ნიკო სამადაშვილის პოეზია ერთგვარი გზავნილია XX საუკუნიდან XXI საუკუნეში: პოეზია და პოეტი, რომლებიც აღმომჩენებს ახალი თაობის ქართველებში ეძებენ, იმისდა მიუხედავად, რომ ნიკო სამადაშვილს დღესაც ბევრი მიიჩნევს საყვარელ პოეტად.
სულ ახლახან გამოიცა ნიკო სამადაშვილის ქალიშვილის, ქალბატონ მზია სამადაშვილის წიგნი - "უცნობი ნიკო სამადაშვილი", რომელშიც მოთხრობილია პოეტის ცხოვრების, მისი უცნაური ბედის შესახებ. ქალბატონმა მზიამ წიგნში შეიტანა მამის პირადი წერილები, ლექსები და იმ ადამიანთა მოგონებები, რომლებიც იცნობდნენ ნიკო სამადაშვილს და მეგობრობდნენ მასთან. "ვფურცლავ მამაჩემის არქივს და თვალნათლივ ვხედავ, მისი ამაღლებული სული რა ჯოჯოხეთს უძლებდა. აქ ვერ შეხვდებით ვერც ერთ ჩანაწერს, რომელიც ვინმეს შეურაცხყოფას აყენებდა. მამამ უპასუხოდ დატოვა ცნობილი ლიტერატორის შემზარავი კრიტიკული წერილი. აი, პატარა ნაწყვეტი ამ "შედევრიდან": "ნიკო სამადაშვილს პოეზია ავადმყოფობა ჰგონია და, მკითხველო, შენ განსაჯე, ასეთ ადამიანს რა მოეკითხება". სამწუხაროდ, ასეთი უმეცარი ლიტერატორის უსულგულო დამოკიდებულებამ არაერთი ნიჭიერი ადამიანი "დაანარცხა" მიწაზე, ხოლო უნიჭოებს თავზე გვირგვინი დაადგა"... - ვკითხულობთ პოეტის ქალიშვილის წიგნში.
მინდა მკითხველს შევახსენო, რომ ზემოთ ხსენებულმა ლიტერატორმა ასეთი კომენტარი ნიკო სამადაშვილის საუკეთესო ლექსს - "ჩემს ორეულს, ანუ ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს - პოეტ ნიკო სამადაშვილისგან" - გაუკეთა. სტრიქონები ლექსიდან, რომელმაც ასეთი "ამაღლებული" შეფასება გამოიწვია, ასეთია: "შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს, თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი, ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები, ტანზე გამონაყარი"...
მზია სამადაშვილი: "მამაჩემის ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე ტრაგიკული იყო. ზოგჯერ რომელიმე მოგონება ამეკვიატება ხოლმე. მეჩვენება, თითქოს ცხადად ვხედავ ჩემს მამას, ვისმენ მის საუბარს, ვუმზერ მის დაღლილ, სიკეთით სავსე მოლურჯო-ცისფერ თვალებს. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მისი ახლობლებისგან და მეგობრებისგან დავიწყე მოგონებების შეკრება. ამ წიგნის შედგენაში დიდი წვლილი მიუძღვის დედაჩემს, მარიამ სამადაშვილს. ზოგი მოგონება ავტორებმა მომაწოდეს, ზოგის ნაამბობი მე თვითონ ჩავწერე - ასე დამიგროვდა მასალა. თითოეული მოგონება მამას პორტრეტს გამოკვეთს, ყოველ მოგონებაში პოეტის ბობოქარი სული ჩანს, ტრაგიკული და მაინც სიცოცხლით აღსავსე. ერთხელ მწერალმა ზაალ სამადაშვილმა თქვა: "ის იყო ტრაგიკული მსოფლგანცდის ადამიანი და მასში უცნაური არაფერია. ეს არის მშვენიერი ტრაგიზმი, რომელიც კი არ გადამბლავებს და სიცოცხლის ხალისს გიკარგავს, არამედ ეს არის ტრაგიზმი, აყვანილი უმაღლესი ხელოვნების რანგში."
გული მტკივა იმის გამო, რომ ისეთი პოეტი, როგორიც ნიკო სამადაშვილი იყო, ჩრდილში დარჩა.
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წერილი დაიბეჭდა ქართულ პრესაში, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ წერილებში ნიკო სამადაშვილი ისე არ არის წარმოჩენილი, როგორიც იგი სინამდვილეში იყო. როგორც ჩანს, წერილების ავტორები არ იცნობდნენ მამაჩემის ტრაგიკულ ცხოვრებას. გადავწყვიტე, თავად დამეწერა მამაჩემის შესახებ. თავდაპირველად მოკლე ბიოგრაფია დავწერე და ზაალ სამადაშვილს მივუტანე ჟურნალ "XX საუკუნეში" დასაბეჭდად. სწორედ, ზაალმა მირჩია, მამას შესახებ წიგნი დამეწერა. მისი იდეა მომეწონა. დავიწყე წერა. ვწერდი შეუსვენებლად... დოკუმენტური მასალებიც, რა თქმა უნდა, მქონდა. მათ შორის, ის ავადსახსენებელი ორგვერდიანი რეცენზია, რომლითაც ნიკო სამადაშვილს, როგორც პოეტს, ანადგურებდნენ. ჩემს წიგნში შეგნებულად არ ვასახელებ მათ გვარებს, ვინც მამაჩემს ტკივილი მიაყენა. ისევ და ისევ მამაჩემის გამო, რადგან იგი ყოველთვის ამბობდა: "მდაბიოს არ უნდა აჰყვე, თორემ შენც მდაბიო გახდები". ესეც არ იყოს, გავუფრთხილდი იმ ადამიანების შვილებს, რომლებიც, შესაძლოა, მამაჩემის თაყვანისმცემლები იყვნენ.
არ მინდოდა, მამაჩემისადმი მიძღვნილი წიგნი უსიამოვნო მოგონებებით და არაკეთილსინდისიერი ხალხის ხსენებით დამემძიმებინა. პირიქით, მინდოდა ჩემი წიგნი ისეთივე ამაღლებული ყოფილიყო, როგორიც მამაჩემის პოეზიაა. ვფიქრობ, ქართველი ერი საკადრის ადგილს მიუჩენს ნიკო სამადაშვილს ქართულ პოეზიაში და მისი სახელი დროთა განმავლობაში ამობრწყინდება. მამაჩემს უყვარდა თქმა: "მე ჩემი ერი ქვესკნელიდან ამომიყვანს". იმედია, გამართლდება მისი წინასწარმეტყველება.
ნიკო სამადაშვილი, როგორც პოეტი, პირველად ერეკლე ტატიშვილმა აღმოაჩინა. მისი განსაკუთრებული დამსახურების შესახებ კულტურის, ფილოსოფიის, მწერლობისა და პოეზიის, უმთავრესად კი - დანტეს, შექსპირის, გოეთეს, ნიცშეს, ედგარ პოს, ჰემენგუეის თუ სხვების დედნებში კითხვა-თარგმნისა თუ კომენტირებაში კარგად არის ცნობილი. ერეკლე ტატიშვილი ამბობდა: "ნიკო სამადაშვილი არის დიდი პოეტი არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. იგი არის ევროპული სტილის დიდი ქართველი პოეტი".
მამაჩემი ერეკლე ტატიშვილის მოწაფე და მეგობარი იყო. მამა მას სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. ერეკლე ტატიშვილისადმი მიწერილ ბარათში იგი წერდა: "მე რომ მხატვარი ვიყო - ფერწერის ოსტატი, შენს პორტრეტს სულ სხვანაირად დავხატავდი, სადაც დაოსდებოდი ჯერ სიცილით, მერე ტირილით და შეშლილივით დიდხანს, დიდხანს იბუზღუნებდი. ეს იქნებოდა ორნახადი ადამიანი, ესე იგი, ორჯერ გამოხდილი იმ საარყე ქვაბში, ჩვენ რომ გაჩენას თუ მოსვლას ვუწოდებთ. შენს ორეულთან მე ხშირად ვსაბრობ და ის ბევრს, ძალზე ბევრს მიყვება ხოლმე შენი უცნაური ბუნების, იმ გამოქვაბულის ამბებს, სადაც შენ მარტოობას აღავლენ და სადაც დღემდე ძერას თვალი არ შეუნათებია. ამიტომ არის, რომ ასე კარგად გიცნობ. მე შემიძლია, მთელი დღე შენთან ვიდგე, შენ კრინტიც არ დაძრა და შუაღამისას მე დავწერ, უსათუოდ დავწერ, რას ფიქრობდა შენი გული, გული ელდანაცემი და ტვინი უსაფრობით დაღლილი და დატანჯული."
ერეკლე ტატიშვილი ყოველთვის გრძნობდა, რა აწუხებდა, რა ტკივილი ბობოქრობდა ნიკო სამადაშვილის არსებაში. იგი ნიკო სამადაშვილისადმი მიწერილ ბარათში წერს: "ო, რამდენი ფარდები, რამდენი საფარები, რამდენი ღუღრუტანები, რამდენი ბექობები გააჩნია ამ ცარიელ და უფერულ ცხოვრებას" - ეს შენი სიტყვებია. და რა იქნებოდა უამისოდ ეს ცარიელი სიცოცხლე? ვინც გაბედა და სიცოცხლეს თვალებში ჩახედა, ვითღა იცოცხლებდა თავს, თუ უტიფარ თვალებს იქით ათას ჯურღმულს, ათას მწერვალს, ათას ლაბირინთს არ დაინახავდა... რას სჩივი, თუ შენც ბედის ადამიანი ხარ, უსახლკარო, ეული. თუ შენც გემხილა სიცოცხლის სიცარიელე, თუ შენს თვალწინ მარად ახალი სანახაობა იშლება, უჩივი ბედს, რომ შენც სფინქსის თვალებში ჩაგახედა და მათ გაღმით ქაოსები დაინახე... მოგწყინდა არარაობის უდაბნოში ხეტიალი, სიცოცხლის მირაჟები, ეძებ ადამიანს და მოჩვენებას ჰპოვებ. და სხვა რა არის ადამიანი, თუ არა მოჩვენება, ან რას უნდა ხედავდე უდაბნოში, გარდა მოჩვენების? ამაოდ ეძებ შენ ადამიანს - სიმართლეს და გგონია კიდეც ზოგჯერ, ჰპოვებ..."
ერეკლე ტატიშვილი მამას არ ურჩევდა ლექსების გამოქვეყნებას: "შენ რომ ლექსები გამოაქვეყნო, როგორც პოეტი, ამქვეყნიდან აღიგვები". მამას არ ურჩევდა ლექსების გამოქვეყნებას გალაკტიონ ტაბიძეც: "შენს პოეზიას თუ გამოაქვეყნებ, ბოლშევიკები შენც გაგრყვნიან". გალაკტიონ ტაბიძე დიდ შეფასებას აძლვდა ნიკო სამადაშვილის პოეზიას: "დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში; მომავლისაკენ! წინ! იერიში!"
გაიოზ იმედაშვილი ნიკო სამადაშვილისადმი მიძღვნილ წერილში წერს: "ეს გოროზი პიროვნება ნაკლებად ნიჭიერი და ნაკლებად ამაყი რომ ყოფილიყო, უფრო პრაქტიკული იქნებოდა, ალღოს აუღებდა სინამდვილეს, გაარღვევდა მის მიერვე შექმნილ წყვდიადის კედელს, რომელიც თანამედროვეობისგან აშორებდა და მოახერხებდა, როგორც ბევრი სხვა, ბედნიერი ცხოვრების მოტივებზე ლექსების წერით პოეტური კრებულის გაკეთებას, მაგრამ გადაჭარბებული სიამაყე და სიჯიუტე ნიკო სამადაშვილს ხელს უშლიდა, თავისი პოეტური "მე" და მოქალაქეობრივი ცხოვრება დროის შესაფერისად მოეწყო და მოსწრებოდა თავისი ნიჭის აღიარებას, რის გამოც, თავი "დაღუპულ პოეტად" მიაჩნდა"... (მზია სამადაშვილის წიგნიდან - "უცნობი ნიკო სამადაშვილი").
ძალიან მინდოდა, ჩემი წიგნით შემექმნა მამაჩემის ნამდვილი პორტრეტი. ზუსტად ისეთი დამენახვებინა იგი მკითხველისთვის, როგორიც სინამდვილეში იყო. განა არ არის საინტერესო შვილის თვალით დანახული მამა, რომლის შეფასებას გადაჭარბება არ სჭირდება, პირიქით, ვშიშობ, ვერ შევძელი ბოლომდე წარმომეჩინა ნიკო სამადაშვილი - მისი ყველა ღირსებით.
მე მაინც მგონია, რომ ის შური და შუღლი, რამაც წალეკა ჩვენი საზოგადოება, ეს გახდა მიზეზი, რომ წლების განმავლობაში ცდილობდნენ, ნიკო სამადაშვილის სახელი ჩრდილში მოქცეულიყო.
- არა, მზია, თუ ადამიანს შეუძლია გამოიჩინოს გულგრილობა ლიტერატურის მიმართ, ის არც ნიკოს დაინდობს და არც სხვას - საუბარში ქალბატონი მარიამი ჩაერთო, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად იჯდა და ჩვენს საუბარს ისმენდა - ნიკოს სიდიადე, სწორედ, იმაში მდგომარეობდა, რომ იგი არასდროს დაჩრდილავდა პოეზიის ნიმუშებს. პირიქით, ყოველთვის ცდილობდა, დაეცვა ისეთი პოეტები, რომლებიც უსამართლოდ იჩაგრებოდნენ. ნიკომ თავის დროზე კბილებით დაიცვა ახალბედა პოეტები - შოთა ნიშნიანიძე და ოთარ მამფორია. ბევრი შემოქმედი ისე გაიტაცა საკუთარმა "დიდებამ", რომ მიავიწყდათ ის სახელები, რომლებიც ამას არ იმსახურებენ. ნუთუ დაბადებიდან 97-ე წლისთავზე უნდა აღმოაჩინოს ქართველმა მკითხელმა ნიკო სამადაშვილი. მას ხომ დიდი ხნის წინ იცნობდა ქართველი ინტელიგენცია. ნიკოზე ხშირად ამბობდნენ, ბოჰემური ცხოვრება უყვარდაო. ნიკო რაინდი იყო, მას უყვარდა სამშობლო, ოჯახის სიწმინდე და რაინდულად იქცეოდა ქალებთან. არც ერთი ქალისთვის, როგორიც უნდა ყოფილიყო იგი, ნიკოს შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მართალია, უყვარდა ქეიფი, დროსტარება, ქალები, სუფთად ჩაცმა და ლაღი ცხოვრება, მაგრამ ბოჰემური ცხოვრება მისთვის სულ სხვა რამ იყო. აი, რას წერს ნიკო სამადაშვილი თავის ერთ-ერთ წერილში: "რატომღაც ჰგონიათ ხელოვნების ზოგიერთ დამსახურებულ მოღვაწეებს, რომ ბოჰემა, ეს არის როსკიპები, არაყი, დუქნები. ეს ელემენტებია და ამ "ელემენტებში" უნდა ჩანდეს ხელოვანის ბობოქარი სული".
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ნიკო სამადაშვილის ლექსების თუ პროზის მხოლოდ ხუთიოდე გამოცემა არსებობს: 1968 წელი - ნიკო სამადაშვილის ლექსები დაბეჭდა რეზო თვარაძემ "ლიტერატურულ საქართველოში"; 1973 წელი - ლექსების კრებული "ბეთანია" - თამაზ ჩხენკელის გამოცემა; 1988 წელი - "წუთისოფლიდან უკვდავებამდე" - თამაზ ჩხენკელის გამოცემა; 1995 წელი - პროზაული ნაწარმოებები "შეხვედრები და სინანული" - გამომცემლობა "მერანი"; 1999 წელი - "სინათლის მიმოქცევა" - მწიგნობართა ასოციაცია; 2002 წელი - "უცნობი ნიკო სამადაშვილი" - მზია სამადაშვილი.
ნიკო სამადაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მიერ დაარსებულ ჟურნალ "ოქროს საწმისში". მერაბ კოსტავას ვაჟმა, ირაკლი კოსტავამ, შესანიშნავი ლექსი უძღვნა ნიკო სამადაშვილს, რომლის ერთ სტრიქონს შემოგთავაზებთ: "ააბუზღუნე შთამომავლობა და შეაყარე თვალში ნაცარი./ ეტყობა, მართლა მძიმე სენია,/ ლექსები, ტანზე გამონაყარი..."
თამაზ ჩხენკელმა პირველმა გამოაქვეყნა ნიკო სამადაშვილის ლექსები, რითაც მკითხველს შესაძლებლობა მიეცა, გასცნობოდა ნიკო სამადაშვილს. ხოლო ბოლო წიგნი - "უცნობი ნიკო სამადაშვილი" - დააფინანსა და მისი გამოცემა ითავა გამომცემლობა "დიოგენემ" - თამარ ლებანიძის ხელმძღვანელობით.
1998 წელს ჟურნალ "XX საუკუნეში" გამოქვეყნდა მხატვარ თემო ჯაფარიძის ესსე "ღამისთევის პოეზია". "ესსეს" წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ თემო ჯაფარიძისეული სამყაროს ხედვა ემთხვევა ნიკო სამადაშვილისას - წერს თავის წიგნში მზია სამადაშვილი - ამაში ადრეც დავრწმუნებულვარ ბატონ თემო ჯაფარიძის ნახატების გამოფენის დათვალიერებისას. ერთ-ერთ გამოფენაზე ვნახე მისი საოცარი ნახატი "დაცინვა სამყაროს მიმართ", მეჩვენებოდა, თითქოს მამა გასცქეროდა "ვრცელ და ფუტურო" ქვეყნიერებას.
მაყვალა გონაშვილი, მწერალთა კავშირის პასუხისმეგებლი მდივანი: "მზია სამადაშვილის წიგნმა - "უცნობი ნიკო სამადაშვილი" - საოცარი სევდა მომგვარა. ერთია, როცა თავად პოეტის ლექსები გგვრის სევდას, მაგრამ მეორე უფრო მძიმეა - მისი ცხოვრების სევდა. ეს წიგნი იმით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მასში შვილის თვალით დანახული მამის ტკივილებისა და ტრაგიკული ბედის შესახებ არის მოთხრობილი. ალბათ, ნებისმიერი ხელოვანი ფიქრობს, როგორი დარჩება იგი შვილების ხსოვნაში. ნიკო სამადაშვილი კი არა მხოლოდ თავის შვილებს, ქართველ მკითხველს ევლინება ავადმყოფობასავით ტანზე გამოყრილი ლექსებით.
პირველად ბავშვობაში წავიკითხე ნიკო სამადაშვილის ლექსების პატარა კრებული და დღემდე არ მტოვებს მოგონება მაშინდელი განცდებისა - გაოგნებული ვიყავი იმ უცნაური, განსაკუთრებული სტილით, რომელიც ნიკო სამადაშვილის პოეზიას ახასიათებდა. იმ დროიდან მოყოლებული, ნიკო სამადაშვილის სახელი ჩემს არსებაში არ გახუნებულა, პირიქით, უფრო დიდი ელვარება შეიძინა, რადგან დღემდე მხიბლავს მისეული სახეები. რამდენჯერაც ვკითხულობ მის პოეზიას, ყოველთვის რაღაც ახალს ვპოულობ მასში.
ამჟამად მწერალთა კავშირის პასუხისმგებელ მდივნად ვმუშაობ და, აქედან გამომდინარე, ხშირად ვაწყობ საინტერესო წიგნების პრეზენტაციებს. შობის შემდეგ მინდა გაიმართოს მზია სამადაშვილის წიგნის პრეზენტაცია და მას დაესწრონ ის ადამიანები, რომლებსაც უყვართ ნიკო სამადაშვილის პოეზია. საღამოზე მოვიწვევთ მსახიობებს, რომლებიც წაიკითხავენ ნიკო სამადაშვილის ლექსებს.
მაგონდება ერთი საღამო: 12 წლის წინ ხორავას მსახიობთა სახლში გაიმართა ნიკო სამადაშვილის საღამო, სახელწოდებით - "პოეზიის ჩუმი უდაბნო", რომელსაც ჩემს მომავალ მეუღლესთთან ერთად ვესწრებოდი. როდესაც ჩემთვის საყვარელ რომელიმე ლექსს კითხულობდნენ, ჩემს მეუღლეს ვუყურებდი, მინდოდა, ჩემი თვალით დაენახა ნიკო სამადაშვილის მშვენიერი სამყარო.
ძალიან მიხარია, რომ ქალბატონმა მზიამ გაბედა (თუ შეიძლება, ამას ასე ეწოდოს) და ნიკო სამადაშვილზე წიგნი გამოსცა. ეს გახლავთ მამის შემოქმედებისადმი ერთგულების და დიდი სიყვარულის გამომხატველი წიგნი. დღევანდელ პირობებში მწერლებს გაუჭირდათ წერა, როგორც ამბობენ, არ შეიძლება, ასეთ ყოფაში წერის განწყობა გქონდეს. მე კი მინდა, სწორედ, მათ მივმართო: როდესაც წაიკითხავენ წიგნს ნიკო სამადაშვილზე, მიხვდებიან, რომ, სწორედ, დიდ მწერლებს მოუვლინა უფალმა დიდი განსაცდელი და, ამის მიუხედავად, მათ მაინც შექმნეს დიდი ხელოვნება."
ზაალ ბოტკოველი: "მზია სამადაშვილის წიგნზე მსჯელობა მომავლის საქმეა. იმედი მაქვს, სულ მალე გახდება შესაძლებელი წიგნის წარდგენა ფართო მასებისთვის და იგი დიდი რეზონანსს გამოიწვევს.
ალბათ, განგების ნებით, ნიკო სამადაშვილი ჯერ კიდევ ინკოგნიტოდ რჩება გემოვნებიანი და დახვეწილი მკითხველისთვის, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ნიკო სამადაშვილის პოეზია ვულკანის კრატერივითაა, რომელიც ახლა იწყებს ამოქმედებას.
ნიკო სამადაშვილის პოეზია ობოლი მარგალიტია. ერთი შეხედვით გაურანდავი, დახორკლილი, მაგრამ იმდენად ღრმა, რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე უწერია.
ნიკო სამადაშვილის პროფესია, რომელიც პედანტურ მუშაობას მოითხოვდა, ეჯახებოდა მეორე ნიკო სამადაშვილს, პოეტს - რომლის პოეზიამაც მხოლოდ მისი ავტორის სიკვდილის შემდეგ იფეთქა მთელი ძალით.
რაც შეეხება მისი წიგნების შეფერხებით გამოცემას - ეს მხოლოდ ბედკრული ცხოვრების ბრალია. ეგეც არ იყოს, ნაკლებად აინტერესებთ ნიკო სამადაშვილის გამოცემა; ურჩევნიათ, გამოსცენ ისეთი წიგნები, რომლებშიც დავით მეფეს ან თამარ მეფეს აგინებენ. უდავო ფაქტია, რომ სრულყოფილად გამოცემული ნიკო სამადაშვილის შემოქმედების კრებული ყველა ოჯახის ბიბლიოთეკას დაამშვენებდა.
ნიკო სამადაშვილის პოეზია, სწორედ, იმ საყდრის ჩიტს მაგონებს, რომელიც საყდრის გუმბათზეა შემომჯდარი და გაჰყურებს შეღამებების საუკუნეს. მე-20 საუკუნეს ნიკო სამადაშვილმა შეღამებების საუკუნე უწოდა. ჩემი აზრით, ასე ზუსტად არავის მოუნათლავს მე-20 საუკუნე და მაინც - იგი უკეთესი რომ გახდეს, ამისთვის ნიკო სამადაშვილის სახელიც იბრძვის..."
ნიკო სამადაშვილი კი, თავისი თვალით დანახულ მე-20 საუკუნეს ამ სიტყვებით შეუნდობს: "... ამინ ყველაფერს, რაც ცდუნებით წარმოშობილა: გენიალობა, სივერაგე, ზმანება, ბოდვა, სუყველაფერი ეს ღმერთების ბოდვა ყოფილა. ამინ, ყველაფერს..."
















































































მთავარი
კონტაქტი




2010