იგი ყველას ეხმარებოდა და ყველაზე ზრუნავდა. დაწყებული ოჯახის წევრებიდან, მეგობრებიდან ასპირანტებითა და სტუდენტებით დამთავრებული. ყველას წარმატება და ნიჭიერება ახარებდა. უნდა გენახათ, როგორი თვალებგაბრწყინებული იყო, როცა მისაღებ გამოცდებზე კარგად მომზადებულ სტუდენტს გადააწყდებოდა. მას ყურადღებას არ აკლებდა ჩარიცხვის შემდეგაც და თავმომწონებით ყვებოდა, რომ გუმანმა არ უმტყუნა.
იგი ყველა მეგობრის ჭირსა და ლხინს იზიარებდა, მას ყველა ახსოვდა, ყველა გარდაცვლილი თუ ცოცხალი მეცნიერის საიუბილეო თარიღს აღნიშნავდა, მას ყველა ახსოვდა, გარდა საკუთარი თავისა. მის კაბინეტში შესულები მას მუდამ კომპიუტერთან მჯდომს ვხედავდით და როცა შევახსენებდით, რომ ამდენი მუშაობა მის ჯანმრთელობას ვნებდა, საქმე არ იცდისო - გვეუბნებოდა.
წავიდა ჩვენგან მეცნიერული შესაძლებლობების გაფურჩქვნის პერიოდში მყოფი დიდი ქართველოლოგი, აკაკი შანიძის ღირსეული მემკვიდრე. მრავალმხრივი იყო ზურაბ სარჯველაძის სამეცნიერო მოღვაწეობის არეალი, მაგრამ განსაკუთრებით დიდი ღვაწლი დასდო მან ძველი ქართული ენის სტრუქტურის შესწავლას, ამიტომაც იყო, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ იმ კათედრას - ძველი ქართული ენისას - ხელმძღვანელობდა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა და სიკვდილამდე უძღვებოდა აკაკი შანიძე.
წავიდა ჩვენგან მართალი, უხინჯო კაცი, შეურიგებელი მებრძოლი ყოველგვარი მედიდურებისა და ამპარტავნობის წინააღმდეგ; უღალატო მებრძოლი, ბრწყინვალე მამა და ბაბუა.
ძველი სენტენცია ყოფილა: "ვინც ღმერთებს უყვართ, ადრე კვდებაო"; მე არ ვიცი, არის თუ არა რაიმე ღვთიური იმაში, რომ ზურაბ სარჯველაძის მსგავსი კაცი ნაადრევად წაიყვანოს ამ ქვეყნიდან.
იძინე, ჩემო ზურაბ, მშვიდად, შენ იმდენი გააკეთე ქართული მეცნიერებისათვის, რომ, ვიდრე ერთი ქართველი ფილოლოგი ცოცხალი იქნება, შენი სახელიც იცოცხლებს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010