მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
ქუთაისი - მსოფლიოს უძველესი ქალაქი

ქუთაისი (კუტაი) ჯერ კიდევ, როგორც აია - კოლხეთის დედაქალაქი, არგონავტების მოგზაურობის დროს არსებობდა. ეს დაახლოებით ძვ.წ. XV-XIV საუკუნეებით განისაზღვრება. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ საკითხს დღემდე ყურადღება, რატომღაც არ ექცევა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, აწ განსვენებულმა პროფესორმა ლევან სანიკიძემ დასვა, დუმილი დღემდე გრძელდება, ალბათ იმიტომ, რომ ვინმემ, ვაჟა-ფშაველასი არ იყოს, მჟავე პატრიოტები არ გვიწოდოს.

თუ არგონავტების მოგზაურობას კოლხეთში ნამდვილად ჰქონდა ადგილი (და ეს მეცნიერულად მტკიცდება), რაც ტიმ სევერინის ექსპედიციითაც დადასტურდა, მაშინ, რატომ არ გვინდა იმის აღიარება, რომ ამ მოგზაურობის მასალების მიხედვით, კოლხეთის დედაქალაქი იყო კუტაია, რომლის მდებარეობის მაშინდელი განსაზღვრა დღევანდელი ქუთაისის გეოგრაფიულ მდებარეობას ემთხვევა.

აქედან გამომდინარე, ქალაქი ქუთაისი რომ მსოფლიოში ყველაზე უძველესია, ამას შემდეგი ფაქტებიც ადასტურებს, კერძოდ: ანტიკური ხანის ცივილიზაციის ცენტრები - ათენი და რომი უფრო გვიან გაჩდნენ. ათენში, მართალია, დასახლებები დაახლოებით ძვ.წ. XVI-XIII საუკუნეებში უკვე არსებობდა, მაგრამ იგი ქალაქს, ადრეანტიკურ ხანამდე არ წარმოადგენდა(ძვ.წ. VI-V ს.ს.); რომის, როგორც ქალაქური ტიპის დასახლების დაარსება მიეკუთვნება ძვ.წ. VIII საუკუნეს. ამგვარად, ეს უძველესი ქალაქები, რომლებიც დღესაც განაგრძობენ ფუნქციონირებას, ქალაქ ქუთაისთან თავიანთი ასაკით ახლოსაც არ არიან.

მსოფლიოში, ყველაზე ადრე, ქალაქები გაჩნდა შუამდინარეთში და ეგვიპტეში (ძვ.წ. IV-III ათასწლეულში). მათ შორის ქ. ური (დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე). ახლა ასეთი ქალაქი არ არსებობს, თუმცა, სამხრეთ-დასავლეთ ერაყში არსებობს ქალაქი თელ-ელ-მუქაიარი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ იგი იგივე ქ.ური იყოს, ისე, როგორც XV-XIV ს.ს. ქალაქი კუტაია დღევანდელი ქუთაისია.

იგივე უნდა ითქვას მცირე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ისეთ ძველ ქალაქებზე, როგორიც იყო: ურუქი, ნიფური, ისინი (შდრ. ისანი), ლარსა, ლაგაში, ბაბილონი (შუამდინარეთში); ეგვიპტეში - თებე, ელამის დედაქალაქი სუზა; ფინიკიაში - ბიბლოსი, ტვიროსი, სიდონი, უგარითი; აფრიკაში - კართაგენი; სირიაში - ქადეში; პალესტინაში - მეგიდი, ბეშთაშანი; ასურეთში - ნინევია; ურარტუში - თეიშუბაინი, ირფუნი (ერებუნი - ძვ.წ. VIII ს.), ალთინ-თებე (დღევანდელ თურქეთშია), ტუშფა, ვანი (თურქ. ტოპრაჰ-ყალე), მუსასირი (დღევანდელი რევანდუზი) და ა.შ. ურარტუს ქალაქები გაცილებით უფრო გვიანდელია, რადგან ეს სახელმწიფო ძვ.წ. IX-VI საუკუნეებში არსებობდა, არგონავტების კოლხეთში ლაშქრობის დროიდან გაცილებით უფრო გვიან, ანუ მთელი 600-500 წლის შემდეგ. ამიტომაც, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ცნობილი მეცნიერის პროფ. პ.ზაქარაიას პოზიცია, რომლის წიგნში "საქართველოს ძველი სიმაგრეები" (თბ., 1988 წ. რეცენზენტები ნ.ლომოური და გ.აბრამიშვილი), კერძოდ იმ ნაწილში, სადაც საქართველოს ძველი ქალაქებია ჩამოთვლილი (მცხეთა, ურბნისი, უფლისციხე, ციხე-გოჯი - ნოქალაქევი, სამშვილდე, თბილისი, უჯარმა, ახალციხე, ახალქალაქი, გორი, თელავი, გრემი), ქუთაისი საერთოდ ნახსენებიც არ არის.

ახლა იმის შესახებ, იძლევა თუ არა ქუთაისის შესახებ არსებული მასალა მისი, როგორც მსოფლიოში უძველესი ქალაქის დასაბუთების საშუალებას.

მეცნიერთა აზრით, საქართველოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი უძველესი ბერძნული მითი არგონავტების შესახებ, შექმნილი უნდა იყოს ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში. ეს მითი წარმოშობით წინ უსწრებს ტროასა და თებეს ციკლთა ცენტრალურ ელინურ თქმულებებს. არგონავტთა ლაშქრობის გმირები მონაწილეობას იღებენ ტროას ომში. არგონავტების დროს კოლხეთს ერქვა აია. ჰომეროსი (ძვ.წ. დაახლოებით IX-VIII ს.ს.) "კოლხეთს" არ იცნობს. იგი მას აიაია-ს უწოდებს. აია შუმერებში ერთ-ერთი უზენაესი ღვთაება იყო, შემდგომ იგი გვხვდება ხეთებში და ბოლოს, კოლხეთის სახელწოდებად. აია დღემდე შემორჩა სვანეთში, როგორც მიწისქვეშეთისა და მოსავლიანობის ქალ-ღვთაება (აკად. გ.ჩიტაია). თუ მითი არგონავტების შესახებ შექმნილი უნდა იყოს ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში, მაშინ მათი ლაშქრობის ფაქტი უფრო გვიანდელი არ შეიძლება იყოს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ მოვლენის შემდეგ, დაახლოებით 3500 წელია გასული.

როგორც მეცნიერული გამოკვლევებიდან დგინდება, ქუთაისი დაწინაურებულა ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან, ანუ ძვ.წ. XV საუკუნიდან, რაც ახლოს დგას არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის თარიღთან.

მდ.რიონის მარჯვენა ნაპირზე, ე.წ. "დათაშიძეებისა" და "გაბაშვილის" გორებზე გაითხარა (1963 წლიდან) გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარი. გათხრების შედეგად გამოირკვა, რომ ძვ.წ. VI ს. ქუთაისის ტერიტორიაზე არსებობდა ქალაქური ტიპის დასახლება. არქეოლოგიური დაზვერვა ჩატარდა აგრეთვე ე.წ. "არქიელის" გორაზე, "უქიმერიონის" ციხეზე და "ცაცხვების" ტერიტორიაზე. ამ უკანასკნელზე შემთხვევით აღმოჩნდა ადრინდელი ანტიკური ხანის (ძვ.წ. V-IV ს.ს.) ორმოსამარხები. "გაბაშვილების" გორანამოსახლარზე, ნაწილობრივ, შესწავლილია ძვ.წ. V საუკუნის კულტურული ფენა. ნაპოვნია შავლაქიანი ჭურჭლის ფრაგმენტები. გამოვლენილია რკინის სადნობი ქურის საბურველი მილი, რაც რკინის დასამუშავებელ სახელოსნოს არსებობის მაუწყებელია.

ქუთაისის თეატრის მშენებლობის დროს აღმოჩნდა ძვ.წ. IV საუკუნის ანტიკური წითელფიგურიანი პალმეტით შეკრული არიბალური ლოეკითოსი. აღმოჩენილი მასალა მეტყველებს ქუთაისის სავაჭრო-ეკონომიკურ კონტაქტებზე გარე სამყაროსთან. ელინისტური ხანის არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია ე.წ. "მწვანეყვავილას" მიდამოებში ნაპოვნი ალექსანდრე მაკედონელის (ძვ.წ. IV ს.) ტეტრადრაქმა და მითრიდატეს (ძვ.წ. 132-63) ოქროს სტატერი. "უქიმერიონის" ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ელინისტური ხანის შავლაქიანი კანთაროსის ნატეხი და IV-V ს.ს. წითელ ლაქიანი კერამიკის ფრაგმენტები. აქვე გამოვლინდა სხვადასხვა ხანის ციხის ზღუდე-გალავნისა და ნაგებობათა ნაშთები.

ქუთაისი წერილობით წყაროებში მოხსენიებული აქვთ აპოლონიოს როდოსელს (ძვ.წ. III ს.) კუტაიას და პროკოფი კესარიელს (ახ.წ. VI ს.) კუტაიონის სახელით.

ქუთაისის, როგორც ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტის ისტორია ორგანულადაა დაკავშირებული მის ირგვლივ მდებარე საკმაოდ ვრცელ ტერიტორიასთან, რომელთან ერთად ის იმ ერთიან ისტორიულ-გეოგრაფიულ ერთეულს ქმნიდა, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში "ქვეყნის" სახელითაა ცნობილი. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ახსენებს "ქუეყანა ქუთაისისა"-ს.

ნაციხვარზე ჩატარებული გათხრით აღმოჩნდა ოთხი კულტურული ფერა, რომელიც მოიცავს ხანას ძვ.წ. II ათასწლეულიდან შუა საუკუნეებამდე.

საყურადღებო მასალაა მოპოვებული სოფელ პატრიკეთის მიდამოებში, ვ.ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, 1977 წელს განხორციელებული სამუშაოებისას. საკუთრივ, გორაზე აღმოჩნდა ამ რეგიონისათვის ჯერჯერობით უძველესი - ძვ.წ. II ათასწლეულის მძლავრი კულტურული ფენები, რაც აშკარად ადასტურებს ამ ტერიტორიაზე 3500 წლის წინ ქალაქის არსებობას.

1987-1989 წლებში, ძვ.წ. I ათასწლეულის მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა მოიპოვა, აგრეთვე, წყალტუბოს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, სოფელ საყულიაში, ა.კალანდაძის ხელმძღვანელობით.

ქუთაისსა და მისი "ქუეყნის" ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისა და დაზვერვის შედეგად მოპოვებული მასალიდან ყველაზე მრავალრიცხოვანია უძველესი ქვის ხანის არქეოლოგიური ძეგლები, გვიანბრინჯაოსა და განსაკუთრებით, ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლები, რომელნიც წარმოაჩენენ ქუთაისისა და მისი ქვეყნის სამეურნეო ათვისების, მსხვილი დასახლებებისა და მათი სოციალ-ეკონომიკური განვითარების რთულ პროცესს ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან (იხ. "ქუთაისი უძველესი დროიდან"... გვ. 12).

წერილობითი წყაროების მიხედვით, "კუტაია" აია-კოლხეთის მეფის რეზიდენცია და სახელმწიფოს დედაქალაქია (კალიმაქე კვირინელი, ლიკოფრონ ქალკიდელი, აპოლონიოს როდოსელი). სამართლიანად შენიშნავდა აკად. ო.ლორთქიფანიძე, რომ "დასახელებული ავტორებიდან "კუტაია"-ს მოხსენიება კოლხეთის დედაქალაქად უფრო ძველი წყაროებიდან მომდინარეობს და, შესაბამისად, ელინისტურ ხანაზე უფრო ადრინდელ ვითარებას ასახავს".

ვრცელი დასახლებების ნაშთები აღმოჩენილია მდ.რიონის მარჯვენა ნაპირზე - ბაგრატის ტაძრისა და "უქიმერიონად" წოდებული ციხის ე.წ. გაბაშვილის გორაზე.

ახლა, რაც შეეხება ისევ ქუთაისის მოხსენიებას აპოლონიოს როდოსელის "არგონავტებში". ერთგან ვკითხულობთ: "ფრიქსეს ვაჟები კოლხურ ხომალდში ჩასხდნენ და აიადან - კუტაიელი აიეტის მხარიდან ორქომენის ქალაქისკენ გაეშურნენ". ასეთი ეპითეტებით მოიხსენიება აიეტი პოემის სხვა ნაწილებშიც (II, 1094; II - 403; III - 228). ან კიდევ: "ხელმარცხნივ ეკავათ მაღალი კავკასიონი და აიას ქალაქი კუტაიისი" (II, 1267). პოემის სხვა ადგილებში კუტაიისი მოიხსენიება მთელი მხარის და ვრცელი ტერიტორიის აღსანიშნავად, როგორც ჩანს, მისი მთავარი ცენტრის სახელის მიხედვით.

ქუთაისი ქართულ წყაროებში მხოლოდ ახ.წ. VIII საუკუნიდან იხსენიება, ანუ მას შემდეგ, როცა ის დასავლეთ საქართველოს ("აფხაზეთის") ახლად ჩამოყალიბებული ქართული სამეფოს დედაქალაქი გახდა. სინამდვილეში, ეს იყო დასავლეთ საქართველოში, ანუ ისტორიულ კოლხეთში ქუთისის დედაქალაქად არსებობის ტრადიციის აღდგენა.

არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის მითთან დაკავშირებით, საინტერესოა, სვანური მასალა, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქუთაისის, როგორც აია-კოლხეთის დედაქალაქად არსებობის სინამდვილის გასარკვევადაც. არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის დროს, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და მის მთიანეთში სამეტყველო ენა უნდა ყოფილიყო ქართული ენის სვანური დიალექტი. სვანეთთან არის დაკავშირებული მითი ოქროს საწმისის შესახებ. ამ მითის სვანური ვარიანტი ჰარაშის ხეობას უკავშირდება, სადაც თვითნაბად ოქროს დღემდე პოულობენ ენგურის ხეობის კანიონებში. იქვე, სვანების რწმენით, დამარხულია ურჩხული, რომელიც მუხაზე გამოფენილ ცხვრის ოქროს ტყავს დარაჯობდა (თ.მიბჩუანი, "დასავლეთ საქართველოს ქართველ მთიელთა ეთნოგენეზისის, განსახლებისა და კულტურის ისტორიიდან", თბ., 1989, გვ. 188-208). ნიშანდობლივია, რომ სოფელ მულახში, ოქროს მაძიებლებმა, 1940 წელს, ოქროსაგან ჩამოსხმული ვერძის ქანდაკებაც იპოვეს, ცხვრის პლასტიკური გამოსახულებებით.

პეტრე ჭაბუკიანის აზრით "ქუთაისი" სვანური წარმოშობისაა. ვიღაც მდიდარ ქუთას მმართველობაში შედიოდა იგი. "ქუთ" სვანურად ჰქვია ყველიან (და არა ხაჭოიან) პურს, რომელიც სიმდიდრის სინონიმად ითვლება. - აშ სვანური პრეფიქსია. ამგვარად, "ქუთაშ" (ასე უწოდებდნენ სვანები ამ ქალაქს) ნიშნავს სიუხვის ქალაქს, სიმდიდრის მხარეს, ქვეყანას. აიეტის სასახლეც ოქროთი მდიდარი იყო და მისი ქვეყანაც. ლეგენდარული მეფის სახელი მომდინარეობს აია-დან, -ეტ ბერძნული სუფიქსია (ბოლოსართი) და აღნიშნავს წარმომავლობას, ე.ი. აიელი.

საქართველოში, თბილისის შემდეგ მეორე დიდი ქალაქის - ქუთაისის როლი მნიშვნელოვანი იყო შუასაუკუნეებშიც, რაც აგრეთვე უძველესი ტრადიციებიდან მომდინარეობდა.

551 წელს ქუთაისი ირანელმა სარდალმა მერმეროემ დაიკავა. VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ ქუთაისი დაარბია. მისივე ბრძანებით, აქ სიკვდილით დასაჯეს არგვეთელი მთავრები დავითი და კონსტანტინე. VIII საუკუნის ბოლო მეოთხედში ლეონ II აფხაზთა მთავარმა გააერთიანა ეგრისი და აფხაზეთი, განთავისუფლდა ბიზანტიის ვასალობისაგან და მთელი დასავლეთი საქართველო ("აფხაზეთი") დამოუკიდებელი გახადა. საკუთარი თავი "აფხაზთა" მეფედ გამოაცხადა და დედაქალაქად "ქუთაისი" დაიდგინა, სადაც ანაკოფიიდან (ახალი ათონი) თავისი რეზიდენცია გადმოიტანა. იმ დროიდან "აფხაზეთი" ეწოდებოდა მთელ დასავლეთ საქართველოს, ხოლო მის მოსახლეობას კი - "აფხაზები".

X საუკუნეში სრელიად საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ "აფხაზეთი"-დან, ანუ ქუთაისიდან გააერთიანა ქვეყანა, რის შედეგადაც დამკვიდრდა ტერმინი "საქართველო".

XV საუკუნის ბოლოდან, საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, ქუთაისი იმერეთის სამეფოს პოლოტიკური და ადმინისტრაციული ცენტრია.

ქუთაისის ქალაქად წარმოშობა წარმოადგენდა ხანგრძლივ პროცესს, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების ობიექტური კანონების შესაბამისად მიმდინარეობდა და საამისო პირობების მომწიფების, მისთვის თავისი დროის ქალაქის სახის მიცემით დაგვირგვინდა.

ამგვარად, საკმაო მასალა არსებობს იმის ასაღიარებლად, რომ აია - კოლხეთის უძველესი დედაქალაქი "კუტაიისი, კუტაია, კუტაიონი", დღევანდელი ქუთაისის წინამორბედი უნდა იყოს. თუ ეს ასეა, მაშინ ქუთაისი დაახლოებით 3500 წლისაა.

ყველაფერი ეს უფლებას გვაძლევს, ღირსეულად აღვნიშნოთ მსოფლიოს ამ უძველესი ქალაქის დიდი, საიუბილეო თარიღი, რათა მტერმაც და მოყვარემაც გაიგოს, თუ რა ძველი ცივილიზაციისა და სახელმწიფოებრიობის ისტორიის მქონეა ქართველი ხალხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაა გამორიცხული შესაძლებლობა, რომ იგი საქართველოში გვიანშუა საუკუნეებში შემოხიზნულებმა ისევე აღიარონ თავისად, როგორც ამას ძველი კოლხური ქალაქის - სოხუმის 2500 წლის იუბილესთან დაკავშირებით ცდილობენ. საამისოდ მათ ჭკუაც ყოფნით და სინდისიც.

ავტორი: თეიმურაზ მიბჩუანი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
20
21
22
23
24
25
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი