მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
თავისუფალი თემა: ჩემი მეგობარი - მწერალთა კავშირის სასახლე

ნელი ნაბიჯით მივუყვები მაჩაბლის ქუჩას. მწერალთა კავშირის სასახლის კარი დღეს პირველად უნდა შევაღო. ცოტა აღელვება მეტყობა. ასეთი ღირშესანიშნავი ადგილის მონახულება ყოველდღე ხომ არ მიწევს?

აი, ისიც, რუხი ფერის სასახლე - დიდი ფანჯრებითა და შავი რკინის კარით, მასში ამოკვეთილი ორი ასოთი - "დან"-ი და "სან"-ი. კარი მოწიწებით შევაღე და მაღალჭერიან სადარბაზოში შევაბიჯე, მარმარილოს თეთრ კიბეს მორიდებით ავუყევი და ჩემს წინ აღმართულ ვეებერთელა სარკეში საკუთარ თავს გავხედე, ცოტა შევყოვნდი, შემდეგ მარცხნივ გავუხვიე და დარბაზში აღმოვჩნდი, თვალში მომხვდა უზარმაზარი, ხახადაღებული ბუხარი, მის გვერდით კი ლითონში გაცოცხლებული შოთა რუსთაველი. ბიბლიოთეკა მოვძებნე და შევედი, იქაურობა ყურადღებით დავათვალიერე; ოთახის კედლები მოჩუქურთმებული, ძვირფასი ხით არის დაფარული, სარაჯიშვილისეული კარადები წიგნებითაა გადაჭედილი, შუაში ვეებერთელა მაგიდა დგას, ალბათ, რამდენი ღირსეული ადამიანი მჯდარა მის გარშემო?

ფანჯრიდან სასახლის ეზო ხელისგულივით მოჩანს. სუროს მიწა მწვანედ დაუფარავს, კუთხეში კი ბებერი ფიჭვის ხე განმარტოვებულა. ეზოს ბოლოში დავით სარაჯიშვილის ბიუსტია აღმართული. მყუდროებას მოუცავს აქაურობა, ასეთ გარემოში კაცს მართლაც მოუნდება ლექსის დაწერა!

აი, აქვე, სხდომათა დარბაზია, ფანჯარაში შევიჭვრიტე, კედლიდან ილია ჭავჭავაძის პორტრეტმა შემომანათა.

შემდეგ, ისევ ბიბლიოთეკაში შევდივარ და ჩემ საქმეს ვაგვარებ. თავაზიანად ვემშვიდობები იქაურ თანამშრომლებს და უკან ვბრუნდები. გამოსვლისას მეორე სართულის მონახულების სურვილმა მძლია, ხის კიბის ჭრაჭუნა საფეხურები მკვირცხლად ავირბინე და ჩემს წინ ისევ დარბაზი გადაიშალა - მთელი თავისი ბრწყინვალებით: ერთმანეთის პირდაპირ ლომისა და ვეფხვის ფიტულებია მოთავსებული...

- ესეც ჩვენი მწერალთა კავშირის სასახლე! - ნანახით აღფრთოვანებული, შთაბეჭდილებით სავსე ვტოვებ მას. ქუჩაში გამოსული, შენობის წინ შევჩერდი, ყურადღებით დავაცქერდი მის კედელს, თითოეულ ჩუქურთმას, გვირგვინში ამოკვეთილ თარიღს - "1905", რომელიც სასახლის აშენების წელს მაუწყებდა.

- საუკუნეს სამი წელი აკლია... გავიფიქრე, გარემოს, კიდევ ერთხელ, საგულდაგულოდ მოვავლე თვალი და ჩემთან მოფრენილ ოცნებას გავყევი. სასწაულია პირდაპირ, ბებერი, ცივი სასახლე ფიქრებში გაცოცხლდა, ამეტყველდა და თხრობა დაიწყო.

გამარჯობა ჩემო კეთილო, - ჩემდა გასაოცრად მომმართა მან, - მომინახულე ხომ? კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ჭერქვეშ! გატყობ, აქაურობა მოგეწონა, ასეა, არც ერთი ჩემი სტუმარი გულგრილი ჯერ არ გაბრუნებულა, მერედა, რა სტუმრები მყოლია, რა ხალხი და თანაც რამდენი!

სასახლე ცოტა ხნით ჩაფიქრდა, შემდეგ კი თხრობა განაგრძო: ეჰ, ჩემს ჭერქვეშ წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ ისე რა არ მომხდარა. ბევრი ბედნიერი დღე მახსოვს, მაგრამ უბედურებასაც ვერსად გავექეცი - მწარეც ბლომად მინახავს.

ჩემი აშენება ერთმა ჭკვიანმა და მდიდარმა კაცმა, დავით სარაჯიშვილმა განიზრახა, მართლაც რომ ჭკვიანი იყო, ნამდვილად მამულიშვილი და ერის ჭირისუფალი. კონიაკისა და ლიქიორის ქარხნები ჰქონდა თბილისში, ბევრი კეთილი საქმე გაუკეთებია, ვის არ ეხმარებოდა; შვილი არ ჰყავდა, მაგრამ ყველა სწავლას მოწყურებულ, ღარიბ, ქართველ ახალგაზრდას საკუთრად თვლიდა, სასწავლებლად უცხოეთში გზავნიდა, სტიპენდიებს უნიშნავდა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც კი დააარსა - კაცი უწიგნური არ უნდა იყოსო. ეკლესია-მონასტრების დიდი ქომაგი იყო... ქარხნის მუშა-მოსამსახურეებს კი, პირდაპირ, გაჭირვების ტალკვესად ევლინებოდა.

...ჰოდა, იმას გიყვებოდი, დავით სარაჯიშვილმა ჩემი აშენება განიზრახა, ადგილიც საგანგებოდ შეარჩია სერგეევის ქუჩაზე, - მაჩაბლის ქუჩას, საუკუნის წინ, ეს სახელი ერქვა, - დააკონკრეტა სასახლემ, - არქიტექტორი კი ევროპაში გააგზავნა, იქაური შენობების შესასწავლად. ჩემს ასაშენებლად ძალა და ენერგია არავის დაუშურებია. ამიტომაცაა ასეთი მყარი და დიდებული რომ ვარ!

მაშინ სულ სხვა დრო იყო, დღეს რომ ცაში აჭრილ სახლებს აშენებთ, ასე როდი გახლდათ. ახლა კვამლიანი მანქანები დაქრიან, უწინ ეტლში შებმული ცხენები თუ ჩამიქროლებდნენ ხოლმე თქარათქურით. თითქოს ხალხიც სხვა ცხოვრობდა, ამდენი მტრობა, შუღლი და გაუტანლობა, დღეს რომ არის, არ მახსოვს, ძველად ყოფილიყო.

დავით სარაჯიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ფორაქიშვილ-სარაჯიშვილმა ჩემს კედლებში ახალმოსახლეობასთან ერთად ვერცხლის ქორწილიც გადაიხადეს. უნდა გენახა, რა სიხარული და სილაღე იყო ამ ჭერქვეშ, რამდენი სტუმარი მყავდა - ახალგაზრდა თუ ხანშიშესული, ჩინიანი თუ უჩინო, თავად დიდი აკაკიც კი ბრძანდებოდა.

სასახლემ ამოიოხრა: - ნეტა იმ დროს, რა ბედნიერი იყო ჩემი პირველი პატრონი, მაგრამ დიდხანს არ დაგვცალდა ერთად ცხოვრება, დავითი ცხრაას თერთმეტში გარდაიცვალა, იგი მთელმა საქართველომ დაიტირა. უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ვინ არ მოვიდა, ამ დარბაზებში ხალხის ტევა არ იყო.

წინდახედული კაცი იყო ჩემი პატრონი, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ანდერძი შეადგინა - მთელი ჩემი ქონების უდიდეს ნაწილს ქართველ ერს ვუტოვებო, არ დავიწყებია ექვთიმე თაყაიშვილის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელიც ანდერძში განსაკუთრებულად ჰქონდა მოხსენიებული.

ცხრაას თექვსმეტში კი სარაჯიშვილის მეუღლე - ეკატერინე გარდაიცვალა...

შემდეგ ახალი პატრონი გამომიჩნდა, ჩემი თავი მილიონერმა აკაკი ხოშტარიამ შეიძინა, თუმცა დიდხანს ვერც იმან იცხოვრა... საქართველოში წითლები შემოვიდნენ და მეც, ცისფერყანწელი პაოლო იაშვილის წყალობით, ახალ მობინადრეებს შევეგებე. ამ უკანასკნელს, მაშინვე, მთავრობისთვის თხოვნით მიუმართავს, ეს სასახლე ხელოვანთა კავშირს გადმოგვეცითო. ასე მოხვდნენ ჩემს ფუძეზე მუზის მსახურნი და მას შემდეგ, ერთად მოვდივართ. დავით სარაჯიშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ვიცი, ამ ამბით ძალიან გაიხარებდა.

შენობა წუთით ჩაფიქრდა, შევნიშნე, მის კედელს დარდი და სიხარული ერთმანეთს შეენაცვლა, შემდეგ ერთი ამოიოხრა და თხრობა განაგრძო: - არ დამავიწყდება დიდი გალაკტიონი - პოეტების ჭეშმარიტი მეფე, თბილისის ქუჩებს ახლაც ახსოვთ მისი ნერვიული ნაბიჯები. ჩვეულებად ჰქონდა, მზეში, წვიმაში, ქარში უქმად ხეტიალი; ერთი ლამაზი ქალი უყვარდა, სახელად მერი. მგოსანი ოდნავ შეშუპებული სახით შემოაბიჯებდა და ამოუყვებოდა კიბეს. არაერთხელ მოუყვანია ჩემთან ლექსში გაცოცხლებული ბნელი ღამე, ნიკორწმინდა, მთაწმინდის მთვარე, ლურჯა ცხენები და მესაფლავე. მართლაც, რომ გამორჩეული ადამიანი იყო, მოწმენდილ ცაზე ანგელოზსაც კი ხედავდა; სამშობლოს სიყვარულიც განსაკუთრებული შეეძლო, იტყოდა ხოლმე: "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული!"

მქონია ბედნიერი წლები, როცა მუდამ ჩემთან იყო ცისფერთვალება, შუბლზე თმებჩამოყრილი, განუყრელი წითელი მიხაკით მკერდდამშვენებული ტიციან ტაბიძე. საქართველოს უღელდადგმულ მონას საგზლად, მეწყერივით მოვარდნილი ლექსები სულ თან დაჰქონდა.

სინანულით ვიგონებ მარად ჭაბუკ ლადო ასათიანს, არ დასცალდა, არადა, ძლიერ ნიჭიერი იყო...

გამხდარი, თვალებანთებული, მეოცნებე კაცი მორიდებით შემომიღებდა კარს და თან შემოიტანდა ლეჩხუმის მთებში ჩადგმული მშობლიური ოდის სითბოს, რუსთაველის პროსპექტის ხმაურს, კრწანისის სისხლისფერ ყაყაჩოებს, ბრძოლაში გამოწრთობილი ქართველი ვაჟკაცის ძველი ხანჯლის ელდას.

მუდამ ჩემთან დარჩება გოგლა ლეონიძე. ღვინისა და პურის მომყვანი ხალხის ნამდვილ შვილს ნედლი მიწის სურნელი დაჰქონდა თან. "ვეფხისტყაოსანი" თავდავიწყებით უყვარდა, ისე ექცეოდა, როგორც ცოცხალ არსებას. პოეტს მოინახულებდნენ ხოლმე ფერუმარილით გადათეთრებული ფუფალა - დაფლეთილი ქოლგით ხელში, ნატვრის ხის მაძებარი ელიოზი, ვალმოხდილი მოხუცი - გუთნისდედა ნინია.

კოლხური კოშკიდან ზვიადი გამომეტყველებით კონსტანტინე გამსახურდია მესტუმრებოდა, თან მოიყოლებდა მარჯვენა მოკვეთილ დიდოსტატ არსაკიძეს, სვეტიცხოვლის ტაძრის მადლსა და უკვდავებაში გადასულ ხელოვნებას.

ეჰ, რა დრო იყო, როცა ერთად ვიყავით მე და ნოდარ დუმბაძე... - ამოიოხრა სასახლემ, - დიდი გულის კაცი იყო ნოდარი, ენამოსწრებული, ხუმრობა უყვარდა და უხდებოდა კიდეც, რა ჟრიამული გაჰქონდათ სოფლის ბოლოში დაბანაკებულ ბოშებს. თათის ფხაკუნით კარს შემომიღებდა ხოლმე მურადა, შემოირბენდა "ძაღლთან" ერთად და გურიაში დარჩენილ ბავშვობა-სიჭაბუკეს, ილიკოს, ილარიონისა და ოლღა ბებიას მოკითხვას მომიტანდა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მინახავს უბნის მოზარდზე ზრუნვას გადაყოლილი კუკარაჩა, თუ მკერდზე სამშობლოს სახელამოსვირინგებული ბერძენი ბიჭი - იანგული.

ძალიან მიყვარს ანა კალანდაძის გამოჩენა დავით აღმაშენებლის ანდერძით ხელდამშვენებული, წინ მოუძღვიან ვარსკვლავებისდარი ბოშა ქალი და თათრის გოგონა. ჩემს ოთახებს შუა, ზამთარშიც კი, მზითა და სიხარულით ავსებენ ჭია-მარია, ყანის დამამშვენებელი ყაყაჩოები და სახლში შემოჭრილი თუთის რტო.

გულისფანცქალით ველოდები გოდერძი ჩოხელს, ვიცი, ყოველ მოსვლაზე გუდამაყრის ხეობიდან ახალი ამბავი უნდა ჩამომიტანოს. მომიყვება, თუ როგორ დარბის ტყე-ტყე კისერზე ირმის რქებდადგმული ხეჩო; თუ როგორ აგროვებს ორას გულად ვაჟკაცს კრწანისის ომში მეფე ერეკლეს მისაშველებლად სალაღოელი ფანტია; თუ რა შინაარსისაა გამიხარდაის სქელტანიან რვეულში შეტანილი გუდამაყრელთა დარდები და თუ როგორ ეურჩება ექიმს ჯანმრთელობაშერყეული ბერი ნემსის გაკეთებაზე, წამალმა მხარზე ამოსული ნაძვი არ გამიხმოსო.

თხრობაში გართულ სასახლეს ხმა ჩაეხრინწა და ხველა აუვარდა, ეტყობოდა, დიდხანს ლაპარაკმა გადაღალა და დასვენება ჭირდებოდა.

- დავიღალე, ჩემო მეგობარო, არადა, რამდენ საყვარელ მწერალზე მინდოდა მეამბნა, კიდევ რამდენი ნიჭიერი ადამიანის მუზის ნავსაყუდელი ვარ, ჩემს კედლებს გაანდობენ ხოლმე პირველად თავიანთ ნააზრევს, - გამომიტყდა სასახლე.

ნუ ღელავ, ახლა დაისვენე, მე ისევ მოვალ შენთან, სულ მალე ისევ დაგიბრუნდები და მუდამ ერთად ვიქნებით. აი, ნახავ, სულ მალე! - ეს სიტყვები გულში დაბეჯითებით გავიმეორე, უფრო იმისათვის, საკუთარ თავში რწმენის მარცვალი რომ ჩამესახა. შემდეგ სასახლეს ავხედე და მომეჩვენა, ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი, ხელს მიქნევდა და მამხნევებდა: - შენი ჩანაფიქრი გულს მიხარებს, მოუთმენლად გელოდები, მომავალ შეხვედრამდე, ჩემო მეგობარო!

ავტორი: ვალერი ძამუკაშვილი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
20
21
22
23
24
25
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი