"ჰოკენჰაიმისა" და "ნიურბურგრინგის" მესვეურებმა ერთმანეთში მოილაპარაკეს: "დიდ პრიზი" ძმურად გავიყოთ - ყოველწლიურად ვუმასპინძლოთ, მაგრამ რიგ-რიგობითო. ასე რომ, გერმანული ტრასების ხელმძღვანელებს გადაწყვეტილი აქვთ ერთობლივი წინადადებით მიმართონ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასა (ფია) და ფორმულა 1-ის ბოსს ბერნი ეკლსტოუნს. მოლაპარაკების მაგიდასთან მისხდომამდე კი დღეები რჩება. ეს შეხვედრა 30 ივლისს, "გერმანიის დიდი პრიზზე" იგეგმება.
მიმდინარე კვირას "ჰოკენჰაიმის" წარმომადგენელმა აღიარა, ჩვენი ტრასა კალენდრიდან 2007 წელს ამოვარდებაო. "ნიურბურგრინგის" შეფი ვალტერ კაფიტცი აცხადებს, რომ ტრასები მონაცვლეობით უმასპინძლებენ რბოლებს.
ევროპული ტრასების შეკვეცა რომ გარდაუვალია, ეს ცხადია. ფია-ს პრეზიდენტი ამბობს: ვინაიდან მსოფლიო კალენდარში ახალ ქვეყნებს სურთ შემოსვლა, ევროპაში დიდი პრიზები შემცირდებაო.
ამასობაში ნორბერტ ჰაუგი "მერსედესიდან" გერმანიის დიდი პრიზის" სხვადასხვა ტრასებზე ჩატარების იდეას აკრიტიკებს.
"ჩემი აზრით, გერმანია იმსახურებს ორ "დიდ პრიზს", - ჰაუგის სიტყვები იშველიებს Auto Motor Und Sport და იქვე განმარტავს, თუ რატომ არ უნდა ჩამოერთვას გერმანიას დიდი პრიზები, - ფორმულა 1-ის საჯინიბოებში ოთხი გერმანელი მრბოლია. არსებობს BMW და "მერსედესი". არც ერთი ქვეყანა არ არის წარმოდგენილი სამეფო რბოლებში ისე, როგორც გერმანია". ნორბერტ ჰაუგისგან განსხვავებით, "გერმანიის დიდი პრიზის" მონაცვლეობით მასპინძლობის იდეას მხარს უჭერს კოლეგა BMW-დან მარიო ტეისენი.
"გერმანელი მანქანათმშენებლისთვის ფუფუნებაა ჰქონდეს ორი "დიდი პრიზი". ვინაიდან BMW საერთაშორისო კომპანიაა, ჩვენს ინტერესებშია ფორმულა 1-ს გზა გავუხსნათ მზარდი ბაზრისკენ".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010