ევროპული XX საუკუნე (EUROPEAN 20th CENTURY)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო და ევროპა
თარიღი: 2019
აღწერა: რედაქტორები: ირაკლი ირემაძე, გიორგი საბანაძე, ემზარ ჯგერენაია; წინასიტყვაობა: გიორგი საბანაძე, ემზარ ჯგერენაია; გამოცემაზე მუშაობდნენ: გულნარა გორდელაძე, თეა კენჭოშვილი, ნინო სიხარულიძე, ლია ქარდავა, მაია შონია, თამარ წიკლაური; კომპიუტერული უზრუნველყოფა: შალვა პაპალაშვილი; ყდაზე: დავით კაკაბაძე. 1921. ქაღალდი, აკვარელი, ფანქარი. მხატვრის ოჯახის საკუთრება. სარედაქციო შენიშვნა: სტატიების ენა, სტილი და ორთოგრაფია დაცულია. პროექტი დაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. ტექსტისა და კომენტარების ავტორების მიერ გამოხატული შეხედულებები, მოსაზრებები და განაცხადები მხოლოდ მათ ეკუთვნით და არ გამოხატავს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მოსაზრებებს. შესაბამისად, ფონდი მასალის შინაარსზე პასუხს არ აგებს. © 2019 Nova Societas ISBN: 978-9941-8-1739-7



1 საქართველო სახელმწიფოსა და სამშობლოს შორის

▲back to top


გიორგი საბანაძე
ემზარ ჯგერენაია

თანამედროვე საქართველოს მოდერნიზაციის პროცესები შეიძლება აღიწეროს ორი კონცეპტის - საკრალური სამშობლოს და პროფანული სახელმწიფოს - დაპირისპირებით. ეს დაპირისპირება გამოიკვეთა 1990-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკრალური სამშობლოს კონცეპტი ბევრად უფრო ძველია, ბევად უფრო თემატიზებულია, ვიდრე სახელმწიფოს კონცეპტი. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ორ გუბერნიად მოქცეულ საქართველოში ყალიბდება საკრალური სამშობლოს კონეპტი, რომელიც თანამედროვე ქართულ ნაციონალიზმსაც კვეავს და შეიძლება ითქვას, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს - სრულებით პროფანული რეალობის - კონსტრუირებას უშლის ხელს. თანამედროვე ქართულ სინამდვილეში მოდერნიზაციის მთელი ტრაგიკულობა დაკავშირებულია „მამულის“/„სამშობლოს“/„ქვეყნის“ და „სახელმწიფოს“ დაპირსპირებასა და ამ დაპირისპირეის შედეგებთან.

ამ დაპირისპირების ასახსნელად უნდა გავიგოთ, რა ისტორია და რა თავგადასავალი აქვს საკრალური სამშობლოსა და პროფანული სახელმწიფოს კონცეპტებს და რომელი სოციალური ჯგუფები დგანან ამ კონცეპტების უკან ამა თუ იმ ეპოქაში. ეს ეპოქებია: საქართველო იმპერიული რუსეთის შემადგენლობაში (1917 წლამდე), საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921), საბჭოთა საქართველოში (1921-1991) და პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელ საქართველოში (1991-დღემდე).

მამულის ფეოდალური კონცეპტი

ფეოდალურ საქართველოში, ისევე როგორც, ზოგადად, ევროპულ ფეოდალიზმში, „მამული“ ფეოდალის, მათ შორის, მეფის, კერძო საკუთრებაა, ხოლო „მეფობა“ სამეფო ხელისუფლებას აღნიშნავს.1 ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი მკაფიოდ ხედავს ამ განსხვავებას: „მე-XI-XII საუკუნეში ესმოდათ, რომ მამული სხვაა და სამეფო კიდევ სხვა. მით უმეტეს, ეცოდინებოდათ, რომ სამეფო სახელმწიფოს კერძო საკუთრება და მამული არ იყო. იმდროინდელი ძეგლების კითხვის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ „მამულ“-ს მაშინ მერმინდელისაგან განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა. მეფეს, რასაკვირველია, თავისი კერძო საკუთრებაც, მამულიც ჰქონდა, მაგრამ სამეფო მისი კერძო საკუთრება არ იყო.“2 სამეფოს და მამულის ასეთი გაგებით მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ქართული სამეფო-სამთავროები შედიან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

1783 წელს ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულებით დაიწყო რუსეთის იმპერიის ექსპანსია კავკასიონის ქედის სამხრეთით, რასაც 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება, ხოლო მოგვიანებით ფეოდალური საქართველოს სხვა ნაწილების მიერთებაც მოჰყვა. ამ დროისთვის მამულის ცნება, რომელიც ძირითადად მაინც ფეოდალურ საკუთრებას აღნიშნავს, ჯერ კიდევ არ არის ამაღლებული სამშობლოს ცნებამდე. ამ ეპოქის მთავარი სიმბოლური ფიგურა არის მეფე და არა პატრია (როგორც ამას მოგვიანებით ნაციონალიზმი გვთავაზობს). სხვა სიტყვებით, მუშაობს ფორმულა, რომელიც რუსთაველმა3 მეთორმეტე საუკუნეში ასე გამოხატა: „ვინცა მოკვდეს მეფისათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.“ ფეოდალურ-ვასალურ სისტემაში ადამიანისთვის მთავარია მეფის ფიგურა და არა სამშობლოს კონცეპტი. მეფე, მეფის სხეული, განასახიერებს იმას, რასაც უკვე საფრანგეთის რევოლუციის ზეგავლენით სამშობლო დაერქმევა. რადგანაც მეფის ფიგურა საკრალურია, რადგან მეფობა ღვთისგან დაშვებული მმართველობაა, მეფისთვის სიკვდილი რელიგიურ-საკრალური აქტის მატარებელია.

მამულის ამგვარი საკრალური გაგებით საქართველო უერთდება რუსეთის იმპერიას. შუა საუკუნეებში შემუშავებული ეს ფორმულა - მონარქია როგორც მმართველობის საკრალური მოდელი - მეცხრამეტე საუკუნეში სხვადასხვა ვარიაციებით გადადის. ამ პერიოდის ქართველი პოეტი და სამხედრო მოღვაწე გრიგოლ ორბელიანი (1804-1883) თავის პოეტურ ქმნილებაში „სადღეგრძელო“ საქართველოს რუსეთთან შეერთებას სწორედ ამ პრიზმაში განიხილავს: ერთი მხრივ, ის გულდაწყვეტილია ქართული სამეფო გვარის - ბაგრატიონების - მიერ ხელისუფლების დაკარგვით, თუმცა, მეორე მხრივ, ის საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთებას პოზიტიურად მიიჩნევს, ვინაიდან საქართველოს მონარქიული მემკვიდრეობა და ფეოდალური, ბაგრატიონების საქართველოს ძველი დიდება, არ უქმდება და უერთდება ერთმორწმუნე რუსეთის მონარქიულ მმართველობას. ამ წარმოდგენის თანახმად, რუსეთის იმპერიასთან შეერთებული საქართველო თავის არსებობას აგრძელებს ფეოდალური პოლიტიკური თეოლოგიის პრინციპებზე და რომანოვები გვევლინებიან ბაგრატიონების, მათი მამულის მემკვიდრეებად. ციტატა ორბელიანის ქრესტომათიული პოემიდან:

„ხელმწიფევ ჩუენო,/ძლიერო, ბრძენო,/ნიკოლოზ დიდო სულგრძელებითა;/მმხედარნი შენნი,/ერთგულნი, მხნენი,/ვჰსვამთ შენს სადღეგრძოს მოწიწებითა!/გულნი ივერთა, გუაქუს მსხუერპლად მზადა, შენდა შესაფერ შესაწირავად;/საყდარი შენი ჰსდგას გულსა ჩუენსა, მოვედ მშვიდობის ჩუენდა საკმევად!/ძველი ივერი,/შენი ივერი,/შენდა მოჰმართავს თუალსა და გულსა;/შენგან მოელის, რომ ლამპარს ჰსწავლის/კულად აღუნთებ ძველად გამქრალსა!/შენგან მოელის/ვით გაზაფხულის/ყუავილი მზისგან აღმოცენასა!/განახლებული,/განათლებული,/ფენიქსებრ იწყებს აღმა-ფრენასა!/მტრისა მძლეველსა,/ჩუენსა მფარველსა,/მარჯუენას შენსა, განავრცობ ჩუენზე;/ახლის ცხოვრებით/აღვყუავილდებით,/ვითარცა მდელო მზის შარავანდზე!/მტერი შეძრწუნდეს,/რა მოახლოვდეს/მხნეობით დაცულს, შენსა სამზღუარსა;/თამარის დღენი,/დიდების დღენი,/შენ მოუვლინე შენსა ივერსა!../ღმერთო გვისმინე,/მეფეს მოჰფინე,/ძლევა, კურთხევა, მადლი, ზეციერ!/ჩუენდა დიდებად,/ბედნიერებად,/ მეფე გვიცოცხლე მრავალ-ჟამიერ!“4

ფეოდალური მამულის ტრანსფორმაცია საკრალური ნაციონალური სამშობლოს იდეაში

შეიძლება ითქვას, რომ გრიგოლ ორბელიანი არის ის მოაზროვნე, რომელმაც ფრანგული განმანათლებლობის იდეები არ მიიღო, რაც შემდეგი თაობის მოაზროვნეებთან დაპირისპირების მიზეზი გახდა.5 ევროპულმა განმანათლებლურმა იდეებმა დიდი ზეგავლენა მოახდინეს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსულ მოაზროვნეებზე, რომლებსაც საქართველოს ისტორიოგრაფია იცნობს თერგდალეულების6 სახელით. თერგდალეულების მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძეა. მის პუბლიცისტურ ნარატივში ქართული იდეების ისტორიაში პირველად ჩნდება ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს კონცეპტი, რომლის მეშვეობითაც ის ცვლის შუა საუკუნეების ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ თეოლოგიას. 1880 წელს გამოქვეყნებულ წერილში „ძველი საქართველოს ეკონომიკური წყობის შესახებ“ ჭავჭავაძე წერს: „ჩვენი „ქართლის ცხოვრება“ ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მომქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებული, თითქოს ხალხის ისტორიის შესამეცნებლად საკმაოა კაცმა იცოდეს მარტო მეფეთა ისტორია. თვითონ მეფეთა მოქმედებაც ნაჩვენებია საგარეო საქმეთა შესახებ და არა შესახებ შიდა - საქმეთა“.7

აშკარაა, ილიას მიერ ფეოდალური პოლიტიკური თეოლოგია გადაწერილია რესპუბლიკური იდეებიის გავლენით. ამიერიდან სამეფო ხელისუფლებას ჩამოშორებული აქვს ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი საკრალურობის რელიგიური კონოტაცია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკრალურობა არსად მიდის. ის გადადის „მამულის/სამშობლოს“ ნაციონალისტურ კონცეპტში და მეთორმეტე საუკუნიდან მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებამდე მოღწეული პოლიტიკური თეოლოგიის ფორმულა იცვლება ილიას ახალი ფორმულით: „წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება“.8 ეს ფორმულა ფუნდამენტურ დაპირისპირებაშია შუა საუკუნეების ფეოდალურ კონცეპტთან - „ვინცა მოკვდეს მეფისათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.“

ილია ჭავჭავაძე ნაციონალური იდენტობის პარადიგმის შესაქმნელად ორ მიდგომას იყენებს: ერთი მხრივ, ფეოდალური ეპოქის ისტორიულ ფიგურებს ნაციონალურ გმირებად წარმოგვიდგენს, ხოლო მეორე მხრივ, ნაციონალური იდენტობის მთავარ ელემენტად აღმართავს არც ერთობას ენისა, არც ერთობას სარწმუნოებისა და გვარტომობისა, არამედ თანაცხოვრების ერთიან ისტორიულ მეხსიერებას.9

1. მეხსიერების, როგორც ნაციონალური იდენტობის მთავარ ელემენტად გამოყოფა, ისტორიული რეალობითაც იყო ნაკარნახევი. რუსეთ-თურქეთის ომის (1877) შემდეგ რუსეთის იმპერიას შემოუერთდა ფეოდალური საქართველოს ერთი ნაწილი - აჭარა, რომელიც დასახლებული იყო ოსმალეთის იმპერიაში საუკუნეების წინ გამუსლიმებული, ქართულ ენაზე მოსაუბრე ეთნიკური ქართველებით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა შექმნის პროცესში მყოფი ნაციონალური იდენტობის განსაზღვრის თეორიულ მოდელში არაქრისტიანი ქართველებისთვის სივრცის მოძებნის საკითხი. ამ მოცემულობამ უბიძგა ილია ჭავჭავაძეს სპეციალური ფორმულის შექმნისკენ: „ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თავისი სულის ღონეს, თავისი სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული - ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია. თუნდ დროთა ბრუნვას ერი განეყოს, დაერღვიოს, - მაგრამ მაინც რღვეულთა შორის იდუმალი შემსჭვალება, იდუმალი მიმზიდველობა იმოდენად სუფევს, რომ სამყოფია ხოლმე ერთი რაიმე შემთხვევა, რათა იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ და ერთსულობამ, ერთგულობამ თვისი ძლიერი ფრთა გაშალოს. ამ დღეში ვართ დღეს ჩვენა და ოსმალეთის საქართველო... ოსმალოს საქართველოსას დიდი პატივისცემა და ხელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერის ისტორიაში, დიდი შრომა გაუწევია, დიდი მსხვერპლი მოუტანია, მრავალი სისხლი დაუნთხევია ჩვენთან ერთად საქართველოს ერის თვით-არსებობისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთის სისხლისა და ხორცისანი, ერთისა და იმავე ენით მოლაპარაკენი, ერთი ისტორიაცა გვქონია.“10

2. ერთიანი ისტორიული მეხსიერება მაინც ფეოდალურ ისტორიაზე და ფეოდალური ეპოქის საკვანძო ფიგურებზე - მეფეებსა და წმინდანებზე - არის მიბმული და თვით ილიას თაობის და მათი შემდგომი ქართული ნაციონალიზმისთვის (როგორც მეცხრამეტეში, ასევე მეოცე საუკუნეში) ფეოდალური ეპოქის ისტორიული ფიგურების ნაციონალისტურ პარადიგმაში მოქცევა არის მთავარი ამოცანა. პრაქტიკულად საქმე გვაქვს ფეოდალური მემკვიდრეობის გადაწერასთან და მის ნაციონალისტურ ინტერპრეტაციასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართველი ინტელექტუალები „გამოიგონებენ“ ერთიან მეხსიერებას. ამ მეხსიერების „გამოგონება“, კონსტრუირება ორი მიმართულებით ვითარდება. (1) პროზაული და ლიტერატურული ნაწარმოებების და ისტორიოგრაფიის მეშვეობით და (2) ინსტიტუციების დაფუძნებით.

ერთიანი მეხსიერების გამოგონება

მეცხრამეტე საუკუნის მხატვრულ პოეტურ ნარატივში ფეოდალური ეპოქის პერსონაჟები „განაციონალურდნენ“ და მოირგეს ერთიანი ნაციონალისტური ტანსაცმელი. აქ მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ მეათე საუკუნის ფეოდალური საქართველოს საერო და სასულიერო მოღვაწე თორნიკე ერისთავი (გარდ. 985). აკაკი წერეთლის (1840-1915) პოემაში („თორნიკე ერისთავი“) ფეოდალური ისტორია მოქცეულია ნაციონალისტური იდეოლოგიის კონტექსტში და ფეოდალური ეპოქის ფიგურისგან შექმნილია ნაციონალური გმირის ხატი. ეს რეფლექსურად არის წარმოდგენილი პოემის შესავალშივე: „ნაშთი ძველი დიდებისა არ გამქრალა ჯერაც ყველა.../დღესაც მისის შარავანდით ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!../შვიდ სამთავროს მოგვაგონებს მოელვარე ის შვიდფერი/და გვამღერებს: „არ მომკვდარა, გაიღვიძებს ისევ ერი!“/ამ იმედით ფრთაშესხმული ჩვენი გული სიამით ძგერს/და ოცნებაც ლაჟვარდ-ფერად წარმოგვიდგენს ქართლისა ერს./წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის ველოდებით შეხორცებას!/მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს და ვეძლევით აღტაცებას.“11 ამავე პოემის ეპილოგში საქართველოს მთელი ფეოდალური მემკვიდრეობა ინტერპრეტირებულია ნაციონალურ პარადიგმაში, სადაც ფეოდალური ეპოქის პერსონაჟები (წმინდანები და მონარქები) საქართველოს ავედრებენ წმინდა მარიამს, რათა აღსდგეს საქართველოს დიდება, რაშიც, ცხადია, ქვეყნის დამოუკიდებლობა იგულისხმება: „დედაო ღვთისავ! შენი ხვედრია/ეს საქართველო დიდჭირნახული,/შეუნდევ ცოდვა!.. ნუ ააღებ ხელს,/ლმობიერებით იბრუნე გული!../მოეც კურთხევა ზეცით, მაღალო,/და გადმოსახე ძლიერად ჯვარი,/რომ აღადგინო ქართველთა ერი,/დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი!/მისსა მხნეობას, მისსა ზნეობას/განუმტკიცებდე აღმაფრენასა/და შენს საქებრად, სადიდებელად/ნუ დაავიწყებ იმ ტკბილ ენასა,/რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა,/ქეთევან მარად შენ გადიდებდა/და ნინო ძისა შენისა მცნებას/შენგან რჩეულ ერს უქადაგებდა!..“12

ილია ჭავჭავაძის პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“ (1879) მოგვითხრობს ერთიანი ფეოდალური საქართველოს მეფის - დიმიტრი მეორის (1270-1289) ისტორიას. ოქროს ურდოში შიდა პოლიტიკურ ინტრიგებში დამარცხებულ მხარეს აღმოჩენილი დიმიტრი იძულებული ხდება, გაემგზავროს მონღოლთა ყაენის კარზე და ამით ქვეყანას თავიდან ააცილოს მონღოლთა დამსჯელი არმიის შემოსევა. მეფე დიმიტრის სიკვდილით სჯიან. ამის გამო საქართველოს ისტორიაში ის ცნობილია როგორც „თავდადებული“. მეფე ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული. ჭავჭავაძის პოემაში ვხვდებით ამ ფეოდალური ისტორიის ნაციონალისტურ ინტერპრეტაციას: დიმიტრი თავდადებული წარმოდგენილია, როგორც ეროვნული გმირი, როგორც წმინდა/საკრალურ მამულს შეწირული მსხვერპლი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პოემას ყვება ხალხის წიაღიდან გამოსული ბრმა რაფსოდი, რაც სწორედ მიგვანიშნებს ილიას სიმპატიაზე საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ წარმოშობილი ხალხის (როგორც ხელისუფლების წყაროსა და ისტორიის მთავარი სუბიექტის) კონცეპტისადმი. პოემას, შეიძლება ითქვას, მთავარ მოტივად მამულისთვის და ხალხისთვის გმირული თავდადების იდეა გასდევს. ინდივიდს, პიროვნებას პოეტი მიზნად უსახავს მამულისა და ხალხისათვის მსხვერპლისთვის მზადყოფნას. „შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს/მარტო მისთვის გვიხაროდა, რომ მამულსა მეომარი/ მით ერთი ემატებოდა./ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა/იმ იმედით აწოვებდა,/რომ სიცოცხლით ან სიკვდილით/ის მამულს ასახელებდა./უწინ ქართველს უხაროდა/მამულისთვის მტერთან ომი,/ან მოჰკლავდა, ან თავის-თავს/შეაკლავდა როგორც ლომი.“13 მამულის საკრალურ კონცეპტს უერთდება ხალხის რესპუბლიკური იდეა. სხვა სიტყვებით, ილია ცდილობს ტრადიცია (საკრალური მამული) და ხალხი (ერი-სახელმწიფო) ერთმანეთთან „შეარიგოს“, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართული ნაციონალიზმი მეცხრამეტე საუკუნეში წარსულთან, ტრადიციასთან რადიკალურ წყვეტას კი არ ცდილობს, არამედ ერთგვარ სინკრეტულ ნაციონალიზმს ქმნის, რომლის შემადგენელი, ერთი მხრივ, ფეოდალური ეპოქის ისტორიული პირია, ხოლო მეორე მხრივ, ხალხი და მისი წიაღიდან გამოსული გმირი.

ილიას და მისი თანამოაზრეების მიერ შექმნილ სინკრეტულ ნაციონალიზმს და ერთიან ნაციონალურ მეხსიერებას საზოგადოებაში შეღწევისთვის სჭირდებოდა ერთგვარი სოციალიზაციის აგენტი - ინსტიტუტი, რომელიც ხელს შეუწყობდა მათი პოეტურისა და ისტორიული ნარატივების შეღწევას სხვადასხვა სოციალურ ფენებში. 1879 წელს დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე და მათი თანამოაზრეები ქმნიან „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, ინსტიტუტს, რომლის გამოხატული მიზანი მის სათაურშივეა ასახული. არსდება ქართული ჟურნალ-გაზეთები და სკოლები, რომელთა ამოცანა წერა-კითხვის უცოდინარობის აღმოფხვრაა. ამ საქმიანობის არაპირდაპირი ეფექტი, ბენედიქტ ანდერსონის ცნება რომ გამოვიყენოთ, „წარმოსახვითი საზოგადოების“14 ჩამოყალიბებაა.

ამდენად, ჩვენი აზრით, მეცხრამეტე საუკუნის ქართული ნაციონალიზმი ორი ერთმანეთს დაპირისპირებული იდეის შერიგებისა და შეერთების საფუძველზე ვითარდება: 1) ფეოდალური მემკვიდრეობის საკრალიზაცია - ფეოდალური ეპოქის ისტორიული ფიგურების (მეფეები, სამხედრო მოღვაწეები, სასულიერო პირები, წმინდანები) ნაციონალურ გმირებად გამოცხადება და 2) ხალხის, როგორც ისტორიის სუბიექტის და ხელისუფლების წყაროს განმანათლებლური იდეის ათვისება.

პირველი რესპუბლიკა და საკრალური სამშობლოს იდეის დამარცხება სოციალიზმის მიერ

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მეცხრამეტე საუკუნისაგან ილია ჭავჭავაძის და მისი თანამოაზრეების ინტელექტუალური მემკვიდრეობა მიიღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკრალური სამშობლოს იდეაზე სოციალური თანასწორობის იდეამ და მემარცხენე იდეებმა გაიმარჯვეს. ამას ნათლად ადასტურებს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების საყოველთაო არჩევნების შედეგები, რომლებზეც დამაჯერებლად მემარცხენე პოლიტიკურმა პარტიებმა გაიმარჯვეს. მემარჯვენე ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების მემკვიდრეობაზე აფუძნებდა თავის პოლიტიკურ მრწამსს, 8 დეპუტატით იყო წარმოდგენილი.

მემარცხენე აზრი დაუპირისპირდა ილია ჭავჭავაძის საკრალური მამულის იდეას და ილიასგან განსხვავებით, ტრადიციასთან და წარსულთან კავშირის სრული გაწყვეტის მოთხოვნით გამოვიდა. მამულის ცნებას ჩაენაცვლა კლასის ცნება, რომლითაც მოხდა ფეოდალური მემკვიდრეობის დეკონსტრუქცია და წინაპართა მემკვიდრეობით, მათი სულებით აღსავსე მამული უთანასწორობის აღმოფხვრაზე მიმართულ სახელმწიფოდ გადაიქცა.

ხაზგასასმელია, რომ წარსულის მემკვიდრეობიდან სოციალ-დემოკრატიამ ძალაში დატოვა საქართველოს ევროპული სწრაფვა. ეს საერთო ადგილია მეოცე საუკუნის დასაწყისის სოციალ-დემოკრატებისთვისა და ნაციონალისტებისთვის: „მთელი ჩვენი მეცადინეობა მე-16 საუკუნიდან მიმართულია დასავლეთის დაახლოვებისაკენ. ჩვენ იქ ვეძებდით და ვეძებთ წყაროს თავისუფლებისა და კულტურისა და მაშასადამე, ჩვენს შორის არ შეიძლება იყოს შუღლი და მტრობა.“15

მართალია, პირველი რესპუბლიკის მთავრობამ ფეოდალური წარსულის მემკვიდრეობისგან ევროპული სწრაფვა დატოვა, თუმცა მონარქიას და ფეოდალიზმს ხელისუფლებაში მყოფი სოციალ-დემოკრატების ლიდერი და პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია (1868-1953) ბრალად სდებს, რომ ფეოდალური საქართველოს მონარქებმა ვერ მოახერხეს ქვეყნის გაერთიანება მუდმივი ფეოდალური შუღლის გამო. ეს შეძლო დემოკრატიამ და დემოკრატიულმა სახელმწიფომ: „საქართველო ამ ასი წლის წინად დასცა ფეოდალურმა განხეთქილებამ, საქართველო დღეს აღადგინა დემოკრატიის თანხმობამ. საქართველო დაცემის დროს არ არსებობდა, როგორც ერთი მთელი, ჭირში და ლხინში განუყრელი. მეფეებმა ვერ შექმნეს ერთი მთლიანი სამშობლო. საქართველო დღეს - აღდგენის დროს წარმოადგენს ერთ ორგანიულათ შედუღებულ სხეულს, ჭირში და ლხინში განუყრელს; დემოკრატიამ შექმნა ერთი მთლიანი სამშობლო. საქართველოს დაცემით დაეცა ტახტი, დაეცა ფეოდალთა უფლება. საქართველოს აღდგენით აღსდგა ხალხი, დამტკიცდა დემოკრატიის უფლება. ხალხმა დაიბრუნა ის, რაც დაკარგა მეფეებმა - თავისუფლება და შექმნა ხალხის სახელმწიფო, ხალხის წყობილება, ხალხის მმართველობა. ასეთია, ბატონებო, ახალი საქართველო. და ის წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებათ. წარვსდექით არა მოწყალეობისათვის, არამედ უფლებისათვის.“16 პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას, საჯარო სიტყვების ანალიზი აჩვენებს, რომ პირველმა რესპუბლიკამ უარი თქვა საკრალურობის იდეაზე. კერძოდ: (ა) როგორც წინა ციტატიდან ჩანს, ფეოდალური წარსული დესაკრალიზებულია და მწვავე კრიტიკას არის დაქვემდებარებული; (ბ) ილიასეული საკრალური „მამულის“ ადგილს იკავებს სახელმწიფო, როგორც სერვისის სფეროს ერთ-ერთი ნაირსახეობა, როგორც ხალხის ნების გამოხატულება, კონვენციის შედეგი; (გ) შესაბამისად, იცვლება ენისა და ერის კონცეპტიც. პირველი რესპუბლიკის მმართველი პარტია ერის კონცეპტში გულისხმობს საქართველოში მცხოვრებ ყველა ხალხს და არა მხოლოდ ქართველებს და ასევე ენაც კარგავს საკრალურობას და ის დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხთა შორის კომუნიკაციის ინსტრუმენტად არის წარმოდგენილი. პირველი რესპუბლიკის ლიდერების პოლიტიკურ ლექსიკონში ჩნდება ცნება „საქართველოს ხალხი“ („ეს დიადი ისტორიული მოვლენა მოახდინა ერთმა გარემოებამ საქართველოს ხალხის ერთსულოვანმა გამოსვლამ და ერთი აზრის, ერთი დროშის ქვეშ ერთხმად თავის მოყრამ“).17

თუ საკრალურობა სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელი კომპონენტია, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პირველი რესპუბლიკა საკრალურობის სტატუსს ანიჭებს დემოკრატიას. თუ ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური თეოლოგია იდეალურ სიკვდილად „მეფისათვის სიკვდილს“, მეცხრამეტე საუკუნის სამოციანი წლებიდან მოყოლებული - „ერისთვის სიკვდილს“, მეცხრამეტე საუკუნეშივე გაჩენილი სოციალ-დემოკრატიული აზრი კლასობრივი უთანასწორობის აღმოფხვრისა და „დემოკრატიისათვის სიკვდილს“ სახავს იდეალად. შესაბამისად, პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ დისკურსში მეცხრამეტე საუკუნის ინტელექტუალების, კერძოდ, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და სხვათა, პოეტურ ნაწარმოებებში წარმოდგენილი სამშობლოს საკრალურობის იდეა პრაქტიკულად გაგრძელებას ვერ პოვებს და მის ადგილს იკავებს პრაგმატული პოლიტიკური თეოლოგია, რომლის ცენტრში დგას დემოკრატია, როგორც ერი-სახელმწიფოს მოწყობის უალტერნატივო ფორმა. მმართველობის ამ ფორმით - დემოკრატიით - პირველი რესპუბლიკის ლიდერები ფიქრობენ, რომ უერთდებიან მსოფლიო საზოგადოებას, უპირველეს ყოვლისა კი ევროპულ საზოგადოებას, რომელიც ასევე დემოკრატიისა და ერი-სახელმწიფოს გზით ვითარდება. დემოკრატიას ამ აზრით საკრალურობის ელფერი დაკრავს, მაგრამ ეს მაინც არ არის ის თითქმის რელიგიური თაყვანისცემის ობიექტი, როგორსაც მეცხრამეტე საუკუნის თერგდალეულების თაობა „მამულის“ ცნებას ანიჭებდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მემარცხენეებს - მენშევიკებს - თავიდან ნაციონალური სახელმწიფოს იდეა არ ჰქონდათ. მათ მიაჩნდათ, რომ რევოლუციაგამოვლილი რუსეთის იმპერიის დემოკრატიზაციით შესაძლებელი იყო ნაციონალური პრობლემის გადაწყვეტა. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ქართველმა მენშევიკებმა განვითარების რუსული - ბოლშევიკური - მოდელი უარყვეს და სახელმწიფო მოწყობის მთავარ სუბსტრატად ერი მიიჩნიეს, ხოლო თანასწორობისა და თავისუფლების უზრუნველმყოფ მმართველობის ფორმად - დემოკრატია.

ცხადია, ამგვარად დანახულ სახელმწიფოს უკვე აღარ გააჩნდა სამშობლოს საკრალურობის ის გაგება, რომელიც მეცხრამეტე საუკუნემ შეიმუშავა. საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური სახელმწიფოს მთავარი მდგენი ეთნიკური ქართველობა იყო, ითვალისწინებდა საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიის, ეთნიკური ჯგუფისა და კლასობრივ თანასწორობას. ნოე ჟორდანიას ქვემოთ მოყვანილ სიტყვებში კარგად ჩანს პოლიტიკური ხედვის ცვლილება ბოლშევიკური ერთიანი სოციალისტური სახელმწიფოს იდეიდან დამოუკიდებელი ერი-სახელმწიფოს იდეის ფორმირებამდე: „ავსტრიის რევოლიუციამ მიიღო ნაციონალური ფორმა, მონარქია გაიყო რამდენიმე ნაციონალურ რესპუბლიკებათ და მთელი რევოლიუცია ხდება ნაციონალურ ჩარჩოებში. პირველ შეხედულებით დემოკრატიზმს არავითარი საერთო არ აქვს ნაციონალიზმთან. მაგრამ წარმოუდგენელია დემოკრატიზმი იქ, სადაც ხალხს არ აქვს შეძლება სუვერენულ ნებისყოფის გამოჩენისათვის ნაციონალურ ჩარჩოებში, თავის ენის, ლიტერატურის და კულტურის საშუალებით. ნაციონალური და დემოკრატიული მოძრაობა ხშირათ შეთანხმებით მოდიან. როდესაც მოხდა დიდი რუსეთის რევოლიუცია, ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი ეროვნებათა გათიშვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენი სურვილების მიუხედავათ, ამ ცხოვრების მიმდინარეობამ გაიმარჯვა. ამ გვარათ, აღმოსავლეთი ევროპა ემსგავსება დასავლეთს, აღმოსავლეთის სახელმწიფოები ხდებიან დემოკრატიული და ნაციონალური.“ ამ სტრატეგიაში კარგად იკითხება მეცხრამეტე საუკუნის უმთავრესი დისკურსის გავლენა - ეს არის ევროპის მიბაძვა, ევროპა როგორც იდეალი, ევროპა როგორც ქართველთა პოლიტიკური და კულტურული ლტოლვის ობიექტი. რუსეთის ბოლშევიკური იმპერია, რომელიც ქმნის, მართალია, სოციალისტურ, მაგრამ ტოტალიტარულ სახელმწიფოს, სადაც თითქოს ყველა ერის ხალხი თანასწორია, რადგან მათ ერთიანი ბოლშევიკური მიზანი აქვთ - მსოფლიო რევოლუცია - ქართველი მენშევიკების მიერ დანახულია, როგორც სახელმწიფოს მოწყობის აზიური მოდელი. „ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს. ...მთელმა ევროპამ განურჩევლათ პარტიისა და კლასისა, ერთხმათ გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით - გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი. როგორც ხედავთ საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ, ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ.“18

ამდენად, პირველი რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ საკრალური სამშობლო მარგინალურ დისკურსად აქცია და აბსოლუტური წონა სოციალური თანასწორობის და სოციალ-დემოკრატიულ იდეებს მიანიჭა. საკრალური სამშობლოს იდეა დროებით დამარცხდა, მაგრამ პარადოქსულად ის დაბრუნდა კომუნისტურ საქართველოში და სწორედ კომუნისტურ საქართველოში შექმნილი სამშობლოს საკრალური იდეა განსაზღვრავს დღემდე ქართული ნაციონალიზმის სპეციფიკას, რაც შეიძლება გამოიხატოს სიტყვათშეთანხმებაში „კომუნისტური ეთნიკური ნაციონალიზმი“.

საბჭოთა ეპოქა - საკრალური მამულის დაბრუნება

საბჭოთა ნაციონალიზმის ფორმირებას წინ უძღოდა ულტრა-ანტინაციონალისტური ბოლშევიკური პროექტი, რომლის თანახმადაც მთავარი არის არა ნაციონალური კუთვნილება, არამედ სოციალიზმი და მთელი მსოფლიოს გაწითლება. უფრო მეტიც, ნაციონალობა დანახულია როგორც ბოროტება და უკლასო საზოგადოების დაფუძნების მთავარი დაბრკოლება. საკრალურობას აქ ატარებს არა სამშობლო, არა ტერიტორია, არამედ მთელ მსოფლიოში უკლასო საზოგადოებისთვის მებრძოლი რევოლუციონერი, რომლის საქმიანობა ზოგიერთ შემთხვევაში ქრისტიანი მოციქულების საქმიანობას არის შედარებული („საშვილიშვილო ხსენება/ჩვენს პირველ მოციქულებსა/საკაცობრიო საქმისთვის/ბრძოლაში დაცემულებსა.“).19 გმირი უნდა ემსხვერპლოს და სისხლი უნდა დაღვაროს არა სამშობლოსთვის, არამედ მსოფლიო რევოლუციისთვის. ეს დამოკიდებულება სამშობლოსადმი (ყოველ შემთხვევაში, ქართულ პოეტურ ნარატივებზე დაკვირვებით) გრძელდება სადღაც 1930-იან წლებამდე. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს პატრიოტული ლირიკა, მაგრამ ის მარგინალიზირებული და რეპრესირებულია. „შვილო, შეჰკარით მტკიცე რგოლები/ნორჩ პიონერთა, რომ სხვებთან ერთად/მისცეთ ბრძოლები/მოსულ მტერთა,/არ უღალატო/შენს ამხანაგებს,/იყავ მზადა,/და ბარიკადებს,/ძვლებით ნაგებს,/დაედე მტლადა./შვილო, შეფიცე/მშრომელ მშობლებს:/მამას და დედას,/რომ გასაჭირში იქნები მტკიცე,-/მოძმეთ მიჰხედავ./შვილო, გახსოვდეს:/ქვეყანაზე/ჯერ კიდევ არი:/ძარცვლა,/მონობა,/ხოცვა-ჟლეტა/და სისხლის ღვარი./და თუ მშრომელთა მომავალი/მსხვერპლს მოგთხოვს, შვილო, -/მოკვდი გმირულად,/გენაცვალოს შენი მამილო.“20

კრიტიკისა და სიძულვილის ობიექტებად იქცევიან ისტორიკოსები და ენათმეცნიერები, რომლებიც ნაციონალურ ისტორიას ქმნიან და სწავლობენ ერის წარსულს, ვინაიდან ისინი კვლევისას არა კლასობრივი ბრძოლის მარქსისტული კონცეპტიდან გამოდიან, არამედ ქმნიან ნაციონალურ ისტორიას მარქსისტული კონცეპტის გარეშე: „ხდება ერების გარდაცვალება,/კვდება რუსეთი, კვდება გრენადა...

გინდა იხილო შენ მუზეუმი/კაცობრიობის ურიცხ ენათა./სადაც კიდია კოსუმი, ფარი/ყოველ კუთხიდან, ყოველ ერების,/ სადაც კიდია თვით ნიკო მარი -/ვით პრეზიდენტი მკვდარი ენების/ვოლგა...ხუანძე....ლენა... ამური.../და წყალვარდნილი ნიაგარისა./არა „ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტი“/და ეროვნული მტკვარის დუდუნი!/

შენს პოემაში მოისმის ზღვათა/და მდინარეთა მძლავრი გუგუნი“./გლეხმაც გადაჭრა მიჯნის პრობლემა,/მაგრამ პროფესორს აწუხებს ეხლაც/მიჯნა სომხებთან სად იმყოფება./თვით პროფესორი ჯავახიშვილი,/და სხვა მრავალი ჯურის „ისტები“,/კაციჭამია კოტეტიშვილი -/პლეადა წუმკალ შოვინისტების“.21

დამოკიდებულება სამშობლოსა და ერისადმი თანდათანობით იცვლება. ვინაიდან მსოფლიო ბოლშევიკური რევოლუციის იდეამ კრახი განიცადა და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა რუსული რევოლუციური მოდელის ექსპორტი მთელ მსოფლიოში, სრულებით საეჭვო გახდა და პრობლემურ საკითხად იქცა ერის კატეგორიის და ნაციონალური იდენტობის უარყოფა, შესაბამისად, საჭირო გახდა ახალი ფორმულის შემუშავება, რომელიც ნაციონალიზმსა და რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ხალხების ნაციონალურ მისწრაფებებს ამა თუ იმ ფორმით გაითვალისწინებდა, ამიტომ 1930 წელს ახალ პოლიტიკურ რეალობაში ხდება სტალინის მიერ ლენინის იდეების ხელახალი ინტერპრეტაცია: «Уклоняющиеся в сторону великорусского шовинизма глубоко ошибаются, полагая, что период строительства социализма в СССР есть период развала и ликвидации национальных культур. Дело обстоит как раз наоборот. На самом деле период диктатуры пролетариата и строительства социализма в СССР есть период расцвета национальных культур, социалистических по содержанию и национальных по форме, ибо сами-то нации при советском строе являются не обычными «современными» нациями, а нациями социалистическими, так же как их национальные культуры являются по содержанию не обычными, буржуазными культурами, а культурами социалистическими.

Они, очевидно, не понимают, что развитие национальных культур должно развернуться с новой силой с введением и укоренением общеобязательного первоначального образования на родном языке. Они не понимают, что только при условии развития национальных культур можно будет приобщить по-настоящему [c. 368] отсталые национальности к делу социалистического строительства.

Они не понимают, что в этом именно и состоит основа ленинской политики помощи и поддержки развития национальных культур народов СССР.

Может показаться странным, что мы, сторонники слияния в будущем национальных культур в одну общую (и по форме и по содержанию) культуру, с одним общим языком, являемся вместе с тем сторонниками расцвета национальных культур в данный момент, в период диктатуры пролетариата. Но в этом нет ничего странного. Надо дать национальным культурам развиться и развернуться, выявив все свои потенции, чтобы создать условия для слияния их в одну общую культуру с одним общим языком в период победы социализма во всем мире. Расцвет национальных по форме и социалистических по содержанию культур в условиях диктатуры пролетариата в одной стране для слияния их в одну общую социалистическую (и по форме и по содержанию) культуру с одним общим языком, когда пролетариат победит во всем мире и социализм войдет в быт, - в этом именно и состоит диалектичность ленинской постановки вопроса о национальной культуре.»22

ამდენად, 1930-იანი წლებიდან კონსტრუირდება სოციალიზმისა და ნაციონალიზმის ჰარმონიული თანაცხოვრების კონცეფცია, რამაც გამოხატულება ფორმულაში „ფორმით ნაციონალური, შინაარსით სოციალისტური“ ჰპოვა. ამ ახალმა კონცეფციამ, რომელიც თანამედროვე საქართველოს მემკვიდრეობით ერგო, თავისი დასაყრდენი მეცხრამეტე საუკუნის ინტელექტუალურ მემვკიდრეობაში იპოვა, თუმცა ამ მემკვიდრეობის განვითარება მოხდა საბჭოთა რეალობისა და 1930-იანი წლების „წითელი ტერორის“ შედეგად გადახალისებული ინტელექტუალური ელიტის თავისებურებების გათვალისწინებით.

ნაციონალიზმის კონცეპტის სოციალური მატარებელი

საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ სისტემაში 15 მოკავშირე რესპუბლიკა და ამ რესპუბლიკებში შემავალი ავტონომიები (ეთნიკური ნიშნით) იყო გაერთიანებული. ეს მოდელი მოგვაგონებდა რუსულ მატრიოშკას, სადაც დიდი ფიგურების შიგნით უფრო მცირე ზომის ფიგურებია მოქცეული. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საბჭთა კავშირის კონსტიტუცია ითვალისწინებდა, სურვილის შემთხვევაში, საბჭოთა კავშირიდან რესპუბლიკების გასვლას. ცხადია, ამ ცინიკურ ჩანაწერს პრაქტიკულად არცერთი რესპუბლიკა სერიოზულად არ აღიქვამდა და ის არასდროს არავის გამოუყენებია რეალურ პოლიტიკაში. პრაქტიკულად, საბჭოთა რეალობაში „ბრექსიტი“ სრულებით წარმოუდგენელი იყო. სხვა სიტყვებით, მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობა, რომელიც მათ კონსტიტუციაში იყო ასახული, კარიკატურულად და სრულებით ილუზორულად გამოიყურებოდა. შესაბამისად, ტოტალიტარული სისტემა სრულებით გამორიცხავდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ფორმირებას თავისუფალ დისკუსიაში მყოფი ხალხის მეშვეობით. ეს კარიკატურული მოკავშირე რესპუბლიკა, როგორც სახელმწიფო მთელი მისი კანონმდებლობით, ყოველ შემთხვევაში, გვიანდელ სოციალიზმში, უმალ ირონიის, დაცინვისა და ცინიკური დამოკიდებულების ობიექტი იყო, ვიდრე პატივისცემის და სამოქალაქო კრიტიკის საგანი, რადგან მას ნამდვილი, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს ნიშნები არ გააჩნდა და, შესაბამისად, ასეთი სახელმწიფოს კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის ერთგული მიმდევრები დაცივნის ობიექტებად იქცეოდნენ. მათ ცინიკურად „ინტრიგნებად“ მოიხსენიებდნენ. ხოლო ისინი, ვინც საბჭოთა სახელმწიფოს უტოპიურ კანონმდებლობას გვერდს უვლიდნენ, ფარული თუ ღია მხარდაჭერისა და სიმპატიის ობიექტები ხდებოდნენ. ამიტომ სრულებით გასაგებია, რატომ სარგებლობდნენ დიდი პატივისცემით სამხრეთის რესპუბლიკებში, განსაკუთრებით საქართველოში, სახელმწიფოს კანონმდებლობის გვერდის ავლით მოქმედი კანონიერი ქურდები, რომელთა მარკირება, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა ტერმინით „კრიმინალი“, მაგრამ სინამდვილეში საზოგადოება მათ მიიჩნევდა გაბედულ და ერთგვარად ფეოდალური ეპოქის რაინდად, რომელიც საბჭოთა სისტემას და მის მიერ წარმოქმნილ ფანტომურ ეკონომიკას ძმობისა და ვაჟკაცობის ეთიკაზე დაფუძნებულ პრაქტიკას უპირისპირებდა.

ზუსტად ასეთივე დაცინვისა და ქილიკის ობიექტად იქცეოდა სოციალისტური სამშობლოს შესახებ შექმნილი მხატვრული ნაწარმოებები და მათი ავტორები. საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთ ნაწარმოებებს ტოტალიტარული სისტემის მიერ შეკვეთილ პროდუქტად განიხილავდა, ხოლო მასში წარმოდგენილ სოციალისტურ სამშობლოს ნამდვილი სამშობლოს კარიკატურად მიიჩნევდა. სწორედ ეს ვითარება ქმნიდა მეცხრამეტე საუკუნის საკრალური სამშობლოს პოეტურ ნარატივებში დაბრუნების ნაყოფიერ ნიადაგს, ხოლო ასეთი საკრალური სამშბლოს იდეის მატარებელ საზოგადოების ნაწილს, რომელსაც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში ინტელიგენცია ერქვა, საზოგადოება ფარულად და ღიად მხარს უჭერდა და თაყვანს სცემდა.

სოციალისტური სამშობლოს იდეა, მისი კომუნისტური ინტერნაციონალითა და ხალხთა მეგობრობის კომუნისტური იდეოლოგიით, ბევრად სუსტი აღმოჩნდა წმინდა სამშობლოს, ეთნიკური ჯგუფის კუთვნილი და ამ ჯგუფის სისხლით მორწყული სამშობლოს იდეის წინაშე. გვიანდელი კომუნსტური ეპოქის პოეტურმა ნარატივებმა სრულებით არაორაზროვნად ეთნიკურ ნაციონალიზმს დაუჭირა მხარი, ხოლო ამ ნარატივების მატარებელმა ინტელიგენციამ ელიტის მნიშვნელობა და საზოგადოებრივი პატივისცემა მოიპოვა. ამ პროცესს საბჭოთა სისტემამ ხელი ვერ შეუშალა და მათი სისტემაში მოშინაურებისთვის სტრატეგიის შემუშავებას შეუწყო ხელი.

ცნობილი ქართველი პოეტი, მურმან ლებანიძე 1971 წელს წერს ლექსს სახასიათო სათაურით „მეშინია“, სადაც ის გამოთქვამს შიშს, საქართველოს რეგიონების ეთნიკურად ქართული მოსახლეობისგან დაცარიელების გამო, რაც მოჰყვა საბჭოთა ინდუსტრიალიზაციას და ურბანიზაციას. ეს ლექსი ერთგვარად ეხმიანება ამავე დროს გავრცელებულ ხუმრობას, რომელიც შეიქმნა მარქსის ცნობილი ლოზუნგის - „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით“ - პარაფრაზით: „მარქსს არ უთქვამს, რომ მთელი მსოფლიოს პროლეტარები მაინცდამაინც საქართველოში შეერთებულიყვნენ“, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეთნიკურ გადარჩენაზე ორიენტირებული საბჭოთა საქართველოს ინტელექტუალები კომუნისტურ ინტერნაციონალს წმინდა მამულის წარყვნისა და გადაშენების მზაკვრულ რუსულ გეგმად აღიქვამდნენ. იგივე პოეტი, ამჯერად სხვა ლექსში, „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“, ერთადერთ სამშობლოდ აცხადებს არა სოციალისტურ სამშობლოს - საბჭოთა კავშირს, ან კიდევ მასში შემავალ საბჭოთა საქართველოს, არამედ საქართველოს უძველეს ისტორიას და ამ ისტორიაში კონსტრუირებულ სამშობლოს - მამულს - უძღვნის თავის პოეტურ ქმნილებას: „უფლისციხესთან/სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი/არა დაღვრილის - /დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა.../არავითარი/სხვა სამშობლო ამაზე მეტი/არ გამაჩნია!/მე დავინახე/სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,/თოთხმეტი ციხე/ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია.../არავითარი/სხვა სამშობლო ამაზე მეტი/არ გამაჩნია!“ სხვა ლექსში „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ იგივე ავტორი ტერიტორიულად დაპატარავებული საქართველოს მკვიდრებს - ქართველებს - შეახსენებს ფეოდალურ, ტერიტორიულად უფრო ვრცელსა და პოლიტიკურად უფრო ძლიერ საქართველოს. ეს შეხსენება ფეოდალური საქართველოს აწ უკვე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ინტენციას შეიცავდა. ეს ლექსი, რომლისთვისაც შემდეგ მუსიკა დაიწერა, საქართველოს სამოქალაქო ომში და ქართულ-აფხაზური დაპირისპირების დროს უაღრესად დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ასეთივე პათოსით არის გაჟღენთილი მურმან ლებანიძის სხვა ლექსებიც.

ცნობილი საბჭოთა ქართველი პოეტიც მუხრან მაჭავარიანიც (1929-2010) ქრესტომათიულ ლექსში „ვითარცა მტკვარი“ ფეოდალური ეპოქის რიგითი ქართველისთვისაც კი ცნობილი მოღვაწეების სახელთა ხსენებით ერთგვარ გენეტიკურ ისტორიას გვიყვება, რომელთა მემკვიდრეობას თანამედროვე ქართველები აგრძელებენ.

ამ ტიპის პოეტური ნარატივებით სავსეა ქართული საბჭოთა მწერლობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომუნისტურ ეპოქაში დაბრუნდა და ეთნიკური ნაციონალიზმის მიმართულებით განვითარდა მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილი საკრალური სამშობლოს იდეა, რომელთან ჭიდილი თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს უხდება.

აქ უნდა აღინიშნოს ერთი პარადოქსი, რომ საბჭოთა სისტემამ სამოქალაქო ნაციონალიზმი ვერ შექმნა და, მეტიც, მან მოახდინა (განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში) ფეოდალური მემკვიდრეობის არათუ კონსერვაცია, რეპრესია, არამედ მასზე დაყრდნობით ახალი საკრალური მამულის იდეის ფორმირება. საინტერესოა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ცენზურამ ეთნიკური ნაციონალიზმის, ფეოდალური მემკვიდრეობის საფძველზე შექმნილ ეროვნული სიამაყის იდეას ვერაფერი დაუპირისპირა. პირიქითაც მოხდა, ყველა ის პოეტი, რომელიც დისიდენტურ იდეებთან მიახლოებულ, არასაბჭოთა ნარატივებს ქმნიდა, ხშირ შემთხვევაში თვით საბჭოთა სისტემის მიერ უხვად ჯილდოვდებოდა. მაგალითად, მურმან ლებანიძე დაჯილდოვდა არაერთხელ, მათ შორის, შრომის წითელი დროშის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენითა და ლიტერატურული პრემიით - რუსთაველის პრემიით. ასეთივე პრემიები მიიღო მუხრან მაჭავარიანმაც. ეს იმ გარემოებითაც უნდა ავხსნათ, რომ საბჭოთა საქართველოს პოლიტკური ისტებლიშმენტი ნაციონალისტურ იდეებს არათუ თანაუგრძნობდა, არამედ იცავდა კიდევაც.23

ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მეცხრამეტე საუკუნეში კონსტრუირებული მამულის საკრალურობის იდეამ თავისი არსებობა მოდიფიცირებული ფორმით წარმატებით გააგრძელა საბჭოთა საქართველოშიც და იმავე ფორმით შეინარჩუნა გავლენა 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგაც. ვარდების რევოლუციის მთავრობას სწორედ წმინდა მამულის კონცეპტთან და მის მატარებელ სოციალურ კლასთან - ინტელიგენციასთან - მოუწია კონფრონტაცია და მასთან ჭიდილში დამარცხდა.

სახელმწიფოს არმქონე, კოლონიალური საზოგადოებებისათვის პოეტებსა და მწერლებს გარკვეული სოციალური ფუნქცია აკისრიათ. ისინი არიან არა მხოლოდ პოეტები, არამედ საკუთარი საზოგადოების მორალური და პოლიტიკური ლიდერები, ე.წ. „უგვირგვინო მეფეები“. მეცხრამეტე საუკუნის ინტელექტუალები სწორედ ამ ორ სტატუსს (ინტელექტუალური/მორალური და პოლიტიკური ლიდერის) ითავსებდნენ.24 ქართულ მეცხრამეტე საუკუნეში ეს ნარატიულად არის გამოხატული. პოეტი და მწერალი საკუთარ თავს წარმოადგენს როგორც ერის ჭრილობების მკურნალს და ამავე დროს ამ ჭრილობების საკუთარ სხეულზე გამომსახველ სუბიექტს: „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,/მიწიერი ზეციერსა;/ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,/რომ წარვუძღვე წინა ერსა.../ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,/მეწოდეს მის ტანჯვით სული,/მის ბედით და უბედობით/დამედაგოს მტკიცე გული...“25. მეცხრამეტე საუკუნის ცარისტული იმპერიალიზმიდან უკვე მეოცე საუკუნის ბოლშევიკურ იმპერიაში ასეთი სტატუსი მწერლებმა და პოეტებმა მემკვიდრეობით მიიღეს. ამ მემკვიდრეობითობას განაპირობებდა:

(ა) ბოლშევიკური კონცეფცია ინტელიგენციის როგორც სოციალური კლასის შესახებ, რომლის თანახმადაც ინტელიგენციის ფუნქცია პოლიტიკური სისტემის მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა გახდა; და (ბ) ქართულმა საბჭოთა ინტელიგენციამ კომუნისტური ბოლშევიკური სისტემის მიერ განსაზღვრულ ფუნქციას დამატებითი ასპექტი შესძინა და თავის ამოცანად ნაციონალიზმის იდეის დაცვა და განვითარება დაისახა, რითაც მან თავი გამოაცხადა მეცხრამეტე საუკუნეში შემუშავებული ერის წინამძღოლის სტატუსის მემკვიდრედ.

მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ინტელიგენციას ასეთი სოციალური ამოცანა უკვე აღარ უნდა დაკისრებოდა. მაგრამ ინტელიგენციას, რომელიც თავს საკუთარი ხალხის ელიტად და, შესაბამისად, წინამძღოლად მიიჩნევდა, არ სურდა დაეთმო კომუნისტურ სისტემაში მოპოვებული საკუთარი სოციალური სტატუსი, აღიარება და არ სურდა ამ სტატუსის თანმხლები სოციალური პრივილეგიების დათმობა. ეს პრივილეგია გამოიხატებოდა საბჭოთა საქართველოს მიერ ინტელიგენციის გულუხვ დაფინანსებაში მაშინაც კი, როცა ამ ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენეილი საბჭოთა სისტემისთვის უხერხულ, არაკომფორტულ, კვაზიდისიდენტურ და ორაზროვან იდეებს გამოთქვამდა.

80-იანი და 90-იანი წლების საქართველოში, როცა მიმდინარეობდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, ლიდერობა ფილოლოგიურად განათლებულ, ლიტერატორთა ანუ მწერალ ინტელიგენტთა ხელში აღმოჩნდა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველო, როგორც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკა პოლიტიკოსებს ვერ აწარმოებდა, რადგან საბჭოთა ქართველი პოლიტიკოსი დიდი საბჭოთა პოლიტიკური სისტემის მხოლოდ ნომენკლატურის ნაწილი იყო. ის იყო ერთგვარი ფუნქციონერი, რომელსაც მოსკოვი, ეთნიკური იდენტობის გათვალისწინებით, საქართველოში ნიშნავდა. ამ პირობებში 90-იან წლებში პოლიტიკოსის ფუნქცია თავის თავზე უნდა აეღოთ ნაციონალიზმის იდეების შემქმნელებსა და მატარებლებს, რომელთაც საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ სისტემასთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ. ამ ფონზე გამოიკვეთა ზვიად გამსახურდიას, როგორც დისიდენტის, ფიგურა, რომელსაც მხარს უმაგრებდა არა მხოლოდ დისიდენტობა, არამედ მისი ოჯახის, კერძოდ, მამის - მწერლისა და აკადემიკოსის, კონსტანტინე გამსახურდიას - ავტორიტეტი. ცხადია, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ინტელიგენციის ყველა წარმომადგენელი ვერ მოხვდებოდა და არც დამოუკიდებელ საქართველოს ჰქონდა იმდენი რესურსი, რომ საბჭოთა კავშირში ინტელიგენციისათვის შექმნილი სოციალური პირობები შეენარჩუნებინა. ცხადია, ის ნაწილი, რომელმაც საფრთხე იგრძნო, გამოვიდა ახალი სისტემის წინააღმდეგ, ხოლო სისტემამ ზვიად გამსახურდიას პირით ამ ჯგუფის მარკირება „წითელი ინტელიგენციით“ მოახდინა. ინტელიგენციამ თავისი იმედები სსრკ-ის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ედუარდ შევარდნაძეს, დაუკავშირა, რადგან ის, ერთი მხრივ, სტალინის, როგორც დიდი ქართველის, მსუბუქ რეინკარნაციას წარმოადგენდა, მეორე მხრივ, ინტელიგენციას საბჭოთა პრივილეგიების დაბრუნების იმედებს უსახავდა. ასეც მოხდა: შევარდნაძემ მოახერხა ინტელიგენციის კეთილგანწყობის შენარჩუნება პოსტსაბჭოთა პერიოდში და ზვიად გამსახურდიას დროს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ზვიად გამსახურდიას მიერ მოყვანილი „შემთხვევითი ადამიანების“ ნაცვლად ინტელიგენტებად მარკირებული სუბიექტები და მათი ოჯახების წევრები მოიყვანა. ამასთან, ედუარდ შევარდნაძის მიერ დაბრუნებულმა პარტიულმა აქტივმა ინტელიგენციასთან ურთიერთობის საბჭოთა მოდელის მსუბუქი რეკონსტრუქციის ილუზია შექმნა. ინტელიგენციის და მწერალი ფილოლოგის მარგინალიზაცია (დროებითი მაინც) მიხეილ სააკაშვილის - საქართველოს მესამე პრეზიდენტის - სახელს უკავშირდება. სააკაშვილი პირდაპირ დაპირისპირებაში შევიდა შევარდნაძის მთავრობაში თავმოყრილ ძველ კომუნისტურ პარტიულ ნომენკლატურასთან, რომელმაც ამასობაში მოასწრო კაპიტალის დაგროვება და ბურჟუაზიად ქცევა. სააკაშვილმა წინა პლანზე წამოწია სახელმწიფოს ფორმალური გაგება, რომელსაც „მამულის“ საკრალური ნიშანი უკვე დაკარგული ჰქონდა და, შესაბამისად, ინტელიგენციის კლასის იმ წარმომადგენლებს, რომელთაც კანონის ფორმალურ ბატონობას ძველ არაფორმალურ ურთიერთობებზე დამყარებული მმართველობის სისტემა ერჩივნათ, „ჩარეცხილები“ უწოდა. ამდენად, ამ სოციალური კლასის - ინტელიგენციის - მარკირება დამოუკიდებელ საქართველოში მოხდა ორჯერ - ერთხელ გამსახურდიას მმართველობისას („წითელი ინტელიგენცია“) და ერთხელ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას („ჩარეცხილები“).

მართალია, ამ კლასმა მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლაში გაიმარჯვა, მაგრამ, პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ამ გამარჯვებამ მისი ძალებიც ამოწურა. ინტელიგენცია, როგორც სოციალური კლასი, ქრება, მწერალი ხდება ბაზრის მონაწილე (მას სახელმწიფო თითქმის აღარ უზრუნველჰყოფს), ინტელიგენცია, როგორც სოციალური კლასი, ქრება და მის ადგილს იჭერენ ინტელექტუალები. ამიტომ პოსტსაბჭოთა საქართველოში მამულის/სამშობლოს და სახელმწიფოს, როგორც არასაკრალურსა და საკრალურს შორის დაპირისპირების აღსაწერად პოეტური ნარატივებისათვის მიმართვა გამართლებულად არ მიგვაჩნია. პოლიტიკურ ნარატივებში სამშობლოსა და სახელმწიფოს დაპირისპირებათა ანალიზი ბევრად უფრო ეფექტიანად წარმოგვიდგენია.

სახელმწიფო და სამშობლო ქართველ პოლიტიკურ ლიდერთა საჯარო სიტყვებში

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საბჭოთა სისტემის პოზიციიდან თავად იყო საბჭოთა საქართველოს ინტელიგენციის წარმომადგენელი, თუმცა თავად ის საკუთარ თავს ნომენკლატურული ინტელიგენციის გარეთ აყენებდა. საბჭოთა პოლიტიკური სისტემის მიერ ინტელიგენციისათვის დაწესებულ იდეოლოგიურ ჩარჩოებს საკუთარი ფილოლოგიურ-თეოსოფიური კონცეფცია დაუპირისპირა. ცხადია, სწორედ ამ ფილოლოგიურ-თეოსოფიურმა კონცეპტმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური პრაქტიკა.

გამსახურდიას ფილოლოგიურ-თეოსოფიურმა შეხედულებებმა ინტელიგენციაში (რომელიც ბუნებით ნაციონალისტი იყო) სქიზმა გამოიწვია და მის წინაშე შემდეგი დილემა წამოჭრა: ან გაყოლოდნენ ზვიად გამსახურდიას თეოსოფიურ-ფილოლოგიურ კონცეფციას ან მასთან დაპირისპირებაში შესულიყვნენ. ინტელიგენციამ იგრძნო საფრთხე, რომ პოლიტიკური ფიგურა, ზვიად გამსახურდია, მათ იმ რიტორიკას ართმევდა, რომელზეც მონოპოლიას თავად აცხადებდა.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ზვიად გამსახურდია და მისი თანამებრძოლები ევროპას განიხილავდნენ, როგორც ქრისტიანულ ევროპას და იმედოვნებდნენ, რომ ქართველების უძველესი ქრისტიანობა ამ ევროპულ ოჯახთან დაახლოების ყველაზე ეფექტიანი და თვით ევროპელებისთვის მისაღები არგუმენტი იქნებოდა. იმავდროულად, ეს ჯგუფი საქართველოს ფუნქციას აღმოსავლური და დასავლური, ევროპული და აზიური ცივილიზაციის სინთეზში ხედავდა. პრაქტიკულად, ზვიად გამსახურდია და მისი მომხრეები და, საერთოდ, 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ინტელექტუალური და პოლიტიკური ისტებლიშმენტი ცუდად ერკვეოდა ან საერთოდაც ვერ ერკვეოდა თავისუფალი სამყაროს პოლიტიკაში და მათი თანამედროვე ევროპელების ღირებულებათა სისტემაში. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ განმანათლებლობაგამოვლილი ევროპისთვის ქრისტიანობა უკვე არ იყო პოლიტიკური დისკურსის შემადგენელი ნაწილი. ევროპას მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკის ენა ესმოდა და არა პოლიტიკურად აქცენტირებული საკრალურ-თეოსოფიური კონცეფციები. ზვიად გამსახურდია და მისი უახლოესი თანამებრძოლები თეოსოფიით უპირისპირდებოდნენ საბჭოთა სისტემას, ხოლო მეორე მხრივ, ქრისტიანულ თეოსოფიას საქართველოს პოლიტიკური მომავლის განჭვრეტისა და ევროპასთან დაახლოების ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ.

თეოსოფიისადმი და ქრისტიანობისადმი - როგორც პოლიტიკური ისტრუმენტისადმი - მიმართვა პირველ რიგში იმით იყო განპირობებული, რომ ჩაკეტილ საბჭოთა კავშირში თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ დისკურსებზე დაკვირვებისა და მათი ათვისების არანაირი გამოცდილება არ არსებობდა. თუ, მაგალითად, ბრიტანულ კოლონიებს არა მარტო ერთა თვითგამორკვევის, არამედ ადამიანთა უფლების და კანონის უზენაესობის კონცეპტების ხმაც ესმოდათ, საბჭოთა იმპერიამ დაშლის შემდეგ ხალხებს მხოლოდ ეთნიკური ნაციონალიზმი დაუტოვა და იძულებული გახადა ისინი ღრმა ფეოდალური წარსულისკენ შეტრიალებულიყვნენ, რომ იქ მოეძებნათ ის კონცეპტები, რომელსაც შემდგომ მიმდინარე პოლიტიკურ დისკურსში გამოიყენებდნენ. ამგვარად შეიძლება აიხსნას ზვიად გამსახურდიას მიმართვა მეათე საუკუნის ქართველი ავტორის იოანე ზოსიმეს ტექსტისადმი, რომელსაც ჰქვია „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. მიიჩნევდა რა ამ ნაწარმოებს თეოსოფიურ ტექსტად, ზვიად გამსახურდია მას პოლიტიკურად განმარტავდა. ის ფიქრობდა, რომ ამ ტექსტში მოცემული არის საქართველოს პოლიტიკური მომავალი, რომ საქართველო არის ლაზარე, რომელიც ქრისტემ მკვდრეთით აღადგინა და აქედან აკეთებდა დასკვნას, რომ საქართველო, როგორც პოლიტიკური ერთეული, მეორედ მოსვლამდე იარსებებდა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ზვიად გამსახურდია მორწმუნე ქრისტიანი იყო, 1991 წელს მის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური აქტი იყო, არამედ ქრისტიანული ესქატოლოგიის საკრალური ნაწილიც, რომლის თანახმადაც საქართველო მკვდრეთით აღსდგა.

ცხადია, თუ ეს ინტერპრეტაცია სწორია, მაშინ საქართველო, ზვიად გამსახურდიასთვის წარმოადგენდა უპირველეს ყოვლისა არა სახელმწიფოს, არამედ საკრალურ ტერიტორიას, რომელშიც ქრისტიანული ესქალოტოლოგიის დრამა თამაშდება. გამომდინარე ქრისტიანული თეოლოგიიდან, ზვიად გამსახურდია საბჭოთა კავშირს, ხოლო მისი დამხობის შემდეგ შევარდნაძისა და მისი მომხრეების მცდელობას, მოეხდინათ ხელისუფლების უზურპაცია, კვლავ ქრისტიანულ კონტექსტში განიხილავდა, სადაც შევარდნაძეს და მის მომხრეებს, ანუ ყოფილი კომპარტიის ლიდერს და პარტიულ ნომენკლატურას, ანტიქრისტიანული ძალების მომხრეებად აცხადებდა და ქრისტესა და ბარაბას გზებს შორის არჩევანს ხალხს უტოვებდა.

ცხადია, დასავლეთ ევროპისთვის, რომელსაც განმანათლებლობიდან მოყოლებული დიდი ხანია უარი ჰქონდა ნათქვამი პოლიტიკის ქრისტიანული თეოლოგიის დისკურსში განხილვაზე, დევნილობაში მყოფი პრეზიდენტის მიმართვა რთულად აღსაქმელი იყო. პრაქტიკულად, გამსახურდიას სურდა ერთმანეთთან შეეთავსებინა სრულიად არასაკრალური, კონვენციებზე დაფუძნებული სახელმწიფო მამულის საკრალურ-რელიგიურ კონცეფციასთან. ერთი მხრივ, ზვიად გამსახურდიასთვის საქართველო წარმოადგენდა პოლიტიკურ ერთეულს, რომლის დამოუკიდებლობასაც თვითონ უყრიდა საფუძველს და, მეორე მხრივ, ამ პოლიტიკურ ერთეულს გააჩნდა მისტიკურ-საკრალური სხეული. შეიძლება ვივარადუოთ, რომ მის ცნობიერებაში არსებობდა პოლიტიკური რეალიებისაგან დაფლეთილი საქართველოს რუკა და მის პარალელურად საკრალური და უცვლელი წმინდა მამული. ამ ცნობიერებით მას უწევდა პრაგმატულ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ თამაშში ჩართვა და თავის ანტიპოდთან, ედუარდ შევარდნაძესთან, დაპირისპირება.

ამ დაპირისპირებაში ინტელიგენციამ აირჩია მისთვის ნაცნობი ედუარდ შევარდნაძე, რადგან შევარდნაძეში გვიანდელი კომუნიზმის იმ სტრატეგიის დამცველს ხედავდა, რომელიც ინტელიგენციის პრივილეგირებულ მდგომარეობას უზრუნველჰყოფდა და სამშობლოზე ზრუნვისა და სამშობლოს საკრალურობის რიტორიკის ერთადერთ ლეგიტიმურ მფლობელად მათ აღიარებდა. ამ მოსაზრებას ამყარებს საჯარო ინტელექტუალის ბექა მინდიაშვილის შემდეგი სიტყვები: „საბჭოთა იმპერიის დაშლა და დამოუკიდებლობის მოპოვება, ქართული ენის დაცვისგან განსხვავებით, ინტელიგენციამ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ ჩაიწერა თავის აქტივში. მან იგრძნო, რომ გამსახურდია მას არა მარტო ღმერთთან, არამედ ერთან ლაპარაკის უფლებასაც ართმევდა. ამიტომ იგი გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა კიდეც და მის დამხობაშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა. ამით მან თავისი კიდევ ერთი, მთავრობის წინააღმდეგ აბუნტებული ინტელიგენციის სახე შეიქმნა. გამსახურდიას დამხობის შემდეგ ყველაფერი ისევ პირველ სიტყვასა ზედა მოვიდა. შევარდნაძეს ისევ დასჭირდა საყრდენები და ძველი გარიგება ისევ ძალაში დარჩა.“

ედუარდ შევარდნაძე კარგად იცნობდა კომუნისტურ ინტელიგენციას და მის „ბურჟუაზიულსა“ და ნაციონალისტურ მსოფლმხედველობას. მან საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ინტელიგენციას ძველი კომუნისტური ეპოქის სოციალური როლი - ნაციონალური ღირსების დაცვა და სამშობლოს საკრალურ კონცეპტზე მონოპოლია დაუბრუნა. 1992 წლის 7 მარტს სამოქალაქო ომში გახვეულ საქართველოში ჩამოსულმა ედუარდ შევარდნაძემ სწორედ ინტელიგენციას მიმართა და ინტელიგენცია საკუთარი ლეგიტიმაციის წყაროდაც გამოიყენა. თანაც მათ „დემოკრატიის დამცველები“ და „ერის გამომფხიზლებლები“ უწოდა, თუმცა საბჭოთა ინტელიგენციას დემოკრატიაზე სრულებით ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა: „მე მივესალმები ჩემს მეგობარ ქართველ ინტელიგენციას, რომელმაც, როცა საჭირო გახდა იარაღი და ავტომატი დაიჭირა ხელში იმისთვის, რომ დემოკრატიული საქართველოსთვის ებრძოლა. რომელიც ადრე გამოფხიზლდა და ადრე გამოაფხიზლა თავისი ხალხი. მადლობა მათ.“ მოგვიანებით, ედუარდ შევარდნაძემ საკუთარი ხელისუფლების ლეგიტიმაციისათვის ეკლესიას მიმართა და ამით ინტელიგენციის მიერ შემუშავებული სამშობლოს საკრალურობის იდეა უკვე ეკლესიის წიაღში ფორმირებული რელიგიური ნაციონალიზმის და საკრალური სამშობლოს იდეას გადააჯაჭვა. აღსანიშნავია, ამ დაკავშირების მთავარი ბენეფიციარი ეკლესია გახდა, რომელმაც მოგვიანებით ეტაპობრივად შეცვალა ინტელიგენცია და ხელში ჩაიგდო სამშობლოს საკრალურობაზე დისკურსის და ამ საკრალურობის ინტერპრეტაციის მონოპოლია.

ედუარდ შევარდნაძე, როგორც პრაგმატული პოლიტიკოსი, ყოველგვარი რელიგიურ-საკრალური წარმოდგენებისაგან თავისუფალი იყო. საქართველოს უახლეს ისტორიაში მან პირველმა გაიყვანა პოლიტიკის მიღმა სამშობლოს საკრალურობის არაპრაგმატული კონცეპტი. მან პოლიტიკოსებს სამშობლოს საკრალურ კონცეპტზე მსჯელობა კი არ დაუსახა მიზნად, არამედ საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკურ ორბიტაში მოქცევა და მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების საქართველოთი დაინტერესება გახადა პოლიტიკის ცეტრალურ საკითხად. ის არსად საუბრობს საქართველოს სულიერ მისიაზე, მაგრამ საქართველოს სხვა - ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ეკონომიკური ჰაბის - მისიას მოუძებნის. გაზსადენისა და ნავთობსადენის პროექტი და აბრეშუმის გზა გახდება საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკაში ინტეგრირების მთავარი ინსტრუმენტი. შეიძლება ითქვას, რომ ეს კომუნისტური ლიდერი სწორედ ინსტრუმენტალისტურად განიხილავდა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას.

ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამშობლოს საკრალური კონცეპტის პარალელურად პირველად ჩნდება სახელმწიფოს რაციონალური გაგება. ეს გაგება პრობლემური ჩანდა ინტელიგენციისათვის, რადგან საბჭოთა საქართველოს პოეტები და მწერლები საკრალური სამშობლოს იდეას მითოპოეტურ ენაზე გამოთქვამდნენ, ზოგიერთი მათგანი კი საქართველოს ტერიტორიას ქართველებისთვის ღვთისგან ბოძებულ ძღვნად განიხილავდა. მიწისადმი ეს დამოკიდებულება, რომელიც საკმარისად იყო შეღწეული ხალხის შეგნებაში, იმთავითვე უპირისპირდებოდა სახელმწიფოს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გაგებას.

შევარდნაძისთვის გამოწვევას წარმოადგენდა, ერთი მხრივ, ამ მითოპოეტური დაუწერელი ნორმების ხელშეუხებლად დატოვება და, მეორე მხრივ, დაწერილი და ყოველგვარი საკრალურობისაგან დაცლილი ნორმის, კანონმდებლობის შემოტანა. მან მოახერხა საქართველოს კონსტიტუციის მიღება იმგვარად, რომ ინტელიგენციას ამ კანონმდებლობის მიღებაში მონაწილეობის სრული ილუზია შეუქმნა.

სამოქალაქო ომიდან გამოსვლის შემდეგ შევარდნაძის პოლიტიკის აქილევსის ქუსლი ეკონომიკის კრახი და ქვეყანაში გამეფებული კორუფცია იყო. ამ ფონზე გამოიკვეთა ახალგაზრდა ლიდერების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამებრძოლების სახით, რომელთაც სამშობლოს საკრალური კონცეპტი მარგინალურ თემად აქციეს და ამით შევარდნაძის მიერ მიძინებული წითელი ინტელიგენციის გამოღვიძებას შეუწყვეს ხელი, რაც მოგვიანებით მათ ბუმერანგივით დაუბრუნდათ.

მიხეილ სააკაშვილის რეფორმისტულ პოლიტიკაში, რომლის მთავარი შემადგენელი იყო მოდერნული დასავლური სახელმწიფოს მშენებლობა, საკრალური სამშობლოს იდეამ სრული ელიმინაცია განიცადა. ხოლო ამ იდეის მატარებელ კლასს, რომელიც პერიოდულად პროტესტს გამოთქვამდა მიხეილ სააკაშვილმავე „ჩარეცხილები“ უწოდა. სააკაშვილმა ინტელიგენციასთან ურთიერთობის შევარდნაძისეული მოდელი არ გამოიყენა. ამის მიზეზი იმაშიც უნდა ვეძებოთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა სხვა, შევარდნაძის პოლიტიკით, კორუფციითა და ეკონომიკური სტაგნაციით უკმაყოფილო სოციალურმა ჯგუფებმა უზრუნველჰყვეს. ამიტომ შევარდნაძისგან განსხვავებით, სააკაშვილს ინტელიგენციის მიმართ ემპათია და სენტიმენტები არ ჰქონდა, იგი მათგან ლეგიტიმაციას არ ითხოვდა და მათთვის არც ახალ სახელმწიფოში ჰქონდა ადგილი. სააკაშვილის საქართველოში ინტელიგენცია ჩანაცვლდა ახალი ინტელექტუალებით, რომელთაც კომუნისტური ეპოქის ინტელიგენციისგან განსხვავებით არც კლასობრივი ცნობიერება ჰქონდა და არც სამშობლოს საკრალურ იდეას ატარებდა. საკრალურობის იდეას სააკაშვილის მომხრე ინტელექტუალების დისკურსში წარმატების დისკურსი ჩაენაცვლა.

მიხეილ სააკაშვილმა პატრიოტიზმის ახალი მოდელი შექმნა, რომლის ცენტრალური ელემენტი არა საკრალური სამშობლო, არამედ „სახელმწიფოებრიობა“ იყო. ამით ინტელიგენციას წაერთვა კულტურაზე ზრუნვის მონოპოლია და სივრცე საკუთარი დისკურსისათვის. ამ სივრცეს ტერიტორიული განზომილებაც ჰქონდა. ასე მაგალითად, რუსთაველის პროსპექტი, რომელიც საბჭთა ეპოქაში პოეტების და ინტელიგენციის შეხვედრების და ხალხის წინაშე მათი რეპრეზენტაციის ადგილი იყო, მიხეილ სააკაშვილმა ევროპული სეირნობების და, შესაბამისად, პროფანულ არასაკრალურ და სახალხო სივრცედ აქცია. მოგვიანებით, სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტი სწორედ ამ პროსპექტზე გაიმართა ინტელიგენციის კარნახით. უკმაყოფილო ჯგუფებმა პროსპექტზე გალიები გამოიტანეს, რითაც მეტაფორულად სააკაშვილის ახალი პოლიტიკური დისკურსის ტყვედ გამოაცხადეს საკუთარი თავი.

საბაზრო ეკონომიკის და ეკონომიკური წარმატების ფილოსოფიამ საქართველოს ლანდშაფტს სრულებით წაართვა ის საკრალურობა, რომელსაც მას ქართული პოეტური ნარატივები მიაწერდა. ეს ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში ინდუსტრიალიზაციის მეშვეობით მოხდა, მაგრამ სრულ დესაკრალიზაციას ხელს უშლიდა საბჭოთა კავშირის ჩაკეტილობა, საბჭოთა სადამსვენებლო ინდუსტრიის ზღვისადმი მთაზე მეტი წონის მინიჭება, რამაც მთას ერთგვარად შეუნარჩუნა კიდევაც საკრალურობა. ვარდების რევოლუციის მთავრობამ საქართველოს მთიანეთში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოტენციალი დაინახა და ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემადგენლად აქცია. ამიერიდან საქართველოს ლანდშაფტმა ერთადერთი განზომილება შეიძინა - ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი. მთის და მთლიანად ქვეყნის რეპრეზენტაციის ამგვარმა (საკრალურიდან პროფანულ ტურისტულამდე) ტრანსფორმაციამ კი საფრთხე შეუქმნა ქართველების წარმოდგენას ტრადიციებსა და სტუმარ-მასპინძლობაზე და ამ კონტექსტში საკუთარ ღირსებაზე, რომლის მთავარი შემადგენელი სტუმრისათვის ყოველგვარი ანგარების გარეშე პატივის მიგება და საკუთარი არამერკანტილურობის დემონსტრირება წარმოადგენდა. მთელი საბჭოთა სისტემის „მისტიურობა“ იმაში მდგომარეობდა, რომ მიუხედავად ძლიერი მოდერნისტული მოძრაობისა, მან ვერ მოახერხა საზოგადოებრივი ცნობიერებიდან განედევნა შუა საუკუნეებიდან მომდინარე ტრადიციული ღირებულებები (უანგარობა, ანტიბურჟუაზიული ეთოსი), სინამდვილეში მოხდა ამ ღირებულებების კონსერვაცია, მათი დროებით მიძინება. ვარდების რევოლუციის მოდერნისტულმა პოლიტიკამ, რომლის მთავარი შემადგენელი წარმატების ფილოსოფია და მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღება იყო, დაკონსერვებულ ღირებულებებს ახალი სიცოცხლე შესძინა. საბჭოთა ქართული ინტელიგენცია სინამდვილეში ანტიბურჟუაზიულ, არისტოკრატულ ეთოსს იცავდა და თავის ღირებულებებს არა თავის თანამედროვე საბჭოთა სისტემაზე აშენებდა, არამედ შუა საუკუნეობრივი ფეოდალური პატივისა და ღირსების, არაპრაგმატულობისა და რაინდობის დონკიხოტურ წარმოდგენებზე.

აქედან გასაგებია, თუ რატომ ისმოდა ასე ხშირად იმდროინდელ საზოგადოებაში საყვედური მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც, ინტელიგენციისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, სურდა საქართველო რაინდული ქვეყნიდან „მოსამსახურე ერის“ სტატუსამდე ჩამოექვეითებინა. ბუნებრივია, ამას მოჰყვა სხვა ბრალდებაც, რომელიც ლოგიკურად დაკავშირებული იყო ზემოთ აღნიშნულ ბრალდებასთან: მიხეილ სააკაშვილი ებრძვის ქართულ ტრადიციებს და მის ნაცვლად ქვეყანაში შემოაქვს ჩვენი კულტურისთვის უცხო ვაჭრული პრაგმატული მორალი და პრაქტიკა. ეს მორალი და პრაქტიკა პოსტსაბჭოთა ადამიანს ახსენებდა ბოლშევიკების ბრძოლას ტრადიციასთან ერთი საუკუნით ადრე. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის პოლიტიკის ნეგატიურ ეპითეტად „ნეობოლშევიზმი“ იქცა.

ასეთ პირობებში სააკაშვილი მიმართავდა ახალგაზრდებს, რომელთაც კომუნისტური მორალისა და პრაქტიკის ძალიან სუსტი და ბუნდოვანი გამოცდილება ჰქონდათ. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ბრალდებად ეიჯიზმი იქცა. ხოლო მისი რეფორმისტული განზრახვის მთავარ მიზნად ახალი ადამიანის ფორმირება ჩაითვალა. ახალი ადამიანის კონცეპტი კი საქართველოს მოსახლეობის ინტელექტუალურ ნაწილს ბოლშევიკების ერთი საუკუნის წინანდელ პროექტს მოაგონებდა.

შეიძლება ითქვას, რომ კომუნისტური აჩრდილი და ამ აჩრდილის სოციალური მატარებელი ინტელიგენცია ძალიან ძლიერი აღმოჩნდა და მან რეფორმისტულ წამოწყებას სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა. საბჭოთა ინტელიგენტი ცოდნას უყურებდა როგორც თავისთავად ფასეულ და არასაბაზრო ღირებულებას. საბჭოთა ადამიანმა იცოდა, რომ მის მიერ ათვისებული ცოდნა სახელმწიფოს მიერ მხოლოდ იმ დოზით მოითხოვებოდა, რა დოზითაც ამას თვით სახელმწიფო განსაზღვრავდა. ცოდნა ბაზარში გასატან საქონელს არ წარმოადგენდა. ინტელიგენციისთვის განსაკუთრებით საწყენი იყო ცოდნის საბაზრო ღირებულებად გამოცხადება და მისი დაყვანა „კომპიუტერისა და ინგლისურის“ ცოდნაზე. ასე გაგებული საბაზრო ცოდნა ადგილს არ ტოვებდა საბჭოთა დისიდენტური წუხილებისთვის და ამ ცოდნას მხოლოდ ერთ განზომილებაში აქცევდა: ცოდნა არის ის, რასაც კონკურენტულ ბაზარზე ფულის მოტანა შეუძლია. ფორმალურ-ნორმატიულ დაწერილ კანონზე დამყარებული სახელმწიფოსადმი დიდი წონის მინიჭება ქართული საზოგადოების ერთ მთავარ, ჯერ კიდევ კოლონიალურ ეპოქაში, ხოლო შემდგომ საბჭოთა კავშირში გამყარებულ ნათესაური არაფორმალური ურთიერთობების კულტურასაც შეუქმნა დიდი საფრთხე. აქამდე ქართველები საბჭოთა სისტემის უსულგულობას უპირისპირებდნენ ნათესაობისა და ძმაკაცობის ლამის საკრალურ რანგში აყვანილ გაგებას. პრაქტიკულად, გვიანდელი სოციალიზმის ეპოქაში ნათესაობისა და ძმაკაცობის მორალზე დამყარებულ სისტემას საბჭოთა კომუნისტური სახელმწიფო თითქმის ვერაფერს უპირისპირებდა. კორუფცია, რომელიც ამ ძმაკაცობის და ნათესაობის მორალის შემადგენელი ნაწილი იყო, პრაქტიკულად ყველა „დანაშაულის“ მოგვარების შესაძლებლობას იძლეოდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, რომ მას არ ჰყავს მეგობრები და ნათესავები და მისი ნათესავები არიან ისინი, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ემსახურებიან, ადამიანები დააფრთხო და სახელმწიფოს მიმართ ერთგვარი აგრესიაც კი განუვითარა. აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო სულაც არ არის ისეთი უვნებელი და უსაფრთხო, როგორიც ადამიანთა უმრავლესობას თავის შეგნებაში წარმოედგინა, რომ სახელმწიფოს შეუძლია მომიტინგეები დაარბიოს და ადამიანები ყოველგვარი ემპათიის გარეშე საპატიმროში გამოამწყვდიოს. ამ სწრაფმა, დინამიკურმა, წარმატების ფილოსოფიაზე დამყარებულმა რეფორმებმა, რომელშიც შეუძლებელია ყველა მოქალაქე ჩართულიყო და ერთნაირად მიეღო მისგან სარგებელი, ადამიანებს კვლავ გაუღვიძა ძველი რეჟიმის ნოსტალგია, რომელიც შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხების მიზეზი გახდა, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი, რის გამოც სააკაშვილი დამარცხდა. ერთმა მოვლენამ, რომელიც უახლესი საქართველოს ისტორიაში ცნობილია, როგორც გირგვლიანის საქმე, სააკაშვილის მთავრობის სუსტი წერტილი წარმოაჩინა: „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები.“

ამ განწყობების ტალღაზე გამოჩნდა ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სააკაშვილის მიმართ არსებულ ყველა ნეგატიურ განწყობას თავი მოუყარა. მან, ერთი მხრივ, კარგად გამოიყენა ძველი ინტელიგენცია, რომელსაც საკუთარი როლის დაბრუნების ილუზია შეუქმნა ამ კლასის წამყვანი წარმომადგენლებისადმი მატერიალური დახმარებით და ზოგიერთ მათგანთან პირადი მეგობრობის დამყარებით. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფიგურა სხვა თვალსაზრისითაც აღმოჩნდა მიმზიდველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის: საქმე ისაა, რომ პოსტსაბჭოთა ადამიანმა თანდათანობით აღმოაჩინა ფულის ის თვისება, რომელიც საბჭოთა ფულს არ ჰქონდა: საბჭოთა ფულით შეუძლებელი იყო ლეგალურად ლეგალური სურვილების ყიდვა-შეძენა. პოსტსაბჭოთა ფული კი შეუზღუდაობის შესაძლებლობას იძლეოდა. შედეგად, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის თვალში იმ მომავალი ადამიანის სიმბოლოდ იქცა, რომელზეც ცნობიერად და არაცნობიერად გამოღვიძებული პოსტსაბჭოთა ადამიანი ოცნებობდა. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ წარმატების ფილოსოფიის განსხეულებას წარმოადგენდა არა სააკაშვილის მთავრობა, არამედ კონკრეტული მილიარდერი. თუ სააკაშვილის დისკურსი წარმატებული სახელმწიფოს იდეაზე აპელირებდა, თვით ბიძინა ივანიშვილი პოსტსაბჭოთა ადამიანის ახალაღმოჩენილ ოცნებას - მდიდარ და პირველ რიგში ფინანსური თვალსაზრისით წარმატებულ ადამიანს - განასახიერებდა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დისკურსში კვლავ აღორძინდა საკრალური სამშობლოს უფრო ახლობელი - წმინდა სამშობლოს იდეა, რომელიც გაცილებით მარტივად გასაგები იყო ისეთ ცნებებთან შედარებით, როგორიცაა დემოკრატიზაცია და მოდერნიზაცია.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ფორმალურ რაციონალობაზე აგებულ სახელმწიფოს იდეაზე გაიმარჯვა მეცხრამეტე საუკუნეში შემუშავებულმა, ხოლო შემდგომ, მოგვიანებით, საბჭოთა სისტემაში გადამუშავებულმა სამშობლოს საკრალურმა კონცეპტმა და ამ კონცეპტის მატარებელმა სოციალურმა კლასმა - საბჭოთა ინტელიგენციამ - დაამარცხა რეფორმასა და ფორმალურ წესებზე ორიენტირებული მცირე სოციალური ჯგუფი. რა ელის ინტელიგენციას, როგორც სამშობლოს საკრალური იდეის მატარებელ კლასს? შეინარჩუნებს თუ არა ის თავის ზეგავლენას პოლიტიკურ პროცესებზე? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, თუმცა დღეს იმის თქმა შეიძლება, რომ დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს. საზოგადოებაში მიმდინარე სტრატიფიკაციული პროცესები ინტელიგენციას ასუსტებს და ყოველი ახალი პოლიტიკური არჩევნები ართმევს მას ძალას და მის ადგილს იჭერს ინტელექტუალების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ლიდერების ჯგუფები, რომელთაც, მართალია, აქვთ პოლიტიკური იდენტობა, მაგრამ აღარ აქვთ კომუნისტური ეპოქის ინტელიგენციის კლასობრივი ცნობიერება. თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში მიმდინარეობს ინტელიგენციის გარდაქმნა ინტელექტუალებად და საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის პრინციპზე ორიენტირებული სახელმწიფო მომავალში ვერ შეძლებს ინტელიგენციის მორალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას.

___________________

1. ამასთან დაკავშირებით იხ. ზურაბ კიკნაძე, „ილიას მამული“: კრ. საქართველო ათასწლეულთა გასაყართან, თბ., არეტე, 2005, 28-52. ასევე: შუქია აფრიდონიძე, სამშობლო და მამული, კადმოსი (ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი), 1, 2009, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ავტორი ამ ორი სინონიმის (სამშობლო და მამული) ლინგვისტურ ანალიზს გვთავაზობს

2. ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტომი 7, (თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1984), გვ. 165

3. Shota Rustaveli, (born c. 1160 - died after c. 1220), Georgian poet, author of Vepkhvistqaosani (The Knight in the Panther's Skin, or The Lord of the Panther-Skin), the Georgian national epic.

4. გრიგოლ ორბელიანი, სადღეგრძელო (ტფილისი: უ. მარტიროზიანის ტიპოგრაფია, 1871), გვ. 10-11.

5. ეს დაპირისპირება ქართულ კულტურაში ცნობილია სახელით „მამათა და შვილთა დაპირისპირება.“

6. XIX საუკუნის 60-იანი წლების ქართული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობა.

7. ჭავჭავაძე, ილია. 1880. ტფილისი. 18 იანვარი. დროება. 20 იანვარი.

8. ჭავჭავაძე, ილია. აჩრდილი (ტფილისი: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, 1908).

9. ჭავჭავაძე, ილია. 1877. ოსმალოს საქართველო. ივერია. 28 აპრილი.

10. ჭავჭავაძე, ილია. 1877. ოსმალოს საქართველო. ივერია. 28 აპრილი.

11. აკაკი წერეთელი, თორნიკე ერისთავი (ტფილისი: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, 1908).

12. იქვე.

13. ილია ჭავჭავაძე, მეფე დიმიტრი თავდადებული (ტფილისი: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, 1908).

14. ამ კონცეპტის შესახებ იხ. Benedict Anderson, Imagined Communities: Reflections on the Origin and Spread of Nationalism (London: Verso, 2010).

15. ჟორდანია, ნოე. 1918. საქართველოს პარლამენტის სადღესასწაულო სხდომა. ერთობა. 4 დეკემბერი.

16. გაზ. „საქართველო“. 1920 წ. იანვრის 16. №11. გვ. 2. სვ.-3,4,5,6.

17. გაზ. „საქართველო“. 1920 წ. იანვრის 16. №11. გვ. 2. სვ.-3,4,5,6.

18. ჟორდანია, ნოე. 1920. დამოუკიდებელი საქართველო. დღესასწაული. საქართველო. 16 იანვარი.

19. გ, ქუჩიშვილი, შრომისა და ბრძოლის სიმღერები, წიგნი მეექვსე, გვ. 20.

20. გ. ქუჩიშვილი, ბავშვები, სახელგამი, 1932, გვ. 14.

21. ფრ. ნაროუშვილი, პოლიტიკური პოეტის დეკლარაცია, ტფილისი, ახალგაზრდა კომუნისტი, 1931, გვ.19, 20, 26.

22. Политический отчет Центрального Комитета XVI съезду ВКП(б) 27 июня 1930 г. И.В. Сталин.

23. 1978 წელს საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი იყო ცვლილების შეტანა, რომელიც გულისხმობდა საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადებას და ამ სტატუსის ქართული ენისთვის ჩამორთმევას. რასაც მღელვარება მოჰყვა საზოგადოებაში, ინტელიგენციის წარმომადგენლობამ და სტუდენტობამ მოაწყო საპროტესტო მარში რუსთაველის პროსპექტზე, რასაც მოჰყვა ედუარდ შევარდნაძის მიერ მომიტინგეებისთვის მხარდაჭერა. საბოლოოდ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.

24. მეცხრამეტე საუკუნის კონტინენტური ევროპისათვის, ისევე როგორც რუსეთის მეცხრამეტე საუკუნისათვის, დამახასიათებელია მწერლის ღვთაებრივი, მორალური ავტორიტეტის, ნაციის სინდისის სტატუსით აღჭურვა. ცხადია, ეს მოდელი ქართველმა ინტელექტუალებმაც გადაიღეს, მაგრამ განსხვავებით რუსი ინტელექტუალებისგან, რომელთა ნაწილი ამ სტატუსს რუსული პოლიტიკური და სოციალური სისტემის კრიტიკისათვის იყენებდა, ქართული ინტელექტუალური ელიტა პოეტს გარდა მორალური წინამძღოლის სტატუსისა, ნაციის პოლიტიკური ლიდერის ფუნქციასაც აკისრებდა.

25. ილია ჭავჭავაძე, ლექსები ილია ჭავჭავაძისა (ტფილისი: წიგნის მაღაზია „ცოდნა“-ს გამოცემა N17, 1904).

2 პოლიტიკა, სახელმწიფოს მოწყობა, დემოკრატია

▲back to top


2.1 ბეჭდვითი სიტყვის მდგომარეობა

▲back to top


. სურგულაძე

ახალ ხანას კაცობრიობის განვითარებაში, სხვათა შორის, ახასიათებს აზრთა გაზიარების საოცარი ზრდა და მწიგნობრობის დიადი განვითარება. დღეს საოცარის სისწრაფით ვითარდება პრესსა, ე.ი. ჟურნალ-გაზეთობა, რომლის გავლენაც ყოველ კულტურულ ქვეყანაში მეტად საგრძნობელია.

პირველი ყოველ-დღიური გაზეთი გამოვიდა გერმანიაში (ლეიპციგში) 1661 წ., სახელად „Leipziger Zeitung“, 1702 წელს ყოველ-დღიური გაზეთი გამოვიდა ინგლისში, ხოლო 1777 წ. - საფრანგეთში.

თავდაპირველად გაზეთი წარმოადგენდა მხოლოდ ცნობათა ფურცელს, - აქ თავმოყრილი იყო სხვადასხვა ცნობები. მაგრამ მოკლე დროში ფაქტების შეგროვებასთან ერთად გაზეთებმა მსჯელობაც დაიწყეს და ხალხში თავის რწმენის გავრცელებას მიჰყვეს ხელი.

მაგრამ დიდხანს არ შერჩენია გაზეთს თავისუფლება. არა თუ საკუთარ აზრის გამომჟღავნება, სხვადასხვა საზოგადოებრივ მოვლენების კრიტიკულად განსჯა, აწონ-დაწონა და დაფასება, - უბრალო წვრილმან ფაქტების გამოაშკარავებაც კი არა-სასურველი იყო მთავრობისათვის, სულ ერთია, როგორიც უნდა ყოფილიყო ეს მთავრობა, - სასულიერო თუ საერო. რაც უნდა დაბალ საფეხურზე იდგეს გაზეთი, მას ცხოვრების ამბები საჯაროდ გამოაქვს, ავრცელებს, ყველას აგებინებს, და ეს კი სრულიად არაა სასურველი ამა ქვეყნისა ძლიერთათვის. უკვე 1479 წელს სასულიერო მთავრობამ განკარგულება მოახდინა, - თვალ-ყური ადევნეთ ყველა სტამბებსო. 1486 წელს კი მაინცის კურფიურსტმა პირველად შემოიღო გერმანიაში ცენზურა.

ეს სიტყვა ჩვენში, ვისაც კი მწერლობაზე რამე გაუგია, ყველას კარგად ესმის. ცხადია, სადაც ცენზურა არსებობს, იქ აზრის თავისუფლება არაა. აშკარაა, ასეთ გარემოებას ვერ შეურიგდება ხალხი. მართლაც დემოკრატიამ, ბევრ სხვა მის განვითარების შემაფერხებელ ძალებთან ერთად, ცენზურაც მოსპო და ამით აზრს მისი შემბოჭველი ბორკილი მოაშორა.

ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში ვკითხულობთ: „აზრების თავისუფალი გამოთქმა არის ადამიანის ერთი უძვირფასესი უფლებათაგანი; ყოველ მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად ილაპარაკოს, სწეროს, დაბეჭდოს რაც სურს, და პასუხის მგებელია ამ თავისუფლების ბოროტად გამოყენებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომელიც კანონითაა განსაზღვრული“. საფრანგეთის 1791 წლის კონსტიტუციაში ვკითხულობთ: „კონსტიტუცია უზრუნველ-ჰყოფს ყოველ მოქალაქის ბუნებით კუთვნილ უფლებას, - თავისუფლად ილაპარაკოს, წეროს, ბეჭდოს და გამოაქვეყნოს თავისი აზრები, რისთვისაც ის თავისუფალია ყოველგვარ წინასწარ ცენზურისა და გადასინჯვისაგან“. ბელგიის კონსტიტუციის მეთვრამეტე მუხლში სწერია: „ბეჭდვითი სიტყვა თავისუფალია; ცენზურა არ არსებობს; ავტორებს, გამომცემლებს ან სტამბის პატრონებს არ მოეთხოვებათ საწინდარი“.

ამნაირად, ეს ორიოდე მაგალითიც გვიჩვენებს, რომ ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება აუცილებელი პირობათაგანია ყოველ ცოტაოდენ განვითარებულ საზოგადოების არსებობისა. მაგრამ ჩვენ აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას. საუკეთესო უზრუნველყოფა მწერლობის თავისუფლებისა მაშინ არის დაწესებული, როცა მწერლობა არაა გამოცალკევებული საერთო კანონმდებლობისაგან და სავსებით ექვემდებარება საერთო და არა განსაკუთრებულ კანონებს. ასეთი წესი თავისუფლების საუკეთესო გარანტიაა. ამის მაგალითია ინგლისი. ლორდი მანსფელდი ასე ახასიათებს მწერლობის თავისუფლებას ინგლისში: „ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება გამოიხატება იმაში, რომ შეგიძლიანთ ყველაფერი, რასაც კი მოისურვებთ, დაბეჭდოთ ყოველსავე წინასწარ ნების დაურთველად, ხოლო პასუხის მგებელი იქნებით კანონის წინაშე“. ასე საქმის მოწყობას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა მწერლობა კანონმდებლობაში ცალკე საგნადაა აღნუსხული და მისი მოქმედება განსაკუთრებულ კანონებს ექვემდებარება, მაშინ მოხელეებს შეძლება ეძლევათ, სდევნონ მწერლობაში ის, რაც მათთვის სასარგებლო არაა. აქ ჩნდება თვითნებობის თავისუფალი ასპარეზი. როცა კი მწერლობა სრულიად განცალკევებულ საქმედ არაა აღიარებული და ის საერთო კანონმდებლობას ემორჩილება, მაშინ არავითარის თვითნებობას ადგილი აღარ აქვს და მხოლოდ უფლებრივი წყობილების სისტემატიური მოქმედებაა ძალაში.

მართლაც, ინგლისი უფლების ბატონობის ქვეყანაა... იქ არ შეიძლება ვინმე პირადად, ან ქონებრივად დასჯილ იქმნას, თუ არ კანონის დარღვევისათვის, და ეს დარღვევა უნდა დამტკიცდეს ჩვეულებრივ კანონიერის გზით და ჩვეულებრივ სასამართლოს წინაშე. მაშ აქ ადგილი არა აქვს ისეთ გამგებლობის სისტემას, რომელიც დაფუძნებულია მთავრობის მოხელეების ფართო და განუსაზღვრელ ძალდატანებაზე. ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ინგლისში არავინ არა სდგას კანონზე უფრო მაღლა. ყოველი ადამიანი, მიუხედავად თავის საზოგადოებრივ მდგომარეობისა, ემორჩილება სახელმწიფოს ჩვეულებრივ კანონებსა და ჩვეულებრივ სასამართლოს. ამნაირად, იქ გაბატონებულია ერთი იდეა: ყველა ინგლისელი კანონის წინაშე თანასწორი არის. ამიტომ ინგლისში ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება ისე ესმით, რომ მწერლობის საქმე დაუქვემდებარეს პრინციპს, რომლის ძალითაც არავის დასჯა არ შეიძლება, თუ არ პირდაპირ კანონის დარღვევის გამო.

ამ პრინციპის განხორციელება ცხად-ჰყოფს, რომ მასთან ერთად შეუძლებელია ცენზურის არსებობა, ესე იგი, შეუძლებელია ვისმე ხელი შეუშალონ რისამე დაბეჭდვაში.

ყოველი მწერლობაში მომუშავე ექვემდებარება თავის თანასწორ მოქალაქეთა, - ნაფიც - მსაჯულთა - სასამართლოს. ამ აზრს ასე გამოსთქვამს ერთი ინგლისელი: „ყოველ ადამიანს შეუძლიან საჯაროდ გამოსთქვას ყველაფერი, რაც თორმეტ მის თანამემამულეთ არ მიაჩნიათ გასაკიცხად; მაგრამ იგი დაისჯება, თუ რაიმე გასაკიცხს მოიმოქმედებს (ე.ი. თუ თორმეტი მისი თანამემამულე დაინახავს, რომ მისი ნამოქმედარი გასაკიცხია). ამნაირად, ბეჭდვითი სიტყვის მოქმედების განსაზღვრა ბიუროკრატიის ხელში კი არაა, - მას თვალყურს ადევნებს თვით ხალხი, საზოგადოება. ამ პირობებში მწერლობა სრულიად თავისუფალია და მისი ნორმალური ზრდა უზრუნველ-ყოფილია...

ამ ბოლო დროს რუსეთში, როგორც რუსულ, ისე სხვა ენებზე, ბევრი წიგნი იბეჭდება. და ეს იმას გვიჩვენებს, რომ ხალხის გონებრივმა მოთხოვნილებამ წაიწია წინ. ყოველივე დაბრკოლება, რომელიც მწერლობის განვითარებას აფერხებს, მაინც ძლეული ხდება და ძლევამოსილი აზრი თავისს მსვლელობაში თანდათან მთელ რუსეთს ეფინება; თქვენ კი, - ქართველებო, - ეს წიგნები გაწყენთო. საკვირველია! რა დავაშავეთ? რატომ ეს ზედმეტი შევიწროება მხოლოდ ჩვენთვის გაჩნდა?..

ივერია. - 1905. - 122. - გვ. 1

2.2 დამფუძნებელი კრების მოლოდინში (II. კონსტიტუცია)

▲back to top


. ონიაშვილი

კონსტიტუცია ნიშნავს უფლებრივ სახელმწიფოს ანუ ისეთ წეს-წყობილებას, სადაც პიროვნების უფლება კანონით დაცულია. კონსტიტუცია შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც - ეს დამოკიდებულია საზოგადოებრივ ძალთა განწყობილებაზე. დიდი რევოლიუციის დროს საფრანგეთის ერმა სამჯერ შეიმუშავა კონსტიტუცია: 1789, 1791 და 1793 წ. განსხვავება მათ შორის დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელ საზოგადოებრივ კლასის ხელში გადადიოდა რევოლიუციონური ძალაუფლება. პირველ კონსტიტუციას უფრო დეკლარაციული ხასიათი ჰქონდა და ზოგადი ფრაზებით იყო შეზავებული, მეორე მხოლოდ ნახევრათ იყო დემოკრატიული, მესამე - წმინდა დემოკრატიული. მაშასადამე, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ხასიათს ღებულობს რევოლიუციის მსვლელობა, იცვლება კონსტიტუციის შინაარსი. „ნამდვილი კონსტიტუცია, ამბობს ლასალი, რეალურ ძალთა განწყობილებაში მდგომარეობს. ქაღალდზე დაწერილ კონსტიტუციას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა და სიმტკიცე, როდესაც იგი გამოხატავს საზოგადოებაში არსებულ ძალთა ურთიერთობას.1

როგორც ვიცით, რევოლიუციის დროს ორი მიმართულება ებრძვის ერთმანეთს: ძველი და ახალი. მაგრამ რევოლიუციის გამარჯვებით ახლებშიაც ყველა ერთნაირათ არ არის დაინტერესებული. მაგალ., ბურჟუაზიული კლასი დაინტერესებულია მხოლოდ უფლებრივი თანასწორობით და პოლიტიკური თავისუფლებით, პროლეტარიატი კი - ეკონომიური და სოციალური თანასწორობით. ბურჟუაზიულ კლასისთვის რევოლიუცია თავდება იქ, სადაც იწყება პროლეტარიატისთვის. ამიტომ, როდესაც რევოლიუციის დროს ისმება საკითხი: ან პროლეტარიატის სრული გამარჯვება, ან და რეაქცია - ბურჟუაზია მუდამ ამ უკანასკნელისკენ იხრება. თავდაცვის ინსტიქტი აიძულებს მას კავშირით შეეკრას ისეთ საზოგადოებრივ კლასებს, რომელსაც იგი წინათ ბრძოლას უცხადებდა. ასეთ ტაქტიკას ადგენ საფრანგეთში ჟირონდელები2, პრუსიაში - ლიბერალური პარტია, მხოლოდ რუსეთში - კადეტები. ბურჟუაზიას არ შეუძლია ბოლომდე იბრძოლოს: მისი ბუნება ორჭოფულია და ოპორტიუნისტული. როგორც უკვე აღვნიშნეთ. ბურჟუაზია უკავშირდება რეაქციას და უკან დახევის პოლიტიკას აწარმოებს. ეს ორი საზოგადოებრივი ძალა იმუშავებს ერთგვარ კომპრომისს და გამოდის დარაზმული რევოლიუციის წინააღმდეგ. სიტყვა კომპრომისი ნიშნავს საერთოთ დათმობას, მორიგებას. აი ამ დათმობის ნიადაგზე იქნება თავისებური წესწყობილება, რომელსაც მონარქიულ კონსტიტუციას უწოდებენ. მაშასადამე, აქ ძველი პრინციპი - მონარქია არ არის სრულიათ უარყოფილი: იგი ხელოვნურათ მიწებებულია კონსტიტუციაზე. ამ გზით შემუშავდა, სხვათა შორის, 1850 წლის პრუსიის კონსტიტუცია, რომელიც შედეგად მოჰყვა რევოლიუციის დამარცხებას გერმანიაში და ავსტრიაში. გერმანიის კონსტიტუცია - ტიპიური მონარქიული კონსტიტუციაა და, მგონი, ზედ მეტი არ იქნება ცოტა დაწვრილებით განვიხილოთ იგი. „პრუსიის მეფე (იგივე გერმანიის იმპერატორი დ.ო.) პირველი პირია სახელმწიფოში. იგი განაგებს მთელ სახელმწიფოს და მეფობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; იგი იღებს ფაქტიურ მონაწილეობას ყველა საქმეებში და იმის დაუკითხავათ არაფერი არ კეთდება. მას მინიჭებული აქვს კანონმდებლობითი უფლება და „ვეტო“-ს უფლება3. მაშასადამე, მონარქიულ კონსტიტუციის დროს სუვერენიტეტი ისევ მეფის ხელშია. აქ პარლამენტს მხოლოდ მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, როდესაც გერმანიაში მეფის და რეიხსტაგს შორის კონფლიქტი იბადება, გამარჯვებული მუდამ მეფე გამოდის. ასე იყო, მაგალ., 1862-1866 წლებში პრუსიაში4. პირველმა მინისტრმა ბისმარკმა ლანდტაგს წაუყენა დასამტკიცებლად სამხედრო კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფოსაგან დიდ ხარჯებს მოითხოვდა ჯარის რეორგანიზაციისთვის. მიუხედავათ იმისა, რომ ლანდტაგმა არ დაამტკიცა ეს პროექტი, ბისმარკმა ძალით გაიყვანა ის ცხოვრებაში. მთავრობამ ადვილათ შესძლო ეს საქმე, ვინაიდან მის მხარეზე იყო შეიარაღებული ძალა. ტყუილათ კი არ ამბობდა ბისმარკი, რომ „კონსტიტუციის საკითხი დაბოლოს ძალის საკითხიაო“.

მკითხველს უეჭველია ეცოდინება, რომ ყველა პარლამენტარულ სახელმწიფოში არსებობს ეგრედ წოდებული მინისტრთა საბჭო. ეს უკანასკნელი გამოდის პარლამენტის წრიდან და პასუხისმგებელია მის წინაშე. არაფერი ამის მსგავსი არ არსებობს გერმანიაში. იქ მინისტრები მეფის მიერ არიან დანიშნულები და პასუხს აგებენ მხოლოდ მის წინაშე. მინისტრები ემორჩილებიან პირდაპირ რეიხსკანცლერს, ხოლო ეს უკანასკნელი - იმპერატორს. რეიხსკანცლერი იმპერატორის მარჯვენა ხელია და მისი სახელმწიფოებრივი ნების აღმასრულებელი. ამიტომ რეიხსტაგში კანცლერი მუდამ იმპერატორის სახელით ლაპარაკობს და არა როგორც ამა თუ იმ ფრაქციის წარმომადგენელი. კანცლერს იმპერატორი იწვევს და მისი სამსახურიდან დათხოვნა მხოლოდ იმპერატორს შეუძლია. 1886 წ. პრუსიის მთავრობამ სრულიად უმიზეზოდ განდევნა აღმოსავლეთ პრუსიიდან რუსეთის და ავსტრო-უნგრეთის ქვეშევრდომი პოლონელები. როდესაც რეიხსტაგში ერთმა პოლონელმა შეკითხვა შეიტანა კანცლერისადმი, ამ უკანასკნელმა არც-კი მოისურვა პასუხის გაცემა. ამის შესახებ რეიხსტაგმა რეზოლიუცია გამოიტანა, სადაც გაკიცხული იყო მთავრობის ასეთი საქციელი. პარლამენტარულ სახელმწიფოში ასეთ შემთხვევაში სამინისტრო უმალ სამსახურს თავს ანებებს, გერმანიაში კი აი რა პასუხი გასცა კანცლერმა რეიხსტაგს: „ჩვენ მაინც ჩვენსას ვეცდებით და რეიხსტაგის ოცი დადგენილებაც საქმეს ვერ შესცვლისო“.

ერთი სიტყვით, გერმანიის კონსტიტუცია ძლიერი კონსერვატიული სულით არის შეპყრობილი. მთელი სახელმწიფოებრივი ძალაუფლება იმპერატორის ხელშია.

რით აიხსნება ეს მოვლენა? ნუ თუ გერმანიის ხალხს ნაკლებათ უყვარს თავისუფლება? აქ უნდა გავიხსენოთ ისევ დიდებული ლასალის სიტყვები: „ნამდვილი კონსტიტუცია რეალურ ძალთა განწყობილებაში მდგომარეობს“. მაშინ, როდესაც იწერებოდა გერმანიის კონსტიტუცია, სწორედ ეს რეალური ძალთა განწყობილება მეფისკენ იყო და არა ხალხისკენ. ეს იყო ხანა რეაქციის გამარჯვების და რევოლიუციის დამარცხებისა. 1849-50 წ. გერმანიის იმპერატორმა ჯერ იარაღით დაამარცხა აჯანყებული ხალხი და მერე უწყალობა მას კონსტიტუცია. რასაკვირველია გამარჯვებულ მეფეს შეეძლო ესეც არ მიეცა ხალხისთვის, მაგრამ წარსული მწარე გაკვეთილები უკარნახებდენ მას დათმობის პოლიტიკას. „მე თავის დღეში ნებას არავის მივცემ, ამბობდა 1847 წ. პრუსიის მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ IV, რომ ღმერთსა და ჩემ შორის გაიხიროს რაღაც დაწერილი ქაღალდის ნაგლეჯი!5 (ე.ი. კონსტიტუცია. დ.ო). 1848 წ. მარტში იგივე მეფე ქედ-მოხრილი და თავშიშველა იდგა ბერლინში ბარიკადებზე დახოცილთა გვამების წინაშე...

ერთი სიტყვით, 1850 წ. კონსტიტუცია იყო ერთგვარი ხელშეკრულობა, რომელიც დასდო გამარჯვებულმა მეფემ და დამარცხებულმა ხალხმა. როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს აქაც, რასაკვირველია, ზავის პირობები გამარჯვებულმა მხარემ უკარნახა დამარცხებულს. თქმა არ უნდა იმას, რომ ამ ნახევარ საუკუნის განმავლობაში გერმანიის სოციალური ცხოვრება ძალზე შეიცვალა. მისი ეკონომიური განვითარება ზღაპრული ნაბიჯებით მიდის წინ და ამის დამიხედვით იცვლება რეალურ ძალთა განწყობილებაც, მაგრამ გერმანიის პოლიტიკური ცხოვრება კი ძალიან ნაკლებად იცვლება. რად ხდება ასე? ეს აიხსნება ორი მიზეზით: ერთის მხრივ იმით, რომ გერმანიის იმპერატორი ამ ბოლო დროს დათმობის პოლიტიკას ადგია, და მეორე - იმით, რომ მისი მთავრობის წარმომადგენელნი იჩენენ დიდ ენერგიას და სახელმწიფოებრივ ცხოვრების უნარს. მიუხედავათ ამისა, გერმანიის მონარქიულ კონსტიტუციას დიდი დღე არ უწერია. მალე დაჰკრავს გერმანიის საბედისწერო საათი და გამარჯვებული ხალხი მოიპოვებს ბრძოლით ისეთ კონსტიტუციას, რომელიც მართლა გამოხატავს მის რეალურ ძალთა განწყობილებას.

მაშასადამე, მონარქიული კონსტიტუცია სრულიად არ გამოხატავს დემოკრატიის სურვილს. იქ, სადაც მონარქიული კონსტიტუცია ფეხს იკიდებს, ძალზე ბნელდება დემოკრატიის პოლიტიკური შეგნება. ჩვენ ყველამ კარგათ ვიცით, თუ რა თვისებისა იყო რუსეთში მონარქიული კონსტიტუცია. აქ, ე.ი. რუსეთში მონარქიამ სრულიად გადაყლაპა კონსტიტუცია, ამოსწოვა მას სული და დასტოვა მხოლოდ ჩონჩხი. სამინისტრო პასუხის მგებელი იყო პარლამენტის წინაშე. რუსეთში მეფის მთავრობა არ სცნობდა არავითარ პასუხისმგებლობას. გაიხსენეთ კოკოვცევის ისტორიული სიტყვები: „დიდება ღმერთს, რომ ჩვენში პარლამენტი არ არისო!“ გასაოცარი სიჯიუტით იცავდა მეფის მთავრობა თვითმპყრობელობის პრინციპს და აწამებდა პარლამენტარიზმის იდეას. მაგრამ თვითმპყრობელობა მაინც დამარცხდა და პალამენტარიზმის იდეამ ბრწყინვალედ გაიმარჯვა. რევოლიუციამ დაამსხვრია ძველი კერპები და მასთან ერთად მონარქიული კონსტიტუციაც.

(დასასრული იქნება)

_______________

1. ix. Ф. Лассаль. «О сущности конституцiи». გვ. 32

2. ჟირონდელები უმთავრესათ ბურჟუაზიულ არისტოკრატიას ეკუთვნოდენ. მიაღწია რა თავის სურვილს, ამ პარტიას უნდოდა რევოლიუციის შეჩერება, მაგრამ რევოლიუციის ძლიერმა ტალღამ შთანთქა მთელი პარტია. დ.ო.

3. იხ. Дюпрiе: «Государство и роль министровъ въ Пруссiи», გვ. 23 „ვეტო“ ნიშნავს მეფის უფლებას, შეაჩეროს კანონი, რომელიც მიღებულია პარლამენტის მიერ. დ.ო.

4. გერმანიის კონსტიტუცია თითქმის არაფრით არ განსხვავდება პრუსიის კონსტიტუციისაგან. ამიტომ ჩვენ ვეხებით ორივეს ერთსა და იმავე დროს. დ.ო.

5. საერთოდ ამ მეფეს ისე სძულდა კონსტიტუცია, რომ ამ სიტყვის ხმარებაც კი ეჯავრებოდა. კონსტიტუციას იგი უძახდა „პატენტს“. იხ, Сеньсбосъ Новъйтшая исторiя Европы გვ, 101. დ. ო.

ერთობა. - 1917. - 157. - გვ. 2

2.3 დამფუძნებელი კრების მოლოდინში (III. პარლამენტარიზმი)

▲back to top


. ონიაშვილი

პარლამენტარიზმის სამშობლოთ ინგლისი ითვლება. იქ უკვე მეცამეტე საუკუნეში ჩაეყარა საძირკველი იმ წესწყობილებას, რომელიც შემდეგ მთელი ევროპის პოლიტიკურ იდეალად გადაიქცა. პარლამენტარიზმი არის საუკეთესო ფორმა საელმწიფოებრივ ცხოვრებისა, ვინაიდან მთელი ძალაუფლება ხალხის ხელშია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მონარქიულ კონსტიტუციაში მეფე თავის მინისტრებით გადამწყვეტ როლს თამაშობს, ხოლო პარლამენტი მათი მოჩანჩალაა. პარლამენტარიზმის დროს ჩვენ თვალწინ უკუღმა სურათი იშლება: პარლამენტი აქ ყველაფერია, მეფე-კი უბრალო მაჩანჩალა. მაშასადამე პარლამენტარიზმის პრინციპის გამარჯვება ნიშნავს ხალხის ანუ დემოკრატიის გამარჯვებას. ამიტომ არის, რომ პარლამენტარიზმის განვითარება გულისხმობს ყველგან დემოკრატიულ რესპუბლიკას. ამ მხრივ ინგლისი გამონაკლის შეადგენს. რაღაც უცნაური შემთხვევის ძალით ინგლისში დღემდის ერთად თავსდებიან მეფე და სრულ უფლებიანი პარლამენტი. მაგრამ, როგორც სუყველაფერს, ამ „უცნაურ“ მოვლენასაც აქვს თავის ღრმა ისტორიული მიზეზები. საქმე იმაშია, რომ ფეოდალიზმის განვითარება ინგლისში ხდებოდა სულ სხვა გზით, ვიდრე კონტინენტალურ ევროპაში. ინგლისში ფეოდალები არასოდეს არ ყოფილან ისეთი ძლიერნი, როგორც მაგალ. საფრანგეთში. ამიტომ მათ დამოუკიდებლად არ შეეძლოდ გამოსულიყვნენ მეფის წინააღმდეგ და მუდამ იშველიებდენ ბურჟუაზიას. საფრანგეთში მეფემ ქალაქების შემწეობით დაამარცხა ფეოდალები და განამტკიცა აბსოლიუტიზმი, ხოლო ინგლისში ფეოდალებმა იმავე ქალაქების შემწეობით დაამარცხეს მეფე და მიაღებინეს მას პარლამენტარული მართვა-გამგეობა. ამის გარდა, მეჩვიდმეტე საუკუნეში, სწორედ მაშინ, როდესაც აბსოლიუტიზმი ინგლისში ფეხს იმაგრებდა, ინგლისის მეფის გვირგვინი გადავიდა შოტლანდიელ მეფეების ხელში, შოტლანდია-კი ამ დროს ძალზე ჩამორჩენილი ქვეყანა იყო ეკონომიურად. ისე, რომ მეფემ ვერ გაუწია მეტოქეობა ინგლისის მსხვილ მიწადმფლობელებს და ბურჟუაზიას. მაგრამ ყველაზე უმთავრესი მიზეზი ინგლისში პარლამენტარიზმის განვითარებისა უნდა ვეძებოდ მის გეოგრაფიულ პირობებში. როგორც ვიცით მთელი ინგლისი წარმოადგენს ერთ ვრცელ კუნძულს, ზღვით გარშემორტყმულ და სრულიად არ საჭიროებს ხმელეთის ჯარს. მისთვის საკმარისია მხოლოდ ძლიერი ფლოტი. აი მოკლედ ის მიზეზები, რომლის მეოხებით ინგლისში ძველი დროიდან პარლამენტარიზმი განვითარდა. მკითხველს უეჭველი ეცოდინება, რომ ინგლისელებს პარლამენტი უკვე მეცამეტე საუკუნეში ჰქონდათ. ცნობილი „დიდი ქარტია თავისუფლებისა“ გამოქვეყნდა 1215 წ. ამის შემდეგ ინგლისის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი ცვლილება მოხდა, მაგრამ პარლამენტარიზმი მაინც არ მომკვდარა. დღეს პარლამენტარული წეს-წყობილება ინგლისის ხალხის ძვალსა და რბილშია გამჯდარი. არც ერთ ქვეყანაში არ არის პარლამენტი ისეთი ავტორიტეტით აღჭურვილი, როგორც ინგლისში. ტყუილად-კი არ ამბობდა ერთი ინგლისელი მწერალი: ინგლისის პარლამენტს ყველაფერი შეუძლია გარდა იმისა, რომ კაცი ქალად აქციოს და ქალი კაცად. ინგლისში პარლამენტი უზენაესი დაწესებულებაა. იგი აღჭურვილია არა მარტო პოლიტიკური, არამედ სასამართლოს ფუნქციებითაც. პარლამენტის წინაშე ქედს იხრის მთელი ერი, მეფიდან დაწყებული უბრალო მუშამდის. მკითხველმა უკვე იცის, თუ რა ბოროტად სარგებლობს პრუსიის მეფე „ვეტო-ს“ უფლებით. ინგლისში სულ სხვა სურათს ვხედავთ. თუმცა კანონით მეფეს ინგლისშიაც აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ ფაქტიურად იგი გაუქმებულია. უკანასკნელად ვეტოთი ისარგებლა ინგლისის დედოფალმა ანამ 1707 წელს. საერთოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ინგლისში პარლამენტარიზმს უფრო ტრადიციული ხასიათი აქვს, ვიდრე წერილობითი. ინგლისში არ არსებობს ერთი მთლიანი ქაღალდზე დაწერილი კონსტიტუცია, როგორც მაგალ. საფრანგეთში ან იტალიაში. იქ ხალხი ემყარება არა ქაღალდის ნაგლეჯს, არამედ ისტორიულ ტრადიციებს და საპარლამენტო პრეცედენტებს.

ასეთია ინგლისის პარლამენტარიზმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინგლისის პოლიტიკური ცხოვრება სხვა სახელმწიფოებისთვის მისაბაძ მაგალითად გადაიქცა და მალე პარლამენტარიზმის ქსელი მთელ ევროპას მოედო. მიუხედავათ იმისა, რომ პარლამენტარიზმი სხვადასხვა სახელმწიფოში თავისებურ სახეს ღებულობს, მისი იურიდიული ბუნება მაინც ერთია ყველგან. აღმასრულებელი ძალა უნდა დაემორჩილოს კანონმდებლობით ძალას, აი ალფე და ომეგა მთელი პარლამენტარიზმისა. პარლამენტარულ სახელმწიფოში მინისტრებს მეფე კი არ ნიშნავს, არამედ ირჩევს მათ პარლამენტი. იქ მინისტრები მეფის მოხელეები კი არ არიან, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების ლიდერები. მონარქიულ კონსტიტუციაში მინისტრებს აერთებთ მონარქის ნება და სურვილი, პარლამენტარულ სახელმწიფოში ერთი მთლიანი პოლიტიკური პროგრამა. პარლამენტარულ სახელმწიფოში მინისტრთა საბჭო სოლიდარულად მოქმედებს და ამიტომ პასუხს აგებს პარლამენტის წინაშე მთელი თავის შემადგენლობით; თუ პარლამენტმა რომელიმე მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა, მაშინ მთელი სამინისტრო ვალდებულია სამსახურიდან გადადგეს. ასეთ პასუხისმგებლობას ინგლისში ტრადიციული ხასიათი აქვს, იგი ასე ვთქვათ იგულისხმება თავის და თავად, ხოლო საფრანგეთში ჩაწერილია ძირითად კანონებში.1

ასეთია მოკლეთ პარლამენტარიზმის ბუნება. ჩვენ განვიხილეთ უკვე სამი სისტემა პოლიტიკურ მართვა-გამგეობისა: თვითმართველობა, მონარქიული კონსტიტუცია და პარლამენტარიზმი. მათ შორის, როგორც მკითხველმა დაინახა, დიდი განსხვავება არსებობს. საიდან წარმოსდგება ეს განსხვავება? იმ სოციალურ ნიადაგიდან, რომელიც ასაზრდოვებს თვითოეულ ამ სისტემას. თვითმპყრობელობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ წინად, გამოხატავს ფეოდალურ კლასების სულისკვეთებას, მონარქიული კონსტიტუცია - პირველი ამოძახილია ფეოდალურ მონობისაგან განთავისუფლებულ ბურჟუაზიისა, პარლამენტარიზმი დემოკრატიის პოლიტიკური იდეალია. დღეს პარლამენტარიზმის იდეის დამცველად გამოდის პროლეტარიატი, ვინაიდან იგი ყველაზე ძალიან არის დაინტერესებული მის გამარჯვებაში. სამართლიანად აღნიშნავს კაუტსკი რომ „ბურჟუაზია აღარა ხედავს პარლამენტში თავის კლასობრივ ბატონობის საუკეთესო იარაღს. იგი გრძნობს, რომ შეუძლებელია გამოუკეტო პროლეტარიატს პარლამენტის კარები. იგი ხედავს, რომ მოახლოვებულია საათი, როდესაც პროლეტარიატი ბრძოლით მოიპოვებს ავსტრიაში საყოველთაო საარჩევნო უფლებას, ხოლო გემანიაში იმავე უფლების საშუალებით დაიპყრობს თვით პარლამენტს. ბურჟუაზია გრძნობს, რომ პარლამენტარიზმის გამარჯვების საათი იქნება იმავე დროს საათი მისი აღსასრულისა. ამიტომ ხსნას იგი ელის არა პარლამენტარიზმში, არამედ - მილიტარიზმში და აბსოლიუტიზმში.2

მაშასადამე ვერც რუსეთში გამოვა ბურჟუაზია პარლამენტარიზმის დამცველათ. მისი პოლიტიკური იდეალი მონარქიულ კონსტიტუციაზე შორს არ მიდის. დემოკრატია ამ გზას არასოდეს გაჰყვება... ყოველ შემთხვევაში რუსეთის ცხოვრების პოლიტიკურ გარდაქმნაში უკანასკნელი სიტყვა დამფუძნებელ კრებას ეკუთვნის. რომელი პრინციპი გაიმარჯვებს ამ კრებაზე - ეგ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება იმ დროს რუსეთში საზოგადოებრივ ძალთა განწყობილება. ბევრსა ჰგონია, რომ დამფუძნებელი კრება რუსეთს განსაცდელისაგან იხსნის. ეს, თუ გნებავთ, რამდენადმეთ მართალია, მაგრამ აქ დამფუძნებელ კრების მნიშვნელობა ცოტა არ იყოს გაზვიადებულია. 1848 წ. საფრანგეთში დამფუძნებელმა კრებამ დიდის ამბით გამოაცხადა რესპუბლიკა და პრეზიდენტათ მოიწვია ლუი ნაპოლეონ III. მაგრამ 1851 წ. ამ ვაჟბატონმა გადააფურთხა დამფუძნებელ კრების დადგენილებას და თავისი თავი იმპერატორად გამოაცხადა. მხოლოდ 1870 წ. სედანში გამოიღვიძა საფრანგეთის ხალხმა და სასტიკი შური იძია არა მკითხე იმპერატორზე.3 18 მაის 1848 წ. ფრანკფურტში მოწვეული იყო დამფუძნებელი კრება, რომელსაც უნდა შეემუშავებინა მთელ გერმანიაში ახალი პოლიტიკური წეს-წყობილება. დამფუძნებელმა კრებამ გასტანა სულ რამოდენიმე თვე და ბოლოს მოკვდა სამარცხვინო სიკვდილით. კრებამ თავის დასაკლავი დანა თითონვე გაილესა და რესპუბლიკის განხორციელების ნაცვლად გვირგვინი შესთავაზა ვიღაც გამოჩერჩეტებულ ავსტ. პრინცს იოჰანოს. პრუსიის მეფეს კი ამ დროს არ ეძინა ბერლინში. იგი ცეცხლით და მახვილით ებრძოდა აჯანყებულ ხალხს. მან მშვენივრად იცოდა, რომ თუ ხალხი ქუჩაში დამარცხდა, მას ვეღარ უშველის ორმოცი დამფუძნებელი კრებაც. ფრანკფურტის პოლიტიკოსებმა კი ეს არ იცოდენ.

რას გვასწავლის ჩვენ ისტორიის გაკვეთილები? იმას, რომ დამფუძნებელ კრებისთვის საჭიროა მოხდეს ყველა დემოკრატიულ ძალთა მობილიზაცია. ამ კრებას მხოლოდ მაშინ ექნება მნიშვნელობა, თუ რეალური ძალთა განწყობილება დემოკრატიისკენ იქნება და არა კონტრ-რევოლიუციისკენ. მაგრამ, როგორიც უნდა იყოს ამრეალურ ძალთა განწყობილება, რუსეთს იხსნის მხოლოდ დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ რწმენით უნდა წავსდგეთ დამფუძნებელ კრების წინაშე და, თუ საჭირო იქნება, შევალიოთ მას ჩვენი სიცოცხლე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მუდამ, რომ პარლამენტარიზმის იდეა რუსეთში საბოლოოთ მაშინ გაიმარჯვებს, როდესაც იგი აღიბეჭდება არა მარტო ქაღალდის ფურცლებზე, არამედ ხალხის გულშიც.

_________________

1. იხ. 1875 წ. საფრანგეთის ძირითადი კანონები, & 6.

2. იხ. Каутскiй «Парламентаризмъ и народное законодательство». გვ. 128.

3. სედანში ნაპოლეონი ტყვეთ ჩაუვარდა მთელი თავისი ჯარით პრუსიელებს. გაიგეს თუ არა ეს ამბავი პარიზში, ნაპოლეონ III ტახტიდან ჩამოაგდეს და რესპუბლიკა გამოაცხადეს მთელ საფრანგეთში დ.ო.

ერთობა. - 1917. - 158. - გვ. 2

2.4 ინგლისში და რუსეთში. - წესიერების, თუ უწესოების დამცველნი? - პოლიცია და სკოლა

▲back to top


სიტყვა [სამსონ ფირცხალავა]

ამას წინად ერთს რუსულ გაზეთში წავიკითხე: „ლონდონში ბურების სასარგებლოდ ლაპარაკი შეიძლებოდა მხოლოდ პოლიციის მფარველობის ქვეშ. ამიტომ ხშირად შეხვდებოდით ასეთს სურათებს, რომლებიც შესაძლებელია მარტო ინგლისში. გაიმართებოდა ომის (ინგლისელ-ბურთა შორის) მოწინააღმდეგეთა მიტინგი, რომელიც ჰკიცხავდა და აგინებდა მთავრობას; კრების ზალის კარებთან კი პოლიცია იცავდა სიტყვის თავისუფლებას და არ უშვებდა ბრბოს, რომელიც ცდილობდა შევარდნილიყო ზალაში და გაერეკა ორატორები. შეუბრალებელი იყო ამ დროს ლონდონელი პოლიციელი. შეიძლება თვითონ ძალიანი პატრიოტი იყო, ბურებს მავნებელ ადამიანებად სთვლიდა, რომელნიც უნდა გაწყვეტილიყვნენ, მაგრამ მას მინდობილი ჰქონდა ინგლისელისათვის უძვირფასესის უფლების დაცვა და წმინდად ასრულებდა ამ მინდობილებასო“.

წავიკითხე ეს და მომაგონდა ჩვენებური პოლიცია. ინგლისელი პოლიციელი იცავს თავისუფლებას, ჩვენებური კი - მუდამ სდევნის, ავიწროვებს თავისუფლებას და ყოველ საშუალებას ხმარობს მის სრულ მოსასპობლად. უეჭველია ჩვენში და ინგლისში სხვა-და-სხვა ნაირად არის მოწყობილი ცხოვრება. იქ, ინგლისში მზეც სხვანაირად ანათებს და მთვარეც, ადამიანები ჩვენ არ გვგვანან, სხვანაირი სისხლი და ხორცი აქვთ, საჭმელსაც სხვას სჭამენ, სხვანაირი თვალები აქვთ, სხვანაირი ყურები, სხვანაირი გული, არც ფიქრობენ და არც გრძნობენ ისე, როგორც ჩვენ. მაშასადამე რა-კი სულ სხვა ხალხია ინგლისელები, პოლიციაც სხვა ნაირი ეყოლებათ. ჩვენთვის საჭირო არ არის თავისუფლებაო, და ამიტომ ჩვენებური პოლიცია დაუძინებელი მტერია თავისუფლებისა. ჩვენში თუ სადმე თავისუფალი აზრი გაჩნდა, თავისუფალი მოქმედება, თავისუფალი ადამიანი, იქ აუცილებლივ გამოცხადდება პოლიცია მთელის თავის ძლიერებით - ჯოხით, კეტით, მათრახით, ხმლით, რევოლვერით და ყველაფერს ახჩობს და აწამებს. ჩვენებური პოლიციის დანიშნულება ისაა, რომ მოსპოს დედამიწაზე სიცოცხლე და დაამყაროს სიკვდილი და სამარის სიჩუმე. ასეთს საქმეს თვითონ ბატონი პოლიცია წესიერების აღდგენას უწოდებს. მაშინ როდესაც ინგლისელი პოლიციელისათვის წესიერება - თავისუფლება და სიცოცხლეა, ჩვენებური პოლიციელისათვის წესიერება - ყველაფრის მოსპობა და არარაობაა.

ინგლისში პოლიციელის თანამდებობისათვის აუცილებელი საჭიროა განათლება, ზნეობა, ზრდილობა, ნამდვილი ჯენტლმენობა; ინგლისში არასოდეს არ მისცემენ პოლიციელის ადგილს სამხედრო სამსახურში ნამყოფ ადამიანს, ჩვენში-კი ვის უნახავს განათლებული, გონიერი და ზრდილობიანი პოლიციელი! ჩვენებურ პოლიციელისათვის ერთი რამაა საჭირო: უნდა იცოდეს კარგად „მეამბოხე და თავისუფალ ადამიანის“ გვერდების დაზელა და გამათრახება, ჩვენი საქმე მარტივი და ადვილიაო, - გამიგონია პოლიციელებისაგან, და მართლაც იმაზე ადვილი და მარტივი რაღა იქნება, რომ ყოველ გამვლელ-გამომვლელი წაღმა-უკუღმა სცემო.

ინგლისში პოლიცია თავისუფლებას მოგაგონებთ, ჩვენში-კი - მონობას და ათას სხვა უბედურებას, რომლის ჩამოსათვლელად საჭიროა ადამიანის მთელი სიცოცხლე. მართალია, ინგლისიც ვერ ყოფილა, ჯერ კიდევ მთლად ბედნიერი ქვეყანა, თუ იქ თავისუფლება სავსებით ვერ დამყარებულა და მის დასაცავად კიდევ საჭიროა პოლიცია, მაგრამ მისი წესწყობილება და მდგომარეობა იმდენად უკეთესია და მაღლა დგას, რომ ამის შედარებაც არ შეიძლება ჩვენს მდგომარეობასთან! ინგლისში მთავრობა ვალდებულია, ეს მისი უპირველესი მოვალეობაა, დაიცვას თავისუფლება ყოველის მოქალაქისა, ყოველის ადამიანისა, დაიცვას თავისუფლება სიტყვისა, წერის, სინდისისა, კრების, წასვლა-წამოსვლის, დაიცვას ხელშეუხებლობა პიროვნებისა და კერძო ბინისა, დაიცვას კანონი, უფლებაა... ჩვენში? აბა, ჰკითხეთ პოლიციას, რომელიც გვეუბნება მაძღარნი ხართო, როდესაც შიმშილით კვდებით, ჯოხს გვარტყამს თავში, როდესაც გვინდა ვილაპარაკოთ, ხელ-ფეხს გვიკრავს, როდესაც სამართალს ვთხოულობთ, ციხეში გვაგდებს, როდესაც ჩვენებურად ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვლოცულობთ, სიკვდილს გვემუქრება, როდესაც გვინდა სიცოცხლე-თავისუფლება!..

***

გურიაში, სამეგრელოში, მთელს იმერეთში დღეს საერთო კრიზისი და შიმშილობაა. ეს ყველასათვის ცხადია, აშკარაა, ხალხის შიმშილს დღეს ბრმა ვერ ხედავს მხოლოდ; და ვერ ხედავენ ჩვენი პოლიციელნი, რომელნიც ვითომ ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურებიან და ნამდვილად-კი დღე და ღამ მარტო იმას ჰფიქრობენ, როგორმე ძირი გამოუთხარონ ამ კეთილდღეობას. ჩვენში პოლიცია ყველაფერია, ვითომ ქვეყნის დედაბოძია, ბედნიერება და სიხარული წარმოსდინდება მისგან, მაგრამ ამ თავის „ყველაფერობას“ ხმარობს მხოლოდ იმისთვის, რომ ფეხით გასთელოს ხალხის სიკეთე და სიცოცხლე.

ამას წინად სამეგრელოში ერთი სოფლის ყრილობაზე ბოქაული უმტკიცებდა ხალხს, თქვენში შიმშილობა არ არიო; მე ჩემის თვალით ვნახე, რომ იარმუკაზე ერთმა ქალმა წითელი ფოსტლები იყიდა და მეორემ ფერ-უმარილიო. - ნამდვილი პოლიციური მსჯელობაა: მთელი მაზრა რომ შიმშილით კვდებოდეს და ბოქაულმა სადმე პურები რომ დაინახოს, მაშინვე რაპორტს გაუგზავნის უფროსს, „ხალხს ყველაფერი მრავალი აქვს, ხოლო ბოროტ და არასაიმედო ადამიანების ჩაგონებით ბუნტაობს ხალხიო“. უფროსი კიდევ უფროსს მისწერს და ასე გამოცხვება განცხადება სრულის ბედნიერების და კეთილდღეობის შესახებ. რუსეთში თითქმის ყოველ წელიწადსაა შიმშილობა, განსაკუთრებით დიდი შიმშილი იყო ამ 12-13 წლის წინად. მთელი რუსეთი შეინძრა მაშინ და მიეშველა გაღატაკებულს და დამშეულს ხალხს. მხოლოდ მარტო პოლიცია და მასთან პოლიციური „მოსკოვ. ვედომოსტები“ უარყოფდნენ შიმშილს, ეს სულ მეამბოხეთა მოგონილიაო, და თხოულობენ მთავრობაზე სასტიკი ზომები მიეღო „ძალად-მშიერთა“ და მათ მეთაურთა წინააღმდეგ.

კანონით გერგებათ რამე, მიდიხართ პოლიციაში, მაგრამ თუ ბოქაულს არ მოეწონა თქვენი სახე, ან თქვენი ტანისამოსი (მაგალითად ბოქაულს უყვარს შავი ფერი, თქვენი ტანისამოსი კი ლურჯი ფერისაა, ან თქვენი ხმა, თქვენი ეროვნება, ან სარწმუნოება, ან თქვენი ლაპარაკის კილო, მის მაგიერ რომ გეთქვათ: „თქვენო მაღალკეთილშობილება, თქვენ მიმართეთ უბრალოდ „ბატონო!)“, ან თქვენი ფეხსაცმელი, ან თქვენი გალსტუხი, (მაგალითად, პოლიციას წითელი გალსტუხი ძალიან სძულს!), ან თქვენი [არ იკითხება] და ათასი კიდევ სხვა რამ, - და ბოქაული უარს გეუბნებათ. თუ ცოტა სუფთად გაცვიათ, გეტყვის: არა გვცალიან, ქაღალდი არ მიგვიღია, ან ესა და ეს ცნობა მოგვიტანეთო. თუ კი უბრალო ვინმე ხართ, მაშინ ჯერ კარგა ხანს პასუხს არ მოგცემთ, მერე კი დაგიყვირებთ: გარე გაეთრიეთ! და თუ სიტყვა შეუბრუნეთ, მაშინ ბარე ორს მუშტს მოგიღერებს, პანღურის ცემით გამოგაგდებს გარეთ.

სადმე შეიკრიბეთ [არ იკითხება], მაგრამ როგორც კი მოვა პოლიცია, ჩაერევა თქვენს საქმეში „წესიერების“ დასაცავად, მაშინვე მოხდება წარმოუდგენელი უწესობა - შეიქმნება საშინელი წივილ-კივილი, ერთმანეთის [არ იკითხება] ყველაფერი აირევ-დაირევა. ამის მაგალითი ვნახეთ, სხვათა შორის, წარსულ კვირა-ორშაბათს, როდესაც ვანქის ტაძარში, მეჩეთში და თათრების სასაფლაოზე პანაშვიდები იქნა გადახდილი ბაქოში დაღუპულ მსხვერპლთა მოსაგონებლად. ტფილისს არ ახსოვს ამდენი ხალხის ერთად შეკრება. დიდებული სურათები გადაიშალა ყველას წინ. გაისმა ძმობის და ერთობის სიტყვები, ილაპარაკეს თავისუფლად თავისუფლების შესახებ. და ყველაფერი ეს მოხდა ისე წესიერად, რომ გასაკვირველი იყო. ეს წესიერება დაიცვა თვითონ საზოგადოებამ... მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ პოლიცია მისულიყო მისებურ „წესიერების“ დასაცავად, რა უბედურება მოხდებოდა მაშინ!.. კვირის და ორშაბათის ამბები ამ მხრითაც მეტად საყურადღებოა!

აქ არ შემიძლია, არ მოვიგონო ამ დღეებში ბაქოს ნავთის მწარმოებელთა კრებაზე წარდგენილი აზრი: ნუღარ აღმოუჩენს კრება ყოველ წლიურ ქონებრივ დახმარებას პოლიციას, რადგან უკანასკნელს არ შესძლებია ემსახუროს თავის დანიშნულებას, დაიცვას წესიერება, როცა ნამდვილად საჭიროა ამ წესიერების დაცვა. რაც მოხდა ტამბოვში, ნოვგოროდში და რუსეთის სხვა ქალაქებში, როგორ იცავდნენ პოლიციელთ უწესობას, ეს, ალბად, ყველას კარგად ახსოვს.

***

დადგება დრო, როდესაც ქვეყანაზე აღარ იქნება პოლიციელი, კაცობრიობა მშვიდობიანად იცხოვრებს, მოასვენებს ამ „მშვიდობიანობისა და მოსვენების“ მოხელისაგან. მაგრამ, რომ შემეძლოს, ცოცხლად შევინახავდი ქალაქში ამ განთქმულს არსებას მომავალ ისტორიკოსთა და მკვლევართათვის, დავიცავდი ხელუხლებლად - უვნებელ კი შევქმნიდი სპირტის შემწეობით - და წარვუდგენდი მომავალ თაობათ, როგორც უმშვენიერეს მარგალიტს დღევანდელი ცხოვრებისას, რომელიც უფრო დაახასიათებდა ეხლანდელს ვითარებას, ვიდრე ათასი და ათი ათასი ტომი მეცნიერულ წიგნისა.

რას არ ეტყოდა , რას არ მოაგონებდა კაცობრიობის მშვენიერი არსება? მოაგონებდა მწარე დღეებს, ჟამთა სიმწარეს, მტარვალის ჩაგვრას, ძალმომრეობას, თავგასულობას, ტანჯვასა მწვავსა შეურაცხყოფილ პიროვნებისას, მართლ-მსაჯულების უარყოფას, მძლავრთ უკმეხობას, შეურაცხყოფას ღირსეულისას უღირსისაგან, და ათასგვარ სხვა უკუღმართობას! ეტყოდა, როგორ სთელავდა ფეხით ადამიანის უფლებას, სჩაგრავდა უბრალოს, არჩობდა ღარიბს და ღატაკს, სცემდა ობოლს, სტანჯავდა ქვრივსა და უპატრონოს, ატუსაღებდა მართალს, ბორკილს ადებდა ხელფეხზე, ვისაც კი უნდოდა ადამიანური ცხოვრება, ნემსებით ჩხვლეტდა ენას, ვინც კი ამოიღებდა ხმას, საწამლავით ჰკლავდა ბრძენსა და სამართლის მოყვარე სოკრატს, ჯვარს აცმევდა ძმობის მქადაგებელს იესოს, ცეცხლზე სწვავდა ჯორდანო ბრუნოს...

მწარე იქნებოდა ამის მოგონება, მაგრამ იგი იქნებოდა ნამდვილი სურათი, რომელიც ცოცხლად წარმოადგენდა დღევანდელ ვითარებას. რა ბედნიერი იქნებიან მომავალი ადამიანები! ისინი მხოლოდ მოიგონებენ და წარმოიდგენენ იმას, რაც ჩვენ დღეს გარშემო გვარტყია და ისე აბრკოლებს ჩვენი ცხოვრების წინსვლას, - წინსვლას ვინ ჩივა, რაც ასე უკან, უკან სწევს ჩვენს ცხოვრებას! ნეტავი იმ დროს, როდესაც პოლიცია წარმოსადგენი იქნება მხოლოდ! რამდენი ტრაგედია და კომედია დაიწერება მაშინ პოლიციის ისტორიიდან. ბედნიერი მოესწრება იმ დროს! რა სასაცილო და კომიკური რამ იქნება ის, რაც ეხლა ასე საშინელი და შიშის ზარის მომგვრელია! კაცობრიობას ჰქონდა ხის და ქვის კერპები, რომლების წინაშე შიშისაგან ჰკანკალებდა, რომელთაც შესწირავდა ადამიანს მსხვერპლად! კაცობრიობას ჰყავდა პაპი, რომელიც ღმერთად ითვლებოდა დედამიწაზე და რომლის ერთი სიტყვა სიცოცხლეს უმწარებდა ადამიანებს! მაგრამ სად არიან დღეს ეს კერპები, ქვისა და ხის ღმერთები? ბავშვებსაც კი არ ეშინია დღეს მათი! ვინ არის დღეს პაპი? მისი დღეები დათვლილია და მალე აღარ იქნება მისი სახსენებელიც.

ასე მოიგონებს მომავალი თაობა ბევრ რასმე ჩვენი დღევანდელი ცხოვრებიდან, რაც დღეს ჩვენი ბრძანებელია, გვაშინებს, სულს გვიხუთავს. ეს ისტორიული კანონია და ტყვილად ჰგონია ვისმე, რომ ეს ასე იქნება!

***

პოლიცია პოლიციაა, მაგრამ, რომელი დაწესებულება არ მისდევს დღეს პოლიციის ხელობას! სკოლა ხომ ისეთი წმინდა, მაღალი დაწესებულებაა, რომელმაც უნდა აღზარდოს მოსწავლეში ჭეშმარიტი ადამიანი, ჩააგონოს მას ის მაღალი, კეთილშობილი აზრები და გრძნობები, რომლებითაც უნდა ისარგებლოს შემდეგ, თავის ცხოვრებაში, - ეს სკოლაც-კი დღეს ემსახურება მტრობას, უსამართლობას და მონობას, ერთი ადამიანის მეორესაგან დაჩაგვრას, უთანასწორობას. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც სიამოვნებით მოიგონებდეს სკოლაში ყოფნის დროს. არავის არა აქვს სიყვარული სკოლისადმი. ბავშვებს სძულთ თავისი დამრიგებელნი და აღმზრდელნი.

დღევანდელი სკოლა არ აკმაყოფილებს მოსწავლე ახალგაზრდობას და სამართლიანადაც. დღევანდელი სკოლა არ ზრდის ადამიანს. რა პატივს უნდა სცემდეს მოსწავლე ასეთს მასწავლებელს, მაგალითად! პოლტავაში ისტორიის მასწავლებელი ასე დასცინის თურმე ებრაელთა ეროვნებას, ისე აძაგებს მათ წაღმა-უკუღმა, უწოდებს მათ ძაღლებს, მატყუარებს, მძარცველებს, რომ ებრაელი ბავშები ვერ ითმენენ და პირდაპირ სტირიან კლასში, რა-კი სხვა ვერაფერი მოუხერხებიათ. იმავე ქალაქის რეალურ სასწავლებელში „პრინციპიალურად“ არ ღებულობენ ებრაელ ბავშვებს მოსამზადებელ კლასში. საქალაქო გიმნაზიაში უფროსს ისე ეზარება ებრაელების დანახვა, რო როგორც-კი შორიდან თვალს მოჰკრავს ებრაელ მოსწავლე ქალს, მაშინვე თვალებს დახუჭავს და ცხვირზე ხელებს მიაფარებს.

ჩვენებური სკოლის ამბავი ყველას კარგად მოეხსენება. ჩვენში ხომ საზოგადოდ სკოლების უფროსისათვის ადგილობრივი ბავშვი („ტუზემეცი“) კანონის და უფლების გარეშეა. მაგრამ მაინც იშვიათი ამბავია, რომ უფროსი სკოლაში საჯაროდ გვლანძღავდეს და გვაგინებდეს ადგილობრივ მცხოვრებლებს. ასეთი საკვირველი ამბავი მომხდარა ამ დღეებში ტფილისის ერთ-ერთ სასწავლებელში.

უფროსი შევიდა კლასში გაკვეთილისათვის, მაგრამ იმის მაგიერ, რომ შესდგომოდა თავის მოვალეობას და საქმეს, გაცხარებით დაუწყო კავკასიელებს ძაგება: „ჰმ! კავკასია, კავკასია ყელამდის ტალახი იქნებოდა დღეს, რომ ჩვენს ხელში არ იყოსო!.. ჩვენ გავსთალეთ კავკასია, ჩვენ შემოვიღეთ აქ ყოველივე სიკეთე... სხვა ვინმე რომ ყოფილიყო აქ, შეგჭამდათ, მოგსპობდათ და თქვენ კიდევ ხმას იღებთ?“ ბევრი ასეთები ილაპარაკა მასწავლებელმა და ბოლოს ამით გაათავა: „გოგირდის სიმჟავით (сърная кислота) უნდა მოირწყას კავკასია, მოისპოს ეხლანდელი ხალხი და მის მაგიერ მოშენდეს ახალი, სხვა ხალხიო!“

მოსწავლენი გაოცებულნი შესცქეროდნენ მასწავლებელს. ერთმა შეუყვირა: „ქუჩებში ქვაფენილების გაკეთება თქვენ დიდი საქმე გგონიათო!“ მეორე მეტის აღელვებისაგან გარედ გავარდა...

რა სიყვარული და პატივისცემა უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს ასეთი სკოლისა და მასწავლებლებისადმი! ვის გაუგონია, გიყვარდეს ის, ვინც შენ შეურაცხგყოფს, უსამართლოდ გეპყრობა და არ გცნობს ადამიანად? საკვირველს და შეუძლებელს გვთხოვენ!

ვიდრე ძირიანად არ შეიცვლება ეხლანდელი სკოლა, მას და მოწაფეთა შორის მუდამ აღმართული იქნება ჩინური კედელი!

ცნობის ფურცელი. - 1905. - 2749. - გვ. 2-3

2.5 კონსტიტუციის განხილვა დამფუძნებელ კრებაში

▲back to top


17 დეკ. სხდომა
რ. არსენიძის სიტყვა:
(ამონარიდი სტატიიდან)

[...] გარდა ამ საშინაო მდგომარეობისა, ჩვენს კონსტიტუციაზე და მის მრავალ დებულებებზე არა მცირედი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობამაც, ჩვენმა საგარეო მდგომარეობამაც. ყველამ უნდა იცოდეს ის აუცილებელი დებულება და ის უდაო ჭეშმარიტება, რომ დიდ სახელმწიფოსაც კი დიდ დაღს აჩნევს და თავის გავლენის ქვეშ იმორჩილებს საერთაშორისო ურთიერთობის, და პატარა ერებისათვის ხომ ეს მეტად მნიშვნელოვანი და მუდამ თვალსაჩინო ფაქტორია. ამიტომ ჩვენი კონსიტუციის შემუშავების დროს არ შეიძლება ანგარიში არ გაგვეწია ჩვენი საერთო მდგომარეობისათვის და არა ერთი ელემენტი ჩვენი კონსტიტუციისა არის იმის შედეგი, რომ ჩვენ გარს გვარტყია სრულიად განსაკუთრებული კულტურის და განსაკუთრებული განვითარების დონეზე მდგარი ხალხი. ჩვენს კონსტიტუციაზე არა მცირედი გავლენა იქონია იმ გარემოებამაც, რომ ამჟამად უკვე ჩვენი დამოუკიდებლობის აქტით მოვშორდით რუსეთის საერთო გემს და საერთაშორისო ევროპის ცხოვრების ტალღებში შევცურდით. და ჩვენ გვინდა აი ამ საერთაშორისო ახალ კულტურულ ცხოვრებაში მოვიპოვოთ სათანადო ადგილი, როგორც შეჰფერის ეს სოციალისტურ დემოკრატიას. აქ ერთმა ორატორმა, ვგონებ ნუცუბიძემ, - ჩვენ მოგვთხოვა ევროპისაგან ჩამოშორება (შენგელაია: კაპიტალიზმისაგან) თუ ევროპის კულტურა და კაპიტალი შემოვიდა აქ, ჩვენი ერის თავისებურება მოისპობაო. (ი. ნუცუბიძე: მე ასე არ მითქვამს!) მე სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე და ამას სტენოგრამაც გვაჩვენებს. აი ასე იყო აქ თქმული. სხვანაირად არ შეიძლებოდა ეთქვა, თუ არა კულტურის მიხედვით, ისე თავისებურობა არ შეიძლება იყოს, აბა კაპიტალიზმი ხომ ყველგან კაპიტალიზმია! ცხადია თავის თავად, რომ ეს ეროვნული თავისებურობა, ეს წმინდა სლავიანოფილური, ან უკეთ, თუ გნებავთ ქართველოფილური აზრი, და საერთოდ ეს თავისებურობა, რომელიც გამოიხატება ევროპის კულტურისაგან გამიჯვნაში, არსებითად უარყოფილი არის ჩვენის კონსტიტუციით, იქ დასახულია სრულიად საწინააღმდეგო მიზნები. არა ჩამოშორება ევროპის კულტურისაგან, არამედ ზიარება ევროპის კულტურისა, ეს არის უმთავრესი საშუალება იმ მიზნისათვის, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. წარმოიდგინეთ არც ევროპის კაპიტალი არის ისეთი უნიადაგო ელემენტი, რომლის უარყოფა და გადაგდება ასე ადვილად შეიძლებოდეს. ჩემის ღრმა რწმენით კაპიტალის განვითარება, მთელი მისი მთავარი ძალები და მოქმედება სწარმოებს იმ მიზნის სასარგებლოთ, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. ამ კაპიტალის განვითარება ევროპაში რომ მიმართული იყოს არა სოციალიზმის გზისაკენ, არამედ მის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენი იდეალების ბედი წინასწარ გადაწყვეტილი იქნებოდა და გადაწყვეტილი უარყოფითად. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ყველა ეს ელემენტები უარვყოფთ თუ ვემხრობით თითოეულ მათგანს, ეს სხვა საქმეა, ყველა ელემენტები თავის ბრძოლაში, თავის საერთო ჭიდილში მიდიან იქით, იმ ჩვენი სანუკვარი სოციალისტურ წყობილებისაკენ და სწორედ ამიტომ ჩვენი კონსტიტუცია მოითხოვს ამ კავშირს ევროპასთან, ამ მთლიანობას ევროპის კულტურასთან, რადგან მას ამით ეძლევა ნიადაგი და საფუძველი იმის, რომ განახორციელოს ის მიზანი, რომელიც მას აქვს დასახული. (გობეჩია: რომელი კულტურა?) რასაკვირველია, ვინც არ იცის რა არის კულტურა, იმას ლექციას ვერ წაუკითხავ. (გობეჩია: რომელი კულტურა, ბურჟუაზიული თუ სოციალისტური?) გაუგებრობის გასაფანტავათ ამ კულტურის შესახებ ერთი უნდა ვსთქვა: ვისაც ჰგონია, რომ პროლეტარიატი იმიტომ გაჩნდა, რომ მზგავსად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა, ბურჟუაზიული კულტურის ყველა ელემენტები და ჩანასახი გაანადგუროს და ამაში ხედავს საფუძველს ახალ, პროლეტარულ კულტურისა, ის ღრმად შემცდარია. მე მგონია, პროლეტარიატი, ძლიერია იმით, რომ ის უნდა გახდეს ღირსეული მემკვიდრე იმ დიდი კულტურისა, დიდი განძისა, რომელიც შექმნა ევროპამ (ტაში.) ამიტომ მე ვამბობ, რომ ევროპის მთელი კულტურა, ყველაფერი ის, რაც არის მასში დადებითი, ყოველივე ეს არის მომავალში სამემკვიდრეო პროლეტარიატისა, მუშათა კლასისა. და ამ მემკვიდრეობის მიღებას სცდილობს ჩვენი ერი ჩვენი კონსტიტუციის საშუალებით და აი (გელეიშვილი: მიქელანჯელო გადავაგდოთ, რადგან ბურჟუაზიული კულტურის წარმომადგენელია?) მე მგონია, ეს მცირე შესავალი იქნება საკმარისი იმისათვის, რომ იმან, ვისაც სურს გააბას ძაფი თანამედროვე წყობილებიდან მომავალ მიზნისაკენ, ეს გააბას. მაგრამ, ვისაც სურს ძაფები გააბას ჰაერში, ოცნების კოშკებიდან მეორე ოცნების კოშკამდე, მას, რასაკვირველია, არ შეუძლიან გაგება თუ რატომ გამოვდივართ ჩვენ ჩვენი რეალობიდან და არა სხვა რომელიმე იდეალური, თეორეტიული დებულებიდან. სწორედ ეს მეოცნებე ელემენტები, ეს ფანტასტიური ელემენტები უმთავრესად ისახავენ იმისთანა პროექტს, რომელიც აქ სოციალისტ-რევოლიუციონერების სახელით შემოვიდა. ამ პროექტზე მე მოგახსენებთ მერე ცოტა უფრო დაწვრილებით. ახლა კი ვიტყვი: ის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, აგრეთვე დასახულია მიზნად - თეორიულად მაინც - საბჭოთა რუსეთის კონსტიტუციაში და სოციალისტ რევოლიუციონერების კონსტიტუციის პროექტში.

[...] მე მინდა გადავიდე ჩვენი კონსტიტუციის შინაარსის ორ მთავარ ელემენტის, პოლიტიკურ და სოციალური მხარის აღნიშვნაზე, ეს ორგვარი შინაარსი გახლავთ. განსხვავება ჩვენი კონსტიტუციისა ევროპის სხვა ყველა კონსტიტუციებისაგან, სადაც მთავარი მომენტი არის ერთადერთი პოლიტიკური მხარე, პოლიტიკურ წყობილება, და სადაც მხოლოდ ერთ პუნქტში არის გამოთქმული ხელშეუხებლობა საკუთრებისა. ასეთია საფუძველი ყველა ევროპულ ბურჟუაზიულ კონსტიტუციებისა; ხელშეუხებლობა პიროვნებისა და საკუთრებისა, აი ქვაკუთხედი, რაზედაც შენდება შემდეგ პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც შეეფერება ძალთა განწყობილებას (ხმა ესერების ფრაქციიდან: ამას იმეორებთ თქვენც). ამას ძალიან გვთხოვენ თქვენი ანტიპოდები, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიმეორებთ, თუმცა ისინი ძალიან გულნაწყენი გვრჩებიან. (კედია - გეშინიათ და იმიტომ). ჩვენ ყოველ შემთხვევაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვეშინია იმ ბურჟუაზიის წარმომადგენლებისა, რომლებიც აქ სხედან და რომელთა შესახებაც იყო განცხადებული, რომ მათი არსებობა უდრის არ არსებობას. (კედია: პროლეტარიატის არსებობა?) პროლეტარიატის არსებობა კი დეპ. კედია უდრის სახელმწიფოს არსებობას, ვინაიდან იგია შემქმნელი იმისა რაც დღეს აქ არის.

ეხლა გადავიდეთ სახელმწიფოებრივ წყობილების პოლიტიკურ მხარის განხილვაზე. პოლიტიკურ წყობილებაშიც დიდი განსხვავება არის ევროპის დემოკრატიულ წყობილებისა და ჩვენ რესპუბლიკას შორის. ეს გამოიხატება შემდეგ ძირითად დებულებებში: ჩვენი ერის უზენაესობა აქაც მიღებულია ისე, როგორც ყველა დემოკრატიულ კონსტიტუციაში. მაგრამ, თვით ორგანიზაცია ამ უზენაესობის განხორციელებისა არის უაღრესად დემოკრატიული, ისე როგორც არ არის არც ერთ ევროპულ კონსტიტუციაში. დემოკრატიულ წყობილების დამახასიათებელ თვისებათ ჩვენს კონსტიტუციაში ჩაითვლება მოწყობა აღმასრულებელ ხელისუფლებისა, სიფართოვე საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებისა, მისი მუშაობისა და ურთიერთობა, ცენტრალურ მთავრობისა და ადგილობრივ თვითმართველობის შორის. ეს სამი საგანი არის უზენაესობის კონკრეტული გამომხატველი კონსტიტუციის ფარგლებში. აქ არ არის ამ მხრივ მიღებული პირდაპირი დემოკრატია. ბ. ლეო შენგელაიამ, როდესაც თავის სიტყვა წარმოსთქვა, განაცხადა, აქ არ არის პირდაპირი დემოკრატია, მაშასადამე არის მთავრობის ბატონობაო. მაგრამ როცა გადავხედეთ მათ კონსტიტუციას, ვნახეთ იგივე პარლამენტარული წყობილება საზოგადოთ, მხოლოდ პარლამენტის ნაცვლად საბჭოს სახელით, იმათი პროექტის მე-3 მუხლში ნათქვამია, რომ ამას ხალხი ანხორციელებს ან უშუალოთ, ან თავის წარმომადგენლების საშუალებითო (შენგელაია - დიახ, დიახ), მაშასადამე აქაც არ არის პირდაპირი დემოკრატია. კონსტიტუციონური ელემენტი იქაც ისევეა დასახული, როგორც ჩვენა გვაქვს გატარებული პროექტში, რომელმაც რეალურად ხორცი უნდა შეისხას და ცხოვრების სამოქმედო გეგმათ გახდეს მაშასადამე აქ პრინციპიალური დავა არ არსებობს. [...]

ერთობა. - 1920. - 293. - გვ. 2-3

2.6 კრებების თავისუფლება ევროპაში

▲back to top


- *

როგორ შეუძლია ექიმს განკურნოს სნეული, თუ არ გამოიკითხა ავადმყოფის ამბავი?..

როგორ შეუძლიან მთავრობას საზოგადო საქმეების გაძღოლა, თუ ხალხმა არ გამოსთქვა თავისი საჭიროება?

ამ უბრალო ჭეშმარიტებას ივიწყებენ იქ, სადაც სცდილობენ ხალხს სიტყვის, პრესის კრებების თავისუფლება მოუსპონ, სადაც ხალხის დამუნჯებაზე აგებენ სახელმწიფოს კეთილ დღეობას...

მთავრობა, სახელმწიფო მოხელეები, მთელი სახელმწიფო მართვა-გამგეობის რთული მანქანა ხალხისთვის არსებობს, ხალხი ჰკვებავს მას, შრომობს და ოფლით მოგებულ ფულს გადასახადის სახით ხაზინაში იძლევა ამ მოხელეების შესანახავად, ამ რთულ მანქანის ასამოძრავებლად.

ამიტომ ცხადია, რომ მასვე უნდა ეკითხებოდეს ამ ფულის დახარჯვა. მმართველი წრეები ხალხის სურვილებს უყურადღებოდ ვერ დასტოვებენ იმიტომ, რომ ხალხის აბუჩად აგდება გამოიწვევს განხეთქილებას და ამ განხეთქილებაში კი ყოველთვის გამარჯვებული დარჩება ხალხი, ვინაიდან ხალხზეა აგებული სახელმწიფო წესწყოფილება და ამ წესწყობილებაში მმართველი წრეები მხოლოდ ადვილად გამოსაცვლელი ზედნაშენია.

მაგრამ როგორ უნდა გამოსთქვას ხალხმა თავისი სურვილი, თუ მას მოსპობილი ექნება ლაპარაკის, შეკრების თავისუფლება, დამუნჯებულმა, თუ მხოლოდ შორიდან შესძლო ბიუროკრატიისაგან ჩადენილ ათასგვარ ძალმომრეობის ყურება?!.

ამიტომ ყველგან, სადაც გამოფხიზლებულმა ხალხმა მაზე გაბატონებულ ბიუროკრატიის ჩამოშორება ისურვა, სიტყვის, პრესის და კრებების თავისუფლების მოპოვება ბრძოლის საგნად შეიქმნა ყველგან. ბიუროკრატია, ამ გამოფხიზლებით შეშინებული, სცდილობდა, რასაკვირველია, ბატონობის შერჩენას და ათასობით აგდებდა ციხეში იმათ, ვინც ბედავდა თავისუფალ ლაპარაკს, თავისუფალ წერვას, საზოგადო საქმეებზე მოსალაპარაკებლად თავისუფლადვე შეკრებას... ბიუროკრატია ებრძოდა ხალხს, ხალხი თავის ძირითად უფლებებს იცავდა, - ამ ბრძოლაში ყველგან ხალხი დარჩა გამარჯვებული!..

ინგლისში 1768 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობამ ერთი დეპუტატი, - უილქსი, გადააყენა იმისთვის, რომ მან გაბედა სეფე-სიტყვის საწინააღმდეგო აზრების გამოთქმა, მაგრამ ხალხმა მხარი დაუჭირა თავის არჩეულს, ინგლისის ყველა კუთხეში იმართებოდა საჯარო კრებები, ყველგან ხალხი უილქსის დაბრუნებას ითხოვდა და ბოლოს მთავრობაც შეიქმნა იძულებული ხალხისგან აშკარად გამოთქმული სურვილი შეესრულებინა და უილქსი პარლამენტში შევიდა. აქ მთავრობამ დაუთმო საზოგადოებას.

მაგრამ როდესაც ხალხმა არსებულ საარჩევნო სისტემის შეცვლა ითხოვა, იმ სისტემისა, რომელიც მთავრობას აბატონებდა არჩევნების დროს სახელმწიფოში, მაშინ კი დათმობა ასეთივე ადვილი არ იყო, და ხალხის „ასალაგმავად“, „პროპაგანდის“ მოსასპობად, 1799 წელს გამოიცა კანონი, რომლის ძალითაც ყველა „საეჭვო“ საზოგადოება იხურებოდა და ყველა ამნაირ საზოგადოებებში მონაწილეობის მიმღებიც ისჯებოდა სასტიკად...

მაგრამ სისასტიკემ ხალხი ვერ შეაშინა. ბრძოლა თავისუფლების მოსაპოვებლად, განსაკუთრებით 1876 წ., გამწვავდა, როდესაც შიმშილისაგან შეწუხებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და გაიძახოდა: „პური ან სისხლიო“, როდესაც პარლამენტი ხალხის გაჭირვებას ყურადღებასაც არ აქცევდა და ასი ათასობით ხარჯავდა ფულს მეფის საქორწილოდ... ხალხი აღელდა! „ცხოვრებამ დაგვიმტკიცა, რომ ხალხს მხოლოდ საკუთარ ძალღონის იმედი უნდა ჰქონდესო, მან ძალით უნდა მოიპოვოს მონაწილეობა სახელმწიფო საქმეების მართვა-გამგეობაში, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მისი მონაწილეობა ამ საქმეებში აუცილებელია და საჭიროც ხალხის საკეთილდღეოდ“. ამას ითხოვდა ხალხი, ათასი მიტინგი იმართებოდა ამ აზრის გამოსათქმელად, ხალხი ერთიანდებოდა, ძალას იძენდა საერთო ბრძოლისათვის.

ბრძოლა შეიქმნა უფრო ძლიერი მაშინ, როდესაც მთავრობამ, მიტინგებზე მოგროვილ ხალხის გასაფანტავად, ძალა იხმარა და 1878 წ. ჯარებმა ესროლეს კრებას...

რას არ ეცადა მთავრობა, - სიკდილით დასჯასაც ემუქრებოდა ყველას, ვინც მის საწინააღმდეგო კრებას დაესწრებოდა!.. მაგრამ ხალხი ხომ ბორკილ ასხმული მონა არ იყო, რომ დამორჩილებოდა მტარვალის ძალმომრეობას, - მთავრობის მუქარა მხოლოდ აორკეცებდა ხალხში ბრძოლის სურვილს... ხალხი ისევ ძველებურად იკრიბებოდა, მსჯელობდა, ამ კრებებზე სხვადასხვა მიმართულების ხალხი ერთდებოდა საერთო მტრის დასამარცხებლად...

ბოლოს მთავრობამ დაინახა, რომ მას არ შეუძლიან გაუმკლავდეს მთელ ხალხს, რომ ბრძოლის განგრძობას შეიძლება მოჰყვეს თვით მთავრობის გადაყენება და მისი დასჯა უკანონო მოქმედებისთვის, - ამიტომ დაუთმო ხალხს და მიანიჭა კრებების თავისუფლება, მიანიჭა ძალაუნებურად, მიანიჭა იმიტომ, რომ დღეს ან ხვალ ხალხი თვითონ დაისაკუთრებდა ძალით კრებების თავისუფლებას.

„ხალხს უფლება აქვს შეიკრიბოს სხვადასხვა საქმეზე მოსალაპარაკებლად, - ამბობს როსსელი - ხალხს უფლება აქვს გამოუცხადოს უკმაყოფილობა მთავრობას, რომ გააგებინოს თავისი საჭიროება და შემდეგ ამ საჭიროებათა დაკმაყოფილებაც მოსთხოვოს. მხოლოდ რაიმე ბოროტ-მოქმედების ჩამდენ მთავრობას ჰქონია რაღაცა დასამალავი და ამიტომ ეშინიან თავისუფლებისა“-ო.

თავისუფლების მინიჭებამ არ დააქცია ინგლისი!.. კრებების თავისუფლებამ დამონებულსა და დაჩაგრულ ხალხს თავის უკმაყოფილების გამოსათქმელად საშუალება მისცა და ამითი მოსპო აჯანყება და ძალმომრეობა. ხალხი კლუბებში პოლიტიკურად იზრდება, მწიფდება, ეჩვევა სახელმწიფო საქმეების გაგებას...

საფრანგეთში აბსოლუტიზმი, - ბიუროკრატიის მომაკვდინებელი ბატონობა, რომელსაც საზოგადო ცხოვრების იდეალად ხალხის საღათა ძილი აქვს დასახული, - ეს აბსოლუტიზმი ხალხის საჯარო კრებების წინააღმდეგი იყო. ყოველთვის თავის ძლიერობის დროს, და მაშინაც, როდესაც ხალხი უკვე გამარჯვებული იყო და აბსოლუტიზმს სიცოცხლეს უსპობდა.

მართალია, 1789 წელში გამოცემული რევოლუციის ცნობილი დეკლარაცია აცხადებდა საყოველთაოდ, რომ ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება არის შეკრების უფლება, მაგრამ საუკუნეობის განმავლობაში განუწყვეტელი მონობით ისეთი მოჩლუნგებული ჰქონდა ხალხს თავისუფლების გრძნობა, ისე ჰქონდა ძვალსა და რბილში გამჯდარი მონობა, რომ მან ვერ ისარგებლა ამ უფლებით და ვერ მოიპოვა კრებების სრული თავისუფლება. ცენტრალისტური წესწყობილება ხელს არ უწყობდა კრებების თავისუფლებას, უნიტარული აზროვნება სპობდა ყოველგვარ სხვადასხვაობას. მხოლოდ 1901 წელს, გამოიცა კანონი რომელიც შეკავშირების თავისუფლებას ანიჭებდა საფრანგეთს!

ევროპის სხვა სახელმწიფოებშიაც შემოვიდა თანდათან კრებებისა და კავშირების თავისუფლება, შემოვიდა დამონებულ კლასების მოთხოვნით, მათ მედგარ და გამუდმებულ ბრძოლის შედეგად.

კრებების თავისუფლება, მოლაპარაკების თავისუფლება, - დიადი უფლებაა, ურომლისოდაც არ შეიძლება ხალხის თანდათანი განვითარება...

ხალხი ბატონია სახელმწიფოში, და ბატონისაგან საქმეზე დაყენებულ ბიუროკრატიას არ შეუძლია სამუდამოდ ჩამოიშოროს ბატონი და თვითონ გაბატონდეს სახელმწიფოში...

დასავლეთ ევროპაში ყველგან, სადაც ბიუროკრატიამ ბატონობა ისურვა, ხალხი ამხედრებულა, მოუთხოვია კრებების, სიტყვის, შეკავშირების თავისუფლება, ყველგან ხალხს მედგარის ბრძოლის შემდეგ დაუმარცხებია ბიუროკრატია და გამხდარა ბატონად სახელმწიფოში...

ივერია. - 1905. - 132. - გვ. 1

2.7 მთავრობის დეკლარაცია

▲back to top


(საქართველოს ეროვნულ საბჭოს 15 ივნისის სხდომაზე წაკითხული)

„26 მაისს გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და შესდგა ეროვნულ საბჭოს წინაშე პასუხისმგებელი მთავრობა.

რესპუბლიკის მთავრობის პირველ შემადგენლობას მეტად რთულ და მწვავე პირობებში დაეკისრა ქვეყნის მართვა-გამგეობა.

მის მთავარ მოვალეობას შეადგენს საქართველოს ხალხი გამოიყვანოს მსოფლიო ომის ქარტეხილიდან, ხელი შეუწყოს რესპუბლიკანურ წესწყობილების დამყარებას და დიდის რევოლიუციით მოპოებულ სოციალურ და პოლიტიკურ უფლებათა საბოლოოდ განმტკიცებას.

ამ ისტორიულ მოვალეობათა მიხედვით მთავრობის უპირველესი საგანი იყო გარეშე საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას ემუქროდა და ნორჩ რესპუბლიკას კულტურულ განადგურებას უქადდა. ამ მიზნით მთავრობამ უკვე გადასდგა რამდენიმე დიდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 28 მაისს ქალაქ ფოთში გერმანიის მთავრობის საიმპერიო წარმომადგენელთან დადებულ იქნა წინასწარი ხელშეკრულება, რომლის თანახმად გერმანიის მთავრობამ აღგვითქვა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება და მისი ტერიტორიის ხელუხლებლობის დაცვა. ჩვენთან შეთანხმებით გერმანიამ გამოგზავნა თავისი ჯარი, რომელიც იმოქმედებს ჩვენს განკარგულებათა თანახმად და მთავრობას ხელს შეუწყობს გარეშე საზღვრების დაცვის საქმეში.

მთავრობა კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მან მოამზადა ნიადაგი, რათა მკვიდრი კეთილგანწყობილება განმტკიცდეს გერმანიის სახელმწიფოსთან საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობის უზრუნველსაყოფად.

4 ივნისს ქ. ბათუმში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ოსმალეთთან ხელშეკრულობას. ამ გზით ჩვენი ხალხის საყოველთაო მისწრაფება ოსმალეთთან ზავის ჩამოგდების შესახებ განხორციელდა და გადაიდგა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსაზღვრე სახელმწიფოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობის დასამყარებლად. თანახმად ეროვნულ საბჭოს დადგენილებისა მთავრობა გადასცემს არსებულ საზავო კომისიას ხელშეკრულობის ტექსტს.

მთავრობა თავის მოვალეობად რაცხს აშკარად აღიაროს, რომ 4 ივნისის ხელშეკრულობის ზოგიერთი პირობები ქართველ ხალხის გულში სრულიად სამართლიან მწუხარებას გამოიწვევს, მაგრამ მთავრობა იმედოვნებს, რომ ნორჩი რესპუბლიკის ენერგიულ შემოქმედების და დიპლომატიური საქმიანობის მომავალში ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესები დაცულ იქნა.

მთავრობა მოწადინებულია კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს კავკასიის რესპუბლიკებთან და ერებთან.

მთავრობა სიამოვნებით აღნიშნავს, რომ მის წარმომადგენელთა წინადადებით ამ დღეებში ქ. სტამბოლში შეიკრიბება ოთხი მოკავშირე სახელმწიფოთა კონფერენცია, რომელზედაც მიწვეულ არიან აგრეთვე ჩვენი წარმომადგენლები და რომლის უმთავრესი საგანია საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობის გამორკვევა და უზრუნველყოფა.

მთავრობა თავის მოვალეობად რაცხს დაიცვას საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დემოკრატიული წყობილება ყოველნაირ გარეშე და შინაურ საფრთხისგან.

მთავრობა ნათლად ხედავს, რომ დიდის რევოლიუციით მოპოებულ სოციალურ და პოლიტიკურ უფლებათა განხორციელებას ხელს უშლის არევდარევა, რომელმაც თავი იჩინა ჩვენს სახელმწიფოს ზოგიერთ კუთხეში.

ამიტომაც მთავრობა მთელის თვისის ძალღონით შეეცდება ანარქიის ყოველ ნაირ ნიადაგის მოსპობას და სახელმწიფოებრივ წესრიგის განმტკიცებას.

ამ მიზნისათვის საჭიროა დამყარდეს ერთი ძლიერი მთავრობა, ეროვნულ საბჭოს წინაშე პასუხისმგებელი, რომლის გვერდით, როგორც ეს რევოლიუციონურმა ორგანიზაციებმა უკვე აღიარეს, არ უნდა იდგეს არც ერთი, მთავრობის უფლებებით აღჭურვილი ორგანო.

მთავრობა აღიარებს, რომ საქართელოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად აუცილებლად საჭიროა საკუთარი, ევროპიულის წესით გაწვრთნილი ჯარის შედგენა და ამავე დროს მთელის ხალხის მიერ სამხედრო ხელოვნების შესწავლა, რათა საჭიროებისას სახელმწიფომ შესძლოს თვისი საზღვრების დაცვა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა.

მთავრობა თავისს მოვალეობად მიიჩნევს ცხოვრებაში გაატაროს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში აღიარებული ის დებულება, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ეროვნულ უმცირესობათა მოქალაქეებს მიენიჭებათ ისეთივე პოლიტიკური, მოქალაქობრივი და ეროვნულ-კულტურული უფლებები, რომლითაც აღჭურვილი იქნება თვით ქართველი მოქალაქენი.

ახალ დემოკრატიულ წყობილების განსამტკიცებლათ მთავრობა ზომებს მიიღებს დაჩქარებით შემოიღოს საერობო თვითმმართველობა, განსაზღვროს ადმინისტრაციის და თვითმმართველობის ურთიერთობა და ახალ პირობათა მიხედვით გარდაქმნას სასამართლო და სკოლა და დაჩქარებით განახორციელოს სავალდებულო უფასო პირველ დაწყებითი სწავლა-განათლება.

საქართველოს ეკონომიური განვითარების ხელშესაწყობად ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ფინანსიური მეურნეობის მოწესრიგება, ფულის სისტემის შემუშავება და საკუთარი ფულის მოჭრა; ხოლო, ვიდრე ეს რთული საქმე მოეწყობოდეს, - მთავრობა ზომებს მიიღებს შინაური და საგარეო სესხის ასაღებად. მთავრობა დაუყოვნებლივ შეუდგება შემოსავლისა და ქონების მიხედვით პროგრესიული გადასახადის შემოღებას და გადასახადთა მთელ სისტემის გარდაქმნას, რათა საუკეთესოდ დაცულ იქნას მშრომელ ხალხის ინტერესები.

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მთავრობა მთელი თავისი ძალღონით შეუდგება დაწყებულ აგრარულ რეფორმის განხორციელებას და ამ გზაზე ყოველივე დაბრკოლების დაძლევას.

ზავის ჩამოგდებით მყარდება წინასწარი პირობა საწარმოვო ძალთა განვითარების უზრუნველსაყოფათ. ამ მიზნით ეკონომიურ განვითარების ხელშესაწყობათ, აგრეთვე უმუშავრობის წინააღმდეგ საბრძოლველათ მთავრობას განზრახული აქვს საქართველო მოჰფინოს რკინის გზებით, მოაწყოს ტყეების წესიერი ექსპლუატაცია, შეუდგეს არხების გაყვანას და საერთოდ იზრუნოს ინტენსიურ სასოფლო მეურნეობის განვითარებისათვის.

რათა ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე ხალხის საკეთილდღეოთ გამოვიყენოთ, მთავრობა საჭიროდ სთვლის ყოველგვარი მადნეულობის სახელმწიფოს საკუთრებად აღიარებას და შესაფერ კანონპროექტს ახლო მომავალში წარუდგენს ეროვნულ საბჭოს. აგრეთვე მთავრობას განზრახული აქვს დააწესოს სახელმწიფო კონტროლი საზღვარგარეთ ნედლი მასალის გატანაზე.

მთავრობა ხელს შეუწყობს სოციალურ კანონმდებლობის განვითარებას და მუშათა კლასის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მთავრობას დიდმნიშვნელოვან მორიგ საქმედ მიაჩნია ხალხის უზრუნველყოფა სურსათით, რისთვისაც ის სათანადო ზომებს მიიღებს.

მთავრობა აცხადებს, რომ ის ეცდება ახლო მომავალში მოწვეული იქნას სრულ დემოკრატიულ საფუძველზე საქართველოს დამფუძნებელი კრება ნორჩ რესპუბლიკისთვის მტკიცე საფუძვლის ჩასაყრელად და სახელმწიფო საქმეების მოსაწესრიგებლად.

მთავრობას სრული იმედი აქვს, რომ ქართველი ხალხი, რომლის დემოკრატიის დაუღალავი ბრძოლა უცხოეთშიაც საერთო აღტაცებას იწვევდა, სძლევს ყოველ გვარ დაბრკოლებას, რაიცა ნორჩ რესპუბლიკას წინ გადაეღობება, და რომ ყველა მოქალაქე გაიმსჭვალება სამშობლოს წინაშე პასუხისგების გრძნობით და მთავრობას დახმარებას აღმოუჩენს დიდის რევოლიუციის მოპოებათა განმტკიცებასა და რესპუბლიკის აყვავების საქმეში.

ერთობა. - 1918. - №123. - გვ. 2

2.8 პარლამენტარული საქმიანობა ევროპაში და ჩვენში

▲back to top


. სალაყაია

სოციალდემოკრატიის პარლამენტარული მოქმედება ევროპის პარლამენტში ხასიათდება იმით, რომ იქ სოციალდემოკრატია იბრძვის მთავრობის კანონპროექტების წინააღმდეგ. რასაკვირველია ს.-დ-იას დრო გამოშვებით შეაქვს პარლამენტში საკუთარი კანონ-პროექტები, მაგრამ ეს პარლამენტარული დადებითი პრაქტიკა შედარებით ოპოზიციონურ მოქმედებასთან მეტად უმნიშვნელოა. ჩვენი პარტიის მდგომარეობა საქართველოს ნორჩ პარლამენტში სულ წინააღმდეგია იმისა, რასაც ჩვენ ევროპაში ვხედავთ. სოციალდემოკრატია საქართველოში როდი არის ოპოზიციაში ის მართვა-გამგეობის სათავეშია მოქცეული. მისი პარლამენტარული მოქმედებაც არის არა უარყოფითი ხასიათის, არამედ დადებითი - ევროპის პარლამენტი ხშირად მთელი თვეების განმავლობაში ვერ დაინახავს ისეთ კანონ-პროექტს, რომელიც იყოს ობიექტი წმინდა კლასობრივი ბრძოლისა; დიდი პარლამენტარული დღეები იშვიათია, საერთო პარლამენტარული ყოველდღიური მოქმედება განისაზღვრება წვრილმანებით; პოლიტიკური მოღვაწეობა უმეტეს შემთხვევაში ხურდავდება ამ წვრილმანებში. შეტანილ კანონ-პროექტთა დიდი უმრავლესობა საზოგადოებრივ ინტერესს მოკლებულია. მათ ირგვლივ არ ხდება პარტიათა შორის ხელჩართული ბრძოლა, ამ უკანასკნელთა კლასობრივი ფიზიონომიის ყოველდღიური გამოაშკარავება.

ჩვენშიდაც, როდესაც დადგება ცოტა თუ ბევრათ ნორმალური პირობები, საზოგადოებრივ მნიშვნელობის კანონ პროექტები იშვიათად ნახავენ პარლამენტს, ჯერ-ჯერობით კი, როდესაც რევოლიუცია არ დამთავრებულა, როდესაც ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებას მხოლოდ ახლა ედება საფუძველი, ჩვენ ძლიერ ხშირათ ვიხილავთ დიდძალ კანონ პროექტებს, რომელთაც დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ექნებათ, რომელთა ირგვლივ დიდი პოლიტიკური ბრძოლა გაჩაღდება, რომელნიც შეიქნებიან ფოკუსი, რომლისკენაც მიილტვოდეს იქნება ყველა ნერვები პარტიულ პოლიტიკისა. სამიოდე კვირაა, რაც არსებობს ჩვენი პარლამენტი და უკვე ორჯერ ვიხილეთ დიდი პოლიტიკური დღეები; ორჯერ შეეჯახნენ ერთმანეთს ორი უკიდურესი მიმდინარეობანი. ასეთ პოლიტიკურ დღეებს სხვა მნიშვნელობასთან ერთად აქვს დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც ფართე მასებისთვის და ამ მხრივ, რაც უფრო ჩქარ-ჩქარა ვიხილავთ დიდ პოლიტიკურ დღეებს, მით უკეთესი დემოკრატიის გათვითცნობიერებისათვის და პოლიტიკურ აღზრდისთვის.

ერთობა. - 1918. - 132. - გვ. 2

2.9 საქართველოს ეროვნული საბჭო1

▲back to top


. აღათიშვილი

16 ივნისი. დილის სხდომა
თავმჯდომარეობს კ. ჩხეიძე
საღამოს სხდომა

[...]

ნოე ჟორდანიას გამოსვლას ხანგრძლივი ტაშით შეხვდენ.

მოქალაქენო! ორი დღეა თქვენ მოუსმინეთ მრავალ ორატორებს. თვითეულ ფრაქციიდან ილაპარაკა რამდენიმე ორატორმა. მხოლოდ ჩვენი ფრაქციიდან ილაპარაკა მარტო ერთმა. ეს შემთხვევითი მოვლენა არაა. ჩვენც გვყავს ისეთი ორატორები მაინც, როგორიც აქ გამოდიოდენ. მაგრამ ჩვენ გვინდოდა მოგვესმინა ყველა ფრაქციებისათვის და გვეთქვა, - ეს მართლა პარლამენტია, თუ ემსგავსება სეიმს. მე ამ მხრით კმაყოფილი ვარ. აქ ითქვა ის, რაც ცხოვრებაში არის. მაშასადამე, ეს ნამდვილი პარლამენტია. მე ამას არ ვაწერ მემარჯვენეების პირად თვისებებს. დღემდის ისინი გაჩუმებული იყვენ, აწარმოებდენ მუსავატელების პოლიტიკას. ახლა რომ სეიმი იყოს, მუსავატელებიც ამას იტყოდენ. ჩვენში დღეს არიან გერმანელი აფიცრები და ახლო-მახლო ოსმალეთის ფაშები (ტაში). მხოლოდ ეს გამოიცვალა. ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, და სწორედ დღევანდელ ჩვენმა მდგომარეობამ გამოარკვია ჩვენი მემარჯვენეები.

რა მოხდა?

ჩვენ მოვისმინეთ აქ მთავრობის დეკლარაცია. აქ ყველაფერი თითქმის ძველია, ახალია მხოლოდ ის, რომ ვამბობთ, - დავიცავთ დამოუკიდებლობასო. ეს არის მთავარი საკითხი. მას მთავრობა უმორჩილებს სხვა კითხვებს. ამიტომ იმ პარტიამ, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა მიაჩნია თავის მთავარ მოთხოვნილებად, მხარი უნდა დაუჭიროს დეკლარაციას. მაგრამ თუ სხვა მუხლი შეადგენს მის მთავარ მოთხოვნილებას, რა თქმა უნდა, ამ მუხლს ვერ ანაცვალებს საქართველოს დამოუკიდებლობას. ასეთი მუხლი ყოფილა მუხლი აგრარულ საკითხის შესახებ.

[…...]

დღეს ასეთი დილემა გვიდგას წინ: ვისაც სურს აგრარული რეფორმების ცხოვრებაში გატარება, მას სურს, რომ რესპუბლიკა იყოს სუვერენული; ვინც წინააღმდეგია აგრარული საკითხის გადაჭრის, მას არ სურს, რომ ჩვენი რესპუბლიკა იყოს სუვერენული. თქვენ იცით, რომ ომის დროს თქვენს მიერ ნაკურთხი ზოგიერთი წრეები ოცნებობდენ, ეგება ოსმალეთის ფაშები მოვიდენო. აქ დაიწყეს ლაპარაკი ჩვენს „ცოდვებზე“; თითქოს ისეთი ცოდვები მიგვიძღოდეს, რომლებიც სამუდამოთ უნდა დავფაროთ. ეჭვი არ არის, ყველა პარტიას აქვს შეცდომა. მაგრამ რაც აქ ჩვენს საწინააღმდეგოთ ბრალდებები წამოაყენეს, - ეს ჩვენს ღირსებად მიგვაჩნია. ქიქოძემ აქ გვისაყვედურა, ბალშევიკები შეავიწროვეთო. ჩვენ სულაც არ გვიკვირს, როცა ბალშევიკებს ეროვნულ-დემოკრატები იცავენ. მეორე ბრალდება წამოგვიყენეს, - ომი გამოუცხადეთ ოსმალეთსო. ესეც ჩვენი ღირსებაა და არა ცოდვა, ვინაიდან ამის ბრალია, რომ დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით და არა ფაშების ხელში. უკვირთ, თქვენ როგორ შეგიძლიათ სახელმწიფოებრივი მუშაობა აწარმოვოთო. მაგრამ ფინლიანდიის მთავრობა ხომ ნიკოლოზის დროსაც სოციალისტური იყო; შვეიცარიის ზოგიერთ კანტონების მთავრობებიც სოციალისტურია; გერმანიის ერთი სამთავროს მთავრობაც დღემდის სოციალისტური იყო. თქვენ გგონიათ, რადგანაც მთავრობა სოციალისტურია, მან უნდა განახორციელოს სოციალიზმიო. ეს ბალშევიკური შეხედულებაა და ადვილად წარმოსადგენია, რომ ქიქოძეს, როგორც ყოფილ ბალშევიკს, ასეთი შეხედულება წამოეყენებიოს (ტაში). ჩვენ კი ასე არ გვესმის. როცა ვამბობთ, როცა სხვაგან განხორციელდება იგი ჩვენშიაც-თქო, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნდა დავანებოთ ბურჟუაზიას და ვეყმოთ მას. ჩვენ ბურჟუაზიულ საზოგადოებაშიც გვაქვს საქმე. უნდა განვახორციელოთ ჩვენი პროგრამა მინიმუმი. თქვენ ამბობთ, როგორ შეგიძლიათ ააგოთ ბურჟუაზიული წყობილებაო. ეს მართალია. მარა არის წყობილებაც და წყობილებაც. ვერ ავაგებთ ეკონომიურ წყობილებას, მარა პოლიტიკურ წყობილებას - კი. თქვენ გინდათ, ჩვენში იყოს პოლიტიკური წყობილება გერმანიის, ჩვენ კი გვინდა - შვეიცარიის. თქვენ გინდათ მონარქიული წყობილება, ჩვენ გვინდა დემოკრატიული წყობილება. თქვენ გინდათ ასე და ხალხი ამიტომ არ მოგყვებათ. ამიტომ არ გვეშინია ჩვენ, რადგანაც გვინდა განვამტკიცოთ პოლიტიკურ-დემოკრატიული წყობილება.

ეროვნულ-დემოკრატები არ არიან ბურჟუაზიის წარმომადგენლები. მე ვწერდი ერთხელ, რომ ეს პარტია ეყრდნობა ორ კლასს და მალე გამოირკვევა, საით წავა-თქო. დღეს გამოირკვა, რომ იგი აგრარიებს იცავს. აგრარულ საკითხის გადაჭრას ბურჟუაზია არ ეწინააღმდეგება; საფრანგეთში თვითონ ჩამოართვა მიწები მემამულეებს. სამწუხაროდ, ჩვენს ბურჟუაზიას კიდევ არ ყოლია პარტია.

[...]

სხდომის დასასრულ კ. აბხაზს შეაქვს შეკითხვა მთავრობისადმი ყოფილ თავად-აზნაურთა პეტიციის შესახებ. მართალია თუ არა, რომ 200 ყოფილ თავად-აზნაურმა პეტიციით მიმართა გერმანიის ელჩს აგრარული კანონის გაუქმების შესახებ და საიდან მიიღეს გაზეთებმა ეს ცნობებიო.

ამ შეკითხვაზე მთავრობის თავმჯდომარემ შემდეგი პასუხი მისცა: ჩვენ ამ ხმების გამო მივმართეთ გერმანიის წარმომადგენელს. არავითარი პეტიცია გრაფ შულენბურგს არ მიუღია. კერძო პირებთან კი მას ჰქონია ლაპარაკი. კერძო პირებს მიუმართავთ მისთვის აგრარულ კანონის შესახებ. ჩვენც საკითხი გამორკვეულათ ჩავთვალეთ, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ლაპარაკი საადგილმამულო რეფორმების შესახებ გერმანიის წარმომადგენელთან ჰქონიათ.

ზოგიერთი ეროვნულ-დემოკრატი მოითხოვს ამ შეკითხვის კამათის გახსნას, მაგრამ შემკითხველი კ. აბხაზი აცხადებს, რომ იგი სავსებით კმაყოფილია მთავრობის განმარტებით.

ამის შემდეგ საბჭომ დაადგინა კამათი არ გამართოს და სხდომაც დაიხურა.

____________

1. სტატია არასრულად იბეჭდება.

ერთობა. - 1918. - 125. - გვ. 1-2

2.10 სოციალ-დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაცია (ნოე ჟორდანიას მოხსენება)

▲back to top


I შესავალი

პირველად საქართველოს სოციალ-დემოკრატიას უხდება მთავარი როლის ასრულება თანამედროვე სახელმწიფოს აშენების საქმეში. ჯერ არსად არ ყოფილა ასეთი მაგალითი. დღემდე სოციალ-დემოკრატია მხოლოდ ღებულობდა მონაწილეობას კანონების გამოცემაში, ან როგორც სახელმწიფოს ბატონ პატრონი - მაგ. ფინლანდიაში, შვეიცარიის ზოგიერთ კანტონებში, გოტის სამთავროში, და უმრავლესობაზე ახდენდა ერთგვარ ზეგავლენას, რომ გამოცემულიყო კანონები სოციალ დემოკრატიის მსოფლმხედველობასთან შეფარდებით. მე-19 საუკუნეში შეიქმნა ზოგიერთი ახალი სახელმწიფოები ძველ სახელმწიფოებიდან გამოყოფით: მაგ. ბელგია გამოეყო ნიდერლანდს, სერბია, ბულგარეთი და სხ., ბალკანეთის სახელმწიფო - ოსმალეთს, იტალია - ავსტრო უნგრეთს და სხვ., მაგრამ ეს სახელმწიფონი შექმნეს ბურჟუაზიულმა პარტიებმა, ხოლო სოციალ-დემოკრატია ადგენდა თავის მინიმალურ მოთხოვნილებებს და თანდათან ბრძოლის საშვალებით აუმჯობესებდა ამ სახელმწიფოთა მდგომარეობას.

ჩვენ კი სახელმწიფოს ვაშენებთ არა მარტო კანონების გამოცემით, არამედ - ჩვენი სისხლითაც. ჩვენი სახალხო გვარდია და შეგნებული მუშები, როგორც თფილისისა ისე პროვინციისა, განსაკუთრებით თფილისის - აი, ვინ არის ნამდვილი სახელმწიფოს აღმშენებელი. ჩვენც და მათაც უფლება აქვთ იკითხონ: რათ და რისთვის, რომელი იდეალების გულისთვის ვღვრით სისხლს და ვმუშაობთ დაუღალავათ საქართველოს სახელმწიფოს აშენების საქმეში? ჩვენ ვართ არა მარტო სახელმწიფოს უბრალო ამშენებლები, არამედ - სოც. დემოკ. მშენებლები ე.ი. ჩვენ ვართ ისეთი ხალხი, რომელიც განსაზღვრული პოლიტიკური აზრით და მიზნებით ვაწარმოებთ პოლიტიკას. ამიტომ ისმება კითხვა: როგორ მოვათავსოთ ერთად სოციალ დემოკრატიული მსოფლ-მხედველობა და მუშაობა ბურჟუაზიულ დაწესებულებათა შესაქმნელად. როგორ მოვახერხოთ, რომ ამ პროცესში პარტია არ გადაცდეს თავის გზას და არ გადაიქცეს წვრილ ბურჟუაზიულ პარტიად.

ზოგიერთი ჩვენი ამხანაგები გაზეთ „სოციალ დემოკრატიდან“ ჭეშმარიტების გზიდან ჩვენს აცდენას ხედავენ იქ, სადაც ეს არ შეეძლო დაენახა არას დროს არა თუ საღად მოაზროვნე სოციალ-დემოკრატს, არამედ - უბრალო, გულწრფელ დემოკრატს. - ეს შემცდარი გზა მათის აზრით საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადების ფაქტიდან მტკიცდება. მათ სერიოზულად დაიწყეს დავა თვითგამორკვევის უფლების პრაქტიკულად ცხოვრებაში გატარების ნიადაგზე. როგორც ეტყობა, ინტერნაციონალის ამგვარ მოთხოვნას სასიცოცხლო მნიშვნელობას არ აკუთვნებენ. ნამდვილათ კი სოციალ დემოკრატიული გზიდან აცდენის შესაძლებლობას პარტიისათვის შეიცავს არა ეს აქტი, არა დამოუკიდებლობის გამოცხადება, ვინაიდან ასეთ ნაბიჯს სოციალისტს შეუძლია მხოლოდ მიესალმოს, არამედ - ასეთი გზიდან აცდენა მოსალოდნელია თვით სახელმწიფოს შენების პრაქტიკულ ნიადაგზე. მარქსისტისთვის მხოლოდ აქ შეიძლება დაიბადოს ეჭვი და გაუგებრობა, ამიტომ აქეთკენ მივაქცევ თქვენს ყურადღებას. მაშ, რისთვის ვაშენებთ ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს?

2) სახელმწიფო საზოგადოთ

სახელმწიფო მენგერის გამოკვლევით არის განსაზღვრულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა შეერთება, რომლებიც საერთო მთავრობის ქვეშ იმყოფებიან. ეს ასე ვსთქვათ სახელმწიფოს შემეცნების გარეგნული განსაზღვრაა, რომელიც არაფერს არ ამბობს მის შინაგან შინაარსზე. აქედან მხოლოდ ის სჩანს, რომ დამახასიათებელი ნიშანია ყოველი სახელმწიფოსი - მცხოვრებნი, ტერიტორია და მთავრობა. იქ, სადაც არ მოიპოვება ერთი აქ მოყვანილი ნიშანთაგანი, არ არის არც სახელმწიფო. მაგრამ ჩვენ, მარქსისტებმაც ვიცით, რომ სახელმწიფო საზოგადოების კლასებად დაყოფის ნიადაგზე აღმოცენდა და სახელმწიფო არის პოლიტიკური ორგანიზაცია გაბატონებული კლასებისა. ასეთია სახელმწიფოს ბუნება. სახელმწიფოსთან შესაძლებელია იყოს ორნაირი დამოკიდებულება: უარყოფითი და დადებითი, ე.ი. ან უნდა უარვყოთ სახელმწიფო, როგორც ჩვენთვის უკეთური, მზაკვარი, როგორც ამას ანარქისტები სჩადიან, ანუ უნდა ვაღიაროთ სახელმწიფო საზოგადოების განვითარების უმთავრესს ფაქტორად და ვეცადოთ გამოვიყენოთ ის საკუთარი მიზნებისათვის, როგორც სოციალისტები შვრებიან. პროლეტარიატი სავსებით დგას სოციალიზმის თვალთახედვის ისარზე და იბრძვის თავის გასანთავისუფლებლათ ამ ძალის დასაპატრონებლათ.

ჩვენ კი საქართველოში როცა ეს ძალა გვაქვს, შეიძლება სახეში ვიქონიოთ სოციალური რევოლიუცია, როგორც მიზანი და როგორც ისტორიული პერსპეკტივა, და არა, როგორც პირდაპირი პრაკტიკული საგანი. ამ პერსპეკტივით განვსხვავდებით ჩვენ ყველა ბურჟუაზიულ პარტიებისაგან, რომელნიც მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო დაწესებულებათა აშენების საქმეში იმ მიზნით, რომ განამტკიცონ კაპიტალისტური საზოგადოება და გაამუდმივონ დაქირავებული შრომა. ამ რიგათ ჩვენ სახელმწიფოს უყენებთ გარკვეულ ნათელ მიზანს: საზოგადოების სოციალურ ნიადაგზე გარდაქმნას. მაგრამ, როცა ამ მიზნისკენ მივისწრაფით, მაშინ აუცილებლათ უნდა გავიაროთ საჭირო პოლიტიკო-ეკონომიური საფეხურები. ამ საფეხურებს ჩვენ გვერდს ვერ ავუხვევთ, ვერც ნახტომებს გავაკეთებთ, ამის უფლებას ისტორია არ იძლევა. ეს საფეხურები შემდეგია: ძველი რეჟიმის დამხობა და ახალი დემოკრატიული წყობილების დამყარება. კაუცკი ამბობს, რომ პირველი ნაბიჯები ძლევა მოსილი პროლეტარიატისა იქნება არა სოციალური გადაკეთება, არამედ დემოკრატიულ დაწესებულებათა დამკვიდრება, პროგრამა მინიმუმის ცხოვრებაში გატარება და შემდეგ კი თანდათან პროგრამა მაქსიმუმზე გადასვლა. მხოლოდ ჩვენმა თავისებურმა სოციალისტებმა, რომელნიც ჯერ კიდევ არ არიან თავისუფალნი ნაროდნიკული ცრუმორწმუნეობის ბადისგან, პირველი საფეხური უკანასკნელ საფეხურათ ჩასთვალეს, დემოკრატიული რევოლიუცია სოციალურ რევოლიუციად მიიღეს, როგორც ეს 1848 წ. საფრანგეთში ბლანკის და ლუი ბლანის სკოლის სოციალისტებმა მოიმოქმედეს. ერთი სიტყვით ბალშევიკებმა მოინდომეს ერთი საფეხურიდან მეორეზე გადახტომა, ერთი შეხტომით ძველი რეჟიმის სამეფოდან სოციალიზმის სამეფოში შესვლა, გვერდი აუხვიეს დემოკრატიას, მოატყუეს ისტორია, მაგრამ თვითონვე დარჩენ მოტყუებულნი. დემოკრატიის უარყოფით მიიღეს არა სოციალიზმი, არამედ ვანდალიზმი.

სახელმწიფოს თავისთავად მიზანი არ აქვს, მას მიზანს აძლევს ის კლასები, რომელთაც ის ხელში უჭირავთ. ძველი რეჟიმის დროს, თავად აზნაურობის ბატონობის ხანაში სახელმწიფოს მიზანი თავად აზნაურული იყო, ეხლა კი ბურჟუაზიის ბატონობის ხანაში მიზანიც ბურჟუაზიულია. ე.ი. ის მოქმედებს იმ კლასების სასარგებლოთ, რომელნიც არიან მისი ბატონ-პატრონი. მაგრამ სახელმწიფო თავის პატრონებისათვის მოქმედობენ მხოლოდ ისტორიულ შესაძლებლობის ფარგლებში. თუ კი, მაგალითად ინგლისის სახელმწიფოს მოვახვევთ თავზე თავად-აზნაურულ მიზნებს, მაშინ ამ მიზნების გატარება შეუძლებელი შეიქნებოდა და აქედან გამოვიდოდა ან რევოლიუცია, ანუ ანაქრია. ბალშევიკების შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ვერ შეითვისეს არამც თუ მარქსიზმის ელემენტარული ჭეშმარიტება, არამედ მთელი ის მეცნიერებაც, რომ საზოგადოება როგორც ბუნების ნაწილი, მოძრაობს აუცილებელი ისტორიული კანონების თანახმათ და წარმოიდგინეს გაუსწორებელი იდეალისტებსავით, რომ შეიძლება სახელმწიფოს როგორიც გვინდა ისეთი მიზანი დაუყენო, ის მას განახორციელებს. ამ წინააღმდეგობამ, რომელიც არსებობდა ბალშევიკურთა მიერ რუსეთის სახელმწიფოსადმი წარდგენილ მიზანსა და მის განხორციელების შეუძლებლობაში, გამოიწვია რუსეთის სახელმწიფოს დანგრევა და საუკუნოებით შექმნილ ქონების დატაცება.

აი ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს პატრონებმა, რათაც უნდა დაგვიჯდეს, მაინც უნდა დავახწიოთ თავი ამ დამღუპველ წინააღმდეგობას ისე, რომ ოპორტიუნიზმში არ ჩავვარდეთ. ეჭვი არ არის, რომ ყველა სახელმწიფო ბურჟუაზიულ საზოგადოების ფარგლებში, ასე თუ ისე, ემსახურება ბურჟუაზიის ინტერესებს. ამას ვერას გზით თავს ვერ დაახწევს საქართველოს სახელმწიფო. ამისთვის თავის დაღწევა - ეს უტოპია და ამიტომ ჩვენ ამას სრულად არ ვცდილობთ. მაგრამ არა უტოპია, არამედ რეალურ შესაძლებლობას ვისახავთ მიზნათ ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც რაც შეიძლება მეტს იმოქმედებს ნაკლები მქონე და არა მქონე კლასების ინტერესებისათვის. ამ მიზნის მიღწევა შეადგენს ჩვენს საქმეს, სანამ ჩვენ ძალაუფლება ხელში გვაქვს. შესაძლებელია თუ არა ამას მივაღწიოთ? შეიძლება ჩვენც მიზნათ ახალ უტოპიას ვისახავთ, ვნახოთ.

3) ქართველი საზოგადოების სტრუქტურა

სახელმწიფო იქმნება არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობისაგან და ის იცვლება ამ ურთიერთობის შეცვლის თანახმად. სახელმწიფოებრივ ურთიერთობის მხრივ საქართველო არის ტაბულა ზასა (სუფთა ფიცარი), ის არ არის შებოჭვილი არც ნაციონალური სახელმწიფოებრივი იდეოლოგიით, არც დამკვიდრებული არც სახელმწიფო ტრადიციებით. ჩვენი სახელმწიფო მოკვდა ასი წლის წინეთ, მისგან არაფერი არ დარჩენილა, რუსულ სახელმწიფოებრივობა ჩვენ უარვყავით, ერთი სიტყვით, ჩვენ პოლიტიკურათ არაფრით არა ვართ შებოჭვილი სახელმწიფოს აშენების საქმეში, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარი ჟინიანობით შეგვიძლია ვაშენოთ ყველა ის, რაც მოგვესურვება. ჩვენ აქ გვბორკავს კლასობრივი სტრუქტურა ნაციისა და აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ურთიერთობანი. რევოლიუციამ საბოლოო მახვილი ჩასცა საქართველოში ისედაც შერყეულ თავად-აზნაურულ წოდებას და მას მამულებიც ჩამოაცილა, სოციალ-დემოკრატიის დაუდეგარი ბრძოლის მეოხებით პოლიტიკურად ეს წოდება რევოლიუციამდეც დაუძლურებული იყო. მისი აღდგენა ეკონომიურად და რამოდენიმეთ პოლიტიკურათ შეუძლია მხოლოდ გარეშე ძალას, ე.ი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობით, რადგანაც შიგნით საქართველოში ამ წოდებას არა აქვს არავითარი ნიადაგი და ძალა, რომ რევოლიუციის მონაპოვრებს ლიკვიდაცია უყოს. ყველა ის, ვინც წინააღმდეგია ჩვენი დამოუკიდებლობის და მომხრეა გარეშე ძალის, ჩვენს შინაურ საქმეში ჩარევის, აკეთებს კონტრ რევოლიუციონერების და თავად-აზნაურულ მიწათმფლობელობის საქმეს. სკოროპადსკები ჩვენში არ შეიძლება იყოს, რადგანაც არ არის ის კლასი, ანუ ფართო წრე „ხლებორობებისა“, რომელთაც შეიძლება ქონდეთ სოციალური ნიადაგი მოუმზადონ რეაქციას.

ერთი სიტყვით, თავად-აზნაურობა, როგორც სოციალური ძალა, ქართველ ერს ჩამოსცილდა, და ამ მკვდარ სხეულს რასაკვირველია, არ შეუძლია შექმნას ბაზა შინაური კონცენტრაციისათვის. მას ან ზოგიერთ მის გავლენიანი წევრთ შეუძლიანთ ასრულონ ერთგვარი უარყოფითი როლი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რადგანაც, რა წამს რუსეთში ცარიზმი აღსდგება, ეს დრო კი შორს არ არის, ჩვენი თავად-აზნაურობა მას დასახმარებლად მოიწოდებს.

მხოლოდ ამ მხრივ წარმოადგენს ეს ჩამოგდებული წოდება საშიშროებას.

საქართველოში არ არის ძლიერი ბურჟუაზია, რომელსაც შეიძლება ქონდეს აიღოს ხელში ძალა უფლება და ააშენოს თავის მზგავსი სახელმწიფო. ეს კლასი იმდენათ სუსტი და განუვითარებელია, რომ ვერ შესძლო ბურჟუაზიული პარტიის დაარსებაც.

ნაციონალ-დემოკრატები ამ მისიაზე აცხადებდენ პრეტენზიას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავად-აზნაურობის პარტია არიან. როგორც ხედავთ ეს ორი კლასი - თავად-აზნაურობა და ბურჟუაზია ყოველ საზოგადოებაში არ არის; ისინი პოლიტიკური მკვდრები არიან.

ამ რიგათ ჩვენში არ არის სოციალური ნიადაგი რეაქცია რესტავრაცია, ანუ მონარქიული კონსტიტუციისათვის.

ქართველი ერი შესდგება: მრავალრიცხოვან გლეხებისაგან, რომელთა 90 პროცენტი ბინის ნაკლებობას განიცდის, იძულებულია იჯარით აიღოს მიწა მფლობელისაგან, ანუ ბიუჯეტის შესავსებათ სხვადასხვა ქალაქებში უნდა ეძიონ სამუშაო. თუნდაც ყველა ის მიწები, რომელსაც კონფისკაცია ვუყავით, დავურიგოთ გლეხებს, ისინი მაინც იძულებულნი იქნებიან სხვა გარეშე სამუშაო ეძიონ, რადგანაც მარტო იმ მიწის შემოსავლით ვერ გამოკვებავენ თავიანთ ცოლშვილს.

მაგრამ ამ მიწების გლეხებისადმი გაცემა ხომ საუკეთესო უზრუნველყოფაა რევოლიუციონური მონაპოვრების და დემოკრატიის ბატონობის.

შემდეგ არის ქალაქის „მეშჩანები“, - ანუ წვრილი ბურჟუაზია, საკმაოთ მრავალრიცხვოვანი, რომლის დიდი უმრავლესობა გლეხობიდან არის წარმოშობილი და თან ატარებს გლეხობის ანტიმემამულეთა მისწრაფებებს და თვისებებს - ეს კლასი პოლიტიკურად ეკედლება რევოლიუციონურ კლასებს, სოციალურად დაინტერესებულია მრეწველობის და მსხვილი კაპიტალის განვითარებაში, რადგანაც მას არ გამოუცდია მსხვილი ბურჟუაზიის დამრღვევითი გავლენა, ამიტომ ეს კლასი არ შეიძლება იყოს ამ ხანად მოციქული სოციალური რეაქციის.

შემდეგ მოდის მუშათა კლასი, გლეხებთან შედარებით მცირე რიცხვოვანი, მაგრამ ყველაზე უფრო შეგნებული და ორგანიზაციულად მოწყობილი. როგორც რევოლიუციამდე, ისე რევოლიუციის დროსაც მთელი გლეხობა და წვრილი ბურჟუაზიის ნაწილი მას მისდევდა და სცნობდა მის პოლიტიკურ გეგემონიას.

ამ რიგათ საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობა ეწყობა სამი დემოკრატიული კლასისაგან: მუშათა, გლეხობის და წვრილი ბურჟუაზიის, რომელიც შეადგენენ საძირკველს საქართველოს სახელმწიფოს შენობისათვის. ამ პირობებში შეიძლება სახელმწიფო იქნეს დემოკრატიული, ანუ სულ არ იქნება.

ასეთ საზოგადოებრივ ძალთა განწყობილებას ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ადერბეიჯანში, სადაც ოსმალეთის მეოხებით ძალა უფლება მიწათმფლობელთა ხელშია, ვერც სომხეთში, სადაც ბურჟუაზია საკმაოდ ძლიერია, ხოლო გლეხობა პოლიტიკურათ ნაკლებათ შეგნებულია, ვერც რუსეთში, სადაც ბალშევიკების ავანტიურის მეოხებით რეაქციისათვის ნიადაგი მომზადებულია. ერთი სიტყვით, საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებრივი ურთიერთობა კლასობრივი სტრუქტურის მიხედვით ერთიანად განირჩევა ასეთივე ურთიერთობისაგან მეზობელ სახელმწიფოებისა. სხვათა შორის, ეს განსხვავება არსებობდა რევოლიუციამდეც, რაზედაც მე არა ერთხელ დამიწერია წინეთაც.

ყველა დემოკრატიული რესპუბლიკები დაიბადენ ისეთ სოციალურ ურთიერთობაში, როგორიც არის ჩვენში. შვეიცარიის და ამერიკის რესპუბლიკები აღმოცენდენ ისეთ დროში, როცა ბურჟუაზია არ იყო განვითარებული და არ წარმოადგენდა მსხვილ სპეციალურ ძალას, ხოლო თავად აზნაურობა არ იყო. კონვენტის მისწრაფებანი საფრანგეთში დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისაკენ მიმართული დაამსხვრია უკვე წამომდგარ თავად აზნაურობამ, გაძლიერებულ ბურჟუაზიამ და გლეხობის ჩამორჩენამ. დღევანდელი საფრანგეთის რესპუბლიკა დემოკრატიული არ არის, როგორც ამას ქვევით დავინახავთ. კონვენტს რომ მოეხერხებია თავისი დემოკრატიული კონსტიტუციის ცხოვრებაში გატარება, მაშინ ბურჟუაზიული კლასები იძულებულნი იქნებოდენ მიეღოთ ის, როგორც ფაქტი, და განვითარებულიყვენ ამ კონსტიტუციის ფარგლებში, როგორც ეს ქნა ამერიკის და შვეიცარიის ბურჟუაზიამ.

საქართველოშიაც ხომ განვითარდება ძლიერი ბურჟუაზია მაგრამ ის დაინახავს უკვე დამკვიდრებულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომლის ფარგლებში ის ვითარდებოდა და რომელსაც ის შეესისხლხორცა.

მე ვსთქვი, რომ გლეხების როლი პირველი ცდა საფრანგეთში დემოკრატიული რესპუბლიკის დამყარების შესახებ გლეხთა უძრაობა, ჩამორჩენილობამ დაამსხვრია მეთქი, საფრანგეთის გლეხობამ ორჯერ დაასამარა რესპუბლიკა: ჯერ ამოირჩია ნაპოლეონ I და 50 წლის შემდეგ კი მთელი ძალაუფლება გადასცა ნაპოლეონ III.

პრუსიაში 1848 და 49 წ.წ. რევოლიუცია დაასამარა იმავე გლეხობამ, რომელმაც წარმოიდგინა, რომ მემამულენი ერთხელ და სამუდამოთ განდევნილია სოფლებიდან და მთელი მიწები ხელში ჩაიგდო, და ამიტომ რევოლიუციონურ მოძრაობას პასსიურად შეხვდა. გლეხებს არ ესმოდათ (როგორც ჩვენს ბალშევიკებს) რომ მიწების კონფისკაცია და მათ ხელში გადასვლა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, დამფუძნებელმა კრებამ უნდა დააკანონოს, თავისთავად კი მიწის დატაცება არაფერ გარანტიას არ იძლევა. როცა რეაქციამ ქალაქებში გაიმარჯვა, შემდეგ სოფლებშიდაც გადავიდა და ძველი წყობილება აღადგინა.

ჩვენში კი, საქართველოში რესპუბლიკას და რევოლიუციას შესაძლებელია მოელოდეს შიგნიდან ერთად ერთი საფრთხე გლეხებისაგან. ამ საფრთხის ნიშნები უკვე არის.

რაშია საქმე? გლეხობა, რომელიც ვითომ და რევოლიუციის უმთავრეს მამოძრავებელ ძალად არის მოწოდებული, რათ ასამარებს მას?

დემოკრატია - ეს ხალხის პოლიტიკური ბატონობაა, ეს პოლიტიკური თვითმართველობაა; ე.ი. ისეთი წყობილებაა რომლის დროს ხალხმა უნდა გამოიჩინოს უნარი და ნიჭი, რომ თავისი თავი თვითონ მართოს, განაგოს, უნდა იყოს თავის თავის ბატონ პატრონი. თუ რომელიმე კლასი, ანუ ნაწილი ხალხისა ამისთვის გამოსადეგი არ არის, დემოკრატიული წყობილება მისთვის მიუღებელია. ასეთი კლასია გლეხობა. რატომ? ამაზე ბრწყინვალე პასუხს იძლევა კ. მარქსი. ის სწერს: „პარცელიარული, კარლიკური (парцелярные, карликовые крестьяне) გლეხობა შეადგენს დიდ მასსას, რომლის წევრები სცხოვრობენ ერთნაირ პირობებში, მაგრამ ურთიერთ შორის არ ამყარებენ რომელიმე მჭიდრო და რთულ დამოკიდებულებას; მათი წარმოების საშუალება არამც თუ არ აერთებს მათ, არამედ პირდაპირ აშორებს მათ ერთმანეთს. ეს იზოლიაცია ძლიერდება იმით, რომ საფრანგეთში ცუდი მიმოსვლის საშვალებებია და გლეხობაც ძლიერ ღარიბია. დასამუშავებელი მინდორი არ მოითხოვს შრომის განაწილებას, არც მეცნიერების მოხმარას, ცხადია არ თხოულობს ყოველმხრივ განვითარებას, განსაკუთრებულ ნიჭის გამოჩენას და რთულ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას. თითეული გლეხის ოჯახი თითქმის იკმაყოფილებს თავს თავის ნაწარმოებით და თავის საარსებო საშვალებების ძებნაში. ბუნებასთან უფრო იჭერს დამოკიდებულებას, ვინემ საზოგადოებასთან. მიწის ნაჭერი - გლეხი და მისი ოჯახი, გვერდით მეორე ნაჭერი, მეორე გლეხი და მეორე ოჯახი. განსაზღვრული ჯამი ასეთი ოჯახებისა შეადგენს სოფელს, სოფლებთა ჯამი კი - დეპარტამენტს.

„ამ ნაირათ უმრავლესობა საფრანგეთის ერისა შედგენილია ერთგვარ სიდიდის უბრალო მიმატებით, როგორც კარტოფილით სავსე ტომარა - ცალ-ცალკე კარტოფილებით. რამდენათ მილიონი ოჯახები არსებობენ ისეთ ეკონომიურ პირობებში, რომ თავის ცხოვრების შინაარსით, განვითარებით ინტერესებით, განირჩევიან სხვა კლასებისაგან, ან და მტრულ განწყობილებაში არიან მათთან, მაშინ ისინი შეადგენენ ერთ კლასს. მაგრამ, რამდენათ მცირე მიწის პატრონ გლეხებს შორის არსებობს ლოკალური კავშირი, რამდენათ მათი ინტერესთა მზგავსება, ერთიანობა არ ამყარებს არავითარ საზოგადოებრივობას და ერთობას, ნაციონალურ გაერთიანებას და პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმდენათ ისინი არ შეადგენენ კლასს. ამიტომ მათ არ შესწევთ ძალა თვითონ დაიცვან პარლამენტში, ანუ რომელიმე კონვენტში თავისი საკუთარი კლასობრივი ინტერესები; ისინი თავის თავს ვერ წარმოადგენენ, ისინი სხვამ, გარეშემ უნდა წარმოადგინოს. მათი წარმომადგენელი იმავე დროს უნდა იყოს მათი ბატონი, ავტორიტეტი, რომელიც აღჭურვილ იქნება უსაზღვრო ძალა უფლებით, იცავს მათ ყველა სხვა კლასებისაგან და უგზავნის მათ ზევიდან წვიმასაც და მზის სხივებსაც. პოლიტიკური გავლენა მცირე მიწის პატრონ გლეხებისა პოულობს თავის უაღრესს გამოხატულებას იმაში, რომ აღმასრულებელი ძალა იმორჩილებს საზოგადოებას“.

როგორც ხედავთ, წარმოების საშუალება, გლეხური მიწათმფლობელობა და მიწის დამუშავება ქმნიან ისეთ პირობებს, რომელშიაც გლეხობის გაერთიანება და პოლიტიკური ბატონობა შეუძლებელია. მოძრაობაში ის მონაწილეობას იღებს, როგორც ვეებერთელა დამრღვევი ძალა, რომელიც სწვავს და ანგრევს მემამულეთა ქონებას, სჩადის მკვლელობასაც, მაგრამ ყველა ამაში გლეხობა მონაწილეობას იღებს მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს მიწა, როცა ის ამ მიზანს მიაღწევს და მიწას ხელში ჩაიგდებს, შემდეგ მას არავითარი პოლიტიკური კითხვა არ აინტერესებს (როგორც ეს მოხდა პრუსიაში 1848-49 წლებს).

ეს ცოტაა. ისინი ხშირად ილაშქრებენ რევოლიუციონური მთავრობის წინააღმდეგ და თავის დამრღვევ ძალას დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართავენ. ამის კლასიკური მაგალითი ვანდეიაა. შევჩერდეთ ცოტახანს ამ მაგალითზე, როგორც ის აქვს აწერილი ჟორესს მე-4 ტომში „სოციალისტურ ისტორიისა“ (კონვენტი).

საფრანგეთის გლეხმა დიდი რევოლიუციისაგან მიიღო ორნაირი სარგებლობა: მან მიიღო უფასოთ ყველა ის მიწები, რომელიც მას ეჭირა, როგორც დროებით ვალდებულს, ნახევრად ხიზანს და მუდმივ მოიჯარადრეს (ჩვენი დროებით ვალდებულ და ხიზანთ მსგავსია), გარდა ამისა მან ფულზე მიიღო საკუთრება მემამულეებისაგან კონფისკაციით ჩამორთმეული მიწები, თუმცა ამ მიწების ნაწილი ბურჟუაზიასაც ჩაუვარდა ხელში. როცა ყველაფერი ეს მიიღეს რესპუბლიკისაგან, მაშინ გლეხებმა უარი განაცხადეს ყოველგვარ ვალდებულებაზე რესპუბლიკის მიმართ. ისინი განრისხებაში მოჰყავდა განსაკუთრებით ორ გარემოებას, ეს იყო: გადასახადები და ჯარში გაწვევა, ე.ი. მათ არ უნდოდათ დაეცვათ რესპუბლიკა არც ფულით, არც სისხლით, მათ წარმოიდგინეს, რომ რესპუბლიკა და კონვენტი მათ სულ არ ეხება.

მაგრამ კონვენტი, რომელიც ირგვლივ შემორტყმული იყო კონტრ-რევოლიუც. კოალიციით ერთად ერთ ხსნას ხედავდა ძლიერ არმიის შექმნაში და ამიტომ ახალ-გაზდებს ჯარში იწვევდა. მაშინ 5 დეპარტამენტს და მათ შორის ვანდეის გლეხობა აჯანყდა. თავდაპირველად თავად-აზნაურობა განზე იდგა, ზოგიერთი გლეხურათ გადაცმული აგიტაციას ეწეოდა ქალაქების წინააღმდეგ, რომელნიც სცხოვრობენ ღარიბ გლეხთა შრომითო და სხ., მღვდლები წყალს ამღვრევდენ, მაგრამ აჯაყებულთა სათავეში იდგენ არა ისინი, არამედ თვით გლეხები - ყოფილი ჯარის კაცები და დეზერტირები, აგრეთვე ტყის მცველები. შემდეგ კი, როდესაც აჯანყებამ მასსიური ხასიათი მიიღო, მათ მიეკედლენ როიალისტები, ემიგრანტების აგენტები და მღვდლები. აჯანყებულთა მძვინვარება-მრისხანებას გაკვირვებაში მოყავდა თანამედროვენი: „მკვლელობა ჩვენთვის უმაღლესი სიტკბოებაა“, ამბობდა ერთი მათგანი. წარჩინებულ რევოლიუციონერებს, კონვენტის მომხრეებს და აგენტებს არა თუ ხოცავდენ, არამედ ისე ამახინჯებდენ, რომ გამოცნობა ძნელი იყო: ამოთხრიდენ თვალებს, ამოჭრიდენ გულს და სხ.

ისინი იქცეოდენ ისე, როგორც ჩვენი აჯანყებულები იქცეოდენ დუშეთში და ცხინვალში. მათ გაძარცვეს ყველა ის ქალაქები, რომელიც ხელში ჩაიგდეს.

კონვენტმა როცა ყველაფერი ეს მოისმინა, მაშინათვე დაადგინა გაიგზავნოს 20 ათასი ნაციონალური გვარდია (მაშინდელი წითელი გვარდია) აჯანყების ჩასაქრობათო. აჯანყება მართლაც ჩააქრეს. ჯარში გასაწვევი ხალხი აკრიფეს, გადასახადები შეაგროვეს, კოალიცია დაამარცხეს, საზღვრები და რესპუბლიკა დაცულ იქნა. ყველა ამას რამოდენიმე წლის შემდეგ გლეხებმა ნაპოლეონის ამორჩევით და რესპუბლიკის დანგრევით უპასუხეს. მართალია, ნაპოლეონიც იწვევდა ჯარში ხალხს, აგროვებდა გადასახადებს, მაგრამ გლეხები მასში ხედავდენ ბატონს, ბრძანებელს, რომელიც მართავს სახელმწიფოს მათ მაგივრად და მას უნდა დაემორჩილონ მაშინ, როდესაც რესპუბლიკა - ეს მათი მსგავსი ხალხია, და მათ ისინი ბრძანებლათ არ სცნობენ.

დემოკრატიის თვითმართველობა გლეხობისათვის მიუწდომელია.

ამასვე ჩვენ ვხედავთ 1848 წლის საფრანგეთის რევოლიუციაში, ამ რევოლიუციაში გლეხობა არავითარ მონაწილეობას არ ღებულობდა. მაგრამ როცა რესპუბლიკამ მათ გადასახადები მოთხოვა, მაშინათვე ამხედრდენ და მარქსის სიტყვით ერთხმათ აღიარეს, რომ ეს „პარიზის მუშებს სურთ ჩვენს ხარჯზე ფუფუნებით მოაწყონ თავიანთი ცხოვრებაო“. გლეხებმა ნაციონალურ კრებაზე ამოირჩიეს სულ პროლეტარიატის მტრები, რომლებმაც მოაწყვეს ივნისის ხოცვა-ჟლეტა, ხოლო 10 დეკემბერს თავისი ვოტუმით ძალაუფლება ნაპოლეონ III გადასცეს. მარქსი სწერს: „10 დეკემბრის კენჭის ყრა - ეს გლეხების რეაქციაა ყველა დანარჩენ კლასების წინააღმდეგ, იმ გლეხების, რომელთაც წილათ ხვდა თებერვლის რევოლიუციის ხარჯები დაეფარათ, ეს არის რეაქცია სოფლისა ქალაქის წინააღმდეგ“. იტყვიან, ყველა გლეხები კი არ ამხედრებულან კონვენტის წინააღმდეგ, იყო ნაპოლეონის წინააღმდეგ გამოსვლების შემთხვევებიც, რომელმაც ეს გამოსვლები ხიშტებით ჩააქრო. ამაზე მარქსი უპასუხებს: „საქმე იმაშია, რომ ბონაპარტეს დინასტია წარმოადგენს არა რევოლიუციონურ, არამედ კონსერვატიულ გლეხს, არა ისეთს, რომელიც მიისწრაფვის გადალახოს თავის არსებობის სოციალური პირობების ფარგლები, საზღვრები თავისი პარცელისა, არამედ წარმოადგენს ისეთ გლეხს, რომელსაც სურს, პირიქით, განამტკიცოს ეს პირობები, არა ის სოფლის მცხოვრები, რომელსაც სურს ჩამოაგდოს ძველი წყობილება, საკუთარი ენერგიით, არამედ ისეთს, რომელიც ჯანით ჩაკეტილია თავის პარცელებთან ერთად ამ ძველი წყობილების ფარგლებში და ხსნას მოელის იმპერიის მოჩვენებებისაგან. ბონაპარტეს დინასტია არის წარმოდგენილი არა განათლების, არამედ გლეხობის ცრუმორწმუნეობის, - არა მათი გონებისა, არამედ უგუნურობისა, არა მათი მომავლისა, არამედ წარსულისა, არა თანამედროვე სევენების, არამედ მათი თანამედროვე ვანდეის“, ე.ი. არის ორნაირი გლეხობა: გლეხობა ჩამორჩენილი, რომელსაც არა აქვს პირდაპირი კავშირი ქალაქთან და მუშა-დემოკრატიასთან და რომელიც ჩაკეტილია თავის ცენტრიდან დაშორებულ კუთხეში და გლეხობა მოწინავე, რომელიც ცხოვრობს ქალაქების ახლოს, რომელნიც მიდიან ამ ქალაქებში სამუშაოდ და რომელნიც მუშათა კლასის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. პირველი, - რეაქციის საძირკველია, მეორე კი ეკედლება რევოლიუციურ მუშა-დემოკრატიას და თუმცა თვითონ არა აქვს რევოლიუციური შემოქმედების ინიციატივა, მაგრამ ის სცნობს მუშათა კლასის ხელმძღვანელობას და მიდის მის მიერ ნაჩვენებ გზით.

ჩვენში, საქართველოში ეს ორი წრე გლეხობისა ნათლად გამოიხატა დუშეთის, ლეჩხუმის, ზუგდიდის და სხ. მთიან მაზრების რეაქციონურ გლეხობასთან ბრძოლაში. ჩვენ ვეყრდნობით სხვა მაზრების მოწინავე გლეხობას.

როგორც ხედავთ, ის რაც ჩვენში სოფლათ ხდება ახალი არ არის, ესევე მეორდებოდა სხვადასხვა რევოლიუციის დროს დასავლეთ ევროპაში, სუყველგან ფართე მასსა გლეხობისა გამოდიოდა რევოლიუციონური დემოკრატიის წინააღმდეგ და უკანასკნელს უხდებოდა ბრძოლა მასთან, როგორც რეაქციონერებთან.

თუმცა ჩვენ არ უნდა გავეკვირვებიეთ გლეხობის აჯანყებას, მაგრამ ჩვენ იმდენათ დაგვავიწყდა მარქსიზმი და დაუჯერეთ ესერულ „აზრებს“, რომ დღემდე ზოგიერთი ჩვენში ამ გლეხებს იღებენ, როგორც რევოლიუციონერებს და დიდის ყოყმანით თანხმდებიან მათ წინააღმდეგ რეპრესიების მიღებაზე. დროა ჩვენ ბოლო მოუღოთ ჩვენს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ნაროდნიკულ გლეხების ილიუზიების ბატონობას, დროა დაუბრუნდეთ მარქს და მაგრად დავდგეთ რევოლიუციის გლეხების რეაქციისაგან დაცვის ნიადაგზე. ერთად ერთი საფრთხე შიგნიდან ჩვენს რესპუბლიკას მოელის ამ ჩამორჩენილ გლეხობისაგან და რომ მას ანგარიში გაუწიოთ და რევოლიუციის მონაპოვრები შევინარჩუნოთ, საჭიროა მუშები და მოწინავე გლეხები შეერთდენ ამ კონტრ-რევოლიუციონურ ტალღასთან საბრძოლველათ. თუ ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს იქნება ისტორიაში პირველი მაგალითი, როცა გლეხობამ ვერ შესძლო რესპუბლიკის დამხობა და გამოვიდა პოლიტიკურ თვითმართველობის გზაზე.

5) რესპუბლიკის ფორმა

საქართველოს ფაქტიური კონსტიტუცია ეყრდნობა სამ კლასის მუშათა, წვრილი ბურჟუაზიის და გლეხობის საზოგადოებრივ ურთიერთ დამოკიდებულებაზე. ეს კლასები სავსებით დემოკრატიულია და მათი ცხოვრების ინტერესები თხოულობენ დემოკრატიულ პოლიტიკურ დაწესებულებებს. ამ სოციალურ საფუძველზე შეიძლება აშენება სახელმწიფოებრივი მართვა-გამგეობის მხოლოდ ერთი ფორმის - რესპუბლიკის. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყნის და ერთა მდგომარეობაში, რომლებმაც შესძლეს დამკვიდრება დემოკრატიული რესპუბლიკის ძლიერი ბურჟუაზიული კლასის ჩამოყალიბებამდე.

რა არის დემოკრატიული რესპუბლიკა?

რომ წარმოდგენა ვიქონიოთ ამაზე, საჭიროა გამოვარკვიოთ რესპუბლიკის ფორმები.

კ. მარქსი სცნობს სამ ფორმას რესპუბლიკისას: პარლამენტარული, დემოკრატიული და სოციალური.

უკანასკნელი ფორმა რესპუბლიკისა კერძო საკუთრების გარეშე დგას, ხოლო კაუცკის სიტყვით „დემოკრატიული რესპუბლიკა - ეს ერთად ერთი პოლიტიკური ფორმაა, რომლის მოთავსება შეიძლება სოციალიზმთან, ამიტომ რჩება ორი ფორმა რესპუბლიკისა: პარლამენტარული და დემოკრატიული.

პირველად ტიერმა უწოდა 1849 წ. საფრანგეთის რესპუბლიკას პარლამენტარული, როცა პარლამენტიდან განდევნილ იქნა მონტალიარები როლენტის მეთაურობით. ამასობაში ეს თავის თავად წარმოადგენდა ისეთ რესპუბლიკას, სადაც ბატონობდა ბურჟუაზია, რომელიც ორი ფრთა დეგიმიდისტები და ორლეანისტები ვერ შეთანხმდენ სამეფო კანდიდატზე და ამიტომ ჩაებღაუჭენ რესპუბლიკას.

კაუცკი სწერს: „ბურჟუაზიას შეუძლია ბატონობა მხოლოდ პარლამენტარულ მონარქიის დროს, როცა ამ მონარქიის მეთაური წარმოადგენს უბრალო დეკორაციას“, ე.ი. ბურჟუაზიის მიუცილებელი მოთხოვნილება პარლამენტარული რეჟიმია, იქნება ის რესპუბლიკის ფორმა, როგორც საფრანგეთშია, ანუ მონარქიის, როგორც ინგლისში - ეს სულ ერთია. კ. მარქსის სიტყვებით ბურჟუაზიას 1849 წ. ტიერის მეთაურობით ასე ესმოდა რესპუბლიკა: „ეს პარლამენტარული ფორმაა ბურჟუაზიის ბატონობისა, რომელიც შეუზღუდველია ვეტოთი - როგორც მონარქია - აღმასრულებელი ძალით და პალატის ვადის შესრულებამდე დათხოვით“. (ბრ. 185)

ერთი სიტყვით, ბურჟუაზიულ რესპუბლიკანურ პარლამენტარული წყობილების დამახასიათებელია ის, რომ ამ წყობილების დროს მთელი ძალაუფლება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი და სასამართლო არის მხოლოდ პარლამენტის ხელში. თვითმპყრობელი მეფის მაგივრად არის თვითმპყრობელი პარლამენტი, თავად-აზნაურობის მაგივრად - ბურჟუაზია. პრინციპი ერთნაირია - უსაზღვრო გაძლიერება ცენტრალური მთავრობის, მხოლოდ ეს ხდება სხვადასხვა ფორმით და საშუალებებით.

როცა ბურჟუაზია ხელთ იგდებს ეკონომიკურ ძლიერებას, მაშინ ის პოლიტიკურადაც ბატონდება. პარლამენტარული წყობილების ბატონობის დროს ბურჟუაზიის ხელში კანონების გამოცემა, მათი ასრულება (ადმინისტრაცია, პოლიცია, ჯარი და სხვ.).

არც ერთ ამ ფუნქციას ის არ ანიჭებს არც ხალხს, და არც სხვა პარლამენტისაგან დამოუკიდებელ ორგანოებს.

ამ რიგათ პარლამენტარული რესპუბლიკა გულისხმობს ვეებერთელა ცენტრალურ სახელმწიფოებრივ მექანიზმის და მოხელეთა მთელს არმიას. მარქსი სწერს: „საფრანგეთის ბურჟუაზიის მატერიალური ინტერესები მჭიდროთ დაკავშირებულია ფართე სახელმწიფო მექანიზმის შენახვასთან. აქ უყრის თავს ის ბურჟუაზიის ზედმეტ მცხოვრებთ და მათ სახელმწიფო ჯამაგირის სახით უსრულებს იმას, რასაც ისინი ვერ ღებულობენ მოგების, პროცენტების, რენტის და ჰონორარის სახით“.

ამ სახით პარლამენტარული წყობილება პირდაპირ აძლიერებს ბურჟუაზიას არა თუ პოლიტიკურათ, არამედ - მატერიალურადაც აძლევს რა მათ შვილებს „თფილ ადგილებს“.

ამ რიგათ იქმნება მთავრობა გამოყოფილი ხალხისაგან და მის წინააღმდეგ მიმართული. მარქსის სიტყვებით ასეთ პირობაში საერთო ინტერესი ეთიშება საზოგადოებას და უპირისპირდება მას, როგორც უმაღლესი საყოველთაო ინტერესი.

ამ ნაირათ პარლამენტარული წყობილების დროს ყველაფერი ის, რასაც აზის ბეჭედი საზოგადო ინტერესისა დაწყებული ხიდეებით, სასკოლო შენობებითა, კომუნალური ქონებით, სოფლური ქონებებით და გათავებული რკინის გზებით, ნაციონალური ქონებებით, უნივერსიტეტებით, საზოგადოების წევრის თვითმოქმედების სფეროდან გამოდის და ხდება მთავრობის სამოქმედო საგნათ. (ib 954).“

პარლამენტარული რესპუბლიკა - ეს იგივე პარლამენტარული მონარქიაა უმონარქოდ და პირიქით. პარლამენტარული მონარქია თავისი სტრუქტურის მიხედვით იგივე პარლამენტარული რესპუბლიკაა უპრეზიდენტოთ. დამახასიათებელი თვისება რესპუბლიკისა, პრეზიდენტი კი არ არის, და არც საყოველთაო საარჩევნო უფლება, არამედ - პარლამენტარული რეჟიმი, ე.ი. ბურჟუაზიის პოლიტიკური დიკტატურა, ყოველ ნაირი ძალაუფლების თავის ხელში მოგროვებით. ამ რეჟიმის მეოხებით ისინი სახელმწიფოს ფარგლებში არ ითმენენ და არ აძლევენ ნებას სხვა რომელიმე ძალაუფლების დამკვიდრებას, თუ ის ცენტრთან არ არის დამოკიდებული და უკანასკნელი მას კანტროლს არ უწევს. ამიტომ ცენტრში გადატრიალება ნიშნავს მთელს სახელმწიფოში გადატრიალების მოხდენას, რადგანაც ცენტრის გადატრიალებას პერიფერიებში არსად არ ხვდება რაიმე კონსტიტუციური დაბრკოლებები, რომელიც მის გავრცელებას ხელს შეუშლიდა: მოახდინეთ როგორიც გინდა გადატრიალება შვეიცარიის ცენტრში, თქვენ ამით კანტონებში ვერავითარ გადატრიალებას ვერ გამოიწვევთ. ასეთივე გადატრიალება პარიზში ნიშნავს მთელი საფრანგეთის სახელმწიფოებრივი მექანიზმის ხელში ჩაგდებას.

ამ რიგათ პარლამენტარული რესპუბლიკა გულისხმობს ისეთ პოლიტიკურ წყობილებას, როცა მთელი ძალაუფლება პარლამენტის ხელშია, რომელიც არ ითმენს არავითარ ცვლილებას, როგორც ადმინისტრაციის სფეროში, ისე სამმართველოს და საკანონმდებლო ორგანოებში თუ სათანადო ნებართვა და ბრძანება არ არის ცენტრიდან. ხალხმა თუ დეპუტატები ამოირჩია და პარლამენტში გაუგზავნა, შემდეგ მას (ხალხს) არაფერს არ ჰკითხავენ, ის მართვა-გამგეობაში არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს. ხოლო მისი ადგილობრივი თვითმართველობა იმყოფება ცენტრის სასტიკ ოპეკის ქვეშ. ერთი სიტყვით, პარლამენტარული მართველობა არ ითმენს ხალხის პოლიტიკურ თვითმართველობას.

6) დემოკრატიული რესპუბლიკა

პარლამენტარულ რესპუბლიკისაგან დემოკრატიული რესპუბლიკა პრინციპიალურად განსხვავდება.

დემოკრატიულ რესპუბლიკას საფუძვლად ედება პრინციპი ხალხის პოლიტიკური თვითმართველობისა. აქ ძალაუფლება მარტო ცენტრში არ არის მოგროვილი, არამედ - განაწილებულია ცენტრის და პერიფერიების შორის. ხალხი ირჩევს არა მარტო დეპუტატებს პარლამენტისათვის, არამედ - კანონების აღმასრულებლებსაც, ადმინისტრატორებს, მოსამართლეებს და სხ. ხალხი თავის წარმომადგენელთა საშვალებით მონაწილეობას იღებს კანონების გამოცემაში. ასე რომ, დამახასიათებელი თვისება დემოკრატიული რესპუბლიკისა ის არის, რომ აქ ხალხი პირდაპირ მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქმეებში. ამისათვის კი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომ ხალხს თვითონ ჰქონდეს პარლამენტის დამოუკიდებლათ საკუთარი მართვა-გამგეობის ორგანოები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ცენტრალურმა ორგანომ შესძლო გაუქმება ამა თუ იმ მოქალაქის გადაწყვეტილებისა, მაშინ რესპუბლიკა იქნება არა დემოკრატიული, არამედ პარლამენტარული. კარლ მარქსის აზრით „მთავრობამ უნდა გაამარტივოს, შეამოკლოს სახელმწიფო მექანიზმი, რაც შეიძლება ნაკლებათ იმართველოს, დაიჭიროს ნაკლები რიცხვი მოხელეებისა, ნაკლები კავშირი დაიკავოს ბურჟუაზიულ საზოგადოებასთან, უნდა შეიქმნას ბურჟუაზიისათვის და მათ საზოგადო აზრისათვის მთავრობისაგან დამოკიდებული ორგანოები. (ib. 93,191). როცა ამ რიგათ ვანაწილებთ ძალა უფლებას პარლამენტს და ხალხს შორის, და ვაძლევთ უკანასკნელთ გარანტიას ცენტრის ოპეკის წინააღმდეგ, ამით მაშინ ჩვენ საშუალებას ვუსპობთ ბურჟუაზიას ჩაერიოს სახელმწიფოს საშვალებით ხალხის ყველა საქმეებში. იყო ყოველგან მყოფი მთავრობის ორგანოების საშვალებით. ერთი სიტყვით, ვამცირებთ და ვზღუდავთ ბურჟუაზიის პოლიტიკურ დიქტატურას.

თუ მაგ. ცენტრი სცემს კანონებს, ხოლო ის სისრულეში მოყავს ხალხის, ანუ რომელიმე ორგანოს მიერ არჩეული ცენტრის დამოუკიდებლათ, ცხადია, ბიუროკრატია უქმდება, მთავრობა რჩება უმოხელოთ. ანუ თუ კანონი, რომელიც გამოცემულია მთავრობის მიერ, ხალხმა არ მიიღო, მაშინ პარლამენტს ეკარგება უმაღლესი საკანონმდებლო ძალაუფლება, რომელსაც ზღუდავს ხალხი.

როგორც ხედავთ, დემოკრატიული რესპუბლიკა უარყოფს პარლამენტარულ რეჟიმს, ამის და მიხედვით იცვლება მთავრობის ხასიათიც, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა - ეს არ არის პარლამენტარული კაბინეტი, რომელიც ეყრდნობა პარლამენტის ცვალებად უმრავლესობას, არამედ - ეს არის საქმიანი კოლეგია, რომელიც უსიტყვოთ ასრულებს როგორც პალატის, ისე ხალხის გადაწყვეტილებებს. ისინი არიან ხალხის მოსამსახურენი და შეიძლება თანამდებობიდან დათხოვნილ იქნან არა პოლიტიკური, არამედ საქმიანობის მოსაზრებით.

ასეთი კონსტიტუციის დროს მთავრობას არასოდეს არ შეუძლია ხალხის გარეშე ორგანიზაციულად მოეწყოს და ხალხის წინააღმდეგ გაილაშქროს. აქ ძალაუფლება პირდაპირ გამომდინარეობს ხალხისაგან და იმდენად მჭიდროთ არიან დაკავშირებულნი ხალხი და პარლამენტი, რომ ძნელია მათ შორის დემარკაციონური ხაზის გავლება. ხალხი და მთავრობა - ეს მთლიანი ერთეულია. საერთო ნებით, მთლიანი მოქმედებით.

დემოკრატიული რესპუბლიკა შეიძლება იყოს ორი სისტემის: ფედერატიული და უნიტარული. პირველის მაგალითია შვეიცარია და ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატები, უკანასკნელებში დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპი ფრიად შეკვეცილია, ვინაიდან პრეზიდენტს ისეთი უფლება აქვს მინიჭებული, რომელიც ფაქტიურად ინგლისის მონარქიის უფლებებს აღემატება. საქართველოს პირობებში კი ფეოდალიზმის პრინციპი სრულიად მიუღებელია, შეიძლება მხოლოდ შევჩერდეთ უნიტარულ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. უკანასკნელის მაგალითებს ჩვენ ვხედავთ ძველ საბერძნეთის ქალაქთა რესპუბლიკებში, სადაც თვითეული მოქალაქე პირდაპირ მონაწილეობას ღებულობს ქვეყნის მართვაგამგეობის საქმეში, მაგრამ რადგანაც არ იყო სამოქალაქო თანასწორობა, ყველა ეყრდნობოდა მონების შრომაზე, რომელთაც არ ქონდათ არავითარი ადამიანური უფლება.

პირველად დემოკრატიულ რესპუბლიკის თანამედროვე სახელმწიფოებრივ მასშტაბით შექმნას შეეცადა კონვენტი, რომელმაც 1793 წელს გამოიმუშავა სათანადო კონსტიტუცია.

ნება მიბოძეთ მოგაგონოთ ის ჭეშმარიტად შესანიშნავი კამათი, რომელიც გაჩაღდა კონვენტში მაშინ ამ კონსტიტუციის შესახებ. ერთი მეორეს დაეჯახა ორი პოლიტიკური მსოფლმხედველობა - ჟირონდისტების და მანტანიარების, თუმცა ორივე ეს მიმართულება პრინციპიალურად ერთ და იგივე თვალთაზრისით ხელმძღვანელობდენ.

ჟირონდისტების ლიდერის კონდორსეს პროექტით ხალხის სუვერენიტეტი უნდა აშკარავდებოდეს პირდაპირ და დამოუკიდებლივ. პირველი საარჩევნო კრებები ანუ ოლქები პირდაპირ ირჩევენ: მუნიციპალიტეტს, დეპარტამენტის ადმინისტრატორებს, დეპუტატებს პალატაში, მსაჯულებს და მინისტრები. ორი დეპარტამენტის ამომრჩევლების მოთხოვნით კანონი, გამოცემული დეპუტატთა პალატის მიერ ხელახლად განხილულ იქნება მთელი ხალხის რეფერენდუმით. პალატა ირჩეოდა ერთი წლის ვადით. ამ პროექტის წინააღმდეგ იაკობინელებმა წამოაყენეს შემდეგი მოსაზრებანი: მუდმივი არჩევნებით ხალხი მოიქანცება - მოიღლება და ეს ბოლოს და ბოლოს იმდენათ მობეზრდებათ მათ, რომ თავსაც კი შეიკავებს ხმის მიცემაში. მთელი საარჩევნო პროცედურა ჩაუვარდებათ ხელში პოლიტიკურ ინტრიგანებსო. ასეთი რთული პროცედურით კანონების გამოცემა - ეს იქნება ხალხის ნების Veto-ს (ვეტოს) შექმნა თვით ამ ნების წინააღმდეგ. შემდეგ არჩევა მინისტრების მილიონი ხმებით და დეპუტატის ათასი ხმით - ეს ნიშნავს მისცე აღმასრულებელ ორგანოს საშინელი ძალა, ეს ნიშნავს სუვერენულ ხალხს აუშენოთ „არა ტაძარი, არამედ საფლავი“, - როგორც სთქვა სენ-ჟიუსტმა.

მონტანიორები ხედავდენ ამ პროექტში ფედერალისტურ სულისკვეთებას, რაც მეტის-მეტად ეჯავრებოდა მათ, ხოლო იმის შიშით აღმასრულებელ ძალას - სამინისტროს - შექმნის პროვინციალებიო, რევოლიუციონურ პარიზის გავლენის მოუხდენლათ დაიწყეს ენერგიული კამპანია ამ პროექტის წინააღმდეგ. კონვენტი დაეთანხმა მონტიარების დებულებებს და ამისდა მიხედვით გაასწორა კონდორსეს პროექტი. კონვენტმა დაადგინა: მოქალაქენი, რომელთაც შესრულებული ჰქონდათ 21 წელი, პირდაპირ ირჩევდენ დეპუტატებს და არა პირდაპირ თავის რწმუნებულთა საშუალებით ირჩევდენ ადმინისტრატორებს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და საზოგადო სამედიატორო მოსამართლეთ, რაც შეეხება დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ კანდიტატებს მინისტრთა პოსტზე, მათ ნიშნავს თვით პალატა. სახალხო კენჭის ყრა ხდებოდა ზოგიერთ კანონების შესახებ, რომელთა სია იყო შემდგარი.

კონსტიტუციის რატიფიკაცია მოხდა საყოველთაო სახალხო კენჭის ყრის საშვალებით, მაგრამ ბურჟუაზიულმა რეაქციამ წალეკა ის, სანამ ძალაში შევიდოდა. მისი ადგილი დაიჭირა 95 წლის ბურჟუაზიულმა კონსტიტუციამ, რომელიც თავის მხრივ, გაანადგურა კონსულური და იმპერიალური კონსტიტუციამ გლეხთა რეაქციის მეოხებით.

რაც შეეხება თვით კონვენტს, ის, როგორც განსაზღვრული საარჩევნო უფლებიდან გამოსული, არ იყო დემოკრატიული დაწესებულება. და თუმცა მთელი ძალა უფლება მის ხელში იყო, მაგრამ ის მაინც არ იყო პარლამენტარული დაწესებულება. კონვენტი - ეს რევოლიუციონური ორგანოა, რომელიც არ არის შებოჭვილი არავითარი პარლამენტარული კონსტიტუციონური გზებით და მოქმედობს რევოლიუციის და სამშობლოს დაცვის გულისათვის, ამიტომ იყო რომ კონვენტმა დემოკრატიული კონსტიტუცია მიიღო და დაადგინა: გაატაროს ის ცხოვრებაში, ნორმალურ პოლიტ პირობებში, რომელიც მისი აზრით დადგება რამოდენიმე წლის შემდეგ. ამრიგათ პირველი ცდა უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა, დამარცხებით გათავდა. დარჩა 93 წლის კონსტიტუცია, როგორც საუკეთესო ნიმუში დემოკრატიული შემოქმედების და რომელიც შემდეგში ვერსად ვერ განხორციელდა (მის აღდგენას მოითხოვდა ბაბეფი).

როგორც ხედავთ, ჩვენ დღეს არა გვაქვს ისეთი ქვეყანა, სადაც დამყარებული იყოს უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლიდანაც შეგვეძლო სარგებლობა საქართველოს რესპუბლიკის შექმნის დროს, ჩვენ გვიხდება საკუთარი პასუხისმგებლობით და შრომით საქართველოში ხსენებული ფორმის რესპუბლიკის შექმნა-განმტკიცება, ჩვენ გვჭირია ისეთი რესპუბლიკა, რომელმაც ხალხი არ უნდა დაუმორჩილოს სახელმწიფოებრივი საშვალებებით ბურჟუაზიას, მაგრამ ამავე დროს ხელი არ უნდა შეუშალოს და ფართე ასპარეზი მიეცეს საწარმოვო ძალთა განვითარებას. ჩვენ გვინდა ისეთი რესპუბლიკა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის ბატონობას ისე, რომ ცენტრალური ორგანოები არ გახდენ ბურჟუაზიის გასაბატონებელ პოლიტიკურ იარაღათ და არც ადგილობრივი ორგანოები გახდენ პროვინციალური რეაქციის ბუდეთ.

ერთი სიტყვით, ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი რესპუბლიკა, რომელიც შეიძლება იყოს „პოლიტიკურ ფორმათ სოციალიზმისა და მით საშვალება მოგვეცეს ჩვენ მომავალში ვიმოქმედოთ საზოგადოების სოციალისტურ ნიადაგზე გარდასაქმნელად. ხალხის პოლიტიკური თვითმართველობა - ეს აუცილებელი საშვალებაა და უეჭველი საფეხურია მის სოციალური თვითმართველობის“.

7) დემოკრატიული რესპუბლიკის ორგანოები

როგორც ვსთქვი, საქართველოს სახელმწიფო შეიძლება დაფუძნებულ იქნას სამ სოციალურ კლასზე: მუშათა, წვრილი ბურჟუაზიის და გლეხობის ძალთა ურთიერთ განწყობილებაზე; ორი უკანასკნელი კლასი ჩამორჩენილ გლეხობის გამოკლებით, სცნობს მუშათა დემოკრატიის პოლიტიკურ გეგემონიას და ხელმძღვანელობას. ამ დამოკიდებულების უფლებრივი ნორმებში ჩამოყალიბება ნიშნავს სახელმწიფოს მისცე სათანადო კონსტიტუცია. აქედან დიდი პრობლემა: როგორი ორგანოები უნდა შეიქმნას, რომ ისინი მართლა გამოხატავდენ საზოგადოებრივ ძალთა განწყობილებას და მას შესაფერ მიმართულებას აძლევდენ. სხვანაირათ რომ ვსთქვათ, როგორ შევკეროთ ისეთი კონსტიტუციონალური ტანისამოსი, რომელიც კარგათ მოადგებოდეს ტანზე არსებულ საზოგადოებრივ სხეულს.

ერთი კი უეჭველია, ეს კონსტიტუცია უნდა იყოს რესპუბლიკური, დემოკრატიული. მაგრამ რომელი ორგანოები, როგორი ნორმები უზრუნველყოფს ჩვენთვის დემოკრატიულ რესპუბლიკას?

მთელი ძალა უფლება გამოდის ხალხიდან - ეს საერთო მცნებაა ყველა თანამედროვე რესპუბლიკებისათვის. შემდეგ კი იწყება განსხვავებაო, პარლამენტარულ რესპუბლიკას ეს ძალა გამოაქვს ხალხისგან და შემდეგ აძლევს პარლამენტს, ე.ი. აგროვებს ბურჟუაზიის ხელში, ამით ხალხის სუვერენიტეტს აქცევს გაბატონებულ კლასთა სუვერენიტეტათ. დემოკრატიული რესპუბლიკა არა თუ ღებულობს ხალხისაგან ამ ძალა-უფლებას, არამედ უმეტეს ნაწილს უტოვებს ისევ ხალხს და საშვალებას აძლევს მას მოიხმაროს ის იმ ძალა-უფლებას დამოუკიდებლათ, რომელიც გადაცემული აქვს ცენტრს, ძალა-უფლების ასეთი განაწილების დროს, ცენტრალურ მთავრობას არა აქვს საშვალება ცალკე ორგანიზაციულად დაირაზმოს და ის თანდათან უახლოვდება ხალხს და იქცევა სახალხო მთავრობათ.

ერთია ძალა-უფლება - ერთია მისი წარმომშობი წყარო - ხალხი. უკანასკნელი თავის მოწოდებას ანხორციელებს სამი გზით: კანონმდებლობით, ადმინისტრატიული და სასამართლოთი. იქმნება შესაფერი ორგანოები.

) საკანონმდებლო ორგანო

უნიტარულ რესპუბლიკაში საკანონმდებლო ორგანო ერთია. ვინაიდან ერთია ხალხი. საჭიროა თუ არა ამ ორგანოს ქონდეს უზენაესი უფლება? გამოჩენილ სამართლის მცოდნე დაისის სიტყვებით „არ არის მსოფლიოში ისეთი პარლამენტარული საკანონმდებლო ორგანო გარდა ინგლისისა, რომლის ხელში იყოს უზენაესი უფლება. ინგლისის საკანონმდებლო ორგანო არაფრით არ არის შეზღუდული თავის მოქმედებაში, შეუძლია ყველაფერი ქნას ფიზიკურ შესაძლებლობის ფარგლებში, მაშინ როცა ყველა დანარჩენი პალატები შეზღუდულია კონსტიტუციის სტატუტებით, ე.ი. თითეულ ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, ანუ თავისებური პოლიტიკური წესდება, რომლის თანახმად საკანონმდებლო ორგანო ასრულებს თავის ფუნქციებს. იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოიცა კანონი, ის დაუყონებლივ გაუქმებული იქნება სასამართლოს, ანუ სხვა რომელიმე ძალის მიერ, ინგლისში კონსტიტუცია კანონისაგან განცალკევებულია, ასეთი დაყოფაც აღარ არის. პარლამენტს ყოველ დროს შეუძლია გამოსცეს როგორიც უნდა ისეთი კანონი და არავის არ შეუძლია ეს კანონი გააუქმოს.1 ამიტომ ამბობენ, რომ ინგლისში კონსტიტუცია არ არის დაწერილიო, რადგანაც ის ყოველდღე იცვლება. აქედან აშკარაა, თუ რამდენათ ძლიერია პოლიტიკურათ ინგლისის ბურჟუაზია და აღჭურვილია განუსაზღვრელი პარლამენტარული ძალა-უფლებით. უზენაესობა პარლამენტარულ და ნახევრათ პარლამენტარულ ქვეყნებში შეზღუდულია კონსტიტუციებით, დემოკრატიულ ქვეყნებში კი კონსტიტუციით და სახალხო კენჭის ყრით (რეფერენდუმით).

ყველაზე დიდი შეზღუდვა, რასაკვირველია, არის რეფერენდუმი, რადგანაც ამ გზით შეიძლება გაუქმება არა თუ ანტი კონსტიტუციურ, არამედ კონსტიტუციურ კანონებისაც. ამ შემთხვევაში სრული ბატონ პატრონია ხალხი.

ამ რიგათ ჩვენ უარვყოფთ რა ინგლისის პარლამენტარულ სისტემას ვდგევართ კანონმდებლობით ორგანოს შეზღუდვილი უზენაესობის ნიადაგზე, მაგრამ რა ფარგლებში და როგორ შევზღუდოთ ის?

უწინარეს ყოვლისა კონსტიტუციას იმუშავებს სპეციალური (დამფუძნებელი) კრება. შეიძლება ამ კრების უზენაესობის შეზღუდვა? რასაკვირველია შეიძლება.

კონსტიტუციას რატიფიკაცია ხალხმა უნდა გაუკეთოს. ამას ბურჟუაზიაც კი ასრულებდა. შემდეგ ყოველგვარი ცვლილებანი კონსტიტუციაში ძალაში უნდა შევიდეს მის შემდეგ, როცა მას ხალხი მოიწონებს, როგორც ეს ხდება ჩრდილო-ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ლოღიკურია: თუ კონსტიტუცია მკვიდრდება რეფერენდუმის საშუალებით, მაშინ ყველა შესწორებები და საშუალებებიც რეფერენდუმით უნდა იქნას შეტანილი შემდეგ ჩვენ შევდივართ ძნელ და სადავო უფლებრივ სფეროში: როგორ გავანაწილოთ საკანონმდებლო ძალაუფლება ხალხის და საკანონმდებლო ორგანოს შორის ისე, რომ ხალხმა არ უარყოს პროგრესიული კანონები, როგორც შვეიცარიაში ხანდახან ხდება, ან პროვინციალიზმმა არ ჩაყლაპოს ცენტრი?

მსგავსი შემთხვევები შვეიცარიაში აიხსნება ერთის მხრით შვეიცარიის გლეხობის ჩამორჩენილობით, უძრაობით, რომელსაც არასოდეს არ განუცდია რევოლიუციონური ტალღების გავლენა, მეორეს მხრით კონსერვატიული და ბურჟუაზიული პარტიათა ორგანიზაციულათ მოწყობით, რომელნიც პარლამენტი დემოკრატიის ზეგავლენით ხშირად მხარს უჭერენ კანონებს იმ იმედით, რომ ხალხი უარყოფსო, მესამე - კანონების სირთულით და გაუგებრობით.

ჩვენში, ვინაიდან გლეხობამ რევოლიუციონური ტალღები რამდენიჯერმე განიცადა, ამიტომ მისი ჩამორჩენილობა იმდენად საშიში არ იქნება, ხოლო ბურჟუაზიული და კონსერვატიული პარტიები ჩვენში მეტად სუსტნი არიან.

მხოლოდ საკითხის სიძნელე და სირთულეს ჩვენში შეუძლია ითამაშოს უარყოფითი როლი ხმის მიცემის დროს, ვინაიდან ის, რაც არ ესმის კაცს, ის ან უარყოფს ანუ შეუგნებლად ღებულობს გარეშე ძალის გავლენით.

ამიტომ საჭიროა შევჩერდეთ 93 წ. კონსტიტუციის კომპრომისებზე. კანონები ზოგიერთ ძირითად საკითხების შესახებ უნდა მიღებული იქნას რეფერენდუმით (სავალდებულო, ან ფაკულტატიური), დანარჩენ კანონებს სცემს პირდაპირ საკანონმდებლო ორგანო. რეფერენდუმით უნდა გადაჭრილ იქნას ყველა ის საკითხები, რომელსაც კავშირი აქვს ხალხის ჯიბესთან, მაგ. სახელმწიფოს შემოსავალი და გასავალის (გადასახადები სახელმწიფო ქონება, ფულის სისტემა) ომი და ზავის (ომის გამოცხადება) საბაჟო, ვაჭრული ხელშეკრულებების სახალხო განათლების საკითხი (შკოლა). ამ კანონების გამოცემაში ხალხის მონაწილეობას აქვს დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც. ის აერთიანებს ხალხს სახელმწიფოსთან, აჩვევს და ასწავლის მას რესპუბლიკის დაცვას. ხალხის თანდათან განვითარება ამ გზაზე და გადაქცევა შეგნებულ პოლიტიკურ დემოკრატიათ ათონის დემოკრატიის მზგავსად - ხელს შეუწყობს მთელი საკანონმდებლო ძალა უფლების მის (ხალხის) ხელში გადასვლას, ხოლო წარმომადგენლობით დაწესებულება გადაიქცევა ორგანოთ, რომელიც წინასწარ ამზადებს კანონ-პროექტებს და ხელმძღვანელობს მის ხალხის მიერ კენჭის ყრას.

ერთი სიტყვით, რომ ვსთქვათ ციურიხის კანტონის კონსტიტუციის სიტყვებით: „ხალხი ახორციელებს საკანონმდებლო ძალაუფლებას დეპუტატთა პალატის დახმარებით“. ერთ პალატიანი სისტემის დროს, როგორიც ჩვენშიაც უნდა იქნას მიღებული, რეფერენდუმი მას კონტროლს უკეთებს და პალატას აიძულებს დაკვირვებით და დინჯათ იმუშაოს კანონმდებლობის სფეროში.

) ადმინისტრატიული ორგანოები

ცენტრალური ადმინისტრატიული ორგანო - ეს მინისტრთა კაბინეთია. პარლამენტარული წყობილების დროს სამინისტრო წარმოადგენს პარლამენტის აღმასრულებელ ძალას ე.ი. პარლამენტის დადგენილებანი სისრულეში მოყავს მხოლოდ მინისტრს და მის მოხელეებს.

ეს ერთი დამახასიათებელი თვისებაა, მეორე თვისება კი იმაში მდგომარეობს, რომ სამინისტრო არის პალატის უმრავლესობის ნების გამომხატველი და იცვლება ამ უმრავლესობის შეცვლის მიხედვით. მაშინ, როცა დემოკრატიულ ქვეყნებში სამინისტროს არა აქვს არც ერთი ეს თვისება, ის არ არის კანონების ერთად ერთი აღმასრულებელი და მას არ აწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე. შვეიცარიაში პარლამენტის და ხალხის მიერ გამოცემული კანონები სისრულეში მოჰყავს მოხელეებს, რომელნიც დანიშნულნი არიან არა ცენტრის მიერ, არამედ კანტონის მიერ. სამინისტროს არა აქვს მოხელეთა აპარატი, მასთან ერთად უმაღლეს ადმინისტრატიულ თანამდებობაზე ზოგიერთ კანტონებში პირები ირჩევიან მოქალაქეთა მიერ და არა ინიშნებიან, მეორეს მხრით მინისტრებს ირჩევს პარლამენტი თავის მოქმედების დაწყების წინ, ისინი არსებობენ შემდეგი პარლამენტის პირველ სხდომამდე, ხოლო ამ უკანასკნელზე ირჩევენ ახალ მინისტრებს (ჩვეულებრივ ძველებს ხელახლა ირჩევენ), - დალისის სიტყვებით ასეთი სამინისტრო შეიძლება განვმარტოთ: „როგორც დირეკტორთა საბჭო, რომელიც შედგენილია შვეიცარიის საქმეების მმართველად თანახმად კონსტიტუციის მუხლებისა და პარლამენტის საერთო სურვილისა“. ერთი სიტყვით სამინისტრო - ეს საქმიანი კოლეგიაა, რომელიც შედგენილია გამოცდილი და საქმის მცოდნე ადმინისტრატორებისაგან, რომელნიც აწარმოებენ მხოლოდ ადმინისტრატიულ საქმეებს და არ წარმოადგენენ უმრავლესობის არც მეთაურებს და არც პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ მოღვაწეებს. სამინისტროსი, ანუ თვითეული მინისტრის გადაყენება სამსახურის ვადის გასვლამდე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დაარღვია კონსტიტუცია, ან კანონი, მხოლოდ ეს უნდა დაადასტუროს ფედერატიულმა სასამართლომ.

როგორც ხედავთ, დემოკრატიული სამინისტრო არ წარმოადგენს პარლამენტარულ აღმასრულებელ ძალას. რატომ? ცხადია რატომ. თუ კანონმდებელია არა მარტო პალატა, არამედ ხალხიც. ამასთანავე პალატის უმრავლესობა შეიძლება არ წარმოადგენდეს ხალხის უმრავლესობას, ამიტომ ყოვლად შეუძლებელია შეადგინო მინისტრთა კაბინეთი პალატის დეპუტატთა უმრავლესობისაგან, ისე, რომ ეს კაბინეთი არ დაუპირისპირდეს მოქალაქეთა უმრავლესობას. შეუძლებელია აგრეთვე კაბინეთი შეადგინო მოქალაქეთა უმრავლესობის მიხედვით, ვინაიდან ეს უმრავლესობა ხასიათდება არა პოლიტიკური ნიშნებით, არამედ იმ კანონების ხასიათით, რომელიც სახალხო კენჭის ყრით იქნა მიღებული. პარლამენტარიზმის გზით რომ წავიდეთ, მაშინ პარლამენტი უნდა გადადგეს, თუ მის მიერ მიღებული კანონი ხალხმა უარჰყო.

ამ ნაირათ, პარლამენტარიზმი ძირითადათ ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპებს. მაგრამ რაკი უკანასკნელი სიტყვა ხალხს ეკუთვნის, მას შეაქვს ყველგან დემოკრატიული მცნებები; მინისტრებს, დეპუტატებს და სხვა ადმინისტრატორებს ხალხი უყურებს არა ისე, როგორც თავის ბატონებს, არამედ ისე, როგორც თავის მოსამსახურეს, რწმუნებულთ, რომელნიც ვალდებულნი არიან შეასრულონ მისი ბრძანებანი იმ შემთხვევაშიაც, როცა ასეთებს არ ეთანხმებიან ისინი (მინისტრები). აქ პატრონია ხალხი და ის არ კითხულობს მინისტრებს თანახმა არიან თუ არა, ის პირდაპირ უკარნახებს მათ თავის ნებას, რომლის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის კანონის ძალით ისჯება. ეს დემოკრატიის ბატონობის უმაღლესი ფორმაა და სანამ ხალხი არ ამაღლებულა ამ ფორმამდე, მას ძალაუნებურათ უხდება ანგარიში გაუწიოს ყველა სურვილებს და კაპრიზებს ადმინისტრატორებისა, რომელნიც მის ბატონათ ხდებიან და არა მოსამსახურეებათ.

შესაძლებელია თუ არა ჩვენში არა პარლამენტარული კაბინეთი? ამაზე კატეგორიული პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგანაც ეს გამოირკვევა დემოკრატიული კონსტიტუციის პრაქტიკიდან.

რეფერენდუმის დროს ყველასათვის ცხადი გახდა, რომ პარლამენტარიზმის და სახალხო კანონმდებლობის ერთად მოთავსება ყოვლად შეუძლებელია. მაგრამ, როგორც გადასასვლელ საფეხურზე, მე მივუთითებდი ისეთ კაბინეთის შედგენაზე, სადაც თავმჯდომარე და ერთი ანუ ორი მინისტრი (მაგ., საშინაო ანუ საგარეო საქმეთა) იყოს პოლიტიკურათ პასუხისმგებელი, დანარჩენები კი საქმის ხალხი, რომელნიც გააგრძელებენ თავიანთ საქმეებს მაშინაც, როცა პასუხისმგებელ მინისტრების გამოცვლა ხდება.

არა პარლამენტარული კაბინეთი ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, თუ ის ერთად-ერთი აღმასრულებელია გამოცემული კანონებისა.

ამ შემთხვევაში ის იმდენათ გაძლიერდება, რომ თავისი მოხელეების საშუალებით ხალხს ადვილათ დაიმორჩილებს და ამით გააბათილებს, როგორც რეფერენდუმს, ისე ხალხის სუვერენიტეტს ამიტომ 93 წლის კონსტიტუცია ამკვიდრებდა ისეთ წესს, რომლის ძალით ადმინისტრატორებს ირჩევენ მოქალაქენი თავიანთ რწმუნებულთა საშუალებით და არა მინისტრები ნიშნავენ.

შვეიცარიაში და ჩრდილოეთ-ამერიკის შეერთებულ შტატებში ხალხი პირდაპირ ირჩევს გუბერნატორებს, პოლიცმეისტრებს და სხვ. მაღალ თანამდებობის პირთ, ჩვენ კი იმ პირობებში, რომელიც საქართველოშია, ვარჩევთ კონვენტის სისტემას. ადმინისტრატორების ამორჩევის უფლება უკეთესია მიენიჭოს საერობო და მუნიციპალურ თვითმმართველობებს, რომლებსაც ისინი (ადმინისტრ.) პირდაპირ ემორჩილებიან, არაპირდაპირ კი ემორჩილებიან მინისტრს, რომელიც თვალყურს ადევნებს მათ მოქმედებას კანონიერების მხრით.

იტყვიან: მაშინ სამინისტრო ხომ უსაქმოთ დარჩებაო? არაფერი ამის მსგავსი. ცენტრალური მთავრობის კონსტრუქციის დროს ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ერთი პრინციპით: ეს მთავრობა, რაც შეიძლება ნაკლებ მმართველობდეს ხალხზე და მეტს ნივთებზე, ე.ი. ის უნდა ცდილობდეს სახელმწიფოებრივ მეურნეობა მეოჯახეობაზე და ხალხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მდიდარ კლასთა მისწრაფება ამ დებულებას სავსებით ეწინააღმდეგება: მათ აინტერესებს ხალხის მართვა, ე.ი. მისი დამორჩილება სახელმწიფო ძალით და სამეურნეო-საოჯახო საქმეების კერძო პირებზე გადაცემა. პარლამენტარულ ქვეყნებში, თითქმის დემოკრატიულ ამერიკაში სახელმწიფოებს ჯერ ვერ მოუხერხებიათ არამც თუ ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენება თავის ხელში რკინის გზების აღება ექსპლოატაცია, ბურჟუაზია კი პრინციპიალურად უარყოფს სახელმწიფოებრივ მეურნეობას, რადგანაც მასში სოციალიზმის ჩანასახს ხედავს. არსებული დემოკრატიული რესპუბლიკები (შვეიცარიაში და ამერიკაში) ამ მუხლში სავსებით ბურჟუაზიის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და არ ისახავენ არავითარ სამეურნეო მიზნებს, არა აქვთ არავითარი სახელმწიფო უძრავი ქონება. ამ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკა თავის სახელმწიფო ქონების მხრივ, რომელიც შესდგება ტყეებისაგან და მამულებისაგან (და რომელიც უნდა იქნას შევსებული მადნეულობით) წარმოადგენს ბედნიერ გამონაკლისს. არა მქონე და მცირე მქონე კლასების ინტერესები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ პირველ რიგზე დააყენოს სახელმწიფო მეურნეობის შექმნა, და კულტურული საკითხები ხოლო მეორე რიგზე - ადმინისტრატიული-პოლიტიკური საკითხები. რკინის გზები, ტყეები, მამულები, მადნეულობა, ჭაობების ამოშრობა, მედიცინა, სკოლები, მუშათა დაზღვევა და სხ. - აი ის საგნები, რომელზედაც უნდა ტრიალებდეს უმთავრესად მთავრობის მოქმედება, აგრეთვე ყოველნაირად ხელს უნდა უწყობდეს და ეხმარებოდეს საზოგადოებრივი ორგანოების ასეთ დაწყებულებას. როცა ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკას ვაშენებთ, ჩვენი უმთავრესი მიზანია სახელმწიფოს გადაქცევა შეძლებისამებრ სამეურნეო საოჯახო ორგანიზაციათ. ასეთია ჩვენი მიზანი დემოკრატიული რესპუბლიკის შენების დროს.

ამ რიგათ, როგორც ჩვენ გავანაწილეთ საკანონმდებლო ძალა პარლამენტისა ხალხს შორის, ასე უნდა გავანაწილოთ აღმასრულებელი ძალაც მთავრობასა და საზოგადოებრივ თვითმართველობათა ორგანოების შორის. ამისათვის კი საჭიროა და აუცილებლობას წარმოადგენს ამ უკანასკნელთა არსებობა და მოქმედებაც. მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საქართველოში ის აუცილებლათ საჭირო საძირკველი, რომელზედაც დამყარებულია თანამედროვე სახელმწიფო, - არა გვაქვს კომუნალური თვითმართველობა. ჩვენი სოფლები წარმოადგენენ უფორმო, უუფლებო ორგანიზაციებს. მაშასადამე, დღეს უმთავრესად ჩვენ უნდა შეუდგეთ კომუნალური ორგანოების შექმნას, ადგილობრივი სახელმწიფო ცენტრის მოწყობას, რის შემდეგ სახელმწიფო საძირკველი ძლიერი და შეურყეველი იქნება. საზოგადოებრივი ორგანოები თვითმართველობისა სასოფლო სამაზრო, ქალაქთა და მათი კავშირები. ადმინისტრატიული მოღვაწეობასთან ხელს მოკიდებენ უმთავრესად სამეურნეო საკულტურო მუშაობას და მით შეავსებენ და გააგრძელებენ სახელმწიფო სამეურნეო მოქმედებას.

იბადება კითხვა: როგორი უფლებრივი დამოკიდებულება არსებობს მოქალაქეთ და ადმინისტრატორებთა შორის? შეუძლია თუ არა მოქალაქეთ სამსახურში დანაშაულის ჩადენის გამო ადმინისტრატორები ჩვეულებრივ სამართალში მისცენ?

ყველა პარლამენტარული და ნახევრათ პარლამენტარული სახელმწიფოები, ინგლისის გამოკლებით, თავიანთ მოხელეებს უყურებენ, როგორც პირთ, რომელთაც აქვთ მინიჭებული მთელი რიგი განსაკუთრებულ უფლებებისა, პრივილეგიებისა და პრეროგატივებისა, - რითაც აღჭურვილნი არ არიან უბრალო მოქალაქენი.

და „ჰგონიათ, რომ ამ უფლებათა, უპირატესობათა და პრეროგატივების საზომი უნდა განისაზღვროს სხვა გვარი პრინციპით, ვიდრე განისაზღვრება უფლება და მოვალეობანი ერთი მოქალაქისა მეორესთან შედარებით“. (დაისი) ეს უბრალოთ რომ აუხსნათ, ნიშნავს, რომ თანამდებობის პირნი ექვემდებარებიან არა ჩვეულებრივ სასამართლოებს, არამედ თავიანთ საკუთარ ეგრედ წოდებულ „ადმინისტრატიულ“ სასამართლოს. ამ მიზნით შექმნილია ადმინისტრატიული უფლებათა მთელი სისტემა, რომელიც ამკვიდრებს მთავრობისაგან დამოკიდებულ სასამართლოებს, უკანასკნელებს გადაეცემა გასასამართლებლათ ხოლმე მთავრობის დადგენილებით დამნაშავე თანამდებობის პირები. ამ აღმასრულებელმა ძალამ თავი დაიცვა, აღმართა თავის და ხალხს შორის სიმაგრე და მოიპოვა მასაზე ძლიერი გავლენა. ეს სისტემა პირდაპირ გამომდინარეობს პარლამენტარული წყობილებიდან, ისე როგორც ეს უფრო მოუხეშავი, ტლანქი სახით გამომდინარეობს თვითმპყრობელური რეჟიმი და იმისაგან, რომ მთელი ძალა უფლება გროვდება ცენტრის ხელში, სისტემა გამოყოფილი ხალხისაგან და მასაზე გაბატონებული. ადმინისტრატიული უფლება გულისხმობს მთავრობის და ხალხს შორის ანტოგონიზის და მტრული განწყობილების არსებობას და ეს უფლება იღებს ყოველგვარ იურიდიულ ზომებს, მთავრობის და მის აგენტურის დასაცავად ამ მტრებისაგან.

უფლების ასეთი გაგება ძირიანად ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპებს, სადაც მთავრობა და მისი მოხელეები წარმოადგენენ ხალხის მოსამსახურეებს, რომელთაც არა აქვთ არავითარი განსაკუთრებული პრეროგატივები და ემორჩილებიან ჩვეულებრივ სისხლის სამართლის და სამოქალაქო კანონს. ყველა პარლამენტარული ქვეყნებისაგან მხოლოდ ინგლისმა დაახწია თავი ამ ადმინისტრატიულ უფლებას მოსამართლეთა ძლიერი გავლენის მეოხებით, რომლებმაც ეს ძალა შეიძინეს მთელი საუკუნის განმავლობაში მეფესთან და მოქალაქეებთან ერთად, ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლით. აქ ჩვეულებრივ სასამართლოს ექვემდებარება ყველა, დაწყებული მეფიდან და გათავებული უბრალო მომაკვდავით. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია საჩივარი აღძრას სასამართლოს წინაშე თანამდებობის პირის დანაშაულის შესახებ. მთელი ეს სისტემა მჭიდროთ დაკავშირებულია დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპებთან და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ.

ვ) სასამართლო ორგანოები

ადმინისტრაცია თითქმის ყველგან გაბატონებულთა ორგანოთ ირიცხება, სასამართლო კი ჩაგრულთა ორგანოთ. ეს ორი დაწესებულება მუდამ ცუდ განწყობილებაში იყვნენ ერთმანეთთან და სასამართლომ ვერსად ვერ შესძლო - გარდა ინგლისისა, ადმინისტრაციის დამორჩილება, რომლიც განცალკევდა მისგან და საკუთარი სასამართლოები შექმნა. რადგანაც სასამართლო ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც თავშესაფარს პოულობენ ყველა სუსტები და დაჩაგრულები, ამიტომ უფლებისათვის მებრძოლებს მთელი ძალ-ღონე იქითკენ უნდა მიემართათ, რომ სასამართლო ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებელი გაეხადათ და ამ ნაირათ უზრუნველვყოთ ხალხისათვის მინიმალური სამართლიანობა მაინც. სასამართლოს დამოუკიდებლობა გადაიქცა მოწინავე საზოგადოების საერთო მოთხოვნილებათ. აქედან გამომდინარეობს იდეა, რომ მოსამართლენი აღარ უნდა იცვლებოდენ - ეს მათი ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლობის გარანტია იქნება.

მაგრამ, დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდგომარეობა იცვლება და სასამართლო სხვანაირ პირობებში ვარდება. თუ ხალხი ირჩევს მოსამართლეებს, ცხადია ისინი არ შეიძლება დამოკიდებული იყონ ადმინისტრაციისაგან, ისინი დამოკდებული არიან მხოლოდ ხალხისაგან, ამ პირობებში კი სასამართლოს დამოუკიდებლობა შეიძლება მხოლოდ „გაბატონებულთა“ მოთხოვნილება იყოს.

ამ რიგათ მოსამართლენი არ უნდა იცვლებოდენ და დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ პარლამენტარულ და ნახევრათ პარლამენტარულ ქვეყნებში, ხოლო დემოკრატიულ რესპუბლიკაში დამოკიდებულიც უნდა იყვნენ და მასთან იცვლებოდენ; ხალხი ირჩევს და უკანვე იწვევს თავის არჩეულებს.

ეხლანდელი სასამართლო დანაშაულობის მიხედვით ორ ნაწილათ განიყოფება: პირადი და სახელმწიფოებრივი ხელშეუხებლობას იცავს სისხლის სამართლის სასამართლო საკუთრების და ოჯახის უფლებას - სამოქალაქო სასამართლო. ეს გაყოფა საერთოდ სამართლიანია, თუმცა ის ასე მტკიცეთ არ ხორციელდება. რაც შეეხება პროცესუალურ მხარეს, ეს დემოკრატიული თვალთახედვის ისრით კრიტიკას ვერ უძლებს. სისხლის სამართლის სასამართლოში დაზარალებულთა ინტერესების დაცვა სახელმწიფო ხარჯზე ხდება, სამოქალაქო სასამართლოში კი დაზარალებული საქმეს თავის ხარჯით აწარმოებს. ასეთი წესი კარგი და მისაწდომია მდიდრებისათვის, ხოლო ცუდი და მიუწდომელ ღარიბებისათვის. პირველთ ფული აქვთ და შეუძლიათ პროცესი თავისი ხარჯით აწარმოვონ, ხოლო მეორეთ შეძლების უქონლობისა გამო ეს არ შეუძლიათ და ამიტომაა, რომ მდიდრები საქმეს თითქმის ყოველთვის იგებენ, ხოლო ღარიბები კი აგებენ. ამიტომ საჭიროა დაზარალებულთა სახელმწიფო ხარჯით დაცვის პრინციპი მიღებულ იქნას სამოქალაქო პროცესშიაც. ამით შეიძლება შეუმსუბუქოთ სუსტს მდიდართან საჩივრის წარმოება.

რაც შეეხება სასამართლოს ორგანოების მოწყობას, ჩვენ ამ შემთხვევაშიაც უნდა ვიხმაროთ ძირითადი პრინციპი. ძალა უფლება უნდა განაწილდეს ცენტრის და ხალხს შორის. 93 წ. კონსტიტუციის მაგალითით ხალხი თავის რწმუნებულთა საშვალებით (ჩვენში საერობო მუნიციპალური ორგანოების საშვალებით) ირჩევს მოსამართლეებს როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის უკანასკნელნი საქმეს არჩევენ ნაფიც მსაჯულებთა თანდასწრებით სახელმწიფოს უმაღლესი სასამართლო, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს ყველა სასამართლოებს, არჩევს განსაკუთრებულ სერიოზულ და საკასაციო საქმეებს; და როგორც უმაღლესი ინსტანცია, არჩევს კასაციურ საქმეთ და ირჩევა პარლამენტის მიერ როგორც ეს შვეიცარიაშია მიღებული ყველა მოსამართლეებს ირჩევენ ვადით. ხელ ახალი არჩევის უფლებას უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელია ასეთი კომპრომისის გაკეთება. ხელ მეორეთ არჩეულნი მოსამართლენი, როგორც ხალხის ნდობის მქონებელი, შეიძლება გამოცხადდნენ მუდმივ მოსამართლეებათ.

მაგრამ ეს დროებითი კომპრომისია, რომელიც სრულებით არ გამომდინარეობს რესპუბლიკის პრინციპებიდან და ახლო მომავალში უნდა გაუქმებულ იქნეს.

მე არაფერი არ მითქვამს ერთ ფრიად ძლიერ დაწესებულებაზე, რომელსაც ყოველ გვარი წყობილება და ყოველგვარი თავისუფლება - ეს მუდმივი ჯარია.

ყველა ზემოთ თქმულისაგან ცხადია, რომ დემოკრატიულ რესპუბლიკის პრინციპებს სულ არ შეეგუება მუდმივი ჯარი და როგორც მსოფლიო ომი გათავდება და ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა გამოირკვევა, ნეიტრალობის დამკვიდრების მაშინათვე ჩვენ გადავალთ სახალხო მილიციის სისტემაზე.

მე გავათავე. როგორც ხედავთ ჩვენს წინაშე სდგას მეტის მეტად ძნელი და რთული კითხვა - უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება - ესეთი წესწყობილების დაფუძნება და განმტკიცება, რომელიც ჯერ-ჯერობით არსად არ განხორციელებულა ამ მიზნის მისაღწევათ კი საჭიროა ორი პირობა: საქართველომ ნამდვილი დამოუკიდებლობა და ძლიერი დემოკრატიული მთავრობა, რომელიც შეძლებს ახალ წყობილების ცხოვრებაში გატარებას. ჩვენმა პარლამენტმა რომ შესძლოს გზის გაკვლევა, გაწმენდა, ყველა დაბრკოლებების ძლევა და დემოკრატიული პოლიტიკური თვითმართველობის დამკვიდრება, ის უნდა იყოს აღჭურვილი კონვენტის ძალაუფლებით.

და თუ ჩვენ მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ და დავმარცხდით ერთი კი უეჭველი იქნება და ამას პირუთვნელი ისტორია აუცილებლად იტყვის - ჩვენ მივდიოთ სწორე გზით და გავაკეთეთ, რის გაკეთებაც კი შეგვეძლო.

_____________

1. პარლამენტის ქვეშ იგულისხმება ყველა ის ინსტანციები, რომელთა თანხმობა საჭიროა ინგლისში კანონის გამოსაცემათ - სათემო პალატის, ლორდების პალატის და კოროლის.

ერთობა. - 1918. - 184. - გვ. 2-3. - 185. - გვ. 3. - 192. - გვ. 2-3. - 193. - გვ. 2-3

2.11 შვეიცარია1

▲back to top


. . [პეტრე სამსონაძე]

დემოკრატია-ფედერალიზმი-ნაციონალური საკითხი

შესავალი

შვეიცარია როგორც აკვანი დემოკრატიისა და თავისუფლების ყოველთვის განსაკუთრებით იზიდავდა ჩემ ცნობის მოყვარეობას. სინამდვილის ნახვამ და მისმა ცოტათ თუ ბევრად დაახლოებით გაცნობამ რამოდენადმე გააფერკმთალა ბავშვობიდანვე შემუშავებული იდეალური წარმოდგენა ამ შესანიშნავ ქვეყანაზე. ოცნებას ფრთა შეეკვეცა. იდეალი სინამდვილეზე დაშორებული აღმოჩნდა. დასაწუნარი და საკრიტიკო აქაც ბევრი რამ შევნიშნე. ხოლო მიუხედავათ ამისა, როცა მისი აწმყო პოლიტიკური წყობილება სხვა ქვეყნებისას შევადარე და ავწონ-დავწონე მათი შედარებითი ღირსება-ნაკლულოვანება, დავრწმუნდი, რომ შვეიცარიის დემოკრატიულ-ფედერატიული რესპუბლიკა თავის შინაგანი ბუნებით და გარეგნული სანახაობით არა თუ იშვიათი, ერთად ერთი სამაგალითო მოვლენაა მთელ მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში.

მისი წესწყობილება განსხვავებული და საგულისხმიეროა ბევრნაირათ, ხოლო მე მაინტერესებს აქ უმთავრესად სამად სამი კითხვა: მისი დემოკრატია, ფედერალიზმი და ნაციონალური საკითხი ანუ სხვა და სხვა ერთა ურთიერთული დამოკიდებულება შვეიცარიაში.

***

შვეიცარიის დემოკრატია პრინციპიალურათ და პრაქტიკულათ ყველა არსებულ დემოკრატიაზე მაღლა დგას. მის მრავალ-ერიან ხალხს ყველაზე უფრო სამართლიანათ შეუძლია იამაყოს თავის დემოკრატიით და პოლიტიკური თავისუფლებით, რომელიც ერთგვარ საზოგადოებრივ სარწმუნოებად გადაქცეულა ამ ქვეყანაში. „თავისუფლება შვეიცარიის ხალხისთვის არსებობის პირობაა. ის მისთვის თითქმის ფიზიკურ ან ფიზიოლოგიურ კანონათ გადაქცეულა. თითქოს ის ალპის მთების წმინდა ჰაერის შემადგენელი ნაწილიაო“ - ამბობს ერთი მწერალი. მთელ საუკუნეთა განმავლობაში შვეიცარიის ხალხი თავგანწირულათ იბრძოდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. მას უყვარს თავის ლამაზი, მთაგორიანი და ტბებით დაღარულ-დასერილი შვეიცარია, რომელსაც არასოდეს არ გაცვლის „სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“. თავისუფალი დავიბადე, თავისუფალი გავიზარდე, თავისუფალი მინდა მოვკვდე - აი რანაირი სულისკვეთება ახასიათებს შვეიცარიელს ისტორიაში. ეს თავდავიწყებული გატაცება ასე გამოიხატა შვეიცარიის ერთ ძველ კონსტიტუციაში: „თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქვეყნის მთავარი სიკეთეა, თვით კეთილდღეობაზე უკეთესი და უმაღლესი“.

აშკარაა, თავისუფლების და დამოუკიდებლობის ამ იდილიას, განსაკუთრებით დღეს, ჰაერი უფუჭდება. იმ ნივთიერი პირობების სიდუხჭირით, რომლებიც ქვაკუთხედია თანამედროვე სოციალურ ურთიერთობათა ყველგან და, მაშასადამე, შვეიცარიაშიაც. მართალია შვეიცარიაში საზოგადოებრივი ძალების შეტაკებას და წინააღმდეგობას ისეთი ფართე ზომა და ხასიათი არ აქვს, როგორც მის მეზობელ დიდ კაპიტალისტურ ქვეყნებში, მაგრამ ეკონომიური მონობის ბურჟუაზიული ფორმები და მათ მიერ გამოწვეული სოციალური ანტაგონიზმი აქაც ისეთივე ფაქტია, როგორც სხვაგან. წავიდა ის დრო, როდესაც შვეიცარიას მწყემსების, „გლეხური“, სოფლური წარმოების ქვეყანას უძახოდენ. დღეს მსხვილი კაპიტალისტური წარმოება თანდათან იპყრობს შვეიცარიის ეკონომიურ ცხოვრებას. ეს კი თავისებურათ სცვლის ხალხის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ფსიხოლოგიას. სახელოსნოს ძირს უთხრის ქარხანა. კლასთა ჭიდილი ცხოვლდება. დაქირავებულთა და დამქირავებელთა „მშვიდობიანი“ ურთიერთობის კვალი აღარსად სჩანს. მოკლეთ, დემოკრატიის და პოლიტიკური თავისუფლების კალთაში „თავისუფლათ“ ეხვევა სოციალურ-ეკონომიური უსწორ-მასწორობა და მისი თანდათანი გაძლიერება. მაგრამ ამით არავითარ შემთხვევაში არ ეკარგება თავისი დიადი მნიშვნელობა შვეიცარიის ხალხის დემოკრატიულ დაწესებულებებს, პირიქით, პროგრესის, თანასწორობის და სოციალურ გადახალისების მატარებელი საზოგადოებრივი ელემენტები ამ დაწესებულებებზე ემყარებიან თავის გამათავისუფლებელი მოძრაობის მსვლელობაში და ცდილობენ კიდევ უფრო გააღრმაონ და განამტკიცონ დემოკრატიის და თავისუფლების საფუძველი საზოგადოების უმაღლესი ჰარმონიული ფორმის შესაქმნელათ.

თუ სადმეა დღეს დემოკრატია, რომელსაც ყველაზე უფრო თამამათ შეუძლია ატაროს ასეთი სახელი, ეს არის შვეიცარიის დემოკრატია, ხოლო შვეიცარიის მუშათა პარტია ამით, თავის თავად ცხადია, მაინც არ კმაყოფილდება და ენერგიულათ თხოულობს დემოკრატიული უფლებების განვითარებას, ე.ი. დემოკრატიის კიდევ უფრო გადემოკრატებას. ის იბრძვის ამისთვის, მით უფრო მას შემდეგ, რაც ბურჟუაზია თავის პოლიტიკური იდეალების უარყოფის გზაზე შედგა და ხალხის თავისუფლების საქმის დაცვა თანდათან ერთიანათ მის ხელში გადადის.

გადამეტებულია ზოგიერთების აზრი, ვითომ ევროპასა და სხვა განათლებულ ქვეყნებში დემოკრატია არსად არ იყოს, გარდა შვეიცარიისა. ეს შეცდომაა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში შვეიცარია ამ მხრით პირველია. მისი დემოკრატია ისტორიული ორგანიული დემოკრატიაა. მას ბადალი არა ჰყავს დემოკრატიის ახალ-ახალი ფორმების შექმნაში. - მე მგონია მიუხედავათ თანამედროვე საერთაშორისო ჭექა-ქუხილისა, ჩვენებური მკითხველისთვის ასეთი დემოკრატიის გაცნობა, რამოდენიმეთ მაინც, სასარგებლო იქნება. მით უფრო რომ ჩვენი ხალხის მომავალი დემოკრატიული ფორმების შემოღებას და განვითარებას ვერ ასცდება და პატარა შვეიცარიის დაწინაურებული დემოკრატიის ავ-კარგმა მას სულ უნაყოფოთ არ უნდა ჩაუაროს.

***

ჩემს ყურადღებას იპყრობს აგრეთვე შვეიცარიის ფედერატიული წყობილება. კითხვის ეს მხარე უფრო საყურადღებოც არის ვინემ დემოკრატია, რადგან უკანასკნელი ავათ თუ კარგათ სხვა ქვეყნებშიაც ადვილი სანახავია. ხოლო ფედერატიულ სახელმწიფო ურთიერთობას აქა-იქ შეხვდებით, ის უფრო შედარებით ახალი, რთული და შეუსწავლელი მოვლენაა და ქართველ მკითხველს მაზე უფრო ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.

შვეიცარია ფედერატიული სახელმწიფოა, ფედერატიული კავშირია 25 ავტონომიურ კანტონის და ნახევარ-კანტონის. თვითეული კანტონი თავის მხრით ერთგვარი პატარა ფედერალური სახელმწიფოა სახელმწიფოში, კავშირია მრავალ ავტონომიურ კომუნათა, რომლებიც პაწაწკინტელა პოლიტიკური ორგანიზმებია კანტონალურ სახელმწიფოში. კომუნა საძირკველია პოლიტიკური ცხოვრების. კანტონი შეიცავს კომუნათა განსაზღვრულ რაოდენობას. ხოლო კონფედერაცია ოც და ორი სრული კანტონიდან დგება, - აი რაგვარათ არის აწყობილი შვეიცარიის ფედერატიულ დემოკრატიული რესპუბლიკა. კერძო და საზოგადო, ადგილობრივი და ცენტრალური, კონფედერალური და კანტონალური, ერთობა და სხვადასხვაობა - აქ ერთიმეორეს ავსებს, ერთიმეორეში ორგანიულათ ზავდება.

ფედერატიული წყობილების ისტორიული კედლები კომუნათა და კანტონთა თავისუფლების და დამოუკიდებლობის საფუძველზეა ამოშენებული. არსებობისთვის ბრძოლამ შეაკავშირა ეს პატარა ერთეულები და მისცა სათავე მათ დღევანდელ ფედერალურ სახელმწიფოებრივობას. ფედერალური წყობა თითქოს ისტორიულათ შვეიცარიის ხალხის თანდაყოლილი და თანშეზრდილი პოლიტიკური თვისებაა. ეს ხალხი წმინდა უნიტარიზმს ყოველთვის ებრძოდა და ებრძვის. მთელი ქვეყნის ერთ კალაპოტში ჩაყენების და ცენტრალისტური გაერთიანების უდიდესი ბაირაღტარი ნაპოლეონიც კი იძულებული იყო აღეარებინა შვეიცარიელთა ფედერატიული მიდრეკილების სამართლიანობა და ეცნო პატარა ავტონომიურ სახელმწიფოთა (კანტონთა) კავშირის აუცილებლობა. - მართალია, ახალი ცხოვრების ვითარებამ განამტკიცა და გააძლიერა კონფედერაციის უფლება. ბევრი უფლება ჩამოერთვა კანტონებს და გადაეცა კავშირს. ერთი სიტყვით გამაგრდა ფედერატიული სახელმწიფო. მაგრამ საერთო კონფედერალურ საზღვრებში კანტონთა ავტონომიური ცხოვრება უზრუნველყოფილია და მათი კონსტიტუციონალური პირობა დაცული. უფლების პროფესორი ჰილტი ამბობს: ყოველთვის, როცა ცენტრალური მთავრობა მოინდომებს კანტონალური საზღვრების წაშლას, კანტონები მყისვე ფეხზე დადგებიან და დაირაზმებიან, რომ თავის უფლებები და სუვერენიტეტი მთელი თავის ენერგიით დაიცვან. კანტონები იმდენხანს იცოცხლებენ, რამდენხანსაც თვით კონფედერაციაო.

***

ნაციონალური კითხვა როგორც ეს სხვაგან ესმით, შვეიცარიაში არ არის. ხოლო ნაციონალური კითხვა როგორც ერთ საზოგადო სახელმწიფურ ერთეულში სხვა და სხვა ერთა მშვიდობიანი ურთიერთული დამოკიდებულება, ერთ სახელმწიფოში ერთა პოლიტიკურ-კულტურული თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის ფორმები, ამ გვარათ გაგებული ნაციონალური კითხვა, რა თქმა უნდა, აქ არსებობს. როგორ არი განსაზღვრული ერთა უფლებები, რა მნიშვნელობა აქვს ენის კითხვას, როგორია შკოლა, სასამართლო, მიზეზები „ნაციონალური მშვიდობისა“ და სხვა მრავალი ასეთი კითხვა საინტერესოთ მიმაჩნია ჩვენი მკითხველებისთვის.

მიუხედავათ ეროვნებათა სხვა და სხვაობისა და მრავალენიანობისა შვეიცარია არის მთელი კაცობრიობის ისტორიაში საუცხოვო მაგალითი ნაციათა მშვიდობიანი თანამშრომლობისა, რამდენათაც ეს შესაძლებელია თანამედროვე წესწყობილების საშოში. შვეიცარიის კონფედერაცია შეიცავს არა ერს, არამედ ერებს. ზოგიერთები ივიწყებენ ამ გარემოებას და შვეიცარიის ხალხს სინჯავენ როგორც ერთ ნაციას. მარა ეს დიდი შეცდომაა. შვეიცარიელთა ნაცია ჯერ არ გამოუმუშავებია ისტორიას და მომავალშიაც საეჭვოა რომ გამოიმუშავოს. ფრანგები, ნემცები, იტალიელები, რომანელები აქ ერთიერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ და ეწევიან საერთო პოლიტიკურ უღელს უჩხუბრათ და უდავიდარაბოთ. ეს არ ნიშნავს რომ ნაციონალურ მიდრეკილებათა წინააღმდეგობა, კულტურული განსხვავება და მისი დემონსტრატიული გამოჩინება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ენათა ბრძოლა და სხ. არ არსებობს. მარა ყოველივე ამას საერთოთ მშვიდობიანი, კონსტიტუციონალური და კულტურული ხასიათი ეძლევა. - ნაციონალურ-კულტურული სხვადასხვაობა ხელს არ უშლის ისტორიულ-პოლიტიკურ ერთობას. და აი ჩვენთვის სწორეთ ეს აძლევს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შვეიცარიის „ნაციონალურ კითხვას“, რომელზეაც თვით შვეიცარიაში იშვიათათ ლაპარაკობენ...

_______________

1. ეს წერილები კარგა ხანია დაწერილია. შვეიცარიის წყობილების მაგალითი დღეს ყველას ენაზე აკერია. გვგონია, ქართველ მკითხველთათვის სწორეთ დღესა, ამ საერთო ცვლილების დროს, არის შვეიცარიის პოლიტიკური წყობილების გაცნობა. მცირე ნაწილი ამ წერილების დაიბეჭდა „ბ. გაზეთში“ და „შადრევანში“. აქ ვბეჭდავთ ერთიანათ მთელ შრომას.

ალიონი. - 1917. - 9. - გვ. 3-4

3 სოციალიზმი, სოციალიზმი

▲back to top


3.1 მარქსის ღირებულების თეორიაზე (წერილი პირველი)

▲back to top


ლადო [ვლადიმერ ახმეტელაშვილი]

I

ნაწარმოები, რომელშიაც კარლ მარქსმა თავისი ღირებულების თეორია განავითარა, არის ავტორის უკვდავი „კაპიტალი“.

რა უნდა კ. მარქსს თავის „კაპიტალში“ ღირებულების თეორიით აგვიხსნას? მას სურს დაამტკიცოს ის თუ, როგორ ხდება რომ დღიურ ქირაზე მომუშავე მუშის ანუ პროლეტარის შრომა სრულათ არ არის დაფასებული, იგი იმდენს არ იღებს თავის შრომაში, რამდენიც მას ნამდვილათ ერგება, ღებულობს ნაკლებს, ვიდრე მისი შრომა ღირს.

სოციალ-ეკონომიურ კანონის მიხედვით ყოველი სასყიდელი საგანი ანუ, სწორეთ რომ ვსთქვათ, - საქონელი თავის ღირებულების-დაგვარ ფასდება. თვითეული ჩვენგანი, როცა პურს, ხორცს, ფეხსაცმელს ან ტანსაცმელს ყიდულობს - აძლევს იმდენს, რამდენიც იგინი ღირს. დღიურ ქირაზე მომუშავე პროლეტარიატი ყიდის თავის სამუშაო ძალას საწარმოვო იარაღების პატრონ კაპიტალისტზე როგორც საქონელს. მაგრამ როგორ ხდება, რომ ეს საქონელი - [...] ძალა, ანუ შრომა - სოციალ[...] კანონიდან გამონაკლს შეადგენს, რომ კაპიტალისტი მუშის შრომას იაფათ ყიდულობს, ვიდრე იგი ღირს?

ჩვენ ვიცით, რომ ყოველ შრომას არ აქვს საქონლის ხასიათი, მაგ. გლეხი თავის შრომას კი არ ყიდის, ის ჩვეულებრივ ყიდის თავის შრომის ნაყოფს, ასევე ითქმის ხელოსანზე და დიდ მრეწველებზე. დღიურ ქირაზე მომუშავე პროლეტარიატი კი არ ყიდის თავის შრომის ნაყოფს, როგორც გლეხი, ხელოსანი, დიდი მრეწველი; ის პირდაპირ ყიდის თავის შრომას, თავის სამუშაო ძალას. ასევე ყიდიან თავიანთ სამუშაო ძალას სამრეწველო ბანკებ-კანტორებში დირეკტორ-ბუხჰალტრები და სახელმწიფო დაწესებულებაში დაბალ მოხელედამ დაწყებული გათავებული მინისტრამდის; მინისტრ-დირექტორებიც დაქირავებული მუშაა, მხოლოთ იმ განსხვავებით რომ ამათი ქირა, ე.ი. ამათი სამუშაო ძალა ისე დაბალი არ არის, როგორც მრეწველობაში მომუშავე პროლეტარიატისა, პირიქით მინისტრ-დირექტორების შრომა, უსაზღვროთ, ზედ-მეტათ არის დაჯილდოებული.

ერთი სიტყვით, მუშა თავის შრომას ნაკლებათ ყიდის ვიდრე იგი ღირს, მეტს ჰქმნის - ნაკლებს კი ღებულობს; მერე განა ეს შესაძლოა? განა აქ ადამიანთა საზოგადოება გამონაკლ კანონს ქმნის? რით აიხსნება ეს საოცარი მოვლენა?

II

რა არის ღირებულება?

თუ გვინდა რომ საგანი საფუძვლიანათ შევიგნოთ, ჯერ უნდა ვიცოდეთ, თუ რა არის თვით ღირებულება. თანამედროვე ცხოვრებაში ყოველი თავის სამუშაო ძალას ან და თავის შრომის ნაყოფს ყიდის და აღებულ ფულით ყიდულობს იმას, რაც მისთვის საჭიროა და რაც მას ოჯახში არ მოეპოება. აქვე ჩვენდა უნებურათ იბადება კითხვა: რა არის ამა თუ იმ საქონლის ღირებულება? ტანსაცმელს, პურს, თუთუნს აქვს ჩვენთვის ღირებულება, ის რამეთ გვიღირს, რადგან ჩვენ შეგვიძლია ტანსაცმელი ჩავიცვათ და ჩვენი სხეული სიცხე-სიცივისაგან დავიფაროთ, პური ვჭამოთ და მით ჩვენი ხორციელი სიმშილი მოვიკლათ, თუთუნი მოვწიოთ და სხ. ვინც ველოსიპედზე სიარული არ იცის, პირადათ მისთვის ამ საქონელს ღირებულება არა აქვს. მაგრამ ველოსიპედს საერთოთ კი აქვს რამე ღირებულება, ვინაიდან არიან იმას გარდა ასი და ათასი რომლებსაც შეუძლია საჭიროებისდაგვარ ის მოიხმარონ, მოაჯდებიან და საითაც უნდათ იქით გააქცევენ. თუთუნით გატენილი გილზები ჩემთვის არა ღირს-რა, მარა თუთუნის მომწევისთვის კი იგი დიდი რამ ღირს და ხშირათ ძვირფასიც არის.

ასე, ყოველი ნივთი - საქონელი, რომელიც შეიძლება გაიყიდოს ან და გაიცვალოს, ან და ვისმე მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, არის ეს მოთხოვნილება ხორციელი, როგორც ჭამა, სმა, ჩაცმა, დახურვა, თუ არის იგი წმინდა სულიერი, წიგნი, ოპერა და სხ. აქვს ღირებულება.

მაგრამ არის ისეთი ნივთიერება, როგორც ჰაერი, მზის სინათლე, და სხვ. ამასთან ძალიან საჭირო და აუცილებელი, ურომლისოთაც არც-ერთ ორგანიულ არსებას არ შეუძლიან იარსებოს, მარა ღირებულება კი არ აქვს, არავინ ამბობს ჰაერს, მზის სინათლეს ვყიდი ან ვყიდულობო. რატომ არა აქვს ჰაერს, მზის სინათლეს ღირებულება? იმიტომ რომ ჰაერი, მზის სინათლე, ისე ბლომათ და გამოულეველათ არსებობს, რომ ამით ყოველი არსება უშრომლათ, უხარჯოთ სარგებლობს, მუქთათ იძენს; ჰაერის, სინათლის შეძენისათვის არავინ არ ზრუნავს - არ შრომობს. თუთუნი კი, რომელსაც ჩვენ არ ვეწევით, შეგვიძლიან მივყიდოთ იმათ, ვინც ეწევა და აქედან აღებული ფულით ვიყიდოთ ის, რაც ჩვენ გვჭირია. წყლიან ალაგებში წყალს როგორც ჰაერს და მზის სითბოს არ აქვს ღირებულება, რადგან იქ წყალი არც გაიყიდება და არც გაიცვლება. იქ საცა წყალი ნაკლებათ არის, აქვს წყალს განსაზღვრული ღირებულება, წყალი იყიდება, იცვლება სხვა ნივთზე.

ზევით მოყვანილ მაგალითებიდან ის დასკვნა გამოიყვანება, რომ ღირებულება ორგვარი ყოფილა: 1) სახმარისი ღირებულება და 2) საცვლელი ღირებულება. მაშასადამე, ჰაერს, მზის სითბო-სინათლეს, წყლიან ადგილებში წყალს აქვთ სახმარი ღირებულება; ტანსაცმელს, პურს, თუთუნს ველოსიპედს, გარდა სახმარი ღირებულებისა აქვს ზედ მეტათ საცვლელი ღირებულება - ანუ საქონლის ღირებულება. ყოველ საქონელს, რომლის გაცვლაც შეიძლება სხვაზე, ე.ი. აქვს საცვლელი ღირებულება აქვს ამასთანავე სახმარი ღირებულებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში მასში არავინ არაფერს გაცვლიდა.

შეიძლება მხოლოდ ის საქონელი გაიცვალ-გაიყიდოს, რომელსაც ვისთვისმე რამე მოსახმარი ღირებულება აქვს, ვისმეს რაშიმე დასჭირდება. მაგრამ საქონელი, რომელსაც სახმარი ღირებულება აქვს, თუ შრომის ნაყოფი არ არის, მის შეძენა-გაკეთებაზე შრომა არ არის დახარჯული, როგორც ჰაერი, მზის სითბო-სინათლე, მას საცვლელი ღირებულება არასოდეს არ ექნება. მხოლოდ შრომა, შრომა სასარგებლო არის ერთათ-ერთი აუცილებელი პირობა საცვლელ ღირებულებისა.

რაში მდგომარეობს საცვლელი ღირებულება? თუ გვინდა, რომ დასმული კითხვა მაგალითის საშუალებით ნათელ ვყოთ, ჩვენ უნდა სანიმუშოთ ავიღოთ ის ხანა, როცა ნაწარმოები პირდაპირ ნაწარმოებზე იცვლებოდა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ფული ხმარებაში. ამ ხანას ეწოდება ნატურალური მეურნეობის ხანა.

ვთქვათ, ფეიქარმა ოცი (20) ადლი ხამი მოქსოვა, ყველა ეს მას არ სჭირია; თერძმა ერთი ჩოხა დაამზადა, არც ეს სჭირია მას, ხამის მომქსოვს - ფეიქარს ჩოხა არა აქვს, მეჩოხეს ხამი არა აქვს. პირველს ჩოხა სჭირია მეორეს ხამი და აი, ესენი სცვლიან ერთმანეთში თავიანთ ზედმეტ საქონელს: ფეიქარი აძლევს ოც (20) ადლ ხამს თერძს ერთ ჩოხაში. ორივ მხარე კმაყოფილი რჩება. ცხადია, ოც ადლ ხამს იმდენივე ღირებულება ქონებია, რამდენიც ერთ ჩოხას. ვთქვათ ახლა ჩვენი ფეიქარი იწყებს თავის შრომის გაგრძელებას - ხამს და ცვლის სხვა საქონელზე. ოც ადლ ხამს ახლა ის ცვლის ერთ სტოლზე, ანდა 100 გამომცხვარ პურზე, ერთ საჟენ შეშაზე ან და ერთ წიგნზე. თითვეულ გაცვლის დროს ყოველ საქონლის ღირებულება თანასწორია. მაშასადამე, ოცი ადლი ხამი ღირს იმდენი, რამდენიც ღირს ერთი ჩოხა, ერთი სტოლი, ასი გირვანქა გამომცხვარი პური, ერთი საჟენი შეშა ან ერთი წიგნი.

ყველა ეს საქონელი არის მოსახმარი ნივთი რომლებიც ადამიანის სხვა და სხვა მოთხოვნილებას აკმაყოფილებენ; თუმცა აქ ჩამოთვლილ საქონელთ სხვა და სხვა მიზანი აქვთ - სხვა და სხვა დანიშნულება, თუმცა თვითეული ამა განი სხვა და სხვა მასალიდან არიან დამზადებული მაგრამ ყველა ამათ ერთი რამ აქვთ საერთო: ესენი შრომის ნაყოფნი არიან; სწორეთ ეს საერთო რამ (შრომა) შესაძლებლათ ხდის სხვა და სხვა მიზნისთვის დანიშნული საქონლები და სხვა და სხვა მასალიდან დამზადებული, ერთი მეორეზე გაიცვალოს. მაშასადამე საქონლის ღირებულებას ქმნის შრომა. ის რომ უშრომლათ იძინებდეს, როგორც ჰაერი და მზის სითბო, ღირებულება არ ექნებოდა.

რატომ სხვა და სხვა საქონელს სხვა და სხვა ღირებულება აქვს?

სხივი. - 1905. - 3. - გვ. 4

3.2 მარქსის ღირებულების თეორიაზე (წერილი მეორე)

▲back to top


ლადო [ვლადიმერ ახმეტელაშვილი]

ჩვენ პირველი წერილის ბოლოს შემდეგი კითხვა დავსვით: რა მიზეზია, რომ სხვა და სხვა საქონელს სხვა და სხვა ღირებულება აქვს? დარწმუნებული ვართ, ვინც ჩვენი წერილი გულდასმით წაიკითხა, ის უსათუოთ გაიხსენებს იქ მოყვანილ მაგალითს და დაფიქრებით შეეკითხება თავის თავს: მართლაც, რათ არის ასე, რომ 20 ადლ ხამს აქვს ერთი ჩოხის ღირებულება, ან და 20 ადლ ხამს აქვს ერთი სტოლის, ას (100) გირვანქა გამომცხვარ პურის, ერთი საჟენი შეშის და ერთი წიგნის ღირებულება?

პასუხი შემდეგია. ყოველ საქონლის საცვლელი ღირებულება სამუშაო დროს რაოდენობით განისაზღვრება, ე.ი. თვითეული ღირს იმდენი, რამდენიც მის დამზადებაზე საზოგადოებრივი საშუალო სამუშაო დრო დახარჯულა, რამდენი დრო მოსდომებია. მაგ. ის საქონელი, რომლის დამზადებას მთელი დღე დასჭირებია, ორჯელ მეტი ღირს ვიდრე ის, რომელსაც მხოლოდ ნახევარი დღის შრომა დასჭირებია მეტი და ასე ქვეით. ყოველი შრომის ნაყოფი წარმოადგენს განხორციელებულ, ანუ განივთიერებულ სამუშაო დროს. და რამდენათაც შრომის ნაყოფზე (საქონელზე) მეტი სამუშაო დრო არის დახარჯული, იმდენათ მეტია მისი საცვლელი ღირებულებაც. დასახელებულ მაგალითიდან ნათლად სჩანს რომ 20 ადლ ხამის დამზადებას იმდენივე სამუშაო დრო სჭირია, რამდენიც დამზადებას ერთი ჩოხის, ერთის ტოლისას, ას (100) გირვანქა გამომცხვარ პურს. მაგრამ ჩვენი მხრივ დიდი შეცდომა იქნებოდა თუ რომ ოც (20) ადლ ხამზე მარტო ფეიქრის მიერ დახარჯულ შრომას ვიანგარიშებდით, ჩოხაზე მარტო თერძის შრომას, სტოლზე - დურგლისას, 100 გირვანქა გამომცხვარ პურზე მარტო მეპურესი და სხვა... ჩვენ საერთოდ მთელი შრომა უნდა ვიანგარიშოთ, რომელიც დახარჯულია ზევით ჩამოთვლილ საქონლებზე ოც (20) ადლ ხამზე ფეიქრის შრომის გარდა შეიცავს სოფლის მეურნის შრომას, ვინაიდან ქსელი, რომლიდანაც ხამი არის მოქსოვილი; ჩოხა შეიცავს თერძის შრომას, შალის დამზადებლისას და მატყლისას, უკანასკნელი კი, თავის მხრივ სამეურნეო შრომის ნაყოფია; სტოლზე დახარჯულა შრომა დურგლის, ხის მომჭრელის და ხის გამთლელის; პურზე დახარჯულა მეპურეს შრომა, მეწისქვილესი და სამეურნეო შრომა; წიგნი შეიცავს ქაღალდის გამკეთებლის შრომას, ასოთ-ამწყობებისას, დამბეჭდავებისას, წიგნის დამკაზმელებისას და თვით ავტორისას.

თვითეული აქ ჩამოთვლილი შრომა სხვა და სხვა გვარისაა, მათ შორის თითქოს კაცი საერთოს ვერას იპოვის, ზოგი შრომა სულ მარტივი და ამასთან ადვილია, ზოგი რთული და მძიმე შესასრულებელი. მაგრამ ყოველგვარ შრომას ფაქტიურათ (ნამდვილათ) ერთი რამ აქვთ საერთო: ყოველი შრომა ადამიანის მაჯის-ტვინის ძალას მოითხოვს, ის ცხოველ ძალას საჭიროებს. შრომა, რაც გინდა რთული იყოს, შეიძლება მარტივ სამუშაო ძალაზე დავყოთ, ვინაიდან ის შრომა შესდგება მრავალგვარ უბრალო შრომიდან; ერთი რთული შრომა მრავალგვარ მარტივ შრომას უდრის.

განვმარტოთ მაგალითათ:

ვთქვათ ერთმა მილიციონერმა, სიონის ქუჩაზე, დაღესტნელ მეხანჯლე ლეკის შეგირდს ხანჯალი დაუკვეთა გასაკეთებლათ. მეხანჯლე ლეკის შეგირდი დაკვეთილ ხანჯლის გაკეთებას ერთი თვე მოუნდა, მაშასადამე მეხანჯლის შეგირდსაც შეუძლიან სთქვას, ერთმა ხანჯლის დამზადებამ ჩემი ერთი თვის სამუშაო დრო იმსხვერპლაო. მაგრამ თუ ჩვენი მილიციონერი ახლა ხანჯალს ოსტატ მეხანჯლე ლეკს დაუკვეთს, იგი მხოლოთ ნახევარ დღეში დაამზადებს, ასე რომ ოსტატი მეხანჯლე თითო ხანჯალს ნახევარ დღის სამუშაო დროს ანდომებს. ჩვენ აქ ახლა თითქმის რაღაცა უცნაურობას ვხედავთ, ერთი ხანჯალი ერთი თვის სამუშაო დროს შეიცავს, მეორე ხანჯალი კი მხოლოთ ნახევარ დღის სამუშაო დროს. მაგრამ ჩვენ უცნაურობის ილუზია მაშინვე გაქრება, თუ რომ მივიღებთ მხედველობაში ოსტატ მეხანჯლეს სამი წლის შეგირდობის ვადას, რომლის განმავლობაში ისე დახელოვნდა, ისე შეისწავლა ხელობა, რომ მან შესძლო ნახევარ დღის განმავლობაში ერთი ხანჯლის გაკეთება; მაშინ, როცა მისი უსწავლელი შეგირდი მთელ თვეს ანდომებს. ამისათვის ოსტატი მეხანჯლე ლეკი გაკეთბულ ხანჯალში ანხორციელებს თავის სამი წლის შრომას, რომელიც მან ხელობის შესწავლას მოანდომა, მეხანჯლე ყოველ ხანჯალს, რომელიც მან გააკეთა ან და გააკეთებს, ჩვეულებრივ სამუშაო დროს გარდა ზედმეტათ ანდომებს სასწავლო დროს ერთ ნაწილს. რამდენი სასწავლო დრო იხარჯებოდა თითო დამზადებულ ხანჯალზე, სისწორით არ შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს კი ყველასთვის ცხადია, რომ ყოველი ხანჯალი შეიცავს სასწავლო დროს ერთ ნაწილს. ვიანგარიშოთ საათობით. ვთქვათ ოსტატმა ერთი ხანჯლის დამზადებას მოანდომა ექვსი საათი, ეს ექვს საათში ოსტატის მიერ დამზადებული ხანჯალი მეტ შრომას შეიცავს, ვიდრე ის, რომელიც შეგირდის მიერ ათსა და თერთმეტ საათში მზადდება. აქედან აშკარათ დამტკიცდა ოსტატ მეხანჯლე ლეკის მიერ ექვს საათში გაკეთებული ხანჯალი მეტ საზოგადოებრივ საჭირო შრომას შეიცავს, ვიდრე უსწავლელ მეხანჯლე შეგირდის ექვსი საათის ჩვეულებრივი სამუშაო დრო.

მაგრამ აქედან ის დასკვნა არ შეგვიძლიან გამოვიყვანოთ, ვითომ ვინც საქონლის დამზადებაზე მეტ დროს მოანდომებს, იმდენათ მეტი ეღირება, საქონლის მეტი ღირებულება ექნება. არა, აქ ჩვენ ისეთი საზოგადოებრივი საჭირო სამუშაო დრო უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომელიც ამა თუ იმ კულტურულ ხანაში - ჩვეულებრივათ საჭიროა საქონლის დამზადებისათვის. ავიღოთ მაგ. ჩვენ მიერ დასახელებული ფეიქარი. ვთქვათ ფეიქარი განაგრძობს მუშაობას, ახლა ყოველ 20 ადლ ხამის დამზადებას ორჯერ მეტ დროს ანდომებს ვიდრე წინათ. თუ რომ ფეიქარი გაცვლის დროს თავის მეზობელ თერძს ორ ჩოხას მოსთხოვს, რადგან მან ახლა ორჯელ მეტი დრო დახარჯა ოც ადლ ხამის დამზადებაზე, იგი მეზობელ თერძიდან შემდეგ პასუხს მიიღებს: ეს ჩემთვის სულ ერთია შენ რამდენი დრო მოანდომე; შეიძლება იზარმაცე; აი მეორე ფეიქარი იმდენს მთხოვს რამდენიც ღირებულება, წინათ მოგეცი, ე.ი. ოც ადლში ერთ ჩოხას; თუ შენ არ მომცემ, მას გამოვართმევო. ამის შემდეგ ჩვენი ფეიქარი ჭკუაზე მოდის, განაგრძობს ფეიქარი თავის მუშაობას უფრო ბეჯითათ და ოცი ადლის ხამის გაკეთებას ანდომებს იმდენ დროს, რამდენსაც სხვა ფეიქრები ანდომებენ. ცხადია, ღირებულებას საზღვრავს არა ის სამუშაო დრო, რომელსაც ზარმაცი დახარჯავს ამა თუ იმ საქონელზე, არამედ ის, რომელსაც ბეჯითი ხარჯავს. ნაკლებ დროს დამუშავებული საქონელი იაფათ ღირს, ყველა ამას ყიდულობს, ძვირი საქონლის პატრონი აგებს და იძულებული ხდება თავის საქონელიც გააიაფოს, ე.ი. ნაკლებ სამუშაო დროს ბევრი დაამზადოს. აი ამას ქვია საზოგადოებრივი საჭირო დრო, ე.ი. ის დრო, რომელიც განსაზღვრულ საზოგადოებრივ მდგომარეობაში საჭიროა საქონლის დასამზადებლათ. აი ეს დრო საზღვრავს საქონლის ღირებულებას.

სხივი. - 1906. - 15. - გვ. 3-4

3.3 პარტიული რადიკალიზმი და კულტურული განვითარება

▲back to top


II

უცილობელ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული, რომ პრესსა სარკეა საზოგადოებრივ ცხოვრებისა, გამომხატველია მასში არსებულ მისწრაფების და ურთიერთობისა. ყველა კულტურულ ქვეყნებში გაზეთი, თუ ეკონომიურის საზომით განვსჯით, ისეთივე საქონელია, როგორც სხვა ყოველივე საბაზრო ნაწარმოები და მას ერთ თვესაც არ შეუძლია არსებობა, თუ მკითხველები ასე თუ ისე არ დააკმაყოფილა და მათი სოციალური ინტერესები და მისწრაფებანი არ გამოხატა. ამიტომაც პრესსა, როგორც ორგანო საზოგადოებრივ აზრისა, მჭიდროდ დაკავშირებულია საზოგადოებასთან და ითვლება მის სარკედ, მისი სახის გამომხატველად.

ასევე უცილობელ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული, რომ პოლიტიკური არჩევნები, - თუ იგი ხელოვნურად გაყალბებული არაა, - საშუალებაა ხალხის სურვილისა და ლტოლვილების გამოსახატავად. ყველა კულტურულ ქვეყნებში არჩევნების დროს სხვა და სხვა პარტიის კანდიდატები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თავიანთ პროგრამებს ერთმანეთს უპირდაპირებენ, ამ პროგრამებში გამოხატულ პრინციპების საფუძვლით ამომრჩევლებს მათი ინტერესების დაცვას ჰპირდებიან და ასე საარჩევნო ყუთთან მომხრეებს აგროვებენ და მათ ხმებს ინაწილებენ. არჩევანის შედეგი, ხმების დათვლა, ხელად ამჟღავნებს, ვინ გაიმარჯვა და ვინ იქმნა დამარცხებული. ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვება ან დამარცხება მომასწავებელია ამომრჩევლების წინაშე მისი პროგრამის გამარჯვების ან დამარცხებისა. არც ერთი კანდიდატი თავის დამარცხებას ან გამარჯვებას არ სთვლის თავის პირად გამარჯვებად ან დამარცხებად, ვინაიდან იქ ბრძოლაა არა პიროვნებათა, არამედ პრინციპების და მიმართულებისა. ამიტომაც ყველა გამარჯვებულ კანდიდატებს თავის გამარჯვება იმის მომასწავებლად მიაჩნია, რომ მისი პარტიის პროგრამაში გატარებულმა იდეალმა და მისწრაფებამ ამომრჩეველთა უმრავლესობა მიიმხრო და იდეების დუელში გაიმარჯვა. და რახან ეს ასეა, ადვილად გასაგებია, რომ პოლიტიკური არჩევნები საზოგადოდ ხალხის სურვილების გამოხატვის საშუალებადაა მიჩნეული და, ამ არჩევნების შედეგის მიხედვით, ესე იგი სხვა და სხვა პარტიების გაძლიერებისა თუ დასუსტების კვალობაზე, სჯიან ხალხში სხვა და სხვა სოციალ-პოლიტიკურ იდეებისა და მისწრაფებათა გავრცელებას და განმტკიცებას.

ამ მხრივ ერთნაირი ხასიათი და ნიშნობლივი თვისება აქვს პრესსას და პოლიტიკურ არჩევანს, - ორივე მეტ-ნაკლებად გამოხატავს საზოგადოების აზრს, მის სურვილს და მისწრაფებას.

თუ ასეთი აზრი პრესსისა და პოლიტიკურ არჩევნების შესახებ სინამდვილის გამომხატველია ყველგან და ყოველთვის, იმ შემთხვევაში ჩვენ ქართველები, ბედის მადლიერი უნდა ვიყოთ, რადგან ამ მხრივ ჩვენს ცხოვრებაში სჩანს ისეთი მოვლენა, რომელიც, - თუ ზემოდ აღნიშნული „ჭეშმარიტება“ ჩვენს შესახებაც მართალია, - დიდად სანუგეშო და სასიამოვნო არის. სანუგეშო არის, რადგან იგი ჩვენს დიდ წინმსვლელობასა და დაწინაურებას მოწმობს. მთელი ქართული პრესსა მეტ-ნაკლებად მხოლოდ სოციალისტურია, ქართველებში მომქმედი და გავრცელებული პარტიები უმთავრესად სოციალისტური პარტიებია, საპარლამენტო არჩევნებშიაც გამარჯვება მხოლოდ სოციალისტურ პარტიების წარმომადგენლებს დარჩათ. მთელს ერს აქვს პრესსა მხოლოდ სოციალისტური, მთელი ერი თავის წარმომადგენლებად პარლამენტისათვის ირჩევს მხოლოდ სოციალისტ კანდიდატებს, - აი ის მოვლენა, რომელსაც გვიდგენს თვალწინ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება. თუ საზოგადოდ პრესსა და პოლიტიკური არჩევანი სისწორით გამოხატავს ხალხის აზრსა და სულიერ განწყობილებას, იმ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენი საერთო იდეური დაწინაურება ფრიად თვალსაჩინოა. უნდა ვიფიქროთ ასე იმიტომ, რომ სოციალიზმი დიადი იდეალია და მოასწავებს ცხოვრებაში სამართლიანობის დამყარებას. თუ ცხოვრების სარკე, ხალხის მისწრაფების გამომხატველი პრესსა და არჩევნების შედეგი სოციალისტურია, თუ, მაშასადამე, მთელი ქართველი ხალხი ან მისი უმრავლესობა სოციალისტურ მისწრაფებას შეუპყრია და სოციალიზმის დიად იდეალს გაუტაცნია, - ცხადია, ჩვენს ხალხს ჰქონია დიდი კულტურული მომზადება და თვალსაჩინო სოციალ-პოლიტიკური ცნობიერება. და, რა თქმა უნდა, ასეთი დასკვნა, თუ იგი მართალია, თუ სიმართლეს შეესაბამება, დიდად სანუგეშო და სასიამოვნოა.

სწორედ ასეთ დასკვნას სიმართლედ სთვლიან და ამგვარად სასიამოვნო ძილის პირს ეძლევიან დღეს ჩვენში ზოგიერთები და ჰგონიათ, რომ სხვა და სხვა კრებებზე დამსწრეთაგან შემოძახება: „სოციალიზმს გაუმარჯოსო“ ან საარჩევნო ყუთებში წითელ ბიულეტენების რიცხვის უპირატესობა მომასწავებელია ქართველ ერის დიად კულტურულ განვითარების და დაწინაურებისა. საკმარისია, ამ მოვლენას ცოტა ეჭვის თვალით შეხედოთ, მავნებელ ოპტიმიზმს არ მიეცეთ და სინამდვილეს პირდაპირ შეხედოთ, რომ ზოგიერთი პატარა წიგნაკებით გარადიკალებული პუბლიცისტები მაშინვე სასაცილოდ აგიღებენ და შენს „ჩამორჩენილობას“ დიდის ზეიმით ქვეყანას აცნობებენ: აი, ნახეთ, რა უვიცია, არ სცოდნია, რომ სოციალიზმისთვის სამსახური კულტურული მუშაობაა და სოციალიზმის იდეალის შეგნება და მის განსახორციელებლად ბრძოლის გაწევა კულტურულ მომზადების მომასწავებელიაო. ასეთი ტიპის პუბლიცისტი გახლავთ, სხვათა შორის გაზ. „შრომის“ უსახელო პუბლიცისტი, რომელსაც ჩვენი შეუგნებლობისა და მაჩვენებლად ეჩვენება ის გარემოება, რომ ჩვენ კრიტიკულად ვუცქერით ქართველ ხალხის ახლანდელ გატაცებას სოციალიზმით და არ გვჯერა, რომ ამგვარი გატაცება თავის თავად მომასწავებელი იყოს დიდი კულტურულ მომზადებისა.

წარმოვიდგინოთ ერთ წუთს სიმართლედ ის, რაც არ არის სიმართლე და ვიფიქროთ, რომ სოციალისტური გატაცება თავის თავად, სხვა გარემოებათაგან დამოუკიდებლად, ხალხის მაღალ კულტურის მომასწავებელი არის. მერე და ჩვენც რომ ასეთ სანუგეშო მდგომარეობაში ვართ - განა ამას გვიჩვენებს ის ფაქტი, რომ ქართული პრესსა მიმართულებით სოციალისტურია ან საარჩევნო ბიულეტენების უმრავლესობა სოციალისტებისაა? მოგეხსენებათ, ჩვენში ვერც ერთი გაზეთი ვერ ჰფარავს ხარჯებს თავის საკუთარ შემოსავლით. თითოული გაზეთი თავის დეფიციტს ჰფარავს ან სხვა წარმოების შემოსავლით, ან ქველმოქმედების დახმარებით, ან პარტიის კასის საშუალებით. ჩვენში ყველაზე უფრო ძლიერი პარტია არის სოც.-დემოკრატიული პარტია და ყველაზე მეტი მკითხველები ამ პარტიის გაზეთს („ლამპარს“), როგორც თვითონ გამოაცხადა, თვეში ორას თუმანზე მეტი დეფიციტი აქვს. ასეა სხვა გაზეთების საქმეც. ასეთ პირობებში მსუნთქავ ქართულ პრესსის სოციალისტობა არ ნიშნავს, რასაკვირველია, რომ ყველა, ვინც ამ გაზეთებს კითხულობს, გასოციალისტდა. უფრო ეს იმის მომასწავებელია, რომ გაზეთებში მომუშავე ჟურნალისტები სოციალისტები არიან. მაგალითად, ხვალ რომ გამოჩნდეს ვინმე შეძლებული კაცი, რომელმაც რამდენიმე ათასი თუმანი გადადვას და კლერიკალურ მიმართულების გაზეთის გამოცემა იწყოს, ეს გაზეთიც იარსებებს, სანამ პატრონს ფულის ხარჯვა არ დანანდება. მაგრამ ეს არსებობა იმის მომასწავებელი არ იქნება, რომ ჩვენში კლერიკალიზმი აღორძინდა.

რაც შეეხება არჩევნებში სოციალისტთა მომხრეების სიმრავლეს, ცხადია, რომ ეს ფაქტიც თავისთავად არ ამტკიცებს სოციალისტურ იდეების გაბატონებას ქართველ ერში. არჩევნებში მონაწილეობის მიმღებთა რაოდენობა უმნიშვნელო უმცირესობაა მთელ ერის რიცხვთან შედარებით.

თუმცა ეს ასეა, თუმცა სოციალისტურ იდეების გავრცელება ქართველ ხალხში ისე ღრმა და ძლიერი არაა, როგორც ეს გარეგნობით ჩანს, მაგრამ ეჭვის გარეშეა, რომ სოციალისტური შეხედულება შედარებით უფროა ჩვენში მოდებული, ვიდრე სხვა რომელიმე სოციალ-პოლიტიკური მიმართულება. და ეს მოვლენა კი დამახასიათებელია ჩვენი საზოგადოებრივ ყოფა-მდგომარეობისა, მაგრამ იმ მხრივ კი არა, ვითომ იგი ჩვენს დიდ კულტურასა და განვითარებას მოწმობდეს. პოლონეთი, უეჭველია, საქართველოზე ცოტა მაღლა დგას კულტურით, მაგრამ მის წარმომადგენლებად მარტო სოციალისტები არ სხედან რუსეთის პარლამენტში. საფრანგეთისა და გერმანიის გლეხობაში სოციალისტურ პარტიებს შედარებით ბევრად ნაკლები მომხრენი ჰყავთ, ვიდრე საქართველოში, თუმცა კულტურის მხრივ ფრანგი და გერმანელი გლეხი ცოტათი სჯობნის ქართველ გლეხს. მარტო ამ ორ მაგალითის გაკვრით ხსენებაც საკმარისია, რომ ზოგიერთ ჩვენებურ ოპტიმისტთა ძილის პირს ნიადაგი შეერყეს.

ივერია. - 1906. - 17. - გვ. 1-2

3.4 რუსეთის რევოლიუცია და გერმანიის საზოგადოება

▲back to top


. . [დავით ონიაშვილი]

(წერილი ლეიპციგიდან)

ყველასათვის აშკარაა, რომ რუსეთში დაწყებულმა განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ძლიერი გავლენა იქონია დასავლეთ ევროპის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. რუსეთის პროლეტარიატის თავგანწირულმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის ფრთები შეასხა დასავლეთ ევროპის პროლეტარიატს და დიდ საგონებელში ჩააგდო გაბატონებული კლასები - ბურჟუა-კონსერვატორები და „თვით“ ეგრეთ წოდებული ნაციონალ-ლიბერალებიც. ეს ასეც უნდა მომხდარიყო. დღევანდელ კულტურულათ დაწინაურებულ სახელმწიფოების ყოფა-ცხოვრება ისე მჭიდროთაა ერთმანეთთან შეკავშირებული. მათი ინტერესები ისეა ერთმანეთში გადახლართულ-გადაბმული, რომ ჭირი და ლხინი რომელიმე პარტიისა ერთ სახელმწიფოში იწვევს იმგვარსავე მოვლენას იმავ პარტიაში სხვა სახელმწიფოში. დღეს მთელი ევროპა დაიყო ორ მოპირდაპირე ბანაკათ. ერთი მათგანი სრულიად კმაყოფილია რუსეთის ლიბერალურ [...] პროგრამით და სასოებით [...] „უტოპიური“ პროგრამა და ჩამოაგდოს ქვეყანაზე სამუდამო მშვიდობიანობა.

სულ სხვა გვარ მოვლენას ვხვდებით მეორე ბანაკში, რომელსაც ეკუთვნის პროლეტარიატი. ეს უკანასკნელი გაფაციცებით ადევნებენ თვალს რუსეთის მუშა ხალხის ბრძოლას აბსოლუტიზმთან და ყოველივე მისი ნაბიჯი წინ ამ ეკლიან გზაზე, ყოველი მისი გამარჯვება შეურიგებელ მტერზე უმატებს მას საკუთარ ძალას და ენერგიას, აღვივებს მის გულში იმ ღვთიურ, რევოლიუციონურ ნაპერწკალს, რომელიც ოდნავ ბჟუტავდა ხანგრძლივი რეაქციის დროს. ინგლისის მუშები, რომლის მოთხოვნილება არ გამოდიოდა დღემდის ეკონომიურ ფარგლების გარეთ, დღეს მართავენ კრებებს, რომელზედაც გამოაქვთ შემდეგი რეზოლიუცია: მოვახდინოთ საერთო პოლიტიკური გაფიცვა მთელ ინგლისში, თუ [...] (ინგლისის) მთა[...] [..] გემი უკანასკნელი გაქცევას დააპირებს რუსეთიდანო. საფრანგეთის მუშები სალამს უძღვნიან რუსეთში მებრძოლ ძმებს, უსურვებენ მონარქიის სრულიათ განადგურებას და დემოკრატიული რესპუბლიკის დამყარებას. გერმანიის პროლეტარიატი, რომელიც დღემდე „მშვიდ კულტურულ ბრძოლას“ ეწეოდა და ბურჟუაზიულ კლასთან, ეხლა უცბათ ახმაურდა, იგი მართავს სახალხო მიტინგებს სახელმწიფოს უმთავრესს ცენტრებში და გამოაქვს რეზოლიუცია საყოველთაო გაფიცვაზე. თუ როგორი ნაბიჯი წარსდგა წინ ევროპის მუშა კლასმა ამ ბოლო ხანში, როგორ იმატა მისმა რევოლიუციონურმა ძალამ, ამას საუკეთესოთ მოწმობს ის მოძრაობა, რომელმაც იჩინა თავი სულ ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში. ეს არის მოძრაობა საყოველთაო პირდაპირი და ფარულ არჩევნებისთვის ლანდტაგებში. იგი დაიწყო პირველათ ავსტრო-უნგრეთის უმთავრეს ქალაქებში (ვენა პრაგა) და შემდეგ მოედო გერმანიის ზოგიერთ კუთხეებსაც (საქსონია, პრუსსია) სულ ორი კვირა არ არის მას აქეთ, რაც ქ. [...]ციგში მოხდა ისეთი ამბები, რომლის [..]ალი გერმანიას არ უნახავს 1848 წლის შემდეგ. 19 ნოემბერ, კვირას (იქაური დრო) ლაიპციგის მუშებმა გამართეს [...]ლისხმიერო“ დემონსტრაცია [...] რომელმაც გასტანა სულ ორ საათამდე [...]ღეს იქაურმა მუშების სააგიტაციო კომიტეტმა დანიშნა ხუთ ადგილას „დემონსტრატიული კრებები“, რომელმაც მიიზიდა აუარებელი ხალხი. კრებებზე სალაპარაკოთ გამოვიდენ ადგილობრივი ორატორები და მოკლეთ, მკაფიოდ განუმარტეს ხალხს უსამართლობა „სამ-კლასიანი [...] რომელიც დაკანონებული [...] მთავრობის მიერ ბურჟუ[..] [...]თ. კრების გათავების შ[...] [...] დანიშნულებისამებრ მოი[...] [...] ალაგას, 70,000 კაცამდე [...] ხალხი გაემართა შემდ[...] [...] [...] ქუჩებისკენ. ბოლოს ერთ [...] დემონსტრანტებს წინ [...]ცია, რომელმაც აუკრძალა [...] ნება. აქამდის გაჩუმე[..] [...]ომ, უცბად იკიჟინა [....] რომელზედაც აღმართ[...] [...]ლი. გაისმა ორატორი [...]ჯოს საყოველთაო. [...] არჩევნებსო და ხალხიც ამ სიტყვებს ბანს აძლევდა. ეს ფაქტი და სხვა ამნაირები (ტრამვაის გაფიცვა ბერლინში) ცხადათ მოწმობენ იმ სულიერ მდგომარეობაზე, რომლითაც გამსჭვალულია დღეს დასავლეთ ევროპის პროლეტარიატი. რუსეთის განმანთავისუფლებელმა ბრძოლამ ბოლო მოუღო ევროპის რეაქციას და გაამწვავა ის ფარული და წყნარი ბრძოლა, რომელიც არსებობდა ბურჟუაზიასა და პროლეტარიატის შორის. აუტანელმა ეკონომიურმა მდგომარეობამ ერთის მხრივ და რუსეთის რევოლუციის თანდათან გამარჯვებამ - მეორე მხრით, ხელი ააღებინეს ევროპის მუშა კლასს ეგრეთ წოდებულ „მშვიდ კულტურულ ბრძოლაზე“ და გადაატანინა უკანასკნელის ასპარეზი გარეთ ქუჩაზე.

დიახ, ბევრს დაუფრთხო ძილი რუსეთის რევოლუციამ! ის, ლახვარივით დაესო მაძღარ ბურჟუაზიის გულს და გაამხნევა მთელი ქვეყნის მშრომელი ხალხი. რუსეთის ძლევა-მოსილმა რევოლიუციამ ნახევრათ ფარდა ახადა სოციალიზმის სამეფოს და ცხად ჰყო ის აზრი, რომ სოციალიზმი უტოპია კი არ არის, არამედ ლოღიკური შედეგი კაპიტალისტური წეს-წყობილების განვითარებისა.

სხივი. - 1905. - 1. - გვ. 4

3.5 საერთო გაფიცვა და მისი მნიშვნელობა

▲back to top


შვარცი [ვლადიმერ ახმეტელაშვილი]

I

ეს რამდენიმე წელიწადია, რაც ევროპის სოციალდემოკრატები საერთო გაფიცვის მნიშვნელობაზე, მის ავ-კარგიანობაზე, სიტყვით თუ წერით ერთობ ბევრს კამათობენ. სამჯერ ინტერნაციონალურ კონგრესზე იყო განხილული და სამჯერვე მის სასარგებლო რეზოლიუცია გამოიტანეს, და რამდენჯერმე ნაციონალურ პარტეიტაგებზედაც იყო წამოყენებული, როგორც გოლანდიის, ავსტრო-ვენგრიის და გერმანიასაზე (იენის პარტეიტაგი 1904 წ.). ბევრი წიგნაკებიც დაისტამბა საერთო გაფიცვაზე და ბევრი მეცნიერული სტატიებიც დაიწერა სხვა და სხვა ქვეყნის სოც.-დემოკრატიულ ორგანოებში. რასაკვირველია, როგორც მოსალოდნელი იყო, საერთო გაფიცვაზე კამათმა, ამხანაგთაშორის შეხედულობათა სხვანაირობა დაბადა, სხვა და სხვა აზრი გამოითქვა. მთელი ეს კამათი მხოლოთ ერთ რასმე გვეუბნება: ყველა ქვეყნის სოციალდემოკრატიულმა პარტიებმა ნათლად შეიგნეს, რომ საერთო გაფიცვას სოციალდემოკრატიულ მოძრაობის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მისი საფუძვლიანი გამორკვევა ნათელს მოჰფენს საზოგადოებრივ ძალთა ნამდვილ განწყობილებას. მეორე მხრით, სოციალდემოკრატიული პარტიები ღრმათ დარწმუნდენ, რომ საერთო გაფიცვა მისთვის დიდი პრაქტიკული საკითხია, რომლის სულ უბრალოთ კუთხეში მიგდებ-მიფუჩუჩება სიკეთეს არ დააყრის მას. წინეთ საერთო გაფიცვას, მხოლოთ აკადემიური მნიშვნელობა ჰქონდა - განსაკუთრებით გერმანიაში, სადაც მისი პრაქტიკული მნიშვნელობა არ სჯეროდათ.

ამ ოთხი წლის წინათ, რევიზიონისტების ერთმა ბელადმა ამაყათ ბრძანა: „საერთო გაფიცვა, საერთო სისულელეაო“. მაგრამ ცხოვრების უტყუარმა მსვლელობამ, ეკონომიურ ცხოვრების განვითარებამ დაამტკიცა რომ, საერთო გაფიცვა დღევანდელ პირობებში ერთ საბრძოლველ იარაღთაგანია.

საერთო გაფიცვის იდეის ისტორია ინტერნაციონალის დაარსებიდამ იწყობა, თუმცა წინეთ, საფრანგეთში დიდი რევოლიუციის დროსაც, საერთო გაფიცვის იდეია ტრიალებდა ხალხში. ცნობილმა რევოლიუციონერმა მირაბომ, მოწინავე წოდებას შემდეგი სიტყვებით მიჰმართ: გთხოვთ, ნუ აღელვებთ ხალხს, რომელიც მწარმოებელია ყველაფრისა, რომლის შრომითაც იქმნება ყველა მოსახმარი საგნები, და თუ ეს შემოქმედი ხალხი უმოქმედოთ გააჩერეთ, მთელი ცხოვრებისთვის დიდი ვაგლახი იქნებაო. შემდეგში, საერთო გაფიცვის იდეია ინგლისში ჩარტისტების მოძრაობაშიაც ჩნდება. აქ ზოგიერთი ხელმძღვანელნი მუშებს ერთი თვით გაფიცვას ურჩევდენ, ამ თვეს „წმიდა თვე“ დაარქვეს.

მაგრამ საერთო გაფიცვის პროპაგანდა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაარსდა საერთო შორისო მუშათა საზოგადოება (ინტერნაციონალი) კ. მარქსის მეთაურობით. ინტერნაციონალის კონგრესზე ქ. ბრიუსელში (ბელგიაში) 1868 წ. მუშათა ასოციაციების წარმომადგენლებმა შემდეგი აზრი გამოსთქვეს: რომ გაფიცვა არ არის პროლეტარიატის კაპიტალიზმის ბატონობიდან საბოლოვოთ გამანთავისუფლებელი მაგრამ თანამედროვე მდგომარეობა ხშირად გვაიძულებს ამ იარაღს მივმართოთ. თანამედროვე საზოგადოებრივ ორგანიზმს (სხეულს) არ შეუძლია იარსებოს თუ საერთო წარმოება რამდენიმე ხნით შეჩერდება, საკმარისია მუშებმა წარმოება დროებით შეაჩერონ, რომ კაპიტალისტები და მათ მიერ მოვლინებულ დესპოტურ მთავრობას სიცოცხლე მოესპოს, ერთიანათ განადგურდენო. ამ დროს ქ. ბრიუსელში გამოდიოდა გაზეთი „ინტერნაციონალი“, რომელიც სხვათა შორის სწერდა: თუ რომ გაფიცვა დიდ მანძილზე გავრცელდება, წარმოების ყველა დარგს მოედება საერთო გაფიცვათ გადაქცევა, რაც შეიძლება დღევანდელი საზოგადოებრივი ურთიერთობის დანგრევით გათავდესო.

ინტერნაციონალის აზრს საერთო გაფიცვის შესახებ თანდათან თანამგრძნობნი უჩნდებოდენ, მიმდევრები ემატებოდნენ რომელთ მთავარი სულის ჩამდგმელი ბაკუნინი შეიქმნა. ესენი დიდხანს პროპაგანდას ეწეოდენ და არწმუნებდენ მუშათ კლასს, რომ მან საერთო გაფიცვის საშუალებებით კაპიტალისტთა კლასის, ექსპროპრიაცია მოახდინოს, საწარმოვო იარაღები ხელიდან გამოაცალოს და მით დაამყაროს ქვეყნად საწარმოვო იარაღების საერთო საკუთრება ე.ი. სოციალიზმი. ერთი სიტყვით ბაკუნისტები, ანუ სწორეთ რომ ვთქვათ, ანარქისტები, ამტკიცებდენ, რომ საერთო გაფიცვით, ერთის დაკვრით, გაუწვრთნელი უორგანიზაციო, რიცხვით მცირე პროლეტარიატს შეეძლება პირქვე დასცეს კაპიტალიზმის ბატონობა. მაგრამ მარქსის სწავლის ზედგავლენით საერთო გაფიცვის იდეიამ დაკარგა თავის მედგარი გავლენა მუშათა კლასზე. მარქს-ენგელსის მეცნიერულ სოციალიზმით გათვითცნობიერებულმა პროლეტარიატმა კარგათ შეიგნო, რომ თუ იგი პოლიტიკურათ და პროფესიონალურათ შეუკავშირებელია, თუ მას მძლავრი ორგანიზაცია არა აქვს, იგი ვერ შესძლებს რევოლიუციონურ მისიის შესრულებას. მარქსის დიადმა სწავლამ ბაკუნისტებზედაც იქონია გავლენა, ამათაც შეუცვალა საერთო გაფიცვაზე თავიანთი ანარქიული შეხედულობა, ამათაც ინტერნაციონალის ჰააგის კონგრესზე, 1873 წ. ასეთი რეზოლიუცია გამოიტანეს: კონგრესი საერთო გაფიცვა საფუძვლიან აწონ-დაწონის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საერთო გაფიცვა თანამედროვე პირობებში გადამწყვეტელ ლოზუნგს არ იძლევა, ამისათვის კონგრესი ურჩევს მუშათა კლასს შეადგინონ ინტერნაციონალური პროფესიონალური კავშირები, აგრეთვე ენერგიულათ აწარმოვონ სოციალისტური პროპაგანდა მუშების გათვითცნობიერებისათვის. ამ დღიდან საერთო გაფიცვის იდეია ქრება.

განვლო ათმა წელიწადმა და მიმქრალ-მივიწყებული საერთო გაფიცვის იდეია, ხელახლათ გამოცოცხლდა, ცხოვრების პირობებმა იგი ხელახლათ აღადგინა მკვდრეთით და ქვეყნათ მოევლინა. უმიზეზოთ არა არის-რა და იმასაც თავის მიზეზი ჰქონდა. ამ ათი წლის განმავლობაში ევროპის პროლეტარიატის ძალა გაიზარდა, ის ყველა კაპიტალისტურ ქვეყნებში გაძლიერდა და გამრავლდა. ამიტომ საერთო გაფიცვის ოდეიას ცხოველმყოფელი მნიშვნელობა მიეცა და პრაქტიკული ხასიათი მიიღო. პროლეტარიატმა დიდი ხანია შეიგნო, რომ მშვიდობიანის გზით მკვიდრათ ვერ გაიუმჯობესებს თავის დაბეჩავეულ მდგომარეობას; ნაწილ-ნაწილ გაფიცვებით იგი კაპიტალიზმს ვერ ალაგმავს.

საერთო გაფიცვის იდეიამ ხელახლათ გაიდგა მუშა ხალხში ფესვები, მუშათა კლასის იდეოლოგებმა, ხელახლათ იწყეს საერთო გაფიცვის პროპაგანდა, როგორც ერთ საშუალებათაგანი პროლეტარიატის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, საერთო სოლიდარულ გ[....] და კლასობრივ თვი[...] [....] [...]სათვის.

პირველმა დიდმა საერთო გაფიცვამ იფეთქა შეერთებულ შტატებში 1885 წ. ნოემბერში, რაშიაც 300,000 მუშა იღებდა მონაწილეობას. პროფესიონალურ მუშათა კავშირებმა დაადგინეს თავიანთ კონგრესზე, არ დაიწყონ მუშაობა, სანამ კაპიტალისტთა კლასი არ დააკანონებდა რვა საათის სამუშაო დროს. მაგრამ ბურჟუაზიული მთავრობა გაფიცულთ თოფით და ხმალით შეხვდა და მუშათა კლასსი ბრძოლის ველიდან დამარცხებული გააბრუნა. ასეთივე საერთო გაფიცვა მოხდა ისპანიაში, საცა პროლეტარიატის მედგარმა ბრძოლამ გააკვირვა ევროპის მუშათა კლასი. შემდეგ იყო დიდი მასიური გაფიცვები ბელგიაში, ჰოლანდიაში, ავსტრო-ვენგრიაში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და რუსეთში. ყველგან მთავრობა საერთო გაფიცვებს, რეპრესიული ზომებით უპასუხებდა, მაგრამ ხშირათ ბურჟუაზიულ მთავრობის ბარბაროსული რეპრესიები, სრული მუშათა გამარჯვებით თავდებოდა ხოლმე. ამის უტყუარ მაგალითს იძლევა რუსეთში ოქტომბრის საერთო გაფიცვა. რუსეთის საერთო გაფიცვამ ყველა ქვეყნების პროლეტარიატი დაარწმუნა, რომ ზოგიერთ პირობებში ამ ბრძოლის იარაღს შეუძლია დიდი ნაყოფი გამოიღოს.

როგორ პირობებში შეიძლება მიმართოს პროლეტარიატმა საერთო გაფიცვას, და რამდენნაირია საერთო გაფიცვა - შემდეგ წერილში განვიხილავთ.

სხივი. - 1906. - 12. - გვ. 2-3

3.6 საერთო გაფიცვა და მისი მნიშვნელობა1

▲back to top


შვარცი [ვლადიმერ ახმეტელაშვილი]

II

საერთო გაფიცვა, ან და საზოგადოთ გაფიცვა, როგორც ვიცით, ორ მთავარ კატეგორიათ განიყოფება. გაფიცვა ეკონომიური და გაფიცვა პოლიტიკური. ორივ ერთი მეორიდამ განსხვავდება, სხვა და სხვა მიზანი და სხვა და სხვა დანიშნულება აქვთ და სხვა და სხვა შედეგიც მოსდევთ ხოლმე. ჩვეულებრივ, მუშათა კლასი, პროლეტარიატი, ეკონომიურ გაფიცვას თავის ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესობისათვის ხმარობს; იგი ცდილობს გაფიცვის საშუალებით აიძულოს დამქირავებელი - კაპიტალისტი სამუშაო ხელფასი მოამატებინოს. მუშათა კლასი ეკონომიური გაფიცვით მწარმოებელ-კაპიტალისტებს უსპობს საშუალებას წარმოების ანაზღაურების, აძლიერებს კაპიტალისტთა შორის კონკურენციას, სპობს დროებით მუშებში კონკურენციას (იქ, საცა მჭიდრო პროფესიონალური კავშირია), ყველა ეს კი ერთათ აიძულებს კაპიტალისტს, მუშათა მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, მათი სურვილი აასრულოს. ყველასთვის ცხადია, რომ ფაბრიკანტის ძირეული კაპიტალი - შენობა, მაშინები, მშრალი მასალა და სხვა... ცვდება-ფუჭდება მაშინა, თუ დიდხან უმუშაოთ გდია ჟანგდება, მთა-მადნის მაღაროები თუ მუდამ წყლის ამოსაწურ მანქანით არ ამოსწუწნეს შიგ ჩამდგარი წყალი, იგი სამუდამოთ ოხრდება, წარმოება მოუხერხებელი ხდება, ზოგიერთა დასამუშავებელ მასალებს სახმარი ღირებულება ეკარგებათ, თუ იგი დიდხანს საწყობებში ალაგიან, მაგ. ჭარხლის თავები შაქრის ქარხანაში.

მაგრამ ეს მხოლოდ ტეხნიკური მხარეა წარმოებისა, რომელიც შეჩერების დროს ფაბრიკანტ-კაპიტალისტებს დიდ ზარალს აძლევს; არის კიდევ მეორე, წარმოების ეკონომიური მხარე, რომელიც კაპიტალისტებს არა ნაკლებ ზარალს აყენებს. ეს ეკონომიური კანონია, რომ კაპიტალისტების წლიური მოგების ჯამის სიდიდე განისაზღვრება მარტო დაქირავებული მუშების ექსპლოატაციის გადიდებით კი არა, მისი რაოდენობა აგრეთვე დამოკიდებულია კაპიტალის წარმოებაში სწრაფ დატრიალებაზე ე.ი. ნაწარმოების მოკლე დროში გასაღებაზე. რაც ჩქარა და მოკლე დროში ხდება კაპიტალის დატრიალება, იმდენათ დიდი და ბარაქიანია კაპიტალისტის წლიური მოგება, მისი წლიური შემოსავალი.

წარმოების შეჩერება კი, როგორც ცნობილია, ნიშნავს წარმოებაში კაპიტალის დატრიალების დროს გაგძელებას, დამუშავებულ საქონლის დიდ დროში გაყიდვას. ამას ემატება, მათ შორისვე გაძლიერებული და ერთი მეორის გამანადგურებელი კონკურენცია, და მუშების სოლიდარობის განვითარება, რომელიც არა ნაკლები სახიფათოა ფაბრიკანტებისათვის. კონკურენცია იმ მხრივ მოქმედობს კაპიტალისტებზე, რომ ის კაპიტალისტი, რომლის წარმოებაც გაფიცვის გამო არ არის შეჩერებული, გაფიცულ ფაბრიკის ხელიდან აცლის მუშტრებს და საუკეთესო მუშებს და თავის წარმოებაში ამუშავებს. ამით პირველის წარმოება ჩაღდება ხოლო მეორესი კოტრდება. მუშათა სოლიდარობა კი იმაში გამოიხატება რომ, პროლეტარიატი გაფიცულ მწარმოებელს აღარ მიყიდის თავის სამუშაო ძალას, უშრომოთ დარჩენილი მუშები თავიანთ გაფიცულ მოძმე მუშებს მხარს უჭერენ ფულით თუ დახმარებით, მთელი პროლეტარიატი მხარს აძლევს რათა დაწყებული საქმე ამხანაგ მუშების გამარჯვებით დასრულდეს.

თითქმის ყველა ეს ფაქტორები მეტათ ხელ საყრელია, მუშებისთვის, როცა წარმოება გაჩაღებულია, წარმოების აყვავების ხანაა. ასეთ ხანაში კაპიტალისტი უფრო მეტათ ავითარებს თავის წარმოებას, მეტ მუშებს ეძებს - ბევრი ხალხი ამუშაოს ფაბრიკა-ზაოდებში. და აი ასეთ პირობებში, უმუშაოთ დარჩენილ მუშათა რიცხვი, გაფიცვის გამტეხელთა - სტრეიკბეხნრების - რაოდენობა ძალიან მცირეა, გაფიცულთა სასარგებლოთ. მუშათა პროფესიონალურ კავშირთა კასებში ბლომა ფული შემოდის, კაპიტალი ჩქარა ტრიალდება. აქ ახლა წარმოების ანაზღაურების შეჩერება ნიშნავს კაპიტალისტების მოგების საგრძნობლათ შეჩერებას, ამ შემთხვევაში კაპიტალისტისთვის გაცილებით ხელ საყრელია, მუშებს ხელ-ფასი მოუმატოს, სამუშაო ქირა ასწიოს, ვიდრე წარმოება შეაჩეროს.

მაგრამ, როგორც კი გაფიცვა საერთო მასიურ ხასიათს ღებულობს, ყველა წარმოების დარგს ედება, მთელ ნაციონალურ წარმოებაში ხდება, ზემოთ ჩამოთვლილი ეკონომიური ფაქტორები, რომლებიც გაფიცულ მუშებს გამარჯვებას ხელს უწყობდა, ძალა ეკარგება: ახლა პირობები კაპიტალისტების სასარგებლოთ იცვლება. ეს ასეც უნდა იყოს. უტყუარი ფაქტია რომ, საერთო გაფიცვის დროს საზოგადოებრივი წარმოების პროცესი უცბათ და მთლათ ჩერდება-იყინება; ფაბრიკანტს ახლა აღარ შეუძლიან დამზადებული საქონელი გაასაღოს; აღარ შეუძლიან დასამუშავებელი მასალა, ნახშირი წარმოებისთვის და სხვა საჭირო ნივთები მიიღოს. მას აღარ ეშინიან, რომ მეორე კაპიტალისტი კონკურენციას გაუწევს, სხვისი მეტი საქონელი გასაღდება, სხვა მის მუშტრებს შეიძენს და სხვა... ვინაიდან ყველგან და ყველასთვის ერთნაირი პირობები არის. საერთო გაფიცვის დროს, ყველა ზევით ჩამოთვლილ ხელ-საყრელი პირობებს მუშებსაც ეცლება, მთელი დამოკიდებულობა მათ საზარალოთ და კაპიტალისტების სარგებლოთ იცვლება. თუ რომ მუშები, სულ მოკლე ხნის განმავლობაში საერთო გაფიცვას გამარჯვებით არ დაასრულებენ, შემდეგში ბრძოლა უკვე წაგებულათ უნდა ჩაითვალოს. ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს ის, რომ მასსიური ანუ საერთო გაფიცვა მარტო კაპიტალისტურ წარმოების შეჩერებას არ ნიშნავს, არამედ, გაფიცვის განმავლობაში, ყოველგვარ წარმოების შერყევას. წარმოების ნორმალურ მსვლელობაში მუშათა კლასი უფრო მეტად არის დაინტერესებული, ვიდრე კაპიტალისტთა კლასი, რადგან, უკანასკნელის, ე.ი. კაპიტალისტების საკუთრებას შეადგენს არა მარტო საწარმოვო იარაღები, მასვე აქვს უზრუნველი საზრდოც. ამისათვის კაპიტალისტი საერთო გაფიცვას უფრო დიდხანს გაუძლებს, ვიდრე მუშა, უკანასკნელი მოკლე ვადის შემდეგ შიმშილობს. ნაციონალური საერთო გაფიცვა ერთი ორი თვით, როგორც ეს რუსეთის ფოსტა-ტელეგრაფების მოხელეთ მოიმოქმედეს დღეს ფაქტიურათ მოუხერხებელი საქმეა. მუშათა კლასი თუ პირველ კვირაშივე არ გაიმარჯვებს, მათი საქმე უკვე წაგებულია, მუშებს ისეც მცირე სამზადისი ელევა. ფული სულ ეხარჯება, წვრილი მოვაჭრეები საქონლის ნისიათ მიცემას უსპობენ, ასე რომ, ან უნდა გაფიცვა შესწყვიტოს და დაუბრუნდეს ჩვეულებრივ მუშაობას, ანდა არსებული უფლებრივი წეს-რიგი დაარღვიოს და ფიზიკურ ძალის საშუალებით შეუდგეს საზრდოს მოპოებას. აი, აქედან, საერთო გაფიცვა შორდება ეკონომიურ გაფიცვის ნიადაგს და გადადის საერთო პოლიტიკურ გაფიცვაზე, ე.ი. საერთო ეკონომიური გაფიცვა კარგავს ეკონომიურ ხასიათს და ღებულობს პოლიტიკურს.

მარქს-ენგელსის უკვდავ ნაწარმოებში „კომუნისტური მანიფესტის“ ერთ გვერდზე ვკითხულობთ: „ყოველი კლასობრივი ბრძოლა იმავე დროს არის პოლიტიკური ბრძოლაო“. ასევე შეეხება ეკონომიურ საერთო გაფიცვას, რომლებსაც ზოგიერთა პირობებში ხალხის უმრავლესობის პოლიტიკური, იურიდიული (უფლებრივი), და საერთოდ საზოგადოებრივი ურთიერთობის გაუმჯობესობა მოზდევს. იმ სახელმწიფოებში, საცა მუშათა კლასი, მცხოვრებთა უმრავლესობა, პოლიტიკურ უფლებას მოკლებულია, სიტყვის, კრების, კავშირების და გაფიცვის თავისუფლება არ არის. აქ ჩვეულებრივ უუფლებობა ხალხი საერთო პოლიტიკურ გაფიცვას მიმართავს ხოლმე როგორც ერთ უკეთეს იარაღთა [...] ევროპის მუშათა კლასის მოძრაობის ისტორია ამის შესახებ ბევრ ფაქტებს [...]ლევა, მათი ისტორია ერთობ სავსეა ამგვარის მოვლენებით. შორს ნუ წავალთ, დავიწყოთ ახლოდან. ამ რამდენიმე წლის წინათ, 1893 წ. ბელგიის მუშებმა მოახდინეს საერთო პოლიტიკური გაფიცვა, რომლის საშუალებითაც ცდილობდნენ საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლება მოეპოებინათ. ამავე მიზნით განიმეორეს მეორე საერთო პოლიტიკური გაფიცვა. 1902 წელს, რომელმაც თითქმის ერთ კვირაზე მეტს გასტანა, და რომელმაც ვერ მიახწია თავის მიზანს. ბელგიის მუშების საერთო პოლიტიკურ გაფიცვის მაგალითს წაბაძა ისპანიის პროლეტარიატმა, ამათაც საყოველთაო-თანასწორ საარჩევნო უფლების მოპოვება სურდათ.

[...]

_______________

1. სტატია არასრულად იბეჭდება.

სხივი. - 1906. - 13. - გვ. 2-3

3.7 „სრული დემოკრატია ჯერ ევროპაშიაც არ განხორციელებულა“

▲back to top


„მაშ გაუმარჯოს რუსეთის რეაქციას, რომელიც ბეჯითად ეწინააღმდეგება დემოკრატიას იმ ქვეყნებში, სადაც კულტურული განვითარება რამდენიმე საუკუნით უკან არის ჩამორჩენილი, ევროპასთან შედარებით“ - გაიძახის ვერაგობით მთავრობა და მას ბანს აძლევს მხდალი, ორჭოფი ლიბერალური ოპოზიცია. რეაქციის გამარჯვე[...] უკანასკნელი - ჩვენ ვერ ვისურვებთ, ეს ყველასათვის ცხადია, მაგრამ ისიც კი მართალია, რომ თუ ჯერ დასავლეთ ევროპაშიაც ვერ განხორციელებულა სრული დემოკრატიული წეს-წყობილება, მით უფრო ამას ადგილი არ ექნება და არც უნდა ჰქონდეს ნორჩ და ახალგაზდა რუსეთში. აშკარა და ფარული რეაქციონერები, ახალ ქერქში გახვეული ძველი მთავრობა და ახალ წყალში დაფერილი ლიბერალური ოპოზიცია დღეს ორივენი ერთგვარათ სარგებლობენ დაწინაურებულ, განვითარებულ ქვეყნების მაგალითებით. მათი მიზნებიც არსებითათ ერთი მეორისაგან აღარ განსხვავდებიან. დღევანდელი მთავრობა იცავს გათანამედროებულ თვითმპყრობელობას, ცთილობს ძველი რეჟიმიდან ახალში გადმოიტანოს ისეთი დაწესებულებანი, რაც მას საოპერაციო ბაზისს მისცემს მერმისის ბნელი მოღვაწეობისათვის; ლიბერალები რევოლიუციას არ უჭერენ მხარს; ლიბერალები ელტვიან მხოლოდ ბურჟუაზიის პოლიტიკურ ბატონობას. ლიბერალები გაიძახიან, რომ დემოკრატიული წეს-წყობილება რუსეთში შემოღებულ უნდა იქნას ნამცეცობით, წვეთ-წვეთათ, გომეოპატიური დოზებით.

ეს ვაჟბატონები, რომელნიც ჯერ ისევ გუშინ უსაყვედურებდენ პროლეტარიატის პარტიას, ვითომ ამის განუსჯელათ, უკრიტიკოთ გადმოჰქონდა დასავლეთი - აღმოსავლეთში, ვითომ ბრმათ ჰბაძავდა ევროპას, განუსჯელათ ხელმძღვანელობდა იქაურ განვითარებიდან ამოღებულ „დოგმებით და ფორმულებით“. ეს ვაჟბატონები დღეს თვითონ მაიმუნობენ, როცა ამტკიცებენ, რომ ის, რაც ჯერ არ მოიპოვება დაწინაურებულ ქვეყნებში არ უნდა მოიპოებოდეს არც რუსეთში; ის რაც მოიპოება აქ, ჯერ კიდევ სრულიად ვერ განხორციელდება რუსეთში, რის განხორციელებას იქ დასჭირდა 40-50 წელი, მთელი საუკუნე და მეტიც. მის შემოღებას რუსეთშიაც მეტი თუ არა, ნაკლები მაინც არ უნდა დასჭირდესო. ამაზე შორს ვერ მიდის იმათი სოციალ-პოლიტიკური ფილოსოფია. იმათ არ ძალუძთ ცხოვრების გულის სიღრმეში ჩაიხედონ, არ ძალუძთ ან არა სურთ ისტორიულ განვითარების კანონები შეიგნონ და ეს არც საინტერესოა მათთვის. ისტორიის ულმობელი კანონები ითხოვენ დემოკრატიის განვითარებას, დემოკრატიის განვითარება კი - საბოლოვო ანგარიშით - ძირს უთხრის გაბატონებულ კლასების არსებობას და აუცილებლათ ამზადებს მათ სიკვდილს. უკანასკნელი გარემოება არ შეიძლება მათ არ იცოდნენ იმავ ევროპის მაგალითებიდან. აქედან ცხადია მათი რეაქციონური პოლიტიკა.

პროლეტარიატის პარტია არასოდეს არ ყოფილა ევროპის ბრმა მიმბაძველი. ამ პარტიამ მხოლოთ თავიდანვე აღიარა, რომ ბატონ-ყმობის გადავარდნის შემდეგ რუსეთი გადაჭრით შედგა იმავე განვითარების გზაზე, რომელზედაც მიდიოდა ევროპა, აღიარა, რომ ეკონომიურათ გაევროპიელებული რუსეთი უნდა გაევროპიელებულიყო პოლიტიკურათაც. ამ აზრის ჭეშმარიტებას ნათელ-ყოფს დღევანდელი ვითარება. მაგრამ თუ რუსეთის იმპერია მსვლელობს იმავე გზით, რომლითაც მიდის ევროპა და დანარჩენი განათლებული კაცობრიობა, ის კიდევ არ ნიშნავს იმას, ვითომ ყველა ქვეყნებისათვის ერთი და იგივე დრო იყოს საჭირო საერთო გზაზე ამა თუ იმ მანძილის გასავლელათ. ამას მოწმობს მრავალი ისტორიული ფაქტები. აი მაგ. ახალგაზდა იაპონიამ რაღაც 30-40 წლის განმავლობაში განახორციელა ის, რასაც ევროპაში დასჭირდა მთელი საუკუნოები. პატრიარქალურ-ფეოდალური იაპონია ერთბაშათ გადაერია ევროპიულ ცხოვრების ტალღებში. მან პირდაპირ დასწვა ისტორიულ განვითარების ეტაპები და ერთბაშათ გაევროპიელდა, როგორც ეკონომიურათ, ისე პოლიტიკურათ. და აი სწორეთ ამ გაევროპიელებამ 40 მილიონიანი სახელმწიფო შემოსა იმ ძლიერებით, რამაც გაანადგურა 150 მილიონიან სახელმწიფოს „ურიცხვი და სახელოვანი“ ჯარები.

დიახ, სხვა და სხვა ქვეყნებისათვის სხვა და სხვაა წინმსვლელობის ტემპი (სიჩქარ-სიწყნარე), რადგან სხვაა და სხვაა მათი ცხოვრების პირობები და ისტორიული არე, ე.ი. ხალხთ მეზობლობა. მაგ. როდესაც მე-17 საუკუნის დამლევს ინგლისი ამყარებდა დემოკრატიულ წესწყობილებას, ეს იყო მაშინ სრულიად ახალი, უმაგალითო, არაჩვეულებრივი წესწყობილება და როგორც ამნაირ ადამიანთა გონება დიდხანს გაურბოდა, უნდობლობით უცქეროდა. სულ სხვაა დღევანდელ რუსეთში. იგი ერთი მხრით მწვავეთა გრძნობს ძველი რეჟიმის სიდუხჭირეს, აშკარათ ჰხედავს თუ რა უძლურების წარმომშობია ცხოვრების დესპოტურ სახელმწიფო ფორმები, და მეორე მხრივ დაწინაურებულ ქვეყნების მაგალითებზე ნათლადა ჰხედავს რა ძლიერება იფარება დემოკრატიულ წესწყობილებაში. ამიტომ რუსეთის ხალხი სწრაფათ რევოლიუციონერდება, აქედან, აღარც მაგ. შემდეგი გარემოებაა საკვირველი. სახელმწიფო სათათბირო, რომელსაც რუსეთში აწესებდა 6 აგვისტოს მანიფესტი, ინგლისში არსებობდა მე-15 საუკუნეში. (არისტოკრატიის და უმაღლესი სამღვდელოების წარმომადგენლობა და დელეგატები - გუბერნიებიდან - სახალხო წარმომადგენლობა). ამ დაწესებულებიდან პოლიტიკურ რევოლიუციამდე მისასვლელათ ინგლისს დასჭირდა ორი საუკუნე; რუსეთში კი, სახელმწიფო სათათბიროდან თვითმპყრობელობის საფუძველთა დანგრევამდე განვლო სულ ორიოდე თვემ (6 აგვისტო - 17 ოქტომბერი).

გარდა ამისა, დღევანდელ რუსეთს ასხვავებს წარსულ საუკუნოების რევოლიუციათა დროის ევროპიდან ის ძირითადი გარემოება, რომ ეხლა რუსეთში სულ სხვაა საზოგადოებრივ ძალთა განწყობილება, ვინემ იმ დროის ევროპაში. წარსულ საუკუნოების რევოლიუციის დროს მშრომელი ხალხი სრულიად მოკლებული იყო კლასობრივ ცნობიერებას. ცნობიერი იყო მხოლოდ ბურჟუაზია, მხოლოდ ბურჟუაზია მიდიოდა მარჯვეთ და პირდაპირ თავის კლასობრივ მიზნისაკენ. მშრომელი ხალხი იყო მისი ბრმა და მორჩილი იარაღი ბურჟუაზიულ რევოლიუციის განსახორციელებლათ. მართალია, ბურჟუაზიის ზოგიერთი იდეოლოგი მეცნიერები და პრაქტიკული მოღვაწენი ესარჩლებოდენ ადამიანთა პოლიტიკურ და მოქალაქობრივ თნასწორობას და მით ესარჩლებოდენ მუშა ხალხის ინტერესებს; მაგრამ ისინი თანასწორობის პრინციპს ასაბუთებდენ და იცავდენ განყენებულ მსჯელობით, რაიც პირდაპირ გზას ვერ იპოვიდა მშრომელთა გულ-გონებისაკენ და ვერ დაეხმარებოდა მათ კლასიურ გაცნობიერებას.

მემარცხენე ბანაკის წარმომადგენელნი, უკიდურესი დემოკრატები იცავენ ადამიანთ თანასწორობას განყენებული საბუთებით ადამიანის ბუნების თვალთა ხედვის წერტილიდან. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ თუმცა მშრომელი ხალხის ბუნება ითხოვდა თანასწორობას, მაგრამ სამაგიეროთ ადამიანთა მოდგმის მეორე ნაწილი - ბურჟუაზია გარკვევით თხოულობდა უთანასწორობას, თავის კლასიურ ბატონობას. ამ ორში რატომ უნდა ყოფილიყო მართალი მშრომელი ხალხის ბუნება, ამაზე პასუხის გაცემა არ შეეძლოთ მუშათ იმ დროის მოსარჩლეთ. ესენი მუშა ხალხს ესარჩლებოდენ უფრო სიტყვიერათ, ვინემ ფაქტიურათ, რადგან ფაქტიურათ მათი ქადაგება უფრო მეტ სამსახურს უწევდა ბურჟუაზიას, ვიდრე პროლეტარიატს. მათი დემოკრატიული ქადაგება საჭირო იყო პროლეტარიატის ბრძოლის ველზე გამოსაყვანათ; უამისოთ კი, ე.ი. თუ პროლეტარიატი არ შეებრძოლებოდა ძველ რეჟიმს ბურჟუაზია ვერ მიაღწევდა თავის ისტორიულ მიზანს, კლასიურ ბატონობას.

სხვა ქომაგი თუ მოსარჩლე, ან ხელმძღვანელი იმ დროს არა ჰყოლიათ მუშა ხალხს და ესეც მოკლებული კლასობრივ ცნობიერების ბედის ანაბარათ ეძლეოდა რევოლიუციას.

მემარჯვენე ბანაკის დემოკრატები, რომელნიც შეადგენდენ უმრავლესობას, აშკარათ და პირდაპირ იცავდენ ბურჟუაზიის ბატონობას; იცავდენ ძალიან რეალურ და კონკრეტიულ საბუთებით, მათ მოეპოებოდათ მდიდარი ტეორეტიული არსენალი. მათვე ჰქონდათ თოფ-ზარბაზანი.

საერთოთ, ბურჟუაზია ცნობიერათ მიდიოდა თავის კლასურ მიზნისაკენ, ის ხელმძღვანელობდა რევოლიუციას, ის იყო ბატონ-პატრონი მთელი მოძრაობისა და რა თქმა უნდა, ბრძლის ნაყოფიდანაც, ის დაისაკუთრებდა ლომის საკადრისს ნაწილს. პროლეტარიატს კი, - ვინც იბრძოლა ბარიკადებზე და სისხლით რწყვიდა ქუჩებსა და მოედნებს, - რჩებოდა მხოლოთ ნამცეცები.

ასე იყო წარსულ რევოლიუციების დროს ევრაპაში, სულ სხვაა დღეს რუსეთის იმპერიაში. აქ ბურჟუაზიას ისტორიულათ თან დაყვა რევოლიუციონური უძლურება, გაუბედაობა, სილაჩრე და ორჭოფობა. მთელი რევოლიუციონური ენერგია მოგროვილია მშრომელ ხალხში. კერძოთ აქაური გლეხობა დღეს უფრო ცნობიერია და უფრო მეტათ არის განსმჭვალული დემოკრატიულ აზრებით და გრძნობებით, ვიდრე იყო მისი ევროპიელი თანამოძმე წარსულ რევოლიუციების დროს. დღეს მუშა ხალხს მოეპოება ძლიერი, კლასიური, პოლიტიკური პარტია. დღეს შეგნებული პროლეტარიატი მეთაურობს მთელ რევოლიუციონურ მოძრაობას.

ყველა აქ გამოთქმულ მოსაზრებათა გამო ჩვენ მტკიცეთა ვართ დარწმუნებული, რომ ევროპის წარსულ დემოკრატიულ რევოლიუციებთან შედარებით რუსეთის დღევანდელი რევოლიუცია გაცილებით უფრო ნაყოფიერი იქნება. ცხადია, რომ სოციალურ რევოლიუციამდე მისასვლელი მანძილიც აქ შეუდარებლათ მცირეა. და თუ რუსეთი დღესვე ვერ მისცემს სიგნალს მსოფლიო სოციალურ რევოლიუციას, ის მაინც მტკიცედა გვწამს, რომ ამ უკანასკნელის განსახორციელებლათ რუსეთის მუშა ხალხი საერთაშორისო პროლეტარიატის პირველ რაზმებში იბრძოლებს და პირველივე აღმართავს გამარჯვების ბაირაღს.

სხივი. - 1906. - 12. - გვ. 3-4

4 ნაციონალიზმი

▲back to top


4.1 დამონებულ ერების ბედი

▲back to top


. . [იაკობ გოგებაშვილი]

ვინ დასთვლის, რამდენი მცირე, სუსტი ერია დღეს დღეობით ძლიერ ერებისგან დამონებული, ვინ ასწერს ამ აუტანელ ტანჯვა-წვალებას, რომელსაც სხვის ხელში ჩავარდნილი ერი განიცდის. მას გულს უკლავენ, ენას გლეჯენ, ათასნაირ შეურაცხყოფას აყენებენ, ამცირებენ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სხვა ეროვნების წარმომადგენელია. სახელმწიფოში გაბატონებული ერი მისგან სრულ მორჩილებას, არარაობად გახდომას მოითხოვს, ცდილობს ხელი ააღებინოს თავის ენაზე, ზნე-ჩვეულებაზე, სულზე და გულზე, დაავიწყებინოს საკუთარი არსებობა და სხვის მონა მორჩილად გახადოს.

ესეც კიდევ არაფერი, თვით ამ დამონებულ ერებში გამოდიან ზოგიერთი თავზედ ხელაღებული ვაჟბატონები, - ამ მონობას ხელს უწყობენ იმით, რომ ერს თავის ეროვნულ უფლებების დასაცველად ბრძოლას არ აცლიან და ეუბნებიან, ყველანი ძმები ვართ, ეს ბრძოლა, ეს უფლებების დაცვა სხვა ეროვნებასთან მტრობას იწვევს, ამ მტრობის შიშით ბრძოლაზედაც ხელი უნდა ავიღოთო.

ამას ამბობენ და ხშირად გამგონიც ყავთ: უცოდინარი, უვიცი, დაბრმავებული ხალხი ფიქრობს, რომ ეს არა მკითხე ვაჟბატონები მართალს ეუბნებიან, ფიქრობს, რომ სხვაგანაც დამონებული ერი გაჩუმებულია და ხმის ამოღებას ვერ ბედავს, რომ სხვაგანაც ასეთივე სილაჩრით ითმენს შევიწროვებული, სხვის ხელში მკვნესარე ერი იმას, რასაც მის ზურგზე შემდგარი, გაბატონებული ეროვნება მისგან მოითხოვს...

მაგრამ არა! სხვაგან არ არის ერი გაჩუმებული, სხვაგან ყოველი მონა ცდილობს განთავისუფლებას, სხვაგან ყოველ მონობის მოსპობას ცდილობენ, სულ ერთია, იქმნება ეს მონობა კერძო თუ საზოგადო, პირადი თუ ეროვნული!..

ეს ბრძოლა თავისუფლების, ეროვნულ თანასწორობის დასამყარებლად ჯერ დაქსასულია, დამონებული ერები სხვა და სხვა ქვეყანაში განკერძოებით ებრძოდენ თავიანთ დამჩაგვრელს, არ იყო მათი შეერთებული ძალა ამიტომ თვით ძალაც საკმარისად ძლიერი არ იყო.

ამ გაერთიანების საჭიროება ხალხმა თანდათან შეიგნო, ამიტომ ცდილობენ გაერთიანებას.

გაერთიანების პირველი ბიჯი ის იყო, რომ ესა თუ ის ეროვნება თავის სახელმწიფოს საზღვარს სცილდებოდა და ცდილობდა ევროპის სხვა და სხვა სახელმწიფოს ყურადღება მიექცია იმ სავალალო, დამამცირებელ მდგომარეობისთვის, რომელშიაც იგი ჩავარდნილი იყო, - უნდოდათ ევროპის ხალხთა დახმარებით გაემჯობესებიათ თავიანთი მდგომარეობა.

ამნაირად მიმართეს ევროპას ბოსნია-ჰერცოგოვინამ, უნგრეთის სერბებმა, ფინლანდიელებმა ბობრიკოვის დროს, შლეზვიგ-ჰოლშტეინის დანელებმა, პოზნანის პოლონელებმა, პოლონეთის გალიცის რუსებმა, უნგრეთის რუმინელებმა, რუმინიის ებრაელებმა და დობრუჯელებმა, სომხებმა და სხ. და სხ.

ეს მიმართვა უმეტეს ნაწილად პრაქტიკულ მნიშვნელობას მოკლებული ყოფილა იმიტომ, რომ არ იყო ისეთი დაწესებულება, რომელსაც შეძლებოდა ყური ეგდო ამ საქმისთვის და დამონებულთა ღაღადისთვის ქომაგობა გაეწია.

ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოს დაარსება ამ საქმისთვის არ ვარგა. ამ სასამართლოში საქმის გასარჩევათ საჭიროა ორივე მხარესი თანხმობა, ამას გარდა ხსენებულ სასამართლოში მისვლა შეუძლია სახელმწიფოს და არა ერს, ამიტომ სხვის სახელმწიფოში მომწყვდეულ ერს აქ მისავალი გზა არა აქვს.

სწორედ ასეთ ერებისთვის კი იყო განსაკუთრებით საჭირო ხსენებული სასამართლო და სამართალი!..

დღეს სახელმწიფოში გაბატონებულ ერს შეუძლია ათასნაირად შეავიწროვოს მის ხელში ჩავარდნილი მცირე ერები, - ამათ საშვალება არა აქვთ კანონიერის გზით დაიცვან თავიანთი თავი და აი სწორედ ამიტომ საფრანგეთის და ინგლისის რამდენიმე ცნობილმა მწერალმა და მეცნიერმა გადაწყვიტა მოაწყონ ეროვნულ უფლებათა დამცველი კომიტეტი, რომელმაც დაჩაგრულ ერთა ქომაგობა უნდა იკისროს...

ამ საქმეს მეთაურობენ სენიობისი, ლუი ავე, ლუი რენო, ჟიდი, ივ გიუიო, ლიონ-კან და სხვებიც.

საფრანგეთის დიდ რევოლუციის დროს გამოცხადებული იყო ადამიანის და მოქალაქეს ძირითადი უფლებები, ის უფლებები, რომელიც ყველასთვის ხელუხლებელი უნდა რჩებოდეს... ამ უფლებების გარკვევას და გამოცხადებას იკისრებს ახალი კომიტეტი. ეს კომიტეტი თვალყურს ადევნებს ყველა სახელმწიფოს შინაურ ცხოვრებას და ხმას აიმაღლებს ყოველთვის, როდესაც სადმე ეროვნულ დაჩაგვრას შეამჩნევს, ეს კომიტეტი პროტესტს გამოაცხადებს ყოველთვის, როდესაც ესა თუ ის მთავრობა, თავის ეროვნულ ძალმომრეობის გასამართლებლად ევროპის რომელიმე გაზეთით ეცდება საზოგადოების მოტყვილებას... კომიტეტი იქმნება ცენტრი, რომელიც მეთაურობას გაუწევს ყოველ ეროვნულ ბრძოლას, ყოველ ეროვნულ მისწრაფებას იქ, სადაც ძლიერი ერი სჩაგრავს სუსტს ერებს და სადაც ამ სუსტ ერს არ შესწევს საკმარისი საკუთარი ძალა იმისთვის, რომ სხვის დაუხმარებლად მოიპოვოს ეროვნული თანასწორობა.

ამ კომიტეტის დაარსებას და მოქმედებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ყოველმა დაჩაგრულ ერის შვილმა, რომელითაც უნდა მოისპოს მისი ერის დამამცირებელი ეროვნული ძალმომრეობა.

ივერია. - 1909. - 33. - გვ.1-2

4.2 ერი და სახელმწიფო

▲back to top


არ. -შვილი [არჩილ ჯაჯანაშვილი]

ეროვნული საკითხი, როგორც საკითხი, როგორც მოვლენა, რომელსაც გადაწყვეტა უნდოდა, განსაკუთრებით უკანასკნელ საუკუნეში დაიბადა. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ თანამედროვე სახელმწიფოები ფეოდალურ ნაშთებზე აღმოცენდა. ფეოდალური ხანის სახელმწიფოებრივი ცხოვრება ეხლანდელ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას რომ შეადაროთ, მათ შორის ძალიან დიდსა და არსებითს ცვლილებას დაინახავთ. ამის საუკეთესო სურათს გვაძლევს იგივე გერმანია, სადაც განვითარებული იყო ტიპიური ფეოდალიზმი და სადაც ამ ფეოდალიზმის ნანგრევებზე ასეთივე თანამედროვე ტიპიური სახელმწიფოებრივი ცხოვრება აღმოცენდა. გერმანიაში, როგორც ეს განსაკუთრებით ეხლანდელმა ომმა გამოამჟღავნა, თავისი სრული გამოხატულება ნახა ყველაფერმა იმან, რაც კი თანამედროვე სახელმწიფოს სულსა და გულს შეადგენს. ჯერ ისევ მეცხრამეტე საუკუნეში ის, რასაც ჩვენ ეხლა გერმანიას ვეძახით და რაც ძლევამოსილ ომიანობას ეწევა უდიდეს სახელმწიფოებთან, გაერთიანებული არც კი იყო. გერმანიის ადგილას არსებობდა პატარ-პატარა სამთავროები, დასახლებული ერთის მოდგმის ხალხით, რომლებიც ძალიან ხშირად ერთმანეთს ებრძოდნენ. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში პრუსიამ განამტკიცა თავისი გეგემონია დანარჩენ გერმანულ სამთავროებზე და ამით საფუძველი ჩაუყარა ეხლანდელ გერმანიას. დამარცხდა თუ არა საფრანგეთი საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს, გაერთიანებულმა გერმანიამ თავისი გარდაქმნა აღნიშნა იმ აქტით, რომ პრუსიის მეფემ თავისი თავი გერმანიის იმპერატორად გამოაცხადა. ეს მოჰხდა 1871 წელს 18 იანვარს, მაშინ, როდესაც გერმანიის ჯარს ალყა ჰქონდა შემორტყმული პარიზზე.

ამ დრომდე გერმანია ტიპიურ ფეოდალურ ცხოვრებას ეწეოდა. პატარ-პატარა სამთავროები თავისი შინაური ცხოვრებითა სცხოვრობდნენ, მთავრები უმეტეს წილად პირად ფუფუნებაზე ზრუნავდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება უკეთესად წაებაძათ საფრანგეთის მეფეებისთვის, გადმოენერგათ მათი სასახლეების ბრწყინვალება და ფუქსავატი ცხოვრება.

ერთი საუკუნის განმავლობაში დაქსაქსული, უძლური სამთავროები შეერთდნენ და შეიქმნა თანამედროვე გერმანია. ცოტა თუ ბევრი მეტ-ნაკლებობით ასეთივე პროცესი მოჰხდა სხვა ადგილებშიც. ყველგან ისპობოდა ფეოდალური წესწყობილება და იმის ნაცვლად იქმნებოდა ახალი ფორმები სამეურნეო ცხოვრებისა, რომლებმაც თანამედროვე სახელმწიფოებრივ ფორმებში ბუნებრივი ჩარჩო ჰპოვეს. ეხლა რომ თვალი გადაავლოთ ერთი საუკუნის კულტურული მუშაობის შედეგს და მოისურვოთ კულტურული კაცობრიობის სტერეოტიპული სურათის დახატვა, ფრიად საინტერესო სანახაობა გადაიშლება თქვენს თვალ წინ. დაინახავთ, რომ პატარ-პატარა ფეოდალური სამთავროები მოისპო და მათს ნანგრევებზე აღმოცენდა სრულიად ახალი ტიპის ორგანიზაცია, რომელსაც აღარაფერი საერთო არა აქვს წარსულთან. ერთი საუკუნის განმავლობაში სწარმოებდა შეჯგუფება სხვა და სხვა ნაწილებისა. ახალ დროს მოჰქონდა ახალი საშუალებანი შეჯგუფებისა და გაერთიანებისა. იგი იყო ან ომი, ან შინაგანი ცხოვრების განვითარება, ან ორივე ერთად. დასასრულ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ძლიერი ორგანიზაცია, რომელთაც თანამედროვე სახელმწიფოები ჰქვიან. ეს სახელმწიფოები დაადგენ ეგრედ წოდებულ იმპერიალისტურ გზას, გააფართოვეს საზღვრები და თავიანთ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას დაუმორჩილეს ყველა, ვისაც კი აღარ შერჩა ძალა საკუთარი ორგანიზაციის შექმნისა და განვითარებისა. საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, რუსეთი, იტალია, ავსტრია და სხვა სახელმწიფონი ერთნაირის დაჟინებით ანვითარებდნენ იმპერიალისტურ პოლიტიკას და ყოველ ღონესა ჰხმარობდნენ ძალა ახლად შექმნილი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციისა რაც შეიძლება დიდს ადგილზე და ბევრს ხალხზე გაევრცელებინათ. მოისპო პატარ-პატარა სამთავროები და მათს ნანგრევებზე თანამედროვე ომპერიალისტური სახელმწიფონი აღმოცენდა. ასეთია დღევანდელი სურათი ევროპისა. ეფექტი ამ გრანდიოზული პროცესისა იმდენად დიდი იყო, რომ მალე დაიბადა სახელმწიფოს კულტი. ისეთი აზროვნების ხალხიც კი, რანაირიც მარქსისტები არიან, დააბრმავა ამ გარემოებამ. მარქსისტების იდეოლოგმა კ. კაუცკიმ თანამედროვე სახელმწიფო დაახასიათა და მას ნაციონალური სახელმწიფო უწოდა. მისის წარმოდგენით, ნაციონალურმა გაერთიანებამ მხოლოდ ეხლა ჰპოვა თავისი აღსრულება თანამედროვე კაპიტალისტურ სახელმწიფოში. მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ სიტყვა „ნაციონალური“ ტყუილად აკერია თანამედროვე სახელმწიფოს. აღმოჩნდა, რომ ბევრ სახელმწიფოში თავ-მოყრილია რამდენიმე ერი, რომელთაც საკუთარი ინტერესები აქვთ. ისტორიულ პროცესში ბევრმა დაჰკარგა ეგრედ წოდებული პოლიტიკური დამოუკიდებლობა, მაგრამ ამასთანავე ერთად ბევრმა სრულიადაც არ დაჰკარგა თავისი ეროვნული სახე. აი, სწორედ მაშინ, როდესაც ეს ყველასთვის ცხადი გაჰხდა, დაიბადა ეროვნული საკითხი. სახელმწიფოს თავისი ლოღიკა აქვს. იგი მთელის თავისი შინაგანი თვისებით გამათანასწორებელი ორგანიზაციაა. ერთნაირი სასამართლო, ერთნაირი სააღებ-მიცემო საშუალებანი, ერთნაირი სისტემა განათლებისა, ერთის სიტყვით, მთლიანი და შინაგანი ერთობით სავსე ორგანიზაცია, - აი იდეალი თანამედროვე სახელმწიფოებრივი ორგანიზაციისა. რა თქმა უნდა, ასეთი მთლიანობის დამყარება ვერ მოხერხდებოდა იქ, სადაც სხვადასხვანაირი ინტერესების ერი იყო თავ-მოყრილი, კონფლიქტი სახელმწიფოს ბატონი ერისა და სხვა ერთა სურვილებს შორის აუცილებლად უნდა დაბადებულიყო. ამ კონფლიქტმა წარმოშვა თვით ეროვნული საკითხიც.

მაგრამ თუ ყოველივე ეს ასეა, მაშინ იბადება საკითხი, გვაქვს თუ არა უფლება ერთმანეთში აურიოთ ორი ცნება: ერი და სახელმწიფო? გვგონია, რომ ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ჩვენ ამის უფლება არა გვაქვს. თუ თანამედროვე სახელმწიფოთა შექმნის ისტორიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ თვითეულ ერს ჰქონდა სურვილი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნისა, მაგრამ აქედან ჩვენ არ შეგვიძლიან იგივეობის ნიშანი დავუსვათ ერსა და სახელმწიფოს. ეროვნული საკითხის ბევრი მკვლევარი კი ამ ორ ცნებას ერთმანეთში ურევს და ამით დიდი არევ-დარევა შეაქვს საკითხში.

ათასნაირი საშუალება არსებობს ეროვნული საკითხისა. ბევრნაირი პროგრამაა წამოყენებული. თუ ერთის მხრით ამ პროგრამებს განიხილავთ და მეორეს მხრით კი ისტორიას მოიგონებთ, დარწმუნდებით, რომ ეროვნული საკითხის გადაწყვეტა არსებითად ნიშნავს ერის ისეთს პირობებში ჩაყენებას, როდესაც იგი აღჭურვილი იქნება ამა თუ იმ სახელმწიფოებრივი ფუნქციებით. ავტონომია, ფედერაცია, სეპერაცია, - ყოველივე ეს ერისა და სახელმწიფოს შორის მომხდარი კონფლიქტის ჩასაქრობი საშუალებაა. თუ თვითეულ ამ ცნებას ცალ-ცალკე განვიხილავთ, დავრწმუნდებით, რომ არსებითად იგი არის განაწილება სახელმწიფოებრივი ფუნქციებისა. ერი ცდილობს სახელმწიფოდ გარდაიქცეს. რა თქმა უნდა, ყოველთვის და ყველგან ეს მისწრაფება ერთნაირად არ ისახება. ადგილობრივ პირობებისა და დროის მიხედვით, რომელთაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ, ერის მისწრაფებას სხვადასხვანაირი ხასიათი ეძლევა; მაგრამ თავის საფუძველში ერის მისწრაფება ყველგან ერთნაირია: იგი ცდილობს სახელმწიფოდ იქცეს. აქედან წარმოსდგება გარდაუვალობა ტერიტორიალიზმისა ეროვნულ საკითხში. ტერიტორია, რა თქმა უნდა, ეროვნების დამახასიათებელი თვისება არ არის, მაგრამ, რადგანაც ერს მხოლოდ ტერიტორიაზე შეუძლია იქცეს სახელმწიფოდ, ამიტომ ყოველივე ერი მაგრად ებღაუჭება ტერიტორიას. ტერიტორია ის საფუძველია, ულეველი ფონდი, რომელზედაც ერს თავისი სახელმწიფოებრივი შენობა შეუძლიან ააგოს.

თანამედროვე სახელმწიფო ეროვნული სახელმწიფო არ არის. ისტორიულ პროცესში შექმნილ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციებს თავისი საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს. იქ, სადაც ერი და სახელმწიფო ერთი და იგივეა, სადაც ერი ჰფარავს სახელმწიფოს და სახელმწიფო ერს, მათ შორის აღარავითარი კონფლიქტიც არ შეიძლება მოჰხდეს. იქ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესი შეერთებულია. ამით სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას ეროვნული ორგანიზაციის სახე ეძლევა და მეტი სიმტკიცე და სიძლიერე ემჩნევა. იქ კი, სადაც ასე არ არის, სადაც სახელმწიფო ორგანიზაცია თავის სფეროში ამყოფებს სხვადსხვა ერებს, იბადება საკითხი ურთიერთ დამოკიდებულების მოწესრიგებისა. სახელმწიფოებრივ ფორმებისაკენ მისწრაფებაც ამ მეორე შემთხვევაში იბადება. მეცხრამეტე საუკუნის ისტორიას თუ გადაავლებთ თვალს, დაინახავთ, რომ სინამდვილე ამართლებს ჩვენს მოსაზრებას. მეცხრამეტე საუკუნეში ბევრმა ერმა კვლავ ჰპოვა, ან ახლად შეჰქმნა, სახელმწიფოებრივი ფორმა თავისი არსებობისა. იმპერიალისტური კონცენტრაციის შემდეგ ჩვენა ვხედავთ ეროვნულ დეცენტრალიზაციას. ეს პროცესი ეროვნული სახელმწიფოების შექმნისა კი არ შეჩერებულა, პირიქით, ვითარდება. რა თქმა უნდა, აქედან შეუძლებელია ისეთი დასკვნა გამოვიყვანოთ, თითქოს ეს რაღაც გარდაუვალი ისტორიული კანონი და აუცილებლობა იყოს, მაგრამ ფაქტიურად რომ ეს ასე ჰხდება, ამას დაინახავს ყველა, ვინც ევროპის ერთა ისტორიას ზერელად მაინც იცნობს. გაერთიანება იტალიისა, გერმანიისა, მკვდრეთით აღდგომა საბერძნეთისა, ჩერნოგორიისა, სერბიისა, ბულგარეთისა და სხვა. რას ნიშნავს ყოველივე ეს, თუ არა იმას, რომ ცხოვრებას ემჩნევა ტენდენცია ეროვნულ სახელმწიფოების შექმნისა? მეორეს მხრით, რას ნიშნავს კოლონიალური პოლიტიკა ინგლისისა, თუ არა იმას, რომ თანამედროვე იმპერიალისტურ სახელმწიფოს მთლიანობის დასაცავად საჭიროა ეროვნებათა აღჭურვა სახელმწიფოებრივი ფუნქციებით?

ერი, რომელსაც სასიცოცხლო ძალა აქვს, კიდეც შეჰქმნის თავის განვითარებისთვის შესაფერ პირობებს. ძალა გამოფიტული, დასნეულებული ერი კი, რა თქმა უნდა, ვერაფერს შეჰქმნის და საუკუნო არ ყოფნაში ჰპოვებს თავის აღსასრულს.

სახალხო ფურცელი. - 1915. - 388. - გვ. 3

4.3 ეხლანდელი მომენტი

▲back to top


კიტა აბაშიძე

ამას წინად „ივერიის“ ერთ-ერთ ნომერში მოყვანილი იყო ერთი პოლონელის აზრი ჩვენის ჟურნალ გაზეთების შესახებ, სადაც უცხოელი გვიკიჟინებდა: თქვენი ჟურნალ-გაზეთობა გავსებულია რუსეთის ამბებით და თვით თქვენი ცხოვრების შესახებ კი სრულიად არა არის რაო. ეს ისეთი უეჭველი ჭეშმარიტებაა, ისეთი თვალსაჩინო მოვლენაა, რომ ძალაუნებურად იქცევს ყველას ყურადღებას.

მართლაც, ჩვენი ყოველივე ფეხის გადადგმა ბრმა, მონური მიმბაძველობაა რუსეთის ცხოვრებისადმი. თუ კი რამეა ჩვენში ევროპიდან გადმოღებული, „რუსეთის სამზარეულოშია“ შემზადებული და მერე ისეა ხალხის საკვებად გამოტანილი. რა პოლიტიკურსა და ლიტერატურულ დასსაც უნდა ეკუთვნოდეს ქართველი კაცი, იგი ცხადად თუ ფარულად რუსულ კულტურის თაყვანისმცემელი მონაა. ეს მონობა იქამდის მიდის, რომ ჩვენში კონსტიტუციონალ-დემოკრატიულ პარტიის დამაარსებელნიც კი გაჩნდნენ, თუმცა ღმერთი, ხატი - ამ პარტიას ჩვენში ნიადაგი არ მოეპოვებოდეს! როცა რუსის მემარცხენეების ერთი ჯგუფი ადგენდა ამ პარტიას, რუსეთის ხალხის „ცრუმორწმუნეობას“ იღებდა მხედველობაში და რუსეთის ხალხისაგან მეფის მოყვარეობას ისეთ დიდმნიშვნელოვნად სთვლიდა, რომ მონარქიულ პრინციპს ვერ აუხვია გვერდი. არა მგონია თვით ერთი კაცი გამოიძებნოს ჩვენში, რომელმაც იმის დამტკიცება იწყოს, ვითომ ქართველი ერი ამაშიაც „ერთმორწმუნე“ იყოს რუსეთის ერისა, და ამით შეეძლოს გაამართლოს კადეტების გაჩენა ჩვენში, ახლა აბა ჩვენებურ სოციალდემოკრატებს შეხედეთ: არ არის ქვეყანაზე სოციალდემოკრატია, რომელიც ასეთის უარყოფით ეკიდებოდეს ნაციონალურ საგანს, როგორც ჩვენი. ქართველი სოც.-დემოკრატები გააფთრებული ეომებიან ავტონომიის აზრს და ხალხს არწმუნებენ, ავტონომისტი და ჯაშუში - ქვეყნის გამყიდველი ერთი და იგივეაო.

რით აიხსნება ეს, თუ არ იმ გასაოცარის მონობით, რომელშიაც ვიმყოფებით რუსულ კულტურის წინაშე? რუსულ-კულტურის „ძლევა-მოსილობა“ ისე აბრმავებს - იქნებ შეუგნებლადაც - ჩვენებურ უკიდურესს პარტიასაც კი, რომ თუ რუსულ ქვაბში არ გადადუღდა ქართველი ერი, ისე - ჰგონია მას - ვეღარავითარ ხეირიან აზრსა და მიმართულებას ვერ შეითვისებს. რამდენიც უნდა ვიყვიროთ რუსეთის ბიუროკრატიულ დესპოტიზმის წინააღმდეგ, ამ ბიუროკრატიამ ისეთი დაღი დაასვა ჩვენს ცხოვრებას, რომ იმის ამოშლას მგონი, საუკუნეები მოუნდეს. კაცმა სთქვას, ჩვენი ერი ეროვნულის შეგნებითა და თვითცნობიერებით არასდროს არა ბრწყინავდა, მაგრამ ასის წლის მაგარმა კლანჭებმა ისეთს კალაპოტში გაატარეს იგი, რომ ჯერაც გონს ვერ მოსულა.

ამ პოლიტიკურ მონობას ზედ დაერთო ჩვენი სულიერი მონობაც. თუმცა შეურყეველი სინამდვილეა, რომ რუსეთის ხალხსა, მის მდებარეობას, ისტორიას და კულტურასა და ქართველ ერის ცხოვრებას შორის დიდი განსხვავება არსებობს; თუმცა ზერელე შეხედულებითაც კი შეიძლება კაცმა შეატყოს, რომ არ არის ქვეყანაზედ ერი, რომლისაგან ისე განვსხვავდებოდეთ, როგორც რუსისგან, - ყოველ შემთხვევაში ეს სულიერი მონობა და ყურმოჭრილი მორჩილება მაინც გაბატონებულია ჩვენს ცხოვრებაში. და ნუ თუ ერთი საუკუნე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს საანბანო ჭეშმარიტება გავიგოთ, ჩვენს თავს დავუკვირდეთ, ჩვენს ცხოვრებას ჩავუფიქრდეთ და მის შესაფერად ვეძიოთ გზები ჩვენის კულტურის წარმატებისათვის?

თუ დღესაც ქართველი ერი თავის თავს ვერ გამოიცნობს, თუ დღესაც თავის ცხოვრებას არ დაუკვირდება და მთელ თავის ძალ-ღონეს არ მოახმარებს თავის გზის გაკვლევას, შეიძლება ითქვას თამამად, რომ მისი საქმე წასულია. რუსეთის რევოლუცია, რომელიც მწარე დღეებს განიცდის, მთელ თავის საშინელებითა და ძლიერებით ყველაზედ უფრო ჩვენს ხალხს დაატყდა თავს. რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული განაპირა ქვეყნები ყოველთვის უფრო ადვილად გახდებიან გალომებულ რეაქციის მსხვერპლად, შეიძლება ბიუროკრატიამ ხან-და-ხან თავზედ ხელიც გადაუსვას ნამდვილ რუსს, ხოლო განაპირა ადგილებში კი ისე მოიქცეს, რომ შიშის ზარი დასცეს იქაურ მცხოვრებთ. ფინლანდია და პოლონეთი, თავის კულტურის წყალობით, თავის თვითგამორკვევისა და შეგნების გამო, რასაკვირველია, მხნედ დაუხვდენ რეაქციას და იქ მაგდენად ვერ გაბედა რა გააფთრებულმა მტარვალობამ. სამაგიეროდ ბალტიის მხარე და ჩვენი ქვეყანა იგდეს ხელში და აქ ამოიყარეს გულის ჯავრი, იმიტომ, რომ ჩვენ ლაქლაქისა და მიტინგებზე სიტყვების ლაპარაკის მეტი არა გაგვიკეთებია რა და სწორედ იმ ჩხავანა კატას დავემსგავსეთ, რომელიც არა თუ თაგვებს ვერ იჭერს, თვით ეხვევა ხაფანგში. იანვარ-თებერვლიდან მოკიდებული დღემდის რეაქციის სუსხი ბოლს გვადენს ზურგზე და იმისთანა დღე არ გავა, რომ თვითმპყრობელობის ერთგულმა „ქრისტეს მოყვარე“ მცველებმა განადგურებისა და აკლების ახალ-ახალი მაგალითები არ გვიჩვენონ.

ამისთანა მწარე დროს ერმა, ისე როგორც ყოველმა კერძო კაცმა თავის უბედურების დროს, მთელი თავისი ცხოვრება უნდა გადასინჯოს, თავისი მომავალი გაითვალისწინოს, თავისი შეცდომები შეიგნოს და ახალი გზა გაიკაფოს და ან ძველი ისე შეაკეთოს, რომ ზედ სიარულმა ფეხის გული არ დაჰგლიჯოს. მაგრამ ჩვენ ამას არ ჩავდივართ და ისევ მთელი აზრი და ფიქრი ჩრდილოეთისაკენ გვაქვს მიპყრობილი, ვაზვიადებთ იქაურ ამბებს და შეცდომას შეცდომაზე ვაშენებთ. ქართველობას რო ისტორიული ყნოსვა არ დაჰკარგოდა, იგი რომ არა თუ პოლიტიკურად - სულითა და გონებითაც არ დამონებოდა რუსეთის „ძლევა-მოსილ“ კულტურას, და მთელი თავისი გონება რომ დესპოტურ კალაპოტში არ ჩაემწყვდია, - ქართველ ერის ბედ-იღბალი სხვაგვარად გადაწყდებოდა. ამ ასის წლის განმავლობაში ორჯერ ჩაიდინა ქართველმა ერმა დიდი ისტორიული შეცდომა. ყირიმის ომის დროს, როცა რუსეთის მთავრობა გავერანებული იყო, ჩვენს ერს შეეძლო სხვაგვარად მოეწყო თავისი საქმე, თუ კი ერთი ბეწო მაინც შერჩენოდა მას თავისი არსებობის იმედი და სურვილი. ასეთი მომენტი იყო ამ უკანასკნელ დროს, მაგრამ ეს მომენტიც ხელიდან გაგვისხლტა. ამით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არა გაგვეგება რა არც ჩვენი ისტორიისა, არც ჩვენი ცხოვრებისა, არც ჩვენი ერისა და ხალხისა. ისტორია სავსებით დააფასებს ჩვენის ერის უგუნურებასა და უვიცობას, რომელსაც თავისი ვერა გაეგო რა და რუსეთის იმპერიის გარდაქმნას ლამობდა. ჩვენი დეპუტატები ტყვილა კი არ გაიძახოდენ, სრულიად რუსეთის ხალხის წარმომადგენლები ვართო: მართლაც რომ ჩვენს ხალხს უნდოდა რუსეთი გადაეკეთებია და თავის გზაზედ წაეყვანა, თუმცა რუსეთის ცხოვრებისა და ისტორიის რა უნდა ცოდნოდა იმ ხალხს, რომელმაც თავისი შინაური არა იცოდა რა. ასეთი ბუქნაობით, რასაკვირველია, თავი შევირცხვინეთ და სახელი გავიტეხეთ, მაგრამ უცოდინარობა, თავისი და სხვისი საქმის შეუგნებლობა ხომ ისეთი თვისებაა, რომელიც ყოველთვის სჭარბობდა და დღესაც სჭარბობს ჩვენს ქვეყანაში.

საშინელ დროს განიცდის ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მეთაურების მოვალეობაა ამ დროს დაუკვირდენ გულდასმით და საფუძვლიანად. აუცილებლად საჭიროა ერთიანად გადახედულ და გადასინჯულ იქმნეს ჩვენი მოქმედების გეგმა, ვინაიდან იგი უსარგებლო გამოდგა. ამისთვის კი საჭიროა მეტი შეგნება თავისი ერის ყოფა-ცხოვრებისა, მისი წარსულისა და აწმყოსი და მეტი კეთილშობილება აზრის და მისწრაფებისა. კეთილშობილება გონიერის კაცისა კი იმაში გამოიხატება, რომ თამამად აღიაროს თავისი ცოდვა და მადლი და შეუდრეკელად წავიდეს იმ გზაზედ, რომელიც მიაჩნია ერთად-ერთ გზად ცხოვრების საუკეთესო მომავლისაკენ. ამით სრულიად იმის თქმა არ მინდა, რომ ზურგი შევაქციოთ დღევანდელ დღეს, პირი ვუბრუნოთ რუსეთის ცხოვრების დუღილს, ანა და უარვყოთ ის იდეალები, რომელიც საკაცობრიო ცხოვრების მანათობელ ვარსკვლავად არის მისაჩნევი. სრულიად არა, - მე მინდა ჩვენმა საზოგადოებამ გამოიჩინოს მეტი თავისებურობა ყოველ მოქმედებაში, მე მინდა ყოველივე ჩვენი მოქმედება ჩვენის ცხოვრების აუცილებელ მიმდინარეობას ეთანხმებოდეს, ვინაიდან იგი უამისოდ მკვდარი იქმნება. ჩვენის ცხოვრების აუცილებელ მიმდინარეობას კი არკვევს მრავალი პირობა, მრავალი მიზეზი, რომელსაც შესწავლა უნდა. ვერავითარი პოლიტიკური მოღვაწე ვერ ჰყოფს უარს მეცნიერულ იარაღს ბრძოლაში. მეცნიერება კი გვასწავლის, რომ ცხოვრება არის შედეგი მრავალ რთულ მოვლენათა შეერთებულის ძალისა და რომ ამ მოვლენათა შეუგნებლობა, მათი უყურადღებოდ დატოვება მარტო დამარცხებასა და სასოწარკვეთილებას უქადის მათს აბუჩად ამგდებ პოლიტიკურ მოღვაწეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი ცხოვრება რუსეთისა და ჩვენი სხვა და სხვა გზით მიდიოდა რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენსა და რუს ხალხს შორის არსებობს დიდი განსხვავება, შექმნილი ისტორიისა და ბუნებისაგან. ამ განსხვავებას, - ქართველ ერის ისტორიულად შემუშავებულ თავისებურობას, - ანგარიში უნდა გავუწიოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველ ერს შეუძლია განახორციელოს თვით უდიადესი კაცობრიული იდეალები მხოლოდ მაშინ, თუ იმ პირობებით და იმ იარაღით ისარგებლებს, რაც ბუნებასა და ისტორიას მისთვის ჩაუბარებია. და ვინც ამას ყურადღებას არ აქცევს, იმას ის მოუვა, რაც იესოს იგავის გმირს, რომელმაც მიცემული ქანქარი წაიღო და მიწაში დაფლა და ვერაფერი ხეირი ვერ მოატანია, მაშინ როდესაც სხვებმა გააორეს და გაასამეს მიცემული განძი.

ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ძველი ისტორიული მსვლელობა ჩვენის ცხოვრებისა დამთავრდა რუსეთთან ხელშეკრულობით, რომელსაც უზრუნველ უნდა ეყო ჩვენი ეროვნული არსებობა. მაგრამ ამ ხელშეკრულობაში შეტანილ პირობებს არას დროს არ ღირსებია განხორციელება. ხელშეკრულობა დარღვეულია და ჩვენი მოვალეობაა ეს არ დავივიწყოთ, რომ ეს ისტორიული უფლებები სამუდამო ისტორიულ სიზმრად არ გადაიქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვიქნებით ღირსი ერის სახელი ვატაროთ. ხსენებული ისტორიული საბუთი ჩვენ გვაძლევს ეროვნულ თვითმმართველობის ანუ ავტონომიის სრულს უფლებას, და მთელის ქართველ ერის პოლიტიკური მეცადინეობა და მისწრაფება იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ეს უფლება რეალურად განხორციელდეს, ვინაიდან მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ჩვენს ცხოვრებაში გავატაროთ ყველა ის ძირითდი სოციალური რეფორმები და ცვლილებანი, რომელნიც ყოველ დემოკრატიულ პარტიას საბრძოლველ საგნად აქვს დასახული. რასაკვირველია, „უფლების“ განსახორციელებლად საჭიროა ძალა, რომელიც განყენებულ „უფლებას“ აძლევს რეალურ საფუძვლიანობას, მაგრამ შესაძლებელია ეს ძალა წარმოშვას რუსეთის შინაურ ცხოვრების მიმდინარეობამ ან საგარეო პოლიტიკურმა ურთიერთობამ, და ასეთ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ხელცარიელი დავრჩებით, თუ არ გვექმნა ჩვენი ეროვნულ მდგომარეობის შეგნება და პოლიტიკური შორსმჭრეტელობა. ჩვენი სულწასულობის ბრალია, რომ ის, რაც ამავე წუთში არ აგვისრულდება, სამუდამოდ შეუძლებელი და დაკარგული გვგონია...

ივერია. - 1906. - 25. - გვ. 1-2

4.4 პოლიტიკური მდგომარეობა და ჩვენი ბედისწერა

▲back to top


. -შვილი [არჩილ ჯაჯანაშვილი]

მაშინ, როდესაც ევროპა ჯერ მხოლოდ მილიტარიზმის განვითარებაში იყო გართული, როდესაც სახელმწიფოები სისტემატიურის დაჟინებით წლიდან წლამდე ჰქმნიდნენ თავიანთ სამხედრო ძლიერებას; როდესაც მილიარდები იხარჯებოდა ფლოტის გაძლიერებაზე და ზარბაზნებზე, მრავლდებოდა მუდმივი ჯარის რიცხვი; როდესაც მთელი ევროპა შეიარაღებულ საომარ ბანაკს დაემზგავსა, მაშინაც-კი ნათლად ჰქონდათ წარმოდგენილი, რომ დღეს არა ხვალ საბედისწერო საათს უნდა დაეკრა და მთელი განათლებული კაცობრიობა ცეცხლის ალში გახვეულიყო. ვერ ვიტყვით, რომ ყველა ერი ამ მოსალოდნელ კატასტროფას პასიურის მორჩილებით შესცქეროდა. პირიქით, ის სახელმწიფონი, რომელნიც, ჯერ ისევ მაშინდელი ვარაუდით, მოსალოდნელი კატასტროფის მონაწილენი უნდა ყოფილიყვნენ, ემზადებოდნენ, რათა კატასტროფას მათთვის უვნებლად ჩაევლო. ეს სამზადისი მარტო გარეგნულ სამხედრო გაძლიერებაში არ გამოიხატებოდა. სახელმწიფონი ცდილობდნენ მთელი შინაური ცხოვრება იმნაირად მოეწყოთ, რომ ერის ძალთა მაქსიმუმი სახელმწიფოს თავის დაცვის საქმეს მოხმარებოდა. რა თქმა უნდა ევროპის სახელმწიფოთა მარტო ცხოვრება ამით არ განისაზღვრებოდა. სწარმოებდა მუშაობა შინაური ცხოვრების მოსაწესრიგებლადაც, მაგრამ სახელმწიფოს მთელი ძალ-ღონე და ყურადღება მაინც იქითკენ იყო მიმართული, რომ მოსალოდნელ საერთაშორისო კატასტროფაში მისი სახელმწიფოებრივი ინტერესები რაც შეიძლება უკეთესად ყოფილიყო დაცული. სახელმწიფოთა ინტერესები უპირდაპირდებოდა ერთმანეთს და ყველა ამას ზურგს უმაგრებდა ბლომად დამზადებული ასაფეთქებელი მასალა, საშუალებანი ხალხთა ჟლეტისა. სახელმწიფოებრივმა ეგოიზმმა შთანთქა ყოველივე. ამ ეგოიზმს იმდენად ფატალური ხასიათი ჰქონდა, რომ ძალაუნებურად ყველა მას ჰმორჩილებდა. ჰმორჩილებდა მას ყველა, - დიდი და პატარა სახელმწიფონიც. მიზნები თვითეულ მათგანს შესაძლებელია სულ სხვადასხვანაირი ჰქონოდათ. რამდენადაც დიდი და ძლიერია სახელმწიფო, იმდენად მისი პრეტენზიებიც ფართო და უძიროა. რა თქმა უნდა, სულ სხვა და სხვანაირი იქნებოდა, მაგალითად, გერმანიისა და ბელგიის ინტერესები. მაგრამ, მიუხედავად მიზნების სხვადასხვაობისა, როგორც ძლიერი გერმანია, ისე სუსტი ბელგია შეიარაღების საერთო აუცილებლობას ემორჩილებოდნენ. პატარა იყო ბელგია, მაგრამ არ შეეძლო არ შეიარაღებულიყო, რადგანაც მას მხოლოდ იარაღით შეეძლო დაეცვა თავისი თავისუფლება და დამოკიდებულობა. ეს ასე იყო დღემდის, ასე იქნება შემდეგშიაც, იმ დრომდე, სანამ თანამედროვე წეს-წყობილება არსებობს; სანამ არსებობს სახელმწიფონი, სანამ ადამიანთა განსაზღვრული კრებული ცალკე, დამოუკიდებელ ერთეულს შეადგენს, მას ყოველთვის ექნება სრულიად ბუნებრივი სურვილი ან თავის დაცვისა, ან ზრდისა. ერთიც და მეორეც ლოღიკურის აუცილებლობით იწვევს შეიარაღებას და სამხედრო გაძლიერებას ამა თუ იმ სახით.

ევროპის სახელმწიფონიც, თავიანთი საკუთარი კეთილდღეობის დასაცავად, სიმაგრეებს ჰქმნიდნენ. როდესაც საბედისწერო საათმა დაჰკრა, როდესაც კატასტროფა, რომელიც ევროპის სახელმწიფოთა შორის მუდამ საშინელ აჩრდილსავით იყო აღმართული, ფაქტად იქცა, ამოძრავდა საუკუნოებით დაგროვილი ძალა ან თავის დასაცავად, ან სახელმწიფოებრივი ცხოვრების გასაფართოვებლად.

იმ დროს, როდესაც ევროპა ჯერ ისევ სამხედრო სამზადისში იყო, როდესაც საერთაშორისო მშვიდობიანობას ჯერ კიდევ არ მოელოდა შიში, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ ომს ასეთი ხასიათი შეეძლო მიეღო. განსაკუთრებით ეს უნდა ითქვას იმათ შესახებ, ვინც მეტის-მეტად გაზვიადებულ იმედებს ამყარებდა მუშათა კლასის საერთაშორისო სოლიდარობაზე. ამნაირი ხალხის აზროვნება ფრიად მარტივი და ადვილად შესათვისებელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯერ საბედისწერო ყუმბარა არ გავარდნილიყო. მართალია არსებობს სახელმწიფო, როგორც ხალხთა განცალკევებული ორგანიზაცია, თავისი საკუთარი, ეგოისტური მიზნებით; მაგრამ სადავე ამ ორგანიზაციისა ხელთ უპყრია ერის შეძლებულ ნაწილს; შეძლებული ნაწილის გარდა არსებობს პროლეტარიატი, რომელიც ჰქმნის, ასე ვთქვათ, ზესახელმწიფოებრივ ორგანიზაციას. პროლეტარიატი მჭიდროდ არის დაკავშირებული თავის სახელმწიფოს ცხოვრებასთან, მაგრამ კავშირი ერთი სახელმწიფოს პროლეტარიატისა მეორე სახელმწიფოს პროლეტარიატთან უფრო მტკიცე და ღრმაა, ვიდრე თვითოეული სახელმწიფოს პროლეტარიატისა იმავე სახელმწიფოს სხვა სოციალურ ჯგუფებთან. სხვანაირად რომა ვსთქვათ, ცხოვრებაში კლასიური კავშირი უფრო ძლიერია, ვიდრე ეროვნული. ერთის მხრით არსებობს ეროვნული მთლიანობა და სოციალური დანაწილება. მეორეს მხრით საერთაშორისო სოციალური მთლიანობა და ეროვნული დანაწილება. ზემოხსენებული აზროვნების მომხრეთა სიტყვით, საერთაშორისო სოციალური მთლიანობა უფრო ძლიერია, ვიდრე ეროვნული. ამიტომ, თეორეტიულად მაინც, ეროვნულ მთლიანობას ვერ შეეძლო საერთაშორისო სოციალური მთლიანობა დაერღვია და მეორე პირველის მსხვერპლი გამხდარიყო.

მაგრამ, დაიწყო თუ არა ომი, მაშინვე ცხადი გაჰხდა, რომ ის მთლიანობა, რომელსაც ჰქმნის ეროვნება, უფრო ძლიერი ყოფილა, ვიდრე სოციალური დანაწილება. საერთაშორისო სოციალურმა მთლიანობამ ეროვნული მთლიანობა ვერა სძლია და თავის მიზნებს ვერ დაუმორჩილა. ამით, რა თქმა უნდა, არცერთს დაეკარგა მნიშვნელობა და არც მეორეს. საერთაშორისო სოციალური მთლიანობა და მისი ლოზუნგები ისეთის თვისებისაა, რომლებმაც ძალიან დიდი სამსახური გაუწიეს კაცობრიობას და შემდეგში უფრო მეტს სამსახურს გაუწევენ, მაგრამ აქედან მაინც შეუძლებელია ჩვენ ისეთი დასკვნა გამოვიტანოთ, თითქოს ვალდებული ვიყოთ მივაფუჩეჩოთ ის დიდმნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც დღეს ჩვენს თვალწინ ასეთის სიცხადით გადაიშალა. შეცდომა ამნაირი აზროვნებისა იმაში მდგომარეობს, რომ მან ანგარიში არ გაუწია, რამდენად ღრმა და ძლიერია ეროვნული მთლიანობა. ერთი ერის პროლეტარიატი სოციალურად დაკავშირებულია მეორე ერის პროლეტარიატთან, იგი ჰგრძნობს სოლიდარობას მასთან, რადგანაც ყველა ერის პროლეტარიატის ბედი ერთნაირია. მაგრამ ყველა ამას მხოლოდ იდეალისტური ხასიათი აქვს. პრაქტიკულად კი პროლეტარიატი სოციალურადაც კი თავის ერთან უფრო მეტად არის დაკავშირებული. იგი ეროვნულ ფარგლებში იბრძვის თავისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სახელმწიფოს გარდაქმნისაგან მოელის ბრწყინვალე მომავალს. ამიტომ წმინდა კლასიური მოქმედებითაც კი იგი უფრო მეტად არის დაკავშირებული თავის ერთან, სახელმწიფოსთან, ვიდრე სხვა ერის პროლეტარიატთან.

დღეს კი, როდესაც საერთაშორისო ბრძოლამ უსასტიკესი ხასიათი მიიღო, ნათლად გამოჩნდება, რომ პროლეტარიატი ისევე, როგორც ერის დანარჩენი სოციალური ჯგუფები, უპირველეს თავის მოვალეობად სთვლის სახელმწიფოსა და ერის მთლიანობის დაცვას.

ადვილად შესაძლებელია თვითოეულ სახელმწიფოში არსებობდა შიში, რომ პროლეტარიატში, რომელიც კლასიურ ნიადაგზეა აღზრდილი, ვიწრო კლასიური ინტერესი ეროვნულ ინტერესებზე გაიმარჯვებდა და თვითოეულ სახელმწიფოს წინ დაბრკოლებას შეუქმნიდა. ადვილად შესაძლებელია ფიქრობდნენ, რომ პროლეტარიატი სწორედ მაშინ მოინდომებდა სოციალური სამართლიანობის განხორციელებას, როდესაც მტერი კარზე იქნებოდა მომდგარი; მაგრამ სინამდვილემ დაგვიმტკიცა, რომ პროლეტარიატს არა ჰსურს დასთმოს არაფერი, რაც კი მის ერს ისტორიულად შეუქმნია. ამით პროლეტარიატმა სთქვა, რომ შეუძლებელია განხორციელდეს სოციალური სამართლიანობა, თუ ეროვნული დამოუკიდებლობა მოისპო. პროლეტარიატმა ესა სთქვა თავისი იდეოლოგების პირით. მოქმედება სოციალისტებისა გერმანიასა, ბელგიასა და საფრანგეთში მხოლოდ ამას ამოწმებს დღიურის სიცხადით. რუსეთის სოციალისტებიც, პლეხანოვის მეთაურობით, საჭიროდ სცნობენ გერმანიის სრულს დამარცხებას, და ეს კი ხომ მთელი რუსეთის გაერთიანებით და კლასიური ბრძოლის დროებითი დავიწყებით შეიძლება მოჰხდეს.

ყველა ზემო ნათქვამიდან ჩვენ ის საბოლოვო დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ეროვნული მთლიანობა ისეთი რამ არის, რაც ჰქმნის ერის არსებობის ერთად-ერთს საძირკველს. სადაც, მიუხედავად კლასიური, სოციალური დანაწილებისა, ეს მთლიანობაც არ არსებობს, იქ ერი მოსპობისა და გადაშენების გზას ადგია, იქ ერს აღარავითარი მომავალი არა აქვს, არც კულტურული, არც სოციალური.

გაითვალისწინეთ ყოველივე ზემოდ ნათქვამი და გადაჰხედეთ ჩვენს სინამდვილეს. რას წარმოადგენს იგი? რითი სცხოვრობს, რითი საზრდოობს ჩვენი საზოგადოება ამ საბედისწერო მომენტში? დაგვისახელეთ თუნდაც ერთი ისეთი საქმე, გინდათ დიდი, გინდათ პატარა, რომელშიაც ჩვენს საზოგადოებას გამოეჩინოს ნასახი მაინც გაერთიანებული მოქმედებისა. დიდს საქმეებს თავი დავანებოთ. გამოფიტული, დასნეულებული, რაღაც ავადმყოფური აპატიით შეპყრობილი საზოგადოება განა იმისთანა უნარს გამოიჩენს, რომ განსჭვრიტოს სიდიადე მომენტისა, დაწვრილმანებულ ინტერესებზე მაღლა დასდგეს და მკვეთრი, წმინდის გრძნობით გასხივოსნებული სიტყვა სთქვას? არა. დიდ საქმეებს თავი დავანებოთ. ეს ჩვენი საქმე არა ყოფილა. აიღეთ ისეთი უბრალო რამ, როგორც წლევანდელი მოუსავლობა და მოსალოდნელი შიმშილობაა. სიბრაზე გახრჩობს და უკიდურესი აღშფოთება გიკარგავს სულიერ სიმშვიდეს, როდესაც ხედავ, რომ ღაღადისი სიმშილობის შესახებ გაზეთის ფურცლებს ვერა სცილდება ყოველ დღე სასოწარკვეთილებით სავსე წერილები მოსდის ქართულ გაზეთებს, ყოველ დღე ამის შესახებ ვლაპარაკობთ და ის კი, რასაც ჩვენ საზოგადოებას ვეძახით, თითსაც არ ანძრევს, ერთ პრაქტიკულ ნაბიჯსაც არა სდგამს, თითქოს მოსალოდნელი უბედურება მას არ შეეხებოდეს.

იმ დროს, როდესაც მთელი ქვეყნიერობა შეიძრა, შეირყა მთელი კაცობრიობის ფუძე, ჩვენ სკანდალებით ვირთობთ თავს, ერთს მეორეზე ვასისიანებთ და ჩვენს საკუთარ ჭუჭყშივე ამოგვდის სული.

ამ დროს კი იქ,

საქართველოს შუა გულში, თვალ-ცრემლიანი სდგას უსაზღვრო სევდათ მოცული ქართველი და ჩვეულებრივი, მორჩილი სახით თავის ბედისწერას გასცქერის...

სახალხო ფურცელი. - 1915. - 369. - გვ. 3

4.5 საერთაშორისო მნიშვნელობა 1783 წლის ხელშეკრულებისა

▲back to top


გიორგი გვაზავა

საერთაშორისო განწყობილებაში ჰმეფობს მხოლოდ ორი პრინციპი: ან ძალა, ან უფლება. თუ უფლებას უარს ჰყოფთ, მაშინ უნდა შეგწევდეთ ძალ-ღონე, რომ დაიცვათ თქვენი თავი; თუ ძალ-ღონე არა გაქვსთ, მაშინ უნდა მიჰმართოთ მხოლოდ უფლებას.

შემცდარია ის აზრი, ვითომც ეხლანდელ დროში უფლებრივს პრინციპს არ ჰქონდეს მნიშვნელობა. ვინც ცოტათი თვალყურს ადევნებს უკანასკნელ საუკუნის განწყოფილებათა მიმდინარეობას, იმისთვის აშკარაა უფლებრივის პრინციპის გაბატონება საზოგადოდ კაცობრიულ თვით-ცნობიერებაში.

1783 წლის ხელშეკრულება უაღრესად საერთაშორისო უფლებრივი აქტია. მისმა დარღვევამ რუსეთის მხრივ გამოიწვია სხვა ცნობილი საერთაშორისო აქტი: პროტესტი ინგლისისა და პროტესტი საფრანგეთისა. ეს პროტესტი, როგორც საერთაშორისო აქტი დიდათ საყურადღებოა და დიდად მნიშვნელოვანი.

შემცდარია ის აზრიც, რომ ვითომ-და საქართველომ სრულებით დაივიწყა თავის ხელშეკრულება. არა, საქართველოს არაფერი დაუვიწყნია, სამწუხაროდ იმას მხოლოდ არა ჰქონდა ღონისძიება, რომ ხმა-მაღლა გამოეცხადებინა თავისი პროტესტი. ამ ხელშეკრულებაზე ხშირად იყო ლაპარაკი სამზღვარ-გარედ, ეს ხელ-შეკრულება გამოაცხადა თავის ბაირაღად საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ 1906 წელს; ეს ხელშეკრულება შეტანილია ჰააგის კონფერენციაში 1907 წელს; ბელგიელმა პროფესორმა ნისმა (მუდმივი წევრია ჰააგის ტრიბუნალისა) იმას მიუძღვნა რამოდენიმე წერილი; ამ ხელშეკრულებაზე იყო ლაპარაკი ჟურნალ-გაზეთებში ინგლისსა, საფრანგეთსა და ამერიკაშიც... ერთის სიტყვით, საქართველოს საკითხის უფლებრივი მიმდინარეობა თანდათან ჰღრმავდება და შორს არ არის ის დრო, როცა ეს კითხვა დაისმის მთელის თავისის აუცილებლობით განათლებულ ერთა წინაშე, თუ რუსეთმა მინამდე თვითონ ვერ მოაწესრიგა მისის გადაწყვეტის საქმე.

ამ უფლებრივ პრინციპს, ვიმეორებ, დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეხლა, თითქმის ყველგან, ეროვნული საკითხი (უფრო პატარა ერების შესახებ) ჰსწყდება ბრძოლის ველზე კი არა, არამედ საკრებულოებში და კაბინეტებში. აქ ხმლის ტრიალი და სისხლის ღვრა კი არა უნდა, აქ უნდა მკვეთრი სიტყვა და გაღრმავებული ცნობიერება. პოლონელებმა პირველად რომ აღძრეს პოლონეთის ავტონომიის საკითხი, უფლებრივ საფუძვლად აიღეს 1815 წ. ვენის კონგრესის გადაწყვეტილება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ კონგრესში პოლონეთს, როგორც ეროვნულ ერთეულს, არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, იქ არ იყო გამოთქმული პოლონეთის სურვილი, იქ არ იყო ხელშეკრულება პოლონეთთან, მაინც პოლონეთის პატრიოტები (რომან დმოვსკის მეთაურობით) ისეთ გაფაციცებით და თითქმის გამწარებით ეძებდნენ რაიმე უფლებრივ პრინციპს ისტორიაში, რომ ბოლოს და ბოლოს ორსავ ხელით დაებღაუჭნენ ვენის კონგრესის დადგენილებას... რა ბედნიერი იქნებოდენ ისინი, რომ ჰქონოდათ ისეთი ხელშეკრულება, როგორიცა აქვს საქართველოს!

ჩვენ კი... ჩვენ ვერც კი შეგვიგნია, თუ რა დიდი განძი გვაქვს. ჩვენ მზადა ვართ ზურგი ვაქციოთ მთელი ჩვენი ისტორიით ჩამოსხმულს და ჩამოყალიბებულს უფლებრივ ჯამს. რა არის ეგა - ღალატი, თუ უმეცრება?!

საქართველო. - 1917. - 61. - გვ. 2

4.6 ფედერალიზმი და ავტონომია

▲back to top


. ავალიშვილი

აქ საჭირო არ არის შევეხოთ ისეთ კითხვებს, როგორიც ირლანდიელების ჰომრული არის ან ველეპოლსკისაგან შემუშავებული პოლონეთის ავტონომიის პროექტი, - საკმარისია შევნიშნოთ მხოლოდ, რომ უმთავრესად საძნელო ყოფილა ყოველთვის ამა თუ იმ ადგილის თავისებურობის და მთელ სახელმწიფოს მთლიანობის გამაცალკევებელ საზღვრის მონახვა. კულტურულ პირობების გავლენით ეს საზღვარი აქეთ-იქით იწევა ხშირად.

რასაკვირველია, თვით ამ საკითხის წამოსაყენებლად, თუ როგორ უნდა გაიმიჯნოს თვითგამორკვევის კანონიერი წრე მთლიან სახელმწიფოს რეჟიმისაგან, - საჭიროა, რომ აღიარებული იქმნეს ადამიანისა და ხალხის ძირითადი უფლებაც.

მაგრამ იქაც, სადაც ხალხი და მთავრობაც ლიბერალ აზრებით არის გატაცებული, იქ, სადაც ადამიანი თავის ნებით აცხადებს უარს ძალმომრეობასა და სხვის დაჩაგვრაზე, - ზოგიერთს მაინც ეშინიან, რომ ავტონომია და საამისო რეფორმა სახელმწიფოს მთლიანობას შეარყევს და მის ძირითად ინტერესებსაც დაარღვევს შემდეგში.

უმეტესობა, თვით თავისუფლების მოტრფიალენიც, ვერ შორდებიან წინანდელ ცრუმორწმუნეობას, ვერ შორდებიან რაღაც ბატონობის შეხედულებას სახელმწიფოს ამა თუ იმ ნაწილზე და მას უყურებენ, როგორც სახელმწიფოს საკუთრებას. ან ხშირად აცხადებენ, ამ ხალხის ინტერესები უნდა დავიცვათო, და ამ ერთ ხალხის საეჭვო, საოცნებო კეთილდღეობის გულისათვის სახელმწიფოს ამა თუ იმ ნაწილის სარგებლობაზე ხელსაც იღებენ.

დარწმუნებით შეიძლება სთქვას ადამიანმა, რომ არც ერთი ერი ნებაყოფლობით არ მიანიჭებს სხვას თავისუფლებას, და დამოუკიდებლობით მოტრფიალე ეროვნებას ხელს არ შეუწყობს.

მაგრამ ისეთი შემთხვევა შეიძლება იქმნეს, ისეთი ცვლილება შეიძლება შემოვიდეს სახელმწიფოში, როდესაც ორივე მხარე სცდილობს თავისი ინტერესები დაიცვას.

და, აი, ისტორია და პოლიტიკაც გვიმტკიცებს, რომ შესაძლებელია შეთანხმება, როდესაც სახელმწიფოში ყველაფერი თავისუფლების და დემოკრატიის მკვიდრ ნიადაგზე შენდება ხელახლად; როდესაც ტერიტორიის ხელშეუხებლობა, საერთაშორისო მდგომარეობის აუცილებლობა და გარეშე ძალა უზრუნველყოფილია საერთო მხედრობით, საერთაშორისო წარმომადგენლობითაც; როდესაც ეკონომიურ და სამოქალაქო ცხოვრების გულისთვის აერთიანებენ კანონებს, საფინანსო წყობილებას, რკინის გზებს, და არა ყოველსავე სიცოცხლის დამხობ ცენტრალიზაციას და ადგილობრივ ძალთა შთანთქვას ცენტრალურ დაწესებულებათა მონოპოლიით; როდესაც ამავე მიზნით აერთიანებენ იურიდიულ და ეკონომიურ ცხოვრების საფუძველს და ადგილობრივ ძალებს თავს უყრიან შემოქმედებითი შრომისათვის; როდესაც ეს შრომა დამოუკიდებელია და მხოლოდ ცენტრში განსაზღვრულ დედა-აზრებთან შეფარდებული.

ეჭვი არ უნდა იმას, რომ საერთო კონსტიტუცია და ადგილობრივი ორგანიული სტატუტები თუ მიაღწევენ და დაამკვიდრებენ საჭირო გარანტიების საპოლიტიკო და საკულტურო ცხოვრებაშიაც, მაშინ „განაპირა ადგილებს“ უნდა ჰქონდეს მინიჭებული უთუოდ თვითგამორკვევის ფართო უფლება ადგილობრივ არა მარტო ეკონომიურ საქმეებში, არამედ საკულტურო საქმეებშიაც, ე.ი. მათ უნდა ჰქონდეს დავალებული სასწავლებლების გამგეობა, ადგილობრივ კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.

ეს მრავალმხრივ თვითგამორკვევა, ამა თუ იმ დამორჩილებულ ეროვნებას ან ქვეყანას საშუალებას აძლევს განავითაროს თავისი „მე“, თავის ქონებრივი და სულიერი ძალები სახელმწიფო მთლიანობის ფარგალში.

კონსტიტუციის და ადგილობრივ სტატუტების სამფლობელოზე ეროვნულ განვითარების საშუალება თუ ექმნა მინიჭებული ყველას, მაშინ მოისპობა დაუსრულებელი განხეთქილება, არა სასურველი ქიშპობა, რომელიც სხვა პირობებში აუცილებელია. ის სულიერი ენერგია, რომელიც საპოლიტიკო და ეროვნულ გარანტიების მოპოვებას უნდებოდა დღემდის, შემოქმედებითი და ნაყოფიერ შრომაზე დაიხარჯება, - ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

ხალხის კეთილდღეობას ემსახურება სახელმწიფო ცხოვრების ახალი ფორმები და, რაკი ახალ სახელმწიფოს მიზანია ემსახუროს მოქალაქეებს მათგან შემუშავებულ კანონების მიხედვით, მათ საერთო სურვილისამებრ, - პრინციპიალურად საძნელო და საეჭვოც აღარ არის ის საკითხიც, რომელიც ამჟამად აშინებს ყველას, - ენების შესახები საკითხიც.

ყოველი დაწესებულება მოქალაქეთათვის, და არა მოქალაქე დაწესებულებისათვის. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ხალხის ენა და არა პირიქით ხალხმა ის ენა, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებაში შემოღებულია.

ადმინისტრაციასა, სასწავლებელსა და სასამართლოში ადგილობრივ ხალხის ენა უნდა იყოს გამეფებული.

იქ, სადაც კულტურის მიხედვით, ენა ყველა ადგილობრივ ინსტანციაში ვერ იქმნება შემოღებული, იქ შეძლებისა გვარად მაინც უნდა ჰქონდეს მას ბატონობა მინიჭებული. სადაც ერთ ენას არა აქვს ცხოვრებაში უპირატესობა, იქ ორი ან სამი, ან კიდევ მეტი ენა უნდა შემოვიდეს; როგორც „მოთხოვნილებაა“ ისეთი უნდა იყოს სახელმწიფო მოხელეც.

პრაქტიკაში ამის განხორციელება ხშირად საძნელო იქმნება, - ძნელია ყველა ეროვნების თანასწორად დაკმაყოფილება.

ცოტაოდენი უსწორმასწორობა გამონაკლივით იყოს და არა საზოგადო კანონად, - ჯერ უნდა ვეცადოთ შეძლების გვარად შემოვიტანოთ ცხოვრებაში ხსენებული პრინციპი. ამის სურვილი უნდა ჰქონდეს ადამიანს, თორემ შეიძლება სიძნელე მოიმიზეზოს ადამიანმა, გადაუწყვეტელად დასტოვოს ხსენებული საკითხი იქაც კი, სადაც ყველაფერი მზად არის ადგილობრივ ეროვნულ ენის შემოსაღებად ადმინისტრაციასა, სასწავლებელსა და სასამართლოში.

იქ, სადაც რამდენიმე ერი ერთ სახელმწიფოს ბრჭყალებში ფართხალობს, ან სადაც მეტად თუ ნაკლებად განვითარებული ადგილები თავიანთ მდგომარეობას უკვირდებიან, - მათ თვალ წინ მალე იმართება წარმტაცი სურათი, - ფედერალიზმი.

ეს შეიძლება სახელმწიფო ტეხნიკის უმაღლესი ფორმაა, რომელშიაც ცალკე სახელმწიფოების მთავრობათა გვერდით და მთავრობების ზევით არსდება კიდევ სხვა, საერთო, მათგან დამოუკიდებელი მთავრობა კონსტიტუციაში მოხსენებულ საერთო საქმეების წარსამართავად; ეს ფორმა უმეტეს გარანტიებს იძლევა, ყოველსავე უპირატესობას, რომელიც მოჰყვება სახელმწიფო საქმეების განაწილების და მიზნის შესაფერ მოწყობას, - ეს ფორმა თანდათან ვრცელდება დედამიწაზე და მის გავრცელებას თან მოჰყვა წინანდელი შიში და ეჭვიანობა.

მაგრამ იგი ფორმაა, უკვე მოწყობილ, განმტკიცებულ და სასიცოცხლო სახელმწიფო ერთეულების შემაკავშირებელი.

ასე იყო საქმე, მაგ., შტატებში, ასე იყო შვეიცარიის კავშირში და თვით გერმანიის იმპერიაშიც, რომელსაც, ასე თუ ისე, მაინც ფედერაცია უნდა დავარქვათ უთუოდ.

არ შეიძლება, რასაკვირველია, საისტორიო წარსულ მაგალითების მიხედვით, დავამტკიცოთ, რომ მთლიან სახელმწიფოს გადაქცევა ფედერაციად შემდეგშიაც აღარ არის შესაძლო. განსაკუთრებით ადვილი გასაგებია ფედერაციისადმი მისწრაფება ისეთ ქვეყანაში, როგორიც სხვადასხვა ეროვნებისაგან შემდგარი არის.

ავსტრიაში, სადაც შედარებით უმეტესობის წარმომადგენელნი - გერმანელები იმდენად ძლიერნი არიან, რომ სხვა ეროვნებებს მბრძანებლად გაუხდნენ, სადაც ცენტრს დიდი ძალა არა აქვს და ამიტომ ფედერაციისთვის ნიადაგი თითქო მეტად შესაფერია, - ფედერაციის შემოღებას წინ მაინც მრავალი დაბრკოლება უჩნდება, - ამ დაბრკოლებებში უმთავრესია - ძველი დროის ტრადიციები, ბიუროკრატობის და ცენტრალიზაციის ჩვეულებები და გავლენიან ძალის უქონლობა, რომელსაც შესძლებოდა საკამათო ეროვნულ კითხვების გარკვევა.

როგორც რესპუბლიკის არსებობა წარმოუდგენელია, თუ არ არის მოქალაქე - რესპუბლიკელები, ისე შეუძლებელია ფედერაციაც, თუ არ იქმნა შესაფერად მოწყობილი „შტატები“.

მაგრამ იქაც, სადაც ფედერალიზმისათვის შესაფერი ნიადაგი არა სჩანს, შეიძლება ცენტრის და ცალკე ადგილების ინტერესების სამართლიანი განსაზღვრა: ძლიერსა და გავლენიან ცენტრს შეუძლია მიანიჭოს სხვადასხვა ადგილს, მის განვითარების და კულტურობის მიხედვით, მიანიჭოს შესაფერი მდგომარეობა. განაპირა ადგილები სრულიად სახელმწიფოს მთლიანობას არ უნდა ღალატობდნენ, თავიანთ მოთხოვნილებით შესაძლებელს არ უნდა გადაეცილონ და ყოველთვის უნდა იქონიონ მხედველობაში რეალური პოლიტიკა და ძალების არსებული ურთიერთობა, და არა აბსოლიუტის სამართლიანობის იდეა ან განყენებული მსჯელობა.

მაგრამ, მეორეს მხრივ, ცენტრიც არ უნდა აჰყვეს ბატონობის სურვილებს, ან განაწილების და დარღვევის შიშს არ უნდა გაატაცებინოს თავისი თავი. ცენტრი, რომელმაც თავის დაწყობილ ძალთა უპირატესობით თითქო მიიღო იმპერიალიზმის დამახასიათებელ ცრუ-რწმენის უფლება, ეს ცენტრი არ უნდა ივიწყებდეს იმ საზღვარს, სადაც მთლიანობის სამსახური თავდება და იწყება ერების და პროვინციების დაჩაგვრა.

ასეთი დაჩაგვრა კი აუცილებელი შეიქმნება, თუ ნამეტან გაჰყვნენ „მთლიანობისა და განუყოფლების“, ე.ი. ცენტრალიზაციის სამსახურს, თუ მოინდომეს ადგილობრივი საქმეები ათას ვერსის სიშორეზე გადაწყდეს და სხვა და სხვა.პირიქით, ძირითად კანონებში თუ იქმნა გადაჭრით მოხსენებული, რომელი საქმეებია საერთო მთელ სახელმწიფოსთვის და თვით მართველობის მქონე ადგილებისათვის, რომელი საქმეებია, ამიტომ საჭირო სახელმწიფოს მთლიანობისთვის და ეს საქმეები სრულიად სახელმწიფოს საწარმომადგენლო და სხვანაირ დაწესებულებათ თუ დაევალათ, ამასთან ერთად ადგილობრივ საქმეებისთვის თუ იქმნა მოწყობილი განსაკუთრებულ სახის თვითმართველობა, რომელსაც ადგილობრივი სეიმები და აღმასრულებელი ორგანოები ექმნება, - სახელმწიფოს მთლიანობა მაშინ დაურღვეველი დარჩება და შეიძლება, ცენტრსა და განაპირა ადგილებში ჰარმონიული კავშირი და ურთიერთობა დამყარდეს.

თვითგამორკვევა ყველგან ერთი და იგივე არ იქმნება, - მისი საზღვარი ყველგან განსაკუთრებულ ადგილობრივ სტატუტებისა და წესდებების ძალით უნდა იქმნეს გამორკვეული.

ამ თვითგამორკვევის საზღვარი, შეიძლება, ვიწრო იყოს, შეიძლება რუსეთის შიდა-გუბერნიებში არსებულ საერობო თვითმართველობის საზღვარს არ გადასცილდეს (ენის შესახებ უფლებათა მომატებით), - მაგრამ, მეორეს მხრივ, შეიძლება, მან ნამდვილ ადგილობრივ ავტონომიის სახე მიიღოს, ადგილობრივ საკანონდებლო კრებით, თავის საკუთარ კანონმდებლობით, გამგეობითა და სამოსამართლო წესწყობილებით, რაც, მაგ., უკვე არსებობს ფინლანდიაში.

ხალხის წარმომადგენელთა სიბრძნემ, მამულიშვილობამ და დიდსულოვნებამ, უნდა გადასწყვიტოს ყველა მოხსენებული საკითხი ისე, რომ ახლა ცენტრალიზაციის ვიწრო ფარგალში შეხუთულ ხალხს ძალების უნაყოფო დახარჯვა აღარ დასჭირდეს შემდეგში.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: საოლქო რეფორმა და ადგილობრივ ეროვნულ საკითხების გადაწყვეტა შესაძლოდ გახდის ხალხის საკეთილდღეოდ ეროვნულ სოლიდარობისა და თვითმოქმედობის ძალების გამოყენებას, იმ ძალებისა, რომელიც ამდენ ხანს უნაყოფოდ იკარგებოდა, - და ეს ხომ სასარგებლო იქმნება თვით ამ ერებისა, სახელმწიფოსი და კაცობრიობისთვისაც.

და განა დიადი საისტორიო საქმე არ არის ცალკე ეროვნებათა თვითმოქმედების დაკავშირება მთლიან სახელმწიფოსთან, ფართო სოლიდარობის, საზრიან და კულტურულად ან ეკონომიურად აუცილებელ ერთობის შექმნა?

ბედნიერია ის ერი ან ის თაობა, რომელსაც წილად ხვდა ამ საკითხის ასეთი გადაჭრა; რამდენი კაცი შესძლებს მაშინ თავის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რამდენ ადამიანს გაეღება კარი ბრწყინვალე მომავლისაკენ.

ივერია. - 1905. - 118. - გვ. 1-2

4.7 ფიქრები საქართველოს მომავალზე1

▲back to top


გიორგი გვაზავა

რა ტაქტიკას უნდა დავადგეთ?

ტაქტიკა უნდა იყოს კანონიერი, ლეგალური. კაცის კვლა, ძარცვა-გლეჯა და ავკაცობა წინ ვერ წაგვიყვანს. ვერც საერთო აჯანყება მოგვიტანს სარგებლობას. მაშასადამე დაგვრჩენია სახელმწიფო სათათბირო და საერთაშორისო პოლიტიკა.

ყოველ ქალაქში და სოფელში უნდა დაარსდეს კომიტეტები; მთელი საქართველო უნდა მოიფინოს ერთი დიდი ეროვნული ორგანიზაციით და მთელი ერი გაიმსჭვალოს ეროვნულის იდეალით.

სახელმწიფო სათათბიროში უნდა იქმნას გაგზავნილი საქართველოს წარმომადგენელი, ჩვენი ეროვნული უფლება უნდა იქმნას გამოფენილი ქვეყნიერების წინაშე და დაცული ისე, როგორც შეეფერება ჩვენს მაღალსა და კეთილშობილ მისწრაფებას.

ეს ჩვენი მოთხოვნა უნდა გავიტანოთ ევროპაში და გავხადოდ საერთაშორისო საკითხავად.

რუსეთის ინტერესები

საქართველოს ასეთი თავისუფლება რუსეთისათვისაც უფრო საინტერესოა და სასარგებლო. რუსეთს, როგორც ყოველ სახელმწიფოს, უნდა ჯარი და ფული. ამის წინააღმდეგი აბა ვინ იქნება? ასეთი საკითხები, თუ ვინა გვყავს ჩვენ უფროსად ამა თუ იმ მაზრაში, ან ვინ ამოვირჩიეთ მამასახლისად ამა თუ იმ სოფელში - რუსეთს სრულებით არ შეეხება. სასამართლო, პოლიცია, ეკლესია, მიწათ მფლობელობა, ხალხის განათლება და ასეთი სხვა კითხვები - მხოლოდ ჩვენი, შინაური საქმეა და მათი ასე თუ ისე მოწყობა რუსეთის ინტერესებს სრულებით არ ეწინააღმდეგება.

პირიქით, საქართველოს თვითმმართველობა დიდ სახელს გაუთქვამს რუსეთს მთელ აღმოსავლეთში. რუსეთი აღმოსავლეთისაკენ იწევა. მიდის მცირე აზიაში და ოდესმე უნდა შეიძინოს გასავალი ინდოეთის ოკეანეში. ამ მოძრაობისთვის საჭიროა რუსეთმა გაითქვას სახელი თავისუფალ სახელმწიფში, უნდა დაიმსახუროს სიყვარული და ნდობა აღმოსავლეთის ერებისა, რომლებიც უფრო მუსულმანები არიან. ამის მიხედვით საქართველოს თავისუფლება დიდ სახელს გაუთქვამს რუსეთს და ასწევს მის პრესტიჟს აღმოსავლეთში. ამავე დროს საქართველო გახდება მართლა საიმედო ბაზა მთელი რუსეთის სამერმისო მოძრაობისა აღმოსავლეთში.

ეს პერსპექტივა ისეთი დიდმნიშვნელოვანია, რომ მან არ იქნება ზედგავლენა არ იქონიოს რუსეთის შეგნებულ პოლიტიკაზე.

_________________

1. სტატია არასრულად იბეჭდება.

ივერია. - 1909. - 2. - გვ. 2

4.8 ფიქრი საქართველოს მომავალზე1

▲back to top


გიორგი გვაზავა

მეცნიერულად დამტკიცებულია ის აზრი, რომ ერი ცხოველი არსება - ორგანიზმია. ეს ორგანიზმი ბოლომდე განვითარებული კი არ არის, იგი განვითარების გზას ადგია. ამ განვითარებისთვის აუცილებლად საჭიროა ეროვნული თავისუფლება.

გერმანია ფეხზე წამოდგა და ძლიერი სახელმწიფო გახდა, მხოლოდ მას აქედ, რაც შეიგნო და მოიპოვა ეროვნული თავისუფლება. ამასვე ამტკიცებს იტალიის ეხლანდელი მდგომარეობა. ავსტრიაში ბევრი სხვა და სხვა ერია, ყველა შრომობს, ყველა იბრძვის თავისუფლების მისაღწევად. უნგრეთი დღეს წარმატებაშია; ჩეხიამ თუმცა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია თავის სურვილს, მაგრამ დაუღალავად მისდევს ეროვნულ აღორძინების გზას. ჩეხებმა ამ ოცდაათი წლის წინედ დააარსეს ერთი საზოგადოება, რომელსაც „სოკოლსა“ ეძახიან. ეს სავარჯიშო, გიმნასტიური საზოგადოებაა გარეგან შეხედულობით, ნამდვილად კი არის გაწვრთნილი, თავგადადებული ახალგაზრდა ჯარი, მამულის სიყვარულით შეერთებული და აღფრთოვანებული. ამ ჯარში არც ფედერალისტია, არც სოციალ-დემოკრატი, არც ანარქისტი, ან, თუ გნებავსთ, ყველა ეს არის, არის ყოველი მიმართულების კაცი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყოველი მიმართულება განზე გადადებულია, გარდა მხოლოდ ერთისა - სამშობლოს განთავისუფლებისა. ეხლა ჩეხიას შეუძლია, საჭიროება თუ მოითხოვს, წარმოადგინოს ასი ათასი ახალგაზრდა და გაწვრთნილი მეომარი. სერბია და ბოლგარია, ამ ოცდა-ათი-ორმოცი წლის წინედ დაჩაგრული, ღარიბი და საცოდავი პროვინციები, ეხლა თავისუფალი და განვითარების გზაზე დამდგარი სახელმწიფონი არიან. ჩერნოგორიაში 270 000-მდე მცხოვრებია, თითქმის ათჯერ უფრო ნაკლები საქართველოზე, მაგრამ თავისუფლება მაინც შეიძინა და განვითარების გზას დაადგა.

მხოლოდ ის ერი მიდის წინ, იძენს განათლებას და სიმდიდრეს, ვინც მოიპოვა ეროვნული თავისუფლება.

ეროვნული მისწრაფება არის უმთავრესი მიმართულება მსოფლიო მოძრაობისა.

ევროპიდან წამოსულმა ტალღამ გადმოიარა ავსტრია და უნგრეთი, სერბია და ბოლგარია, მიაღწია სტამბოლს და დღეს თუ ხვალ უნდა გაიტაცოს საქართველოც.

[...]

_______________

1. სტატია არასრულად იბეჭდება.

ივერია. - 1909. - 1. - გვ. 2

5 განათლება

▲back to top


5.1 ახალი სკოლა

▲back to top


Amicus [აკაკი წერეთელი, სამსონ ყიფიანი]

„პატივცემულო მკითხველო! მოგცათ განა სკოლამ, რომელშიაც თქვენ სწავლობდით ოდესმე, ისეთი განათლება, რომელიც გამოსადეგი ყოფილიყოს თქვენი მომავალ ცხოვრებისათვის? და ან თქვენ კი აძლევთ განა თქვენს საყვარელ შვილებს ისეთ აღზრდას, რომელიც განამტკიცებს მათს ხასიათს და რომლის შემწეობითაც ისინი ჯანსაღი და მშრომელი კაცები შეიქმნებიან? გრძნობენ თუ არა თქვენი შვილები ბედნიერად თავს იმ სკოლაში, სადაც თქვენ მათ სასწავლებლად გზავნით! დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად გაიგონებდით თქვენი შვილებისგან საჩივარს რაღაც საძნელო ლათინურ და ბერძნულ კარნახებზე, მეტის-მეტად მოსაწყენ და გრძელ გაკვეთილებზე და ამის გამო ხშირ თავის ტკივილზე და სხვადასხვა ავადმყოფობაზე. ვინ იცის, იქნება დღეს თქვენი შვილი დასასჯელად ერთი-ორი საათით კიდევ დასტოვეს სწავლის შემდეგ სკოლაში რომელისამე გაკვეთილის უცოდინარობის გამო! იქნება, იმის თვალებში ისიც ამოიკითხოთ, რომ დღეს მას მხეცურად მოექცნენ და თავაზიანმა მასწავლებელმა ერთი-ორი სილაც უძღვნა...

ნუ თუ ჩვენი სკოლის მდგომარეობამ ერთხელ მაინც არ ჩაგაფიქრათ და თქვენის თავისთვის შემდეგი კითხვა არ მიგაცემინათ: ნეტავი, არის თუ არა ქვეყანაზე ისეთი სასწავლებელი, სადაც არ სტანჯავდნენ ასე უღმერთოდ ბავშვის სულსა და ხორცს? სადაც, გარდა გონების განვითარებისა, ბავშვის მთელის არსების, მთელის ბუნების განვითარებისათვის ზრუნავდნენ? ან და, შეიძლება, პესტალოცცის აზრი „კაცის ბუნების ჰარმონიულ განვითარებაზე“ მხოლოდ მშვენიერი და მასთან შეუძლებელი, მიუწვდომელი სიზმარი იყოს?!

ყველა ამ კითხვებზე თქვენ მიიღებთ პასუხს, თუ მოთმინებას იქონიებთ და გამომყვებით იმ ქვეყანაში, რომლის სახელსაც ჯერ არ გაგიმჟღავნებთ“.

როდესაც ფილოსოფიის დოქტორი გ. ლიტცი ასეთის შესავლით იწყებდა თავისს წიგნს აბბატსხოლმის ახალ სკოლაზე, მაშინ ეს სასწავლებელი ერთად-ერთი სასწავლებელი იყო ამ ტიპისა. ევროპის ძველი ტიპის სასწავლებლებთან შედარებით, ეს სკოლა ისეთ ბრწყინვალე მოვლენას წარმოადგენდა, რომ თვითონ ლიტცმა, რომელიც ერთ წელიწადს იქ მასწავლებლად იყო, - თითქო, თავის თვალებს არც კი უჯერისო, - თავის წიგნს ასეთი კითხვითი სათაური დააწერა: „რომანია თუ სინამდვილე“? მას შემდეგ გავიდა ხუთი წელიწადი და ამ ხნის განმავლობაში გერმანიაში, ინგლისს და საფრანგეთში გამრავლდა და აღორძინდა ამავე ტიპის სასწავლებლები. ჩვენი საზოგადოება ჯერჯერობით ძლიერ ნაკლებად იცნობს ამ სკოლებს, და მე მგონია, მისთვის ამ ტიპის სკოლების გაცნობა საინტერესო უნდა იყოს, მით უფრო, რომ ეხლა ჩვენში ძველი სკოლების გარდაქმნის საჭიროება უკვე შეგნებულია და სასურველ სასკოლო ცვლილების შესახებ ჩვენს გაზეთებშიაც ხშირად იბეჭდება წერილები.

უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი ახალის სკოლისა ის არის, რომ მას მიზნად აქვს არა სწავლა, არამედ - აღზრდა ბავშვებისა, ე.ი. ყოველმხრივი ჰარმონიული განვითარება ბავშვის ყოველის ძალისა და ნიჭისა. მისი მისწრაფება - მისცეს საზოგადოებას ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი ახალგაზრდა კაცები და ნამდვილი მუშაკნი, რომლებსაც შეეძლებათ დასტკბენ ცხოვრებაში წმინდა მისწრაფებითა და სიამოვნებით.

რომ საუკეთესოდ შეასრულოს თავისი დანიშნულება, ახალი სკოლა სცდილობს სავსებით ხელში დაიჭიროს ბავშვის აღზრდა და ჩააყენოს იგი კარგს პირობებში. ამიტომაც ახალის ტიპის სკოლებში ინტერნატები, ე.ი. პანსიონები არის გამართული, საიდანაც ბავშვებს სახლში უშვებენ მხოლოდ საზაფხულოდ და დიდ უქმეებზე. არა იშვიათად სკოლა ზაფხულობითაც იტოვებს ბავშვებს, რათა ეს დრო მგზავრობასა და ბუნების შესწავლას მოახმაროს.

ეჭვი არ არის, - ერთ ერთი უპირატესობა ამ სკოლებისა ასეთს სისტემაში მდგომარეობს, მაგრამ, მეორე მხრივ, მას ახლავს ნაკლულევანებაც: არ შეიძლება სასარგებლოდ ჩავთვალოთ, რომ ბავშვს უცბად აშორებენ ოჯახს, თავის მშობლებს, რომლებთან იგი შესისხლხორცებულია, და გადაჰყავთ მისთვის სრულიად ახალსა და უცხო წრეში. ასეთი ცვლილება ბავშვისთვის ძლიერ საძნელოა: რაც არ უნდა იდეალურად იყოს დაყენებული სკოლა, რაც არ უნდა სიყვარულით და გულკეთილად მოეპყრას ბავშვს აღმზრდელი, მას მაინც არ შეუძლიან დედმამის მაგიერობის გაწევა, განსაკუთრებით - თავდაპირველად, სანამ ბავშვი თვალს მიაჩვევდეს ახალ პირებს და შეითვისებდეს ახალ წრეს. ამიტომაც სკოლაში შესვლისთანავე ბავშვის გული რაღაც ნაკლულოვანობასა გრძნობს. გრძნობს, რომ მის არსებას მოაკლეს რაღაც საჭირო, სასარგებლო და კარგი. ეს გრძნობა უფრო ძლიერი იქნება იმ ბავშვში, რომელიც განათლებულ და მოსიყვარულე ოჯახში იზრდებოდა.

მით უფრო დიდ სევდას აგრძნობინებს ეს დაშორება ბავშვის დედმამას, ძმებსა და დებს, განსაკუთრებით კი - დედას, რომლის უმაღლესი დანიშნულება შვილების აღზრდა არის. შვილის აღზრდაში დედა იჩენს თავის შემოქმედებით ძალას. ბავშვისა და დედის შუა, გარდა ორგანიულ ერთობისა, არსებობს კიდევ სხვაგვარი ერთობა, სწორედ ისეთი, როგორიც არსებობს მხატვარის და მექანდაკისა და მის ნაწარმოების შუა. დედის ხელიდან სრულიად გამოცლა ბავშვისა და სასწავლებელში მიბარება დედას ართმევს საშუალებას გამოიჩინოს თავისი შემოქმედებითი ძალა თავის ბავშვის აღზრდის საქმეში.

სამწუხაროდ, ასეთი დედები და ოჯახები ახლანდელ დროში ძლიერ იშვიათია. ახლანდელი დედები ხშირად ცხოვრების ისეთ პირობებში არიან, რომ არ შეუძლიანთ თავის შვილების ხეირიანად აღზრდა. ამ უკანასკნელ დროს ცხოვრება ისე გაძნელდა, რომ ქალებსაც უხდებათ არსებობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. არა თუ მამები, არამედ დედებიც კი ხშირად სახლის გარედ ატარებენ დროს ცხოვრებისათვის საშუალების მოსაპოებლად. მაშინაც კი, როცა დედა შინ რჩება, იგი იძულებულია მთელი თავისი დრო ოჯახობასა და პატარა ბავშვების მოვლას მოანდომოს, ასე რომ მას მოცალეობა არა აქვს, ჯეროვნად ყური ათხოვოს მოზარდ ყმაწვილებს და ხელმძღვანელობა გასწიოს მათს აღზრდაში.

ამ გარემოებას ძველი სკოლა უყურადღებოდ სტოვებს, ასე რომ ბავშვები თითქმის უხელმძღვანელოდ იზრდებიან. ძველად სასწავლებელს კიდევ შეეძლო მოსწავლეთა აღზრდისათვის არ მიექცია განსაკუთრებული ყურადღება, რადგან მაშინ ბავშვების აღზრდა, ცუდად თუ კარგად, ოჯახში სწარმოებდა, მაშინდელი დროის მოთხოვნილების თანახმად. ახლა კი საზოგადებრივი და საოჯახო პირობები ძირითადად შეიცვალა და ამიტომ, რასაკვირველია, ამის მიხედვით სკოლის მიმართულებაც უნდა შეიცვალოს და ეხლანდელ პირობებს შეუთანხმდეს. ახლა სკოლამ ბავშვს ოჯახის მაგიერობაც უნდა გაუწიოს.

ახალი ტიპის სკოლას სწორედ ასეთი ოჯახური ხასიათი აქვს. მშობლები, რომელნიც მათ ამ სასწავლებელში გზავნიან თავიანთ შვილებს, დარწმუნებულნი არიან, რომ მათ გზავნიან არა კაზარმებში, არამედ მეგობრულ და მხიარულ ოჯახში, სადაც დირექტორი და მასწავლებლები მათ დედ-მამობას, ამხანაგობასა და უფროს ძმობას გაუწევენ და ყოველთვის იმის ცდაში იქნებიან, რომ ბავშვის გული მოიგონ და მით შეაყვარონ თავისი თავი და სასწავლებელი.

მართლაც ბავშვები მალე ეთვისებიან ახალ სამშობლოს, - ახალ სკოლას. ისინი აქ ჰპოებენ სწორედ იმას, რასაც თხოულობს ბავშვის გული, ბავშვის ბუნება: მთელი ცხოვრება, მთელი მოწყობილობა ერთიანად შეთანხმებულა მათს მოთხოვნილებასთან. მათ არ აწუხებს აქ არც ძალ-დატანება, არც დაღალვა და არც მოწყენილობა. სამოსწავლო დღეში ხუთი საათია დანიშნული; მათში ერთი საათი გაკვეთილების განმეორებასა და სხვა კლასს გარეშე მეცადინეობას სჭირდება. მაგრამ ეს საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობაც არ ჰღალავს მოწაფეებს, ვინაიდან სწავლა მეთოდიურად სწარმოებს. დანარჩენ დროს ბავშვები შრომობენ და ვარჯიშობენ ფიზიკურად; მუშაობენ ბაღში, მინდორში, ტყეში, ბოსტანში, სახელოსნოში. ისინი აქ სწავლობენ ხერხვას, ჭრასა და სხვადასხვა ნივთების კეთებას. გარდა ამისა თამაშობენ და სეირნობენ საკმაოდ. ერთის სიტყვით, ბავშვი აქ დილიდან საღამომდის ბედნიერად გრძნობს თავის თავს. ამავე დროს ვითარდება, როგორც ფიზიკურად, ისე ზნეობრივადა და ნელ-ნელა ეჩვევა იმას, რაც მისთვის შემდეგ გამოსადეგი იქნება ცხოვრებაში.

ახალი სკოლა არ უხშობს ბავშვს პიროვნულ თვისებებს და მიმართულებას. ინდივიდუალურ ხასიათის განვითარებას იგი დიდ მნიშვნელობას აძლევს და ამიტომაც ამ მხრივ ბავშვს არ ავიწროვებს. და, რასაკვირველია, იქ, სადაც შევიწროება და ძალდატანება არ აწუხებს მოსწავლეებს, ინდივიდუალური ხასიათი თავისუფლად განვითარდება. მაგრამ ახალი სკოლა მარტო ასეთ პასსიურ როლს როდი ასრულებს. იგი ცდილობს გამოიწვიოს მოსწავლეში თვითმოქმედება და კერძო თაოსნობა. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უმთავრესი და ძირითადი პრინციპია ამ სისტემისა.

აღზრდა მხოლოდ მაშინ იქნება ინდივიდუალური, როდესაც მოსწავლე და მასწავლებელი ძლიერ დაახლოვებულნი არიან ერთმანეთთან, და ეს კი შესაძლებელია მაშინ, როდესაც სასწავლებელში მოსწავლეების რიცხვი ძლიერ ცოტაა. ამიტომაც ახალი სკოლა განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს მოსწავლეთა რიცხვის სიმცირეს. ამასთან ბავშვებს ჰყოფენ რამდენსამე ჯგუფად და თითო ჯგუფს ნება ეძლევა თითონ ამოირჩიოს თავისთვის აღმზრდელი. საზოგადოდ, ას ბავშვზე მეტს ახალი სკოლა არ იღებს. მაგრამ ვინაიდან მოსწავლეთა რიცხვი ყოველ წელს მატულობს, ახალი სკოლა გზავნის თავის ძველ მოწაფეებს, რომელისამე აღმზრდელის ან თვით დირექტორის მეთაურობით, სხვა ადგილას და ისინი ამ ახალ ადგილზე იმავე ტიპის ახალ სასწავლებელს აარსებენ. ამნაირად ახალი სკოლა აფართოებს თავის მოქმედების სფერას. მაგალ., დოქტორმა ლიტცმა, როდესაც მისმა სკოლამ ვერ დაიტია ყველა მსურველი, წაიყვანა თავისი უფროსი მოწაფეები და რამდენიმე აღმზრდელი ზაუბინდში, ტიურინგის ტყის ახლო, და იქ დააარსა ახალი სასწავლებელი. მაგრამ, ვინაიდან შემდეგი წლისათვის მოსწავლეთა რიცხვმა ასს კაცს გადაამეტა, მან ხელ-მეორედ დაიწყო ახალი ადგილის ძებნა, რომ იქ დაეარსებინა იმისთანავე ახალი სასწავლებელი. ამ უკანასკნელ დროს ბერლინის ახლო დაარსებულ იქნა ერთი ამგვარი სკოლა ქალებისათვის.

ეს კოლონიები არაოდეს არ სწყვეტენ ერთმანეთთან კავშირს. ეს სკოლები გაშენებულია საღ ადგილებზე მშვენიერ და ლამაზ სოფლებში. შენობები ჰიგიენურად არის მოწყობილი, შემკულია წყალსაყვანით, ელექტრონული სინათლითა და ორთქლ-მათბობელით. თითონ შენობები პატარებია, გარდა უმთავრესი შენობისა; თითოში მოსწავლეთა თითო ჯგუფი ცხოვრობს თავის აღმზრდელითურთ. ოთახები არის მაღალი, ფართო, ნათელი და უბრალოდ მოწყობილი. უმთავრესი უპირატესობა ამ სკოლებისა ის არის, რომ მოსწავლენი ბუნებაში იზრდებიან. სოფლის მომხიბლავი ბუნება ხელს უწყობს მოსწავლეთა ფიზიკურსა და ზნეობრივს განვითარებას და ამით, რასაკვირველია, შრომა უადვილდებათ აღმზრდელებს. აი, რას ამბობს თვით ლიტცი ასეთი ბუნების მნიშვნელობაზე: „ჩვენ ვირჩევთ სკოლების მოსაწყობად არა დედა-ქალაქებს, სადაც ბავშვის ყურადღება ბევრ რამეს შეუძლიან მიიპყროს, არამედ მშვენიერ და საამო სოფლის ბუნებას, სადაც ჩვენ შეგვეძლება ჩვენი მთელი დრო და ძალა მოვახმაროთ ჩვენს მოწაფეებს, სადაც ბავშვები წმინდა ჰაერით სუნთქავენ და შიში არაა, რომ ჰაერთან ერთად ათას მავნებელ მიკრობს ჩაყლაპავენ. ბუნება, მთა და ბარი, მინდორი და ტყეები, მდინარეები და ტბები, ერთის სიტყვით, ბუნება მთელის თავის სიმშვენიერით უნდა იყოს პირველი და უკანასკნელი სასწავლო წიგნი ბავშვთათვის. ეს წიგნი არას დროს არ მოატყუებს მასწავლებელს ბავშვის აღზრდის საქმეში. ყოველ კითხვის პასუხს იგი ამ წიგში იპოვნის და სხვა წიგნი არც არის საჭირო“.

მაგრამ მარტო ამითი არ აღირიცხება სოფლად ცხოვრების უპირატესობა. აქ ბავშვებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ წარმოსდგება და ვითარდება საზოგადოებაში სხვადასხვა მოთხოვნილობები და რა-და-რა საშუალება არსებობს მათ დასაკმაყოფილებლად. ისინი უნდა მოემზადნენ პრაქტიკულ ცხოვრებისათვის. ამიტომაც აქ ყოველგვარ შრომას ეჩვევიან მოსწავლენი, - შენობების აგებას, გზების გაყვანას, სხვადასხვა სამეურნეო საქმეს და სხვა. ამგვარ ვარჯიშობაში ისინი არიან არა მარტო აღმასრულებელნი, არამედ თვით გამომგონნი და დამწყებნი საქმისა.

ახალი სკოლა პატარა სახელმწიფოს მოგვაგონებს. პატარა სახელმწიფოა იგი არა მარტო ეკონომიურის მხრით, არამედ თავის შინაგან წესწყობილებითაც. რადგანაც სკოლა სცდილობს, პრაქტიკული ცხოვრებისათვის ყოველ მხრით მომზადებული მოქალაქენი მოამზადოს, ამიტომ იგი წესწყობილების მხრით სახელმწიფოს ჰბაძავს და თავის კედლებს შუა სახელმწიფოსებურ წესებს ამყარებს...

„ამნაირი სასკოლო წესწყობილება, შეიძლება, ვისმე კიდეც გაუკვირდეს-ამბობს დოქტორი ლიტცი, - მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ უნდა აღვზარდოთ არა ყურ მოჭრილი ყმები, არამედ მოაზრე, მშრომელი და თვითმოქმედი მოქალაქენი...

ამიტომაც ჩვენ არა თუ არ ვუკრძალავთ ჩვენს მოსწავლეებს, ისარგებლონ თავისუფალის დროით, არამედ უფლებას ვაძლევთ, მონაწილეობა მიიღონ სკოლის ცხოვრების მოწესრიგებაში. ჩვენ მათ სრულის ნდობით ვეპყრობით და არაოდეს არ მოვტყუებულვართ მათში. ყოველი მათგანი უნდა გრძნობდეს თავის თავს ჩვენთან, როგორც წევრი თავისუფალ საზოგადოებისა, რომელსაც უკვე გარკვეული აქვს თავის უფლებები და მოვალეობა“.

რომ ნათლად დავანახვოთ მკითხველს აღზრდის პრინციპები ახალის სკოლისა, ჩვენ მოვიყვანთ აქ საზოგადო ნაწილს დოქტორ ლიტცის პროგრამმისას.

პრინციპები - ლიტცის ახალის სკოლისა

მიზანი ჩვენის აღზრდისა - შევქმნათ ჩვენთან მობარებულ ახალგაზრდებისაგან ჯანსაღი და სულითა და ხორცით ღონიერი მოქალაქენი, შემუშავებულის ხასიათით, სწრაფის აზროვნობით, წმინდა გრძნობით, ენერგიულის ნებით, პრაქტიკულის გამოცდილებითა და მომზადებით ცხოვრებისათვის.

საშუალებანი ამისთვის:

1) ცხოვრება ქალაქ გარედ, თვით სკოლაში, რომელიც უნდა მდებარეობდეს მშვენიერ, ჯანსაღ და, შეძლების გვარად, მთა-გორიან მიდამოში, სადაც, რასაკვირველია, უნდა იყოს მინდვრები და ბაღები, მდინარე ან ტბა. ამ ადგილების სახელებთან შეკავშირებული უნდა იყოს ხალხის თქმულება და ისტორიული ამბები.

2) მეგობრული განწყობილება მოსწავლეთა და აღმზრდელთა შორის, ერთად ცხოვრება, თამაშობა და მუშაობა. მაგალითები და ზნეობრივი ზე-მოქმედება აღმზრდელებისა, რომელნიც უნდა იყვნენ აღჭურვილნი განვითარებულ პიროვნების მაღალ თვისებებით, გატაცებულნი თავის საქმით, ჰქონდეთ მოწოდება და უყვარდეთ ბავშვები.

3) ჰიგიენური ცხოვრება. კარგი საჭმელ-სასმელი. მასში არ უნდა ერიოს არც მაგარი სასმელები და არც ტკბილეულობა, - რომელიც შესდგება განსაკუთრებით რძის, კვერცხის, თევზეულობის, ხილეულობისა და მწვანილეულობისაგან.

4) ყოველ-დღიური ფიზიკური ვარჯიშობა, როგორც, მაგალ., სირბილი, თამაში, ცურაობა, გიმნასტიკა, ექსკურსიები და სხვა, რომელთაც უნდა მოხმარდეს დღეში ორი საათი.

5) ყოველ-დღიური პრაქტიკული ფიზიკური შრომა, როგორც, მაგალითად, მუშაობა ბაღსა და ტყეში, მინდორსა და სათიბზე, სახელოსნოებში და შენობებზე, - ესეც ორი საათის განმავლობაში.

6) ყოველდღიური ვარჯიშობა ხელოვნებაში: ხატვა (2 საათი კვირაში), თიხისა, სანთლისა და ცარცისაგან სხვადასხვა საგნების კეთება (2 საათი კვირაში), მუსიკის სწავლა (1 საათი დღეში) ხელოვნურ ნაწარმოებთა შესწავლა და შეთვისება. განვითარება ესტეტიურ გრძნობისა, კონცერტები და წარმოდგენები, ორი საათის განმავლობაში დღეში, განსაკუთრებით საღამოს.

7) განვითარება მოსწავლეებში ზნეობრივის გრძნობისა.

8) უარყოფილია ყოველივე ძალდატანება, დასჯა და დასაჩუქრება. აღზრდის სისტემის შეთანხმება მუდამ ბავშვის ხასიათთან და მის ინდივიდუალურ თვისებებთან.

9) სისტემატიური, ნამდვილ პედაგოგიურ საფუძველზე დამყარებული სწავლა და მოსწავლეებში აღძვრა ინტერესისა მეცნიერებისადმი (სწავლის დროს თვალსაჩინო საგნებად იხმარება არა მარტო სურათები და რუკები, არამედ ბაღი და მთელი გარშემო ბუნება, სახელოსნო და სხვა); თეორიულ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება. ყველა ამას უნდა მოხმარდეს დღეში 4 საათი სადილობამდის, ხოლო ერთი საათი - საღამოს გაკვეთილების განმეორებას.

10) უმთავრესი საკითხი ახალის სკოლისა ის არის, რომ ახალგაზდებს ჩავუნერგოთ სულსა და გულში მისწრაფება მაღალ მიზნისადმი და მივცეთ მათს აზრსა და გრძნობას იდეალური მიმართულება. ჩვენ არადროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველივე აღზრდა ბოლოს და ბოლოს თვით-აღზრდათ უნდა გარდაიქმნეს, რომლის შედეგი იქნება, არა მარტო პიროვნული განვითარება კერძო ადამიანთა, არამედ ზნეობრივი ზრდა მთელის საზოგადოებისა. ჩვენ მოსწავლეთაგან უნდა შევქმნათ ნამდვილი და საიმედო ამხანაგები და მეგობრები, ვინაიდან უამისოდ საზოგადოების არსებობა შეუძლებელია. მაგრამ ამას ჩვენ მივაღწევთ არა ძალდატანებით, არამედ ზნეობრივის ზედ-მოქმედებით, სიყვარულითა და ნდობით ბავშვისადმი: ჩვენ უნდა აღვზარდოთ და განვამტკიცოთ მათში სიმართლის გრძნობა, გავაკეთილშობილოთ მათი გემოვნება და გავაღვიძოთ სინდისი და მოვალეობის შეგნება. მოსწავლე უნდა შეიქმნეს ყოჩაღი და მამაცი, რომ მას შეეძლოს ყოველ გაჭირების ატანა და ყოველ საძნელო საქმის შესრულება. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი აღზრდის შედეგი უნდა იქმნეს დამარცხება ეგოიზმისა და გამარჯვება იდეალიზმისა.

ივერია. - 1905. - 106. - გვ. 2-3

5.2 გერმანული უნივერსიტეტები1

▲back to top


A. Дirr

გერმანელმა უნივერსიტეტებმა ომის განმავლობაში ისევე მუყაითათ იმუშავეს, როგორც ომამდის; მართალია შევიწროვებანი მათაც გამოსცადეს მოზრდილი და ჯარში გასაწვევი ახალგაზრდობა ომის დასაწყისისთანავე სამშობლოს ემსახურებოდა როგორც მოხალისე. მრავალი პროფესორი აქამდის ბრძოლის ველზე იმყოფებიან, მაგრამ, მიუხედავათ მასწავლებელთა და მოსწავლეთა სიმცირისა, გონებრივი ცხოვრება გერმანიაში არ შეწყვეტილა და ისევე განაგრძობს ინტენსიურათ წინსვლას, როგორც ზავის დროს. მეცნიერებმა დანიშნეს ახალი სამეცნიერო პრემიები და კიდევაც დაურიგეს ღირსეულთ. მოსწავლე ქალთა რიცხვმა საგრძნობლათ იმატა, დოქტორთა ახალ დისერტაციებს, რომელიც ომის დროს დაიბეჭდნენ, ტრადიციული ღირებულება არ დაუკარგავთ. სამეცნიერო ინსტიტუტებს დაებადათ ახალი გამოცანები, რომელთა გარდაწყვეტაში ძველებური მუყაითობა გამოიჩინეს. მაგალითად, პრუსიის სამეცნიერო აკადემიამ მიზნათ დაისახა შეესწავლა ტყვეთა ლაგერში ყველა ენები, დიალექტები, სახალხო სიმღერები. აკადემიამ ეს ამოცანა სისრულეში მოიყვანა კიდეც. ერთი წლის წინათ უკვე 2 ათასზე მეტი ფონოგრაფიული ფირფიტა იყო მზათ ფრანგული, ინგლისური, რუსული, რუმინული, პორტიგიზული, ბასკური დიალეკტებით. აგრეთვე მრავალი ფირფიტები გვაქვს კავკასიური ენებისა და აუარებელი მონუსკრიპტებიც.

ბავარიის სამეცნიერო აკადემიამ გადააღებინა ომის დროს ბერძნული დიალეკტები და სახალხო სიმღერები. და თუ ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანელთა მეცნიერებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ ომის დროს, ჩვენ თამამად შეგვიძლიან ვთქვათ, რომ ომის შემდეგაც იმ ენერგიით, როგორიც გერმანელს აქვს, გაცილებით მეტს იღწვიან.

გერმანია თვის როლს როგორც მეცნიერი ხელმძღვანელი, არასოდეს არ დაჰკარგავს. ზავის ჩამოგდება გერმანიისა, თვის იქნება წაქეზება, მისი ძალების გაორკეცებისა და მოგროვებისათვის.

გერმანელი სტუდენტობა დასხდება ისევ მოსწავლეთა სკამზედ, პროფესორები კი თავის კათედრებიდან კიდევ მეტის ენერგიით შეუდგებიან იმის გაკეთებას რაც ომის დროს გამოტოვებული იყო.

გერმანული უნივერსიტეტები ისევე როგორც წინათ, ფართოთ გაუღებენ კარებს უცხოელთ. უპირატესობა მიეცემათ, რა თქმა უნდა, მოკავშირე და ნეიტრალურ სახელმწიფოებს. გერმანიის მოკავშირე სახელმწიფოთა სტუდენტები ომის განმავლობაშიც იყვნენ ჩვენს უნივერსიტეტებში.

გერმანიაში ჰფიქრობენ, რომ საქართველოდან და კავკასიიდან ბევრი სტუდენტი ჩამოვა. უკვე ზომებია მიღებული, რომ ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცეთ გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლისა.

თბილისში ქართულ-გერმანულმა საზოგადოებამ უკვე მოჰკიდა ამას ხელი და პირველ ყოვლისა იმაზე ზრუნავს, რომ გამოჰნახოს სტიპენდიები; ვიმედოვნოთ, რომ ეს საქმე სასურველ ნაყოფს მოიტანს.

ქართველი სტუდენტები, ახალი საქართველოს მომავალი „ინსტრუქტორი“, გერმანულ უნივერსიტეტში ჰპოვებს იმას, რასაც ის ტყუილად და უნაყოფოთ ეძებდა რუსის უნივერსიტეტში. ქართველი სტუდენტი მიეჩვევა დისციპლინარულ მუშაობას, ის უციმბიროთ, უჯანყებოთ, უპოლიციოდ მოაგროვებს მრავალ ცოდნას თვისი ხალხისა და სამშობლოს საკეთილდღეოთ, ის გაიცნობს გერმანიას, იმ ქვეყანას, სადაც ყველა მეცნიერების დარგში პატიოსანი და ინტენსიური მუშაობაა და ასწავლის გერმანიაში თუ როგორ აამაღლოს საქართველოს კულტურა.

_______________

1. თარგმანი „კლდისათვის“ გერმანულ ხელთნაწერიდან.

კლდე. - 1918. - 7. - გვ. 3

5.3 გონებრივი წარმატება გერმანელებისა

▲back to top


არტურ ლეისტი

დადგა სამოცდამეათე წლები წარსულის საუკუნისა, მაგრამ გერმანელთა გონებრივი ცხოვრება ისევ ძველებურ, იდეალურ ელფერს ატარებდა, ისევ ისე გატაცებით კითხულობდნენ რომანტიკულ პოეტებს, ისევ ისეთი ქება მოწონება გაისმოდა ლუიზა მარლიტას შესახებ, რომლის მგრძნობიარე და ტკბილ-ხმოვან რომანებს გერმანელი არა შორდებოდა.

გერმანელთა ფილოსოფიაც ჯერ ვერ გასცილებოდა განყენებულ საკითხებს. მართალია შოპენ ჰაუერმა ცოტა არ იყოს სხვა მხარეს გადახარა გერმანელთა აზროვნება და ბევრი მეოცნებე რეალურ ცხოვრების გზაზე დააყენა, მაგრამ ძველი ბურჯნი ფილოსოფიისა, როგორიც არი მაგ. ჰეგელი, რომლის „ფილოსოფიაც ისტორია იყო თანადროულ აზრთა მსვლელობისა“ კვლავ მეფობდნენ გერმანიაში და გერმანელთა აზროვნება ისევ ცნობილ თეორიების გარშემო ტრიალებდა.

ცხოვრების სიცხადე-სინამდვილე და მის მიერ წამოყენებული საკითხები განუხილველი რჩებოდნენ, ვიდრე ახალის ფიზიოლოგიის, ბუნებრის ფილოსოფიის, მიმდევრებმა თავისის მედგარისა და დაუღალავის ბრძოლა-შრომის შემდეგ საბოლოოდ არ გაიმარჯვეს და თავისი ბეჭედი არ დაასვეს გერმანელების აზროვნებას. მათ ზეგავლენას დაემორჩილა არა თუ მეცნიერება, არამედ მოთხრობითი ლიტერატურაც-კი. ეჭვს გარეშეა, რომ გერმანელების გონებრივად გამოფხიზლებას ხელი შეუწყო თვით მაშინდელის ცხოვრების პირობებმა.

განვითარებამ ინგლისში საბუნებისმეტყველო მეცნიერებისამ, აზრთა მსვლელობის მეტაფიზიკურის მიმართულებიდან მატერიალიზმისაკენ დახვევამ და პრუსია-საფრანგეთის ომმა დიდი გავლენა იქონია გერმანელებზე და მათი სულთა სწრაფვა გააფართოვა.

ძნელი ასაწერია გერმანელების გამოფხიზლების ამბავი წარსულ საუკუნის უკანასკნელ მეოთხედს მომხდარი!

თუ დღემდე რომელსამე მეცნიერებას ასი და ორასი კაცი ემსახურებოდა და იკვლევდა, ამიერიდან ამავე მეცნიერების შესწავლას ათასი და ორი ათასი კაცი შეუდგა. მაგრამ იგინი მარტო შესწავლით არა კმაყოფილდებოდნენ, ისინი სცდილობდნენ ამ მეცნიერების ახალი მხარე აღმოეჩინათ, გაეფართოვებინათ იგი და სწორედ ამ მეცადინეობის მეოხებით ერთი და იგივე მეცნიერება რამდენიმე დარგად დაიყო. თითოეულ დარგს თავისი თავგანწირული მკვლევარი გაუჩნდა და ამ დანაწილებამ, ამ მრავალ მხრივობამ გერმანელთა აზროვნებას ფრთები შეასხა, განათავისუფლა იგი კერძოობისაგან. არამც თუ ქიმია და ტეხნიკა დაიყო რამდენსამე დარგად, არამედ თვით საზოგადოებრივი მეცნიერებანი: პოლიტიკური ეკონომია და პედაგოგიაც კი რამდენიმე შტოდ დაიყო. დიახ, ეს ის დრო იყო, როდესაც დაიწყო მეცნიერების სპეციალიზაცია, როდესაც ადამიანის აზროვნებას ფართო ასპარეზი მიეცა, როდესაც აზროვნება იგი განთავისუფლდა კარდახშულობისაგან, ვიწროობისაგან.

ახლა მეცნიერი მთელ მეცნიერებას აღარ იმუშავებდა, იგი ადგებოდა ამ მეცნიერების ერთ-ერთის დარგის შესწავლას და უმწვერვალესს განვითარებამდისაც მიჰყავდა.

თანამედროვე ცხოვრებისა, მრეწველობა-ვაჭრობისა და კულტურის მოთხოვნილებანი დღითი-დღე იზრდება, მრავალ ფეროვანდება და მეცნიერებას ათას გვარ საკითხებს აძლევს, ამ კითხვების ახსნა კი მათ ზედ მიწევნით შესწავლას თხოულობს და ამ გვარად თვით მეცნიერებაც ფართოვდება, იზრდება. მეცნიერების ათას დარგებად დაყოფა ხელს უწყობს სხვა ახალ მეცნიერებათა შექმნას, რაც თავის თავად ნაყოფია ჩვენის მსწრაფლ-მავალის ცხოვრებისა: კაცის მოქმედების ყოველივე დარგი, გინა ხელობა დღეს მეცნიერულ ნიადაგსა თხოულობს. დურგალი, ხარაზი, თერძი, კალატოზი და ყველა სხვა ხელობის კაცი, რომლებიც წინად მარტო გამოცდილებითა სწავლობდნენ ხელობას, ახლა აღარა კმაყოფილდებიან მარტოოდენ გამოცდილებით. დღეს მათ აქვთ განსაკუთრებული ჟურნალ-გაზეთები, აქვთ მთელი ბიბლიოთეკა, სადაც აღწერილია თითოეულ ხელობის გაუმჯობესებული პირობანი. თვით მიწის მუშა გლეხიც კი აღარ კმაყოფილდება მამა-პაპურის ჩვეულება-იარაღებით. იგი კითხულობს ათასგვარ სამეცნიერო წიგნებს მეურნეობის შესახებ, რათა თავისი შრომა ნაყოფიერი და მეტ-სარგებლიანი ჰყოს.

იმისდა მიუხედავად, რომ გერმანიაში მეცნიერება ფართო სპეციალიზაციის გზას დაადგა და საჭირო შეიქმნა მეტი ცოდნის შეძენა რომელიმე ხელობის გასაუმჯობესებლად, საერთო განათლება გერმანელებისა მაინც წინმსვლელობის გზას ადგია. ყველამ იცის რომ გერმანიაში წერა-კითხვის უცოდინარი არ მოიპოვება. წერა-კითხვის მცოდნე-კი გერმანელის აზრით, მარტო ანბანის მცოდნეს არა ჰქვიან.

სულ დაბალ განათლების მქონე გერმანელს, სულ ცოტა, სამი კლასი უნდა ჰქონდეს გათავებული. ამ სამ კლასში კი გარდა წერაკითხვისა და ანგარიშისა, მას ასწავლიან ისტორიას, გეოგრაფიას, საბუნებისმეტყველო საგნებს და ლიტერატურასაც კი. რაც სკოლაში ცოდნა აკლდება, გერმანელი იძენს საკვირაო სკოლაში, ან წიგნების კითხვითა და უფრო განათლებულ ხალხთან საუბრით. იქ, სადაც დიდი თუ პატარა განათლებას ეტანება და სცხვენიან გონებრივად ღატაკი არ გამოჩნდეს, წრეს, საზოგადოებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ არც საკვირველია, რომ გერმანელი - მუშაა; თუ გლეხი, ხელოსანი თუ უბირი კაცი - გულ-დასმით მეცადინეობს სწავლის შეძენისათვის და ცდილობს „განათლებული კაცი იყოს, არამც თუ შინაარსით, გარეგნობითაც კი. ჩემის სიტყვების დასასურათებლად მოგითხრობთ ერთ ამბავს, რომელიც მე, როგორც გერმანელს, არ გამკვირვებია.

რკინის გზის ვაგონში ვიჯექ და სილეზიის ერთ პატარა ქალაქში მივდიოდი. ჩემ წინა სკამზე იჯდა შუახნის, სუფთად ჩაცმული კაცი. მუსაიფი დავიწყეთ. ეტყობოდა, რომ, ბევრი რამ წაუკითხავს, ცხოვრების მსვლელობისათვის თვალყური უდევნებია. იგი ლაპარაკობდა ლამაზის ლიტერატურულის ენით. სადგურზე რომ მივედით და მატარებელი გაჩერდა, ამ კაცმა სკამ ქვეშიდან გამოიღო ბოღჩა და წასვლის დროს გამომემცნაურა.

- მე ბუხრის მილების მწმენდავი გახლავართ და მოვდივარ ამ ქალაქში, რომ იქმნება სამუშაო ვიშოვოვო. ამ ბოღჩაში კი ჩემი სამუშაო ტანისამოსი მაქვს გამოკრულიო. აი, ტიპი გერმანელის მუშისა, ანუ ხელოსნისა!

რომელ ქართველსაც უნდა შეხვედროდა იგი, „საშუალო განათლების“ კაცი ეგონებოდა, მაგრამ გერმანიაში, მარტო ლაპარაკით არ აფასებენ „საშუალო განათლებას“.მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მუშას ექმნებოდა ღარიბულად, მაგრამ სუფთა და შესაფერად მოწყობილი ბინა, ეყოლებოდა შრომის მოყვარე დიასახლისი და სუფთად გამოწყობილი ბავშვები. როგორც კულტურულ კაცს, იმას თავისი ხელობისა არა სცხვენოდა. პირიქით, შერცხვებოდა მაშინ, როცა ბრიყვი და უსწავლელი გამომდგარიყო.

განათლების გავრცელებას გერმანიაში ხელს უწყობს აურიცხველი სამკითხველოები, რომლებითაც მოფენილია მთელი გერმანია. სულ პაწია სოფელშიაც კი ნახავთ შესაფერად მოწყობილ სამკითხველოს. ამ სამკითხველოებს აარსებენ განსაკუთრებული საქველმოქმედო საზოგადოებანი, რომლებიც განსაკუთრებით ამ მიზანს ემსახურებიან და დიდი თანხაცა აქვთ. სამკითხველოებისავე დაარსებას სცდილობს თითოეული განათლებული გერმანელი და მუდამ ჟამს მათ შესახებ ბჭობს და თათბირობს. და არც საკვირველია, ვინაიდან იმ ქვეყანაში, სადაც სოფლის მასწავლებლებადაც კი უნივერსიტეტში სწავლა დამთავრებულებს თხოულობენ, ხალხის განათლებას მხარს ვერავინ აუქცევს, ხალხის განათლება დღეს პირველი საზრუნავი საგანია.

საშუალო სასწავლებლები გერმანიაში აუარებელია. მარტო პრუსიაში, სადაც 35 მილიონი მცხოვრებია 665 გიმნაზია ითვლება, ე.ი. 50 ათას მცხოვრებზე მოდის ერთი საშუალო სასწავლებელი. ამ რიცხვში ჩათვლილი არ არის ქალების სასწავლებლები. მაშასადამე - ერთი საშუალო სასწავლებელი მოდის 30 ათას მცხოვრებზე. ქალების სასწავლებლებს გიმნაზია არ ეწოდებათ.

ახლა კი დაარსდა რამდენიმე გიმნაზია ქალთათვის, სრულის პროგრამით, რათა ქალებსაც გაუადვილონ უნივერსიტეტებში შესვლა.

უმაღლეს სწავლას ავრცელებენ სამაგალითოდ მოწყობილი უნივერსიტეტები, ეს სიამაყენი გერმანიისა. ამ ჟამად გერმანიაშია: 21 უნივერსიტეტი, რომელთა შორის განთქმულნი არიან: ბერლინისა და ლეიპციგისა, ათი უმაღლესი ტეხნიკური ინსტიტუტი (კერძო ინსტიტუტებს არ ვანგარიშობთ), რამდენიმე საკომერციო აკადემია, უმაღლესი სკოლები და სხვანი, რომლებიც ყოველ წლივ ამზადებენ აუარებელ ინჟინრებს, ტეხნიკებს, ვაჭრებს - გერმანიის ამ გამამდიდრებელ და სახელის გამთქმელებს.

გარდა ამ პრაქტიკულ უმაღლესს სასწავლებელთა, გერმანიაში არსებობს 14 სამხედრო აკადემია და 21 მუსიკალური კონსერვატორია. ჩვენ აღარ ვანგარიშობთ ათს სხვა კერძო სასწავლებელთ, რომლებიც ამზადებენ მხატვრებს, მემუსიკეებს და მექანდაკეებს. დრამატიული კურსები წრთვნიან მსახიობთ, ხოლო ორი კერძო აკადემია ზრდის - ჟურნალისტებს. საითაც გაიხედავთ, ყველგან მეცნიერების ტაძარი დაგიხვდებათ, ვისაც შეხვდებით - ყველა მოსურნეა ნამდვილის ფართო და საბუთიან განათლებისა. და...

მთელი ეს უმაღლესი კულტურა გასხივოსნებულია გერმანელთა იდეალურის მიმართულებით, ვინაიდან იდეა და პოეზია გერმანელებს წინაპართაგან აქვს ნაანდერძევი. ასე გასინჯეთ თვით პრაქტიკულ სასწავლებელშიც კი ლიტერატურის ისტორიას ზედმიწევნით ასწავლიან, რომ ახალგაზრდა პრაქტიკების სული და გული პოეზიის მადლით გაათბონ.

პოეზია კი პირველი სატრფიალო საგანია გერმანელთათვის. ამას მოწმობს ყოველ წლივ ათასობით დანაბეჭდი ლექსთა და პოეტურ ნაწარმოებთა კრებული. გერმანიის მოთხრობათა ლიტერატურაზე ხომ ლაპარაკიც არაა საჭირო. არსად, მთელ დედამიწის ზურგზე ისე კეთილ სინდისიერათა და გულდასმით არ ეკიდებიან თავის ხალხის ცხოვრების აღწერას, როგორც გერმანიაში. ასი და ორასი დიდად განათლებული და ნიჭიერი მწერალი - ქალი, თუ კაცი - დაუღალავის გატაცებით მუშაობს ამ სარბიელზე და სცდილობს გერმანელთა ცხოვრება არამც თუ აღწეროს, გააფაქიზოს კიდეც.

გერმანელთა ცხოვრების აღწერა, მათ ეროვნულ თვისებათა გამომჟღავნება და შესწავლა - ამ ბოლოს დროს ყველას გერმანელის სატრფიალო შეიქმნა, იმიტომ კი არა, რომ გერმანელი ვიწრო, მჟავე ნაციონალისტი იყოს, არა, იმიტომ რომ გერმანელებს სურთ „ჯერ თავის ფიზიონომიას იცნობდნენ“, თორემ ვინ არ იცის, რომ გერმანელი დიდისავე გულმოდგინებით ეკიდება სხვა ხალხთა ცხოვრების შესწავლასაც.

ივერია. - 1905. - 168. - გვ. 1-2

5.4 პოლიტიკა და კულტურა

▲back to top


მარაბუ [ფილიპე გოგიჩაიშვილი]

რუსეთის ჟურნალ-გაზეთებში, იქნება, მთელ ნახევარ საუკუნის განმავლობაში იმდენი არა დაწერილიყოს რა საქართველოს შესახებ, რამდენიც დაიწერა ამ უკანასკნელ ორ წელიწადში. ასეთი, წინანდელ დროსთან შედარებით, განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის პრესსისა ჩვენდამი აიხსნება იმ გარემოებით, რომ განმათავისუფლებელ მოძრაობაში დიდი მონაწილეობა მიიღო ჩვენმა მხარემ, ხოლო რუსეთის მოწინავე პრესსა, რასაკვირველია, მხარს აძლევდა მთელს სახელმწიფოში ამ მოძრაობას და ამიტომ დიდის ყურადღებით ეკიდებოდა და მრავალ წერილს უძღვნიდა ყოველ კუთხეს, სადაც სარევოლუციო მოქმედების გაძლიერებას შეამჩნევდა ხოლმე. და ასე, ამ უკანასკნელ დროს, რუსეთის პრესსის ყურადღება არ მოჰკლებია ჩვენს მხარესაც და ეს ყურადღება ხშირად ისეთი სიტყვებით იყო გამოთქმული, რომ ჩვენს თავმოყვარეობას ელამუნებოდა და ასიამოვნებდა. გაზეთებმა ძალიან ზევით - ზევით აგვწიეს და, პოლიტიკურ ბრძოლის გამოისობით, ისეთი დიდი საზომით სჯიდენ ჩვენს თანამედროვე კულტურულ მდგომარეობაზე, რომ გარეშე ადამიანი უეჭველად ყალბ წარმოდგენას შეადგენდა ჩვენს გონებრივ განვითარებაზე.

უცხოთა გადაჭარბებული აზრი ქართველ ხალხის თანამედროვე კულტურის სიმაღლეზე, რასაკვირველია, მაინცა და მაინც მავნებელი არაა და ჩვენს საქმეს არას დაუშლის. მაგრამ იგივე არ ითქმის იმ შემთხვევაშიაც, როცა ასეთი გადაჭარბებული აზრი თვით ქართველობაშიაც ფეხს მოიკიდებს და გავრცელდება საზოგადოდ ყალბი, სინამდვილის წინააღმდეგი წარმოდგენა თავის თავზე მავნებელია, ვინაიდან იგი ხელის შემშლელია რეალურ ძალღონესთან შეგუებულ სამოქმედო გზის ასარჩევად, მაგრამ განსაკუთრებით ხელის შემშლელი და მავნებელია იგი, როცა საკუთარი კულტურული დოვლათი და ძალღონე შეუფერებლად გადიდებული და გაზვიადებულია. ეს არის მავნებელი ნანინა, რომელსაც ცხოვრებაში ხშირად მოლოდინის გაცრუება და თავის უღონობის მწვავედ განცდა მოჰყვება ხოლმე შედეგად...

და დღეს სწორედ ისეთი ხანაა და ჩვენი საზოგადოებრივ ცხოვრების მაჯის ცემა იმგვარად გამოიხატება, რომ ადვილად შეიძლება ჩვენს საზოგადოებაში გავრცელდეს ზემოაღნიშნულის მსგავსი გაბერილი წარმოდგენა შესახებ ქართველ ხალხის კულტურულ მდგომარეობისა და სამოქმედო ღონის ძლიერებისა. ბევრია დღეს ჩვენს ცხოვრებაში ისეთი მოვლენა, რომელიც საქმის ვითარებაში ღრმად დაუკვირვებელ ადამიანს საფუძველს მისცემს ამგვარ აზრის შესათვისებლად და, მაშასადამე, თავისი თავის მოსატყვილებლად. ამ უკანასკნელ ერთი წლის განმავლობაში ვის არ უნახავს, მაგალითად, სახალხო მიტინგები და არ მოუსმენია იქ წარმოთქმული სიტყვები და რეზოლუციები. ერთიცა და მეორეც ხშირად ისეთი ხასიათისა ყოფილა, რომ მის გამოისობით მოწინავე ევროპის არც ერთი განათლებული კუთხე არ შერცხვებოდა. თითოეულ ჩვენგანს მოუსმენია ამ ბოლო დროს გატაცებითა და რწმენით აღსავსე კამათი სხვა და სხვა კრებებსა და მიტინგებზე, რომელიც უნებურად ევროპიულ პოლიტიკურ ცხოვრებას და იქაურ ხალხის გონებრივ სიფხიზლეს მოაგონებდა მაყურებელს. პარტიული დაყოფვა და ბრძოლა ჩვენში ისეთი სწრაფი ნაბიჯით მიდის წინ და ისე ენერგიულად სწარმოებს, რომ ამ მხრივ ევროპასაც კი არ ჩამოვუვარდებით. ქართლის მიყრუებულ სოფლებშიაც კი გლეხები გუშინ სხვათა შორის პრესსის თავისუფლებას და სახელმწიფოსგან ეკლესიის განცალკევებას თხოულობდენ მათსავე კრებებზე შედგენილ რეზოლუციებში. დღეს ერთ - ერთი უკიდურესი დემოკრატიული პარტია, რომელიც დემოკრატიულ რესპუბლიკას და სოციალიზმს აღიარებს, მოდებულია მთელ საქართველოში და ბრწყინვალედ იმარჯვებს არჩევნებშიც. პარტიული ბრძოლა უკიდურესობამდის არის მიღწეული. ერთი სიტყვით, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, შეგვიძლია ვთქვათ, „დუღს და გადმოდის“.

შეიძლება, ამიტომ, ეს გარემოება, რომელიც გარეგნად განათლებულ ევროპის ცხოვრებას ემსგავსება, ვინმეს ეგონოს ხალხის მაღალ კულტურისა და გონებრივ დაწინაურების მაჩვენებელი. მაგრამ ნამდვილად კი ეს პოლიტიკური ხმაურობა და ღრიანცელი, საუბედუროდ, არაა იმის უტყუარი მომასწავებელი, რომ ხალხი კულტურის მხრივ შესაფერად მომზადებული და განვითარებული არის. ერთსა და ორ წელიწადში ხალხი ვერ გარდაიქმნება გონებრივად და ვერ აღიჭურვება სწავლა-განათლებით; ქართლელი გლეხი, მაგალითად, ისევე წერა-კითხვის უცოდინარი იყო შარშან, „რეზოლუციების“ შედგენის დროს, როგორც შარშან-წინ, და ამიტომ პრესსის თავისუფლების მოთხოვნა ამ გლეხის მიერ, რომელმაც კითხვა არ იცის და თავის დღეში გაზეთი ხელში არ აუღია და მისი გემო არ გაუცვნია, არ შეიძლება ისეთ მოთხოვნად ჩავთვალოთ, რომელიც ვითომ მას შარშან შეგნებული და შესისხლხორცებული ჰქონდეს. და ეგევე ითქმის ბევრ სხვა დემოკრატიულ პრინციპზედაც, რომლებიც ჩვენებურ სოციალდემოკრატიის ზოგიერთ მოძღვართ, არჩევნებში პარტიის გამარჯვების საფუძვლით, ღრმად ჩანერგილი ჰგონიათ ხალხის გულსა და გონებაში. სოციალ-პოლიტიკურ ბრძოლას და საქმიანობას მხოლოდ მაშინ აქვს ხასიათი შეგნების და ცნობიერებისა, როცა მას წინ უძღვის რამოდენიმედ მაინც სწავლა და გონებრივი განვითარება. მართალია, პოლიტიკური ბრძოლა და რეფორმები თავის მხრივ ხელს უწყობს და ავრცელებს ხალხში სწავლა-განათლებას, მაგრამ ეს ხდება არა ერთსა და ორ დღეში, არამედ თანდათან დიდი ხნის განმავლობაში.

დღეს-დღეობით კი ჩვენში სწავლა-განათლება ძალიან მცირედაა გავრცელებული. თუ კავკასიის სხვა კუთხეებს შევადარებთ, საქართველოში წერა-კითხვა უფრო მოდებულია, მაგრამ ჩვენი სამშობლოს ეს დაწინაურება არის შედარებითი და არა - აბსოლუტური. ქართველ ხალხის უმრავლესობა დღესაც წერა-კითხვის უცოდინარი არის. 1897 წელს, საყოველთაო აღწერის ციფრების თანახმად, ქუთაისის გუბერნიაში ითვლებოდა 868 766 ქართველი, ამათგან წერა-კითხვის მცოდნე (ორივე სქესისა) იყო - 122 891 ანუ 14,2 %; ტფილისის გუბერნიაში ქართველების საერთო რიცხვი იყო 467 631, ამათგან წერა-კითხვის მცოდნე (ორივე სქესისა) 66 211 ანუ 14,1 %. საერთოდ ორსავე გუბერნიაში მცხოვრებ 1 336 397 ქართველში წერა-კითხვა იცოდა 189 102 ანუ 14,2 % -მა. როგორც ხედავთ, წერა-კითხვის მცოდნე მცხოვრებთა მხოლოდ მეშვიდედი ნაწილი ყოფილა, - მეტი არა და მარტო წერა-კითხვის ცოდნა ხომ არაფერი საბუთია ადამიანის სწავლა-განათლებისა. იმავე აღწერის ცნობებით 1897 წელს მთელ საქართველოში ყოფილა მხოლოდ 12867 ადამიანი (მცხოვრებთა 0,9 %), რომელთაც პირველდაწყებითზე უმაღლეს სკოლებში ჰქონიათ სწავლა დასრულებული. ცხადია, ასეთი მცირე ციფრი, რომელიც ჩვენში „ნასწავლთა“ რაოდენობას გვიდგენს თვალ-წინ კონკრეტულად, ვერ ჩაითვლება მაინცა და მაინც ჩვენი დიდ კულტურულ განვითარების მაჩვენებლად. ვთქვათ, 1897 წლის შემდეგ, 9 წლის განმავლობაში, სწავლა-განათლებამ შესამჩნევად იმატა, მაგრამ ეს მატება დღეს წინანდელზე ერთი-ორად მეტიც რომ ვიგულისხმოთ, მაშინაც არ ითქმის, რომ გონებრივ განვითარების აუცილებელი საშუალება - წერა-კითხვა - ვითომ საკმაოდ იყოს ხალხში გავრცელებული.

და უამისოდ კი, ე.ი. სანამ ხალხს ელემენტარული სასკოლო განათლება აკლია და საკითხავად შესაფერი მწერლობა არ მოეპოვება, ყოვლად შეუძლებელია გარკვეულ ცნობიერების საფუძველზე იყოს დამყარებული მისი პოლიტიკური საქმიანობა. ამიტომ ეს საგანი ჩვენის მხრივ ღირსია განსაკუთრებულ ყურადღების და მზრუნველობისა.

სახალხო სწავლა-განათლება სახელმწიფოებრივი საკითხია და ამიტომ ეს საქმე სევსებით სახელმწიფომ უნდა მოაწყოს და ჩვენ ცალკე მეცადინეობა აღარ გვჭირიაო, იტყვის ვინმე. მართალია, სწავლა-განათლების საქმე მთელს სახელმწიფოს შეეხება და ამიტომ საკანონმდებლო დაწესებულებამ უნდა გახადოს სავალდებულოდ საკმაო სკოლების დაარსება და საყოველთაო სწავლება. შეიძლება ვიფიქროთ კიდეც, რომ რუსეთის სათათბირო დააკანონებს ამას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იგივე სათათბირო ჩვენ არ შეგვიდგენს არც სასკოლო სახელმძღვანელოებს და არც საკითხავ წიგნებს წიგნთსაცავ-სამკითხველოებში დასაწყობად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, - პოლიტიკური უფლებები და რეფორმები საჭირო და აუცილებელია, მაგრამ ამასთანავე საჭირო და აუცილებელია ისიც, რომ ხალხმა გამოიჩინოს შემოქმედებითი ძალღონე და მოპოებულ უფლებით სარგებლობა ისურვოს.

ამ მხრივ ჩვენში დღეს თითქმის არა კეთდება რა. ყველას პირი პარლამენტისაკენ გვაქვს მიქცეული, იქიდან ველით ყველაფერს და გვავიწყდება, რომ, რაც უნდა ნაყოფიერი იქნეს ამ პარლამენტის მუშაობა, იგი მაინც გონებრივ საზრდოს არ გამოგვიგზავნის მზა-მზარეულად. ამ საზრდოს ეჭირვება შექმნა და ამისათვის კი საჭიროა გარჯა და მუყაითობა. დღეს ქართულ ენაზე სამკაპეიკიან ბროშურებს გარდა არავითარი მოზრდილი და საფუძვლიანი წიგნები არ იბეჭდება და თუ ხალხი შემდეგშიაც ამგვარ საზრდოს შემხედვარე დარჩა, იგი კულტურულად ნაბიჯს წინ ვერ გადასდგამს და ერთ ადგილას გაიყინება, თუნდა მას სხვა და სხვა პარტიებმა ქრისტეს მეორედ მოსვლამდინაც სულ უქადაგონ და უმეორონ, თავიანთ პროგრამებისამებრ, ქვეყნად მომავალ სამოთხისა და ბედნიერების დამყარება.

და, აი, რათა ეს მოსალოდნელი კულტურული დაქვეითება თავიდან ავიშოროთ, აუცილებლად საჭიროა ენერგიული კერძო თაოსნობა. განსაკუთრებით ამ საქმეში გვმართებს კერძო თაოსნობის გაძლიერება და დიდის გულმოდგინებითა და მუყაითობით წარმართულ მხნე მუშაობის გაჩაღება.

ივერია. - 1906. - 12. - გვ. 1-2

5.5 სახალხო განათლება შვეიცარიაში

▲back to top


ბაგრატ ბეთანელი

სახალხო განათლების ანუ სწავლა-აღზრდის მტკიცე ნიადაგზე დაყენების საქმე ერთი ისეთი დიდმნიშვნელოვანი საკითხთაგანია, რომელზედაც დამოკიდებულია საზოგადოდ ხალხის და კერძოდ ამა თუ იმ ერის მომავალი ბედნიერება. როდესაც ადამიანის ორგანიზმს ჯერ კიდევ არა აქვს დამთავრებული თავისი ფიზიკური და ფსიხიური განვითარება, იგი უაღრესად პლასტიურია; მხოლოდ განვითარების ამ პერიოდში შეუძლიანთ გარეგან ზეგავლენებს არსებითად იმოქმედონ ადამიანზე და შეჰქმნან ესა თუ ის ტიპი. ის ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ 30 წლის შემდეგ ვამჩნევთ ხოლმე (ორგანიზმის განვითარების დასრულების შემდეგ), არაა ღრმა, ზერელეა და სრულებითაც არ ეხება ინდივიდუმის სულიერ წყობილებათა ძირითად ელემენტებს. სწავლა-აღზრდის ეს ძირითადი კანონი კარგად ესმოდა ჩვენს დიდებულ მგოსანს-მოაზროვნეს ი. ჭავჭავაძეს, რომელიც გვეუბნება, რომ

„ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
„ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს“.

დიახ, ჩვენ მოვალენი ვართ, რომ დიდი ყურადღება მივაქციოთ მოზარდ თაობის აღზრდა-განვითარებას, გავუფაქიზოთ გრძნობა, გავუმდიდროთ გონება, ჩავუნერგოთ მის ნორჩ ბუნებაში სამშობლო კულტურის, მშობელი ერის და აგრედვე მთელი კაცობრიობის დიადი სიყვარული და ამრიგად გავაპოხიეროთ ის ნიადაგი, რომელზედაც უნდა აღმოცენდეს მშობელი ერის მომავალი კეთილდღეობა.

ყველასთვის ცხადია, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე სკოლასა და ოჯახს დიდი გავლენა აქვს. ვერავინ გამოგვედავება იმაშიაც, რომ სკოლა მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ცხოვრებასთან. ამიტომაც მხოლოდ ისეთი აღზრდა-განვითარება შეიძლება ჩაათვალოს მიზან-შეთანხმებულად, რომელიც ავითარებს მოზარდ თაობის ფიზიკურსა და სულიერ ძალებს, საშუალებას აძლევს, რათა მომავალში უკეთ შეეგუოს გარეშე პირობებს და რაც შეიძლება უკედ მოემზადოს ცხოვრებაში საბრძოლველად. ყველა ამისთვის კი საჭიროა ცოდნა, მხოლოდ ისეთი კი არა, რომელსაც დიპლომებით ზომავენ (ასეთი ცოდნა მოხელეებს დავულოცოთ). არამედ ჩვენთვის საჭიროა ისეთი ცოდნა, რომელიც ცხოვრებაში გამოსაყენებელი იქნება და ამა თუ იმ პრაქტიკულ საკითხების გადაწყვეტაში დახმარებას გაგვიწევს. ასეთ ცოდნას კი დღევანდელი ჩვენებური სკოლა არ იძლევა. იგი, პირიქით, მოწაფეს აზროვნების უნარს უხშობს, გონებას უჩლუნგებს, და, რაც უფრო სავალალოა, გადაგვარების და გათახსირების გზაზე აყენებს. ამიტომაც საჭიროა, რომ ჩვენმა მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ამ საცოდავობას და თავიანთ შვილებს პატარაობიდანვე ჩაუნერგონ და განუმტკიცონ ისეთი საღი გრძნობა-გონება, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“ ვერას ავნებენ. აგრედვე ჩვენი მოსწავლე ახალგაზდობაც მოვალეა თავიდანვე იზრუნოს ისეთ ცოდნის შესაძენად, რომელიც მომავალ ცხოვრებისა და პრაქტიკულ მოღვაწეობისათვის იქნება გამოსადეგი.

სულ სხვანაირად არის დაყენებული სწავლა-აღზრდის საქმე შვეიცარიაში. აქ ვერ შეხვდებით ვერც ე.წ. მუნჯურ მეთოდს და ვერც სხვა რამ ბავშვის გონების გამოსალაყებელ სისტემას. აქ სწავლა-აღზრდის საქმე ჰარმონიულად შეთანხმებულია ბავშვის ნორჩ ბუნებასთან. იგი თვით ცხოვრების რეალურ მოთხოვნილებებიდან გამომდინარეობს. შვეიცარია პედაგოგიურ იდეების აკვანია, მისი პროგრესის მატარებელი. აქ იღვწოდნენ გამოჩენილი პედაგოგები: ჟან-ჟაკ-რუსო, პესტალოცი, ფრებელი, და დღესაც დაუღალავად შრომობენ მრავალი შესანიშნავი ადამიანები; აქედან საზრდოობს მთელი ქვეყანა პედაგოგიურ მეცნიერებით; აქედან ეფინება მთელ დედა-მიწის ზურგზე სხვადასხვა გვარი სკოლები უკან ჩამორჩენილ ბავშვებისათვის, საზაფხულო კოლონიები ანუ სკოლები ტყეში, საყმაწვილო ბაღები და სხვ.

როგორც ვიცით, შვეიცარია პატარა სახელმწიფოა, სამ ეროვნებით არის დასახლებული (გერმანელებით, ფრანგებით და იტალიელებით), რომელთა რიცხვი საერთოდ ოთხ მილიონზე ცოტა ნაკლებია. იგი შესდგება 25 ფედერატიულად შეერთებულ კანტონებისაგან. თვითეული მათგანი თავის შინაურ საქმეებს დამოუკიდებლად განაგებს, ხოლო საერთო-სახელმწიფოებრივ საქმეებში კი კავშირის იურისდიქციას ექვემდებარება. შვეიცარია თავისი ბუნებით ჩვენს ქვეყანას ძალიან წააგავს. მაგ., ბაკურიანის მიდამოებში ბევრს ისედ მცენარეებს შეხვდებით, რომელთა მსგავსიც შვეიცარიის ალპებზე ჰხარობს, აგრედვე ზეადაგსაც დიდი მსგავსება აქვს. ამავე ბაკურიანის ახლოს გაშენებულია ტფილისის ბოტანიკურ ბაღის განყოფილება, სადაც ალპებიდან გადმონერგილი ზოგიერთი მცენარეულობა მშვენივრად ეთვისება ადგილობრივს ბუნებას და კარგათაც ჰხარობს. შვეიცარიაში ნამყოფი როცა ბაკურიანში მოდის საექსკურსიოდ, იგი ბევრს მსგავსებას ჰხედავს ამ ორ ადგილის ბუნებაში.

მთელს კავკასიაში ერთი უმაღლესი სასწავლებელიც კი არ არსებობს. შვეიცარიაში კი, რომელიც მცხოვრებთა რიცხვით სამჯერ ნაკლებია კავკასიაზე, არსებობს შვიდი უნივერსიტეტი და ერთი პოლიტეხნიკუმი შემდეგის განყოფილებებით: სახუროთ მოძღვრო, საინჟენერო, საფარმაცევტო, საკულტურო, სატყეო, სასოფლო-სამეურნეო, სამექანიკო და საპედაგოგო; არის აგრედვე ოთხი უმაღლესი საკომერციო სასწავლებელი. 1910 წ. აქ ითვლებოდა: 62 გიმნაზია, 32 რეალური სასწავლებელი, 43 სამასწავლებლო სემინარია, 43 სამრეწველო სკოლა, 81 სავაჭრო სკოლა, 445 სამეურნეო და საქალებო ხელსაქმის სკოლები. 13095 დაწყებითი სკოლა სკოლებისა 53775 მოსწავლე ქალ-ვაჟით, 2400 დამატებითი სკოლა, 770 საყმაწვილო ბაღი.1 გარდა ამისა, აქ არსებობს აგრედვე სხვა და სხვა კერძო საქველმოქმედო საზოგადოებანი, რომელნიც განათლების და მეცნიერების მიზანს ემსახურებიან, აარსებენ წიგნთსაცავ-სამკითხველოებს, მუზეუმებს, ჰმართავენ საჯარო ლექციებს, კრებებს, კონფერენციებს, სცემენ ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს და სხვ.

კავშირის საზოგადო წესდებათა ძალით, „სახალხო სკოლა სახელმწიფოებრივი დაწესებულებაა და ამიტომაც სახელმწიფოებრივ კავშირის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება. პირველდაწყებითი სწავლის მიღება ყველასათვის სავალდებულოა და უფასო. სკოლა უნდა ემსახურებოდეს არა მარტო ცოდნისა და უნარის გავრცელებას, არამედ იგი უნდა ანვითარებდეს აგრეთვე მოწაფის სულიერ ძალებსაც, უნერგავდეს მას კეთილზნეობრივ ლტოლვილებას, განუმტკიცებდეს ხასიათს და უმაგრებდეს ფიზიკურ ძალას. პირველდაწყებით სკოლას ჰარმონიული კავშირი უნდა ჰქონდეს სხვა უმაღლეს ტიპის სკოლებთან.“ როგორც ზემოდ ვსთქვით, თვითეული კანტონი თავის შინაურ საქმეებს თავისუფლად განაგებს. სახალხო განათლების გავრცელებაშიც მას წინ არაფერი ეღობება, არაფერი აფერხებს. „ყველა კანტონის მოვალეობას შეადგენს, მზრუნველობა გაუწიოს მცხოვრებთა შორის სწავლა-განათლების გავრცელების საქმეს. მას სრული უფლება აქვს გამოსძებნოს ესა თუ ის შესაფერი ღონისძიებანი ადგილობრივ საჭიროებათა მიხედვით.“ ჩვენში კი სწავლა-აღზრდის საქმეს ათასნაირი დაბრკოლება ეღობება წინ. გარდა ამისა, სწავლა-განათლების საქმე ჩვენში მხოლოდ მეხსიერებაზეა დამყარებული; საჭიროა, რაც შეიძლება მეტი დაიხსომო, და დაიხსომო... ამიტომაც ჩვენი სკოლები მხოლოდ ადამიანის მეხსიერებას ავარჯიშებს და სხვა დანარჩენ სულიერ თვისებებს კი უყურადღებოდ სტოვებს. ყოველივე ცოდნის მიზანი მხოლოდ მოქმედება უნდა იყოს. ცოდნა მხოლოდ იმას აქვს, ვისაც რომ შეუძლია იგი ცხოვრებაში გამოიყენოს. ჩვენს ბევრ ნასწავლებს კი ისეთი განკერძოებითი საგანის ცოდნაც ვერ გამოუყენებიათ ცხოვრებაში, როგორიც ბუნების-მეტყველებაა, რომელსაც შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს ყველა ადამიანს. მუნჯურ მეთოდის საშვალებით ბავშვის გაბაიყუშებაზე ხომ ლაპარაკიც მეტია. ამ საანბანო ჭეშმარიტების შეგნება მხოლოდ ისეთ ადამიანებს თუ გაუძნელდებათ, როგორიც არის ჩვენში კარგად ცნობილი „პედაგოგი“ ბ-ნი მკურნალი. გადავიდეთ ისევ შვეიცარიაში, სადაც მკურნალების „პედაგოგიურ ფსიხოლოგიას“ ადგილი არა აქვს.

კავშირის კონტროლი შვეიცარიის სკოლებზე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ იგი სამხედრო სამსახურში გაწვეულ ახალგაზრდობას ხელახლად გამოსცდის ხოლმე. ეს ხელახალი გამოცდები საჯარო გამოცდებს წარმოადგენენ. აქ ნათლად თვალწინ იშლება თვითეულ კანტონის წინსვლა სწავლა-განათლების საქმეში. ამიტომაც თვითეული მათგანი სცდილობს სხვებს არ ჩამორჩეს, რის წყალობითაც სახალხო განათლების საქმე ყველა კანტონში თითქმის ერთგვარად არის დაყენებული, ე.ი. წონასწორობა დაცულია.

შვეიცარიის სახალხო სკოლაში (პირველდაწყ. და უმაღლეს სახ. სასწავლებელში) რვა წლის კურსია. ამის გარდა, არსებობს აგრედვე საყმაწვილო ბაღები და კიდევ ე.წ. დამატებითი სკოლები პროფესიონალურ განათლების მისაღებად.

საყმაწვილო ბაღებში სწავლა ყველგან არ არის სავალდებულო და ამიტომაც მათი რიცხვი ყველა კანტონში ერთგვარი როდია, - ზოგში ბევრია, ზოგში ცოტა. მხოლოდ ფრანგებით დასახლებულ კანტონებშია იგი სავალდებულო და ამიტომაც აქ საყმაწვილო ბაღებს თვითონ მთავრობა ხსნის, სხვა ადგილებში კი მათი მოწყობა უფრო კერძო ინიციატივას ეკუთვნის. ასეთ ბაღების მიზანია, პაწია ბავშვები ჰასაკოვანობის შესაფერ მეცადინიობას შეაჩვიონ და ამრიგად სკოლისათვის მოამზადონ, რომ შემდეგში ყმაწვილების სწავლა-განვითარების საქმე შეუფერხებლად წავიდეს წინ. პირველდაწყებითსა და უმაღლეს სახალხო სკოლებში ორივე სქესის ბავშვები ერთად სწავლობენ; კათოლიკებით დასახლებულ ადგილებში კი მათი სწავლება უფრო ხშირად ცალკ-ცალკე სწარმოებს.

პირველდაწყებით სკოლის მასწავლებლისათვის აუცილებლად საჭიროა სპეციალურ განათლების მიღება. ასეთი განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ სამოსწ. სემინარიაში და ან კიდევ საშვალო სასწავლებლის პედაგოგიურ განყოფილებაში. სემინარიაში შესასვლელად საჭიროა უმაღლეს სახალხო სკოლის დამთავრება (8 წლ. კურსი). სემინარიაში ოთხი წლის კურსია. როგორც ვხედავთ, შვეიცარიის სამასწ. სემინარია ჩვენებურ ინსტიტუტს უდრის. უმაღლეს სახალხო სკოლის მასწავლებლობის მსურველმა, სემინარიის გარდა, კიდევ უნივერსიტეტში უნდა ისწავლოს ორ წელიწადს. გარდა ამისა, მან ექვსი თვე უნდა იცხოვროს იმ ქვეყანაში, რომლის ენაზედაც შემდეგში მოუხდება მასწავლებლობა. ჩვენში კი ადგილობრივ ენის და ზნე-ჩვეულებების ცოდნას, მეტი რომ არა ვსთქვათ, ყურადღებას არავინ აქცევს.

მასწავლებელთა განათლება-განვითარებას შვეიცარიაში დიდი ყურადღება აქვს მიქცეული. აქ დროგამოშვებით იმართება ხოლმე მასწავლებელთათვის პედაგოგიური ან საზოგადო განათლების ხასიათის კურსები. კურსებს აწყობს ხან თვით მასწავლებელთა ჯგუფები, ხან რომელიმე კერძო საზოგადოება და ხან კიდევ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულება. ასეთი კურსები ფრიად შესანიშნავია პროგრამის მრავალმხრივობით და მდიდარის შინაარსით. რასაკვირველია, მკურნალისებურ „ლექტორებს“ იქ ადგილი არა აქვთ.

(დასასრული იქნება)

_______________

1. ცნობები ამოკრებილია ჟურნალიდან «Извъстія по народному образованiю».

სახალხო ფურცელი. - 1914. - 27. - გვ. 2-3

5.6 სახალხო უნივერსიტეტები ევროპასა და ამერიკაში

▲back to top


. ჩერქეზიშვილი

(ლექცია)

4 მარტს, სახალხო სახლის კოპწია დარბაზში ბ-ნმა ვ. ჩერქეზიშვილმა წაიკითხა საყურადღებო ლექცია სახალხო უნივერსიტეტების შესახებ განათლებულ ქვეყნებში.

12 საათზედ დარბაზი უკვე გაიჭედა ხალხით. სახ. უნივერსიტეტთა კომიტეტის თავმჯდომარემ დერჟავინმა სთქვა, რომ კომიტეტი ამ დღიდან იწყებს სისტემატიურ კურსების მართვასაო. დრო გამოშვებით გაიმართება ლექციები ისეთს საგნებზე, რომლის შესწავლა-გაცნობასაც თვით ხალხი მოითხოვს. ლექციებს სხვა და სხვა სამეცნიერო საგნებზე კომიტეტი თავის შეხედულებითაც გამართავს. ამისათვის მეცნიერებს მოიწვევს როგორც საუნივერსიტეტო ქალაქებიდან, ისე ადგილობრივ სასწავლებლებიდან. დასასრულ დერჟავინმა სთქვა, დიდის მადლობით უნდა მოვიხსენიოთ ძმანი ზუბალაშვილები, რომელთაც თავიანთის მეცადინეობით და საფასით ააგეს ასეთი ძვირფასი სახლი და შეძლება მოგვცეს სახალხო ლექციების სისტემატიურად გამართვისაო. შემდეგ ბ-ნმა ჩერქეზიშვილმა წარმოსთქვა თავისი ლექცია.

მეტად სასიამოვნო და საყურადღებო ხანა იწყება, დაიწყო ლექტორმა, ტფილისის მშრომელ ხალხის გათვითცნობიერებისა და გამოფხიზლების საქმეში. სახალხო უნივერსიტეტების მომწყობი კომიტეტი დღეიდან იწყებს ლექციების სისტემატიურად მართვას და ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, რომ პირველად მხვდა წილად ახალს საქმეში ხმის ამოღება. კომიტეტი ტფილისის ყველა ეროვნებისაგან არის შემდგარი და იგი თვის მხნე მოქმედებით განამტკიცებს ერებს შორის ერთობასა და სოლიდარობას.

სახალხო უნივერსიტეტი ევროპაში დაჰბადა საფრანგეთის ერის დიდებულმა მოძრაობამ. სახალხო უნივერსიტეტების საქმემ მკვიდრი ნიადაგი მოიპოვა ამ 30-40 წლის წინად ინგლისში. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ იქაურ უნივერსიტეტებში მეტად ძვირად უჯდება ხალხს სწავლა. ახალგაზრდას წელიწადში 2500 მანეთი მაინც უნდა ჰქონოდა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დაესრულებინა. ამის გამო როგორც კი სახალხო უნივერსიტეტები გაჩნდა, მშრომელი ხალხი დიდის გატაცებითა და ხალისით დაეწაფა სწავლა-განათლებას. მშრომელნი უმთავრესად ზამთრობით მიდიოდნენ სოფლებიდან საუნივერსიტეტო ქალაქებში სასწავლებლად, რადგან ზამთარში უფრო თავისუფალნი იყვნენ. შოტლანდიაში მუშა ხალხი მორჩებოდა თუ არა სარჩოს მოვლას, წაიღებდა თან 60 მანეთს და ქალაქში გადადიოდა სასწავლებლად. სახალხო უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდნენ გამოჩენილი პროფესორები და მეცნიერები, როგორც მაგ., ტინდალი, გეკსლი, ლებოკი. ლექციებს კითხულობდნენ მექანიკის, ფიზიკის, ქიმიის და მეცნიერების სხვა დარგების შესახებ. პირველად ეგონათ, რომ ასეთს საგნებზე ლექციები ხალხისთვის მოსაწყენი იქნება და არავინ ივლისო, მაგრამ ეს მოსაზრება არ გამართლდა: ხალხი დიდის ინტერესით დადიოდა.

მესამოცდაათე წლების დამლევს მეცნიერმა ტონდემ მოგზაურობა დაიწყო ინგლისის სხვა და სხვა კუთხეებში. იგი პროპაგანდას ეწეოდა. სახალხო უნივერსიტეტების დაარსების შესახებ, ამასთან ფულსაც ჰკრებდა სახალხო სახლისათვის. რომანისტმა შეზდემ მოწოდებებით და წერილებით მიმართა მცხოვრებთ, გამოეღოთ ფული სახალხო სახლის ასაგებად. მართლაც, მალე ფული მოიკრიბა და მშვენიერი სახალხო სახლი ააგეს ლონდონის მშრომელთა უბანში. სახალხო სახლში იყო თეატრი, სამკითხველო, წიგნთ-საცავი, ლექციების საკითხავი დარბაზი. რა თქმა უნდა, ერთი სახალხო სახლი ვერ დააკმაყოფილებდა იმ ნაწილს ლონდონისას, სადაც 2 მილიონი სცხოვრობს. ამიტომაც, რაკი ხალხში დაიბადა წყურვილი სწავლისა, მალე მოეწყო მრავალი სახალხო კურსი და კლუბი. იქ ამ ჟამად ასეთი დაწესებულება 3000-ზე მეტია.

ისარი. - 1907. - 49. - გვ. 3

5.7 სახალხო უნივერსიტეტები ევროპასა და ამერიკაში

▲back to top


. ჩერქეზიშვილი

(ლექცია, დასასრული)

მე-70 წლების დასაწყისში ახალგაზდა მეცნიერთა შორის დაიბადა აზრი - ფედერატიულს ნიადაგზე თავი მოეყარათ სახალხო განმანათლებელ დაწესებულებათათვის. ამისათვის დაარსეს შემაერთებელი ბიურო, რომელმაც იკისრა სისტემატიურად ლექციებისა და ხალხის განსავითარებელ კურსების წარმოება. უმთავრესად ლექციებს კითხულობდნენ ჰიგიენისა და ფიზიოლოგიის შესახებ; ხალხის მოთხოვნილებით შემდეგ სხვა საგნების შესახებაც შეუდგნენ კითხვას.

სახალხო უნივერსიტეტები მალე სხვა განათლებულ ქვეყნებშიაც გაჩნდნენ: საფრანგეთსა, ჰოლანდიასა, გერმანიასა და სხვაგან. ლექციების გათავების შემდეგ მოსწავლეთ გამოსცდიდნენ ხოლმე. მშრომელ ხალხისათვის უფრო ნაყოფიერი გამოდგა კამათი, რომელიც ლექციების შემდეგ იმართებოდა. რათა კითხვების მიცემა და განმარტების მოთხოვნა არ გასჭირებოდათ მსმენელთ, ლექციის დაწყებამდე ხალხს ურიგებდნენ წინადვე შედგენილ პროგრამას და ლექციის შემდეგ იმართებოდა კამათი, რომელშიაც მხურვალე მონაწილეობას იღებდა ხალხი.

კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა გამოიკვლიეს, თუ რამდენი ლექციაა საჭირო ამა თუ იმ საგნის შესასწავლად. პროფესორებმა გამოცდაც დაუწყეს მსმენელთ. 3000 კაცამდე ატესტატი მიიღო. მაგრამ მუშები სწავლას ეტანებოდნენ, არა იმიტომ რომ მოწმობა-ატესტატები მიეღოთ, მთავარი მათი მისწრაფება გონების გამოფხიზლება და გამდიდრება იყო. რომ ხალხი სახალხო უნივერსიტეტში ატესტატების მიღებით არ იყო გატაცებული, ამას ამტკიცებს ის, რომ ამ ბოლო დროს 45, 000 კაციდან მხოლოდ 800 კაცმა მიიღო მოწმობა. მრავალი ფაქტია იმის დასამტკიცებელი, თუ რა ნაყოფი მოიტანეს სახალხო უნივერსიტეტებმა ინგლისში. მოვიყვან ერთს გასაოცებელ მაგალითს. ამ ორი წლის წინად ლონდონში გამოვიდა სამ კაპეიკიანი წიგნი. წიგნაკის ავტორი წინად ექიმთან ხელზე მოსამსახურედ იყო. იგი სწერდა, როგორ გახდა სოფლის მეურნედ და რა შემოსავალს იძლეოდა დესეტინის ერთი მეოთხედი, რომელიც იჯარით აეღო. ამ კაცს, როგორც ქალაქში მცხოვრებს, წარმოდგენა არც-კი ჰქონია მიწის მუშაობაზე. სახალხო უნივერსიტეტის გათავების შემდეგ შეუძენია ერთი წიგნი მეურნეობის შესახებ, თეორიულად შეუსწავლია მიწის მუშაობა და შემდეგ თავისს დაკვირვებით ისე კარგად დაუმუშავებია დესეტინის ერთი მეოთხედი ანუ 600 ოთხკუთხი საჟენი, რომ წელიწადში იგი იღებდა 500 მანეთამდე. სთესდა კართოფილს, კომბოსტოს და სხვა მცენარეს.

ამერიკაში სულ 484 უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავლებელია. ხშირად პატარა უნივერსიტეტები არსდება. ასეთ უნივერსიტეტში პირველ ხანს 30 სტუდენტისა და 12 პროფესორის მეტი არც-კი არის ხოლმე, მაგრამ თან და თან უნივერსიტეტი იზრდება, სკოლებს იქ საზოგადოება ინახავს. სადაც ქალაქი ან დაბა შენდება, უსათუოდ სტოვებენ მოზრდილ ადგილს სკოლისათვის. შემდეგ ადგილს ნაჭრებად ჰყიდიან ან იჯარით აძლევენ და ამით მუდმივ წყაროს უჩენენ სკოლებს. მივარდნილ და მიყრუებულ პროვინციებშიაც დიდძალი სკოლებია მოწყობილი, ასე რომ ამდენ სასწავლებლებთან თითქმის საჭირო არც-კი უნდა იყოს სახალხო უნივერსიტეტი. მაგრამ ხალხი მარტო სკოლებს არა სჯერდება. იქ სხვა ნაირად ეწყობა სახალხო უნივერსიტეტების საქმე. ყოველ წლობით ახალგაზდა მეცნიერნი ათასობით მოგზაურობენ ქალაქიდან ქალაქში, და მიდიან დაბაში და ჰკითხულობენ სახალხო ლექციებს. მშრომელი ხალხი ზაფხულში სხვა და სხვა საქმეზე მუშაობს სოფლად და ოქტომბრიდან ქალაქებში მიდიან და სახალხო უნივერსიტეტსა და პროფესიონალურ სკოლებში დაიარებიან. კერძო ინიციატივამ სახალხო განათლების საქმე ამერიკაში უმაღლეს ხარისხამდე მიიყვანა, ასე რომ მარტო სახალხო სამკითხველოები ამ ჟამად 60, 000-ზე მეტია. ბიბლიოთეკები იმდენად ხელ-მისაწდომია ხალხისთვის, რომ ხშირად გამგენი სწერენ მკითხველებს: შემოგვითვალეთ, რომელი წიგნი გნებავთ წასაკითხავად და, თუ ვერ მოიცლით და ვერ მოხვალთ წიგნის წასაღებად, ჩვენ გამოვგზავნით სახლშიო. ყველა ამან ისე დააწინაურა ამერიკა, რომ რაღაც სამოც თუ ოთხმოც წლის განმავლობაში ამ ქვეყანას კულტურულის ცხოვრებით, სიმდიდრით და ხალხის საზოგადო ბედნიერებით მთელს ქვეყნიერებაზე პირველი ადგილი უჭირავს. მართალია, ამერიკაში კერძო აღმოჩენანი მეცნიერებასა და ტეხნიკაში ისე არ არის განვითარებული, როგორც, მაგალითად, გერმანიასა, საფრანგეთსა და ინგლისში, მაგრამ ამ ქვეყნების მეცნიერთა აღმოჩენა-გამოკვლევანი ამერიკელებმა ყველაზე უკედ გამოიყენეს. რუსეთს გამოჩენილი მწერლები ჰყავდა - პუშკინი, ლერმონტოვი, ტურგენიევი, მუშათა ღვიძლი შვილი შევჩენკო, მაგრამ სულ სხვა საკითხია, როგორ გამოიყენა ხალხმა მათი ნაწერები. პუშკინისა და ლერმონტოვის დროს ხალხი მონობასა და სატანჯველში იყო; ტურგენიევის დროს სიბნელეში. რუსეთი მაშინ იქნება ბედნიერი, რომ საზოგადო შეგნება და განვითარება ისეთივე იქნება, როგორიც ამერიკელთა ფერმერებშია.

ინგლისის გავლენით, სახალხო უნივერსიტეტების მოწყობის საქმე გადავიდა ავსტრო-ჰუნგრეთსა, გერმანიასა, საფრანგეთსა და სხვა ადგილებში. უფრო ცოცხლად და ნაყოფიერად ეს საქმე საფრანგეთში მოეწყო. სახალხო წიგნების გამოცემის საქმე საფრანგეთში სამაგალითოდ მოეწყო. უდიდესი ნაწარმოებიც-კი საფრანგეთში პაწაწა რვეულებად გამოსცეს. მუშები შაბათობით ასეთ რვეულს გროშის ფასათ იძენდნენ, ასე რომ რამდენისამე ხნის შემდეგ მთელი ტომები ჰქონდათ შეძენილი. მე დავათვალიერე ბინა ერთის მხატვრისა (მალიარი), რომელსაც ძვირფასი ბიბლიოთეკა ჰქონდა. იგი შეეძინა რამდენისამე წლის განმავლობაში. პარიზში მუშებმა თავიანთ უბნებში თავიანთ შრომით მოაწყეს სახალხო უნივერსიტეტების სადგომები, სამკითხველო ბიბლიოთეკები და სხვა. ერთი ასეთი სახალხო სახლი მეც დავათვალიერე და გავვოცდი, როცა გამოვიკითხე, თუ როგორ მოეწყოთ თვით მუშებს მშვენიერი დარბაზი. ჩემს შეკითხვაზე, რა სახსრით გააკეთეთ მეთქი, მიპასუხეს - მასალა ვიყიდეთ შეერთებულის თანხით, ხოლო მუშაობით, ჩვენ თვითონ ვმუშაობდით: ვიცით კალატოზობა, დურგლობა, შელესვა, ღებვა და სხვა.

აი ასე კარგად მიდის სახალხო განათლების საქმე დაწინაურებულ ქვეყნებში და დროა რომ ჩვენც შეუდგეთ ამ საქმესაო. ლექტორი ხანგრძლივის ტაშის ცემით დააჯილდოვეს დამსწრეთ. ლექციამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე.

ისარი. - 1907. - 50. - გვ. 3

5.8 სახალხო უნივერსიტეტი ჩვენში

▲back to top


იაკობ გოგებაშვილი

ბურჟუაზია, არისტოკრატია და ბიუროკრატია გრძელს გზას ადგია განათლების საქმეში... გიმნაზიისათვის მოსამზადებლად იგი ახმარებს სამს-ოთხს წელიწადსა; თვით გიმნაზიის კურსის დასრულებას ანდომებს რვა-ცხრა წელიწადსა, დიპლომის მიღებისათვის უნივერსიტეტში სწავლობს ოთხს-ხუთს წელიწადსა. სულ სწავლის დამთავრებას ეს სამი წოდება ანდომებს უკანასკნელ თხუთმეტს წელიწადსა. მეოთხე წოდებას ანუ ხალხს არ შეუძლიან ასეთი გრძელი გზა ამოირჩიოს განათლებისათვის. მას არა აქვს ამისათვის არც საჭირო დრო, არც საჭირო ნივთიერი სახსარი. მაგრამ თუნდაც რომ ჰქონდეს, ეს გზა მისთვის გამოსადეგი არ იქმნება. სწავლის საქმე გიმნაზიებში და სხვა საშუალო სასწავლებელში, აგრეთვე უნივერსიტეტში ისეა მოწყობილი, რომ იგინი წარმოადგენენ დიდს სამოსწავლო ქარხნებს, სადაც მზადდებიან მოხელეები და ბურჟუები. ხალხს-კი სრულიად სხვა სწავლა ესაჭიროება, სრულიად სხვა ცოდნა სწყურიან. სწავლამ და ცოდნამ იგი უნდა მოამზადოს ერთი მხრივ ბუნებასთან ბრძოლისათვის, მეორე მხრივ სოციალურ სანატრელის ცვლილებისათვის. ამასთან თუ ამ ორ-გვარს ბრძოლისათვის მოემზადება მხოლოდ მცირედი ნაწილი ხალხისა და უმრავლესობა-კი სიბნელეში დარჩება, მაშინ ეს ბნელი უმრავლესობა ნათელს უმცირესობის ყოველს ცდას ფუჭად ჩაატარებს. მაშასადამე, საჭიროა ისეთი ხელსაწვდენელი ჩირაღდნები, ანუ ლამპრები ცოდნისა დავანთოთ თვით ხალხს შორის, რომ მთელს ერში მოფინოს გონებრივი ნათელი. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი არ არის განათლების ლამპრის სიახლოვე ხალხთან. ლამპარი შეიძლება შენს გვერდით იყოს, მაგრამ ხრჩოლავდეს და რიგიანად ვერ გინათებდეს. წარმოიდგინეთ, რომ სახალხო სასწავლებელი სოფლების შუა-გულშია; მაგრამ სწავლება-კი მიდის არა დედა-ენაზე, არამედ სახელმწიფო ენაზედ. რას მოჰფინავს თავის გარშემო ამისთანა ლამპარი? არა სინათლესა, არამედ კომლსა, ჯანესა და ბურუსსა. შევჩერდეთ ერთს წამს ამ საგანზე, ენის მნიშვნელობაზე მაღალთა წოდებათა და მეოთხე წოდების დამოკიდებულება დედა-ენასთან ბევრით განირჩევა ერთმანეთისაგან. პირველ წოდებათ სისხლი შერეული აქვთ, აგებულება მათის ბუნებისა წმინდა ეროვნული არ არის. ამიტომ უცხო ენის ხმარება სასტიკად არ ეწინააღმდეგება მათს ბუნებასა. ამის გარდა იგინი დაბადებიდანვე ტრიალობენ მთავარის ერის შვილთა შორის და ადვილად სწავლობენ სახელმწიფო ენასა თვით ოჯახშივე პატარაობიდანვე, მიუხედავად ამისა, საგნების სწავლება სახელმწიფო ენაზე არა მარტო მოსამზადებელს კლასებში, არამედ პროგიმნაზიულშიაც უნდა ჩაითვალოს მეტად მავნებლად მაღალთა წოდებათა შვილებისათვისაც...

მით უმეტეს მავნებელია სწავლება უცხო ენაზე ხალხისათვის. ხალხის ძარღვებში სდის წმინდა ეროვნული სისხლი, მისი ბუნება მთლად ეროვნულია. ამიტომ არა ბუნებრივი ენის ხმარება სასტიკად ეწინააღმდეგება ხალხის ბუნებას, აგებულებასა, უხშობს მას შემოქმედების ძალასა, თავისებურებას ნიჭისას და მეტად აბრკოლებს ცოდნის მოფენას ხალხში... აბრკოლებს იმის გამო, რომ ხალხი მოკლებულია ღონის ძიებას რომელიმე უცხო ენა იმდენად შეითვისოს, რომ მისი შუამავლობით ცოდნის შეძენა შეეძლოს. საყველპურო ცოდნა ამისთანა ენისა საბაზროდ თუ გამოდგება, თორემ განათლებისთვის ყოვლად უძლურია. გაუგებარი ენა როგორ გააგებინებს ხალხს გასაგებ, ასახსნელს, განსამარტებელს საგნებსა! სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს დედა-ენას განათლების სფეროში. იგი კარგად იცის ხალხმა, აკვნიდან აქვს ღრმად შესწავლილი, იგი შეხორცებულია მის გონებასა და გულთან და ამის გამო შეუდარებელს ღონის ძიებას წარმოადგენს სწავლასა და ცოდნის მოფენისათვის. გასაგებს გაგებულით იგებს, ერი, ასახსნელს ახსნილით, განსამარტებელს განმარტებულით, საცოდნელს ცნობილით. დედა-ენას მეოთხე წოდებისათვის ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პირველის სამის წოდებისათვის. იგი ნამდვილს დემოკრატიულს იარაღს წარმოადგენს.

ამიტომ ხალხის განათლება უნდა თავიდან ბოლომდე მოეწყოს უსათუოდ დედა-ენაზე. ამას მოითხოვს არა მარტო სიკეთე ხალხისა, არამედ დიდი ნაციონალური ინტერესიც.

ენა, როგორც მოგეხსენებათ, ცოცხალი ორგანიზმია, იგი თხოულობს მუდმივ ზრდას, განვითარებასა. შეაჩერეთ მისი ზრდა, და იგი დაჟანგებას იწყებს, უკან-უკან წავა, გაღატაკდება, გაქრება, დაიმარხება და სამარეში თან ჩაიტანს თავის შემქმნელ ერსაც. ჩააყენეთ იგი ნორმალურს მდგომარეობაში, შეჰქმენით მისი ზრდისათვის საჭირო პირობანი და იგი განვითარდება, აყვავდება, გამდიდრდება ლექსიკონით და ფორმებით, თავისს ლიტერატურას ააღორძინებს, მეცნიერებას დაბადებს და შეჰქმნის ნაციონალურს ნიადაგზე და მოუმზადებს თავის შემქნელ ერს ნათელსა და სანატრელს მომავალსა.

სიკვდილის გზას ადგია ყოველი ენა, რომელიც გამეფებული არა არის ოჯახსა და სკოლაში... იზრდება, ძალით და ღონით ივსება ყოველი ენა, რომელიც მეფობს ოჯახსა და სკოლაში...

ეს კარგად უნდა გვესმოდეს ქართველებსა და ჩვენი ენა გავამეფოთ არა მარტო ოჯახში, არამედ ყოველ სახალხო სკოლაშიაც, რა ხარისხისაც უნდა იყოს ეს სკოლა...

ვსთქვათ, ჩვენი სამოსწავლო გეგმა, რომელიც ჩვენს წინა წერილში განვმარტეთ, მიღებულ და სისრულეში მოყვანილ იქმნა. ვსთქვათ, ყველა ქართველს სოფელში დაარსდა ქართული წერა-კითხვის სკოლა ორას წლის კურსით. ვსთქვათ, ყოველმა ოთხმა-ხუთმა სოფელმა შეერთებულის ძალით დააფუძნა სახალხო სკოლა ოთხის წლის კურსით, საცა ყველა საგნების სწავლება იქნება დედა-ენაზე. ვსთქვათ, კიდევ მეტიც: ჩვენმა ხალხმა, თავისუფალ რეჟიმის წყალობით მოღონიერებულმა ნივთიერად, მიუმატა სახალხო სკოლას ორი წლის კურსი კიდევა და მთელის რვა წლის განმავლობაში სწავლება თავისი მოზარდი თაობისა უზრუნველ ყოფილი გახდა. საკმარისი იქნება ესა ცოდნის მოფენისა და ენის გამდიდრებისათვის ხალხში?

არა, საჭიროა უმაღლესი კურსები ხალხისათვის, მის შორის დაარსებული, ანუ ქართული სახალხო უნივერსიტეტი. ამისთანა დიდი სწავლის ლამპარი დიდ დროს და დიდ ხარჯს არ მოითხოვს და ყოველ კუთხეს საქართველოისას შეუძლიან საკუთარი უნივერსიტეტი დააარსოს და შეინახოს.

სახალხო უნივერსიტეტი ევროპასა და ამერიკაში საუკეთესო ღონისძიებად მიაჩნიათ განათლების მოფენისათვის ხალხში. ჩვენში იგი უფრო უკეთეს, უფრო უსაჭიროეს დაწესებულებად უნდა ჩაითვალოს და აი რად: ევროპასა და ამერიკაში ყოველს ერს თავისს დედა-ენაზედ აქვს მოწყობილი სწავლა ყოველგვარს სასწავლებელში. რომელ სასწავლებელშიაც უნდა შევიდეს იქაური გლეხის შვილი, ყველგან მას დახვდება გამეფებული მისი ღვიძლი ენა, რომელიც ჩინებულად ესმის. ჩვენში კი წამლადაც ვერ მოსძებნით ვერც ერთ საშუალო სასწავლებელს, სადაც საგნებს დედა-ენაზე ასწავლიდნენ. ეს გარემოება ჩვენებურს გლეხს უკეტავს კარებს ყოველი სასწავლებლისასა. მისთვის ქართული უნივერსიტეტი ერთად ერთი ღონისძიებაა სანატრელის სწავლის შეძენისათვის. ამასთან იგი ბევრად უფრო ცოცხალი დაწესებულებაა, ვიდრე ოფიციალური სასწავლებლები. გიმნაზიებში მაგალითად, მოწაფეებს ტვინს უღლის და ილაჯს უწყვეტავს გაზეპირება მშრალი სახემძღვანელოებისა. სახალხო უნივერსიტეტში გამეფებულია ცოცხალი სიტყვა, იქ ისმენენ ცოცხალ ლექციებს და მოშორებულნი არიან მჭლე წიგნების გაზეპირებას. ოფიციალურს სასწავლებლებში მასწავლებელნი არიან ყურმოჭრილი ყმანი ოფიციალურის რეჟიმისა და სულ იმას ცდილობენ, თუ როგორ აამონ თავის უფროსებსა და წინ აწიონ სამსახურში. მოსწავლეთა სიკეთე კი ყველა მათგანს, მეტ-ნაკლებობით დავიწყებული აქვთ. სახალხო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ თავისუფალნი ინტელიგენტნი, განსწავლულნი მამულიშვილნი, რომელნიც გამჭვალულნი არიან ხალხის სიკეთითა. თუ მათ შორის მოექცევა რომელიმე მოხელე-მასწავლებელი, იგიც ხალხის ინტერესით [არ იკითხება], რადგანაც ხალხი არა მარტო [არ იკითხება] და შემნახველია თავისი უმაღლესი რასებისა, არამედ სრული მისი ბატონი.

მაგრამ საქმე ის არის, [არ იკითხება] უნდა ისწავლოს ხალხმა ამ თავისს უნივერსიტეტში? ევროპასა და ამერიკაში ასწავლიან უმთავრესად იმავე საგნებს, რომელიც სახალხო სკოლის გეგმაში არიან მოქცეულნი, მხოლოდ უფრო ვრცლად და დაწვრილებით.

ჩვენის ხალხის განსხვავებული მდგომარეობა მოითხოვს განსხვავებულს პროგრამას.

ევროპასა და ამერიკაში ცხოვრების იდეალები ხალხს არამც თუ შეგნებული აქვს, არამედ მეტ-ნაკლებობით განხორციელებული. იქ ოჯახი კულტურულად არის მოწყობილი. მეზობლებთან დამოკიდებულებათა და ურთიერთობაში სუფევს ზნეობრივი სიმართლე კაცთ-მოყვარეობა, სოფელი წარმოადგენს დიდს კრებულს, რომელიც მოქმედებს თანახმად სასოფლო ინტერესებისა, სოფელთა ურთიერთობა ქალაქებთან სამართლიან ნიადაგზე სწარმოებს, წოდებათა შორის განწყობილებას ადამიანური ხასიათი აქვს, იქაური სახელმწიფო თავისუფალს პრინციპებზე არის დამყარებული და იცავს ამ პრინციპებს და მათ განხორციელებას მთელის თავისი ძალითა.

ჩვენში კი ჯერ-ჯერობით არც ცხოვრების იდეალების შეგნებაა და მით უმეტეს არც მათ განხორციელების სახსენებელი. Oჯახიდან დაწყებული სახელმწიფოს უმაღლეს მწვერვალებამდე გამეფებულია ეგოიზმი, სიხარბე, შური, უკიდურესი უსამართლობა, სრული უადამიანობა, ბატონ-ყმობა, ყველა იმასა ცდილობს, თავისი ბედნიერება სხვის უბედურებაზე ააშენოს, დაიბრიყვოს მოყვასი დაამონავოს, ყველა მტერია სხვისი და ყველანი მტარვალნი არიან ერთმანეთისა...

ასეთი უადამიანო ყოფა-ცხოვრებით გახსწნილია ჩვენში ყველა ელემენტი, ყველა ჯგუფი, ყველა წოდება, ყველა კლასი, ხალხიც არ შეადგენს ამ შემთხვევაში გამოკლებასა.

ეს არის მთავარი ბოროტება ჩვენის ანორმალურის მდგომარეობისა და მას უნდა მედგარი ომი გამოუცხადოს სახალხო უნივერსიტეტმა. მაგრამ როგორ და რა გზით? იქნება თეორეტიული მეცნიერების შესწავლითა? მეტად მჭევრმეტყველურს პასუხს იძლევა ბეკონის მაგალითი ამ საკითხზე. ეს სახელოვანი ინგლისელი იყო პირველი ფილოსოფოსი და პირველი მეცნიერი თავისი დროისა. და ამავე დროს დაიმსახურა სახელი პირველის მოქრთამისა და მოღალატისა პოლიტიკურ საქმეში.

ცხოვრების ძირიან-ფესვიანად განახლებისათვის ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ცოცხალ მაგალითებს წმინდა კულტურულის წეს-წყობილებისას, თავისუფალი რეჟიმისას, მოგეხსენებათ, რომ პლუტარსის გმირების გაცნობამ ბევრი, ძალიან ბევრი ჭაბუკი გახადა მათ მხურვალე თაყვანისმცემლად, მიმბაძველად და გადააქცია საუკუნოდ სადიდებელ გმირებად. აი მაგალითი, რომლითაც უნდა ისარგებლოს ჩვენებურმა სახალხო უნივერსიტეტმა. მან უნდა უპირველესად ყოვლისა ზედმიწევნით, სურათულად გააცნოს ჩვენი ხალხი დაწინაურებულ ერების კულტურულ ცხოვრებას... სოციალური ეტნოგრაფია- აი მთავარი საგანი ჩვენებურის სახალხო უნივერსიტეტისა. ყოველმა გლეხმა, რომელიც კი გახდება ღირსი ამ საკულტურო ტაძრისა, ასე ვთქვათ, უნდა კონკრეტიულად, დაწვრილებით გაითვალისწინოს, ცოცხალი ლექციების საშუალებით, შემდეგი საარსო მხარეები დაწინაურებულის კულტურულის ცხოვრებისა: 1) როგორ არის აგებული ოჯახი იმ ბედნიერ სახლებში, რა ურთიერთობა და დამოკიდებულება არსებობს ოჯახის წევრთა შორის, რა უფლება აქვს თვითეულს წევრს ოჯახისას და რა უფლებით სარგებლობენ ქალები, როგორ არის განაწილებული ოჯახური შრომა რა გვარს წეს-რიგს მისდევენ გარჯილობაში, ჭამა-სმაში, დასვენებაში, გართობაში, რამდენად უყვართ წიგნებისა და გაზეთების კითხვა, რა გვარი წიგნები შეადგენენ საოჯახო ბიბლიოთეკას, რა დამოკიდებულება აქვს ოჯახსა სკოლასთან, მოძღვართან, ეკლესიასთან და სხვანი; 2) რა პრინციპზე, რა საფუძველზე არის აგებული სოფლის ორგანიზაცია, განწყობილება; რა გვარი ურთიერთობა არსებობს ოჯახთა შორის; რა პატივით ეპყრობიან ერთმანეთის უფლებას; როგორ მართავს თავისს საქმეებს სოფელი, როგორ ირჩევს მამასახლისს, მოსამართლეებს და სხვა თავის მოხელეთა, როგორ უძღვება სასოფლო, საერთო სამუშაოებსა; როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ოჯახები სხვა და სხვა საქმეებში; როგორი სკოლა აქვთ; რა საგნებს ასწავლიან ამ სკოლაში; როგორ ირჩევს სოფელი თავისი სკოლის მასწავლებელს; როგორ ირჩევს თავის სულიერს მოძღვარს, როგორ ინახავს მას და რა გვარი განწყობილება აქვს ეკლესიასთან; რა ხარისხის თვით-მართველობით სარგებლობს სოფელი და სხვანი. 3) კავშირი სოფლისა სხვა სოფლებთან; კოლექტიური ერთეული სოფლებისა; სიდიდე ამ ერთეულისა, მისი ურთიერთობა თვითეულს სოფელთან, მისნი უფლებანი. 4) უფლებანი და მოვალეობანი უფრო დიდი ერთეულობისა. 5) საზოგადო კავშირი ყველა ამ ერთეულთა, ანუ სახელმწიფო; სახელმწიფოს ორგანიზაცია; თავისუფლების პრინციპები, რომელზედაც აგებულია სახელმწიფოს მართვა-გამგეობა; ფორმა სახელმწიფოს მართვისა; უფლებანი სახელმწიფოს მეთაურისა; უფლებანი პარლამენტისა; საარჩევნო უფლებანი ერისა, და სხვანი. 6) ვის ხელშია მიწა-წყალი; რა ხარისხზე სდგას ხვნა-თესვის კულტურა; რა ღონისძიებას და ხერხს ხმარობენ, რომ პატარა მიწიდან დიდი მოსავალი მიიღონ; მერამდენე ნაწილს მოსავლისას აძლევს მხნელ-მთესველი მიწის მესაკუთრესა; რა გვარი რეფორმა მიაჩნიათ შესაძლოდ და სანატრელად მიწის მფლობელობაში და სხვანი; 7) ქარხნები და ზაოდები; მუშათა მდგომარეობა; რამდენს საათს შრომობს მუშა და რა ფასს იღებს; რა ხერხებს ხმარობენ მუშები თავისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? რა მიაჩნიათ მათ თავისს იდეალად და რა ღონისძიებით უნდათ მისი განხორციელება, და სხვანი...

აი მთავარი საგანი, რასაც ქართულში სახალხო უნივერსიტეტმა უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. მან უნდა ხალხს გაუთვალისწინოს, რაგვარად არის ახსნილი და განხორციელებული ჩამოთვლილი საკითხები არა ერთს კულტურულს ქვეყნებში, არამედ სხვა და სხვაში. შედარებითი მეთოდი აქაც დიდ დახმარებას გაუწევს საუნივერსიტეტო ლექტორს საგნების გამორკვევაში, განათებაში, ამ მეთოდის წყალობით მსმენელნი კარგად დაინახავენ, რომ თავის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხალხს დასჭირდა დიდი ბრძოლა და მისი კეთილდღეობა ეხლაც სხვა და სხვა კულტურულს ქვეყანაში სხვა და სხვა ხარისხზე სდგას; ევროპაში გლეხებსა და მუშებს ჯერ ბევრი რამ აკლიათ; მეტს ეწივნენ ამერიკაში, უფრო კიდევ მომატებულის ღირსნი გახდნენ ავსტრალიასა და ზელანდიაში... დაახლოებით გაცნობა კულტურულის ხალხების წარმატებისა ჩვენს ხალხს დაანახვებს, თუ რა სოციალური ცვლილებაა შესაძლებელი და რა შეუძლებელი. პირველს მტკიცედ და შეუპოვრად მოითხოვს. მეორეს გვერდს აუქცევს ჯერჯერობით.

ყველა სხვა საგნების პროგრამასაც უნდა ჰქონდეს რეალური, პრაქტიკული ცხოველი ხასიათი ჩვენს სახალხო უნივერსიტეტებში... ქიმიას, ფიზიკას, ბოტანიკას, ზოოლოგიას იმ მხრივ უნდა აუხსნიდნენ მსმენელთ ლეკტორები, რა მხარესაც უფრო მეტი კავშირი აქვს ცხოვრებასთან და მის გაუკეთესებასთან. ისტორიიდანაც უნდა გააცნონ ის მომენტები, რომელთაც დაანახვეს ხალხს ახალი ჰორიზონტები, შესძინეს მას ახალი იდეალები, დაბადეს ახალი მისწრაფებანი, შემოიღეს ახალის სოციალური ცვლილებანი, გაამდიდრეს კაცობრიობის პანტეონი ახალი გმირებითა...

დასასრულს უნდა ვსთქვათ რომ შევძლებთ ხალხის განათლება ნათელს პედაგოგიურს გზაზე დავაყენოთ, დავაარსოთ დაუბრკოლებლივ ქართული წერა-კითხვის სკოლები ყველა სოფელში, სახალხო სკოლები ფართო პროგრამითა და ბოლოს ვეღირსოთ სახალხო ქართულს უნივერსიტეტსაც; მაგრამ ყველა ამისთვის საჭიროა შესაფერი ტაქტიკა. ჩვენ, მაგალითად, უარი არ უნდა ვსთქვათ ქართულს სკოლაზე იმის გამო, რომ ამავე წამს არ გვაძლევენ მოქალაქეობრივ თავისუფლებას. მივბაძოთ ჭკვიან და მხნე პოლონელების მაგალითს, რომელნიც უპირველესად ყოვლისა თხოულობენ კულტურულს თავისუფლებას, თავისუფლებას ეროვნულის სკოლებისას, თხოულობენ ახლავე ამ წამში, და დიდი სიამოვნებით გახსნიან ყველგან პოლონურს სკოლას, თუნდაც მაშინვე არ მიანიჭონ მათ მოქალაქეობრივი თავისუფლება... წასაბაძავ მაგალითს უფრო ახლო ვიპოვნით. სომხებმა მიიღეს ნებართვა თავის ეროვნული სამრევლო სკოლების გახსნის შესახებ. როგორ გგონიათ, ამ ნებართვით ისინი არ ისარგებლებენ, ვიდრე მოქალაქეობრივი თავისუფლება არ ეღირსება რუსეთსა? გამოიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ ახლავე ამ წამსვე აპირებენ ამ უფლებით ისარგებლონ და რაც კი შეიძლება ადრე გახსნან თავისი ეროვნული სკოლები... ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ჯერ ერთი სიკეთე ვიგდოთ ხელში და მერე მეორე სიკეთის მოპოვებას მედგრად შევუდგეთ...

თუ რა გვარად უნდა მოეწყოს ჩვენში ქართული სახალხო უნივერსიტეტი ტეხნიკის მხრივ, ამას თავის დროზე ვუძღვნით ცალკე წერილს.

ცნობის ფურცელი. - 1905. - 2885. - გვ. 2-3

5.9 სკოლის საკითხი

▲back to top


. ხუროძე

ჩვენი სკოლის მასწავლებლები ფაცი-ფუცობენ: იკრიბებიან, მსჯელობენ და კავშირების შეკვრაზე ზრუნავენ.

ჯერჯერობით მათ საქმიანობას არ ასულდგმულებს ფართო საზოგადოებრივი იდეალები, მასწავლებლები უმეტესათ ჯერ კიდევ ვიწრო პროფესიონალურ ატმოსფერაში ტრიალებენ.

მაგრამ ეს პირველი საფეხურია და მას დაუყონებლივ უნდა მოყვეს მდარე უფრო ფართო და საზოგადოებრივი ნაბიჯი.

ერთად ერთი საგანი, რასაც ყურადღებას აქცევენ - ეს არის სკოლის ნაციონალიზაცია - ყველა საქმეების ქართულათ სწავლება. ამაზე უფრო შორს ჩვენი მასწავლებლები ჯერ-ჯერობით ვერ წასულან.

განა დღევანდელ მომენტს ასეთი მოთხოვნის მეტი არაფერი შეეფერება? ამაზე შავი რეაქციის დროსაც ხომ ვლაპარაკობდით!

განა მარტო ის დაგვაკმაყოფილებს, რომ სკოლა ნაციონალური იქნეს? განა თვით რუსეთს დღემდის ნაციონალური სკოლა არ ქონდა? მერე ვის აკმაყოფილებდა იგი?

რუსეთის ნაციონალური სკოლა მონობის ერთ-ერთი იარაღთაგანი იყო ძველი მთავრობის ხელში, ის მოზარდი თაობის სულიერ აღმაფრენის სამარეთ იყო მონათლული. მაშასადამე ვერც ჩვენ დაგვაკმაყოფილებს მარტო ნაციონალური სკოლა. საჭიროა კიდევ სხვა რაღაც. ეს გახლავთ სკოლაში თავისუფლების შეტანა, ბავშვის პიროვნების პატივისცემა, მისი ინდივიდუალობის დაცვა, და რაც თავი და თავია - პირადი ინიციატივის და თვითმოქმედების გაღვივება.

ეს უნდა იქნეს ახალი სკოლის ერთ-ერთი ქვაკუთხედი.

არას ვიტყვი ისეთ საანბანო ჭეშმარიტებებზე, როგორიც არის სკოლასა და საზოგადოების შორის კავშირის აუცილებლობა, ურთიერთ კონტროლი და სხვა, გადავალ პირდაპირ პროგრამაზე.

ერთი უმთავრეს კითხვათაგანია ის, თუ რა უნდა ბატონობდეს სკოლაში: კლასიციზმი თუ რეალიზმი, ან იქნებ მათი სინტეზია საჭირო.

მივიღოთ თუ არა ე.წ. ამერიკული სკოლის მეთოდი; როგორ გარდავქმნათ ჩვენი სკოლა ამ პრინციპების მიხედვით?

მაგრამ ყველაფერი ეს ბურჟუაზიული სკოლის პრინციპებია. თანამედროვე დემოკრატიის წინაშე კი რუსეთის რევოლიუციამ უფართოესი ჰორიზონტი გადაშალა.

თანამედროვე სკოლა ამ საზოგადოებრივ ურთიერთობის მისაღებათაც უნდა ამზადებდეს მოზარდ თაობას, სოციალიზმის პრინციპებით თანდათან უნდა გაიჟღინთოს სკოლა.

აი უმთავრესი კითხვები, რომელთა გარშემო უნდა მუშაობდეს ჩვენი პედაგოგიური აზრი დღეს. ესაა ჩვენი საზოგადოებისთვის ერთი უდიდეს საკითხთაგანი და გასაკვირია, რომ დღემდის საამისოს ვერას ვხედავთ.

ჩვენი მცინარე ე.წ. საზოგადოება ხახაგაღებული მისჩერებია დროებითი მთავრობას - აბა რას ჩაგვიდებს პირშიო და საკუთარ საქმიანობის უნარს კი ვერ იჩენს.

სკოლის საკითხი არაა პოლიტიკურ პარტიებისათვის მთავარი მიზანი, მათი გულისყური დღეს სულ სხვა საქმისკენაა მიმართული. ამიტომ თითონ მასწავლებლებმა უნდა აღიმაღლონ ხმა, ჩაითრიონ საზოგადოების მცოდნე პირები და შეუდგენ სასკოლო პროგრამის გამომუშავებას.

ევროპის პედაგოგიკის უკანასკნელი სიტყვა - აი რა უნდა გადმოინერგოს ჩვენს განახლებულ სკოლებში.

ცხადია, რომ მომზადებული მასწავლებლები ნაკლებათა გვყავს, ამიტომ ამ ზაფხულშივე უნდა მოვაწყოთ სამასწავლებლო კურსები და ცოტა რამე ცოდნა მაინც მივაწოდოთ ახალი სკოლის მესვეურებს.

რაღა დასამალია - ბევრმა მასწავლებელმა ქართულიც კი არ იცის და ენკენისთვის მოახლოვებას შიშით ელის - რა მეშველება, როგორ ვასწავლო ბავშვებს ქართულადო. ამ ნაკლის შემსუბუქებას მაინც აქედანვე უნდა ვცნობდეთ.

ერთობა. - 1917. - 31. - გვ. 1-2

5.10 წერილები რედაქციის მიმართ

▲back to top


მიხაკო თავდგირიძე

ბ-ნო რედაქტორო! ნება მიბოძეთ თქვენის პატივცემულ გაზეთის საშუალებით უგულითადესი მადლობა გამოვუცხადოთ ქვემორე აღნიშნულ პირთ, რომელთაც თავისი წვლილი არ დაიშურეს და ნივთიერი დახმარება აღმოუჩინეს პარიზში მოსწავლე ერთ ახალგაზრდა ქართველს.

სიმონ კილაძე, მაკარი კიკვაძე, გიორგი ჯიმშელაშვილი და სხვები. [...]

სულ 41 მ. 90 კ. ეს ფული დანიშნულებისამებრ გაეგზავნა ზემოხსენებულ სტუდენტს. მასთან ვუგზავნი რედაქციას საბუთს ამ ფულების დანიშნულებისამებრ გადაცემისას.

ივერია. - 1905. - 168. - გვ. 4

5.11 წერილი გერმანიიდან

▲back to top


. -შვილი

საზღვარ-გარეთ წამომსვლელთა საყურადღებოთ

საჭიროდ მიმაჩნია, რომ აქ წამომსვლელთ (გერმანიაში) ცოტათ თუ ბევრად, გავაცნო სწავლისა და ცხოვრების პირობები. ხშირად შეჰყავთ შეცდომაში მოსწავლე ახალ-გაზდობა, რომ ვითომ აქ, უმაღლეს სასწავლებლებში სამი ან ოთხი კლასის მოწმობებით იღებდნენ. ვურჩევ წამომსვლელთ ჯერ აქაური პირობები რიგიანად გაიგონ და მერე საქმეს ისე შეუდგნენ.

უმაღლეს სასწავლებელში: პოლიტეხნიკუმში, უნივერსიტეტში და სამეურნეოში, იღებენ მხოლოთ გიმნაზია და სემინარია დამთავრებულთ. (რეალურ სასწავლებელში ნასწავლთ არ იღებენ; ამიტომ საჭიროა დამატებითი ეგზამენები და გიმნაზიის მოწმობის მიღება), სწავლის ფასი ლექცია საათში ყველგან ღირს ოთხი მარკა - (1მ. 85 კ.) - რადგან პოლიტეხნიკუმში გვახდევინებენ წლიურად საზღვარ-გარეთობისას 50 მანეთს, ამიტომ უნივერსიტეტში 50 მან. სწავლა წლიურად ნაკლები ჯდება. წელიწადში სწავლა ჯდება 200 მან. და ზოგიერთი სემესტრები მეტიცა. პირველად შემსვლელთ საზღვარ-გარელობის გარდა ახდევინებენ 20 მან. სასწავლებელში ჩასარიცხს. პოლიტეხნიკუმში არსებობს ორი ეგზამენი: ნახევარ დიპლომისა და გათავებისა. პირველი ეგზამენი ღირს 45 მან. და მეორე 90 მან. უნივერსიტეტში არსებობს მარტო გასათავებელი ეგზამენი და ჯდება 220 მანათამდის. მარტო საექიმოა ხუთი წლის კურსი და სამეურნეო სამის, სხვა დანარჩენი ფაკულტეტები არის ოთხ-ოთხი წლის. ზამთრის სემესტრი იწყება პირველ ნოემბერს და ვისაც ჩარიცხვა სურს, უნდა ადრევე იზრუნოს და წერილებით ან პირადათ ჩაირიცხოს კანდიდატად, რომ შემდეგში მიღება არ გაუძნელდეს.

ცხოვრება აქ 60 მან. ნაკლებ ყოვლად შეუძლებელია. მომყავს დაწვრილებით, თუ რა ჯდება თვიურად ცხოვრება, რომ კაცმა თავისი აუცილებელი საჭიროებანი დაიკმაყოფილოს: ოთახი 25 მარკა, სადილი 30 მარ., ვახშამი 15 მარ., სარეცხი 10 მარ., საუზმე 10 მარ., სანათი და გასათბობი 10 მარ., წვრილმანი სასწავლო ნივთები 10 მარ. წიგნები და ტანისამოსი 20 მარ., (რადგან წიგნებსა და ტანისამოსს ნისიათ ვიღებთ, ვიხდით თვე და თვე ორთავეში 20 მარ.) სულ ერთად ჯდება თვეში 130 მარკა ე. ი. 60 მან. (თუ ამ ფულიდან რამე გასართობში წავა კაცი, ამ შემთხვევაში ან უსადილო და ან უვახშმო უნდა დარჩეს.)

ხშირად ათას ნაირი იმედებით დაუფიქრებლივ მოდიან და შემდეგში აქ გაჭირვებაში ვარდებიან - კარგათ მოგეხსენებათ თუ მოსწავლეს ყველაფერი რიგზედ არა აქვს, მაშინ სწავლის მაგიერ წვალება გამოდის. ამიტომ ვურჩევ ყველას, ვისაც წამოსვლა სურს, საქმე ისე დააყენოს, რომ შემდეგში აქ მატერიალურის მხრივ უზრუნველ ყოფილი იყოს, ვისაც წელი არ მოსდევს და ზემო აღნიშნული პირობების შესრულება არ შეუძლიან, აქ ტანჯვის მეტს ვერას გაარიგებს და საღი ჩამოსული სამშობლოში უწეს-რიგო ცხოვრების გამო ავათმყოფი დაბრუნდება. სხვა ქალაქებთან შედარებით აქ ქ. მიუნხენში უფრო კარგათ ეცხოვრებათ უცხოელებს, რადგან ხალხი კარგია და კარგადაც ეპყრობიან საზღვარ-გარელებს. აგრეთვე საჭიროა ენის ცოდნა თეორიულად მაინც, რადგან ენის შესწავლას ბევრი დრო მიაქვს და ვისაც ენა თეორიულათ ეცოდინება, მალე შეეჩვევა ლაპარაკსაც. უმჯობესია სემესტრის დაწყებამდის ადრე ჩამოსვლა, ზემო აღნიშნული პირობები არის ბავარიაში ქ. მიუნხენში. ვისაც სურს აქ რაიმე საქმის გაგება, ან ჩამოსვლა, შეუძლიან ჩემი ადრესი რედაქციაში გაიგოს რომელთაც ჩემ მხრივ რაც შემეძლება დახმარებას გაუწევ, წერილობით თუ საქმით.

P.ს. სამეურნეო უმაღლესი სასწავლებლები ძლიერ კარგ პირობებშია, სადაც ასწავლიან თეორიულათ თუ პრაქტიკულათ ყველა სამეურნეო დარგებს, გარდა ღვინის დაყენებისა, არის სამი წლის კურსი, მაგრამ ოთხ წელიწადზედ ადრე გათავდება ყოვლად შეუძლებელია.

სახალხო გაზეთი. - 1910. - 76. - გვ. 4

5.12 „ჯეჯილის“ ოცი წლის იუბილეი

▲back to top


ფარ-მან [ფილიპე მახარაძე]

როცა ადამიანი შეგნებულ ცხოვრებას იწყებს და საისტორიო ასპარეზზე გამოდის, მისი ზრუნვა, მისი ლტოლვილება ახალთაობისაკენ არის მიქცეული. ეს ასეც უნდა იყოს. თუ კი სხვა და სხვა ცხოველები და ფრინველები თავ-გამეტებით იცავენ და უვლიან თავიანთ შვილებს, ადამიანთა საზოგადოებაში ამ ბუნებრივ ინსტინქტს მეტი მნიშვნელობა და ადგილი უნდა დაეჭირა. ადამიანი, როგორც უმაღლესი ქმნილება, რასაკვირველია, უფრო მეტ გამჭრიახობას და შეგნებას იჩენს ამ საქმეში. ის არ კმარობს, როგორც პირუტყვი, მარტო თავის სიცოცხლეში დაიცოს [სიც] ახალი თაობა. ის ცდილობს შეუქმნას მას ისეთი პირობები, რომელნიც გაუადვილებენ მომავალ ცხოვრებას, ამისათვის ის ამზადებს სამკვიდროს, რომელსაც უნდა დაეპატრონოს მისი სისხლი და ხორცი - მისი მემკვიდრე.ასეთი აზრი ასულდგმულებს კაცობრიობას, მატებს მას ენერგიას, უღვიძებს მეტი შრომის სურვილს - და ყველა ეს იმიტომ, რომ მას ახალი თაობა ეზრდება, რომელსაც იგი ბუნებრივათ დაჰხარის და ცდილობს მის უზრუნველყოფას. უნდა დავეთანხმოთ იმ აზრს, რომ მომავალი სიძლიერე და დიდება იმ ერშია დამარხული, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება აქვს მიქცეული ახალ თაობაზე.ხალხი წინ უნდა იყურებოდეს - მიმავალში, ხოლო მიმავალი კი მომავალ თაობას ეკუთვნის. ამ აზრით კაცობრიობის უკანასკნელ ისტორიაში პირველი ადგილი უჭირავს ინგლისელებს - საზოგადოთ ინგლო-საქსების რასას. ინგლისელი ახალთაობით ცოცხლობს. მისით სულდგმულობს, მისთვის უნდა მთელი თავისი ქონება და სულის სიძლიერე, არც ერთ ერს ისეთი მდიდარი საბავშვო ლიტერატურა არ აქვს, როგორც ინგლისელებს. ამ ბოლო დროს თეატრები თითქმის ბავშების საკუთრებათ გადაიქცენ. სპეციალურათ იწერება, ან დაწერილი გადაკეთდება ხოლმე) საბავშვო პიესები და სპეციალური არტისტები არდგენენ [სიც] მათ.

რას ვხედავთ ამ დროს ჩვენში? მაშინ, როდესაც ინგლისელი საერთოთ „პატარა ადამიანს“ უმაღლესს ხელშეუხებელ ქმნილებათ ისახავს, - ჩვენი მასწავლებლები და აღმზრდელები ყურებს აგლეჯენ და ლოყებს უსიებენ ცემით ამ „პატარა ადამიანებს“. პირუტყვთა მოვლა-მოშენებას მეტი ყურადღება აქვს მიპყრობილი, ვინემ ახალ თაობაზე ზრუნვას. არავინ ცდილობს დააკვირდეს, გაიცნოს ბავშის სულისკვეთება, ჩასწვდეს მას სულის სიღრმემდე და აუნთოს შიგ დაშრეტილი ლამპარი სიყვარულისა, ადამიანობისა, ლმობიერებისა და სხვა სათნო თვისებებისა.

თუ კი ჯერაც ვერ შეგვიგნია ახალთაობის მნიშვნელობა, ცხადია, რა მდგომარეობაში იქნებოდა ეს საქმე ოცი წლის წინათ, სახელდობრ მაშინ, როცა ჟურნალმა „ჯეჯილმა“ დაიწყო გამოსვლა. ჩვენს უიმედოთ დარჩენილს, ჩვენგან მივიწყებულ „ყრმათა გუნდს“ გაზაფხულის გულ-გამთბობ სხივებივით მოევლინა „ჯეჯილი“, - ეს კაცობრიობის მკვებავი მცენარის პირველი ნასახი [სიც]. მან შეაშუქა ბნელით მოცულ პატარების არსებაში აამოძრავა მათი სულიერი ძალა, ოცი წელიწადია ჟურნალი „ჯეჯილი“ გამოდის, ოცი წელიწადია მას უმანკო პატარა ხელები იხუტებენ და ეალერსებიან, ოცი წელიწადია პატარა თითები მის სტრიქონებს მისდევს, პატარა ტუჩები მარცვლებიდან სიტყვებზე და სიტყვებიდან აზრებზე გადადის და ეცნობა იმ მშვენიერ საბავშო მოთხრობებს, რომელნიც იბეჭდებოდენ ამ უანგარო ჟურნალში. ოცი წელიწადი...! ადვილი სათქმელია! იმ პირობებში მუშაობა, რაც მას გარშემო ერტყა, - უყურადღებობა აღმზრდელთა მხრით, საზოგადოებრივი ინდიფერენტიზმი ამ საგნისადმი, ნივთიერი გაჭივრება... ყველა ეს დაძლეულ იქნა და ჟურნალი მაინც გამოდის დღემდის. ეს პირველი მაგალითია ჩვენ ცხოვრებაში. არც ერთ გამოცემას ჩვენში ამდენ ხანს არ უცოცხლია. ეს მხოლოდ შესძლო „ჯეჯილმა“. აი რა შესძლებია მიზნის სიწრფელეს, საქმის სიყვარულს. უტყუარ გრძნობას გულში ჩასახულს! ვუსურვებთ კიდევ დიდხანს განეგრძოს მას თავისი ნაყოფიერი მუშაობა არჩეულ სარბიელზე.

ახალი სხივი. - 1910. - 10. - გვ. 2-3

6 ფემინიზმი

▲back to top


6.1 დედაკაცის პოლიტიკური უფლებები

▲back to top


პეტრე სურგულაძე

დღევანდლამდის კაცობრიობის ისტორია მხოლოდ ტანჯვის ისტორიაა. კაცობრიობის უმრავლესობა მუდმივ ჯაფაშია შებმული, მუშაობს და იტანჯება, რომ მისი ნაოფლარით უმცირესობამ იმხიარულოს და სიტკბოებას მისცეს თავი. თუმცა ეს უმრავლესობის გაყვლეფა უმცირესობისაგან დღემდის სწარმოებს, მაგრამ ჩვენ მაინც ვამჩნევთ, რომ შეუჩერებელ ბრძოლაში უმრავლესობა თანდათან იუმჯობესებს თავის მდგომარეობას, თანდათან მაღლა იწევს და იახლოვებს იმ დროს, როცა საერთო თანასწორობის განხორციელება მოსპობს ყოველ გვარ დაბეჩავებასა და დამონავებას.

ჩვენ აქ შევეხებით სოციალურ ცხოვრების მხოლოდ ერთ მხარეს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, ეგრედ წოდებული, მესამე ელემენტი, ძირიანად შეიცვალა ყოველგან უმთავრესი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სახელმწიფოს - სახე, ყოველგან, ადრე თუ გვიან, სახელმწიფოს გამგებლობა ამა თუ იმ სახით ხალხის ხელში გადავიდა. მაგრამ ეს გადასვლა ყოველგან ერთნაირის სისრულით არ მომხდარა. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორც, მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, შემოვიდა საყოველთაო საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ყოველ კლასს და, მაშასადამე, საკუთრებას მოკლებულ მუშებსაც - უმაღლეს სახელმწიფო დაწესებულებაში, პარლამენტში, თავისი წარმომადგენლები გააგზავნოს.

ამნაირად, ზოგიერთ ქვეყანაში მაინც, ყოველგვარ საარჩევნო ცენზის მოსპობით, ყოველ მოქალაქისთვის შესაძლო გახდა პოლიტიკურ ბრძოლაში პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს, პარლამენტში მისი იდეების მომხრე და მისი ინტერესების დამცველი გაგზავნოს.

მაგრამ აქ ჩვენ ერთ ცალმხრივობას ვამჩნევთ. როგორც ვიცით, დედამიწაზე მამაკაცთა და ქალთა რიცხვი დაახლოვებით თანასწორია. ვერავინ იტყვის, რომ კაცობრიობის არსებობაში ქალს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე მამაკაცს. მიუხედავად ამისა, კაცობრიობის ეს ნახევარი დღემდისაც მოკლებულია უფლებრივ თანასწორობას მამაკაცთან.

რასაკვირველია, ასეთ მოვლენას თავისი მიზეზები აქვს წარსულ ისტორიაში. კაცობრიობას ისტორიული ხანა დედაკაცის მონობის ხანაა. სულ ერთია, სოციალურ ცხოვრების რა საფეხურზედაც უნდა ყოფილიყო დედაკაცი, - მონობის ეპოქაში მონის ცოლი და, მაშასადამე, თვითონაც მონა, გინდ დიდებულ პატრიციის მეუღლე, - ის მაინც სავსებით მამაკაცისაგან იყო დამოკიდებული და მის დანიშნულებას მხოლოდ მამაკაცის სიამოვნება შეადგენდა. ოჯახი, - აი ის წრე, რომელშიაც თავსდებოდა დედაკაცის მთელი ცხოვრება. არც ფეოდალურ ხანას დაუყრია დიდი სიკეთე დედაკაცისათვის, რაინდების „სათაყვანო საგანი“ იგივ უუფლებო დედაკაცი იყო.

მაგრამ აი, დადგა ბურჟუაზიული ეპოქა. ამ ეპოქამ თავისი საწარმოვო მოქმედებით, ისეთი პირობები შეჰქმნა, რომელმაც გამოიწვია ძველებური ოჯახის დარღვევა. ქალი, წინედ კერას მიკრული, გარედ გამოდის, მამაკაცს გვერდით უდგება და მასავით მძიმე შრომას ეწევა. ქალი იწყებს ოჯახის მამაკაცისაგან დამოუკიდებლად შრომას. მაშინ როდესაც წინანდელ დროში ოჯახის უმთავრესი მარჩენალი მამაკაცი იყო და ქალი იძულებული იყო მას პირში შესჩერებოდა ლუკმა პურის მოლოდინში, დღეს იგი დამოუკიდებლად ეძებს ამ ლუკმა პურს. საარსებო ბრძოლაში დამოუკიდებლობის გზაზე დადგომას დედაკაცისას უსათუოდ უნდა მოჰყვეს შესაფერი სოციალური ცვლილებაც. ის დამონავება, რომელიც წინედ აუცილებელი მოვლენა იყო, როგორც ეკონომიურ დამოკიდებულების შედეგი, დღეს თანდათან ისპობა.

გარდა ამისა საჭიროა აღვნიშნოთ ეკონომიურ ცხოვრაბის მეორე მხარეც. წინანდელი ოჯახი წარმოადგენდა პატარა შემოზღუდულ საწარმოვო ერთეულს. ოჯახის წევრები თვითონ ამზადებდნენ ოჯახისათვის თითქმის ყველა საჭირო ნივთებს. დიდიხანი არაა მას შემდეგ, რაც ჩვენში კმაყოფილდებოდენ სახლში მოქსოვილ ხამით და შალით. მაგრამ მრეწველობის განვითარებამ სტიქიურის ძლიერებით ჩამოანგრია ძველი განცალკევებული ოჯახის კარები, ჩაერია ოჯახურ წარმოებაში და მოსპო ის იდილიური ორგანიზაცია, რომელიც წინედ არსებობდა. ნაყიდმა საქონელმა თანდათან გააძევა ოჯახის წარმოების ფული. რაც დრო მიდის, იმდენად უფრო მეტ საქონელს ყიდულობს ოჯახი. ცხადია სხვისი ნაწარმოების ყიდვა მაშინაა შესაძლო, როცა შენც გაგაქვს ბაზარზე შენი ნაწარმოები. აქაც ოჯახისთვის ასპარეზი თითქმის მოსპობილია. ის საქარხნო მრეწველობას მეტოქეობას ვერ გაუწევს. ამიტომ მრავალ ოჯახთა წევრებს მხოლოდ ერთი გზა რჩებათ, - ბაზარზე თავისი ძალა გამოიტანონ და გაყიდონ, - ქირაზე იმუშაონ. დედაკაციც, რომელსაც ოჯახი ვეღარ აძლევს არსებობის საშუალებას, ძალა-უნებურად გარედ უნდა გავიდეს და ჯამაგირით თუ ქირით უნდა ირჩინოს თავი. ამგვარად იგი ეკონომიურ მოქმედებაში უსწორდება მამაკაცს. დედაკაცი იწყებს დამოუკიდებელ არსებობას. ის თავისუფლდება იმ მზრუნველობისაგან, რომელიც წინედ მის ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

დღევანდელ სოციალურ ცხოვრების პირობები მასზეც ისევე მოქმედებენ, იმანაც იმავე იარაღით უნდა იბრძოლოს, იმავე საშვალებას უნდა მიმართოს თავის ინტერესების დასაცველად, რა საშვალებითაც სარგებლობს მამაკაცი, საზოგადოებრივს ასპარეზზე გამოსვლა აუცილებლად ხდის დედაკაცისთვისაც თავის ინტერესებისათვის ბრძოლას. კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს მწარმოებლის და მუშის ურთიერთ დამოკიდებულებას, აღზრდის საქმე და ბევრი სხვა სოციალური საკითხი, პირდაპირ დედაკაცსაც ეხება. საზოგადოებრივ წარმოების პროცესში მშრომელს პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლა დედაკაცისა ისტორიული აუცილებლობაა.

მიუხედავად ამისა, მიუხედავად სოციალურ პირობების შეცვლისა, პოლიტიკური უფლება დღემდისაც ვერ მოიპოვა დედაკაცმა. მხოლოდ ორიოდე ქვეყანაში გაუთანასწორდა პოლიტიკურად დედაკაცი მამა-კაცს. შემდეგ წერილში მკითხველს გავაცნობთ, თუ რა შედეგი მოჰყვება ამ გათანასწორებას.

ივერია. - 1905 . - 165. - გვ. 1

6.2 კაუცკის აზრი ქალთა საარჩევნო უფლებაზე

▲back to top


კაუცკი

საუკუნოების მონობამ ქალები ისეთ უნუგეშო მდგომარეობამდი მიიყვანა, რომ ბევრი სოციალისტებიც კი დიდ ეჭვის თვალით უყურებდენ ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებას. „დედაკაცი კონსერვატორია“, - გაიძახიან სოციალისტების ერთი ნაწილი ბელგიაში, გერმანიაში, ფრანციაში და ბევრგან სხვაგანაც, „მათთვის ხმის უფლების მიცემა არჩევნებზე ნიშნავს მოპოებულ პოზიციების სახიფათო პირობებში ჩაყენებას, რაიცა მღვდლების და სხვა ხულიგანური ელემენტების გავლენას გააძლიერებს“...

ამ გვარი შეხედულობის წინააღმდეგ აი რასა სწერს ამხანაგი კაუცკი:

ბურჟუაზიის უმთავრესი იარაღი პოლიტიკურ ბრძოლაში ფულია. ფულებით ის ყიდულობს ბეჭდვითი სიტყვას, კანდიდატებს, დეპუტატებს, და ხშრათ ამომრჩეველთაც. მას შეუძლია პოლიტიკურ ბრძოლაში თავისი წრის ქალების დაუხმარებლათ გამაგრდეს. პროლეტარიატის საქმე კი სულ სხვაა. მუშას არ შეუძლია თავის მაგიერათ ბრძოლაში ფულით დაქირავებული პიროვნება წამოაყენოს, მან თვითონ უნდა იბრძოლოს თავის საქმისათვის, მისი ბრძოლა კი მით უფრო ნაყოფიერია, რამდენათაც მისი შეგნება, ენერგია და სიმხნევე მაღლა დგას. პროლეტარ ქალების ამ ბრძოლისადმი დამოკიდებულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ბრძოლის შედეგებზე რაც უნდა მხნე, შეგნებული, და ენერგიული არ უნდა იყოს მამაკაცი ბრძოლაში, მისი ენერგია სუსტდება ან უბრალოთ იხარჯება, როდესაც მას ოჯახში მეუღლე ფარულათ ან გულ-ახდილათ წინააღმდეგობას უწევს, სულ სხვაა, როდესაც ცოლი შეგნებულ ამხანაგათ გამოდის. გარდა იმისა, რომ ჩამომავლობას საშუალება ეძლევა სოციალისტური აღზრდა მიიღოს, და იგინი შეუმჩნევლათ იზრდებიან მომავალ ბრძოლის გმირებათ, მამაკაცს შეუძლია მთელი თავისი ძალ-ღონე განმათავისუფლებელ ბრძოლას შესწირონ, როდესაც ცოლის მხრით წაქეზებას და დახმარებას ხედავს; დიახ დედაკაცი ხშირათ აქტიურ მონაწილეობას იღებს ბრძოლაში, და თავის მხნეობით და თავგანწირულობით მაგალითს აძლევს მამაკაცს. აი რისთვისაა საჭირო ქალთა შორის სოციალისტური პროპაგანდა, რომელიც პროლეტარიატის-კლასიურ ბრძოლას გამარჯვებით დააგვირგვინებს, ამ პროპაგანდას კი ისე არაფერი ხელს არ შეუწყობს, როგორც ქალებისადმი საარჩევნო უფლებების მინიჭება. რანაირათ უნდა დაინტერესდნენ დედაკაცები პოლიტიკით, როდესაც მათ ამ პოლიტიკაში ხმა არა აქვთ? რაფერ შეუძლიათ მამაკაცებს სოციალისტური პროპაგანდით დააინტერესონ დედაკაცები, როდესაც ის (სოც. პროპაგანდა) ამ უკანასკნელთ არავითარ ხელსაყრელ პოლიტიკურ შედეგებს არ უქადის? დედაკაცებს წილათ მხოლოთ ეკლესია და მღვდლის ქადაგება დარჩენიათ, იმ მღვდლის, რომელსაც თავი დედამიწაზე ღვთის წარმომადგენლათ და ხალხის მანუგეშებლათ მოაქვს.

ცხადია, ქალთა საარჩევნო უფლება შეძლებას აძლევს მღვდლებსრამდენიმე მანდატი იშოვნონ, მაგრამ ეს მხოლოთ იმის დამამტკიცებელია, თუ რამდენათ აუცილებელია ქალთა შორის ენერგიული სოციალისტური პროპაგანდის გაწევა, რომელსაც ყველაზე მეტათ ხელს შეუწყობს სწორეთ ქალთა საარჩევნო უფლება ის არა თუ მარტო მისგანვე გამოწვეული იარებს არჩენს, გარდა ამისა ბორკილებიდან ანთავისუფლებს დიდებულ ძალას პროლეტარიატისადმი.

სანამ დედაკაცები საარჩევნო უფლებით სარგებლობენ, ბევრ ამხანაგს ქალებში სოციალისტური პროპაგანდა, გასართობ-მოვლენათ მიაჩნია, რომელსაც პარტია გადაჭარბებული ძალების დროს ეწევა; არ სთვლიან მას (პროპ.) აუცილებელ მოვალეობათ, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი, რაც უნდა დაგიჯდეს. დეე მარტო ქალების საარჩევნო უფლების მინიჭებაზე იყოს დამოკიდებულ არჩევნების გამარჯვება ამა თუ იმ ოლქში, - ყოველი ამხანაგი, მიუხედავათ ამისა, რომ შეიძლება ის (ამხ.) ქალთა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას, ბურჟუაზიულათ უყურებდეს, მაინც მტკიცეთ ეცდება თავის ოჯახის წევრ ქალთა შორის სოციალიზმისადმი მისწრაფების გაღვივებას. შეიძლება ქალთა საარჩევნო უფლების მინიჭების გამო ჩვენ პირველ ხანებში რამოდენიმე საარჩევნო ოლქებიც დავკარგოთ, მიუხედავათ ამისა ქალთა საარჩევნო უფლება პროლეტარული არმიის საუკუნოთ გაძლიერებას და განმტკიცებას ნიშნავს. პოლიტიკურათ და ეკონომიურათ ქალთა და კაცთა გათანასწორება ერთი აუცილებელი თვისებაა სოციალიზმისა. კლასიური ბრძოლის პრაქტიკა გვავალებს ჩვენ არა ამ პრინციპის უარის ყოფას, არამედ, პირიქით, მის ენერგიულათ დაცვას. რევოლიუციონური პროლეტარიატის შეხედულობით ამ შემთხვევაშიდაც პრინციპიალური პოლიტიკა შეიქნება გაცილებით მტკიცე და მიზნის შესაფერ პოლიტიკათ“.

(გაზ. ეხო)

შიკრიკი. - 1906. - 7. - გვ. 1-2

6.3 უცხოთა შორის

▲back to top


ზოსიმე [ილია აგლაძე]

ამონარიდი სტატიიდან

***

გაიმარჯვეს ქალებმაც გერმანიაში. განვლილ წლის დამდეგს დაინგრა ის უკანასკნელი კედელი, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობას გზას უღობავდა უნივერსიტეტში შესასვლელად. ეხლა გერმანიის უნივერსიტეტში ქალებს თავისუფლად შეუძლიანთ შესვლა. ამას გარდა ისინი ეხლა სრულ-უფლებიან სტუდენტებად ითვლებიან და არა მარტო ეგრედ წოდებულ თავისუფალ მსმენელებად.

გერმანელმა ქალმა დიდი ბრძოლა გამოიარა ამ უფლების მოსაპოებლად. ოცი, ოცდაათი წლის წინად აზრადაც კი არავის მოსდიოდა ქალების უნივერსიტეტში შეშვება. 1888 წელს გერმანელ ბუნების-მეტყველთა კრებაზე, კელნში, ცნობილმა პროფესორმა ვალდეიერმა (დღესაც ცოცხალია) განსაკუთრებული მოხსენება წაიკითხა ამ სათაურით - „ქალები და ექიმობის შესწავლა.“ პროფესორს მრავალი „მეცნიერული საბუთი“ მოჰყავდა იმის დასამტკიცებლად, რომ ქალებს უმაღლეს მეცნიერების შეთვისება არ შეუძლიანთ, მაშასადამე, მათი უნივერსიტეტში მიღება მეტიაო.

მაგრამ ქალებმა იარაღი არ დაჰყარეს. მაშინაც და მას შემდეგაც მხნედ იბრძოდნენ უმაღლეს სწავლის უფლების მოსაპოებლად. დიდი აგიტაცია იყო პრესსასა და საზოგადოებაში. ამისთვის ქალები აარსებდნენ განსაკუთრებულ წრეებს, სცემდნენ ჟურნალ-გაზეთებს, მართავდნენ ანკეტებს და ბოლოს იმდენი ჰქნეს, რომ აიძულეს მთავრობა, ნება დაერთო ქალები თავისუფალ მსმენელებად მიეღოთ უნივერსიტეტში. ბოლო დრომდე ქალების მიღება დამოკიდებული იყო ლექციების მკითხველ პროფესორის ნება-სურვილზე. ბევრმა პროფესორმა კარი გაუღო ქალებს, ბევრმა, პირიქით, მიუკეტა. სტუდენტ-ვაჟების საქციელმა ხომ მთელი მეწინავე საზოგადოება გააკვირვა და გააოცა. ბევრ უნივერსიტეტში სტუდენტებმა საშინელი წინააღმდეგობა გაუწიეს მსმენელ ქალებს. გეტინგენის, იენის, გალლეს და ზოგიერთ სხვა უნივერსიტეტში სტუდენტმა ვაჟებმა მთელი წრეები დაარსეს მსმენელ ქალებთან საბრძოლველად. ბეჭდავდნენ მათ წინააღმდეგ პროტესტებს და მოწოდებებს, ჰკიცხავდნენ იმ პროფესორებს, რომელნიც გზას უხსნიდნენ ქალებს, და სხვა.

მაგრამ ამანაც თქვენი ჭირი წაიღო. გავიდა დრო და დღეს ვეღარც სტუდენტი და ვეღარც სხვა ვინმე ვერ ჰბედავს კრინტის დაძვრას ქალების წინააღმდეგ. რამდენიმე წლის გამოცდილებამ ნათლად დაამტკიცა ის, რასაც არავითარი დამტკიცება არ ესაჭიროებოდა, რომ ქალები კაცებზე ნაკლებ არ ითვისებენ მეცნიერებას და არც იმათზე ნაკლებ იყენებენ შეთვისებულ ცოდნას ცხოვრებაში.

როგორც თავში აღვნიშნეთ, დღემდე ქალები გერმანიის უნივერსიტეტებში მხოლოდ თავისუფალი მსმენელები იყვნენ, დღეიდან-კი თითქმის ყველა უნივერსიტეტში სრულ-უფლებიან სტუდენტებად გადაიქცნენ.

რაღა თქმა უნდა, სტუდენტ ქალებს საკუთარი კლუბები და ორგანიზაციები აქვთ, საკუთარი კასები, გასართობები და სხვა.

დროება. - 1909. - 46. - გვ. 2

6.4 ფემინისტკები

▲back to top


გრ. ურ. [გრიგოლ (გრიშა) ურატაძე]

ფემინიზმი თანამედროვე საზოგადოებაში ეწოდება იმ მოძრაობას, რომელიც მიზნათ ისახავს ქალების კაცებთან უფლებაში გათანასწორებას. იდეია მამაკაც-დედაკაცის უფლებაში გათანასწორების - ეს უკანასკნელი საუკუნის ნაყოფია; და რაც დრო გადის, იმდენათ უფრო ვრცელდება და ძლიერდება. ბევრ სახელმწიფოში ქალებმა კიდევაც მოიპოვეს ისეთი სამოქალაქო უფლებები, როგორიც აქვთ მამაკაცებს. ყველაზე უფრო მწვავეთ ეს კითხვა ამ ჟამათ სდგას ინგლისში, სადაც ფემინისტების ბრძოლა დრო გამოშვებით მთელ ევროპის პრესას ალაპარაკებს.

ქალების ემანსიპაციისათვის ბრძოლა არც ინგლისისათვის არის ახალი. ჯერ კიდევ სტიუარტ მილმა გადასცა პარლამენტს პეტიცია, რომელზედაც 1, 499 ქალი აწერდა ხელს და მოითხოვდენ საარჩევნო უფლებებს. ამ წლიდან დაწყებული ინგლისს ფემინისტკები ყოველ წელს ურდგენს პარლამენტს ათი ათასობით ხელმოწერილ პეტიციებს საარჩევნო უფლებაში მამაკაცებთან გათანასწორების შესახებ, მარა პარლამენტი მათ პეტიციებს მუდამ უყურადღებოთ სტოვებდა. მართალია 1907 წ. ინგლისის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უფლებას აძლევს ქალებს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის არჩევნებში, მარა პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ კი დიდ ჯიუტობას იჩენდა. 1908 წელს როგორც იქნა ქვედა პალატამ მიიღო კანონ-პროექტი, რომელის თანახმათ ქალებს ნება ეძლევოდათ მონაწილეობა მიეღოთ პარლამენტის არჩევნებშიაც. მაგრამ ეს კანონი ჯერ რომ მეტათ ფრთა შეკვეცილი იყო, და შემდეგ კიდევ ლორდთა პალატამ არ შეიწყნარა. მოსალოდნელი იყო, რომ ყოველ ამის შემდეგ პოლიტიკური ემანსიპაციისათვის ბრძოლა უფრო მეტ ფართო მასას ჩაითრევდა, მარა ნამდვილათ კი ინგლისის ქალების დიდი უმეტესობა ჯერ კიდევ ალმაცერათ უყურებენ ამ ბრძოლას და შიგ არავითარ მონაწილეობას არ იღებენ. არამც თუ ბრძოლაში, ეს უმეტესობა მინიჭებულ უფლებითაც არ სარგებლობს, რაიცა დამტკიცდა მუნიციპალიტეტის არჩევნების დროს.

ფემინისტკების არმიას შეადგენს უმთავრესათ საშვალო და რამდენიმეთ საშვალოზე ცოტათი მაღალი კლასები. საშვალოზე დაბლა მდგომი კლასები კი, შეიძლება ითქვას, რომ სრულიათ არ ღებულობენ მონაწილეობას ამ ბრძოლაში. რაც შეეხება მუშა ქალებს საერთოთ, ისინი ხომ სულ განზე დგანან და არავითარი კავშირი არა აქვთ ამ ბრძოლასთან.

ფემინისტკების ლაშქარი შესდგება ორი ფრთისაგან: მარჯვენა და მარცხენა ფრთა.

მარჯვენა ფრთას შეადგენს ორი პარტია: ფემინისტკების ნაციონალური კავშირი და ქალთა ლიბერალური ფედერაცია. ამ პარტიების დიდ უმეტესობას შეადგენს ინგლისის გამოჩენილი სწავლული და საზოგადო მოღვაწე ქალები. ყველა ეს „დამები“ მეტათ მდიდრები არიან, ასე რომ პარტიის წლიური ბიუჯეტი სანახევროთ მათი კერძო შემოწირულებით ივსება. მარჯვენა ფრთის სათავეში სდგას ცნობილი მწერალი და უფლების დოქტორი ქ-ნი ფაუსეტი. ეს ფრთა ცნობს ბრძოლას მხოლოთ კონსტიტუციონურ ნიადაგზე. ნებადაურთველ ჩარჩოებიდან გამოსვლა მათ დანაშაულობათ მიაჩნიათ. ბრძოლის უმთავრეს საშვალებათ აღიარებენ სიტყვიერ და მწერლობით პროპაგანდა-აგიტაციას, პეტიციების შედგენას, მიტინგების გამართვას, მანიფესტაციების მოხდენას და სხვა ასეთ „მშვიდობიან საშვალებებს“. ეს ფრთა, როგორც უმაღლესი არისტოკრატიის ოჯახის წევრები, თანთადან მეტ მომხრეებს შოულობს გავლენიან საზოგადო მოღვაწეთა და მინისტრთა კაბინეტის წევრთა შორის. ფემინისტკების დიდი უმეტესობა წინააღმდეგია საყოველთაო საარჩევნო უფლების. ისინი თხოულობენ, რომ საარჩევნო უფლება მიენიჭოთ მხოლოთ ისეთ ქალებს, რომლებიც იხდიან განსაზღვრულ ხარკს (Налогъ).

მარცხენა ფრთა შესდგება „ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ ნაციონალური კავშირისაგან“ და „ქალთა თავისუფლების ლიგისაგან“. მარცხენა ფრთას საერთოთ უწოდებენ აგრეთვე სუფრაჟისტკებს. სუფრაჟისტკები ისე, როგორც საერთოთ ყველა ფემინისტკები მატარებელი არიან მხოლოთ შეძლებული კლასების იდეალების. საყოველთაო საარჩევნო უფლების ესენიც წინააღმდეგი არიან. ისინი არ თხოულობენ ყველა ქალებისთვის უფლებას, იმიტომ რომ მათი აზრით ასეთი უფლება არც ყველა მამაკაცებს აქვთ არჩევნების დროს. და რადგანაც არჩევნების უფლება ამ ჟამათ ისაზღვრება გადასახადით, ისინიც ისე, როგორც მარჯვენა ფრთა მოითხოვს არჩევნების უფლებას იმათთვის, ვინც განსაზღვრულ გადასახადს იხდის. ერთი სიტყვით ფემინისტკების პრინციპია: საარჩევნო უფლება თანახმათ გადასახადისა. თანახმად ამ პრინციპისა არჩევნების უფლება ეძლევათ ისეთ ქალებს, რომლებიც აწარმოებენ საკუთარ მეურნეობას, ან და იხდიან წელიწადში ბინის ქირას ქალაქში 10 გირ. სტერლინგს, ხოლო სოფელში - 6 გირვანქას. ამ ანგარიშით მთელ ინგლისში ხმის უფლება ენიჭება 1 ნახევარ მილიონ ქალს.

ამ გვარათ ფემინისტკების პროგრამა ხმის უფლებას ართმევს იმ მილ. ქმრიან თუ გასათხოვარ ქალებს, რომლებიც დღიან-ღამიანა ოფლში იწურებიან ფაბრიკა-ქარხნებში და თავის ოფლის მონაგარით ამდენ მუქთა ხორას არჩენენ. ფემინისტკების პროგრამის განხორციელება საშვალებას აძლევს შეძლებულ კლასებს, თავის განკარგულებაში იქონიოს კიდევ მეტი ხმა.

ჩვენი აზრი. - 1909. - 17. - გვ. 3-4

7 ეკონომიკა და ვაჭრობა

▲back to top


7.1 აღებმიცემობა და ეროვნული ენერგია

▲back to top


გერონტი ქიქოძე

თანამედროვე კულტუროსანი ერების ცხოვრებაში აღებ-მიცემობას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. გზა, რომელსაც ნაწარმოები აკეთებს მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის თანდათან უფრო გრძელი და დახლართული ხდება და თანამედროვე ევროპიელი ათასგვარ უცხო ნივთს ხმარობს, შორეული და უცნობი ქვეყნიდან შემოტანილს.

აღებმიცემობის მთავარი ასპარეზი დღეს დასავლეთი ევროპაა. აგრეთვე ჩრდილოეთი ამერიკა. 1904 წლის ანგარიშით ინგლისის ვაჭრობა 16 მილიარდ მარკას უდრიდა, გერმანიისა 11 ½ მილიარდს, საფრანგეთისა 7 ½ მილიარდს, ჰოლლანდიისა 7 მილიარდს, ხოლო შეერთებული შტატებისა 10 მილიარდს. თუ რამდენად ჩამორჩენილია აღებმიცემობის მხრით სხვა ქვეყნები დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკასთან შედარებით ნათლად სჩანს თუნდ იმ გარემოებიდან, რომ უზარმაზარი რუსეთის იმპერიის ვაჭრობა იმავე წლის განმავლობაში ოდნავ გასცილდა 3 მილიარდ მარკას (1 ½ მილიარდს მანეთს).

საქართველოსთვის ცალკე სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ დაახლოვებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი სამშობლოს აღებ-მიცემობა (ტრანზიტის გამოკლებით) არ უნდა აღემატებოდეს 15 მილიონ მანეთს. თუ რამდენად უმნიშვნელოა ჩვენი როლი მსოფლიო აღებმიცემობის სფეროში, სჩანს იმ გარემოებაში, რომ თვითეულს ქართველზე (ისევე როგორც თვითეულს რუსზე) წლიურად დაახლოვებით 7 მანეთის საქონელი მოდის, თვითეულს ინგლისელზე 360 მანეთის, ხოლო თვითეულს ჰოლლანდიელზე თითქმის 600 მანეთის.

მაგრამ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასე ჩამორჩენილი როდი ყოფილა. წარსულ დროში საქართველო უფრო დაახლოებული იყო როგორც აღებმიცემობის მთავარ ცენტრებს, ისე იმ გზებს მათ რომ ურთიერთშორის აერთებდა. ჩვენი პრეისტორიული ხანა ჯერ კიდევ არაა შესწავლილი და გამორკვეული. მაგრამ ეს თითქმის უცილობელია, რომ ქართველი ტომები თავდაპირველად მცირე აზიაში ბინადრობდნენ, ფინიკიელების ახლო. ფინიკიელები მეზღვაური და მოვაჭრები ხალხი იყო. მათ ეგვიპტიდან ტილო, მინა და ჭურჭელი გამოჰქონდათ, ასსურეთ-ბაბილონიდან ქსოვილები, სურნელებანი და ძვირფასი ქვები, ესპანიიდან ვერცხლი, ნუბიიდან ოქრო, ხოლო საკუთარი ქვეყნიდან პორფირი, იარაღი და სამკაული. ამ საგნებს ჩვენი წინაპრები ალბად უფრო ადრე გაიცნობდნენ ვიდრე სხვა ხალხები, რომელნიც დაშორებულნი იყვნენ ბრწყინვალე ტირუსსა და სიდონს.

თუმცა შემდეგ ქართველობამ ჩრდილოეთისკენ გარდაინაცვლა, მაგრამ მისვლა მოსვლა და აღებმიცემობა არ განელებულა. ფინიკიელების ადგილი ვაჭრობაში ბერძნებმა დაიჭირეს, ბერძნებს კი ძველ ქართველებთან მჭიდრო ეკონომიური დამოკიდებულება ჰქონდათ. მარტო მილეთს ასამდე ახალშენი ჰქონდა კოლხეთში: ბერძნული ნავები ხშირად ესტუმრებოდნენ პონტის ზღვას და ფაზისსა, ხოლო ბერძენი ვაჭრები დიოსკურიას და შორაპანს. მათ ჩვენს სამშობლოში ხელოსნობის და ინდუსტრიის ნაწარმოებები შემოჰქონდათ, ორ-ბორბლიანი ეტლები, იარაღები, ქსოვილები, ლარნაკები, თიხის ჭურჭლები და ბრინჯაოს სამკაულები. სამაგიეროდ ჩვენში ხეტყეს იძენდნენ, ტყავეულობას, მადნეულობას, სელის ქსოვილებს და ახალგაზრდა მონებსა თუ მხევალთ.

ეს კომერციული ურთიერთობა ბერძნებსა და ქართველებს შორის არ შეწყვეტილა შემდეგაც, როცა მილეთის, ათინის, სირაკუზის და კროტონის მზე ჩაესვენა. მიტომ რომ მათი ადგილი ჩქარა კულტურის და აღებ-მიცემობის ახალმა ცენტრებმა დაიჭირა, მათ შორის კონსტანტინეპოლმა და ტრაპიზონმა, რომელნიც კიდევ უფრო ახლო იყვნენ საქართველოსთან. ბიზანტიიდან ჩვენში შემოდიოდა არა მარტო უცხო საქონელი, არამედ უცხო იდეებიც; არა მარტო სტავრა, ოქსინო და საკრამანგი, არამედ რელიგიური, ფილოსოფიური და პოლიტიკური შეხედულებებიც. ქართული უფლება, ხუროთმოძღვრება, მწიგნობრობა და ხელოსნობა ბიზანტიელების გავლენის ქვეშ განვითარდა ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში.

შემდეგ საქართველო არაბებსაც გაეცნო. მართალია მურვან-ყრუმ მერვე საუკუნის პირველ ნახევარში ააოხრა საქართველო, მაგრამ ამ შემოსევას ჩვენთვის კეთილმყოფელი შედეგებიც მოჰყვა. ჩვენი სამშობლო დაუახლოვდა მაღალ-კულტუროსან ერს, რომელიც მაშინ მთელ კაცობრიობას მეთაურობდა, როგორც ეკონომიური საქმიანობის, ისე სულიერი შემოქმედების სფეროში. მერვე და მეცხრე საუკუნეში არაბებმა აბასიდების წყალობით უძლიერესი სამფლობელო შეჰქმნეს. ეს სამფლობელო გაჭიმული იყო ატლანტიის ოკეანედან დაწყებული არალის ტბამდენ და კავკასიონის ქედიდან დაწყებული სპარსეთის ზღვამდე. ამოდენა ტერიტორია თავისუფალი იყო საბაჟოებისაგან და ერთი მეცნიერული ენით იყო შეკავშირებული. ეს გარემოება რასაკვირველია არაჩვეულებრივად უწყობდა ხელს აღებ-მიცემობის განვითარებას. ბაღდადი, დამასკი, ალექსანდრია, ტრიპოლისი, პალერმო, კორდოვა, მერგი, სამარყანდი უმდიდრესი სააღებმიცემო და სამრეწველო ქალაქები იყო და თუმცა ტფილისი მათ საკმაოდ ჩამორჩებოდა როგორც სიმდიდრის ისე სიდიდის მხრით, კომერციულად მაინც მჭიდროდ შეკავშირებული იყო მათთან.

რამდენად შორს მიდიოდა არაბების სავაჭრო გზები სჩანს იმ გარემოებაში, რომ აბასიდების დროის ფული რუსეთში და შვეციაში აღმოაჩინეს მიწაში ჩაფლული. არაბების ქარავანებმა და სოვდაგრებმა მიაღწიეს შუაგულ აფრიკეთის ადგილებსაც, საიდანაც მათ სპილოს ძვალი გამოჰქონდათ და შავი მონები გამოჰყავდათ. ბოლოს მათი დესპანები და მეზღვაურები შეიჭრნენ თვით ჩინეთშიც, სადაც შუშის ნივთები, შაქარი, რკინა და ვარდის წყალი შეიტანეს.

მთელს ხალიფატში ინდუსტრია ჰყვაოდა. მაჰმადიანთა სახელმწიფო უფლება არ იცნობდა სახელოსნო, სამრეწველო და საფაბრიკო გადასახადს და ეს გარემოება მეტის-მეტად სასარგებლო იყო ეკონომიური განვითარებისათვის. არაბები შედარებით ლმობიერი და წინდახედულნი მეომარნიც იყვნენ და ამიტომ გასაკვირალი არაა, რომ მათი მფლობელობის ქვეშ აღმოსავლეთი საქართველოს მატერიალური კულტურა გაფაქიზდა და გაკეთილშობილდა. ჩვენ ევროპიელებზე ადრე გავეცანით კომფორტის და ფუფუნების ნივთებს, რომელნიც ადამიანის მგრძნობიარობას აცხოველებენ და ამახვილებენ. ჩვენ გავეცანით ყავასა და ყანდს ნოხსა და ფოლადის სარკეს. ჩვენ გავეცანით გაზსა და ატლასს, მუსლინს და ბროკატს. ჩვენი სახლები ალკოვებმა და არაბესკებმა შეამკო, ხოლო ჩვენი ბაღები სოსანმა, ნარგიზმა, ზაფრანმა, ხაშხაშმა და ყარამფილმა. ნარინჯმა და ბროწეულმა ჩვენი გემოვნება გააფაქიზა, ხოლო ალვამ, მუშკმა და ამბარმა ჩვენი ყნოსვა. ბადახში, ჯავარი, აყიყი, სოქალი და ამარტი ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნილებად გარდაგვექცა.

გასაკვირალი არ არის, რომ ამ ძვირფასი ქსოვილების შრიალი „ვეფხისტყაოსანშიც“ ისმის და ამ ძვირფასი ქვების ელვარება იქაც სჩანს:

„მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა;
ქვად ფაზარი სხდა დათლილი იაგუნდისა, ლალისა,
პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა;
იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა...

ან კიდევ:

„მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ ალქატისა,
ცხრა მარგალიტი სიდიდით მართვითა კვერცხი ბატისა,
კვლავ ერთი თვალი, სამზგავსო მზისა, შუქ-მონამატისა:
მას წინა ღამით ძალ ედვას მხატვარსა ხატვა ხატისა...

იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა.
ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა.
აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა.
ტარიელ მადლი უბრძანა ლაომან სიტყვითა ტკბილითა.“

მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნეში ჩვენი მატერიალური კულტურა კიდევ უფრო ბრწყინვალე იყო ვიდრე არაბების ბატონობის დროს. დავით აღმაშენებელმა სრულიად გაანთავისუფლა საქართველო არაბების პოლიტიკური უღელისაგან, მაგრამ ხელუხლებად დასტოვა ყველაფერი, რაც კი მათმა ეკონომიურმა საქმიანობამ შეჰმატა ჩვენს ქვეყანას. ამგვარად საქართველომ შეინარჩუნა კულტუროსანი უცხოელების სააღებმიცემო და სამრეწველო ენერგია, ხოლო მათ მიერ დადებული ხარკი თავიდან მოიცილა. დავით აღმაშენებლის ეკონომიური პოლიტიკა მეტისმეტად ბრძნული და გამჭრიახი იყო: მაჰმადიანურ რწმენასა და ზნეჩვეულებებს სიფრთხილით ექცეოდა, მაჰმადიან ხელოსნებსა და სოვდაგრებს სამოქალაქო უპირატესობებს ანიჭებდა. ასევე იქცეოდა ზოგიერთი მისი ღირსეული მემკვიდრეც ებრაელებისა, სომხებისა თუ კათოლიკების მიმართ. და ეს იმ დროში, როცა ევროპაში ინკვიზიტორები ბატონობდნენ, ესპანიაში მავრებსა და ებრაელებს აწიოკებდნენ, საფრანგეთში წმ. ბართლომეს ღამეებს მართავდნენ, ინგლისში კათოლიკებს სდევნიდნენ, ხოლო გერმანიაში სისხლის მღვრელ სარწმუნოებრივ ომებს აწარმოებდნენ.

დავით აღმაშენებელი არ დაკმაყოფილდა უცხოელი ვაჭრების მფარველობით. აღებმიცემობის გასაძლიერებლად ქარვასლები და სასტუმროები ააგო, „აღაშენა ხიდნი მდინარეთა სასტიკთა და გზანი საწყინოდ სავალნი ქვაფენილ ჰქმნა“. თამარ მეფეც ასევე სცდილობდა აღებმიცემობის გაცხოველებას. ამიტომ გასაკვირალი არაა, რომ მის მეფობაში საქართველომ ქონებრივი კეთილდღეობის მწვერვალს მიაღწია: „აღივსნეს ყოველნი საგანძურნი სამეფონი ოქროთა და ჭურჭლითა ოქროსათა, რამეთუ მიწისა მსგავსად შეასხმიდეს ოქროსა. ხოლო თვალსა და მარგალიტსა წყვით დასდებდეს, ხოლო ოქროქსოვილთა ბერძულთა სხვათა, ძვირად საპოვნელთა, ვითარცა ცუდთა სამოსელთა ურცხელთა დაჰყრიდეს“. თუ რა დიდს პატივში იყო იმ დროს ვაჭრობა იმაში სჩანს, რომ ქართველმა დიდებულებმა თამარის პირველი საქმროს მოსაყვანად ტფილისელი დიდი ვაჭარი გაგზავნეს, ვინმე ზანქან ზორაბაბელი, „რათა მსწრაფლ წარვიდეს, ცვალებითა ჰუნეთათა, და წარმოიყვანოს იგი“.

მაგრამ საქართ. თავისუფალი ეკონომიური წინსვლა ჩქარა შესწყდა. მე-XIII საუკუნეში მონგოლებმა მოსპეს აღმოსავლეთის კულტურაც და აღებმიცემობაც. წინა აზიის მზე ჩაესვენა და მსოფლიო კულტურის ჰეგემონია ნელ-ნელა დასავლეთ ევროპამ დაიჭირა. საქართველომაც პირი დასავლეთისკენ იბრუნა. მეცამეტე და მეთოთხმეტე საუკუნის განმავლობაში გენუისა და ვენეციის რესპუბლიკები ფართე აღებმიცემობას ეწეოდა შავი-ზღვის ნაპირებზე. მაგრამ მეთხუთმეტე საუკუნის ნახევარში თურქებმა კონსტანტინეპოლი აიღეს და დასავლეთ ევროპასაც მოგვწყვიტეს. ამ გვარად მონგოლებისა და თურქების წყალობით ჩვენი სამშობლო საბოლოოდ დაშორდა დიდ მსოფლიო სააღებმიცემო გზებს, რომელნიც მას უცხო ნაწარმოებებითა და უცხო იდეებით ასაზრდოებდნენ.

შემდეგ საუკუნეებში საქართველო უმწეოდ ფართხალებდა, როგორც თევზი ყინულზე. მეცხრამეტე საუკუნემ პოლიტიკური და ეკონომიური გაერთიანება შეგვძინა. მაგრამ ეს გაერთიანება უცხოელების უღელქვეშ მოხდა და მან ჩვენ აღებმიცემობას აგრე რიგად როდი არგო. რუსეთის შინაგანი ბაზარი ღარიბია მეტის-მეტად, ევროპის ბაზარი კი ჩვენთვის თითქმის დახშულია. საქართველოს ბუნებრივი სააღებმიცემო გზა შავი ზღვაა, მიტომ რომ დღეს საგარეო ვაჭრობა უმთავრესად ზღვით წარმოებს. შავს ზღვას კი გარშემო უკულტურო და ღარიბი სახელმწიფოები აკრავს.

ამ დაბრკოლებების წინააღმდეგ ქართველობას უფრო მართებს ეროვნული ენერგიის ამოძრავება. განსაკუთრებით დღეს, როცა ძველი სავაჭრო გზების გვერდით, ახალ-ახალი ბილიკები იტკეპნება და მოწინავე ერების აღებმიცემობა ნელ-ნელა მთელს დედამიწას აბამს თავის ქსელში. საერთო ფერხულში ებმება ისეთი ქვეყნებიც, რომელნიც ერთს დროს, საქართველოსავით, უკუღმართმა ისტორიულმა პირობებმა გაამარტოვა. ეკონომიური მომჭირნეობისა და ინიციატივის შემწეობით ჩვენც შეგვიძლიან აღებმიცემობის გაძლიერება. მაგრამ რადგან ჯერ-ჯერობით ქართული აღებმიცემობა სუსტია, ხოლო უცხოელთა მეტოქეობა ძლიერი, აუცილებლად საჭიროა თანამშრომლობა ჩვენ ვაჭარსა და მომხმარებელს შორის. ეს თანამშრომლობა რასაკვირველია ჩვენში დაბინავებული უცხოელი ვაჭრების ბოიკოტს არ ნიშნავს. ასეთი ყოფაქცევა ჩვენი საუკეთესო ისტორიული ტრადიციების დარღვევა იქნებოდა. მაგრამ თანამედროვე ქართველობამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენ წინაპრებს გულგაშლილობასთან ერთად დამოუკიდებლობის გრძნობაც უმაღლესად ჰქონდათ განვითარებული. ქართველი ვაჭრისა და ქართველი ბანკირის ფეხზე წამოყენება კი ეკონომიური დამოუკიდებლობის განმტკიცებას ნიშნავს...

მაღალნიჭიერი ერების ხვედრია, „რომ მათ სხვებზე უფრო მშვენიერად ესიზმრებათ ცხოვრების სიზმარი“. მაგრამ ამასთან ერთად ისინი ფხიზელი ცხოვრების მოთხოვნილებასაც უწევენ ანგარიშს. ეროვნული აღებმიცემობა ერთი ასეთი ფხიზელი მოთხოვნილებაა.

სახალხო ფურცელი. - 1915. - 253. - გვ. 3-4

7.2 ახალი ამბები და დეპეშები

▲back to top


ამ თვის დამლევს ტფილისში ჩამოვა ცნობილი გერმანელი კაპიტალისტი აბრეში და მეცნიერი ფრენცელი. მათ ჩამოსვლას მიზნათ აქვს ჩვენში გეოლოგიურ გამოსაკვლევ ბიუროს მოწყობა, ისინი აგრეთვე აპირებენ პირობით შეეკვრან მიწების პატრონებს, ვისაც მადნეულობა აღმოუჩნდება. ამის გარდა უნდა შეისწავლონ ადგილობრივ ცხოვრების პირობები და გაიგონ, რამდენად შესაძლო და ხელსაყრელია აქ ქარხნების მოწყობა და რამდენად უზრუნველყოფილი იქნება ამ საქმეში ჩახარჯული ფულების ბედი. ვინ იცის, თუ შეიტყვეს ჩვენებურ მუშათა ინტერესების დამცველთა იდეოლოგია, გაბედვენ აქეთ ჩამოსვლას და ეკონომიურ ცხოვრების გამოცოცხლებას თუ არა?!

ივერია. - 1909. - 16. - გვ. 2

7.3 ახალი ამბები (მომარაგების სამინისტროში)

▲back to top


მომარაგების სამინისტრომ ფრანგულ სამრეწველო და საფინანსო საზოგადოებასთან, რომელიც ფრანგულ რადიო-ელექტრიულ საზოგადოებას წარმოადგენენ ხელი მოაწერა იმ ხელშეკრულებას, რომელიც ეხება საქართველოში ძლიერი რადიო სადგურის ჩამოტანასა და მოწყობას. რადიო სადგურის მოქმედების რადიუსი უნდა უდრიდეს ტფილისიდან ლონდონამდე არსებულ მანძილს. ახალ სადგურს დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ევროპის უდიდეს რადიო სადგურებთან, ლონდონთან, რომთან, მოსკოვთან და სხვ. თანახმად ხელშეკრულებისა, მომარაგების სამინისტრომ რადიო სადგურის მოწყობაში უნდა გადაიხადოს სათანადო რაოდენობის სოხუმის თამბაქო. სადგური მოწყობილი უნდა იქნეს უახლესი 6 თვის განმავლობაში.

ახალი საქართველო. - 1920. - 1. - გვ. 3

7.4 ახალი ამბავი (ელექტრონით განათება)

▲back to top


ტფილისი

პარიზიდან ტფილისს ჩამოვიდა მსხვილ კაპიტალისტების წარმომადგენელი ინჟენერი ტარისი და ქალაქის მოურავი ა. ი. ხატისოვი ინახულა. ინჟენერი კისრულობს ტფილისში საელექტრონო სადგურის მოწყობას და ჰპირდება ქალაქს, ძალიან იაფად აძლიოს ელექტრონის ენერგია იმ პირობით კი, ქალაქმა წინდაწინვე გამოარკვიოს მინიმუმი თავისთვის საჭირო ენერგიისა.

სახალხო გაზეთი. - 1912. - 594. - გვ. 2

7.5 ახალი ხანა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობაში

▲back to top


. ვარაზაშვილი

ვინც დაჰკვირვებია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას, იმან ცოტად თუ ბევრად იცის ჩვენი ხალხის მდგომარეობა, იცის, თუ რა არის მისი ცხოვრების წყარო და საღსარი. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი მცოდნენი ძალიან ნაკლებათა გყვანან, თითებზე ჩამოითვლებიან. ხშირად იმერელმა არ იცის ქართლელის ყოფა-ცხოვრება, მისი ავლა-დიდება; ქართლელმა კიდევ-იმერლისა, სვანმა-კახელისა, კახელმა გურულისა. ასეთ მდგომარეობაში არიან ისინიც, ვინც ჩვენში განათლებულად იწოდებიან.

ყველას მოეხსენება, რომ ჩვენი მეურნეობა და მრეწველობა შეუსწავლელია. ჩვენში არ არის გამოკვლეული სასოფლო-მეურნეობის მდგომარეობა, არ მოგვეძებნება ცნობები იმ წარმოებათა შესახებ, რომელნიც დღეს-დღეობით შეადგენენ ჩვენი ხალხის ცხოვრების წყაროს. ამის მაგალითს ისევ ჭიათურის შავი ქვის მრეწველობა წარმოადგენს. ეს მრეწველობა ერთად-ერთია მთელ საქართველოში, მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხალხის ეკონომიურ ცხოვრებაში, მაგრამ, ამის და მიუხედავად, იმის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, ძალიან ცოტა ცნობები გვაქვს. მთელ დასავლეთ საქართველოში და ქართლში მხოლოდ ის იციან, რომ ჭიათურაში არის რაღაც შავი მადანი, რომელიც იყიდება და შეიძლება ამით კაცმა ფული იშოვოსო. კახეთსა და ჯავახეთში შემთხვევით თუ ეცოდინება ვისმეს, რომ ჭიათურაში შავ ქვას აწარმოებენ.

მნიშვნელობა-კი ამ მრეწველობის, როგორცა ვთქვით, დიდია. ჭიათურის მრეწველობაში გამეფებულ კრიზისის გავლენა მეტად ძლიერ დაეტყო მთელ დასავლეთ საქართველოსა და ქართლს, რომლის მცხოვრებნიც აქ შოულობდნენ სამუშაოს. დღეს მთელ ქუთაისის გუბერნიაში საშინელი უფულობაა, ვაჭრობა დაცემულია და ყველას ცხვირ-პირი ჩამოსტირის. მიუხედავად კარგის მოსავლისა, ხალხი მაინც მეტად შევიწროებულია. თვით ქუთაისში დიდი გაჭირვებაა. გლეხობაზე ხომ რაღა ითქმის! მან სულ ვეღარსად მოიბრუნა ხელი და გადასახადის მიცემას ვეღარ ახერხებს. დიაღ, ფული აღარ არის, აღარ იშოვება. თურმე ნუ იტყვით, იმ ფულის წყარო, რომელიც ისე უხვად ტრიალებდა აქეთ, ჭიათურის წარმოება ყოფილა. იგი წლიურად 4-7 მილიონამდის აძლევდა საქართველოს. დამეთანხმეთ, რომ ეს მცირე თანხა არ არის ჩვენისთანა საწყალ ხილხისათვის.

ზევით უკვე ვთქვით, რომ გამოკვლევანი ჭიათურის შავი ქვის შესახებ ძალიან ცოტაა. ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ისევ მრეწველთა საბჭოს გამოცემებია - ორი წიგნი «статистика марганцевого дела» 1906 და 1907 წლებისა. ამ წიგნებში ბევრი საყურადღებო ცნობაა მოყვანილი.

შეიძლება მკითხველს მოეხსენება, რომ ჭიათურაში შავი ქვა აღმოაჩინეს მეოთხმოცე წლების დასაწყისში პატივცემულ აკაკი წერეთლის მეცადინეობით. ჯერ იმდენად არავინ ეტანებოდა და სარგებლობის იმედიც არავისა ჰქონდა. მაგრამ თან და თან გაჩნდნენ უცხოელები ევროპიდან, ქვა საზღვარ გარეთ გაიტანეს და იმის სიკარგეში მექარხნეები დაარწმუნეს. სულ ჩქარა ჭიათურაში მუშაობა გაჩაღდა. აუარებელ მადანს ეზიდებოდნენ ყვირილაში. შორაპნიდან ჭიათურამდის რკინის გზაც გაიყვანეს და ჩვენმა შავმა ქვამ მსოფლიო ბაზარზე პირველი ადგილი დაიჭირა. ჭიათურას თან და თან ემატებოდნენ ევროპიდან კაპიტალისტები და წარმოება ძლიერდებოდა. 1886 წელს დაიმუშავეს 4,215 ათასი ფუთი მადანი. 1899 წელს კი დამუშავებულ მადნის რაოდენობა 40,363,492 ფუთამდის ავიდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში დამყარდა წარმოების ერთგვარი წესი, რომელიც დღემდე ბატონობს. ეს წესი იმაში მდგომარეობს, რომ ქვის დამმუშავებელნი, მრეწველნი თავიანთ ნაწარმოებს თვითონ კი არა ჰყიდიან მომხმარებელ მექარხნეზე, არამედ ადგილობრივ, ჭიათურაშივე აბარებენ უცხოელ კაპიტალისტებს, რომელნიც ეზიდებიან მადანს საზღვარ-გარედ. ამნაირ წესის შექმნას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მადნიანი ადგილები უმთავრესად ადგილობრივ მემამულეთა და გლეხთა ხელში იყო და მადნის დამმუშავებელნი, მრეწველნიც იმდენად უცოდინარნი იყვნენ (და არიან დღესაც), რომ არ შეეძლოთ პირდაპირ საზღვარ გარეთელ მყიდველთან დაეჭირათ საქმე. მოსულ უცხოელთათვისაც ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო ადგილობრივ მრეწველთაგან ეყიდათ მზა-მზარეულად დამუშავებული მადანი და მერე გაეტანათ იგი საზღვარ-გარედ. ამით ისინი ბევრად იადვილებდნენ საქმეს, რადგან, დიდი მრეწველობის დაწყების ნაცვლად, მათ კომისიონერობის მეტი აღარა სჭირდებოდათ რა და მოგებაც მეტი რჩებოდათ. მრეწველები მათ ხელში იყვნენ და არიან, ფასები მათზე იყო (და არის) დამოკიდებული. ერთის სიტყვით, ჭიათურის მრეწველობის ბატონ-პატრონად ისინი ითვლებოდნენ. თუმცა მადნის პირდაპირ დამუშავებაში არავითარ მონაწილეობას არ იღებდნენ.

ამ კაპიტალისტებმა, რომელთაც აქ „ექსპორტიორებს“ ეძახიან, შეჰქმნეს ქვის გაყიდვის ერთგვარი წესი, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობდა მათ მიერ აღებულ კომისიონერის როლიდან, ე.ი. მათი ვაჭრობა და მონაწილეობა შავი ქვის მრეწველობაში შემთხვევითი ხასიათისა იყო. შემთხვევით მოახერხებდნენ მადნის იაფად ყიდვას, მერე მოხერხებულ დროს მეტ ფასში გაასაღებდნენ და ფულს იგებდნენ. ვინც უფრო მოხერხებული იყო, ის მეტს მადანს ასაღებდა და მეტი გამორჩენაცა ჰქონდა. ვისაც ცოტაოდენი თანხა გააჩნდა და თან შნოც შესწევდა, ქვას იძენდა ადგილობრივ მრეწველთაგან, რომელთაც აქ „ფოდრაჩიკებს“ ეძახიან, და, ამ რიგად, ექსპორტიორთა რიცხვში ეწერებოდა. ასეთი წესი მეტად უნიადაგო, მრეწველობისათვის უსარგებლო იყო. მას არავითარი მტკიცე საფუძველი არ გააჩნდა და მისი არსებობა ყოველთვის შემთხვევაზე იყო დამოკიდებული. ამის გამო ისე გაადვილდა ექსპორტიორობა, რომ რომელი გადმოხვეწილი ბერძენი ან უცხოელიც არ უნდა მოსულიყო ჭიათურაში, მაშინვე ექსპორტიორობას იწყებდა და „ფოდრაჩიკებიც“ ხალისით უზიდავდნენ თავიანთ ნაწარმოებს. ბევრი მათგანი იმასაც კი ახერხებდა, რომ ნისიად იღებდა მადანს, ხოლო თვითონ ან ნაღდზე ჰყიდდა, ან, ყოველ შემთხვევაში, ბანკში აგირავებდა და ამნაირად მრეწველთა მთელი ნაწარმოებიდან მხოლოდ თვითონ რჩებოდა ყოველგვარი სარგებლობა. ამის მაგალითი მრავალია. „ფოდრაჩიკებმა“ ბევრი [...] დღე იგემეს ასეთ ვაჟბატონთა გადამკიდე და დღესაც დასტირიან: „ამას ამდენი აქვს ჩემზე მოსაცემი და ამას ამდენიო“. უცდიან, როდის მოვლენ ის ვაჟბატონები საზღვარ-გარეთიდან, სადაც ისინი აქედან წაღებულ ფულით მშვენივრად სცხოვრობენ. შავი ქვის მრეწველთა სული ექსპორტიორთა ხელშია, მათზე დამოკიდებული „ფოდრაჩიკების“ მუშაობა-უმუშავრობა. თუ ექსპორტიორმა ქვა მიიღო, „ფოდრაჩიკიც“ მუშაობს, თუ არა - და არის გაჩერებული და შეჰყურებს თავის უცხოელ მწყალობელს; ასეთ პირობების მეოხებით ექსპორტიორთა რიცხვი გამრავლდა. ყველა დაძვრებოდა საზღვარ-გარედ და ჭიათურის მადანს ჰყიდდა.

ასეთის წესით მუშაობა ძალიან ეხერხებოდათ უცხოელ კაპიტალისტებს. ისინი მადნის დამუშავების საქმეს გაურბოდნენ. ზოგმა სცადა კიდეც მაშინ სამადნოებში მუშაობა და თავის მიერ დამუშავებულ მადნით ვაჭრობა, მაგრამ ვერას გახდა, იზარალა. არც გასაკვირველი იყო, რადგან წვრილი, ჩხირკედელა მრეწველი საშინლად იაფად ახერხებდა მადნის დამუშავებას. წვრილ მრეწველს გარემოებაც ხელს უწყობდა; ჯერ ერთი, მაღაროები დიდზე არ იყო გაჭიმული და ქვის გამოღების დიდი წვალება არა სჭირდებოდა; მეორე - მუშას როგორც მოიგდებდნენ ხელში, ისე ამუშავებდნენ. საბჭოს სტატისტიკურ ცნობებით, 1907 წლის თებერვლამდის მუშებს ამუშავებდნენ ფუთობით, ე.ი. მუშების ჯგუფი, რომელიც დაექირავებოდა მრეწველს, ვალდებული იყო სავსებით დაემუშავებინა მადანი და როცა მრეწველი ამ გამზადებულ საქონელს ექსპორტიორს ჩააბარებდა რკინის გზის ბაქანზე, მხოლოდ მაშინ გაუსწორდებოდა მუშას ჩამოტანილი ქვის რაოდენობის მიხედვით და აძლევდა ფუთზე 2-3 კაპ. თუ არ ვიანგარიშებთ იმას, რომ მრეწველები ხშირად სცდილობდნენ ფუთობის ანგარიშის დაკლებას, მაინც ბაქანზე ჩამოტანილი ქვა „ფოდრაჩიკს“ 5 კოპეიკზე ზევით არ უჯდებოდა, რადგან მეურნე-ჩალვადარი ჩამოტანაში 2-2 - ნახ. კაპიკზე მეტს ვერ იღებდა. დაუმატეთ ამას ისიც, რომ მრეწველები, სადაც მოესურვებოდათ, სრულიად თავისუფლად მუშაობდენ, არავითარ კანონის წინაშე ვალდებულნი არ იყვნენ, იმის გარდა, რომ ზოგიერთები იხდიდნენ სამრეწველო გადასახადს, რომელიც რაღაც 13 მანეთს უდრის წელიწადში. არ იყვნენ პასუხის მგებელნი მუშის წინაშეც და სხვა. ამას გარდა, არა სჭირდებოდათ ბევრი ხარჯი მაღაროების მოწყობისათვის, მოსამსახურეებისათვის, რადგან ყოველი მრეწველი, როგორც მოეხერხებოდა, ისე ჩიჩქნიდა ქვას და მოსამსახურე და ნოქარიც თვითონ იყო. წარმოიდგინეთ, დღესაც ბევრია ისეთი მაღარო, სადაც მხოლოდ მოკუნტული თუ შევა კაცი.

დაუმატეთ ყველა ამას „სკიდკის“1 არსებობა და ნათლად დაინახავთ, რომ მაღაროში კაპიტალურ წარმოების დაწყება არავისთვის ხელსაყრელი არ იყო. ამის მეოხებით დღემდის ძველ პირობებში იმყოფება საქმე. თუმცა ჭიათურა ყოველთვის მსოფლიო ბაზრის მოთხოვნილების 50% აკმაყოფილებდა, მაგრამ მაინც მოსული კაპიტალისტები ირჩევდნენ კომისიონერობა-ექსპორტიორობას. ეს არის მიზეზი, რომ დღემდის მთელი შავი ქვის მრეწველობა „ფოდრადჩიკთა“ ხელშია, რომელთა რიცხვი 400-500 აღემატება, ხოლო მრეწველ კაპიტალისტთა რიცხვი რაღაც 3 თუ 4-ია; ამათაც მხოლოდ ამ ბოლო დროს დაიწყეს მუშაობა. სამადნო ადგილებიც უმთავრესად წვრილ მრეწველთა ხელშია. ამნაირად, ჭიათურის „ფოდრაჩიკების“ ხელში უჭირავთ შავი ქვის მრეწველობის უმთავრესი ძარღვი, ხოლო ამ ძარღვიდან გამომჩქეფარე სიმდიდრე სხვას უვარდება კალთაში!

მრეწველთა მდგომარეობა შეირყა მას შემდეგ, რაც მუშებმა განსაზღვრული ხელფასი და სამუშაო დრო მოითხოვეს. 1905 წლიდან გაუქმდა მუშაობის ძველი წესები და დამყარდა დღიური ხელფასი და 8 საათის სამუშაო დღე. ამას გარდა გამოიცა ახალი კანონები მუშების დაზღვევის შესახებ. მოითხოვეს სამადნოების გაფართოება და გამაგრება. თვით მაღაროებიც ძალიან დიდ მანძილზეა და მუშაობა უფრო გაძნელდა. ყველა ამის მიხედვით მრეწველობის დაწყება აუცილებლად კაპიტალს, თანხას თხოულობს, რომელიც ცალკე მრეწველს ბევრს არ გააჩნია.

თუმცა დღემდის ძველი წესები არსებობს, მაგრამ აშკარად სჩანს განახლების ნიშნები. რაც დღე მიდის, მით უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ მალე მოეღება ბოლო ძველ წესებს და ახლანდელი წვრილი მრეწველებიც გაჰქრებიან.

მაგრამ სანამ შევეხებოდე იმას, თუ რაში მდგომარეობს ეს განახლება, ახალი ხანა შავი ქვის მრეწველობაში, საჭიროდ მიმაჩნია ორიოდე სიტყვით გავაცნო მკითხველს ის შედეგი, რომელიც მოჰყვა მარგანეცის წარმოების ძველ წესებს.

ზევით ვთქვი, რომ ჭიათურაში შავი ქვა მეოთხმოცე წლებში აღმოაჩინეს მეთქი. მას შემდეგ ჭიათურის მადნის გაზიდვა საზღვარ-გარედ თანდათან გაძლიერდა, რადგან იგი თვისებით მეტად კარგი გამოდგა და მასთან იმატა სამეტალურგო წარმოებამაც.2 ამნაირად მარტო საზღვარ-გარედ ჭიათურიდან გამოუტანიათ 7 620,000 ფუთი მადანი. ამავე დროს ყველა დანარჩენ ქვეყნებიდან გაუტანიათ 6,660,000 ფუთი. ამაში მხოლოდ კუბა, ჩილის და ესპანიას ჰქონდა მნიშვნელობა (პირველიდან გაუტანიათ 1,080,000 ფუთი, მეორედან - 2,200,000 ფ., მესამედან 1,080,000 ფ.) 1896 წელს კი ჭიათურიდან გაუტანიათ 8,520,000 ფუთი მადანი, ხოლო დანარჩენ ქვეყნებიდან - 13,260,000 ფუთი; მაშასადამე, სხვა ქვეყნებს თითქმის 5 მილიონით მეტი გაუტანიათ. ასეთი ცვლილება იმიტომ მოხდა, რომ ახლად გახსნილი ჭიათურის რკინის გზა მეტად მოუწყობელი იყო და ვეებერთელა ტარიფი არსებობდა (10 კაპიკი ფუთზე შორაპნამდის). ამის მეოხებით, იმის გარდა, რომ საკმაო ქვის გატანა არ შეიძლებოდა, საშინლად ძვირდებოდა ფოთში ჩატანილი საქონელი. დაუმატეთ ამას ფოთის მაშინდელ ნავთსადგურის მოუწყობლობა და დაინახავთ, რომ ძალაუნებურად სხვა მხარეებს უნდა გაეძლიერებინათ და გაეფართოებინათ მარგანეცის წარმოება, რომ დაეკმაყოფილებინათ მსოფლიო მოთხოვნილება. ამიტომ, თუ პირველ ხანებში ჭიათურის მადანს სერიოზული მეტოქე არა ჰყავდა, რადგან იგი საუკეთესო იყო ყველა ცნობილ მადანთა შორის და აგრეთვე, რადგან ჭიათურა ეახლოვებოდა ევროპის ბაზარს, სამაგიეროდ, ზემოხსენებულმა პირობებმა ხელი შეუწყეს სერიოზულ კონკურენტების გაჩენას. ამ ხანებში დაიწყო მუშაობა ბრაზილიამ; ინდოეთმა გააძლიერა მუშაობა და გატანილი ქვის რაოდენობა 1892 წელს 60,000 ფუთიდან 3 მილიონ ფუთამდის აიყვანა 1890 წელს. მაგრამ 1898 წლის დამლევს დააკლდა ჭიათურის ტარიფს სამი კაპეიკი და ხელოვნურად შეკავებულმა წარმოებამ ცოტათი თავისუფლად ამოისუნთქა. 1899 წელს ჭიათურიდან გაიტანეს 21,660 ათასი ფუთი მადანი, ე.ი. საერთოდ ყველა ქვეყნებიდან გატანილ მადნის 42%. 1900 წელს გატანილ მადნის რაოდენობამ 25,440 ათას ფუთს მიაღწია, ე.ი. საერთო რაოდენობის 45%-ს.

ამ ხნიდან ჭიათურის მონაწილეობა მსოფლიო ბაზრის დაკმაყოფილებაში თან და თან ძირს იწევს და 1906 წელს 37 პროცენტამდის ჩამოდის. ამავე დროს ბრაზილიამ სრულიად გამოდევნა ჩვენი მადანი ამერიკის ბაზრიდან, ხოლო ინდოეთმა 18 მილიონი მადანი მიაწოდა ევროპას. აქაც რა თქმა უნდა, ჩვენმა რკინის გზამ შეუწყო ხელი ჭიათურის მეტოქეთა გამარჯვებას: მას არ გააჩნდა საკმაო რიცხვი ვაგონებისა და ორთქლმავალებისა და თან შორაპნამდის ფუთზე 7 კაპეიკსაც ახდევინებდა.

ამ ბოლო დროს გამოირკვა, რომ მარტო ჩვენი მთავრობა არ უწყობდა ხელს ინდოეთისა და ბრაზილიის გამარჯვებას; მას ბეჯითად ეხმარებოდნენ ჩვენი ექსპორტიორებიც. ეს დახმარება განზრახული როდი იყო: მათი ვაჭრობის წესი თავის თავად ეხმარებოდა ჭიათურის მეტოქეთ. საქმე იმაშია, რომ შარშან შემოდგომიდან ამერიკაში ერთბაშად გაჩნდა სამრეწველო კრიზისი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ევროპაზე და მარტო ინგლისის ფოლადით ვაჭრობა შეამცირა 50 მილიონით თვეში. ამ კრიზისის გამო დაიკეტა თითქმის 40% სამეტალურგიო ქარხნებისა და შავი ქვის მოთხოვნილებაც მინიმუმამდის შემცირდა. აი სწორედ ამ დროს შესწყდა ჭიათურაში მუშაობა და დღესაც არ განახლებულა. თურმე ნუ იტყვით, ევროპა საჭირო მადანს ბრაზილიიდან და ინდოეთიდან ეზიდება და ჭიათურას მაშინ მომართავს ხოლმე, როცა იქიდან მოტანილი მადანი აღარ ჰყოფნის. ამ ერთი წლის განმავლობაში ბრაზილია და ინდოეთი სავსებით აკმაყოფილებდნენ ბაზრის მოთხოვნილებას და ამიტომაც დავრჩით რიყეზე. მაშასადამე, ჭიათურის შავი ქვის საქმე ისეთ მდგომარეობაში ყოფილა, რომ თუ მისმა მეტოქეებმა მოახერხეს მიაწოდონ ბაზარს საჭირო მადანი, მაშინ ჭიათურა სულ განზე დარჩება და დაიფუქება, თუმცა აქაური მადანი თვისებით ყველასა სჯობია.

(დასასრული იქნება)

________________

1. „სკიდკა“ ნიშნავდა შემდეგს: მეურნე რომ მადანს ჩამოიტანდა, სწონიდნენ და განსაკუთრებულ დავთარში სწერდნენ არა ნამდვილ წონას, არამედ 20 პროც. ნაკლებს. ეს 20 პროც. „სკიდკა“ რჩებოდა ექსპორტიორს უხარჯოდ და, ამნაირად, დიდძალ მადანს სრულიად მუქთად იძენდა.

2. თუ როგორ იხმარება მარგანეცის მადანი მეტალურგიაში და რა მდგომარეობაშია ჩვენი მადანი სხვა ქვეყნების მადანთან შედარებით: ღირსების, სიმდიდრის და რაოდენობის მხრივ, ამას ვეცდები შევეხო ცალკე წერილში.

დროება. - 1909. - 15. - გვ. 2-3

7.6 ახალი ხანა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობაში

▲back to top


. ვარაზაშვილი

(დასასრული)

ამ საშიშ მდგომარეობამდის ჩვენი წარმოება ექსპორტიორებმა მიიყვანეს. საქმე იმაშია, რომ მათის ჩარჩულ სისტემის მეოხებით მყიდველი მექარხნეები მეტად უხერხულ, ცუდ მდგომარეობაში იყვნენ ჩავარდნილი. რადგან ექსპორტიორი ყოველთვის შემთხვევას უყურებდა და ცალკე შემთხვევით ჰყიდდა საქონელს, ამიტომ მექარხნე ყოველთვის იძულებული იყო ჩვენი მადანი ცოტ-ცოტა და თვითო ტვირთობით ეყიდა; იგი ვერ ახერხებდა მუდმივ, განსაზღვრულ ხნის განმავლობაში მიეღო ჭიათურიდან მადანი და მით ქარხანა კარგი მასალის მხრივ უზრუნველეყო, რაც დიდად საჭიროა ქარხნის წესიერ მუშაობისათვის. ექსპორტიორი გაურბოდა ასეთ პირობებს, რადგან რამდენიმე ხნის პირობით იგი ვერასოდეს ვერ შეეკვროდა მყიდველს: მას, ექსპორტიორს, თავისი ნაწარმოები არ გააჩნია და ისე კი დღეს არ იცის, რა ფასში იყიდის ხვალ საქონელს; თვით ექსპორტიორთა შორის გაცხოველებული კონკურენციაა. მაშ რანაირად უნდა გაჰყიდოს ექსპორტიორმა კონტრაქტით შავი ქვა? დღევანდელ პირობებში ეს არ შეუძლიან, ამას ხელს უშლის თვით მისი მდგომარეობა.

ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც აიძულებს მექარხნეს მოსძებნოს ისეთი მრეწველი, რომელიც მადანს მუდმივ მიაწვდის. ასეთი მრეწველები მან იპოვა ინდოეთში, ბრაზილიაში, ნიკოპოლში და მათ შეეკვრა პირობით ქვის ყიდვის საქმეში. ამიტომაც იყო, რომ წლეულს ჩვენში ერთი კენჭი ქვა არ გამოღებულა და იქ კი გაცხარებული მუშაობაა.

წარმოიდგინეთ, ზოგიერთს ეხლაც მოსდის წინადადებები ქვის ყიდვის შესახებ, იწერებიან: „შეგვატყობინეთ, რა პირობებით ჩაგვაბარებთ ამდენ და ამდენ მილიონ მადანსაო“. რა თქმა უნდა ვერც ერთი ექსპორტიორი მილლიონობით ვერ გაჰყიდის მადანს, რადგან, რაც უნდა დიდი ექსპორტიორი იყოს, რამდენიმე მილლიონის გატანას ერთი წლის განმავლობაშიაც ვერ მოახერხებს; ხოლო ერთის წლის კონტრაქტით კომისიონერს თავის დღეში არ შეუძლიან შეეკრას მყიდველს, აუცილებლად დაიღუპება.1 რადგან ქვის გაყიდვის საქმე სულ ასეთ ექსპორტიორთა ხელშია, ამიტომ მყიდველიც არჩევს საქმე ინდოეთის მრეწველ კომპანიებთან დაიჭიროს, რომელნიც მადნის განსაზღვრულ რაოდენობას თავის დროზე და პირნათლად აბარებენ. ეს ერთი.

მეორე, რადგან ჩვენი რკინის გზა მოუწყობელია და ვერ ახერხებს ექსპორტიორების ვაგონების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, ამიტომ ჩნდება ეგრეთ წოდებული „ოჩერედები“. რა თქმა უნდა, ექსპორტიორი ვერ ახერხებს თავის „ოჩერედით“ დანიშნულ ვადამდის გემის დატვირთვას და ამიტომ მადანს ვაგონებით წვრილ მრეწველთაგან ყიდულობს. გაცხარებულ მუშაობის დროს ქვის ღირსებას არავინ უყურებს, ოღონდ გემი ვადაზე დასტვირთოს და ჯარიმა თავიდან აიცილოს. ამით სარგებლობენ წვრილი ფოდრაჩიკები და რაც მოხვდებათ, ის მიაქვთ ექსპორტიორთან. მაგალითად, შარშანწინ და შარშან ქუჩაში ანახეკ შავ ტალახსაც კი ჰგზავნიდნენ, როგორც მადანს. აგრეთვე აჯამეთის სადგურიდან გაიგზავნა ფოთში 1.500 ათასი ფუთი შავი მიწა, რომელსაც სთხრიან სოფ. სვიმონეთს მახლობლად. დაახლოვებით წასული ორი წლის განმავლობაში თითქმის 12 მილ. მიწა და უხარისხო ქვა გაიგზავნა საზღვარ-გარედ, რაიც შეადგენს მთლად გაგზავნილ მადნის რაოდენობის ერთ მეხუთედს.

ექსპორტიორები ბევრს არას ინაღვლიან: იმათ მოახერხეს იმ შავი ტალახის ჩაბარება. ხოლო რა მდგომარეობაში ჩავარდნენ ამის გამო მყიდველი მექარხნეები, ეს თვით მკითხველმა განსაჯოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი ცუდი მასალა სადნობ ღუმელებს (домашныя печи) საშინლად აფუჭებს. შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ მექარხნისათვის სულ ერთია, დაბალ თუ მაღალ ხარისხის მადანს მიიღებს, ვინაიდან ფასს ლითონის2 რაოდენობის მიხედვით იძლევაო. ვინც ასე ფიქრობს, იმას ავიწყდება, რომ 45 პროცენტიან და 50 პროცენტიან მადნის გადნობის ერთი დრო და ხარჯი უნდა, ხოლო შედეგი 5 პროც. ნაკლები იქნება. დროს დაკარგვაც რომ არ ვიანგარიშოთ, ესეცა კმარა საზარალოდ ისეთი დიდი საწარმოოსთვის, როგორიც არის სამეტალლურგიო ქარხანა. თუ ამას დაუმატებთ იმ გარემოებას, რომ დაბალ ხარისხის მადანი შეიცავს ბევრს სხვა და სხვა ნივთიერებას, რომელიც მეტად ახდენს ლითონის ღირსებას, მაშინ უფრო თვალსაჩინო იქნება, თუ რა საზარალოა მექარხნისათვის დაბალი ღირსების მადნის დნობა. რაღა თქმა უნდა, მყიდველი ყოველთვის გაურბის ასეთ პირობებს.

მართლაც, რა შედარებაა ჭიათურასა და მის მეტოქეთა შორის! ისინი ყოველ ღონესა ხმარობენ, რაც შეიძლება კარგი ღირსების მადანი ჩააბარონ მყიდველს, რომ ამით მსოფლიო ბაზარზე ფეხი გაიმაგრონ. მარტო ის რადა ღირს, რომ ნიკოპოლის (სამხრეთ რუსეთი) მრეწველებმა ბევრი სარეცხი ქარხნები გამართეს, დიდი თანხა დახარჯეს და 30-35%-იანი მადანი 40-50%-მდის აიყვანეს! ასე იქცევიან სხვა ჩვენი მეტოქენიც. რა გასაკვირველია ამის შემდეგ, თუ მყიდველი არჩევს მათთან იქონიოს საქმე, როდესაც დარწმუნებულია, რომ საქონელს თავის დროზე და პირნათლად მიიღებს. დამეთანხმებით, რომ ნამდვილი ვაჭარი ყოველთვის არჩევს ცოტა მეტი მისცეს, რომ ზემოხსენებულ პირობებში მიიღოს საჭირო საქონელი.

აქედან ცხადია, ჩვენს მადანს ყოველი გარემოება ხელს უწყობდა, რომ უკანასკნელი ადგილი დაეჭირა.

აი, რა საშიშ მდგომარეობაში ჩავარდა ჩვენი შავი ქვა, სადამდის მიიყვანა იგი წარმოებაში გამეფებულმა „ძველმა წესებმა“, ექსპორტიორების მოღვაწეობამ, რკინის გზის მოუწყობლობამ და მრეწველების შეუგნებლობამ. დღეს აშკარადა ვხედავთ „ძველი წესების“ შედეგებს და ვინც ჭკუათა-მყოფელია და ვისაც ოდნავ მაინც ეინტერესება ამ ერთად-ერთ წარმოების ბედ-იღბალი, უნდა შეეცადოს წარმოებაში სასურველ წესების დამყარებას, რათა ჭიათურასა და მის მეტოქეთა შორის ატეხილი ბრძოლა პირველის გამარჯვებით გათავდეს. უამისოდ ჭიათურის მრეწველობას გაკოტრება მოელის...

მაგრამ, როგორც ეტყობა, ევროპიელები ყველაფერში გვასწრობენ (როდის ვცდილობდით მათ დაწევას?!) და აქაც თვითონ ისინი მოეშურებიან საქმის გამოსაბრუნებლად.

საქმე იმაშია, რომ ჭიათურაში მომუშავე კაპიტალისტებმა, რომელნიც აქამომდე მარტო ექსპორტიორობით კმაყოფილდებოდნენ, შესცვალეს თავიანთი კურსი და ახალ გზას დაადგნენ: ისინი მხნედ შეუდგნენ სამადნოების შეძენას, მათ დამუშავებას, სხვა და სხვა მექანიკურ მოწყობილების შემოღებას და წარმოების კაპიტალურ ნიადაგზე დაყენებას. მაგალითები თვალ-საჩინოა: არტურ-კოპპელი, რომელიც აპირებს ჰაერის რკინის გზის გაკეთებას პირდაპირ ყვირილაში ქვის გადასატანად, იძენს აუარებელ მარგანეციან ადგილს. ძმ. ფორვუდმა ერთი წელიწადია გააჩაღეს მადნებში მუშაობა. ასევე აპირებს შალკერი, მანოლოპულო, ავგერინო, ნიკოლაი და სხვა. ასე რომ სულ ცოტა ხანში მადნებში მუშაობა მოსულ კაპიტალისტების ხელში გადავა. თანდათან მატულობს აგრეთვე სარეცხ ქარხანათა რიცხვი.

აი ის განახლების ნიშანი, რომლებზედაც ზემოდ მოგახსენებდით. ამის შემდეგ უნდა თანდათან შეიცვალოს ქვის გაყიდვის წესიც: მრეწველი და ექსპორტიორი ერთი და იგივე უნდა იყოს. ამითი მოსალოდნელია ჩვენი ქვის მდგომარეობის გამობრუნება მსოფლიო ბაზარზე.

ჩემი აზრით, ასეთი განახლება სასიხარულოა. და ეს რომ ადრე მომხდარიყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა როგორც თვით მრეწველობისათვის, ისე იმ 5-6-ათას მუშისათვის, რომელიც ჭიათურაში მუშაობდა, და რომელიც ზოგიერთ წვრილ მრეწველის მეოხებით ათას გვარ გაჭირვებასა და დამცირებას იტანდა. ზოგს არც კი შერცხვა მუშის ნამუშევარი გაეტაცნა და წასულიყო... განა შეიძლება შევადაროთ ის პირობები, რომელიც მუშებსა აქვთ ძმ. ფორფუდის მაღაროებში (8 საათის სამუშაო დღე, 1906 წლ. ხელფასი, ანგარიშს ყოველ კვირას იღებენ.) და ის პირობები, რომელსაც იტანენ ისინი რომელიმე წვრილ ჩხერკედელა მრეწველთან!..

აქნამდის განზე გამდგარი კაპიტალი დღეს თვით იწყებს საქმეს და ლამობს ყველაფერი ხელთ იგდოს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სულ ცოტა ხნის განმავლობაში მადნის დამუშავების საქმე კაპიტალისტთა ხელში გადავა. მაშასადამე ის 400-500 წვრილი მრეწველი, რომელიც დღეს თითქმის მადნის მთელ რაოდენობას ამუშავებენ, უნდა გაჰქრნენ მძლავრ კაპიტალის სიმძიმის ქვეშ?! ეს თავისთავად ცხადია, რადგან მათ აღარ შეუძლიანთ ძველებურად ჩხირკედელაობა და მადნის თითქმის მუქთად დამუშავება: მაღაროები შორსაა წასული, მუშები თავისას თხოულობენ, მთავრობა თავისას. ესეც არ იყოს, სად შესძლებენ ისინი იმ მრეწველებთან გამკლავებას, რომელნიც თავიანთ საკუთარ ნაწარმოებს გაიტანენ საზღვარ-გარედ და თან შეისყიდიან მარგანეციან ადგილებს? დიახ, იმ პირობებში, რომელშიაც დღეს იმყოფებიან მრეწველი „ფოდრაჩიკები“, უეჭველად კაპიტალის მსხვერპლნი შეიქნებიან. თუ იმათ კაპიტალს კაპიტალი არ დაუპირდაპირეს, მათი დაღუპვა ისევე აუცილებელია, როგორც ხვალინდელი დღის გათენება.

მკითხველი იკითხავს: სად იქნება ჩხირკედელა „ფოდრაჩიკის“ კაპიტალიო. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე არა აქვთ, მაგრამ თუ შეერთდებიან, შეკავშირდებიან, მაშინ ეს 400-500 მრეწველი იმ სიდიდე ძალას შეჰქმნის, რომ მასთან გამკლავება მოსულ უცხოელებს მართლაც გაუჭირდებათ. ეს არის ერთად-ერთი გზა წვრილი მრეწველების დასახსნელი. ამ ახალ გზას უნდა დაადგნენ ისინი და მით შავი ქვის მრეწველობაში თვითონაც განახლება შეიტანონ.

დღეს ჭიათურის მრეწველები ბევრს ლაპარაკობენ მრეწველთა კავშირის დაარსების შესახებ. მაგრამ ვინც კარგად იცნობს მათ, ყველას ეჭვი დაებადება მათს გულწრფელობაში: მათი ვიწრო ეგოიზმი და ანგარება ყოველ საზოგადო საქმეს დასაწყისშივე ჰკლავს. არც მე მაქვს მათი გულწრფელობის სრული იმედი, რადგან გამოცდილებით ვიცი, რომ, როცა უჭირთ, მაშინ ყოველი მათგანი საზოგადო საქმისადმი საკვირველ გულმხურვალეობას იჩენს (რა თქმა უნდა, სიტყვით), ხოლო როცა მუშაობაა და ულხინთ, მაშინ თავიანთ ჯიბის მეტი არა ახსოვთ რა.

დღეს მაინც სურთ საზოგადოების მოწყობა და მეც მინდა ამ საქმეს ხელი შევუწყო. ამიტომ მე ვეცდები ახლო მომავალში გავაცნო მკითხველს მომავალ საზოგადოების წესდების ძირითად მუხლების პროექტი. ვინ იცის? შეიძლება გამოდნეს რამე!..

დროება. - 1909. - 16. - გვ. 2

7.7 იტალიელთა რადიო სადგური თბილისში

▲back to top


ბათომში მოსულ იტალიელთა გემითფრანც ფერდინანდით“, ჩამოვიდენ იტალიელი ინჟინრები რადიო-ტელეგრაფის აპარატებით და საჭირო შტატით.

რადიო-სადგური მოწყობილ იქმნა თბილისში.

ახალი საქართველო. - 1919. - 4. - გვ. 2

7.8 საამდროო წერილები

▲back to top


. [დავით შარაშიძე]

იმ საკითხის გადაწყვეტის დროს თუ რას მოიტანს მომავალი „მშვიდობიანი ომი“, ჩვენ ერთ წუთსაც არ უნდა დავივიწყოთ საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა აზიისა და ევროპის საზღვრებზე. საზოგადოთ, როგორც ვიცით ისტორიიდან, ამიერკავკასია წარმოადგენდა „ხალხთა დიდ ლაბორატორიას,“ რომლიდანაც დღევანდელი დასავლეთ ევროპა წარმოიშვა.

რა ჯურის ხალხი არ მოსულა აქ, უბინადრია და შემდეგ წასულა ზოგი დასავლეთისაკენ და ზოგი კი ჩრდილოეთისაკენ! უნებლიეთ მაგონდება აქ ფილოსოფოს-მგოსნის სიტყვები, იმ მგოსნისა, რომელიც იმავე დროს ჩინებული ისტორიკოსიც იყო Wer kann nenner der Völkenznamen Dier zusammekemmen.

ეს გეოგრაფიული მდგომარეობა იყო ხშირად საქართველოს უბედურების მიზეზი; ამის გამო მას არა ერთხელ აოხრება და განადგურებაც განუცდია, მაგრამ ამავე დროს იგივე გეოგრაფიულ მდებარეობას ჰქონდა წარსულში და აქვს ახლაც დიდი მნიშვნელობა საქართველოს სასარგებლოდაც. როგორც ვიცით საქართველოთი გადის უახლოესი გზა ევროპიდან აზიაში, აგრეთვე საქართველოს სამხედრო გზა წარმოადგენს უახლოეს გზას ჩრდილო-კავკასიიდან შუაგულ ამიერ-კავკასიაში, მაშასადამე ვაჭრობა მომავალში ევროპა და აზიის შორის უმთავრესად ამიერ-კავკასიით და საქართველოთი იწარმოებს.

ეს გარემოება კი ჩვენი ერის ნივთიერ განვითარებისათვის დიდ-მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია სავსებით ვისარგებლოთ ამ ბედნიერი გარემოებით, თუ რომ აქტიურ მოქმედების უნარს გამოვიჩენთ, ამ შემთხვევაში, თუ ვაჭრობის ევროპიულად წარმოებას მივყობთ ხელს.

ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის მას, თუ როგორ იქნება მოწყობილი საქართველოში მადნეულობის ექსპლოატაცია, ვინ ედგომება სათავეში ამ მდიდარ საქმეს?

სამწუხაროდ, ჩვენში ჯერ-ჯერობით ამ მხრით არაფერი გაკეთებულა. საერთოდ ჩვენს პრესაში უფრო აკადემიურად არკვევენ მას, თუ მადნეულობა ვის უნდა ეკუთვნოდეს, სახელმწიფოს თუ კერძო პირთ, მხოლოდ ამ საკითხის პრაქტიკული მხარე უყურადღებოდ არის დატოვებული.

საქართველოში მოინახებიან არა ერთი და ორი პირნი, რომელთაც საკმაო მეცნიერება შეუსწავლიათ საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი გერმანიასა და ავსტრიაში. მათ შეუძლიათ დიდი სარგებლობა მოუტანონ ჩვენს ქვეყანას. როგორც ვიცით, ამ დასახელებულ სახელმწიფოებში უმაღლესი საკმაო აკადემიები არიან დაარსებული სწორედ ამ ხშირად პატარა სამაზრო ქალაქებში, სადაც კი რაიმე მადნეულობის მუშაობა სწარმოებს. ამნაირად იქ პრაქტიკულად ცოდნის შეძენა თეორიულ გამოკვლევებს მისდევს, ეს კი გაცილებით უკეთ ამზადებს მომავალ ინჟინერს, ვიდრე ვთქვათ, პეტროგრადის სამთო ინსტიტუტში, სადაც სამთო საქმეთა პრაქტიკულად შესწავლა საზოგადოდ არ სწარმოებდა და თუ მაინც და მაინც აქ იყო ეს სასწავლებელი დაარსებული მხოლოდ იმ განზრახვით, რომ უმაღლესი სპეციალური სასწავლებელი სატახტო ქალაქს უფრო შეშვენის, ვიდრე პროვინციალურსო. იმას კი აღარ დაეძებდენ, სად უნდა შეეძინა ახალ-გაზდას სპეციალური ცოდნა საგნისა. ბოლო ხანებში ორგან თუ სამგან პროვინციებშიც გახსნეს ასეთი სასწავლებლები, მათი მნიშვნელობა მომავალში თუ იჩენს თავს, დღემდე კი პეტროგრადის სამთო ინსტიტუტი იძლეოდა ამ დარგის „სპეციალისტებს“.

ვიმეორებ, საზღვარგარეთ სამთო მეცნიერებაში კარგათ გაწვრთნილნი პირნი ჩვენში მოიპოვებიან. მხოლოდ მათ უსახსრობის გამო არ აქვთ საშუალება, რომ გეოლოგიური კვლევა-ძიებისათვის ექსპედიციები მოაწყონ. მათ არა აქვთ საკუთარი თანხა ამისათვის, მაგრამ სახელმწიფომ თვით უნდა იდვას თავს ამ დიდი საქმის გაძღოლა და აღმოუჩინოს მათ ნივთიერი დახმარება, რაც მალე შეუდგებით საქმეს ამ მიზნის მისაღწევად, ის სჯობია ჩვენთვის, რადგან ამ დარგში ინიციატივა აუცილებლად ჩვენ უნდა დაგვრჩეს ხელში. ზედმეტად მიმაჩნია სიტყვის გაგრძელება იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა ექნება მადნეულობის წარმოების განვითარებას მომავალ ვაჭრობისათვის და საზოგადოთ საქართველოს მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის. ეს ყველასათვის ცხადზე უცხადესი უნდა იყოს.

საქართველოს რესპუბლიკა. - 1918. - 18. - გვ. 3-4

7.9 საჭირო საქმე

▲back to top


. კვიკვიძე

დღევანდელი საქართველოს მთავრობა რომ ნამდვილი ხალხის მოამაგე და მოჭირნახულე პირებისაგან შესდგება, ამას არ უნდა მტკიცება. რაც უნდა ბევრი ეცადნონ მარცხნიდან, თუ მარჯვნიდან, მაინც ვერ შესძლებენ დამტკიცებას, რომ მთავრობა წმინდა დემოკრატიული არ არის და ის შეცდომით მოექცა ჩვენს ცხოვრებას სათავეში. ჩვენი მთავრობის წევრებს თითქმის ყველას ვიცნობთ ჩვენ მუშები პირადათ და ვიცნობთ ისე, რომ თამამად შეგვიძლია ვენდოთ და ჩავაბაროთ ჩვენი ბედი, მაგრამ „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა“; ქვენა გრძნობებით გაჟღენთილი პირები თუ ჯგუფები ბოროტათ სარგებლობენ მთავრობის ლმობიერებით, უსინიდისოდ ატყუებენ ხალხს და აჯანყებენ მთავრობის წინააღმდეგ. შინაურებიც ხშირათ ბრალს სდებენ მთავრობას, რომ მან გამოცდილება ვერ გამოიჩინა, მაგრამ არც ეს არის მართალი. რა თქმა უნდა გამოცდილება ბევრს ნიშნავს, მაგრამ მე მგონია, რომ გარემოება უფრო მეტად უშლის ხელს ვიდრე გამოცდილება.

რუსეთი დაღუპა უკულტურობამ და ტეხნიკურად მოუწყობლობამ. აუარება იყო პურიც, შაქარიც, და სხვა სანოვაგე რუსეთში, მაგრამ გადატან-გადმოტანა თავის დროზედ ვერ ხდებოდა. მის მაგიერ, რომ თბილისიდან კავკავამდე რაღაც ორასი ვერსი უნდა გაგვევლო 2 ს. გზა-რკინის გზით ბაქოზე მოვდიოდით და მერე კავკავში. ამასთან ერთად ათასი მტერი დახვდებოდა და ჩვენს სანოვაგეს იტაცებდა. ასევე იყო მთელს რუსეთში. ამან დაანგრია იგი. სწორედ აქეთ უნდა იყოს მიქცეული მთელი ჩვენი ყურადღება. ჩვენმა მთავრობამ მთელი ძალ-ღონე უნდა მოახმაროს ყოველი დარგის ტეხნიკურ განვითარებას. თუ ტეხნიკურად გავმაგრდით, დანარჩენს ყველაფერსა ვსძლევთ. ამისათვის საჭიროა გამოცდილი ინჟ. ტეხ.: ხელოსნები ინჟინრებიც და ტეხნიკებიც ბლომად გვყავს, მაგრამ უნდა გაბედულად ვსთქვათ, რომ პრაქტიკულ მუშაობაში ძალიან მოიკოჭლებენ, ასე რომ დღევანდელი ინჟენრებიდან თითო ოროლა თუ გამოდგება ნამდვილი წარმოებისთვის.

ხელოსნებიც ბევრი გვყავს და კარგი ხელოსნებიც, მაგრამ აკლიათ სამუშაო სისტემის ცოდნა. ჩვენში გაბატონებულია „არა უშავს რა“ სისტემა, - ეს კი დამღუპველია წარმოებისთვის.

ამიტომ აუცილებელია ხელმძღვანელი მცოდნე და გამოცდილი და საჭიროა აგრეთვე ხელმძღვანელის თანამშრომელ მუშების ყოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო ხელმძღვანელი ვერას გახდება რაც გინდ მცოდნე და გამოცდილი იყოს.

მაგრამ სად მივიღოთ ეს საჭირო გამოცდილება? ამისთვის ერთად ერთი გზა არის ის, რომ ევროპისაკენ უნდა ვქნათ პირი. როგორც გავიგეთ მთავრობის სფეროშიც დაბადებულა ფიქრი და ზრუნვა ამის შესახებ. წინეთ სანამ ჩვენი ბედი ჩვენს ხელთ არ იყო, ვინ იზრუნებდა ჩვენზე, მუშებზე და ისიც „ინოროდცებზე?“ რუსეთში კანონის ძალით წელიწადში 30 მანეთი უნდა ეხადა საზღვარ გარედ წამომსვლელს. ეს იყო მისი ხელის შეწყობის მაგიერ ხელის შეშლა. თუ ვინმე კერძო შეძლებული რაიმეს გაიღებდა, ეს უთუოდ უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეთა დასახმარებლად, თვარა აზრად არავის მოუვიდოდა მუშებისთვის ქვეყნისთვის საჭირო ცოდნის მისაღებად საშვალება მიეცა. დღეს კი სულ სხვაა, დღეს ყველასათვის აშკარაა, რომ თუ ტეხნიკურად არ განვავითარეთ ჩვენივე საკუთარი ძალით ჩვენი ცხოვრება ისე არსებობა არ შეიძლება. ისიც ცხადია, რომ საკმაო ცოდნა არა გვაქვს, საჭიროა მისი მიღება. ეს არის საჭირო ხალხისთვის, სახელმწიფოსათვის. მთავრობამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ამას.

ამისათვის იმდენი ხარჯი კი არ დასჭირდება მთავრობას, რამდენიც მოსწავლეზედ. მთავრობის ხარჯი საჭიროა იქნება სულ დიდი სამი თვის საზრდოს მიცემა მუშისთვის ე.ი. მანამდე სანამ ადგილზე დაიწყებდეს მუშაობას, შემდეგ ექნება ჯამაგირი და მთავრობის ხარჯი საჭირო აღარ იქნება. სამი თვე მაქსიმუმია, თვარა შეიძლება ორი კვირაც არ დასჭირდეს. ეს სამი თვე საჭიროა მანამდე სანამ საჭირო იარაღის სახელს და სხვას შეისწავლიდეს ადგილობრივ ენაზე. უმთავრესი დახმარება იმაში უნდა გამოიხატოს მთავრობის მხრივ, რომ პრაქტიკულათ მოგვიწყოს საქმე, გერმანიაში წასვლისათვის ადგილობრივ საწარმოვო დარგებში დაუბრკოლებლივ დასადგომათ, დასათვალიერებლად სხვა და სხვა ქარხანა ფაბრიკებში შესვლა და სხვ.

აი ეს უნდა მოგვიწყოს ჩვენმა მთავრობამ, რასაც სულ ადვილად მოახერხებს.

საქართველოს რესპუბლიკა. - 1918. - 6. - გვ. 5

7.10 ქალაქის საგაზო ქარხანა

▲back to top


გუშინ, 24 აგვისტოს ტფილისში ჩამოვიდა ინგლისის კაპიტალისტ-ინჟინრების წარმომადგენელი ინჟინერი თავ. ჩოლოყაშვილი, რომელმაც მოლაპარაკება უნდა გამართოს ქალაქის გამგეობასთან ტფილისში ქალაქის საგაზო ქარხნის აშენების შესახებ. ინჟინერთა ამხანაგობას თავ. ჩოლოყაშვილისთვის დაუვალებია იჯარით აიღოს ქარხნის აშენება და შესაფერი რწმუნებაც მიუცია. ამხანაგობის პირობებს ქალაქის გამგეობა ერთ თავის უახლოეს კრებაზე განიხილავს თავ. ჩოლოყაშვილის თანდასწრებით.

სახალხო გაზეთი. - 1910. - 91. - გვ. 2

7.11 ქართველ მოსწავლე ახალგაზდობის საყურადღებოდ

▲back to top


-ნია

(წერილი გერმანიიდგან საკუთარის თანამშრომლისაგან)

აგერ მალე მეორე წელიწადი შესრულდება, რაც ქალაქ ლაიპციგში უმაღლესი სავაჭრო სასწავლებელი (Nandelshochschule) დაარსდა. ეს პირველი უმაღლესი საკომერციო სასწავლებელია მთელს გერმანიაში. თითო ასეთი სასწავლებელი პარიჟშიაც (E'cole des nantes e'tudes commerciales) და, რამდენადაც ვიცი, ლონდონშიაც არსებობს. ამ ჟამად მე მინდა ჩვენის მოსწავლე ახალგაზდობის ყურადღება ქ. ლაიპციგის სავაჭრო სასწავლებელს მივაქციო, რომლის წეს-წყობილებასაც უფრო დაახლოვებით ვიცნობ.

ძალიან სასურველია, რომ ჩვენში ბლომად გამოჩნდნენ ისეთი ახალგაზდები, რომ სავაჭრო საგნების შესწავლას მოჰკიდონ ხელი. ჩვენში ახლა ასეთი ცოდნა ძალიან საჭიროა, დიდი მოთხოვნილებაა მისი და ამიტომ თვით ასეთის ცოდნით შეიარაღებულთაც არ გაუჭირდებათ სამოქმედო ასპარეზის პოვნა და ცხოვრებაში თავის გატანა.

ლაიპციგის უმაღლეს სავაჭრო სასწავლებელში მიიღებენ გიმნაზიებსა და რეალურ სასწავლებლებში, სამასწავლებლო ინსტიტუტებსა და სასულიერო სემინარიებში სწავლა დასრულებულებს. მიიღებენ სემინარიის სრულის ოთხი კლასსის მოწმობითაც, მხოლოდ სემინარიის ოთხ კლასიანებს სასულიერო სასწავლებლის მოწმობაც უნდა ჰქონდეთ თან. შეიძლება მიიღონ საოსტატო სემინარიებშიც კურს დასრულებულნიც, მხოლოდ ასეთებს ვურჩევთ, მათი მოწმობა მანდედგანვე პირდაპირ სასწავლებლის დირექტორს გამოუგზავნონ (გადათარგმნილი გერმანულს ენაზედ) და სთხოვონ, აცნობოს მათ, თუ ისინი ისეთის მოწმობით მიღებულ იქმნებიან სასწავლებელში.

სასწავლებელში კურსის დასრულება შეიძლება ორს წელიწადში. ვისაც შეძლება ნებას აძლევს, შეუძლიან, რასაკვირველია, უფრო გვიანაც დაასრულოს. ლექციების ფასის გარდა არავითარი სხვა გადასახადი სასწავლებლისათვის არ არსებობს. მხოლოდ სტუდენტად ჩარიცხვის დროს უნდა გარდაიხადონ, როგორც ეს უნივერსიტეტშია, 20 მარკა ანუ ჩვენის ფულის ანგარიშით 10 მანეთი. სალექციო გადასახდელის რაოდენობა დამოკიდებულია იმისგან რამდენს ლექციას ისმენს სტუდენტი სემესტრის განმავლობაში. თუ ბევრი ლექციები აქვს აღებული, ბევრს გადაიხდის, თუ ცოტა - ცოტას.

საშუალო რიცხვით თითო სემესტრში ლექციების ფული შეადგენს 100 მარკას, ორს სემესტრში, ე.ი. ერთს წლის განმავლობაში 200 მარკას, ანუ 100 მანეთს.

სტუდენტად ჩარიცხვის დროს არავითარი გამ... [არ იკითხება] დროს გერმანული ენა იცის თუ არა, ასე რომ ენის უცოდინარობა თავის თავად მიღების დამაბრკოლებელი არაა. მაგრამ უამისოდაც საგულისხმოა, რომ სასწავლებელში ახლად შემსვლელისათვის ენის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიდრე იგი ხეირიანად ენას არ შეისწავლის, იმ დრომდე მისი აქ ყოფნა თითქმის სრულიად უნაყოფოა. მიტომ ყველამ, ვისაც აქეთ წამოსვლა უნდა, ენა შინვე უნდა შეისწავლოს. ეს სრულიად ძნელი არაა და ყოველ საშუალო ნიჭის კაცს შეუძლიან, თუ ცოტას თავს ძალას დაატანს და იმეცადინებს. ასე მეცადინეობით იგი თეორიულად შეისწავლის ენას, წიგნების კითხვა და გაგება შეეძლება, და თავი საქმეც ეს არის. ვისაც ენა ამდენად ეცოდინება, ის ლაპარაკს აქ სამიოდე თვეში შეეჩვევა. ჩვენშივე გერმანულის კერძო გაკვეთილებიც რომ აიღოს გერმანიაში წამოსვლის მსურველმა, მაშინაც ენის შესწავლა მას ბევრად უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ენის უცოდნელი აქ შეუდგეს ენის სწავლას. ეს იმიტომ, რომ აქ ცხოვრება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ტფილისში.

აქ მოსწავლეს, ხელმოჭერილად რომ იცხოვროს, თვეში 50 მანეთი მოუნდება, ლექციების და ტანისამოსის ფასის გარდა. რასაკვირველია, ტფილისში ღარიბად უფრო იაფად შეიძლება ცხოვრება. მაგრამ საქმე ისაა, რომ აქ მეტად ღარიბად ცხოვრება მოუხერხებელია. აქაურს პირობებში თვეში 100 მარკით ცხოვრება ძალიან ღარიბული ცხოვრებაა. ძალიან ჯანმრთელი უნდა იყოს კაცი, მეტად ხელმოჭერილად და ღარიბად უნდა სცხოვრობდეს, რომ თვეში 40-45 მანეთი ეყოს.

სასწავლებელში ჩაწერილს სტუდენტს უფლება აქვს მოისმინოს ლექციები როგორც თვით სავაჭრო სასწავლებელში, ისე ლაიპციგის უნივერსიტეტშიაც. ზოგიერთი ლექციები, რომლებსაც უნივერსიტეტში პროფესორები კითხულობენ, სავაჭრო სასწავლებლის სტუდენტებისთვის პირ და პირ სავალდებულოცაა. სწავლება ისეა მოწყობილი, რომ სტუდენტები ზოგს ლექციებს თვით სავაჭრო სასწავლებელში ისმენენ; ზოგსაც უნივერსიტეტის პროფესორები კითხულობენ და სტუდენტებიც იმათ მოსასმენად უნივერსიტეტში დადიან. სავალდებულო საგნები სავაჭრო სასწავლებლის სტუდენტებისთვის, რომლების ცოდნას მათ კურსის დასრულების დროს გამოცდაში მოსთხოვენ, შემდეგია:

1) უმაღლესი სავაჭრო არიტმეტიკა,

2) ბუხჰალტერია,

3) გერმანული სავაჭრო კორესპონდენცია და საკანტორო მუშაობა,

4) პოლიტიკური ეკონომია,

5) საფინანსო მეცნიერება,

6) ვაჭრობის ისტორია,

7) სავაჭრო და სავექსილო უფლება,

8) ეკონომიის გეოგრაფია.

გარდა ამისა ასწავლიან სასწავლებელში შემდეგს საგნებს, რომლების შესწავლა თვით სტუდენტების სურვილზეა დამოკიდებული და რომელშიაც მათ ეგზამენის დროს მათი სურვილის თანახმად გამოსცდიან: ქსოვილების ინდუსტრიის მექანიკურ ტეხნოლოგიას, ფრანგულს, ინგლისურს, იტალიურს, რუსულს, ისპანიურს, ჩინურს, გერმანულს (უცხოელებისთვის) და სხ. ენებს, სავაჭრო კორესსპონდენციას ფრანგულსა და ინგლისურს ენაზედ, გერმანულს სტენოგრაფიას, საწერ მანქანაზედ მუშაობას. ამას გარედ, როგორც ვთქვით, სავაჭრო სასწავლებლის სტუდენტებს ნება აქვთ უნივერსიტეტში ყველა ლექციების მოსმენისა და, მაშასადამე, ისეთებისაც, რომელიც მათთვის პირ და პირ სავალდებულო არაა (ისტორია, ფილოსოფია, იურისპრუდენცია, გეოგრაფია, სტატისტიკა და სხვა და სხვა).

მოვიხსენიებთ იმასაც, რომ სავაჭრო სასწავლებლის სტუდენტებს უფლება აქვთ ისარგებლონ სავაჭრო პალატის წიგნთსაცავითა და სამკითხველოთი, ასევე უნივერსიტეტის წიგნთ-საცავით და სამკითხველოთი, საცა მრავალი ჟურნალ-გაზეთია დალაგებული. აგრეთვე უფლება აქვთ მათ წევრებად შევიდნენ „სახელმწიფო მეცნიერებათა სემინარიაში“ , რომელიც უნივერსიტეტისავე შენობაშია მოთავსებული და მდიდარს პოლიტიკო-ეკონომიურს წიგნთსაცავს შეიცავს. ამ სემინარიაში მეცადინეობენ სტუდენტები პროფესორების ხელმძღვანელობით, სწერენ გამოკვლევებს და კითხულობენ სემინარიის წევრების სხდომაზედ პროფესორის დასწრებითა და მონაწილეობით. ამ სხდომებზედ გასინჯვენ ხოლმე თითოეულს შრომას, კრიტიკას უზამენ და საზოგადოდ ისეთ კითხვებს გაარკვევენ, რომლებიც წარმოდგენილს შრომას კერძოდ და მეცნიერულ მუშაობის მეთოდს ზოგადად შეეხება. ამ სხდომებში სავაჭრო სასწავლებლის სტუდენტებიც, რომლებიც-კი სემინარიაში წევრებად შერიცხულნი არიან, (სემინარიის წევრობისთვის ყოველ სემესტრში 10 მარკას იხდიან) მონაწილეობას იღებენ და რიგობით თავიანთ ნამუშევარსაც არდგენენ სხდომაზედ მოსასმენად.

ერთის სიტყვით, სწავლის შესაძენად აქ საშუალება და მოწყობილობა ბევრი და საუცხოვოა. განმეორებით ვისურვებთ, რომ ამ სასწავლებელში შემსვლელი ქართველი ახალგაზდები ბევრნი აღმოჩენილიყვნენ. ამ ჟამად ქ. ლაიპციგში სულ ორი ქართველია, ერთი უნივერსიტეტში და ერთიც სავაჭრო სასწავლებელში.

ივერია. - 1900. - 1. - გვ. 3

7.12 ქონებრივი წარმატება გერმანელებისა

▲back to top


არტურ ლეისტი

მართალია, ყველას კარგად მოეხსენება, რომ გერმანიის პოლიტიკურად გაძლიერებასა და აღორძინებას ხელი შეუწყო, როგორც საფრანგეთ-პრუსიის ომმა, ისე გერმანიის წვრილ სახელმწიფოთა გაერთიანებამ, მაგრამ თუ თვით ხალხი დიდ-ბუნებოვანი არ ყოფილიყო, ბუმბერაზ სახელმწიფოსაც ვერ შეჰქმნიდა. ხალხისა თუ სახელმწიფოს ძლიერების გამომხატველი მისი კულტურა, მისი შემოქმედებითი ნიჭი, მისი შრომის მოყვარეობა და სიმდიდრეა.

პრუსია-საფრანგეთის ომამდე გერმანიას მარტოოდენ პოეტობის და მეცნიერების სამშობლოდა სთვლიდნენ. მართლადაც, მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან აზროვნებისა და პოეზიის სამეფოში არა თუ ერთი პირველ ადგილთაგანი დაიჭირა, არამედ გერმანიამ სხვა ქვეყნებსა და ხალხზე დიდი გავლენაც მოიპოვა.

კანტიდან დაწყებული ნიცშემდე გერმანიის აზროვნებამ ფრიად დიდი მანძილი განვლო და, თუმც დღეს მთელ ამ „მეტაფიზიკას“ დრომოჭმულათა და უნაყოფოთა სთვლიან, მაგრამ თავის დროზე, ამ მეტაფიზიკასა და სხვადასხვა დარგის მეცნიერებანი: იურისპრუდენცია, ისტორია, პედაგოგია და სხვა მეცნიერებანი ამ „მეტაფიზიკისაგან“ დიდად დავალებულნი არიან.

ყველას არ შეუძლიან შეიგნოს კანტის ფილოსოფია. იგი ძნელი, მძიმე გასაგებია, მაგრამ კანტის ღრმა-აზროვანმა მსჯელობამ, მისმა სასტიკმა ლოღიკამ და მათემატიკურის სასწორით არჩეულმა გზამ სიმართლისაკენ, ძალუმად წასწია წინ გერმანელთა აზროვნება და ზნეობის საფუძველნი თვალსაჩინო ჰყო.

კანტის კატეგორიული აპერატივი“ „შენ მოვალე ხარ“!, ეს მისი ვრცელი თხზულება კაცთა ზნეობრივ მოვალეობის შესახებ, ღრმად ჩასწვდათ გულში გერმანელებს და მათი სულიერი თვისებანი ბევრით გააუმჯობესა.

გრძნობანი მოვალეობის აღსრულებისა და კეთილსინდისიერებისა ისეთ ცხად თვისებად გადაიქცა გერმანელისათვის, რომ არამც თუ შინ, გარედაც, უცხო ქვეყნებშიაც კი, დიდის ნდობით ეკიდებოდნენ გერმანელებს და თვალსაჩინო თანამდებობათ აძლევდნენ, ხოლო გერმანელი ხელოსანი ხომ მთელ ევროპაში განთქმული იყო, როგორც საქმის სინდისიერად და ფაქიზად აღმასრულებელი.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გერმანელების კულტურა შეუჩერებლივ ვითარდებოდა, მათი სკოლა და მეცნიერება სხვებისათვის სამაგალითო შეიქმნა, მათი ხელოვნება, ვაჭრობა და მრეწველობა ამაღლდა, აყვავდა და გაძლიერდა. მაგრამ ამ დროს გერმანია მარტო თავის-თავისათვის, მარტო შინ მუშაობდა და იღვწოდა.

პოლიტიკური განხეთქილება და გერმანიის წვრილ სახელმწიფოთა კერძოობა ხელს უშლიდა გერმანიას მსოფლიო ძლიერება დაემკვიდრებინა. მაგრამ, აი, დაიწყო ნაპალიონის ომები და ბევრმა გერმანელმა გაიფიქრა გერმანიის სახელმწიფოთა გაერთიანება და ამ ერთიანობით მსოფლიოში გავლენის მოპოება.

ეჭვ გარეშეა, რომ პრუსია-საფრანგეთის ომმა ფრთები შეასხა გერმანიის ძლიერებას, მაგრამ ყოველივე შედეგი გერმანიის გამარჯვებისა საფრანგეთზე, გერმანიის წარმატების ხელის შემწყობი არ იყო. პირველ ყოვლისა ხელის შემშლელი გამოდგა ის გარემოება, რომ გერმანია ძალზედ გაამაყდა, მისი ეროვნული შემეცნება გაზვიადდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ხელი შეუშალა თვით ერის საერთო ცხოვრების აღფრთოვანებას. მაგრამ ამ დროსაც კი გერმანიის ბევრი გულ-მშვიდი მამულიშვილი დაუღალავათა და გატაცებით მუშაობდა კულტურის გზაზე. წვრილ სახელმწიფოთა გაერთიანებამა და დიადის იმპერიის დაარსებამ გააფართოვა მათი თვალთა ხედვის ისარი. ის სამზღვრები, რომელშიაც მოექცა მათი სამშობლო, ახლა ვიწროდ ეჩვენათ. სამრეწველო მოძრაობა თავის კალაპოტში ვეღარ ეტეოდა და სულ გარე-გარედ, მსოფლიო ბაზრისკენ იწევდა. ძლიერმა კაპიტალისტებმა ხელი-ხელს ჩაჰკიდეს, შეუდგნენ ქარხნებისა და ფაბრიკების საერთო ძალით აგებას, მრეწველობის განვითარება-გაფართოებას. ახლა გერმანელები აღარ კმაყოფილდებოდნენ „შინაურობაში, მარტო თავის თავისათვის მუშაობით“; დღეიდან მათ მცნებათ შეიქმნა: შრომა თავისთვის და სხვისთვისაც, შრომა გამდიდრებისათვის!“

დიაღ, სიმდიდრე საჭიროა, სიმდიდრეა პირველი აზარმაცი კულტურულ განვითარებისა, სიმდიდრეა უსაჭიროესი იარაღი წინმსვლელობისათვის, ხოლო კაცის გამამდიდრებელი კი - შრომა და ცოდნაა. ეს ძრიელ კარგად ესმოდათ გერმანელ მამულიშვილებს და, ახალ მრავალ-ფეროვან მოძრაობას, ამ უთვალავ ვაჭარ მრეწველებს მეცნიერული კონტროლი დაუწესეს, მეცნიერი ხელმძღვანელები და მრჩევლები ჩაუყენეს და, თუ დღემდე გერმანელი მეცნიერი მარტო ფილოსოფიურად აზროვნებდა, დღეს თავის გონების საჭე ცხოვრების პრაქტიკულ მხრისკენაც მოაბრუნა.

გამოჩნდნენ გონება ფხიზელი ეკონომისტები. ამათ თვალ საჩინო ჰყვეს ყველა ის პირები, რომლებიც უზრუნველ-ჰყოფდნენ გერმანიის ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებას. მაგრამ ვიდრე გერმანია მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრდებოდა, ბევრი მარცხი და სიმწარე გამოიარა. ერთი ამ მარცხთაგანი იყო პროფესორის რელის განცხადება, იმ პროფესორის, რომელიც 1879 წელს ფილადელფიის გამოფენაზე იყო გაგზავნილი (ჩრდილო ამერიკაში) და რომელმაც გულწრფელად აღიარა: „გერმანიის საქონელი ყველაზე იაფი და ყველაზე ცუდი გამოდგაო“. ამ განცხადებამ გულზე უკბინა გერმანელებს და მაშინვე ვაჭრობა მრეწველობას სათავეში ნამდვილი მეცნიერები ჩაუყენეს. თუ აქამდე საქმეს მარტო პრაქტიკულად მცოდნე პირნი აწარმოებდნენ, ამიერიდან ამავე საქმეს ხელი მოჰკიდეს მეცნიერულად გაწაფულმა კაცებმა და მრეწველობის კომერციულ მხარეს საფუძვლად ნამდვილი მეცნიერული ცოდნა დაუდეს.

ყმაწვილ-კაცობა ათასობით დაეწაფა ტეხნიკურ ცოდნის შეძენას, დამსახურებული და სახელოვანი პროფესორები შეუდგნენ მრეწველობის ყოველივე დარგის შესწავლა-განვითარების საქმეს და ოთხმოცდა ათიან წლებში ისე ააყვავეს მრეწველობა, რომ გერმანიის ნაწარმოებმა მსოფლიოს ყველა ბაზარზე საპატიო ადგილი დაიჭირა.

მრეწველობის აყვავებასთან ერთად ბევრმა შორს მჭვრეტელმა გერმანელმა განიზრახა უცხოეთში ახალშენების დაარსება. ეს ახალშენები აზარმაცი უნდა გამხდარიყო გერმანიის საგარეო ვაჭრობისა. მაგრამ ასეთ მათ განზრახვათ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და მათ შორის თვით ბისმარკიც კი. პირველი ახალშენები სამხრეთ აფრიკაში ჰამბურგელ ვაჭრების საკუთრება იყო.

ევროპის გარეშე ახალშენების შეძენის შესახებმა აზრმა სრული თანაგრძნობა მხოლოდ ოთხმოცდა ათიან წლებში მოიპოვა. ამ დროს დაარსდა, ეგრედ წოდებული „საახალშენო საზოგადოება“, რომელსაც ამჟამად რამდენიმე ათასი წევრი ჰყავს. ამ საზოგადოებისავე წევრია ბევრი სახელგანთქმული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

„საახალშენო საზოგადოების“ მიზანია: გერმანიის მიერ შეძენილ ახალშენთა გამოკვლელვა ყოველის მხრით, იქაურ მკვიდრთა კულტურისა, გემოვნებისა და ვაჭრობა-მოთხოვნილებათა შესწავლა, გადასახლება მოსურნე გერმანელთა დიდ ჯგუფებად, რომ მკვიდრთა შორის არ აირივნენ და თავისი ეროვნება არ დაჰკარგონ, და ევროპის გარეშედ გერმანიის ვაჭრობა-მრეწველობის აღორძინებისათვის ხელის შეწყობა.

საახალშენო საზოგადოებას აქვს თავისი საკუთარი ჟურნალი. გარდა ამისა, ეს საზოგადოება ჰბეჭდავს მრავალ წიგნებსა და წიგნაკებს იმ ქვეყნების შესახებ, სადაც გერმანიის ვაჭრობა-მრეწველობასა და ფინანსებს შეუძლიანთ ფეხი მოიკიდონ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებათა მეოხებით, გერმანიის მრეწველნი კარგად იცნობენ ახალშენებს და ისეთ ნაწარმოებსაც გზავნიან, რომელიც უეჭველად ბაზარს მოიპოვებს.

მსოფლიო ბაზრის გასაფართოვებლად ყველა სახელმწიფოსათვის საჭიროა სავაჭრო ფლოტი. ამიტომ გერმანელებმა მრეწველობასთან ერთად გააფართოვეს გემთა-აგების საქმეც და დღეს გერმანიის სავაჭრო ფლოტი და გემები მთელის დედამიწის ზურგზე უპირველესნი არიან. ჰამბურგის, ბრემენის, შტემანისა და დანციგის გემთა - სააღმშენებლო ქარხნები მთელ ქვეყანას აკვირვებს თავისი სიდიადითა და მოწყობილობით.

მორთულობითა და სისწრაფით გერმანიის გემებს არც ერთი ქვეყნის გემები არ შეედრება. მაგრამ ყველაზე უფრო განთქმული და ტეხნიკურის მხრით საკვირველი გემი - „აუგუსტე ვიქტორიაა“, რომელიც ამ ერთი კვირის წინედ ტეტინის ქარხნიდან ზღვაში ჩაუშვეს. ამ გემმა ჰამბურგსა და ჩრდილო ამერიკას შორის უნდა იაროს, 25 ათასი ტონი წყალ-წყვა აქვს (1 ½ მილიონი ფუთი) და ერთი ორად დიდია თითოეულ იმ გემებზე, რომლებიც აქამდე ამ ზღვებზე დადიოდნენ.

გერმანელები მარტო თავისს ფლოტისა და ვაჭრობის გაფართოვებას არა სცდილობენ. იგინი მეცადინეობენ აგრედვე, რაც შეიძლება, დიდის მოგებით დააბინაონ თავისუფალი კაპიტალი უცხო ქვეყნებში. ეგრედ წოდებულ „ხელ-საყრელ კონცესსიებით“ გერმანელი კაპიტალისტები დიდი ფულს იგებენ: სხვადასხვა ქვეყნებში იჯარით იღებენ რკინის გზების გაყვანას, ქარხნების აგებას, ელექტრონით განათებას და სხვა ამგვარ სარგებლიან საქმეებს. ყველაზე დიდ ფულს გერმანელები სამხრეთ და შუაგულ ამერიკაში ატრიალებენ. არც ოსმალეთში აქვთ ნაკლები ფული. ამ ქვეყნიდან ლამის სულ გამოდევნონ ინგლისის კაპიტალი.

ყველაზე თვალსაჩინო კონცესია, რომელიც გერმანელებმა ოსმალეთში აიღეს, არის სტამბოლიდან ბაღდადამდე რკინის გზის გაყვანა. ეს გზა გაივლის მთელ მცირე აზიაზე და ძრიელ მალე ამ მხარეს მსოფლიო ვაჭრობის მოზიარეთ გაჰდის.

ბაღდადის რკინის გზის კულტურული ზეგავლენა ახლავე სჩანს.

ამ ცოტა ხანში გამოიცა გუგო გროტის წიგნი, რომელშიც იგი აღწერს ბაღდადის რკინის გზას და, სხვათა შორის, ამბობს: „ბაღდადის რკინის გზის გამგეობა ყოველ საშუალებასა ხმარობს, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებნი მიწის რიგიან დამუშავებას შეაჩვიოს. ამ მიზნით მან დაარსა სამეურნეო განყოფილება, რომელიც სულ იმის ცდაშია, რომ მკვიდრთა შორის სამეურნეო ცოდნა გაავრცელოს. ზოგიერთ სადგურების მახლობლად და აგრედვე გლეხთა მამულებში გააკეთეს საცდელი ბაღები, დარგეს ყველა ჯურის ხეხილი, გააშენეს თუთის ხეები, ჭარხლის პლანტაციები, აძლევენ გლეხებს სამეურნეო იარაღებს და ასწავლიან მინდვრის მოვლას, მეოჯახეობას და სხვა. ყველა ეს ცდა-დარიგება უნაყოფოდ არ მიდის, ადგილობრივი მკვიდრნი მალე სწავლობენ და გერმანელების დიდი მადლობელნიც არიან.

ბაღდადის რკინის გზის ეკსპლოატაციის გარდა, გერმანელებმა ოსმალეთში ბევრი სხვა კონცესიებიც აიღეს, მაგალითად, მაღაროების გამგეობა და სხვა.

გერმანელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს აგრედვე სავაჭრო და სამეურნეო წარმოებათ თვით გერმანიის ახალშენებში, ავსტრალიისა და აღმოსავლეთ-აზიის კუნძულზე. ყველა ამ ქვეყანას გერმანელები დაწვრილებითა სწავლობენ და იკვლევენ.

ყოველ დღე ამოიკითხავთ გერმანულ გაზეთებში, რომ ამა და ამ ახალშენში ამდენი და ამდენი ინჟინერი, აგრონომი და ტეხნიკოსი წავიდა ამა და ამ საკითხების გამოსარკვევადო. ყველა ზემოდ ნათქვამი ნათლადა ჰმოწმობს, რომ, თუმცა გერმანელებმა გვიან მოჰკიდეს ხელი საახალშენო საქმეს, მაგრამ ისეთის გაბედულებითა და მხნეობით იქცევიან, რომ დიდი მომავალი უქადით.

ერთის სიტყვით, გერმანიის ქონებრივ წარმატებას ხელი შეუწყო გერმანელთა მხნეობამ, შრომის მოყვარეობამ, ყოველ მხრივმა სამეცნიერო განათლებამ და საშუალო ძალთა მუდმივმა განვითარებამ.

ივერია. - 1905. - 167. - გვ. 2-3

7.13 შეუსაბამო პოლიტიკა

▲back to top


ვასილ წერეთელი

მართველი პარტიის პოლიტიკის წყალობით საქართველო უსაქმურობის ქვეყნად შეიქნა.

მაშინ როდესაც ევროპის სახელმწიფოები შრომის გახანგრძლივებისა და მოჭიმულობის მხრით ერთმანეთს ეცილებიან და ქარხნები თითქმის დღეღამ შეუწყვეტლად მუშაობენ, ჩვენს სახელოსნო ქარხნებსა და მაღაროებში მუშაობა შვიდი საათის განმავლობაშიაც არ წარმოებს და ისიც გულაცრუებით.

და შეუძლებელია თქმა, ვითომ ამის მიზეზი თვით მუშა იყოს.

ქართველი მუშა, როგორც მშრომელი, არცერთი ქვეყნის მუშას არ ჩამოუვარდება. განა მან არ დაამზადა შავი ქვის აუარებელი საგზალი, რომელმაც დაიხსნა საქართველო უეჭველი კატასტროფისაგან?! განა ქართველი მუშის ხელით არ არის აგებული ფოთის ნავსადგური, რკინის გზები და სხ.?

მეორე მხრით, დღევანდელი უსაქმურობა - მმართველი პარტიის მიერ წარმოებულის ეკონომიური პოლიტიკის შედეგია.

ქარხანაში მუშაობის შეცვლა აკრძალულია. დაჰკრავენ თუ არა ზარს, მუშები იძულებულები არიან მუშაობა შეაჩერონ.

ნარდად მუშაობა აკრძალულია, უვარგისი მუშის დათხოვნა - შეუძლებელია და სხ.

და სახელოსნო - ქარხნებსა და [არ იკითხება]

სწორეთ მიწის მუშის მარჯვენა ასაზრდოებს დღეს საქართველოს.

და, ცხადია, ეკონომიურ პოლიტიკას მიზნად უმთავრესად მიწის მოქმედების წარმატება უნდა დაესახა.

ეს არც ძნელი იყო. ხომ აუარებელი ფული დაიხარჯა განუხორციელებელ სახელმწიფოებრივ სააღებ მიცემო და სამრეწველო საქმეებზე! რამდენი თანხა ჩაჰყლაპა თუთუნის, მატყლის, აბრეშუმის, სახერხავი მანქანებისა და სხ. რეკვიზიციამ!

და რამდენად მეტს მოიგებდა ქვეყანა, სახელმწიფო რომ მისთვის ამ არა ჩვეულ სარისკო საქმეებს არ გამოდგომოდა და მაგიერად სარწყავი არხები გაეთხარა, მდინარეების ნაპირები გაემაგრებია და ჭაობები დაეშრო?!

მაშინ საქართველო პურისა და სიმინდის მხრით სრულიად უზრუნველყოფილი იქნებოდა და უცხოეთიდან პურის შემოტანა აღარ დასჭირდებოდა.

მაგრამ, ვინაიდან ქალაქმა ხელი აიღო სახელოსნო სამრეწველო წარმოებაზე, სოფელმა მიჰყო ხელი შინაურ სახელსაქმარო წარმოებას.

მთელი საქართველო ჩაითრია ამ მოძრაობამ და ყოველ სოფელში გაიმართა შინაური წესით რთვა-ქსოვა, ფეხსაცმლის კერვა და სხ.

მილიონი ხელი ამუშავდა!

და უეჭველია, ეს ეკონომიური მოძრაობა მალე დაფარავდა ქალაქთა უსაქმურობის მიერ გამოწვეულ ნაკლს.

აუარებელი ძაფი დაირთებოდა, აუარებელი შალი, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილი მოიქსოვებოდა და ტანსაცმელი გაიაფდებოდა!

ტანსაცმლის გაიაფება კი თავის მხრით გამოიწვევდა პურისა და სიმინდის გაიაფებას.

მაგრამ შინაური ხელსაქმის წაქეზების ნაცვლად მთავრობამ მატყლზე და აბრეშუმზე მონოპოლია გამოაცხადა. ეს სართავ-საქსოვი მასალა ბაზარზე აღარ გამოუშვა.

ცხადია, ეს - დამღუპველი პოლიტიკაა.

ჯერ ერთი, ჩვენებური მატყლი ვერ შეეცილება ავსტრალიისას.

მეორე, ევროპაში გაყიდული მატყლი, საქარხნო შალისა თუ მაუდის სახით უკან დაბრუნებული, ერთი ასად დაგვიჯდება.

რა პოლიტიკაა, ჩვენი მოხელსაქმარე უსაქმოდ დავაგდოთ ჩვენი ნედლი მასალის საშუალებით, ევროპას შრომის სარბიელი გავუდიდოთ და სხვისი შრომის ნაყოფი მამასისხლად ვიყიდოთ!

ის არა სჯობს, ჩვენი საქონელი ჩვენსავე ხელით დავამუშავოთ, ჩვენს მუშას ჩვენსავე მასალის საშუალებით სამუშაო აღმოვუჩინოთ?!

და მატყლი, ჩემი ფიქრით. საზღვარგარეთ სულაც არ უნდა გავიდეს, ვინაიდან საქართველოს ყველაზე უფრო ტანსაცმელი აკლია.

დიაღ, მთელი ჩვენი მატყლი აქვე უნდა ირთებოდეს და იქსოვებოდეს მხოლოდ ამ საშუალებით შეიმოსება გატიტვლებული ქვეყანა.

თითქმის იგივე შეგვიძლია ვთქვათ აბრეშუმის შესახებ. აბრეშუმი - ჩვენი საზაფხულო ტანსაცმელია. მაშასადამე, ის გვირჩევნია, აბრეშუმი შინ ირთებოდეს და შინვე იქსოვებოდეს, ვიდრე პარკის გაყიდვით აღებული ფული შემოგვდიოდეს, შეიძლება ვინმემ იფიქროს აბრეშუმი ძვირად ფასობს, მაშასადამე გვირჩევნია პარკი გავყიდოთ და მაგივრად იაფფასიანი ტანსაცმელი ან სხვა საქონელი ვიყიდოთ.

მაგრამ ეს მხოლოდ ნორმალურ პირობებით იქნებოდა სასარგებლო.

დღეს კი მსოფლიოში ტრანსპორტისა და შრომის კრიზისია და ისე ძვირად ჯდება საქონლის გატანა და შემოტანა რომ გვირჩევნია, თუ კი რამე ნედლი მასალა მოგვეპოება შინვე დავამუშავოთ.

ყოველ შემთხვევაში აბრეშუმის მონოპოლიას იძულებითი ხასიათი არ უნდა ჰქონებოდა.

საუკეთესო წესი ის იქნებოდა, თუ კი მეაბრეშუმების საზოგადოებას ექნებოდა პარკის გაყიდვის მონოპოლია, თვითეულ მწარმოებელს კი ნება ექნებოდა, თუ უნდოდა, ამ საზოგადოებისთვის გადაეცა გასაყიდად თავისი პარკი, თუ არა, - შინაურ ბაზარზე გამოეტანა.

ცხადია, რომ საზოგადოება წმინდა მოგების ერთ ნაწილს ხაზინას გადასცემდა.

მაშინ, უეჭველია, ჯერ შინაური ბაზრის მოთხოვნილება დაკმაყოფილდებოდა და მხოლოდ ნამეტნაობა გავიდოდა საზღვარ-გარეთ.

გვეტყვიან: ხომ ბევრი რამე უნდა შემოვიტანოთ საზღვარ-გარეთიდან, მაგალითად, მანქანები, ქიმიური ფაბრიკატები და სხ.? რით-ღა ვიყიდოთ ყველაფერი ეს, თუ სამაგიერო არა გავყიდეთ-რა საზღვარ-გარეთვე?

- ამისათვის ჩვენ ბევრი ისეთი ნედლი მასალა გვაქვს, რომელიც ევროპისთვის აუცილებელია, ჩვენ კი ჯერ ან სულ არ შეგვიძლია მოვიხმაროთ ან უხვად მოგვეპოება, - მაგალითად, შავი ქვა, ქვანახშირი, თუთუნი, ტყის მასალა, ღვინო, ხილი.

აი რა უნდა შეიქნეს საზღვარ-გარეთ გაყიდვის საგნად.

მხოლოდ ასეთ პირობებში დამყარდება სავაჭრო ბალანსის, წონასწორობა.

ე.ი. გაუთანასწორდება საზღვარ-გარედ გატანილი საქონლის ღირებულება შემოტანილი საქონლის ღირებულებას.

მაშასადამე, მხოლოდ მაშინ აიწევს ქართული ფულის კურსი ნორმალურ სიმაღლემდე, გაიაფდება ცხოვრება და ავიცილებთ თავიდან კატასტროფას.

8 სოფლის მეურნეობა

▲back to top


8.1 ახალი იარაღი ხარების ურემში შესაბმელად

▲back to top


მაზრელი

ბევრ კარგ გამოგონებასთან საზღვარ-გარედ საქონლის უფრო მოხერხებული შებმაც გამოუგონიათ. კისრის მაგივრად საზღვარ-გარედ საქონელს ურემს შუბლით აწევინებენ. ზემოაღნიშნული სურათი ნათელ ჰყოფს იქაურ შესაბმელ იარაღს და მორთულობას. თუმცა ასეთი შებმა, როგორც იწერება გერმანიაში მოსწავლე სტუდენტი, ჩვენ ხის უღელთან შედარებით ძვირადა ჯდება, მაგრამ შეღავათი და გამწეობა საქონელს იმდენად ემატება, რომ ეს სიძვირე შესაბმელ იარაღისა ანგარიშში ჩასაგდები არ არის (უღელ ხარის იარაღი ღირს 20 მანეთად, საუკეთესო მასალისაგან გაკეთებული - 25 მან.) გამოკვლეულია, ასეთი შებმა საქონელს მუშაობაში ჰმატებს 30%-ს გამწეობის ძალას.

ჩვენებურ ორ-თვალა ურემს ასეთი იარაღი ვერ მიუდგება. ამ იარაღისთვის უსათუოდ საჭიროა ოთხ თვალა ურემი ან ფურგუნი, რასაც მანგლისის და ქიზიყის ქართველების ცხოვრებაში თითქმის მოუკიდებია კიდეც ფეხი.

საჭიროა ახლა მხოლოდ ცდა და ხალხის დარწმუნება ამნაირ შებმის უპირატესობაში. სამეურნეო საზოგადოებამ ან წინამძღვარიანთ სკოლამ რომ შეიძინონ სანიმუშოდ ეს შესაბმელი იარაღი და სცადონ, იქნება სასარგებლო წასაბაძი მაგალითი უჩვენონ ჩვენს გლეხობას, რომელსაც საქონელი გაჭირვებისა და უსახსრობისაგან ისე გადაუგვარდა, რომ უღელ ხარს ძლივს ჩამოაქვს ქალაქში ოცი, ოცდაათი ღერი წვივის სისქე შეშა. თუ ამაზე მძიმე ბარგის წაღებ-წამოღება დაგჭირდათ, თქვენი მტერი, ჩვენ ტალახიან და საფლობ გზების გადამკიდე, უსათუოდ უნდა აჩონჩხლოთ ყევარი, სამ უღელი და ხანდახან ოთხ უღელი ხარ-კამეჩიც. ვისაც საკუთარი ჰყავს, კიდევ კარგი, ვისაც არა ჰყავს, უნებლიედ უნდა გადააბას მეზობლის საქონელთან და მცირე რაღაც ქირა შუაზე გაუყოს.

დროება: სურათებიანი დამატება. - 1909. - 59. - დამატ. - 11. - გვ. 3-4

8.2 ახალი სახნავი მანქანა

▲back to top


რევაზ გედევანიშვილი

უწინდელ დროში სამუშაო იარაღი უცნობ ხილს წარმოადგენდა. ყველა საქმე უნდა ასრულებულიყო ცარიელი ხელით, ფეხით ან კბილით. შემდეგ თან და თან შემოიღეს ჩაქუჩი, დანა, ნიჩაბი და სხვა. იარაღი შემოიღეს, მაგრამ ამ იარაღმა ასი და ათასი წლობით შეინარჩუნა იმ გვარი მოძრაობა, როგორიც ხელებს სჩვევიათ: მოძრაობა ზევით და ქვევით ან წინ და უკან. მუშაობის ასრულებაშიაც ერთ-ერთი ამ მოძრაობათაგანი დარჩა. მაგალითისთვის ავიღოთ ცულით შეშის ჭრა: როდესაც ცულს მიმართულებას შეუცვლით, მაღლა ასწევთ და დაიქნევთ დასარტყმელად, ამ დროს სულ ტყუილად იკარგება ძალაც და დროც. ჩვენ მანქანათა საუკუნეშიაც ჯერ კიდევ ბევრ იარაღს შერჩა ასეთი პრიმიტიული მოძრაობა.

დიდი ხანი არ არის, რაც მიჰხვდნენ, რომ ბევრად უმჯობესია მბრუნავ მანქანათა მუშაობა. ასეთ მანქანათა საშუალებით შესაძლებელი ხდება ამოქმედოთ ძალა დიდი ხნობით ერთსა და იმავე მიმართულებაში და ამით აიცდინოთ საქმის შეჩერება და ძალის ტყუილა-უბრალოდ დაკარგვა. დიდ წარმოებაში ზევით და ქვევით მოძრავი ხერხები უკვე შესცვალეს ირგვლივ მბრუნავ სახერხავ მანქანებით, ზევით და ქვევით მოძრავი სატკეცი შესცვალეს მბრუნავ სატკეც მანქანათი. დიდი ხანია გამოიკვლიეს, რომ მიწის ბარვის დროს იარაღის უკან აღებით და მეორედ მიწაზე დაშვებით ძალა და დრო ტყუილად იკარგება და ვერა კეთდება იმდენი, რამდენიც შეუძლიან გააკეთოს შეუჩერებელმა პირდაპირმა მუშაობამ გუთნისამ და ფარცხისამ. დაწყებითი პრინციპები ამ იარაღისა ათასი წლის განმავლობაში არაფრით არ შეცვლილა.

რამდენადაც მე ვიცი, 50 წლის წინად რუდოლფ საკი პირველი სცდილობდა შეემცირებინა ძალის ტყუილა-უბრალოდ დაკარგვა ხვნის დროს თვლების საშუალებით; თუმცა გუთანს ძირს კბილთან თვლები გაუკეთა, მაგრამ იმისმა ცდამ ნაყოფი ვერ გამოიღო, რადგან ღერძი საკმაოდ ვერ იყო დაცული გატალახიანებისაგან, რის გამოც თვლები ვეღარ ტრიალებდნენ. ბევრის ცდის შემდეგ მიახწია რუდოლფ საკმა ძალის დაკარგვის შემცირებას გარეშემო მბრუნავ ფარცხის საშუალებით.

მაგრამ რაც შეეხება მიწის ღრმად დამუშავებას მბრუნავ იარაღის საშუალებით, ამისი გამომგონი არის ერთი უბრალო ჰუნგრელი მჭედელი, რომელმაც გამოიგონა მოძრავი მანქანა. ამ მოძრავ მანქანას აქვს საბრუნავი (катокъ), რომელიც გარეშემო მოჭედილია მრავალ წვეტიან კუწუბით. ამ უკანასკნელთა ზოგიერთი ნაწილი მიმართულია ღერძისაკენ. მოძრაობის დროს ზოგი ამათგანი მიწასა სთხრის, ზოგი კიდევ სჭრის. თუ გვინდა, რომ მიწა ღრმად ამოითხაროს, ამ შემთხვევაში საბრუნავი უნდა იყოს დატვირთული შედარებით მიწის სიღრმესთან, რაც საძნელოა, რადგან ამ შემთხვევაში კაცისა ან საქონლის ძალა საკმაო არ არის. მაგრამ ამ საქმეში დახმარება გასწია თანამედროვე ავტომობილმა. მბრუნავი გაკეთებულია მოძრავ მანქანის უკანა ნაწილში (რომელსაც აქვს 60 ცხენის ძალა), ასე რომ შეიძლება აწევ-დაწევა მაგრამ, რომ დავწიოთ საბრუნებელი სიღრმით 30 სანტიმეტრზე, საჭიროა დიდი სიმძიმე. გონიერმა გამომგონმა თავიდან მოიშორა ეს იმით, რომ ააგო კუწუბები ისე, რომ ისინი თავისავე მოქმედებით ღრმად მიდიან ნიადაგში. მოძრავი მანქანა შესანიშნავია უფრო იმით, რომ იგი არ არის მარტო ამასრულებელი იარაღი. არამედ ერთსა და იმავე დროს მოქმედებს კიდეც, როგორც მანქანის ბორბალი, წაღებ-წამოსაღებად. მმოძრავი ამუშავებს არა მარტო ოთხ თვალს მანქანისას, არამედ ერთსა და იმავე დროს საბრუნავ ღერძსაც. აი, სწორედ აქ არის მთელი ღირსება მოძრავ მანქანისა, მიწის დასამუშავებლად.

კაცმა რომ კარგად გაიცნოს ეს სახნავი მანქანა, საჭიროა მისი ნახვა მუშაობის დროს. მანქანა მუშაობდა მეტად ქვიან და თიხიან მიწაში და დაახლოვებით გაიარა ოთხი კილომეტრი. სტოვებდა მოხნულ კვალს სიგანით სამ მეტრს და სიღრმით 35 სანტიმეტრს. თვით მიწასაც წვრილად ფხვნიდა. მიწა იშლებოდა ისე წვრილად, რომ არავითარი ოღრო-ჩოღრო აღარა რჩებოდა. შესანიშნავია კიდევ იმით, რომ ასეთ დამუშავების წყალობით ნიადაგში დიდხანს ინახება სინესტე. მოხვნის შემდეგ ნიადაგის ზედაპირი მალე შრება და ქვეშ-კი სინესტე რჩება. როგორცა ვთქვით, ერთსა და იმავე დროს ამ მოძრავ მანქანას შეუძლიან მოხნას და სასუქიც დააყაროს. შეიძლება ამ მანქანას უკან, სასუქის გამფანტველთან, გაუკეთდეს მთესავი მანქანაც. ამ რიგად, ერთსა და იმავე დროს იგი ხნავს, სასუქს ჰყრის და სთესავს. ამ მანქანის სახმარებლად საჭიროა სულ ორი კაცი. თუ კარგი ხელის შეწყობა ექნება და ნიადაგიც კარგი შეხვდა, მანქანას შეუძლიან 10 საათში 30 დღისა დაიმუშაოს... აქვს 46 ცხენის ძალა და ღირს დაახლოვებით 17,000 მანეთად. აქვს დღეში 18 მანეთის ხარჯი - მუშებისა, გასაზეთისა და ბენზინისათვის. ამასთანა მანქანა შეიძლება იხმაროს კაცმა სალეწავად, და ტვირთის წასაღებ-წამოსაღებათაც.

ამ რიგად ბევრ გამოგონებასთან გერმანელებმა გამოიგონეს ისეთი მანქანაც, რომელსაც შეუძლიან შეუჩერებლივ ოთხი საქმე აასრულოს - ხვნა, თესვა, ფარცხვა და სასუქის დაყრა. ჩვენში კი შესაბრალისია სოფლელი, რომელიც მიშჩერებია უბრალო ხის გუთანს და ერთ დღიურის მოხვნას ანდომებს ორჯელ მეტ ხარჯს და ძალას, ვიდრე თითონ მოხნული ღირს. ხვნის დროს აბამენ 7-8 უღელ ხარს, საჭიროა ოთხი მეხრე და ერთი გუთნის-დედა. დაუმატეთ ჭამა-სმა და დაინახავთ, დღიური ნახნავი რა უჯდება მიწის მუშას. შემცდარი აზრია, ვითომ ჩვენ გლეხს არ შეუძლიან გაუმჯობესებულ იარაღის გამოწერა. რომ შეერთდეს მთელი სოფელი, ზემოხსენებულ სახნავ მანქანის გამოწერასაც კი მოახერხებს და იგი მთელი სოფლის მიწას რამდენსამე დღეში დაიმუშავებს. მაგრამ რომ უთხრა, იყიდე ახალი სახნავი გუთანი, გიპასუხებს: „ჩვენი მამა-პაპა ამით სცხოვრობდა, და ჩვენც იმათ ანდერძს ვერ გავტეხავთ“-ო. რა თქმა უნდა, ხეირი არ დაგვეყრება, თუ მამა-პაპის ამ გვარ ანდერძებს მივყევით და ახალ გამოგონებებს ზურგი ვაქციეთ. გლეხები რა გასამტყუნარნი არიან, როდესაც შეძლებული და განათლებული მემამულენიც ერიდებიან მანქანებს.

მიწის სიმსუქნით საქართველო ერთი მდიდარი ქვეყანათაგანია და თუ გერმანიაში, სადაც ნიადაგი თითქმის სულ რიყიანია, ამ მანქანების საშუალებით მიახწიეს საუკეთესო მოსავალს, ადვილი წარმოსადგენია, რა იქნება ჩვენში, რომ გერმანელებსავით ვიცოდეთ მიწის დამუშავება.

დროება: სურათებიანი დამატება. - 1909. - 214. - დამატ. - 38. - გვ. 3-4

8.3 გოგირდის შემოტანა იტალიიდან პირდაპირ ჩვენში

▲back to top


მევენახეთა და მეღვინეთა საყურადღებოდ!

ჩვენი ფირმა მზად არის მიაწოდოს ჩვენ მევენახეთ და მეღვინეთ საუკეთესო ღირსების გოგირდი სიცილიის (იტალია) უდიდესი ქარხნებიდან.

ჩვენში ზოგიერთი ფირმა სარგებლობს მყიდველთა უცოდინარობით და მათზე ასაღებს ეგრედ წოდებულ მარსელის გოგირდს. მივაქცევთ ჩვენ მევენახეთა და მეღვინეთა ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მარსელში არ არსებობს გოგირდის დეპოზიტები. წინააღმდეგის მტკიცება ემსგავსებოდა იმის თქმას, თითქოს კახეთის ღვინო სვანეთში მოდიოდეს.

იქონიეთ სახეში, რომ მთელს ევროპაში მხოლოდ სიცილიის კუნძულზე მოიპოვება გოგირდის საკმაო დეპოზიტი.

ჩვენმა მევენახეებმა და მეღვინეებმა უსათუოდ პირდაპირ ამ ქვეყნიდან უნდა მიიღონ მათთვის საჭირო გოგირდი და ამ რიგად ისინი საუკეთესო ღირსების საქონელს იაფად შეიძენენ.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენებური მევენახენი და მეღვინენი შეიგნებენ, ეს რამდენად ხელსაყრელია მათთვის საქონელის პირდაპირ მწარმოებელთაგან მიღება და ამრიგად შეინარჩუნებენ იმ აუარებელ ფულს, რომელიც დღეს დიდ ვაჭარ-მოვახშეთა ხელთ გადადის.

პატივისცემით დავით ღამბაშიძე და ამხ.

წერილობითი მისამართი: D. Ghambashidze et Co.

ტელეგრამის მისამართი: Livius London (მხოლოდ ეს 2 სიტყვა).

სახალხო გაზეთი. - 1914. - 1096. - გვ. 3-4

8.4 ნარკვევი1

▲back to top


(ჟურნალ-გაზეთებიდან)

როგორც გუშინა ვწერდით, გამოვიდა ახალი ქართული სამეურნეო ჟურნალი „მოსავალი“. თავშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ნორჩი ჟურნალი დიდად და დიდად საინტერესოა და თუ მისმა სულის ჩამდგმელებმა ასე განაგრძეს საქმე, ჟურნალი ნამდვილი განძი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის: ამ ჟურნალში მოთავსებულ წერილებს ყველა და განსაკუთრებით სოფლის მეურნენი დიდის ხალისით წაიკითხავენ და ბევრ რასმესაც შეიძენენ. ჟურნალი ეხება სასოფლო-სამეურნეო საკითხებსაც და კერძო პრაქტიკულ ხასიათის საგნებსაც. წერილები მოკლე-მოკლეა და საუცხოვო ქართული ენით დაწერილი. როგორც პირველ ნომრიდანა სჩანს, მონაწილეობას იღებენ სპეციალისტები, როგორც თეორიულის ცოდნით აღჭურვილნი, ისე პრაქტიკულად გამოცდილნი. სწორედ სავალალო იქნება, რომ ამ სასარგებლო ჟურნალს საკმაო მკითხველი არ აღმოუჩნდეს და იგი იძულებული გახდეს დაიხუროს.

რედაქცია თავის წერილში აღნიშნავს იმას, თუ რა დიდი ნაბიჯი გადასდგა მეცნიერებამ სასოფლო-სამეურნეო საქმეში, როგორ ისარგებლეს მეცნიერების ნაყოფით განათლებულ ქვეყნებში და ამბობს:

ჩვენი სამშობლო ამ მხრივაც ძლიერ ჩამორჩენილია განათლებულ ქვეყნებში და უმთავრესი არა, ერთი მთავარი მიზეზთაგანი ჩვენი ეკონომიური უძლურებისა ამ გარემოებაში იხატება.

რატომ? განა არა გვყვანან ისეთი ცოდნა მომზადებით აღჭურვილნი პირნი, რომელთაც შეუძლიანთ სამეურნეო გზა გაუნათონ ჩვენს ჩამორჩენილ სოფლის მეურნეს? დიაღაც გვყვანან, მაგრამ მათი დაქსაქსულობა, მათი ცალ-ცალკე და კერძო მოქმედება ვერ სწვდება ჩვენი ქვეყნის სივრცეს, ვერ უწევს მის გულსა და ამიტომაც თუ სრულიად უნაყოფოდ არა, მსაჭიროა, ვიფიქროთ, ამ პირთ შეკავშირება, მათ ცოდნა-გამოცდილების ერთ ლამპრად შეერთება, რომ სინათლე ამ ლამპრისა ძლიერის სხივით შეიჭრას ჩვენი ქვეყნის სიბნელეში და შეანათოს მეურნე გლეხის ოჯახის თვით გულში.

ამ მიზნის მისაღწევად ქართველ მეურნეთა ერთმა ჯგუფმა განიზრახა სამეურნეო ჟურნალის გამოცემა, რომლის დანიშნულება იქნება მიაწოდოს ჩვენ ხალხს ადვილ გასაგებ, მარტივ ენით დაწერილი საჭირო ცნობები მეურნეობის ყოველ დარგიდან, შემოიკრიბოს თავის გარშემო ცოდნა-გამოცდილებით აღჭურვილი მეურნენი და საერთო ძალით გაუძღვეს სოფლის მცხოვრებთა ეკონომიურ გაუმჯობესების საქმეს.

საინტერესოა თითქმის ყველა წერილი, ამ ნომერში მოთავსებული. საინტერესოა, მაგალითად, წერილები ე. იოსელიანისა, სვიმონ ხუნდაძისა, პ. ავერკინისა, ვ. მჭედლიშვილისა, გიორგი ნახუცრიშვილისა და სხვა.

საინტერესო აზრს არკვევს მევენახეობის შესახებ ვ. მჭედლიშვილი. ბევრის აზრით ჩვენში მევენახეობის და მეღვინეობის ასაღორძინებლად, საჭიროა ძველი გამოცდილება დავიწყებას მივცეთ და ევროპიდან ყველაფერი ბრმად გადმოვიღოთ. ავტორი ამბობს:

არ გეგონოს, მკითხველო, რომ რაკი ვამბობთ: მამაპაპათაგან შესწავლილი ხელი მევენახეობისა და მეღვინეობისა დღეს შეცვლას თხოულობს, რომ დღეს რუსეთისა და ევროპიელების მევენახეობა და მეღვინეობა ჩვენსაზე მაღლა სდგას, ამით იმის თქმა გვინდოდეს, ვითომ ჩვენ უნდა სრულიად უარვყოთ ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობა და სავსებით შემოვიღოთ ის, რაც სხვას, თუნდაც ჩვენზე დაწინაურებულ ხალხსა, აქვთ. სრულიადაც არა. ის ცოდნა-გამოცდილება მეღვინეობაში და მევენახეობაში, რომელიც ჩვენა გვაქვს, შედეგია მთელი საუკუნოების პრაქტიკა-გამოცდილებისა და ამიტომ მეტად ძვირფასი საუნჯეა ჩვენთვის, როგორც მასალა ამ დარგთა წარმატებისათვის. დიდი შეცდომა იქნება რომ ევროპიულად დავაყენოთ ღვინო, იქაურად გავსხლათ ვაზი, იქაური ჯიში ვაზისა გავამრავლოთ და ჩვენებურად ღვინის დაყენება, ვაზის გასხვლა, ჩვენებური ვაზები სრულიად მოვსპოთ. ასეთ წაბაძვას არც პრაკტიკული და არც თეორიული საფუძველი აქვს და თუ ვისმე ოდესმე გამოუთქვამს მომხრეობა ასეთი წაბაძვისა, კარჩაკეტილში მოუფიქრებია მას ეს აზრი და არავითარი დამოკიდებულება არ ქონია ჩვენს მეღვინეობასთან.ცირე უმნიშვნელო ნაყოფიერებით კმაყოფილდება.

ვაზის მოვლაც და ღვინის დაყენებაც დაკავშირებულია ჰავასთან, ნიადაგთან და ყველა იმ ბუნების პირობებთან, რომელშიაც იზრდება ვაზი და უკეთდება ყურძენს წვენი.

ძირიანად შეცვლა ერთისა, თუ არ შეიცვალა მეორე, შეუძლებელია. და არც, ღვთის მადლით, საჭიროა, რომ კიდევაც შეიძლებოდეს, ჩვენი სამშობლოს ბუნებრივი პირობების შეცვლა, რადგან სიმშვენიერე და ჰარმონია ამ ბუნებისა ყველასაგან ცნობილია და მოსაწონი.

აქაურ ჰავას და მიწაწყალს მუდამ ძალუძთ შექმნან მოსავალი ყოველი ღირსებით უმაღლესი ხარისხისა, ოღონდ ხელი შეუწყოს ცოდნა-გამოცდილებით შეიარაღებულმა ადამიანმა. მაგრამ არა. ჩვენ სხვაფრივ ვართ მარჯვეები. რაც გვაქვს, იმის დაწუნება და უკუ გდება, მაგიერ გაუმჯობესობისა, რაც ცოდნასა და გამრჯელობასა თხოულობს, ადვილად გვეხერხება.

[...]

__________________

1. სტატია არასრულად იბეჭდება.

დროება. - 1909. - 105. - გვ.1

8.5 როგორ ებრძვიან გაჭირვებას გლეხები უცხო ქვეყნებში

▲back to top


. კარბელაშვილი

ყოველ მხრიდან ამბები მოდის ჩვენი სოფლის გაჭირებაზე. იწერებიან: სოფელი გაღატაკდა მიწა გამოიფიტა, მოსავალი აღარ მოდის და რაც მოდის, ის მცირეც-კი ვერ გაუსაღებია გლეხს რიგიან ფასადაო. გინდა გაიუმჯობესე მეურნეობა, გინდა არა, შედეგი ერთია: ჩარჩს ვერსად წაუხვალ, ნაწარმოების დანახარჯს ვერ აინაზღაურებ, საჭიროა შველა, რამე საღსარიო.

კითხულობ და გესმის ყოველ დღე ასეთი გოდება. დიახ, სოფელი გაღატაკდა, გლეხ-კაცობა დაიმშა და ხსნა-კი არსაიდან არის. მაშ რა უნდა ეშველოს სოფელს? ერთად-ერთი სახსარი სოფლის გამოსაბრუნებლად ისევ გლეხობის შეამხანაგება და შეკავშირებაა. დასავლეთ ევროპის გლეხობამ გაჭირვებას თავი დაახწია შეამხანაგების წყალობით; წარმატების გზას ისევ ამხანაგობათა შემწეობით დაადგა მეურნე გლეხი. ამიტომ მეტი არ იქნება, მოკლედ დავასურათო, თუ რა და რა ჯურის ამხანაგობებში ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპის გლეხობის მეცადინეობა გაჭირვებიდან თავის დასახსნელად. ეგები სხვის გამოცდილება ჩვენც გამოგვადგეს.

***

პაწია დანია ყოველგვარ ამხანაგობების ბუდეა, და ამიტომ დანიიდან დავიწყოთ ჩვენი ამბავი.

„პაწია დანიაო“, ტყუილად კი არ ამბობენ: დანია ხომ ადგილით ტფილისის გუბერნიაზე პატარაა. ტფილისის გუბერნიის სივრცე უდრის 39.122 ოთხკუთხ ვერს, დანიისა-კი მხოლოდ 33.840 ოთხკუთხ ვერსსა. მაგრამ მხცოვრებთა რიცხვი დანიაში ორჯელ მეტია, ვიდრე ტფილისის გუბერნიაში.

ამ ოცდა-ათ, ორმოც-წლის წინად ღატაკი დანიაც ჩვენსავით განიცდიდა უკიდურეს გაჭირებას. მაგრამ დანიელმა გლეხმა შეიგნო ერთობის ძალა, მიჰხვდა, რომ „ერთი კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო“, დაინახა, რომ მარტო ხელა ვერას გააწყობდა გაჭირებას თან. ერთად-ერთი ხსნა ერთობაში, დაზიარებაში იყო და დანიელმა გლეხმაც ამ საშუალებას მიჰმართა.

დანიელმა გლეხმა კარგად დაინახა, რომ მარტო პურის მოყვანით ვერაფერს გახდებოდა და იწყო მეურნეობის სხვა და სხვა დარგის განვითარება. თავდა პირველად მერძეობის საქმეს შეუდგა. დაიარსეს საამხანაგო, საზიარო სარძევე ქარხნები და მოაწყეს ეს ქარხნები საუკეთესო მანქანა-იარაღით. წევრებს მოჰქონდათ თავიანთ ძროხების რძე ამ ქარხანაში. ქარხანა იწერავდა თავის დავთარში მომტანის გვარსა და რძის რაოდენობას და მერე იკვლევდა საგანგებო ხელსაწყოთი რძის სიმსუქნეს, ნაყოფიერებას. მოტანილ რძიდან კარაქს სდღვებავდნენ ქარხანაზე და დამზადებულ კარაქს ჰყიდიდნენ. მსუქან, ცხიმიან რძეში უფრო მეტს ფასს აძლევდნენ, ვიდრე მჭლე რძეში. წევრისათვის უფრო სარფა იყო, რომ მისი ძროხის რძე მსუქანი ყოფილიყო. როგორ მოეხერხებინა ეს? ამხანაგობამ აქაც იხსნა თავისი წევრი: დაიქირავა ნასწავლი კაცები, რომელნიც დაიარებოდნენ წევრთა კარდაკარ, სინჯავდნენ ძროხებს, საგანგებო იარაღით იკვლევდნენ, თუ რომელი ძროხა რანაირ რძეს იძლეოდა - მსუქანს თუ მჭლეს. იმ ძროხას, რომელიც მსუქან რძეს იძლეოდა, საგანგებოდ უვლიდნენ, ინახავდნენ, ხოლო უვარგის ძროხას ან ჰკლავდნენ ან და ჰყიდდნენ. კაი ჯიშის ძროხას (ე.ი. რომელიც მსუქან რძეს იძლეოდა) ამრავლებდნენ, საგანგებო დავთარში სწერდნენ ჯიშის ჩამომავლობას, იმის გამოსაცნობად თუ რომელი ძროხა ვისაგან იყო ნაშობი, რათა ახლო ნათესავები და უხეირო ძროხები ერთმანეთში არ შეერიათ. იქაურ მეურნეების აზრით, თუ ჯიშს რამე ხეირი შეემატა და ახლო ნათესავებს ერთმანეთს შეურიეს ჯიში ჰკარგავს შემატებულ საუკეთესო თვისებებს); იკვლევდნენ, რომელი საკვები უფრო სარგო იყო ძროხისთვის. დიდი შრომა და მოთმინება იყო ამისთვის საჭირო, მაგრამ დანიელი გლეხები ეხლა არა ნანობენ. საზრიანმა მოქმედებამ ნაყოფი გამოიღო, ეხლა ისეთი ჯიშის ძროხები ჰყავთ დანიელებს, რომელიც ძალიან მსუქან რძეს იძლევა. კარაქის წარმოებამაც იმატა. აი ციფრები. დანიამ დაამზადა:

1875 წ. .......................... 75 მლნ. გირვ. კარ.

1883 .............................. 86 მილ. „ „

1890 .............................. 113 მილ. „ „

1898 .............................. 115 მილ. „ „

ამ რიგად, 1873 წლიდან ვიდრე 1898 წლამდე ნაწარმოებ რძის რაოდენობა 86 მილიონიდან 115 მილიონ გირვანქამდე ავიდა, ე.ი. 58 მილიონი გირვანქა იმატა. ძროხების რაოდენობამ კი ასე იმატა. დანიაში იყო:

1881 წ. ......................... 899 ათასი ძროხა.

1898 წ. ......................... 1067 ათასი „ „

ნაწარმოებ კარაქის რაოდენობამ თითქმის ერთი ორად იმატა, მეწველ ძროხების რაოდენობამ კი მხოლოდ ერთი მეხუთედ. ეს იმასა ნიშნავს, რომ 1898 წელს დანიელ ძროხის რძე უფრო მსუქანი, ცხიმოვანი იყო, ვიდრე 1881 წელს.

დიდძალ კარაქს აწარმოებს დანია და თითქმის სულ უცხო ქვეყნებში გააქვს. 1898-1900 წელთა განმავლობაში სხვა და სხვა სახელმწიფომ ამოდენა კარაქი შეზიდა ინგლისში:

დანიამ ................................. 9.522 ათასი ფუთი

საფრანგეთმა ..................... 2.710 ათასი „

გერმანიამ ........................... 266 ათასი „

რუსეთმა და ფინლ. ............ 1.170 ათასი „

ამრიგად, პაწია დანიამ სამი წლის განმავლობაში იმდენი კარაქი შეზიდა ინგლისში, რამდენიც ამავე ხნის განმავლობაში ვერ შეზიდეს ერთად უზარმაზარმა რუსეთმა (ფინლიანდიითურთ), გერმანიამ და საფრანგეთმა. დანია კი ჩვენ ტფილისის გუბერნიაზე პატარაა.

დანიაში 1903 წელს იყო 1064 საამხანაგო სარძევე ქარხანა. წევრი ჰყავდა ამ ამხანაგობას 148.000 კაცი. 1903 წელსავე დანიამ შეიტანა ინგლისში მხოლოდ კარაქი 84 მილიონი მანეთისა!

კარაქის გარდა დანიას გააქვს უცხო ქვეყნებში დიდძალი კვერცხი. უწინ კვერცხებს ადგილობრივ გლეხებისგან ყიდულობდნენ ვაჭრები, რომელნიც ბლომად მოუყრიდნენ ხოლმე თავს კვერცხებს და ინგლისში ჰგზავნიდნენ. კვერცხის სიკეთეზე სრულიად არა ზრუნავდნენ და ამიტომ ინგლისში ხშირად არა ღებულობდნენ კვერცხს. 1895 წელს ორმა სოფლის მასწავლებელმა იწყეს გლეხებში იმ აზრის ქადაგება, რომ საჭიროა კვერცხის მოკრეფის და გასაღების წესის გაუმჯობესებაო. საგანგებო ამხანაგობაც დაარსეს. ამ ამხანაგობამ თავისი განყოფილებანი მთელ დანიას მოჰფინა. ამხანაგობის ან იმის განყოფილების თვითეული წევრი კისრულობდა მხოლოდ ახლად დადებულ კვერცხის მიტანას. კვერცხებს ჰკრეფავენ წევრთაგან კვირაში სამჯერ. თვალყურის სადევნებლად თვითეულ კვერცხზე იწერება ნომერი ამხანაგობის ადგილობრივ განყოფილებისა და ნომერი წევრისა, რომელმაც კვერცხი მიიტანა. თუ ვინიცობაა კვერცხი ლაყე, გაფუჭებული გამოდგა, წევრი, რომელმაც ცუდი კვერცხი ჩააბარა ამხანაგობას, დიდ ჯარიმას იხდის. ამის მეოხებით ინგლისში ხელად სახელი გაიკეთა ამხანაგობის მიერ შეტანილმა კვერცხმა და ეხლა პირველ ხარისხოვან საქონლად ითვლება. 1903 წელს ინგლისში დანიელი კვერცხი იყიდებოდა, ორთა შუა რიცხვით, თითო კვერცხი სამ კაპიკ ნახევრად, გერმანულ - მხოლოდ ორ კაპიკ ნახევრად, ხოლო რუსული - ორ კაპიკად! ამავე 1903 წელს დანიამ ინგლისში შეიტანა 15 მილიონ მანეთის კვერცხი ამ „საკვერცხე ამხანაგობას“ მთელ დანიაში ჰქონდა 365 განყოფილება და ჰყავდა 22 000 წევრი.

დანიას ხორციც გააქვს საზღვარ-გარედ. 1903 წელს იქ იყო 27 ამხანაგობა, რომელთაც 66 ათასი (66.000) წევრი ჰყავდათ. ამხანაგობები ჰყიდნენ ღორებს და საზღვარ-გარედ ჰგზავნიდნენ ღორის ხორცს. საქმე მალე განვითარდა: 1899 წელს დაჰკლეს დანიაში 729 ათასი (729.000) ღორი და 22.500 მსხვილ ფეხა საქონელი, სულ ერთად 17 მილიონი მანეთისა. ეს 27 ამხანაგობა ერთმანეთშიაც არის შეკავშირებული ამ კავშირის გამგეობა არის ქალაქ კოპენჰაგენში კავშირის საქმე პირდაპირ საზღვარ-გარეთელ მსხვილ მოვაჭრეებთან აქვს დაჭერილი.

მოვიყვან კიდევ ორიოდე ცნობას: დანიამ 1906 წელს საზღვარ გარედ გაზიდა:

ცხენი და კვიცი 25411 - მილ. მან. მსხვილ-ფეხა საქონელი - 105,102 - 18 მილ. მან. ძროხის ხორცი 6,522 ათასი ფუთი - 50 მილ. მან. კარაქი 4, 847 ათასი ფუთი - 85 მილ. მან. კვერცხი 325,200 ათასი - 13 მილ. მან.

სულ გაზიდა საქონელი 169 მილიონ მანეთისა. პაწია დანიამ ამოდენა საქონელი გაზიდა, მერე რამდენი სიმდიდრე კიდევ სახლში დარჩა! ტყუილად ხომ არ ითვლება პაწია დანია, ინგლისის შემდეგ უმდიდრეს სახელმწიფოდ!

„ისე გავა მთელი კვირეები, რომ არა თუ გლეხს, ბრწყინვალე თავადაზნაურობასაც, ენატრება სველი ლუკმა. ზოგჯერ ლობიოს შეჭამანდს თუ მოუდგამენ ცეცხლს... კარტოფილი და კომბოსტო მხოლოდ ხილად თუ აქვს ვისმეს სოფელში1, იწერებიან კახეთიდან. დანიელი გლეხის უმთავრესი საჭმელი კი პური, რძე, ძროხის ხორცი ხბოს ხორცი, ღორის ხორცი, თევზი და კარტოფილია! არც გონებრივ საკვებსაა მოკლებული დანიელი გლეხი: ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი ზამთრობით სასწავლებლებსა და ეგრედ წოდებულ საგლეხო უნივერსიტეტებშია. ამხანაგობის მეოხებით, ერთობის წყალობით გამოკეთდა დანიელი გლეხი და აკი მადლიერიცაა მისი!

***

გაღატაკებული, გაჭირვებასთან ბრძოლით ძალა გამოლეული, თითქმის ამოვარდნის პირს მიმდგარი პატარა ირლანდია სულს იდგავდა საქონლის და ფრინველის მოშენებით გაჰქონდა ინგლისში კარაქი, ხორცი, კვერცხი. მაგრამ ანდაზისა არ იყოს - „საწყალ კაცს, ქვა აღმართში წამოეწევაო“, დანიის საუცხოვო საქონელმა ეს უკანასკნელი ლუკმაც გააგდებინა ხელიდან ბეჩავ ირლადიელს. გაუჭირდა, საქმე იქამდე მივიდა, რომ იძულებული იყო თავისი საუკეთესო საქონელი დანიურ საქონლის სახელით გაესაღებინა; ცუდი ხომ ირლანდიური გამოდგა. გამწარდა გლეხობა, მაგრამ მაინც არ გატყდა! მშველელებიც აღმოუჩნდნენ. რაკი გაიგო რის მეოხებით საჩგრავდა მას ბაზარზე დანიელი გლეხი, თითონაც ის ხერხი იხმარა: შეუამხანაგდა თავისავით გაჭირვებულ მეზობლებს და, ანდაზისა არ იყოს, „ცვარი ცვარსა ჰკარ, ზღვად იქცევაო“, ისეთი ძალა მოიპოვა, რომ დანიის საქონლისა მას ეხლა სრულიადაც არ ეშინიან. ამხანაგობამ იხსნა, ის აძლევს ეხლა ძალას; მომავალი უღიმის „ზურმუხტ კუნკულის (ასე ეძახიან ირლანდიას) მცხოვრებს - ირლანდიელ გლეხს და აკი გულ-გაკეთებული მუშაობს მუყაითად.

პირველი ამხანაგობა ირლანდიაში დაარსდა ცხრამეტი წლის წინად, 1890 წელს. ამხანაგობამ რძიდან კარაქის დამზადება იწყო. 1906 წელს უკვე 331 ამისთანა ამხანაგობა იყო, წევრი ჰყავდა 42,786. ფრინველის მოსაშენებელი და საკვერცხე ამხანაგობა იყო 25, წევრი - 5049.

***

გერმანიის მთელი გლეხობა მევახშეთა კლანჭებში იყო. რასაც გლეხი მოიჭირნახულებდა, ყველაფერი მევახშეს მიჰქონდა. თითქოს არც ხსნა იყო სადმე. მაგრამ გაჭირვებამ აქაც გამოასახვინა საშუალება თავის დასახსნელად.

ჯერ შულცე-დელიჩელმა, შემდგომ კი რეიფფეიზენმა იწყო გლეხობაში ლაპარაკი საამხანაგო კასსების (გამასესხებელ-შემნახველ ამხანაგობათა) დაარსების საჭიროებაზე. აი რაშია საქმე: რამდენიმე მეურნე გლეხი, რომელნიც ერთმანეთს კარგად იცნობენ, ჩვეულებრივ ერთი სოფლის მცხოვრებნი, ზიარდება, ამხანაგდება. თითოს ცალკცალკე თუ არავინ გაანდობდა ფულს, რამდენიმე დაზიარებულ მეურნე გლეხს ყველა ასესხებს საჭირო თანხას, რადგან ამხანაგობის წევრნი უეჭველად დაუბრუნებენ ნასესხებ ფულს. „ერთი კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო“. სოფლის მეურნეობაში ხომ უფრო საცოდავია, გარშემო ათასი გაჭირვება ახვევია, ათასი მტერი ჰყავს. რამე უბედურობა რომ დაემართოს, პატრონი და პასუხისმგებელი მარტო თითონ არის. რაკი დაზარდება, პირობას დასდებს სხვა მეურნეებთან, საქმე ძირიან-ფესვიანად იცვლება: ამხანაგობის დაზარალებულ წევრს რომ რამე ხიფათი შეემთხვეს, დანარჩენნი წევრნი მუდამ მიეშველებიან და გაჭირვებიდან იხსნიან. ამხანაგობაში ერთი პირი აქვთ, ერთი-ერთმანეთს შველიან, ესარჩლებიან. ამხანაგობაზე ან იმის წევრზე გასესხებული ფული არასოდეს არ დაიკარგება, რადგან ყველანი აგებენ პასუხს თავიანთ ქონებით. რასაკვირველია, ფულიანი კაცი მუდამ გაანდობს ამხანაგობას ფულს, მით უმეტეს, რომ ამხანაგობაში მხოლოდ სანდო, მუშაკი კაცი მიიღება. ამხანაგობა ნასესხებ ფულს თავის გაჭირვებულ წევრს აძლევს სარგებლით და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იცის, რომ წევრზე გასესხებული ფული მასაც ახეირებს და ამხანაგობასაც.

თავდაპირველად გლეხობას უსაფუძვლოდ ეშინოდა ქონებრივ პასუხისმგებლობისა, მაგრამ რაკი გაჭირვებამ არ იკლო და ისიც დაინახა, რომ მარტოკა ვერას გახდებოდა, დაიწყო ამხანაგობათა დაარსება.

რაკი მევახშის კლანჭებს დააღწია თავი და საჭირო ფულიც იშოვა, შეუდგა თავის მეურნეობის წარმატებას - გარემოება საჭიროებდა: წინად თავის მამა-პაპურ გუთნით აჩეჩავდა მიწას, ეხლა საუკეთესო იარაღი იყო საჭირო ახალი რკინის გუთანი, ფარცხი, საგანგებო სათესი მანქანა. სასუქი ხომ აუცილებელი იყო გამოფიტულ მიწისთვის. ნამგალ-ცელის მაგივრად საჭირო შეიქნა სათიბ და სამკელ მანქანების შეძენა მერე სალეწი და სანიავებელი მანქანები იყო საჭირო მაგრამ ყველა ამის ყიდვას ცოდნა უნდა, მეტადრე ხელოვნურ სასუქის ყიდვის დროს დიდი სიფრთხილე მმართებს კაცს, რადგან ნასწავლ კაცსაც გაუჭირდება მისი სიავ-კარგის გამოცნობა აი სწორედ აქ ატყუებდნენ უწყალოდ გერმანელ გლეხს. მაგრამ არ გატყდა, რაკი იგემა და შეიგნო დაზიარების, ამხანაგობის ძალა, ამ ჭირსაც ადვილად მოუარა. დაიარსა საქონლის და იარაღის სასყიდლად საგანგებო ამხანაგობანი. ამავე ამხანაგობათა საშუალებით ჰყიდიდა თავის მიერ ნაწარმოებ საქონელს - პურს, ქათამს, კვერცხს, ღვინოს და სხვას. შემდეგში, როცა ბლომად გაიხსნა ამისთანა ამხანაგობა, მათ ერთმანეთში კავშირი შეჰკრეს. ამის შემდეგ უფრო გაიჩარხა საქმე. აი როგორ მატულობდა ამხანაგობათა რიცხვი გერმანიში:

1890 წელს იყო 3.006 სასოფლო ამხანაგობა:

1892 „ „ 4.374 „ „

1894 „ „ 6,031 „ „

1896 „ „ 8.986 „ „

1898 „ „ 11.839 „ „

1900 „ „ 14.636 „ „

1904 „ „ 18.309 „ „

1905 „ „ 19.323 „ „

ამ ამხანაგობებში სულ იყო 1905 წელს 1,700 ათასი წევრი, აქედან 1.200 ათასი მეურნე. სულ კი გერმანიაში 1895 წელს, [...]ალხთა აღწერის ცნობებით, იყო 2,566 ათასი მეურნე, მაშასადამე, მთელ გერმანიის მეურნეთა ნახევარზე მეტი ამხანაგობებით იყო დაკავშირებული.

რას აკეთებდნენ ეს ამხანაგობანი? ამასაც მოგახსენებთ. თანამედროვე სოფლის მეურნეობა საჭიროებს ძვირფასს მანქანებს, მაგ., ისეთ პურის-სალეწ მანქანას, რომელიც პურსაც ლეწავდეს, ანიავებდეს კიდეც და მარცვალსაც რამდენსამე ხარისხადა ჰყოფდეს. ამისთანა რჩეულ პურს ბაზარში უფრო ყიდულობენ ვაჭრები. ამისთანა მანქანა კი ძალიან ძვირია და ერთს კაცს მისი შეძენა გაუჭირდება. ამ შემთხვევაში რამდენიმე მეურნე ზიარდება, ყიდულობენ საზიაროდ მანქანას და რიგრიგად სარგებლობენ. მარტო ერთ ბავარიაში (გერმანიის ნაწილია) 1902 წელს იყო 683 „სალეწი ამხანაგობა“, რომელთაც ჰყავდათ 16 ათასი წევრი.

გერმანიაში ისეთი ამხანაგობებიც არსებობს, რომელნიც მიწას ორთქლის გუთნით ამუშავებენ. ამისთანა ამხანაგობა, მთავრობის ცნობებით, მთელ გერმანიაში თვრამეტია. რამდენია ახლა ისეთი ამხანაგობა, რომელთა შესახებაც მთავრობას ცნობა არა აქვს! ზოგიერთი შემნახველ-გამსესხებელი ან გამსაღებელი ამხანაგობანიც ყიდულობს ძვირფას მანქანებს და თავის წევრებზე აქირავებს მცირე ფასად.

საქონლის მომშენებელი ამხანაგობანიც არსებობენ გერმანიაში. ამხანაგობის წევრნი საზიაროდ ყიდულობენ საუკეთესო ჯიშის ბაღებს, მათ შთამომავლობის დავთარს აწარმოებენ, საუკეთესო საქონლის გამოფენას მართავენ და ჯილდოს აძლევენ კარგ საქონლის პატრონს. დიდი წარმატება დაეტყო ამხანაგობებს, როცა ამგვარი ამხანაგობანი შეერთდნენ და ერთმანეთში კავშირი დასდეს. ყველა გამოფენაზე საუკეთესო საქონელი სულ ამგვარი ამხანაგობის წევრებისაა. 1905 წელს მიუნხენის მოძრავ გამოფენაზე დაჯილდოვებულ პირუტყვების ოთხი მეხუთედი ამხანაგობის წევრ-გლეხებს ეკუთვნოდათ. მარტო პატარა ბავარიაში 657 ამისთანა „საქონლის მომშენებელი“ ამხანაგობაა.

სამხრეთ გერმანიაში ძალიან მისდევენ მეღვინეობა-მევენახეობას. დიდ გაჭირვებას განიცდიდა მევენახე, მაგრამ საერთო შრომით გლეხობამ ამ ჭირსაც მოუარა. იქაურ გლეხებს ცოტა მიწა აქვთ, არც თუ შეძლებულნი არიან, ღვინით წარმოება კი დიდ თანხას თხოულობს. საჭირო იყო წამალი, ჭურჭელი, იარაღი, კარგი მარანი. შეამხანაგებულმა გლეხებმა საზიაროდ გამართეს საუკეთესო მარანი, სადაც მიაქვთ ვენახიდან მოკრეფილი ყურძენი. ამ ყურძენს ხარისხზე არჩევენ და ნასწავლ კაცის ხელმძღვანელობით ამზადებენ ღვინოს, ღვინოს საზიარო მარანში ასხავენ და იქ ინახავენ იმ დრომდე, ვიდრე დადგებოდეს ღვინო მერეკი ჰყიდიან კაი-ფასებში, ვაჭრებიც დიდის ხალისით ყიდულობენ ღვინოს, რადგან იგი ერთნაირია, ერთგვარად მომზადებული და ბლომად. ამ ბოლო დროს მუშტრებში მომხმარებელ საზოგადოებანიც გამოერივნენ. გაყიდულ ღვინით აღებულ ფულს, ხარჯის გასტუმრების შემდეგ, ამხანაგები ერთმანეთში ინაწილებენ ამხანაგობაში ჩაბარებულ ყურძნის ოდენობა-ღირსების შესაფერად. მაგრამ გლეხს არ შეუძლიან მოცდა, მას ფული შემოდგომაზევე უჭირს, ამიტომ ამხანაგობა საჭირო თანხას წინდაწინვე აძლევს. ამასთან ამხანაგობა გერმანიაში ამ ჟამად 174-ია.

პურის ვაჭრობაც მოაწყეს გერმანელმა გლეხებმა, მათ გამართეს საზიარო ბეღლები და მოაწყეს საჭირო და საუკეთესო იარაღ-მანქანებით. მოტანილ პურს მანქანებით არჩვენ; ერთგვარ საქონელს ამზადებენ და მერე, როცა კაი მაზანდაა, ჰყიდიან. 1904 წელს ბავარიაში უკვე 105 საზიარო ბეღელი იყო ამ ბეღლებიდან გაიყიდა 3 მილიონ ფუთამდე ხორბალი!

ასე გამოაკეთა ამხანაგობამ გერმანიის გლეხობის გაჭირვებული საქმე.

***

საფრანგეთშიაც მოიკიდა ფეხი ამხანაგობამ. იქ ძალიან გავრცელებულია საამხანაგოდ, საზიაროდ მანქანა-იარაღების ყიდვა. ყიდულობენ სამკალ და სათიბ მანქანებს, საუკეთესო საქაჯავებს ღვინის დასაწურავად, სათეს და სალეწ მანქანებს და სხვა იარაღს. აქირავებენ თავიანთ წევრებზე ან ფასით ან უფასოდ. სასოფლო სამეურნეო ამხანაგობები და კავშირი 1907 წელს იყო 6500, საკრედიტო ამხანაგობა -2000, დამზღვევი ამხანაგობა 8000, სულ 6, 500 ამხანაგობა.

აბა ასეთი სამსახური გაუწია ევროპიელ ამხანაგობამ. დღეს ეს გლეხი ზურგ-გამაგრებულია, და შიში აღარავისა აქვს.

ჩვენშიაც შეიძლება ამხანაგობების დაარსება და გაჭირებიდან თავის დახსნა. საჭიროა ცოტაოდენი მხნეობა და სურვილი როგორ უნდა დაარსება ამხანაგობებისა ჩვენში, ამასაც ამ მოკლე ხანში მოგახსენებთ.

_________________

1. იხ. „ამირანი“, N145, 1908 წ.

დროება. - 1909. - 96. - გვ. 2-3

8.6 ტფილისი, 8 მარტი

▲back to top


უცხოეთის სოციალ-დემოკრატიული მწერლობა ამ ბოლო დროს განახლებული ხალისით და ინტერესით ეკიდება მიწის საკითხს. ათიოდე წლის წინად გერმანიის წიგნის ბაზარზე გაჩნდა ცნობილი წიგნი დავიდისა „სოციალიზმი და სოფლის მეურნეობა“. დავიდის წიგნის გარშემო მთელი სპეციალური აგრარული ლიტერატურა შეიქმნა. წვრილ და მსხვილ მეურნეობის შედარებითი უპირატესობა ისეთ სადაო კითხვად გადაიქცა, რომელმაც ორ მოწინააღმდეგე ბანაკად გაჰყო სოციალიზმის გერმანელი თეორეტიკოსები. მას შემდეგ ერთხანად მიწის საკითხი თითქოს ისევ მიივიწყეს, თუმცა კი სოციალური გამოკვლევები შეუჩერებლივ განაგრძობდნენ ეკონომიურ ანალიზს. წელს ამ საკითხს ახალის თვალსაზრისით შეჰხედა გერმანელმა სოციალ-დემოკრატმა მწერალმა არტურ შულცმა და აპირებს რაოდენამდე გაცივებული აგრარული საკითხი ხელახლა საყოველთაო ყურადღების ცენტრად გადააქციოს.

არტურ შულცის თვალსაზრისი საინტერესოა იმ მხრივ, რომ იგი სცდილობს გამოარკვიოს აგრარულ ურთი-ერთობათა გავლენა ეკონომიურ და პოლიტიკურ განვითარების საერთო მიმართულებაზე. აქამომდე აგრარულ საკითხს საკუთრივ სასოფლო მეურნეობის ინტერესთა ფარგალში არკვევდნენ, არტურ შულცი კი დიდ მნიშვნელობას აძლევს აგრარულ ურთი-ერთობას მრეწველობის განვითარებისთვის და საგარეო პოლიტიკის მიმართულებაში. არტურ შულცის წიგნს საპოლემიკო ხასიათი აქვს; თვით წიგნის სათაური „ეკონომიურ და პოლიტიკურ განვითარების ტენდენციები გერმანიაში“ გვიჩვენებს, რომ იმისი ავტორი საკითხს გაცილებით უფრო ფართოდ აყენებს, ვიდრე დავიდი და სხვა ცნობილი ავტორები. ამ წიგნში აგრარული ურთიერთობანი განიხილებიან როგორც დასაბამი საერთოდ განვითარების მთავარ ხაზებისა. არტურ შულცის წიგნში გაფანტულ სხვა და სხვა აზრთა შორის ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ შეხედულებამ, რომ მეტად მჭიდრო კავშირი არსებობს წვრილ მეურნეობის განვითარების და შრომის ბაზრის მდგომარეობის შუა.

მსხვილ სასოფლო მეურნეობის არსებობისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მოზღვავება შრომის ბაზარზე მუშა ხელისა; მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესება, რა საშუალებითაც უნდა მოხდეს იგი, კრიტიკულ მდგომარეობაში აყენებს სოფლის მსხვილ მეურნეობას და გზას უხსნის მის დანაწილებას წვრილ მეურნეთა შორის. უმიწაწყლოდ დარჩენილ ხალხის კოლონიზაცია უცხო ქვეყნებში ერთის მხრივ და მუშათა ცხოვრების პირობათა გაუმჯობესობა მეორეს მხრივ სოფლის მსხვილ მეურნეობას ხელიდან აცლის არსებობის მთავარ იარაღს. აქედან წარმოსდგება მსხვილ სასოფლო მეურნეობის კავშირი, რომლის დანიშნულებაც მუშა ხალხის დამყოფებაა მუდმივს გასაჭირში. რამდენადაც გაუმჯობესდება მუშათა მდგომარეობა, იმდენად უფრო უძლური გამოჩნდება სოფლის მსხვილი მეურნეობა წვრილ მეურნეობასთან ბრძოლაში. როცა მსხვილი სასოფლო მეურნეობა გასაჭირში იმყოფება, მაშინ იხსნება გზა შინაურ კოლონიზაციისთვის. შინაურ კოლონიზაციის აზრი არის წვრილ მეურნეთა კლასსის გაძლიერება.

ეს აზრი წვრილ სასოფლო მეურნეობის განვითარების და მუშა ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესების შორის არსებულ კავშირის შესახებ ჩვენ საყურადღებოდ მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც ამ ჟამად მიწის მობილიზაციის პროცესსი სწარმოებს. ქართველ მუშებს კოლონიებში გადასახლება არ შეუძლიანთ, იმიტომ რომ ასეთი კოლონიები ქართველებისთვის არ არსებობენ. ადგილობრივ სამრეწველო დაწესებულებებშიაც ერიდებიან ამ ბოლო დროს მათ. ამ მიზეზების გამო ქართველ მუშების მდგომარეობა უკანასკნელ წლების განმავლობაში დღითი დღე უკიდურესი ხდება. ამავე დროს საქართველოს თავად-აზნაურობა ფაციფუცობს და საჩქაროდ ახდენს თავის მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას. დღემდე პრესსაც და კერძო წრეებიც ჩვენში მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, რომ გლეხებმა შეისყიდონ მემამულეთა მიწები. ჩვენის აზრით ნაკლები სიკეთე არ იქნება მიწების შეძენაზე იფიქრონ ქართველმა მუშებმაც. ტფილისის მიდამოებში სახლის ჩასადგმელად მიწის შეძენისთვის დიდი ხალისი გამოიჩინეს ქართველმა მუშებმა 1906 და 1907 წლებში. რა თქმა უნდა, მარტო სახლის დასადგმელად სამყოფი მიწა ადამიანის ცხოვრებას ვერ უზრუნველჰყოფს. თითქმის იმავე ფასით, რა ფასითაც ქალაქ ადგილას ან იმის მიდამოებში სასახლის შეძენა შეიძლება, ადვილად მოხერხდება კაცმა სოფელში ისეთი ნაჭერი მიწა შეიძინოს, რომელიც სახლისთვისაც ეყოფა და შრომისთვისაც.

უსაქმოდ დარჩენილი მუშა კაცი რომ წვრილ სასოფლო მეურნეობას მოეკიდოს და ამისთვის სოფლად მიწა შეიძინოს, ეს არც გაბურჟუებაა და არც მუშათა საქმისთვის ღალატი. პირიქით, ეს ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა მუშათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამასთან არ შეგვიძლიან არ აღნიშნოთ, რომ ინტენსიურ მეურნეობის წარმოებას მუშა უფრო შეიგუებს, ვიდრე ტრადიციულ ექსტენსიურ მეურნეობის ჰაერს შეჩვეული გლეხი. რა თქმა უნდა, უმუშევრად დარჩენილ ქართველ მუშას არავითარი თანხა არ მოეპოვება მიწის სასყიდლად, მაგრამ თუ მიწის მობილიზაციის საკითხი ჩვენთვის მარტოდენ ეკონომიურს კი არა, არამედ ამასთან ერთად ნაციონალურს ინტერესს წარმოადგენს, ჩვენის ფიქრით მთელი ქართველი საზოგადოება უნდა ჩაერიოს საქმეში და ხელი გაუმართოს ყოველს ქართველს მიწის შესაძენად. ამ საქმეში ხელის გამართვას ორმაგი ღირებულება ექნება, სოციალური და ნაციონალური. საზოგადოების სხვა და სხვა წრეებმა შეიძლება სხვა და სხვა თვალსაზრისითაც შეჰხედონ ერთსა და იმავე პრაქტიკულ საქმეს, მაგრამ ეს მაინც დაბრკოლება არ უნდა იყოს შეერთებულ ძალღონით ასრულდეს ისეთი საქმე, რომელიც ყველას სასურველად მიაჩნია.

დროება. - 1909. - 53. - გვ. 1

8.7 ჩვენი სოფლის საჭიროება

▲back to top


. --

I

ჩვენებურ სოფლის მდგომარეობა უმწეო და სავალალოა. სხვა ქვეყნებში სოფლის ცხოვრება უკვე დიდი ხანია აღორძინდა და წინსვლის გზას დაადგა, ჩვენში იგი მიდუნდა და წარმოების მოძველებულ წესრიგს დღესაც ვერ გასცილებია. წინსვლის მაგიერ იგი უკან-უკანაც იწევს; სოფლელს თან და თან ნაკლები ჭირნახული მოჰყავს, ეს ნაწარმოები ისეთი მცირეა, რომ სოფლის მცხოვრები ნახევრად მშიერი რჩება.

საუბედურო ის არის, რომ ჩვენებური სოფლელი ასეთ მდგომარეობას შეჰჩვევია და იგი ბუნებრივად მიაჩნია, მასთან ბრძოლა მას შეუძლებელი ჰგონია. ასეთ შეხედულებას გავლენა აქვს სოფლელის ხასიათზედაც: ადამიანი, რომელიც ბუნების კანონების წინაშე მონურად ქედს იხრის, არსებულ წეს-წყობილებასაც ადვილად ემორჩილება.

ამაში - გადაგვარების წყაროა. სოფელი საქართველოს საფუძველია, სოფლის ბედი თვით საქართველოს ბედია და სოფლის სულიერი ან ფიზიკური გადაგვარება ძირს უთხრის მთელ ერის განვითარებას და თვით არსებობასაც.

ამიტომ ერის განათლებული ნაწილი ვალდებულია ხელი შეუწყოს სოფელს და მას აღორძინებასა და განახლების გზა და საშუალება უჩვენოს.

ასეთი გზა და საშუალება არსებობს. მეცნიერებამ დიდი ხანია გამონახა იგი, დასავლეთ ევროპის ცხოვრებამ გამოსცადა და შესაფერად სცნო.

ჩვენებურ ინტელიგენციის ვალია შეისწავლოს იგი და ჩვენშიაც გამოიყენოს.

დასავლეთ ევროპაშიაც სოფლის ცხოვრება ყოველთვის ახლანდელივით მოწყობილი როდი ყოფილა. იქაც ერთხანს საშინელის სისწრაფით იშლებოდა სოფლის მეურნეობა და სოფლის წვრილი მწარმოებელი ისევე იტანჯებოდა, როგორც ახლა ჩვენებური წვრილ-ფეხა სოფლელი იტანჯება. ამ 30-40 წლის წინად იქ ყველა დარწმუნებული იყო, რომ წვრილ და საშუალო სოფლის მეურნეობას სრული მოსპობა მოელის. ეხლა კი ამ აზრს ევროპაში ვეღარავინ გაიმეორებს. პირ-იქით სოფელს ყველგან გამოცოცხლება დაეტყო, სოფლის მცხოვრები მხნედ შრომობს და მომავლისაკენ სრულის იმედებით აღსავსე გაიყურება. სოფლის ცხოვრებას თან-და-თან კულტურული ელფერი დაეტყო, რომელიც წინად ყველას მხოლოდ ქალაქ ადგილების კუთვნილება ეგონა.

სად არის ასეთ აღორძინების მიზეზი? რა საშუალებით გამოცოცხლდა დასავლეთ ევროპაში სოფლის მეურნეობა. იქაურ საშუალებათა უკეთ შესათვისებლად ჯერ სოფლის დაქვეითების მიზეზების გაგებაა საჭირო.

ასეთი მიზეზები ბევრია: მიწის სივიწროვე, მიწის საკუთრებისა და იჯარის უვარგისი წესები, მრეწველობა, გადასახადების უსამართლო გაწერვა - ყოველივე ეს მიზეზების ერთი წყებაა. მეორე რიგი - თვითმართველობის უქონლობა და სხვა და სხვა პოლიტიკური მიზეზია. მესამე რიგი - მიწის დამუშავების უვარგისი წესები და სოფლის მეურნეობის უკვე მოძველებული ტეხნიკაა.

აქ უფრო მესამე რიგის მიზეზები გვაინტერესებს, რადგანაც ამ მიზეზების მოსპობა თვით ხალხისავე ხელთ არის - საჭიროა მხოლოდ საურთიერთო გრძნობის და თვითმოქმედების გაძლიერება. ეს მესამე რიგის მიზეზები თუ მოისპო და სოფლის მეურნეობა შესაფერად შეიცვალა, ზემოთ ჩამოთვლილი სხვა მიზეზებიც თავის თავად მოისპობა, ან ცხოვრების ახალ პირობების გავლენით შეიცვლება.

დავუბრუნდეთ მიწადმოქმედების დაქვეითების მიზეზებს. აქ ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით ის გარემოება იქცევს, რომ სოფლად შრომის ნაყოფიერება შემცირდა: მოსავალი აღარ არის, ადამიანის მეცადინეობა სასარგებლოდ იხარჯება. ამის მიზეზი განსაკუთრებით ის არის, რომ მიწა დაიღალა და უნაყოფო შეიქმნა, რადგანაც საუკუნოების განმავლობაში მას არც ასვენებდნენ და არც ანოყიერებდნენ; მიწათმოქმედების ასეთი წესი ჩვენში ხომ დღესაც არსებობს.

ყოველი მცენარე თავის სასიცოცხლო ძალებს მიწიდან იღებს, იგი ნიადაგის სხვა-და-სხვა შემადგენელ ნაწილებითა საზრდოობს. ამიტომ რომელიმე ადგილას მუდამ, ყოველ წელიწადს ერთი და იგივე მცენარე თუ მოვიყვანეთ ყოველ წელიწადს ნიადაგს ერთი და იგივე, - ამ მცენარის მასაზრდოებელი, - ნივთიერება თუ მოვაცალეთ და სამაგიეროდ მიწა, რამე საშუალებით, ხელოვნურად, არ გავასუქეთ, - ძალიან ნაყოფიერიც რომ იყოს იგი, ბოლოს აუცილებლად დაიღლება, გამოფიტდება, მცენარეს მასაზრდოებელ ძალას დაჰკარგავს და უნაყოფო გახდება.

სასოფლო მეურნეობის უმდაბლეს საფეხურებზე, როდესაც სოფლის ყოველი ნაწარმოები ადგილობრივ იჭმევოდა და იხარჯებოდა, მიწის გამოფიტვა საფიქრებელი არ იყო, რადგანაც მიწას იქვე ბუნებრივ სასუქის სახით სრულად უბრუნდებოდა ის, რასაც მიწა მცენარეს აძლევდა. მაგრამ შემდეგ, როდესაც ცხოვრება გართულდა, გაშენდა ქალაქები და სოფლის ნაწარმოები - მოსავალი და საქონელი ქალაქ ადგილებში მცხოვრებლებს მოხმარდა - მიწას სოფლად თან და თან მცენარეების მასაზრდოებელი სხვა და სხვა ნივთიერება მოაკლდა და ბოლოს იგი სრულიად გამოიფიტა.1

სასოფლო მეურნეობის ტეხნიკური მხარეც არ არის ჩვენში შესაფერად განვითარებული. დღეს კიდევ ჩვენში წესად მიღებულია, რომ მიწას ორ წელიწადში ან სამ წელიწადში ერთხელ დაასვენებენ. ყანებში მხოლოდ ხორბლეულობას სთესენ. მიწას უვარგისად და უვარგის იარაღითა ჰხნავენ, - ასეთ ხვნას ბევრ დროსა და დიდს შრომას ანდომებენ. ღვარძლიანს, მჩატესა და გადურჩეველ თესლსა ჰხმარობენ... ცხადია, ასეთ ხვნა-თესვას ნაყოფიც შესაფერი ექმნება. უკანასკნელ წლების განმავლობაში მიწის მოსავალმა შესამჩნევად იკლო: თუ უწინ ერთ დესეტინაზე 90-80 ფუთი მოდიოდა, ახლა 40-30 ფუთიც აღარ მოდის. ასეთ მოსავლით ვერ ანაზღაურდება ის შრომაც კი, რომელიც ხვნა-თესვას მოჰხმარდა - საიდგანღა გადიხადოს სოფლელმა მიწის იჯარა, სახელმწიფო გადასახადი, რითი დაიკმაყოფილოს ოჯახის სხვა და სხვა საჭიროება?

მოსავლიანობის დაკლებას სოფლის ნაწარმოების გაიაფებაც თან მოჰყვა. პირველის შეხედვით ადამიანს ასეთი შედეგი გაუგებრად მოეჩვენება, მაგრამ იგი მსოფლიო ბაზრის გავლენით მოჰხდა. იმ ქვეყნებში სადაც ხალხმა მიწის ნოყიერება აღადგინა, სადაც მეურნეობის ტეხნიკა განვითარდა, ხვნა-თესვა უფრო იაფი ჯდება და სოფლის ნაწარმოებიც ამიტომ იაფდება. მსოფლიო ბაზარზე ხორბლეულობის გაიაფება კი ჩვენშიაც ფასების დაკლებას იწვევს. მასვე ხელს უწყობს ჩვენებურ სასოფლო ნაწარმოების უვარგისობაც. დაღლილ, ცუდათ დამუშავებულ მიწას ჩვენში სუსტი მცენარეც მოჰყავს, ასეთ მცენარეს ნაყოფიც ღირსებით ნაკლებია და ნაკლებათაც ფასდება.

ამას კიდევ დაუმატეთ ტაროსის ცვალებადობა. (გვალვა, მომეტებული წვიმიანობა, სიცხე, სიცივე, სეტყვა და სხვა), ყოველგვარი მავნებელი მცენარე და ცხოველი, სუსტ მოვლენებს უფრო ჰფენს, ვიდრე საღსა და უფრო ადვილად სტოვებს უმოსავლოდ სუსტ ყანის პატრონს. გაიხსენეთ ყოველივე ეს და თქვენთვის ცხადი იქმნება ის სავალალო მდგომარეობა, რომელსაც ჩვენებური სოფლელი განიცდის.

მოსავლიანობის შემცირება და ამის გამო დასასვენებლად დატოვებულ მიწის რაოდენობის თან და თანი ზრდა, ამასთანავე თვით ხალხის გამრავლებაც, აუცილებელ საჭიროდ ჰხდიან საკმარის ხორბლეულობის მოსაყვანად თან და თან მეტ მიწას, ახალ საყანე ადგილებს. საძოვარი და სათიბი ადგილები ისპობა, ეს ადგილებიც თან და თან ყოველგან ივსება სხვა და სხვა ხორბლეულის სათესად. ამის გამო საქონლის მოშენებაც ბრკოლდება, რომელიც თავის მხრივ მეტად ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას.

ასეთ პირობებში, ცხადია, ჩვენებური სოფელი უფრო ძვირფას მცენარეთა მოშენებას უნდა დასდგომოდა, რომ იმნაირად იმავე მიწით მეტი სარგებლობა ენახა. მართლაც ადგილობრივი ბუნებაც ხელს უწყობს ჩვენში იმას, რომ ხორბლეულის მოყვანის მაგიერ თან და თან სხვა უფრო ძვირფასი და შემოსავლიანი მცენარეულობის გაშენება გავრცელებულიყო (მევენახობა, მებაღეობა, თუთუნისა და ბამბის მოყვანა და სხვა).

მაგრამ თვით ამ უფრო ძვირფას მცენარეთა მოყვანის საქმეც ისეთსავე მდგომარეობაშია ჩვენში, როგორც ხვნა-თესვა და ხორბლეულის მოყვანა. აქაც წარმოების ტეხნიკური უვარგისობა აფერხებს ამ მცენარეთა მოვლის განვითარებას. ოდესღაც მეტად შემოსავლიანი მევენახობა, მაგალითად, დღეს თითქმის საზარალოა. ჩვენი ღვინო, რომელიც დამზადების ტეხნიკურ უვარგისობის გამო ძვირი გვიჯდება, არ იყიდება, რადგანაც ბაზარზე მის ადგილს სხვა რაიონების უფრო იაფი ღვინოები იჭერენ. ამასვე ვხედავთ სხვა ძვირფას მცენარეთა მოყვანის საქმეშიაც.

ამნაირად მიწის გამოფიტვა, ხვნა-თესვის უვარგისი წესები, სასოფლო მეურნეობის უვარგისი ტეხნიკა და სამეურნეო იარაღების უვარგისობა - აი ის სამეურნეო ხასიათის უმთავრესი მიზეზნი, რომელთაც ჩვენებური სასოფლო მეურნეობა ახლანდელ მდგომარეობაში ჩააგდო. ადვილი დასანახია, რომ ეს მდგომარეობა შემდეგ კიდევ უარესი გახდება თუ მის მოსასპობად საზოგადოებამ რამე საშუალება არ იხმარა.

ხსნა სადღა არის?

___________

1. ჩვენებური მოკლე ვადიანი მიწის იჯარაც მიწის გამოფიტვის მიზეზად ჰხდება, რადგანაც მოიჯარადრე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ირგოს და სასუქის სახით მიწას არაფერს აღარ უბრუნებს.

სახალხო გაზეთი. - 1911. - 226. - გვ. 2

8.8 ჩვენი სოფლის საჭიროება

▲back to top


. --

II

წინა წერილში მოხსენიებული მოვლენა, სხვა ქვეყნებში ყოფილა2 იქაც საჭიროდ მიჩნეული იყო მიწის გასანოყიერებლად მისი სამ წელიწადში ერთხელ დასვენება. იქაც მუდამ ერთსა და იმავე ხორბლეულს სთესავდნენ, იქაც მიწას ხელოვნურად იშვიათად თუ ასუქებდნენ, რადგანაც, მიწის სივიწროვის გამო, სოფლელს შინაური საქონელი საკმაოდ არ ჰყავდა.

ამის გამო წარსულ საუკუნის შუა ხანებში მიწები იქ იმდენად დაიღალა და გამოიფიტა, რომ მაგ. საფრანგეთსა და გერმანიაში ყანების ერთი მესამედი ყოველთვის დასასვენებლად დაუმუშავებელი უნდა დარჩენილიყო. მოსავალმაც იკლო, დესეტინაზე 50-40 ფუთიც აღარ მოდიოდა, საქონლის მოშენება, მიწის სივიწროვის გამო, თანდათან მცირდებოდა.

სასოფლო მეურნეობის დასუსტებამ სამეურნეო ნაწარმოების გაძვირება გამოიწვია. ეს გაძვირება ხანგრძლივი არ იყო, მალე ევროპაში იწყეს შემოტანა უფრო იაფ ხორბლისა სამეურნეო სხვა ნაწარმოებისა სხვა ქვეყნებიდან (ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან და სხ.), სადაც ჯერ კიდევ ბევრი ახალი და ნოყიერი მიწები იყო და სოფლის ნაწარმოები ჯერ კიდევ იაფი ჯდებოდა.

ამნაირად სოფლის მეურნეობა თან და თან საზარალო გახდა და ყველას, - ვინც სოფლად ცხოვრობდა და მიწის დამუშავებით იკვებებოდა, - გადასაწყვეტად მწვავე საკითხი დაუდგა წინ: ან ხელი აეღო სასოფლო მეურნეობაზე, ან - რამე საშუალებით იგი უფრო ნაყოფიერი და შემოსავლიანი გაეხადა.

თეორიულად ეს საკითხი მეცნიერებამ უკვე გადასწყვიტა წარსულ საუკუნის მეორმოცდაათე წლებში. გამოსახეს საშუალება მიწის ნოყიერების აღსადგენად. შეიმუშავეს ხვნა-თესვის ახალი წესები, რომლის მიხედვით მიწა ბუნებრივისა და ხელოვნურის სასუქით უნდა განოყიერებულიყო, რათა მას ყველა ის შემადგენელი ნაწილი დაჰბრუნებოდა, რომელიც მცენარის ზრდას სჭირდება. წინად მიწის გასანოყიერებლად სამ წელიწადში ერთხელ თუ ასვენებდნენ, ახლა ახალი წესი შეიმუშავეს . - მორიგათ თესვა - რომლის მიხედვით მიწაზედ ყოველ წელიწადს სხვა და სხვა მცენარესა სთესავენ, შემოიღეს დროგამოშვებით ბალახის თესვა, ძირთავა მცენარეთა მოყვანა (კარტოფილი, ჭარხალი და სხვა) შეიტყვეს, რა მნიშვნელობა აქვს თესლების გადარჩევას და სხვა. ამავე დროს გამოიგონეს ახალი, უფრო შესაფერი, სამეურნეო იარაღები, გამოარკვიეს საშუალებანი ნიადაგის უკეთესად სახნავად და მცენარეთა მოსავლელადაც.

და აი, ბაზრის ახალ პირობების გამო, სამეურნეო მეცნიერების გავლენით, სოფლის მეურნეობა ძალაუნებურად სხვა და სხვა ცვლილებების გზას დაადგა. რამდენიმე წლის განმავლობაში მეურნეობა სულ შეიცვალა. დღეს იგი მოგების მომცემია და უცხოეთის მეტოქეობა მას აღარ აფრთხობს. მიწის ნაყოფიერება თან და თან იზრდება, ნაწარმოები იაფთება და სოფლელის შემოსავალი კი ამის და მიუხედავად თან და თან მატულობს.

ხორბლის საშუალო მოსავალი დესეტინაზე 50-40 ფუთიდან 120-150 ფუთამდე ავიდა, უკეთეს პირობებში კი იგი ხან და ხან 300 ფუთსაც უდრის. დასასვენებლად ახლა მთელი მიწების მხოლოდ 5 პროც. რჩება, ზოგან ამაზე ბევრად ნაკლებიც, ე.ი. შესაძლო გახდა ყველა კარგი მიწების გამოყენება ყოველ წლივ.

მორიგად თესვა და დრო-გამოშვებით ბალახისა და ძირთავა მცენარეთა მოყვანამ საქონლის მოშენებაც შესაძლოდ გაჰხადა, რადგანაც, საბალახოზე გარეკის მაგიერ, საქონლის საკვები შინვე გაუჩნდა. ამნაირად მეურნეობის ზოგიერთი ნაყოფი (ბალახი, ძირთავა მცენარეთა ნაყოფი) და ზოგიერთი გადანაყარი (ჭაჭა და სხ.) აქვე საკვებად ერგება საქონელს, რომელიც სამაგიეროდ სხვა და სხვა გასასყიდ რამეებს იძლევა (რძეს, კარაქს, ხორცს, ერბოსა და სხვას) და ამის გარდა წესიერი მეურნეობისათვის აუცილებლად საჭირო მიწის სასუქსაც სტოვებს. საქონლის მოშენება იმდენად მომგებიანი გამოდგა, რომ ზოგიერთ ქვეყნებში (დანია, ჰოლანდია) ხალხი ხვნა-თესვას სტოვებს და განსაკუთრებით საქონლის მოშენებას ადგება, - ესე იგი იმის წინააღმდეგი მოვლენა ჰხდება, რომელიც წინედ სოფლის მეურნეობას ემჩნეოდა. საკვირველიც არ არის, რადგანაც იქ ერთი ძროხა, მაგ. თავის პატრონს წელიწადში 80-100 მანეთს მოგებას აძლევს.

მაგრამ ახალ სამეურნეო წესების სარგებლობა სხვაც ბევრია. სასოფლო მეურნეობის სხვა და სხვა ნაწარმოების დასამუშავებლად სასოფლო მრეწველობაც ჩნდება, ძირთავების დასამუშავებლად (შაქრისა, სახამებლის) ქარხნები აღსდგება; აგრედვე სპირტის სახდელი ხილის სახმობი, ყველის და კარაქის და სხვა მრავალგვარი ქარხნებიც.

საჭირო ფულსა და შესაფერ ცოდნას მოკლებულ, წვრილ და საშუალო მეურნეობისათვის მთელის სასოფლო მეურნეობის ასეთი ძირითადი გარდაქმნა ძნელი და შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. ამ გარდაქმნას სასოფლო წარმოების ახალმა ორგანიზაციამ - კოოპერაცია მეტად ძლიერი ბრძოლის საშუალება გამოდგა, - მან ყოველი დაბრკოლება ადვილად სძლია, რომელიც მეურნეობის განვითარებას წინ ეღობებოდა. მან სოფლად წვრილი კრედიტი მოაწყო და მეურნეს საქმისათვის საჭირო ფული უშოვნა, მის საშუალებით მოეწყო კურსები, საჯარო ლექციები და ბაასები სასოფლო მეურნეობის სხვა და სხვა საჭირ-ბოროტო კითხვების გადასაწყვეტად. მისივე წყალობით საცდელი და სანიმუშო მინდვრები გამრავლდა. კოოპერაციამ ყოველივე ცოდნას მოკლებულ წრეებში განათლების სხივი შეიტანა. სასოფლო ნაწარმოების გამსაღებელ ამხანაგობათა მოწყობით, კოოპერაციამ წვრილ მეურნეებს პირ და პირ დიდსა და შორეულ ბაზრებთან დააჭერინა საქმე და ამით საქმეს აუარებელი მავნე შუამავალი ჩამოაცილა.

ერთის სიტყვით კოოპერაცია სოფლის მეურნეობას აწვდის ყველაფერს, რაც საჭიროა საქმის რიგიანად მოწყობისათვის. იგი იმდენად სასარგებლო და შესაფერი გამოდგა, რომ სულ მცირე ხანში - წარსულ საუკუნის მე-80 წლებს აქეთ - დასავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოში მალე გავრცელდა და აქედან სხვა ქვეყნებშიაც გადავიდა. ამ ჟამად ზოგიერთ სახელმწიფოს სასოფლო მეურნეობაში კოოპერაცია უმთავრეს საორგანიზაციო ფორმად ითვლება. დანიაში მაგ. 90% დამზადებულ კარაქისა საამხანაგოდ კეთდება და იყიდება. ჰოლანდიაში მთელ იქაურ ყველისა და კარაქის 60% კოოპერატივებში კეთდება. გერმანიაში სოფლის მეურნეთა ნახევარი ნაწილი კოოპერატივების წევრებად ითვლება. საამხანაგო ორგანიზაციები ისეთის სისწრაფით იზრდება, რომ მალე ყველა განათლებულ ქვეყნებში გაბატონდება.

ამნაირად ჩვენს თვალწინ გადაშლილია დასავლეთ ევროპის გამოცდილება და იქაური ნამოქმედარი სასოფლო მეურნეობის გარდაქმნის საქმეში. ეს გამოცდილება საჭიროა ჩვენშიაც გამოვიყენოთ.

მაგრამ აქ წინდაწინვე ვგრძნობ პასუხს, რომელსაც ასე ადვილად იმეორებენ ისინი, ვისაც ყოველივე ახალი აშინებს: „კულტურა გვაკლია, ვერ გამოვიყენებთ იმას, რაც დასავლეთ ევროპის ხალხმა შესძლოვო“.

მაგრამ განა მართალია ეს მოსაზრება? ყოველთვის, როცა ჩვენს სოფელს უჩვენებდენ ან უმტკიცებდნენ ამა თუ იმ ახალ რისიმე სარგებლობას, მას შეუთვისებია და თავისთვის სავსებით გამოუყენებია იგი. გაიხსენეთ მაგალითად რა საოცარის სისწრაფით აღადგინეს და განაახლეს ვენახები ქუთაისის გუბერნიაში, დააკვირდით, როგორ გავრცელდა ყველგან ვაზის სნეულებათა წამლობა, რა ხალისით ეკიდება ხალხი გაუმჯობესებულ გუთნების სყიდვას ქიზიყში, კახეთში და სხვა ადგილებშიაც. სხვა რომელი ახალი და სასარგებლო რამ უჩვენებიათ ჩვენებურ სოფლის მეურნეებისთვის და რა დარჩა მათ შეუთვისებელი?

ამის გარდა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თვით კოპერაცია ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული და უცვლელი, მხოლოდ ერთ რომელიმე პირობებში გამოსაყენებელი საორგანიზაციო ფორმა როდია; პირიქით იგი ნაირ-ნაირ გარეგან სახეს იღებს, ეთვისება წარმოების ყოველგვარ პირობებს, ხალხის განვითარებას და ეროვნულ ხასიათის თავისებურებას. კოოპერაცია ფეხს იკიდებს და ვრცელდება მაღალ კულტურის მქონე ქვეყნებში (ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი) და იმ ერებშიაც, რომლებიც კულტურით ჩვენზე მაღლა არა სდგანან (სერბია, ბოლგარია, რუმინია) იგი შეგვხვდება ჩრდილოეთისკენაც (სკანდინავია, ფინლანდია) და სამხრეთშიაც (იტალია, ალჟირი). ცხადია რომ ჩვენებურ პირობების შესაფერი საამხანაგო ორგანიზაციაც ადვილად მოინახება, ჩვენი ხალხიც მას ადვილათვე შეითვისებს და განავითარებს.

ჩვენი ხალხი დღეს კიდევ უვიცობის მორევში თუ სცურავს, ჩვენებური სასოფლო მეურნეობა დღესაც კიდევ პირვანდებულ უვარგის წესებს თუ ვერ გასცილებია, ამაში ხალხს არავითარი ბრალი არ უძღვის; ამაში დამნაშავეა ხალხის განათლებული ნაწილი, მისი ინტელიგენცია, რომელსაც დღევანდლამდე ხალხისთვის ვერაფერი ურგია.

დროა შევიგნოთ ჩვენი დანაშაული და ხალხს მივეშველნეთ ცხოვრების გარდასაქმნელად, მას შესაფერი გზა და საშუალება ვუჩვენოთ!..

ეს საქმე უნდა ითავოს ახლად დაარსებულმა ქართულმა სამეურნეო საზოგადოებამ, რომლის მიზანზე და დანიშნულებაზე შემდეგს წერილში ვილაპარაკებთ.

________________

2. ჩინეთს გარდა, სადაც ათასი წლების განმავლობაში ხალხი მიწას დაუსვენებლივ ამუშავებდა და სადაც მიწას ამის მიუხედავად თავისი ნოყიერება არასოდეს ოდნავადაც არ დაუკარგავს, რადგანაც ჩინელი სოფლელი ყოველთვის ცდილობდა სრულიად დაებრუნებინა მიწისათვის ის ნოყიერება, რომელსაც მიწა მცენარეებს აძლევდა.

სახალხო გაზეთი. - 1911. - 227. - გვ. 2

9 პირველი მსოფლიო ომი

▲back to top


9.1 ახალი ეპოქის დასაწყისი

▲back to top


გერონტი ქიქოძე

დიდს ისტორიულს ეპოქაში ვსცხოვრობთ. ამ გარემოების მნიშვნელობა ჯერ კიდევ ვერ შეგვიგნია სავსებით. სიდიადეს გადაჩვეულნი ვართ და ვერ წარმოგვიდგენია, რომ შესაძლებელია ისტორია ჰფარავდეს ჩვენს ყოველდღიურს ცხოვრებას. დიდს ეპოქებს ყოველთვის წარსულში ვეძებთ. პერიკლეს, ალექსანდრე მაკედონელის, ოქტავ ავგუსტის, ლეო მეათეს, ლუი მეთოთხმეტეს, ან ნაპოლეონის დრო დიდს ისტორიულს ეპოქას წარმოადგენს. ეს უეჭველია. აგრედვე ჩვენი მეთორმეტე საუკუნე ან კიდევ ევროპიელთა რენესსანსის, რეფორმაციის და რევოლუციის ხანა.

ჰო და, ჩვენი უახლოესი აწმყო არაფრით ჩამოუვარდება ამ დიდ წარსულ ეპოქებს: არც შემოქმედებითი ნაყოფიერებით, არც განმანადგურებელი ძლიერებით, არც გმირული აღფრთოვანებით. ყველა ამის დანახვა და გაზომვა დღეს როდი ძალგვიძს. მაგრამ მომავალი თაობა ადვილად გაარჩევს ჩვენი დროის დიდს საგნებს, დიდს მოვლენებს და დიდს ადამიანებს.

ადამიანური ფანტაზიის ყოველს ზომას სჭარბობენ ეს მოვლენები. ზოგიერთი მხრით იმასაც, რაც ოდესმე წარსულში მომხდარა. კლასიკურ ქვეყანას არასოდეს უნახავს იმოდენა ჯარი, როგორიც სპარსეთის მეფემ ქსერქსესმა შეადგინა საბერძნეთის წინააღმდეგ. ეს ჯარი კი მხოლოდ 1,700,000 კაცისაგან შესდგებოდა. მეომარი ნახევარზე ნაკლები იყო. უმრავლესობას მოსამსახურეები, მონები და ქალები წარმოადგენდნენ. როგორც ჰეროდოტი ამბობს, „მასში ბევრი ადამიანი იყო და ცოტა ჯარის კაცი“. ამიტომ ის ადვილად გაანადგურა რამოდენიმე ათასმა კარგად შეიარაღებულმა სპარტანელმა და ათინელმა.

ალექსანდრე მაკედონელმა მთელი ქვეყანა დაიპყრო 30,000 ქვეითი და 4, 500 ცხენოსანი ჯარის-კაცით. კილიკიის უღელტეხილებში მან უკუ აქცია დარიუსის დიდი არმია, რომელიც 600,000 კაცისაგან შესდგებოდა.

რომში ორ-თავიანი იანუსის ტაძარი თითქმის მუდამ ღია იყო. მიტომ რომ რომი თითქმის განუწყვეტლივ ომობდა. მან უდიდესი და უძლიერესი სამფლობელო შეჰქმნა. მაგრამ მისი ჯარი იშვიათად გასცილებია ოთხს ლეგიონს ე.ი. 16,800 კაცს. მეორე პუნიურს ომში კართაგენის წინააღმდეგ 71,000 რომაელი იბრძოდა. ეს ძლიერ დიდი არმია იყო რომაული საზომის მიხედვით.

საშუალო საუკუნოების სარწმუნოებრივი და დინასტიური ომები ძლიერ სასტიკნი და სისხლის-მღვრელნი იყვნენ, ისევე როგორც ახალი დროის საახალშენო ან ეროვნული ომები. მაგრამ მონაწილეთა რიცხვი უმეტეს ნაწილად რამოდენიმე ათი ათასით განისაზღვრებოდა. მეცხრამეტე საუკუნეში უდიდესი ჯარი ნაპოლეონმა წამოაყენა რუსეთში შესასევად: ის 600,000 მეომარისაგან შესდგებოდა. მეოცე საუკუნეში უდიდესი ბრძოლა მუკდენისა იყო: აქ 380,000 რუსი 320,000 იაპონელს შეეტაკა.

ბავშვური თამაშობაა ყველაფერი ეს იმასთან შედარებით, რაც დღეს ხდება. ამბობენ რომ გერმანიამ უკვე შვიდიდან რვა მილიონამდე ჯარის-კაცი გაიყვანა ბრძოლის ველზე. რადგან სხვა ერების მონაწილეობაც არა ნაკლებ ინტენსიურია, ვარაუდით შეიძლება ითქვას, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ბრძოლის სხვა და სხვა ასპარეზზე ოცდაათ მილიონამდე კაცი გამოსულა ე.ი. დაახლოებით იმდენი რავდენიც იტალიაში სცხოვრობს.

მაგრამ ეპოქის სიდიადეს მარტო დიმენსია და რაოდენობა როდი ჰქმნის. დიდი ისტორიული ეპოქა მით განირჩევა ჩვეულებრივისაგან, რომ ის უხვად შობს ახალს ფორმებსა და იდეებს, მსოფლიოს ახალს გრძნებას და შემეცნებას იძლევა და მომავალ საუკუნეთა მიმდინარეობას საზღვრავს. ამასთან ერთად ის სცვლის კაცობრიობის მატერიალურ კეთილდღეობასაც.

ალექსანდრე მაკედონელის, ჯვაროსნების ან ნაპოლეონის ომების შემდეგ ადამიანებს აღარ შეეძლოთ ისე ეგრძნოთ, ეაზროვნათ და ემოქმედათ, როგორც მანამდის გრძნობდნენ, აზროვნობდნენ და მოქმედობდნენ. მიტომ რომ ამ ომებმა სრულიად შესცვალეს როგორც ცხოვრების გარეგნული სტილი, ისე მისი იდეური და ემოციური შინაარსი. მაკედონელმა ფალანგებმა, ჯვაროსანმა რაინდებმა და ფრანგმა გრენადიერებმა შუამავალთა როლი ითამაშეს კულტურულ ღირებულებათა აღებ-მიცემობაში. მათ გაიტანეს და შემოიტანეს გრძნობები, ცნებები და იდეები, რომელნიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანნი იყვნენ კულტურისათვის ვიდრე უცხო და შორეულ ქვეყნებიდან მოტანილი მუშკი და ამბარი, ნარინჯი და ზაფრანი, ან მუსლინი, გაზი და ხავერდი.

ჩვენც აღარ შეგვიძლიან ისე გრძნობა და აზროვნება როგორც წინა თაობა გრძნობდა და აზროვნებდა. ეს კიდევ არაფერია. ჩვენ ხვალ აღარ შეგვეძლება ისე ვიგრძნოთ და ვიფიქროთ, როგორც გუშინ ვგრძნობდით და ვფიქრობდით. ჩვენი სულის სიღრმეში ძლიერი მეტამორფოზები მოხდა: კიდევ ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი. ჩვენი სული შეიცვალა მიტომ რომ ის შეეხო საგანთა და მოვლენათა ახალსა და იდუმალს მხარეს, რომელიც უწინ სრულიად დაჩრდილული იყო მისთვის. მან დაინახა ამ ქვეყნის ახალი სახე, ახალი ასპექტი, რომელიც დღემდე არასოდეს უნახავს. მთვარე რომ თავის ღერძის გარშემო მობრუნდეს, მის მეორე ჰემისფეროსაც ვიხილავთ. იმ ჰემისფეროზე უცნობ ნაოჭებსა, სიმაღლეებსა და დაბლობებს აღმოვაჩენთ. თანამედროვე ომმა სწორედ თავის ღერძის გარშემო შემოატრიალა მთელი კულტუროსანი ქვეყანა. ამით მან გამოაშკარავა ახალი, უცხო, შეუცნობელი რამ, რომლისთვისაც ჩვენს ენაში ჯერჯერობით სათანადო სიტყვები და ტერმინები როდი მოიპოვება.

ეს ახალი და უცნობი არ ეკუთვნის მატერიალური კულტურის სფეროს. თანამედროვე ჯარები სამშობლოში ვერ მოიტანენ ვერც შაქრის ლერწმისებურ, ვერც ყავის ბუჩქისებურ მცენარეებს, ვერც უცხო ლარს, ვერც უცხო ქსოვილს. ისინი ვერც ახალს ქვეყნებს აღმოაჩენენ.

ესაა ამ ომის თავისებურება მან გაგვაღარიბა მატერიალურად და გაგვამდიდრა სულიერად. ან უკეთ ვსთქვათ: მან შეარყია ჩვენი ნივთიერი კეთილდღეობა, ჩვენი სული კი შესცვალა და გადაახალისა.

ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა თუ სახელდობრ რაში და როგორ გამოიხატება ეს ცვლილება. მაგრამ ეხლავე შეგვიძლიან რამოდენიმე ზოგადი ტენდენცია აღვნიშნოთ.

კიდევ გუშინ ჩვენი ფილოსოფია პრაგმატიული იყო, ჩვენი ზნეობა ინდივიდუალისტური და ეგოისტური. ჩვენი მგრძნობიარობა ეროტიული. ცალმხრივი უტილიტარისტები ვიყავით და სარგებლიანობის თვალთსაზრისით ვზომავდით ჭეშმარიტებასაც, სიკეთესაც და მშვენიერებასაც. ჩვენი თვალები ყურები და ხელები ხარბად ეძებდა სიამოვნებასა, ყველგან სადაც კი შესაძლებელი იყო მისი პოვნა: სიამოვნებას ხელოვნურს, ექსცესიურს, პილპილნარევს, რომელიც მადას უღიტინებს, მაგრამ არ აკმაყოფილებს. მძაფრად მგრძნობიარენი ვიყავით ეროტიულად და სიყვარულში მხოლოდ ფრივოლურს, ზეზერეულს მხარეს ვამჩნევდით. უდიდეს ბედნიერებას ინდივიდუალურ კეთილდღეობაში ვხედავდით და ფუფუნება არსებობის უაღრეს პირობად მიგვაჩნდა.

ომის დაწყებამდე ერთი ნიჭიერი ფრანგი მწერალი სწერდა: „შეიძლება მოვა დღე, როცა ჩვენ გაგვაგზავნიან საზღვრების დასაცავად. ჩვენ წავალთ უენტუზიაზმოთ: ეს იქნება ჩვენი რიგი სიკვდილისა. სიკვდილი სამშობლოსათვის! ჩვენ სხვაგვარ რომანსებს ვმღერით, სხვაგვარ პოეზიას ვასაზრდოებთ. თუ საჭიროა ერთი სიტყვით ნათლად გამოვსთქვათ საქმის ვითარება, ძალიან კარგი: ჩვენ არა ვართ პატრიოტები!“

რავდენად უცხო და გაუგებარია ეს სიტყვები ჩვენთვის დღეს, როცა ცხოვრების სტილი ასე სწრაფად და საფუძვლიანად შეიცვალა. თუ ამ სტილს გუშინ გულცივი ესთეტი, ეპიკურეელი და ეროტიკოსი ჰქმნიდა, ხვალ ალბად სტოიკოსი, რაინდი და ჰუმანისტი შეჰქმნის. პირველნი არ გაჰქრებიან რასაკვირველია. მაგრამ ისინი დაექვემდებარებიან მოვლენათა ახალს წესრიგს და ცხოვრების ახალს შემეცნებას, უფრო სერიოზულს, უფრო ფართეს, უფრო ტრაგიკულს. შმაგი და უკანდაუხედავი სრბოლა სიამოვნებისაკენ არ მოისპობა. მაგრამ ის განელდება. შესუსტდება ველური ჯირითიც აღვირახსნილ ეგოიზმისა.

ომი საუკეთესო საშუალებაა სოციალური შერჩევისა. თანასწორ პირობებში ის ხალხი იმარჯვებს, რომლის წევრები ნაკლებ ეგოიზმს იჩენენ და მეტს თავგანწირულებას დიდ ეროვნულ მიზნების მიღწევაში, ნაკლებ პარტიკულარიზმს და მეტს დისციპლინას მოქმედებასა და ბრძოლაში.

ომი დიდი ამღზრდელიც არის. ის გვასწავლის რომ უდიდესი ისტორიული მოვლენანი და უდიდესი ადამიანური მოქმედებანი სრულიად უაზრონი არიან სარგებლობის თვალთსაზრისით. ის გვასწავლის რომ გადაჭარბებული ინდივიდუალიზმი ასუსტებს ეროვნების ენერგიას, მის ძალას თვის ბრძოლაში.

და ბოლოს ის იმასაც გვასწავლის, რომ პიროვნება არ არის აბსოლუტური, დამოუკიდებელი ღირებულება: რომ მისი ცხოვრება, სიყვარული და სიკვდილი ნაწილია დიდი კოსმიური რითმისა, რომელიც საუკუნიდან საუკუნეში სცვლის და აახლებს არსებობას.

სახალხო ფურცელი. - 1915. - 210. - გვ. 2

9.2 ომი და კულტურა

▲back to top


გერონტი ქიქოძე

ამ ბოლო დროს გახშირდა ზავზე ლაპარაკი. ორივე მებრძოლ მხარეს დაღლილობა ეტყობა. მაგრამ არცერთს არ სურს ამაში აშკარად გამოტყდეს. ეს ადვილი ასახსნელია: ომის საბოლოო შედეგები დამოკიდებულია არა მარტო იმ ენერგიაზე, რომელიც უკვე გამოაშკარავდა, არამედ იმაზედაც, რომელიც ჯერ კიდევ დაფარულია თვითოეულ მეომარ სახელმწიფოში. ჯერ-ჯერობით გერმანიას თავის თავი გამარჯვებულად მიაჩნია. მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ მისი ნახტომები დაჭრილი ვეფხვის ნახტომები იყო, მოწინააღმდეგეები დაუცდიან სანამ ის ნელ-ნელა სისხლით დაიცლებოდეს.

ძნელი კი არის იმის გამორკვევა, თუ ვინ არის უფრო დაქანცული და არაქათ-გამოლეული. განსაკუთრებით ასეთ შემთხვევაში, როცა ავადმყოფი ყოყოჩობს საკუთარი გულის გასამაგრებლად და სხვების თვალის ასახვევად. ეროვნება რთული სხეულია. შეიძლება მისი ასოები უკურნებელი სენით იყოს გამსჭვალული, გარეგნულად კი აგრერიგად არაფერი სჩანდეს. შეიძლება პირიქით ტკივილები ზრდის და გამაგრების პროცესმა გამოიწვიოს. ვინ იფიქრებდა ამ ორიოდე წლის წინად, რომ განსაცდელში თანამედროვე გერმანია უფრო ერთსულოვანი აღმოჩნდებოდა, ვიდრე თანამედროვე ინგლისი? ვინ იფიქრებდა, რომ ბებერი ავსტრია ცოცხალი გადაურჩებოდა პირველ ძლიერ შემოკვრას? გერმანია სამოქალაქო ომით იყო გათიშული. კლასთა ბრძოლის თეორია აქ დაიბადა და პრაქტიკამაც აქ მიაღწია უმაღლეს წერტილს. მთელი ერის მესამედი შეურიგებელს ოპოზიციაში უდგა ახლანდელს საზოგადოებრივს წეს-წყობილებას. გერმანელი პროლეტარიატი უარჰყოფდა ბურჟუაზიულს მორალს, ბურჟუაზიულს პოლიტიკას, ბურჟუაზიულ სახელმწიფო მეურნეობას. თავის მხრივ გერმანელი მფლობელი კლასები მედგარს წინააღმდეგობას უწევდნენ რევოლუციურ თავდასხმას.

სრული იდილია, რასაკვირველია, არც ინგლისში სუფევდა; მაგრამ ევროპის კონტინენტთან შედარებით ეს კუნძული სოციალური მშვიდობიანობის სამეფოდ ითვლებოდა. ამ ქვეყანამ წარმოშვა არა მეამბოხეები, არა რევოლუციის წინასწარმეტყველები, არამედ მშვიდობიანი ფილანტროპები და რეფორმატორები. რეფორმატორული ხასიათი ჰქონდა თვით მუშათა კლასის მოძრაობასაც: ტრედუნიონებს უფრო პროფესიული მიზნები ამოძრავებდათ, ვიდრე პოლიტიკური. ინგლისის პროლეტარიატი არ ოცნებობდა თანამედროვე საზოგადოებრივი შენობის მოშლაზე და გადაბრუნებაზე: ის მხოლოდ მის შეკეთებას და გალამაზებას სცდილობდა. მაგრამ საერთაშორისო შეტაკებაში მარქსების, ლასსალების და ბებელების სამშობლო მაინც უფრო მტკიცე და გაერთიანებული აღმოჩნდა, ვიდრე ოვენების, კობდენების, დიზრაელების და კარლაილების ქვეყანა. მსოფლიო ომის მიერ მოძღვნილ სიურპრიზებზე ეს სიურპრიზი ყველაზე მეტად ანაზდეული და გასაოცარია.

სხვა-და-სხვანაირად ხსნიან გერმანიის არაჩვეულებრივ მილიტარულ სიძლიერეს. ამბობენ, რომ მას შეუდარებელი საომარი ტეხნიკა აქვს. უკანასკნელი ორმოცი წელიწადი ომის მზადებაში გაატარა, აუარებელი სამხედრო მასალა დააგროვა, შესაფერი ორგანიზაცია და სულიერი განწყობილება შეჰქმნა. რა გასაკვირალია, რომ გაუსწრო იმათ, ვინც არაფერს ელოდა და არაფრისთვის არ ემზადებოდა?

ასეთი ახსნა არ არის სავსებით სწორი. ომისთვის ყველა ევროპიული სახელმწიფო ერთნაირი გაფაციცებით ემზადებოდა. საფრანგეთს და რუსეთს მუდმივი ჯარი დაახლოვებით იმდენივე უჯდებოდა რამდენიც გერმანიას. შედარებით კიდევ მეტიც, თუ სახეში მივიღებთ საფრანგეთის მცხოვრებთა სიცოტავეს და რუსეთის სიღარიბეს. ინგლისში მილიტარიზმი არ იყო განვითარებული, მაგრამ სამაგიეროდ მარინიზმი ნსთქავდა უზარმაზარ თანხას. გერმანიას არც ერთი დიდი ომი არ უწარმოებია უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში: ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის ექსპედიცია უმნიშვნელო ეპიზოდი იყო. ინგლისს პირიქით ხანგრძლივი და სისხლის მღვრელი ომი ჰქონდა ტრანსვაალთან, რუსეთს ოსმალეთსა და იაპონიასთან, იტალიას აბესინიასა და ოსმალეთთან. საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა ხომ დაბადების დღიდანვე შეუდგა რევანშისთვის მზადებას?

არც ის არის მართალი თითქო მარტო საომარი ტეხნიკა წარმოადგენდეს ცენტრალური სახელმწიფოების უპირატესობას. თანამედროვე ტეხნიკის აკვანი ინგლისია და არა გერმანია; თანამედროვე სამხედრო ხელოვნებას საძირკველი პირველად საფრანგეთში ჩაეყარა ტიურენნებისა, ვობანებისა და ნაპოლეონების შემწეობით. და დღესაც შეთანხმების სახელმწიფოები საერთოდ ტეხნიკის მხრით ბევრით არაფრით ჩამორჩებიან გერმანიას, ავსტრო-უნგრეთსა და ოსმალეთს. ბალკანეთის ომში, რომელიც ამ სამიოდე წლის წინად ატყდა, ოსმალეთი გერმანული სისტემის თოფ-იარაღით იყო აღჭურვილი, მოკავშირეები კი ფრანგულით. ამ გარემოებამ ოსმალეთი ვერ იხსნა საშინელი დამარცხებისაგან. მაშინ ამბობდნენ, რომ კრეზომ და შნეიდერმა გაიმარჯვეს კრუპზე. დღეს პირიქით კრუპის ქარხნებს ყოველგვარ სასწაულმოქმედებას აწერენ.

უეჭველია, რომ ტეხნიკას ძლიერ დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიურს ქიშპობაშიც და ომშიც. ამიტომ ადვილი ასახსნელი და გასამართლებელია ის გარემოება, რომ დღეს მეომარი კოალიციები ასეთი ენერგიით სცდილობენ ტეხნიკურ საშუალებების გაძლიერებას. გერმანიაში მეცნიერები იჩენენ განსაკუთრებულ აქტივობას. შეთანხმების სახელმწიფოები ამერიკის ქარხნებს უკვეთენ თოფ-იარაღსა და სამხედრო მასალას. მაგრამ ტეხნიკა მნიშვნელოვანია არა თავის თავად არამედ როგორც კულტურის ფუნქცია ანუ გარეგნული გამოხატულება. დიდი სამხედრო გენიოსები ყოველთვის იმ აზრის იყვნენ, რომ გამარჯვება საბოლოოდ დამოკიდებულია არა მარტო თოფ-იარაღზე, არამედ იმ ხელუხლებელ ძალაზე რომელსაც ხალხის სული ეწოდება. ეს არის ის ღვთაებრივი ელემენტი, რომელიც ნაპოლეონის აზრით ყოველს ომში მოიპოვება.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტეხნიკური იარაღების დაკვეთა შეიძლება, ხალხის სული კი ქარხნებში ვერ მომზადდება. სამხედრო აღფრთოვანების გამოსაწვევად განსაკუთრებული პირობებია საჭირო, ამ პირობების შექმნა კი ადამიანის ხელთ არ არის. საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ შეჰქმნა ასეთი მილიტარული აღფრთოვანება, რომელიც ეროვნულ მილიციას, ჟირონდისტების მჭერმეტყველებასა, დანტონის და კარნოს საორგანიზაციო ნიჭსა და ნაპოლეონის სტრატეგიაში გამოიხატა. ეს რომ არ ყოფილიყო, საფრანგეთი თავისი ტეხნიკით ვერაფერს გააწყობდა შეკავშირებული ევროპის წინააღმდეგ. დღესაც ასეა. დღესაც კულტურული სისრულე და ეროვნული ენტუზიაზმია საჭირო გამარჯვების მისაღწევად.

ადრინდელ საფრანგეთში ენტუზიაზმს დიდი დემოკრატიული იდეალები ჰქმნიდნენ. საფრანგეთის მილიციონერები და ლეგიონერები ჰფიქრობდნენ, რომ თავისუფლება და თანასწორობა მიჰქონდათ კაცობრიობისთვის. დღევანდელს გერმანიაში ენტუზიაზმს ეროვნული იდეალები ჰქმნიან. გერმანელებს ჰგონიათ, რომ მათ მაღალი კულტურა შეაქვთ ევროპაში. შეიძლება ეს ილუზია იყოს. ილუზიას ხშირად მეტი დამაჯერებელი ძალა აქვს, ვიდრე ფხიზელს ჭეშმარიტებას. ყოველს შემთხვევაში ამ ილიუზიასაც აქვს თავისი საფუძველი. გერმანელები ამბობენ, რომ მათ თავი დაახწიეს ინდივიდუალური დაქსაქსულობის ხანას და საზოგადოებრივი ორგანიზაციის საფეხურს მიაღწიეს. მართლაც ამ ხალხმა გასაოცარი საორგანიზაციო ნიჭი გამოაშკარავა განსაცდელის დროს. ამით აიცილა ცხოვრების გაძვირება, ეპიდემია და შიმშილი, რომელიც მისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. ომის დაწყებისთანავე პური და კარტოფილი სახელმწიფო მონოპოლიად იქმნა გამოცხადებული, საკვები მასალის მოხმარა სასტიკს კონტროლს დაექვემდებარა. ასეთმა რადიკალურმა ზომებმა შეუძლებლად გახადეს სპეკულიაცია და ხალხში გაამტკიცეს ნდობა სახელმწიფოსადმი. თუ დღეს გერმანიაში გირვანქა პური იმდენსავე ფასობს, რამდენსაც ომის დაწყებამდე ფასობდა, ეს უეჭველად არა ნაკლებ ამტკიცებს სახელმწიფო ძალის პრესტიჟს, ვიდრე ანტვერპენის ან კოვნოს აღება.

ზოგიერთს ქვეყანაში სახელმწიფო არავითარ მნიშვნელოვან კულტურულ როლს არ თამაშობს: მისი დანიშნულება თითქმის სავსებით ბეგარისა და გადასახადის აკრეფით ისაზღვრება. რასაკვირველია, ასეთს ქვეყანაში ხალხი ნაკლებაა დაინტერესებული სახელმწიფოს ბედ-იღბალით და გულ-გრილად უცქერის მის დანგრევას. ვერავითარი ტეხნიკა ვერ იხსნის ასეთ სახელმწიფოს დაშლისა და დაღუპვისაგან. ეს საკმაოდ ნათლად დაგვანახვა წარსულმაც და აწმყომაც.

ზოგიერთს ქვეყანაში პირიქით სახელმწიფო საყურადღებო კულტურულს მუშაობას ეწევა, მაგრამ სცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებ გაერიოს კერძო თუ საზოგადოებრივს ცხოვრებაში. ინგლისის პოლიტიკური სიბრძნის მიხედვით კერძო ინიციატივას, შემოქმედებასა და კონკურენციას, რაც შეიძლება ფართო ასპარეზი უნდა მიეცეს. სახელმწიფომ თავის ნებაზე უნდა მიუშვას საზოგადოების თვითეული წევრი. კერძო ინტერესთა შეტაკებასა და შეთანხმებაში თავისთავად დაიბადება საზოგადო კეთილდღეობა.

ასეთი მდგომარეობა საუკეთესო იქნებოდა იმ შემთხვევაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები და წევრები თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყვნენ ჩაყენებული. თანამედროვე წესწყობილებაში ეს ასე როდია. ზოგი კაპიტალით და მამულით არის აღჭურვილი. ზოგი ცოდნით და განათლებით. ზოგი მოკლებულია საწარმოვო ძალასაც და გონებრივ კულტურასაც. ასეთ საზოგადოებრივს წესწყობილებაში თავისუფალი კონკურენცია იმას ნიშნავს, რომ შეუძლო კლასი ხელფეხ შებორკილი მისცე შეძლებულს.

ამ წინააღმდეგობათა შეგნებიდან გამომდინარეობს გერმანული შემეცნება სახელმწიფო ძალისა, როგორც უზენაესი შუამავლისა და მსაჯულისა სხვა და სხვა კლასებს შორის. აღმოსავლეთური დესპოტიის წინააღმდეგ აქ სახელმწიფო სცდილობს, რაც შეიძლება მეტი კულტურული შრომა გასწიოს. ფრიტრედერული ლიბერალი ინგლისის წინააღმდეგ ის იჭრება საზოგადოებრივს ცხოვრებაში და სავალდებულო ნორმებს აყენებს. ამ ორმაგი მოღვაწეობის ნაყოფია არა მარტო საყოველთაო პირველდაწყებითი სწავლა-განათლება და იძულებილი სამხედრო ბეგარა, არამედ მრავალ მხრივი სოციალური კანონმდებლობა, სახელდობრ: ბავშვების და ქალების მუშაობის განსაზღვრა, საკვირაო დასვენების დაწესება, მუშების დაზღვევა ავადმყოფობისა, უბედური შემთხვევისა, სიბერისა და ინვალიდობისგან, შემარიგებელი კამერების და საფაბრიკო ინსპექციის მოწყობა და სხ. ბისმარკი ამბობდა: „ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი კმაყოფილება შევქმნათ იმ შემთხვევისთვის თუ ბრძოლა მოგვიხდებაო.“ დღევანდელმა ამბებმა სავსებით გაამართლეს ბისმარკის მოქმედება. თუ განსაცდელის დროს გერმანიის მუშათა კლასი ერთთავად სახელმწიფოს მიეკედლა ეს არ აიხსნება, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არც გონებრივი სიბეცით, არც რწმენის ღალატით. ეს ყოფაქცევა ნათლად შეგნებული და გათვალისწინებულია. როცა საქმე არჩევანზე მიდგა ხალხმა საღი ინსტინქტით თუ ანგარიშით ის სახელმწიფო ორგანიზაცია აირჩია რომელიც მას მეტს აძლევს კულტურული შემოქმედებისა და სოციალური კანონმდებლობის სახით. სიბეცე და წინდაუხედავობა ის იქნებოდა რომ ეროვნული ღირებულებები უკუეგდო რაღაც განყენებული ინტერნაციონალიზმის გულისთვის.

დღევანდელი დღე შეუფერებელია ფართე კანონმდებლობის საწარმოებლად, მაგრამ გერმანია მაინც სცდილობს კულტურული მუშაობით მოინადიროს დაპყრობილი ხალხების გული. თუ რუსულ გაზეთებს დაუჯერებთ იმპერიის მთავრობას ბელგიაში საყოველთაო სავალდებულო სწავლა-განათლება შემოუღია, ფლამანდიური ენისთვის სათანადო უპირატესობანი მიუნიჭებია და მუშათა კლასზე გერმანული სოციალური კანონმდებლობა გაუვრცელებია. პოლონეთში გაყვანილ იქმნა ახალი რკინის გზები და შოსეები, აღდგენილ იქმნა პოლონური ენის უფლებები, ვარშავაში პოლონური უნივერსიტეტი გაიხსნა, ქალაქებს თვითმართველობა მიენიჭა და სხ.. უეჭველია რომ ასეთი ზომები თანაგრძნობას იწვევენ გერმანიის დემოკრატიაში, მით უმეტეს რომ ცენტრალურ სახელმწიფოებს, როგორც სჩანს, სურთ ასე თუ ისე პოლონეთის ეროვნული თვითმართველობა მოაწესრიგონ.

სხვა მებრძოლი სახელმწიფოებიც იძულებული გახდებიან ანგარიში გაუწიონ დემოკრატიული კულტურის მოთხოვნილებებს. სხვაფრივა არ შეიძლება ბრძოლა და გამარჯვება. ხიშტები ძლიერ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ არა ნაკლებ ძალას წარმოადგენენ ეპოქის იდეები.

სახალხო ფურცელი. - 1916. - 469. - გვ. 2

10 ევროპული პოლიტიკა ქართული ინტერპრეტაციებით

▲back to top


10.1 ევროპის დემოკრატია

▲back to top


ევროპის დემოკრატიის სამშობლოთ სამი დიდი სახელმწიფო - ინგლისი, გერმანია და საფრანგეთი ითვლება. დღიდან თანამედროვე დემოკრატიის აღორძინებისა დასახელებულ სახელმწიფოებში მუშათა კლასი და მისი მიმდევარი წვრილი ბურჟუაზია და გლეხები მთელი საუკუნის განმავლობაში კლასობრივათ იწვრთნებოდენ, ეკონომიურ და პოლიტიკურ კავშირებს ადგენდნენ და გაბატონებულ კლასის წინააღმდეგ მედგრათ ირაზმებოდენ.

მთელი საუკუნის განმავლობაში მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოახდინეს და ფართო დემოკრატიის ეკონომიური მდგომარეობა - შედარებით ევროპის სხვა სახელმწიფოებთან - წარმოუდგენლათ გააუმჯობესეს.

კაპიტალისტური წარმოების ურთიერთობა ყველაზე უწინ ზევით დასახელებულ სახელმწიფოებში განვითარდა, ყველაზე უწინ აქ მოიკიდა ფეხი თანამედროვე წარმოების წესმა და მაშასადამე ყველაზე უწინ აქ უნდა შექმნილიყო და წარმოშობილიყო თანამედროვე პროლეტარიატი, რომელიც თავისი კლასობრივი მდგომარეობით უარყოფილია ბურჟუაზიული საზოგადოების ძალთა განწყობილების.

რადგან იქ არსებული წარმოების ურთიერთობა იზრდებოდა და ვითარდებოდა, იმდენათ ძლიერდებოდა მუშათა კლასის შეგნება - ორგანიზაცია და უკანასკნელი ბურჟუაზიის დასამარებლათ ემზადებოდა. თვით მარქს-ენგელსმა თავიანთ მსოფლ მხედველობა ამ სამი ქვეყნის ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრების განვითარებაზე აშენებდენ და ამ ქვეყნის დემოკრატიაზე ამყარებდენ მთელ თავიანთ იმედებს.

მიუხედავად ევროპის დემოკრატიის თანდა თანობით განვითარებისა კაპიტალისტური კლასები მაინც თავისას აკეთებდენ და თავიანთ იმპერიალისტურ პოლიტიკას აძლიერებდენ. მათი წარმოების წესი ბაზრების გაფართოებას, ახალი ქვეყნების დაპყრობას მოითხოვდა და ისინიც ამ ნიადაგზე საგარეო ომს აწარმოებდენ.

ამ ერთი საუკუნის განმავლობაში, ევროპის ბურჟუაზიამ არა ერთი და ორი ომი წარმოშობა და ახალი ქვეყნების დაპყრობა განიზრახა. ბევრჯელ მათ მიზანს მიაღწიეს; მთელი საუკუნის განმავლობაში მრავალი ომები გააჩაღეს და ახალ-ახალი კუთხეები შემოიერთეს. მიუხედავათ იმისა, რომ ევროპის დემოკრატიის ძალა-გავლენა პარლამენტში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვითარდებოდა მაინც ევროპის კაპიტალისტთა კლასებმა და მათმა მონა-მორჩილმა მთავრობებმა მსოფლიო ომი დაიწყეს და მთელი ქვეყანა ცეცხლის ალში გაახვიეს.

მიუხედავათ დემოკრატიის ყოველგვარ გავლენა-აგიტაციისა ევროპის სახელმწიფოები ერთმანეთს დაეტაკნენ და დედამიწის ზურგზე არ დარჩა თითქმის არც ერთი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ამ ქვეყნის დამღუპველ ომში მონაწილეობას არ იღებდეს.

ოთხი წელიწადი მეტია, რაც ეს ომი სწარმოებს და მთელი ევროპის დემოკრატია სისხლით იცლება, იღუპება ევროპისა და მასთან ერთად კაცობრიობის ეკონომიური და სულიერი კულტურა.

ევროპა წარმოუდგენელ ომის გამო კულტურული ცხოვრებიდან ბარბაროსობაში გადადის და იგი დიდ ხნობამდის ვეღარ გამოსწორდება.

და აი, ასეთ პირობებში ევროპის დემოკრატია ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატების მეოხებით კვლავ ომის მესვეურათ უნდა გამოვიდეს ამერიკის მილიარდელების საქმე გააკეთოს. არა თუ არ ეს განზრახვა, ევროპის დემოკრატიას რა მიზანი აქვს, რომ დემოკრატიული ზავი, რომელიც გერმანიის დემოკრატიამ წამოაყენა არ მიიღოს და ყველა ომი აწარმოვოს!

ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ევროპის სხვა მეომარ სახელმწიფოების დემოკრატია ომის წინააღმდეგია და მის მოსპობაში არსებითად დაინტერესებულია. თვით ევროპის კაპიტალისტთა კლასების ომის გახანგრძლივებიდან ბევრს არას გამოელიან და ზოგიერთ სახელმწიფოში, როგორიც არის გერმანია - დემოკრატიას ბევრ რასმე უთმობენ.

მათ კარგად იციან, რომ კვლავ ომის გაგრძელება მათ დიდ კატასტროფას უქადის და ამიტომ იძულებულნი არიან დათმობის გზას დაადგენ. ამ ნიადაგზე გერმანიაში მოხდა უკვე საგრძნობი პოლიტიკური ცვლილება და გერმანიის რეისტაგის თითქმის ყველა პარტიებმა სოციალდემოკრატიის ზავის პირობები მიიღო. იქ ახლა პარლამენტის უმრავლესობა, ახალი სამინისტრო დემოკრატიულ ზავს მოითხოვს და ასეთი ლოზუნგით გამოდიან.

ასეთი მოთხოვნა ევროპის ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოს დემოკრატიის დიდ გამარჯვებას ნიშნავს. შეუძლებელია გერმანიის დემოკრატიას ევროპის დანარჩენ სახელმწიფოების დემოკრატია არ გამოესარჩლოს - განსაკუთრებით საფრანგეთისა და ინგლისის. თუ ეს ასე მოხდა, რაშიაც ჩვენ ეჭვი არა გვაქვს, მაშინ ამერიკის კაპიტალისტების ცდა ომის გახანგრძლივებისა მიზანს ვერ მიახწევს.

ევროპის დემოკრატია დაღუპვის გზას არ დაადგება, მას ამ ჟამათ იმდენი ძალა და უნარი შესწევს, რომ ერთმანეთს გადაებმიან და მაშინ ამერიკის და საზოგადოთ ევროპის ბურჟუაზიის ცდა ამაოთ ჩაივლის.

დღეს ომის გათავება ევროპის დემოკრატიის საქმეა და ამისთვის უკვე ნიადაგი მომზადებულია. ამ ნიადაგზე გერმანიის დემოკრატიამ ნაბიჯი გადადგა და მას მალე გვერდში ევროპის და ნარჩენ სახელმწიფოების დემოკრატიაც ამოუდგება.

ერთობა. - 1918. - 223. - გვ. 1

10.2 ეროვნული კითხვა ავსტრო უნგრეთში

▲back to top


. ჩხენკელი

I. ისტორიული წინასწარი

) მადიარები

საზოგადოთ მიღებულია ხმარებაში სიტყვა „უნგრელი“, და არც არაფერი ითქმოდა ამის წინააღმდეგ, ვინაიდან უნგრეთი უფრო გეოგრაფიული სახელია და ყველა იქ მცხოვრები, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს იგი, უნგრელათ უნდა იწოდებოდეს. მაგრამ უნგრეთის დღევანდელი ბატონი - მადიართა არისტოკრატია მოწადინებულია დაარწმუნოს ქვეყანა, რომ სიტყვა მადიარი მხოლოდ განმეორებაა სიტყვა უნგრელის, ესე იგი არსებობს ერთათ-ერთი მადიართა ან უნგრელთა ნაცია, თითქო უნგრეთში სხვა ნაციები არ ბინადრობენ! - ეს დიდი სიტუტუცეა მაგნატების მხრით, მაგრამ ამაზე სხვა ალაგას. მაშასადამე, მადიარნი უნგრეთის ერთ-ერთ უძლიერეს ერს ეკუთვნიან. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მადიარნი მონგოლთა ერთი პაწაწკინა შტოა და ჩამოსახლდენ დღევანდელ უნგრეთში მეცხრე საუკუნეში. ისინი, როგორც ცხენოსანი ორდები, თავიდანვე გაურბიან მთა-გორებს და იკავებენ უნგრეთის შუაგულს ან თვალუწვდენელ ვაკეს.

თუმცა მადიარნი აღმოსავლეთს ეკუთვნოდენ ყოველ მხრივ მაგრამ ისინი ერთბაშათ ვარდებიან დასავლეთის გავლენის ქვეშ. ეს აიხსნება უფრო იმით, რომ ისინი მომწყვდეული იყვენ სლავიანებსა, რუმინებ და გერმანელებ შუა, სამაგიეროთ მოწყვეტილი მოძმე მონგოლთაგან; მასთან ისინი რიცხვით მცირე იყვენ შედარებით და მეზობელთა გალესვა მათში შეუძლებელი იყო. მადიართა განმანათლებელი იყო წმინდა სტეფანე არპადი, რომელმაც 1000 წ. ქრ. შ. მიიღო პაპისაგან მეფის ხარისხი. მე-XI-ე საუკუნის დამლევს მადიარები იპყრობენ სამხრეთ აღმოსავლეთით ტრანსილვანიას, შვიდ-ციხეს, რომელსაც ჩვენ უკვე შევეხეთ ერთ ალაგას. დაახლოვებით იმავე დროს უნგრეთს უერთდება, როგორც უკვე დავინახეთ, ხორვატია.

უეჭველია, მადიარებს თავიდანვე გაუჩნდათ მამაცი და გამჭრიახი მეფენი, რომელნიც ომებში და მეზობელთა აწიოკებაში შეუდარებელი არიან, მაგრამ შინ ისინი ძალიან სუსტი იყვენ. ეს აიხსნება იმით, რომ ფეოდალიზმი ერთობ ძლიერია უნგრეთში. მეფე მხოლოდ უფროსი ფეოდალი იყო ტოლთა შორის. ფეოდალები, ან როგორც მათ უწოდებენ დღემდე,- მაგნატები, განუკითხავი ადმინისტრატორი და მსაჯული არიან თავიანთ ვეება მამულებში. ისინი არიან აგრეთვე მეფეთა მრჩეველნი და ხელმძღვანელნი. ქალაქები არც კი არსებობს ამ დროს უნგრეთში, ამ სახელით ინათლება ზოგიერთი დიდი სოფელი. ეს იმას მოასწავებს, რომ მოქალაქობრივი ცხოვრება არც კი ბჟუტავს უნგრეთში, და აქედან ის კულტურულათ დაქვეითებულია. მადიართა მასსა მხოლოდ სასოფლო მეურნეობას ეტანებოდა, რასაც ხელს უწყობდა მიწის საარაკო სინოყიერე. მუდმივი ომები წარმოშობს აუარებელ წვრილ მეომარ-აზნაურებს, რომელნიც გამსჭვალული არიან რაინდულ იდეებით.

მადიართა მეფე-ფეოდალნიც იმ ზომას მიმართავდენ ხოლმე, რასაც მათი მოძმენი ჩეხიაში: ისინი იწვევენ კულტურულათ უფრო დაწინაურებულ გერმანელთ, რომელნიც, თუმცა ისე ხალისით არა, მაგრამ მაინც ჩამოსახლდენ უნგრეთში, რადგან მათ სხვადასხვა შეღავათებს პირდებიან. რაც უნდა იყოს, გერმანელთა დენა უნგრეთში დიდათ ჩამოუვარდება იმავე დენას ბოჰემიაში. მასთან უნგრეთში სახლდებიან უფრო სოფლელები, ვინემ მოქალაქენი, - მაგალითათ, მე-XII-ე საუკუნეში ტრანსილვანიის ერთი კუთხე მთლათ გერმანელებმა მოიკავეს და დღესაც „საქსთა მხარეს“ უწოდებენ მას. საქსებს, თუმცა ისინი მოძმეთაგან მოწყვეტილი არიან, დღემდე შენარჩუნებული აქვთ ეროვნული პიროვნება.

სხვაგვარ დატრიალდა საქმე მე-XIII-ე საუკუნის ნახევარში. როგორც ვიცით, ამ დროს შემოესია რუსეთს მონგოლთა ულეველი ორდები, რომელნიც, სხვათაშორის, წაესიენ უნგრეთს და ქვა ქვაზე არ დასტოვეს. მართალია, მონგოლები ისევ ჩქარა სტოვებენ უნგრეთს, მაგრამ მათგან მიყენებული ზიანი დიდია. მადიარნი ხელახლავ ესახლებიან აოხრებულ მხარეში, მაგრამ ეს აღარ კმარა სრულ განახლებისათვის. ამ დროს მეფე-ფეოდალნი წინანდელზე არაკეცათ გრძნობენ გერმანელთა ელემენტის საჭიროებას მხარეში. ისინი ახლა გაცილებით უფრო გულ-უხვათ უხვდებიან მოსულებს, განსაკუთრებით მოქალაქეთ. მართლაც, მონგოლთა მოსევის შემდეგ გერმანელი ვაჭრები და ხელოსნები ბლომათ ესახლებიან უნგრეთში, უფრო ხშირათ ისინი თითონ აარსებენ იქ ახალ ქალაქებს. აგრეთვე ბლომათ მოდიან მთა-მადნეულობის მომუშავენი.

მიუხედავათ ამისა, გერმანელთა ჩამოსახლებამ ვერ გამოიწვია უნგრეთში ის შედეგები, რასაც ვხედავთ ბოჰემიაში. ჯერ ერთი, უნგრეთი შედარებით შორსაა გერმანელთა იმ ადგილთაგან (ბავარია და საქსონია), რომელნიც მოსახლეთა სიმჭიდროს გამო განსაკუთრებული ხალისით სტოვებენ სამშობლოს. ავსტრია კი ჯერ კიდევ არ იყო ისე მჭიდროთ დასახლებული. მასთან თითონ მადიარნი თითქმის სულ არ ეტანებიან ქალაქებს. ისინი ბოლომდე მიწათმომქმედნი და მეომარნი რჩებიან. ასე წარმოიდგინეთ, ქალაქების და მთა-მადნეულობის მუშები იგივე გერმანელნი არიან, აღები ხომ უკანასკნელთაგან შედგებოდა, ან კიდევ გაგერმანებულ ებრაელთაგან. მაშასადამე, უნგრეთში არ ეჯახებიან ერთმანეთს მადიარნი და გერმანელნი ახალ ბურჟუაზიულ ასპარეზზე, რომელმაც ამდენი ვაი-ვაგლახი მიაყენა ჩეხიას. იმავე დროს გერმანელთა ელემენტი ისე ძლიერი არ იყო ნივთიერათ და სოციალურ მდგომარეობით, რომ ამას რაიმე შიში გამოეწვია მადიართა მაღალ წოდებაში. პირიქით, ხდებოდა ნამდვილი შრომის განაწილება სტუმარ-მასპინძელს შორის. როგორც ვიცით, ორი ერის შორის მხოლოდ მაშინ ამოყოფს თავს დაუცხრომელი შუღლი, როცა ისინი ერთ და იმავე სოციალურ-ეკონომიურ ნიადაგზე დგანან. უნგრეთში კი მიწათმფლობელი არისტოკრატია იმავე მადიართაგან შესდგება, ბურჟუაზია გერმანული დარჩა. პირველი ადრინდელათ განუკითხავათ განაგებს მეფითურთ მხარეს, მეორე სრულიად უმნიშვნელოა პოლიტიკაში და არც აზრათ მოსდის მას ცილობა გაუწიოს მკვიდრთ.

ყველა ამას დაუმატეთ ისიც, რომ უნგრეთს დაახლოებითაც არ უთამაშნია დასავლეთ ევროპაში ის როლი, რომელიც არგუნა ისტორიამ ჩეხიას. მის ტახტზე არ ადიან გერმანელნი და მით უფრო ნაკლებ აღმოსავლეთ ევროპის იმპერატორნი. ვინაიდან ადგილობრივი ბურჟუაზია უცხოელი იყო, უნგრეთი თითქმის შეურყეველი რჩება დიდი რეფორმაციის ქარიშხალისაგან, როგორც ვიცით, ფეოდალიზმი კათოლიკობის ზედგამოჭრილი ჩარჩოა, მადიართა მაგნატებიც პაპის ერთგული რჩებიან. 1301 წელს უნგრეთში არპადთა გვარეულობას ვაჟი არ დაურჩა და ტახტზე ადის დედით ნათესავი ანჟუ, ნეაპოლის პრინცი. ამ ხანაში უნგრეთი უახლოვდება იტალიას და საფრანგეთს, ამ ორი მხრიდან მრავალი კოლონისტები ჩამოდიან და შესამჩნევათ ხელს უწყობენ ადგილობრივ მწერლობის აღორძინებას. ეს კიდევ უფრო ასუსტებს გერმანელთა გავლენას.

სწორეთ ის ფაქტი, რომ უნგრეთში ვერ ხეირობს წმინდა მადიართა ბურჟუაზია, იწვევს კიდევ ერთ ფრიად საგულისხმო შედეგს. მიუხედავათ იმისა, რომ მეფე ხშირათ ძლიერია თავის ჯარით (ერთი მათგანი კორვინი იპყრობს დროებით ჩეხია-ავსტრიას და თავის ტახტი ბუდაპეშტიდან ვენაში გადააქვს), მაგრამ იგი დაახლოებითაც ვერ ასრულებს მის ისტორიულ დანიშნულებას: ის უღონოა ცენტრალისტური მართვა-გამგეობა განახორციელოს ცხოვრებაში, რაც მოასწავებს ფეოდალების ალაგმვას და მათ ხელქვეით მასსის ტვირთის შემსუბუქებას, ან და როგორ უნდა შესძლოს ეს მან, როცა ბურჟუაზია სუსტია და ისიც უცხოელი? თვით სახელმწიფო არაა ჯერ ეკონომიურათ მჭიდროთ შეკავშირებული, უამისოთ კი პოლიტიკური ცენტრალიზაცია შეუძლებელია.

სამაგიეროთ უნგრეთში კიდევ საშვალ საუკუნოებში თავისებურათ და უსისხლოთ ხორციელდება მზგავსი ევროპიელთა პარლამენტარიზმისა. მეფე ანდრია II 1222 წელს გამოსცემს წვრილ აზნაურ-რაინდთა იძულებით ეგრ. წოდ. „ოქროს ბულას“, რომელიც წააგავს ინგლისელთა ცნობილ „დიდ ხარტიას“. ბულის ძალით მუდამ მოწვეულ უნდა იქნენ აზნაურ-რაინდთა სეიმები, რომელთა დაუკითხავათ შეუძლებელია ახალი კანონის გამოშვება, ომის გამოცხადება ან ლაშქარის მოწვევა და გადასახადების გაწერა. ბულა რამდენათმე მიმართულია მაგნატების თვითნებობის წინააღმდეგ. მადიართა სეიმები და საერთო საკრებულო (რეიხსტაგი) წმინდა წოდებრივი იყო, რასაკვირველია. მაგნატები და პრელატები აურჩევლათ ესწრებოდა საკრებულოზე, აგრეთვე რაინდნი-აზნაურნი, თანასწორთაგან არჩეულნი; ქონდათ აგრეთვე სულ უმნიშვნელო მონაწილეობა სამეფო თავისუფალ ქალაქებს. მშრომელი მასსა სრულიად გამორიცხულია მონაწილეობისაგან. მიუხედავათ ამისა, თუ ინგლისს არ მივიღებთ სახეში, კონტინენტის არც ერთ სახელმწიფოში არ ქონებია წოდებრივ წარმომადგენლობას (ეტატს გენერაუხ, შტანდეტაგე) ის ძალა და გავლენა, როგორც უნგრეთისას. სამაგიეროთ უკანასკნელში ისე უმნიშვნელო იყო ამომავალ კლასის როლი - აი, მიზეზი.

მეთექვსმეტე საუკუნის დამდეგს უნგრეთის დამოუკიდებლობას კარზე ადგება განსაცდელი. აღმოსავლეთ-დასავლეთიდან მოდიან ოსმან-თათრები და სასტიკათ ამარცხებენ უნგრეთ-პოლონეთის ჯარებს. თათრები შემოდიან უნგრეთში; უკანასკნელი 1526 წ. ჩეხიასთან ერთათ ჰაბსბურგების ხელში გადადის. მაგრამ თათრები შემდეგ (1540 წ.) თითქმის მთლათ იპყრობენ უნგრეთს პეშტითურთ და თვით ვენას ადგებიან კარზე. თათრები რჩებიან უნგრეთში 1686 წლამდე, სანამ ავსტრო-უნგრეთის გაერთიანებული ძალები ჰაბსბურგების მეთაურობით არ გააძევებენ მათ იქიდან სამუდამოთ. მადიარები რამდენჯერმე ლამობენ ძველი დამოუკიდებლობის აღდგენას, მაგრამ მუდამ დამარცხებული გამოდიან. მიუხედავათ ამისა, მათი მაგნატები და მსახური ინტელიგენცია, აგრეთვე წვრილი აზნაურობა გადურჩა ჰაბსბურგების რისხვას. ისინი ბოლომდე ძლიერი დარჩენ და ეროვნულ კულტურის მატარებელი. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, მადიართა მწერლობა სულ ახალი დატისაა, ვინაიდან დაწესებულებებში იხმარებოდა ასე მე-18-ე საუკუნის მიწურულამდე ლათინური ენა, მაგნატები და მათი ამყოლნიც უფრო ამ ენაზე საუბრობდენ. მასთან თათრების 146 წლის განუწყვეტელი ბატონობა საშინელ დიდ ზიანს აყენებს და აფერხებს მადიართა სულიერ კულტურას.

) პოლონელები

პოლონელთა თავგადასავალი თავის უშესანიშნავეს მომენტებით არც კი ეკუთვნის ავსტრო-უნგრეთის ისტორიას: მათი მოძმეთა დიდი უმრავლესობა ხსენებულ სახელმწიფოში არ შედის; ვინც შედის, ისიც კარპატის გადაღმაა და ორგანიულათ არაა სახელმწიფოსთან შედუღებული; მასთან გალიცია შემოუერთეს ავსტრიას მახლობელ წარსულში. მიუხედავათ ყველა ამისა, ჩვენ მაინც უნდა შევეხოთ მათ სულ მოკლეთ, და ეს მით უმეტეს, რომ პოლონელნი თვალსაჩინო როლს თამაშობენ დღევანდელ ავსტრიაში.

პოლონელთა წარსული ძალიან წააგავს მადიარებისას, მაგრამ განსხვავებაც დიდია მათ შორის. პოლონელნი ერთი უძლიერესი რაზმთაგანია, რომელიც წინ მიუძღვის სლავიანთა მოდგმას ჩრდილოეთ დასავლეთით. მათგან მოკავებული სივრცე ძალიან დიდია სიგრძე-სიგანით, მაგრამ მისი საზღვრები მით უფრო გამოურკვეველი და უხერხული. პოლონეთი მხოლოდ სამხრეთით იყო დაცული კარპატის და ბოჰემიის მთა-გორებით, დანარჩენი სამი მხარე სრულიად გაშლილია და წარმოადგენს ბარს. აქედან მისი არემარე ხელს უწყობდა ხალხთა შეუჩერებელ გადასვლ-გადმოსვლას, მაგრამ იმავე დროს აბრკოლებდა სახელმწიფოს მჭიდრო კონსოლიდაციას. პოლონეთი შუაში მოყვა ორ ძლიერ სახელმწიფოს, გერმანიას და რუსეთს. სანამ გერმანელნი დასავლეთით მიილტვიან, პოლონელნიც დაუბრკოლებლივ მიზდევენ მათ კვალ და კვალ. მაგრამ დადგა რეაქცია: გერმანელნი იწყებენ აღმოსავლეთით ლტოლვას და ხევენ უკან პოლონელთ. ეს პროცესი მთელი საუკუნოები გრძელდება. პოლონელნი სასტიკათ ეჯახებიან გერმანელთ და ძალიან ხშირათ გამარჯვებულიც რჩებიან. თავი მიზეში ისაა, რომ გერმანელთა მოქალაქობრივ-კულტურული ძალა ჯერ ისევ სამხრეთშია დაფუძნებული, პრუსია არც კია ჩასახული ჯერ-ჯერობით. პოლონეთის მოსისხლე მტერი უფრო სასულიერო-რაინდული ტევტონთა ორდენია, ვინემ სახორციელო გერმანია. დასავლეთით შეწუხებული პოლონეთი, აღმოსავლეთში ექსპანსიურ (გაფართოების) პოლიტიკას ეწევა: იგი იერთებს ლიტვას დაიჭერს მცირე რუსეთის დიდ ნაწილს. მაგრამ დგება დრო, როცა რუსეთი ერთეულ და მრისხანე სახელმწიფოთ ხდება; სწორეთ ამ დროს დასავლეთით თავს წამოყოფს გერმანელთა მედგარი პრუსია. ბუნებრივ კალაპოტს მოკლებული და სახელმწიფურ-მოქალაქობრივათ დაქსაქსული პოლონეთი ხდება ამ ორ მეზობელ ძალთა მსხვერპლი - აი, საერთო სურათი.

პოლონეთის სახელმწიფური მსვლელობა შეიძლება გავყოთ სამ ხანათ: 1) გაერთიანება მოზრდილ-საშვალ სამთავროებისა და ერთეულ თვითმპყრობელ პოლონეთის დაარსება. ეს ხანა გრძელდება ქრისტიანობის მიღებიდან (966 წ.). კაზიმირ დიდის გარდაცვალებამდე (1370 წ.). 2) მეორე ხანა ცნობილია მსხვილი მიწათმფლობელ პანების ბატონობით (можновладство), რომელიც გრძელდება მე-XV საუკუნის მიწურულამდე. 3) წვრილ-საშვალ აზნაურ-რაინდების სეიმების ბატონობის ხანა, რომელიც მეტ-ნაკლებათ გრძელდება დამოუკიდებლობის დაკარგვამდე.

პირველ ყოვლისა ყურადღებას იპყრობს გერმანელთა კოლონიზაცია, რომელიც გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით ხდება პოლონეთში, ვინემ უნგრეთში. ამ მოვლენის პიონერები არიან მონასტრები, რომელნიც მრავალია პოლონეთში და თითქმის სულ გერმანელთა ხელში იყო. სწორეთ ეს მონასტრები იწვევენ ათასობით გერმანელ მეურნეთ და მოქალაქეთ და ურიგებენ მათ მიწა-ადგილებს შეღავათიან პირობებში. მონასტრებს მიბაძვენ მთავარ-ფეოდალები, რომელნიც ჩქარა აჭარბებენ პირველთ. ყველა ეს ხდება კიდევ მონღოლების შემოსევამდე (1241 წ.), შემდეგ ამ უბედურებისა ხომ მთლათ ცხელებათ გადაექცა პოლონელთა გაბატონებულ კლასებს გერმანელთა მთელი ლაშქრობით მოზიდვა. სოკოსავით ჩნდება უთვლელი დაბა-სოფლები, რომელნიც მარტო გერმანელებით არიან დასახლებული. ამ დაბა-სოფლებს მინიჭებული აქვთ საკუთარი მმართველობა და მართლმსაჯულება, დაფუძნებული გერმანულ უფლება-ადათებზე. ერთი სიტყვით, სურათი იგივეა, რაც დავინახეთ ჩეხიაუნგრეთში, განსხვავება ხარისხშია: პოლონეთში ისეთი დიდი როლი არ ქონებია გერმანელთა ელემენტს, როგორც ჩეხიაში, მაგრამ სამაგიეროთ არც ისე უმნიშვნელო იყო მისი პოლიტიკური როლი, როგორც უნგრეთში. სამივე მხარისათვის დამახასიათებელი და უმწვერვალესათ საგულისხმო ისაა, რომ ყოველგან უცხო ელემენტი ყრის ახალ ბურჟუაზიულ ვითარების საძირკველს და განსხვავებულ ადგილობრივ პირობების მეოხებით იწვევს განსხვავებულ შედეგებს.

პოლონეთი გამაგრდა და დაწინაურდა სოციალ-ეკონომიურათ მე-XIV საუკუნის დასაწყისში, ამას კი მოყვა მისი პოლიტიკური ძლევა-მოსილება. ამ დროს ღირსეული შვილი კაზიმირი მესამე არის, რომელსაც სამართლიანათ უწოდებენ დიდს. მან აიღო ცხოვრების ალღო და პოლონეთის მთლიანობა განახორციელა. პირველი მისი საზრუნავი იყო პანების და შლიახტის ალაგმვა და სამეფო ცენტრალისტურ დაწესებულებათა შემოღება. მისი მეთვალყურენი რამდენათმე ხელს აფარებენ დამონავებულ მასსას, რითვისაც მას მეტ სახელათ „ხოლოპთა მეფე“ უწოდეს. კაზიმირის დროს არსდება კრაკოვის უნივერსიტეტი და გამოცემულ იქნა სრული კრებული ადათ-კანონებისა, მეფე დიდ მფარველობას უწევს გერმანელთ და აარსებს სპეციალურათ მათთვის უმაღლეს საკასაციო სამსჯავროს კრაკოვში გერმანულ განაჩენების გადასასინჯავათ. კაზიმირის დროს იქნა შემოერთებული გალიცია. ძლიერება გარეთ და კონსოლიდაცია შიგნით - ესაა კაზიმირის ხანა.

მაგრამ როგორც კაზიმირის ადრე, ისე მის შემდეგ პოლონეთის ფაქტიური ბატონ-პატრონი იყო საერო და სასულიერო არისტოკრატია, რომელიც უფლობდა მიწა-ადგილის უდიდეს ნაწილს და მასზე დასახლებულ მასსას. პანები იყვნენ, როგორც ყოველ ფეოდალურ მხარეში, ადგილობრივი ადმინისტრატორი და მსაჯული. ისინი მართავდენ ყოველ გაზაფხულს სიეზდებს, რომელნიც სწყვეტენ სახელმწიფო კითხვებს; მათგან იყო არჩეული ცალკე სათათბირო, რომელიც ხელმძღვანელობდა და კიდეც ირჩევდა მეფეთ.

მიუხედავათ ამისა, პოლონეთი უნგრეთი არ იყო. აქ პანებს ბოლომდე არ შერჩა ბატონობა, როგორც მაგნატებს იქ. რატომ? იმიტომ, რომ პოლონეთი უფრო დაწინაურებული იყო სოციალ-ეკონომიურათ და ამიტომ მასში დემოკრატიული სული გაცილებით უფრო თვალსაჩინოა. პოლონელები ადრე თუ გვიან იგნებენ გერმანელთა მაღალ კულტურას. ისინი იწყებენ ლტოლვას ქალაქებისკენ და დომხალივით ირევიან გერმანელებთან. შუღლს და უნდობლობას ჯერ კიდევ არა აქვს მათ შორის ალაგი. პირ-იქით, გერმანელი და ებრაელთა მოქალაქენი ითქვეფება პოლონელ მასსიურ მუშტარში. მაგრამ ჯერ კიდევ არაა მოქალაქობრივი ცხოვრება იმდენათ განვითარებული, რომ ბურჟუაზიამ შესძლოს დამოუკიდებელი მოქმედება პოლიტიკაში.

მის ალაგს იკავებს შლიახტა. ვინ იყო უკანასკნელი? მეფე-მთავრების ცხენოსანი ჯარი. მასში შედიოდა წვრილი და საშვალი აზნაურობა, აგრეთვე დაბალ წოდებიდან და უცხოელებისგან ხშირათ ემატებოდა მას წევრები. შლიახტა თავიდანვე დასავლეთელ რაინდობის კვალს ადგია, იგი ცხოვრობს ხალხის ხარჯით და მუდამ ომშია ან მეფე-პანების კარზე სდგას. უკანასკნელათ, როცა ამდენი ხალხის რჩენა გაჭირდა, შლიახტას ურიგდება მიწა-ადგილი და სამაგიეროთ მუდმივი მხედრობა ევალება ომის დროს. ერთი სიტყვით, იგი ხდება მესაკუთრე წვრილ-საშვალ აზნაურობათ, რომელსაც არჩენს მათ მიწაზე მიმაგრებული გლეხობა. შლიახტა ითვისებს რამდენათმე ქალაქურ ცხოვრებასაც, პირველ რიგზე თვითმართველობის სისტემას. ის მთელის ძალ-ღონით ეჯახება გუშინდელ ბატონებს მეფე-პანებს და აიძულებს მათ სახელმწიფოს მუდმივ დაწესებულებათ აღიარონ მისი სეიმები, რომელთა დაუკითხავათ არ უნდა შეიძლებოდეს არც კანონების გამოცემა, არც ომის გამოცხადება და სხვ. ამ სეიმებიდან წარმოდგა ეგრ. წოდ. „ელჩთა ქოხი“ (посольская изба). რას ნიშნავს ეს? პოლონეთის ყოველ მოზრდილ კუთხეს ქონდა თავის სეიმი, რომელსაც ესწრებოდა მთელი ადგილობრივი შლიახტა. თითეული სეიმი ირჩევდა თავის წარმომადგენელ-ელჩს მეფესთან გასაგზავნათ და თანაც ავალებდა მას, როგორ უნდა მოქცეულიყო ამა თუ იმ კითხვის გადაწყვეტაში. ყველა ეს წარმომადგენელნი იკრიბებოდნენ ერთათ და მეფესთან ერთათ იცვლიდენ ალაგს. აგრეთვე არსებობდა, როგორც დავინახეთ, პანების მუდმივი სათათბირო, რომელიც ზევითა პალატას წააგავდა, მაგივრათ „ელჩთა ქოხი“ ქვედა პალატას ემზგავსებოდა.

მაგრამ მზგავსება დიდ რამეს არ წარმოადგენს. პოლონეთს ყველაზე ნაკლებ დაეძახებოდა პარლამენტარული სახელმწიფო. მე-XV-ე საუკუნის ბოლოდან, როგორც ვთქვით, ეცემა მეფე-პანების მნიშვნელობა, მაგიერათ სცენაზე გამოდის შლიახტა. უკანასკნელი სულაც არაა ერთფეროვანი მასსა. იგი შესდგება კულტურით და სოციალურათ სხვადსხვა ნაწილებისაგან. გეოგრაფიულათ ძალზე არიან ისინი ერთ-მეორეზე დაშორებული, აქედან ადგილობრივი ვითარებანი ერთგვარი არაა. სიმძიმის ცენტრი თითქმის მუდამ სეიმებზე იყო დამყარებული, „ელჩთა ქოხი“ იმას სწყვეტდა, რასაც დაბლიდან უბრძანებდენ, მბრძანებელი კი ათასთავიანი იყოდა აქედან ნორმალური კანონმდებლობა შეუძლებელი იყო. სახელმწიფოს ღუპავს მუდმივი რყევა და უცოდინარობა ხვალინდელ დღეზე. უნგრეთში ბოლომდე მაგნატები დარჩენ სახელმწიფოს სათავეში და ამას კი მრავალნაკლულევანებასთან ერთი უტყუარი ღირსება ქონდა: მმართველობის ერთფერობა და მდგომარეობის რაოდენიმე სიმტკიცე. პოლონელები შორს იყვენ მადიარებზე, მათი შლიახტა ამარცხებს პანებს, მაგრამ მას არ ძალუძს დამარცხებულის ალაგი დაიკავოს: სახელმწიფოს შესაფერი ხელმძღვანელობა გაუწიოს. იგი ჭრელია, მისი მმართველობაც ჭრელი გამოვიდა.

ან კი როგორ შეიძლებოდა სხვაგვარი კომბინაცია, როცა თვით შლიახტა მაღალი წოდება იყო და მოქალაქე-სოფლელთა მშრომელი მასსა უუფლებოა როგორც იურიდიულათ, ისე ეკონომიურათ. შეგნებული ბურჟუაზია ცოტაა, მისი წრის ერთი ნაწილი შლიახტაშია ჩაწერილი და პრივილეგიებს იცავს. შლიახტა არბევს და აწიოკებს გლეხობას, აზის მას მხარზე, არაფერს კი არ სძენს მას. ხალხი არ ღებულობს აქტიურ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. მაგრამ ეს არაა მთავარი უბედურება: განა ვინ მისცემდა იმ ხანაში ხალხს უფლებებს! თვით შლიახტა არ ეწეოდა ბოლომდე მშვიდ მოქალაქობრივ ცხოვრებას, ის იძულებულია გარეშე მტრებს ეომოს, შინაური შუღლი ხომ განუწყნარებელია.

ამ გვარათ, პოლონეთმა შესდგა ფეხი ახალ მოქალაქობრივ ასპარეზზე, მაგრამ მან ვერ შეძლო იქ გამაგრება. პოლონეთმა ვერ სძლია საკუთარის ძალით ფეოდალიზმს - აი, მისი დამხობის მთავარი მიზეზია. მას ამოეჯგიმა ორი მხრით ცენტრალისტური აბსოლიუტიზმი - აი, მისი მესაფლავე. პოლონელებს შერჩა ფეოდალური და ბურჟუაზიული წრეები აი, მათი ეროვნულ კულტურის მატარებელნი. პოლონეთი გახლეჩილ იქნა სამათ რუსეთ-პრუსია-ავსტრიას შორის (1773-1814 წ.წ.) - ავსტრიას შეხვდა გალიცია და ჩვენც ეს გვაინტერესებს ამიერიდან.

ალი. - 1908. - 6. - გვ. 2-4

10.3 თფ. მუშ. და ჯ.-კ. დეპუტ. საბჭოს კრება

▲back to top


20 ნოემბერს, სახალხო სახლში, შესდგა საბჭოს კრება, რომელსაც აუარებელი ხალხი დაესწრო. დღის წესრიგში იყო: „რევოლიუცია გერმანიაში“. მოხსენებები გააკეთეს ნ. ნ. ჟორდანიამ და ირ. გ. წერეთელმა.

. ჟორდანიას მოხსენება

ამხანაგებო! რეაქციის მთავარი ბურჯის - რუსეთის აბსოლიუტიზმის დანგრევის შემდეგ ხდება დანგრევა მეორე არა ნაკლებ მნიშვნელოვან გერმანიის იმპერიალიზმისა. გერმანიაში და ავსტრიაში ხდება ფრიად დიდი მოვლენები, რომელიც თქვენ ყველამ იცით გაზეთებიდან. მაგრამ არ არის საკმარისი ცოდნა მომხდარ ამბებისა - საჭიროა შეგნება მისი და ჩვენი მუშაობის და ტაქტიკის შეფარდება ამ მოვლენათა გაგებით. რომ შევიგნოთ ის ამბები, რომელიც ხდება ავსტრიაში და გერმანიაში, საჭიროა აღინიშნოს ის პოლიტიკური პირობები, რომელიც არსებობდა ამ სახელმწიფოებში და რით განსხვავდებოდნენ ეს სახელმწიფოები დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან. პოლიტიკური წესწყობილების მიხედვით ევროპის სახელმწიფოები შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს: აღმოსავლეთის, რომელშიაც შედიან გერმანია და ავსტრო-უნგრეთის სახელმწიფოები, და დასავლეთის ყველა ევროპის სახელმწიფოები ინგლისის მეთაურობით. დასავლეთის სახელმწიფოები განსხვავდებიან აღმოსავლეთის სახელმწიფოებიდან ორი თვისებით: პირველი ის, რომ ესენი შეადგენენ ნაციონალურ სახელმწიფოებს, ე. ი. მომეტებული ნაწილი მცხოვრებლებისა ეკუთვნის ერთ ნაციას. მეორე განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოებში არსებობს პარლამენტარული წყობილება, რომლის საშუალებითაც ხალხი გამოხატავს თავის ნებისყოფას. ეს ორი თვისება - პარლამენტარული წყობილება და ნაციონალური სახელმწიფო - არ არსებობდა გერმანიაში და არც ავსტრიაში. გერმანია წარმოადგენს ნახევრათ ფეოდალურ სახელმწიფოს; ავსტრია კი წარმოადგენდა კონგლომერატს სხვადასხვა ეროვნებისა, რომელთა ინტერესებიც ხშირათ ერთი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდენ, რაც ქმნიდა ნიადაგს გამუდმებულ კონფლიქტებისათვის. ამგვარათ, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში იყო ორგვარი წინააღმდეგობა: პოლიტიკური და ნაციონალური. ვიღებთ რა ამ გარემოებას მხედველობაში, შეგვიძლიან სისწორით დავაფასოთ იქ მომხდარი ამბები. გერმანიაში დანგრევა ნახევრად ფეოდალურ-პოლიტიკურ წყობილებისა მოხდა სწრაფათ და ეს აიხსნება შემდეგი მიზეზებით: გერმანია შეიქნა მთლიან სახელმწიფოთ ხანგრძლივ ომების ხანაში. რევოლიუცია 48 და 60 წლებისა ცდილობდა შეეერთებინათ ის და დაემყარებინათ რესპუბლიკანური წყობილება. რეაქციონური წრეები სცდილობდნენ შეერთებას მონარქიულ ნიადაგზე გამარჯვებულ ომების წყალობით. უკანასკნელმა მიმდინარეობამ გაიმარჯვა: შეიქნა ბურჯი, რომლის მეთაურადაც გახდა გერმანიის იმპერატორი. აქედან შეგვიძლიან ის დავასკვნათ, რომ ნახევრათ ფეოდალური და ნახევრათ პარლამენტარული წყობილება შედეგი იყო გამარჯვებულებისა და დამარცხება ომის ველზე უნდა გამხდარიყო მიზეზი მონარქიის დანგრევის. და ჩვენ ვხედავთ, დაიწყო თუ არა გერმანიის დამარცხება, მოისპო ის ნიადაგი, რაზედაც იქნა აღმოცენებული გერმანიის იმპერია. მე ჩემს სიტყვებში და წერილებში არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ გერმანიის იმპერიის სიძლიერე არის დამყარებული სამხედრო ძლიერებაზე და ვატერლოო გერმანიისა გამოიწვევდა ამ მონარქიის დამხობას. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური ხაზი, რომელსაც ატარებდნენ კონსერვატორები და ლიბერალები 48 წლიდან და რომლის შედეგიც იყო გერმანიის შეერთება მახვილის საშუალებით, სამუდამოთ გაკოტრდა და ეს გაკოტრება მოხდა იმავე ძალის საშუალებით, რომელმაც შეაერთა გერმანია, ესე იგი, მახვილის საშუალებით. გერმანიის დამარცხებამ ომის ველზე გამოიწვია მონარქიის დანგრევა პირველათ პრუსიაში და შემდეგ სხვა სამეფო და სამთავროებში. ეხლა ხორციელდება იდეა მთლიან გერმანიის რესპუბლიკის შექმნისა. ამგვარათ, გერმანია, რომელმაც დაამარცხა რუსეთი, იქნა თვით დამარცხებული უფრო განვითარებულ ევროპის სახელმწიფოების მიერ. ამერიკის მონაწილეობამ, რომელმაც ძლიერ წინ გაუსწრო გერმანიას ეკონომიურათ, გადასწყვიტა ბედი გერმანიისა. ეს ცხადი გახდა მაშინვე. ეკონომიური საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ წყობილებასაც, ამერიკაში უფრო ძლიერი და განვითარებული აღმოჩნდა, და ამის წყალობით ამერიკა უკარნახებს თავის ნებისყოფას სხვადასხვა ეროვნებისა, რომელთა ინტერესებიც ხშირათ ერთი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდენ, რაც ქმნიდა ნიადაგს გამუდმებულ კონფლიქტებისათვის. ამგვარათ, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში იყო ორგვარი წინააღმდეგობა: პოლიტიკური და ნაციონალური. ვიღებთ რა ამ გარემოებას მხედველობაში, შეგვიძლიან სისწორით დავაფასოთ იქ მომხდარი ამბები. გერმანიაში დანგრევა ნახევრად ფეოდალურ-პოლიტიკურ წყობილებისა მოხდა სწრაფათ და ეს აიხსნება შემდეგი მიზეზებით: გერმანია შეიქნა მთლიან სახელმწიფოთ ხანგრძლივ ომების ხანაში. რევოლიუცია 48 და 60 წლებისა ცდილობდა შეეერთებინათ ის და დაემყარებინათ რესპუბლიკანური წყობილება. რეაქციონური წრეები სცდილობდნენ შეერთებას მონარქიულ ნიადაგზე გამარჯვებულ ომების წყალობით. უკანასკნელმა მიმდინარეობამ გაიმარჯვა: შეიქნა ბურჯი, რომლის მეთაურადაც გახდა გერმანიის იმპერატორი. აქედან შეგვიძლიან ის დავასკვნათ, რომ ნახევრათ ფეოდალური და ნახევრათ პარლამენტარული წყობილება შედეგი იყო გამარჯვებულებისა და დამარცხება ომის ველზე უნდა გამხდარიყო მიზეზი მონარქიის დანგრევის. და ჩვენ ვხედავთ, დაიწყო თუ არა გერმანიის დამარცხება, მოისპო ის ნიადაგი, რაზედაც იქნა აღმოცენებული გერმანიის იმპერია. მე ჩემს სიტყვებში და წერილებში არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ გერმანიის იმპერიის სიძლიერე არის დამყარებული სამხედრო ძლიერებაზე და ვატერლოო გერმანიისა გამოიწვევდა ამ მონარქიის დამხობას. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური ხაზი, რომელსაც ატარებდნენ კონსერვატორები და ლიბერალები 48 წლიდან და რომლის შედეგიც იყო გერმანიის შეერთება მახვილის საშუალებით, სამუდამოთ გაკოტრდა და ეს გაკოტრება მოხდა იმავე ძალის საშუალებით, რომელმაც შეაერთა გერმანია, ესე იგი, მახვილის საშუალებით. გერმანიის დამარცხებამ ომის ველზე გამოიწვია მონარქიის დანგრევა პირველათ პრუსიაში და შემდეგ სხვა სამეფო და სამთავროებში. ეხლა ხორციელდება იდეა მთლიან გერმანიის რესპუბლიკის შექმნისა. ამგვარათ, გერმანია, რომელმაც დაამარცხა რუსეთი, იქნა თვით დამარცხებული უფრო განვითარებულ ევროპის სახელმწიფოების მიერ. ამერიკის მონაწილეობამ, რომელმაც ძლიერ წინ გაუსწრო გერმანიას ეკონომიურათ, გადასწყვიტა ბედი გერმანიისა. ეს ცხადი გახდა მაშინვე. ეკონომიური საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ წყობილებასაც, ამერიკაში უფრო ძლიერი და განვითარებული აღმოჩნდა, და ამის წყალობით ამერიკა უკარნახებს თავის ნებისყოფას სხვა სახელმწიფოებს. გადავიდეთ ახლა ავსტრიაზე.

ავსტრიის რევოლიუციამ მიიღო ნაციონალური ფორმა: მონარქია გაიყო რამდენიმე ნაციონალურ რესპუბლიკებათ და მთელი რევოლიუცია ხდება ნაციონალურ ჩარჩოებში. პირველ შეხედულებით დემოკრატიზმს არავითარი საერთო არ აქვს ნაციონალიზმთან. მაგრამ წარმოუდგენელია დემოკრატიზმი იქ, სადაც ხალხს არ აქვს შეძლება სუვერენულ ნებისყოფის გამოჩენისათვის ნაციონალურ ჩარჩოებში თავის ენის, ლიტერატურის და კულტურის საშუალებით. ნაციონალური და დემოკრატიული მოძრაობა ხშირათ შეთანხმებით მიდიან. როდესაც მოხდა დიდი რუსეთის რევოლიუცია, ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი ეროვნებათა გათიშვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენი სურვილების მიუხედავათ, ამ ცხოვრების მიმდინარეობამ გაიმარჯვა. ამ გვარათ, აღმოსავლეთ ევროპა ემსგავსება დასავლეთს: აღმოსავლეთის სახელმწიფოები ხდებიან დემოკრატიული და ნაციონალური. როგორი იქნება მომავალში აღმოსავლეთში დაწყებული რევოლიუციონური მოძრაობა - გაჩერდება ამ ჩარჩოებში, თუ გადალახავს მას და გათავდება სოციალურ რევოლიუციით, თუ დასრულდება რესტავრაციით?.. ამ სამს კითხვას უნდა გაუკეთოთ ანალიზი. პირველი უმთავრესი დებულება, რომელიც ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ის არის, რომ რევოლიუცია მოხდა ომის ნიადაგზე - გერმანიის დამარცხების შემდეგ. ამაში მდგომარეობს ძალაც და სუსტი მხარეც რევოლიუციისა. ძალა მდგომარეობს იმაში, რომ დამონებულ კლასებმა ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში და მოექცნენ სახელმწიფოს სათავეში. სუსტი მხარე რევოლიუციისა არის ის, რომ ძალაუფლება ხალხმა მიიღო არა შინაურ ბრძოლის შემდეგ, არამედ გარეშე პირობების წყალობით. რევოლიუცია ყოველთვის გამარჯვებულია, როდესაც იგი შედეგი არის შინაურ ბრძოლისა; და თუ ის ხდება მაშინ, როდესაც დაჩაგრული კლასები არ არიან მომწიფებულნი არამც თუ მიიღონ თავისუფლება, არამედ შეინარჩუნონ იგი, რევოლიუცია შეიძლება დამარცხებით გათავდეს. 90 წლებში კაუცკი სწერდა, რომ საშუალება, რომელიც გადასცემს პროლეტარიატს ძალაუფლებას, შეიძლება იყოს ომიც, რომელიც უფრო ცხადათ ააშკარავებს შინაგან წინააღმდეგობას და აძლევს შეძლებას დაჩაგრულ კლასებს გამარჯვებისას. მაგრამ რევოლიუცია, რომელიც არის შედეგი ომისა, არის მაჩვენებელი დაჩაგრულ კლასთა სისუსტისა, - ის არ არის ხანგრძლივი და ადვილათ თავდება დამარცხებითო. კითხვა, თუ რა შედეგებიდან გამომდინარეობს რევოლიუცია, არის ფრიად მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ კითხვას ვითვალისწინებდით რუსეთის რევოლიუციის შემდეგ და მაშინ ვამბობდით, რომ რევოლიუცია შეიძლება დაიღუპოს, თუ მუშათა კლასი არ შეიგნებს მის მიზნებს და არ წავა მის განხორციელების გზაზე. ამიერ-კავკასიის სოციალ დემოკრატიამ შეიგნო ეს და დაისახა განსახორციელებლათ ის მიზნები, რომლის მიღწევაც ობიექტურათ შესაძლებელი იყო. ამის წყალობით ჩვენ შევინარჩუნეთ აქ რევოლიუციის მონაპოვარი. რუსეთში ეს არ შეიგნეს და შედეგი ამისა არის ის, რომ ძალაუფლება ერთი ჯგუფის ხელშია, რომელიც ხელს უწყობს კონტრრევოლიუციონურ ძალების ზრდას. აღსანიშნავია, რომ გერმანიის რევოლიუციაშიაც ხდება შეჯახება ორ მიმდინარეობისა: ერთი მიმდინარეობაა, რომელსაც ატარებდა პეტროგრადის საბჭო პირველი შემადგენლობისა და მეორე ის, რომელმაც დაასამარა რუსეთის რევოლიუცია.

სიძლიერე რევოლიუციისა მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ უმრავლესობა თუ უმცირესობა იზიარებს მას. რევოლიუცია გაიმარჯვებს, თუ მთელი დემოკრატია მხარს უჭერს მას; დამარცხდება რევოლიუცია, თუ იგი მხოლოდ უმცირესობას ეყრდნობა - რუსეთის მაგალითი ამის მაჩვენებელი არის. რუსეთის რევოლიუციას თავის გარშემო რომ შემოეკრიბა ხალხის უმრავლესობა, ვერავითარი ძალა მას ვერ შეარყევდა. მე მგონია, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიის მთელი პროგრამის ძირიანად შეცვლა და გარდატეხა შეუძლებელია. უმრავლესობა მისი დემოკრატიისა იმ აზრს ადგა, რომ რევოლიუცია შეიძლება ბოლომდის მივიდეს მხოლოდ დემოკრატიზმის საშუალებით. ერთი ნაკლი ამ რევოლიუციისა არის ის, რომ მასში მონაწილეობას იღებს სამხედრო სტიქია, რომელსაც შეუძლიან წაიმძღვაროს მასა, მაგრამ იმ გზით, როგორითაც წავიდა სამხედრო სტიქია რუსეთისა. მაგრამ გერმანიას ჰყავს ძლიერი, დიდი ხნიდან დაარსებული პარტია და ორგანიზაციულად შეკავშირებულ დემოკრატიულ გერმანიას შეუძლიან დაამარცხოს ეს სტიქია და ჩააყენოს დემოკრატიულ კალაპოტში და მისცეს ნორმალური მსვლელობა. გერმანიის რევოლიუციას სამ გვარი გამოსავალი შეიძლება ჰქონდეს: თუ ბალშევიზმმა გაიმარჯვა, ეს მოხდება სამხედრო სტიქიის წყალობით და მისი შედეგი იქნება დემოკრატიის დამარცხება; თუ ეს არ მოხდა, რევოლიუცია დემოკრატიულ ფარგლებში განვითარდება. ჩვენ ვიცით, რომ მთელი გერმანია მოითხოვს დამფუძნებელ კრების მოწვევას, და თუ ამ გზით ივლის უმრავლესობა, რესტავრაცია არ არის მოსალოდნელი. თუ გერმანიის რევოლიუცია გაიმარჯვებს, როგორც დემოკრატიული, რა მოელის მას შემდეგ - გაჩერდება დემოკრატიულ ჩარჩოებში, თუ დემოკრატიზმის საშუალებით გადააბიჯებს და მივა სოციალიზმამდის. თუ საფრანგეთში ან ინგლისში მოხდა რევოლიუცია, ის იქნება სოციალური რევოლიუცია: იქ არ არსებობს წინააღმდეგობა არც ნაციონალური და არც პოლიტიკური; იქ არსებობს მხოლოდ სოციალური ხასიათის წინააღმდეგობა და ამიტომ იქ შესაძლებელია მხოლოდ სოციალური რევოლიუცია. თუ დასავლეთში არ იქნება რევოლიუცია, ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში დამყარდება დემოკრატიული წესწყობილება და მხოლოდ ამ შემთხვევაში ორგანიზაციულ კლასთა ბრძოლის საშუალებით პროლეტარიატი მიაღწევს სოციალიზმს. ჯერ უნდა განხორციელდეს პროგრამის მინიმუმი და მხოლოდ შემდეგ შესაძლოა სოციალურ რევოლიუციის მოხდენა მთელი თავის სიგრძე-სიგანით. დემოკრატიის საშუალებით შეუძლებელია რევოლიუციის დამყარება: საჭიროა ახალი ორგანიზაცია წარმოებისა, რომელიც მოითხოვს დიდ დროს. გერმანიამ უნდა გაიაროს ეს დემოკრატიზმის ეტაპები, - გერმანიის რევოლიუცია არ ივლის რუსეთის რევოლიუციის გზით. ამის თავდებია მისი კულტურა. შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ გერმანიის მუშათა კლასი ივლის რუსეთის მუშათა კლასის გზით. ჩვენ ვხედავთ რევოლიუციის ორ ტიპს: რუსეთის, რომელიც გვიჩვენებს, რომ არ უნდა ვაკეთოთ რევოლიუცია; გერმანიის, რომელიც გვასწავლის, როგორი უნდა იყოს რევოლიუცია. თუ საქართველოს დემოკრატიამ გაითვალისწინა ყველა შეცდომები რუსეთის რევოლიუციისა და ცდილობდა არ განემეორებინა ისინი, ამას უფრო უკეთ შეიგნებს შეგნებული პროლეტარიატი გერმანიისა და დემოკრატიზმის საშუალებით სოციალიზმს მიაღწევს (ხანგრძლივი ტაში).

მოხსენება ირაკლი წერეთელისა

ამხანაგებო! გერმანიის რევოლიუცია, რომლისკენაც მიპყრობილია ამ ჟამათ მთელი კაცობრიობის თვალ-ყური, მიმდინარეობს ნაციონალურ-სახელმწიფოებრივ ფარგლებში. მაგრამ როგორც გერმანიაში, ისე მთელს მსოფლიოში ფიქრობენ, რომ აქ რევოლიუციამ უნდა გადასჭრას ის პრობლემა, რომლისთვისაც აგერ ოთხ წელიწად ნახევარია რაც უმაგალითო, სასტიკი ომი სწარმოებს. მსოფლიო იმპერიალიზმი ამ პრობლემის გადაჭრას ხმის საშუალებით ცდილობდა. გერმანიის რევოლიუცია კი სცდილობს ამ პრობლემის ხალხთა შეთანხმებით გადაწყვეტას. ჩვენ ვიცით, რომ ევროპის სოციალისტები უსვამდნენ თავიანთ თავს ამ პრობლემის საკითხს. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ბატონობა ბუნებაზე, საწარმოვო ძალთა განვითარება აღმოჩნდა ნაციონალურ სახელმწიფოებრივ ფარგლებზე უფრო ძლიერი და არ ეტევა მასში. ამ გარემოებამ წარმოშვა ომი. ეს არის მთავარი პრობლემა, რომლის გადაწყვეტას იარაღით ხელში შეუდგა იმპერიალისტური კოალიცია. ორივე კოალიციისთვის ერთნაირი იყო ეს პრობლემა. თითოეული კოალიცია მიისწრაფოდა იქითკენ, რომ შეექმნა თავისი უკეთესი პირობები. ორივე კოალიციას კარგათ ესმოდა, რომ დადგა ისეთი მომენტი, როცა ერთა თვით გამორკვევის პრინციპი არ აძლევს დამაკმაყოფილებელ პასუხს ბურჟუაზიის მოთხოვნილებებს, როცა რამოდენიმე მსოფლიო კლასებმა უკვე გამოარკვიეს თავის თავი მსოფლიო თვითმპყრობელის სახით. დიდი განსხვავება არსებობს ამ ომის და მე-XIX საუკუნის ომებთა შორის შინაგანი აზრიანობის მხრით. მაშინ კაცობრიობის პროგრესი მოითხოვდა ისეთ სახელმწიფოებრივ ფორმის შექმნას, რომელიც გააერთიანებდა ნაციას ერთ მთელში და ამ მთელს ესაჭიროებოდა ნაციონალური პრობლემები. ყველა ომები და რევოლიუციები მე-XIX საუკუნეში ამ ნაციის გაერთიანების დროშის ქვეშ მიმდინარეობდნენ.

საფრანგეთში მაშინ რევოლიუციონერები თავიანთ თავს „პატრიოტებს“ უწოდებდნენ და თავიანთ თავს წინ უყენებდნენ ფეოდალებს. მათ წამოაყენეს სწავლა, რომელიც ეგუებოდა ქვეყნის საწარმოვო ძალთა განვითარებას. საჭირო იყო ფეოდალური ნიშნების მოსპობა, საჭირო იყო საფრანგეთის ერთ მთლიან ნაციონალურ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციის შექმნა. ეს ბრძოლა ფეოდალურ ევროპის წინააღმდეგ პროგრესული იყო. პროგრესის ელემენტები იყო აგრეთვე ნაპოლეონის ომებში, ვინაიდან ამ ომის დროშის ქვეშ მაგრდებოდა და იჭედებოდა ნაციონალურ სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია საფრანგეთისა.

როცა ბისმარკის გერმანია შეეჯახა საფრანგეთს, ამ შეტაკებაში იყო პროგრესის ელემენტები, რადგან ამ გზით იქმნებოდა გერმანია. იტალიაში გარიბალდის რევოლიუციონური რაზმები აკეთებდენ თავის სამშობლოს აღორძინების საქმეს. იქ ნაციონალურ გაერთიანების დროშის ქვეშ ფართო გზა ეხსნებოდა ქვეყნის ეკონომიურ ძალების განვითარებას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ამ ომების დროს ერთმანეთს ეჯახებოდა ორი მხარე; ერთს განზრახვა ჰქონდა ნაციონალური თავისუფლება მოესპო, მეორე კი მას იცავდა.

და რადგანაც საწარმოვო ძალთა განვითარება მოითხოვდა ნაციონალური სახელმწიფოს შექმნას, ამიტომ ამ ომებში იყო პროგრესული ელემენტები.

თანამედროვე ომი კი განსხვავდება იმ ომებისგან; ეს ომი დაიწყო ისეთ დროს, როცა ეკონომიური განვითარება გაცილებით უფრო მაღლა სდგას მაშინდელზე.

ჩვენ ყველამ ვიცით კაპიტალისტური განვითარება წარმოებისა, რომელმაც მთელი მსოფლიო გარდაქმნა. თითოეული ქვეყნის ბურჟუაზია თავისთვის ამაგრებდა განსაზღვრულ ბაზარს, მაგრამ გრძნობდა, რომ ესაჭიროებოდა ახალი ბაზრები. მსოფლიოში განვითარდნენ კოლონიალური სახელმწიფოები განვითარებულ საწარმოვო საშუალებებით, რომელნიც ეთანასწორებოდნენ ერთმანეთს. ამან გამოიწვია თანამედროვე ომი. არა ერთა თვითგამორკვევისათვის, არა ერთა თავისუფლებისათვის იფეთქა ომმა. ის დაიწყო იმიტომ, რომ ორმა კოალიციამ იგრძნო, რომ საჭიროა ნაციონალური ფარგლების გადალახვა. მიმართეს იარაღს და მის საშუალებით შეეცადნენ ბაზრის გაფართოვებას. აქ არ აღმოჩნდა პროგრესიული და არა პროგრესიული მხარეები, ერთი და იგივე იდეა აერთიანებდა თითოეულ კოალიციას და ამ გარემოებამ წარმოშვა მიზეზი ინტერნაციონალის დამარცხებისა. სოციალისტები ამ ომს ზომავდნენ ძველი ომების საზომით და ცდილობდნენ განესაზღვრათ ვინ აწარმოებდა შეტევით, და ვინ თავდაცვით ომს. ამ ომში შეტევითი და თავდაცვითი ელემენტები ხშირად ითქვიფებოდნენ ერთმანეთში. თითოეული მხარე იბრძოდა საზღვრების გაწევისათვის, ტერიტორიის გაფართოვებისათვის და იმ შემთხვევაში თუ დამარცხდებოდა ქვეყნის აოხრება და დანგრევა უნდა გამხდარიყო წილად.

მხოლოდ ამ ომის მსვლელობაში, როცა ნათლად გაირკვა ძირითადი პრობლემა და შედეგები ომისა, ფეხი მოიკიდა ახალმა მოძრაობამ და დღეს, ოთხ ნახევარ წლის ომის შემდეგ, პირველად გერმანიაში, სადაც ეკონომიური ძალები მაღალ საფეხურზე დგანან, პროლეტარიატი გამოვიდა ახალ ფრონტზე - მსოფლიო იმპერიალიზმის წინააღმდეგ და ცდილობს გადაჭრას არა მარტო ნაციონალური პრობლემა, არამედ ომის პრობლემაც. ჩვენ ვიცით, რომ როცა რუსეთის რევოლიუციამ იფეთქა, მაშინ მთელი მოწინავე დემოკრატია გრძნობდა, რომ იქ რუსეთის განახლების და ომის გათავების საკითხები ერთმანეთს მჭიდროთ გადაებნენ.

(დასასრული იქნება)

ერთობა. - 1918. _ 254. - გვ. 2

10.4 რას თხოულობენ ეხლა ფინები?

▲back to top


სუხჩელ-სუმაჭახელი [დავით ჩიქოვანი]

წინა წერილში ვამბობდით, რომ ფინეთის სოციალდემოკრატთა პარტია თავგამოდებით იცავდა ფინეთის თვითმართველობა-ავტონომიას მეთქი. ეს იყო განსაკუთრებით ალექსანდრე მესამისა და ნიკოლოზ მეორის მეფობის განმავლობაში, როდესაც ფინეთის ავტონომიას უპირებდენ სამუდამოთ მოსპობას. მაშინ ფინეთის ხალხი, როგორც ერთი კაცი ერთსულოვნად შეებრძოლა მოძალადეთა ასეთ ბოროტ განზრახვებს და კიდეც გაიმარჯვა! ამ ბრძოლაში სოციალ-დემოკრატები რაღა თქმა უნდა უკანასკნელნი არ იყვნენ. მათ გულწრფელად სწამდათ ავტონომიურ მართვა-გამგეობის ნაყოფიერება და მტკიცედაც იცავდენ მას ფინეთის სხვა პარტიებთან ერთად. ფინეთის ავტონომიას განსაკუთრებით იცავდენ ახალგაზდა ფინთა და შვედომანთა პარტიები. ყველა პარტიები იცავდენ ავტონომიას, განსხვავება იყო საშვალებაში, ტაკტიკაში.

ფინეთი შესანიშნავათ სარგებლობდა ავტონომიის სიკეთით და დიდი საქმეც გააკეთა ერის გონებრივ და ქონებრივ წარმატების მხრივ. იმას, რასაც უწინ მხოლოდ ფინები ბედავდნენ, რუსეთის თითქმის ყველა ერები გაბედულად მოითხოვენ. რას თხოულობს დღეს დაწინაურებული ფინეთი? ამის გაგება საინტერესოა, მაგრამ გადაჭრით ამ კითხვაზე პასუხის მიცემა ძნელია, მიუხედავად ამისა შეიძლება დაახლოვებით მაინც მივხვდეთ ფინთა სულისკვეთებას. ამისთვის საკმაოა ვიცოდეთ რამდენიმე განცხადება ფინეთის მართველთა და კანონმდებელთა პირადი გამოკითხვა და დაკვირვება. ამასთან უნდა გვახსოვდეს ის გარემოება, რომ თუ ფინეთის წარმომადგენელთა განცხადებანი ვერ გამოხატავენ კონკრეტიულად სრულს მათ სურვილებს, ამის მიზეზი ორნაირია: ერთი შიში და მეორე გამოურკვევლობა.

ფინეთში აგერ ორი წელიწადია ვცხოვრობ და დანამდვილებით ვიცი, რომ ფინეთის ხალხს ეშინია იმ მრავალრიცხოვან ჯარისა, რომელიც ფინეთშია დაბანაკებული. დიახ ეშინია და სამართლიანადაც. ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ვერავინ იტყვის გადაჭრით, რომ ფინეთის სრულ განთავისუფლებას მხარს დაუჭერს ფინეთში დაბანაკებული ჯარი. ვერავინ გაბედავს და იტყვის, რომ რუსეთის მხედრობა ამისთანა საგნებისთვის მომზადებული იყოს. ეს გახლავთ ერთი მიზეზი ფინეთის უმაღლეს წარმომადგენლების განცხადებათა ბუნდოვანებისა. მეორე მიზეზი - გამოურკვევლობაა. გამოურკვევლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ რუსეთში ჯერ რევოლიუციაა და არავინ იცის როგორი წესრიგი და მართველობის როგორი ფორმა იქნება - ამ მიზეზით ფინებისთვისაც ძნელია გამორკვევა იმ დამოკიდებულებათა ხასიათისა, რომელიც ფინეთმა მომავალში უნდა რუსეთთან იქონიოს.

თუ ანგარიშს გაუწევთ ამ ორ გარემოებას და მხედველობაში მივიღებთ სხვა და სხვა პარტიების აზრს, რომელნიც ავტონომიით არ კმაყოფილდებიან, მაშინ უფრო ადვილად შეგვიძლია გაგება მათი სურვილებისა.

შევეხოთ გაკვრით სხვა და სხვა პარტიების აზრს. ამ შემთხვევაში სოციალდემოკრატიულ პარტიას არ შევეხები, რადგან მათ აზრს, ეხლა, როგორც მთავრობის პარტიისას, წარმოადგენს და გამოხატავს პარლამენტი და სამინისტრო. რაც შეეხება სხვა პარტიებს: ახალგაზრდა ფინებს, ძველ ფინებს და შვედომანებს, ისინი, გადაჭრით შეიძლება ითქვას, ავტონომიით არ კმაყოფილდებიან, შვედომანებში ძლიერია სეპარაცია (ჩამოშორება) და სკანდინავიის სახელმწიფოებთან დაახლოვება, ახალგაზრდა და ძველი ფინები იმდენად არ არიან გატაცებულნი სეპარაციით, მაგრამ ავტონომიითაც არ ჯერდებიან და მოითხოვენ სამინისტროსა და პარლამენტის უფლების გაფართოებას. აი ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურათ ჯერ არსად ყოფილა დაბეჭდილი და რომელიც ერთმა მეგობარმა ფინმა გადმომცა წამოსვლის ხანებში. აპრილის 15 და 16 (ახ. სტ.) მომხდარა კონფერენცია ახალგაზრდა ფინთა პარტიისა, რომელსაც ეხლანდელი მომენტის შესახებ ჰქონია მსჯელობა და შემდეგი დადგენილება გამოუტანია: ა) „ფინეთის ხალხმა უნდა ისარგებლოს ამ რევოლიუციით და მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა რუსეთისაგანო.

ბ) რუსეთის ახალ მთავრობას არა აქვს ის უფლებები ფინეთში, რაც ფინეთის დიდ მთავარს ჰქონდა და გ) რუსეთსა და ფინეთს შორის უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში თავისუფალი-კავშირიო“.

ეს დადგენილება, როგორც ყოველი სხვა, არ გვიჩვენებს გარკვეულად და კონკრეტულად მათ სურვილებს, მაგრამ, თუ ზემოდ დასახელებულ ორ გარემოებას მხედველობაში მივიღებთ, შეგვიძლია თამამად ვსთქვათ, რომ მათი სურვილი ავტონომიასა და სეპარატიას (ჩამოშორების) შუაა. მათი „თავისუფალი კავშირი“ გულისხმობს, იურიდიულის ტერმინით რო გამოვსთქვათ, რეალურუნიას. ეს ეჭვს გარეშეა - რომ ეს ჩემი აზრი ნათელი შეიქმნეს დავაკვირდეთ თუნდაც იმ პირთა სიტყვებს, რომლებიც ფრთხილად და ბუნდოვანად იმასვე გამოსთქვამენ და რომლებიც ფინეთის უფლება მოსილი წარმომადგენელნი არიან. როგორც ზემოდაც ვამბობდი, ეს პირები გამოხატავენ სოციალ-დემოკრატიის, ყოველ შემთხვევაში, უმეტესობის აზრს, რადგან ისინი სათავეში უდგანან ფინეთის სოციალ-დემოკრატიულ საკანონმდებლო და სააღმასრულებლო დაწესებულებებს. ეს პირები არიან: ახლანდელ პარლამენტის თავჯდომარე მანნერი(ს.დ.) და სამინისტროს პრეზიდენტი ტოკოი (ს.დ.). აი რა უთხრა სხვათა შორის მანნერმა პარლამენტის სახელით საპასუხო სიტყვაში გენერალ-გუბერნატორს სტახოვიჩს, პარლამენტის გახსნის დღეს სამეფო დარბაზში: „თავისუფალ რუსეთის მსგავსად, ფინეთის თავისუფალმა ხალხმა თავისი საკუთარი ადგილი უნდა დაიჭიროს ხალხთა მომავალ მტკიცე ძმურ კავშირშიო“. ეს სიტყვები ძალიან ბევრის მთქმელია. აქ შეიძლება ვიფიქროთ რომ ფინეთის საკანონმდებლო დაწესებულების ხელმძღვანელთ არამთუ ავტონომია, შეიძლება უნიაც არ აკმაყოფილებდესო! ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია, ფინეთის მესვეურთ არსებული სახელმწიფოებრივი ავტონომია არ აკმაყოფილებთ და სურთ, რომ ფინეთის ერი, თავისუფალ რუსეთის მსგავსად, ხალხთა მომავალ კავშირში შევიდეს. აქ სრული თანასწორობაა რუსეთისა და ფინეთისა, რაც ავტონომიას, რაგინდ ფორმის და შინაარსისარ იყოს, გაცილებით აღემატება. ცხადია, რომ ფინეთს სურს სამუდამოთ გაათაოს დავა რუსეთთან. მას აღარ სურს იყოს ვინმესაგან დამოკიდებული. ამასვე ამტკიცებს ტოკოს სადეკლარაციო სიტყვა, სადაც იგი მანნერს არ ჩამორჩა და მოითხოვა ფინეთის პარლამენტისა და სამინისტროს უფლებების გაფართოება. ეს გაფართოება იქამდის მიდის, რომ რუსეთს არაფერი არ რჩება ფინეთში. ტოკოის ასეთმა დეკლარაციამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთის ეგრედწოდებულ პროგრესიულ პრესაში. თვით რევოლიუციურ რუსეთს ვერ გაუგია და შეუგნია ფინეთის მოთხოვნა და სულიერი განწყობილება.

მაგრამ, ვისაც წარმოდგენა აქვს იმ ბრძოლის ისტორიაზე, რომელიც სწარმოებდა ფინეთსა და რუსეთის მთავრობის შორის ძველ რეჟიმის დროს ავტონომიის გამოთ და იცნობს საკუთარ ბუნებოვან ფინეთის მაღალ კულტურას და ფინეთის ერის დამოუკიდებელ ბუნებას, მისთვის ყოველივე ეს გასაგები და ნორმალური ხდება. ასეთია დღეს ფინეთის მოთხოვნილება, რომელიც რეალ-უნიას უახლოვდება და რომლის მომთხოვნელთა სათავეში დგანან სოციალდემოკრატები.

ალიონი. - 1917. - 10. - გვ. 3-4

10.5 როგორ მოიპოვა საფრანგეთის ხალხმა მიწა და თავისუფლება (I)

▲back to top


. ახალციხელი

(. ნაუმოვიდგან)

წავიდა ის დრო, როცა გლეხებს შეეძლოთ თავიანთ ტანჯულ-გვემულ გულის სიღრმეში მხოლოდ ეოცნებათ მიწაზედ და თავისუფლებაზედ.

ეხლა ის აღარ არის.

ეხლა მთელი რუსეთისა და მასთან ჩვენი ქვეყნის ხალხი მედგარი ხმით აღიარებს თავის გასაჭირს, გაბედულათ ითხოვს მიწას და თავისუფლებას და დაბეჯითებით ელის თვისს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.

ასე ხდებოდა თავის დროზედ საზღვარ გარეთ. იქაც თავად-აზნაურობას, მდიდრებს და სასულიერო წოდებას ხელთ ჩაეგდო მთელი მიწა და გლეხობა კი ცალიერზედ დაესვა... საფრანგეთში,1 სადაც ყოველ ას მცხოვრებზედ 62 გლეხი მოდის, ძალიან მკაფიოთ გაისმოდა გლეხთა გაჭირვების ხმა.

საფრანგეთის გლეხმა დიდხანს ითმინა მონობა და უმიწობა, დიდი ხნით იყო ყმად თავად-აზნაურობისა, სამღვდელოებისა და თვითმყრობელ მთავრობისა, რომლებიც გლეხებს ძალით ახდევინებდნენ ათასგვარ ღალებს და გადასახადებს და სამაგიეროთ ნებას აძლევდნენ... შიმშილისაგან დასიებულიყვნენ და შემდეგ, აუტანელი ჯაფა-გაჭირვებისგან, დახოცილიყვნენ...

დიახ, დიდხანს, ძალიან დიდხანს ითმინა საფრანგეთის გლეხმა თვისი ვაება; ვინ იყო რომ იმას არ სწუწნიდა: მუქთახორა თავადაზნაურობა, გარყვნილი სამღვდელოება და მთელი ხროვა მეფეების დამქაშებისა. გლეხი ერთავად წახრილი მუშაობდა, როგორც პირუტყვი, შრომობდა ამ მუქთა-ხორათათვის და არა თავისთვის და თავის ცოლ-შვილისთვის, ყოვლად შემძლე მთავრობა ყოველ მხრივ ხრიდა გლეხს და თან დასძახოდა - „აბა ჰე, ტეტიავ, მოიხარ, მოიხარ მეტად, თორემ ქოქს გაგიქრობო“...

ერთი სიტყვით, 150 წლის წინეთ ფრანგი გლეხის ცხოვრება ისეთივე იყო, როგორც არის ეხლა ხვედრი ჩვენი გლეხისა.

ერთი მოხუცი ფრანგი გლეხი აი რას მოგვითხრობს იმაზედ, თუ როგორ ყოფაში იყვნენ ის და იმისი ძმა-გლეხები 1789 წლამდე, ე.ი. იმ დრომდე, ვიდრე ყველა მშრომელი ხალხი - ქალაქებისაც და სოფლებისაც, არ აჯანყდნენ, რომ მოეპოებიათ მიწა და თავისუფლება.

„მე რომ ჩამოთვლა დავიწყო ყველა იმ გადასახადებისა, რაც რომ ჩვენ, გლეხებს, კისერზედ გვაწვა, მგონი ვერასდროს ვერ გავათავო. საკმარისია გითხრათ, რომ თავადები, მემამულეები და ბერები ითვისებდნენ საუკეთესო მიწებს, გლეხებს კიდევ თავისაზედ ამუშავებდნენ და ამას გარდა გლეხებსვე ახდევინებდნენ მრავალ-გვარ გადასახადებს, როგორც, მაგალითად: მეფის ღალას, კიდევ ცალკე მეფის ხარკს საეკკლესიო, მეათედს სამეოცედს ე.ი. მოსავლის მეოცე ნაწილს, საყარაულოს, ბაზრის ბაჟს და უთვალავ კიდევ სხვას.

„კიდევ კარგიო, მოგვითხრობს იგივე გლეხი, რომ გაცარცულ გლეხებისაგან წაღებული ამოდენა სიმდიდრე იმ მუქთა-ხორებს რამე საქვეყნო სახეირო საქმეზედ მოეხმარებინათ: გაეყვანათ გზები, არხები, ჭაობები გაეშროთ, გაეუმჯობისებინათ მიწა, ან აეშენებინათ შკოლა და საავათმყოფოები, - ეს კიდევ მოსათმენი იქმნებოდაო!“

მაგრამ ყველა ეს წარჩინებული ბრბო მუქთა-ხორებისა, რომელიც სცარცვავდა და ახრჩობდა ხალხს, მხოლოდ თავისს ჟინს იკლავდა და გარდა თავის-თავის სიამოვნებისა სხვა აღარაფერზედ არ ფიქრობდა.

რომელიმე კარდინალი (ფრანგების არქიელი) ყველას თვალ წინ ლოთობდა, გარყვნილათ ცხოვრობდა, ჰქირდნავდა პატიოსან ხალხს და ხშირათ აცემინებდა ხოლმე გლეხებს...

მაგრამ ყველაზედ ძლიერ გლეხებს გულს უთუთქავდა ის, რომ ყველა ეს გარყვნილობა და ხალხის მონობა გამაგრებული იყო და არსებობდა გლეხის შვილებისავე წყალობით. გლეხის შვილები, სალდათად რომ მიდიოდენ, თითქმის ავიწყდებოდათ თავიანთ სოფლის გაჭირვება. მათ ავიწყდებოდათ თავიანთი დედები, მამები, დები; მათვის არსებობდენ მხოლოთ უფროსები, რომლებიც ფიცით ავალებდნენ ყოველი მათი ბრძანება აღესრულებინათ.

და სალდათები - გლეხები ასრულებდნენ ბრძანებას თავად-აზნაურ უფროსებისას, და „ამშვიდებდნენ“ თავიანთსავე ძმა-გლეხებს, ღვრიდნენ ნათესავთა სისხლს... უმფროსების ბრძანებით დაბრმავებულ და დაშინებულ უბედურ სალდათებს ეგონათ, რომ ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, თითქოს საჭირო იყო უწყალოთ დაეხოცნათ თავიანთივე მამები, დედები და დები... გლეხები გაბრაზებულნი იყვნენ სალდათების წინაამდეგ, მაგრამ ითმენდნენ იმ მოსაზრებით, რომ: „არ უწყიან რას იქმონენო“...

გლეხები მშვენივრად გრძნობდნენ, რომ ამ სისხლის ღვრაში სალდათები კი არ იყვნენ დამნაშავენი, არამედ იმათი უფროსები და თავად-აზნაურობა - მემამულები, რომლებიც სალდათებს გლეხებზედ აქეზებდნენ.

უდანაშაულოთ დახოცილთა და წამებულთა სისხლს გლეხები ცოდოდ სდებდნენ ხალხის ჯალათებს: თავად-აზნაურობას, თვითმყრობელ მოხელეებს და გარყვნილ მუქთა-ხორა მღვდლებს.

მაგრამ დადგა 1788 წელი. ამ წელიწადს დიდი გვალვა იყო: ფშვრია, ლობიო, ჭვავი - სულ დაიღუპა. აღარც ბალახის მოთიბვა ღირდა და ახლოვდებოდა საშინელი სიმშილი. საფრანგეთის ხალხი არასოდეს ასე არ დამშეულიყო, როგორც დაიმშა ამა წლის ზამთარში, როდესაც ხალხი ათასობით დაიხოცა.

გადასახადების აკრებაც აღარავისგან შეიძლებოდა, რადგანაც გლეხებს სიღარიბე-შიმშილისაგან სული ხდებოდათ და იმათ გაყვლეფა აღარ შეიძლებოდა იმაზედ მეტი, რაც თავის დროზედ გაეყვლიფათ მეფის კაცი ჭამიებს!..

მაგრამ, ამასთანავე, მეფე ლუი მე-16-ს გარყვნილ ცხოვრობისათვის და იმის სასახლის თანმხლებელთათვის საჭირო იყო ფული, ფული გამოულეველი. მაშინ შეუდგნენ საზღვარგარეთ სესხის აღებას ჩარჩულ სარგებლით, მაგრამ ეს ფული მალე გაჰქრა გარყვნილ მესვეურთა ფარღალალა ჯიბებიდგან. ფულის საჭიროება სულ იზრდებოდა, შოვნა კი არსად არ შეიძლებოდა. საფრანგეთის მთავრობას ჩარჩულ სარგებლითაც კი ფულს აღარავინ არ ენდობოდა.

მხოლოდ მაშინ მახლობლებმა მეფეს ურჩიეს მოეწვია ხალხის წარმომადგენლები, მათთვის ეუწყა სახელმწიფოს ქონებრივი გაჭირვება და დაერწმუნებინა მოშველებოდნენ საერთო შემწეობით, - უფრო კი გლეხების ძალით, გადაეხადათ სახელმწიფო ვალები, რაიც მაშინ 1600 მილიონამდე იყო.

1789 წ., გაზაფხულზედ, დანიშნული იყო არჩევანი ხალხის წარმომადგენელთა გენერალურ შტატებისა, როგორც ფრანგები ეძახდნენ, და 3-ს მაისს 1789 წ., ვერსალში (ისეთივეა, როგორც რუსეთში პეტერგოფი) შეიკრიბა პირველად საფრანგეთის ხალხის წარმომადგენლები, სახელმწიფო საჭიროებაზედ სათათბიროთ.

მაგრამ მოსტყუვდნენ მეფის ხარბი დამქაშები, ხალხის წარმომადგენლებმა გადაჭრით უარი სთქვეს ვალის გასტუმრებაზედ, რომელიც დაედვათ წარჩინებულ მუქთა-ხორებს. უფრო მეტიც: იმათ განაცხადეს, რომ საფრანგეთის ხალხმა მოგვანდო მოვთხოვოთ ანგარიში თავად-აზნაურებისგან უპასუხისმგებელ მინისტრების-მიერ გაფლანგულ ფულისა და ამასთანავე მოვიპოვოთ ყველა მშრომელთა და ჩაგრულთათვის მიწა და თავისუფლებაო.

მახლობელთა და თავად-აზნაურთა რჩევით, მეფემ გადაწყვიტა დაეთხოვა ეს „გენერალური შტატები“. მაგრამ წარმომადგენლები მესამე წოდებისა, ე.ი. გლეხებისა, მუშებისა და სხ. მაშინვე გამოეყვნენ თავად-აზნაურთ და სასულიერო წოდებათა წარმომადგენლებს უწოდეს თავიანთ თავს „ეროვნული კრება“, - განაცხადეს, რომ ისინი შეიკრიბნენ ხალხის ნებით და არ დაიშლებიან, ვიდრე არ აღასრულებენ ხალხის მონდობილებას: სანამ არ მოიპოვებენ მიწას და თავისუფლებას...

მაშინ მეფემ გადასწყვიტა ჯარის შემწეობით გაერეკა „ეროვნული კრება“.

ეს რომ საფრანგეთის ხალხმა შეიტყო, აღშფოთდა და პარიზიდგან მოკიდებული მიყრუებულ სოფლამდე აღსდგა თვისს წარმომადგენელთა საქომაგოთ. დაიწყო ყველგან აღელვება და შფოთი გლეხთა და უსაქმოთ დარჩენილთა: ყველა, როგორც ერთი კაცი, აღდგა დასაცველად „საერო კრებისა“...

როგორც ჩვენში, იქაც მრავალი ხალხი საპყრობილეში იტანჯებოდა პოლიტიკურ მოქმედებისათვის. განსაკუთრებით დიდი და საზარელი საპყრობილე არსებობდა პარიზში, რომელსაც ბასტილიას ეძახდნენ.

მაგრამ, როგორც კი იფეთქა აღელვებამ, ხალხმა ეს საპყრობილე მიწასთან გაასწორა და შიგ მყოფ, თავისუფლებისათვის მებრძოლთ, თავისუფლება მიანიჭა...

მეფემ იგრძნო მედგარი ძალა ხალხისა, რომელიც თვისს წარმომადგენელთა კრების საშველად მოიწევდა. მეფე შეშინდა და შეჰფიცა იმ კონსტიტუციას, რომელიც შეიმუშავა „ეროვნულმა კრებამ.“

მთელი ოთხი წელიწადი გაგრძელდა სისხლისღვრა თავისუფლების დასაცველად აღმდგარ ხალხს და დამნაშავე მთავრობის შორის, რომელსაც სულაც არ უნდოდა განშორებოდა თვისს უპასუხისმგებელ უფლება-ბატონობას. თვით მეფემაც სინანული დაიწყო, რომ ასე მხდალად დაემორჩილა ხალხის ნებას და განიზრახა უკანვე დაებრუნებინა შეზღუდული თვითმყრობელობა.

ხალხისადმი ამ გვარ ღალატისათვის მეფე სიცოცხლეს გამოასალმეს და იმასთანავე აწამეს ბევრი წარჩინებული თავად-აზნაურობა და ეპისკოპოზები, რომელნიც მეფეს საღალატოდ აქეზებდნენ... მაშინ საფრანგეთში გამეფდა სრული ხალხის უფლება.

ასე იყო, ასეც უნდა იყოს...

მიწა. - 1906. - 15. - გვ.12-15

10.6 როგორ მოიპოვა საფრანგეთის ხალხმა მიწა და თავისუფლება (II)

▲back to top


. ახალციხელი

რევოლიუციამდე საფრანგეთში სამი წოდება იყო: თავადაზნაურობა, სასულიერო წოდება და ხალხი, ანუ მესამე წოდება. ორს პირველთა საკუთრებას შეადგენდა ყველა მამულები, ყველა შემოსავალი და ყოველგვარი პატივისცემა: მესამე წოდებას კი, რომელიც ასჯერ მეტი იყო ვიდრე აზნაურობა და სამღვდელოება ერთათ, კისერზედ აწვა მთელი სახელმწიფოს ყოველგვარი ჯაფა მუშაობა და იმყოფებოდა სიღარიბეში, შიმშილობაში და ტყვეობაში...

„საერო კრებამ“, რომელიც შემდეგ დამფუძნელ კრებათ გადაკეთდა, გააუქმა წოდება და საფრანგეთში აღარ არსებობს არც თ.-აზნაურობა, არც შთამომავლობითი უპირატესობა, არც წოდებრივი უფლება, გარდა მოხელე კაცის უპირატესობისა, როცა იგი თავის მოვალეობას ასრულებს.

„ეროვნულმა კრებამ“ გამოსცა კანონი, რომლის ძალით ყველა მოქალაქეს ნება ეძლევა შევიდეს როგორც სახელმწიფო ისე საზოგადო სამსახურში. დადგენილ იქმნა ეგრეთვე, რომ ყოველივე გადასახადები განაწილებული უნდა იქნეს თანასწორათ ყველა მოქალაქეთა შორის მათი შეძლებისა და-გვარ. ყველა მოქალაქეს უფლება მიეცა აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც იმას მოსწონს და სურს; მოქალაქეთ ნება ეძლევათ სურვილისამებრ შეიკრიბონ ერთად და დაარსონ ყოველგვარი საზოგადოება, ამხანაგობა და კავშირები.

კონსტიტუციამ,1 რომელიც შეიმუშავა „ეროვნულმა კრებამ“, დაავალა სახელმწიფოს ეზრუნა ღარიბებზედ, ეულებზედ, დასახიჩრებულებზე და უსაქმოთ დარჩენილთათვის. ამ მიზნით „ეროვნულმა კრებამ“ სახელმწიფო ხარჯზედ გამართა საზოგადო სამუშაოები და ააშენა მრავალი თავშესაფარი შეუძლოთა და დასახიჩრებულებისათვის.

მათხოვრობა ამცირებს ადამიანის ღირსებას, უხშობს თვითშეგნებას და ამიტომაც საერო კრებამ დაადგინა, რომ სახელმწიფოს და საზოგადოების დახმარებით მოსპობილიყო მათხოვრობა.

მაგრამ „არა მარტო პურით არსებობს ადამიანი“. ამის მნიშვნელობა მშვენივრად შეიგნეს საფრანგეთის ხალხის წარმომადგენლებმა და განაცხადეს, რომ აუცილებელ საჭიროებათა სთვლიან დააწესონ საყოველთაო სწავლა განათლება, თანასწორი ყველა მოქალაქისათვის და უფასო. გადასწყვიტეს სკოლების გახსნა თანაბრათ საფრანგეთის ყველა მხარეში და ადგილებში, რომ განათლება გავრცელებულიყო მთელ სახელმწიფოში...

რევოლუციამდე მთელს ქვეყანას მეფე მართავდა და განაგებდა, იგი უფალი დამბრძანებელი იყო საფრანგეთის ხალხისა, თავის მოქმედების ანგარიშს არავის აძლევდა, ყველა მიწები და თვით ხალხიც მისი საკუთრება იყო. მეფეს და მის სასახლეს რამდენი ფულიც კი დასჭირდებოდა, ხალხი აძლევდა და არავის შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია თვითმპყრობელ მტარვალისათვის.

გადასახადებს აწესრიგებდნენ ინტედანტები და სხვა მეფის ჩინოვნიკები, რომლებიც ხარჯს გააწერდენ მხოლოდ ხალხს და იმის დარდი კი არ ჰქონდათ, შეეძლო თუ არა ხალხს გადახდა. საბრალო ხალხი გადასახადებს უსიტყვოთ იხდიდა და იხდიდა, მეფე კი ფლანგავდა და დასასრული არ უჩანდა მის ფლანგვას და ამასთანავე არც ვალდებული იყო დახარჯულ ფულის ანგარიში ვისთვისმე წარედგინა... „ეროვნულმა კრებამ“ კი თავის „კონსტიტუციის“ ძალით დაადგინა, რომ ყოველი წლის გადასახადები უნდა უსათუოდ განიხილოს და გაანაწილოს საკანონმდებლო კრებამ. ამ გვარათ თვით ხალხმა, თავისი წარმომადგენლების შემწეობით დაიწყო იმის გადაწყვეტა, თუ რა და რა გადასახადები შეუძლია და სურს გადაიხადოს.

საკანონმდებლო კრებას უფლება აქვს არ დაამტკიცოს რომელიმე გადასახადი და ამ შემთხვევაში არავის შეუძლია ხალხს ძალით გადაახდევინოს.

რომ ხალხსაც თავის თვალით დაენახა, თუ მისი დეპუტატები როგორ ანაწილებდენ ხალხის გადახდილ ფულს, კრებამ დაადგინა, გამოექვეყნებინა ხოლმე დაბეჭდილი ხარჯთ-აღრიცხვა სახელმწიფო ყველა შემოსავალ-გასავლისა.

ამის გარდა, „კონსტიტუციამ“ საკანონმდებლო კრებას უფლება დართო ჯამაგირი დაენიშნა სახელმწიფოს მოთავისთვის, მიუხედავად იმისა, იქნებოდა იგი მეფე თუ არჩეული კაცი.

ამგვარად სახელმწიფოს მთელი საქმეების მართვა მოეწყო ხალხის სურვილისამებრ. იმის შემდეგ, რაც საბრალო ხალხმა ძირს დასცა საზიზღარი უღელი თვითმპყრობელ მეფის და მის დამქაშებისა, ამის შემდეგ თვით ხალხივე გაუძღვა თავის ბედსა და სიცოცხლეს!..

III

რევოლიუციამდე, ხალხის წოდებათ დაყოფასთან ერთად, საფრანგეთში არსებობდა აგრეთვე მიწის საკუთრების დაყოფაც: იყო საუფლისწულო მიწები, სათავად-აზნაურო, სამონასტრო, საიჯარო და სხვა.

რამდენათ კაცი ღარიბი და უცნობი იყო, იმდენად მეტი გადასახადი იყო შეწერილი მის მიწაზე და პირ-იქით, რამდენათაც მიწის-მფლობელი შეძლებული იყო, მით ნაკლებს იხდიდა. კონსტიტუციამ მოსპო ყველა ესრეთი განსხვავება და გადასახადების რაოდენობა დააწესა თანაბრად მიწის რაოდენობისა და შემოსავლისა. ის მიწები კი,რომელთა შემოსავალიც ეკლესიებს ეძლეოდათ და რომლებიც ეკუთნოდა მონასტრებს და სასულიერო წოდებას, ჩამორთმეულ იქმნა და ხალხს საკუთრებათ გადაეცა. ნებაც დაერთო, ეს მიწები გაეყიდა სახემწიფო ვალების გასასტუმრებლად.

რევოლუციის გრიგალმა, რომელსაც თან გლეხთა აჯანყებაც ახლდა, გამოიწვია თ.-აზნაურთა გაქცევა საზღვარგარედ. თ.-აზნაურობა ათასობით სტოვებდა თავის მამულ-დედულს, კოშკებს, თავის სასახლეებს პარიზში და მირბოდა უცხო მხარეში. იქ უცხოელებს აქეზებდენ რევოლიუციის წინააღმდეგ, შედიოდნენ ეგრეთვე მტრების ჯარში და ომობდნენ საფრანგეთის წინააღმდეგ.

14 აპრილს 1792 წლის განკარგულებით „ეროვნულ კრებამ“ დაადგინა, ჩამოერთვას ყველა გაქცეულ-გახიზნულთ მიწები და გარდაეცეს სახელმწიფოს. ოთხი თვის შემდეგ კი ეს მიწები უკვე გასასყიდათ დაინიშნა. გადაწყდა, რომ თ.-აზნაურთა და მონასტრების მიწები და ადგილ-მამული დაყოფილიყო პატარ-პატარა (2-3 დესეტინიან) ნაჭრებათ და შეღავათიან პირობებით, ხელ-მისაწვდომ ფასში, მიეყიდათ, ან იჯარით მიეცათ გლეხებისთვის.

„ეროვნულ კრების“ ბევრი დეპუტატი კიდევ იმ აზრისა იყო, რომ ჩამორთმეული მიწები უსასყიდლოთ გარდაეცათ მშრომელ ხალხისათვის, მაგრამ რადგანაც სახელმწიფოს დიდი ვალი ედო და შეიძლებოდა სულ გაკოტრებულიყო კიდეც, ამიტომ გადაწყვიტეს ჩამორთმეული მიწები გაეყიდათ და ამ ფულით სახელმწიფოს ვალები დაეფარათ.

ამ გვარმა გადაწყვეტილებამ ვერ დააკმაყოფილა ის გლეხები, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ ჩამორთმეული მიწები უსასყიდლოთ დაეთმობოდათ. მცირე მიწების მქონეთ, რომლებსაც უმრავლესობა შეადგენდა, მიწების შესაძენათ სახსარი არ მოეპოვებოდათ და ამიტომაც, თუმცა მიწები ძალიან იაფად იყო დაფასებული, მაინც ცოტა იყიდებოდა.

საფრანგეთის დიდებულმა რევოლიუციამ საფრანგეთის მშრომელი ხალხი დაიხსნა ხარბ თავად-აზნაურთა ბატონობისაგან, მაგრამ ვერ დაიხსნა არა ნაკლებ ხარბ და გულ-ქვა კაპიტალისტებისაგან (ფულიან კაცებისაგან).

ამათ შეისყიდეს თითქმის ყველა თ.-აზნაურთაგან ჩამორთმეული მიწები და შემდეგ, ამ ჩარჩებმა, ეს მიწები გადასცეს უცხოელ მდიდრებს დიდ ფასში. ბევრი გაიძვერა და ხარბი კაპიტალისტი უფრო მეტად გამდიდრდა, გაჭირვებულ გლეხს კი მიწასთან ახლოც არ უშვებდა.

ამ გვარად საფრანგეთში წარმოსდგა ახალი კლასი (წოდება) დიდ მესაკუთრეთა, რომელთაც თავიანთი სიმდიდრე მემკვიდრეობით კი არ მიეღოთ, როგორც ეს წინათ რევოლიუციამდე ხდებოდა, არამედ ჯიბე გაესქელებინათ მშრომელ ხალხის ოფლით. უმწეო მშრომელმა ხალხმა თვის სისხლით და სიცოცხლით მოუპოვა თავისუფლება მთელ საფრანგეთს, ყველასთვის მოიპოვა მიწა და თავისუფლება, და ბოლოს იმისი გმირულ და თავგანწირულ ომის ნაყოფით ისარგებლეს ხარბმა და გაიძვერა მდიდრებმა რომლებმაც ისარგებლეს არევ-დარეულობით და ყველაფერი ხელში ჩაიგდეს.

ახლად მოვლენილმდიდარ-მემამულეებმა გლეხების გვერდით მოაწყეს თვისი ფართო სასოფლო მეურნეობა: დადგეს მანქანები, დაიქირავეს მუშები, რომელთა სიღარიბითაც ისარგებლესდა ამუშავებდნენ თითქმის მუქთად, ამიტომ ძალზე დასცეს პურის ფასი. ამას გარდა კაპიტალისტებმა გააშენეს ყველგან ფაბრიკები და ქარხნები, ამით გლეხებს მოუსპეს ის მცირე შემოსავალიც, რომელსაც ისინი სხვა და სხვა ხელობით იძენდნენ.

აუტანელი გახდა გლეხის ცხოვრება. კაპიტალისტებს თითქოს მთლათ უნდოდათ გლეხების გადაშენება.

ჭირნახულის ფასი თანდათან ეცემოდა და ცხოვრება კი თანდათან ძვირდებოდა. ფულის საჭიროებაც მატულობდა, მაგრამ შოვნა უფრო და უფრო ძნელი იყო.

მშრომელი ხალხი მაინც არ ეცემოდა სულით, ის არ სტოვებდა თავის მიწას და ცხოვრების გასაუმჯობესებლათ არ გარბოდა ქალაქში.

პირიქით გლეხი ყოველგვარ საშუალებას ხმარობდა, რომ ხელიდან არ გამოცლოდა ის მიწა, რომელიც უკვე ჰქონდა. ფრანგების გლეხმა ისიც კი გადაწყვიტა, რომ ერთის შვილის მეტი არ ყოლოდა და მიწა არ დაქუცმაცებულიყო.

მაგრამ ამისთანა მსხვერპლმაც ვერ გააუმჯობესა მისი ყოფა, გაჭირვება უფრო და უფრო ერეოდა მას...

თავი რომ დაეხსნა ამ საშინელი ყოფისაგან, გლეხს ერთი საშუალებაღა დარჩა - წარმოების გაფართოება. მაგრამ როგორ? არა ჰქონდა ადგილი. მას შეეძლო მხოლოთ მეურნეობის გაუმჯობესობა. ამისათვის საჭიროა მიწის გაპატივრება, საჭიროა მანქანები, კაი ჯიშის საქონელი, ანუ, მოკლედ რომ ვსთქვათ, საჭიროა ფული - კაპიტალი, რომელიც გლეხებს არ მოეპოვებათ.

გლეხები მთელ თავის ძალ-ღონეს მიწას ალევდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი გამორჩენა ჰქონოდათ და ამ მხრივ დიდ წარმატებასაც მიახწიეს: მოსავალმა ორჯელ და სამჯერ იმატა, მაგრამ ამავე დროს ჭირნახულის ფასმა ისე დაიწია, რომ უხვ მოსავალმაც ვერ უშველა გლეხს.

რა უნდა ექნა გლეხს? იფიქრა, იფიქრა, თუ რა მალამო დაედო თავის ღრმა ჭრილობისთვის და ბოლოს გამონახა საშუალება ამ გაჭირვების მოსასპობათ.

ეს იყო შეერთება, შეკავშირება და საერთოთ საქმის წარმოება. გლეხებმა დაარსეს „მიწის დამამუშავებელი კავშირები“, ანუ, როგორც თვით ფრანგები ეძახიან „მიწის დამამუშავებელთა სინდიკატები“.

ამ „სინდიკატების“ დაარსების შემდეგ, საფრანგეთის მშრომელ ხალხს შეძლება მიეცა გაეუმჯობესებინა თავისი მეურნეობა და აღემაღლებინა თვისი კეთილდღეობა.

როგორც კი 1884 წელს ფრანგმა მუშებმა უფლება მოიპოვეს კავშირების შეკვრისა, მაშინვე გლეხებმაც დაიწყეს დაარსება „მიწის მუშათა კავშირებისა“. გლეხები მეტად გულმოდგინეთ მოეკიდნენ საქმეს და ექვსი წლის შემდეგ საფრანგეთში უკვე არსებობდა 648 „მიწის დამამუშავებელთა სინდიკატი“ რომლებშიაც ირიცხებოდნენ 250 ათასი გლეხი და 1899 წლის დასასრულს იყო უკვე 2133 ასეთი კავშირი, რომელთა წევრების რიცხვი ავიდა ნახევარ მილიონამდე.

ეს რა კავშირებია და როგორაა მოწყობილი?

- უპირველესად „მიწის დამმუშავებელთა სინდიკატები“ იკვლევენ გლეხთა გაჭირვების მიზეზსა და ეძებენ საშუალებას ამ გასაჭირის შესამცირებლად, იძიებენ სხვა და სხვა საშუალებას, რომ ხელი გაუწოდონ გლეხის უმწეო ყოფას.

„სინდიკატები“ ჰმართავენ სკოლებს, ბეჭდავენ წიგნაკებს, რომლებიც ასწავლიან ხალხს მიწის უკეთ დამუშავებას. სინდიკატები პირობით ეკვრიან ფაბრიკებს და სასოფლო-სამეურნეო იარაღების საწყობებს, რომ მათ წევრებს იაფად და შეღავათიან პირობებში დაუთმონ საჭირო იარაღები. ამასთანავე სინდიკატები სცდილობენ, როგორც პირუტყვი, ეგრეთვე ყოველივე საქონელი, ავეჯი, ტანისამოსი და სხ. გლეხმა წევრებმა შეიძინონ, რაც შეიძლება იაფად; სინდიკატებივე თვალყურს ადევნებენ, რომ ყველა ნაწარმოები, რასაც კი ყიდულობენ სხვა და სხვა ვაჭრებისაგან, იყოს ახალი და კარგი ღირსებისა.

გლეხთა მოძრაობის მეგობარი ვექილები გულმოდგინეთ აძლევენ უფასო დარიგებას მიწის მუშათა სინდიკატების წევრებს, როცა მათ რამე დავა აქვთ მემამულეებთან.

ამას გარდა „მიწის მუშათა კავშირის“ წევრებისათვის დაარსებულია შემნახველი კასსები, დამზღვევი ამხანაგობები, ურთი-ერთ დახმარებელი კასები და სხ. ერთი სიტყვით, სინდიკატები სცდილობენ მიაწოდონ თავის წევრებს ყოველივე, რაც კი ხელს შეუწყობს და უშველის გლეხს მის ბრძოლაში ჩარჩ, ქვეყნის მყვლეფავ დიდ მემამულეების წინაამდეგ.

პირველად, „მიწის მუშათა კავშირებში“ წევრებათ ჩაეჩხირნენ მდიდარი მემამულეები და ჩარჩი-მყვლეფავები, რომლებმაც თითქმის კავშირები ხელთ ჩაიგდეს და აქაც დაიწყეს ბატონობა.

მაგრამ გლეხებმა მალე გაუგეს, რომ მდიდრები ყოველთვის იმას ცდილობენ, მშრომელი ხალხი მოატყვილონ და თვითონ გასუქდენ.

ამიტომ გლეხებმა გადაწყვიტეს, რომ „ქვაბს ქოთნის ამხანაგობა არ შეუძლია“ და დაიწყეს მემამულეების და მდიდრების გამოძევება კავშირებიდან.

გლეხთა სინდიკატები თან და თან იზრდება, ფეხს იკიდებს და შორს არ არის ის დრო, როცა ყველა ეს კავშირები თავის მხრივ გაერთიანდებიან და შეადგენენ ერთს „მთელი საფრანგეთის მშრომელთა კავშირს“...

„მიწის მუშათა სინდიკატების“ წყალობით, ამ ბოლო 30 წლებში მიწის მუშა გლეხების რიცხვმა 400 ათასი სულით იმატა და წვრილ გლეხ-მოიჯარადრეთა რიცხვს მოემატა კიდევ 26 ათასი.

აი რა დიდ დაფარულ ძალას წარმოადგენს გლეხთა შეერთება-შეკავშირება საერთო შრომისთვის და საერთო სარგებლობისათვის!..

ას წელიწადზედ მეტი მედგრად იბრძოლეს საფრანგეთის გლეხებმა, რომ მოეპოვებინათ მიწა და ქონებრივი დამოუკიდებლობა.

ეს ბრძოლა, რომელმაც შეიწირა მრავალი მსხვერპლი და რომლისთვისაც ხალხმა გამოიარა მრავალი ტანჯვა-ვაება, ჯერ კიდევ არ გათავებულა.

მაგრამ ეს კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თუ საფრანგეთის მშრომელმა ხალხმა შესძლო მთელი თავისუფლების მოპოვება, იმასაც შეიძლებს, რომ ძალიან ახლო მომავალში ჩამოართვას ეგრეთვე მდიდრებს თავის საშრომლად და სასარგებლოდ მთელი მიწაც...

_________________

1. კონსტიტუცია - სახელმწიფოს ძირითადი კანონები, რომლებითაც განსაზღვრულია მთავრობის, საკანონმდებლო კრებულის და მოქალაქეთა უფლება-მოვალეობანი.

მიწა. - 1906. - №16. - გვ. 1-6

10.7 საფრანგეთი

▲back to top


მთავრობა და სამღვდელოება

საფრანგეთის მთავრობა შეუდგა ეკლესიის შესახებ გამოცემულ კანონების განხორციელებას. კანონით ეკლესია უნდა გაშორდეს სახელმწიფოს. სხვათა შორის სისრულეში მოყავთ ამ კანონის ერთი მუხლი, იმის შესახებ, რომ სამღვდელო პირებს დაატოვებინონ ის შენობები, რომელიც ხაზინას ეკუთვნის. მუდამ მთავრობის მორჩილი სამღვდელოება ამ შემთხვევაში ურჩობას იჩენს, ის არ ასრულებს მთავრობის მოხელეების განკარგულებას ბინების დაცლის შესახებ. რადგანაც თვითონ სამღვდელო პირები ვერას გახდებიან, ამიტომ ხალხს მიმართავენ შველისთვის. ხალხის შეუგნებელი ნაწილი, რომელსაც გონია, რომ მღვდელ-ეპისკოპოსების აღვირ-წახსნილობის ალაგმვა სარწმუნოების შეურაცხყოფაა - მატყუარების მხარეზე გადადის და მოხელეებს წინააღმდეგობას უწევს.

საფრანგეთის მთავრობის ბრძოლა რომის პაპთან

საფრანგეთის სამღვდელოებას რომის პაპი (ქრისტეს მოადგილე, როგორც ის თვითონ უწოდებს თავის თავს) აქეზებს - კანონებს ნუ დაემორჩილებით, პარლამენტის გადაწყვეტილებას ებრძოლეთო. ამას ძალიან გაუბრაზებია საფრანგეთის მთავრობა: თუ მინისტრი ყოველგვარ საშუალებას ხმარობდა იმისთვის, რომ ახალი კანონი ადვილათ ასატანი გაეხადა სამღვდელოებისათვის, დღეს ის უფრო გადაჭრილ გზას დაადგა - მისი ბძანებით დაუტყვევებიათ და საფრანგეთის საზღვრებიდან გაუძევებიათ ვატიკანის სასახლის (ე.ი. რომის პაპის) ოფიციალური წარმომადგენელი. ეჭვი არაა, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს დამოკიდებულებას პაპსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის და კიდევ უფრო დააჩქარებს სამღვდელოების დაცემას.

ზარი. - 1906. - 1. - გვ. 4

10.8 ტფილისი, 10 იანვარი

▲back to top


წარსულ წლის ცხოვრების მიმოხილვა სრული არ იქნება ჩვენს გაზეთში, თუ მკითხველთ არ გავახსენებთ უცხოეთის უფრო საყურადღებო ამბებს 1908 წლის განმავლობაში. ეს მით უმეტეს საჭიროა, რომ განვლილი წელიწადი ფრიად საპატიო ადგილს დაიჭერს მსოფლიო ისტორიაში...

საკმარისია გავიხსენოთ ამბები, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ეგრეთ წოდებულს აღმოსავლეთში, აგრეთვე აზიის ძველ ქვეყნებში, რომ ჩვენ წინ გადაიშალოს დიდმნიშვნელოვანი ისტორიული ხანა, რომელიც დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში. საისტორიო ასპარეზზე გამოდიან ქვეყნები და ხალხები, რომელნიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში ღრმა ძილით იყვნენ შეპყრობილნი და რომელთაც ეგრეთ წოდებული განათლებული კაცობრიობა ანდერძს უგებდა. ევროპისათვის თითქმის მეცნიერულ აკსიომად იყო აღიარებული, რომ „აღმოსავლეთს“ არ ძალუძს შეითვისოს „დასავლეთის“ ცივილიზაცია, გამოვიდეს პროგრესის გზაზე და განათლებულ ქვეყნების უაპეკოდ იცხოვროს. მეოცე საუკუნის დასაწყისმა მძლავრად შეარყია დასავლეთ ხალხების ეს რწმენა და დღითი-დღე ჰქრება ოცნება, ირღვევა ლეგენდა, ვითომ ევროპიელ რასსებს გარდა არავის აღარ შეუძლია თავისუფალი კულტურული ცხოვრება-განვითარება.

შარშანდელმა წელიწადმა ამ მხრით დიდი ნაბიჯი გადადგა წინ: საღათას ძილიდან გამოირკვა ქვეყანა, რომლის შესახებ ყველაზედ უფრო ჰქონდა დაკარგული იმედი ევროპას და რომლის დაყოფვას დღე-დღეზედ მოელოდა. ოსმალეთის რევოლიუცია, ოსმალეთში თავისუფალ სახელმწიფო რეჟიმის დამყარება დიდებული ისტორიული მოვლენაა და იმის შედეგის სრული გათვალისწინება დღეს-დღეობით არც-კი შეიძლება. შესანიშნავი ისაა, რომ „ავადმყოფი ადამიანი“ ფეხზე წამოდგა ისე, როგორც არც ერთი სახელმწიფო ევროპისა არ წამომდგარა ძველის რეჟიმის საწოლიდან. განცვიფრებულმა ევროპამ სასწაულად აღიარა უსისხლო რევოლიუცია ოსმალეთისა და ძლევამოსილი განმათავისუფლებელი მოძრაობა ოსმალთა. შესაძლებელია, ოსმალეთს შემდეგში გაუჭირდეს კიდეც, მისი წინსვლა აღორძინებისაკენ ასე ადვილი და სასწაულე ბრივი აღარ იქმნეს, მაგრამ გასულ წლის მისი რევოლიუცია მაინც შესანიშნავ ფაქტად დარჩება და სრულს გარანტიად იმისა, რომ ეს ხალხი უეჭველად გახდება განათლებულ კაცობრიობის ცხოვრების თანასწორ უფლებიან მონაწილედ.

ამის გარანტიას აღმოსავლეთის მეორე ქვეყანაც იძლევა: სპარსეთი მედგრად განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისათვის. გასულ წლის ივნისში ძველმა რეჟიმმა, სხვა ქვეყნების ბნელ ძალთა დახმარებით, სიცოცხლე მოუსპო ახალგაზდა სპარსეთის თავისუფლებას, მაგრამ ხალხი არ დანებდა და მთელის წლის განმავლობაში თავგანწირულად იბრძდა ახალ ცხოვრებისათვის. ადერბეიჯანის სამაგალითო ბრძოლამ გაამხნევა დატანჯული ქვეყანა და წლის ბოლოს სარევოლიუციო მოძრაობა სხვა ადგილებშიაც გაჩაღდა. შეიძლება სპარსეთის შესახებაც ვთქვათ, რომ განმათავისუფლებელი მოძრაობა იქაც გაძნელდება, რომ ქვეყანას კიდევ ბევრი განსაცდელი მოელის, მაგრამ ძველის კარჩაკეტილ აზიურ ცხოვრების ბორკილები მაინც დამსხვრეულია და სპარსელთა საუკუნო აღორძინება კულტურულ ცხოვრებისათვის ამიერიდან უზრუნველყოფილია.

ჩინეთშიაც, ძველ ჩინეთში, აგრეთვე „ავადმყოფ ადამიანად“ აღიარებულს ჩინეთშიაც შარშან დიდი ამბავი მოხდა: მთავრობა იძულებული გახდა დაეთმო განმათავისუფლებელ მოძრაობისათვის და საკონსტიტუციო რეჟიმის დამყარება აუცილებელ საჭიროებად ეღიარებინა. მართალია, განახლების დაწყება რამდენისამე წლით იქმნა გადადებული, მაგრამ ამას წარმავალი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანა დუღს და დღეს იქნება თუ ხვალ უეჭველად სძლევს მმართველ კლასთა და წრეთა დაუსრულებელ ყოყმანს.

თუ გავიხსენებთ აგრეთვე, რომ შარშან გამანთავისუფლებელი მოძრაობა ინგლისის ინდოეთშიაც გაძლიერდა, რომ ეგვიპტელნიც ხმამაღლა მოითხოვდნენ კონსტიტუციას, ჩვენ თვალ-წინ გადიშლება სურათი დიდებულის მოვლენისა: მთელი „ძველი ქვეყანა“ გამოფხიზლდა ახალ ცხოვრებისათვის და ევროპის დემოკრატიას ახალი უძლიერესი მოკავშირე გაუჩნდა. ჭეშმარიტად, იწყება ახალი ხანა კაცობრიობის მთელს ისტორიაში...

თუ ევროპას დაუბრუნდებით, ვნახავთ, რომ იქაც გასული წელიწადი მნიშვნელოვანი ხანა იყო: ყველგან თითქმის სწარმოებს დემოკრატიის ზრდა და ძლევამოსილი წიმსვლელობა უკეთეს ცხოვრებისაკენ...

ინგლისში წარსულ წელსაც არ დამცხრალა ბრძოლა, გლადსტონის მიერ განახლებულ-დაწყებული. ძველი რეჟიმის ნაშთი - ლორდების ზედა პალატა კვლავ განაგრძობდა ბრძოლას დემოკრატიასთან. ასკვიტის ლიბერალურმა სამინისტრომ რამდენიმე პროგრესიული კანონ-პროექტი გაიყვანა ქვედა პალატაში, მათ შორის დიდ-მნიშვნელოვანი დემოკრატიული სასკოლო ბილლო, მაგრამ ზედა პალატამ არ შეიწყნარა ისინი როგორც ერთხელ გლადსტონის კანონ-პროექტი ირლანდიის ავტონომიის შესახებ. ესეთი ურჩობა არისტოკრატიისა აძლიერებს დაწყებულ ბრძოლას, რომელსაც ეხლა ძველ ვიგებზე უკეთესად მუშათა კლასსის პარტიები აწარმოებენ, და შორს აღარ არის ის დრო, როცა დიდი ბრიტანია სრულებით ანდერძს აუგებს საშუალო საუკუნეთაგან დარჩენილს დაწესებულებას და დაიწყებს ახალ ხანას სოციალურ რეფორმებისას.

საფრანგეთში გასულ წელს ისევ კლემანსოს რადიკალური სამინისტრო მეფობდა. მან დაასრულა კომბის მიერ დაწყებული დიდი საქმე - ეკკლესიის განშორება სახელმწიფოსაგან; მაგრამ შემოქმედებით მუშაობის გაგრძელებას ვეღარ ვხედავთ. სოციალურის რეფორმატორობის მხრით რადიკალებიც ისეთივე სუსტნი და უმოძრაონი აღმოჩნდნენ როგორც ძველი ოპპორტინისტები იყვნენ. საფრანგეთის ბურჟუაზიული დემოკრატია იმდენად სუსტი გამოდგა, რომ მაგალითად, ისეთ მცირე რეფორმის აღსრულებაც-კი ვერ მოახერხა, როგორიც არის შემოსავლის გადასახადის სისტემის დაწესება, თუმცა აგერ ათი წელიწადია ამასა სცდილობს... სამაგიეროდ საფრანგეთში დღითი-დღე იზრდება პარლამენტს გარეშე მოქმედება დემოკრატიისა. მშრომელი ხალხი უფრო და უფრო ზურგს უქცევს პარლამენტს და აძლიერებს სინდიკალისტურ მოძრაობას, რომელმაც იკისრა არა მარტო მომავალ წესწყობილების მოახლოვებისათვის ბრძოლა, არამედ მუშათა დღევანდელ მდგომარეობის შესაძლებელი გაუმჯობესებაც.

გერმანიისთვის შარშანდელი წელიწადი უნაყოფოდ არ ჩაივლის: მისმა საერთო პარლამენტმა - რეიხსტაგმა - ნაბიჯი გადადგა წინ ნამდვილი საპარლამენტო რეჟიმის დამყარების საქმეში. საზოგადოებრივი აზრი ააღელვა იმპერატორის ვილჰელმის დაუსრულებელმა ჩარევამ გარეშე პოლიტიკაში და რეიხსტაგმა ხმამაღლა მოითხოვა პასუხისმგებელ სამინისტროს დაწესება. მთავრობა იძულებული გახდა დაჰყოლოდა და საკითხის განხილვა კიდეც დაიწყო საპარლამენტო კომისიაში. ამას გარდა პრუსსიაში შარშან გაძლიერდა მოძრაობა საყოველთაო საარჩევნო უფლების შემოღებისათვის. პრუსსიის ჩამორჩენილ პოლიტიკურ წესწყობილების განახლება და გერმანიაში პარლამენტარიზმის დამყარება 1908 წელმა მორიგ საქმეებათ გახადა და ამიტომაც ეს წელი საპატიო ადგილს დაიჭერს გერმანიის ახალს ისტორიაში.

ავსტრიაში განახლებული რეიხსტაგი - განახლებული საყოველთაო საარჩევნო უფლებით - გასულ წელს უფრო ნაყოფიერად მუშაობდა, ვიდრე წინა წლებში, როცა ეროვნულ განხეთქილების მეოხებით ავსტრიის საკანონმდებლო ძარღვის ცემა სრულებით შეწყვეტილი იყო. მაგრამ საყოველთაო საარჩევნო უფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნული პრობლემა ვერ გადასწყვიტა. ჰაბსბურგის იმპერიაში ეროვნული ბრძოლა ისევ გაშმაგებით სწარმოებს და იქამდისიც არ შესწყდება, სანამ უკვე დაწყებული ევოლუცია არ დასრულდება, სანამ ეს სახელმწიფო ეროვნებათა თანასწორუფლებიან ფედერაციად არ გადაიქცევა...

ევროპის უფრო პატარა სახელმწიფოთაგან მოვიხსენიებთ მხოლოდ პორტუგალიას, სადაც შარშან მძლავრად იფეთქა ხალხის უკმაყოფილებამ. კლერიკალიზმის და დესპოტიზმის მძიმე უღელი, ყოფილ დიქტატორის ფრანკოს მოღვაწეობის მეოხებით, აუტანელი შეიქმნა და ხალხში სარევოლიუციო მოძრაობა გაძლიერდა. შარშან ტერორისტების მიერ მოკლულ იქმნენ მეფეც და მემკვიდრეც; ახალმა მეფემ აღუთქვა ქვეყანას საკონსტიტუციო რეჟიმის სრული აღდგენა, მაგრამ ეს დაპირება ერთობ სუსტად განხორციელდა და ამიტომ წლის ბოლოში პორტუგალიაში ისევ გაძლიერდა ხალხის უკმაყოფილება და მოძრაობა...

საერთოდ უცხოეთის შარშანდელ ვითარებისა და ცხოვრების ამ ამბებს რო ვიგონებთ, ვრწმუნდებით, რომ აწ განსვენებული 1908 წელიწადი სრულებითაც ისეთი უფერული და უიმედო არ ყოფილა, როგორც რუსეთისთვის იყო.

დროება. - 1909. - 7. - გვ. 1

10.9 ულსტერის უნიონისტები

▲back to top


ბაგრატ ბეთანელი

ულსტერი ირლანდიის ერთად-ერთი პროვინციაა, სადაც ინგლისელები და პროტესტანტები მცხოვრებთა უმრავლესობას შეადგენენ (51 პროცენტს), დანარჩენ სამ პროვინციაში კი მათი რიცხვი უმნიშვნელოა. როგორც ვიცით, ინგლისის მთავრობა საუკუნეების განმავლობაში ყოველგვარად სდევნიდა ირლანდიის ხალხს, ათასნაირ ხერხსა ხმარობდა მის გადასაგვარებლად და ამ მიზნით მრავალი ინგლისელი დაასახლა ირლანდიის კუნძულზე, რის წყალობითაც დღეს ინგლისელები ულსტერში მცხოვრებთა შესამჩნევ რიცხვს შეადგენენ. მაგრამ ვერავითარმა ზომებმა ვერ ჩააქრო ირლანდიის ხალხში თავისუფლებისადმი ლტოლვილება. და აი საცაა იგი ეზიარება კიდეც ამ სანეტარო თავისუფლებას, რომელიც სამშობლო ქვეყნის თვითმართველობაში გამოიხატება.

როგორც არაერთხელ გვაუწყეს დეპეშებმა, ირლანდიის ავტონომია უნიონისტებს ლახვარივით დაესო გულზე და მოსვენება დაუკარგა. დავთარ-აბნეულებმა ისევ სისასტიკეს მიჰმართეს - ერთიან გავიჟლიტებით, მთელ ირლანდიას ამოვხოცავთ და ჰომრულს მაინც არ შემოვაღებინებთო. მაგრამ ასეთი აურ-ზაური დღეს ვეღარ გამოადგებათ, მუქარისა და აკლება-აოხრების სისტემა ინგლისის სახელმწიფოში დიდი ხანია ისტორიულ წარსულს ჩაჰბარდა.

ვინ არიან უნიონისტები? სანამ კითხვებს გავარჩევდეთ, ურიგო არ იქნება ორიოდე სიტყვით ავნუსხოთ ირლანდიის ავტონომიის იმ კანონ-პროექტის შინაარსი, რომელიც შარშან და შარშანწინ ინგლისის პარლამენტმა დიდის უმრავლესობით მიიღო.

1881 წ. გლადსტონის მიერ შემუშავებულ კანონ-პროექტის შესახებ (ჰომრულის თაობაზე). აი რა სთქვა ჩემბერლენმა: „წამოყენებული ბილი ორ პრინციპისაგან შესდგება, რომლებსაც მე არსებითად ვსთვლი. პირველი პრინციპი-ავტონომიაა, რომელსაც მე გულწრფელად თანაუგრძნობ, მეორე არსებობს იმ მეთოდში, რომლითაც ეს ავტონომია უნდა განხორციელდეს. ჩემის რწმენით ფედერატიული პრინციპები ერთად-ერთი გზაა, რომელზედაც შეთანხმდება დემოკრატიის მისწრაფებანი და თვით მთავრობის გამოცდილებაც“. სწორედ ამ მოსაზრებით იხელმძღვანელა ასკვიტმა ახალ ბილის შედგენაში. ამ ბილის თანახმად ირლანდიაში ორი პალატა არსდება: პარლამენტი და სენატი. ქვედა პალატაში იქნება 164 სახ. წარმომადგენელი, ზედა პალატაში - სენატის 40 წევრი. სენატი ჯერ რვა წლით ინიშნება საიმპერიო კაბინეტისაგან, შემდეგ კი, უკეთუ რომელიმე სენატორი სამსახურს თავს დაანებებს, მაშინ მის ნაცვლად ირლანდიის სამინისტრო დანიშნავს სხვა ახალ წევრს. ამ ორ პალატათა შორის უთანხმოების დროს, შეერთებულ სხდომაზე გადასწყვეტენ სადაო საკითხებს. იმპერიის პარლამენტი მთელ სახელმწიფოში უმაღლეს მმართველად ითვლება და საიმპერიო უფლებები ადგილობრივზე მაღლა სდგას. ირლანდიის პარლამენტს უფლება არა აქვს ისეთ საკითხების გადაწყვეტისა, რომლებიც შეეხება სამეფო ტახტს, ომსა და ზავს, ფლოტსა და არმიას, სხვა სახელმწიფოებთან ხელშეკრულებას და სხვა. მთავარ აღმასრულებელ ძალად ირლანდიაში წინანდებურად ისევ მეფის მოადგილე ლორდი იქნება. მას უფლება ეძლევა საიმპერიო მთავრობის სახელით თავისი „ვეტო“ დაადოს ყოველგვარ კანონ-პროექტს ან იგი განუსაზღვრელ დრომდე გადასდოს. იმპერიის პარლამენტს ყოველთვის შეუძლიან ირლანდიის პარლამენტის მიერ დადგენილი კანონ-პროექტი აკრძალოს ან შესცვალოს. იმპერიის პარლამენტი თავისთვის იტოვებს უფლებას კონტროლი გაუწიოს ირლანდიაში გადასახადთა აკრეფას, სახელმწიფო დაზღვევას სიბერისაგან, უბედურ შემთხვევებისაგან და სნეულობისაგან. ერთი წლის შემდეგ კი დაზღვევა სრულიად ირლანდიის ხელში გადავა. სააქციზო და ფოსტა-ტელეგრაფის მართველობა თავიდანვე ირლანდიის ხელში გადადის. ექვსი წლის შემდეგ ჟანდარმერიაც მის გამგებლობას დაუმორჩილდება. ამავე პარლამენტს უფლება ეძლევა ახალი გადასახადები დააწესოს და იმპერიის მიერ დადგენილი გადასახადები შესცვალოს.

ასეთი სახისა გახლავთ ეს ყოველმხრივ ფრთაშეკვეცილი რეფორმა, რომელსაც მაინც კიდევ რეაქციონური სუნი უდის სენატის სახით, რომლის წევრებიც მთავრობის მიერ ინიშნებიან. დიდ ბრიტანეთის დემოკრატიულმა ელემენტებმა კიდეც გაჰკიცხეს მთავრობა ასეთი რეაქციონურ წესის შემოღებისათვის ირლანდიაში. ინგლისის მთელი დემოკრატიული მშრომელი ხალხი მოწადინებულია ირლანდიელებს მიანიჭოს უფრო ფართე თვითმართველობა და ამით დააკმაყოფილოს მათი სამართლიანი მოთხოვნილება. ამ დროს გამოდის ულსტერში მოსახლე ინგლისელების ერთი ნაწილი (უნიონისტები) ედ. კარსონის მეთაურობით და სასტიკ წინააღმდეგობას უწევს ხალხის სამართლიან მოთხოვნილებას. რა ჰსურს უნიონისტებს? რას წარმოადგენენ ისინი? რისთვის ამხედრდნენ ჰომრულის წინააღმდეგ? ამას ადვილად მიჰხვდებით, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ჰომრულის განხორციელებისთანავე ირლანდიაში უეჭველად დაემხობა მსხვილი მიწათმფლობელობა და ირლანდიის გლეხკაცობას აუსრულდება თავისი მრავალხნის ნატვრა საკუთარ მიწის შეძენისა.

დუბლინის უნივერსიტეტის წარმომადგენელს ედუარდ კარსონს რომ დავუჯეროთ, მთელი ულსტერი ჰომრულის წინააღმდეგი უნდა იყოს. მაგრამ ეს ასე როდია: 1901 წ. აღწერის თანახმად, ამ პროვინციის მცხოვრებთა მხოლოდ 51 პროცენტს შეადგენენ პროტესტანტები და ინგლისელები (ეს ორი სიტყვა ერთ და იმავე შემეცნებისაა), დანარჩენი კი ყველა კათოლიკე ირლანდიელია. ამის გარდა, პროტესტანტებშიაც კი ურევიან ჰომრულის მომხრენი. კარსონმა კარგად იცის, რომ ჰომრულის ვითომდა მავნებლობა ულსტერისათვის - ცარიელი სიტყვებია. მისი განზრახვა სულ სხვა რამ არის: ჰომრულის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ფარდაა, რომლის უკანაც ამოფარებულია რეაქციონერ კონსერვატორების მთელი ბანაკი და აქედან ყუმბარებს უშენს თავისს მტერს - სოციალიზმს და მუშათა ელემენტს. ამრიგად, ჰომრულისათვის ბრძოლა მარტო ნაციონალური არ არის, ეს არის აგრედვე ბრძოლა დემოკრატიულ უფლებებისათვის ირლანდიაში. ამას ქვემოდ უფრო ნათლად დავინახავთ. მართალია, თუმცა 1800 წლ. აქტით (act of union) ირლანდია გათანასწორებული იქმნა საერთო საიმპერიო კანონმდებლობით და მისი პარლამენტი ლონდონისას შეუერთეს, მაგრამ ეს გათანასწორება მხოლოდ გარეგნულად მოხდა, მარტო ქაღალდზე. ნამდვილად კი ირლანდიას ერთი მუჭა ინგლისელ ლენდლორდთა გარნიზონი ბრძანებლობს, რომელიც ქ. დუბლინშია თავმოყრილი და რომელსაც Dublin Castle ეწოდება (დუბლინის ციხე-კოშკი). ეს ოლიგარხია არამც თუ მარტო ადმინისტრაციაზე უფლობს, მას ექვემდებარება აგრედვე იუსტიციაც. მოსამართლენი ყველანი პროტესტანტები და უნიონისტები არიან, პოლიციაც მათი ყურმოჭრილი ყმაა. ლენდლორდები აქ საუკუნეთა განმავლობაში ინგლის-ირლანდიელთა შორის სარწმუნოებრივ შუღლსა სთესდნენ. იგინი ყოველგვარ ხრიკებს ხმარობენ, რათა პროტესტანტები და კათოლიკენი ერთმანერთს გადაამტერონ, თვითონ კი ამღვრეულ წყალში ითევზაონ. მათ კარგად აქვთ შეთვისებული ძველი ოინბაზური ხერხი Divide et impera. ახლა კი ცხადია, თუ რად ემყარება ლენდლორდთა ოლიგარხია ულსტერს ჰომრულის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. იმიტომ რომ ეს ერთად ერთი პროვინციაა, რომლის მცხოვრებთა 51%-ს პროტესტანტები შეადგენენ და აქვე ამ ოლიგარხიას საკმაოდ ბლომად აქვს დათესილი მცხოვრებთა შორის სარწმუნოებრივი ღვარძლი და მტრობა. აი სწორედ აქ ჰმარხია ძაღლის თავი. ამით სარგებლობს ლენდლორდთა გარნიზონი და იერიში მიაქვს ასკვიტის სამინისტროზე და მის ზურგს უკან მდგომ მუშათა კლასზე.

შარშან წინ აპრილში, როდესაც ინგლისის პარლამენტმა დიდის უმრავლესობით მიიღო ბილი ირლანდიის ავტონომიისა მთელი ულსტერის უნიონისტები ამხედრდნენ მის წინააღმდეგ და დღესაც არა სცხრებიან. კარსონი კიდეც აპირებს ულსტერში „საკუთარი მართველობა“ დააარსოს. რასაკვირველიაო, - ამბობს იგი, - იგი უკანონო მართველობა იქნება... მაგრამ ინგლისის მთავრობა ვერ გაჰბედავს ხელი შეგვიშალოს. ვერ გაჰბედავს, რადგანაც იცის, რომ თქვენ (უნიონისტები) ამის ნებას არ მისცემთო.

ინგლისის მშრომელი ხალხის დემოკრატიულ ელემენტებს კი ირლანდიის ავტონომიის საკითხის ფართედ გადაწყვეტა თავის სავალდებულო საგნად აქვს დასახული.

ულსტერის უნიონისტები ჰკარგავენ სხვა და სხვა მოხელეობის თბილ ადგილებს და ზოგიერთ უპირატესობებსაც.

სახალხო გაზეთი. - 1914. - 1083. - გვ. 3

10.10 ცოტა რამ მუშების კანონმდებლობის შესახებ

▲back to top


კომანდო -ლია [კომანდო გოგელია]

II

ვინც იცის მუშათა კანონმდებლობის მდგომარეობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ის დაგვეთანხმება, რომ ეს კანონმდებლობა გერმანიაში შედარებით უფრო მეტად არის განვითარებული.

გერმანიაში დაშავებულ მუშათა დამცველი კანონი 1884 წელს შემოიღო ბისმარკმა. ამ კანონის შემოღებით რეიხსტაგში ბისმარკი, რა თქმა უნდა, თავის საკუთარ პოლიტიკას ემსახურებოდა, მას თავისი მიზანი ჰქონდა, - „რკინის კანცლერს“ ეგონა, რომ იგი მუშათა შესახებ რამოდენიმე კანონის შემქნელი თუ იქნებოდა, - ამით მოიპოვებდა ძალას მუშათა პარტიის სარევოლუციო მოქმედების შესასუსტებლად. ყველამ კარგად ვიცით, რაც მას შემდეგ მოხდა გერმანიაში და ამიტომ ამაზე სიტყვის გაგრძელება საჭირო არ არის. ვიცით ისიც, რომ ბისმარკისაგან შექმნილ კანონებით მუშები დღეს სარგებლობენ და რომ იქ სოციალ-დემოკრატიასაც თავი მოსწონს: „აბა შეხედეთ ჩვენში რა კარგი კანონები არისო“.

მართლაც, გერმანული კანონი შედარებით მეტ გარანტიას იძლევა. პირველად იგი ყველა მუშებს არ ეხებოდა, მაგრამ მას შემდეგ იგი რამოდენიმეჯერ გააუმჯობესეს (1885, 86, 87 წწ.) და ახლა იგი იმდენად გაფართოვდა, რომ დღეს თითქმის ყველა დარგის მუშებს თანასწორად მფარველობს.

ამ კანონის განსაკუთრებული ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ იგი მხოლოდ პატრონთ ავალებს დაშავებულ მუშათა დასაჯილდოვებლად „საპენსიო“თანხის შედგენას. პატრონები კანონის ძალით პატრონთა პროფესსიონალურ სინდიკატს წარმოადგენენ, და აი, ეს სინდიკატია პასუხისმგებელი დაშავებულ მუშის წინაშე. მუშა თუ დროებით დაშავდა, ე.ი. დროებით ვეღარ შესძლო მუშაობის გაგრძობა, მაგ. ხელი გაიფუჭა, ან თუ ჭრილობა რამე მიიღო, ერთი სიტყვით, მარცხი თუ მოუვიდა, რომელიც მას დროებით ჰყოფს უვარგისად, პატრონთა სინდიკატი ვალდებულია იკისროს მისი წამლობის ხარჯი და ამის გარდა მისცეს მუშას 2/3 იმ სამუშავო ქირისა, რომელიც ეძლეოდა მას დაშავებამდის. მაგრამ ამ კანონის დიდი ნაკლი ის არის, რომ ქირის ეს 2/3 მუშას დაშავების მეორე დღიდანვე არ ეძლევა, არამედ მხოლოდ მესამე კვირიდან.

ადვილი წარმოსადგენია თუ რა განსაცდელში ვარდება მუშა. ხშირად იგი ცოლშვილიანად ამ ორი კვირის განმავლობაში თავის ცხოვრების ერთად ერთ სახსარს - სამუშაო ქირას - მოკლებულია.

მუშა, თუ ისე დაშავდა, რომ სამუდამოდ ეკარგება სხეულის რომელიმე ნაწილი, - მუშა თავის დაშავების შესაფერად მეტ ან ნაკლებ პენსიას იღებს. მარცხი თუ მნიშვნელოვანია, მაშინ მუშას მის ქირის 2/3 ეძლევა პენსია.

დაშავებას მუშის სიკვდილი თუ მოჰყვა, ამ შემთხვევაში მემკვიდრეები (ისინი, ვინც განსვენებულის შრომით რჩებოდნენ), იღებენ მის დასამარხად საჭირო ხარჯებს (20 დღის ქირას) და ამის შემდეგ განსვენებულის ქირის 60%-ს (ბავშვები მხოლოდ 15 წლამდის).

1902 წლის კანონი 18,867,000 კაცს მფარველობდა. სტატისტიკამ 476,000 მარცხი აღნიშნა. და ამაზე 157 მილიონი იქნა დახარჯული.

გადავიდეთ ახლა საფრანგეთზე, სადაც მუშები დიდის თავგამოდებით იბრძოდნენ უფლებათა მოსაპოვებლად და სადაც ბრძოლა ჯერაც არ არის დასრულებული. 1898 წლამდის არავითარი საამისო კანონი არ იყო გამოცემული და, როდესაც მუშა დაშავდებოდა და ამაზე საქმე აღიძრებოდა, სასამართლო საერთო სამოქალაქო კანონებით ხელმძღვანელობდა, სახელდობრ 1382-83-84 მუხლებით, რომელთა ძალით მუშა იძულებული იყო დაემტკიცებინა, რომ მარცხის მიზეზი თვით პატრონი იყო, რის დამტკიცებაც ხშირად ყოვლად შეუძლებელია და საზოგადოდ კი დაშავებულ, ხელ-მოკლე და ცხოვრების უკანასკნელს სახსარს მოკლებულ მუშისათვის მეტად საძნელო და მოუხერხებელი. ამას დიდი დამტკიცება არ უნდა. ვინ არ იცის, თუ რა ძნელია დაშავებულ მუშისთვის პატრონის დევნა სასამართლოდან სასამართლოში. ამიტომ მუშები მეტად უკმაყოფილონი დარჩნენ, როდესაც 1898 წელს საამისო კანონი გამოიცა რომელიც კითხვას სწორედ ამ რიგად სვამდა. ახლა მუშათა ორგანიზაციების ორგანოს „ხალხის ხმას“ რომ ვათვალიერებთ, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი განუწყვეტელი ბრძოლა ჰქონდა მუშებს ამ კანონების წინააღმდეგ. 1902 წელს ეს კანონი მუშათა შეუწყვეტელ აგიტაციის გავლენით შეაკეთეს. შეკეთებულ კანონის უპირატესობა ის არის, რომ მის ძალით მუშამ აღარ უნდა დაამტკიცოს ხოლმე, რომ მისი დაშავება პატრონის ბრალია და პირიქით თვით პატრონმა უნდა დაამტკიცოს, რომ მუშა თავისი მიზეზით დაშავდა. ეს მუშისთვის შეღავათია.

მეპატრონე ვალდებულია მუშას ჯილდო მისცეს ყოველი იმ მარცხისათვის, რომელიც მას ოთხი დღით მაინც აჩერებს. თუ დაშავების შედეგი ისეთია, რომ მუშა სამუდამოდ და სრულიად ჰკარგავს მუშაობის შეძლებას, მას წლიურ ქირის 2/3 აძლევენ თუ კი მარცხი დიდი არ არის, ე.ი. მორჩენის შემდეგ მუშა თუ სრულიად უვარგისი არ გამოდგა. სამაგიეროდ მუშაობის შეძლება სრულიად თუ დაეკარგა, იგი თავის წლიურ ქირის მხოლოდ ნახევარს იღებს. დაშავებას თუ სიკვდილი მოჰყვა, მუშის ცოლ-შვილს პენსიად აძლევენ: ცოლს 20%, ბავშვებს იმისდა მიხედვით ერთია, ორი თუ სამი, - 25, 35 ან 40%, მხოლოდ 16 წლამდის. მუშა ცოლშვილიანი თუ არ იყო, მემკვიდრედ ითვლება ის, ვინც მისი შრომით რჩებოდა.

მუშას უფლება აქვს მეპატრონესგან არჩეულ ექიმს არ მიენდოს. აგრეთვე მას შეუძლია თავისი საქმე ხელ მეორედ გაარჩევინოს, მაგრამ პირველი სამი წლის განმავლობაში საიმისო სურვილი თუ არ გამოაცხადა, პირველი დადგენილება სამუდამო ხდება.

ეს კანონი იმიტომაც არ აკმაყოფილებს მუშებს, რომ იგი არც მუშების ორგანიზაციებს და არც დაშავებულის ამხანაგებს ნებას არ აძლევს მიიღონ რამე მონაწილეობა დაშავებულის ინტერესების დაცვაში. 1902 წ. სულ 223,286 მარცხი მომხდარა, ამათში 1,445 შემთხვევა მუშის სიკვდილით გათავდა. 3,970 მუშა სამუდამოდ დაშავდა, 213,947 - დროებით. 3924 შემთხვევის შესახებ კი სტატისტიკა საამისო ცნობებს არ იძლევა.

ასეთია ამჟამად ხსენებულ კანონის მნიშვნელობა და მოქმედება. ამ უკანასკნელ ხანებში ასეთი კანონები თითქმის ყველა ევროპიულ სახელმწიფოშია შემოღებული. როგორც ზემოდ მოყვანილი მაგალითები გვიჩვენებს, იგი ზოგან დაბალ საფეხურზე დგას, ზოგან კიდევ უფრო შემუშავებულია. ჯერ ეს კითხვა უკანასკნელად გადაჭრილი არ არის და მუშათა მოძრაობა და ორგანიზაციები აიძულებენ, როგორც მთავრობებს, ისე კაპიტალისტებსაც უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ მუშათა საამისო მოთხოვნას.

თანამედროვე კაპიტალიზმი მუშათა კანონებში თავის დასაცველ იარაღს ხედავს, მაგრამ ამასთან ერთად მუშები ამა თუ იმ უპირატესობის მოსაპოვებლად ხშირად ებრძვიან კაპიტალისტებს და მმართველ კლასსებს. აქ მკითხველმა შეიძლება პატარა წინააღმდეგობა დაინახოს. ამიტომ ამის განმარტებაა საჭირო.

პირველად უნდა აღვიაროთ, რომ მუშების მოთხოვნას იურიდიული ფორმა არასოდეს არა აქვს, იურიდიულ ფორმას მას მოწინავე დემოკრატია ანიჭებს. მეორედ, ბურჟუაზია კანონდებლობას თავის დასაცველ იარაღად ყოველთვის და ყველგან არა სთვლის, ამ იარაღად კანონდებლობა ბურჟუაზიისთვის მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში ხდება, - საამისო ინიციატივას ბურჟუაზია არასოდეს არ კისრულობს. მუშათა რეფორმების განხორციელებას ბურჟუაზია და მისი წარმომადგენელი - მთავრობა თავის გულკეთილობით არ იწყებენ, - ისინი ებრძვიან მუშათა მოთხოვნილების აღმოცენებას, მხოლოდ რაკი ამ მოთხოვნილებამ ერთხელვე იჩინა თავი, ბურჟუაზია ცდილობს იგი იურიდიულ ნიადაგზე გადაიტანოს.

იქ, სადაც მუშათა არავითარი მოძრაობა არ არის, არც არავითარი მუშათა შესახები კანონდებლობა, იქ კაპიტალისტებს დესპოტურად შეუძლიათ წაიყვანონ წარმოების საქმე, - მათ ენის შემბრუნებელი არავინ არა ჰყავთ. ამიტომ იქ ურთიერთობის დასამყარებლად კანონდებლობა არ არის საჭირო, იქ ისედაც არის მტკიცედ დაცული ეს ურთიერთობა, - ბატონისა და მონის ურთიერთობა.

სადაც მოძრაობა არ არსებობს, სადაც წარმოების ნიადაგზე შეტაკება არ ხდება, სადაც მუშათა ორგანიზაციებს ძალა აკლიათ, იქ არაფერი არ არღვევს მოძრაობის თანდათანობას. ამ პირობებში ბურჟუაზია არა თუ არ იღებს თავზე მუშათა კანონმდებლობის ინიციატივას, არამედ ყოველივე ღონისძიებით ებრძვის მის აღმოცენებას. მაგრამ შემდეგ, როდესაც ფესვს იკიდებენ მუშათა ორგანიზაციები და მუშათა მოძრაობა ფართო ხასიათს იღებს, როცა ხშირდება გაფიცვები, რომელნიც მუშათა კლასიურ გრძნობას აძლიერებენ, როდესაც მუშათა კლასი პოლიტიკურად მწიფდება, მაშინ ბურჟუაზია თანხმდება მოპირდაპირედ იცნოს მუშათა კლასი და ბრძოლა იურიდიულ ნიადაგზე გადააქვს: ეს უფრო ეთანხმება მის ინტერესებს, ვიდრე წარმოების წამდაუწუმ შეჩერება და ამით მის თანდათანობის დარღვევა.

ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია, როდესაც ჩავუკვირდებით მუშათა კანონდებლობის სწრაფ განვითარებას: ძველი ლიბერალური თეორია, - „არა-ინტერვენციონალიზმსა“ საშინლად დამარცხდა. ჩვენ ვიცით, რომ ამ თეორიას კიდევ ყავს თავისი თეორიული მომხრენი, მაგრამ პრაქტიკულად იგი დღეს მკვდარი, გაქარწყლებულია.

უკეთესი ბედი არც „ინტერვენციონალიზმს“ ეწვია. უწინ იგი მმართველ კლასთა ნებაზე იყო დამყარებული, დღეს კი სოციალურ პროცესში გაერია ახალი ძალა, - მუშათა კლასი და მმართველ კლასთა ნება თავისუფალი აღარ არის. მისი მოქმედება იძულებული მოქმედებაა, დღევანდელი „ინტერვენციონალიზმიც“, ე.ი. მთავრობისაგან ამ საქმეში გარევაც, იძულებული და ნაძალადევია. მაგრამ ძალის დამტანი კლასი სახელმწიფოში კი არ არის, იგი სახელმწიფოს გარეშე დგას.

ივერია. - 1905. - 188. - გვ. 2

10.11 წერილები გერმანიიდან

▲back to top


. ჩხენკელი

(საკუთ. კორესპოდენტისაგან)

გუშინ, 10 (23) მარიამობისთვეს, დაიხურა ქ. ესენში კათოლიკეთა მე-53 „შავი პარადი“. ქ. ესენი მდებარეობს ვესტფალიის და რეინის პროვინციის საზღვარზე, ე.ი. დასავლეთ პრუსიის ულეველ ქვა-ნახშირის ინდუსტრიის ცენტრში, და ქვიან მეტი სახელი „მუშების ქალაქი“. სამართლიანათ დაიმსახურა მან ეს სახელი, რადგან იქ ახლა არა ნაკლებ 200 ათასი მუშა ბინადრობს. პირველ შეხედვით საკვირველია, რომ აქაურმა უძლიერესმა პარტიამ, ცენტრმა მაინცდამაინც ეს ქალაქი აირჩია თავის წლიურ კონგრესის ჩასატარებლათ. რა აქვთ საერთო იეზუიტების რეაქციონურ პარტიას და დღიურ მუშებს? სავალალოც სწორეთ ისაა, რომ ამ კითხვაზე არ შეიძლება სანუგეშო პასუხის მიცემა. მუშების სოციალურ-ეკონომიური ინტერესები შეურიგებელი არიან ცენტრის ინტერესებთან ისე, როგორც ცეცხლი და წყალი. მიუხედავათ ამისა, უმრავლესი მათგანი ჯერ კიდევ გაიძვერა კაპლანების (დაბალ სასულიერო წოდების სახელია) ყურ-მოჭრილ ფარას შეადგენენ. ტყუილათ არ ეძახიან მათ „ამომრჩეველ ცხოველებს“, რადგან ისინი თავიანთ წარმომადგენელათ რეიხსტაგში მუდამ ცენტრის კანდიდატს აგზავნიან.

ცენტრს ძლიერ კარგათ აქვს წარმოდგენილი ეს კლასობრივი წინააღმდეგობა და კიდეც ამიტომ გამართა მან თავის კონგრესი „მუშების ქალაქში“. მთელი ერთი კვირა ლოცვაში და „ურას“ ძახილში გაატარეს „მამებმა და შვილებმა“. ცენტრი გაიძვერულათ გაიძახოდა, ჩვენ რომელიმე კლასის პარტია როდი ვართ, ასეთი კერძოობა რა ჩვენი საკადრისია, ჩვენა ვართ ყველა მართლ-მორწმუნე კათოლიკეთა კრებაო... ამ სიტყვებს ისმენდა გაყვლეფილ-დამშეული მუშა და ვაშას შესძახოდა. უზარმაზარ კრებებზე, რომლებზედაც 10-15 ათასი მუშა ესწრებოდა, იმართებოდა ნამდვილი პარა დი. ყველაზე წინ შემოდიან დამჟავებულ პირისახით კაპლანები და ლოცვით ამზადებენ ხალხს „მესიას მოადგილეს“ მისაღებათ. ლოცვას თან მოყვება ქადაგება ჯოჯოხეთზე და სამოთხეზე, არა ზიციურზე, რასაკვირველია. ჯოჯოხეთს ისინი ეძახიან სოციალისტურ სახ. Zukuuftsstaat-ს (მომავალი სახელმწიფო), სამოთხეს კი - თანამედროვე კაპიტალისტურ ედემის ბაღს, საცა მეფე-იუნკერი-ვაჭარ-კაპიტალისტი მუშა-მღვდელი-ბერი ერთათ სძოვენ და კუნტრუშობენ. ამ „წმინდა“ ქადაგების შემდეგ შემოდის თვით „მესია“, არქიეპისკოპოზი და ლოცვა-კურთხევას გადმოსახავს დამსწრეთ, რასაც მოყვება ორი-სამი წუთის „ურას“ ძახილი. მისი სიტყვა მოკლეა და ალეგორიული. მიუხედავათ ამისა, მკაფიოთ გაიგონებს მასში მსმენელი „ურწმუნო და გამანადგურებელ“ სოციალდემოკრატების წყევლა-კრულვას. ამის შემდეგ ტრიბუნაზე წამოყოფს თავს ერთ-ერთი რეიხსტაგის მჭერ-ლაქუცი დეპუტატი და ირწმუნება: აბა შეხეთ, სადაა აქ კლასი, ან ანტაგონიზმი? განა ჩვენ, ყველა აქ მოგროვილნი, ერთ ოჯახს, ქრისტეს კრებულს არ ვეკუთვნით? შევფიცოთ ერთმანეთს, რომ ღვთისაგან კურთხეულ პრუსიაში კლასობრივი ბრძოლა სოციალდემოკრატებისაგან მოჩმახული ზღაპარია! ძირს რევოლიუცია! გაუმარჯოს წესიერებას! ხალხმა შეფიცა ორატორს და კლასებიც გაქრენ! ეს ამინ-ალილუია თავდება დიდის პომპით. უცბათ ატყდა ხალხში ჩოჩქოლი, - გამოყავთ რომის პაპის ელჩი კარდინალი. დამსწრეთა აღტაცება სწვდება თვით ზეცას. ელჩი მიმართავს კრებას ლათინურ სიტყვებით და ათავებს მის გამომგზავნის ლოცვა-კურთხევით. ხალხის „ვაშას“ არა აქვს დასასრული. ალბათ მუშებს მოეწონათ მათთვის უცხო ენაზე წარმოთქმული სიტყვის შინაარსი! კიდევ ლოცვა და კრებაც იხურება. ასეთ საჯარო კრებებს თან მოყვა დახურული კრებები, სადაც „მწყემსები“ თათბირობენ ღვთისაგან მონდობილ ფარაზე. აქვე ღებულობს მონაწილეობას მუშების ყოფილი სეკრეტარი, ამ ჟამათ კი ქ. ესენის დეპუტატი რეიხსტაგში გისბერტი. მას აცვია შავი ფრაკი და თეთრი ხელთათმანები და „დაუღალავათ იცავს“ მუშების ინტერესებს. კრებებს მოყვა პროცესიები, პროცესიებს ნადიმები და ასე ამ გვარათ მთელი კვირა!

ნუ თუ მუშები ასე შეუგნებელი არიან? - იკითხავს მკითხველი. სამწუხაროთ, ეს ფაქტია. ცენტრი ეძახის ესენს თავის სიმაგრეს, ან უკეთ რომ ვთქვათ, ეძახოდა. გერმანიის სოციალდემოკრატიამ შეანგრია ეს ციხე-დარბაზი და გამარჯვებაც საცაა მას დარჩება. აი, თუ არა გჯერათ, გადახედეთ უპარტიო სტატისტიკას:

1898 წ.

1903 წ.

1905 წ.

ცენტრის ამომრჩევლების რიცხვი უდრიდა

48 1/2 %

43 2/3 %

40 1/4 %

სოციალ-დემოკრატიის

7 %

28 %

35 %

ვის უნდა დარჩეს გამარჯვება, თავის-თავათ მისახვედრია. მომავალ 1908 საარჩევნო წელში ადვილათ შესაძლებელია გაიმართოს ქ. ესენში არა ცენტრის „შავი პარადი“, არამეთ სოციალდემოკრატიის პარტეიტაგი. ამას თვით ცენტრი ცდილობს თავის რეაქციონურ ტაქტიკით.

***

მარტო პარადებს რომ აწყობდეს აქაური ცენტრი, მაშინ უფრო ადვილი იქნებოდა მისი დამარცხება. მისგან დაქირავებული კაპლანები და მოსყიდული უბრალო თუ სწავლული მუშები ცდილობენ უფრო მაგარი ფესვი გაიდგან მუშებში. ამას მოწმობს წარსულ კვირიკობის თვეში მომხდარი კონგრესი, „მუშათა პროფესიონალურ კავშირთა“ ბრესლავში. როგორც მათი ანგარიშიდან სჩანს, ამ ორგანიზაციებს ყოლიათ 1905 წ. 217,988 წევრი, 1906 წ. 268,866 წევრი, ამგვარათ მეტი შარშანდელთან შედარებით 50, 878 წევრით. შემოსავალი ქონიათ ორ მილიონ ნახევარ მარკაზე ცოტა ნაკლები. ეს ამოტელა მუშათა გროვა გაქნილ და „უანგარო მოღვაწეთა“ მზრუნველობაშია. უნდა გენახათ, როგორის ზეიმით დაესწრნენ ამ კონგრესს ობერპრეზიდენტის (გუბერნატორის თანამდებობას უდრის), პროკურატორის, პოლიციის და სამღვდელოების წარმომადგენელნი! მათ ყველამ ხოტბა-ქებით აღსავსე სიტყვებით მიმართეს მუშების დელეგატებს და უსურვეს მათ ტახტის და სამშობლოს ერთგულება და ზიზღი სოციალდემოკრატიისადმი. იქვე წარმოთქვა სიტყვა ადგილობრივმა პროფესორმა, „სოციალიზმის და სოციალურ მოძრაობის“ ცნობილმა ავტორმა ზომბარტმა. როგორც ვიცით, ზომბარტი, მუშების „მეგობრათ“ ითვლებოდა ამ ცოტა ხნის წინათ და კიდეც ბევრ ქება-დიდებას მიუძღვნის იგი თავის წიგნში მარქს-ენგელსს. უკანასკნელათ კი გამოირკვა, რომ ის სოციალდემოკრატიის წრეებში უფრო წყლის ამღვრევათ ეკვეხებოდა თურმე. მან უწოდა კონგრესზე სოციალდემოკრატიას, რომელსაც ასე აქებს თავის წიგნში, მავნე პარტია. მუშები პოლიტიკას უნდა ერიდონ და მარტო თავიანთი პროფესიონალური ინტერესები დაიცვანო, - ამბობდა ზომბარტი. ახლანდელ ეკონომიურ განხეთქილებას გამწვავება კი არ ესაჭიროება, არამედ დაშოშმინებაო, - დაასკვნა მან.

მაგრამ თვით კონგრესის დებატები სრულიად არ ეთანხმებოდენ ამ მშვიდობიან სიტყვებს. მუშების დელეგატები, მიუხედავათ მათს სოციალდემოკრატიასთან მტრობისა, ვერ წაუვიდენ ცხოვრების ლოღიკას და მრავალი ისეთი შემაძრწუნებელი ფაქტები მოიყვანეს შრომა და კაპიტალის ბრძოლის ველიდან, რომ ღიპიან-ზინზილებიანი პოლიციის „ელჩები“ და თვით ზომბარტი შეერთდნენ და მოკურცხლეს კრებიდან! დელეგატები მწარეთ მოსთქვამდენ, როგორის ანგარებით და ვერაგობით ყვლეფენ მუშებს „ერთმორწმუნე პატრიოტი“ კაპიტალისტები, როგორის ერთგულებით ემხრობიან ამ უკანასკნელთ მთავრობის დამქაშნი... ზემოხსენებულ ესენის დეპუტატი გისბერტი იძულებული შეიქნა თავი მოეხარა ტიტველ ფაქტების წინაშე, მაგრამ შეეცადა ამასთანავე დამსწრეთ ჯავრი სოციალდემოკრატიაზე ეყარა. ეს პარტიაა მიზეზი, რომ აღები და მთავრობის აგენტები ასე უნდობლათ გვეპყრობიანო, - გაიძახოდა ის. ერთმა დელეგატმა მიუგო მას მოსწრებულათ: „სოციალდემოკრატების გინება ჩვენ არაფერს გვშველის, ისევ სჯობს სხვა რამე სახსარი გამოვნახოთო!

(შემდეგი იქნება)

ჩვენი ცხოვრება. - 1906. - 5. - გვ. 1

10.12 წერილები გერმანიიდან

▲back to top


. ჩხენკელი

(საკუთ. კორესპოდენტისაგან)

(დასასრული)

დიახაც სხვა საშვალებაა საჭირო. ეკონომიურ ძალების განვითარება ადრე თუ გვიან აუხელს თვალებს შეუგნებელ მუშებს და დაანახვებს მათ, ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი. თუ როგორის თავაზით ეპყრობა პრუსიის აგრარული მთავრობა მუშებს, ამის მაგალითი ამ სამი-ოთხი დღის წინათ დავინახეთ. ერთ ქალაქში, ნიუბერგში აგერ სამი თვეა, რაც ხარაზებს და ზეინკლებს გაფიცვა აქვთ სამუშაო ქირის მოსამატებლათ. აღებმა მოიყვანეს სხვა ადგილებიდან შტრეიკბეხერები (მოღალატე მუშები) და ადგილობრივი პოლიცია მხურვალე დახმარებას უწევდა მათ. საცოდავი ცოლ-შვილ დამშეული გაფიცულნი ცდილობდენ რამე ფერათ ჩაეგონებიათ ბნელ მუშებისათვის მათი ამხანაგების სამუშაოზე ხელი აეღოთ და გააჩერეს ამ მიზნით ქარხნების მოშორებით რამდენიმე დარაჯი. ერთმა მათგანმა შეაჩერა ერთ დღეს ქარხნიდან მომავალი შტრეიკბეხერი და ენის მოტრიალებაც ვერ მოასწრო, რომ ამ უკანასკნელმა იშიშვლა რევოლვერი და სამი ტყვიით გაუგმირა გული საცოდავ დარაჯს, სამი პატარა ბალღების და ცოლის პატრონ 28 წლის ვაჟ-კაცს. მკითხველი იფიქრებს, რადგან ეს ამბავი მოხდა კონსტიტუციონალურ პრუსიაში და არა რუსეთში, ალბათ მკვლელი სასტიკათ დაისჯებოდაო. ტყუილი მოლოდინია. ის დაიჭირა პოლიციამ, მაგრამ მეორე დღესვე გამოუშვა ბრალმდებელის ნებართვით. ასე და ამგვარათ, მუშის სისხლი არც აქ ფასობს დიდათ. ნიურბერგის არა მარტო მუშები, არამედ მოქალაქენიც საშინლათ აღელვებული არიან. მიცვალებული „მეფურათ“ დაასაფლავეს. ეჭვი არ არის, შემაძრწუნებელი ფაქტია, მაგრამ ვისთვისაა ის სასარგებლო? რასაკვირველია, სოც.-დემოკრატიისათვის. ჯერ კიდევ ერფურტის პარტეიტაგზე (1891 წ.) თქვა „პოლი ციურ პრუსიის“ დაუძინებელმა მტერმა ლიბკნეხტმა: „ბურჟუაზიულ საზოგადოების თავზე მოვლენილია ულმობელი ბედის-წერა... მას შეუძლია ქნას ჩვენ წინააღმდეგ, რაც სურს, - ის შვრება ამას ჩვენთვის; მას შეუძლია თავისთვის გააკეთოს რაც სურს, - ის მაშინაც აკეთებს ჩვენთვის; და ჩვენ, ჩვენ შეგვიძლიან გავაკეთოთ რაცა გვსურს, - ცხოვრების დამოკიდებულებანი მუშაობენ ჩვენ სასარგებლოთ; ყველაფერი სახელმწიფოში და საზოგადოებაში, სულ ერთია, დევნაა ის თუ დათმობა, ყველაფერი მოგებას გვაჩეჩებს ხელში ჩვენ, ამომავალ და ძლევა-მოსილ სოციალ-დემოკრატიას!“.

***

ამ სიტყვების დამამტკიცებელი ერთი მაგალითიც მოვიყვანოთ. კარგათ ეხსომება მკითხველს, რომ წარსულ მარტს აქ გარდაიცვალა თავისუფალ მოაზრეთა გამოჩენილი ბელადი ევგენი რიხტერი. ერთ დროს მისი ხმა ქუხდა რეიხსტაგის ტრიბუნაზე და თვით „რკინის კანცლერსაც“ კი გვრიდა შიშს. თავის მოღვაწეობას უკანასკნელ ხანებში მან მიუშვირა მთელი თავის თოფ-ზარბაზნები სოციალდემოკრატიას, რადგან მისმა ბურჟუაზიულმა გულმა იგრძნო, რომ ბისმარკზე უფრო საშიში მისთვის სწორეთ ეს პარტიაა. მან გამოაცხადა სოციალდემოკრატია „პრუსიის პოლიციის ნაყოფათ“ და განიზრახა მისი მიწასთან გასწორება. ეს დონკიხოტური მუქარა რითი გათავდა, ახლა ყველამ კარგად ვიცით: თავისუფალ მოაზრეთა პარტია შეიკუმშა ღრუბელივით და ლამის სულ გადაყლაპოს ის სოციალდემოკრატიამ. რაც უნდა იყოს, ის საარჩევნო ოლქი მაინც, საცა რიხტერი ირჩეოდა რეიხსტაგის დეპუტატათ, თავისუფალ მოაზრეთა მიუვალი სიმაგრე უნდა ყოფილიყო. სრულიადაც არა! ივლისში მომხდარმა არჩევნებმა მისცა თავისუფალ მოაზრეთა კანდიდატს, რიხტერის მოადგილეს, 11,405 ხმა, სოციალდემოკრატიის კანდიდატს 16,023! თუ უკანასკნელი მაინც არ გავიდა დეპუტატათ და ისევ თავისუფალ მოაზრეს დარჩა გამარჯვება, ეგ იმიტომ, რომ ხელმეორე კენჭის ყრაზე 13 ათასმა ცენტრალისტებმა, ნაციონალ-ლიბერალებმა და ქრისტიან-სოციალისტებმა თავიანთი ხმა უწყალობეს უკანასკნელს. ამ შემთხვევაში ღირსშესანიშნავია არა ის, რომ ბურჟუაზიული პარტიები ერთმანეთს ემხრობიან, როგორც ერთი „რეაქციონური მასსა“, არამედ ის, რომ გამოჩენილ რიხტერის მოადგილეს ყირამალა აქნევია ვიღაც, სრულიად უმნიშვნელო სოციალდემოკრატმა. ალბათ ესეც „ბედისწერაა, ბურჟუაზიის თავზე მოვლენილი!“

***

ახლა აქ დიდი მითქმა-მოთქმაა კრონბერგში ბიძა-დისწულის შეხვედრის შესახებ და მოუხსენებლათ არც ჩვენ უნდა დავტოვოთ. ინგლისის მეფე ედუარდი ცნობილია, როგორც „სინიდისიერი“ აღმასრულებელი ყველა იმისი, რასაც ბურჟუაზიული პარლამენტი და მისგან მოწონებული მინისტრები მოისურვებენ. მისი ამგვარი კონსტიტუციონალიზმი იქამდი აღწევდა, რომ მას დასანახავათაც კი ეჯავრებოდა მისი უდიერი დისწული, გერმანიის იმპერატორი ვილჰელმი. ინგლისის გერმანიასთან ეკონომიური მეტოქობა უთუოთ მათ მონარქებზედაც იქონიებდა გავლენას. ჯერ კიდევ შარშან გაიარა მგზავრათ ედუარდმა გერმანიაში, მაგრამ ვილჰელმი მაინც არ ინახულა. წრეულს ალბათ უხერხულათ დაუნახავს გერმანიის გავლა გვირგვინოსან ნათესავის უნახველათ. გაზეთები, რასაკვირველია, ბურჟუაზიული, სიხარულით ცასა სწვდებიან, არც ერთმა კი არ იცის ნამდვილათ რაზე? ერთი ვერსია სიმართლესთან ახლო უნდა იყოს: ედუარდი ვითომ რუსეთს აფრთხილებს, შემოიღე კონსტიტუცია, თორემ მე გერმანიას დავუახლოვდები და მაშინ ნახე შენი თამაშაო. ვილჰელმი კი ვითომ ინგლისის გულს იგებს, რომ ის ჩუმათ დაამზადოს თოფ-ზარბაზანი და მოსწრებულ დროს რუსეთს პოლონეთი გამოსტაცოს ხელიდან. ეგ საგანი კი იმდენათ საყურადღებოა, რომ სჯობს ისევ სხვა უფრო შესაფერ დროს დავუბრუნდეთ მას.

ჩვენი ცხოვრება. - 1906. - 6. - გვ. 3

11 ევროპელები საქართველოში

▲back to top


11.1 ბიბლიოგრაფია1

▲back to top


.

Tagebuch eines Wanderers Fon Arthur Leist, Dresden 1909

ორიოდე თვის წინად დრეზდენში დაიბეჭდა ერთი ახალი წიგნი ჩვენში კარგად ცნობილის გერმანელ მწერლის ბ-ნ არტურ ლეისტისა ამ სათაურით: „მგზავრის დღიური“, რომლის აღნიშვნა ქართველ მკითხველებისთვისაც საინტერესოდ მიგვაჩნია.

თავის წიგნს ავტორი უძღვნის ცნობილს ქართველ ქველმოქმედს ბ-ნს დავით სარაჯიშვილს შემდეგის წარწერით: „ვუძღვნი გერმანულის ერთგულობითა და მეგობრობით ჩემს ძველს მეგობარს დავით სარაჯიშვილს, ქართულ მრეწველობის დამფუძნებელს, გერმანულ განათლებისა და მეცნიერების მეგობარს და საზოგადოებრივ სასარგებლო კულტურულ მუშაობის ძალოვანს დამხმარეს თავის სამშობლოში“.

წიგნში მოთავსებულია ავტორის შთაბეჭდილებანი პოლონეთის, იტალიის, ოსმალეთისა და საქართველოს შესახებ. დიდი ადგილი უჭირავს წიგნში ნახულ ქვეყნებისა და ბუნების მშვენიერების აღწერას, რაშიაც ავტორი ნამდვილი ხელოვანია, მაგრამ ამასთანავე თვალსაჩინო ადგილი აქვს დათმობილი ხალხის ზნე-ჩვეულებათა და ეროვნულ თვისებების აღწერასა და დახასიათებას. ამოვწერთ რამდენსამე სტრიქონს, რომელიც ჩვენ შეგვეხება. რასაკვირველია, მკითხველს წინდაწინვე შეუძლიან მიხვდეს, რომ ავტორი ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში სანუგეშოს ბევრს ვერას იპოვიდა...

საქმისა და შრომის მოყვარე გერმანელს, უეჭველია, თვალში უნდა შესჩხირებოდა ჩვენი მთავარი ჭირი, - უსაქმურობა და უბარაქობა, და ავტორიც უმთავრესად სწორედ ამ ჩვენს საერო სენს ასწერს განმეორებით რამდენსამე ადგილას.

„სწორედ უცნაური ჯურის ადამიანია იმერელი, - ამბობს იგი იმ თავში, სადაც იმერეთში მგზავრობა აქვს აწერილი. - იგია მარდი, თავმოყვარე, ნიჭიერი და ყოველგვარ საქმის ადვილად დამწყები, მაგრამ ამასთანავე ზარმაცი და მოქმედებაში სიმტკიცეს სრულიად მოკლებული. თვალთმაქცობა და სიამოვნებისა და ტყუილების სიყვარული ყოველ იმერლის განუშორებელი თვისებაა, და ქუთაისი, ეს მშვენიერ ადგილას გაშენებული ქალაქი, ნამდვილი ბუდეა უსაქმურების, ხრიკების ოსტატების, მუქთამჭამელების, ამპარტავნებისა და მატყუარების. დიდ ძალი ნიჭი ადამიანებისა აქ სრულიად ფუჭად იკარგება, რადგან იმერელი თავის ჭკუა-გონებას ადვილ მოგებისა და სიამოვნების ძებნას ანდომებს და იმაზე კი ნაკლებ ფიქრობს, რომ თავისი გონებრივი ძალა და მოხერხება ნაყოფიერ შრომას მოახმაროს“.

მეორე ადგილას ავტორი სწერს კახეთის შესახებ: „ხალხი აქ მხიარული და სტუმართ-მოყვარეა, როგორც, საზოგადოდ, ყველა ქართველი, მაგრამ ამასთანავე ზარმაცი, შრომის მოძულე, მჩატე და ბედოვლათი. ბუნების სიუხვის მიუხედავად, ხალხი აქ უფრო ღარიბია, ვიდრე შეძლებული. სიმდიდრე ისე გაურბის ქართველს, როგორადაც მტერს. თუ რაიმე შემთხვევით ან ბედის-წერით ქართველს სიმდიდრე შეუვარდა სახლში, მაშინვე გარედ გააგდებს თავის ბედოვლათობითა და მოუვლელობით, ხოლო ახალ სიმდიდრის შესაძენად მას არც მისწრაფება აქვს საკმაოდ და არც მოჭირნეობა. ქართველ თავად-აზნაურებს, რომელნიც აქ მრავლად არიან, ძველი დროის გადმონაცემი ზნე ვერ მოუშორებიათ; თუმცა სწავლა-განათლების ნიჭი აქვთ და ხასიათის მიმყიდველი თვისებებიც არ აკლიათ, მაგრამ კულტურულ ცხოვრების განვითარების შეგნება მაინც ვერ შეუთვისებიათ. რასაკვირველია, იმათ კარგად იციან მაღალ კულტურის ფასი და მნიშვნელობა, მაგრამ ამისთვის გარჯა ეზარებათ და უნდათ ეს კულტურა მათ საჩუქრად მიერთვას. მთლად კახეთი აყვავებული ბაღი გახდება, მცხოვრებნი რომ შრომას გააორ-სამკეცებდნენ და შენაძენის შენახვას რომ ისწავლიდნენ. მაგრამ ქართველების უმრავლესობა ამ მცნებას აღიარებს: ცოტა მუშაობა და ბევრი სიამოვნებაო!“..

სამწუხაროდ, სრული სიმართლეა...

შემდეგს სტრიქონებში ავტორს კიდევ უფრო გარკვევით და სრულად აქვს გამოთქმული იგივე დაკვირვება.

„1800 წლამდის - განაგრძობს იგი - ქართველი ხალხი თავის ცხოვრების წესით საშუალო საუკუნეების ხალხს წარმოადგენდა. თითქმის ორი ათასის წლის განმავლობაში ქართველი მხედრობა (თავად-აზნაურობა) იცავდა ფეოდალურ წესწყობილებას, მაგრამ ბოლოს ეს წესწყობილება მაინც დაინგრა. რუსეთთან შეერთების შემდეგ თავად-აზნაურებს მოსვენების დრო დაუდგათ, მაგრამ დიდხანს მაინც ვერ შეიგნეს, რომ საშუალო საუკუნეების ხანა უკვე წასული იყო. ისინი მდიდარი იყვნენ მამულით და კიდევ უფრო მდიდარნი - მოთხოვნილებათა სიმცირის გამო და ეგონათ, რომ ახალს ცხოვრებასა და კულტურას მათი შეძლება გაუმაგრდებოდა. ნელნელა შეიპარა მათს ქვეყანაში ახალი ცხოვრება და კულტურა და უსაქმოდ დარჩენილ მხედრებს გაუხსნა გემო ევროპის კულტურის ნაწარმოებთა. ისინი მუქთამჭამლებად და ღორმუცელებად გადაიქცნენ. მოთხოვნილება და ხარჯვის სურვილი თან და თან ეზრდებოდათ, და ვიდრე ახლად მოწოდებულ კულტურის გემოს გაღებას მოასწრებდნენ, მათი უმრავლესობა კიდეც გაღატაკდა. ამ გაღატაკებულთა შვილებმა და შვილის შვილებმა - გაჭირვების ძალდატანებით, უგულოდ და შეუგნებლად, - დაიწყეს ახალი მოქალაქობრივი მუშაობა, მოჰკიდეს ხელი ახალ მშობლიურ კულტურის აღორძინებას, მაგრამ ეს საქმე ძნელი იყო და მათს მეცადინეობას ფრიად მცირე შედეგი დაურჩა. ამათ, ძველ მხედართა შთამომავალთ, არ შეეძლოთ ხალხისა და მისი ცხოვრების განახლება და მოქალაქობრივ ცხოვრების განვითარებისათვის საძირკველის ჩაყრა.

„ამავე დროს წარმოსდგა თავადაზნაურებსა და გლეხებს შუა მესამე წოდება. იგი წარმოიშვა სოფლის ხალხიდან, თან და თან გამრავლდა და მოქმედება იწყო. მაგრამ იგიც ქართულ ეროვნულ ჭირით არის ავად. ეს ჭირია: სიზარმაცე, სიმჩატე, ჩუტი განათლება და გრძნობის აყოლა. სიმტკიცისა და პრაქტიკულ ცხოვრების პრინციპების ნაკლებობა თვისება გახლავთ ქართველ დემოკრატებისაც, ასე რომ მათთვისაც ძნელი უნდა იყოს სამშობლოს ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესება. ბუნებით კი ეს ხალხი უეჭველად ნიჭიერია და შეიძლებოდა, გონებრივ გამჭრიახობითა და მუყაითობით, ისინი მართლა ღონიერ კულტურულ ადამიანებად ქცეულიყვნენ. დღეს კი სიღარიბით იტანჯებიან და ბედნიერებას ელიან სოციალიზმისაგან, რომელმაც ვითომ უნდა იხსნას ისინი ყოველგვარ გაჭირვებისაგან. თავიანთ გაჭირვებულ მდგომარეობის მიზეზს ისინი თავიანთ უვარგისობაში კი არ ეძებენ, არამედ გარემოებასა და გარეშე პირობებში და ამიტომაც ხსნას ელიან არა თავიანთ თავისგან, არამედ იმ ცხოვრების სამოთხისგან, რომელზედაც ისინი ოცნებობენ“.

გარდა ამისა, ბ-ნ ლეისტს აწერილი აქვს საგურამოს მიდამო, ილია ჭავჭავაძის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ქართველ ერისათვის.

[...]

ბ-ნ ლეისტის წიგნი სუფთად და ლამაზად არის გადმოცემული და ღირს 1 მან. იყიდება ტფილისშიაც, - წერა-კითხვის საზოგადოების მაღაზიაში. ვინც იცის გერმანული ენა, სიამოვნებით წაიკითხავს ამ წიგნს, რომელიც თავიდან ბოლომდის მშვენიერის სტილით არის დაწერილი.

_______________

1. სტატია არასრულად იბეჭდება.

დროება. - 1909. - 105. - გვ. 3

11.2 გერმანელები საქართველოს შესახებ

▲back to top


ადგილობრივი გერმანული გაზეთი „კაუკაზიშე პოსტი“ შემდეგსა სწერს:

„ის პატივისცემა, რომელიც ქართველი ხალხისაგან წილად ხვდა მიმავალ გერმანელ ჯარს, არის საუკეთესო მსჯავრი მათი საქართველოში ყოფა-ცხოვრებისა და მოქმედებისა. როგორც ამას ყველა მიმართულების ქართული პრესაც აღნიშნავს.

მთელი პრესა ერთნაირად აღნიშნავს იმ ნამდვილ მეგობრობას, რომელიც შეიკრა ერთ დროს გაჭირვებულ საქართველოსა და მის დამხსნელ გერმანიას შორის, სულ რამოდენიმე თვის განმავლობაში ორივე მხრის გულწრფელმა პირდაპირობამ მოამწიფა. მათში რაინდული განწყობილება, რომელიც იმედია შემდეგშიაც დარჩება, რაც უნდა მოხდეს. ჭეშმარიტი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო!“

კლდე. - 1918. - 9. - გვ. 2

11.3 გერმანელები საქართველოს შესახებ

▲back to top


ადგილობრივი გერმანული გაზეთი „კაუკაზიშე პოსტი“ შემდეგსა სწერს:

„ის პატივისცემა, რომელიც ქართველი ხალხისაგან წილად ხვდა მიმავალ გერმანელ ჯარს, არის საუკეთესო მსჯავრი მათი საქართველოში ყოფა-ცხოვრებისა და მოქმედებისა. როგორც ამას ყველა მიმართულების ქართული პრესაც აღნიშნავს.

მთელი პრესა ერთნაირად აღნიშნავს იმ ნამდვილ მეგობრობას, რომელიც შეიკრა ერთ დროს გაჭირვებულ საქართველოსა და მის დამხსნელ გერმანიას შორის, სულ რამოდენიმე თვის განმავლობაში ორივე მხრის გულწრფელმა პირდაპირობამ მოამწიფა. მათში რაინდული განწყობილება, რომელიც იმედია შემდეგშიაც დარჩება, რაც უნდა მოხდეს. ჭეშმარიტი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო!“

კლდე. - 1918. - 9. - გვ. 2

11.4 გერმანიის ელჩი საქართველოში

▲back to top


. -ძე

3 იანვარს ბათომში ჩამოვიდა გერმანიის ელჩი საქართველოში ბ-ნი რაუშერი.

ოფიციალურ სადილზე წარმოთქმულ სადღეგრძელოში მან სთქვა:

„ვესალმები თავისუფალ საქართველოს და უსურვებ ყოველთვის ყოფილიყვეს თავისუფალი და დამოუკიდებელიო“.

ეს სთქვა კეთილშობილ სახელმწიფოს კეთილშობილმა შვილმა; ეს სთქვა ამ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის ყოველი სიტყვა, ყოველი ნაბიჯი უნდა იყვეს გაზომილი და შეესაბამებოდეს იმ დირექტივებს, რომელიც მას მიღებული აქვს თავის მთავრობისგან. და თუ ეს ასეა რა შეგვიძლიან წარმოვიდგინოთ? ის რომ კეთილშობილი ხალხი ყოველთვინ ფხიზლად უცქერის საკითხს და სწყვეტს ამ საკითხებს არა ვიწრო პირადული ფარგლებით, არა ბატონობის და პირველობის ინსტიქტით, არამედ ისეთივე კეთილშობილური მოსაზრებით, როგორც თითონ არის; იმ მოსაზრებით, რომ დაჩაგრული ერი, რომელმაც კი გამოიჩინა უნარი დამოუკიდებელ ცხოვრებისა, ის ერი, რომელსაც აქვს გადაწყვეტილი გზა თავის მოქმედების და არ უხვევს ამ გზას ყოველ ქარის ქროლვაზე და მზად არის შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, - ასეთი ერი არის ღირსი თავისუფლების და დამოუკიდებლობის და ამ ერსაც მიმართა ბ-მა რაუშერმა თვის სურვილით მის დამოუკიდებლობისადმი.

გერმანიის ხალხმა ბევრი სისხლი დაღვარა და აუარებელი მსხვერპლი შესწირა თვის მთლიანობისათვის; ბევრი ოჯახი აწიოკდა გერმანიაში, როდესაც ანტანტამ ერთხელ და სამუდამოთ გადასწყვიტა იმპერიალისტურ გერმანიის მოსპობა. დიდ აზროვანი ლოზუნგი ედო ანტანტის გადაწყვეტილებას გერმანიის მოსპობის საქმეში, მრისხანე მაგრამ საიმედო ლოზუნგი ედო საფუძვლად ანტანტის გადაწყვეტილებას „იმპერიალისტურ გერმანიის“ განადგურებაში და ყველას იმედი ჰქონდა რომ ამ ქვეყნად დამყარდებო და სიმშვიდე; მოისპობოდა სისხლის ღვრა და ხალხი ძმურად ერთი ერთმანეთს ხელს გაუწოდებდნენ; ანტანტა იყო ქვეყნიერების მხსნელი და მომსპობი გერმანიის, რომელიც იყო მიზეზი ცრემლისა. მაგრამ რა გამოირკვა ბოლოს. გამოირკვა, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ მირაჟი, გალიუცინაცია, რომელიც შეწუხებულ ხალხს ყოველ წამს ელანდებოდა; ამ ხალხმაც გაიწოდა ხელი ამ ნეტარ სანახაობისკენ მაგრამ ხელთ შერჩათ ისევ სისხლი, გვამები, წუხილი და, უფრო მეტის სიმკაცრით სისხლის საღვრელათ გამოგონილი ტანკები და სხვა იარაღი. დიდსულოვანმა ლოზუნგმა გამოიჩინა სულმდაბლობა; ვითომდა ხალხისადმი სიყვარულით აღზნებულმა ანტანტამ გამოიჩინა შავი გული, ვერ შესძლო - ჩამოიხადა ნიღაბი, დაგვანახვა გული, სავსე ვიწრო ინსტიქტებით, სავსე გაუმაძღრობით, სავსე სურვილით მოსპოს, გასთელოს, გაასწოროს მიწასთან, აქციოს არარად ყველა ის, ვინც მას გზაზე გადაეღობება.

მოსპეს იმპერიალისტური გერმანია „დემოკრატიულ“ იდეებით გამსჭვალულმა ანტანტამ, მოსპეს მიზეზი სისხლის ღვრისა მათ, ვისაც არ სცნობს, ესიზება სისხლის ღვრა და უნდა კაცთ სიყვარული ჩამოაგდოს ქვეყნად!

დიახ! ანტანტამ მოსპო ფიზიკურად გერმანია და თითონ გაბატონდა; ანტანტამ მოუსპო მთელ გერმანიას ფლოტი, იარაღი და თითონ აისხა ეს იარაღი. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მარტო ამას დასჯერდნენ დემოკრატიულ იდეებით გამსჭვალული ბატონები? არა საუბედუროთ. მათ ამ იარაღს მიაყოლეს გერმანელთა ქონება - ცხოვრებაც.

რის ნიშანია ეს ყველა?

მის რომ მათ არა მარტო იმპერიალისტური გერმანია აწუხებდათ. იარაღთან ერთად მიჰყვეს ხელი იმ წყაროს მოსპობას, რომლითაც სულდგმულობდა გერმანელი პროლეტარი და გლეხი. ანტანტა სცდილობდა და აქამდისინაც სცდილობს მოსპოს ის წყარო ცხოვრებისა, რომელიც სიცოცხლეს აძლევს საერთოდ გერმანელს.

დეე იწვალოს საცოდავმა ანტანტამ, რომელიც თავის გაუმაძღარ მოთხოვნილებათა განსახორციელებლად, სულ მთლად სპობს არა თუ „იმპერიალისტურ გერმანიას“ არამედ მთელ ხალხს. მაგრამ იცოდნენ ნიღაბ ჩამოფარებულმა გულშემატკივრებმა, რომ „გერმანიის მეცნიერებას“ ვერ მოსპობენ ვერავითარი მახვილით; და გერმანიის ხალისი თავის მეცნიერებით, თავის გამჭრიახობით;

მოკვდება ძალმომრეობა, მოკვდება მახვილი, მაგრამ არ მოკვდება მეცნიერება. აღსდგება, რასაც უსურვებს მთელი ქართველი ერი, მეცნიერთა კრებული განახლებული გერმანია და შეუერთდება იმ ერებს, რომელთაც სწამთ და გულწრფელად ღაღადებენ კაცთა თავისუფლებას, მის სიბედნიერეს ეროვნულ ინსტიქტებიდან განთავისუფლებულნი.

უსურვებ კეთილ იყვეს გერმანიის ელჩის მოქმედება ამ ორ ერთა დამოკიდებულებაში.

სამუსლიმანო საქართველო. - 1921. - 500. - გვ. 1

11.5 გერმანული პრესა

▲back to top


გერმანიის ეკონომიური როლი საქართველოში

თბილისის გერმანულ გაზეთ „Kavkasishe Post.“-ის №53-ში მოთავსებულია მოწინავე წერილი ამ სათაურით: „საქართველოს დიდი სამეურნეო მომავალი“, რომელშიაც აღწერილია ბაასი გაზეთის მთავარი რედაქტორისა დოქ. ფ. ვესტერნჰაგენთან. ეს უკანასკნელი ჩამოსულია ჩვენში, როგორც წარმომადგენელი იმ საზოგადოებისა, რომელსაც აქვს მიზნად დასახული ავსტრო-უნგრეთსა და გერმანიას შორის სხვა და სხვა ზეთის გაცვლა-გამოცვლის საქმის მოწესრიგება. ომის წინ დოქ. ფ. ვესტერნჰაგენი მუშაობდა ამ დარგში პარიზში და ლონდონში; როდესაც ომი დაიწყო მას ნიუ-იორკში მოუხდა ცხოვრება; ეხლა კი საქართველოს ეწვია. დოქ. ფ. ვესტერნჰაგენი დიდ ავტორიტეტად არის აღიარებული საზოგადოდ სამეურნეო საკითხის სფეროში, რის გამო ჩვენც მოგვყავს მისი სიტყვებიდან ის ადგილი, რომელიც საქართველოს შეეხება.

„თქვენ გეკითხებით მე, უთქვამს დოქ. ფ. ვესტერნჰაგენს, „კავკასიშე პოსტ“-ის მთავარ რედაქტორისათვის, „რა შეხედულობისა ვარ გერმანიასა და საქართველოს შორის მომავალ სამეურნეო დამოკიდებულების შესახებ; ამ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩვენ მოველით ამ ქვეყანაში არა იმისთვის, რომ ამოვკრიბოთ მისი სიმდიდრე და მერე ღვთის ანაბარად დავტოვოთ, როგორც ამას ფიქრობენ ჩვენი მტრების ბანაკში, არამედ ჩვენ გვაქვს განზრახვა, ჩაუყაროთ საფუძველი მშვიდობიან მუშაობას, რომელსაც ჩვენს ქვეყნებისათვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიან. ეს ქვეყანა იმ ზომამდე მდიდარია როგორც მიწის ნოყიერებით, ისე სხვა და სხვა დასამუშავებელი მასალით, რომ სრულიათ უზრუნველყოფს ხალხის ყოველ წრის კეთილცხოვრებას. საქართველოს ბრწყინვალე ბედი მოელის“.

ჩვენ ხაზ გასმით აღვნიშნავთ ამ პროგრამას და ჩვენი სურვილი მხოლოდ ის არის, რომ გერმანიისა და ავსტრიის წარმომადგენელნი უყოყმანოთ განაგრძნობდნენ გერმანიის მოკავშირე, ჯარითა და ეკონომიკით ძლიერი საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაცი ის ხელის შეწყობას. ინტრიგებსა და კომბინაციებს, რომელსაც ასე მოხერხებულად აწყობენ ჩვენი ძველი მეზობლები საქართველო-გერმანიის კავშირის ჩასაშლილად, უნდა ბოლო მოეღოს და ყველა არა მკითხე აგენტებს, საქართველოს სახელს რომ უტეხენ და ჩვენსა და გერმანელებსა შორის საქმიან შუამავლებად რომ ეკვეხებიან, უნდა თავისი ტრადიციული ალაგი მოენახოს.

კლდე. - 1918. - 2. - გვ. 3

11.6 დანიელი მოგზაური და ჟურნალისტი პატურსანი

▲back to top


ამ მოგზაურმა მოიარა მთელი ევროპა, რუსეთი აზია, ოსმალეთი, სპარსეთი და სხვა ქვეყნები. რევოლიუციის დროს კავკასიაშიც იყო და მთელი წიგნიც გამოსცა მოძრაობაზე. ამ წიგნში ქართველებსაც ეხება, ეხლა ხანს ტფილისში იყო და ამ ერთი კვირის წინათ სპარსეთში წავიდა.

დროება: სურათებიანი დამატება. - 1909. - 208. - დამატ. - 37. - გვ. 4

11.7 პატარა კაცის პატარა ფიქრები

▲back to top


-ლი [ალექსანდრე სარაჯიშვილი]

ამ ორიოდე თვის წინად ერთი განათლებული, განვითარებული და დიდი ცოდნით აღჭურვილი პოლონელი გავიცანი. სულ რამოდენიმე თვეა, რაც ტფილისში ჩამოვიდა, მაგრამ ამ მოკლე ხანში იმდენად შეისწავლა ქართული ენა, რომ უკვე გაზეთებს კითხულობს; მოიარა ნახევარი საქართველო, სომხეთი, დაათვალიერა ჩვენი დაწესებულებანი, მუზეუმები, თეატრები, ციხე-მონასტრები, გამოემცნაურა ჩვენებურ პარტიულ ბელადებს და ბოლოს ასეთი დასკვნა გამოიტანა: თქვენ როგორც ერი, მეტად სახიფათო მდგომარეობაში ხართ ჩავარდნილიო. უწინ თქვენ საკუთარი კულტურა გქონიათ, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში თქვენი კულტურა დაამარცხა რუსეთიდან შემოსულმა კულტურამ, რომელმაც სავსებით დაგიმონათ, დაგიმორჩილათ და ძირ-ფესვიანად გადაგაკეთათ. მე, რასაკვირველია, ვერ გირჩევთ უწინდელ ეროვნულ კულტურის აღდგენას, რადგან ეს შეუძლებელია და საჭიროც არ არის, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ საკუთარ კულტურის უქონლობა პირველი ნიშანია ერის გადაშენებისა. არც ის ვიცი, მოახერხებთ თუ არა შემდეგში საკუთარ კულტურის შექმნას, მაგრამ ის კი ცხადია, რომ დღეს დღეობით თქვენი ერი გადაშენების გზას ადგია. ერის არსებობისა და მისი განვითარების აუცილებელ პირობას შეადგენს ენა, ლიტერატურა, ხელოვნება და ვაჭრობა-მრეწველობა. მე თვითონ პოლონელი ვარ და ზედმიწევნით ვიცნობ ჩემ ერს; დამივლია და შემისწავლია ბოჰემია, ირლანდია, ფინლანდია და სხვა პატარა ერები, მაგრამ არსად არ შემხვედრია ის საოცარი მოვლენა, რომელსაც საქართველოში ვხედავ. შინ, გარეთ, კრებებზე, თეატრში, გზაში და თითქმის ყველგან რუსული ენა მესმის. თუ ქართულად დაილაპარაკებს ვინმე, ისიც ან გლეხი, ან მუშა, ინტელიგენცია კი ქართულ ლაპარაკს გადასჩვევია. არ მესმის, რათ თხოულობთ ენათა თანასწორობას, თუ კრებებზე და თეატრებში, სადაც სრული უფლება გაქვთ ქართულად ილაპარაკოთ, მხოლოდ რუსულ ენას ხმარობთ. მე მესმის, როცა პოლონელი იბრძვის ენის თავისუფლებისთვის. იმის ენას სდევნიან ყველგან: სკოლებში, კრებებზე, ქუჩაში და ეკლესიაშიც, მაგრამ არ მესმის ქართველების ჩივილი, იმ ქართველებისა, რომელთაც არ შეუძლიანთ ან არ უნდათ თავის ბუნებრივ უფლებებით ისარგებლონ. აიღეთ ქართული პრესსა და ლიტერატურა. ჯერ ერთი, საკვირველი ის არის, რომ სამი ყოველდღიური გაზეთი გაქვთ და სამივე სოციალისტურ მიმართულებისა. ეს რაღაც ანომალური, არაბუნებრივი მოვლენაა ჩვენს დროში. მაგრამ ამას კიდევ არა უშავს რა. ქართველებს სამი რუსული გაზეთი აქვთ! ეს იმას ამტკიცებს, რომ ქართველ მკითხველის ნახევარს რუსულად უფრო ეხერხება ლაპარაკი და წერა-კითხვა, ვიდრე ქართულად. ესეც გადაშენების ნიშანია და თქვენი ჟურნალისტებიც ხელს უწყობენ ამ გადაშენებას. ეხლა აიღეთ ქართულ ჟურნალ-გაზეთების შინაარსი. რაზე სწერენ, რას ქადაგობენ, რას აწვდიან მკითხველს? მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ცხოვრებიდან ამოღებულ მასალას. მეთაურს აიღებთ - იქ უეჭველად რუსეთის შინაურ პოლიტიკაზე ან სათათბიროზეა ლაპარაკი; ფელეტონს აიღებთ, - იქაც ან რუსეთის ცხოვრებაა აწერილი, ან პარტიულ პროგრამების გარჩევაა, ან განყენებულ თეორიის პოპულარიზაციაა. გაზეთის მესამედი დეპეშებით არის სავსე. დარჩა უფერული ახალი ამბები. იქაც ქუჩურ ქრონიკისა და წვრილ-წვრილ ამბების გარდა არაფერია. თუ სადმე გამოსძებნით ორიგინალურ წერილს ადგილობრივ თემაზე, იქ ხომ უეჭველად პარტიული კამათი და ერთმანეთის უშვერი ლანძღვა-გინება უნდა იყოს. ჩემის აზრით თქვენებურ გაზეთებს რომ დავარქვა ქართულ ენაზე დაწერილი რუსული გაზეთები, ეს მათი საუკეთესო დახასიათება იქნება. თქვენი სიტყვა-კაზმული ლიტერატურა მხოლოდ თარგმანებით არის სავსე. არა გყავთ არც ორიგინალური დრამატურგები, არც მეცნიერნი, არც ისტორიკოსები, არც მხატვრები და არც მექანდაკენი. სამშობლო ენაზე ქართველს არ შეუძლიან რისამე შესწავლა, განვითარება და ცოდნის შეძენა. აქედან ცხადია, რომ თქვენი ადგილობრივი ცხოვრება მიყუჩებულია, მკვდარია. იგი არ იძლევა საკმაო მასალას და ამიტომ თქვენი ჟურნალ-გაზეთებიც, მოსწავლე ახალგაზდობაც და ინტელიგენციაც იძულებულია გონებრივი მასალა საქართველოს გარეშე ეძებოს. ამ მასალას პოულობთ მხოლოდ რუსეთში, რუსულ ლიტერატურაში, რუსულ ცხოვრებაში და რუსულ კულტურაში, რომელიც ასი წლის განმავლობაში ერთად-ერთი საკვები წყარო იყო თქვენი ცხოვრე ბისთვის. ჩემის აზრით, თქვენი შველა და ხსნა შეუძლიან მხოლოდ საკუთარ კულტურის შექმნას, საქართველოში ზემოხსენებულ წყაროს გაჩენას, ადგილობრივ ცხოვრების შექმნას. მაგრამ ვინ უნდა შეჰქმნას ეს კულტურა, ეს წყარო, ეს ადგილობრივი ცხოვრება? მას ვერ შეჰქმნის ვერც თქვენი გამოფიტული თავად-აზნაურობა, ვერც თქვენი რადიკალური ინტელიგენცია და ვერც სოციალისტური მუშა ხალხი. არა მგონია მოიძებნოს სადმე ცოტად თუ ბევრად შეგნებული კაცი, რომელმაც არ აღიაროს, რომ თანამედროვე კულტურას აშენებს და ჰქმნის მხოლოდ მესამე ელემენტის განვითარება, მხოლოდ ვაჭრობა და მრეწველობა. ამ დაძველებულ და დაჟანგებულ ჭეშმარიტებას უარს ვერა ჰყოფს ვერც უკიდურესი არხი-სოციალისტი, ვერც ფეოდალურ ტრადიციებით გაჟღენთილი თავადი და ვერც ქარხნის მუშა, რომელიც გულწრფელად დარწმუნებულია, რომ ეროვნულ კულტურას მხოლოდ ის ჰქმნის. შორიდან მე არ მესმოდა მიზეზი ქართველების რადიკალობისა. დღემდის მთელი რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ ქართველი ერი გაუნათლებელი და ჩამორჩენილია. ეხლა კი ყველა ამტკიცებს, რომ ქართველები გამანთავისუფლებელ მოძრაობის სათავეში სდგანან, რადგან ისინი მეტად განათლებულნი არიან და კულტურულად მაღლა სდგანანო. მე კი ვხედავ, რომ ქართველების რადიკალობის მიზეზი მათი კულტურა კი არ ყოფილა, არამედ უკულტურობა. ეს თქვენ პარადოქსად მიგაჩნიათ, მაგრამ ღრმად ჩაუკვირდით ჩემ სიტყვებს და დაინახავთ, რომ მე მართალი ვარ. ერთხელ კიდევ ვიმეორებ: ისეთი ერთსულოვანი გატაცება სოციალურ იდეებით, როგორც ქართველებმა გამოიჩინეს, დასაწუნი და დასაგმობი არ არის, მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ეს მოვლენა მხოლოდ საქართველოს ანორმალურ მდგომარეობას ამტკიცებს.

მე პოლონელის აზრების გარჩევას არ ვაპირებ და არც ის ვიცი, მართლა ანორმალურია თუ არა ქართველ ერის გატაცება სოციალისტურ და რადიკალურ იდეებით, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ჩვენში პარტიული ბრძოლა და ცხოვრება მართლა ანორმალურ კალაპოტში ჩადგა. საღი გონება დოგმამ დაიმორჩილა, თავისუფალი ინდივიდუმი პარტიულმა თვითმპყრობელობამ გასრისა, მიუდგომელი კრიტიკა ვიწრო სექტანტობამ განდევნა, ხოლო ობიექტური მჭვრეტელობა ცხოვრებისა და სინამდვილისა გამოცხადებულ იქმნა უმეცრებად, უპრინციპობად და ხალხის ღალატად. ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დაიყვნენ, ყველანი პოლკებად დარაზმდენ, ბელადები ამოირჩიეს და საშინელი ბრძოლა ასტეხეს. მთავარ საბრძოლველ იარაღად აღიარებულ იქმნა ავლაბრული ლანძღვა-გინება, ბაზრული ჭორი, განზრახ შეთხზული ცილისწამება, ინსინუაცია და ორი „საშინელი“ სიტყვა: „ნაციონალისტი“ და „ბურჟუა“. ამ ორ სიტყვის გარშემო ტრიალებს მთელი ჩვენი შინაური ცხოვრება, ხალხში შეგნების გავრცელება, აზროვნება, პრესსა და კულტურული მუშაობა. ეს ორი სიტყვა გადაიქცა საფრთხობელად, მუქარად, შეურაცხყოფად ან ამა თუ იმ პირისა და საქციელის დამახასიათებელ ტერმინად. ყველამ დაჰკარგა თავისი „მე“, თავისი გზა, საკუთარი აზროვნება და ორიგინალობა. ისე ხმას ვერავინ ამოიღებს, რომ მაშინვე შუბლზე არ მიაკრან იარლიკი, რომელზედაც სწერია „საშინელი“ სიტყვები: „ბურჟუა“ და „ნაციონალისტი“. ხალხს ერთმანეთისა აღარა ესმის რა, ერთმანეთს ყურს აღარ უგდებენ, ერთმანეთისადმი უზომო უნდობლობით და იჭვით არიან გაჟღენთილი. ყველა, ვინც უკანასკნელ ხანებში თვალ-ყურს ადევნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთობას, ვინც ობიექტურ თვალთა ხედვის ისრით უყურებდა არჩევნების მიმდინარეობას, პარტიების ბრძოლას და საზოგადოებრივ ცხოვრებას, ყველა, ვინც ამას ზევიდან დასცქეროდა და ყოველ მოვლენას საკუთარის უპარტიო საზომით ზომავდა, ნათლად ხედავდა, რომ ჩვენში რაღაც უცნობი ნიაღვარი შემოვარდა, რომელმაც მთლად წალეკა საღი გონება, დინჯური მიუდგომლობა, ანბანური ჭეშმარიტება და სულ უბრალო ლოღიკაც. ამ ნიაღვარს ჰქვიან „პარტია“, „პარტიული ეთიკა“, „პარტიული ბრძოლა“, „პარტიული დისციპლინა“ და „პარტიული ინტერესები“. მე მესმის კლასიური ეთიკა, მაგრამ არ მესმის პარტიული ეთიკა, მე მესმის კლასიური ბრძოლა, მაგრამ არ მესმის უაზრო და სულელური პარტიული ბრძოლა, მესმის ეროვნული ან კლასიური ინტერესები, მაგრამ არ მესმის და ვერ გამიგია პარტიული ინტერესები. ხვალ რომ ვინმემ გამოაცხადოს, ქიმია ორგვარია: სოც. დემოკრატიული და ბურჟუაზიული, რომ მათემატიკა სამგვარია: სოც. დემოკრატიული, ნაციონალისტური და კლერიკალური, რომ ბოტანიკაც ორნაირია: მატერიალისტური და იდეალისტური - პირადად მე არ გამიკვირდება და იძულებული ვიქნები ეს ახალი მოძღვრება აუცილობელ ჭეშმარიტებად და უმწიკვლო სიმართლედ ვაღიარო.

დიაღ, ძალაუნებურად უნდა ვაღიარო, თორემ ისედაც ათასგვარ იარლიკებში გახვეულს (ეხლა ყველა ჩვენგანი განცხადებების კიოსკს გავს) ახალ საშინელ იარლიკს მომაკრავენ.

***

ხუმრობა იქით იყოს და ის კი მართალია, რომ დღეს თუ ხვალ „მოღალატე“ კადეტები, „ნაციონალისტ-ბურჟუაზიული“ ფედერალისტები, „პსიხოპატი“ ანარქისტები და „დანოსჩიკი“ სოც. დემოკრატები ერთმანეთს დაერევიან. ყველანი - კადეტებიც, ფედერალისტებიც, მარქსისტებიც და ანარქისტებიც ერთმანეთის თვალში მოღალატეებად, გამყიდველებად, ჯაშუშებად და შეშლილებად გადაიქცნენ. უნდობლობისა და იჭვიანობის ნიადაგი დიდი ხანია მზადდებოდა. შარშან სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განსვენებულ „მოგზაურის“ რედაქტორმა ფ. მახარაძემ დიდის ამბით გამოაცხადა თავისი ახალი გენიოსური აღმოჩენა და ბრწყინვალედ დაამტკიცა, რომ ავტონომისტ-ფედერალისტებს უნდათ საქართველოში ბატონ-ყმობის აღდგენა, ეკლესიის გამეფება და ხალხის ჩაგდება გენერალ-გუბერნატორების ხელში. სოც. დემოკრატი პროპაგანდისტებიც ამას იმეორებდენ და არც პრესსა ამბობდა ამაზე უარს. საქმე იქამდის მივიდა, რომ შარშან დიდუბეში ვიღაც „სოც.-დემოკრატმა“ ფედერალისტ ასათიანს სცემა, რადგან ასათიანი „ბატონ-ყმობის აღდგენას“ აპირობდა. სოხუმში სოც.- დემოკრატებმა ერთ ფედერალისტ-ას სცემეს, რადგან ეს ფედერალისტი სოხუმის ოლქში „სამხედრო წესების შემოღებას აპირობდა“. ბათუმის მახლობლად რომელიღაც სადგურზე სოც.-დემოკრატებმა დააპატიმრეს და ბარიკადებით გახლართულ ბათუმში არ შეუშვეს ორი ფედერალისტი, რომელთაც იარაღი მიჰქონდათ...“ ალბად მთავრობისთვის“. ამ ერთი კვირის წინად ამომრჩეველთა წინაშე სოც.-დემოკრატების (და არა ქუთაისის გუბერნიის) დეპუტატმა ის. რამიშვილმა ისე გამოიყვანა თავის სიტყვაში, ვითომ 15 წლის წინად ქუთაისში ფედერალისტებმა აიკლეს ებრაელები. ამას ამბობენ ჩვენ თვალწინ სხვა სოციალურ და რადიკალურ პარტიებზე სოც.-დემოკრატების აგიტატორები და პროპაგანდისტები, ხოლო რას იტყვიან ზურგს უკან, - ამის წარმოდგენაც კი ძნელია. პრესსა, აგიტატორები, პროპაგანდისტები და პარტიის იდეოლოგები ცილის წამებაში და ლანძღვა-გინებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდენ. ათიოდე დღის წინად „ლამპარმა“ მთელ ქვეყანას აუწყა, ვითომ ანარქისტები ხალხს ძარცვავენ, ფედერალისტები დანა-ჩანგლებს იტაცებენ, ხოლო სოც.-დემოკრატები ამას იქით ხელს იბანენ და ერთხელ კიდევ აცხადებენ, რომ ისინი არავისგან არ ღებულობენ „შემოწირულებას“. ბრალდებულებმა ხმა ამოიღეს. ანარქისტებმა „ლამპარს“ „დანოსჩიკი“ უწოდეს, „შრომამ“ კი ზრდილობიანად ამ საქციელს უსინდისობა დაარქვა და ბოლოს მაინც იმედი გამოსთქვა, რომ ამაში პარტიას წილი არ უდევს და ყველაფერი „ლამპრის“ რედაქციის ბრალი იქნებაო. „ლამპარი“ განრისხდა; ანარქისტები საგიჟეთში გაგზავნა, ხოლო „შრომა“ ყირამალა გადააგდო ლანძღვა-გინების მორევში და დამშვიდდა.

არ ვიცი, როდის დაერევიან ერთმანეთს ანარქისტ-ფედერალისტ-მარქსისტები, მაგრამ ის კი ცხადია, რომ საამისო ნიადაგი დიდის ენერგიითა და თავგამოდებით მზადდება. ქალაქში ხმა დადის, ვითომ ვიღაცეები მისულან რომელიღაც რედაქციაში და ვიღაც ჟურნალისტები დუელში გამოუწვევიათ, მაგრამ რადგან ჟურნალისტები პრინციპიალურად წინააღმდეგნი ყოფილან იარაღით ჭეშმარიტების გამორკვევისა, ამიტომ „ვიღაცეების“ სისხლი არ დაღვრილა. სამაგიეროდ ვიღაცეებს ვიღაცეებისთვის პირობა მიუციათ, დღეის იქით თქვენ „მოქმედებაზე“ აღარაფერს დავწერთო.

ზოგი იტყვის, ეგ კერძო შემთხვევაა და მაგას არავითარი საზოგადოებრივი მნიშვნელობა არა აქვსო. ჩემის აზრით კი ასეთ უბრალო შემთხვევებს უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვთ. „დანოსჩიკებისა“, „შეშლილებისა“, „ნაციონალისტებისა“, „ბურჟუებისა“ და „მოღალატეთა“ ბანაკში ქარიშხალის მომასწავებელი სუნი ტრიალებს. ნურავის ეგონება, ვითომ დღეს თუ ხვალ აუარებელი სისხლი დაიღვრება. არა, იქნება საქმე სისხლის ღვრამდე არ მივიდეს, მაგრამ რით სჯობია ელექტრონით გაჟღენთილ ჰაერის სუნთქვა სისხლის ღვრას? ბევრით არაფრით.

ყველანი ერთმანეთს ასამართლებენ, მაგრამ ის კი ყველას ავიწყდება, რომ გიოტესი არ იყოს - „მასსას შეუძლიან მხოლოდ მოკვლა და არა გასამართლება“.

ივერია. - 1906. - 14. - გვ. 6-7-8

11.8 საქართველო და საფრანგეთი

▲back to top


იანვრის 12-ს საქართველოში დანიშნულმა საფრანგეთის სრულუფლებიანმა მინისტრმა ბ. შევალიემ და შავ ზღვაზე მყოფ საფრანგეთის ფლოტის სარდალმა ამირბარმა დიუმენილმა ინახულეს მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვ. აღმ.

დიუმენილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას იმ პატივისცემისათვის, რომელიც მას გაუწიეს ბათომიდან ტფილისამდე მგზავრობის დროს. ამასთანავე საფრანგეთის წარმომადგენლებმა საფრანგეთის მთავრობის სახელით საქართველოს მთავრობას გადასცეს რესპუბლიკის დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა და თანაგრძნობა საქართველოს სახელმწიფოებრივ მიზნებისადმი.

ბ. დიუმენილი არის შავ ზღვაზე მყოფ საფრანგეთის ფლოტის მთავარ სარდლის მოადგილე: იგი ერთ-ერთი ახალგაზდა და გამოჩენილი ამირბარია საფრანგეთში. დიუმენილი ჩამოსულია პირად საქმეთა გამო.

სამუსლიმანო საქართველო. - 1921. - 503. - გვ. 2

11.9 ქართული კულტურა უკანასკნელ 20 წელში

▲back to top


არტურ ლეისტი

ყოველი ერი, რომელსაც სასიცოცხლო ძალა არ დაჰკარგვია, თავის თავს დრო გამოშვებით უნდა აძლევდეს ანგარიშს იმაში, თუ რა საშუალება შესწევს მას განვითარებისთვის, უნდა აღმოაჩინოს თავისი ნაკლი და ამ ნაკლის შესავსებად წამალი მონახოს.

იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადო ცხოვრება განვითარებულია, სადაც მრავალი სამეცნიერო და საკულტურო დაწესებულება არსებობს, ამ ანგარიშს აძლევენ საზოგადოებას საქმის მცოდნე და ხალხის კულტურულ განვითარებაში მომქმედი პირები.

საქართველოში ყოველ კულტურული შრომა დაქსაქსულია. ამ შრომას რაღაც შემთხვევითი ხასიათი ეძლევა. მაგრამ მაინც ქართულ კულტურას შეუძლია განვითარება შემდეგშიაც, თუ ყველა თანასწორად გატაცებული იქნება საერთო - კეთილდღეობისადმი მისწრაფება.

სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელ 20 წლის განმავლობაში ქართველების კულტურული განვითარება ზერელე და სუსტი გამოდგა. მარტო იმას რომ მივაქციოთ ყურადღება, თუ რამდენი ქართველი გამოდის ყოველწლივ სამოქმედოდ ამა თუ იმ პროფესიაში, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, ვითომც გონებრივად და როგორც შრომის მოყვარე ქართველი ახლა წინანდელზე მაღლა იდგეს. მაგრამ ასეთი აზრი შემცდარი იქმნება. ხალხის განვითარება მშრომელთა რიცხვით არ განიზომება, - საამისოდ საჭიროა დავაკვირდეთ მათ შრომის ღირსებას. უნდა დავხედოთ, თუ რა სარგებლობა მოუტანა ამ შრომამ საერთო კეთილდღეობას და ხალხის საერთო კულტურას. კულტურულ განვითარებაზე ლაპარაკი მხოლოდ იქ არის შესაძლო, სადაც ვხედავთ

1) გონებრივ კაპიტალის ზრდას

2) ქონებრივ კეთილდღეობის ზრდას

3) ზნეობრივ განვითარებას.

როგორ შეიცვალა კულტურის ხსენებული სამი ფაქტორი ქართველებში ამ უკანასკნელ 20 წლის განმავლობაში?

1885 წ. ქართველებს ჰქონდათ მხოლოდ ერთი გაზეთი „დროება“, რომელსაც 600 ხელის მომწერი ჰყავდა, - ეს იყო მაშინდელი მკითხველთა საზოგადოება, ახლა კი 2 ყოველდღიური გაზეთი არსებობს და 2 ყოველკვირეული, და ხელის მომწერთა რიცხვიც 15 000 აღემატება. პირველ შეხედვით ცვლილება დიადი არის და მართლაც წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვმა ამ 20 წლის განმავლობაში მეტად იმატა. მაგრამ საქმეს ღრმად თუ ჩავუკვირდებით, მაშინ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მკითხველთა რიცხვის მომატება გამოიწვია უფრო პოლიტიკურ ცხოვრების გაცხოველებამ ვიდრე, სწავლის, ცოდნის შეძენის სურვილმა.

პოლიტიკურ კითხვებით ნამეტანი გატაცება, თქმა არ უნდა, ხელს შეუშლის ქვეყნის კეთილდღეობას და კულტურის განვითარებას. პოლიტიკას ხალხი სხვაგანაც ადგია, მაგრამ სხვაგან ხალხმა ამის ზომაც იცის. იქ ხალხი იმ აზრისა არის, რომ ეკონომიურ ცხოვრების დიდი ხნით შეწყვეტა ძირს გაუთხრის ხალხის კეთილდღეობას. ქართველს ისედაც არ ეხალისება შრომა და როდესაც პოლიტიკოსობას იწყებს, მაშინ ხომ მას სრულებით ივიწყებს. ამ პირობებში მკითხველთა რაოდენობის ზრდა კიდევ არ ამტკიცებს ხალხის კულტურულ განვითარებას.

ვინ არ იცის, რომ ქართველ მკითხველთა უმეტესობისთვის გაზეთი ერთად-ერთი საშუალებაა სწავლის შესაძენად და ამიტომ გაზეთის მხოლოდ პოლიტიკურ ამბებით ავსება არ შეიძლება: „ახალი ამბები“ ადამიანს ვერც გაანათლებენ და ვერც აღზრდიან. ამ „ამბების“ გულისთვის არ უნდა დავივიწყოთ ხალხის კულტურული, ყოველმხრივი განვითარება. მეცნიერება, მწერლობა, ხელოვნება, თვით ვაჭრობა, მრეწველობა და მიწათმოქმედებაც კი, - ყოველივე ამას განუწყვეტლივ თვალყურს უნდა ადევნებდენ ხალხის საუკეთესო შვილები.

რომ უნდოდეს კიდეც ადამიანს ქართულ გაზეთში პოლიტიკის გარეშე სხვა საკითხებზე ყურადღების მიქცევა, ვერ მოახერხებს, რადგანაც ყველა, - დამწერი და წამკითხველიც, - მხოლოდ პოლიტიკაზე ფიქრობს და პოლიტიკაზე ოცნებობს.

ახლა მწერლობაზე გადავიდეთ და ვნახოთ, რა წინსვლა დაეტყო მას ამ უკანასკნელ 20 წლის განმავლობაში. 1885 წ. როდესაც ერთად-ერთი გაზეთი „დროება“ გამოდიოდა, ქართველებში ჟურნალისტები ჯერ არ ყოფილა, მაგრამ სამაგიეროდ, გამოჩენილი მწერ ლები იყო. იმ დროს სწერდენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, ვახტანგ ორბელიანი, ვაჟა-ფშაველა, ბაჩანა, რომანისტები, - ყაზბეგი და გიორგი წერეთელი, ხელოვნების მცოდნე დავით ერისთავი და ვანო მაჩაბელი, ძველ ისტორიის მცოდნე დ. ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი, ურბნელი და სხვები. ყველას ამათ გატაცებით უყვარდათ თავისი ერი, უყვარდათ ქართული მწერლობა და ცდილობდნენ მის განვითარებას.

ვის შეუძლია სთქვას, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავის, ვახტანგ ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას ნაწერები ახალ ქართულ მწერლობაში ძვირფას განძს არ შეადგენდეს. მართალია, ახლა ზოგიერთი ზურგს უქცევს მათ, არა მოწინავე მწერლებად სახავს, მაგრამ ამათ ავიწყდებათ, რომ ეს მწერლები ამ 40 წლის წინეთ უკვე ამაღლებდენ ხმას ჩაგრულ გლეხობისა და მუშების საქომაგოდ. გრ. ორბელიანის „მუშა ბოქულაძე“, ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი“ და სხვა ამგვარი ნაწარმოებნი შეძლებულთა სვინდისს ამხელდენ და იწვევდენ არსებულ მდგომარეობის შესაცვლელად.

არ ვიცი, ბედი მომავალში რას უქადის ქართველებს, მაგრამ იმაში კი ვარ მტკიცედ დარწმუნებული, რომ ეს მწერლები სამუდამოდ დარჩებიან ქართულ მწერლობის ბურჯებად. ამ მწერლებში ზოგიერთი უკვე განშორდა ამ წუთის-სოფელს, ზოგი მოხუცდა და სამწუხაროდ, იძულებული ვართ აღვნიშნოთ, რომ მათი მოადგილე არ რჩებათ, რომ მათ შემდეგ ქართულ პოეზიას ბრწყინვალება მოესპო. ვერც ერთმა ახალგაზრდა პოეტმა ვერ მოახერხა მათსავით ჩაებერა საზოგადოებაში აღფრთოვანება და გატაცება.

ოთხმოციან წლების დამლევს და ოთხმოცდაათიანის დამდეგს ქართულ პოეზიასთან ერთად განვითარდა ქართული მოთხრობაც, და თუმცა ეს ნაწარმოები სრულებით უმწიკვლო არ არის, მაგრამ ხელოვნების მხრივ მაინც შესამჩნევია. სად არიან ეხლა მწერლები ყაზბეგის მსგავსი, გიორგი წერეთლის დარი, ლომაურის, კლდიაშვილის და ნინოშვილის სწორი?

მოთხრობის დამწერი ახლა, მართალია, მაშინდელზე მეტი გვყავთ მაგრამ სთქვით გამოტეხილი, სიამოვნებით გადიკითხავდით ხელმეორედ რომელიმე მოთხრობას, რომელიც ამ უკანასკნელ წლების განმავლობაში დაუწერიათ? მოიპოვება ამ ნაწერებში ხელოვნება, ახალი შეხედულება ქართველ ერის თანამედროვე ცხოვრების შესახებ? არის გამოხატული ახალი ტიპები, ახალი რომელიმე მოვლენა და გარემოება? და თუ არის, დასტოვა თუ არა მათმა აწერამ თქვენზე რამე ხანგრძლივი და ღრმა შთაბეჭდილება?

ამ უკანასკნელ ათი წლის განმავლობაში გერმანულ ჟურნალების გამომცემლებს არა ერთხელ უთხოვიათ ჩემთვის, რომ გადამეთარგმნა გერმანულად რომელიმე გამოჩენილი ქართული მოთხრობა, მაგრამ ბევრი ვეძიე და ვერც ერთი ვერ ვნახე დღემდისაც.

პოეზიასა და მოთხრობებში, წინსვლის მაგიერად ჩამორჩენა დაეტყო ქართველებს. ამბობენ, ძველებს შემოქმედებითი ნიჭი დაეკარგათო, მაგრამ ისინი, ვინც გაზეთებში სწერს, ხომ ახალგაზდები არიან, და მათში ეს შემოქმედება რად არ სჩანს.

ოცი წლის წინეთ მეცნიერებასაც ადგენ ზოგიერთები, - საქართველოს ისტორიას და ეტნოგრაფიას მაინც თავისი მკვლევარები ჰყავდა. და ახლაც მეცნიერების ამ დარგებს ისევ „ძველები“ ადგიან. ვინ არის ახალგაზდებში ისეთი, რომლისგან შემდეგში საამისო შრომის მოლოდინი შეგვეძლოს!..

ამ 20 წლის განმავლობაში სომხურ მწერლობასაც თვალ-ყურს ვადევნებ და გამოტეხილი უნდა ვთქვა, რომ, თუმცა მე იქაც ვერ აღმოვაჩინე დიდი ნიჭი, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი მეცადინეობა მაინც ეტყობა სომხის მწერლებს, - დაუდგრომელად ცდილობენ შექმნან მდიდარი სომხური მწერლობა.

პოეზიაში სომხები ვერ შეედრებიან ქართველებს, მაგრამ ისეც შეცდომა იქნება, თუ ვიფიქრეთ, რომ სომხებს სრულებით არ ჰყავდეთ პოეტები, - მათი უკანასკნელი დროის პოეზია მძლავრად ეხება საზოგადო ცხოვრებას.

სომეხთა მოთხრობითი მწერლობა ხალხის ცხოვრებაზე აღმოცენდა, - უფრო დინჯად და უფრო დაკვირვებულად, ვიდრე ქართული მწერლობა, იკვლევს იგი ამ ცხოვრებას და ამიტომ მისი განვითარებაც უფრო მკვიდრი გამოდგა. ამჟამად სომხებს რამდენიმე კარგი რომანისტი ჰყავთ, მათ საზოგადო წერილებს აშკარად ეტყობა, რომ დამწერმა არა თუ შეისწავლა ცხოვრება, არამედ დასავლეთ ევროპასაც გაეცნო.

მოთხრობებთან ერთად განვითარდა სომხების დრამატიული მწერლობაც, - მაგრამ ყველაზე უფრო მდიდარია მათი ნათარგმნი ლიტერატურა, რომელიც ქართველებში თითქმის სრულებით არ არსებობს. სომხებს თითქმის ყველა გამოჩენილი უცხო მწერლების ნაწარმოები აქვთ გადათარგმნილი. ზოგიერთი მწერალი, მაგ. გიოტე, შილლერი, შექსპირი, ბაირონი და სხ. სრულიად გადათარგმნილია სომხურად. „ფაუსტი“ ხომ საუკეთესო ლექსებით არის ნათარგმნი. მდიდარია სომხების საყმაწვილო მწერლობაც და კიდევ უფრო მდიდარია - სამეცნიერო, რომელიც უმეტეს ნაწილად, რასაკვირ ველია, ნათარგმნი არის. ერთი სიტყვით სომხები მედგრად და დაჟინებით შრომობენ თავიანთ მწერლობის გამდიდრებისთვის, საამისოდ სთარგმნიან კიდეც უცხო ენებიდან სხვა და სხვა თხზულებებს და ამაშიაც ქართველებზე წინ დგანან. ამ თარგმანებს უმაღლეს სასწავლებლებიდან შინ დაბრუნებულები კისრულობენ. ყოველი მათგანი თავის წვლილს კისრულობს და ერთ თარგმანს მაინც აწვდის მშობელ ერის მწერლობას...

სად ვხედავთ ჩვენ ასეთსავე შრომას ქართველ ახალგაზდობაში? ორიოდე თუ მოიპოვება მათში ასეთი, რომ თავის ცოდნას ახმარებდეს ქართულ მწერლობას. აგერ 6-7 წელიწადია, ყოველწლიურად რამოდენიმე ახალგაზდა ქართველი ბრუნდება გერმანიიდან და საფრანგეთიდან და მათი არსებობა კი არსად არა სჩანს, - არც უცხო ენებიდან სთარგმნიან რასმე. ევროპიულ კლასიკების ნათარგმნს ვერ ვხედავთ ქართულად, ვერ ვხედავთ აგრეთვე სამეცნიერო წიგნების თარგმანსაც. სომხები გერმანიიდან შრომის სიყვარულით აღჭურვილნი ბრუნდებიან, ქართველი კი იქიდან მხოლოდ თეორიებით დაბარგებული ბრუნდება, ხშირად ისეთ თეორიებით, რომელთაც ქართველების ცხოვრებაში არავითარი ნიადაგი არა აქვთ.

ოთხმოციან წლებში ყოველწლიურად 50-60 წიგნი იბეჭდებოდა ქართულად, ახლა კი მეტი გამოდის, მაგრამ ეს სულ წვრილ-წვრილი წიგნაკებია, ხშირად უმნიშვნელო და ხალხისთვის უსარგებლო, და ამგვარად ამ მხრივაც ქართველთა ცხოვრების კულტურული ავლა-დიდება მეტად მცირეა, აქაც ქართველების ცხოვრებას მეტად უმნიშვნელო განვითარება დაეტყო, რადგან აქაც არ არის მრავლად თავის საკუთარ საგნის საფუძვლიანად მცოდნე და ერის კეთილდღეობის სურვილით გატაცებული ადამიანი.

ივერია. - 1906. - 9. - გვ. 8-9-10

11.10 წარსულის მოგონებანი

▲back to top


არტურ ლეისტი

(1884-89 წწ.)

აღარ მახსოვს, რომელი წიგნი იყო, სადაც პირველად ამოვიკითხე კავკასიის ამბები, ის კი ვიცი, რომ იმ დროს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბოდენშტეტის ლექსებმა. განსაკუთრებით მიტაცებდა საქართველოს აღწერა. საქართველო ჩემი გონების თვალის წინ რაღაც გრძნეულ და მშვენიერ ქვეყნად მეხატებოდა და გულში მისი ნახვის სურვილი მეპარებოდა. შემდეგ, როდესაც ცოტაოდნად გავეცანი საქართველოს ისტორიას, ჩემთვის საეჭვო აღარ იყო, რომ ასეთ ძველ და განვითარებულ კულტურის პატრონს, ასეთ მშვენიერ ბუნებაში დასახლებულ ხალხს, მეტად მდიდარი პოეტური მწერლობა უნდა ჰქონოდა. დავიწყე ამ მწერლობის შესახებ ცნობების ძებნა, მაგრამ ვერც გერმანულსა და ვერც ფრანგულს წიგნებში მისი უბრალო კვალიც ვერ აღმოვაჩინე. ამ მხრივ რუსული მწერლობაც მეტად ღარიბი გამოდგა.

მაშინ გადავწყვიტე, მე თვითონ მომეძებნა ქართული პოეზია და ქართულ ენის შესასწავლად მაშინდელ „კავკაზის“ რედაქციას მივმართე და რომელიმე სახელმძღვანელოს დასახელება ვთხოვე; ეს 1882 წ. იყო. მალე ამ გაზეთის მაშინდელ რედაქტორისგან, თავ. დავით ერისთავისგან პასუხიც მივიღე, რომელმაც ჩემზე მეტად სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა და ქართულ მწერლობის შესწავლის სურვილი გამიძლიერა. თავ. დავით ერისთავმა მალე ძველ და ახალ ქართულ მწერლობის შესახებ სხვა და სხვა მასალა გამომიგზავნა და 1884 წ. მე ამ მასალების მიხედვით ჩემი პირველი წერილი შევადგინე, - „დავიწყებული მწერლობა“, რომელიც დაიბეჭდა ლეიპციგის ჟურნალში. - „Magazin fuer die Literatur“. ამ წერილით გერმანელებმა ქართულ მწერლობის არსებობა პირველად გაიგეს, თუმცა შიდ მოთავსებული ფაქტები მეტად ღარიბი იყო და მხოლოდ მკითხველის ცნობის მოყვარეობას იწვევდა. საჭირო იყო საქართველოს წარსულ და აწმყო ცხოვრების გაცნობა. თითქმის ორი წლის განმავლობაში არ შეწყვეტილა ჩემი მიწერ-მოწერა თავ. დავით ერისთავთან. ამავე დროს თავ. ილია ჭავჭავაძისგანაც რამდენიმე წერილი მივიღე. თავ. ილია ჭავჭავაძე მახალისებდა საქმის გაგრძობას, - მანვე ოთხ თავის ლექსის რუსული თარგმანი გამომიგზავნა. ამასთან თავ. რაფიელ ერისთავის ლექსებიც მივიღე. ამ მიწერ-მოწერამ და ქართველების გაცნობამ სურვილი აღმიძრა თვითონ წამოვსულიყავი საქართველოში.

1884 წ. გადავწყვიტე რამოდენიმე კვირით ტფილისში მოსვლა. პირველად გემიდან რომ დავინახე აფხაზეთის მწვანით მოფენილი მთები, ჩემს გატაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ტფილისში ჩასვლის მეორე დღესვე თავ. ილია ჭავჭავაძესთან მომიწვიეს, - იქ დამხვდა თავ. რაფიელ ერისთავი, თავ. აკაკი წერეთელი, თავ. დავით ერისთავი, ნიკ. ცხვედაძე, ვლად. მიქელაძე და ავქს. ცაგარელი. მე მიხაროდა რომ ქართულ მწერლობის სათავესთან ვიყავი.

რამოდენიმე დღის შემდეგ თავ. დავით ერისთავთან კიდევ რამოდენიმე მწერალი და თეატრის მოღვაწე ვნახე და გავიცანი. იმ დროს მწერალი ბევრი არ იყო, მაგრამ ყველა სულით და გულით ემსახურებოდა მწერლობას, გატაცებით ლაპარაკობდა მაზე და შესაფერ ცოდნით აღჭურვილიც აღმოჩნდა, რასაც მე ადვილად ვამჩნევდი, რადგანაც ვცდილობდი ყველასთან ქართულ მწერლობის შესახებ ლაპარაკს.

ქართველი საზოგადოდ გულახდილი და სტუმართ მოყვარეა და ადვილად უმეგობრდება უცხო კაცს, რომელსაც გულს უშლის და მეგობრობას უცხადებს. ჩემზე და საზოგადოდ ევროპიდან ჩამოსულებზე ქართველების ასეთი თვისება ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.

ტფილისში მხოლოდ ორი კვირა დავყავი. ამის შემდეგ ვეწვიე თავ. ილია ჭავჭავაძეს მის მამულში, საგურამოში. ქართველ მგოსნის სახლი მაშინ უფრო ღარიბულად გამოიყურებოდა და ხეებიც მის გარშემო ჯერ კიდევ პატარა იყო; მაგრამ გარეგან სიღარიბეს ავიწყებდა სტუმარს სახლის პატრონის და მის მეუღლის სტუმართ-მოყვარეობა, - მალე ისე შემიყვარდა იქაურობა, რომ დღესაც საქართველოს ეს კუთხე განსაკუთრებით მომწონს და მიყვარს. მართლაც, აქ პირველად გადამიშალა თავ. ილიამ ქართულ მწერლობის საურჯე, საღამოობით აივანზე მიკითხავდა ქართველ მწერლების ნაწარმოებს, მიხსნიდა ქართულ ცხოვრებას, მიამბობდა ერის წარსულ დროის თავგადასავალს... შორიდან არაგვის ტკბილი დუდუნი გვესმოდა, დაბადრულ მთვარის მკრთალი ნათელი ეფინებოდა არე მარეს, და ადამიანი, ამ სანახაობით გატაცებული, თვალს ვერ აშორებდა მთებსა და ველებს. ამ პირობებში ერთმანეთს უახლოვდებოდა ორი სული, - ქართველის და გერმანელისა, - თავ. ილია გულში მიღვიძებდა და მიღვივებდა ქართველებისადმი სიყვარულს და, მართლაც, მას შემდეგ ჩემი სამწერლო მოღვაწეობის უმეტესი ნაწილი მე ქართულ მწერლობას შევწირე.

საქართველოში პირველად ჩასვლის ნაყოფი იყო წიგნი „Georgien und seine Beeohnwr“, რომელიც 1886 წ. დაიბეჭდა ლეიპციგში. ეს პატარა წიგნი შეიცავს ქართულ მწერლობის მოკლე მიმოხილვას და ჩემი მოგზაურობის პირველ შთაბეჭდილებას, რომელიც უმეტეს ნაწილად ახლაც სამართლიანად მიმაჩნია. მაგრამ, საზოგადოდ წიგნაკი ზერელედ შედგენილია და მას ყოველივე მნიშვნელობაც დაეკარგა მას შემდეგ, რაც ჩემი უფრო მოზრდილი თხზულება დაიბეჭდა, რომელსაც ჰქვია „Das Georgische Yolk“. თუმცა გერმანელებზე იმ პირველმა წიგნაკმაც შთაბეჭდილება მოახდინა და იქედან ცნობებს იღებდა ყველა, ვინც გერმანიაში საქართველოს შესახებ რასმე დასწერდა.

(გაგრძელება იქნება)

ივერია. - 1906. - 25. - გვ. 7-8

12 ქართველები ევროპაში

▲back to top


12.1 ახალი გამოგონება

▲back to top


პარიზის ინდუსტრიალურ გამოფენაზე საზოგადოებას დიდი ყურადღება მიუქცევია ჩვენის თანამემამულის ინჟენერ ნიკოლოზ სულხანიშვილის მიერ გამოგონილ მანქანას, რომლის შემწეობითაც ადვილი ჰხდება მაღალ შენობებს ასვლა, აგრედვე იქიდან ჩამოსვლა. ბ-ნს სულხანიშვილის მანქანისთვის ყურადღება მიუქცევიათ სხვა და სხვა სახელმწიფოს კაპიტალისტებს და გამოგონისგან მანქანის ექსპლუატაციის უფლება შეუძენიათ. მანქანა თურმე განირჩევა მის მაგვარ მანქანებისაგან, როგორც თავის სიმარტივით და სიიაფით, ისე იმით, რომ მასზე ძალიან ცოტა ენერგია იხარჯება. ბევრს გაზეთებს, უმეტესად სპეციალურ ჟურნალებს ეს გამოგონება დიდის ქებით აღუნიშნავთ. ბ-ნს სულხანიშვილს უმაღლესი სწავლა ჯერ გერმანიაში და შემდეგ რიგის პოლიტეხნიკუმში დაუმთავრებია.

სახალხო გაზეთი. - 1910. - 108. - გვ. 2

12.2 გერმანიაში

▲back to top


ვლ. ახმეტელაშვილი

ბედმა თუ უბედობამ ამ რამდენიმე თვის წინეთ - გერმანიაში გამგზავრება მარგუნა.

მიმდინარე წლის მაისის 28 დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგატებთან ერთად სოციალ დემოკრატიული პარტიის საოლქო კომიტეტის დავალებით ბერლინისკენ გავემგზავრე, რათა გერმანიის სოციალდემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ მოლაპარაკება გამემართა და მათთვის საქმის ნამდვილი ვითარება გამეცნო.

მსოფლიო ომის ქარტეხილმა, თანამედროვე იმპერიალისტურმა პოლიტიკამ მთელი მსოფლიო შეარყია და ომამდე არსებული სახელმწიფოებრივი თუ ნაციონალური საზღვრები წარმოუდგენლათ შეცვალა.

მრავალმა ერებმა და ისტორიულათ არსებულმა სახელმწიფოებმა დაჰკარგეს და დიდ გამარჯვებულ სახელმწიფოების პროვინცია-ახალშენებათ გადაიქცენ.

გამოიჭრა მსოფლიოს ახალი რუქა: ბელგია, სერბია, ჩერნოგორია ცენტრალურ სახელმწიფოების პროვინციებათ გადაიქცენ, იმპერიალისტური სახელმწიფოების ახალშენები გახდენ.

ზოგიერთი სახელმწიფოს ტერიტორიების მოზრდილი ნაწილი წაერთვათ და ტერიტორიები ძლევა მოსილ სახელმწიფოების საექსპლუატაციო ობიექტად გადაიქცენ.

დაპყრობით და დამორჩილების პოლიტიკასთან ერთად წარმოიშვა მეორე ტენდენცია, რომლის მეოხებითაც ზოგიერთი ერები საკუთარ ფეხზე დადგენ და მათ დამოუკიდებლობა მიენიჭათ. ის რაც ფანტაზიას შეეძლო წარმოედგინა, დღეს სინამდვილეთ გადაიქცა და საუკუნის განმავლობაში თავისუფლებას მოკლებული ზოგიერთი ერი საკუთარ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას ეწია.

რასაკვირველია, წვრილი ერების დამოუკიდებლობა იმპერიალისტური სახელმწიფოების ეკონომიურ და პოლიტიკური ინტერესების მიხედვით ხდება და პატარა ერებს ენიჭებათ თავისუფლება იმდენათ, რამდენათაც ეს დიდ იმპერიალისტურ სახელმწიფოების სურვილებს შეესაბამება.

ჩვენი აზრით, შემცდარია გერმანიის სოციალდემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელ კუნოვის შეხედულება, თითქოს თანამედროვე იმპერიალიზმი უმაღლესი ეკონომიური კატეგორია იყოს და მას პოლიტიკური ბატონობის ტენდენციები არ ჰქონდეს დასახული. პირიქით, იგი, როგორც ჩვენი უდიდესი თეორეტიკოსი სამართლიანად აღნიშნავს, პოლიტიკური კატეგორიაა და იმპერიალიზმი წვრილ ერებს და სახელმწიფოებს არას დროს არ გაახარებს, მაშასადამე, თანამედროვე კაპიტალისტური კლასების იმპერიალიზმს ტენდენციათ წვრილი ერების და პატარა სახელმწიფოების ეკონომიურათ და პოლიტიკურათ დამორჩილება უდევს და ამ ნიადაგზე მოქმედებს.

ეჭვს გარეშეა, სოციალ-დეოკრატია ასეთ კლასის პოლიტიკას ნდობით ვერ მოეკიდება და ის მიმართავს ისეთ კლასს, რომელიც არსებითად უარყოფს ბურჟუაზიის იმპერიალისტურ პოლიტიკას. ასეთი კლასი კი ინტერნაციონალური პროლეტარიატია, ინტერნაციონალური სოციალ დემოკრატია, რომელიც ყოველგვარი ბატონობის წინააღმდეგია და წვრილი და პატარა ერების გულწრფელი მოსარჩლეა.

სოციალდემოკრატია ინტერნაციონალური და დემოკრატიული პარტიაა.

იგი მთელი საუკუნის განმავლობაში ამ ნიადაგზე მუშაობს. დემოკრატიული წყობილების გარეშე ბრძოლა კი მოითხოვს ერთა თვითგამორკვევის უფლებას. მართალია, ზოგიერთი „რადიკალები“ ერთა თვითგამორკვევის უფლებას თანამედროვე კაპიტალისტურ ხანაში უარჰყოფენ და მის განხორციელებას შეუძლებლათ სცნობენ, ან მომავლისათვის სდებენ, მაგრამ ისინი მწარეთ სცდებიან, ვინაიდან მომავალ სოციალისტურ საზოგადოებაში ერთა თვითგამორკვევის საკითხი არ არსებობს და ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილი იქნება.

პროლეტარული სოციალიზმი უწინარეს ყოვლისა დემოკრატიული სოციალიზმია. დემოკრატია ის ძირითადი საფუძველია, რომელზედაც აშენდა მომავალი სოციალიზმი. ვიდრე ასეთი ურთიერთობა დამყარდებოდეს, საჭიროა დემოკრატიის პოლიტიკური, ეკონომიური და ნაციონალური მოთხოვნები დაკმაყოფილებულ იქნეს. ასეთ მოთხოვნილებათა შორის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთა თვითგამორკვევის უფლების აღდგენას დიდი ალაგი უჭირავს.

ინტერნაციონალური სოციალ დემოკრატიული პარტია და მისი მთავარი ხელმძღვანელები დღიდან თავისი არსებობისა ერთა თვითგამორკვევის უფლებას მხარს უჭერდა და დროს და გარემოების მიხედვით დამოკიდებულ ერების განთავისუფლებას მოითხოვდა.

ძველ ინტერნაციონალს არა ერთხელ მოუთხოვია პოლონეთის და სხვა დამონავებული ერების განთავისუფლება.

ასევე იქცეოდა ახალი ინტერნაციონალი და უკანასკნელი დაჩაგრულ ერების თვით გამორკვევის უფლების მედგარ მოსარჩლეთ გამოდიოდა.

ჩვენ მივაშურეთ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რადგანაც ამ პარტიაში ვხედავდით ჩვენი დამოუკიდებლობის მოსარჩლეთ.

28 მაისს გენერალ ფონ-ლოსოვის განკარგულების თანახმად ფოთის ნავსადგურში გერმანიის სატრანსპორტო გემი „მინა ჰორნი“ გველოდებოდა.

გენერლის დაპირებით გემი ნაშუადღევს 4 საათზე გავიდოდა და ეს დაპირება გერმანული პუნქტუალობით იქნა შესრულებული. სრულ 4 საათზე გემი ნავსადგურიდან დაიძრა და გაუდგა შორეულ გზას.

მეზღვაურის სიტყვით ბათუმიდან კონსტანცამდე სწრაფი სამგზავრო გემით 48 საათის გზაა, მაგრამ ჩვენი გემი მეტათ ნელი მოსიარულე გამოდგა და ორჯერ მეტი დრო დავყავით გზაში.

„მინა ჰორი“ ჯერ ერთი სატრანსპორტო გემია და მეორეც - იგი თითქმის ამ ოთხი წლის განმავლობაში იდგა, როგორც ტყვე და უმოქმედობის გამო მანქანები და „მოტორი“ საგრძნობლათ დაჟანგებოდა, რაიც ისედაც მძიმეთ მოსიარულე გემს ზღვაზე ცურვას საკმაოდ უძნელებდა.

გემის დაძვრისთანავე მრავალი ფიქრები წაიშალა ჩემს თავში. უმთავრესათ ჩემს ყურადღებას იქცევდა აწმყო ეკონომიკური, პოლიტიკურ საზოგადოებრივი მდგომარეობა. გულის ფანცქალით და ბავშურის გატაცებით მოველოდი დღეებს, როცა გერმანიის ტერიტორიაზე ფეხს დავდგამდი და ამ საზღაპრო ქვეყნის ნამდვილ მდგომარეობას საკუთარი თვალებით ვიხილავდი.

ოთხი წელია, რაც ამ სახელმწიფოს თითქმის მთელი კაცობრიობა აუმხედრდა. მსოფლიო ბაზარს ყოველმხრივ მოწყვეტილი გერ მანია უსაშინლეს ომს ეწევა და მოწინააღმდეგეებს თითქმის ამარცხებს. ამ ხალხს არაჩვეულებრივი ეკონომიური და პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა შეექმნა, რომ ასეთ მუყაითობით და ენერგიით შესძლო მტრების მოგერიება დამარცხება. თუ არ გენიალური ორგანიზაცია, - გერმანია სხვანაირათ ვერ შესძლებდა ფრონტზე და შიგნით ცხოვრების მოწყობას და მტრის წინააღმდეგ გამკლავებას.

ჩემი ასეთი შეხედულება გემზე მგზავრობის პირველ დღესვე გამიმართლდა. მგზავრების გამოკვება გერმანელებმა იკისრეს. გემის უფროსი გვაჭმევდა და გვასმევდა. თუმცა ეს ჩვენ თვითონვე ვიცოდით, მაგრამ მაინც თან წავიღეთ საკმაო საგზალი. ჩვენი სურსათი გემის საოჯახო ნაწილის მეთვალყურეს გადავეცით. სხვათა შორის, წავიღეთ სამი ღორი და მრავალი კონსერვები.

გერმანელებმა თავისებური ეკონომიით დაიწყეს გამასპინძლება. ვერ ვიტყვი მშიერი ვიყავით - თავის დროზე ყველაფერს გვაჭმევდენ, რაციონი ჩვეულებრივ საკმარისი იყო და ლუარსაბისებურ სტომაქის გატენას აქ ადგილი არ ჰქონებია.

თქვენ წარმოიდგინეთ, სამი ღორიდან ყველა მგზავრმა მარტო ნახევარ ღორს ვუყავით კონსუმცია და ორი ღორნახევარი ხელუხლებელი დაგვრჩა. ასეთი იყო გერმანელების მიერ სურსათის ეკონომია!

მეორე დღეს, ფრთხილი მგზავრობის შემდეგ, რამდენიმე ათი ვერსის მანძილიდან რუმინიის ზღვის პირის ქალაქი გამოჩნდა.

ყველანი გემის აივანზე გამოველით, თვალს მოუშორებლათ ქალაქისაკენ ვიცქირებოდით.

ორი საათის შემდეგ ჩვენი გემი კონსტანციის ნავსადგურს მიადგა. ნაშუადღევის 5 საათი იქნებოდა. ნავსადგური მშვენიერ შთაბეჭდილებას ახდენს, იგი ახალი ტეხნიკის მიხედვით არის აშენებული. ნავსადგურის სხვადასხვა ბურჯებზე გერმანელების, ავსტრიელების, ბულგარელების და ოსმალეთის ნაციონალური დროშები ფრიალებდენ.

რუმინიის ეს ქალაქი ოდესღაც ოსმალეთს ეკუთვნოდა და დღეს გერმანიის იარაღის ძლევა მოსილების მეოხებით ოსმალეთის მთავრობას საშუალება მიეცა თავისი დროშა აეფრიალებინა.

საგანგებო მატარებელი, რომლითაც ჩვენი დელეგაცია ბერლინში უნდა გამგზავრებულიყო გენერალ ფონ ლოსოვის განკარგულებით მეორე დღეს დილის [...] საათზე გავიდოდა და ჩვენ ღამის თევა კონსტანცაში მოგვიხდებოდა. შემთხვევით ვისარგებლეთ და შევუდექით ქალაქის დათვალიერებას.

ქალაქი გვარიან მაღლობზეა გაშენებული, ნავსადგურიდან პატარა აღმართი უნდა აიარო, შემდეგ შედიხარ ქალაქში. ვიდრე ქალაქში შეხვიდოდე ნავსადგურის მოშორებით გერმანელების სადარაჯო არის, სადაც სამხედრო პირები ქალაქში შესასვლელ მოწმობებს იძლევიან. დაუბრკოლებლივ მოგვცეს საშვები ბარათები და ჩვენ გავემგზავრეთ ქალაქისაკენ. იქვე რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე, ზღვის პირას კაზინოს მშვენიერი შენობაა, ეტყობა ზღვიდან რამდენიმე ყუმბარა მოხვედრია და შუშები მთლად დამსხვრეულია, თუმცა კედლები მთლიანი იყო და დაზიანება არ ეტყობოდა. თვით ქალაქშიც არ იყო ნიშნები გამანადგურებელ ყუმბარისა. აქ-იქ შეხვდებოდით გადამწვარ შენობებს, რომლებიც, როგორც რუმინელებივე ამბობენ, ქალაქის ნაძირალებს დაეწვათ.

ქალაქი სამხედრო ბანაკს წარმოადგენს და მთლად გერმანელების ჯარებით არის გაჭედილი. მრავალი შენობები სამხედრო უწყებებს აქვთ დაკავებული განსაკუთრებით რუმინიის ყოფილი სამხედრო უწყებები და გარდახვეწილ შეძლებულ კლასების ბინები. აღსანიშნავია, რომ მდიდართა შენობები მთლად უპატრონოდაა მიგდებული. ყველა შეძლებულები ქალაქიდან გადახვეწილან.

საღამოს 9 საათზე გემზე დავბრუნდით და ღამე იქ გავატარეთ. მეორე დღეს 7 საათზე საგანგებო მატარებლით ბერლინისაკენ გავემგზავრეთ.

მთელი რკინის გზა გერმანელების ხელშია და სადგურებზე და გზებზე გერმანელი სამხედრო პირები მსახურებენ. რკინის გზაზე რუმინიის მოხელეები სრულებით არ არიან. ლიანდაგის მახლობლათ მრავალი სოფლები და ქალაქები შეგხვდებათ. სოფელ-ქალაქებს არ ეტყობა, თუ ამ მიდამოების გარშემო თანამედროვე მსოფლიო ომი ყოფილა. ზოგიერთ სოფლებში შეგხვდებათ თითო ოროლა დანგრეული სახლები, ისიც განაპირა უბნებში. ქალაქები კი რომლებზედაც ჩვენ მოგვიხდა გავლა, სრულიად უვნებლათ გადარჩენილა.

გზებზე იშვიათად შეგხვდებათ მოუვლელ-დაუთესავი ადგილი. მოსავალსაც კარგი პირი უჩანდა. როგორც გენერალი ფონ-ლოსოვი ამბობდა, თურმე გერმანიის მთავრობა სამეურნეო მანქანების და სათესლე ხორბლის მიცემით დახმარებია გლეხებს, ამიტომ მათ მოუხერხებიათ მამულების დამუშავება.

ნაშუადღევის 4 საათზე მივუახლოვდით მდ. დუნაის უდიდეს ხიდს.

აქ მდინარე რამდენიმე ტოტათ არის გაყოფილი და ყოველ ტოტზე საუცხოვო ხედია გაკეთებული. მალე მთავარ მდინარესაც მი ვუახლოვდით. აქ ჩვენ გვითხრეს, რომ მატარებლიდან უნდა ჩამოხვიდეთ და მდინარეზე ბორნით უნდა გახვიდეთ, რადგან მთავარი ხიდი ჩამტვრეულიაო. როგორც გადმოგვცეს, რუმინიის ჯარს უკან დახევის დროს თვითონ აუფეთქებია ეს ხიდი.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ხიდი თავისი ტეხნიკური შენებით მთელს ევროპაში საუკეთესო ხიდათ ითვლება. გულსაკლავ სურათს წარმოადგენდა: შუა გულ ალაგს, ორ მთავარ ბურჯთან, ხიდი მთლად ჩალეწილია და მის შეკეთებას დიდი დრო და ხარჯი მოუნდება.

როცა გენერალ ფონ-ლოსოვს მივუთითე და ვუთხარი - აი რა კულტურა მოაქვს თანამედროვე იმპერიალისტურ ომს მეთქი - მან ღიმილით მიპასუხა: კულტურას ანადგურებს არა მარტო იმპერიალისტური ომები, არამედ - რევოლიუციონური ყუმბარებიცო და ხელი რუსეთისკენ გაიშვირა.

ბორანით გაველით მეორე ნაპირად, სადაც გველოდებოდა საგანგებო მატარებელი. განვაგრძეთ გზა.

საგანგებო მატარებელი მხოლოდ დიდ სადგურებზე ჩერდებოდა და ისიც სულ რამდენიმე წუთით. ასე, რომ საშუალება არ გვეძლეოდა ამა თუ იმ ქალაქში თუ სოფელში რაიმე ცნობა მიგვეღო. თვით ბუქარესტში, - რუმინიის დედაქალაქში, სულ რამდენიმე წუთით გაჩერება მოგვიხდა, აქ მხოლოდ იმის გაგება მოვახერხე, რომ რამდენიმე დღის წინათ იქ რუმინიის და გერმანიის სამშვიდობო კონფერენციის სხდომები ყოფილიყო.

ასევე სწრაფად გავიარეთ უნგრეთი, ავსტრია და გადავედით გერმანიის ტერიტორიაზე.

რამდენათაც ვუახლოვდებით გერმანიას, იმდენათ სასოფლო და სამრეწველო კულტურის საუცხოვო სურათები გეშლებოდა. უნგრეთი რუმინიაზე გაცილებით უკეთესია, ავსტრია კი - უნგრეთზე, მაგრამ სურათი საგრძნობლათ იცვლება. უმალვე შეატყობ, რომ ძლიერი კულტურის ხალხის ტერიტორიაზე გადახვედით. ტყე-მინდორი, სახნავი და სათესი ხელის გულივით არის დაწმენდილი და ყველგან აყვავებულია მეურნეობა. არ არის ერთი ციდა ადგილი, რომელიც არ იყოს დამუშავებული და საგანგებოთ გაწმენდილ გასუფთავებული.

სამწუხაროთ დღისით გერმანიის ტერიტორიაზე მოგზაურობა ცოტა დროით მოგვიხდა, მეორე დღეს დილის 7 საათზე გერმანიის დედა ქალაქ ბერლინში შევედით.

ერთობა. - 1918. - 179. - გვ. 2-3

12.3 ეიფელის კოშკზე

▲back to top


აკაკი [აკაკი წერეთელი]

(ლექსი პროზად)

სოკოსავით ამოსულა დედა-მიწიდან, თუ ციდან გადმოკიდებულა ეს კოშკი? რამ სიმაღლეა!.. მე კი ზედ მწვერვალზე ვდგევარ და გადავჰყურებ ხელის გულსავით გადაშლილ პარიზს. სახლები წერტილებად მეჩვენებიან, ქუჩები ვიწრო არშიებად და ზედ ადამიანის მიმოსვლა კი ჭინჭვლის ცოცვად. აქ, ამ სიმაღლეზე, სულ სხვა ნაირად ფიქრობს კაცი და სხვა გვარადა გრძნობს... და მეც ჯერ-ჯერობით მეტი არა მინდა რა, რომ მარტოდ მარტო, თავისუფლად აქ ვეძლეოდე ხოლმე ოცნებას!..

მაგრამ ეს ვიღაც მანდილოსანი ამკვიატებია და, მე რომ მოვდივარ, ისიც მალე გამოჩნდება ხოლმე. დღეს კი დაუსწრია: დამიხვდა და პირველად კიდევაც გამომესაუბრა:

- უკაცრავად კი ნუ ვიქნები და აქაური არ უნდა იყოთ თქვენ, როგორც გეტყობათ?

- დიახ, შორედან მოვსულვარ.. კავკასიელი!..

- ააა!.. ჩერქეზი?

- არა.

- ჰმ!.. ჰმ!.. ჰმ!.. მაშ უთუოდ სომეხი?

- არც სომეხი!.. ქართველი! საქართველოდან!..

- ქართველი?! ვინ არიან ქართველები? და სად არის საქართველო?

- კავკასიელი ხალხია... მიკვირს, რომ ჩერქეზები გცოდნიათ, სულ სომხებს იცნობთ და მკვიდრ ქართველებზე კი არა გაგიგონიათ რა?!..

- უკაცრავად, მაგრამ დღეს პირველად მესმის ეგ ხალხი. სომხებმა კი თავიც მოგვაბეზრეს.

- დიახ, ძალიან უგანგაშო ქვეყანაა საქართველო!.. თვითონ ქართველები ხმას არ იღებენ და სხვები კი მათ არ ახსენებენ.

- ამ სიშორეს რას მოუყვანიხართ?

- ავადმყოფობას.

- მობეზრდით იქაურ ექიმებს და თავიდან მოგიშორეს?.. აქეთკენ წამოგიტყუეს?

- აქ უკეთესი ექიმები არიანო.

- ექიმის უმეტესობა ყველგან ექიმია: მაჯას გინახავს, ენას გამოგაყოფიებს, ყურს გულზე მოგადებს და დაგიწერს რეცეპტს. ამას მოანდომებს სულ ერთ წამს, მაგრამ შრომის სასყიდელი კი დიდია... განსაკუთრებით აქ, პარიზში. მეც უცხო ქვეყნელი ვარ... ამერიკელი. წელიწადია, რაც აქეთკენ გადმოველ. შემოვიარე მთელი ევროპა, ვეძებ და ჯერ ვერ მიმიგნია...

- რას დაეძებთ?

- კაცი ეძებს იმას, რაც აკლია და განსაკუთრებით ქალი!.. მე ვეძებ სიყვარულს!..

- სიყვარულს?!

- დიახ, სიყვარულს უბიწოსა და თავისუფალს.

- ამერიკა მე დიდ ქვეყნად წარმომიდგენია და ნუ თუ იქ ვერ მოგინახავსთ?

- ჩემს სამშობლოში? იქ ხელოვნებამ დაჩრდილა სიყვარული და ტრფიალება მედიდურობად გადაიქცა, ისე როგორც აქ, ევროპაში, სადაც ფულია გაღმერთებული, სიყვარულიც სავაჭრო საგნად გადაქცეულა!.. საუკუნო განსვენება ჩემ მშობლებს! დიდი მემკვიდრეობა დამიტოვეს: თვალ-ტანადობა, ჯანმრთელობა და შეძლება, მაგრამ ესეები ყველა ვერ მაკმაყოფილებენ უსიყვარულოდ!.. იმას კი დავეძებ და ვერ მიპოვია..

- საკვირველია, რომ მაგას ამბობდეს ადამიანი იქ, სადაც...

- იქ, სადაც ხელოვნება უკიდურესს წერტილამდე მოსულა, რომ მოჰხიბლოს ადამიანი და თვალ-ჯიბე მოსჭრას!.. აქ გარეგნობაა!.. მომხიბლავი გარეგნობა, უსულო!.. და სიყვარულს კი თავის მოთხოვნილება და კანონები აქვს!.. ის კანონები მარტო გარეგნობაში ვერ იხარებენ. როგორც ყვავილს ნამი, ისე ეჭირვება ქალს სიყვარული! მაგრამ ვერსად ჰპოებენ, დამონებიან პირობებს და ვინ გაამტყუნოს?.. არა, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაშიაც, დიდ ქალაქებში სიყვარულს არა აქვს ნიადაგი, იმ სიყვარულს, რომელიც ადამიანს ააჟღერებს, აამაღლებს!..

- გეთანხმებით, როგორც ქართველი!..

- რაო?! როგორც ქართველიო?! ნუ თუ იქ, საქართველოში, სხვა გვარად ესმისთ სიყვარული?

- მართალია, ამ უკანასკნელმა მონობის საუკუნემ თავისი ელფერი დასდვა ჩემ სამშობლოს; მიმბაძაობის ხანა დადგა იქ, მაგრამ ჯერ კიდევ არ მომკვდარა, - მხოლოდ დასნეულებულია!.. და სნეული ზოგიერთ ძველ აღთქმას ვერ უარს ჰყოფს და მათ რიცხვში სიყვარულსაც. მართალი სთქვით!.. აქაურ ქალს განა სიყვარული მოეთხოვება? ის მორთულ-მოკაზმული, ფერნაცხები და სარკის წინ დაქანცული გამოდის, რომ აქეთ-იქით ქსელი გააბას და ბუზი დაიჭიროს. ოღონდ ბუზი კი იყოს და მისთვის სულ ერთია, ვინც იქნება!.. როგორც ქართველს, არ მესმის ეს!.. ჩემ სამშობლოში ხელოვნებას ჯერ კიდევ არ დაუჩაგრავს ბუნება. ვარდი თავისუფლად სუნნელოვნად იშლება, ია ნაზად თავსა ჰხრის და ყაყაჩო მედიდურობს!.. და სადაც ეს სამი ყვავილიანობა არ შეთანხმებულა, ვერც იკიდებს ფეხს სიყვარული! თვით სიყვარულია ყოვლის შემძლებელი ხელოვნება და ხელოვნება აღარ ეჭირვება!.. სიყვარულია ღმერთი!!.. იყო დრო, რომ ქართველ ქალთა უმეტესობას, გარეგნობით ზემოხსენებულად შემკულს, შინაგნობაც ეკავშირებოდა: სული სცემდა ხორცს ნათელს და ხორციც სულ შექათქათებდა!.. დღესაც კიდევ, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც აქა-იქ სადმე კიდევ მოიპოება ნამდვილი ქართველი ქალი და ერთს მათგანს მე კიდეც ვეთაყვანები და ეს თაყვანია უხმო ლოცვა-დიდება შემოქმედებისა!.. ჯერ სანამ მთა-გორას მოფარებული მზე მწვერვალზე თავს ამოჰყოფდეს, გაისმის ცისკრის ზარივით ტკბილად, გულის სიღრმემდე ჩამწდომი მისი ხმის წკრიალი! ეჰ, გაუღვიძნია ჩემ სატრფოს, ხელ-პირი დაუბანია, დაუვარცხნია გულ-მკერდზე დატევრებული თმა, ჩაუცვამს უბრალოდ და შვილებს ისტუმრებს სასწავლებელში, რომ მერე საოჯახო საქმეს მოჰკიდოს ხელი და დაღამებამდე ფეხზე იდგეს. მთელი დღე მოძრაობს და მისი მოძრაობა საარაკოა!.. ყოლიფერი ჰშვენის: გაიღიმებს, თითქო ცა გაიხსნაო, მოიჭმუხვნის, თითქო დედა-მიწა შეიკრაო!!

მინახავს მის წამწამებზე კურცხალი ჩამოკიდებული, მინახავს და ძლივს გადავრჩენივარ დადნობას!..

დღიურ შრომით დაქანცული, ღამით რომ ქვეშაგებში მოისვენებს ხოლმე, თითქო მთვარემ მოივანაო, მე მივდივარ ათრთოლებული, მუხლს ვიყრი მის წინაშე და ზეგარდამო შთაგონებული ვეამბორები მის ფეხებს!.. ვეამბორები მიტომ, რომ იმ ფეხებზე იდგა მთელი დღე და იმ ფეხებს მიმოჰქონდა აქეთ-იქით მაშვრალი!.. წმინდაა ის ამბორი, როგორც დედის ცრემლები, და იმ ამბორთან ერთად გათავდება ჩემი სიცოცხლეც.

ასე ვამბობდი აღელვებული, ოცნებით გატაცებული და გავიყურებოდი იქითკენ, სადაც ჩემი სამშობლო მეგულებოდა. სულ-განაბული ამერიკელი ქალი ყურს მიგდებდა დიდხანს და ბოლოს წამოიძახა: აი სად ყოფილა სიყვარულის ბუდე და მე კი სად ვეძებდი?!.. უნდა წავიდე...

- სად, პარიზიდან საქართველოში? ეგ სულ ერთი იქნება, რომ დიდებულ დარბაზიდან გლეხის ბოსელში გადავიდეს კაცი!..

- არა! იქ, სადაც წამხედურობა და მიმბაძაობა არის გამეფებული, გინდ დარბაზიც იყოს, არ მინდა!.. იქ კი, სადაც ორიგინალობაა, გინდ ბოსელიც იყოს, მომავალი მოსალოდნელია!.. იქ სიყვარული იხარებს და, სადაც სიყვარულია, ღმერთიც იქ არის!.. მე უნდა ვნახო შენი სამშობლო და ისიც...

- ვინ ისიც!..

- ის... ის, ვისაც შენ მაგრე იხსენიებ...

ივერია. - 1906. - 6. - გვ. 13-14

12.4 ეიფელის კოშკზე

▲back to top


აკაკი [აკაკი წერეთელი]

მაღალ კოშკზე ცის მახლობლად
ეიფელის მწვერვალზედა
როცა ყველა დამავიწყდა:
ცოლი, შვილი, მამა, დედა,
ატანილი შიშისაგან,
მხოლოდ პარიზს დავჰყურებდი,
მაგრამ იმ დროს მე იქიდან
ვეღარაფერს კი ვერ ვკრებდი.
სახლები ჩნდენ სოკოებად, -
არშიებად ქუჩა ყველა
და ზედ ხალხი დადიოდა
ისე, როგორც ჭიანჭველა!
რაღაც ლანდად წარმომიდგა
ქალაქი და ტურფა მხარე,
ვეღერავინ გავარჩიე, -
ვერც მტერი და ვერც მოყვარე!
და მაშინ ვსთქვი: ნუ თუ ისიც,
ვინც ხან და ხან ხალხს შორდება
და სულ მაღლა მაღლა მიდის,
ორთა შუა გახირდება?
რა თქმა უნდა, რომ დაჰკარგავს
ხალხზე ის სწორ მხედველობას
და სიმართლით ვერ გაარჩევს
სიკარგეს და საძაგლობას!...

ივერია. - 1906. - 12. - გვ. 8-9

12.5 ვახშამი

▲back to top


. გვაზავა [გიორგი გვაზავა]

- აი, თუ ამ ქალებს გაიცნობ და მეც გამაცნობ, - ვახშამი ჩემზე იყოს! მითხრა მე ჩემმა მეგობარმა, ტულუზელმა სტუდენტმა - ჟულ ამბონმა.

ჩვენ ვმოგზაურობდით, ერთად გამოვიარეთ სენ-ჰოტარდის გვირაბი, მშვენიერი არე-მარე სამხრეთი შვეიცარიისა, ჩამოვხტით ქალაქ ლუგანოში და ერთს სასტუმროში შევედით. საღამოს სასტუმროს დიდი ოთახი სავსე იყო ტურისტებით. იმათ შორის ორმა ქალმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ორივე ახალგაზრდა იყო, ლამაზად მორთული, მსუბუქი და თავისუფალი მიხვრა-მოხვრისა; ორივე მხიარული იყო და საღერღელის ამშლელი ღიმილი არ შორდებოდა იმათ ტუჩებს. რა მშვენიერი არიან, ვიფიქრე მე, მაგრამ როგორ გავიცნო, რა ვუთხრა?

- მიდი პირდაპირ, მირჩია ჟულმა. შენ - ქართველი ხარ და ველურობა უფრო გეპატიება, დაუმატა მან ღიმილით.

- უკაცრავათ!.. ვუპასუხე მე და ხმამაღლა ქართულად დავიძახე:

ზრდილნი არიან იმერნი,
მტერთა მიმცემნი რისხვისა!

ქართულმა სიტყვებმა მიიპყრეს ქალების ყურადღება. აი მომენტი! აი წამი! ვისარგებლო ამით! ვიფიქრე მე; წამოვდექი კიდეც, გადავდგი ქალებისაკენ ნაბიჯი, მაგრამ უეცრათ ისეთი გულის ცახცახი ვიგრძენ, ისე დავიბენი, რომ მივატოვე ქალები, მოვუჯექ დიდ მაგიდას და გადავშალე ალბომები. ერთი უშველებელი ალბომი იყო - ალბომი ტურისტებისა. რა არ იყო შიგა, რა ენა და რა ხელი? ყოველ მგზავრს, რომელიც, კი აქ მოუყვანია ბედსა და გარემოებას, აქ ჩაუწერია თავისი აზრი ან სურვილი, პატარ-პატარა ნაწყვეტი თავის გრძნობის ან მოგონებისა. აქ ლექსებიც იყო, პროზაც, თავ დაჭერილი ხუმრობა და თამამი სიმახვილე... ფრანგული, რუსული, გერმან ული - თითქმის ყოველი ენა. მხოლოდ ქართული წარწერა ერთიც ვერ ვიპოვე. მე ვისარგებლე ამით, რომ დამემალა ჩემი უხერხული მდგომარეობა, ავიღე კალამი და დავწერე:

საამურია ლუგანო,
არ არის საჭოჭმანები;
მისი მთა და ტბა - ფირუზი,
მისი ზურმუხტი ყანები, -
მაგრამ ყველაფერს სჯობიან
მის ტურფა გოგუცანები...
ჰე, მგზავრო! გირჩევ, აქ დარჩე,
თავი სიამეს ანები!

დავწერე ეს, დავკეცე ისევ ალბომი და დავუბრუნდი ჩემს მეგობარ ჟულს, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. - ვახშამი ჩემია! მითხრა მან კიდევ.

- არ გასულა ერთი წამიც, ორივე ქალები წამოხტნენ, მივარდნენ ალბომს, გადაშალეს იგი იქ, სადაც ჩემი ნაწერი იყო და ისეთი გაკვირვებით დაუწყეს სინჯვა ყოველ ანბანს, თითქო უნდოდათ თვალებით გამოეწუწნათ შიგ მოთავსებული აზრი. გადააბრუნეს, გადმოაბრუნეს ალბომი, შეჰხედენ იქიდან, აქედან, ბოლოს, რომ ვერა გააწყვეს რა და ვერაფერიც გაიგეს, ერთმა აიღო კალამი და რაღაც მიაწერა. მერე ორივე ქალებმა გაიცინეს და მოჰშორდენ მაგიდას. ეხლა ჩემი რიგი იყო. მივედი და წავიკითხე ფრანგული ფრაზა:

„ნეტა ვიპოვოთ ისეთი კაცი, რომ გადაგვითარგმნოს ეს საიდუმლო ნიშნებიო.“

აშკარა იყო, ასეთი კაცი მე ვიყავი.

ერთი საათის შემდეგ ორივე ლამაზებს ეჭირათ ხელში ტანწვრილი ჭიქა და სვამდნენ საქართველოს სადღეგრძელოს.

ვახშამი მე მოვიგე.

ივერია. - 1909. - 9. - გვ. 2

12.6 ნარკვევი

▲back to top


(ჟურნალ-გაზეთებიდან)

ისტორიული ჩვენი სენის ბრალია, თუ თანამედროვე ჩვენის პოლიტიკურ მდგომარეობისა, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ჩვენ, ქართველები, ყოველგან და ყველაფერში ჩამორჩენილნი ვართ. ჩვენთვის თითქოს არც კონგრესები არსებობენ, არც მსოფლიო კრებები, არც საერთაშორისო ურთიერთობა და არც ათასი სხვა ასეთი რამ, რომელთა საშუალებითაც შეგვეძლოს ქვეყნიერობას გავაცნოთ ჩვენი, ქართველების ნამდვილი ყოფაცხოვრება და მით რაიმე ადგილი დავიჭიროთ საერთაშორისო, საკაცობრიო ფერხულში.

რამდენ მსოფლიო გამოფენას, რამდენ საერთაშორისო კონგრესსა თუ კრებას ჩაუვლია ისე რომ ჩვენ, ქართველებს, არც კი შეგვიტყვია, არამც თუ გაგვეგზავნოს ჩვენი წარმომადგენელი და ჩვენც ჩვენებური საერთაშორისო ურთიერთობის დამამყარებელი და განმამტკიცებელი ხმა ამოგვეღოს.

მართალია, ათასში ერთხელ ჩვენებიც დასწრებიან ხოლმე საერთაშორისო სოციალისტურ, თუ არა სოციალისტურ კრებებს, მაგრამ იქ ჩვენიანებს ან სხვისი სახელით ულაპარაკნიათ, ან და ისეთი მცირე და მოუმზადებელი ყოფილა იქ დამსწრე ქართველთა რიცხვი, რომ სხვა, წარჩინებულ ქვეყნების წარმომადგენელთ ან სულ დაუჩრდილავთ იგინი, ან და ყურადღებაც არ მიუქცევიათ.

ჩვენ მარტო შინა ვართ ყოჩაღები, „ოთარაანთ ქვრივივით“, მარტო შინაურებს დავერევით ხოლმე და ერთმანეთს ღვთის წყალობა რომ ვუთხრათ, ღვთის წყალობა გვგონია.

იმ დროს როდესაც ჩვენ ერთმანეთს თავ-პირს ვამტვრევთ თუნდა ამისთანა კითხვების გარჩევის დროს როგორც არის მაგალითად, „რომელი უფრო წინად გაჩნდა: კვერცხი, თუ ქათამიო“, სომხების მეცნიერნი, საზოგადო მოღვაწენი, პუბლიცისტები თუ სოციოლოგები მთელ ქვეყანას უვლიან და სისტემატიურად, წინდაწინვე განზრახულ გეგმით აცნობენ ქვეყანას თავის სამშობლოს, მის წარსულს და აწმყოს, მის მისწრაფებათა და იდეალებს, მის სულის-კვეთებათა და მერმისს...

მას შემდეგ რაც საერთაშორისო ურთიერთობები აღორძინდა, ყველა ჩვენთაგანს შეუძლია შინაურ კარჩაკეტილობას ადვილად მოუღოს ბოლო და ქვეყანას ამცნოს თავისი ვინაობაც, მაგრამ... სწორედ ამ „მაგრამას“ ბრალია, რომ კავკასიის ქედის იქითაც კი ვერ გვაცნობენ...

საქართველო და ქართველები არამც თუ ევროპიელებს, თვით რუსებსაც კი, ზღაპარი და საზღაპრო ხალხი ჰგონიათ... ასეა, თუ ისე, კავკასიის ხალხთა შორის ყველაზე ცნობილი ხალხი ევროპისა და სხვა კულტურულ სახელმწიფოთათვის ისევ სომხები არიან და სომხის ერიც უნდა უმადლოდეს თავის მამულიშვილებს, ვინაიდან თავის ერისა და სამშობლოს მოსიყვარულე მამულიშვილები არც ერთ შემთხვევას არ უშვებენ, რომ ევროპას თვისი თავი არ გააცნონ...

სახალხო გაზეთი. - 1910. - 110. - გვ. 1-2

12.7 პატრი მიხეილ თამარაშვილი და მისი ახალი თხზულება1

▲back to top


ოდისსევს

პატრი მიხეილ თამარაშვილი ცნობილია ქართველთა შორის. მისი შესანიშნავი თხზულება „ისტორია კათოლიკობისა საქართველოში“ თითქმის ყველა ქართველმა ინტელიგენტმა იცის. უცნობი არ არის აგრეთვე მისი მეორე წიგნი „პასუხად სომხის მწერლებს“, სადაც იგი დოკუმენტებით ხელში სრულიად აქარწყლებს სომეხთა პრეტენზიებს ქართველ-კათოლიკეთა შესახებ. ბ-ნმა ზაქარია ჭიჭინაძემ პატარა ბიოგრაფიაც კი დაწერა პ. მ. თამარაშვილისა, რომლის საყურადღებო ცხოვრებასაც იგი აღწერს და აგრეთვე ახასიათებს მის საინტერესო პიროვნებას. ყოველივე ეს, მგონი, უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ.

მაგრამ პატრი მ. თამარაშვილი ისეთი კაცი არ არის, რომ შუა გზაზედ მიატოვოს ერთხელვე დაწყებული შრომა და უდროოდ შეაკვეცოს ფრთები თავის ნიჭსა, როგორც ხშირად ვხედავთ ხოლმე მსგავს მოვლენებს ქართველთა შორის. იგი უკვე მიჩვეულია ევროპიულ შრომას, და რაც დრო მიდის, რაც უფრო მეტს გამოცდილებასა და გაუმჯობესებულ შრომის მეთოდებს ითვისებს, მით უფრო იზრდება მისი შრომის ინტენსივობა და ნაყოფიერება, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე ორმოცდაათის წლის კაცია.

გულ ნატკენმა შემომჩივლა, მთელი იტალია და საფრანგეთი შემოვიარე და აუარებელი ფული და დრო დავხარჯე ქართულ ისტორიის კვლევაში. თუ სადმე მიმიწვდებოდა, ყველგან მოვჩხრიკე და ვეძიე, და მართლაც ისეთი დოკუმენტები აღმოვაჩინე საქართველოს წარსულის შესახებ, მისიონერთა მიერ დატოვებული, რომ საქართველოშიაც არ მოინახება მსგავსის ღირსებისაო. პირადი კეთილდღეობაც კი უარვყავი - ერთ დიდ ეკლესიაში ადგილს მაძლევდნენ, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან დრო აღარ დამრჩებოდა ჩე მის საყვარელ საგნის - საქართველოს ისტორიის შესასწავლადაო. ეხლა რითაც ვცოცხლობ - სათქმელიც არ არის. და დახეთ, ყველა ამის ნაცვლად არავითარი დახმარება არ მიმიღია ქართულ საზოგადოებისაგან; ის კი არა, ხანდახან ფრიად საჭირო წერილზედ პასუხსაც არ მაძლევენო.

პატრი მიხეილ თამარაშვილს ერთი მართლაც უბრალო ჭეშმარიტი აზრი აქვს: ის, რომ ერთ დროს საქართველოს ევროპიელები ძლიერ კარგად იცნობდნენ, გამართული იყო მიწერ-მოწერა პაპებსა და ჩვენ მეფეთა და მთავართა შორის, იყო მუდმივი მისვლა-მოსვლა საქართველოსა და ევროპას შუა, იყო მუდმივი კულტურული და კერძოდ სარწმუნოებრივი ერთობაც. შემდეგ, როცა ოსმალო ჩამოგვიდგა წინ და მოგვწყვიტა ევროპას, რასაკვირველია, მას ჩვენი ხსოვნა თანდათან ეშლებოდა მეხსიერებიდან; მას შემდეგ კი, რაც პოლიტიკური დამოუკიდებლობა დავკარგეთ, ხომ სულ დავავიწყდით. ახლა აღარც კი იციან, თუ ვინ არის ქართველი, ან სად იმყოფება საქართველო. მართალიც არის ყოველივე ესე; და ალბად ყველა ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა ევროპაში მოგზაურობის დროს თვალით ენახა ისეთი უმეცრება ევროპიელთა ჩვენს შესახებ, რომ ევროპიელს კი არა, ჩინელსაც არ ეპატიება. ერთხელ ერთმა ფრანგმა მწერალმა პირდაპირ მითხრა - მე კი ვიცი საქართველო რაც არის, ვინც არიან ქართველები, რა მდგომარეობაშიაც არიან, როგორიც არის ქართველთა და სომეხთა შორის განწყობილება, როგორიც არის თქვენი უფლებანი, თქვენი მომავალი, მაგრამ, სამაგიეროდ, ათიათასმა სხვამ სრულიად არ იცის-რა. ამისათვის საჭიროა იყვიროთ, სომხები რო ყვირიან, კიდევ უფრო მაღლა უნდა იყვიროთო. როცა მე ვუთხარი - ყვირილი საკადრისი არ არის მეთქი, გაიცინა და სთქვა - ეხლა მაგ თავმოყვარეობას ადგილი აღარა აქვს, იყვირეთ, იყვირეთ, ბევრი იყვირეთო, და რაც უფრო საზიზღარი რამა ჰხდება, სწორედ იმაზედ უფრო მეტი იყვირეთო!... ეს კიდევ რა. ის ფრანგის მწერალი იმიტომ ამბობს ასეთს რამეებს, რომ აღმოსავლეთში სცხოვრობს და მისი სპეციალური საგანია ოსმალეთის ხალხთა შესწავლა - სომეხთა, ლაზთა, ალბანელთა, მაკედონელთა და სხვათა. მხოლოდ ამიტომ, თორემ ევროპაში მცხოვრებმა მეცნიერმაც არა იციან რა ჩვენზედ. ყველამ უწყის, რომ უდიდესი გეოგრაფი ელიზე რეკლიუ ისეთს რამეებსა სწერდა ჩვენზედ როგორც თავის „გეოგრაფიაში“, ისე ახალ „ისტორიაში“ (L'Homme et la Terre), რომ ღმერთმა ბალღსაც ნუ ატიტინოს მსგავსი რამ. გუშინ კიდევ შემთხვევით ერთ ამხანაგს ფრიად საინტერესო წიგნი გამოვართვი - Les Migrations des peuples - Jufalvi-de-mezo - kovesdi-სა. მართალია, წიგნი 1873 წელს არის გამოცემული, მაგრამ ეს ხანა არც ისეთი ძველია, რომ უმეცრება ნებადართული ყოფილიყოს. მართალია, არც მწერალია ფრიად ცნობილი, მაგრამ მეტის-მეტი შეუსაბამობანი მაინც არ უნდა როშოს ისეთმა ადამიანმა, რომელსაც აზრად გაუხდია „ხალხთა მოძრაობის“ აღწერა: თავის წიგნის მე-160 გვერდზედ ეს მწერალი პირდაპირ ამბობს, რომ თუბალთაგან და მესხთაგან დღეს კვალიც არ დარჩენილაო. მესხები სცხოვრობდნენ არარატის მთასა და მდინარე თბილისის შუა, სადაც ეხლაც არის შესანიშნავი მონასტერიო!.. მოდი და გაიგე რამე ასეთის მეცნიერისაგან! კიდევ რამდენს შეხვდებით დიდსა და პატარა მეცნიერს, რომელნიც ჩვენს შესახებ ისეთს რამეებსა სწერენ, რომ ადამიანს ბრაზიც მოსდის და უკვირს კიდეც, საიდან მოიგონეს ასეთი სიცრუენი ან სიყალბენი. თანაც ამბობ ადამიანი - თუ სხვებზედაც, ჩვენს მსგავსს ხალხებზედ, ასეთი რამეები აქვთ დაწერილი ამ მეცნიერებს, მოდი და ენდე მათ მეცნიერებასა, მოდი და რაიმე წარმოდგენა იქონიე ამ სხვა ხალხებზედ მათის ნაწერების კითხვით!

ამიტომაც გადასწყვიტა პატრმა მიხეილმა დაეწერა ფრანგულ ენაზედ „საქართველოს ეკკლესიის ისტორია“, რომ გაეცნო ევროპიელისათვის ჩვენი წარსული კულტურა. რასაკვირველია, საზოგადო ისტორია რომ დაეწერა, უფრო დიდი მნიშვნელობა ექნებოდა იმის თხზულებას, მაგრამ ჯერ-ერთი პატრი მიხეილი მღვდელია, მისი სპეციალობა საეკლესიო ისტორიაა, მეორე კიდევ, პატრი მიხეილის სასახელოდ, მისი თხზულება მარტო საეკკლესიო არ არის, იგი მთელი ქართველი ერის ისტორიაა ქრისტეს დაჰბადებამდის უძველეს დროიდან ჩვენ დრომდე, სადაც, რასაკვირველია, საეკლესიო მხარეს დიდ ყურადღებას აქცევს ავტორი, თუმცა თითქმის იმდენსავე პოლიტიკურსაცა და საზოგადოდ სამოქალაქოსა; ამას გარდა, უმთავრესი ღირსება წიგნისა ის არის, რომ იგი ჩვენთვის სრულიად უცნობ დოკუმენტებზეა დამყარებული, მშვენიერის სურათებითა და ილლიუსტრაციებით შემკული. აგრეთვე იქ მოთავსებული იქნება უძველესი რუქები, მაჩვენებელი ქართველ ტომის მიერ პყრობილ ადგილთა. ეს კიდევ რა, პატრ მიხეილს სადღაც სიცილიის ერთ ძველ მონასტერში ძველი სურათებიც კი უპოვნია, მისსიონერების მიერ დახატული, - სურათები სამეგრელოს ცხოვრებისა, სამეგრელოს დიდ-კაცთა და მთავართა, ქართულის წარწერებითა. ერთი სიტყვით ევროპიელი დაახლოვებით სრულ წარმოდგენას იქონიებს საქართველოზედ, რომ პატრ მიხ ეილს ეღირსებოდეს ამ წიგნის გამოცემა, რომელიც თოთხმეტი თავისაგან შესდგება და ათასს გვერდზედ მეტია.

[...]

აი, რა შინაარსისაა პატრ მ. თამარაშვილის ახალი წიგნი. როგორც ჰხედავთ, იგი უბრალო შრომა არ არის, არამედ ფრიად რთული. იგი არ არის აგრეთვე მარტო საეკლესიო ისტორია; ავტორს განხილული აქვს საეკლესიო ისტორია საზოგადოდ საქართველოს ისტორიულ ცხოვრებასთან ერთად, როგორც მისი ბუნებრივი ნაწილი. მიზანიც მისი არა ყოფილა მხოლოდ „ეყვირა“, არამედ მართალი და ნამდვილი ცნობა მიეწოდებინა ევროპისათვის საქართველოსა და განსაკუთრებით მისი ეკლესიის შესახებ. აი რასა სწერს ავტორი წინასიტყვაობაში:

„ჩვენ დავრწმუნდით, რომ საქართველოს ისტორია, განსაკუთრებით მისი ეკლესიის ისტორია, ძლიერ ნაკლებად იციან (ავტორს უნდა სთქვას - ევროპაში, რასაკვირველია). ამიტომაც განვიზრახეთ გვეძღვნა ისტორიის მეგობართათვის ეს შრომა, რომელიც მათ სწორად გააცნობს საქართველოს ეკლესიის ნამდვილ ვინაობას. რასაკვირველია, ეს საქმე ჩვენთვის ძლიერ ძნელი იყო; საქართველოს ეკლესიის ნამდვილი ისტორია არ დაწერილა ჯერ, და ამიტომაც ჩვენ ყველგან და ყოველივე ვიკვლიეთ, რომ ამ ისტორიისათვის საჭირო ცნობები შეგვეკრიბა (ყველა ტექსტი, ჩვენ მიერ დაბეჭდილი, ან გამოუცემელია, ან და ძლიერ ძვირად საშოვნელ წიგნებში მოიპოვება), მაგრამ ჩვენ არა ვნანობთ, რომ ამდენი შრომა გავსწიეთ. ჩვენა გვსურდა ნათელ გვეყო ისტორია იმ ეკლესიისა, რომელიც მრავალი საუკუნე არსებობს და ღირსია განცვიფრებისა და სიმპატიისა; [...]

აი, რა იმედები აქვს პ.მ. თამარაშვილს თავის მართლაც და საინტერესო შრომისა. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეს შრომა კარგი ოთხი წელიწადია რაც დაუწერია, გამოცემა კი არ ხერხდება უსახსრობისა გამო. ეს ოთხი წელიწადი ავტორი სცდილობს იშოვნოს საჭირო სახსარი წიგნის გამოსაცემად მაგრამ ამაოდ. მდიდრებმაც კი 30 ან 20 ფრანკი გადმომიგდესო, სთქვა გულ-ნატკენმა მ. თამარაშვილმა.

ეხლა კი უკანასკნელადა სთხოვს ყველა ქართველს, ვისაც რა შეუძლიან, გაუწიოს დახმარება ამ ფრიად სასარგებლო წიგნის გამოსაცემად, რომ ერთ ევროპიულ ენაზედ ერთი წიგნი მაინცა გვქონდეს ჩვენის ვინაობის ევროპიისათვის გასაცნობად. მე ჩემი ძალა, გონება და დრო არ დავიშურე ყოველივე შევსწირე საქართველოს წარსულისა და აწმყოს კვლევას, სხვამ კი ცოტა, სულ ცოტა დახმარება მაინც გამიწიოსო. არც ისე ვარგა, რომ საზოგადოებამ თავისი მშრომელი წევრი არა თუ დაუხმარებლად, სრულიად უყურადღებოდაც დასტოვოს, რადგან რომში ჩემს მეტი არც არავინაა ქართველების შესახებ ხმის ამომღებიო.

რომში კი არა, მგონი ევროპაშიაც არავინ არის ასეთი, და ჩვენ საზოგადოებაში მგონი უნდა მოიპოვებოდნენ ისეთები, რომელთაც შეუძლიათ 30 ფრანკზედ მეტი გაიღონ ამ წიგნის გამოსაცემად. მათ არა დააკლდებათ რა, ჩვენთვის დიდი საქმე იქნება. თორემ ადამიანის მოთმინებასაც საზღვარი აქვს: შეიძლება პატრი მიხეილ თამარაშვილი სულ დაგვეკარგოს, თუ ასეთი გულ-გრილობა გამოვიჩინეთ მისდამი. ეს ძლიერ ადვილად არის შესაძლებელი.

_____________

1. სტატია არასრულად იბეჭდება.

დროება. - 1909. - 64. - გვ. 2-3

12.8 საზღვარ-გარეთის ექსპედიციები

▲back to top


ერთ-ერთ მორიგ მეთაურში ჩვენ შევეხეთ განათლების სამინისტროს კანონ-პროექტს ახალგაზდათა ექსპედიციის გაგზავნისას საზღვარ გარეთ, მაშინ ჩვენ გამოვსთქვამდით იმ აზრს, რომ ასეთი ექსპედიციის მოწყობა სასარგებლოა და დროსთან შეფარდებული. ხაზი გაუსვით აგრეთვე იმ საკითხის სახელმწიფოებრივ საშუალებათ მოგვარების უპირატესობას.

ამის შემდეგ გამოირკვა, რომ შრომის სამინისტროს მიუმართავს მთავრობისთვის რომ გაღებული იქნას განსაკუთრებული თანხა, რომლითაც მოეწყობა ევროპაში მუშების ექსპედიცია, რომ იმათ მიიღონ სპეციალური პროფესიული განათლება.

ჩვენ გვგონია, რომ მთავრობაც და დამფუძნებელი კრებაც ყოველ საშუალებას იხმარს, რომ ეს ექსპედიცია მოეწყოს, ამის თავდებია, ის, რომ ექსპედიცია მუშებისგან ეწყობა.

ჩვენც არ შეგვიძლია არ ავღნიშნოთ, რომ ამ ექსპედიციის მოწყობა უთუოდ სარგებლობას მოუტანს სახელმწიფოს.

არ უნდა თქმა, რომ ქართული დემოკრატია მოკლებულია იმ კულტურულ შეგნებას, რომელიც ახასიათებს ევროპიელ მუშას.

და ხშირათ შრომის და კაპიტალის მტრობა ბარბაროსულ ხასიათს იღებს.

ის ვიწრო კლასიური ეგოიზმი, რომელიც სხვა ქვეყნებში იღებს უფრო კულტურულ ფორმას - ჩვენში პრიმიტიულათ არის დაყენებული.

ჩვენ არ მოვიყვანთ ამის მაგალითებს, ამის დამაჯერებელი ფაქტები ყოველ ნაბიჯზეა. აგრეთვე ძალიან დაბლა სდგას საქმისა და ხელობის ცოდნა ჩვენს მუშებში.

ვინც დაკვირვებია ბეჭვდით საქმეს ჩვენში და ევროპაში, ის მიხვდება თუ რა წამებაა მორალური და ესტეტიური საქართველოში გამომცემლობა.

და ასეა თითქოს ყველა დარგში.

ხშირათ ქართველი მუშა ჩაყენებულია ისეთ მდგომარეობაში, რომ საშუალო საუკუნის ცეხის შეგირდს უფრო ჰგავს, ვინემ თანამედროვე ევროპიელ მუშას...

მართალია, ბევრ ემიგრანტს ჰქონია საშუალება ევროპაში ყოფნის, მაგრამ იქ მოკლებული ყოფილა საშუალებას სპეციალურ ცოდნის შეძენისას ადვილათ გასაგებ მიზეზების გამო და თუ ასეთებიც იყვენ, რომელთაც მოახერხეს ევროპაში ყოფნა, ისინი ისე დაწინაურდენ ცხოვრებაში, რომ დაშორდენ მუშების მასსას და უფრო პასუხსაგები სახელმწიფოს სამსახურში არიან.

ჩვენი აზრით, რაც უნდა ძნელი ასატანი იყოს რესპუბლიკის ხაზინისთვის ასეთი ექსპედიციების მოსაწყობათ საჭირო ფულის გაღება, მაინც არ უნდა მოვერიდოთ ხარჯს, რადგან ყოველი ასეთი საქმე აუნაზღაურებს სახელმწიფოს ხარჯს.

მხოლოდ რადგან ასეთ ექსპედიციებს სახელმწიფო აწყობს, უნდა იყოს ერთგვარი შემუშავებული სისტემა და წესი. საზღვარ-გარეთის ექსპედიციები მარტო ახალგაზდებისთვის და მუშებისთვის კი არა სხვებისთვისაც არის საჭირო.

დღეს საქართველოში არ არსებობს არც ერთი სამხედრო სასწავლებელი დაბალი ტიპისაც, რომ არაფერი ითქვას გენერალურ შტაბის აკადემიაზე და თუ როგორ საჭიროა ჩვენთვის მცოდნე სამხედრო ხალხი ამაშიც ყველა დარწმუნებულია.

შემდეგ წერილში ჩვენ უფრო ვრცლათ შევეხებით ამ საკითხს...

ახალი საქართველო. - 1919. - 1. - გვ. 1

12.9 ქ. შ. წ. კ-სა და ქართულ ისტორ.-ეთნოგრაფიულ საზოგადოებათა საყურადღებოდ

▲back to top


. . [ტიტე მარგველაშვილი]

ამა წლის გაზაფხულის გასულს (მაისი-ოქტომბერი 1914 წ.), როგორც ცნობილია, იმართება ქ. ლაიპციგში გრაფიული და მწიგნობრობის გამოფენა (Graphische und Buchgewerbe-Ansstellung). სხვათა შორის, შეკრებულია მასალები აზიის თითქმის ყველა ერებში: იაპონიიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სპარსეთიდან, ოსმალეთიდან და სხ. იგზავნება და ზოგთაგან კიდეც მოსულა სანიმუშო მასალები. ჩემს შეკითხვაზე გამგეობასთან, თუ რამდენად შესაძლოა ქართველების მონაწილეობა გამოფენაზე ბ. პროფ. ბროკკელმანმა (ჰალეშია), რომელსაც ებარება გამოფენის აზიური ნაწილი, დიდის სიამოვნებით განაცხადა თანხმობა, დაუთმოს ქართველობასაც შესაფერისი ადგილი. უწინარეს ყოვლისა, კი საჭიროაო, დასძენს ბ. პროფესორი, სპეციალისტებმა რამოდენიმე პატეოგრაფიულად და კულტურულ-ისტორიულად შესამჩნევი ნაშთები (ე.ი. ხელნაწერნი, მინიატურები, ძველი მხატვრობა და სხვ. ამგვ.) გამოარჩიონ და მათი ფოტოგრაფიული სურათები გადმოგვიგზავნონო. განსაკუთრებითი ყურადღება ძველ ლიტერატურისა, ხელოვნებისა (მხატვრობა, ქანდაკება, ხუროთ-მოძღვრება, წარწერანი და სხვ.) და სხვა ამგვარ ნაშთებს უნდა მიაქციონო.

რადგან გამოფენა საერთაშორისოა და ეს შემთხვევა საუკეთესოა, რომ ცოტად თუ ბევრად მაინც გავაცნოთ ევროპიელები ჩვენს წარსულს, უნდა ვისარგებლოთ მითი და, რაც შეიძლება, მეტი მასალა მივაწოდოთ გამოფენის გამგეობას. იმედია, ქ. შ. წ.-კ-სა და ქ. ისტ.-ეთნოგ. საზოგადოება ხელიდან არ გაუშვებს ამ შემთხვევას და იზრუნებს, რომ ქართულმა განყოფილებამ გამოფენისამ - მთლიანი წარმოდგენა დასტოვოს ევროპიელებზე.

საქმე ფრიად საჩქაროა, რადგან დროზე უნდა მოხდეს ალაგთა განაწილება და მონაწილეთა რიცხვის საბოლოოდ გამორკვევა.

ტიტე მარგველაშვილი

მისამართი: D-r philos. T. von Margvelaschvili Harkor str. 15. II, Leipzig.

----

P. S. ამასთანავე ვაცნობებ ჩვენს კულტურულ-ისტორიულ საზოგადოებებს, რომ გამომცემელი ჟურნალ „Quelleu und forschungen fur Erdund Kulturkunde“ ბ. დოქტორი რ. შტიუბე ფრიად მოწადინებულია იშოვოს ქართულის ისეთი მცოდნე, რომელსაც შეეძლებოდეს დასწეროს გერმანულად ქართული გრამატიკა სავარჯიშო წიგნითურთ. მსურველთ ვთხოვ ისარგებლოს ზემომოყვანილ მისამართით.

სახალხო გაზეთი. - 1914. - 1098. - გვ. 3

12.10 ქართველები პარიზში

▲back to top


ვანო გველესიანი

(საკუთარ კორესპონდენტისაგან)

პარიზში სულ იქნება 25-30 ქართველი. აქ მაინც არსებობს ქართული საზოგადოება, რომელიც 1907 წ. დაარსებულა. ამ დროის განმავლობაში მას ბევრი ქართველისთვის გაუმართავს ხელი გაჭირვების დროს და რამდენიმე სამშობლოშიაც გაუგზავნია თავისი ხარჯით. ამ საზოგადოებამ შესძლო პატარა ბიბლიოთეკის დაარსება მხცოვან პოეტ აკაკის სახელობაზე. ბიბლიოთეკას დღესა აქვს 300-400 წიგნამდე ქართული, ფრანგული და რუსული. ამ საზოგადოებას არა აქვს არც დიდი შემოსავალი და არც დიდი ძირითადი თანხა. ამ დღეებში მომხდარ საზოგადოების წლიურ კრებიდან, სადაც მოხსენებული იყო ანგარიში და მოქმედება საზოგადოებისა, გამოირკვა, რომ საზოგადოება ძალიან გაჭირვებულ დღეშია ჩავარდნილი ნივთიერის მხრივ. მისი ძირითადი თანხა სულ 70 ფრანკია. საზოგადოების უპირველესი მიზანია რომ სულიერი კავშირი მაინც არ გასწყვიტოს სამშობლოსთან და თვალ-ყური ადევნოს მის კულტურულ განვითარებას. საჭიროა, რომ წრესა ჰქონდეს ბინა, სადაც შეიძლებოდეს სამკითხველოს მოთავსება და დრო გამოშვებით შეკრება ლექციების და რეფერატების საკითხავად. საწევრო ფული იმდენად ცოტა შემოდის, რომ ძლივს ასდის საზოგადოების აუცილებელ ხარჯს. რამდენიმე ხნის წინედ ამ საზოგადოებამ მიჰმართა ზოგიერთ ჩვენ მეცენატებს, რათა მათ აღმოეჩინათ მცირე ნივთიერი დახმარება, მაგრამ ამ უკანასკნელებმა პასუხის ღირსიც კი არ გახადეს საზოგადოება. დიდი დახმარება კი არი საჭირო ამ საზოგადოებისთვის: სულ 25 მანეთი თვეში, ვიდრე საზოგადოება შესძლებს სხვის დაუხმარებლად არსებობას.

დრო გამოშვებით ეს საზოგადოება ჰმართავს სალიტერატურო საღამოებს, სადაც იკითხება ლექციები, რეფერატები და ან კიდევ რომელიმე წევრი წაიკითხავს ხოლმე თავის ნაწარმოებს. მინდა შევჩერდე უკანასკნელ ყოვლად საინტერესო საღამოზე, რომელზედაც დროებით აქ მყოფმა ჩვენმა თანამემამულემ გერმანიის სტუდენტმა ალექსანდრე სვიმონიძემ წაიკითხა რეფერატი:უძველესი ცნობანი ქართველ ტომების შესახებ. ეს ცნობები რეფერენტმა მიაკუთვნა 1. ეგვიპტელებს, 2. ასურელებს, 3. ებრაელებს (ფინიკიელებს?) და 4. ბერძნებს.

დასასრულ საზოგადოებამ დამსახურებული მადლობა გადაუხადა ბ-ნ რეფერენტს, რომ მან არ დაიზარა და გაუზიარა რა მას ყოვლად საინტერესო ცნობები.

სიხარულით უნდა აღინიშნოს ის მოვლენა, რომ აქაური მოსწავლე ახალგაზდობა არ მისცემია, ჩვეულებრივ ჩვენ ქართველ მოსწავლეებისავით, ქეიფს და დიდის მუყაითობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს, რაიცა სჩანს იქიდანაც, რომ ეს ორი წელიწადია, რაც რეგულიარულად ათავებენ აქ უმაღლეს სწავლას და სათანადო ცოდნით ბრუნდებიან სამშობლოში. შარშან ორმა ქართველმა გაათავა უნივერსიტეტი და მიიღეს ეგრეთ წოდებული „Lიცენცე” სახელდობრ ბ-ნ კ. გოგელიამ და ბ-ნ ჯანელიძემ. წელსაც ორმა ქართველმა ბ-ნ გიორგი ციციშვილმა და ბ-ნ ნოე ყიფიანმა. ეს ახალი მოვლენაა ჩვენთვის, რომ პარიზიდან ბრუნდებოდენ სამშობლოში კურს დამთავრებული და აღჭურვილი წესიერის ცოდნით.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსწავლე ახალგაზდობის უმეტესობა, გარდა ქალებისა, საბუნებისმეტყველო საგნებს გადიან. ვერც აქაურ ქალებს დაემდურება კაცი, რასაც მოჰკიდეს ხელი ბოლომდის მიიყვანეს საქმე. მაგრამ ერთის მხრივ კი, მე მგონია, საყვედურის ღირსნიც არიან. აი რამდენი ქართველი ქალი ყოფილა და არის კიდეც და არც ერთ მათგანს არ მიუღიათ სხვა ცოდნა და მოწმობა თუ არ „ფრანგულ ენის მასწავლებლობის“ უფლებისა, არა მგონია რომ ყველა მათგანი აღჭურვილი იყოს იმ აზრით თავიანთი სიცოცხლე შესწირონ საპედაგოგო ასპარეზს.

სასურველია, რომ მანდაური საზოგადოება ცოტა გულ-თბილად მოეკიდოს და მხარი დაუჭიროს აქაურ საზოგადოების მიზნის განხორციელებას და, ვინც რითაც შესძლებს, დახმარება აღმოუჩინოს ამ პატარა, მაგრამ არა უნაყოფო საზოგადოებას. საზოგადოების მიზანი, როგორც ზემოთ ვსთქვი იმდენად დიდი არ არის, რომ მისი განხორციელება ძნელი იყოს. საჭიროა მხოლოდ პატარა გულ-კეთილობა და არ დავიწყება თანამემამულეთა. განსაკუთრებით, სასურველია, რომ ყურადღება მიაქციონ წიგნის გამომცემლებმა და ავტორებმა. მათთვის ერთი წიგნის გამოგზავნა დიდი დანაკლისი არ იქნება, ამ პატარა დახმარებით კი საზოგადოება შესძლებს ღირსეულ ბიბლიოთეკის დაარსებას პარიზში.

12.11 ქართველები ჟენევასა და პარიზში

▲back to top


მადლი [მიხეილ ჯავახიშვილი]

(შთაბეჭდილებანი)

ჩამოვა თუ არა ვინმე ქართველი დასავლეთ ევროპიდან, მისი ნაცნობები სალამის უმალვე შეეკითხებიან ხოლმე: რამდენი ქართველია ამა და ამ ქალაქში, მუშაობენ თუ არა, იძლევა ვინმე იმედს და ამ ცოტა ხანებში ჩვენს ღარიბ საზოგადო მოღვაწეთა გუნდს მოემატება თუ არა რამდენიმე სერიოზულად მომზადებული მუშაკიო. ასეთი ცნობის მოყვარეობა და ინტერესი ცხრა მთას იქით გადაკარგულ თანამემამულეებისადმი ადვილი გასაგებია: საზოგადო მოღვაწეობის ასპარეზი საქართველოში არც თუ როდისმე ყოფილა გაჭედილი სერიოზულ ცოდნით აღჭურვილ მუშაკებით, მაგრამ ეს ნაკლულოვანება და სიმცირე საზოგადო მოღვაწეებისა ყველასთვის ცხადი და საგრძნობელია უკანასკნელ ხანებში, როცა დაწიოკებული და აოხრებული საქართველო გარშემო იყურებოდა და მორალურ და ქონებრივ დახმარებას თხოულობდა. მაგრამ სწორედ ამ დროს ყველანი თითქო სადღაც მიიმალნენ, მიყუჩდნენ და სრულიად დაცარიელდა ის მინდორი, საიდანაც ასეთ დროს უნდა გვსმენოდა გასამხნევებელი სიტყვა, იმედი და მედგარი მოწოდება შელახულ და შერცხვენილ ეროვნულ თავმოყვარეობის დასაცავად. ამის შემდეგ საკვირველი არ არის, რომ ობლად დარჩენილი ერთი მუჭა იდეიური საზოგადოება დასავლეთ ევროპისკენ ან ჩრდილოეთისკენ იყურება და იქაურ ქართველ ახალგაზდობაში ეძებს იმ ელემენტებს, რომლებიდანაც უნდა შესდგეს მომავალ ქართველ მოღვაწეთა გული და რომელსაც უნდა გადაეცეს ჩვენი მეტად დახლართული და ტალახში ამოვლებული საზოგადოებრივი გორგალი. მე, რასაკვირველია, არ ვამბობ, ვითომ ჩვენს მხსნელს ქართველი საზოგადოება უეჭველად დასავლეთ ევროპიდან ან ჩრდილოეთიდან მოელის მეთქი; ჩვენ იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ახალგაზდობა იზდება, ერთსა და ორ გენიოსს არ ვეძებთ, რომელნიც მთელ ერს ვერ იხსნიან, მაგრამ სრული უფლება გვაქვს ჩავუკვირდეთ ჩვენ ახალგაზდა მოსწავლეთა ცხოვრებას და გავიგოთ, როგორი თაობა მოგვდევს უკან და მოიძებნება თუ არა ამოდენა ახალგაზდობაში იდეიურად მტკიცე, მეცნიერულად მომზადებული და სერიოზულად აღზრდილი პატარა გუნდი, რომელიც დღეს თუ ხვალ გვერდში უნდა ამოუდგეს და ხელმძღვანელობა გაუწიოს ჩვენს მომავალ საქმეს დიდებულ უფლებების მოსაპოვებლად.

ეხლავე უნდა გამოვტყდე და ვთქვა: მე აქედან დარწმუნებული წავედი, რომ იქ, დასავლეთ ევროპაში ვნახავდი ისეთსა და იმგვარ ახალგაზდობას (ქართველ ახალგაზდობაზე ვლაპარაკობ), როგორიც მე მქონდა წარმოდგენილი. ვფიქრობდი: ამ საიმედო წელიწადში ჩვენმა ქვეყანამ იმოდენა ტანჯვა-ვაება განიცადა და ხალხიც ფსიხიურად იმდენად შეიცვალა, რომ ეს ცვლილება აუცილებლად უნდა დაეტყოს ჩვენს მოსწავლე თაობასაც, რომელიც ძალაუნებურად დაანებებდა თავს წინანდელ ჩვეულებრივ უსაქმურობას, სიზარმაცეს, ქარაფშუტობას და უკვე გამოცდილი, ცხოვრებაში ნასწავლი და შავ დღეებში გაწვრთნილი ახალ იარაღით შეუდგებოდა მეთქი ახალ იდეის გამოჭედვას. მაგრამ ნათქვამია, ისტორია არავის არაფერსაც არ ასწავლისო და ეს თქმულება სწორედ ქართველებზეა გამოჭრილი.

მაგრამ გადავიდეთ საგანზე. არაფერს ვიტყვი ევროპის სხვა ქალაქების ქართველებზე, რადგან ზოგ ქალაქში, სადაც ბლომად არიან ქართველები, სულ არ ვყოფილვარ, ზოგში კი მხოლოდ რამდენიმე დღით გავჩერებულვარ და ასეთ მცირე ხანში მათ შინაურ ცხოვრების გაცნობას, რასაკვირველია, ვერ მოვასწრობდი.

ჟენევაში ზაფხულის მიწურულს ჩავედი. უნივერსიტეტი დაკეტილი იყო და სტუდენტობა საზაფხულოდ იყო დათხოვნილი. ქართველების ერთი ნაწილი სამშობლოში იყო წამოსული, ერთი ნაწილი კი შვეიცარიის სოფლებსა და მთებში იყო გაფანტული. ჟენევაში იმ დროს 25 თუ 30 ქართველი სტუდენტი დამხვდა. ახლად ჩამოსული კაცი საქართველოდან ჟენეველ ქართველებისთვის დიდი ამბავი იყო, რადგან ყველას უნდოდა ახალ ამბების გაგება და დაწვრილებით შეტყობა ყველა იმ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოვლენათა, რომლის შესახებაც იმათ მხოლოდ გაზეთებიდან ჰქონდათ შეტყობილი - ისიც მოკლედ და ბუნდოვნად. დაიწყო გაცნობა, გამოკითხვა, მოგონებანი და ჩვეულებრივი სიტყვა-პასუხი. პირველ ხანებში მიკვირდა მათი გადაჭარბებული ცნობის მოყვარეობა. მათ სურდათ გაეგოთ ყველაფერი: საერთო პოლიტიკური მდგომარეობა საზოგადოდ რუსეთში და კერძოდ - საქართველოში, რევოლიუციის მსვლელობა, მომქმედ პარტიათა ურთიერთობა, საზოგადოებრივ ძალთა განწყობილება, ხალხის იმ დროინდელი ფსიხოლოგია, ახლად დამდგარ რეაქციის მოქმედება; უნდოდათ დაწვრილებით გაეგოთ შიო ჩიტაძის მოკვლა, მერკვილაძის რაზმის ნამდვილი დაფასება, მოძრაობის დახასიათება ცალ-ცალკე: გურიაში, სამეგრელოში და ქართლში, ქართულ ჟურნალ-გაზეთების ბედ-იღბალი და ათასი წვრილმანი რამე. ახლად გაცნობილი ამ კითხვებს თავიდან იწყებდა და მეც ახლად ვიწყებდი გაზეპირებულ პასუხს და ბოლოს ორივე მხარე გაკვირვებული ვრჩებოდით: იმათ უკვირდათ, რომ არც რუსეთსა და არც საქართველოში ახალი არაფერი მომხდარა და ყველაფერი, რაც მე ვუამბე, ჟურნალ-გაზეთებში ჰქონდათ წაკითხული და ამიტომ ჩემი ნაამბობი დაძველებულ ამბად მიაჩნდათ. მეც მიკვირდა მათი სიწვრილმანე და უსაზღვრო ცნობის მოყვარეობა, მაგრამ... ოთხი დღის შემდეგ ჟენევაში ახლად ჩამოსულ ქართველს შევხვდი, რომელიც ტფილისიდან ორი დღით ჩემზე გვიან წამოსულიყო და მეც ის ამბავი დამემართა, რაც სხვებს: მოუთმენლად ველოდი მისგან ახალ ამბის შეტყობას და ისეთ კითხვებს ვაძლევდი, თითქო ათი წელიწადი არ მენახოს სამშობლო.

ერთი კვირის შემდეგ ყველა ჟენეველ ქართველებს ვიცნობდი. კარლ ფოგტის ბულვარზე არის ერთი ადგილი, სადაც ქართველები იყრიან თავს: ეს არის ქართული სამკითხველო და ბიბლიოთეკა, რომელიც მოთავსებულია ორ დიდ ოთახში და თავის მორთულობით გაცილებით სჯობია რუსების ბიბლიოთეკებს. ამ სამკითხველოზე ბ-ნმა პეტრე ზუბალაშვილმა რამდენიმე ათასი მანეთი დახარჯა, დაარსა პატარა ბიბლიოთეკაც, სადაც მოიძებნება რამდენიმე ძვირფასი ფრანგული გამოცემა, ორმოციოდე სერიოზული რუსული წიგნი და შემდეგშიაც აღუთქვა წიგნებისა და გაზეთების გამოწერა, ბინის ქირის გადახდა და იკისრა ყველა ხარჯი, რომელიც სამკითხველოს შენახვას დასჭირდება და ეს მშვენივრად მოწყობილი პატარა ბიბლიოთეკა გადასცა ქართველ სტუდენტებს იმ პირობით, რომ თუ ვინიცობაა სამკითხველო დაიკეტა, წიგნები და სხვა მოწყობილობა წერა-კითხვის საზოგადოებას გადაეცეს. ამ ბიბლიოთეკის გარშემო იკრიბებოდნენ ქართველები, მხოლოდ ეს ბიბლიოთეკა აერთებდა მათ და ხშირად მწვავე კამათისა, პარტიულ შეჯახების და ერთმანეთის სალანძღავ მასალას აძლევდა უამისოდაც პარტიობისა, კინკლაობისა და ლანძღვა-გინების მოყვარულ ქართველობას, რომელიც ამიერიდან უპარტიოდ ისე ვერ იცოცხლებს, როგორც თევზი უწყლოდ. ორი ქართველი რომ გადაასახლოთ ჩრდილოეთ პოლიუსზე და იქ დასტოვოთ მარტოდ-მარტო, მაშინაც ვერ გასძლებენ, უეჭველად ჩხუბი მოუვათ პროლეტარიზაციის თეორიაზე კამათის დროს და ერთი ერთმანეთს ხულიგანებად და ხალხის მტრად გამოაცხადებენ. მე წინადაც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ეს რწმენა უფრო გამიმტკიცდა საზღვარგარედ, სადაც აუარებელი მაგალითი ვნახე ვიწრო პარტიულ კინკლაობისა და დოგმატიურ ფანატიზმისა იმავე პარტიულ ნიადაგზე, თუმცა აქედან ისე გვგონია, ვითომ ცხრა მთას იქით გადაკარგული ერთი მუჭა ქართველი თანხმობითა და ერთმანეთის პატივისცემით უნდა იყოს შეკავშირებულიო.

ერთი თვის შემდეგ უნივერსიტეტიც გაიხსნა და ჟენევაში სამოცამდე ქართველმა მოიყარა თავი (დეკემბრის დამდეგს მათი რიცხვი ოთხმოცამდისაც ავიდა). დაიწყო მუდმივი რეფერატები, ლექციები, დისკუსიები და განუწყვეტელი პარტიული კამათი, რომელშიაც ქართველები შესამჩნევ როლს თამაშობდნენ. იმოდენა ქართველებში ორ თუ სამ კაცს ვიცნობდი, რომელნიც პარტიობაზე ხმა-მაღლა ლაპარაკს ერიდებოდნენ და ოფიციალურად თავიანთ თავს არც ერთ პროგრამას არ უკავშირებდნენ. სამაგიეროდ ეს ორი თუ სამი კაცი ქართველებში ყველაზე უფრო მშრომელი, მეცადინე და სერიოზულ მეცნიერულ ცოდნით იყო აღჭურვილი. საზოგადოდ შევამჩნიე, რომ ყველაზე ნაკლებად თავის პირველსა და უმთავრეს მოვალეობას, - ე. ი. სწავლასა და ცოდნის შეძენას - ის ასრულებს, ვინც ყველაზე უფრო მხნე და მშრომელი პარტიული მუშაკია. ასეთი კაცი სცხოვრობს მეექვსე სართულში ქალაქის განაპირა უბანში, იშვიათად ძღება, თავის გარეგნობას თითქმის არავითარ ყურადღებას არ აქცევს და ამით თითქო თავიც მოაქვსო. სამაგიეროდ, მისი ოთახი სავსეა პარტიულ ბროშურებით და მასთან ხშირად შეხვდებით მეორე პარტიულ მუშაკს. ორივენი ისევ პარტიულ საქმეებზე ლაპარაკობენ და ერთმანეთს ატყობინებენ: ამა და ამ დღეს ამა და ამ დარბაზში ამა და ამ პარტიის სასარგებლოდ საღამო იქნება გამართულიო, ამა და ამ დღეს „ჰანდვერგის“ ან სხვა დარბაზში ან ლომოვი, ან მარტოვი, ანაც აკიმოვი რეფერატს წაიკითხავსო, მანჰეიმის კონგრესზე ბებელმა ესა და ესა სთქვაო, ფოლმარმა ასე უპასუხაო, ან კიდევ - პლეხანოვი ცუდად გახდა და იტალიაში აპირობს წასვლასაო. ასეთი ჯურის „მუშაკნი“ თუმცა სტუდენტებად ირიცხებიან, მაგრამ უნივერსიტეტში იშვიათად დადიან და მუდმივ რეფერატებზე დარბაზში პირველ რიგში არიან გამოჭიმულნი. ჟენეველ ქართველებსაც ჰყავთ რამდენიმე ასეთი ტიპი. მათი ცოდნის ავლა-დიდება განისაზ ღვრება მხოლოდ პარტიულ ლიტერატურის ზედაპირულ ცოდნით და არსებობს თუ არა ქვეყანაზე გარდა ამ ლიტერატურისა, რეფერატებზე სიარულისა და საერთოდ პოლიტიკისა, რომელიც ბევრისთვის იდეია ფიქრად და ფეტიშად არის გადაქცეული - ეს იმათთვის სულ ერთია. უკანასკნელ ხანებში ცხოვრებამ შეიმუშავა და შეჰქმნა განსაკუთრებული ტიპი მოსწავლეთა შორის, შეჰქმნა პროფესიონალური მოლაპარაკე და ხელობით აგიტატორი ან პროპაგანდისტი, რომელმაც ზედ მიწევნით იცის თავის პარტიის ცხოვრება, მის ხელმძღვანელთა ყოველი ნაბიჯი, ნათქვამი და ნაწერი და ამ მხრივ მას მართლა „უნივერსალური“ ცოდნა აქვს, ისინი ხშირად ორ და სამ წელიწადს სცხოვრობენ უცხოეთში და ენასაც ვერ სწავლობენ. ცხადია, რომ ასეთ კაცისაგან მხოლოდ პარტიული მოღვაწე უნდა გამოვიდეს და გაუგებარია, რა საჭირო იყო სამი და ოთხი წლით საზღვარ გარედ წასვლა, როცა იმავე პარტიულ ლიტერატურის შესწავლა შეიძლებოდა საქართველოშიაც და რუსეთშიაც.

როგორცა ვთქვი, ჟენეველ ქართველებში ასეთი ტიპი სამი თუ ოთხი მოიძებნება. თუმცა უმეტესობა ამა თუ იმ პარტიას ეკუთვნის, მაგრამ პარტიული პროგრამა ამ უმეტესობას სახარებად არა აქვს გადაქცეული. თუ ვინიცობაა მათ პარტიას რაიმე „საფრთხე“ მოელის, ისინი თავგამოდებით წაესარჩლებიან მას და გულწრფელად იცავენ თავიანთ რწმენას, მაგრამ ერთი საათის შემდეგ ისევ თავის კალაპოტში დგებიან და ისეთივე გულწრფელი, გულკეთილი, გულახდილი და მხიარული ქართველები არიან, როგორიც იყვნენ ორი ან ერთი საათის წინად, სანამ ლაპარაკი პარტიობაზე და პოლიტიკაზე გადავიდოდა. ამ მხრით ყველაზე ძალიან გამაკვირვეს ქართველმა ქალებმა, რომელთაც ყოველ იდეიურ მოძრაობაში შეაქვთ რაღაც თავისებური, დედაკაცური ელემენტი: ზედაპირობა და გადაჭარბებული სენტიმენტალიზმი; ქართველი ქალი ამ შემთხვევაში შესამჩნევად განირჩევა რუსის ქალისაგან, რომელსაც გაცილებით უფრო ღრმა გრძნობა აქვს და რომელიც უფრო გულწრფელია ყოველ თავის ნაბიჯში, ვიდრე ქართველი. ქართველ ქალს აკლია გრძნობის სიღრმე, გულწრფელი სიყვარული იმ საქმისადმი, რომელსაც ის ემსახურება და თუ ის მაინც მისდევს ფეხის ხმას, ეს იმიტომ, რომ ის საზოგადოთ ჩვეულია ფეხის ხმის აყოლას. ეს დახასიათება შეეხება, რასაკვირველია, მხოლოდ ქართველ ქალების გარკვეულ ტიპს, ერთ ჯგუფს, რომლის შესახებ ძალაუნებურად მადგება ხოლმე ენაზე ერთი კითხვა და ერთი რჩევა: აბა რა თქვენი საქმეა იმ პარტიულ მორევში ჩარევა, რომელსაც თქვენ წრფელის გულით არ თანაუ გრძნობთ და რომელიც თქვენთვის მხოლოდ ახალი მოდაა! გაანებეთ თავი თქვენ ბუნების ხელოვნურ და ნაძალადევ დაქუცმაცებას და იყავით ის, რაცა ხართ ნამდვილად.

ასეთი ჯურის ქალები მეორე მხრითაც ძალიან განირჩევიან მამაკაცებისაგან. მე დავაკვირდი ამ მხარეს და შევნიშნე, რომ არსებით და თავიანთ ბუნებით ქალებს უფრო ღრმად აქვთ ჩანერგილი და განვითარებული სიყვარული სამშობლოსადმი და მამულისადმი, ვიდრე მამაკაცებს. მართალია, პრინციპიალურ და საჯარო კამათის დროს ქართველი სოც.-დემოკ. მამაკაცები ეროვნულ საკითხის შესახებ მედგრად იცავდნენ თავიანთ ჩვეულებრივ უარყოფის პოზიციას და ცალკე მეგობრულ ბაასის დროს კი ამ სურათს ცოტა ნაზ ფერს მიუმატებდნენ ხოლმე, მაგრამ ამავე საკითხის შესახებ ქალები საზღვარსაც აჭარბებდნენ. პრინციპიალურ კამათის დროს ისინი მამაკაცებზე უფრო ცხარედ და თავგამოდებით უარჰყოფდენ და ჰკიცხავდნენ არა თუ რაიმე ეროვნულ საქმეს, არამედ ეროვნების არსებობასაც კი. მაგრამ უნდა გენახათ იგივე ქალები ცალკე და ჩამოგეგდოთ ლაპარაკი იმავე ეროვნებაზე. ასეთ ლაპარაკს რომ ზომიერი ქართველი ლიბერალი დასწრებოდა, რომელსაც ჩვენში ყველგან და ყოველ შემთხვევაში ნაციონალისტს ეძახიან, ის მათთან შედარებით კოსმოპოლიტი და ინტერნაციონალი გამოჩნდებოდა. ამ მხრით ქართველ ქალებში საოცარის ჰარმონიით უერთდებოდნენ ერთმანეთს უპრინციპო, შაბლონიური კოსმოპოლიტიზმი და უსაზღვრო სიყვარული ქართველ ერისა, ვულგარული, აჟინებული უარყოფა ეროვნების არსებობისა და ნამდვილი ნაციონალიზმი, რომელსაც ხშირად შოვინიზმისგან ვერც კი გაარჩევთ. ისინი ვერც კი ამჩნევდნენ ამ წინააღმდეგობას, პრინციპების არევდარევას, წმინდა გრძნობისა და გამოფიტულ დოგმის შეურიგებლობას და გულუბრყვილოდ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ისინი ლოღიკურ თანდათანობას არ ღალატობენ, მათი მსოფლიო მხედველობა გარკვეულ მეცნიერულ სისტემაზეა აგებული და არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს მათის რწმენისა და გრძნობის შორის.

მაგრამ დავანებოთ თავი ქალების ამ საერთო ტიპს, რომელიც მრავლად მოიძებნება ჟენევაშიაც და გაჟინებულ ჩრდილოეთშიაც, ტფილისშიც და ავსტრალიაშიც.

(შემდეგი იქნება)

ისარი. - 1905. - 65. - გვ. 2-3

12.12 ქართველები ჟენევასა და პარიზში (შემდეგი)

▲back to top


მადლი [მიხეილ ჯავახიშვილი]

(შთაბეჭდილებანი)

შარშან გაზაფხულზე ერთ ქართულ გაზეთში დაბეჭდილი იყო ერთი მოკლე კორესპონდენცია ჟენევიდან, რომელსაც საზოგადოებამ შესაფერი ყურადღება არ მიაქცია. ჩემის აზრით კი იმ ამბავს, რომელიც მოთხრობილი იყო ზემოხსენებულ წერილში, დიდი პრინციპიალური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან საზღვარ-გარეთ ქართველთა შორის მომხდარი პატარა ინციდენტი გაცილებით უფრო მჭერმეტყველურად და ნათლად ახასიათებდა ჩვენებურ სოც-დემოკრატების ერთი ჯგუფის დამახინჯებულ გრძნობა-გონებას, ვიდრე მათი დოგმის პრინციპიალური კრიტიკა და სხვა აუარებელი მაგალითი.

იმ გაზაფხულზე მთელ საქართველოში გაცხარებული აგიტაცია იყო გადამწვარ და აწიოკებულ ქართველთა სასარგებლოდ. ამ აგიტაციაში ჟენეველ ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა: გამართეს მიტინგი, ხელის-მოწერა და შეუდგნენ ფულის მოგროვებას. ჟენევაში დაარსდა შესაფერი ცენტრალური ბიურო, რომელმაც სხვა ქალაქებში მოსახლე ქართველებსაც შეატყობინა ეს ამბავი და სთხოვა დახმარება, ე.ი. ხელის მოწერის გამართვა იმავე დაზარალებულ ქართველთა სასარგებლოდ. მგონი ძნელია და შეუძლებელიც არის ამ საქმეში ხალხისა და პროლეტარიატის საწინააღმდეგო მახის აღმოჩენა, მაგრამ სოც.-დემოკრატებმა მაინც მოახერხეს და ეს საქმე - თანამებრძოლთა და მოძმეთა დახმარების საქმე! - რეაქციონურ ხრიკად გამოაცხადეს. ზოგიერთ ქალაქიდან ჟენეველ ქართველებს დაუსაბუთებელი ცივი უარი მისვლიათ, ლეიპციგის ქართველ სოც.-დემ. კი თავიანთი უარი პრინციპიალურად დაუსაბუთებიათ და ზედ ასეთი წინადადებაც მიუკერებიათ: ფუ ლის შეგროვებაში დაგეხმარებით, მაგრამ იმ პირობით კი, რომ ეს ფული გადაეცეს რუსეთის სოც.-დემ. მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტს, რომელიც თითონ გამოიკვლევს, ვის უფრო სჭირია დახმარება - ქართველებს თუ პოლონელებს, ებრაელებსა თუ რუსებს, და მოიქცევა, როგორც გადასწყვეტსო. თავის თავად მარტო ეს ამბავი სხვას თუ არა, ჩვენ მაინც ვერ გაგვაკვირვებს, მაგრამ სწორედ იმ დროს ქართლის დედა ქალაქ გორში მოხდა მეორე ამაზე უფრო პაწაწინა ამბავი, რომლის მნიშვნელობა მე მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა იგი ლეიპციგის ამბავს დავუპირდაპირე. იმავე ხანებში მოხდა კურიერის უბედურება, სადაც ასიოდე მუშა დაიღუპა. მათი ოჯახების სასარგებლოდ მთელ ქვეყანაზე ხელის მოწერა გამართეს და მხოლოდ ეხლა აღმოჩნდა, რომ თითო დაზარალებულს რამდენიმე ათი ათასი ფრანკი ერგო. სწორედ იმ დროს, როცა ლეიპციგელი ქართველები თავიანთ საპასუხო წერილს სწერდნენ ჟენევის ბიუროს, გორში აქაური სოც.-დემოკ. წარმოდგენას მართავდნენ კურიერის მუშათა სასარგებლოდ. ეს ფაქტიც იყო აღნიშნული თავის დროზე ქართულ პრესსაში, მაგრამ ეხლა ეს დაძველებული ამბავი მე იმიტომ მოვიგონე, რომ, ჩემის აზრით, იგი საუცხოვოდ ახასიათებს ერთი ჯურის სოც.-დემოკრატებს, რომელთა შესწავლას და ახსნას მომავალი ისტორიკოსი გვერდს ვერ აუხვევს და ამ მოვლენას სათაურად დააწერს: იეზუიტიზმის რესტავრაცია. ასეთი ტიპის ნახვა და მისი გაცნობა მაინტერესებდა და ვფიქრობდი, მათი ბუდე ჟენევა იქნება მეთქი, მაგრამ ცოტა არ იყოს მოვტყუვდი. ოფიციალურად ამ დროშის ქვეშ 20-25 კაცი და ქალი იყო თავშეფარებული, ნამდვილად კი ტიპიური ეს-დეკი სამი ან ოთხი იყო. დანარჩენებს იმ ბანაკში მოეკალათნათ по недоразумънiю. შემთხვევით და რაღაც გაუგებრობით ისინი მდინარეს აჰყვნენ და რადგან ჩვენში ეს მდინარე მარქსიზმის ტბაში შედიოდა, ესენიც თან შეითრია და ასე თუ ისე თავშესაფარი ადგილი უშოვა.

ამაში მალე დავრწმუნდი. უკანასკნელ წლებში ქართველი სტუდენტობა ყოველ წელიწადს მართავს ქართულ საღამოს. მაგრამ სანამ წრევანდელ საღამოს სამზადისს შეუდგებოდნენ, შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს, რას მოვახმაროთ შემოსავალიო. ზოგმა სთქვა, დამშეულ მეგრელებსაო, ზოგმა - საზოგადოდ დაზარალებულ ქართველთა კომიტეტს გავუგზავნოთ და ის თითონ მოიხმარებს ამ ფულსაო, ზოგმაც - გადასახლებულ პოლიტიკურებს მივაწოდოთო. მცირე კამათის შემდეგ დარჩა გასარჩევი მხოლოდ ორი წინადადება: ან დაზარალებულ ქართველებს, ან გადასახლებულ პოლიტიკურებ საო. მეორე წინადადებაც ორ ნაწილად გაიყო. ზოგი თხოულობდა, რომ მხოლოდ ქართველ გადასახლებულთათვის გაგვეგზავნა ფული, ზოგი კი - განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. მაგრამ რადგან აღმოჩნდა, რომ არ არსებობს ისეთი ორგანო და დაწესებულება, რომელსაც შეეძლოს ფულის გაგზავნა მხოლოდ ქართველებისათვის, ამიტომ კენჭი უყარეს მხოლოდ ორ წინადადებას: 1) წმინდა შემოსავალი გაეგზავნოს ტფილისში არსებულ დაზარალებულ ქართველთა კომიტეტს და 2) რუსეთში არსებულ რომელიმე ისეთ ორგანოს, რომელიც ამ ფულს პოლიტიკურებს მიაწოდებდა, პირველ წინადადებას მიემხრო მთელი კრება, გარდა ერთ ეს-ერისა, რომლის მეორე წინადადებამ მხოლოდ ერთი ავტორის ხმა მიიღო. ამ კრებაზე უმეტესობას სოც.-დემოკრატები შეადგენდნენ და ეს ამბავი რომ სხვა ქალაქში მომხდარიყო, მაგალითად, ლეიპციგში, უეჭველად იმ კრებაზე ერთი აყალ-მაყალი, აურზაური და ვაივაგლახი მოხდებოდა. ამ შემთხვევას მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვაძლევ და აქედან ის დასკვნა გამომყავს, რომ როცა ამა თუ იმ საზოგადოებრივ საქმის გაკეთების დროს ადამიანი ხელმძღვანელობს უბრალო გონიერებით და გულწრფელ გრძნობით (ასე მოიქცნენ ამ შემთხვევაში ჟენეველი სოც.-დემოკრატ.) და არა ვიწრო პარტიულ მოსაზრებით და თვალახვეულ დგომით (ასე მოიქცნენ ლეიპციგელი ს.-დემ. ზემოხსენებულ ანალოგიურ შემთხვევის დროს), საქმის შედეგიც ძირიან-ფესვიანათ იცვლება. ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე კითხვა ირჩეოდა და პასუხი კი ერთი მეორის საწინააღმდეგო გამოდგა. ამისთანა მაგალითს ბევრს მოვიყვანდი იმის დასამტკიცებლად, რომ თუმცა ჟენეველ ქართველთა შორის - როგორც საზოგადოდ ქართველთა შორის - პარტიული დამოკიდებულება მეტად გამწვავებულია, მაგრამ საერთოდ მას არ ეტყობა ისეთი სპეციფიური ელფერი, რომელიც დაღივით აზის საქართველოში მომქმედ პარტიათა ურთი-ერთობას. არის ორი თუ სამი ფანატიკოსიც, მაგრამ ასეთი ტიპი ყველგან მოიძებნება. ერთი მათგანი ცხარე კამათის დროს გამოტყდა და აღიარა: ძალიან ვნანობ და ვწუხარ, რომ ბედმა ქართველობა მაღირსა; მე პრინციპიალურად უარ-ვყოფ საზოგადოდ ეროვნებასაო, და სხვა, მაგრამ ამ ახირებულმა - „პრინციპიალურად“ ეროვნების მტერმა - ცოტა ხნის შემდეგ სინანული გამოაცხადა იმის გამო, რომ ის ბედმა რუსად არ დაჰბადა. მისი მეორე ამხანაგი ქართველთა კოლონიის ერთ-ერთ კრებაზე იძულებული იყო, რადგან ლაპარაკმა მოიტანა, წარმოეთქვა სიტყვა ქართველი, მაგრამ ამ საზარელ სიტყვის თქმა ვერ გაბედა და აირჩია:

- ჩვენ... ჩვენ... - წვალობდა ორატორი და სხვა სიტყვას ეძებდა.

- ჰა, სთქვი, რაღა, ქართველები-თქო, - მიეშველა მეორე ქართველი, მაგრამ ეს სიტყვა მაინც ვერ ათქმევინეს. ბოლოს, დიდი ტანჯვა-წვალების შემდეგ ორატორმა იპოვა სხვა სიტყვა და განაგრძო:

- ჩვენ, კავკასიელებიო...

ლაპარაკი მხოლოდ ქართველებზე იყო და არა კავკასიელებზე, მაგრამ მოლაპარაკე მეტად მორცხვი კაცი იყო და არ უნდოდა საზოგადოების ყურთასმენის შელახვა ასეთ არა საკადრის სიტყვით: ქართველი?

ვისაც რუსეთში უცხოვრია, ის უეჭველად შეამჩნევდა, რომ ებრაელ მოსწავლეთა შორის გაჩნდა საკმაოდ გავრცელებული ტიპი, რომელსაც სცხვენია და ეთაკილება ებრაელობა. თუ ეროვნებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ის ან ხმას არ იღებს და მალავს თავის ტომობას, ან თავის თავს რუსს ეძახის და თავის ერის დასაცავად ხმასაც არ ამოიღებს. არ ვიცი, სხვები რა აზრისანი არიან ასეთ ტიპზე, მაგრამ პირადად მე მძაგს და მეზიზღება ასეთი ლაჩარი და ორპირი იეზუიტი, რომელიც თავის ორგულ პოზიციას პრინციპიალურად და თეორიულადაც კი ასაბუთებს. ჩვენც მოვესწარით ამ დღეს და აქა-იქა ვხედავთ ასეთ ტიპს. მე მესმის ფსიხოლოგია ზემოხსენებულ ებრაელისა და ვიცი, საიდანაც გაჩნდა ის, მაგრამ არ ვიცი და არ მესმის, რამ წარმოშობა და საიდან გაჩნდა ასეთივე ტიპი ჩვენში. საქართველოში არ არის ის ნიადაგი, რომელმაც რუსეთში აღზარდა მთელი თაობა თავისთავის უარმყოფელ ისრაელისა და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ თუ დღეს კანტიკუნტად მოიძებნება ისეთი ქართველი, რომელსაც სცხვენია წარმოსთქვას სიტყვა „ქართველი“, ხვალ თუ ზეგ ასეთი ადამიანი თითით საჩვენებელი გახდება.

(შემდეგი იქნება)

ისარი. - 1907. - 67. - გვ. 2

12.13 ქართველები ჟენევასა და პარიზში (დასასრული)

▲back to top


მადლი [მიხეილ ჯავახიშვილი]

(შთაბეჭდილებანი)

პარიზში 50-მდე ქართველი დამხვდა. ყველანი ლათინურ უბანში სცხოვრობენ, გარდა ხუთიოდესი, რომელნიც გაფანტულნი არიან პარიზის ახლო-მახლო სოფლების პანსიონებში ენის სასწავლებლად. ქართველებსა და სხვა უცხოელ სტუდენტებსაც ჩვეულებად აქვთ, ჩავლენ თუ არა პარიზში და მიათვალ-მოათვალიერებენ იქაურობას, რამდენიმე თვით უეჭველად მახლობელ სოფელში უნდა წავიდნენ ენის სასწავლებლად. სხვებისა კი არ ვიცი, მაგრამ ქართველებისთვის ეს ჩვეულება მეტად სასარგებლოა, რადგან ისინი ისეთ მჭიდრო ოჯახს შეადგენენ და ისეთი ხშირი მისვლა-მოსვლა აქვთ ერთმანეთთან, რომ თითქმის მუდმივ ქართულად უხდებათ ლაპარაკი და ამის გამო ფრანგულ ენას ძალიან ძნელად ითვისებენ. არა მგონია სხვა რომელსამე ქალაქში ქართველებს ისეთი მაგარი კავშირი ჰქონდეთ ერთმანეთთან, როგორც პარიზელ ქართველებსა აქვთ. იშვიათია პარიზელ ქართველისთვის ისეთი დღე, რომ თითქმის ყველა იქაურ ქართველს არ შეჰხვდეს - ან ვოკლენის ქუჩაზე, რუსულ სასადილოში, ან კავკასიის საზოგადოების სამკითხველოში და ან ტულიეს ქუჩაში, სადაც ერთ სასტუმროში ყოველთვის სცხოვრობს შვიდი-რვა ქართველი. თუ ვინმე პირველად მიემგზავრება პარიზში და ნაცნობი არავინა ჰყავს, მას თამამად შეუძლიან მივიდეს Rue Toullier-ს ქუჩაზე, მოსძებნოს Hotel des matnurins, №7 და სთხოვოს პარიზელ ქართველთა საერთო ნაცნობს, სასტუმროს პატრონს ბ-ნ მენუს ვინმე ქართველის ჩვენება და ათიოდე წუთის შემდეგ მას ათიოდე ახალი ნაცნობი ქართველი გაუჩნდება. ტყუილად არ ეძახიან იქაური ქართველები ამ სასტუმროს „ქართველების სასტუმროს“. მისი პატრონი თითებზე ჩამოგითვლით ყველა ქარ თველს, რომელთაც ამ ათი წლის განმავლობაში უცხოვრიათ მასთან და თქვენც მათ შორის უეჭველად წააწყდებით ხუთიოდე ნაცნობ გვარს: ზოგი იმათგანი ეხლა საზოგადო მოღვაწედ ითვლება და ქართველი ინტელიგენტი შორიდან მაინც იცნობს.

ამ სასტუმროში მოსახლე ქართველების ყოფა-ცხოვრება შესამჩნევად განირჩევა სხვა ქართველების ცხოვრებისგან. აქ თავი მოუყრიათ ყველა იმათ, ვისაც არა აქვთ გამორკვეული თავიანთი მდგომარეობა (სამწუხაროდ, ასეთი ქართველი პარიზში ძალიან ბევრია), რომელნიც ძალიან ხშირად მშივრები არიან და მთელი თვეობით ელიან ფულს და იმ დღეს, როცა თავიანთ ვალებს გაისტუმრებენ და ან სტუდენტად ჩაეწერებიან და გადავლენ სხვაგან სადმე ან პანსიონში წავლენ ენის შესასწავლად. უბედურ დღეში არიან ეს ქართველები. ზოგი მათგანი სამი-ოთხი თვე უცდის ფულს, რომ როგორმე გაისტუმროს ვალი და სწავლის ფული შეიტანოს. ამ მოლოდინში ისინი ნახევრად მშივრები არიან და თუ აღმოაჩნდა ვისმეს ერთი ფრანკი, ამხანაგური მოვალეობა და კომუნალური ეთიკა ამ ფულის დახარჯვის ნებას არ აძლევს: კომუნა ამ ერთ ფრანკს თავის საზოგადო საკუთრებად სთვლის და საერთოდ ხარჯავს. მაგრამ თუ მოუვიდა ვინმეს ფული, მას მეორე დღეს ერთი გროშიც აღარ რჩება, რადგან მისი ვალი ყოველთვის სჭარბობს შემოსავალს. მიზეზი ის არის, რომ მშობლები თვიურ ფულს ყოველთვის ორი სამი თვით გვიან ჰგზავნიან და ამით ხელ ფეხს უკრავენ თავიანთ შვილებს, რომელნიც ვეღარ ამოსულან ამ მახიდან და ამ რიგად კვირა კვირას მისდევს და თვე-თვეს, წელიწადი და რამდენიმე ასი მანეთი კი დაკარგულია. მაგრამ წელიწადსა და მანეთებს ვინ ჩივის: ისინი ჰკარგავენ ისეთ რამეს, რაც ფულზე გაცილებით უფრო ძვირია: შრომის უნარს, ენერგიას და სწავლის სურვილს. გასამტყუნარნი არიან მათი მშობლები, მაგრამ არც თითონ ისინი არიან გასამართლებელნი. იმათ არა აქვთ უნივერსიტეტში შესატანი ფული (თუმცა პარიზში ჩამოსვლისას ყველა მათგანს ჰქონდა), ზოგჯერ სადილისთვისაც ვერ შოულობენ ნახევარ ფრანკს, მაგრამ ყველა მათგანს აქვს თავისუფალი დრო, რომელსაც თითონაც არ იციან რაზე ხარჯავენ. ორი თვე ვიყავი ამ სასტუმროში და ყოველ დღე ასეთ სურათს ვხედავდი: დილით დგებოდნენ 12 საათზე და საუზმეზე მიდიოდნენ, მერე ისევ შინ ბრუნდებოდნენ, იკრიბებოდნენ ერთ რომელსამე ოთახში და ლაყბობდნენ. საღამოზე ისევ სადილად მიდიოდნენ, მერე ისევ ერთად იკრიფებოდნენ და ღამის 2-3 საათამდის მთელ სასტუმროში არავის მოსვენებას არ აძლევდ ნენ. მეორე დღე ჰგავდა პირველს და მესამე-მეორეს. ასეთი დროს გატარება შეიძლება რომელსამე მიყრუებულ ქალაქში, მაგრამ პარიზში ასეთი ცხოვრება გაუგებარია. იმ სასტუმროს, სადაც ქართველები სცხოვრობენ, გვერდით აკრავს სორბონას უნივერსიტეტი, სადაც ძალიან ხშირად უფასოდ და ყველას შეუძლიან სიარული, მაგრამ იქაურ ქართველს ეს აზრადაც არ მოსდის. იმავე სასტუმროსს მეორე გვერდზე აკრავს სან-ჟენევიევის საუცხოვო უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველო, სადაც ღარიბი სტუდენტი და ყველა, ვისაც მეცადინეობა უნდა და ზამთარში სახლის გათბობა ეძნელება, უმეტეს დროს იქ ატარებს, მაგრამ ორ ქართველის გარდა ჩვენი იქ არავინ დადის. სასტუმროს მესამე გვერდზე აკრავს განთქმული ლიუქსებურგის მუზეუმი, რომელიც ხელოვნების მცოდნე კაცსაც რამდენსამე თვეს ეყოფა, უბრალო მომაკვდავს ხომ ადვილად შეუძლიან ამ მუზეუმში ხელოვნების ისტორიის ერთი დარგის განსაზღვრულ ეპოქის შესწავლა, მაგრამ ქართველი ამ მუზეუმსაც ისე ერიდება, როგორც სორბონის უნივერსიტეტსა და სან-ჟენევიევის სამკითხველოს. იშვიათად თუ რომელიმე ქართველი ლიუქსებურგის ბაღში სეირნობის დროს (ესეც კი ეზარებათ) უცაბედათ და შემთხვევით შეუხვევს მუზეუმისაკენ, აუვლ-ჩაუვლის როდენისა და მერსიეს ქანდაკებას, ოდნავ გადაავლებს თვალს როზა ბიონერისა, ბრეტონისა, ადლერისა, ბენჟამენ კონსტანისა, დეტაილისა და მუნიეს საუცხოვო სურათებს, უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევს ჟერომისა, ლეფევრისა, კოლენისა, დიურანისა და კაბანელის ტიტველა ქალებს და ხუთი წუთის შემდეგ ისევ შინისკენ მირბის, სადაც ერთ ოთახში მუდმივ კრება აქვთ „უსაქმურ“ ქართველებს, რომელნიც პირიდან პაპიროს არ უშვებენ და ბაასობენ, მერე ვინ იცის რაზე და როგორ!

იმავე ქართველებს პარიზულ მანძილთან შედარებით ახლო აქვთ ლუვრის მუზეუმი, რომლის დასათვალიერებლადაც რამდენიმე თვეა საჭირო, ხოლო შესწავლას - რამდენიმე წელიწადი, მაგრამ იმათ არც ეს აინტერესებთ: არ აინტერესებთ ლუვრი, სადაც მოგროვილია მთელი კაცობრიობის ქმნილება, ყველა ეპოქისა, ერისა და სკოლის საუკეთესო შედევრი, სადაც შეიძლება სავსებით შეისწავლოთ რაფაელი და კორეჯიო, ტიციანი და ფიდიოსი, პრაკსიტელი და ვანდეიკი, რებრანტი, ლეონარდო და-ვინჩი, მურილიო, ველასკეზი, დელაკრუა, გრიოზი, დიურერი, ბოტიჩჩელი, რიბიერა და მათი სკოლა, ეპოქა, ისტორია, ეთნოგრაფია და ერთი თვის განმავლობაში ერთი-ორად გააფართოვოთ თქვენი გონება, გაამდიდროთ თქვენი ცოდნა, გააღრმავოთ თქვენი ენციკლოპედია. პარიზში რომ ჩავედი, იქაურ ქართველებს ვთხოვე, ლუვრი დამათვალიერებინეთ მეთქი, მაგრამ ეს საქმე ვერავინ იკისრა და ისიც კი ვერავინ მირჩია, რომ რომელ კარებიდან უნდა შევსულიყა და რომელ განყოფილებიდან დამეწყო მისი დათვალიერება. ბოლოს ისევ მე მოვძებნე ლუვრიცა და მისი თავიცა და ბოლოც. რომ დავბრუნდი, ზოგნი მეკითხებოდნენ, ნახეთ თუ არა ნაპოლეონის გვირგვინი, დიდი ბრილიანტი და ძვირფასს ქვებისაგან გაკეთებული საფრანგეთის რუკა, რომელიც რუსეთის იმპერატორმა აჩუქა საფრანგეთის რესპუბლიკასო. მაგრამ არავინ არა მკითხა, ვნახე თუ არა ქანდაკებანი კლასიკურ და ახალ სკოლისა, ვნახე თუ არა რაფაელისა, რუბენსისა, მურილიოსი და დელაკრუას სურათები. ბევრი ქართველი მოიძებნება პარიზში, რომელსაც არც რაფაელის სურათები უნახავს და არც ელინთა ქანდაკება, მაგრამ მგონი არც ერთი არ მოიძებნება, რომელსაც ნანახი არა ჰქონდეს ძვირფასი რუკა და იმაზე უფრო ძვირფასი ორი გვირგვინი და ორი ბრილიანტი. არ შეიძლება ვინმეს ვუსაყვედუროთ უმეცრება და უცოდინარობა ამა თუ იმ საგნისა, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვუსაყვედუროთ მას, თუ ის გაურბის ცოდნას მაშინ, როცა მისი შეძენა ასე ადვილია და მით უფრო მაშინ, როცა ამ ცოდნის საუკეთესო და უმდიდრესი დაწესებულება ცხვირ წინ აქვს ამართული.

ასე სცხოვრობენ „ტულიერისტები“ და ოცნებობენ იმ დღეზე, როცა ისინი ვალებიდან განთავისუფლდებიან და საქმეს შეუდგებიან, მაგრამ მე მათი საქმიანობა როგორღაც მეფიქრება. სხვები ასე დაუდევრად და უთავბოლოდ არა ხარჯავენ ძვირფას დროს, მაგრამ არც ისინი ჩამორჩებიან „ტულიერისტებს“ (ასე უძახიან ტულიეს ქუჩაზე მოსახლე ქართველები თავიანთ თავს). მარტო ერთი ფაქტი კმარა მათ საქმიანობისა და შრომის მოყვარეობის დასამტკიცებლად: თითქმის 50 ქართველიდან სტუდენტად ირიცხება და უნივერსიტეტში დადის მხოლოდ 7 თუ 8 კაცი. დანარჩენები აგერ მთელი წელიწადია უნივერსიტეტში სიარულის დაწყებას აპირობენ და დღესაც მას მხოლოდ გვერდზე აუვლიან. მაგრამ ამაშიაც ყველას ვერ გავამტყუნებთ. პარიზში არის სამი თუ ოთხი ახალგაზდა, ნიჭიერი და შრომის მოყვარე ქართველი, რომელთაც ცოდნა და მუშაობა სწყურიათ, მაგრამ თავს ძლივს ირჩენენ და ფულს სად იშოვნიან, რომ სტუდენტად ჩაეწერნენ და სწავლა დაამთავრონ? მაინც მუშაობენ და იმედი აქვთ, რომ დღეს თუ ხვალ რომელიმე ქართული დაწესებულება სტიპენდიას მისცემს მათ, მაგრამ ჩვენებუ რი დაწესებულება ასეთ ხალხს ყოველთვის გვერდს უხვევს, რადგან მათ არც ძლიერი პროტეჟე ჰყავთ და არც თავის მობეზრება იციან. ერთი ასეთი ახალგაზდა, გ-ია ესრედ წოდებულ „კაბინეტში“ სცხოვრობს, რომელსაც ფანჯარა არა აქვს და თუ დღისით უსანთლოდ შეჰხვედით შიგ, კისერს მოიტეხავთ. ეს კაცი თითქმის ყოველთვის მშიერია, ერთი სიტყვით, უკიდურეს გაჭირვებით ცხოვრობს, მეცადინეობს, შრომობს, დღე და ღამეს ასწორებს და მთელი წელიწადია სტიპენდიას ეძებს, მაგრამ - თათრულ ანდაზისა არ იყოს - მადა ვისა აქვს და ფლავი კი ვის უდგა წინაო! სტიპენდია და დახმარება ვის უნდა და ვინ იღებს; ასეთსავე მდგომარეობაშია სამი თუ - ოთხი ქართველი, მაგრამ მშველელი არავინ არის.

პარიზში გავიცანი, სხვათა შორის, ორი ახალგაზდა, მექანდაკე ბ-ნი ნიკოლაძე და ბ-ნი რობაქიძე. ნიკოლაძეს საკუთარი პატარა ატელიე აქვს მონპარნასის ქუჩაზე და ხან გამოშვებით განთქმულ როდენთან მუშაობს. „საქართველოში მექანდაკე შიმშილით მოკვდება - მეუბნებოდა „ხევსურის“ ავტორი, რომელმაც ამ ქანდაკებით უეჭველად დაამტკიცა თავისი ნიჭი, - აქ კი ვცხოვრობ კიდეც და ვსწავლობ კიდეც“. ვნახე მისი რამდენიმე ნაწარმოები: მშვენიერი დიდი ბიუსტები ბ-ნ ღოღობერიძისა და რუსთველისა, პატარა და კოხტა ესკიზი „მაჩიჩი“, „მცეკვავი ქალი“, და ქვის ქანდაკება „ქარი“, რომელსაც როდენმაც დიდი ყურადღება მიაქცია. ეხლა ბ-ნი ნიკოლაძე ნ. ბარათაშვილის ძეგლის იდეით არის გატაცებული და ელის, რომ ვინმე მისცემს საამისო მასალას და საშუალებას. მაგრამ მგონი ამას მალე ვერ მოვესწრობით: ეხლა ბარათაშვილისა და რუსთველის ძეგლებისთვის არავინ არც დროს გაიმეტებს და არც ხარჯს. სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა.

ბ-ნი რობაქიძე წრეულს გაზაფხულზე ლექტორად მიიწვიეს პარიზის რუსულ სოციალისტურ სკოლაში, რომელსაც ამ ორიოდე წლის წინად პროფ. მაქსიმ კოვალევსკი ხელმძღვანელობდა. რობაქიძემ საგნად აირჩია ორი თემა: 1. ისტორიულ მატერიალიზმის კრიტიკა და 2. სოციალური სისტემა ლავროვისა და მიხაილოვსკისა - და ამ საგანზე აპირებს მთელი წლის განმავლობაში ლექციების კითხვას. ლექციების კითხვა სთხოვეს აგრეთვე მეორე ქართველს, ბ-ნ კამანდო ორგეიანს, მაგრამ მან შინაური შრომა არჩია ლექტორობას და უარი განაცხადა. ორგეიანს ქართველური არა აცხია-რა, რადგან იგი ყოველ დღე სისტემატიურად 12-14 საათს მუშაობს, სერიოზულ მეცნიერულ ცოდნას იძენს, სხვასაც აწვდის მას და მის შრომას ნაყოფიერება ეტყობა, რაიც ა დასასრულ ერთ რჩევას მივცემ იმ ქართველ ახალგაზდობას, რომელიც საზღვარ გარედ აპირებს წასვლას სასწავლებლად: სანამ ამა თუ იმ ქალაქს აირჩევდნენ, კარგად ჩაუკვირდნენ თავიანთ ზნე-ხასიათს, ჩვეულებას და ძალ-ღონეს. თუ ისინი შეჩვეულნი არიან სისტემატიურ შრომას, თუ მოეპოვებათ საკმაო ძალ-ღონე თავიანთ თავის დასამორჩილებლად, თუ მტკიცე ხასიათი აქვთ და ადვილად არ ჩაჰყვებიან ევროპის დედა ქალაქების ქუჩის ხმაურობასა და ქარაფშუტულ ცხოვრებას, თამამად შეუძლიანთ თუნდ პარიზი აირჩიონ, თუნდ ბერლინი და თუნდ ვენა. აქ იპოვნიან თანამედროვე მეცნიერებისა, ტეხნიკისა და კულტურის ბუდეს, ცოდნის ყველა დარგის მუზეუმებს და მიიღებენ ყველა იმას, რის მოცემაც-კი შეუძლიან თანამედროვე კაცობრიობას და მის ცივილიზაციას. მაგრამ დაე გაფრთხილდნენ და ამ ქალაქებს მოერიდნონ პირველ ხანებში მაინც ის ახალგაზდები, რომელთაც ხასიათი სუსტი აქვთ, ცხოვრებაშიაც გამოუცდელნი არიან და თავიანთ სიცოცხლეში ქუთაისისა და თბილისის გარდა არსად ყოფილან. ასეთი ახალგაზდები ძალიან ადვილად აჰყვებიან ხოლმე სხვის ფეხის ხმას, უცებ ემორჩილებიან პირველ შთაბეჭდილებას და ივიწყებენ იმ საქმეს, რისთვისაც იყვნენ წასულნი ამ სიშორეზე და რაიც ასე ძვირად უჯდებათ მათ მშობლებსა და მახლობლებს. ისეთ პატარა და - პარიზ-ვენასთან შედარებით - მიყრუებულ ქალაქებში, როგორც ჟენევა, ციურიხი, მონპელიე, ლეობენი, იენა, ლიეჟი და ბერნია, ძნელია ზარმაცობა, რადგან იქ საიმისო არაფერია, რაც ახალგაზდა გამოუცდელს ასე ადვილად ითრევს დიდ ქალაქებში, და უსაქმობა მოსაწყენიც არის. რასაკვირველია, შრომის-მოყვარეობისა და უსაქმურობის უმთავრესი მიზეზი ეს არ არის, მაგრამ გარეგნულ პირობებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ და ამ პირობათა შორის ზემოხსენებულს უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს.

ისარი. - 1907. - 79. - გვ. 2-3 სეთი იშვიათი მოვლენაა ჩვენში.

12.14 ქართული საღამო ბრიუსელში

▲back to top


ამ ათიოდე დღის წინ ბრიუსელში ქართველ მოსწავლე ახალგაზრდობის წრეს გაუმართავს ქართული საღამო პოლიტიკურ ემიგრანტების სასარგებლოდ. ბელგიური გაზ. „პტი ბლო“ ასე ასწერს ამ საღამოს:

„მრავალი საზოგადოება გულმხურვალედ უკრავდა ტაშს მარად მარდ ქართველ ვაჟებს და მშვენიერ ქართველ ქალებს, რომელთაც რამდენისამე საათის განმავლობაში მაყურებელთ გააცნეს თავიანთ მომხიბლავ სამშობლოს ლიტერატურა, მუსიკა, თამაში და ჩაცმა-დახურვა.

მოკლე ისტორიულ მიმოხილვით ქ-მა იოტეიკომ, საღამოს გამგემ გაიხსენა ბედნიერი ხანა მწერლობისა და ხელოვნების მფარველის - თამარ-დედოფლის მეფობისა.

„რევოლუციის სამწუხარო დრო მაყურებელთ თვალწინ გადაუშალა ბ-ნ ყიფიანის დრამამ „გაჩხრეკა“. ქ-მა ყიფიანმა მგრძნობიარედ დახატა მწუხარება ქართველი ქალისა, რომლის ძმა უნდა დაისაჯოს საქვეყნო მოქმედებისათვის.

კარგად შერჩეულმა ცოცხალმა სურათებმა ქართველთა ცხოვრებიდან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს. ნამეტანი კარგი იყო სურათი, რომელშიაც მე XII საუკუნის პოეტი რუსთაველი თავის განთქმულ პოემას „ვეფხის ტყაოსანს“ მიართმევს თამარ-დედოფალს.

„მუსიკალურმა განყოფილებამაც ბრწყინვალედ ჩაიარა. ქ-ნ იაანესკამ და ხორომ ბ-ნ ჯაბადარის ლოტბარობით სრულიად დახატეს ორიგინალური და სევდიანი ხასიათი ქართულ სიმღერებისა.

„დასასრულ, ქართულმა თამაშობამ შეძლება მისცა საზოგადოებას დაეფასებინა მოთამაშე ქალების კეკლუცობა და ქართულ-ეროვნულ ტანისამოსის ფერადობა და სიმდიდრე. ნამდვილად თვალის წარმტაცი ყოფილა ეს ქართული თამაშობა! ყველა თამაში რაიმეს გამოჰხატავს. ერთს მათგანს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: არწივი სდევნის, დასტრიალებს თავის მსხვერპლსა. ამ თამაშის შესრულებით მეტად მოხდენილმა ქ-ნმა ყიფიანმა და ბ-ნმა ჯაბადარმა დაიმსახურეს მგრგვინავი ტაშის ცემა“.

ამირანი. - 1908. - 34. - გვ. 3

12.15 შილიონის ციხე-დარბაზი

▲back to top


აკაკი [აკაკი წერეთელი]

16 ივლისს დავათვალიერე შილიონის ციხე-დარბაზი მეთოთხმეტე საუკუნეში ჟენევის ტბაში აგებული. დროს შედარებით არ ყოფილა ურიგო და დღემდისაც შენახულა. არც არა მოუკლიათ და არც არა მოუმატებიათ რა. ისე, ინახავენ, როგორც „წმინდათა-წმინდას“... და ან კი როგორ არ შეინახონ, რომ ის ძველი ნაშთი დიდ შემოსავალს აძლევს ქალაქს: ყოველ მხრიდან მოდიან და სანახავს აძლევენ. აფსუს, ჩვენი ქვეყნის ციხე-დარბაზებო, ძველო ნაშთებო! ვინ იცის რამდენის ხნისავ, რომ ნადირის ბუნაგათ გამხდარხართ!...

მნახველები იმდენია, რომ დას-დასობით უშვებენ შიგ. ჩვენმა დასმაც ჭიშკართან მოიყარა თავი - გვაყიდვინეს შესასვლელი ბილეთი და მერე გაგვიღეს კარები. წინ წაგვიძღვა მოკანანახე ქალი. გასაკვირველი არ არის რა სანახავი, მაგრამ ის კი გასაგონია, რასაც მოკანანახე ამბობს ყოველ ოთახის შესახებ. „ამა და ამ რიცხვში აქ ვიქტორ-ჰიუგო იყოვო! აი, „ამ ოთახში ბაირონმა გაათია ღამეო!“ აქ ეს იყო, იქ ის იყოვო! და სხვანი. ერთის სიტყვით ოთახი არ არის, რომ განსხვავებული ისტორია არა ჰქონდეს. „აბრაამის კიბისა და ვირის ერთ მილიონ თმისა არ იყოს, წადი და შეამოწმე“. ხალხი კი მიდის და მიდის!

ზედა ოთახების დათვალიერებას რომ მოვრჩით, ჯურღმულში ჩაგვიყვანეს სავანების სანახავად, სადაც ტუსაღები იწვნენ ხოლმე. ისინი კი მართლა საზარელი სანახავი იყო, გარდა სიწმინდისა, მაგრამ ეს სიწმინდე მაშინ სად იქნებოდა? სხვათა შორის ის ოთახიც გვაჩვენეს, სადაც ლორდ ბაირონის აწერილი ტყვე იყო მიჯაჭვული და იმან მიიპყრო ყველას ყურადღება. საჯაჭვე რკინის რგოლი გავსინჯე და როგორღაც არ მეძველა!..

მე უფრო „შფოთის - ოთახმა ანუ საკანმა“ დამაფიქრა. აი, რა მოგვითხრა მოკანანახემ:

„ამ საკანში იყო დამწყვდეული ერთად ოთხი ძმა. მტერმა ისინი იქ ჩაამწყვდია და მათ უპატრონოდ დარჩენილ სამკვიდროს დაე პატრონა. ეს ოთხი ძმა იმდენხანს იყო დამწყვდეული ამ საკანში, რომ სუ ყველას ერთად, რომ თვეში თითო ქვა გამოეღოთ კედლიდან, გაარღვევდნენ ციხეს, გავიდოდნენ, ჩაჯდებოდნენ ნავში და გაიპარებოდნენ, მაგრამ ერთმანეთში ჩხუბს უნდებოდნენ და ისე ჩაბერდნენ და ჩაკვდნენ, რომ თავისუფლებას ვერ ეღირსნენ, ერთმანეთის ხელის შემშლელნი! უფროსი იმ აზრისა იყო, რომ ჯერ როგორმე გამოსულიყვნენ ციხიდან, თავი გაენთავისუფლებინათ და მერე ეფიქრათ თავის მამულზე. თავისუფლება პირველი ბიჯია ჩვენი მოქმედებისა და ჯერ იმაზე უნდა ვიფიქროთო! უნცროსები არ უჯერებდნენ: მარტო მაგაზე ფიქრი არ კმარაო! ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორი წეს-რიგი უნდა შემოვიღოთ ჩვენ ადგილ მამულშიო. ერთს ერთი უნდოდა, მეორეს-მეორე, მესამეს-მესამე; მოსდიოდათ ერთმანეთში შფოთი და ერთმანეთის ხელის შემშლელები, საკანში ჩაკვდნენო!“

ამ მოთხრობამ ძალიან ჩამაფიქრა და ჩვენი ქვეყანა მომაგონა...

ივერია. - 1905. - 162. - გვ. 4

12.16 წერილი ჟენევიდან

▲back to top


ჩამარადე

ძველთაგან ცნობილი ჟენევა, როგორც ემიგრაციის ცენტრი, ამ ბოლო ხანს ამ მხრივ ცოტა ათვალწუნებულია და აქაურ რუს-ემიგრანტების ცხოვრება ინტერესსა და სიცოცხლეს მოკლებულია. რუს-ემიგრანტების ცენტრი ეხლა უფრო პარიზია, ვინემ ჟენევა და ხანდახან თუ ვინმე „ლიდერთაგანი“ გვესტუმრება და რაიმე საჭირბოროტო კითხვაზე მოხსენებას წაიკითხავს, ხალხი არც ძველებური აღტაცებით და არც ინტერესით აღარ ეკიდება ძვირ სტუმრებს. პოლიტიკური რეაქცია აქაურ სტუდენტობაშიაც (ჩვენ, რასაკვირველია, აქაურ რუს-სტუდენტობაზე ვამბობთ) იჩენს თავს: როგორც ვთქვი, პოლიტიკური თემები მას აღარ აინტერესებს; ხალხს მხოლოდ „რომელიმე“ მოდერნისტული თემა თუ შეჰკრებს. როგორც საერთოთ რუსეთის მოსწავლე ახალგაზდობამ, ისე აქაურმა სტუდენტობამაც „პოლიტიკურ გატაცებაზე“ ხელი აიღო და მცირე, ძლიერ მცირე გამონაკლს გარდა, პირად ცხოვრებისათვის გამოსადეგარ ცოდნას მისდევს. ის, ვინც ჟენევას რამოდენიმე წლის წინეთ იცნობდა, ეხლანდელ „რუსულ-ჟენევას“ ვეღარ იცნობს.

ასეთ პირობებში გვეწვია ამას წინათ ვლასა მგელაძე, რომელმაც წაიკითხა მოხსენება რუსულ ენაზე „სპარსეთის რევოლიუციის და მასში კავკასიელ ფიდაების მოღვაწეობის“ შესახებ. შეიძლება იმის გამო, რომ ხალხის ერთმა ნაწილმა წინდაწინ იცოდა, მომხსენებელის დამოკიდებულება სპარსეთის რევოლიუციასთან, ანდა, შეიძლება, იმიტომ, რომ სპარსეთის რევოლიუცია ძლიერ ცოტა ხნითაა დაშორებული ჩვენი დროიდან, - რეფერატმა ჩვეულების წინააღმდეგ სამას კაცზე მეტი შეჰკრიბა; ეს რიცხვი ხომ, უკანასკნელ წლებში, პირველ ხარისხოვან ლექტორებისათვისაც არ არის დასაწუნი. მოხსენების პირველ ნაწილში ვლასა მგელაძემ გაგვაცნო სპარსეთის სოციალური შემადგენლობა, მისი წარმოების მდგომარეობა, უცხო კაპიტალის როლი სპარსეთში, ახალი, თანამედროვე კლასე ბის ჩასახვა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ზნე-ჩვეულება, ძველი პოლიტიკური რეჟიმი - ერთის სიტყვით, ყველაფერი ის, რაც ხელს უწყობდა მსმენელს გაეთვალისწინებია სპარსეთში მოძრაობის აღორძინების მიზეზები. მეორე ნაწილში კი მომხსენებელმა გადმოგვცა ცოცხალი სურათებით, მისივე თვალით ნახული და საკუთარი ბუნებით განცდილი რევოლიუციის ისტორიაც. დასასრულ დაახასიათა სპარსეთის თანამედროვე მდგომარეობა. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მან რუსეთის და სხვა სახელმწიფოების რეაქციონურ როლს სპარსეთის განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

მიუხედავათ რუსული ენის სისუსტისა (ამ სისუსტეს საკმაოთ ასწორებდა მომხსენებელის უეჭველი ორატორული ნიჭი. ის სიტყვებს არ ეძებდა და არც გადმოცემის ძაფი ეკარგებოდა) მოხსენებამ დიდი შთაბეჭდილება იქონია მსმენელებზე: 4 საათის განმავლობაში დარბაზი სავსე იყო; ნამეტნავათ საინტერესო იყო მეორე ნაწილი, რომელშიაც ორატორმა პირადათ განცდილი ბრძოლის სვლა და სხვადასხვა საინტერესო მომენტები გადმოგვცა; თავდადებული რევოლიუციონური ბრძოლის სურათებმა მსმენელთა შორის მიძინებული რევოლიუციონური გრძნობა გააღვიძეს. დიდი ხანია ჟენევა რეფერატს ასეთი სიცოცხლით არ შეჰხვედრია. ხალხმა ორატორი დიდის აღტაცებითა და ხანგრძლივი ოვაციებით გააცილა.

ასეთივე მოხსენებები წაიკითხა ვლ. მგელაძემ ვენაში, ციურიხში, ბაზელში და ლოზანაში. როგორც ამ ქალაქების გაზეთები მოწმობენ, აქაც დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია „ფიდაი-ლასსალის“ მოხსენებას. ყველგან კრების დასასრულს ერთხმათ მიიღეს რეზოლიუცია, რომელიც ძმურ სოლიდარობას და ღრმა თანაგრძნობას უცხადებს სპარსეთის განთავისუფლებისათვის მებრძოლთ და სამარცხვინო ბოძზე აკრავს მის წინააღმდეგ მომქმედთა ტაქტიკას...

ვლ. მგელაძეს აზრათა აქვს ევროპის სხვა ქალაქებშიაც, პარიზში, ლონდონში და სხვაგანაც წაიკითხოს მოხსენებები; ის უკვე გაემგზავრა პარიზში.

ჩვენი გაზეთი. - 1910. - 33. - გვ. 3

12.17 წერილი რედ. მიმართ

▲back to top


ბ. რედაქტორო! ნება მიბოძეთ თქვენის პატივცემულ გაზეთის საშუალებით მივმართო ქართულ პრესას მცეს პატივი და მომანდოს ჰაეროპლანით მიუძღვნა სალამი ინგლისის უნივერსიტეტს, ოკსფერში ქართული კათედრის გახსნის დღეს. დავშთები და სხვ.

იოსებ პეტრეს ძე დავრიშაშვილი

15 აგვისტო 1910 წ. პარიზი

სახალხო გაზეთი. - 1910. - 80. - გვ. 4

12.18 წერილი რედ. მიმართ

▲back to top


ბატონო რედაქტორო! ნება გვიბოძეთ, თქვენ პატივცემულ გაზეთის საშუალებით უღრმესი მადლობა გამოვუცხადოთ, იმ პირთ, რომელთაც თავიანთ ნაწერების შემწეობით, გაამდიდრეს ჩვენი ბიბლიოთეკა-სამკითხველო: პროფესორ ივ. ჯავახიშვილს, რომელმაც შემოსწირა: 1) ქართველი ერის ისტორია, 2) საქართველოს ეკონომიური ისტორია, 3) მამულიშვილობა და მეცნიერება, 4) Государственный Строй Древней Грузiй и Древней Арменiи, 5) Народныя перписи въ Грузiи და სხვ.

ეკატერინე გაბაშვილს თავის თხუზულებათა კრებულის გამოგზავნისთვის და სვიმონ ქვარიანს თავის წიგნაკ „ქართველ ერის ტრაღედიისთვის“.

ჟენევის ქართულ ეროვნული წრის გამგეობა.

P. შ. ეროვნული წრე ჩვეულებისამებრ დიდის მადლობით იღებს ყოველნაირ დახმარებას, როგორც წიგნებით ისე ნივთიერად შემდეგ მისამართით: J-neve Suisse Rue Marice Chiff N7. Bibliothegus georgic De.

სახალხო გაზეთი. - 1912 . - 580. - გვ. 4

12.19 * * *

▲back to top


. [კიტა აბაშიძე]

არ შემიძლია ორიოდე სიტყვით არ შევეხო ჟენეველ სტუდენტთა საურთიერთო დამხმარე კასის გამგეობის წერილს, რომელიც თქვენს გაზეთში იყო მოთავსებული.

წერილის ავტორები დიდის ამბით აცნობებენ საქართველოს, რომ ჩვენს კარჩაკეტილობას, ევროპიელების მიერ ჩვენს უცნობლობას ბოლო ეღება... ქალბ. სკარჟინსკის წყალობით... და ეს წყალობა გახლავთ... გახლავთ კავკასიური, ანუ როგორც თავათ ამბობენ ქართული განყოფილება ქ. ლოზანის მომავალ რუსულს მუზეუმში, რომლის გახსნასაც ქალბატონი სკარჟინსკი აპირობს1 ჟენეველი სტუდენტები გვაცნობებენ აგრეთვე, რომ მათ მიმართეს ქართ. შორის წერა კ. გ. ს. გამგეობას რათა გულით მოეკიდონ ამ საქმეს. ყველაფერი კარგი და პატიოსანი, მაგრამ არ შეიძლება ვიკითხოთ; რა გვარად უნდა დაეხმაროს წ. კ. ს. ხსენებულს მეცენატ ქალს ქართული განყოფილების მოწყობაში? ხომ არ ჰსურთ რომ ის ერთად ერთი ეროვნული სიმდიდრე, ის მცირეოდენი ისტორიული განძები, რომელსაც წ. კ. ს. ინახავს და რომელნიც მრავალწლობით საოცნებო და სანატრელ მომავალ ქართულ ეროვნულს მუზეუმს დაამშვენებენ, რომ ეს საუნჯენი აიღონ და ქ. სკრაჟინსკის გაუგზავნონ? თუ ქ. ს-იმ საჭირო თანხა გაუგზავნა ქ. შ. წ. კ. გ. ს. და კომისიონერობას ანდობს ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ნაშთთა შესაძენად? ან ისეთი რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ქართულს განყოფილებას რომელიმე ევროპის მუზეუმში და ისიც პაწია ქალაქ ლოზანში სადაც, მართალი მოგახსენოთ, მუზეუმების დასათვალიერებლად არავინ მიდის, ვიღაც რუსი ქალის კერძო მუზეუმში, რომ უცბად ჩვენს კარჩაკეტილობას ბოლო მოეღოს და მთელი ევროპა ჩვენზე ალაპარაკდეს? როგორ? რას უნდა ვსცდილობდეთ? იმას რომ ჩვენი ეროვნული განძები საქართველოშივე, ქართულს მუზეუმებში ინახებოდეს, თუ საქართველოდან სხვა ქვეყნებში გავიტანოთ ის, რაც გადაურჩა საუკუნოებითს აწიოკება აკლებას, ცეცხლსა და მახვილს, შემოსულთ თუ მეგობრად შემოპარულს ვაჟბატონებს.

მე მგონია, რომ მანამ პატივცემული ჟენევის სტუდენტობა ამ საკითხს გადასწყვეტდა ზემოხსენებულ კითხვებზე უნდა ეპასუხნა. საზოგადოდ, ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ახალთაობა, ზრუნავს და ინიციატივის ჩანასახს იჩენს ეროვნულს საქმეებისადმი, მაგრამ ასეთი მუზეუმების გამოკიდება, მაშინ როდესაც ქონებრივად სრულიად უზრუნველყოფილის ჟენევის ქართულ ბიბლიოთეკას, ამ მართლაც და ეროვნულს და მნიშვნელოვანს საქმეს დაუდევრობისა თუ სხვა მიზეზების გამო უმოწყალოდ ბოლო მოუღეს ვერ გამიგია.

________________

1. სხვათა შორის, საჭიროა ვიცოდეთ, რომ ჯერ-ჯერობით მისგან დამოუკიდებელ მიზეზებისა გამო თვისი ქონება ქ. სოსკის განკარგულებაში არ არის.

სახალხო გაზეთი. - 1910. - N84. - გვ. 4

13 ქართულ-ევროპული ურთიერთობები

▲back to top


13.1 ახალი ორიენტაცია

▲back to top


. ონიაშვილი

როგორც მკითხველმა იცის ოქტომბრის რიცხვებში ბალშევიზმის წყალობით გაირღვა მთლიანი რევოლიუციონური ფრონტი და ამიერ-კავკასია ფაქტიურად ჩამოშორდა რუსეთს, ხოლო ადგილობრივ საქმეების საწარმოებლათ დაარსდა ამიერ-კავკასიის კომისარიატი. უმთავრესი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობდა დღემდის ამიერ-კავკასიის მთავრობა, იყო ადგილობრივ რევოლიუციონური დემოკრატიის მთლიანობის დაცვა და სხვადასხვა ერთა შეთანხმება. ამ დებულებიდან გამომდინარეობდა ერთი მთლიანი პოლიტიკური ხაზი. მაგრამ ამ ბოლო დროს ამიერ-კავკასიის ცხოვრებაში შემოიჭრა ახალი ძლიერი ფაქტორი - ომი, რომელმაც ძალზე შეარყია ზემოთ აღნიშნული პოლიტიკური კურსი. თუმცა ომი მეოთხე წელიწადია რაც სწარმოებს, მაგრამ დღემდის ამიერ-კავკასია თითქოს მოშორებით იდგა და ვერ გრძნობდა მის საშინელებას. ტრაპიზონის საზავო მოლაპარაკების შეწყვეტის შემდეგ სურათი შეიცვალა. ერთის მხრივ ოსმალეთის ჯარი მოადგა ჩვენს საზღვრებს და მეორეს მხრივ ბალშევიკები. ამიერ-კავკასიის მთავრობა იძულებული იყო ეწარმოებინა ომი ორ ფრონტზე. მაშასადამე, ამ საბედისწერო საათში უფრო აუცილებელი გახდა, ვიდრე წინათ, ყველა ერების შეკავშირება საერთო მტრების მოსაგერებლათ. მაგრამ სამწუხაროთ ეს არ მოხდა. „მუსავატმა“ თავიდანვე განაცხადა, რომ ოსმალეთთან ომის დროს „ნეიტრალიტეტს“ დავიცავო, ხოლო სომხის ჯარის ნაწილები ბაქოში „ბალშევიკებს“ შეუერთდენ. მაშასადამე მაშინ, როდესაც საჭირო იყო ყველა ძალების გაერთიანება, მოხდა ადგილობრივ ერების გათიშვა და ცალ-ცალკე გზით სიარული. აი სწორედ ამან გამოიწვია ის ნერვიული მდგომარეობა, რომლითაც შეპყრობილია დღემდის მთელი საზოგადოება. ქვეყნის თავდაცვისთვის პირველად ყოვლისა საჭიროა აღფრთოვანება. ეს აღფრთოვანება აკლია ჩვენს ცხოვრებას. გულახდილად უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ხალხმა არ იცის ვინ აწარმოებს ომს და ვინ არის ამ დროს მისი ნამდვილი მოკავშირე. როდესაც გამოირკვა, რომ ასეთ პირობებში შეუძლებელია ადგილობრივ ძალებით ომის წარმოება, მაშინ ზოგიერთ წრეებში დაიბადა აზრი ისევ „რუსეთის ორიენტაციისა“. მაგრამ დღეს, როგორც ვიცით, რუსეთი აღარავითარ სამხედრო ძალას არ წარმოადგენს და მაშასადამე მისი ორიენტაციაც უსარგებლოა და უნაყოფო ოცნებაა. ესეც რომ არ იყოს, როგორც ვიცით ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობას ბალშევიკურმა რუსეთმა მოაწერა ხელი და პირდაპირ შეუძლებელია, რომ მისმა მთავრობამ დახმარება გაუწიოს იმას, ვინც არღვევს ამ ხელშეკრულობას. ამიერკავკასია ან ნაწილია რუსეთისა და მაშასადამე მან უნდა სცნოს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობა ან იგი დამოუკიდებელია და უნდა აწარმოვოს ომი დამოუკიდებლად. ასე დააყენა სინამდვილემ საკითხი. როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოდ ამიერ-კავკასიას არ შეუძლიან ოსმალეთთან ომი აწარმოვოს, თუ მის შემადგენელ ერებში არ არსებობს ერთსულოვნება. მაშასადამე, დაუყონებლივ უნდა დავადგეთ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობის ნიადაგზე. მაგრამ ამით არ წყდება ომის და ზავის საკითხი. ოსმალეთი მაინც განაგრძობს ომს და ბრძოლით წინ მიიწევს. მას უნდა დაიჭიროს მთელი ამიერ-კავკასია და შეექმნას აქ გარდაუვალი საზღვარი თავის და რუსეთ შორის. როგორი პოლიტიკა უნდა ვაწარმოვოთ ჩვენ ამ დროს? აქ შეიძლება გამოვნახოთ ორი გზა: ან შევებრძოლოთ იარაღით ხელში ოსმალეთს და მაშასადამე მის მოკავშირეების ძალასაც, რომელნიც მის უკან დგანან, ან გამოვაცხადოთ ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობა. ამაში ძალზე დაინტერესებულია გერმანია, რომელიც ამიერ-კავკასიაში ეძებს ეკონომიურ სარგებლობას. აი ამ გარემოებაში უნდა ვეძებოთ ახალი ორიენტაციის საფუძველი. ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობას ეყოლება მუდამ ძლიერი დამცველი გერმანიის სახით, რომელიც არ მისცემს ოსმალეთს ნებას, რომ იგი უბრალო პროვინციად გადააქციოს. მაშასადამე, ის ვინც იცავს ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობას, ემხრობა არა ოსმალეთს, არამედ გერმანიის ორიენტაციას.

ბოლო ეღება მუდმივ რყევას და საძირკველი ეყრება ახალ ცხოვრებას. ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობა დღევანდელ პირობებში ნიშნავს არა მარტო „დამოუკიდებლობას“, არამედ ორიენტაციის შეცვლასაც.

რათ დასჭირდა ქართველ ერს ორიენტაციის შეცვლა? იმიტომ, რომ მას როგორც პატარა ერს არ შეუძლიან უორიენტაციოთ ცხოვ რება. ამ ასი წლის წინათ რუსეთი მართლა ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა და პატარა საქართველომაც მას შეაფარა თავი. შეიძლება სხვადასხვა აზრისა ვიყოთ რუსეთის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, მაგრამ ერთი კი აშკარაა ყველასთვის, რომ რუსეთმა ქართველი ერი ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა. დღეს, როდესაც ქართველი ერი დგას იმავე საფრთხის წინაშე და აღარ მოელის რუსეთიდან შველას, იგი ეძებს ახალ მოკავშირეს. რუსეთის ორიენტაცია გერმანიის ორიენტაციით იცვლება - ამაშია დღევანდელი მომენტის მნიშვნელობა. მაგრამ ორიენტაციის შეცვლა უბრალო პოლიტიკური საკითხი კი არ არის, არამედ - სულიერი განცდაც. საზოგადოებაში იბადება ერთგვარი ატმოსფერა, რომელიც ძალზე აღელვებს და აფიქრებს ყველას. ამით აიხსნება ის ჰამლეტისებური სულიერი რყევა, რომლითაც იყო შეპყრობილი დღემდის ჩვენი საზოგადოება. დღეს ასეთ სულიერ მდგომარეობას ბოლო ეღება. აღსრულდა!.. რუბიკონი გადავლახეთ!..

ერთობა. - 1918. - 82. - გვ. 1

13.2 გერმანიის მიერ საქართველოს ცნობა

▲back to top


ერთხელ კიდევ გერმანიამ გადასდგა ისეთი დიადი ნაბიჯი, რომლითაც დიდათ მოინადირა სრულიად საქართველოს გული და გააღრმავა ის წარუხოცელი მშვენიერი შთაბეჭდილება, რაც ჩვენთან სტუმრობისას დასტოვეს ერთხელ. აი რა ცნობა გამოქვეყნდა საქართველოს საინფორმაციო ბიუროსაგან.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელმა ბ. ახმეტელაშვილმა აცნობა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, რომ გერმანიის რესპუბლიკის მთავრობამ 1920 წლის სექტემბერს 24-ს საქართველოს რესპუბლიკა ოფიციალურად „დე იურედ“-დ აღიარა და თავის ელჩად საქართველოში დანიშნა ბ-ნი ულრის რაუხერი მეუმრავლესე პარტიის ცნობილი წევრია.

ამნაირად, გერმანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა იცნო იურიდიულადაც ამ გართულებულ მდგომარეობაში მყოფ საქართველოსთვისაც ასეთი ცნობა პირდაპირი ხარებაა. გამხნევს, ჩვენი ეროვნული ძალღონის გამტკიცება და ამაღლება. გერმანიამ ერთ დროს, სწორედ ასეთსავე კრიტიკულს მდგომარეობაში თვისი ავტორიტეტული სიტყვით და საქმეში ჩამორევით საქართველო იხსნა განსაცდელისაგან და მით წარუხოცელი სიმპატია დაიმსახურა მთელი ერისადმი. მათი წასვლის შემდეგ ჩვენ ბევრი ვნახეთ მოსულიც და წასულიც, მაგრამ მათთან კეთილგანწყობილების შესაქმნელად ვინ იცის, საქართველოს რამდენი ბრძოლა, რამდენი თავისი დამდაბლება და დიპლომატიურ ფარხმალის აჟღარუნება დასჭირდა! დღეს კიდევ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ევ. გეგეჭკორი ევროპის პირველ ხარისხოვან სახელმწიფოთა შორის დადის და მოწყალებასავით სთხოვს საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობას. ყველანი ხელგაშლით ეგებებიან საქართველოს თხოვნას, მათი თავაზი მხოლოდ გეგეჭკორის მიერ გადმოცილებულ კარის ღრუბლებზევე ჰქრება. მხოლოდ გერმანიას შერჩა რაინდული სითამამე იურიდიულათ ეცნო დაუთხოვნელად, არამოწყალების სახით, საქართველო ეცნო ერთაშორის თანასწორუფლებიან ძმად.

ჩვენ სიხარულით ვეგებებით გერმანიის მიერ გადადგმულს ნაბიჯს. ჩვენთვის მის მიერ აღიარებული საქართველოს დამოუკიდე ბლობა ფრიად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღეს, როდესაც საქართველო 1918 წ. ანალოგიურს გარემოებაში ვარდება, ხოლო გერმანიის პრესტიჟი იწევს არა თუ დამარცხებულ ეგრედწოდებულ გაწითლებულ რუსეთ-ოსმალეთზე, არამედ ამერიკაში და ინგლისში, თვით საფრანგეთიც კი, ეს რევანშით დამთვრალი სახელმწიფო მორცხვად ეჩვევა მის წინაშე რევერანსის გაკეთების: ყველამ უკვე ფაქტად აღიარა, რომ ევროპის მშვიდობიანობის აღდგენა და განმტკიცება ძალუძს მხოლოდ მას, ვისაც სახელმწიფოებრივ შენებაში და ორგანიზაციულ მუშაობაში ბადალი არა ჰყავს ევროპაში. და თუ ეს ასეა, თუ ომ გადახდილი ანტანტა ხელს უხსნის გერმანიას და აღიარებს მის ავტორიტეტობას ევროპის სწორ წონაობის დასაცავად, ნუთუ იგივე გერმანია მოძალურ გავლენას არ იქონიებს მოთარეშე ავანტიურისტებზე, რომ მათ არ იმსხვერპლონ პატარა, მაგრამ რაინდი საქართველო, რომელსაც პირადად გაეცნენ ისინი ჯერ კაიზერის დროს და ასევე დაამტკიცეს ევროპის მოქალაქეებმა ვანდერვალდენ და დებრიუკმარკე-სნოუდენმა.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს ასეც იქნება, ვინაიდან თუ საქართველოს აღმოსავლეთის ყვითელმა საფრთხემ გვერდით არ აუარა, თუ ხელი შეახოს მის სუვერენობას, მთელს ამ ქვეყანას ისეთი ანარქია მოლეკავს, რომ რუსეთის საშინელებანი ეს კი იდილიად მოგვეჩვენოს.

გერმანიის მიერ გადადგმულს ნაბიჯს საქართველო ოქროს ასოებით აღბეჭდავს თავის ისტორიის ფურცლებზე.

სამუსლიმანო საქართველო. - 1920. - 456. - გვ. 2

13.3 ეროვნულ საბჭოში

▲back to top


აკ. -უა

(29 მაისის სხდომა)

ნ. რამიშვილი მთავრობის სახელით აცხადებს: გერმანიამ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და აღუთქვა საქართველოს ტერიტორიის უზრუნველყოფა. საბჭომ მოისმინა რა მთავრობის ცნობა მიიღო შემდეგი რეზოლიუცია ს.-დემოკრატების მიერ წარმოდგენილი.

„მოისმინა რა მთავრობის ცნობა გერმანიასთან მოლაპარაკებების შესახებ, საქართველოს ეროვნული საბჭო ადასტურებს მთავრობის ნაბიჯებს სრულიად დარწმუნებული, რომ მთავრობა ყოველ ღონეს იხმარს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად [...]

ერთობა. - 1918. - 109. - გვ. 2

13.4 გერმანიის სამხედ. მისია საქ. ეროვნულ საბჭოს თავმჯ. და სამხ. მინისტრთან

▲back to top


გუშინ 31 მაისს შუადღის 1 საათზე გერმანიის სამხედრო მისიის წარმომადგენელნი გრაფ შულენბერგის მეთაურობით წარუდგნენ საქ. ეროვნ. საბჭოს თავმჯდომარეს ნ.ს. ჩხეიძეს. ნ.ს. ჩხეიძემ მადლობა გამოუცხადა საელჩოს და იმედი გამოსთქვა, რომ გერმანია სერიოზულ დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს ნორჩ რესპუბლიკას და მის დამოუკიდებლობას. საელჩოს წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ მათი ჩამოსვლის და გენ. ფონ-ლოსსევის და საგარეო მინისტრის ა.ი. ჩხენკელის ბერლინში წასვლის მიზანი სწორედ ეს არის. შემდეგ ნ.ს. ჩხეიძემ საელჩოს მიმართა და უთხრა, რო, ქართველები ადვილად არ აძლევენ სიტყვას, ხოლო თუ მისცეს, - მას პატიოსნურად აასრულებენო. საელჩოს წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ ასეთივეა ის პრინციპები, რომლებსაც იცავენ გერმანელები. ბოლოს ნ.ს. ჩხეიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს და გერმანიის საერთო ინტერესებს და იმედი გამოსთქვა, რომ ხშირად შეხვდებიან გერმანიის ელჩის წარმომადგენლებს. უკანასკნელებმა ისეთივე იმედი გამოსთქვეს. აუდიენცია ამით გათავდა.

30 მაისსავე - საღამოს 6 საათზე გერმანიის სამხედრო საელჩომ ინახულა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, სამხედრო მინისტრი გვ. გიორგაძე. სამხედრო მინისტრი მიესალმა საელჩოს და იმედი გამოსთქვა, რომ საქართველოს ნორჩი რესპუბლიკა მოღონიერდება და აყვავდება გერმანიის დახმარებით. საელჩომ უპასუხა, რომ გერმანია ყოველ ღონეს იხმარს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დასაცავათ. საელჩოს შეეკითხა, - რას ფიქრობს მთავრობა ოსმალეთის ულტიმატუმზე, რომლის ვადა 2 საათის შემდეგ გადის. (გავიდა 30 მაისს საღ. 8 ს. და 35 წ.) სამხედრო მინისტრმა უპასუხა, მთავრობამ გადასწყვიტა ოსმალთა ჯარს, თუ უკანასკნელი შეტევაზე გადავიდა, მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს და რესპუბლიკა დაიცვასო.

სამხედრო მინისტრმა და საელჩოს წარმომადგენლებმა 1 საათით კიდევ იმუსაიფეს სხვადასხვა საკითხებზე.

ერთობა. - 1918. - 111. - გვ. 2

13.5 ***

▲back to top


ივ. გომართელი

ბატონებო! ქართველი ერის ბრძოლა ბრწყინვალეთ დაგვირგვინდა, აღსდგა დემოკრატიული საქართველო. ჩვენ ბევრი ჭირი გადვიხადეთ და ჯილდოთ მრავალი ტანჯვისა და უთანასწორო ბრძოლისა, ჩვენ ვდღესასწაულობთ დღევანდელ დღეს. ეს არის შედეგი ქართველი ერის ბრძოლისა, მისი პოლიტიკური მომწიფებისა და კულტურულ ამაღლებისა. დღევანდელი დღე დაგვირგვინებაა წარსული ბრძოლისა, რომელსაც საქართველოს დემოკრატია აწარმოებდა. მთავრობა და საზღვარ გარეთ გაგზავნილი ჩვენი დელეგაცია მუშაობდნენ, რათა ეს დღე ქართველებს გასთენებოდა და აი თქვენ ხედავთ ამ მუშაობის ნაყოფსაც. ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა სთქვეს, რომ საქართველოს შეუძლია დამოუკიდებლად იარსებოს. ჩვენ დიდი ხანია ვიდექით ევროპის კარების წინაშე; ევროპისაკენ მისწრაფება ეს ჩვენი წყურვილი იყო, ვინაიდან თუ ჩვენ ვერ მოვიპოვებდით ევროპის განვითარებულ ოჯახის წევრობის უფლებას, ეს დიდი უბედურება იქნებოდა ჩვენთვის და ამიტომ ჩვენ ვიბრძოდით და თქვენ ხედავთ რომ ევროპამ სთქვა თავისი უკანასკნელი სიტყვა საქართველოს შესახებ.

თქვენ იცით, რომ ჩვენი დემოკრატია რევოლიუციამდე რუსის ხალხთან იყო და მასთან იბრძოდა. მაგრამ რევოლიუციის შემდეგ გამოისახა ორი გზა. ერთზე ეწერა რევოლიუცია სტიქიაა და ის მეცნიერულ მეთოდებს არ ემორჩილება, მეორეზე წინააღმდეგ როდესაც ეს ორი გზა ერთმანეთს დაეჯახა ქართველი ერი რუსეთს ჩამოშორდა. მეცნიერულ გზით ჩვენ საკმაო მანძილი გავიარეთ და დღეს ყველა ჩვენგანს უფლება ეძლევა დაინახოს ორივე ნაყოფი. დიდი რუსეთი გაყვა პირველ გზას და იგი ვერ ასცდა სამოქალაქო ომს; საქართველო გაყვა მეორე გზას და მან გადაარჩინა არამც თუ თავისი თავი, არამედ ყველა საქართველოს ერები. ჩვენ მუდამ ამ გზით განვაგრძობთ სიარულს, ან ამ გზაზე დავიხოცებით. როდესაც ჩვენი ტანჯვა ასე ბრწყინვალედ დაგვირგვინდა, ჩვენი ვალია მივესალმოთ ჩვენს სიამაყეს, მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები) ჩვენ ვიცით რომ ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში უპირველესი როლი ითამაშა ჩვენმა გვარდიამ და ნორჩმა დემოკრატიულმა ჯარმა. მიუძღვნათ გულსწრფელი მილოცვა ჩვენს შეიარაღებულ ძალას და მათ ხელმძღვანელებს (ტაში).

დღევანდელ ჩვენს დღესასწაულს დიდი თანაგრძნობით შეხვდენ ევროპის დიდი სახელმწიფონი, ჩვენ მუდამ მადლიერათ მოვიხსენიებთ მათ ერს და მიუძღვნათ მადლობა მათ წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს აქ იმყოფებიან (ფეხზე ადგომით ტაშს უკრავენ ევროპის წარმომადგენელთ) დღეს ბრწყინვალე დღესასწაულს დღესასწაულობს ქართველი ერი და ადერბაიჯანი, მაგრამ ამ დღეს შავ აჩრდილათ გადაფარებია ის რომ სომხეთის დამოუკიდებლობის ცნობა დაგვიანდა. ჩვენ შეგვიძლია წინდაწინ მიულოცოთ მათაც (ტაში). სამივე რესპუბლიკა უნდა იყვეს დარწმუნებული, რომ მათი ერთად ყოფნა აუცილებელია და დადგება ის დროც, რომ ამ სამ რესპუბლიკათა კავშირს ვერავითარი ძალა ვერ შეარყევს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროპას რომ თავისუფლება მარტო ჩვენთვის კი არ გვინდა, არამედ ამიერ კავკასიის ერთა ძმობისა და ერთობისათვის, დღევანდელი დღე თავდები უნდა იყოს იმისი, რომ ჩვენი ამიერ-კავკასიის მტკიცე კავშირს მტკიცე საფუძველი ეყრება. გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას, კავკასიის ერების მტკიცე კავშირს! (ხანგრძლივი ტაში. მუსიკა უკრავს ეროვნულ გიმნს.).

საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 10. - გვ. 3

13.6 ირ. წერეთლის სიტყვა წარმოთქმული ეროვნულ საბჭოში 15 ივნისს1

▲back to top


[...] ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ. იმ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა, რომელთაც აქ ილაპარაკეს, საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკის დროს კი არ ეცადენ ის აღენიშნათ, რასაც დღეს აკეთებს მთავრობა, არამედ - ილაპარაკეს იმის შესახებ, თუ წარსულში მათ რა გაუკეთებიათ; ილაპარაკეს იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა დემოკრატია.

აქ სურდათ გამაგრება კავშირისა გერმანიასთან და ამ კავშირის ნამდვილ საფუძველზე დაყენება. ამას ცდილობდენ იმ პოლიტიკის დაგმობით, რომელიც მათ წინ უდგათ.

ბატონებო! აქ ამბობდენ, რომ ჩვენი დიდი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ დროზე არ გაუწოდეთ ხელი გერმანიას და რუსეთი თავის დროზე არ მოვიშორეთ, რომ ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების შექმნაში მონაწილეობა არ მივიღეთ.

მე ვეკითხები იმ ორატორებს, რომლებიც ამას ბრძანებენ, ეს ხომ იციან, რომ ბრესტ-ლიტოვსკში მოხდა ის აქტი, რომლის შედეგიც იყო ის, რომ რუსეთი დაემხო, დამარცხდა და დანაწილდა. ხომ იციან ის, რომ მთელს ჩვენს დემოკრატიას აერთიანებდა არა მარტო ფორმალური კავშირის ტრაქტატები, არამედ - ძმობა (ვ. წერეთელი, - ცრუ იმედები) ცრუ იმედები! კი ბატონო, მაგრამ სანამ იგი დემოკრატია მთლიანი იყო, სანამ იგი დაიშლებოდა, მანამდის არ ზრუნავდით საქართველოს დემოკრატიის ამ მთლიანობიდან გამოყვანაზე და თუ ზრუნავდით, მოღალატეა ის ხალხი, რომელიც ერთ პოლიტიკას საჯაროთ აღიარებს და მეორეს ჩუმათ აწარმოებს. და ასეთი მოღალატე ხალხი ნდობას ვერ აღძრავს სხვა ერებში, რადგან იმ ერს მუდამ ექნება იმის ეჭვი, რომ მასაც ოდესმე პოლიტიკურ ლახვარს ჩასცემს ზურგში ისე, როგორც ერთ დროს ეს ჩაიდინა მის მოწინააღმდეგე ერის მიმართ. (ხანგრძლივი ტაში. ვ. წერეთელი - რუსეთმა გვიღალატა) დიახ, ბალშევიკურმა რუსეთმა გვიღალატა და ამის თქმის უფლება მოვიპოვეთ იმით, რომ ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ აქტში, რომელიც სწყვეტდა რუსეთის ბედს, არ წაველით ბრესტში და სხვებთან ერთად სასიკვდილო მახვილი არ ჩავეცით. ჩვენ ხელი გვკრეს და ჩვენ ხელს გავუწვდით მას, ვინც ჩვენ ხელს გამოგვიწვდის. ბატონი ვეშაპელი ბრძანებს: გერმანია რაინდულად გვიცავს, მისი ჯარი რაინდულად იცავს ჩვენს ჯარებთან ერთად ჩვენს საზღვრებს. დიახ, კარგია რაინდობა, მაგრამ რაინდი მოპირდაპირეშიაც დააფასებს პატიოსნებას და ნების სიმტკიცეს და ტყუილად ჰგონიათ ზოგიერთებს, ჩვენ რომ ლახვარი ჩაგვეცა რუსეთისთვის, ამით ვისმეს გულს მოვიგებდით. არა ბატონებო, დემოკრატიის საგარეო პოლიტიკა მით განსხვავდება, რომ დემოკრატია თავის თავს ანგარიშს აძლევს და (ხმები: აგებს კიდეც) მკვიდრი და ღრმა სარგებლობა მოაქვს. დემოკრატია ორმაგ პოლიტიკას არ აწარმოებდა და არც აწარმოებს.

იმ დროს, როდესაც სხვა პოლიტ პარტიები ლოიალობას აწარმოებდნენ, ჩვენ მას უარვყოფდით. სხვა სახელმწიფოს ხელს არ ვუწვდიდით, ამაშია ჩვენი დამსახურება, კეთილშობილება. ასეთი ავანტიურისტული პოლიტიკა [არ იკითხება] წინააღმდეგ, არამედ - სხვებთან შეთანხმებით. არა, ორმაგი, ორჭოფული, ავანტიურისტული პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის. ვასილ წერეთელი: სანტიმენტალურია) სანტიმენტალური? არ ვიცი ბატონებო, კი მაგრამ ხალხი არასოდეს არ დაადგება მოღალატეთა პოლიტიკას (ტაში) (ვ. წერეთელი: მტერი ის არის).

[...]

ბატონებო, მე დაინტერესებული ვარ შევეხო ყველა მოწინააღმდეგეთ... საბუთების წინააღმდეგ მე ბრძოლა შემიძლიან, მაგრამ სიტყვების წინააღმდეგ ბრძოლა მეტად გაძნელდა.

დღეს, ბატონებო, საჭირო არის გამაგრება მთავრობისა, სახელმწიფოს შექმნა და ძლიერ სახელმწიფო მმართველობის დამყარება საქართველოში.

მთავრობა აღნიშნავს, რომ ის მოწადინებულია ეს სიმაგრე შექმნას დემოკრატიულ ორგანიზაციების განმტკიცებით და მათზე ზედაყრდნობით. აქ ჩვენ გვითხრეს ეს ორი მცნება ერთი ერთმანეთს ეწინააღმდეგებაო. ის რევოლიუციონური წითელი გვარდია, რომელიც იფარავს ჩვენს საზღვრებს და დღესაც სისხლს ღვრის გარეშე მტერთან ბრძოლაში, უნდა ჩამოაშოროთ მთავრობასო. ჩვენი უბედურება ისაა, რომ სოციალისტური მთავრობაა, რომ წითელი რევოლიუციონური დროშა ფრიალებს სასახლეზეო.

მართალია განა ეს?

რომ არ იყოს ის რევოლიუციონური ძალა, რომელმაც ეს წითელი დროშა ააფრიალა, განა ვიქნებოდით ჩვენ აქ? (ტაში) ჩამოაცალეთ მთავრობას ეს მფარველი დემოკრატიული ორგანიზაციები და თქვენ მოუსპობთ მას ყოველგვარ საშუალებას სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

და როდესაც ბატონი ვეშაპელი ბრძანებს, რომ ჩვენ უზრუნველყოფილნი ვართ გერმანელების ხიშტებით, ეს არ არის სიმართლე, დემოკრატია ამას ვერ შეეგუება, ეს რომ მართალი იყოს, ეს იქნება უდიდესი დამცირება ეროვნულ გრძნობისა (ტაში) (ხმები მარჯვნიდან: რად მოიწვიეთ მაშ).

თავმჯდომარე. გთხოვთ ორატორს სიტყვას ნუ აწყვეტინებთ.

წერეთელი. დიახ, ჩვენ მოვიწვიეთ, ბატონებო! ჩვენ რომ ისეთ მდგომარეობაში ვყოფილიყავით, რომ ქართველ ხალხს არ დასჭირვებოდა გარეშე ძალის მოწვევა, ჩვენ არ მოვიწვევდით. ჩვენ მოვიწვიეთ გერმანელები არა წინააღმდეგ ქართველი ხალხისა. გერმანია ჩვენ მოვიწვიეთ და ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ იმ ნიადაგზე, რომელზედაც იდგნენ ჩვენი წინაპარნი, როდესაც გარეშე მტრების წინააღმდეგ მაშველ ძალას იწვევდნენ.

ასეთ მდგომარეობაში ჩვენი დემოკრატია გარედან რომ უზრუნველყოთ, შიგნით ჩვენ გარეშე ძალა არ დაგვჭირდება.

შიგნით ჩვენ გვყავს რევოლიუციონური წითელი გვარდია, რევოლიუციონური ორგანიზაციები, რომლებიც ერთ წელზე მეტია რაც შეუნარჩუნეს ჩვენ ხალხს სიცოცხლე. დღეს ამ ნიადაგზე დგას არა მარტო ქართული დემოკრატია, არამედ ის ძალაც, რომელიც ჩვენთან შემოდის. და თუ ჩვენში გაისმის დასტოვეთ წითელი გვარდია, ჩამოაცალეთ მთავრობას, - ეს უდრის სამშობლოს წინაშე მოღალატეობას, რადგან იგი არა გვსმენია უცხოელთაგანაც (ხმები, სიცრუეა, სიცრუვე. ტაში). (გ. ვეშაპელი. დემაგოგია) მე მზად ვარ ყოველი ჩემი ნათქვამი დოკუმენტალურად დავამტკიცო. აქ იწერება ეროვნული საბჭოს კრებების სტენოგრაფიული ანგარიშები. ბატონმა ვეშაპელმა ბრძანა რომ თუ ჩვენ აქ ვართ ქართული ეროვნული საბჭო ამაში გერმანელებს უნდა უმადლოდესო. (ხმაურობა)

[არ იკითხება] მთავრობა და საბჭო ერთად ერთ ნიადაგს ჰპოვებდნენ მათ ხიშტებში? არა ბატონებო, არ მგონია ამ აზრზე იყოს ვინმე, მათ ანგარიში უნდა გაუწიონ საქართველოს ხელშეკრულებას.

მეორეც კიდევ, არ ყოფილა ისტორიული მაგალითი, რომ სადმე მარტო ჰაერში გამოკიდებული დროშისთვის მიექცივნათ ყურადღება და ამით გამოეტანათ დასკვნა მთავრობის შესახებ. მაგრამ ის კი არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენ შინაურ საქმეებში ჩარევა, ეს არის მთავრობაში ჩარევა. სწორედ ამ გზით ხდებოდა მოწოდება გარეშე ძალების მთავრობაში ჩარევის შესახებ, რომლის შედეგები ღმერთმა აშოროს ჩვენს ხალხს.

მე ამას ხაზს უსვამ, ბატონებო! ეს რომ სინამდვილე იყოს მთავრობას რომ გარეშე ძალაზე დასაყრდნობათ მოეწვია ჩვენ არც კი შევეცდებოდით საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დაცვას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ქართველი ხალხი, მაგრამ მთელი ეს ხალხი გაერთიანებული ერთ იდეით. დემოკრატიული წესწყობილების დამყარების იდეით. მან შესძლო შეენარჩუნებინა დემოკრატიული წესწყობილება მაშინ, როდესაც მთელი რუსეთი ანარქიამ ჩანთქა. ასეთი კითხვის დასმა კი, რომლითაც მოწვეული ძალა ჩვენ ძალად ცხადდება, - ეს არის მოციქულობა სამოქალაქო ომისა, ეს არის სამოქალაქო ომის გამოცხადება (ტაში). [...]

_____________

1. სტატია არასრულად იბეჭდება.

ერთობა. - 1918. - 126. - გვ. 1-2

13.7 სადღეისო ნატვრა

▲back to top


დღეს დედა საქართველოს სარწმუნოებრივი უქმეა.

სასულიერო საქართველო იგონებს ქრისტეს შობას.

თანამედროვე ცხოვრების პირობებში ქართველ მამულიშვილთათვის და მათთან ერთად მუსლიმან ქართველებისათვის, როგორც არა ქრისტიანთათვის, დღევანდელ დღეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

საქართველოს უდიდესი ნაწილი დღევანდელ დღეს უფრო წინაპართა პატივისცემით თუ მოიგონებს, როგორც მათ ტრადიციულ უქმე დღეს.

დიდი ხანი არ არის მას შემდეგ რაც ქართველი მამულიშვილნი დღევანდელ დღეს ააშკარავებდნენ ნანატრ იდეიას და საქართველოს პოლიტიკურ შობაზე უფრო ოცნებობდნენ.

დღევანდელ მამულიშვილს ესეც აღარა აქვს სანატრელი. იგი უკვე ამ ბედნიერებას ეზიარა. მაისის 26-ს მან იხილა საქართველოს პოლიტიკური შობა და ეს დღე დღესასწაულად გაიხადა.

დღევანდელი მამულიშვილი ბედნიერია იმითაც, რომ დღეს საქართველოსთან არიან მისი უნცროსი ძმები მუსლიმანი ქართველები.

ქართველი მამულიშვილისთვის არა ნაკლებ სათაყვანო დღედ გახდება ივნისის 7. ეს ის დღე როდესაც სამუსლიმანო საქართველო თვის დედას დაუბრუნდა.

მაგრამ არის კიდევ ერთი დღე რომლის ნატვრა ჩვეულებისამებრ შეუძლიან დღევანდელ დღეს, ქართველ მამულიშვილს.

ეს გახლავთ, დღე ევროპის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისა იურიდიულად.

ქართველი მამულიშვილნი მოულოდნელად ელიან ამ დღეს და ჩვენ ვინატრიდით, რო საქართველო მალე ასეთს პოლიტიკურ შობასაც შესწრებოდეს.

ვინატროთ ეს დღე!

სამუსლიმანო საქართველო. - 1921. - 498. - გვ. 1

13.8 საქართველო და გერმანია

▲back to top


[...] მაისის სხდომაზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ აცნობა ეროვნულ საბჭოს, რომ გერმანიამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი დაცვა იკისრა, რის დასამტკიცებლათ მან უკვე დანიშნა დიპლომატიური წარმომადგენელი თფილისში და კონსული ფოთში.

ამნაირათ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას მკვიდრი საფუძველი ეყრება, გერმანიასთან მეგობრულ განწყობილების დამყარებით ჩვენ უკვე გადავლახეთ ის მთავარი დაბრკოლება, რომელიც გერმანიის სახით წინ გვეღობებოდა.

ჩვენი ხალხი გამოურკვეველის შიშით შეხვდა ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობის აქტს, რადგან ამ აქტმა საბოლოვოთ ჩამოგვაშორა ძლიერ რუსეთს, რომლის მფარველობის ქვეშ მთელი საუკუნის განმავლობაში ვიმყოფებოდით. გერმანია-ოსმალეთის შეერთებულ ძალასთან ომი უიმედობაში აგდებდა ხალხს, რადგან გერმანიის სახით ის უძლეველ ძალას ხედავდა.

დღეს მდგომარეობა შეიცვალა. გერმანია არა თუ იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ, არამედ მან როგორც უკვე ვთქვით, კიდევაც იცნო ჩვენი დამოუკიდებლობა და დიპლომატიური კავშირი დაიჭირა ჩვენთან. ჩვენი მოლოდინი, რომ გერმანია ანგარიშს გაუწევდა საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს, გამართლდა. მაგრამ ჯერ არ გამართლდა ჩვენი საფუძვლიანი იმედი, რომ ოსმალეთს დააკმაყოფილებდა ამიერ-კავკასიის სახით საფარი სახელმწიფოს შექმნა რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოსმალეთი პოლიტიკურ გა[...] ა შემდგარი და ამიტომ ანგარიშს გაუწევს ძალთა განწყობილებას, რომ ის არ მოინდომებს ამიერ-კავკასიის დაპყრობას, რად[..] [..]ლ ქვეყნის მართვა მის ძალებს აღემატება. ამიერ-კავკასიის მცხოვრებთა მდგომარეობა განსაკუთრებით აღმოსავლეთ კავკასიის [..] უფრო აძლიერებდა ჩვენს არსებითად სწორს შეხედულებას. მაგრამ მუსულმანების გაბატონებულ კლასების ჯგუფობრივმა ინტერესებმა ავანტიურიაში ჩაითრიეს ოსმალეთი და ის, როგორც ეტყობა, მთელი ამიერ კავკასიის დაპყრობას ფიქრობს. ამ იმპერიალისტურ განზრახვებს ის აღარც კი მალავს. მან ულტიმატუმი წარუდგინა ამიერ-კავკასიის მთავრობას და რადგან ამიერ-კავკასია დაიშალა და მისი მთავრობა და დელეგაცია გაუქმებულია, ოსმალეთმა თავისი ულტიმატუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინა. ამ ულტიმატუმის შინაარსი უკვე ვიცით: ოსმალეთი მოითხოვს ახალციხე-ახალქალაქის მაზრებს და გურიის ნაწილს ნატანებამდე და შემდეგ რკინის გზით სარგებლობის უფლებას ჯარების გადასაყვანათ.

ეჭვი არ არის, როცა ოსმალეთი ბორჯომთან მოაბჯენს თავის საზღვარს ახალციხის მაზრის შეერთებით და გურიის ნაწილს შეიერთებს, მის წინსვლას ვერავითარი ძალა ვეღარ შეაჩერებს. და თუ პირდაპირ არ თხოულობს ოსმალეთი მთელ საქართველოს, ეს იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი არ დააშინოს ერთბაშათ დიდი მოთხოვნებით.

ოსმალეთის ასეთს განზრახვებს სასტიკად უნდა შევებრძოლოთ.

ჩვენ პატარა ერი ვართ და რასაკვირველია თავი არ უნდა შევახოცოთ დიდ სახელმწიფოებს. მაგრამ დიდი სახელმწიფო, გერმანია, ჩვენ არ გვებრძვის, ის უკვე მოგვირიგდა და დახმარებაც აღგვითქვა.

ზავი არ სურს ოსმალეთს. ის ჩვენს დაპყრობას ეტრფის.

მაგრამ მას შემდეგ რაც გერმანიამ ჩვენი დამოუკიდებლობა სცნო, ეჭვი არ არის, ოსმალეთის ხელში არავინ დასტოვებს ჩვენს ქვეყანას. საერთაშორისო კონგრესი საბოლოვოთ გადასწყვეტს ჩვენი ქვეყნის საკითხს და ოსმალეთს საქართველოდან გააძევებენ. ეს კარგათ იცის თვით ოსმალეთმა.

ვინც ოდნავ მაინც გაეცნო აჭარის და გურიის ნაწილის დაპყრობის ამბებს, მან იცის, თუ რისთვის მოდის ჩვენში ოსმალეთი. მან გაძარცვა აჭარა და გურიის ნაწილი, წაართვა გლეხებს უკანასკნელი გირვანქა სიმინდი. უდანაშაულო და უმწეო მოხუცების სიცოცხლეც კი არ დაინდვეს.

ასეთივე დღე მოგველის ჩვენც, თუ ოსმალეთის წინსვლა არ შევაჩერეთ. მართალია გერმანიამ იცნო ჩვენი დამოუკიდებლობა, მაგრამ ის ჩვენი გულისთვის ომს ვერ გამოუცხადებს ოსმალეთს. ოსმალეთმა ეს იცის და ამიტომ ცდილობს ის მომხდარ ფაქტის წინაშე დააყენოს გერმანია. საქმე შეიარაღებულმა ძალამ უნდა გადასწყვიტოს.

გუშინ საღამოს გავიდა ოსმალეთის ულტიმატუმის ვადა. უნდა ვაჩვენოთ ოსმალეთს, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია ჩოლოქის ამბების განმეორება. დავიცოთ დამოუკიდებლობა და რევოლიუცია. სასტიკი წინააღმდეგობა გავუწიოთ მტერს.

ერთობა. - 1918. - 110. - გვ. 1

13.9 საქართველო და ერთა ლიგა

▲back to top


პარიზი. „ტანი“ იუწყება: დეკემბრის 17 სხდომაზე ვივიანმა მოკლე სიტყვა წარმოსთქვა საქართველოს ერთა ლიგას შემადგენლობაში მიღების შესახებ შუამდგომლობის უარყოფის გამო. ვივიანმა საფრანგეთის დელეგაციის სახელით შემდეგი განაცხადა: საქართველოს ერთა ლიგაში მიღების საკითხი მეტად სერიოზულია. ერთა ლიგაში ახალ სახელმწიფოთა მიმღებ კომისიას არ შეუძლიან მისცეს ერთა ლიგას წინადადება საქართველოს უვეჭველად მიღების შესახებ. ვინაიდან შეუძლებელია ამ ჟამად ეგრედ წოდებულ რუსეთის საკითხის გადაწყვეტა. ერთა ლიგა ვალდებულია გაუწიოს ანგარიში თავის წესდების მე-10, მუხლს, რომლის თანახმად ერთა ლიგის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოები, ვალდებულნი არიან დაიცვან ყოველი თავის თანაწევრნი თუ უკანასკნელს რაიმე საფრთხე მოელის.

აშკარაა, ის სახელმწიფოები, რომლებიც მისცემდნენ ხმას საქართველოს ერთა ლიგის შემადგენლობაში მიღების საკითხს, ამით აიღებდნენ თავის თავზე ვალდებულებას საქართველოსთვის დახმარება აღმოეჩინათ, თუ უკანასკნელს რაიმე გარეშე საფრთხე დაემუქრებოდეს. ასეთი ვალდებულების სისრულეში მოყვანა კი ამ ჟამად მეტად ძნელია. ამ თვალსაზრისს არ მიემხრნენ რობერტ სესილი და ნანსენი, რომლებიც მტკიცედ მოითხოვდნენ საქართველოს ერთა ლიგაში მიღებას. ფიშერი მოითხოვდა ამ საკითხისათვის მეტად სერიოზული ყურადღება მიექციათ. ამასთანავე ფიშერმა იკითხა: ვინ აიღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ საქართველოსათვის დამხმარე ექსპედიცია გაეგზავნა თუ იგი დახმარებას მოითხოვდა.

საკითხის ხანგრძლივი განხილვის შემდეგ საქართველოს შუა მდგომლობა უარყვეს, ამასთანავე საქართველოს წარმომადგენლებს მიეცა უფლება, თუ ისინი მოისურვებენ მიიღონ მონაწილეობა საორგანიზაციო ტეხნიკურ საკითხებში.

სამუსლიმანო საქართველო. - 1921. - №498. - გვ. 2

13.10 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა1

▲back to top


26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა. ამიერიდან იგი სრულ უფლებიან-სუვერენულ სახელმწიფოთ ითვლება და საქართველოს მოქალაქენი თავისუფალ ცხოვრებას ეწევიან.

[...]

საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთ გამოცხადება საგარეო ურთიერთობების ძალდატანებით წარმოიშვა და ჩვენ ახლა მოვალენი ვართ იგი დავიცვათ. ამა თუ იმ ერის თავისუფლათ გამოცხადება სოციალისტურ შეხედულებას ოდნავათაც კი არ ეწინააღმდეგება, პირიქით, იგი ჩვენს პროგრამაში აღნიშნულია დროს და გარემოების მიხედვით ერთა თვით-გამორკვევის ფაქტიურათ განხორციელებას. თვით საერთაშორისო დემოკრატია ასეთ დამოუკიდებლობას მუდამ და ყოველთვის მხარს უჭერდა. მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა ინტერნაციონალური კლასი - პროლეტარიატი - დაჩაგრულ და წვრილ ერის თავისუფლებას არ გამოქომაგებოდეს.

ჯერ კიდევ ძველი ინტერნაციონალი დარაჯად ედგა წვრილ ერების ბედს და გარეშე მტრების საქციელს საქვეყნოთ კიცხავდა. მარქს-ენგელსი პოლონეთის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ და რუსეთის ბარბაროსულ მთავრობიდან განთავისუფლებას აღვიარებდენ.

მაშ, რაღა უნდა ითქვას დღეს საქართველოს პატარა ერზე, როცა მას ყოველ მხრივ აზიის დესპოტი მოაწვა და მის დემოკრატიულ რესპუბლიკის არსებობას უდიდესი საფრთხე მოელის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთგვარი ოაზისია, ერთი კუთხეთაგანია, რომელიც ამიერკავკასიის დემოკრატიისთვის თავშესაფარი გახდა და მის არსებობაში ყველა ერის ჭეშმარიტი დემოკრატია გულ წრფელათ დაინტერესებულია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მისი შენარჩუნება საერთაშორისო დემოკრატიას არავითარ ზიანს არ მოუტანს, პირიქით, იგი ინტერნაციონალურ პროლეტარიატს გაამაგრებს. ამიტომ ჩვენი მთელი ყურადღება საერთაშორისო დემოკრატიისკენ იქნება მიქცეული და მისი გამოსარჩლება ერთ-ერთი გარანტია, რომელიც გვიხსნის ბარბაროს ოსმალეთისგან. თვით რუსეთში შეგნებული დემოკრატიული ნაწილი არ აყვება ლენინის შურისძიებას და იგი შეძლების მიხედვით გამოესარჩლება საქართველოს დამოუკიდებლობას. განსაკუთრებით კი დიდ როლს ითამაშებს გერმანია ავსტრიის სოციალდემოკრატია; მათ შეუძლიათ თავიანთ მთავრობაზე გავლენა იქონიონ. უკანასკნელი იძულებული გახდება ოსმალეთის დესპოტურ მთავრობას თავისუფალი ქვეყანა არ გაასრესიოს.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა შინაურ და საერთაშორისო დემოკრატიის საქმეა, ერთიც და მეორეც ენერგიულათ შეეცდება მის დაცვა-უზრუნველყოფას.

_______________

1. სტატია არასრულად იბეჭდება.

ერთობა. - 1918. - 107. - გვ. 1

13.11 საქართველოს ეროვნული საბჭო

▲back to top


. . [ივანიშვილი]

20 სექტემბრის სხდომა

თავმჯდომარეობს კარლო ჩხეიძე

ნ. რამიშვილი (შინაგან საქმეთა მინისტრი) მთავრობის სახელით აცხადებს: საბჭოს წევრნო! დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს, რომ ეს დამოუკიდებლობა აღეარებინა სხვა სახელმწიფოებსაც და საქართველო შესულიყო საერთაშორისო ოჯახში ცალკე წევრად. ამ მხრივ მთავრობამ თავისი დიპლომატიური წარმომადგენელთა საშუალებით სათანადო ნაბიჯები გადადგა. თუმცა გერმანიის წარმომადგენელმა ფონ-ლოსოვმა იცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო თვით გერმანიას ოფიციალურად ეს დღემდე არ უცვნია. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთი წინააღმდეგი იყო საქ. დამოუკიდებლობისა და გერმანიას რომ ეცნო რუსეთის სახელმწიფოს ნაწილის დამოუკიდებლობა, ეს იქნებოდა ბრესტის ხელშეკრულების დარღვევა და ამ ელემენტის გადამტერება, რომელმაც გერმანიას რუსეთზე დიდი გავლენა მოუპოვა. ამიტომ ჩვენი და გერმანიის დიპლომატები დიდს ცდაში იყვნენ, რომ რუსეთსაც ეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს დღემდე ვერ მოხერხდა, რადგანაც ბალშევიკური რუსეთი წინააღმდეგი იყო ჩვენი დამოუკიდებლობისა და განსაკუთრებით ის ამ შემთხვევაში ეყრდნობოდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიას, რომელიც საქართველოს დემოკრატიის ამ ნაბიჯს პირველად არ იზიარებდა. ეს დაბრკოლება რომ თავიდან აგვეცილებია, მთავრობამ და ს-დ პარტიამ გაგზავნა განსაკუთრებული პირნი გერმანიაში ჩვენი მდგომარეობის გასაცნობათ. გაგზავნილმა პირებმა გერმანიის მთავრობას და დემოკრატიის წარმომადგენლებს განუცხადეს და აუხსნეს ის პირობები, რომელშიაც საქართველო იყო მოქცეული და ამის შემდეგ ეს დაბრკოლებები თავიდან ავიცილეთ. ყველა ამის შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ გერმანიის მთავრობა დამატებითი ხელშეკრულებით შეეკრა რუსეთს; ამ დამატებითი ხელშეკრულობის ერთი მუხლი ამბობს, რომ რუსეთი თანახმაა იცნოს საქართველოს დამოუკიდებლობაო. მთავრობამ ბერლინიდან თავის დიპლომატიურ წარმომადგენელ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელისაგან მიიღო დეპეშა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის და რუსეთის მთავრობამ დამტკიცებულ ხელშეკრულებათა გამოცვლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა იცვნესო. მხოლოდ სამწუხაროა ის გარემოება, რომ გერმანიამ და რუსეთმა იცნო მარტო საქართველოს დამოუკიდებლობა, მეზობელ სახელმწიფოების კი არა. ასე რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღნიშნულ სახელმწიფოთა მიერ ცნობა ფაქტია და იმედი გვაქვს, რომ მომავალში თანდათან ყველა ევროპის კულტურული სახელმწიფოები იცნობენ ჩვენს დამოუკიდებლობას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ აგრეთვე, რომ ის ხალხი, რომელიც რუსეთის ორიენტაციაზე იდგა და საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძოდა, დღეიდან ტაქტიკას შეიცვლის, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქენი განურჩევლად პარტიული რწმენისა და ეროვნებისა შეეცდებიან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განმტკიცებას (ხანგრძლივი ტაში).

ერთობა. - 1918. - 203. - გვ. 1-2

13.12 ქართველ „შევარდენთა“ გამარჯვება პრაგაში

▲back to top


როგორც თავის დროზე აღნიშნული გვქონდა ქალაქ პრაგაში მოხდა „შევარდენთა“ დღესასწაული, ტფილისიდან რვა „შევარდენი“ იყო წასული; თითქმის ყველამ მიიღო ჯილდო. აქედან ოთხმა ქართველმა პირველი ჯილდო მიიღო. ერთ დაჯილდოებულ ქართველის გ. ბერელაშვილის სურათს ჩვენი მკითხველები - დღევანდელ დამატებაში ნახავენ; საერთოდ ქართველებმა საპატიო ადგილი დაიჭირეს ვარჯიშობებში. მაგალითად მოსკოვის შევარდენთა წარმომადგენელთაგან ქართველმა ბ. ნიკოლაძემ მიიღო პირველი ჯილდო. პეტერბურგიდან სამი ქართველი იყო წარმომადგენლად. საერთოდ ტფილისის ჯგუფმა რუსეთის ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავა. ეხლა, როგორც პრაგიდან ტფილისის „შევარდენთა“ მეთაური ლუკიში იტყობინება, მგონი საერთოდ ყველა ჯგუფებშიაც პირველი ადგილი დაუჭერია.

სახალხო გაზეთი. - 1912. - 656. - გვ. 3

13.13 ქართულ გერმანული სამხედრო მუსიკის კონცერტი

▲back to top


.

კვირას, 27 ოქტომბერს, სახაზინო თეატრში კ. ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა ქართულ გერმანული მუსიკის სანიმუშო კონცერტი. პროგრამაში გამოცხადებული ლექცია არ შედგა, ლექტორის განცხადებით „ისპანკის წყალობით“. სამაგიეროთ მოქალაქე ფოცხვერაშვილმა ვიღაცას დაუწყო უადგილო და მსმენელთათვის მოსაწყენი კამათი. სამაგიეროთ მეტად საინტერესო იყო მუსიკალური განყოფილება. მრავალრიცხოვანმა ქართულ-გერმანულმა შეერთებულმა ორკესტრმა შეასრულა რამოდენიმე მუსიკალური პიესა, სხვათაშორის ახლად გაორკესტრებული „ქართული ეროვნული ჰიმნი“, რომელმაც ფორმალური სანქცია ვერ მიიღო. შესრულებული იქნა აგრეთვე გერმანული ჰიმნი. ერთიცა და მეორეც ხალხმა ფეხზე ადგომით მოისმინა. უეჭველათ დიდი მუსიკალური ღირსებისაა და დიდ შთაბეჭდილებასაც სტოვებს ლოცვა ქართული ერისა. ძალიან მოეწონა საზოგადოებას ლაშქრული. საზოგადოება საკმაოდ დაესწრო, მაგრამ კიდევ მეტი იქნებოდა, რომ ადგილების ფასები თეატრში ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

ერთობა. - 1918. - №N232. - გვ. 4

13.14 ჩვენ და გერმანელები

▲back to top


კესაშვილი

ბედმა და უბედობამ დღეს გერმანიასთან დაგვაახლოვა, შეგვაკავშირა. ამ კავშირში ზოგი ჩვენი ამხანაგები საქართველოსთვის არაფერს კარგს არ ხედავენ. პირიქით გაიძახიან, რომ ჩვენი საქმე დაღუპულია, წაგებულია.

მაგრამ ასეთი აზრთა არევ დარევა ჩვენ მოწინააღმდეგეთა ბანაკში მოხდა არა მაშინ, როცა ჩვენ გერმანიას დავუახლოვდით, არამედ - პირველად კიდევ მაშინ, როცა ჩვენ ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ.

ამ ჩვენი სურვილის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ბევრ ამხანაგს ჭკუა-გონება აურია. განსაკუთრებით რუსი პარტიული ამხანაგები უცბათ გამოიცვალნენ.

შეგნებულად თუ შეუგნებლათ, ნებსით თუ უნებლიეთ ისინი ნამდვილ ნაციონალისტთა ბანაკში დასკუპტდენ. ჯერ ამიერ კავკასიის დამოუკიდებლობამ და შემდეგ თვით საქართველოს რუსეთიდან ჩამოშორებამ ამ ტიპის სოციალ-დემოკრატებს დავთარი აურია, გზა აუბნია. საქართველო ხომ ას წელზე მეტი მონობის უღელს სწევდა და ამ გარემოებას, რომ ასს წელზე მეტია, რაც აქ ბატონობს რუსის ერი - თვით ინტერნაციონალისტ რუსს ამხანაგებს დაავიწყდათ ის ალაგი ჩვენ პროგრამაში, ის წმინდათა წმინდა ჩვენი მოვალეობისა, რომ ყველა ერს უნდა მიენიჭოს თავისუფლება - დიახ, დაავიწყდათ ეს და აი აქნამდი ვერ შერიგებიან იმ სინამდვილეს, რომ ადგილობრივი ხალხის გარდა თავის თავის პატრონი ადგილობრივი ერი ჩაუდგა სათავეში ადგილობრივ საქმეებს.

ადგილობრივი ენა გახდა უმთავრეს სახელმწიფო ენათ. რა იყო? რა მოხდა ასეთი?

განა რაიმე მოსაზრებით, რაიმე ლოღიკით პატარა ერის დიდი ერის მონობისაგან განთავისუფლება სამარცხვინო, არა სოციალისტურია?

ადვილი გასაგებია და ჩვენაც გვესმის, როცა ყველა გვარის და ჯურის ბიუროკრატ ჩინოვნიკები ჩვენ წინააღმდეგ ილაშქრებენ, ჩვენ ვიცით, რომ ამ ჩინოვნიკებმა ყველაფერი დაჰკარგეს. აქ ჩვენ გვესმის იმათი გულის ტკივილი, სევდა და ბოღმა. მარა გაუგებარია თუ საიდან წარმოსდგა ეს გაუგებრობა, თვით სოციალდემოკრატებში - თვით ინტერნაციონალისტებში. ალბათ, ამათ კიდევ ვერ დააღწიეს თავი ნაციონალისტობისგან. რას ნიშნავს ინტერნაციონალისტობა? უპირველესად იმას, რომ ყველა ერი ერთნაირად გვიყვარდეს, სადაა მერე აქ ყველა ერის სიყვარული? ყველა ერის სიყვარული კი არა და ჩვენმა ამხანაგებმა მეტი სიყვარული გამოიჩინეს იმ ბიუროკრატ ჩინოვნიკების მიმართ, რომელთაც დღეს მართლაც ჩვენში ყველაფერი დაჰკარგეს, ეს ჩვენი ამხანაგები დღეს კვერს უკრავენ და მხარს უჭერენ იმ პირთ, იმ კლასს, რომელიც ას წელზე მეტია ბატონობდა და მონობის უღელქვეშ აწვალებდა ქართველ ერს.

რევოლიუციის დროს მისმა მოკავშირეებმა მას უღალატეს: და ის მარტო დარჩა შინ და გარედ საშიშ მტრისგან შესეულ-შემორტყმული. რა უნდა ექნა!

აშკარაა ამისთანა დროს მოწინავე პარტია მოვალე იყო გადაერჩინა დაღუპვისგან ის, რის გადარჩენაც კიდევ შეიძლებოდა. და აი, ამ გარემოებას მოყვა შედეგათ კავშირი გერმანიასთან. კარგია თუ ცუდი ეს კავშირი, ეს სხვა კითხვაა, მარა ის ხომ ყველასათვის ცხადია, რომ თუ არა ეს კავშირი, დღეს ჩვენ უარესი, უკულტურო, ბარბაროსი ბატონი გვეყოლებოდა. ხოლო ხანგრძლივი გამოდგება ეს კავშირი გერმანელებთან თუ არა?

კარგი იქნება თუ დამღუპავი ეს მეგობრობა ჩვენთვის?

თავისუფლებას შევინარჩუნებთ, თუ ნაცვლად რუსეთის მონობისა თავზე მოგვეხვევა გერმანელებისაგან მონობის უღელი - ეს სრულებით ჩვენზეა დამოკიდებული, მდგომარეობას შეგნება, გათვალისწინება უნდა. ჩვენი ბედი დღეს ჩვენ ხელთ არის.

თუ მოვინდომებთ ყველანი თავისუფლება შეგვრჩება, ჩვენია. საუბედუროთ, დღეს ამას ბევრი ვერ ამჩნევს, თუ არ ამჩნევს. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ისე გაიტაცა სპეკულანტობამ, რომ გამდიდრების მეტი აღარ ახსოვთ რა. ვერ ხედავენ, ვერ გრძნობენ რა შედეგი მოყვება ამ გაუმაძღრობას.

არა ერთხელ თქმულა ჩვენს გაზეთში, რომ გერმანიისთვის უფრო ხელსაყრელია აქ შორეულ აღმოსავლეთში იყოლიოს თავისუფალი - მეგობარი ერი, ვინემ მონა დაპყრობილი.

მარა თუ ჩვენ ჩვენ თავს ვერ მოვიხმართ, თუ ჩვენ ჩვენ თავისუფლებას ვერ დავაფასებთ, ვერ მოვუვლით - თუ ჩვენ ჩვენ თავ ისუფლებას ვანაცვალებთ ამ ქვეყნის ჭუჭყს - ფულს, მაშინ ნურას უკაცრავად თუ ეს თავისუფლება ხელიდან გაგვიფრინდეს...

ამ დღეში ერთ ინტელიგენტ გერმანელს ველაპარაკე. ამ გერმანელს სამხედრო წრეებთან ვიცი კავშირი აქვს...

ის მეკითხება სხვათა შორის: მყუდროება-სიმშვიდე კი ჩამოვარდა... სროლა ყაჩაღობამ იკლო, მარა სიიაფეს, ნამდვილ ცხოვრებას მოვესწრობით თუ არაო.

ამაზე მე ის უპასუხე, რომ აი თქვენზეა დამოკიდებული - მოგვაწოდეთ ისეთი საქონელი, როგორც მანიფაქტურა, ფეხ და ტანთსაცმელი და მერე სასურსათო სანოვაგე გაიაფდება მეთქი. „ჩვენ ხომ არა ვართ ხაზეინები და სახელმწიფოს პატრონიო. ამაზე თქვენ თვითონ უნდა იზრუნოთო და სხვ...

აი საგულისხმიერო სიტყვები ჩვენთვის „ჩვენ ხომ არა ვართ ხაზეინები“.

ალბათ ბევრ მათგანს „ხაზეინობა“ უნდა, მიუხედავათ იმისა ეს მათთვის ხელსაყრელია თუ არა. ბევრი მათგანი ალბათ ეცდება კიდეც ანარხია სიძვირეს ჩვენში ხელი შეუწყოს. განა ცოტა ვაჭარ-სპეკულიანტი მოყვება მათ დღეს ჩვენში?

და აი ახლა გვმართებს ჩვენ ჭკუა და წინდახედულობა. მარა აქ მარტო მოწინავე პარტია, მართებლობა ვერას გახდება. აქ არის მთელი დემოკრატიის ერთი სული, ერთი აზრი და ერთი მოქმედება საჭირო.

მოვიგონოთ ისტორია, ჩავხედოთ მას. ავწონ დავწონოთ საქმე... დავივიწყოთ დროებით მაინც პირადობა, თორემ ფუჭდება საერთო ქვეყნის, ერის საქმე...

მერე გვიან იქნება, საქმე სანანებლათ გაგვიხდება. „ხაზეინი“ თავზე დაგვაჯდება, თავისუფლება ხელიდან გამოგვეცლება და რაღას გვარგებს მერე ოხვრა და კვნესა!

ვისაც გაქვთ ყურნი სმენათ ისმინეთ, სპეკულიანტებო - სპეკულიანტობას თავი ანებეთ. დემოკრატებო, ერის ერთგულნო შვილნო საერთო საქმეს ემსახურეთ. ახალგაზრდა ერის შვილნო, იარაღით აღიჭურვეთ, სწავლულნო და მეცნიერნო, გზა ბრუდე გაგვინათეთ. მუშებს გვერდი გაგვიმაგრეთ, გვარდიელებს დაუძახეთ. ასე მწყობრათ თუ კი ვივლით ვინ გაბედავს ვინ რას გვავნებს? [...] სპეკულიანტებს დავამხობთ, გარეთ საზღვრებს გავამაგრებთ.

ერთობა. - 1918. - 205. - გვ. 2-3

14 მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი

▲back to top


14.1 ახალი ცნობა

▲back to top


. . [ზაქარია ჭიჭინაძე]

1709 . ქართული სტამბის შესახებ

მიხეილ თამარაშვილის ახალი შრომა ფრანგულს ენაზე „საქართველოს საეკლესიო ისტორია“ 760 გვ. და 105 სურათით, ბუქარესტის (რუმინია) აკადემიას დაუბარებია. წიგნის მიღების და გაცნობის შემდეგ სამეცნიერო აკადემიას დიდი მადლობის წერილი გაუგზავნია მიხეილ თამარაშვილისათვის და დიდად უქია ეს ახალი შრომა.

თან რუმინიის სამეცნიერო აკადემია შემდეგ ისტორიულ ცნობებს აწვდის და მასთან სთხოვს ერთ ქართულ წიგნის მოპოვებას.

1691 წ. ბუქარესტში მისულა ერთი ქართველი ნასწავლი მღვდელ-მონოზონი ანთიმოსი. ამ მღვდელ-მონოზონს იქ დაუარსებია ერთი კარგი მონასტერი და დიდი მოღვაწეობა გაუწევია. სხვათა შორის, მას რუმინულს ენაზე კარგად ქადაგებაც სცოდნია. მას დარჩენია ორი ტომი ქადაგებათა, რომელიც თურმე რუმინულს ენაზედ დაბეჭდილი არის და იგი თურმე მათს სამქადაგებლო მწერლობაში უპირველეს განძს შეადგენს.

ამავ მღვდელ-მონოზონს ანთიმოსს ბუქარესტიდან ვახტანგ მეექვსესთან მიწერ-მოწერა ჰქონია ქართულ სტამბის გახსნის თაობაზე საქართველოში. რამდენიმე ხნის შემდეგ, მისის თაოსნობით და საფასით უნგრეთ-ვალახიიდან საქართველოში წამოსულა, ერთი მესტამბე მიხეილ სტეფანე რომელსაც თან წამოუყვანია რამდენიმე სტაბის ხელოსნები. ესენი მოსულან ვახტანგ მეფის კარზე, მეფეს იგინი პატივისცემით მიუღია და რამდენიმე ხნის შემდეგ ამ მიხეილ სტეფანეს თაოსნობით 1709 წ. ტფილისში ქართული სტამბაც გაუხსნიათ. ამ მესტამბის მუშაკობით იწყეს ქართველთ პირველად ტფილისში ქართული წიგნების ბეჭდვა, ამის გამგეობის დროს ქართულს ენაზე დაიბეჭდა მთელი ქართული საღვთო წერილის წიგნები და „ვეფხის ტყაოსანი“.

„ვეფხის ტყაოსანის“ ბოლო ფურცელზე ეს უცხო მესტამბე ასე მოიხსენიება:

„აწ დაიბეჭდა სტამბაში პირველ ნაწერი ხელისა,
უმბილთა ფრიად სასწავლო, გონიერთ გულთა თმენისა
მეფის ვახტანგის ბრძანებით და სიბრძნით კეთილ მქმნელისა,
და ნაღვაწი მისის მლოცველის, მესტამბე მიქაელისა“.

აკადემია ამ მიხეილ სტეფანეს შესახებ ცნობებს იძლევა და თან ითხოვს:

„ჩვენს სამეცნიერო აკადემიას ამ მიხეილ სტეფანესაგან დაბეჭდილ ქართულის წიგნების 1709 წ. გვაქვს მხოლოდ ქართული სახარება; ჩვენ სურვილი გვაქვს მოვიპოვოთ მის მიერ სხვა ქართულად დაბეჭდილი წიგნებიც, ამიტომ უმჯობესად დავინახეთ მოგმართოთ თქვენ და გთხოვოთ ამ ჩვენის თანამემამულესაგან დაბეჭდილი ქართული წიგნებიც, რის ფულსაც მიღების უმალვე გადვიხდით.

1709 წ. გამოცემული წიგნები მე ბევრი მქონია და ეხლა კი აღარა მაქვს, ამიტომ მივმართავ ჩვენს საზოგადო საქმის პატივისმცემელთ, თუ ხსენებულ 1709 წელს გამოცემულ ქართული წიგნების რამე მოეპოვებათ, დაგვითმონ ჩვენ თუნდაც ფასით და თუნდ მიხეილ თამარაშვილის შრომის სამახსოვროდ თავაზად.

P. S. ადრესი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

სახალხო გაზეთი. - 1911. - 302. - გვ. 3

14.2 ბიბლიოგრაფია

▲back to top


ივ. რამიშვილი

(ქართული ენის სახელმძღვანელო გერმანულ ენაზე)

(A. Dirr: Theoretisch - praktische Grammatik der modernen georgischen (grusinischen) Sprache. XIV +170 gv. Wien und Leipzig. Hartlebensverlag).

საქართველოში მცხოვრებ ქართველს არც კი შეუძლია წარმოიდგინოს, თუ რა ნაკლებად იცნობენ დასავლეთ ევროპაში ქართველობას და მის კულტურას. არა თუ საქართველოს წარსული და მისი თანამედროვე მდგომარეობა ევროპიელისათვის სრულებით უცხო ხილს წარმოადგენს, არამედ თვით სიტყვა Georgien-იც (საქართველო) თითქმის უცნობია მისთვის. ევროპაში მოსწავლე ქართველი ახალგაზდობა თავის თავზე გრძნობს მწარე ფიქრების მომგვრელ შედეგს თავისი ერის ვინაობის გაუცნობლობისას: მას უძახიან ხან რუსს, ხან სომეხს, ხან თათარს და კავკასიელ „კაზაკს“ და ხან ვინ იცის კიდევ რას. გერმანულ ენაზე, მაგალითად, ქართველთა თანამედროვე ცხოვრების შესახებ სულ ხუთიოდე წიგნი თუ მოიძებნება (რაც ძლიერ ცოტაა მდიდარი გერმანულ ეტნოგრაფიულ ლიტერატურისათვის). პერიოდულ პრესსაში კი ქართველობის შესახებ სრულებით არაფერი იწერება და ევროპაში არც კი იციან, თუ რისთვის იღვრება საქართველოში ამოდენა სისხლი. უმთავრესი მიზეზი ამ ფრიად სამწუხარო მოვლენისა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ, თავის პოლიტიკურ დამოუკიდებლობის დაკარგვისთანავე, დაკარგა აგრეთვე ყოველივე მნიშვნელობა ინტერნაციონალურ პოლიტიკაში. მეცხრამეტე საუკუნეში ის, როგორც ერთი პატარა პროვინცია უზარმაზარ რუსეთისა, დიდად არავის აინტერესებდა. ამიტომაც, თუმცა, კავკასიის წარმტაცი ბუნება საკმაოდ ცნობილია, მაგრამ ქართველ ხალხის ეროვნული კულტურა და კერძოდ მისი ეროვნულ-პოლი ტიკური მისწრაფებანი კი წყვდიადით იყო და არის მოცული. ამას დაუმატეთ აგრეთვე ქართველთა ცნობილი დაუდევრობა და გულგრილობა თავის ეროვნულ ვინაობის გამოჩენის საქმეში და საერთო ნივთიერი სიღარიბე, და ადვილი გასაგები იქნება ჩვენი სრული გაუცნობლობა დასავლეთ ევროპაში.

და მით უფრო სასიამოვნოა, როცა ვამჩნევთ იმის ნიშნებს, რომ ჩვენი ხალხის ვინაობაც არ იქნება ევროპაში მუდამ უცნობი. დიდად სასიამოვნო იყო ჩვენთვის, როდესაც ამ ცოტა ხნის წინად შემთხვევით ხელში ჩაგვივარდა ცნობილ მკვლევარის ა. დირრის მიერ შედგენილი ქართული ენის პირველი სახელმძღვანელო გერმანულ ენაზე შემდეგის სათაურით: „თეორიულ-პრაქტიკული გრამატიკა თანამედროვე ქართული ენისა“. სახელმძღვანელოს შემადგენელი ბ-ნი ა. დირრი წინასიტყვაობაში, რომელშიაც, სხვათა შორის, საინტერესო ახსნაა მოყვანილი სიტყვა „ქართველი“-ს წარმოშობისა, დაწვრილებით მოგვითხრობს ქართულ ენის შესწავლის მნიშვნელობას აღმოსავლეთის ისტორიის გასაგებად, მწუხარებით აღნიშნავს, რომ ქართული ენის სპეციალურად შესწავლას ევროპიული მეცნიერება ამდენ ხანს შესაფერ ყურადღებას არ აძლევდა, და ამბობს: „დღემდის ქართული ენის სახელმძღვანელო გერმანულ ენაზე არ არსებობდა; საზოგადოდ არც ერთ ევროპიულ ენაზე არ იყო ერთი მთლიანი სახელმძღვანელო თანამედროვე ქართული ენისა. ჩვენი შრომის მიზანია სწორედ ამ ნაკლის შევსებაო“. მართლაც ეს ლამაზად და სუფთად გამოცემული წიგნი იძლევა საკმაო მასალას უცხოელისათვის ჩვენი დედა-ენის შესასწავლად: შედარებით საკმარისად კარგადაა ახსნილი ქართული ენის გრამატიული ფორმები, შიგ ბლომადაა ჩართული პატარ-პატარა, ადვილად გასაგები მოთხრობები, ლექსები ქართველ მგოსნებისა, ანდაზები და სხვ. ყველა ქართული სიტყვები იქვე გადათარგმნილია გერმანულად და ამნაირად შესაძლებელი ხდება სახელმძღვანელოთი ულექსიკონოდ სარგებლობა. წიგნის ბოლოს დამატებულია საქართველოს რუკა და ქართული წერის ნიმუშები.

სამწუხაროდ, დასახელებულ სახელმძღვანელოში ბევრი კორექტურული შეცდომაა შეპარული და ხან და ხან სიტყვები სრულიად დამახინჯებულია. ეს მით უფრო სავალალოა, რომ ქართულ ენის მოყვარულთა სიმცირის გამო წიგნს მეორედ გამოცემა დიდხანს არ ეღირსება. მიუხედავად ამ ნაკლისა, დირრის მიერ შედგენილი „თეორიულ -პრაქტიკული გრამატიკა თანამედროვე ქართული ენისა“ პირველი ცდაა გერმანელთათვის ქართული ენის სახელმძღვანე ლოს შედგენისა და არ შეგვიძლია სულით და გულით არ ვუსურვოთ მას გავრცელება სპეციალისტ-მეცნიერთა შორის. წინასიტყვაობაში დირრი მადლობას უცხადებს კორექტურის შესწორებისათვის ბუდაპეშტის უნივერსიტეტის პროფესორს დ-რ აშფოთს (ცხადია, ამ უკანასკნელსაც ქართული ენა სცოდნია).

ამ სამიოდე წლის წინად ბერლინის უნივერსიტეტის შესანიშნავმა პროფესორმა ადოლფ ჰარნაკმა წაიკითხა ბერლინის ერთ-ერთ სამეცნიერო საზოგადოებაში მოხსენება, რომელშიაც მხცოვანი მეცნიერი ამტკიცებდა საქართველოს ისტორიის და კერძოდ ქართული ენის შესწავლის საჭიროებას გერმანულ მეცნიერებისათვის. როგორც მოსალოდნელი იყო, ადოლფ ჰარნაკის ავტორიტეტულ ხმას უნაყოფოდ არ ჩაუვლია: სწორედ მის მოწოდებას უნდა მივაწეროთ ის გარემოება, რომ მიმდინარე სააკადემიო წლის საზამთრო სემესტრში ბერლინის უნივერსიტეტში პირველად დაიწყო იმავ უნივერსიტეტის პროფ. ფინკმა ქართული ენის შესახებ სისტემატიურად ლექციების კითხვა (კვირაში ორჯერ).

ყველა ეს იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ მეცნიერული ინტერესი ქართული ენისადმი ევროპაში შესამჩნევად იზრდება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შორს არ უნდა იყოს ის დრო, როდესაც ქართველი ხალხის საერთო ნაციონალურ-პოლიტიკურ ცხოვრებითაც დაინტერესდებიან და ასე თუ ისე თავის ცნობის მოყვარეობას ამ მხრივაც დააკმაყოფილებენ. საჭიროა მხოლოდ, რომ ამ მიზნის მისაღწევად თვით ქართველმა საზოგადოებამაც მიიღოს თავის თავზე შრომა და ამ დიდ საქმეში (ევროპის სიმპატიის მოპოებას ჩვენ დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ვაძლევთ) შესაფერი მხნეობა და ენერგია გამოიჩინოს.

ივერია. - 1906. - 6. - გვ. 12-13

14.3 ბიბლიოგრაფია

▲back to top


სიმ. ავალიანი

Duchesse de Rohan - Les dévoilées du Caucase. Notes de voyage. Paris. 3-edition, გვ. 1-386. ქ. როღანის წიგნი შეიცავს მოგზაურობის აღწერილობას. წიგნში 386 გვ., 200 გვ. ავტორი მოგვითხრობს თავის შთაბეჭდილებებზე საქართველოში მოგზაურობის დროს. ეხება მოკლე ისტორიას ტფილისისას, იმერეთისას, სამეგრელოსას, გაკვრით ეხება საქართველოს ეკონომიურ მდგომარეობას. სცდილობს ხალხის ზნე-ჩვეულების და განსაკუთრებით ფსიხოლოგიის დახასიათებას.

ასახელებს ჩვენ ძველ და ახალ მწერლებს, მათ ნაწერებს და მნიშვნელობას ჩვენ ლიტერატურაში. ჩინებული თარგმანი აქვს წიგნში ჩართული ჭავჭავაძის, აკაკის რ. ერისთავის ლექსები აკაკის უძახის Akéki Lazatelli (?) ნ. ბარათაშვილს Nicolas Barataschi véchi (?) წიგნში ჩართულია რამოდენიმე ჩინებულად შესრულებული სურათი. წიგნი მესამე გამოცემით გამოდის და კარგ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზედ. მართალია წიგნი არაფერს ახალს არ შეიცავს, მართალია წიგნში ღრმა დაკვირვება ჩვენი ხალხის ცხოვრების და ზნე-ჩვეულების შესახებ არ არის, მართალია ისიც, რომ წიგნში მხოლოდ მგზავრის შენიშვნებია ნახულის და გაგონილის შესახებ, მაგრამ წიგნი მაინც ყურადღების ღირსია; დაწერილია წიგნი უბრალო ლიტერატურული ენით წიგნს წაიკითხავდა ბევრი, (მე-სამე გამოცემაა), უცხოელი საზოგადოება და ამას ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს. ჩვენ პატარა ქვეყანას ერთჯერ კიდევ გაიხსენებდა ევროპიელი მკითხველი, ზოგიერთი ჩაუკვირდებოდა ამოკითხულს წიგნიდან, დააჩერდებოდა სურათებს ავტორი სიყვარულით სწერს ჩვენ ქვეყანაზედ და უეჭველია იწვევს თანაგრძნობას მკითხველისაგანაც. ღარიბ ლიტერატურაში უცხო ენებზედ საქართველოს შესახებ ქ. როღანის წიგნის მე-3 გამოცემასაც ექნება ადგილი.

სახალხო გაზეთი. - 1910. - 79. - გვ. 4

14.4 ანდრია ყარაშვილის ნაწარმოებნი

▲back to top


. . ჩხიკვაძე

ბიბლიოგრაფიული წერილი

ჩვენ გვქონდა შემთხვევა გვენახა ახლად გამოცემული მუსიკალური ნაწარმოებები პატივცემულ ანდრია ნიკოლოზის ძის ყარაშვილისა, ქალაქ ვარშავაში დაბეჭდილი. ამ გვარი მუსიკალური ნაწარმოები ქართველებს ჯერ არ მოგვეპოვება და ამიტომ დიდის სიხარულით უნდა მივეგებოთ ამისთანა არა ჩვეულებრივ მოვლენას. ბ-ნი ა.ნ. ყარაშვილი (ანუ ყარაევი - უფრო ამ გვარით იცნობენ მას) ფრიად განვითარებული მუსიკოსია; მასა აქვს ვარშავის კონსერვატორია გათავებული. საუცხოვო დამკვრელია სკრიპკისა, შესანიშნავ სკრიპკის დამკვრელ პროფესორ ლოტოს მოწაფეა, ჩინებული პიანისტია და ზედმიწევნით მცოდნე თეორიისა. იმდენად თვალსაჩინო მცოდნეა სკრიპკისა და იმდენი კარგი ნაწარმოები აქვს დაწერილი, საკუთარი კომპოზიცია, რომ თვით შესანიშნავი მისი მასწავლებელი, პროფესორი, ვირტუოზი, ლოტო დიდის სიამოვნებით უკრავს ხოლმე ბ-ნ ყარაშვილის ნაწარმოებს თავის კონცერტებზედ. თვითონ ამ სტრიქონების დამწერს მქონდა ბედნიერი შემთხვევა, დავმტკბარვიყავ შესანიშნავ სკრიპკის დაკვრით ვირტუოზ ლოტოსა და ამასთან მქონდა შემთხვევა მენახა, როგორის გატაცებით ასრულებდა ბ-ნ ლოტო თავის მოწაფის ბ-ნ ყარაშვილის კომპოზიციას. როცა დამსწრე საზოგადოებამ მოიწონა და გამოიწვია ბ-ნი ლოტო მადლობის გადასახდელად, მან ხელი მოავლო იქვე კულისებში მდგომ ბ-ნ ყარაშვილს და თან გამოიყვანა სცენაზედ, რათა ეცნობებინა საზოგადოებისათვის, რომ ის ნაწარმოები, რომელმაც თქვენ აღტაცებაში მოგიყვანათ, ამ ჩემი მოწაფის ყარაშვილის თხზულებააო.

ბ-ნ ა. ნ. ყარაშვილსა აქვს თავის ზოგი ერთი მუსიკალური ნაწარმოები დაბეჭდილი უკვე 1895 წელს ქალ. ვარშავაში, სახელდობრ:

1. მაზურკა I 2. მაზურკა II, 3. „პერპეტუუმ მობილე“. ეს თხზულებანი ყარაშვილისა კარგა ხანია იყიდება ტფილისის სამუსიკო მაღაზიებში, ჩვენ ქართველებმა კი სრულებით არა ვიცით რა და არც ვიცნობთ მის ნაწარმოებს.

ახლა ჩვენ ვნახეთ კიდევ ახლად დაბეჭდილი საკუთარი თხზულებანი ბ-ნ ა. ყარაშვილისა: რომანსი მეცო სოპრანისთვის ან ბარიტონისათვის დაწერილი, სახელად „ისევ შენ“... მეორე: „ფუტკარი“, ორიგინალური კომპოზიცია სკრიპკისთვის, და მესამე „საზანდარი“ ანუ „სამშობლო“, რომელსაც თითქმის ათ წელიწადზე მეტია აღტაცებაში მოჰყავს საზოგადოება, როცა მასა მღერის ქართული ხორო. ყველა ამ ნაწარმოებსა აქვს მოწერილი ფორტეპიანოს აკომპანიმენტი, ნოტები დაბეჭდილია ძალიან ლამაზად და საუცხოო ქაღალდზე. ჩემის აზრით, ერთი წუნი ამ ნაწარმოებისა ის არის, რომ ყველას მოწერილი აქვს თუმცა ქართული სიტყვები, მაგრამ ასოები ფრანგულია. ჩემს შენიშვნაზედ პატივცემულმა ავტორმა მითხრა, რომ მე ორ ენაზედ, ქართულად და ფრანგულად, მინდოდა მომეწერნა, მაგრამ ჯერ ერთი, რომ ვარშავაში ქართული შრიფტი არ არის და მეორეც ძალიან ძვირად დამიჯდებოდა; ისედაც 240 მანეთი დამიჯდა და ჩემ საწყალ ჯიბისთვის ესეც საკმარისიაო. ბ-ნ ყარაშვილს, როგორც ნამდვილად ვიცით, სხვაც ბევრი საკუთარი მუსიკალური ნაწარმოები აქვს მომზადებული დასაბეჭდად, უფრო რთული და სერიოზული, მაგრამ უღონობისა გამო ისე უწყვია და ელის უკეთეს შემთხვევას მათის დასაბეჭდათ. იმედია, ჩვენი ქართველი საზოგადოება იმას მაინც იზამს, რომ იყიდის მის თხზულებებს, რომელიც ტფილისის ყველა სამუსიკო მაღაზიაში იყიდება, თვითონაც ისიამოვნებს მის ნაწარმოებით და მასაც მისცემს შეძლებას დაბეჭდოს თავისი დანარჩენი თხზულებანი.

მეოთხე მისი ახალი თხზულება „ლოთებო, ნეტავი ჩვენა!“ უკვე დაბეჭდილია და ამ ორიოდე დღეში მოელის ბ-ნი ყარაშვილი ვარშავიდან.

ფრიად სასიამოვნოა და რაღაცა გულისა და სულის წამახალისებელი ამისთანა ნაწარმოების ნახვა და გაგონება. ვუსურვებ ბ-ნ ა. ყარაშვილს შემდეგში წარმატებას და მეტ ფხას, ვინაიდან არც ისეთი სიჩუმე და უჩინარობა ვარგა, როგორც იქცევა ბ-ნი ყარაშვილი. ჩვენ ისე ცოტა გვყანან განვითარებული მემუსიკენი, რომ საფარ ქვეშ ჯდომა არ გამოგვადგება.

დროება. - 1909. - 3. - გვ. 4

14.5 გამოფენა მიუნხენში

▲back to top


. შევარდნაძე

(საკუთარ კორესპოდენტისაგან)

თუ წინად, აღმოსავლეთის ხელოვნება მარტო რამოდენიმე სწავლულის ყურადღებას იქცევდა, ახლა ის ფართო საზოგადოების ინტერესსაც იწვევს. ევროპის მეცნიერები და მხატვრები აღმოსავლეთის ხელოვნებას დიდის ყურადღებით ექცევიან.

ევროპის სხვადასხვა ქალაქებში არსდება „ორიენტალისტების“ საზოგადოებანი, რომელთაც მიზნად გაიხადეს აღმოსავლეთის ძველი ხელოვნების ნაშთების შეგროვება და ამ ნაშთთა მეცნიერული განხილვა.

აღმოსავლეთის ხელოვნებას ნათელს ისევ ევროპიელები თუ მოჰფენენ, თორემ აზიელებისაგან არავითარი იმედი არ არის.

ამ ჟამად აზიის ერები ისეთ გონებრივ სიღატაკეს განიცდიან, (გარდა იაპონიისა), რომ არამც თუ რამე ახალის შექმნა არ შეუძლიათ, თავისს წინაპართა დიდებულ ქმნილებათაც კი ღუპავენ. აზიაში ჯერ არ არსებობს არც ერთი ხეირიანი მუზეუმი, არ არსებობს ისეთი საზოგადოებაც კი, რომელიც, ახლა მაინც, სცდილობდეს თავის ნაციის ძველ ხელოვნებას პატრონობა გაუწიოს და ყველაფერი უცხოელებს არ გაატაცებინოს.

ევროპის მეცნიერთა (ორიენტალისტების) შეერთებულს მეცადინეობით, წრეულს ქალაქ მიუნხენში გაიმართა შესანიშნავი გამოფენა „მაჰმადიანურ ხელოვნების ნაშთებისა“?

გამოფენა გაიხსნა 15 მაისიდან და გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე (ახალი სტილით).

ამ გვარი გამოფენა ევროპაში პირველი არ არის. მეცნიერულის მიზნით წინადაც არა ერთხელ უშინჯავთ მაჰმადიანურ ხელოვნების ნაშთთა გამოფენის გამართვა; მაგ. პარიზში 1878 წ., 1883 წ. და 1903 წლებში; ლონდონში 1885 და 1906 წ.; ვენაში 1890 წ.; სტოკჰოლმში - 1897 და 1899 წლებში. მაგრამ ყველა ეს გამოფენები, შედარებით მიუნხენის ახლანდელ გამოფენასთან, ძალიან მცირედნი იყვნენ და მიზანს სავსებით ვერ აღწევდნენ.

მიუნხენის წლევანდელ გამოფენისათვის გამმართველებს არაფერი არ დაუზოგავთ, რომ სავსებით ნათელ ეყოთ „მაჰმადიანური ხელოვნება“. მხოლოდ ახლა შეუძლიან ადამიანს სავსებით გაეცნოს, თუ რა დიადი ხელოვნება ყოფილა ძველ სპარსეთსა, არაბეთსა, ინდოეთსა, ოსმალეთსა და მაჰმადიანთა სხვა ქვეყნებში!

გამოფენას უჭირავს სულ 80 დიდი ოთახი და მაგ. 3553 ნივთია გამოფენილი. გამოფენილია ყველაფერი, რაც კი ახასიათებს მაჰმადიანურ ხელოვნებას: ძვირფასი ნოხები მე-15-17 საუკუნოებისა, (მარტო ნოხები დაზღვეულია 60 მილიონ მარკად) ძველი ხელთნაწერები, შესანიშნავი სურათებით, ძვირფასი მინიატიურები 16-17 საუკუნოებისა, გუჯრები, ძვირფასათ მოჭედილი იარაღები, არქიტექტურული ორნამენტები, ფაიანსები, ძვირფასი ქსოვილები, სამკაულები და სხვა.

ყველა ეს ნივთები შეგროვილია ევროპის მუზეუმებიდან. ევროპის, სპარსეთის, ოსმალეთის და სხვა მეფეთა სასახლეებიდან და გამოჩენილ კოლეკციონერებისაგან. ყველაზე მდიდარი კოლეკცია რუსეთიდან არის, (შჩუკინის და გოლუბცოვისა).

არაფერი არ არის წარმოდგენილი მხოლოდ საქართველოდან. საქართველოშიდაც საერო ხელოვნება ხომ მაჰმადიანური ხელოვნების ზეგავლენით განვითარდა და ჩვენც ბევრი რამ საინტერესო შეგვეძლო წარმოგვედგინა ამ გამოფენაზე, მაგრამ ჩვენ ამისთვის თავი არ გვტკივა...

ამ გამოფენასთან ერთად რამოდენიმე ოთახი განსაკუთრებულ მკვლევრებისთვის არის სამუშაოდ მოწყობილი. თუ წინად მკვლევარებს, არხეოლოგს თუ ისტორიკოსს, ყველაფერი სანთლით ჰქონდა საძებარი, ახლა ყველაფერი მასალა ხელთ აქვთ და, იმედია, მათი შრომა ბევრს რასმეს აღმოაჩენს.

კარგს ინებებს ჩვენი ეტნოგრაფიული საზოგადოებაც, რომ ამ გამოფენაზე გამოგზავნიდეს მცოდნე პირს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ისტორიისთვის აქ ბევრი მასალები მოიპოვება. ჩვენმა ისტორიკოსებმა უნდა ისარგებლონ ამ ნაირი გამოფენებით, თორემ კიდევ როდისღა შეხვდება კაცი იმისთანა შესანიშნავ გამოფენას.

„მიზანი ამ გამოფენისა, - როგორც ამას თვით გამმართველები სწერენ თავის კატალოგის წინასიტყვაობაში, არის წმინდა მეცნიერული. ჩვენ გვინდა ამ გამოფენით ნათელ ვყოთ აქამდე უცნობი, მაჰმადიანური ხელოვნება, მისი ორიგინალობა, მისი თავ ისებურება და მისი უპირატესობა ბევრს რამეში ევროპის ხელოვნებასთან შედარებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მაჰმადიანური ხელოვნება დიდ გავლენას იქონიებს ევროპის მხატვრობაზე და, შეიძლება, ის სულ ახალ გზაზედაც დააყენოს“.

მაჰმადიანურ ხელოვნებას ძველადაც დიდი გავლენა ჰქონდა ევროპიელ მხატვრებზე; ამას ჰმოწმობენ ვენეციის გამოჩენილი მხატვრები. ტიციანი, ტინტორეტი, პაოლო ვერონეზე, ჰოლანდიელი დიდებული მხატვარი რემბრანტი და საფრანგეთის გამოჩენილი მხატ. ევგენი დელაკრუა აღმოსავლეთის ხელოვნებამ მათ „კოლორიტს“ თავისი დაღი დააჩნია და მათ სურათებს მეტი სიცოცხლე და ელფერი მისცა.

ახლანდელი მხატვარიც, რა თქმა უნდა, გზას ვერ აუხვევს „მაჰმადიანურ ხელოვნებას“ ის ბევრს რამეს შეიძენს მისგან: ფერადების „პრობლემის“ სავსებით გადაწყვეტა, მხოლოდ აღმოსავლეთის ხელოვნების საშუალებით შეიძლება და მხატვრობისათვის ეს ხომ პირდაპირ ამერიკის აღმოჩენა იქნება!

„მაჰმადიანურ ხელოვნების - ნაშთთა“ წლევანდელ გამოფენას დიადი მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთის ერების ისტორიისა და ევროპის ხელოვნებისათვის.

ძალიან ბევრს ინანებს შემდეგ თუ მხატვარი ამ გამოფენით ჯეროვნად არ ისარგებლებს.

მიუნხენი 30 აგვისტო, 12 დეკემბერი 1910 წ.

სახალხო გაზეთი. - 1910. - 104. - გვ. 3-4

14.6 გერონტი ქიქოძის ლექცია

▲back to top


ოგიუსტ როდენი

ფრიად საგულისხმო ლექცია წაიკითხა ჩვენმა ახალგაზრდა ლექტორ-კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ - სამშაბათს, 17 ივნისს ქართულ კლუბის საზაფხულო დარბაზში - გამოჩენილ მოქანდაკის - ოგიუსტ როდენის შემოქმედების შესახებ.

საგულისხმო იყო ეს ლექცია, რადგან ქანდაკების შესახებ ლექციები ჩვენში ახალი მოვლენაა და მით უფრო საინტერესო, რომ იგი ეხებოდა გენიოსს მოქანდაკის შემოქმედებას.

ლექციის წინასიტყვაობაში - ლექტორმა აღნიშნა, რომ ჩვენი ხელოვნება, მხატვრული ნაწარმოები საგრძნობლად ჩამორჩება ევროპიელთა შემოქმედებას. ჩვენში ახალი მიმართულება, ახალი აზრი გადმოდის ევროპიდან რუსეთის საშუალებით - რუსულად გადახალისებული და გადაკეთებული. რასაკვირველია, ამგვარი მოვლენა გვიძნელებს გავიგოთ და შევითვისოთ ნამდვილი სახე და სულისკვეთება ევროპიელთა შემოქმედებისა. ჩვენში ქანდაკება სრულებით განუვითარებელი იყო ბ.ი. ნიკოლაძემდის. იაკობ ნიკოლაძე გახლდათ პირველი მერცხალი ამ დარგში, მან ჩაუდგა სული ქართულ ქანდაკებას. ი. ნიკოლაძემ თვისი მოხდენილი და მხატვრულის მხრივ დამთავრებული ძეგლით (ილია ჭავჭავაძე) დაუახლოვა ქართული ქანდაკებას მსოფლიო ქანდაკება - ხელოვნებასაო. შემდეგ ლექტორი შეუდგა როდენის შემოქმედების დახასიათებას და თვალსაჩინოდ ბუნდოვანი სურათებით გვაჩვენა და აგვიხსნა თითქმის მთელი საუკეთესო ქანდაკებანი როდენისა, როგორც შინაარსის მხრივ, ისე გარეგნულ გამოსახულების, ფორმის მხრივაც.

სხვათა შორის, მან აღნიშნა, რომ ქრისტიანული ხასიათის ქანდაკება, უმეტეს შემთხვევაში, ყურადღებას აქცევდა სახის გამომეტყველებას; მთელი სულიერი განცდა-განწყობილება პიროვნები სა სახის გამომეტყველებით სურდათ გადაეცათ, - როდენმა კი აამეტყველა ყოველი ნაკვთი ადამიანის სხეულისაო. ის, რაც უწინ მექანდაკეთ სურდათ სახის გამომეტყველებით გადაეცათ საზოგადოებისათვის, როდენმა შესძლო სხეულის სხვადასხვა ნაკვთებითაო. როდენი ამეტყველებს არა მარტო სახეს, არამედ ადამიანის მკერდს, ხელებს და სხვა.

როდენი რეალისტია, მისი ნაწარმოები ცხოვრებიდან არის აღებული. როდენმა თვის ქანდაკებებს შთაბერა სული გენიოსისა, სული ძლიერი მხატვრისა, რომელიც აამეტყველებს უტყვს, ძლიერად ჰქმნის - უძლურს და სწორედ ამიტომ მისი შემოქმედება უკვდავია, მარადისი, განუმეორებელიო.

ბევრი საგულისხმო და საინტერესო მხარე როდენის შემოქმედებისა გადმოგვცა ლექტორმა, მაგრამ ჩვენ არ შევუდგებით იმის აღწერასა და გადმოცემას, რადგან ახლო მომავალში თვით მისი ლექცია დასტამბული იქნება ჩვენს გაზეთში.

სამწუხაროა, რომ ლექციას ძალიან ცოტა მსმენელი დაესწრო. მიზეზი ის იყო, რომ ლექციის კითხვის დროს, ამავე შენობაში ყრილობა გახლდათ სრულიად საქართველოს სცენის მოღვაწეთა.

სასურველია, რომ ბ. ქიქოძემ ეს ლექცია სახალხო სახლში განიმეოროს.

სახალხო ფურცელი. - 1914. - 12. - გვ. 3

14.7 „ვეფხის ტყაოსანი“ უნგრულ ენაზე

▲back to top


როგორც „ტიფ. ლისტ“. გაუგია შოთა რუსთაველის „ვეფხის ტყაოსანს“ ნემეცურიდან უნგრულ ენაზე სთარგმნის ავსტრია-უნგრეთის პარლამენტისა და ბუდაპეშტის სამეცნიერო აკადემიის წევრი ბელ ფონვიკარი.

სახალხო გაზეთი. - 1912. - 633. - გვ. 2

14.8 „ვეფხის-ტყაოსანი“ ინგლისურად

▲back to top


. ვაზიანი [ვარლამ ჩერქეზიშვილი]

„ვეფხის-ტყაოსანი“, რომანტიული პოემა შოთა რუსთაველისა. სიტყვა-სიტყვითი თარგმანის ცდა ქართულიდან მარჯორი ვორდროპის მიერ, გამოცემული სამეფო სააზიო საზოგადოების მიერ. ლონდონი, 1912 წ.

I

ამ სათაურით გამოვიდა ინგლისურ ენაზე დიადი ქმნილება უკვდავ შოთა რუსთაველისა. პოემა გამოცემულია ინგლისის სამეფო სააზიო საზოგადოების მიერ და შეადგენს ერთს დიდ ტომს (291 გვ.). წიგნი სავსეა მეცნიერულ შენიშვნებით, აგრედვე მე მაქვს დამატება, სია საკუთარ სახელთა და აგრედვე შესავალი თვით რუსთაველზედა და უდროოდ დაკარგულ მთარგმნელ მისს მარჯორი ვარდროპზე.

თარგმანი ისე უახლოვდება ორიგინალს, ისეთ ნაირად არის თითქმის სიტყვა-სიტყვით გადაღებული ინგლისურად, რომ იგი შეუდარებელია. აგრედვე მკითხველის აღტაცებას იწვევს კეთილშობილება, საკეკლუცე და უმაღლესი პოეტიური სიმშვენიერე თარგმანისა ინგლისურად. დიად ქმნილების გადაცემა უცხო ენაზე მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლიან, რომელსაც თვითონ აქვს მაღალი და უწმინდესი სული, ვისაც გონება გაბრწყინვებული და სინათლით აღსავსე აქვს, ხოლო გული მოყვარული და ნაზი.

ქართულ ლიტერატურისა და თვით უკვდავ რუსთაველის საბედნიეროდ ყველა ეს თვისება მისს მარჯორი ვარდროპის არსებაში ჰარმონიულად იყო შეზავებული. მას ყოველ მხრივი უმაღლესი განათლება ჰქონდა, მან ინგლისურსა და ქართულს გარდა, ფრანგული, იტალიური, გერმანული, რუსული და რუმინული ენები იცოდა. მან ზედ-მიწევნით იცოდა ამასთანავე მწერლობაც ამ ენათა. უდიდესნი წარმომადგენელნი მსოფლიო ლიტერატურისა ახლონი და ძვირფასნი იყვნენ მისთვის, მაგრამ მთელის თავისის მოყვარ ულისა და წმინდის გულით იგი რუსთაველის ქმნილებას დაუახლოვდა იგი შეიყვარა შემდეგ მთელს ჩვენს ლიტერატურაზე, ჩვენს ისტორიაზედა და ჩვენს ერზედაც გადმოიტანა ეს წმინდა სიყვარული.

მთელი თვრამეტი წელიწადი იმუშავა განსვენებულმა ქართულ ისტორიაზედ და ჩვენ მწერალთა ნაწარმოებთა ინგლისურად თარგმნაზე. უკვე 1894 წელს მან სთარგმნა და გამოსცა „ქართული ხალხური ზღაპრები“; 1895 წელს გამოსცა ლექსად ნათარგმნი „განდეგილი“ ილია ჭავჭავაძისა; 1900 წელს გამოვიდა მისი შრომა „ცხოვრება წმინდა ნინოსი“, - მშვენიერის ისტორიულ-ლიტერატურულ მნიშვნელობითა. ამას გარდა მისს მარჯორი ვარდროპმა დასტოვა სხვა შრომები - თარგმანებიცა, შეუსწორებელი, ან დაუმთავრებელი.

ხოლო მისი ცხოვრების უმთავრესი ნაღვაწი არის „ვეფხის ტყაოსნის“ თარგმნა. მან დაიწყო „ვეფხის ტყაოსნის“ თარგმნა 1891 წელს და დაამთავრა იგი 1898 წელს. მას შემდეგ იგი დაუღალავად შრომობდა რომ თარგმანი ყოველის მხრით შეესწორებინა და გაეუმჯობესებინა. და მართლაც თარგმანი შეუდარებელის ღირსებისა გამოვიდა. ვერც ერთი ცდა განათლებულ და თუ გინდ მეცნიერ ქართველ პროფესორთა, რუსულად გადაეცათ რუსთაველის ქმნილება, ვერ შეედრება მისს მარჯორი ვარდროპის თარგმანს. ტყუილად კი არ მიმხვდარან მყისვე აზიურ საზოგადოების მეცნიერნი თუ რა ღირსი იყო. ეს თარგმანი: - საზოგადოებას მისცეს წინადადება დაებეჭდა თავის ჟურნალში მხოლოდ რამდენიმე თავი „ვეფხის ტყაოსნისა“, მან კი, წაიკითხა რა ეს თავები, სურვილი განაცხადა, გამოეცა თავის ხარჯით მთელი პოემა ერთ წიგნად.

ეს კარგი ნიშანია ჩვენთვის. მსგავსად ინგლისის აზიურ საზოგადოების მეცნიერთა, სხვა ქვეყნის მეცნიერნიც დაინტერესდებიან ჩვენის დიდის ეროვნულის პოემითა, რომელიც დასწერა მგოსანმა ვაჟკაცობისამ, გმირობისამ, სიკვდილამდის მეგობრობისამ, მგოსანმა სიყვარულისამ, რომელმაც ქალის ამაღლებული წმინდა სიყვარული და რაინდული გაღმერთება შეუდარებლად გამოსთქვა თავის უკვდავ ლექსებითა. ტყუილად კი არ არიან რუსთაველის მცოდნე ევროპიელები განცვიფრებულნი ჩვენის პოეტის გენიოსობითა, რომელიც გაიფურჩქნა სამი მეოთხედი საუკუნით დანტეს უწინარეს. საკმარისია მოვიხსენიოთ ბროსსე (მამა და შვილი), გულაკი და ლეისტი... თუმცა პროზით, მაგრამ უმაღლეს პოეტიურად და შეუდარებელის სისწორით ნათარგმნი „ვეფხის-ტყაოსანი“ მისს მარჯორი ვარდროპისა საშუალებას მისცემს ეხლა უმაღლეს პოე ზიის მოტრფიალეთ, ლიტერატურის ისტორიკოსთ და მსწავლულ ორიენტალისტებს ღირსეულად დააფასონ რუსთაველის პოეზიის როგორც აზრთა გრძნობათა სიმაღლე, ისე მე-12-13 საუკ. ეპოქა და კულტურა იმ ერისა, რომელმაც პოეტი წარმოშვა მართლაც სრულიად დარწმუნებულნი ვართ რომ ყველა ესენი აღტაცებაში მოვლენ, როდესაც გაიცნობენ პოემას. ამაში სრულიადაც არ გვეპარება ეჭვი. ამისი თავდებია, თუმცა პატარა, მაგრამ მშვენიერი შესავალი, რომელიც წინ უძღვის მისს მარჯორი ვარდროპის ინგლისურ თარგმანს.

სახალხო გაზეთი. - 1912. - 582. - გვ. 2-3

14.9 კ. ფოცხვერაშვილის მუსიკალურ ლექციის გამო

▲back to top


. . [. ლიაძე, . ლიბკნეხტი, ვლ. ლორთქიფანიძე, ვალ. ლუარსამიძე]

27 ოქტომბერს დავესწარი ბ-ნ ფოცხვერაშვილის ლექციას მუსიკის შესახებ ქალაქ ქუთაისში.

სცენაზე გამოჩდა ბ-ნი ფოცხვერაშვილი ქართული ტანსაცმლით, რომელსაც საზოგადოება მიეგება ტაშის ცემით. მან მიმართა საზოგადოებას გულ-მხურვალე სიტყვით. ვრცლად და ნათლად დაასაბუთა და დაასურათა მუსიკის ისტორიული განვითარება და მისი დიადი მნიშვნელობა, როგორც კერძო პირისათვის, ისე ერისათვის და მთელ კაცობრიობისათვის. ბოლოს შეეხო განსაკუთრებით ქართულ მუსიკას, ცხად ჰყო მისი საუკეთესო თვისებები, უპირატესობა და უმწვერვალესი განვითარება. ბ-ნი ფოცხვერაშვილი ბუნებით ნიჭიერი და ღრმად მცოდნე მუსიკოსია. ეტყობა რომ დიდი შრომა მიუძღვის მუსიკის სწავლა განათლების შეძენაში და ცდილობს მთელი თავის არსებით გაუზიაროს საზოგადოებას თავის შემეცნება, შესძინოს მას რაიმე სარგებლობა. მშრომელი ხალხის მიერ საკუთარ მუსიკის დიდებული განძის მივიწყება, მას გულს სწყვეტს და დიდად აღელვებს. ბ-ნი ფოცხვერაშვილი ამბობს რომ ის აზრი, ვითომც ევროპიელი მუსიკა უმჯობესი იყოს აღმოსავლეთის მუსიკაზე, ყალბია და ცრუ და კიდეც ისტორიული საბუთებით განამტკიცებს, რომ აღმოსავლეთის მუსიკა არამც თუ არ ჩამოუვარდება, არამედ გაცილებით მაღლა სდგას დასავლეთ ევროპის მუსიკაზე, როგორც რითმით, ისე მელოდიით და ჰარმონიით. ამ აღმოსავლეთის ერთა მუსიკაში კერძოთ ქართულ მუსიკას უჭირავს უპირველესი ადგილიო. ლექტორი აღნიშნავს, რომ მუსიკა მის ისტორიულ მსვლელობითი განვითარებაში პირველად წარმოიშობა რითმით, მერმეთ მასში ჩასახული კილოთი, მაგრამ ეს კილოც იზრდება და ვითარდება მუსიკის ანბანის თანდათანობითი გართულებით. ამის დასამტკიცებლათ მოყავს მაგ ალითები მდაბიო საფეხურზე მდგომ ველურ ხალხთა სიმღერებისა, რომელნიც განისაზღვრებიან ერთი, ორი, ან სამი ასოთი მუსიკის ანბანისა, როგორც მაგალითათ ესკიმოსების, სანდვიჩელების, ლაპლანდელების, კაციმჭამელების და სხვებისა. შემდეგ ლექტორი გვიმტკიცებს, რომ როდესაც მთელი ევროპიული მუსიკა: გერმანელების, ინგლისელების, ფრანგების და სხვების მარტო ერთ ხმაზეა აგებული, ქართული მუსიკა კი სამ ხმოვანია. მართალია პირველი, მეორე და მესამე ხმაც, ე.ი. ბანი, იქაც არსებობს, მაგრამ მეორე ხმა შეიცავს ამავე პირველ ხმას. მხოლოდ ორი ტონით დაბლა სდგას და მიჰყვება პირველს, როგორც მონა, ბანიც უბრალო ხმის გაგრძელებას წარმოადგენს, როდესაც ქართულ მუსიკაში მეორე და მესამე ხმაც ორიგინალურია და თავისუფალია, და არამც თუ ბრმათ ემორჩილება პირველს, თვით უმეტეს შორდება და ალაგ კიდეც წინ ეღობება, მაგრამ ბოლოს რითმში უსწორდება, და ეს თვისება იმის მომასწავებელია, რომ ქართული მუსიკა უმწერვალეს ე.ი. მეთხუთმეტე საფეხურზე სდგას მელოდიის მხრითაც, როდესაც სხვა ერების მუსიკა მესამე ან მეოთხე საფეხურს არ გაშორებულან.

ამ საგანს ლექტორი ასაბუთებს სხვადასხვა სიმღერების გადმოცემით პიანინოზე და გრამაფონზე როგორც საერო ისე ქორიძის მიერ შედგენილ საეკლესიო კრებულიდან. იქვე ლექტორმა აღნიშნა ერთი კიდევ დიდი თვისება ქართული მუსიკისა, რომელიც გამოიხატება მის წმინდა მუსიკალობაში: მუსიკის ისტორიულ განვითარების დასაწყისში პირველად ხმაში ჩაქსოვილია სიტყვები, მერმე კი, როდესაც მუსიკა მიაღწევს უმაღლეს განვითარებას, იწყება წმინდა, უსიტყვო მუსიკა, ე.ი. ჭეშმარიტი ღვთაებრივი ჰანგი.

აი ეს თვისება ცხადათ ემჩნევა ქართულ საერობო და საეკლესიო საგალობლებს, რაც ლექტორმა დაასურათა გრამაფონზე ხალხურ სიმღერების გადმოცემით, როგორც ხელ ხვავი და სხვა. თვითონაც იმღერა თუ, მგალობლები წირვა ლოცვის დროს, როგორ საჩქაროთ წარმოსთქვამენ რეჩიტატივს: მაგალითად „ღირსა არს და მართალ, წმინდაო საბაო“ და სხვა საგალობლების დროს და სიტყვების შემდეგ უკანასკნელ ხმოვან ასოზე დაიწყებენ გალობას ამ თვისებას სრულიად ვერ ვამჩნევთ სხვა ერების მუსიკაში.

აქ აღსანიშნავია კიდევ ის, რომ ბ-ნმა ფოცხვერაშვილმა დასამტკიცებლათ ქართულ საეკლესიო ლოცვების მელოდიის უპირატესობისა შედარებით სხვა ერთა ლოცვებზე წაიკითხა სახარების ის მუხლი, სადაც აღწერილია იესო ქრისტეს გასამართლება პონტოელი პილატის დროს და ისეთი წარმტაცი გრძნობით და კი ლოთი, რომ რაოდენიმე დამასწრეთაგანს მოჰგვარა ცრემლები. კარგი იქნება რომ სამღვდელოებაც, რომლის წევრებიც დაესწრნენ ლექციას, გადიღებდენ და მიბაძავდენ ლექტორის მეთოდს სახარების კითხვაში წირვა-ლოცის დროს, რასაც ჩემი აზრით ექნება დიდი მნიშვნელობა სამწყსოს განვითარებაზე სარწმუნოების მხრით. ქართული სიმღერების ექსპრესია და მელოდია ბ-ნმა ფოცხვერაშვილმა დაგვისურათა მომღერალ ქალის შემწეობით. ვერ ვეთანხმები ბ-ნ ფოცხვერაშვილს მხოლოდ იმაში, რომ მან ევროპიელ მუსიკის ანბანი, ე.ი. ჰამმა და თვით მუსიკაც საჯაროდ აღიარა ყალბათ, რასაც ამტკიცებდა ხმის ჰაერის მოძრაობათა უსწორმასწორო რაოდენობით ევროპის ჰამმისა სწორ და ჭეშმარიტ ჰამმის თვალსაზრისით. მე მგონია რომ ეს თვისება არის ევროპიელ მუსიკის ერთი დეფეკტი, და არც სიყალბე, რადგან ყალბი მუსიკა და მელოდია შეუსაბამოა და რომ ევროპიელი მუსიკა უმელოდიო არ არის, ამას, ჩვენ ვერ უარვყოფთ, თუმცა მისი მელოდია გაცილებით დაბლა სდგას ქართულ მუსიკაზე.

ამასთან უნდა მოგახსენოთ ის სამწუხარო მოვლენა, რომელიც ლექტორმა გვაუწყა ქართულ მუსიკის გაცნობის შესახებ სხვა ერების მიერ:

თბილისის მუსიკალურ სასწავლებლის დირეკტორს ვიღაც ივანოვს გარდაუღია ქართული სიმღერები ოპერაში, რომელიც დაუდგამს პეტროგრადში, მარიინის თეატრში რუსის საზოგადოების გასაცნობათ. წარმოდგენას დასწრებია მაღალი წრე სატახტო ქალაქისა და თვით იმპერატორიც, მაგრამ ოპერას არავითარი შედეგი არ მოუხდენია, რადგან ევროპიელ ჰანგზე ყოფილა აგებული და ქართულის კი ნასახიც არა რა ჩნდა.

თუ როგორ კილოთი იყო შესრულებული ოპერა ლეკტორმა დაასურათა რაოდენიმე მუხლის გადმოცემით, რომელიც შეასრულა მომღერალმა მსახიობმა. მოვისმინეთ კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი ლექტორისაგან: მას შეუდგენია ოპერა პოემის ამირანისა წმინდა ქართული კილოზე, მაგრამ როდესაც დაუდგამს დედა ქალაქ თბილისში, ვერაფერი ვერ გაუგიათ, ასე ყოფილა ქალაქ ქუთაისშიც და ამისგამო ლექტორმა სხვა და სხვა მუხლების გადმოცემით პიანინოზე ამ ოპერიდან ნათელ ჰყო, რომ ამ ოპერის მუსიკაში არაფერი გაუგებარი არ არის და ყოველი ნაწილი დასახულია წმინდა ქართული მუსიკით.

საზოგადოთ ბ-ნ ფოცხვერაშვილის მუსიკალური ლექცია მეტად საგულის ხმიერო და შინაარსიანია. ქართველობამ ესეთ ნიჭი ერს და გულით მოღვაწე მუსიკოსს ყოველ მხრივი დახმარება უნდა აღმოუჩინოს იმ დიადი იდეის განსახორციელებლათ, რომელიც მას აქვს მიზნათ დასახული.

სამშობლო. - 1914. - 473. - გვ. 3

14.10 ოპერა ქართულად

▲back to top


.

ვინც გულწრფელი მეგობარია ქართულის ხელოვნებისა და ვისაც ხელოვნება მხოლოდ გართობის წყაროდ არ მიაჩნია, არამედ ერის კულტურულად ამმაღლებელ, განმაფაქიზებელ ნაკადულად, იმის გული კმაყოფილებით აივსებოდა სამშაბათ საღამოს, როცა სახაზინო თეატრში ისმენდა უკვდავ შარლ გუნოს „ფაუსტს“.

ქართველი მომღერალნი, ქართველთა ხორო, ქართველი ხელმძღვანელნი: ორკესტრისა და სცენისა!..

ვინც რა უნდა სთქვას და მე-კი ჩემსას ვიტყვი, რომ ეს მოვლენა კულტურული გამარჯვებაა ჩვენს ცხოვრებაში!.. გამარჯვება, რომელიც ნაყოფიერი იქნება თავისის შედეგით...

ხუმრობა საქმეა?!. ჩვენ ჩვენის მცირედის ძალ-ღონით მოვახერხეთ და წარმოვადგინეთ ყოველის მხრით რთული, თვით სცენის ნამდვილ მსახურთათვისაც-კი საძნელო ოპერა და მერე ისე, რომ მტრის ენაც-კი ავს ვერ იტყვის...

ზედაპირული ნურავის ეგონება ჩემი აღტყინება. მას თავისი მიზეზი აქვს, უბრალო გატაცების გარეშე მყოფი.

მთელის საუკუნის განმავლობაში, რაც ჩვენ ბედს განაგებს სხვისი გული და სხვისი ხელი, ქართველთა ნიჭიერებამ ვერაფერ სფერაში ხელის შემწყობი თანაგრძნობა და გზა-ხსნილობა ვერა ჰპოვა.

ეს იმიტომ მოხდა რომ ყველაფერში სხვისი შემყურე ვიყავით - სიკეთისაც და სიავისაც... პირველი არავინ მოგვანიჭა და მეორის სიმწვავეს ხომ დღესაც უხვად განვიცდით...

ასე რომ არა ყოფილიყო, მაშ რა ღმერთი გაგვიწყრებოდა? ვიზე რა მწირნი და უბადრუკნი ვიყავით სულ-ხორცის ძალით?!..

მაგალითად...

სხვა რომ არა ვთქვათ-რა, - ეს სიმღერის ნიჭი ხომ გვაქვს, ამას არავინ არ უარჰყოფს. ბევრისაგან გამიგონია, მთელი ევროპა დამი ვლია და ისეთი ხალხური სიმღერები, როგორც ჩვენ, ქართველებს, მოგვეპოვება, გარდა ესპანიელებისა და იტალიელებისა, სხვაგან არსად გამიგონიაო. მერე, ეს სიტყვები ისეთ პირთაგან მსმენია, რომელნიც ჩვენ კულტურულ ავლადიდებას არამც თუ აზვიადებენ, არამედ მეტად ზომიერად აფასებენ.

ავიღოთ, თუ გნებავთ, ქართულ მუსიკის თავისებურობა, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ არც ერთი ხალხური სიმღერა ცალხმოვანი არ არის, არამედ ყველა სამხმოვანია, რასაც იშვიათად შეხვდებით სხვა, თვით უმაღლეს კულტურამდე მიღწეულ, ერთა შორის. ეს მადლი იმის მაჩვენებელია, რომ ქართული სიმღერა ბუნებრივად მდიდარია ხმათა მრავალფეროვანობით, რაც საფუძველია ჰარმონიისა.

როცა ვინმეს ჩვენი ერის სულის და გულის ნაღვაწის დაფოლება სწადიან, მაშინვე ისეთს შედარებას მიმართავს, რაც შეუფერებელია და შეუთანხმებელი სამართლიანობისა. მაგალითად, მუსიკაში დაასახელებს ისეთ ფორმებს, ან ისეთ ნაწარმოებს, რაიც ნაყოფია მხოლოდ ხელოვნების მეცნიერებისა, ან კერძო კაცის შემოქმედობისა. რაღა თქმა უნდა, ბარტნიანსკის კონცერტები და ქართული სასულიერო საგალობლები არ შეედარება ერთი მეორეს, როგორადაც ვერ შეადარებთ ერთმანეთს რომელსამე ზღაპარს ან ლეგენდას და ვინმე პოეტის ამა თუ იმ ნაწარმოებს.

ბევრს, ალბად, მოეხსენება გლინკას შესანიშნავი „კამარინსკაია“, რომელიც გენიოსურ ნაწარმოებად ითვლება. სათავე რომ გაუსინჯოთ ამ ნაწარმოებს, გაკვირვებას მიეცემით, თუ რა ზომამდე შეუძლიან აღძრას კერძო კაცის შემოქმედება თვით უბრალო საგანმაც-კი, თუ კი ეს საგანი მის გულს მოხვდება. „კამარინსკის“ სული და გული მეტის-მეტად მარტივი, თითქმის ვულგარული მუსიკალური ფრაზაა, მაგრამ ეროვნულის იერით მოსილი. სწორედ ამ მიზეზის გამო გლინკას ნიჭს შიგ გულში მოხვდა ეს თავისებურობა პაწია და სადა სიმღერისა, მხოლოდ ხალხის გულიდან აღმოზიდულისა, და პოეტის ალღომ, ფანტაზიამ დიდებულ სიმფონიურ სამკაულში გამოაწყო ეს თავისთავად უბრალო და ღარიბი ჰანგი.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს კახურ „მრავალ-ჟამიერს“, „ჩაკრულოს“, ჩვენს „წმინდაო ღმერთოს“, „შენ გიგალობს“ გამოუჩნდა თავისი გლინკა...

ოცნება ნუ გგონიათ... ერს, რომელსაც თავისი საერთო ძალით, თანდათანობითის შესწორ-შევსებით შეუქმნია ეს თავისთავად დიდებული ჰანგები, თავისთავად უკვე სიმფონიები, აღკვეთი ლი როდი უნდა ჰქონდეს ნიჭი ხელოვნების ქურუმის დაბადვისა, რადგანაც ვარდი მხოლოდ სავარდეზედ ამოდის...

მაგრამ ნიჭსაც თავისი შესაფერი ატმოსფერა უნდა, რომ განვითარდეს და ნაყოფი მოიცეს. და როცა ვამბობდი, ქართულად „ფაუსტის“ წარმოდგენა ნაყოფიერი იქნება მეთქი, სწორედ ეს გარემოება მქონდა თვალწინ.

გამოჩნდნენ ისეთი პირნი, რომელთაც პირდაპირ საქმით დაიწყეს და არა ლაპარაკით და სწორედ ამიტომაც აღგვიძრეს თვისდამი თანაგრძნობა. თვალით ნახული და ყურით ნასმენი საქმე ანდამატივით იზიდავს თავისაკენ უმრავლესობის გულის-ყურს, როგორც შორიდან ბანის მთქმელისას; კერძო პირთ-კი, მიახლოვებისთანავე, თვით საქმეში ითრევს, როგორადაც მანქანის ძალუმად ამოძრავებული ბორბალი.

პირველი - უმრავლესობა - ეჩვევა თან და თან უცნობ ხილს და, რაკი გემოს გაიღებს, ჩვეულებას მოთხოვნილებად გადაიქცევს... მეორენი-კი, ხელოვნებით წატყუებულნი, სწავლობენ, იძენენ ცოდნას, უნარს და მიისწრაფიან, რომ უბრალო სცენის მოყვარეობას გასცდნენ და სცენის ნამდვილ მუშაკად გადაიქცნენ. რაღა თქმა უნდა, ამასობაში იღვიძებს ორივე წრეში სურვილი, უცხოურ კულტურის ნაყოფს თავიანთიც გვერდში ამოუყენონ, ჩნდება მომღერალი, ლოტბარი, მთხზველი და ამრიგად კეთდება საქვეყნო საქმე.

სწორედ ამიტომ მეტად პატივსადებია და ახლავე ღვაწლ-მოსილი ჩვენ შორის ის მცირე ჯგუფი, რომელმაც თავს იდვა ქართულად ოპერების მართვა.

რაც შეეხება თვით წარმოდგენას, უნდა ვთქვა, არ მოველოდი, რომ იგი ასე მწყობრი იქნებოდა.

უპირატესობა, ჩემის აზრით უნდა დაეთმოს ბ-ნ ზ. პ. ფალიაშვილს, რომელიც ლოტბარობდა ორკესტრს და რომლის შრომის ნაყოფია ქალთა და ვაჟთა ხოროს მუდამ ხმაშეწყობილი სიმღერა და ის გარემოება, რომ ხოროს თითქმის არსად უსწორ-მასწორობა არ შემჩნევია. ეს კი იშვიათი მოვლენაა, რადგანაც ორმოცდაათი ქალის და კაცის მოთვინიერება ყოვლად ძნელი საქმეა, განსაკუთრებით, როცა მათ არ განუცდიათ დისციპლინა და მუსიკალური სკოლის გავლენა. კერძოდ, უნდა აღვნიშნო მესამე მოქმედების მარში, როცა ერთსა და იმავე დროს მღერის ხორო და უკრავს ორი ორკესტრი - ოპერისა და სამხედრო. ესევე ითქმის ამავე მოქმედების ფინალის შესახებ.

ამას გარდა, ბ-ნმა ფალიაშვილმა რამდენჯერმე საკმაო უნარი გვიჩვენა იმისა, თუ როგორ ხელოვნურად არიგებდა უთანხმოებას, ორკესტრსა და მომღერალთა შორის ჩამოვარდნილს, რაც ხშირი მოვლენაა თვით მაშინაც-კი, როცა დახელოვნებული არტისტნი არიან სცენაზე.

ქ-ნი ანდრეევსკისა. მიტკევიჩი ჩინებული მარგარიტაა, არამც თუ როგორც სცენის მოყვარე, არამედ ვით ნამდვილი მომღერალი. ხმა აქვს ფაქიზი, სიცოცხლის მეტყველი, ძლიერი, დიქცია შესანიშნავი, სცენაზე თავისუფლად უჭირავს თავი და პარტიაც კარგად იცის. აღსანიშნავია ქ-ნ მიტკევიჩის სიმღერაში ჰანგი სარკეში კეკლუცობისა (მეორე მოქმედება), - განსაკუთრებით დასასრული - და მთელი მეოთხე მოქმედების სასიმღერო ჰანგები.

ბ-ნ არჩეულს მაღალ ფარდებში ძლიერი, მჭექარე ხმა აქვს; დაბალ ფარდებში სუსტი და შუა ფარდებში მიბნედილი, თითქოს ამოძახილს ზევიდან ლეჩაქის მსგავსი რამ ქსოვილი აქვს გადაფარებულიო. კილო სიმღერის - მეტის-მეტად სასიამოვნო და ტკბილი. ფაუსტის პარტია იცის მკაფიოდ და ლოტბარს თვალს არ ადევნებს. კავატინაში მაღალი დო დასძლია.

ბევრ დახელოვნებულ არტისტს მოუცდება სცენაზე ისე თავისუფლად თავის დაჭერა, მიხვრა-მოხვრა და გარეგანი გადმოცემა მეფისტოფელის როლისა, როგორც ყველა ეს ეხერხება ბ-ნ აგასოვს. ბ-ნი აგასოვი ისე მოქმედობს სცენაზედ, თითქოს ძმა-ბიჭებ შორის იყოს და არა საზოგადოების წინაშე. მე-კი მგონია, ეს მეტის-მეტი გაბედულობა, ცოტა არ იყოს, ვნებს მის თამაშს, რადგანაც გადაჭარბებული ეგონება მაყურებელს. ან, იქნება, ასე იმიტომ მეჩვენა, რომ დანარჩენი მისი ამხანაგნი უფრო მოკრძალებულნი იყვნენ... სასიმღერო ჰანგები ბ-ნს აგასოვს გაზეპირებული აქვს და თვალ-ხუჭიას შეუძლიან სწორედ და შეუცდომლად იმღეროს. დიდი ხმა აქვს აგასოვს, მხოლოდ ნაკლებად გამოქნილი და კილოიანი. ხშირად გაისმის სიმღერაში ყინყრატოსებური ამოძახილი. ადგილ-ადგილ ფრაზიროვკა შესაფერი აქვს, ადგილ-ადგილ ძალიან ოხუნჯური, - მხოლოდ მეფისტოფელის შეუსაბამო. ვურჩევ, ბალლადა ოქროს კერპის შესახებ ნაკლების მიმოხვრით და სცენაზე რბენით სთქვას ხოლმე. სერენადას მეტი კონტრასტები უნდა, ვიდრე ბ-ნმა აგასოვმა გვიჩვენა. მე შევატყვე, რომ მას სარკაზმის გამოხატვა ეხერხება და ეს სერენადაში-კი ნაკლებად ეტყობოდა.

ბ-ნი გედევანიშვილი მუსიკალურის ალღოთი უხვად არის დაჯილდოვებული. საშუალო ფარდებში მშვენიერი ხმა აქვს, დაბალ და მაღალში მოსუსტო; დიქცია - მარტივი და მკაფიო. ჩინებულად გაატარა მომღერალმა სიკვდილის სცენა. შენიშვნა: ბ-ნ გედევანიშვილს შეუთვისებია ერთი უხეირო ჩვეულება ზოგიერთ პროვინციალურ მომღერლისა: არიის გათავების შემდეგ უცბად მიტრიალდეს და კულისებისაკენ გასწიოს. ასეთი ხერხი დიდ ეფექტად მიაჩნიათ, რომლის საშუალებით იმედი აქვთ, ტაშს გამოვიწვევთო. ბ-ნი გედევანიშვილიც სწორედ ასე მოიქცა ორივე შემთხვევაში, როცა დაასრულა ვალენტინის ლოცვა. ვურჩევთ, ეს უნარი ცუდ სიზმარივით დაივიწყოს.

საქმე ძალიან მოიგებდა, რომ ზიბელის პარტია ქ-ნ ჟორდანიასთვის გადაეცათ და მართას პარტია ქ-ნ ალმაზოვისათვის.

მადლობა რეჟისსორს ბ-ნ ქართველიშვილს, რომლის უნარი და მეცადინეობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და ყველამ თავისი ადგილი კარგად იცოდა.

თარგმანი ადგილ-ადგილ მოხდენილია, ადგილ-ადგილ კი მოიქვეითებს.

წარმოდგენას დიდძალი საზოგადოება დაესწრო. დარბაზს სადღესასწაულო ელფერი სდევდა. მომღერალნი, ლოტბარი, რეჟისორი და დანარჩენი ყველა საქმის დამხმარე საზოგადოებამ მხურვალე გრძნობით მიიღო და მრავალჯერ ტაშის კვრით დააჯილდოვა. კარგა ხანია, ქართველის სახეზე ასეთი კმაყოფილება არ ამომიკითხავს.

ივერია. - 1906. - 8. - გვ. 9-10

14.11 რა არის კულტურა?

▲back to top


არტურ ლეისტი

გერმანულ ერთ-ერთ გაზეთში ეს საკითხი განიხილა ახალგაზრდა, მაგრამ თავისებურმა ისტორიკოსმა კურტ ბრეიზიგმა. ბრეიზიგი ცნობილია, როგორც ავტორი ცნობილის თხზულებისა: „ევროპის ხალხთა კულტურის ისტორიისა“.

სიტყვას „კულტურა“ სხვადასხვა გვარად ხსნიან, მაგრამ არის ორნაირი ახსნა, რომელიც აერთიანებს ამ განმარტებათ და ამ სიტყვის მნიშვნელობას საერთო, ფართო მნიშვნელობას აძლევს.

1) ერთნი ამბობენ „კულტურა“ არისო ცხოვრების განვითარება დანიშნულ წერტილამდე.

მაშასადამე იმ ხალხს, რომელსაც განვითარების იმ წერტილამდე არ მიუღწევია, უკულტუროა.

2) სხვების აზრით კი კულტურა არის გამომხატველი ხალხის ცხოვრებისა, განვითარების რომელ წერტილზედაც უნდა იდგეს იგი.

მაშასადამე ველურ ხალხსაც ჰქონია თავისი კულტურა.

ბრეიზიგი ნათლად არ აღნიშნავს, რომელის მხრით უყურებს ამ სიტყვის მნიშვნელობას. მისი თვალთა ხედვის ისარი გამოურკვეველია, მაგრამ ნათლადა სჩანს, რომ „კულტურა“, - მისის აზრით, - ნიშნავს ხალხის თვითგანვითარებას, ხოლო კულტურის ისტორია - ისტორიის ეროვნულ „მე“-სი, ეროვნულ სულისას.

ყოველივე ცხოველმყოფელი მოქმედება ამა თუ იმ ხალხისა ნაყოფია საზოგადოებრივ ნებისა, შედეგია ხალხის მცნება-ჩვეულებათა.

ეს ცხადია. ხოლო, როცა ბრეიზიგიც ამასვე ამბობს, იგი გულისხმობს „განვითარებულ საზოგადოებრივ ნებას“, ხალხის განვითარებულ მცნება-ჩვეულებათ, ანუ უკეთ რომა ვსთქვათ, იგი გულისხმობს „უმაღლეს კულტურას“. განხილვა-განმარტება კულტურისა, როგორც დღეს ჩვენ გვესმის იგი - ახალი მეცნიერებაა. კულტურის განმარტებას პირველად შეუდგნენ მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთსა, გერმანიასა და ინგლისში, მაგრამ მკვლევარებს ერთი განსაზღვრული აზრი არა ჰქონიათ აჩე მებული და ამის გამოსაკვლევად სხვადასხვა გზასა და საშუალებას ხმარობდნენ. ასე იქცეოდნენ მკვლევარნი მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევრამდე და ისეთი დიდებული ისტორიკოსნიც კი, როგორიცაა შლოსერი, ხალხთა პოლიტიკურ ისტორიას ჰყოფდა ამავე ხალხის გონებრივ-მატერიალურ განვითარების ისტორიასაგან.

მეცხრამეტე საუკუნის ნახევარში კი აზრი, შეხედულება ისტორიაზე ძირიანად შეიცვალა და დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ხალხის ცხოვრებას, პოლიტიკური იქმნება იგი საზოგადოებრივი, გონებრივი თუ მატერიალური, მტკიცე კავშირი არა ჰქონდეთ ერთმანეთში და საერთოდ თავმდებნი არ იყვნენ ხალხის წარმატებისა თუ დაქვეითებისა.

თუ გვწამს, რომ კულტურა - თვითგანვითარებაა, მაშინ უნდა მივემხროთ ბრეიზიგს და ვაღიაროთ, რომ ამა თუ იმ ხალხის კულტურის მაჩვენებელია არა მარტო უმთავრესი მოვლენანი ხალხის ცხოვრებისა, არამედ იმავე ხალხის კულტურის მაჩვენებელია ამ ხალხში არსებული გრძნობა სიყვარულისა, ამხანაგობა, ბინის მოწყობა, ტანთსაცმელი და სხვა წვრილმანები, ვინაიდან მარტო ყველა ეს ერთად აღებული მოგვცემს სრულ სურათს ამა თუ იმ ხალხის კულტურულ განვითარებისას.

კულტურის უმთავრესი დანიშნულებაა პროგრესსი, ესე იგი დაუსრულებელი მისწრაფება ხალხისა ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ, რა მხრივაც უნდა ავიღოთ იგი ცხოვრება. ამ მიზნის მისაღწევად კი ხალხის „საზოგადო ნება“ და „საზოგადო შემეცნება“ უნდა იყოს შეგნებული და უნდა თანხმობით მიისწრაფოდეს ცხოვრების ამა თუ იმ დარგის განკარგებისაკენ, ანუ, სხვანაირად რომა ვსთქვათ, ესა თუ ის კულტურული მოძრაობა უნდა იყოს შედეგი უმრავლესობის ძალთა მოკრებისა. ხალხის „მნიშვნელოვანი ნაწილი“ კი არის - ინტელიგენცია. ინტელიგენცია ასვამს თავისებურ ბეჭედს ხალხის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, აღორძინებს ლიტერატურასა და ხელოვნებას, იგი ხელს უწყობს ეროვნულ აზრის განვითარებასა. თუმცა ხალხი სხვადასხვა წევრებისაგან შესდგება, მაგრამ ხალხსა აქვს საერთო აზრი, საერთო გულის თქმა და აი, ამ საერთო გულის თქმით ხელმძღვანელობს ამა თუ იმ ხალხის ინტელიგენცია.

ხალხის საერთო აზრი, მისი საერთო გულის თქმა თავისებურ დაღს ასვავს კულტურას და ეს დაღი, ეს თავისებურობა ამა თუ იმ ხალხის კულტურისა მით უფრო სუსტია, რაც ხალხი იგი ემორჩილება, ექვემდებარება მეორე ხალხის ზეგავლენას. ის ხალხი, რო მელსაც სხვა ხალხებთანა აქვს დამოკიდებულება და კულტურული ურთიერთობა უფრო მალე ადგება წარმატების გზას, და მისი კულტურაც ჰკარგავს ეროვნულ ელფერს. საზოგადოდ რომა ვსთქვათ, ეროვნული კულტურა არც-კი არსებობს, ხოლო სადაც კულტურაა დამყარებული, იქ გარეშეთა გავლენას დიდი ღვაწლი მიუძღვის: ავიღოთ მაგალითად ასურელებისა, ებრაელებისა, ბერძნებისა და რომაელების კულტურა. არც ერთი მათგანი არ იყო წმინდა ეროვნული, საკუთრივ ამა თუ იმ ხალხის მიერ შექმნილი. მით უმეტეს თანამედროვე ხალხის კულტურა არ შეიძლება იყოს ეროვნული. მაგრამ ერს, ხალხს ერთი თვისება კი აქვს: სხვისგან შენაძენ კულტურას იგი თავისებურად იმუშავებს, თავისებურ, ხალხოსნურ ელფერსა სდებს. იგი უქვემდებარებს ამ კულტურას თავის მოთხოვნილებათ, თავის მისწრაფებათ.

ძნელი სათქმელია, როგორი იყო საქართველოს კულტურა ქრისტეს მოძღვრების გავრცელებამდე, მაგრამ ეს კი ეჭვგარეშეა, რომ იგი ექვემდებარებოდა სხვა ხალხთა ზეგავლენას და ნამეტნავად კი სპარსელებისას. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კი, საქართველოში ფეხი შემოსდგა ვიზანტიისა და ერთით ასურეთის კულტურამ.

დავით აღმაშენებლამდე საქართველო უცხო კულტურის გავლენის ქვეშ იყო, ხოლო ამ დროიდან საქართველო წელში გაიმართა, აღორძინდა ეროვნული ცხოვრება, გარეშე გავლენამ იკლო და საქართველოში დამყარდა ეროვნული კულტურა. მართალია „ქართლის ცხოვრება“ ბევრ არაფერს გვეუბნევა საქართველოს კულტურის შესახებ დავით აღმაშენებლიდან დაწყებული თამარ მეფის დრომდე, მაგრამ მაშინდელი ცხოვრების მოვლენები ნათლად გვაჩვენებენ, რომ იმ დროის საქართველოს უნდა მიეღწია ეროვნულ კულტურის უმაღლეს წერტილამდე. მაშინ საქართველო ამაღლებული უნდა ყოფილიყო ზნეობრივად და გონებრივად. სწორედ ეროვნულ კულტურის ბრალია, რომ საქართველომ შემდეგში გაუძლო მონგოლთა შემოსევას, ხოლო უფრო გვიან კი ქართლსა და კახეთში სპარსეთის გავლენის გაბატონებას. მეთვრამეტე საუკუნეში ვახტანგ VI, ქათოლიკოსი ანტონი და სხვა მამულიშვილნი სცდილობდნენ კვლავ აეყვავებინათ ძველებური კულტურა და, თუმცა ეს სავსებით ვერ მოახერხეს, მაგრამ ქართველებმა მეცხრამეტე საუკუნემდე მაინც შეინახეს ნაშთი თავისებურის კულტურისა. გატყდა მეცხრამეტე საუკუნეც, საქართველოში დამყარდა რუსეთის ბატონობა, ევროპის გავლენას გზა გაეხსნა.

ამ ახალმა გზამ მიიპყრო ქართველების ყურადღება, ახალმა კულტურამ გადაიბირა იგინი. ძველს პირი აბრუნეს და მიენდვნენ მათთვის სრულიად უცხო ქვეყანას. მართალია არც ძველად ჰქონდათ ქართველებს ტკბილი ცხოვრება, მაგრამ ამ ძველიდან შეიძლებოდა შეენახათ ცოტა რამ და ახალის ცხოვრებისათვის გამოეყენებინათ.

დავიწყოთ მატერიალურ კულტურიდან! ავიღოთ, მაგალითად, ქართული სახლი თავისი აივნებით. რასაკვირველია იგი სავსებით შეესაბამება ადგილობრივ ბუნებას და ჰაერს, და არც ერთი ევროპიელი შენობა მის ადგილს ვერ დაიკავებს, მაგრამ განა არ შეიძლებოდა თავისებურის ქართველურის ხუროთმოძღვრებით აეგოთ იგი?

ერთი ბერლინელი ხუროთმოძღვარი და პროფესორი, რომელიც წარსულ წლებში ტფილისს ორჯერ ეწვია, გაკვირვებული დარჩა, რომ ტფილისში ქართველური სახლები ვერ ნახა.

„კოხტა და ლამაზია ეს სახლიო“ სთქვა მან ერთხელ ერთ-ერთის სახლის შესახებ, - მაგრამ თავისებური, ადგილობრივი სტილი კი არა აქვსო“. იმის აზრით ქართული სტილის განვითარება უმაღლესს წერტილამდე შეიძლება.

სპარსეთი ხომ დიდად ჩამორჩენილი ქვეყანაა, მაგრამ იქაც კი იცავენ ძველებურ სტილს და მათი შენობები ლამაზი სანახავია, თავისებურ გემოვნების მატარებელიაო, ამტკიცებენ სპარსეთის მცოდნე ბურგში, ვარრე და სხვანი. ესევე მოგზაურნი ჰმოწმობენ, რომ სპარსეთში დიდად განვითარებულია მებოსტნეობა და ყვავილთა გაშენება, მაშინ, როდესაც საქართველოში, ამ კურთხეულ მხარეში, ამ დარგს მეურნეობისას თითქმის არავითარ ყურადღებას არ აქცევენ.

სახლებზე უარესად მოუწყობელნი ქართველებს სამეურნეო-საოჯახო შენობები აქვთ. და ამ მხრით ვინც კი დაჰკვირვებია საქართველოში მებატონეთა კარმიდამოს, საბძელ-ბოსელ-კალოებს, იგი დამეთანხმება, რომ ქართველი მემამულე თავისს ცხოვრების გაუმჯობესობასე ნაკლებად ცდილობს, ან ბრეიზიგის სიტყვებით რომა ვსთქვათ, „ნაკლებ თვითგანვითარებულია“ ასეთივე გულ-გრილობა გამოსჩანს ქართველების მატერიალურ ცხოვრების სხვა მხარეებშიაც. ჩვენ არაოდეს არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ მატერიალური ცხოვრების თანამედროვედ მოწყობა, მატერიალური კეთილ-დღეობა უმთავრესი თავმდებია უმაღლესის - გონებრივ კულტურის განვითარებისათვის, ვინაიდენ ამ ორ მხარეს კულტურისას ისეთი ურთიერთობა აქვთ, როგორც სხეულსა და სულს.

ხალხის გონებრივ მოქმედების მაჩვენებელი უმთავრესად ლიტერატურაა. ლიტერატურა როგორც სიტყვა-კაზმული, არამედ მეცნიერულიც. რასაკვირველია, უმთავრესი მეცნიერული ლიტერატურაა. მაგრამ მეცნიერულ ნაწარმოებთ, საზოგადოდ, ეროვნული ხასიათი არა აქვთ, ვინაიდან მეცნიერება ყველასათვის ერთია. ამიტომ თუ რომელისამე ერს უნდა, რომ თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებანი დაიკმაყოფილოს და ან ესმოდეს, უეჭველად უნდა სთარგმნოს ხოლმე ისეთი სამეცნიერო ნაწარმოებნი, რომლებიც თვით ერს ვერ შეუქმნია თავის ენაზე, თუმცა ამასთანავე ისიც უნდა ითქვას, რომ, თუ თვით ერი არა სცდილობს თავისით შეჰქმნას სამეცნიერო თხზულებანი, განვითარება ამ ერისა იქმნება მხოლოდ ზერელა, არა მტკიცე.

გონებრივი მოქმედება ქართველებისა ჯერ-ჯერობით სიტყვა-კაზმულ მწერლობით განისაზღვრება. მწერლობის ამ დარგის აღორძინებიდან, წასული საუკუნის ნახევრიდან დღემდე - ამ დარგმა მწერლობისამ ორი ხანა განიცადა: თვისებითი და რაოდენობითი.

1890 წლამდე მწერლები და მკითხველები ნაკლებად იყვნენ. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, იმ დროის ნაწარმოებნი თვისებით საუნჯენი არიან მთელის ქართველის ლიტერატურისა.

ნ. ბარათაშვილი, გრ. ორბელიანი, ილ. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, რაფ. ერისთავი თავისებურის, ეროვნულ ელფერის მძლავრი პოეტები არიან. მათ ნაწერებში გამოკრთის სული და გული ქართველებისა. მათ ნაწერებს რომ კითხულობთ, თქვენ თვალწინ იშლება მთელი წარსული და აწმყო საქართველოისა და მომავალი თაობა მათ ჩასთვლის სამშობლო ცხოვრების გამომხატველად, ახალის პოეზიის შემქმნელად.

ამ უკანასკნელ 15 წლის განმავლობაში ლიტერატურა ძალიან განვითარდა და ნამეტნავად კი პუბლიცისტიკა. მართალია, პუბლიცისტიკას ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პუბლიცისტიკასთან ერთად უნდა ვითარდებოდეს ლიტერატურაც, „რომელიც უფრო მუდმივი და მტკიცე კულტურული ფაქტორია“. მოთხრობა და პოეზია არ უნდა დაიშრიტოს, ვინაიდან მათში უფრო ნათლად გამოკრთის ცხოვრება. თანამედროვე ქართული მწერლობა რომ გადაათვალიეროთ, თქვენზე განსაკუთრებულ გავლენა-შთაბეჭდილებას არც ერთი არ ახდენს. მათში არ მოიპოვება თავისებური დაღი, ქართველური ელფერი, რომელიც წარსულ საუკუნის ლიტერატურის დამახასიათებელ თვისებას შეადგენდა. შეიძლება ვსც დებოდე, მაგრამ ვეჭვობ, რომ მათში საკუთრივ ქართველური „მე“ გამოკრთოდეს, - ის „მე“ რაღაც გადმორგულ-გადმოღებულია.

ამის მიზეზად უხასიათობა და უცხო იდეალებით გატაცება უნდა ჩავთვალოთ, ე.ი. მიმბაძველობა.

შოპენჰაუერი ამბობს: იმ კერძო ადამიანსა, თუ ერს, რომელიც სხვის აზრებსა და თეორიებს ითვისებს, ან საკუთარ „მე“-ს სნეულება სჭირს, ან იმ ჭლექიანს მოგაგონებთ, რომელიც თავის სნეულობის შესწავლის მაგიერ, ყოველგვარ წამლებს ეტანება, რადგან ამ წამლებს სხვებისთვის ურგიათ.

ბრეიზგის აზრით: კულტურა თვითგანვითარებაა, ე.ი. ცხოვრების განვითარება თვით ერის სულიერ ძალღონიდან უნდა გამომდინარეობდეს. მაშასადამე, „მე“ განუწყვეტლივ და გულდასმით უნდა იკვლევდეს თავის საკუთარს ნაკლსა და სანამ გარეშე წამალს მიმართავდეს, თავის ორგანიზმშივე უნდა ეძიოს მისი მიზეზები. რითი არიან დიდებული მწერალნი თუ არა თავის ხალხის წყლულთა ნაკლულევანებათა გამოკვლევით? ზოლამ მთელი თავისი სამწერლო მოღვაწეობა ამ საგანს შეალია. ან და „კაცია ადამიანი?!“ ი. ჭავჭავაძისა იგივე არ არის?

ასე და ამ გვარად, მე მგონია, რომ ქართველთა კულტურის ასამაღლებლად, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა ქართველურ „მე“-ს ყოველმხრივი შესწავლა, მის ღირსება-ნაკლულევანებით. მხოლოდ მაშინ მიეცემა მწერლობასა და ხელოვნებას თავისებური ხასიათი, მხოლოდ მაშინ იქმნება იგი ნამდვილი სარკე ქართველთა ცხოვრებისა.

ივერია. - 1905. - 115. - გვ. 2-3

14.12 საქართველოს პოეზიის მომავალი

▲back to top


არტურ ლეისტი

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ქართული პოეზია დაადგა განვითარების ახალ გზას და, ახალ ძალას იკრეფდა საქართველოს წარსულიდან ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი აღფრთოვანებით და თან გულისტკივილით მღეროდნენ საქართველოს წარსულზე და იმ ქართველებს, რომელთა გულში მინელდა სამშობლოს სიყვარული, ამ გრძნობას უღვიძებდენ და უღვივებდენ. მაგრამ ამასთან ერთად მათ გააცოცხლეს საქართველოს უძველესი პოეზია, რომელიც მივიწყებული იყო და მხოლოდ ზოგიერთთა ხსოვნაში სცხოვრობდა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ბევრ ქართველს ეგონა, რომ მხოლოდ „ვეფხისტყაოსანი“ იყო წარსულის საუნჯე. ეს შეცდომა იყო. ქართული პოეზია რუსთაველის შემდეგაც ცოცხლობდა და ყვავილობდა, თუმცა ხშირად შეუმჩნევლად, ხალხურ გადმოცემებში, ზღაპრებში და სიმღერებში. მე-17 საუკუნეში კი გამოჩნდა ჭეშმარიტი პოეტი, სიცოცხლით სავსე ლირიკი - მეფე თეიმურაზ I. ის იყო პირველი, რომელმაც გააცოცხლა ქართული პოეზია, პირველი, რომელმაც ჩააქსოვა ლექსებში საკუთარი სევდა და ტკივილები, აღფრთოვანება და უჩვენა ყველას ქართველის სულისკვეთება. მის შემდეგ არიან სამეფო გვარის სხვა წევრები, პოეტები ვაჟები და ქალები. მათ შემდეგ ქართული სულის ოხვრა და კვნესა გახშირდა. მე-18 საუკუნეში, რომელმაც მოგვცა ისეთი პოეტები, როგორც ბესიკი, დავით გურამიშვილი და მეფე ერეკლე II-ის ასული ქეთევანი, უკვე ყველასათვის ცხადია, რომ ქართული პოეზია არა თუ მოკვდა, არამედ წინ მიიწევს და მას ბრწყინვალე მომავალი აქვს. მაგრამ როგორც პოლონეთში, დამოუკიდებლობის დაკარგვის დროს, ან როგორც იტალიაში უცხო სახელმწიფოს იქ ბატონობის დროს, საქართველოშიც პოეზია დაადგა ახალ გზას და აღორძინდა მხოლოდ დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ. ნიკო ბარათაშვილის და მის თანა მედროვეთა შემდეგ გაჩნდა ილია და მასთან, თითქმის იმავე დროს, აკაკი. რუსეთის მთავრობის სიმკაცრის მიუხედავათ ილიამ პირველმა აღმართა საქართველოს დროშა და აკაკისთან ერთად სული ჩაუდგეს ქართველ ერს. მათ გააძლიერეს ქართული პოეზია და ამ პოეტების ნაწარმოებებმა გააღვიძეს ქართველ ხალხში მიძინებული ძალა. თანამედროვე საქართველო, მისი ძლიერი სიყვარული თავისუფლებისადმი, მისი დემოკრატიული ძლიერება - უმთავრესათ გაიზარდნენ მე-19 საუკუნის ხალხურ-ეროვნულ პოეზიის ზეგავლენით. ეროვნული სახის შენარჩუნება, სიყვარული სამშობლოისა და თავისუფლებისადმი და დემოკრატიის ძლიერება - აი საფუძველი და მიზანი მომავალი ქართული პოეზიისა. In hoc signo vinces! ამ ნიშანის ქვეშ გაიმარჯვებ! აქ არის საქართველოსი და ქართული პოეზიის მომავალი და ფართო სარბიელი ახალგაზრდა ქართველ პოეტების აღფთოვანებისათვის.

პოეზიის დღე. - 1920. - 1. - გვ. 1-2

14.13 ტფ. გიმნასტიური საზოგადოება „სოკოლი“1

▲back to top


ტფ. გიმნასტიური საზოგადოება „სოკოლი“ (შევარდენი) დაარსა გიმნასტიკის მოყვარულთა წრემ 1898 წელს. „სოკოლის“ საზოგადოებათა შორის რუსეთში ეს საზოგადოება ყველაზე ადრე დაარსდა.

როგორც ვიცით, ამ გვარი საზოგადოებანი ძალიან არის გავრცელებული საზღვარ-გარედ, განსაკუთრებით ავსტრიის პატარა ერებში. პირველად ჩეხიამ შემოიღო ამ გვარი საზოგადოება. ეხლა იქ ქალაქი და სოფელი არ არის, რომ „სოკოლის“ საზოგადოება არ არსებობდეს. დღეს ჩეხიაში ასი ათასობით არის ჩაწერილი ქალი და კაცი „სოკოლის“ საზოგადოებებში. ჩეხიაში ამ საზოგადოებებს გიმნასტიკის გარდა სხვა დანიშნულებაც აქვთ. ჩეხიას დღეს ამ საზოგადოებების წყალობით მშვენივრად გაწვრთნილი რაზმები ჰყავს... საზოგადოების წევრები მალ-მალ იკრიბებიან და ვარჯიშობენ. წელიწადში ერთხელ იმართება სრულიად ჩეხიის „სოკოლის“ საზოგადოებათა ვარჯიშობა. ნამდვილი დღესასწაულია ხოლმე ამ დროს. მთელი ჩეხია იკრიბება. დიდ-ძალი საზოგადოება მოდის საზღვარ-გარეთიდანაც.

ჩეხიის მაგალითს სხვა წვრილმა ერებმაც მიჰბაძეს და დღეს ავსტრიაში არ არის ერი, რომლის ქალაქ-დაბა-სოფლები ამ გვარ საზოგადოებებით არ იყოს მოფენილი.

რუსეთში სულ ბოლო დროს შეუდგნენ „სოკოლის“ საზოგადოებების დაარსებას. როგორც ზემოდა ვსთქვით, ტფილისის საზოგადოება ამ მხრივ პირველია. წინად მთავრობაც ხელს უშლიდა და „სოკოლის“ საზოგადოების დაარსების ნებას არ აძლევდა.

ტფილისის „სოკოლის“ საზოგადოებაში დღეს ითვლება 185 ნამდვილი წევრი და 25 გარეშე მოსიარულე. ქალთა წრეში 50-ზე მეტი მონაწილეა. გიმნასტიური მეცადინეობა არის კაცებისათვის კვირაში სამჯერ, ხოლო ქალებისათვის - ორჯერ ვაჟთა პირველ გიმნაზიის გიმნასტიურ დარბაზში. გიმნასტიკა „სოკოლის“ სისტემაზე სწარმოებს, როგორც მიღებულია ჩეხიაში. საგიმნასტიკო ტანისამოსიც იქაური აქვს მიღებული. საზოგადოებას თავისი ინვენტარი აქვს, 700 მანეთად ღირებული წლიური საწევრო გადასახადი 6 მანეთია.

[...]

_______________

1. სტატია არასრულად იბეჭდება.

დროება: სურათებიანი დამატება. - 1910. - 5. - გვ. 3

14.14 „ფაუსტი“ ქართულ ენაზე

▲back to top


შოთა-დიანი [შოთა დადიანი]

ყველამ კარგად იცის, რამდენად ღარიბია ჩვენი ნათარგმნი ლიტერატურა. უცხო მწერლების საუკეთესო ნაწარმოებნი ქართულად თითით ჩამოითვლება. რასაკვირველია, ამისი მიზეზი მარტო ჩვენი დაუდევრობა არ არის. დღეს ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, მძლავრად მოიკიდა ფეხი იმ აზრმა, რომ რადგან შეგვიძლიან მსოფლიო გენიოსთა ნაწარმოებნი გავიცნოთ რუსულ ან სხვა ენაზე, ამიტომ საჭირო არ არის ქართულად მათი თარგმნაო. კიდევ კარგი, რომ ასეთ აზრს ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ ელემენტში ნაკლები მომხრე ჰყავს, არც ჩვენი ინტელიგენცია აკეთებს რასმეს. ჩვენი ლიტერატურისა და ენის განვითარების მოსურნე თითქოს ბევრია, მაგრამ საქმით არაფერი კეთდება და სურვილი სურვილადვე რჩება. იშვიათად შეხვდებით ჩვენ ინტელიგენციაში ისეთს, რომელსაც გაბმით ქართულად სჯაბაასი შეეძლოს: იწყებს ქართულად და ათავებს რუსულად, ან, პირიქით, ან კიდევ დომხალივით ურევს ორივე ენას ერთმანეთში. ვინ იცის რამდენი თქმულა და დაწერილა ამის შესახებ. ჩვენში აუარებელია გადაგვარებული, ენის სრულიად არ მცოდნე. არიან ისეთებიც, რომელთაც სასირცხვილოთ მიაჩნიათ ქართულად ლაპარაკი. მაგრამ ყველა ამას თავი დავანებოთ.

მე მინდა მხოლოდ შევეკითხო ზოგიერთ ჩვენ ახლად გამოჩეკილ მწერლებს: ნუ თუ უმჯობესი არ იქნება, უხეირო და უშინაარსო ლექსების წერას ხელი მიჰყონ საუკეთესო ნაწარმოებთა თარგმნას? იქნებ საკადრის საქმედ არ მიაჩნიათ თარგმნა! ვინ იცის, ჩვენ ხომ ყველაფერი უკუღმა გვესმის!

ჩვენი ნუგეში ის არის მხოლოდ, რომ მოიპოვება ორიოდე სხვაგვარი მუშაკი, რომელნიც ჩუმად, სრულიად უანგაროდ, მხოლოდ სამშობლო მწერლობისა და ენის სიყვარულით გატაცებულნი, ეწევიან „სხვისაგან“ აბუჩად აგდებულ შრომას. ერთი ასეთი მუშაკია „კურანისა“ და „ფაუსტის“ მთარგმნელი ქართულად ბ-ნი მირიანაშ ვილი. მან ჩვენს ნათარგმნს მწერლობას შესძინა ფრიად ღირსშესანიშნავი ნაწარმოები, რომელიც დღეს, იმის დაუღალავ შრომის წყალობით, ყველა ქართველს შეუძლიან შეიძინოს და უკვდავი ქმნილება საკუთარ ენაზე შეითვისოს. რასაკვირველია, „ფაუსტის“ ქართული თარგმანი არ არის უნაკლულო, მაგრამ ეს არც გასაკვირველია. მთარგმნელს არასდროს არ შეუძლიან ნათარგმნს ის სული ჩაუდგას, რაც ორიგინალს ახლავს და ამიტომაც „ფაუსტი“ ორიგინალს, ეჭვი არ არის, დაშორებული იქნება. მაგრამ დედა-აზრი, იდეა კარგად არის გადმოცემული. „მიძღვნას“, მარგარიტას სიმღერას და სხვას ვერავითარ წუნს ვერ დავდებთ, ისე მკაფიოდ გამოსჭვივის მათში გიოტეს გენიალური სული და გონება.

ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს ენის სიწმინდე, სიფაქიზე და ლექსიკონის სიმდიდრე. ენისა და იმის კანონების ცოდნა ახასიათებს თარგმანის გარეგნულ ფორმას.

ქართული ენის ცუდად მცოდნეთათვის თარგმანი შეიძლება ცოტა ძნელი გამოდგეს, მაგრამ ვისაც იმდენი ცოდნა მაინცა აქვს, რომ შეუძლიან ერთი რომელიმე აზრის გამოსათქმელად სხვა და სხვა სიტყვა იხმაროს, რაც ლექსიკონის სიმდიდრის მომასწავებელია, უსათუოდ მიხვდება, რა დიდი შრომაა ქართულად „ფაუსტის“ გადმოთარგმნა. ბ-ნი მირიანიშვილი მრავალ ძველ, მწერლობაში თითქმის დავიწყებულ, მაგრამ კარგ სიტყვასა ხმარობს. ასეთია, მაგალითად: სათაელი, სხივნარი, ძმაცურა, წახნაგება, ჭევლი, ხანძარი, ჯომარდი, ჯუფთი და მრავალი სხვა.

მადლობის ღირსია ბ-ნი მირიანაშვილი ასეთ დიდ და ამასთან უანგარო შრომისათვის. უანგაროს ვამბობ იმიტომ, რომ არავითარი ჰონორარი მას ამ თარგმანში არ აუღია და არც მოელის. „შრომის“ სტამბის ამხანაგობამ აღმოუჩინა დახმარება და უსასყიდლოდ დასტამბა თარგმანი მხოლოდ იმ პირობით, რომ ქაღალდი ეყიდნა თვით მთარგმნელს, რისთვისაც მას ორასი ეგზემპლიარი მიეცა. ჩვენში რომ ისეთი დაწესებულება ან წრე არსებობდეს, რომელსაც აზრად ჰქონდეს ასეთი თარგმანების გამოცემა, მაშინ მთარგმნელიც წახალისდებოდა და უფრო გულმოდგინედ მოჰკიდებდა საქმეს ხელს, და ჩვენს ლიტერატურასაც ბევრი რამ ახალი შეემატებოდა.

იმედი უნდა ვიქონიო, რომ ამ ჩვენთვის ძვირფას წიგნის შეძენას ყველა ჩვენგანი მოისურვებს და ამრიგად მაინც გამოვეხმაურებით, პატივცემულ მთარგმნელს.

დროება. - 1909. - 122. - გვ. 3-4

14.15 ქართულ გერმანული კულტურული საზოგადოებრივი ლექცია

▲back to top


. დოლიძე

კვირას 29 ენკენისთვეს ზემოხსენებულმა საზოგადოებამ გამართა გერმანულ ენაზე ძრიელ საინტერესო ლექცია.

ბატონმა არტურ ლეისტმა გააცნო დამსწრეთ მოკლეთ, მაგრამ ხელოვნურათ ქართული პოეზია.

ის შეეხო ჩვენს ძველ მწერლობას, გადმოვიდა თამარის დროზე და შოთა რუსთაველის დიდ მნიშვნელობაზე. აღიარა რომ 12-ე საუკუნეში ქართული ლიტერატურა და ხელოვნება ყვაოდა და უმაღლეს წერტილამდე აღწევდა.

ახსნა ალ. ჭავჭავაძის, გრ. ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და სხვა ჩვენი მწერლების მოღვაწეობა-მნიშვნელობა ქართული პოეზიისთვის. შეეხო თუ რა ზარალი და ცუდი შედეგები ქონდა ქართულ მწერლობა პოეზიისთვის რუსეთის რეჟიმს და შევიწროებას. ხოლო მეორეს მხრით აღნიშნა რუსეთის მწერლობის დიდი და სასარგებლო გავლენა ქართულ პოეზიაზე. პატივცემულმა ლექტორმა აღგვითქვა შემდეგისთვის ჩვენი ახალი მწერლების და პოეზიის შესახებაც ვილაპარაკებთო. ბ-ნ ლეისტის შემდეგ ბ-მა ფრ. ჰაინმა წაიკითხა გერმანულათ რამდენიმე ლექსი ქართველ მწერლებიდან. გრ. ორბელიანიდან, ნ, ბარათაშვილიდან, ი. ჭავჭავაძიდან. აკაკის ლექსმა „ქართველი ქალის სიყვარული“ დამსწრე საზოგადოება ცოტა არ იყოს გაამხიარულა.

საზოგადოთ ასეთ ლექციებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მას სარგებლობის მოტანა შეუძლია.

დიდი მადლობის ღირსნი არიან ამ საქმის მოთავენი. ამ საზოგადოებას შეუძლია დიდი სამსახური გაუწიოს ჩვენს დაახლოებას გერმანელებთან.

საჭიროა ამხანაგები მრავლად ჩაეწერონ ამ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ვინც გერმანული ენა ცოტათი მაინც იცის.

ხსენებულ ლექციას დიდძალი საზოგადოება დაესწრო.

ერთობა. - 1918. - 212. - გვ. 3

14.16 ჩვენი მხატვრები

▲back to top


პარიზიდან დაბრუნდა ს. დამფუძნებელი კრების წევრი იოსებ გობეჩია, რომელიც მთავარი ინსტრუქტორია პარიზში მოსწავლე ახალგაზრდობისა. ი. გობეჩიას გადმოცემით ქართველი მხატვრები ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე პარიზში მართავენ შემოდგომის გამოფენას. გამოფენილ იქნება სრულიად ახლათ დაწერილი სურათები.

ბარრიკადი. - 1920. - 1. - გვ. 4

14.17 ხელოვნება პარიზში

▲back to top


რამდენიმე კვირის წინეთ პარიზიდან დაბრუნდა საქართველოს დელეგაციის და დამფუძნებელი კრების წევრი იოსებ გობეჩია, რომელსაც დელეგაციის მიერ მინდობილი ქონდა საზღვარ გარეთ გაგზავნილ სტუდენტების ინსტრუქტორობა. ბ-ნმა გობეჩიამ შემდეგი გადმოგვცა ჩვენი მხატვრების და საერთოდ უცხოელ ხელოვანთა მუშაობის შესახებ.

ჩვენი მხატვრები - გუდიაშვილი, ქიქოძე და კაკაბაძე ჩამოსვლისთანავე შეუდგენ ენერგიულ მუშაობას და შეეცადენ მიეღოთ მაქსიმუმი იმ ცოდნის, რაიცა შეუძლია მიიღოს მხატვარმა პარიზში.

რამდენიმე თვის შემდეგ მხატვარმა ქიქოძემ უკვე იშოვნა სტუდია და დაიწყო მუშაობა. დახატული აქვს მრავალი სურათები პარიზის ცხოვრებიდან და პორტრეტები. სხვათა შორის დიდი პორტრეტი კ. ჩხეიძისა.

გუდიაშვილმა სტუდიის შოვნა ვერ მოახერხა.

აქვს ერთი ოთახი და მუშაობს შიგ. მასაც მრავალი ტილოები აქვს. მისი სურათებიც აღებულია პარიზის ცხოვრებიდან მაგრამ მისი მანერა სულ სხვა ნაირია და ამ მხრით გუდიაშვილის სტილის ტილოები წარმოადგენენ დიდ ინტერესს.

კაკაბაძის ნახატების დათვალიერება ვეღარ მოვახერხე, მხოლოდ უნდა ვსთქვა, რომ ის მეტად სერიოზულად ეკიდება თვის საქმეს.

ამ ბოლო დროს მათში დაიბადა აზრი საკუთარი გამოფენის მოწყობის. ამ აზრს იცავს გუდიაშვილი. დანარჩენები მეტად სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ მე მგონია გამოფენის მოწყობას ისინი შესძლებენ.

სამივე მხატვარი მოწადინებულია მალე დაბრუნდეს სამშობლოში. ამიტომ მათ მიმართეს ჩვენს დელეგაციას, რომ გაედიდებინათ მათი სარგო 1000 ფრანკამდე, ვინაიდან ფული რომელიც მათ ეძლევათ საცხოვრებლათ თუ ყოფნით და მუშაობით გამოწვეულ ხარჯებს ვერ აკმაყოფილებენ. ფულის მომატებით მათ მიეცემათ საშუალება მეტი შეისწავლონ მოკლე ხანში და ამით მალე დაამთავრონ იქ მუშაობის პერიოდი.

საერთოდ პარიზს დიდძალი მხატვრები მიაწყდა. ასე რომ ფრანგი მხატვრები სულ გაითქვიფენ უცხოელებში. დიდი მოთხოვნილბა აქვს დეკორატიულ მხატვრობას, ამ დარგის მხატვრები დიდძალ ფულს შოულობენ. რადგანაც პარიზში თითქმის ყოველ დღე იხსნება ახალი თეატრები, რომელშიაც დეკორატიული მხარე უმაღლეს მიღწევამდეა აყვანილი.

ამ ბოლო დროს დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში ახალი ყოველ დღიური საკითხების თეატრები, სადაც თვით ავტორებია ბილეთის გამყიდველიც, აქტიორიც და კონფერანსიეც. ამ თეატრებში კაცი თავს გრძნობს საკუთარ სახლში, ან ოჯახურ საღამოზე - ისეთი ინტიმობაა სცენასა და მსმენელთა შორის:

პარიზში დღესაც გრძელდება დიდი უკმაყოფილება, რომელიც გამოიწვია მშრომელთა ფედერაციის სეკრეტარიატის დადგენილებამ არტისტების კავშირში ჩარიცხვის შესახებ. ამ ფედერაციაში შედის ყოველ დარგის მუშა და მათ შორის მსახიობების შიგ შესვლაც გადაწყდა. ასე რომ აქტიორს, რა ნიჭიერიც არ უნდა ყოფილიყო ის უფლება არ ქონდა გამოსულიყო, თუ ამ საერთო კავშირის წევრი არ იქნება და მსახიობის სახელით კავშირში ეწერებოდენ უბრალო მანტიორები. ამან გამოიწვია მსახიობთა გაფიცვა და დიდი პროტესტი. ეს კონფლიქტი ჯერაც არ დამთავრებულა.

ფუტურისტები თითქმის აკადემიური შეიქმნენ, მათ სურათებს შეხვდებით სახელმწიფო მილერეებშიც, ეხლა იქ გაჩდა მემარცხენე ფრთა ფუტურისტების „დადაიზმი“ რომელნიც ყველაფერს ეუბნებიან უარს.

ტფილისის ნაცნობ მხატვრებიდან პარიზში არიან ს. სუდეიკინი და ს. სორინი რომელნიც კარგად მოეწყვენ.

ბ. გობეჩიას მიერ მოწოდებული ბეჭდვითი მასალა შემდეგ ნომრებში იქნება დაბეჭდილი.

ბარრიკადი. - 1920. - 2. - გვ. 2

14.18 ჯოკონდა

▲back to top


დიანა [დარია ქაჯაია-ახვლედიანისა]

(ესქიზი)

მთელი ორას ორმოცდა ცხრა წელიწადი ჯიოკონდას სურათი საფრანგეთში იმყოფებოდა და მის მშვენიერ ტუჩებს საიდუმლო ღიმილი ერთხელაც არ მოშორებია! ამ ქმნილების საოცარი ღიმილი ანდამანტივით, ყველას თავისკენ იზიდავდა; ადამიანს იგი სულს უხარებდა, გულს უცისკროვნებდა. - მეცნიერები მას ეტრფოდენ, მწერლები - აღმერთებდენ; მგოსნები - უმღეროდენ და ადიდებდენ. არა ერთს, მისი სილამაზით დამონებულს მისკენ პირი მიუბრუნებია და წყნარათ უთქვამს ჯიოკონდა, მე შენ მიყვარხარ! არა ერთ არსებას მის წინ მოწიწებით მუხლი მოუდრეკია და იმ ადგილას, სადაც იგი სხივოსნობდა ათრთოლებული ხელით მშვენიერი თაიგული დაუსვენებია.

საღმერთებელი ჯიოკონდა მეც მინახავს... მის მშვენიერ ტუჩებს არა ერთხელ აუშლია ჩემს გულში მწარე ფიქრები მისი მომაჯადოებელი ღიმილის ზეგავლენით, არა ერთხელ მომიკრეფია ცხოვრების ძალა იმედი - ბედნიერებისა!.. და ახლა ამ მშვენიერ სურათს ვიღაცამ მოსაპარავათ ხელი გაუწვდინა და საფრანგეთის მშვენიერების ტაძრის კედლიდან მოწყდა ქმნილება დიდებული ნიჭისა! სტირის განათლებული საფრანგეთი ამ სურათის გამო. გოდებს - მთელი ქვეყანა. არც მაროკოს მწვავი საკითხი, არც სპარსეთის ხალხის კეთილდღეობის დასამხობათ ცეცხლითა და მახვილით მიმავალი შახის ბედი ახლა არავის აინტერესებს. მთელ დედამიწის ზურგზე მხოლოდ ერთი სახელი გაისმის „ჯიოკონდა“.

ოხ, ჯოკონდა, თუ შენ ოდესმე გყვარებია სენის ტალღების ნელი დუდუნის სმენა, თუ შენ ოდესმე გაგიღიმია საფრანგეთის მაღალი ნიჭით აღგზნეულ მგოსნებისათვის, ახლაც გაუღიმე „იმას“, ვინც შენ მოგიტაცა!

გახვიე იგი შენი მშვენიერების სხივებში, შთაბერე მას სული სათნოებისა და კაცთმოყვარებისა; გაუქარწყლე მას ცხოვრების მოთხოვნილებათა მდაბიო სურვილები, რომ ქვეყნის გოდებას სმენა ათხოვოს და შენი ღიმილი კაცობრიობას კვლავ დაუბრუნოს!

კოლხიდა. - 1911. - 125. - გვ. 3

15 ევროსკეპტიციზმი

▲back to top


15.1 დამოუკიდებლობის გამოცდა

▲back to top


სამსონ ფირცხალავა

არა ერთხელ თქმულა, რომ ქართველმა ხალხმა ეროვნული თავისუფლება შედარებით იოლად მოიპოვა. მსოფლიო ომის და რუსეთის რევოლიუციის განვითარებამ სტიქიურის აუცილებლობით წარმოშვა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს იყო ერთად ერთი შესაძლებლობა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო უთუოდ. ჩვენი შეგნების და მოქმედების მონაწილეობა ნაკლები იყო. რაც მოხდა, უნდა მომხდარიყო.

მაგრამ ასე ადვილად თუ მოვიპოვეთ, რასაც სხვა დროს და სხვა პირობებში დასჭირდებოდა მრავალი წლის და შეიძლება მთელი საუკუნის თავგანწირული ბრძოლა და ურიცხვი მსხვერპლი, - სამაგიეროდ ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებას და შენარჩუნებას მეტად ბევრი შრომა და ენერგია სჭირდება. თითქოს რაც მოვიგეთ ეროვნულს თვით არსებობის აღდგენაზე, უნდა დავხარჯოთ ახლა მისი დაცვისათვის. ეს დაცვა ძალზე მძიმე და გართულებულ გარემოებაში გვიხდება, წელიწადნახევარია გამუდმებული ომი და სისხლის ღვრა გვაქვს. ერთს დღესაც არაა დასვენება. ერთს მტერს რომ მოვიგერიებთ, მეორე და მესამე გვიჩნდება, ერთს ალაგას რომ ჩავაქრობთ ცეცხლს, იგი მეორე ალაგას ჩნდება. ვეძებთ თანამგრძნობს და დამხმარეს, მზადა ვართ ყოველნაირი შეთანხმებისა და დათმობისათვის, მაგრამ არსადაა გულწრფელი მეგობარი. ყველას ერთი სწადია - ჩვენი დამხობა, ჩვენი დამოუკიდებლობის მოსპობა.

ასეთია საქმის ვითარება დღესაც თავისუფლების მეთვრამეტე თვეზე. მთელი ქვეყანა ისე უცქერის ჩვენს გაჭირვებას, როგორც სეირს, თვალისა და ყურის გასართობ მოვლენას. ერი, რომლის ისტორია ათას წლობით განიზომება, ერი, რომლის თავგადასავალი ერთი დაუსრულებელი ბრძოლაა თავის არსებობისა და კულტურისათვის, ერი, რომელიც ახლად აღმდგარი ცდილობს წელში გამართვას და ადამიანური ცხოვრების დამკვიდრებას, ეს ერი არ იწვევს სიმპატიას ევროპის განათლებულ ერთა შორის და მცირედი დახმარების ნაცვლად ყველა იმასაა მოწადინებული, რომ როგორმე კიდევ უფრო გაუმწაროს მდგომარეობა, კიდევ უფრო გაუძნელოს თავის დაცვა. შეიძლება ყველაფერი ეს ბუნებრივი იყოს ახლანდელი კერძოობის და ბურჟუაზიულ წყობილების ხანაში, როცა ყველა მხოლოდ თავისთვის ცხოვრობს და სხვისი ჭირი - კედელს ჩხირიო, - მაგრამ ასეთს გულქვაობას და მტრობას, რომელსაც იჩენენ დღეს ქვეყნის ბატონები დაჩაგრულ ერების აღორძინებისადმი, არ შეუძლია არ გამოიწვიოს დიდი სიმწარე და ნაღველი მთელი კაცობრიობის კულტურის მიმართ...

ჩვენ არ მოვითხოვთ არაფერს გადამეტებულს, ვეძებთ ელემენტარულს, მცირეოდენს სამართალს, მაგრამ იგიც არსად არის! ნუ თუ მართლაც მხოლოდ აწინდელ ქვეყნიერების სრულს ნანგრევებზე უნდა აღმოცენდეს თავისუფლება?

შარშან მაისის ოცდაექვს გამოცხადდა ქართველი ერის გადაჭრილი ნებისყოფა - რომ მას სურს ცალკე არსებობა, საკუთარი სახელმწიფოებრივობა, სხვა პირობებში შეუძლებელია მისი ცხოვრება, მისი განვითარება. თვრამეტი თვის არსებობამ დაამტკიცა, რომ ეს დამოუკიდებლობა არ ყოფილა შემთხვევითი, წუთიერი გადაწყვეტილება, რომ ხალხს აქვს უნარი თვითარსებობისა, რომ იგი თავის სისხლით იცავს მას. მაგრამ პარიზის კონფერენციის მესვეურნი ანგარიშს არ უწევენ ამ გარემოებას და მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ უფრო გააძლიერონ ჩვენი ისტორიული მტრები ჩრდილოეთით და სამხრეთით და ქართველი ერი ისე შებორკონ და შეხუთონ, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ხელი ააღებინონ დამოუკიდებლობაზე. მათი თვალთმაქცობა გაშიშვლდა და თუ წინად ლაპარაკობდნენ მაინც დამონებული ერების აღდგენისათვის, დღეს უკვე მოურიდებლად აცხადებენ, რომ მათი მიზანია დენიკინების და კოლჩაკების გაძლიერება, ყოფილ რუსეთის განთავისუფლებულ ერების კვლავ დამონება და განადგურება.

მაგრამ ეს შესაძლებელია? შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ახლად აღორძინებულ ერების მიწაწყალი სისხლით მოირწყება და მეორედ გაჩაღდება ახალი მსოფლიო ომი. ვაი თუ მაშინ სხვაფერ შეტრიალდეს ქვეყნის ბორბალი და ვინც დღეს სხვის დაპყრობას ფიქრობს, საძებარი გაუხდეს საკუთარი თავისუფლება?..

ერთს რასმე დაჟინებით გვიკარნახებს დღევანდელი საერთაშორისო ძალთა განწყობილება და ჩვენი მდგომარეობა: განვაგრძოთ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა, მოვაწყოთ ჩვენი შინაური ცხოვრება, მთელის ღონით შევებრძოლოთ ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს შიგნით ჩვენს დამოუკიდებლობას, და ამასთან ერთად ოდნავად ერთს წუთსაც ნუ შევდრკებით გარეშე პირდაპირის თუ ფარულის მტრების წინაშე. დეე იცოდეს ყველამ, რომ მხოლოდ ჩვენს გვამებზე და ჩვენი სამშობლოს ნანგრევებზე შეუძლიათ გააუქმონ ქართველი ერის დამოუკიდებლობა. საქართველოს არ შეუძლია თავისუფლების დათმობა - ეს მისი სიცოცხლეა - და თუ დღევანდელი ქართველები ვერ მოვახერხებთ აღდგენილ ეროვნების დაცვას, ეს იქნებოდა მთელი ჩვენი ისტორიის სამარცხვინო წაშლა, ეს იქნებოდა სრული დავიწყება მრავალ თაობის ნაანდერძევის, ფეხით გათელვა ჩვენი უგულითადესი მისწრაფების!

მარტო გვიხდება თავისუფლების დაცვა, მაგრამ თუ არ შეირყევა ჩვენს გულში მისი სიყვარული, ნუ შეგვაშინებს ნურც მტრობა ვისიმე, ნურც მუქარა, ნურც მუხანათობა. ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებლობას ვერავინ წაგვართმევს, თუ ჩვენ არ გვინდა და მზადა ვართ მის დასაცავად ყოველი მსხვერპლისთვის.

სახალხო საქმე. - 1919. - 678. - გვ. 1-2

15.2 „ევროპა გვიხსნის!“

▲back to top


თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხის უკანასკნელი იმედი ყოველთვის „განათლებული ევროპა“ იყო. როდესაც ბურები ინგლისელებს ეომებოდნენ, სწამდათ (მართალია, დიდ ხანს არა), რომ ევროპა ნებას არავის მისცემს მათი თავისუფლების გათელვისას. ამ ორიოდე დღის წინად კონსტიტუციის მომხრე სპარსელებიც ამით ინუგეშებდნენ თავს. რუსეთშიაც, როდესაც რეაქცია დაუნდობლად შეუდგა კონსტიტუციონალისტების „რეალურ“ იმედების გაქარწყლებას, მოქალქე-რომანტიკოსი წყალ-წაღებულივით ხავს ეჭიდებოდა: „ევროპა გვიხსნისო“!

ევროპა - უკანასკნელი ინსტანციაა დაღუპულ იმედებისა, ევროპა აკერიათ პირზე იქ, სადაც კი ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დაცვაა საჭირო: მოვა ძალ-ღონით აღჭურვილი ევროპა და შესძახებს მტარვალებს: მე ვარ! არ მოქცემ ნებასო!

წყალ-წაღებული რომ ხავს ეჭიდება, ხოლო განსაცდელში მყოფი ხალხი - ევროპას, ეს ბუნებრივია: ასეთია პსიხოლოგია გაჭირვებულისა, მაგრამ აუარებელ გამოცდილების შემდეგ შეუწყნარებელია ევროპაზე იმედების დამყარება: უფრო შეუწყნარებელია თავისუფლებისთვის ბრძოლის საშუალებათა რიცხვში ევროპის ჩათვლა.

ოსმალოს ხალხმა თითქმის სასწაული მოახდინა: სწრაფად მოხერხებულად და თითქმის სისხლის დაუღვრელად ძირს დასცა პოლიტიკური და მოქალაქეობრივი წყობილება ძველ ოსმალეთისა, მტარვალობის ქვეყანამ, ყველას სალაპარაკოდ (ასე წარმოიდგინეთ რუსეთშიაც-კი) გადაქცეულმა ოსმალეთმა ერთ მშვენიერ დღეს თითქო გამოიღვიძა და ერთბაშად გადაიქცა - კონსტიტუციონურ სახელმწიფოდ... და აი აქაც ევროპამ, რომელმაც ყოველთვის მოხერხებულად იცის ხოლმე „ფაქტის აღიარება“, თუ-კი იგი მის რეალურ ინტერესებს ხელს არ უშლის, სიხარული მორთო: ოსმალეთს ყოველ მხრიდან მილოცვებს უგზავნიდნენ, ულოცავდნენ ახალ-წესწყობილებას, განათლების გზაზე დადგომას და სხვა ასეთ კარგ რამეებს, ამასთან ევროპა ულოცავდა ყველას ამას ისეთსავე თავგამოდებით, როგორის თავგამოდებითაც გასწეწავდა „ავად მყოფ კაცის“ მემკვიდრეობას, თუ კი იგი სიკვდილს მოისურვებდა. ოსმალეთს ულოცავდნენ; ოსმალეთი მიიღეს თავისუფლების მოყვარე ევროპიელ ხალხთა ოჯახში; შეუზიარეს კულტურას, უფლებას, კანონიერებას; ოსმალეთს თითქმის უფლებაც კი მისცეს, ილდიზ-კიოსკის ალაყაფის კარებზე დაეწერა: „თავისუფლება, თანასწორობა და ერთობა“. და ოსმალეთს აღუთქვეს შველა.

მაგრამ ოსმალეთი საშინელ დღეებს განიცდიდა. თავისუფლება აგრე რიგად ადვილი მოსაპოვებელი არ არის. საშინელი აჩრდილები უბრძოლველად არა სტოვებენ თავიანთ ბუნაგებს. ძველ ოსმალეთსაც ასევე სწყურიან სიცოცხლე, როგორც ახალს, ორივეს ერთად-კი ცხოვრება არ შეუძლიანთ. ბრძოლა ჯერ არ გათავებულა, კონსტიტუცია ჯერ ბატონი არ არის, შიგნით სდუღს და გადმოდის ერთ-ერთმანეთის სიძულვილი. ინტრიგა თავისუფლად დაჰქრის, მზადდება, შესაძლებელია, სასტიკი თავზარდამცემი გათელვა ოსმალეთის ახალგაზრდა თავისუფლებისა.

და აი ამ დროს, როდესაც განმათავისუფლებელი ძალები „ევროპულ კულტურის“ მოპოებით არიან შთანთქმულნი, როდესაც გარედან ცოტა რამეც საკმაოა, რომ ყველაფერი დაინგრეს, ჩაიშალოს, - სწორედ ამ დროს „განათლებული ევროპა“ იწყებს ოსმალეთის ნაწილ-ნაწილად წეწას. ავსტრია, რომელმაც ბოსნია-ჰერცოგოვინას ჩაავლო კლანჭი, მისგანვე ბოლგარიის წაქეზება დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად, კრიტოსი, რომელიც საბერძნეთმა ჩაიგდო, და ყველაფრის სათავეში მდგომი განათლებული გერმანია, რომელიც მეზობლებს ყურში ჩასჩურჩულებს ოსმალეთის გაწეწვის პოლიტიკას - აი სურათი ევროპის შველისა.

რეალურ პოლიტიკის თვალსაზრისით სწორეთ შესაფერი მომენტია ამორჩეული: მაშ როდისღა უნდა გასწეწო მოწინააღმდეგე, თუ არ გაჭირვების დროს?

მაგრამ განათლებული ევროპა? მაგრამ ახალგაზრდა ოსმალთა თვალებში ჯოხების ჩაჩხირვა? მაგრამ შეგნებულად პროგრესის დახრჩობა, რომელსაც ასე ულოცავდა გერმანია ოსმალეთს?

მაშ რაღა ჰქნან პოლიტიკურმა რომანტიკოსებმა, რომელნიც ყოველთვის განათლებულ ევროპას შესტრფიალებენ? მათ ეხლაც „ევროპა გვიხსნის“-ის იმედი აქვთ, ხოლო რადგან რომანტიკოსებისთვისაც კი აშკარაა ავსტრო-ჰუნგრეთისა და გერმანიის პოლიტიკა, ამიტომ მათ ეხლა ევროპის დანარჩენ სახელმწიფოების იმედი აქვთ, „ინგლისი გვიხსნისო“, გაიძახიან რომანტიკოსები. სახელმწიფოთა კონფერენცია ყველაფერს მოაწყობსო. Bერლინის ტრაქტატის გადასინჯვაა ოსმალეთის დაცვა მისს შინაურ განახლების მტრებისაგანაო.

მაგრამ პოლიტიკურ რომანტიკოსებს ავიწყდებათ, რომ საერთა-შორისო პოლიტიკაში მთავარი ძარღვი რეალური გამორჩენაა.

მე მწამს, რომ სახელმწიფოთა კონფერენცია მოხდება. მწამს, რომ ბერლინის ტრაქტატს გადასინჯავენ. მაგრამ არა მწამს, რომ ოსმალეთის უფლებებს აღადგენენ, რომ ბოლგარია უკან დაიბრუნებს თავის ფორმალურ დამოუკიდებლობას, ავსტრია - ორ პროვინციას, საბერძნეთი კი კრიტოსს. ეს კია, ევროპის სახელმწიფონი მოითხოვენ კომპენსაციას - თვითეული თავისთვის, და ყველაფერს რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ოსმალეთის ხარჯზე. დაკმაყოფილება - ესაა ყველაფერი. Do ut des - ასეთია პრინციპი საერთა-შორისო სამართლიანობისა. სხვანაირად: აიღე, მაგრამ მეც მომეო.

ნუ გაქვთ იმედი ევროპისა! ევროპისათვის სულ ერთია: ოსმალეთის ხალხი ძველი რეჟიმის ბრჭყალებში დაიხრჩვება, თუ კულტურულ სახელმწიფოდ გადაიქცევა. იგი ერთსა სცდილობს მხოლოდ: მარჯვე და მოხერხებულ დროს წაჰგლიჯოს რამე.

„განათლებულ“ ევროპაში ისეთივე ეგოიზმია გამეფებული, როგორიც „ველურ“ აზიაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ევროპის ეგოიზმი „განათლებულია“. ამიტომაც სახელმწიფოთა კონფერენცია სრულებითაც არ იქნება აღჭურვილი ალტრუისტულ მისწრაფებით; ამ კონფერენციაზე თვითეული სახელმწიფო წავა ერთად-ერთის მისწრაფებით - საკუთარ ეგოიზმის დასაკმაყოფილებლად.

პოლიტიკური რომანტიზმი, რომელსაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ევროპის იმედი აქვს, დამყარებულია ერთ ძირითად შეცდომაზე: მას ერთი და იგივე ჰგონია ევროპიელი მთავრობების და ხალხები და ამასთან ვერ შეუფასებია საზოგადოების აზრის გავლენა ევროპაში. დიაღ, მთავრობასა და ხალხს შორის დიდი განსხვავებაა.

გენერალი ბუადეფრი ჯერ კიდევ უფრო გავლენიანია, ვიდრე ემილ ზოლა. და ეს გენერალი ჯერ კიდევ თავის სურვილისამებრ მოქმედებს, სხვის დაუკითხველად... („უტრო“).

ამირანი. - 1908. - 187. - გვ. 1

16 სხვადასხვა

▲back to top


16.1 ბრძოლის ახალი საშუალებანი

▲back to top


ვლ. დარჩიაშვილი

დაწინაურებულ ქვეყნების განვითარება სურათია უკან ჩამორჩენილ ქვეყნების მომავალ განვითარებისა; მაგრამ ეს არა ნიშნავს იმას, ვითომ ყველა ქვეყნების ისტორია ერთი და იგივე იყოს. მართალია ისტორიის არსებითი შინაარსი, არსებითი მიმდინარეობა (და არა ფაზისები) ყველგან ერთი და იგივეა, რადგან თვითონ ადამიანი ერთი და იმავე ბუნების შვილია, მაგრამ ისტორიის გამოხატულება, მისი ფორმები სხვადასხვა ნაირია, თანახმად ქვეყნების არსებულ სოციალ-პოლიტიკურ და ისტორიულ პირობათა სხვადასხვაობისა. ამერიკამ და საფრანგეთმა მე-XVIII საუკუნის დამლევს მოახდინეს ის, რაც ინგლისმა მოახდინა მე-XVII საუკუნის დამლევს; გერმანიამ და ავსტრიამ 1848 წ. იგივე გაიმეორეს, რაც ამერიკა-საფრანგეთმა მე-XVIII საუკუნის დამლევს. მაგრამ ყველგან სხვადასხვა იყო ფორმები ამ დიად ისტორიულ მოძრაობისა. აგრეთვე რუსეთის იმპერია დღეს იძლევა იმავე სანახაობას, რაც იყო საფრანგეთში ამ ერთი საუკუნის წინად. აქაც და იქაც ერთი და იგივეა დედა-აზრები, პრინციპები, იდეალები, მაგრამ სხვადასხვაა მათი განხორციელება, რადგან სხვადასხვაა ისტორიული ვითარება, სხვადასხვაა საზოგადოებრივ ძალთა განწყობილება. საკმაოა აღვნიშნოთ თუნდ ის გარემოება, რომ საფრანგთის რევოლუციამ სიზმრადაც არ იცოდა ის სოციალური მოძრაობა (მუშათა პარტიები), რომელიც დღევანდელ რუსეთის პოლიტიკას ძლიერ ნაკადულად ერთვის.

საზოგადოებრივ ცხოვრების ახალი შინაარსი ითხოვს ახალ გამოხატულებას, საზოგადოებრივ მოქმედების ახალ ფორმებს. ფორმათა ჩვენება, დახასიათება, სინათლეზე გამოტანა მიუცილებელი ვალია მოწინავე საზოგადო მოღვაწისა; და ეს ფორმები, ისე როგორც მათი განსახორციელებელი საშუალებანი, უსათუოდ მონახულ უნდა იქმნან თვით ამ ცხოვრების გულის სიღრმეში, თვით ამ ცხოვრების კონკრეტულ სოციალ-პოლიტიკურ პირობებში. დაწინაურებულ, უცხო ქვეყნების მაგალითები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძვირფასი არის; მათი ისტორია ჩვენი მასწავლებელია, მათი ცხოვრება ჩვენი ხელმძღვანელია. მაგრამ მათი ფორმების, მათი იარაღების შაბლონიურად (განუსჯელად) გადმოტანა კი მიუტევებელი დანაშაულობაა. თუ კრძო კაცის ცხოვრებაში ბრმა მიმბაძველობა სასაცილოა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ მიმბაძველობამ შეიძლება მიიღოს მეტად ტრაგიკული ხასიათი. მან შეიძლება გამოიწვიოს ისედაც გატანჯულ ხალხის უნაყოფო, უსარგებლო და გადამეტებული ტანჯვა ვაება.

ერთად-ერთი ავგაროზი, რომელიც მოწინავე საზოგადო მოღვაწეს თავიდან ააცდენს საშინელ დონ-კიხოტობას და შეუძლებელ ჰყოფს, ხალხის მეგობარი ხალხის მტრად გადაიქცეს, ერთად-ერთი ავგაროზია საზოგადოებრივი მეცნიერება, რომლის ქვაკუთხედია კონკრეტულ ცხოვრების ანალიზი და ამ ანალიზის დასკვნა: აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, - ჭეშმარიტება კონკრეტულია. მაშ, ყველაფერი დროისა და ადგილის მიხედვით უნდა გაირკვეს.

დღეს როცა რუსეთი განიცდის პოლიტიკურ რევოლუციას, მოწინავე საზოგადო მოღვაწეთა აზრი მიჯაჭულია იმ ქვეყანაზე, რომელიც სამართლიანად ითვლება პოლიტიკურ რევოლუციის კლასიკურ ქვეყნად.

ამ წერილში ჩვენ არ შევუდგებით იმის განხილვას, თუ რა დიდი განსხვავებაა ეხლანდელ რუსეთსა და მე-XVIII-ტე საუკუნის დამლევის დროინდელ საფრანგეთს შორის. აქ ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ რევოლუციის ფორმები, ბრძოლის საშუალებანი და ამიტომ შევჩერდებით მხოლოდ ამ საკითხზე.

დღეს ევროპის სოციალისტურ პარტიებში საზოგადო აზრია, რომ ეხლანდელ პირობებში ხალხს აღარ შეუძლიან რევოლუციის მოსახდენად ისარგებლოს იმავე იარაღებით, იმავე საშუალებებით, რომლითაც სარგებლობდნენ ევროპის წარსულ რევოლუციების დროს. ამ აზრისა იყო ენგელსი, ამავე აზრისაა კერძოდ რუსეთის შესახებ კაუტსკი1.

შეიძლება მკითხველმა შეგვნიშნოს, მიუხედავად მაგ აზრისა, რევოლუცია ჩვენშიაც ისევე ხდება, როგორც ხდებოდა ევროპაში, სისხლი ჩვენშიაც იღვრება, როგორც იღვრებოდა პარიზშიო. დიაღ, ასეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარიზში სისხლი იღვრებოდა ბარიკადებზე, ჯარებთან შეიარაღებულ ხალხის შეტაკების დროს, ჩვენში კი სისხლი იღვრება ტროტუარებზე, ფართო ქუჩებზე, სადაც არავითარი ბარიკადა არ მოსჩანს, იჟლიტება სრულიად უიარაღო, იჟლიტება სრულიად მშვიდობიანი ხალხი დარბაზებსა და გიმნაზიებში!

რევოლუციონური ბრძოლის ძველი საშუალებანი გააბათილა საომარ ტეხნიკის განვითარებამ (რაც ერთი ნაშხეფია საწარმოვო ძალთა, საწარმოვო ტეხნიკის განვითარებისა), ბრძოლის ფორმები შესცვალა საომარ ტეხნიკის შეცვლამ. ტეხნიკა შეიცვალა ჯერ-ჯერობით მაინც, მთავრობის სასარგებლოდ და რევოლუციონურ ხალხის საზარალოდ. „ახლანდელ დროში სახალხო შეიარაღებულ რევოლუციას გაწვრთნილ ჯართან მხოლოდ პარტიზანული და ჯარის დამქანცველი ბრძოლა თუ შეუძლიან, თორემ არასოდეს - ბრძოლა პირდაპირი და განწყობილი2. ჩვენ ვეთანხმებით ამ სტრიქონების ავტორს. გამოთქმული აზრი მართალია, მაგრამ იგი მაინც არ იძლევა სრულ წარმოდგენას აღძრულ საკითხზე: თანამედროვე პირობებში შეუძლიან თუ არა ხალხს რეგულარულ ჯარების წინააღმდეგ პირდაპირი გამოსვლა? ნათქვამი აზრი არ იძლევა სრულ წარმოდგენას საგანზე, რადგან ავტორს დავიწყებია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება. სახელდობრ ის, რომ ისტორიაში დღეს, ისე როგორც გუშინ და ხვალაც, შესაძლებელია დადგეს ისეთი მომენტი, როცა საგრძნობელი ნაწილი ჯარებისა გადადის ხალხის მხარეზე3. თუ მხედველობაში მივიღებთ საომარ ტეხნიკის საოცარ განვითარებას, ცხადი იქნება, რომ ამგვარ შემთხვევაში შესაძლებელია დატრიალდეს ისეთი საშინელება, რომლის მზგავ სი არც ერთ მოქალაქობრივ ომს არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიაში; და თუ ეს საშინელება შესაძლებელია გათავდეს ვისიმე გამარჯვებით, ეს გამარჯვება მიუცილებლად იქნება ხალხისა და ვიდრე ასეთ საშინელ ნაბიჯს გადადგამდეს რომელიმე მთავრობა, ის ათასჯერ დაფიქრდება, ათასჯერ გაზომავს მისაღებ ზომების ავკარგიანობას.

ჩვენ ეხლა ვერ შევუდგებით იმის განხილვას, თუ ამ მხრივ, როგორ არის საქმე დღევანდელ რუსეთის იმპერიაში. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ კითხვა დღეს სხვა პირობებშია, ვიდრე იყო 17 ოქტომბრამდე. ამასთანავე გამოვსთქვამთ სრულ იმედს, რომ ისტორია ამხელად ჩვენთვის იქნება ლმობიერი და თავიდან აგვაცილებს მოხსენებულ საშინელებას, ჯოჯოხეთურ სისხლის ღვრას.

ჩვენ მით უფრო გვჯერა ისტორიის ლმობიერება, რომ მან ხალხს მიაწოდა ბრძოლის სხვა, ახალი, უფრო მშვიდობიანი საშუალებანი. ესენია ბოიკოტი და საერთო საზოგადო გაფიცვა. ერთიცა და მეორეც მთელის მნიშვნელობით, მთელის სისასტიკით და ძლევა-მოსილებით წამოაყენა თანამედროვე რუსეთის იმპერიის განვითარებამ; იმპერიის დღევანდელმა ვითარებამ, უკანასკნელმა ბრძოლამ გამოსცადა და დაამტკიცა კიდეც მათი რეალური ძალა.

როდის, რა პირობებში იხმარებიან მოხსენებული საშუალებანი? განვიხილოთ.

ბოიკოტი, ანუ უკეთ პოლიტიკური ბოიკოტი, დედა-აზრით იგივე საზოგადო გაფიცვაა რაიმე პოლიტიკური მიზნით. ხალხი უარსჰყოფს დაძველებულ რეჟიმის სახელმწიფო დაწესებულებათ, ხელს იღებს მათით სარგებლობაზე და ამით შეაქვს დეორგანიზაცია მმართველ წრეებში. მაგრამ დაწესებულებაც არის და დაწესებულებაც. მაგ., თუ ხალხი თავს ანებებს სახელმწიფო სასამართლოებს და მათით არ სარგებლობს, ეს მაინცა-და მაინც არ არის შესაწუხარი მთავრობისათვის; პირიქით, რაც ნაკლები საქმეებია გასარჩევი სასამართლოში, მით უკეთესია ჩინოვნიკებისათვის, მით უფრო მეტი დრო აქვთ ბანქოს სათამაშოდ, ქეიფისა და გასართობებისათვის.

ასევე ითქმის სკოლებზე; ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველი ახლად გახსნილი სკოლა თვალის ეკალია ადმინისტრაციისათვის, ხალხისაგან სკოლების მიტოვება მაინცა და მაინც არ არის მთავრობისათვის შესაწუხარი.

სულ სხვაა, როცა ბოიკოტი ვრცელდება ისეთ დაწესებულებებზე, როგორიც არის გადასახადების მიცემა და სამხედრო ბეგარის შესრულება. ფინანსები და ჯარი ორი აუცილებელი პირობაა თანა მედროვე სახელმწიფოს არსებობისათვის. ამიტომ გასაგებია, თუ რისთვის იქმნა ჩვენი ხალხის ყურადღება უმთავრესად აქეთკენ მიქცეული. როცა უკიდურესობამდე მისულმა ხალხმა ნათლად დაინახა მთავრობის ყოვლად უნიჭობა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში, როცა „ცხრა მთას იქით“ ატეხილმა ომმა შთანთქა ხალხის მილიარდები და ასი-ათასობით ადამიანთა სიცოცხლე, როცა შინაურ ცხოვრებაში ქვეყანა, დაღუპვის გზაზე დამდგარი, უკვე მიადგა უფსკრულის კიდეს, და ასე მთავრობამ სრულიად დაჰკარგა გაწამებული ხალხის ნდობა, - მაშინ ხალხმაც დაიძახა: „არც ერთი კაპეიკი ხაზინას! არც ერთი კაცი ჯარებსო!“

ამ გვარად სწყდება სასიცოცხლო ძარღვი, ურომლისოდაც არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლიან არსებობა. მთავრობა იძულებული ხდება წავიდეს კაპიტულაციაზე, დანებდეს ხალხს. ასეთი ბოიკოტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როცა მთელი ანუ თითქმის მთელი ხალხი ერთ პირზე სდგას, ერთის აზრით, ერთის გრძნობით არის განმსჭვალული.

თუ ამგვარ საშუალებას (ბოიკოტს) ხმარობს ქვეყნის მარტო ერთი კუთხე, ხალხის მარტო მცირე ნაწილი, მაშინ დამარცხება აუცილებელია, ბოიკოტი საშიშ უტოპიად ხდება.

როგორ არის საქმე საზოგადო გაფიცვის შესახებ? ამაზე ჩვენ ხვალ მოვილაპარაკებთ.

______________

1. იხ. „ნეუე ზეტ“ „რუსეთის რევოლუცია და გლეხობა“. ამ წლის მარტს თუ აპრილს ნომერში, კარგად არ გვახსოვს. ავტ.

2. იხ. „ივერიის“ №191, საომარი ტეხნიკა და რევოლუცია.

3. ივერიის მეთაურის ავტორს ეს გარემოება არ დავიწყებია და, თუ ამაზე იმ წერილში არაფერი სთქვა, - მხოლოდ ამიტომ, რომ მას მსჯელობა ჰქონდა გამართული იმ მდგომარეობის შესახებ, რომ ერთის მხრით მოწინააღმდეგედ სდგას შეიარაღებული ჯარი და მეორე მხრით - ხალხი. შედეგში, როცა ხალხის განვითარება მაღალ საფეხურს მიაღწევს, როცა ხალხი დემოკრატიულ იდეებს შეითვისებს და თავის ინტერესებს შეიგნებს, მოსალოდნელია და დაბეჯითებითაც შეიძლება ითქვას, რომ ჯარი ხალხის ხოცვას არ იკისრებს, რადგან ჯარში იმავე ხალხის შვილები არიან, რომელსაც გაბატონებული წრეები გაწყვეტას დაუპირებენ, მაგრამ დღეს კი ჩვენ საეჭვოდ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ჯარში ასეთი დემოკრატული ცნობიერება იყოს თვალსაჩინოდ გავრცელებული. ამას ამტკიცებს ის საშინელი ამბები, რომელიც მოხდა ამ უკანასკნელ დროს რუსეთის ქალაქებში, აგრეთვე ტფილისსა და კავკასიის სხვა ადგილებში.

ივერია. - 1905. - 195. - გვ. 1

16.2 ევროპა და რუსეთი

▲back to top


გერონტი ქიქოძე

გერმანელების გეგმა პოლიშინელის საიდუმლოებას ჰგავს. დღეს თითქმის ყველამ შეიტყო, რა ვერაგი მიზნები აქვს ამ ხალხს. ის მარტო იმაზე როდი ოცნებობს, რომ რუსეთის ტერიტორიის საუკეთესო ნაწილი ჩაიგდოს ხელში.

ცენზურის ადგილი

ერთი შეხედვით საფრთხე არც ისე დიდია. რუსეთს უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს დედა-მიწის ზურგზე: ნახევარი ევროპა, მესამედი აზია. ბევრი არაფერი დააკლდება რამოდენიმე ათასი კვადრატიული ვერსი რომ ჩამოეთალოს.

ცენზურის ადგილი

რასაკვირველია, ვერაფერს. მაგრამ გერმანელები არც ჰფიქრობენ მთელი რუსობის სულიერად გადახალისებას, ფიზიკურად მოსპობას, ან კიდევ ერთიანად ციმბირში გაგზავნას. ეს გიჟური უტოპია იქნებოდა. რუსეთის ევროპაში გამოთიშვა გერმანელებს სულ სხვა გვარად ესმით. და საქმეც სწორედ ისაა, რომ მათ იდუმალ გულისთქმას რამოდენიმედ რეალური ნიადაგიც აქვს.

უწინარეს ყოვლისა საჭიროა გავიხსენოთ ერთი ზოგადი ჭეშმარიტება. რიცხვს და მასსას კულტურის სფეროში ისეთი მნიშვნელობა როდი აქვს, როგორც მექანიკაში. მაგრამ თანამედროვე ადამიანი შეეჩვია საბუნებისმეტყველო აზროვნებას და ამიტომ ხშირად ისტორიაში ფიზიკური ან ბიოლოგიური ცნებები და საზომები შეაქვს: რაოდენობის პრინციპით სარგებლობს, მაშინ როცა ღირებულების პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს.

ამ უკუღმართობით აიხსნება ის გარემოება, რომ ხშირად მრავალრიცხოვან ერებს მეტს მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე მათ აქვთ კულტურაში. მაგალითად, ბევრს ლაპარაკობენ შეერთებული შტატების ბრწყინვალე მომავალზე, ან ჩინეთის საფრთხეზე, თუმცა არც ერთსა და არც მეორეს არავითარი საფუძველი არა აქვს არც წარსულში, არც აწმყოში.

ერის კულტურული მნიშვნელობა დამოკიდებულია მის თვისებაზე და არა მის რაოდენობაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიაში ყოველთვის მცირერიცხოვანი ერები თამაშობდნენ მთავარს როლს. მათ შეჰქმნეს კაცობრიობის კულტურა. უსახლკარო და უსახელო მასსებს ძლიერი ინდივიდუალობის ბეჭედი დააჭედეს და გადაახალისეს მათი სულიცა და მათი სახეც.

ათინამ და სპარტამ დაუშრეტელი ენერგია გამოაშკარავეს სულიერი შემოქმედების ასპარეზზე თუ ბრძოლის ველზე. პირველი მათგანი პატარა ქალაქი იყო, მეორე კი პატარა სამხედრო ბანაკი. ათინაში სულ 15-დან 20 ათასამდე მოქალაქე სცხოვრობდა აყვავების დროს. დანარჩენი მონები და უცხოელები იყვნენ. სპარტაშიაც გაბატონებული კლასი 8-9 ათასი ოჯახიდან შესდგებოდა. არსებითად კლასიკური ქვეყნის ისტორია რამოდენიმე ათასი კაცის ისტორია იყო.

მაკედონიაც პატარა ქვეყანა იყო. როცა ალექსანდრე მაკედონელმა 334 წლის გაზაფხულზე პოლლა დასტოვა და ქვეყნის დასაპყრობად გაემგზავრა, მას მხოლოდ 30, 000 ქვეითა და 5000 ცხენოსანი ჯარის-კაცი მისდევდა. მაგრამ ამ პატარა ჯარით მან მილიონიანი არმიები გაანადგურა, ხოლო თავისი ლაშქრობით ახალი კულტურული ეპოქა შეჰქმნა.

არც არაბეთი, სპარსეთი, საქართველო, ბიზანტია და ვენეცია წარმოადგენდნენ დიდს ქვეყნებს საშუალო საუკუნეებში. ყოველს შემთხვევაში მათი კულტურული ღირებულება შეუდარებლად სჭარბობდა მათ მკვიდრთა რაოდენობას. მაგრამ ამ მცირე-რიცხოვანმა ერებმა მაღალი ცივილიზაციის ფორმები შეჰქმნეს და მრავალ-რიცხოვან მეზობლებს მოახვიეს თავზე.

ფლორენცია საშუალო ზომის ქალაქი იყო მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე საუკუნეში, მაგრამ მან უწინამძღვრა უდიდეს კულტუროსანს მოძრაობას, რომელსაც რენესანსი ჰქვიან. რეფორმაცია საქსონიის და შვეიცარიის მივარდნილ კუთხეებში ჩაისახა და ისეთი პატარა ქვეყნების შემწეობით გაძლიერდა, როგორიც შვეცია და შოტლანდია იყო. ხოლო რაც შეეხება თანამედროვე დემოკრატიულ იდეებს, ისინი ხომ მარტოდ-მარტო საფრანგეთმა შეიტანა მთელს ევროპაში ნაპოლეონის ომების შემწეობით. დღესაც კაცობრიობის კულტურას ორიოდე ევროპიელი ერი მეთაურობს. ინგლისელების, ფრანგების, გერმანელების და იტალიელების საერთო რიცხვი ძლივს აღწევს ორას მილიონს, დედამიწის ზურგზე კი ვარაუდით მილიარდ ნახევარზე მეტი სული უნდა სცხოვრობდეს. ამგვარად კანონი უმცირესობის უპირატესობისა ჯერ არ დარღვეულა კულტურის სფეროში.

ზემოდ ნათქვამიდან, რასაკვირველია, ის არ გამომდინარეობს, რომ მცირე-რიცხოვანი ერი ყოველთვის სჭარბობს მრავალ-რიცხოვანს. მტკიცდება მხოლოდ ის, რომ რაოდენობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში არა აქვს ის მნიშვნელობა, რაც გარეშე ბუნებაში აქვს. ამ ქვეყანაზე ბევრი შავ-კანიანი და ყვითელ-კანიანი სცხოვრობს: მაგრამ პაწია დანიას ან ბელგიას ბევრად მეტი გავლენა აქვს როგორც ნივთიერ ისე სულიერ კულტურაზე, ვიდრე რომელიმე დიდ აფრიკელ ან აზიელ ხალხს. ევროპის კონტინენტზეც ჯერჯერობით ყველაზე ნაკლებ თვითმოქმედებასა და ინიციატივას სწორედ ის ერი იჩენს, რომელიც ყველას სჭარბობს დასახლებულ ტერიტორიის სივრცით და ბინადართა რიცხვით.

გერმანელი მეცნიერები და პუბლიცისტები ხშირად ამბობენ, რომ სლავიანთა ტომი და განსაკუთრებით რუსობა დედაკაცურ რასას წარმოადგენსო. მის ბუნებას მიმღეობა ახასიათებს. სახელმწიფო წესწყობილება მან სკანდინაველი გერმანელებისა და აზიელი მონგოლებისაგან მიიღო, სარწმუნოება და ხელოვნება ბიზანტიელებისაგან, მრეწველობა და აღებ-მიცემობა დასავლეთ ევროპიელებისაგან. მაგრამ ეს მიღებული ელემენტები ხალხმა ჯერ კიდევ ვერ მოინელა და ერთი თავისებური კულტურული ტიპი ვერ ჩამოაყალიბა. ამიტომ მას აკლია ის, რაც ასე დამახასიათებელია დასავლეთის ერებისთვის: ძლიერი ინდივიდუალობა.

ამაშია რუსეთის თავისებურობა: ის უფრო გეოგრაფიულად ეკუთვნის ევროპას, ვიდრე სულიერად. კულტურულად გარდამავალ მოვლენას წარმოადგენს და თითქმის სრულიად განმარტოებულია. მართალია თავის ისტორიის უკანასკნელ ეპოქაში, რომელსაც პეტროგრადის ხანას უწოდებენ, რუსეთი დაუახლოვდა ევროპის განახლებულ ქვეყნებს, გარეგნულად შეეხო კიდეც მათ, მაგრამ შინაგანი ნათესაური კავშირი მაინც ვერ გააბა.

ევროპის კულტურას (ისევე როგორც საქართველოისას) საფუძვლად კლასიკური ცივილიზაცია და ფეოდალური რაინდობა უძევს. შემდეგ განახლებულმა ერებმა გონებრივი რენესსანსის, რელიგიური რეფორმაციის და პოლიტიკური რევოლიუციის საფეხ ურები განვლეს. რუსეთისთვის უცხოა როგორც ის საფუძველი, ისე ეს საფეხურები. ამიტომ მისთვის უცხოა კაპიტალისტური წეს-წყობილებაც, რომელიც დასავლეთ ევროპაში შინაგანის აუცილებლობით განვითარდა. რუსეთში კაპიტალი უცხოელებმა შემოიტანეს. ბაქოს წარმოებაში დღესაც ინგლისელები და შვეციელებია გაბატონებული, ლოძისაში - გერმანელები, სამხრეთ რუსეთისაში - ბელგიელები. ბირჟა - ებრაელების ხელშია, ბიუჯეტს კი საფრანგეთის ფინანსები უძევს საფუძვლად.

ამიტომ გასაკვირველი არაა, რომ ეგვიპტის ტყვეობას წააგავს რუსეთის ყოფნა ევროპაში. ზოგიერთი შეგნებული რუსი ნათლად გრძნობს ამას და სცდილობს იდეური გამოხატულება მისცეს ხალხის ინსტიქტიურ და მძაფრ ოპოზიციას ევროპისადმი. ეს სცდა ხან რელიგიურ მისტიციზმში ყალიბდება, ხან მსოფლიო საკრებულოს ძიებაში, ხან ეთიურ კვიეტიზმში, ხან პიროვნების უარყოფაში. მის დამთავრებას წარმოადგენს სლავიანოფილური იდეოლოგია, რომელიც რადიკალურად უარჰყოფს დასავლეთი ევროპის კულტურას, როგორც გარყვნილს და გადაგვარებულს.

ჩვენ აქ გვაინტერესებს ფაქტიური ურთიერთობა და არა მოვლენათა დაჯახება. შეიძლება უზენაესი ადამიანური თვალთსაზრისით რუსი, მართლაც, მაღლა იდგეს ევროპიელზე. შეიძლება მასში, მართლაც, მეტი გაუშლელი ძალა იყოს დაფარული. ყოველ შემთხვევაში უცილობელია ის, რომ რუსი და ევროპიელი კულტურული კაცობრიობის სხვა და სხვა ტიპებს ეკუთვნიან.

უკანასკნელმა საუკუნეებმა კიდევ უფრო ნათელი-ჰყვეს ეს ჭეშმარიტება. პეტროგრადის ეპოქაში რუსეთმა ბალტიის და შავი ზღვის ნაპირები დაიჭირა. ამ გვარად ის თითქო დასავლეთ ევროპის ბჭეებს მიადგა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ბჭეებს რაღაც მისტიური კლიტე ჰკიდია. რუსის კოლონიზაცია განვითარდა არა ბალტიის ზღვისა და სამხრეთ-დასავლეთისკენ, არამედ ციმბირისა და შუა აზიისკენ. აქ მოიკიდეს ფეხი რუსის ახალშენებმა ძალ-დაუტანელად და თავისუფლად. პოლონეთი, ლიტვა, ოსტზეის პროვინციები, ფინლანდია და ბესსარაბია კი სრულიად ხელუხლებელი დარჩა.

არსებობს სხვა და სხვა სისტემა კოლონიზაციისა. ანგლოსაქსონები ანადგურებენ ბინადართ და მათ ადგილს თვითონ იჭერენ. ფრანგები ჰქმნიან თხელ კულტუროსან ზედაპირს ქალაქებსა და ფაქტორიებში. რუსებმა ესპანური სისტემა შეითვისეს: მათი ახალშენები შეერივნენ ადგილობრივ ბინადართ და შეისრუტეს ეს უკანასკნელნი. ციმბირის და შუა აზიის მცირერიცხოვანი და უკულ ტურო ერები ადვილად გაითქვიფნენ რუსობის მასსაში: მაგრამ ისე კი, რომ არსებითად ვერ შესცვალეს მისი გარეგნული ფიზიონომია და სულიერი ხასიათი.

ამგვარად რუსის ერს უზარმაზარი ასპარეზი გაეხსნა სამოქმედოთ. მის განკარგულებაში აღმოჩნდა თვალუწვდენელი ნაყოფიერი მინდვრები ურალის მთაგრეხილიდან დაწყებული წყნარი ოკეანეს ნაპირებამდე და ჩრდილოეთის ტაიგებიდან დაწყებული სპარსეთის და ტიბეტის უდაბნოებამდე. ამ ტერიტორიას სამჯერ და ოთხჯერ მეტი მცხოვრების დატევა შეუძლიან ვიდრე აღმოსავლეთ ევროპას. მით უმეტეს, რომ ის არაჩვეულებრივად მდიდარი უნდა იყოს არა მარტო ცხოველებითა და მცენარეებით, არამედ მადნებითაც.

რუსის ხალხი უნაყოფიერეს რასსათა რიცხვს ეკუთვნის. ადვილი შესაძლებელია, რომ მან რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში მჭიდროდ დაასახლოს ციმბირი და შუა აზია.

ციმბირსა, სპარსეთსა და შუა აზიას კი წყნარი და ინდოეთის ოკეანე აკრავს. მათი ნაპირების ხელში ჩაგდება და გულმოდგინე კოლონიზაცია თან და თან გაანთავისუფლებს რუსეთის პოლიტიკასა და აღებმიცემობას უცხოელი სახელმწიფოების ბრჭყალებისაგან. რუსეთი იპოვნის ფართე გზას,

ცენზურის ადგილი

სახალხო ფურცელი. - 1915. - 364. - გვ. 3

16.3 ევროპიელთა ცნობა საქართველოზე

▲back to top


. ხახანაშვილი

არა ერთხელ აღუნიშნავთ ქართულს ჟურნალ-გაზეთებში, რომ ევროპაში ჩვენს მხარეს ნაკლებად იცნობენ და ხშირად დამახინჯებულს ცნობებს ავრცელებენ საზღვარ-გარეთ მკითხველ საზოგადოებაში. მაგონდება ერთი შემთხვევა, რომელსაც ამ რამდენიმე წლის წინად მე თითონ შევესწარი. ჟენევაში, ადგილობრივ მუზეუმის ერთს ოთახში გამოფენილი იყო სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი საღვთო წერილის ნიმუშები. სხვათა შორის საიდანღაც ეშოვათ ქართულს ენაზე `დავითნი”, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი განცვიფრება, როდესაც ხუცურად დაბეჭდილს ჩვენს `დავითნს~მუზეუმის გამგეობის მხრივ მიწერილი ჰქონდა გაუგებრობით შექმნილი შენიშვნა: Le Jeorqie en Amerique, ესე იგი ჩვენი საქართველო გადაიტანეს ამერიკაში და ხუცურად დაბეჭდილი ჩვენი „დავითნი“ მიაწერეს „გეორგიას“, ამერიკის პროვინციას მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოსაც ფრანგულად იმავე ფესვის სახელწოდება აქვს.

ეს შემთხვევა მომაგონდა დღეს იმიტომ, რომ არეული წარმოდგენა ჩვენს ქვეყანაზე აქამდის მეფობს ევროპის მწერლობაში. ამ დღეებში მივიღე ახალი კატალოგი გამბერის წიგნის მაღაზიისა პარიზში. კატალოგში განყოფილებანი დანაწილებულნი არიან ტომების და გეოგრაფიული სახელწოდების მიხედვით. აქ ნახავთ არაბეთს, პალესტინას, მცირე აზიას, ოსმალეთს, ბოლგარიას, სომხეთს, მაკედონიას, ბოსნიას, კროატიას, ფინლიანდიას, ციმბირს, თურქესტანს, სპარსეთს, ეგვიპტეს და სხვ.; არ არის გამოფენილი მხოლოდ კავკასია და საქართველო.

ეს კიდევ არაფერი. საოცარი ის არის, რომ საქართველო არც იმ განყოფილებაშია, სადაც აღნიშნულნი არიან სხვადასხვა ტომნი, რუსეთში მოსახლენი. იმის მაგივრად, რომ qeorqie - საქართველო რუსეთის სამზღვრებში მოექციათ, კატალოგის შემდგენელს იმდენად ბუნდი წარმოდგენა აქვს ჩვენს სამშობლოზე, რომ იგი გადუტანია... სპარსეთში! სპარსულს წიგნთა განყოფილებაში მოხსენებულნი აკადემიკოსი ბროსსეს ნაწერები ქართული ლიტერატურის შესახებ. 1) „ესკიზი ტარიელზე ქართულათ და ფრანგულად“ (Esquisse du Tariel en peo. qrien et en francais) 2) „ქართულ პოეზიაზე“ (De la poesie peorqienne). ამავე სპარსულ განყოფილებაში მოქცეული ჩემი წიგნიც ფრანგულს ენაზე „მოკლე გეოგრაფია, ისტორია და ლიტერატურა საქართველოსი“ (Ofersu Jeoqraphiqne et abrèqè de ehistoire et de la literature qeorqiennes). საკვირველი ის არის, რომ საქართველო სპარსეთის სამზღვრებში მოაქციეს და ამავე დროს კავკასიის მთიელნი კი რუსეთის ტერიტორიას არ მოაშორეს. ამ გვარად რუსეთის განყოფილებაში აღნიშნულია, მაგალითად, დე ბაის აფხაზეთში მოგზაურობა, ბელის ჩერქეზებში წარმოებული დღიური, ლაპანსკის მთიელების აღწერა (Die-Berqvólker des Kakuasus und ihr tzeihets kampf qeqen die Russeu 863). რა ცოდნით არის შედგენილი კატალოგი მოწმობს ერთი სასაცილო ფაქტი: „კურდები“ რუსეთის განყოფილებაშია და თფილისის აღწერა, სპარსეთის შესახებ აღნუსხულ წიგნთა სიაში.

მომავალი. - 1909. - 52. - გვ. 4

16.4 თფილისი, 4 თებერვალი

▲back to top


„რუსეთი ევროპა არ არის. თუ იქ პრესა მოუსყიდველია, ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მის მოსყიდვას არც არავინ საჭიროებს. დადგება მისი მოსყიდვის საჭიროების ჟამიც და მაშინ ვერც რუსეთის პრესა იამაყებს თავისი სიფაქიზით.“

დადგება დრო, როდესაც რუსეთის პრესაც ვერ იამაყებს თავისი სიფაქიზითო, - უთხრა შორსმჭვრეტელმა კ. მარქსმა რამდენიმე ათი წლის წინათ მაქსიმ კოვალევსკის, - და ეს დრო უკვე კარგა ხანია, რაც რუსეთში გამეფდა. რუსეთში დაუპატიჟებლად შემოჭრილმა კაპიტალმა თავისი აღორძინების პირველ დღიდანვე საქვეყნოთ გამოაცხადა, რომ რუსეთის პრესამ დამოუკიდებლობა დაჰკარგაო. მართალია პრესის დამოუკიდებლობის დაკარგვა ბევრს არ სჯეროდა ისე, როგორც თვით კაპიტალის განვითარება რუსეთში, მაგრამ „ურწმუნო თომანი“ ყოველ დროში ყოფილან და იქნებიან. მათ დასარწმუნებლათ საჭირო იყო არა თეორეტიული მოსაზრებანი, არამედ ფაქტები და მხოლოდ ფაქტები.

ამ ფაქტების ცდაც დიდხანს არ დასჭირვებიათ. აღორძინებულ კაპიტალს მფარველი და დამხმარე ესაჭიროებოდა სხვადასხვა მხრიდან მოტანილი იერიშების მოსაგერებლათ, თავის ფირმისათვის რეკლამის შესაქმნელათ და სამოქმედო ასპარეზის გასაფართოებლათ. ამ მოვალეობის შესრულება იკისრა პრესის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა, რომელმაც პრესის დამოუკიდებლობას ვაჭარ-კაპიტალისტისაგან აღებული ბაჯაღლოები არჩია. კაპიტალი გამეფდა. მის წინაშე ქედი მოიხარეს „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“, მას ქება-დიდებას ასხამენ განათლებული პროფესორები, მის ოქროს ფეხებს მონურად ლოკავენ პრესის წარმომადგენელნი. პრესა ეს მკვეთრი იარაღი ჭეშმარიტებისა, ეს ბასრი მახვილი ბოროტებასთან და უსამართლობასთან ბრძოლისა, პრესა - კაცობრიობის საუკეთესო იდეალების მატარებელი, პრესა სპეტაკი, ფაქიზი და დამოუკიდებელი - დღეს კაპიტალის შეუზღუდველი ბატონობის ხელის შემწყობი შეიქმნა. როგორც სამართალი, ჭეშმარიტება, სინდისი, - ისე, პრესაც, დღეს ფულზე დახურდავდა. პრესამ თავისი წმინდა დანიშნულება დაკარგა, ის დღეს ჭეშმარიტების მაგიერ - სქელი ჯიბისაკენ იყურება. ერთი სიტყვით, რუსეთიც არ დარჩა გამონაკლისი ევროპის სხვა სახელმწიფოთა მაგალითიდან, აქაც გამოჩნდა მოსყიდული პრესა, რომელსაც ევროპაში ყვითელი პრესის სახელით იცნობენ. არც თფილისის პრესა ჩამორჩა საერთო ფერხულს, თავისდა სამარცხვინოთ მანაც თავი მოიხარა ფულის ძლიერების წინაშე. ჩვენ, რასაკვირველია, მხედველობაში არ გვაქვს მემარჯვენეთა და შავრაზმელთა გაზეთები, რომლებიც თავიანთ არსებობას მხოლოდ „სუბსიდიების“ წყალობით ახერხებენ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმ გაზეთებზე, რომლებსაც რამდენიმეთ მაინც პროგრესიული სუნი უდისთ. ასეთი არის მაგ., ამ დღეებში ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილი ყოველ-კვირეული გაზეთი „ეჟედელნოე ობოზრენიე“. [ნაწილი არ იკითხება]...

განა ამაზე შორს წავა პრესის გარყვნილება? განა ამაზე მეტი აშკარა მაგალითი იქნება თვითმართველობის ხმოსნის უღირსი საქციელისა?..

პრესა, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა იცავდეს, ტრამვაის აღვირ ახსნილ პატრონებს გამოსარჩლებას პირდება და მისი ინტერესების დაცვას კისრულობს... თვითმართველობის ხმოსანი, რომელიც ქალაქის მცხოვრებთა ინტერესების მოსარჩლე და თავდადებული დამცველი უნდა იყოს, - ქალაქის მცხოვრებთა ინტერესებს ბ. ბატაილისაგან 1,000 ფრანკზე ახურდავებს; ამ ათას ფრანკათ ყიდის ის თფილისის მრავალ-ათასოვან მცხოვრებლებთა ინტერესებს...

მოუსყიდველი, ჭეშმარიტი პრესის ვალია ამ სამარცხვინო მოვლენას რაც შეიძლება მეტი სინათლე მოჰფინოს, რომ საზოგადოების ფართო მასას სავსებით შეეძლოს გაითვალისწინოს თუ როგორ ვაჭრობენ მისი ინტერესებით, როგორ სთელავენ ფეხ-ქვეშ ქალაქის მცხოვრებთა ინტერესებს.

ამრჩევლები მოვალეა ანგარიში მოსთხოვონ თავიანთ არჩეულებს, საზოგადოება მოვალეა ღირსეული მსჯავრი დასდოს ასეთ სამარცხვინო მოქმედებას...

ახალი სხივი. - 1910. - 1. - გვ. 1

16.5 პირველი სრულიად მსოფლიო მოდგმათა კონგრესი

▲back to top


ამა წლის მკათათვის 13-23-სა ლონდონში მოხდება მსოფლიო კონგრესი, რომლის პროგრამაც ძალიან საინტერესოა. პროგრამაში არ არის შეტანილი პოლიტიკური საკითხები; კონგრესს არ ექნება არავითარი პარტიული ელფერი, იგი არც რომელიმე რეფორმის პროექტის განხილვას შეუდგება. კონგრესის მიზანი მხოლოდ ევროპისა და აზიის ურთი-ერთ დამოკიდებულებათა გამორკვევაა. კონგრესი ეცდება გაითვალისწინოს, თუ როგორ მოხერხდება ევროპის ხალხთა, ჩინეთის, იაპონიის, ინდოელებისა, ეგვიპტელებისა, თურქებისა და სპარსელების შუა კეთილ-განწყობილების ჩამოგდება, ამისათვის კონგრესი იმითი იხელმძღვანელებს, რაც მეცნიერებას ამ საკითხის შესახებ რამე შეუმუშავებია.

რათა მკითხველი უკეთესად მიხვდეს, თუ რა ხასიათისა იქნება კონგრესი, მოვიყვანთ მისი პროგრამის ზოგი-ერთ მუხლებს. 12 მკათათვეს ანტროპოლოგთა სპეციალური კონგრესი მოხდება, სადაც შემდეგ მოხსენებებს წაიკითხავენ: „მოდგმათა შეხვედრა-შეერთების გავლენა ჭკუასა და ხასიათზე“, „საზოგადოებრივი წრის გავლენა მოდგმათა განვითარებასა და ხასიათის შეცვლაზე“; თვით კონგრესზე სხვათა შორის წაკითხული იქნება ასეთი მოხსენებანი: „ცნებათა მოდგმა“, „ტომი“ და „ერის მნიშვნელობა“, „მოდგმა ანტროპოლოგიური თვალსაზრისით“, „ქორწინება სხვა და სხვა მოდგმათა წევრებ შორის“, „შემაერთებელი და განმაერთებელი მნიშვნელობა ენისა და სარწმუნოებისა“, „ქალთა თანამედროვე მდგომარეობა“, „საერთაშორისო ენა“, საერთაშორისო ტრიბუნატი“, „პატივის ცემა, რომელიც თეთრ მოდგმას სხვა მოდგმათა მიმართ უნდა ჰქონდეს“.

ჯერ-ჯერობით მხოლოდ 60 მოხსენებაა დამზადებული. კონგრესზე ბევრი მეცნიერი მონაწილეობს. მონაწილეობის მიღებას დაჰპირდნენ აგრედვე სხვა და სხვა სახელმწიფოთა მმართველნი, დიპლომატები და სხვანი.

კონგრესის მიზანი რასაკვირველია ძალიან რთულია; დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც ევროპა დარწმუნებული იყო, რომ იგი სხვებზე მაღლა იდგა. სხვა მოდგმათა ხალხი მისი ყმა უნდა ყო ფილიყო. ეს აზრი უფრო ძლიერად ამერიკაში ზანგების მონობამ გამოჰხატა. ევროპიელნი არა ევროპიელთ ისე უყურებდნენ, როგორც ველურებს და მთლად სპობდნენ. ასე გასწყვიტეს ავსტრალიის ზოგიერთი ტომი ჩრდილოეთ-ამერიკის ინდოელებისა და სხვანი; ამ ბოლო დროს ბარბაროსულად მოექცნენ აფრიკელ შავ-კანიანებს ინგლისელები, ფრანგები და გერმანელები; თავიანთ უღვთოობით გერმანელმა კოლონისტებმა თავი ისახელეს.

„ფერად“ კანიანებისადმი ზიზღი იქამდის მივიდა, რომ ევროპიელებს ქვეყანა მხოლოდ თავიანთვის ეგონათ გაჩენილი და სხვათ არაფრად აგდებდნენ. ამ დროს დაიგრიალა იაპონიამ და აღმოჩნდა, რომ პატარა იაპონიასთან დიდი რუსეთიც ვერას გახდება. ეხლა ჩინელებმაც გამოიღვიძეს, დაიძრა დიდი საომარი ძალა და ხელ-ახლა გაჩნდა შიში. შიში თეთრ-კანიანებისა ყვითელ კანიანებისადმი. ინდოელები დამონავებულები არიან და თეთრთა უღელის მოხსნა არც ისეთი უტოპიაა, როგორც ბევრსა ჰგონია. შეერთებულ შტატებში ზანგები ისე გამრავლდნენ და განვითარდნენ, რომ ამერიკის „შავი საფრთხე“ სერიოზულად მოელის.

ევროპიელთა კულტურა ძლიერია, მაგრამ ვისი სისხლია უფრო ძლიერი, ეს დიდი საკითხია, რომელი მოდგმა უფრო ნაყოფიერია, რომელი უფრო გამძლეა, ვინ უფრო ეგუება სხვა და სხვა ჰავას და ვინ უფრო ინახავს თავის მოდგმურ ელფერს? ეს საკითხები ჯერ გამოურკვეველია და მათი პრაქტიკული გადაწყვეტა კაცობრიობის ბედის გადაწყვეტაა. ამბობენ, რომ მონგოლები, როცა ევროპიელებში შეერევიან ხოლმე, იმარჯვებენ. თუ ეს მართალია და მონგოლები ევროპიელებში უფრო მეტად შეერივნენ, მაშინ სურათი მთლად შეიცვლება. იაპონელებმა ევროპიელ კულტურის ყოველი საღირალი შეითვისეს და ერთ უდიდეს სახელმწიფოს დამარცხება შესძლეს. ჩინელებმაც რომ ასე შეითვისონ კულტურა, ევროპას ადვილად დაამარცხებს და შესაძლებელია, რომ მსოფლიო ისტორიის ახალი ხანა დაიწყოს.

მაგრამ ფიქრი რა საჭიროა? აი დიდი ფაქტი: ევროპამ შავი და ყვითელი ხალხი დაიბარა, რათა თანასწორი მონაწილეობა მიიღონ ზემოდ დაყენებულ საკითხების გამორკვევაში. რა დიდი შეუდარებლობაა ამ ამბავსა და „ბიძია თომას ქოხისა“ და „ველურებზე“ ნადირობის შორის. ისტორიის ჩარხი მობრუნდა. „არსებობისთვის ბრძოლამ“ ხასიათი შეიცვალა. ევროპა ახალ გზას დაადგა.

სახალხო გაზეთი. - 1911. - 273. - გვ. 3

16.6 პოლონეთი და საქართველო

▲back to top


. კედია

მეთვრამეტე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში დიდის პიროვნების ავაზაკური მკვლელობა მოხდა. სამ გზის ხმლის მოქნევით გასჩეხეს პოლონეთი. დასისხლიანებულ სხეულის ჩამოჭრილი ნაწილები მეზობელ სახელმწიფოებმა შემოიერთეს; და პოლონეთიც, ეს დიდი კულტურული და პოლიტიკური ერთეული, ერთ დროს თავმომწონედ რომ ბრწყინავდა, სრულიად წარიხოცა ევროპის პოლიტიკურ რუკიდან. დამოუკიდებელ არსებობის დღენი პოლონეთის ძველმა სამეფომ უკანასკნელად 1795 წელში დაჰლია. ისტორიულ მოვლენათა პარალელიზმი რომ ვიხმაროთ, „ქართლის ბედიც“ სწორედ ამ შავად მოსაგონარ საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში წარიკვეთა. აღა მამად-ხანმა საქართველოს გულს სწორედ ამ დროს ჩაასო მოშხამული ხანჯალი. მაგრამ, თუ საქართველო თავის უბედობით პოლონეთს მიემზგავსა, ეს სრულებით იმას არ ნიშნავს, რომ პოლონეთი თავის გაბედნიერების შანსებს საქართველოს გაუწილადებდა. პოლონეთი დასავლეთ ევროპის და აზიის ვეება უკულტურო სახელმწიფოს შუა მდებარეობდა. ამ უკანასკნელის ტანიდან პოლონეთის სახეს მხოლოდ ბნელი შეეფინებოდა, სამაგიეროდ საფრანგეთიდან, დასავლეთ ევროპის ხმელეთს რომ მაშინ ბატონობდა, ნათელი სხივი შემოადგებოდა და პოლონეთიც იმედის პენომბრში ცხოვრობდა. გამოცოცხლება და აღდგენა სჯეროდა მტკიცედ და მოელოდა დარწმუნებით. ნაპოლეონის ეპოპეა იყო იმ დროს. პოლონეთმა იმედები ამ მსოფლიო სარდალზე დაამყარა და რამოდენიმე ათასი პოლონელი ლეგიონერი მის განკარგულებას მისთავაზა. თავგანწირვით იბრძოდენ პოლონელები საფრანგეთის ჯარში იტალიის გაშლილ ველზე, შვეიცარიის მთის ვიწროებსა თუ თვით ილირიის პროვინციებში. არა მარტო ძველ ქვეყნის დასაპყრობად მოიხმარა ბონაპარტემ პოლონელთა შმაგი ლეგიონები, ახალ ქვეყნის ასპარეზზედაც კი გაისტუმრა ისინი, - ამერიკაში, სან დომინგოს კუნ ძულზე, სადაც სათითაოდ ჩაჰყარეს თავიანთი ძვლები სამშობლოს იდეისათვის სხვის სადიდებლად მებრძოლებმა! სამშობლოს სიყვარულმა მსხვერპლის დაზოგვა არ იცის.

პოლონეთი პრუსიამ, ავსტრიამ და რუსეთმა გაინაწილეს თავიანთ შორის. ხოლო პოლონეთის ამ მკვლელებს მაშინ ნაპოლეონი ებრძოდა. და რა გასაკვირალი იყო, რომ მთელის პოლონეთის სიმპატია ამ კორსიკელ აზნაურის მხარეზედ ყოფილიყო და მისი გამარჯვება რომ პოლონეთის გაცოცხლების სინონიმად ჩაეთვალა! მაშინდელი ისტორიული გარემოების ანალიზი მთელის პოლონეთის ხალხის ფრანგულ ორიენტაციას ერთიანად ამართლებდა. და ამიტომაც იყო, რომ 1795 წელს თავის დამოუკიდებლობის სავსებით დამკარგველი პოლონეთი უკვე 1798 წელს თავის კეთილშობილ სისხლს უკვე საფრანგეთის დროშის ქვეშ ღვრიდა. ჭრილობის სიახლე, ჯერ კიდევ მთელის არსებით ცოცხალი განცდა და გრძნობა გუშინდელი თავისუფლებისა ფრთას ასხამდა პოლონეთის გულის თქმას და გმირობის ენერგიას ჰმატებდა განმათავისუფლებელ საფრანგეთის ჯარში ბრძოლისათვის...

ალღო სწორედ იყო ართმეული...

პრუსიაზედ გამარჯვების უმალ, ნაპოლეონმა 1807 წელს, ტილზიტის ხელშეკრულობით, დამარცხებულ მოპირდაპირეს ჩამოართვა პოლონეთის მიწა-წყალი, რომელიც პოლონეთის მეორე და მესამე განაწილების დროს (1793 და 1795 წ.წ.) მას შემოუერთებია. ამ ჩამორთმეულ ადგილებიდან ბონაპარტმა ვარშავის საჰერცოგო შეჰქმნა და მასზედ პირადი პროტექტორატი გამოაცხადა. არის საბუთები, რომ ნაპოლეონის ვარშავის საჰერცოგო გაფართოებულ და გაერთიანებულ პოლონეთის სახელმწიფოს პირველ ბირთვად ჰქონდა დასახული. „მსოფლიო მონარქიის“ მოტრფიალეს აზრად ჰქონდა რუსები დნეპრისა და დასავლეთ დვინის იქით გადაერეკა და ეს დაცლილი ადგილები პოლონეთის სამეფოსთვის დაებრუნებია. მაგრამ დამარცხდა ნაპოლეონი, ამასთან ერთად ჩადგა აღტყინებული მღელვარება პოლონეთისა. მისი იმედები დაიმსხვრა. მხოლოდ ღა სასოწარკვეთილების ცივმა გრიგალმა დაიყმუვლა ერის დაობლებულ გულში საფრანგეთმა ვერ აღადგინა პოლონეთი. ნაპოლეონმა ვერ გაამთელა სამად გაჭრილი ერის სხეული, სანატრელი თავისუფლება მას ვერ დაუბრუნა.

საქართველო სხვაგან მდებარეობდა, შორს იყო მისგან ევროპაც და ნაპოლეონიც. სამხრეთიდან შავი და ბნელი შემოსწოლოდა მას; ჩრდილოდამ წამოსულმა ნისლმა შეგრაგნა. აღმოსავლეთით უიმედო სივრცე და უნუგეშოდ დაკარგული ხალხები მოსჩანდნენ. დასავლეთით მის სანაპიროებს ცივი ზღვა რეცხდა მხოლოდ, ზღვა შავი! ქვეყანას ნამდვილი აღმოსავლეთი დაჰკარგოდა. ჩაშავებული იყო მის ცის გუმბათი. გულ-დახურულად გლოვობდა საქართველო ქედით, ზღვებითა და ისლამით უღმერთოდ და უმოწყალოდ შემოსალტული! იმედისა და სინათლის სხივი არსაიდან მოდიოდა. მწუხრის ზეწარი იმედით არ იცხრილებოდა. საერთაშორისო ურთიერთობა იყო ისეთი, რომ საქართველოს გეოგრაფიას მარტოოდენ უბედურობის მომატება თუ შეეძლო მისთვის, თორემ სხვა არაფერი. ჰბორგავდა ბედთან შეურიგებელი, მაგრამ მალე დააცხრეს. მთიულეთის ამბოხება მთიულეთს არ გასცილებია, კახეთისა - კახეთსა, რადგან საქართველო აღარსად იყო. მშფოთვარე აკვანში ჩააწვინეს და არტახები შემოუჭირეს. მიზეზიან ბავშვად თუ მიიჩნიეს ერი, რომელსაც ათას წლების ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური სიცოცხლე ჰქონდა. ასე დაიდგა სამხრეთის აკვანი. დასავლეთითაც იდგა მეორე აკვანი, რომელშიც პოლონეთი იყო ჩაკრული. ასე იდგნენ ეს აკვნები მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში. ერთი გაზმორება კი ერთად გაიზმორეს შიგ ჩაწვენილებმა, 1830 წელში. ვისაც მეტი მოუვიდა, იმას უფრო მაგრად აუწიეს ყური - განსხვავება მხოლოდ ეს იყო. ორივეს შემოათენდა მეოცე საუკუნე. ამ საუკუნის ცისკარზე ქვეყანა ისევე აიშალა, როგორც აშლილიყო იგი აწ მიცვალებულ საუკუნის განთიადზედ. პოლონეთიც თავის ძველ გეოგრაფიით შეხვდა ამ აშლას და საქართველოც. ყველა შეურაცყოფილ და გაწბილებულ ქვეყნებს იმედები გაეღვიძა; რასაკვირველია, პოლონეთსაც და საქართველოსაც. გარნა პოლონეთის გეოგრაფია ეხლა ნამდვილი ქუდბედიანი გამოდგა: პოლონეთი დღეს განთავისუფლდა. საერთაშორისო ურთიერთობამ მოისურვა, რომ პოლონეთის თავზედ ნაპოლეონის ხელებს კი არ დაესვენებინა, არამედ ვილჰელმ მეორისას, იმ პრუსიის მეფის ხელებს, რომლის ინტრიგების წყალობით მოხდა პოლონეთის პირველი განაწილება, ამ 144 წლის წინად!

1916 წლის 5 ნოემბრის თარიღით საძირკველი ჩაეყარა პოლონეთის სამეფოს. იმ თავითვე მოქმედებას შეუდგა პოლონეთის სახელმწიფო საბჭო, რომელიც პოლონეთის სახელმწიფოებრივ ფუნქციებს ასრულებს და სახელმწიფოებრივ წყობილების საფუძვლებს განამტკიცებს. შეერთდნენ პოლონეთის ყველა პარტიები და პოლონეთის სახელმწიფო საბჭო დიდის ზეიმით მთელ პოლონეთის დროებით მთავრობად გამოაცხადეს. არჩეულია სასეიმო კომისია, რომელმაც პოლონეთის მომავალ სამეფოს ძირითადი კონსტიტუცია უნდა შეიმუშაოს. სწრაფად მიმდინარეობს მუშაობა. მალე სეიმიც შეიკრიბება, - პოლონეთის სამეფოს საკანონმდებლო პალატა. მაშინ მოხდება პოლონეთის დაქვრივებული ტახტის აღდგენა, მეფის დანიშვნა. და ამგვარად, ახლად აღიმართება პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო იმავ დასავლეთ ევროპისა და აზიის დიდ სახელმწიფოს, რუსეთის ზღურბლზედ. პოლონეთის ერი წელში იმართება და თავისუფალ შემოქმედების გზას ადგება. ერის შებოჭილი ნიჭი და გენიოსობა გაიხსნება. კაცობრიობას ემატება კულტურისა და პროგრესის ახალი აგენტი. დიდი ისტორიული მოვლენაა...

ასეთი იღბლიანი არც ეხლა გამოდგა საქართველოს გეოგრაფია. მის შემომხაზავ ძალთა უძრაობა და სიბნელე ამის ნებას არ იძლეოდა. მაგრამ არც საერთაშორისო ურთიერთობაა დღეს ისეთი, რომ საქართველოს გეოგრაფიამ საქართველოს ბედნიერება შეუძლებელი გახადოს, როგორც წარსულში იყო. მაძიებელი, წინმსწრაფი და მომქმედი ევროპა ბევრ ქვეყნებს და ხალხებს საერთაშორისო ღირებულებას მატებს, სხვა და სხვა ძალა-მოსაზრების ზეგავლენით. ამ პროპორციით იზრდება და მატულობს საქართველოს გეოგრაფიის საერთაშორისო ობიექტური ღირებულებაც. დღეს ამას ზედ ერთვის დიდ სახელმწიფოთა ახალი უფლებრივი შემეცნება როგორც წვრილ ერთა უფლებაზე, აგრედვე და საზოგადოდ საერთაშორისო ურთიერთობაზედაც. ჩვენ შინაგან სუბიექტურ მომზადებასთან ერთად ამ ორ ობიექტურ ფაქტორის შეზავებამ უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ქუდბედის ჩამოგზავნას. სამართალი მოითხოვს, ერთმანეთს არ დაშორდნენ პოლონეთი და საქართველო, ეს ისტორიული თანამგზავრნი. ისტორიამ გამოასწორა თვისი ავკაცობა პოლონეთის მიმართ, ეხლა კი ამნისტია საქართველოს უნდა გამოეცხადოს.

საქართველო. - 1917. - 31. - გვ. 1

16.7 პრესა

▲back to top


„ყოველკვირეული პოლონური“ ჟურნალი, რომელიც თბილისში გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ შემდეგს სწერს:

„ახალი რესპუბლიკა, დამოუკიდებელი მრავალ საუკუნოების განმავლობაში საქართველომ მე-18 საუკ. დამლევს, ვერ შესძლო რა თავისათ დაცვა თავის დამოუკიდებლობისა ძლიერი მეზობლების: სპარსეთი, ოსმალეთი, რუსეთის თავდასხმისაგან, ხელშეკრულება დასდვა რუსეთთან, რომლითაც შეზღუდულ იქნა მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთის მეფეებს არასოდეს არ უყვარდათ თავის ხელმოწერილ პირობების ასრულება, და უკვე 1801 წელს გამოიცა მანიფესტი საქართველოს რუსეთთან სრულიად შეერთების შესახებ, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ, უკანასკნელ ქართველ მეფის გიორგი მე XII შთამომავლობა გადაასახლეს რუსეთის შიდა გუბერნიებში.

მაშინ საქართველომ დაკარგა თავის არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მთელი რიგი აჯანყებების ჩაქრობა, სკოლების დახურვა, და რუსიფიკაცია ხალხისა, აი რა ნაყოფი მოუტანა მას რუსეთთან კავშირმა. ასი წლის ტყვეობის შემდეგ მხოლოდ დღეს დადგა დრო განთავისუფლების და 26 მაისს მიმდინარე წლისა თამარ მეფის სულმა იხილა ამომავალი განთიადი თავის ერის თავისუფლებისა.

ჩვენ პოლონელებმა ძალიან კარგათ ვიცით, რას ნიშნავს ტყვეობა და ბორკილები, ამიტომ სულით და გულით ვულოცავთ ქართველებს ახალი თავისუფალ ხალხათ აღორძინებას“.

ერთობა. - 1918. - 119. - გვ. 1

16.8 რუსეთი და ევროპა (I)

▲back to top


. . [გაბრიელ ბედოშვილი, სიმონიკა (სიმონ) ბერეჟიანი, გუგული (გრიგოლ) ბუხნიკაშვილი, ბარნაბ გელაზანია, ნიკოლოზ ურუშაძე]

ძველ დროში ცივილიზაციის ლამპარი ჯერ საბერძნეთში ანათებდა და შემდეგ რომში. აწინდელი ცივილიზაციის შემქმნელი ევროპაა.

საბერძნეთმა შეჰქმნა დიდებული ხელოვნება, რომელსაც ეხლაც აღტაცებაში მოჰყავს კაცობრიობა; ბერძნებმა შეჰქმნეს დიდებული ფილოსოფია, რომელსაც ევროპამ დღემდე ვერა შეჰმატა რა, დიდებულმა პლატონმა მისცა კაცობრიობას ფილოსოფიის ტერმინები; ნომენი, ფენომენი და სისტემა, რომელზედაც დღემდე ემყარება ევროპის ფილოსოფია.

რომში დაიბადა პირველი იმპერატორი, კეისარი; რომმა შეჰქმნა პირველად უდიდესი იმპერია და დიდებული სამოქალაქო კანონები, რომელსაც დღემდე სწავლულობს ევროპა.

რა შეჰქმნა ევროპამ?

ევროპას ეკუთვნის ფეოდალიზმი, ბუღგალტერია, რომელმაც შეჰქმნა იმ გვარი დიდი ვაჭრობა, რომლის წარმოდგენაც არ შეეძლო არა თუ საბერძნეთს, თვით დიად რომის იმპერიასაც კი. ბუღგალტერიამ გააჩინა ბანკები, რომლებიც სრულიადაც არ არსებობდა ძველად. ევროპის პირმშო შვილია აწინდელი მეცნიერება; ევროპამ შეჰქმნა სახელმწიფო სამართალი, რამაც მოიტანა კონსტიტუციონური წეს-წყობილება სახელმწიფოსი, რომელმაც დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სამართლის სუბიექტია მთელი ხალხი და არა ერთი პირი, თუნდაც ის მონარქი იყოს, და ამიტომ სახელმწიფოს გამგებლობა უნდა ეკუთვნოდეს მთელს ერს.

ეს ცივილიზაცია რუსეთმა მიიღო, მაგრამ ამ საგანძურში მას წვლილი არ უდევს.

ევროპის სინთეზათ ითვლება საფრანგეთი.

ფეოდალიზმი მთელი ევროპისათვის უცილობლად სამაგალითო იყო საფრანგეთში. საკმარისია მოვიგონოთ, რომ სამაგალითო დიდებული რაინდი როლანდი დაიბადა საფრანგეთში. ფეოდალური წეს-წყობილება, - აზნაურობა, ვიკონტები, ბარონები, გრაფები, მარკიზები, ჰერცოგები, ვასალური დამოკიდებულება და ყველაზე ზევით მეფე; ტურნარები ტრუბალურები, ბრწყინვალე სასახლეებში. ბურგუნდიის გრაფის სასახლე ისე ბრწყინავდა, რომ თვით საფრანგეთის მეფის შვილი ლიუდოვიკი IX იქ გადააგზავნეს აღსაზრდელად.

ბუხგალტერია თუმცა იტალიაში გამოიგონეს, მაგრამ პარიზის ბანკებმა მთელს ქვეყანას გადააჭარბეს; ყოველი ქვეყნიდან იქ მიეშურებიან დიდი ფულის სასესხად.

მეცნიერება კი მთელს ევროპას ეკუთვნის, მაგრამ აქაც ფრანგები ხშირად იყვნენ მესვეურად. ქიმია დაუაზიეს შემდეგ შეიქმნა მეცნიერებად. ევოლუციის თეორია ინგლისელმა დარვინმა შეჰქმნა, მაგრამ იდეა ფრანგ სანტილერს ეკუთვნის.

გენიოსმა პასტორმა მთელი მედიცინა გადაატრიალა; მან გამოაცხადა: ავათმყოფობის მიზეზი უთუოდ მიკრობია, ეძიეთ და ნახავთო. ეძებეს იმისთანა მსწავლულებმა, როგორიც იყო ფოხი და ნახეს ჭლექისა და ხორველას ბაცილები, და სხვა ბევრიც.

სახელმწიფოს წესწყობილებაში პირველი ნაბიჯი კონსტიტუციისაკენ ეკუთვნის ინგლისს, - magna charta libertatun 1215 წ. მაგრამ ეს აქტი ევროპას არც გაუგია. არა თუ მთელი ევროპისათვის, არამედ მთელი ქვეყნიერებისათვის, მთელი კაცობრიობისათვის პირველათ საფრანგეთმა გამოაცხადა დიდი რევოლიუციის დროს „დეკლარაცია მოქალაქის და ადამიანის უფლებისა“. ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია აშენებულია საფრანგეთის ენციკლოპედისტების იდეებზე და სისტემაზე. ინგლისში საარჩევნო რეფორმები შემოიღეს 1832 წ. და ეს რეფორმები გადმოიღეს საფრანგეთის კონსტიტუციიდან. თვით სოციალიზმის იდეა საფრანგეთში დაიბადა და იქიდან გაისმა ამისი ქადაგება, მხოლოდ გერმანეთში მარქსმა სოციალიზმი დაამყარა მეცნიერულ საფუძველზე.

მაგრამ, მაგარი ის არის, რომ მიწის სოციალიზაცია, განცალკევებულად, საერთო სოციალიზმთან გამოთიშულათ ევროპაში არავის მოსვლია თავში. იქნება იმიტომ, რომ ევროპაში არ არის ერთის მხრით დიდი ლატიფუნდიები, დიდი მემამულეები, და მეო რეს მხრით უმიწა-წყლობით შევიწროებულნი? საფრანგეთში დღემდე არსებობს ლატიფუნელები, გერმანეთში რა თქმა უნდა, მხოლოდ თითქმის მთელი ინგლისის ტერიტორია ეკუთვნის 900 ლორდს. ევროპაში გლეხობა უფრო ადრე განთავისუფლდა მებატონეებისაგან, ვიდრე რუსეთში, მაგრამ სრულებით უმიწაწყლოთ, და რუსეთში კი გლეხობას განთავისუფლების დროს მიწები დაურიგეს.

რუსეთში ყველაფერი ევროპიდან შემოქონდათ, ყველაფერს ევროპაში სწავლულობდნენ; მაშ რათ მოხდა, რომ ამ საკითხში რუსეთმა ევროპას წინ გაუსწრო? რა არის ეს la pretention, როგორც იტყვიან ფრანგები, ანუ მეტობა, როგორც იტყვიან ჩვენში, თუ სხვა რამე? მაგრამ ამაზე შემდეგ.

გაგრძელება:

საქართველო. - 1917. - 152. - გვ. 3-4

16.9 რუსეთი და ევროპა (II)

▲back to top


. . [გაბრიელ ბედოშვილი, სიმონიკა (სიმონ) ბერეჟიანი, გუგული (გრიგოლ) ბუხნიკაშვილი, ბარნაბ გელაზანია, ნიკოლოზ ურუშაძე]

მიწის სოციალიზაციის იდეა რუსეთში პრეტენზიაა თუ სხვა რამე, ამის ასახსნელად ისტორიას უნდა მივმართოთ.

ერთი ინგლისელი ლინგვისტი ამბობს, რომ რუსები და საერთოდ სლოვანები კულტურის მონათესავენი არიანო. კულტები, როგორც ვიცით, გერმანელებმა მოსპეს, ხოლო რუსები შეეხიზნენ უდაბურ და ჭაობიან ტყეებს, სადაც არავინ ეკარებოდა მათ და იქიდან კი გასაქანად არ უშვებდნენ. როგორც სუსტი ენერგიის ხალხი ერთა დიდ გადასახადების დროს სამხრეთ რუსეთის საუცხოვო საბალახო მინდვრებიდან გაძევებულ იქმნენ. მაგრამ უეჭველია ამ ხანას უბრძოლველათ არ ჩაუვლია. პირველი თავდამსხმელნი გუნები იყვნენ (მეოთხე საუკ.) შემდეგ ავარები (VI ს.) ბოლგარელები (მეექვსე-მეშვიდე საუკ.), ყოველ ამ ხალხს ცოტაოდენი ჩამორჩებოდა, შეერეოდა რუსებში და თავის ენერგიას შეჰმატებდა. მეცხრე საუკუნეში, როგორც ისტორიიდან ვიცით, მოვიდნენ ვარიაგები, ე.ი. ჩრდილო გერმანელები და დააარსეს სახელმწიფო წყობილება. თუმცა რუსის ისტორიკოსი ილოვაისკი ამტკიცებდა, რომ არავინ მოსულა, ეს ზღაპარიაო, მაგრამ ეხლა ეს ზღაპარი დამტკიცებულია ლინგვისტიკის მიერ. როცა გერმანელების ენერგია გაითქვიფა რუსებში და გამოილია, თავად იმ დროს რუსეთს მოადგნენ მონგოლები, დაიპყრეს მთელი რუსეთი და ბატონობდნენ თითქმის 300 წელიწადს 1224-1480. ამ ხნის განმავლობაში რუსებს ბევრი მონგოლი შეერია და თავისი ენერგია მათში გადაასხა. მონგოლები ბატონობაში დასუსტდნენ. მათი კულტურა დაბალ საფეხურზე იყო, განათლებულ ერებთან მეზობლობა არა ჰქონდათ; სახელმწიფო წესწყობილება მათი უვარგისი გამოდგა და იმათი სახელმწიფო დანგრევისაკენ დაექანა. რუსები კი ახალი ენერგიის შეძენით გაძლიერდნენ და შეჰქმნეს დიდი იმპერია, მაგრამ ამ ჟამათ სხვისგან მიღებული ენერგია უკვე გამოლეული უნდა იყოსო - მეუბნებოდა ინგლისელი ლინგვისტია იაპონიის ომის დროს 1904 წ.

იაპონიის ომმა დაამტკიცა, რომ გამარჯვება ომში დამოკიდებულია არა ჯარის სიმრავლეზე, არამედ გენერლებზე და ზარბაზნებზე; სტრატეგიაზე და არტილერიაზე; მეცნიერებაზე და ტეხნიკაზე.

ეს მასალა ნაკლებათ აღმოაჩნდა რუსეთს, არა თუ იაპონიის ომის დროს, ეხლაც. იაპონიის ომის გამოცდილება მათ ყველაზე უფრო უნდა გამოეყენებიათ, და ამ ომისათვის სხვებზე უფრო მომზადებული უნდა ყოფილიყვნენ, რადგან ომი მოულოდნელი არ იყო მათთვის. მაგრამ სრულებით მოუმზადებელი გამოდგნენ. ეს გარემოება აიხსნება ენერგიის ნაკლულობით, ნებისყოფის სისუსტით. ნებისყოფის სისუსტე რუსებს აშკარათ გამოაჩნდათ იაპონიის ომის დროს, შემდეგ 1905 წ. რევოლიუციაში და ეხლაც, როგორც ომში, ასევე რევოლიუციაში. კომისარმა ხარლამოვმა საჯაროთ გამოაცხადა, რომ თუ ჩხეიძე არ ყოფილიყო, პეტროგრადის მოძრაობა ანარქიათ გადაიქცეოდაო.

დიდი ნების ყოფა აუცილებელი საჭიროა სარდლისათვის, მმართველისათვის და ვაჭართათვის. მთელი რუსეთის ვაჭრობა და მრეწველობა უცხოელთა ხელშია ანუ ეგრედ წოდებულ სტაროვერებისა და სტაროობრიადცების ხელში.

ნების ყოფის სისუსტე ზარმაცობას მოასწავებს, და ზარმაცი ხალხი კი სიღატაკეს განიცდის.

აი ამ სიღარიბის განსაკურნავათ მოიგონეს მიწის სოციალიზაცია. ევროპაში არა თუ სოციალიზაცია, ექსპროპრიაცია მოხდა, გლეხობას მიწები ჩამოართვეს განთავისუფლების დროს, მაგრამ ევროპა მაინც მდიდარია.

მაგრამ რუსები გაიძახიან „ევროპა ლპება, ჩვენ ახალგაზრდა ერი ვართ და ევროპას ჭკუა უნდა ვასწავლოთო“. აი ამას ჰქვიან მეტობა. მაგრამ ეს რუსის ხასიათის ერთ-ერთი თვისებაა - მედიდურობა, მეტი სიამაყე. საუცხოვოა ამ მხრივ რუსული სიტყვა „ნემეც“. ეს სიტყვა წარმოსდგება სიტყვა „ნემოი“-დან, რომელიც ნიშნავს მუნჯს. ნემეცს ძველად რუსები უწოდებდნენ ყოველ ევროპიელს. იმ ევროპიელს, რომლისაგან ყველაფერი უსწავლია უწოდებდნენ მუნჯს, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპიელმა რუსული ლაპარაკი არ იცოდა. მეტი უსაფუძვლო სიამაყე განა შეიძლება. რუსის მდაბიო ხალხი დღემდე დარწმუნებულია, რომ მაიმუნი ნემეცმა გამოიგონა, მაგრამ იმას მაინც მუნჯს უძახის.

ამ გვარივე მეტობით უნდა ჩაითვალოს, რომ რუსეთმა მიწის სოციალიზაციით ევროპას ჭკუა უნდა ასწავლოს.

საქართველო. - 1917. - 155. - გვ. 3

16.10 ფოთი და ნიკოლაძე

▲back to top


რაე. [რევაზ გაბაშვილი]

(შთაბეჭდილებანი)

შემთხვევით მომიხდა ყოფნა ფოთში და მარტო აქ ვიგრძენი სინამდვილით თუ რა შემოქმედებითი ძალა ჰქონია ქართველ ერს, თუ კი წარმოშვა ნ. ნიკოლაძე - ფოთის აღმშენებელი. გამიგონია, ფოთი დიდი ჭაობის მეტი არა იყო რა ნიკოლაძის ჩასვლამდეო, - და დღეს კი იგი ევროპიულ საზღვაო ქალაქსა ჰგავს. მართალია, მცხოვრებთა ნაკლებობაა და ქალაქი გაფანტულია, მაგრამ იგი საუცხოვოდ მომზადებულია უახლოეს მომავალში სიცოცხლის მძაფრად ადუღებისთვის, როცა საქართველო თავისუფლად ამოსუნთქებასა და ამოქმედებას ეღირსება. ფოთი პოტენციალი ძალაა ჩვენის მომავლისა და ჩვენს სამშობლოში შუქის და წმინდა ჰაერისა, ერთად ერთი შემომტანი.

მშვენიერი ბაღი - პარკი, ნამდვილი კულტურის ოაზისია სამტრედიიდან ფოთამდე გადაჭიმულ ჭაობში; ცად აღმართული ტაძარი ამაყად დაჰყურებს არე-მარეს და თითქო ნიკოლაძის სხივებსა ჰფენსო, თეთრად მოსჩანს შორს ზღვიდანაც კი. სამხერხაო ქარხნები, ელექტრონის სადგური, ხიდები, მთებად დაგროვილი შავი ქვა, მოძრვი და შეჩერებული ვაგონები, ვაგონეტკები, ცის ტატნობზე აღმართული უზარმაზარი ელევატორი - ყველა ეს ევროპის სამრეწველო დიდს ქალაქს მოგვაგონებდა და არა ჩვენს ნახევრად აზიურს თბილისს, საცა სომხის ბურჟუაზიის კულტუროსანი და პროგრესიული სიტყვების ჩხარუნით ყურებს გვიჭედავენ. სწორი და მოკირწყლული ქუჩები, დამონებული რიონი, რომელიც თავის მღვრიე ტალღებით რამდენიმე ვერსზედ ამღვრევს ზღვის წმინდა წყალს. ყველაფერი ეს რაღაც ტიტანური ზედმოქმედების კვალს ატარებს და ყველაფერს ამერიკული რეკლამასავით ზედ აწერია - made in Nicoladze.

მაგრამ ზღვისა, ჭაობისა და რიონის სტიქიონში გვირგვინი ფოთის აღმოცენებისა, როგორც წარმტაცი ხელოვნებისა და კულტურის ქანდაკებისა - მისი ნავთსადგურია. საცა ეხლაც, ამ მკვდარ ხანაში, მოძრაობენ გემები, ტვირთმზიდველები და უზარმაზარ საწყობებში მიაქვთ და მოაქვთ ათასნაირი ტვირთი და ბარგი, უნდა ქართველმა კაცმა თავის ფოთის ნავთსადგური, მისი უშველებელი, შორსგატყორცნილი ყორე-დამბა, თვალით შეეხოს მის ციკლოპიურ ქვების ნაშენობას, რომ წარმოიდგინოს ადამიანის ჰენიის ძალა, დამთრგუნავი ზღვისა და ზეცის სტიქიონისა. ადამიანმა თავისი თვალით უნდა ნახოს ფოთის ნავთსადგური, რომ მოწიწებით მოიგონოს ნ. ნიკოლაძის ტიტანური შემოქმედება - იმ ნიკოლაძისა, რომლის სახელს, როგორც მამენტს რეალ შემოქმედებისას - ბევრი ფინია უგუნურებისა დაჰყეფდა და შეურაცყოფდა. შურიან „პოლიტიკოსებს“ (რომელთაც თავისი ჭკუის გამონაგონის გარეითად, როგორც ფოთის ლოკოკინებს - არა აბადიათ-რა და არც ღმერთმა თვალი მისცა დასანახავად, - არად მიაჩნიათ) ის მდევური ძლიერებით შექმნილი ქალაქი, რომელიც ძვირფასი თვალივით იყურება ევროპისაკენ, არად მიაჩნიათ. გაშლილი ზღვა, მისი ისტორიული და ეკონომიური ძალა, რის დასაბყრობად უდიდესი სახელმწიფონი იბრძვიან და თავის ადგილიდან დაიძვრებიან - გაშლილი ზღვა ნიკოლაძემ დაიბყრა თავისი დამბით, თამარ მეფის რკინასავით „ზღვაში ჩააგდო და ხმელეთი ჩვენკენ მოიგდო“; აღელვებული, გააფთრებული ზღვა უნაყოფოთ-ღა სტყორცნის გამძვინებულ ტალღებს, მაგრამ დამშვიდებულ, ქვის უბეში მინაბებულ ნავთსადგურს მხოლოდ მარგალიტის ნაპერწკლებს ასხურებს. გაშლილი ზღვა ქარის, ზეცის და რიონის სტიქიონს ასდევს და ჩასდევს, ყურები კი ოდნავ ირხევა და აცურებს გემებს.

აი რა შეჰქმნა ნიკოლაძემ, ბრწყინვალე მომავალს გაუხსნა კარი ძლიერი და ლაღი, ქვისა და რკინის ბჭე დაუდგა საქართველოს და მისნი მოძულენი კი აქა-იქ დასისინებენ. დასისინებენ ისინი, ვინც მთელ თავის სიცოცხლეს ერთ ასეთ ქვასაც ვერ გადააბრუნებენ, რომელთათვისაც მილიონები ჩაუყრია ნიკოლაძეს ზღვაში, მის დასამონებლად. თითო ოთხკუთხა ქვა ჩამოსხმული ბეტონისა და კლდისაგან, კარგა მოზრდილი ოთახი გეგონება შორიდან და მათი თვალუწვდენი კედელი ჯერ მწყობრი და მერე ახეთქილ-დახეთქილი იმ საზღაპრო ამბავს მოგაგონებენ, მდევები ღმერთებს რომ ებრძოდნენ და... დამარცხდნენ; მაგრამ ნიკოლაძემ კი თავისი ტი ტანური ენერგიით და მედგრობით დაამარცხა თვით ზღვა და... ქვიშასავით განფანტა მისი ღვაწლი მის მოძულეთა. ისტორიამ უნდა დააფასოს ღვაწლი ნიკოლაძისა და ძეგლი დაუდგას მედგარი კლდისა, რომ შთამომავლობამ არა მარტო მოსისინეთა სტრიქონებიდან ამოიკითხოს მისი წვრილმანი ნაკლები, არამედ თავისი საკუთარი თვალით დაინახოს ის, ვინც თვალი აახელინა საქართველოს შავი-ზღვა-ევროპისაკენ.

საქართველო. - 1917. _ 104. - გვ. 3-4

16.11 ქართველური საქმიანობა

▲back to top


. თუმანიშვილი

ვჩივით, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური უფლებები არა გვაქვს, ვჩივით, რომ მეზობლები გვჯობნიან, გულს ვიკლავთ იმაზე, რომ ყველაფრითა ვართ ჩამორჩენილი და გვავიწყდება, რომ ამის მიზეზი ჩვენვე ვართ, - ჩვენი ბრალია, თუ სახელმწიფოში გაბატონებული ეროვნება ჩვენს უმოქმედობით სარგებლობს და ჩვენში გაბატონებას ახერხებს, ჩვენი ბრალია, თუ მეზობლები ჩვენზედ მეტ საქმიანობას იჩენენ, ქონებრივად გაღონიერებას ახერხებენ და ამით მეტ საზოგადოებრივ გავლენას იძენენ, ჩვენივე უმოქმედობის ბრალია, თუ ფეხის ერთ გადადგმასაც ვეღარ ვახერხებთ მოფიქრებულად, აქეთ-იქით ვეცემით უაზროთ, ბედს ვემდურით, უბედობის თავიდან აცილებას არ ვცდილობთ...

ეს უმოქმედობა გვკლავს და ამ უმოქმედობასთან ბრძოლაა საჭირო. ეს უმოქმედობა ქართველების საერთო სენია, იგი ყველგან იჩენს თავს და აბრკოლებს ჩვენში დაწყებულ ყოველ საქმის განვითარებას.

აიღეთ რომელიც გნებავთ ჩვენებური საზოგადო დაწესებულება, დაუკვირდით ქართველების სავაჭრო ან საქველმოქმედო საქმეებს, ყველგან ერთი და იგივე სენი კლავს ქართველების კეთილდღეობას, - უმოქმედობა!

ამ სენისაგან ისინიც არ არიან თავისუფალი, ვისაც ბედმა თუ გარემოებამ სიმდიდრე და ქონებრივი კეთილდღეობა არგუნა. ჩვენი ზუბალაშვილები ნავთის საქმით გამდიდრდნენ, მაგრამ აბა თავი თუ შეიწუხეს და ამ საქმეს გარდა კიდევ სხვა რომელიმე საქმესაც მოეკიდნენ. ჩვენი სარაჯიშვილი ერთ საქმეს ადგია. ჩვენი ღოღობერიძე ერთი საქმით ცხოვრობდა. აბა სომხები თუ იკმარებენ ერთ საქმეს, მრეწველობის ან ვაჭრობის ერთ რომელსამე დარგში გამდიდრებული, ისინი ათას სხვა საქმესაც ეტანებიან, შრომობენ, რადგანაც ქონებრივი უზრუნველყოფა შრომას უადვილებს და დღიურ ლუკმა პურზე ფიქრით მათს გონებას არ სწამლავს. თვითონ ახალ საქმეებს რომ იწყებენ, ისინი სხვებსაც უჩენენ ამითი საქმეს, - ხელს უწყობენ ხალხის გამდიდრებას, შეძლებისადაგვარად თავიანთ მხრივ უზრუნველყოფენ ხალხის ეროვნულ არსებობასაც. ხალხისგან აღებული სიმდიდრე ამ სახით ისევ ხალხს უბრუნდება, ჩაღდება ეკონომიური ცხოვრება, ხალხის სიმდიდრე მატულობს და იზრდება... შეძლებულების სიმდიდრე ხალხისთვისაც სასარგებლოდ რჩება...

უმოქმედობა აქაც ქართველების დამღუპველი გამოდგა. ის ფული, რომელსაც ჩვენი შეძლებულები ხარჯავენ ჩვენში ქველმოქმედების სახით, რასაკვირველია, სასარგებლოა, მაგრამ არა ნაკლებ სასარგებლო იქნებოდა ქართველებისთვის, ახალ-ახალი სავაჭრო და სამრეწველო საქმეები რომ დაეწყოთ ჩვენში იმათ, ვისაც ქონებრივი უზრუნველ-ყოფა ახალ საქმეების დაწყებას უადვილებს.

მართალია, უკანასკნელ წლების ამბები ვერაფერი გამახალისებელია ჩვენებურ შეძლებულთათვის, ეს ამბები უცხოელ კაპიტალისტებსაც აშინებს და ჩვენში რამე ახალ საქმის დაწყებას აბრკოლებს. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ამბები წარმავალ სენათ მოედო ჩვენს ქვეყანას, ეს ამბები წინეთ არ ყოფილა და ალბად შემდეგშიაც აღარ იქნება. მუშების კაპიტალისტებზე გადაკიდება უცხოეთშიაც ხშირად უკიდურესობამდის მიდის, მაგრამ იქ, უცხოეთში, ეს გადაკიდება არასოდეს არ თავდება კაპიტალისტის მოკვლით და მიზნად არ ისახავს კაპიტალისტის ან მის საქმის დაღუპვას. იქ იციან, რომ საქმის დაღუპვით ხშირად მუშები თვითონაც იღუპებიან და ამიტომ იქ ერიდებიან საქმის დაღუპვას.

ჩვენში კი ხშირად გაგვიგონია, - ეს კაპიტალისტი თუ დაიღუპა, სხვა მოკიდებს ხელს ამავე საქმეს და მუშა ხალხს სამუშაო არ დააკლდებაო...

ამ მხრივ ჩვენებურ კაპიტალისტების უმოქმედობას თითქოს თავისი გასამართლებელი საბუთიც აქვსო, და ეს საბუთიც მათ მართლაც ამართლებს იმდენად, რამდენადაც მუშაობის მოხსენებული პირობები ჩვენში არ გამოცვლილა, მაგრამ ამ პირობებს გარეთაც მაინც ყოველივე ეჭვს გარეშედ რჩება ეს უმოქმედობა, როგორც ქართველების თანდაყოლილი თვისება. სომხები მაგ. მხოლოდ შინ საქმიანობას არა კმარობენ და გარეთ რუსეთში, და თვით უცხოეთშიაც ახალ ახალ საქმეებს იწყებენ, ჩვენი ქართველი კაპიტალისტები კი თითქოს საქართველოს ვიწრო საზღვრებს ვერ გას ცილებიან და საქართველოს გარედ კი შენაძენ ფულით დამშვიდებულად სიცოცხლეს არჩევენ...

მაგრამ თავი დავანებოთ ქართველ კაპიტალისტებს, - ჯერ ბევრი დრო გავა, სანამ ისინი ისწავლიდენ ნამდვილ საქმიანობას, - სხვა საქმეებში უფრო ხელ მოკლე წრეები, ჩვენებური ინტელიგენცია, ჩვენებური ვაჭრები, ჩვენებური თავად-აზნაურები, ქართველი გლეხები და ქართველი მუშებიც, განა ამავე უმოქმედობის სენით შეპყრობილნი არა ვართ?

ინტელიგენციაზე ბევრი საყვედური თქმულა და აწიც არა ნაკლები ითქმის: მცონარე, მოლაქლაქე, უიდეალო, ყოველსავე ცოდნას და საქმიანობის გრძნობას მოკლებული, თვითონ არაფრის გამკეთებელი და სხვისი ხელის შემშლელი, შურიანი და წვრილმანი, - ქართველი ინტელიგენტი უიდეალო ხალხის ღირსეული ბელადი არის, - მის ხელში ხალხი სხვის მეწველ ფურად ხდება, თავის საკუთარ შეცდომათა შეგნების სურვილსაც კარგავს და იღუპება. ინტელიგენციისაგან დაწყებული ყოველი საქმე ჩვენში ხან მოკლე და სასიცოცხლო ძალებს მოკლებული ყოფილა.

ავიღოთ მაგალითად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება; - ინტელიგენციამ აქ რა გააკეთა, შექმნა თუ არა ეროვნული დაწესებულება, რომლის გარშემო თავს უნდა იყრიდეს ყველა ის ძალა, რომელიც ქართველების ეროვნულ აღორძინებისაკენ მიმართულია, შეუდგა თუ არა ეს დაწესებულება ქართველებში წერა-კითხვის და ყოველგვარ საჭირო ცოდნის გავრცელების საქმეს, ააყვავა თუ არა ქართული მწერლობა, შექმნა თუ არა ახალი ეროვნული ძალები, აღზარდა თუ არა სამშობლოს სიყვარულით გატაცებული თაობა? არა, არა და არა! საუკეთესო ქართველები მეთაურობდენ ამ დაწესებულებას, სხვა და სხვა პარტიებმაც მიაქციეს მას ჯეროვანი ყურადღება, ამ პარტიების მეთაური - ინტელიგენტები საქმის გამგეობაშიც კი ჩადგნენ, მაგრამ დღესაც კიდევ ხსენებული საზოგადოება როგორღაც განმარტოვებით სდგას, თვითონ სიცოცხლეს მოკლებული ერის სასიცოცხლო წყაროდ ვერ ხდება და ქართველების გულს თავისკენ დღესაც კიდევ ვერ იზიდავს და ვერა!..

მიზეზი? იტყვიან - უსაღსრობაო! მაგრამ ამ უსაღსრობის მიზეზი რა არის? ჩვენის აზრით მიზეზი ის არის, რომ ხალხი ამ საზოგადოებისაგან გაკეთებულ საქმეს ნაკლებად ხედავს. ორიოდე სასწავლებელი, რამდენიმე სამკითხველო, ათიოდე გამოცე მული წიგნი, მორცხვად სადღაც მიმალული სამუზეუმო მასალა და საკუთარი წიგნის მაღაზია საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მომავალ აღორძინების იმედი ჩაბერონ მოდუნებულ ქართველობას და გააღვიძონ მძინარე და უიდეალო ქართველი ერი.

ან როგორ მოხერხდებოდა ამ დიად საქმის გაძღოლა, როდესაც იქ თავის შინაურ საქმეების მოწყობაც ვერ მოხერხებულა. თუ მართალია ის ხმები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ტრიალებს, ეს საქმეები მეტად აწეწილი ყოფილა. ამაზედ არაფერი არ იწერება, ასე ეგონება ადამიანს ყველაფერი რიგზე არისო, გარედან ცვლილებასაც ვერაფერს ვხედავთ ხსენებულ საზოგადოებაში. ერიდებიან ცვლილებას, რადგანაც ზოგიერთებს ერიდებიანო - ამითი ნათლად ამტკიცებენ ქართველურ საქმიანობას. ცალკე პირის მორიდებით საქმის დაღუპვა - ეს საუცხოვო საქმის სამსახურია, ასეთი სამსახური შხამად ერგება საქმეს, რადგანაც კარგის და ავის, სასარგებლოსი ან მავნებელის გარჩევა თუ არ იქმნა, ისე საქმეც ვერასოდეს ვერ იხეირებს...

ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ ხსენებულ საზოგადოების შესახებ ხმები სიმართლეს მოკლებულია, რომ საქმე წესიერად სწარმოებს, რომ გამგეობა ჯეროვან თვალყურს ადევნებს საზოგადოებაში მოსამსახურე პირებს და შრომას არ ზოგავს იმისთვის, რომ საზოგადოების მოქმედება ნაყოფიერი გახადოს, რომ საზოგადოების მდივანი - ეს საქმის ნამდვილი მწარმოებელი და სულის ჩამდგმელი საქმიანობის უნარს იჩენს და თავის შრომას და მეცადინეობას არ აკლებს დიად ეროვნულ საქმეს, რომ საზოგადოებაში მოსამსახურე ყოველი პირი თავის კერძო ქონებაზედ უფრო უვლის საზოგადოების ქონებას...

ჩვენ გვინდა ყოველივე ეს ვიფიქროთ, მაგრამ ქართველების საერთო უსაქმობით და უვარგისობით გულ გატეხილები აქაც ვშიშობთ, რომ ჩვენი სურვილი ნიადაგს მოკლებულია...

ამაზედ და ჩვენ სხვა საზოგადო საქმეებში ქართველების საქმიანობაზედ შემდეგ.

ივერია. - 1909. - 17. - გვ. 2

16.12 წერილები შვეიცარიიდან

▲back to top


. -ძე [კონსტანტინე ბაქრაძე, კატო ბურჯანაძე]

I

შვეიცარია თითქმის არ იქცევს ყურადღებას საზღვარ-გარეთელ პრესისას. თქვენ შეხვდებით ვრცელ კორესპონდენციებს, როგორც რუსეთის, ასე დასავლეთ ევროპის ჟურნალ-გაზეთებში, სადაც გვაცნობენ, სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებას, მათ სოციალურ წინსვლის მატიანეს, კლასთა ბრძოლას.. საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, ავსტრო-უნგრეთი, იტალია და ასეთი პატარა სახელმწიფოებიც კი, როგორც, მაგალითად ბოლგარია, სერბია და სხ. მუდამ შეადგენენ უცხოელ მიმოხილვათა და კორესპოდენციათა მასალას.

შვეიცარიიდან თქვენ ძალიან იშვიათათ შეხვდებით წერილს, და პრესის უცხოელ განყოფილება თითქმის სრულიათ გვერდს უვლის იმ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას, რომელიც ითვლება სუყველაზე უფრო დემოკრატიულათ და თავისუფლათ.

შვეიცარია - ეს სიმბოლო პოლიტიკური თავისუფლების. შვეიცარიის პოლიტიკური წყობილება - ეს იდეალი მოწინავე დემოკრატიისა, შვეიცარია, რომლისკენაც იცქირება ყველა ქვეყნის პროგრესიული დემოკრატია და იქ ეძებს იდეალურ ფორმებს პოლიტიკური რეჟიმისას, - ეს შვეიცარია, მისი ყოველდღიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება - არ ნახულობს ადგილს ჟურნალ გაზეთების ფურცლებზე. ეს ჩვენ მიგვაჩნია დიდ ნაკლათ და თუ ჩვენი წერილები ცოტათ მაინც შეავსებს ამ თვალსაჩინო ნაკლს და მიაჩვევს ქართველ მკითხველს თვალყური ადევნოს შვეიცარიის ხალხის ცხოვრებას, ჩვენ ჩავთვლით ჩვენ მიზანს მიღწეულათ.

შვეიცარიაზე გავრცელებულია ფართე საზოგადოებაში ის აზრი, ვითომ ის გაიყინა განსაზღვრულ პოლიტიკურ ფორმებში და მისი პოლიტიკური ცხოვრება არ მიდის წინ სოციალურ პროგრესისკენ.

ჭეშმარიტების ნაწილი, რასაკვირველია არის ამაში.

შვეიცარიის პოლიტიკური ცხოვრება ერთობ წყნარი და ერთგვარია. ის ფართე პოლიტიკური თავისუფლებანი, რომელნიც მიღებული აქვთ შვეიცარიის მოქალაქეთ, პირველი შეხედვით თითქო არ შეესაბამება იმ მკრთალ საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომელიც არ წამოაყენებს ხოლმე დიად სოციალურ კითხვებს, არ გამოყავს პოლიტიკურ მოედანზე მომქმედი, მებრძოლი მასები, არ ითრევს მათ ინტენსიურ სოციალურ მოძრაობის ფერხულში.

ვინც პირველათ აკივრდება შვეიცარიის ცხოვრებას იმას უსათუოთ აოცებს ის წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს შვეიცარიის პოლიტიკური ფორმების და მისი შინაარსის შორის.

აქ თითქმის განუსაზღვრელი თავისუფლებაა კრების, მაგრამ სად არის ისეთი კრებები, რომ საერთო ყურადღებას იქცევდენ და ფართო საზოგადოებისთვის ინტერესს წარმოადგენდენ?!

არსებობს თითქმის აბსოლუტური თავისუფლება პრესის, - მაგრამ სად არის პრესა, რომელიც უკრავს ბუკს და იწვევს ხალხს ბრძოლისაკენ?

უნივერსიტეტებში კარები ფართეთ გაღებულია ქალებისთვის, მაგრამ სად არიან შვეიცარიის ქალები? ამაოთ ეძებთ მათ უნივერსიტეტში, იქ მათ ვერ დაინახავთ მაშინ, როდესაც ქალები სუყველა კუთხეებიდამ, განსაკუთრებით რუსეთიდან, აწყდებიან აქაურ უნივერსიტეტში. თავისუფლება სინდისის და აუარებელი კლერიკალური წრეები, რომლებიც იზდებიან, როგორც სოკოები...

ეს წინააღმდეგობა იმდენათ აშკარა და თვალსაჩინოა, რომ აიძულებს ყველას, ვინც პირველათ აკვირდება შვეიცარიის საზოგადოებრივ ცხოვრებას დაასკვნას, რომ შვეიცარია გაიყინა და მისი წინსვლა საეჭვოა.

მაგრამ ეს დასკვნა იქნება, ჩვენის აზრით, აჩქარებული, ზერელა, სიმართლეს მოკლებული.

შვეიცარია სრულებით არ დგას ერთ ადგილზე და თუმცა წყნარი, მაგრამ მაგარი ნაბიჯით მიდის წინ.

ამ წინსვლის ეტაპების აღნიშვნა, იმ ბურუსის ჩვენება, რომელიც უშლის შვეიცარიის ცხოვრების მეთვალყურეს ფართე ისტორიული ერის დანახვას, ჩვენება იმ ისტორიული ეტლისა, რომელიც მიაქანებს შვეიცარიის ხალხს სოციალურ პროგრესისკენ, - აი ჩვენი წერილების საგანი. სანამ აღვნიშნავდეთ შვეიცარიის ცხოვრების წინსვლას, მოძრაობას, საჭიროა ჯერ გავიცნოთ ის პოლიტიკური ფორმები, რომლებიც ბეჭედს ასვამენ თანამედროვე შვეიცარიის პოლიტიკურ ცხოვრებას. მაგრამ ვინაიდგან ამ დღეებში შვეიცარია იყო მოწმე ინტენსიური სოციალური ბრძოლისა და ვინაიდან ამ ბრძოლას აქვს დიდი მნიშვნელობა, ჩვენ ამ წერილში საჭიროთ მოგვაჩნია ჯერ ამას გავაცნოთ მკითხველი. შემდეგ წერილებში კი, ჩვენ დაუბრუნდებით ვრცელ აღწერას შვეიცარიის სოციალურ ფიზიონომიისას, ურომლისოდაც გაუგებარი დარჩება ხასიათი თანამედროვე შვეიცარიის პოლიტიკურ ცხოვრებისა.

ამ დღეებში შვეიცარიის მცხოვრებნი იყვნენ მოწმე სოციალური მოძრაობის, რომელიც შვეიცარიის საზოგადოებრივ ცხოვრების მომავალ ისტორიკოსისთვის (და არა მარტო შვეიცარიის ისტორიკოსისთვის) - ფრიათ მნიშვნელოვანი იქნება.

ეს სოციალური ბრძოლა გამოიწვია ახალმა სამხედრო კანონმა (la nouvelle loi militaire), რომელიც მიღებულ იქნა შვეიცარიის პარლამენტის (l'Assemblée féderale) მიერ. ეს ახალი კანონი მთელი თავისი სიმძიმით აწვება მუშათა კლასს, იგულისხმებს სამხედრო ბიუჯეტის აწევას ათი მილიონით, საერთოთ აგრძელებს კაზარმებში ყოფნის ვადას 20 დღით, იწვევს შედეგათ მილიტარიზმის გაძლიერებას და, ბევრათ თუ ცოტათ, დემოკრატიული ჯარის - ანტიდემოკრატიულათ გარდაქმნას.

როგორც ვიცით, ახალი კანონი, რომელიც შვეიცარიაში გამოდის, ძალაში შედის თუ პროტესტი არ არის ხალხის მხრით. მაგრამ თუ 50,000 მოქალაქემ მოითხოვა ახალი კანონის კენჭის ყრა, კანონი გადადის რეფერენდუმის განსახილველათ, სადაც კანონმდებლათ გამოდის არა ხალხის წარმომადგენლები, როგორც პარლამენტში, არამედ თვით ხალხი, - მთელი ხალხია კანონმდებელი.

სოციალდემოკრატიამ გასწია ენერგიული აგიტაცია ხალხში და ივლისის პირველ რიცხვებში უკვე შეკრიბა 90,000 ხმა, თითქმის ორჯერ მეტი, რაც საჭირო იყო რეფერენდუმის მოსათხოვათ. რეფერენდუმი მოხდა კვირას, 3 ნოემბერს. 3 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ სოც.-დემოკრატიას მოძრაობის სათავეში, რომელიც მიმართულია ახალი კანონის წინააღმდეგ. შვეიცარიაში ამოძრავდა ყველაფერი, რასაც კი მოძრაობის უნარი ქონდა. მომღერლების და მუსიკოსების წრეები, მსროლელთა და გიმნასტიკის მოყვარულთა ჯგუფები, ოფიცრები, სტუდენტები და ათასი სხვა წრეები ჩაერიენ საერთო მოძრაობის ფერხულში. გაიმართა მიტინგები და რეფერატები და სამი თვის განმავლობაში შვეიცარია წარმოადგენდა აღელვებულ ზღვას. სოც. დემოკრატ. პარტია მოექცა სათავეში ანტიმილიტარულ მოძრაობას და ენერგიულათ იწვევდა ხალხს კანონის წინააღმდეგ საბრძოლველათ. სოც. დემოკრატ. პარტია გაუმკლავდა ყველა ბურჟუაზიულ პარტიებს, რომელნიც მომხრენი იყვნენ ახალი კანონის. სიტყვის და წერის საშვალებით, გაზეთებით და ბროშურებით ს. დემოკრატია უმტკიცებდა მშრომელ ხალხს, რომ ახალი კანონი მისთვის საზარალოა.

ჩვენ არ გვინდა ახალი კანონი:

რადგანაც ის არღვევს ხალხურ შკოლებს;

რადგანაც ის ქმნის არისტოკრატიულ ბიუროკრატიას, შეუთანხმებელს ჩვენს ზნე-ჩვეულებასთან, ჩვენს ინდივიდუალურ და სოციალურ ცხოვრებასთან;

რადგანაც ის ხელს უწყობს შვეიცარიის ჯარის კლასიკურ და კასტიურ ჯარათ გარდაქმნას;

რადგანაც ის სპობს გაფიცვის უფლებას 50.000 მუშებისთვის;

რადგანაც ის ქმნის ჯარს კაპიტალის იარაღით, შრომის წინააღმდეგ;

რადგანაც ის სამხედრო სამსახურის გაგრძელების საშვალებით და ახალი სამხედრო ბაჟების დადებით, რომელიც აწვება განსაკუთრებით მუშათა კლასს, აძვირებს ცხოვრებას;

რადგანაც, დასასრულ, მას შეაქვს დეზორგანიზაცია ეკონომიურ ცხოვრებაში.

ასე ლაპარაკობდენ სოც. დემოკრატი ორატორები მიტინგებზე და იწვევდენ ხალხს დაეგმოთ ახალი კანონი. იმავე დროს ისინი მოწოდებების, გაზეთების და ბროშურების საშვალებით წინ უშლიდენ ხალხს მეტათ საინტერესო ფაკტებს და ციფრებს..

1875 წელს, როდესაც გამოიცა სამხედრო კანონი, სამხედრო ბიუჯეტი შეადგენდა 11,018,259 ამის შემდეგ ის მატულობდა საშინელი სისწრაფით და 27 წლის განმავლობაში თითქმის გაოთხკეცდა: 1880 წელის სამხედრო ბიუჯეტი უდრიდა 12 მილიონს, ახლანდელი კი თითქმის 40 მილიონს, ახალი კანონის წყალობით ის აიწევს 50 მილიონამდე.

ხალხი დიდის ყურადღებით უსმენს სოც. დემოკრატ ორატორებს, ცოცხალი ინტერესით კითხულობდა მოწოდებებს...

მოახლოვდა 3 ნოემბერი...

საღამოს 8 საათზე უკვე ვიცოდით რეფერენდუმის შედეგი:

კანონი მიღებულ იქნა 60,000 ხმის უმეტესობით. 325,000 ხმა მომხრე იყო, 265,000 წინააღმდეგი.

რა მნიშვნელობა აქვს ამ ისტორიულ დღეს? ამ დღემ დაგვანახა, - სწერდა ერთი ადგილობრივი სოც. დემ. ორგანო, - რომ ჩვენ არ დავსუსტებულვართ, პირიქით, მან ნათლათ გვიჩვენა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო გავძლიერდით... 265.000 მოქალაქე ჩვენსკენ იყო და გვეხმარებოდა „ბინძურ მუშაობაში სამშობლოს (დასაქცევათ) დასარღვევათ“ („sale bosoqne de desorqanisation de la patrie).

ყოველ იერიშის შემდეგ ჩვენ უფრო გაერთიანებული ვართ, ვიდრე როდისმე; ბრძოლის დღეებმა ჩვენ დაგვანახა, რომ მხოლოთ ბრძოლაა პირობა ჩვენი განვითარების, მხოლოთ ბრძოლის, მედგარი ბრძოლის საშვალებით ჩვენ გავექანებით წინ პროგრესისაკენ“

ჟენევა 1907 . 13 ნოემბერი

ცისკარი. - 1907. - 11. - გვ. 3-5

17 პირთა საძიებელი

▲back to top


აბხაზი, კ.

აგასოვი

ავგერინო

ავე, ლუი

ავერკინი, პ.

აკიმოვი

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მესამე

ალმაზოვი

ამბონი, ჟულ

ანდრეევსკისა

ანთიმოსი, მღვდელ-მონოზონი

ანჟუ, ნეაპოლის პრინცი

ანტონ ქათოლიკოსი

ასათიანი [ფედერალისტი ასათიანი]

არპადები

არპადი, სტეფანე

არსენიძე, რ.

არტურ-კოპპელი

აღა-მამად-ხანი

აშფოთი, დ-რ

ახმეტელაშვილი ბ.

ბაბეფი

ბაირონი

ბაკუნინი

ბარათაშვილი, ნიკოლოზ

ბარტნიანსკი

ბატაილი, ბ.

ბაქრაძე, დ.

ბაჩანა

ბებელი/ბებელები

ბეკონი

ბელი

ბერელაშვილი გ.

ბესიკი

ბისმარკი

ბლანკი

ბლანი, ლუი

ბობრიკოვი

ბოდენშტეტი

ბონაპარტე/ბონაპარტი

ბოტიჩჩელი

ბრეიზიგი, კურტ

ბროკკელმანი, ბ.

ბროსსე

ბუადეფრი (გენერალი)

გაბაშვილი, ეკატერინე

გარიბალდი

გეგეჭკორი ევ.

გედევანიშვილი

გეკსლი

გისბერტი

გიორგაძე გვ.

გიორგი XII

გიოტე

გიუიო, ივ.

გლადსტონი

გლინკა

გობეჩია

გობეჩია, ბ.

გობეჩია, იოსებ

გოგელია, კ.

გოლუბცოვი

გრიოზი

გუდიაშვილი, ლადო

გურამიშვილი, დავით

გროტი, გუგო

გულაკი

გუნო, შარლ

დავიდი

დაისი

დალისი

დანტე

დანტონი

დარვინი

დარიუსი

დაუაზიე

დე-მეზო-კოვესდი, ჟუფალვი

დე ბაი

დებრიუკმარკე-სნოუდენი

დელაკრუა

დენიკინი

დერჟავინი

დიზრაელები

დირრი, ა.

დიუმენილი, ბ.

დიურერი

ედუარდი (მეფე)

ენგელსი

ერისთავი, დავით

ერისთავი, რაფიელ

ერეკლე II

ვალდეიერი

ვანდეიკი

ვანდერვალდე

ვაჟა-ფშაველა

ვარრე

ველასკეზი

ველეპოლსკი

ვერონეზე, პაოლო

ვესტერნჰაგენი, ფ.

ვეშაპელი გ.

ვივიანი

ვილჰელმი (იმპერატორი)

ვობანები

ვორდროპი/ვარდროპი, მარჯორი

ვახტანგ VI

ზანქან ზორაბაბელი

ზოლა, ემილ

ზუბალაშვილები

ზუბალაშვილი, პეტრე

თამარაშვილი, მიხეილ

თამარი/თამარ მეფე/თამარ-დედოფალი

თეიმურაზ პირველი

იაანესკა

ივანოვი

ილოვაისკი

იოსელიანი, ე.

იოტეიკო

იოჰანო (ავსტრიის პრინცი)

კაზიმირ დიდი/კაზიმირ მესამე

კაკაბაძე, დავით

კანტი

კარლაილები

კარნო

კარსონი, ედუარდ

კაუცკი, კ.

კედია

კიკვაძე, მაკარი

კილაძე, სიმონ

კლდიაშვილი

კლემანსო

კობდენები

კოვალევსკი, მაქსიმ

კოკოვცევი

კოლჩაკები

კომბი

კონდორსე

კორეჯიო

კორვინი

კრეზო

კრუპი

ლავროვი

ლაპანსკი

ლასალი

ლებოკი

ლეო X

ლეონარდო და-ვინჩი

ლენინი

ლერმონტოვი

ლიბკნეხტი

ლიონ-კანი

ლიტცი, გ.

ლიუდოვიკ IX

ლომაური

ლომოვი

ლოტო

ლუი XIV

ლუი XVI

ლუი ნაპოლეონ III

ლუკიში

მანნერი

მანოლოპულო

მანსფელდი (ლორდი)

მარგველაშვილი, ტიტე

მარლიტა, ლუიზა

მარტოვი

მარქსი, კარლ

მაჩაბელი, ვანო

მახარაძე, ფ.

მგელაძე, ვლასა

მენგერი

მერკვილაძე

მერსიე

მილი, სტიუარტ

მიხაილოვსკი

მირიანაშვილი/მირიანიშვილი

მიტკევიჩი

მიქელაძე, ვლად.

მურილიო

მჭედლიშვილი, ვ.

ნანსენი

ნაპოლეონი

ნაუმოვი, ფ.

ნახუცრიშვილი, გიორგი

ნიკოლოზ II

ნინოშვილი

ნიკოლაი

ნიკოლაძე ბ.

ნიკოლაძე, იაკობ

ნიკოლაძე, ნიკო

ნიცშე

ნუცუბიძე, იაკობ

ოვენები

ორბელიანი, გრიგოლ

ორბელიანი, ვახტანგ

ორგეიანი, კამანდო

ოქტავ ავგუსტი

პერიკლე

პესტალოცი

პილატი პონტოელი

პლატონი

პლეხანოვი

პრაკსიტელი

პუშკინი

ჟიდი

ჟორდანია, ნოე

ჟორდანია, ქ-ნი

რამიშვილი ის.

რამიშვილი ნ.

რაუშერი

რაუხერი, ულრის

რაფაელი

რებრანტი

რეიფფეიზენი

რეკლიუ, ელიზე

რელი

რენო, ლუი

რიბიერა

რიხტერი, ევგენი

რობაქიძე

როდენი, ოგიუსტ

როლანდი

როლენტი

რომის პაპი

როსსელი

რუბენსი

რუსთაველი

რუსო, ჟან-ჟაკ

საკი, რუდოლფ

სანტილერი

სარაჯიშვილი, დავით

სენ-ჟიუსტი

სენიობისი

სესილი, რობერტ

სვიმონიძე, ალექსანდრე

სკარჟინსკი

სორინი, ს.

სტახოვიჩი

სუდეიკინი, ს.

სულხანიშვილი, ნიკოლოზ

სტეფანე, მიხეილ

ტიერი

ტინდალი

ტინტორეტი

ტიურენნები

ტიციანი

ტონდე

ტურგენიევი

უილქსი

უმიკაშვილი, პეტრე

ურბნელი

ფალიაშვილი, ზ. პ.

ფაუსეტი

ფიდიოსი

ფინკი

ფიშერი

ფონ-ლოსოვი

ფოცხვერაშვილი, კ.

ფრანკო

ფრებელი

ფიდაი-ლასსალი

ფრიდრიხ-ვილჰელმ IV

ფოლმარი

ფონვიკარი, ბელ

ფოცხვერაშვილი, კ.

ფოხი

ფორვუდი/ფორფუდი, ძმ.

ქართველიშვილი

ქეთევანი (მეფე ერეკლეს ასული)

ქვარიანი, სვიმონ

ქიქოძე (მხატვარი)

ქიქოძე, გერონტი

ქსერქსესი

ღამბაშიძე, დავით

ღოღობერიძე

ყაზბეგი

ყარაშვილი, ანდრია ნიკოლოზის ძე

ყიფიანი, ბ-ნი.

ყიფიანი, ნოე

ყიფიანი, ქ-ნი.

შალკერი

შევალიე

შევჩენკო

შეზდე

შენგელაია, ლეო

შექსპირი

შილლერი

შლოსერი

შნეიდერი

შოპენჰაუერი

შტიუბე, რ.

შულენბერგი (გრაფი)

შულენბურგი (გრაფი)

შულცი, არტურ

შულცე-დელიჩელი

შჩუკინი

ჩერქეზიშვილი, ვ.

ჩიტაძე, შიო

ჩხეიძე, კარლო

ჩხეიძე, კ.

ჩხეიძე, ნ.ს.

ჩხენკელი ა. ი.

ცაგარელი, ავქს.

ციციშვილი, გიორგი

ცხვედაძე, ნიკ.

წერეთელი, აკაკი

წერეთელი, გიორგი

წერეთელი ვასილ

წერეთელი, ირაკლი

ჭავჭავაძე, ალ.

ჭავჭავაძე, ილია

ჭიჭინაძე, ზაქარია

ხარლამოვი

ხუნდაძე, სვიმონ

ჯაბადარი

ჯავახიშვილი, ივ.

ჯანელიძე

ჯიმშელაშვილი, გიორგი

ჰაბსბურგი/ჰაბსბურგები

ჰარნაკი, ადოლფ

ჰეგელი

ჰილტი

ჰიუგო, ვიქტორ/ვიქტორ-ჰიუგო

ჰაინი, ფრ.

18 ადგილთა საძიებელი

▲back to top


აბესინია

ადერბეიჯანი

ავლაბარი

ავსტრალია

ავსტრია

ავსტრო-უნგრეთი/ავსტრო-ვენგრია/ავსტრო-ჰუნგრეთი

აზია

ათინა, ათონი

ალპები

ალჟირი

ამერიკა / ამერიკის შეერთებული შტატები / ჩრდილო-ამერიკის შეერთებული შტატები/ჩრდილოეთი ამერიკა

ამიერ-კავკასია/ამიერკავკასია

ანტვერპენი

არაბეთი

არალის ტბა

არარატის მთა

ასურეთი

ატლანტის ოკეანე

აფრიკა/აფრიკეთი

აფხაზეთი

აღმოსავლეთ ევროპა

აჯამეთი

ბაბილონი

ბავარია

ბაზელი

ბათუმი/ბათომი

ბაკურიანი

ბალტიის ზღვა

ბალტიის მხარე

ბაქო

ბაღდადი

ბელგია

ბერლინი

ბერნი

ბესსარაბია

ბიზანტია

ბოლგარია/ბულგარეთი

ბოსნია

ბოსნია-ჰერცოგოვინა

ბოჰემია

ბრაზილია

ბრემენი

ბრესლავი

ბრესტი

ბრესტ-ლიტოვსკი

ბრიუსელი

ბუდაპეშტი

ბურგუნდია

ბუქარესტი

გალიცია

გალლე

გენუა

გერმანია

გეტინგენი

გორი

გოტის სამთავრო

გურია

დამასკი

დანია

დანციგი

დასავლეთ ევროპა

დასავლეთ პრუსია

დასავლეთ საქართველო

დიდი ბრიტანია/დიდი ბრიტანეთი

დიოსკურია

დნეპრი

დუბლინი

დუნაი

დუშეთი

ეგვიპტე

ევროპა

ესენი

ესპანია

ვარშავის საჰერცოგო

ვატერლოო

ვატიკანი

ვენა

ვენეცია

ვერსალი

ვესტფალია

ვარშავა

ზელანდია

ზუგდიდი

თბილისი

იაპონია

იენა

ილირიის პროვინციები

იმერეთი

ინგლისი

ინდოეთი

ინდოეთის ოკეანე

ირლანდია

იტალია

კავკავი

კავკასია

კავკასიონის ქედი

კართაგენი

კარპატი

კახეთი

კელნი

კემბრიჯი

კილიკია

კრაკოვი

კოლხეთი

კონსტანტინეპოლი

კონსტანცა

კოპენჰაგენი

კორდოვა

კროატია

კროტონი

კუბა

ლეიპციგი

ლეჩხუმი

ლიეჟი

ლიტვა

ლოზანი/ლოზანა

ლონდონი

ლოძი

ლუგანო

მაკედონია

მანგლისი

მაროკო

მარსელი

მიუნხენი

მონპელიე

მოსკოვი

მცირე აზია

ნეაპოლი

ნიდერლანდი

ნიკოპოლი

ნიუ-იორკი

ნიუბერგი

ნოვგოროდი

ნუბია

ოკსფერი [ოქსფორდი]

ოსმალეთი

ოსტზეის პროვინციები

ოქსფორდი

პალერმო

პალესტინა

პეტერბურგი

პეტერგოფი

პეტროგრადი

პეშტი

პოზნანი

პოლონეთი

პოლტავა

პონტის ზღვა

პორტუგალია

პრაგა

პრუსია

ჟენევა

ჟენევის ტბა

რეინის პროვინცია

რიონი

რომი

რუმინია

რუსეთი

საბერძნეთი

სამარყანდი

სამეგრელო

სამტრედია

სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ რუსეთი

სან დომინგოს კუნძული

საფრანგეთი

საქართველო

საქსონია

სედანი

სერბია

სვანეთი

სვიმონეთი

სიდონი

სილეზია

სირაკუზი

სიცილია

სკანდინავია

სომხეთი

სოხუმი

სოხუმის ოლქი

სპარსეთი

სპარსეთის ზღვა

სპარსეთის უდაბნო

სპარტა

სტამბოლი

სტოკჰოლმი

ტაიგა [ტაიგები]

ტამბოვი

ტიბეტის უდაბნო

ტირუსი

ტიურინგის ტყე

ტრანსვაალი

ტრანსილვანია

ტრაპიზონი

ტრიპოლისი

ტფილისი

ტფილისის გუბერნია

ულსტერი

უნგრეთ-ვალახია

უნგრეთი

ურალის მთაგრეხილი

ფაზისი

ფილადელფია

ფინეთი

ფინლანდია

ფლორენცია

ფოთი

ფრანკფურტი

ფრანცია

ქართლი

ქიზიყი

ქუთაისი

ქუთაისის გუბერნია

ყვირილა

შავი ზღვა

შვეიცარია

შვეიცარიის ალპები

შვეცია

შორაპანი

შუა აზია

ჩერნოგორია

ჩეხია

ჩინეთი

ჩოლოქი

ჩრდილო-კავკასია

ციმბირი

ციურიხი

წყნარი ოკეანე

ჭიათურა

ხორვატია

ჯავახეთი

ჰააგა

ჰალე

ჰამბურგი

ჰოლანდია