ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხოდ ხოვ ხონ ხოჟ ხორ ხოტ ხოფ

ხორნაბუჯი

ქალაქი, ციხე ( ქც 4: 541,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 28,9; 114,9; 146,6; 151,17; 181,3; 214,23; 215,1; 525,3; 541,21,23,სქ.1,3,4; 542,13; 547,17; 557,7; 561,16), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 199,4,16), მატიანე ქართლისა (ქც 1: 298,7; 312,5-7), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (ქც 1: 373,18), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 61,10), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 24, 26), XVII ს-ის ისტორიული საბუთი (საქ. სიძ. 1909: 73), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 276), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 67), თეიმურაზ I-ის მოსკოვში ელჩობის საოქმო ჩანაწერები (ჩანაწერები ... 1965: 447; მასალები რუსეთ-საქართველოს ... 1965: 462), ისქანდერ მუნშის თხზულება (მუნში 1969: 125).

ვახუშტი ბაგრატიონი ხორნაბუჯის შესახებ გადმოგვცემს: „ყარაღაჯის სამხრით, სადაცა დასწყდების ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა, მუნ არს ხორნაბუჯი, და აწ უწოდებენ ჭოეთს. აქ, კლდესა ზედა, შენ არს ციხე მაგარი, და იყოცა ქალაქი კარგი. ესეცა ბერქას გამოსლვასა მოოხრდა“ (ქც 4: 541,20-23).

მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიც-ში, გომბორის მთის განშტოების დასასრულს.

ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯში დააარსა საეპისკოპოსო (ქც 1: 199,4). მანვე ხორნაბუჯი საუფლისწულოდ მისცა თავის მემკვიდრე დაჩის (ქც 1: 199,16). ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯში სპარსელი მოხელე იჯდა. ქართლის ერისმთავართა უმცროსი შტოს წარმომადგენლებმა ასამმა და ვარაზვარდმა VI ს-ის მეორე ნახევარში ხორნაბუჯი სპარსელთაგან გაათავისუფლეს და თვითონ დაიკავეს ქალაქი (ქც 1: 373,15-18). VIII ს-დან ხორნაბუჯი ჰერეთის სამთავროს ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრია (ქც 4: 557,7,8). ბაგრატ IV-ემ (1027-1072) შეიპყრო ხორნაბუჯის ერისთავი ვაჩე (ქც 4: 146,5,6). XI ს-ის 60-იან წლებში ხორნაბუჯს დაეუფლა განძის ამირა ფადლონი. 1068 წ. ხორნაბუჯი დაიბრუნა კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანმა (ქც 4: 151,17). თამარის პირველი ქმრის, გიორგი რუსის ქიზიყში შემოჭრისას ხორნაბუჯის ერისთავმა საღირ მახატლის ძემ სასტიკად დაამარცხა აჯანყებულები (ქც 4: 181,1-6). XIII ს-ის 60-იან წლებში ხორნაბუჯი მოაოხრა ბერქა ყაენმა (ქც 4: 541,23). XVII ს-ის დასაწყისში ხორნაბუჯში ჰქონდა რეზიდენცია ირანის შაჰის აბას I-ის მოხელეს, კახეთის ერთი ნაწილის გამგებელს ფეიქარ ხანს.

ვახუშტი ბაგრატიონი ხორნაბუჯსა და ხორანთას თავისი თხზულების ერთ ადგილას ერთმანეთთან აიგივებდა (ქც 4: 561,15). ამ აზრს იზიარებდა ზოგიერთი სხვა მკვლევარიც (ბაგრატიონი 1848: 14; კაკაბაძე 1924: 52). თუმცა, ხორნაბუჯი და ხორანთა განსხვავებული პუნქტებია (ჭილაშვილი 1968: 59-63). გვიან შუა საუკუნეებში ხორნაბუჯი წყაროებში ჭოეთის სახელით იხსენიება (ქც 4: 541,21,22; გორგიჯანიძე 1926: 24, 26; ხერხეულიძე 1913: 276; ბაგრატიონი 1986: 67).

1970 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ხორნაბუჯის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ.რამიშვილი) ხორნაბუჯსა და მის მიდამოებში ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები (რამიშვილი, ჯორბენაძე 1971: 243-245). გათხრებს ჰქონდა დაზვერვითი ხასიათი, რომლის ძირითადი მიზანი იყო ნაქალაქარის სტრატიგრაფიისა და საზღვრების დადგენა. სამუშაოები მიმდინარეობდა როგორც საკუთრივ შიდა ციხეზე, ისე ციხის გარშემო და ნაქალაქარის სხვადასხვა უბანზე.

შიდა ციხის ქვედა ეზოში აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების კარიბჭისა და კედლის ნაშთი. გვიან შუა საუკუნეებში ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლასთან დაკავშირებით, კედლებში დაუტანებიათ სათოფურები და მეთოფეთა დასადგომი ტახტები. შიდა ციხეზე შემორჩენილია არაერთი სათავსო. შიდა ციხეში გამოვლინდა 2 წყალსაცავი. შიდა ციხისა და ნაქალაქარის ტერიტორიაზე მრავლად აღმოჩნდა სადა და მოჭიქული კერამიკის, ფაიანსის ნატეხები. კერამიკული ნაწარმიდან აღსანიშნავია: ქვევრები, ქოთნები, მოუჭიქავი და მოჭიქული კრამიტები, ჭრაქები. განათხარ მასალაში გვხვდება: რკინის ისრისპირები, ქვის ბირთვები, მონეტები, მინის ჭურჭლის ნატეხები. მასალის დიდი ნაწილი თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. როგორც ციხის შიგნით, ისე ნაქალაქარის ტერიტორიაზე საცხოვრებლად გამოუყენებიათ გამოქვაბულებიც.

ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლინდა მიწისქვეშა აკლდამების ჯგუფი. ადგილ „სოზაანოში“, რომელიც მდებარეობს ნაქალაქარის დასავლეთით, მიკვლეულ იქნა წინაქრისტიანული ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი. ანტიკური ხანის სამაროვნები აღმოჩნდა ადგილ „ცივწყაროსა“ და „ორგმირზე“ (რამიშვილი, ჯორბენაძე 1971: 243-245; მუსხელიშვილი ... 1987: 501). ხორნაბუჯის განათხარი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცნეტრის დუშეთის ბაზაზე.
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1984: 142; ბაგრატიონი 1848: 14; ბაგრატიონი 1986: 67; გორგიჯანიძე 1926: 24, 26; თოდრია 1982: 81-85; იოსელიანი 1844: 71; კაკაბაძე 1924: 52; ლოლაშვილი 1977: 152; მასალები რუსეთ-საქართველოს ... 1965: 439-469; მუსხელიშვილი ... 1987: 501; მუსხელიშვილი 1997: 30-33; მუნში 1969: 110, 125; რამიშვილი, ჯორბენაძე 1971: 243-245; რამიშვილი, ჯორბენაძე 1985: 37, 38; საქ. სიძ. 1909: 73; ქც 1: 199,4,16; 298,7; 312,5-7; 373,18; ქც 2:61,10; ქც 4:28,9; 114,9; 146,6; 151,17; 181,3; 214,23; 215,1; 525,2; 541,21,23,სქ.1,3,4; 542,13; 547,16; 557,7; 561,16; შაიშმელაშვილი 1969: 46-49; ჩანაწერები ... 1965: 447; ჭილაშვილი 1968: 5, 58, 61, 62, 66; ხერხეულიძე 1913: 276.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9