შეგახსენებთ, რომ აპელაციის შემდეგ სასჯელი შემცირდა. "იუვენტუსი" სერია B-ში დატოვეს, ოღონდ "ბებერ ქალბატონს" 30-ის ნაცვლად 17 ქულას დააკლებენ. "დელე ალპის" სტადიონს კი სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
"მილანს" 15 ქულის ნაცვლად 8 ქულას დააკლებენ. ამ კლუბს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში თამაშის უფლება მიეცა.
"ფიორენტინა" სერია A-ში დააბრუნეს, თუმცა გუნდი 19-ქულიანი დანაკლისით დაიწყებს ჩემპიონატს, სტადიონს კი სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. "ლაციო" ასევე დააბრუნეს სერია A-ში, თუმცა ეს გუნდი ჩემპიონატს 11-ქულიანი დანაკლისით დაიწყებს. სტადიონს კი ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეცა.
ასეთი იყო ტრიბუნალის ვერდიქტი აპელაციის განხილვის შემდეგ, თუმცა "ფიორენტინასა" და "ლაციოს" ხელმძღვანელები მაინც უკმაყოფილონი არიან.
"ფიორენტინას" მფლობელმა დიეგო დელა ვალემ განაცხადა: "ეს პირველი ნაბიჯია. ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ. კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგვიკეთებია. არ მესმის, რატომ უნდა დავისაჯოთ. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიგეთ, ახლა კი ამ ტურნირში თამაშის უფლებას არ გვაძლევენ. მიმაჩნია, რომ ეს უსამართლობაა. სასამართლოში საჩივარს კიდევ შევიტანთ".
ასევე ფიქრობს "ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო: "ვერ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. "ლაციოს" კანონი არ დაურღვევია და არც უნდა დაისაჯოს. რატომ არ უნდა ვითამაშოთ უეფას თასზე, ანდა რატომ უნდა დავიწყოთ ჩემპიონატი ქულათა ასეთი დანაკლისით. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და სრულ ამნისტიასაც მივაღწევთ".
რაც შეეხება ტურინის "იუვენტუსს", ბოლომდე კმაყოფილი არც ეს გუნდია. "ამ განაჩენს ვერ დავეთანხმებით. ყველა ღონეს ვიხმართ, რათა კლუბი გავამართლოთ", - თქვა კლუბის ადვოკატმა.
როგორც ჩანს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი მხოლოდ "მილანი" დარჩა. "რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით. მაგრამ თუ შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებთ, მიმაჩნია, რომ გადაწყვვეტილება ჩვენთვის მისაღებია", - აცხადებს "მილანის" ადვოკატი ლეანდრო კანტამესა.
ამრიგად, პროცესი ალბათ კიდევ გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ ქულების დაკლებაზე იქნება საუბარი, რადგან ევროთასებზე მონაწილე გუნდების განაცხადი იტალიელებს გუშინ უნდა წარედგინათ უეფაში.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010