მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
რომ არ გაუცხოვდეს ხეითი, ერედვი, თირი..

ჩვენს დღევანდელ ნომერში, როგორც დაგპირდით, სამაჩაბლოში მდებარე ძეგლების შესახებ მოგითხრობთ. საქართველოს ამ მხარეში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ეკლესია-მონასტერია, მაგრამ მხოლოდ მათი ნაწილია ცნობილი საზოგადოების ფართო ფენებისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ, მკითხველის ყურადღება შედარებით უცნობ, მაგრამ მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით საინტერესო ტაძრებზე გაგვემახვილებინა. ხეითის საბაწმინდის ეკლესია, ერედვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ერედვის ბერის საყდარი, თირის ეკლესია - ეს ძეგლები კარგადა აქვთ შესწავლილი ქართველ ხელოვნებათმცოდნეებს. მივყვეთ ქრონოლოგიას.

ისტორიკოს რუსუდან მეფისაშვილის მიერ X საუკუნით დათარიღებული ხეითის საბაწმინდის ტაძარი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ნაგებობის დაზიანება და დაშლა გამოიწვია ეკლესიის ეზოში არსებულმა წყარომ, რომელიც შენობის საძირკვლის ქვეშ ჩაედინებოდა. ხეითის საბაწმინდის ეკლესია შემოქმედებითი ძიების ეპოქაში გახლავთ აგებული. ეს ის პერიოდია, როდესაც განსხვავებული არქიტექტურის ძეგლები იქმნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ესა არის დარბაზული ტიპის ეკლესია მაღალი, წაგრძელებული შიდა სივრცით, რომელსაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შედარებით დაბალი, ღრმა უბეები ეკვრის. უბეები ტაძრის სწორკუთხა მოხაზულობიდან გარეთ იჭრებიან და დაახლოებით ტაძრის ძირითადი ნაწილის სიგანის არიან, რის გამოც მათ გადაჯვარედინებაზე თითქმის კვადრატი იქმნება. ასეთი რამ დამახასიათებელია გუმბათოვანი ნაგებობებისათვის. ხეითშლი გამოკვეთილია სიგრძივი ღერძიც, რასაც ხელს უწყობს დასავლეთით მდებარე ერთადერთი კარი. ეს გახლავთ ინტერიერის ახლებული გაფორმება, რაც საბა-წმინდის ოსტატის ინდივიდუალურობაზე მიგვანიშნებს.

გარეგნულად ნაგებობა იმეორებს შიდა სივრცის გადაწყვეტის თავისებურებას. ექსტერიერი, ისევე, როგორც ინტერიერი, გვთავაზობს საქართველოსათვის არატიპიურ დარბაზული სივრცის შერწყმას გუმბათოვანთან, სადაც დომინირებული როლი დარბაზულ ფორმებს აქვთ მინიჭებული.

ხეითის ტაძარი სხვა მხრივაც გამორჩეულია. როგორც ჩანს, მის ხუროთმოძღვარს ჰქონდა ამა თუ იმ დეტალის საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოდგინის უნარი. სვეტისთავების გაფორმებაში გამოყენებულ ვოლუტებს შორის ვარდულებია ჩასმული, რასაც სხვაგან თითქმის ვერსად შეხვდებით. ძეგლი საკმაოდ ძუნწადაა შემკული ჩუქურთმებით, მაგრამ მათში მაინც ჩანს შემოქმედის დიდი გემოვნება და ოსტატობა.

ხეითის საბაწმინდის მსგავსი არქიტექტურა ერთადერთ ეკლესიაში გვხვდება. ეს არის XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე აგებული ხობის ტაძარი, თუმცა იგი არ წარმოადგენს საბაწმინდის მექანიკურ განმეორებას.

ხეითის საბაწმინდასთან ახლოს მდებარეობს ერედვის წმინდა გიორგის სამეკლესიიანი ბაზილიკა. თავისთავად არქიტექტურის ეს ტიპი საკმაოდ საინტერესოა, რადგან, როგორც მკვლევრები ფიქრობენ, იგი მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრებისთვის არის დამახასიათებელი. ამ ტიპის ერთ-ერთი ძეგლის, არადეთის წმინდა გიორგის ეკლესიისა და ზოგადად სამეკლესიიანი ბაზილიკის შესახებ უკვე გვქონდა საუბარი, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ სამეკლესიიანი ბაზილიკა შედგება სამი წაგრძელებული, დამოუკიდებელი, ერთმანეთთან კარით დაკავშირებული სადგომისგან. მას გარედან სამნავიანი ბაზილიკის ფორმა აქვს. შედარებით გვიანდელ ხანაში გვერდითა ეკლესიები კარგავენ თავის მნიშვნელობას, მთლიანად ექვემდებარებიან შუა ნავს და გარეშემოსავლელის ფუნქციას ტვირთულობენ. ამასთან, დასავლეთით ჩნდება სამხრეთ და ჩრდილო ნაწილების დამაკავშირებელი სათავსი. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ ტიპის ეკლესიების მრავალგვარობისა. ერედვიც ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ ამ შემთხვევაში დარბაზულ, მოზრდილ ნაგებობას გარეშემოსავლელები ოთხივე, ე. ი. აღმოსავლეთის მხრიდანაც ეკვრის. ეს სამეკლესიიანი თემის აბსოლუტურად ახალი გადამუშავებაა და მას, ფაქტობრივად, ანალოგი არ მოეძებნება საქართველოში. თუ რა დანიშნულებისა იყო აღმოსავლეთ გარეშემოსავლელი, რომელიც ცალკეა გამოყოფილი დანარჩენი ნაწილებისაგან, გარკვეული არ არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტიპის ტაძრებს შორის მხოლოდ ერედვის აგების თარიღია ზუსტად მითითებული. იგი აშენებულია 906 წელს. ცნობილია მისი ქტიტორიც, ივანე ტბელი, თუმცა კი ისტორიულ წყაროებში ეს პიროვნება იშვიათად არის მოხსენიებული.

აქაც ისევე, როგორც ხეითში, დიდი ყურადღება ექცევა შიდა სივრცის გაფორმებას. მაგრამ ერედვის ხუროთმოძღვარი ინდივიდუალობით საბაწმინდისას ნამდვილად ვერ შეედრება. მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით კი ეს ორი ტაძარი თითქმის თანასწორია.

როდესაც ქალბატონმა რუსუდან მეფისაშვილმა აღწერა ძეგლი, იგი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო, რასაც ვერ ვიტყვით ბერის საყდარზე, რადგან ამ ტაძრის დიდი ნაწილი უკვე კვლევის მომენტში დანგრეული იყო. აგების თარიღის მიხედვით, ეს ეკლესია ერედვის მომდევნოა. ისიც სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისაა, დომინანტი შუა სადგომითა და მასზე დაქვემდებარებული გაერთიანებული სამმხრივი გარეშემოსავლელით. განსხვავებით წმინდა გიორგის ეკლესიის ხუროთმოძღვრისაგან, რომელიც ცდილობს, მშვიდი, ხალვათი ფორმები შექმნას, ბერის საყდრის ხუროთმოძღვარი უკვე ვიწრო და დაძაბული პროპორციებისაკენ მიისწრაფვის. ასეთი ფორმები X საუკუნის შუა წლებისთვის არის დამახასიათებელი.

ზემოთ განხილული სამი ძეგლი ქალბატონმა რუსუდან მეფისაშვილმა შეისწავლა. რაც შეეხება თირის მონასტერს, იგი გამოიკვლია ისტორიკოსმა ვ.ანდღულაძემ, თუმცა ნაწილობრივ, რადგან მან მხოლოდ ტაძრის არქიტექტურაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მკვლევარი აღნიშნავს, თირის ტაძარში პალეოლოგოსური სტილის ძალიან საინტერესო მხატვრობაა შემორჩენილი. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ ფრესკების შესახებ გიამბოთ.

თირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი განიერი და აზიდული პროპორციების მქონე დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენს მარტივად გადაწყვეტილი შიდა სივრცითა და საკურთხევლის აბსიდის განსხვავებული მოყვანილობით. იგი ნალისებური, ნახევრადწრიული ან სწორკუთხა კი არ არის, არამედ, როგორც ნიკო ჩუბინაშვილი უწოდებს ამგვარ ფორმას, ნახევრადოვალურია. მსგავსი აბსიდები იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება საქართველოში. თირიც ერთ-ერთი გამონაკლისია.

ეპოქა, რომელშიც ეს მონასტერია აშენებული, აღარ ქმნის ახალ ხუროთმოძღვრულ კომპოზიციებს. ხდება ძველის გამეორება. თუმცა კი თირის მაშენებელი ძველი და ახალი ელემენტების შერწყმას გვთავაზობს. ერთი სარკმელი საკურთხეველში, დამჯდარი, განიერი პროპორციები სწორედ XIII-XIV საუკუნეების არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი, ბევრი სარკმელი და კარგი განათება კი ადრეულ ხუროთმოძღვრებას ახასიათებს. ძველის გავლენა იგრძნობა ჩუქურთმების შერჩევაშიც. მაგრამ ეს მორთულობა უკვე აღარაა ენერგიული და მძლავრი.

ვ. ანდღულაძის აზრით, თირის ეკლესია შედის იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლის რიცხვში, რომლებიც XIII საუკუნის II ნახევრიდან შემორჩა და ამიტომ მას განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.

გარდა ამ ოთხი ტაძრისა, გვინდა ორიოდე სიტყვით შევეხოთ იკორთისა და თიღვის ტაძრებს, ასევე ზემო ნიქოზის ღვთისმშობლის ეკლესიას.

იკორთა XII საუკუნეში, კერძოდ, 1172 წელს აგებული გუმბათოვანი ტაძარი გახლავთ. გუმბათი ორ სვეტსა და საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა. სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები. ძეგლი თავიდანვე შელესილი და მოხატული ყოფილა, მაგრამ დღეს მხატვრობის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ეს ეკლესია გამოირჩევა ულამაზესი ჩუქურთმებით. ეკლესიაში დაკრძალულნი არიან XVII საუკუნის კახეთის აჯანყების მოთავეები - ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები.

იკორთა მნიშვნელოვნად დაზიანდა გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარი ერთ-ერთი მიწისძვრის დროს. უკვე დიდი ხანია, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და, ალბათ, სულ მალე ტაძარი დაიბრუნებს თავის პირვანდელ სახეს.

თიღვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარიც XII საუკუნეს მიეკუთვნება. მის კტიტორად წარწერეში მოხსენიებულია დავით აღმაშენებლის ასული, შირვანის დედოფალი თამარი, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ააგოს ეს ეკლესია და თითონაც აქ აღიკვეცა მონაზვნად. გამომდინარე იქიდან, რომ თიღვა და იკორთა დროში თანხვედრილია, არქიტექტურული ფორმებითაც ჰგვანან ერთმანეთს. თუმცა თიღვაში დასავლეთის მხარეს მოთავსებულია ნართექსი და პატრონიკე, რითაც იგი განსხვავებულია იკორთისაგან. გარდა ამისა, იგი ფასადების შემკობის სიძუნწითაც განსხვავდება თავისი ეპოქის სხვა ძეგლებისგან.

რაც შეეხება ნიქოზში მდებარე ღვთაების ეკლესიას: მისი პირველი სამშენებლო ფენა V-VI საუკუნეებით თარიღდება და ჟამთააღმწერელ ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. ტაძარი რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. თავიდან იგი სამნავიანი ბაზილიკა ყოფილა. დღეს ჯვარ-გუმბათოვანია. ბოლოს იგი XIX საუკუნეში გადააკეთეს და შიგნიდან შელესეს. მიუხედავად ამდენგზის სახეცვლისა, ტაძარს არ დაუკარგავს გარეგნული მომხიბვლელობა.

ეს გახლავთ არასრული ნუსხა სამაჩაბლოში არსებული ძეგლებისა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა, მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობისა, შეძლო, აღდგენითი სამუშაოები ჩაეტარებინა ტაძრების ნაწილში. თუმცა ეს საკმარისი არ არის. იმედს ვიტოვებთ, რომ ახლო მომავალში ყველა ეკლესია გახდება ხელმისაწვდომი მეცნიერთათვის მაინც.

ავტორი: ირინე მჭედლიძე


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი