ბავშვობაში ჩემი უფროსი ძმა ქურდი იყო, მერე მეც ამიყოლია და საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებოდი ხოლმე იმ საქმიანობაში, რასაც ქვია საჭმელების მოპარვა.
ჩვენ სოფელში ვიზრდებოდით. გვყავდა ისეთი დედა, რომელიც ყველაზე კარგ ჩურჩხელებს, სხვადასხვანაირ ჩირებს და მურაბებს ამზადებდა ხოლმე, მართალია, ჩვენთვის, მაგრამ ისეთი "მსუნაგები" ვიყავით, რომ ახალ წლამდეც კი არ ვაცდიდით დედას რამე შემოენახა.
სად არ გვიმალავდა დედა ნობათს, მაგრამ მაინც ვახერხებდით მოპარვას. მაგ: მურაბებს შედგამდა ტარსაცმლის მაღალ კარადაზე, ეგონა, პატარები არიან და როგორ მოიპარავენო. მაგრამ ჩვენ მაგიდას მივათრევდით ხოლმე კარადასთან, ზედ სკამს დავდგამდით და ასე ვიპარავდით მურაბებს. ხილს კი სპეციალურად გაკეთებულ ხის ყუთში ინახავდა.
ერთხელ დედა თბილისში წამოვიდა და ჩვენი სათაყვანებელი "ხილის ყუთი" მეორე ოთახში ჩაკეტა. ჩემი ძმა ისეთი საზრიანი იყო, რომ გამოსავალს ყოველთვის გამოძებნიდა ხოლმე. ამ შემთხვევაშიც მოუფიქრებია გამოსავალი და გახარებულმა ჩამრთო საქმიანობაში.
ოთახს, რომელშიც ხილის ყუთი იყო გადამალული, გვერდით ორი ფანჯარა ჰქონდა, სადაც ჩემმა ძმამ მიადგა კიბე, მასწავლა, როგორ უნდა დამეჭირა და თვითონ კი კიბეზე მდგომმა ამოაცალა ფანჯარას ერთი მინა და იქიდან გადაძვრა ოთახში. ჩვენდა საუბედუროდ, ყუთიც დაკეტილი დახვდა და ხელცარიელი გამოვიდა უკან. ცდუნება იმდენად დიდი იყო, გამოსავალი მაინც მოძებნა. შეიტანა სათანადო იარაღები, ხის ყუთი გადააბრუნა, ააძრო ერთი ფიცარი და ის ლამაზი, სურნელოვანი ხილი მაინც მოიგდო ხელში. ყუთი ისევ დალურსმნა და გამარჯვებული გადმოძვრა, მინაც ჩასვა და ყველა კვალი ქურდობისა წაშალა.
გადიოდა დრო. დედა ყოველთვის დაზარალებული იყო, ჩვენ კი გამარჯვებულნი. ჩვენს ანგარიშზე უკვე ძალიან ბევრი ქურდობის ფაქტი იყო.
დედა კვლავ წამოვიდა თბილისში. სხვა რომ ვეღარაფერი მოგვიხერხა, ის "ხილის ყუთი" ჩვენ ჩაგვაბარა: "აბა, თქვენ იცით, როგორ პატიოსნადაც მოიქცევით, მე თბილისიდან რამეებს მოგიტანთო".
ერთ დღე-ღამეს კი ვუპატრონეთ პატიოსნად იმ ხილის ყუთს, რომელიც დედამ დადგა შუა ოთახში მდგომი მაგიდის ქვეშ, რომელსაც ყოველ წუთს ვხედავდით, მაგრამ მეორე დღე რაღაც თავზარდამცემი გამოდგა ჩემთვის.
სკოლიდან მოსულმა, როგორც შევაღე ოთახის კარი, პირველ რიგში ხილის ყუთს მივხედე და რას ვხედავ - ყუთი ისე აღარ იდგა, როგორც დავტოვე. ძმა ოთახში არ იყო. მე ლამის გული გამისკდა. დავიწყე ტირილი და მოვთქვამ ხმამაღლა: შენ მოიპარე და მე არაფერი შემახვედრე, გგონია, მე ვეღარ მოვიპარავ, ახლა მიყურე-მეთქი. ყუთი, რა თქმა უნდა, დაკეტილი იყო, მაგრამ ბოლო ხანებში მის გაღება უკვე ისე ვიცოდით, როგორც ჩვენი წიგნების ჩანთებისა.
ჩანთა მივაგდე ტახტზე, მოვუჯექი ყუთს გვერდით, გავხსენი და რამდენიც გამიხარდებოდა, იმდენი ჩურჩხელა ჩავიწყე კალთაში. დავკეტე ყუთი, ის იყო უნდა ავმდგარიყავი, რომ ჩემი ძმა გამოძვრა ტახტის ქვეშიდან და დამადგა თავზე.
თქვენ ლხინად მოგცეთ, რაც მე დღეში ჩავვარდი...
ასე გავები ჩემი ძმის გაბმულ მახეში.
ვენერა ელისაშვილი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010