მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
წმიდა ეკლესიის წიაღში, ანუ ცხონების ხომალდში

"უკუეთუ გნებავს ცხოვრებასა შესლვაი, დაიმარხენ მცნებანი" (მათე 19,17)

ყოველი ადამიანი, ბედნიერებასა და კეთილდღეობას ეძებს. ეს ცოდვა არ არის, რადგან სიკეთისა და კეთილდღეობის ძიება ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. თუმცა, ამქვეყნიურ, მიწიერ ცხოვრებაში სრული, ჭეშმარიტი ბედნიერება ძნელად, შეიძლება ითქვას, არც მოიძებნება, რადგან ჩვენი კეთილდღეობა და ნეტარება მხოლოდ ღმერთშია. უფლის გარეშე ვერავინ მოიპოვებს ჭეშმარიტ ბედნიერებას. კაცთა მოდგმისადმი უდიდესი სიყვარულისა და გულმოწყალების გამო ძე ღმრთისა განკაცდა და დედამიწაზე ჩამოვიდა, რათა თავად ეტვირთა კაცობრიობის ცოდვები და ადამიანის დაცემული ბუნება აღედგინა. იესო ქრისტემ თავისი მიწიერი ცხოვრებით ცათა სასუფევლისკენ მიმავალი გზა დაგვანახა, გზა ცხონებისა.

ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მიანიჭა. იგი არავის ავალდებულებს და აიძულებს, იცხოვრობს უფლის მცნებებით და იაროს მისი გზით. ჩვენი გადარჩენაცა და წარწყმედაც ჩვენს საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული. თუ გვსურს საუკუნო ცხოვრების დამკვიდრება, არ უნდა განვეშოროთ ქრისტეს ეკლესიას, უნდა დავიცვათ სახარების მცნებანი, რომელთაც ხელშეუხებლად იმარხავს დედა ეკლესია. წმიდა მამები მართლმადიდებელ ეკლესიას წუთისოფლის ზღვის აბობოქრებულ ტალღებში მცურავ, სულიწმიდით გაბრწყინებულ ხომალდს ადარებდნენ, რომლის მესაჭეც თვით უფალი იესო ქრისტეა. წმიდა ეკლესიის წიაღში, ანუ ცხონების ხომალდში, ყოფნით ჩვენ შეგვიძლია, შევიძინოთ უძვირფასესი საუნჯე - ვაცხოვნოთ სული ჩვენი.

აი, რას ამბობენ ეკლესიის წმიდა მამები ცხონების შესახებ.

"გინდა ცხონება? - იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა. თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება. ხოლო, თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია. ის არის შენი იმედი. მასშია შენი ცხონება".

წმიდა იოანე ოქროპირი

"როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმრთის სიტყვის შენებურად განმარტებისა. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცდომელი. გახსოვდეს: ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა".

წმიდა კიპრიანე კართაგენელი

"ცხონებისათვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით მოგვეცემა, ისინი კი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად სამღვდელოებაა საჭირო. ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის, რომ ვინც ეკლესიის გარეშეა, არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი".

წმიდა თეოფანე დაყუდებული

"სხვაგან არ უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისგან, რადგან მოციქულებმა, როგორც საუნჯეში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება, ისე, რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხონებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია. ამიტომაც უნდა განვერიდოთ მათ: უდიდესი მისწრაფებით ავირჩიოთ ის, რაც ეკლესიას ეკუთვნის და მივიღოთ ჭეშმარიტი მოძღვრება".

წმიდა ირინეოს ლიონელი

"ყოველი, ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისთვის აღთქმულ სუფევას. ვინც ეკლესიას განუდგება, ის ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს აკლდება. იგია უცხო, უხმარი, მტერი ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა".

წმიდა კიპრიანე კართაგენელი

"ჩვენ დროში ბევრს ავიწყდება, რომ ეკლესია არის ეკლესია; არა რაიმე მიწიერი, ადამიანური დაწესებულება, არამედ ღმრთაებრივი სახლი, რომლის უმაღლესი დანიშნულება სულის ცხონებაა. ავიწყდებათ, რომ ეკლესიაში "პოლიტიკასა" და "დიპლომატიას" არაფერი ესაქმება და რომ დაუშვებელია მკრეხელობა სინდისის ხმის ჩახშობით მიწიერი მიზნების განსახორციელებლად, როგორიც უნდა იყოს ისინი, თუნდაც შენიღბულნი ცრუ, ყალბი ლოზუნგებით "მსოფლიო მშვიდობის", "საყოველთაო კეთილდღეობის" და თვით "ქრისტიანული სიყვარულისა" და "სიმდაბლისაც" კი, დღეს ასე რომ შემოვიდა მოდაში".

მთავარეპისკოპოსი ამბერკი

"არ შეცდე სარწმუნოებაში, რათა არ განარისხო შემოქმედი! ვისაც არ უპყრია მართალი სარწმუნოება, ის დაუძინებელი მატლების კერძი და ჯოჯოხეთის მპყრობელის მსხვერპლი ხდება, მისი სული უცხოა საუკუნო ცხოვრებისაგან. იგი აშკარად განდგომილია ღმრთისაგან".

წმიდა ანტონი დიდი

"ნუ დაინანებ ნურც ქონებას, ნურც ნათესავებს, თუკი არ დაგიჯერებენ. არამედ ყოველნაირად შეეცადე, საკუთარი სული იხსნა წარწყმედისგან, რამეთუ შენთვის სულზე ძვირფასი არაფერია, შენი სულისთვის მოვიდა ქრისტე... წადი, გაექეცი უნიას, რომ სიკვდილმა არ მოგისწროს და ქრისტიანეთა ნაცვლად მწვალებლებთან ერთად არ იქნე მითვალული. წადი, სხვებსაც ურჩიე, ხოლო თუ არ შეისმენენ, შენ მაინც დააღწიე თავი მტრის ქსელს და უმწიკვლო სარწმუნოების დამარხვითა და ქრისტეს მცნებების აღსრულებით შეძლებთ ცხონებას".

ბერმონაზონი პაისი

"იესო ქრისტემ ჩვენი ცხონების ზოგადი წესი მამასა და სულიწმიდასთან ერთად ჩამოაყალიბა. თითოეული ჩვენგანის ცხონება იესო ქრისტეს მიერ ხდება მამისა და სულიწმიდის მონაწილეობით. ამრიგად, ცხონება მოგვანიჭა და თითოეულ ჩვენგანს აცხოვნებს ღმერთი, ერთარსება და სამ იპოსტასად ცნობილი თაყვანისმცემელი მამა, ძე და სულიწმიდა. ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ ყველამ, ვისაც ცხონება გვინდა. შეხედე, როგორ ხდება იესო ქრისტეს ნათლისღება! ნათელ-იღებს განკაცებული ძე ღმრთისა, მაგრამ მასზე და მასში ჰგიებს მამა ღმერთი თავისი ნებით და სულიწმიდა თავისი ქმედებით. აქედან ნათლად ჩანს, რომ ჩვენი ცხონების საქმე, რომელიც ნათლისღებით დაიწყო, უფალ იესო ქრისტეს მიერ განხორციელდა, რომელსაც მუდამ თან ახლდა ნება მამისა და ქმედება სულიწმიდისა. ძე არაფერს იქმოდა მამისა და სულიწმიდის გარეშე, რადგან, მას შემდეგ, რაც განხორციელდა, არ მიუტოვებია წიაღი მამისა თვისისა".

წმიდა თეოფანე დაყუდებული

"ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი ცხონებაც ღმერთთან ცოცხალ კავშირში მდგომარეობს. დაცემის შედეგად ეს კავშირი დავკარგეთ: მაგრამ მოვიდა ღმერთი განხორციელებული - ძე ღმრთისა მხოლოდშობილი და თავის იპოსტასში დაცემული კაცობრივი ბუნება ღმერთთან შეაერთა, ყველა მორწმუნე თავის თავთან გააერთიანა და ამით ღმერთს შეუერთა...

გწამდეთ და სასოება იქონიეთ, რომ ცხონდებით იესო ქრისტეს მიერ მამის ნებით; შენი ცხონების საქმეს კი წარმართავს სულიწმიდა, რომელიც გადმოდის შენზე წმიდა ეკლესიაში საღმრთო საიდუმლოებების მეშვეობით და რომელიც ამის შემდეგ დაემკვიდრება შენს გულში, მუდმივად გასწავლის და განგამტკიცებს ცხონების საქმეში. ხედავ, როგორ ვცხონდებით? იესო ქრისტეს მიერ, მამის ნებით და სულიწმიდის მადლით. ეს დაიმარხე გულსა და გონებაში, ასეთი უნდა იყოს შენი აღმსარებლობა".

წმიდა თეოფანე დაყუდებული

"იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რა გვაცხონებს, უნდა ვიცოდეთ რა წარგვწყმედს, რამეთუ ცხონება მხოლოდ წარწყმედილებს სჭირდებათ. ცხონების მაძიებელი თავის თავს დაღუპულად აღიარებს, თორემ რაღად დასჭირდებოდა გადარჩენის გზის ძიება?

ჩვენი წარწყმედა იმის ბრალია, რომ გავწყვიტეთ ერთობა ღმერთთან და დაცემულ სულებთან დავამყარეთ კავშირი. ჩვენი ცხონება სატანასთან კავშირის დარღვევასა და ღმერთთან კავშირის აღდგენაშია".

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

"გნებავს ცხონება? გრწმენეს მთელი ღმრთივგამოცხადებული სწავლება, საღმრთო საიდუმლოთა მეშვეობით მიიღე სულიწმიდის მადლი, იცხოვრე უფლის მცნებებით, ღმრთივდადგინებული მოძღვრების ხელმძღვანელობით და მათი მორჩილების გზით, ოღონდ ყოველივე ეს უფლის ეკლესიის წიაღში უნდა ხდებოდეს, მისი სჯულისმდებლობით, მასთანვე უნდა იმყოფებოდე უწყვეტ ცოცხალ კავშირში და ცხონდები!"

წმიდა თეოფანე დაყუდებული

"ვისაც ცხონება სურს, აცხონოს სული თვისი", - ამბობდნენ ძველი ბერები ბოლო დროის ჭეშმარიტი ქრისტიანების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ ცხონება საკუთარი ცოდვების გამრავლებისა და ცოდვისაკენ კაცობრიობის საერთო გადახრის გამო. ცხონებისათვის განსაკუთრებული ძალისხმევა, გულმოდგინება, სიფრთხილე, კეთილგონიერება და მოთმინება იქნება საჭირო. მაგრამ ჩვენი ყოვლადძლიერი წინამძღოლი და ზედამდგომელი ცხოვრება, ძალა, ხსნა უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც წინასწარ გვამცნო, - სოფელსა ამას ჭირი გექნებათო, - გვამხნევებს კიდეც და გვეუბნება: "არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოანე 16,33).

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი



კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი