1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტელ ტემ ტერ ტეს ტექ

ტერორიზმი

  1. ძალადობის გამოყენება შიშისა და ტერორის კლიმატის შექმნის მიზნით და დასახული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად; აშკარად კნინობითი ხასიათისა და, ჩვეულებრივ, სუბიექტური ტერმინია.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
  2. 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა, პრაქტიკულად ასეთი სახით იგი არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის 2002 წლის ოქტომბრის განცხადება, რომლითაც იგი ცდილობა ტერორიზმის განმარტებას: „ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე, გლობალური ეფექტებით... თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე“. ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: „ტერორიზმი ეს არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე არაკანონიერი გზით ზეგავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით ტერორიზმი ეს არის „ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი − სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ“. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იძლევა ტერორიზმის ოთხ ძირითად დამახასიათებელ ელემენტს:
    ● ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი.
    ● ქმედება, რომელიც განსაზღვრულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად;
    ● ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ
    ● და ბოლოს, იგი ხორციელდება ქვეეროვნული დაჯგუფების მიერ.
    Source: რუბაშვილი ვასილ. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში // ახალი აზრი №1 (7),- 2003წ.
  3. ფართოდაა გავრცელებული წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ტერორიზმი არის ტრადიციული საშუალება, რომელსაც იყენებენ სუსტები, დამცირებულები და გარიყულები (ან ისინი, ვინც თავის თავს ასეთებად თვლიან) თავისი დამცირებისადმი საჯარო ყურადღების მიპყრობის მიზნით. მათთვის, ვინც ებრძვის თავისზე შეუდარებლად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, ტერორიზმი წარმოადგენს ძალადობის იარაღს, რომელსაც შეუძლია ასე თუ ისე გააწონასწოროს მხარეთა საშუალებები. ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას − წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას. ტერორისტები თვითონ საკმაოდ იშვიათად მოდიან ხელისუფლებაში, მაგრამ ხშირად ხელს უწყობენ ხელისუფლებაში ისეთი პიროვნებებისა თუ ორგანიზაციების მოსვლას, რომლებიც საბოლოო ჯამში მათზე მეტ ექსტრემისტებად გვევლინებიან. ასე მაგალითად, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) სახელით იყო ცნობილი, გადამწყვეტი როლი შეასრულა 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლაში. თანამედროვე ტერორიზმი შესაძლებელია დაიყოს ორ ფრიად განსხვავებულ ნაწილად. პირველია ლოკალური ტერორიზმი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამომდინარეობს სხვადასხვა სახის ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობებიდან და წარმოადგენს ამ მოძრაობების არალეგალურ (და ამორალურ) ნაწილს, თუმცა ეს მოძრაობები როგორც ასეთი ხშირად ლეგალიზებულია შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით. მეორე ნაწილია ტერორიზმის ის ნაირსახეობა, რომელიც დღეს მოიხსენიება როგორც საერთაშორისო (ზოგჯერ გლობალური) ტერორიზმი და საზოგადოდ გლობალური საფრთხის მატარებელად აღიქება. ადგილობრივი ტერორიზმი ამა თუ იმ სახით წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველგან დედამიწაზე. ის საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპაში 1960-1970-იან წლებში, ძირითადად როგორც მარქსისტული ექსტრემიზმი (იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში) და დღესაც ლატენტურ ფაზაშია წარმოდგენილი ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში (ჩრდილო ირლანდია), სადაც ადგილობრივი ეროვნული უმცირესობების (შესაბამისად ბასკებისა და ირლანდიელების) ექსტრემისტი წარმომადგენლები ასეთი გზით იბრძვიან მათთვის მისაღები თვითგამორკვევის მოდელის განსახორციელებლად.
    Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9