ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ქართულ ჯარში არსებულ პრობლემებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე. გარდა ეკონომიკური გაჭირვებისა, ქართულ ჯარში კრიმინოგენური სიტუაციაც მძიმეა. დღე არ გავა, რომ სამხედრო ნაწილში დანაშაული არ მოხდეს. თბილისის რეგიონულ სამხედრო პროკურორს, კობა კობიაშვილს, ამის მიზეზად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა მიაჩნია. "ახალი 7 დღის" დღევანდელი ნომრის სტუმარია თბილისის რეგიონული სამხედრო პროკურორი კობა კობიაშვილი.
- სისხლის სამართლის რამდენი საქმე აღიძრა 2002 წლის განმავლობაში თბილისის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში?
- 11 თვეში თბილისის რეგიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია სამხედრო სფეროში მომხდარი ხუთასზე მეტი დანაშაული. მათი უმრავლესობა დეზერტირობის ფაქტია, თუმცა ადგილი ჰქონდა სხვა კატეგორიის დანაშაულებსაც. დაფიქსირებულია: განზრახ მკვლელობის მცდელობის 10 ფაქტი; ქურდობის - 16; ყაჩაღობის - 2; ძარცვის - 1 შემთხვევა; ადგილი ჰქონდა სხეულის დაზიანებისა და ხულიგნობის ფაქტებსაც. ჯარი საზოგადოების შემადგენელი ნაწილია და, ბუნებრივია, იქაც ხდება იმ სახის დანაშაულები, რომლებიც - საზოგადოებაში. სამხედრო სფეროში ყველაზე ძნელად გადასაჭრელი დეზერტირობის პრობლემაა. მართალია, დეზერტირობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ამ მხრივ მაინც საგანგაშო სიტუაციაა. მე ერთადერთი პროკურორი ვარ, რომელიც ამ სისტემაში დაარსების დღიდან ვმუშაობ. შეიძლება ითქვას, ჯარი ჩემ თვალწინ ჩამოყალიბდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართულ ჯარში იდეალური მდგომარეობაა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით ნამდვილად შეიმჩნევა წინსვლა. უკვე დაიწყო დანაშაულის შემცირების ტენდენცია.
- რა შედეგები არსებობს დანაშაულთა ძიების სფეროში. გახსნილია თუ არა ყველა რეგისტრირებული დანაშაული? დაისაჯა თუ არა ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად?
- 1996 წლიდან მოყოლებული, ჯარში განზრახ მკვლელობის ფაქტები შემცირდა. თბილისის რეგიონის მასშტაბით მომხდარი ყველა დანაშაული გახსნილია. ეს მაშინ, როცა სამხედრო პროკურატურას არ გააჩნია ოპერატიული სამსახური. სამოქალაქო პროკურატურას, ჩვენგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ემსახურება ოპერატიულ სფეროში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენც გვეხმარება, მაგრამ ეს დახმარება საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ, ძირითადად, გაუხსნელია ჯარში მომხდარი ქურდობის ფაქტები. ამის მიზეზია, რომ სამხედრო ნაწილებში არ მუშაობენ ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები. აქედან გამომდინარე, დაბალია მოკვლევის დონე. წინა წლებში სამხედრო ნაწილებში მომკვლევებად მუშაობდნენ იურიდიული განათლების არმქონე პირები, რაც დაუშვებელია. შეიარაღებულ ძალებში პროფესიონალი ოპერმუშაკები უნდა მუშაობდნენ. ხშირად ქურდობის ფაქტებს იმიტომ ვერ ვხსნით, რომ გვიან ხდება სამხედრო ნაწილებში ასეთი ფაქტების დაფიქსირება. შესაბამისად, გვიან ტარდება მოკვლევა. თანაც მოკვლევას ატარებენ არაპროფესიონალები. ყოფილა შემთხვევები, რომ ჩვენთან ამგვარ ფაქტებზე ინფორმაცია ერთი წლის დაგვიანებით შემოსულა.
- გამოდის, რომ, ქურდობის გარდა, ხშირად ადგილი აქვს სხვა დანაშაულსაც, რომელსაც, კანონის თანახმად, დანაშაულის დაფარვა ჰქვია და რომელიც კანონით ისჯება.
- კანონის კუთხით თუ მივუდგებით, მართალი ბრძანდებით, თუმცა არსებობს მეორე მხარე. როგორც გითხარით, შეიარაღებულ ძალებში არაპროფესიონალები მუშაობენ. ამგვარი შედეგები მათი უცოდინრობის გამო გვაქვს.
- გარდა ქურდობებისა, გახშირდა სამხედრო ნაწილებიდან იარაღის დაკარგვის ფაქტები. რამდენიმე ხნის წინ ვაზიანის სამხედრო ნაწილიდან დიდი რაოდენობის იარაღი დაიკარგა. რას აკეთებს პროკურატურა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად?
- ვაზიანის სამხედრო ნაწილში მომხდარი ფაქტი გაიხსნა, დამნაშავეები დაისაჯნენ. რამდენიმე ხნის წინ კიდევ მოხდა მსგავსი დანაშაული პირველ ოპერატიულ ბრიგადაში. ამ სამხედრო ნაწილიდან დაიკარგა რამდენიმე ავტომატური იარაღი და ერთი პისტოლეტი. ეს დანაშაულიც შეიძლება, გახსნილად მივიჩნიოთ. დაკავებულია დანაშაულში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება. ტარდება ღონისძიებები სხვა დამნაშავეთა გამოსავლენად. უახლოეს პერიოდში მათაც დავაკავებთ.
- რას იტყვით სამხედრო ნაწილებში გახშირებული თვითმკვლელობის ფაქტებზე?
- თვითმკვლელობის ფაქტები ჩვენს საზოგადოებაში მრავლად ხდება. როგორც აღვნიშნე, ჯარიც ამ საზოგადოების ნაწილია, ამიტომაც არავის უნდა უკვირდეს, რომ ამგვარ დანაშაულს სამხედრო ნაწილშიც აქვს ადგილი. ჩემთვის, პირადად, თვითმკვლელობების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მიმაჩნია, რომ თუნდაც ერთი მსგავსი ფაქტის გამოც განგაში უნდა ავტეხოთ. პროკურატურა ამ მხრივ სერიოზულად მუშაობს. თითოეულ ფაქტზე ტარდება გამოძიება. თვითმკვლელობის ფაქტების სიმრავლე სამხედრო ნაწილებში იმითაც არის გამოწვეული, რომ სამხედროებს, სამოქალაქო პირებისგან განსხვავებით, იარაღთან აქვთ კავშირი.
- რით არის უმეტეს შემთხვევაში გამოწვეული სამხედრო მოსამსახურეთა თვითმკვლელობის ფაქტები?
- ალბათ, ჯარში არსებული მძიმე პირობებით. დღეს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. ეს, რა თქმა უნდა, ჯარის ცხოვრებაზეც აისახება. სახელმწიფო ვერ აფინანსებს ჯარს. თვითმკვლელობა ისეთი ტიპის დანაშაულია, რომელიც საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს. მეც ხშირად ვფიქრობ ამ დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე და ყოველთვის ერთ დასკვნამდე მივდივარ. დროა, შეიცვალოს საზოგადოების აზრი ჯარის შესახებ; საჭიროა, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ცხოვრების ნორმალური პირობები შევუქმნათ.
- რამდენიმე ხნის წინ კომანდოს ბატალიონიდან ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი გაიქცა. მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, ამის მიზეზი ამ პიროვნების ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა. როგორც ამბობდნენ, ჯარისკაცს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სცემეს. დაინტერესდა თუ არა პროკურატურა მასმედიით გავრცელებული აღნიშნული ინფორმაციით?
- ამ ფაქტის შასახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან კომანდოს ბატალიონი არ ექვემდებარება თბილისის რეგიონულ სამხედრო პროკურატურას. ეს ბატალიონი მდებარეობის ვაზიანის ტერიტორიაზე. ვაზიანში კი მოქმედებს ადგილობრივი პროკურატურა, რომელსაც ევალებოდა ამ ფაქტის გამოძიება.
- მიეცა თუ არა სამართლებრივი შეფასება ამ რამდენიმე ხნის წინ მომხდარ ორ ფაქტს - მუხროვანში მომხდარ ამბოხს და კომანდოს ბატალიონის მეთაურის, ნიკა ჯანჯღავას, პროტესტს?
- ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რამდგან ამ ფაქტებზე საბოლოო გადაწყვეტილებები მთავარმა სამხედრო პროკურატურამ გამოიტანა. ორივე ფაქტი ნამდვილად მოხდა თბილისის ტერიტორიაზე, მაგრამ მათი სერიოზულობის გამო, გამოძიება, საბოლოოდ, მთავარმა სამხედრო პროკურატურამ ჩაატარა. ჩემი ინფორმაციით, მუხროვანის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ შემდგომ შეწყდა. რაც შეეხება ჯანჯღავას, ჩემი აზრით, მისი ქმედება არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული. ჯანჯღავას შემთხვევაში შეიძლებოდა დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაყენება.
- ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ არმიაში დღეს არის უწესრიგობა, კორუფცია, ჯარის ხელმძღვანელობა მრავალ დანაშაულს სჩადის. თქვენ თუ გამოგივლენიათ თუნდაც ერთი ფაქტი, როდესაც კორუფციაში სამხედრო მაღალჩინოსანი იყო გარეული?
- კორუფციას მთელ ქვეყანაში დიდი მასშტაბები აქვს. ამ ფაქტს საერთაშორისო დონორებიც აღიარებენ. ხელისუფლებამ უნდა მიმართოს ისეთ ქმედით ღონისძიებებს, რომელითა საშუალებითაც კორუფციასთან ბრძოლა ეფექტური გახდება. ჩვენს პირობებში კი როგორ დაძლევ კორუფციას, როცა მოხელეს ხელფასი არ აქვს. როგორ გადაუხდი ხელფასს, როცა გადასახადებს ვერ აგროვებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ერთ წრეშია მოქცეული, მათ შორის, სამხედრო ძალებიც. ჩვენ გვთხოვენ კორუფციასთან ბრძოლას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით კორუფციასთან ბრძოლა შეუძლებელია. კორუფცია უნდა აღმოფხვრა მაშინ, როცა ის ხდება. დოკუმენტური შემოწმებით კორუფციას ვერ გამოავლენ. პროკურატურას კი მხოლოდ კორუფციის შესახებ დოკუმენტაციის შემოწმება შეუძლია, დანარჩენი შიდა უწყებრივ კონტროლს ევალება.
რაც შეეხება ჩვენ მიერ გამოვლენილ ფაქტებს: დავაკავეთ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, კაკო ჯავახიშვილი, რომელმაც მილიონ 200 ათასი დოლარი დაიტაცა. დავაკავეთ რაიონული კომისარიატების კომისრები. მაგრამ ერთეული ფაქტების გამოვლენა კორუფციას ვერ აღმოფხვრის. საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები არა მარტო კონკრეტული სტრუქტურების მხრიდან, არამედ ხელისუფლებისგან.
- ხშირად თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში. თავდაცვის სამინისტროს ფინანსური განყოფილების უფროსი, დავითაძე, მინისტრ თევზაძეს და მის ძმას ამხელდა კორუფციაში. მისი თქმით, მინისტრმა ჯიპები ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით შეიძინა. გარდა ამისა, დავითაძე საუბრობდა თევზაძის ძმის უკანონო საქმიანობის შესახებ. აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმეები ამ ფაქტზე და არის თუ არა საბოლოო დასკვნა გაკეთებული?
- ამ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები მთავარ სამხედრო პროკურატურაში აღიძრა ჯერ კიდევ მანამ, სანამ დავითაძე დაიწყებდა საჯაროდ საუბარს. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა კონტროლის პალატის დასკვნა. ამ საქმესთან გაერთიანდა დავითაძის საქმეც. თუმცა ჩემთვის უცნობია, დღეს რა ეტაპზეა გამოძიება.
- სასჯელაღსრულების სისტემაში სასჯელს იხდიან აფხაზეთში მებრძოლი ადამიანები, რომელთა ნაწილი პრეზიდენტმა შეიწყალა, ნაწილი კი დღემდე პატიმარია. თუ არის თქვენთვის ცნობილი, რა დანაშაულისთვის არიან ეს პირები გასამართლებულნი?
- ყველასთვის ცნობილია, რომ აფხაზეთის ომში, გარდა სამხედროებისა, იბრძოდნენ სამოქალაქო პირები, მოხალისეები. ჩვენ გავასამართლეთ მხოლოდ სამხედრო პირები. მათი სასამართლო 1992-1994 წლებში მიმდინარეობდა. ამ პიროვნებებს ყველა ტიპის დანაშაული აქვთ ჩადენილი. იყო მკვლელობების, ადამიანის გატაცებების, ყაჩაღობის ფაქტები. მიმაჩნია, რომ აფხაზეთის ომში მონაწილეობა არ აძლევს ადამიანს იმის უფლებას, რომ დანაშაული ჩაიდინოს.
- თბილისში უმაღლესი სასწავლებლების ბუმია. თითქმის ყველა სასწავლებელი ახალგაზრდებს ჯარში სამსახურისგან ათავისუფლებს. აქედან გამომდინარე, კომისარიატებს ისღა დარჩენიათ, რომ "ინადირონ" ქუჩაში ე.წ. უპატრონო ბავშვებზე და ამით შეასრულონ გეგმა. რამდენად გამართლებულია ამ გზით ჯარში ახალგაზრდების გაწვევა. ამ ტიპის კონტინგენტით ჯარის დაკომპლექტება ხომ არ ამძიმებს კრიმინალურ სიტუაციას ჯარში?
- გეთანხმებით, რომ ჯარში ხშირად უკანონოდ მიჰყავთ ახალგაზრდები. ყოფილა შემთხვევები, რომ გაუწვევიათ ისეთი პიროვნება, რომელსაც არ ეკუთვნოდა სამხედრო სამსახურში ყოფნა. ხშირია შემთხვევები, როცა ფიზიკური ტრავმის მქონე პირები მიჰყავთ, იწვევენ ხეიბრებს. მინახავს, რომ ჯარში გონებრივად შეზღუდული ადამიანებიც მსახურობენ. მათ ისიც კი არ იციან, რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ. ბუნებრივია, ასეთები სამხედრო ბრძანებას ვერ შეასრულებს. მსგავსი ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ პირადად შევხვდი ყველა რაიონის კომისარს და კატეგორიულად გავაფრთხილე, რომ, თუ პიროვნებას ქუჩიდან წაიყვანდნენ ჯარში, ეს ფაქტი ჩაითვლებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთად ან, უკეთეს შემთხვევაში, სამსახურებრივი უფლებამისილების გადამეტებად და ასეთი დანაშაულის ჩამდენის მიმართ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე. შეიძლება ითქვას, ჩემმა გაფრთხილებამ იმოქმედა. დღეს კომისარიატები ერიდებიან ქუჩიდან ახალგაზრდების ჯარში წაყვანას, მაგრამ აღმოვჩნდით მეორე პრობლემის წინაშე. ცნობილია, რომ კომისარიატებს გეგმა აქვთ შესასრულებელი. გეგმით მათ უფრო მეტი ახალგაზრდის გაწვევა ევალებათ, ვიდრე ფიზიკურად შეიძლება მათი მოძებნა. ამის მიზეზი კი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მომრავლებული უმაღლესი სასწავლებლებია. ეს პრობლემა იარსებებს მანამ, სანამ საზოგადოება არ შეიცვლის დამოკიდებულებას სამხედრო სამსახურის მიმართ. სამხედრო სამსახური ყველასთვის ერთნაირად სავალდებულოა. არ შეიძლება, ჯარში მარტო გლეხის შვილმა იმსახუროს. რატომ არ იწვევენ ჯარში მინისტრის ან პარლამენტარის შვილებს. ასეთ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს: შევქმნათ პატარა ჯარი, რომელიც დაფუძნებული იქნება საკონტრაქტო სისტემაზე. ამით შევძლებთ სამხედრო მოსამსახურეებს შევუქმნათ ცხოვრების ელემენტარული პირობები.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010