იტალიელი მცველი ახალ გუნდს ჯერ არ შეერთებია, თუმცა უზომოდ გახარებულია, რომ ითამაშებს ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან რონალდინიო, პუიოლი, დეკუ, მესი და კომპანია. მისი აზრით, ტიურამისა და გუდიონსენის შეძენა ისედაც ძლიერ "ბარსელონას" კიდევ უფრო გააძლიერებს.
მალდივის კუნძულებზე მყოფმა ძამბროტამ "ბარსელონას" ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ:
- როგორ გრძნობთ თავს "ბარსას" ფეხბურთელის რანგში?
- რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. კონტრაქტი გავაფორმე მსოფლიოს უძლიერეს კლუბთან და დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიპოვებ. ასე რომ, ახალი სეზონიდან ახალი თავგადასავლების მოლოდინში ვარ.
- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც კატალონიური გრანდი?
- იმიტომ, რომ "ბარსელონას" დიდი გამარჯვებების მიღწევა შეუძლია. გარდა ამისა, თვითონ ქალაქმა, კატალონიელებმა, ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა - ყველაფერმა ერთად ამ ნაბიჯის გადადგმა "მაიძულა".
- ფრანკ რაიკაარდს პირადად თუ შეხვდით?
- არა, მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრე. მსოფლიო ჩემპიონობა მომილოცა. ცოტა გამიკვირდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაიკაარდი კარგად ინფორმირებულია ჩემი თამაშის თაობაზე.
- თქვენ თუ ადევნებდით თვალს "ბარსელონას" თამაშს?
- ბოლო წლებში ფრანკ რაიკაარდის გუნდი ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს მსოფლიოში. ჩემთვის დიდი პატივია ისეთი ვარსკვლავების გვერდით თამაში, როგორებიც არიან რონალდინიო, ეტოო, მესი და სხვები.
- როგორ ფიქრობთ, ახალი მწვრთნელის სათამაშო ტაქტიკაში რა პოზიციაზე ჩაჯდებით?
- ვერ გეტყვით. წლების განმავლობაში "იუვენტუსში" მარცხენა მცველად ვიყავი გამწესებული, "სკუადრა აძურაში" მარცხენა ფლანგს ვიცავდი. ჩემი პოზიცია ყოველთვის მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუმცა პოზიციის რადიკალურად შეცვლა არ მინდა.
- კატალონიელებმა თქვენი და ლილიან ტიურამის გარდა, "ჩელსიდან" ეიდურ გუდიონსენიც დაიმატეს...
- კარგის მეტი, ისლანდიელზე არაფერი მეთქმის. ბრწყინვალე ფეხბურთელია. მისი შეძენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გუნდი ხარისხიანი ფეხბურთელებით კომპლექტდება. ვიმედოვნებ, რომ ახალი მოთამაშეები კლუბისთვის ახალი ტიტულების მოტანით გამოხატავენ "ბარსელონასადმი" პატივისცემას.
- ცივი ტურინის ბარსელონას არცთუ ცივ კლიმატში გაცვლა არ გაგიჭირდათ?
- ტურინში თავს ფანტასტიკურად ვგრძნობდი. ამ ქალაქში შვიდი დაუვიწყარი წელი გავატარე და ბევრი რამ მომენატრება. როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება, სწორედ ტურინში ჩამოვყალიბდი, პირველი ტიტულიც იქ მოვიპოვე. მაგრამ ცხოვრება სიახლეებს მოითხოვს და მეც ჩემი კარიერის ახალი ფურცელი გადავშალე. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
- უცხო ქვეყნის ჩემპიონატში პირველად მოგიწევთ თამაში...
- ჰო, მაგრამ პრიმერადივიზიონის მატჩებს ხშირად ვუყურებდი და ჩემი აზრით, ერთ-ერთი საინტერესო და ძლიერი ჩემპიონატია. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს. ვნახოთ, რა იქნება.
- ეს თვე ემოციურად გადატვირთული იყო თქვენთვის. დაივიწყეთ პრობლემები?
- გეთანხმებით, მართლა ბევრი პრობლემა მქონდა - ჯერ "იუვენტუსის" სკანდალი, მერე ჩემი მეგობრის ჯანლუკა პესოტოს თვითმკვლელობის მცდელობა, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა. უსიამო პრობლემები მსოფლიო ჩემპიონობამ და "ბარსელონასთან" გაფორმებულმა კონტრაქტმა ერთიანად დამავიწყა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010