ცისკრის ვარსკვლავი ჟიკჟიკებს,
მაღლა ნაკლული მთვარეა,
გაზაფხულია, მარიამ!
აფრინდა, თეთრი ტყემალი -
კარღია დარჩათ გალია,
გაზაფხულია, მარიამ!
მიტოვებული საფლავის
პატრონი, შემამკობელი,
გაზაფხულია, მარიამ!
ამ ჩემი საწყალი ლექსის
გულდათუთქული მშობელიც,
გაზაფხულია, მარიამ!
სიცოცხლე რა ხანმოკლეა,
სიკვდილი როგორ მალეა,
გაზაფხულია, მარიამ!
ბედნიერი ხარ ქალწულო,
შარავანდედი გავლია,
ორიათასი წლის ბიჭი,
კალთაში გიზის, მარიამ...
სადაც კი ფეხი დაადგი,
ნატერფალებიც ჰყვავიან...
გაზაფხულია, მარიამ!
2001
ობოლი
ვიცი, მშიერს ვერ გააძღობს,
რაც არ უნდა ბევრი მიქონ.
სამარეზე დასადგმელად
ვაკოწიწებ ტანჯვით სტრიქონს.
მაინც ვუშვებ საწანწალოდ,
ფარჩის ნაცვლად ვაცმევ ჯვალოს,
იქნებ ვინმემ შეიფაროს,
ობლის ცრემლი შეუმშრალოს.
1999
დედა
თავის ფრთების ქვეშ ვეღარ გვაგროვებს,
ვერ დაგვტრიალებს თავზე კრიახით -
მოკვდა კრუხი და
დაიფანტნენ წიწილები...
ზოგჯერ სიზმრად თუ მომეჩვენება,
აღმართის თავში დაყუდებული, -
თეთრ, გაუკვალავ თოვლზე დასმული
ხელჯოხიანი კითხვის ნიშანი...
მოკვდა კრუხი და
დაიფანტნენ წიწილები...
2000
* * *
გარეთ ყინავს, ოთახში
მაშრობს სიცხის ბუღი.
სადღაც კუშტი დურგალი
რანდავს ფიცარს მუხის.
სულ არ ნაღვლობს,
მე რომ აქ
ლამის გავიგუდო,
ისე მშვიდად ამზადებს
ჩემთვის გამძლე კუბოს.
ვყვირი:
- რატომ მიმეტებ,
შე ურჯულო, შენა,
როცა ქვასაც ატირებს
ჩემი ფოთოლცვენა.
ცოტა პურს წაატეხე,
ცოტაც გადახუხე.
შენი ხერხის პრიალზე
აჟრიალებთ მუხებს.
გინდა? კიდევ ჩაცეცხლე,
და ილოცე, მთვრალო,
უფრო მეტი აკვანი,
რომ რანდო და თალო...
ვყვირი:
- გათბით, შვილებო,
აქ მოგროვდით ყველა -
იწვის სული სხეულში,
როგორც ბურბუშელა...
შენ კი, არ წაიხდინო
ხელი, არყის ჩარჩო,
აბა, როგორ "ჩამაცმევ",
როგორ "გამომაწყობ".
მაგრად შეჰკარ, დურგალო,
გაჩენილო ნავსად,
რომ მაგ კიდობანიდან,
არ გაგექცე არსად.
1999
ნაწყვეტი დიალოგიდან
...მერე რა მნიშვნელობა აქვს,
როცა "გავიხდი",
ამ ძონძს სად დააგდებთ -
პანთეონში თუ
სოფლის ღარიბ სასაფლაოზე.
თუ ძაღლები გაგლეჯენ და
ქუჩა-ქუჩა არბენინებენ,
რომ შეაშინონ ისინი,
ვისაც
ჯერკიდევ არ გაუძვრიათ
თავისი ძონძი
და სიცოცხლეს კბილებით ებღაუჭებიან.
2000
* * *
ცხოვრება ეს იყო, ეს არის,
მპარავი, ცბიერი, მგესლავი.
შენსავით ვერავინ მიმღერებს,
ვერავინ გამათბობს შენსავით.
შენს სიცილს წკრიალით ვინ ფანტავს,
მიწაზე ფეხს რომ არ აკარებ,
ამოდი, მინდვრების ინფანტავ,
ეს ერთი მაისიც მახარე.
თითებში ჩატყდება ფანქარი,
ვაი, შენ, უმანკო ტიტინო -
ამ წვიმით,
ამ სევდით,
ამ ქარით
დავსხდეთ და წარსული ვიტიროთ.
ცისთვალას სანთლები კვესავენ,
ხნულში დგას მაისის ნათლია,
ფერმკრთალო,
შემკრთალო კესანე,
შენ მაინც მიგლოვე, მადლია...
2001
















































































მთავარი
კონტაქტი




2010