1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სუბ სუვ სუი სუნ სუპ სურ

სუვერენიტეტი

  1. E. Sovereignty
    სახელმწიფოს დამოუკიდებულება. ს-ის ცნება სახელმწიფო და საერთაშორისო სამართალში შემოიღო ფრანგმა მეცნიერმა ჟან ბოდენმა (1576), რომელიც ასაბუთებდა მეფეების აბსოლუტურ ხელისუფლებას, მათ დამოკიდებულებას ვინმესაგან, გარდა ღმერთისა. უფრო ადრე, თუმცა პოსტულატის სახით დოქტრინა საქართველოშიც იჩენს თავს (XI-XIII სს) და მეფის „ერთეულების“, „ერთმთავრობის“, „თვითმპყრობელობის“ ტერმინების სახით გვევლინება. ევროპაში ბურჟუაზიული რევოლუციების დროს (XVII-XVIII სს.) ეს ტერმინი ხალხის უზენაესობის ამსახველ პოლიტიკურ და სამართლებრივ ლოზუნგად იქცა - მხოლოდ ხალხი ცხადდებოდა თავისი ბედის ერთადერთ ბატონ-პატრონად, ანუ სუვერენად (ჟან-ჟაკ რუსო). მოგვიანებით (XIX-XX სს-თა მიჯნაზე) პოზიტივიზმის მიმდევრებმა ს-ის ცნება მხოლოდ ფორმალურ ნიშან-თვისებამდე დაიყვანეს - მასში ზოგადად გულისხმობდნენ ხელისუფლების უზენაესობასა და დამოუკიდებულებას. დღეს ერთმანეთისაგან განასხვავებენ სახელმწიფო ს-ს, ეროვნულ ს-სა და სახალხო ს-ს. სახელმწიფო ს სახელმწიფო ხელისუფლების ნიშან-თვისებაა, რომელიც გამოხატავს ამ ხელისუფლების უზენაესობას ქვეყნის საშინაო საქმეებში და რომელიმე სხვა სახელმწიფოსაგან დამოუკიდებულებას საერთაშორისო ასპარეზზე; ეროვნული ს არის ერის განუსხვისებელი, სისხლხორცეული უფლება, თვითონ განსაზღვროს თავისი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ბედი, შექმნას დამოუკიდებელი, ანუ სუვერენული სახელმწიფო (იხ. სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოებისა). ეროვნულ უმცირესობებს ასეთი უფლება არ აქვთ; სახალხო ს-ს იგივე ნიშან-თვისებები აქვს, რაც ეროვნულ ს-ს, მაგრამ, ზოგჯერ, მისი მოქმედების სფერო უფრო ფართო ხასიათისაა - მრავალფეროვან საზოგადოებაში ხალხის ცნება არ თავსდება მხოლოდ ერთი ერის ჩარჩოებში, იგი ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერისა თუ ეროვნების მოქალაქეთა კრებსით უფლებად გვევლინება, თუმცა ზოგიერთ ერს შეუძლია, სრულად გამოიყენოს თავისი ეროვნული ს დამოუკიდებელი სახლმწიფოს შექმნის სახით (იხ. ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება), და მაშინ ეროვნული ს და სახალხო ს ერთმანეთს ემთხვევა. საერთაშორისო სამართლისათვის მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ს-ს, რადგანაც მისი ძირითადი სუბიექტები სუვერენული სახელმწიფოებია (იხ. სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოებისა). ეროვნული ს და სახალხო ს განუსხვისებელ უფლებად არის აღიარებული და მათი გარედან ძალით შეზღუდვა თუ გაუქმება საერთაშორისო დანაშაულად ითვლება. სახელმწიფო ს ასევე ხელშეუხებელია სხვა სახელმწიფოებისაგან, მაგრამ ხელისუფლბას შეუძლია, თვითონ, სხვა სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებით (ხელშკრულებით, საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობით), ნებაყოფილობით შეზღუდოს თავისი სუვერენული უფლებები საშინაო თუ საგარეო საქმეების ამა თუ იმ სფეროში, რაც არ იწვევს მისი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, სტატუსის გაუქმებას (იხ. ევროკავშირი, ევროპის საბჭო) რადგან ეს ხდება სათანადო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების მონაწილეთა თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლიანობის საწყისებზე.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  2. უფლება სრულ პოლიტიკურ უზენაესობაზე. საერთაშორისო სისტემაში ს. არის სახელმწიფოს უფლება სრულ თვითმმართველობაზე, სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. სახელმწიფოთა მიერ ერთმანეთის ს-ის აღიარება საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია. ს-ის ცნება სახელმწიფო და საერთაშორისო სამართალში შემოიღო ფრანგმა მეცნიერმა ჟან ბოდენმა (1576), რომელიც ასაბუთებდა მეფეების აბსოლუტურ ხელისუფლებას, მათ დამოუკიდებლობას ვინმესგან, გარდა ღმერთისა. დღეს ერთმანეთისაგან განასხვავებენ სახელმწიფო ს-ს, ეროვნულ ს-სა და სახლახო ს-ს. სახელმწიფო ს. სახელმწიფო ხელისუფლების ნიშან-თვისებაა, რომელიც გამოხატავს ამ ხელისუფლების უზენაესობას ქვეყნის საშინაო საქმეებში და რომელიმე სხვა სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობას საერთაშორისო ასპარეზზე; ეროვნული ს. არის ერის სისხლხორცეული უფლება, თვითონ განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარება, შექმნას დამოუკიდებელი, ანუ სუვერენული სახელმწიფო. ეროვნულ უმცირესობებს ასეთი უფლება არა აქვთ; სახალხო ს-ს იგივე ნიშან-თვისებები აქვს, რაც ეროვნულს, მაგრამ მისი მოქმედების სფერო უფრო ფართო ხასიათისაა - მრავალეროვან საზოგადოებაში ხალხის ცნება არ თავსდება მხოლოდ ერთი ერის ჩარჩოებში, იგი ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერისა თუ ეროვნების მოქლალქეთა საერთო უფლებად გვევლინება, თუმცა ზოგიერთ ერს შეუძლია სრულად გამოიყენოს თავისი ეროვნული ს. და შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო.
    ს. განუსხვისებელი უფლებაა და მისი გარედან ძალით შეზღუდვა თუ გაუქმება საერთაშორისო დანაშაულად ითვლება. ს. სახელმწიფო ხელისუფლების განუყოფელი თვისებაა, რომელიც ვლინდება მისი როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური მოღვაწეობისას. ს. ასევე ხელშეუხებელია სხვა სახელმწიფოებისაგან, მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია თვითონ, სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებით (ხელშეკრულებით, საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობით), ნებაყოფლობით შეზღუდოს თავისი სუვერენული უფლებები საშინაო თუ საგარეო საქმეების ამა თუ იმ სფეროში. თავისთავად, სახელმწიფოთა ზოგიერთი სუვერენული უფლების შეზღუდვა (ფედერაციულ და კონფედერაციულ კავშირში გაერთიანება, სახელმწიფოთაშორის ასოციაციებში გაწევრიანება) და, მით უმეტეს, თვითშეზღუდვა, არ ნიშნავს ს-ის დაკარგვას.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. E. sovereignty
    G. souveranitat
    Fr. souverainite
    L. superus უმაღლესი
    სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობა შიდა საქმიანობაში და საგარეო ურთიერთობებში სხვა სახელმწიფოთაგან.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9