რუსი სამართალდამცველების ვიზიტის ძირითადი მიზანია იმ საქმეების განხილვა, რომლითაც რუსეთი თავის მოქალაქეების ექსტრადიციას ითხოვდა და რომლებიც ბრიტანეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
დაახლოებით ერთი თვის წინათ რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ განაცხადა, რომ რუს სამართალდამცველთა ვიზიტი ლონდონში დაიგეგმა, რათა განხილულიყო ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციის საქმეში წარმოქმნილი პრობლემები.
რუსეთის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფება რუსეთის 16 მოქალაქე, რომლებზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ძებნილთა შორისაა ბორის ბერეზოვსკი, იულია დუბოვი, ალექსანდრ ლიტვინენკო, ახმედ ზაკაევი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუს სამართალდამცველთა ვიზიტი სწორედ ხსენებულ პირთა ექსტრადიციაზე თანხმობის მიღებას ეძღვნება. ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრისას განხილული იქნება ძებნილთა წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. "თუ რაიმე მოთხოვნის შესრულება გახდება საჭირო, ჩვენ მას შევასრულებთ," - განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურორმა.
ვიზიტის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ახალი საქმე აღძრა, ლონდონში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მყოფი ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ზაკაევის ახალი ბრალდება შესაბამისობაში მოდის ბრიტანული კანონმდებლობით ტერორიზმად კვალიფიცირებულ დანაშაულთან. გენერალური პროკურატურა იმედოვნებს, რომ ბრიტანეთი ამჯერად მაინც აღძრავს საქმეს ზაკაევის წინააღმდეგ.
როგორც ცნობილია, ლონდონის სასამართლომ ზაკაევის ექსტრადიციაზე რუსეთს ორჯერ განუცხადა უარი. ბოლოს, 2006 წლის 10 იანვარს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სასამართლოს რუსეთიდან ჯერჯერობით არ მიუღია ზაკაევის ტერორისტობის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებები. ამიტომაც, ბრიტანეთის სასამართლომ უარი თქვა ზაკაევის რუსეთში ექსტრადიციაზე.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010