ფეხბურთი მართლაც სიკვდილზე მნიშვნელოვანია, თუ "ჰამბურგის" მაგალითს გავითვალისწინებთ. გერმანული კლუბი ახალ სტადიონზე დასახლდა, რითაც თავის ცოცხალ გულშემატკივრებს ახარებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა არც წასულებს ივიწყებს და ამ მიზნით გარდაცვლილი ქომაგებისთვის ახალი სარბიელის გვერდით საგანგებო სასაფლაო გახსნა.
"ეს იქნება ადგილი, სადაც "ჰამბურგის" ღირსეული გულშემატკივარი კლუბთან ახლოს სამუდამოდ დაიდებს ბინას", - განაცხადა გუნდის პრეზიდენტმა კრისტიან რაიჰერტმა.
აი, სევილიაში კი გულშემატკივრებთან დაკავშირებით საქმე სხვაგვარადაა. მაისში უეფას თასის მოგების შემდეგ სევილიელი ფანები, ცოტა არ იყოს, მოდუნდნენ და კლუბის ხელმძღვანელობამ მათი მოზიდვის მიზნით ფსიქოლოგიურ ხერხს მიმართა. "სევილიას" მიერ დაქირავებული თვითმფრინავი ანდალუსიის პლაჟის თავზე მობმული ტრაფარეტით დაფრინავს: "ნუ გაწევრიანდებით ჩვენს ფან-კლუბში. აქ თქვენთვის ადგილი აღარ არის". ერთი ეგაა, სანაპიროზე მყოფი სევილიელები ჯერჯერობით გარუჯვას ამჯობინებენ.
მზისა და სიცხის მოყვარული აღმოჩნდა დიეგო ტრისტანიც, რომელმაც "სელტიკში" გადასვლაზე უარი თქვა. ეს უარი ფეხბურთელმა შოტლანდიური ცივი კლიმატით ახსნა.
"არც შოტლანდიაში და არც საერთოდ ჩრდილოეთ ევროპაში არასოდეს ვითამაშებ, რადგან იქ ჩემთვის ძალიან ცივა", - განაცხადა "დეპორტივოს" თავდამსხმელმა.
გასულ კვირას კიდევ ერთი ტრანსფერი ჩაიშალა - "ლივერპულის" ექს-ნახევარმცველმა, გერმანელმა დიტმარ ჰამანმა "ბოლტონში" გადასვლაზე ბოლო წუთს განაცხადა უარი. მიზეზი მეტად საინტერესო გახლავთ.
ინგლისური გამოცემა "სანის" მტკიცებით, ერთ საღამოს ჰამანი "ბოლტონის" სტადიონის გვერდით მდებარე ბარში შევიდა და... ნეტა არ შესულიყო. გერმანელმა შემთხვევით გვერდით მაგიდასთან მსხდომთა საუბარს მოჰკრა ყური: "ცუდი ფეხბურთელი არ არის ჰამანი. თან კარგი ინგლისურიც იცის. მაგრამ ზედმეტად ლივერპულური აქცენტი აქვს და ჩვენ, ბოლტონელებს ვერ გაგვიგებს", - ამბობდნენ "ბოლტონის" ფანები.
დიტმარ ჰამანმა, რომელიც მანამდეც ყოყმანობდა "ბოლტონში" გადასვლას, მეორე დღეს "ბოლტონს" უარი შეუთვალა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "მანჩესტერ სიტისთან".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010