სანამ მოვწევდეთ, ერთ ამბავს მოგიყვებით, ძალიან მოკლედ, ფაქტობრივად, მხოლოდ დედააზრს გეტყვით, თუკი აზრს, საერთოდ, შეიძლება სქესი ჰქონდეს. და თუ მაინც აქვს, როგორ განეწყობა იგი იმ სიტყვის სქესის მიმართ, რომელშიც უნდა განსხეულდეს? ეს მეტად რთული საკითხია და ამიტომ, მოდით, მხოლოდ იმას მოგიყვებით, რაც მე თვითონ ვნახე.
მაშ ასე, დავიწყოთ იმით, რომ პროგნოზი შემაშფოთებელი იყო - ქარიშხალს ელოდნენ და ხალხს ურჩევდნენ, ბავშვები სკოლებსა და ბაღებში არ გაეშვათ. ძალიან, მგონი, არავის შეშინებია, პირიქით, სოციალურ უბედურებებს შეჩვეულ მოსახლეობას სტიქიური უბედურება რაღაც უჩვეულო და საინტერესო სიახლედაც კი ეჩვენებოდა. საღამოსაკენ, ყოველი შემთხვევისათვის, დიასახლისებმა სარეცხი ჩამოხსნეს და მორწმუნეებმა აპოკალიფსს გადაავლეს თვალი. მოკლედ, ყველა განეწყო, განეწყო ისე, რომ განსვენებულ პროფესორ უზნაძეს ნამდვილად გაუხარდებროდა. ქალაქი ელოდა ქარიშხალს, მეეზოვეები დამატებით შრომით დატვირთვას, მანქანის პატრონები იმაზე ბჭობდნენ - ვინ აღმოჩნდებოდა უიღბლო და ვის მანქანას დაასკდებოდა თავზე ბებერი ხე, რომლის მოჭრის აუცილებლობას ყველა ხედავდა, მაგრამ ხომ იცით, ჩვენში როგორც ხდება, ყველას ეზარებოდა...
ქაიშხალი, მართლაც, ღმუოდა მთელი ღამე და გასარემონტებელ ბინებში პოლტერგეისტის ინსცენირებას ცდილობდა. პროგნოზირების საპირისპიროდ, ბევრი ვერაფერი დაანგრია, მაგრამ მეორე დილას მაინც არ შეწყდა, კვლავ უბერავდა, თან ისე ძლიერად, რომ ქალაქისათვის ჩვეული სოლიდური წონის ქალბატონებიც კი კეკლუცურ ჩორთზე გადაჰყავდა და უკვე გვარიანად დაღლილ ერთჯერად პარკებს არ ასვენებდა. ქუჩაში გასული კაცი იმასაც შენიშნავდა, რომ ქარს საიდანღაც ქვიშა მოჰქონდა, თანაც ბლომად. იგი მეორე დღეს მიწამ შეცვალა, ისეთმა ფხვიერმა, რომ მესაფლავეებმა მისი შეგროვება დაიწყეს და უკვე უზრუნველ გაზაფხულს ჭვრეტდნენ. ქარი კი არ წყდებოდა და ქვიშასა და მიწასთან ერთად რაღაც უცნაური არომატი მოჰქონდა თან. არა, ეს არ იყო არც სურნელი და არც სუნი, რადგან არც პირველის პოზიტიური მუხტი ჰქონდა და, არც მეორის ნეგატიური... როგორ აგიხსნათ, იგი ხან რაღაც ძველს ჰგავდა და ბავშვობის შეგრძნებებს აღძრავდა, ხანაც პირიქით, ზოგი მასში რაღაც ახლის, შეუცნობელის ოვერტონებს სახავდა. ნაკლებად სენსუალურნი კი დადიოდნენ და სარდაფებში ცხოველების გვამებს ეძებდნენ - ამ არომატის წყაროდ უდროოდ გადაგებული კატა ან ძაღლი ეჩვენებოდათ. ბევრს უკვირდა - საიდან ამ ქარში ობისა და ნესტის სუნიო, სხვანი ამბობდნენ, ეს მოგონებების სუნიაო. ასეა თუ ისე, წარსულისა იყო იგი, თუ მომავლის, აწმყოს ნამდვილად აღიზიანებდა და მოქალაქეებზე უცნაურად მოქმედებდა - ბევრი საკუთარ დანიშნულებაზე ჩაფიქრდა და, შედეგად, დეპრესიაში ჩავარდა; ერთი უბნის მოსახლეობა, რატომღაც, უკვე დიდი ხნის წინ დავიწყებულ ენაზე ამეტყველდა, თან ისეთ სიტყვებს ხმარობდნენ, ძველი ლიტერატურის ქრესტომათიაშიც რომ ვერ შეხვდება ადამიანი; ბევრმა, უცნაურია, მუზეუმებს მიაშურა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთებმა ექსპონატებიც კი დაიტაცეს. მეორე დღეს ძველისძველ აბჯარში გამოწყობილი რამდენიმე პირი, ხელში დროისაგან გაცუდებული ხმლები რომ ეჭირათ, ქალაქის ცენტრში დააკავეს, თუმცა ისინი საშიში მიმართულებით სულაც არ მიდიოდნენ. მოულოდნელად, იმ გადაცემის რეიტინგმა აიწია, ქალაქის საამაყო და გულისამაჩუყებელ ისტორიას რომ ეძღვნებოდა; ჯერ არ გათხოვილმა, მაგრამ უკვე აღარ ქალწულებმა საჯაროდ მოინანიეს ცოდვები და ბევრი სანიმუშო ოჯახიც გაიბზარა... რაღა ბევრი გავაგრძელო, სტატუს ქუო მოიშალა, მარტო მესაფლავეთა ამქრის აშენება ხომ არ ნიშნავდა მთელი ქალაქის კეთილდღეობას? თანაც, ეს სუნი, ჰო, მაინც სუნი და არა სურნელი, ადამიანს ჭკუიდან გადაგიყვანდა...
ქარი მაინც არ ცხრებოდა და განათლებული ხალხი დაფიქრდა. ფიქრის ხდომილებამ კი იმ მარტივ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ქარი არც ჩრდილოეთისა და არც დასავლეთის და, შესაბამისად, სუნიც მაპატიეთ ამ სიტყვის ხშირი გამეორებისათვის, ქარს რომ მოჰყვებოდა, აღმოსავლეთიდან მოდიოდა, ქალაქის იმ გარეუბნიდან, გზატკეცილისაკენ რომ არის. ბოლოს და ბოლოს კომისა გამოყვეს. არც ის გამხდარა ძნელი გადასაწყვეტი, თუ რა პროფესიის ხალხი შეეყვანათ მასში - ქალაქს ჰყავდა სათანადო პირების ჯგუფი, რომელიც ყველა კომისიას აკომპლექტებდა. და აი, ისინიც აღმოსავლეთისაკენ წავიდნენ, გასცდნენ ქალაქის საზღვარ-ტრაფარეტს და მიხვდნენ! მიხვდნენ უცებ, იმიტომ, რომ მაშინვე დაინახეს, რა დაინახეს? დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ნამდვილად ვიცი! მათ ქალაქი, რომელიც ჩვენთვის, ყველასათვის ზეციური იყო, ჩვენი ქალაქის ზეციური ასლი, რომლის არსებობა ამდენი ხანია გვამშვიდებდა და გვეგონა, დრო კიდევ გვქონდა, რომ მივმსგავსებოდით, მიგვეღწია, გავტოლებოდით... ახლა კი რა დაინახეს უდაოდ პატივცემულმა კომისიის წევრებმა? მიწაზე დამხობილი ზეციური ქალაქი, რომლის ნანგრევებიდან მოჰქონდა ჩვენსკენ ქარს ქვიშა და ის სურნელიც (რადგან კომისიის წევრებიც მიხვდნენ, რომ მასზე "სუნის" თქმა უკვე აღარ შეიძლებოდა), სხვისი იმედების, ვნებების, მოტივაციების და სუიციდების იყო. იმიტომაც მოშლილა ჩვენი ქალაქის ჩვეულებისამებრ სვლა, რომ კოსმიური წესრიგი დარღვეულია, დეკარტეს სისტემაში მხოლოდ აბსცისა დარჩა და მაღლა ახედვამ აზრი დაკარგა. კომისიის თავზარდაცემული წევრები ისე სწრაფად გამობრუნდნენ უკან, რომ ქალაქში შემოსულებმა, ვერავის გასცეს პასუხი, როგორი იყო ვექტორი, ანუ - ზეციური ქალაქი წარსულისა იყო თუ მომავლის? სწორად გამიგეთ, ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის - თუ ზეციური ქალაქი წარსულისა იყო, უნდა ავჩქარდეთ, და თუ მომავლის - მაშინ რა გამოდის, ჩვენი მომავალი წარსული ზეციური ქალაქისაკენ სვლაა?
აი, ეს იყო მთელი ჩემი ამბავი, ოღონდ, მინდა იგი რაღაც ჩვენი ქალაქის შესაფერისი ისეთი ფრაზით დავასრულო, რომლის შემდეგ სამწერტილის დასმა იქნება შესაძლებელი. მარტო წერტილი რაღაც ზედმეტად კატეგორიულია და განაჩენსა ჰგავს, ღმერთმა დაგვიფაროს.
სანამ ამაზე ვფიქრობ, იქნებ ერთი ღერიც მოგვეწია. საერთოდ, ამდენს არ ვეწევი, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც უჩვეულო განწყობა დამჩემდა, ალბათ, სულ ამ ქარის ბრალია...
















































































მთავარი
კონტაქტი




2010