1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კავკასია

(ისევე როგორც ევროპის) ცალსახა გეოგრაფიული განსაზღვრება დღეისათვის არ არსებობს.
ზოგადი გეოგრაფიული განსაზღვრების მიხედვით, კავკასია მთიანი რეგიონია შავი და კასპიის ზღვის სანაპიროთა შორის. მაგრამ ეს მარტივი გეოგრაფიული განსაზღვრება აუცილებლად მოითხოვს დაზუსტებას. მაგალითად, თუ შევეცდებით რეგიონის განსაზღვრას უკანასკნელი 200 წლის ისტორიისა და დემოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ჩრდილო საზღვარი ბუნებრივად გაივლის კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე ან მის მოსაზღვრე დაბლობებზე, რომლებიც გამოყოფს ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრი მცირე ხალხების საცხოვრებელ არეალს რუსებით დასახლებული ჩრდილოეთი მიწებისაგან. XX საუკუნის მიწურულის პოლიტიკური ტერმინოლოგიით, საზღვარი ემთხვევა ჩრდილო კავკასიის ავტონომიების საზღვარს კარსნოდარისა და სტავროპოლის მხარეებთან, საიდანაც იწყება საკუთრივ რუსეთი. დასავლეთით სასაზღვრო არეალს წარმოადგენს რეგიონი, სადაც ერთმანეთს ხვდება, ერთი მხრივ, თურქული, მეორე მხრივ კი ქართული და სომხური მოსახლეობით დასახლებული ტერიტორია. სამხრეთი საზღვარი უფრო ძნელი განსასაზღვრია, რადგან დემოგრაფიული თვალსაზრისით, მდინარე არაქსის (რომელიც პოლიტიკურ საზღვარს წარმოადგენს) ორივე ნაპირი აზერბაიჯანელი თურქებითაა დასახლებული.
დღევანდელი პოლიტიკური რუკის თანახმად, კავკასიის რეგიონი მოიცავს სამ სახელმწიფოს – სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს – და მესამე სახელმწიფოს ნაწილს, რამდენადაც ჩრდ. კავკასია რუსეთის ფედერაციის ნაწილია. ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიული ერთეულებია (დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ): ადიღე, ყარაჩა-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი და დაღესტანი. აღსანიშნავია, რომ აფხაზები და სამხრეთ ოსები, რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული ერთეულები საქართველოს ფარგლებში, ეთნიკურად ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ენათესავებიან.
Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9