როგორც წესი, გამარჯვე ბა და დამარცხება ერთმანეთს თან სდევს. სამწუხაროდ, 2002 წელს ქართულ სპორტში ეს უკანასკნელი საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ, ამასთან, ჩვენი გულის გასახარად, წარმატებებიც არ გვაკლდა.
ყველაზე საინტერესო სპორტული მოვლენები საქართველოში შუა ოქტომბერში დატრიალდა. 12-ში საქართველო-რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩისას "ლოკომოტივზე" შუქი ჩაქრა და მატჩიც აპრილისათვის გადაიდო, მეორე დღეს კი ქართველმა მორაგბეებმა "პაიჭაძეზე" რუსთა ნაკრებს სძლიეს და ისტორიაში პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
ცხადზე უცხადესია, რომ 2002 წლის უმთავრეს გამარჯვებად ქართველ მორაგბეთა გმირობა უნდა ჩაითვალოს. მართლაც, 13 ოქტომბერს მოხდა ის, რამაც ქართველ ხალხს ყოფითი პრობლემები დაავიწყა და სიხარულის გამოსახატად ქუჩაში გამოიყვანა. რუსეთის დამარცხება სპორტული თვალსაზრისით ხომ მთლად შეუფასებელი მოვლენა გახლდათ: პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სპორტის სათამაშო სახეობაში მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.
წლის გუნდად კი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები უნდა ჩაითვალოს. მათ ხომ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ასევე წარმატებით იასპარეზეს ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვეს.
აქვე უნდა აღინიშნოს მსოფლიო ჩემპიონატზე სამბისტთა მშვენიერი გამოსვლა, რომლებიც ბრინჯაოს მედლები დაეუფლნენ.
რაც შეეხება 2002 წლის საუკეთესო სპორტსმენს, ასეთად უდავოდ თავისუფალი სტილის მოჭიდავე ელდარ კურტანიძე უნდა მივიჩნიოთ. ვეტერანმა სპორტსმენმა კვლავ დიდებულად იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გარდა ამ განსაკუთრებით აღსანიშნავი წარმატებებისა, 2002 წელს ქართულ სპორტში კიდევ მოხდა რამდენიმე გასახარი მოვლენა. ასეთად უთუოდ უნდა ჩაითვალოს ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძის მიერ მოპოვებული ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე. იმავე სინჯის მედალს დაეუფლა ძალოსანი გიორგი ასანიძე მსოფლიო პირველობაზე, რომელსაც გაჩემპიონებაში ხელი მხრის დასანანმა ტრავმამ შეუშალა.
გარდა ამისა, კვლავინდებურად კარგად გამოვიდა ბატუტზე მხტომელი რუსუდან ხოფერია, რომელიც ლევის თასს დაეუფლა. და კიდევ, უდავოდ დიდი მოვლენაა ნიკოლოზ ცქიტიშვილის "დენვერ ნაგითსში" გადასვლა. 19 წლის ქართველი კალათბურთელი "ნბა"-ში კიდევ ერთ ჩვენებურს ვლადიმერ სტეფანიას შეუერთდა.
2002 წელს დიდი გამარჯვებებით ვერ გაგვახარეს, მაგრამ ერთი-ორი წარმატება ქართველმა ჩოგბურთელებმაც მიითვალეს. კერძოდ, სოფიაში "სატელაიტის" რანგის ტურნირი მოიგო ქვეყნის პირველმა ჩოგანმა ქალმა მარგალიტა (მაკა) ჩახნაშვილმა, სოფო მელიქიშვილმა კი, რომელიც ჯერჯერობით მოყვარულებში ასპარეზობს, წლის მიწურულს აშშ-ში "ორანჟ ბოულზის" ტურნირი მოიგო. სტაბილურად ასპარეზობდა და დიდი სლემის ყველა ტურნირზე გამოდიოდა ირაკლი ლაბაძე.
ზემოთ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა - ფეხბურთი საერთოდ არ გვიხსენებია. სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელებმა ბევრით ვერაფრით გაგვახარეს. გამოყოფის ღირსი ალბათ მხოლოდ საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასვლა და კახა კალაძის დიდებული თამაშია. ეს უკანასკნელი სულ უფრო უკეთ ასპარეზობს და წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ტიტულიც მას უნდა მიენიჭოს.
ქართული ფეხბურთისათვის 2002 წელი მნიშვნელოვანი გახლდათ იმ მხრივ, რომ გაიმართა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს მოვლენა სასიხარულო ნაკლებად, მაგრამ მნიშვნელოვანი კი გახლავთ, რადგან სწორედ მან უნდა განსაზღვროს უახლოესი 4 წლის განმავლობაში საქართველოს საფეხბურთო პოლიტიკა. ასე რომ, როგორც ჩანს, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება და ლენარტ იუჰანსონის ჩამოსვლა ვერაფერს შეცვლის.
სამწუხაროდ, სწორედ ფეხბურთს უკავშირდება წლის ყველაზე სამარცხვინო მარცხი და სამარცხვინო კურიოზი. პირველი 12 ოქტომბერს, მორაგბეთა ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი დღით ადრე სქართველო-რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩისას შუქის ჩაქრობა გახლავთ. ამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. წლის ყველაზე დიდი სირცხვილი კი ჩვენი ნაკრების შვეიცარიაში ანგარიშით 1:4 დამარცხება იყო. ჩივაძის "შინდისფერები" მოედანზე მეტად უსუსურად გამოიყურებოდნენ და ვერც ვერაფერი დაუპირისპირეს არც ისე ძლიერი მეტოქის გააზრებულ შეტევებს.
ორიოდე სიტყვა ჭადრაკზეც უნდა ითქვას. საჭადრაკო ოლიმპიადაზე ჩვენი ვაჟების გაახალგაზრდავებულმა გუნდმა სასიამოვნოდ გაგვაოცა, როდესაც მძიმე ბრძოლაში საპატიო მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო. ოლიმპიადაზე ჩვენი ქალთა ნაკრებიც მე-4 იყო. ეს კი ნამდვილი ჩავარდნა გახლდათ, რადგან ჩვენი ქალები ოლიმპიადების ისტორიაში მანამდე საპრიზო სამეულს მიღმა არასოდეს დარჩენილან.
გარდა ამისა, ცალკე აღნიშვნის ღირსია ზურაბ აზმაიფარაშვილის ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა. თუ სპორტული თვალსაზრისით აღარ ვვარგივართ, თანამდებობრივი წინსვლით მაინც ვიჩაუქოთ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010