულგატეხილობასა და ეროვნული ნიჰილიზმით აღსავსე იჭვნეულობას, გულაცრუებასა და მკლავჩამოშვებულობას მე არასდროს შევურიგდები, ისევე, როგორც თითოეული თქვენგანი.
საქვეყნო ჭრილობანი კი, პრეზიდენტს სხვაზე არანაკლებ სტკივა თუ მეტად არა, ვინაიდან სრულად ვითავსებდი ყოველთვის ჩემს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ერისა და ისტორიის წინაშე. სხვა საქმეა, რა შემეძლო რეალურად და რისი გაკეთება არ შემეძლო.
თანამედროვე მსოფლიოშიც უმძიმესი ვითარებაა (მე ამის თაობაზე კვლავაც მოგახსენებთ მოგვიანებით). ყველა ის საკითხი, რაც ჩვენ გვაღელვებს და გვაწუხებს, სავსებით ჩვეულებრივია ათეულობით (და ასეულობით) ქვეყნისათვის დედამიწაზე. საქართველო არ არის მარტო ამ პრობლემების წინაშე. ჩვენი ძალისხმევა საკაცობრიო ძალისხმევას უერთდება.
საკუთარი წვლილი შეგვაქვს გლობალური განვითარების პროცესში და, იმავდროულად, მსოფლიოც გვეხმარება დავძლიოთ სირთულენი, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, წარმოუდგენელია საქართველოს პროგრესი იზოლირებულად, სხვა ერთა სოლიდარობისა და ძმური მხარდაჭერის გარეშე.
ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ხმა, საქართველოს „გეოპოლიტიკური ხელწერა“, თუმცა, შესაძლოა, მასშტაბით მოკრძალებულია, მაგრამ არსობრივად ღირსეული და ინტელექტუალურად ღირებული პოზიცია, - აუცილებლად უნდა ჩანდეს, იგრძნობოდეს, იცნობოდეს საერთაშორისო ასპარეზზე.
აქვე ვიტყვი, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რაც ზოგჯერ გაიჟღერებს ხოლმე მაღალი ტრიბუნებიდან, თითქოს ოცდამეერთე საუკუნესა და მესამე ათასწლეულში კაცობრიობის ბედს მხოლოდ დიდი სახელმწიფოები განსაზღვრავენ. მათი პასუხისმგებლობა მართლაც განსაკუთრებულია, მაგრამ ახალი მსოფლიოს არქიტექტურის ჩამოყალიბება პატარა სახელმწიფოების როლისა და ფუნქციის, მათი დანიშნულების განსაზღვრის გარეშეც აბსოლუტურად შეუძლებელია.
ჩვენ არ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, აქაოდა, „პატარები ვართ და აბა რა შეგვიძლია“, ამიტომ მხოლოდ სხვებს უნდა მივსდიოთ და მხოლოდ სხვათა იმედად უნდა ვიყოთ. შესანიშნავ ქართველ პოეტს შოთა ნიშნიანიძეს დავესესხები: „არც ისე პატარაა ჩვენი საქართველო, არც ისე საწყალი და ხელით სატარები“.
დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდ სიმდიდრედ ინტელექტი, აზრი, იდეა ითვლება. პლანეტაზე მიმდინარეობს იდეათა გენერირების გლობალური პროცესი. ნიუ-იორკის ათასწლეულის სამიტიც სწორედ ამ მიზანს ისახავდა.
ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, საკაცობრიო „საფიხვნოში“ საქართველოს ხმაზე, უპირველესად უნდა ვიგულისხმოთ, თუ რით წარსდგა ჩვენი ქვეყანა ამ დიდი ფორუმის, დიდი სათათბიროს წინაშე. რამდენად ღირებული, მნიშვნელოვანი და აღიარებულია ის იდეები, ის წინადადებები, ის შეხედულებები და პოზიციები, რომლებითაც საქართველო გამოირჩეოდა მთელი ამ წლების განმავლობაში.
არა მარტო იმიტომ, რომ ჩემს პატივცემულ კოლეგებთან ერთად მეც გახლდით უკანასკნელ წლებში ამ პროცესების მონაწილე და ყველაფერს ვაკეთებდი საერთაშორისო გაერთიანებაში საქართველოს ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად, არამედ იმის გამოც, რომ ეს საქვეყნო გამარჯვებაა, სიამაყით უნდა განვაცხადო: მრავალი ჩვენი წინადადება, იდეა, შეხედულება, შეფასება და განსაზღვრებაც კი, რაც ხშირად ჟღერდა მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნებიდან, გაეროს, ეუთოს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თუ სხვა ორგანიზაციათა სამიტებზე, - დღეს უკვე პლანეტარული საზრისის შემადგენელ ნაწილად იქცა. და ამის თაობაზეც შეძლებისდაგვარად მოგახსენებთ.
ჩვენ არ უნდა მოვასვენოთ მსოფლიო, მართალია, ამას გაბედულად ვამბობ, მაგრამ ეს ასეა: ყოველ წელს, ყოველდღე, ყველა საშუალების ამოქმედებით უნდა შევახსენოთ მას მუდმივად, რომ სანამ ასეულობით ათასი ლტოლვილი იტანჯება საქართველოში, სანამ არ არის აღდგენილი სამართლიანობა, მსოფლიო წესრიგი ვერ ჩაითვლება სრულყოფილად და ლაპარაკიც ზედმეტია ახალი „გლობალური არქიტექტურის“ რაიმე წარმატებაზე.
დიდად სამწუხაროდ (მე ეს მრავალგზის მითქვამს და ამ აზრმა გაიჟღერა კიდეც გაეროს ტრიბუნიდან სხვადასხვა ლიდერის გამოსვლაში), მსოფლიომ ვერ გამოიყენა ის შანსი, რომელიც მას მიანიჭა ცივი ომის დამთავრებამ და გლობალური დაპირისპირების შეწყვეტამ. ეს იყო უნიკალური შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში, როცა მსოფლიო ომი, ფაქტობრივად, უსისხლოდ დამთავრდა და დამთავრდა ძალიან მოკლე დროში. სამწუხაროდ, ცივი ომის დასრულებამ ვერ შეძლო ამ პრობლემების მოგვარება და ის მოგება, რაც მიიღეს დიდმა და განვითარებულმა ქვეყნებმა „გამალებული შეიარაღების“ შეწყვეტით და აქედან მიღებული მილიარდები და ტრილიონები არ მოხმარდა გამოთანაბრების პრობლემას, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის, სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური შესაძლებლობის, პოტენციალის გამოთანაბრების პრობლემას.
მაგრამ მთავარ, განმსაზღვრელ და საბედისწერო შეცდომად მე ის მიმაჩნია, რომ ცივი ომის დამთავრებასთან ერთად ზოგიერთებმა ამოწურულად მიიჩნიეს „ახალი აზროვნების“, იგივე საერთო საკაცობრიო პასუხისმგებლობის არსენალი და მისი პოტენციალი.
ახლებური აზროვნება ყველა ათწლეულის, ყველა ასწლეულის, ყველა ათასწლეულის დამახასიათებელი მოვლენა უნდა იყოს. თუ ცივი ომი დამთავრდა შედარებით უსისხლოდ და კაცობრიობა დღეს განვითარების ასეთ დონეზე დგას, ეს იმიტომ, რომ მოქმედებდა ახალი აზროვნების კანონები, ახალი აზროვნების წესები.
ეს იყო უმძიმესი შეცდომა, რამაც ჩვენს პლანეტას და, რასაკვირველია, მათ შორის საქართველოს, უდიდესი ზიანი მიაყენა.
ათასწლეულის სამიტის შესახებ საუბარს დავიწყებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბატონ კოფი ანანის მიმართვით.
უკვე განვაცხადე და კვლავ ვიმეორებ, რომ ეს არის რეალისტური, მაგრამ შემაძრწუნებელი დოკუმენტი, რომელიც მართლაც შემზარავ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვინაიდან შემზარავი და შემაძრწუნებელია ის ვითარება ჩვენს პლანეტაზე, რასაც იგი აღწერს და პირუთვნელად ასახავს. ეს უნდა ითქვას მის სასახელოდ.
მიზანშეწონილად მიმაჩნია ამ მიმართვის, ამ დოკუმენტის უფრო ფართოდ გამოქვეყნება საქართველოში, რათა ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ნათლად წარმოიდგინონ, როგორ მსოფლიოში ვცხოვრობთ, რა გარემოში უხდება არსებობა და განვითარება საქართველოს.
თუ ამას არ წარმოვიდგენთ და, მით უმეტეს, არ გავითვალისწინებთ, თუ საქვეყნო პრობლემების თაობაზე მსჯელობისას იმთავითვე არ ვიგულისხმებთ იმ გარემოვითარებას, რაც ობიექტურად, ვინმეს ბოროტი ან კეთილი ნებისაგან დამოუკიდებლად ახდენს გავლენას საქართველოზე, თუ სამუდამოდ არ გავთავისუფლდით პროვინციალიზმის საზარელი სენისაგან, - საბოლოო დასკვნაც არარეალისტური და ტენდენციური იქნება. „ტენდენციური“ არა რომელიმე პოლიტიკოსის, ან პოლიტიკური ძალის, არამედ თვით სახელმწიფოებრიობის და მისი პერსპექტივის, განვითარების პოტენციალისა და სისტემური რესურსების მიმართ.
დღეს ხშირად ლაპარაკობენ „სისტემურ კრიზისზე“ საქართველოში და, ალბათ, სამართლიანადაც, მაგრამ დიდწილად ეს კრიზისი იმ გლობალური სისტემური კრიზისის გამოხატულებაც არის, რომლის შემაშფოთებელი სურათი დაიხატა „ათასწლეულის სამიტზე“.
ამ თვალსაზრისით, ნიუ-იორკის „მილენიუმ სამიტი“ კაცობრიობისათვის ერთგვარ ჭეშმარიტების მომენტად იქცა და ყველანი დაგვარწმუნა, რომ საუკუნე და ათასწლეული, რომელშიც კაცთა მოდგმა სულ მალე შეაბიჯებს, არანაკლებ რთული და მტკივნეული იქნება, ვიდრე განვლილი ეპოქა, ვინაიდან თანამედროვე გლობალურ პრობლემათა გადაწყვეტა უმტკივნეულოდ, გარკვეული დანაკარგებისა და მსხვერპლის გარეშე, როგორც ჩანს, შეუძლებელია. სიმართლე გითხრათ, როცა ცივი ომის დამთავრების პროცესი მიმდინარეობდა, ბრძოლა ცივი ომის დამთავრებისათვის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კლასობრივი წინააღმდეგობის დაძლევისათვის, მე ცოტა სხვაგვარად, უფრო ღია და ნათელ ფერებში წარმომედგინა კაცობრიობის მომავალი 21-ე საუკუნეში და შემდეგ ათასწლეულში. რეალობა, სამწუხაროდ, უფრო მკაცრი და უფრო სასტიკი აღმოჩნდა.
და მაინც, რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც აღელვებს კაცობრიობას და, მათ შორის, საქართველოსაც? იგი გახლავთ (მე ასე ვუწოდებდი) „გეოსოციალური უსამართლობა“, ანუ გლობალური უთანასწორობა, რაც იმთავითვე შეიცავს ბოროტ, დამანგრეველ პოტენციალს.
შეუძლებელია კაცობრიობამ სრულფასოვანი, მშვიდობიანი განვითარების ინერცია შეინარჩუნოს, თუ არ აღმოიფხვრა ეს უთანაბრობა, თუ განვითარებად მსოფლიოს კვლავაც დაახრჩობს ვალების მარწუხი, თუ პლანეტის მოსახლეობა გაყოფილი იქნება „ოქროს მილიარდად“ და დანარჩენ კაცობრიობად, აყვავებულ, პოსტინდუსტრიულ სახელმწიფოებად და ღარიბ-ღატაკ ქვეყნებად, სადაც ადამიანებს ლუკმა-პური ენატრებათ.
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ მე დავსვი საკითხი ვალების სრული ჩამოწერის შესახებ და არა მარტო მე, ბევრმა ჩემმა კოლეგამ, და ვთქვი, რომ სწორედ ამაში უნდა გამოიხატოს განვითარებული ქვეყნების პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მთელი კაცობრიობის, არამედ საკუთარ ღირებულებათა წინაშეც.
აქვე შევნიშნავ: რა თქმა უნდა, ასეთ დახმარებას ის ქვეყნები იმსახურებენ, რომლებიც პატივს სცემენ საერთო-საკაცობრიო ღირებულებებს და მტკიცედ ადგანან დემოკრატიული განვითა267
რების გზას. მაგრამ თავისთავად, ესეც ძალზე ფრთხილად და სათუთად გამოსაყენებელი კრიტერიუმია. ათასწლეულის სამიტზე გამოსვლისას შევნიშნე, რომ სიღარიბე, სიღატაკე, უპერსპექტივობა, უიმედობა დემოკრატიულ ღირებულებათა დისკრედიტაციის წყაროა, რასაც, რა თქმა, უნდა აქტიურად გამოიყენებენ პიროვნული თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეური მოწინააღმდეგეები.
ბატონმა გენერალურმა მდივანმა ამავე აზრის საილუსტრაციოდ ასეთი მაგალითი მოიყვანა: წარმოიდგინეთ სოფელი, რომელშიც სულ ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქედან 150 მდიდარია, (ეს, ალბათ, უკეთესი ვარიანტია, როცა ღარიბ სახელმწიფოებზეა საუბარი), 780 ღატაკი, ხოლო დანარჩენი გარდამავალ სტადიაში იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ ეს თანაფარდობა შენარჩუნდა (არადა სწორედ ასეთი თანაფარდობა არსებობს თანამედროვე მსოფლიოში), აუცილებლად წარმოიშობა ინტერესთა უმწვავესი კონფლიქტი, რაც სხვადასხვა შინაარსისა და ხარისხის კატაკლიზმებით გამოვლინდება.
კვლავ რამდენიმე მაგალითი:
ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებთა ნახევარზე მეტს (სამი მილიარდი) არც ერთხელ ცხოვრებაში არ უსარგებლია ტელეფონით.
განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა 78 წელია, ხოლო ყველაზე ღარიბ სახელმწიფოებში 50-საც ვერ აღწევს.
დედამიწის მოსახლეობის ოცი პროცენტი ყოველდღიურად განიცდის სასმელი წყლის კატასტროფულ ნაკლებობას. უფსკრულია ჯანდაცვისა და განათლების დონეებში განვითარებულ და ღარიბ ქვეყნებს შორის.
ეს საზარელი ვითარება გვაიძულებს, ჩვენი მხრივ, ობიექტურად შევაფასოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ის რესურსები, რომლებიც გვაქვს ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად. ყველაფერი ხომ შედარებით აღიქმება. ამიტომ, როდესაც ამჟამად საქართველოში არსებულ სირთულეებზე ვლაპარაკობთ, მოდით, ნუ დავივიწყებთ, რა მდგომარეობაა მთლიანად პლანეტაზე. „საწყისი პოზიციაც“ ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს.
აქსიომატურ ჭეშმარიტებად მიმაჩნია (ამას მტკიცედ ვაცხადებ) ის დებულება, რომ საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის სწორად და ადეკვატურად აღსაქმელად აუცილებელია გავითვალისწინოთ არა მარტო დღევანდელი არსებული ვითარება, მისი ყველა სირთულითა და პრობლემით, არამედ, რაც მთავარია, განვითარების პოტენციალი, პერსპექტივა და ის პროგრესული ინერცია, რომელიც ქვეყანამ უდავოდ შეიძინა.
თანაც ამ ინერციის ხარისხი უნდა შევუფარდოთ ობიექტურად არსებული რესურსების იმ ოდენობას, რაც ქვეყანაში არსებობდა რამდენიმე წლის წინათ, როდესაც დავიწყეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა.
აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურ რესურსებს, წიაღისეულს და ასე შემდეგ. იგულისხმება მრავალი ის გეოპოლიტიკური, სოციალური, დემოგრაფიული თუ კულტურული ფაქტორი, რომელთა ერთობლიობა ქმნის სახელმწიფოებრივი განვითარების პოტენციალს.
ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, ზოგიერთი სკეპტიკოსის თუ ნიჰილისტის გასაგონადაც უნდა ვთქვა, რომ საქართველოს, როგორც ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მატარებელ ქვეყანას, უდავოდ აქვს პროგრესული განვითარების პერსპექტივა და იმის უნარიც, რომ თავისი ძალისხმევა სრულყოფილად შეუთავსოს საკაცობრიო წინსვლის, ურთულეს გლობალურ პრობლემათა გადაწყვეტის ინტერესებს.
უდიდესი ბედნიერებაა, რომ ქართული კულტურა, ქართული მეცნიერება ფართო გაგებით, არა თუ შეთავსებადია იმ ღირებულებებთან, რომელთაც ეფუძნება თანამედროვე პროგრესული მსოფლიო, არამედ მათს განუყოფელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მე ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციაზე მე ვთქვი, რომ სავსებით სამართლიანი იქნება, თუ სწორედ თბილისში გაიმართება მორიგი ფორუმი, იუნესკოს ეგიდით, „ცივილიზაციათა დიალოგისა“ და არა „ცივილიზაციათა გარდაუვალი ომის“ თაობაზე, როგორც ზოგიერთი საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერი გვიწინასწარმეტყველებს.
სხვათა შორის, ჩვენ საინტერესო საუბარი გვქონდა, საინტერესო დიალოგი ამ ოთხი წლის წინათ, თბილისში, ბევრი თქვენგანი მონაწილეობდა, ზოგი მოხსენებითაც გამოვიდა, და იმ იდეებს, რომლებიც აქ გამოითქვა და გამოიხატა, თავისი დანიშნულება არ დაუკარგავს.
ახლა კი, უფრო კონკრეტულად შევეცდები გამოვყო რამდენიმე საკითხი, რაც განსაკუთრებით აქტუალური იყო ნიუ-იორკის სამიტზე.
უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება ეგრეთ წოდებული „გლობალიზაციის“ თაობაზე. ეს ძალიან მწვავე საკითხია და უკვე იწყება ჩვენთან სერიოზული კამათი ამ თემაზე.
რას ნიშნავს გლობალიზაცია? რას გვიქადის იგი, რას მოუტანს, ან რა მოაქვს უკვე საქართველოსათვის, რამდენად მისაღებია ჩვენი ქვეყნისათვის ის პროცესები, რომლებიც მას თან ახლავს?
ამ კითხვებს სვამენ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, თვით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც: ხომ არ მოასწავებს გლობალიზაცია ერთგვარ ახალ იმპერიალიზმს, რომელიც უახლეს ტექნოლოგიებს დაეფუძნება, - ეროვნული ტრადიციის, ეროვნული კულტურის ხელყოფას, მამა-პაპათა ადათ-წესის შერყვნას, რაც საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა.
პირადად ჩემ აზრს მოგახსენებთ, რაც ხანგრძლივი განსჯისა და ფიქრის შედეგად შევიმუშავე.
თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს და დისკუსიაც გაგრძელდეს ქართულ საზოგადოებაში. ამას ერთმნიშვნელოვნად მივესალმები, რადგან მთავარი მიზეზი და მიზანი ჩემი დღევანდელი გამოსვლისა თქვენს წინაშე სწორედ ყველაზე აქტუალურ და მწვავე პრობლემაზე საზოგადო დისკუსიის ინიცირებაა, რათა საზოგადოება არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ხელისუფლების აზრზე, მის პოზიციაზე და არ ელოდებოდეს რაიმე „რეცეპტს“. საზოგადოება თვითონაც უნდა ეძიებდეს ურთულეს პრობლემათა გადაწყვეტის გზებს, თავისუფლად აყალიბებდეს თავის პოზიციას და აზრთა ჭიდილში მიაგნოს ჭეშმარიტებას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან ერთად. ჩვენ სწორედ ასეთი საქართველო მიგვაჩნია მომავლის საქართველოდ, რომელსაც ვესწრაფვით და ვაშენებთ.
თანამედროვე, პლანეტურ, მრავალფუნქციურ, მრავალწახნაგოვან, მრავალგანზომილებიან, იმავდროულად ერთიან და განუყოფელ სისტემაში გლობალიზაცია მე მესმის, როგორც თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება.
თავისუფალი არჩევანი, - თავისუფლად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, პიროვნულ და საზოგადო მისწრაფებათა შესაბამისად, კერძო და სახელმწიფოებრივ ინტერესთა სრული ჰარმონიის გათვალისწინებით. აქვე ვიტყვი, რომ ასეთი ჰარმონიის მიღწევა ჩვენს საერთო, დიდ სახელმწიფოებრივ გამარჯვებად მიმაჩნია.
გლობალიზაცია მე ისე მესმის, რომ საქართველოს პატარა მოქალაქეს, ყმაწვილს ან გოგონას, რომელიც შატილში, გუდაუთაში, ჯავაში, მესტიაში, თელავში, ხულოში თუ საქართველოს ნებისმიერ წერტილში ცხოვრობს, - ჰქონდეს იმის უნარი და საშუალება (აღარაფერს ვამბობ უფლებაზე), რომ „მესამე ათასწლეულის საოცრებით“, - ინტერნეტით, რამდენიმე წუთში ან წამში დაუკავშირდეს (ვთქვათ) ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკას და იქ დაცული სამასი მილიონი წიგნიდან მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე. ან პარიზის სორბონის უნივერსიტეტს, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტს, რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავს (ჩვენ აუცილებლად შევქმნით შესაბამის ტექნიკურ ბაზას) და სხვა.
გლობალიზაცია ჩვენთვის მისაღებია, როგორც პიროვნებათა კონტაქტი და არა ცივილიზაციათა ანტაგონიზმი, ანუ ამა თუ იმ კულტურის აღმატებულობის ანტიმეცნიერულ და კაცთმოძულე თეორიათა ქადაგება, რასაც საქართველო არასდროს დაეთანხმება და ყოველთვის შეუპოვრად დაუპირისპირდება მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი, უნიკალური კულტურის ძალმოსილებით.
გლობალიზაცია საქართველოში იმას ნიშნავს, რომ ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც რამდენიმე მიმართულებით მსოფლიო სამეცნიერო საგანძურში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს, ჰქონდეთ საშუალება თავისი ამოუწურავი პოტენციალის გამოყენებისა როგორც მშობლიური ქვეყნის, ასევე მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ.
გლობალიზაცია გულისხმობს უახლესი, ყველაზე კეთილისმყოფელი და პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში, - იმდენად და იმ მიზნით, რამდენადაც ისინი ჩვენი ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს.
გლობალიზაცია ნიშნავს საქართველოს მონაწილეობას გლობალურ და რეგიონულ ორგანიზაციებში, ევროპულ თუ მსოფლიო გაერთიანებებში, შრომის პლანეტურ დანაწილებაში, თანასწორ და სამართლიან კოოპერაციაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და სხვა - ისევ და ისევ იმდენად, რამდენადაც ეს არჩევანი ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვას, ნორმალურ პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის განვითარებას, სიღატაკის დაძლევას, ინვესტიციათა მოზიდვას, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის ყველაზე პროგრესული მექანიზმების ამოქმედებას, მათს დაფინანსებას და სხვა.
გლობალიზაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, აგრეთვე, „დიდი აბრეშუმის გზის“ იდეა, რომელიც, თავის მხრივ, ქართული ინტელიგენციის ნააზრევსა და ნაგულისხმევს ეფუძნება თავისი არსით, რათა საქართველომ მსოფლიო-ისტორიული ფუნქცია მოიპოვოს ჩვენს რეგიონშიც და პლანეტის ასპარეზზეც.
გლობალიზაცია გულისხმობს პლანეტაზე ძალუმად გაშლილ ეკოლოგიურ მოძრაობაში თანასწორუფლებიან მონაწილეობასაც, - როგორც მთელი მსოფლიოს, ასევე საქართველოს უნიკალური ბუნების გადასარჩენად.
რა თქმა უნდა, გლობალიზაციას თან სდევს მრავალი „გამოწვევა“, მრავალი საფრთხე, უამრავი ნეგატიური გამოვლინება, პრობლემა, სირთულე, მათ შორის, სიცოცხლისათვის საშიშიც.
თუნდაც დამნაშავეობის გავრცელება და ტრანსკონტინენტური მაფიოზური სინდიკატების შექმნა. ისინი ხომ შედარებით განუვითარებელი სისტემებით ცდილობენ ისარგებლონ იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის განსახორციელებლად და გასავრცელებლად მთელ მსოფლიოში. შიდსის ვირუსი, რამაც არაერთ ღარიბ სახელმწიფოში პანდემიის ხასიათი შეიძინა.
და სხვა მრავალი. თუმცა, ეს არგუმენტები არ არის საკმარისი გლობალიზაციის სასიკეთო მხარეთა უარსაყოფად იმ პირობით, კვლავაც ვიმეორებ, თუ იგი თავისუფალ არჩევანს გულისხმობს და მას ეფუძნება. აქედან გამომდინარე, გლობალიზაცია არ ნიშნავს უნიფიკაციას. სწორედ უნიფიკაციის პრინციპისა უნდა გვეშინოდეს ყველაზე მეტად. ანუ, საქართველო მიესალმება მხოლოდ ისეთ გლობალიზაციას, რომელიც დაეფუძნება არა ერთი რომელიმე კულტურის აღმატებულებას, არამედ კულტურათა ურთიერთგამდიდრებას, მათ თანამშრომლობას და მშვიდობიან თანაარსებობას, დედამიწაზე არსებული უკლებლივ ყველა ეროვნული კულტურის დემოკრატიული პოტენციალის გამოვლინებისა და განხორციელებისაკენ სწრაფვას.
ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც დემოკრატიული განვითარების მწვერვალებს მიაღწიეს და საკაცობრიო მნიშვნელობის ტრადიციაც შექმნეს, მაგრამ პიროვნული თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სამართლიანობის, სახალხო სუვერენიტეტის იდეალები მაინც საყოველთაო, პლანეტისეული ღირებულებაა, ამიტომ ამ კონტექსტით მე ვისაუბრებდი არა მარტო „დასავლურ ცივილიზაციაზე“, არამედ დემოკრატიულ ცივილიზაციაზე, რომელსაც, ალბათ, უკვე მართლაც არა აქვს ალტერნატივა ჩვენს პლანეტაზე, ვინაიდან, როგორც ისტორია გვასწავლის, ყველაზე სრულყოფილად სწორედ მან შეძლო ადამიანური მისწრაფებისა და საზოგადო ინტერესის შეხამება.
ხოლო იქ, სადაც დემოკრატიული ცივილიზაციის მექანიზმები არაქმედობაუნარიანობას ან უუნარობას ამჟღავნებს, წარუმატებლობის მიზეზი ამ მექანიზმთა და სისტემათა განუვითარებლობაშია საძიებელი და არა დემოკრატიის თვისებრივ მანკიერებაში.
გლობალიზაციისადმი ჩვენს დამოკიდებულებას რეალიზმიც უნდა განსაზღვრავდეს.
ეს არის აბსოლუტურად ობიექტური და შეუჩერებელი პროცესი.
ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული რევოლუციის ეპოქაში, როდესაც უახლესმა ტექნოლოგიებმა ლამის ჩვეულებრივი ადამიანური მსოფლაღქმის პრინციპებიც კი შეცვალონ.
საქართველომ საკუთარი ადგილი უნდა მოიპოვოს ხსენებულ ტექნოლოგიურ, ციფრულ რევოლუციაში, ინფორმაციის უკიდეგანო ოკეანეში, რომელიც ყოველდღიურად ფართოვდება.
საკმარისია ითქვას, რომ, მაგალითად, 1993 წელს (გამაოგნებელი ფაქტია) - მსოფლიოში სულ 50 ეგრეთ წოდებული „ინტერნეტ კვანძი“ არსებობდა. 2000 წელს მათმა ოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა!!! ეს მოხდა 7 წლის განმავლობაში!
ან კიდევ: 38 წელი იყო საჭირო საიმისოდ, რომ რადიოს 50 მილიონი ადამიანი მოეცვა მთელ მსოფლიოში. ტელევიზიას ამისათვის მხოლოდ 13 წელი დასჭირდა და ოთხი წელი - წარმოშობიდან მხოლოდ ოთხი წელი დასჭირდა ინტერნეტს, რათა 50 მილიონი ადამიანი მოეცვა მთელ მსოფლიოში.
ეს მაგალითები, მე მგონი, თვალნათლივ გვიჩვენებს, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და რა ეპოქაში. რა ტემპითა და დინამი273
კით მოუწევს საქართველოს განვითარება დამდეგ 21-ე საუკუნეში, რათა, არამც და არამც, არ ჩამოვრჩეთ საკაცობრიო პროგრესის დინებას.
სწორედ ამას ემსახურება უამრავი პროექტი, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში იმავე მსოფლიო ბანკის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
ეს ორგანიზაციები და, მათი სახით, მათი მეშვეობით, საერთაშორისო გაერთიანება ზრუნავს ისეთი სათუთი, ფასდაუდებელი ღირებულებისათვის, როგორიც არის, მაგალითად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო რამდენიმე წლის წინათ, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის კულტურა, არ უნდა შეეწიროს ტექნოლოგიურ პროგრესს, იგი სულიერების საყრდენია, რასაც ტექნოლოგიური გამოხატულება შეიძლება არც ჰქონდეს, მაგრამ უმისოდ კაცობრიობა უეჭველად დაიღუპება - განურჩევლად ტექნოლოგიური გენიის მიღწევებისა.
ამრიგად, განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს, რომ გლობალიზაციას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც ჭეშმარიტად ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ასპარეზს და უაღრესად ხელშემწყობ გარემოს.
უდიდესი ტკივილი, რასაც დღეს მთელი მსოფლიო შეეჭიდა, როგორც მოგახსენეთ, არის სიღატაკე და ეს იყო ცენტრალური თემა სამიტისა და იმ დოკუმენტებისა, რომლებიც მივიღეთ, და ის ტრაგიკული ვითარება, რასაც ასობით მილიონი ადამიანი განიცდის მთელ მსოფლიოში. ჩვენ შესანიშნავად ვაცნობიერებთ, რომ ამ მილიონებს უერთდება საქართველოს ათეულობით ათასი ოჯახის ტკივილი და ტრაგედიაც.
აქ ძალიან ნიშანდობლივია უმწვავესი პრობლემების უშუალო კავშირი იმავე გლობალიზაციასთან. უფრო სწორად, ამ გარდაუვალი ობიექტური პროცესის ჩრდილოვან მხარეებთან.
სამიტზე სავსებით სამართლიანად აღინიშნა, რომ სიკეთე, რომელიც უდავოდ მოაქვს გლობალიზაციას - არათანაბრად ნაწილდება თანამედროვე მსოფლიოში. უფრო მეტიც, და უფრო უარესი: გლობალიზაციის სიკეთით კაცობრიობის მხოლოდ ერთი ნაწილი სარგებლობს, სამაგიეროდ, ის ნაკლოვანებანი თუ სირთულენი, რომლებიც თან სდევს გლობალიზაციას, მთელი კაცობრიობის პრობლემად იქცევა. ამ პროცესის ჩრდილოვანი მხარეებისათვის პასუხისმგებლობა მთელ კაცობრიობას ეკისრება. ეს მსოფლიომ გაიგო ბოლოს და ბოლოს და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს მოვესწარი.
ეს კიდევ ერთი გამოვლინებაა „გეოსოციალური უსამართლობისა“, რაც თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მწვავე ხასიათს იძენს. ამასთან შერიგება შეუძლებელია.
წარმოუდგენელია, უმძიმესი შედეგი არ მოჰყვეს იმ ვითარებას, როდესაც სავალუტო ოპერაციათა ყოველდღიური ოდენობა პლანეტაზე ტრილიონ-ნახევარ დოლარს აღწევს, ხოლო ასობით მილიონ ადამიანს ლუკმა-პური ენატრება, უბრალოდ შიმშილით კვდებიან.
აქაც სამართლიანი უნდა ვიყოთ და ემოციებს არ უნდა ავყვეთ. განვითარების ინერცია სწორი და მიზანშეწონილი პოლიტიკა ეკონომიკური სისტემის სრულყოფის თვალსაზრისით, აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს, მაგრამ საქმეც ის არის, რომ რეფორმების განხორციელება შეუძლებელია მტკივნეული სოციალური ტრანსფორმაციის გარეშე, რასაც ბევრი ქვეყანა, ბევრი საზოგადოება გაურბის და სწორედ ამიტომ ვერ აღწევენ თავს მუდმივ გაჭირვებას.
პოზიტიურ მაგალითად საკმარისია გავიხსენოთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. მე ნამყოფი ვარ ამ ქვეყნებში, როცა ისინი სიღატაკის უდაბლეს დონეზე იმყოფებოდნენ, რომელთაც სულ რაღაც 20-25 წლის განმავლობაში, რადიკალური რეფორმითა და მტკივნეული სოციალური ტრანსფორმაციით განსაცვიფრებელ შედეგებს მიაღწიეს და აყვავებულ ქვეყნებს გაუთანაბრდნენ.
ობიექტური დამკვირვებლისათვის არანაკლებ შთამბეჭდავია ის, რასაც საქართველომ მიაღწია 1994 წლიდან დღემდე: ექვსი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც გარემო-ვითარებამ ელემენტარულად მოგვცა მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების საშუალება. მხედველობაში მაქვს სამოქალაქო ომის, იარაღიანთა თარეშის დამთავრება და სხვა მრავალი, რისი მოწმენიც თქვენ ყველანი ბრძანდებით.
ამ წლებში, მთლიანი შიდა პროდუქტის განუხრელ ზრდას შეუძლებელია არ მოჰყოლოდა სასიკეთო ძვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. მსოფლიოში აღიარებული მეთოდიკით, მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი პროცენტით ზრდა იწვევს ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტის ცხოვრების დონის შედარებითს გაუმჯობესებას. შეგახსენებთ, რომ რეფორმათა განმავლობაში, ყველაზე მძიმე წლებშიც კი, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი არ ყოფილა 3-4 პროცენტზე დაბალი, ხოლო ე.წ. წარმატებულ (1995-96-97) წლებში, 10-12 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.
სხვა საქმეა, რომ შექმნილი პროდუქტი, საერთო-სახალხო დოვლათი უსამართლოდ ნაწილდება - აი, ეს დროც მოვიდა, რომ სერიოზულად ვილაპარაკოთ ამ პრობლემაზე. მას ითვისებენ, იტაცებენ და იჯიბავენ სხვადასხვა ჯურის გარეწრები, სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, სხვადასხვა დონეზე სახელისუფლებო და სხვა სტრუქტურებში, და სწორედ ამიტომ ვამწვავებთ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას, ოღონდ ამ ბრძოლის წარმატება სრულიად წარმოუდგენელია ფართო საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების გარეშე.
და იგი კანონიერების ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაურღვევლად, საბაზრო ეკონომიკის განვითარების პროცესში ჩამოყალიბებული რეალიების, საკუთრებისა და ქონების ხელახალი გადანაწილებით უნდა ხორციელდებოდეს (მე შემთხვევით არ ვამბობ ამას, ბოლო დროს გაისმის ასეთი შეძახილი) პოპულიზმისა და ფუჭი პროპაგანდისტული რიტორიკის გარეშე.
საგანგებო კომისიას, რომელიც რამდენიმე თვის წინათ ჩემი ბრძანებულებით შეიქმნა, სათავეში უდგას თქვენი პროფესორი ლადო ჭანტურია, მართლაც საამაყო შვილი ჩვენი ქვეყნისა, ინტელექტუალი, განათლებული, შესანიშნავი სპეციალისტი თავისი საქმისა და სწორედ მას ჰქონდა მორალური უფლება ასეთი კომისიისათვის ეხელმძღვანელა. მან უკვე წარმოადგინა შესაბამისი წინადადებანი, რომლებიც საფუძვლად დაედება სპეციალურ სახელმწიფო პროგრამას ანტიკორუფციულ ღონისძიებათა შესახებ. კორუფციას ერთი შეძახილით ან, როგორც ზოგიერთი ამბობს, მუშტის ერთი დარტყმით ვერ აღმოფხვრი, ამას სჭირდება ხანგრძლივი, მიზანმიმართული და კარგად გააზრებული ბრძოლა ისე, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები არ მივიღოთ და არ დაიჩაგროს ის, ვინც დასაჩაგრი არ არის.
ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ კორუფცია რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით, რათა არ მომრავლდნენ საქართველოში გაუბედურებული ოჯახები და უმშობლებოდ დარჩენილი ბავშვები.
ამ ბრძოლაში მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელგანთქმული კოლექტივის მხარდაჭერისა. ჩვენ მხოლოდ ერთად შეიძლება განვკურნოთ საზოგადოება (აქვე ხაზს ვუსვამ, რომ სწორედ საზოგადო ჭირთან გვაქვს საქმე და არა მარტო ხელისუფლების პრობლემასთან) კორუფციის დამანგრეველი, გამხრწნელი სენისაგან და ვიხსნათ ახალგაზრდობა ამ გავლენისაგან.
არსებობს პირდაპირი კავშირი კორუფციის დონესა და გლობალური უთანასწორობის პრობლემას შორის, რის თაობაზეც უკვე მოგახსენეთ. ანუ კორუფცია არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სენი - იგი უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოებრივი მშენებლობის ზოგად პრობლემატიკას. საქართველოში ეკონომიკური რეფორმისა და სოციალური ტრანსფორმაციის შედარებით უმტკივნეულოდ, იმავდროულად წარმატებით დასრულება ძალიან გართულდება, თუ უთანასწორობის პრობლემა გლობალურადაც არ გადაიჭრა.
დიდი სახელმწიფოების, განვითარებული, პოსტინდუსტრიული ქვეყნების განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უპირველესად იმით გამოიხატება, რომ მათ ხელი უნდა შეუწყონ განვითარების ინერციას. კი არ უნდა ჩააქრონ იგი, კი არ უნდა მოგუდონ ვალებით, არამედ გააძლიერონ და მეტი ქმედითობა შესძინონ. ასე სჯობია მათთვისაც და იმ სახელმწიფოებისთვისაც, რომლებიც სიღარიბის გარკვეულ დონეზე იმყოფებიან.
ამ საკითხში საქართველოს პოზიცია მთლიანად ემთხვევა ასობით ქვეყნის ლიდერის მოსაზრებებს, რაც მკაფიოდ ჟღერდა ნიუ-იორკის თავყრილობაზე: თუ „გეოსოციალური უსამართლობის“, გლობალური უთანასწორობის პრობლემები არ გადაიჭრა, თუ განვითარებულმა ქვეყნებმა არ იგრძნეს თავისი პასუხისმგებლობა განვითარებადი სახელმწიფოების ბედისა თუ უბედობის მიმართ, 21-ე საუკუნის პირველ ნახევარშივე ჩვენს პლანეტაზე აუცილებლად წარმოიშობა რევანშისტულ-სოციალურ თეორიათა ახალი წყება, - ახალი, მძვინვარე ძალით იფეთქებს სოციალური სიძულვილი, როგორც საზოგადოებებს შიგნით, ისე სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის. იქნებ, მარქსებიც გამოჩნდნენ, ლენინებიც და სხვები და სხვები.
გაეროს თავყრილობაზე საგანგებოდ აღინიშნა, რომ ომები დღევანდელ მსოფლიოში უმეტესწილად არის დაპირისპირება ღარიბებს შორის. სიღარიბე, სიღატაკე განაპირობებს არა მარტო სოციოფსიქოლოგიურ, საზოგადოებრივ, არამედ ეთნიკურ და სახელმწიფოებრივ პრობლემებს. ამიტომაც მიიჩნია დეკლარაციამ, რომელიც ჩვენ მივიღეთ, 21-ე საუკუნეში კაცობრიობის უმთავრეს მიზნებად სიღატაკისა და შიშის საბოლოო აღმოფხვრა. სიღატაკე განიხილება ადამიანის უფლებათა დარღვევად, რომელიც საყოველთაოდ დასაგმობია, ხოლო სოციალური უფლებები სამართლიანად იკავებს ადგილს ადამიანის ბუნებრივ უფლებებს შორის.
ანუ, უკვე აღარ არის საკმარისი, ადამიანს ჰქონდეს უფლება სიცოცხლისა, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვისა.
გახსოვთ, ალბათ, გამონათქვამები - „ოღონდ დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ, ოღონდ თავისუფალი გავხდეთ და ბალახს შევჭამთ, სხვა არაფერი გვაინტერესებს“. თავისუფლებას, დამოუკიდებლობას რომ მოიპოვებ, მერე გჭირდება ადამიანური ცხოვრება, ის თავისუფლებაც, მაგრამ ადამიანური ცხოვრება და იმ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც, რომლებიც ბუნებისაგან გამოჰყვა ადამიანს.
აუცილებელია ადამიანს შევუქმნათ, აგრეთვე, პირობა, სათანადო ბაზა, რესურსები საიმისოდ, რომ მან საკუთარ მისწრაფებათა განხორციელება შეძლოს. ამ თვალსაზრისით, სოციალური ჰუმანიზმის კეთილშობილური იდეა თანამედროვე საკაცობრიო საზრისის ყველაზე აქტუალურ თემად იქცევა.
წარმოუდგენელია სიღატაკისა და სოციალური უფსკრულის შეთავსება დემოკრატიასთან. ესეც განსაკუთრებული თემაა.
ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ღატაკ ქვეყნებში, რომლებიც მყიფე სოციალური სტრუქტურით და სოციალური ანტაგონიზმის მაღალი დონით გამოირჩევიან, დემოკრატიაც უფრო სუსტია და თვით სახელმწიფოც ნაკლებ სიმტკიცეს ამჟღავნებს კრიტიკულ ვითარებაში.
ყოველივე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ეს საქართველოსთვისაც მწარე გაკვეთილია, - ის გამოცდილებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მთლიანად ვიგულისხმოთ შემდგომი სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფციათა შემუშავებისას.
ვალების მარწუხი არ აძლევს განვითარებადს ქვეყნებს რესურსების მობილიზების საშუალებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ქვეყნების მოსახლეობა, საზოგადოება და ხელისუფლება მტკიცედ არიან განწყობილნი, განახორციელონ რადიკალურ-ლიბერალური რეფორმა, გაუძლონ სოციალური ტრანსფორმაციის მტკივნეულ პროცესს და დააფუძნონ ნორმალური, თვითრეგულირებადი, გახსნილი, დინამიკური, კონკურენტუნარიანი ეკონომიკური სისტემა.
ასეთი პარადოქსის ერთ-ერთი მაგალითი საქართველოცაა.
ის გარემოება, რომ ისევე, როგორც მრავალი ქვეყანა, ჩვენც იძულებული ვართ, ყოველწლიურად უზარმაზარი რესურსები მოვახმაროთ ვალების დაფარვას (იმ ვალებისა, განსაკუთრებით სამოქალაქო ომის წლებში ქვეყნის შიმშილისაგან გადასარჩენად რომ დაიხარჯა), არ გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ შიდა ინვესტირება, რაც ასე საჭიროა ბიზნესის, წარმოების განვითარებისათვის, დოვლათის შექმნისათვის, რათა უფრო სწრაფად განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა.
იგივე პრობლემა მნიშვნელოვანწილად უშლის ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
მაგრამ სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლას ნუ აღვიქვამთ და ნუ შემოვფარგლავთ მხოლოდ შიმშილის საფრთხის აღმოფხვრით, მხოლოდ სურსათის პრობლემის გადაწყვეტით. თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია.
„გეოსოციალური უსამართლობა“ გამოიხატება, აგრეთვე, იმავე არჩევანის უფლების სხვადასხვაობით განვითარებულ და განვითარებადს ქვეყნებში.
ამიტომაც ვზრუნავთ ქართული საზოგადოების იმ სოციალური სეგმენტის გაძლიერებისათვის, რომელსაც ყველაზე მეტად და ქმედითად შეუძლია მთელ საზოგადოებაზე კეთილისმყოფელი გავლენის მოხდენა. აქ იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობის მხარდაჭერა - ესეც გლობალური სტრატეგიაა, რასაც საქართველო მთლიანად იზიარებს. უმუშევრობის აღმოფხვრა, უპირველესად, ახალგაზრდობის წრეში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალიზაციის საშუალებათა გაძლიერება და ა.შ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ მოვექცეთ, როგორ დავასაქმოთ, სად წავიყვანოთ, რა პროფესია შევთავაზოთ იმ ათიათასობით ახალგაზრდას, რომლებმაც უკვე მიიღეს უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომები, არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო დაკვეთით იყო ეს, თუ თავისი კერძო ინიციატივითა და სურვილით.
იმავდროულად, საყოველთაოდ აღიარებული გლობალური კონცეფციის შესაბამისად, საზოგადოებაში სოციალური ჰარმონიის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია (და ჩვენ მტკიცე ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით), საპენსიო უზრუნველყოფის თვისებრივად ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც სოლიდარობის პრინციპს დაეფუძნება. ჩვენ ახლა საბჭოთა საპენსიო სისტემა გვაქვს, მოძველებული და დრომოჭმული.
რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემატიკა განუყოფელია ჯანმრთელობის და განათლების სფეროებისაგან. არ არის შემთხვევითი, რომ ნიუ-იორკის სამიტზე მათ ძალიან დიდი ადგილი დაეთმო. ორივე მიმართულებით საქართველოს აქვს შესანიშნავი პერსპექტივა მსოფლიო პროცესებში თანასწორუფლებიანი ინტეგრაციისა.
სხვა სისტემებთან, გლობალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აქაც გარდაუვალია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და კულტურული თავისებურებების უეჭველი გათვალისწინებით.
მაგალითად, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდ, რომ ინტერნეტი ქართულად მეტყველებდეს და ჩვენს ახალგაზრდობას შეეძლოს ინფორმაციის ამ ოკეანეში დედა ენის მეშვეობით ოპერირება. ეს საქმე არც ისე ძნელია და არც ისე დიდ მატერიალურ და ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. დღეს ამ საკითხზე სპეციალისტების დიდი ჯგუფი მუშაობს.
რადაც უნდა დაგვიჯდეს, მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა ინსტრუმენტირებული იყოს უახლეს ტექნოლოგიურ საჭიროებათა შესაბამისად. რა თქმა უნდა, ენა მოკვდება, თუ ის საჭირო არ არის ყოველდღიურად, ყოველ საათში.
მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ რადიკალური, მტკივნეული რეფორმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროშიც სრულიად გარდაუვალი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდებოდა სისტემის სრული დეგრადაცია.
კიდევ ერთი ჭრილობა, რომელიც ტანჯავს საქართველოს და, როგორც დელეგაციის წევრები დავრწმუნდით, არანაკლებ ტანჯავს მთელ მსოფლიოსაც.
ეს არის კონფლიქტების პრობლემა.
როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სავსებით მართებულად შენიშნა, ბოლო დროს ლოკალურ კონფლიქტებში იმდენი ადამიანი დაიღუპა, რომ უკვე სავსებით შეიძლება, მათი საერთო ოდენობის ამსახველი ციფრი მე-20 საუკუნეში მსოფლიო ომების განმავლობაში დაღუპულთა რიცხვს შევადაროთ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნიდან გამოსვლისას, არაერთგზის გავაფრთხილე ჩემი კოლეგები და არა მარტო მე, რომ ექსტრემიზმისა და აგრესიული სეპარატიზმისათვის თანამედროვე მსოფლიო არ უნდა იქცეს „ზიარ ჭურჭლად“, რათა ერთი კონფლიქტური კერიდან აგრესია, ეთნიკური წმენდა და სიძულვილი არ უნდა გადაედინებოდეს სხვა რეგიონებში, როგორც ეს მოხდა აფხაზეთიდან ჩეჩნეთში. მრავალჯერ მითქვამს და დღესაც ვიმეორებ - რომ არ ყოფილიყო აფხაზეთის ტრაგედია, არ იქნებოდა ჩეჩნეთის ტრაგედია.
სამწუხაროდ, სწორედ ასე მოხდა ევრაზიაში (და არა მხოლოდ ევრაზიაში) წარმოიშვა ლოკალურ კონფლიქტთა სისხლიანი ჯაჭვი, რომელთაც ძალიან ბევრი რამ აკავშირებს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მაშინაც კი, როდესაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი კავშირებით თვით ამ კონფლიქტების გარეშე ინსპირატორებს არ აძლევდათ ხელს.
აგრესიული სეპარატიზმისა და ეთნიკური სიძულვილის ბოროტი ჯადოქარი უკვე გამოშვებულია ჭურჭლიდან და მისი შეჩერება საკაცობრიო ამოცანად იქცევა, რათა მან ახალი გლობალური დაპირისპირების კოცონი არ ააგიზგიზოს ჩვენს მყიფე პლანეტაზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო გაეროს გენერალური მდივნის გამონათქვამი - პლანეტაზე კონფლიქტების ხანძრებია და ისინი უნდა ჩავაქროთ. მაგრამ ამისათვის საჭიროა სახანძრო მანქანა, ესე იგი, როცა არ სურთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, მაშინ ძალა უნდა იქნეს გამოყენებული. ამან მე გამაკვირვა, რადგან ამ საკითხისადმი მიდგომა ადრე პრინციპულად განსხვავებული იყო.
ყოველივე მე გულახდილად, დაუფარავად, პირდაპირ ვთქვი გაეროში ამჟამადაც და ადრეც, - სხვა სამიტების დროს.
საბედნიეროდ, ამგვარი აღქმა, რეალობის ასეთი გაგება და, რაც მთავარია, სათანადო შეფასებაც უკვე საყოველთაო ხდება: საკმარისია თვალი გადაავლოთ სხვა ლიდერთა გამოსვლებს, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო სესიაზე, აგრეთვე, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც იმ დღეებში გაიმართა.
კოსოვოსა და ჩეჩნეთის მაგალითები ადასტურებს, რომ სამართლიანობის პრინციპს ასეთი კონფლიქტებისადმი პოზიციის გამომუშავებისას უკუქცევითი ძალა არა აქვს და იგი თვისებრივად არ შეიძლება ეფუძნებოდეს ორმაგ სტანდარტს.
ეს პრობლემა საქართველოსათვის კვლავაც აქტუალურია, ვინაიდან ყოველი ჩვენგანის ფიზიკური ტკივილია აფხაზეთი, ქართულ-ოსური კონფლიქტი, - ზოგადად სამშობლოს მთლიანობის პრობლემა. და ასეთად დარჩება იგი, სანამ არ გადაიჭრება და არ აღდგება სამართლიანობა, სანამ ასობით ათასი ლტოლვილი მშობლიურ კერას არ დაუბრუნდება. ეს კი აუცილებლად მოხდება - დაბრუნდებიან!
მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, ძვირფასო მეგობრებო, ამჯერად არა იმ დებულებებს, რომლებიც არაერთგზის პრინციპულად გამოგვითქვამს, არამედ იმას, თუ როგორ აისახება ეს პრინციპები შესაბამის საერთაშორისო კონცეფციაში, იმ დეკლარაციაში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ მთელი მსოფლიოს სახელით.
აი, მაგალითად: გაეროს ბოლოდროინდელ დოკუმენტებში, მათ შორის, „ათასწლეულის სამიტის“ დოკუმენტებშიც, ლაპარაკია უკვე არა მხოლოდ და არა იმდენად მშვიდობის შენარჩუნებაზე კონფლიქტურ ზონებში (აქამდე მთავარი მიზანი იყო, როგორმე შეწყვეტილიყო შეტაკებები და სისხლი არ დაღვრილიყო), არამედ სამართლიანი მშვიდობის დამყარებაზე. ეს სრულიად განსხვავებული მიდგომაა. თანაც, იქმნება გლობალური უშიშროების ისეთი კონცეფცია, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ლოკალური კონფლიქტების პრობლემატიკას. ეს არც არის გასაკვირი, - როგორც მოგახსენეთ, სწორედ ამ კატეგორიის კონფლიქტები იქცა გლობალური დაძაბულობის მთავარ კატალიზატორად და მთავარ ინსპირატორად საუკუნეთა მიჯნაზე.
ამიტომ, გაეროს გენერალურმა მდივანმაც და უშიშროების საბჭოს წევრებმაც ერთმნიშვნელოვნად გაიზიარეს ის მოსაზრება, რომ როდესაც ირღვევა ადამიანის უფლებები, ხორციელდება ეთნიკური წმენდა, და ეს ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, საერთაშორისო გაერთიანება და, შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციები, უპირველესად, გაერო, არათუ უფლებამოსილნი, არამედ ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტა, თუ საჭიროა, ძალის გამოყენებითაც კი.
თუ დღემდე, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, სხვა გლობალური თუ რეგიონული გაერთიანებები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ყალბად გაგებული ობიექტურობა (რაც სინამდვილეში ფსევდოობიექტურობაა), დღეიდან ისინი მკაფიოდ დაადასტურებენ თავიანთ პოზიციას და ყველაფერს დაარქმევენ თავის სახელს: დამნაშავეს უწოდებენ დამნაშავეს, ეთნიკური წმენდის ორგანიზატორს კი მოსთხოვენ პასუხს ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის. ეთნიკური წმენდა აღიარებულია უსაზარლეს დანაშაულად კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ.
როგორც იქნა, არა მარტო ჩვენ, არამედ სხვებმაც უმაღლეს დონეზე აღიარეს: საერთაშორისო კონვენციები და ამჟამად არსებული მექანიზმები არ არის საკმარისი ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად. არ არის საკმარისი, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციათა ამჟამინდელი უფლებამოსილება. ჩვენ საქმე გვაქვს, საუბედუროდ, არა უკულტურობასთან, არამედ, რაც უფრო შემაძრწუნებელია, დაუსჯელობის კულტურასთან - „კულტურის“ გაუკუღმართებული გაგებით.
ამიტომ, ხშირ შემთხვევაში (ამასაც უკვე ყველა აღიარებს), ცივილიზებულ მსოფლიოს (რამდენადაც იგი ეფუძნება ჰუმანიზმისა და სამართლიანობის პრინციპებს და უამპრინციპებოდ უეჭველი დაღუპვა ელის), - არ დარჩება სხვა გამოსავალი უკიდურეს შემთხვევაში პირდაპირი ჰუმანიტარული ინტერვენციის გარდა. ოღონდ, ინტერვენციის „ტექნოლოგიასაც“ თან ახლავს შესაბამისი ინსტრუმენტების ფართო სპექტრი: დიპლომატიიდან - ძალის გამოყენებამდე.
განსაკუთრებით გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება: ამიერიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით განხორციელებული სამშვიდობო ოპერაციების მთავარი მიზანი იქნება არა ცეცხლის შეწყვეტა, არამედ საკუთრივ კონფლიქტის მოგვარება, გადაწყვეტა, ხოლო ცეცხლის შეწყვეტა და შეიარაღებული დაპირისპირების შეჩერება განიხილება მხოლოდ როგორც საშუალება, აუცილებელი ფონი მთავარი მიზნის მისაღწევად.
სამიტზე განსაკუთრებით საგულისხმო იყო ფრაზა: რისი მაქნისია სამშვიდობო ინიციატივა და სამშვიდობო ძალისხმევა, თუ მას შესაბამისი ძალა არ ახლავს თან? ბოლო უნდა მოეღოს ისეთ სამშვიდობო ოპერაციებს, რომლებიც ეთნიკური წმენდის შედეგად კონტროლირებად ტერიტორიებს გამოაცალკევებს სახელმწიფოს დანარჩენი ტერიტორიისაგან და, ფაქტობრივად, სეპარატიზმის წარმატებას უწყობს ხელს ხელოვნური საზღვრების შექმნით. დაუშვებელია, უსასრულოდ გაგრძელდეს დიალოგი, როდესაც სეპარატისტებს იგი მხოლოდ თვითდამკვიდრებისათვის სჭირდებათ. და, ნურავინ ცდილობს კონტრარგუმენტად გამოიყენოს ის გარემოება, რომ არსებობს „ინტერესთა კონფლიქტი“. ინტერესთა ნებისმიერი კონფლიქტის დროს შესაძლებელია სამართლიანი გადაწყვეტის მიგნება, თუ პრიორიტეტად ვაღიარებთ კონკრეტული ადამიანის უფლებებს.
ეს ურთულესი საკითხი და გლობალური პრობლემა პირდაპირ უკავშირდება ახალი მსოფლიო წესრიგის თემას. ჩემი ღრმა რწმენით, ლოკალური კონფლიქტების მთავარი წყარო სწორედ ის ბოროტი იდეოლოგიაა, რომელიც ეგრეთ წოდებული „მრავალპოლუსიანობის“ თეორიით ცდილობს შენიღბოს სწრაფვა კონფრონტაციული მსოფლიოს აღდგენისაკენ. მიხვდებით, რაზეც მიგანიშნებთ. „მრავალპოლუსიანობა“ უდავოდ ნიშნავს კონფლიქტურობას, ვინაიდან კონფრონტაციული ლოგიკა (რაც მას საფუძვლად უდევს), უეჭველად გამოიწვევს ახალ გლობალურ დაპირისპირებას გეოპოლიტიკურ ძალთა ცენტრებს შორის: ისინი სწორედ ლოკალური კონფლიქტებით, სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის მეშვეობით შეეცდებიან უპირატესობის მოპოვებას.
ამიტომ, პირადად მე, პლანეტაზე მშვიდობის გარანტიად მხოლოდ ისეთ მსოფლიო წესრიგს მივიჩნევდი, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ გეოპოლიტიკურ პოლუსს, მსოფლიო ძალის ყოველგვარი ცენტრის არსებობას და გულისხმობს საერთო საკაცობრიო ღირებულებათა, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპთა იმგვარ ინსტიტუციონალიზაციას, რომ სწორედ ეს ინსტიტუტები იქცნენ პლანეტაზე სამართლიანი მშვიდობის დამყარებისა და დაცვის ცენტრებად. მე ასეთი ერთპოლუსიანი მსოფლიოს მომხრე ვარ და ასეთ გლობალურ წესრიგს ვუჭერ მხარს. სწორედ ეს იქნება, ჩემი აზრით, „ახალი აზროვნების“ გამარჯვება კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე. მაგრამ მაინც ვინ უნდა იყოს ყურადღების ცენტრში, პლანეტის არეალს ვინ უნდა სწავლობდეს? რა თქმა უნდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ახალი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ახალი წესდებით და ახალი უშიშროების საბჭო. ეს შეიძლება რამდენადმე ნაჩქარევი, ან რამდენადმე ცოტა გაბედული ნათქვამია, მაგრამ სხვა გამოსავალი კაცობრიობას არ გააჩნია.
ამის გათვალისწინებით, სავსებით ბუნებრივია, თუ საქართველომ განსაკუთრებით გაამწვავა ბოლო დროს სწორედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პასუხისმგებლობის და მისი გარდაუვალი რეფორმირების საკითხი. აუცილებელია უშიშროების საბჭოს რეფორმა, მუდმივ წევრთა ოდენობის გაზრდა (გერმანიისა და იაპონიის რეალური წონის გათვალისწინებით, სწორედ ისინი მიგვაჩნია უპირველეს კანდიდატებად) და, თუ გახსოვთ, 1992 წელს უშიშროების საბჭოზე პირველად გამოვედი სიტყვით, როგორც საქართველოს მეთაური და სწორედ მაშინ შევიტანე წინადადება უშიშროების საბჭოს გაფართოების შესახებ. უშიშროების საბჭოში უნდა შევიდნენ ისეთი უმძლავრესი სახელმწიფოები, როგორებიც არიან გერმანია და იაპონია, რომელთა მხარდაჭერის გარეშე აქციები და სანქციები მშვიდობის დასამყარებლად საკმარისი არ იქნება. ვეტოს უფლება მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს, რათა ეს უფლება აღარ გამოიყენებოდეს ლოკალური კონფლიქტების სამართლიანად გადაწყვეტის საწინააღმდეგო საშუალებად, - მათი „ავთვისებიანი კონსერვაციის“ მექანიზმად.
საგანგებოდ მინდა შევჩერდე ეკოლოგიურ პრობლემაზე, რაც თანამედროვე მსოფლიოს ყოფნა-არყოფნას სასწორზე დებს. იყო დრო, როდესაც ბევრს საქართველოში ეს პრობლემა მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ინტელექტუალურ ვარჯიშად მიაჩნდა, თითქოს ეკოლოგიური საკითხის სიმწვავე არასდროს შეეხებოდა ჩვენს ქვეყანას. მაგრამ დღეს ყველანი დავრწმუნდით, რამდენად მჭიდროდ და განუყოფლადაა დაკავშირებული საქართველო გლობალურ პროცესებთან ამ მიმართულებითაც. საშინელი, არნახული გვალვა, რომლის მსგავსიც არ ახსოვთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანდაზმულ მცხოვრებლებს, მოჭირნახულე გლეხებს, მევენახეებსა და მეპურეებს, - უდავოდ იმ შემაძრწუნებელი ვითარებისა და საფრთხის გამოვლინებაა, რომელიც საქართველოსთან ერთად მთელ პლანეტას დაემუქრა. ამიტომ, ეს თემაც პრიორიტეტული იყო ათასწლეულის თავყრილობაზე. საკმარისია ითქვას, რომ, თუ უახლოეს მომავალში კაცობრიობა ვერ შეძლებს გადაარჩინოს ოზონის შრე, რომელიც იცავს დედამიწას დამღუპველი გამოსხივებისაგან, თუ არ შემცირდება ატმოსფეროში ნახშირწყალბადთა წვით გამოწვეული აირების შემცველობა, - სულ რაღაც ოცი-ოცდახუთი წლის შემდეგ, პირველად ასობით მილიონი წლის განმავლობაში, ადამიანის ტექნოლოგიური მოღვაწეობისა და ბუნებისადმი უმოწყალო დამოკიდებულების შედეგად, პლანეტაზე ბუნებრივი ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს, რაც უეჭველად გამოიწვევს ყინულოვანი საფარის დნობას ორივე პოლუსზე, ოკეანის დონის ამაღლებას, - შესაბამისი კატასტროფული შედეგებით, უპირველესად, იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ზღვის სანაპიროზე მდებარეობენ. აღარაფერს ვამბობ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, რაც არანაკლებ დამანგრეველი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან ძირფესვიანად შეიცვლება გარემო, რომელშიც ათასწლეულობით ვითარდებოდა საქართველოს აგრარული სისტემა, მოისპობა ტრადიციული კულტურები, ხოლო გარდაუვალი ტრანსფორმაცია ათეულობით მილიარდი დოლარის დანახარჯს მოითხოვს.
ეს პრობლემაც თაობათა სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას უკავშირდება. ამ საკითხშიც საქართველომ, ქართულმა მეცნიერებამ თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას. ბევრი რამ გვაქვს სათქმელი და გასატანი საერთაშორისო ასპარეზზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ათასწლეულის სამიტი“ მართლაც ისტორიულ მიჯნად იქცა.
ეს იყო, როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, „ათასწლეულის საკადრისი მოვლენა“. მან დაადასტურა, რომ კაცობრიობას შესწევს უნარი (უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალური ძალა და პასუხისმგებლობა) საიმისოდ, რომ სათანადოდ უპასუხოს ყველა გამოწვევას და სტრატეგიული თვალსაზრისით გადაჭრას ის ურთულესი პრობლემები, რომლებიც, როგორც მოგახსენეთ, არათუ მსოფლიოს განვითარებას აფერხებენ, არამედ, გარკვეულწილად, საფრთხესაც კი უქმნიან თვით ჩვენი პლანეტის და ადამიანთა მოდგმის არსებობას.
მსოფლიოს ხალხებისადმი „ათასწლეულის სამიტის“ ძირითადი მოწოდება მთელი ამ სირთულისა და პრობლემატიკის, საკაცობრიო სატკივარის ერთგვარი კვინტესენციაა: 21-ე საუკუნესა და მესამე ათასწლეულში უმთავრეს პრიორიტეტებად მიჩნეულია მშვიდობა, სოციალური სამართლიანობა და მდგრადი განვითარება. განვითარების აუცილებელ პირობებად კი - თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, შემწყნარებლობა, ბუნებასთან ჰარმონია და ერთობლივი პასუხისმგებლობა.
ეს არ არის სენტენციათა ერთობლიობა. თითოეულ ამ პირობას და პრიორიტეტს კაცობრიობის ათასწლოვან გამოცდილებაზე დაფუძნებული ღრმად მეცნიერული დოქტრინა და შესაბამისი გრძელვადიანი პროგრამა ახლავს თან.
და კვლავაც, ჩემი გამოსვლის დასასრულს, მე ვიმეორებ მთავარ კითხვას, რომელიც უპირველესად, გვაწუხებს და გვაღელვებს საქართველოს მოქალაქეებს, თითოეულ ჩვენგანს, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური წარმომავლობის თუ მრწამსისა: შეგვწევს თუ არა უნარი, ამ გლობალურ პროცესში ჩვენს სამშობლოს ღირსეული ადგილი მოვუძებნოთ, რათა საქვეყნოდ გაბრწყინდეს საქართველოს ნიჭი და კულტურა?
იმავე დროს, ძალგვიძს თუ არა მთელ კაცობრიობასთან ერთად, ჩვენებურად, ქართულად, - ჩვენი ეროვნული გამოცდილებისა და ტრადიციის შესაბამისად - შევეგებოთ ახალი ეპოქის სირთულეს, მის „საომარ ასპარეზს“, მესამე ათასწლეულის მართლაც მრისხანე გამოწვევებს?
ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი საერთოდ აზრს დაუკარგავდა თითოეული ჩვენგანის და მომავალ თაობათა არსებობას.
დიახ, ჩვენ მრავალი თვალსაზრისით უმოწყალო მსოფლიოში ვცხოვრობთ, რომელშიც თანალმობა და თანადგომა უდიდესი ღირსება და ძლიერთა ხვედრია.
მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, საქართველო უკვე არსებობს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და იგი ვითარდება იმავე სულისკვეთებით, იგივე ტალღაზე, რომელზეც ვითარდება მთელი პროგრესული მსოფლიო.
ეს აღმავალი ტალღაა.
ხოლო ქვეყანას, რომელიც აღმავალ ტალღაზე იმყოფება და საკუთარი ისტორიის (აწმყოსა და მყოფადის), ასევე, მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლობასაც სრულად აცნობიერებს, - უეჭველად ნათელი და ბედნიერი მომავალი აქვს მთელ კაცობრიობასთან ერთად.
იძულებული ვიყავი, გვალვებთან და სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს მეთაურისათვის მიმემართა. პირველი, როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები გამოგვეხმაურა. ჩვენ მივიღეთ იმდენი თანხა, რამდენიც აუცილებელია მარცვლეულის შესაძენად.
ჩვენ მივიღეთ 6 მილიონი დოლარი, რათა დავეხმაროთ ასი ათას ოჯახს ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად.
ამ დღეებში მივემგზავრები გერმანიაში, იქაც საინტერესო მოსაზრებები აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. საბერძნეთიდან მივიღეთ თითქმის სამი მილიონი დოლარის დახმარება, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც. აღარაფერს ვამბობ მსოფლიო ბანკზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდზე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე.
უკვე იწყება ის, რის შესახებაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ - ერთი ქვეყნის სატკივარი უნდა იყოს მთელი მსოფლიოს, მთელი კაცობრიობის სატკივარი. ეს პროცესი დაიწყო და უნდა დაჩქარდეს.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
საქინფორმი.
„ქვეყანას, რომელიც აღმავალ ტალღაზე იმყოფება და საკუთარი ისტორიის, ასევე, მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლობასაც სრულად აცნობიერებს, - უეჭველად ნათელი და ბედნიერი მომავალი აქვს მთელ კაცობრიობასთან ერთად“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 24 სექტემბერი. - №258 (3659). - 1,3,4,5 გვ.
![]() |
55 „უნივერსიტეტი - ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის თეთრი ტაძარი - სულიერებისა და განათლების მთავარი კერაა და სწორედ იქ უნდა ხდებოდეს იმ იდეების აპრობირება, საქართველოს რომ გააქვს, ან უკვე გაიტანა მსოფლიო ასპარეზზე“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
25 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- გასული კვირის მოვლენათა გათვალისწინებით, ალბათ, უპრიანია, დღევანდელი საუბარი ეკონომიკის თემით დავიწყოთ. შაბათს თქვენი თავმჯდომარეობით გამართულ მთავრობის წევრთა თათბირზე განიხილეს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განხილვა საკმაოდ მწვავედ წარიმართა. გასული კვირის კიდევ რომელ ეკონომიკურ საკითხს მიაპყრობდით ყურადღებას? - ჟურნალისტ ციური ბაჯელიძის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ერთმნიშვნელოვნად ვადასტურებ იმას, რაც განვაცხადე ჯერ კიდევ ზაფხულში, რამდენიმე თვის წინათ, როდესაც იწყებოდა ბიუჯეტის პროექტის განხილვა: 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პირველი პოსტკრიზისული ბიუჯეტი იქნება, ესე იგი, გვალვებისა და სხვა სტიქიური კატაკლიზმების მიუხედავად, ჩვენ დავიწყეთ კრიზისიდან გამოსვლა.
ამ კანონპროექტის მთავარი ღირსება მისი რეალისტურობაა. იგი გულისხმობს კრიზისიდან გამოსვლის ეტაპს და იმ კომპლექსურ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელთა განხორციელებას საარსებო მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია.
ვფიქრობ, პარლამენტი სათანადო სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდება ბიუჯეტის განხილვას და ეს დოკუმენტი სავალუტო ფონდთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განახლების გარანტიაც გახდება. იგი ხელ-ფეხს გაუხსნის მსოფლიო ბანკს, ევროკავშირს, სხვა გლობალურ და რეგიონულ ორგანიზაციებს, რათა არა მარტო დაეხმარონ საქართველოს, არამედ ჩვენს ქვეყანაში აქტიური საინვესტიციო პოლიტიკაც განახორციელონ.
ჩვენ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ მომავალი წლის პრიორიტეტები.
მათგან, რა თქმა უნდა, უმთავრესია მოსახლეობის სოციალური დაცვა და იმ დავალიანებათა მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვა, სახელმწიფოს რომ დაუგროვდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში და, ბუნების ჭირვეულობასთან ერთად, ძალიან დიდი ზარალი მიაყენა საქართველოს.
ბიუჯეტის შესრულება (რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, რომ პარლამენტი ამ პრიორიტეტებს გაიზიარებს, უზრუნველყოფს ყველა კატეგორიის მოქალაქეთა ხელფასებისა და პენსიების რეგულარულ გაცემას, აგრეთვე, - გარდატეხას დავალიანებათა დაფარვის საქმეში და ხელსაყრელ პირობებს ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
მაგალითად, გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ სრულად დაიფარება პედაგოგთა ხელფასების დავალიანება, არსებითად გაუმჯობესდება პენსიონერების დავალიანებათა გაცემა.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მომავალ წელს ჩვენ შევასრულებთ დაპირებას და საქართველოში საშუალო განათლება მთლიანად უფასო გახდება.
რა თქმა უნდა, საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას. ჩვენ გადავწყვიტეთ, შევინარჩუნოთ სოციალური და საგზაო ფონდები, ვინაიდან ამ პრიორიტეტულ მიმართულებებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი უნდა ჰქონდეს.
ბუნებრივია, ქვეყნის უმთავრესი საზრუნავი კვლავ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და კრიმინალური ვითარების შემდგომი გაჯანსაღება იქნება. მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ აშკარად არ არის საკმარისი ის თანხები, რომელთა გამოძებნაც სახელმწიფომ შეძლო. აქაც, ალბათ, ძირფესვიანი სტრუქტურული გარდაქმნებისა და რეფორმების გზით უნდა ვიაროთ. მაგრამ რეფორმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, ისევე, როგორც სამართალდამცავ ორგანოებში, აწონილ-დაწონილი, გეგმაზომიერი, დინჯი და მიზანსწრაფული უნდა იყოს და კიდეც იქნება.
ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ სფეროში სულსწრაფობას, ისევე, როგორც ვერ შევეგუებით, რომ ღვაწლმოსილი, დამსახურებული ადამიანები უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ.
რა თქმა უნდა, ბიუჯეტზე საუბრისას, ყოველი ჩვენგანი, უწინარესად, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ბოლო ორი-სამი თვის მონაცემთა გათვალისწინებით, სულ უფრო მიმტკიცდება რწმენა, რომ ეს სამინისტრო პირნათლად მოიხდის თავის ვალს ქვეყნის წინაშე. ამასთანავე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა შეთანხმებულ მუშაობას, მათი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას, რაც წლის განმავლობაში დამატებითი რესურსების მობილიზებისა და ამოქმედების საშუალებას მოგვცემს.
მთელი რიგი რაიონები და ქალაქები, სამინისტროები გვარწმუნებენ, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული ციფრების გარდა, აუცილებლად მოიძებნება დამატებითი რესურსები.
გასული კვირის მოვლენებიდან აქვე შევეხები კიდევ რამდენიმე საკითხს: მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზაციის სტრატეგია, რომლის შემუშავებაში ტასისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ექსპერტები მონაწილეობდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის შესაბამისად ნავსადგური სახელმწიფო მფლობელობაში რჩება, ხოლო რამდენიმე ტერმინალი ღია ტენდერების საფუძველზე გრძელვადიანი იჯარით გაიცემა, რაც რამდენჯერმე გაზრდის ტვირთზიდვის მოცულობას და ნავსადგურის გამტარუნარიანობას.
შესაბამისი საოპერაციო კომპანიები რეგისტრაციას ფოთში გაივლიან, ანუ ქალაქი მნიშვნელოვან საბიუჯეტო შემოსავალს მიიღებს, ფოთის ნავსადგურის განვითარება კი, საბოლოო ანგარიშით, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. სხვათა შორის, ზოგიერთი ასეთივე, თუმცა, შედარებით ნაკლები მნიშვნელობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ბათუმის ნავსადგურში, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს.
ვიმსჯელეთ, აგრეთვე, საქართველოში მიწის რეფორმის მიმდინარეობისა და მისი შემდგომი გაღრმავების შესახებ. ეს არის საპრეზიდენტო პროგრამის მოთხოვნაც, ვინაიდან მიწის რეფორმა ქვეყანაში სიღატაკის დაძლევის ამოცანისაგან განუყოფელია. ბოლო მონაცემებით, კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემულია 930 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მილიონზე მეტი ოჯახი მიწის მესაკუთრე გახდა. რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ამ პროცესისაგან, დადებითი სოციალური შედეგების გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 77 მილიონი ლარი. 2000 წელს კი, გვალვებისა და სხვა ათასი გაჭირვების მიუხედავად, მოსალოდნელია, შემოსავალმა 50 მილიონი ლარი შეადგინოს.
გასულ კვირას საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველომ შეძლო თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრის - საზღვაო სანაოსნოს გადარჩენა. თბილისში იმყოფებოდა სამენეჯმენტო კომპანიის „კოლუმბიის“ წარმომადგენელი ჰაინრიხ შოლერი.
ამ კომპანიამ ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ბანკის დახმარებით, მოკლე ხანში მოასწრო გემების მოდერნიზაცია, გამოიკვეთა ვალების დაფარვის პერსპექტივა და შესაძლებელი ხდება, რომ საქართველომ ამ კომპანიასთან ერთად რამდენიმე ტანკერი შეიძინოს კიდეც. სულ მცირე ხნის წინათ ამ საკითხზე ფიქრიც კი ოცნებისა და ზღაპრის სფეროს განეკუთვნებოდა.
გამოვყოფდი, აგრეთვე, შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციასთან.
ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ხალხის არჩევანს. მით უმეტეს, რომ საქართველოსა და დიდი ჩინეთის ურთიერთობა 1993 წლიდან მოყოლებული, - როდესაც გაიმართა ჩემი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში, - შესანიშნავი დინამიზმით გამოირჩევა და სწრაფად ვითარდება. უკვე დამუშავებულია რამდენიმე საინტერესო პროექტი, რომლებიც დიდ სიკეთეს ჰპირდება ჩვენს ქვეყანას, მათ შორის, ენერგეტიკის დარგში. პერსპექტიულია, აგრეთვე, ქართული ღვინის, კონსერვის, ნატურალური წვენის გატანა ჩინეთის გიგანტურ ბაზარზე.
აი, ძალიან მოკლედ გასული კვირის იმ მოვლენების შესახებ, რომელთაც გამოვარჩევდი.
- მომდევნო შეკითხვაც ეკონომიკის თემას ეხება. ხუთი წელი შესრულდა ლარის შემოღებიდან. 1995 წელს ბევრს არ სჯეროდა, რომ ეროვნული ვალუტა ხუთი წლის მანძილზე შეინარჩუნებდა სიმყარეს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ მან შეასრულა თავისი ფუნქცია და ჭეშმარიტად ეროვნული ფულის ერთეული გახდა?
- ლარს საქართველოსათვის უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, ისეთივე, როგორიც ჰქონდა ეროვნულ ვალუტას სხვა სახელმწიფოთათვის. მაგალითად, მარკას - გერმანიისათვის, შეკელს - ისრაელისათვის, რუბლს - რუსეთისათვის, ან ფრანკს - საფრანგეთისათვის.
ეროვნული ვალუტა ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმტკიცესი დასაყრდენი და თვალსაჩინო ატრიბუტია. მისი ძალა და სტაბილურობა, აგრეთვე, სანდოობა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ განვლილ ხუთ წელიწადში უკვე გამოსცადა. ეს ყველაზე მკაცრი გამოცდა იყო, განსაკუთრებით, 1998-1999 წლების კრიზისის პერიოდში.
აქვე დავძენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ყველა პირობა იმისათვის, რომ ენდონ ჩვენს ბანკებს, ლარის კურსის სიმტკიცეს და ის საკმაოდ დიდი თანხა, ამჟამად ბანკების გარეთ რომ ბრუნავს და, სამწუხაროდ, ძირითადად სპეკულანტური ელემენტების ხელშია, მოაქციონ საბანკო ბრუნვაში. ამ საქმეს ჩვენი ტელევიზიისა და პრესის საშუალებით საგანგებო ინფორმაციული უზრუნველყოფა სჭირდება. რაც მეტი ეროვნული ვალუტა დაგროვდება ბანკებში, რაც უფრო გარანტირებული იქნებიან მოქალაქეები მის უსაფრთხოებაში, მით უფრო მტკიცე იქნება ლარი მომავალში.
ლარმა დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორადაც იქცა.
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს საქართველოს ეროვნული ბანკის წინდახედული და მიზანშეწონილი პოზიცია.
თუმცა, მთლიანად ხელისუფლებას ერთმნიშვნელოვნად გვქონდა შეგნებული, რომ სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ეროვნული ვალუტის განმტკიცებისა და გაძლიერების ერთადერთი საშუალებაა: ლარზე ზრუნავდა როგორც პრეზიდენტი, ასევე პარლამენტი.
სულაც არ მინდა, ნიშანი მოვუგო იმათ, ვისაც კუპონის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, არ სჯეროდა, რომ საქართველო შეძლებდა ეროვნული ვალუტის შემოღებას და მის შენარჩუნებას. შესაძლოა, ბევრი მათგანი გულწრფელი იყო, თუმცა, სხვა განწყობილებაც შეიმჩნეოდა.
ფასდაუდებელია დახმარება ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რომ გაგვიწია ეროვნული ვალუტის, ანუ, ფაქტობრივად, ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. ეს ნურავის დაავიწყდება. ასევე, ფასდაუდებელია მსოფლიო ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ევრობანკის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ნიდერლანდის, თურქეთისა და საბერძნეთის დახმარება.
მადლიერებით ვიხსენებ ყველა იმ მოღვაწეს, ვინც მონაწილეობა მიიღო ლარის დაფუძნებაში.
განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და მრწამსისა, ეს მართლაც ჩვენი დიდი, საერთო-ეროვნული გამარჯვება იყო, რის შედეგადაც საქართველომ სრულფასოვანი ეროვნული ვალუტა მოიპოვა.
- დღეს საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი ლორდი ჯორჯ რობერტსონი. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას, რას მოუტანს მისი ვიზიტი საქართველოს?
- მივესალმები ნატოს გენერალური მდივნის სტუმრობას ჩვენს ქვეყანაში. ეს მისი პირველი ვიზიტია. თუმცა, ბატონი რობერტსონის წინამორბედი, თქვენთვის კარგად ცნობილი ჰავიერ სოლანა უკვე იმყოფებოდა საქართველოში.
ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ვითარდება ცნობილი პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც, ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა სახელმწიფოს მსგავსად, საქართველოც შეუერთდა.
არაერთგზის გვითქვამს: თუ ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, საქართველო ითანამშრომლებს ყველა ევროპულ, მსოფლიო თუ ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან.
თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან, ჯერჯერობით უფრო დაბალი დონისაა, ვიდრე ამ ორგანიზაციასთან, ვთქვათ, რუსეთის თანამშრომლობა, ვინაიდან რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ კავშირთან საგანგებო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ლაპარაკია განსაკუთრებული დონის თანამშრომლობაზე.
ჩვენ ჯერჯერობით ვთანამშრომლობთ პოლიტიკური დიალოგის, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს ურთიერთობას სამეცნიერო სფეროში, ნატო დაინტერესებულია ბევრი სამეცნიერო თემით, რომლებიც მარტო თავდაცვასთან ან სამხედრო საკითხებთან არ არის დაკავშირებული. არის განყენებული თემებიც, ფუნდამენტური მიმართულებებიც, რაც ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქართული მეცნიერების უდიდესი პოტენციალის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.
ამდენად, ლორდი ჯორჯ რობერტსონი სასურველი სტუმარია და მივესალმებით მის ჩამოსვლას.
- გასულ პარასკევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე თქვენ წაიკითხეთ მოხსენება, რომელიც „ათასწლეულის სამიტს“ მიეძღვნა. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ამით გარკვეულ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი?
- უწინარესად, მინდა მადლიერება და, თუ გადაჭარბებული არ იქნება, აღტაცება გამოვთქვა იმ ატმოსფეროს გამო, რომელიც უნივერსიტეტის დიდ სამეცნიერო საბჭოზე სუფევდა.
ეს იყო საქმიანი, კეთილგანწყობილი და უაღრესად დაინტერესებული საუბარი ჩვენი სამშობლოს ადგილსა და ბედზე თანამედროვე მსოფლიოში.
ამგვარი განწყობილება ბუნებრივიცაა, ვინაიდან, როგორც საბჭოს სხდომაზე განვაცხადე, უნივერსიტეტი - ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის თეთრი ტაძარი - სულიერებისა და განათლების მთავარი კერაა და სწორედ იქ უნდა ხდებოდეს იმ იდეების აპრობირება, საქართველოს რომ გააქვს, ან უკვე გაიტანა მსოფლიო ასპარეზზე.
ვისურვებდი, რომ მართლაც დამკვიდრდეს ტრადიცია და საქართველოს პრეზიდენტი ასეთი მასშტაბის მოვლენათა შესახებ მოხსენებით პერიოდულად წარსდგეს უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წინაშე. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებსაც. არა მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, არამედ სხვა უნივერსიტეტებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან, აგრეთვე, მოქალაქეებთან საჭიროა უფრო ხშირი კონტაქტები. საჭიროა დაბეჯითებით განმარტება იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით მის გარეთ.
ამრიგად, ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით, გულწრფელ მადლობას მოვახსენებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური-საქინფორმი.
„უნივერსიტეტი - ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის თეთრი ტაძარი - სულიერებისა და განათლების მთავარი კერაა და სწორედ იქ უნდა ხდებოდეს იმ იდეების აპრობირება, საქართველოს რომ გააქვს, ან უკვე გაიტანა მსოფლიო ასპარეზზე : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 სექტემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 26 სექტემბერი. - №259 (3660). - 1, 2 გვ.
![]() |
56 „ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან მიმდინარეობს პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ და ეს თანამშრომლობა წარმატებულია“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
25 სექტემბრის ბრიფინგი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: გასულ კვირას „ახალ ფრაქციასა“ და ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირს“ შორის სერიოზული კამათი გაჩაღდა ავტომანქანების ტექდათვალიერებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. როგორ კომენტარს გაუკეთებდით პარლამენტში შექმნილ სიტუაციას?
ედუარდ შევარდნაძე: უნდა გამოგიტყდეთ, რომ ტექდათვალიერების პრობლემას კარგად არ ვიცნობ. ამ დღეებში წარმომიდგენენ მასალებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ გამოვთქვამ ჩემს აზრს.
რაც შეეხება ერთი ჯგუფის გარკვეულ უკმაყოფილებას უმრავლესობის გამო, საპარლამენტო ცხოვრებაში ესეც არ არის გასაკვირი. ასეთი მოვლენები ხშირია და არც ჩვენი პარლამენტია ამისგან თავისუფალი. ცალკეული ჯგუფები გამოიყოფიან, ზოგიერთი ფრაქციასაც შექმნის და ა.შ. მაგრამ მე, სიმართლე რომ გითხრათ, აღმაშფოთა იმ ტონმა, რომლითაც ეს კამათი მიმდინარეობდა, მათ შორის, ტელევიზიითაც.
უმრავლესობაში მყოფ ჯგუფებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ახლა გამოეყვნენ უმრავლესობას, წარმატებული ბიზნესმენები არიან, და ჩვენ ერთობლივი პლატფორმით გამოვდიოდით საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს.
შემდეგ რა მოხდა და რატომ დაიძაბა ურთიერთობა, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, გაუგებარია. მიმაჩნია, რომ ქვეყანა, რომელიც ფეხზე მყარად ჯერ კიდევ ვერ დგას, და, რომელსაც მრავალი ტკივილი აქვს მოსაშუშებელი, უნდა უფრთხილდებოდეს ყველა პროგრესული ძალის ერთიანობასა და მთლიანობას. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ ოპოზიციის არსებობას. მაგრამ ძალიან არ უნდა გაგვიტაცოს იმ მიდრეკილებამ, რომ რაც შეიძლება მეტი პრეტენზია წავუყენოთ ერთმანეთს მაშინ, როცა ბევრი საკითხის მოგვარება შესაძლებელია იმავე პარლამენტის სხდომაზე ან ჩვეულებრივ სამუშაო შეხვედრებზე. ამიტომაც, ერთგვარი სინანული მინდა გამოვთქვა ამ მოვლენასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შევხვდები ორივე მხარის წარმომადგენლებს, არ ვიცი, რას შევძლებ, მაგრამ მე მაინც მოვუწოდებ მათ, რომ ცოტა დაიცხრონ ვნებები და იმუშაონ ერთად.
სააგენტო „იტარ-ტასი“: სოხუმის დაცემიდან შვიდი წელი გავიდა. როგორ ფიქრობთ, თქვენ პირადად და ხელისუფლებამ რამდენად მოახერხეთ ყველა საშუალების გამოყენება ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად? კერძოდ, მაინტერესებს თქვენი აზრი: საქართველო ივლის-აგვისტოში დსთ-ში თუ შევიდოდა, მოხდებოდა თუ არა ეს ფაქტი? გარდა ამისა, ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას ბოლო დროს რამდენიმე სამხედრო პირის, მათ შორის, თქვენთვის კარგად ცნობილი სოსო მარგიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ სოხუმის აღება მოწინააღმდეგეს რეალურად უკვე ივლისის ბოლოს შეეძლო, როცა სამხედროებს, ფაქტობრივად, უკვე აღარ ჰქონდათ შესაბამისი მარაგი და სწორედ ამიტომ ხელისუფლება დათანხმდა სოჭის ხელშეკრულების ხელმოწერაზე. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
ედუარდ შევარდნაძე: გააკეთა თუ არა ხელისუფლებამ ყველაფერი იმისთვის, რომ აფხაზეთის კონფლიქტი მოგვარებულიყო? ძალიან გამიჭირდება იმის ჩამოთვლა, კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა. ალბათ, ყველაფერი ვერ გავაკეთეთ. მაგრამ ახლა გამიჭირდება იმის თქმა, კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა, გარდა სამხედრო ჩარევისა. ჩემი ღრმა რწმენით, ყოველ შემთხვევაში, აქამდეც და ამ ეტაპზეც ლაპარაკი ძალის გამოყენებაზე ნიშნავს სამხედრო ავანტიურის დაწყებას, რასაც, ალბათ, თავის მხრივ, ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვება. რაც შეეხება საერთაშორისო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროსა და ეუთოს შესაძლებლობებს, ჩვენ ისინი მაქსიმალურად გამოვიყენეთ. საინტერესოა ის დოკუმენტები, რომლებზეც საუბარი იყო გაეროს საიუბილეო სესიაზე. გთხოვთ, გაეცნოთ ამ დოკუმენტებს, ყოველ შემთხვევაში, უნივერსიტეტში ჩემს მოხსენებაში ეს საკმაოდ ნათლად არის ჩამოყალიბებული. დღეს უკვე ცხადია, რომ მსოფლიო შეურიგებელია კონფლიქტებისადმი. სამშვიდობო ოპერაციის დანიშნულება, - ეს გენერალური მდივნის სიტყვებია, და დეკლარაციაშიც არის ჩაწერილი, - ის კი არ არის, რომ არ დაუშვას კონფლიქტის განახლება, არამედ მისი მთავარი მიზანია მშვიდობის დამყარება და კონფლიქტის საბოლოო მოგვარება.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ შესაძლებელი იყო სოხუმის უფრო ადრე დაკარგვა, შემიძლია შევედავო ამ განცხადების ავტორს და სხვებსაც. შესაძლებელი იყო საერთოდ სოხუმის შენარჩუნება, რომ არ ყოფილიყო ის ღალატი, რომლის შესახებაც მე არაერთხელ მითქვამს. სამწუხაროდ, სწორედ, 27 სექტემბერს, გამთენიისას, გამოვედი ქალაქში და დავინახე, რომ ყველა ბატალიონი, - სოხუმს გუმისთის მხრიდან სამი-ოთხი ბატალიონი იცავდა, - მოხსნილი იყო ვიღაცის ბრძანებით. ეს ჩემი ბრძანება არ ყოფილა. თქვენ ხვდებით, ვისი ბრძანებაც იყო. იმავე ბრძანებით, მოიხსნა ის ბატალიონიც, რომელიც სოხუმს ფუნიკულიორის მხრიდან იცავდა. ფუნიკულიორი სოხუმში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი იყო. ასე რომ, სოხუმის დაცვა შეიძლებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთვის ხშირად დამახასიათებელმა გათიშულობამ იმ დღეებში განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი და ასეთი ტრაგიკული შედეგი მოგვიტანა.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“: დღეს თბილისში ნატოს გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი ჩამოდის. რა საკითხებზე ისაუბრებთ მასთან შეხვედრისას და აპირებთ თუ არა განიხილოთ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხი? ნატოს ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან ბაზების გაყვანას, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები მოჰყვეს. თუმცა, ნატო არ ჩაერევა ამ საკითხებში, რადგანაც ეს ეუთოს კომპეტენციაა.
ედუარდ შევარდნაძე: ეს არის გეგმით გათვალისწინებული ვიზიტი, რომელიც პირველი როდია. საქართველოში იმყოფებოდა ჯორჯ რობერტსონის წინამორბედი ჰავიერ სოლანა. ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან მიმდინარეობს პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ და ეს თანამშრომლობა წარმატებულია. პოლიტიკური დიალოგი, გამოცდილების გაზიარება - ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რომელიც ახლა თავდაცვის სისტემის რეფორმირებაზე ფიქრობს. ამ მხრივ, ნატოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ძალზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მეცნიერების სხვადასხვა დარგში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე სერიოზულ პროგრამას ნატო აფინანსებს.
მე და ბატონი რობერტსონი, ალბათ, არ განვიხილავთ რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანის დაჩქარების საკითხს, რადგანაც, ეს უბრალოდ, არ არის ჩვენი მსჯელობის საგანი. თუმცა, მას შეუძლია გამოთქვას ამის შესახებ თავისი აზრი ისევე, როგორც მე მაქვს ამის უფლება და უკვე გამოვთქვი კიდეც. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არ იქნება განხილვის საგანი.
გაზეთი „სეგოდნია“: გასულ კვირას კომპანია „ექსიმმობილმა“ უარი განაცხადა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში მონაწილეობაზე. რამდენად აისახება ეს გადაწყვეტილება პროექტის რეალიზაციაზე და, საერთოდ, რა ხდება ამ პროექტის ირგვლივ? ვრცელდება ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რამდენად არის ამ პროექტის რეალიზაცია დამოკიდებული ამა თუ იმ ლიდერის ჯანმრთელობაზე, ან რაიმე სხვა გარემოებაზე?
ედუარდ შევარდნაძე: ვფიქრობ, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება. როგორც ჩემთვის ცნობილია, კომპანიების უმრავლესობა პროექტის დაფინანსებაზე თანახმაა. ასე რომ, თვით ცალკეული კომპანიის გასვლაც კი ამ პროექტიდან, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ხელს არ შეუშლის პროექტის განხორციელებას.
ამ დღეებში არ მქონია საშუალება, დავლაპარაკებოდი ჰეიდარ ალიევს. დღეს ან ხვალ ჩვენი საუბარი შედგება და განვიხილავთ ამ პრობლემას. მაგრამ გარწმუნებთ, რომ არანაირი ეჭვი პროექტის რეალიზაციის თაობაზე არ მაქვს.
გაზეთი „სოფლის ცხოვრება“: საბაზრო ეკონომიკის პირობებში გვაინტერესებს როგორ გესახებათ ურთიერთობა ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის და დღევანდელ სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს ფუნქციები.
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ საიმისოდ, რომ თითოეული ფერმერი რაც შეიძლება დამოუკიდებელი იყოს სახელმწიფოსაგან და ამიტომაც განხორციელდა მიწის რეფორმა. თითქმის 1 მილიონი ჰექტარი მიწა გადაეცა გლეხობას, სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას, ამით ძალინ დიდი, საშვილიშვილო საქმე გაკეთდა. სახელმწიფოს ჩარევა მე ასე წარმომიდგენია: შევქმნათ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო იმისთვის, რომ ფერმერებს დავეხმაროთ თუნდაც კრედიტებით ან სუბსიდიებით ისე, როგორც ამას აკეთებს ყველა განვითარებული და ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა. სამწუხაროდ, ახლა რესურსები ძალზე შეზღუდულია, მაგრამ წლეულს გარკვეული თანხის გამოყოფა მაინც შევძელით, უფრო ზუსტად, ეს თანხა გავითვალისწინეთ მომავალი წლის ბიუჯეტში. ასე რომ, გაისად გაცილებით მეტი საშუალება გვექნება.
სააგენტო „ინტერფაქსი“: გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს სერიოზული პრეტენზიები გაუჩნდა საქართველოდან ზედმეტი რუსული ტექნიკის გაყვანასთან დაკავშირებით. მან დააკონკრეტა პრეტენზიების არსი. ამავე დროს, ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა რუსეთის მიერ გავრცელებულ ციფრსა და ეუთოს მოთხოვნას შორის ამის თაობაზე.
ედუარდ შევარდნაძე: ეს არც ისე მარტივი საკითხია. მთელი ტექნიკა დათქმულ ვადაში უნდა გავიდეს ქვეყნიდან. მთავარია, რომ პროცესი მიმდინარეობს, ძირითადად, ნორმალურად. ყოველ შემთხვევაში, ვაზიანის ბაზიდან ტექნიკის გაყვანა ნორმის ფარგლებში წარიმართა. ახლა სხვა რეგიონებშიც იწყება ეს პროცესი. რასაკვირველია, იქნება შეფერხებები, კამათი. მთავარია, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ პროცესი ძალიან რთულია და ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ მისი კიდევ უფრო დრამატიზება ცალკეული შეცდომების გამო.
თემურ ბაბლუანი, ფილმ „აბრეშუმის გზის“ დამდგმელი რეჟისორი: ჩვენი გადამღები ჯგუფი ამთავრებს სამნაწილიანი ფილმის „აბრეშუმის გზა“ პირველ ნაწილს. ჩვენ მოვიარეთ აზია, ფილმთან დაკავშირებით შევხვდით ბევრ საინტერესო პიროვნებას, ქვეყნების პრეზიდენტებს. „აბრეშუმის გზაზე“ მიმოსვლის გამარტივების მიზნით, უკეთესი ხომ არ იქნებოდა ერთიანი სავიზო რეჟიმის ან რაიმე ხელშემწყობი წესის შემოღება?
ედუარდ შევარდნაძე: უწინარეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ როგორც თქვენ, ისე ყველა იმ კინემატოგრაფისტს, ვინც ამ ფილმის გადაღებაში მონაწილეობს.
რაც შეეხება კითხვას. მე მზად ვარ იმისათვის, რომ „აბრეშუმის გზის“ პროექტი რეალურად განხორციელდეს - თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოთა მეთაურებს მივწერ სპეციალურ წერილს ამ სივრცეში თავისუფალი გადაადგილების პრინციპების განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ. კიდევ ერთხელ უნდა გამოვთქვა ერთგვარი შეშფოთება რუსეთის ცალკეული ხელმძღვანელების იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ დსთ ფარგლებში საჭიროა თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის გაუქმება. რუსეთის გამოსვლა ბიშკეკის ხელშეკრულებიდან, რომელიც დსთ ქვეყნებისათვის მონაპოვარს წარმოადგენს, უკანგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. ჩვენ დაგვჭირდება მუშაობა რუსეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც დაინტერესებულია „აბრეშუმის გზის“ განვითარებით, მათ შორის, ჩინეთთან, იაპონიასთან, რათა შეიქმნას გადაადგილების ხელსაყრელი რეჟიმი.
როდესაც „აბრეშუმის გზის“ პროექტის სერიოზული განხორციელება დაიწყება, უამრავ ბიზნესმენთან ერთად ათეულ მილიონობით ტურისტს შესაძლებლობა ექნება, ეწვიოს ცენტრალურ აზიას, ჩინეთს, იაპონიას, საქართველოსა და ა.შ. ამ პროცესის შეჩერების უფლება არც ერთ მთავრობას არა აქვს. ამიტომაც, ჩემს მოვალეობად მივიჩნევ აქტიურად ამოგიდგეთ მხარში და შეძლებისდაგვარად დაგეხმაროთ.
„დილის გაზეთი“: სტამბოლის შეთანხმების მიხედვით, 2001 წლის 1 ივლისამდე უნდა მოხდეს გუდაუთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაცია. ქართული მხარე ბოლო დრომდე საკმაოდ მკაცრად და ცალსახად მოითხოვდა ამ პირობის შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი იმ საბაბით, რომ სამშვიდობო ძალებს მტკიცე ზურგი სჭირდება, ცდილობდა, შეეფერხებინა ეს პროცესი. მაგრამ, განსაკუთრებით, იალტის სამიტის შემდეგ, ქართული მხარის პოზიციებში გაჩნდა მერყეობის სიმპტომი - თითქოს შესაძლებელია გარკვეულ კომპრომისებზე საუბარი გუდაუთის ბაზის შესახებ. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ შეიძლება სტამბოლის შეთანხმების გადასინჯვა, შესაბამისად, გუდაუთის სამხედრო ბაზის მოქმედების ვადის გახანგრძლივება? ბოლო პერიოდში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ისეთ ბერკეტს იყენებს, როგორიც არის სავიზო რეჟიმი.
ედუარდ შევარდნაძე: არა, სავიზო რეჟიმს ამ საკითხთან საერთო არაფერი აქვს. რაც შეეხება თავად გუდაუთის ბაზის ბედს, ამაზე, თუ არ ვცდები, ამ დღეებში, რუსეთის დელეგაცია ჩამოვა ამ ქვეყნის ვიცეპრემიერის ხელმძღვანელობით და ყველა საკითხს მასთან განვიხილავთ. რუსეთი არ არის წინააღმდეგი, გაიყვანოს სამხედრო ნაწილები, რომლებიც ახლა გუდაუთაში იმყოფება. ეს არის სადესანტო ნაწილები, მაგრამ რუსეთი საკითხს ასე აყენებს: თუ საქართველო ფიქრობს, რომ კვლავაც შეინარჩუნოს რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთში, მაშინ ამ ძალებს გარკვეული ბაზა სჭირდება. აი, ამ ფუნქციაზეა ლაპარაკი. ეს საკითხი დააყენა რუსეთის მხარემ და, ვფიქრობთ, რომ ამის განხილვა შეიძლება. ალბათ, ერთ კვირაში, ათ დღეში ამ თემაზე მოლაპარაკება დასრულდება.
ტელეკომპანია „რტრ“: 3 ოქტომბერს გერმანიის გაერთიანების ათი წელი სრულდება. როგორ შეაფასებდით ათი წლის თავზე ამ მოვლენას და აპირებთ თუ არა ამ დღის აღსანიშნავად გერმანიაში გამგზავრებას?
ედუარდ შევარდნაძე: გერმანიის ხელმძღვანელობა ჩემს გასამგზავრებლად თბილისში სპეციალურ თვითმფრინავს გამოგზავნის. იმ დღეს იქ იქნება ყველა ჩემი მაშინდელი კოლეგა. რაც შეეხება შეფასებებს, ეს არაერთხელ გამიკეთებია. ეს არის უდიდესი მოვლენა, რომელმაც ბოლო მოუღო დაპირისპირებას აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის, და მე ვამაყობ იმით, რომ გარკვეულწილად მეც ხელი შევუწყვე ამ პროცესს.
სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: გასულ კვირას ახმეტის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივმა ქისტებმა და, თუ არ ვცდები, ჩეჩენმა ლტოლვილებმა. რა კომენტარს გაუკეთებდით ამ ინციდენტს? ხომ არ იქმნება დესტაბილიზაციის ახალი საშიშროება პანკისის ხეობაში?
ედუარდ შევარდნაძე: მართალია, რუსეთის ცალკეული საინფორმაციო საშუალებები პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენების ზედმეტ დრამატიზებას ახდენენ, მაგრამ ჯერჯერობით, ჩემი მონაცემებით, იქ ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრება მიმდინარეობს. თუ რაიმე გართულება არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მოსახლეობის რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინციდენტს, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს სხვაგანაც. არ მგონია, რომ ეს დაკავშირებული იყოს ქისტებისა და სხვა ჯგუფების შეჯახებასთან. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არის თბილისშიც, სხვა რეგიონებშიც. და მე, სიმართლე გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას მომხდარ ამბავს არ ვანიჭებ და არ ვფიქრობ, რომ ეს დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
„საქართველოს რადიო“: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ამას წინათ საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმეს წყნეთის ტყის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. შემდგომ სიუჟეტებში არაერთხელ დაასახელეს თქვენი გვარი, როგორც აჟიოტაჟის ერთ-ერთი მონაწილის - მეფარიძის მეგობრისა და მფარველის. როგორი იქნება თქვენი კომენტარი?
ედუარდ შევარდნაძე: წყნეთში ნარგავების საკითხი სპეციალური განხილვის საგანი უნდა გახდეს. რაც შეეხება მეფარიძესთან ჩემს მეგობრობას ან ნათესაობას, ნათესაობის თემა დღეს მოდაშია. მეფარიძეს მცხეთიდან ვიცნობ: მაშინ, როცა მე იქ რაიკომის მდივნად ვმუშაობდი, ის კი მეტყევე იყო. შემდეგ თითქმის ყოველწლიურად იმართებოდა ტყის დღეები. მე ვმონაწილეობდი თბილისის გარეუბნების განაშენიანებაში და ვხვდებოდი ამ კაცს ისევე, როგორც სხვა მეტყევეებს, ვართმევდი ხელს. ისინი, თავის მხრივ, მაწვდიდნენ ხან თოხს, ხან ბარს, ხან - ნერგებს. აი, ეს არის ჩემი ურთიერთობა ამ პიროვნებასთან.
საქინფორმი.
„ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან მიმდინარეობს პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ და ეს თანამშრომლობა წარმატებულია : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 სექტემბრის ბრიფინგი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 26 სექტემბერი. - №259 (3660). - 1, 3 გვ.
![]() |
57 „კორუფცია სცილდება ეროვნულ საზღვრებს, უშუალოდ უკავშირდება დანაშაულობათა აღიარებულ და ცნობილ ფინანსურ-ეკონომიკურ ფორმებს, რაც აუცილებელს ხდის ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას“ |
▲back to top |
ბატონო თავმჯდომარევ,
ქალბატონებო და ბატონებო!
ნება მიბოძეთ, გულითადად მოგესალმოთ საერთაშორისო სამიტის „ანტიკორუფცია-2000-ის“ ორგანიზატორებს, მასპინძლებს, დელეგატებსა და სტუმრებს. მისასალმებელია, რომ ამ ფორუმში სახელმწიფო ფინანსების მართვის საერთაშორისო კონსორციუმთან, მსოფლიო ბანკთან, აშშ საერთაშორისო განვითარების საანგენტოსთან, განვითარების ინტერამერიკულ ბანკთან ერთად მონაწილეობს საქართველოს კონტროლის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს და მის ქმედითუნარიანობაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ამ სენთან ბრძოლის ეფექტიანობა.
დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა კორუფციის ზრდის გამოწვეული სირთულეები, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცესა და განვითარებას. კორუფცია სცდილდება ეროვნულ საზღვრებს, უშუალოდ უკავშირდება დანაშაულობათა აღიარებულ და ცნობილ ფინანსურ-ეკონომიკურ ფორმებს, რაც აუცილებელს ხდის ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას, უწინარეს ყოვლისა, ეს სასარგებლო იქნება აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის, რომლებიც დამოუკიდებელი განვითარების გზაზე დიდ სიძნელეებს აწყდებიან.
საქართველოს მთავრობამ 1997 წლის იანვრიდან განსაკუთრებით გაააქტიურა ბრძოლა კორუფციასთან, რომელმაც ამ დროისათვის საკმაოდ მყარად გაიდგა ფესვები ხელისუფლების თითქმის ყველა ეშელონში, სამართალდამცავ თუ მაკონტროლებელ ორგანოებში და იგი სახელმწიფოს საფუძვლებს დაემუქრა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქვეყანაში დაწყებულია, ფართომასშტაბიანი ბრძოლა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარკვეული დონის მიღწევის მიუხედავად, კვლავ გადასაჭრელია მრავალი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. დასაძლევია ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობითი მაშტაბები; ჯერ კიდევ საბოლოოდ დასახვეწია საკანონმდებლო ბაზა და მისი აღსრულების სახელმწიფოებრივი მექანიზმი. სამწუხაროდ, ქვეყანამ, ბოლომდე ვერ დააღწია თავი სოციალისტური ეკონომიკისათვის დამახასიათებელ ინსტიტუციონალურ მოწყობას, შესამჩნევია პროფესიონალი კადრების სიმწირე.
ამასთან, ჩემს ქვეყანაში დაგროვდა კორუფციასთან ბრძოლის გარკვეული გამოცდილება. ასევე, არსებობს კორუფციასთან ბრძოლის აპრობირებული მსოფლიო პრაქტიკა. კორუფცია ამა თუ იმ სახით თვით ეკონომიკურად განვითარებულ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოშიც კი არსებობს, მაგრამ არსებობს მათთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები. ანტიკორუფციული პოლიტიკა გულისხმობს, როგორც კორუფციის შედეგების, ასევე მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას და იგი მხოლოდ საკადრო ცვლილებებით არ უნდა შემოიფარგლოს. ჩვენ სწორედ ამის შესწავლასა და განხორციელებას ვაპირებთ. უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი სახის დახმარებები და თანადგომა უცხოური ქვეყნებიდან. ჩვენ ამ მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობთ. 1998 წლის ივნისში მსოფლიო ბანკის დახმარებით თბილისში ჩატარდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც მთლიანად მიეძღვნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დამატებითი იმპულსი შესძინა ამ წამოწყებას.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილია ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელი ავტორიტეტული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს უზენაესი სასამართლოსა და კონტროლის პალატის თავმჯდომარეებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჯგუფი შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის განხორციელების პოლიტიკურ, ფინანსურ, ინსტიტუციონალურ, საკანონმდებლო და საკადრო უზრუნველყოფის სქემებს; გააანალიზებს და აუცილებლად გამოიყენებს საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილებას.
არ შეიძლება სიამოვნებით არ აღვნიშნოთ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების აქტიური თანადგომა და მზადყოფნა ყოველმხრივი დახმარების გასაწევად.
ჩვენ, სამოქალაქო ომისა და კონფლიქტების პირობებში შევძელით სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, და მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა კორუფციას დაძლევს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ეკონომიკურ და სულიერ აღმავლობას.
დასასულ, მინდა მოგილოცოთ კონგრესის გახსნა, ნაყოფიერი გარჯა და წარმატება გისურვოთ მის მესვეურთ და მონაწილეებს.
გულითადი გრძნობებით,
ედუარდ შევარდნაძე.
„კორუფცია სცილდება ეროვნულ საზღვრებს, უშუალოდ უკავშირდება დანაშაულობათა აღიარებულ და ცნობილ ფინანსურ-ეკონომიკურ ფორმებს, რაც აუცილებელს ხდის ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 28 სექტემბერი. - №261 (3662) - 2 გვ.
![]() |
58 „მივესალმები და მხარს ვუჭერ კონგრესის საქართველოში გამართვას“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ევროპის მედიკოს სტუდენტთა III კონგრესისა და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის X გენერალური ასამბლეის მონაწილეებისადმი
მინდა მოგილოცოთ ევროპის მედიკოს სტუდენტთა III კონგრესის და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის X გენერალური ასამბლეის დაწყება და ტითოეულ მონაწილეს გისურვოთ წინსვლა და წარმატებები თქვენს პროფესიულ და შემოქმედებით საქმიანობაში.
თქვენ ახალი მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული წარმომადგენლები უნდა იყოთ და პირნათლად ემსახუროთ ყველა ჰუმანურ ამოცანას - ადამიანის ჯანმრთელობას და კეთილშობილებას, რაც უკვე აირჩიეთ თქვენს პროფესიად. მივესალმები და მხარს ვუჭერ კონგრესის საქართველოში გამართვას. მადლობას მოგახსენებთ იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც ეს საპატიო მისია საქართველოს ანდეთ. მეტად სიმბოლურია, რომ დღეს, საუკუნეთა გასაყართან, ევროპის ჯანდაცვის მომავალი სწორედ ჩვენს ქვეყანაში შეიკრიბა. დარწმუნებული ვარ, თქვენი კოლეგა - მასპინძლები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა გიჩვენონ და წარმოგიდგინონ საქართველო, - როგორც ევროპული თანამეგობრობის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, რომელიც სახელმწიფოებრიობის 30 საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ქვეყანა, რომელმაც სულ ახლახანს დაიბრუნა თავისი ერთ-ერთი ტრადიციული და ძირითადი მისია - იყოს შუამავალი და შემაკავშირებელი ერვოპასა და აზიას შორის, იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი რეგიონში.
საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გიჭერთ მხარს და დარწმუნებული ვარ, ახალი იდეებით, ახალი გეგმებით და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებით თქვენს სამშობლოში.
გისურვებთ, წარმატებით გევლოთ თქვენ მიერ არჩეულ ურთულეს გზაზე და ღირსეულად გეშენებინოთ თქვენი მომავალი - ახალი მსოფლიო თანამეგობრობა. იგი ხომ თქვენ და თქვენს თაობას ეკუთვნის.
აქვს მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება საქართველოში სამედიცინო განათლების ძირძველი და უმთავრესი კერის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ, რომელმაც ითავა ამ შესანიშნავი ღონისძიებების ჩატარება, რითაც თავისი წვლილი შეიტანა იმ დიდ საქმეში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ორიენტაციის განსაზღვრა ჰქვია.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
„მივესალმები და მხარს ვუჭერ კონგრესის საქართველოში გამართვას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 29 სექტემბერი. - №262 (3663) - 1 გვ.
![]() |
59 აკადემიკოს ლეო გაბუნიას დაბადების 80 წლისთავის გამო |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ლეო,
თქვენთვის და ჩემთვისაც ძალზე ძნელ დროს გილოცავთ დაბადების დღეს, რადგან თქვენი ძმის, შესანიშნავი მუსიკოსის და პიროვნების, ბატონ ნოდარის გარდაცვალებით მიყენებული ტკივილი ჯერ კიდევ მწვავეა.
და მაინც, არ შემიძლია არ მოგილოცოთ დაბადების დღე საერთაშორისო სახელის მქონე მეცნიერს, რომლის ჯერ ვარაუდმა და შემდეგ შესანიშნავმა პალეონტოლოგიურმა აღმოჩენებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს მსოფლიო მეცნიერებაში დღემდე არსებული წარმოდგენა ევროპის უძველესი მკვიდრის კონკრეტულ ადგილსა და მისამართზე.
ვერავინ იტყვის, ვინ არის იმ ბატონის ან ქალბატონის უშუალო შთამომავალი, რომელთა ძვლები დმანისის ნამარხებში იქნა მიკვლეული, მაგრამ ისინი რომ მაინც ჩვენს მიწაზე ცხოვრობდნენ, ეს ბევრს ნიშნავს.
დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი მეცნიერული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
იცოცხლეთ დიდხანს. ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
აკადემიკოს ლეო გაბუნიას დაბადების 80 წლისთავის გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 29 სექტემბერი. - №262 (3663) - 1 გვ.
![]() |
60 ამბროლაურის რაიონის პირველი საშუალო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს, მოსწავლეთა მშობლებს |
▲back to top |
მილოცვა
ძვირფასო მეგობრებო,
მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას სკოლის ახალ და მშვენიერ შენობაში.
მიუხედავად სკოლის შენობის მიწისძვრით დანგრევისა, მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, თქვენმა სკოლამ ქვეყანას უჩვენა მაგალითი გამძლეობისა და საქმისადმი ერთგულად მსახურებისა, რადგან არც გაკვეთილი გამხდარა და არც მოსწავლეები განთესილან.
საქართველოში ახლა სკოლები ძალზე ძნელად შენდება და თუ შენდება, ძირითადად, ჩვენი მეგობრების დახმარებით.
დიდი მადლობა მათ. მე ვისურვებდი, ჩვენმა ბიზნესმენებმა მიბაძონ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელნიც ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ.
დიდი მადლობა მშენებლებს და, საერთოდ, მადლობა ყველას, ვინც ჩვენს ბავშვებს ეს სიხარული აჩუქა.
თქვენს სკოლაში ბევრი სასახელო ქართველი აღიზარდა და დარწმუნებული ვარ, კვლავაც არაერთი აღიზრდება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ამბროლაურის რაიონის პირველი საშუალო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს, მოსწავლეთა მშობლებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 1 ოქტომბერი. - №264 (3665) - 2 გვ.
![]() |
61 მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლებს |
▲back to top |
მილოცვა
ქალბატონებო და ბატონებო,
ამ ბარათს, თქვენი ინსტიტუტის დაარსების სამოცდათხუთმეტ წლისთავთან დაკავშირებით განსაკუთრებული მღელვარებითა და განსაკუთრებული სითბოთი ვწერ, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ფსიქიატრები, რაკიღა ადამიანის სულსა და გონებას ეხებიან, ჩვენგან, ჩვეულებრივ მოკვდავთაგან განსაკუთრებით უფრო ახლოს არიან ღმერთთან. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მათ ეხება, ვინც ჭეშმარიტი მკურნალია სულით ავადმყოფისა. ასეთები კი ქართულ ფსიქიატრიაში ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ფსიქიატრიულ სკოლას სათავე მიხეილ ასათიანმა და ავლიპ ზურაბაშვილმა დაუდეს, დიდმა მკურნალებმა და დიდმა ადამიანებმა, არამედ იმიტომაც, რომ ქართველი კაცისთვის ძალზე ბუნებრივია მოყვასის სულიერი მდგომარეობის შეგრძნება, მისი ტკივილით განმსჭვალვა.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ფსიქიატრიის ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სამკურნალო ცენტრია და ეს სახელი მას მოუპოვეს ჩვენმა დიდმა ფსიქიატრებმა. ისიც უნდა ვთქვა, რომ წინაპართა შესანიშნავ ტრადიციებს თქვენ ღირსეულად აგრძელებთ და დღესაც თქვენი სამეცნიერო ინტერესები უშუალოდ უკავშირდება ქვეყნისათვის საჭირო აქტუალური საკითხების შესწავლასა და გადაწყვეტას, რისი მაგალითიც თუნდაც ისაა, რომ როცა მწვავედ დაგვჭირდა, ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ფსიქოთერაპიის ცენტრი, ფსიქოსოციალური კვლევითი ლაბორატორია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი.
ინსტიტუტი, როგორც წინათ, ისე ახლაც, მონაწილეობას ღებულობს ფსიქიატრთა ახალი კადრების აღზრდასა და განსწავლაში და ეს ყველაფერი დიდი ტრადიციების საფუძველზე ხდება.
ჩემო მეგობრებო, თქვენი სიმაღლე, როგორც სულიერი, ისე პროფესიული, გამოჩნდა მაშინ, ძნელ საბჭოთა ეპოქაში, როდესაც საბჭოთა პრაქტიკისგან განსხვავებით სულით ავადმყოფობა არავის აქცევინეთ პოლიტიკური რეპრესიების იარაღად. თქვენი განსაკუთრებული სიმაღლე ჩანს ახლაც, როდესაც უდიდესი გაჭირვების მიუხედავად, ერთი წუთითაც არ მიატოვეთ ავადმყოფები.
და კიდევ, რამდენადაც ვიცი, სულით ავადმყოფის სხვა სახელით ხმობა თქვენთვის უდიდესი შეურაწყოფაა. ესეც ბევრს ნიშნავს და ესეც შესანიშნავად გახასიათებთ.
ყველა სიკეთეს გისურვებთ, უპირველესად კი, თქვენი ავადმყოფების განკურნებას.
ღმერთი იყოს თქვენი შემწე ამ ძნელ საქმეში.
ედუარდ შევარდნაძე.
მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 3 ოქტომბერი. - №265 (3666) - 3 გვ.
![]() |
62 „ერთი მუჭა ტერორისტები და მკვლელები ვერ შეძლებენ სახელმწიფოს სტაბილურობისა და აღმშენებლობისათვის არჩეული კურსის შეცვლას“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდით და ეს მოვლენა, შეიძლება ითქვას, კვირის მთავარ მოვლენად იქცა. თქვენ მონაწილეობდით გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში. გერმანელებისათვის ეს დღე მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა უთხრეს ამჯერად გერმანელებმა ედუარდ შევარდნაძეს? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ამ მართლაც ღირსშესანიშნავ მოვლენაზე ბევრი რამ ითქვა. ამჯერად ერთ, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ნიუანსს მივაპყრობდი რადიომსმენელისა და მკითხველის ყურადღებას. ბოლოს და ბოლოს, ის, რაც ათი წლის წინათ, 1990 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოხდა, უკვე ისტორიაა და დროის გადასახედიდან თითქოს აქტუალურობასაც კარგავს. ასეთია ჩვეულებრივი ლოგიკა. მაგრამ 28 სექტემბერს, ბერლინში ყოფნისას, საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ეს ლოგიკა ფორმალურია. ყოველ შემთხვევაში, ამ ისტორიულ მოვლენას იგი ვერ ხსნის და ვერ ესადაგება. სინამდვილეში, რაც უფრო მეტი დრო გადის იმ დაუვიწყარი, ეპოქალური მოვლენებიდან, ინტერესი მათს მიმართ გერმანიაშიც და მთელ მსოფლიოშიც არათუ კლებულობს, არამედ - პირიქით, შესამჩნევად იზრდება. ამ თითქოსდა უცნაურობის მიზეზი ძნელი ასახსნელი როდია. ცივი ომის დამთავრება, გერმანიისა და ევროპის გაერთიანება მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად იქცა, რამაც განსაზღვრა თვით გერმანიის, ევროპის, ევროატლანტიკური ერთობისა და მთელი მსოფლიოს მომავალი განვითარება 21-ე საუკუნესა და მესამე ათასწლეულში.
დღევანდელი მსოფლიო, ყველა მისი თვისებითა და განვითარების ტენდენციით, იმ პროცესთა კალაპოტით ვითარდება, რომელთა გამკვალავნი 28 სექტემბერს ბერლინში მიგვიწვიეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებამ და გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწეებმა.
თვით გერმანიისთვისაც „გერმანული ერთობის“ პერიპეტიებზე, ამ ისტორიული აქტის შედეგებზე მსჯელობა სცილდება თეორიული დისკუსიის ფარგლებს და უდიდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან მჭიდროდ უკავშირდება იმ სახელმწიფოებრივ კონცეფციას, რომელიც თავის დროზე კონრად ადენაუერმა, ლუდვიგ ერჰარდმა და გერმანიის სხვა გამოჩენილმა შვილებმა დაუდეს საფუძვლად ახალ, თავისუფალ, დემოკრატიულ, ფედერაციულ გერმანულ სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოს მნიშვნელობასა და მისკენ სწრაფვას. ამრიგად, ეს არის ისტორიის გაუხუნარი ფურცელი, მარად აქტუალური და პრაქტიკული გაკვეთილების შემცველი, მით უმეტეს, რომ გერმანიისა და ევროპის გაერთიანება განუყოფელია ცივი ომის დასრულებისა და გლობალური დაპირისპირების შეწყვეტისაგან, რამაც ადამიანთა მოდგმის შემდგომი ბედი გადაწყვიტა ჩვენს პლანეტაზე.
ვინაიდან ჩემი ყოველი სიტყვა და საქმე მშობელ ერს ეკუთვნის, ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი: ალბათ, უფლის ნება იყო, ამ მოვლენათა შუაგულში ვყოფილიყავი და საერთო გამარჯვებაში ის წვლილი შემეტანა, რომელსაც ყველაზე უკეთ ბერლინში ყოფნისას ჩვენი მასპინძლები აფასებდნენ.
აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას: ვერც საქართველო და ვერც საბჭოთა კავშირის რომელიმე სხვა რესპუბლიკა თუ რეგიონი ვერ მოიპოვებდა დამოუკიდებლობას და ვერც გერმანია გაერთიანდებოდა, რომ არა „გარდაქმნა“, რეფორმათა პროცესის დაწყება 1985 წელს. საერთო-საკაცობრიო ღირებულებათა აღიარება, რითაც მე, როგორც იმ დროს საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ყველა ხალხის, უპირველესად, მშობელი ერისა და ქართველი ინტელიგენციის ნება აღვასრულე.
რაც შეეხება ვიზიტს. გერმანიასთან ჩემი ურთიერთობა ტრადიციულად ყოველთვის იყო ამაღლებულიც და ამაღელვებელიც.
იქნებ, არც ისე ბევრია ადამიანი ჩვენს პლანეტაზე, ვის მიმართაც დიდი გერმანელი ერი ესოდენ მადლიერებას ამჟღავნებდეს.
და ეს მადლიერება, ჩემთან ერთად, რასაკვირველია, საქართველოსაც ეკუთვნის.
კიდევ ერთხელ, ჩვენი მხრივ, მადლიერებით უნდა აღვნიშნოთ ის დახმარება, რომელსაც გერმანია გვიწევს.
თუნდაც ფედერალურ კანცლერთან მხოლოდ ბოლო შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებს 2 მილიონი გერმანული მარკის დახმარებას, ხოლო გერმანიის წითელი ჯვარი დამატებით 700 ათასი გერმანული მარკით დაგვეხმარება. ეს თანხები, ძირითადად, გვალვის შედეგების დაძლევას მოხმარდება.
გავიხსენოთ ისიც, რომ მიმდინარე წლის მარტში, საქართველოში ბატონ გერჰარდ შრედერის ვიზიტის დროს, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას 2000-2001 წლებში საქართველოსა და გერმანიის მთავრობათა შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.
ამ დოკუმენტის შესაბამისად, გერმანია საქართველოს 60 მილიონ მარკას გამოუყოფს გრძელვადიანი, შეღავათიანი, უაღრესად ხელსაყრელი კრედიტის სახით და ეს უწინარესად ენერგეტიკასა და ზოგიერთ, ჩვენთვის ყველაზე საჭირო, დარგს მოხმარდება.
საერთოდ კი, ბოლო წლების განმავლობაში, გერმანიის დახმარებამ საქართველოსადმი, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა დროს, რამდენიმე პროგრამის ფარგლებში, 300 მილიონ მარკას გადააჭარბა.
საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ ვუძღვნი მადლობას დიდ გერმანელ ხალხს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, კანცლერს ამ გულუხვი დახმარებისათვის დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.
- გასულ კვირას პარლამენტს 2001 წლის ბიუჯეტის პროექტი წარედგინა. გარდა ამისა, თქვენ რამდენიმე დიალოგი გამართეთ ეკონომიკური პროექტების თაობაზე. და, აქედან გამომდინარე, ტრადიციული კითხვა 2000 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით: მიიწურა სექტემბერი. დღეს რა შედეგებზე შეიძლება საუბარი?
- დავიწყებ 2001 წლის ბიუჯეტის პროექტით: დოკუმენტი, რომელიც გასულ შაბათს საბოლოოდ განვიხილეთ მთავრობის თათბირზე, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური, მაგრამ რეალისტურია.
რეალობა და იდეალი კი ძალიან ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს.
მიუხედავად ამისა, სრული რწმენით უნდა ითქვას: დღევანდელ პირობებში რეალისტურობა და გაწონასწორებულობა ბიუჯეტის უმთავრესი ღირსებაა. ამ მხრივ 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ძლიერი ბიუჯეტი უნდა იყოს, ანუ გასავალი მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს შემოსავალს. ვფიქრობ, პარლამენტი გაიზიარებს ასეთ სახელმწიფოებრივ მიდგომას. ამასთანავე, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ქვეყანას აქვს დამატებითი რესურსები იმისათვის, რომ გაცილებით მეტი შემოსავალი მივიღოთ და სხვადასხვა დარგები დავაფინანსოთ.
უფრო მეტიც, ქვეყანაში არსებობს პოტენციალი, რათა 2001 წელს შემოსავალი დაგეგმილზე უფრო მეტადაც გაიზარდოს, რაც მრავალი მიმართულებით შექმნის პრიორიტეტული პროგრამების განსაზღვრისა და დაფინანსების საშუალებას. აქ გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვან როგორც საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ, ორივე დეპარტამენტმა, ასევე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმაც.
არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ქვეყნის თავდაცვის მიზნით გამოყოფილი სახსრები, ისევე, როგორც პოლიციის შენახვისა და ხელახალი აღჭურვის, უშიშროებისათვის განსაზღვრული სახსრები, პირდაპირ ვიტყვი, სიმბოლურია, და ეს წლის განმავლობაში უნდა გამოვასწოროთ.
ბიუჯეტის შესრულება საყოველთაო ამოცანაა და პასუხისმგებლობას თავს ვერავინ აარიდებს. ამის მაგალითი მოგვცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ასლან აბაშიძის გადაწყვეტილებამაც ბათუმის მერთან და სხვა თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, რასაც მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ერთმნიშვნელოვნად მივესალმები: თვითმმართველობა არ ნიშნავს საქვეყნო საქმეზე გულაცრუებასა და „ხელის დაბანას“.
ხელისუფლებამ იკისრა ვალდებულება, რომ მომავალ წელს უნდა დაიწყოს დავალიანებათა დაფარვა, ხოლო მასწავლებლებმა მთლიანად მიიღონ კუთვნილი ხელფასები. ვგულისხმობ, როგორც მიმდინარე ხელფასებს, ასევე, ადრე დაგროვილ დავალიანებას.
ვიმეორებ: შესაბამისი რეზერვები ქვეყანაში არსებობს. მაგალითისათვის დავასახელებდი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ნავთობის საბადოებს.
მე უკვე გავეცი განკარგულება ამ რესურსების ათვისებისა და სართიჭალის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის სიმძლავრეთა შემდგომი გაფართოებისა და გამოყენების შესახებ. დანაშაულის ტოლფასია, ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი ნავთობის გადამუშავების საშუალება და მას არ იყენებდეს. სახელმწიფო მინისტრის გიორგი არსენიშვილის ხელმძღვანელობით გამოიყო სპეციალური კომისია და, ალბათ, დაიგეგმება თბილისის მახლობლად მძლავრი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობა.
„გაორის“ ნავთობგადასამუშავებელმა სიმძლავრემ, თუ საქმეს გონივრულად მოვეკიდებით (და არა უცნაური აკვიატებით, სულ მალე შეიძლება წელიწადში 2 მილიონ ტონას მიაღწიოს. მხედველობაში მაქვს ის, რომ მას დაემატება სხვა ბლოკები და მაშინ შეიძლება მივაღწიოთ ამ სიმძლავრეს.
ეს, მით უმეტეს აქტუალურია, რომ უკვე ეჭვს არ იწვევს საქართველოში საკუთარი ნავთობის დიდი ოდენობის არსებობა. სხვებთან ერთად აქტიურობენ ნორვეგიელი ინვესტორებიც. ისინი, უახლოეს მომავალში, 30 მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებენ ამ სფეროში.
საბიუჯეტო შემოსავლის თაობაზე: სამინისტროს ცნობით, სექტემბრის საგეგმო დავალება შესრულდა, ანუ უკვე გვაქვს ყველა პირობა, რათა წელგამართულები შევხვდეთ და ვესაუბროთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, რომელიც სულ მალე განიხილავს ჩვენი ქვეყნისათვის დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფის საკითხს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მატება საბაჟო დეპარტამენტის ხაზით, თუმცა საგადასახადო დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობს დადებული პირობის შესასრულებლად.
გასული კვირის შეხვედრების შესახებ: მნიშვნელოვანი იყო საუბარი კომპანია „შელ ინტერნეიშნლის“ წარმომადგენელთან. საკითხი ეხებოდა ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტს. მგონია, რომ ეს პროექტი ზოგიერთმა ნაადრევად „დაასამარა“. უახლოეს ხანში ამ თემაზე თურქეთსა და თურქმენეთს შორის გაიმართება კონკრეტული მოლაპარაკება. გარდა ამისა, იგეგმება ჩემი ვიზიტი ანკარაში. საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ტრანსკასპიური გაზსადენის საკითხი ერთ-ერთი უმთავრესი იქნება თურქეთის პრეზიდენტთან ბატონ სეზერთან მოლაპარაკების დროს. ნებისმიერ შემთხვევაში, „დიდი გაზსადენი“ აუცილებლად გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, ვინაიდან დადასტურებულია კასპიის ზღვის აზერბაიჯანის შელფში ბუნებრივი აირის დიდი რესურსების არსებობა და ამის შესახებ მემორანდუმი უკვე გაფორმებული და პარაფირებულია.
თურქეთის რესპუბლიკასთან ამჟამად განვიხილავთ სხვა საინტერესო პროექტებსაც. ალბათ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ყარსი-თბილისის სარკინიგზო პროექტის შესახებ ერთობლივი ტენდერის გამოცხადების თაობაზე. ასეთი აზრი მკაფიოდ გამოიკვეთა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან ბატონ ენის ოქსუზთან შეხვედრისას. ვისაუბრეთ აგრეთვე კარწახში ახალი სასაზღვრო პუნქტის გახსნისა და ფოთი-რიზეს წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობის შესახებ. ჩვენი თურქი მეგობრებიც გვპირდებიან დახმარებას გვალვასთან დაკავშირებით.
- კვლავ გააქტიურდა საუბარი რუსეთის მხრივ „სავიზო რეჟიმის“ თაობაზე. რუსეთი გამოვიდა ბიშკეკის ხელშეკრულებიდან და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამიერიდან ორმხრივ საფუძველზე განსაზღვრავს სავიზო რეჟიმს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ თითოეულ ქვეყანასთან. აქ ძალზე ნიშანდობლივი გახლავთ ის გარემოება, რომ სულ ცოტა ხნის წინათ მოსკოვში თანამეგობრობის დაკნინებად მიიჩნევდნენ ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტულობას და ამტკიცებდნენ, რომ თანამეგობრობამ მრავალმხრივ და ყველასათვის სავალდებულო დოკუმენტები უნდა შეიმუშაოს. ახლა კი თავად არღვევენ იმ ერთადერთ ხელშეკრულებას, რომელიც თანამეგობრობაში რეალურად მოქმედებდა. როგორია თქვენი კომენტარი?
- ამ კითხვას მოკლედ ვუპასუხებ, ვინაიდან არაერთგზის გამომითქვამს ჩემი აზრი, თუმცა ბოლო დროს ახალი ნიუანსებიც გაჩნდა.
სავიზო რეჟიმი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე თუნდაც რუსეთის გამოსვლა ბიშკეკის ხელშეკრულებიდან, ანუ იმ ერთადერთი დოკუმენტის ცალმხრივი დენონსაცია, რომელიც ჯერ კიდევ ტოვებდა იმედს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ქმედითი და პერსპექტიული გაერთიანება იქნებოდა. თუ ეს ერთადერთი რეალურად მოქმედი ხელშეკრულებაც გაუქმდება, მაშინ, ალბათ, მრავალი კითხვის ნიშანი დაისმება.
ამდენად, ამ პრობლემაზე გულდაგულ ჩაფიქრება მართებთ არა მარტო თბილისში, არამედ მოსკოვშიც. ყველაფერი კარგად უნდა გაიაზრონ, ან ერთად უნდა გავიაზროთ.
და კიდევ ერთი: ნურავინ ცდილობს ერთმანეთს დაუკავშიროს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება და ბაზების საკითხი. ასეთი რამ უკვე გაისმა მეზობელი ქვეყნის ერთ-ერთი მოღვაწის მხრიდან. ეს იქნებოდა კიდევ ერთი უმძიმესი შეცდომა, ვინაიდან ამგვარი უხეში ზემოქმედება (თუ იგი განხორციელდა) მხოლოდ უკუშედეგს გამოიღებს და საქართველო იძულებული გახდება მიიღოს ადეკვატური ზომები. ეს კი სრულებით არ არის სასურველი, ვინაიდან ნამდვილად არ გვინდა ისტორიულად მეზობელი და მეგობარი ქვეყნისაგან ბიუროკრატიული კედელი გვყოფდეს.
მე არაერთგზის მითქვამს, რომ იმ გეოპოლიტიკურ პრობლემათა გასაღები, რომლებიც ესოდენ აღელვებთ ჩვენს კოლეგებს (დღესაც და პერსპექტივის თვალსაზრისითაც, აფხაზეთში დევს.
ხოლო, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს შეაშინებს შანტაჟითა და ზემოქმედებით, ასეთი მეთოდები, მით უმეტეს, დღევანდელ მსოფლიოში, სრულიად ფუჭი და უსარგებლოა.
სჯობს, მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ ორმხრივ ინტერესთა გათვალისწინებით.
- მსოფლიოს ებრაელობა აღნიშნავს ებრაულ ახალ წელს - „როშ ჰაშანას“ დღესასწაულს. რას უსურვებდით ჩვენს თანამემამულეებს - საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს?
- საქართველო ტრადიციული პატივისცემით ეკიდება ებრაელი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ყველა მოვლენას, ყველა დღესასწაულს.
ქართველები და ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეები ამ დღესასწაულს ებრაელ თანამემამულეებთან ერთად აღნიშნავენ.
სულითა და გულით ვულოცავ „როშ ჰაშანას“ საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს, ისრაელისა და მთელი მსოფლიოს ებრაელობას.
ქართველ ებრაელებს ვუსურვებ ბედნიერებას, სიხარულს, წარმატებას ჩვენს საერთო სამშობლოში - საქართველოში, რომლის განუყოფელ, სისხლხორცეულ ნაწილადაც ისინი იქცნენ საუკუნეთა განმავლობაში. თუმცა კი არასოდეს ივიწყებენ და არც უნდა დაივიწყონ ისტორიული, ბიბლიური სამშობლო.
- გუშინ სიდნეიში დასრულდა დიდი დღესასწაული, რომელსაც ოლიმპიური ასპარეზობა ჰქვია. ქართველმა სპორტსმენებმა ექვსი მედალი მოიპოვეს. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეს ჩვენი სპორტსმენებისათვის გარკვეული წარმატებაა?
- თავისთავად ის ფაქტი, რომ ოლიმპიურ ასპარეზობაზე ექვსჯერ აღიმართა საქართველოს დროშა (ასეთი ტრადიცია კანონობს ამგვარ ასპარეზობაზე - დროშა აღიმართება ყველა ხარისხის მედლის მოპოვებასთან დაკავშირებით, უდავოდ სერიოზული წარმატებაა. მეამაყება, რომ ქართველმა ოლიმპიელებმა ვაჟკაცურად იბრძოლეს.
მათს მოსამზადებლად ქვეყანამ იმის მაქსიმუმი გააკეთა, რაც კი დღევანდელ პირობებში შეიძლებოდა. დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებიც (როდესაც ჩამოვლენ ჩვენი ოლიმპიელები, ამაზე, ალბათ, სპეციალური საუბარი გვექნება). თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, მცირედია იმასთან შედარებით, რასაც სხვა, მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოები ხარჯავენ სპორტულ ასპარეზზე წარმატების მისაღწევად. მაგრამ საქართველოს სპორტულმა დელეგაციამ სიდნეის ოლიმპიადა ბევრ მათგანზე უკეთესი შედეგით დაასრულა.
მთელი ქვეყნის სახელით მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ სპორტსმენებს პატრიოტიზმისა და ვაჟკაცური შემართებისათვის.
დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით მოპოვებული თუნდაც ბრინჯაოს მედალი მაინც განსაკუთრებული ელვარებისაა (მით უმეტეს, ექვს მედალზეა ლაპარაკი. ეს ცოტა არ არის). შეადარეთ ეს შედეგი წინა ოლიმპიადაზე მიღწეულ მაჩვენებელს.
აქვე მადლობა უნდა ვუთხრათ, აგრეთვე, ათეულობით ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს - ბრწყინვალე სპორტსმენებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის სახელით ასპარეზობდნენ, ვინაიდან სწორედ მათ შექმნეს, მათ ჩაუყარეს საფუძველი ქართულ სპორტულ ტრადიციას. ეს ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ ოლიმპიურ ასპარეზობაზე საქართველოს ჰიმნსაც უეჭველად ააჟღერებს.
- რამდენიმე დღის წინათ ქალაქ ამსტერდამში, ევროკომისიის ინიციატივით გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი, რომელშიც საქართველოს წარგზავნილებმა შესანიშნავ წარმატებას მიაღწიეს...
- ჩემთვის ძალზე სასიხარულოა, რომ მაქვს საშუალება გამარჯვება მივულოცო ქართველ ახალგაზრდებს. მადლობა ეთქმის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფონდს, რომლის დახმარებითაც მათ მონაწილეობა მიიღეს ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში.
ევროკონკურსის მთავარი პრიზი - „გრან პრი“ მოიპოვა საქართველოს წარმომადგენელმა, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ნიკა ჭანყოშვილმა. მასვე გადაეცა დიდი ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების სპეციალური პრიზი.
ჩვენი ქვეყნის სხვა წარგზავნილებმაც - ნიკა ბერუჩაშვილმა (გეოგრაფიის თემაზე მომზადებული ნაშრომისათვის) და ფიზიკოსმა ლუკა კობახიძემ ასევე სპეციალური პრიზები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის კონკურსში 40 ქვეყნის 120-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ამიტომ ჩვენი თანამემამულეების გამარჯვება მით უფრო სასიხარულო და ღირსშესანიშნავია.
რა თქმა უნდა, ვულოცავ ნიკა ჭანყოშვილს, ნიკა ბერუჩაშვილსა და ლუკა კობახიძეს, მათს მშობლებსა და მასწავლებლებს ამ გამარჯვებას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ამბროლაურში იხსნება ახალი საშუალო სკოლის შენობა და კულტურის სახლი. ათი წელი სწავლობდნენ ამბროლაურელი ბავშვები ვაგონებში, მაგრამ არც მასწავლებლებს, არც მოსწავლეებს გული არ გასტეხიათ. რომ არა უამინდობა, აუცილებლად ვაპირებდი ზეიმში მონაწილეობას. სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მომეცა.
ძვირფასო ამბროლაურელებო, გთხოვთ ჩათვალოთ, რომ თქვენთან ერთად ვიყავი მშენებლობის პროცესში და, როგორც შემეძლო, გეხმარებოდით. მით უმეტეს, მიგულეთ თქვენთან ერთად დღევანდელ ზეიმზე.
- გუშინ იუსტიციის სამინისტროს სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან გაიქცა 12 განსაკუთრებით საშიში დამნაშავე, მათ შორის, ლოთი ქობალია, გურამ აბსანძე და სხვები. მოსახლეობა შეშფოთებულია. როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი რამ? როგორ გგონიათ, ბოლოდროინდელი საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური მოვლენების ფონზე რამდენად შემთხვევითია ეს ფაქტი?
- ჩვენ გუშინ უკვე ვიმსჯელეთ ამ საკითხზე ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ერთად. სათანადო ღონისძიებებიც დავსახეთ. დაიწყო გამოძიება. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ფაქტს - ღალატი, გამცემლობა, შეთქმულება თუ ყველაფერი ერთად. დამნაშავენი მოიძებნებიან და პასუხსაც აგებენ. მაგრამ ძალიან დიდი სულიერი მღელვარებით ვსვამ კითხვას: საიდან მოდის ეს აღმაშფოთებელი უპასუხისმგებლობა საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე? გაითვალისწინეთ, რომ გაშვებულთაგან (ხაზს ვუსვამ, გაშვებულთაგან და არა გაქცეულთაგან) 4 ტერორისტია, არიან მკვლელები და სხვა დამნაშავენი. ტერორისტების რაოდენობას რომ ვასახელებ, რა თქმა უნდა, გურამ აბსანძესაც ვგულისხმობ. სასამართლო პროცესი თითქმის დამთავრდა. გურამ აბსანძემ და მისმა ადვოკატებმა ერთხელ კიდევ სცადეს და განაჩენის გამოტანის წინ ევროსასამართლოში გაგზავნეს თხოვნა თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. როგორც გუშინწინ მაცნობეს, ევროსასამართლომ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
მაგრამ არის სხვა საკითხიც, რომელშიც ვერც ქვეყნის პრეზიდენტი გაიმართლებს თავს. ნაჩქარევი იყო პენიტენციალური სისტემის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემა. ქვეყანა არც მატერიალურად, არც ფინანსურად და, თუ გნებავთ, კადრების მომზადების თვალსაზრისითაც ამისათვის მზად არ იყო. ჩვენ ამ ნაჩქარეობის შედეგებს ვიმკით. ამიტომაც, როდესაც ვლაპარაკობთ ცალკეულ რეფორმებზე, მოდით, ცოტა უფრო სერიოზულად შევხედოთ ყველაფერს. ეს შედეგი გვაიძულებს ვიფიქროთ იმაზე, თუ რომელი რეფორმა როდის, რა ვადებში უნდა განხორციელდეს და რა მოსამზადებელი სამუშაოებია საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა გაკოტრების გზაზე არ დადგეს.
მჯერა ჩვენი ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოების მაღალი პროფესიონალიზმის (მათ ეს არაერთხელ დაუდასტურებიათ), ერთგულებისა და თავდადებისა. ამ ადამიანთა დაკავება მათი და, იქნებ, მთელი ქვეყნის ღირსების საქმეც არის.
მომხდარის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ანარქიისა და ქაოსის დამკვიდრების მცდელობა. დაუკვირდით ჩვენი დამოუკიდებლობის წლებს - როგორც კი ქვეყანა ფეხზე დადგომას და მოღონიერებას იწყებს, ათასნაირ სიურპრიზს გვთავაზობდნენ. გაიხსენეთ შეიარაღებული გამოსვლები კონსტიტუციის მიღებამდე, მოვლენები მისი მიღებისთანავე, ტერორისტული აქტები და საკუთარი სამშობლოს საწინააღმდეგო სხვა აქციები.
საქართველომ უფრო რთულ ამოცანებს გაართვა თავი. გვალვამაც ვერ გაგვტეხა წელში და ვერც გაგვტეხს - გვაქვს იმდენი რესურსი, რომ თავი გავიტანოთ. მით უმეტეს, ერთი მუჭა ტერორისტები და მკვლელები ვერ შეძლებენ სახელმწიფოს სტაბილურობისა და აღმშენებლობისათვის არჩეული კურსის შეცვლას და იზოლირებული იქნებიან. რა თქმა უნდა, დაისჯებიან ისინიც, ვინც ეს უმძიმესი ცოდვა იკისრა. მათ ამ გამყიდველობას არ აპატიებს არც ღმერთი და არც ხალხი.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.
„ერთი მუჭა ტერორისტები და მკვლელები ვერ შეძლებენ სახელმწიფოს სტაბილურობისა და აღმშენებლობისათვის არჩეული კურსის შეცვლას“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 3 ოქტომბერი. - №265 (3666) - 1, 2 გვ.
![]() |
63 აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 80 წლის იუბილეზე |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო მალხაზ,
საიუბილეო თარიღს გილოცავთ შესანიშნავ მეცნიერსა და პედაგოგს, ღირსეულ საზოგადო მოღვაწეს.
თქვენ დიდი ძალისხმევითა და მკვლევართა ძლიერი კოლექტივის შეკრებით საქართველოში საფუძველი ჩაუყარეთ მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის კვლევით ინსტიტუტს, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით და სადაც მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები ჩაატარეთ.
ნება მიბოძეთ, მადლობა გითხრათ ყოველივე ამისთვის.
მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორს, რადგან თითქმის შეუძლებელს აკეთებთ იმისათვის, რომ ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება შესძლოს.
და ბოლოს, მადლობა მინდა გითხრათ იმ უდიდესი წვლილისათვის, რაც ცხრა აპრილის მოვლენების შესწავლისა და სახელის დარქმევის საქმეში შეიტანეთ.
თქვენ ბედნიერი კაცი ბრძანდებით, რადგან ქვეყნისათვის გააკეთეთ ყოველივე ის, რაც შეგეძლოთ.
დიდი მადლობა ამისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ 80 წელს, რაც, მერწმუნეთ, თქვენნაირი უშრეტი ენერგიის მქონე ადამიანისათვის სულაც არ არის ბევრი.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 80 წლის იუბილეზე : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 3 ოქტომბერი. - №265 (3666) - 1 გვ.
![]() |
64 ბატონ შოთა გოგოხიას |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო შოთა,
უდიდესი სიამოვნებით გილოცავთ დაბადების მე-80 წლისთავს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.
უკვე 60 წელია, რაც თქვენ უანგაროდ ემსახურებით სამშობლოს და ახლაც განაგრძობთ ნაყოფიერ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. დიდია თქვენს მიერ შეტანილი წვლილი როგორც სამედიცინო მეცნიერებასა და ახალგაზრდა ექიმთა აღზრდაში, ასევე ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის სისტემის განვითარებაში.
იყავით მხნე, ბედნიერი და დღეგრძელი.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ შოთა გოგოხიას : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 4 ოქტომბერი. - №266 (3667) - 1 გვ.
![]() |
65 საქართველოში მცხოვრებ და საქართველოდან წასულ ებრაელებს |
▲back to top |
მილოცვა
ამ ბარათით ახალ წელს გილოცავთ, როშ ჰა-შანას, ყველგან, სადაც კი ხართ და სადაც კი მოგწვდებათ ჩემი სიტყვა.
განვლილის შეჯამებისა და მომავლის გეგმების დასახვის წმინდა დღეს გილოცავთ. გისურვებთ, კვლავაც გაძლიერებულიყოს კავშირი ებრაელებს შორის და კავშირი იმ ქვეყანასთან და იმ ერთან, სადაც და ვისთანაც 26 საუკუნე მეგობრულად ცხოვრობდით.
არასდროს დაგვიწყებოდეთ საქართველო.
გისურვებთ, მშვიდობას სამუდამოდ დაესადგურებინოს თქვენს სულებში, თქვენს ოჯახებში, თქვენს ისტორიულ სამშობლოში და თქვენს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს როგორც თქვენთვის, ისე სხვათათვის.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოში მცხოვრებ და საქართველოდან წასულ ებრაელებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 5 ოქტომბერი. - №267 (3668) - 1 გვ.
![]() |
66 გივი თუმანიშვილის დაბადების 75 წელთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო გივი,
დაბადების დღეს გილოცავთ, გამორჩეული გვარის გამორჩეულ პიროვნებას.
ამ მილოცვაში არ მინდა თქვენი მოღვაწეობის რომელიმე სფერო გამოვყო და რომელიმეს მივცე უპირატესობა, რადგან თქვენ ყველაფერს, რასაც აკეთებთ, აკეთებთ შესანიშნავად და პროფესიულად, იქნება ეს მეცნიერება, იქნება ეს ფერწერა, თუ თეატრალური ხელოვნება.
ახლა ისიც გავიგე, რომ გამოცემულა თქვენი ლექსების, პოემების, მოთხრობებისა და პიესების რჩეული. და თუ აქვე თქვენს მეტად მნიშვნელოვან პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც აღვნიშნავ, ერთი ადამიანის კვალობაზე მართლა ბევრი რამ გაგიკეთებიათ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ნიჭით, გარჯითა და შრომისმოყვარეობით კიდევ არაერთხელ გაახარებთ ქართველ ხალხს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
გივი თუმანიშვილის დაბადების 75 წელთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 5 ოქტომბერი. - №267 (3668) - 1 გვ.
![]() |
67 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა კონფერენციაზე „გლობალური ბიზნესის გზაჯვარედინზე“ |
▲back to top |
ქალბატონებო და ბატონებო,
უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, მოგესალმოთ და გამოვთქვა იმედი, რომ დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა შემდგომ გაფართოებას.
ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ასეთ საინტერესო აუდიტორიას გავაცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური გარდაქმნები და შექმნილი საინვესტიციო კლიმატი, აგრეთვე, გავაცნო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის სამომავლო ამოცანებისა და განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა შესახებ.
1991 წლიდან, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო აღმოჩნდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, რაც განპირობებული იყო პოლიტიკური არასტაბილურობით, თავსმოხვეული სეპარატისტული სამხედრო კონფლიქტებით, საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი სირთულეებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველოში 1994 წელს შემუშავდა ანტიკრიზისული პროგრამა და დაიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომლის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში საბაზრო მექანიზმების ამუშავება და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაცია იყო.
საერთაშორისო ბაზარში ინტეგრაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ვაჭრობის დეცენტრალიზაციისა და ლიბერალიზაციის დონეზე. ამის გათვალისწინებით ქვეყანაში გაუქმებულია კვოტირება, საექსპორტო და საიმპორტო კონტრაქტების რეგისტრაცია, ფაქტობრივად მოხსნილია არასატარიფო ბარიერები და შეზღუდვები, მინიმუმამდეა შემცირებული ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქონლის ნომენკლატურა, გაუქმებულია ექსპორტზე საბაჟო გადასახადი.
რეფორმამ ეკონომიკის ყველა სფერო და მიმართულება მოიცვა: საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკისა და საბანკო სისტემის გარდაქმნა, პრივატიზაციის დაჩქარება, ფასების გათავისუფლება, საგადასახადო სისტემის სრულყოფა, საკანონმდებლო ბაზის განმტკიცება და სხვა. ქვეყანაში მიღებულია 700-მდე კანონი, რომელთა დიდი უმრავლესობა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესთა რიგს განეკუთვნება. დასრულდა სასამართლო რეფორმა. რეფორმების წარმატებით მიმდინარეობას ადასტურებს ევროსაბჭოში საქართველოს წევრად მიღება.
ბოლო ხუთი წელი საქართველოს ეკონომიკაში უდავოდ სტაბილურობის განმტკიცების წლები იყო. ეს ქაოსის და ნგრევის ფაზიდან გამოსვლის, შიდა და გარე კრიზისების უარყოფითი გავლენის დაძლევის, აღმშენებლობის დაწყების წლებია.
1995 წლიდან დღემდე ეკონომიკური პოტენციალის ზრდის საშუალო ტემპი დაახლოებით 6-7 პროცენტის ფარგლებშია, გაცილებით მეტია ზრდა შემოსავლის მატების მაჩვენებლების მიხედვით. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებითა და ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის წყალობით ინფლაციური პროცესები მართვადი გახდა, მსოფლიო კრიზისისა და განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ რუსეთში საფინანსო კრიზისის მიუხედავად, ლარის სტაბილურობა შენარჩუნებული იყო.
1995-1998 წლებში საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა თითქმის 2,3-ჯერ, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ანალოგიური მაჩვენებელი 5,2-ჯერ გაიზარდა. 1999 წელს პირველად აღინიშნა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 27-პროცენტიანი მატება იმპორტის 30-პროცენტიანი კლების ფონზე. 2000 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის ზრდამ უკვე 61 პროცენტს მიაღწია და მისმა ოდენობამ 153 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში შემოსული იმპორტის ნახევარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წლის წინათ იმპორტი ექსპორტს 8 და 9-ჯერ აღემატებოდა, დღევანდელი შედეგი უდავოდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. 1995-1999 წლებში თითქმის 17-ჯერ გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. სულ უფრო მეტი ქართული პროდუქცია შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებელს დასავლეთის სახელმწიფოებში პოულობს.
ამ პროცესს ხელს უწყობს ევროკავშირის ქვეყნების, აგრეთვე, ჩეხეთის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, კანადისა და იაპონიის მიერ საქართველოსათვის პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემის ბენეფიციარის სტატუსის მინიჭება, რის გამოც აღნიშნული ქვეყნები საქართველოში წარმოებული პროდუქციის იმპორტს შემცირებული ტარიფით ბეგრავენ. აქვე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის მთავრობაც მიანიჭებს საქართველოს პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემის ბენეფიციარის სტატუსს, რისი წინაპირობაც არსებული ხელშემშლელი ფაქტორების გადაწყვეტაა.
მნიშვნელოვანია საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციის წევრობა, რომელშიც მსოფლიოს 137 ქვეყანაა გაერთიანებული და რომელიც მსოფლიო ვაჭრობის 90 პროცენტს აწესრიგებს, საქართველოსათვის მისი ეკონომიკური რეფორმების წარმატებულობის აღიარებას ნიშნავს. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკა ჰარმონიზებულია მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებთან. ყოველივე ეს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დამატებითი სტიმულია.
საქართველოს მთავრობის ამოცანა ყოველთვის იყო და არის უცხოელი ინვესტორისათვის საქმიანობის საუკეთესო პირობების შექმნა. საქართველოს კანონმდებლობით, უცხოელი ინვესტორები ყოველმხრივ და უპირობოდ არიან დაცული, გამორიცხულია მათი დისკრიმინაცია. ისინი დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ინვესტიციათა მოცულობას და დაბანდების მიმართულებებს, გარანტირებული აქვთ მიღებული მოგებისა და სხვა ფულადი სახსრების, აგრეთვე, მათს საკუთრებაში არსებული ქონების საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად რეპატრიაციის უფლება. მნიშვნელოვნად არის გამარტივებული საწარმოთა რეგისტრაციის პროცედურა.
საქართველოს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზა აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. 23 ქვეყანასთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, ხელმოწერილი გვაქვს შეთანხმებანი ინვესტიციების ურთიერთხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. ამ შეთანხმებათა მიხედვით, ინვესტორებს საქართველოში გარანტირებული აქვთ სრული დაცვა და უსაფრთხოება.
ამას გარდა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილია სამთავრობათშორისო შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა შესახებ, რომელიც ჩვენ კიდევ 29 ქვეყანასთან გვაქვს ხელმოწერილი.
საქართველომ 11 ქვეყანასთან მოაწერა ხელი შეთანხმებებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ. ეს შეთანხმებანი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ინვესტორთა საქმიანობას. იმედს გამოვთქვამ, რომ დაჩქარდება ასეთი შეთანხმების მომზადება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნების საქმიანი წრეების აქტიურობაზეც არის დამოკიდებული.
1996 წლის აპრილში ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილია შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. აღსანიშნავია, და ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირსა და იქ შემავალ სახელმწიფოებს საქართველო მიაჩნდათ არა მარტო ისეთ ქვეყანად, რომელსაც მუდმივი დახმარება სჭირდება და მასთან თანამშრომლობა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდებით და შეღავათიანი კრედიტების გამოყოფით შეიძლება, არამედ, როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი სახელმწიფო.
თანდათანობით იკვეთება ეკონომიკის წარმმართავი საბაზრო მექანიზმები. კანონმდებლობის დახვეწის და ამერიკელი პარტნიორების დახმარების შედეგად კიდევ უფრო ვითარდება ფასიანი ქაღალდების ბაზარი. შექმნილია ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია. ფუნქციონირება დაიწყო საფონდო ბირჟამ.
ქვეყანაში საფონდო ბაზართან ერთად განვითარებას იწყებს მიწის ბაზარიც. ახალმა კანონმდებლობამ უცხოელი ინვესტორისათვის შესაძლებელი გახადა მიწის საკუთრება. უცხოელი დონორების დახმარებით იქმნება მიწის კადასტრი, შესაძლებელი გახდა მიწის დაგირავება, რაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია. ინვესტიციათა შემოსვლას ხელს უწყობს წარმატებით მიმდინარე პრივატიზაციის პროცესი. ქვეყანაში, სადაც 90-იანი წლების დამდეგს ფაქტობრივად არ არსებობდა კერძო მეწარმეობა, დღეს ბიუჯეტში შენატანების თითქმის 4,5 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის. ეკონომიკური რეფორმის მიმდინარე ეტაპის მნიშვნელოვან ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი ტალღა, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს შეეხო, როგორიცაა ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი.
ამ ძალისხმევის მიუხედავად, ჩრდილოვანი ეკონომიკის შედეგები მძიმე ტვირთად აწევს ქვეყნის ეკონომიკას. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს მთავრობა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს. სიტუაციის გამოსწორებას ხელს უწყობს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში ისეთი ახალი სამინისტროს შექმნა, როგორიცაა საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. ამას გარდა, შექმნილია წარმომადგენლობითი ანტიკორუფციული ჯგუფი, რომელმაც უკვე შეიმუშავა კომპლექსური ანტიკორუფციული პროგრამა. საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს იმ წვლილს, რომელიც პრობლემების დაძლევის საქმეში შეაქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორ ქვეყნებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.
პრობლემათა დასაძლევად არის მიმართული საქართველოს ხელისუფლებისა და მთელი ხალხის ძალისხმევა. დაუშვებლად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმის განვითარებამ ხელი შეუშალოს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას.
ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის ამოცანა, ყოველთვის იყო და არის უცხოელ ინვესტორთათვის საქმიანობის საუკეთესო პირობების შექმნა. პირადად მე ვარ ჩემს ქვეყანაში საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე და გარწმუნებთ, რომ ხელს შევუწყობ უცხოეთის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მიერ საქართველოში წამოწყებული პროექტების წარმატებით განხორციელებას.
ჩვენ გვჯერა, რომ პრობლემები მოგვარდება და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი სრული სიმძლავრით ამოქმედდება. ამ რწმენას აძლიერებს საქართველოში 1995-99 წლებში შემოსული მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციები, რომლებიც ნავთობსადენებში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, მრეწველობასა და სხვა სფეროებში დაბანდდა. ამერიკის შეერთებული შტატების ფირმებმა საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ფირმებს შორის, ყველაზე მეტი ინვესტიციები საქართველოში დააბანდეს.
ბედნიერი ვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს ამერიკა-საქართველოს ბიზნესის განვითარების საბჭო, რომლის საქმიანობას დიდი იმედით შევყურებთ. დარწმუნებული ვართ, რომ საბჭო საქართველოში დიდი ამერიკული ინვესტიციების დაბანდებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი იქნება. სწორედ ეს არის საბჭოს ძირითადი მიზანი და მისასალმებელია, რომ იგი ამ მიზნების შესრულებას დაფუძნებისთანავე აქტიურად შეუდგა, რასაც მოწმობს ამერიკაში საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენციები: „საქართველო-ევრაზიის კარიბჭე“ და „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი: მითი და რეალობა“. ამას ადასტურებს დღევანდელი ღონისძიებაც.
სასიამოვნოა იმის აღნიშვნაც, რომ ამერიკის საზღვარგარეთული კერძო ინვესტიციების კორპორაციას დაზღვეული აქვს პროექტები საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. თბილისში მუშაობას შეუდგა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „კავკასიის ფონდი“, რის შედეგად უდავოდ გაიზრდება ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო ინვესტიციები რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინვესტირებისათვის უამრავი პერსპექტიული მიმართულება და შესაძლებლობა არსებობს. არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ საქართველოს უაღრესად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა და მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პერსპექტივა. იგი ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის უმნიშვნელოვანესი რგოლია, რომელზეც გადიოდა ძველი, საყოველთაოდ ცნობილი „აბრეშუმის გზა“. დღეს ეს გზა ახალ შინაარსს იძენს. ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, რომლის საკვანძო რგოლს საქართველო და შავ ზღვაზე მისი ნავსადგურები წარმოადგენს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყურადღების ცენტრში მოექცა. წარმატებით ფუნქციონირებს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო პროგრამა.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა კონფერენციაზე „გლობალური ბიზნესის გზაჯვარედინზე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 6 ოქტომბერი. - №268 (3669) - 1, 2 გვ.
![]() |
68 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა კონფერენციაზე „საქართველო და მისი პარტნიორები: ძირითადი მიმართულებანი ახალი ათასწლეულისათვის“ |
▲back to top |
პატივცემულო კონფერენციის მონაწილენო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ საქართველოს მიწა-წყალზე და უდიდესი კმაყოფილება და სიხარული გამოვთქვა იმის გამო, რომ ესოდენ ავტორიტეტული საზოგადოება შეიკრიბა თანამედროვე მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის როლისა და ადგილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. ჩემი ქვეყანა ხომ საერთაშორისო თანამეგობრობის განუყოფელი ნაწილია. იგი არსებობს იმ ტკივილითა და პრობლემებით, გამარჯვებებით, დამარცხების იმ განცდით, რაც დამახასიათებელია მთელი პლანეტისათვის. იმას, რომ ყოველი ქართველისათვის თავისთავად ცხადი ეს ჭეშმარიტება მსოფლიო თანამეგობრობისთვისაც გამხდარიყო გასაგები, ჩემი ხალხის მრავალი თაობის ძალისხმევა დასჭირდა. სწორედ ამიტომ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ დღევანდელ კონფერენციას, მივესალმები მის ინიციატორებს, უწინარესად საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ირაკლი მენაღარიშვილს. კონფერენციაზე სტრატეგიული დოკუმენტის „საქართველო და მსოფლიო: მომავლის ხედვა და სტრატეგია“ პრეზენტაცია გაიმართება და თითოეულ ჩვენგანს ექნება საშუალება, თავისი მოსაზრება გამოთქვას ამასთან დაკავშირებით. დოკუმენტში დაწვრილებით არის მოცემული ის აუცილებლად განსახორციელებელი რეფორმები და ღონისძიებანი, რომლებიც გარდაუვალია საქართველოს უშიშროების განმტკიცებისა და იმისათვის, რომ უშიშროების სისტემა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს.
მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. თავისი სახელმწიფოებრიობის ოცდაათსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართველმა ერმა შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი ენა, კულტურა და თვითმყოფადობა.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო შეუქცევადად დაადგა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზას. იმ წლებში ხშირად ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი. ამ თემას არა ერთი თუ ორი ცხარე დისკუსია მიუძღვნეს საზოგადოების სხვადასხვა ფენამ, თვით ქვეყნის პარლამენტმაც. ეს სავსებით გასაგებია: ჩვენ ხომ მრავალი წლით უნდა განგვესაზღვრა ჩვენი დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი, რის საფუძველზეც მსოფლიო განსაზღვრავდა დამოკიდებულებას ჩვენდამი.
საქართველო მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური ქვეყანაა. ქართველ ერს და მის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ყოველთვის წამყვანი ადგილი ეკავა სახელმწიფოს განვითარების ისტორიაში, მაგრამ ყოველმა ჩვენგანმა ლამის აკვნიდან შევისისხლხორცეთ, რომ ქვეყნის სტაბილურობა და კეთილდღეობა უშუალოდ არის დამოკიდებული სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე, მათი გონივრული ინტერესების გათვალისწინებაზე. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საუკეთესო წლები, ჩვენი ძლიერების „ოქროს ხანა“ სწორედ ასეთი შემწყნარებლობითა და ჰარმონიით ხასიათდება. ჩვენი საშინაო თანაცხოვრების გაკვეთილები გვასწავლის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ურთიერთობანი მაშინ იქნება უღრუბლო, როდესაც ჩვენს ქვეყანას საუკეთესო ურთიერთობა ექნება ყველა ქვეყანასთან, როდესაც ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსი ორიენტირებული იქნება არა რომელიმე გეოგრაფიულ მიმართულებაზე, არამედ ყველა ჩვენს მეზობელთან, ყველა ახლობელ თუ შორეულ სახელმწიფოსთან მეგობრობაზე. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ.
როდესაც ღარიბმა, დაშლის პირას მყოფმა და ეკონომიკური კატასტროფის წინაშე მდგარმა ქართულმა სახელმწიფომ ეს კურსი შეიმუშავა, ეს კურსი აირჩია და მისი განხორციელების გზას დაადგა, მიგვაჩნდა, რომ მისი წყალობით უზარმაზარ რესურსს ვფლობდით. სხვაგვარად, ახლად აღმოცენებული ქართული სახელმწიფო, უბრალოდ, ვერ იარსებებდა. ეს რესურსი ჩვენ, ვინმესთვის ზიანის გარეშე, ჯერჯერობით, მაქსიმალურად გამოვიყენეთ და მომავალშიც ამ გზით ვაპირებთ სვლას. სწორედ ამ კურსის წყალობით გახდა შესაძლებელი ის გადამწყვეტი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს. ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა ვიქნებოდით დღეს ამ დახმარების გარეშე. განა შეიძლება იმის დავიწყება, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად გვაჩუქა 650-700 მილიონ დოლარზე მეტი, გერმანიამ - 320 მილიონი მარკა, ევროკავშირმა - 300 მილიონ ევროზე მეტი, შიმშილისა და გაყინვის პირას მდგომი საქართველო რამდენჯერ იხსნეს თურქეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ნიდერლანდმა, საბერძნეთმა, უკრაინამ, დიდი დახმარება გაგვიწიეს რუსეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. აღარას ვამბობ იმაზე, თუ რა სასურსათო თუ ტექნიკური დახმარება აღმოგვიჩინეს ამ ქვეყნებმა, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის კადრების მომზადების, სამხედრო-ტექნიკური მიმართულებით. ფასდაუდებელია ჩვენი მეგობრების როლი საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ჩამოყალიბებაში, ევროპისაკენ გზის გახსნაში, ენერგოშემცველების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია იმ წლებში საქართველოსადმი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოწვდილი დახმარების ხელი. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს აქვს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი - საკუთარი ფულადი ერთეული - ლარი, რომელმაც, სხვა მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან შედარებით, საკმაოდ მყარად გაუძლო ამასწინანდელ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს.
ამასთანავე, ყველა სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობის ძიება იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ერთგული არ არის იმ ფუძემდებლური პრინციპებისა, რომლებიც განსაზღვრავენ მის სახეს შინ თუ გარეთ. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის, ცხადია, ყველაზე ახლობელი და ძვირფასია ევროპული, დასავლური ფასეულობანი. ჩვენ სრულიად გამოკვეთილად ვიზიარებთ დემოკრატიულ ღირებულებებს და ვესწრაფვით ევროპულ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას. ასეთ ინტეგრაციას და საბაზრო პრინციპების საფუძველზე ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენი ეროვნული მიზნების მიღწევის უმთავრეს საშუალებად მივიჩნევთ ისე, როგორც მრავალი ჩვენი მეზობელი სამხრეთით თუ ჩრდილოეთით, დასავლეთით თუ აღმოსავლეთით.
21-ე საუკუნის ევროპის უშიშროების მოდელის ახალი არქიტექტურის შემუშავებაში საქართველოც აქტიურად მონაწილეობს. სწორედ ამის ნათელი მაგალითია ევროპის საბჭოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება. საქართველომ ურთულეს პირობებში შეძლო დაემტკიცებინა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, რომ ისეთი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებანი, როგორიც ადამიანის უფლებათა დაცვა, პლურალისტური დემოკრატიის დამკვიდრება, რელიგიური და ეთნიკური შემწყნარებლობა, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებია. დარწმუნებული ვართ, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებით დაიწყო საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის თვისებრივად ახალი ეტაპი.
მაგრამ, ყოველივე ამის მიუხედავად, მომავლის მსოფლიოს მშენებლობაში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობა წარმოუდგენელია იმ პროცესში საკუთარი ადგილის პოვნის გარეშე, რომელიც დღეს გლობალიზაციის სახელით არის ცნობილი. ეს მიმართულება ჩვენ მიერ მომავლის ხედვისა და საქართველოს საგარეო სტრატეგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. ათასწლეულის სამიტზე ეს პრობლემა უმნიშვნელოვანესთა შორის დასახელდა და ეს მართლაც ასეა. ჩვენთვის გლობალიზაცია ნიშნავს საქართველოს მონაწილეობას გლობალურ და რეგიონალურ გაერთიანებებში, შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიათა განვითარებაში, მსოფლიო ეკონომიკური სისტემის სრულყოფასა და მართვაში ისეთ ქარტიებსა თუ კონვენციებში თანასწორ მონაწილეობას, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი ქვეყნის წვლილის ზრდას ადამიანის უფლებებისა და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვაში.
გლობალიზაციის პროცესში ჩვენი მონაწილეობის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინებაა „დიდი აბრეშუმის გზა“, რომლიც უკვე მუშაობს და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი, სტრატეგიული ენერგეტიკული დერეფანი და სატელეკომუნიკაციო ქსელი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს ხანში უკვე ვილაპარაკებთ არა მარტო აღმოსავლეთ-დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებზეც.
გლობალიზაცია გულისხმობს კულტურათა ურთიერთგამდიდრებას, კერძოდ, მუდმივი დიალოგისა და ურთიერთობის გზით და არავითარ შემთხვევაში - კულტურული თვითმყოფადობის გაქრობასა და კულტურული განსხვავების ნიველირებას. ესეც მსოფლიოს მომავლის ჩვენეული ხედვა და მასში საქართველოს სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პატარა საქართველოს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ამ მოძრაობის პიონერთა შორის იყო. საქართველოსა და იუნესკოს ინიციატივით სწორედ თბილისში გამართულმა კულტურათა დიალოგის პირველმა ფორუმმა დაუდო სათავე ამ მოძრაობას, რომელმაც ათასწლეულის სამიტის დროსაც პოვა გაგრძელება. საქართველო, როგორც კულტურათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინი, ამ საკითხთა კვლევის კარგი ლაბორატორიაა, ამიტომაც ნიუ-იორკში ჩვენ წამოვაყენეთ წინადადება, რომ კულტურათა დიალოგის ცენტრი თბილისში შექმნილიყო.
ათასწლეულის სამიტის ჩვენეულ გააზრებასთან დაკავშირებულ ამ და სხვა ძირეულ საკითხებზე რამდენიმე დღის წინათ მე მოხსენება გავაკეთე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, რომლის ძირითადი შინაარსი გადმოცემულია ბროშურაში, თქვენ რომ დაგირიგდათ.
ამასთანავე, როდესაც მსოფლიოში ჩვენს როლსა და ადგილზე ვლაპარაკობთ, ვითვალისწინებთ იმ წინააღმდეგობებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, მრავლად ვაწყდებით ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე, კერძოდ, ეს არის სეპარატისტული რეჟიმები, მოუგვარებელი კონფლიქტები, უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები და საზღვრებთან შექმნილი საფრთხე. მათი წარმატებით გადაწყვეტა, და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გადავწყვეტთ, რეგიონში სტაბილური პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარების უზრუნველყოფის წინაპირობაა.
ამ მხრივ, ყველაზე დიდი ჭრილობა, რომელიც სტანჯავს საქართველოს და მთელ მსოფლიოს კონფლიქტების პრობლემაა. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბრძანა, ამ ბოლო დროს ლოკალურ კონფლიქტებში იმდენი ადამიანი დაიღუპა, რომ უკვე სავსებით შესაძლებელია მათი საერთო რაოდენობის ამსახველი ციფრი მე-20 საუკუნის მსოფლიო ომებში დაღუპულთა რაოდენობას შევადაროთ.
ეს პრობლემა საქართველოსათვის განსაკუთრებით აქტუალურია. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, აგრეთვე საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტები ეკონომიკის, ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტირების პროცესის შეფერხებას იწვევს და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას.
ჩვენი დროის ამ გამოწვევათა დაძლევის ერთ-ერთ ქმედითს საშუალებად, მსოფლიო თანამეგობრობის მაქსიმალურ ძალისხმევასთან ერთად, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება მიგვაჩნია. რეგიონის კეთილდღეობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პოლიტიკური, ეკონომიკური და უშიშროების საკითხებისადმი რეგიონული მიდგომის შემუშავება. საქართველო ყოველ ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ რეგიონის სახელმწიფოებმა, უწინარესად, ჩვენმა უახლოესმა მეზობლებმა, რაც შეიძლება მეტ სფეროში იმოქმედონ შეთანხმებულად. ამ მიზნებს ემსახურება ისეთი რეგიონული ინიციატივები, როგორიც არის „მშვიდობიანი კავკასია“, რომელიც ხუთი წლის წინათ გაჩნდა პრეზიდენტ ალიევის თანაავტორობით. შემდეგში ამ ინიციატივას აქტიურად დაუჭირა მხარი სომხეთის ხელმძღვანელობამ. ამას მოჰყვა კისლოვოდსკის ისტორიული დეკლარაცია, ეს შეხვედრა კი რუსეთის ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა, ამ მიმართულებით რეგიონის ლიდერთა განცხადებები, ევროკავშირის დაინტერესება, რომლის ფარგლებშიც დაიწყო „კავკასიისათვის სტაბილურობის პაქტის“ შემუშავება, რომლის იდეა თბილისში პრეზიდენტმა დემირელმა წამოაყენა.
რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით ჩვენთვის პრიორიტეტულია რამდენიმე მიმართულება. მათ შორის ერთ-ერთია სუუამი. იგი რეგიონული თანამშრომლობის ის მაგალითია, რომლის უმთავრესი მიზანია ეკონომიკური პროექტების დაჩქარება, უშიშროების საკითხებსა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში თანამშრომლობის გაფართოება.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ბისეკის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს.
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ერთი ქვეყანა არ არის და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ვფიქრობ, მას აქვს პერსპექტივა. ამ გაერთიანების ფარგლებში როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის დიდი პოტენციალია. როგორც ბევრ სხვა გაერთიანებაში, თანამეგობრობაშიც არის დადებითი და უარყოფითი ტენდენციები. ამ უკანასკნელის მაგალითად გვესახება რუსეთის გასვლა ბიშკეკის ხელშეკრულებიდან და სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღება, ის, რომ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესრულებას პირი არ უჩანს, ეს არ ნიშნავს, რომ სუვერენულ სახელმწიფოთა ამ გაერთიანებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ. პირიქით, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ იმ დადებითი პოტენციალის გამოყენებას, რომელიც მას უდავოდ აქვს. მიგვაჩნია, რომ პრიორიტეტი ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა გაფართოებასა და თანამეგობრობის ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას უნდა მიენიჭოს. ასევე მნიშვნელოვნად გვესახება თანამეგობრობის სამშვიდობო ფუნქციის გააქტიურება და მისი სხვა ამ საკითხებში მეტი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა. აქაც საქართველომ თავისი სიტყვა უნდა თქვას.
საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ორმხრივი ინტერესების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას დაეფუძნება, ასევე პრიორიტეტული მიმართულებებია თანამშრომლობის გაღრმავება მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთთან, ევროატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებთან, მჭიდრო ურთიერთობათა განვითარება აზიისა და წყნარი ოკეანის სახელმწიფოებთან, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან.
ეროვნული უშიშროების ჩამოყალიბების პროცესში, ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველო გლობალიზაციის პროცესის მიღმა არც ამ სფეროში უნდა დარჩეს. ჩვენი გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამ გზის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანია ინვესტიციების მოზიდვა, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიათა ბოლო მიღწევების თავისუფალი კონკურენციის ასპარეზად გადაქცევა, ჩვენი კონკურენტუნარიანი პროდუქციით მსოფლიოს ბაზარზე გასვლა.
ჩვენ კვლავაც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევრობანკთან, რომელთა დახმარებასა და რეკომენდაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელებისათვის, გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოებთან, რომელთაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებში. ჩვენი მეგობრების დახმარების მთელი სიკეთე სრულად შევიგრძენით მაშინ, როდესაც ქვეყანას დაატყდა საშინელი გვალვა, ასე მძიმედ რომ დააზიანა ჩვენი რეგიონები.
ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო,
საქართველოს მიზანი თავისუფალ ერთა შორის ადგილის დამკვიდრებაა. არჩეული გზის მართებულობა ეჭვს არ იწვევს. დამოუკიდებლობა და თავისუფალი არჩევანის უფლება ის ძირითადი პრინციპებია, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი პოტენციალის სრული გამოვლინების შესაძლებლობას აძლევს. გლობალურ თანამეგობრობაში ადგილის დასამკვიდრებლად საქართველო ესწრაფვის, უკეთესი მომავალი შექმნას არა მარტო საკუთარი ხალხისათვის, არამედ ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს საერთო კეთილდღეობაში, როგორც ეს მას ყოველთვის სჩვეოდა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე.
დასასრულ, ნება მიბოძეთ კონფერენციის მონაწილეებს წარმატება გისურვოთ და მადლობა მოგახსენოთ ყურადღებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა კონფერენციაზე „საქართველო და მისი პარტნიორები: ძირითადი მიმართულებანი ახალი ათასწლეულისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 6 ოქტომბერი. - №268 (3669) - 3 გვ.
![]() |
69 საქართველოს რკინიგზელებს |
▲back to top |
მილოცვა
საქართველოს რკინიგზამ თავისი არსებობის 128 წლის განმავლობაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში.
გადაუჭარბებლად შეიძლება განვაცხადოთ, რომ რკინიგზა ყოველთვის იყო, არის და იქნება ეროვნული ეკონომიკის ხერხემალი. მისი გამართული მუშაობა განაპირობებს საქართველოს მრავალი დარგის ნორმალურ ფუნქციონირებასა და განვითარებას.
საქართველოს რკინიგზელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ყოველ დროსა და ეპოქაში, ყოველი ძნელბედობის ჟამს აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. დღესაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკის აღორძინების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რკინიგზის ტრანსპორტს, როგორც „ევროპა-კავკასია-აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელ ნაწილს.
რკინიგზის ბედს წყვეტენ პროფესიონალები, ვაჟკაცური შემართების ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ნორმალურ სამუშაო რიტმს და დაუცხრომლად ზრუნავენ საქართველოს, მთელი მისი მოსახლეობის ბედნიერი მომავლისათვის.
ვულოცავ საქართველოს რკინიგზელებს მაგისტრალის 128 წლისთავსა და რკინიგზელთა დღეს. დარწმუნებული ვარ, ისინი კვლავაც დიდ წვლილს შეიტანენ დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინებისა და შემდგომი აყვავების საქმეში.
ვამაყობ საქართველოს რკინიგზელების მიღწევებით.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს რკინიგზელებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 7 ოქტომბერი. - №269 (3670). - 1 გვ.
![]() |
70 „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თანხმობის გარეშე საქართველო ვერ განვითარდება და ვერც იარსებებს, ანუ ეს პოლიტიკა უზენაესი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
9 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პერსპექტივებს მიეძღვნა. როგორ აფასებთ ამ ღონისძიებას, რომელშიც პირადად მონაწილეობდით, და, საერთოდ, რას გამოყოფდით გასული კვირის სხვა მოვლენებიდან? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა, ვფიქრობ, მნიშვნელოვან მოვლენად იქცა იმ საზოგადო მსჯელობისა და დისკუსიის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს საქართველოში ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებათა სხვადასხვა ასპექტის გამო.
თავისთავად ეს დისკუსიაც ერთ-ერთი წყაროა იდეათა გენერირების გლობალური პროცესისა, რაზეც ვისაუბრე რამდენიმე ხნის წინათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას. ჩემი მოხსენების ტექსტი დაურიგდა კონფერენციის მონაწილეებს.
ეს კონფერენცია ძალზე წარმომადგენლობითი იყო. საყოველთაო აზრით, იგი გამოირჩეოდა როგორც მაღალი ინტელექტუალური დონითა და კვლევითი კულტურით, ისე პრიორიტეტთა ზუსტი განსაზღვრით.
ძალიან სასარგებლო იქნება, თუ კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება, ვინაიდან კონცეფციები, რომლებიც თბილისში მსჯელობის საგნად იქცა, უდავოდ ყურადღებას იმსახურებს. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ მეც მქონდა შესაძლებლობა გამომეთქვა ჩემი აზრი და შეხედულება გლობალიზაციის, სიღატაკის დაძლევის, პლანეტარული პროცესებისა და ეროვნული ინტერესების ჰარმონიზაციისა და სხვა საკითხებზე.
ესოდენ წარმომადგენლობითი და საინტერესო, ძალზე სასარგებლო კონფერენციის ორგანიზებისათვის მადლობას იმსახურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პირადად ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი.
იმავე კონტექსტით აღვნიშნავდი ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს მესამე კონფერენციას. ეს საბჭო ჯერ კიდევ 1998 წელს, საქართველოსათვის ძალზე მძიმე პერიოდში, ამერიკელი ბიზნესმენებისა და მეწარმეების ინიციატივით შეიქმნა.
გულახდილად ვიტყვი: ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამერიკის შეერთებული შტატების სენატშიც, კონგრესის ქვედა პალატაშიც, ადმინისტრაციასთან, თვით ბიზნესმენებთან, ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, რათა ეს შესანიშნავი ჩანაფიქრი განხორციელებულიყო. საბჭოს წევრები არიან ისეთი გიგანტები, როგორიცაა „შევრონი“, „შელი“, „ბრიტიშ-პეტროლიუმი“, სულ ოცამდე უდიდესი კორპორაცია და ორასამდე საშუალო დონის ბიზნესმენი.
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ სენატორ ბობ დოულის ინიციატივით უკვე დაფუძნდა „კავკასიის განვითარების ფონდი“, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს საბჭოსთან, წარმატებით ფუნქციონირებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კავკასიაში, უწინარესად, საქართველოში ამერიკის ინვესტიციების მოზიდვას. მიმაჩნია, რომ, თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ, „კავკასიის განვითარების ფონდი“ ძალიან ძლიერ ფინანსურ წარმონაქმნად იქცევა.
შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკის საინვესტიციო კორპორაციამ „ოპიკმა“ გადაწყვიტა, დააფინანსოს თბილისში ორი უმაღლესი დონის სასტუმროს მშენებლობა. პროექტის საერთო ღირებულება 57 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა საქართველოში. შეიქმნება ასობით სამუშაო ადგილი, დედაქალაქს კი ორი უმაღლესი კლასის სასტუმრო შეემატება.
გასულ კვირას ვესაუბრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველს კასპიის ენერგორესურსების საკითხებში. მინდა ვაცნობო, უწინარესად, ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეებს: ბატონმა ჯონ ვულფმა დაადასტურა, რომ 18 ოქტომბერს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ინვესტორი კომპანიები, მათ შორის, უდიდესი ნავთობკორპორაციები „ბი-პი ამოკო“, იაპონიის კომპანია „იტოჩუ“, „თურქიშ-პეტროლიუმი“, „რამკო“, „დელტა“ და სხვები ნავთობსადენის მშენებლობის თაობაზე საქართველოსთან საბოლოო ხელშეკრულებას გააფორმებენ. ოქტომბერშივე დაიწყება საინჟინრო სამუშაოები.
ასე რომ, ყველა ეჭვი თუ ავი წინათგრძნობა, თითქოს „საუკუნის პროექტის“ განხორციელებას რაიმე ემუქრებოდეს, საბოლოოდ გაიფანტება. ასევე, გაიფანტება ყველა სხვა ავი გეგმა თუ განზრახვა.
რაკი ნავთობის თემას შევეხეთ, ძალზე საყურადღებოა გერმანიის უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანიის „ჯე-ვე-დე-ეფის“ დაინტერესება. ამ კომპანიამ და „საქნავთობმა“ გააფორმეს ხელშეკრულება ამხანაგობის, ანუ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების შესახებ. გერმანულმა კომპანიამ ვალდებულება იკისრა, დააფინანსოს ნავთობსაძიებო სამუშაოები დასავლეთ საქართველოში, უწინარესად, კოლხეთის დაბლობზე.
აქვე შევნიშნავ: ჯერ კიდევ ოცი წლის წინათ მქონდა ჩვენი მეცნიერებისა და გეოლოგების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოლხეთი მდიდარია ნავთობით, მაგრამ მაშინდელმა ტექნოლოგიებმა არ მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეპოვებინა საჭირო რაოდენობის ნავთობი, თუმცა ბურღვა მიმდინარეობდა.
ჭალადიდში, სუფსასა და ლესაში სამუშაოთა განსახორციელებლად მილიონობით დოლარი გამოიყოფა. დასაქმებულთა 95 პროცენტი ადგილობრივი კადრები იქნება, შეიძლება - მთლიანადაც. გარდა ამისა, შავი ზღვის აკვატორიაში უკვე შემოვიდა კომპანია „ანადარკოს“ პირველი ნავთობსაძიებო ხომალდი. ამ პროექტის ღირებულება კი მილიარდ დოლარს აღწევს. ამის თაობაზე არაერთგზის გვისაუბრია და აი, ეს დღეც ახლოვდება. გუშინ ჩვენი მენავთობეები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დახვდნენ ამ გემს და შეხვდნენ სპეციალისტებს, რომლებიც ფოთში იწყებენ მუშაობას, შემდეგ კი გადაინაცვლებენ ბათუმსა და მთელ ამ აკვატორიაში. როგორც ამბობენ, ნავთობის მარაგი გაცილებით მეტია, ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობდნენ.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს. ჩემი ყურადღება არც ამ მიმართულებით მოდუნებულა. სპეციალურად შევხვდი „ბი-პი ამოკოს“ რეგიონულ პრეზიდენტს, რომელმაც აღმითქვა, რომ აზერბაიჯანის „შაჰ დენიზის“ საბადოდან მსოფლიო ბაზარს ყოველწლიურად 5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეემატება. რასაკვირველია, საქართველოსაც ექნება შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში გაზის გარკვეული რაოდენობა მიიღოს. რა თქმა უნდა, ვერც ეს პროექტი იხილავდა დღის სინათლეს, რომ არა ჰეიდარ ალიევის უდიდესი მხარდაჭერა.
ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ნორვეგიელების შემოსვლა ფოთის ნავსადგურში. ეს არის ევროპის ერთ-ერთი უძველესი კომპანია „ილჰელმ-ვილჰელმსენი“, რომელიც აპირებს ფოთში დააფუძნოს ფილიალი და იმუშაოს ტრანსკონტინენტურ გადაზიდვაზეც. ძირითადად, საქმე ეხება საკონტეინერო გადაზიდვას, რომელიც ძალიან მომგებიანია როგორც კომპანიის, ისე თვით ნავსადგურისათვის. იგულისხმება, აგრეთვე, საბორნე გადაზიდვა, ახალი ვარიანტები, გემების მონიტორინგი, აგენტირება, ინფრასტრუქტურის ყოველმხრივ განვითარება და სხვ.
და ბოლოს, ძალიან მოკლედ შევეხები პრეზიდენტთან არსებული მუდმივმოქმედი საბჭოების სხდომებს, რომლებიც გასულ კვირას გაიმართა. უწინარესად, საინვესტიციო საბჭოს თაობაზე მოგახსენებთ.
მრავალი შესანიშნავი პროექტიდან, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მეშვეობით ხორციელდება, ამჯერად გამოვყოფდი თხილთან დაკავშირებულ პროექტებს. გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ამ კულტურის განვითარების ხელშეწყობის შესახებ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თხილის მეურნეობა უახლოეს წლებში საქართველოს მსხვილ მსოფლიო ექსპორტიორად გადააქცევს. თუკი იმ ტემპით განვავითარებთ თხილის მოშენებას, როგორც ჩავიფიქრეთ, ჩვენი ქვეყანა ამ კულტურის წარმოებით მსოფლიოს პირველ სამეულში დაიმკვიდრებს ადგილს.
დღეს უკვე, როგორც სხდომაზე ითქვა, უცხოელები დასავლეთ საქართველოში ერთ მარცვალს არ ტოვებენ. ეს ხომ უდიდესი შემოსავლის წყაროა. მხედველობაშია მისაღები ექსპორტის ზრდა და სამუშაო ადგილები. თანაც, აქ მხოლოდ საწყის სტადიაზე ვიმყოფებით.
სხვათა შორის, თხილის პლანტაციების გაშენება შეიძლება იქაც, სადაც ჩაიმ ამოწურა თავისი შესაძლებლობანი, დაძველდა, ამოსაძირკვია. ჩაი ერთ-ერთ წამყვან კულტურად დარჩება, მაგრამ ის ადგილები, რომლებიც, ფაქტობრივად, მოსავალს აღარ გვაძლევს, შეიძლება გამოვიყენოთ თხილისა და სხვა კულტურებისათვის. თხილის გაშენება შეიძლება იმ ფართობებზეც, რომლებიც სხვა კულტურებისათვის გამოუყენებელია, მაგალითად, ფერდობებსა და მთიან რეგიონებში.
გასულ კვირას კიდევ ერთხელ შევხვდი როდამებს. გახსოვთ, ალბათ, მათთან დაკავშირებული ისტორია. მაგრამ დრო გავიდა და, ალბათ, საქმიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. მათ მიაჩნიათ, რომ შეძლებენ დაფინანსების წყაროთა მოძიებას, რის შემდეგაც თხილის წარმოება საქართველოში ძალიან დიდი მასშტაბით გაიზრდება. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ თვალსაზრისით ბატონ ასლან აბაშიძის ინიციატივის დიდი მნიშვნელობა.
საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ, ასევე, თანამედროვე ხელოვნების განვითარების ფონდის შექმნის საკითხი. საყურადღებოა, რომ ამ ფონდის საწყისი კაპიტალის ფორმირებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა გაეროს განვითარების სააგენტომ. ეს ქართული ხელოვნების ძალიან სერიოზული მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო უცხოური კომპანიები, არამედ თვით ხელისუფლება, შეიძლება, ნაწილობრივ, ბიუჯეტიც, პრეზიდენტი და, რა თქმა უნდა, ბიზნესმენები დაეხმარებიან ამ ფონდს, რომ იგი თანამედროვე ხელოვნების განვითარების მძლავრ ფაქტორად იქცეს. ეს საინტერესო წინადადება ქალბატონ სესილი გოგიბერიძის ინიციატივით დადგა სხდომის დღის წესრიგში.
განვიხილეთ სხვა საკითხებიც. მაგალითად, საზოგადოებრიობამ ცალკე ინფორმაცია უნდა მოისმინოს მსოფლიო ბანკის განათლების პროექტის შესახებ. ეს არის უდიდესი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ თანამედროვე პროცესის განხორციელებას, მათ შორის, კომპიუტერიზაციას, რომლებიც დღეს ჩვენს განათლების სისტემას სჭირდება.
რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს. მინდა დიდი მადლობა ვუძღვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ ლადო ჭანტურიას, რომლის მაღალი სახელმწიფოებრივი პოზიცია თუნდაც იმით დასტურდება, რომ იგი ძალიან აქტიურად მონაწილეობს საბჭოს მუშაობაში.
ამჯერადაც, საბჭოს სხდომაზე მისი გამოსვლა გამოირჩეოდა პრინციპულობითა და პირუთვნელობით სასამართლოთა მიერ გამოტანილ განაჩენთა ანალიზის დროს და იმ პრობლემათა თაობაზე მსჯელობისას, ჯერ კიდევ რომ ახასიათებს არა მარტო გამოძიებას, არამედ სასამართლოებსაც, კერძოდ, ახალ მოსამართლეებსაც.
უაღრესად საინტერესო იყო, აგრეთვე, ბატონ თედო ნინიძის ანალიტიკური მასალა, მე ვიტყოდი, გამოკვლევა, რომელიც ამავე თემას შეეხებოდა.
ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მოკლე იყო ეს ინფორმაცია, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის, მრავალი ისეთი რამ ხდება, რაც ხვალინდელ დღეზე, მომავალ წლებზეა გაანგარიშებული. საზოგადოებრიობამ უნდა იცოდეს, როგორ საქმიანობს ხელისუფლება იმ პროგრამის შესასრულებლად, რომელსაც არჩევნებზე მხარი დაუჭირა მოსახლეობამ.
- გასულ კვირას განაცხადეთ, რომ, სამწუხაროდ, გვალვის შედეგი წლეულს უეჭველად ნეგატიურად აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპზე. ობიექტურ სირთულეთა დაძლევაში გვეხმარებიან თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციები და მეგობარი ქვეყნები და რამდენად მნიშვნელოვანია მათი დახმარება?
- ჯერ ერთი, პროგნოზი მართლაც ასეთია: სპეციალისტების მიერ მოწოდებული მასალები გვაფრთხილებს, რომ, შეიძლება, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა სერიოზულად შემცირდეს, რადგან სოფლის მეურნეობის წილი მცირდება. ამავე დროს წარმოუდგენელია, რომ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომელიც თავს დაატყდა ქვეყანას, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლოდა.
მაგრამ საქართველო ამ უბედურების წინაშე მარტო არ არის. ეს მართლაც ნამდვილი უბედურებაა. ვისაც არ უნახავს შირაქი, ჯავახეთი და ზოგიერთი სხვა რეგიონი, მათ შორის, ქვემო ქართლი, აგრეთვე, მთის რაიონებიც, მისთვის ძნელი წარმოსადგენია, რა იყო ეს ეკოლოგიური კატასტროფა.
მხოლოდ რამდენიმე მონაცემს დავასახელებ იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ: სათესლე მასალის შესყიდვისათვის ქვეყანა მიიღებს მილიონ შვიდასი ათას ამერიკულ დოლარს (ეს იქნება უმაღლესი ხარისხის თესლი. უკვე ათი წელიწადია, რაც ჩვენთან თესლი არ განახლებულა). აქედან გერმანიის მთავრობამ გამოგვიყო 400 ათასი დოლარი, შვეიცარიამ - 320 ათასი დოლარი, „ფაომ“ - 270 ათას დოლარზე მეტი. როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულია ჩვენი ამერიკელი მეგობრების წვლილი - თესლის შესაძენად მათ თითქმის 700 ათასი დოლარი გამოგვიყვეს.
ევროკომისია, იმის მიუხედავად, რომ თვით ევროპაშიც არ არის საქმე დალხინებულად, თივის შესაძენად (თივას, მაგალითად, ჯავახეთში ცეცხლის ფასი აქვს, რადგან ძალიან ცოტა იყო ბალახი. ასევეა კახეთშიც) 300 ათას დოლარს გამოგვიყოფს.
მცირე ფერმერთა დახმარების პროგრამით საქართველო ორი მილიონ ხუთას სამოცდათხუთმეტი ათას დოლარს მიიღებს. აქედან ნახევარი მილიონი დოლარი ალაზნის ველის მოსახლეობის ხორბლის თესლითა და დიზელის საწვავით მომარაგებას მოხმარდება. ამჟამად ვმუშაობთ სასოფლო-სამეურნეო კრედიტების გაცემის საკითხზეც.
250 ათასი ამერიკული დოლარით დავეხმარებით სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას ხორბლის თესლის, თივისა და დიზელის საწვავის შესაძენად.
თუმცა, ეს ყოველივე მხოლოდ დასაწყისია.
დახმარებას დაგვპირდნენ იტალია, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდის სამეფო, საბერძნეთი, საფრანგეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა.
მოსახლეობამ იცის, რომ გერმანიის მთავრობამ 2 მილიონ 700 ათასი მარკა გამოგვიყო. ამის თაობაზე მოვილაპარაკეთ ბერლინში ჩემი ვიზიტის დროს ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან შეხვედრისას. მაგრამ ზოგიერთი ყოველივეს ძალიან იოლად უყურებს.
მაგალითად, მე მესმის, რომ სირთულეები გვაქვს ელექტროენერგიით მოსახლეობის მომარაგების მხრივ.
ენერგეტიკის დარგში განხორციელებულმა რეფორმამ ზოგიერთი სასიკეთო შედეგი უკვე მოიტანა. ოღონდ, როცა ვლაპარაკობთ სიძნელეებზე და გამოვთქვამთ აღშფოთებას, გავითვალისწინოთ, რა ხდება ჩვენს წყალსაცავებში, რომლებიც თითქმის ამომშრალი და ამოწურულია. ენგურჰესიც კი დაზარალდა! ეს ხომ აუნაზღაურებელი დანაკლისია. აღარაფერს ვამბობ სხვა წყალსაცავებზე. ესეც გვალვის უშუალო შედეგია და გაგებით უნდა შევხედოთ რეალობას. მხოლოდ „თბილსრესის“ ენერგობლოკები საქმეს ვერ უშველის. გუშინ ვესაუბრე დავით მირცხულავას. უნდა დაჩქარდეს ყველა ბლოკის მომზადება და საწვავით მათი უზრუნველყოფა, მოხდება ეს უცხოური კომპანიის, თუ ჩვენი, ეროვნული კომპანიების მეშვეობით. ენერგეტიკის სამინისტროს მეტი შემართება და მეტი ოპერატიულობა სჭირდება.
- თქვენ გერმანია ახსენეთ. საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გერმანიის ტელევიზიის გადაცემამ, რომელშიც კოლეგებთან ერთად მონაწილეობდით. მაგრამ გასულ კვირას გაიმართა კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა - კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ დროს, 1990 წლის სექტემბერში, როდესაც გერმანია გაერთიანდა, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა სამხრეთ კორეასთან...
- რა თქმა უნდა, ეს ქრონოლოგიური დამთხვევა შემთხვევითი არ არის. კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა ჩოი ჰუ გენგმა გაიხსენა, რომ იმ ურთიერთობის გათვალისწინებით, რომელიც საბჭოთა კავშირსა და კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეას შორის 1990 წელს არსებობდა, სამხრეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება თითქმის შეუძლებელი ჩანდა.
ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მაშინ, 1990 წლის სექტემბერში, ჩემი ინიციატივით, და, რა თქმა უნდა, მიხეილ გორბაჩოვის მხარდაჭერით, გადაიდგა პირველი ნაბიჯი კორეის ნახევარკუნძულის გაერთიანების გზაზეც. მე ასე მიმაჩნია - საბჭოთა კავშირის მიერ სამხრეთ კორეის ცნობა ნიშნავდა იმას, რომ ხელი შეგვეწყო გაერთიანებისათვის. ამ პროცესის თვალსაჩინო შედეგია თუნდაც ის, რომ სიდნეის ოლიმპიურ ასპარეზობაზე კორეელი სპორტსმენები ერთიან გუნდად გამოვიდნენ. მართლაც საიმედო სიმპტომი გაჩნდა.
კორეა უდიდესი პოტენციალის ქვეყანაა და მრავალმხრივ საინტერესოა საქართველოსათვის, უწინარესად, ეკონომიკური თვალსაზრისით.
- დღეს უკვე დამოუკიდებელმა საქართველომ და თქვენ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ოფიციალურად სცანით იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი კოშტუნიცა.
- სხვათა შორის, აუცილებლად უნდა გავიხსენო: ბევრს გაუკვირდა, როდესაც შარშან საქართველომ უპირობოდ აღიარა ეთნიკური წმენდის წინააღმდეგ მსოფლიოს ყველა კეთილი ნების ადამიანისა და დემოკრატიული ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობა და ის ღონისძიებები, რომლებიც მაშინ განხორციელდა, რათა აღმოფხვრილიყო (და აღმოიფხვრა კიდეც) დაუსჯელობის სინდრომი. ეს სინდრომი თავბრუს ახვევდა ეთნოწმენდათა ორგანიზატორებს. საქართველომ, საერთო ზოგადსაკაცობრიო ინტერესებიდან გამომდინარე და საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სწორედ ამ პრინციპს დაუჭირა მხარი.
დრომ დაამტკიცა ჩვენი სიმართლე ამ საკითხშიც. სერბმა ხალხმა აირჩია დემოკრატია და ბრუნდება ევროპაში, როგორც თავისუფალი ერი. ჩემი ქვეყნის სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ ყოველმხრივ განვავითაროთ ურთიერთობა ერთმორწმუნე, მართლმადიდებელ, დემოკრატიულ იუგოსლავიასთან.
- შაბათს თქვენ ძალზე გულთბილი შეხვედრა გქონდათ ქართველ ოლიმპიელებთან. არაერთგზის აღგინიშნავთ, რომ დღევანდელ პირობებში ქვეყანა მისი სპორტსმენებისათვის თავის შესაძლებლობათა მაქსიმუმს აკეთებს. უნდა ითქვას, რომ მათაც ურიგოდ არ იასპარეზეს სიდნეიში...
- უნდა გითხრათ, რომ ეგრეთ წოდებული ამერიკული მეთოდოლოგიით, ანუ მედლების რაოდენობით, სიდნეის ოლიმპიურ ასპარეზობაზე ქართველმა ათლეტებმა ოცდამეათე-ოცდამეთხუთმეტე, საშუალოდ, ოცდამეცამეტე ადგილი მოუპოვეს თავიანთ ქვეყანას.
თავისთავად, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში, როცა ქვეყნის შესაძლებლობანი ასე შეზღუდულია. მაგრამ წარმატება შესაძლებელი გახდა ისევ და ისევ საყოველთაო მხარდაჭერით, რეგიონების აქტიური მონაწილეობით, მეგობრების დახმარებით.
ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ჩვენი ოლიმპიური ნაკრების ფორმის შეკერვის ხარჯები, რაც არც ისე ცოტაა, იაპონელებმა გაიღეს. ისინი დაგვეხმარნენ ქართველი სპორტსმენებისათვის ფორმების შეკერვაში.
ამასთანავე, სიდნეის ოლიმპიადამ დაადასტურა, რომ ამოუწურავია საქართველოს სპორტული პოტენციალი. ყოველ ქალაქსა და სოფელში მოიძებნება ნამდვილი ტალანტი. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, მრავალი დიდი სპორტსმენი გაიზრდება ვარიანში, სადაც უკვე მსოფლიოში ცნობილმა მოკრივემ გიორგი კანდელაკმა სპორტული სკოლა დააფუძნა. ასევე, შეიძლება ბევრი სოფელი და ბევრი ქალაქი ჩამოითვალოს.
აქვე მინდა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პირველ შეხვედრაში ლიტვის ეროვნულ ნაკრებთან. ძალიან გაგვახარეს.
სპორტი, მით უმეტეს, ფეხბურთი, ხომ საქართველოსათვის, ქართველი ხალხისათვის მხოლოდ სანახაობა როდია.
მადლობა ეთქმით, აგრეთვე, ჩვენს ლიტველ მეგობრებს. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ ძალიან ღირსეულად უმასპინძლეს საქართველოს სპორტულ დელეგაციას. ამ ქვეყანასთან ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს და გულწრფელად გვსურს მასთან ყოველმხრივი ურთიერთობის განვითარება. ფეხბურთში კი ვაჯობეთ შაბათს, მაგრამ ლიტვამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, ევროპულ არენაზე, აგრეთვე, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ძალიან ბევრს მიაღწია. მიაღწია იმიტომ, რომ ლიტველებმა შეინარჩუნეს ერთიანობა, თანხმობა და პლურალისტურ საზოგადოებაში თანაცხოვრების კულტურა. ამიტომ ის მრავალმხრივ სამაგალითოც არის, მათ შორის, ჩვენთვის.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ნაკრებს ელის უმძიმესი გამოცდა - შეხვედრა იტალიის ლეგენდარულ გუნდთან. ჩემი აზრით, ბიჭები კარგ ფორმაში არიან და ძალიან უნდათ სწორედ უძლიერესთან შეჯიბრში დაადასტურონ დამოუკიდებელი სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული და მისდამი თავდადება. ვნახოთ, რა გამოვა.
- და, ბოლოს, ისევ იმ ინციდენტის შესახებ, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რომ მოხდა. ხომ არ შეაჩერებს ტერორისტთა და მკვლელთა გაქცევა შერიგების პროცესს?
- არ მინდა გაქცევისა თუ გაშვების დეტალებზე ვილაპარაკო, თქვენ უფრო ფართო პლანით დასვით კითხვა - ჩვენი ეროვნული შერიგების პოლიტიკის შესახებ.
ეროვნული შერიგებისა და თანხმობის პროცესი ჩემი ინიციატივით, ჯერ კიდევ 1992 წლის ივლისში, ცნობილი მანიფესტით დაიწყო.
მას შემდეგ, ყველა უბედურების, ღალატის, ორგულობისა და ზურგში დანის ჩაცემის მიუხედავად, არჩევანი არ შემიცვლია, ვინაიდან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თანხმობის გარეშე საქართველო ვერ განვითარდება და ვერც იარსებებს, ანუ ეს პოლიტიკა უზენაესი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ბოლოს და ბოლოს, იმასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში, რომ არც ისე ბევრი ვართ ქართველები და ყოველთვის, როგორი რთული მოვლენებიც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, თანხმობასა და ეროვნულ ერთიანობას უნდა ველტვოდეთ. ისიც უნდა ვთქვა, რომ საჭიროა, ბრალდებულები და მსჯავრდადებულები, რომლებიც პირველ ოქტომბერს გავიდნენ ციხის საავადმყოფოდან, დროულად მოეგონ გონს. თუ ისინი საკუთარი ნებით ჩაბარდებიან კანონდამცველ ორგანოებს, რა თქმა უნდა, ხვედრი გაცილებით შეუმსუბუქდებათ. ამისათვის მე პირადად ვარ პასუხისმგებელი.
ამჟამად ვიღებ მათი ოჯახის წევრების, მშობლების, შვილების, მეუღლეების, ნათესავების, უბრალო მოქალაქეების წერილებს. შეუძლებელია ამ წერილების აუღელვებლად წაკითხვა, მაგრამ კანონმა უნდა იკანონოს! სწორედ უკანონობა, კონსტიტუციის ხელყოფა და თავნებობა უშლის ხელს შერიგების პროცესს, რადგან არ შეიძლება შერიგება ცალმხრივი იყოს. მე მგონია, რომ, ბოლოს და ბოლოს, ამას ყველა გაიგებს.
- თავის დროზე, 70-იან წლებში, ვახუშტი კოტეტიშვილის ქართული პოეზიის საღამოები ის ერთგვარი კუნძული იყო საქართველოსათვის, სადაც ქართული ენის, ქართული ხალხური ლექსის დიდებულებას შევიგრძნობდით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი ისევ გამართავს ქართული პოეზიის საღამოს.
- მივესალმები ვახუშტი კოტეტიშვილის ინიციატივას. მე ვერც კი დავთვლი, რამდენჯერ დავსწრებივარ მისი ხელშეწყობით გამოვლენილი ქართული სიტყვის, ხალხური მარგალიტების ზეიმს, იქნებოდა ეს დედაქალაქში, თუ მთასა და ბარში. ღამეებიც კი გვითენებია შატილსა თუ ომალოში. მჯერა, ქართული ფოლკლორის ბევრ თაყვანისმცემელს დიდი სიხარული და სიამოვნება ელოდება.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური - საქინფორმი.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თანხმობის გარეშე საქართველო ვერ განვითარდება და ვერც იარსებებს, ანუ ეს პოლიტიკა უზენაესი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 9 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 10 ოქტომბერი. - №271 (3672) - 1, 2 გვ.
![]() |
71 საქართველოს მეტყევეებს |
▲back to top |
მილოცვა
მეგობრებო,
დღეს თქვენი პროფესიული დღეა, რომელმაც უნდა შეაჯამოს თქვენ მიერ გაწეული შრომისა და გარჯის შედეგები, საქართველოს მეტყევეებმა მრავალჯერ დაუმტკიცეთ სამშობლოს სიყვარული და ერთგულება. დღეს უჭირს ქვეყანას და გაუჭირდა ტყესაც. დადგა დრო, როცა თავდადებული შრომით, ხვალინდელი დღის იმედითა და რწმენით, უფრო მეტი სიყვარულით უნდა ემსახუროთ დედაბუნებას, იმ საშვილიშვილო საქმეს, რომელსაც დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება. გასაკეთებელი კი ძალზე ბევრია - ტყის დაცვა, აღდგენა-განახლება, მისი რესურსების გონივრული და რაციონალური გამოყენება.
საზოგადოებრივი აზრი უნდა შემობრუნდეს ჩვენი ერის შეუფასებელი სიმდიდრის - ტყისკენ, რაც მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.
მე მჯერა და მწამს თქვენი.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს მეტყევეებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 10 ოქტომბერი. - №271 (3672) - 1 გვ.
![]() |
72 ჯანსუღ ღვინჯილიას დაბადების 60 წელთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ჯანსუღ,
გულითადად მოგესალმებით და დაბადების სამოც წელს გილოცავთ.
თქვენ შესანიშნავი კრიტიკოსი, პუბლიცისტი და პროზაიკოსი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ბრძანდებით.
თქვენი მრავლისმომცველი და საინტერესო შემოქმედება სამშობლოს დიდი სიყვარულით, მასზე ტკივილიანი ფიქრითაა გამსჭვალული. ჩვენს ძნელსა და გახლეჩილ დროში თქვენ სანაქებოდ შეინარჩუნეთ ჭეშმარიტი პატიოსნება, დიდი შრომისმოყვარეობა და ქართული სიტყვის ფანატური ერთგულება. მთელი თქვენი შემოქმედება ჩვენი სამშობლოს წარსულისა და აწმყოს, ქართველი კაცის მრწამსისა და რაობის ძიებაა.
თქვენი ნიჭი, შემართება, პატიოსნება სჭირდება საქართველოს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და ჯანმრთელობას, მხნეობას, სიმტკიცეს გისურვებთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის სამსახურისათვის. პირადად მე თქვენთნ მაკავშირებს დიდი ხნის ურთიერთობა და მეგობრობა, რასაც დიდად ვაფასებ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ჯანსუღ ღვინჯილიას დაბადების 60 წელთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 11 ოქტომბერი. - №272 (3673) - 1 გვ.
![]() |
73 აკადემიკოს მზია ანდრონიკაშვილს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ქალბატონო მზია,
დიდი პატივისცემით მინდა მოგესალმოთ და მოგილოცოთ საიუბილეო თარიღი.
მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება მადლიერების სიტყვები გითხრათ შესანიშნავი გვარის შესანიშნავ წარმომადგენელს, დიდად აღიარებულ მეცნიერსა და ღვაწლმოსილ ადამიანს იმ ყველაფრისათვის, რაც თქვენ გაგიკეთებიათ - მნიშვნელოვანი ღვაწლისათვის ირანული და ინდური ლიტერატურის ნიმუშთა თარგმნასა და შესწავლაში, მეცნიერთა ახალი კადრების აღზრდაში. თქვენს მიერ აღზრდილი მეცნიერები ხომ წარმატებით მოღვაწეობენ არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, დღეს უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებში.
დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
აკადემიკოს მზია ანდრონიკაშვილს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 12 ოქტომბერი. - №273 (3674) - 1 გვ.
![]() |
74 „სტაბილურობა და კეთილდღეობა მთლიანად ევროპაში შეუძლებელია, თუ მის ერთ-ერთ ნაწილში - სამხრეთ კავკასიაში არ იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმება „სამხრეთ კავკასია დიდ მშენებარე ევროპაში“ საერთაშორისო სემინარის მონაწილეებისადმი
პატივცემულო პარლამენტების თავმჯდომარეებო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო,
მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის.
თქვენი თავშეყრის მიზეზი ძალიან ახლობელია საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩემთვის. მშენებარე ახალ ევროპაში, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ახალ მსოფლიო წესრიგში საკუთარი ადგილის პოვნა ჩემი ქვეყნისთვის საარსებო მნიშვნელობის საკითხია. ჩემს თანამემამულეთათვის სკოლის მერხიდან არის ცნობილი, რომ სწორედ ამ ადგილისა და საკუთარი ფუნქციის უქონლობამ საქართველო მრავალი საუკუნით მოსწყვიტა იმ წიაღს, რომელსაც ჩვენ დღეს ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვუბრუნდებით.
სულ ახლახან ევროპულმა საზოგადოებრიობამ, ყველა კეთილი ნების ადამიანმა საზეიმოდ აღნიშნა გერმანიის გაერთიანების, ევროპის გათავისუფლების, ახალი ევროატლანტიკური სივრცის მშენებლობის დაწყების ათი წლისთავი. საქართველოც შეუერთდა ამ ზეიმს, ვინაიდან სწორედ ამ მოვლენებმა მისცა ჩემს ქვეყანას შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო დიდი ევროპის მშენებლობაში. როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველომ ამ საუკუნეში დამოუკიდებლობა მეორედ მოიპოვა, ათვლა სწორედ ამ მოვლენებიდან უნდა დავიწყოთ. და მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვხედავ იმ ძალისხმევის ნაყოფს, რომელიც ჩემს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად ათი წლის წინათ გავსწიე - ვხედავ ევროპული ცივილიზაციის, ევროპული ღირებულებების წიაღში დაბრუნებულ ჩემს თავისუფალ სამშობლოს. როდესაც ევროპის ერთიანობის იდეის შემოქმედნი, რომელთა შორის რობერ შუმანს ისტორიამ განსაკუთრებული ადგილი მიაკუთვნა, კონტინენტის უკეთეს მომავალზე ოცნებობდნენ, დარწმუნებული ვარ, ისინი ისეთ ევროპას გულისხმობდნენ, რომლისთვისაც უცხო იქნება გამყოფი ხაზები თუ კედლები. ახლა ეს დრო დადგა. ამ დღეებში იუგოსლავიაში დატრიალებულმა მოვლენებმა, რომლებმაც, მინდა ვიფიქრო, შეუქცევადად დააყენა ბალკანეთის ეს საკვანძო ქვეყანა ერთიანი ევროპული ღირებულებების სავალ გზაზე, საბოლოოდ დაასამარა მათი ზრახვები, ვისაც ევროპაში ახალი გამყოფი ხაზების გავლების იმედი კიდევ ჰქონდა. ძველსა და ახალს, რეაქციულსა და პროგრესულს შორის ამ ჭიდილში ევროპული ერთიანობის ორგანიზაციები, მათ შორის, ევროპის კავშირი, ევროპის საბჭო მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს დემოკრატიის ძალების გამარჯვებაში. ამით მათ კვლავ დაადასტურეს, რომ ევროპა ერთიანი ორგანიზმია და მის ნებისმიერ ნაწილში თუ რაიმე დაემუქრება ჰუმანისტურ-დემოკრატიულ ღირებულებებს, ის დაემუქრება მთელ ევროპულ თანამეგობრობასაც.
იგივე შეიძლება ითქვას სამხრეთ კავკასიაზეც. სამხრეთ კავკასია ევროპული სახლის განუყოფელი ნაწილია. ბოლო წლებში ევროპის პოლიტიკურ ასპარეზზე გაბატონდა აზრი, რომ სტაბილურობა და კეთილდღეობა მთლიანად ევროპაში შეუძლებელია თუ მის ერთ-ერთ ნაწილში - სამხრეთ კავკასიაში არ იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ეს სრული ჭეშმარიტებაა. სწორედ ამ ახლებურმა აზროვნებამ ახალ პირობებში, ახალ ვითარებაში განაპირობა ის, რომ დაისახა ევროპის კავშირის სასურსათო დახმარების პროგრამები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოსთვის იმ დროს, როდესაც განსაკუთრებით გვიჭირდა, შეიქმნა ევროკავშირის ტრასეკას პროექტი, რომელშიც რეგიონის სამივე სახელმწიფო მონაწილეობს, და „ახალი დიდი აბრეშუმის გზა“, რომლის შემადგენელ ნაწილადაც ტრასეკა იქცა, დაიდო პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებსა და ევროპის კავშირს შორის, სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო გახდა ევროპის საბჭოს წევრი. საქართველო, რომელსაც ეს პატივი ოდნავ ადრე ერგო, ძალ-ღონეს არ იშურებდა რომ ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი რაც შეიძლება მალე გამხდარიყვნენ ომისშემდგომი ევროპის ამ უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრები. ახალი გაერთიანებული ევროპისაკენ სავალ გზას ჩვენ სწორედ ასე ვხედავთ - ჩვენს მეგობრებთან და მეზობლებთან ერთად. თუმცა, მსგავსმა სულისკვეთებამ უფრო ადრე იჩინა თავი, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ჩაისახა „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეა. შემდგომში, სხვადასხვა ფორმით, კავკასიაში სტაბილურობის ინიციატივებით გამოვიდნენ პრეზიდენტები ალიევი, ქოჩარიანი, პუტინი, დემირელი. ახლა ამ პაქტით ევროპის კავშირი დაინტერესდა და ბრიუსელის ევროპული პოლიტიკური კვლევის ცენტრმა შესაბამისი დოკუმენტის პროექტიც შემოგვთავაზა, რომელიც სამომავლო მუშაობის კარგ საფუძვლად გამოდგება და, თუკი ბალკანეთის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას მივიღებთ მხედველობაში, უნდა ვიფიქროთ, რომ სამხრეთ კავკასიასაც ევროპის კავშირისა და ევროატლანტიკური თანამეგობრობის მხრივ ასეთივე ყურადღება არ მოაკლდება.
დიდი ევროპის მშენებლობაში სამხრეთ კავკასიის მონაწილეობას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს რეგიონის პრობლემების, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარება. ამ მიმართულებით ჩვენ მრავალი სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია გვეხმარება და ამისთვის მადლობა უნდა მოვახსენოთ ყველა ჩვენს პარტნიორს. მაგრამ, ჩვენზე უკეთ ჩვენს სამოსახლოს ვერავინ უპატრონებს. ეს აზრი სულ უფრო მწიფდება და ხორცს ისხამს რეგიონული თანამშრომლობის ვითარებაში. ამ მხრივ, დსთ-ის პარალელურად, ერთ-ერთ პერსპექტიულად მიგვაჩნია სუუამი - ასე ვუწოდეთ ჩვენს გაერთიანებას, რომელთანაც რუმინეთის მიერთების შესახებ ამასწინდელმა განცხადებამ, აგრეთვე, ამ ორგანიზაციის შემდგომმა ინსტიტუციონალიზაციამ მისი განვითარების მნიშვნელოვანი პირობები შექმნა. სხვა ასეთი გაერთიანებაა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის მიმართ ევროპის კავშირის მზარდი ყურადღება კარგ პერსპექტივას ჰქმნის.
ქალბატონებო და ბატონებო,
დღევანდელი კონფერენცია იმით არის ნიშანდობლივი, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს სამხრეთ კავკასიის უაღრესად მნიშვნელოვან როლს დიდ მშენებარე ევროპაში. საქართველო მზადაა, მომავალშიც აქტიურად იმოქმედოს საერთაშორისო ასპარეზზე, რათა ჩვენმა რეგიონმა ღირსეული წვლილი შეიტანოს კონტინენტის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.
წარმატებებს გისურვებთ და მადლობას მოგახსენებთ.
„სტაბილურობა და კეთილდღეობა მთლიანად ევროპაში შეუძლებელია, თუ მის ერთ-ერთ ნაწილში - სამხრეთ კავკასიაში არ იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმება „სამხრეთ კავკასია დიდ მშენებარე ევროპაში“ საერთაშორისო სემინარის მონაწილეებისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 14 ოქტომბერი. - №275 (3676) - 2 გვ.
![]() |
75 ლევან ჭილაშვილის დაბადების სამოცდაათ წელთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ლევან,
მინდა მოგესალმოთ დაბადების სამოცდაათ წელთან დაკავშირებით და გითხრათ, რომ საქმე, რომელსაც ასე ერთგულად და დიდხანს ემსახურებით, ქართული კულტურის სიძველეთა წარმოჩენა, გაანალიზება და დაცვა - ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებისათვის მეტად მნიშვნელოვანია.
თქვენი და თქვენი თანამშრომლების მიერ მოწყობილი გამოფენებით მსოფლიო ნელ-ნელა, მაგრამ შთამბეჭდავად გებულობს ვინ ვიყავით ქართველები, რა ქალაქები გვქონდა, რა დამწერლობა, რას ვაკეთებდით და რა მშვენივრად ვაკეთებდით.
დიდი მადლობა ამისათვის.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ლევან ჭილაშვილის დაბადების სამოცდაათ წელთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 14 ოქტომბერი. - №275 (3676) - 2 გვ.
![]() |
76 აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ვლადიმერ,
დიდი სიამოვნებით მოგესალმებით და გილოცავთ დაბადების 80 წელს.
თქვენ, დიდი სახელის მქონე მეცნიერს, ცნობილ ფიზიკოსს, კიბერნეტიკოსს, მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით ახალ მეცნიერულ მიმართულებათა შექმნა-განვითარებაში, ფიზიკა-კიბერნეტიკის ექსპერიმენტულ-თეორიულ კვლევათა ორგანიზებასა და გაშლაში. საყოველთაოდ ცნობილია თქვენი ღვაწლი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში და ხელოვნური ინტელექტის კვლევასა და განვითარებაში.
მჯერა, რომ თქვენ კიდევ ბევრ სიკეთეს მოუტანთ ჩვენს ხალხს, რომლის სამსახურსაც მთელი ცხოვრება მიუძღვენით. თქვენს სამეცნიერო შრომებზე ხომ მრავალი თაობა აღიზარდა და აღიზრდება.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და კვლავაც წარმატებულ მეცნიერულ-პედაგოგიურ მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 14 ოქტომბერი. - №275 (3676) - 2 გვ.
![]() |
77 „კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, ვინაიდან გარდაუვალია დემოკრატიული, თავისუფალი ქართული სახელმწიფოს საბოლოო დაფუძნება“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
16 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- გუშინ სრულიად საქართველომ იზეიმა სვეტიცხოვლობა. როგორ აფასებთ იმ გარემოებას, რომ, უამინდობის მიუხედავად, ამჯერად მცხეთაში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- საქართველოს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული ჩვენი ერის გამთლიანებისა და სულიერი აღორძინების კიდევ ერთ ბრწყინვალე მოვლენად იქცა.
განსაკუთრებით მახარებს ის, რომ, უფროს თაობასთან ერთად, ახალგაზრდობაც სულ უფრო მეტი სულიერი წყურვილითა და რუდუნებით ეწაფება ქართული ეროვნულობისა და რწმენის უმთავრეს წყაროს. სვეტიცხოველი ხომ მშობლიური მიწის უდიდესი სიწმინდეა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ამ დიდ დღესასწაულს, მასთან ერთად და მისი სახით - მთელ მართლმადიდებელ ეკლესიას, მრევლსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს.
- გასულ კვირას საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ვლადიმერ გუდევმა რწმუნებათა სიგელები გადმოგცათ. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ძალზე მნიშვნელოვანი მისიით ეწვევა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ილია კლებანოვი. როგორია თქვენი დამოკიდებულება მეზობელ ქვეყანასთან დღევანდელ ეტაპზე მიმდინარე კონსულტაციების მიმართ?
- ჩვენს დიდ ჩრდილოელ მეზობელთან ამჟამინდელ ურთიერთობას შევაფასებდი, როგორც სავსებით ნორმალურს ორ მეზობელ ქვეყანას შორის.
თუმცა, ეს, რასაკვირველია, არ გამორიცხავს, რომ არსებობს ზოგიერთი, ორმხრივად საინტერესო და ორმხრივად განსახილველი პრობლემა.
რუსეთის ფედერაციის ახალ ელჩთან ბატონ ვლადიმერ გუდევთან გულღია, კონსტრუქციული საუბრისას განვიხილეთ მომავალი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის რამდენიმე ასპექტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დროულად უნდა მოწესრიგდეს კონფლიქტი აფხაზეთში, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება სარკინიგზო და სხვა მაგისტრალების ამოქმედება. ეს კი ხელს შეუწყობს ყოველმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. დღის წესრიგშია ორმხრივი ვალის საკითხიც და ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედაც დგას. კერძოდ, იგულისხმება საქართველოდან გატანილი სამხედრო ტექნიკის საფასურის ანაზღაურება და ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტივებისა და პასივების ანალიზის შედეგად წარმოშობილი ვალები.
- რამდენად რეალურია ამ საკითხის მოგვარება?
- მიგვაჩნია, რომ რეალური უნდა იყოს. თუმცა, რაც შეეხება სამხედრო ტექნიკის გატანასთან დაკავშირებულ ანაზღაურებას, ეს, ალბათ, ნაკლებად მოსალოდნელია. ამის სურვილი რომ ჰქონოდათ, რაც ახლა გააქვთ, იმის ნაწილს დაგვიტოვებდნენ და ამით საზღაურს გადაგვიხდიდნენ. რაც შეეხება აქტივებისა და პასივების საკითხს, იგი ძალიან სერიოზულია, თუმცა ამ მდგომარეობაში მარტო ჩვენ არა ვართ. ასეთივე პრობლემები აქვს უკრაინასაც. ვფიქრობ, რომ ამისთვის სერიოზულად უნდა ვიბრძოლოთ.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოუგვარებელია რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ქონების აღრიცხვის საკითხი. ამ თვალსაზრისით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ვიცე-პრემიერის ილია კლებანოვის მომავალ ვიზიტს. იგი კონსტრუქციულად მოაზროვნე ადამიანია. მე მას აუცილებლად შევხვდები და მექნება საუბარი. მისივე მონაწილეობით გაიმართება, აგრეთვე, სამთავრობათშორისი კომისიის სხდომა, რომელიც წინ წასწევს ჩვენს ურთიერთობას. ამ კომისიის ფარგლებში ძალიან ბევრი ურთიერთხელსაყრელი პროექტის შემუშავება და განხორციელება შეიძლება. საქართველოს მხრიდან კომისიის თანათავმჯდომარეა სახელმწიფო მინისტრი ბატონი გიორგი არსენიშვილი.
იმავდროულად გაგრძელდება მოლაპარაკება საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის შესახებ. ეს პროცესი წარმატებით და ყოველგვარი გართულების გარეშე დაიწყო.
მთლიანობაში კი, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივას ოპტიმისტურად ვაფასებ, ვინაიდან, როგორც არაერთგზის მითქვამს, არსებობს ინტერესთა თანხვედრა, რის საფუძველზეც ორ მეზობელ, ისტორიულად მეგობარ ქვეყანას ნამდვილად შეუძლია ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული თანამოქმედების თვალსაჩინო მოდელის შექმნა.
- ოქტომბრის შუა რიცხვებია და, ალბათ, განსაკუთრებით საინტერესოა საუბარი იმ ეკონომიკურ სიახლეთა და საინტერესო ტენდენციათა შესახებ, ქვეყანაში რომ შეინიშნება...
- უპირველეს ყოვლისა, ორ ძალზე სასიხარულო და სასიკეთო ტენდენციას შევეხები. ყველას ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს ამ თითქოსდა მშრალ ციფრებს:
ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროდან 2000 წლის ცხრა თვეში საბიუჯეტო შენატანებმა 121 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა. აქედან საგზაო ფონდის გადასახადი 14 მილიონ 700 ათასი ლარია.
წლევანდელი შემოსავალი 44 მილიონ 500 ათასი ლარით აღემატება შარშანდელი შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ანუ ზრდა თითქმის 60 პროცენტია. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სისტემაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა იანვრიდან ოქტომბრამდე თერთმეტ-ნახევარი პროცენტით გაიზარდა. და ეს იმ ფონზე, იმ დროს, როდესაც, როგორც მოგახსენეთ წინა რადიოინტერვიუში, საზარელმა გვალვამ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას უდიდესი ზარალი მიაყენა. მაგრამ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დარგი დამატებითი რესურსების წყაროდ იქცა.
თითქმის 30 პროცენტით გაიზარდა სარკინიგზო ტვირთზიდვა და 21,4 პროცენტით - რკინიგზით გადაყვანილ მგზავრთა ოდენობა.
თორმეტ-ნახევარი პროცენტით გაიზარდა საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთზიდვის მოცულობა. მხოლოდ ამ დარგიდან საბიუჯეტო შენატანებმა 36 მილიონ ლარს მიაღწია.
ასევე იზრდება შემოსავალი საჰაერო ტრანსპორტიდან, საზღვაო სფეროდან, კავშირგაბმულობიდან და ა.შ. თუმცა, დარგის პოტენციალი ამით არ ამოიწურება. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საბიუჯეტო შემოსავლის ზრდის ახალი საშუალებებისა და წყაროების მოსაძიებლად, უფრო ქმედითი მეთოდოლოგიით აღრიცხვის მოსაწესრიგებლად და სხვა.
რატომ ვსაუბრობ ასე დაწვრილებით ამ ციფრებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე? იმიტომ, რომ საბიუჯეტო შემოსავლის ზრდა ქვეყნის გაძლიერებაა, მოსახლეობის სოციალური მოღონიერებაა, უპოვართა, დავრდომილთა და უმწეოთა დახმარებაა.
აი, ამ შემოსავალს ნიშნავს და გულისხმობს ევრაზიის დერეფანი. ამიტომ ვლაპარაკობთ და ვიბრძვით, დღენიადაგ ვშრომობთ დიდი აბრეშუმის გზის ასაღორძინებლად. სწორედ ამ პროექტებს მოაქვთ ეს მილიონები. არადა, ზოგჯერ მოისმენ გამაოგნებელ განცხადებებს იმის შესახებ, თუ რისთვის არის საჭირო ამდენი ლაპარაკი და ესოდენი ყურადღება სატრანზიტო პროექტებისადმი.
ამას მხოლოდ ის უმაქნისი პოლიტიკანი თუ იტყვის, ვისაც სინამდვილეში თითი თითზე არ დაუკარებია და ქვა ქვაზე არ დაუდვია. თორემ, ვინც იცის შრომისა და კაპიკის ფასი, ასეთი კი, საბედნიეროდ ბევრია ჩვენს პოლიტიკოსებს შორისაც, უეჭველად მიხვდება და დააფასებს ამ ძალისხმევას, ამ დიდძალ შემოსავალს, რომელიც ადამიანებს უბრუნდებათ ლუკმად და სარჩოდ, ბედნიერი ცხოვრებისა და თავისუფალი განვითარების საშუალებად.
ახლა მეორე მიმართულება.
ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, წლეულს, ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს ეწვია 20 ათასით მეტი უცხოელი, ვიდრე შარშან შესაბამის პერიოდში.
1999 წელს სტუმართა რიცხვი ოდნავ სჭარბობდა 300 ათასს.
2000 წლის დამლევისათვის კი 400 ათასს მიაღწევს და შეიძლება გადააჭარბოს კიდეც. ანუ, ქვეყანაში ჩამოსულთა ოდენობა იმაზე უფრო სწრაფადაც კი იზრდება, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. საეჭვოც კი აღარაფერია, რომ 2005 წლისათვის საქართველო მართლაც უმასპინძლებს მილიონ უცხოელს. რას ნიშნავს ეს ეკონომიკური თვალსაზრისით? ყველამ კარგად იცის, რომ ეს მილიარდ დოლარს უდრის.
ყველაზე მოკრძალებული გაანგარიშებით, თითოეული ჩვენი სტუმარი ყოველკვირეულად საშუალოდ ათას დოლარს ხარჯავს. იგულისხმება ბინა, კვება, ტრანსპორტი, წარმომადგენლობითი ხარჯები, კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობა და ა.შ. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ იშვიათად დადიან კაზინოში. ეს - ჩვენი პარლამენტარების საყურადღებოდ.
თანაც, რაც ყველაზე მეტად ნიშანდობლივია: საქართველოში დასავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულთა რიცხვი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან.
აქვე შევნიშნავ, რომ ეს მონაცემები ასახავს მხოლოდ უცხოელებს და არა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით მგზავრობენ, ისვენებენ, ღამეს სასტუმროში ათევენ.
მაშასადამე, ასობით მილიონი დოლარი ილექება საქართველოს ფინანსურ და სამომხმარებლო ბაზარზე. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დაუშვებელია ესოდენ დიდი თანხების ბრუნვა საბანკო სისტემის მიღმა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია დალექილი. სამწუხაროდ, ბევრი კვლავ ამჯობინებს ფული, ასე ვთქვათ, მუთაქაში შეინახოს, მაშინ როდესაც პატიოსანი ბიზნესით მოპოვებულ სიმდიდრეს არავინ ედავება, და არ შეაქვს ბანკებში.
გულწრფელად ვურჩევ ყველას: უფრო მეტად ენდონ ჩვენს ბანკებს, ისარგებლონ მათი მომსახურებით. მე მჯერა ჩვენი ბანკების.
მართლაც, საქართველოში მოქმედებს რამდენიმე სოლიდური, სერიოზული და სანდო ბანკი. მე ვიტყოდი, რომ მათი აქტივებისა და საკრედიტო რესურსების ზრდა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა, ვინაიდან ბანკებს რეალურად უჩნდებათ საშუალება მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრეთვე მასშტაბური პროექტების არა მარტო მოკლე, არამედ გრძელვადიანი დაფინანსებისათვის. ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩვენი ბანკები ჩვენი სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი ატრიბუტია და ისინი საყოველთაო ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. რაც უფრო მეტი თანხები იქნება დეპოზიტზე, მით უფრო ძლიერი იქნება ბანკები და ძლიერი იქნება თითოეული მოქალაქე, ვისაც ამის საშუალება აქვს.
ალბათ, ვერც დღეს ავუვლით გვერდს ეკოლოგიურ კატასტროფას, რომელიც დაატყდა თავს საქართველოს. თუმცა დახმარებაც დღითი დღე მატულობს. გასულ კვირას მივიღე საბერძნეთის პრეზიდენტის წერილი, რომელშიც ბატონი კონსტანტინოს სტეფანოპულოსი მწერს, რომ ქართველი ხალხისადმი უაღრესად კეთილგანწყობილი საბერძნეთი ამ გაჭირვების ჟამს აუცილებლად გამოგვიწვდის დახმარების ხელს. ასეთი წერილები ბევრი მოვიდა და დახმარება უკვე შემოდის.
ბევრს გვეხმარებიან უცხოელი ბიზნესმენებიც. თავისთავად, დახმარებაა, როდესაც მათი ბიზნესისა და კაპიტალდაბანდების მოცულობა იზრდება. მაგალითად, „ფრონტერა“ მიმდინარე წლის დამლევისათვის გეგმავს ახალი ჭაბურღილის ამოქმედებას. ტარიბანაში კი გრძელდება ტესტირების პროცესი და, იმედი გვაქვს, უახლოეს ორ-სამ კვირაში კარგ შედეგებს მივიღებთ.
უსასტიკესი დარტყმის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის დარგში მრავალი სასიკეთო სიახლეა. შაბათს, სვეტიცხოვლობის შემდეგ, მცხეთიდან რამდენიმე საათით გადავფრინდი თელავში, სადაც ცნობილი კომპანია „ჯი-ვი-ესის“ ახალი ღვინის ქარხანა მოვინახულე. ეს არის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური, შესანიშნავად აღჭურვილი, უმაღლესი კლასის საწარმო, რომელშიც სულ მალე საუკეთესო ღვინო ჩამოისხმება.
ქართველ და ფრანგ პარტნიორებს, მათ შორის, შესანიშნავ ქართველ მეღვინეს ლევან გაჩეჩილაძეს, მის სხვა პარტნიორებს დაგეგმილი აქვთ უახლოეს მომავალში ღვინის ოდენობა გაზარდონ 4 მილიონ ლიტრამდე, 2005 წლისათვის კი 12 მილიონამდე. ქარხნის პროდუქცია 20 ქვეყანაში გაიყიდება. ასეულობით სამუშაო ადგილი შეიქმნება და გლეხობასაც ექნება საშუალება მაღალხარისხოვანი ყურძენი ჩააბაროს ქარხანას.
აქვე შევნიშნავ კიდევ ერთ სასიამოვნო ტენდენციას: წლეულს, პირველად, თბილისელებმა კახეთში საკმაოდ დიდი რაოდენობის ყურძენი შეიძინეს. ამან, ფაქტობრივად, გლეხობა გადაარჩინა.
ისევ დავუბრუნდები ღვინის ქარხანას. მან ჩემზე იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, იმდენად აღფრთოვანებული ვარ ქართველ ბიზნესმენთა წარმატებით, რომ კვლავ ვადასტურებ ჩემს გადაწყვეტილებას და წინადადებას განსაკუთრებით წარმატებული ბიზნესმენებისა და მეწარმეების წახალისებისათვის სპეციალური ჯილდოს დაწესების შესახებ. ქვეყანამ უნდა დააჯილდოოს ისინი, ვინც პატიოსნად შრომობს, ეკონომიკას ავითარებს, საექსპორტო პოტენციალს ზრდის, ქმნიან სამუშაო ადგილებს და ბიუჯეტშიც დიდძალი თანხა შეაქვს.
თავადაც მდიდრდებიან და ღმერთმა შეარგოთ.
ჩვენი ამჟამინდელი ძალისხმევის კიდევ ერთი მიმართულება მცირე ბიზნესის განვითარებას უკავშირდება. ეს საკითხი მომავალში სპეციალურად განიხილება მთავრობის სხდომაზე, დღეს კი ამ თემას მოკლედ შევეხები.
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა წარმოგვიდგინა ძალზე საინტერესო პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფი განვითარების პირობათა შექმნას ითვალისწინებს. მან იმოგზაურა იტალიაში და ბევრი პარტნიორიც შეიძინა. იგი, ალბათ, თავად წარდგება ანგარიშით მოსახლეობის წინაშე.
ეს სავსებით რეალური, უფრო მეტიც, საარსებოდ აუცილებელია. შესაბამისი რესურსებიც არსებობს. სწორედ მცირე ბიზნესით იქმნება ქვეყნის ეკონომიკური ძლევამოსილება. ამ დებულებას ადასტურებს ყველა მაღალგანვითარებული ქვეყანა იაპონიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე.
და, ბოლოს, თუმცა მნიშვნელობით ეს საკითხი პირველხარისხოვანია, მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობა სახელმწიფო კანცელარიასა და მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაში. კერძოდ, როგორ სრულდება პრეზიდენტის ბრძანებულებანი და განკარგულებები. ჩვენი პრინციპულობა და გულწრფელობა ზოგიერთებმა საქილიკოდ გამოიყენეს და, როგორც სჩვევიათ, ატეხეს გნიასი ხელისუფლების უუნარობის გამო. არადა, ძირითადი მაჩვენებელი - თითქმის 80 პროცენტი - გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ არც ეს გვაკმაყოფილებს. საქართველოს ჯერ კიდევ იმდენი პრობლემა შემორჩა, რომ საშემსრულებლო დისციპლინის იოტისოდენ მოდუნებასაც არ შევურიგდები. ამ საკითხებს კვლავ დავუბრუნდებით, ვიმსჯელებთ კონკრეტულად, მკაცრად და პირუთვნელად.
- მთავრობის წინა სხდომაზე თქვენ ბრძანეთ, რომ მუშაობა დაასრულა და პირველადი დასკვნები წარმოადგინა კომისიამ, რომელიც თქვენი ბრძანებულებით შეიქმნა კორუფციის წინააღმდეგ ღონისძიებათა შესამუშავებლად. გაეცანით თუ არა კომისიის დასკვნას და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
- მე რამდენიმე დღის განმავლობაში დაწვრილებით, დეტალურად შევისწავლე ეს დოკუმენტი და შევიტანე სათანადო კორექტივები, ზოგიერთი - პრინციპული მნიშვნელობისაც. საჭირო იქნება, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და გადავათვალიეროთ. უნდა ვთქვა, რომ ეს არის ძალზე კომპეტენტური, კვალიფიციური და საგნობრივი ნაშრომი, თუმცა, ერთად ძალიან მწარე სიმართლეა თავმოყრილი.
ანტიკორუფციულ ღონისძიებათა შემმუშავებელმა კომისიამ თითქმის დაამთავრა მუშაობა ქვეყანაში კორუფციის მასშტაბის, მისი გავრცელების არეალისა და იმ ზიანის დასადგენად, რომელსაც ეს საზარელი მანკი აყენებს სახელმწიფოსა და საზოგადოებას.
დოკუმენტი სრულად გამოქვეყნდება, ვინაიდან საზოგადოების გარეშე, მით უმეტეს, დაფარულად და შეუთანხმებლად ჩვენ არაფერს ვაკეთებთ.
და, სწორედ ამიტომ აქ ერთ გარემოებას უნდა მივაქციო საყოველთაო ყურადღება. ამას ყველას გასაგონად და საგულისხმოდ ვიტყვი:
შესანიშნავად ვიცი, რა მოჰყვება დოკუმენტის, კომისიის პირველადი დასკვნის გამოქვეყნებას. საერთო პასუხისმგებლობის ნაცვლად დაიწყება ათასგვარი სპეკულაცია, ჭორ-მართლის აღრევა, ნიშნის მოგება და ა.შ.
- იმიტომ, რომ ცნობილი სახელებია?
- არა, ამიტომ არა. ვაღიარებთ იმას, რაც არის საერთოდ. სახელები და გვარები გამომზეურდება მას შემდეგ, როდესაც ამოქმედდება კომისიის მიერ შემოთავაზებული სათანადო სტრუქტურები. და ამას შედეგიც მოჰყვება. შედეგი კი უკვე არის და მოგვიანებით ერთ ფაქტსაც დაგისახელებთ.
მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არ მეშინია იმ რეაქციის, რომელიც პირველადი დასკვნის გამოქვეყნებას მოჰყვება. ყველას შევახსენებ, რომ ჯერ ერთი, საქართველო სულაც არ არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. იმ საერთაშორისო ფორუმებზე, რომელთა მუშაობაში ბოლო დროს საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ბატონი სულხან მოლაშვილი მონაწილეობდა, უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტებს, არსად არაფერი რომ არ გამოეპარებათ, საქართველო საერთოდ არ დაუსახელებიათ სამაგალითოდ კორუმპირებულ ქვეყნებს შორის. პირიქით, უაღრესად დადებითი რეაქცია მოჰყვა ჩვენს ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, მათ შორის, ხსენებული კომისიის შექმნას. მაგრამ ეს არ უნდა გვამშვიდებდეს.
მეორე: ობიექტური სურათის ასახვა, მისი გამოქვეყნება, ნაკლოვანებათა გამოაშკარავება, გახსნილობა და გულწრფელობა სულაც არ მეტყველებს ხელისუფლების სისუსტეზე. პირიქით, სუსტი და კორუმპირებული ხელისუფლება ყოველნაირად შეეცდებოდა საჯარო განხილვისათვის თავი აერიდებინა, მიეჩქმალა პრობლემები და ა.შ.
მაგრამ ჩვენი მიზანი ამ მანკისაგან საზოგადოების განკურნებაა და არა მდგომარეობის შეფერადება.
დარწმუნებული ვარ, ასეთი პრინციპულობით, საზოგადოების ფართო ფენათა მონაწილეობით, შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავებით უმოკლეს ვადაში მივიღებთ ხელშესახებ შედეგს. ეს დაეტყობა ბიუჯეტს, საბიუჯეტო შემოსავალს, თითოეული ადამიანის კეთილდღეობას.
მთავარია, არ დავმალოთ ეს საზოგადო ჭირი, რომლითაც დაავადდა ხელისუფლების, სახელმწიფო მექანიზმის ყველა შტო, ვინაიდან, მოგვწონს თუ არა, ბიუროკრატია, საზოგადოების ნაწილია.
ტყუილად გვიწინასწარმეტყველებენ მარცხსა და უკანდახევას ამ ბრძოლაში. ყველას გახსოვთ, რამდენად გულახდილი და გახსნილი ვიყავით თვით სამოქალაქო ომის წლებში. მოსახლეობა იღებდა ამომწურავ და მრავალმხრივ ინფორმაციას, თუმცა ხშირად - არასასიამოვნოსა და ტრაგიკულს. მაშინაც კი, ძმათამკვლელი ომის მიუხედავად, არაფერი დაგვიმალავს ქვეყნისათვის. ასეთმა პირდაპირობამ და ხელისუფლების გულახდილმა პოზიციამ განაპირობა საბოლოო გამარჯვება, ქაოსის ეპოქიდან გამოსვლა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება.
შეგახსენებთ იმასაც, თუ რამდენად დამანგრეველი იყო ახალგაზრდა საქართველოს სახელმწიფოში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა თარეში. იძულებული გავხდით ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებისთვისაც კი მიგვემართა, რათა აგველაგმა ბანდიტურ-კრიმინალური დაჯგუფებანი. ეს ბრძოლა მთელი წელიწად-ნახევრის, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მინდა გავიხსენო შოთა კვირაიას გამორჩეული როლი ფართომასშტაბიანი ოპერაციების განხორციელებაში.
ასევე გულახდილი ვიყავით მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდში, რომელმაც საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერით შევძელით მნიშვნელოვნად დაგვეძლია ეს კრიზისიც და მოგვემზადებინა პირველი პოსტკრიზისული ბიუჯეტი.
ამიტომ, როგორც უნდა ეცადონ ავისმზრახველნი, ისინი ვერ შეძლებენ გამოიყენონ ანტიკორუფციული კომისიის მასალები, თუნდაც ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გამოსვლები, იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც თავად იყო ამ კომისიის შექმნისა და შესაბამის მასალათა დაუყოვნებლივ გამოქვეყნების ინიციატორი, როგორც ეს ამას წინათ ზურაბ ჟვანიამ განაცხადა პარლამენტში.
თუ რაიმე ეწინააღმდეგება და ლახავს დღეს საქართველოს ეროვნულ ღირსებას, ეს, უპირველესად კორუფციის მხრწნელი შხამია.
მაგრამ საქართველო არ მოითმენს და არ შეურიგდება კორუმპირებულთა არსებობას მაღალ სახელისუფლებო ეშელონებსა თუ სხვადასხვა რანგის სტრუქტურებში, იქნება ეს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლება, ან, სხვათა შორის, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა მესვეურები ხშირად ტელეეკრანიდან გვმოძღვრავენ მენტორული ტონით. ამ დროს კი არც ერთ ბიუროკრატს და ზოგიერთ მოხელეს არ ჩამორჩებიან კორუმპირებულობაში.
ეჭვი არ მეპარება, უსასტიკესი ბრძოლა გველის. პირველ დარტყმას მე მივიღებ: პრეზიდენტი იქნება მთავარი სამიზნე. მაგრამ ხალხს ვერ მოატყუებენ. ხალხი ბრძენიაო, უთქვამთ საქართველოში და ეს განვლილმა საარჩევნო ციკლმაც დაადასტურა.
ჩვენი თანამემამულენი შესანიშნავად ხედავენ, რომ სწორედ პრეზიდენტი, მისი თანამოაზრენი და თანამებრძოლნი არიან კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის ინიციატორები. ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, ვინაიდან გარდაუვალია დემოკრატიული, თავისუფალი ქართული სახელმწიფოს საბოლოო დაფუძნება. კორუფცია წარსულის უკანასკნელი აჩრდილია. მისი დამარცხებით სახელმწიფო, საზოგადოება ეკონომიკურად და სულიერად გაძლიერდება. ქვეყანაში დამკვიდრდება ჯანსაღი ფსიქოლოგიური ატმოსფერო. ჩვენს გუნდს ეს შეუძლია და ჩვენ ამას მივაღწევთ, რაოდენ ძლიერ, თუნდაც შენიღბულ წინააღმდეგობასაც უნდა წავაწყდეთ.
სხვათა შორის, თუ გახსოვთ, მე ვამბობდი, რომ მიმდინარე წელი იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების წელი. მე მექნება საშუალება სხვადასხვა გამოსვლებში ვილაპარაკო იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა წლეულს, რამდენი კორუმპირებული ამხილეს და როგორ გამოავლინეს მათი ბინძური საქმეები. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი გაკვეთილები უკვე მივიღეთ, მაგრამ მარტო ერთ მაგალითს მოვიყვანდი. საშემოსავლო გადასახადების სამინისტროს ლეგიონმა, რომელიც რეფორმების ფონზე ახლახან შეიქმნა, რამდენიმე დღის წინათ დააკავა სამ მილიონზე მეტი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი. წარმოგიდგენიათ, რამოდენა ზარალია სახელმწიფოსათვის? რა შემოსავალი დააკლდა სახელმწიფო ბიუჯეტს! ასეთია ჩვენი შეხედულებები ამ საკითხზე. როგორც გითხარით, ბრძოლა არათუ დაიწყო, არამედ ისეა შემზადებული, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ამ დიდი მოძრაობის აქტიური მონაწილე გახდება.
- რა თქმა უნდა, სამი მილიონი დიდი დანაკლისია, მაგრამ გაცილებით დიდი მორალური დანაკლისია, როცა კორუფციაში სახელმწიფო მოხელეები არიან გარეული. სიგარეტის ასეთი პარტიის შემოტანას ვერავინ გაბედავდა, ძლიერი მფარველების იმედი რომ არ ჰქონოდათ.
- ეს სამი მილიონი არც პირველია და არც უკანასკნელი. რა თქმა უნდა, მას გარკვეული ჯგუფები მფარველობდნენ და ჩვენი ამოცანაც ის არის, რომ გამოვიყენოთ ქვეყანაში არსებული ყველა საშუალება, მთელი პოტენციალი, რათა ასეთმა ადამიანებმა პასუხი აგონ. ჩვენ არ უნდა დავიწყოთ, ეგრეთ წოდებული, წვრილმანებით, იმ ადამიანებით, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ. მასობრივი რეპრესიები საქართველოში არ იქნება. უნდა ვინადიროთ და ვინადირებთ კიდეც ბობოლებზე, რომლებიც ყველაზე მეტად აზარალებენ ქვეყანას. ამ ნანადირევის შედეგი კი უნდა გავუნაწილოთ მთელ მოსახლეობას.
- გასულ კვირას საქართველოს სამართალდამცველებმა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაქცეული ოთხი პატიმარი დააკავეს, მათ შორის, ლოთი ქობალია, გურამ აბსანძე, ეჯიბია...
- ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ ამ უწყებათა მოქმედებას. ვგულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას, პროკურატურას, რომლებიც გონივრულად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა. სამწუხაროდ, ყველა როდი აცნობიერებს რას გადაურჩა ქვეყანა! თქვენ ჩამოთვალეთ ოთხი პატიმარი. ახლახან დამირეკა ბატონმა კახა თარგამაძემ და მომახსენა, რომ გვირაბის მთავარი მთხრელი, ეგრეთ წოდებული „შახტიორიც“ ჩამობრძანდება თბილისში და პასუხს აგებს ჩადენილის გამო.
პირდაპირ გეტყვით, განზრახული იყო სერიოზული აქცია, დამანგრეველი ტალღის აგორება, ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაცია.
მადლობა ვუთხრათ სამართალდამცველებს, ხელმძღვანელებიდან დაწყებული რიგით თანამშრომლებამდე, რომელთა პროფესიონალიზმისა და თავდადების შედეგად ქვეყანამ აიცილა მართვადი ქაოსის დაბრუნება, ბოლომდე მოუშუშებელი იარებისა და ჭრილობების გახსნა, სისხლისღვრა, ძმათა შორის სიძულვილის ხელახალი აფეთქება, ძლივს დამშვიდებული სამეგრელოსა და მთელი საქართველოს ისევ აფორიაქება.
არ გამოუვიდათ, არც გამოუვათ! ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველასათვის!
მართლმსაჯულებასა და დამსახურებულ სასჯელს ვერავინ დაემალება. თუმცა შერიგების, ისევე როგორც შეწყნარების პოლიტიკა მათთვის, ვისი შეწყალების დროც მოვიდა, მაინც გაგრძელდება, ოღონდ წინდახედულად და გონივრულად, რათა ვეღარასოდეს ვერავინ შეძლოს სამოქალაქო ომის გაჩაღება, თუნდაც მისი ნაპერწკლის ანთება საქართველოში.
- და, ბოლოს, კიდევ ერთი შეკითხვა. როდესაც საქართველოში, ეგრეთ წოდებული, „ჰომო ერექტიკუსი“ აღმოაჩინეს, მაშინ თქვენ თქვით, რომ გასაგებია, რატომაც მიგვიღეს ევროპის საბჭოში - ჩვენ ყველაზე ძველი ევროპელები ვართო. დღეს გაიხსნება გამოფენა - „საქართველო - ევროპის პირველი მობინადრეების სამშობლო.“ როგორც ვიცი, თქვენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებთ.
- ჩვენ ევროპის საბჭოში შევედით ნივთიერი მტკიცებულებებით. დღევანდელ ღონისძიებას აუცილებლად დავესწრები.
საერთოდ კი მინდა ვთქვა, რომ დმანისის აღმოჩენა აღიარებულია, როგორც ათასწლეულის დასასრულის არქეოლოგიასა და ისტორიოგრაფიაში ერთ-ერთი უპირველესი მონაპოვარი. საქმე ის არის, რომ ეს მოვლენა სრულიად ახლებურად წარმოგვიჩენს ევროპის კონტინენტზე ადამიანის წარმოშობის, მისი გენეზისის ისტორიას, აფართოებს ჩვენს წარმოდგენას ადრეულ ცივილიზაციათა შესახებ. მიმაჩნია, რომ საქართველოს არქეოლოგთა და ისტორიკოსთა სკოლამ, უცხოელი კოლეგების მონაწილეობით, კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა.
ვულოცავ მათ, ვულოცავ სრულიად საქართველოს. მჯერა, ისინი კვლავაც გაგვახარებენ ახალი აღმოჩენებით, ახალი კვლევა-ძიებით ჩვენი სამშობლოს შორეული ისტორიული წარსულის, ცივილიზაციათა ფორმირებაში მისი სრულიად გამორჩეული როლის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
„კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, ვინაიდან გარდაუვალია დემოკრატიული, თავისუფალი ქართული სახელმწიფოს საბოლოო დაფუძნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 16 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 17 ოქტომბერი. - №276 (3677) - 1, 2 გვ.
![]() |
78 ზაზა ალექსიძის დაბადების 65 წელთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ზაზა,
დაბადების დღეს გილოცავთ ქართული ხელნაწერების საიმედო მცველსა და შესანიშნავ მკვლევარს, აღიარებულ ისტორიკოს-კავკასიოლოგს.
ნება მიბოძეთ, მადლობა გითხრათ იმ გამოკვლევებისათვის, რომელთაც მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნეს ქართულ-სომხური საერთო პრობლემატიკის კვლევაში.
მადლობა მინდა გითხრათ იმ ძეგლების მოკვლევისათვის, რომლებიც სინას მთაზე აღმოაჩინეთ პალიმფსესტურ ხელნაწერთა შორის. ეს აღმოჩენა მომავალში ნათელს მოჰფენს კავკასიოლოგიაში არსებულ მრავალ პრობლემას.
მადლობა იმ ერთგულებისათვის, რომლითაც ხელმძღვანელობთ ხელნაწერთა ინსტიტუტს, იმ ინიციატივებისათვის, იმ შემოქმედებითი კონტაქტებისათვის, რაც ინსტიტუტს და მის ახალგაზრდა მეცნიერებს აქვთ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო ცენტრებთან.
დიდი მადლობა ყოველივე ამისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების 65 წელს და მომავალში კვლავაც არაერთ მეცნიერულ აღმოჩენას გისურვებთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ზაზა ალექსიძის დაბადების 65 წელთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 17 ოქტომბერი. - №276 (3677) - 1 გვ.
![]() |
79 საქართველოს მშენებლებს |
▲back to top |
მილოცვა
მშენებლობა ქვეყნის მაცოცხლებელი დარგია, მისი ბურჯი და დასაყრდენია. იგი უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში, ქმნის საცხოვრებელ-საარსებო სფეროსა და პირობებს, მრეწველობას, გზებსა და ხიდებს, კულტურისა და დასვენების ობიექტებს, ყოველივე იმას, რაც ჩვენს ირგვლივაა. მშენებლის ნახელავი საუკუნეობით ემსახურება ხალხს, მისი გარჯის შედეგზე დიდადაა დამოკიდებული მოქალაქეთა ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.
დღეს მშენებლებისათვის შექმნილია ახალი პირობები, მოსპობილია მონოპოლიურობა. უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განაპირობებენ მესამე ათასწლეულში მთელ რიგ სიახლეთა ათვისებით მშენებელთა საქმიანობასა და წარსულის მონაპოვართა სრულ ათვისება-გამოყენებას.
საქართველო ამაყობს მშენებელთა შემართებით, თავდადებით, ნახელავით.
დღეს ქალაქებში იქმნება ახალი, დღევანდელობის შესაფერი უბნები და ცალკეული შენობა-ნაგებობები, მრავალფეროვნდება ქვეყანა.
ვულოცავ საქართველოს მშენებლებს ტრადიციულ დღესასწაულს - მშენებლის დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კვლავაც დაამშვენებენ ახალ საქართველოს ღირსშესანიშნავი ნაგებობებით, კვლავაც შეიტანენ ფასდაუდებელ წვლილს დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინებასა და შემდგომ აყვავებაში.
ე. შევარდნაძე.
საქართველოს მშენებლებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 20 ოქტომბერი. - №279 (3680) - 1 გვ.
![]() |
80 რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის მონაწილეებს |
▲back to top |
მიმართვა
ქალბატონებო და ბატონებო,
მივიღე თქვენი მეოცე სამეცნიერო სესიის დღის წესრიგი. მანდ მეტად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და თვალნათლივ დამანახა, თუ რა მდიდარია ჩვენი ერის ერთობლივი საგანძური და რა მნიშვნელოვანია ჩვენი ენათმეცნიერების თვალსაწიერი.
ენის სიმდიდრე მის ერთ-ერთ მუდმივ წყაროზე, დიალექტების სიმრავლეზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული, ისევე როგორც თანამედროვე მსოფლიო ენებთან მუდმივ ურთიერთობაზე. ამ მხრივ ქართული ენა მსოფლიო ენათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენა გახლავთ, რომელსაც თვალისჩინივით უნდა მოფრთხილება და მოვლა-პატრონობა. თქვენი სესია ამ მოვლა-პატრონობის ერთ-ერთ გამოვლენად მიმაჩნია. ისიც მინდა ვთქვა, რომ ალბათ მოვიდა დრო თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ქართული დიალექტები თავისი განუმეორებელი ფონეტიკური ჟღერადობით დაფიქსირდეს და შესაბამის ატლასთან ერთად გამოიცეს, რათა მშვენიერ ძეგლად დარჩეს შთამომავლობას და საერთაშორისო მეცნიერების მუდმივი ყურადღების საგნად იქცეს.
სესია ეძღვნება დიდი მეცნიერის აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დაბადების 100 წლისთავს. ესეც ბევრის მთქმელია.
ვუსურვებ სესიას წარმატებით ჩატარებულიყოს და მისი ყოველი მონაწილისათვის ის კმაყოფილება მიენიჭებინოს, რომელმაც მეცნიერი ჭეშმარიტ მეცნიერებასთან შეხვედრით ღებულობს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის მონაწილეებს : მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 21 ოქტომბერი. - №280 (3681) - 2 გვ.
![]() |
81 ოთარ ლორთქიფანიძის დაბადების სამოცდაათ წელთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ოთარ,
საიუბილეო თარიღს გილოცავთ ღირსეულ ადამიანს, ჭეშმარიტ მამულიშვილს, საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის, ანტიკური სამყაროს ცნობილ მკვლევარს, პედაგოგს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს.
დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ დიდი წვლილისათვის, რაც თქვენ მიგიძღვით არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჩამოყალიბებაში, რომლის უცვლელი დირექტორი ბრძანდებით.
დიდი მადლობა ვანის არქეოლოგიური გათხრებისათვის, რომელსაც თითქმის 35 წელია ხელმძღვანელობთ, დიდი მადლობა თქვენს მიერ ორგანიზებული შავი ზღვისპირეთის ძველი ისტორიისა და არქეოლოგიის სიმპოზიუმებისათვის, რომელთაც კიდევ უფრო გააფართოვეს ქართული ისტორიის კვლევის არეალი. თქვენ ღირსეულად წარმოადგენთ საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო სარბიელზე და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის და ახალ-ახალ სამეცნიერო წარმატებებს გისურვებთ ქვეყნის სასიკეთოდ.
ვამაყობ, რომ ვანში თქვენს უნიკალურ მოღვაწეობას ცოტაოდენ მეც ვუჭერდი მხარს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ოთარ ლორთქიფანიძის დაბადების სამოცდაათ წელთან დაკავშირებით - მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 21 ოქტომბერი. - №280 (3681) - 1 გვ.
![]() |
82 აკადემიკოს გიორგი ციციშვილის დაბადების 85 წელთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო გიორგი,
გულითადად გილოცავთ დაბადების 85 წლის იუბილეს სახელოვან მეცნიერს, შესანიშნავ პედაგოგსა და უკეთილშობილეს ადამიანს.
თქვენი ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, პროფესიისადმი თავდადება სამაგალითო არის თქვენი მრავალრიცხოვანი აღზრდილებისათვის, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტიდან, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით.
თვალსაჩინოა თქვენი ღვაწლი საქართველოში ქიმიური მეცნიერების წინსვლა-განვითარების საქმეში. თქვენი და თქვენი თანამოაზრეების მეცნიერული და ორგანიზაციული მუშაობის შედეგად თბილისი იქცა ცეოლითების კვლევისა და გამოყენების აღიარებულ სამეცნიერო ცენტრად.
დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ.
დიდი ხანია გიცნობთ, ყოველთვის გულწრფელად განვიცდიდი თქვენთან ურთიერთობით მოგვრილ სიხარულს. ასეთივე გრძნობა და ღრმა პატივისცემა ჰქონდა თქვენს მიმართ ჩემს უფროს ძმას იპოკრატე შევარდნაძეს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
აკადემიკოს გიორგი ციციშვილის დაბადების 85 წელთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 22 ოქტომბერი. - №281 (3682) - 1გვ.
![]() |
83 „ევროპის საბჭომ არაერთგზის განაცხადა, რომ აღიარებს და ცნობს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
23 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- გასული კვირის მოვლენებზე საუბარს დავიწყებ საქართველოს მწერალთა კავშირის საერთო-ეროვნული ყრილობით. ამ მოვლენას ჩვენი საზოგადოება დიდხანს ელოდა. რას ეტყოდით ყრილობის მონაწილეებს? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- მიმაჩნია, რომ ქართველ მწერალთა თავყრილობა, საქართველოს მწერალთა საერთო ეროვნული კავშირის ყრილობა, 2000 წლის, ანუ საუკუნის დამაგვირგვინებელი წლის, ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად იქცა.
შეიკრიბა ჩვენი ერის სულიერი არისტოკრატია (ხშირად ვხმარობ ამ გამოთქმას, რათა ემსჯელა თანადროულობის ავ-კარგზე, ქვეყნის აწმყოსა და მყოფადზე. ეს ხომ მწერლის, ინტელიგენტის უპირველესი დანიშნულება და მოვალეობაა. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, რომ მწერალს ქვეყნის ბედისათვის არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე პოლიტიკოსსა და თვით სახელმწიფო მოღვაწესაც კი.
ძალიან ვწუხვარ, რომ ასას ხეობაში შექმნილი მეტად შემაშფოთებელი და სახიფათო ვითარების გამო, პირადად ვერ მივიღე მონაწილეობა ყრილობის მუშაობაში. თუმცა ღონისძიების მსვლელობისას რეგულარულად ვიღებდი ინფორმაციას ჩემი კოლეგებისაგან.
გულწრფელად გავიხარე, რომ ამ ყრილობაზე მწერალთა დიდმა ოჯახმა კვლავ დაადასტურა ერთგულება ქართული მწერლობის დიდი ტრადიციებისა და ნათელი იდეალებისადმი. თვალსაჩინო იყო ქვეყნისადმი ქართველი მწერლების ერთგულება, თავდადება და პატრიოტული სულისკვეთება, კეთილშობილება და ინტელექტი, რაც ძალუმად გამოსჭვიოდა თითოეულ გამოსვლაში.
არც ის არის შემთხვევითი და ნაკლებ საგულისხმო, რომ მწერლები ერთსულოვანნი იყვნენ თავიანთი ლიდერის არჩევისას. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ თამაზ წივწივაძეს ამ უდიდეს ნდობასა და მხარდაჭერას.
დღევანდელი განსაცდელისა და გამოწვევათა გათვალისწინებით, ასეთ დონეზე ამ ყრილობის წარმატებით გამართვა, ესოდენ თავისთავადი, ყოვლისმძლე ნიჭით ძალმოსილი სიტყვის დიდოსტატთა ერთსულოვნების, მაგრამ არა ერთაზროვნების, დადასტურება, აგრეთვე, თვით მწერალთა ორგანიზაციის გადარჩენა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, საერთო-ეროვნულ გამარჯვებად მიმაჩნია!
მივესალმები ყრილობის ყველა მონაწილეს და წარმატებას ვუსურვებ ქართული სიტყვის ტაძრის შენარჩუნებასა და მშენებლობაში.
- გასულ კვირას საქართველოში მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. რამდენად დაგვეხმარება ფონდი სიღატაკის დაძლევის პროგრამის შემუშავებაში? გარდა ამისა, როგორია თქვენი კომენტარი გასული კვირის ორ მოვლენასთან, უწინარეს ყოვლისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ინვესტორ კომპანიებთან საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებასა და მთავრობის სხდომაზე მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სპეციალური პროგრამის განხილვასთან დაკავშირებით?
- საქართველოში 1994 წლიდან დღემდე სოციალური ტრანსფორმაციის, აგრეთვე, ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის ძალზე ღრმა და მრავალგანზომილებიანი პროცესი განხორციელდა.
ამჟამად ქვეყნის ხელისუფლების და, მე ვიტყოდი, მთელი საზოგადოების უმთავრესი, საარსებო ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და კორუფციის აღმოფხვრა, რაც ეკონომიკური აღმავლობის ბაზაზე შეიძლება მოხდეს.
სწორედ ამ კონტექსტით ვითარდება დღეს ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. მაგალითად, მსოფლიო ბანკის კავკასიის რეგიონულ დირექტორთან ქალბატონ ჯუდი ოძკონორთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ 2001 წლის ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავალი, უპირველეს ყოვლისა, დაცული მუხლებისა და სიღატაკის დაძლევის პროგრამათა დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. მსოფლიო ბანკი აქტიურად განიხილავს სოციალური ინვესტიციების ფონდის განვითარების პერსპექტივასაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ფონდიდან დახმარებას მიიღებს საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, შესაძლოა, ცხინვალის რეგიონიც. ქალბატონი ოძკონორი, ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად სპეციალურად იმყოფებოდა ცხინვალში, შეხვდა ხელმძღვანელებს და ძალიან საინტერესო საუბარიც გაიმართა.
იმავდროულად, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ბატონ დევიდ ოუენის ხელმძღვანელობით. მისიის უმთავრესი მიზანია ახალი პროგრამის მომზადება. ანუ საქართველოს უკვე ყველა წინაპირობა აქვს საიმისოდ, რათა განაახლოს სრულფასოვანი თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
ახალი პროგრამის ძირითადი შინაარსი და მიზანი კი კვლავ და კვლავ სიღარიბის დაძლევა იქნება. ამ თვალსაზრისით ოპტიმიზმის საკმაოდ მყარი საფუძველი გვაქვს, ვინაიდან ქვეყანა გამოდის მძიმე ფინანსური კრიზისიდან (ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით) და საქართველოსადმი ნდობაც თვისებრივად ამაღლდა.
ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ გარემოებამ, რომ ჩვენ მიერ შემუშავებულ დოკუმენტებში მკაფიოდ აისახა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნება და კონკრეტული ღონისძიებების გეგმაც. ამ ცოტა ხანში, ალბათ, ყველა ეს დოკუმენტი იხილავს დღის სინათლეს.
შეგახსენებთ, რომ ნაყოფიერად იმუშავა ჩემი ბრძანებულებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ლადო ჭანტურიას ხელმძღვანელობით. ჩასწორებული დოკუმენტი უკვე ჩემს მაგიდაზე დევს. წუხელ კიდევ ვმუშაობდი და, ვფიქრობ, რომ ეს უკვე საბოლოო ვარიანტია. ალბათ, კიდევ რამდენიმე დღეა საჭირო მისი სრულყოფისათვის. შემდგომ იგი საფუძვლად დაედება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიულ პროგრამას. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ინიციატივას აქტიურად მიესალმა ყველა საზღვარგარეთელი მეგობარი. მათ გულწრფელად ახარებთ საქართველოს ყოველი წარმატება, ვინაიდან დღეს ეს უკვე მხოლოდ ჩვენი წარმატება აღარ არის.
- თქვენი აზრით, ამ პროგრამიდან გამომდინარე, რამდენად ეფექტიანი იქნება კორუფციასთან ბრძოლა და მისი შედეგები? ძალიან მძიმეა ის სურათი, რომელიც კომისიამ ასახა...
- აქ, როგორც იტყვიან, ეს პრობლემა გაშიშვლებულია და იმდენად მწარე სიმართლეა ნათქვამი, რომ ხანდახან შეიძლება შეგეშინდეს კიდეც. შეიძლება ამ პროგრამას ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი არცთუ მოწონებით შეხვდეს, რადგან, სამწუხაროდ, კორუფციაში, ამა თუ იმ ფორმით, არა ერთი და ორი, არამედ ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, ათიათასობით და ასიათასობითაც. ჩვენ ვხმარობთ გამოთქმას, რომ ეს ძალიან დიდ პოლიტიკურ რისკთანაც არის დაკავშირებული. მაგრამ, როდესაც რისკი ქვეყნის ინტერესებისათვის არის საჭირო, მისი არ უნდა გეშინოდეს.
გასულ კვირას უდიდეს ნავთობკომპანიათა წარმომადგენლებმა თბილისში ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის მშენებლობის თაობაზე. მომდევნო დღეს იმავე ხელშეკრულებას საზეიმო ვითარებაში, თითქმის მთელი პარლამენტისა და მთავრობის მონაწილეობით, ხელი მოაწერეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც.
ანუ, თანდათან ხორცს ისხამს იდეა, რომელიც ექვსი-შვიდი წლის წინათ მხოლოდ ოცნება იყო. დავუმატებ, რომ ამ მოვლენას მიესალმა ბატონი კლინტონი, რომელიც თავიდანვე მონაწილეობდა ამ პროცესში.
ყველაფერთან ერთად, ამ პროექტის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, აგრეთვე, საქართველოს საინჟინრო პოტენციალის შენარჩუნების, შესაბამისი სამეცნიერო დარგების განვითარებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვისათვის. რაც მთავარია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთელ ამ უზარმაზარ რეგიონში ათიათასობით ადამიანს დაასაქმებს.
საბოლოოდ გაქარწყლდა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ეჭვი და სკეპტიციზმი. კიდევ უფრო განმტკიცდა „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენისა და ევრაზიის დერეფნის ფორმირების კონცეფცია.
აქვე კვლავ განსაკუთრებით აღვნიშნავ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჩემი და ჩვენი ხალხის დიდი მეგობრის ბატონ ჰეიდარ ალიევის დიდ ღვაწლსა და დამსახურებას.
ყველა ეს პროექტი განუყოფლად უკავშირდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებს, მაგრამ ამ განვითარების მტკიცე სოციალური საფუძვლის შექმნა დღევანდელობის ამოცანაა.
სიღარიბის დაძლევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ არა მარტო საბიუჯეტო სუბსიდირებას (ეს არ იქნება იმ მოცულობის, როგორიც საჭიროა) და სათანადო სახსრების გამოყოფას ბიუჯეტიდან, არამედ ინტენსიური სოციალური თერაპიის მეთოდებს, ასპარეზის გაფართოებას ადამიანის ნიჭისა და შრომისმოყვარეობის გამოსავლენად, მათ შორის, მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, სალიზინგო პროექტებს, მიკროსაინვესტიციო პროგრამებს, მიკროკრედიტებს, საკრედიტო კავშირების შემდგომ განვითარებას და სხვა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყურადღებას მოვაკლებთ მასშტაბურ ბიზნესს, მსხვილ წარმოებას და, მით უმეტეს, მას თუ წვრილ მეწარმეებსა და მცირე ბიზნესს დავუპირისპირებთ. ეს წარმოუდგენელია.
ჩვენი პროექტი გულისხმობს არა დაპირისპირებას, რაც თვისებრივად შეუძლებელიცაა, ვინაიდან ორივე სეგმენტს თავისთავადი ფუნქცია და ადგილი აქვს, არამედ საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე ჰარმონიული, თვითრეგულირებადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც მასშტაბურ ბიზნესსაც დაეხმარება და წვრილ მეწარმესაც ახალ სამოქმედო ასპარეზს შეუქმნის. მით უმეტეს, რომ დამაიმედებელია დაფინანსების პერსპექტივები, მათ შორის, უცხოური გრანტების მეშვეობითაც.
როცა მცირე ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს საგადასახადო პოლიტიკა. მე ასე წარმომიდგენია, რომ, თუ მცირე მეწარმის მიერ შექმნილი პროდუქციის ბრუნვა 20 ათასი ლარის ფარგლებში იქნება, იგი არ უნდა დაიბეგროს.
ყველაფერთან ერთად, მცირე ბიზნესის განვითარება წარმატებით მოაგვარებს სოციალური ტრანსფორმაციის პროცესში წარმოშობილ ზოგიერთ პრობლემას, მაგალითად, საშუალო ფენის მომრავლებისა და გაძლიერების აუცილებლობას. ეს სოციალური ფენა კი ნებისმიერი დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი საყრდენია.
თუ ძალიან არ გამიგრძელდა, აქვე მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო: მთავრობის სხდომაზე მწვავე შეფასება დაიმსახურა ზო386
გიერთმა გახმაურებულმა ფაქტმა უცხოური ინვესტიციების შედეგად ფეხზე დამდგარი და აღორძინებული საწარმოების ფუნქციონირების გამო.
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ზოგიერთები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში მუშაობის ყოველგვარი ხალისი დაუკარგონ: როგორც კი საწარმო ამუშავდება, იწყება გაუთავებელი სირბილი სასამართლოებში, ჩივილი, ზოგჯერ მუქარა, ზემოქმედება, შანტაჟი და ასე შემდეგ.
ამას ჩვენ ვერ შევურიგდებით და უახლოეს მომავალში ყველაფერს ვიღონებთ, საკანონმდებლო ბაზის განმტკიცების ჩათვლით, რათა უცხოელ ინვესტორებს დამატებითი გარანტიები შევუქმნათ. დაუშვებელია, რომ საქართველოს იცნობდნენ, როგორც ველური ბიზნესის ქვეყანას. სხვათა შორის, მთავრობის სხდომაზე, კერძოდ, შამპანური ღვინოების ქარხანასთან დაკავშირებული ერთი საკითხი განვიხილეთ. ამერიკელმა ბიზნესმენებმა რამდენიმე მილიონი დოლარი დააბანდეს, ქარხანა აამუშავეს, პროდუქციის გამოშვება დაიწყეს, ბაზრები მოიძიეს. ეს პროდუქცია იყიდებოდა და ჯერ კიდევ იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. აი, ამ ხალხს შეუქმნეს ისეთი პირობები, რომ მუშაობის გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. სასტიკი მსჯელობა იყო და ზომებიც ძალიან მკაცრი მივიღეთ.
- უკვე გასაგებია, რას უშვრებიან ქართველ მეწარმეებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი სატკივარი პრეზიდენტამდე ისე მიიტანონ, როგორც ეს შეუძლიათ უცხოელ ინვესტორებს...
გასულ კვირას, თბილისში გაიმართა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მორიგი რაუნდი სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე. საკმაოდ საინტერესო იყო რუსეთის ვიცეპრემიერის ილია კლებანოვის ვიზიტი. როგორ დაახასიათებდით ამ მოლაპარაკების შედეგებს?
- ძალიან მოკლედ მოგახსენებთ: ეს იყო საქმიანი, კეთილგანწყობილი და, რაც მთავარია, შედეგიანი და იმედისმომცემი მოლაპარაკება.
კიდევ უფრო განმიმტკიცდა რწმენა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა განვითარდება აღმავალი გეზით, თანასწორუფლებიანობისა და ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე.
მრავალი სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას ალტერნატივა არ გააჩნია.
ეჭვი არ მეპარება, რომ სავსებით გულწრფელი იყო პრეზიდენტი პუტინი, როდესაც ჩემთან საუბრისას ისურვა, იხილოს გაერთიანებული, ტერიტორიულად მთლიანი და აყვავებული, ძლიერი საქართველო.
- მსოფლიო რეზონანსი მოჰყვა იტალიელი ჟურნალისტის, რადიო „რადიკალეს“ კორესპონდენტისა და იტალიის რადიკალური პარტიის ერთ-ერთი აქტივისტის ანტონიო რუსოს მკვლელობას, რომელიც ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა. თქვენი აზრით, ვის ინტერესებს შეესაბამებოდა ასეთი დანაშაულის ჩადენა სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე?
- მინდა გითხრათ, რომ ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე და მთელი ჩვენი საზოგადოებრიობა, მეც უკიდურესად შემაშფოთა ამ საზარელმა დანაშაულმა - იტალიელი ჟურნალისტის მკვლელობამ.
ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ, რომ საქართველოში შევქმენით ყველა პირობა სიტყვის ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის. ამიტომაც ყველა განსაკუთრებით შეგვაძრწუნა ძალიან უცნაურ და საეჭვო გარემოებაში უცხოელი ჟურნალისტის დაღუპვამ.
მე სამძიმარი შევუთვალე დაღუპულის ოჯახსა და კოლეგებს. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას პირადად ვაკონტროლებ.
იტალიელი ჟურნალისტის მკვლელი საქართველოს მტერია. ასეთი დანაშაულის ჩადენა შეეძლო მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის ავის მოსურნეს, განურჩევლად იმისა, საქართველოს მოქალაქეა იგი თუ რომელიმე სხვა ქვეყნისა. არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება.
- ასევე ძალიან უცნაურად მუსირებდა გასულ კვირას აზრი ევროპის საბჭოდან საქართველოს გარიცხვის შესახებ. თქვენი აზრით, რა მოტივები აქვს ამ ჭორებს? მით უმეტეს, რომ ყველა კომპეტენტურმა ოფიციალურმა ფიგურამ, მართალია, ზოგმა საკმაოდ მოგვიანებით, მაგრამ მაინც კატეგორიულად უარყო ასეთი ალბათობა? საიდან მოდის ამგვარი ჭორი?
- მე სპეციალურად დავინტერესდი ამ პრობლემით, ამ ჭორების გავრცელებით და ვთხოვე ქალბატონ რუსუდან ბერიძეს, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს შესაბამის მიმართულებას კურირებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, შეესწავლა ეს საკითხი.
როგორც მოსალოდნელი იყო, დადასტურდა, რომ არავითარი საფუძველი ამ ჭორებს არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. როგორ შეიძლება ასეთ საფრთხეს გრძნობდეს ვიღაც ჭორიკანა, საქართველოს პრეზიდენტი კი ვერ გრძნობდეს და უმალავდეს თავის ხალხს?!
ჯერ ერთი, თუ ლაპარაკია ევროკავშირზე (სხვათა შორის, ისიც ითქვა, რომ ევროკავშირიდან გარიცხავენო, საქართველო, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციის წევრი არ არის, ანუ ნებისმიერი სურვილი თუ შენიშვნა სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის დონის შემდგომი ამაღლების სურვილის გამოხატულებაა მხოლოდ.
ევროპის საბჭომ კი არაერთგზის განაცხადა, რომ აღიარებს და ცნობს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრობლემები აღარ გვაქვს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოს. ჩვენც ვგრძნობთ და განვიცდით, რომ არის მოუგვარებელი პრობლემები. მაგრამ არასდროს არაფერი ამ სფეროში არ მიგვიჩქმალავს და კვლავაც ასეთივე გულწრფელი და ტრანსპარენტული ვიქნებით ყველა ეტაპზე. ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულებანი, რომელთაც პირნათლად შევასრულებთ, ვინაიდან ეს არის ვალდებულებანი არა მარტო ევროპის საბჭოს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციისა და ჩვენი ხალხის წინაშე.
- შაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგუშეთის მონაკვეთზე რუსეთ-საქართველოს საზღვარი, რომელიც რუსეთის არაერთგზის მტკიცებით, ძალიან კარგად კონტროლდებოდა, რუსეთის მხრიდან გადმოლახა შეიარაღებულ ჩეჩენთა სამოცდაათკაციანმა ჯგუფმა. რა ბოლო ინფორმაციას ფლობთ, როგორც ქვეყნის პირველი პირი - როგორი ვითარებაა ამჟამად?
- მე მართლაც უკიდურესად შემაშფოთა ამ ინციდენტმა და, როგორც გითხარით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ვერ დავესწარი საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის ყრილობას.
ყოველი ასეთი შემთხვევისადმი გაიოლებული და გაუბრალოებული დამოკიდებულება, ჩემი აზრით, არა მარტო დიდი შეცდომა, არამედ დიდი დანაშაულიც იქნებოდა, მით უმეტეს, იმ რთული ვითარების გათვალისწინებით, რომელიც, სამწუხაროდ, დამკვიდრდა კავკასიაში. მე კონფლიქტები მაქვს მხედველობაში.
ქართულმა საზოგადოებამ უკვე იცის, რომ შეიარაღებული ფორმირება, რომელმაც დაარღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, დროულად იქნა ბლოკირებული და ლოკალიზებული. შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდა პირველივე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შედეგადაც შეიარაღებულ ჯგუფს აღარ მიეცა საქართველოს სიღრმეში შემდგომი გადაადგილების საშუალება.
აქტიურად მუშაობენ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები. ჩემი პირადი დავალებით ადგილზე იმყოფებიან გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი და სხვა ძალოვან სამინისტროთა ხელმძღვანელები. აქვე აღვნიშნავ ქართველი მესაზღვრეების სიფხიზლეს - მათ დროულად აღმოაჩინეს „დაუპატიჟებელი სტუმრების“ შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ მიმართა სათანადო კითხვებით რუსეთის ფედერალურ სასაზღვრო სამსახურს და ეს ორი უწყება ამჟამად აქტიურად თანამშრომლობს.
ამ დილისათვის ვითარება ასეთია: გაიმართა მოლაპარაკება უცხოური შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან. ქართულმა მხარემ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად, ყველაფერი იღონა, რათა ინციდენტი უსისხლოდ და შეიარაღებული შეტაკების გარეშე ამოწურულიყო. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ რეგიონში მოხერხდა საკმარისი ძალების მობილიზება და იგი ყველაფრისათვის ყოველმხრივ მზად იყო.
შეიარაღებული ფორმირების ძირითადმა ნაწილმა ჩააბარა იარაღი და დანებდა ჩვენს ძალოვანებს. სხვათა შორის, ბევრი მათგანის ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა ნამდვილად საგანგაშოა.
- დაჭრილები არიან მათ შორის?
- არა. არიან დაუძლურებულები მრავალი დღის, შეიძლება ერთი ან ორი კვირის შიმშილის გამო. განხორციელებულია სათანადო ღონისძიებანი მათთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად და ამისათვის ისინი მოთავსებული არიან იქ, სადაც საჭიროა. არის კიდევ პატარა ჯგუფი, რომელთანაც მუშაობენ და ვფიქრობ, რომ დღეს-ხვალ, ამ ორ დღეში ყველაფერი უნდა დამთავრდეს.
მოლაპარაკებითა და განხორციელებული ღონისძიებებით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში, როგორც გითხარით, ეს ეპიზოდი ისტორიის კუთვნილებად იქცევა, ე.ი. ყველაფერი დამთავრდება ისე, როგორც საჭიროა.
ახლა აუცილებელია რუსეთისა და საქართველოს მესაზღვრეთა საქმიან ურთიერთობას შედეგად მოჰყვეს საზღვრის ყველა მონაკვეთის, ვიმეორებ, ყველა მონაკვეთის საიმედოდ გამაგრება, რათა შემდგომში გამოირიცხოს მსგავსი ინციდენტების განმეორების შესაძლებლობა. არ შემიძლია არ აღვნიშნო პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობის თავდაჭერილი და გონივრული ქცევა ამ რთული სიტუაციის ფონზე. ეს ძალიან თვალში საცემი იყო. მეც მქონდა მათთან გარკვეული კავშირი და ისინი იღებენ მუდმივ ინფორმაციას არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური - საქინფორმი.
„ევროპის საბჭომ არაერთგზის განაცხადა, რომ აღიარებს და ცნობს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 23 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 24 ოქტომბერი. - №282 (3683) - 1, 2 გვ.
![]() |
84 რევაზ სალუქვაძის ოჯახს |
▲back to top |
სამძიმარი
ქალბატონო მერი,
დიდი მწუხარებით შევიტყვე ბატონ რეზოს გარდაცვალების ამბავი. იგი ჩემთვის მარტო შესანიშნავი მეცნიერი კი არ იყო, არამედ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის თავგამოდებული მებრძოლი, შესანიშნავი პიროვნება და სამაგალითო ოჯახის პატრონი.
ძნელია, ასეთ დროს ადამიანმა სამძიმრის სიტყვები გითხრათ, მაგრამ ერთი ნუგეში მაინც ისაა, რომ მას შესანიშნავი შვილები დარჩა, რომლებმაც უკვე დაუმტკიცეს ქვეყანას თავიანთი ერთგულება.
ედუარდ შევარდნაძე.
რევაზ სალუქვაძის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 26 ოქტომბერი. - №284 (3685) - 1 გვ.
![]() |
85 ძვირფასო ავტოტრანსპორტელებო! |
▲back to top |
მილოცვა
უპირველეს ყოვლისა, გიხდით მადლობას იმ დიდი ძალისხმევისათვის, რომელიც გამოიჩინეთ ეროვნული მეურნეობის აღორძინებისა და ახალი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის საქმეში. ქვეყანაში შექმნილ ურთულეს პირობებშიც კი თქვენ ჩვეულებისამებრ შრომობდით და აკეთებდით შესაძლებლობის მაქსიმუმს.
საავტომობილო ტრანსპორტის სწორ და ეფექტურ საქმიანობაზე ბევრადაა დამოკიდებული ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტა, კერძოდ, „ევროპა-კავკასია-აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, სავაჭრო თანამშრომლობის გააქტიურება, ეროვნული ეკონომიკისა და სხვადასხვა სექტორის გაჯანსაღება და საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრირება.
სწორედ ამ გზას ისახავს „საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა“, რომლის განხორციელებასაც თქვენ უკვე წარმატებით შეუდექით.
თითოეულ თქვენგანს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში და წარმატებებს რთული და საპატიო მისიის შესრულებაში.
ედუარდ შევარდნაძე.
ძვირფასო ავტოტრანსპორტელებო! : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 28 ოქტომბერი. - №286 (3687) - 1გვ.
![]() |
86 ქალბატონ მარინე თბილელს დაბადების დღის აღსანიშნავად |
▲back to top |
მილოცვა
ქალბატონო მარინე,
დაბადების დღეს გილოცავთ ქართული სცენის ულამაზეს, უმშვენიერეს და უსათნოეს ქალბატონს.
მთელი თქვენი ცხოვრების გზა დაუღალავი შრომაა მშობელი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
დაუვიწყარია თქვენს მიერ სცენასა თუ ეკრანზე შექმნილი სახეები.
მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ადამიანისათვის, მით უმეტეს მსახიობისათვის, ყველაზე დიდი ჯილდო მშობელი ხალხის სიყვარულია. ღმერთმა თქვენ უხვად დაგასაჩუქრათ ამ სიყვარულით.
თქვენ თავად დაამტკიცეთ თქვენივე სიტყვების ჭეშმარიტება, რომ ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და ყოველივე სიკეთეს გისურვებთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ქალბატონ მარინე თბილელს დაბადების დღის აღსანიშნავად : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 29 ოქტომბერი. - №287 (3688) - 1 გვ.
![]() |
87 დიდი სისტემების მართვის XIV საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს! |
▲back to top |
ბატონებო,
თქვენ ძალზე მნიშვნელოვანი მისია გაკისრიათ - განსაზღვროთ სახელმწიფოს თანამედროვე მეთოდებით ხელმძღვანელობისათვის მართვის თეორიის განვითარების მიმართულებები.
კარგად მოგეხსენებათ, რომ თბილისში 1972 წლიდან იმართებოდა დიდი სისტემების მართვის საერთაშორისო სიმპოზიუმები და დიდად მოხარული ვარ, რომ დღეს შესაძლებლობა გვაქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საინჟინრო აკადემიის და ინფორმატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით ეს მეტად მნიშვნელოვანი ტრადიცია აღვადგინოთ და თბილისმა უმასპინძლოს სიმპოზიუმის მონაწილეებს.
ვფიქრობ, რომ მიღებული შედეგები გამოყენებული იქნება ქვეყნის მართვის სხვადასხვა რგოლებში.
მოგესალმებით სიმპოზიუმის მონაწილეებს და წარმატებას გისურვებთ მუშაობაში.
გულითადად,
ედუარდ შევარდნაძე.
დიდი სისტემების მართვის XIV საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 29 ოქტომბერი. - №287 (3688) - 1 გვ.
![]() |
88 „თუ საქართველო დაამარცხებს კორუფციას, მისი სახელი და ავტორიტეტი ძალიან გაიზრდება მთელი მსოფლიოს თვალში“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
30 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო ბათუმთან მომხდარი ტრაგედია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაიღუპა 83 კაცი, - როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით თქვენ ორჯერ გესაუბრათ ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტი. საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა გლოვის დღე. როგორ შეხვდა პუტინი ამ ფაქტს და როგორ შეაფასა საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ეს იყო ჩვენი საერთო ტრაგედია, რომელმაც კვლავ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, სულიერად გააერთიანა ორი მეზობელი, ისტორიულად მეგობარი ხალხი და ქვეყანა. მე ვალდებულად ჩავთვალე თავი, ჩავსულიყავი ტრაგედიის ადგილას და ქედი მომეხარა დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, პატივი მიმეგო ჩვენი ორი ქვეყნის შვილთა ხსოვნისათვის.
ქართულმა საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ჩვენს გადაწყვეტილებას საერთო-ეროვნული გლოვის გამოცხადების შესახებ, განურჩევლად იმისა, რამდენი იყო რუსეთის და რამდენი - საქართველოს მოქალაქე.
დაე, იცოდნენ რუსეთში, რომ საქართველოს, ქართველ ხალხს ერთნაირად ატკინა გული ყველა დაღუპულის, მათი ოჯახის წევრთა უბედურებამ.
ეს ტრაგედია და საერთო სულისკვეთება იმის მაგალითია, რომ ყოველთვის შეგვიძლია ერთობლივი ზნეობრივი ორიენტირის გამონახვა, რათა რუსეთმა და საქართველომ ურთიერთსასარგებლოდ ითანამშრომლონ, საერთოდ, ყველა სფეროში და ყველა საკითხში, ჭირშიც და ლხინშიც ერთად იყვნენ.
დიდად ვაფასებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ბატონი ვლადიმერ პუტინი ორჯერ დამიკავშირდა ტელეფონით, რათა მადლობა ეთქვა პირადად ჩემთვის და ქართველი ხალხისათვის გულწრფელად გამოხატული თანაგრძნობის გამო.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არსებობს ორმხრივი ნება, მათ შორის პრეზიდენტთა გადაწყვეტილება, რათა კვლავაც განვავითაროთ და, როგორც უკვე ვთქვი, ახალ დონეზე, ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა.
- მომხდარმა ტრაგედიამ, რა თქმა უნდა, თავისი კვალი დაამჩნია „თბილისობას“, პროგრამას ის საზეიმო ელემენტები წაართვა, რისთვისაც მთელი ქვეყანა ემზადებოდა, თუმცა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ დედაქალაქობამ უღიმღამოდ ჩაიარა, თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე ახალი ძეგლი შეემატა ქალაქს...
- მტირალას მთაზე მომხდარმა უბედურებამ, მართლაც შეცვალა ტრადიციული „თბილისობის“ პროგრამა. ბევრ ლამაზ და ნანატრ ღონისძიებაზე გვათქმევინა უარი ამ ტრაგედიამ, მათ შორის, ქალბატონი ნანი ბრეგვაძის კონცერტზე. არ გამართულა ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებაც.
თუმცა, მთლიანობაში, წლევანდელი „თბილისობა“ ისედაც ჩაფიქრებული იყო, როგორც ნაკლებად პომპეზური და საზეიმო ღონისძიება. ჩვენ შესანიშნავად ვიცით, როგორ უჭირს საქართველოს ბევრ მოქალაქეს. კვლავაც გადაუჭრელია ენერგეტიკული პრობლემა, რაც წელს, თითქოს ჯიბრზე, საშინელმა გვალვამაც გაართულა, რამაც თითქმის პირწმინდად ამოაშრო წყალსაცავები.
ამიტომ წლევანდელ „თბილისობას“ უფრო პრაქტიკულ მნიშვნელობას ვანიჭებდით. თუმცა ეს დატვირთვა მას ყოველთვის ჰქონდა.
მაგალითად, სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის ცნობით, შაბათ-კვირას საქართველოს რეგიონებიდან შემოიტანეს და თბილისში გაიყიდა 200-250 ტონაზე მეტი ხორცი, 60 ტონამდე ყველი, 4 500-ზე მეტი ფრთა ფრინველი, თითქმის 80 ტონა ღვინო, 50 ტონა სიმინდის ფქვილი, თითქმის ასი ტონა ყურძენი, 200 ტონაზე მეტი კარტოფილი, 120 კუბური მეტრი შეშა და სხვა - ეს ძალზე საყურადღებო ციფრებია. მაშასადამე, თბილისელებს ჰქონდათ საშუალება, მოემარაგებინათ ზამთრისათვის გარკვეული ოდენობის სურსათ-სანოვაგე.
გულწრფელად გამახარა სანაპიროს რეკონსტრუქციამ. საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ დედაქალაქის მერიამ კოლოსალური სამუშაო შეასრულა. მე კიდეც მიკვირს, როგორ მოესწრო ამდენი რამის დამთავრება, საექსპლუატაციოდ გადაცემა. ძალიან დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, რომ გაგრძელებულიყო სანაპიროს ახალი მიმართულება. ეს მართლაც საშვილიშვილო საქმეა. ამოისუნთქა დედაქალაქმა. პირადად ვნახე რამდენიმე კეთილმოწყობილი ქუჩა, უნიკალური კლინიკა, ახალი ძეგლები, ახლად აშენებული ეკლესია ვაკის რაიონში. მეამაყება, რომ ჩვენმა თაობამ ქართულ მიწაზე ძეგლი აღუმართა ფარნავაზ მეფეს. მართლაცდა, საამაყო და სასიხარულო მოვლენაა: მანამდე ძეგლი დავუდგით დავით აღმაშენებელს - თბილისსა და ქუთაისში, თამარ მეფეს - სამცხეში, ცოტნე დადიანს - ფოთში, მემედ აბაშიძეს - ბათუმსა და თბილისში, და სხვა მრავალის ჩამოთვლა შეიძლება, გიორგი შხვაცაბაიას - ევგენი მიქელაძის უნიკალური ძეგლი საოცარი ნამუშევარია, ადგილიც ზედმიწევნით არის შერჩეული, ძეგლის თითოეული ელემენტიც ამ პიროვნების ტრაგიზმსა და უდიდეს ტალანტზე მეტყველებს. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონ ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევარი, რომელიც, როგორც ყველა სხვა მისი ქმნილება, მსოფლიო სტანდარტის დონეზეა შესრულებული. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს მხოლოდ თავისუფლების პირობებში შეიძლებოდა გაკეთებულიყო, - მხოლოდ მაშინ, როდესაც ერმა, მთელმა ხალხმა სრულად გაიცნობიერა პასუხისმგებლობა ისტორიისა და დიდი წინაპრების წინაშე.
ამასთანავე, მე მივიღე გადაწყვეტილება, სწორედ „თბილისობის“ დღეებში რამდენიმე თვალსაჩინო, საამაყო თანამემამულის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. ბრძანებულება დაჯილდოების შესახებ უფრო ადრე გამოქვეყნდა პრესით, დაჯილდოებულთა სია ცნობილია, თუმცა მაინც მინდა გამოვყო დიდი ქართველი კინორეჟისორი გიორგი დანელია, რომლის შემოქმედება მნიშვნელოვანი ფენომენია როგორც ქართული, ასევე რუსული კულტურისათვის, ვინაიდან ორივე ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და პატივისცემით არის განმსჭვალული.
გუშინ თბილისის მერიაში დავესწარი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებათა მიკუთვნების ცერემონიას. ესეც კარგი ტრადიციაა. გვარებს არ ჩამოვთვლი, ყველას ვულოცავ და შემდგომ ცხოვრებისეულ, შემოქმედებითს გამარჯვებებს ვუსურვებ.
და, კიდევ ერთი: კვლავაც დადასტურდა, რომ „თბილისობა“, დედაქალაქობა - გულთან მიიტანეს, ადეკვატურად აღიქვეს და შეისისხლხორცეს ჩვენმა ხალხმა, მთელი საქართველოს მოსახლეობამ, ყველა კუთხემ. მაშასადამე, თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - იგი ითვალისწინებდა ტრადიციას, ისევე როგორც სამომავლო პერსპექტივას.
თბილისი ხომ, გარკვეული აზრით, ქართველთა იერუსალიმია - ჩვენი დედაქალაქია, საქართველოს მოქალაქეთა შემკრები და გამაერთიანებელი ციხე-სიმაგრეა.
- გასულ კვირას დიდი ქართველი განმანათლებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების 160 წელი შესრულდა. ეს სახელი ყველა ქართველისათვის ძალიან ძვირფასია, თუნდაც იმის გამო, რომ ყველა ჩვენგანი წერა-კითხვას „დედა ენით“ იწყებს. ძალიან მოკლედ, როგორ შეაფასებდით იაკობ გოგებაშვილის ღვაწლს?
- იაკობ გოგებაშვილი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია იმ ბუმბერაზ ეროვნულ მოღვაწეთა შორის, რომელთაც გასული საუკუნის სამოციანი-სამოცდაათიანი წლებიდან დაიწყეს ბრძოლა ეროვნულობისათვის.
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, მისი „აი ია“, იმდენად სადა და, იმავდროულად, იმდენად გენიალურია, რომ კლასიკური ანუ მარადიული ჟღერადობა და მნიშვნელობა შეიძინა და თაობიდან თაობას გადაეცემა.
ყველა მოდერნისტულ მიმდინარეობას პატივს ვცემთ, მათს განვითარებას არავინ და არაფერი შეაფერხებს, მაგრამ ქართული პედაგოგიკის კლასიკაც მუდამ შეინარჩუნებს აქტუალურობასა და მნიშვნელობას ისევე, როგორც იაკობ გოგებაშვილის მთელი მრავალმხრივი მოღვაწეობა, მისი ზრუნვა ქართული საზოგადო აზროვნების განვითარების, ლიტერატურული მეტყველებისა და წერის კულტურის ჩამოყალიბებისათვის. ბუნებისადმი მისი დამოკიდებულება და ყველაფერი სხვა, რასაც სამშობლო ჰქვია და რაც სამშობლოს ცნებასთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, საგულისხმო და დასაფასებელია, რომ იაკობ გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძესთან, ნიკო ნიკოლაძესთან, აკაკი წერეთელთან ერთად ეროვნულ მისიას ურთულეს და უმძიმეს ეპოქაში ახორციელებდა. მან და მისმა თანამებრძოლებმა შექმნეს მაგალითი იმისა, რომ იმპერიული თუ ტოტალიტარული რეჟიმის პირობებშიც შესაძლებელია ეროვნულობის საფუძველთა განმტკიცება და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ნიადაგის შემზადება.
იაკობ გოგებაშვილის დიდი მემკვიდრეობისადმი ჩვენს პატივისცემას იმით გამოვხატავთ, რომ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ ქართული ენის უნიკალურობის დასაცავად, მისი სახელმწიფო სტატუსის განსამტკიცებლად, ყველა სფეროში ქართული ენის ლიტერატურული ნორმების დასამკვიდრებლად.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით მუშაობს სახელმწიფო კომისია, შევიმუშავეთ და ვახორციელებთ სახელმწიფო ენის განვითარების პროგრამას, განათლების სისტემის ღრმა და მრავალგანზომილებიან რეფორმას.
ვიზიარებთ მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას, მაგრამ ვერაფერი გადასწონის „აი ია“-ს, რომლითაც პატარა ქართველი პირველად ეწაფება წინაპართა ათასწლოვან მემკვიდრეობასა და ცოდნას.
- უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი ჯგუფის წინადადებანი ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამისათვის. საზოგადოება მართლაც დიდი ინტერესით ელოდება ამ დოკუმენტს...
- ამ თემას გასულ კვირას შევეხე, მაგრამ დღეს კვლავ უნდა დავუბრუნდეთ და მომავალშიც კვლავ არაერთხელ მოგვიწევს არა მარტო საუბარი, არამედ მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა იმისათვის, რომ ის, რასაც დღეს ვლაპარაკობთ, რაც გადატანილია ქაღალდზე, როგორც პროგრამა, უპირობოდ შესრულდეს. მუშაობა ამ დოკუმენტზე თითქმის დასრულდა, გარკვეული კორექტივები შეტანილია.
მე დღეს შევხვდები ჯგუფის წევრებს, რომელსაც, როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია ხელმძღვანელობს და შევათანხმებთ საბოლოო კორექტივებს.
მომზადებულ, ღრმა ანალიტიკურ მასალას (მე ასე ვუწოდებ ამ დოკუმენტს) წავუმძღვარებ წინასიტყვაობას, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება უმწვავესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემისადმი.
ანტიკორუფციულ მოძრაობას საქართველოში ჩვენი ქვეყნისათვის საარსებო მნიშვნელობა აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ დოკუმენტს და პრეზიდენტის ძალისხმევას ძალიან მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მეგობრებმა მთელ მსოფლიოში, სადაც კი ხმა მიგვიწვდება.
აქ არის ერთი საფრთხე, რის გამოც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. მივმართავ ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა: ნუ შეგვაშინებს ის მწარე სიმართლე, დოკუმენტიდან რომ გამოსჭვივის და ის რეალობა, რომელიც იქ აისახა.
ჩვენ არ გვეშინია ამ სიმართლისა. პირიქით, სიმართლე ჩვენი იარაღია. იგი დაგვეხმარება მოვიკრიბოთ ძალა და განვახორციელოთ კონცენტრირებული პოლიტიკა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
დარწმუნებული ვარ, ქართულ საზოგადოებას აქვს ზნეობრივი და ინტელექტუალური პოტენციალი იმისათვის, რომ ეს საზარელი მანკი, ეს უბედურება დაძლიოს და დაამარცხოს. ამიტომ ტყუილად ცდილობენ ზოგიერთები ნიშნისმოგებას. მშობელ ერს და მშობელ ქვეყანას ნიშნს ვერ მოუგებენ.
ამავე დროს, მე არ დავუშვებ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, გადაიქცეს კუდიანებზე ნადირობად, ადამიანის უფლებათა დარღვევის საბაბად, ბიზნესის, საბანკო სისტემის განვითარების შემაფერხებელ მუხრუჭად და ასე შემდეგ. პირიქით, კორუფციასთან ბრძოლამ ხელი უნდა შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას, საბანკო სისტემისა და ქვეყნის კეთილდღეობის აღმავლობას.
ამიტომ დღეს ათმაგად გვმართებს ერთიანობა, ისევ და ისევ, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა. ხოლო ის უწყებები, რომელთაც კრიტიკის სიმწვავე შეეხებათ კი არ უნდა განაწყენდნენ, არამედ პირიქით, აღიარონ სიმართლე და ყველაფერი იღონონ ვითარების გამოსასწორებლად, ვისაც აქვს ამის მორალური უფლება, ვისაც არა აქვს, მან შესანიშნავად იცის, რა უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში.
- ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ დოკუმენტი, რასაკვირველია, რეალურია, მაგრამ თავისი შინაარსით საზარელი. მითხრეს ისიც, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც ამ პროგრამით უნდა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანი და ქმედითი ბერკეტია ხელისუფლების ხელში. რამდენად მიზანდასახული და თანამიმდევრული იქნება ხელისუფლება ამ ღონისძიებათა განხორციელებისას? დაიხევს თუ არა ხელისუფლება უკან, რადგან, როგორც ჩანს, მას საკმაოდ გავლენიან პიროვნებებთან მოუწევს დაპირისპირება?
- ეს სენი გუშინ არ დაბადებულა, კორუფციას დიდი ხნის ისტორია აქვს. დღემდე საქართველოს სახელმწიფო მზად არ იყო ფართომასშტაბიანი ბრძოლისათვის. რაც შეეხება ხელისუფლებას, მას სხვა არჩევანი არა აქვს. სხვა არჩევანი, ფაქტობრივად, ქვეყნის დაღუპვა და ჩვენი დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაა. ამიტომ ხელისუფლებაც და ხალხიც ერთიანი უნდა იყოს.
ცხადია, მინდა, შეძლებისდაგვარად, ნაკლებმტკივნეული იყოს ეს პროცესი იმათთვის, ვისაც დიდი ზიანი არ მიუყენებია ქვეყნისათვის. ამავე დროს, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ წინა წლებში, განუკითხაობის წლებში მომხდარ გადახვევებს, დარღვევებს, კორუფციის შემთხვევებს, ალბათ, ვერ გადავწვდებით, ამისათვის ძალებიც არ გვეყოფა. მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, რომ გადაიკეტოს კორუფციის არხები, რომლებიც საშუალებას აძლევს უსინდისო ადამიანებს დაუმსახურებლად მოიხვეჭონ სიმდიდრე და, ცხადია, უნდა დაისაჯოს ის, ვინც მიუხედავად გაფრთხილებისა და სასტიკი სიმართლის ამსახველი დოკუმენტის გამოქვეყნებისა, კვლავ აგრძელებს თავის ბინძურ საქმიანობას. აქ დანდობა არ იქნება.
- როცა ხელისუფლება, პრეზიდენტი დაუპირისპირდება კორუფციაში მხილებულ ამა თუ იმ პიროვნებას, ეს ხომ არ შექმნის შემდგომში ამ პიროვნებათა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად გადაქცევის საფრთხეს?
- უდავოდ შეიქმნება. წინა ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ დოკუმენტის თუნდაც მარტო გამოქვეყნება დაკავშირებულია დიდ რისკთან, მაგრამ, ამავე დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებასა და მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვთ სიმართლის თქმის პოლიტიკური ნება. თუ სიმართლე არ ითქვა, თუ არ გამომზეურდა ეს საშინელება, რაც ახლა ხდება და ხდებოდა გასულ წლებში, ისე ამ სენის დაძლევა შეუძლებელია.
გავიმეორებ იმას, რაც უკვე ნათქვამი მაქვს, რომ, თუ საქართველო თავს გაართმევს ამ დიდ პრობლემას და დაამარცხებს კორუფციას, მისი სახელი და ავტორიტეტი ძალიან გაიზრდება მთელი მსოფლიოს თვალში. ჩვენთან გაცილებით მეტი მეგობარი და ინვესტორი ჩამოვა. კორუფცია ხომ ინვესტიციებისათვის პირველი საფრთხობელაა. ამიტომაც ვამბობ, რომ საარსებო მნიშვნელობის საქმეს ვკიდებთ ხელს.
როგორც ვთქვი, დღეს ვხვდები იმ ჯგუფს, რომელმაც დიდი შრომა გასწია დოკუმენტის მომზადებისათვის. ჩვენ კარგად ვთანამშრომლობდით და შემდგომშიც ასე გაგრძელდება. სერიოზული პრობლემა იქნება ის, თუ რა ფორმები და რა სისტემები უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას კორუფციასთან ბრძოლა უფრო ეფექტიანად რომ წარიმართოს. არავის არ უნდა ეგონოს, რომ კორუფცია დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე აღმოიფხვრება. ასე არ მოხდება. ამიტომ ბრძოლის ეფექტიანი ფორმების შემუშავება, შექმნა, ბრძოლის გაფართოება თანამოაზრეებთან ერთად, ალბათ, გადაწყვეტს ამ ისტორიული საქმის ბედს.
- გასულ კვირას ექსპრეზიდენტის მომხრეებმა თავისუფლების მოედანზე უსანქციო მიტინგი გამართეს. ეს ღონისძიება მათ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს მიუძღვნეს. დღეს, ათი წლის შემდეგ, როგორ აფასებთ იმ არჩევნების მნიშვნელობას?
- 28 ოქტომბრის არჩევნები იყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში 1921 წლის შემდეგ. ამ თვალსაზრისით, ეს, მართლაც, მნიშვნელოვანი მოვლენაა უახლეს ისტორიაში. სხვა საქმეა, რამდენად მიზანშეწონილი აღმოჩნდა თვით არჩევანი, მაგრამ ამის გარჩევას ახლა აზრი არა აქვს, ისტორია თავისას იტყვის.
არავინ არ აპირებს არც ერთი ისტორიული თარიღის მნიშვნელობის მიჩქმალვას, თუმცა განვლილ ათწლეულს ის მაინც უნდა ესწავლებინა მავანთათვის, რომ დაპირისპირება, ბოღმა, სიძულვილი, შეურიგებლობა - სწორედ ის თვისებებია, რამაც ამდენი უბედურება მოუტანა ქვეყანას.
დღეს საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა. მრავალი რამ გვტკივა, მაგრამ ამ მონაპოვარს ვერავინ წაგვართმევს და უარყოფს. იგი ღირსეულად შეაფასებს და ჯეროვან პატივს მიაგებს ყველა მოვლენას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა დამოუკიდებლობისაკენ სავალ გზაზე. ასე რომ, მათი საქციელი, ვინც საპროტესტო სახე მისცა ამ მიტინგს, ღია კარის მტვრევას ჰგავს.
- და, ბოლოს, გასული კვირის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მოვლენებისა და ტენდენციების, აგრეთვე ყველაზე საგულისხმო შეხვედრების შესახებ...
- ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. უნდა გითხრათ, ეს ძალიან კეთილმოსურნე, საქმიანად განწყობილი მისია გახლდათ მთელი შემადგენლობით, ხელმძღვანელის ჩათვლით. მივაღწიეთ წინასწარ შეთანხმებას 2001-2003 წლების ეკონომიკური პროგრამის შესახებ. მე ვთხოვ საქართველოს მოქალაქეებს, მიაქციონ ამას ყურადღება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა მიიღოს. პროგრამა ითვალისწინებს სტრუქტურულ რეფორმათა შემდგომ გაღრმავებას და, რაც მთავარია, ქმედითს ღონისძიებებს სიღარიბის დასაძლევად.
არცთუ უმნიშვნელო არგუმენტი იყო, როგორც აღვნიშნე, ანტიკორუფციული კომისიის დოკუმენტი. ეს ერთ-ერთი არგუმენტი იყო იმისათვის, რომ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი ყოველი დოლარი თუ ლარი დანიშნულებისამებრ იყოს მიზანმიმართული და არავითარ შემთხვევაში არ დაიკარგება, ყველაფერი მოხმარდება ხალხს და ახალი ქვეყნის მშენებლობას.
სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმებული ახალი პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსათვის 150 მილიონი დოლარის დახმარებას უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, ეს ძალიან დიდი თანხაა, რომელიც, შეგვაშველებს ხელს, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს.
აგრეთვე, გამოვყოფ საქართველოში ნავთობისა და გაზის წარმოების პერსპექტივისადმი მიძღვნილ კონფერენციას.
ამჟამად, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, - „საქნავთობის“ ეროვნულ კომპანიასთან ერთად მუშაობს 9 ერთობლივი საწარმო. ამოქმედებულია 14 ნავთობის, ერთი გაზნავთობის და ერთი გაზკონდენსატის საბადო. ამასთანავე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნავთობგადასამუშავებელი მრეწველობის აღორძინებას. მე კვლავ კატეგორიულად მოვითხოვ, რომ უახლოეს ხანში გადაწყდეს გაორის ქარხნის ამოქმედების საკითხი. წარმოუდგენელია, ქვეყანას ჰქონდეს თუნდაც ესოდენ მცირე, მაგრამ დიდი საქმის ძალიან კარგი დასაწყისი სიმდიდრე და მას არ იყენებდეს, მით უმეტეს, ქარხნის პერსპექტივის გათვალისწინებით. ჩვენ ასე გვქონდა დაგეგმილი - იქნებოდა ერთი ბლოკი, ნავთობის მოპოვების გაზრდასთან ერთად დაიწყებოდა სხვა ბლოკების მშენებლობაც.
მოდით, შევადაროთ: თუკი მოპოვებული ან ექსპორტირებული ერთი ტონა ნედლი ნავთობიდან ქვეყნის ბიუჯეტში 19 ლარი შედის, უკვე გადამუშავებული ერთი ტონა ნავთობპროდუქტებიდან ბიუჯეტში 400 ლარის შეტანაა ნავარაუდევი. ე. ი. 20-ჯერ მეტის!
იმავდროულად, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქციის საკითხი.
ამჟამად დასავლეთ საქართველოში ზღვის სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობში იმდენად ძლიერი ნავთობკომპანიები შემოვიდნენ, რომ, ვფიქრობ, ეს პრობლემაც უახლოეს მომავალში ყოველგვარი საბიუჯეტო გარანტიების გარეშე გადაიჭრება. ჩვენ ვერ შევუდექით ამ საქმიანობას, ვინაიდან არ გვქონდა გარანტიების გაცემის უფლება, რისი საშუალებაც საქართველოს, სამწუხაროდ, არა აქვს, თორემ ამ ქარხნის მნიშვნელობა და შესაძლებლობა ყველას შესანიშნავად გვესმის. შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში მუშაობას იწყებს „ანადარკო“ -ნავთობის მოპოვების ერთ-ერთი გიგანტი და, რაც მისასალმებელია და ძალიან მახარებს, კოლხეთის დაბლობზე მუშაობა დაიწყო უძლიერესმა ნავთობმომპოვებელმა გერმანულმა ფირმამ. დარწმუნებული ვარ, ძველი ჭაბურღილების განახლებისა და ახალი ჭაბურღილების მშენებლობის მიმართულებით, გერმანელ ბიზნესმენთა ძალისხმევას, კოლხეთში დიდი ნავთობის მოპოვება მოჰყვება.
გასულ კვირას ვესაუბრე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ბატონ ბრანსონ მაკინლის. უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, განვიხილეთ დევნილთა პრობლემა, დაბრუნების შემდეგ მათი ადაპტირების პირობები.
ასევე ვერ ავუვლით გვერდს, მომავალში, პერსპექტივაში დაბრუნებულ მესხთა ადაპტირების აუცილებლობას. ამისათვის ხანგრძლივი დრო და პრობლემის ეტაპობრივი გადაწყვეტა იქნება საჭირო. ნურავინ ნუ ნერვიულობს, ჩვენ ამ უსამართლობას ისე გამოვასწორებთ, რომ არავინ არ დაზარალდება. ფაქტობრივად, უკვე ვიწყებთ ახალგაზრდების ჩამოყვანას, ვასწავლით უმაღლეს სასწავლებლებში, მოსამზადებელ კურსებზე, ზოგიერთმა ქართულ ჯარში სამსახურის სურვილიც გამოთქვა. ორი წლის განმავლობაში მომზადდება პროგრამა და შემდეგ 10-12 წლის განმავლობაში, ვისაც დაბრუნების სურვილი ექნება, დავაბრუნებთ.
ამ განხილვის დროს, საინტერესო იყო მსჯელობა ჩეჩენ ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, თუმცა ისინი თანდათან ტოვებენ საქართველოს. ოფიციალური მონაცემებით, 2 ათასზე მეტი მათგანი უკვე დაბრუნდა სამშობლოში ან სხვა ქვეყნებში გაემგზავრა.
ბოლოს, რამდენიმე საგულისხმო ციფრი მინდა დავასახელო: წინა რადიოინტერვიუში დაწვრილებით ვისაუბრე სატრანსპორტო დარგის სწრაფი და წარმატებული განვითარების შესახებ. გასულ კვირას ავტოტრანსპორტელების პროფესიული დღესასწაული აღინიშნა. რკინიგზელებზე აღარ ვილაპარაკებ, მათზე უკვე ძალიან ბევრი რამ ვთქვი და მათი წარმატებები საყოველთაოდაა აღიარებული. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას ვულოცავ ამ დღეს. უფრო მეტიც, ქვეყნის სახელით ავტოტრანსპორტელებს მინდა ვუთხრა მადლობა იმ დიდი ძალისხმევისათვის, რომელიც მათ გამოიჩინეს ეროვნული მეურნეობის განვითარების საქმეში.
მაგალითად, წლის დამდეგიდან, მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტით გადატანილია 14 მილიონი ტონა ტვირთი და გადაყვანილია 183 მილიონი მგზავრი. ტვირთნაკადის ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა, ხოლო საბიუჯეტო შენატანებმა - 36 მილიონი ლარი! ანუ გასული წლის მაჩვენებელზე - 90 პროცენტით მეტი! ამ ციფრებს შემთხვევით არ ვასახელებ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს ბიუჯეტი არ შეიძლება მხოლოდ სიგარეტის იმპორტიდან ამოღებულ თანხაზე იყოს დამოკიდებული, მით უმეტეს არც ამ სფეროდან არ ხდება შემოსავლის მაქსიმალური მობილიზება.
გნებავთ, ნავთობპროდუქტები: ერთმა დარგმა ბიუჯეტს 36 მილიონი ლარი შემატა, წლის დამლევამდე ეს ციფრი გაცილებით გაიზრდება.
აი, ასეთი წარმატებებით ისხამს ხორცს ევრაზიის დერეფანი და „დიდი აბრეშუმის გზა“. ამასთან ერთად, ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ევროკავშირმა განიხილა ჩემი თხოვნა, რომ განხორციელდეს ბაქო-თბილისი-ფოთი-ბათუმისა და ერევანი-თბილისის (ეს მაგისტრალი, რა თქმა უნდა, კიდევ გაგრძელდება) ავტომაგისტრალების სრული რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია. ეს იქნება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის კეთილმეზობლური ატმოსფეროს შექმნასა და სამუდამო მშვიდობის დამყარებას. ეს პროექტი, მრავალ სიკეთესთან ერთად, ცენტრალურ აზიასა და სხვა რეგიონების ქვეყნებს შორის რეგულარული საავტომობილო მიმოსვლის უზრუნველყოფით ტურიზმის განვითარების ახალ გარანტიებს შექმნის.
ასე რომ, გეგმები და პერსპექტივები არ ამოიწურება, პირიქით, სრულიად ახალი პერსპექტივები იკვეთება.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური - საქინფორმი.
„თუ საქართველო დაამარცხებს კორუფციას, მისი სახელი და ავტორიტეტი ძალიან გაიზრდება მთელი მსოფლიოს თვალში“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 30 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 31 ოქტომბერი. - №288 (3689) - 1, 2 გვ.
![]() |
89 ედუარდ შევარდნაძე: საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება ამ საზარელი, ეროვნული ენერგიის შემბოჭავი სენისაგან - ჩემი ცხოვრებისა და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შესავალი სიტყვა „ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის ძირითადი მიმართულებების“ პუბლიკაციისათვის
ძვირფასო თანამემამულენო,
პატივცემულო მკითხველო,
წინამდებარე პუბლიკაციით საზოგადოების სამსჯავროზე გამომაქვს „ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის ძირითადი მიმართულებების“ პროექტი, რომელიც შეიმუშავა ჩემი ბრძანებულებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბატონ ლადო ჭანტურიას ხელმძღვანელობით.
ფართო საზოგადოების განსჯის შედეგად, თქვენი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, პროექტი დაიხვეწება და საფუძვლად დაედება ეროვნულ ანტიკორუფციულ პროგრამას.
საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება ამ საზარელი, ეროვნული ენერგიის შემბოჭავი სენისაგან - ჩემი ცხოვრებისა და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.
არაერთგზის მითქვამს, რომ კორუფცია ხრწნის და ალპობს ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს, მან შეაღწია თვით საზოგადოებრივ ცნობიერებაში, არყევს ეროვნული თვითშეგნების საყრდენებს, საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ყოველმხრივ განვითარებასა და თვით არსებობასაც კი.
ძალიან ძნელი და სარისკო იყო სიმართლის თქმა, მაგრამ უდიდესმა პასუხისმგებლობამ მშობელი ერის წარსულის, აწმყოსა და მომავლისადმი მათქმევინა საზარელი სიტყვები: თუ ჩვენ ვერ შევძელით ამ საერთოეროვნული უბედურების თავიდან მოშორება, თუ ვერ გავკურნეთ ერი, საზოგადოება და სახელმწიფო კორუფციის საზარელი, ყოველისმომწამვლელი ავადმყოფობისაგან - ქართველობას, როგორც ცივილიზებულ ერს და საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს - მომავალი არა აქვს.
ეს მწარე სიმართლე მათქმევინა ჩვენი ხალხის შემოქმედებითი პოტენციალის უსაზღვრო რწმენამ. იოტისოდენა ეჭვი არ მეპარება, რომ სიმართლითა და პატიოსნებით, პირუთვნელობითა და ავისადმი შეურიგებლობით, ქართველი ერის ათასწლოვან სახელმწიფო ტრადიციასა და ზნეობრივ პოტენციალზე დაყრდნობით, აგრეთვე, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, - აუცილებლად შევძლებთ გარდავტეხოთ ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ბედი და ერთად გავამარჯვებინოთ საქართველოს.
ჩვენი უმთავრესი, ყოვლისმძლე იარაღია სიმართლე და გულწრფელობა. არასდროს დაგვიმალავს და შეგვილამაზებია არსებული ვითარება.
დოკუმენტი, რომელსაც გაეცნობით, შემაძრწუნებელი სიმართლის შემცველია. მას, რა თქმა უნდა, გამოიყენებენ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები, აგრეთვე, ქვეყნის ავისმოსურნენი, რათა ბრალად დაგვდონ უძლურება, განგვიქიქონ საქმე, რომლის გასრულებაც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც შევძელით საქართველოში ყველა ჯანსაღ, კონსტრუქციულ, ეროვნულ ძალასთან ერთად, - განურჩევლად მათი პოლიტიკური მრწამსისა, ეცდებიან „წყალში ჩაგვიყარონ“ შრომა, გამოაცხადონ „ფუჭად“ ჩვენი ძალისხმევა, მაგრამ არც ეს მაშინებს, ვინაიდან, დიდი ილიას სიტყვით „კარგი გული“ უმალ შეიცნობს კეთილ განზრახვას. „გულქეციანთა“ ნიშნის მოგება კი საქვეყნო საქმისათვის მკლავს ვერ მომიდუნებს.
ამასთანავე, შესანიშნავად ვაცნობიერებ, რამდენად მტკივნეული იქნება ამ მასალების გაცნობა ქვეყნის ყოველი ჭეშმარიტი მოქალაქისა და გულშემატკივრისათვის.
მათში დაწვრილებით, მაღალი პროფესიონალიზმითა და მეცნიერული მეთოდოლოგიით არის აღწერილი ამჟამად არსებული ვითარება. კორუფციის პრობლემა გაშიშვლებულია მთელი მისი მრავალგანზომილებიანი სიმახინჯით. დადასტურებულია კორუფციულ მიმართებათა წარმოშობის მიზეზები, დადგენილია მათი კავშირი საზოგადოებრივ მიმართებათა კომპლექსთან, სოციოფსიქოლოგიურ და ეთნოფსიქოლოგიურ თავისებურებებთან, წარსულის უმძიმეს მემკვიდრეობასთან, თანამედროვე სოციალური პრობლემების, სიდუხჭირისა და სიღარიბის დაძლევის ჯერაც ბოლომდე გადაუწყვეტელ ამოცანასთან. დახასიათებულია კორუფციული „პირამიდის“ სტრუქტურა, მისი თვისებრიობა, კორუფციულ ურთიერთობათა განხორციელების ძირითადი მექანიზმები და აუცილებელი „პირობები“.
დოკუმენტში აღწერილია, აგრეთვე, შინაარსობრივი კავშირი კორუფციასა და ფალსიფიკაცია-კონტრაბანდას შორის. დასახელებულია როგორც ობიექტური მიზეზები, რომელთა დაძლევაც, სამოქალაქო ომისა და პოსტკომუნისტური ნგრევის შემდეგ, უეჭველად მოითხოვდა ხანგრძლივ, სისტემურ, მეთოდოლოგიურად სრულყოფილ ძალისხმევას, აგრეთვე, სუბიექტურ მიზეზთა მთელი წყება - ხელისუფლების სამივე შტოში მძლავრი, კორუმპირებული კლანებისა და არალეგალური ლობისტური ჯგუფების არსებობა; მათი შეზრდა სახელისუფლო სტრუქტურებთან; „ინტერესთა დანაშაულებრივი თანხვედრა“. ახალშობილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სიტემური არამდგრადობისა და სიმყიფის ბოროტად გამოყენება; ზოგადსახელმწიფოებრივი სტაბილურობის შენარჩუნების ბუნებრივი სურვილით მზაკვრულად სარგებლობა; სახელმწიფოს შანტაჟირება; საზოგადოების ფართო სპექტრის ჩართვა წვრილმან კორუფციაში, და, შესაბამისად, საზოგადოების ანტიკორუფციული მოტივაციის შესუსტება; კორუფციის საწინააღმდეგო ღონისძიებათა დისკრედიტაცია და სხვა.
რაც მთავარია, დოკუმენტი არ არის მხოლოდ ვითარების აღწერა. ავტორები არ შემოიფარგლებიან ოდენ ფაქტის დადასტურებით. „ძირითადი მიმართულებები“ მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმას - კორუფციის სხვადასხვა გამოვლინებათა ლოკალიზების, მათი ასპარეზის შევიწროების, შესაბამის რესურსთა თანდათანობით ამოწურვისა და, პირიქით, - ანტიკორუფციული მექანიზმებისა და რესურსების ამოქმედების თვალსაზრისით.
პროგრამით გათვალისწინებულია დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა; იმავდროულად, პრევენციული ანტიკორუფციული ზომების მთელი კომპლექსის განხორციელება; სრული გამჭვირვალობა და საჯაროობა; სამეწარმეო გარემოს შემდგომი ლიბერალიზაცია; მაკონტროლებელ ორგანოთა სისტემის ოპტიმიზაცია; საბაზრო ეკონომიკის პრინციპთა განუხრელი დაცვა; ფისკალურ სფეროში, აღრიცხვასა, სტანდარტიზაცია-სერტიფიცირებაში მკაცრი კონტროლის დამყარება; სახელმწიფო მართვის მექანიზმთა მარგი ქმედების ამაღლება კონკრეტული, საგნობრივი პროგრამებითა და შესაბამისი საკადრო პოლიტიკით.
ამ პროცესის საბოლოო მიზანია კორუფციის, როგორც სახელმწიფოებრივი პრობლემის სამუდამო დამარცხება, მისი კვლავწარმოქმნის ყოველგვარ პირობათა მოსპობა.
დოკუმენტში სამართლიანად აღინიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში, კორუფცია ხდება დემოკრატიის და პიროვნული თავისუფლების შეზღუდვის დემაგოგიური არგუმენტი.
სინამდვილეში, კორუფცია დემოკრატიის სისუსტეზე, მის განუვითარებლობაზე მეტყველებს და არა დემოკრატიულ წეს-წყობილების თვისებრივ მანკიერებაზე. ჭეშმარიტი, ძლიერი, განვითარებული დემოკრატია - საუკეთესო ასპარეზია კორუფციის გასანადგურებლად. ამ თვალსაზრისით, დემოკრატიას ძალუძს ის, რაც ვერ შეძლო და ვერც ოდესმე შეძლებს თვით ყველაზე მკაცრი ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც პიროვნების თავისუფალი არჩევნის შეზღუდვას ეფუძნება.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში - ქართული დემოკრატიის შემდგომი სრულყოფისა და გაძლიერების ტოლფასია.
ჩვენი მიზანია დავამარცხოთ კორუფცია თავისუფალ პიროვნებასთან, დემოკრატიული სახელმწიფოს ღირსეულ მოქალაქესთან ერთად, - მისი მხარდაჭერითა და თანადგომით.
ეს არის, უპირველესად, ზნეობრივი არჩევანი, - როგორც პიროვნული, ასევე საზოგადოებრივი კათარზისი.
იგი უძლეველია, ვინაიდან განუყოფელია ჩვენი ერის საუკუნოვან ოცნებასთან - დააფუძნოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქართული სახელმწიფო.
ედუარდ შევარდნაძე.
ედუარდ შევარდნაძე: საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება ამ საზარელი, ეროვნული ენერგიის შემბოჭავი სენისაგან - ჩემი ცხოვრებისა და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 1 ნოემბერი. - №289 (3690). - 1, 2 გვ.
![]() |
90 ზაზა აბზიანიძეს დაბადების სამოცი წლის აღსანიშნავად |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ზაზა,
გილოცავთ დაბადების 60 წელს, დიდი ლიტერატურული ტრადიციების მქონე ოჯახის ღირსეულ წარმომადგენელს.
თქვენ, თქვენი კრიტიკული მოღვაწეობით, თქვენი რადიოლიტერატურული პორტრეტებით, თქვენი ლექსებით, მნიშვნელოვანი კვალი დააჩნიეთ ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას. ისიც სათქმელია, რომ „ლიტერატურნაია გრუზიას“ რედაქტორობით დიდი წვლილი შეგაქვთ ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში, რაც უკვე წმინდა ლიტერატურულ სფეროს სცილდება.
დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყოველივე ამისათვის და ყველაფერი კარგი გისურვოთ თქვენ, თქვენს ოჯახსა და თქვენს სტუდენტებს.
მინდა დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ზაზა აბზიანიძეს დაბადების სამოცი წლის აღსანიშნავად : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 4 ნოემბერი. - №292 (3693) - 1 გვ.
![]() |
91 ხუთი შვილის დედას, ქალბატონ ლია ხუნდაძე-გულიაშვილს |
▲back to top |
მილოცვა
ქალბატონო ლია,
მეტად სასიხარულო ამბავი შემატყობინეს - სამი შვილი შეგძენიათ - ორი ვაჟკაცი და ერთი ქალბატონი.
დღეს ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში იშვიათად გაიგებ, რომ ვინმეს მეოთხე და მეხუთე შვილი შეეძინა, ტყუპი უფრო იშვიათია, სამი ერთად ხომ - მით უფრო.
ვფიქრობ, ნებისმიერი ქალისთვის, სამი შვილის ერთად დაბადება გმირობის ტოლფასია.
გილოცავთ თქვენ და თქვენს მეუღლეს ამ დიდ ბედნიერებას, თქვენს მრავალშვილიან ოჯახს კი ჯანმრთელობას, სიკეთესა და ბედნიერებას ვუსურვებ.
ღმერთმა გამრავლოთ და გადღეგრძელოთ.
პატივისცემითა და
კეთილი სურვილებით,
ედუარდ შევარდნაძე.
P. S. შევეცდები, რითაც შემიძლია, ხელი შეგიწყოთ.
ხუთი შვილის დედას, ქალბატონ ლია ხუნდაძე-გულიაშვილს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 5 ნოემბერი. - №293 (3694) - 1 გვ.
![]() |
92 „გულწრფელად ვულოცავ ჰეიდარ ალიევს, მოძმე აზერბაიჯანს ამ უმნიშვნელოვანეს არჩევანს და გამარჯვებას, რაც, უდავოდ, არის არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობის, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
6 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- ამჯერად ინტერვიუს ეკონომიკის თემით დავიწყებთ. გასულ კვირას მთავრობის სხდომის ყურადღების ცენტრში იყო ზოგიერთი საინვესტიციო პროექტი, რომელთაგან რამდენიმე ზესტაფონი-ჭიათურა-ტყიბულის ერთიანი კომპლექსის აღორძინებასა და განვითარებას ეხება. გარდა ამისა, წლის დამლევამდე ორი თვე დარჩა. კარს მოგვადგა ზამთარი, როგორ აფასებთ ბიუჯეტის შესრულებას შესაბამისი სამინისტროს მიერ? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- უპირველეს ყოვლისა, საინვესტიციო პროექტების თაობაზე. არაერთგზის მითქვამს, რომ ზოგადად ინვესტიციებს და შესაბამისი პროექტების განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. განვითარებადი ქვეყნისათვის ინვესტიციების მოზიდვას საარსებო მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, აქ ბევრი რამ ობიექტურ პირობებზეა დამოკიდებული (რეგიონში არსებული ვითარება და ა.შ.), მაგრამ, რაც ჩვენი გასაკეთებელია, იმაზე თავად უნდა ვიზრუნოთ.
მაგალითად, ზეგაანის ღვინის ქარხნის პრობლემა. ეს არ არის გიგანტი საწარმო, პატარა ქარხანაა, მაგრამ აქაც კი, ფაქტობრივად, სრულად გამოიკვეთა ჩვენში არსებულ ნაკლოვანებათა მთელი კომპლექსი.
ინვესტიციის მომგებიანობის თვალსაზრისით და ზოგიერთი სხვა მომენტის გათვალისწინებით, ეს საკითხი გაცილებით მეტ თანხებს უკავშირდება, ვიდრე ხსენებული სააქციო საზოგადოების არსებული თუ შესაძლო კრედიტორული დავალიანებაა.
ამჟამად მომზადებულია პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რადიკალურ და ქმედითს ღონისძიებებს ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტად. შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ პრობლემა მოგვარებულია.
თუმცა, საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო და ეს შემთხვევა საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ნეგატიურ მაგალითად არ უნდა ქცეულიყო.
ზოგიერთის საყურადღებოდ ვამბობ: არ შეიძლება ცალკეული საწარმოების, მით უმეტეს, ყველა საწარმოს საკითხი გაუთავებლად პრეზიდენტის დონეზე განიხილებოდეს.
ინვესტიციების დაცულობასა და მთლიანად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ისევე როგორც საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, დარგობრივი სამინისტროებისა და ადგილობრივი ორგანოების უმთავრესი ფუნქციაა.
რა თქმა უნდა, გვაქვს მრავალი წარმატებული და სასიხარულო მაგალითიც. მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ „ჭიათურმანგანუმში“ განხორციელებული ინვესტიციის თაობაზე. ჭიათურა საქართველოსათვის განსაკუთრებული ფენომენია და ამიტომ ამ საკითხს ორიოდე სიტყვით შევეხები.
როგორც ცნობილია, საწარმოს აქციათა ნაწილს ჩეხეთის კომპანია „საგაპრინტი“ ფლობს. თავდაპირველად მას გაუჭირდა პირობების შესრულება, მაგრამ ამჟამად საქმე თვალსაჩინოდ გაუმჯობესდა: ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, წარმოება მუშაობს სამცვლიანი სამუშაო რეჟიმით, აღდგა სამედიცინო პუნქტები და ამუშავდა სასადილოები, ხელფასებისა და პენსიების სახით გაცემულია ორი მილიონ 650 ათასი ლარი. დაფარულია 811 ათასი ლარის კრედიტორული დავალიანება, ბიუჯეტში და არასაბიუჯეტო ფონდებში ჩაირიცხა 713 ათასი ლარი.
მხოლოდ ორი თვის განმავლობაში ექსპორტირებულია 7 ათას ტონამდე მაღალი ხარისხის მეტალურგიული მანგანუმის კონცენტრატი, წლის დამდეგიდან კი - 15 ათას ტონაზე მეტი. მოგეხსენებათ, ამ კონცენტრატს შეუფერხებლად იღებს ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა.
რთული პრობლემა იყო ელექტროენერგიით საწარმოს მომარაგება. ჩვენი მხრივ ყველაფერი ვიღონეთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად. პირადად მივავლინე ჭიათურაში სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი. შეთანხმება მიღწეულია და იგი უპირობოდ უნდა შესრულდეს. აქვე ვგულისხმობ, აგრეთვე, ელექტროენერგიის უწყვეტობასა და ხარისხს.
გაიმართა საგანგებო თათბირი ტყიბულის თბოელექტროსადგურის მშენებლობისა და მთლიანად ქვანახშირის კომპლექსის განვითარების თაობაზე. ინვესტორმა უკვე დაიწყო მეშახტეთა ხელფასების გადახდა, გაწეულია სხვა ხარჯებიც, დაახლოებით, 2 მილიონი დოლარის ფარგლებში. საქმე უდავოდ წინ მიდის და საიმედო საფუძველი იქმნება.
გაფორმდა სათანადო დოკუმენტები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბატონ მერაბ ჩხენკელისა და იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ბატონ თემურ შაშიაშვილის, აგრეთვე, ტყიბულის ხელმძღვანელობის ძალისხმევა და მონდომება.
უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: ტყიბულის ქვანახშირის საწარმოები სულ მალე ამოქმედდება. პარალელურად დაიწყება თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რასაც მთელი დასავლეთ საქართველოსათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
უნდა ითქვას, რომ ექსპერტთა გაანგარიშებით, რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ქვანახშირის ფასი და ამ წიაღისეულზე მოთხოვნაც დიდად გაიზრდება, ანუ ქვანახშირი საქართველოს სიმდიდრეა, ხოლო მთლიანად ეს რეგიონი, რომელიც, ფაქტობრივად, ერთიან სამრეწველო ეკონომიკურ კომპლექსს შეადგენს, სწრაფად განვითარდება.
ბოლოს, რამდენიმე სიტყვა ბიუჯეტის შესახებ: კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აუცილებელი ნორმის თვისებას იძენს ბიუჯეტის შესახებ კანონის განუხრელი შესრულება.
ოქტომბრის საბიუჯეტო დავალებათა გეგმა შეასრულეს როგორც საგადასახადო დეპარტამენტმა, ასევე, საბაჟო უწყებამ. ძალზე თვალსაჩინოა საბაჟო სისტემაში მიღწეული პროგრესი, მაგრამ ეიფორიაც უსაგნო იქნებოდა, ვინაიდან ყველას შესანიშნავად გვესმის, რომ სრულდება ძალიან ღრმად სეკვესტრირებული ბიუჯეტი, ანუ ეს, ფაქტობრივად, მინიმუმია იმისა, რაც სინამდვილეში შეუძლია ქვეყანას.
საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში რეფორმათა პროცესი დასასრულს უახლოვდება. შეიძლება ითქვას, რეფორმამ პირველი დადებითი შედეგი მოიტანა. განსაკუთრებით ნიშანდობლივია საბიუჯეტო შემოსავლის ადეკვატურად სისტემის თანამშრომელთა ხელფასების ზრდა, აგრეთვე, კორუფციის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა, რომელიც ამ სისტემაში წამოიწყეს.
არა მარტო ეს სამინისტრო, არამედ ყველა უწყება წარდგება სპეციალური ანგარიშით მთავრობის ან საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს წინაშე, რომლის შექმნას „ანტიკორუფციული პროგრამის ძირითადი მიმართულებები“ ითვალისწინებს.
ყველა მინისტრი, უწყებებისა თუ ადგილობრივი სტრუქტურების ყველა ხელმძღვანელი უნდა მოემზადოს ამ სერიოზული გამოცდის ჩასაბარებლად.
- რაკი კორუფციის თემას შეეხეთ, კვლავ ყურადღების ცენტრშია „ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამა“, რომელიც დასრულებული სახით წლის დამლევამდე, ან მომავალი წლის დამდეგს გამოქვეყნდება. თუმცა, მუშაობა ძირითად მიმართულებათა განხორციელებისათვის უკვე დაიწყო. გასულ კვირას პროგრამას გაეცნენ ევროსაბჭოს წარმომადგენლები. დახმარებას დაგვპირდა ცნობილი ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი. როგორია მათი შეფასება?
- მოგეხსენებათ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. რასაკვირველია, იმთავითვე ვგულისხმობდი უცხოელი მეგობრების დახმარებასა და მხარდაჭერასაც.
ჯერ კიდევ სექტემბერში, ნიუ-იორკში შეხვედრისას ამ თემაზე ვესაუბრე ბატონ ჯორჯ სოროსს, რომელმაც საოცარი დაინტერესება და ენთუზიაზმი გამოიჩინა. იგი სპეციალურად ჩამობრძანდა საქართველოში, გაეცნო პროგრამას, შეხვდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და „ანტიკორუფციული პროგრამის“ შემმუშავებელი ჯგუფის სხვა წევრებს.
საგულისხმოა, რომ ჯორჯ სოროსთან ერთად ჩვენს ქვეყანას ეწვია მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენელი დენის კაუფმანი. მათ არათუ დადებითად შეაფასეს დოკუმენტი, არამედ აქტიური (არა მხოლოდ სიტყვიერი) დახმარებაც აღგვითქვეს. ასევე ძალზე სერიოზული და ქმედითი იქნება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, ვინაიდან კორუფციის დამარცხება თუნდაც ერთ რომელიმე ქვეყანაში მხოლოდ ამ ქვეყნის ლოკალური ამოცანა არ არის: ამით ფართოვდება თანამშრომლობის ასპარეზი, რაც ხელს უწყობს ევროპაში, მათ შორის, პოსტსაბჭოურ და პოსტკომუნისტურ რეგიონებში ეკონომიკური კლიმატის გაჯანსაღებას, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებას.
ასევე დეტალურად გაეცნენ დოკუმენტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები და მთლიანად მოიწონეს „ძირითადი მიმართულებები“, რომელთაც უკვე ვახორციელებთ.
ჩვენს მეგობრებზე განსაკუთრებით დადებითი შთაბეჭდილება იმან მოახდინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ებრძვის არა მარტო შედეგებს, არამედ კორუფციის სისტემურ მიზეზებსაც და არც მხოლოდ საუბრითა და დეკლარაციით კმაყოფილდება.
სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევით, სულ მალე მზის სინათლეზე გამოიტანენ ენერგეტიკულ სფეროში გამოვლენილ დანაშაულებრივ ფაქტებს. შესაბამისი უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უკვე ეჭვმიტანილია. სასამართლომ დასაბუთებულად ცნო ბრალდება და დაპატიმრების ნებართვაც გასცა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა და მისმა მოადგილემ ტელევიზიითა და პრესკონფერენციებზე საკმაოდ დეტალურად ისაუბრეს.
რამდენადაც ვიცი, იმავე უწყებებში (ვგულისხმობ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს) მზადდება კიდევ რამდენიმე მკაცრი, მაგრამ პრინციპული და პირუთვნელი გადაწყვეტილება სხვა თანამდებობის პირთა მიმართ არა მხოლოდ ამ სისტემაში და ეს მისასალმებელია. დაძაბულად მუშაობს კონტროლის პალატა.
ასე რომ, ნურავინ იფიქრებს, თითქოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კამპანიაა და მხოლოდ განცხადებებით, პროგრამების შემუშავებით, ან უწინდელივით შეგონებებით შემოვიფარგლებით.
წინასაარჩევნო პერიოდში სიტყვა მივეცი ჩემს ხალხს, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელი არ ამიკანკალდებოდა გათავხედებული ბოროტების დასასჯელად. ასეც იქნება! ვცდილობ, ეს სიტყვა არ გავტეხო.
ამ საშვილიშვილო მნიშვნელობის ბრძოლაში მთელი მოსახლეობის, ინტელიგენციის, პოლიტიკური ძალების, საინფორმაციო საშუალებათა მხარდაჭერის იმედი მაქვს.
- 3 ნოემბერს ეროვნული უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის“ შექმნის შესახებ, რომლის პრეზიდენტად დაინიშნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი. რა მიზნები და ამოცანები აქვს საინჟინრო აკადემიას?
- გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის დაფუძნება საქართველოსათვის, ისევე როგორც ყველა ნორმალური ქვეყნისათვის, არათუ დღეს, არამედ მაშინვე გახდა აუცილებელი, როდესაც პირველი ნაბიჯები გადავდგით დამოუკიდებლობის გზაზე.
ამ აუცილებლობას იმთავითვე ნათლად ვაცნობიერებდი, მაგრამ მხოლოდ სურვილი საკმარისი არ იყო. გვჭირდებოდა დრო და სერიოზული მომზადება, კერძოდ, ორგანიზაციული მომზადება.
თუმცა, იმთავითვე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ საქართველოს ინტელექტუალური და ტექნოლოგიური პოტენციალი მოგვცემდა საშუალებას წარმატებით გადაგვეწყვიტა სამხედრო-საინჟინრო დარგის ამოცანები.
ჯერ კიდევ 1995 წელს დავავალე კოსმოსურ-ტექნოლოგიათა გენერალურ კონსტრუქტორს ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილს, დაემუშავებინა შესაბამისი პროგრამა და შეემზადებინა სათანადო საფუძველი.
ეს არ იყო შემთხვევითი არჩევანი, ვინაიდან ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილი მაშინ უკვე ხორცს ასხამდა მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის, სამხედრო-საინჟინრო დარგშიც. აღარაფერს ვამბობ იმ დიდ პროექტზე, რომლის რეალიზაციაც ყველამ ვიზეიმეთ.
ამ პროექტების წარმატებით შესრულებამ დამარწმუნა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მომწიფდა.
გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია მოამზადებს უფროსი და უმაღლესი წოდების სამხედრო ოფიცრებს, შეიმუშავებს ქვეყნის ერთიანი სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის საკითხებს არა მარტო საომარი და საგანგებო, არამედ ექსტრემალური სიტუაციებისათვისაც, შექმნის სათანადო სამამულო შეიარაღებასა და ტექნიკას.
დარწმუნებული ვარ, რომ სამხედრო-საინჟინრო აკადემია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში, ვინაიდან გააერთიანებს ქართველთა სახელოვან მხედრულ და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ტრადიციებს, ჩვენი სპეციალისტების მაღალ ინტელექტუალურ პოტენციალს.
უნდა აღვნიშნო თავდაცვის სამინისტროს, ტექნიკური უნივერსიტეტის, სხვა სამეცნიერო ცენტრების დიდი აქტიურობა ამ მიმართულებით.
- 10 ნოემბერი პოლიციის დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პროფესიული დღესასწაული. რას ეტყოდით ქართველ პოლიციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლექტივს პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით?
- გულწრფელად ვულოცავ მრავალათასიან კოლექტივს, რომელმაც მართლაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ქვეყანაში კრიმინალთა თარეშის აღკვეთასა და სტაბილურობის მიღწევაში.
ასობით პოლიციელი, ჯან-ღონით აღსავსე ვაჟკაცი, ოჯახის ბურჯი და პატრონი შეეწირა ამ ბრძოლას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისათვის. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
ფუჭი იქნებოდა ყოველგვარი საუბარი დამოუკიდებლობაზე, რომ არა მათი თავგანწირვა დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს განსამტკიცებლად, კანონიერების დასამკვიდრებლად და დასაცავად, ხალხის დასაცავად.
პოლიცია დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციური ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციონირებას, პიროვნებისა და საზოგადოების უშიშროებას.
ბოლო წლებში სისტემის სრულყოფისათვის ბევრი რამ გაკეთდა.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობას კარგად აქვს გაცნობიერებული შემდგომი რეფორმირების აუცილებლობა და სათანადო პროგრამის ძალიან საინტერესო დებულებებიც წარმოადგინა. მაგალითად, ბატონმა კახა თარგამაძემ დეტალურად მომახსენა, როგორ უნდა გარდაიქმნას საგზაო პოლიცია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საგზაო პოლიციასთან დაკავშირებული საჩივრები და შენიშვნები, უნდა დამყარდეს წესრიგი.
მადლობის სიტყვებთან და მილოცვასთან ერთად ვუსურვებ ქართველ პოლიციელებს, ასეთივე შეუპოვრობით და შემართებით განეგრძოთ ბრძოლა ამ ურთულესი სისტემის ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად. თავად გათავისუფლდნენ იმ ელემენტებისაგან, რომლებიც უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს და ზოგჯერ თვითონ ჩადიან დანაშაულს, რითაც ღალატობენ თავიანთ მეგობრებს, იმათ, ვინც სიცოცხლეს არ იშურებს და, როგორც იტყვიან, შუბლს ტყვიას უშვერს.
დარწმუნებული ვარ, სამინისტროს ხელმძღვანელობას კარგად ესმის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია ყოველდღიური, რთული, კონსტრუქციული თანამშრომლობა და თანამოქმედება პარლამენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფართო საზოგადოებასთან. როდესაც პარლამენტზე ვსაუბრობ, კომიტეტებსა და ცალკეულ დეპუტატებსაც ვგულისხმობ.
კრიტიკის მოსმენაც აუცილებელია, გათვალისწინებაც და კომპეტენტური, პრინციპული პასუხის გაცემაც.
მეორე მხრივ, კრიტიკულ პათოსთან ერთად, ყველამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიცია საზოგადოების ნაწილია და ბუნებრივად საჭიროებს როგორც მორალურ, ისე მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას. (ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთი წელია და ცოტა მეტიც, პოლიციელთა დიდი ნაწილი თითქმის უხელფასოდ ასრულებდა თავის მოვალეობას, ან ძალიან დიდი დაგვიანებით იღებდა ხელფასს. ეს დაუშვებელია).
კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღესასწაულს და ვუსურვებ წარმატებებს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმედი მაქვს, ისინი პარლამენტისა და პრეზიდენტის, მთელი ჩვენი ქვეყნის იმედს გაამართლებენ.
- ოთხშაბათს იწყება თქვენი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში - პრეზიდენტ სეზერის მიწვევით. ტრადიციულად, დამოუკიდებელ საქართველოს თურქეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ალბათ, ეს კურსი არც ამჯერად შეიცვლება...
- თურქეთის რესპუბლიკასთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
უკვე არსებობს თანასწორუფლებიანი, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შესანიშნავი საფუძველი ორივე ხალხის ინტერესების შესაბამისად.
თურქეთის რესპუბლიკა ჩვენი საიმედო მეზობელიცაა და მეგობარიც.
ძმურ დახმარებას თან ახლავს პარტნიორობა „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების და ევრაზიის დერეფნის მშენებლობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს ნავთობსადენებიც და გაზსადენებიც, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული.
1992 წელს თურქეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დახმარების ხელი გამოუწოდა საქართველოს.
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ სეზერთან ერთად ჩვენ შევძლებთ აღვასრულოთ ორი ხალხის ნება და კიდევ უფრო გავაფართოოთ, ახალი შინაარსი შევძინოთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის და ამით ხელი შევუწყოთ საერთოდ რეგიონში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრებას.
- ხვალ ყოველი ჩვენგანისათვის საყვარელი თელავის 1800 წლისთავი აღინიშნება. იგი ერეკლე მეფის დაბადების 280 წლის იუბილეს ემთხვევა. შეძლებთ თუ არა მიიღოთ მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებებში, მით უმეტეს, რომ, როგორც უკვე ბრძანეთ, მიმდინარეობს ინტენსიური მზადება მეზობელ სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტისათვის?
- გული არ მომითმენს, რომ არ ვესტუმრო ჩემს კახეთს, რათა მონაწილეობა მივიღო თელავის 1800 წლისთავისა და ერეკლე მეფის დაბადების 280 წლის იუბილეს აღსანიშნავ ზეიმში.
რა თქმა უნდა, ვეწვევი კახეთს, მიუხედავად სასტიკი ცაიტნოტისა, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატო მთელი ჩვენი ქვეყნის, სრულიად საქართველოს და პირადად ჩემი სიყვარული ამ კეთილშობილი და მადლიანი მხარისადმი, ჩვენი ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი ბურჯის მიმართ.
- გუშინ აზერბაიჯანში პარლამენტის არჩევნები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ალიევის პარტია ლიდერობს. გასული კვირა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც იქ უკვე მიიღეს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემები...
- პირველადი, მაგრამ თითქმის საბოლოო მონაცემებით, აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის, ანუ პარლამენტის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ჰეიდარ ალიევის პარტიამ „ენი აზერბაიჯანმა“ (ახალი აზერბაიჯანი).
გულწრფელად ვულოცავ ჰეიდარ ალიევს, მოძმე აზერბაიჯანს ამ უმნიშვნელოვანეს არჩევანს და გამარჯვებას, რაც უდავოდ არის არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობის, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა. ეჭვი არ მეპარება, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაცადი მეგობრობა და ძმობა კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.
ასევე სასიხარულოა ქართული ტელევიზიის გადაცემების მიღება კახის რაიონში, საინგილოში, და ის სიხარული, რომელიც მოსახლეობამ განიცადა ამასთან დაკავშირებით. მეგობრობა არა მარტო ეკონომიკური პროექტებისათვის არის საჭირო, არამედ იმისთვისაც, რომ ელემენტარული მოთხოვნები აზერბაიჯანელი მოსახლეობისა საქართველოში და ქართველი მოსახლეობისა აზერბაიჯანში სათანადოდ, თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისად დაკმაყოფილდეს.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური - საქინფორმი.
„გულწრფელად ვულოცავ ჰეიდარ ალიევს, მოძმე აზერბაიჯანს ამ უმნიშვნელოვანეს არჩევანს და გამარჯვებას, რაც, უდავოდ, არის არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობის, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 6 ნოემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 7 ნოემბერი. - №294 (3695) - 1, 2 გვ.
![]() |
93 „უნდა შეიქმნას სამართლებრივი აქტები და კანონები, რათა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდეს“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2000 წლის 6 ნოემბრის ბრიფინგი
ტელეკომპანია „მეორე არხი“: - გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლებელია უკვე დაიწყოს დისკუსია იმის შესახებ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკა უნდა იყოს თუ საპარლამენტო. თქვენი კომენტარი...
- დისკუსიის დაწყება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ. თქვენ იცით, მე გამოვთქვი აზრი, კონსტიტუციაში პრინციპულ შესწორებათა შეტანის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ, როცა საპრეზიდენტო ვადა დამთავრდება, მომავალ წლებში დაიწყოს დისკუსია, თუ მმართველობის რომელი ფორმა სჯობია. თუმცა, ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გავაანალიზოთ. მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ საპრეზიდენტო მმართველობის ალტერნატივას, საქართველო გარდამავალი ეტაპის ქვეყანაა და მას თავისებურებანიც ბევრი აქვს. საქართველოში სახელმწიფო მინისტრის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი უფლებები გაფართოვდა, თუ შევადარებთ ზოგიერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობებს, მას, ფაქტობრივად, მეტი უფლება აქვს, ამავე დროს არის აპარატი, არის კანცელარია და ამავე დროს საკმაოდ დიდი ძალაც, რომლის გამოყენებაც შეიძლება არანაკლები წარმატებით, ვიდრე, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრები მუშაობენ და ფუნქციონირებენ სხვა ქვეყნებში. ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული რეზერვი ჯერჯერობით სრულად არ არის ამოწურული, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ იქნება.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: - რა შეფასებას მისცემდით იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს ნებისმიერ პოლიტიკურ სიახლეს თუ განცხადებას უკავშირებენ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებას?
- ახლა დებატების გამართვა იმის შესახებ, თუ ვინ გახდება მომავალი პრეზიდენტი, ან ქვეყნის მმართველობის ეს სისტემა იქნება შენარჩუნებული, თუ არა, რამდენადმე ნაადრევია. ჯერ ოთხ წელიწად-ნახევარია გასავლელი და კიდევ უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი. მე მგონი, უწინარესი საზრუნავია ის, რომ მეტი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რასაც ამჟამად ვერ ვაკეთებთ, რასაც მე პირადად ძალიან განვიცდი და განიცდის მთელი მოსახლეობა. რაც შეეხება კამათს, იგი შეიძლება იყოს, კერძოდ, იმაზეც კი, თუ 4-5 წლის შემდეგ, ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. იკამათონ...
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: - „ენერგეტიკის მამების“ ერთი ნაწილი უკვე დაპატიმრებულია. თქვენი ინფორმაციით, ეს პროცესი გაგრძელდება, თუ ამ ეტაპზე რამდენიმე პიროვნების დასჯით დასრულება? რამდენად სერიოზულია ენერგოსექტორში დაწყებული ბრძოლა კორუფციის აღმოსაფხვრელად?
- ვფიქრობ, გაგრძელდება. თუმცა ფიზიკურად ძალიან ძნელი იქნება, რადგან უამრავი და მოცულობითი მასალის შესწავლასა და მოკვლევასთან არის დაკავშირებული. როგორც ჯამლეთ ბაბილაშვილმა განაცხადა, პროკურატურა მზად არის უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად და კონტროლის პალატის მონაწილეობით იმუშაოს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. საქმის ბოლომდე მიყვანა კი ნიშნავს, რომ აქ ერთი და ორი კაცი არ შეიძლება იყოს დამნაშავე. თუმცა მე არც იმას ვამბობ, თუ რამდენი კაცი უნდა იყოს დაკავებული და არც პასუხისგებაში მისაცემი პირების რაოდენობის ნორმას ვაწესებ. მე ვთქვი რადიოინტერვიუში, რომ ენერგეტიკის სექტორი გამონაკლისი არ იქნება. მაქვს ინფორმაციები ჩვენი სამართალდამცავებისაგან, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება არანაკლებ სერიოზული საქმეები და გამოძიება მთელ რიგ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან დარგებში. როგორც ვთქვი, კვლავაც გაგრძელდება შეგონებანი, მაგრამ უკვე უნდა დავიწყოთ პრაქტიკული და სერიოზული მოქმედება იმათ მიმართ, ვინც სახელმწიფოსა და ხალხს ძარცვავს.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: - თქვენ რადიოინტერვიუში აღნიშნეთ, რომ კახში უკვე უყურებენ საქართველოს ტელევიზიის გადაცემებს, თქვენი კომენტარი...
- მხოლოდ მივესალმები, სასიხარულო მოვლენაა, უწინარესად, სასიხარულოა იმათთვის, ვინც ამდენი წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო საქართველოს დედაქალაქს.
მე ამ დილით მივულოცე ჰეიდარ ალიევს მისი პარტიის გამარჯვება. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობა შეუფერხებლად მიიღებს არა მარტო საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის ტელევიზიის გადაცემებსაც, და ჩვენ ამ შეთანხმებას პატიოსნად ვასრულებთ და ასევე პატიოსნად შეასრულა აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც ის ვალდებულება, რომ საინგილოში, კახის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა ასევე შეუფერხებლად მიიღებს ქართულ ტელეგადაცემებს. მხოლოდ მილოცვა შემიძლია.
ჟურნალი „პოლიტიკა“: - ამ რამდენიმე დღის წინათ თქვენ გადადგით საკმაოდ უპრეცედენტო ნაბიჯი. მეოცე საუკუნის ბოლო წლებში ანალოგიური რამ არც ერთ სახელმწიფოს მეთაურსა თუ პრეზიდენტს არ გაუკეთებია. კერძოდ, თქვენ ნარკოლოგიურ სამსახურს გაუღეთ კანცელარიის კარი. პირველი თქვენ იყავით, რომელმაც გადაწყვიტეთ, შემოწმებულიყო საზოგადოება და, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეები. სეკვესტრირებული ბიუჯეტისა და მწირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამო, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიურო ხშირად დიდი სირთულეების წინაშე დგება. გახდება თუ არა ახლო მომავალში ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტი და, გაიზრდება თუ არა ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლი ეროვნული ბიუროს საქმიანობის დაფინანსება?
- ვფიქრობ, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან დიდი რეზერვი, გარკვეული ტრადიცია და გამოცდილებაც გვაქვს. საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველო იყო ქვეყანა, სადაც პირველად ახსენეს ნარკომანია და ამან დიდი აურზაური გამოიწვია. მოსკოვში ამგვარად ფიქრობდნენ: როგორ შეიძლება საბჭოთა ეპოქაში ნარკომანია არსებობდესო. ჩვენ შევქმენით საგანგებო ქვედანაყოფი და სპეციალური ცენტრი და გავააქტიურეთ ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ. დღეს, სიდუხჭირის პირობებში, გვიჭირს, მივხედოთ ნარკომანიას ისე, როგორც საჭიროა. ეს საერთო-სახელმწიფოებრივი და საერთო-ეროვნული პრობლემაა. საფრთხე ძალიან დიდია. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ისეთია, რომ აქ ნარკობიზნესის შემოღწევა არც ისე ძნელია, თუ მთელი ქვეყანა არ დადგა ფეხზე და სერიოზულად არ შეებრძოლა ნარკოტიკების გამავრცელებლებს. ბიურო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობს, დაკომპლექტებულია საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრებით. გუშინ ერთი კილოგრამი ჰეროინის რეალიზატორი დააკავეს - ეს მილიონობით ლარია. ამ სამსახურს ეროვნული ბიურო ჰქვია და ესეც არ არის შემთხვევითი. ეს სახალხო-ეროვნული ამოცანაა, ერთ-ერთი სახელმწიფოებრივი პრიორიტეტია - როგორმე დავძლიოთ ეს სენი და არ მივცეთ ნარკობიზნესის წარმომადგენლებს ნარკოტიკების გავრცელების საშუალება. აუცილებელია, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საქმეს.
აფხაზეთის რადიო: - ამ დღეებში აფხაზეთის რადიომ ორი ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, ის, რომ ახლო მომავალში იგეგმება თქვენი შეხვედრა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერთან ვლადისლავ არძინბასთან და, სავარაუდოდ, 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეს, თბილისს ეწვევა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. რამდენად მართებულია ეს ინფორმაციები?
- ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი, თუმცა მან ასეთი სურვილი გამოთქვა და ამაზე მეც სერიოზულად ვფიქრობ. ჩემი წარმოდგენა ამ შეხვედრის შესახებ ასეთია: იმას არ ექნება მნიშვნელობა, თუ სად გაიმართება იგი, მე დიდი სიამოვნებით ჩავალ სოხუმში, გაგრაში, გალში, შეიძლება ბატონი არძინბა ჩამოვიდეს თბილისში. მთავარია როგორ დასრულდება ეს შეხვედრა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის მოდელის შემუშავებასა და განსაზღვრას, მოდელისა, რომელიც ჩვენი დისკუსიის საფუძველი გახდებოდა. სამწუხაროდ, რუსეთის პოზიცია გაურკვეველი იყო, უფრო სწორად, გადაწყვეტილების მიღებისას მან თავი შეიკავა და ამ პროექტის დამტკიცება წარუმატებლად დასრულდა. ჩვენ კვლავ დავუბრუნდით ამ საკითხს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვის დამლევამდე უშიშროების საბჭო ამ დოკუმენტს მიიღებს. ამის შემდეგ კი, როდესაც ჩვენ მსჯელობისათვის უკვე გვექნება მოდელი, თუ როგორ წარმოუდგენია საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, ეს შეხვედრა უფრო საქმიანი და გამართლებული იქნება. მანამდე კი შეხვედრიდან რაიმე კონკრეტული შედეგის მიღება ნაკლებად მოსალოდნელია.
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის ვიზიტს, მე მის ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, მივესალმები. იგი რამდენჯერმე უკვე მოვიწვიე საქართველოში. ჩემი აზრით, ეს ძალიან საჭირო ვიზიტი იქნება რუსეთისთვისაც და უფრო მეტად საქართველოსათვის. ბევრი რამ არის გასარკვევი და გადასაწყვეტი. ჯერჯერობით თარიღზე საუბარი არ ყოფილა და ვერც იმას გეტყვით, დაემთხვევა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი სტალინის დაბადების დღეს. თუ დაემთხვა და ვლადიმერ პუტინი, დავუშვათ, 21 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში, ეს არავითარ შემთხვევაში არ დაუკავშირდება სტალინის დაბადების დღეს.
რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: - აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავებს გადასცეს ჩეჩენი ბოევიკები, რომლებიც ამჟამად თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობენ?
- ჩეჩენი ეროვნების იმ 25-მა მოქალაქემ, რომლებიც ამჟამად თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობენ, პასუხი უნდა აგონ საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე, რადგან მათ ჩაიდინეს გარკვეული დანაშაული - დაარღვიეს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ახლა ძნელია იმის თქმა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ამასთან დაკავშირებით. საქმეს იძიებს პროკურატურა, თუმცა ამ საქმის გამოძიება იმას როდი ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად დააპატიმრებენ.
ტელეკომპანია „ნტვ“: - ანტიკორუფციული პროგრამის მომზადებისას თუ იყო გათვალისწინებული სხვა ქვეყნების გამოცდილება? კერძოდ, იგულისხმება ის, რომ როდესაც რუსეთში ვინმე სახლს აშენებს, იგი დიდი შეღავათით სარგებლობს საგადასახადო სფეროში. საქართველოში კი პირიქით, ანტიკორუფციულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველა მესაკუთრემ, რომელმაც 1997 წლის შემდეგ ააშენა სახლი, იქნება იგი სახელმწიფო მოხელე თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, დეკლარაცია უნდა წარმოადგინოს. უმეტესობა ქართული ოჯახებიდან წასულია საზღვარგარეთ და მაღალი ანაზღაურებით მუშაობს. რა გზით უნდა მოხდეს კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და პატიოსანი მოქალაქეების დიფერენციაცია და განსხვავება?
- იმათ მიმართ, ვინც გარკვეულ ეჭვს იწვევს, რომ კორუფციითა და უშრომელი შემოსავლით აშენებენ სახლებს, მიღებული იქნება ზომები კანონის შესაბამისად. რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, იგი დაუკავშირდება ანტიკორუფციული პროგრამის სრულყოფას, სადაც ჩამოყალიბებული იქნება ის, თუ როგორი სამართლებრივი აქტები და კანონები უნდა შეიქმნას, რათა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდეს. ჯერჯერობით არსებული კანონმდებლობაც იძლევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეალურ საშუალებას, მაგრამ იგი არ არის მაღალეფექტიანი. ჩვენ არ დავიწყებთ იმის დანგრევას, რაც უკვე აშენებულია, აუცილებლად გამოვნახავთ კანონიერ გზებს და მივიღებთ კანონიერ გადაწყვეტილებას, რომ ამჟამად მიმდინარე მშენებლობის პროცესში წესრიგი დამყარდეს. თუ კორუფცია მაინცდამაინც ბატონობს ქვეყანაში, ალბათ, უმჯობესია, კაცმა სახლი ააშენოს და ეს ფული სხვა რამ „უბედურებაში“ არ გაფლანგოს. დამერწმუნეთ, ასეთი „უბედურება“ ბევრია საქართველოში. ყველაფერი მაინც კანონის ფარგლებში უნდა ხდებოდეს, კერძოდ, მშენებლობაც.
გაზეთი „იბერია სპექტრი“: - გასულ პარასკევს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ რუს პოლიტიკოსთან ვახტანგ ჭკუასელთან. იგი, სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, უდიერად მოიხსენიებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც მთავარია, ცდილობს დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში. ასევე უარყოფითი კონტექსტით არის მოხსენიებული პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. აპირებთ თუ არა გაუკეთოთ კომენტარი ამ საგაზეთო პუბლიკაციას?
- რაც შეეხება ამ წერილს, მე მისთვის რაიმე სერიოზული მნიშვნელობა არ მიმიცია. მე ბევრ რამეს ვკითხულობ, ყველაფერზე რომ რეაგირება მოვახდინო და კომენტარი გავაკეთო, ალბათ, ჩემი პრესმდივნის კახა იმნაძის ადგილზე უნდა გადავინაცვლო და ეს მაშინ, ალბათ, უფრო მოსახერხებელი იქნება. სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის პრესაშიც ბევრი მიუღებელი მასალა იბეჭდება, რაც არანაირად არ შეესაბამება საღ აზრს.
რაც შეეხება ბატონ ზურაბ ჟვანიასადმი ჩემს დამოკიდებულებას, მე ეს არაერთხელ გამომიხატავს. თუნდაც, ორი თვის წინათ გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, თუ როგორია ჩემი პრინციპული დამოკიდებულება ამ მოღვაწისადმი. ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა და იმედი მაქვს, არც შეიცვლება. იგი მე არ მომცეს ამის საფუძველს და ჩემში ისეთი არაფერი მოხდება, რომ ხვალ სხვა გავხდე, ვიდრე დღეს ვარ. ამგვარი პუბლიკაციების მიზანი, ალბათ, ის არის, რომ როგორმე ეჭვიანობის ატმოსფერო დაამკვიდროს საქართველოში: შევარდნაძემ იეჭვიანოს ჟვანიაზე, რომელსაც შეიძლება პრეზიდენტობის პრეტენზია ჰქონდეს, ჟვანიას შეუქმნან იმგვარი სურათი, რომ შევარდნაძისადმი გაუჩნდეს ეჭვი და ასე შემდეგ. ეს, ალბათ, გარდამავალი ეტაპის სახელმწიფოებისათვის თანმდევი პროცესია, თუმცა ძალიან არასასიამოვნო.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“: - შეიცვლება თუ არა საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ამერიკაში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ? თქვენი აზრით, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში - ბუში თუ გორი და რომელი კანდიდატურისაკენ იხრება თქვენი სიმპათია?
- ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალი 7 ნოემბრის არჩევნების შედეგების მიუხედავად ვაშინგტონის პოლიტიკა საქართველოსადმი არ შეიცვლება. წლეულს სექტემბერში ნიუ-იორკში გამართული ამერიკის ორი წამყვანი პარტიის - რესპუბლიკელებისა და დემოკრატების პარტიათა ხელმძღვანელებთან ჩემი შეხვედრების დროს მათ დამარწმუნეს, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად ვაშინგტონის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უცვლელი დარჩება. პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი პროგნოზისაგან თავს შევიკავებ, ჩემს სიმპათიის შესახებაც მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაცნობებთ.
გაზეთი „რეზონანსი“: - ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნამდე იყო ლაპარაკი, რომ ჩამოყალიბებულიყო ანტიკორუფციული სპეცსამსახური, რომელიც რეალურად განახორციელებდა ამ პროგრამას და რომელსაც უნდა ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. დღეს, როდესაც ჩვენ გვყავს ძალიან მდიდარი ხელისუფლება და ძალიან ღარიბი მოსახლეობა, კონკრეტულად რომელი სტრუქტურა უნდა ებრძოლოს კორუფციას?
- ჩანაფიქრი ასეთია: ჩვენ ამ ეტაპზე უარი ვთქვით სპეციალური სტრუქტურის შექმნაზე, რომელსაც დევნის ფუნქცია ექნებოდა. იყო ერთგვარი შიშიც და გამოვიჩინეთ სიფრთხილეც, რომ თავად ეს სტრუქტურა არ გამხდარიყო კორუფციის წყარო. ამ ეტაპზე ანტიკორუფციული ჯგუფი იმუშავებს კონკრეტული პროგრამის ძირითად მიმართულებათა და პრაქტიკულ ღონისძიებათა შემუშავებაზე, ასევე იმუშავებენ ქვეკომისიები, რომლებიც მოამზადებენ კანონებს და, შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტთან შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში უმთავრესად იქნებიან სამართალდამცავი ორგანოებისა და ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, სანდო და პატიოსანი, მოუსყიდველი ადამიანები. საკოორდინაციო საბჭო ვერ იმუშავებს, თუ მას სათანადო ინსტრუმენტი არ ექნება. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს, რომ შეიქმნება 15-20-კაციანი აპარატი მაღალი ანაზღაურებით. ჩვენი უცხოელი კოლეგები გვპირდებიან, რომ დააფინანსებენ აპარატის საქმიანობას, რათა მისი თანამშრომლები მართლაც დამოუკიდებლები იყვნენ. ეს აპარატი შეიძლება სამომავლოდ ანტიკორუფციული ცენტრის საფუძველი და საყრდენი ბაზა გახდეს.
საქინფორმი.
„უნდა შეიქმნას სამართლებრივი აქტები და კანონები, რათა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდეს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2000 წლის 6 ნოემბრის ბრიფინგი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 7 ნოემბერი. - №294 (3695) - 1, 3 გვ.
![]() |
94 „კახეთმა კიდევ ერთხელ, თავისი სინდისითა და სიბრძნით, ჩვეული სიდარბაისლითა და გონიერებით შექმნა სამშობლოს ჩუმი, უკვნესელი, უხმაურო მსახურების მაგალითი, რათა არ ჩამქრალიყო ქართველთა ღვთაებრივი ერთობის კელაპტარი“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, რომელიც უნდა წარმოთქმულიყო თელავის 1800 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე
ძვირფასო თელაველებო,
ჩემო კახელებო!
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოგესალმებით და თქვენი სახით აქედან, ამ დიდი ქართული ქალაქიდან, მივესალმები სრულიად საქართველოს.
კახეთის გული, დიდი ერეკლე მეფის - პატარა კახის - სატახტო ქალაქი, საქართველოს უმტკიცეს ციხე-სიმაგრეთაგანი - თელავი 1800 წლისაა!
ეს დიდებული თარიღი, მეფე ერეკლეს დღეობისას აღინიშნება.
რამდენიმე წლის წინათ ყვარელში, დიდი ილიას დღეობაზე ვთქვი, რომ კახეთმა საუკუნეთა განმავლობაში „ათასწლოვანი ბრძოლის ველიდან ზურგით გადაიტანა და გადაარჩინა საკუთარი ქართული მეობაც, მამა-პაპათა რწმენა, რჯული და ადათ-წესი.
ნახანძრალისა და ნასახლარის, ნაქალაქარისა და ნასოფლარის მწარე, დღემდე მტკივნეული ჭრილობა მრავლად ატყვია ამ კეთილშობილ მიწა-წყალს, დღესაც გვესმის სამშობლოს მკერდს მოწყვეტილ შვილთა კვნესა, მაგრამ კვლავაც ყვავის ვაზი და კვლავაც გუგუნებს გენიალური კახური მრავალჟამიერი, როგორც საქართველოს უკვდავების და აღორძინების სადიდებელი.
კახეთი ჩვენი დიდი სამშობლოს - საქართველოს ძლიერებისა და უკვდავების უბზარავი ბურჯია.
მრავალ ქართულ უბედურებათაგან უკანასკნელისას, როცა ძმამ ძმაზე აღმართა ხელი და დედმამიშვილთ ერთმანეთის დამარცხება უხაროდათ, კახეთმა კიდევ ერთხელ, თავისი სიდინჯითა და სიბრძნით, ჩვეული სიდარბაისლითა და გონიერებით შექმნა სამშობლოს ჩუმი, უკვნესელი, უხმაურო მსახურების მაგალითი, რათა არ ჩამქრალიყო ქართველთა ღვთაებრივი ერთობის კელაპტარი.
დღესაც ასევე უდრტვინველად, ერთგულად იტანთ უამრავ გაჭირვებას - უშუქობასა და უწყლობას, მრავალგვარ სიდუხჭირეს, ვინაიდან ხედავთ და გესმით, რომ ამჟამად სხვა საბრძოლო ველია: დამოუკიდებელი და გამთლიანებული საქართველოს შენება არანაკლებ დიდ მსხვერპლს მოითხოვს, ვიდრე ასობით ბრძოლა, ჩვენს დიდ წინაპართ რომ გადაუხდიათ და არასდროს უარუყვიათ დიდი ეროვნული იდეა სამშობლოს თავისუფლებისა.
ამ ჭირთათმენისა და დიდსულოვნებისათვის, ამ გმირობისა და შემართებისათვის, ძვირფასო კახელებო, სრულიად საქართველოს სახელით კვლავაც გიძღვნით მადლობას და მოწიწებით ვიხდი ქედს თქვენს წინაშე.
ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწისათვის, კახეთი საგულისხმოა, აგრეთვე, ვითარცა დიდი ერეკლე მეორის - პატარა კახის სამშობლო.
მეფე ერეკლე, უპირველესად, შეუდრეკელი მეომარი იყო - იგი ხომ 75 წლისაც მხნედ იქნევდა ხმალს და პირადად მიუძღოდა ლაშქარს, - თავად პირველი ებმებოდა ვაჟკაცურად ბრძოლაში.
მაგრამ ერეკლე მეორე იმავდროულად იყო ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე საქართველოს ისტორიაში.
განურჩევლად იმისა, ვინ როგორც აფასებს მის ნაბიჯს, ერეკლე მეორემ მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება (იმ ეპოქის, იმ ვითარების შესაბამისი) ქართველთა გათიშულობის, ურთიერთდაპირისპირების გათვალისწინებით და ამით მედგრად გაუსწორა თვალი თანამედროვეობასა და ისტორიას, ქვეყნის მომავალს.
პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ ხშირად ტყვია და ყუმბარა ნაკლებ მოსარიდებელია, ვიდრე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში ერთგვარი დაძაბულობის მუხტს შეიტანს, მტკივნეულ ნაბიჯებს აუცილებლობად აქცევს და, გარკვეული თვალსაზრისით, რუბიკონთან მიიყვანს ქვეყანას.
მე გადავწყვიტე დღეს, სწორედ აქ, თელავში, კახეთის მადლია ქართულ მიწაზე, ერეკლე მეორის ძეგლთან, იმ 800-წლოვან ჭადართან, რომელიც ქართველთა ნამუსის შეურაცხვენლობის უტყვი და პირუთვნელი მოწმეა, საჯაროდ განვაცხადო მთელი საქართველოს გასაგონად, რომ ჩემს თანამებრძოლებთან და თანამოაზრეებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, ამოვძირკვოთ კორუფცია საქართველოში და ამ საშვილიშვილო საქმეს, რადაც უნდა დამიჯდეს, ბოლომდე მივიყვან!
კორუფცია ხუნდია, რომელიც ბოჭავს ჩვენს ეროვნულ ენერგიას, არ გვაძლევს საშუალებას, გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რომლებიც სტკივა და ტანჯავს სრულიად საქართველოს, კერძოდ, კახეთს განვითარების დღევანდელ ეტაპზე. სწორედ კორუფციაა წყარო უშუქობის და ყოველგვარი გაჭირვებისა.
ამ სასტიკ ბრძოლაში თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, ძვირფასო თანამემამულენო, ვინაიდან ამ მხარეს ყოველთვის განსაკუთრებით ახასიათებდა ადამიანთა სულიერი სიფაქიზე, პატიოსნება, გარეგნული სიკუშტისა და წარბშეკრულობის მიუხედავად.
ასევე დაგვიჭერს მხარს სრულიად საქართველოც.
ჩვენი მიზანი არ არის ვამრავლოთ უმარჩენლოდ დარჩენილი ოჯახები, უმშობლოდ გაზრდილი ბავშვები. ამიტომ, დროულად მოეგონ გონს, დროზე აიღონ ხელი საქვეყნო სარჩოს ძარცვაზე, თორემ ხალხის რისხვა და მსჯავრი არ ასცდებათ!
კახეთი ის მხარეა, საიდანაც აგორდა 5-6 წლის წინათ მრისხანე ტალღა ბრძოლისა ძალმომრეობის, ყაჩაღობის, მძარცველთა ბანდების თარეშის წინააღმდეგ. ეს საერთო-ეროვნული სულისკვეთებაც იყო, რომელმაც გაიმარჯვა. ასევე გარდაუვალია საქართველოს გამარჯვება ახალ, კიდევ უფრო რთულ და უსასტიკეს ომში - ომში კორუფციის წინააღმდეგ.
ასევე გარდაუვალია, მეგობრებო, ჩვენი გამარჯვება საქართველოს გამთლიანებისათვის, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის დაგვირგვინებისათვის, ყველა მოქალაქის კეთილდღეობისათვის. ამ ბრძოლებში გარჯვება ქვეყნის გადარჩენას ნიშნავს. - შედეგად ჩვენ გვექნება საშუალება, დავეხმაროთ საქართველოს ყველა მხარეს, მათ შორის კახეთსაც, ავაღორძინოთ აქ წმინდა სანთელი ქართული მიწისა - კახური ვაზი; მხნეობა, სიხარული და მომავლის რწმენა შთავბეროთ მეღვინესა და მევენახეს, რათა კვლავ აღივსოს ეს მადლიანი მიწა-წყალი ჩვეული ხვავით, ბარაქით, სიხარულითა და მომავალი გამარჯვების ნათელი რწმენით.
კახეთს, სრულიად საქართველოს გაუმარჯოს!
„კახეთმა კიდევ ერთხელ, თავისი სინდისითა და სიბრძნით, ჩვეული სიდარბაისლითა და გონიერებით შექმნა სამშობლოს ჩუმი, უკვნესელი, უხმაურო მსახურების მაგალითი, რათა არ ჩამქრალიყო ქართველთა ღვთაებრივი ერთობის კელაპტარი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 8 ნოემბერი. - №295 (3696) - 1, 2 გვ.
![]() |
95 „ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას, სიტყვის თავისუფლება კი ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საფუძველია“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
13 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- რადიოინტერვიუებსა და სხვა საჯარო გამოსვლებში თქვენ არასდროს აგივლიათ გვერდი იმ პრობლემებისათვის, რომლებიც განსაკუთრებით აღელვებს ჩვენს მოსახლეობას. პირიქით, ყოველთვის აქტიურად ეხმაურებით ხალხის გულისტკივილს. დღეს უმწვავესი პრობლემაა ენერგეტიკული კრიზისი. უმძიმესი ვითარება შეიქმნა თბილისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ მდგომარეობა უახლოეს მომავალში შედარებით გაუმჯობესდება იმ ღონისძიებათა მეშვეობით, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება და ენერგოკომპანიები ახორციელებენ? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- უპირველეს ყოვლისა, საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ამ თვალსაზრისით სრულ ინფორმაციას ვფლობ ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. შემიძლია ზუსტად ჩამოვთვალო ის ქალაქები და რაიონები, სადაც განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა, ვინაიდან ყოველდღიურად ვიღებ და ვსწავლობ სათანადო ცნობებს, თუმც, საქმეს ეს ჯერჯერობით ვერ შველის.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი სატკივარი აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელმაც სულ ახლახან აიდგა ფეხი, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. მაგრამ, საქართველო არ არის გამონაკლისი. დავაკვირდეთ, რა ხდება ზოგიერთ იმ სახელმწიფოში, სადაც ენერგორესურსების თითქმის ამოუწურავი მარაგი აქვთ: ელექტროენერგიის მიწოდება უწყდება მთელ რეგიონებსა და სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო ობიექტებსაც კი. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ვერ დაგვამშვიდებს და ვერც ვერაფერს გაამართლებს.
ერთხელ უკვე მოვიშველიე ხალხური სიბრძნე - გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო. ას წელიწადში ერთხელ ხდება ისეთი რამ, რაც წლეულს მოხდა საქართველოში, - ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფა, რომელმაც ჩვენს, ისედაც მწირ რესურსებს წყალსაცავთა ენერგია დააკლო. კარგად მოგეხსენებათ, რომ ჰიდროელექტროსადგურებია ის ძირითადი წყარო, რომლითაც იკვებება ქვეყნის ელექტროენერგია.
ერთადერთი გამონაკლისი, თითქოს, ენგურჰესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უმაგალითო გვალვამ მასაც დაატყო ხელი.
ყოველივე ამას, საუბედუროდ, დაემთხვა სერიოზული პრობლემები, რომლებმაც თავი იჩინა „თბილსრესის“ ორი მოქმედი ენერგობლოკის მუშაობაში. შარშან, ავად თუ კარგად, ერთი ბლოკი მაინც მოქმედებდა. გაჩერების შემთხვევაში მეორე ჩაირთვებოდა, ამიტომაც წლეულს მდგომარეობა უფრო რთულია. თუმცა, ამჟამად ორივე ბლოკზე სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. კოორდინაცია გიორგი არსენიშვილმა ითავა. გვპირდებიან, რომ 15-20 ნოემბრისათვის ორივე ბლოკი მწყობრში ჩადგება. თუმცა, მე-9 და მე-10 ენერგობლოკების მეპატრონეები გვაიმედებენ, (მათ ამის საფუძველიც აქვთ და თანხებიც), რომ როცა ზამთარი ძალაში შევა, ამ ბლოკების ამუშავების წყალობით მას უფრო ადვილად გადავიტანთ. ამ უბედურების მეორე მიზეზი გახლავთ კორუფცია, რომელმაც ბოლო წლებში მოიცვა ეს დარგი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მდგომარეობა შეუდარებლად უკეთესი იქნებოდა, ქვეყანას ამდენი მძარცველი და რესპექტაბელური ყაჩაღი რომ არ ჰყოლოდა მმართველობითსა და ბიუროკრატიულ სტრუქტურებში. ოღონდ, უკვე დადგა დრო და ყველას თავისი მიეზღვება. თქვენ გახსოვთ, წლების განმავლობაში ამაოდ ვაფრთხილებდით მათ, არ ისმინეს და ახლა ყოველივე საკუთარ სიხარბეს დააბრალონ. ჩვენ არც რეპრესიები გვინდოდა და არც ადამიანების ციხეში ჩასმა. პროკურატურამ, პირადად გენერალურმა პროკურორმა და კვალიფიციურ გამომძიებელთა ჯგუფმა მრავალი აღმაშფოთებელი ფაქტი გამოავლინეს. მხილებულია უმძიმეს დანაშაულთა ჩამდენი ჯგუფი. გამოძიების მასალები ნათელს ჰფენს ენერგეტიკული კრიზისის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს. ზარალი იმაზე მეტია, რისი წარმოდგენაც შეიძლებოდა პირველადი მონაცემების საფუძველზე.
პროკურატურა, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები, უახლოეს მომავალში მოსახლეობას პირუთვნელად ეტყვიან მწარე სიმართლეს. განსაკუთრებით გამოვყოფ კონტროლის პალატას და მის მიზანმიმართულ ანტიკორუფციულ საქმიანობას.
ისიც შესანიშნავად გვესმის, რომ მხოლოდ რეპრესიებით, თუნდაც სამართლიანი და კანონიერი დასჯით კორუფციას ვერ დავამარცხებთ. აუცილებელია ამ სფეროში - ენერგეტიკაში სისტემური რეფორმის შემდგომი გაღრმავება და, ბოლოს და ბოლოს, დამთავრება. უნდა განვაგრძოთ პრივატიზების პროცესიც. მაგალითად, პრივატიზების შემდეგ „თელასი“ საქართველოში უდიდეს გადამხდელად იქცა და ყოველგვარი კორუფციის საფუძველიც აღმოიფხვრა. თუ გენერაციასაც თავს გაართმევს, მაშინ „თელასი“ ერთ-ერთი სამაგალითო ორგანიზაცია იქნება.
- კორუფციის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის მაგალითად იქცა ანტიკორუფციული პროგრამის ძირითადი მიმართულებანი. თქვენი აზრით, რამდენად ქმედითი იქნება ეს პროგრამა ზოგადად, ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების თვალსაზრისით?
- ჩვენ გულწრფელად ვუთხარით საქართველოს მოსახლეობას, რომ წელს საზარელი გვალვის შედეგად მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდის ტემპი შენელდებოდა. ეს სავსებით ბუნებრივია იმ ზარალის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობას რომ მიაყენა სასტიკმა გვალვამ. მაგრამ ყველაფერს ამ გვალვასაც ნუ დავაბრალებთ. აი, მაგალითად, მე ხელთა მაქვს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ძალზე ნიშანდობლივი და საინტერესო მონაცემები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და კვალიფიციურად ადასტურებენ, რომ მეწარმეთა დიდი ნაწილი ხელოვნურად ამცირებს სამეწარმეო საქმიანობის რეალურ მაჩვენებლებს. ამით ისინი სოლიდურ თანხებს აკლებენ სახელმწიფო ბიუჯეტს. მაგალითად, საცალო ვაჭრობისა და რესტორნების ბრუნვის რეალურმა მოცულობამ 2000 წლის იანვრიდან დაახლოებით 3 მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა, რაც თითქმის ორნახევარჯერ მეტია დეკლარირებულ მაჩვენებლებთან შედარებით. ორნახევარჯერ და მეტად ნაკლები თანხები შევიდა ბიუჯეტში, რაც ასეულ მილიონობით ლარს შეადგენს. რესტორნების დეკლარირებული მაჩვენებლები თითქმის ოთხჯერ არის შემცირებული რეალურთან შედარებით.
შესანიშნავად მესმის, რომ პრეზიდენტი რესტორნებისა და კაფეების შემოსავალზე არ უნდა საუბრობდეს, მაგრამ მე, დიახაც, პირადად გავაკონტროლებ ამ საკითხებს, ვინაიდან ეს შემოსავალი აკლდება ჩვენს პენსიონერებს, ლტოლვილებს, უმწეო ადამიანებს, აკლდება ჯარისკაცების, მესაზღვრეების, პოლიციელების ხელფასებს და ასე შემდეგ. ასეთივე მდგომარეობაა ბენზინთან დაკავშირებით. ფაქტობრივად რეალიზებული მოცულობა, მიმდინარე წლის მონაცემებით, სამჯერ და უფრო მეტად აღემატება წარმოდგენილ მაჩვენებლებს, ესე იგი, დეკლარირებულ ციფრებს.
მშენებლობის რეალური მოცულობა კი წლის მანძილზე ორჯერ და მეტად სჭარბობს ოფიციალურად აღრიცხულ მონაცემებს.
აი, ეს გახლავთ კორუფცია, ვინაიდან ჩინოსანთა მექრთამეობა და ბიუროკრატიული აპარატის გახრწნა სწორედ ჩრდილოვანი ეკონომიკით საზრდოობს. აქ მთელი სიმკაცრით უნდა ამოქმედდეს რეფორმირებული საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, აგრეთვე, ადგილობრივი სტრუქტურები. მათ ძალიან ბევრი აქვთ გასაკეთებელი, რეფორმა გვინდა შედეგებისათვის. პირველი ეტაპი მათ უკვე გაიარეს, არცთუ ცუდი მონაცემებით, მაგრამ საჭიროა სიღრმეებში ჩაწვდომა და რესურსების ამოქმედება.
ამავე დროს, გარკვეული დადებითი ძვრებიც უკვე თვალსაჩინოა. მაგალითად, სწორედ კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად, შეჩერდა საპენსიო დავალიანების ზრდა. პირიქით, სახელმწიფოს დავალიანება პენსიონერებისადმი 4 მილიონი ლარით შემცირდა. საერთოდ არა აქვთ დავალიანება თბილისს, ფოთს, ყაზბეგს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. ხოლო, ქვეყნის სოციალური დაზღვევის სისტემის საკანონმდებლო განმტკიცების მიზნით, მომზადებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი.
აქვე შევნიშნავ დადებითს ტენდენციებს ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზეც, სადაც თხუთმეტი სადაზღვევო კომპანია მოქმედებს. მთლიანმა სადაზღვევო თანხამ 13 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი შეადგინა, რაც 44 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მოქალაქეებს ზარალი უკვე ორი მილიონი ლარით აუნაზღაურდათ. ეს, მართლაც, ძალზე სასიკეთო ტენდენციაა და მას ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს.
- გვეხმარებიან თუ არა უცხო სახელმწიფოები გვალვის შედეგების დაძლევაში? მხოლოდ საკუთარი ძალებით მისი შედეგების დაძლევა, ალბათ, წარმოუდგენელია...
- წინა გამოსვლებში ზოგიერთ სახელმწიფოზე უკვე ვილაპარაკე, მაინც საჭიროა, კიდევ შევეხოთ ამ თემას. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ ჩემი ხალხისა და ქვეყნის სახელით ყველას, ვინც ამ გაჭირვებისა და ეკოლოგიური უბედურების ჟამს დახმარების ძმური ხელი გამოგვიწოდა.
რამდენიმე ახალ ციფრს დავასახელებ:
ნიდერლანდის მთავრობამ, რომელიც სისტემატურად გვეხმარება, 385 ათასი დოლარი გამოგვიყო საშემოდგომო ხორბლის სათესლე მასალის შესასყიდად.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - 3 მილიონ 250 ათასი დოლარი. ეს თანხა მოხმარდება მცირე ფერმერთა მხარდაჭერას, ხორბლის თესლის, თივის, დიზელის საწვავის შემოტანას ქვეყანაში. აგრეთვე, რაც ძალზე საყურადღებოა, ყველაზე უმწეო ოჯახებისა და ადამიანებისათვის პირდაპირ სასურსათო დახმარებას.
გასულ კვირას მივიღე ევროკომისიის თავმჯდომარის ბატონ რომანო პროდის წერილი. ევროკავშირი მზად არის აქტიურად დაეხმაროს საქართველოს. და არა მარტო სურსათით, სათესლე მასალით, არამედ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, შეისწავლოს ჩვენს ქვეყანაში ავაზაკთა ხელით გაძარცვული და განადგურებული სარწყავი სისტემების აღდგენა-განვითარების საკითხი.
სხვათა შორის, ბატონ რომანო პროდის წერილში ისიც ხაზგასმულია, რომ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს შეპირებულ 6 მილიონ ეკიუს, როგორც კი ჩვენ განვაახლებთ თანამშრომლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს საკითხი წლის ბოლომდე გადაწყდება.
თუმცა, ჯერ კიდევ სავალუტო ფონდის პროგრამის ამოქმედებამდე, ევროკავშირი მაინც გამოყოფს 600 ათას ევროს სათესლე მასალის შესასყიდად, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოსათვის.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია 160 ტონა დიზელის საწვავის, აგრეთვე, ცხინვალის რეგიონისათვის სათესლე მასალისა და პირუტყვის საკვების მიწოდება. ეს ჩვენი წინადადება და თხოვნა იყო, ვინაიდან ამ რეგიონში საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ და ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ მათზეც.
გერმანიის მთავრობამ, როგორც ცნობილია, მიიღო გადაწყვეტილება 2 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების დახმარების თაობაზე.
დიდი მადლობა, აგრეთვე, მეგობარ ისრაელის სახელმწიფოს, რომელმაც 1200 კილოგრამი სათესლე მასალა გამოგვიგზავნა, აგრეთვე 1000 ტონა მაზუთი.
საბერძნეთის მთავრობა გვეხმარება ხორბლითა და კარტოფილით. სულ 250 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით.
ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი თურქეთის დახმარება.
ჩემს თხოვნას გამოეხმაურა შვედეთის მთავრობა, რომელიც აქტიურად სწავლობს საქართველოსათვის დახმარების საკითხებს. რა თქმა უნდა, გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები: „იფადი“, „ფაო“, განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და სხვები.
ყველაფრის დაწვრილებით ჩამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ იგი არ არის მარტო და საქართველოს მეგობრები კვლავაც დაგვეხმარებიან, რათა ეს რთული პერიოდი შედარებით, ხაზს ვუსვამ, შედარებით უმტკივნეულოდ განვვლოთ.
- გასულ კვირას მოსკოვში გრძელდებოდა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება სავიზო რეჟიმის თაობაზე. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. როგორც ჩანს, რუსეთის ინიციატივითა და დაჟინებით ორ მეზობელ ქვეყანას შორის, სავიზო რეჟიმი უკვე გარდაუვალი ხდება. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი?
- ამთავითვე მინდა ხაზი გავუსვა: ეს არ არის ლოკალური პრობლემა და ტყუილად ცდილობს ზოგიერთი იგი ასეთად წარმოადგინოს.
იმის შესაბამისად, თუ როგორ გადაწყდება უვიზო მიმოსვლის საკითხი, შეიძლება ვიმსჯელოთ საერთოდ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამჟამინდელ დონესა და პერსპექტივაზე.
გულისტკივილით ვასკვნი, რომ ის წინადადება, რომელსაც რუსეთის დელეგაცია სთავაზობდა ქართველ კოლეგებს, უკვე დაუფარავად და შეუნიღბავად ითვალისწინებს დისკრიმინაციულ ზომებს.
თანაც, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის. ანუ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თანამეგობრობის სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებისაგან განსხვავებით, იქნებიან ჩაყენებული დისკრიმინაციულ პირობებში, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება არა მარტო რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებს, არამედ სრულიად არ შეესაბამება როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ამჟამინდელ და გრძელვადიან ინტერესებს. როცა საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ იმას, რომ ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან რუსეთის მოქალაქეები - საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მოქალაქეები. აღარაფერს ვამბობ სამხედროებსა და მათს ოჯახებზე, რომლებიც, ალბათ, კიდევ რამდენიმე წელიწადს იქნებიან აქ.
დარწმუნებული ვარ, ამგვარი არამეგობრული განზრახვა არ მომდინარეობს არც პრეზიდენტ პუტინისა და არც პრემიერ-მინისტრისაგან. მე რამდენჯერმე ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, გულდასმით შეესწავლა ეს საკითხი, რათა არ შეგვექმნა ხელოვნური დაბრკოლებანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ურთიერთობისათვის, ვინაიდან, სავიზო რეჟიმი, ფაქტობრივად, საბოლოოდ ხაზს გადაუსვამს რუსეთ-საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის დიდ ხელშეკრულებას, რომელიც, მართალია, ცალმხრივად არის რატიფიცირებული მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, განსხვავებით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსაგან, მაგრამ მაინც სახელმწიფოთა მეთაურების მიერ ხელმოწერილი მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
მე ვთქვი და კვლავ გავიმეორებ: საქართველო მზად არის სტრატეგიული კომპრომისისათვის ყველა იმ პრობლემის გადასაწყვეტად, რომლებიც აღელვებთ ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს. მაგრამ ამ კომპრომისის გასაღები დევს აფხაზეთში!
და ბოლოს: სხვას რომ თავი დავანებოთ, არა მგონია, რომ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ასეთი გაუმართლებლად შეურიგებელი პოზიცია სწორი გადაწყვეტილება იყოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მომავალი სამიტის წინ.
- მოსკოვში გარკვეული ძალები, სავიზო რეჟიმზე ლაპარაკს სამხედრო ბაზების საკითხს უკავშირებენ, რაც ნათლად გამოჩნდა, თუნდაც, გასულ კვირას პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუდან, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა...
- უპირველეს ყოვლისა, მე კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც რედაქციებს საყვედურობენ წერილის გამოქვეყნებისათვის. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას, სიტყვის თავისუფლება კი ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საფუძველია. ასეთ ქვეყანაში კი რედაქცია მხოლოდ, ეგრეთ წოდებული, „შინაგანი ცენზურით“ შეიძლება იყოს შეზღუდული და არა ხელისუფლების რეაქციით.
რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას, ჩემი უმთავრესი მიზანი, თუ გნებავთ, ფუნქციაც, როგორც პრეზიდენტისა, ყოველთვის იყო, არის და იქნება ერის გამთლიანება, საზოგადოების შეკავშირება, თანხმობისა და ერთსულოვნების, მაგრამ არა ერთაზროვნების პირობათა შექმნა, იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ სახელმწიფოებრივად იაზროვნოს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა.
ოღონდ ერთია განსხვავებული აზრი, თუნდაც ხელისუფლებისათვის მიუღებელი შეხედულება, თუნდაც ხელისუფლების შეურაცხყოფა - რაკი ზოგიერთი უკადრებელს კადრულობს, - და მეორეა იმ ფასეულობათა, იმ ღირებულებათა ეჭვქვეშ დაყენება, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო რომ ეფუძნება.
რჩევისა და კეთილგანწყობილი შენიშვნისათვის მადლობას არ დავიშურებთ, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არა აქვს მნიშვნელობა რა ეროვნებისაა, მედიდურად გვასწავლის ჭკუას, თითქოს ის ხვდება რაღაცას, მას ჰყოფნის საამისოდ ინტელექტი და ჩვენ თურმე, ვერ ვხვდებით და დაბრმავებული ვართ.
ყველამ მოუაროს, უპირველეს ყოვლისა, თავის ქვეყანას, რომლის მოქალაქეც იგი არის. მას ვერავინ დაძრახავს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვისათვის.
თანაც, აქ აშკარა იყო მცდელობა, განხეთქილება შეეტანა იმ ძალაში, იმ გუნდში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის. საქართველომ დამოუკიდებლობა უდიდესი ტანჯვისა და დანაკარგის ფასად მოიპოვა. ტანჯვის ეს პროცესი ჯერაც არ დამთავრებულა. მწირი რესურსების მიუხედავად, ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით მომავალი, დამოუკიდებელი, აყვავებული საქართველოს საძირკვლის ჩაყრა. ამ მონაპოვარს კი არავის დავუთმობთ.
- მთელი მსოფლიოს ყურადღება კვლავ მიპყრობილია ამერიკის შეერთებული შტატებისაკენ, სადაც გრძელდება პრეზიდენტის არჩევნების შედეგთა დაზუსტება. ამ სირთულეთა გათვალისწინებით, ზოგიერთები, მათ შორის ტოტალიტარული რეჟიმების ლიდერები ლამის დემოკრატიული ცივილიზაციის კრიზისზეც კი ალაპარაკდნენ...
- ვიცი, რომ ამაზე ლაპარაკობენ. თვალს ვადევნებ პრესას. ჩემი აზრით, საუკეთესო შეფასება იმისა, რაც ამჟამად ხდება ამერიკაში, გახლდათ პრეზიდენტ კლინტონის განცხადება.
ბილ კლინტონმა შენიშნა, რომ ყოველ ამერიკელს, ამერიკის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია თავისი უზენაესი საარჩევნო უფლების გამოყენებით გადაწყვიტოს ამ გრანდიოზული ქვეყნის ხელისუფლების ბედი. თუ არ ვცდები, ასეთი სიტყვები იხმარა: კარგად ხედავთ, რა ღირსო ერთი ამერიკელის ხმა. ჩემი კომენტარი იმის თაობაზე, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს საბოლოოდ, ალბათ, მიზანშეუწონელი იქნებოდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ ქვეყანასთან, რომელიც პიროვნების თავისუფალი არჩევანის ფუნდამენტურ ფასეულობას ეფუძნება და აქტიურად ეხმარება საქართველოს, რათა წარმატებით დასრულდეს ქართული დემოკრატიის საბოლოო გამარჯვებისათვის მიმართული ძალისხმევა. ვეთანხმები ზურაბ ჟვანიას, სხვა მოღვაწეებს, რომლებიც ამას წინათ აცხადებდნენ, რომ რომელმა კანდიდატმაც უნდა გაიმარჯვოს, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, რადგან ფუნდამენტური ღირებულებანი უცვლელი რჩება.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.
„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას, სიტყვის თავისუფლება კი ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საფუძველია“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 13 ნოემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 14 ნოემბერი. - №300 (3701) - 1, 2 გვ.
![]() |
96 „სიმონ ჯანაშია ქართველ ერთან ერთად თავისი მეცნიერული მემკვიდრეობით 21-ე საუკუნესა და მესამე ათასწლეულში გადადის“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა სიმონ ჯანაშიას 100 წლისთავისადმი
მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე
ქალბატონებო და ბატონებო!
დიდ პატივად მიმაჩნია, ვიყო სიმონ ჯანაშიას საიუბილეო კომისიის თავმჯდომარე.
დღეს ჩვენს ეროვნულ უნივერსიტეტში აღვნიშნავთ დიდი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დაბადების 100 წლისთავს.
სიმონ ჯანაშია, თავის დიდ მასწავლებელთან ივანე ჯავახიშვილთან ერთად მეოცე საუკუნის ქართული საისტორიო მეცნიერების განვითარების სათავეებთან დგას.
მოგეხსენებათ, რომ ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ და ნიკო ბერძენიშვილმა შექმნეს „საქართველოს ისტორიის“ პირველი მეცნიერული სახელმძღვანელო, რომელზეც თაობები აღიზარდა. იმ სახელმძღვანელომ, რომელიც სიმონ ჯანაშიას რედაქტორობით გამოიცა, საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შრომები „ფეოდალური რევოლუცია საქართველოში“, „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მეცამეტე საუკუნის დამდეგამდე“, „უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველსაცხოვრისის შესახებ მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის სინათლეზე“, „ქართველთა წარმომავლობის საკითხისათვის“, „არაბობა საქართველოში“, „კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობები ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ“, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“ და სხვა, რომლებმაც ექვსი აკადემიური ტომი შეადგინეს, ქართული საისტორიო მეცნიერების დიდ საგანძურს განეკუთვნება.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებამდე სიმონ ჯანაშია იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების შემდეგ იგი აირჩიეს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად და დაინიშნა მეცნიერებათა აკადემიის ორი ინსტიტუტის - ისტორიისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტების დირექტორად.
აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია იყო თბილისის უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. მას ორგზის მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია.
როგორც ცნობილია, დღეს აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელს ატარებს საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი.
დიდია სიმონ ჯანაშიას დამსახურება ისტორიის მეცნიერებისა და ენათმეცნიერების განვითარებაში.
სიმონ ჯანაშია დაიბადა ოზურგეთის მახლობლად, სოფელ მაკვანეთში, სადაც მამამისი ნიკო ჯანაშია მუშაობდა პედაგოგად.
სიმონ ჯანაშიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. ეს უნივერსიტეტი, სადაც ჩვენ შევიკრიბეთ, იყო მისი „ალმა მატერ“.
სიმონ ჯანაშია იკვლევდა ძველი და ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის საკითხებს. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართველთა ეთნიკური წარმოშობის, ქართველი ერის ფორმირების, საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების, ანტიკური ხანის საქართველოს პრობლემების, საქართველოში ფეოდალიზმის გენეზისის, საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის და მთელი რიგი კარდინალური და საკვანძო საკითხების ახლებურად დამუშავებასა და გადაწყვეტაში.
სიმონ ჯანაშიამ პირველმა დააყენა საკითხი ქართველთა ავტოქტონობის, ქართველური ტომების ადგილობრივი წარმოშობისა და არა მიგრაციის შესახებ, საქართველოს სახელმწიფოს ცენტრების სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადანაცვლების თაობაზე და სხვა.
სიმონ ჯანაშიამ აჩვენა, რომ ერის ნიშნები ქართველებს შუა საუკუნეებშიც ჰქონდათ. მან არ გაიზიარა დებულება იმის შესახებ, რომ ქართველი ერი, როგორც ერი, მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა. ეს ფაქტობრივად, ეწინააღმდეგებოდა იმ დროს გაბატონებულ მოძღვრებას ბურჟუაზიული და სოციალისტური ერების შესახებ, მაგრამ მან თავისი კონცეფცია დაიცვა.
სიმონ ჯანაშია ერთიანი საქართველოს ადეპტი იყო. ის ამთლიანებდა საუკუნეების მანძილზე ერის გაბზარულ ცნობიერებას, რაც ასე გვჭირდება დღეს. იგი ამ თვალსაზრისითაც ჩვენი დიდი თანამედროვეა.
დიდი მეცნიერის, დიდი პატრიოტის, დიდი მამულიშვილისა და ჰუმანისტის სიმონ ჯანაშიას მეცნიერული მემკვიდრეობა დღეს ხელს უწყობს საერთო-ეროვნული თანხმობის, ეროვნული შერიგების პროცესს.
მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სიმონ ჯანაშიას ქართული არქეოლოგიის განვითარებაში, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციების სამეცნიერო საქმიანობაში.
სიმონ ჯანაშიამ გამოაქვეყნა შრომები კულტურის ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის, ენათმეცნიერებისა და მთელ რიგ სხვა დარგებში.
მან დიდი მუშაობა გასწია ისტორიული წყაროთმცოდნეობის განვითარების, საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროების თარგმანის გამოცემისა და მეცნიერული ანალიზის თვალსაზრისით.
დღეს დამოუკიდებელ საქართველოში ჩვენ ღირსეულად აღვნიშნავთ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის დიდი მკვლევარის სიმონ ჯანაშიას იუბილეს და ამით პატივს მივაგებთ იმ დიდ წვლილს, რომელიც მან შეიტანა საქართველოს სახელმწიფოს ისტორიის კვლევაში. მისი მეცნიერული მემკვიდრეობაც ხელს გვიწყობს დღეს ახალი დემოკრატიული კონსტიტუციის საფუძველზე ქართული სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობაში.
სიმონ ჯანაშიამ, როგორც ვთქვით, დიდი ამაგი დასდო ქართველი ერის ეთნოგენეზისის საკითხების შესწავლას. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღესაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ფორმირებისათვის. დღევანდელ მსოფლიოში ერის მრავალი დეფინიცია და თეორია არსებობს. ამ საკითხის კვლევაში დიდი წვლილი შეიტანა ქართულმა ისტორიულმა აზროვნებამ - ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, სხვა ქართველმა მეცნიერებმა.
საქართველოს ისტორია სავსეა ჰეროიზმით, დრამატიზმითა და ტრაგიზმით. დღეს სუვერენული სახელმწიფოს მშენებელმა ქართველმა ერმა უნდა გაითვალისწინოს ისტორიის გაკვეთილები. შპენგლერის „ევროპის მზის ჩასვლისა“ არ იყოს, „სისხლის წვიმების საუკუნეებში“ ზოგჯერ თითქოს ბევრი არაფერი აკლდა ქვეყნის მზის ჩასვლას, თითქოს წყდებოდა დროთა კავშირი, მაგრამ, არა! - უშრეტი აღმოჩნდა ერის სასიცოცხლო ენერგია, ერის აღმაშენებელი სული. თუ როგორ დავაღწიეთ თავი უცხოელი დამპყრობლების, ცარიზმის მონობის უღელს, მოგვითხრობენ ქართველ ისტორიკოსთა შრომები და მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი სიმონ ჯანაშიას მეცნიერულ მემკვიდრეობას უკავია.
სიმონ ჯანაშიას შრომები არა მარტო ისტორიულ, „ქართლის ცხოვრებისეულ“ კავკასიის ხალხთა ერთიანობის იდეას ეხმაურება, არამედ - თანამედროვე „მშვიდობიანი კავკასიისასაც“.
შემთხვევითი არ იყო, რომ სიმონ ჯანაშია იკვლევდა ადიღეურ-ჩერქეზულ ენებს, ხოლო ივანე ჯავახიშვილის წინადადებით თბილისის უნივერსიტეტში კითხულობდა აფხაზური ენისა და კულტურის სპეციალურ კურსს. მამამისმა ნიკოლოზ ჯანაშიამ კი შექმნა პირველი ქართულ-აფხაზური ლექსიკონი.
სიმონ ჯანაშიას ნააზრევი ისტორიული „მსოფლიო აბრეშუმის გზის“ შესახებ დღეს უნდა განვიხილოთ „აბრეშუმის გზის“ აღორძინების ამ სფეროში დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკის კონტექსტით.
სიმონ ჯანაშია, როგორც ენათმეცნიერი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ხელმძღვანელობდა ქართული ლიტერატურული ენის ნორმების დამდგენ სახელმწიფო კომისიას. მოგეხსენებათ, დღესაც არსებობს ეს კომისია ქვეყნის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ბევრი თქვენგანიც მონაწილეობს მის მუშაობაში, შეიქმნა ქართული ენის, ე.ი. სახელმწიფო ენის პალატა და ეს საქმიანობა ახალ ისტორიულ ეტაპზეა.
ამოუწურავია სიმონ ჯანაშიას კავშირურთიერთობა ქვეყნისა და ერის დღევანდელობასთან და ხვალინდელ დღესთან.
ყოველი დიდი ისტორიკოსის იუბილე ისტორიის მეცნიერების გადაუჭრელ პრობლემებზე ყურადღების კონცენტრირების ახალი ეტაპი უნდა იყოს.
დღეს საჭიროა ისტორიის კვლევის თეორიის, მეთოდოლოგიის, ისტორიის ფილოსოფიის სრულყოფა, კვლევისა და აზროვნების თანამედროვე, მაღალი კულტურა და ფართო მასშტაბი. რა თქმა უნდა, არსებულ ტრადიციების საფუძველზე.
საქართველოს ისტორია კაცობრიობის ისტორიის, მსოფლიო ისტორიის ნაწილია და მისთვის ეროვნულ თავისებურებებთან ერთად ზოგადსაკაცობრიო კანონზომიერებანი და კრიტერიუმები უცხო არ არის. ეს უკეთ უნდა ჩანდეს თანამედროვე ისტორიულ აზროვნებაში.
ყოველი მეცნიერის, ყოველი შემოქმედის ქმნილებებში არის იდეები, რომელთაც ყავლი არ გასდის, კონცეფციები, აღმოჩენები, რომლებიც აწმყოდან მომავალში გადადის და ცოცხლობს. ვისაც ადგილი მყარად აქვს მოპოვებული თავისი დროის მეცნიერებაში, მისი სახელი წარუშლელია ისტორიაში, რადგანაც ჭეშმარიტების შემეცნების გზა ეტაპობრივია, ხოლო ყოველ ეტაპს თავისი ისტორია აქვს. სიმონ ჯანაშიამ თავისი ეტაპი შექმნა ქართულ საისტორიო მეცნიერებაში.
დროს თავისი კორექტივები შეაქვს ყველაზე დიდი მოაზროვნეების ქმნილებებში. ამას ვერც აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას მეცნიერული მემკვიდრეობა აცდება ალბათ. ეს საერთო კანონზომიერებაა, მაგრამ ის, რაც ჩვენი სახელოვანი მეცნიერის თხზულებებში უძლებს დროის გამოცდას, სამუდამოდ რჩება საქართველოს ისტორიაში, ერის იდეურ საგანძურში.
ამიტომ აღვნიშნავთ ასე განსაკუთრებულად დღეს დიდი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დაბადების სახელოვან ასი წლისთავს.
სიმონ ჯანაშია დიდ ქართულ ოჯახში აღიზარდა.
სიმონ ჯანაშიას მამის ნიკო ჯანაშიას შრომებს, გამოკვლევებს, პუბლიკაციებს, მაღალ შეფასებას აძლევდნენ ივანე ჯავახიშვილი, ნიკო მარი და სხვა გამოჩენილი მეცნიერები.
ნიკო ჯანაშიამ დიდი ამაგი დასდო სოხუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და აფხაზეთში ქართული სკოლების გახსნას. ნიკო ჯანაშია ერთხანს სენაკში მოღვაწეობდა, იაკობ გოგებაშვილი მეტად კმაყოფილი დარჩა, როცა სენაკის სკოლაში ნიკო ჯანაშიას საქმიანობას გაეცნო. ნიკო ჯანაშია მეგობრობდა იმ დროის ბევრ გამოჩენილ ქართველ მოღვაწესთან, იბეჭდებოდა „აკაკის კრებულში“.
მინდა რამდენიმე სიტყვა ჯანაშიების ოჯახის შემდეგ თაობებზეც მოგახსენოთ. სიმონ ჯანაშიას ვაჟიშვილი - ცნობილი ისტორიკოსი ლაშა ჯანაშია, რომელთანაც მე პირადად გულწრფელი მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა, ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოაქვეყნა საინტერესო შრომები.
ჯანაშიათა დიდი ოჯახი - ერთიანი საქართველოს თავისებური სიმბოლო იყო. არ შემიძლია, არ ვახსენო სხვებიც. იქნებ, ეს ტრადიციადაც იქცეს შემდეგში.
ბატონ ლაშაზე უკვე მოგახსენეთ. რუსუდან სიმონის ასული ჯანაშია - ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ლაშა სიმონის ძე ჯანაშიას ოჯახი:
ლაშა ჯანაშიას მეუღლე - თინა ჯანაშია ფიზიოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი;
ლაშა სიმონის ძე ჯანაშიას შვილი - თამარ ჯანაშია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი;
ლაშა სიმონის ძე ჯანაშიას შვილი - სიმონ ჯანაშია უმცროსი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და ასპირანტურა; სწავლობდა გერმანიაში, ამჟამად სტაჟირებაზეა ჰარვარდის უნივერსიტეტში.
ლაშა ჯანაშიას რძალი - სიმონ ჯანაშია უმცროსის მეუღლე ქეთევან გურჩიანი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი.
რუსუდან სიმონის ასული ჯანაშიას ოჯახი;
რუსუდან სიმონის ასულ ჯანაშიას მეუღლე - ირაკლი თაქთაქიშვილი, პალეონტოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების უფროსი, პროფესორი;
რუსუდან სიმონის ასულ ჯანაშიას შვილი - სიმონ ჯანაშიას შვილიშვილი - დავით თაქთაქიშვილი - ბიოლოგი, სკოლის პედაგოგი.
მინდა, ყველა ჩვენგანის სახელით მივესალმო ამ დიდ, სახელოვან ოჯახს.
ბატონებო! სიმონ ჯანაშია ქართველ ერთან ერთად თავისი მეცნიერული მემკვიდრეობით 21-ე საუკუნესა და მესამე ათასწლეულში გადადის.
მე არცთუ დიდი ხნის წინათ მონაწილეობა მივიღე ნიუ-იორკში გაეროს ათასწლეულის სამიტში იუნესკოს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში. ცივილიზაციათა ამ მსოფლიო დიალოგში საქართველოს ღირსეულად ჩართვაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისტორიის მეცნიერებას. ამ მსოფლიო დიალოგში სხვა დიდი ქართველი მეცნიერების ნააზრევთან ერთად დიდად გვიწყობს ხელს ჩვენი იუბილარის უკვდავი მეცნიერული მემკვიდრეობა.
ათასწლეულის სამიტზე დიდი ყურადღება დაეთმო თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში მცირერიცხოვანი ხალხების ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნებას, ეროვნული მეობის გადარჩენას.
მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში ჩართულია საქართველოც. ამ პროცესში ქართული ეროვნული თავისთავადობის არა მარტო შენარჩუნების, არამედ, უწინარესად, განვითარების საქმეს ემსახურება ქართული კულტურა, ქართული მეცნიერება, ყველა ქართველი მეცნიერისა, და, რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენი სახელოვანი იუბილარის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას მეცნიერული მემკვიდრეობა.
მინდა, სულით და გულით მოგილოცოთ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ასი წლის იუბილე. გისურვებთ ახალ წარმატებებს თქვენს დიდ სამეცნიერო და ეროვნულ მოღვაწეობაში, ახალი, დემოკრატიული და განუყოფელი საქართველოს მშენებლობაში.
„სიმონ ჯანაშია ქართველ ერთან ერთად თავისი მეცნიერული მემკვიდრეობით 21-ე საუკუნესა და მესამე ათასწლეულში გადადის“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა სიმონ ჯანაშიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 16 ნოემბერი. - №302 (3703) - 1, 2 გვ.
![]() |
97 საქართველოს პრეზიდენტი პირადად გაუწევს კონტროლს თბილისში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკის მკაცრ დაცვას |
▲back to top |
დაახლოებით 10 დღეში დედაქალაქის ელექტროენერგიით
ნორმალური მომარაგება გარანტირებული იქნება
15 ნოემბერს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას საიუბილეო ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საგანგებოდ გამოეხმაურა საქართველოში არსებულ ენერგოკრიზისს, რომელმაც ბოლო დღეებში დედაქალაქის მოსახლეობის დიდი მღელვარება გამოიწვია. საქართველოს პრეზიდენტმა, კერძოდ, განაცხადა:
მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ თქვენც და თქვენი სახით მთელ საზოგადოებრიობას იმის შესახებ, თუ რა ხდება. კრიზისის მიზეზებს სხვადასხვაგვარად ხსნიან. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს ქურდბაცაცების, იმ ადამიანების ბრალია, რომლებმაც მილიონები მიითვისეს და რომელთა მიმართაც სათანადო ღონისძიებანი განხორციელდება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლების უთავბოლობის შედეგია. ალბათ, არც უამისობაა. ზოგიერთი ცოტა უფრო შორს მიდის და ნამდვილი მიზეზების ძიებას შეუდგა. უმთავრესი, რაც აინტერესებს საზოგადოებრიობას, ის არის, გაუმჯობესდება თუ არა უახლოეს ერთ კვირაში - 10 დღეში მდგომარეობა როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში. არ არის ისეთი დღე, რომ მე არ ვანგარიშობდე, სად რა კეთდება და რა არ კეთდება. შემიძლია გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, იდეალური მდგომარეობა არ შეიქმნება, მაგრამ ერთ კვირაში, ათი დღის განმავლობაში ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდება. შეიძლება ეს იყოს 15-18 საათიანი, მაგრამ მტკიცე გრაფიკი, რომლის დაცვასაც საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს კონტროლს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება.
კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არ არის იდეალური მდგომარეობა. ცოტა უფრო რთული სიტუაცია იქნება რეგიონებში, მაგრამ მათაც გარკვეული გრაფიკი დაუწესდებათ. ამავე დროს, არ შემიძლია არ ვთქვა, რა მოხდა, რატომ დაგვემართა ეს.
ენერგეტიკა არ არის ის დარგი, ვთქვათ, როგორიც არის მცირე ან საშუალო ბიზნესი, რომ ერთ ან ხუთ წელიწადში განვითარდეს. მე თავს არ ვიმართლებ. ჩემი წილი პასუხისმგებლობა ნაკისრი მაქვს და მას არ გავურბივარ. მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს 80-იანი წლები, უფრო ზუსტად, 1977-1978 წლები, როცა ჩემი ხელმძღვანელობით მუშაობდა სახელმწიფო კომისია ენერგეტიკული პრობლემების მოსაგვარებლად. ენერგეტიკის მდგომარეობა უკვე მაშინ იწვევდა დიდ განგაშს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით დიდი წარმონაქმნის შემადგენელი ნაწილი, ვიღებდით ძალიან იაფ გაზს და საჭირო შემთხვევაში - ელექტროენერგიასაც. მაგრამ მაშინვე ვფიქრობდით, რომ ძნელია ილაპარაკო მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, მეცნიერების განვითარებაზე და ასე შემდეგ, როცა საკუთარი ბაზა არ გაგაჩნია. მაშინ დამუშავდა 10-12-წლიანი გეგმა, რომელიც იმდროინდელმა საკავშირო-საგეგმო სტრუქტურებმა, უმაღლესმა ორგანოებმა მოიწონეს და რომელსაც საფუძველი უნდა ჩაეყარა საქართველოში დიდი ენერგეტიკისათვის. ენგურჰესის გარდა, დაგეგმილი იყო კიდევ რამდენიმე სადგურის მშენებლობა. მათ შორის იყო ხუდონი, ნამუხვანი და კიდევ 7-8 პროექტი. გაანგარიშების თანახმად, როცა ეს პროექტები განხორციელდებოდა, საქართველოს 20-25 წლის განმავლობაში საკუთარი ელექტროენერგიის წარმოების ბაზა ექნებოდა.
მოხდა ის, რაც არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. ჩვენ შევაჩერეთ ხუდონჰესის მშენებლობა, რომელსაც უნდა მოეცა 700 მეგავატი ელექტროენერგია, ფაქტობრივად, ავკრძალეთ ნამუხვანის მშენებლობა და სხვა პროექტები, რომლებსაც უნდა მოეცა ორჯერ მეტი ენერგია, ვიდრე დღეს ვაწარმოებთ.
მაგრამ ეს უკვე წარსული, ავადმოსაგონარი დღეები და გაკვეთილია იმისა, რომ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ქვეყანა იოლად არ უნდა მოეკიდოს.
მეორე მომენტი, რომელსაც თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო: დამოუკიდებლობის პირველ წლებში ბევრი რამ დავანგრიეთ, მათ შორის, გავძარცვეთ ელექტროგადამცემი ხაზები, ქალაქ თბილისის მთელი ქსელი, მთელი სისტემა. სწორედ ამ მდგომარეობამ მაიძულა, დავთანხმებოდი პრივატიზაციას, ანუ თბილისში უცხოელი ინვესტორის შემოყვანას. თელასი გავყიდეთ, მაგრამ გავყიდეთ სიმბოლურად, რადგან მისი აღდგენისა და მწყობრში ჩაყენებისათვის არავითარი საშუალება არ გაგვაჩნდა. გარდა ამისა, ამერიკელ ინვესტორს დავთანხმდი, მონაწილეობა მიეღო გენერაციის ორი ობიექტის - „თბილსრესის“ მეცხრე და მეათე ბლოკების ტენდერში. ამ სამუშაოს შესასრულებლად ჩვენ უნდა დაგვეხარჯა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი, თბილისის ქსელის აღდგენისათვის კი 20 მილიონი დოლარი იყო საჭირო. ამის მსგავსი თანხები საქართველოს არ ჰქონდა. ამიტომაც შემოვიდა ინვესტორი. სამწუხაროდ, მისი ყველა პირობა ზუსტი არ აღმოჩნდა, მაგრამ ბლოკების წესრიგში მოყვანა ახლა მთავრდება.
საქართველო გამონაკლისი არ არის. ამ გზით წავიდა ენერგოშემცველებით ისეთი მდიდარი ქვეყანა, როგორიც არის ყაზახეთი. მათ მთელი ქსელი გაყიდეს, მართვა უცხოელ ინვესტორებს ჩააბარეს და ის სიმდიდრე, რომელიც აქვთ, დღეს ქვეყნის სამსახურშია. ამიტომაც კვლავ იძულებული ვიქნებით, შემოვიყვანოთ უცხოელი ინვესტორები. ამისათვის საჭიროა გარკვეული დროის მანძილზე მომჭირნეობით ვხარჯოთ ელექტროენერგია და, როგორი ძნელიც უნდა იყოს, მოსახლეობამ დახარჯული ენერგიის თანხა უნდა გადაიხადოს. სხვაგვარად ჩვენთან უცხოელი ინვესტორი არ შემოვა.
მესამე ელემენტი, რომელზეც თქვენს ყურადღებას შევაჩერებ, არის საკუთარი ბაზა, საკუთარი ნავთობი, საკუთარი გაზი. არაერთხელ მითქვამს, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ექნება საკუთარი გაზისა და ნავთობის ის მარაგი, რომელიც მინიმალურად აუცილებელია ქვეყნისათვის. ესე იგი, დღევანდელთან შედარებით, ასე თუ ისე, ნორმალურად ვიცხოვრებთ.
გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დაჩქარდეს იმ დიდი პროექტების რეალიზაცია, რომელთა შესახებ ხანდახან ცოტა ირონიითაც ლაპარაკობენ. ეს არის ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, გაზსადენი აზერბაიჯანიდან თურქეთამდე საქართველოს ტერიტორიის გავლით და გაზის საკმაოდ დიდი ნაწილი საქართველოში დარჩება. ამ გაზის საფუძველზე საშუალება გვექნება ავაგოთ თბოელექტროსადგური და საქართველო უზრუნველყოფილი იქნება თვით გაზითაც.
როცა „აბრეშუმის გზაზე“ ბევრს ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს ის დამატებითი წყაროები, ურომლისოდაც ენერგოკრიზისს თავს ვერ დავაღწევთ. ხოლო ენერგეტიკული ბაზა თუ არ გვექნება, დამოუკიდებლობა, ცოტა არ იყოს, რეალობას მოკლებულია.
მე მაინც მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, არის ყველაზე მოკლე გზა უახლოეს წლებში საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის შექმნისა და ქვეყნის განვითარებისათვის.
იმ მიზეზთა შორის, რომლებმაც გამოიწვია დღევანდელი ვითარება, არ შემიძლია არ დავასახელო მსოფლიო კრიზისი, სერიოზული უარყოფითი გავლენა რომ იქონია საქართველოს ეკონომიკაზე. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა უპრეცედენტო გვალვამ, რომელიც გასულ ზაფხულს დაატყდა თავს საქართველოს.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ისინი დაკავშირებულია წესრიგის დამყარებასთან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ბევრი აგებს პასუხს თავისი ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის. მაგრამ, მთავარი მაინც ეს არ არის. მთავარია, რომ ჩვენ უგულებელვყავით ის რეალური პროექტები, რომლებისთვისაც ხორცი უნდა შეგვესხა. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის პირველი წლებიდანვე დავადექით ნგრევის, საკუთარი სიმდიდრის გაჩანაგებისა და განიავების გზას.
ბოლოს, მინდა გავიმეორო ის, რითიც დავიწყე - უახლოეს ერთ კვირაში, 10 დღეში მდგომარეობა სერიოზულად უნდა შეიცვალოს. მთავრდება ბლოკების შეკეთების პროცესი და დედაქალაქის საკმაოდ ნორმალური მომარაგება გარანტირებული იქნება.
საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტი პირადად გაუწევს კონტროლს თბილისში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკის მკაცრ დაცვას : დაახლოებით 10 დღეში დედაქალაქის ელექტროენერგიით ნორმალური მომარაგება გარანტირებული იქნება // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 16 ნოემბერი. - №302 (3703) - 1, 2 გვ.
![]() |
98 შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემია ყოველი ქართველისათვის უდიდესი ჯილდოა |
▲back to top |
უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ საზოგადო მოღვაწეებისა და ღვაწლმოსილი პიროვნებებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია სახელმწიფო კანცელარიაში იმართება. სიმბოლური იყო, რომ 17 ნოემბერს ეს ტრადიცია გარკვეულწილად დაირღვა და საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიების ლაურეატებს - საქართველოს კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, საპატიო ჯილდოები რუსთაველის საზოგადოების ახალ ოფისში გადასცა.
რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ მურმან ლებანიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს იმ მხარდაჭერისა და დახმარებისათვის, რომელიც მან რუსთაველის საზოგადოებას გაუწია ქვეყნისათვის საკმაოდ მძიმე პერიოდში საზოგადოების გადარჩენისა და საკუთარი ჭერის მიღებაში.
- რუსთაველის საზოგადოებამ, უწინარეს ყოვლისა, უარი უნდა თქვას თავის პოლიტიკურ და პარტიულ ამბიციებზე... რუსთაველის საზოგადოება ქართული კულტურის სამსახურში უნდა ჩადგეს. ამ იმედითა და რწმენით რუსთაველის საზოგადოება თვითონვე უნდა გამდიდრდეს, საკუთარი მარჯვენით უნდა მოიპოვოს და იშოვოს სახსრები და გასცეს მარცხენით, რომელიც უფრო ახლოა გულთან, გულის კარნახით გასცეს, მეცენატად უნდა დაუდგეს დიდ ქართულ მწერლობასა და ხელოვნებას, მის დიდოსტატებს და მის ახალ ამომავალ სახელებს, - განაცხადა მურმან ლებანიძემ.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატიო ჯილდოს მიღება მიულოცა სახელმწიფო პრემიისა და რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს, ხოლო რუსთაველის საზოგადოების წევრებს კი ახალ შენობაში დასახლება დაულოცა.
- რუსთაველის საზოგადოებამ სწორედ ისეთივე მძიმე გზა გამოიარა, როგორიც ჩვენმა ერმა განვლო. იმის მიუხედავად, რომ ეს იყო ძალიან რთული გზა, ამ საზოგადოებამ ბევრი რამის გაკეთება შეძლო და კიდევ ბევრ საშვილიშვილო საქმეს გააკეთებს. რუსთაველის საზოგადოებამ ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს ქართველი ერის ცხოვრებაში, - განაცხადა ილია მეორემ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით რუსთაველის საზოგადოებას მაცხოვრის ხატი გადასცა საჩუქრად.
- რუსთაველის პრემიის მიღებაზე უფრო სასიხარულო, ალბათ, არ შეიძლება რამე იყოს. ყველა ადამიანი, სადაც უნდა ცხოვრობდეს თავისი ისტორიული სამშობლოდან მოდის. რუსთაველი ჩვენი ლიტერატურული სამშობლოა, ჩვენ ყველანი რუსთაველიდან მოვდივართ და მისი სახელობის პრემია სწორედ იმდენს გავალებს, რამდენის გაკეთებაც ადამიანური შესაძლებლობის ფარგლებში შეგწევს, - აღნიშნა რუსთაველის პრემიის ლაურეატმა პოეტმა ლია სტურუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა 1998 და 1999 წლების სახელმწიფო პრემიის ლაურეატებს საპატიო დიპლომები და მედლები გადასცა. ესენი არიან მწერალი ზაირა არსენიშვილი, დრამატურგი გურამ ბათიაშვილი, მხატვარი ჯემალ ლოლუა, კინორეჟისორი გია ჭუბაბრია, თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძე, ქორეოგრაფი თამაზ გოგოტიშვილი, მეცნიერ-ბიოლოგი არნოლდ გეგეჭკორი, პოეტი გივი ალხაზიშვილი, კომპოზიტორი გურამ ბზვანელი, მხატვარი გოგი წერეთელი, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, მსახიობები გოჩა კაპანაძე, თათული დოლიძე, გურამ საღარაძე. გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო პრემია მიენიჭა მწერალ ჯემალ ქარჩხაძეს.
2000 წლის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატები გახდნენ პოეტი ლია სტურუა, რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი და რეზო გაბრიაძე, მომღერალი ნანი ბრეგვაძე, მხატვარი ნიკოლოზ იგნატოვი.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეგობრებო, მსურს ქართველ ხალხს მივულოცო რუსთაველის საზოგადოების „დაბინავება“ მრავალი წლის ტანჯვისა და წამების შემდეგ. დიდი სურვილი მაქვს აღვნიშნო მურმან ლებანიძის განსაკუთრებული როლი, შესაშური ენერგია და მონდომება, მისთვის ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის გულის და სამუშაო ოთახის კარი ღიაა, მას არასოდეს ამით ბოროტად არ უსარგებლია, მან ამით მხოლოდ იმიტომ ისარგებლა, რომ გაეკეთებინა ეს დიდი საშვილიშვილო საქმე. ხანდახან ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ახერხებს ასეთი საჩუქრის მომზადებას თავისი ხალხისათვის, მომავალი თაობებისათვის. მადლობას მოვახსენებ უწმინდესსა და უნეტარესს აქ მობრძანებისათვის და არც ეს არ არის შემთხვევითი, ჩვენ ყველანი მეტ-ნაკლებად ჩვენი ერის სულიერებას ვემსახურებით და სანამ გვწამს ღმერთი, სანამ ვლოცულობთ გულწრფელად და ალალად, მანამდე გვექნება უფლება სამშობლოს ვემსახუროთ.
ამ დარბაზში შეკრებილებთან მრავალი წლის ურთიერთობა და თანამოაზრეობა მაკავშირებს. აქ მოვედი როგორც თქვენი მეგობარი, ადამიანი, რომელსაც ძალიან უხარია თქვენი წარმატება, წინსვლა, გამარჯვება ხელოვნებისა და კულტურის ყველა დარგში. ყველა თქვენგანს მსურს მივულოცო ეს საპატიო ჯილდო, შემოქმედებითი გამარჯვებისა და წარმატებისათვის მიღებული რუსთაველისა და სახელმწიფო პრემია - ეს არის ჩვენი ხალხის ჯილდო. ქართველი ხალხის, დღევანდელი და მომავალი თაობების სახელით მინდა ყველას მივესალმო და მივულოცო ეს დიდი გამარჯვება. არაერთხელ მითქვამს და ერთხელ კიდევ გავიმეორებ, რომ კულტურის სფეროში წარმატებების გარეშე მცირერიცხოვან ხალხს ძალიან გაუჭირდება გაუძლოს იმ დიდ და რთულ პროცესებს, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარეობს. უწინარეს ყოვლისა, ქართველი ხალხი სწორედ იმიტომ არის უკვდავი, რომ იგი, მისი საუკეთესო შვილები ამ მწვერვალებისაკენ მიილტვოდნენ, ხშირად ეკლიანი და რთული გზით. დღეს კი საქართველო თავისი შემოქმედებითი პოტენციალით, რეალური შემოქმედებით ტოლს არ უდებს მსოფლიოს დიდ ქვეყნებსა და ცივილიზაციებს. ასე იყო ტრადიციულად, საქართველოს აყვავებისა და აღორძინების საუკუნეებში. ასეა დღესაც, როცა ჩვენ გვიჭირს, მაინც გვჯერა, რომ ჩვენ პოზიციას არ ვთმობთ, ახალი თაობა კი, რომელიც ახლა გამოდის დიდ ასპარეზზე, მართლაც, მსოფლიოს გიგანტებს გაუსწორებს თვალს. აქ, ამ მიწაზე იშვნენ გიგანტები, უპირველეს ყოვლისა, დიდი შოთა რუსთაველი, ვისი სახელობის საზოგადოებამაც ამიერიდან ამ შენობაში დაიდო ბინა, რომლის წინაშეც საქართველოს ყველა თაობა ვალში ვართ. ეს არ იქნება პოლიტიზებული საზოგადოება, პოლიტიკისათვის არის სხვა ასპარეზი. საზოგადოება უნდა ემსახურებოდეს დიდი შოთა რუსთაველის მემკვიდრეობის შესწავლასა და მის გაცნობას ჩვენი ხალხისა და მთელი მსოფლიოსათვის. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ რუსთაველის საზოგადოება მოწოდებით ასეთ სიმაღლეზე იდგეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ახალ გამარჯვებებსა და ახალ წარმატებებს.
საქინფორმი.
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემია ყოველი ქართველისათვის უდიდესი ჯილდოა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 18 ნოემბერი. - №304 (3705) - 1, 2 გვ.
![]() |
99 „ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში თქვენი აქტიური თანადგომის იმედი მაქვს“ |
▲back to top |
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის - „ახალგაზრდობა მომავლისათვის“ წევრებს, აქციის - „დავალება პრეზიდენტს“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, საქართველოს სტუდენტ ახალგაზრდობას ჩემო უმცროსო მეგობრებო,
უწინარესად, მადლობა მინდა გითხრათ ყველას იმ აქტიურობისათვის, პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში რომ გამოიჩინეთ. თქვენი აქტიურობით ახალგაზრდობის დიდ ნაწილს გაუჩნდა სურვილი, ჩამოეყალიბებინა და გამოეხატა საკუთარი პოზიცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც ქვეყნის პირველი პირის არჩევაა.
ახალგაზრდობის ერთმა ნაწილმა უშუალოდ მომცა დავალებები, ნაწილმა კი შეკითხვები გამომიგზავნა, მაგრამ პასუხის გაცემა რამდენადმე დამიგვიანდა. მინდოდა უფრო კონკრეტულად მეპასუხა, როგორც სიტყვით, ასევე საქმით მეჩვენებინა, რომ მე, როგორც ყოველ თქვენგანს, ძალზე მაწუხებს ის პრობლემები, თქვენს შეკითხვებსა თუ დავალებებში რომ აისახა.
რამდენად მოვახერხე ეს ამ შვიდი თვის მანძილზე, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია.
უპირველეს ყოვლისა, მინდა იმ შეკითხვებს ვუპასუხო, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის - „ახალგაზრდობა მომავლისათვის“ წევრებმა რომ გამომიგზავნეს.
შეკითხვა: შეცვლით საარჩევნო კანონმდებლობას ქართველი და უცხოელი ექსპერტების შესწორებისა და რეკომენდაციების შესაბამისად?
- მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები იმის მომხრე, რომ ჩვენ ისეთი კანონები გვქონდეს, რომელთაც ყოველი მოქალაქე თავის ცხოვრების წესად გაიხდის და მათს დაცვას თავის სამოქალაქო ვალად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, მათ შორის ერთ-ერთ უმთავრესად არჩევნების შესახებ კანონი მიმაჩნია და მზად ვარ ხელი შევუწყო საქართველოს პარლამენტთან ერთად მის სრულყოფას. ეს პროცესი დაწყებულია. ამ კანონზე მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ ევროსაბჭოს ექსპერტები და, იმედი მაქვს, მათი დახმარებით, სულ მალე ჩვენ გაცილებით სრულყოფილ საარჩევნო კანონს მივიღებთ.
შეკითხვა: მოახდენთ პოლიციის რეორგანიზაციას, კერძოდ, შეამცირებთ პოლიციელთა რიცხვს?
- თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს ადევნებდით თვალს, არ გამოგრჩებოდათ ის ცვლილებანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, შინაგან საქმეთა თბილისის მთავარ სამმართველოში რომ განხორციელდა. რეორგანიზაციის შედეგად არსებული 10 რაიონული სამმართველოდან ხუთი ერთეული დარჩა და, შესაბამისად, შემცირდა პოლიციელთა რიცხვიც.
ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარი გადაწყვეტილება სწორი იყო.
შეკითხვა: მიიღებთ კორუმპირებული მინისტრების წინააღმდეგ უფრო სერიოზულ ზომებს, ვიდრე მათი მარტივად თანამდებობიდან დათხოვნაა?
- აქაც მინდა თქვენი ყურადღება ახლახან განვითარებულ მოვლენებს მივაპყრო. ალბათ, მოგეცათ საშუალება გასცნობოდით ანტიკორუფციულ პროგრამას, რომლის შექმნაშიც რამდენიმე ღირსეული ახალგაზრდა პროფესიონალი მონაწილეობდა. ვგონებ, ეს ჩვენ მიერ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე, იმ სენის აღმოფხვრის საქმეში, რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერსა და დემოკრატიულ ქვეყნებს არანაკლებ აწუხებთ.
ვფიქრობ, არც რამდენიმე მაღალჩინოსნის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და დაკავების საქმე დაგრჩებოდათ უყურადღებოდ. დარწმუნებული ვარ, რეფორმირებული სასამართლო კანონით გათვალისწინებულ სასჯელს გამოუტანს იმ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომლებიც დიდი ხანია ამას იმსახურებენ.
ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება.
შეკითხვა: იქნებით ინიციატორი უფრო მკაცრი საკანონმდებლო ბაზის შემოღებისა ტყის მასობრივი გაჩეხვის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ?
- განა შეიძლება ადამიანი საქართველოს ბუნების განადგურების წინააღმდეგი არ იყოს?! ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ გარემოს დაცვის ღონისძიებათა თვალსაზრისით, თუმცა, გასაკეთებელი მაინც ბევრია. გპირდებით, მე ვიქნები ინიციატორი უფრო მკაცრი საკანონმდებლო ბაზის შემოღებისა საქართველოს ბუნების დასაცავად და სერიოზულ კონტროლს დავუწესებ მის შესრულებას.
ამჟამად პარლამენტში განიხილება საქართველოში ჯანსაღი ხის ჭრაზე რამდენიმეწლიანი მორატორიუმის გამოცხადების საკითხი, რომელსაც მეც მხარს ვუჭერ.
შეკითხვა: დაუჭერთ თუ არა მხარს სტუდენტთა სწრაფვას გავლენა მოახდინონ თავიანთ სასწავლო პროგრამებზე და თავად გადაწყვიტონ აუცილებელი და ფაკულტატური საგნები?
- ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და ვიზრუნებთ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოების განვითარების ხელშეწყობისათვის. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ, განკარგულებით დავუჭირე მხარი ახალგაზრდების ინიციატივას სტუდენტური დღეების მოწყობასთან დაკავშირებით. 2000 წელს მეხუთედ გაიმართა სტუდენტური დღეები. 26 მაისს ჩემთან გამართულმა სტუდენტური დღეების გამარჯვებულთა ტრადიციულმა დაჯილდოებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს ქვეყანას მართლაც ღირსეული ცვლა ეზრდება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ, თუ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საკუთარი სასწავლო პროგრამების შერჩევის, სწავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტაში (რა თქმა უნდა, გონივრულობის ფარგლებში), არაფერი დაშავდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენი ქვეყნის მთელი რიგი მოწინავე უმაღლესი სასწავლებლების დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრები სტუდენტებიც არიან, რაც მისასალმებელი და მხარდასაჭერი ტენდენციაა.
გარდა ამისა, უნდა მოგახსენოთ, რომ ზემოთქმულთან ერთად სტუდენტთა სხვადასხვა ჯგუფებისაგან მიღებული მაქვს წინადადებანი და დავალებანი, რომლებიც მეტად მნიშვნელოვნად და მწვავედ მიმაჩნია.
უმთავრეს ამოცანად სტიპენდიების საკითხის მოგვარებას მივიჩნევთ. სტიპენდიით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა სტუდენტი, მათი აკადემიური მოსწრების განურჩევლად. სამწუხაროდ, დღეისათვის სტიპენდიებით მხოლოდ წარჩინებულ სტუდენტთა და ასპირანტთა დაკმაყოფილება მოხერხდა. ვფიქრობთ, საბიუჯეტო პრობლემის მოგვარება საშუალებას მოგვცემს, ეს საკითხი დადებითად გადავწყვიტოთ.
სასწრაფოდ მოსაგვარებელ საკითხთა შორის არის სტუდენტთა და ასპირანტთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობა, უმაღლესდამთავრებულთა დასაქმება, ახალგაზრდა ოჯახების დახმარება და კიდევ მრავალი სხვა საკითხი, რომლებზეც ვმუშაობთ და ვცდილობთ, ეს პრობლემები მაქსიმალურად მოკლე დროში მოვაგვაროთ.
არ ვიცი, რამდენად დაგაკმაყოფილათ ჩემმა წერილმა, თუმცა, ვგონებ, უმჯობესი იქნება, თქვენ მიერ დასმული პრობლემების პრაქტიკულად გადაწყვეტა დაინახოთ, რისთვისაც ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ.
თქვენ კი გთხოვთ, კვლავ აქტიური პოზიცია გქონდეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, არ მოერიდოთ საკუთარი აზრის გამოთქმას, რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
ამასთან, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ სტუდენტთა საერთაშორისო დღე, რომელიც 17 ნოემბერს აღინიშნება. ვიცი, რომ შეიკრიბებით და ზეიმთან ერთად ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზეც იმსჯელებთ.
მიგულეთ თქვენ გვერდით.
მე კვლავ დაველოდები თქვენს წინადადებებსა და მოსაზრებებს.
ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში თქვენი აქტიური თანადგომის იმედი მაქვს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
„ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში თქვენი აქტიური თანადგომის იმედი მაქვს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 18 ნოემბერი. - №304 (3705) - 1, 2 გვ.
![]() |
100 ზურაბ კიკალეიშვილს დაბადების დღესთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ზურაბ,
დაბადების დღეს გილოცავთ - სამოცდათხუთმეტ წელს, ბრწყინვალე ქართველ მოცეკვავეს, დიდი ვახტანგ ჭაბუკიანის ღირსეულ პარტნიორს, შესანიშნავ ბალეტმაისტერსა და პედაგოგს.
თქვენ ქართული ბალეტის ცოცხალი მატიანე ბრძანდებით.
თქვენი სახელის ხსენებაზე ყოველი ჩვენგანის თვალწინ ცოცხლდება თეატრის სცენასა თუ ეკრანზე თქვენს მიერ განსახიერებული როლები.
თქვენი გმირები არა მარტო ზოგადად ქართული კულტურის, არამედ ყოველი ჩვენგანის პიროვნული კულტურის აუცილებელ ნაწილადაც იქცა, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს.
დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ზურაბ კიკალეიშვილს დაბადების დღესთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 19 ნოემბერი. - №305 (3706) - 1 გვ.
![]() |
101 „ყველა, ვინც ქვეყანას ძარცვავდა და ამით გაჭირვებაში მყოფ სამშობლოს ღალატობდა, პასუხს აგებს კანონის მთელი სამართლიანი სიმკაცრით“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
20 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- მთავრობის სხდომაზე დიდი ყურადღება დაეთმო ენერგეტიკაში შექმნილ ვითარებას. რა მდგომარეობაა ამჟამად და როგორია ვითარების გამოსწორების პერსპექტივა?
- მდგომარეობა მართლაც ძალზე რთულია, მაგრამ არა უიმედო. მიზეზებზე ბევრი ითქვა. ბევრი რამ მეც განვმარტე.
ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა საშინელმა გვალვამ. ეკოლოგიური კატასტროფის გამო არანაკლებ რთული ვითარებაა ბევრ ქვეყანაში, სადაც გაცილებით მეტი რესურსი აქვთ.
სტრატეგიული თვალსაზრისით, კი არ შემიძლია კიდევ ერთხელ დაბეჯითებით არ გავიმეორო ამჟამინდელი სიდუხჭირის უმთავრესი მიზეზი: უკვე 70-იან წლებში ვგრძნობდით, რომ საქართველოს დამატებითი სიმძლავრეები და საიმედო ენერგეტიკული ბაზა დასჭირდებოდა, თუნდაც სამომავლოდ. ჩვენ შევიმუშავეთ ენერგეტიკული განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც 8-9 მასშტაბური პროექტის განხორციელებას ითვალისწინებდა. ის პროექტები რომ განხორციელებულიყო (ბევრმა ობიექტურმა მიზეზმა შეუშალა ხელი, მაგრამ ბევრი რამის გაკეთებაც შეიძლებოდა), საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად გადაიქცეოდა. მაგრამ 70-იანი და 80-იანი წლების მიჯნაზე, პირდაპირ ვიტყვი: საქართველოში არ მოგვეცა ამ პროექტების განხორციელების საშუალება. არ დავაკონკრეტებ, ვინ და როგორ: ყველას ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს. უწინარესად, მხედველობაში მყავს ხელმძღვანელობა. ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია საზოგადოებრივი, ან სხვა რაიმე ორგანიზაციები, ვინ აგროვებდა ხელმოწერებს, ვინ სად აგზავნიდა პეტიციებს, ვინ გვადანაშაულებდა „საკუთარი ერის ეკოლოგიურ გენოციდში“ და ასე შემდეგ. ერთადერთი ამ პროექტებიდან, რომლის დასრულებაც ასე თუ ისე მოხერხდა, იყო ენგურჰესი. ესეც რომ არ გვქონოდა, წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა დღეს საქართველოს ენერგეტიკა.
ისიც კარგად წარმოვიდგინოთ, რა დღეში ვიქნებოდით ამჟამად, კიდევ ზოგიერთი რამ რომ არ მოგვარებულიყო. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დამოუკიდებელი საქართველო რეალურად არსებული რესურსებისა და შესაძლებლობათა ამარა აღმოჩნდა.
ენერგეტიკული კრიზისი კვლავაც დაუძლეველია. იგი ეკონომიკური განვითარების შეფერხებისა და მოსახლეობის სოციალური დაუცველობის მძლავრ ნეგატიურ ფაქტორად იქცა. ეს ყველას კარგად ესმის და, რა თქმა უნდა, კარგად ესმის ქვეყნის პრეზიდენტსაც.
- ამბობენ იმასაც, რომ იგივე ხუდონჰესი და სხვა ჰესების პროექტები მაინც არ განხორციელდებოდა, რადგან საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა და საქართველოს ენერგეტიკაში საჭირო თანხები აღარ მოიძებნებოდა, ანუ პროექტები შეჩერდა თავისთავად და არა იმიტომ, რომ ვიღაც ამის წინააღმდეგი იყო...
- არა. საქმე ის არის, რომ, ალბათ, დამთავრება ძალიან ძნელი იქნებოდა, მაგრამ, მაგალითად, ხუდონის ერთი მესამედი, მთელი მიწისქვეშა სამუშაოები, გვირაბები და სხვა, მთლიანად დამთავრებული იყო. მე თავად ვარ ამის მოწმე, ვინაიდან მუდმივად ჩავდიოდი გვირაბებში და ვეცნობოდი მშენებლობის მიმდინარეობას და, რომ არ შეეჩერებინათ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, სამუშაოების დაახლოებით სამი მეოთხედი დამთავრებული იქნებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ, რომელიც გნებავთ, ინვესტორი დღეს ამ სამუშაოებს დაამთავრებდა, ვინაიდან ეს 700-მეგავატიანი სადგურია. თვითონაც ისარგებლებდა და საქართველოს პრობლემაც მოგვარდებოდა. თუმცა, მარტო ხუდონს არ ეხება საქმე. მე ვახსენე ნამახვანიც. ლაპარაკი იყო, აგრეთვე, ახალციხეში დიდი ელექტროსადგურის მშენებლობაზე, კახეთში ილტოს წყალსაცავზე, რომელსაც, როგორც მახსოვს, უნდა მოეცა 150 მეგავატი ელექტროენერგია და, ამავე დროს, უნდა მოერწყა სიღნაღის რაიონისა და შირაქის უზარმაზარი მიწის ფართობები.
აი, ასეთი პროექტები იყო, მართლაც, საშვილიშვილო და სამუდამო. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საქმე. ეს ყველაფერი უნდა გავიხსენოთ იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, რატომ მოხდა ყოველივე ეს და შეიძლებოდა თუ არა მოკლე დროში ამ პრობლემების დაძლევა. მე მივიღე გადაწყვეტილება, შექმნილი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და ენერგეტიკული ბაზრის განვითარების მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამის შესამუშავებლად შეიქმნას სახელმწიფო კომისია ჩემი ხელმძღვანელობით. ახლა მოდიან ცალკეული სპეციალისტები, ყველას აქვს თავისი რაღაც სასწაულებრივი პროგრამა. მაგალითად, რომ მტკვარზე შეიძლება აშენდეს ათი ელექტროსადგური, მათ შორის, მცირე და საშუალო სიმძლავრის ელექტროსადგურები. არ არის ეს ასე ადვილი, ამას მეცნიერული დასაბუთება და სპეციალისტები სჭირდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შეიქმნას ავტორიტეტული კომისია, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს, სახელმწიფო მინისტრთან გიორგი არსენიშვილთან ჩამოყალიბდეს ოპერატიული ჯგუფი მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად, განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაციისათვის. მთავრობის წევრებისა და პრეზიდენტის რწმუნებულების გარდა, სახელმწიფო კომისიაში შევლენ მეცნიერები, ენერგეტიკოსები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, აგრეთვე, პარლამენტის წარმომადგენლები. რეკომენდაციის თაობაზე შესაბამისი თხოვნით უკვე მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ დავკარგეთ 90-იანი წლების დამდეგს, ნგრევისა და განუკითხაობის შედეგად. შემდეგ სამოქალაქო ომი, სისხლიანი კონფლიქტები, კრიმინალური ბანდების თარეში, კლანურობა და კორუფცია. ამ ვითარებაში ჩვენ გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი (ამ სიტყვებს რომ ვამბობ, ჩემი სინდისი აბსოლუტურად სუფთაა), რაც საერთოდ შესაძლებელი იყო. კერძოდ, ავაშენეთ „თბილსრესში“ ორი ახალი ენერგობლოკი, ფაქტობრივად, ორი ახალი ენერგოსადგური. ეს იყო გერმანიის დახმარება, გერმანიის კრედიტები, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება, მსოფლიო ბანკისა და ევრობანკის მონაწილეობით. თითოეული ბლოკი 300 მეგავატი სიმძლავრისაა (სულ 600 მეგავატი სიმძლავრე). ამავე ბაზაზე „თელასში“ მოვიზიდეთ უცხოელი ინვესტორი, რადგან ჩვენ უკვე ვეღარ ვუვლიდით. საჭირო თანხები არ გვქონდა, რადგან დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს არც საწარმოები, არც მოსახლეობა არ იხდიდა. ამიტომ იძულებული გავხდით მოგვეწვია ინვესტორი, რომელმაც შეიძინა „თბილსრესის“ ორი ენერგეტიკული ბლოკი და რომელმაც თითქმის 150 მილიონი დოლარი ინვესტიცია დააბანდა დედაქალაქის ელექტროქსელების რეკონსტრუქციაში. ამას საქართველო კიდევ დიდხანს ვერ შეძლებდა.
ძალიან ძნელი იყო მოსახლეობაში გადახდის კულტურის დანერგვა. მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით და მხოლოდ უმოწყალო გამორთვებით ვერაფერს გავხდებოდით. მეტისმეტად რადიკალურ მეთოდებს კი შეიძლებოდა შედეგად მოჰყოლოდა საზოგადოებაში სოციალური შუღლისა და ურთიერთსიძულვილის გაღვივება.
ასე რომ, ყველა პრობლემის ერთი ხელის მოქნევით გადაწყვეტა შეუძლებელი იყო. იმ 600-მეგავატიანი ბლოკების აშენება იყო მაქსიმუმი, რაც ჩვენ შევძელით და მე თავად არ მჯეროდა ამ საქმის, როცა მას შევეჭიდეთ.
1994 წლის მიწურულს, ესეც გავიხსენოთ, იძულებული გავხდით უარი გვეთქვა თურქმენეთისაგან ბუნებრივი გაზის ვალად შესყიდვაზე, ვინაიდან ვალი გროვდებოდა, ხოლო მისი გადახდის საშუალება ქვეყანას არ ჰქონდა. ჩვენ 400 მილიონი დოლარის გაზი შემოვიტანეთ იმ წლებში - 1992-1993-სა და 1994 წლის დამდეგს. არავითარი ანაზღაურება და დახარჯული გაზის ღირებულების გადახდევინება არ არსებობდა. უკვე წარმოუდგენელი იყო ასე გაგრძელება, უნდა გავჩერებულიყავით. ამიტომაც უარი ვუთხარით თურქმენეთს და ახლა იმ ვალის გასტუმრებაზე ვმუშაობთ. მაგრამ, რომ არ შემოგვეტანა, მაშინ აბსოლუტური კატასტროფა მოხდებოდა. ეს იყო ერთადერთი წყარო, რომლითაც იკვებებოდა მაშინ საქართველო და მისი მოსახლეობა.
რასაკვირველია, ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი გახდა კორუფცია, მაგრამ არც აქ შეიძლებოდა აჩქარება: კორუფციას ვერაფერს დავაკლებდით, სანამ სათანადოდ არ მოვემზადებოდით, არ შეიქმნებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, არ დასრულდებოდა სასამართლო რეფორმა. თუმცა, ამ სფეროშიც გარდატეხა უკვე თვალნათელია.
- სხვათა შორის, მოსახლეობას ხანდახან არ ესმის ეს. ამბობენ, რატომ აკავებენ და რატომ იძიებენ იმ ადამიანების საქმეებს დღეს, როცა დანაშაული ჩადენილია 1993-1994-1995 წლებში. ახლა გვიან ხომ არ არის? ისინი მაშინ უნდა გაეჩერებინათ, როცა ამ დანაშაულს სჩადიოდნენ, ამ ფულს ითვისებდნენ და ფლანგავდნენ. რატომ დადგა მათი პასუხისმგებლობის საკითხი დღეს და არა მაშინ?
- არსებობდა გამოძალვის მთელი სისტემა, რომელსაც შიშველი ხელით ვერ გავარღვევდით. ამავე დროს, მაშინ, იმ წლებში, პირველი რიგის ამოცანა იყო ბანდფორმირებათა ლოკალიზება და იზოლირება, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, იგივე, სასამართლო რეფორმა. ამას 3-4 წელი დასჭირდა. თუ სასამართლოებში არ იქნებოდნენ ნორმალური ადამიანები, როგორი საქმეც უნდა დაგეწყო, ვერც ერთი ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიდოდა.
- ანუ, სახელმწიფოს მაშინ ამის ძალა არ ჰქონდა...
- არ ჰქონდა საშუალება. სახელმწიფოც არ გვქონდა. ახლა, ასე თუ ისე, დასრულებულია თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ სახელმწიფო არსებობს, არსებობს სადამსჯელო სისტემა, სასამართლო სისტემა და ახლა უკვე მზად ვართ ამისათვის. შემთხვევითი არ არის, რომ ანტიკორუფციული პროგრამის შემუშავებას ახლა მოვკიდეთ ხელი და არა 5 წლის წინათ - მაშინ ეს იქნებოდა ლამაზი სიტყვები ქაღალდზე. ახლა კი ის უკვე მოქმედებს. ის ჯერ კიდევ არ არის რეალური პროგრამა, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.
აი, ამ ფაქტორების ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი რთული და მძიმე ვითარება.
შესანიშნავად მესმის იმ ადამიანების, ვინც გასულ კვირას ქუჩაში გამოვიდა, მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმით გამოხატა თავისი გულისტკივილი, თუმცა, ჩვენს მოსახლეობას უეჭველად ეყოფა მოქალაქეობრივი შეგნება და სიბრძნე, რათა მიხვდეს, რომ ამ გზით და ასეთი ფორმით მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება. ხელისუფლებას კი, და, კერძოდ, პრეზიდენტს, ზემოქმედება არ სჭირდება უფრო აქტიური მოქმედებისათვის. მე ისედაც კარგად მესმის, რა უნდა გავაკეთო. რაც შეგვიძლია მე და ჩემს კოლეგებს, ისედაც ვაკეთებთ. თავს ზევით კი ძალა არ არის.
სამწუხაროდ, ზოგმა არ მიაქცია ყურადღება ჩემს განცხადებას უნივერსიტეტში.
მე ვთქვი, რომ დაახლოებით ერთი კვირა-ათი დღე იქნება საჭირო იმისათვის „თბილსრესი“ მთელი სიმძლავრით რომ ამუშავდეს. მხედველობაში მქონდა ორივე ბლოკი - მეცხრეც და მეათეც. ახლა რამდენადმე რომ გაუმჯობესდა მდგომარეობა, იმის შედეგია, რომ მეათე ბლოკი საკმაოდ გამართულად მუშაობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ბლოკის მუშაობა - ერთი რომ გაითიშოს, მეორე დაიტვირთება, ან ორივე იმუშავებს მთელი დატვირთვით. 600 მეგავატი ელექტროენერგია კი სავსებით საკმარისია, მეტიც, თავს გადაუვა თბილისს.
კიდევ ვიმეორებ, რომ ერთი კვირა-10 დღე საკმარისია იმისათვის, რომ ეს ორი ბლოკი მთელი სიმძლავრით ავამუშაოთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას. მეცხრე ბლოკიც მთავრდება. რა ირონიული გამოთქმებიც უნდა ვიხმაროთ, - მოგვბეზრდა მე-9 და მე-10 ბლოკებზე ლაპარაკი, წარამარა ჩერდებაო და ასე შემდეგ - მეტი არ გაგვაჩნია. ეს არის ძალიან დიდი სიმძლავრე, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და ავამუშაოთ ისე, რომ აღარ გაჩერდეს. ამის საშუალება კი ინვესტორს, რომელიც შემოვიყვანეთ, აქვს. მას ჩამოყვანილი ჰყავს რამდენიმე უმძლავრესი ბრიგადა, ყველაზე საუკეთესო სპეციალისტები, რომლებმაც იმუშავეს მეათე ბლოკზე, ახლა კი მუშაობენ მეცხრე ბლოკზე, რომელიც ამ დღეებში უნდა გადაეცეს საექსპლუატაციოდ.
გვეხმარებიან მეზობლებიც - ამის გარეშე მართლაც სრული კატასტროფა მოხდებოდა. გრძელდება ელექტროენერგიის იმპორტი სომხეთიდან, მიღწეულია შესაბამისი შეთანხმება რუსეთთან. აქვე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ გვალვასთან დაკავშირებით სერიოზულად დაგვეხმარნენ თურქეთი, საბერძნეთი, ყველაზე მეტი დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებიდან მივიღეთ. ორი დღის წინათ პრეზიდენტი ალიევი მესაუბრა ტელეფონით და მითხრა, რომ, აზერბაიჯანში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, ჩვენი მეგობრები სოფლის მეურნეობისათვის 1000 ტონა დიზელის საწვავით დაგვეხმარებიან. თანაც, ეს მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის საჩუქარია. ასე რომ, არის იმედები. ჩვენ ახლა პარალელურ რეჟიმში ვართ რუსეთთან და სომხეთთან. ალბათ, აზერბაიჯანშიც ამ უახლოეს დღეებში გამოსწორდება მდგომარეობა და პარალელურ რეჟიმში შევალთ აზერბაიჯანთანაც. იქმნება ერთგვარი რეგიონული სისტემა, საერთო ქსელი, და გაცილებით მეტი რესურსები ჩნდება ქვეყანაში იმისათვის, რომ ზამთარი შედარებით იოლად გადავიტანოთ. გვალვამ, რა თქმა უნდა, დააცარიელა წყალსაცავები და ეს უზარმაზარი რეზერვი ხელიდან გამოგვეცალა. მაგრამ ამის კომპენსირება გარკვეულ ღონისძიებათა შედეგად შესაძლებელია.
ასეთია, ერთი მხრივ, დიდი ტკივილები და განცდები, მოსახლეობის აღშფოთება, მაგრამ, ამავე დროს, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მოსახლეობამ გამოიჩინა სიდინჯე და სიმშვიდე და არ გაიკარა პროვოკატორები. უნდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პროვოკატორი და ინსპირატორი გამოძვრა ბუნაგიდან და, რა თქმა უნდა, ეს შეუმჩნეველი არც ჩვენ დაგვრჩენია და არც მოსახლეობას. არ აჰყვა მოსახლეობა ამას. მას აინტერესებდა ერთი კონკრეტული პრობლემა და, ავად თუ კარგად, მან პასუხი მიიღო.
- თქვენ კორუფცია ახსენეთ. ბოლო დროს მართლაც გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კორუმპირებულ მოხელეთა წინააღმდეგ. გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი? გარდა ეკონომიკური პრობლემებისა, მოსახლეობა უბრალოდ თავმოყვარეობაშელახულია, როცა ხედავს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომელთაც დაახლოებით ისეთივე ხელფასი აქვთ, როგორც ნებისმიერ მოსამსახურეს, მათზე ასჯერ და ათასჯერ უკეთ ცხოვრობენ...
- წეღან გითხარით ზოგიერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ დავიწყეთ დროზე კორუფციის წინააღმდეგ შეტევა. ამავე დროს, ისიც მინდა გითხრათ, რომ ვიცი, რას ნიშნავს ეს, რამდენი მსხვერპლი მოჰყვება, რამდენი ოჯახი გაუბედურდება. შეიძლება ეს გულუბრყვილობა იყო, მაგრამ მაინც ვცდილობდით, გვემოქმედა შეგონების, სინდისიერებისა და პატრიოტიზმის შეხსენებით ყველასათვის, ვინც ამ მოლიპულ გზას დაადგა. სამწუხაროდ, ამ გზით ბევრს ვერაფერს მივაღწიეთ, ვერც გადაჯგუფებით - გაათავისუფლებ მინისტრს ან მის მოადგილეს, რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მოდის მეორე და უარესს აკეთებს. აქ უკვე დავდექით აშკარად რეპრესიულ ღონისძიებათა წინაშე. ამიტომ, ანტიკორუფციული პროგრამის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, ხელისუფლებამ მართლაც მიიღო რადიკალური, სამართლიანი და კანონიერი ზომები. თუ გახსოვთ, შარშან ვამბობდი, რომ 1999 წელი არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების წელი. შარშან დაიწყო ეს ბრძოლა. ჩვენ გვჭირდებოდა აუცილებელი გამოცდილება, გვჭირდებოდა სათანადო ქვედანაყოფების გაძლიერება შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, კონტროლის პალატაში, უშიშროებაში და ასე შემდეგ. ამას მთელი წელი დასჭირდა და ახლა უკვე შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ კორუფციის წინააღმდეგ გაიშალოს მასობრივი მოძრაობა.
გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ქვეყნის გენერალური პროკურორის საქმიანი, კონკრეტული და საგნობრივი გამოსვლა ჩვენი საერთო ძალისხმევის შეუქცევადობის ნათელი მაგალითია.
უკან დახევა აქ ყოვლად გამორიცხულია!
მხილებულია დამნაშავეთა რამდენიმე ჯგუფი ენერგეტიკის, ფინანსთა სამინისტროს (დაპატიმრებულია ხაზინის ხელმძღვანელი. ბევრჯერ მომისმენია, რომ ხაზინიდან ფულის გასატანად გარკვეული თანხა იქ უნდა დატოვო. რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, მაგრამ შედეგი არ მოჰყვა. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ დააპატიმრეს და, ბუნებრივია, გაასამართლებენ), ჰუმანიტარული დახმარების განაწილების სფეროებში. ცალკეულ დარღვევებს თავად ეკონომიკის სამინისტროში მიაქციეს ყურადღება და დაპატიმრებულია პირი, რომელიც ამ საკითხებს კურირებდა. თუ არ ვცდები, გვარად ჭუმბურიძე, როგორც მთავრობის სხდომაზე მოვისმინე, ხუთი შვილის მამა. თანაც ოჯახური მდგომარეობა ისეთი აქვს, რომ თავისუფლად შეეძლო ერჩინა ოჯახი. ასევე - ბევრი სხვა. განსაკუთრებით გულსატკენია, რომ ინვალიდთა ორგანიზაციების ზოგიერთმა ხელმძღვანელმა, ვისაც სახელმწიფო დაეხმარა, რათა ინვალიდ თანამემამულეთ, მათ შორის, ლტოლვილ ინვალიდებს, ომის ინვალიდებს ცხოვრების ელემენტარული პირობები შექმნოდათ, ჩვენი ნდობა და დახმარება ბიუჯეტის კუთვნილი თანხების დატაცებისათვის გამოიყენა. სხვათა შორის, ბევრი არ ეთანხმებოდა ამ მიზნით თანხების გამოყოფას ბიუჯეტიდან. სამწუხაროდ, ამ თანხების დიდი ნაწილი ინვალიდთა ინტერესებს კი არ მოხმარდა, ვიღაც-ვიღაცეებმა ჩაიჯიბეს.
ასეთი ფაქტები უხვად არის გენერალური პროკურორის მოხსენებაში. ვფიქრობ, ბატონი ჯამლეთ ბაბილაშვილის სიტყვა უფრო ფართოდ უნდა გაშუქდეს, მთლიანად დაიბეჭდოს, გამოქვეყნდეს, რათა საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ ხანგრძლივი მოთმინებისა და შეგონების შემდეგ, ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებათა უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით, ხელი არ აუკანკალდება დამნაშავეთა დასასჯელად.
(ბატონ ჯამლეთ ბაბილაშვილის მოხსენება გაზეთის დღევანდელ ნომერში იბეჭდება. - რედ).
ის, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხდება, მხოლოდ დასაწყისია: დიდი მასალა აქვთ დამუშავებული და შესწავლილი პროკურატურას, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს, რა თქმა უნდა, კონტროლის პალატას, რომელიც მთელი ძალით ამოქმედდა. ამ მასალების საფუძველზე ყველა, ვინც ქვეყანას ძარცვავდა და ამით გაჭირვებაში მყოფ სამშობლოს ღალატობდა, პასუხს აგებს კანონის მთელი სამართლიანი სიმკაცრით.
- გასულ კვირას თქვენ შეხვდით საგანგებო მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში ლეშეკ ბალცეროვიჩს. გარდა ამისა, გამოქვეყნდა ახალი მონაცემები ქვეყანაში სამრეწველო წარმოების ზრდის თაობაზე. რა მიგაჩნიათ, აგრეთვე, საყურადღებოდ გასული კვირის მოვლენებიდან?
- უპირველეს ყოვლისა, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, უშიშროების საბჭო, ჩვენი ქვეყნის თხოვნით, განაგრძობს მუშაობას საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის პროექტზე.
ეს დაადასტურა ჩემთან საუბარში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ სამშვიდობო ოპერაციათა განხორციელების დარგში ბატონმა ჰაიდე ანაბიმ. იგი სოხუმშიც იმყოფებოდა. მან ერთმნიშვნელოვნად განუცხადა აფხაზურ მხარეს, თუ რას შეიძლება ელოდოს საერთაშორისო გაერთიანებისაგან და რას - არა. მისი პოზიცია აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და, მაშასადამე, თვით აფხაზი ხალხის ინტერესებსაც.
რაც შეეხება ლეშეკ ბალცეროვიჩთან შეხვედრას, მისი შეფასებით, სირთულეთა მიუხედავად, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ სახელმწიფოსთან შედარებით უფრო სტაბილურია. ლაპარაკია იმაზე, რომ ამ კრიზისის შემდეგ საბანკო სისტემა გადარჩა, რომ ეროვნული ვალუტა, ასე თუ ისე, სტაბილურია, ინფლაციას არა აქვს ისეთი მასშტაბი, რომ წალეკოს ყველაფერი და ეს ის სიმპტომებია, რომლებიც იძლევა იმედს, რომ ქვეყანა სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან.
ბალცეროვიჩის აზრით, ამჟამად უმთავრესი ამოცანაა სიღატაკის აღმოფხვრა მცირე ბიზნესის სფეროში რაც შეიძლება მეტი ლეგალური სამუშაო ადგილის შექმნით. ეს მთლიანად ემთხვევა პრეზიდენტის პროგრამის დებულებებს.
გარკვეული დადებითი ძვრები შეინიშნება ქვეყნის მრეწველობაში. ენერგოკრიზისისა და სხვა მთელი რიგი პრობლემების მიუხედავად, წლის დამდეგიდან ზრდა 6,2 მეათედი პროცენტია. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მატება თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, აგრეთვე, მცხეთა-მთიანეთში. სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობამ ამ ეკოლოგიური კატასტროფის გამო, რა თქმა უნდა, იმ დონეს ვეღარ მიაღწია, რომელიც წინა წლებში ჰქონდა.
და, ძალიან მოკლედ, აუცილებლად მინდა შევეხო პრეზიდენტის პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას: გასულ კვირას თბილისში გაიხსნა ტუბერკულოზის ცენტრალური ეროვნული ლაბორატორია, რომელიც მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება. დიდი მადლობა დახმარებისათვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. ეს ლაბორატორია მთელ სამხრეთ კავკასიას მოემსახურება. მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, გაისად ამ სენის დასაძლევად სამ-ნახევარ მილიონ ლარს ვითვალისწინებთ ბიუჯეტში. სამწუხაროდ, ავადმყოფთა ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის თავისუფლების აღკვეთის ადგილებზე. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, იზრუნებს მათზე.
1100 პატიმარზე მეტი უკვე განიკურნა ჯანმრთელობის სამინისტროს აქტიური ძალისხმევით. საერთოდ კი, გამოიკვეთა ქვეყანაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვის შემცირება და ესეც ძალიან დიდი იმედის მომცემი სიმპტომია.
- გასულ კვირას თქვენი ხელმძღვანელობით საგნობრივი მსჯელობა გაიმართა რუსეთთან, როგორც ჩანს, გარდაუვალი სავიზო რეჟიმის თაობაზე. თუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადების მიხედვით ვიმსჯელებთ, მოსკოვი აპირებს საქართველოს თანხმობის გარეშე შემოიღოს ეგრეთ წოდებული შეღავათიანი რეჟიმი აფხაზეთთან და ცხინვალთან. საერთოდ, ქართულ დიპლომატიაში ამის მოლოდინი იყო. როგორი იქნება ჩვენი ნაბიჯები?
- საქართველოს პრინციპული პოზიცია სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ცალმხრივად მიღებული და, მე ვიტყოდი, დისკრიმინაციული გადაწყვეტილების გამო სრულყოფილად აისახა ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამ საკითხზე იმსჯელა უშიშროების საბჭომაც.
ჩემი კომენტარი კი ძალიან მოკლედ ასეთია: სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციის პროექტით გათვალისწინებული რეჟიმი დისკრიმინაციულია (ვიმეორებ ამ სიტყვას, რომ კარგად დავიხსომოთ) საქართველოს მოქალაქეების მიმართ. მისი მთელი რიგი დებულებები აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებს, მაგალითად, ზოგიერთ მონაკვეთზე საზღვრის თვითნებური გახსნა საქართველოს თანხმობის გარეშე. თუ ასე მოხდა, ჩვენც იძულებული ვიქნებით, გავხსნათ საზღვარი ჩვენს მოსაზღვრე რეგიონებთან, რაც რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება. უფრო სწორად, რუსეთი დაინტერესებულია, საზღვარი მტკიცედ იყოს დაცული ორივე მხრიდან.
იმედი ვიქონიოთ, რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა არ დაუშვებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ბარიერების აღმართვას. ცოტა დრო კიდევ დაგვჭირდება, რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ, რა საპასუხო ზომები მოჰყვება საქართველოდან, თუ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ შევა ძალაში.
- ყველა სირთულის მიუხედავად, საქართველო ვითარდება, რისი დადასტურებაცაა შესანიშნავი პროექტი, რომელსაც ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილის ჯგუფთან ერთად ახორციელებენ მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანიები და ინსტიტუტები. გასულ კვირას თქვენ მიიღეთ იტალიის დელეგაცია, რომელიც საგურამოს სასტენდო კომპლექსით დაინტერესდა.
- იტალიის დელეგაცია მართლაც ძალზე წარმომადგენლობითი იყო. საკმარისია ითქვას, რომ საქართველოს ეწვივნენ ხელმძღვანელები, მათ შორის, პრეზიდენტები, პირველი პირები ისეთი კომპანიებისა, როგორიცაა „ლენია აეროსპაციო“, „ჩირა“, „გაბროლი“, აგრეთვე, უმაღლესი კლასის ექსპერტები და სპეციალისტები.
ჩვენი შეხვედრა თებერვლიდან მზადდება.
სწორედ თებერვალში, რომში, საქართველომ, იტალიამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს ათწლიან კონტრაქტს ქართული კოსმოსური ანტენის ბაზაზე ახალი თაობის სატელეკომუნიკაციო კოსმოსური თანამგზავრის შექმნის შესახებ. სამი ქვეყანა 2001 წლის შემოდგომისათვის შექმნის და მსოფლიო ბაზარზე გაიტანს სრულიად ახალი თაობის კოსმოსურ სატელეკომუნიკაციო თანამგზავრს.
კოოპერაცია ამ სფეროში აუცილებელია, ვინაიდან საკმარისი არ არის მაღალტექნოლოგიური სისტემის შექმნა - აუცილებელია მისი შეთავსება და დანერგვა სხვა კომპლექსურ სისტემებში.
იმავე შეხვედრაზე განვიხილეთ კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის უნიკალური სასტენდო კომპლექსის მოდერნიზაციის გეგმა, რის შედეგადაც იგი საერთო-ევროპული მოხმარების ბაზად იქცევა. საგურამოს კომპლექსმა დიდად განაპირობა საქართველოს წარმატებანი კოსმოსურ ტექნოლოგიათა განვითარებაში.
იმავდროულად, იტალიელები დიდად დაინტერესდნენ ახალი „აბრეშუმის გზის“ ერთიანი კოსმოსური სატელეკომუნიკაციო სისტემის შექმნით, რომელშიც, მათი აზრით, მთლიანად უნდა აისახოს ქართულ კოსმოსურ ტექნოლოგიათა მიღწევები.
რა თქმა უნდა, ეს ყოველივე გულისხმობს აქტიურ თანამშრომლობას რუსეთის კოროლიოვის სახელობის სახელგანთქმულ კორპორაცია „ენერგიასთან“ და ამერიკის შეერთებული შტატების ძალზე ავტორიტეტულ წრეებთან, რომელთაც აკადემიკოსი საგდეევი წარმოადგენს. ესე იგი, ეს არის „აბრეშუმის გზის“ სრულიად ახალი განზომილება - კოსმოსიდან და კოსმოსურ ტექნოლოგიათა მეშვეობით, სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფა.
მას შემდეგ, რაც იტალიელებმა საგურამოს სასტენდო კომპლექსი მოინახულეს, მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს რწმენა, რომ ეს პროექტი უეჭველად წარმატებით განხორციელდება. და ამ საქმეში საქართველოს ყველა უწყება მხარში უნდა ამოუდგეს ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილსა და მის კოლეგებს.
- საქართველოს სტუდენტობისადმი მიმართვაში თქვენ აღნიშნეთ, რომ სახელმწიფო ყველაფერს იღონებს მათი პრობლემების გადასაწყვეტად. რა არის გათვალისწინებული კონკრეტულად მომავალ წელს შესაბამისი პროგრამით?
- სამწუხაროდ, ყველაფერი ვერა, მაგრამ ზოგიერთი რამ გვარდება. მკაცრი და დაძაბული ბიუჯეტის მიუხედავად, ჩვენ მაინც გამოვძებნეთ სახსრები, პარლამენტში დღეს გაიგზავნება ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი, წარჩინებული სტუდენტებისა და ასპირანტებისათვის სტიპენდიების დასანიშნად. ეს არც ისე მცირე თანხაა - დაახლოებით 600-700 ათასი ლარია ერთი წლის განმავლობაში. თუმცა, მომავალ წელს, ინტენსიურად ვიმუშავებთ საიმისოდ, რომ ყველა სტუდენტს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ და გამოვძებნოთ დამატებითი საშუალებანი. ეს ჩვენი ქვეყნის მართლაც „ოქროს ფონდია“, რომელსაც თვალისჩინივით გავუფრთხილდებით და მომავალ საქართველოს შევუნარჩუნებთ. „სტუდენტის დღესთან“ დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვუსურვებ მათ წარმატებას სწავლაში, სტუდენტურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე და დიდ მადლობას მოვახსენებ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ხელისუფლება გრძნობს სტუდენტობის აბსოლუტური უმრავლესობისაგან.
- გასულ კვირას გაიხსნა რუსთაველის საზოგადოების ახალი ოფისი. რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ეს ფაქტი?
- ჩემთვის საამაყო და ძალზე სასიხარულოა, რომ პირადად დავესწარი რუსთაველის პროსპექტზე, რუსთაველის სახელობის საზოგადოების ახალი ოფისის გახსნას, რომლის რეკონსტრუქციასა და სათანადოდ გაფორმებას, მის კეთილმოწყობას, უდიდესი ენერგია შეალია შესანიშნავმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა, ბატონმა მურმან ლებანიძემ. რა თქმა უნდა, დაეხმარნენ ხელისუფლება, ქალაქის მერია, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, მაგრამ მისი ინიციატივის გარეშე ეს არ მოხერხდებოდა.
ვფიქრობ, ეს შენობა, ყველა თვალსაზრისით, დიდი რუსთაველის საკადრისია. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახალ შენობაში გადავეცი რუსთაველის და სახელმწიფო პრემიები ახალ ლაურეატებს, რომელთაც კვლავაც ვუსურვებ დიდ შემოქმედებითს წარმატებებს.
- გასულ კვირას სტამბოლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა...
- საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ნაკრებებმა მართლაც ძალზე წარმატებით იასპარეზეს. ქალებმა მეორე ადგილი მოიპოვეს, ხოლო ვაჟებმა - მეექვსე. და ეს იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო საჭადრაკო გრანდებთან უწევდათ შეჯიბრი. თანაც, შედეგი უკეთესია, ვიდრე წინა - ელისტის ოლიმპიადაზე. მე მათ აუცილებლად შევხვდები და ქვეყნის სახელით პირადად ვეტყვი მადლობას იმ შემართებისათვის, რომელიც გამოამჟღავნეს ოლიმპიურ ასპარეზობაზე. მით უმეტეს, რომ წინ კვლავ დიდი ასპარეზობანი ელით.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური - საქინფორმი.
„ყველა, ვინც ქვეყანას ძარცვავდა და ამით გაჭირვებაში მყოფ სამშობლოს ღალატობდა, პასუხს აგებს კანონის მთელი სამართლიანი სიმკაცრით“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 20 ნოემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 21 ნოემბერი. - №306 (3707) - 1, 2 გვ.
![]() |
102 მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის ზეიმის - „გიორგობა საქართველოში“ მონაწილეებს |
▲back to top |
ჩემო მეგობრებო, ჩემო სეხნიებო,
გიორგობა უნდა მოგილოცოთ, ამ კარგი ზეიმის ყოველ მონაწილეს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მაინც მათ, ვისაც გიორგი ჰქვია, უძველესი ქართული სახელი, რომელიც მიუხედავად უცხო წარმომავლობისა, მართლაც, ძალიან უკავშირდება ჩვენს ქვეყანას.
ყოველივე კარგს გისურვებთ. ამაღლებულიყოს და გაძლიერებულიყოს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, საქართველო, გეორგიანთა მიწა.
დაე, ყოველ გიორგის ქვეყნისათვის მსახურებით დაემტკიცებინოს, რომ იგი ღირსია ამ სახელისა.
წმინდა გიორგი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.
პატივისცემით,
ედუარდ-გიორგი შევარდნაძე.
მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის ზეიმის - „გიორგობა საქართველოში“ მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 22 ნოემბერი. - №307 (3708) - 1 გვ.
![]() |
103 ოთარ ლორთქიფანიძეს |
▲back to top |
ბატონო ოთარ,
გულწრფელად გილოცავთ სამშობლოს მაღალ ჯილდოს, დიდ მეცნიერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღიარებულ მკვლევარს, კვლავ ბევრი სიხარული მიგენიჭებინოთ მშობლიური ხალხისათვის.
თქვენი ედუარდ შევარდნაძე.
24.XI.2000 წელი
ოთარ ლორთქიფანიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 25 ნოემბერი. - №309 (3711) - 1 გვ.
![]() |
104 „დღევანდელი საქართველო ქვეყნის მოსახლეობის მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნების, მოთმინების, უდიდესი სულგრძელობისა და შორსმჭვრეტელობის შედეგად გადარჩა“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
27 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- ამ ბოლო ხანს საინტერესო დამთხვევა ხდება ჩვენს საზოგადოებაში, ვგულისხმობ განცხადებებს, გარკვეულ ქმედებებს, არჩევნებისათვის მზადებას... მიზანმიმართულად ვრცელდება ჭორები, მათ შორის პრეზიდენტის შესახებ, თითქოს იგი გასულ კვირას ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ყოველივე ეს. თანაც, სწორედ დღევანდელ ვითარებაში იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომელშიც საქართველო ცხოვრობს? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- შეკითხვა სავსებით ბუნებრივია და მართებული, ვინაიდან ზოგჯერ ნამდვილად იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ზოგიერთებს ვერაფერი ასწავლა იმ მწარე მაგალითმა და გაკვეთილებმა, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ რომ ჩაგვიტარა ბედმა და ისტორიამ.
ბატონ ჭაბუას დავესესხები. მისი შესანიშნავი რომანის ერთ-ერთი გმირი იტყოდა ასეთ შემთხვევაში: „ყველაფერი ერთმანეთს ჰგავსო“. მართლაც, ძალიან საეჭვოდ ჰგავს და ემთხვევა ერთმანეთს სხვადასხვა პროცესი თუ ტენდენცია. საოცარ კავშირებსა და დამოკიდებულებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
განსაკუთრებით ნიშანდობლივად მეჩვენა ის ჭორი, რომელმაც გასულ კვირას გაიჟღერა ტელეეკრანიდან და რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, თითქოს პრეზიდენტმა საიდუმლოდ (ძალიან საინტერესოა!) დატოვა ქვეყანა, შემდეგ ისევ დაბრუნდა თუ აღარ დაბრუნდა და სხვა. სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა. ოღონდ მე ჟურნალისტებს არ ვადანაშაულებ. სენსაციურობისადმი სწრაფვა შეიძლება გარკვეულწილად ნორმალურიც იყოს, თუ გონიერების ზღვარს არ სცილდება. მაგრამ უფრო მეტად საინტერესოა ის პირველწყარო ან ის დამკვეთი, რომელმაც ეს ჭორი შემოაგდო და ფარული სურვილიც გამოამჟღავნა. ესეც გამოვლინდება.
ამაზე უთქვამს ქართველ კაცს: „მანამდე გვერდები არ აუდგათო“, სანამ პრეზიდენტის გაქცევას ვერ მოესწრონ.
ასე რომ, სულ ტყუილად ირჯებიან იმ საფარში, სადაც იმალებიან. მზის სინათლეზე იშვიათად ჩანან, უფრო ღამით ამჯობინებენ მოქმედებას, რადგან მშვენივრად იციან: როგორც უნდა უჭირდეს ჩვენს მოსახლეობას, რა გულისტკივილითაც უნდა გამოთქვამდეს საყვედურს, ხშირად სამართლიან საყვედურს ხელისუფლების მიმართ ამა თუ იმ პრობლემის ხანგრძლივი გადაუწყვეტელობის გამო, გამორიცხულია იმათ დაუჯეროს და იმათ გაჰყვეს, ვინც ასე უმოწყალოდ და უსინდისოდ ისარგებლა ჩვენი ხალხის კეთილშობილი სულისკვეთებით ამ რამდენიმე წლის წინათ.
„ხალხი ბრძენიაო“ - ესეც ჩვენში უთქვამთ. იგი იმ ბრალდებათა უსამართლობასაც ზუსტად ჩასწვდება, რატომღაც, აგრეთვე, სწორედ ამ ბოლო დროს რომ აჟღერდა სხვადასხვა ტონალობაში.
გახსოვთ, ზოგიერთი წინასწარმეტყველებდა კიდეც, მოიცადეთ შემოდგომამდე, შემოდგომაზე რაღაც მოხდებაო, - რასაც ფიქრობდნენ, ის წამოსცდათ.
თანაც, ამ უსამართლო, გულსატკენ ბრალდებათა ავტორები (თუ ორგანიზატორები) სკანდალის ასატეხად ისევ და ისევ ხალხის კეთილშობილებას და ზოგჯერ გულუბრყვილობას იყენებენ.
რასაკვირველია, ძალიან განვიცდი იმას, რაც ამჟამად ხდება ქვეყანაში და საზოგადოებაში. მით უმეტეს, როდესაც, მრავალი სირთულის მიუხედავად, ჩვენ შევძელით მთავარი: რამდენიმე წელიწადში დავაფუძნეთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი ქართული სახელმწიფო.
ეს დღეს, არცთუ უსაფუძვლოდ, ბუნებრივად, ლოგიკურად აღიქმება მოსახლეობის მიერ.
არადა, როგორც ერთხელ ვთქვი, „ნანგრევები არ იყო საუკეთესო მასალა მშენებლობისათვის“. ამდენად, სრულებითაც არ ყოფილა „ისტორიულად გადაწყვეტილი“, ვთქვათ, 1992 ან თუნდაც 1994 წელს, რომ ექვსი წლის შემდეგ ქართული სახელმწიფო იარსებებდა, რომ მას უამრავი მეგობარი ეყოლებოდა მთელ მსოფლიოში, რომლებიც სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული საქართველოს დამოუკიდებელი და თავისუფალი განვითარებით, გლობალური მნიშვნელობის პროექტებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობით. რომ საქართველო შესძლებდა კრიმინალური ანარქიის დაძლევას, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, ეროვნული ვალუტის შემოღებასა და შენარჩუნებას (გახსოვთ, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის სავალუტო ზონაში შესვლასაც კი გვიწინასწარმეტყველებდნენ).
„თავისით“ სრულებითაც „არ მოსულა“ ის, რომ საქართველოს დღეს უკვე აქვს ნათელი პერსპექტივა და ყოველმხრივი, კერძოდ, ეკონომიკური განვითარების კონკრეტული პროგრამა.
სხვა საქმეა, რომ ამ პროგრამების განხორციელებას ყოველთვის უზადოდ ვერ ვახერხებთ, ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი გვიშლის ხელს, მათ შორის, კორუფცია, რესურსების ნაკლებობა და ასე შემდეგ. მაგრამ პერსპექტივა ხომ არსებობს? არ შემიძლია კვლავ და კვლავ არ გავიხსენო ის საშინელი, ავადმყოფური აზრი (თუ არც კი ვიცი, რა დავარქვა), რომელიც საქართველოში დამხვდა რვა წლის წინათ და სულით ხორცამდე შემძრა: „ხომ არ დაბერდა ქართველი ერი, ხომ არ დასრულდა ჩვენი ისტორია?!“. ხშირად გაისმოდა ეს ფრაზა.
დღეს ძალიან ბევრი რამ სტკივა საქართველოს, მაგრამ იმას მაინც ვერავინ უარყოფს, რომ ქვეყანას პერსპექტივა აქვს. ეს არის ჩვენი მთავარი გამარჯვება!
ხომ არასდროს მითქვამს, რომ მხოლოდ ჩემი დამსახურებაა, თუმცა, ისევ და ისევ ჩემი ხალხის სიბრძნისა და სამართლიანობის, თანამოაზრეთა იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ შეცდება და არც ერთ პროვოკატორს არ მისცემს საშუალებას ქვეყანა სწორი გზიდან უფსკრულში გადაჩეხოს.
დღევანდელი საქართველო ქვეყნის მოსახლეობის მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნების, მოთმინების, უდიდესი სულგრძელობისა და შორსმჭვრეტელობის შედეგად გადარჩა და მიუახლოვდა იმ ეტაპს, როდესაც რეალურად იწყება აღმავლობის, გაერთიანების, გამთლიანების, ქვეყნის გაძლიერებისა და აღორძინების პროცესი.
ამასთანავე, არ შემიძლია იმათზეც არ ვთქვა ორიოდე სიტყვა, ვინც ცდილობს, ისარგებლოს შექმნილი ვითარებით.
რადიომსმენელსა და მკითხველს ალბათ ახსოვს: ჯერ კიდევ 1993 წელს, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ვთქვი დაუფარავად: აივსო-მეთქი, უცხო ქვეყნის აგენტურით საქართველო.
სამწუხაროდ, მას შემდეგ ვითარება მცირედ თუ შეიცვალა. შეიძლება, - უარესობისკენაც.
ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვისაც არაფრად უღირთ (ან იქნებ, კონკრეტულად მათ ბევრადაც უღირთ) ამდენი სისხლი და უბედურება, კვლავაც გამოძვრნენ სოროებიდან და ისევ ცდილობენ „მართვადი ქაოსის“ კალოს დატრიალებას.
საქმე ის როდი გახლავთ, აქვთ თუ არა მათ სათანადო დოკუმენტაცია, გაფორმებული როგორც აგენტებზე და სხვა სახელმწიფოს, სხვა ძალის წარმომადგენლებზე. ეს ყველაფერი მათი მოქმედებითა და სურვილებით გამოიხატება.
თანაც, ხშირად თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში და ეს მხოლოდ სახელმწიფოს ან სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ბრალი არ არის - აქ საზოგადოებამაც უნდა თქვას თავისი ღირსეული სიტყვა.
ისევ ვუბრუნდები „საზოგადოებრივი თანხმობისა და ეროვნული შერიგების თემას“. ზოგიერთმა ისე გაიგო, თითქოს ჩვენი მოწოდება „შერიგებისა და თანხმობის“ თაობაზე ეხებოდა მხოლოდ, ეგრეთ წოდებულ, „ზვიადისტებს“ და იმ დაპირისპირებას, რაც ადრე არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში.
სინამდვილეში, „თანხმობა“ და „ეროვნული მთლიანობა“ იმას ნიშნავს, რომ ყოველი ქართველი, საქართველოს ყველა მოქალაქე (განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა) უნდა გაერთიანდეს რამდენიმე უზენაესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალის გარშემო. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა, პიროვნებისა და მოქალაქის თავისუფლება, წინაპართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, აღორძინება.
ეროვნული შერიგება და საზოგადოებრივი თანხმობა გულისხმობს საერთო-სახელმწიფოებრივ სულისკვეთებას, რაც სრულებითაც არ ნიშნავს ერთაზროვნებას.
ქვეყანა, რომელიც ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ, სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება.
- გასულ კვირას პარლამენტში აქტიურად განიხილეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხი. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ 5 დეკემბერს ამ რეჟიმის ამოქმედება გარდაუვალია?
- ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომ რუსეთის მხარე სამი თვით გადაავადებს ამ რეჟიმის ამოქმედებას რუსეთში დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.
აქ, როგორც ჩანს, გარკვეული როლი შეასრულა იმ სავსებით სამართლიანმა და პრინციპულმა პოზიციამ, რომელიც საქართველომ დაიკავა, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტმა, პარლამენტმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთელმა საზოგადოებამ.
ამასთან, არ შემიძლია ისიც არ ვთქვა, რომ თვით რუსეთიც არ იყო ამ რეჟიმისათვის მზად. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აქ სამხედრო სამსახურში არიან, მათი ოჯახის წევრები და სხვები, ვიზის გარეშე 5 დეკემბრიდან საქართველოში ვეღარ შემოვიდოდნენ და სხვა ჩვენზე არანაკლები პრობლემა. გარკვეული ადაპტაციის პერიოდი ორივე მხარისათვის საჭიროა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი საერთოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან.
დღეს იქნება თუ სამი თვის შემდეგ, ბევრი რამის გარკვევა მოგვიწევს ჩვენს დიდ მეზობელთან - შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ღირსება, დიდი ტრაგედია არ დატრიალდება, დარწმუნებული ვარ, გამოსავალს მოვძებნით.
- პარლამენტის „მოქალაქეთა კავშირის“ ფრაქციის ლიდერის სამუშაო კაბინეტში სავენტილაციო მილის გაწმენდის დროს აღმოაჩინეს მოსასმენი აპარატურა. მოგვიანებით ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც გაკეთდა...
- ამგვარი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება ნამდვილად არ შეიძლება. მე არ ვიცი, სინამდვილეში, ეს მოსასმენი აპარატი იყო, თუ რაღაც სათამაშო ნივთი, ყოველ შემთხვევაში, - პროვოკაციაა, ვისგანაც უნდა მოდიოდეს. შესაბამის სამსახურებს ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.
თუ რაიმე საეჭვოა ან პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს, შეიძლება ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევა. ამ პროცესში სამთავრობო დაცვის სამსახურთან ერთად უნდა ჩაერთონ უშიშროების სამინისტრო, პროკურატურა, სხვა სტრუქტურებიც. არ გამოვრიცხავ უცხოელი სპეციალისტების მოწვევასაც, რათა ზუსტად დავადგინოთ, რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე.
თუ რაღაც სათამაშოა, ამაზეც უნდა იყოს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ეს არ არის სერიოზული მოსასმენი აპარატი, არამედ ეს არის სწორედ საპროვოკაციოდ გამიზნული სათამაშო.
- ნოემბერში აღინიშნება როგორც პოლიციის, ასევე უშიშროების ორგანოების მუშაკთა დღე. ეს უკვე გარკვეულ ტრადიციადაც იქცა. რას ეტყოდით საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს?
- ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სპეცსამსახური ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძალიან ფაქიზი ინსტიტუტია. ყველაზე მეტად ჩვენ თვითონ დავრწმუნდით, რას ნიშნავს, როცა ეს სამსახური საიმედოდ არ მოქმედებს და არ მუშაობს.
ცნობილი ქარტეხილების შემდეგ, საქართველოს უშიშროების სამინისტრომ ახალი ხელმძღვანელობის ძალისხმევით შეძლო დაეკავებინა ღირსეული ადგილი ჩვენი სახელმწიფოს სტრუქტურაში და იგი ბევრს აკეთებს ქვეყნის უშიშროების უზრუნველსაყოფად.
მეგობარი სახელმწიფოების დახმარებით შეიქმნა ანტიტერორისტული ცენტრი (ეს ნამდვილად დიდი მონაპოვარია), რომლის მეშვეობითაც საქართველოს სპეცსამსახური, ჩვენი რეგიონის დღევანდელი და სამომავლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად ჩამოყალიბდება.
მჯერა, სამინისტრო ღირსეულ სიტყვას იტყვის (და ამბობს კიდეც) კონტრაბანდისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისითაც, რაც სახელმწიფოს მისცემს საშუალებას ყოველმხრივ უზრუნველყოს სამინისტროს თანამშრომლები, შეუქმნას მათ შრომის ღირსეული პირობები.
სირთულე და პრობლემა მრავალია, მაგრამ პროფესიული ზეიმის დღეს მინდა წარმატება ვუსურვო სამინისტროს ყველა თანამშრომელს. მათ ნამდვილად შესწევთ უნარი, საქართველოს სპეცსამსახური აქციონ ცივილიზებულ, მკაცრ საზოგადოებრივ და დემოკრატიულ კონტროლს დაქვემდებარებულ ძალად, რომელიც მტკიცედ დაიცავს საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფალი მოქალაქის ღირსებას.
- გასულ კვირას, დაძაბული დისკუსიის შემდეგ, საქართველოს პროფკავშირებმა თავიანთ ხელმძღვანელად კვლავ აირჩიეს ირაკლი ტუღუში. როგორ აფასებთ პროფკავშირების როლს დღევანდელ ვითარებაში?
- ქმედითი და ძლიერი პროფესიული კავშირების არსებობა დემოკრატიული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ყოვლად აუცილებელი პირობაა.
ამასთანავე, საქართველოს პროფკავშირთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან მწვავე და პრინციპული კრიტიკის მიუხედავად, მთელი ამ წლების განმავლობაში მათ არ გადაუდგამთ ისეთი ნაბიჯი, ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფოებრივ ინტერესებს რომ დააზარალებდა.
ჩვენი მხრივ, მზად ვართ პროფესიულ კავშირებთან აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის. ვულოცავ ბატონ ირაკლი ტუღუშს იმ მხარდაჭერასა და ნდობას, რაც კოლეგებისაგან მოიპოვა და ვუსურვებ წარმატებას ამ ურთულეს ასპარეზზე.
პროფესიული კავშირები დაეხმარებიან ახალგაზრდა, დემოკრატიულ ქართულ სახელმწიფოს, რათა უმოკლეს ვადებში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი თანამოქმედების მექანიზმი დაქირავებულსა და დამქირავებელს, ბიზნესმენსა და სპეციალისტს შორის და ასე შემდეგ.
სახელმწიფო კი პროფკავშირების აქტიური მონაწილეობით იზრუნებს საერთო სოციალური ფონის გაჯანსაღებისათვის.
აქვე ვიტყვი, რომ 28 ნოემბერს, ჩემი თავმჯდომარეობით, გაიმართება „საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ეროვნული პროგრამის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის“ პირველი სხდომა.
ფაქტობრივად, ძირითადი პარამეტრები უკვე დამუშავებულია, წარმოდგენილია და ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო ღონისძიება იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.
ჩვენთან ერთად ამ პროგრამას ამუშავებდნენ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, საფინანსო ცენტრები, როგორიც არის - მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტები და სხვები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მასმედია დაინტერესდება ამ შეხვედრით.
- პირველ დეკემბერს მინსკში გაიმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომა. გაემგზავრებით თუ არა სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში შეიქმნა?
- მე ამ დღეებში მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუმცა, ზოგადად იმასაც მკაფიოდ ვაცხადებ, რომ საქართველო კვლავაც ითანამშრომლებს მეგობარ ქვეყნებთან როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ თანამეგობრობა (ეს უკვე აღიარებული ჭეშმარიტებაა) სერიოზულად შესუსტდა, კერძოდ, თუნდაც სავიზო რეჟიმის შემოღების ფონზე და მრავალი სხვა გადაწყვეტილების გამო. მიუხედავად ამისა, იქ არიან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები, რომლებთანაც უნდა ვითანამშრომლოთ.
ამასთანავე, ჩემთვის სრულებითაც არ არის მეორეხარისხოვანი ის გარემოება, რომ სამიტი სწორედ მინსკში იმართება.
მე უდიდეს პატივს ვცემ ბელორუს ხალხს და იმ შესანიშნავ ტრადიციებს, საქართველოს ამ ქვეყანასთან, ამ ხალხთან რომ აკავშირებს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბელორუსიის ყოველი მეოთხე მოქალაქე შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველომაც უდიდესი ზარალი განიცადა, ესეც საყოველთაოდ ცნობილია.
იმავდროულად, ათიათასობით ქართველი, სხვა მოძმე ხალხთა წარმომადგენლებთან ერთად, საბჭოთა არმიისა თუ პარტიზანული რაზმების შემადგენლობაში იბრძოდა ამ მიწა-წყლის განთავისუფლებისათვის, დასაცავად იმ შავბნელი ძალისაგან, რომელმაც, საზარელი გენოციდი მოაწყო მშვენიერ ბელორუსიაში მეორე მსოფლიო ომის დროს.
აქ არის, აგრეთვე, პიროვნული მომენტიც - ბელორუსიაშია ომში დაღუპული ჩემი ძმის საფლავი, რასაც პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
- წინა კვირას აზერბაიჯანში, ბაქოში მოხდა მიწისძვრა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა...
- მე გულწრფელი სამძიმარი გავუგზავნე პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს, მთელ აზერბაიჯანელ ხალხს ბაქოში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
კიდევ ერთხელ გამოვთქვამ საქართველოს მოქალაქეთა გულისტკივილს ამ ტრაგედიის გამო და როგორც ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტს განვუცხადეთ, მზად ვართ, თუ რამე არის საჭირო, ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ მივხედოთ ადამიანებს, რომელთაც ჯანმრთელობა დაუზიანდათ.
საქინფორმი.
„დღევანდელი საქართველო ქვეყნის მოსახლეობის მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნების, მოთმინების, უდიდესი სულგრძელობისა და შორსმჭვრეტელობის შედეგად გადარჩა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 27 ნოემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 28 ნოემბერი. - №311 (3712) - 1, 2 გვ.
![]() |
105 ლილი გეგელიას ოჯახს |
▲back to top |
სამძიმარი
დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა ქართული ესტრადის ჭეშმარიტი ვარსკვლავი ქალბატონი ლილი გეგელია. მან, როგორც შემოქმედმა, დიდი როლი ითამაშა ქართული საესტრადო სიმღერის განვითარებაში, მსმენელის გემოვნების ჩამოყალიბებაში.
ისიც სათქმელია და მეტად მნიშვნელოვანი, რომ ქალბატონმა ლილიმ თავისი სიმღერით გაარღვია ამ სფეროში საბჭოთა დოგმების კარჩაკეტილი სივრცე.
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი.
ედუარდ შევარდნაძე.
ლილი გეგელიას ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 29 ნოემბერი. - №312 (3713) - 1 გვ.
![]() |
106 ოთარ ჩხეიძეს, დაბადების ოთხმოც წელთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ოთარ,
დაბადების დღეს გილოცავთ დიდ ქართველ მწერალსა და ჩვენი დროის პირუთვნელ მემატიანეს...
თქვენი პროზა, თქვენი დრამატურგია, თქვენი შემოქმედება ის საოცარი სამყაროა, რომელშიც კარის შეღების შემდეგ თვალნათლივ გრძნობ რა არის საქართველო და ქართველი კაცი მთელი თავისი ამაღლებითა და დაცემით.
ძნელია ამ სამყაროში შესვლა, რადგან იგი არაა შექმნილი მსუბუქი გართობისათვის და მკითხველისაგან დიდ სიწრფელესა და იმ ტკივილთა თანაგანცდას მოითხოვს, რითაც იწერებოდა თქვენი ყოველი სიტყვა, მაგრამ როდესაც გასაღებს მოარგებ, ამ მხატვრულ სამყაროს, მაშინ დიდ ჯილდოს ღებულობ, დიდ შემოქმედთან და დიდ შემოქმედებასთან შეხვედრის საოცარ განცდას.
მადლობას მოგახსენებთ ამ ყოველივესთვის, ბატონო ოთარ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ოთარ ჩხეიძეს, დაბადების ოთხმოც წელთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 29 ნოემბერი. - №312 (3713) - 1 გვ.
![]() |
107 ზურაბ კუხიანიძეს დაბადების სამოცდაათ წელთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ზურაბ,
დაბადების სამოცდაათ წელს გილოცავთ შესანიშნავ ქართველ მწერალს - პოეტს, პროზაიკოსს, მთარგმნელს...
ჩემი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა თქვენი, როგორც ქვეყნის ერთგული შვილის, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობაც.
სამოცდაათი წელი მწერლისთვის ბევრი არაა და მე საფუძვლიანი იმედი მაქვს, რომ მკითხველს კვლავ არაერთხელ გაახარებთ თქვენი ნაწარმოებებით.
ბევრი რამ არის ღირსახსოვარი ჩვენი მრავალი წლის ურთიერთობებიდან.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ზურაბ კუხიანიძეს დაბადების სამოცდაათ წელთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 30 ნოემბერი. - №313 (3714) - 1 გვ.
![]() |
108 „თუ რუსეთი, საგანგებო, ანუ ცივილიზებულ სახელმწიფოთა ურთიერთობაში მიუღებელ ზომებს განახორციელებს, ჩვენ დაგვჭირდება საგანგებო შეკრება, მოვეთათბირებით მოსახლეობას, თუმცა, ვფიქრობ, საქმე აქამდე არ მივა“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
4 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ალბათ, უდავოდ მინსკში გამართული სამიტი იყო, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, რაიმე გადაწყვეტილება არ მოჰყოლია. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები თანამეგობრობის ქვეყნების პრეზიდენტებთან. სამიტის შემდეგ ჩვენს საზოგადოებაში კვლავაც მუსირებს აზრი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სრული უსარგებლობის თაობაზე. ამ აზრს ადასტურებს თუნდაც ის, რომ ძალიან ხშირად ირღვევა შეთანხმებანი: სავიზო რეჟიმი, წყდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოწოდება. გარდა ამისა, თქვენ უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმასაც შეხვდით, რომლის წინააღმდეგაც დაწყებულია გარკვეული მოძრაობები... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეხედულება ნაწილობრივ უკვე გამოვთქვი რამდენიმე პრესკონფერენციასა თუ ბრიფინგზე, მასმედიის მხრივ ყურადღებაც ადეკვატური იყო, მაინც აუცილებლად მიმაჩნია ზოგიერთი კომენტარი.
არ დავმალავ: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა მინსკის სამიტი ჩვენი ქვეყნისათვის დიდი სარგებლობის მომტანი არ ყოფილა.
რაიმე კარდინალური გადაწყვეტილებაც არ მიგვიღია. აფხაზეთის საკითხი დღის წესრიგში წინასწარ იყო შეტანილი, მაგრამ ჩვენ თვითონ უარი განვაცხადეთ მის განხილვაზე, რადგან არავითარი ახალი ელემენტი გათვალისწინებული არ ყოფილა. თუმცა, მინსკში გამგზავრება მაინც აუცილებლად მიმაჩნდა, თუნდაც რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად, რათა გაგვერკვია ზოგიერთი რთული საკითხი და ერთობლივად შეგვემუშავებინა სამომავლო პროგრამა.
გულუბრყვილობა იქნებოდა იმის იმედად ყოფნა, რომ ამ ერთი შეხვედრით დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნებოდა სავიზო რეჟიმის საკითხი. მაგრამ მინსკში გამართული დიალოგი თუ დისკუსია, ჩემი აზრით, მაინც სასარგებლო იყო, ვინაიდან საუბარი ძალზე გულახდილი გამოდგა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბოლომდე გაიხსნა ფრჩხილები და ორმხრივად დაზუსტდა ყველა პოზიცია. არის თუ არა მათ შორის ყველა პოზიცია მისაღები, ეს სხვა საკითხია.
ასევე საინტერესო გახლდათ მრავალმხრივი შეხვედრები როგორც დახურულ კარს მიღმა, ისე გაფართოებული შემადგენლობით.
განვიხილეთ თითქმის ყველა საჭირბოროტო საკითხი. მათ შორის, არცთუ იოლი საუბარი გაიმართა იმ მიზეზთა თაობაზე, რომელთა გამოც მხოლოდ საქართველოს მიმართ განხორციელდა სავიზო რეჟიმი, თანაც, გარკვეულ ნაწილში, დისკრიმინაციული ელემენტებით.
ჩემთვის არ დაუმალავთ, რომ პრობლემის სათავე უკავშირდება საქართველოს უარს, გაეტარებინა თავის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩეჩნეთის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად.
ამით საქართველო, ფაქტობრივად, საომარი პლაცდარმი გახდებოდა, რაც აუცილებლად გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებაში. გულუბრყვილობა იქნებოდა მეფიქრა, რომ ჩვენი თანამოქალაქენი, კერძოდ, ქისტები და არა მარტო ქისტები, გულგრილი დარჩებოდნენ ამ აქციის მიმართ. დაიწყებოდა სროლა, დაიღვრებოდა სისხლი და საქართველო, ფაქტობრივად, საომარი მოქმედების არენად გადაიქცეოდა.
ამდენად, მე კვლავ დავადასტურე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სხვა საქმეა, რომ შეიძლება ეს რუსეთისათვის უფრო ხელსაყრელი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქ არა მარტო ჩეჩნეთის პრობლემა დადგებოდა, არამედ გაჩნდებოდა პრობლემა სამომავლოდ ინგუშეთთან, დაღესტანთან, სხვა ხალხებთან ჩვენი ურთიერთობის თვალსაზრისით.
რაც შეეხება ზოგადად, ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში, კერძოდ, პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებს, შესაძლოა ზოგიერთი მიმართულებით მართლაც გვმართებს ძალისხმევის გაძლიერება და მეტი რესურსების მობილიზება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, აგრეთვე, დაღესტნისა და ინგუშეთის მონაკვეთებზე კონტროლის კიდევ უფრო გასამკაცრებლად.
აქვე შევნიშნავ, ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან, რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში ჩვენ პრობლემები არა გვაქვს, პირიქით, ხაზგასმული მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს.
საგულისხმოდ მეჩვენა, რომ, მაგალითად, ინგუშეთის პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა, და არა მარტო მან, უარყოფითად შეაფასა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება.
ვლადიმერ პუტინთან საუბრის ერთ-ერთ უმთავრეს შედეგად, შესაძლოა, კრიზისული მდგომარეობიდან ერთ-ერთ გამოსავლად მიმაჩნია ის, რომ ჩვენ შევთანხმდით, უარი ვთქვათ რუსეთ-საქართველოს შორის დიდი ხელშეკრულების აწ უკვე მოძველებულ ტექსტზე.
მოგეხსენებათ, 1994 წელს პარაფირებული ეს ხელშეკრულება ძალაში არც შესულა, ვინაიდან მისი რატიფიცირება ცალმხრივად მხოლოდ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა, ხოლო რუსეთის სათათბიროს ეს დღემდე არ გაუკეთებია.
პრეზიდენტი პუტინი ერთმნიშვნელოვნად დაეთანხმა ახალი, ყოვლისმომცველი ხელშეკრულების შემუშავების აუცილებლობას. ეს დოკუმენტი შეიძლება ერთი-ორი თვის განმავლობაში მომზადდეს და ხელი მოეწეროს უმაღლეს დონეზე მოსკოვში ან თბილისში.
დარწმუნებული ვარ, სავიზო რეჟიმიც იმ ძველ ხელშეკრულებას წაჰყვება ისტორიის წყვდიადში. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა თავად უწოდა მას დროებითი ღონისძიება.
საერთოდ, ესოდენ მკვეთრ და რადიკალურ, არცთუ კეთილისმყოფელ ნაბიჯს ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში, ბუნებრივად მოჰყვება, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, გარკვეული დაძაბულობა. ამდენად, ჩვენი ამოცანაა, არ გადავუხვიოთ იმ კურსს, რომლის საბოლოო მიზანია ჩვენს დიდ მეზობელთან - რუსეთთან კეთილმეზობლური, მეგობრული და, რაც მთავარია, ახლებურ პრინციპებზე, თანასწორუფლებიანობასა და ინტერესთა თანხვედრაზე დაფუძნებულ ურთიერთობათა აგება. დიდი ხელშეკრულება, რომელსაც მოვამზადებთ, სწორედ რუსეთთან ახალ ურთიერთობათა საფუძველი უნდა გახდეს.
იმედი გვაქვს, კოლეგები დაგვეთანხმებიან, რომ სტრატეგიული კომპრომისი შეიძლება მხოლოდ ორმხრივი იყოს.
ძალზე საყურადღებოდ მეჩვენა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ სავიზო რეჟიმმა არ უნდა შეუშალოს ხელი თანამშრომლობას იმ სფეროებში, სადაც ურთიერთობა ნორმალურად ვითარდება. მან ეს განაცხადა დახურულ კარს მიღმა, ჩემთან პირისპირ საუბრისას. იგივე დაადასტურა პრესკონფერენციაზეც. .ეს არის ვაჭრობა, ენერგეტიკა, მაღალი ტექნოლოგიები, მეცნიერება, კულტურა, საქმიანი წრეების ურთიერთობა და ასე შემდეგ.
თურქეთთან, მაგალითად, ჩვენ არა გვაქვს უვიზო რეჟიმი, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ ექმნებათ. არც ეს იქნება, ალბათ, დიდი ტრაგედია, თუ რუსეთის მთავრობა რაღაც დისკრიმინაციულ ზომებს არ მიმართავს.
- უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი, გარკვეულწილად, რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაცაა. თუ თურქეთში დავდივართ ვიზის მეშვეობით, რატომ არ უნდა იყოს იგივე რეჟიმი რუსეთთანაც?
- მინსკში გამართულ შეხვედრებზე მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, თუ მხედველობაში მივიღებთ თანამეგობრობის განვითარების ინტერესებს, ასევე, ორმხრივ ურთიერთობათა თვალსაზრისითაც. მაგრამ, ამავე დროს, არის იმის აღიარებაც, რომ საქართველო რაღაც განსაკუთრებულ სახელმწიფოთა რიცხვშია. ასე რომ, თქვენ მიერ ხსენებულ მოქალაქეთა მოსაზრებანი არცთუ უსაფუძვლოა.
ამასთანავე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტები ჩვენთვის ხელსაყრელია, ვინაიდან ასპარეზს უქმნის ორმხრივ შეხვედრებს.
მინსკში ყოფნისას ვესაუბრე თითქმის ყველა პრეზიდენტს, საფუძვლიანი განხილვები მქონდა აზერბაიჯანის, სომხეთის და უზბეკეთის პრეზიდენტებთან.
განსაკუთრებით გამოვყოფ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტთან ლეონიდ კუჩმასთან. იგი ჩვენი ქვეყნის გულწრფელი და დიდი მეგობარია. საუბრისას მან დაადასტურა, რომ სერიოზული გაჭირვებისა და დამანგრეველი ქარიშხლით გამოწვეული ზარალის მიუხედავად, უკრაინა მნიშვნელოვანი ოდენობით მოგვაწვდის სათესლე ხორბალს. დღევანდელ პირობებში ეს მართლაც ძმური მხარდაჭერის მაგალითია.
არ შემიძლია აქვე კმაყოფილებით არ აღვნიშნო, რომ არა მარტო საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ საზოგადოებამაც ძალიან ზუსტად შეაფასა და სწორად აღიქვა ის უბადრუკი პროვოკაცია, რომელიც ბატონ ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ განხორციელდა ქართული წარმომავლობის ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით.
საერთოდ, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ვერ დავეთანხმები მოწოდებებს თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ. ამ ორგანიზაციის ფარგლებში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მეგობარ სახელმწიფოებთან. ეს არ გამორიცხავს უახლოეს მომავალში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა გაძლიერებას. მაგალითად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაიგეგმოს სუუამის სამიტი კიევში უმაღლეს დონეზე, სავარაუდოდ, მარტში და სხვა.
ახლა, რაც შეეხება იმ სირთულეებს, ენერგეტიკის სფეროში რომ შეიქმნა. ეს მართლაც დამაფიქრებელია.
ისევე, როგორც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, აქაც ნაკლები ემოცია და მეტი გონიერება, წინდახედულება გვმართებს ყველას, მათ შორის, საზოგადოებასა და ხელისუფლებას, რათა არ დავკარგოთ ორიენტირები ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
ემოციებით სიტუაცია მხოლოდ კიდევ უფრო გართულდება.
პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმების შესაბამისად, მე ვთხოვე სახელმწიფო მინისტრს ბატონ გიორგი არსენიშვილს, მინისტრების ჯგუფთან ერთად გაემგზავროს მოსკოვში კონკრეტული მოლაპარაკების გასამართავად როგორც პრემიერ კასიანოვთან, ასევე ენერგოკომპანიების ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ამ ვიზიტისას ბევრი რამ საბოლოოდ გაირკვევა, მათ შორის, საკითხი ვალების რესტრუქტურიზაციის ან ურთიერთჩათვლის შესახებ. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ გაითიშა კავკასიონზე გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგამტარი, რომელიც გვაწვდის ელექტროენერგიას რუსეთიდან საქართველოში, მაგრამ, როდესაც ეს აცნობეს ბატონ ჩუბაისს, იგი ჩაერია საქმეში და ელექტროენერგიის მოწოდება აღდგა. ვფიქრობ, გაზთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს ხელოვნური ელფერი აქვს.
ამჟამად მოსკოვში თითქმის ნახევარი მთავრობა იმყოფება და, ვფიქრობ, მოლაპარაკების შედეგად ყველაფერი გაირკვევა. თუ რუსეთი საგანგებო, ანუ ცივილიზებულ სახელმწიფოთა ურთიერთობაში მიუღებელ ზომებს განახორციელებს, ჩვენ დაგვჭირდება საგანგებო შეკრება, მოვეთათბირებით მოსახლეობას, თუმცა, ვფიქრობ, საქმე აქამდე არ მივა.
სხვათა შორის, გართულება გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით აქვს ამერიკულ ფირმას „ეი-ი-ეს თელასს“ რომელსაც ედავებიან, რომ ძალზე იაფად იყიდა გაზი. შესყიდვა მოხდა კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა რუსეთსა და ამერიკულ ფირმას შორის. თუ იაფად იყიდა, ვფიქრობ, რუსული მხარე დათანხმდა ამას იმიტომ, რომ ღირებულების 60 პროცენტი „ეი-ი-ეს თელასმა“ წინასწარი გადახდის წესით გადაიხადა. კონტრაქტის დარღვევა ძალიან მტკივნეულად აღიქვეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ამბავი სხვა სახელმწიფოებშიც გახმაურდა. არა მგონია, რუსეთისთვის ხელსაყრელი იყოს ასეთი კონტრაქტების დარღვევა, ბიზნესმენებთან ასეთ მოქცევას სერიოზული სანქციები მოჰყვება ხოლმე. ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, ორ-სამ დღეში დაბრუნდება ჩვენი დელეგაცია და ზუსტ ანგარიშს მოვისმენთ.
- ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა მასშტაბისა და შინაარსის ექსცესთა საეჭვო თანხვედრა დროსა და სივრცეში. ენერგეტიკული კრიზისის პარალელურად, დასავლეთ საქართველოში აფეთქებენ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, აფხაზეთში გამოჩნდნენ საქართველოსადმი არცთუ კეთილგანწყობილი ჟურნალისტები, თბილისში იტაცებენ ესპანელ ბიზნესმენებს, ბაქოში კლავენ ჩვენი ქვეყნისა და აზერბაიჯანის მეგობარს ბატონ ჯონ ელვისს, უფრო ადრე კი, აღმოსავლეთ საქართველოში იტალიელ ჟურნალისტს ანტონიო რუსოს. უკიდურესად იძაბება ვითარება პანკისის ხეობაში. რას ნიშნავს ყოველივე ეს?
- დავიწყებ პანკისის ხეობაში შექმნილი მართლაც ძალზე რთული ვითარებით. მდგომარეობა დაძაბულია, მაგრამ იმედი მაქვს, ამ სირთულესაც დავძლევთ.
ყოველთვის მჯეროდა და კვლავაც მჯერა ქისტების, ჩვენი თანამემამულეების.
ისინი საქართველოს შვილები არიან და არ დაუშვებენ მოვლენათა შემდგომ განვითარებას იმ მიმართულებით, რაც ავისმოსურნეთ გაახარებს. ასეთი კი ძალიან ბევრია ქვეყნის შიგნით და, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ.
გუშინ გაიმართა შეხვედრა პანკისის უხუცესებს, მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. იქ ყველანი იყვნენ: ქისტებიც, დევნილი ჩეჩენი მოსახლეობის წარმომადგენლებიც, ქართველებიც. იყო მიტინგი და იყო სამუშაო შეხვედრა დარბაზში. მონაწილეობდნენ საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, აგრეთვე, სულხან მოლაშვილი, მოსახლეობის თხოვნით.
ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა არ მოხდეს გამოუსწორებელი შეცდომა, რომელსაც შთამომავლობა არ გვაპატიებს. მე როცა საგანგებო ზომებზე მოგახსენებთ, მხედველობაში მაქვს, რომ დაცული უნდა იყოს როგორც ქართული, ისე ქისტების სოფლები. უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს.
იმავდროულად, შეუძლებელია მართლაც არ შევნიშნოთ, რომ საგანგებო შემთხვევათა რიცხვი საეჭვოდ მატულობს. ერთგვარი ხელწერაც იგრძნობა და ეს ყოველივე საერთო ტენდენციაშიც ასე თუ ისე თავსდება.
ამდენად, განსაკუთრებული სიფხიზლე მართებთ იმ სტრუქტურებს, რომლებმაც კრიტიკულ ვითარებაში უნდა დაიცვან ქვეყანა სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის დივერსიებისაგან. ჩვენ გავიარეთ უმძიმესი ეტაპები და, დარწმუნებული ვარ, ახლაც შევძლებთ დავძლიოთ ის პრობლემები ჩვენ წინაშე რომ წამოიჭრა. ერთი კი მინდა ვთქვა: გაცილებით მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ სამართალდამცველებს, განსაკუთრებით, პოლიციას. ბუნებრივია, პოლიციის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაში ბევრი რამ მართალია, ამას შინაგან საქმეთა მინისტრი ითვალისწინებს თავის მუშაობაში, ისევე როგორც რაიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელები, მაგრამ არ შეიძლება პოლიცია იყოს გაუთავებელი კრიტიკის ობიექტი. მე მხედველობაში არა მაქვს სამართლიანი კრიტიკა.
პოლიციას სჭირდება საყოველთაო მხარდაჭერა, ყველა ქვეყანაში ეს ასეა. საქართველო არ არის გამონაკლისი, მით უმეტეს, ჩვენს პირობებში ეს აუცილებელია, რადგანაც ეს ხალხი ნახევრად უხელფასოდ მუშაობს, ასობით პოლიციელი ყოველწლიურად იღუპება ბანდიტებთან შეტაკებებში. მათ ძალზე სჭირდებათ ჩვენი საზოგადოებისა და პრეზიდენტის მხარდაჭერა. შევეცდები, რომ ეს ასეც იყოს.
- საქართველოს სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტა მჭიდროდ უკავშირდება სოციალური ვითარების გაჯანსაღებას. გასულ კვირას გაიმართა სიღატაკის დაძლევისა და ეკონომიკური აღმავლობის პროგრამის შემმუშავებელი კომისიის პირველი სხდომა. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ღონისძიებას?
- სიღატაკის დაძლევა და ქვეყანაში სოციალური წონასწორობის დაცვა ეროვნული უშიშროების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
დასრულებული პროგრამის შექმნამდე მთავრობის კომისიამ მოამზადა შუალედური დოკუმენტი, რომელიც სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოზე იქნება განხილული. დამატებითი ტრანშების მისაღებად ეს ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა.
ეს არის კომპლექსური პროგრამა, რომელსაც რთული ეკონომიკური შემადგენლობა აქვს და უშუალოდ უკავშირდება სტრუქტურულ რეფორმათა პროცესს.
გათვალისწინებულია ისეთი კომპონენტები, როგორიცაა ზომიერად მკაცრი ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკა, საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სრულყოფა, სამწუხაროდ, ამ სამუშაოებს ჩვენ ვაგვიანებთ, საბიუჯეტო ხარჯების კონტროლის ეფექტიანი მეთოდებისა და მექანიზმების შემუშავება, რასაც ფისკალური სისტემის განმტკიცება, სიღარიბის დონის შემცირება, მოსახლეობის სოციალური დაცვის გაუმჯობესება და საბიუჯეტო რესურსების სამართლიანი გადანაწილება მოჰყვება.
დაიფარება ყველა დავალიანება.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეგიონთა განვითარებას, ასევე პოსტკონფლიქტურ ზონებს, ვინაიდან კონფლიქტების მოუგვარებლობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სწრაფ და სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას, ანუ სიღატაკის დაძლევის ამოცანის შესრულებას.
ძალზე მნიშვნელოვანია, აგრეთვე, პროგრამაში ასახული საკომუნიკაციო სტრატეგია.
მთავრობის ყველა წევრს მოვუწოდებ მასმედიასთან აქტიური თანამშრომლობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისათვის. თითოეულ ოჯახს, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კეთდება კონკრეტულად მათი პრობლემების გადასაწყვეტად.
- გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აღმავლობის პროგრამა. რა პრიორიტეტები გამოიკვეთა? და ტრადიციული კითხვა: როგორ მიმდინარეობს ბიუჯეტის შესრულება?
- მოკლედ გიპასუხებთ, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ჩვენ რაღაც ფორმას გამოვძებნით, რომ იგი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა ძალზე საინტერესო და ღრმა დოკუმენტი წარმოადგინა მთავრობის სხდომაზე. ამ დოკუმენტში ზუსტად არის შერჩეული ის მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც მრავალგანზომილებიანი შედეგი უნდა მოჰყვეს როგორც ეკონომიკური აღმავლობის, ისე კვლავ და კვლავ სოციალური ვითარების გაჯანსაღების თვალსაზრისით.
უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკის რეალურ სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. საამისოდ კი აუცილებელია მცირე ბიზნესის, მცირე მეწარმეობის აქტიური მხარდაჭერა. დოკუმენტში აისახა ამისათვის საჭირო კონკრეტული გზები, მათ შორის საკრედიტო რესურსების შექმნისა, რათა მცირე ბიზნესის განვითარებას ფართო მასშტაბი მიეცეს.
პროგრამა შეიცავს ასევე მრავალ საინტერესო იდეას ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისითაც.
ნიშანდობლივია, რომ პროგრამა არათუ უპირისპირებს ერთმანეთს ეკონომიკური აღმავლობისა და სოციალური გაჯანსაღების ამოცანებს, არამედ განიხილავს მათ ჰარმონიული მთლიანობის თვალსაზრისითაც.
რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ექნება საბიუჯეტო ვალდებულებათა შესრულებას. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მონაცემებით, პროგნოზით გათვალისწინებული 63 მილიონ 800 ათასი ლარის ნაცვლად ნოემბერში მობილიზებულია 65 მილიონ 200 ათასი ლარი. ეს უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.
შესანიშნავად იმუშავა საგადასახადო დეპარტამენტმა, მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ საბაჟო დეპარტამენტიც უკვე მეექვსე თვეა, წარმატებით უზრუნველყოფს საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზებას დაგეგმილი პარამეტრების შესაბამისად. დეპარტამენტის კოლექტივსა და ხელმძღვანელობას მადლობა ეთქმით შრომისა და თავდადებისათვის.
დღევანდელ პირობებში, როდესაც ქვეყანა თავისი სახელმწიფოებრივი განვითარების ურთულეს ფაზაში შედის, დიახაც, სწორედ ეს გახლავთ პატრიოტიზმიცა და თავდადებაც!
და, კიდევ ერთი: მე თითქმის ყველა გამოსვლაში ვამბობ, რომ აუცილებელია გაძლიერდეს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ძალიან სერიოზულად დაიწყო. ზოგი რამ უკვე გამოვლინდა, უფრო მეტი კიდევ გამოვლინდება. სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ძალიან ინტენსიურად მუშაობს. პარლამენტში გაიმართა ცალკეული განხილვები. ის, რომ ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს ბატონი ლადო ჭანტურია - ერთ-ერთი უგანათლებულესი იურისტი, რომელიც ძალზე კარგად იცნობს უცხოურ გამოცდილებას ამ მიმართულებით და რომ ამ ჯგუფში არიან ნაკლებად პოლიტიზებული პირები, იძლევა იმის გარანტიას, რომ უახლოესი თვე-ნახევრის განმავლობაში მივიღებთ რეალურ სამოქმედო პროგრამას. მანამდე ადგილზე არ ვდგავართ და, მიმაჩნია, რომ კორუფციის დაძლევა, აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ჩრდილოვანი ეკონომიკის დაძლევა, თუნდაც ნაწილობრივ, ეს უკვე დიდი რეზერვია, რომელიც მოგვცემს საშუალებას შევავსოთ ქვეყნის ბიუჯეტი დამატებითი შემოსავლით და მოსახლეობამ უკეთ იცხოვროს.
სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური - საქინფორმი.
„თუ რუსეთი, საგანგებო, ანუ ცივილიზებულ სახელმწიფოთა ურთიერთობაში მიუღებელ ზომებს განახორციელებს, ჩვენ დაგვჭირდება საგანგებო შეკრება, მოვეთათბირებით მოსახლეობას, თუმცა, ვფიქრობ, საქმე აქამდე არ მივა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 4 დეკემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 5 დეკემბერი. - №317(3718). - 1, 2 გვ.
![]() |
109 „მე არ დავყოფდი დემოკრატიის ცნებას დასავლურ ან რუსულ დემოკრატიებად“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
4 დეკემბრის ბრიფინგი
ესპანეთის ტელევიზია: ბატონო პრეზიდენტო, რა ოპერატიულ ინფორმაციას ფლობთ გატაცებული ესპანელი ბიზნესმენების შესახებ და როგორ აფასებთ პანკისის ხეობაში შექმნილ ვითარებას?
- გუშინ იქ გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, რომელშიც მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები. ამჟამად ხორციელდება პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებისათვის გამიზნული სათანადო ღონისძიებანი. ასევე მიმდინარეობს სერიოზული სამძებრო ოპერაციები გატაცებულთა დასაბრუნებლად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გატაცებულები პანკისის ხეობაში იმყოფებიან, ჯანმრთელად არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ, ძალისხმევას არ იშურებენ მოკლე დროში მძევლების უსაფრთხო დაბრუნებისათვის.
რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: თქვენი კომენტარი მინსკის სამიტის შედეგების შესახებ. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან თქვენი შეხვედრისას მიაღწიეთ თუ არა რაიმე კონკრეტულ კომპრომისს საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით?
- რაიმე განსაკუთრებული კომპრომისი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის მიღწეული. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ არ უნდა დავუშვათ არანაირი დისკრიმინაცია და გამონაკლისი, საბოლოოდ კი, ვნახოთ, როგორ მოვილაპარაკებთ.
ჩვენ დეტალურად განვიხილეთ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა. ბუნებრივია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში მხოლოდ ერთი ქვეყნისადმი რუსეთის ამგვარი დამოკიდებულება, კერძოდ, სავიზო რეჟიმის დაწესება - სერიოზული აღშფოთებისა და განაწყენების საფუძველს იძლევა. მაგრამ როგორც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, ამგვარ რეჟიმს, რუსეთის მხარე განიხილავს როგორც დროებით ღონისძიებას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის 1994 წელს გაფორმებული ხელშეკრულება დღემდე არ არის რატიფიცირებული, მე რუსეთის პრეზიდენტს შევთავაზე ორ ქვეყანას შორის ახალი ვრცელი ხელშეკრულების გაფორმება. მას საფუძვლად დაედება ორი ქვეყნის ურთიერთობის გამოცდილება, ასევე გათვალისწინებული იქნება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაშვებული შეცდომებიც. ალბათ, ახალი ხელშეკრულება საქართველოსა და რუსეთს შორის სწორედ ახალი ურთიერთობის საფუძველი გახდება. ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის საკითხის გადაწყვეტაც გახდება შესაძლებელი. წინასწარ ვერაფერს შეგპირდებით, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება.
რუსეთის ტელეკომპანია „ვესტი“: დღევანდელ რადიოინტერვიუში თქვენ შეეხეთ სავიზო რეჟიმს და აღნიშნეთ, რომ საქართველო რუსეთთან დაკავშირებით საპასუხო ღონისძიებებს განახორციელებს. კერძოდ, როგორ გადაწყდება საქართველოში მოსამსახურე რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების პრობლემა და კვლავ განიხილავს თუ არა საქართველო ჩეჩნეთის საზღვრის მონაკვეთზე სავარაუდო შეღავათიანი სავიზო რეჟიმის დაწესებას?
- არასოდეს მითქვამს, რომ ჩეჩნეთთან დაკავშირებით საქართველო რაიმე შეღავათიან პირობებს დააწესებდა. საუბარი ეხებოდა საპასუხო ღონისძიებებს - თუკი რუსეთი გაითვალისწინებდა საქართველოს ინტერესებს, ჩვენც გავითვალისწინებდით საქართველოში მოსამსახურე რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახების წევრების ინტერესს. ჩვენ არ გვსურს სიტუაციის გართულება, თუ, რა თქმა უნდა, ამის მიზეზს არ მოგვცემენ. ვფიქრობ, რომ ეს რთული და სერიოზული პროცესები საკმაოდ მშვიდად წარიმართება.
სააგენტო „როიტერი“: 5 დეკემბრიდან უკვე ამოქმედდება სავიზო რეჟიმი საქართველოსა და რუსეთს შორის. როგორ იმოქმედებს ეს რეჟიმი საქართველო-რუსეთის საზღვრის იმ მონაკვეთებზე, რეგიონებში, სადაც ფაქტობრივად საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის მონაკვეთებზე?
- რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ არ დაუშვებენ დისკრიმინაციას და გამონაკლისს, მე სწორედ ისე მესმის, რომ იგივე პირობებით იქნება დაცული სავიზო რეჟიმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის მონაკვეთებზე, როგორც საქართველო-რუსეთის საზღვრის დანარჩენ უბნებზე.
სააგენტო „როიტერი“: მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს პრინციპული დამოკიდებულება ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ძალიან ძვირად დაუჯდა ქვეყანას. კერძოდ, ერთი მხრივ, სერიოზულად გამწვავდა ურთიერთობა რუსეთთან, რამაც გამოიწვია სავიზო რეჟიმის დაწესება და მეორე მხრივ შეიქმნა პრობლემა პანკისის ხეობაში.
- ახლა უკვე დაფარული აღარ არის, რომ სავიზო რეჟიმის დაწესება უმთავრესად განაპირობა საქართველოს გადაწყვეტილებამ იმის შესახებ, რომ თავის ტერიტორიაზე არ გაეტარებინა რუსეთის ჯარები. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით, იმიტომ, რომ ამგვარი ქმედება დარწმუნებული ვარ, გამოიწვევდა ჩვენი მოსახლეობის მწვავე რეაქციას, განსაკუთრებით კი იმათ უკმაყოფილებას, ვინც ამ გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, კერძოდ, უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობ ქისტებს. საქართველოში გაიხსნებოდა ცეცხლი, დაიწყებოდა სისხლისღვრა, იქნებოდა მსხვერპლი და, შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა დიდ კავკასიურ ომში ჩაეთრიათ. ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ. მესმის: რუსეთის მაშინდელი ხელმძღვანელობა დაინტერესებული იყო, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გაეტარებინათ თავიანთი ჯარები. ჩვენ კი ამას შევეწინააღმდეგეთ, რადგან მიგვაჩნდა, რომ ეს იყო საღი აზრისა და საქართველოს ინტერესთა საწინააღმდეგო ქმედება.
საქართველოს ტელევიზია „პირველი არხი“: რას დაუკავშირებდით ორი ესპანელი მოქალაქის გატაცებას? თქვენი აზრით, ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური ფაქტი, თუ რაიმე პოლიტიკური საფუძველი აქვს მათს გატაცებას, მით უმეტეს, რომ სუუამის ქვეყნებში მომრავლდა უცხოელი მოქალაქეების გატაცების, მკვლელობის ფაქტები.
- ახლა რაიმეს გამორიცხვა არ შეიძლება. შესაძლებელია, არის რაიმე პოლიტიკური მოსაზრებაც. კერძოდ, ის, რომ ზიანი მიაყენონ საქართველოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს, უცხოელ ბიზნესმენთა წრეში ერთგვარი შიშის განწყობილება დაამკვიდრონ. მაგრამ, ამავე დროს, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება კრიმინალთა ნამოქმედარიც იყოს. სამწუხაროდ, არა მარტო პანკისის ხეობაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც არის გარკვეული გართულებები. ჩვენ ვიღებთ საგანგებო ზომებს იმისთვის, რომ ეს პროცესები არ გაღრმავდეს და არ გაფართოვდეს. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში ორი ანძა ააფეთქეს, არის სხვა ფაქტებიც. მაგრამ ეს მარტო საქართველოში როდი ხდება. სამწუხაროდ, სუუამის სივრცეში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება ამგვარი ინციდენტები. ალბათ, უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ ყველანი, ცოტა უფრო მკაცრი რეჟიმია საჭირო. განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველოში უცხოელები ჩამოდიან, მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ეს ხელსაყრელია საქართველოს ინტერესებისათვის.
ესპანეთის პრესა: აქვს თუ არა რაიმე საერთო ბიზნესმენების გატაცებას საქართველოში მათ კომერციულ საქმიანობასთან და უარყოფითად იმოქმედებს თუ არა ეს ფაქტი შემდგომში საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაბანდებაზე?
- რაც შესაძლებელია, ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. მე ვერ გეტყვით, რა კომერციულ საქმიანობას ეწევიან ეს ბიზნესმენები. მე მსურს, დავარწმუნო ესპანეთის მთავრობა, მთელი საზოგადოებრიობა, რომ საქართველოს მთავრობა, სამართალდამცავები ძალისხმევას არ იშურებენ მძევლების დასახსნელად.
ტელეკომპანია „რუსთავი - 2“: ბოლო დროს საქართველოში ენერგორესურსების შემოტანა რუსეთიდან მნიშვნელოვნად შემცირდა. დღეს მოსკოვში საქართველოს მთავრობის დელეგაციამ მოლაპარაკება დაიწყო რუსეთის მთავრობასთან. რამდენად მოგვარდება ენერგეტიკაში შექმნილი ვითარება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციასთან დამოკიდებულებაში?
- პრობლემა ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებით შეიქმნა. მთავრობათა წარმომადგენლების ჩარევის გარეშე მისი მოგვარება ნაკლებად სავარაუდოა. რუსეთის ენერგოსისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ანატოლი ჩუბაისის განკარგულებით კავკასიის ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის მოწოდება აღდგენილია. რუსეთის საბაჟოს გადაწყვეტილებით კომპანია „ეი-ი-ეს თელასს“ დროებით არ მიეწოდება ბუნებრივი გაზი. ვფიქრობ, რომ ორ კომერციულ ფირმას შორის კონტრაქტის დარღვევა არ არის ცივილიზებული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი. საქართველოს დელეგაცია სახელმწიფო მინისტრის გიორგი არსენიშვილის ხელმძღვანელობით მოსკოვს გაემგზავრა. გაიმართება შეხვედრები რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრთან მიხეილ კასიანოვთან, ენერგოსისტემის ხელმძღვანელებთან. მოსკოვში განიხილავენ საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხსაც.
რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: - სავიზო რეჟიმის შემოღებამ შესაძლებელია ეკონომიკურად დააზარალოს საქართველო. ეს პოლიტიკური ზემოქმედება კი გამოწვეულია იმით, რომ საქართველომ თავის დროზე ერთმნიშვნელოვნად აირჩია დასავლური დემოკრატიის კურსი. რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელი მწვავე ურთიერთობის დროს ხომ არ არის შესაძლებელი, რომ დასავლეთმა უარი განაცხადოს საქართველოსათვის დახმარებაზე, როგორც ეს მოხდა 1921 წელს? ამ ეტაპზე პოლიტიკური მხარდაჭერა გამოგვიცხადეს თუ არა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა?
- მე არ დავყოფდი დემოკრატიის ცნებას დასავლურ ან რუსულ დემოკრატიებად. რუსეთის სახელმწიფოს მშენებლობაში დემოკრატიული საფუძვლები საკმაოდ მყარია. ვერ ვიტყვი, რომ დასავლეთში ერთი დემოკრატიაა, ხოლო რუსეთი რაიმე სხვა დემოკრატიის პრინციპებით ხელმძღვანელობს. რუსეთში დემოკრატიული განვითარების საკმაოდ მაღალი დონეა. რაც შეეხება საქართველოს ორიენტაციას, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი ორიენტირი ჩვენივე მეგობრები არიან, და არ გამოვრიცხავდი რუსეთსაც. ჩვენ არაფერი ისეთი არ გაგვიკეთებია, რომ რუსეთს ზურგი შეექცია საქართველოსათვის. ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი, რუსეთის მხრიდან დღემდე არ არის რატიფიცირებული. რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობას, ეს არის ჩვენი მისწრაფება, დავიმკვიდროთ ადგილი თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე ევროპაში და საქართველო იმკვიდრებს კიდეც ამ ადგილს ჩვენი ტრადიციების, პრინციპების გათვალისწინებით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთს განვუდექით. რუსეთიც ხომ ცდილობს გახდეს ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი? რუსეთს გაცილებით მჭიდრო ურთიერთობა აქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ჩვენ კი ნატოსთან მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. რაც შეეხება საქართველოსათვის დასავლეთის ქვეყნების დახმარების საკითხს, საიდუმლო არ არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსათვის დახმარების სახით ყოველწლიურად გამოყოფს დაახლოებით 85 მილიონ დოლარს, გვეხმარებიან სხვა ქვეყნებიც. კერძოდ, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდის მთავრობები. ისინი მხარს გვიჭერენ გლობალური ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, თანადგომას აღგვითქვამენ იმაში, რომ საქართველომ ახალი ფუნქცია შეიძინოს თანამედროვე მსოფლიოში. რაც შეეხება საქართველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის დაწესებას, არა მგონია, რომ ამ ფაქტს დასავლეთში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვეს. საერთოდ, სავიზო რეჟიმის დაწესება არასწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია.
ტელეკომპანია „მირ“: როგორ გესახებათ პოსტსაბჭოთა პერიოდის სახელმწიფოების მომავალი 21-ე საუკუნეში? - იქნებიან ისინი მსხვილდერჟავულ რუსეთის სტრუქტურებზე დამოკიდებული ცალკე პატარა სახელმწიფოები, თუ იქნება ევროპული სტრუქტურების ერთი მსხვილი გაერთიანება?
- სახელმწიფოებმა, რომლებიც არსებობენ პოსტსაბჭოურ სივრცეში, უნდა შეინარჩუნონ თავიანთი ამჟამინდელი საზღვარი და მასშტაბი - ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ეჭვგარეშეა, რომ 21-ე საუკუნის პირველ ნახევარში ეს ფორმა იქნება. მე აღვნიშნე, რომ საქართველო მზად არის, დარჩეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრად და განვიხილოთ თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებთან მთელი რიგი პრობლემები. სასურველია, რომ ეს თანამეგობრობა გახდეს ევროპის კავშირის მსგავსი ერთიანი ორგანიზაცია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შესაძლებელია.
საქინფორმი.
„მე არ დავყოფდი დემოკრატიის ცნებას დასავლურ ან რუსულ დემოკრატიებად“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 4 დეკემბრის ბრიფინგი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 5 დეკემბერი. - №317(3718). - 1, 3 გვ.
![]() |
110 ბატონ დურმიშხან მაღალაშვილს |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო დურმიშხან,
გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს - დაბადების 80 წელს.
თქვენს მიერ გავლილი ცხოვრების გზა სამაგალითო და მისაბაძია ყველა ქართველისათვის. მეორე მსოფლიო ომში თქვენ თავი გამოიჩინეთ როგორც პარტიზანული მოძრაობის აქტიურმა მონაწილემ, ომის შემდეგ კი თავდადებით იღწვით საქართველოს ეროვნული მეურნეობის განვითარებისათვის.
დიდი მადლობა თქვენ მრავალმხრივი მოღვაწეობისათვის. მიიღეთ ჩემი გულითადი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები.
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ დურმიშხან მაღალაშვილს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 7 დეკემბერი. - №319 (3720). - 1 გვ.
![]() |
111 ანზორ ერქომაიშვილს დაბადების სამოც წელთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ჩემო ანზორ, სამოცი წლის გამხდარხარ. როგორც გგავს ეს უხმაურო თარიღი თავად შენ - ფუტკარივით მშრომელ კაცს, რომელსაც უამრავი საქმე გაქვს გაკეთებული საქართველოსათვის - „რუსთავი“, „მართვე“, ქართული ხალხური სიმღერების ჩანაწერთა მოძიება და პატრონობა, ქართული სიმღერის პოპულარიზება, რომელი ერთი თქვას კაცმა.
გილოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს.
ხომ ბევრი გაქვს გაკეთებული, მაგრამ გასაკეთებელი უფრო ბევრია, ერთი სამოცი წელი მაინც რომ უნდა შენგან.
იცოცხლე, კარგად იყავი შენი სამაგალითო ქართველობით, შენი ოჯახით, შენი მეგობრებით და შენი მომღერალი ყმაწვილებით, მთელ საქართველოში რომ არიან მოფენილნი.
შენი წვლილი დიდია ქართული ხალხური სიმღერის მსოფლიო ასპარეზზე გატანაში და იმასაც გისურვებ, რომ ერთ საშვილიშვილო საქმესაც დაადგა თავი - ჩვენს სკოლაში ქართული ხალხური სიმღერის სავალდებულო სწავლებას.
სიამოვნებით და სიყვარულით გილოცავ დაბადების დღეს ყველა ღირსებით შემკულ სამაგალითო ქართველს და მადლობა მინდა გითხრა ყველა იმ დიდი საქმისთვის, რომელიც გაგიკეთებია აქამდე და რომელსაც დღეის იქით გააკეთებ.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთ სახელოვან მამულიშვილს.
დიდი პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ანზორ ერქომაიშვილს დაბადების სამოც წელთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 8 დეკემბერი. - №320 (3721). - 1 გვ.
![]() |
112 „ვთხოვ როგორც ქართველ, ასევე, განსაკუთრებით, რუს ჟურნალისტებს, ნუ გააჩაღებენ, ეგრეთ წოდებულ, საინფორმაციო ომს, ვინაიდან ასეთმა მოვლენამ შეიძლება დიდად დააზარალოს ორი ხალხის ტრადიციული და გულწრფელი მეგობრობა“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
11 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას რეალურად ამოქმედდა სავიზო რეჟიმი. რა გავლენას მოახდენს იგი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე? ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- მე არაერთგზის გამოვთქვი ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილების მიმართ. კვლავ ვადასტურებ: ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. მაგრამ, რაკი ჩვენმა პატივცემულმა კოლეგებმა ცალმხრივად მაინც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, ისღა დაგვრჩენია, ემოციების გარეშე და საღად ვიმსჯელოთ, თუ როგორ გავაგრძელოთ ურთიერთობა და თანამშრომლობა ჩვენს დიდ მეზობელთან - ისტორიულად ახლობელ და მეგობარ რუსეთის სახელმწიფოსთან.
აქვე შევნიშნავ: ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მტკივნეული და საწყენი იყო იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვეობას.
როგორც ცნობილია, უკვე დავავალე იუსტიციის სამინისტროს, სხვა უწყებებს, რათა უახლოეს ხანში მივიღოთ საგნობრივი, აწონილ-დაწონილი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, რათა შეძლებისდაგვარად, გავუადვილოთ საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს თანამემამულეებს ახალ პირობებთან ადაპტირება. შეიძლება ზოგიერთ საკითხში პარლამენტის ჩარევაც აუცილებელი გახდეს, ვგულისხმობ შესწორებებს მიღებულ კანონებში, ვინაიდან ჩვენთვის უზენაესია ადამიანის, ცალკეული ინდივიდის ინტერესები.
აქვე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ რეალურად ხორციელდება პრეზიდენტ პუტინის სურვილი - სავიზო რეჟიმის შემოღებამ არ უნდა შეაფერხოს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეკონომიკურ თუ სხვა სფეროებში. ეს ეხება, აგრეთვე, ენერგეტიკას: მოგეხსენებათ, განახლდა ბუნებრივი გაზის მოწოდება რუსეთიდან ამერიკული კომპანია ეი-ი-ეს-ისათვის, რომელიც ფლობს გენერაციის ობიექტებს. წარმატებით გრძელდება მოლაპარაკება რუსეთის კომპანია „რაო-ეეს“-თან. ამ კომპანიის ხელმძღვანელმა ბატონმა ანატოლი ჩუბაისმა გადაწყვიტა, დამატებითაც კი მოაწოდოს ელექტროენერგია ქართველ პარტნიორებს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურების საფასურად. პოზიტიურად გადაწყვეტის სტადიაშია დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხიც.
არის, აგრეთვე, ორმხრივი, თანასწორუფლებიანი, ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სხვა პერსპექტიული მიმართულებანიც.
ამდენად, სავიზო რეჟიმი, რასაკვირველია, არ იყო სასურველი, მაგრამ არც ტრაგედიაა, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია ან სურს, წარმოადგინოს.
მაგალითად, ასევე მეზობელ და მეგობარ თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს შენარჩუნებული აქვს სავიზო რეჟიმი, მაგრამ ეს სრულებითაც არ უშლის ხელს ეკონომიკურ კოოპერაციას, ადამიანთა ურთიერთობას, კულტურული კავშირების განვითარებას: განუხრელად იზრდება სავაჭრო ბრუნვა. საკმარისია ითქვას, რომ საქართველოში ასზე მეტი ერთობლივი საწარმო შექმნეს ქართველმა და თურქმა ბიზნესმენებმა. ანუ ინვესტიციათა ოდენობაც მატულობს - სამწუხაროდ, განუზომლად ნაკლებია რუსეთის ინვესტიციები. ალბათ, არის ობიექტური მიზეზები.
წარმატებით ვთანამშრომლობთ (მიუხედავად სავიზო რეჟიმისა) ევროკავშირის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა სახელმწიფოებთან.
ანუ, შეიძლება დავასკვნათ: სავიზო რეჟიმი არ ყოფილა ჩვენი არჩევანი, ჩვენ არ გვსურდა ამ ჯებირის აღმართვა მოძმე, სულიერად და სარწმუნოებრივად მახლობელ ქვეყანასთან, მაგრამ, რაკი ჩვენმა პატივცემულმა კოლეგებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ახალ პირობებში და ახალ გარემოვითარებაში, როგორც ეს ორ დამოუკიდებელ და მეზობელ სახელმწიფოს შეეფერება.
ამასთანავე, ორმა პრეზიდენტმა, მინსკში შეხვედრისას უკვე გამოვხატეთ ნება, რომ მომზადდეს ახალი ყოვლისმომცველი ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის „კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ“. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე წარმოგვიდგენია მისი სახელწოდება, ნაცვლად იმ ხელშეკრულებისა, რომლის რატიფიცირებაც ცალმხრივად განახორციელა მხოლოდ საქართველოს პარლამენტმა.
- სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით ისეთი აზრიც გამოითქვა, რომ ეს გაართულებს ვითარებას ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, კერძოდ, ყაზბეგის რაიონში, რომელიც, ტრადიციულად დიდწილად დამოკიდებულია რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებზე...
- ხევი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, შეიძლება ითქვას, თვალმარგალიტია. ჩვენ ამ მხარეს ყოველთვის განსაკუთრებით ვეხმარებოდით. ამ კუთხეში მცხოვრები საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის დაახლოებით 20-ჯერ მეტი იხარჯება ყოველწლიურად, ვიდრე სხვა რეგიონებში.
ყაზბეგის რაიონი უფასოდ სარგებლობს წელიწადში თითქმის 20-25 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზით. ეს დიდი სიმდიდრეა და ღმერთმა შეარგოთ ჩვენს მოხევეებს. თუ სადღაც დაბრკოლება გაჩნდა, ეს ჩვენი ხელისუფლების ბრალი არ ყოფილა.
დახმარება კვლავაც გაგრძელდება.
უწინარესად, დაბეჯითებით ვთხოვ ცეკავშირს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან, ტრანსპორტისა და კომუნიკაციათა სამინისტროსთან და სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალურ სამსახურთან ერთად შეიმუშაოს ყაზბეგის რაიონიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ქვეყნის სხვა რეგიონებში ტრანსპორტირების, ამ პროდუქციის ორმხრივად ხელსაყრელ ფასებში შესყიდვის ღონისძიებათა გეგმა.
მოგეხსენებათ, იქ დიდი რაოდენობით არის სათბურები, მოსახლეობას მოჰყავს მოსავალი, საჭიროა, ამ პროდუქციის გასაღება, რაც ძირითადად, ჩრდილოეთ ოსეთის ბაზრებზე ხდებოდა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვთხოვ, სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად დააჩქაროს ყაზბეგში ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
შესაძლებელია სხვა ღონისძიებათა განხორციელებაც განათლებასა და სხვა სფეროებში.
აქ განსაკუთრებით ღირებული იქნება სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივა და ფინანსთა სამინისტროს მუდმივი ყურადღება და პასუხისმგებლობა, უპირველესად, სწორედ ამ რეგიონისათვის.
ასე რომ, ხევს ყურადღებას არ მოვაკლებთ და არ დავუშვებთ მოხევეთა დაზარალებას სავიზო რეჟიმის შედეგად.
- როგორც საზოგადოებაში, ასევე პარლამენტშიც ბევრს ლაპარაკობენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ. შესაბამისი წინადადება უკვე ოფიციალურადაც დააყენეს დეპუტატებმა გასულ კვირას. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა, ყურადღება მივაქციე ამ წინადადებებს, გამოსვლებს, მოთხოვნებს. თუმცა, კვლავ ვიმეორებ ჩემს პოზიციას: ამ ეტაპზე საქართველოს გამოსვლა „თანამეგობრობიდან“ სრულიად არამიზანშეწონილი და უაზროდ ემოციური ნაბიჯი იქნებოდა. უფრო მეტიც, ამით სერიოზულად დავაზარალებდით ჩვენს ურთიერთობებს მეგობარ სახელმწიფოებთან. ასეთი კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მრავლად გვყავს, თითქმის ყველა.
იმასაც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი უცვლელია: ჩვენ გვსურს მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან (და ეს გვაქვს უკვე) ისევე, როგორც ევროპულ და მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში, შესაბამის ქმედითს უშიშროების სისტემებში აქტიური მონაწილეობა, რათა უზრუნველვყოთ ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცება.
სწორედ ეს გახლავთ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური აქტიურობის უმთავრესი მიზანი, რაც არათუ გამორიცხავს, არამედ პირდაპირ გულისხმობს პარტნიორულ ურთიერთობას რუსეთთან.
ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
აქედან გამომდინარე, ვთხოვ როგორც ქართველ, ასევე, განსაკუთრებით, რუს ჟურნალისტებს (ვინაიდან მათი შესაძლებლობანი განუზომლად უფრო დიდია), ნუ გააჩაღებენ, ეგრეთ წოდებულ, საინფორმაციო ომს, ვინაიდან ასეთმა მოვლენამ შეიძლება დიდად დააზარალოს ორი ხალხის ტრადიციული და გულწრფელი მეგობრობა. უფრო მეტად, ვიდრე თვით სავიზო რეჟიმმაც კი.
- „საინფორმაციო ომის“ ნიშნები განსაკუთრებით თვალნათელია პანკისის ხეობაში ამჟამად არსებული ვითარების გაშუქებისას. მოგეხსენებათ, გამტაცებლებმა მხოლოდ ერთი ქართველი ბიზნესმენი გაათავისუფლეს, ხეობაში დარჩენილია ექვსი ტყვე, მათ შორის ორი ესპანელი ბიზნესმენი. ორი დღის წინათ მოსახლეობის მოთხოვნით ხეობაში შინაგანი ჯარის ნაწილები შევიდნენ. რა მდგომარეობაა საქართველოს ამ რეგიონში და რამდენად წარმატებულია ის ოპერაცია, რომელიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებით? თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები და ხომ არ გახდება საჭირო უკვე სოფლებშიც შინაგანი ჯარის ნაწილების შეყვანა?
- მინდა, დაუყოვნებლივ გავაბათილო ის ჭორი, თითქოს საქართველომ რაღაც „სამხედრო ექსპედიცია“ მოაწყო პანკისის ხეობაში, ჯარები შეგვყავს და ასე შემდეგ.
სინამდვილეში, ახმეტის რაიონში, კახეთის რეგიონსა და მთელ საქართველოში კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად ხორციელდება ფართომასშტაბიანი ანტიკრიმინალური ოპერაცია და ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს არ არის პირველი ასეთი ღონისძიება, 1994-95 წლებიდან მოყოლებული.
ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კრიმინოგენური თვალსაზრისით ყველაზე სუსტ და დაძაბულ რეგიონებს. კერძოდ, პანკისის ხეობას, სადაც, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ათეულმა საშიშმა დამნაშავემ - „ძებნილებმა“ მოიყარეს თავი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ მათი ნამოქმედარია ადამიანთა გატაცება, ნარკობიზნესის გავრცელება და სხვა ავკაცობანი.
რაც შეეხება ჩვენს თანამემამულეთ, ხეობაში მცხოვრებ ქისტებს, აგრეთვე ლტოლვილებს (აბსოლუტური უმრავლესობით ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს და, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მამაკაცებს, მათ შორის, ზოგიერთები ჩეჩნეთის ომშიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ისინი ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენენ, ქისტები არიან, რამდენიმე ათეული მათგანი დაბრუნდა), ისინი ყოველმხრივ მხარს უჭერენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამინისტროს ღონისძიებებს. უფრო მეტიც, ეს ღონისძიებანი სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ლტოლვილთა თხოვნით ხორციელდება. ეს თანაბრად ეხება ქისტებსაც, ქართველებსაც, ოსებსაც, რომლებიც იმ ხეობაში ცხოვრობენ.
შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტრუქციების შესაბამისად, არ შედიან უშუალოდ დასახლებულ პუნქტებში (ვინაიდან ამის საჭიროება არ არსებობს - ეს ოპერატიული სამსახურების საქმეა), არამედ აკონტროლებენ საკვანძო ობიექტებს, გზებს, ხიდებს, რა თქმა უნდა, ამოწმებენ ავტომანქანებს, როცა ეს აუცილებელია, და ეხმარებიან იმავე ოპერატიულ სამსახურებს სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებაში.
ნაკლები მასშტაბით, მაგრამ ასეთივე შინაარსისა და დატვირთვის ოპერაცია ხორციელდება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საქართველოს ყველა რეგიონში და, უნდა გითხრათ, რომ შედეგები შთამბეჭდავია - უამრავი ძებნილია დაკავებული, ამოღებულია უამრავი იარაღი, ამხილეს საშიში დამნაშავეები, და მე პოლიციის შემადგენლობას, უშიშროების სტრუქტურების თანამშრომლებს, რომლებიც ამ ღონისძიებაში მონაწილეობენ, მინდა მადლობა გადავუხადო ასე გააზრებული და გამიზნული ოპერაციების განხორციელებისათვის.
- ალბათ, სიტუაციას ის უფრო ართულებს, რომ იქ იმყოფებიან ჩეჩნეთიდან ლტოლვილები და ამდენად, იქ სხვა სახელმწიფოს გარკვეული ინტერესი არსებობს. რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, თითქოს, იქ ჩეჩნები რაღაც ავტონომიას მოითხოვენ. ჩეჩენი ლტოლვილები, შეიძლება ითქვას, ამის გამო შეშინებულებიც არიან და ითხოვენ, რომ ეს ყველაფერი, რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს. პრესკონფერენციაზე თქვენ ბრძანეთ, რომ ეს შეიძლება იყოს კრიმინალი. მაგრამ ის, რომ სუუამის ქვეყნებში ამ კრიმინალმა სისტემატური სახე მიიღო, გარკვეული დასკვნების საფუძველს იძლევა...
- ქისტი მოსახლეობის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ მხარის გუბერნატორს, სამართალდამცავ ორგანოთა ხელმძღვანელებს. მათ ჩემთან შეხვედრაც უნდათ. გვარწმუნებენ, რომ ტყვეები, თუკი ისინი ხეობაში არიან და მათს გატაცებაში ქისტი მოსახლეობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათივე წარმომადგენლები ყველაფერს იღონებენ, რათა საქართველოს ჩირქი არ მოეცხოს და შუღლი ქისტებსა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის იქ არ ჩამოვარდეს. ასეთია მათი განწყობილება. ცოტა დროა საჭირო იმისათვის, რომ ეს გატაცებულები, რომელთა ბედს მე ძლიერ განვიცდი, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდნენ.
ამასთანავე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციამ, სხვა სამსახურებმა, უსიტყვოდ და უეჭველად უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას, მაგრამ საზოგადოებასაც მართებს მეტი მხარდაჭერა და დახმარება გაუწიოს იმ სტრუქტურებს, უწინარესად, პოლიციას, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და სტაბილურობას ქვეყანაში. მათ შორის, იმ ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, რომლებიც ყინვასა და ქარში გზაჯვარედინზე დგანან პანკისის ხეობასა თუ სხვა რეგიონში და იცავენ თავიანთი ქვეყნის ინტერესებსა და მოსახლეობის უსაფრთხოებას.
რაც შეეხება ხეობაში მყოფ ლტოლვილებს, ისინი არავითარ პრობლემას არ უქმნიან არავის, და ნამდვილად არ მიმაჩნია საჭიროდ რაიმე ძალისმიერი ზომების გამოყენება და არც დავუშვებთ ამას.
მით უმეტეს, რომ ყოველმხრივ ვცდილობთ გავაძლიეროთ საზღვრის დაცვა. ამ თვალსაზრისით საზღვრის დაცვის დეპარტამენტი დამატებითს ღონისძიებებს ახორციელებს. თუმცა, ვერ ვიტყვი, თითქოს საზღვარი დღემდე დაუცველი იყო, კერძოდ, რუსეთის მხრიდანაც. მაგრამ გაძლიერება მაინც აუცილებელია.
აქ ათასნაირ პროგნოზს აკეთებენ. ამას წინათ მე გავეცანი ზოგიერთი ჩვენი მოღვაწის გამონათქვამებს, რომლებმაც მოსკოვი მოიარეს, შეხვდნენ თავიანთ ძველ ნაცნობებს, ძველ მეგობრებს თუ თანამოაზრეებს და მიაჩნიათ, რომ საქართველოში აუცილებლად დატრიალდება უბედურება, რომ ყველაფერი ეს ისე იწყება, როგორც აფხაზეთში და რომ გარდაუვალია ეთნიკურ საფუძველზე შეტაკებანი და ასე შემდეგ. ამის საფუძველს მე არ ვხედავ. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კახეთის მხარეში, სადაც მშვიდობა იყო, მშვიდობა კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს, და მოსახლეობის უსაფრთხოება, მათ შორის, ლტოლვილებისა, დაცული უნდა იყოს.
- გუშინ აფხაზეთის ტერიტორიის იმ ნაწილიდან, რომელსაც ქართული მხარე არ აკონტროლებს, ანუ რუსეთის სამშვიდობო ძალები და აფხაზები აკონტროლებენ, გაეროს ორი მეთვალყურე გაიტაცეს. თავისთავად ფაქტი, რასაკვირველია, შემზარავია. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ყოველთვის, როცა ლაპარაკია იმაზე, თუ რატომ არ განახორციელა რუსეთმა საქართველო-რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე სავიზო რეჟიმი, ახსნა ასეთი იყო: საქართველოსთან ზოგადად სავიზო რეჟიმის შემოღება იმან განაპირობა, რომ, თურმე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს სეპარატიზმისა და ტერორიზმის საფრთხე. როგორც ჩანს, რუსეთს არ მიაჩნია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ასეთი საფრთხე არსებობს. ტერორიზმის ფაქტიც უკვე უდავოა. გაეროს ორი მეთვალყურის გატაცება, რასაკვირველია, შემთხვევითი და რიგითი მოვლენა არ უნდა იყოს...
- მართალი ბრძანდებით. ეს მოხდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც, დღეს საქართველო, სამწუხაროდ, ვერ აკონტროლებს, და სამშვიდობო ძალების საგუშაგოს გვერდით, ძალიან ახლოს. ჩვენ ყველანი განვიცდით ამ ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ ტერიტორიას ვერ ვაკონტროლებთ, მე გავეცი განკარგულება, ყველაფერი გაკეთდეს გატაცებულთა მოსაძებნად და გასათავისუფლებლად. ვარწმუნებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, სახელმწიფოთა მეთაურებს, რომელთა მოქალაქეებიც არიან გატაცებული მეთვალყურეები, რომ ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული დასახული მიზნის მისაღწევად, ესე იგი მათს გასათავისუფლებლად. ჩვენ ასეთი გამოცდილება გვაქვს. დღეს მექნება სატელეფონო კავშირი აფხაზების ხელმძღვანელებთან იმისათვის, რომ ეს სამარცხვინო ლაქა დროულად ჩამოვირეცხოთ.
- რაც შეეხება ეკონომიკის თემას. გასულ კვირას პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონი ბიუჯეტის შესახებ, რაც, ალბათ, ამ მძიმე ფონზე სავალუტო ფონდთან ურთიერთობის გაუმჯობესებასაც ნიშნავს...
- გადაუჭარბებლად ვიტყოდი, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის უდიდესი წვლილია ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს, რომ კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული და ამ დღეებში გარკვეული შესწორებანი და კორექტივები იქნება შეტანილი, და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ბიუჯეტს დაამტკიცებს.
ამისათვის პატივცემულ დეპუტატებს, მთლიანად პარლამენტს დიდ მადლობას მოვახსენებ და მჯერა, რომ ბიუჯეტი უახლოეს დღეებში საბოლოოდ იქნება მიღებული.
რასაკვირველია, საპარლამენტო განხილვისას გაიმართა ცხარე დისკუსია, იყო ემოციური შეფასებანი, ზოგჯერ ზედმეტიც, მაგრამ საბოლოოდ, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, მართლაც, ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ქვეყანას შესანიშნავ პერსპექტივას უსახავს, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ მძიმე კრიზისიდან.
ამჯერად კიდევ უფრო დიდია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, დონორ ქვეყნებთან ურთიერთობათა აღდგენის გარანტიები. უახლოეს მომავალში გაიმართება სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომა და ყველა წინაპირობა არსებობს ახალი პროგრამის ასამოქმედებლად.
ეს კი საშუალებას მოგვცემს, მოვიზიდოთ ათეულ მილიონობით დოლარი დახმარება, მათ შორის მივიღოთ მხარდაჭერა საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხში და სხვა მრავალი. ასე რომ, ბევრი სიკეთე გველოდება, თუკი ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ეს იმ რეკომენდაციებშია ჩამოყალიბებული, რომლებსაც უკვე ჩვენი სამინისტროები, უწყებები და მთავრობა კარგად იცნობენ.
- გარდა ამისა, თქვენ რიჩარდ მაცკესაც შეხვდით, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ დარგებთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს. ვთქვათ, სანაოსნოს მეშვეობით თხევადი გაზის ტრანსპორტირება და სხვა...
- ბატონ მაცკესთან შეხვედრა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საინტერესოა. ჩვენი შეთანხმება იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაზიდული იქნება ყაზახეთის ნავთობის საკმაოდ დიდი ნაწილი, იგი მოქმედებს და რკინიგზამ, ასევე ბათუმის ნავსადგურმა ათეულ მილიონობით მოგება მიიღეს სწორედ ამ გადაზიდვის წყალობით.
ასევე აღსანიშნავია, რომ დიდი დახმარება გაგვიწია ბატონმა მაცკემ საქართველოში სხვადასხვაგვარი ზეთის შემოტანის საკითხში. ტრანსპორტის საჭიროებისათვის ზეთების პრობლემა თითქმის მოიხსნა და არავითარი დაბრკოლება აღარ არის. ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ მათ საქართველოში შემოიტანონ თხევადი გაზი, უწინარესად, საქართველოს მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ეს შედარებით იაფი იქნება და შემდეგში, თუკი მარაგი ამის საშუალებას მისცემთ და ყაზახეთიც თანახმა იქნება, შესაძლებელია შავი ზღვით ამ ცისტერნებით გატანა უკრაინაში, ბალკანეთის სახელმწიფოებსა და სხვა ქვეყნებში. მაგრამ, ეს პერპექტივაა. ჯერჯერობით ლაპარაკია თხევადი აირით საქართველოს მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე.
- ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო, ფინანსური პარტნიორია ჩვენი მეზობელი ქვეყანა - თურქეთი. გასულ კვირას ყურადღების ცენტრში იყო ფინანსური კრიზისი თურქეთში. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?
- მწვავე ფინანსური კრიზისი მეზობელ და მეგობარ თურქეთს მოულოდნელად დაატყდა თავს (ისევე როგორც რუსეთს თავის დროზე და შემდეგ საქართველოსაც).
ჩემი აზრით, ყველაზე მძიმე დღეები უკან დარჩა და სავალუტო ფონდის აქტიური ჩარევის შემდეგ (გამოიყო 7 მილიარდ დოლარზე მეტი) მდგომარეობა სწორდება, ფისკალურ სფეროში სტაბილურობა თითქმის აღდგენილია.
გაჯანსაღების ტენდენცია მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეკონომიკის სფეროში თურქეთთან ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ ფართოა.
ასე რომ, გაჯანსაღების ტენდენციათა ფონზე აღარ არის მოსალოდნელი, რომ საქართველოს ინტერესები შეილახოს და ჩვენს ეკონომიკას შეეხოს ის პროცესები, რომლებმაც ასე მძიმედ გადაუარა თურქეთს.
- გასულ კვირას სახელმწიფო და ენერგეტიკის მინისტრები მოსკოვში იმყოფებოდნენ. მათ მიიღეს გარკვეული დაპირებანი. მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა, ვითარება კვლავ რთულია და ზოგჯერ გამოცხადებული გრაფიკიც ვერ სრულდება. სხვათა შორის, ამ ფონზე ძალიან საინტერესოა, რომ ამ ბოლო დროს გახშირდა საყვედურები ამერიკული კომპანიის ეი-ი-ესისადმი. ალბათ, ესეც არ არის შემთხვევითი...
- ენერგეტიკული კრიზისის სიღრმისეულ მიზეზებზე ბევრი ითქვა. კვლავ და კვლავ მოვუწოდებ ყველას, მხედველობიდან არ გამორჩეთ უმძიმესი ფინანსური კრიზისი და კატასტროფული გვალვა, ეკოლოგიური კატასტროფა, ქვეყანამ რომ გადაიტანა და დააცარიელა ჩვენი წყალსაცავები, ანუ ელექტროენერგიის მიღების ძირითადი წყარო. ამ სფეროში ძალიან ბევრი შეცდომა და გადაცდომაა დაშვებული. მუშაობას შეუდგა მთავრობის შესაბამისი კომისია, რომელმაც არა მარტო მიზეზები უნდა დაადგინოს, არამედ უახლოესი წლების პერსპექტივაც განსაზღვროს.
მოგეხსენებათ, რომ პროკურატურამ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ბევრი დაპატიმრებულია, სამწუხაროდ, სამართალდამცავ ორგანოებს ასეთი ზომების მიღებაც სჭირდებათ და ის, რაც განიავდა, ის რაც მიითვისეს, ამის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობა მიიღებს.
არ გამოვრიცხავ ამ კომისიაში უცხოელი სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობასაც.
თანდათან იზრდება საკუთარი რესურსების ხვედრითი წილიც - ეს ყველაზე სასიხარულო პროცესია. მაგალითად, სრულიად მოულოდნელად, ნინოწმინდაში აღმოჩნდა კიდევ ერთი მდიდარი საბადო. ეს ჭაბურღილი უკვე იძლევა თითქმის სამოცდაათ ტონა ნავთობს დღე-ღამეში. იგივე ითქმის გაზის საბადოებზეც. აქტიურად მუშაობენ ინვესტორები როგორც აღმოსავლეთ, ასევე, დასავლეთ საქართველოში. აქ გერმანელებმა დაიწყეს ძველი ჭაბურღილების რეაბილიტაცია.
რაც შეეხება ეი-ი-ეს-ს. იგი ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია. კვლავ ციფრებს მივმართოთ: ამერიკულმა კომპანიამ 25 მილიონი დოლარი გადაიხადა „თელასის“ შესასყიდად. მაგრამ 1999 წელს 94 მილიონი დოლარი ინვესტიცია დააბანდა - მრიცხველების გამოტანა, ელექტროქსელის გამოცვლა, სათანადო მოწყობილობის მოდერნიზაცია, ვალების დაფარვა და ასე შემდეგ; 2000 წელს დამატებით კიდევ 30 მილიონი დოლარი დახარჯა სისტემის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისათვის; ევრობანკიდან და სხვა წყაროებიდან მოიზიდა 40 მილიონი დოლარი კრედიტი (ანუ თვითონ აიღო ეს კრედიტი); იმავდროულად, თბილსრესის მე-9 და მე-10 ენერგობლოკების პრივატიზაციისათვის გადაიხადა 5 მილიონი ამერიკული დოლარი, თუმცა მათს შესაკეთებლად 14 მილიონი დოლარი დახარჯა! ამ პერიოდში შეისყიდა 16 მილიონ 500 ათასი დოლარის ბუნებრივი აირი.
საბოლოო ანგარიშით, ინვესტიციის ოდენობამ 224 მილიონ 500 ათას დოლარს მიაღწია!!!
ახლა, მე ვეკითხები ყველას: როდის შეძლებდა საქართველო ენერგეტიკულ სისტემაში ასეთი ოდენობის ინვესტიციის დაბანდებას? სამწუხაროდ, ენერგეტიკა ისეთი სფეროა, რომელიც ერთ და ორ წელიწადში იმ შედეგს არ იძლევა, რაც აუცილებელია. ამ ბლოკების კაპიტალური გარემონტება აუცილებელი იყო და ამას დრო დასჭირდა.
რასაკვირველია, ძალიან გვიჭირს, ელექტროენერგია კვლავ შეფერხებებით მიეწოდება მოსახლეობას და საწარმოებს, მაგრამ, რომ არა ეს ინვესტიცია, დღეს იქნებოდა სრული კოლაფსი იმ ტრაგედიის, იმ უბედურების ფონზე, რაც ეკოლოგიურ კატასტროფასთან იყო დაკავშირებული.
ამდენად, სამართლიანი უნდა ვიყოთ: ასეთი ინვესტორები საქართველოს განვითარებაში გვეხმარებიან. დარწმუნებული ვარ, შექმნილი სირთულენი სულ მალე გადაილახება და არ გამოვრიცხავ, რომ ამის წინაპირობა გახდება ენერგეტიკულ სისტემაში ახალი ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან, იმავე რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან თანამშრომლობა და, რა თქმა უნდა, საკუთარი რესურსების უფრო ეფექტიანი ძიება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, განაახლოს გაზისა და ელექტროენერგიის მოწოდება. დიდ მადლობას მოვახსენებთ სომხეთის ხელმძღვანელობას, ეს ამერიკული კომპანია სწორედ სომხეთისაგან ყიდულობს და შემდეგ დედაქალაქს აწვდის იმ ელექტროენერგიას, რომელსაც სომხეთი აწარმოებს.
ასე რომ, ყველა ქვეყანასთან გარკვეული ურთიერთობა გვაქვს და მომავალში, ალბათ, ლაპარაკი იქნება ერთიანი სისტემის შექმნაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ-ორ წელიწადში აზერბაიჯანის გაზი გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე და ამით საბოლოოდ შეიქმნება ის რესურსი, ის რეზერვი, რომელმაც ყოველგვარი მოულოდნელობისაგან უნდა დაგვაზღვიოს.
- 10 დეკემბერს მსოფლიოში აღინიშნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დღე. რამდენად გარანტირებულია ეს უფლებები საქართველოში?
- როგორც უნდა გვიჭირდეს, რა სირთულეებსაც უნდა ვაწყდებოდეთ, ვერავინ ვერასგზით დაგვიკარგავს იმას, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ (მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად) საქართველოში იმ იდეალთა დასამკვიდრებლად, რომელთაც ეფუძნება თანამედროვე, დემოკრატიული ცივილიზაცია.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი თავი სამაგალითოდაა მიჩნეული ყველაზე ძირძველ დემოკრატიათა სწავლულ ექსპერტთა მიერ.
ასევე სიტყვის თავისუფლება, სასამართლო რეფორმა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთა განვითარება და სხვა.
ნურავინ ცდილობს, ერთმანეთს დაუპირისპიროს სოციალური და ეგრეთ წოდებული კლასიკური უფლებები: ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერების სწრაფვის უფლება. მთლიანობაში ეს არის თავისუფალი არჩევნის უფლება, რომელიც უეჭველად უზრუნველყოფს ყოველი პიროვნების თავისუფალ და სრულყოფილ განვითარებას. ეს არის ჩაუქრობელი ორიენტირი, რომელიც უეჭველად დაგვეხმარება, დავძლიოთ ყველა სირთულე და დავძლევთ კიდევაც.
სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური - საქინფორმი.
„ვთხოვ როგორც ქართველ, ასევე, განსაკუთრებით, რუს ჟურნალისტებს, ნუ გააჩაღებენ, ეგრეთ წოდებულ, საინფორმაციო ომს, ვინაიდან ასეთმა მოვლენამ შეიძლება დიდად დააზარალოს ორი ხალხის ტრადიციული და გულწრფელი მეგობრობა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 11 დეკემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 12 დეკემბერი. - №323(3724). - 1, 2 გვ.
![]() |
113 ბატონ თეიმურაზ თოფურიას |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო თეიმურაზ,
უდიდესი სიამოვნებით გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ახლაც მხნედ, ახალგაზრდული ენერგიითა და შემართებით ემსახურებით საყვარელ საქმეს, როგორც თქვენი ხანგრძლივი, მდიდარი და ესოდენ საინტერესო მოღვაწეობის დასაწყისში.
მადლობას გიხდით იმ ღვაწლისა და დამსახურებისათვის, რომელიც მიგიძღვით ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
იყავით ბედნიერი, ჯანმრთელი და დღეგრძელი.
არ მავიწყდება ჩვენი ერთად მოღვაწეობის საინტერესო წლები.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ თეიმურაზ თოფურიას : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 14 დეკემბერი. - №325 (3726) - 1 გვ.
![]() |
114 საერთაშორისო კონფერენციის - „ტრასეკას ჰიდრომეტეოროლოგიური უსაფრთხოება“ - მონაწილეებს |
▲back to top |
მისალმება
დღეს საქართველო მასპინძლობს მეტად მნიშვნელოვან ფორუმს, რომლის ორგანიზატორები არიან მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია და საქართველოს მთავრობა.
სიამოვნებით მოგესალმებით ტრასეკას წევრი ქვეყნების ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურების დელეგაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
მსურს გულითადად მივულოცო მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას 50 წლის სახელოვანი იუბილე.
საყოველთაოდ ცნობილია ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის როლი კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტაში. თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური უზრუნველყოფა სჭირდება ტრასეკას პროექტით გათვალისწინებულ სულ უფრო მზარდი მოცულობის ტვირთზიდვასაც. მით უმეტეს, თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენი ქვეყნისა და მისი მეზობლების რთულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს.
იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო კონფერენციის შედეგები ხელს შეუწყობს ტრასეკას წევრი ქვეყნების ეკონომიკის აღმავლობასა და სახელოვან ფურცელს ჩაწერს ამ ქვეყნების ისტორიაში.
მინდა გისურვოთ წარმატებული მუშაობა, რომელმაც უნდა განაპირობოს ტრასეკას წევრი თორმეტივე ქვეყნის კეთილმეზობლური, ნაყოფიერი თანამშრომლობა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პროექტის ფარგლებში.
ე. შევარდნაძე.
საერთაშორისო კონფერენციის - „ტრასეკას ჰიდრომეტეოროლოგიური უსაფრთხოება“ - მონაწილეებს : მისალმება // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 14 დეკემბერი. - №325(3726). - 1 გვ.
![]() |
115 აკადემიკოს ალეკო თავხელიძის დაბადების 70 წელთან დაკავშირებით |
▲back to top |
ბატონო ალეკო,
ბევრი კეთილი სიტყვა მინდა გითხრათ თქვენი დაბადების დღესთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენმა შვილიშვილმა, მაიკომ, დამასწრო და მართლაც, კარგი პოეტური კრებული გიძღვნათ. ვინც ალეკო თავხელიძეს კარგად იცნობს, ამ ლექსების წაკითხვის შემდეგ დარწმუნდება, რომ ზოგი რამ, ის, რაც თქვენმა შვილიშვილებმა იციან თქვენს შესახებ, არ სცოდნიათ - თქვენ საოცარი ბაბუა ყოფილხართ, საოცრად პოეტური გოგონას იდეალი.
და სწორედ ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, თქვენი ოჯახის, თქვენი შესანიშნავი წინაპრების, თქვენი მეუღლის, შვილებისა და შვილიშვილებისადმი ჩემი პატივისცემა მინდა დავადასტურო. ბოლოს და ბოლოს ყველა ჩვენ ჩვენში ვატარებთ წინაპრების სიკეთეს და ამ სიკეთეს შთამომავლობას გადავცემთ.
გილოცავთ.
აქვე თქვენი დაბადების დღე აუცილებლად უნდა მივულოცო მეცნიერთა თქვენს დიდ ოჯახს, რომლის წევრები მთელს მსოფლიოში მოღვაწეობენ. თქვენ ხომ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი ბრძანდებით, ახალი გზის გამკვალავი, მეცნიერების შესანიშნავი ორგანიზატორი, ჯერ საბჭოთა კავშირის, მერე რუსეთის და უცხოეთის მრავალი აკადემიის წევრი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო და ლენინური, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო და უკრაინის ეროვნული აკადემიის ნ. ბოგოლიუბოვის სახელობის პრემიების ლაურეატი (ჩამონათვალში ვეძებ და ვერ ვპოულობ საქართველოს სახელმწიფო პრემიას. იმიტომ ხომ არა, რომ ამ პრემიის კომიტეტის თავმჯდომარე თავად ხართ?!).
თქვენ, თავის დროზე, სრულიად ახალგაზრდა მეცნიერმა, ნიკო მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას ხელდასხმით დაიწყეთ საკუთარი მეცნიერული გზის გაკვალვა და დიდი რუსი მეცნიერის ნ. ბოგოლიუბოვის სკოლაში ჩამოყალიბდით დიდ მეცნიერად. მეამაყება, რომ თქვენი სახელი შეტანილია საბჭოთა კავშირის აღმოჩენათა სახელმწიფო რეესტრში აღმოჩენით - „თავხელიძე-მატვეევ-მურადიანის კვარკული თვლის წესი“. ეს ბევრს ნიშნავს.
მადლობა მინდა გითხრათ იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც მიგიძღვით ახალგაზრდა მეცნიერთა განსწავლასა და პატრონობაში, იმ მეცნიერული და ორგანიზატორული მოღვაწეობისათვის, რომელიც სცილდება საქართველოს ფარგლებს.
თქვენი რეგალიებისა და მიღწევების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად აღემატება ასეთი მილოცვის ჟანრისათვის ნავარაუდევ ფორმას. ამიტომ ყველაფერს აქ ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი უდიდესი წვლილი ამ ძნელ ათწლეულში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადარჩენაში. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ გადარჩენის ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა მეცნიერებს შეექმნათ ცხოვრებისა და მეცნიერული მუშაობის ის პირობები, რომლებიც მათ დაიმსახურეს და რომელთა გარეშეც ქართული მეცნიერების არსებობა შეუძლებელია. იმის იმედიც მაქვს, რომ თქვენ, ახალგაზრდობის ნამდვილი ქომაგი, ქართული მეცნიერების გაახალგაზრდავების უცილობელ საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს, რის გარეშეც არა მხოლოდ მეცნიერება, არამედ ჩვენი ცხოვრებაც დაკარგავს აზრს.
ბატონო ალეკო, როგორც ადრე, ისევე ახლაც და მომავალშიც, ქართული მეცნიერების გადარჩენისა და მისი პოტენციალის სრულად გამოვლენის საქმეში ჩვენ ერთად ვიყავით და ერთად ვიქნებით, რის დასტურიცაა, არა მხოლოდ ჩემი არაერთგზისი შესაბამისი ბრძანებულება და განკარგულება, არამედ კანონიც მეცნიერებათა აკადემიის შესახებ, რომელიც პარლამენტმა შარშან მიიღო.
ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე, რითაც შეგვიძლია ნებისმიერ ქვეყანას გავეჯიბროთ, ეს ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალია და მე ვამაყობ, რომ მსოფლიო არენაზე თქვენი სახით ქართულ ინტელექტს შესანიშნავი წარმომადგენელი ჰყავს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
აკადემიკოს ალეკო თავხელიძის დაბადების 70 წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 16 დეკემბერი. - №327 (3728) - 3 გვ.
![]() |
116 კონფერენციის „ახალი საუკუნე - ახალი განათლება“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს |
▲back to top |
ქალბატონებო და ბატონებო,
მივიღე თქვენი მოსაწვევი ბარათი და პროგრამა.
მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ბევრისმთქმელი კონფერენციის ჩატარება, რადგან მასზე დასმული საკითხები მეტად აქტუალურია სწორედ ახლა, XXI საუკუნის საქართველოსთვის.
ვწუხვარ, რომ დროის უკმარობის გამო ვერ ვესწრები თქვენს ღონისძიებას და იმედი მაქვს, XX საუკუნის ბოლოს გაცხადებულ თქვენს გეგმებს, ოცნებებსა და იმედებს XXI საუკუნის საქართველოში ნამდვილად უწერია ასრულება.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
კონფერენციის „ახალი საუკუნე - ახალი განათლება“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 17 დეკემბერი. - №328 (3729) - 1 გვ.
![]() |
117 „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის უმთავრესი მიზანია“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
18 დეკემბრის ბრიფინგი
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: რამდენად რეალურად მიგაჩნიათ განცხადებები, რომ, თუ ახლად მიღებული ბიუჯეტი არ შესრულდება, მთავრობის წევრები შეიძლება გადადგნენ. ასევე, როგორია თქვენი კომენტარი პარლამენტში „თბილკრედიტბანკის“ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით?
- ბიუჯეტის შესრულება ეჭვს არ იწვევს, რადგან, არსებობს სათანადო რესურსები გაცილებით მეტი თანხის ამოღება შეიძლება, ვიდრე ეს გათვალისწინებულია საკონტროლო ციფრებით. ვფიქრობ, დეკემბრის გეგმა შესრულდება, შემდგომში კი ეს სავალდებულო უნდა გახდეს ყველასათვის. რაც შეეხება „თბილკრედიტბანკს“, ჩემი აზრით, ასეთი საკითხები უმჯობესია სასამართლოში განიხილებოდეს და არა პარლამენტში. ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ბრძოლისა და დაპირისპირების საგანი თუ საფუძველი. ამ ბანკისადმი არის გარკვეული პრეტენზიები, მათ შორის, ევროპის ბანკსაც აქვს თავისი პრეტენზია. ეს კი სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრეზიდენტისა თუ პარლამენტის. თუ ჩვენ გვაქვს ამ ბანკის რაიმე დავალიანება, რა თქმა უნდა, მაშინ ულაპარკოდ უნდა დავფაროთ.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: „თბილკრედიტბანკის“ საკითხის განხილვა აღიქვეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტისადმი პარლამენტის ერთ-ერთი გუნდის მიერ მიყენებული „დარტყმა“, რადგან ამ ბანკში თქვენი ნათესავები მუშაობენ.
- დავიღალე იმის გამეორებით, რომ არ შემიძლია ვმწყემსო სხვისი ან ჩემი ნათესავები. ადამიანებს აქვთ კონსტიტუციური უფლებები - ნათესავიც და არანათესავიც შეიძლება იყოს ამ ბანკის აქციონერი. არა მგონია, პარლამენტის მიზანი იყოს, რომ შევარდნაძეს „დაარტყას“. რას მოიგებენ, თუ არაფერს წააგებენ? ამ ვარაუდში ლოგიკა არ არსებობს. არც ისე დრამატულად არის საქმე. გაიმართება სასამართლო, ყველაფერი გაირკვევა და გამომჟღავნდება. შეიძლება ამ ბანკის მიმართაც სცოდავენ ვიღაცეები.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: - საქართველოსათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გადმოცემული, მორიგი ტრანშის განხილვა ორი კვირით გადაიდო, რა არის ამის მიზეზი? მიზეზი საქართველოს ეკონომიკური გუნდის საქმიანობაში უნდა ვეძებოთ, თუ არის სხვა ობიექტური მიზეზები?
- ამის მიზეზია რუსეთის ერთგვარად დაუსრულებელი პოზიცია. რუსეთმა ჩვენ მოგვცა სიტყვიერი თანხმობა ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ, სხვათა შორის, პრეზიდენტმა პუტინმაც კი. შემდეგ ეს საკითხი სახელმწიფო მინისტრმა გიორგი არსენიშვილმა და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ კასიანოვმა განიხილეს შეხვედრაზე, რომელშიც ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც მონაწილეობდა. მაშინ არავითარი გაუგებრობა არ ყოფილა. ჩვენ მიმდინარე წლის დავალიანება უნდა დაგვეფარა და გარკვეული ვალდებულებანიც უნდა გვეკისრა. ჩემი ხელმოწერით ასეთი წერილი ჩვენი ვალდებულებების შესახებ არსებობს რუსეთის მთავრობაში. სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებამ ვერ მისცა სათანადო მითითებანი თავის დელეგაციას პარიზში ან რაღაც შეგნებულად გაკეთდა. მაგრამ, რაც უნდა მოხდეს, რა შემთხვევასთანაც უნდა გვქოდეს საქმე, დარწმუნებული ვარ, რომ იანვრის პირველ დეკადაში შეიკრიბება სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო და ამ საკითხს განიხილავს. კიდევ რამდენიმე მოთხოვნაა პარლამენტის მიერ შესასრულებელი და გადასაწყვეტი. კერძოდ, საგადასახადო კოდექსში ცვლილებათა შეტანის თაობაზე. ალბათ, არ არის გამორიცხული, რომ წლების დამლევამდე ან ახალი წლის დამდეგს პარლამენტის საგანგებო სხდომა მოვიწვიოთ.
გაზეთი „სეგოდნია“: - ბოლო ინფორმაციით, სად იმყოფებიან პანკისის ხეობაში გატაცებული ესპანეთის მოქალაქეები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ჩვენ ვფლობთ ოპერატიულ ცნობებს, ხორციელდება სათანადო სამძევრო ღონისძიებანი, ამ პროცესებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. ამ საქმის პოზიტიურად დასრულებით ყველანი დაინტერესებული არიან. ოპერატიული ცნობებით, ისინი პანკისის ხეობაში არიან და მათს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: - ამ ეტაპზე რამდენად ახლოს არის ნატოს სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირების პერსპექტივა? ახლა თბილისში იმართება საგანგებო კონფერენცია, რამდენად დაეხმარება ეს ფორუმი ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას და როდის იქნება მზად საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისათვის?
- არაერთხელ გამომითქვამს აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს კანონზომიერებანი და მოთხოვნები, ამ მოთხოვნებს კი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანა, რომელსაც ნატოში გაწევრიანების პრეტენზია და სურვილი აქვს. საქართველო ჯერ კიდევ შორს არის ამ სტანდარტებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაგან. ნატოში გაწევრიანება არ არის უახლოესი 5 წლის პერსპექტივა. რაც შეეხება კონფერენციას, ასეთი შეხვედრები ყოველთვის ხელს უწყობს თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაფართოვებას.
გაზეთი „თუთარჩელა“: - პარლამენტარმა ირაკლი გოგავამ წამოაყენა წინადადება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გაუქმების შესახებ. სამეგრელოში ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ფაქტი, რომ დევნილთათვის განკუთვნილი დახმარებების საკმაოდ სოლიდური ნაწილი „მკვდარ სულებზე“ გაიცა. რა ზომებს მიიღებს პრეზიდენტი?
- სადღეისოდ სტრუქტურები მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ჩვენ შევინარჩუნეთ აფხაზეთის თითქმის ყველა სტრუქტურა: სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, სამინისტროები, თეატრი. იმიტომ კი არა, რომ ამის ნაკლებობა გვქონდა, არამედ ეს ნაკარნახევი იყო აფხაზეთში დაბრუნების პერსპექტივით. ყველაფერი ეს კი არ იქნებოდა სრულყოფილი, რომ არ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფო სტრუქტურები, ლეგიტიმური ხელისუფლება. არ არის იოლი სახელმწიფოსათვის ყოველივე ამის შენახვა. რაც შეეხება დევნილთა თანხის მითვისებას, სამწუხაროდ, ამგვარი ფაქტები მარტო ამ სტრუქტურებთან არ არის დაკავშირებული. „მკვდარი სულების“ არსებობა სხვა სტრუქტურებშიც შეინიშნება. და ეს უდავოდ აღმოსაფხვრელია.
გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“: - საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის შემოღების მიმართ როგორია მსოფლიო დამოკიდებულება?
- მოგახსენებთ, რომ ამ ფაქტისადმი დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციებში, განსაკუთრებით ევროკავშირში. მაგალითისათვის დავასახელებ ევროპარლამენტს, აშკარად უარყოფითია. ბუნებრივია, ასეც უნდა ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭოშიც იგივე იქნება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც და სხვაგან და სხვაგან. გავიმეორებ, რომ ეს იყო სერიოზული შეცდომა და რაც უფრო მალე გამოსწორდება იგი, მით უფრო უკეთესია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობისათვის, საერთოდ, მთელ რეგიონში ხალხთა შორის მჭიდრო ურთიერთობის, სახელმწიფოთა თანამშრომლობის განმტკიცებისათვის. ამისათვის კი გარკვეული დროა საჭირო.
რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: - როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღება გაიტანა, ამის შემდეგ მას საქართველოს მიმართ დაედო 10 მილიარდი დოლარი ვალი. შემდეგ მოხდა ისე, რომ წლეულს საქართველომ რუსეთს გადაუხადა 22 მილიონი დოლარი ვალი, რის შემდეგაც დაიწყო რუსეთის ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ დიალოგი. რატომ მოხდა ასე?
- ამ პრობლემებთან დაკავშირებით არსებობს საგანგებო წერილი, რომლითაც მივმართე პრეზიდენტ ელცინს და შემდეგ ეს გავუმეორე პრეზიდენტ პუტინს. იგი ითვალისწინებს პრობლემის მოგვარებას. ამ 22 მილიონს კი სამხედრო ტექნიკასთან და ამ საკითხებთან არანაირი კავშირი არა აქვს. საქართველოსა და რუსეთს შორის მზადდება ახალი დიდი ხელშეკრულება და შესაძლებელია, მის საფუძველზე გამოინახოს ამ პრობლემათა მოგვარების გზები?
გაზეთი „იბერია სპექტრი“: - ორი კვირის წინათ პარლამენტში დაიწყო კამათი თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ, თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველო დსთ-დან არ გამოვა. თქვენი კომენტარი.
- თანამეგობრობაში ყოფნა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების პრინციპებს არ ეწინააღმდეგება. ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც მეტნაკლებად ეწინააღმდეგებოდა ამ პრინციპებს, ჩასწორებულია ჩემი ხელით, ისე როგორც გააკეთეს ეს სხვა პრეზიდენტებმა. ამა თუ იმ ოქმსა და დოკუმენტს, რომელიც, ჩვენი აზრით, ზღუდავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენ არ მოვაწერთ ხელს და არ შევუერთდით მას. თანამეგობრობის წევრობა მრავალმხრივ არის სასარგებლო. ჩვენ ვთანამშრომლობთ არა მარტო რუსეთთან, არამედ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა გვაქვს ყაზახეთთან, უკრაინასთან, ბელორუსიასთან და სხვა ქვეყნებთან. დარწმუნებული ვარ, თუ საკითხი კენჭისყრაზე დადგება, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლას. საქართველო უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ინტეგრირებული რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო სტრუქტურებში, მათს შორის თანამეგობრობაშიც. ეს ხომ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა.
სააგენტო „სარკე“: - რა იქნება მომავალ საუკუნეში თქვენი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში?
- ჩემი საქმიანობის პრიორიტეტებად იგივე საკითხები დარჩება, რომლებიც, კერძოდ, საპრეზიდენტო პროგრამით იყო გათვალისწინებული. უწინარესად, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის უმთავრესი მიზანი. ასევე ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება, სიღატაკის დაძლევა, პენსიონრების უზრუნველყოფა, განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ისინი უცვლელი რჩება, ვეძებოთ ცივილიზებულ მსოფლიოსთან მჭირდო ინტეგრირების გზები.
აფხაზეთის ტელევიზია: - გუდაუთიდან სამხედრო ბაზის გატანასთან დაკავშირებით, კონტროლის რა მექანიზმები აქვს საქართველოს?
- სამწუხაროდ, უშუალოდ საქართველო კონტროლის მხრივ ამ პროცესში არ არის ჩართული. მაგრამ აფხაზეთის მხარე დათანხმდა, რომ ამ პროცესს დაესწრონ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მეთვალყურეები.
რადიოს პირველი არხი: - როგორ გესახებათ ამჟამინდელ სოციალურ ფონზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების თანამშრომლობა?
- ხელისუფლების დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ცნობილია. არც ერთი სერიოზული ღონისძიება მათი მონაწილეობის გარეშე არ იმართება. არსამთავრობო ორგანიზაციათა ეგიდით გამართულ ფორუმებშიც მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის უმთავრესი მიზანია“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 18 დეკემბრის ბრიფინგი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 19 დეკემბერი. - №329(3730). - 1,3 გვ.
![]() |
118 „ყველა პრობლემის მიუხედავად, ადგილობრივი და ქისტი მოსახლეობის, აგრეთვე, ლტოლვილების მხარდაჭერით, პანკისის ხეობაში წესრიგი მყარდება“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
18 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს 2001 წლის ბიუჯეტი. თუმცა, გასულ კვირასვე გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს სავალუტო ფონდის ტრანშის გამოყოფის განხილვა გადაიდო. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსების გაჯანსაღებისა და კრიზისის დაძლევის ათვლის წერტილია.
ამით ხელახლა იწყება ქვეყნის აღმასვლა, რისთვისაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას.
მადლობა ეთქმით, უპირველესად, იმ დეპუტატებს, ვინც აქტიურად იმუშავა ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური კანონის გასაუმჯობესებლად, ჰქონდა კრიტიკული შენიშვნები, კონკრეტული, დასაბუთებული წინადადებანი და კონსტრუქციულად თანამშრომლობდა პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებთან, უწინარესად, ფინანსთა მინისტრთან.
მე უახლოეს დღეებში მოვაწერ ხელს ამ კანონს.
ყველაფერთან ერთად, იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, სხვა დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განახლების წინაპირობადაც გადაიქცევა.
რაც შეეხება სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს გადადებას, ეს პირობითი ამბავია. როგორც ჩვენ გვითხრეს, იანვრის პირველ დეკადაში შეიკრიბება დირექტორთა საბჭო და, რადგან ბიუჯეტი და ზოგიერთი მათი შენიშვნა დამტკიცებულია, შესაბამისი კრედიტების ხაზებიც გაიხსნება.
დიდი მნიშვნელობა ექნება დეკემბრის საბიუჯეტო პარამეტრების შესრულებას.
ეს თვე ტრადიციულად რთული და დაძაბულია. წელს კი ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ენერგეტიკულმა კრიზისმა, რისი უმთავრესი მიზეზიც (რაც არაერთგზის მითქვამს) ეკოლოგიური კატასტროფა გახდა.
ამან, რასაკვირველია, თავისი დიდი დაღი დაასვა მრეწველობას და სოფლის მეურნეობას. იძულებული ვართ, დავზოგოთ ის მწირი ჰიდრორესურსები, ასე თუ ისე, კიდევ რომ არის წყალსაცავებში. ახლა კიდევ უფრო საგრძნობია საქართველოში ჯერარნახული გვალვის უმძიმესი შედეგები.
ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, მისი ორივე მძლავრი დეპარტამენტი, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან ერთად, ყველაფერს იღონებენ დეკემბრის ბიუჯეტის შესასრულებლად. ეს თვე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ხელფასები, პენსიები, დახმარება და ყველაფერი ის, რაზეც ადამიანების ცხოვრებაა დამოკიდებული.
მით უმეტეს, რომ ფულად-საკრედიტო სფეროში შენარჩუნებულია დადებითი ტენდენციები. ინფლაციის დონე ნორმის ფარგლებშია, შენარჩუნებულია ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა და, რაც ყველაზე საგულისხმოა, მტკიცდება ნდობა საბანკო სისტემისადმი.
ეს ჩვენი ერთ-ერთი დიდი რეზერვია. კერძოდ, მიმდინარე წლის განმავლობაში, საბანკო სისტემის მთლიანი აქტივები 17 პროცენტით გაიზარდა. კომერციული ბანკების ვალდებულებათა ზრდაში 30 პროცენტი ვადიანი დეპოზიტების ზრდას უკავია. ასეთ ტემპს ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის.
მაშასადამე, იზრდება საკრედიტო რესურსი.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საბანკო სისტემას, ასევე როგორც ზოგადად ქართულ ბიზნესს, მის ავტორიტეტს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ და ყოველმხრივ ხელი შევუწყოთ.
ქართველი ბიზნესმენები, მათ შორის, ბანკირები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ძლიერების საფუძველს ქმნიან. ახლა უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი.
თითქმის 80-85 პროცენტით სწორედ მეწარმეობა ავსებს და ასულდგმულებს საქართველოს ბიუჯეტს, მათი ძალისხმევით შეიქმნა ასი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, მთლიანად გარდაიქმნა ეკონომიკის სტრუქტურა, გაძლიერდა სოციალური მიმართულებაც - ვგულისხმობ არა მხოლოდ და არა იმდენად „სოციალურ ანარიცხებს“ (თუმცა, ესეც ძალზე მნიშვნელოვანია), არამედ, უპიველესად, იმავე სამუშაო ადგილებს და ქველმოქმედებას, რაც ბოლო დროს აქტიურად იკიდებს ფეხს საქართველოში.
საბანკო სისტემასთან ურთიერთობას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამას ადასტურებს არა მარტო ორი წლის წინათ რუსეთის საბანკო სფეროში განვითარებული კატასტროფული მოვლენები, რომლებიც შემდეგ დაძლიეს რუსეთის ხელმძღვანელებმა, არამედ დღეს ჩვენს მეზობელ თურქეთში შექმნილი ვითარებაც.
მოგეხსენებათ, თურქეთის საბანკო სისტემა სერიოზულად შეირყა, თუმცა, მდგომარეობა სწრაფადვე უმჯობესდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით (ჩემი მონაცემებით, ეს დაახლოებით 7-დან 10-მილიარდ დოლარამდეა) და მეგობარი თურქეთის რესპუბლიკას ვუსურვებ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში საბოლოოდ დაძლიოს ეს სირთულეები. ჩვენ ამით სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებული.
უახლოეს მომავალში უეჭველად შევხვდები ქართველ ბანკირებს, რათა გულღიად ვისაუბროთ ყველა მტკივნეულ და პრობლემურ საკითხებზე - ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური განვითარების პერსპექტივაზე. ასეთივე შეხვედრები მექნება ქვეყნის წამყვან ბიზნესმენებთან. და ეს შეხვედრები შემდგომში სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
საბაზრო ეკონომიკის პრინციპთა ერთგულება თავისთავად გულისხმობს ბანკების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას ისევე, როგორც ბიზნესმენთა ფენის კანონიერი ინტერესების დაცვას, ვინაიდან სწორედ და მხოლოდ ასეთი დამოკიდებულება შეესაბამება ქვეყნისა და მოსახლეობის დღევანდელ და პერსპექტიულ მოთხოვნებსა და ამოცანებს.
გასული კვირის მოვლენებიდან, აგრეთვე, აღვნიშნავ გაეროს ბავშვთა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა ბატონ ბორის ტოლსტოპიატოვთან შეხვედრას. „იუნისეფმა“ საქართველოსთან თანამშრომლობის მორიგი ხუთწლიანი პროგრამა დაამტკიცა და მან ეს წარმოადგინა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში 1993 წლიდან მუშაობს. მისი უმთავრესი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. პროგრამა, აგრეთვე, ითვალისწინებს, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მოვლის ალტერნატიული მეთოდის დანერგვას და ათი ათასამდე ბავშვის დაბრუნებას ოჯახებში, ესე იგი, მათს აღზრდას შემდგომ ოჯახურ პირობებში, მათ შორის, გაშვილების პრობლემის მოწესრიგებას. აქ ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური მომენტია, როგორც მომავალი მშობლის, ასევე, თვით ბავშვების მხრივ. გამოვყოფ შეხვედრას კომპანია „გლენკორის“ ხელმძღვანელობასთან. ამ საწარმოს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში (ისე, როგორც „მადნეულს“), შესანიშნავი პერსპექტივა აქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა პრობლემა დადებითად გადაწყდება და სამომავლო თანამშრომლობა ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისთვის.
მით უმეტეს, რომ „გლენკორი“ მზად არის საქართველოში ახალი ინვესტირებისა და დიდძალი კაპიტალის დასაბანდებლად. მე მათ რამდენიმე ასეთი ვარიანტი შევთავაზე.
მინდა, ასევე, ვაცნობო საქართველოს მოქალაქეებს, რომ გრძელდება ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარება ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების შესამსუბუქებლად. რამდენიმე დღის წინათ ბელგიის მთავრობამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აცნობა, რომ გამოყოფილია 250 ათასი დოლარი. ხოლო გიორგი არსენიშვილის უკრაინაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ და პრემიერ-მინისტრმა დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოსათვის 5 ათასი ტონა ხორბლის უფასოდ და 45 ათასი ტონა მარცვლეულის კონსიგნაციის წესით, ესე იგი, გრძელვადიანი კრედიტის სახით გამოყოფის შესახებ.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უღრმესი მადლიერება მოძმე უკრაინელი ხალხის, მისი მთავრობის და პირადად ლეონიდ კუჩმას მიმართ, რომლებმაც ასე ახლოს მიიტანეს გულთან ჩვენი პრობლემა, მათაც უჭირთ, მრავალი პრობლემა აქვთ, მაგრამ მოძმეთათვის არ დაიშურეს ის, რაც აუცილებელია, რომ თავი დავაღწიოთ ჩვენში შექმნილ მძიმე მდგომარეობას.
სხვა დახმარებაზე, განსაკუთრებით, სათესლე მასალის გამოყოფაზე მე უკვე მოგახსენეთ ადრე და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება.
- საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის მნიშვნელოვანი ნაწილია ევრაზიის დერეფანი და „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინება. ზოგიერთები აცხადებდნენ, თითქოს ფერხდებოდეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყება. გასულ კვირას თქვენ შეხვდით „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელებს. რა გადაწყვეტილებები მიიღეთ?
- როგორც ცნობილია, 18 ოქტომბერს ჩემი მონაწილეობით ნავთობმომპოვებელ უცხოურ კომპანიებთან გაფორმდა „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის ხელშეკრულება“, რომლითაც განისაზღვრა და შეთანხმდა თითქმის ყველა ძირითადი საკითხი.
საპროექტო ხელშეკრულება განსაკუთრებით მკაცრ მოთხოვნებს უყენებს საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს, სახელმწიფო ორგანოებსა და საწარმოებს, რეგიონულ სტრუქტურებს ნაკისრ ვალდებულებათა დროულად შესრულებასთან დაკავშირებით.
უდიდესი მნიშვნელობა ექნება პროექტის რეალიზაციის პროცესში მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას, რათა „საუკუნის მშენებლობა“ მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე პირობებში განხორციელდეს, ისევე როგორც ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობსადენის პროექტის მშენებლობის დროს. ჩვენ მართლაც უნიკალური გამოცდილება შევიძინეთ ამ ნავთობსადენის მშენებლობის პროცესში.
მთლიანად იქნება გათვალისწინებული საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ, მიწათმფლობელთა ინტერესები. ამასთანავე, როგოც „ბი-პი“-ს ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ითქვა, პროექტს აქვს ძალზე საგულისხმო და ღირსეული „სოციალური შემადგენელიც“. ამ თვალსაზრისით მუშაობა უკვე დაწყებულია.
რა თქმა უნდა, უპირველესი პრიორიტეტი იქნება ბუნების დაცვა, გარემოებაზე უარყოფითი ზემოქმედების აბსოლუტური გამორიცხვა; კულტურული მემკვიდრეობის უეჭველი და სრული შენარჩუნება და მათი რეაბილიტაცია; ადგილობრივი მუშახელისა და კომპანიების მაქსიმალური დასაქმება; საქართველოს სატრანსპორტო, სამრეწველო, სამშენებლო, საკომუნიკაციო და სამეცნიერო-საინჟინრო პერსონალის მაქსიმალური გამოყენება.
ამჟამად პროექტის განხორციელება უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს და საყოველთაო მხარდაჭერით რამდენიმე წლის შემდეგ ასევე წარმატებით დასრულდება.
მისასალმებელია, რომ ყაზახეთი და მისი პრეზიდენტი ნაზარბაევი კვლავ ადასტურებენ, რომ მზად არიან ჩაებან ამ პროექტის განხორციელებაში. ესე იგი, ყაზახეთის ნავთობის ნაწილი თურქეთისაკენ სწორედ ამ ნავთობსადენის მეშვეობით გაედინება.
- ახლოვდება ახალი წელი და ხელისუფლება, ალბათ, იზრუნებს, რომ საერთო გაჭირვების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების საახალწლო სუფრა მეტისმეტად მწირი არ იყოს...
- ამ დღეებში საგანგებოდ განვიხილე საახალწლო ვაჭრობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. შევეცდებით, ყველა პირობა შევქმნათ, რათა მოსახლეობამ საგრძნობი შეღავათი და ხელისუფლების განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნოს ახალი წლის დღეებში.
ჩემი თხოვნით რკინიგზის დეპარტამენტის უფროსი აკაკი ჩხაიძე ამზადებს განკარგულებას იმ მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანი შეღავათების დაწესების შესახებ, რომლებიც რკინიგზით ისარგებლებენ საახალწლო ვაჭრობის დღეებში დედაქალაქში, სხვა ქალაქებში სურსათის შემოსატანად.
შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი ფერმერთა და ქალაქის მოსახლეობის დასახმარებლად. ყველაფერს ვიღონებთ, რაც შესაძლებელია, რათა ეს ახალი წელი მართლაც დასამახსოვრებელი იყოს, განსაკუთრებით, მოხუცთა პანსიონატების, ბავშვთა სახლების ბინადართათვის. აგრეთვე, რასაკვირველია, ლტოლვილებისა და, საერთოდ, მთელი მოსახლეობისათვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ მუშაობაში აქტიურად ჩაებმებიან რაიონები, ქალაქები, პრეზიდენტის რწმუნებულები, პრეზიდენტის რეგიონული სამსახური, ყველა სხვა სამინისტრო და უწყება.
- ბოლო დღეების განმავლობაში, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ყურადღება კოდორის ხეობისაკენ იყო მიპყრობილი. გასულ კვირას ხეობაში დატყვევებული გაეროს ორი მეთვალყურე გაათავისუფლეს. გათავისუფლებული ოფიცრები თქვენ შეგხვდნენ...
- მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა გაეროს მეთვალყურეთა გათავისუფლებაში და ამით საკუთარი ქვეყნის ღირსებაც გადაარჩინა. მათ შორის, უპირველესად, ემზარ კვიციანს, რომლის გონივრულმა მოქმედებამ დიდი როლი შეასრულა ამ ტრაგიკული და მეტად საშიში ეპიზოდის მშვიდობიანად დასრულებაში. ვგულისხმობ სწორედ მძევალთა უსაფრთხოებას.
მსოფლიო ყურადღება მართლაც საგანგებო იყო: გასული კვირის განმავლობაში სამჯერ ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც საბერძნეთის ხელმძღვანელობასა და გაეროს სამდივნოს.
მას შემდეგ, რაც ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მე შევხვდი ბერძენ და პოლონელ ოფიცრებს. ისინი რჩებიან საქართველოს მეგობრებად. მცირე ხნით შვებულებით მიემგზავრებიან სამშობლოში, მაგრამ სულ მალე დაბრუნდებიან თავიანთი კეთილშობილური მისიის გასაგრძელებლად.
- კვლავ გაურკვეველი რჩება პანკისის ხეობაში გატაცებულთა ბედი. როგორია თქვენი კომენტარი პანკისის ხეობაში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით?
- სულ უფრო მეტი საბუთი გვაქვს იმისა, რომ გარკვეულ ძალებს ჩაფიქრებული ჰქონდათ პანკისის ხეობის (ასე ვთქვათ) „აფეთქება“, სისხლისღვრის პროვოცირება და საქართველოს ჩათრევა საომარ მოქმედებებში. ამას შემდგომ უნდა მოჰყოლოდა არეულობა კახეთსა და მთელ საქართველოში. მაგრამ მზაკვრული გეგმის განხორციელება, საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს და, დარწმუნებული ვარ, ვერც მოახერხებენ.
ყველა პრობლემის მიუხედავად, ადგილობრივი ქართველი და ქისტი მოსახლეობის, აგრეთვე, ლტოლვილების მხარდაჭერით, პანკისის ხეობაში (ისევე როგორც მთლიანად ახმეტის რაიონში) წესრიგი მყარდება.
დაგეგმილი მაქვს უახლოეს დღეებში მივიღო ქისტი მოსახლეობის წარმომადგენლობითი დელეგაცია მათივე თხოვნით.
ჩვენი (ისევე როგორც მათი) სურვილია, საკადრისი მიეზღოს ყველა კრიმინალს, ადამიანის გამტაცებელს, ნარკოტიკული შხამით მოვაჭრეს, განურჩევლად მისი ეროვნებისა - ქართველი იქნება იგი თუ ჩეჩენი. მათ არაერთხელ გამოხატეს ასეთი სურვილი სხვადასხვა შეკრებაზე თუ პირად საუბრებში.
საქართველო (სტრატეგიული თვალსაზრისით) ფლობს ვითარებას პანკისის ხეობაში. იქ მართლაც არის ეგრეთ წოდებული ბოევიკთა ჯგუფი, მათ შორის, არიან პანკისელი ქისტები, რომლებიც იბრძოდნენ ჩეჩნეთში და შემდგომ დაბრუნდნენ ხეობაში. ისინი საქართველოს მოქალაქები არიან. თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მათთან საუბარია საჭირო და არა ხელაღებით ლანძღვა.
არ გამოვრიცხავ, რომ ხეობაში თავს აფარებდნენ ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქეები, ანუ იგივე ეგრეთ წოდებული „ბოევიკები“.
მაგრამ სრული დეზინფორმაციაა, თითქოს ხეობაში დაფუძნებულია ექსტრემისტთა „სამხედრო ბანაკები“ თუ „ბაზები“, მოძრაობენ იარაღის ქარავნები; რომ თითქოს ხეობაში დაბანაკებულია ასობითა და ათასობით შეიარაღებული ჩეჩენი მებრძოლი, ვერტმფრენებითა და თვითმფრინავებით გადააქვთ იარაღი და ასე შემდეგ. სხვათა შორის, სხვა თუ არაფერი, ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების გაკონტროლება ელემენტარული ამოცანაა და ამის გაკეთება ყველას შეუძლია - რუსეთსაც და არა მარტო მას.
- სხვათა შორის, გასულ კვირას რუსეთის ერთ-ერთმა საინფორმაციო პროგრამამ აჩვენა ის ტექნიკა, რომელიც ვერტმფრენის გამოჩენის შემთხვევაში მას ჩამოაგდებდა, მაგრამ ასეთი ვერტმფრენი არსად გამოჩენილა...
- ერთადერთი ვერტმფრენი, რომელიც ხანდახან დაფრინავს, თუ ნორმალური ამინდია, ეს მესაზღვრეების ვერტმფრენი, რომელიც იქ მესაზღვრეები გადაჰყავს ან გადმოჰყავს. სამწუხაროდ, სხვა ვერტმფრენები საქართველოს არ გააჩნია, რომ ამ მიზნით გამოიყენოს.
აქვე, არ შემიძლია გულისტკივილით არ აღვნიშნო: ძალიან დიდ პატივს ვცემ რუსულ ჟურნალისტიკას, მაგრამ ბოლო დროს რუსული მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის, ზოგიერთი გაზეთი, აგრეთვე, სოლიდურად მიჩნეული ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტო ვულგარული, პრიმიტიული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის იარაღად აქციეს. თუ ასე გაგრძელდება, ისინი უეჭველად დაკარგავენ ბოლო წლებში ღირსეულად მოპოვებულ ნდობასა და ავტორიტეტს რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც, აღარაფერს ვამბობ საქართველოზე.
რაც შეეხება საქართველოს ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეებს, მხედველობაში მყავს ქისტები, რომლებიც მართლაც მონაწილეობდნენ ჩეჩნეთის საომარ მოქმედებებში, ყველას შევახსენებ: როდესაც აფხაზეთის ომის დროს ჩვენ ვეუბნებოდით პატივცემულ კოლეგებს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათი ქვეყნის ათასობით და ათიათასობით მოქალაქე ჩამოდიოდა აფხაზეთში და აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ აქტებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, აქტიურად მონაწილეობდნენ საომარ ოპერაციებში, მათ შორის, ტექნიკით, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთს არა აქვს საშუალება გააკონტროლოს თითოეული მოქალაქის გადაადგილება.
ასეთ მდგომარეობაშია დღეს საქართველო, თუმცა, შედარება არ შეიძლება. იქ სხვა მასშტაბი იყო, აქ - სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. მით უმეტეს, ჩვენი შესაძლებლობანი ბევრად ნაკლებია, ვიდრე რუსეთისა. თუმცა, მე ამ ფაქტებს ერთმნიშვნელოვნად ვგმობ და დაუშვებლად მიმაჩნია.
- გასულ კვირას დაიწყო რუსეთის შეიარაღებისა და მძიმე ტექნიკის გატანა გუდაუთის სამხედრო ბაზიდან. რანდენად კონტროლირებადია ეს პროცესი და რა მნიშვნელობა აქვს მას რუსეთ-საქართელოს ცნობილი ხელშეკრულებების შესრულების კონტექსტით?
- ტექნიკის გატანის პროცესი და ბაზების თანდათანობით გასვლის პროცესი უდავოდ კონტროლირებადია.
გუდაუთიდან, ისევე, როგორც მთელი საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა კარგა ხანია მიმდინარეობს. არ შემიძლია კმაყოფილებით არ დავადასტურო, რომ ამ თვალსაზრისით რუსეთი ჯერ-ჯერობით ასრულებს თავის ვალდებულებებს, მხედველობაში მაქვს სტამბოლის ხელშეკრულება.
მსოფლიოში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელიც ნორმალურად მიიჩნევდეს მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების ბაზირებას (გარდა ერთეული შემთხვევებისა).
არც საქართველოა გამონაკლისი.
მართალია, ხუთი წლის წინათ ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს საქართველოში რუსეთის ბაზების დაფუძნების შესახებ, მაგრამ ხელშეკრულების რატიფიცირება განპირობებული იყო აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტით, რაც, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. იყო ზოგიერთი სხვა პირობაც და არც ერთი არ შესრულებულა.
ამრიგად, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების ეტაპობრივი გაყვანა უკვე შეუქცევადი პროცესია, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს რუსეთთან ისეთივე მეგობრულ ურთიერთობათა შენარჩუნებას, როგორიც რუსეთმა შეინარჩუნა ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც მისი სამხედრო კონტინგენტი დიდი ხანია აღარ იმყოფება.
საქართველო არ აპირებს ამ პროცესის ფორსირებას.
შესაბამის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია გარკვეული პერიოდი, რათა ჯარების გაყვანა და ბაზების ლიკვიდაცია რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს.
ამასთან, ცალკეული უცხო ქვეყანა, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები გარკვეულ ფინანსებს გამოყოფენ იმისათვის, რომ რუსეთს გაუადვილდეს ტექნიკის გატანა, შემდეგ დაბინავება, თუ საჭიროა, განადგურება და ა.შ.
მით უმეტეს, რომ შესანიშნავად გვესმის ის სირთულეები, რაც რუსეთში არსებობს მრავალი თვალსაზრისით.
- ვითარება საქართველოს გარშემო და ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში (რაც წარმოჩნდა, თუნდაც, დღევანდელი ჩვენი საუბრისას), კიდევ ერთხელ ადასტურებს შიდაპოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას. ამის გათვალისწინებით, როგორ აფასებთ საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებს? ზოგიერთი უკვე უმრავლესობის დაშლას წინასწარმეტყველებს...
- ვფიქრობ, პარლამენტში არსებული ვნებათაღელვის მიუხედავად, ვითარების განსაკუთრებული დრამატიზირების საფუძველი მაინც არ არსებობს.
ერთს კი ვიტყვი: საპარლამენტო უმრავლესობამ და პარტიამ, მოძრაობამ, მოქალაქეთა კავშირი მყავს მხედველობაში, რომელსაც მოსახლეობამ უდიდესი ნდობა გამოუცხადა საპარლამენტო არჩევნებზე, უფრო მეტი უნდა იფიქროს ქვეყნისა და ხალხის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობაზე.
ეს შენიშვნა საერთო ტენდენციას გულისხმობს და არა მხოლოდ ცალკეული საკითხების ემოციურ განხილვას, ან კონკრეტულ პოზიციათა შეუთანხმებლობას და ცალკეულ წაკინკლავებას ამა თუ იმ ჯგუფებს შორის. იმასაც დავძენ, რომ უმრავლესობის ერთიანობის პრობლემა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალურია, ვიდრე არჩევნებამდე. ამისათვის უნდა გამოვიჩინოთ სათანადო მოქნილობა, ვიმუშაოთ ყველასთან, ყველა დეპუტატთან, ყველა ჯგუფთან, მათ შორის, განსხვავებული აზრისა და პოზიციის მქონე ადამიანებთან. ამის გამოცდილება საქართველოში გვაქვს.
- ჯორჯ ბუშ-უმცროსის გამარჯვებით დასრულდა საკმაოდ ხანგრძლივი საარჩევნო მარათონი ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყანასთან ახალი ადმინისტრაციის პირობებში?
- ამერიკის შეერთებული შტატები, მოგეხსენებათ, ზესახელმწიფოა და ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები სავსებით ბუნებრივად მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში.
გაზვიადების გარეშე, ამერიკაში არჩევნების შედეგს მთელი მსოფლიო დაძაბულად ელოდება. მათ შორის, ელოდება, რა თქმა უნდა, საქართველოც.
ამ დიდ ქვეყანასთან, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, 1992 წლიდან საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობა აქვს და ცნობილია ის მრავალმხრივი დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიწევს. მათ შორის, ფინანსური დახმარება, პროდუქტებით, მარცვლეულით დახმარება და სხვა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გაკეთდა ბოლო რვა წლის მანძილზე.
ვფიქრობ, ხელისუფლებაში ჯორჯ ბუშისა და მისი უაღრესად ქმედითი, კომპეტენტური და კვალიფიციური გუნდის მოსვლა (როგორც მე მათ ვიცნობ, ეს მართლაც უაღრესად კომპეტენტური გუნდია), კიდევ უფრო მეტ დინამიზმს შესძენს და გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს.
ქართველი ხალხის სახელით გულწრფელად მივულოცე ჯორჯ ბუშს გამარჯვება ურთულეს, მე ვიტყოდი, უსასტიკეს ბრძოლაში, და, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ვითარებაში და დემოკრატიულ ატმოსფეროში.
„ყველა პრობლემის მიუხედავად, ადგილობრივი და ქისტი მოსახლეობის, აგრეთვე, ლტოლვილების მხარდაჭერით, პანკისის ხეობაში წესრიგი მყარდება“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 18 დეკემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 19 დეკემბერი. - №329(3730). - 1, 2 გვ.
![]() |
119 ბაქოს მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მონაწილეებსა და სტუმრებს |
▲back to top |
გულწრფელად მივესალმები ბაქოს მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალს „აღმოსავლეთ-დასავლეთს“, მით უმეტეს, რომ იგი მიმდინარეობს ისეთ სტუმართმოყვარულ და კულტურული ტრადიციებით მდიდარ ქვეყანაში, როგორიც აზერბაიჯანია. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ამ საუკუნის მიწურულს აღმოსავლეთისა და დასავლეთის კინემატოგრაფისტთა შეხვედრის ადგილად სწორედ ბაქოა არჩეული, რომელიც საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციის მოწმე და თანამოსაგრე იყო.
ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევისთვის, ბაქოს ფესტივალი „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების კულტურული პროექტის ნაწილი გახდება, გზისა, რომელიც გადიოდა ჩვენს ქვეყნებზე ჩინეთიდან ცენტრალურ ევროპამდე და აერთიანებდა აღმოსავლეთს დასავლეთთან.
ვიმედოვნებ, ახალი ათასწლეულის ზღურბლზე ბაქოს ფესტივალი თავის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის არა მარტო კულტურულ, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და უთუოდ მოახდენს გავლენას სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა გაუმჯობესებასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ხალხთა დაახლოებაზე.
ვუსურვებ ბაქოს მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს შემოქმედებითს აღმაფრენას, სულიერ გამდიდრებასა და საზეიმო განწყობილებას.
ედუარდ შევარდნაძე.
ბაქოს მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მონაწილეებსა და სტუმრებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 20 დეკემბერი. - №330 (3731). - 1 გვ.
![]() |
120 გრიგოლ წერეთლის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მონაწილეებს |
▲back to top |
ქალბატონებო და ბატონებო,
დიდი კმაყოფილებით შევიტყვე, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება სამეცნიერო სესია, რომელიც ეძღვნება დიდ ქართველ მეცნიერს გრიგოლ წერეთელს.
გრიგოლ წერეთელი, როგორც მეცნიერი და როგორც პიროვნება, მაგალითი უნდა იყოს იმ ქართველი ახალგაზრდებისათვის, რომელთაც მოსდგამთ ნიჭი და უნარი სამშობლოს ემსახურონ. გრიგოლ წერეთელი - პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, რუსეთსა და ევროპაში უკვე სახელმოხვეჭილი გახლდათ, როდესაც მიიღო ივანე ჯავახიშვილის მოწვევა თბილისში ჩამოსულიყო და მონაწილეობა მიეღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაში.
იგი უყოყმანოდ მოემგზავრება საქართველოში და უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული მეცნიერების განვითარებაში.
მთელი მისი ცხოვრება არის შესანიშნავი მაგალითი სამშობლოსათვის და მეცნიერებისათვის თავშეწირვისა, მისაბაძი მაგალითი იმ ჩვენი ახალგაზრდებისათვის, რომელნიც განათლებას უცხოეთში ღებულობენ და რომელთა დიდი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, დაბრუნდება საქართველოში და ოცდამეერთე საუკუნის დიდ საქართველოს ააშენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველას და მადლობას გიხდით ამ დიდი ქართველის გახსენებისათვის.
გრიგოლ წერეთლის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 22 დეკემბერი. - №332(3733). - 1 გვ.
![]() |
121 ნოდარ მგალობლიშვილის ოჯახს |
▲back to top |
სამძიმარი
დიდად დამამწუხრა ბატონ ნოდარის გარდაცვალებამ. მე მასთან წლების მანძილზე მქონდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა და უნდა ვთქვა, რომ იგი ბრწყინვალე და არაჩვეულებრივი, დიდად განათლებული, ღრმა პიროვნება გახლდათ, სამაგალითო წარმომადგენელი ქართველი არქიტექტორებისა მისი სამშობლოს გარეთ და ღირსეული წარმომადგენელი თავისი შესანიშნავი გვარისა და ოჯახისა - საქართველოში.
იგი ბევრი კარგი საქმის მოთავე იყო და ბოლომდე მიმყვანი.
ასეთი ადამიანები ყოველთვის საუკეთესოდ წარმოაჩენენ თავის ერს.
მისი გარდაცვალება მართლაც დიდი დანაკლისია.
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი.
ე. შევარდნაძე.
ნოდარ მგალობლიშვილის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 22 დეკემბერი. - №332(3733). - 1 გვ.
![]() |
122 საქართველოს მედიცინის მუშაკებს |
▲back to top |
ძვირფასო მეგობრებო,
ნება მიბოძეთ, გულითადად მოგილოცოთ პროფესიული დღესასწაული - მედიცინის მუშაკის დღე!
წინაპართა სახელოვან ტრადიციაზე აღზრდილი ჩვენი ქვეყნის მედიკოსები ღირსეულად აგრძელებენ მათ მიერ ნაანდერძევ ჭეშმარიტებას - იყვნენ ჩვენი ხალხის ფიზიკური გაჯანსაღების ერთგული მსახურნი, ეზიარონ სამამულო და მსოფლიო მედიცინის მიღწევებს, განახორციელონ სამედიცინო აზრისა და პრაქტიკის ერთიანობის პრინციპები.
დღეს, მომავალი ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე, ჩვენს საზოგადოებრიობას, რომელსაც მრავალი პრობლემის დაძლევა უხდება, განსაკუთრებული თანადგომა, სითბო და სიყვარული სჭირდება.
სწორედ ამ ვითარებაში ვლინდება თქვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მამულიშვილური ვალი - თანაუგრძნოთ, შეუმსუბუქოთ მათ არსებული სოციალური პრობლემები.
იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის მედიცინის სახელოვანი მუშაკები შემართებითა და მაღალი პროფესიონალიზმით ყველაფერს იღონებენ, რომ პირნათლად მოიხადონ ვალი ქვეყნისა და ერის წინაშე, იღვაწონ ადამიანთა მიმართ თანადგომის ჰუმანისტური იდეალების ხორცშესხმისათვის.
გისურვებთ დიდ წარმატებას ამ მამულიშვილური და საპატიო მოვალეობის წარმატებით აღსრულებაში.
ღრმა პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს მედიცინის მუშაკებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 23 დეკემბერი. - №333 (3734). - 1 გვ.
![]() |
123 „მე კვლავ ვადასტურებ და მტკიცედ ვაცხადებ, რომ სიტყვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღება აუცილებლად მიმაჩნია“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
25 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას თბილისში გაიმართა სამხედრო საკითხებზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი. იმავდროულად, გაიმართა, აგრეთვე, ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომისიის სხდომა. ორივე შემთხვევაში ჩვენი პარტნიორი იყო რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ილია კლებანოვი. როგორ აფასებთ მოლაპარაკებათა შედეგებს? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია.
რუსეთის ფედერაცია ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია, ვინაიდან არა მარტო მეზობლები ვართ, არამედ ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს ისტორიული ტრადიციის თვალსაზრისითაც.
კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ: არსებობს ინტერესთა ობიექტური თანხვედრაც მრავალი მიმართულებით. ეს პოტენციალი კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რაოდენ სიძნელეებსაც უნდა ვაწყდებოდეთ.
სამწუხაროდ, არსებულ შესაძლებლობათა და პოტენციალის სრულყოფილად გამოყენება ყოველთვის ვერ ხერხდება, რაც ორივე მხარის შეშფოთებასა და უკმაყოფილებას იწვევს.
ამ თვალსაზრისით, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის ილია კლებანოვის ვიზიტი, ვფიქრობ, ორმხრივად სასარგებლო იყო.
მართალია, მრავალი პრობლემური საკითხი ბოლომდე ვერ გადაწყდა, მაგრამ რამდენიმე ურთულესი მიმართულებით (მათ შორის ბაზებთან დაკავშირებით), განსაკუთრებით ვაზიანის ბაზა, ე. წ. ნამატი ტექნიკის გაყვანა, მათ შორის გუდაუთის ბაზის საკითხები და სხვა, მნიშვნელოვნად, მე ვიტყოდი, შეუდარებლად წინ წავიწიეთ.
ჩვენ კვლავ ძალზე პრინციპულად გამოვხატეთ საქართველოს პოზიცია სავიზო რეჟიმის, აგრეთვე კონფლიქტების მოწესრიგების თაობაზე.
შევთანხმდით, რომ აუცილებელია დაჩქარდეს ახალი დიდი ხელშეკრულების მომზადება, ვინაიდან ეს დოკუმენტი დაგვეხმარება, გადავჭრათ წარმოქმნილი პრობლემები. იგი უფრო ხელსაყრელ ფონს შეუქმნის თანამშრომლობის განვითარებას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ტრადიციათა განმტკიცების თვალსაზრისით.
ასეთივე პოზიცია აქვს პრეზიდენტ პუტინს.
სავიზო რეჟიმიც არ არის მუდმივი მოვლენა. იგი ზიანის მომტანია, დარწმუნებული ვარ, და უკვე ვხედავთ ამას, ორივე მხარისათვის, ორივე ხალხისთვის.
თბილისში მოლაპარაკების დროს, რუსეთის დელეგაციამ რამდენიმე ძალიან საინტერესო კონკრეტული წინადადება შემოგვთავაზა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიზნით. იგულისხმება მანქანათმშენებლობის, კერძოდ, ავტომშენებლობის დარგი, ენერგეტიკის სფერო და სხვა. ზოგიერთი მათგანი უკვე გაფორმდა ხელშეკრულების სახით.
სხვა დანარჩენ წინადადებებსაც გულდასმით შევისწავლით და პასუხიც, ალბათ, დადებითი იქნება, ვინაიდან ეს სასარგებლოა როგორც საქართველოსათვის, ასევე რუსეთისათვის, და მთლიანად, მეგობრობისა და თანამშრომლობის იმ ტრადიციებისათვის, რომლებზეც მე ზემოთ ვილაპარაკე.
- საქართველო კვლავ აქტიურად მონაწილეობს გლობალური მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში. ბოლო დროს ბევრის ყურადღება მიიქცია ყაზახეთის პოზიციამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებით. ყაზახეთის საბოლოო ჩართვა ამ პროექტში ნიშნავს თუ არა მის საბოლოო წარმატებას?
- ყაზახეთის პოზიციას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ საკითხზე, რამდენიმე ხნის წინათ მე ვესაუბრე პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს. ჩვენ წინა ინტერვიუებში გვქონდა ამის შესახებ საუბარი. ჩვენი შეთანხმების შესაბამისად, ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩემი საგანგებო დავალებით იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია ბატონ გიორგი ჭანტურიას ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიოდა სტრატეგიული მრჩეველი ნავთობისა და გაზის საერთაშორისო საკითხებში ედუარდ ჩოუ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დელეგაცია მიიღეს უმაღლეს დონეზე. მოლაპარაკებაც ძალზე წარმატებული იყო, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, აგრეთვე, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას.
გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც ჩემი წერილი გადასცა პრეზიდენტ ნაზარბაევს, დაუყოვნებლივ შემატყობინა, რომ უკვე ეჭვს აღარ იწვევს ყაზახეთის აქტიური ჩართვა ამ გრანდიოზულ პროექტში იმ ვალდებულებათა შესაბამისად, პრეზიდენტმა ნაზარბაევმა ჩვენთან ერთად რომ იკისრა სტამბოლის ისტორიულ სამიტზე. საქართველოს დელეგაციამ ყაზახეთში ყოფნისას დაადასტურა ჩვენი თანხმობა, რომ ამ პროექტს ეწოდოს „აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენი, ამას პირობითად ვამბობ, აქტაუ, მართლაც, ერთ-ერთი საკვანძო ნავსადგური გახდება, რასაც მასპინძლები დიდი მადლიერებით შეხვდნენ. უახლოეს დღეებში კი საქართველო უმასპინძლებს ყაზახეთის დელეგაციას.
ყაზახეთი, აგრეთვე, დაინტერესებულია ტვირთის გატარებით დასავლეთისაკენ, შავი ზღვის ნავსადგურების მეშვეობით, მხედველობაში მაქვს საქართველოს ნავსადგურები: ბათუმი, ფოთი. ამ თემაზეც ვისაუბრეთ მე და ყაზახეთის პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინათ. ამ წამოწყებას უდავოდ დიდი მომავალი აქვს და უკვე ვამზადებთ ამ საკითხის გადაწყვეტას იდეებისა და პროექტების დონეზე.
- გასულ კვირას მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკულმა კომპანიამ „ლოკჰიდ-მარტინმა“ და საქართველოს მხარემ ხელი მოაწერეს გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის შესაბამისად „ლოკჰიდ მარტინი“ საქართველოს ეკონომიკაში 105 მილიონ ამერიკული დოლარის ოდენობის ინვესტიციას დააბანდებს. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ კონტრაქტს?
- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი კონტრაქტი ბოლო წლების განმავლობაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ნავთობსადენებსა და სხვა დიდ პროექტებს.
გიგანტური ამერიკული ავიაკომპანია „ლოკჰიდ მარტინი“ საქართველოს ავიაციაში 105 მილიონ დოლარს დააბანდებს. სხვათა შორის, ამ კომპანიასთან საუბარი, მე ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ დავიწყე ბრიუსელში ყოფნის დროს და გარკვეული მოსაზრებანი საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ სწორედ იქ გამოითქვა.
ხელშეკრულების შესაბამისად, 2001 წლის დამდეგს შემუშავდება თბილისისა და საქართველოს სხვა აეროპორტებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამები. შეთანხმება ითვალისწინებს გარანტირებულ პარტნიორობას 15 წლის განმავლობაში. ჩვენი ქვეყნისათვის ეს ძალიან დიდი შენაძენია. საკმარისია ითქვას, რომ „ლოკჰიდის“ კაპიტალმა წელს 26 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო მიმოსვლის მართვის სისტემათა დანერგვას, რაც უზრუნველყოფს მართვის მაღალ დონესა და უსაფრთხოებას. უსაფრთხოების ანალოგიურ გარანტიათა შექმნა დაგეგმილია საქართველოს ავიაციისთვისაც და, დარწმუნებული ვარ, მომავალში რეგიონალურ მნიშვნელობას შეიძენს.
ამდენად, „ლოკჰიდთან“ თანამშრომლობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ყველაფერს ვიღონებთ კონტრაქტის წარმატებით განსახორციელებლად. გარდა პირდაპირი დანიშნულებისა, ეს ინვესტიცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ, როცა ამ დონის გიგანტური კომპანია გცნობს თავის პარტნიორად, ეს ფაქტი, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მსოფლიოში საქართველოსადმი ნდობის ფაქტორის დონეს.
- გასულ კვირას გარკვეული პერსპექტივები გამოუჩნდა სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტს, რომელიც, თავის მხრივ, თანამშრომლობს ამერიკელ, იაპონელ და ევროპელ პარტნიორებთან. როგორ შეაფასებდით ინსტიტუტის ახალ წამოწყებას?
- მე მართლაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ კონტრაქტს. სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი, რომელიც უკვე გასცდა ინსტიტუტის ფარგლებს და წარმოების ნიშანიც აქვს, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სამეცნიერო-კვლევითი მაღალტექნოლოგიური ცენტრია. შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე განვითარებული ქვეყანა ერთდროულად ცდილობს ამ ინსტიტუტთან კავშირის დამყარებასა და თანამშრომლობას.
გასულ კვირას ჰოლანდიელებმა გამოთქვეს ასეთი სურვილი. ისინი მზად არიან გააძლიერონ ინსტიტუტის ტექნოლოგიური ბაზა, რათა ქართულ საწარმოს ჰქონდეს ძალიან ღრმა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის საშუალება. იგულისხმება ნაწარმის ხარისხობრივი და რაოდენობრივი გაუმჯობესება. ასეთი ბაზის შექნა უახლოესი 8-10 თვის განმავლობაში იგეგმება.
თუმცა, დღესაც, იზოტოპების ინსტიტუტი მსოფლიოს უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. თანამშრომლობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია, მათთან კონკურენციული ბრძოლის მოგება და იმათ ბაზრებზე შესვლა არც ისე იოლი საქმეა. ეს არის შესანიშნავი კოლექტივი, რომელმაც მრავალგზის ასახელა საქართველო, უდიდესი სარგებლობა მოუტანა თავის ქვეყანას და იგი ამ ტრადიციას გააგრძელებს. მოგეხსენებათ, საქართველოში მოქმედებს სტაბილური იზოტოპების განვითარებისა და გამოყენების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2-3 თვის წინათ დამტკიცდა და ეს დარგი ამ პროგრამის შესაბამისად ვითარდება.
- დიდი რეზონანსი მოჰყვა გასული კვირის მთავრობის სხდომას. მხოლოდ ორი საკითხი მთავრობის სხდომაზე განხილულ პრობლემათაგან: რამდენად შედეგიანია სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა ანგარიშები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შესახებ. და მეორე: შესაძლებელია თუ არა განახლდეს გზების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას ითვალისწინებს, თუმცა, ეს მთავრობის სხდომა სულ სხვა ფაქტის გამო გახმაურდა, საქმე ეხება იუსტიციის მინისტრისა და თქვენი მრჩევლის შელაპარაკებას...
- ვფიქრობ, ტრადიცია, რომელიც დამკვიდრდა მთავრობის სხდომებზე კორუფციის აღმოსაფხვრელად განხორციელებულ ღონისძიებათა თითქმის ყოველკვირეული მოსმენის თვალსაზრისით, დადებითი მოვლენაა და სავსებით შეესაბამება კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის სტრატეგიას. მინდა მოვიწონო რეგიონების და, უწინარესად, იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელის ინიციატივა. მან მიიწვია ბატონი ლადო ჭანტურია იმ დებულებათა განსახილველად, რომელიც პირველ დოკუმენტში იყო გაცხადებული და იქ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი ამ ავადმყოფობის, ამ მოვლენის - კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისასალმებელია, რომ რეგიონებმა უკვე დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა.
თუნდაც ის ფაქტი, რომ კორუფციასთან დაკავშირებით იმართება მწვავე დისკუსია, უკვე თავისთავად ადასტურებს განსახილველ საკითხთა აქტუალურობას. სატყეო დარგის ხელმძღვანელმა საკმაოდ კვალიფიციური მოხსენება წარმოადგინა, რომელსაც კვლავ აუცილებლად დავუბრუნდებით მომავალში.
რაც შეეხება ცალკეულ შეხლა-შემოხლას, ეს, ჩემი აზრით დეტალებია, ალბათ, ხანდახან საჭიროა ზომების მიღება, ხანდახან ერთმანეთში მოილაპარაკებენ და ამით დამთავრდება. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, სასურველი არ არის, რომ საკითხის განხილვის ძირითადი არსი იჩქმალებოდეს ცალკეული გაურკვევლობის, ამა თუ იმ პირისათვის შეურაცხყოფის მიყენების შედეგად.
ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ საიმისოდ, რომ სატყეო სექტორის განვითარების ხელშემწყობი ეროვნული პროგრამის დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკს გამოეყო გრძელვადიანი კრედიტი (ლაპარაკია 40 წლით შეღავათიან კრედიტზე) 20 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. პროექტის განსახორციელებლად საჭიროა შეიქმნას სერიოზული დოკუმენტი, რომელშიც აისახება საქართველოს ტყეების გაჯანსაღების, ყოველმხრივი განვითარების გრძელვადიანი პროგრამა. სხვათა შორის, დროის ეკონომიის მიზნით მე არ ვილაპარაკებ დაცულ ზონებზე, მათ შორის, ბორჯომის ზონის შესახებ, ბორჯომი-ხარაგაული - ასე ეწოდება პროგრამას (მას ახლა დაემატა ადიგენი და მთელი რიგი მიმდებარე ტერიტორიები, ეს უზარმაზარი დაცული ტერიტორიაა), რომელშიც მილიონობით დოლარი იქნება დაბანდებული. ხალხს სამუშაო ექნება და თავისთავად ამ დარგს - დანიშნულება. ასეა ვაშლოვანის, მთა-თუშეთის ზონებიც.
რაც შეეხება გზების რეაბილიტაციის პროექტს, იგი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: ტრანსპორტის დანახარჯების შემცირებას, გზების რეკონსტრუქციასა და საქართველოს გზათა სახელმწიფო დეპარტამენტის რეფორმას.
ჩვენ გავაანალიზეთ ის პრობლემები თანადაფინანსებაში ცნობილი შეფერხებით რომ წარმოიშვა. მივედით დასკვნამდე, რომ პროექტის შეფერხება საეჭვოს ხდის ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომლებსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს საქართველოში ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარებისათვის. ეს კი ყოვლად დაუშვებელია და ამას არც დავუშვებთ. მით უმეტეს, რომ დონორებს ახალი, ძალიან საინტერესო წინადადებები აქვთ ამ თვალსაზრისით.
- გასულ კვირას საკმაოდ ხმაურიანი რეაქცია მოჰყვა თქვენს განცხადებას პრესის კანონის შემუშავების აუცილებლობის შესახებ. ზოგიერთებმა ამ განცხადებას ისეთი ინტერპრეტაციაც კი მისცეს, თითქოს ხელისუფლება საქართველოში პრესის თავისუფლების შეზღუდვას აპირებდეს. როგორია თქვენი კომენტარი?
- მართლაც, ჩემს რამდენიმე რეპლიკას მთავრობის სხდომაზე პრესის კანონთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ძალზე ცხარე, ზოგიერთ შემთხვევაში, ლამის გააფთრებული დისკუსია მოჰყვა.
გააფთრებასა და შეურაცხყოფას არა, მაგრამ ასეთი დისკუსიის დაწყებას მე მივესალმები. უფრო მეტიც, სწორედ ამ დისკუსიის ინიცირებას ვისახავდი მიზნად, როდესაც ზოგიერთი მოსაზრება გამოვთქვი აღნიშნულ თემაზე. დისკუსიის სიმძაფრემ პრობლემის აქტუალურობაც დაადასტურა. მე ზოგად პრობლემებზე ვლაპარაკობ და არა ცალკეულ გამოსვლებსა და გამოთქმებზე, შეურაცხყოფაზე, ეს სხვა საკითხია.
თუმცა, იყო სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო ინტერპრეტაციებიც, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ესეც ბუნებრივია. ოღონდ, სასიამოვნო, რა თქმა უნდა, არ არის. მით უმეტეს, როცა საეჭვოს ხდიან შენს ერთგულებას, ესე იგი, ქვეყნის პრეზიდენტის ერთგულებას იმ პრინციპებისადმი, რომელთა დასამკვიდრებლად საქართველოში თავად ძალიან ბევრი რამ გააკეთე. ამის გაუთვალისწინებლად, ვინ როგორ მოიხსენიებს პრეზიდენტს, დაე, მათს სინდისზე იყოს.
მე კვლავ ვადასტურებ და მტკიცედ ვაცხადებ, რომ სიტყვის თავისუფლების შესახებ, სწორედ ეს სათაური მესახება ყველაზე მეტად მიზანშეწონილად, ახალი კანონის მიღება აუცილებლად მიმაჩნია და, აი, რატომ:
შეიძლება არ არის ეს საკმარისი არგუმენტი, მაგრამ მე მაქვს უფლება, გამოვთქვა ჩემი აზრი. ჯერ ერთი, თითქმის ყველა პოსტსაბჭოურ და პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ასეთი კანონი შეიმუშავეს, ეს სულაც არ არის შემთხვევითი, ხოლო ბევრ სახელმწიფოში ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ახალი კანონის მიღებაც აუცილებლად მიიჩნიეს იმ გრანდიოზულ ცვლილებათა გათვალისწინებით, მთლიანად მსოფლიოს მედია-სივრცესა და შესაბამის ტექნოლოგიებში რომ მოხდა. ლაპარაკია მთელ რიგ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებზეც.
ძირეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის პირობებში პრესის შესახებ ქმედითი კანონის არსებობა თითქმის ყველგან მიზანშეწონილად და აუცილებლად მიიჩნიეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ დააკმაყოფილებდათ შესაბამისი კონსტიტუციური დებულებები, ან სხვადასხვა საკანონმდებლო აქტები, რომლებიც აწესრიგებენ სოციალურ და საზოგადოებრივ საკითხებს. მათ შორის, სამოქალაქო კოდექსი, კანონები აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ და სხვა.
მაგრამ ყველა ამ იურიდიული მექანიზმის თავმოყრა და სისტემატიზაცია აუცილებელი აღმოჩნდა სწორედ იმისათვის, რომ პრესას თავისუფალი არსებობისა და შეუფერხებელი განვითარების საშუალება ჰქონოდა.
როდესაც თანამედროვეობის შესაბამის კანონზე ვლაპარაკობ, ვიმეორებ, მას შეიძლება ეწოდოს კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ, ვგულისხმობ იმ პროცესების შეუქცევადობის გარანტიათა გაძლიერებას, ამ სფეროში რომ განვითარდა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის დაფუძნების შემდეგ.
ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს პროცესი, ხოლო სიტყვის თავისუფლებამ, პიროვნების თავისუფლებამ, პრესის თავისუფლებამ დამატებითი გარანტიები შეიძინოს.
ახლა ხშირად გაიგონებ: რა საჭიროა კონკრეტულად პრესის საკანონმდებლო უზრუნველყოფა სპეციალური კანონით, როდესაც ყველა მიმართებას აწესრიგებს ცალ-ცალკე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი: კონსტიტუცია, სამოქალაქო კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კანონი საჯარო მოსამსახურის შესახებ და ა.შ. მაგრამ, ბატონებო, ასეთი ლოგიკით, მაშინ საერთოდ არ არის საჭირო სპეციალიზებული კანონების მიღება. მაგალითად, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიმუშავეს კანონი ახალგაზრდობის შესახებ, კანონი სპორტის შესახებ და ა.შ. ამ ლოგიკით მაშინ სრულებითაც არ არის საჭირო მივიღოთ ცალკე კანონები ცალკეული დარგების მიხედვით, მაშინ, როდესაც ურთიერთობებს აწესრიგებს ცალ-ცალკე კანონი მეწარმეობის შესახებ, საგადასახადო კოდექსი, საბაჟო კოდექსი, კანონი ინვესტიციათა შესახებ და სხვა. იმ დღეს გელა ჩარკვიანის სატელევიზიო გამოსვლას ვუსმენდი, თუკი აუცილებელია, მივიღოთ კანონი ღვინის, ვაზის შესახებ, რატომ არ უნდა არსებობდეს კანონი პრესის შესახებ, რომელიც გაცილებით რთული ფენომენია და საზოგადოება ამ საკითხის მიმართ გაცილებით უფრო მგრძნობიარეა.
არის ასეთი არგუმენტიც: გვაქვს 1991 წლის კანონი, რომელიც არავის გაუუქმებია. მით უმეტეს, ეს კანონი საბჭოთა კონსტიტუციის ბაზაზეა მიღებული.
ყველას ვეთანხმები: იმ დროისათვის კანონმა დადებითი როლი შეასრულა, მას ხელს აწერს ზვიად გამსახურდია, მაგრამ შევადაროთ დღევანდელი საქართველოს მედია-სივრცე იმას, რაც მაშინ არსებობდა.
მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: 1991 წელს საქართველოში ცოტამ თუ იცოდა, რა არის ინტერნეტი.
დღევანდელი ქართველი საზოგადოება, ვგულისხმობ სამოქალაქო საზოგადოებას, ათასობით ახალ ორგანიზაციას, ახალ სოციალურ ინსტიტუტებს, მათს მიმართებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ა.შ. და ა.შ., ისე განსხვავდება 1991 წლის საქართველოსაგან, როგორც ცა და დედამიწა! იმდროინდელ მსოფლიოში გლობალიზაციაზეც თითქმის არავინ ლაპარაკობდა ან, ყოველ შემთხვევაში, ეს განყენებულ სალონურ დისკუსიათა დონეს არ სცდებოდა. სრულიად წარმოუდგენელი იყო ევროსაბჭოს წევრობა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და ჩვენი თანამშრომლობის სივრცის ასეთი გიგანტური გაფართოება.
იმ ეპოქიდან დღემდე საქართველოში, სხვათა შორის, ხელისუფლების უშუალო მხარდაჭერით, შეიქმნა ათობით ახალი გაზეთი, რამდენიმე დამოუკიდებელი ტელეარხი, რადიომაუწყებლობის ახალი სადგურები. გაჩნდა მასმედიის თვისებრივად ახალი საშუალება: ეგრეთ წოდებული, ინტერნეტ საიტები. სხვათა შორის, აქვე უნდა შევნიშნო, რომ სწორედ ინტერნეტის შესაძლებლობათა წარმოჩენამ განსაზღვრა ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ახალი კანონების მიღება მასმედიასთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, ვინაიდან ინტერნეტი მრავალი თვალსაზრისით მედიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ გლობალური პროცესების ფონზე, ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მესახება ეროვნული ფენომენის - ტრადიციების, კულტურის, ენის არა მარტო სიწმინდის შენარჩუნება, არამედ განვითარება, რაც მასმედიის გარეშე წარმოუდგენელია. ესე იგი, სრულიად ახალი ამოცანების წინაშე აღმოჩნდა ჩვენი სახელმწიფო მთელი თავისი ინსტიტუტებით. ჩვენ უკვე ვდგავართ ამ ამოცანების წინაშე და მასმედიის გარეშე ეს საკითხები არ მოგვარდება.
და, რაც მთავარია: რატომღაც ივიწყებენ, რომ 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი შემუშავდა იმ დროს მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე, ანუ, ფაქტობრივად, ეს იყო საბჭოთა საკანონმდებლო სისტემის სუბიექტი, ვინაიდან, მართალია, კონსტიტუციაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგრამ იგი ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია.
თუმცა, თავისთავად, კანონმა უაღრესად დადებითი როლი შეასრულა, ვიმეორებ, რაკი გააუქმა ცენზურა და შექმნა მასმედიის თავისუფლების პირველადი იურიდიული საფუძველი. მაგრამ კანონი აშკარად დეკლარაციული ხასიათისა იყო. ესეც უნდა ითქვას! ალბათ, სხვა პრეტენზიას ვერც წაუყენებდი იმ თაობას, იმ სპეციალისტებს, რომლებმაც ეს კანონი მოამზადეს.
აქ, ამჯერად, ვგულისხმობ არა იმ გარემოებას, თუ როგორ ხორციელდებოდა იგი რეალურად, არამედ იმ ფაქტს, რომ კანონი ყოველთვის არ შეიცავდა სიტყვის თავისუფლების დაცვის რეალურ და ქმედით იურიდიულ მექანიზმებს.
ამდენად, დამოუკიდებელი სახელმწიფოს საკანონმდებლო საფუძვლის განვითარებასთან ერთად, აუცილებელი გახდა კანონში ცვლილებათა შეტანაც.
მე ხელთა მაქვს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ გიორგი მეფარიშვილის ცნობა, რომლის თანახმად, პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით, აგრეთვე, 1997 წლის 28 ოქტომბრის და 1997 წლის 25 ნოემბრის კანონებით, პრესის შესახებ მოქმედ კანონში შეტანილია ცვლილებანი და დამატებანი. მაშასადამე, ასეთი აუცილებლობა არსებობდა!
თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა, რომ ეს კანონი სრულად შეესაბამებოდეს საქართველოს ახალ კონსტიტუციას.
ამჟამად გვაქვს ორი გზა: შემუშავდეს მოქმედ კანონში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის პროექტი, რაც, სავარაუდოდ, კანონის ყველა მუხლს შეეხება, ამჟამინდელი რეალობის გათვალისწინებით.
და, მეორე: შემუშავდეს სრულიად ახალი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების და საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით მოაწესრიგებს არსებულ ვითარებას. მე ამ მეორე ვარიანტს ვანიჭებ უპირატესობას, ჩვენი საზოგადოების იმ ახალ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე.
ამ საკითხზე მსჯელობისას განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას მივანიჭებდი მის ზნეობრივ ასპექტს: თავისუფლების ცნება განუყოფელია პასუხისმგებლობისაგან. უფრო მეტიც, დემოკრატიულ ქვეყანაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, პასუხისმგებლობა თავისუფლების ძირითადი შემადგენელია. ეს დებულება საკაცობრიო გამოცდილებისა და სიბრძნის გამოხატულებაა, ვინაიდან იქ, სადაც არ არსებობს პასუხისმგებლობა, თავისუფლებაც სულ მალე კარგავს შინაარსს და მისი შელახვაც იოლი ხდება ტოტალიტარულ და იმპერიულ ძალთა აგრესიის შედეგად. ეს შინაგანი ძალებია თუ გარეგანი, ამ შემთხვევაში მე ამას არ ვაზუსტებ.
რაც შეეხება ჩემს რეპლიკას: პრეზიდენტი, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეა. თუ ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი, რატომ არა აქვს ამის უფლება პრეზიდენტს? მით უმეტეს, მისი რეპლიკა კანონი არ არის.
ბოლოს და ბოლოს, მე ვთქვი და კვლავ ვადასტურებ მხოლოდ იმას, რომ უნდა შეიქმნას კანონი. პრეზიდენტის სიტყვა ხომ ჯერ კანონი არ არის?
კანონის შემუშავებას სჭირდება ხანგრძლივი, დემოკრატიული პროცედურა, კერძოდ, ჟურნალისტთა კორპუსის აქტიური მონაწილეობით.
და ნურავინ ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს პრეზიდენტი ვერ აცნობიერებდეს თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ღირებულებებს. ეს პრინციპები ჩემი მოღვაწეობის ზნეობრივ საფუძვლად იქცა. მე მათ არასდროს ვუღალატებ, ვინაიდან ეს იქნებოდა ჩემი საქმის ღალატი, იმ საქმისა, რომელსაც, დიახაც, თავი შევწირე: ანუ ძლიერი, თავისუფალი, ლაღი და ბედნიერი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველოს დაფუძნებას. იქნება ასეთი სამშობლო და იქნება ასეთი საქართველო.
- გასულ კვირას გაიმართა მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭოს სხდომა, მწვავე დისკუსია. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ შიდაპარტიული პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა. მით უმეტეს, რომ ამით კიდევ უფრო ძლიერდება შთაბეჭდილება მმართველი პარტიის დაშლის შესახებ?
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, დემოკრატიული ორგანიზაციაა. იგი ეყრდნობა მოსახლეობის ნდობას და ჩვენ სულაც არ გვაშინებს, ვიყოთ გულწრფელნი ამომრჩევლებთან, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება თვალი ადევნონ პარტიაში მიმდინარე დისკუსიებს, როგორი მწვავეც უნდა იყოს ეს და დასამალიც არაფერია.
შესაძლოა ყველა პარტია ასე არ იქცევა, თუმცა არანაკლები შიდა პრობლემები აქვთ. ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმეა. ამომრჩეველი კი თავად განსჯის, რომელი პოზიცია უფრო პატიოსანი, გულწრფელია და მისაღები.
კატეგორიულად ვერ გავიზიარებ აზრს, თითქოს შეიძლება პარტია თვითონ ტოტალიტარულ პრინციპებს ეფუძნებოდეს და დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებდეს.
ამდენად, დისკუსია, აზრთა ჭიდილი, სავსებით ბუნებრივი მოვლენაა.
ის, რომ მე მოქალაქეთა კავშირის ხელმძღვანელი ვარ, სულაც არ მიშლის ხელს, ვითანამშრომლო სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. უფრო მეტიც, ეს ჩემი ვალდებულებაცაა. აი, კიდევ ერთი მაგალითი, თავისუფლების და პასუხისმგებლობის ერთიანობისა: პრეზიდენტს აქვს უფლება უხელმძღვანელოს პოლიტიკურ ორგანიზაციას, მაგრამ, ამავდროულად, ვალდებულია ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და გაითვალისწინოს განსხვავებული აზრი.
სხდომის შემდეგ მე შევხვდი ბატონ ზურაბ ჟვანიას და ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ იმ სირთულეთა, პრობლემათა დაძლევისა და გადალახვის გზები, რომლებიც ნამდვილად არსებობს: ამის დაფარვას და მიჩქმალვას აზრი არა აქვს. იმედი მაქვს, შეხედულებათა და წინადადებათა თავისუფალი გაზიარებით, კოლეგიური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემების გადაწყვეტას. სწორედ ასეთი დამოკიდებულება გახლავთ პარტიის მთლიანობის გარანტი.
- როგორც ცნობილია, გადაიდო თქვენი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. არის თუ არა შეთანხმებული ახალი ვადა?
- ცნობილი ობიექტური მიზეზების გამო, მაშინ მე ვერ შევძელი თურქეთში გამგზავრება. თუმცა, უკვე მივიღე განახლებული მოწვევა თურქეთის პრეზიდენტისაგან.
დაახლოებით 20-22 იანვარს ვეწვევი მეგობარ თურქეთის რესპუბლიკას. ეს ფრიად საშურ საქმედ მიმაჩნია, ვინაიდან ძალიან ბევრი, უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი და გადასაწყვეტი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით, რაც უკვე თვისებრივი გახდა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობისათვის. თურქეთი, სავაჭრო ურთიერთობის დონით ჩვენი მეორე პარტნიორია, ასზე მეტი ერთობლივი საწარმო გვაქვს თურქებთან. ეს ძალიან კარგი მაგალითია დანარჩენი მსოფლიოსათვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა სასარგებლოა. აი, ამ ტენდენციების განმტკიცებას ვისახავ მიზნად თურქეთში ვიზიტის დროს.
საქინფორმი.
„მე კვლავ ვადასტურებ და მტკიცედ ვაცხადებ, რომ სიტყვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღება აუცილებლად მიმაჩნია“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 დეკემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 26 დეკემბერი. - №335 (3736) - 1, 2 გვ.
![]() |
124 „როცა ვლაპარაკობ რუსეთ-საქართველოს ახალ ხელშეკრულებაზე, რა თქმა უნდა, უწინარესად, მხედველობაში მაქვს ხელშეკრულება იმ საქართველოსთან, რომლის ერთიანობა უნდა აღდგეს და რომლის ერთიანობის აღდგენაში რუსეთმა უნდა თქვას ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
25 დეკემბრის ბრიფინგი
მეოცე საუკუნის დამლევ ორშაბათს, 2000 წლის 25 დეკემბერს, გამართული საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი უაღრესად მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩეოდა. ჟურნალისტებმა ისარგებლეს იმით, რომ ეს ბრიფინგი მართლაც აგვირგვინებს მეორე ათასწლეულს და, ასე ვთქვათ, „დროის შეგრძნებაც“ კი დაკარგეს. შეკითხვები არაორდინარული იყო და ქვეყნის მეთაურმა თავი როდი აარიდა ზოგჯერ საკმაოდ მწვავე შეკითხვებს, არამედ, ჩვეული სიდარბაისლით და პირდაპირობით გასცა პასუხი.
- გასულ კვირას გაიმართა მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭოს სხდომა. როგორ შეაფასებდით მოქალაქეთა კავშირში მიმდინარე პროცესებს? ბევრი ვერსია გავრცელდა, მათ შორის, ისეთიც, თითქოს, პრეზიდენტი შეიძლება განუდგეს მოქალაქეთა კავშირს და იქცეს ზეპარტიულ ლიდერად...
- ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი თავისთავად არის ზეპარტიული ლიდერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი თავის პარტიას განუდგეს. ამ პარტიას გარკვეული დამსახურება მიუძღვის ქვეყნის აღმშენებლობაში, ისევე, როგორც ბევრი შეცდომაც აქვს დაშვებული, როგორც ყველა პარტიას.
ჩვენ საკმაოდ მწვავე საუბარი გვქონდა. მე ვილაპარაკე ამის შესახებ ჩემს ამდილანდელ რადიოინტერვიუში. მწვავე საუბარი განაპირობა იმ მდგომარეობამ, რომელიც ახლა საქართველოში და პარტიაშიც, პარტიულ ცხოვრებაშიც შეიქმნა. ამ მოძრაობაში აისახება სწორედ ის მოვლენები, დღეს რომ აწუხებს საქართველოს. ამ თემაზე გვქონდა მწვავე დისკუსია, მაგრამ ეს იყო გულმართალ ადამიანთა შეხვედრა, ყოველ შემთხვევაში, მე ვთქვი ის, რაც უნდა მეთქვა ჩემი მეგობრებისათვის, ჩემი თანამოაზრეებისათვის. ამის მთლიანი ტრანსლირება არ მომხდარა, მაგრამ ნაწილობრივ, ზოგიერთი რამ ქალბატონ ნატო ონიანის გადაცემაში „ტაიმ-აუტში“ გაშუქდა.
მიმაჩნია, რომ თუ პარტია იბრძვის თავისი ერთიანობისა და მთლიანობისათვის იმ ამოცანების განსახორციელებლად, რომლებიც მან დაისახა მიზნად, იგი ყოველთვის უნდა ცდილობდეს დაამკვიდროს უთუოდ ასეთი სწორი, მართალი და მწვავე დისკუსიების პრაქტიკა. ესე იგი, ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ის არის, როცა თანამოაზრეები, თანამებრძოლები ერთმანეთს ეუბნებიან სრულ სიმართლეს, როგორი მწარეც უნდა იყოს იგი. ეს იყო საქმიანი საუბარი, და არც პირველად. ასე რომ, საგანგაშო და რაღაც საშინელი მოვლენების წინამორბედი საფუძველი არ არსებობს.
ჩვენ შევხვდით შემდეგ - მე და ბატონი ზურაბი, ისე როგორც ჩემი სხვა კოლეგები, ვისაუბრეთ და მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან საჭირო და სასარგებლოა ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც.
- ბოლო დროს, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და ზოგიერთი ჩემი კოლეგა ღიად მოგიწოდებენ თქვენ დაფიქრდეთ პრეზიდენტობიდან გადადგომის თაობაზე, ამ მოწოდებაში გულისხმობენ თქვენს ვადაზე ადრე გადადგომას. ისინი ამტკიცებენ, რომ, მათი აზრით, თქვენ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესაძლებლობანი ამოწურეთ. თქვენი კომენტარი ამის შესახებ. და კიდევ: მიაქციეთ თუ არა ყურადღება, რომ ორი-სამი წლის წინათ ამგვარი მოწოდებანი გაისმოდა პრორუსული პოლიტიკის მიმდევარი ქართველი პოლიტიკოსებისაგან. ახლა კი, ამგვარი წინადადებებით, ძირითადად, პროამერიკული პოლიტიკის მიმდევარნი გამოდიან...
- მე არ ვიცი, განა ბევრნი არიან პოლიტიკური მოღვაწენი, რომლებიც მომიწოდებენ გადადგომისაკენ. ალბათ, ამ შემთხვევაში ორი გარემოებაა საგულისხმო: პირველი, მე ხალხმა ამირჩია ჩემი ასაკის, გამოცდილებისა და შესაძლებლობათა გათვალისწინებით. და მეორე, მე თავად უნდა დავრწმუნდე, რომ ამოვწურე საკუთარი პოტენციალი და შესაძლებლობანი. ჯერჯერობით მე ამას, უფრო მეტიც, ამის ნიშნებსაც კი ვერ ვგრძნობ.
- გაზეთ „სპორტექსპრესის“ რედაქციამ გთხოვათ როგორც საკმაოდ დიდ გულშემატკივარს, დაასახელოთ მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი: პელე, მარადონა, ან ვინც თქვენ მიგაჩნიათ საუკეთესოდ?
- მაინც პელე, ოღონდ ამის შესახებ მარადონას ნუ ეტყვიან.
- მინდა პრესასთან დაკავშირებით დავსვა კითხვა და განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭოს ბოლო სხდომაზე, რომელზეც პარტიის ლიდერებად წოდებულებმა საკმაოდ სერიოზული განცხადებები გააკეთეს თავისუფალი პრესის მისამართით. თქვენი კომენტარი. რატომ მოხდა ისე, რომ დემოკრატებმა, როგორც ისინი თავიანთ თავს უწოდებენ და როგორც მათ დასავლეთში მიიჩნევენ, თქვენმა თანაგუნდელებმა და აღზრდილებმა - პარლამენტის თავმჯდომარით დაწყებული და რიგითი პარლამენტარით დამთავრებული, არც ერთმა ხმა არ ამოიღო იმაზე, როდესაც ლაპარაკობდნენ კონკრეტული ტელეკომპანიისა თუ კონკრეტული გაზეთის საქმიანობაზე და მას აფასებდნენ როგორც ანტისახელმწიფოებრივს, ანტიეროვნულსა და ასე შემდეგ...
- მე არ მახსოვს, რომ ეს სიტყვები ეთქვა ვინმეს - ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ყოველ შემთხვევაში, იმ დისკუსიის დროს ასეთი რამ არ ყოფილა. და არც პრესის მიმართ ყოფილა რაღაც „შკვალი“. იქ უფრო პარტიის შიდა პრობლემებზე იყო საუბარი.
რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას პრესის, სიტყვის თავისუფლების, პიროვნების თავისუფლების მიმართ, არ ვიცი, რამდენად წარმატებით, მაგრამ შევეცადე ამ დილით ჩამომეყალიბებინა ჩემი შეხედულებანი. გაეცანით და თუ მეთანხმებით, შევხვდეთ ცალკე და ვიკამათოთ.
- გქონდათ თუ არა და აპირებთ თუ არა უახლოეს ხანში კონსულტაციებს პრესის კანონთან დაკავშირებით პარლამენტში, ან თუნდაც მთავრობაში?
- აუცილებლად მექნება კონსულტაციები. მათ შორის (არ ვიცი, ახლა მოვახერხებ თუ არა) მინდა შევხვდე რედაქტორებს და მათ, ვისაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ, მოიწვევენ ამ შეხვედრაზე და ვიმსჯელებთ. მე ვთქვი ამ დილით, რომ პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ესა თუ ის ფრაზა, ესა თუ ის მოსაზრება, ესა თუ ის რეპლიკა, კანონი არ არის. მე ხელი შევუწყვე იმ დისკუსიის ინიცირებას, რომელიც ახლა მიმდინარეობს - არის თუ არა აუცილებელი და საჭირო პრესის კანონი. ჩემი აზრით, არის საჭირო. შეიძლება დამარწმუნონ, რომ არ არის საჭირო. დემოკრატიულ ქვეყანაში კამათი ჩვეულებრივი მოვლენაა და უნდა ვიკამათოთ.
- მიმაჩნია, რომ კანონი პრესის შესახებ აუცილებელია, მასში ძალიან გამოკვეთით უნდა იყოს გათვალისწინებული ჟურნალისტის მორალური და ფიზიკური დაცვის მექანიზმი. დღის 3 საათზე, რედაქციის წინ, დამესხნენ თავს და ასეთი თავდასხმა, ოთხი წელია თბილისში ვარ, იყო 12 თუ 15-ჯერ. არც ერთ შემთხვევაში ხელისუფლებას არავინ დაუსჯია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თავდამსხმელი ცნობილია. თუ ჩვენ ხელისუფლება არ დაგვიცავს, ძალიან ცუდად წავა საქმე. დაუსჯელობის სინდრომმა მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ქუჩაში მხვდება კაცი... ვიცი, ეს შეკითხვა თქვენ სრულებით არ გეხებათ, იგი ქვემო ინსტანციებს შეეხება, მაგრამ არავინ არ არის არაფრის გადამწყვეტი პრეზიდენტის გარდა. ცნობილია მანქანის ნომერი, საიდანაც გადმოვიდა თავდამსხმელი. ნომერი გადავეცით პოლიციას, თქვენი პრესსამსახურიც დამეხმარა. პოლიცია ერთი კვირაა არ ამბობს, ვისია მანქანა. ასეთ სიტუაციაში მივმართავ პრეზიდენტს, რადგან, ვინც უნდა დაგვიცვას, ის თავს გვესხმის. მინდა გკითხოთ, როგორ მოვიქცეთ? (ჟურნალისტ კლარა აბრამიას შეკითხვა).
- მე გავერკვევი ამ საკითხში. რაც შეეხება ზოგად საკითხს: თუ პრესის კანონი ჩვენ გვჭირდება, უწინარესად, გვჭირდება იმისთვის, რომ მოპოვებული თავისუფლება, ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებული და აღიარებული თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და მთელი ეს პროცესი შეუქცევადი იყოს და შეიქმნას გარანტიები იმისათვის, რომ არც ერთ ჟურნალისტს, როგორ მწარე სიმართლეს ან თუნდაც ჭორს ავრცელებდეს, ფიზიკური საფრთხე არ ემუქრებოდეს. არის სასამართლო და მან უნდა გაარკვიოს ასეთი საკითხები.
რაც შეეხება იმას, რომ პირადად თქვენს მიმართ ვიღაცამ ხელი აღმართა ან რაღაც პროვოკაციული ქმედება ჩაიდინა, მე დღეს დავავალებ და გაერკვევიან ყველაფერში.
- კმაყოფილი ბრძანდებით თბილისში გამართული მოლაპარაკებით რუსეთის ბაზებისა და ეკონომიკური საკითხების ბლოკის შესახებ? რამდენად აძლევს ხელს საქართველოს ამ მოლაპარაკებაზე მიღებული გადაწყვეტილებანი?
- მე დღეს დილით ვილაპარაკე ამის შესახებ. ძალიან კმაყოფილი ვარ ახლანდელი მოლაპარაკების სულისკვეთებითა და შინაარსით, განსაკუთრებით, ეკონომიკური საკითხებით. მიღებულია ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული გადაწყვეტილებანი, რომლებიც ხელს აძლევს რუსეთსაც და საქართველოსაც, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში, მანქანათმშენებლობაში, კერძოდ, ქუთაისის საავტომობილო ქარხნისა და ზოგიერთ სხვა საკითხზე. რაც შეეხება ძალიან რთულ პრობლემას სამხედრო ბაზების შესახებ, აქაც არის მიღწეული სერიოზული წინსვლა, რეალურად შესამჩნევად შემცირდა ტექნიკა, რომელიც დისლოცირებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. ეს პროცესი ახლა თითქმის მთავრდება. რაც შეეხება ორ ბაზას, რომელთა შესახებ კვლავ მიმდინარეობს დავა, აქ მოძებნილია ფორმულა, რომელიც მოგვცემს საშუალებას შემდგომ რაუნდებზე მივაღწიოთ ამ პრობლემის რეალურ გადაწყვეტას.
- რომელ ამოცანას მიიჩნევთ მომავალ წელს საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვნად და რომელი საკითხები უნდა განხორციელდეს პირველ რიგში?
- ეს, უწინარესად, არის სოციალური პრობლემები, ჩვენი ძალისხმევის გააქტიურება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ლტოლვილთა დაბრუნება. ეს, ასე ვთქვათ, ჩვენი მუდმივად თანამდევი პრობლემებია და უნდა მივაღწიოთ გარკვეულ პროგრესს. და მეორე - რუსეთთან ახალი ურთიერთობის მშენებლობის დასაწყისი. მხედველობაში მაქვს ის, რომ პირველი კვარტალის დამლევს მომზადდეს ახალი დიდი, ყოვლისმომცველი ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება გახდეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საფუძველი.
- ორი დღის წინათ რადიო „ფორტუნამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის სტიპენდიანტებისათვის ბიუჯეტში თანხა არ არის და ამდენად, სტიპენდიანტებს მხოლოდ დიპლომებს გადასცემენ. რამდენად ობიექტური და მართალია ეს ინფორმაცია?
- ეს არ არის ისეთი მოცულობის თანხა, რომლის გამოძებნა არ შეიძლებოდეს. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტს აქვს მცირეოდენი თანხა. ეს არის ქვეყნის რეზერვი განსაკუთრებული შემთხვევებისათვის. და, თუ სხვა წყარო არ მოიძებნება, პრეზიდენტი თავისი ფონდიდან დააფინანსებს.
- ჩვენ ნამდვილად არ გვაშინებს პრესის კანონი, თუმცა აქ არის ერთი გარემოება, კერძოდ, ის, რომ პარლამენტში რამდენჯერმე გაიმართა კენჭისყრა, რომელიც გაუგებარი შედეგებით დამთავრდა, არ მოხდეს ისე, რომ კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინონ, რათა დაიცვან სიტყვის თავისუფლება ან ჟურნალისტები ძალადობისაგან. ბოლო მომენტში შეიძლება მოხდეს ისე, რომ შებრუნდეს ვითარება, ვიღაცამ დააყენოს ალტერნატიული წინადადება კენჭისყრაზე, რომელსაც მხარს დაუჭერენ. მით უმეტეს, რომ ოპოზიციამ ღიად გამოთქვა სურვილი პრესის შეზღუდვის...
- მე ვამტკიცებ, რომ არ უნდა შეიზღუდოს პრესა, თუ კანონი მომზადდება, თუ ჩვენ ყველანი ჩავთვლით, რომ ასეთი კანონი აუცილებელია. მე მგონია, რომ რაღაც ფორმა უნდა მოვძებნოთ, მოსახლეობასაც მოვეთათბიროთ, მკითხველებსაც, მსმენელებსაც, რადგანაც ეს არა მარტო პრესას, გაზეთებს გულისხმობს, არამედ ტელევიზიას, რადიოს და ასე შემდეგ. მე დღეს ვილაპარაკე ინფორმაციის გავრცელების სრულიად ახალ საშუალებებზე. ამდენად, ვფიქრობ, რაღაც ფორმა უნდა მოიძებნოს, რომ მოქალაქეთა რაც შეიძლება ფართო ფენებს მოვეთათბიროთ და პარლამენტში პრეზიდენტის ხელმოწერით შეტანილი კანონპროექტი ისეთი იყოს, რომ მისი დაბრუნება ან უგულებელყოფა შეუძლებელი გახდეს. და თუ ოპოზიცია უფრო უკეთეს კანონს მოამზადებს, ბუნებრივია, მაშინ იმ უკეთეს კანონს დავუჭიროთ მხარი.
- გათვალისწინებული აქვთ თუ არა ჰოლანდიელებს იზოტოპების ინსტიტუტთან დაკავშირებით, რომ რვა თვეში ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად თანხის დიდი წილი დააბანდონ წარმოებაში?
- გეთანხმებით, ძალიან სერიოზული შეკითხვაა. ეს ის ფორმაა, რომელიც მოქმედებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სხვაგან და სხვაგან. მათ შესანიშნავად იციან, რომ პატარა ბზარიც კი, დაშვებული პატარა შეცდომაც ეკოლოგიურ სფეროში, შეიძლება გამოუსწორებელი იყოს. გარწმუნებთ 100 პროცენტით, რომ ეს გამორიცხულია, მე ყველა ჟურნალისტს ვურჩევ, გაეცნონ ამ სამეცნიერო ცენტრის მუშაობას. ეს აუცილებელია. მე მარტო რედაქტორები არ მყავს მხედველობაში, პრესის ის მუშაკები, რომლებიც შეიძლება ძალზე შორს არიან სტაბილური იზოტოპებისაგან. ძალიან საინტერესოა, იგი დღეს საქართველოში ახალ ტექნოლოგიათა განვითარების ერთ-ერთი ფლაგმანია.
- ჩვენ თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ვიკვლევდით, თუ რამდენი ადამიანია დანიშნული ამა თუ იმ თანამდებობაზე ნათესაური ნიშნით. აღმოჩნდა, რომ (აქ ლაპარაკი არ არის თქვენს ნათესაობაზე, ლაპარაკია მაღალი თანამდებობის პირთა ნათესავებზე), ძალიან დიდია ეს კავშირი და კონტაქტი: როცა და აკონტროლებს ძმას, მინისტრს სამსახურში ჰყავს უამრავი თავისი ახლობელი - მეჯვარე, ნათლული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ ამ ფორმით სახელმწიფოს მართვა. ხომ არ გამოიწვევს ასეთი კავშირურთიერთობანი რაღაც საკითხების გადაწყვეტას არასახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, არამედ რაღაც პირადი ინტერესებით. ჩვენს ჩინოვნიკებსაც ხომ არ უნდა მივაღებინოთ რაიმე ეთიკის კოდექსი ან კანონი, რომ მათი ასეთი კავშირი მეტ-ნაკლებად შეიზღუდოს?...
- კანონი ჩინოვნიკების შესახებ არსებობს, რომელიც ისეთ შემთხვევებს, თქვენ რომ გულისხმობთ, გამორიცხავს. და უნდა გამოირიცხოს კიდეც. ხანდახან დამთხვევაც ხდება: მინისტრად დაინიშნა პიროვნება, მივიდა სამინისტროში და იქ მას ვიღაც ნათესავი თუ მეგობარი, თანამოაზრე დახვდა. ალბათ, მას არა აქვს კანონით გათვალისწინებული საფუძველი დაითხოვოს სამუშაოდან, რადგან ასე უბრალოდ არ ხდება. მაგრამ, თუ მინისტრი, გნებავთ, გამგებელი ადამიანს არჩევს იმ ნიშნით, რომ თუ ნათესავია - კარგია, და თუ არა - ცუდი, ასეთი ხალხი არ უნდა მუშაობდეს. სხვათა შორის, თავის დროზე (თქვენ მაშინ დაბადებულიც არ იყავით, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია), საბჭოთა ხელისუფლების დროს მე მივიღე სპეციალური დადგენილება პროტექციონიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ეს იყო ძალიან სასტიკი კანონი, და თითოეული, ვინც ამ დადგენილებას გადაუხვევდა, სასტიკად ისჯებოდა. შეიძლება კიდეც დაგვჭირდეს ახლა ეს კანონი და ამოვიღოთ არქივიდან.
- დარჩება თუ არა საქართველოში რუსეთის ბაზები? ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობის ლიდერებმა რაღაც მინიშნება გააკეთეს, რომ შეიძლება საქართველომ კოპრომისი დაუშვას. ხომ არ შეიცვლება პოლიტიკური კურსი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამბობთ, რომ ევროკავშირისაკენ მივდივართ?...
- არა, პოლიტიკური კურსის შეცვლა გამორიცხულია, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი მიზანია. ვერ გეტყვით, როდის მოხდება ეს. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი. ყოველ შემთხვევაში, არც ჩემი პრეზიდენტობის დროს, და არც შემდეგ არავითარი ცვლილება არ უნდა მოხდეს. ჩვენ სამომავლოდ. ძალიან ძლიერი ფარი გვჭირდება, ისეთი ფარი, როგორიც არის ევროკავშირი. მარტო დღეს არ არის საქართველო, ასე ვთქვათ, ერთგვარ სახიფათო ზონაში. ეს საფრთხე ჩვენთვის მუდმივად, ისტორიულად დამახასიათებელი იყო და ჩვენს ქვეყანას ძალიან ძლიერი მოკავშირე, ძლიერი პარტნიორი და ძლიერი ფარი სჭირდებოდა.
რაც შეეხება სამხედრო ბაზებს, უნდა გითხრათ, რომ ის, რაც გაკეთდა, თუ გადაჭარბებული არ იქნება, ყოველგვარ მოლოდინს აღემატება. რადგან არ მეგონა, რომ სტამბოლის ხელშეკრულებები ასე დროულად და დადგენილ ვადებში შესრულდებოდა. ისიც მინდა გითხრათ, რომ მთელი ეს პროცესი - საკმაოდ დიდი რაოდენობის ტექნიკის - ტანკების, ჯავშნიანი მანქანების, საარტილერიო სისტემების გაყვანა საქართველოდან საერთაშორისო მეთვალყურეთა თანდასწრებით მიმდინარეობდა. მათ შორის იყვნენ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები.
რაც შეეხება არსებული ბაზების პრობლემას, რომლებიც ჯერჯერობით აქ რჩება, მოიძებნა ასეთი ფორმულა. თქვენ გახსოვთ, თავის დროზე, ამ ბაზების დაფუძნება დავუკავშირეთ აფხაზეთის პრობლემას. პირადად მე, ახლა მიმაჩნია, რომ შეიძლება რაღაც ვადებზე ვილაპარაკოთ, თუკი აფხაზეთის პრობლემის მოგვარება დაჩქარდება. ჩვენმა დიპლომატებმა მოძებნეს საინტერესო ფორმულა ვადებთან დაკავშირებით, რამდენ ხანს შეიძლება საქართველოში კიდევ დარჩეს, ვთქვათ, ან ბათუმში ან ახალქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზები. ფორმულა ასეთია: უნდა გამოვიანგარიშოთ, რა დროა საჭირო იმისათვის, რომ ეს ბაზები გაიყვანონ, ეს იოლი საქმე არ არის. აქ მარტო ტექნიკა არ არის. უნდა შეიქმნას თუნდაც ელემენტარული პირობები იმათთვის, ვინც უნდა გავიყვანოთ. თუ ჩვენ რუსეთთან ვიმეგობრებთ, ალბათ, იმ ადამიანებზეც უნდა ვიფიქროთ, რომლებიც უნდა გავიდნენ, მათ ცოლ-შვილი ჰყავთ, საჭიროა სკოლები, საცხოვრებელი სახლები და ასე შემდეგ. უნდა განისაზღვროს მინიმალური დრო და ამ დროში უნდა მოხდეს ბაზების გაყვანა. რამდენი იქნება ეს, ალბათ, სადისკუსიო საკითხია. ეს ფორმულა ძალიან საინტერესოა, მე გთხოვთ ამოიწეროთ და მიაქციოთ ყურადღება. იგი გვაძლევს საშუალებას მოქნილიც ვიყოთ და პრინციპულიც.
- როგორ შეაფასებდით უკვე განვლილ საუკუნეში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, 90-იანი წლების დამდეგს იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, შემდეგ ლაპარაკობდნენ მეგობრულ ურთიერთობაზე, მაგრამ რუსეთის სათათბირომ არ მოახდინა ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია. შემდეგ გაჩნდა „ცივი ომის“ ნიშნები... კონკრეტულად, როგორია თქვენი შეფასება და კონკრეტულად როგორი გინდათ იხილოთ იგი ახალ ათასწლეულში? რა არის ის მთავარი, რაც ხელს უშლის ორი ქვეყნის ნორმალურ ურთიერთობას?
- ბოლო წლებში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, შეინიშნება ერთგვარი მერყეობა, მოულოუდნელი სერიოზული ცვლილებები. ვფიქრობ, თუ ცივი გონებით შევაფასებთ იმას, რაც ხდება, სადღაც ეს კანონზომიერია. რადგან, გამიგეთ, დავა შეიძლება მოხდეს არა მარტო რუსეთსა და საქართველოს შორის. უფრო სერიოზული დავაა, მაგალითად, რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც უკავშირდება გაზის ტრანსპორტირებას, მის გამოყენებას, დიდია დავალიანებაც. ეს დისკუსიების, განხილვისა და ცნობილ წინააღმდეგობათა მუდმივი პროცესია. ასევე შეიძლება ითქვას ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებზეც. შეიძლება საქართველო ძალიან მგრძნობიარე ქვეყანაა რუსეთისათვის ისევე, როგორც ჩვენთვისაც მგრძნობიარეა, როცა ლაპარაკია რუსეთზე, ჩვენდამი რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე. ამიტომ საჭიროა ძლიერი ნერვები, რომ ემოციას არ ავყვეთ. რატომ შევიტანე წინადადება, რომ მომზადდეს ახალი ხელშეკრულება? ეს ფორმალური როდია. შეიძლება რაიმე აღმოჩენა არ იყოს, მაგრამ არსებობს ერთი ხელშეკრულება, რომელიც რატიფიცირებული არ არის. ამ მომენტით ვისარგებლე და შევთავაზე რუსეთის პრეზიდენტსა და სხვა ხელმძღვანელებს, რომ მომზადდეს ახალი ხელშეკრულება ახალი პირობების, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ახალი დამოკიდებულების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ შევძლებთ მოვამზადოთ და ხელი მოვაწეროთ ასეთ ხელშეკრულებას, სავიზო რეჟიმის საკითხიც მოიხსნება. ახალ ხელშეკრულებაში ასეთი სანქციები მიუღებელი იქნება. ვფიქრობ, აქ უნდა მოიძებნოს გასაღები, მომზადდეს სერიოზული, ორიგინალური დოკუმენტი, რომელიც გახდება 21-ე საუკუნეში, შემდეგ ათასწლეულში საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი ურთიერთობის საფუძველი. ახალი ურთიერთობა ნიშნავს სრულ თანასწორობას, ყველა ცალმხრივი მიდგომის უგულებელყოფას, მაგალითად, როგორც ეს გამოვლინდა სავიზო რეჟიმის შემოღებისას. ალბათ, ჩვენი მხრიდანაც არის რაღაც ცოდვები... ხომ ვმუშაობდით და ვცხოვრობდით ღირსეულად, როგორც შეეფერება მეგობრებს და როგორც იმ ხელშეკრულებაში იყო აღნიშნული, სტრატეგიულ პარტნიორებს.
- რამდენად გეხმარებათ დამოუკიდებელი პრესა, რომ თქვენ გქონდეთ ობიექტური წარმოდგენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. რამდენად არის თქვენთვის, როგორც პრეზიდენტისათვის, იგი საჭირო?
- აუცილებელია, როგორც ჰაერი. მე არ ვთქვი წყალი, რადგან წყალი და პრესა შეუთავსებელია, ჰაერი კი სხვა საკითხია, აუცილებელია.
- შვიდი წელი მიიწურა აფხაზეთის დაკარგვიდან. საზოგადოებაში ისეთი განწყობილებაა, თითქოს უკვე აღარ დადგება ის დრო, როცა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქცია აღდგება. რუსეთის დელეგაციის თბილისში ყოფნისას თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომელიც მასმედიის საშუალებით გავრცელდა, რომ მოლაპარაკება გაიმართება, თუ მოგვარდება აფხაზეთის პრობლემა. პრინციპში, თქვენ ამ საკითხს ახლაც შეეხეთ. თუ საიდუმლო არ არის, რა იგულისხმეთ, როცა ეს განაცხადეთ და რაიმე პრაქტიკული თვალსაზრისით, ველოდოთ თუ არა სიახლეს ამ ახალ წელს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით?
- ვფიქრობ, ყველაზე უფრო საინტერესო მოვლენაა ის, რომ, ჯერ ერთი, საკითხის მოგვარება არის ინტერნაციონალიზებული - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია არის ჩართული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით და, რა თქმა უნდა, ევროპის უშიშროების სტრუქტურებიც.
თქვენ ერთ მომენტს მიაქციეთ ყურადღება, ეს, ალბათ, მომავალი წლის პერსპექტივა არ არის, მაგრამ ევროკავშირმა თითქმის მიიღო (ზოგიერთ საკითხში საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ) გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ევროკავშირის ჯარები. ეს იმის გათვალისწინებით, როცა ამა თუ იმ რეგიონში მშვიდობას ექმნება საფრთხე, ევროპას უნდა ჰქონდეს თავისი სტრუქტურა წესრიგისა და მშვიდობის დასამყარებლად. ბევრი რამ არის ძალიან საინტერესო, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესოა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს აფხაზებსა და ქართველებს შორის. მხედველობაში მყავს აფხაზები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ანდა ცხოვრობენ - რუსეთში, უკრაინაში და სხვაგან, ასევე, ქართველი საზოგადოება. თანდათანობით მწიფდება აზრი (და ეს არ არის ჩემი პირადი დაკვირვება, ეს არის ოფიციალური, სერიოზული მონაცემები). აფხაზებშიც და, რა თქმა უნდა, ქართველებშიც, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ამაზე ლაპარაკი თვით აფხაზეთში რამდენიმე წლის წინათ შეუძლებელი იყო. ახლა ძალიან ბევრი, მათ შორის, მოღვაწეები არათუ ლაპარაკობენ, არამედ წერენ კიდეც, კერძოდ, რუსულ პრესაში, რომ გარდაუვალია ქართველებისა და აფხაზების ერთად ცხოვრება. მე ვერ გეტყვით, რომ ეს არის გაბატონებული, აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაგრამ ის, რომ ამაზე ფიქრი, მსჯელობა დაიწყო, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ყველაზე საიმედო ტენდენციად ეს მიმაჩნია, რასაც ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი, მათ შორის, პირად კონტაქტებს, პრესის წარმომადგენლებს შორის. ამას წინათ, თბილისში ხუთი-ექვსი აფხაზი ჩამოვიდა. თავის დროზე მათ სულ სხვა კატეგორიის ხალხს მივაკუთვნებდით - ომშიც მონაწილეობდნენ და სხვა. ჩამოვიდნენ ჩვეულებრივად და ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა არა მარტო აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევა - ჩამოდიან, ეცნობიან, რა ხდება საქართველოში, თბილისში, ისე, როგორც ჩვენი წარმომადგენლები იქ. ეს ტენდენცია რაც შეიძლება უფრო უნდა გავაღრმაოთ, ისევე, როგორც ოსებთან. ოსებთან ურთიერთობა დღეს პრობლემა არ არის და ჩვენ მივუახლოვდით იმ მდგომარეობას, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, მოგვარდება კიდეც. იგივე პროცესი მიმდინარეობს ახლა აფხაზეთში.
როცა ვლაპარაკობ რუსეთ-საქართველოს ახალ ხელშეკრულებაზე, რა თქმა უნდა, უწინარესად, მხედველობაში მაქვს ხელშეკრულება იმ საქართველოსთან, რომლის ერთიანობა უნდა აღდგეს და რომლის ერთიანობის აღდგენაში რუსეთმა უნდა თქვას ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა.
- გასულ ბრიფინგზე თქვენ აღნიშნეთ, რომ აფხაზეთის დაბრუნება თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანია. ალბათ, ასეთივე მიზანია სამაჩაბლოს საბოლოოდ დაბრუნება, კორუფციის აღმოფხვრა, ეკონომიკის განვითარება, ჯარის აღმშენებლობა და ის რეფორმები, რაც დაიწყო და რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ არ დამთავრებულა. თქვენ ახლა აღნიშნეთ, რომ ჯერ კიდევ შეგწევთ ძალა და უნარი, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ. ახალ ათასწლეულში, იმ დარჩენილ პრეზიდენტობის ვადაში, არის თუ არა იმის გარანტია, იმის გეგმა, რომ ყველაფერს, რაც წინა საუკუნეში დაიწყეთ, ახალ საუკუნეში დაამთავრებთ. თუ ამისათვის კიდევ იქნება საჭირო ახალი ვადა?
- არა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ იქნება საჭირო. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, უფრო ახალგაზრდაც რომ ვიყო, კონსტიტუციის შეცვლის და რაღაც ახალი ვადების შემოღების - ეს პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია. რაც შეეხება დარჩენილ დროს, მე იმ დღეს ვთქვი ჩემს კოლეგებთან - „მოქალაქეებთან“ შეხვედრის დროს, რომ ახლა ძალიან მოდაშია პოსტშევარდნაძისეული ეპოქა, ესე იგი, თავისთავად, რაღაცას ნიშნავს, როცა ეპოქაზე ლაპარაკობ. მე ვუპასუხე: ზოგიერთ ქვეყანაში პრეზიდენტს სამი წლის ვადით ირჩევენ, ზოგიერთში კი ოთხი წლით. და შევარდნაძის სამუშაო დრო, თუ მას სხვა რამემ არ უღალატა, ეს არის კიდევ თითქმის ოთხწელიწადნახევარი. ამ ხანში ისტორია იქმნება. პრეზიდენტი ხომ არ არის მარტო კონფლიქტების, ან ეკონომიკის დარგში? ჩემი საზრუნავია ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რომლის მოგვარებაზე დამოკიდებულია ქვეყნის ბედი, მათ შორის, აფხაზეთის დაბრუნება, ეკონომიკის აღმავლობა, კორუფციის დაძლევა და სხვა საკითხები. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში ძირითადი ამოცანების გადაწყვეტა შესაძლებელია. ამის იმედს მაძლევს ის, რომ ქვეყანაში ახლა ცოტ-ცოტა სწორდება მდგომარეობა. გამოვდივართ ურთულესი და უძნელესი კრიზისიდან. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური და, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისი. ფინანსური კრიზისიდან ჩვენ შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვედით, რადგან ჩვენმა ხალხმა გაგვიწია ანგარიში. ვფიქრობ, მომავალი წელი მართლაცდა სერიოზულ ცვლილებათა და გარდატეხის წელი იქნება.
- დღეს საქართველოში აუცილებელია პრესის კანონი. მსოფლიოს დიდ ქვეყნებში - ამერიკაში, შვედეთში და სხვა ქვეყნებში, არ არის პრესის კანონი, მათ იგი არ სჭირდებათ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება და არა იმიტომ, რომ იქ ეწეროს, რა გააკეთოს ჟურნალისტმა, არამედ იმისათვის, რომ ჟურნალისტიკაში ცხვირი არავინ შეყოს, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ და შემდეგ დანარჩენებმა, რომ პრესა - ჟურნალისტიკა, მეოთხე ხელისუფლება დაცული იყოს ნებისმიერი ძალისა და ხელისუფლების ჩარევისაგან. ყოველ შემთხვევაში ეს უნდა გაკეთდეს გონივრულად და კორექტულად. ორი წლის წინათ მე ამას გადავყევი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. წაგვართვა პარლამენტმა. პარლამენტის წევრები რატომ უნდა იღებდნენ პრესის კანონს? არა, ეს მათი საქმე არ არის. პრესის კანონი უნდა შექმნან ჟურნალისტებმა. ამისათვის თქვენ უდიდეს ჭკვიანურ საქმეს გვთავაზობთ. პირადად თქვენ მოუყარეთ თავი რედაქტორებს და დაგველაპარაკეთ. იმისათვის, რომ, ხომ ხედავთ, სამწუხაროდ, თქვენს გარდა ვერავინ ვერაფერს აკეთებს. არადა, ხომ უნდა გააკეთონ.
- კი ბატონო, შევთანხმდით. რაც თქვით, ყველაფერია ნათქვამი იმ რადიოინტერვიუში, რომელიც ამ დილით გადაიცა.
- თქვენი შეფასებით, რა იყო წელს ქვეყანაში მთავარი მიღწევა, რა ვერ გაკეთდა, რაც შეიძლება გაკეთებულიყო. და, კიდევ, როგორც რუსეთში ამბობენ, პუტინს ხშირად აქვს კონსულტაციები მთავარ თემებზე ელცინთან. ელცინის პრეზიდენტობის დროს ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ. თქვენ თუ გაქვთ კავშირი ახლა ელცინთან და თუ იცით მისი აზრი სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით?
- ამ წელს მიღწეულ დადებითს მოვლენებზე თუ ვილაპარაკებთ, სამწუხაროდ, ჩამონათვალი დიდი არ იქნება. მაგრამ მე ვილაპარაკებ მაინც მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენის გათვალისწინებით. მთავარი მონაპოვარი, მაინც გახლავთ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება. და ეს არის ის ბაზისი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მომავალ წელს გაცილებით უკეთ ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით. ჩვენ რომ დაგვენგრია საბანკო სისტემა, მოშლილიყო ჩვენი ფისკალური პოლიტიკა და არ ყოფილიყო სწორი, რა თქმა უნდა, უფრო მეტ სიძნელეს წავაწყდებოდით მომავალ წელს. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც მივაღწიეთ.
რაც შეეხება თქვენს დელიკატურ შეკითხვას, ბორის ელცინთან, მას შემდეგ, რაც მას დავემშვიდობე მოსკოვში, ურთიერთობა არ მქონია. ვიცი, რომ ელცინმა ძალიან გააკრიტიკა პუტინი იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნის მელოდია აღადგინა, პირველად საჯაროდ გამოთქვა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. დანარჩენ საკითხებში - რაში ეთანხმებიან ერთმანეთს და რაში - არა, ვერ გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ კარგი ურთიერთობა აქვთ.
- პანკისის ხეობა რუსეთისათვის, როგორც ჩანს, სადღეისოდ, უმთავრესი გამაღიზიანებელი ფაქტორია. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომელიც აქ გახლდათ ვიზიტად, თქვა, რომ ქართულ მხარეს სთავაზობდნენ ახმეტის მხრიდან შეეყვანათ თავიანთი შეიარაღებული ძალები, რაზეც ქართულმა მხარემ უარი განაცხადა და დაპირდა რუსეთის მხარეს თავიანთი სამხედრო ქვედანაყოფები განელაგებინა პანკისის ხეობის ირგვლივ. მართლაც ასეა საქმის ვითარება, რომ გარდაუვალია სამხედროების ჩარევა?
- მიმაჩნია, რომ კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის სამხედროების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე, მხედველობაში მაქვს, პანკისის ხეობა ან სხვა რომელიმე ხეობები. ის, რომ ჩვენ იქ ბლოკ-პოსტები განვათავსეთ, ესეც საკმარისია. იქ ბევრი ხალხია დასაქმებული - ეს შინაგანი ჯარების წარმომადგენლები არიან, რომლებიც არავის არ აღიზიანებენ, მათ შორის, ხეობის რაიონების მცხოვრებლებსაც. მე ხვალ მექნება შეხვედრა ქისტებთან-უხუცესებთან, და ყველა ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. მაგრამ წინასწარ ვიცი, რომ ისინი არ დააყენებენ საკითხს ბლოკ-პოსტების გაუქმების შესახებ, რადგან ეს ბლოკ-პოსტები საქართველოს სახელმწიფომ დააწესა. ეს ქვეყნის შინაგანი ჯარებია და ამიტომაც გაღიზიანებას არ იწვევს. საკმარისია იქ შევიყვანოთ 10-15 რუსი სამხედრო, გარწმუნებთ, ხვალვე დაიწყება სისხლისღვრა. ამიტომაც ის სამხედრო, რომელმაც თქვენ ეს აგიხსნათ, შეცდა, მან არ იცის, რა არის კავკასია. არის მეორე გზაც: მე ვუთხარი ბატონ კლებანოვს და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებს, ვინც აქ იმყოფებოდა - თუ ჩვენ გვსურს, აღმოვფხვრათ საზღვრის დარღვევის უკანონო ფაქტები, მცდელობა, როგორც ჩვენი, ისე რუსეთის მხრიდან, საზღვრის ჩაკეტვაა გამოსავალი. მაგალითად, თუ რუსეთის მხარეს აქვს საშუალება, გააძლიეროს მესაზღვრეთა რეზერვები, ჩაკეტოს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი, და ასევე ამ საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთიც. როდესაც ჩვენი საზღვარი უკანონოდ გადმოლახეს ბოევიკებმა, მათ საქართველოში სწორედ იმ ხეობით შემოაღწიეს, რომელიც ინგუშეთს ემიჯნება. საქართველო-დაღესტნის საზღვარზეც მოსაგვარებელია პრობლემები, რადგან შემდგომში შეიძლება იგი გამოიყენონ სხვა მიზნებისათვის. უმთავრესია დიალოგი იმის შესახებ, როგორ აღმოვფხვრათ იმ პირთა უკანონო შემოღწევა, რომლებიც არასასურველნი არიან როგორც საქართველოსათვის, ისე რუსეთისთვისაც.
რაც შეეხება რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოყვანას საქართველოს ტერიტორიაზე, მე ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ.
- გქონდათ თუ არა კონტაქტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან და როგორ გესახებათ მომავალ წელს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა?
- ისინი ჯერ არ განთავსებულან თეთრ სახლში. და მე არ ვიცი, როგორ დავუკავშირდე, მისამართი არა მაქვს. კონტაქტი გვაქვს იმ ჯგუფთან, რომელსაც ურთიერთობა აქვს მომავალ ხელმძღვანელობასთან. ზოგიერთს ვიცნობ, ძველი მეგობრები არიან, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა არჩევნებამდე, და, რასაკვირველია, არჩევნების შემდეგაც. რაღაც კონტაქტები გვაქვს, მაგრამ თავად პრეზიდენტთან ჯერჯერობით - არა. შემდეგი ოთხი წელიწადი საქართველო-ამერიკას შორის იქნება იმ პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებისა და გაფართოების წლები, რაც უკვე დაკანონდა ორი ქვეყნის ცხოვრებაში.
საქინფორმი.
„როცა ვლაპარაკობ რუსეთ-საქართველოს ახალ ხელშეკრულებაზე, რა თქმა უნდა, უწინარესად, მხედველობაში მაქვს ხელშეკრულება იმ საქართველოსთან, რომლის ერთიანობა უნდა აღდგეს და რომლის ერთიანობის აღდგენაში რუსეთმა უნდა თქვას ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 დეკემბრის ბრიფინგი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 26 დეკემბერი. - №335 (3736) - 1, 3 გვ.
![]() |
125 გაზეთ „ვრასტანის“ კოლექტივს |
▲back to top |
მილოცვა
ძვირფასო მეგობრებო!
გულწრფელი სიხარულით, სულითა და გულით ვულოცავ ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ უძველეს და სახელოვან წარმომადგენელს - გაზეთ „ვრასტანს“, პირველი ნომრის გამოსვლის 80 წლისთავს.
ოთხმოცი წლის განმავლობაში, გაზეთი და მისი კოლექტივი, ყოველთვის ერთგულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობასა და დანიშნულებას - არა მხოლოდ ობიექტურად ასახავენ საქართველოს საზოგადოების საჭირბოროტო პრობლემებს, არამედ მშობელი ქვეყნის სიყვარულსა და პატივისცემას, ერთგულებას უნერგავენ თავიანთ მკითხველს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ქართველთა და სომეხთა მეგობრობასა და თანამშრომლობას.
სასიხარულოა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ „ვრასტანმა“ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ პირობებში არ გადაუხვია თავის კურსს და ტრადიციებს, კვლავაც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოებრიობის ინტერესებს. გაზეთი ყურადღებას არ აკლებს საქართველოს სომხური დიასპორის ცხოვრებას, რისი წყალობითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა გაზეთის ავტორიტეტი მკითხველთა შორის. სწორედ ამიტომ გვეამაყება თქვენი ისტორია და შემოქმედებითი მოღვაწეობა.
კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ გაზეთის თანამშრომლებსა და მკითხველებს იუბილეს. დარწმუნებული ვარ, ახალ ათასწლეულშიც განაგრძობთ თქვენს სასარგებლო მოღვაწეობას საქართველოს საკეთილდღეოდ, ქართველთა და სომეხთა მეგობრობის უჭკნობ იდეალთა შესაბამისად.
ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს პრეზიდენტი.
2000 წლის 21 დეკემბერი.
გაზეთ „ვრასტანის“ კოლექტივს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 26 დეკემბერი. - №335 (3736) - 1 გვ.
![]() |
126 ვახტანგ ბერიძის ოჯახს |
▲back to top |
სამძიმარი
დიდი მწუხარებით შევიტყვე ბატონი ვახტანგის გარდაცვალების ამბავი, იგი, დიდი გვარის დიდი წარმომადგენელი, ხომ მხოლოდ დიდი მეცნიერი არ გახლდათ, არამედ იყო ყოველივე ქართული სიკეთის მშვენიერი განსახიერება.
ათეული წლების მანძილზე ვთანამშრომლობდით ჩვენ ერთმანეთთან და ეს თანამშრომლობა შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა.
მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მარტო ქართული კულტურისა და მეცნიერებისათვის, არამედ, საერთოდ, ქართული ცხოვრებისთვის.
იგი, როგორც მეგობარი, პირადად მეც დამაკლდა.
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი.
ედუარდ შევარდნაძე.
ვახტანგ ბერიძის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 27 დეკემბერი. - №336 (3737) - 1 გვ.
![]() |
127 ქალბატონ ცისანა ტატიშვილს |
▲back to top |
ბენეფისი
ქალბატონო ცისანა,
დღეს თქვენ მშვენიერი დღე გაქვთ - თქვენი საოპერაციო თეატრის სცენაზე, თქვენმა მაყურებელმა პატივი უნდა მოგაგოთ, კიდევ ერთხელ გაიხსენოს თქვენს მიერ შესრულებული ის როლები, რომელნიც ქართული საოპერაციო ხელოვნების ისტორიაში მაღალოსტატობის, მაღალნიჭიერების და სილამაზის ნიმუშად რჩებიან და მოგესიყვარულოთ.
გთხოვთ, მიგულოთ ამ დარბაზში თქვენს ერთგულ მსმენელად, თქვენი შესანიშნავი ხმის, თქვენი მშვენიერი გარეგნობის, თქვენი ოსტატობის აღტაცებულ დამფასებლად.
გიკრავთ ტაშს და ნანულისთან ერთად დიდ მადლობას გეუბნებით ყოველივე ამისთვის.
ედუარდ შევარდნაძე.
ქალბატონ ცისანა ტატიშვილს : ბენეფისი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 28 დეკემბერი. - №337 (3738) - 1 გვ.
![]() |
128 2001 წელი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის პასუხები
„დილის გაზეთის“ შეკითხვებზე
- რითი გეიმედებათ 2001 წელი? როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს იგი ხალხს და რა მოეთხოვნება საამისოდ თვითონ ქვეყანას?
- უპირველეს ყოვლისა, სიამოვნებით მივესალმები „დილის გაზეთს“. გისურვებთ მრავალს დაესწროთ ახალ წელს ახალ საუკუნეში. თქვენი გაზეთი გამორჩეულია არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ სიდინჯითა და სოლიდურობით. „დილის გაზეთის“ მკითხველი გაწონასწორებული ინტელექტუალური და მშვიდი პატრიოტია - განურჩევლად მისი პოლიტიკური პოზიციის თუ შეხედულებებისა.
200ქ წელი საქართველოსათვის, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა, მთელს კაცობრიობასთან ერთად, ახალ ათასწლეულში შეაბიჯებს. ჩვენი ისტორიის საოცარი პარადიგმაა, რომ ახალი ეპოქის დასაწყისში თავს იყრის მრავალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემა, და, იმავე კანონზომიერების შესაბამისად, მათი გადაწყვეტაც ამ პერიოდს ემთხვევა.
2001 წელს საქართველო უეჭველად გადადგამს რამდენიმე მძლავრ და მტკიცე ნაბიჯს უმთავრეს პრობლემურ კვანძთა გასახსნელად. უპირველეს ყოვლისა, ეს არის, რა თქმა უნდა, აფხაზეთი, ლტოლვილთა დაბრუნების რეალურად გაგრძელება, აგრეთვე, ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღება, საკომუნიკაციო პროექტთა განხორციელების დაწყება, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე და სხვა. ვფიქრობ, ყველა ამ თვალსაზრისით, დამდეგი წელი მართლაც, განმსაზღვრელი იქნება.
- მინსკში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის მიმდინარეობისას, თქვენსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებების დროს, ერთგვარად შეთანხმდით იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მომზადდება ახალი ორმხრივი ხელშეკრულება. ამის მიზეზად სახელდება, რომ 1994 წელს დადებული შეთანხმება მოძველდა. ხელშეკრულების რომელი პუნქტები შეიძლება ვიგულისხმოთ მოძველებულთა შორის?
- მე არ ვიტყოდი, რომ ამ ხელშეკრულების რომელიმე კონკრეტული დებულება, ან კონკრეტულად ესა თუ ის მუხლი მოძველდა. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი, რომელსაც მე და ბორის ელცინმა ხელი მოვაწერეთ ჯერ კიდევ 1994 წლის 3 თებერვალს, ცალმხრივად რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ხოლო რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მის რატიფიცირებაზე, ანუ ამოქმედებაზე უარი განაცხადა. ამის მიუხედავად, ოთხი წლის განმავლობაში, საქართველო ცალმხრივად ხელმძღვანელობდა ხელშეკრულების დებულებებით და ამით ადასტურებდა კეთილ ნებას - დაემყარებინა მეზობელ, ისტორიულად მეგობარ რუსეთთან ჭეშმარიტად კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობა. მაგრამ არ შეიძლება ასე გაგრძელდეს უსასრულოდ.
ამდენად, ის განცხადება, რომ ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ახალ ხელშეკრულებაზე, თუ, ასე ვთქვათ, დიპლომატიური ენიდან გადმოვაქართულებთ, იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ მიიჩნევს თავს, რაიმე თვალსაზრისით შეზღუდულად, ცალმხრივად რატიფიცირებული ძველი ხელშეკრულებით. თუმცა, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება ჩვენი გულწრფელი სურვილი და მისწრაფებაა. ამდენად, ყოველთვის მზად ვართ, შევიმუშავოთ თანამშრომლობის ახალი ფორმულა, მაგრამ ისევ და ისევ თანასწორუფლებიანობისა და ინტერესთა ორმხრივი გათვალისწინების საფუძველზე. ვიმედოვნებთ, ახალ ვითარებაში მომზადებული ახალი ხელშეკრულება ამგვარი ფორმულის შეთანხმების საშუალებას მოგვცემს. ყოველ შემთხვევაში, საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ქართულ მხარეზეა დამოკიდებული.
- რა მიგაჩნიათ სავიზო რეჟიმის შემოღების ყველაზე რეალურ და სავარაუდო მიზეზად? რამდენი ხანი შეიძლება იმოქმედოს მან?
- საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი არ ამოქმედებულიყო - ამ ქვეყანასთან საქართველოს ასეულობით ათასი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქე უმჭიდროესად არის დაკავშირებული. მაგრამ ჩვენ არ შეგვეძლო სათუო გაგვეხადა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. მათ შორის ჩეჩნეთის კონფლიქტში ჩაურევლობა, საკომუნიკაციო პროექტებში მონაწილეობა, ქვეყნის ტერიტორიიდან სხვა (თუნდაც მეგობარი) ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გაყვანა და სხვა.
ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ის არგუმენტი, თითქოს „სავიზო რეჟიმი“ უკავშირდება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას. ჯერ ერთი, „უვიზო რეჟიმი“ სრულიადაც არ ნიშნავს უკონტროლობას. გარდა ამისა, ამ ლოგიკას სრულებით არ შეესაბამება საზღვრის „ღიად დატოვება“ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე. სამწუხაროდ, გვექნება შთაბეჭდილება, რომ „სავიზო რეჟიმი“ სხვა, არადეკლარირებულ მიზნებს ისახავს და საქართველოში შიდაპოლიტიკური სტაბილურობის საკითხებს უფრო უკავშირდება. საქართველო მზად არის, დღესვე განიხილოს „უვიზო რეჟიმის“ აღდგენის საკითხი, თუ ჩვენი პარტნიორები შესაბამის საპასუხო ნებას გამოამჟღავნებენ.
- რუსეთის წარმომადგენლებმა, სავიზო რეჟიმის განსახორციელებლად, საქართველოს ნებართვით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის რამდენიმე საკონსულოს გახსნის სურვილი გამოთქვეს. როგორ ფიქრობთ, სად შეიძლება მათი განლაგება?
- საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი საკონსულოების გახსნა-დაფუძნება სავსებით ნორმალური მოვლენა იქნებოდა, რადგან საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღების პროცედურებს შეუმსუბუქებდა. ისევე, როგორც საქართელოს საკონსულოებიც შეიძლება გაიხსნას რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. ოღონდ, რა თქმა უნდა, როდესაც ვლაპარაკობთ რუსეთის საკონსულოებზე საქართველოში, ვგულისხმობთ იმ რეგიონებს, რომლებზეც უეჭველად ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია და ამ საკონსულოებს ვერავინ გამოიყენებს სეპარატისტული ტენდეციების ხელშესაწყობად.
- არსებული ენერგეტიკული პრობლემებიდან, ალბათ, საუკეთესო გამოსავალი, შესაბამისი დაფინანსებისას ახალი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაა. რა სახის პროექტი მიგაჩნიათ საქართველოში ყველაზე რეალურად და სასურველად განსახორციელებლად ჰიდროელექტროსადგურის, თბოელექტროსადგურის თუ სხვა (თუნდაც მცირე, უსაფრთხო ატომური ელექტროსადგურის) ობიექტის მშენებლობა?
- საქართველოში ატომური ელექტროსადგურის, ისევე, როგორც ახალ, მძლავრი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტები ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოს არსებობდა, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნით მათ განხორციელებაზე უარი ვთქვით. უკანასკნელ წლებში, გერმანელი მეგობრების დახმარებით, ჩვენ ავაშენეთ ორი 300-მეგავატიანი ბლოკი „თბილსრესში“ - ფაქტობრივად, ორი ახალი თბოელექტროსადგური ჯამური სიმძლავრით 600 მეგავატი. მიუხედავად მრავალი სირთულისა, მოვიზიდეთ ინვესტორი, რომელმაც 224 მილიონი დოლარი დააბანდა „თელასსა“ და „თბილსრესში“. სამწუხაროდ, რესურსების სიმწირემ და საშინელმა გვალვამ არ მოგვცა საშუალება, ვითარება გამოგვესწორებინა, რომ ეს მოსახლეობისთვის საგრძნობი ყოფილიყო, მაგრამ სტრუქტურული რეფორმები ენერგეტიკულ სისტემაში გაგრძელდება და აუცილებლად მოიტანს შედეგს, თუმცა, ამისთვის აუცილებელი იქნება მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დონის ამაღლება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელს საქართველოში.
- 2000 წელს „დილის გაზეთმა“ შეიმუშავა და გამოაქვეყნა გარკვეული პროფესიული, ჟურნალისტური ეთიკის ნორმები. მაშინ, როდესაც კანონი პრესის შესახებ ვერ იქმნება, ჩვენ ერთი რედაქციის მასშტაბით შევქმენით კანონი. სამწუხაროდ, მას, ფაქტობრივად, არც ჟურნალისტების და არც საზოგადოების რეაქცია თითქმის არ მოჰყოლია. როგორ ფიქრობთ, ნაადრევია საქართველოში სვლა ჟურნალისტთა საქმიანობის გარკვეულ ეთიკურ-პროფესიულ ჩარჩოებში მოსაქცევად?
- მიმაჩნია, რომ „დილის გაზეთის“ ეს კეთილშობილური ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში არა მხოლოდ მაღალპროფესიული, არამედ სოლიდური და ზნეობის პრინციპებზე დაფუძნებული მასმედიის განვითარებას. თქვენი ინიციატივა არც ძალდატანებაა და არც ვინმეს იძულება - მე იგი აღვიქვი, როგორც მოწოდება ეთიკის ნორმათა დაცვისა და ერთვარი „შინაგანი ცენზურისაკენ“. მხოლოდ ასეთი „შეზღუდვა“ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიულ ქვეყნებში, რომელშიც სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია. სამწუხაროდ, ზოგიერთებს „სიტყვის თავისუფლება“ ესმით როგორც შეურაცხყოფისა და პროვოკაციების თავისუფლება - მათ შორის, ქვეყნის ინტერესთა ხელყოფითა და საკუთარი სამშობლოს ავისმოსურნეთა არგუმენტების გაძლიერებით. თუმცა, დაე, ეს მათ სინდისზე იყოს. დროთა განმავლობაში ატმოსფერო ქართულ დამოუკიდებელ მედიაში „დაიწმინება“, ხოლო ჭეშმარიტი, ობიექტური, ხელისუფლებისადმი კრიტიკული, მაგრამ არა ავყია, პატრიოტულად განწყობილი პრესა მკითხველის არჩევნით უეჭველად დასჯაბნის, ეგრეთ წოდებულ „ყვითელ მედიას“ ანუ ზნეობრივი, ეთიკის ნორმებზე დაფუძნებული არჩევანი, საბოლოოდ, უფრო პერსპექტიული აღმოჩნდება. ჭეშმარიტად დემოკრატიული ქართული მასმედიის ჩამოყალიბებაში კი „დილის გაზეთს“ ღირსეული წვლილი შეაქვს. სწორედ ამ შინაარსს ვდებდი განცხადებაში „პრესის შესახებ“ კანონის შემუშავების აუცილებლობის თაობაზე. და კვლავ მტკიცედ ვადასტურებ, რომ აზრი არ შემცვლია.
- ხომ არ გაიხსენებთ რამე კონკრეტულ მასალას თუ წამოწყებას, ან, თუნდაც, რომელიმე პუბლიკაციას „დილის გაზეთის“ მიერ გამოცემული სარედაქციო წიგნიდან „ერთი პუბლიკაციის ანთოლოგია“, რომელიც ნიშანდობლივად მიგაჩნიათ „დილის გაზეთისთვის“. რამე შემთხვევა ხომ არ გაგონდებათ „დილის გაზეთთან“ დაკავშირებით, ან იქნებ ის გაგვიმხილოთ, თუ რაიმეთი გატკინეთ გული?
- კონკრეტულ წერილებს, რომელიც თქვენს გაზეთში იბეჭდება, გაცილებით უფრო მეტი გულისყურით ვეცნობი (რასაკვირველია, მაშინ, როდესაც მრჩება დრო, თვალი გადავავლო პრესას), ვინაიდან მათში არ იგრძნობა გაბოროტება და სიძულვილი. კრიტიკა გულს არასდროს მტკენს - მაშინაც კი, როდესაც კრიტიკულ შენიშვნებს არ ვეთანხმები, თუმცა ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, რომელშიც კამათი, დისკუსია, აზრთა ჭიდილი ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს. „დილის გაზეთის“ სარედაქციო წიგნი კი „ერთი პუბლიკაციის ანთოლოგია“ - თავის ადგილს დაიკავებს ჩემს ბიბლიოთეკაში.
- როგორც ოჯახის მამა და ბაბუა, რამდენად მადლიერი ხართ განვლილი 2000 წლის?
როგორც მამა და ბაბუა ბედნიერი ვიქნები მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემი ხალხი იქნება ბედნიერი, ვინაიდან ერის ბედნიერება - ჩემი შვილებისა და შვილიშვილების ბედნიერებაა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ოჯახი ვერ მიიჩნევს თავს ბედნიერად დღევანდელ საქართველოში. ამიტომ პირადად მეც, არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტი, არამედ ოჯახის უფროსი, ვერ ვიქნები ბედნიერი.
მოხარული ვარ, რომ წელს მოხერხდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ერთად შეკრება, ანუ ყველანი ერთად შევეგებებით ახალ წელსა და ახალ ეპოქას.
- როგორ მოგვილოცავთ საქართველოსა და, კონკრეტულად „დილის გაზეთს“ დამდეგ ახალ წელს?
- „დილის გაზეთის“ ყველა თანამშრომელს, ჟურნალისტებსა და რედაქციის წევრებს, ვუსურვებ ბედნიერებასა და სიხარულს ახალ წელსა და დამდეგ საუკუნეში. უპირველესად, პიროვნულ წარმატებას, აგრეთვე, პროფესიულ მიგნებებსა და გამარჯვებებს თქვენი წარმატება და გამარჯვება ქვეყანას გააძლიერებს. თქვენთან ერთად სრულიად საქართველოს ვუსურვებ დიდ ეროვნულ გამარჯვებას - აყვავებასა და გაბრწყინებას - შვილთა გასახარად, მათ საამაყოდ და საბედნიეროდ.
2001 წელი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 31 დეკემბერი. - №340 (3741). - 1, 2 გვ.
![]() |
129 პირთა საძიებელი |
▲back to top |
ა
აბაშიძე ასლან
აბაშიძე ირაკლი
აბაშიძე მემედ
აბზიანიძე ზაზა
აბსანძე გურამ
აბრამია კლარა
ადამია რეზო
ადენაუერი კონრად
ათათურქი მუსტაფა ქემალ
ალექსიძე ზაზა
ალიევი ჰეიდარ
ალხაზიშვილი გივი
ამაშუკელი ელგუჯა
ამირეჯიბი ჭაბუა
ასათიანი მიხეილ
ამირეჯიბი ჭაბუა
ამილახვარი დიმიტრი
ანაბი ჰაიდე
ანანი კოფი
ანდრონიკაშვილი მზია
ანდრია პირველწოდებული, ანდრია მოციქული
არაფატი იასირ
არსენიშვილი გიორგი (გია)
არსენიშვილი ზაირა
არძინბა ვლადისლავ
არჩვაძე მანანა
აუშევი რუსლან
აფრასიძე ევგენი
ბ
ბაბილაშვილი ჯამლეთ
ბაბლუანი თემურ
ბალცეროვიჩი ლეშეკ
ბათიაშვილი გურამ
ბაჯელაძე ციური
ბენ ლადენი უსამა
ბერიძე ვახტანგ
ბერიძე რუსუდან
ბერუჩაშვილი ნიკა
ბერკემერი უვე
ბერძენიშვილი ნიკო
ბზვანელი გურამ
ბოგოლიუბოვი ნიკოლოზ
ბლერი ენტონი
ბლერი ტონი
ბრაუნბეკი სემ
ბრეგვაძე ნანი
გ
გაბრიაძე რევაზ
გაბუნია ლეო
გაბუნია ნოდარ
გამსახურდია კონსტანტინე
გამსახურდია ზვიად
გამყრელიძე დავით
გაჩეჩილაძე გიორგი
გაჩეჩილაძე ლევან
გეგელია ლილი
გეგეჭკორი არნოლდ
გელდიაშვილი ზაალ
გენშერი ჰანს-დიტრიხ
გიორგი ბრწყინვალე
გოგავა ირაკლი
გოგოხია შოთა
გოგოტიშვილი თამაზ
გოგებაშვილი იაკობ
გოგიბერიძე სესილი
გორბაჩოვი მიხეილი
გოცირიძე ალეკო
გუდევი ვლადიმერ
გურაბანიძე ნოდარ
გურჩიანი ქეთევან
დ
დადიანი ცოტნე
დავით აღმაშენებელი
დანელია გიორგი
დე გოლ შარლ
დევდარიანი ნანა
დემირელი სულეიმან
დოული ბობ
დოლიძე თათული
დუმბაძე ნოდარ
ე
ელვის ჯონ
ელია თეზბიტელი
ელიავა აკაკი
ელისაბედ მეორე
ელცინი ბორის
ესაკია სერგო
ერეკლე მეორე
ერეკლე მეფე, პატარა კახი
ერქომაიშვილი ანზორ
ერჰარდ ლუდვიგი
ეჯიბია
ვ
ვარსიმაშვილი ავთანდილ
ვეკუა ილია
ვოიკე პიტერ
ვუდვურდ დევიდ
ზ
ზაალიშვილი მალხაზ
ზურაბაშვილი ავლიპ
თ
თამარ მეფე
თარგამაძე კახა
თავხელიძე ალეკო
თაქთაქიშვილი დავით
თაქთაქიშვილი ირაკლი
თევზაძე დავით
თოფურია თეიმურაზ
თუმანიშვილი გივი
ი
იასტრჟემბსკი სერგეი
იგნატოვი ნიკოლოზ
ივანოვი იგორ
ილია მართალი
იმნაძე კახა
იოსავა კოჯი
ისაკაძე თედო
ისაკაძე ლიანა
იუშჩენკო ვიქტორ
ილია II
კ
კაუფმანი დენის
კაკაბაძე მალხაზ
კალანდაძე ანა
კანდელაკი გიორგი
კასიანოვი მიხეილ
კაპანაძე გოჩა
კიკალეიშვილი ზურაბ
კირკიტაძე ქრისტეფორე
კობახიძე ლუკა
კოროლიოვი სერგეი
კოტეტიშვილი ვახუშტი
კვირაია შოთა
კვიციანი ემზარ
კუკი რობინ
კუხიანიძე ზურაბ
კუჩმა ლეონიდ
კლინტონი ბილ
კლებანოვი ილია
ლ
ლამერი ჟან
ლაშხი ლაშა
ლაფონტენი ოსკარ
ლებანიძე მურმან
ლეკიშვილი ნიკო
ლეონიძე გიორგი (გოგლა)
ლიგაჩოვი ეგორ
ლოლუა ჯემალ
ლომინაძე ჯუმბერ
ლორთქიფანიძე ოთარ
ლუჩინსკი პეტრე
მ
მაკინლი ბრანსონ
მამარდაშვილი მერაბ
მამფორია ოთარ
მარადონა დიეგო
მარგიშვილი სოსო
მარი ნიკო
მარინე თბილელი
მარკ ტვენი
მარტინი კლაივ
მასხარაშვილი თათული
მაღალაშვილი დურმიშხან
მაჭავარიანი მიხეილ
მაცკე რიჩარდ
მაცურა კოიშირო
მგალობლიშვილი ნოდარ
მელიქიშვილი პეტრე
მენაღარიშვილი ირაკლი
მეძმარიაშვილი ელგუჯა
მეფარიძე (მეტყევე)
მეფარიშვილი გიორგი (გია)
მირცხულავა დავით
მირცხულავა ცოტნე
მიქელაძე ევგენი
მოლაშვილი სულხან
მოსე
მუსხელიშვილი ნიკო
ნ
ნარჩემაშვილი კობა
ნაზარბაევი ნურსულან
ნეიზვესტნი ერნესტ
ნიაზოვი საფარმურატ
ნიკანდროს სტივ
ნიკოლაძე ნიკო
ნინიძე თედო
ნიშნიანიძე შოთა
ნოდია გია
ნოღაიდელი ზურაბ
ო
ოლბრაიტი მადლენ
ონასისი ალექსანდრე
ონიანი ნატო
ოუენი დევიდ
ოქსუზ ენის
პ
პელე
პუტინი ვლადიმერ
პროდი რომანო
ჟ
ჟვანია ზურაბ
რ
რამიშვილი ნინო
რობერტსონი ჯორჯ
რუსო ანტონიო
ს
სააკაშვილი მიხეილ
საგდეევი როალდ
სალომე ქართველი
სალუქვაძე რევაზ
საღარაძე გურამ
სანებლიძე არმაზ
საჯაია ნუგზარ
სეზერი ახმედ, სეზერი აჰმად ნეჯდეთ
სერგეევი როალდ
სესტანოვიჩი სტივენ
სვიმონ კანანელი
სოლანა ჰავიერ
სოროსი ჯორჯ
სუხიშვილი ილიკო 9
სუხიშვილი თენგიზი
სლოუნი ვიქტორია
სტეფანოპულოს კონსტანტინოს
სტურუა ლია
სტურუა რობერტ
ტ
ტაბლიაშვილი ვახტანგ
ტატიშვილი ცისანა
ტოლსტოპიატოვი ბორის
ტუღუში ირაკლი
უ
უკლება მიხეილ
უსუფაშვილი დავით
ფ
ფარნავაზ მეფე
ფირცხალაიშვილი ჯონ
ქ
ქარჩხაძე ჯემალ
ქობალია ლოთი
ქოჩარიანი რობერტ
ღ
ღვინჯილია ჯანსუღ
ყ
ყაუხჩიშვილი სიმონ
შ
შაშიაშვილი თემურ
შევარდნაძე იპოკრატე
შევარდნაძე პაატა
შელტონი ჰიუ
შირაკი ჟაკ
შოლერი ჰაინრიხ
შონია ვახტანგ
შოთა რუსთაველი
შუმანი რობერ
შპენგლერი ოსვალდ
შრედერი გერჰარდ
შხვაცაბაია გიორგი
ჩ
ჩარკვიანი გელა
ჩერჩილი უინსტონ
ჩიკვილაძე მიხეილ
ჩოუ ედვარდ
ჩოი ჰუ გენგ
ჩუბაისი ანატოლ
ჩხაიძე აკაკი
ჩხარტიშვილი ვანო
ჩხენკელი მერაბ
ჩხეიძე ოთარ
ც
ციმაკურიძე ობოლა
ციციშვილი გიორგი
ძ
ძასოხოვი ალექსანდრე
ძნელაძე ლევან
წ
წერეთელი აკაკი
წერეთელი გოგი
წერეთელი გრიგოლ
წივწივაძე თამაზ
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი
წმინდა ნინო
ჭ
ჭაბუკიანი ვახტანგ
ჭავჭავაძე ილია
ჭავჭანიძე ვლადემერ
ჭანტურია გიორგი (გია)
ჭანტურია ლადო
ჭანყოშვილი ნიკა
ჭილაშვილი ლევან
ჭინჭარაული ირაკლი
ჭუმბურიძე ირაკლი
ჭუბაბრია გია
ჭკუასელი ვახტანგ
ხ
ხოფერია ეკა
ხუნდაძე-გულიაშვილი ლია
ჯ
ჯავახიშვილი ივანე
ჯანაშია სიმონ
ჯანაშია სიმონ უმცროსი
ჯანაშია ლაშა
ჯანაშია ნიკო
ჯანაშია რუსუდან
ჯანაშია თამარ
ჯანაშია თინა
ჯაფარიძე თედო
ჯავახიშვილი ივანე
ჯერგენია ანრი
ჯიქია ბონდო
ჯორბენაძე ავთანდილ
ჰ
ჰათამი სეიდ მუჰამედი
ჰანტინგტონი სემუელ
ჰობსი თომას
![]() |
130 ადგილთა საძიებელი |
▲back to top |
ა
ადიგენი
აზერბაიჯანი
აზია
ალანია
ალაზნის ველი
ამბროლაური
ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკა, აშშ
ამსტერდამი
ანკარა
ასას ხეობა
აფხაზეთი
ადგილთა საძიებელი
აშხაბადი
ახალგორი
ახალქალაქი
ახმეტის რაიონი
აჭარა
ბ
ბათუმი
ბალკანეთი
ბარენცის ზღვა
ბაქო
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი
ბელორუსია
ბერლინი
ბიშკეკი
ბრიუსელი
ბულგარეთი
გ
გალი
გელათი
გერმანია
გორი
გუდაუთა
გუმისთა
გურია
გურჯაანი
დ
დაღესტანი
დედოფლისწყარო
დიდი ბრიტანეთი
დმანისი
ე
ევრაზია
ევროპა
ესპანეთი
ვ
ვაზიანი
ვარიანი
ვაშინგტონი
ვაშლოვანი
ვენა
ზ
ზეგაანი
ზესტაფონი
ზუგდიდი
თ
თბილისი
თელავი
თურქეთი
თურქმენეთი
თუშეთი
ი
იალტა
იაპონია
იერუსალიმი
ილტოს წყალსაცავი
იმერეთი
ინგლისი
ინგუშეთი
ირანი
ირლანდია
ისრაელი
იტალია
იუგოსლავია
კ
კავკასია
კარწახი
კანადა
კასპიის ზღვა
კახეთი
კახის რაიონი
კიევი
კოდორის ხეობა
კოლხეთი
კორეა
კოსოვო
ლ
ლანჩხუთი
ლესა
ლესელიძე
ლიკანი
ლიტვა
ლონდონი
მ
მაკვანეთი
მდ. ჭოროხი
მესტია
მთა-თუშეთის ზონები
მინსკი
მოლდოვა
მოსკოვი
მტირალას
მცხეთა
მცხეთა-მთიანეთი
ნ
ნიდერლანდის სამეფო
ნინოწმინდა
ნიუ-იორკი
ო
ოზურგეთი
ომალო
პ
პალესტინა
პანკისის ხეობა
პარიზი
პეტერბურგი
პოლონეთი
რ
რაჭა
რაჭა-ლეჩხუმი
რიზე
რომი
რუმინეთი
რუსეთი
რუსეთ-საქართველო
ს
საბერძნეთი
საგურამო
საინგილო
სამეგრელო
სამტრედია
სამხრეთ კავკასია
სამხრეთ კორეა
სამხრეთ ოსეთი
სამცხე
სამცხე-ჯავახეთი
სართიჭალა
საფრანგეთი
სენაკი
სვანეთი
სიდნეი
სიღნაღი
სლოვაკეთი
სომხეთი
სოხუმი
სოჭი
სტამბოლი, სტამბული
სუუამის ქვეყნები
სუფსა
ტ
ტაო-კლარჯეთი
ტარიბანა
ტარიბანის ველი
ტყიბული
უ
უზბეკეთი
უკრაინა
ფ
ფოთი
ქ
ქართლი
ქვემო ქართლი
ქუთაისი
ყ
ყაზახეთი
ყაზბეგი
ყარსი
ყვარელი
ყირიმი
შ
შატილი
შვედეთი
შვეიცარია
შიდა ქართლი
შირაქი
შოტლანდია
ჩ
ჩერნობილი
ჩეჩნეთი
ჩეხეთი
ჩინეთი
ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფო
ც
ცენტრალური აზია
ცხინვალი
წ
წალენჯიხა
ჭ
ჭალადიდი
ჭიათურა
ხ
ხევი
ხევსურეთი
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები
ხულო
ჯ
ჯავა
ჯავახეთი
ჰ
ჰიუსტონი
![]() |
131 საგნობრივი საძიებელი |
▲back to top |
90-იანი წლები
ა
აბრეშუმის გზა, „დიდი აბრეშუმის გზა“
ადგილობრივი თვითმმართველობა
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია
„ანტირეფორმატორები“
„აფხაზეთის ტელევიზია“
ბ
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი
ბირთვული ომი
ბიშკეკის ხელშეკრულება
გ
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო
გაზეთი „დილის გაზეთი“
გაზეთი „თუთარჩელა“
გაზეთი „იბერია-სპექტრი“
გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“
გაზეთი „მენორა“
გაზეთი „მერიდიანი“
გაზეთი „რეზონანსი“
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“
გაზეთი „სეგოდნია“
გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“
გუდაუთის ბაზა
დ
დსთ
ე
ევრაზიული დერეფანი, ევრაზიის დერეფანი
ევრობანკი
ევროკავშირი
ევროსაბჭო
ეკონომიკის აღმავლობა
ეროვნული უმცირესობა
ეუთო
ექსპორტი
ვ
ვაზიანის ბაზა
ზ
ზვიადისტები
თ
„თავისუფალი ვაჭრობა“
„თბილსრესის“ მეცხრე ბლოკი
„თბილსრესის“ მეათე ბლოკი
ი
იმპორტი
ინფლაცია
იუნესკო
იუსტიციის სამინისტრო
იფადი
კ
კავკასიის ხალხები
კისლოვოდსკის დეკლარაცია
კონსერვატორი
ლ
ლტოლვილები
მ
„მადნეული“
მეორე მსოფლიო ომი
მთლიანი შიდა პროდუქტი
„მოსკოვსკიე ნოვოსტი“
მსოფლიო ბანკი
„მშვიდობიანი კავკასია“, „მშვიდობიანი კავკასიის იდეა“
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
ნ
ნამუხვანი
ნატო
პ
პრესის თავისუფლება
პროკურატურა
ჟ
ჟურნალი „ლიტერნატურნაია გრუზია“
რ
რადიო „ფორტუნა“
„რეფორმატორები“
რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“
ს
საბჭოთა ებრაელობა
საბჭოთა კავშირი
საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, შემოსავლების სამინისტრო
საგარეო პოლიტიკა
სავალუტო ფონდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საინფორმაციო სააგენტო „ელიზი-ნიუსი“
საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“
საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“ („იტარ-ტასსი“)
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“
საინფორმაციო სააგენტო „სეგოდნია“
საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“
სამოქალაქო ომი
საქარავნო გზა
„საქართველოს რადიო“
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი
საქველმოქმედო ფონდი „მეცენატი“
საქველმოქმედო ფონდი „საპიენსი“
საქველმოქმედო ფონდი „ფიქალი“
საშინაო პოლიტიკა
სახელმწიფო კანცელარია
სახელმწიფო მინისტრი
სიტყვის თავისუფლება
„სოციალური უზრუნველყოფა“
სუვერენული სახელმწიფო
ტ
ტელეკომპანია „მე-9 არხი“
ტელეკომპანია „ნტვ“
ტელეკომპანია „რტრ“
ტელეკომპანია „რია-ნოვოსტი“
ტელეკომპანია „რუსთავი 2“
ტელეკომპანია „ტვ-6“
ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი
უ
უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტრო
ფ
ფაო
ქ
ქართველი ებრაელები
ქართულ-ოსური კონფლიქტი
ჩ
ჩერნობილის აფეთქება, ტრაგედია
ც
ცივი ომი
ცხრა აპრილის ტრაგედია, 9 აპრილის ტრაგედია
ძ
„ძლიერი ბიუჯეტი“
წ
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება
წითელი ჯვარი
ჭ
„ჭიათურმანგანუმი“
ხ
„ხუდონჰესი“