საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თუნდაც მასმედიაში განთავსებული ინფორმაციების დონეზე რომ განვიხილოთ, ასეთი ზედაპირული ანალიზიც კი ცხადი გახდება, რომ მთავრობა ზრუნავს მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციათა შესრულებაზე (რომლის სანაცვლოდაც იგი ფულს იღებს) და არ აყალიბებს მიკროეკონომიკურ, დარგობრივ პრიორიტეტებს. რასაკვირველია, მაკრო და მიკროეკონომიკური მიმართულებები ქვეყნის ეკონომიკის საერთო სურათს ქმნიან, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის სურათზე არსად ჩანს მთავრობის ნება, მაკროეკონომიკურ ტენდენციებში IMF-ისა და მსოფლიო ბანკის კონტურები იკვეთება, დარგობრივ სტრუქტურაში კი მხოლოდ ამორფული ლაქებია.
ქვეყნისა და საზოგადოების არსებობის საფუძველს განსაზღვრავს ეკონომიკა, რომელიც იქმნება სხვადასხვა დარგის ფუნქციონირების, ანუ წარმოებითი საშუალებებისგან შექმნილი ღირებულებების, შედეგად. ყველა დარგი თავის დროზე აღმოცენდა საზოგადოებრივი მოთხოვნილების აუცილებლობის გამო. საზოგადოების არსებობისათვის საჭირო მოთხოვნილება უცვლელი რჩება, მიუხედავად იმისა, კომუნისტურ ეპოქაში ვცხოვრობთ თუ კაპიტალისტურში. მაგრამ იცვლება სახელმწიფოს მიდგომა დარგობრივი სტრუქტურის მიმართ. თუ გავიხსენებთ კომუნისტური ეპოქის დროის მონაცემებს, მხოლოდ მრეწველობის დარგების მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტში სამრეწველო დარგებიდან შემოსული თანხა 50%-ზე მეტს შეადგენდა. მასზე მოდიოდა ქვეყნის ეროვნული შემოსავლის 36,7 პროცენტი, სახალხო მეურნეობის მთელი ძირითადი საწარმოო ფონდების - 32,8 პროცენტი. მრეწველობაში დასაქმებული იყო 460 ათასი ადამიანი. მიუხედავად საქართველოს მასშტაბისა, შექმნილი იყო თანამედროვე ინდუსტრიის მთელი სპექტრი საკმაოდ განვითარებული ინფრასტრუქტურით: მანქანათმშენებლობა, ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობა, ელექტროტექნიკური და ხის გადამამუშავებელი მრეწველობა, მსუბუქი და კვების მრეწველობა. სამრეწველო საწარმოები სერიულად უშვებდნენ მაგისტრალურ ელმავლებს, თვითმფრინავებს, სატვირთო ავტომანქანებს, კატარღებს, სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის მანქანებს, ლითონდამამუშავებელ ჩარხებს, ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატური სისტემების დანადგარებს და სხვა მრავალს.
1990 წლიდან მეურნეობის ძველი სისტემის შეცვლამ და ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლის სიძნელეებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ყველა დარგი. 1990-1994 წლებში თითქმის ექვსჯერ შემცირდა სამრეწველო პროდუქციის მოცულობა. 1994 წელს სამრეწველო წარმოების დონემ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. 1995-2002 წლებში სამრეწველო პოტენციალის გამოყენების მაჩვენებელი 8-9 პროცენტით გაიზარდა. სამრეწველო წარმოების დონის დაცემამ და ამის შედეგად საერთო შიდა პროდუქტში მრეწველობის ხვედრითი წილის შემცირებამ გამოიწვია ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცია. ხანგრძლივი უმოქმედობის შედეგად მოძველდა სამრეწველო საწარმოთა ტექნიკური ბაზა, დაზიანდა და გაიძარცვა ფონდების დიდი ნაწილი, მოხდა დარგის განვითარების საკითხებში სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის დაქვეითება და სხვა ნეგატიური პროცესები, რომლებმაც განაპირობეს, ძირითადად, საქართველოს მრეწველობის უაღრესად მძიმე კრიზისული მდგომარეობა.
1999 წლის პრეზიდენტის ერთ-ერთ ბრძანებულებაში ვკითხულობთ: "თუ გვსურს, საქართველო იქცეს თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოდ, დინამიკურად განვითარებული ეკონომიკით, მრეწველობა უნდა ვაქციოთ ეკონომიკის ხერხემლად". ამ ბრძანებულებიდან დღემდე მრეწველობაში არაფერი შეცვლილა საკეთილდღეოდ, პირიქით, წარმოების ყველა საშუალება გაძარცვული და გაპარტახებულია. სახელმწიფო მათ მხოლოდ ყიდის, თანაც ნულოვან აუქციონზე და ამით არაფერი იცვლება. სახელმწიფოს სუბსიდიისა და ინვესტიციის საშუალება არ აქვს. უცხოელ ინვესტორს ვერ დავაინტერესებთ, ვერც საკანონმდებლო ბაზითა და ვერც მოგების შეთავაზებით. აღმოჩნდა, რომ ყველა დარგი და ყველა საწარმო კომუნისტურ ეპოქას "გადააყოლეს".
რატომ არ უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში სამრეწველო დარგები, როცა საქართველოს მინერალურ-რესურსულ პოტენციალს ქმნის 450 საბადო, სახელმწიფო ბალანსზე აღრიცხული ბალანსებით?! საქართველოს ტერიტორიაზე მოიპოვება მეტალურგიული მრეწველობის განვითარებისთვის საჭირო მანგანუმის, სპილენძის, სხვა ლითონების სანედლეულო წიაღისეული?! მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მანგანუმისა და სპილენძის საბადოები. მანგანუმის მადნის მარაგის 90,7 პროცენტი თავმოყრილია ჭიათურის აუზში. მისი მარაგი შეადგენს 244,74 მლნ ტონას.
ფერადი მეტალურგიის განვითარებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე მოიპოვება სპილენძის, ტყვია-თუთიის, ოქროს, ვერცხლის და სხვა წიაღისეული. ამათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მადნეულის სპილენძის პოლილითონური საბადო, რომლის მარაგი დღეისთვის 213,5 ათასი ტონა ლითონური სპილენძია. საქართველოში სასარგებლო წიაღისეულ საბადოთა ბალანსზე ირიცხება ტყვია-თუთიის რამდენიმე საბადო. გარდა ამისა, ქვეყნის ტერიტორიაზე მოიპოვება მეტალურგიული წარმოებისათვის საჭირო ისეთი დამხმარე ნედლეული, როგორიცაა დოლომიტები, საფლუსე კირქვები და სხვა.
საქართველო მდიდარია სამთო-ქიმიური ნედლეულითაც. ასე მაგალითად, ბარიტის საერთო მარაგი საქართველოში 1974 ათას ტონას აჭარბებს. აქედან 3662 ათასი ტონა ირიცხება აფშრის საბადოზე რთულ გეოგრაფიულ პირობებში. ამგვარად, საქართველოს ბარიტის მარაგი რეალურად 5512 ტონას შეადგენს, ქვეყანაში არის ასევე ბენტონიტური თიხების საბადოებიც. მათი საერთო მარაგი შეადგენს დაახლოებით 17 მლნ ტონას. სამთო-ქიმიური ნედლეულიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია დარიშხანის საბადოები. უაღრესად მნიშვნელოვანი სამთო-ქიმიური ნედლეულია დიატომიტი. ახალციხეში განლაგებული ქისათბის საბადოს დიატომიტი თავისი ხარისხით არ ჩამოუვარდება მსოფლიოში ცნობილ ლამპოკის საბადოს დიატომიტს (აშშ). გარდა ამისა, ქვეყანას მდიდარი სანედლეულო ბაზა აქვს ქიმიური ფარმაცევტული მრეწველობის განვითარებისთვის.
საქართველოს ხელსაყრელი სანედლეულო ბაზა აქვს საშენ მასალათა მრეწველობის განვითარებისათვის. მაგალითად, ცემენტის მრეწველობისთვის არსებობს კირქვის სამი გამოკვლეული საბადო თითქმის 200 მლნ ტონა საერთო მარაგით და თიხის სამი საბადო 75 მლნ ტონა მარაგით. მათ შეუძლიათ ცემენტის წარმოების უზრუნველყოფა არანაკლებ 50 წლის განმავლობაში. არსებობს სააგურე თიხის 60-მდე საბადო 46,5 მლნ კუბმეტრი თიხის მარაგით. აღნიშნულ მარაგებს შეუძლია, სულ მცირე 20 წლის განმავლობაში უზრუნველყონ აგურის წარმოება ნედლეულით.
საქართველოში არსებობს პერლიტების საბადო (ფარავნის საბადო), რომლის მარაგი შეადგენს 14 მლნ კუბმეტრს. მას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს (კვების მრეწველობა, საშენ მასალათა მრეწველობა და სხვა). დიდია მათზე საექსპორტო მოთხოვნილება.
სამრეწველო ღირებულებით და ხარისხობრივი თვისებებით გამოირჩევა საქართველოში არსებული მოსაპირკეთებელი ქვები, რომელთა შორის განსაკუთრებით გამორჩეული მსხვილი საბადოებია კურსების (ტეშენტი), ბოლნისის (ტუფი), მოლითის, სადახლოსა და სალიეთის (მარმარილოსა და მარმარილოსებური კირქვის). მნიშვნელოვანი რაოდენობით მოიპოვება თაბაშირი, გაჯი, კერამიკის თიხები, ცარცისებური კირქვა და სხვა სამშენებლო მასალები.
საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდი შეადგენს 2988 ათას ჰექტარს, ხოლო ტყით დაფარული ფართობი - 2752 ჰექტარს, ანუ ტერიტორიის 39,6 პროცენტს. საქართველოს ტყეები მდიდარია მრავალგვარი ხის ჯიშებით. მრავალი მათგანი გამოიყენება ხის დამამუშავებელ მრეწველობასა და სხვა დარგებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია წიფლის მარაგი (179,9 მლნ კბმ.)
ასეთი სანედლეულო რესურსების მქონე ქვეყანაში რატომ არ უნდა იწარმოებოდეს მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებზე გათვლილი კონკურენტუნარიანი პროდუქცია? მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკისა და ანალიზის სამსახურის მრეწველობის დეპარტამენტმა შეიმუშავა საქართველოს სამრეწველო პოლიტიკის კონცეფცია 1999 წელს. კონცეფციის არც ერთი დებულება რეალურად არ შესრულებულა. სახელმწიფო, რომელიც ბიუჯეტის შესრულებას ვერ ახერხრებს, ცდილობს, როგორმე გაზარდოს მწირი შემოსავლები სახელმწიფო ქონების გაყიდვის გზით. ეს არის დღეს ხელისუფლების პრიორიტეტი - გაყიდოს ყველაფერი ერთი მიზნისთვის, შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა. სახელმწიფოს არ გააჩნია დარგობრივი პრიორიტეტი. ამის ნათელი მაგალითია 2002 წლის ბიუჯეტის მდგომარეობა და 2003 წლის თებერვლის ბოლომდე გადატანილი 2003 წლის პროექტი. თუ გადავხედავთ სტატისტიკის შესახებ, დარგებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის რა წილს შეადგენენ, დავრწმუნდებით, რომ ქვეყანას დარგობრივი პოლიტიკა შემუშავებული არ აქვს. მონაცემები ასეთია:
1996 წელი - 3,846,400 ლარი
1997 წელი - 4, 638,700 ლარი
1998 წელი - 5,040,600 ლარი
1999 წელი - 5,666,000 ლარი
2000 წელი - 6,015,500 ლარი
2001 წელი - 6,617,300 ლარი
2002 წელი - 5,284,100 ლარი
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2001-2005 წლების ინდიკატური გეგმით, ეკონომიკური ზრდის ძირითადი პარამეტრებიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი განსაზღვრულია 130,9 - 138,3 პროცენტით, ანუ მისი საშუალო წლიური მატება შეადგენს 5,6 - 7,7 პროცენტს. ეს კი მიუთითებს გაცილებით ღრმა პრობლემაზე - ზრდის ტემპების დინამიკის არასწორ შეფასებასა და, შედეგად, რეალური ზრდის მიღწევის შეუძლებლობაზე, რაც მოკლე დროში ქვეყნის განვითარების შეუძლებლობამდე მიგვიყვანს. საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი უნდა ყოფილიყო 6,2 პროცენტი, მაგრამ რეალურად მიღწევადი დონე რეალიზებული ვერ იქნებოდა.
ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებული მასშტაბების გამო, თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების მიზნით გადატარებული ნებისმიერი ღონისძიება არაეფექტურია, რადგან ეს პოლიტიკა დღეისთვის აგებულია არაადეკვატურ ინდიკატორებსა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. დღეს ქვეყანაში არსებული "მდგრადი" მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამ თვალსაზრისითაც ძალზე არამყარია. ჩრდილოვანი ეკონომიკის პირობებში ვერ ხერხდება ზუსტი აღრიცხვიანობა, ნაღდი ფულის არალეგალური ბრუნვა ეროვნული ბანკის კონტროლს არ ექვემდებარება, რაც ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას დამანგრეველ ზიანს აყენებს. ჩვენ დღეს გვაქვს დაცემის გზაზე შემდგარი, რეალურად ვარდნადი ეკონომიკა. რაში ხედავს გამოსავალს და როგორ პოლიტიკას ახორციელებს ეკონომიკაში ასეთ ვითარებაში მყოფი ქვეყანა? ამ საკითხის გასარკვევად გავეცანით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ გეგმას საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ. დებულების მიხედვით, ქვეყნისთვის უმთავრეს პრიორიტეტებს წარმოადგენს:
. ეკონომიკის ენერგოუზრუნველყოფის დონის ამაღლება და ენერგოკრიზისის დაძლევა.
. მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის რეალური გარანტიის შექმნა.
. ეროვნული წარმოებისა და საშინაო ბაზრის როლის ამაღლება მოსახლეობისა და ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში.
. უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის აუცილებელი მასტიმულირებელი გარემოს ჩამოყალიბება.
. მაღალი მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვისა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.
. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების წინმსწრები ტემპებით განვითარება.
. საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება.
. საპენსიო სისტემების მოწესრიგება.
. სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის გაფართოება და მათთვის მინიმალურად აუცილებელი გარანტიების უზრუნველყოფა.
. ახალი შრომითი ურთიერთობის ფორმირების მექანიზმების დამუშავება და დანერგვა.
. დასაქმების სახელმწიფო ღონისძიებათა განხორციელება.
. ექსპორტის სტიმულირება.
ჩამოთვლილი პრიორიტეტების ცხოვრებაში რეალურად გასატარებლად საჭიროა შემოსავლების მკვეთრი ზრდა, რაც პირდაპირ კავშირშია დარგების განვითარებასთან.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტის, პროფესორ ლადო პაპავას, შეხედულებით: "ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ეკონომიკურ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს სატრანსპორტო დერეფანი. ეკონომიკის ყველა სექტორის განვითარება უნდა დაექვემდებაროს ამ პრიორიტეტს. კომუნისტური სისტემის დროს აშენებული და აღჭურვილი საწარმოები ჯერ კიდევ მაშინ იყო გაცვეთილი, როგორც მორალურად, ასევე ტექნიკურად, მით უმეტეს, დღეს მათი ამოქმედება შეუძლებელია. საბაზრო ფასწარმოქმნის მოთხოვნას მათი პროდუქციის ხარსხი ვერ გაუძლებს, შეიძლება ითქვას, ეს საწარმოები და დარგები მოკვდნენ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დარგებს, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს საინვესტიციო პოლიტიკა ამ სფეროში ოღონდ იმ მიმართულებით, რომ საინვესტიციო სისტემის თანამონაწილე გავხადოთ ჩვენი გლეხობა. დღევანდელ ვითარებაში, თუ ქვეყანაში სრული შიმშილი არ არის გამეფებული, ეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების შრომის შედეგია. მიუხედავად მძიმე ატმოსფერული პირობებისა და სახელმწიფოს მხრიდან ნულოვანი ხელშეწყობისა".
თბილისის საკრებულოს წევრი, ბესო ჯუღელი, მიიჩნევს, რომ ქვეყანას არავითარი დარგობრივი ეკონომიკა არ გააჩნია. პირიქით, ქვეყნის განვითარებისთვის ერთადერთი საშუალება - ინვესტიციებიც კი შეზღუდეს არასწორი საკანონმდებლო პოლიტიკით. ინვესტიციების შესახებ კანონი შეიცვალა 1996 წელს. მანამდე არსებული კანონმდებლობით, ქვეყანაში შემოვიდა 98 მილიონი დოლარი 4 თვის განმავლობაში. ძველ კანონს რომ ემოქმედა, ინვესტიციების საშუალებით პრიორიტეტული მნიშვნელობის დარგები აღორძინდებოდა, გადაეწყობოდა თანამედროვე სტანდარტებზე, ქვეყანაში პროდუქციის წარმოება განვითარდებოდა და მოსახლეობა დასაქმდებოდა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ამ მიმართულებით არაფერი იქმნება.
ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, პრიორიტეტად მივიჩნიოთ სოფლის მეურნეობა, მეაბრეშუმეობა, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების, გადამამუშავებელი მრეწველობის, საკონსერვო წარმოების, სუბტროპიკული პროდუქციის წარმოების, მინერალური წყლების, ხე-ტყის მრეწველობის აღორძინება. წარმოებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნითა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებით შეიძლება, დაიძლიოს ქვეყანაში არსებული ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რაც არასწორი, არამიზნობრივი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. სახელმწიფო საწარმოების განსახელმწიფოებრიობის პროცესი 1991 წელს დაიწყო მსოფლიო ბანკის მოთხოვნით. კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი ისე დაიწყო, რომ სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია ჩატარებული არ იყო. სახელმწიფო საწარმოთა დიდი ნაწილი გაიყიდა. დღეს სახელმწიფო თავის წილს ფლობს მხოლოდ 1800 საწარმოში. კერძო სექტორის გასავითარებლად ქვეყანაში შექმნილია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი. 2002 წლის 22 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება "საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის 2002-2004 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ".
2002 წლის დასაწყისისთვის რეგისტრირებული იყო 60411 მცირე საწარმო, მაშინ, როდესაც მათი რიცხვი 2000 წლის დასაწყისში შეადგენდა 50039-ს, ხოლო 2001 წლის დასაწყისში - 57231-ს. ამჟამად, მცირე საწარმოთა წილად მოდის სამეწარმეო სფეროს საწარმოთა საერთო რაოდენობის 90 პროცენტზე მეტი. ამჟამად, საქართველოში მცირე საწარმოთა განვითარებას აფერხებს მრავალი ფაქტორი: საბიუჯეტო დეფიციტი, კორუფცია, ბიუროკრატიზმი, დაბეგვრის რთული სისტემა, მონოპოლისტი საწარმოების წინააღმდეგობა.
ქვეყანაში ჩამოყალიბებული ნაკლებად მიმზიდველი სამეწარმეო გარემოს პირობებში მცირე და საშუალო მეწარმეობა ძნელად იკიდებს ფეხს. აღნიშნული სფეროს განვითარების დონით მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს. ამ ქვეყნებში მცირე ბიზნესზე მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტი. იგი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი წყაროა და დაასაქმებს შრომისუნარიანი მოსახლეობის 55-60 პროცენტს. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა წილი მშპ-ში საშუალოდ შეადგენს 65 პროცენტს, ხოლო დასაქმებაში - 72 პროცენტს. ამ ქვეყანაში მოსახლეობის 1000 სულზე გაანგარიშებით ფუნქციონირებს 45 საწარმო, მაშინ, როდესაც საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15 პროცენტს აღწევს.
საქართველოში მცირე საწარმოთა წილად მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ მეოთხედი. სამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში ჯერ კიდევ დაბალია მცირე საწარმოებში დასაქმებულთა ხვედრითი წილი. იგი არ აღემატება 30 პროცენტს. დისპროპორციები არსებობს მცირე მეწარმეობის დარგობრივ და რეგიონულ სტრუქტურებში. საწარმოთა თითქმის ნახევარი მოდის ვაჭრობასა და საშუამავლო კომერციულ საქმიანობაზე. მცირე მეწარმეობამ ვერ მოიკიდა ფეხი სოციალურ მომსახურებაში. სუსტია მისი როლი სოფლის მეურნეობის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობისა და ენერგეტიკის სფეროებში.
მცირე მეწარმეობის ასეთმა დარგობრივმა ორიენტაციამ ხელი შეუწყო მისი არარაციონალური რეგიონული სტრუქტურის ჩამოყალიბებას. თბილისის წილად მოდის მცირე საწარმოთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი და გამოშვებული პროდუქციის 60 პროცენტი.
მცირე საწარმოები ვერ ასრულებენ სასურველ ფისკალურ როლს. მათ მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულების მოცულობა არ აღემატება ქვეყნის კრებსითი მაჩვენებლის 20 პროცენტს. მცირე საწარმოები ჩამორჩებიან კაპიტალაღჭურვილობისა და შრომის ნაყოფიერების დონის მიხედვით.
მცირე და საშუალო მეწარმეობის სათანადო დონით განვითარება შეუძლებელია სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებათა მძლავრი სისტემის ჩამოყალიბებისა და განხორციელების გარეშე.
ასეთი სტატისტიკისა და ბიუჯეტის პირობებში შეუძლებელია ხელისუფლებამ შეძლოს რომელიმე დარგის, ერთ-ერთი ქვედარგის მაინც, განვითარება და მოდერნიზება. სახელმწიფოს ერთადერთ დროებით გამოსავალს წარმოადგენს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, ინვესტორთა მოზიდვა, მაგრამ მსოფლიო ისტორიაში არის კი პრეცედენტი იმისა, რომ წლების განმავლობაში უცხოური დაფინანსებისა თუ ვალის აღების გზით ქვეყანა განვითარებულიყო?!
ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ურცხვად საუბრობენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. ამისთვის ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც ითვალისწინებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პარამეტრი უნდა შეადგენდეს 3,1 პროცენტს. საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს 6-7 წელიწადში ევროკავშირში გაწევრიანება. ამ პერიოდში ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროების მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება საშუალოდ წელიწადში არანაკლებ 10 პროცენტის ზრდის პირობებშია შესაძლებელი. კოპენჰაგენის კრიტერიუმით, მთლიან შიდა პროდუქტში ინვესტიციების წილი არანაკლებ 22,81 პროცენტს უნდა შეადგენდეს. საქართველოში კი იგი, 2002 წლის მონაცემებით, დაახლოებით 16 პროცენტის ფარგლებშია. თუმცა 2004 წლისთვის მილსადენების ცნობილი დიდი პროექტების რეალიზაციის შედეგად იგი მნიშვნელოვნად გაიზრდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას დარგობრივი პრიორიტეტი არ აინტერესებს. მისი აზრით, ქვეყნის ეკონომიკა "აყვავდება" ნავთობსადენებისა და გაზსადენების საშუალებით, ქვეყნის გადაქცევა "დერეფნად", ტრანზიტად, უდიდეს მოგებას მოგვიტანს და რა საჭიროა დარგობრივი პოლიტიკა?
















































































მთავარი
კონტაქტი




2010