დღეს, საღამოს 6 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის "ვიტ ჯორჯია" უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვას შეეცდება. ვეტერინართა მეტოქე სლოვაკეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი პეტრჟალკას "არტმედიაა". ამ გუნდების პირველი მატჩი, რომელიც ორი კვირის წინ პეტრჟალკაში გაიმართა, მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. გოლები გაიტანეს ლუკაშ ჰარტუიგმა და ლიუბოშ როიტერმა, რომლებიც ტრავმების გამო თბილისში ვერ ჩამოვიდნენ. თუმცა, "არტმედია" ძირითადი თავდამსხმელების გარეშეც საკმაო ძალაა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში თამაშობდა, გასვლით მატჩში "პორტუც" კი დაამარცხა და მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო ვერ გავიდა მერვედფინალში.
"არტმედია" გუშინ ნაშუადღევს ჩამოვიდა და სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დაბინავდა. საღამოს ვარჯიში გამართა მესხის სახელობის სტადიონზე. სლოვაკთა მთავარ მწვრთნელს იოზეფ ადამეცს მაინცდამაინც არ დაუტვირთავს თავისი ფეხბურთელები - მსუბუქი, მოთელვითი ვარჯიშების კომპლექსი ჩაატარა. ძუნძული, წამოწოლილი ვარჯიში და რაღაც ხელბურთის მსგავსი - ასეთი გახლდათ საწვრთნელი პროცესი, რომელმაც ორმოცდახუთ წუთს გასტანა.
მედიასთან სასაუბროდ გუნდის მთავარი მწვრთნელი რამდენიმე წუთით შეყოვნდა. იოზეფ ადამეცი არცთუ შორეულ წარსულში თავის ქვეყანაში ცნობილი ფეხბურთელი იყო. 70-80-იან წლებში ადამეცს ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ ჩემპიონატში 170 გოლი აქვს გატანილი, რაც სლოვაკი ეროვნების ფეხბურთელთათვის აბსოლუტური რეკორდია, ხოლო ზოგადად ჩეხოსლოვაკიისთვის - მეორე შედეგი. ადამეცის სამწვრთნელო კარიერაც წარმატებულია. მის სახელს უკავშირდება "არტმედიას" საჩემპიონო ტიტული და ევროსარბიელზე გასულ წელს მიღწეული მაღალი შედეგი, რისი წყალობითაც "არტმედია" ჩემპიონთა ლიგის განვლილი სეზონის მთავარ სენსაციად შეფასდა. სწორედ ამ წარმატების გამო გუნდის ფეხბურთელები წამყვანი ევროპული კლუბების სამიზნეში მოხდნენ. პეტრჟალკელებმა ვერ შეძლეს კლუბის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და "არტმედია" 8 წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. შევსებაც მიიღეს, თუმცა, ეს ის გუნდი ნამდვილად აღარ არის, რომელმაც შარშან გლაზგოს "სელტიკი" 5:0 დაამარცხა.
იოზეფ ადამეცს "ვიტ ჯორჯიაზე" საუბრისას კომპლიმენტები არ დაუშურებია.
"პირველი მატჩი კორექტული იყო. არც ჩემი, არც მეტოქე გუნდის ფეხბურთელები არ უხეშობდნენ, რის გამოც სწრაფი, ლაღი, კომბინაციური და ფეირპლეის პრინციპების შესაბამისი თამაში გამოვიდა. მომეწონა თქვენი მოთამაშეები. ვიცოდი, რომ ქართველი ფეხბურთელები ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩევიან, რაშიც იმ მატჩმაც დამარწმუნა. რამდენიმე ეპიზოდში აშკარად გაგვიმართლა, თორემ სულ სხვა ანგარიში იქნებოდა", - განაცხადა "არტმედიას" დამრიგებელმა.
სტუმართა მთავარი მწვრთნელი თავის გუნდს ფავორიტად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ შემდეგ წრეში გასული გუნდის ვინაობა ხვალ გაირკვევა.
"დარწმუნებული ვარ, ურთულესი თამაში გველის. ორივე გუნდს აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი და ამ შანსის გამოყენებას შეეცდება. უპირატესობა ჩვენს მხარეზეა - "ვიტ ჯორჯიას" ორბურთიანი ჩამორჩენა აქვს გასაქვითი, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება", - აღნიშნა ადამეცმა.
სლოვაკი მწვრთნელი სტადიონით და მინდვრის საფარით კმაყოფილი დარჩა, რაც, მისი აზრით, კარგი ფეხბურთის საწინდარია.
"მომეწონა თქვენი სტადიონი და გაზონიც ნორმალურ მდგომარეობაშია. გადახურულიც რომ იყოს, მართლაც მაღალი კლასის სტადიონი იქნებოდა. თუმცა, ზაფხულში ეს პრობლემა არ არის და დარწმუნებული ვარ, ხვალ სტადიონზე მოსული გულშემატკივრები ლამაზი ფეხბურთის მომსწრენი გახდებიან", - გვითხრა მან.
"არტმედიას" შემდეგ სტადიონზე "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებმა ივარჯიშეს. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის ნესტორ მუმლაძის ინტერვიუ დღევანდელი მატჩის თაობაზე "24 საათმა" გუშინ შემოგთავაზათ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010