*
"ეს ტაძარი მრავალი საუკუნის მანძილზე შეახსენებს შთამომავალთ თითოეულ სიტყვასა და ნაბიჯს, რომლებიც ერთობლივად გადავდგით სამშობლოს მსახურებისას"
25 დეკემბერს, თბილისში, ელიას მთაზე მშენებარე წმიდა სამების ტაძარში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა ეკლესიათა წარმომადგენლები, საქართველოს სამღვდელონი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწენი, მრავალრიცხოვანი მრევლი.
დღესასწაულზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
თქვენო უწმიდესობავ,
წმინდა სინოდის პატივცემულო წევრებო,
ძვირფასო სტუმრებო,
თანამემამულენო!
დღეს სრულიად საქართველო საყოველთაო ზეიმითა და ქრისტესმიერი სიყვარულით აღნიშნავს ერის სულიერი მწყემსის, ერთგული მამულიშვილის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 25 წლისთავს.
ეს უდავოდ ღირსშესანიშნავი მოვლენაა, რომელიც საქართველოს ისტორიაში მთელი ეპოქის გვირგვინად იქცევა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ქართული ეკლესიის მრევლმა და თქვენმა ნათლულმა, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა და თანადგომა მის უწმიდესობასთან, რომელიც, როგორც უკვე ბრძანეთ, ჯერ კიდევ ტოტალიტარიზმის წლებში დაიწყო, საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფალთა ურთიერთმხარდაჭერის იმ დიდი ტრადიციის გაგრძელებაა, ჯერ კიდევ გიორგი ჭყონდიდელის ხანაში რომ ჩაეყარა საფუძველი.
ერის სულიერი და არსებითი კეთილდღეობისათვის საერთო, განუყოფელი პასუხისმგებლობის უეჭველმა გაცნობიერებამ მრავალი ისტორიული განსაცდელი გადაატანინა საქართველოს და კვლავაც მისი ცხოველმოქმედების უმთავრეს პირობად დარჩება.
ეს ტრადიცია გულისხმობს, აგრეთვე, პიროვნულ ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებას, უსიტყვო ნდობასა და ერთგულებას.
მე ვამაყობ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, სხვადასხვაგვარ ვითარებაში, ერთნაირი ძალისხმევით მხარს ვუჭერდი თქვენი უწმიდესობის ჭეშმარიტად მისიონერულ საქმიანობას.
მახსენდება, მაშინ, როცა ჩვენი ხალხის ნებით, თქვენი ნებით და უფლის კარნახით, შორეული კუთხიდან ჩემს სამშობლოში, საქართველოში დავბრუნდი, პირველი, რაც გავაკეთე, თქვენთან, საპატრიარქოში მოვედი და ლოცვა-კურთხევა გთხოვეთ. მაშინ მივიღე ის მხარდაჭერა, თანადგომა, რომელთა გარეშე იმ ქაოსის და უბედურების დაძლევა არ შეიძლებოდა.
თქვენი ლოცვა-კურთხევით და მამულიშვილური ღვაწლით, საქართველოში, დღიდან აღსაყდრებისა, ასობით ეკლესია აშენდა, აღდგა და განახლდა. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და მთელი ხალხი, მდიდარი და ღარიბი - ყველა ჩაბმულია მასში.
განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანია, სწორედ ამ პერიოდში, ახალგაზრდობის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების, მომავალი თაობის მოქცევა ეკლესიისაკენ, რაც მათი სულიერი სიჯანსაღის წინაპირობას ქმნის.
ვასრულებდი რა ჩემი ხალხის ნებას, სრულიად შეგნებულად, მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - დამეჯილდოვებინეთ დავით აღმაშენებლის ორდენით. თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელიც მისი მფლობელია.
თქვენი საქმიანობა პატრიოტული თავშეწირულობის ნიმუშია. ასეთი მაგალითი კი განსაკუთრებით ღირებულია იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო აღმშენებლობა და ყოველმხრივი ტრანსფორმაცია ერისაგან უდიდეს მატერიალურ მსხვერპლს მოითხოვს. რომ არა თქვენი მხარდაჭერა, ამ წლებს ვერ გავუძლებდით.
ეკლესია და მისი მწყემსი (ისევე, როგორც საუკუნეთა წინათ, უმძიმესი გაჭირვების ჟამს), რჩებიან იმ კელაპტრად, რომელიც ქვეყნის ცხოვართ გზას უნათებს და სულიერ მწვერვალთა დასაპყრობად დიდი მსხვერპლის აუცილებლობაში არწმუნებს.
ჩვენი დედა-ეკლესია საქართველოს სულიერი და სხეულებრივი მთლიანობის უმტკიცესი ბურჯი იყო, რჩება და იქნება კვლავაც.
გრიგოლ ხანძთელიდან დღემდე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მართლაც წმიდა სანთელივით გამოატარა ეს ტრადიცია.
ხოლო ილია მეორემ, თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, იგი შემოიტანა ახალ საუკუნესა და ახალ ათასწლეულში, დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც ნიშანსვეტი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და აღორძინებისა.
იგი კვლავაც დაგვეხმარება, ერთად ვაშენოთ ურყევ ეროვნულ საწყისზე დაფუძნებული, ახალი, თავისუფალი საქართველო, რომლის ხატად იქცევა წმიდა სამების ტაძარი. მას ჩვენ ყველა ერთად - საქართველოს მოქალაქეები, მე და თქვენ ერთად ვაშენებთ და ვუტოვებთ შთამომავლობას.
გარდა ამისა, ეს ტაძარი, თქვენო უწმიდესობავ, მრავალი საუკუნის მანძილზე შეახსენებს შთამომავლობას თითოეულ სიტყვასა და ნაბიჯს, რომლებიც ერთობლივად გადავდგით სამშობლოს მსახურებისას.
ასევე საუკუნეებს შემორჩება ძეგლი, რომელსაც სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში მე და თქვენ მოვაწერეთ ხელი - ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს მარადიული ერთობის ნიშნად.
თქვენო უწმიდესობავ, მთელი ერის, სრულიად საქართველოს სახელით გილოცავთ აღსაყდრების 25 წლისთავს, დაბადების 70 წლის იუბილესა და მღვდელმთავრობის 40 წლის შესრულებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ფიზიკურ ძალმოსილებას - ღვთის სადიდებლად და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის გასაძლიერებლად.
გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ზურაბ ნიჟარაძის ფერწერულ ტილოში - "აღმასვლა" - მაღალმხატვრულ ღირებულებებთან ერთად განხორციელებულია იდეა სტიქიის, ტალღების ტრანსფორმირებისა ცხენებად, რომლებიც აღმართული არიან ზეცისაკენ, ღმერთისაკენ და გვევლინებიან სამყაროს, ქვეყნის სიძლიერის, სტაბილურობისა და აღმასვლის სიმბოლოებად.
სურათში აგრეთვე აჟღერებულია იდეა საერო და რელიგიური ასპექტების თანხვედრისა სამყაროსა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ნება მიბოძეთ, ეს სურათი მხატვრის, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით თქვენ გადმოგცეთ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010