მადრიდში, "პალასო დე კონგრესოში", გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე რონალდო კვლავ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეს "ფენომენის" მესამე აღიარებაა. აქამდე რონალდო ზედიზედ ორჯერ, 1996 და 1997 წლებში, ფლობდა ამ ტიტულს. დაბრუნება შედგა. ხანგრძლივი ტრავმისა და გაცდენილი სეზონების შემდეგ ბრაზილიელი ფეხბურთელი ისევ გამარჯვების კვარცხლბეკზეა.
კენჭისყრის შემდეგ ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა: რონალდო - 387 ქულა, ოლივერ კანი - 171 და ზინედინ ზიდანი - 128 ქულა. მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა უპირატესობა ერთხმად რონალდოს მიანიჭეს. ამაში მოულოდნელი არაფერია. ბრაზილიელმა აღმავლობით ჩაატარა ბოლო სეზონი. ლომის წილი ასეთ შეფასებაში მუნდიალზე მისმა თამაშმაც განაპირობა. მცირეოდენნი თუ მოელოდნენ რონალდოსგან ასეთ გამოსვლას (ფეხბურთელმა 7 მატჩში 8 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირად მოგვევლინა). მოულოდნელი არც ოლივერ კანის მეორე ადგილია. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებდა ამ ჯილდოს. თუნდაც იმიტომ, რომ იგი მეკარეა და მეტი მრავალფეროვნებისთვის პირველ სამეულში მისი გამოჩენა საკმაოდ ლოგიკურ მოვლენად ჩანს. კამათი უფრო მესამე კანდიდატმა გამოიწვია. მიმდინარე სეზონი ზინედინ ზიდანისთვის ნამდვილად არ იყო რაიმეთი გამორჩეული. ფრანგმა ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო თავის გამოჩენა და ვერც რამე სხვა წარმატება მიუმატა თავის მონაგარს.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ სპორტსმენებმა ჩვეული დითირამბები მიუძღვნეს ერთმანეთს.
ზინედინ ზიდანი: "რონალდო გენიოსია, რადგან ერთი მოძრაობით შეუძლია მთელი მატჩის მსვლელობის თავისი გუნდის საკეთილდღეოდ შემოტრიალება. მისი დარი მოთამაშე ბოლოს 80-იანი წლების დასაწყისში იყო - დიეგო არმანდო მარადონა".
ოლივერ კანი: "ზიზუ მოკაშკაშე ვარსკვლავია. მისი საუკეთესო თვისება უბრალოებაა. იგი უდიდესი პიროვნებაა და მისი აღიარება კანონზომიერია".
ტიტულები შემდეგნაირად განაწილდა: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კაცი: 1. რონალდო; 2. ოლივერ კანი; 3. ზინედინ ზიდანი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი: 1. მია ჰემი; 2. ბრიჯიტ პრინცი; 3. ჟუნ ვანი. წლის საუკეთესო ნაკრები - ბრაზილია. წლის გამორჩეული პროგრესი - სენეგალი. ყველაზე ლაღი გუნდი - კორეა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010