![]() |
ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა |
![]() |
1 ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა |
▲back to top |
1587
ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი,
კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი;
გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი;
მეფე ბრძანებს: „მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი“.
1588
მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია;
უბრძანა: „ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?“
მათ მოახსენეს: „სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია,
ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია“.
1589
უბრძანეს: „გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა“.
მათ ჰკადრეს: „ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა;
დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა,
მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა“.
1590
თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი:
„ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი,
მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი,
კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბალახშ, ყორან-თმიანი.
1591
მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა.
ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა;
იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა,
ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.
1592
მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა,
მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა;
თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა;
იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.
1593
ცნა ამირბარმან წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად,
იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად;
ორნივე გადაიკარგნეს, მათიღა პოვნა არს ძნელად;
მეფემან ბრძანა: „ჰე ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?“
1594
მეფე გაშმაგდა მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა;
ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა;
ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო დება სახმილთა გზნებისა,
აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა“.
1595
რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა,
ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა;
ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა;
ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.
1596
ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია,
თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია,
ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია,
მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია.
1597
იხოჭს და იგლეჯს, ზახილით ტირს სიტყვა-ხაფი უარე;
სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე:
„მოვკვე, მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე,
ვერა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუა-რე.
1598
ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო,
ჩემთა რა გაცნევს ამბავთა, გულისა მონაცემთაო!
მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათებ თემთაო?
რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო?“
1599
ტარიელ მოთქვამს: „გამზრდელო, ჰაი, რა საქმე მსმენია!
მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?!
მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი არღა შენია,
ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია“.
1600
კვლა უბრძანებდეს: „გვიამბეთ ამბავი დანარჩომია“.
მათ მოახსენეს: „პატრონო, ინდოეთს დიდი ომია,
მოსულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია,
რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.
1601
„ჯერთ დედოფალი ცოცხალ-ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია,
იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია,
გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია,
მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!
1602
რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა,
ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა;
დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა,
აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!
![]() |
2 ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (ხელნაწერი) |
▲back to top |
ჩხარტიშვილი მ.
ცეცხლაძე ნესტან
სტურუა ლუკა
დოლენჯაშვილი თეონა
ბარისაშვილი თამარ
გაბუნია დათო
ჩიკაშუა გიორგი
ხელაძე თამარ
უჯმაჯურიძე ლია
ანფიმიადი დიანა
თავაძე დათა
თავაძე დათა
სტურუა ლ.
ღამბაშიძე მარიამ
სულთანიშვილი მ.
ბრეგაძე ლევან