E. Presumption of innocence სისხლის სამართლის ერთ-ერთი ძირთადი პრინციპი, რომლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული არ ჩაითვლება დამნაშავედ მანამ, სანამ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაადგენს ამას. უპ ერთ-ერთი უძველესია სისხლის სამართალში დემოკრატიული საწყისების შეტანის პროცესში. დღეს იგი დაფიქსირებულია მრავალ საერთაშორისო–სამართლებრივ და ყველა ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ აქტში. საერთაშორისო აქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (მე-14 მუხ., მე-2 პ.) და ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ (მე-6 მუხ.) ერთნაირად აცხადებენ, რომ თითოეული პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, მიიჩნევა უდანაშაულოდ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. დანაშაულის ჩადენის დამტკიცება მთლიანად ევალება ბრალდებულ მხარეს.
Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
„ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს, უდანაშაულოდ ითვლებოდეს მანამ, სანამ მისი ბრალეულობა დადგენილი არ იქნება კანონის შესაბამისად საჯარო სასამართლოს მიერ, რომელზედაც ის უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა საჭირო საშუალებით”. (UDHR, მუხლი 11(1): იხ. აგრეთვე, ICCPR, მუხლი 14(2); ECHR, მუხლი 6(2); ACHR, მუხლი 8(2); ACHPR, მუხლი 7(1)(b); CIS – მუხლი 6(2); AL – მუხლი 66; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება). უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო პროცესის უმნიშვნელოვანეს პრინციპსა და დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ქვაკუთ ხედს, ბუნებითი სამართლიანობის საყოველთაოდ აღიარებულ წესს. მას შეხვდებით ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ადრეულ დოკუმენტებში, როგორიც არის, მაგალითად, 1789 წლის დეკლარაცია ადამიანის უფლებათა შესახებ. ბრალდებულს უფლება აქვს, მიჩნეულ იქნეს უდანაშუალოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დადასტურდება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული პროცესის შედეგად. ეს უფლება არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება ადამიანის პატიმრობაში აყვანა სასამართლო პროცესის დაწყებამდე – დაკავების შემდეგ მისი პატიმრობაში გაჩერება კანონიერია ადამიანის უფლებათა კონვენციების თანახმად, თუმცა უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს (მუხლი 15). უდანაშაულობის პრეზუმფცია უმთავრესად არის საპროცესო გარანტია – მოსამართლეებმა სასამართლო გარჩევა უნდა დაიწყონ ღია გონებით და არა წინასწარი განწყობით დასდონ ბრალი ეჭვმიტანილს. ბრალის მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს, რომლის მიერაც აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. მან უნდა დაამტკიცოს ეჭვმიტანილის ბრალეულობა. დანაშაულის დადგენა უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებას, პირდაპირი იქნება ის თუ არაპირდაპირი, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს სასამართლოს წინაშე. თუმცა, კანონით გათვალისწინებული დანაშაული (მკაცრი ან ავტომატური პასუხისმგებლობა) ერთგვარად არ არღვევს ადამიანის საერთაშორისო უფლებებს. უდანაშაულობის პრეზუმფცია გულისხმობს, ასევე, საინფორმაციო საშუალებათა მიერ გადაჭარბებული ან ზიანის მომტანი გაშუქებისაგან სახელმწიფოს მიერ დაცვას. მაგალითად, ნაფიც მსაჯულთა მიერ მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სახელმწიფომ უნდა გადადგას გონივრული ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ საკუთარ ფუნქციათა განხორციელებისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქმიანობას ზიანი არ მიადგეს განსახილველი საქმის გახმაურების გამო. ამ მიზეზით ბევრი სახელმწიფო საქმის გამოძიებას ან სასამართლო პროცესს დახურულად ატარებს. იყო მცდელობა იმისა, რომ ეს უფლება გავრცელებულიყო უფრო ზოგად, საკუთარი თავის ინკრიმინირებისგან თავისუფლებაზე. სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვისას ბრალდებულთათვის მინიმალური გარანტიების შექმნის მიზნით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მუხლი 14(3)(გ)-ის მიხედვით პიროვნებაზე არ უნდა მოხდეს ზეწოლა დანაშაულის აღიარების ან საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მიზნით. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მუხლი 55(1)(ა) შეიცავს ანალოგიურ დებულებას ამ დოკუმენტის მიხედვით გამოძიების წარმართვისათვის. ამ ნაწილში მოცემულ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ განხილულ განცხადებათა უმეტესობა ეხება ზეწოლის ქვეშ აღიარების მიღებას. მაგალითად, საქმეში „ესტრელა ურუგვაის წინააღმდეგ“ ბრალდებული იყო პროფესიონალი პიანისტი, რომელსაც, მისივე მტკიცებით, ემუქრებოდნენ ხელების დამტვრევით, თუ არ აღიარებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობებში მონაწილეობას. ეს შეფასებულ იქნა პაქტის დარღვევად, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის აზრი უგულვებელყოფილ იქნა – ურუგვაიმ უარი განაცხადა, წარმოედგინა მოსაზრებები საჩივარზე.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.