უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ბულგარეთი მართლაც ძალიან შეიცვალა - პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობით საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ბულგარეთი მიიღეს ნატო-ში, 2007 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის წევრიც გახდება, რის შემდეგაც მისი ევროს ზონაში შესვლის საკითხიც დადგება. ამ დროისათვის არსებობს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბულგარეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვთ.
ბულგარული ეკონომიკა წარმატებით ვითარდება და მასში ინვესტირება მეტად მომგებიანი საქმეა. მარტო ის რად ღირს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივი უძრავი ქონების ფასი ყოველწლიურად 25-30 პროცენტით იზრდება, რასაც განაპირობებს უცხოური ინვესტიციების მოზღვავება, ნატო-ს წევრობა, მრავალფეროვანი ტურისტული ბიზნესის აყვავება და ევროკავშირში გაწევრიანების მოახლოება, რის შემდეგაც ფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს.
აღსანიშნავია, რომ 2003 წელს ბულგარეთის შიდა პროდუქტის მოცულობა - 5, 2004 წელს - 6, 2005 წელს კი 8 პროცენტით გაიზარდა. ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 2003 წელს - 16, 2004 წელს - 12, 2005 წელს კი 10 პროცენტით მოიკლო. გარდა ამისა, გაიზარდა ბულგარეთის საკრედიტო რეიტინგი, შემცირდა საპროცენტო განაკვეთები და ამ დროისათვის ადგილობრივი ბანკები იპოთეკურ კრედიტს წლიური 6,5-8,5 პროცენტით იძლევიან.
ბულგარეთი კაპიტალდაბანდების თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანა იმითაც არის, რომ მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. იგი, ფაქტობრივად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი ხიდია, მას სახმელეთო საზღვარი აკავშირებს საბერძნეთთან, მაკედონიასთან, რუმინეთთან, სერბეთთან და თურქეთთან. ამას დაუმატეთ ბულგარეთის შავი ზღვისპირა პორტები და მიხვდებით, რომ ამ ქვეყანას დიდი სატრანზიტო მნიშვნელობა აქვს.
მოკლედ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, დღეს ბულგარულ უძრავ ქონებაში ჩადებული კაპიტალი 2007 წლის ბოლომდე გაორმაგდება. ბულგარეთი ნამდვილი საგანძურია.
იაფი და ლიბერალური
ბულგარული კანონმდებლობის მიხედვით, უძრავი ქონების შეძენა ნებისმიერ უცხოელს ისევე თავისუფლად შეუძლია, როგორც მის მოქალაქეს ან რეზიდენტს. გარკვეული შეზღუდვა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მიწის ნაკვეთებზეა დაწესებული. სხვა მხრივ პრობლემა არ არსებობს. შეგიძლიათ, თამამად მიმართოთ უძრავი ქონების სააგენტოს, რომელიც შესაძენი ქონები საფასურის 2-3 პროცენტის სანაცვლოდ მოგემსახურებათ და დოკუმენტების გაფორმებაშიც დაგეხმარებათ.
თუ სასურველი ქონების შესაძენად სახსრები არ გყოფნით, შეგიძლიათ, კრედიტი აიღოთ. ბულგარული ბანკები შესაძენი ქონების გარანტიით მისი ღირებულების 60 პროცენტამდე თანხას უპრობლემოდ მოგცემთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,5-8,5 პროცენტს შეადგენს.
ყველა ამ საკითხის მოგვარების შემდეგ სახელმწიფო ხაზინაში შენაძენის ღირებულების 10-12 პროცენტს გადაიხდით და ქონების სრულუფლებიანი მეპატრონე გახდებით. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში ცხოვრება საკმაოდ იაფია. მაგალითად, ყოველწლიურად ბეგარის სახით ქონების ღირებულების მხოლოდ 0,15 პროცენტს იხდით. არანაირი შეზღუდვა არ არსებობს საკუთრების მემკვიდრეობით გადაცემის თვალსაზრისით, ხოლო ქონების გაყიდვის შემთხვევაში ხაზინას მოგების მხოლოდ 3,5 პროცენტს უხდით.
კაპიტალდაბანდების თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო დედაქალაქი, მეგაპოლისი და საქმიანი ცენტრი სოფია და სიდიდით მეორე ქალაქი პლოვდივი, საკურორტო და მსხვილი საპორტო ქალაქები - ვარნა და ბურგოსი, სამთო კურორტები - როდოპი, რილა, პამპოროვო და ბოროვეცი, ბალნეოლოგიური კურორტები - შიპკოვო, დობრინიშე, კოსტენეცი და სანდარსკი გახლავთ.
სოფიასა და პლოვდივის საშუალო დონის უბნებში საკმაოდ კარგ, 1 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართს 300-500 ევროს ფარგლებში შეიძენთ. როგორც ხედავთ, თბილისზე დაბალი ფასებია. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ბულგარეთში დამნაშავეობის დონე ძალზე დაბალია და ამ მხრივ პრობლემა არ შეგექმნებათ. ე.წ. კარგ უბნებში კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი 500-დან 1000 ევრომდე ღირს, ხოლო სოფიის და პლოვდივის ისტორიული მნიშვნელობის უბნებში შესაძლებელია, კვადრატულ მეტრში 2500 ევროს გადახდა მოგიწიოთ. რაც შეეხება ამ ქალაქებში მიწის ნაკვეთს, 1 კვადრატულ მეტრს უბნის პრესტიჟულობის მიხედვით 500-2000 ევროს ფარგლებში შეიძენთ.
ბალნეოლოგიურ და სამთო საკურორტო ზონაში 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი 500-1500, მიწის ფართობის კი 1000-2000 ევროს ფარგლებში მერყეობს. განსაკუთრებული სიძვირე კი შავი ზღვისპირა საკურორტო ზონაშია, სადაც 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი 1000-დან 2500 ევრომდე, მიწის ნაკვეთი კი 2000-დან 3500 ევრომდე ღირს. თუ ზღვის პირას მშვენიერი ვილას შეძენა გსურთ, ეს სიამოვნება 70-80 ათასიდან მილიონ ევრომდე და, შეიძლება, მეტიც დაგიჯდეთ.
თქმა არ უნდა, ბულგარეთში მიწის ფართობის შეძენა და სამშენებლო ბიზნესის წამოწყება ძალზე მომგებიანი საქმეა. აქ, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მუშახელი და სამშენებლო მასალები საკმაოდ იაფია, ხოლო ბულგარეთის ეკონომიკა რომ მაღალი ტემპით ვითარდება და ფასები გამუდმებით მატულობს, ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010