თამარ გვერდწითელი "ეხო მოსკვის" ხშირი და სასურველი სტუმარია. ჩვეულებრივად იგი თავის კონცერტებზე გვესაუბრება. ამჯერად მის წარსულზე, უფრო სწორად, მის ფრანგულ პერიოდზე გადავწყვიტეთ საუბარი.
- პირველი კონცერტი საფრანგეთში, როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მიშელ ლეგრანის გაცნობამდე გქონდათ.
- დიახ. ფრანგული ტელევიზიის მეორე არხთან მოვაწერე კონტრაქტს ხელი. ისინი სატელევიზიო ფილმს იღებდნენ - "სსრკ ფრანგის თვალით". პარიზში ერთ სტუდიაში დამაყენეს და მითხრეს: "იმღერე". 1988 წელი იყო. მაშინ ფრანგული არ ვიცოდი. საძულველი ინგლისურის გაგონება ჩემი და რეჟისორის ერთი ასისტენტის გარდა არავის უნდოდა. ძალა მოვიკრიბე და რუსული რომანსი ვიმღერე. ჩანს, ამ სიმღერამ იმ ხალხს აუჩუყა გული, რომელიც ჩემს ბედს წყვეტდა.
- როგორც კი მომღერალი თამარ გვერდწითელი გამოჩნდა, ყველას ედიტ პიაფი გაახსენდა. თქვენზე მისმა მუსიკამ ალბათ დიდი გავლენა მოახდინა.
- უდავოდ. ფრანგულ მუსიკას ბავშვობიდან ვუსმენდი. ვუკრავდი ბახს, მოცარტსა და შუმანს და როგორც კი 4-5 საათიან მეცადინეობას ვამთავრებდი, ფრანგულ ესტრადაზე გადავდიოდი. ვუსმენდი ედიტ პიაფის, ივ მონტანის, შარლ აზნავურის მუსიკას. ამ მუსიკამ ისე შემძრა, ჩემში შინაგანი რევოლუცია მოახდინა. ფრანგული მუსიკა დღემდე მაღელვებს.
- ედიტ პიაფის სიმღერები საფრანგეთშიც გაქვთ შესრულებული, არა.
- დიახ, ეს დიდი რისკი იყო. მაგრამ ამისკენ თვით ფრანგებმა მიბიძგეს. მათ ჩემი გამოსვლა მოსკოვში მოისმინეს. მაშინ ედიტ პიაფის სიმღერას ვასრულებდი. მაგრამ ერთი საქმეა მოსკოვში სიმღერა და მეორე მისი შესრულება საფრანგეთში.
მაგრამ ფრანგები დიდ პატივს სცემენ იმ ხალხს, ვინც მათ კულტურას აფასებს და მე მთხოვეს, ედიტ პიაფის ის კომპოზიცია შემესრულებინა, რომელსაც დღემდე ვასრულებ. აღარც კი მახსოვს, რა მდგომარეობაში ვიყავი. ის კი მახსოვს, რომ ჩემს წინ ყველაფერი წაიშალა. სიმღერა როგორ დავიწყე, ისიც აღარ მახსოვს. ბოლოს მთელი დარბაზი ჩემთან ერთად მღეროდა და მივხვდი, რომ მათ ჩემი შესრულება რიგით კალკად კი არ მიიღეს, არამედ თავისებურ წაკითხვად ჩათვალეს.
- იმ პერიოდის ჩანაწერების არანჟირება შესანიშნავია. როგორ ხდებოდა არანჟირება.
- მე და ჩემი მეგობარი მუსიკოსები ვაკეთებდით. მე იშვიათად ვუსმენ ძველ ჩანაწერებს. მაგრამ რამდენიმე ხნის წინ მოვუსმინე და მივხვდი, რომ იქ რაღაც განსაკუთრებული ატმოსფეროა. საფრანგეთში გატარებულმა პერიოდმა ჩემს შემოქმედებაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. იმ პერიოდში ვხვდებოდი ლეგრანს და სხვა პროფესიონალებს, ახალგაზრდა პოეტებს. მათ განსაზღვრეს ჩემი მომავალი. ლეგრანი დიდი ჯაზ-მუსიკოსია, რადგან იგი ჯაზს ცხოვრებასავით აღიქვამს, ცხოვრებას კი ისე, როგორც ჯაზს. როგორც კი ფორტეპიანოს შეეხება, ევროპული ჯაზის ისტორიას ქმნის. იგი ჩემი მეგზური აღმოჩნდა. ღმერთმა ისეთ ადამიანს შემახვედრა, ამაზე მთელი ცხოვრება რომ მეოცნება, ვერც წარმოვიდგენდი.
- მუსიკის გარდა პარიზთან რა გაკავშირებთ.
- იქ ჩემთვის ყველაფერი ძვირფასია. იქ ვისწავლე ფრანგული ენა, ერთ სასტუმროში ორი-სამი თვე ვცხოვრობდი. იქ ნაცნობი მეფუნთუშე მყავდა, რომელიც ყოველ ჩასვლაზე დიდი სიხარულით მეგებებოდა. ამავე ქუჩაზე ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მესალმებოდა. იგი ჩვენ ღვინით გვიმასპინძლდებოდა. როდესაც ფრანგული ვისწავლე, მე მათ ვესაუბრებოდი. მათ აინტერესებდათ, რა ხდებოდა ქვეყანაში. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იქ დავიბადე. რა თქმა უნდა, გენეტიკურად ჩვენ ერთმანეთისაგან ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ ისინი ისეთი სიყვარულით მექცეოდნენ, რომ დღემდე მახსოვს.
- შესაძლოა საფრანგეთსა და საქართველოს შორის რაღაც მსგავსებაა. ჯერ ერთი, მათ ღვინის კულტურა აახლოებთ, ღვინო, ვენახი და ღვინისადმი ფანატიკური დამოკიდებულება.
- ალბათ. იქ ჩასვლისას ევროპული სამყაროს ნაწილად მიიჩნევ თავს. ის ადამიანები, რომლებიც საფრანგეთში დამიმეგობრდნენ, შემდეგ ჩემს კონცერტზე მოვიდნენ "ოლიმპიაში". ძალიან ამაღელვა იმ ფაქტმა, რომ მე ედიტ პიაფის საგრიმიორო მანახეს. იქ ყველაფერი შენახულია და არავინ არაფერს ხელს არ ახლებს. არც მისი რესტავრირება სურთ. სცენაზე ვმღეროდი აკორდეონისტის თანხლებით, რომელიც ჯერ კიდევ ედიტ პიაფს უკეთებდა აკომპანიმენტს.
- მიშელ ლეგრანი თუ გმფარველობდათ ან თუ გეხმარებოდათ.
- დიახ. ლეგრანი დიდი ბავშვია, მგრძნობიარე ადამიანი. საგრიმიოროდან მორბოდა, რომ ჩემთვის ჩაი მოეტანა.
- როგორც ჩანს, შეუყვარდით...
- როდესაც ჩვენ სიმღერა დავიწყეთ, მე დავიმორცხვე, თვალები დავხარე, მან კი ფრანგულად მითხრა: "რატომ არ მპასუხობთ სიყვარულზე. ჩემი სიყვარული უპასუხოა." მე ვუპასუხე: "არა, მაესტრო". მე მას მხოლოდ მაესტროთი მივმართავდი. შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გავიარეთ რეპეტიცია, იმდენად შემიპყრო მუსიკამ და ყველაფერმა რაც სცენაზე ხდებოდა, რომ უკვე შეყვარებულის როლი შევასრულე, თანაც შესანიშნავად. ლეგრანმა ხელები დამიკოცნა და მითხრა, რომ მე მისი ყველაზე საყვარელი მომღერალი ვარ ბარბრა სტრეიზანდთან ერთად.
- ასეთი ქათინაურები ალბათ ძალიან ძვირფასია, საინტერესოა, თქვენი ცხოვრების ეს პერიოდი მხოლოდ შემოქმედებასთან არის დაკავშირებული თუ პირად ცხოვრებაშიც იყო რაიმე ცვლილებები.
- ვფიქრობ, რომ შემოქმედებითი წარმატებები უფრო მნიშვნელოვანი იყო და ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ მუსიკა იყო. საერთოდ, პარიზი სიყვარულით სუნთქავს. ნებისმიერი ადამიანი იქ სიყვარულისთვის ცოცხლობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეორე ნახევარი იპოვოს.
- ფრანგ და ქართველ ქალებს ერთი საერთო თვისება აქვთ - მათ შავი ფერი უყვართ.
- შავი ფერი ქალის არსს გამოხატავს, მაგრამ პარიზში ეს ფერი რაღაც სხვაგვარად გამოიყურება. იქ იგი ისეთი დრამატულია, თითქოს მხოლოდ ფერი არ არის. მეც ძალიან მიყვარდა შავი ფერი. ფარაჯანოვმა ერთხელ მითხრა: "აუცილებლად ჩაიცვი შავი კაბა, მაგრამ რაღაც ელემენტთან ერთად. იგი შეიძლება იყოს წითელი, როგორც ვნების გამოხატულება. ისე კი, შეგიძლია მთელი ცხოვრება სცენაზე შავი კაბით გამოხვიდე. დანარჩენებს ყველაფერს თვითონ გააკეთებ."
(ეხო მოსკვი)
















































































მთავარი
კონტაქტი




2010