კომპანია British Petroleum-ის პრეზიდენტის პენსიაზე გასვლა ექსპერტებს სულაც არ აწუხებთ. ისინი აცხადებენ, რომ მისი წასვლა კომპანიას დიდ დარტყმას ნამდვილად არ მიაყენებს.
ჯონ ბრაუნი გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს, თუმცა ოფიციალურად უფლებამოსილებას 18 თვის შემდეგ მოიხსნის. მას 60 წელი 2008 წლის 20 თებერვალს შეუსრულდება.
"ბრაუნს კომპანიიდან წასვლა დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი. მას შემცვლელიც უკვე შერჩეული ჰყავს," - განაცხადა FIM Secutities-ის ანალიტიკოსმა დუგლას როლფსმა. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ახალი ხელმძღვანელი კომპანია British Petroleum-ის მენეჯერებიდან შეირჩევა. "კომპანიაში კორპორატიული კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს ანალიტიკოსი.
კომპანიის აქციების ერთ-ერთი მთავარი მფლობელი, "გაერთიანებული სადაზღვევო საზოგადოება", რომელიც კორპორაციის წილის 1 %-ს ფლობს, აცხადებს, რომ კომპანიის პრეზიდენტის ასაკობრივ ზღვარში ცვლილებების შეტანა აუცილებელია, რადგან "ჯონ ბრაუნი ჯერ საპენსიო ასაკში ნამდვილად არ არის," - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ბრაუნი კომპანიის ახალი პრეზიდენტის პოსტზე კომპანიის რომელიმე მენეჯერს გაუწევს რეკომენდაციას. ინვესტორები აცხადებენ, რომ ჯონ ბრაუნის პოსტზე BP-ის დაზვერვისა და მოპოვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ტონი ხეიტვორტის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.
კომპანიის პრეზიდენტობის პრეტენდენტთა სიაში კიდევ რამდენიმე ადამიანი მოიაზრება, მათ შორის გახლავთ რობერტ დალი და ჯონ მანზონი.
ახალ პრეზიდენტს დირექტორთა საბჭო დაამტკიცებს. კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელს პიტერ საზერლენდს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე სრულიად უცხო ადამიანის ხილვა სურს. მთავარი, რაც კანდიდატურის დამტკიცებამდე უნდა გადაწყდეს, ეს კომპანიის მმართველობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის საკითხია.
ივნისის დასაწყისში BP-მ დიდ ბრიტანეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის Coryton-ის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქარხანა დღე-ღამის განმავლობაში 172 ათას ტონა ნავთობს ამუშავებს, წელიწადში კი - დაახლოებით 8,6 მილიონ ტონას.
"დღეს კომპანიების უმრავლესობა ვერტიკალურად ინტეგრირებად ჰოლდინგად ჩამოყალიბებას ცდილობს, მათ შორის არის კომპანია BP. და თუ ეს ის შემთხვევაა, როცა კომპანია საერთაშორისო სცენარის მიხედვით მოქმედებს და კომპანიის მიმართულების კურსშიც არანაირი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, მაშინ პრეზიდენტის პოსტზე კომპანიის რომელიმე მენეჯერს დაამტკიცებენ," - აცხადებს ექსპერტი.
ედმუნდ ჯონ ფილიპ ბრაუნი, მედინლის ბარონი BP-ს 1996 წლიდან ხელმძღვანელობს. მან ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამდებობიდან კომპანიის პრეზიდენტობამდე გზა მოკლე დროში განვლო. მის მიერ განხორციელებულმა გარიგებებმა BP ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად აქცია.
დღეისათვის კომპანიაში ნავთობის მარაგი 988,2 მილიონ ტონას, ბუნებრივი აირის კი 1,3 ტრილიონ კუბამეტრს შეადგენს. კომპანია მსოფლიოს თითქმის ას ქვეყანასთან თანამშრომლობს. 2005 წლის მონაცემების მიხედვით, BP-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 221 მილიარდ დოლარს, მოგება კი 262 მილიარდს შეადგენდა.
ბრაუნის მმართველობის პერიოდში კომპანიამ არაერთი მსხვილი გარიგება გააფორმა. 1998 წელს BP-მ 57 მილიარდ დოლარად ამერიკული კომპანია Amoco შეისყიდა. ამას კომპანია Arco-ს შესყიდვა მოჰყვა. ცოტა მოგვიანებით კი BP-იმ ბრიტანულ ბაზარზე თავისი კონკურენტი კომპანია Castrol-იც შეისყიდა.
გარდა იმისა, რომ BP მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ყველაზე მსხვილი კომპანიაა, ის მზის ენერგიის წარმოებაშიც ლიდერობს. 1999 წლის აპრილში, ბრაუნის ინიციატივით, BP-იმ მზის ენერგიის გადამამუშავებელი კომპანია Solarex-ი 45 მილიონ დოლარად შეისყიდა. ახალ ბიზნესში მილიარდიანი ინვესტიციის ჩადების შედეგად BP-მ ამ სექტორში მსოფლიოში პირველი ადგილიც კი მოიპოვა. ამასთან, კომპანია კაპიტალს ქარის ენერგიის ათვისებაშიც დებს.
ამის შემდეგ კი ექსპერტებისთვის ბრაუნის შემცვლელზე ფიქრი, ცოტა არ იყოს, რთულია. "ჯონ ბრაუნი ადამიანებთან ურთიერთობის უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ, რაც პირველ რიგში მისი კომპანიის წარმატებაზე აისახა. ახლა კი მთავარია, ახალი პრეზიდენტი ბრაუნის მიერ დაწყებულ საქმეებს წარმატებით გაუძღვეს," - აცხადებენ ექსპერტები.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010