საკმაოდ ხმაურიანად და ზედმეტად პოლიტიზებულად შეიძლება შეფასდეს 2009 წელი. ომგამოვლილ ქვეყანას ასეთი ვნებათაღელვის დღეები რომ დაუდგებოდა, მეტ-ნაკლებად ყველა ელოდა, მაგრამ ამ წელს არათუ პოლიტიკაში, არამედ ხელოვნებაშიც განსაკუთრებულად უხვად შეიჭრა პოლიტიკური ელემენტები და მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მასზე.
კულტურული კუთხითა და მიღწევებით დატვირთულ საქართველოს ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოუწყეს ჰოლივუდელებმა. "კერკეტი კაკლის" ერთ-ერთი სერიის რეჟისორმა რენე ჰარლინგმა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ყველაზე დიდი რეზონანსი მაღალანაზღაურებადი მსახიობის ენდი გარსიას თბილისში ჩამოსვლას მოჰყვა. მან პრეზიდენტი სააკაშვილი განასახიერა და სულ რაღაც ათწუთიანი როლის შესრულებისთვის 4 მილიონი დოლარიც "დაირტყა".
ფილმის გადასაღებად ეწვივნენ ჩვენს ქვეყანას ჰოლივუდელი ველ კილმერი და მისი თაყვანისმცემელი რუპერტ ფრენდი. ფილმი ასევე რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მოგვითხრობს, თუმცა ამ ფილმების პრემიერა საქართველოში ჯერ არ შემდგარა. სამაგიეროდ, უცხოეთის კინომოყვარულთა გულების დაპყრობა ქართველმა რეჟისორებმა სცადეს. ყველაზე მეტი ემოცია გიორგი ოვაშვილის "გაღმა ნაპირს" ერგო, რომელიც ქართულ-აფხაზური ომის ტრაგედიას ასახავს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პატარა თედო ბექაურის სახე, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად აღიარეს.
აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესის კინოსკოლის ქართველი სტუდენტი ნიკა ხომასურიძე საკურსო ნამუშევარს "დიდგორის ომის" შესახებ იღებდა. ფილმის პრემიერა საქართველოში ჯერ ვერ შედგა, სამაგიეროდ ამერიკამ "დიდგორი" იხილა და საფესტივალო ჩვენებებზეც კრიტიკოსთა სიმპათია დაიმსახურა.
ხელოვნების დარგში ჩახედულ ადამიანებს, ალბათ, კარგად ემახსოვრებათ თეატრალური ფესტივალების "ომი" თბილისში. რეჟისორ ქეთი დოლიძის დაარსებულ ფესტივალს "საჩუქარი" თბილისის მერია აფინანსებდა და უამრავი თეატრალური დასი სტუმრობდა ქალაქს. მაგრამ 2009 წელს გაოპოზიციონერებული რეჟისორის დაფინანსება არ ისურვა ხელისუფლებამ და გიგი უგულავას პატრონატით ახალი თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც ქეთი დოლიძის დიდი გულისწყრომა მოჰყვა.
მართალია, გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ზეგავლენა მოახდინა, თუმცა ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას ძალისხმევითა და ფინანსური ხელშეწყობით ხობში "მეგრული სიმღერის" ფესტივალი მეოთხედ აღინიშნა. გაიმართა კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას ბენეფისი "ივერიელების" მონაწილეობით, რომელსაც კომპოზიტორი ვერ დაესწრო. რამდენიმე ხანში 67 წლის ალექსანდრე ბასილაია ხანგრძლივი ავადმყოფბის შემდეგ გერმანიაში გარდაიცვალა.
2009 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი მედეა ჩახავა, რომელსაც სამუდამო განსასვენებელი ცნობილი მოღვაწის ვახუშტი კოტეტიშვილისა და მწერალ ნუგზარ შატაიძის გვერდით მიუჩინეს დიდუბის პანთეონში.
ტრაგედიით დამთავრდა "მაგთისა" და "რუსთავი-2"-ის ერთობლივი პროექტი "ვარსკვლავების აკადემია". სანდრო ეულის ქუჩაზე დილის ხუთ საათზე "ვარსკვლავების აკადემიის" ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომელსაც ორი მემონტაჟის ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას სიცოცხლე შეეწირა.
ამაზე მეტი ვნებათაღელვა მოჰყვა მოსკოვში დაგეგმილ "ევროვიზიის" სატელევიზიო კონკურსს, რომელიც ქართველებმა გააპოლიტიკურეს და "ვი ვონთ ვონა პუთ ინ" იმღერეს. ეს ინგლისური მიგნება რუსულად "პუტინს", ხოლო ქართულ თარგმანში "შედებას" ნიშნავს. ბუნებრივია, რუსებმა ტექსტი დაიწუნეს, რათა ვოვასთვის ნერვები არ აეშალათ. აშკარად პოლიტიკურ ჭრილში გადაწყვეტილი სიმღერის გამო ჩაეშალათ მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი ფესტივალში მონაწილე სტეფანეს და ე. წ. "სამ გოგოს" (ნინი ბადურაშვილი, ქრისტი იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძე). "ამ ხულიგნებს ამ სიმღერას მოსკოვის სცენაზე არავინ ამღერებსო", მაგრამ სამაგიეროდ თბილისში ჩატარდა "დიდი" ევროვიზიის ალტერნატივა "ეიშდშთშ წაეუტ შფკ ფდეუკმშთშწტშ". ეს იყო ღია პროტესტი, რითაც კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა პატარა საქართველო დიდ რუსეთს.
ალბათ, ხელოვნებისა და პოლიტიკის აღრევის კულმინაცია იყო "უცნობის" არჩევანი, როცა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ სიმღერას პოლიტიკა არჩია, უარი თქვა შოუ-ბიზნესზე და თოქ-შოუ "მე-5 საკანში" თავი "დაიპატიმრა". წესით, ციხიდან უცნობი სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლამდე არ უნდა გამოსულიყო, მაგრამ ამ პროცესმა ისე ხანგრძლივად გასტანა, რომ მომღერალს ნერვებმა უმტყუნა. "საკანი #5"-ის დეკორაცია ხუხულასავით დაინგრა, მაგრამ ჯერჯერობით მყარად დგას ფასადური ხელისუფლება, რომელიც ხუხულაა, მაგრამ დანგრევას სულაც არ გეგმავს...
"უცნობისგან" განსხვავებით, შოუ-ბიზნესიდან პირდაპირ ჩინოვნიკად იქცა ქართველი "ვარსკვლავი" ნინა წკრიალაშვილი. მისი მუსიკალური კარიერისა რა გითხრათ, თუმცა ჟურნალ "ფლეიბოიში" გაშიშვლების შემდეგ პოპულარობას კიდევ უფრო მეტი "შარმი " შემატა. ნინა კულტურის სამინისტროში კულტურული ღონისძიებების სამმართველოს უფროსი გახდა. "ჩინოვნიკის" ამპლუაშიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს, სანამ ამ სტრუქტურაში "ქოფაკი" მარინა ბერიძე არ მოევლინებოდა უფროსად, რომელიც "ნინას" მსგავსი შოუ-მომღერლების დიდი მტერია.
როგორც ყოველთვის, 2009 წლის კულტურულ მოვლენებს არაპოლიტიკური "ჯეოსტარი" დაასრულებს. ახალი წლის შემობრძანებამდე რამდენიმე საათით ადრე მუსიკალური კონკურსი გამარჯვებულ ახალგაზრდა მომღერალს გამოავლენს. რაც ამ "ჯეოსტარს" სიურპრიზებისა და ჯილდოების სახით ელოდება, ისეთივე უამრავ სიურპრიზს, სიხარულსა და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მკითხველს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010