![]() |
ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი |
![]() |
1 ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი |
▲back to top |
782
შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი:
ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი,
შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი“.
მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხველი და მსმენელი.
783
იტყვის: როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა;
მან არ იცის, რათა, ვინა და სულ-დგმული ვისგან ვინ-ა;
უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე, ნუცა შინა!
რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!
784
თუცა მისი არ-გაწირვა ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს,
გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უშობს,
ლხინსა არას არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს.
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.
785
სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.
786
რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა!
აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა.
რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა;
შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.
787
აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე,
სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე;
სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე,
სამსახური აქამდისი, კვლა გავლენა გააკვლადე.
788
მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების,
ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!
შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების;
პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების“.
789
ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი;
მოახსენა: „მარტოებით ჭირსა რადმცა შევუშინდი!
მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი!
წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი.
790
ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი?!
ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი?
დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?“
ყმამან უთხრა: „ვერ წაგიტან, რაზომსაცა ცრემლსა ჰღვრიდი.
791
შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა,
მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა!
ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინმც მეფერა?!
გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერათ ვერა!
792
თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად;
არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?
გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად!
ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!
793
რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს;
არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს.
ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს.
მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.
794
მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად,
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად;
ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად!
მას თუ დავსთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?
795
აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა;
შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა.
მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანასგან ნუ იქმ ქმნილსა,
ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა“.
![]() |
2 ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი (ხელნაწერი) |
▲back to top |
აბულაძე მარიკა
ხოტენაშვილი თამარ
გაბუნია დარეჯანი
გულეური ვასილ
წულაია თათია
კოლელიშვილი თამარ
აბულაძე ჟანა
მანაგაძე ნინო
გაბუნია თეონა
ნიქაბაძე მარი
უჩაძე ბელა
ხუციშვილი ანა
გომართელი მაია
კახიძე ხათუნა