სამშაბათს სტოკჰოლმში ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონიალი შედგა. პრემია 2002 წლის 12 ლაურეატს გადასცეს.
ლიტერატურის დარგში პრემია მიიღო 73 წლის უნგრელმა მწერალმა, იმრე კერტესმა. იგი საკუთარ ნაწარმოებებში აღწერს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გატარებულ წლებს.
იმრე კერტესმა შვედეთის მეფისგან, კარლ XVI გუსტავისგან, ჯილდოს მიღების შემდეგ, სიტყვის წარმოთქმისას, განაცხადა: "თუ მკითხავთ, რა მაჩერებს აქ, ამ ქვეყანაზე, რა მაძლევს სიცოცხლის ძალას, უყოყმანოდ გიპასუხებთ - სიყვარული". ფიზიკის დარგში პრემია გადაეცა რამდენიმე მეცნიერს: 87 წლის რაიმონდ დევისს, 71 წლის რიკარდო ჯაკონის - ამერიკის შეერთებული შტატებიდან; 76 წლის მასატოში კოშიბას - იაპონიიდან.
ქიმიის დარგში ჯილდო მიიღეს: 85 წლის ამერიკელმა ჯონ ფენმა; 64 წლის შვეიცარიელმა კურტ ვიუტრიხმა; 43 წლის იაპონელმა კოიჩი ტანაკამ.
სამედიცინო მიღწევებისთვის დაჯილდოვდნენ: 75 წლის სინდი ბრენერი და 60 წლის ჯონ სალსტონი - დიდი ბრიტანეთიდან; 55 წლის რობერტ ჰორვიცი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მათი კვლევის შედეგები, შესაძლოა, დაინერგოს სიმსივნურ დაავადებათა და შიდსის მკურნალობის პროცესში.
ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღეს: 68 წლის დანიელ კანემანმა - ისრაელიდან; 75 წლის ვერნონ სმიტმა - ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს, გადაეცა. მისი დაჯილდოების ცერემონიალი ქალაქ ოსლოში გაიმართა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010