უდ უზ ულ ურ უს უფ უწ უჯ
ურბ ურთ ური

ურთა 

ციხე (ქც 4: 720,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 720,22), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 520,3), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 379, 381, 406), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 143). მესხური დავითნის ქრონიკა (სამხ. საქ. ისტ. 1961: 169).

ლოკალიზდება სამხრეთ საქართველოში. მდებარეობს ისტორიულ არტაანში, ჩრდილის (ჩილდირის) ტბის დასავლეთით, 3-4 კმ-ის დაშორებით, სოფ. ურთის ტერიტორიაზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

წყაროებში იხსენიება XVI ს-ში, ირან-ოსმალეთის ომებთან დაკავშირებით. 1577 წ. ქაჯთა ციხის წინ მომხდარი ბრძოლისას ურთას ციხე დაინგრა (ქც 2: 520,3). ქაჯთა ციხესა და ურთის ციხეს ზოგიერთი წყარო აიგივებს (სამხ. საქ. ისტ. 1961: 169). ოსმალების მიერ სამხრეთ საქართველოს მიტაცების შემდეგ ურთა ჩილდირის ლივაში შედიოდა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 379).

ურთა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ურთას VII ს-ის სამნავიანი ბაზილიკა მდებარეობს ჩილდირის ტბის დასავლეთით, 3-4 კმ-ის დაშორებით. გეგმით სწორკუთხაა. ნაგები და მოპირკეთებულია თლილი ქვით. ეკლესიას სამ ნავად ყოფს ექვსი მასიური კოლონა. შუა ნავი შედარებით მაღალია. შუა ნავის აფსიდა ნახევარწრიულია, გვერდითების – ოთხკუთხა. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა გეგმის სადიაკვნე და სამკვეთლოა. შესასვლელი სამხრეთიდანაა (შემდგომში დასავლეთიდანაც გაუკეთებიათ). სამხრეთით ეკლესიას აქვს გვიანდელი მინაშენი. ჩრდილოეთ კედელზე ამოკვეთილია ასომთავრული „გ“ (თაყაიშვილი 1909: 52-55; ზაქარაია 1990ა: 12). ზოგიერთი მოსაზრებით, ეკლესია თარიღდება X ს-ის მეორე ნახევრით (ბერიძე 1981: 178). XVI ს-ში ეკლესია გადააკეთეს ციხესიმაგრედ და თავდაცვით ნაგებობად გამოიყენებოდა. შემდგომში ის მეჩეთად აქციეს. 1992 წ. აღმოსავლეთიდან ნაგებობას მინარეთი მიაშენეს (გუგუნავა 1996: 20).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1964: 384; ბერიძე 1981: 178, 179; გუგუნავა 1996: 20; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 379, 381, 396, 406; ზაქარაია 1990ა: 10-13; თაყაიშვილი 1905: 111, 112; 1909: 52-55; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 156; საქ. სიძვ. 1920: 63; ქც 2: 520,3; ქც 4: 720,22; ცხოვრება ... 1980: 143.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9