უდავოა, რომ ჩვენი თანამედროვე ყოფაცხოვრება უამრავი პარადოქსით ხასიათდება, კერძოდ, თუ არსებული ხელისუფლების მიმართ ლოიალურად ან კონსტრუქციულად ხართ განწყობილი ანდა სულაც მხარდამჭერი ბრძანდებით, ეს იმის საწინდარია, რომ მუდმივად ე.წ. ოპოზიციური, აშკარა თუ ფარული ტერორის ქვეშ და ფინანსურ შეჭირვებაში იმყოფებოდე, ხოლო თავად ხელისუფლება შენს დასაცავად და დასახმარებლად ვერაფერს აკეთებდეს, იმის შიშით, სიტყვის თავისუფლებისა და სხვა დემოკრატიულ-საკაცობრიო ღირებულებების შელახვა არ დამაბრალონო.
და უფრო მეტიც, პირიქით, ხელისუფლება ე.წ. ოპოზიციონერებს თითქოსდა მხარს უჭერს კიდეც: სხვანაირად როგორ ავხსნათ ის ვითარება, როდესაც იმ პოლიტიკურ ძალებსა და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერი გამოჩენილი პიროვნებების ლანძღვა-გინებისა და სახელმწიფო სახსრებისა თუ უცხოური გრანტ-კრედიტების მითვისება-შეჭმის მეტი არა გაუკეთებიათ რა, კვლავაც გულუხვად ეძლევათ საჩუქრად საზღვარგარეთიდან შემოსულ-შემომავალი ფულადი თანხები თუ შეღავათიანი სესხები და საბიუჯეტო დაფინანსების ნაკლებობასაც არ განიცდიან. ამასთან, თავიანთი მიზნების განსახორციელებლად უკვე ძალადობასაც აღარ ერიდებიან.
განსაკუთრებით პრივილეგირებულნი არიან ის პირები, რომელებიც თავის დროზე, თავად წარმოადგენდენ ხელისუფლებას და ახლახან გადაბარგდნენ "ოპოზიციაში".
ბოლო დროს ახალი ტენდენციაც შეიმჩნევა: ე.წ. ოპოზიციონერები, რაღაც იდუმალი განზრახვით, თითქოსდა ინაცვლებენ ხელისუფლების მხარეს და ხელისუფლებაც, გულაჩუყებული, მათ გულში იხუტებს და არამარტო უახლოეს წარსულში ფინანსურ დანაშაულობებში მონაწილეობის პატიებას, არამედ - დასაჩუქრებასაც კი ჰპირდება.
პირდაპირ და ხმამაღლა უნდა ითქვას: ქართველი ხალხის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესებისათვის მეტად დიდ საფრთხეს წარმოადგენს არსებული ხელისუფლების მხრივ ამგვარი სადომაზოხისტური ტენდენციების დამკვიდრება ქართულ ცნობიერებასა და ყოფიერებაში.
პირადად მე და ჩემი თანამოაზრეები (მადლობა უფალს, ისინი ჯერ კიდევ ბევრნი არიან) არ ვაპირებთ ამგვარ ვითარებასთან შეგუებას და მივმართავთ ყველას, ვისაც ჯერ არს: სიტყვითა და საქმით გავერთიანდეთ აღნიშნულ ტენდენციათა დასაძლევად.
არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო: მხოლოდ "თავისუფლების ინსტიტუტი" და მისი მოკავშირე სტრუქტურები არ წარმოადგენენ საქართველოს არასამთავრობო სექტორს. ამ სექტორში ერისა და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ მოღვაწეობს ათეულობით საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლებიც უპრეტენზიოდ და თავდადებით აკეთებენ მართლაც ეროვნულ და საშვილიშვილო საქმეებს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების კონგრესისა და საქართველოს ერთიანობის ალიანსის ინიციატივით შეიქმნა მუდმივმოქმედი საგამოძიებო კომისია. აღნიშნული კომისიის თანათავმჯდომარეები ვართ მე - ზაზა სიხარულიძე - საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების კონგრესის აღმასრულებელი მდივანი, ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტი და ლერი გელენავა - საქართველოს ერთიანობის ალიანსის გენერალური მდივანი, ხოლო წევრები - სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ დაფუძნებული ეს კომისია, პირველ რიგში, შეისწავლის და განიხილავს "რუსთავი 2"-ის ტელეპროგრამა "60 წუთის" მიერ გადაცემულ სიუჟეტებს გამოჩენილ პიროვნებათა საქმიანობასთან დაკავშირებით.
იმედს გამოვთქვამთ, ხელისუფლება ყურად იღებს ჩვენი საზოგადოებრიობის ჯანსაღი ნაწილის გულისხმას და თავისი ენერგიული ქმედებით აქტიურად დაუჭერს მხარს ჩვენს წამოწყებას.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010