ლას-ვეგასში გამართულ ბრძოლაში კრის ბიორდმა დაამარცხა მსოფლიოს ექსჩემპიონი, ლეგენდარული ევანდერ ჰოლიფილდი და ყველას დაანახა, რომ მისი დრო უკვე წავიდა. თავად ბიორდმა კი ამ გამარჯვებით მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ტია-ის ვერსიით.
სპორტის ამ სახეობის ექსპერტმა თავის დროზე ენამოსწრებულად აღნიშნა, რომ ყველაზე დიდ ვაჟკაცებს, მოკრივეებს ერთი საერთო აქვთ ყველაზე ნაზ არსებებთან ბალერინებთან: დროზე წასვლა არ იციან. მართლაც, ერთნაირად გულსატკენი საცქერია, როგორ ათახსირებენ რინგზე ერთ დროს კრივის ლეგენდას და როგორ ბატივით დაბაჯბაჯებს მობერებული ბალერინა, რომლის ჰაეროვნება თავის დროზე მაყურებელთა აღტაცებას იწვევდა.
ბიორდის ცეკვა
იშვიათად ხდება, რომ ბრძოლა ისე წარიმართოს, როგორც ამას პროგნოზისტთა თითქმის 100% წინასწარმეტყველებს. ამჯერად კი სწორედ ასე მოხდა. ექსპერტები მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ჰოლიფილდი ვერაფერს გააწყობდა სწრაფი და მოქნილი ბიორდის წინააღმდეგ. იმასაც ამბობდნენ, რომ კრისი, რომელსაც მსოფლიო კრივის ელიტის წარმომადგენელთა შორის ყველაზე სუსტი დარტყმა აქვს, ჰოლიფილდის ნოკაუტირებას ვერ შეძლებდა. ამიტომაც, ყველაზე რეალური ჩანდა სცენარი, რომლის მიხედვითაც ბიორდს ბრძოლა ქულებით, მიყენებული დარტყმების რაოდენობის ხარჯზე უნდა მოეგო. თანაც, არ იყო გამორიცხული 2-3 რაუნდის წაგება, როცა ჰოლიფილდი მას დაეწეოდა.
თუმცა ყველაფერი მთლად ასე როდი დაიწყო. ბიორდი არცთუ ისე გაურბოდა მეტოქეს და ჰოლიფილდიც მას პირველსი რაუნდში რამდენჯერმე დაეწია და თავისი ძლიერი მარჯვენა კარგად მოსდო. მოკლედ, თავდაპირველად ბრძოლა ევანდერის სასარგებლოდ წარიმართა.
მაგრამ უკვე მეორე რაუნდში ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ასე გაგრძელდა მეხუთეს ჩათვლით. სწრაფი, მაგრამ სუსტი ხელების მქონე ცაცია ბიორდი მოხერხებულად ირიდებდა ჰოლიფილდის მოქნეულს, ხოლო, როცა ევანდერი მას კუთხეში მიიმწყვდევდა, მაშინვე ჩაეკვრებოდა და მშვიდად ელოდა, რეფერი საჭირო მანძილზე როდის დააშორებდა.
ჰოლიფილდის ბაჯბაჯი
ბრძოლის მიმდინარეობისას აშკარა გახდა, რომ ჰოლიფილდი იყენებდა ე.წ. "რაუნდების მოპარვის" ტაქტიკას, რომელმაც 9 წლის წინ მას ჩემპიონის მეორე ტიტული მოუტანა რიდიკ ბოუსთან ჩხუბში. იგი ცდილობდა, რაუნდების დიდი ნაწილი დაცვაში გაეტარებინა, გაეძლო და ბოლო წამებზე აფეთქებულიყო. ასეთ დროს არსებობს შანსი, რომ მსაჯები დაივიწყებენ, თუ რამდენი მოგხვდა და რაუნდს მისი ფინალის შთაბეჭდილებით შენს სასარგებლოდ გადაწყვეტენ. ბოუსთან ბრძოლაში სწორედ ასე მოხდა. მაშინ მოგვიანებითი ანალიზით აშკარა გახდა, რომ რიდიკმა მეტოქეს გაცილებით მეტჯერ, თანაც საკმაოდ ძლიერად დაარტყა, მაგრამ ჰოლიფილდი უპირატესობას რაუნდების ბოლოს ეუფლებოდა და მსაჯებმაც გამარჯვება მას მიაკუთვნეს. მაგრამ ამჯერად მან გაცილებით ნაკლები რაუნდის ბოლოს იჩაუქა და მსაჯებიც ობიექტურები იყვნენ.
ხანდახან ბიორდი ლამის დასცინოდა მასზე ბევრად სუსტ მეტოქეს, ურბენდა მას გარშემო და ხშირად უკანაც მოექცეოდა. თუმცა, აშკარად ეტყობოდა, რომ ბაგირებთან მიმწყვდევის ძალიან ეშინოდა. მეოთხე რაუნდის დასაწყისში ჰოლიფილდმა საწადელს მიაღწია და მეტოქე რინგის კუთხეში მიიმწყვდია, მაგრამ მისი ბაგირებზე მილურსმნვა ვერ შეძლო. იგივე განმეორდა მეექვსეს შუაშიც, მაგრამ ამით მისი წარმატებები დასრულდა და რინგზე ბიორდი გაბატონდა.
ევანდერს კიდევ ერთი შანსი მეთერთმეტე რაუნდის დასაწყისში მიეცა, როცა კრისს დაღლა დაეტყო. ბიორდს მეტოქის რამდენიმე ძლიერი დარტყმა მოხვდა, მაგრამ ძალების მოკრება შეძლო და აშკარა გახდა, რომ უკანასკნელი, მეთორმეტე რაუნდი ჰოლიფილდს ვერაფერს მოუტანდა.
ასეც მოხდა. ბოლო რაუნდში ბიორდს წარმატებაში ეჭვი უკვე აღარ ეპარებოდა და საკუთარი აღმატებულების სრული შეგრძნებით ჩხუბობდა. როგორც კი ბრძოლისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, რინგზე მისი ცოლ-შვილი გაჩნდა და მათი ხვევნა-კოცნა საბოლოო შედეგის გამოცხადებას დაემთხვა: ორმა მსაჯმა მოგება კრისს მიაკუთვნა ანგარიშით 117:111, ერთმა კი 116:112.
იმედია, ეს ბრძოლა მაინც მიახვედრებს ჰოლიფილდს, კრივს თავი 40 წლისამ დაანებოს და 70 წლის შესრულებას არ დაელოდოს. თუმცა, ამაზე იგი არაფერს ამბობს და ძირითადად პირველ რაუნდში მხრის დაზიანებაზე ლაპარაკობს. როგორც ჩანს, მან საჭირო დასკვნების გამოტანა ვერ შეძლო და მისი ბაჯბაჯის ცქერა კიდევ მოგვიწევს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010