ფირუზ (ბეხა) რეხვიაშვილი
ნაადრევი შემოდგომა
- თამაშს 1976 წელს დაანება თავი. მას შემდეგ სტადიონისადმი საშინელი ნოსტალგია დასჩემდა. ერთხელ, თბილისში ყოფნისას, სტადიონზე შევიდა. არავინ იყო. მოედნის ცენტრში გულაღმა დაწვა. ძალიან დიდხანს იყო ამ მდგომარეობაში. რომ დაბრუნდა, ნამტირალევი მეჩვენა. ალბათ წარსულს იხსენებდა. ბეხა, ყიფიანი და გუცაევი 1971 წელს გამოჩნდნენ მოედანზე, მაშინ თბილისის "დინამო" აუტსაიდერი იყო და უმაღლესი ლიგის დატოვების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. ყველაფერი ერევანში "არარატთან" მატჩის დროს გადაწყდა. მაშინ ერთადერთი, გადამწყვეტი გოლი ბეხამ გაიტანა და დინამოელებიც გადაურჩნენ უმაღლესი ლიგიდან გავარდნას. ამ გოლისთვის ბეხა სამახსოვრო თასითაც კი დააჯილდოვეს.
ბეხა ბოლო დროს ძალიან დარდობდა, თავისი შესაძლებლობები ბოლომდე რომ ვერ გამოიყენა. უმართავი იყო, რეჟიმს სისტემატურად არღვევდა. ერთი სიტყვით, ძალიან ურჩობდა. ამ მხრივ, 1971 წლის ჟურნალ "დროშაში" გამოქვეყნებულ სტატიაში, გერმანელ ფეხბურთელს უვე ზეელერს ადარებდნენ. საზღვარგარეთულმა პრესამ კი ბეხას სიძლიერის გამო "რუსული ტანკი" შეარქვა. თვითმფრინავის ავადმყოფური შიში ჰქონდა და იქ ფხიზელს ვერ ჩააჯენდით. ეს ყველამ იცოდა და უნდოდათ თუ არა, ანგარიშს უწევდნენ. ამას მისი თანაქალაქელის და უახლოესი მეგობრის თამაზ სტეფანიას გარდაცვალებაც დაემატა. თამაზი დიდი ფეხბურთელი იყო. 21 წლისა უკვე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების კარს იცავდა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ არ დასცალდა - 1972 წლის 28 მარტს გორის გზაზე ავარიით გარდაიცვალა. ამან ბეხა ძალიან შეცვალა. სმას მოუხშირა. ხშირად ავყავდით ხოლმე თამაზის საფლავზე და იქ ღამეებს გვათენებინებდა. ბოლოს ბოლნისის, "სიონის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ძალიან ემოციური იყო. ორჯერ გადაიტანა მიკროინფარქტი. თუმცა, გული კიდევ გაუძლებდა, ფილტვზე სიმსივნე რომ არ გასჩენოდა.
საბედისწერო
კბილი
- 1995 წელს ბეხა ისევ ავარიაში მოყვა. ჩაუტარდა გამოკვლევა და "ტომოგრამამ" ფილტვზე მეოთხე სტადიის სიმსივნე აჩვენა, რაც უკვე დაღუპვას ნიშნავდა. ერთ დღეს ბეხა კბილებს რომ ისინჯავდა, აღმოჩნდა, რომ ერთი კბილი აკლდა. ჩვენ გვითხრა, არ ვიცი როდის, მაგრამ კბილი მგონი გადავყლაპეო. მაშინ ეს ბეხას მორიგ ხუმრობად მივიჩნიეთ. ოპერაცია მაინც გაუკეთეთ და ნამდვილი კურიოზი ის იყო, რომ სიმსივნის ნაცვლად ფილტვში კბილი აღმოჩნდა. ონკოლოგიის ინსტიტუტის მთავარმა ექიმმა რეზო გაგუამ გვითხრა, საოცარია, ონკოლოგიის სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა მეორე არისო. ერთი მოსკოვში მომხდარა. ვიღაცას საყვარლისათვის საყურეები მოეპარა და ფაქტზე რომ არ დაეჭირათ, გადაუყლაპავს. საბოლოოოდ, ბეხა მაინც ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა. ამჟამად მეორე, ჯანმრთელმა ფილტვმა უმტყუნა. საოცარი იყო მისი ავადმყოფობის ბოლო პერიოდი. სულ ლოცულობდა და მარხულობდა. მას თითქმის ყოველდღე აზიარებდა ბოლნისის ღვთისმშობლის შობის მონასტრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი სერაპიონ ჯიშკარიანი (ამჟამად მლეთის მონასტერში მოღვაწეობს). მამა სერაპიონი ჩვენი ოჯახის მეგობარი და ბეხას ნათლიაცაა. სწორედ მისი დამსახურებაა ბეხას ღვთისკენ მოქცევა. გარდაცვალებამდე მეტყველების უნარიც დაკარგა. თუმცა, სიკვდილს მშვიდად შეხვდა. მისი გარდაცვალებით გამოწვეულ სიცარიელეს კვლავ ვგრძნობთ ოჯახის წევრები თუ უბრალო ნაცნობები. ყველასთან პატარა ბავშვივით გულღია და მოსიყვარულე იყო.
ელგუჯა გრიგალაშვილი
p.s. წლეულს 20 იანვარს ბეხას 60 წელი შეუსრულდებოდა. ბოლნისის სასაფლაოს შესასვლელში ორ საფლავს დაინახავთ. მარცხნივ, თბილისის "დინამოს" ყოფილი გოლკიპერი და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე თამაზ სტეფანია, ხოლო მარჯვნივ, თბილისის "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი ბეხა რეხვიაშვილი განისვენებენ. სიყრმის მეგობრები აქაც გვერდიგვერდ მისცემიან საუკუნო ძილს. მათ საფლავებს მოვლა-პატრონობა არ აკლია. დღე არ გავა, ბოლნისელებმა ჭიქა არ წაუქციონ და არ დალოცონ, მაგრამ ისინი მარტო ბოლნისელებს კი არა, მთელ საქართველოს დააკლდნენ.
ე. გ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010