1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია

სამოციქულო ეკლესია მას იმიტომ ეწოდება, რომ, ტრადიციის თანახმად, სომხეთში ქრისტიანობა იქადაგეს და იქვე მოწამებრივად აღესრულნენ თადეოს და ბართლომე მოციქულები, 2. სომეხთა ან სომხური (და არა სომხეთის) კი ეწოდება, ვინაიდან მისი ეპარქიები განთავსებულია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 3. რა თქმა უნდა, ყველა ეკლესია, და მათ შორის სომხურიც, თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს.დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია იყოფა ოთხ მთავარ საეკლესიო საყდრად – ორ საკათალიკოსოდ და სამ საპატრიარქოდ:
1. სომხეთის სამოციქულო ეკლესია, ცენტრით ქ. ვაღარშაპატში, წმ. ეჩმიაძინის მონასტერში. მას სათავეში უდგას უწმიდესი, უმაღლესი პატრიარქი და სრულიად სომეხთა კათალიკოსი. იგი არის პატივით უპირველესი ყველა სხვა სომეხ იერარქთა შორის და სრულიად სომეხთა ეკლესიაში საეკლესიო განსაზღვრებათა და დოგმატთა სიწმიდის მცველი. სრულიად სომეხთა კათალიკოსის უშუალო დაქვემდებარებაში, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საეპისკოპოსოთა გარდა, შედის აირარატისა (ცენტრი ერევანში) და დასავლეთ ევროპის (ცენტრი პარიზში) საპატრიარქოები,
2. „კილიკიის დიდი სახლის საკათალიკოსო“, ცენტრით ლიბანში, ქ. ანტილიასში. მას სათავეში უდგას უწმიდესი კათალიკოსი, რომელსაც ემორჩილებიან ეპისკოპოსები და აქვს მათი ხელდასხმისა და მირონის კურთხევის უფლება,
3. იერუსალიმის საპატრიარქო, რომელსაც სათავეში უდგას უნეტარესი პატრიარქი. მისი საყდარი მდებარეობს ქ. იერუსალიმში (ისრაელი),
4. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომელსაც სათავეში უდგას უნეტარესი პატრიარქი. მისი საყდარი მდებარეობს ქ. სტამბოლში (თურქეთში). კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საპატრიარქოებს ამჟამად არა აქვთ საეპისკოპოსო კათედრები. სრულიად სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მართვის უმაღლესი ორგანოა საეკლესიო–ეროვნული კრება საერო წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც ფარული კენჭისყრით ირჩევს სრულიად სომეხთა უმაღლეს პატრიარქსა და კათალიკოსს.სრულიად სომეხთა ეკლესიის უმაღლესი ხარისხებია:
1. უმაღლესი პატრიარქი და კათალიკოსი, აგრეთვე, კილიკიის კათალიკოსი – შეუძლიათ ეპისკოპოსების ხელდასხმა,
2. კერძო პატრიარქი ან კათალიკოსი – არა აქვთ ეპისკოპოსების ხელდასხმის უფლება,
3. არქიეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი,
4. ეპისკოპოსი.
სომხური სამოციქულო ეკლესიის სამღვდელოება შედგება სამი ხარისხისაგან:
1. ეპისკოპოსი – შეუძლია საიდუმლოს აღსრულება და სამღვდელოთა ხელდასხმა,
2. მღვდელი – შეუძლია საიდუმლოს აღსრულება,
3. დიაკვანი – ემსახურება მღვდელს საიდუმლოს აღსრულებისას.
სომხური ეკლესიის სამღვდელოება იყოფა შავ (დაუქორწინებელ) და თეთრ (დაქორწინებულ) სამღვდელოებად. ეპისკოპოსებს ირჩევენ შავ სამღვდელოთაგან, რომელთაც აქვთ ვარდაპეტის (მოძღვრის) ხარისხი. ვარდაპეტის ხარისხს შავ სამღვდელოთა შორის თეოლოგიური შრომებით გამორჩეულ მღვდელს ანიჭებს ისეთი ეპისკოპოსი, რომელიც თვითონ ფლობს უმაღლესი ვარდაპეტის ხარისხს.სომხური ეკლესია ცნობს მხოლოდ პირველ სამ მსოფლიო კრებას და მათ მიერ დადგენილ დოგმატებს. ესენია: ნიკეის (325 წ.), კონსტანტინოპოლის (381 წ.) და ეფესოს (431 წ.) კრებები. სომეხ ღვთისმეტყველთათვის ძე ღვთისა, განხორციელებამდე, ორი ბუნებისაგან შედგება, ხოლო განხორციელების შემდეგ, ბუნებათა შერწყმის შედეგად, ვიღებთ ერთ, ღვთაებრივ ბუნებას. ქალკედონის კრების სარწმუნების სიმბოლოს მიმდევარი ღვთისმეტყველებისთვის კი განხორციელების შემდეგ ძე ღვთისას ბუნებათა შერწყმა არ მომხდარა, ამიტომ ქრისტეს ორი ბუნება გულისხმობს სრულ ღმერთს და სრულ კაცს: ორი ბუნება და ერთი ჰიპოსტასი (სახე).
საბოლოო სახით სომხური ეკლესიის დოგმატური ხედვა ჩამოაყალიბა კათალიკოსმა ნერსეს შნორალიმ (მადლმოსილმა) თავის ეპისტოლეში ბიზანტიის კეისრის მანუილ კომნენისადმი – „გარდამოცემა სომხური ეკლესიის სარწმუნოებისა“ (1166 წ.):
1. ძე ღვთისას განხორციელება გამოიხატა ღვთაებრივ და კაცებრივ ბუნებათა გაერთიანებით,
2. იესო ქრისტეს ხორცი თანაარსია ღვთისმშობლის ხორცისა,
3. განხორციელების შემდეგ მივიღეთ ერთი ბუნება ისე, რომ კაცებრივმა ბუნებამ შეინარჩუნა ყველა თავისი თვისება.
საღვთისმეტყველო საკითხებში სომხური ეკლესიისა და სამწყსოსათვის სახელმძღვანელოდ უკვე VII საუკუნიდან შედგენილი იყო სპეციალური კრებულები („ეპისტოლეთა წიგნი“ და „სარწმუნოების ბეჭედი“, ანუ „სარწმუნოების საფუძველი“), რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ივსებოდა ახალი მასალით. ამ კრებულებში მოთავსებული იყო, სრულად ან შესაბამისი ფრაგმენტების სახით, ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე მამათა ეპისტოლეები, ქადაგებები, კითხვამიგებანი ან სხვა დოგმატურპოლემიკური ხასიათის თხზულებები.სომხური ეკლესიის საიდუმლოებებია: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, ქორწინება, სინანული, მღვდლობა, ზეთის კურთხევა.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9