ამომავალი მზის ქვეყანაში 24 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. ტურნირი საინტერესო იქნება, რადგან იაპონიაში მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელები შეგროვდებიან. ყველაზე დიდ ინტერესს აშშ-ს ნაკრები იწვევს. ეგრეთ წოდებული "დრიმ ტიმი" შეეცდება ბოლო წლებში შელახული პრესტიჟი აღიდგინოს. შეგახსენებთ, რომ NBA-ს ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ვერც იოლმპიურ თამაშებზე გამოიჩინა თავი და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე. საერთოდ, ბოლო დროს მითი ამერიკელ კალათბურთელთა უძლეველობის შესახებ აღარ არსებობს. მეტიც, თუ ოლიმპიურ თამაშებს და ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს გავიხსენებთ, აშშ-ს ნაკრები ერთი საშუალო დონის გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ცხადია, ამერიკელები შეეცდებიან თავისი უპირატესობის დამტკიცებას, მით უმეტეს, რომ ნაკრებში თამაშზე ტოპ-ვარსკვლავებმა უარი არ თქვეს.
გუშინ აშშ-ს ნაკრების მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ დაასახელა ის კალათბურთელები, რომლებიც ამერიკის საკალათბურთო ღირსებას დაიცავენ ამომავალი მზის ქვეყანაში.
აშშ-ს ნაკრები ასე გამოიყურება: კარმელო ენტონი (დენვერი), ჟილბერტ არენასი (ვაშინგტონი), შონ ბატიე (ჰიუსტონი), კრის ბოში (ტორონტო), ბრიუს ბოუენი (სან ანტონიო), ელტონ ბრენდი (კლიპერსი), კირკ ჰაინრიხი (ჩიკაგო). დუაიტ ჰოვარდი (ორლანდო), ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი), ანტუან ჯემისონი (ვაშინგტონი), ჯო ჯონსონი (ატლანტა), ბრედ მილერი (საკრამენტო), კრის პოლი (ნიუ ორლეანი), ამარე სტუდმაიერი (ფენიქსი), დუეინ ვეიდი (მაიამი).
მართალია, ნაკრებში ვერ მოხვდნენ შაკილ ონილი, კობი ბრაიანტი, ალენ აივერსონი და სხვა ვარსკვლავები, მაგრამ ალბათ არც ზემოთ ჩამოთვლილი შემადგენლობაა ურიგო. თუნდაც ლებრონ ჯეიმსის, დუეინ ვეიდისა და კარმელო ენტონის ტრიო რად ღირს. სამივე კალათბურთელმა გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა, ვეიდმა კი "მაიამის" ჩემპიონობაში შეიტანა ლომის წილი, თუმცა უნდა ითქვას, რომ კრჟიჟევსკის გუნდის მთავარი ვარსკვლავი მაინც ლებრონ ჯეიმსი იქნება.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010