საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლისაბონში ევროპის B დივიზიონის ჩემპიონობა მოიპოვა და ელიტაში - A დივიზიონში აღზევდა. გუშინ კაფე "მსოფლიო სპორტში" ლისაბონური წარმატების შემოქმედნი სრული შემადგენლობით ვიხილეთ.
ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი აცხადებდა, ჩვენთვის არავის დაუსახავს მიზნად A დივიზიონში გადასვლაო. მაგრამ მადა ჭამაში მოდის. გუშინ უსტიაშვილი და მისი ბიჭები ამბობდნენ, გამარჯვების გვჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებდით, რა თამაშებიც გველოდაო.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატება იმითაცაა აღსანიშნავი, რომ ლისაბონამდე მხოლოდ ერთთვიანი შეკრება გაიარეს. იქ კი, ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფლებმა, რაც გააკეთეს, ყველამ ვიცით - ჰოლანდია, ფინეთი, პოლონეთი, უკრაინა, ჩეხეთი, შემდეგ ისევ ფინეთი ნახევარფინალში და ფინალი მაკედონიასთან. ევროპის ჩემპიონატების ფინალებისგან შორს მყოფმა საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონის ჩემპიონის თასი დაისაკუთრა! არადა, მეორე ადგილიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაისად ელიტაში გადავსულიყავით, მაგრამ გამარჯვებასთან ახლოს მყოფმა საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა.
"ჩვენ ერთ გუნდად ვიყავით შეკრული და ალბათ ამან გაგვამარჯვებინა, - ამბობს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე, რომელიც შარშან მიღებული ტრავმის შემდეგ ლისაბონში პირველად გავიდა მოედანზე, - ევროპის ჩემპიონატამდე ფინეთმა და მაკედონიამ, ჩვენგან განსხვავებით, არაერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს და მაინც მოუვუგეთ".
ნაკრების ლიდერი ერთადერთი არ არის, რომელიც პორტუგალიაში აღიარეს. სანიკიძესთან ერთად სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს ლაშა გამყრელიძეც, როგორც საუკეთესო გამთამაშებელი.
გაისად დიდი კალათბურთი გველის...
















































































მთავარი
კონტაქტი




2010