ქართველი ეკოლოგების მტკიცებით ნავთობსადენის მარშრუტი გარდაბნის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონებზე გადის, სადაც სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით მკვდარ ცხოველთა სამარხებია. ეკოლოგების თქმით, ნავთობსადენის მშენებლობა შესაბამისი მორიტორინგის გარეშე დაუშვებელია, რადგანაც ციმბირის წყლულის ეპიდემიის საშიშროება დიდია. ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სახელმწიფო მთავარი ვეტინსპექტორის მოადგილეს - დავით ჭიჭინაძეს.
- ბატონო დავით, დადასტურებულია, რომ იმ რაიონებში, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა უნდა გაიაროს, არსებობს სხვადასხვა ინფექციური დაავადებით მკვდარ ცხოველთა სამარხები. მილსადენის დაზიანების შემთხვევაში დავდგებით ინფექციის საშიშროების წინაშე. რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რათა არ შეიქმნას ინფექციის კერა.
- საქართველოში არსებობს ცხოველთა სამარხები. ისინი კეთდება აბსოლუტურად იზოლირებულ გარემოში, რათა ციმბირის წყლულის ბაცილა არ გავრცელდეს. როგორც წესი, ციმბრის წყლულით მკვდარ პირუტყვს წვავენ და ნარჩენებს ორმოში მარხავენ. ამის შემდეგ ხდება ქლორირება. ციმბირული წყლულის ბაცილა ნიადაგში რჩება, თუმცა არ არის გამორიცხული მისი ნიადაგიდან გამოსვლა.
ვაქცინაცია არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება, თავიდან ავიცილოთ საფრთხე. ამ საფრთხის თავიდან აცილებაზე ერთობლივად იზრუნებს ბრითიშ პეტროლიუმი და ვეტერინარიის დეპარტამენტი. ჩატარდება ყველა ღონისძიება, რომელიც გამორიცხავს ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას, ციმბირული წყლულის ბაცილას ცხოველი იღებს ნიადაგიდან. ნავთობსადენის გაყვანისას მიწის გათხრის მომენტში, რა თქმა უნდა, ბაცილების გარკვეული ნაწილი ნიადაგის ზედაპირზე მოექცევა, მაგრამ გათხრილი ნიადაგი შეივსება იმავე საფარით, რათა შეიქმას იგივე კლიმატი და პირობები. აქედან გამომდინარე, საშიშროება ბაცილის ნიადაგიდან - ცხოველში, ცხოველიდან კი ადამიანში მოხვედრისა, უკვე ქრება. ნავთობსადენის გაყვანის პარალელურად ჩვენ ჩავატარებთ ვაქცინაციას ხუთკილომეტრიან ზონაში. ასეთი ზომების მიღების შემდეგ მოსახლეობა იქნება აბსოლუტურად დაცული. ჩვენ უკვე ვატარებთ ვაქცინაციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ ათკილომეტრიან ზონას, რომელზეც ნავთობსადენის მილი გაივლის. ამდენად, ვეტერინარიის დეპარტამენტის მხრიდან ამ პროექტის შეჩერების ოფიციალური მოთხოვნა მიუღებელია.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010