*
შოთა ხოდაშნელის ლექსების კრებული "მათ სამთა გმირთა მნათობთა" ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და ნიკო ფიროსმანის უკვდავ სახეებს. წიგნში პოეტურად არის ამეტყველებული ამ დიდ შემოქმედთა ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები. წინასიტყვაობაში თემურ შავლაძე წერს: "სამი პატარა წიგნი და სამი დიდებული ქანდაკი - ახლა უკვე ერთ წიგნად და ამაღლებულ პოეტურ სამებად, "მათ სამთა გმირთა მნათობად" - შეკრული, აკინძული და დაურღვეველი - კარგი პოეზია, მართლაც კარგი პოეზია! ბედნიერია კაცი, რომელიც ასეთ პოეზიას ქმნის და ჩვენც, როგორც მკითხველს, მშვენიერსა და ამაღლებულთან გვაზიარებს".
*
ერევნის გამომცემლობამ "არევიკ" (სომხურ ენაზე) დასტამბა ვაჟა-ფშაველას მოთხრობების ("მთის წყარო", "ჩხიკვთა ქორწილი", "ფესვები", "ხმელი წიფელი", "მთანი მაღალნი", "შვლის ნუკრის ნაამბობი") კრებული. მოთხრობები სომხურ ენაზე თარგმნა ანაიდა ბოსტანჯიანმა.
წიგნი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა გამოცემული, მასში დაბეჭდილია არაჩვეულებრივი ნახატები. ეს წიგნი საუკეთესო საჩუქარი იქნება სომეხი ბავშვებისათვის.
ანაიდა ბოსტანჯიანმა ეს წიგნი გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" რედაქციას გადასცა საჩუქრად და ასეთი წარწერა გაუკეთა ქართულ ენაზე: "...მე ვამაყობ ქართული ლიტერატურით, ვაჟა-ფშაველას შესანიშნავი შემოქმედებით!" ანაიდა ბოსტანჯიანი.
ჩვენ კი მადლობის მეტი რა გვეთქმის ქალბატონი ანაიდასათვის, ქართული ლიტერატურის უდიდესი სიყვარულისა და პროპაგანდისათვის სომხურ ენაზე.
*
გამომცემლობა "მოლოდინმა" გამოსცა ვაჟა ეგრისელის ნაწარმოებების პირველი ტომი, რომელშიც შესულია "კოლხური ფსალმუნების" პოეტური ციკლი. ამ უზარმაზარი მოცულობის, 70-ფორმიან წიგნში შესულია ორი ათასზე მეტი ლექსი.
ამ წიგნის ყიდვა შეგიძლიათ თბილისში, წიგნების მაღაზია "საუნჯეში".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010