"ყველაზე პოეტური კონკურსის" მონაწილეებს შეუძლიათ ლექსი მიუძღვნან არა მხოლოდ ჩვენს პრეზიდენტს, არამედ ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს, ან თუ გნებავთ მომღერალს, მსახიობსა თუ ტელეწამყვანს.
ყოველი თვის ბოლოს ჩვენი ჟიური შეარჩევს თვის საუკეთესო ლექსს და გამარჯვებულის ვინაობას შემდეგი თვის პირველ ორშაბათს ჩვენი გაზეთის ფურცლებზე გამოაცხადებს. გამარჯვებული "ოქროს კალმით" დაჯილდოვდება. 3 "ოქროს კალმის" მფლობელი კი უკვე "ცოცხალი კლასიკოსის" მოწმობასა და 50 ლარ პრემიას მიიღებს.
გისურვებთ წარმატებას და ჩვენი ერთგული მკითხველისაგან კვლავაც ველით ორიგინალურ ლექსებს.
შენიშვნა: ლექსის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2 სტროფს.
გადავწყვიტეთ, ერთად შეგვეკრიბა და თქვენთვის შეგვეთავაზებინა ის ლექსები, რომლებმაც წლის განმავლობაში ჩვენი ჟიურისა და მკითხველების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. უნდა ითქვას, რომ ჩვენი კონკურსი არასოდეს უჩიოდა მონაწილეთა სიმრავლეს. რედაქცია კიდევ ერთხელ უხდის მადლობას, ვინაც არ დაიზარა ჩვენთვის საკონკურსოდ ლექსის გამოგზავნა და "ახალი ვერსიის" ყველა მკითხველს ბედნიერ შობა-ახალ წელს უსურვებს!
წლის საუკეთესო ლექსები
ედუარდ შევარდნაძეს
არჩევნებმა ჩაიარა,
არ მოვსულვარ ჯერაც ჭკვაზე,
ხელი რატომ არ გამიხმა...
შევარდნაძე შემოვხაზე.
დააქცია ეს ქვეყანა,
ქვა არ დაუდვია ქვაზე.
ყელში ბოღმა მეჩხირება
ახლა მე მის დანახვაზე.
გივი ილურიძე
* * *
- გაიგე, ბიჭო, აქვსენტი.!
შეიტყვე, ქალო, ფაცია.!
პანკისში ვიღაც ნიღბოსნებს
ედვარდიც მოუტაცნიათ.
- რას იზამ, ჩემო ძამია,
ახლა ასეა მოდაში,
იმაზე უკეთესი რამ
არ შეეყვანოთ ოდაში.
თამაზ სამსონიძე
* * *
ვიცი, ტვინში გრძნობთ ლურსმანს,
რაც ჩაგაჭედათ რუსმა...
მტერს, შემოპარულს ძმადა
აქვს ღორ-ვეშაპის მადა!..
ვეჭვობ, აჯობოთ დუშმანს,
თუ არ გიშველათ ბუშმა!
ამიტომ გირჩევთ ერთსა -
ენდეთ მას, როგორც ღმერთსა!
მიხეილ ორხეველი
* * *
ქვე "შენი" ჭირიმე, ედუარდ,
მოგიკითხა რაჭამაო,
ონში ამბავი მოვიდა,
ამომრჩევლებს აჭამაო.
მაი რომ აქანე დეინიშნა
გევიდა უკვე, ძამა, ცხრა შობა,
რაცხა ვერ გევიგე ვერაფერი,
აგი ედუარდიე რაშობა.
თამაზ ბერაძე
* * *
ვეთამაშებით აქტიურ ვულკანს,
ისე არ არის, როგორც ბღავიან...
წინ მივდივართ თუ ვქანდებით უკან,
საკითხავია.
მას, ვინც ტრიბუნიდან მოგვძახის,
ვინც რაშს გარე-გარე აჭენებს,
ისე აუშენდა ოჯახი,
როგორც საქართველოს აშენებს.
ზვიად მუსერიძე
* * *
ხედავ, ვერავის აჯობე,
ვერც საქმეში, ვერც კამათში,
გამოისკვენი კუდი და
წადი მშობლიურ მამათში.
როდი გამოგეტირება,
შენი ღატაკი მთა-ველი,
ამბროსისეულ ბუხართან
წრუპე გურული ჩხავერი!
გიორგი ცხადიაშვილი
რეზო ამაშუკელს
პრეზიდენტი რომ ჩვენია,
ყველას გვერგება თანაბრად,
რეზო, ეს ისე, ცნობისთვის,
არა შურით და ქარაგმად.
და თუ შენ უფრო მეტი გსურს,
ვიდრე სწადია უფალსო,
ის წილი, რაც მე მეკუთვნის,
შეგარგოს, გითმობ უფასოდ.
უშანგი დიღმელი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010