მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი FIDE-ს ოფიციალურ კალენდარში შეტანილი არ არის, ცხადია, ის მაინც უდიდეს ინტერესს გამოიწვევს საჭადრაკო სამყაროში. ხუმრობა ხომ არ არის: ტურნირის ორგანიზატორებმა შეძლეს და შეკრიბეს მოჭადრაკეები, რომლებმაც, ფაქტობრივად, მთელი ეპოქა შექმნეს. ვიქტორ კორჩნოისა და ანატოლი კარპოვის ორი მატჩი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის და კასპაროვ-კარპოვის ხუთი ორთაბრძოლა პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულის მოსაპოვებლად ჭადრაკის კლასიკად იქცა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურაა იუდიტ პოლგარი. 1991 წელს 15 წლის ასაკში ის მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერი გახდა. იუდიტმა ამერიკელი ბობი ფიშერის რეკორდი დაამყარა. იუდიტი ქალთა ტურნირებში თითქმის არ თამაშობდა - ვუნდერკინდი გოგონა ტოლს არ უდებდა მამაკაცებს.
განსაკუთრებულ ინტერესს კი, ცხადია, გარი კასპაროვის მონაწილეობა გამოიწვევს. გასული წლის მარტში ლინარესის ტურნირის მოგების შემდეგ მსოფლიოს მე-13 ჩემპიონმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და მთლიანად პოლიტიკაში გადაერთო (კასპაროვი რუსეთში მოძრაობა გაერთიანებული სახალხო ფრონტის ლიდერია).
ციურიხში გასამართ ტურნირს თავად კასპაროვი ჭადრაკში დაბრუნებას არ უწოდებს. "ჩემთვის ცოტა უხერხულიც იყო, რომ კორჩნოიზე ადრე დავასრულე კარიერა. პირველად მას 1982 წელს ლიუცერნში დავუპირისპირდი. მაშინ მე 15 წლის ვიყავი, კორჩნოი კი - 51-ის. ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ მე პენსიაზე გავედი, ის კი კვლავ აგრძელებს პროფესიულ კარიერას? ასეა თუ ისე, ეს ტურნირი ძველ დროს გამახსენებს, იმ დიდ ბატალიებს, რომლებიც გამართული მაქვს. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიულ ჭადრაკში ვბრუნდები", - აცხადებს კასპაროვი.
ჩვენი მხრივ კი დავამატებთ: ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ტურნირში მონაწილეობისთვის ლეგენდარული მოჭადრაკეები სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებენ. ორგანიზატორები თანხის რაოდენობას არ ასახელებენ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010