მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-01-05
ბომბარდირი... ნახევარმცველი
...80-90-იანი წლების ცნობილ ქართველ ფეხბურთელს, დღესდღეობით ბოლნისის სიონის მთავარ მწვრთნელს ოთარ კორღალიძეს 2 იანვარს ლამაზი იუბილე ჰქონდა - 50 წელი შეუსრულდა!

...ბედობა-დღეს დაბადებულ ადამიანს, როგორც ამბობენ, იღბალმა ზურგი არ უნდა შეაქციოსო; ერთი მხრივ, ოთარ კორღალიძეს, მართლაც, საამაყოდ აქვს საქმე: საკმაოდ ხანგრძლივი, 22-წლიანი კარიერის განმავლობაში ქართველი გულშემატკივრებისთვის არაერთი ბედნიერი წუთი უჩუქებია. ჯერ ის ვთქვათ, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი იყო; ჰო, მსგავსი ბომბარდირული თვისებებით დაჯილდოებული შუახაზის სხვა ქართველი მოთამაშე ვერც გაგვიხსენებია: საკავშირო ჩემპიონატების უმაღლეს, პირველ და მეორე ლიგაში ასამდე გოლს, მერე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 105 გოლი მიუმატა! თანაც, 30 წელს გადაცილებული კორღალიძე გახლდათ პირველი ფეხბურთელი, საქართველოს ჩემპიონატში 100 გოლის გატანა რომ მოახერხა; ორჯერ კი, მართლაც, ჩინებული მაჩვენებლით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად მოგვევლინა: ერთწრიან პირველობაზე 18 მატჩში 14 გოლი გაიტანა, მომდევნო, მესამე ჩემპიონატში კი 35 შეხვედრაში - 40 გოლი!

...კლასიკური ათი ნომერი იყო - მოედნის ცენტრში დიდ დიაპაზონზე რომ მოქმედებდა და პასის ჩინებული კულტურით რომ გამოირჩეოდა. ასეთი ამპლუის ფეხბურთელები (დღეს რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობენ) კი, როგორც წესი, ლიდერის თვისებით უნდა იყვნენ დაჯილდოებულნი. თითქმის ყველგან, სადაც კი უთამაშია, კორღალიძე გუნდის ლიდერი იყო (განსაკუთრებით - ქუთაისის ტორპედოში); სამწუხაროდ, ერთადერთი გუნდი, სადაც

მისი ნიჭი ბოლომდე ვერ გამოვლინდა, თბილისის დინამო იყო. თანაც, ჩვენ უპირველეს გუნდში მას რამდენჯერმე უხმეს, მაგრამ, გარკვეულ მიზეზთა გამო, კორღალიძისთვის დინამო... საკუთარი გუნდი ვერ აღმოჩნდა (ამ მხრივ ჩვენი იუბილარი არც პირველია და არც უკანასკნელი)...

...კარიერის ბოლოსკენ უცხოეთშიც იასპარეზა; მერე, ყველასთვის მოულოდნელად მცირე ხნით დინამოში დაბრუნდა; ისევ უცხოეთი, კვლავ საქართველოში ჩამოსვლა და გურიას შემადგენლობაში... საკუთარ ვაჟთან გვერდი-გვერდ თამაში!

1997 წლის 27 მარტს, ბოლნისის სიონთან მატჩის მერე, 38 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მას მერე სამწვრთნელო ასპარეზზეა და ამ ამპლუაშიც მეტ-ნაკლები წარმატება აქვს. თუმცა იუბილარ რესპოდენტთან კითხვების უმრავლესობა... საფეხბურთო კარიერასთან დაკავშირებით გვქონდა. კარიერასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 22 წელიწადი რომ გრძელდებოდა...

- თავდაპირველად, ტრადიციული კითხვა - ფეხბურთის თამაში სად დაიწყეთ?

- წარმოშობით ზოგს ლანჩხუთელი ვგონივარ, ზოგს - ქუთაისელი; არადა, თბილისში, ვაკეში დავიბადე და გავიზარდე. ფეხბურთის თამაშიც იქვე, მაშინდელი სტუდქალაქის სტადიონზე თენგიზ მელაშვილთან დავიწყე; მერე, 35-ე სკოლაში გადავედი და იქ უკვე კოტე ოდიკაძე და გოგი მამალაძე მავარჯიშებდნენ. სკოლის დამთავრების მერე კი თბილისის დინამოში მიმიწვიეს.

- ჯერ, ალბათ, დუბლებთან ვარჯიშობდით?

- მოსამზადებელი ეტაპი ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ძირითად გუნდთან ერთად გავიარე, თუმცა 17 წლის ბიჭს დინამოში მოხვედრის ილუზია არც მქონდა. სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ლანჩხუთის გურიაში გამიშვეს, სადაც სამი წლის განმავლობაში ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი და ისეთი გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ვთამაშობდი, როგორებიც იყვნენ: ბესო მჭედლიშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, გია თავაძე, ზურაბ ნემსაძე, ანზორ ჯინჭარაძე.

- მაშინდელ გურიაზე, საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში რომ ასპარეზობდა, ლეგენდები დადიოდა...

- კულისებში რა და როგორ ხდებოდა, ჩემთვის უცნობი იყო. თუმცა, იმასაც ნუ დაივიწყებენ, რომ ძლიერი გუნდი იყო და მეორე ლიგაში მუდამ ლიდერებს შორის იყო.

- 1980 წელს ისევ დინამოში დაბრუნდით. კარგად გვახსოვს: ბევრს ეგონა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოლებდით.

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ დინამოს დუბლშემადგენლობაში თამაშიც სერიოზულ დონეს ნიშნავდა. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მქონდა ძირითადში მეთამაშა, მაგრამ... ალბათ, რაღაც საკითხებში ჩემი ბრალიც იყო - შესაძლოა, საკუთარ თავს დავაკელი კიდეც. ხშირად ყოფილა, დუბლებში წარმატებული თამაშის მერე ძირითადში გამოძახებას ველოდი, თუმცა, ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, ასე არ მომხდარა...

- მაშინდელ დინამოში ხომ, მართლაც, არანორმალური კონკურენცია იყო. თანაც, თქვენ პოზიციაზე...

- გეთანხმებით, მაგრამ იმავე დავით ყიფიანს ღირსეული შემცვლელი ხომ სჭირდებოდა? ამ როლისთვის კი გრიგოლ ცაავას ამზადებდნენ, ასე რომ, ფაქტობრივად, ზედმეტი ვრჩებოდი. თუმცა, მიმაჩნია, ცაავასთვისაც უკეთესი იქნებოდა, სერიოზული კონკურენცია რომ გამეწია. ისე კი, უკონკურენტოდ დარჩა.

- დუბლების მერე ისევ მეორე ლიგას დაუბრუნდით. მაშინდელ თბილისის ლოკომოტივზეც გვითხარით.

- ნოდარ ახალკაცის უშუალო ჩარევით ამ გუნდის მთავარ მწვრთნელად ზორბეგ ებრალიძე დაინიშნა და დინამოს დუბლებიდანაც რამდენიმე ფეხბურთელი დავემატეთ: ილია რუხაძე, რამაზ მუმლაძე, მალხაზ ლაცაბიძე, ხვიჩა ქასრაშვილი, რომიკო შოთაძე. ხშირად ყოფილა, რომ მეორე ლიგის კალენდარული მატჩების მერე კვლავაც დინამოს დუბლებში გვიძახებდნენ; რა თქმა უნდა, გამოცდილებას ვიძენდი, მაგრამ 22 წლის ასაკში უფრო სერიოზულ დონეზე თამაშს ვფიქრობდი.

- და, ეს ნატვრაც მალე აგისრულდათ: საყოველთაო აზრით, ფეხბურთელმა-კორღალიძემ საკუთარ გუნდს ქუთაისში მიაგნო.

- გეთანხმებით - მეც მიმაჩნია, რომ სწორედ ტორპედოში შევძელი ყველაზე უკეთ ჩემი შესაძლებლობების რეალიზება. ამაში კი უდიდესი დამსახურება გივი ნოდიას მიუძღვის - ადრე დინამოს დუბლებიდან მიცნობდა, მაგრამ ქუთაისში მთავარ მწვრთნელად დანიშვნისთანავე უდიდესი ნდობა გამომიცხადა და სულაც გუნდის კაპიტნად დამნიშნა! არ დაგავიწყდეთ, რომ ტორპედო უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და ის სეზონი ღირსეულადაც ვითამაშეთ.

- სამაგიეროდ, მომდევნო სეზონი ტორპედომ წარუმატებლად ითამაშა და პირველ ლიგაში გავარდა.

- ბევრი მიზეზი იყო: ჯერ ერთი, გივი ნოდია არ უნდა გაეთავისუფლებინათ; ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ აშკარად შეიცვალა თვითონ ქუთაისში გუნდის მიმართ დამოკიდებულება. დაახლოებით იგივე მოხდა სამი წლის მერეც. ალბათ, გეხსომებათ ქუთაისის ქალაქკომის პირველი მდივანი მამუკა ასლანიკაშვილი - ტორპედოს ფაქტობრივი მამა-მარჩენალი და უდიდესი გულშემატკივარი რომ იყო. სამწუხაროდ, მისი ტრაგიკული სიკვდილის მერე ჩვენ აღარავის ვახსოვდით... ამას გარდა, სტაჟიან ქომაგებს, ალბათ, ახსოვთ, თუ როგორი მძიმე სეზონი ჰქონდა იმავე 1983 წელს თბილისის დინამოს - მაგ გუნდს უმაღლესი ლიგიდან ვინ გააგდებდა და ჩვენც, ფაქტობრივად შეგუებული ვიყავით დაქვეითებას.

- უმაღლეს ლიგაში გატარებული ის პირველი ორი წელიწადი როგორ დაგამახსოვრდათ?

- რა თქმა უნდა, პირველ და მეორე ლიგასთან შედარებაც არ შეიძლებოდა. უპირველეს ყოვლისა, მოსამზადებელ პერიოდს ვგულისხმობ - დღეში სამჯერადი ვარჯიშის მერე ხანდახან ცრემლებიც კი წამოგვსვლია. თუმცა გივი ნოდია გვეუბნებოდა, რომ ასეთი დატვირთვების მერე უშუალოდ თამაშებში ყველაფერი გაგვიადვილდებოდა. ასეც ხდებოდა, მაგრამ მერე ტანჯვის მეორე სერია იწყებოდა - ზაფხულის შესვენება და ამჯერად უკვე ბაკურიანის ხსენება-დანახვა აღარ გვინდოდა. აბა, როგორია, კოხტაგორაზე არბენა-ჩამორბენა? თუმცა გივი ნოდიაც ჩვენთან ერთად დარბოდა და მისი შემხედვარე ვერც ვიზარმაცებდით.

- ტორპედოში ამის მერე კიდევ სამი წელი ითამაშეთ: ერთი - პირველ ლიგაში, ორი კი - უმაღლესში. თანაც, ამ ხნის განმავლობაში გუნდის უპირობო ლიდერი იყავით. გულახდილად გვითხარით - დინამოსკენ გული არ გიწევდათ?

- დავით ყიფიანი რომ დანიშნეს, ჯერ მაშინ დამიძახეს, მაგრამ უარი ვუთხარი. მერე, ნოდარ ახალკაცი რომ დაბრუნდა, ალექსანდრე კოტრიკაძის პირით შემომითვალა, რომ დინამოში ჩემი ხილვა სურდა. ეგ კი არა, გუნდის თამაში კორღალიძეზე უნდა ავაწყოო... ბევრი არც მიფიქრია - ტორპედოში კაპიტანი ვიყავი და ყველაფერი მაკმაყოფილებდა; დინამოში კი, დიდი შანსი იყო, კვლავაც სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩენილიყავი. თანაც, ცოტა ძველი წყენაც მქონდა გულში დარჩენილი და ამასთან, გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხიც იყო, დინამოში ბევრს რომ დამართნია...

- მოკლედ, ქუთაისში დარჩენა არ გინანიათ!

- ნამდვილად, არა - ჩემი კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ტორპედოში გავატარე. 1984 წელს პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირობამდე ორი გოლი დამაკლდა - მე 24 გავიტანე, რეზო ჩელებაძემ კი - 26.

- და მაინც, დინამოში დაბრუნდით.

- დინამოს მთავარ მწვრთნელად კახი ასათიანი დაინიშნა, რომელმაც თანაშემწედ გივი ნოდია მოიყვანა. სწორედ ნოდიას ფაქტორის გამო დავბრუნდი დინამოში, მაგრამ მე თვითონ ვატყობდი, რომ ისე ვეღარ ვთამაშობდი. ტორპედოში პირველი კაცი ვიყავი, აქ კი ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია, ოთარ გაბელია, ზაურ სვანაძე დამხვდნენ და მათ ჩრდილქვეშაც მოვექეცი. ძირითადშიც ხშირად ვთამაშობდი და რამდენიმე პრინციპული გოლიც შევაგდე, მაგრამ მაინც გარკვეულწილად შებორკილი ვიყავი.

- იმავე სეზონში დინამოში გერმან ზონინი მოვიდა. ამით თუ შეიცვალა რაიმე?

- სხვათა შორის,ზონინის მოსვლის მერე ფეხბურთელებმა უფრო მეტი თავისუფლება ვიგრძენით. სათამაშო დროც მეტი მომეცა, მაგრამ ერთი უცნაურობაც თან ახლდა - ზონინი გასვლით შეხვედრებში უფრო მენდობოდა, აი, საშინაო მატჩებში კი, როგორც წესი, შეცვლებზე მათამაშებდა. ასე იყო ევროტურნირებზეც, სადაც ორი წრე გავიარეთ და მხოლოდ ბრემენის ვერდერთან დავმარცხდით.

- მშვენიერი დრო გაიხსენეთ - მართლაც, არავის ეგონა, დინამო თუ ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა ოტო რეჰაგელის ვერდერს.

- ბევრს ახსოვს, ალბათ, ჩვენამდე ვერდერმა როგორ გაანადგურა მოსკოვის სპარტაკი. ჩვენც იმავეს გვიწინასწარმეტყველებდნენ, მით უმეტეს, რომ პირველ შეხვედრაში საწყის 20 წუთში უკვე ორი ბურთი გაგვიტანეს. მაგრამ მეორე ტაიმში რამაზ შენგელიამ ერთი ბურთი გაქვითა და თბილისში ერთბურთიანი სხვაობით გამარჯვებაც გვაწყობდა. არადა, ვიგებდით კიდეც და ანგარიშის შენარჩუნების ნაცვლად ისევ შეტევებს ვახორციელებდით. მერე კი სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და შემდეგ ეტაპზეც ისინი გავიდნენ.

- იმ მატჩის გმირი თავისუფლად შეიძლებოდა თქვენ ყოფილიყავით - ალბათ, დღესაც გახსოვთ ის, მართლაც, ასპროცენტიანი მომენტი, ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი... მეკარეს რომ გაარტყით...

- მახსოვს? მაგ მომენტს რა დამავიწყებს - გურულმა ჩამოაწოდა და სანამ თავით დავარტყამდი, კარებს გავხედე. ვერდერის მეკარემ ისეთი პოზიცია შეარჩია, ცარიელი კუთხე არც დამანახა - არადა, ჩემზე ძალიან ვის უნდოდა გოლის გატანა? სხვა მომენტიც გვქონდა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ თუ მოვიგებდით, ეს მხოლოდ მონდომების ხარჯზე იქნებოდა. აი, მეტოქე კი კლასის ხარჯზე გვეთამაშებოდა.

- მომდევნო სეზონში თქვენი და დინამოს გზები ისევ გაიყარა...

- ცუდი თვალით არც ზონინის მერე მოსული დავით ყიფიანი მიცქერდა, მაგრამ მე გადაწყვეტილი მქონდა დინამოდან წასვლა. ვთხოვე კიდეც გუნდის ხელმძღვანელობას ამის თაობაზე, მაგრამ ჯერ უარი მითხრეს; მერე კი მოსკოვის ტორპედოსთან წაგებული მატჩის შემდეგ... თხოვნა დააკმაყოფილეს - გია ფირცხალავასთან და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად მადლობა გადაგვიხადეს და გუნდიდან გაგვათავისუფლეს.

- 12-წლიანი პაუზის მერე ლანჩხუთის გურიას დაუბრუნდით, უმაღლეს ლიგაში გადმოსვლისთვის რომ იბრძოდა. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მაშინდელი გურია ერთობ სერიოზული გუნდი იყო.

- ტორპედოსი არ იყოს, გურიაში გატარებულ წლებსაც ყოველთვის დიდი სითბოთი ვიხსენებ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელმა მწვრთნელმა მიხეილ ფომენკომ ამპლუა შემიცვალა (ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე მათამაშებდა), უკმაყოფილების საბაბი არ მქონდა. გუნდი კი მართლაც, ძლიერი და, რაც მთავარია, მეგობრული იყო. იმასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას უდიდესი გამოცდილება გვქონდა მიღებული: ბადრი დანელია და გოჩა ტყებუჩავა დაცვის ფლანგებზე თამაშობდნენ, ნახევარდაცვის ცენტრში დათო ცომაია და მერაბ ჟორდანია, მარცხნივ ბესიკ ფრიდონაშვილი, თავდასხმაში კი - გია გურული და ვიქტორ ხლუსი. მოკლედ, აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რომ 1989 წლის პირველი ლიგის გათამაშებაში პირველ-მეორე ადგილები მოსკოვის ცსკა-მ და გურიამ მოიპოვეს.

- თუმცა მომდევნო წელიწადს, საკავშირო უმაღლესი ლიგის ნაცვლად სხვა გათამაშებაში ჩაებით. თანაც, ერთ-ერთი პირველნი, ვინც აქტიურად უჭერდნენ მხარს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას, სწორედ ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები იყვნენ.

- სხვანაირად ვერც მოვიქცეოდით. მით უმეტეს, 9 აპრილის მერე მორალური უფლებაც არ გვქონდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გვეთამაშა. პირადად ჩემთვის კი საქართველოს ჩემპიონატში კარიერის ახალი და გამორჩეული ეტაპი დაიწყო. პირველივე გათამაშებაში ვერცხლის მედლები და საქართველოს თასი მოვიპოვეთ; მერე, ზედიზედ ორჯერ საუკეთესო ბომბარდირი გავხდი.

- ანუ, მოტივაცია კიდევ გქონდათ?

- მიმაჩნია, რომ სანამ ფეხბურთელი კარიერას დაასრულებს, მოტივაცია ყოველთვის უნდა ჰქონდეს. აღარაფერს ვამბობ იმ მომენტზე, ვარჯიშის მერე ინდივიდუალურად მომზადება რომ ჰქვია. ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არ მახსოვს შემთხვევა, ვარჯიშის მერე ნახევარი საათით არ დავრჩენილიყავი...

- ბომბარდირობას დავუბრუნდეთ - საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი იყავით, მეასე გოლი რომ გაიტანეთ.

- აქამდე არასდროს მითქვამს და დღეს მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო. საბჭოთა კავშირის დროს ასი გოლი პირველად გრიგორი ფედოტოვმა გაიტანა და ბომბარდირთა ასიანთა კლუბს მისი სახელი დაარქვეს. ენაცვალოს ჩემი თავი რამაზ შენგელიას, მაგრამ ჩვენთან პირველად ხომ მე გავიტანე ასი გოლი და რატომ უნდა ერქვას შენგელიას სახელობის ასიანთა კლუბი?..

- თქვენს უცხოურ კარიერაზეც ვისაუბროთ: სხვადასხვა დროს აზერბაიჯანიც იყო და ესტონეთიც, მაგრამ, ამჯერად გვინდა რომ ავსტრიაში გატარებული პერიოდი გაიხსენოთ.

- ნახევარი წელიწადი ზალცბურგში ვთამაშობდი, მერე კი ვინერ შპორტკლუბში. ისეთი სიტუაცია იყო, რომ... ასაკის გადაკეთება მომიხდა და ავსტრიაში ხუთი წლით უმცროსი(!) გავემგზავრე. მერე კი მართლაც კურიოზულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი - ცოლ-შვილი ჩამომივიდა და ლევანი უკვე 15 წლის იყო, მე კი, გადაკეთებული საბუთებით... 30-ისაც არ ვიყავი. ანუ, ისე გამოდიოდა, რომ თითქოს 12-13 წლის ასაკში ვიყავი დაოჯახებული...

- უცხოური ვოიაჟების მერე ორჯერ დაუბრუნდით ეროვნულ ჩემპიონატს: მცირე ხნით, ჯერ - დინამოში, მერე - გურიაში. თანაც, ლანჩხუთში თქვენს ვაჟთან ერთად ორჯერ მოგიწიათ თამაშმა.

- ამავე პერიოდში ქუთაისის ტორპედოში მამა-შვილი მეგრელაძეები თამაშობდნენ. მალე ჩვენი გუნდების დაპირისპირება უნდა შემდგარიყო და წარმოიდგინეთ, მართლაც რა უნიკალური შემთხვევა იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი სიმამრი გარდაიცვალა და მე და ლევანმა ის შეხვედრა გამოვტოვეთ...

- კარიერა 37 წლის ასაკში დაასრულეთ. მაშინაც და ახლაც, უკმარისობის გრძნობა არ დაგრჩათ?

- ვაღიარებ, რომ დამრჩა - ალბათ, უფრო მეტის მიღწევა შემეძლო. სხვას არავის ვაბრალებ - ალბათ, რეჟიმი რომ უფრო მკაცრად დამეცვა და ფეხბურთი ყველაფერზე წინ დამეყენებინა, მეტსაც მივაღწევდი.

- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ, სადაც ერთი მატჩი გაქვთ ჩატარებული.

- 1990 წელს, ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში მივიღე მონაწილეობა. მერე, ოთხი წლის შემდეგ უელსთან შეხვედრის წინ მიმიწვიეს. თუმცა, ვხვდებოდი, რომ 18-კაციან განაცხადში არ ვიქნებოდი და მატჩის დღეს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძეს გამოძახებისთვის მადლობა გადავუხადე და წამოვედი.

- დაბოლოს, რატომ შეიწირა თანამედროვე ფეხბურთმა კლასიკური გამთამაშებლები? ანუ, თქვენი ამპლუის მოთამაშეები რატომ აღარ ჩანან?

- მეც მიჭირს მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა. კი, შესაძლოა, თანამედროვე ფეხბურთს სხვა მოთხოვნები ჰქონდეს, მაგრამ, როგორ შეიძლება გუნდში გამთამაშებელი არ გყავდეს? სამწუხაროდ, ჩვენთანაც აღარ გამოჩნდნენ ყიფიანის, ქინქლაძისა და ჯამარაულის დონის გამთამაშებლები...

გია ტუხაშვილი

P. S. იუბილართან მის სამწვრთნელო კარიერაზეც ვისაუბრეთ; ნორჩი დინამოელიდან რომ დაიწყო და მერე სხვადასხვა გუნდში რომ გაგრძელდა: თბილისის არსენალი, თბილისი, დინამო, თელავის კახეთი, თბილისის ლოკომოტივი, ისევ დინამო და საქართველოს 19-წლამდე ნაკრები. ბოლოს, ელგუჯა გუგუშვილმა სპორტის აკადემიაში ფეხბურთის კათედრა ჩააბარა, შარშანდელი ზაფხულიდან კი ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელია.



კალენდარი
მაისი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
17
23
24
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი