სამებას შენსას, ერთ არსად ქცეულს,
სულის საყუდად ვუშენებ ტაძარს;
ვავედრებ ყველას - რჩეულს და წვეულს,
სამებას შენსას, ერთ არსად ქცეულს.
ყვავილებს ვუფენ ნაწამებ სხეულს
და ფერს ვუბრუნებ ფერფლსა და ნაცარს.
სამებას შენსას, ერთ არსად ქცეულს,
სულის საყუდად ვუშენებ ტაძარს.
გაწყობ ფერებად და განაწილებ,
რომ მთლიანობა ვისუნთქო შენი;
და აგარიდო მზერა მაცილის, -
გაწყობ ფერებად და განაწილებ.
ძლივს ჩანხარ, მაგრამ თვალს ვერ გაცილებ,
საღვთო სარეცელს საოცრად შვენი.
გაწყობ ფერებად და განაწილებ,
რომ მთლიანობა ვისუნთქო შენი.
ვით სახრჩობელის დაწნული ყულფი,
ტოკავს შენი თმის მსუსხავი ჭავლი
და ახლოვდება სამსჯავრო უფლის,
ვით სახრჩობელის დაწნული ყულფი.
თავს დამტრიალებს სვავი და ყურბი
და მითვლის წამებს, უჟამოდ ჩავლილს.
ვით სახრჩობელის დაწნული ყულფი,
ტოკავს შენი თმის მსუსხავი ჭავლი.
წამწამთა შენთა ნიავი წყნარი,
თურმე, შორეულ ქარიშხალს უხმობს.
თუმცა ჟღერს, როგორც სიმები ქნარის,
წამწამთა შენთა ნიავი წყნარი.
მაგრამ გამხელენ თვალები მწყრალი,
მღვრიე ნაპრალებს რომ ავსებს უხმოდ;
წამწამთა შენთა ნიავი წყნარი,
თურმე, შორეულ ქარიშხალს უხმობს.
მიდიხარ რწევით, წრიალებს ქუჩა
და იძაგრება შური და ჭორი;
მსუნაგი მზერა იღვრება ფუჭად, -
მიდიხარ რწევით, წრიალებს ქუჩა.
ბინდდება, თითქოს მზეც თვალებს ხუჭავს
და, ვით ზმანება, შრიალებ შორით, -
მიდიხარ რწევით, წრიალებს ქუჩა
და იძაგრება შური და ჭორი.
არ ვიცი, როდის შეგიჩნდა ეშმა,
მზეში ხარ, მაგრამ დაკარგე ჩრდილი;
ისევ გაცდუნა ლიქნმა და შესხმამ, -
არ ვიცი, როდის შეგიჩნდა ეშმა.
იქნება გიხსნას ქალურმა გეშმა
და ყვავილივით აფეთქდე დილით?!
არ ვიცი, როდის შეგიჩნდა ეშმა,
მზეში ხარ, მაგრამ დაკარგე ჩრდილი.
ახალ ლარნაკში ახალს შლი კოკობს
და მინდვრის ქალი სათბურში ათევ;
და შემოსწყერი კორდსა და კორტოხს,
ახალ ლარნაკში ახალს შლი კოკობს.
მოწყვეტილ ყვავილს, ვით დაჭრილ ხოხობს,
სიკვდილის ლანდი სიტურფეს მატებს.
ახალ ლარნაკში ახალს შლი კოკობს
და მინდვრის ქალი სათბურში ათევ.
ვერ შეველიე შენს სხეულს ჭკნობადს
და აწმყოდ შემრჩა მხოლოდ წარსული;
ჩამოეფარა ბურუსი მყობადს,
ვერ შეველიე შენს სხეულს ჭკნობადს.
ახლა სულსა ვჭვრეტ, ვით უკვდავ ნობათს;
და ზეობს გვამი, ძელზე გასმული...
ვერ შეველიე შენს სხეულს ჭკნობადს
და აწმყოდ შემრჩა მხოლოდ წარსული.
თითქოს ბომონთან ნაჯახით დგახარ,
მაგრამ მიყვარხარ, როგორც ჯალათი.
მაქციასავით, ყოველთვის, სხვა ხარ, -
თითქოს ბომონთან ნაჯახით დგახარ.
და ჟამს მიჟამებ, - ისედაც მსახვრალს,
და მავსებ მტრობით, ბიწით, ღალატით.
თითქოს ბომონთან ნაჯახით დგახარ,
მაგრამ მიყვარხარ, როგორც ჯალათი.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010