ჩვენ უკვე საშინლად გადავიღალეთ, ხელები ჩამოვყარეთ, ცხვირები ჩამოვუშვით და სასო წარგვეკვეთა. თვალებანთებულები შევცქერით სატელევიზიო ბანძ საინფორმაციო პროგრამებს იმის იმედით, რომ იქნებ მასში კარგი ამბავი გადმოსცენ, მაგალითად, იმას, რომ რუსეთი აღარ არსებობს! ან საქართველოში ადამიანებს აღარ იტაცებენ და ენერგოსისტემაში აღარ არის დარღვევები. ხოლო ცუდ ამბებს იმ იმედით ვუყურებთ, რომ ეს ჩვენ არასოდეს შეგვეხება. ყოველთვის მღელვარებით დავცქერით საკუთარ ფოტოებს და ვიხსენებთ წარსულს, რომელიც, გვეჩვენება, რომ ძალიან ლამაზი იყო. რაღაცას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვგონია, ხვალაც გავაკეთებთ. ხვალ კი დავრწმუნდებით, რომ უკვე გვიანაა.
ბევრს ვწუწუნებთ, თითქოს იმიტომ, რომ გვერდით მდგომს მსგავსი პრობლემა თავიდან ავაცილოთ, სინამდვილეში კი საკუთარ გრძნობებს და შესაბამისად, საკუთარ თავს რეკლამას ვუკეთებთ და ამით სხვის ცხოვრებას ვამძიმებთ. ჩვენ თითქმის ყველგან და ყოველთვის რეკლამას ვიკეთებთ. რეკლამისათვის სიმღერის ნაცვლად ვყმუით და ვბღავით, თითქოს ვინმესგან გამორჩეულები ვიყოთ. რეკლამისათვის პარლამენტარები ერთმანეთს თავში წალდებს ვურტყამთ. საკუთარი სახელის განდიდებისათვის რაც შეიძლება საშინელ ამბებს ვყვებით ტელეეკრანებსა და გაზეთის ფურცლებზე. იმისათვის, რომ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის სახელი გვერქვას, თვალს ვხუჭავთ ყოველნაირ სიმახინჯეზე. სოროებში ვცხოვრობთ და ისე ვუყურებთ ყველაფერს. პესიმიზმი ჩვენი ამოსაცნობი ნიშანია, ოპტიმიზმს კი საკუთარი ხელით ვასამარებთ.
ჩვენ აღარ გვაღელვებს ადამიანთა გარდაცვალება, თვით ბავშვების მკვლელობა, სიცივე, სიბნელე. ვემსგავსებით ცხოველებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავის და შვილების გადარჩენისთვის ცხოვრობენ. ფეხებზე გვკიდია ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც. შევძვერით ინტერნეტის აბლაბუდებში და ვეღარ ვხედავთ, როგორ სასტიკად კლავენ ზოოპარკში ცხოველებს და ქუჩაში ძაღლებს. ჩამოვეკიდეთ ჩვენს მობილურ ტელეფონებს და გვავიწყდება ჩვენი ახლობლების ავადმყოფობა, წუხილი. აფთრებივით ვხარხარებთ სხვების ტკივილზე. ინტელექტუალი და ელიტური ადამიანების სახეებს ვიღებთ და თვალები კი დახუჭული გვაქვს. ბრმებივით დავბორიალობთ, კედლებს დავყვებით, ვიღაცეების შიშით ქვეშ ვისვრით, ვიფსამთ და უკვე ამის აღარც გვრცხვენია. გულდამშვიდებით შევცქერით აგერ უკვე 15 წელია, როგორ გაჰყავთ შუქი ჩვენს ბინებში და მათი გვჯერა. ისიც გვკიდია, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ დიდ ნავთობისა და გაზის "ტრუბად" გადავაქციეთ.
რაღაცაზე ვბრაზობთ, ოღონდ თავად არ ვიცით რაზე. ვიღაც უმიზეზოდ გვიყვარს, ვიღაც უმიზეზოდ გვძულს. გვგონია, რომ დროს ვკლავთ, სინამდვილეში კი დროს ვაკვლევინებთ თავს. ლამაზმა სიზმრებმაც კი მიგვატოვეს. შფოთით გვძინავს და ნერვიულები ვიღვიძებთ. ყველა საქმის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ არაფერი გამოგვდის. საკუთარ ჭირში ვიხრჩობით და თავი მაინც ყელგამოსაღადრავი ბატკნებივით გვიჭირავს. გვშია, გვწყურია და ამით ერთმანეთთან ვამაყობთ კიდეც. ბევრი ფული არა გვაქვს და ესეც გვიხარია, ვინმემ რომ არ მოგვკლას. აქ ხომ ღარიბსაც და მდიდარსაც ერთნაირად ხოცავენ. მათხოვრებად ვიქეცით. დეპრესია და სასოწარკვეთილება ჩვენთვის ბოროტების ის ნიშანია, შუბლზე რომ ამოგვატვიფრეს. ჩვენ კი არ გვსურს ბოროტისგან გათავისუფლება, რადგან მონობასა და უკანალების ლოკვას შევეჩვიეთ. ჩვენ კი არ გვსურს მოვუსმინოთ ნამდვილ მუსიკას, ვიცხოვროთ ადამიანურად.
თუმცა ადამიანები ყოველთვის ველოდებით სასწაულებს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ვიღაცამ უნდა მოახდინოს და არა თავად ჩვენ. რაც მთავარია, ვცდილობთ დავიჯეროთ, რომ სასწაული აუცილებლად მოხდება. ვეძებთ სიმშვიდეს. ვოცნებობთ, ვიცხოვროთ განმარტოებულ სახლში, სადმე ზღვის ნაპირას, რომელიც პალმებში იქნება ჩაფლული (აფხაზეთზე ხომ არ ვოცნებობთ.). თუკი უკურნებელი სენით ვართ დაავადებული, გვჯერა, რომ აუცილებლად გამოვჯანმრთელდებით. გვგონია, რომ მარადიულად ვიცოცხლებთ და არასოდეს მოვკვდებით. ბავშვებივით გვწამს, რომ სადღაც შორს, თუნდაც ლაპლანდიაში მართლაც არსებობს თოვლის ბაბუა, რომელიც შობის ღამით სასთუმალთან საჩუქრებს დაგვიწყობს. დარწმუნებულები ვართ, რომ ადრე თუ გვიან ის სიყვარული გვეწვევა, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ ჩვენში დაისადგურებს რწმენა, სასოება და სიყვარული. იმედი კი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს. მარტოოდენ ოცნებები დაგვახრჩობს. ჩვენ თავად შეგვიძლია სასწაულების მოხდენა. მავანი ჩვენთვის სასწაულს არ მოახდენს. საკუთარი თავი კი დღეს ამის საშუალებას არ გვაძლევს.
შეგიძლიათ მომწეროთ მისამართზე: humanoidi@posta.ge ან humanoidi@___@yahoo.co.uk
















































































მთავარი
კონტაქტი




2010